შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამნეზია (სრულად)


15-03-2021, 21:11
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 11 024

ღამის ორი საათი იქნებოდა, რომ გამომეღვიძა. სიბნელეში ჩემი მობილური ვერ ვიპოვე. ისე, ბევრი ძებნაც არ დამიწყია, თავი საშინლად მტკიოდა და გატოკება მეზარებოდა.
გუშინ მოკლე ჩართვა მოვახდინე სახლში და ელექტროენერგია იმიტომ არ გვქონდა. დედაჩემი ღამის ცვლაში მუშაობდა პეესპეს აფთიაქში და მარტოც ამიტომ ვიყავი._ეს ყველაფერი კარგად მახსოვდა, მაგრამ
სახლში როგორ მოვედი, მაგას ვერ ვიხსენებდი ვერანაირად.
მე, ნია, ჯაბა და გურია ერთად ვსვავდით. მახსოვს, ნია ცუდად გაგვიხდა და საპირფარეშოში მე შევიყვანე. იქიდან გამოსული, კი, ისევ სუფრას დავუბრუნდი და გავაგრძელეთ დალევა. ჯაბა ბათუმში უნდა წასულიყო მშენებლობაზე სამუშაოდ და იმას მოვუწყეთ გაცილების საღამო.
_რა ჯანდაბამ დამალევინა ამდენი არაყი?_ საკუთარ თავზე გავბრაზდი და ძლივს წამოვდექი საწოლიდან.
ხელების ცეცებით სამზარეულოში გავედი. ონკანზე წყალი მოვუშვი, დაველოდე, სანამ ცოტა არ გაცივდა და ერთი ჭიქა სვენებ-სვენებით დავლიე.
უფრო დატრიალდა ყველაფერი. თითქოს, სიმთვრალეც შემომიბრუნდა. ამიტომ ისევ საწოლს მივაშურე ბარბაცით. ბალიშზე დავდე თუ არა თავი, გონება დავძაბე, ყველაფრის გახსენება მინდოდა.
...ჯაბას მეგობრებმა გაცილება მოვუწყეთ. მეგობრები რაა, ნია ჯაბას შეყვარებულია. მე, ჯაბა და გურია კი ბავშვობის მეგობრები ვართ, ბაღიდან ერთად მოვდივართ. მართალია, მე გოგო ვარ, მაგრამ მათთან მაინც ვძმაკაცობ. მათთან უფრო გამოვნახე საერთო ენა, ვიდრე უბნის გოგოებთან. უბანშიც და საერთოდ ყველგან, სადაც მიცნობენ, ჯემალას მეძახიან ზედმეტსახელად. ნიასთან ჯაბას გამო ვმეგობრობ, უყვარს ბიჭს და რა ვქნა, საქმეებს ვუწყობ. თუმცა, ნია დიდად არ მომდის თვალში, ჯაბა უკეთესია და უფრო მეტს იმსახურებს. (ეს ჩემი ვარაუდია რაღა თქმა უნდა.)
ვერაფრით გავიხსენე ჯაბა გაემგზავრა თუ არა. მახსოვდა, რომ სადგურშიც ჩვენ უნდა გავყოლოდით, მაგრამ გავყევით თუ არა, ვერც მაგას ვიხსენებდი.
_ეს ტელეფონიც სად ჯანდაბაში მაქვს ნეტა?_ საკუთარ თავზე გული მომივიდა.
ჯიბეში ასანთი მოვიძიე და გავკარი. საათს შევხედე, სამის ნახევარი იყო ჯერ.
სხვათაშორის, დროს ერთი უჩვეულო თვისება აქვს, როცა გეჩქარება ნელა გადის და როცა არა, პირიქით...
დილამდე ვეღარ მოვხუჭე თვალი. გონებას სრული დატვირთვით ვამუშავებდი, მაგრამ ის მონაკვეთი, როდესაც სუფრიდან ავდექით, ვერაფრით გავიხსენე. თითქოს, საერთოდაც არ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში. არანაირი ფრაგმენტი არ მიტრიალებდა თავში ჩვენი დაშლისა და სახლში წამოსვლისა.
_მარტო მოვედი თუ ვინმემ მომიყვანა?_ეს აზრი ამეკვიატა და მოსვენება დამაკარგვინა.
ირიჟრაჟა თუ არა, ავდექი. გამახსენდა, რომ მაცივარში ბორჯომი მქონდა და მთლიანი ბოთლი ჩამოვცალე. მერე მობილურის ძებნას შევუდექი. ბინის ტელეფონითაც კი ვცადე დარეკვა, მაგრამ გათიშული დამხვდა.
არ გინდა იპოვო? არა და 680 ლარი მივეცი ორი კვირის წინ.
სახლის ტელეფონით გურიას დავურეკე. დედამისმა მიპასუხა, ჯერ ისევ სძინავსო.
_კარგით და, რომ გაიღვიძებს, უთხარით, სახლის ტელეფონზე დამირეკოს._დავუბარე ქალს.
მერე ჯაბას ნომერი გავიხსენე და მას დავურეკე მობილურზე. იმას გათიშული ქონდა. ბოლოს, ნიასაც დავურეკე. ხუთჯერ თუ ექვსჯერ ვცადე, მაგრამ არავინ მიპასუხა.
_ჯანდაბა!_შუბლზე გამეტებით შემოვირტყი გაშლილი ხელისგული._რა ჯანდაბა დაცეცხლე ამისთანა, რომ არაფერი გახსოვს?
ტანსაცმელი გამოვიცვალე და ნიასთან წასვლა დავაპირე. ტელეფონზე რომ არ მპასუხობდა, იქნებ ისევ ცუდად იყო და მიხედვა სჭირდებოდა?
ბინიდან გავედი თუ არა, ახალგაზრდა უცნობი ბიჭი შემეჩეხა.
_ჯალაღონია?
გავჩერდი და ინტერესით შევათვალიერე.
_ნუგზარ ჯალაღონია სახლშია? მის სახელზე გზავნილია.
_სახლში არ არის._ვუთხარი და ბინის კარი გასაღებით ჩავკეტე.
_თქვენ ვინ ხართ?
_სამწუხაროდ მისი ნაშიერი.
ბიჭმა გაოცებით შემათვალიერა.
_კარგი მაშინ და ხელი მომიწერეთ, რომ გადმოგეცით გზავნილი.
_ხელს ვერ მოგიწერ ვერაფერზე, სრულწლოვანი არ ვარ._უკმაყოფილო ტონით ვუთხარი და ლიფტს მივაშურე.
_ბატონი ნუგზარი სადაა, მალე მოვა?
_ლატარიის ბილეთის საყიდლად გავიდა. ეტყობა რომ მოიგო, რადგან ხუთი წელია აღარ დაბრუნებულა. როდის მოვა ვერ გეტყვით და საერთოდ, მის გზავნილებს აქ ნუღარ მოიტანთ, აქ აღარ ცხოვრობს, რით ვერ გაიგეთ?!._ვუთხარი გაოცებულ ბიჭს და ლიფტში შევედი.
...ხუთი წელია მამამ მიგვატოვა და დედა მარტო მზრდის. ცდილობს უმამობა არ მაგრძნობინოს და ყველა ჩემს ახირებასა თუ სურვილს უპრობლემოდ მისრულებს. გათამამებული და გატუტუცებული გოგო ვარ, რომელიც დილიდან დაღამებამდე ძმა-ბიჭებს დასდევს და სახლში შესვლა არ უნდა. ათას შარსა თუ სისულელეში ყოფს თავს...
ფარეხიდან ჩემი სკუტერი გამოვაგორე და ნიასთან გავწიე. ქუჩის კარები ღია დამხვდა. რკინის საფეხურები ხმაურით ჩავირბინე და ეზოში ჩავედი.
_ნია!!! ნია!!!_გარედანვე შევეხმიანე, მაგრამ პასუხი რომ არ გამცა, შიგნით შევედი.
ოთახები საგულდაგულოდ მოვათვალიერე, აბაზანასა და საპირფარეშოშიც კი შევიჭყიტე, მაგრამ ნიას კვალი არსად ჩანდა.
_სად წავიდა ნეტა ეს გოგო?_გაოცებულმა წავიბუტბუტე და ისევ ეზოში გამოვედი.
კიბესთან ჩემი ტელეფონი ვიპოვე, რომლის ეკრანიც კარგა გვარიანად იყო დამტვრეული.
_ესეიგი, წუხელ აქ ვიყავი? გამოდის, ნია მე მოვიყვანე, მაგრამ რომ არ მახსოვს არაფერი?_ისევ შუბლში შემოვირტყი გაშლილი ხელისგული._რა დაცეცხლე ამისთანა?
კიბეები ხმაურით ავირბინე და გარეთ გავედი.
ჩემს სკუტერთან ბავშვები შექუჩებულიყვნენ და ათვალიერებდნენ. დამინახეს თუ არა, მოერიდათ და დაიშალნენ.
_ბავშვებო, დღეს ნია არ დაგინახიათ?_ვკითხე და შლემი მოვირგე.
ერთმანეთს გაოცებით გადახედეს და თავები გაიქნიეს უარყოფის ნიშნად.
_კარგი, თუ ნახოთ, უთხარით, ჯემალამ გიკითხა და სახლის ტელეფონზე დაურეკე-თქო.
იქიდან წერეთელზე გავედი, ხელოსანს მივუტანე ტელეფონი გასაკეთებლად სანამ დედაჩემი გაიგებდა.
_ორ დღეში გამომიარე და გაკეთებული დაგხვდება._დამაიმედა შუახნის კაცმა.
იქიდან გურიას შევუარე.
ისევ ეძინა. დედამისმა კულტურულად გამომლანძღა.
_კარგი, ეს ბიჭია და სვამს. შენ? რას დასდევ ამ ბიჭებს? არ გრცხვენია, როგორი მთვრალი იყავი წუხელ? რა დალიეთ ამისთანა? სახლში როგორ მიხვედი ნეტა?
ამან რომ მთვრალი მნახა წუხელ, ესეიგი აქ ვიყავი. გამოდის, გურიაც მე მოვიყვანე სახლში? მაგრამ რატო არ მახსოვს არაფერი?
გაავებული ქალისთვის აღარაფერი მითქვია. გამოვტრიალდი და წამოვედი. სახლში მისვლა არ მინდოდა. ერთხანს თბილისის ქუჩებში უმისამართოდ ვიქროლე. იმედი მქონდა, რაღაცას მაინც გავიხსენებდი, მაგრამ სულ ტყუილად. მას შემდეგ, რაც რესტორანი დავტოვეთ, საერთოდ არაფერი მახსოვდა. ან როგორ დავტოვეთ ის რესტორანი, იმასაც ვერ ვიხსენებდი.
********************
მეორე დღეს გურია გამოვიდა ჩემთან.
_რა დავლიეთ ამისთანა, დღემდე ცუდად ვარ._გაკვირვებული იყო ბიჭი.
ჩემს ოთახში შევიყვანე და კარები მოვხურე, რომ დედაჩემს არ გაეგო ჩვენი ამბავი.
_ეგ კი არა და, საერთოდ არ მახსოვს არაფერი. შენ?_ჩურჩულით ვკითხე.
_ტაქსი რომ გავაჩერეთ და ჩავსხედით, ეგ მახსოვს. მერე კი უკვე აღარაფერი._შეშფოთებით შემომხედა გურიამ.
_ტაქსით წამოვედით? მე ეგეც კი არ მახსოვდა... ნეტა ჯაბა წავიდა?
_არ ვიცი, ტელეფონი გათიშული აქვს. გინდა სახლში მივაკითხოთ და გავიგოთ მისი ამბავი?
_არ ვიცი... არ მინდა მისი ბებია შევაშინო, თორემ აქამდეც მივაკითხავდი. ღამის პირველ საათზე გადიოდა მატარებელი. რესტორნიდანვე აპირებდა წასვლას. მაგრამ წავიდა თუ არა, ეგ არ ვიცით. ნიაც არ არის სახლში. მეზობლებსაც არ დაუნახავთ...
_ნეტა, ერთად ხომ არ გაიპარნენ?_თავისი აზრი გამოთქვა გურიამ და გაეღიმა._ ჩვენ კიდევ ვსხედვართ აქ და ტყუილად ვნერვიულობთ.
_არც ეგ არის გამორიცხული, მაგრამ არ მგონია. ნიას ეზოში ჩემი ტელეფონი ვიპოვე, ალბათ მისი ჩაყვანისას ამომივარდა ჯიბიდან.
_ნია შენ მიიყვანე სახლში?
_არ მახსოვს. უბრალოდ ჩემი ტელეფონი ვიპოვე იქ და ვვარაუდობ, რომ მე მივიყვანე.
_ფოტოებს იღებდი მახსოვს და იქნებ რამე ვიპოვოთ ხელჩასაჭიდი?
_გაფუჭებულია, დავარდნისას გატყდა. ხვალ გამოვიტან. იმედია მეხსიერება არ ექნება წაშლილი.
გურია კიდევ კარგა ხანს დარჩა ჩემთან. დედაჩემმა რამდენჯერმე შემოგვხედა ეჭვით, რას ჩურჩულებთ, რამე შარში ხომ არ გაყავით ეგ უტვინო თავებიო.
_არა ოფელია დეიდა, რა შარი?_ისე შეიცხადა გურიამ, თითქოს მამა აბრამის ბატკანი ყოფილიყოს. ლამის მეც კი დამაჯერა თავისი უცოდველობა.
დედაჩემმა გაიხურა თუ არა კარი, ისევ ავჩურჩულდი.
_რატო ვერ ვიხსენებ ვერაფერს? ამაზე მეტი დავიჯერო არასდროს დაგვილევია?
_შეიძლება გაკეთებული არაყი იყო.
_და მაგის ბრალია ვითომ ჩვენი ამნეზია?_დავვეჭვდი.
_აბა, მაშ რაღა ვიფიქრო? არაფერი არ მახსოვს ქვეყანაზე.
_შენ ის მაინც გახსოვს, ტაქსი რომ დავიჭირეთ. მე ეგეც არ მახსოვს._ნერვიულად მოვისრისე ნახევრად მოტვლეპილი კეფა._საპირფარეშოში რომ შევიყვანე ნია და აღებინა, ჩემი ხუთი თითივით მახსოვს. იქიდან გამოსული სუფრას რომ დავუბრუნდი, ისიც მახსოვს. აი, იმის მერე არ მახსოვს უკვე არაფერი.
_ბუნდოვნად მახსოვს, თითქოს შენ და ნია კამათობდით რაღაცაზე.
_მართლა?_გამიკვირდა._რა გვქონდა საკამათო?
_აზრზე არა ვარ._საწყალობელი თვალებით გამომხედა ბიჭმა.
დედაჩემმა ისევ შემოხსნა კარი.
_მაღაზიაში ჩაირბინე, ზეთი აღარ გვქონია და ამოიტანე. თიას კიდე უთხარი, რომ ორ-სამ დღეში იქნება ხელფასები და გადავიხდი ვალს.
ძალიანაც მეზარებოდა მაღაზიაში ჩასვლა, მაგრამ დედაჩემის ჩხუბის თავი უფრო არ მქონდა და ამიტომ უსიტყვოდ დავთანხმდი.
გურიაც გამომყვა გარეთ და სახლში წავიდა.
საღამოს ისევ გავედი ნიასთან. სახლში კიდევ არ დამიხვდა. მეზობლის ბავშვებმაც არ იცოდნენ სად იყო. ჯაბასთანაც ვცადე დარეკვა, მაგრამ ისევ გათიშული ქონდა. გული ცუდს მიგრძნობდა, თუმცა თავს იმით ვინუგეშებდი, რომ ცუდი ამბები უფრო მალე ვრცელდება, ვიდრე კარგი. რაიმე რომ შემთხვეოდათ, უკვე მეცოდინებოდა.
_იქნებ, გურიასი არ იყოს, ერთად გაიპარნენ და სულ ტყუილად ვნერვიულობ?_ეს აზრი ამეკვიატა და თითქოს ნელ-ნელა დავწყნარდი კიდეც.
ტელეფონის წამოსაღებად დილითვე გავედი ხელოსანთან. გაკეთებული დამხვდა და რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, მეხსიერება არ ქონდა წაშლილი. ნაუცბადევად გადავავლე თვალი, მართლაც უამრავი ფოტო და ვიდეო გადამეღო. ხელოსნის თანდასწრებით მომერიდა ვიდეოების ყურება და სახლში გამოვიქეცი. ჩემს ოთახში გამოვიკეტე, ყურსასმენები მოვირგე და თითოეული ვიდეოს შესწავლას შევუდექი.
გურია მართალი იყო, ერთ-ერთ ვიდეოში მე და ნია სერიოზულად ვკამათობდით. გადამღები ვინ იყო არ ვიცი, მაგრამ ნიას ნახევრად მოშიშვლებულ მკერდს რომ ახლო ხედით იღებდა, გავბრაზდი.
"_შენ გშურს, რომ ბიჭები ისე არ გიყურებენ, როგორც ქალს და იმიტომ._მეუბნებოდა უკვე კარგად დაბლუებული ნია._მკერდი შენ არ გაქვს, თეძო და . ბიჭები რომ მაქცევენ ყურადღებას, მაგაზე იბოღმები.
_დაფიქრდი გოგო რეებს ლაპარაკობ!_აშკარად გაბრაზებული ხმა მქონდა._ჯაბა ჩემი ძმაა და არ მოგცემ იმის უფლებას, სხვა ბიჭებისკენ აცეცებდე თვალებს.
_ჯერ ერთი, თვალების ცეცებით რამე შავდება ვითომ?
_ყველაფრის დაშავება თვალების ცეცებით იწყება.
_და მეორე, გინდა დამაჯერო, რომ შენ და ჯაბა უბრალოდ მეგობრები ხართ?
_დაუჯერებელი რა არის ვითომ?
_მე არ მჯერა იმ ზღაპრების, რომ ქალსა და კაცს მეგობრობა შეუძლიათ... მათ შეიძლება აკავშირებდეთ მტრობა, შური, ვნება, სიყვარული, თაყვანისცემა, მაგრამ მეგობრობა არასოდეს...
_შენი აზრები შენთვის შეინახე, მე არ ვეთანხმები. მე და ჯაბა ბავშვობის მეგობრები ვართ გჯერა ეს შენ თუ არა და არ მოგცემ იმის უფლებას, ჯაბას რქები დაადგა!
_შურიანი ხარ და მეტი არაფერი. რა მოხდა ვითომ თვალს წყალი რომ დავალევინო? მსუბუქი ფლირტი კარგიცაა, რომ იცოდე. იქნებ, სულ ბიჭის ტანსაცმელი რომ არ გეცვას და ერთხელ კაბა ჩაიცვა, შენც მოგაქციოს ვინმემ ყურადღება... თუმცა მეეჭვება, ცარიელი ფიცარი ხარ. ნეტა წვერსაც ხომ არ იპარსავ?_ხმამაღლა გადაიკისკისა ნიამ.
_შენ კიდევ მორჩი გადაღებებს რაა!_ხელი წავატანე ტელეფონს და გამოვართვი."
სანამ კამერას გავთიშავდი, წამიერად ვიღაც უცხო ბიჭი დაფიქსირდა.
_ამას როგორ მივეცი ჩემი ტელეფონი?_გამიკვირდა._ვინ არის ნეტა? ჩვენთან ერთად ქეიფობდა? საიდან მოვიდა?
ვიდეო რამდენჯერმე გადავახვიე და უცხო ბიჭს დაჟინებით დავაკვირდი, მაგრამ არანაირად არ მეცნობოდა. მერე ფოტოებიც დავათვალიერე.
რესტორანში კარგი დრო გაგვიტარებია, თავზე დაგვიმხია ყველაფერი. სადგურზეც გვქონდა რამოდენიმე ფოტო გადაღებული. გამოდის, ჯაბა გავაცილეთ. არა და, მართლა არ მახსოვდა არაფერი.
ბოლო ვიდეო უკვე ნიას სახლში მქონდა გადაღებული სიბნელეში რომ ჩამყავდა კიბეზე.
"_რას შვრები, შენ კიდევ ვიდეოს იღებ? ნეტა არ მარიაჟობდე მაგ შენი ტელეფონით რაა.
_ტელეფონით კი არ ვმარიაჟობ, უბრალოდ, ხვალ მინდა გაჩვენო, როგორი მთვრალი ხარ და როგორ მიმყავხარ სახლში.
_მეტი საქმე არ გაქვს რაა. სიტყვით რომ მითხრა, არ დაგიჯერებ ვითომ?.. რა გინდა მითხრა ეხლა, რომ შენ მთვრალი არ ხარ?
_როგორ არ ვარ, მაგრამ შენნაირად არა."
ვიდეო აქ წყდებოდა, ეტყობა ხელიდან გამივარდა ტელეფონი... მაგრამ რატო აღარ მოვძებნე? ისეთი მთვრალი ვიყავი, ვერ მივხვდი რომ დავკარგე? ვიდეოზე აღბეჭდილი ვერც ერთი მონაკვეთი ვერ გავიხსენე.
საღამოს გურია გამოვიდა ჩემთან. შეშფოთებული ჩანდა. მისი შეშფოთება მეც გადამედო.
_კუს ტბაზე ახალგაზრდა გოგონას გვამი უპოვიათ, გაიგე?_ჩურჩულით მითხრა, ისე რომ დედაჩემს არ გაეგო.
_რაო რა თქვი? გაიმეორე...
_დღეს დილით ახალგაზრდა გოგონას გვამი უპოვიათ. ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. ნეტა ნია ხომ არ არის?
_რას ამბობ, ნუ ითარსები!_შევუბღვირე._ვითომ რატო უნდა იყოს ნია?
_არ ჩანს ეს ორი-სამი დღეა...
_მერე და მაგის გამო ასკვნი, რომ ნია მკვდარია? იქნებ ხაშურში წავიდა მშობლებთან?
_რაღა ვიფიქრო, მეც არ ვიცი._თითქოს მომიბოდიშა აფორიაქებულმა ბიჭმა._ჯაბასაც რომ ვერ ვუკავშირდებით? თან რომ არც არაფერი გვახსოვს?
_ნახე._ვიდეო ჩავურთე და უცნობი ბიჭი ვაჩვენე._ვინ არის ხომ არ იცი? რატო მივეცი ჩემი ტელეფონი ვერ ვხვდები.
გურია ერთხანს დაჟინებით აკვირდებოდა უცნობს. მოულოდნელად სახე კი გაუნათდა.
_მახსოვს. იმ რესტორანში ბარმენად მუშაობს. ჩვენს მაგიდასთან რამდენჯერმე მოვიწვიეთ და რამოდენიმე ჭიქა დავალევინეთ. შენი ტელეფონი მოეწონა ძალიან და ფოტოებსაც იღებდა. მგონი ზეზვა ქვია.
_არაფერი მახსოვს.
_ოღონდ ნია არ იყოს ტბაში დამხრჩვალი და ცხოვრებაში სასმელს აღარ გავეკარები._პირობა დადო გურიამ.
ისევ ვცადე ჯაბასთან დარეკვა.
_გავიდა! გავიდა!_აღტაცებულმა შევყვირე და გულისფსნცქალით დაველოდე, როდის მიპასუხებდა მეგობარი.
კარგა ხანს გადიოდა ზუმერი და არავინ მპასუხობდა. ბოლოს, ვიღაცის უცხო ხმამ გამაგონა.
_გისმენთ.
_ჯაბა მინდოდა._ძლივს ამოვიკნავლე გაკვირვებულმა.
_ვინ კითხულობს?
__მეგობარი... ჯაბა სად არის?
_ჯაბა წინასწარ დაკავების იზოლატორშია.
_საად?_იმხელა შევყვირე, გურიას შეეშინდა._თქვენ ვინ ბრძანდებით და საიდან გაქვთ ჯაბას ტელეფონი?
_მე მისი ბიძაშვილი ვარ.
_რა დააშავა, ბრალად რა ედება?_შეშინებულმა ვიკითხე და პასუხის მოლოდინში დავიძაბე.
_ამაზე ტელეფონით საუბარი არ ღირს. შევხვდეთ სადმე და დავილაპარაკოთ.
_კარგით._კალამი და ფურცელი მოვიმარჯვე, მისამართი ჩავიწერე და მაშინვე წამოვხტი._წავედით, გავიგოთ რა ხდება._გურიას ქეჩოში წამოვავლე ხელი და სახლიდან უკანმოუხედავად გავვარდით.
_ვინ იყო? რა მოხდა? სად მივდივართ?_კითხვების კორიანტელი დამაყარა ბიჭმა.
_ჯაბას ბიძაშვილი იყო. წინასწარ დაკავების იზოლატორშია. ნეტა რა შეემთხვა?
_მოიცა, ვინ ბიძაშვილი, ადვოკატი როა?
_არ ვიცი, ალბათ, გამოადგი ფეხები!
სულ სირბილით მივედით დათქმულ ადგილზე. შორიდანვე შევნიშნე სკვერის განაპირა სკამზე მარტო მჯდარი ორმოციოდე წლის მამაკაცი. მივხვდი ის იქნებოდა, ვისაც ჯაბას ტელეფონით ველაპარაკე და აქოშინებული მივედი მასთან. გურიაც უკან მომყვა მორიდებით.
_გამარჯობათ. თქვენ გესაუბრეთ ჯაბას ტელეფონზე?
კაცმა ინტერესით შეგვათვალიერა ორივე და თავი დამიქნია.
_წინასწარ დაკავების იზოლატორში რატომ მოხვდა?_ვკითხე და მის გვერდით ჩამოვჯექი სკამზე.
_პირველ რიგში, გავიცნოთ ერთმანეთი, მე მისი ბიძაშვილი გიორგი ლოლაძე ვარ, ამჟამად მისი ადვოკატი და მის ინტერესებს ვიცავ. თქვენ ვინ ხართ?_ინტერესით შეგვათვალიერა ორივე.
_მე თათა ჯალაღონია, ეს გურია კოკაია, მეგობრები ვართ, ბაღიდან ერთად მოვდივართ.
_ბოლოს როდის ნახეთ ჯაბა?
_ბათუმში რომ უნდა წასულიყო, იმ დღეს.
კაცი დაჟინებით მომაშტერდა.
_რესტორანში ერთად იყავით?
_კი._ცოტა არ იყოს უნდობლად ვუპასუხე.
_სად დაშორდით ერთმანეთს?
_სადგურზე. ბათუმში რომ გავაცილეთ.
_ბათუმში რომ არ წასულა?
_არ წავიდა?_გამიკვირდა._რატომ?
_ესეიგი, არც თქვენ გახსოვთ არაფერი._ეჭვით შემოგვხედა გიორგიმ._მატარებელზე დააგვიანდა.
_მატარებელზე დააგვიანდა?_გამიკვირდა. შუბლი ნერვიულად მოვისრისე._ჯაბას ახსოვს რამე?
_ისეთი მთვრალი იყო, ქუჩაში უგონოდ იპოვეს სისხლში ამოსვრილი. ვისი სისხლია ჯერ არ ვიცით. დეენემის ანალიზი კეთდება. რა დალიეთ ამისთანა?
_არაყი._ალალად უპასუხა აქამდე ჩუმად მჯდარმა გურიამ._მაგრამ არც ისე ბევრი, რომ გონება ყველას გაგვთიშოდა.
_კარგით, დაწყნარდით და შეეცადეთ ყველაფერი დაწვრილებით გაიხსენოთ. იცოდეთ, ეს ჩვენი არაოფიციალური შეხვედრაა და არავინ არ უნდა გაიგოს. თუ რამე გაგახსენდებათ ისეთი, რაც ჯაბას დაეხმარება, მერე გავაფორმებ თქვენს დაკითხვას ოფიციალურად.
_მახსოვს, რომ ტაქსი დავიქირავეთ და იმით წავედით, ოღონდ სად არ მახსოვს._მორიდებით თქვა გურიამ.
_მე ვიდეოები მაქვს გადაღებული და ფოტოებიც. აქედან მახსოვს, რომ სადგურზე ვიყავით.
_შეიძლება ტელეფონი როგორც ნივთმტკიცება ისე ჩამოგართვა? შევისწავლი, იქნებ რამე ხელჩასაჭიდი აღმოვაჩინო?.
_კი, რატომაც არა._ჯიბეზე მოვისვი ხელი, მაგრამ ტელეფონი რომ ვერ ვნახე, ელდა მეცა?_კიდევ დავკარგე? თუ სახლიდანვე არ წამოვიღე?
_კიდევ დაკარგე რას ნიშნავს?_გაუკვირდა მამაკაცს._დაკარგული გქონდა?
_კი, ორი დღის წინ ვიპოვე, ნია რომ მიმიცილებია, იქ ამომვარდნია.
_ნიაც თქვენთან ერთად იყო? ვინ არის.
_ნია ჯაბას შეყვარებულია. კი, ისიც ჩვენთან ერთად იყო._უთხრა გურიამ.
_არც მას ახსოვს რამე?
_არ ვიცით. რამდენი დღეა ნია აღარ გვინახია. ვფიქრობდით ჯაბა და ეგ ხომ არ გაიპარნენო._წაიბუტბუტა გურიამ.
_პოლიციაში არ განგიცხადებიათ მისი გაუჩინარების შესახებ?
_არა. შეიძლება ხაშურშიც წავიდა მშობლებთან. არ ვიცით._ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი ნერვიულად._ჯაბას მართლა არ ახსოვს არაფერი?
კაცმა უსიტყვოდ გამიქნია თავი.
_და რა მიზეზით დააკავეს? ბრალად რა ედება?
_ქუჩაში იპოვეს უგონოდ მთვრალი. სისხლში იყო ამოსვრილი. საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეამოწმეს, არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. ვისი სისხლია იმის გამოძიება მიმდინარეობს. ღმერთმა ნუ ქნას, მისი პატრონი გარდაცვლილი იპოვონ. მკვლელობისთვის გაასამართლებენ.
ამის გაგონებაზე თითქოს მდუღარე გადაასხესო.
_რა სისულელეა, ჯაბა და მკვლელი?_ისევ დავჯექი სკამზე. კი არ დავჯექი, დავეხეთქე.
_არც მე მჯერა, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მიუთითებს._ამოიოხრა გიორგიმ._ბებიას მაგის ნერვიულობა მოუღებს ბოლოს ალბათ.
ერთხანს უხმოდ ვისხედით. ხმისამოღებას ვერც ერთი ვბედავდით. ტვინი გამალებით მიმუშავებდა, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი იმ ღამის ამბებს და ნერვები მეშლებოდა.
_კარგით. მე უნდა წავიდე._ფეხზე წამოდგა გიორგი._არავისთან არაფერი წამოგცდეთ. ერთ-ორ დღეში დაგიკავშირდები, შენი ტელეფონი იქნებ იპოვო და გადავხედოთ ვიდეო და ფოტო მასალებს, იქნებ ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ რამე.
გიორგის ჩვენი პირადი მონაცემები ჩავაწერინეთ და სახლში წამოვედით.
_გჯერა შენ, რომ ჯაბა ვინმეს მოკლავდა?_სასოწარკვეთილმა ვკითხე გურიას.
_არა._არც დაფიქრებულა გურია, ისე გამცა პასუხი.
_მოდი აბა, ნიასთან გავიდეთ, იქნებ გამოჩნდა?
_გავიდეთ, რა პრობლემაა._მხარზე მომხვია გურიამ ხელი და ნიას სახლისკენ გავწიეთ.
ქუჩის კარები ისევ ღია დაგვხვდა. მოშორებით მდგარი ბიჭი ჩრდილს გამოეყო რომ დაგვინახა და მორიდებით მოგვიახლოვდა.
_დღეს დილით მოვიდა ნია. ოღონდ ვეღარ დავინახე ისევ წავიდა თუ არა.
_დილით მოვიდა?_გამიხარდა._ესე იგი, ცოცხალია. მადლობა._ვუთხარი ბიჭს და თან სიყვარულით მოვუჩეჩე ქოჩორი.
რკინის კიბეები ხმაურით ჩავირბინეთ.
_ნია!!!_შორიდანვე შევეხმიანე.
წამიერად მოვკარი თვალი ფანჯარაში ფარდა რომ შეირხა. მივხვდი ვიღაც იყო სახლში, მაგრამ არ გვაგონებდა.
_ოთახში ვიღაც არის._წავჩურჩულე გურიას და ვანიშნე, რომ სამზარეულოს მხრიდან შესულიყო, მე კი მთავარი შესასვლელიდან შევედი სახლში.
ნია მართლაც სახლში დაგვიხვდა. გამჭვირვალე ხალათი მოეცვა უნაკლო სხეულზე და ცოტა შეშფოთებული იყო.
_ასე დაუკითხავად შემოჭრა როგორ შეიძლება?_მისაყვედურა._იქნებ რას ვაკეთებ ჩემს სახლში?
გურიას დანახვაზე უარესად შეშფოთდა, რომელიც სამზარეულოდან შემოვიდა ოთახში.
_ბევრი-ბევრი ჟიმაობდე ვიღაც ახვართან, სხვას რას გააკეთებ?_ირონიულად ვკითხე და დივანთან მიგდებული ბიჭის შარვალი ორი თითით ავიღე._ჩვენ გული გვისკდება, სად დაიკარგაო და შენ კიდევ დროს არ უშვებ ხელიდან?_შარვალი ზედ მივაგდე და ეზოში გამოვედი.
ცოტა ხანში ნიაც გამომყვა.
_რა გინდა ჩემგან? ცხოვრება ჩემია და როგორც მინდა ისე ვცხოვრობ...
_მერე ჯაბა?
_ჯაბა... ჯაბა... ჯაბა... რა შემჭამე მაგ შენი ჯაბათი?_დამიყვირა._ეგ თქვენი ჯაბა უნდილი ვიღაცაა. გოგოსთან მოქცევა არ იცის, მგონი, ქალთან არ წოლილა არასდროს. დედიკოს ბიჭია და მეტი არაფერი.
ვეღარ მოვითმინე და მადიანი მუშტი ვუთავაზე ცხვირპირში. ერთი კი შეჰკივლა და იქვე ჩაიკეცა. გურია მაშინვე მეცა.
_რას შვრები, გაგიჟდი? გვიჩივლებს, სახლში შემომიცვივდნენო.
მერე ნიას მიუბრუნდა და წამოაყენა, რომელსაც ორ ტოტად მოსდიოდა ცხვირიდან სისხლი. იქვე ონკანთან მოაბანინა სახე და თავისი ხელსახოცი მისცა.
_რამ გააგიჟა ასე? რა ძალიან იცავს იმ თავის ჯაბას?_გურიას შეეკითხა და მერე მე მომიბრუნდა_ სულაც არ მჭირდება ის უნდილი. გინდა? შენი იყოს, ვინ გართმევს?
_რით ვერ გაიგე, რომ მე და ჯაბა მეგობრები ვართ? ბიჭს შენ უყვარხარ და მისი ხათრით გცემ პატივს, თორემ აქვე გაგიგდებდი წიხლქვეშ. სად ეგდე ეს დღეები? რამდენს გირეკავ, რატო არ მპასუხობ?
_ჯერ ერთი, ტელეფონი დავკარგე. და მეორეც, რა შენი საქმეა მე სად წავალ და სად არა?
_ჯანდაბამდე გზა გქონია! როცა შენით დავინტერესდე ამის შემდეგ, მოდი და სულში ჩამაფურთხე. მოგტყვნია პატრონი!
_ოჰ, გინებაც რომ კაცური გცოდნია._ირონიულად გაიცინა._შემთხვევით მართლა ბიჭი ხომ არ ხარ?_მომიახლოვდა და მოულოდნელად უბეზე ამომისვა ხელი.
სიბრაზისგან სისხლმა ტვინში ამასხა. გამეტებით მოვიქნიე ხელი და ისეთი შემოვულაწუნე, წაბარბაცდა და რომ არ წაქცეულიყო, გურიამ დაიჭირა.
_თავი დაანებე მაგ ბოზს!_მივაძახე დაბნეულ ბიჭს და კიბეებზე ხმაურით ავირბინე.
გურია მალევე მომყვა უკან.
_რა გაგიჟდი? პოლიციაში რომ დარეკოს? ხომ იცი ვიღაც ნათესავი ყავს ძაღლი.
_ვერ გაბედავს, იმიტომ რომ ვიღაც ყავს სახლში და მალავს.
_მართლა?
_აბა, მაშ რატომ იყო ნახევრად შიშველი, ან ვისი შარვალი ეგდო იქ?
_თუ კი სხვა ყავს, ჯაბასგან რაღა უნდა?
_ჯანდაბა და დოზანა... ა და ვერ ძღება._სიბრაზისგან ცოფებს ვყრიდი უკვე._ნეტა, მაგის მშობლებმა იციან, თბილისში საბოზაოდ რომ ყავთ გამოგზავნილი და არა სასწავლებლად?.. ნეტა რა მოსწონს ჯაბას მაგ ჩათლახში?
_მშვენიერი ძუძუ-მკერდი აქვს, არც დაეწუნება._ალალად მითხრა გურიამ, მაგრამ ისეთი თვალებით შევხედე, მაშინვე მოკეტა.
_მე სახლში წავედი. ვნახავ, ტელეფონი იქ ხომ არ დამრჩა. თუ არა და განაცხადს დავწერ დაკარგვის თაობაზე. თუ რამეა, სახლის ტელეფონზე შემეხმიანე._ვუთხარი გურიას და ტაქსი გავაჩერე._თუ რამე სერიოზული გაიგო, ის გამაგებინე, თუ არა და შენი სისულელეების მოსმენა აქედანვე გაფრთხილებ, რომ არ მინდა._გაოგნებული ბიჭი შუა ქუჩაში დავტოვე და ტაქსში ჩავჯექი.
ტელეფონი სახლში დამრჩენოდა და ისე გამიხარდა, ვერ ავღწერ. ისევ ჩემს ოთახში გამოვიკეტე და თითოეული სურათისა თუ ვიდეოს შესწავლას შევუდექი თავიდან. საეჭვო ვერაფერი აღმოვაჩინე და უარესად მომეშალა ნერვები. კარგა ხანს უაზროდ ვატრიალე ხელში ჩემი ტელეფონი. მერე, შემთხვევით წაშლილი ფაილების აღდგენა ვცადე და გავვოგნდი, მართლაც აღმოვაჩინე რაღაც. ვიდეო მქონდა ღამის სიბნელეში გადაღებული.
"_კიდევ არ დამიჯერებს ჯაბა ნიას თაობაზე?_ვჩურჩულებდი და რესტორნის ეზოში ჩახუტებულ ბიჭს და გოგოს უჩუმრად ვუახლოვდებოდი, რომლებიც ისე იყვნენ საქმით გართულები, ვერც კი შემნიშნეს, სანამ თავზე არ დავადექი.
_ეს კიდე ფოტოებს გვიღებს?_ნიას ხმა ვიცანი.
_შენ ხომ არ უბერავ გოგო?_წამოდგა უცნობი ბიჭი და ტელეფონი გამომგლიჯა ხელიდან._დაიჭი და წაშალე, ამას მე მივხედავ._ეტყობა ტელეფონი ნიას გადააწოდა.
სანამ ნია ვიდეოს გათიშავდა და წაშლიდა, გარკვევით გავიგონე ჩემი აღშფოთებული ხმა.
_ხელი გაწი ბიჭო.
_თორე რაა?_ხმა თითქოს მეცნო, მაგრამ ვერ მივხვდი ვინ იყო.
ეტყობა გავარტყი. ხმამაღლა დაიღრიალა, ცხვირი გამიტეხა ამ ბოზმაო.
_რა მოგივიდათ?_ჯაბას ხმაც გავიგონე შორიდან.
_სისხლი მომდის, ამის დედაც!"_კიდევ იღრიალა ბიჭმა და ვიდეოც აქ შეწყდა.
_ვის ვეჩხუბე ნეტა, ვინ იყო?_კეფა მოვიქექე ნერვიულად._რატომ არ მახსოვს არაფერი? ვისთან პროშნაობდა ეს ?
ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამომიყვანა. ელექტრიკოსი იყო, ლამის მთლიანი გაყვანილობის შეცვლა მოუხდა. კარგა ხანს იწვალა და ბოლოს როგორც იქნა გააკეთა. ფული გადავუხადე და წავიდა. დედაჩემს დავურეკე, დავამშვიდე რომ ყველაფერი გააკეთეს-მეთქი.
_ჭკუით იყავი, ამაღამაც მორიგე ვარ და არ მოვალ სახლში._გამაფრთხილა დედაჩემმა.
_უჭკუოთ როდისღა ვარ?_ცოტა არ იყოს მეწყინა მისი ამ ფორმით გაფრთხილება.
_მე ჩემი სათქმელი უკვე გითხარი. დამღალა შენმა სისულელეებმა._თავის მხრივ დედაჩემსაც ეწყინა ჩემი საყვედური.
_კარგი, მიყვარხარ. თავს მოუფრთხილდი._ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე.
ერთხანს უაზროდ ვცემდი ოთახში ბოლთას. მერე გადავწყვიტე იმ რესტორანში წავსულიყავი, სადაც ვიქეიფეთ. ნაცნობი გარემოს დანახვაზე იქნებ გამხსენებოდა რამე?
ფარეხიდან ჩემი სკუტერი გამოვიყვანე და რესტორანში წავედი.
გარედანვე შეინიშნებოდა ხალხმრავლობა. ჩემი ტრანსპორტი პარკინგზე დავტოვე და შენობაში შევედი. ნახევრად ჩაბნელებული დარბაზი სავსე იყო ხალხით. ცარიელი ადგილი ძლივს მოვძებნე და მაგიდას მივუჯექი. სანამ მიმტანი ყურადღებას მომაქცევდა, ბარში ზურგით მდგარ ბიჭს მოვკარი თვალი და იქით გავეშურე. მაღალ სკამზე ჩამოვჯექი და დაველოდე, როდის შემობრუნდებოდა ბარმენი.
რაღაცას ანჯღრევდა ენერგიულად. ხელი არ შემიშლია. კარგა ხნის მერე შემობრუნდა და ჩემს დანახვაზე შეკრთა. მე არაფერი შევიმჩნიე, თუმცა მეც გამიკვირდა ვიდეოზე აღბეჭდილი ბიჭის დანახვა. გრიმის მიუხედავად მაინც ეტყობოდა, რომ ცხვირი გატეხილი ქონდა და ტუჩზეც ნაკერები ედო და ოდნავ შესიებოდა. გამახსენდა, გურიამ რომ მითხრა, ჩვენს სუფრასთან რამდენჯერმე მოვიპატიჟეთო. ვიდეოც ამას ქონდა გადაღებული ჩემი ტელეფონით ნიას მკერდი ახლო ხედით. უცბად გონება გამინათდა, უეჭველი ამას დავარტყი და გამეღიმა. ჩემს ღიმილზე უარესად შეკრთა და დაიბნა.
_ტუჩზე ნაკერები დაგადეს?_გამეცინა,_ვაი, შე საცოდაო.
_იმხელა ქვა მთხლიშე ცხვირ-პირში, მაშ რა მომივიდოდა?_ეს რომ მითხრა გამიხარდა, ცოტა რაღაცას მაინც რომ მოეფინა ნათელი.
_არ დაიმსახურებდი და არაფერიც არ მოგხვდებოდა._ღიმილით ვუთხარი და ერთი კოქტეილის დასხმა ვთხოვე.
_რა დავაშავე ასეთი, რომ ეს დავიმსახურე?_გაუკვირდა.
_ძმაკაცის შეყვარებულს რომ ლოღნიდი, ეგ დანაშაულად არ მიგაჩნია?_ალალბედზე შევეკითხე და მის რეაქციას დაველოდე.
_მე რა ვიცოდი თუ მისი შეყვარებული იყო? გოგო თვითონ მიწვევდა და არ მეკოცნა? ბოლოს და ბოლოს კაცი ვარ...
_ხო, კაცი ხარ._ირონიულად ჩავილაპარაკე.
_რა გინდა? თვითონ ჯაბა არაფერს მეუბნება, საავადმყოფოში მაგან წამიყვანა და შენ რა გინდა?
_სულაც არაფერი._ერთი ჭიქა კოქტეილი დავლიე, ფული გადავუხადე და გახარებული წამოვედი იქიდან.
_ცხვირგატეხილი ზეზვა თუ ჯაბამ წაიყვანა საავადმყოფოში, სისხლიც ზეზვასი იქნებოდა ჯაბას ტანსაცმელზე.
ამ აღმოჩენით გახარებულმა მაშინვე გიორგის დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. მანაც მისამართი მითხრა და მაშინვე იქით გავეშურე.
_ძალიან კარგი. რაღაც მაინც გაირკვა ამ საქმეში._კმაყოფილმა გიორგიმ მხარზე მომითათუნა მეგობრულად ხელი._ზეზვას სისხლის ანალიზი დაგვჭირდება და იმ საავადმყოფოს პერსონალის ჩვენება, სადაც სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს. თუმცა, უნდა გაგაფრთხილო, რომ შენც პასუხს მოგთხოვენ ხულიგნობისთვის.
_არაუშავს, ავიტან._გამეღიმა.
ფოტო და ვიდეო მასალა შესასწავლად მის კომპიუტერში გადავიტანეთ და იმედიანად დავემშვიდობე, რომ ჯაბას რამოდენიმე დღეში გამოუშვებდნენ.
უკვე კარგად ბნელოდა სახლში რომ მივედი. ვივახშმე და დავწექი. ისე ტკბილად დამეძინა, კარგა ხანია ასე არ მძინებია.
*******************
გიორგის მართლაც გამოადგა ჩემი მიწვდილი ინფორმაცია. თვითონაც იყოჩაღა, ჯაბას მაისურზე ზეზვას სისხლი რომ იყო, დაამტკიცა. ზეზვას საავადმყოფოში განუცხადებია, რომ კიბეზე დაცემულა და მე არ გავრეულვარ შარში. ჯაბას სიმთვრალის გამო ჯარიმა გადაახდევინეს და ორ დღეში გამოუშვეს სახლში.
მე და გურია გულისფანცქალით ველოდებოდით სახლის წინ, მაგრამ რატომღაც ზედ არ შემოუხედია ჩვენთვის. უფრო ზუსტად, ჩემთვის, თორემ გურიას კი გაუღიმა. ძალიან მეწყინა ასეთი უყურადღებობა. დღე და ღამ მასზე ვნერვიულობდი, ლომისა თუ არა, მცირედი წვლილი მაინც მე მიმიძღვოდა მის განთავისუფლებაში და ასე მიხდიდა მადლობას? ტელეფონზეც ვცადე დარეკვა, არ მიპასუხა და ნაწყენი გამოვტრიალდი.
_რა ჯანდაბა დაეტაკა ნეტა?_ვფიქრობდი და ჩემს სკუტერს უაზროდ დავაქროლებდი უმისამართოდ._თუ არაფერი ახსოვს, რას მებრუნჩება? თუ ახსოვს კიდე და რა დავაშავე ამისთანა? ნია და ზეზვა რომ პროშნაობდნენ და მაგის გამო დავუხეთქე ცხვირ-პირი იმ ვაჟბატონს, ღირსი არ იყო ვითომ? რა აჭამა ამისთანა ამ ნიამ, რომ ასე გამოათაყვანა? მის გარდა რომ არავინ აღარ აინტერესებს და არც არავის რჩევა დარიგება ესმის?.. ისე შემომხედა თავისი ჭროღა თვალებით, აშკარად ნაწყენი იყო ჩემზე, ოღონდ რა მიზეზით, ამას ვერ ვხვდებოდი.
ბევრი ვიარე აღმა დაღმა. გულმა არ მომითმინა და საღამოს ისევ მივაკითხე. კარი ჯაბას ბებიამ, ქალბატონმა ნუნუმ გამიღო. დიდად არ გახარებია ჩემი დანახვა, მაგრამ ზრდილობისგულისთვის მაინც შემიპატიჟა ბინაში. მისაღებში დივანზე ჩამოვჯექი და მოუთმენლად დაველოდე ჯაბას გამოჩენას, რომელიც რატომღაც ისე მომეჩვენა, რომ აჭიანურებდა ჩემთან გამოსვლას.
იმედი თითქმის გადაწურული მქონდა რომ თავისი ოთახიდან გამოვიდა. არც კი მომსალმებია. ჩემს პირისპირ სავარძელში ჩაჯდა და ტელევიზორს მიაშტერდა, ვითომ და დიდი ინტერესით უყურებდა.
ერთხანს უხმოდ ვუყურე. მერე ვეღარ მოვითმინე და საყვედურნარევი ტონით ვკითხე.
_რა დაგეტაკა, რატო ხმას არ მცემ? დაგიშავე რამე?
_მე არა, სამაგიეროდ ის საცოდავი ბიჭი ცემე დაუნდობლად. შენი სერიოზულად მეშინია უკვე. პირველი შემთხვევა რომ იყოს, კიდე ხო, მერამდენედ მოგდის ბიჭებთან ჩხუბი?
_ღირსი იყო და მიიღო._მკაცრად ვუთხარი._უდანაშაულოს მე არაფერს ვერჩი.
_მაინც რა დაგიშავა ასეთი, რომ მხეცივით მოექეცი?
_ნია და ეგ კოცნაობდნენ. მადლობა მომიხადე, რომ ნიასაც არ გავუერთიანე ცხვირპირი._ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
_მადლობა, რომ შენი რეალური სახე დამანახე. იმ ბიჭმა დაგინდო, არაფერი თქვა საავადმყოფოში შენზე, მე წავიქეციო._ჯაბაც წამოდგა ფეხზე და თვალი თვალში გამიყარა._არც ქალი ხარ და არც კაცი, ბუნების შეცდომა ხარ!_მითხრა და თავის ოთახში შევიდა.
ასე ძალიან არავისგან არაფერი მწყენია. გამწარებული გამოვედი ჯაბას სახლიდან და ისევ უაზროდ ვიხეტიალე ქუჩებში.
კარგა გვიანი იყო სახლში რომ მივედი. დედაჩემისგანაც ავიკარი საყვედურები. თუმცა ისე არ მწყენია, როგორც ჯაბასგან მეწყინა.
თავიდან, გურია ყოველდღე მაკითხავდა მეგობრული ვიზიტებით. მისგან ვიგებდი ჯაბას ამბებს, რომ ბათუმში აღარ წავიდა და მთელ დღეს ნიასთან ატარებდა. მერე და მერე გურიამაც მოუკლო ჩემთან სიარულს და დავრჩი მარტო. ღამურისა არ იყოს, არც ცხოველებმა რომ არ მიიღეს და არც ფრინველებმა: არც გოგოებთან მიმესვლებოდა და ბიჭებმაც დამტოვეს.
თავიდან ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს. დეპრესიაც კი დამეწყო და გამოვიკეტე სახლში. დედაჩემი ძალიან შეაშფოთა ამ ამბავმა. ყველაზე უკეთ მას მოეხსენებოდა, რომ ღრმა დეპტესიაში მყოფი ადამიანი თვითმკვლელობაზეც კი იყო წამსვლელი.
ნამდვილად არ მომსვლია აზრად და არც მიცდია. თუმცა, ყველაფერი მეზარებოდა, საჭმლის ჭამაც კი. არც მიტირია. გულში ვიკლავდი მთელ ბოღმას და ეს უფრო მანადგურებდა.
ერთ დღესაც დედაჩემმა მბზინავბეწვიანი, დიდთვალება და ყურებპარტყუნა კოკერ სპანიელი მომიყვანა გულის გადასაყოლებლად. თავიდან სიმართლე ვთქვა, ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ისეთი თვალებით მიყურებდა ჭკვიანი და საყვარელი ცხოველი, რომ გული მომილბო. ვერ ვიტყვი მალე მეთქი, მაგრამ მაინც დავმეგობრდით. ბოლოს, ისე დავუახლოვდი, ჩემი თეფშიდანაც კი ვაჭმევდი საჭმელს. ყოველდღე ძვირადღირებულ შამპუნში ვაბანავებდი და აბრეშუმივით მბზინავ ბეწვს სპეციალური ჯაგრისით ფრთხილად ვვარცხნიდი. ყოველ საღამო ქუჩაში ვასეირნებდი. საწოლშიც ჩემთან ერთად ეძინა. მოკლეთ, გადამავიწყა ჩემი უწინდელი მდგომარეობა და ახალი ცხოვრების რიტმი დავიწყე. მაქსისთან ერთად ვიღვიძებდი, ვჭამდი, ვსეირნობდი, ვთამაშობდი და ვიძინებდი.
რამდენჯერმე გურია შემხვდა ქუჩაში და ძველებურად ვილაპარაკეთ ათას წვრილმანზე თუ სისულელეზე. ამდენწლიან მეგობრობას ასე ადვილად ხომ ვერ გადაუსმევდით ხაზს? მართალია, მთელ დღეს აღარ ვატარებდით ერთად, მაგრამ მაინც მეგობრები ვიყავით. ჯაბაზეც თითქოს აღარ ვიყავი ისე გაბრაზებული და მისი ამბებიც ვიკითხე. მენატრებოდა...
ბათუმში აღარ წასულა. თბილისში დაუწყია რომელიღაც სამშენებლო კომპანიაში მუშაობა და ნიასაც ხშირად აკითხავსო. წლის ბოლოს დაქორწინებას გეგმავენო.
გულის კუთხეში მეწყინა მათი ამბავი, თუმცა გურიასთან არაფერი შემიმჩნევია.
მეორე დღეს ჯაბასა და ნიასაც მოვკარი შორიდან თვალი. ჩახუტებულები მიდიოდნენ ქუჩაში და მომეჩვენა, ჯაბა ძალიან ბედნიერი იყო. გული მომეწურა. რატო მაღელვებდა ჯაბა ასე ძალიან, ვერ ვხვდებოდი. ნია რომ ადგავდა რქებს ვითომ ამიტომ? თვითონ არაფრად აგდებდა და მე რა მადარდებდა და მანერვიულებდა ნეტა?
თვალი გავაყოლე შიფონის სარაფანში გამოპრანჭულ ნიას. მართლაც მშვენიერი შესახედი იყო, ნებისმიერ ბიჭს აუღელვებდა გულს მისი მაღალი მკერდი და მრგვალი თეძოები. გაშლილი თმა ლამის წელამდე სწვდებოდა. ჯაბა ისეთი თვალებით უყურებდა, შემშურდა. დავინახე, როგორ გაუჩერა ტაქსი და გააცილა. შემობრუნებისას კი მე დამინახა. ერთხანს შორიდან მიყურა. მერე ღიმილით გამოეშურა ჩემსკენ.
_ახალი მეგობარი გიშოვია._მაქსიზე მანიშნა, რომელიც მის დანახვაზე აყეფდა და ძლივსღა ვაკავებდი.
ბოლოს, როგორც იქნა, დავაწყნარე გაავებული ცხოველი. ჯაბამ მაინც ვერ გაბედა ახლო მოსვლა და შორიდან გამომიწოდა ხელი. მცირე ყოყმანის შემდეგ მეც მივარტყი მის მუშტს ჩემი მუშტი.
_მაგარი მცველი გიშოვია. თუმცა, შენ ვისი დაცვა გჭირდება?_გულწრფელად გამიღიმა.
ურეაქციოდ შევყურებდი. სახის არც ერთი ნაკვთი არ შემრხევია. თუმცა მეც ძალიან გამიხარდა მისი ნახვა, მაგრამ არ ვაღიარებდი, მინდოდა რომ თავი დამნაშავედ ეგრძნო.
_ბოდიში რა, იმ დღეს მართლა ზედმეტი მომივიდა. ადვილი არ იყო საკანში ჯდომა და ჩვენი სიმთვრალის სიგიჟეების გახსენება. ძალიან შემაშინე. თუმცა, ჩვენ ხომ ისევ ძმები ვართ არა?
ხმა არ გამიცია. გაბრაზებული და ნაწყენი სახით შევყურებდი თვალმოუშორებლად.
_გიორგიმ ყველაფერი მითხრა, ჩემს განთავისუფლებაში დიდი წვლილი მიგიძვის. მადლობა ძმაო.
ეს ძმაო ისეთი ხმით მითხრა, თავი ვეღარ შევიკავე და გამეღიმა. ჩემს ღიმილზე ბედნიერებისგან გადაუნათდა სახე.
_ასე რაა, არ გიხდება მოქრუშული სახე._მაქსის ყეფის მიუხედავად მაინც გადამეხვია მეგობრულად._რაცარ უნდა ვიჩხუბოთ, ჩვენ მაინც ბოლომდე ძმები ვიქნებით. ბოდიში, რომ გაწყენინე.
მერე იქვე ბორდიურზე ჩამოვსხედით და ამდენი ხნის უნახავი მეგობრები დიდხანს ვსაუბრობდით.
ნიაზე საუბარს შეგნებულად გავურბოდი. ჯაბას მაინც არ ეჯერა ჩემი, რომ ნია იყენებდა და აზრი აღარ ქონდა მასთან ამ თემაზე საუბარს. როცა იქნებოდა მიხვდებოდა, რომ მე მართალი ვიყავი. ხო და დროს მივანდე ყველაფერი. მთავარია შევრიგდით და ისევ ძმები ვიყავით.
********************
დღითიდღე იცვლებოდა ჩემი ცხოვრება. მოტვლეპილ კეფაზე თმა ამომივიდა და აღარც მიცდია გადაპარსვა. ეზოშიც ხშირად ვსეირნობდი მაქსისთან ერთად და კორპუსის გოგოებიც გავიცანი. ერთ-ერთთან უფრო მჭიდრო დამოკიდებულებაც მქონდა.
ერთხელ შემთხვევით შევეჩეხეთ წინ. ის თავის ლაბრადორს ასეირნებდა. მაქსიმ შორიდანვე მოჰკრა თვალი, მოულოდნელად გამისხლტა ხელიდან და გაქანდა. ქრისტინემ, როგორც შემდეგში გავიგე მისი სახელი, ერთი საცოდავად შეჰკივლა და მანაც გაუშვა თავის ძაღლს ხელი. ისევ მე ვიმარჯვე, გავიქეცი და ერთმანეთს დარეული ძაღლები ძლივს გავაშველე. ლაბრადორმა გაშველებისას მკლავზე გამომკრა ცოტათი კბილი და სისხლი დამედინა.
_ვაიმე, გეტკინა?_თავისი ძაღლი ხეზე გამოაბა და შეშფოთებული მომვარდა სიფრიფანა გოგო._არ იცის ხოლმე ასეთები და დღეს რა დაემართა არ ვიცი._ჭრილობა გულდასმით შემიმოწმა._მართალია ცოფზე აცრილი გვყავს, მაგრამ საავადმყოფოში მაინც წავიდეთ, შრატს გაგიკეთებენ.
_არ მინდა, არაფერია, უბრალო ნაკაწრია._დავამშვიდე შეშინებული გოგო.
ერთხანს შიშით მიყურა. მერე ხელი გამომიწოდა.
_მე ქრისტინე მქვია.
უჩვეულოდ მომეჩვენა გოგოს გაცნობა, მაგრამ მეც ღიმილით გავუწოდე ჩემი ტატუირებული მარჯვენა.
_თათა.
ქრისტინეს გაეღიმა.
_მეგონა ბიჭის სახელი გერქვა.
_ჯემალა?_გამეცინა._მასეც არი, ნახევარზე მეტი თბილისი მაგ სახელით მცნობს. შენ რაც გინდა ის დამიძახე, არ მაქვს პრობლემა.
_თათა ლამაზი სახელია. მე თათა მირჩევნია.
გამეცინა. თან გამიხარდა გულში, რომ ვიღაცამ როგორც გოგო ისე აღმიქვა.
_ისე, არ გეწყინოს და, სულ ბიჭის ტანსაცმელი რატო გაცვია?
გაოცებით შევხედე, თქმით კი არაფერი მითქვია. რა მისი საქმე იყო, მე რას ჩავიცმევდი?
_ბოდიში, უტაქტოდ გამომივიდა._ცოტა შეფიქრიანდა წყენა რომ შემატყო.
_არაფერია._ვუთხარი და სახლისკენ გავწიე.
იმ დღის შემდეგ ხშირად მხვდებოდა ნებით თუ უნებლიეთ მაქსი სასეირნოდ რომ გამყავდა და ასე თუ ისე, დავმეგობრდით.
გოგოსთან მეგობრობაც არაჩვეულებრივი გამოდგა. მართალია მე ისევ ბიჭის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით დავდიოდი, მაგრამ შინაგგანად თითქოს გოგო ვხდებოდი ნელ-ნელა.
დედაჩემს ჩემში ეს ცვლილება არ გამოჰპარვია და ვატყობდი, რომ ძალიან უხაროდა.
მეც მოვუხშირე სარკის წინ ტრიალს რატომღაც და თითქოს პირველად აღმოვაჩინე, რომ გოგო ვიყავი... მეც მქონდა მკერდი და თეძოები... შეიძლებოდა მეც მოვწონებოდი ბიჭებს. მოკლეთ რიგი დიდძალი ცვლილებები მიმდინარეობდა ჩემში.
ერთ საღამოს მე და ჯაბა მართლა შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. მისი არ ვიცი, მაგრამ მე კი ძალიან გამიხარდა ეს შეხვედრა. ლუდის დალევა გადავწყვიტეთ. გურიასაც დავურეკეთ, მაგრამ არ მცალიაო გვითხრა. ხო და მე და ჯაბა მოვსხედით ერთ-ერთ ლუდის ბარში.
_ბევრი არ დავლიოთ ოღონდ._გამეცინა._არ მინდა მეხსიერებასთან დაკავშირებით კიდევ რამე ჩავარდნები მქონდეს.
_თითო კათხა დავლიოთ. მეტი, რომც მეხვეწო, არ მინდა, დილით სამუშაოდ მივდივარ.
ლუდი და მარილიანი მიწის თხილი შევუკვეთეთ.
ჯაბამ თავისი პირობა ვერ შეასრულა, მეორე კათხაც მოატანინა და ისიც დავლიეთ.
_იცი? იმ დღის დავიწყება მინდა და ვერ ვივიწყებ._სევდიანად შემომხედა ჯაბამ თავისი ჭროღა თვალებით.
_რომელი დღის?_გამიკვირდა. ქაფიანი ლუდი მოვსვი და ტუჩს ზემოთ თეთრი ულვაში ხელსახოცით მოვიწმინდე.
_მე რომ ბათუმში უნდა წავსულიყავი.
_შენ რა, ყველაფერი გახსოვს?_გამიკვირდა._გიორგიმ აკი არაფერი ახსოვსო?
_ზოგადად ბევრი არაფერი მახსოვს, მაგრამ ერთი კონკტეტული ამბავი არ მავიწყდება. არა და მართლა არ მინდა რომ მახსოვდეს._სევდიანი ხმით მითხრა და კათხა ბოლომდე გამოცალა.
_რა ამბავია ამისთანა?_გაოცებით მივაშტერდი თვალებში.
რატომღაც ჩემს მზერას ვერ გაუძლო და თავი ჩაქინდრა.
_ნუ მაშინებ ახლა, არ მეტყვი რომელ ამბავზეა საუბარი?
_შენ მართლა არაფერი გახსოვს?.._გაბედა და დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში.
ცოტა არ იყოს, დამაბნია მისმა საუბარმა.
_რა უნდა მახსოვდეს? რამე არასწორი ჩავიდინე კიდე იმის გარდა, რომ ზეზვას გავუტეხე ცხვირპირი?_სერიოზულად შევშფოთდი.
ერთხანს უხმოდ მიყურა. მერე ჯიბეები მოიქექა, ფული გადაიხადა და ბარიდან ხელგადახვეული გამომიყვანა.
_არ მეტყვი ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა კიდევ მაგისთანა, რისი დავიწყებაც გინდა?
_ჯობია არ იცოდე..._დარწმუნებით მითხრა და ცხვირზე მსუბუქი წკიპურტი წამარტყა.
_ნუ დამაინტრიგე. ამოღერღე რა მოხდა._გავჩერდი და ჯიქურ შევხედე.
_იქნებ კარგიცაა, რომ არ გახსოვს. ხო და ასეც დავტოვოთ. თუ საჭიროა თვითონ გაგახსენდება. ყოჩაღი იყავი._ჩემს კორპუსთან დამემშვიდობა და თავის სახლისკენ განაგრძო გზა. ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი და ჯაბას შევყურებდი, რომელიც რატომღაც ისე მიაბიჯებდა, რომ ერთხელაც აღარ გამოუხედავს ჩემსკენ.
_რა მოხდა ამისთანა, რისი დავიწყება უნდა?_ვფიქრობდი ჩემთვის._რატო მე ვერ ვიხსენებ ვერაფერს? რა უნდა მომხდარიყო იმ ღამეს ისეთი, რომ არ უნდოდა მომხდარიყო და დავიწყებაც კი უნდა? ეტყობა მე მეხება, რადგან მითხრა, კარგია რომ არ გახსოვსო... რა ჯანდაბამ გამომირეცხა ასე ტვინი? რატომ არ მახსოვს არაფერი???
სახლში მისულს დედაჩემი სამზარეულოში დამიხვდა. ლუდის სუნი მალევე იგრძნო და მისაყვედურა.
_შენ მართლა ბიჭი ხომ არ გგონია შენი თავი? როდემდე უნდა სვავდე? ჩვიდმეტი წლის გოგო ხარ უკვე... გოგო კი არა ქალი, დიდხანს უნდა სდიო კიდევ ჯაბასა და გურიას? შეიგნე, რომ შენ გოგო ხარ და მათთან მეგობრობა არ გამოგადგება!
უსიტყვოდ მივუახლოვდი, გადავეხვიე და ცხოვრებაში პირველად ავტირდი.
დედაჩემი შეაკრთო ჩემმა საქციელმა და შეშფოთებულმა მკითხა.
_რა მოხდა? ცუდია რამე?
_არ ვიცი._ალალად ვუპასუხე.
_რა არ იცი? აბა რა გატირებს?_გაკვირვებულმა ჩამხედა თვალებში.
_არ ვიცი, არ მახსოვს.
_რა?_შიშისგან გაუფართოვდა მწვანე თვალები._რა არ გახსოვს? რატო არ გახსოვს?
რატომღაც გულახდილობის ხასიათზე დავდექი. დედაჩემი გვერდით მოვისვი და პატარა ბავშვივით ავბლუყუნდი.
_ჯაბა ბათუმში უნდა წასულიყო და გაცილება მოვუწყეთ. არაყი დავლიეთ. არც ისე ბევრი, რომ ისე გავთიშულიყავი. ნია და გურია მე მიმიყვანია სახლში, მაგრამ არ მახსოვს. ერთი ბიჭიც ვცემე, ქვით გამიხეთქია მისთვის ცხვირ-პირი. არც ეს მახსოვს. რატო ვერ ვიხსენებ ვერაფერს, იქნებ შენ მაინც იცოდე და ამიხსნა ყველაფერი. გახსენება მინდა იმ დღისა და ვერ ვიხსენებ.
კარგა გვარიანად შეშფოთებულმა დედაჩემმა ერთხანს უხმოდ მიყურა.
_საერთოდ არაფერი გახსოვს?
_იქამდე კი, ნია რომ ცუდად გახდა და საპირფარეშოში შევიყვანე. აღებინა. პირი მე მოვბანე. იქიდან გამოსული ისევ სუფრას დავუბრუნდი და მას მერე აღარ მახსოვს არაფერი. არა და მერე მომხდარა თუ მომხდარა ამბები. რატო არ მახსოვს?_საცოდავად ავზლუქუნდი ისევ.
_მაინც რა მოხდა? ვინმესთან იწექი?_ძლივს ამოილუღლუღა ქალმა.
ერთხანს მეც ენა წამერთვა.
_არა... არა მგონია... არ მახსოვს._ისევ ავზლუქუნდი.
ვატყობდი დედაჩემს შიში ჩაბუდებოდა თვალებში.
_არ არსებობს საშუალება, ყველაფრის გახსენება რომ შევძლო?_ჩემი უმწეობა მე თვითონვე მაცოდებდა თავს.
_რა გითხრა არ ვიცი._საცოდავად აიწურა დედაჩემმაც მხრები._შეიძლება, რამე მედიკამენტი მიაყოლეთ სასმელს და მისი ზემოქმედება ორმაგად გაიზარდა. რაც არ გახსოვს, არ მგონია ოდესმე გაიხსენო...
_შანსი არ არის. შეიძლება უვარგისი ვარ, მაგრამ ნარკოტიკს არასდროს გავკარებივარ და არც არასდროს გავეკარები.
_იქნებ ჩუმად შეგაპარა ვინმემ?
_შემაპარა?_დავვეჭვდი._ეგ უფრო სავარაუდოა. მაგრამ... როგორ?
_ფხვნილის სახით წყალში ხსნადობის თვისებით.
_ეგ იქნებოდა უეჭველი._უცბად გამინათდა გონება._საპირფარეშოდან გამოსულმა ბარმენს ერთი ჭიქა წყალი ვთხოვე. ესე იგი, ზეზვამ ჩამიყარა რაღაც... მაინც რა შეიძლებოდა ყოფილიყო?
_უამრავი პრეპარატია მასეთი, ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჯგუფს რომ მიეკუთვნება. სინთეზურია.
_ეგ რას ნიშნავს?_დავინტერესდი.
_ღამის კლუბებში იყენებენ ძირითადად. მომხმარებელი უფრო აქტიური ხდება, მოლაპარაკეც, ერთობის სასიამოვნო და ეიფორიული შეგრძნებაც აქვს. საკუთარ თავში რწმენაც ემატებს, მაგრამ მასეთ პრეპარატებს მეხსიერების გაუარესება და მცირე ამნეზიაც ახლავს. პარანოია, შფოთვა...
_და ბევრია მასეთი პრეპარატი?
_კი, რამდენიც გინდა.
_ერთ-ერთი მაინც რომ დამისახელო?
_მაგალითად, მეფედრონი... ექსტაზი... ამფეტამინი... კოკაინი... რა ვიცი შენ რომელი მიიღე.
_სისხლის ანალიზში გამოჩნდებოდა უეჭველი არა?
_კი, რა თქმა უნდა. 24 საათი სისხლში სრულად რჩება, მერე კი ნელ-ნელა გადის, მაგრამ გარკვეული პერიოდი მაინც ჩანს.
_აფსუს, რატომ არ ვიცოდი ამდენი.
_ხანდახან დედასაც უნდა კითხო რჩევა.
_მართალი ხარ._გადავეხვიე და ლოყაზე ვაკოცე._დედაზე უკეთესი მრჩეველი და მესაიდუმლე მგონი ამ ქვეყნად არავინაა. გპირდები, ამის შემდეგ არაფერს დაგიმალავ და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები._კიდევ ერთხელ ვაკოცე, ძილინებისა ვუსურვე და ჩემს ოთახში შევედი.
ერთი სული მქონდა მალე გათენებულიყო და ზეზვასთან წავსულიყავი, რომ პასუხი მომეთხოვა მისი ამ ჩათლახური და არაკაცური საქციელისთვის.
ირიჟრაჟა თუ არა, ავდექი. შხაპი მივიღე, გავემზადე და დედაჩემის უჩუმრად გავედი სახლიდან. როგორც ყოველთვის ჩემს სკუტერს შემოვაჯექი და ზეზვასკენ გავეშურე.
რესტორანი ჯერ ისევ დაკეტილი იყო. უაზრო ბოლთის ცემას იქვე შორიახლოს ჩამოჯდომა ვამჯობინე, რომ თვალში საეჭვოდ არ მოვხვედროდი ვინმეს და ბარმენის გამოჩენას დაველოდე. დიდხანს არც ვულოდინებივარ. მოვიცადე, სანამ შენობაში შევიდოდა, დაბინავდებოდა და უკან მივყევი.
ჩემგან განსხვავებით ჩემი დანახვა არ გახარებია, მაგრამ მისი ეს რეაქცია აინუნშიც არ ჩამიგდია. იმ მაგიდას მივაშურე, სადაც იმ ღამით ვსვავდით. გარშემო ყველაფერი ზედმიწევნით მოვათვალიერე. შორიახლოს დამონტაჟებული კამერის დანახვა უზომოდ გამიხარდა. ბართან მივედი, სკამზე ჩამოვჯექი და დაბნეულ ზეზვას თვალი თვალში გავუყარე.
_იმ ღამის ჩანაწერის ნახვა მინდა, აქ რომ დავლიეთ.
_რას ლაპარაკობ? და ორდერი გაქვს?_ირონიულად მკითხა.
_ჩემი მუშტი არ წავა?_მოულოდნელად საყელოში ვწვდი, მოვითრიე და შიშჩაბუდებულ თვალებში დაჟინებით მივაშტერდი._მგონი გემო იცი.
_სანამ დაცვას დავუძახე, გამიშვი._ამოიკნავლა საცოდავად.
_შენი დაცვისა სულაც არ მეშინია! ან კამერის ჩანაწერებს მომცემ, ან სინთეზური ჯგუფის პრეპარატებს რომ ასმევ კლიენტებს, იმას ვიტყვი.
_რას ბოდიალობ?_ვითომ ძალიან გაუკვირდა, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ ჩემმა ნათქვამმა შეაკრთო._პარანოია გჭირს. სანამ დროა, უმკურნალე შენს თავს.
_შენ და ნია ერთად მოქმედებდით იმ ღამეს? გინდოდა ყველა გაგეთიშათ, რომ თქვენთვის ხელი არავის შეეშალა არა?
_გაგიჟდი? გამიშვი._ხელი გამაშვებინა და მოშორებით დადგა. ალბათ შეეშინდა კიდევ არ მომეთრია.
_აღიარე, რა ჩამიყარე წყალში?
_არაფერიც არ ჩამიყრია. შენ თვითონ გაილეშე უგონოდ არყით და მე რას მაბრალებ?
_ჩემი სისხლის ანალიზის პასუხი კი სულ სხვა რამეს ამტკიცებს.
_რაა?_მღელვარებისგან ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
_ცუდად რომ გავხდი, დედაჩემმა საავადმყოფოში წამიყვანა და სისხლის ანალიზი გამიკეთა._ვიცრუე.
_იქნებ აქ მოსვლამდე დალიეთ რამე, ან აქედან წასვლისას, მე რა ვიცი?_აშკარად შეშფოთდა და თავის მართლებას მოყვა.
_ძალიანაც კარგად იცი რა დროს დამალევინე... წყლის დალევამდე ყველაფერი მახსოვს, ბიჭებს როდისღა დაალევინე შე ახვარო.
_ნუ ყვირი, უფროსობამ არ გაიგოს.
_გეშინია?_გამეცინა._ზუსტადაც უნდა გავაგებინო შენს უფროსობას, რა თესლი ბარმენიც ყავთ. საფრთხეს რომ უქმნის ხალხს.... შენ და ნია ერთად ხართ ხომ? იმ დღესაც შენ იყავი მასთან მე და გურია რომ მოვედით?
_სუმთლად გაგიჟებულხარ. რეებს მაბრალებ, აზრზე ხარ?
_იმდენი ვაჟკაცობაც არ გაქვს, გოგოს თუ ჟიმავ, აღიარო. შენი შარვალი ვიცანი იქ რომ ეგდო.
წამიერად დაიბნა. საცოდავად ააფახულა თვალები. ალალბედზე ნათქვამი მიზანში რომ გავარტყი, გამიხარდა.
_იცი რას ვერ ვხვდები? თუ შენთან გორაობს ის ძუკნა, ჯაბასგან რაღა უნდა?
_შენი თავის გაგიგია რამე? შენ რა გინდა ჯაბასგან?_ეჭვით შემომხედა.
_მე?_ცოტა არ იყოს დავიბენი. მართლა არ მოველოდი ამ კითხვას._მეგობრები ვართ და გული შემტკივა...
_ვის აბოლებ? დაგინახე რომ კოცნიდი.
_მეგობრულად ვაკოცე, რა არის ამაში გასაკვირი?
_ტუჩებში მეგობრულად რომ არ კოცნიან არ იცი?
ელდა მეცა.
_საცოდავმა ბიჭმა ძლივს მოგიშორა ტკიპასავით რომ ეკვროდი და შენ კიდევ ნიაზე ლაპარაკობ? რითი განსხვავდები მისგან?
ამ ამბავს მართლა არ მოველოდი. ისე დავიბენი, ერთხანს ხმა ვეღარ ამოვიღე.
_არ გეგონა თუ ვინმე დაგინახავდა ხომ? მარტო შენ კი არ იღებდი ვიდეოებს, მეც გადაგიღე._ირონიული ღიმილით ახლა ზეზვა მომჩერებოდა. როლები გავცვალეთ.
ბარზე დადებული მისი ტელეფონისკენ გამექცა მზერა. როგორღაც ხელში უნდა ჩამეგდო და მენახა ის ავადსახსენებელი ვიდეო, რომელზეც ლაპარაკობდა.
ზეზვა უეჭველი მიმიხვდა ჩანაფიქრს, რადგან ტელეფონი აიღო და ჯიბეში ჩაიდო, თან ირონიულად გამიღიმა.
_ან შენი ნებით მაჩვენებ, ან ცემაში ამოგხდი სულს და მაინც ვნახავ._დავემუქრე.
_უი, როგორ შემაშინე._გადაიხარხარა._გადი ახლა აქედან, სანამ მართლა დაცვას დავუძახე.
არ შემშინებია. თუმცა იქ დგომას აზრი აღარ ქონდა და მართლა გამოვედი. გეგმა მჭირდებოდა რამე ისეთი, რომ მისი ტელეფონი ხელში ჩამეგდი. მოულოდნელად ქრისტინე გამახსენდა. ყურადღებას გადაატანინებდა და მე ტელეფონს ავწაპნიდი. მაშინვე მასთან გავქანდი.
_მერიდება თხოვნა, მაგრამ შეგიძლია ერთ ბიჭს ყურადღება გაუფანტო და მე მისი ტელეფონი მოვიპარო?
გაოცებით შემომხედა.
_მისი ტელეფონი რად გინდა?
_რაღაც ვიდეო აქვს ჩემზე და მაშანტაჟებს. უბრალოდ, ყურადღება მინდა რომ გაუფანტო და დანარჩენი მე ვიცი. ვალში არ დაგრჩები. დამეხმარე და მეც დაგეხმარები თუ რამეში დაგჭირდები.
_კარგი._ღიმილით დამთანხმდა._ ასე წამოვიდე, თუ რამე გამომწვევად ჩავიცვა?
მუშტრის თვალით შევათვალიერე ლამაზი და მორცხვი გოგო.
_ჩაცმა საჭირო არ არის, ისედაც ლამაზი და თვალშისაცემი ხარ._გავუღიმე._ სკუტერზე მომიჯდები თუ ტაქსით წავიდეთ?
_იყოს სკუტერი._გამიღიმა.
გამიხარდა ქრისტინე რომ დამთანხმდა. თუმცა, ჩემი გეგმა დაიწუნა და თავისი შემომთავაზა. ტელეფონის მოპარვას მეც მისი გეგმა ვარჩიე. გულდასმით შევიმუშავეთ და მის განხორციელებასაც შევუდექით.
ქრისტინე მოხდენილი ნაბიჯებით შევიდა რესტორანში და ბარის წინ მაღალ სკამზე მოხერხებულად მოკალათდა. ზეზვამ მალევე შეამჩნია ლამაზი გოგო და გამოელაპარაკა. მეც სიფრთხილით შევედი რესტორანში და მათ სიახლოვეს ისე დავდექი, რომ ზეზვა ვერ მხედავდა.
ქრისტინე მხიარულად ლაპარაკობდა. ძალდატანება სულაც არ ეტყობოდა. ისეთი ალალი და ლამაზი ღიმილი ქონდა, ვის არ მოხიბლავდა? ხო და ზეზვაც მალე გაება მის მახეში, თავისი ტელეფონი ადვილად ანდო ნომრის ჩასაწერად.
ქრისტინემ მაშინვე შარეითით გადმომიგზავნა რამოდენიმე ვიდეო, თან თავისი ნომერიც ჩაუწერა და მეტი დამაჯერებლობისთვის ზარიც კი გაუშვა, რომ ზეზვას ნომერიც დაფიქსირებულიყო მასთან. ერთი ჭიქა კოქტეილიც დაიმსახურა ბარმენის ხარჯზე და მხიარული სიცილით დატოვა შენობა.
აღტაცებული დავრჩი მისი მოხერხებულობით. მადლობის ნიშნად გადავეხვიე და გემრიელად ჩავპროშნე. მერე სკუტერზე შემოვისვი და სახლში წამოვედით.
_ბოდიში, მარტომ უნდა ვნახო ეს ვიდეო._დარცხვენილმა ვუთხარი.
_არანაირი პრობლემა არ არის._გულწრფელად შემომღიმა და სახლში შევიდა.
მეც მაშინვე ავედი, ჩემს ოთახში გამოვიკეტე, ყურსასმენები მოვირგე და ვიდეოების დათვალიერებას შევუდექი. სულ სამი ვიდეო იყო. აქედან პირველი კი მართლაც ჩემი და ჯაბასი იყო. გულისფანცქალით დავუწყე ყურება. გამოსახულება დიდი არაფერი იყო, სამაგიეროდ ხმა ისმოდა გარკვევით.
"_რას შვრები?_ჯაბამ ხელი მკრა და მომიშორა.
_რატო გიკვირს? დავიჯერო ვერ ხვდები რომ მიყვარხარ?_საცოდავი ხმა მქონდა.
_მეც მიყვარხარ, ოღონდ როგორც ძმა. შენ ქალად ვერასდროს აღგიქვამ. მეორედ აღარ გაბედო ჩემი კოცნა, ცისფერი კი არ ვარ.
_ნია რომ რქებს გადგამს იცი?
_ოღონდაც დაგვაშორო და რას აღარ იგონებ. არ გრცხვენია მაინც? თუ გინდა რომ ისევ მეგობრებად დავრჩეთ, ნიას სახელს ტალახში ნუ ამოსვრი.
_შენი ღირსი არ არის._ტირილნარევი ხმა მქონდა.
_შენი აზრით, შენ ხარ ჩემი ღირსი?
_როცა მიხვდები, იცოდე უკვე ძალიან გვიანი იქნება."
ვიდეო აქ წყდებოდა.
_ესეიგი, მართლა ვაკოცე ჯაბას?_ისე ძლიერად მოვუჭირე ყბებს, რომ კბილებმა ღრაჭუნი დაიწყო._ჯაბას ახსოვს ეს კოცნა და დავიწყება უნდა... რატო მე არ მახსოვს? ან რამ გამაბედინა? დავიჯერო მართლა მიყვარს? ფხიზელი ამ გრძნობას ვუმკლავდები და მთვრალმა ვეღარ დავმალე დავიჯერო?.. რა სულელი ვარ!!! როგორღა შევხედო ჯაბას თვალებში?
საკუთარი თავი შემძულდა. მინდოდა გემოზე მეცემა და სათითაოდ ყველა ძვალი გადამემტვრია.
_ნუთუ, როგორც ქალმა, ისე შევხედე ჯაბას?_სარკეში ჩემს ორეულს შევხედე: ოდნავ კი წამომზრდოდა შავი თმა, მაგრამ მაინც ბიჭივით მქონდა შეჭრილი._როგორ მითხრა, ქალად ვერასდროს აღგიქვავო?_გავბრაზდი. ისე მწარედ მომხვდა ეს სიტყვები გულზე, ცხოვრებაში ვერასდროს შევძლებდი მის დავიწყებას.
ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და უაზროდ გავხედე სივრცეს. გვიან მივხვდი, რომ ცრემლები თავისთავად მდიოდა. მაქსი მაშინვე შემომაბობღდა წკმუტუნით. ერთხანს ასე მიყურა თავისი დიდრონი და ჭკვიანი თვალებით. მერე სადღაც გაიქცა, მალევე დაბრუნდა და საყელო მომიტანა. გამეცინა მის ამ საქციელზე. ჩემს სიცილზე უარესად აწკმუტუნდა და კუდის ქიცინი დამიწყო, თან თავის საყელოს არ უშვებდა პირიდან. დაბლა ჩასვლას ამ ფორმით მთხოვდა. შემეცოდა. რაფიდან ჩამოვხტი, სახე ცივი წყლით მოვიბანე და ეზოში ჩავედით. კარგა ხანს ვისეირნეთ ქუჩაში. შემთხვევით გურიასაც გადავეყარეთ.
გამიხარდა მისი ნახვა. კარგა ხანი იყო რაც არ მენახა და სკვერში მყუდროდ მოვსხედით.
_სად დაიკარგე, რომ აღარ გამოჩნდი?_გაკვირვებულმა ვკითხე.
_გამოცდები მქონდა... ეროვნულებზე გავედი.
_ვაა, რა მაგარია._გულწრფელად გამიხარდა მისი წარმატებები._დაგიყოლიეს როგორც იქნა მშობლებმა?
_ჩემი სურვილიც იყო... ჯაბას რომ ვუყურებ, მეცხრე კლასიდან გამოსული სულ შრომობს ლუკმა-პურისთვის, მე მასეთი ცხოვრება არ მინდა. ვისწავლი და ნასწავლი კაცი დავდგები.
_ჯაბას მშობლები არ ყავს._ამოვიოხრე._შენ მაგ მხრივ საწუწუნო არაფერი გაქვს. მშობლებიც და მშობლების მშობლებიც გვერდში გიდგანან. ჩვენ რას გვიყურებ, უპატრონოები ვართ.
_არც შენ გაქვს საწუწუნო. ვაჟკაცი დედა გყავს, არაფერს გაკლებს. მამაც ცოცხალი გყავს.
_მამაჩემი ხუთი წლის წინ მოკვდა._სერიოზული გამომეტყველებით შევხედე ცოტათი დაბნეულ ბიჭს._ ის ჩემთვის აღარ არსებობს. რა აზრი აქვს მის ყოლას, როცა არ ინტერესდება ჩემით? ისეთ დროს მიმატოვა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისი გვერდში დგომა.
_კარგი, მაპატიე, არ მინდოდა შენი წყენინება._მხარზე მეგობრულად მომხვია ხელი.
კარგა ხანს ვისხედით ასე. მსიამოვნებდა მეგობრის ჩახუტება. ჯაბასგან განსხვავებით ამას მართლაც მეგობრად ვთვლიდი და ძმასავით მიყვარდა. ალბათ, ალალი ძმა რომ მყოლოდა, ზუსტად ასე მეყვარებოდა. თუმცა, ძმა კი მყავდა მამაჩემის მხრიდან სხვა ქალთან, მაგრამ არასდროს მენახა...
მოულოდნელად გურიამ ხელი გამიშვა, წამოხტა და გაიქცა. გაკვირვებული ავდექი მეც და თვალი გავაყოლე. გვიან მოვკარი წაქცეულ გოგონას თვალი და მეც იქით გავიქეცი. სანამ მე მივიდოდი, გურიამ ფრთხილად წამოაყენა მუხლებგადაყვლეფილი და დარცხვენილი ქრისტინე.
_რა მოგივიდა?_შეშინებული მივვარდი აცრემლებულ გოგოს.
_როკო ფეხებში ამებლანდა, ვეღარ დავიმორჩილე და წამაქცია.
მე და გურია აქეთ-იქიდან ამოვუდექით მხრებში და კოჭლობით მივიყვანეთ ჩრდილში, სკამზე ჩამოვსვით. გურია მაშინვე მაღაზიაში გაიქცა, ბოთლით წყალი მოარბენინა და ფრთხილად მობანა დაზიანებული მუხლები. ქრისტინეს ვატყობდი რომ თავს იკავებდა, თორემ ტირილი ყველაფერს ერჩია ახლა.
_უკვე იმხელაა შენი როკო, კიდევაც კარგად იმორჩილებ. მაგეთ სიტუაციაში ნუღარ დაიჭერ, თავის ნებაზე მიუშვი, დაიკარგება ვითომ სადმე?
_არ მინდა რომ ვინმე შეაშინოს... არა და ოთახშიც აღარ ჩერდება. მამაჩემმა, სოფელში ჩავიყვანო და არც მეთმობა. ლეკვობიდან მე ვზრდი.
შემთხვევით გურიას შევხედე, რომელიც აღფრთოვანებული თვალებით შეჰყურებდა საცოდავად მობუზულ სიფრიფანა გოგოს. გამეღიმა, აშკარად ეტყობოდა, რომ მოსწონდა ქრისტინე. თვითონ ქრისტინე კი დამორცხვებული თვალს ვერ უსწორებდა გურიას.
როკო შორიახლოს იჯდა და თითქოს დამნაშავის იერით შეყურებდა დაზარალებულ თავის პატრონს. ფრთხილად მივუახლოვდი და დავიჭირე. იქვე ლამპიონზე გამოვაბი, რომ არ გაქცეულიყო სადმე.
_ძალიან გტკივა?_მივედი და ახლოდან შევათვიერე გოგონას დაზიანებული მუხლები.
_არც ისე._საწყალობლად გამიღიმა._სახლში წავალ ჯობია._მივხვდი რომ ტირილი უნდოდა და სრცხვენოდა.
_კარგი._მხარში ამოვუდექი და გურიას მივუბრუნდი._ ცოტახანს ძაღლებს მიხედე, ქრისტინეს ავიყვან სახლში და მალე მოვალ._მის პასუხს არც კი დავლოდებივარ, კოჭლობით წავიყვანე გოგონა სახლში.
სკვერში რომ დავბრუნდი, გურია როკოს ადამიანივით ტუქსავდა და გამეღიმა. დამინახა თუ არა, ძაღლს თავი ანება და მე მომიბრუნდა.
_კარგადაა?
_კარგადაა, დაწყნარდი. არასდროს გადაგიყვლეფია მუხლები? მალე მოურჩება.
_როგორ შემეცოდა... ვინ არის?_ინტერესით მომაჩერდა.
_ჩემი მეზობელია და მეგობარიც.
_მეგობარი?_გაუკვირდა.
_ხო, რა იყო? არ შეიძლება მეგობარი გოგოც მყავდეს?
ორაზროვნად აიჩეჩა მხრები.
ცოტა ხანს კიდევ დავყავით ეზოში სანამ ძაღლებმა გული არ იჯერეს სირბილით, მერე კი ჩვენც დავიშალენით.
როკო ქრისტინეს რომ მივუყვანე სახლში, კარი დედამისმა გამიღო.
_მადლობა შვილო ყურადღება რომ მიაქციე ქრისტის.
_რის მადლობა?_ცოტა დავიმორცხვე,_ დარწმუნებული ვარ, თვითონაც ასე მოიქცეოდა._გავუღიმე და სახლში გამოვბრუნდი.
იმ დღის მერე გურია ხშირად მაკითხავდა სახლში. მართალია არ აღიარებდა, მაგრამ ვხვდებოდი რომ ქრისტინესთან შეხვედრა სწყუროდა. მისი სახელის ხსენებაზე ვხედავდი როგორ უციმციმებდა თვალები. შანსს ხელიდსნ არ უშვებდა, რომ მასზე არ ესაუბრა. აშკარად ვატყობდი, რომ შეყვარებული იყო.
ერთხელ, მორიგი ასეთი სტუმრობისას, ჩემს ოთახში რომ ვიყავით გამოკეტილები მე და ჩემი ძმაკაცი, ქრისტინემ მომიკაკუნა კარზე. ცოტა უჩვეულოდ კი მეჩვენა მისი სტუმრობა, სახლში არასდროს მაკითხავდა, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია, ღიმილით დავპატიჟე სახლში. გაბადრული გურია რომ დაინახა, ცოტა შეცბა.
_ბოდიში, სტუმარი გყოლია._დაიმორცხვა.
_არაფერია, უკვე მიდიოდა._ეს ვთქვი და გურიას რომ გადავხედე ლამის ავხარხარდი, ისეთი მამისმკვლელი თვალებით მიყურებდა._ვიხუმრე, არ მიდის, ესეც ეხლა მოვიდა. იმხელა ბინაა, სამივეს დაგვიტევს, მოდი._შემოვიპატიჟე.
ქრისტინე მორცხვად შემოვიდა და მისაღებში შევუძეხი. სავარძელში ისე მოხდენილად ჩაეშვა, თვალი ვერ მოვწყვიტე. მუხლებზე ჯერ ისევ ემჩნეოდა წაქცევის კვალი. დაჯდომისას ზემოთ აწეული კაბა ფაქიზად ჩამოიწია. ისეთი თვალებით შემომხედა, მივხვდი გურიას თანდასწრებით არ უნდოდა ლაპარაკი. გურია კი ისეთი აღფრთოვანებული სახით შეჰყურებდა, ასე ადვილად ვერ მოვიშორებდი. ტვინი დავძაბე, რაღაც ისეთის მოფიქრება მინდოდა, რომ არც მწვადი დამეწვა და არც შამფური.
გონება მალევე გამინათდა. სამალავიდან ათ ლარიანი დავაძრე და გურიას მივეცი.
_მაღაზიაში ჩაირბინე, ნაყინი და ცივი ლიმონათები ამოიტანე. ამ სიცხეში ყავას ხომ არ დავლევთ.
_არ მინდა, ფული მაქვს._თავმომწონედ თქვა ბიჭმა და მაშინვე მაღაზიაში წავიდა.
გურიამ გაიხურა თუ არა კარი, ქრისტინემ ჩურჩულით და მორიდებით მითხრა.
_ის ბარმენი ბიჭი მოსვენებას აღარ მაძლევს. დღეში რამდენჯერმე მირეკავს. არ მინდა, რომ ჩვენებმა გაიგონ. როგორ მოვიქცე მართლა არ ვიცი. ჩემთან შეხვედრას დაჟინებით მოითხოვს. არ მეგონა ასე თუ შემაწუხებდა.
_კარგი, არ ინერვიულო,მოვიფიქრებ რამეს._ვუთხარი და გონება ავამუშავე. ისეთი გეგმა მჭირდებოდა, ზეზვას საერთოდ დაევიწყებინა ქრისტინეს ნომერი.
დიდხანს ფიქრიც არ დამჭირვებია. სავარძლის წინ ღიმილით ჩავუცუცქდი და თვალებში მივაშტერდი.
_შეხვედრაზე დასთანხმდი.
_რა?_გაოცებით შემომხედა.
_დასთანხმდი, ადგილი შეარჩიეთ და მე წავალ შენს მაგივრად.
_მართლა? რამე რომ დაგიშაოს?_შეშფოთდა.
_ვერაფერს დამიშავებს, ნუ ღელავ. ერთხელ უკვე მყავს ნაცემი და ნაკერებიც დაადეს.
აქოშინებული გურია რომ შემოვიდა ოთახში, მე ისევ ქრისტინეს წინ ვიყავი ჩაცუცქული. ეჭვით შეგვათვიერა და ნავაჭრი გადმომცა. პარკში რომ ჩავიჭყიტე, გამეღიმა, ქრისტინესთვის თავის მოწონების მიზნით კარგად დახარჯულიყო: ყველაზე ძვირიანი ნაყინები, ლიმონათები და ორი ყუთი რაფაელო ეყიდა. სახელდახელოდ გავაწყე გორგოლაჭებიან მაგიდაზე ტკბილეულის სუფრა და ბუფზე მოვიკეცე. გურიამ იმდენი იძვრინა, დამორცხვებულ ქრისტინეს მიუჯდა გვერდით.
გემრიელად გეახელით გურიას ნაყიდი ტკბილეული. ქრისტინე მალევე წამოდგა, ბოდიში მოიხადა და წავიდა. გურიას ერთი სული ქონდა გაყოლოდა და გაეცილებინა, მაგრამ მე არ გავუშვი.
_შენ სადღა მიხვალ?_ქეჩოში ვწვდი და შემოვაბრუნე.
ისეთი თვალებით შემომხედა, მივხვდი, ჩემი ცემა უნდოდა. ქრისტინეს მივუხურე თუ არა კარი, მაშინვე მეცა. არც მე დავიხიე უკან და წავძიძგილავდით.
_ნუ აშინებ მაგ გოგოს, ჩემი მეგობარია და ზედმეტი არაფერი მოგივიდეს.
_ზედმეტი მგონი შენ მოგდის, უბრალოდ გაცილება მინდოდა._მკლავი დამიჭირა და ზურგს უკან აპირებდა ამოგრეხვას, მაგრამ ვიმარჯვე და ზურგულით წამოვიღე.
მოულოდნელობისგან გაოცებული ბიჭი ისე საცოდავად გაითხლიშა ჩემს წინ, შემეცოდა. შემეშინდა კიდეც, რამე ხომ არ ვატკინე-მეთქი, მაგრამ მალევე დავრწმუნდი რომ არაფერი სტკენია და ავხარხარდი.
_რა გაცინებს?_წყენით შემომხედა და წამოჯდა.
_შენი სახე დაგანახა ერთი და ნახავ როგორ არ გაიცინებ._მარჯვენა გავუწოდე და წამოდგომაში მივეხმარე._ქრისტინე ჩემი დაქალია და არ მოგცემ უფლებას რამე აწყენინო.
_რა უნდა ვაწყენინო? გოგო მომწონს და მასთან დაახლოვება მინდა.
_ხო და გაფრთხილებ, ზედმეტად არ დაუახლოვდე!
_მომწონს-მეთქი ვერ გაიგე?_წყენით შემომხედა.
_თუ საწოლში შეტყუება გინდა, ჩემთან გექნება საქმე!_სერიოზულად და მკაცრად გამოვუცხადე.
_მასეთი არამზადა გგონივარ?_ისეთი თვალებით შემომხედა, აშკარად გულწრფელი იყო._ამდენი წლებია მიცნობ და მასეთი საშინელი წარმოდგენა გაქვს ჩემზე?
_საკუთარ თავს ვერ ვენდობი ხშირად და შენ როგორ გენდო?
_გეფიცები, მართლა მომწონს და ცუდი ზრახვები არ მაქვს.
_კარგი._დათმობაზე წავედი,_ოღონდ თუ მას არ მოსწონხარ, არ შეაწუხებ, გასაგებია?
გურიამ ერთხანს ხმისამოუღებლად მიყურა, მერე თანხმობის ნიშნად ხელი ჩამირტყა და აბაზანაში გავიდა მოსაწესრიგებლად.
საღამოს ისევ გამოვიდა ქრისტინე ჩემთან. დრო და დანიშნულების ადგილი გადმომცა, სადაც ზეზვას უნდა შეხვედროდა, წარმატებები მისურვა და მალევე წავიდა. მეც არ დამიყოვნებია, დიდი მომზადება არ გამჭირვებია, უცბად ჩავიცვი ტანსაცმელი, რათქმა უნდა ბიჭის და ზეზვასკენ გავწიე. შორიდანვე შევნიშნე ყვავილებით ხელში მომლოდინე ბიჭი, რომელიც ნერვიულად სცემდა ბოლთას. ისე მონდომებით გამოპრანჭულიყო და გადაევარცხნა თმა, გამეცინა.
ერთხანს შორიდან ვაკვირდებოდი, მერე მივედი და ირონიული ღიმილით ჩამოვუდექი წინ. ჩემი დანახვა არ გახარებია.
_ოხ, შეყვარებულია ბიჭი?_ვთქვი და ხელი წავატანე ყვავილებს.
_ხელი არ ახლო, შენთვის არაა.
_ვიცი._გავუღიმე._ვისთვისაც არის ეგეც ვიცი._დარწმუნებით ვუთხარი.
გაოცებულმა შემომხედა.
_იმის სათქმელად მოვედი, რომ თავი დაანებო იმ გოგოს. მაშინ ჩემი დავალებით მოქმედებდა, შენი ტელეფონი რომ ჩაგვეგდო ხელში. ასე რომ იმ ილუზიებს შეეშვი, თითქოს იმ ანგელოზს შენ მოსწონდე.
მოულოდნელობისგან გაშრა.
_ნიამ მიგატოვა და სხვა გოგოებთან ეძებ ნუგეშს?
_რა გინდა, რას გადამეკიდე?
_ვინც წინ გადამეღობება, ან ვინც ჩემიანს აწყენინებს, ყველას გადავეკიდები და არ მოვუსვენებ. გაფრთხილებ, ქრისტინეს შეეშვი! არ გაშინებ, მგონი იცი რა შემიძლია და რაზე ვარ წამსვლელი.
ზეზვას ხმა არ ამოუღია. ყვავილები ურნაში მოისროლა და წავიდა. ცოტა არ იყოს შემეცოდა, მაგრამ რა ჩემი ბრალი იყო თუ ჩემს მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო? მე მეგობრობას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ყველა ჩემიანს კბილებით ვიცავდი. ყოფილიყო ჩემს მხარეს და ჩემი რისხვაც არ დაატყდებოდა.
ვერ ვიტყვი ჩემი შეეშინდა-მეთქი, მართლა და მართლა არც ისეთი ჰერაკლე ვიყავი, ყველას შიშის ზარს ვცემდე, უბრალოდ გაითვალისწინა ჩემი ნათქვამი და ქრისტინესთვის აღარ დაურეკია და არ შეუწუხებია. ქრისტინემაც მოუხშირა ჩემთან სიარულს და უკვე ისე მივეჩვიეთ, რომ უერთმანეთოთ ვეღარ ვძლებდით.
ერთ საღამოს დამირეკა, ამაღამ ჩვენები სოფელში რჩებიან და თუ შეგიძლია ჩემთან დარჩიო. ბევრი არ მიყოყმანია, დედაჩემი გავაფრთხილე და მაშინვე მასთან წავედი. ჩემთვის უჩვეულო სიტუაციაში დამიხვდა: წინსაფარაფარებული სამზარეულოში რაღაცას ფუსფუსებდა. ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა.
_პიცას ვაცხობ და ხომ მომეხმარები.
_მოგეხმარები?_გამიკვირდა._რომ არ ვიცი?
_მართლა არ იცი?_გაუკვირდა. თან ისე შემომხედა, შემრცხვა.
_რაც არ უნდა გაგიკვირდეს, მართლა არაფერი ვიცი._გულახდილად ვაღიარე, უბრალოდ, კვერცხის შეწვაც კი არ ვიცი.
ერთხანს გაოცებულმა მიყურა. მერე წინსაფარი მომარგო და მე გასწავლიო ღიმილით მითხრა.
ფქვილის გაცრა მე მერგო წილად. ვიჯახირე, მაგრამ როგორღაც მაინც შევძელი. არ ვიცი მართლა მოეწონა თუ არა, მაგრამ ძალიან კი შემაქო. მესიამოვნა და გამიხარდა კიდეც. ცომი თვითონ მოზილა. გაბრტყელებით მე გამაბრტყელებინა. ესეც ვიცოდვილე და რაღაც მაინც გამომივიდა. ვაღიარებ, მომეწონა გოგოების ცხოვრება. სახალისო ყოფილა სამზარეულოში ფუსფუსი.
პიცა გამოვაცხეთ, მერე მისაღებში ტელევიზორის წინ მოვკალათდით და კომედიას ჩავუსხედით. გვარიანად ვიხალისეთ. სიცილ კისკისში ისე გაგვეპარა დრო, ვერც კი შევნიშნეთ. დასაძინებლად მის ოთახში შევედით. ტანსაცმელი რომ გავიხადეთ, მაისურით ვაპირებდი დაწოლას როგორც ყოველთვის, მაგრამ ქრისტინემ კარადიდან თავისი პერანგი მომცა. ჩავიცვი კი, მაგრამ უხერხულად ვგრძნობდი მასში თავს. პერანგი აშკარად ჩემთვის არ იყო შექმნილი, თუმცა ქრისტინეს ხათრი ვერ გავუტეხე.
_რაღაც მინდა გკითხო, თუ არ გეწყინება, შეიძლება?
_გააჩნია რას მკითხავ._გამეცინა.
_ლიფი არასდროს გაცვია?
დავიბენი. პასუხი ვერ დავუბრუნე. ისე კი, რა საჭირო იყო ლიფი ვერ ვხვდებოდი. მჭიდრო მაისური და ეგ არი...
დაწოლილი წამოდგა, შუქი აანთო და კარადაში შეძვრა. კარგა ხანი ეძებდა რაღაცას. მერე ახალთახალი ლიფი გამოიღო და მესროლა.
_აბა ჩაიცვი, მე მაინც არ მაქვს კარგად.
_რად მინდა?_გამიკვირდა.
_შენ მართლა ბიჭი გგონია თავი? არასდროს გქონია სურვილი ლამაზად გამოიყურებოდე და ბიჭებს მოსწონდე?_ეჭვით შემომხედა._ჩაიცვი აბა, გთხოვ.
ზლაზვნით წამოვდექი, პერანგი გავიძრე და ლიფის ჩაცმას შევუდექი. გამიჭირდა. მართლა არასდროს ჩამეცვა და არ ვიცოდი როგორ უნდა მომერგო.
_მოდი, მოდი, მოგეხმარები, თორემ როგორც გატყობ არ იცი.
რომ მომარგო და შემიკრა, ლამის სული შემეხუთა. თუმცა, ჩემს მკერდს რომ დავხედე, მომეწონა.
_მოიცა._ისევ კარადაში შეძვრა ქრისტინე და თხელი სარაფანი გამოიღო._მოდი ესეც ჩაიცვი რა.
ამის ჩაცმაშიც მომეხმარა და აღტაცებულმა შემოჰკრა ტაში.
სარკეში ჩემი ორეული ვერ ვიცანი. ერთხანს გაოცებული ვაკვირდებოდი მეც ჩემსც ანარეკლს. ბურთებივით ამომჯდარი ნახევრად მოშიშვლებული მკერდი. წელზე მჭიდროდ შემოტმასნული სარაფანი, რომელიც ხაზს უსმევდა ჩემს ოდნავმომრგვალებულ თეძოებს მართლაც მიხდებოდა.
_რა მშვენიერი ტანი გაქვს და სულ აჯაჯულ-დაჯაჯული რატო დადიხარ ბიჭის ტანსაცმლით?_თვალს ვერ მაშორებდა გაოცებული ქრისტინე._დავიჯერო, არ მოგწონს შენი თავი ახლა სარკეში რომ იყურები? შესახედაობითაც მშვენიერი გოგო ხარ, ანჯელინა ჯოლის მაგონებ. რად გინდა რომ ბიჭს გავდე?
ჩემს გარდასახვას კარგახანს ვუყურე სარკეში თვალმოუშორებლად. მართლაც ლამაზი ვიყავი და მომწონდა ჩემი თავი ამ ამპლუაში. ახლაც ვერ აღმიქვავდა ჯაბა ქალად?_ეშმაკქაჯურად მიტრიალებდა ეს აზრი თავში და მზაკვრული გეგმაც მიმწიფდებოდა.
_მე რომ შენი ვიყო, კაბას საერთოდ არ გავიხდიდი. რა მოგწონს ოღონდაც ბიჭურ სტილში და ტანსაცმელში.
_არ ვიცი, არასდროს მქონია სურვილი რომ კაბა ჩამეცვა.
_კაბა ხელს შეგიშლის ფეხბურთის თამაშში და ბიჭების ცემაში მართალი ხარ._გამიღიმა._ცოტა წარბების კორექციაც რომ გაიკეთო, მანიკურიც, თმაც შეისწორო, ქალი ხარ დაცემა. ახლა დავწვეთ და ხვალ მოგხედავ.
უსიტყვოდ დავემორჩილე და დავწექით, თუმცა თვალი არ მომიხუჭავს. ჯერ ერთი, საწოლი და გარემო რომ შევიცვალე ძილი დამიფრთხა და მეორეც, ისეთ მზაკვრულ გეგმას ვამუშავებდი ტვინში ჯაბასთან დაკავშირებით, წინასწარ კმაყოფილი ღამის სიბნელეს ვუღიმოდი. ამ გეგმის ნაწილი ქრისტინეც იქნებოდა უეჭველი, მის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი...
დილით თვალებამოღამებული ავდექი. ქრისტინეც მაშინვე წამოდგა. სახელდახელოდ დაფცქვნა კაეტოფილი, გემრიელად დაბრაწა და ვისაუზმეთ. მერე კი მართლა ჩემს გალამაზებას შეუდგა. ჯერ ფრჩხილები გამილამაზა ფეხზეც და ხელზეც: ნუნები მომაჭრა, ფრჩხილები გამიქლიბა და წითელი ლაქის წასმა უნდოდა, მაგრამ შავი წავასმევინე. წარბების კორექციაზე დამტანჯა, თუ ასეთი საშინელება იყო არ ვიცოდი.
_მაშ რა გგონია? სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
ამ მსხვერპლის გაღება კი მართლა ზედმეტი მეგონა, მაგრამ სარკეში რომ ჩამახედა და ჩემი ლამაზი წარბები მაჩვენა, აზრი შემეცვალა.
_მართლა მშვენიერი ქალი ხარ და ბიჭის ტანსაცმელში მალავ შენს სილამაზეს._აღფრთოვანებას ვერ მალავდა ქრისტინე._აღარ დაგინახო აჯაჯულ-ჩაჯაჯულმა იარო.
_კი მაგრამ ჯერ ერთი, გამიჭირდება ამ ტანსაცლის ხმარება, თითქოს არაკომფორტულია და მეორე, სულ აჯაჯულ-დაჯაჯულები მაქვს.
ერთხანს უხმოდ მიყურა ქრისტინემ, მერე არ არის პრობლემა, საყიდლებზე გაგყვები და შეგარჩევინებ რამესო.
ეს აზრი მომეწონა საყიდლებთან დაკავშირებით. მუდმივად თუ არა, ათაში ერთხელ მაინც წავიდოდი კომპრომისზე, ჩავიცმევდი იმ ლიფსაც, ასე რომ მიხუთავდა სუნთქვას და დავემსგავსებოდი მართლაც გოგოს. ერთი სული მქონდა ასე ჩაცმული ჯაბას ვენახე და მის რეაქციას დავკვირვებოდი.
*********************
იმ დღის მერე მალევე წავედით მე და ქრისტინე საყიდლებზე. დედაჩემს რომ ვუთხარი ფული რისთვისაც მჭირდებოდა, ჯერ გაკვირვებულმა მიყურა, ეგონა ვხუმრობდი. მერე კი, რომ შემატყო სავსებით სერიოზული ვიყავი, გაუხარდა. იმაზე მეტი მომცა რამდენიც ვთხოვე.
ვაღიარებ, საყიდლებზე სიარული საშინელება იყო. იმდენი ვიარეთ და იმდენი ტანსაცმელი მოვირგე, ლამის ცუდად გავხდი. სარაფნები, კაბები, ქალის შარვლები, ქალის მაისურები და რაც მთავარია ლიფები, ლამის ორ-ორი ვიყიდე და შუადღე გადასული იყო სახლში რომ მოვედით. დაღლილი ქრისტინე მაინც ღიმილით დამემშვიდობა და სახლში წავიდა. ისეთი დაღლილი ვიყავი, არაფრის თავი არ მქონდა, ნავაჭრი იქვე მივაწყე ჩანთებით და პირქვე გავიშოტე საწოლზე.
ყველაფერი უკვე ნაყიდი მქონდა და ისღა დამრჩენოდა ჯაბას დღის განრიგი შემესწავლა და "შემთხვევით" შევხვედროდი ჩემი ახალი ზმანებით.
ჩვენი შეხვედრის დღემაც დიდხანს არ დააყოვნა. არც მისი დღის განრიგის შესწავლა დამჭირვებია. ყველაფერი თავისთავად აეწყო: თვითონ ჯაბამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, აუცილებელი საქმე მაქვსო. ასე არასდროს არაფერი გამხარებია, მაგრამ თავი მაინც დავიფასე.
_ტელეფონით არ ითქმის? რა საქმე გაქვს ამისთანა? მეზარება გამოსვლა.
_სიმართლე გითხრა, ისეთი არაფერი. უბრალოდ, მომენატრა შენთან ლუდის დალევა. სადმე ლუდის ბარში მოვსხდეთ. დავიღალე მუშაობით და ერთი დღე განტვირთვისთვის მინდოდა, შენ და გურია წამოდით შენი სკუტერით ჩვენს ბარში. მომენატრეთ.
გამიხარდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
_ვნახოთ, არ ვიცი, მეზარება.
_მიდი, მიდი, ნუ გეზარება._შემაგულიანა._მართლა გადავიღალე და ერთი ვიხადნოი მინდა. გურიას მე დავურეკო თუ შენ ეტყვი?
_მე ვეტყვი, კაი._"უწადინოდ" დავთანხმდი._ერთ საათში მოვალთ ალბათ.
_ერთ საათში?_გაუკვირდა.
_ხო, რა იყო, დაგვიანდება?
_კაი, კაი, გელოდებით.
აღტაცებულმა გავუთიშე ტელეფონი. მაშინვე შხაპი მივიღე, ჩემი ახალი ტანსაცმელი მოვირგე და ჯაბასთან შესახვედრად გავეშურე. გურიასთვის არ დამირეკია რა თქმა უნდა, მესამე პირი საჭირო არ იყო. ჯაბასთვის გამოცდა უნდა მომეწყო, შემომხედავდა თუ არა როგორც ქალს?
ერთი პირობა სკუტერით წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ გადავიფიქრე და ტაქსით წავედი. დარეკვიდან ზუსტად ორმოცდახუთი წუთი იყო გასული ბარში რომ შევედი. შორიდანვე მოვკარი ჯაბას თვალი, რომელიც მაგიდასთან იჯდა და ნერვიულად დაჰყურებდა ტელეფონში სავარაუდოდ საათს. ისე მივუახლოვდი, არ შევუმჩნევივარ. წინ დავუდექი და უსიტყვოდ შევყურებდი. ალბათ იგრძნო ჩემი დაჟინებული მზერა და ამომხედა, თუმცა შევატყე რომ ვერ მიცნო და ისევ ტელეფონს მიაშტერდა. ერთ ადგილზე გაუნძრევლად რომ ვიდექი და შევყურებდი, ისევ ამომხედა. კარგა ხანს მიყურა. მერე გაოცება აღებეჭდა სახეზე. თითქოს ბარბაცით წამოდგა.
_ჯემალ?_ისეთი გაოცებული ხმა ქონდა, უეჭველი ვერ რწმუნდებოდა, რომ მე ვიყავი.
მე კი, ვითომც არაფერი, სკამი გამოვდგი მაგიდიდან და როგორც ქრისტინეს სჩვეოდა, ისე ჩამოვჯექი მოხდენილად. ჯაბა პირღია მომჩერებოდა. გულში მიხაროდა თავიდან ფეხებამდე გაოცებული რომ მათვიერებდა.
_გურია ვერ ვნახე, ასე რომ მარტო ჩვენ ვართ. არ შეუკვეთავ ლუდს?_ოდნავმოჭუტული თვალებით შევხედე და ქვედა ტუჩზე მსუბუქად ვიკბინე.
ჯაბა აშკარად დაბნეული იყო, დაჯდომა ვერ მოეხერხებინა. გულში ვზეიმობდი, თუმცა სახეზე არაფერს ვიტყობდი.
_რა გჭირს?_ვითომ არ ვიცოდი რაც სჭირდა._ცუდად ხარ?
ძლივს მოახერხა ლუდის შეკვეთა და დაჯდომა. თვალს ვერ მაშორებდა.
_დიდი ხანია ასე გამოიყურები?_ძლივს გამიბედა კითხვა.
_მე სულ ასე არ გამოვიყურები?_გავიკვირვე._ უბრალოდ, ტანსაცმელი შევიცვალე.
_სხვანაირი ხარ..._ძლივს ამოთქვა სათქმელი.
ეგ მეც ვიცოდი, რომ სხვანაირი ვიყავი და მის დაბნეულ სახეს რომ ვუყურებდი უზომოდ კმაყოფილი ვიყავი.
ორ-ორი კათხა ლუდი დავლიეთ. ლიფი სულს მიხუთავდა, მაგრამ ჯაბას ფარულ მზერას რომ ვგრძნობდი ჩემს ნახევრად მოშიშვლებულ მკერდზე, ამად ღირდა. ბარში მყოფი ბიჭების ყურადღებასაც ვგრძნობდი და უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი ჩემს შესაძლებლობებში, რომ ჯაბას ყურებით გამოვიჭერდი.
დალევას რომ მოვრჩით და საღამოხნისკენ ბარი დავტოვეთ, ხელის გადახვევა ვერ გამიბედა როგორც სჩვეოდა, უხერხულად მომყვებოდა გვერდით. ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებდა. მე კი ამაყად მივაბიჯებდი და გულში გამარჯვებას ვზეიმობდი.
სულ ფეხით ვიარეთ. დუმილი აუტანელი მეჩვენებოდა, მაგრამ საუბრის წამოწყებისგან თავს ვიკავებდი. არ მინდოდა უხერხულობისგან მეხსნა. მსიამოვნებდა მისი ამ მდგომარეობაში ხილვა: ანთებული თვალებით გაოცებული რომ მომჩერებოდა.
მოულოდნელად რაღაც პატარა ბექობს წამოვკარი ფეხი და წავბარბაცდი. ჯაბამ მაშინვე მომაშველა თავისი მკლავები. ხშირად გადაუხვევია ჩემთვის ხელი, მაგრამ არასდროს ასეთი განცდა არ მქონია, როგორც ახლა. თითქოს წელი დამწვა მისმა ძლიერმა მკლავებმა. წამიერად მეც დავიბენი, გავირინდე და ჩემს აჩქარებულ გულისცემას დავუგდე ყური. ისეთი თვალებით მიყურებდა, აშკარა იყო პირველად აღმომაჩინა როგორც ქალი. მესიამოვნა მისი შეხება და სიახლოვე. შევატყე, ჯაბაც იგივეს განიცდიდა. ხელი მორცხვად გავაშვებინე და გზა განვაგრძე. თვითონ მოგვიანებით გამომყვა.
ჩვენს კორპუსთან სკვერს რომ მივუახლოვდით, ქრისტინე შეგვხვდა წინ. გულწრფელად გამიხარდა მისი გამოჩენა. მოგვესალმა და კმაყოფილი ღიმილი გაუკრთა სახეზე. შევატყე, მოვეწონე.
_ეს ჩემი მეზობელი და დაქალია ქრისტინე._გავაცანი ჯაბას._ეს კი ჩემი ძმაკაცი ჯაბაა._ახლა ქრისტინეს გავაცანი ჯაბა.
ქრისტინემ მორიდებით ჩამოართვა ხელი.
_საით გაგიწევია?_ისეთი ინტერესით ვკითხე ქრისტინეს, ჯაბას ვაგრძნობინე, რომ მე სხვა სამყარო მქონდა და იმით უფრო ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი.
_ყავის სახლში. მართალია ცოტა მოშორებით არის, მაგრამ საღამოს გასეირნება გამომივა.
_უი, რა კარგია, მეც გამოგყვები._ხელკავი გამოვდე ქრისტინეს და ჯაბას ღიმილით დავემშვიდობე._დროებით.
_იმედია ისევ მალე შევხვდებით._გაოგნებულმა ჯაბამ ძლივს ამოილუღლუღა.
მე ხალისით გავყევი ქრისტინეს და ვგრძნობდი როგორ მაცილებდა დაჟინებული მზერით ჯაბა.
_რა დაუნდობელი ხარ._ცოტა რომ მოვშორდით წამჩურჩულა ქრისტინემ._შენი სახლში მიცილების სურვილი კლავს ბიჭს და შუა ქუჩაში მიატოვე.
_ღირსია. ეს კიდევ იმასთან არაფერია, რაც შემდეგში მოელის._დარწმუნებით ჩავილაპარაკე.
_ხანდახან ძალიან მაშინებ. რა დაგიშავა ამისთანა?
_რაც დამიშავა თვითონაც კარგად იცის და ხვდება კიდეც._ისევ წამოვკარი ბექობს ფეხი და წავბარბაცდი._უხ, შენი..._შეგინებას ვაპირებდი, მაგრამ თავი შევიკავე, მე ხომ უკვე გოგო ვიყავი და აღარ შემფეროდა ბილწსიტყვობა?
********************
იმ დღის მერე რამდენჯერმე დამირეკა ჯაბამ ლუდის დასალევად, მაგრამ ათასი სისულელე მოვიმიზეზე და უარი ვუთხარი. თუმცა, ერთი სული მქონდა ისევ შევხვედროდი და ისევ მენახა. ჩემს თავში იმდენი ნებისყოფა აღმოვაჩინე, რომ ჯაბას დაკრულზე არ მევლო, არა და ძალიანაც მინდოდა. ყოველ ჯერზე, როცა მისი ნახვის სურვილი წამომივლიდა და მასთან შესახვედრად მზად ვიყავი გავქცეულიყავი, ვიდეოს ვუყურებდი, სადაც მეუბნებოდა, რომ ქალად ვერასდროს აღმიქვავდა და ვჩერდებოდი. მისი სიტყვები, რომ თურმე მე ბუნების შეცდომა ვიყავი, სტიმულს მაძლევდა, რომ უფრო მეტად ვყოფილიყავი ქალი. სანამ ისე არ შევუყვარდებოდი, რომ ჩემს გარდა არავისზე ეფიქრა, მანამ არ ვაპირებდი მასთან უკარება თათას როლის თამაშის დასრულებას.
დღითი დღე მეც ვრწმუნდებოდი, რომ ჯაბას ისე როგორც ძმას აღარ ვუყურებდი. მის ფოტოებს ტელეფონში საათობით ვეფერებოდი. მასზე ფიქრსა და ოცნებებში ვაღამებდი და ვათენებდი. მაშინდელი მისი მკლავების შემოხვევა, წაქცევისგან რომ მიხსნა, თითქოს მთელ წელს მიწვავდა. მისი ხმის გაგონებაზე გული ისე მიცემდა, მეშინოდა საგულედან არ ამომვარდნოდა. ბოლოს და ბოლოს გავაცნობიერე, რომ მართლა მიყვარდა, თუმცა ისე მქონდა მისი სიტყვებით გული ნატკენი, წყენა უფრო წონიდა ვიდრე სიყვარული. რა ვქნა, ასეთი ვარ ბუნებით, ვინც ძალიან მიყვარს, სწორედ მისგან მწყინს ყველაზე მეტად უმნიშვნელო წვრილმანიც კი. ქალური თავმოყვარეობა, რომელიც მანამდე არ მქონია არასდროს, შელახული მქონდა მისი სიტყვებით და უფრო იმის დამტკიცება მინდოდა მისთვის, რომ მეც ქალი ვიყავი, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს აუთრთოლებდა გულს.
უბნის ბიჭებმაც მომაქციეს ყურადღება. თუმცა, მე ყველაზე მეტად ჯაბას ყურადღება მსიამოვნებდა. მართალია, კაბა ხშირად არ მეცვა, მასში მოუხერხებლად ვგრძნობდი თავს, მაგრამ შარვალი და მაისური უკვე გოგოსი მეცვა და როგორც სხვები აღნიშნავდნენ, ძალიან მიხდებოდა. მოტკეცილი ჯინსები ჩემს ოდნავმომრგვალებულ თეძოებს ხაზს უფრო მკვეთრად უსმევდა. მოტკეცილი გულამოღებული მაისურები კი ჩემს ვიწრო წელს და მრგვალ მკერდს ლამაზად აჩენდა. თმაც შევისწორე და როგორც ქრისტინე ამბობდა: ქალი ვიყავი დაცემა.
ერთ საღამოს, როცა მაქსისთან ერთად სკვერში ვსეირნობდი, ვიღაცამ დამიძახა. რაღა ვიღაცამ, ჯაბა იყო ხმაზე ვიცანი, მაგრამ წავუყრუე.
_ჯემალ!_ უფრო ახლოდან ჩამესმა მეორედ ხმა და მისი ხელის შეხებაც ვიგრძენი მკლავზე.
ტანში საამო ჟრუანტელმა დამიარა. მაინც არ შევიმჩნიე არაფერი. გაოცებულმა შევხედე აღფრთოვანებული თვალებით მომზირალ ჯაბას.
_რამდენს გეძახი, არ გესმის?_თითქოს მისაყვედურა.
_მართლა? ვერ გავიგე._ვუთხარი და დაჟინებით მივაშტერდი თვალებში.
ცოტა დაიბნა. ჩემს მზერას ვერ გაუძლო და სივრცეს უაზროდ გახედა. თან ღიმილით მკითხა:
_როგორ ხარ?
_მშვენივრად. შენ? ნია რას შვრება?
ნიას ხსენებაზე შევატყე სახე შეეცვალა.
_ლუდი დაგველია, არ წამოხვალ?_სიტყვა ბანზე ამიგდო._ადრე სულ ერთად ვიყავით, ახლა ათასში ერთხელ ძლივს ვახერხებთ შეხვედრას და ისიც შემთხვევით. მომენატრა შენი სიგიჟეები.
_მართლა?_ვითომ ძალიან გავიოცე._ მე კი, რატომღაც მეგონა, რომ თავს გაბეზრებდი და ჩემი გეშინოდა.
ახლა თვითონ მომაშტერდა დაჟინებით. გამიჭირდა მისი მზერისთვის თვალის გასწორება, მაგრამ მაინც შევძელი.
_დღემდე ნაწყენი ხარ ჩემზე, ხომ?
_რატო უნდა ვიყო ვითომ ნაწყენი?_კეკლუცად შევღიმე._ პირიქით, მადლობელი ვარ, რომ თვალი ამიხილე. ბუნების შეცდომად ვთვლიდი ჩემს თავს და ბოლოს და ბოლოს, ვიპოვე ჩემი ადგილი ამ სამყაროში.
_მაპატიე მაშინდელი ჩემი დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვები. ის დღეები საკანში ჯდომამ ჭკუიდან გადამიყვანა და ვერ ვზომავდი რას ვლაპარაკობდი.
შევატყე გულწრფელად ნანობდა. გული მომილბო მისმა გულახდილობამ.
_რაც არ უნდა ვაწყენინოთ ერთმანეთს, ჩვენ ხომ მაინც ძმები ვართ?_მხარზე მივარტყი მსუბუქად მუშტი და გავუღიმე._ამდენ წლიან მეგობრობას ასე ადვილად ხომ ვერ გავატანთ ქარს? წავიდეთ, დავლიოთ ლუდი, ოღონდ მაქსის რა ვუყო?_ირგვლივ უმწეოდ მიმოვიხედე.
გაუხარდა დალევაზე რომ დავთანხმდი.
_აიყვანე სახლში, დაგელოდები._ისეთი ბედნიერი იყო, მის დანახვაზე ღიმილი ვერ შევიკავე.
ბედად ქრისტინეს მოვკარი თვალი, ძაღლი მას ჩავაბარე და დასალევად წავედით ჩვენს ამოჩემებულ ბარში. კარგად დავლიეთ. ჩვენი ძველი ოინებიც გავიხსენეთ და კარგადაც ვიხალისეთ. რამდენი კათხა დავლიეთ სათვალავი ამერია. სიმთვრალე რომ მომერია მაშინვე ბარიდან წამოსვლა განვიზრახე. არ მინდოდა რამე არასწორად გამეკეთებინა ჩემი სიმთვრალის გამო.
ჯაბა წინააღმდეგი არ წასულა, ფული გადაიხადა და ბარიდან რომ გამოვედით, გაბედა და ხელი მეგობრულად მომხვია მხრებზე.
რაღაც სასიამოვნო განცდა დამეუფლა მის შეხებაზე. წლებია ვმეგობრობდით,მეტწილად ხელგადახვეულები დავდიოდით და ასეთი განცდა არასდროს მქონია.
არ შევწინააღმდეგებივარ.
სად იყო და სად არა, გურია გადაგვეყარა. გაუკვირდა ჩვენი ერთად დანახვა. სახეზე ეწერა, თორემ ხმამაღლა არ უთქვია.
_უჩემოდ დალიეთ ხომ?_გვისაყვედურა.
_გირეკავდი და არ მიპასუხე, შენ ხომ არასდროს ხარ ტელეფონთან?_თავი იმართლა ჯაბამ.
_უი, მართლაც სახლში დამრჩენია._ალალად გაიცინა._შევიდეთ და თითო კათხა ჩემს ხარჯზე დავლიოთ.
ჯაბამ მე შემომხედა რას ვიტყოდი.
_მეგობრის გულს რა ვუთხარი, თორემ დალევა ნამდვილად აღარ მინდა._გამეცინა._მაგრამ რაღა შენ გაწყენინო, ცოტანი არიან ვისი წყენინებაც შეიძლება?
ისევ შევბრუნდით ბარში და თითო კათხა კიდევ დავლიეთ. ერთს მეორე მოყვა და მესამეზე უკვე სასტიკი უარი განვაცხადე.
_ჯერ ისედაც ვერ მომინელებია მაშინდელი სიმთვრალე, რომ არაფერი მახსოვს და არ მინდა იგივე განმეორდეს. თქვენ თუ გინდათ დალიეთ.
ბიჭებმაც უარი თქვეს და მალევე წამოვედით ბარიდან. სახლამდე ფეხით ვიარეთ. გურია რაღაც ამბებს გვიყვებოდა და თვითონვე იცინოდა გულიანად. ზრდილობის გულისთვის მეც ვიცინოდი, მაგრამ თავში არ შედიოდა არაფერი რასაც ყვებოდა. მალულად ჯაბას ვუმზერდი, რომელიც თავჩაქინდრული თავის ფიქრებში იყო ჩაძირული.
გურიამ თავის სახლში რომ გადაუხვია, ჯაბამ ჩემი სახლამდე მიცილება განიზრახა.
_იმ დღიდან საერთოდ ვერაფერი გაიხსენე?_მოულოდნელად შემაჩერა და ინტერესით ჩამხედა თვალებში.
კონკრეტულად რასაც გულისხმობდა მივხვდი. გახსენებით მართლა არ გამხსენებია, უბრალოდ ვიცოდი რაც მოხდა ჩვენს შორის და სინდისის ქენჯნის გარეშე ვიუარე.
_მე კი მოსვენება დამაკარგვინა იმ დღემ. თვითონ მეც ვერ გავრკვეულვარ რა მინდა. სულ იმას ვფიქრობ, გვიანი არ იყოს სანამ გავერკვევი ყველაფერში.
გული შემიქანდა. მივხვდი, რომ იმ ღამის შემდეგ მართლაც მოსვენება ქონდა დაკარგული. ახლა, ასე საგულდაგულოდ და საგანგებოდ სახეშეცვლილს რომ მხედავდა, მართლა უჭირდა ჩემს გვერდით. გავბრაზდი საკუთარ თავზე, რატო ვუფორიაქებდი და ვუწეწავდი ამ საცოდავ ბიჭს სულს?
_დაივიწყე ის დღე...
_ვერ ვივიწყებ._საცოდავად შემომხედა.
_ნუღარ იფიქრებ და დაგავიწყდება._მეგობრულად დავმოძღვრე.
_იქნებ, არ მინდა რომ დავივიწყო?_ისეთი ნაღვლიანი მზერით შემომხედა, გული ამიფორიაქდა.
_მაინც რა მოხდა მასეთი, თქვი, იქნებ გულზე მოგეშვას? მეგობრები რისთვის ვართ, თუ ერთმანეთს გულისნადები არ გავუზიარეთ? დედას ვფიცავარ მე არაფერი მახსოვს. არ შეგიძლია, რომ მითხრა?_დაჟინებით მივაშტერდი, მისი რეაქცია მაინტერესებდა.
ერთხანს უხმოდ მიყურა. ვატყობდი, თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა.
_თუ საჭიროა გაგახსენდება.
_რა უნდა გამახსენდეს, ზეზვას ნარკოტიკი შემოუპარებია და მეხსიერება იმიტომ გვაქვს წაშლილი.
_რა შემოგვაპარა?_გაოცებულმა შემომხედა.
_დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ რაღაც სინთეზური ჯგუფის პრეპარატი გვაქვს მიღებული. შეიძლება ძალიან გწყინს, მაგრამ ნია და ეგ ერთად არიან და ხელი რომ არ შეგვეშალა მათთვის იმ ღამეს, სამივე გაგვთიშეს.
_ყოველი ჩვენი მოქმედება იმ ნარკოტიკით იყო გამოწვეული?_შეშფოთებული მზერა მომაპყრო. რატომღაც ეს უფრო ადარდებდა, ვიდრე ის, რომ ზეზვა და ნია ერთად იყვნენ და მალულად ნარკოტიკი შემოგვაპარეს
_ალბათ.
_გამოდის, არ ღირს იმ ღამეზე ფიქრი, ყველაფერი ნაწილობრივ სიმთვრის და ნაწილობრივ ნარკოტიკის ბრალი იყო?_სევდიანად მკითხრა.
ერთხანს უხმოდ მიყურა. მეც ვერ ვბედავდი რამის თქმას. მერე მოულოდნელად სადარბაზოს წინ დამემშვიდობა და უკანმოუხედავად წავიდა.
გული დამეთუთქა, იმ კოცნის შემდეგ აშკარად შეცვლილი იყო და ვატყობდი იტანჯებოდა. ისედაც აფორიაქებული იყო და ახლა მე ამ ჩემი სახეცვლილებით უარესად ვაფორიაქებდი. რა დაუნდობელი და სასტიკი ვარ!.. ერთი პირობა უკან გაკიდება და ყველაფრის თქმა გადავწყვიტე, მაგრამ სიამაყემ არ გამიშვა.
*******************
იმ დღის შემდეგ ჯაბა აღარ შემხვედრია.
_ალბათ მუშაობს და არ სცალია._გულს ამით ვიიმედებდი.
ერთ საღამოს კი ნია შემეჩეხა. თავიდან მეგონა შემთხვევით გადავაწყდით ერთმანეთს, მაგრამ მალევე მივხვდი რომ სპეციალურად ჩემს სანახავად იყო მოსული. ინტერესით შემათვალიერა გოგოს ტანსაცმელში და სახეზე სიბრაზე აღებეჭდა.
_ეე, ქალაბიჭა, რაც არ უნდა ჩაიცვა და გამოიპრანჭო მაინც რომ მათხოჯი ხარ ხვდები?_გაავებული მომვარდა და ხელი მკრა.
გაოცებულმა შევხედე. რატომღაც მომერიდა ქუჩაში გამოშლილი ხალხის და ზედმეტი არაფერი მითქვია.
_ანგელოზად ნუ მოგაქვს თავი. სანამ მე და ჯაბა არ დაგვაშორე ერთმანეთს, მანამ ვერ მოისვენე ხომ?
_შენ და ჯაბა ერთმანეთს დაშორდით?_ გამიკვირდა. ერთად როცა დავინახე ბოლო დროს, ისეთი ბედნიერი ჩანდა ჯაბა, რისთვის დაშორდებოდნენ ნეტა?
_უცოდველად ნუ მოგაქვს თავი. იწექით უკვე ერთად? ვერ დაგაოკა?
_აზრზე მოდი გოგო რეებს ლაპარაკობ, ხალხი გვისმენს._გავბრაზდი.
_ზუსტადაც, ხალხმა უნდა გაიგოს რა ც ხარ.
_ თვითონ ხარ და შენს იარლიკს სხვას ნუ აკერებ!_სიბრაზეს ძლივს ვთოკავდი უკვე.
_შე ძალად ქალო შენა!_მოუდნელად თმაში მწვდა და ძლიერად მომქაჩა.
აქ კი მართლა გავცეცხლდი. ქვემოდან ისეთი მუშტი ვუთავაზე ყბებში, თითები მეტკინა. მერე შუბლი ვთხლიშე წარბებში. რომ წაბარბაცდა დრო ვიხელთე, ზურგზე მოვიგდე და ტროტუარზე ისეთი დავანარცხე, ძლივს ამოისუნთქა. მერე ზემოდან წამოვაჯექი და მუშტის დარტყმას ვუპირებდი სახეში, ვიღაცა რომ მეცა და გამაკავა.
_მოგკლავ შე წაკლა!_ბოლო ხმაზე ვკიოდი და თავის დაღწევას ვლამობდი.
ისე ვიყავი გაგიჟებული, ორი კაცი ძლივს მაკავებდა. ნიასაც მიეხმარნენ და ფეხზე წამოაყენეს. ტანსაცმელი რომ დაიფერთხა, მერე მომხედა.
_ველური ცხოველი ხარ, ნეტა შენ ვინ შემოგხედავს როგორც ქალს? შიშის გამო თუ დაწვებიან შენთან კაცები, თორემ თავიაანთი სურვილით არასოდეს... ან საერთოდ ქალი ხარ?
_გამიშვით, უნდა მოვკლა ეს წაკლა!_მთელი ხმით ვყვიროდი და ვფართხალებდი, რომ თავი დამეღწია, მაგრამ ისე ძლიერად და მოხერხებულად ვყავდი გაკავებული მეზობელის კაცებს, თავი ვერანაირად დავიძვრინე. რომ გაეშვათ კი მართლა მივახრჩობდი იქვე.
სანამ ნია არ გამარიდეს და თვალს არ მიეფარა, მანამ არ გამიშვეს ხელი.
_ამ ნამცეცა გოგოს რა ძალა გქონია?_გაოცებით შემომხედა მეზობელ სადარბაზოში მცხოვრებმა ორმოციოდე წლის ტაქსისტმა თენგიზამ._შენზე ლეგენდებს ყვებოდნენ და მართალი ყოფილა. რა მოწყვეტილი ვაშლივით დააგდე ძირს ის საცოდავი?_ოდნავშესამჩნევლად გამიღიმა._მართალია, მოსათმენი არ იყო, რაც იმ გოგომ გაკადრა, მაგრამ მასე გაგიჟებაც არ იქნება. რამე რომ მოსვლოდა, მზად იყავი რომ მთელი შენი ახალგაზრდობა ციხეში გაგეტარებინა?_მამა-შვილურად მომხვია მხრებზე ხელი და კორპუსისკენ წამომიყვანა.
ხმა არ გამიცია, სიბრაზისგან ჯერ ისევ ვცახცახებდი მთელი სხეულით.
_ესე იგი, ჯაბა დაშორდა?_თან ეს აზრი მიტრიალებდა თავში და მოსვენებას მიკარგავდა._ნუთუ ჩემს გამო დაშორდა?.. ნუთუ, თვითონაც არ არის ჩემს მიმართ გულგრილი?...დავიჯერო, როგორც ქალს ისე მიყურებს უკვე?...
ამ ამბიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ კი ნია საკუთარ ბინაში მკვდარი იპოვეს. ვერ ვიტყვი დამენანა-მეთქი, მაგრამ არც გამხარებია. უფრო შემეშინდა, ათობით მოწმის თანდასწრებით გამეტებით ვცემე და თან ვუყვიროდი, რომ მოვკლავდი და სავარაუდო ეჭვმიტანილის სტატუსით დასაკითხად გამომიძახეს. დედაჩემმა ეს ამბავი რომ გაიგო, ლამის გული გაუსკდა საწყალ ქალს. სამეზობლო ორად გაიყო, ზოგს სჯეროდა, რომ ცივსისხლიანი მკვლელი ვიყავი, ზოგს კი არა: შეიძლება ავარა და ხულიგანი ვიყავი, მაგრამ მკვლელი არასოდეს ვიქნებოდი.
არასრულწლოვნობის გამო დედაჩემის და ფსიქოლოგის თანდასწრებით დამკითხეს. ჩემი უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად ჩემი ადვოკატი ჩემი შემქმნელი კაცის ძმა, ანუ ბიძაჩემი ნუკრი ჯალაღონია იყო. მართალია, ათობით მოწმის თანდასწრებით მე და ნიამ ვიჩხუბეთ, ხელითაც შევეხეთ ერთმანეთს, მაგრამ იმ დღისით, როცა ნია მოკლეს, უტყუარი ალიბი მქონდა. მთელი სამეზობლო ამტკიცებდა რომ სკვერში მაქსისთან და ქრისტინესთან ერთად ვიყავი, უბანს არ გავცილებივარ. თან, როგორც გაირკვა, ნია გაუპატიურებული იყო და მე ნამდვილად ვერ ჩავიდენდი ამას. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის გაფრთხილება მომცეს და გამომიშვეს.
_ეჭვმიტანილობაღა გეკლდა!_შენობიდან გამოვედით თუ არა, მკაცრად მისაყვედურა დედაჩემმა.
_ამ კაცს რატო დაურეკე?!_მე ჩემ მხრივ ვუსაყვედურე დედაჩემს და შორიახლოს მდგარ მამაჩემზე ვანიშნე, რომელსაც სიძულვილით სავსე თვალებით მივჩერებოდი.
_რაც არ უნდა იყოს, მამაშენია და ვალდებული ვიყავი დამერეკა.
_მამაჩემი, რომელმაც ხუთი წლის წინ მიგვატოვა სხვა ქალის გამო?_ახლა დედაჩემს შევხედე გაბრაზებულმა.
_მშობლების დაშორება მხოლოდ მშობლებს ეხებათ. ბავშვები ვერასდროს იგებენ ამ ამბავს და ასე ძალიან იმიტომაც განიცდიან._მთელი სერიოზულობით მითხრა ბიძაჩემმა.
_კარგი, ვთქვათ მშობლებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, შვილებმა რა დააშავეს? ამ ხნის მანძილზე რატო ერთხელაც აღარ დაინტერესდა ჩემით ეს ვაჟბატონი?_ისევ მამაჩემს გავხედე ავად.
_არ დაინტერესებას და იმის უფლების არ მიცემას, რომ შენზე ეზრუნა, ერთმანეთში ნუ ურევ._მკაცრად გადმომხედა დედაჩემმა._ დაგავიწყდა, ახლოს რომ აღარ იკარებდი და არაფრის უფლებას არ აძლევდი? მის მოტანილ საჩუქრებს ფანჯრიდან რომ ყრიდი და მეზობლებს აცინებდი, ეგეც დაგავიწყდა? შენი ზედმეტი ხმა არ გავიგო ახლა. მე და მამაშენი დავშორდით, ერთად არ ვართ იმიტომ, რომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს. მაგრამ ჩვენ გვყავს შვილი, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს და რომელიც ისეთი თავნებაა, სისხლს მიშრობს. ამ წუთას კი მთელი ძალისხმევა მჭირდება თავის მოსათოკად იმისთვის, რომ თმაში არ ვწვდე და აქვე სახალხოდ არ ვითრიო._ ისეთი თვალებით მიყურებდა, მივხვდი უეჭველი ამის გამკეთებელი იყო.
ცხოვრებაში პირველად შემეშინდა დედაჩემის. ასეთი გაბრაზებული არასდროს მენახა. მამაჩემი რომ მომიახლოვდა და გადამეხვია, წინააღმდეგობა არ გამიწევია. მეხსიერებაში ჩარჩენილი ბავშვობის მოგონებებიდან მისი სურნელი ვიცანი. როგორ მომნატრებია ეს სურნელი, მაგრამ სიბრაზის და სიამაყის გამო ცოცხალი თავით ამას არ ვაღიარებდი.
...ყველა მამიკოს გოგოს მეძახდა. ძალიან მიყვარდა მამა. სხვა ბავშვები თუ დედას ტიროდნენ, მე თუ რამე მეტკინებოდა, მამიკოს ვღრიალებდი. უიმისოდ არ ვიძინებდი. ხო და, რომ მიგვატოვა, ძალიამ მეწყინა. ჩემს გამო მაინც არ უნდა წასულიყო სახლიდან. მართალი იყო დედაჩემი, საშინელი რეაქცია მქონდა მამის ხსენებაზე. ჩემს სანახავად რომ მოდიოდა, მე სახლიდან გავრბოდი და ვიმალებოდი. მის მოტანილ საჩუქრებს მართლაც ფანჯრიდან ვყრიდი. ბოლოს, ალბათ მობეზრდა მამაჩემსაც ჩემი ხუშტურები და მიმანება თავი. მე კი მის მიმართ სიძულვილის გრძნობით ვიმსჭვალებოდი დღითიდღე.
_რა ხდება, ხომ მშვიდობაა?_გული რომ იჯერა მამაჩემმა ჩემი ჩახუტებით, მხოლოდ მას შემდეგ იკითხა შეშფოთებულმა.
_კი, საშიში არაფერია, უბრალო ფორმალობა იყო. დაკითხვა კანონიერად მიმდინარეობდა, არანაირი ზეწოლა და არანაირი დაშინება.
_ეჭვმიტანილის სტატუსით დაიკითხა?
_სავარაუდო ეჭვმიტანილის. ათობით მოწმის თანდასწრებით იჩხუბა დაზარალებულთან და ხელითაც შეეხო. თუმცა, მკვლელობის დროს მტკიცე ალიბი აქვს.
_ახლა რა იქნება?
_სანამ გამოძიება არ დასრულდება მაინც სავარაუდო ეჭვმიტანილად ითვლება, ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს. თუ კიდევ განმეორდება ასეთი შელაპარაკება და ჩხუბი, მაშინ კი მართლა მოსთხოვენ პასუხს. თანაც ორ თვეში სრულწლოვანი გახდება და უკვე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.
_გაიგე?_დედაჩემმა მკლავში მომკიდა ხელი და რისხვით ჩამხედა თვალებში._ცოტა ჭკუას თუ არ მოუხმობ შესაძლებელია გისოსებს მიღმა აღმოჩნდე. დამღალა უკვე შენმა სისულელეებმა.
_რას შვრები?_მამაჩემმა ხელი გააშვებინა დედაჩემს და წყენით უთხრა._ნუ აშინებ ბავშვს, ისედაც შეშინებულია.
ისე შევხედე მამაჩემს, ვაგრძნობინე, ამ ჩემი უბრალო დაცვით გულს ვერ მომილბობდა და უკანმოუხედავად გადავჭერი ქუჩა.
_სად მიხვალ, სად?_დედაჩემის აღშფოთებული ხმა დამეწია გზაში, მაგრამ არ შევჩერებულვარ, პირიქით უფრო ავუჩქარე ფეხს და გაჩერებულ ავტობუსში ალალბედზე ავედი.
რამდენ ხანს ვიმგზავრე არ ვიცი. რუსთაველის მეტროს რომ მოვკარი თვალი, ჩამოვედი და ახლა მეტროში ჩავედი. გაუაზრებლად ჯაბას სამსახურისკენ გავწიე.
ჯაბა სამსახურში არ დამიხვდა.
_ეს ორი დღეა შეუძლოდ არის და სამსახურში არ დადის._მითხრა ერთ-ერთმა ახალგაზრდა მუშამ, რომელმაც ღიმილით გამომაცილა.
ახლა სახლში მივაკითხე. კარი ბებიამისმა გამიღო. შევატყე ვერ მიცნო და არც გამოვმცნაურებივარ. პირდაპირ ჯაბას ოთახს მივაშურე და გაუფრთხილებლად შევედი. ჯაბა ღია ფანჯარასთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. თან ლუდის ბოთლი ედგა გვერდით. ჩემს დანახვაზე შეკრთა.
_შენ რა, სიგარეტს ეწევი?_გამიკვირდა.
_ხო, ხანდახან._მითხრა და მზერა მომარიდა.
_რა გჭირს? სამსახურში გიკითხე და ცუდად არის ეს ორი დღეო._კარი მივხურე, რომ ბებიამისს არ გაეგო არაფერი და გვერდით დავუდექი ფანჯარასთან.
ქვემოდან ამომხედა. ჩაწითლებული თვალები ქონდა. ეტყობოდა, რომ რამოდენიმე ღამის უძლო და ნამთვრალევი იყო.
სიგარეტი ხელიდან გამოვგლიჯე, რაფას დავაჭყლიტე და ფანჯრიდან ვისროლე.
_რა გჭირს არ იტყვი?_ლუდის ბოთლსაც დავწვდი და ფანჯრიდან გადაგდებას ვუპირებდი იმასაც.
_შენ ხომ არ გაგიჟდი?_წამოხტა და მაშინვე ხელში მწვდა,_ქუჩაში ხალხი დადის, ვინმეს უნდა მოარტყა?
_მაშინ მითხარი რა გჭირს, რა თავს იკლავ ამ სასმელში ან სიგარეტში?_გავუბრაზდი.
_არ ვიცი...
_როგორ თუ არ იცი?
_აქამდე ყველაფერი მართალი მეგონა და ეს მაფრთხობდა. ახლა კი ვხვდები ყველაფერი ილუზიაა და ეს უარესად მაშინებს.
_რომელ ილუზიაზე მელაპარაკები ამოთქვი, ენა ხომ გაქვს?_მკლავში ძლიერად მოვკიდე ხელი და ჭროღა თვალებში დაჟინებით მივაშტერდი.
ერთხანს უხმოდ შევყურებდით ერთმანეთს, მერე მოულოდნელად მის ყელზე სამ წითელ ზოლს მოვკარი თვალი, აშკარად ჩამოკაწრული ქონდა. საყელო გადავუღეღე და დავრწმუნდი, რომ ქალის ფრჩხილების კვალი იყო. ელდა მეცა, უკან დავიხიე შეშინებულმა.
_ეგ რა არის?_შიშისგან გაფართოებული თვალებით მივჩერებოდი ნაკაწრზე.
_მე და ნიამ ვიჩხუბეთ._ძლივს ამოღერღა.
_როდის?
_ორი დღის წინ... მაგრამ მე არ მომიკლავს. ცოცხალი დავტოვე სახლში._საცოდავად ამოილუღლუღა._დედის სულს ვფიცავარ, არაფერი დამიშავებია მისთვის.
მომეჩვენა, რომ გულწრფელი იყო, თუმცა შიში არ გამნელებია. უკან გადავდგი ფრთხილად ნაბიჯი და რაღაცას დავეჯახე. ჯაბა მომიახლოვდა და მხრებში რომ მომკიდა ხელი. შიშისგან ლამის გული გამისკდა.
_არ გჯერა ხომ ჩემი?_სევდიანი ხმა ქონდა?_არ გამტყუნებ, არც მე მჯერა, რომ შენ არაფერს დაუშავებდი. რამდენჯერმე გიცემია უკვე და იქნებ ახლაც შემთხვევით შემოგაკვდა?
გაოგნებული ვიდექი ერთ ადგილზე გაქვავებული და ჯაბას შევყურებდი. ის მე მადანაშაულებდა ნიას სიკვდილში და მე კიდევ მას. თუმცა, იმის დაჯერება მართლა მიჭირდა, რომ ჯაბა ცივსისხლიანი მკვლელი იყო და ნიას გაუპატიურებაც შეეძლო.
_ნიასთან რა გინდოდა?_ძლივს ვკითხე.
_არ ვიცი. დამირეკა და მასთან მისვლა მთხოვა. მე სულელი კი მაშინვე გავქანდი. ისეთი ხმა ქონდა, ვიფიქრე თავი არ მოეკლა... დაშორების გამო ვიჩხუბეთ. არ მპატიობდა რომ არ ვუბრუნდებოდი...
_რატო დაშორდით, მიხვდი რომ გღალატობდა?
_არა, ეგ არაფერ შუაშია._ისე ახლოს მოვიდა და ჩამხედა თვალებში, ლამის გული გამიჩერდა.
_აბა?_მართალია ჩემთვის უკვე ნათელი იყო მათი დაშორების მიზეზი, მაგრამ მისი პირიდან მინდოდა რომ გამეგო.
_იმ ღამის მერე, რომელსაც შენ ვერ იხსენებ ვერაფრით, შენმა ერთმა საქციელმა მოსვენება დამაკარგინა. იცი, მეც ხშირად ვფიქრობდი მაგაზე, მაგრამ აღიარება არ მინდოდა. ვერც ვბედავდი და ძალიან მეწყინა, რომ შენ უფრო ვაჟკაცი გამოდექი და დამასწარი. მაჯობე...
_რა დაგასწარი?_ისე ვკითხე, ვითომ არ ვიცოდი რაზე მელაპარაკებოდა.
ერთხანს დაჟინებით მომჩერებოდა, თითქოს ჩემს თვალებში აპირებდა ჩემი ფიქრების ამოკითხვას. მერე მზერა ჩემი თვალებიდან ტუჩებზე გადმოიტანა, მოულოდნელად დაიხარა და მაკოცა.
თითქოს სამყარო გაჩერდა. დამავიწყდა დრო, ადგილი, სახელი, გვარი_ აფსოლიტურად ყველაფერი დამავიწყდა იმ წუთს. მხოლოდ მისი თბილი ტყჩების შეხებას ვგრძნობდი და მისი აძგერებული გულის ცემა მესმოდა. არც ჩემი გული იყო უკეთეს დღეში, ისე გამალებით და ძლიერად მიცემდა, მეგონა საგულეს გამოანგრევდა და გარეთ გამოვარდებოდა.
ალბათ, წამები გაგრძელდა ეს ნეტარება, მაგრამ მე საათები მეგონა. მეგონა, ფეხქვეშ საყრდენი მქონდა გამოცლილი და ჰაერში მსუბუქად ვფარფატებდი პეპელასავით. ეს პეპლები მუცელშიც მიფარფატებდნენ და სასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდნენ. ბოლო წამამდე, სანამ სუნთქვის შეგუბება შევძელი, ნეტარების ბურუსში ვიყავი გახვეული. მერე მსუბუქად ვუბიძგე და მისი ტუჩები მოვიშორე. ისეთი თვალებით მიმზერდა, ასე არასდროს შემოუხედია ჩემთვის.
_არ ვიცი მართლა გიყვარვარ თუ არა, მაგრამ მე კი მართლა ძალიან მიყვარხარ... იმ ღამით, შენ რომ ვერ იხსენებ, სიყვარულში გამომიტყდი და მაკოცე. დავიბენი, მაგრამ ვაღიარებ რომ მესიამოვნა. თან მეწყინა, რომ შენც იგივეს განიცდიდი თურმე და მე ჩერჩეტი კიდე ვერ ვხვდებოდი ვერაფერს. ისიც მეწყინა, შენ რომ დამასწარი. კაცური თავმოყვარეობა შემელახა, გოგომ რომ დამასწრო გრძნობების აღიარება. ნიას შენს დასავიწყებლად ვხვდებოდი. ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონდა, ტყუილი გამომივა, მაგრამ სიყვარულით მართლა არ მიყვარდა. ბავშვობიდან მიყვარხარ, მაგრამ ძმას რომ მეძახდი, ამის გამო ვიხევდი უკან. არ მინდოდა დამეფრთხე და დამეკარგე.
ბედნიერი შევყურებდი ჯაბას. თურმე ორივეს გვიყვარდა ერთმანეთი და ვერ ვბედავდით ამის აღიარებას. ზეზვას ნარკოტიკი რომ არ ჩაეყარა სასმელში, ალბათ ვერც ვერასდროს გამოვუტყდებოდით ამაში. ზოგი ჭირი მარგებელიაო...
ფეხის წვერებზე ავიწიე და ახლა მე ვაკოცე. ისევ გაჩერდა სამყარო, ისევ გამომეცალა ფეხქვეშ საყრდენი და ისევ დავიკარგე უსასრულობაში.
ამ სამყაროში მუდმივი არაფერიაო და ვერც ჩვენ შევეწებებოდით ერთმანეთს ტუჩებით. თუმცა, უარს კი არ ვიტყოდი ნამდვილად. ისეთი ბედნიერი ვიყავი, თავი ზღაპარში მეგონა.
_იცი, როდის მივხვდი პირველად რომ მიყვარდი?_ჯაბამ მხრებზე მომხვია ხელი და საწოლზე ჩამომსვა, თან ღიმილით შემომხედა.
უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე.
_ბაღში, საქანელიდან რომ გადმოგაგდეს და მუხლები გადაგეყვლიფა. ყველას ძალიან გაუკვირდა, რომ არ იტირე. მე კი შეგატყე, რომ ძალიან გინდოდა, მაგრამ თავს იკავებდი. მაშინ გადავწყვიტე, მუდამ შენს გვერდით ვყოფილიყავი და დამეცვა შენი თავი, რომ არასდროს არაფერი გტკენოდა და არავის არ ეწყენინებინა შენთვის.
_მართლა? არ მახსოვს ეგ ამბავი._გამეცინა._მაგრამ თუ მაგდენი ხანია გიყვარვარ, რატო ერთხელ მაინც არ წამოგცდა რამე?
_შენ ძმას მეძახდი ყოველთვის, მეგობრად მთვლიდი და იმიტომ...
_მე რომ გაკოცე, ხელი რატო მკარი?_ეს კი ვკითხე, მაგრამ მაშინვე ვინანე, რადგან თავი გავეცი.
_გახსოვს?_გაუკვირდა._აკი, არაფერი მახსოვსო?
_მართლა ვერ ვიხსენებ, გეფიცები. უბრალოდ ზეზვას ვიდეო გადაეღო ჩვენთვის და ის ვიდეო ვნახე.
გაოგნებული მომჩერებოდა და ხმას ვერ იღებდა.
_ხელი რატო მკარი?_ისევ ჩავეკითხე.
_მე რომ დამასწარი, მეწყინა და თან შემრცხვა, იმდენი ხალხის თანდასწრებით რომ მაკოცე. მინდოდა, ჩვენი პირველი კოცნა სულ სხვა გარემოში და სხვა დროს მომხდარიყო.
_მე კიდე ის მეწყინა, რომ უარმყავი და ბუნების შეცდომა მიწოდე...
_იმიტომ გამომეცხადე მერე ისე გამოპრანჭული, რომ სინანული მეგრძნო ჩემი სიტყვების გამო?_გაეცინა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და უფრო მჭიდროდ მივეხუტე. მსიამოვნებდა მისი გულის ფეთქვა რომ მესმოდა.
მოულოდნელად ჯაბას ბებიამ შემოხსნა კარი და ჩახუტებულები რომ დაგვინახა, შემრცხვა. მაშინვე ფეხზე წამოვდექი. ქალმა ეჭვით შემათვალიერა. მერე კი ჯაბას მიუბრუნდა, შენ გკითხულობენო და ისევ გავიდა.
_კარგი, მე წავალ._კარისკენ გავიწიე, თუმცა ფეხები უკან მრჩებოდა.
_საღამოს გნახავ._ღიმილით გადმოიხარა ჯაბა და ისევ მაკოცა.
ოთახიდან ერთად გამოვედით.
მისაღებში ორ ზორბა მამაკაცს მოვკარი თვალი, მაგრამ არ შევჩერებულვარ, სასწრაფოდ დავტოვე ბინა და კიბეზე სულ სირბილით დავეშვი. უზომოდ ბედნიერი ვიყავი ჯაბასაც რომ ვუყვარდი და მეტი არაფერი მაინტერესებდა.
სახლში მისულს კი მამაჩემი იქ დამიხვდა. ალმაცერად შევხედე და ჩემს ოთახში დავაპირე გასვლა.
_ზრდილობა სულ დაკარგე?_სიბრაზით დამიბრიალა დედაჩემმა თვალები._მგონი მასე არ გამიზრდიხარ მე. კაცი შენ გელოდება ამდენი ხანია და შენ კიდევ არაფრად აგდებ და ზედ არ უყურებ?
_მაგ კაცს გადაეცი, რომ ტყუილად ნუ ირჯება და ნუ მელოდება, არანაირი სურვილი არ მაქვს დაველაპარაკო.
_ეს კაცი მგონი მამაშენია და ცოტა წესიერად მოიქეცი. აქ თავისუფლად შემიძლია გითრიო თმებით და ვინც შენ მოგეხმარება, ისიც ზედ მოგაყოლო._იმხელა ხმაზე მიღრიალა დედაჩემმა, ანაზდად შევხტი.
_კარგი ოფელია, დაწყნარდი, ბავშვს ნუ აშინებ._მშვიდად თქვა მამაჩემმა და ფეხზე წამოდგა.
_ეს არის ბავშვი?_ჩემზე ანიშნა._ბავშვი კი არა ღვთის სასჯელია. სისხლი გამიშრო. ჯერ იყო და სულ ბიჭებს დასდევდა: სვავდა, ბიჭებთან ჩხუბობდა, სახლში შემოსვლა აღარ უნდოდა. ბოლოს, როგორც იქნა გაიგო რომ გოგო იყო და ახლა გოგოებს დაუწყო ცემა. ის საცოდავი გოგო რამოდენიმე დღის წინ ისე უცემია, ლამის ადგილზე მოუკვლია. არ გამიკვირდება თუ მართლა ამის მოკლული აღმოჩნდება!
_ოფელია!_მკაცრად დაყვირა მამაჩემმა.
_რაა ოფელია?_უკვე ტირილზე გადავიდა დედაჩემი._ თითქმის ყველა სურვილს ვუსრულებდი, რომ უმამობა გადაეტანა როგორმე და არ ენერვიულა. ეს კი ასე მიხდის სამაგიეროს? დავიღალე უკვე. ერთი თვის წინ ნარკოტიკიც მიუღია. არაფერი ახსოვს... იქნებ ახლაც მიიღო? იქნებ ახლაც მისი ზემოქმედების ქვეშ დაუშავა რამე იმ საცოდავ გოგოს და არაფერი ახსოვს?
მამაჩემის გაოცებული მზერა რომ დავიჭირე საშინლად გავბრაზდი.
_ მასე თუ გეპარებათ ჩემში ეჭვი რაღას დამდევთ და ხელს მაფარებთ ყველგან? შემეშვით!_კარი გამოვიჯახუნე და გარეთ გამოვვარდი.
კიბეზე თავპირისმტვრევით ჩავირბინე და ეზოში ისეთი გავვარდი, არავისთვის მიმიქცევია ყურადღება. ჩვენს უბანს და სკვერს რომ გავცდი, იქვე შორიახლოს ბორდიურზე ჩამოვჯექი, თავი ხელებში ჩავრგე და უხმოდ ავქვითინდი. დედაჩემის საყვედურები კი მეწყინა, მაგრამ არც ისე, რომ მის გამო ასე ავღრიალებულიყავი. მივხვდი რომ მამაჩემის გამო ვტიროდი. მენატრებოდა, მაგრამ შერიგება არ მინდოდა. საკუთარი თავის ღალატი მეგონა მასთან შერიგება. ვერ ვპატიობდი იმას, რომ სხვა ქალი არჩია ჩემს თავს და ჩემს გარდა კიდევ ორ სხვას ბავშვს ეძახდა შვილს.
კარგა ხანს ვიქვითინე. მერე მხარზე მსუბუქი ხელის შეხება ვიგრძენი და ცოტა ხნით შევწყვიტე სლუკუნი, თუმცა თავი არ ამიწევია. ის ვიღაც გვერდით ჩამომიჯდა და მხრებზე უფრო მჭიდროდ მომხვია ხელი. სურნელით ვიცანი ვინც იყო.
_არ გამტყუნებ რომ მიბრაზდები, მეც ასეთი რეაქცია მექნებოდა ამ სიტუაციაში. მე და დედაშენმა ვერ გავუგეთ ერთმანეთს, თავს ნუ იდანაშაულებ, შენ არაფერ შუაში ხარ. ვტყუივარ, არ უნდა დამეყარა ფარ-ხმალი და არ უნდა დავნებებულიყავი. იმდენი უნდა მებრძოლა, რომ შენი თავი შემომერიგებინა... მაგრამ ისეთი აგრესიული იყავი ჩემს მიმართ იმ დროს და ისეთი საშინელი რეაქცია გქონდა ყოველ ჩემს დანახვაზე, თავის დანებება ვარჩიე. შორიდან ვგებულობდი შენს ამბებს, ახლოს მოსვლას ვეღარ ვბედავდი...
_რამე რომ მეტკინებოდა და გულში ბოლო ხმაზე ვღრიალებდი მამიკოს, ხალხს კი ცრემლს არ ვაჩვენებდი, იცი??? იცი, რამდენი ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ ხალხის თვალში ძლიერი და უდარდელი თათას როლი მომერგო??? იცი, რამდენჯერ გავიპარე სახლიდან და ვცადე, მაგრამ ისევ დედაჩემის გამო ვბრუნდებოდი უკან?_გავბედე და ამ ხნის მანძილზე პირველად შევხედე მამაჩემს სახეში.
შუბლსა და თვალის გარშემო ნაოჭები გასჩენოდა. საფრთქლებთან ჭაღარაც შერეოდა. ისეთი აღარ იყო, როგორიც მახსოვდა, მაგრამ თვალები? თვალები ისევ ისეთი ქონდა სიყვარულით და სითბოთი სავსე. ცოტა სევდიანიც კი.
_ვიცი რომ სინანული გვიანია და არც ჩემი ბოდიში დაგიბრუნებს ბავშვობის წლებს, მაგრამ მართლა ვნანობ. შენნაირი ძლიერი არ ვიყავი, რომ ყველა პრობლემას გავმკლავებოდი და ოჯახი არ დამენგრია. თავიდან რომ შემეძლოს ცხოვრების დაწყება, არაფრის გამო არ მიგატოვებდი. მართლა ვნანობ.
დავინახე როგორ აუწყლიანდა თვალები. არც კი დავფიქრებულვარ, წელზე მოვხვიე ხელები როგორც ბავშვობაში მჩვეოდა, ყური მის გულს მივადე და გავირინდე. მანაც მომხვია უფრო მჭიდროდ ხელები და უფრო ძლიერ ჩამიხუტა.
_თუ შეგრიგდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაპატიე უშენოდ გატარებული წლები._ისევ ავსლუკუნდი.
_ვიცი. შენ რომც მაპატიო მე არ ვაპატიებ საკუთარ თავს._დარწმუნებით მითხრა. თავი ამაწევინა, თვალებზე ჩამოშლილი თმა მზრუნველად გადამიწია და შუბლზე მაკოცა.
უფრო ძლიერად ჩავეხუტე. საოცარი ძალა, ნუგეში, სითბო და სიყვარული ვიგრძენი მისი მხრიდან და ხმამაღლა ავზლუქუნდი. როგორ მყვარებია და მომნატრებია და როგორ არასდროს არ ვუტყდებოდი საკუთარ თავს ამაში...
ხელგადახვეულმა მიმაცილა სადარბაზომდე. სახლში აღარ ამოსულა, ღიმილით დამემშვიდობა და წავიდა. მეზობლების გაოცებული მზერა რომ დავიჭირე, გავბრაზდი. თუმცა ჩხუბისა და რამის თქმის თავი ნამდვილად არ მქონდა. დედაჩემიც გამჭოლი მზერით შემხვდა. თუმცა, არაფერი უთქვია. მეც ხმისამოუღებლად შევედი ჩემს ოთახში და საწოლზე პირქვე გადავვარდი. დაღლილი ვიყავი დღევანდი დღის ემოციებით და თან უზომოდ ბედნიერი. ნელ-ნელა ლაგდებოდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი: მამაჩემს ვურიგდებოდი და გულიც მიბრუნდენოდა მისკენ. ჯაბას ვუყვარდი და ყველაზე მეტად ეს მაბედნიეტებდა. ყოველი მისი კოცნის გახსენებაზე ტანში საამო ჟრუანტელი მივლიდა და გულიც გამალებით მიცემდა. ტელეფონზე შეტყობინება რომ მომივიდა, არ ვაპირებდი ნახვას, მაგრამ მაინც ვნახე და კიდევ კარგი, ჯაბა იყო, ნახევარ საათში სკვერში გელოდებიო. გამიკვირდა, საღამოს აპირებდა ჩემთან შეხვედრას და ახლა ასე უცბად რა მოხდა?
საწოლიდან კი არ წამოვხტი, წამოვფრინდი. გარდირობიდან ჩემი ყველაზე საუკეთესო კაბა გადმოვიღე, გამოვიპრანჭე და ოთახიდან გამოვიძურწე. გაპარვა ვერ შევძელი, დედაჩემმა მაინც დამინახა. გაოცებულმა შემათვალიერა.
_და სად მიბრძანდება ასე გამოპრანჭული ჩვენი უდიდებულესობა?_ეჭვით შემათვალიერა.
_არსად, ეზოში უნდა ჩავიდე._მის მზერას თვალი მოვარიდე._ქრისტინე და მე სკვერში დავსხდებით.
_რატომღაც დარწმუნებული არ ვარ, რომ ქრისტინესთან შესახვედრად გამოიპრანჭე მასე საგულდაგულოდ._ისეთი თვალებით შემომხედა, შემეშინდა ჩემი აზრები არ წაეკითხა.
თვალი რომ მოვარიდე და არაფერი ვუთხარი, გაეცინა:
_დარწმუნებული ვარ კარგ ბიჭს აირჩევდი, გემოვნება საუკეთესო გაქვს. ოღონდ ერთს გთხოვ, სისულელე არ ჩაიდინო.
_ბავშვობიდან გვიყვარს ჩვენ ერთმანეთი და დაშორებას არ ვაპირებთ._ისე მტკიცედ ვუთხარი, მე თვითონვე გამაკვირვა ჩემმა სიმტკიცემ.
_რაო?_გაოცებულმა დედაჩემმა ინტერესით ჩამხედა თვალებში._ჯაბა თუ გურია?_მაშინვე ეს მკითხა.
გამეღიმა ასე ადვილად რომ მიმიხვდა, თუმცა არ დამიკონკრეტებია ვისთან მივდიოდი შესახვედრად. შუბლზე ჩამოშლილი თმა გადავუწიე, ვაკოცე და გარეთ გამოვვარდი.
კიბეზეც სირბილით ჩავედი. სადარბაზოდან გასულმა ცოტა დავამუხრუჭე. აფორიაქებული გული ჩავიწყნარე, ასე აქოშინებული ხომ არ მივადგებოდი ჩემს შეყვარებულს? ხო და მერე კი მშვიდი ნაბიჭებით გავწიე სკვერისკენ. შორიდანვე შევნიშნე ჯაბა და გული ისევ ამიფორიაქდა. მანაც მალევე შემნიშნა და ბედნიერი ღიმილით მომჩერებოდა სანამ მივუახლოვდებოდი. აღელვებულმა რამდენჯერმე წამოვკარი ფეხი ხან რას დახან რას. ლამის შუა ტროტუარზე გავიშხლართე.
აწითლებულმა და დარცხვენილმა როგორც იქნა მივაღწიე ჯაბამდე. ისეთი თვალებით მომჩერებოდა, უარესად მაბნევდა და მაფორიაქებდა.
_რა ლამაზი ხარ._აღტაცება ვერ დამალა გაღიმებულმა ბიჭმა._და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი ხარ._ღიმილით წამჩურჩულა და ხელი გადამხვია._ წავედით.
სად მივდიოდით არ ვიცოდი, თუმცა მაინც იმედიანად მივყვებოდი მტკიცე ნაბიჯებით. ქვეყნის დასალიერშიც რომ წასულიყო, იქაც დაუფიქრებლად გავყვებოდი.
ფეხით ბევრი არ გვივლია, ტაქსი გააჩერა და იმით წავედით. ქალაქიდან რომ გავედით, გაოცებით შევხედე.
_სად მივდივართ?
_სიყვარულის ქალაქში.
_სად?_გაოცებისგან პირი ღია დამრჩა.
_სიღნაღში._გამიღიმა._არასდროს ვყოფილვარ და შენთან ერთად მინდა ვნახო.
_მოვასწრებთ? შორს არ არის?_დავაყარე კითხვები.
_ჩასვლას და ნახვას თავისუფლად. ცოტა იქიდან დაგვიღამდება გზაში. გეშინია?.
_შენთან ერთად არაფრის._მივეხუტე და თავი მის მხარზე ჩამოვდე.
ის საათნახევარი, რაც გზაში დაგვჭირდა, არც კი მიგვრძვნია. მხიარულად ვიმგზავრეთ.
სიღნაღი არაჩვეულებრივი ქალაქი იყო, ძალიან მომეწონა. მის ქუჩებში ხელგადახვეულებმა ვისეირნეთ. ფოტოებიც ბევრი გადავიღეთ.
_თვრამეტი წლის რომ გახდები, ხელს აქ მოვაწერთ მე და შენ._ ხელი ჩამკიდა და კიბეები სულ სირბილით ამატარა._ამ ქორწინების სახლში დავქორწინდებით.
გული სიამით ამიძგერდა. ინტერესით შევათვალიერე შენობა.
_წამოდი ახლა ვჭამოთ, თორემ ძალიან მომშივდა._ისევ ხელჩაკიდებულები დავეშვით კიბეზე და "ხოხბის ცრემლებში"შევედით.
_ყველაზე გემრიელი საჭმელები აქ ჰქონიათ._შემომღიმა და ცარიელი მაგიდა მოძებნა.
_ამდენ ფულს რატო მახარჯებ? თბილისში დავმსხდარიყავით სადმე კაფეში.
_აქ არ მოგწონს?_გაუკვირდა.
_როგორ არა, მაგრამ დილიდან დაღამებამდე მუხლჩაუხრელად შრომობ და მენანება ასე დახარჯული ფული.
გაეცინა.
_ჩემი შეყვარებულისთვის სიცოცხლე არ მენანება და ფული დავინანო, რომელიც დღეს არის და ხვალ შეიძლება აღარ იყოს?_თვალებზე ჩამოშლილი თმა ფრთხილად გადამიწია, გადმოიხარა და მაკოცა.
შემრცხვა ამდენი ხალხის თანდასწრებით რომ მაკოცა, მაგრამ მესიამოვნა.
კერძები მართლაც არაჩვეულებრივი ქონდათ. გემრიელად გეახელით და საღამოს ისევ თბილისისკენ გამოვეშურეთ. ჯაბამ ზუსტად გათვალა დრო, შუა გზაში მართლაც შემოგვაღამდა. თავი მის მხარს მივადე და თვალებდახუჭული ვტკბებოდი ბედნიერებით.
მართლაც რომ არაჩვეულებრივი დღე იყო, თანაც დაუვიწყარი. დაუვიწყარი იმ გაგებითაც, რომ მეორე დღეს ჯაბა ციხეში ჩასვეს ნიას მკვლელობისთვის. ეს ამბავი რომ გავიგე, სამყარო თავზე დამექცა, მთელი დღე ტირილში გავატარე. მე კი დარწმუნებული ვიყავი მის უდანაშაულობაში, მაგრამ ფაქტები სხვას მოწმობდნენ. ნიას სიკვდილის დღეს მეზობლებმა დაინახეს როგორ გამოდიოდა ჯაბა მისი სახლიდან. თან, რაც ყველაზე უტყუარი მტკიცებულება იყო, ნიას ფრჩხილების ქვეშ აღმოჩენილი ქსოვილის დეენემი ჯაბასას შეადარეს და ასი პროცენტით დაემთხვა. თუ თავის სიმართლეს და უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებდა, ჩვიდმეტი წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ და ახალგაზრდობის უმშვენიერეს წლებს ციხეში გაატარებდა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია.
ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული მის უდანაშაულობაში. შეიძლება, ჩემს თავში შემპარვოდა ეჭვი, მაგრამ ჯაბას თვალდახუჭული ვენდობოდი. ის ამის გამკეთებელი არ იყო: ჯერ გაეუპატიურებინა და მერე მოეკლა ქალი.
მისი ბიძაშვილი გიორგი ადვოკატად არ დაუნიშნეს. მიზეზად ნათესაური კავშირი დაასახელეს. რახან სხვა ადვოკატის დაქირავების ხარჯებს ვერ გასწვდნენ, სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. ყველაფერი საეჭვოდ მეჩვენებოდა. თუმცა ვერაფერს ვშველოდი.
მთელი ერთი კვირა გაურკვევლობაში, ტირილსა და ნერვიულობაში გავატარე. მერე გადავაბიჯე ჩემს სიამაყეს და პრინციპებს და მამაჩემს ვესტუმრე სამსახურში. გაუკვირდა ჩემი დანახვა. თუმცა, ისე გაუხარდა არც კი უკითხავს რისთვის მივედი. მდივანი გააფრთხილა, არავინ შეგვაწუხოსო და მის კაბინეტში გამოვიკეტეთ.
კარგა ხანს უხმოდ ვიჯექი, ვერ ვბედავდი ხმის ამოღებას. არც თვითონ მაძალებდა, სიყვარულით სავსე თვალებით მომჩერებოდა. ბოლოს, როგორც იქნა გავბედე:
_ჯაბა დაიჭირეს._ვთქვი და ავტირდი.
მომიახლოვდა. თავზე ხელი გადამისვა და ინტერესით მკითხა:
_ჯაბა ვინ არის?
_ჯაბა? ჯაბა..._დავიბენი.
_კარგი, გასაგებია._ეშმაკური ღიმილი გაუკრთა ბაგის კუთხეში._რისთვის ჩასვეს?
_იმ დანაშაულისთვის, რაც არ ჩაუდენია._ამოვისლუკუნე.
_კონკრეტულად?
_ქალის მკვლელობას აბრალებენ... არა და მას არ ჩაუდენია.
_რა იცი?_ინტერესით ჩამხედა თვალებში.
_ბავშვობიდან ვიცნობ ჯაბას და ვიცი. ისეთია, ჭიანჭველასაც კი არ დაადგავს ფეხს, არა თუ ვინმე გააუპატიუროს და მერე მოკლას.
_მოიცა, იმ გოგოს მკვლელობაზეა საუბარი, შენც რომ დაგკითხეს?.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
ნერვიულად მოიქექა კეფა. მერე პირისპირ ჩამომიჯდა და ცრემლები ხელის გულებით მომწმინდა.
_კარგი, დაწყნარდი, ვეტყვი ბიძაშენს და გპირდები, თავს არ დავზოგავთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შენი ჯაბა გაამართლონ და გაანთავისუფლონ.
სიხარულით გადავეხვიე მამაჩემს და კარგა ხანს ვიყავით ასე ჩახუტებულები. გულწრფელი დაპირება მართლაც რომ საუკეთესო საშუებაა მომავალს იმედის თვალით უყურო.
*********************
ბიძაჩემმა ჯაბას ადვოკატობა ითავა. მამაჩემი კი, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, ისე ჩაერთა ამ საქმეში. არც მე დავმჯდარვარ გულხელდაკრეფილი. ნიას სახლში შეღწევა და ჩემებურად დათვალიერება მინდოდა. იქნებ სამართალდამცავებს ისეთი რამ გამორჩათ მხედველობიდან, რაც უმნიშვნელო ეგონათ და ზუსტად ის უმნიშვნელო დეტალი იყო ამ საქმის გასაღები? მაგრამ მის სახლში შეღწევა არც ისე ადვილი აღმოჩნდა, თითქმის შეუძლებელიც კი იყო. სპეციალური ლენტით, რომელზეც "არ გადაკვეთოთ" ეწერა, იყო გადაკეტილი ჭიშკარი.
კარგა ხანს ვიტრიალე შორიახლოს მალულად, რომ მეზობლებს საეჭვოდ არ მოვხვედროდი თვალში და ყოველი კუთხე-კუნჭული გულდასმით დავზვერე და შევისწავლე. დღისით შეუძლებელი იყო იქ შეღწევა. მაგრამ არც ღამე იყო ადვილი ლამპიონებით განათებული ქუჩიდან შესვლა. მაგრამ უნდა გამერისკა, მეტი გზა არ მქონდა.
ის იყო, წამოსვლას ვაპირებდი და საღამოსთვის მომზადებას, რომ ნიას სახლის მეზობლად ქუჩის კარი გაიღო და ნაცნობი სილუეტი დავლანდე. მაშინვე ხეს ამოვეფარე, რომ მასაც არ შევემჩნიე და მოშორებით გავყევი უკან. თან ჩემს თავზე ვბრაზობდი, რომ აქამდე რატო ვერ მივხვდი, ეს ვაჟბატონიც უეჭველი რომ იქნებოდა ამ ამბავში გარეული.
შეუმჩნევლად ვდიე ხალხით გადაჭედილ ქუჩებში. მერე კი, ერთ ერთ ჩიხში წამოვეწიე, ყელზე მკლავი გამოვდე, ბეჭებზე მუხლი ძლიერად მივაბჯინე და წავაქციე. ზემოდან ისე მოხერხებულად წამოვაჯექი, მოულოდნელობისგან დაბნეული სანამ აზრზე მოვიდოდა, უკვე გაკავებული მყავდა. თითებით მის საძილე არტერიას ძლიერად დავაწექი და მოძრაობის უნარი შევუზღუდე.
_ჩემგან რა გინდა ქაჯო, რატო თავს არ დამანებებ?_საცოდავად ამოილუღლუღა ზეზვამ და გაბრძოლება სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
_იქ რა გინდოდა?_ავად დავუბრიალე თვალები.
_სად იქ?_გაუკვირდა.
_ნიას სახლის მეზობლად.
_იქ ვცხოვრობ.
_რაა?_გამიკვირდა._როდიდან?
_რა შენი საქმეა?
_იცი, რას ვაკეთებ ახლა? შენს საძილე არტერიას ძლიერად ვაწვები და ვავიწროვებ. ამის გამო სისხლის მიმოქცევა გერღვევა ტვინში და ჟანგბადიც აღარ მიეწოდება. იცი რა მოგივა თუ თავის დროზე არ გაგიშვი?
შიშით ამომხედა.
_თავის ტვინის გარკვეული უბანი მოკვდება და იშემიური ინსულტი გარდაუვალია.
შიშისგან უფრო გაუფართოვდა თვალები.
_სხვა თუ არაფერი, ბიოლოგიას კარგად ვსწავლობდი._გამარჯვებულის იერით დავყურებდი ზემოდან.
_გამიშვი!_ისევ გაიბრძოლა ზეზვამ.
_სანამ არ მეტყვი იქ რა გინდოდა, არ გაგიშვებ.
_კარგი, გეტყვი, ჯაბას მინდა დავეხმარო.
უფრო ძლიერად დავაჭირე თითები. მართალია ჩემი ძალით იმას ვერ გამოვიწვევდი, რაც შესაშინებლად ვუთხარი, მაგრამ ჩემი ტყუილი რომ ჭრიდა ვატყობდი.
_რამე იცი ისეთი?
_დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი მტკიცებულება ნიას სახლშია.
ხელი გავუშვი და წამოჯდომაში მივეხმარე. ძლივს სუნთქავდა. შემეცოდა. სახეზეც ფერი აღარ ედო. ვადროვე, სანამ სულს მოითქვამდა და წამოვაყენე.
_დაფქვი ეხლა ყველაფერი რაც იცი._ავად დავუბრიალე თვალები.
_იმ დღეს, როცა ჯაბას უნდა შეხვედროდა, შენზე შურისძიების მიზნით კამერა დამამალინა საძინებელში. უნდოდა ჯაბა საწოლში შეეტყუებინა და მერე შენთვის ეჩვენებინა ჩანაწერი.
_რა ნაძირლები ხართ! მერე?
_რა მერე? ჯაბა არ წამოეგო მის ანკესს და მალევე წავიდა. მკვლელობა საძინებელში მოხდა და ვინც მოკლა იქნებ ჩაიწერა კამერამ? ნახვა მინდა, თუ რათქმა უნდა არ იპოვეს პოლიციელებმა.
_არ მგონია ეპოვათ, კამერის ჩანაწერებზე არაფერია ნათქვამი გამოძიებაში.
_იქნებ არ აწყობთ რომ თქვან?_ისე შემომხედა, აშკარა იყო რაღაც იცოდა.
_რასთან დაკავშირებით გინდა ჯაბას დახმარება?_მოულოდნელად საყელოში ვწვდი და შევაჯანჯღარე.
_ეჭვის თვალით რატო მიყურებ? შეიძლება ბევრი უარყოფითი მხარეები მაქვს, მაგრამ არ დავუშვებ, რომ უდანაშაულო ბიჭი დაისაჯოს იმის გულისთვის, რაც არ ჩაუდენია.
_და რა იცი რომ არ ჩაუდენია?_ეჭვით შევხედე.
_ვიცი, ჯაბა რომ გამოვიდა სახლიდან, მე შევედი. ნია ისევ ცოცხალი იყო.
_და შენ მოკალი?
_რა სისულელეს ამბობ?_აღშფოთდა._ვიღაცამ დაურეკა და იმას უნდა შეხვედროდა. მეც მალე გამომისტუმრა, კამერის აღება არ დამანება. ეტყობა იმ ვიღაცასაც უწყობდა შანტაჟს.
_კარგი და, ნიას სახლში შენი ახალი სახლიდან აპირებ შესვლას?
_ხო. მართალია მაღალი გალავანი აქვს, მაგრამ მგონი გადავალ.
_მეც შენთან ერთად მოვდივარ იცოდე.
_შენ რაღა გინდა?_გაუკვირდა.
_მეც მოვდივარ გითხარი და მორჩა._ისეთი მტკიცე ხმით ვუთხარი, წინააღმდეგი აღარ წასულა.
საღამოს დედაჩემი გავაფრთხილე, ამაღამ ქრისტინესთან ვრჩები და არ მელოდო-მეთქი. ქრისტინეც გავაფრთხილე, რომ არ მოვეკითხე შემთხვევით და ზეზვას ვესტუმრე ახლად ნაქირავებელ სახლში.
კარგა ხანს ვიყურყუტე ზეზვას კარებთან. ან სახლში არ იყო, ან რაც უფრო სავარაუდოდ მეჩვენებოდა: არ უნდოდა გაეგონებინა ჩემთვის. ისე გავბრაზდი და მომეშალა ნერვები, სადმე რომ მენახა გემოზე მივჟეჟავდი. ის იყო გამობრუნებას ვაპირებდი და მოგვიანებით შემოვლას, რომ პარკებით დატვირთული ზეზვაც წამომადგა თავზე.
_სად ხარ? ვიფიქრე მომატყუე და ვაი შენი ბრალი.
_სულ მუშტებზე რატო იყურები?_შემომბღვირა._ქალი ხარ თუ ბოიკა?_ნავაჭრი პარკები გადმომცა და თვითონ ჯიბეში გასაღები მოიძია._საჭმელი არაფერი მაქვს სახლში და ცოტაოდენი რაღაცეები ვიყიდე დროის გასაყვანად.
_რა დროის გაყვანა გინდა?_გავიოცე.
_როგორ თუ რა?_აქეთ იმან გაიოცა ჩემი გაოცება,_დღისით მზისით ხომ ვერ შევალთ სხვის სახლში? შეიძლება ვინმე მოვიდეს ნიას ნივთების წასაღებად. ან შეიძლება მეზობელმაც დაგვინახოს. ასე რომ, მოგწონს თუ არ მოგწონს, პირველ-ორ საათამდე ჩემს სახლში მოგიწევს ჩემს გვერდით ყოფნა. სანამ ყველა არ დაიძინებს, ვერ შევალთ.
უხმოდ შევყევი ეზოში. ეს ნამდვილად არ მიფიქრია, რომ გვიან შევიდოდით ნიას სახლში. ეზო საგულდაგულოდ მოვათვალიერე. მაღალი გალავანი ბლოკით იყო ნაშენები და გამიჭირდებოდა ასვლა. თუმცა რის ჯემალა ვიყავი, უკან დამეხია როდისმე და ჩემი მიზნისთვის არ მიმეღწია? პლასტმადის მრგვალი მაგიდა მივაჩოჩე ახლოს და სკამიც იქვე დავდგი. დაბნელდებოდა და მისი დახმარებით ავძვრებოდით გალავანზე. იქითა მხრიდან კი კომშის ხე იდგა ახლოს, იმაზე გადავიდოდით და ისე ჩავიდოდით ძირს.
ყველაზე რთული დროის გაყვანა გამოდგა. მალმალე დავყურებდი საათს, რომელიც ჩემს ჯიბრზე ნელა მიიწევდა წინ.
ზეზვამ, მე მშია და უნდა ვჭამო, თუ გინდა, დამეწვიეო. უარი ვუთხარი, მართლა არ მშიოდა, ან ვერ ვგრძნობდი შიმშილს. ჩემი ფიქრები მხოლოდ და მხოლოდ იმ კამერას უტრიალებდა, რომლის სანახავადაც უნდა გადავმძვრიყავით. მეშინოდა, ვაითუ არ დაგვხვედროდა, სხვა რა გზით უნდა მეშველა ჯაბასთვის? ისე, ისიც კი მაფიქრებდა, თუ დაგვხვდებოდა, რა ჩანაწერს ვნახავდით. მოკლეთ, ნერვები ისე მქონდა დაძაბული, ყოველ გაფაჩუნებაზე ვკრთებოდი.
ზეზვამ გემრიელად მიირთვა ძეხვი და პური, სუფრა აილაგა და გვერდით მომიჯდა.
_ტელევიზორი არ მაქვს, რომ მისი ყურებით მაინც გავირთოთ თავი. ცოტა რამ მომიყევი შენს შესახებ, ლაპარაკში უფრო მალე გადის დრო.
_მეე?_გავიკვირვე,_მე რატო უნდა მოვყვე, შენ მოყევი ყველაფერი, საიდან იცნობდი ნიას.
_ბარში იყო მოსული. მართალია გოგოებს ყოველთვის უჭირთ იმის აღიარება, რომ სხვა გოგოებიც შეიძლება რომ ლამაზები იყვნენ, მაგრამ მგონი შენ დამეთანხმები, რომ შესახედაობით მშვენიერი იყო... ხო და დავინახე თუ არა, მომეწონა. არც თვითონ დარჩენილა ჩემს მიმართ გულგრილი, ყოველი შემთხვევისთვის მე ასე მეგონა. გავიცანით ერთმანეთი, ნომრები გავცვალეთ და მალევე აღმოვჩნდით ერთად საწოლში. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემს გარდა სხვებსაც ხვდებოდა, ბობოლა კაცებს, ვისგანაც ბევრ ფულს იღებდა. მე მართლა არასდროს გადამიხდია მისთვის ფული. მოგვიანებით კი განმიცხადა, რომ ჯაბა უყვარდა და ჩემთან დაშორება უნდოდა. ცოტა მეუხერხულება ამ თემაზე შენთან საუბარი, მაგრამ ჯაბას ზედმეტად არ დაუკარებია მისთვის ხელი, სულ ზრდილობით და მოწიწებით ეპყრობოდა. ხო და მისი პაემნიდან დაბრუნებული ყოველთვის ჩემს მკლავებში ამოყოფდა ხოლმე თავს.
_შენ ის მითხარი, ნარკოტიკი რატომ დაგვალევინე, თორემ ეგ სულ არ მაინტერესებს რამდენჯერ იწექით ერთად._გაბრაზებულმა ვუთხარი და წამოვდექი. უაზრო ბოლთის ცემას მოვყევი ოთახში. ერთ ადგილზე ვეღარ ვისვენებდი უკვე.
_მართლა არ ვიცოდი რა იყო. არ გეგონოს რომ ყველაფერს მკვდარს ვაბრალებ. ნიამ მომცა, ძილის წამალიაო. უნდოდა რომ სამივეს დაგეძინათ და ჯაბა ვეღარ გაგეცილებინათ. თან მძინარე ჯაბას საწოლში შეტყუება უნდოდა.
_და შენც ამ ჩათლახურ საქციელს დათანხმდი არა?
საცოდავად ამომხედა.
_მართლა ვნანობ. მისი გადმოცემით მქონდა შენზე ცუდი წარმოდგენა. არაჩვეულებრივი გოგო ხარ...
_შენ ეხლა ზედმეტები ნუ მოგდის._მკაცრად დავუბრიალე თვალები.
_არა, მართლა სერიოზულად გეუბნები, სიყვარულის ფასიც იცი და მეგობრობისაც. უსამართლოდ მოპყრობას არავის პატიობ, საყვარელ ადამიანსაც კი. სამართლიანი გოგო ხარ.
_თავის მოქონვა გინდა და იცოდე არაფერი გამოგივა._მკაცრად გავაფრთხილე.
_ყველაფერს ვფიცავარ, მართლა კარგი გოგო ხარ. არ გეპირფერები.
ერთხანს უხერხული დუმილი ჩამოწვა. მერე ისევ ზეზვამ წამოიწყო.
_ჯემალას რატო გეძახიან?
_არ ვიცი._მხრები ავიჩეჩე._კაცის სახელია რაღაც უცხო და განსაკუთრებული და ალბათ იმიტომ.
_როგორც შენ არა?_გამიღიმა._უცხო და განსაკუთრებული.
უაზრო ბოლთის ცემაც მომბეზრდა და ისევ დავჯექი.
_ჩანაწერი რომ ვნახოთ, მერე როგორ უნდა მოვიქცეთ?_მოულოდნელად მკითხა ზეზვამ.
_ჯერ ჩანაწერი ვნახოთ და დანარჩენი მერე ვილაპარაკოთ.
_ქრისტინე როგორ არის?_ახლა ქრისტინეთი დაინტერესდა.
ერთხანს დაჟინებით მივაშტერდი, მინდოდა გამეგო რა ზრახვები ამოძრავებდა.
_სულ ეჭვის თვალით რატო მიყურებ?_შემატყო რომ უნდობლად ვუმზერდი და ეწყინა._გულწრფელად მომეწონა, კარგი გოგოა.
_გულწრფელობა საერთოდ იცი რა არის?_ირონიული ღიმილით შევხედე.
_რამდენი რამ მოგიყევი გულწრფელად ჩემს შესახებ და კიდე მე არ ვიცი გულწრფელობა?_ნაწყენმა შემომხედა._ისე კი, როგორ გამაცურეთ შენ და ქრისტინემ?_მწარედ ჩაეცინა._იმ ღამიდან მართლა არაფერი გახსოვს?
_ამ თემაზე შენთან არ ვაპირებ ლაპარაკს._მკაცრად ვუთხარი, წამოვდექი და ეზოში გავედი.
ახლა იქ მოვყევი უაზრო ბოლთის ცემას დროის გასაყვანად. ცოტა გრილოდა და შემცივდა, მაგრამ ზეზვასთან ოთახში დაბრუნება ნამდვილად არ მინდოდა.
კარგა ხანს ვიბოდიალე ნერვიულად წინ და უკან. ზეზვას სიტყვები მიტრიალებდა თავში, ჩანაწერი რომ გვენახა რა უნდა მექნა? მამაჩემისთვის როგორ ამეხსნა ის, რომ შუაღამეზე არაკანონიერად შევიპარე სხვის სახლში და ფარულად დამონტაჟებული ვიდეომასალა მოვიპარე? თუ მკვლელი იქნებოდა დაფიქსირებული, ასე არაკანონიერად მოპოვებული მასალა ჩაითვლებოდა თუ არა მტკიცებულებად და გაამართლებდნენ თუ არა ჯაბას? მოკლეთ, ახალმა სადარდებელმა უარესად ამიბნია თავგზა. ისე ვღელავდი და ვნერვიულობდი, მთლიანი სხეული მიძაგძაგებდა შინაგანად.
ფრთხილი ნაბიჯების ხმა რომ შემომესმა ზურგს უკან, მაშინვე შემოვბრუნდი ინსტიქტურად. ზეზვა იყო. ისე კი, ვინ უნდა ყოფილიყო სხვა? მაგრამ უკვე ისე ვიყავი დაზაფრული, მაგაზე აღარ ვფიქრობდი.
_ცოტაც და გადავძვრეთ._მართალია მარტოები ვიყავით, მაგრამ მაინც ჩურჩულით მითხრა._მეზობელი თავის ჰასკს უშვებს ღამ-ღამობით და უნდა ვიფრთხილოთ, რომ საეჭვოდ არ ვაყეფოთ.
_ამ სიკეთის ჟამს ჰასკიღა გვეკლდა._წავიბუტბუტე უკმაყოფილომ._ძეხვი და პური ხომ მოგრჩა? მივუგდოდ და გავაჩუმოთ.
_კაი აზრია ისე ხომ იცი? მაგრამ არ მგონია დიდი ხნით გავაჩუმოთ. წამოდი, ხელთათმანები ვნახოთ._მხარზე მომხვია ხელი და სახლისკენ წამიყვანა.
_ხელთათმანები?_გამიკვირდა.
_ხო, რა იყო? გინდა რომ შენი თითის ანაბეჭდები იპოვონ ნიას სახლში? როგორ გეტყობა, რომ ასეთ საქმეში გამოუცდელი ხარ.
_შენ კი მაშინებ. ასეთ საქმეზე პირველად არ მიდიხარ არა?_გავჩერდი და ეჭვით შევხედე.
_ასეთ საქმეზე მართლა პირველად მივდივარ, მაგრამ ვიცი როგორც უნდა წავიდე.
მხრებზე მოხვეული ხელი ჩამოვაღებინე და ოთახში შევედი.
ზეზვა მართლაც მომზადებული იყო: რეზინის სამედიცინო ხელთათმანები მომცა, თვითონაც ჯიბეში ჩაიდო ერთი წყვილი. კაპიუშონიანი თხელი ქურთუკი გადაიცვა.
_შენ არ გინდა?_ერთი მეც გამომიწოდა._მართალია, ჩემია, მაგრამ შენ ხომ ბიჭის ტანსაცმელში უფრო კომფორტულად გრძნობ თავს?
უხმოდ გამოვართვი და გადავიცვი. კაპიუშონიც გადმოვიფარე. რეზინის ხელთათმანები მეც ჯიბეში ჩავიჭყუნე. პარკიდან ძეხვიც ამოვაძვრინე და ისიც ჯიბეში ჩავიდე.
_საკეტის გახსნა იცი?_მედიდურად გადმომხედა ზეზვამ.
_არა.
_არც მე, მაგრამ იმედია რამე გამოგვივა._რაღაც წვრილი რკინის ჩხირები ჯიბეში ჩაიწყო._იქნებ ესეც გამოგვადგეს?_გასაღებების აცმაც ჩაიჩხრიალა._აბა ჰე, წავედით._ოთახში შუქი ჩააქრო და გარეთ გამოვედით.
წინასწარ მომზადებულ მაგიდაზე სკამი შემოდგა და პირველი თვითონ აძვრა გალავანზე. მერე მე მივყევი. დასახმარებლად ხელი კი ჩამომაწოდა, მაგრამ ვითაკილე და არ მივიღე დახმარება. მაინც უპრობლემოდ ავძვერი. არც ხიდან ჩასვლა გაგვჭირვებია. ფრთხილად ჩავხტით და სახლისკენ მოკუზულები გავეშურეთ. კარს რომ მივუახლოვდით, ხელთათმანები მოირგო. მეც მას მივბაძე. მერე გასაღებები დააძრო ჯიბიდან და ყველა სათითაოდ მოარგო საკეტს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლო გასაღებმა როგორც იქნა გაამართლა და კარიც გაიღო. ისე გამიხარდა, ვერ ავღწერ. ფრთხილად შევიპარენით სახლში და პატარა ფანრები მოვიმარჯვეთ.
ზეზვას აშკარად ეტყობოდა, რომ პირველად არ იყო ამ სახლში, ყოველი კუთხე-კუნჭული ზეპირად იცოდა და სიბნელის მიუხედავად მაინც თავისუფლად დადიოდა. ის წინ მიდიოდა და მე უკან მივყვებოდი. საძინებელში რომ შევედით, საწოლის წინ კედელზე დაკიდებული რაღაც სურათისმაგვარი ჩამოხსნა და მის უკან რაღაცას დაუწყო ჯაჯგური.
_აქ არის._ეს რომ თქვა, შვებით ამოვისუნთქე.
_ამდენი ხანი აქ არის და იწერს?_გამიკვირდა.
_მოძრაობის სენსორზეა, რაც მოძრაობს მარტო იმას იწერს.
_შენ საიდან ეს კამერა?
_ბარიდან მაქვს წამოღებული... სიმართლე გითხრა, მეც პრობლემები შემექნება ამ კამერის გამო ქურდობისთვის.
_მერე?_ცოტა შევშფოთდი.
_მკვლელობის სასჯელი და ქურდობისა განსხვავდება. თან მე დამსახურებულად დავისჯები. ჯაბა ცოდოა, რაც არ ჩაუდენია იმას რომ აბრალებენ და ტყუილად უნდა ხეხოს ციხე. სიმართლე რომ გითხრა, ძალიან მაინტერესებს ვინ მოკლა ნია. მინდა სამართლიანობამ იზეიმოს.
წებოვანი ლენტით მიმაგრებული კამერა მოხსნა როგორც იქნა, ჩანთაში ჩადო და მე მომცა. სურათი ისევ თავის ადგილზე ჩამოკიდა და ისევ დიდი სიფრთხილით გამოვედით სახლიდან. პირველი მე ავძვერი ხეზე, იქიდან კი გალავანზე და დაველოდე როდის ამოვიდოდა ზეზვა. ხეზე რომ ამოვიდა და გალავანზე გადმოძრომას აპირებდა, მოულოდნელად ტოტი ჩაუტყდა და ძირს ჩავარდა. ერთი ამოიგმინა და მალევე მიჩუმდა.
შიშისგან გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა. წამები დამჭირდა აზრზე მოსასვლელად. მერე ზეზვას ეზოში მაგიდაზე ფრთხილად ჩავედი, იქიდან ჩავხტი, კამერიანი ჩანთა უსაფრთხოდ დავდე და ისევ გალავანზე ავძვერი. იქიდან ხეზე გადავედი და ძირს ჩავედი. ზეზვა დაბალი ხმით კვნესოდა. გამიხარდა ცოცხალი რომ იყო.
_რა მოგივიდა?_დავიხარე და წამოდგომა დავუპირე.
_მეგონა აქ დამტოვე._სიმწრით ძლივს ამოთქვა.
_არავინ დამიტოვებია გასაჭირში და რაღა შენ დაგტოვებდი?_ძლიერად მოვკიდე მკლავში ხელები და ფრთხილად წამოვაყენე.
_მგონი ფეხი მოვიტეხე._ამოიგმინა.
_რა იცი?_გამიკვირდა.
_ერთხელ უკვე მაქვს მოტეხილი და ვიცი. გამიჭირდება გალავანზე ამოძრომა.
_აქ ვერ დაგტოვებ. შენც უნდა იყოჩაღო, მარტო ვერაფერს გავხდები._მხარში ამოვუდექი და ხესთან მივიყვანე._ამ ტოტს მოკიდე ხელები და აიწიე, ქვემოდან მე დაგეხმარები.
რის ვაი-ვაგლახით ავიყვანე ხეზე, იქიდან გალავანზე გადავაძვრინე და მე დაბლა ჩავედი, ქვემოდან მივეხმარე ჩამოსვლაში. დიდი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდა, მაგრამ მაინც შევძელით სამშვიდობოზე გადასვლა. სკამზე ფრთხილად ჩამოვაჯინე და ისევ ნიას ეზოში გადავედი. კარგა მოზრდილი ტოტი, რომელიც ზეზვას ჩაუტყდა, ამოვიტანე და ზეზვას ეზოში მოშორებით მივაგდე კუთხეში.
_ახლა რა ვქნათ?_შეშფოთებით მკითხა ზეზვამ.
_როგორ თუ რა? სასწრაფოს დავურეკავ და ისინი მოგხედავენ.
_რა ვუთხრა, რა მოვიმიზეზო? ხომ იცი დაკითხვას მომიწყობენ.
_ვითომ ამ კიბიდან ჩამოვარდი._ეზოდან შემომსვლელ კიბეზე მივუთითე.
_კაი მაშინ და, მოაჯირი მორყეულია და იქნებ მოამტვრიო, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს.
მორყეული მოაჯირის მომტვრევა მართლა არ გამჭირვებია. მერე სასწრაფოს დავურეკე და მის მოსვლას დაველოდე.
_შენ ჯობია დაიმალო.
_ვითომ რატომ?_გამიკვირდა.
_რად გინდა ქვეყანამ გაიგოს ღამე ჩემთან ერთად რომ ხარ?_ღიმილით ამომხედა._დილამდე დარჩი. მერე კარი გასაღებით დაკეტე და წადი.
არ მინდოდა მისი ამ სიტუაციაში მიტოვება, მაგრამ მართალი იყო, ხალხს სალაპარაკო მიეცემოდა. კამერიანი ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და ქუჩიდან სასწრაფოს ხმა რომ გავიგე, ოთახში შევედი და დავიმალე.
10-15 წუთი დასჭირდათ ზეზვასთვის პირველადი დაარება რომ გაეწიათ და საავადმყოფოში გადაეყვანათ. ყველაფერი რომ მიწყნარდა და მარტო დავიგულე თავი, ჩანთიდან კამერა ამოვიღე და ჩანაწერი ვნახე.
მართალია ხმა არ ისმოდა, მაგრამ ჯაბა და ნია აშკარად ჩხუბობდნენ. ნია ძალით ეკიდებოდა ჯაბას კისერზე და კოცნიდა. ჯაბამ რამდენჯერმე რომ მოიშორა თავიდან, გამწარებულმა ნიამ ბოლოს ფრშხილებით ჩამოკაწრა ყელზე. ჯაბა მალევე წავიდა. მერე ზეზვაც გამოჩნდა. აშკარად გამოაგდო ნიამ და ამანაც მალე დატოვა საძინებელი. მერე კი უკვე ზორბა და ღიპიანი კაცი შემოვიდა საძინებელში. ნია წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ გახელებულმა კაცმა ჯერ ცემა და მერე ადვილად დაიმორჩილა. ისეთი ამაზრზენი სცენა იყო, ლამის გული ამერია. გაფართოებული თვალებით შევყურებდი პორნო ველურ სცენას. კაცი საქმეს რომ მორჩა და კამერისკენ შემობრუნდა, ნია ზურგიდან ეცა და თმაში ჩაებღაუჭა. კაცმა ძლიერად შემოიქნია და ტომარასავით მოწყვეტით მოისროლა გოგო, რომელმაც თავი კომოდის კუთხეს ჩამოარტყა და ადგილზე გაშეშდა. კაცმა სასწრაფოდ მოიწესრიგა თავი და ოთახი დატოვა.
მერე უკვე სამართალდამცავები გამოჩნდნენ. ნია გადაასვენეს და ოთახიც ზედმიწევნით დაათვალიერეს. კიდევ კარგი კამერა ვერ აღმოაჩინეს. მერე უკვე მე და ზეზვაც ვჩანდით ღამის სიბნელეში ფანრებით ხელში.
ჩანაწერი ისევ გადავახვიე და კაცს დავაკვირდი. თითქოს მეცნობოდა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი სად მყავდა ნანახი. გონება დავძაბე და უცბად გამახსენდა, ტელევიზიით ხშირად გამოდიოდა, მაღალი თანამდებობის პირი იყო, ოღონდ რას წარმოადგენდა არ მახსოვდა. დამცხა და სიმწრის ოფლმა დამასხა. არ გინდა დაუმტკიცო ამ კაცს თავისი დანაშაული? თავისი ხალხი ყველგან ეყოლება და თავს ყოველთვის გაიმართლებს. იმასაც მივხვდი, რომ ასე არაკანონიერად მოპოვებული მასალა მტკიცებულებად არ ჩაითვლებოდა. ერთ ხანს უაზრო ბოლთის ცემას მოვყევი, გეგმა მჭირდებოდა რამე, რომ არაკანონიერად არ ჩათვლილიყო ეს ჩანაწერი. ბევრი ფიქრის შემდეგ რაღაც მაინც მოვიფიქრე. დამტენს უესბი კაბელი გამოვაძრე, კამერიდან ტელეფონში გადმოვიწერე ჩანაწერი. იქამდე, სანამ მე და ზეზვა ვჩანდით, ამოვშალე და ისევ ნიას სახლში გადავძვერი. კამერა თავის ადგილზე დავაბრუნე.
ყველაფერს რომ მოვრჩი, დილის ექვსი საათი იყო უკვე და ზეზვას სახლიდანაც ქურდივით გამოვიძურწე. დედაჩემის უჩუმრად შევედი ბინაში და ჩემს ოთახში შევიყუჟე. ისევ ჩანაწერზე ვფიქრობდი. როგორ უნდა ამეხსნა მამაჩემისთვის, საიდან მქონდა ეს ჩანაწერი? არა და მის იქით გზა ნამდვილად არ მქონდა. ინათა თუ არა, შხაპი მივიღე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და მამაჩემის სამსახურისკენ გავეშურე. ჩემი დანახვა ახლაც გულწრფელად გაუხარდა. გამიჭირდა, მაგრამ ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. ჩანაწერიც მორიდებით ვაჩვენე.
_შენც ნახე ეს ჩანაწერი?_შეშფოთებულმა შემომხედა.
დამალვას რა აზრი ქონდა, მე გადმოვიწერე ტელეფონში და დამიჯერებდა უარი რომ მეთქვა?
თავი დავუქნიე და მივხვდი რომ გავწითლდი. უხერხული დუმილი ჩამოწვა და ამან უფრო გამაწითლა.
_ისე, თავიდანვე ეჭვი შემეპარა ამ საქმეში, ბევრი უზუსტობა დამხვდა და ნაჩქარევად შეთითხნილი დასკვნა. ახლა რა უნდა ვქნათ? შენ რა აზრის ხარ? ხომ იცი დიდი ძალაუფლების კაცია და ასე ადვილად ვერ დავუმტკიცებთ?
_ამიტომ დავაბრუნე კამერა თავის ადგილზე, რომ თქვენ ამოიღოთ კანონიერად. ცოტ-ცოტა რაღაცეებში მეც ვერკვევი._ეშმაკურად შევღიმე._თავის დაზღვევის მიზნით გადმოვიწერე ჩემს ტელეფონშიც.
_ჩემი ჭკვიანი ქაჯი._მხრებზე მომხვია ხელი._მაგრამ იქ თუ რამე შეგეშალა და შენი კვალი დატოვე, ხომ იცი საფრთხეში იგდებ თავს?
_ხელთათმანები მეცვა, ანაბეჭდები არ დამიტოვებია. მოტეხილი ტოტიც გადავათრიე და დავმალე. არ მგონია თვალში მოხვდეს ვინმეს.
_არ ვიცი, მეშინია, რამე ისეთი არ აღმოაჩინონ, რომ შენს კვალზე გამოვიდნენ.
_ჩანაწერიც წავშალე სადაც ჩვენ ვჩანვართ და ისე დავდე, რომ თქვენ დაგაფიქსიროთ როცა მიხვალთ. ყველაფერი კანონიერად რომ ჩატარდება, თავს ვეღარ დაიძვრენს.
_ხვდები, რომ თუ თავი გაიმართლა, გადაგვემტერება?
მაგაზე მართლა არ მიფიქრია და ცოტა არ იყოს შევშფოთდი.
_შეიძლება ეგ ჩანაწერი საერთოდაც გააქრონ.
_მართლა?_შეშფოთებულმა შევხედე._გამოდის, ქვეყანა ჩალითაა დახურული?
_რას ვიზავთ, ოდითგანვე ასეა... მაგრამ ჩვენ ჩვენი ვცადოთ. ახლა კი სახლში წადი, დედა არ ანერვიულო, დანარჩენს მე და ბიძაშენი მივხედავთ.
წამოსვლისას ერთი გემოზე ჩავეხუტე, მადიანად ვაკოცე და ღიმილით დავემშვიდობე.
სახლში არ წავსულვარ, ზეზვას მონახულება გადავწყვიტე. ხშირ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი არამიანცის საავადმყოფოში მიყავს და გეზი პირდაპირ იქით ავიღე. არც შევმცდარვარ, ზეზვა იქ დამხვდა. ოპერაცია გაეკეთებინათ და პალატაში იწვა უკვე. ფეხი მაღლა ქონდა აწეული და ზედ გირები ეკიდა. შემეცოდა ასეთ მდგომარეობაში რომ დავინახე. სახეზე ტკივილი ეწერა. დამინახა თუ არა, გაუხარდა და ღიმილით გადაუნათდა სახე. მორიდებით მივუახლოვდი და სკამზე ჩამოვჯექი.
_როგორ ხარ?
_არამიშავს... მადლობა, რომ იქ არ დამტოვე._მადლიერი თვალებით შემომხედა._აქ როგორღა მომაგენი?
_ადვილად, არ გამჭირვებია.
_რა ქენი, ნახე ჩანაწერი?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
_მერე?_ინტერესით შემომანათა თავისი ყავისფერი თვალები.
_ვერც კი წარმოიდგენ მკვლელი ვინ არის._ჩურჩულით ვუთხარი.
_ ისეთ ხალხთან ქონდა კავშირი, ვხვდები.
_კამერა თავის ადგილზე დავაბრუნე, რომ კანონიერად ამოიღონ სამართალდამცავებმა.
_მერე ჩვენ არ ვჩანვართ?_გაუკვირდა.
_ნუ გეშინია, წავშალე. თავის დაზღვევის მიზნით ტელეფონშიც გადმოვიწერე. კარგი იქნებოდა ვინმე ჰაკერი გვყოლოდა ნაცნობი.
_ჰაკერი რაღად გინდა?
_იმ ვაჟბატონისთვის გადაგვეგზავნა ეს ვიდეო, ოღონდ ისე, რომ ვერ გაეგო ვინ გაუგზავნა. შევაშინებდით რა.
_კრაზანების ბუდე ავაწრიალოთ?_ეშმაკურად შემომღიმა._მერე, არ გეშინია რომ გვიკმინონ?
_არა... შენ?
_არც მე.
ერთხანს ეშმაკური ღიმილით მომჩერებოდა. მერე თავისი ტელეფონი მოიმარჯვა და ვიღაცას დაურეკა.
_ზდაროვა. რას შვრები?..
_***********
_ მეც არამიშავს. გახსოვს, დახმარებას რომ დამპირდი?..
_***********
_ხო და ძალიანაც კარგი. ერთ არაჩვეულებრივ ადამიანს გამოგიგზავნი და ის გეტყვის რაც უნდა გააკეთო...
_**********
_არა, რა სისულელეა...
_***********
_მე რაღაც შემემთხვა და საავადმყოფოში ვწევარ.
_************
_კარგი. ჯემალაც ერთ საათში იქნება მანდ. შენ იცი აბა._ტელეფონი გათიშა და საწოლზე დაუდევრად მიაგდო._ესეც ასე, ეს საქმეც მოგვარებულია._კმაყოფილი მზერა მომაპყრო._შეგიძლია სანამ წახვალ წყალი მომიტანო? აქ დაქლორილი წყალი აქვთ და ვერ ვსვამ.
_რა პრობლემაა?_მაშინვე წამოვხტი და დერეფანში გავვარდი.
ლიფტს არ დაველოდე, თავპირისმტვრევით ჩავირბინე კიბეები. ახლომდებარე მაღაზიაში შევედი, ორი ბოთლი წყალი, არაჟანი და ფუნთუშები ვუყიდე და ისევ ზეზვასთან დავბრუნდი. ნავაჭრი რომ დაინახა, გაუხარდა, მაგრამ მაინც მისაყვედურა.
_მე წყალი გითხარი მარტო... მაგრამ მადლობა._გულწრფელად გამიღიმა.
მხოლოდ ახლა მომხვდა თვალში მის ტუჩზე ნაიარევი და სინდისის ქენჯნა ვიგრძენი ქვა რომ ვთხლიშე. ალბათ, ჩემი მზერა დაიჭირა და აზრებიც წაიკითხა.
_არაფერია, მიხდება კიდეც. გოგოებს ასე უფრო მოვწონვარ._ეშმაკურად მოჭუტა თვალები და ისევ გამიღიმა.
მართლაც რომ უხდებოდა. მეც გამეღიმა გულწრფელად. არ იყო ცუდი ბიჭი, შეიძლებოდა მასთან მეგობრობა.
მერე მისამართი გამოვართვი, დავემშვიდობე და ჰაკერთან შესახვედრად გავეშურე.
ადგილზე რომ მივედი, ერთხანს შევჩერდი, აფორიაქებული გული ჩავიწყნარე, მაგრამ მაინც მღელვარედ დავაკაკუნე ხის ძველ კარზე. სანამ კარს გამიღებდნენ, ასე მეგონა საუკუნედ გაიწელა დრო.
კარი სუსტი აღნაგობის გოგონამ გამიღო, რომელსაც შავ თმაზე წითელი მელირება ქონდა გაკეთებული. ცხვირზე პირსინგი ეკეთა. მარჯვენა ყურის ბიბილოც სავსე ქონდა ასეთი პირსინგებით. ტუჩებზე შავი ფერის პომადა ესვა. ფრჩხილებზეც შავი ლაქი. ერთი შეხედვით როკერს გავდა. მაგრამ ლამაზი იყო და უხდებოდა ყველაფერი.
ეჭვით შემათვალიერა.
_ვინ გნებავთ?
_ზეზვამ გამომგზავნა.
_აა, ჯემალა შენ ხარ?_გაეღიმა._შემოდი.
ძველისძველ ჩაბნელებულ ბინაში მორიდებით შევყევი. ვიწრო დერეფანი სწრაფი ნაბიჯებით გავიარეთ და მის ბოლო ოთახში შევედით, სადაც იმდენი კომპიუტერი და ლეპტოპი იდო, ტევა აღარ იყო. კაბელებიც უწესრიგოდ ეყარა. სკამზე მანიშნა დაჯექიო და თვითონაც ჩამოჯდა ერთ-ერთი კომპიუტერის წინ.
_აბა, რაშია საქმე, რის გაკეთებას ვაპირებთ?
რატომღაც მეგონა, რომ ჰაკერი ბიჭი იქნებოდა და გაოცებულმა შევხედე.
_გიკვირს?_გამიღიმა._პირველი არ ხარ, ყველას უკვირს. გოგოზე ადვილად ვერ მოიტანენ ეჭვს და იმიტომ გადავწყვიტე ეს პროფესია. სახიფათო კია, მაგრამ სამაგიეროდ ადვილად ვშოულობ ფულს. რამეს დალევ?
_არა, მადლობა, არაფერი მინდა.
_კაი, მაშინ საქმეს შევუდგეთ.
ჩემი ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და კამერიდან გადმოწერილი ვიდეო ვაჩვენე. გაკვირვებული დაჰყურებდა ჩანაწერს.
_ჯანდაბა, ეს ხომ პარტიის ლიდერია?!_გაოცებულმა შემომხედა._წინა საარჩევნოდ რა ბომბი გასკდება._კმაყოფილმა შეუსტვინა.
_ინტერნეტში არ მინდა ჯერ გავრცელება. ჯერ პირადად მას გადავუგზავნოთ შესაშინებლად. ისე ხომ შეგიძლია, რომ ვერ მიხვდეს ვინ გაუგზავნა?
_მაგაზე მეტი რა შემიძლია?_კმაყოფილი ღიმილით შემომხედა.
ჩემს ტელეფონს უესბი კაბელი მოარგო, ჩანაწერი კომპიუტერში გადაიტანა და ტელეფონი ისევ დამიბრუნა. მერე კარგა ხანი აწკაპუნა ლამაზი თითები კლავიატურაზე. რას აკეთებდა არ ვიცი, მაგრამ ეტყობოდა რომ თავისი საქმის პროფესიონალი იყო. ნახევარი საათი მაინც დასჭირდა ამ საქმეს და მერე კმაყოფილი მომიბრუნდა.
_ესეც ასე, ბომბი გაგზავნილია.
_შეუძლია რამე მოგწეროს საპასუხოდ?
_ჩვენი ნება არ არის? შენ როგორ გინდა?
_ჯობია ვერ მოგვწეროს. გასკდეს გულზე.
_ჩემნაირი სასტიკი ხარ._გაეცინა.
_თუ დანაშაული ვერ დაუმტკიცდა, ხომ შეგიძლია ეს ინფორმაცია უკვე საჯარო გახადო ინტერნეტში?
_აბა რაა?!
_კარგი, მადლობა. რამდენი უნდა გადაგიხადო?_შეფარვით ვკითხე.
_რას ლაპარაკობ._ცოტა არ იყოს წყრომით შემომხედა._ზეზვას ხათრით არაფერი. უბრალოდ მომიკითხე და ჩემს მაგივრად აკოცე.
დავემშვიდობე და სახლში წამოვედი. დედაჩემი აქოთქოთებული დამხვდა.
_სად დადიხარ, შარს ეძებ? მამაშენმა კარგა ხნის წინ დამირეკა, წამოვიდაო და სად დაეხეტები?
_მამამ დაგირეკა?_გამიკვირდა.
_ხო, რა იყო? ღელავს შენზე და არ უნდა დაერეკა? სად იყავი ამდენი ხანი?
_მეგობარი მოვინახულე._ვუთხარი და ჩემი ოთახისკენ გავწიე.
_ვინ მეგობარი?_წინ გადამიდგა კარისკაცივით.
_ვერ იცნობ, ახალია.
_მაშინებ.
_საშიში არაფერია._ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ოთახში შევედი.
უძილო და დაღლილი ვიყავი და წამოვწექი დასასვენებლად, მაგრამ ძილი არ მომკარებია. ტვინი გამალებით მუშაობდა და ყოველ დღევანდელ წვრილმანს ანალიზს უტარებდა. ხვალინდელი დღეც მაფრთხობდა. რატომღაც იმედი არ მქონდა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. ჯაბა ცალკე მედარდებოდა, როგორ იქნებოდა ციხეში. ციხის კანონების ცოტ-ცოტა რამ მეც გამეგებოდა და გოგოს გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის ვიცოდი როგორ შეხვდებოდნენ პატიმრები. ჩემდა გასაკვირად ზეზვაზეც მეფიქრებოდა, მეცოდებოდა ფეხმოტეხილი რომ იწვა საავადმყოფოში. ნეტა ახლობლებმა გაიგეს მისი ამბავი და ყურადღება მიაქციეს? წუხანდელმა ამბავმა დამანახა, რომ არც ისე ცუდი ბიჭი იყო და ჩემი ოინების გამო მრცხვენოდა.
დედაჩემმა რამდენჯერმე შემომხედა, მაგრამ თავი მოვიმძინარე და ისევ ფრთხილად გატრიალდა. ალბათ მამაჩემმა უთხრა რამე და ღელავდა ჩემზე. ამის გამო ცალკე შემაწუხა სინდისმა, რამდენს ვანერვიულებ და ვაბრაზებ. ღირსი არ ვარ ჩემზე უარესი შვილი გავაჩინო და გამიშროს სისხლი?..
ფიქრითა და ემოციებით გადაღლილმა ტვინმა როგორც იქნა დაძინება მოახერხა და საღამომდე მართლაც გემრიელად მეძინა. შიმშილმა რომ შემაწუხა მხოლოდ მაშინ გავაჭყიტე თვალები და ფეთიანივით წამოვხტი საწოლიდან.
სახლში სიწყნარე სუფევდა. აბაზანაში გავედი, ხელპირი დავიბანე გამოსაფხიზლებლად, თორემ ვატყობდი რომ ძილი მქონდა აყოლილი. სამზარეულოში გავედი და ქვაბები ავარახრახე. დედაჩემს გემრიელი აჯაფსანდალი გაეკეთებინა და მადიანად გეახელით.
კუჭი რომ ამოვივსე და აღრენილი მუცელი ჩავიწყნარე, დედაჩემის მოძებნა განვიზრახე. საძინებელში არ იყო, არც ლოჯიაში. მისაღებში რომ შევიჭყიტე, წამიერად გავშეშდი: სავარძელში იჯდა და ეძინა. ხელში ჩემი გახეული შარვალი ეკავა და აკერებდა. შემეცოდა, ღამეები არ სძინავს სამსახურის გამო, სახლში მოსულიც საქმეს ვერ ელევა. მთელი ღამის უძილო ერთ საათს თუ წაუძინებს, ის ჰგონია დასვენება. მეც არ ვუჯერებ არაფერს და ვანერვიულებ. არც არაფერში ვეხმარები, ჭურჭელი მაინც რომ დავრეცხო და სახლი დავალაგო. რა საზიზღარი შვილი ვარ მართლაც. გული მომეწურა. ფრთხილად მივუახლოვდი. ნემსი და ჩემი შარვალი გამოვართვი და პლედი მივაფარე. ახლა შევნიშნე რომ თმაში ჭაღარა კარგად შერეოდა. თვალის უპეებთან ნაოჭები გასჩენოდა. დავიხარე და შუბლზე ფრთხილად ვაკოცე.
შეიშმუშნა, თუმცა თვალები არ გაუხელია.
_გაიღვიძე?_დაბალი ხმით მკითხა._ჭამე და მაქსი გაასეირნე, რამდენი ხანია ყურადღება აღარ მიგიქცევია, ცოდოა.
_ვჭამე უკვე და ჩავალ მაშინ._ისევ ვაკოცე შუბლზე და მაქსის მოსაძებნად აივანზე გავედი.
ამან ცალკე ამითრთოლა გული, თავის ლეიბზე მოხვეული იწვა და რომ დამინახა, ისეთი საცოდავი თვალებით ამომხედა, შემეცოდა. საყელო რომ დამინახა ხელში, მხიარული წკმუტუნით წამოხტა და ისეთი შემომაბობღდა, ლამის წამაქცია.
_ჩემი ჭკვიანი ბიჭი, წავიდეთ გავისეირნოთ?_თან ვეფერებოდი და თან საყელოს ჩაბმას ვცდილობდი, მაგრამ მაქსი ისე იყო გახარებული, ვეღარ ვიმორჩილებდი.
ბოლოს, როგორც იქნა შევაბი და ეზოში ჩავედით. ცხოველებსაც რომ აქვთ გრძნობები და მათი გამოხატვა თავისებურად შეუძლიათ. მხიარული ყეფით დამყვებოდა, თან ისეთი საყვარელი თვალებით შემომხედავდა ხოლმე, მისი ჩაპროშვნის სურვილი მიჩნდებოდა.
კარგა ხანს ვირბინეთ მე და მაქსიმ. გვარიანადაც დავიღალე, მაგრამ მაქსის დაღლა საერთოდ არ ეტყობოდა. საყელოდან ავუშვი და მივანებე თავი. სკვერში სკამზე ჩამოვჯექი და შორიდან ვუთვალთვალებდი. თუ რამე არ მომეწონებოდა მაქსის ქცევაში, დავტუქსავდი და ისიც პატარა ბავშვივით მიჯერებდა.
მოშორებით გურიას მოვკარი თვალი, რომელიც ვიღაც უცნობ გოგონასთან ერთად სეირნობდა. გულწრფელად გამიხარდა მისი დანახვა. მანაც შემნიშნა და ჩემსკენ გამოემართნენ ორივენი.
_ვაა, ჯემალ? სად დაიკარგე, რამდენი ხანია აღარ მინახიხარ._მოსვლისთანავე ღონივრად ჩამომართვა ხელი და მარცხენა ხელი ბეჭზე მომიტყაპუნა.
_ჩემი შენ გითხარიო._ ვუთხარი და უცნობი გოგონა შეფარვით შევათვალიერე.
_ეს ჩემი კურსელია ცირა, თქვენს უბანში ქირით ცხოვრობს თურმე და არ ვიცოდი._მხიარულად მითხრა გურიამ.
ცირამ ნაზად გამომიწოდა ხელი.
_თათა._მე ჩემი მარჯვენა შევაგებე და ღონივრად ჩამოვართვი.
ცირას გაეღიმა და ორივე მხარეს ლოყები ჩაეჩხვლიტა. ძალიან ლამაზი ღიმილი ქონდა, მომეწონა. გურიაც მოჯადოებულივით შეჰყურებდა. ალბათ, ქრისტინემ საპასუხო გრძნობით რომ არ უპასუხა, ამანაც მალევე იპოვა შემცვლელი.
_ჯაბას ამბავს გაიგებდი ალბათ._ვკითხე და დაჟინებით მივაშტერდი.
_ხოო, რა ცუდი ამბავი შეემთხვა._შეწუხებული ხმით მითხრა გურიამ._რა ეშველება ახლა თუ თავისი სიმართლე ვერ დაამტკიცა?
_რა ვიცი აბა, გაფიქრებაც კი არ მინდა.
ერთ ხანს უხერხული დუმილი ჩამოწვა. მერე ისევ გურიამ მომიბოდიშა.
_ცირას ეჩქარება, მივაცილებ და მოვალ.
_კაი, არ არის პრობლემა. ცოტა ხანში მეც სახლში მივდივარ._დავამშვიდე მეგობარი და მაქსის მოსაძებნად გავეშურე.
ბევრი ძებნა არ დამჭირვებია, გაზონზე ბალახებში დარბოდა, ალბათ ხვლიკებს დასდევდა და შესაშინებლად უყეფდათ. ცოტა ხანს კიდევ დავრჩით ეზოში და შებინდებისას ავედით სახლში. დედაჩემს მეზობლის ქალები ყავდა სტუმრად და ყავის წრუპვით განიხილავდნენ უბნის ამბებს. კარებიდანვე მივესალმე ჭორიკანა მეზობლებს და ჩემს ოთახს მივაშურე. საწოლზე მადიანად გავიშხლართე. ჩემ ტელეფონში სიღნაღში გადაღებული სურათების დათვალიერება დავიწყე.
როგორ მომნატრებია ჯაბა... ცრემლიც კი მომერია თვალზე. ნეტა როგორ არის? პატიმრები ხომ არ აწუხებენ საკანში? მის გარეშე გატარებული დღეები გულიანად მოვიტირე და ტელეფონი გულში ჩავიხუტე. კარგა ხანს ვისლუკუნე, მერე კი ტირილით დაღლილს ჩამეძინა.
დილით რომ გამეღვიძა, პლედი მქონდა მოფარებული. საყვარელი დედაჩემი, რამდენს ვანერვიულებ და ვაბრაზებ, მაინც როგორ ზრუნავს ჩემზე. როგორ ვუყვარვარ. ვარ კი ღირსი? დღეს სამსახურშია და ამაღამ არ მოვა. რამდენს წვალობს, რომ ოჯახი არჩინოს და არაფერი მომაკლოს, მე კი, უმადური, რითი ვუფასებ?
ავდექი, თავი მოვიწესრიგე და სახლის დალაგება გადავწყვიტე, მაგრამ დედაჩემს სახლი დასალაგებელი ექნებოდა? ჭურჭელიც დარეცხილი დამხვდა. რითი მესიამოვნებინა აღარ ვიცოდი, ჩემი გასაკეთებელი საქმე არ დაეტოვებინა იმ ქალს. ღმერთია მოწმე, დახმარება მინდოდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ჩემი საწოლი ავილაგე, მაქსი დავაპურე. მეც გემრიელად ვისაუზმე და სახლიდან გავედი. სად მივდიოდი ჯერ გადაწყვეტილი არ მქონდა, მაგრამ მაინც მივდიოდი უმისამართოდ.
ჩვენს უბანს რომ გავცდი, ქრისტინე შემომხვდა წინ. არ ვიცი იმას უფრო გაუხარდა ჩემი დანახვა თუ მე მისი, სიყვარულით გადავეხვიეთ ერთმანეთს და კარგა ხანს ვიპროშნავეთ.
_თქვენი შეხვედრა ცხრა საათზე კურიერში იქნება ამაღამ._სიცილით გვითხრა მოულოდნელად თავსწამომდგარმა გურიამ, რომელიც ცირასთან ერთად სეირნობდა და გვერდით ჩაგვიარა.
_მოკეტე რა._ვითომ გაბრაზებულმა მივაძახე მეგობარს.
ცირა ღიმილით მომესალმა და ისე, რომ არც შეჩერებულან, განაგრძეს გზა.
_სად ხარ, რას დაიკარგე? თან ისევ შენებურად ჩაგიცვია._საყვედურით მითხრა ქრისტინემ და წყენით შემათვალიერა ჩემს აჯაჯულ-დაჯაჯულ ტანსაცმელში.
_ხო, რა ვიცი, ცოტა საქმეები მქონდა._თავის მართლებას შევეცადე.
_ჯემალას ამპლუას რატო დაუბრუნდი?
_სანამ ჯაბა არ გამოვა ციხიდან ასე გადავწყვიტე.
კარგა ხანს უხმოდ და სინანულით მიყურა. ბოლოს კი ღიმილით მკითხა:
_სად მიდიოდი ასე გამწარებული?
_ზეზვას სანახავად._არც კი დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე და ზუსტად მაშინ გადავწყვიტე იქ წასვლაც.
_ზეზვასი?_გაუკვირდა.
_ხო, საავადმყოფოში წევს, არ იცოდი?_ისე ვკითხე, თითქოს ვალდებული იყო და უნდა სცოდნოდა.
_რა მოუვიდა?_აშკარად შეშფოთდა ქრისტინე და სახე შეეცვალა.
_ფეხი მოიტეხა.
_უი, შეიძლება მეც წამოვიდე?_ისეთი მოულოდნელი იყო ეს კითხვა ჩემთვის, რომ ცოტა დავიბენი. მერე კი, ხელკავი გამოვდე და საავადმყოფოსკენ გავწიეთ.
გზად მაღაზიაში შევიარეთ და სასუსნავები ვიყიდეთ. პალატაში პირველი მე შევედი. ისე გაუხარდა ავადმყოფს ჩემი დანახვა, ემოციების დამალვა არც უცდია. ოდნავ წამოიწია კიდეც საწოლზე, სადამდეც ჩამოკიდულმა ფეხმა მისცა საშუალება. პირი ხომ ყურებამდე გადაეხსნა ღიმილისგან. ჩემს უკან მორიდებით შემოსულ ქრისტინეს რომ მოჰკრა თვალი, მაშინ კი წამიერად დაიბნა. მერე ნახევრად შიშველ სხეულზე ზეწარი გადაიფარა და გაოცებული თვალებით შემომხედა. ქრისტინე მორიდებით მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა.
_როგორ ხარ?_ ეს ჰკითხა და შევატყე როგორ გაწითლდა.
_ახლა უკეთესად._ბედნიერებისგან გაუცისკროვნდა ზეზვას სახე და მადლიერი თვალებით გადმომხედა.
მე რა შუაში ვიყავი ვერ ვხვდებოდი, ქრისტინემ თვითონ გამოთქვა მასთან წამოსვლის სურვილი.
აქამდე ენაწყლიანი ზეზვა ქრისტინეს დანახვაზე თითქოს დამუნჯდა. დაბნეული ლაპარაკსაც ვეღარ ახერხებდა. ქრისტინეც მალულად უმზერდა ფეხჩამოკიდებულ ბიჭს და მის ყოველ შეხედვაზე წითლდებოდა. აშკარა იყო, რომ ერთმანეთის მიმართ გულგრილები არ იყვნენ.
_შენებმა გაიგეს?_უხერხული დუმილის დარღვევა ვცადე.
_კი, ჩემი და აქ არის. ექიმის სანახავად გავიდა და მალე მოვა.
_ტკივილები ხომ არ გაწუხებს?_მის საწოლთან სკამი მივაჩოჩე და ქიმზე ჩამოვჯექი._მოდი, შენც დაჯექი._ქრისტინეც მივიპატიჟე.
რატომღაც მეგონა უარს მეტყოდა და ძალიან გამიკვირდა ღიმილით რომ მომიახლოვდა და გვერდით ჩამომიჯდა. აქამდე ხელში შერჩენილი პარკი კი ზეზვას გაუწოდა.
_ეს ტკბილეული შენ.
ჩემს საზიზღარ თვალს არ გამოჰპარვია პარკის ჩამორთმევისას როგორ დაიჭირა ზეზვამ ქრისტინეს თითები და როგორ უარესად გააწითლა გოგო. ეშმაკურად გამეღიმა. რა ეგონათ ამათ, რამეს გამომაპარებდნენ ვითომ?
_ჯაბას ამბები როგორ მიდის?_როგორც იქნა მოსწყვიტა ქრისტინეს თვალი და მე შემომხედა ზეზვამ.
_ჯერჯერობით არაფერი ვიცი._ჯაბას ხსენებაზე ცოტა მოვიწყინე და გუნებაც წამიხდა.
_ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ._დამაიმედა და ისევ ქრისტინეს გადახედა.
_დიდხანს მოგიწევს ასე წოლა?_ჩამომიკიდებულ ფეხზე ვანიშნე.
_სამიდან ექვს კვირამდეო ექიმმა, რა ვიცი აბა. დავიღალე კი უკვე და...
_გაუძლებ, ყოჩაღი ბიჭი ხარ._ახლა მე დავაიმედე და სამივეს ერთდროულად გაგვეცინა.
ამ დროს ზეზვას დაც შემოვიდა პალატაში და გაოცებულმა ეჭვით შეგვათვალიერა.
_ეს ჩემი მეგობრები არიან თათა და ქრისტინე. ეს კი ჩემი დაა მთვარისა._ გაგვაცნო ერთმანეთი ზეზვამ.
ზეზვას რომ არ ეთქვა ჩემი დააო, მაინც მივხვდებოდი, გაჭრილი ვაშლივით ჰგვანდნენ ერთმანეთს. ცოტა ასაკში იყო სხვაობა, თორემ ტყუპები მეგონებოდნენ.
_რაო ექიმმა?_ინტერესით შეხედა მთვარისას.
ჩვენც გულისყურით მივაშტერდით მის უფროს დას.
_ოპერაციამ კარგად ჩაიარა. დაწყნარდი, მეტალის ამოღება საჭიროებას არ წარმოადგენსო.
_ეგ კაი, მაგრამ კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიყო ასე ჰაერში ჩამოკიდული?_საწყალობელი ხმით იკითხა უკვე შეწუხებულმა ზეზვამ.
_დიდხანს არა, დამშვიდდი.
მოულოდნელად ქრისტინე ფეხზე წამოდგა.
_ჩვენ წავალთ._მორიდებით თქვა და წასასვლელად მოემზადა.
ზეზვაზე მეტად გაოცებული მე დავრჩი. გამიკვირდა, ასე უცბად რატო მოისურვილა წასვლა, მაგრამ თქმით არაფერი მითქვია, ზანტად წამოვდექი მეც.
_გამიხარდება თუ კიდევ მომინახულებთ._ხელი გამომიწოდა ზეზვამ.
_შევეცდებით._გულწრფელად გავუღიმე, ხელი ენერგიულად ჩამოვართვი და პალატიდან გამოვედით.
მთვარისამ ლიფტის კარამდე მიგვაცილა ზრდილობიანად.
_მადლობა ჩემ ძმას რომ ნახულობთ.
_არაფერს, რა მადლობა, მეგობრები რისთვის ვართ?_შევღიმე.
ქრისტინემ ლიფტით ჩასვლა მოისურვილა. ძალიანაც არ მინდოდა, ჩემებური სირბილი მერჩივნა, მაგრამ ხათრი ვერ გავუტეხე. გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით ვიდექი ლიფტის კაბინაში და ერთი სული მქონდა როდის ჩააღწევდა პირველ სართულამდე. თითქოს სული მეხუთებოდა. ვერასდროს ვიტანდი ლიფტით ასვლა-ჩასვლას. ცოტაც და გული წამივიდოდა ალბათ. სულზე მომისწრო ლიფტის კარის გაღებამ.
_შენ რა, კლაუსტროფობია გჭირს?_გაოცებით შემომხედა ქრისტინემ.
_ეგ რაღა ჯანდაბაა?_გამიკვირდა.
_ჩაკეტილი სივრცის შიშია. აი, მაგალითად ლიფტის, მატარებელის, კარავის, გვირაბის... მოკლეთ, სადაც დახურული სივრცეა რა. სხვათაშორის, ბრბოში ყოფნის შიშიც კლაუსტროფობიის ფორმაა.
_არ ვიცი. ლიფტი კი ნამდვილად არ მიყვარს.
_ოხ, შე მშიშარა._ღიმილით გამომდო ხელკავი და შენობიდან კი არ გამომიყვანა, გამომარბენინა.
_შენ კიდევ მატყუარა ხარ.
_რა მოგატყუე?_გაჩერდა და გაკვირვებულმა შემომხედა.
_ზეზვა მაწუხებსო, არა და მის მიმართ გულგრილი ნამდვილად არ ხარ, დაგინახე როგორ უყურებდი.
მოულოდნელობისგან დაიბნა და ისევ გაწითლდა.
_მართალია, მაწუხებდა. არ მინდოდა ჩვენებს გაეგოთ.
_მე კიდევ ლამის ვცემე, აღარ შეაწუხო-მეთქი.
_აღარც შევუწუხებივარ... კარგი ბიჭია...
_თავისზე უხეიროს სჯობია._გამეცინა._რატო ერთხელ მაინც არ მითხარი, რომ მოგწონდა?
ქრისტინე ისევ გაწითლდა ჭარხივით.
_საცოდავ ბიჭს შენთვის ყვავილები ქონდა ნაყიდი და მე რომ შევხვდი ურნაში გადაუძახა. იცი როგორ შემეცოდა?
_იცი, სანამ მირეკავდა, მეგონა რომ ვწუხდებოდი. მაგრამ, რომ აღარ დამირეკა, მივხვდი რომ რაღაც მეკლდა. მერე მის ფეისბუქზე ფოტოები დავათვალიერე და აღმოვაჩინე, რომ მომწონდა.
გამეცინა.
_რა გაცინებს?_გაუკვირდა.
_არაფერი, ისე. მეგონა მარტო მე ჩავდიოდი საყვარელი ადამიანის გამო სისულელეებს, თურმე ჩემნაირები ამ სამყაროში უხვად ყოფილან._მხრებზე მოვხვიე ხელი და ისე განვაგრძეთ გზა.
სახლში მისულს მამაჩემის მანქანა სადარბაზოს წინ დამხვდა. გულმა რეჩხი მიყო. მაინცდამაინც ცუდზე დავიწყე ფიქრი და სადარბაზოში ისე შევედი, გვერდით არ კი გამიხედავს. სულმოუთქმელად ავირბინე კიბეები და ბინის კართან ატუზული მაჩემი რომ დავინახე, უარესად ავკანკალდი. ცოტაც და პანიკის შეტევა დამეწყებოდა.
ალბათ სახეზე ფერი აღარ მედო.
_თათა, შვილო, კარგად ხარ?_თითქოს შორიდან ჩამესმა მისი ხმა.
_ხო, კარგად ვარ, რა ხდება?_ეს ვთქვი და ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, რომ კარგად ვიყავი, მაინც იქვე ჩავიკეცე.
მამაჩემმა იმარჯვა და ხელში ამიტაცა.
_რა გჭირს შვილო?_სასოწარკვეთილმა ჩამძახა და მაშინვე კიბეებზე დაეშვა.
ამასაც ჩემსავით არ ყვარებია ლიფტი_ამის გაფიქრება მოვასწარი და მერე არაფერი მახსოვს...
მანქანის სავარძელში მოვედი გონს. შეშფოთებული მამაჩემი ბოთლით წყალს მასხავდა და ყურის ბიბილოებს მიზელდა.
_კარგად ვარ._ეს რომ ამოვილუღლუღე, ცოტა დამშვიდდა. ღვედი გადამიჭირა და მაშინვე საჭეს მიუჯდა.
_სად მივდივართ?_გამიკვირდა.
_შენ როგორ ფიქრობ?_შეშინებული თვალებით გადმომხედა._ ექიმთან.
_არ მინდა, კარგად ვარ._შევეწინააღმდეგე.
_გინდა თუ არ გინდა, ექიმთან მიმყავხარ. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს._ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა, ვეღარ შევეწინააღმდეგე.
ზოგადად ექიმები არ მიყვარს რატომღაც. მაგრამ რატომ მაქვს მათზე ცუდი წარმოდგენა, ნამდვილად არ ვიცი. გაუსაძლისად მომეჩვენა ის პროცედურები, რაც ექიმების მოვალეობებია. ახლა ლოდინი, სანამ სისხლის ანალიზის პასუხს ავიღებდით და მერე ისევ ექიმთან დაბრუნება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.
_ყველაფერი ნორმაში აქვს, ცუდი პასუხები არ არის._გულდასმით რომ ჩაიკითხა ახალგაზრდა ექიმმა, ღიმილით შეხედა მამაჩემს._უბრალოდ გადაღლის და უძილობის ბრალია. ეტყობა სტრესი გადაიტანა რამე._მერე მე მომიბრუნდა ღიმილით._ყველაფერზე ნერვიულობა და ყველაფრის გულთან მიტანა არ ღირს. ჯანმრთელობასაც უნდა მიხედოს კაცმა. კარგად უნდა იკვებო, კარგად გამოიძინო და სუფთა ჰაერზე ისეირნო.
_ხომ გითხარი კარგად ვარ-მეთქი?_ ცოტა წყენით შევხედე უკვე დამშვიდებულ მამაჩემს და საავადმყოფოდან გამოსული მის მანქანაში კი არ ჩავჯექი, ჩავხტი.
_ხომ გაიგე: კარგად უნდა იკვებო, კარგად დაიძინო და კარგად დაისვენო?_აქეთ შემომიბრუნა კითხვა.
ხმა აღარ გამიცია. ჩაწეული ფანჯრიდან მონაბერ ნიავს თვალებმინაბულმა მივუშვირე სახე და ასე ვიმგზავრეთ კარგა ხანი. გვიან აღმოვაჩინე, რომ ჩვენი სახლისკენ არ მივდიოდით და გამიკვირდა.
_სად მიგყავარ?
_როგორც ვიცი ამაღამ დედაშენი სახლში არაა და მარტოს არ დაგტოვებ. ღმერთმა ნუ ქნას ისევ ცუდად გახდე, ვინ მოგხედავს. ხვალამდე ჩემი სტუმარი იქნები.
_რაა?_ისევ დამეწყო პანიკის შეტევა._მე რატო არ მეკითხები მინდა თუ არა შენთან წამოსვლა?
მამაჩემმა წყრომით გადმომხედა.
_მეყო რაც აქამდე გეკითხებოდი და შენს ნება-სურვილზე დავდიოდი. დღეს ჩემთან დარჩები და მორჩა._ასეთი მკაცრი და შეუვალი არასდროს მენახა.
მივხვდი, შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა და რაღაც გასასამართლებელი უნდა მომეფიქრებინა, რომ მასთან დღევანდელი სტუმრობისგან თავი დამეღწია.
_მაქსის ვერ დავტოვებ მარტოს. დაანგრევს იქაურობას. ცოდოა, ჭამაც ხომ უნდა._ისეთი საცოდავი ხმით ვთქვი, თვითონვე შემეცოდა ძაღლიც და საკუთარი თავიც.
მამაჩემმა ერთხანს უხმოდ მიყურა, მერე მოულოდნელად შემოაბრუნა მანქანა და ჩემი სახლისკენ აიღო გეზი. ისე გამიხარდა, სიხარული ვერ დავმალე. თუმცა , ზეიმი ნაადრევი გამოდგა. სადარბაზოს წინ მანქანა რომ შემიჩერა, თვითონაც გადმოვიდა და ბინაში ამომყვა.
_წამოიყვანე შენი მაქსი და წავიდეთ.
_რაა?
_წამოიყვანე შენი მაქსი, ამაღამ ჩემთან დარჩებით.
_რომ არ მინდა?_ძლივს გავუბედე შეპასუხება.
_შენ არ გინდა მე მინდა._მკაცრად გადმომხედა._საჭირო ნივთები წამოიღე, გელოდები, სამსახურშიც ვარ წასასვლელი.
უხალისოდ დავემორჩილე მის ბრძანებას. მთელი გზაც უხმოდ ვიმგზავრეთ. წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა შევხვედროდი მამაჩემის მეორე ცოლს და ჩემს ნახევარ და-ძმას. მამაჩემსაც ვატყობდი, რომ უნდოდა ჩემი იქ მიყვანა, მაგრამ ეფიქრებოდა როგორ მივიღებდით ერთმანეთს.
შორი გზა იყო მათ სახლამდე, მაგრამ ისე მომეჩვენა, რომ ძალიან მალე მივედით. კერძო ორსართულიანი სახლის ჭიშკართან შეჩერებული მანქანიდან გადასვლა აღარ მინდოდა, მაგრამ მაქსიც აღარ ჩერდებოდა და სანამ სულ დალეწავდა მანქანის სალონს, ჩავიყვანე. ყვავილებით გადაჭედილ პატარა ეზოშიც შევედით. გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა. მეგონა საცაა გამისკდებოდა. სასიამოვნო შესახედაობის ქალი, რომელსაც ორიოდე წლის ბიჭუნა ეკავა ხელში, გამოგვეგება. ბავშვს ისეთი დაბუშტული ლოყები ქონდა, თვალი ვერ მოვწყვიტე. ის კი გაოცებული და გაფართოებული თვალებით, რომელიც უდაოდ მამაჩემისგან ერგო მემკვიდრეობით, მისჩერებოდა მაქსის, რომელსაც ძლივს ვაკავებდი.
_ეს თათაა ძვირფასო და ამაღამ ჩვენთან დარჩება._რბილად უთხრა ქალს მამაჩემმა. დიდი სიყვარული და მოწიწება იგრძნობოდა მის ხმაში.
ქალს არ გაუპროტესტებია. ადვილად დაჰყვა მამაჩემის სურვილს. ისე კი ინტერესით შეგვათვალიერა მე და მაქსი. მე კი ჩემ მხრივ ეჭვით შევხედე მშვენიერ ქალს, რომელმაც ერთ დროს მამაჩემს თავი დააკარგვინა და ცამეტი წლის ნალოლიავებელი ოჯახი დაანგრევინა.
_მაქსის ჩვენი ლუსის ადგილზე დავაბამთ._მითხრა მამაჩემმა და ჯაჭვი გამომართვა, რომელიც ისე ძლიერად მეკავა ხელში, მგონი სისხლი აღარ მიმოძრავებდა თითებში.
_მერე ლუსი?_გაკვირვებით შევხედე.
_ლუსი მოკვდა._დამამშვიდა და ეზოს კუთხისკენ გაეშურა.
_მაქსი რომ დაბმას არაა მიჩვეული? გაუშვათ, არსად წავა სანამ აქ ვიქნები.
_ყვავილებს არ გააფუჭებს?.._მორიდებით იკითხა აქამდე ჩუმად მდგარმა ქალმა.
გაბრაზებულმა შევხედე.
_მგონი ისეთსას არაფერს გააფუჭებს, რაც თქვენ გაგვიფუჭეთ წლების წინ მე და დედაჩემს.
ქალმა საცოდავად გადმომხედა, მამაჩემმა კი წყრომით. ვინანე ჩემი ენამწარეობა, მაგრამ არ ვაღიარე, მედიდური ნაბიჯებით მივყევი მამაჩემს უკან და სანამ მაქსის აბამდა თვალმოუშორებლად შევყურებდი მის ყოველ მოძრაობას. საქმეს რომ მორჩა წამოდგა და შემომხედა.
_ძველი წლების ხათრით, რაც ერთად გაგვიტარებია, წესიერად მოიქეცი. ქეთი არ არის დამნაშავე იმაში, რაც ჩვენ შეგვემთხვა. არც შენი და-ძმა, ამიტომ მათ ნუ გაუბრაზდები და ნუ მოსთხოვ პასუხს. მათზე ნუ დაიბოღმები. გინდა არ გინდა დემნა და მირანდა შენი ნახევარ და-ძმანი არიან. არ გთხოვ გიყვარდეს და სულში ჩაიძვრინე მეთქი. პატივისცემით და გაგებით მოეპყარი. მე სამივენი ძალიან მიყვარხართ, ვერც ერთს ვერ გამოგარჩევთ, ნებისმიერისთვის შემიძლია სიცოცხლის დათმობა. თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს, ზრდილობიანად მოეპყარი ქეთის. _ონკანზე წყალი მოუშვა და ხელები დაიბანა._მე სამსახურში მაგვიანდება. საღამოს მოვალ და ჯაბას საქმეზე დავილაპარაკებთ.
ჯაბას ხსენებაზე ყურები ვცქვიტე.
_ყველაფერი კარგადაა?
_საღამოს მოვალ და დავილაპარაკებთ._ისევ გამიმეორა, თვალებზე ჩამოშლილი თმა გადამიწია და შუბლზე მაკოცა._გთხოვ, ზრდილობიანად და წესიერად მოექეცი ქეთისა და ბავშვებს. არჩევანის წინაშე ნუ დამაყენებ, ვერც ერთს ვერ დაგთმობთ, გამიგე.
ხმა არ გამიცია. თვალმოუშორებლად შევყურებდი სველი ხელით როგორ იწმენდდა მტვრიან შარვალს. მერე ისევ გადაიბანა ხელები და წავიდა. ქუჩის კარებთან ქეთის გამოელაპარაკა. არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ ორივეს დიდი მოწიწება და სიყვარული ეწერა სახეზე. მერე მამაჩემი გადაიხარა და ქალს ტუჩებში აკოცა. მერე დემნა ჩაპროშნა და წავიდა. შემშურდა მათი ტკბილი ოჯახური იდილიისა. ქეთი რომ არ გამოჩენილიყო მამაჩემის ცხოვრებაში, ჩვენც ხომ ასე ტკბილად ვიცხოვრებდით? ბოროტული მზერა მივაპყარი ქალს, რომელმაც იგრძნო ჩემი მისადმი დამოკიდებულება და შეკრთა. გაუბედავად გამოეშურა ჩემსკენ. ალბათ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ მშვიდად და ღიმილით ეკითხა:
_პური არ გშია? წამოდი ვისადილოთ.
_არ მინდა._ბრიყვულად მივუგე და ჩრდილში ჩამოვჯექი.
ქალს აღარ დაუძალებია, უხმოდ გატრიალდა და სახლში შევიდა.
ბოღმა და სიბრაზე ერთნაირად მახრჩობდა. უფრო ის მაბრაზებდა, რომ ნაკლი ვერ გამოვუნახე ამ ქალს. მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მაგრამ აღიარება არ მინდოდა.
მოულოდნელად დაჟინებული მზერა ვიგრძენი და იქით გავიხედე. ოთხიოდე წლის თვალებბრიალა გოგონა გაოცებით და მორიდებით მომჩერებოდა. რომ დამინახა მივხედე, შერცხვა და ვარდის ბუჩქს ამოეფარა. ცოტა ხანში ისევ გამოყო თავი და გამიღიმა. მერე მორცხვად მომიახლოვდა. თავიდან ფეხებამდე ინტერესით შემათვალიერა და გვერდით მომიჯდა.
_შენ ვინ ხარ?_ისეთი გულუბრყვილო თვალებით მომჩერებოდა, ტანზე ტაომ დამაყარა.
ერთ ხანს უხმოდ მივჩერებოდი ცნობისმოყვარე ბავშვს, რომელიც რაღაცით ჩემს თავს მაგონებდა. ბოლოს გავბედე და გამოველაპარაკე.
_მე თათა ვარ, შენ?
_მე მირანდა. ჩვენთან უნდა იცხოვრო?_მოულოდნელად მკითხა და მომაშტერდა თავისი დიდრონი შავი თვალებით.
დავიბენი.
_არა, ერთი ღამით მარტო._ძლივს ამოვილუღლუღე.
_ჩემს ოთახში დარჩები? კარავი მაქვს, მამიკომ მიყიდა. როცა მეშინია, იქ შევდივარ და ვიმალები.
_რისი გეშინია?_გამიკვირდა.
_არ ვიცი._ისე საყვარლად აიჩეჩა მხრები გამეღიმა.
_მირანდა, სად ხარ?_სახლიდან ქეთის ხმა შემომესმა.
_ახლავე დე._ბავშვი სწრაფად წამოხტა და სახლისკენ მკვირცხლად გაიქცა.
ალბათ ნახევარი საათი ვიჯექი კიდევ ეზოში და ლამაზ ყვავილებს ვათვიერებდი. მოულოდნელად სახლიდან დემნა გამოვიდა და რაცრაცით გამოექანა ჩემსკენ. რამდენჯერმე წაბორძიკდა და გული შემიქანდა. დათვივით საყვარლად მობაჯბაჯებდა. თვალი ვერ მოვწყვიტე. რაღაც უცნაური განცდა მეუფლებოდა მის შემხედვარეს. ათი ნაბიჯიღა ექნებოდა ჩემამდე მოსასვლელი, რომ ფეხი რაღაცას წამოჰკრა და წაიქცა. უმალ წამოვხტი, გულისფანცქალით მივირბინე და ატირებული ბავშვი ხელში ავიტაცე. პაჭუა ცხვირი დაერტყა და სისხლი მოსდიოდა. მაშინვე ონკანთან მივარბენინე და მოვბანე. ისეთი კურცხალი ცრემლები სცვიოდა, შემეცოდა.
_ნახე, რა მალე მოგირჩეს. _დავიხარე და ნატკენ ცხვირზე ფრთხილად ვაკოცე._სანამ დიდი ბიჭი გაიზრდები დაგავიწყდება. აი, ნახე თუ არა.
მერე ხელებიც დავბანე. ონკანთან ჩამოვჯექი და ცოტათი დაწყნარებული ბავშვი კალთაში ჩავისვი. თან ხელსახოცი დავასველე და ნატკენ ცხვირზე დავაფინე, რომ ძალიან არ ჩალურჯებოდა.
_იცი, მე რომ შენხელა ვიყავი რამდენჯერ გავიტეხე ცხვირი? გამოცდილი მაქვს როგორი მტკივნეულიცაა, ყოჩაღ შენ რომ ასე ვაჟკაცურად უმკლავდები და ბევრს არ ტირიხარ._შუბლზე ჩამოშლილი კულულები გადავუწიე და ისევ ვაკოცე.
ჩემი ყოველი მოქმედება ძალდატანებული არ ყოფილა, ყველაფერი თავისთავად და წინასწარ გააზრების და გაფიქრების გარეშე ხდებოდა. რაღაც ამოუხსნელ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი ამ ბავშვის მიმართ და მისი ყოველი ცრემლი გულს მიკუმშავდა.
კარგა ხანს ვესაუბრე და დავაწყნარე როგორც იქნა. მერე შემთხვევით შორიახლოს მდგარ ქეთის მოვკარი თვალი, რომელიც დაჟინებით მომჩერებოდა და შემრცხვა. ფრთხილად ავდექი და ბავშვი მას მივუყვანე.
_მადლობა._ისეთი ხმით მითხრა და ისეთი თვალებით შემომხედა, შემრცხვა ჩემი მისადმი სიძულვილის. დემნა ფრთხილად გამომართვა და სახლში შემიპატიჟა._შენთვის ოთახი მოვამზადე, ცოტა დაისვენე და მერე ვისადილოთ.
ვერ გადამეწყვიტა შევსულიყავი თუ არა, რომ მირანდამ ხელი მომკიდა და ჩემთვის განკუთვნილი ოთახისკენ ტიკტიკით წამიძღვა. არ შევწინააღმდეგებივარ. მამაჩემის სიტყვები მიტრიალებდა თავში, თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს, ზრდილობიანად მოიქეციო და ნაწილობრივ ეს, და ნაწილობრივ ამ ბავშვების ამოუხსნელი მიზიდულობის ძალა მაკავებდა, რომ ჩემებური ზიზღი და ბოღმა არ გადმომენთხია ქეთიზე, რომელიც არაფერს მიშავებდა და მხოლოდ იმას ცდილობდა რა ესიამოვნებინა ჩემთვის.
მირანდამ ნათელ და ძალიან ლამაზ ოთახში შემიყვანა. მსიამოვნებდა მათი ყურადღება, მაგრამ თან მაცოფებდა და მაბრაზებდა. ხელჩაკიდებული დამატარებდა მოუსვენარი გოგონა და ოთახის ყოველ კუთხე-კუნჭულს მათვალიერებინებდა.
_კარგი, ახლა მარტო დატოვე სტუმარი რომ დაისვენოს და მოგვიანებით ეთამაშე._დაარიგა დედამ და მანაც მაშინვე გამიშვა ხელი.
_მეც უნდა დავიძინო ეხლა და რომ გავიღვიძებ მერე ვილაპარაკოთ._ტიკტიკით მითხრა და ოთახიდან მაშინვე გავიდა.
ოთახში მარტო დარჩენილმა გულდასმით მოვათვალიერე ყველაფერი და საწოლზე ჩამოვჯექი. სიძულვილი, სიბრაზე და ბოღმა ერთნაირად მახრჩობდა. თუმცა, რაღაც ამოუცნობი გრძნობაც მეუფლებოდა ამ ბავშვების მიმართ, ასე რომ მიზიდავდნენ რაღაც უხილავი ძაფებით. საწოლზე გულაღმა გადავწექი და ჭერს მივაშტერდი უაზროდ. მერე გავიგე რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა. არ მიმიქცევია ყურადღება. ვიგრძენი რომ ის ვიღაც მომიახლოვდა და საწოლზე ამომიბობღდა. წამოვიწიე და გაკვირვებულმა შევხედე. მირანდა იყო. თვალებში ეშმაკუნები უთამაშებდა.
_შეიძლება შენთან დავიძინო?_ჩურჩულით მკითხა.
გამეღიმა მის ამ ბავშვურ და მიამიტურ საქციელზე. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და საწოლის კიდისკენ მივიწიე, რომ თვითონაც დაწოლილიყო. სიხარულით მომიწვა, ჩამეხუტა და ასე გარინდულს მალევე ჩაეძინა ტკბილად.
მისი ბავშვური მშვიდი სუნთქვა გულს მიფორიაქებდა რატომღაც. ოდნავადაც კი არ ვინძრეოდი, რომ არ შემეწუხებინა და არ გამეღვიძებინა. თვალმოუშორებლად შევყურებდი და ჩემი ბავშვობა მახსენდებოდა. ასე მეგონა, მე ვიყავი, ოღონდ დაპატარავებული. ეგ იყო მხოლოდ, რომ მე დედის მწვანე თვალები მქონდა, ამას კიდევ შავი, მამაჩვენისა.
კარგა ხანს ვიწექი ასე გაუნძრევლად და ვდარაჯობდი მის მშვიდ ძილს. რღაც სასწაული განცდა მეუფლებოდა, რომლის ახსნაც ვერ მომეძებნა ჩემს თავში. უმოძრაოდ ყოფნაში ბოლოს მეც მომერია ძილი და ისე ტკბილად ჩამეძინა, ვერაფერი გავიგე. კარგა ხანს გვეძინა. არ მახსოვს პირველმა რომელმა გავიღვიძეთ. ფანჯრიდან რომ გავიხედე, საღამო იყო უკვე. მირანდამ ხელი ჩამავლო და აბაზანაში გამიყვანა ხელ-პირის დასაბანად. ხელში ავიყვანე, რომ ნიჟარას და ონკანს მისწვდომოდა და ისე დაიბანა თავისი პატარა, ბუთხუზა ხელები და მერე პირიც მოიბანა საყვარლად. დაბლა რომ ჩამოვსვი, დამელოდა სანამ მეც არ დავიბანე და ისევ ხელჩაკიდებულები გამოვედით.
სამზარეულოდან შემწვარი ბადრიჯნის და ხორცის სუნი გამოდიოდა. ამ მადისაღმძვრელ სურნელზე მუცელი ამიღრუტუნდა და მამცნო რომ მშიოდა.
_მამიკო მოსულა!_აღტაცებით შეყვირა მირანდამ, ხელი გამიშვა და მისაღებ ოთახში კისრისტეხით შევარდა.
მეც უკან მივყევი. დავინახე როგორ შეახტა სავარძელში მჯდარ მამაჩემს, როგორ ჩაუჯდა კალთაში და როგორ ჩაეხუტა. ჩემი თავი გამახსენდა მის ასაკში. მონატრებისგან ამიწყლიანდა თვალები. თუმცა, ცრემლის გადმოგორებისგან მაინც შევიკავე თავი. არ მინდოდა ჩემი სისუსტე გამომემჟღავნებინა. მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ძლიერი ვიყავი. ასეთი ვჩანდი კიდეც უმრავლესობის თვალში. მხოლოდ მე ვიცოდი რა ორომტრიალიც სუფევდა ჩემს გულში.
_როგორ გეძინა, მირანდამ ხომ არ შეგაწუხა._ღიმილით მკითხა მოულოდნელად თავს წამომდგარმა ქეთიმ.
_არ შევუწუხებივარ. მადლობა, კარგად მეძინა._უნებლიე მადლობა რომ წამომცდა, ჩემს თავზე გავბრაზდი, რა მემადლობლებოდა ნეტა?
_სუფრა მზად არის, წამოდით ვივახშმოთ._ღიმილით უთხრა მამაჩემს და ასევე ღიმილით გავიდა ოთახიდან.
მამაჩემი ფრთხილად წამოდგა სავარძლიდან. მირანდა ისევ კისერზე ეკიდა. მე რომ მომიახლოვდა, მეორე ხელი მე მომხვია და სამზარეულოსკენ დამიპირა გაყვანა.
_მე არ მშია._ვუთხარი და ადგილიდან არ დავძრულვარ.
_დაგავიწყდა რა გითხრა ექიმმა?_მკაცრი გამომეტყველებით მომხედა._შენ თუ დაგავიწყდა, მე მახსოვს: კარგად უნდა იკვებოვო. ნუ ჯიუტობ ახლა._ისეთი ძალით მიბიძგა, გუნებაში გამეღიმა.
აღარ გავძალიანებულვარ. ეს ოხერი შიმშილიც მაწუხებდა ძალიან, თორემ მართლა არ დავემორჩილებოდი.
ქეთის მშვენივრად გაეწყო სუფრა. მამაჩემის გვერდით ჩამოვჯექი. მართალია ძალიან მშიოდა, მაგრამ ცოტა მაინც დავიმორცხვე, მერე კი ისე მადიანად გეახელით დედაჩემის მეტოქის მომზადებული კერძები, თითქოს ერთი თვის მშიერი მაინც ვყოფილიყავი. მირანდა გვერდით მეჯდა და თან ჭამდა და თან მეტიკტიკებოდა თავისი ბავშვური, რაღაცნაირად საყვარელი ხმით.
ვახშამს რომ მოვრჩით, მამაჩემმა კაბინეტში დაგელოდებიო მითხრა. ქეთის ვახშმისთვის თავაზიანი მადლობა მოუხადა და ოთახიდან გავიდა.
სუფრიდან რომ წამოვდექი, ჩემდა გასაკვირად, დასვრილი ჭურჭლის მოქუჩება დავიწყე.
_უი, რას აკეთებ?_შეიცხადა ქეთიმ და ჭურჭელი გამომართვა._მამაშენი გელოდება. მირანდა მიგაცილებს იქამდე._ისეთი გულწრფელი ღიმილით მიმზერდა, თავი უკანასკნელი ნაძირალა მეგონა მის მიმართ სიბრაზით და სიძულვილით რომ ვიყავი განმსჭვალული.
მირანდამ მაშინვე ხელი ჩამავლო და მამაჩვენთან კაბინეტში გამიყვანა.
_შენ დედიკოსთან გაიქეცი, კარგი?_სიყვარულით მოუჩეჩა თმა და მირანდა რომ გავიდა, კაბინეტის კარი მიხურა.
გაოცებულმა მოვათვალიერე კაბინეტი, სადაც ჩემი ფოტოები უხვად იყო გამოფენილი დემნასა და მირანდას ფეტოებთან ერთად. კარგა ხანს დამუნჯებულივით ვიდექი და ვათვალიერებდი ყოველ კუთხე-კუნჭულს.
_დაჯექი, სერიოზული სალაპარაკო მაქვს._რომ მაცალა დათვალიერება, მხოლოდ მაშინ მითხრა მამაჩემმა და რბილ ტყავის სკამზე მანიშნა რომ ჩამოვმჯდარიყავი.
_იყოს ვიდგები._თითქოს უკუდო ვირზე ვიჯექი და ჩამოსვლა აღარ მინდოდა. თხასავით ვჯიუტობდი.
_ნუ ჯიუტობ, დაჯექი და მომისმინე.
ისეთი თვალებით მიმზერდა, მივხვდი რომ მართლა რაღაც ძალიან სერიოზული უნდა ეთქვა. ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც და სკამზე მოწყვეტით დავეშვი.
_პირველ რიგში, მადლობა დღევანდელი დღისთვის. კარგი გოგო ხარ._გამიღიმა.
_მეორე?_ეჭვით შევხედე.
_საქმე ცოტა რთულადაა._ეს თქვა და გაჩუმდა.
ვატყობდი თქმა უჭირდა.
_რა მოხდა?_ისეთი ხმით ვიბღავლე, ჩემი ხმა ვერ ვიცანი.
_დაწყნარდი. ყველაფერს ვიღონებთ, რომ ჯაბა გაამართლონ...
_ბოლოს და ბოლოს არ მეტყვი რა ხდება?_ნერვიულად წამოვდექი ფეხზე.
_ჩანაწერი ამოვიღეთ, მაგრამ იმდენი ხალხი ყავს ზემოთ, გააქრეს და აღარ ჩანს არსად.
_რაო?_ყურებს არ ვუჯერებდი.
_არსებული მთავრობის პარტიის ლიდერია, ასე ადვილად რომ ვერ დავამარცხებთ უნდა გესმოდეს ალბათ.
_რას ქვია, ასე ადვილად ვერ დავამარცხებთ?_ისევ დავეხეთქე სკამზე._თანამდებობის პირებზე კანონები არ ჭრის?
_ეეჰ._ისე ამოიოხრა მამაჩემმა, გამაკანკალა._თან ჯაბამ დანაშაული აღიარა...
_რაა?_ისევ წამოვხტი სკამიდან._შენც ხომ იცი რომ ის დანაშაული მას არ ჩაუდენია? ჩანაწერი ხომ ნახე? ჯაბა მკვლელი არ არის._ ახლა კი ვეღარ შევძელი ცრემლების შეკავება და ავღრიალდი.
მამაჩემი უხმოდ მომიახლოვდა, გულში ჩამიხუტა და კარგა ხანს ვყავდი ასე, სანამ ცოტა არ დავწყნარდი.
_ვიცი ძვირფასო, მაგრამ ეტყობა დააშინეს და ისე აღიარებინეს. მისი აღიარებითი ჩვენება საქმეს გვირთულებს. მეც ძალიან მინდა, რომ უდანაშაულო ბიჭი არ ჩასვან ციხეში, მაგრამ რა ვქნა? გპირდები, რომ თავს არ დავზოგავ და რაც შემეძლება აუცილებლად გავაკეთებ.
_რამდენს მიუსჯიან?_შიშით ვიკითხე.
_სასამართლოზე გაითვალისწინებენ მის თანამშრომლობას გამოძიებასთან, მის აღიარებასაც და 15-16 წელს მიუსჯიან. თქვა, რომ შემთხვევით მოუხდა, არ უნდოდა მისი მოკვლა...
ისე ვიყავი განადგურებული ამ ამბის გამო, ვერაფერს ვეღარ ვფიქრობდი და ვაზროვნებდი. ასე მეგონა ქვეყანა თავზე ჩამომექცა. სიკვდილი მინდოდა და ჯაბას ციხეში ჩასმა არა. მახსენდებოდა სიღნაღში გატარებული არაჩვეულებრივი დრო, მისი ჯადოსნური კოცნა და საცოდავად ვსლუკუნებდი.
მამაჩემმა მადროვა სანამ ცოტა არ დავწყნარდი. მერე სკამზე დამსვა, თვითონაც გვერდით მომიჩოჩა სკამი, ჩამოჯდა და თვალებში ჩამხედა.
_დამპირდი, რომ რამე სისულელეს არ ჩაიდენ, იმის მსგავსს, ნიას სახლში რომ შეიპარე. ან იმ ჩანაწერს არ გამოიყენებ, რომელიც ტელეფონში გაქვს...
ჩანაწერიო? უცბად გონება გამინათდა. რა ჯანდაბამ დამავიწყა, რომ ის ავადსახსენებელი ვიდეო ისევ ჩემს ტელეფონში ინახებოდა? მთლად დაკარგულიც არ ყოფილა ყველაფერი.
ეტყობა მამაჩემმა ჩემი შავ-ბნელი ზრახვები ამოიკითხა ჩემს თვალებში, შეშფოთებულმა მეორედ გამიმეორა.
_გესმის შენ? არანაირი სისულელე არ ჩაიდინო. ის საცოდავი გოგო მოკლა და არავის დაინდობს ვინც წინ გადაეღობება და მის კარიერას საფრთხეს შეუქმნის. ძალაუფლება მის ხელშია და ვერავინ მოედავება ვერაფერს.
"მოვიდა სეტყვა დახვდა ქვაო,_ გუნებაში გამეღიმა,_ წინა საარჩევნოთ ისეთი სკანდალი ავუგორო, თავბედს იწყევლიდეს."
_რას გაჩუმდი? არ გესმის რას გელაპარაკები?_ცოტა სიმკაცრე გაურია მამაჩემმა თავის შეშფოთებულ ხმას.
_არ ჩავიდენ სისულელეს, გპირდები._ეს ვთქვი და გუნებაში გავიფიქრე, რომ რასაც მე ვაპირებდი სულაც არ იყო სისულელე.
გულდამშვიდებული გამოვედი მამაჩემის კაბინეტიდან. ცოტა ხნით ეზოში გავედი. ღამის სიგრილე ისე მესიამოვნა, ერთ წამს ტვინიც კი გავთიშე და ასე ვიდექი კმაყოფილი. მაქსის საცოდავმა წკმუტუნმა დამაბრუნა რეალობაში. ალბათ მე რომ დამინახა, იმიტომაც აწკმუტუნდა. ახლო მივედი. ქეთის წყალიც დაედგა მისთვის და საჭმელიც. უეჭველი ჩემი დანახვა გაუხარდა... ან, აშვება უნდოდა. ქეთისი მომერიდა, მართლა არ გაეფუჭებინა ყვავილები, თორემ ავუშვებდი.
ახლოს რომ მივედი ცოტა დაწყნარდა. მოვეფერე თუ არა, შემომაბობღდა და პატარა ბავშვივით მომეხუტა.
_შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ და გესმის, რომ აშვება არ შეიძლება?_თავზე სიყვარულით გადავუსვი ხელი._ გაუძელი მეგობარო ეს ერთი ღამე და დილაზე ისევ ჩვენს სახლში წავალთ. მგონი შენც ხვდები, რომ ცუდი ქალი არ ჩანს, მაგრამ... მაინც ჩვენი ოჯახის დანგრევის მიზეზია და რატომღაც გული არ მიბრუნდება მისკენ... არა და მამაჩემი აშკარად ბედნიერია.
მსუბუქი ნაბიჯების ხმა გავიგონე და მაშინვე გავჩუმდი. მოვბრუნდი და მირანდა შემრჩა ხელთ. შორიახლოს გაჩერდა.
_მიკმენს?_ცოტა შიშით მკითხა, არა და აშკარად ეტყობოდა, რომ ახლოს მოსვლა უნდოდა.
_არა, მოდი._შევაგულიანე და ისიც ფრთხილად მომიახლოვდა მაშინვე._გინდა მოეფერო?
თავი დამიქნია.
_ეს ჩვენი საყვარელი მირანდაა და არ შეაშინო მაქსი, ხომ?_დავარიგე ძაღლი.
თითქოს ძაღლმაც გაიგოვო ნათქვამი და გაიტრუნა. მირანდამაც გაბედა და გატრუნულ ცხოველს ფრთხილად გადაუსვა ხელი.
_რა ფუმფულაა._მირანდა გათამამდა და უფრო ახლოს მივიდა. თან ისე გულიანად ჩაეხუტა, ცოტა შემშურდა კიდეც._რა საყვარელია... იცი, მეც მყავდა ლუსი და მომიკვდა. ბევრი ვიტირე. იცი როგორ შემეცოდა? მამიკომ თქვა სხვა, ძაღლს მოგიყვანო. ეს მომეწონა და ვეტყვი რომ ზუსტად ასეთი მომიყვანოს.
_რომ გაჩუქო, მოუვლი?_მოულოდნელი გადაწყვეტილება მივიღე.
_მართლა მაჩუქებ?_აღტაცებული წამოხტა და მომეხუტა.
_რა თქმა უნდა, თუ ძალიან გინდა...
_ძალიან, ძალიან, ძალიან მინდა_მითხრა და უფრო ძლიერად მომეხუტა._რა კარგი თათა ხარ. ბევრჯელ მოდი ხოლმე ჩემთან. მეც გაჩუქებ რამეს.
ხელში ავიყვანე ატიკტიკებული ბავშვი, რომელიც რაღაც სასწაული განცდით მიფუტფუტებდა უკვე გულის კუნჭულში. რაღაც ამოუხსნელ და ამოუცნობ გრძნობით ონკანთან მივიყვანე, ხელები საგულდაგულოდ დავაბანინე და სახლში შევიყვანე.
მამაჩემის სიყვარულნარევი მზერა რომ დავიჭირე, შემრცხვა. მირანდა მას მივუყვანე და ჩემთვის განკუთვნილ ოთახს მივაშურე. შუქი არ ამინთია. ეზოდან შემოსული სინათლე იმდენს ანათებდა, რომ საწოლი დავინახე და ხელების ცეცებით მივუახლოვდი. როგორც მჩვევოდა მადიანად გავიშხლართე და ტვინი სრული დატვირთვით ავამუშავე.
"ხვალ, აქედან წავალ თუ არა, ზეზვას ნაცნობ ჰაკერს მივაკითხავ და ამ ვიდეოს ინტერნეტ სივრცეში გავავრცელებინებ. ვნახოთ ერთი კიდევ როგორ დაიძვრენს თავს ჩვენი ჯალათი. ინტერნეტში თუ გაჟონა ინფორმაციამ, მერე მორჩა, რაც არ უნდა იწვალოს, ვეღარავის გააჩუმებს. ქვეყანა გაიგებს მის ნამოქმედარს."
მთელი ღამე ვეღარ მოვხუჭე თვალი. თავში ათასი სულელური აზრი მიტრიალებდა და ტვინს დაძინების საშუალებას არ აძლევდა. ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, რომ გამეღწია აქედან და მე ჩემი საქმეები ჩემებურად მომეგვარებინა. ცალკე ჯაბაზე ფიქრი არ მაძლევდა მოსვენებას. თვალებს დავხუჭავდი თუ არა, მისი ჭროღა თვალები მელანდებოდა. თითქოს მისი ტუჩების შეხებასაც ვგრძნობდი და სიამოვნებისგან ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა.
ვერ ავღწერ ისე გამიჭირდა იმ ღამის გადაგორება. ინათა თუ არა, წამოვდექი, ოთახი მივალაგე და მოუთმენლად დაველოდე ოჯახის წევრების გაღვიძებას.
პირველი მამაჩემი ადგა. ეზოში დავლანდე თუ არა, მაშინვე სიხარულით გავვარდი გარეთ. გაუკვირდა, რა ადრე გაგიღვიძიაო. რა იცოდა, რომ მთელი ღამე არ მეძინა?
_შეიძლება მაქსი დაგიტოვოთ?_გაუბედავად ვკითხე.
შევატყე, მოულოდნელი იყო მისთვის ეს კითხვა.
_მირანდამ მითხრა, თურმე ძაღლის ყოლას აპირებთ. გამიხარდება, თუ ჩემს ძაღლს დაიტოვებთ. ძალიან საყვარელია. უბროდ, მეცოდება ჩვენთან ოთახში გამომწყვდეული. თან, მირანდასაც მოეწონა ძალიან.
_ასე ადვილად დათმობ მერე შენს მეგობარს?_ეს კითხვა კი ჩემთვის იყო მოულოდნელი.
დავიბენი. მართლა და როგორ შემეძლო ასე ადვილად, ერთი ხელის მოსმით დამეთმო ჩემი უჭკვიანესი და უსაყვარლესი მაქსი?
_არ არის პრობლემა, ხშირად მოვინახულებ._ეს ვთქვი და გავუღიმე.
ამის გაგონებაზე მამაჩემსაც გაეღიმა. ჩემი თავი იმაში დავიჭირე, რომ ამ სტუმრობით კმაყოფილი ვიყავი და მომავალშიც უპრობლემოდ მოვინახულებდი დემნასა და მირანდას.
მეგობრულად მომხვია მხრებზე ხელი, მჭიდროდ მიმიკრა გულზე და ასე ვყავდი ჩახუტებული. მსიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა. გამოდის, ბოლომდე მაინც არ შემძულებია ეს კაცი და გულში ჩარჩენილი სიყვარულის ნაპერწკალი ისევ ღვივდებოდა. გამიხარდა, არც ისეთი საძაგელი და საზიზღარი რომ არ ვყოფილვარ, როგორიც მეგონა თავი.
_მე წავალ, საქმეები მაქვს..._შეფარვით ვუთხარი.
_მოიცა, სად წახვალ? ჯერ ვისაუზმოდ.
_გთხოვ, არ მინდა არაფერი. არ მიყვარს დამშვიდობება, სანამ ბავშვები გაიღვიძებენ, წავალ. ქეთის ჩემს მაგივრად მოუხადე მადლობა გულთბილი დახვედრისთვის. არ მოგატყუებ, მიჭირს მისი არსებობა, მაგრამ ალბათ შევეჩვევი. მთავარია შენ ხარ ბედნიერი._მჭიდროდ მივეხუტე და გავისუსე. მის გულის ფეთქვას მივუგდე ყური.
_არ მინდა, რომ ასე ადრიანად წახვიდე.
_გთხოვ რა._მუდარით სავსე თვალებით შევხედე._ნუ დამაძალებ... მეც გამიგე. მიჭირს იმ ქალის გვერდით ყოფნა, რომელმაც ოჯახი დაგანგრევინა და ხუთი წელი უმამოდ გამატარებინა ურთულესი წლები._ისეთი თვალებით შევხედე, ადვილად არა, მაგრამ მაინც დამთანხმდა.
მისი რაღაცნაირი ღიმილი თანხმობად რომ მივიღე, გემრიელად ვაკოცე და ქუჩის კარებისკენ გავეშურე.
_შენი ნივთები?_გზაში დამეწია ერთ ადგილზე გაშეშებული მამაჩემის ხმა.
_მათ წასაღებად მოგვიანებით შემოვივლი._გავუღიმე, ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ქუჩაში გავედი.
გეზი პირდაპირ როკერივით გოგონასკენ ავიღე. ისე საშინლად გაიწელა გზა, მეგონა ვეღარასდროს მივაღწევდი მასთან. გზადაგზა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რა სათაური წამემძღვარებინა ამ სენსაციური ვიდეოსთვის ან რა შინაარსის ეპილოგი გამეკეთებინა. მოკლეთ, ტვინის ჭლეტვითა და მოსალოდნელი გამარჯვების განცდით დავაკაკუნე ხის კარზე. ჩემდა გასაკვირად კარი შუახანს გადაცილებულმა ქალმა გამიღო. დავიბენი. სახელიც კი არ ვიცოდი იმ ჰაკერისა და როგორ უნდა მეკითხა?
_უკაცრავად, აქ სამი-ოთხი დღის წინ გოგონას შევხვდი.
_აა, ჟანა?
გამიხარდა, სახელი მაინც რომ გავიგე.
_დიახ, კომპიუტერზე რაღაც დახმარება მინდოდა.
_ქირა გადამიხადა და წავიდა.
_სად ხომ არ დაუბარებია?_წყალწაღებული ხავსს მოვეჭიდე, თორემ ძალიანაც კარგად ვიცოდი, რომ ამ ქალბატონს არანაირად არ მისცემდა ახალ მისამართს.
_სამწუხაროდ არა.
ველოდი ამ პასუხს, მაგრამ მაინც, თითქოს მდუღარე გადაასხესო ისე შევკრთი. იმედგაცრუებული დავემშვიდობე ქალს და ქუჩაში გამოვედი.
"ახლა რა ვქნა? ჩემი ერთადერთი იმედი ჟანა იყო და ესეც ისე გაქრა, მისი ასავალ-დასავალი ვერ გავიგე. რა ეშველება ჯაბას? როგორ ვუშველო? ციხეში რომ ჩასვან, მერე? ან მე რა მეშველება უიმისოდ? ეს რა ბედზე ვართ დაწერილები, რომ ერთად ყოფნა არ შეგვიძლია?"
უაზროდ ვიბოდიალე ქუჩაში. გვიან მივხვდი, რომ ჩემს ჯიბეში ტელეფონი განუწყვეტლივ მღეროდა rainy day-ს. ჩემი საყვარი კომპოზიცია ახლა საძულველი გამხდარიყო ჩემთვის და ნერვებსაც კი მიშლიდა საშინლად. როდის როდის ვუპასუხე. დედაჩემი იყო, ჩემზე ღელავდა.
_მეგობარს მოვინახულებ საავადმყოფოში და მოვალ. არ ინერვიულო, კარგად ვარ._სხაპასხუპით მივაყარე და ტელეფონი მაშინვე გავუთიშე.
"ალბათ მამაჩემმა უთხრა რამე, რა კაცია რაა."_სინანულით კი გავიფიქრე, მაგრამ მესიამოვნა მისი ყურადღება.
ზეზვას პალატაში რომ შევედი, როგორც ყოველთვის სიხარულით გადაებადრა სახე. შეფარვით ჩემს უკან ვიღაცას რომ დაუწყო თვალებით ძებნა, მივხვდი ვისაძ ეძებდა და გამეღიმა.
_დღეს მარტო ვარ._ვუთხარი და მის წინ სკამზე ჩამოვჯექი._შენც მარტო ხარ?_გავიკვირვე.
_ხო, მთვარისა საღამომდე სახლში გავუშვი, ბავშვებს მიხედავს და ისევ გამოვა. შენ რას შვრები, როგორ ხარ?
_ცუდად. ჯაბა აიძულეს დანაშაული ეღიარებინა.
_რა?_ისე გაუკვირდა, ნერწყვი გადასცდა სასულეში და ხველა აუტყდა.
შეშფოთებული წამოვხტი და ჭიქით წყალი მივაწოდე. ძლივს მოითქვა სული.
_ახლა რა ეშველება?_შეშფოთებულმა ამომხედა ხველებისგან აწყლიანებული თვალებით.
_არ ვიცი... ჟანასთან ვიყავი და ვერ ვნახე, სხვაგან გადასულა საცხოვრებლად. ის ვიდეო მინდოდა რომ სოციალურ ქსელში გამოექვეყნებინა.
მაშინვე ტელეფოს დასწვდა და ეტყობა ჟანას დაურეკა.
_გათიშული აქვს._ისეთი ხმით მითხრა, აშკარად შეშფოთებული იყო._ეტყობა ვინმე მის კვალზე გავიდა და იმალება.
_ჩემს გამო?_მე უარესად შევშფოთდი.
_ვერ გეტყვი, არ ვიცი. ისე კი შენამდეც გამოუცვლია ადგილი. ნუ გეშინია, მიხედავს საკუთარ თავს, ყოჩაღია. შენ ის თქვი, ჯაბას როგორ დავეხმაროთ?
_მართლა არ ვიცი. კუთხეში ვარ მომწყვდეული.
ისეთი აუტანელი დუმილი ჩამოწვა, გამაჟრჟოლა. მაგრამ ზეზვას რომ შევხედე, მივხვდი რაღაც არანორმალური გეგმის მოფიქრებაში იყო. ვაცადე სანამ თვითონ არ მითხრა რაღაც აღტკინებული ხმით.
_აქცია რომ მოაწყო სასამართლოს წინ, არ გინდა?
წამიერად თითქოს ენა გადავყლაპე. გონებაში ვაანალიზებდი მის ნათქვამს. კარგი აზრი იყო, მაგრამ სად მომექუჩებინა აქციონერები? სულ მცირე ორმოცდაათი კაცი მაინც მინდოდა, ესეც სულ მცირე. ზეზვა მიმიხვდა რასაც ვფიქრობდი და დამამშვიდა:
_ნაცნობები მყავს, მაგ საქმეში გამოჯეკილები არიან. ახალგაზრდული აქცია რომ იქნება, სტუდენტები უეჭველი წამოვლენ. ახლა ჯაბას სამეზობლო, სამეგობრო და კლასელები. მათ თავიაანთი სამეზობლო და საახლობლო ეყოლებათ. მოკლეთ 100-150 კაციც რომ მოქუჩდეს პირველ ჯერზე, ცუდი არ არის. ტელევიზიითაც გადასცემენ. ქვეყანა გაიგებს უდანაშაულო ჯაბას ამბავს და დიდიან-პატარიანად ქუჩაში გამოვლენ. ვის აწყობს კაცის მკვლელები დასხდნენ სათავეში?
ისე მომეწონა ზეზვას მოწოდებული იდეა, დავიხარე და მადიანად ჩავპროშნე.
_ჯიგარი ხარ! ბოდიში რომ შენზე ცუდი წარმოდგენა მქონდა და ყოველთვის გმტრობდი. შენ გარეშე რა მეშველებოდა არ ვიცი. როგორ გადაგიხადო მადლობა? რაც გინდა მთხოვე, შენი ხმალი და ჩემი კისერი.
გაეცინა.
_შენთან მეგობრობაც საკმარისია. თან ახლა თუ..._ენა დაება.
_რა ახლა?
_ქრისტინესთან ერთად მოხვალ, დიდად დამავალებ._შევატყე როგორ გაწითლდა ეს შავტუხა ბიჭი.
გამეცინა.
_გპირდები, მეორე ჯერზე ქრისტინესთან ერთად გესტუმრები.
გაუხარდა. მერე აქციონერთა სია შევადგინეთ. რამოდენიმე მათგანს ტელეფონით დაურეკა კიდეც. ისინი ტელევიზიის საქმის კურსში ჩაყენებას დაჰპირდნენ. აქციის გეგმაც შევიმუშვეთ და მეორე დღის ხუთი საათისთვის დავგეგმეთ ჩვენი აქციაც. უზომოდ ბედნიერი დავემშვიდობე ზეზვას, რომელიც ერთ დროს ისე მძულდა, ჩემი ნება რომ ყოფილიყო სულ ცემაში მეყოლებოდა. ახლა კი მის მზეს ვფიცულობდი, რომ ჯაბას საქმეში ასე მონდომებით მეხმარებოდა.
სახლში მისულმა შეშფოთებული დედაჩემი დავამშვიდე, რომ ყველაფერი კარგად იყო. ისეთ კარგ ხასიეთზე ვიყავი, სამზარეულოშიც კი ვიფუსფუსე და მივეხმარე საჭმლის მომზადებაში. ჩემი ღიღინი უჩვეულოდ ეჩვენებოდა დაეჭვებულ დედაჩემს, რამდენჯერმე გამიმეორა კიდეც, ხომ კარგად ხარო. ჩემგან დადებითი პასუხი რომ ესმოდა, არ ეჯერა.
მოკლეთ,ბევრი რომ არ გავაგრძელო, ცოტა წავიდიადახლისე. მერე ჩემს ოთახში ჩავიკეტე და ახლობლების ნომრები მოვიძიე. ყველას სათითაოდ დავურეკე და აქციის შესახებ ვუთხარი. ვერ ვიტყვი ყველა დამთანხმდა მეთქი, მაგრამ უმრავლესობამ რომ აქციაზე წამოსვლის სურვილი გამოთქვა, გამიხარდა და უარესად კარგ გუნება-განწყობაზე დავდექი. მერე ფანჯრის რაფაზე შემოვსკუპდი, ტელეფონი მოვიმარჯვე და ჯაბას ფოტოების დათვალიერებას შევუდექი. როგორ მომნატრებია ეს საზიზღარი. როგორ მითხრა, ქალად ვერ აღგიქვამ და ბუნების შეცდომა ხარო? ვნახოთ ერთი როგორი ქალიც ვიქნები მისთვის თავისუფლების მოსაპოვებლად რომ ვიბრძოლებ და გავიმარჯვებ კიდეც!
მეორე დღეს აქციაზე იმდენი ხალხი მოვიდა, თვალებს არ ვუჯერებდი. არ მეგონა თუ ამდენ ადამიანს ადარდებდა ჯაბას ბედი. აქციის ორგანიზატორებმა თავიაანთი საქმე მართლაც რომ კარგად იცოდნენ. ყველაფერი კანონის ფარგლებში და აყალ-მაყალის გარეშე მიმდინარეობდა. სამართალდამცავებს მიზეზს არ ვაძლევდით რომ აქცია დაერბიათ და დაეშალათ. მსურველები რიგრიგობით გამოდიოდნენ მიკროფონთან და მოითხოვდნენ უდანაშაულო ჯაბას განთავისუფლებას, სამართლიანი გამოძიების ჩატარებას და დამნაშავის ჯეროვნად დასჯას.
მთელი ღამე აქციაზე ვიყავი, ფეხი არ მომიცვლია. მეც მერგო წილად მიკროფონთან საუბარი. თავიდან ცოტა დავიბენი ამდენი კამერა ჩემსკენ რომ იყო მომართული და ავღელდი. მაგრამ მღელვარება მალევე დავძლიე და ისე გაბედულად და გამართულად ვილაპარაკე, თვითონვე მიკვირდა საკუთარი თავის. როგორც იქ დამსწრე ყველა აქციონერისთვის, ჩემთვისაც პრიორიტეტი უდანაშაულო ჯაბას განთავისუფლება იყო, რომელსაც აიძულეს და დანაშაული აღიარებინეს. მოვითხოვდი სამართლიანი გამოძიების ჩატარებას, რათა დამნაშავე ეპოვათ და ჯეროვნად დაესაჯათ. დამნაშავე დაუსჯელი არ უნდა დარჩენილიყო, რომ სხვა ახალი დანაშაული არ ჩაედინა.
ტელევიზიამ კარგად გააშუქა ჩვენი, ანუ ახალგაზრდების მოთხოვნები. თუმცა, მთავრობის მხრიდან უპასუხოდ არ დავრჩენილვართ და წინა საარჩევნოდ ბუნტისა და აყალ-მაყალის მომწყობები გვიწოდეს. ასე თქვეს, ვითომ ოპოზიციასთან ვიყავით შეკრულები და ცილს ვწამებდით. ეჭვქვეშ ვაყენებდით გამოძიებასა და სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას. მოკლეთ, არც ისინი დამდგარან გულხელდაკრეფილები და საპასუხო ნაბიჯებს დგამდნენ.
ლამის მთელმა საქართველომ გაიგო ეს ამბავი და რაღა თქმა უნდა მამაჩემის ყურამდეც მიაღწევდა. ისე მკაცრად დამტუქსა, ცხოვრების მანძილზე არ მახსოვს მისგან ასეთი სიმკაცრე.
_შენ ვერ გაიგე რა გითხარი?_ტელეფონის ხაზის მეორე მხრიდან რაც შეეძლო მკაცრად მელაპარაკებოდა._ ცეცხლს ეთამაშები და ეს ცეცხლი რომ დაგწვავს ვერ ხვდები? შეეშვი მაგ ყველაფერს და სახლში დაბრუნდი. თვალებში ნუ ეჩხირები ყველას, არ გაუჭირდებათ შენი გაცამტვერება, გაიგე. მარტო შენს თავს კი არ აყენებ საფრთხის წინაშე, არამედ ჩვენც.
_ნუ გეშინია, ცუდი არაფერი მოხდება. ყველაფერს შევძლებთ.
_ნეტა შენნაირად მეც ვიყო დარწმუნებული. გთხოვ, სახლში წამოდი. არ მოგცემ იმის უფლებას, რომ თავი საფრთხეში ჩაიგდო.
_ჩემზე ნუ დარდობ, არაფერი მომივა._ვუთხარი და აპარატი გავთიშე, რომ ახლა დედაჩემს არ შევეწუხებინე.
მამაჩემის და დედაჩემის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ყოველ დღე დავდიოდი აქციაზე და უფრო და უფრო მეტ ხალხს ვიზიდავდით. ზუსტად ერთი თვე გრძელდებოდა ჩვენი თავყრილობები. ზომიერების ფარგლებს არ გავცდენილვართ, მაგრამ მაინც მთავრობის გადატრიალების მცდელობად ჩაგვითვალეს ჩვენი სამართლიანი და მშვიდობიანი აქცია. ბრძანება ვინ გასცა არ ვიცით, ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაგვარბიეს. ვინც გაქცევა მოახერხა, თავს უშველა. ვინც არა და წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს და დააკავეს.
იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა, ჩემდა ბედად მე აქციიდან წამოსული ვიყავი. ზეზვა მიგვყავდა მე და გურიას სახლში, რომელიც თავისი ტრამვის მიუხედავად ხელჯოხზე დაყრდნობილი მაინც გამოდიოდა ხალხის წინაშე და თავისი მჭერვმეტყველი ენით მიმართავდა მათ.
მოკლეთ, ახალი წამოსულები ვიყავით, აქცია რომ დაარბიეს. ისე გავბრაზდი, საპასუხო დარტყმისთვის მოვემზადე. კატისა არ იყოს, ბოლო ილეთად ინტერნეტში ვიდეოს ატვირთვა მქონდა შემონახული. არ დავფიქრებულვარ, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩემს საქციელს. საკუთარი სახელითა და გვარით გავავრცელე ის ფარული ჩანაწერი და გულის ფანცქალით დაველოდე ხალხის რეაქციას.
წამებში ათასობით მნახველი დააწყდა ამ ახალ სენსაციურ მასალას. აღშფოთებული ხალხი სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდა ნამდვილი მკვლელის მისამართით. ინფორმაცია ინტერნეტში ისე სწრაფად გავრცელდა, როგორც ხანძარი. აღშფოთებული ხალხის რეაგირებაც მალე მოჰყვა: ჯაბას მომხრეები საქალაქო სასამართლოს წინ შეიკრიბნენ და კარი ფიცრებით აჭედეს. პარტიის ლიდერის სახლს კი კვერცხები დაუშინეს. პარლამენტის წინ ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა. გაიშალა კარვები. საავტომობილო გზის ნაწილიც გადაიკეტა. ისეთი აურზაური მოყვა ჩემს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც. მამაჩემმა გვარიანად დამტუქსა, ასე ღიად და თამამად როგორ შემეძლო მოქმედება. თუმცა, ამ აგორებულმა სკანდალმა შედეგი მაინც გამოიღო. პარტიის ლიდერი გამორიცხეს პარტიიდან. ჯაბას საქმეზე ახალი გამომძიებელი დაინიშნა და ხელახალი გამოძიება დაიწყო ახალ მასალებზე დაყრდნობით. ასე თუ ისე, იმედი ყველას ჩაგვესახა, რომ ახლო მომავალში ჯაბას გაანთავისუფლებდნენ.
შემოდგომის ერთ გრილ საღამოს კი, როდესაც მამაჩემის სახლიდან ვბრუნდებოდი ჩემი სკუტერით, შავი ჯიპი ამედევნა. მალევე შევნიშნე, მაგრამ არ შემშინებია. იმედი მქონდა ხალხის თვალწინ ვერაფერს გაბედავდნენ. მაგრამ მწარედ შევცდი. ყველაფერი წამებში მოხდა: შუქნიშანთან შეჩერებულს, უკვე დაძვრას რომ ვაპირებდი, მოულოდნელად ორი ზორბა მამაკაცი გადმომიხტა, მოხერხებულად გამაკავეს, მანქანის უკანა სალონში ჩამტენეს და ადგილს მაშინვე მოსწყდნენ. გავიბრძოლე, მაგრამ დევივით კაცებთან რას გავხდებოდი წრუწუნასავით გოგო? სანამ თვალის შევლებას და მათი სახეების დამახსოვრებას მოვასწრებდი, ისეთი მუშტი მითავაზა ერთ-ერთმა ცხვირპირში, თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა. კიდევ გავიბრძოლე, მაგრამ სახეზე რაღაც ტილო მომადეს. მოტკბო სუნი ვიგრძენი. გონება ნელ-ნელა დამებინდა, მხედველობაც ამერია. "ქლოროფორმი", მხოლოდ ამის გაფიქრებაღა მოვასწარი და მაშინვე გავითიშე.
რამდენ ხანს ვიყავი გათიშული არ ვიცი, თვალები რომ გავახილე იატაკზე ვეგდე და ხელები ზურგს უკან მქონდა მჭიდროდ შეკრული. პირზე წებოვანი ლენტი მქონდა მიწებებული. "რახან არაფერი დამიშავეს, ესე იგი ცოცხალი ვჭირდები, თუ იციან რომ ნუგზარ ჯალაღონიას შვილი ვარ, შანტაჟისთვის გამომიყენებენ,"_ გავიფიქრე და ღამის სიბნელეში შეძლებისდაგვარად მოვათვალიერე ცარიელი ოთახი, დავრწმუნდი რომ მარტო ვიყავი. იმდენი ვიწვალე, გაკოჭილი ხელები ფეხებზე ამოვიტარე და წინ მოვიქციე. ხელები წვრილი თოკით მქონდა შეკრული. პირიდან ძლივს ავიძრე წებოვანი ლენტი და კბილებით თოკის გახსნას შევუდექი. ნახევარი საათი მაინც ვიწვალე, მაგრამ საბოლოოდ მაინც გავიხსენი. გაბუჟებულ თითებში სისხლის მოძრაობა რომ აღდგა, ახლა ფეხების გახსნას შევუდექი. ესენი უფრო ადვილად გავიხსენი. მერე ფრთხილად და უხმაუროდ ავდექი და კარს მივუახლოვდი. ოდნავ გამოვხსენი და მივაყურადე. ღრიჭოდან სინათლე და ვიღაცის ფშვინვის ხმა ერთდროულად შემოიჭრა. სად ვიყავი წარმოდგენა არ მქონდა. კარები ისევ მივხურე. დავილოდე სანამ სიბნელეს შეეჩვეოდა თვალი და ფანჯრისკენ გადავინაცვლე. ფანჯარა კი გამოვხსენი დიდი სიფრთხილით, მაგრამ გარედან გისოსები ქონდა აკრული, შანსი არ იყო იქიდან გადავმძვრალიყავი. ჯიბეში ტელეფონი არ მედო, ალბათ ამ დამპლებმა ამომაცალეს. ისევ კარებთან დავბრუნდი და ოდნავ გავაღე. რიტმული და მშვიდი ფშვინვა მესმოდა. ცოტა კიდევ გაბედულად გამოვაღე კარი და ოთახი მოვათვალიერე. კარების პირდაპირ ზორბა კაცი სავარძელში გადაწოლილიყო და ეძინა. მელოტი თავი სინათლეზე ულაპლაპებდა. გადაბმული წარბები საშინელ შესახედაობას სძენდა. საქამრეში პისტოლეტი ქონდა გარჭმული.
ოთახში გასვლა ვერ გავრისკე, ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი. კარები ღია დავტოვე და მეორე ოთახიდან შემოსული სინათლის შუქზე უფრო კარგად დავზვერე. ოთახი თითქმის ცარიელი იყო, ვერსად დავიმალებოდი. გეგმა მჭირდებოდა სასწრაფოდ, მაგრამ ჩემი ტვინი ჯეროვნად ვერ მუშაობდა. ფანჯრის მინას გარედან მანქანის ფარების შუქი რომ მოაწყდა, შევკრთი. არ ვიცოდი რა მექნა. კარების უკან დავიმალე პატარა ბავშვივით. მეტი გამოსავალი მაინც არ მქონდა.
წინა ოთახის კარი ხმაურით გაიღო და ვიღაც შემოვიდა. სავარძელში მჯდარმა მამაკაცმა გაღვიძება ვერ მოასწრო, რომ შემოსულმა დაჰყვირა:
_შენ რა ძილისთვის გიხდიან ფულს, გოგო სად არის.
_ოთახში, სად უნდა იყოს?_ნამძინარევი ხმით უთხრა და გავიგე როგორ წამოდგა.
_კარი შენ გააღე?
_არა._გაოცებულ ხმას ნაბიჯების ხმაც მოჰყვა, რომელიც უფრო და უფრო მიახლოვდებოდა.
გავისუსე, სუნთქვაც კი შევიკავე. გულის ფეთქვას ყურებში ვგრძნობდი. კარები ბოლომდე შემოაღეს და ოთახი მთლიანად განათდა. წებოვანი ლენტისა და თოკის დანახვაზე ერთ-ერთმა შეჰყვირა:
_გაქცეულა ის ! დროზე, შორს ვერ წავიდოდა._ორივენი გარეთ გაცვივდნენ.
ვიდროვე, სანამ ცოტა არ მოშორდნენ სახლს და მეც გამოვედი შეუმჩნევლად. თავი სამშვიდობოს დავიგულე თუ არა, რაც ძალი და ღონე მქონდა იმის საპირისპირო მხარეს გავიქეცი, საითაც კაცები გაიქცნენ.
სიბნელის მიუხედავად მაინც კარგად ვირბინე. რამდენჯერმე წავიქეცი და კარგად ვიკოტრიალე. სულ დამეკაწრა თავ-პირი. ვგრძნობდი, სისხლი მდიოდა ცხვირ-პირიდან, მაგრამ მაინც არ შევჩერებულვარ. არ ვიცოდი სად ვიყავი, ან სად გავრბოდი, მაგრამ მაინც გავრბოდი უმისამართოდ. ბოლოს, ონსილა რომ გამომელია, ცოტახნით შევჩერდი. ხის ძირში ჩავიცუცქე და ზურგით მივეყუდე. ისე ვქაქანებდი, სულს ძლივს ვითქვამდი. ცოტა რომ დავწყნარდი, სუნთქვაც დავიმშვიდე და ძალებიც აღვიდგინე, ისევ განვაგრძე გზა უმისამართოდ. ამჯერად უკვე ძუნძულით წავედი, რომ მალე არ დავღლილიყავი.
ღამის სიბნელე ოდნავ რომ გაიცრიცა, იმედი მომეცა. არ ვიცი რატომ, მაგრამ აღმოსავლეთით მივიწევდი. შორიდან მამლების ყივილი და ძაღლების ყეფაც მესმოდა, ვხვდებოდი რომ სადღაც დასახლება იყო და გადარჩენის იმედი უფრო და უფრო მიძლიერდებოდა. უკვე ისე რომ ინათა, თვალი კარგად ჭრიდა, საცალფეხო ბილიკი დავინახე და იმას დავადექი. სადღაც უეჭველი ხომ მიმიყვანდა? ვგრძნობდი, რომ გამტაცებლებისგან უკვე კარგა შორს ვიყავი. თუმცა, მანქანის ხმას რომ ვიგებდი, მაინც ვკრთოდი და დამალვას ვცდილობდი სადაც კი შევძლებდი.
თავზე გვარიანად რომ დამათენდა, რომელიღაც სოფელში შევედი. სად ვიყავი წარმოდგენა არ მქონდა. მწყემსები საქონელს მიერეკებოდნენ საძოვარზე. მათი დანახვა ისე გამიხარდა, სიხარისულისაგან ლამის ხტუნვა დავიწყე. მათ მოგვიანებით შემნიშნეს და შორიდან მიმზერდნენ გაკვირვებულები. ძაღლები რომ ყეფით გამომიცვივდნენ, შემეშინდა, თითქოს ერთ ადგილს მივეყინე და ვეღარ ვტოკდებოდი.
ერთ-ერთი მწყემსი მოულოდნელად ცხენს შემოახტა და ჩემსკენ გამოქანდა. თან ძაღლები დატუქსა ომახიანად. მალევე დაემორჩილნენ პატრონის ბრძანებას და ჩემდა გასაოცრად მაშინვე გაჩუმდნენ. მხედარი რომ მომიახლოვდა, მკვირცხლად ჩამოხტა ცხენიდან და ინტერესით შემათვალიერა თავ-პირ დაკაწრული და დასისხლიანებული არსება.
_ვინ ხარ?_გაუბედავად მკითხა.
_სად ვარ?_მე ჩემ მხრივ დავუბრუნე კითხვა და მეც ინტერესით შევათვალიერე ახალგაზრდა ბიჭი.
_კოჭბაანში._ალალად მიპასუხა უცნობმა.
_საად?_გამიკვირდა. არასდროს გამეგო ამ დასახელების ადგილი.
_კოჭბაანში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.
_თბილისიდან შორს ვართ?
_ასე, ერთი საათის სავალზე.
პასუხმა გამაოგნა.
_ტელეფონი გაქვს, შეგიძლია დამარეკინო?
ბიჭი დაიბნა. ერთხანს უხმოდ მიყურა. ვატყობდი, ეჭვები ღრღნიდა. არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. არც ვამტყუნებდი, წარმოდგენა არ ქონდა ვინ ვიყავი და ვისთან ვაპირებდი დარეკვას.
_გამტაცებლებს გამოვექეცი და ჩემებს მინდა შევეხმიანო. გავაგებინო რომ ცოცხალი ვარ და მომაკითხონ.
ბიჭმა გაუბედავად ჩაიყო ჯიბეში ხელი, ტელეფონი ამოიღო და გამომიწოდა. სასწრაფოდ ავკრიფე ნომერი ათრთოლებული თითებით და მამაჩემს დავურეკე.
_მა, მე ვარ. ცოცხალი ვარ. გამტაცებლებს გამოვექეცი. სადღაც კოჭბაანში ვარ.
_თათა, შვილო._გვარიანად ამოიგმინა მამაჩემმა._კარგად ხარ?
_კი, არ ინერვიულო, სამშვიდობოს ვარ.
_სად ხარ, ზუსტი მისამართი რომ მითხრა არ შეგიძლია?
_არ ვიცი, მწყემსს დაგალაპარაკებ._ ვუთხარი და ტელეფონი მაშინვე ბიჭს მივაწოდე.
მე კი იქვე ჩავიცუცქე და დიდ ქვაზე ჩამოვჯექი. მხოლოდ ახლაღა ვიგრძენი დაღლა, შიმშილი და საშინელი სიცივე. ტელეფონზე ლაპარაკს რომ მორჩა, ბიჭმა თანაგრძნობით სავსე მზერით შემომხედა.
_გცივა?
თავი დავუქნიე საცოდავად და უარესად ავიბუზე.
უცნობმა მაშინვე გაიხადა თავისი ქურთუკი და მხრებზე მზრუნველად მომახვია. მერე კი ისევ ცხენს შემოახტა და სადღაც გაჭენდა. შემეშინდა მარტო დარჩენის. ტირილსაც კი ვაპირებდი უკვე, მაგრამ მალევე დაბრუნდა.
_გეშიება ალბათ._მორიდებით მითხრა და თავისი საგზალი გამომიწოდა.
თვალები ამიწყლიანდა. ასეთი მზრუნველობა და ყურადღება უჩვეულოდ მომეჩვენა. ერთხანს ვერ გადამეწყვიტა მეჭამა თუ არა ამ კეთილი ბიჭის მთელი დღის საგზალი.
_ბევრი არაფერია, მაგრამ მიირთვით._ბიჭს ალბათ ეგონა, რომ ვწუნობდი საჭმელს.
_მერე შენ?_გაოცებული თვალებით ავხედე და პარკი მოწიწებით ჩამოვართვი.
გუდის ყველი და ახალი პური ისე გემრიელად გეახელით, რომ არ შემრცხვენოდა, სულ გავუთავებდი საწყალ ბიჭს და მთელ დღეს მშიერს დავტოვებდი. ცოტა მუცელი რომ ამოვივსე და თვალებიდანაც ჯეროვნად გამოვიხედე, ბიჭს გულთბილი მადლობა გადავუხადე. იშვიათობაა ასეთი კეთილი, ღვთისნიერი და ხელგაშლილი ადამიანი ჩვენს ახლანდელ დროში.
სანამ მამაჩემი მომაკითხავდა, კეთილ მწყემსებთან ვიყავი და ისინი ზრუნავდნენ ჩემზე. გამომკითხეს ვინ ვიყავი, რისთვის გამიტაცეს. დრო ლაპარაკში ისე შეუმჩნევლად გაიპარა, ძალიან აუტანლადაც აღარ მეჩვენა.
მითითებულ მისამართზე რომ მომაკითხეს ჩემებმა, ბიჭმა ცხენზე შემომისვა და იქამდე სულ ჭენებით მიმიყვანა. აცრემლებული მამაჩემი თან მე მეფერებოდა და მკოცნიდა და თან სამადლობელ სიტყვებს არ იშურებდა მწყემსი ბიჭისთვის.
იქიდან უსიტყვოდ ვიმგზავრეთ. ბიძაჩემი ხან გზას უმზერდა, ხანაც მე უდიდესი სიყვარულით.
პირდაპირ საავადმყოფოში მიმიყვანეს. კი ვეუბნებოდი, არაფერი მჭირს, სახლში წავიდეთ მეთქი, მაგრამ ძმებს ჩემი ერთი სიტყვაც კი არ ესმოდათ. ზედაპირული ნაკაწრები გულდასმით დამითვალიერეს, ექიმებმა მომისუფთავეს. ჩალურჯებული ცხვირ-პირიც შემიმოწმეს. აშკარად მეტყობოდა ცემის კვალი. დასკვნა შეადგინეს და პოლიციას გადასცეს. იქიდან უკვე სახლში წამოვედით. საწყალი დედაჩემი ამ ერთ დღე-ღამეში ნერვიობისგან და დარდისგან ისე მოტეხილიყო, ვეღარ ვიცანი. დამინახა თუ არა, გამოქანდა და გადამეხვია აცრემლებული.
_ჯიუტი რომ ხარ, ხედავ რა მოჰყვა შენს საქციელს?..ვიფიქრე, ცოცხალს ვეღარ გნახავდი... გავთავდი ქალი... გინდა რომ გული გამიხეთქო და მომინელო?... რატო არასდროს არავის არ უსმენ?.. რამე რომ დაეშავებინათ შენთვის, მერე?
_კარგი ოფელია, დაწყნარდი. ხომ ხედავ ბავშვი კარგადაა. ახლა დასვენება სჭირდება._მამაჩემმა ჩემი ოთახისკენ მიბიძგა.
დასვენება მართლაც რომ მჭირდებოდა. ჩემს ოთახში გამოვიკეტე და აღარავის შევუწუხებივარ. კარგა მადიანად გამოვიძინე. შუადღე გადადული იყო უჩვეულო ხმაური რომ ჩამესმა და გამეღვიძა. გურია, ცირა, ზეზვა და ქრისტინე იყვნენ ჩემს სანახავად მოსულები. ჩემი ოთახიდან რომ გამოვედი, დედაჩემი ყავითა და ტკბილეულით უმასპინძლდებოდათ.
პირველმა ქრისტინემ მომკრა თვალი და მაშინვე ჩემსკენ გამოექანა, ძლიერად დამეტაკა ეს სიფრიფანა გოგო და ჩამეხუტა.
_მადლობა ღმერთს, არაფერი დაგიშავეს... როგორ შეძელი გამოქცევა?
_გამიმართლა._ეს ვთქვი და დედაჩემს გავხედე შეფარვით. სტუმრებს ვაგრძნობინე, რომ მისი თანდასწრებით არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი.
მეგობრები ადვილად მიმიხვდნენ და მეტი აღარაფერი უკითხავთ ჩემთვის. ჯაბას საქმეს მივუბრუნდით. გამოძიება წინ მიიწევდა მის სასარგებლოდ და ეს ყველას გვახარებდა.
_ტელეფონი დაკარგე?_დედაჩემი გავიდა თუ არა ოთახიდან, ზეზვამ მკითხა._რამდენს გირეკავდი და არ მპასუხობდი. ამ დილითაც ვცადე.
_მოიცა, ზარი გადის?
_კი და არ მპასუხობს არავინ.
_ვფიქრობდი, გამტაცებლებმა ამომაცალეს, მაგრამ მასეთი სულელები არიან, რომ აპარატი არ გათიშეს? მასე ხომ ადვილად მიაგნებენ მათ ადგილ-სამყოფელს?_ეჭვით მოვიქექე კეფა._იქნებ, ჯაჯგურში ჩამომვარდა მანქანაში. არა და უხმო რეჟიმზე მაქვს და არც კი ეცოდინებათ.
ამ აღმოჩენით გახარებულმა მაშინვე მამაჩემს გადავურეკე და ჩემი ვარაუდები გავანდე. არც შევმცდარვარ, ჩემი ტელეფონის სიგნალის მეშვეობით ადვილად მიაგნეს გამტაცებლებს, რომლებიც მშვიდად გადააადგილდებოდნენ თავიაანთი შავი ჯიპით, სადაც ჩემი ტელეფონი სავარძლებს შუა იყო ჩაჭედილი.
ამოსაცნობად მისულს არ გამჭირვებია მათი ბულდოგივით სიფათების ცნობა. თავიდან ყველაფერი უარყვეს, მაგრამ ბოლოში მაინც გატყდა ერთ-ერთი. დამკვეთის ვინაობა არავის გაჰკვირვებია, მოსალოდნელიც კი იყო, რომ იმ ვიდეოს გამო პარტიის ყოფილი ლიდერი შემოდგომის ბუზივით იკბინებოდა და თავის გადასარჩენად ყველაფერზე იყო წამსვლელი. ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შემობრუნდა და ჯაბას განთავისუფლებაზე ხმამაღლა დაიწყეს უკვე საუბარი. ტელევიზიაც ყოველ დღე აშუქებდა ამ სასიხარულო ცნობას. თუმცა, ერთი ცუდი რამ მაინც მოხდა...
დილაადრიან უჩვეულოდ მეჩვენა მამაჩემის სტუმრობა. სახეზეც არ მომეწონა, დამწუხრებული ჩანდა. გულმა რეჩხი მიყო, თუმცა არაფერი უთქვია, გამომყევიო მარტო.
უსიტყვოდ დავემორჩილე. მივყვებოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. გზა საღეჭი რეზინივით საშინლად გაიწელა. გაურკვევლობაში მყოფი ათას საშინელებებზე ვფიქრობდი, მაგრამ იმაზე ნამდვილად არა, რაც სინამდვილეში მოხდა.
საავადმყოფოში შევდგი თუ არა ფეხი, გული უარესად ამიფორიაქდა. შინაგანი ცახცახით მივყვებოდი მამაჩემს გრძელ და ჩაბნელებულ დერეფანში. ათასი პასუხგაუცემელი კითხვა მიტრიალებდა თავში. რეანიმაციის განყოფილებას რომ მივუახლოვდით, აქ კი მიმტყუნა ნერვებმა და წამიერად შევჩერდი. აფორიაქებულ გულზე მივიჭირე გაშლილი ხელისგული და მის ჩაწყნარებას რიტმული ღრმა სუნთქვით შევეცადე.
_თავი ხელში აიყვანე. ნუ გეშინია გამოძვრება, ყოჩაღი ბიჭია._მამაჩემმა მხრებზე მომხვია ხელი.
ზღურბლიდანვე მოვკარი საწოლზე უმოძრაოდ გაშოტილ ჯაბას თვალი. იმ ჯაბას, ვის გამოც ამხელა ამბები დავატრიალე და ვის გამოც ამდენი რამ გადავიტანე. თვალთ დამიბნელდა და მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. გონება არ დამიკარგავს. მამაჩემმა წელზე მომხვია ხელი, რომ არ წავქცეულიყავი.
_ციხიდან გამოსვლის წინ პატიმრებმა სასტიკად სცემეს._ეს თქვა და გაჩუმდა.
საწყალობლად შევხედე. მის თვალებში მინდოდა ამომეკითხა, რამდენად სერიოზულად იყო ჯაბას მდგომარეობა.
_მრავლობითი დაზიანებები აქვს. ფუძის ძვლის მოტეხილობებიც. იმედი უნდა ვიქონიოთ რომ გამოძვრება ამ სიტუაციიდან.
ხმამაღალი ღრიალი მინდოდა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა ყელიდან. ცრემლიც თითქოს გამშრომოდა. სუნთქვის აპარატზე მიერთებული ჯაბა ღრმად სუნთქავდა. ძლივს გავბედე მასთან მიახლოება და სახეზე შეხება. ისეთი ცივი იყო, გამაკანკალა.
_აქ შემოსვლა არ შეიძლება._შენიშვნა მომცა ექთანმა, რომელიც ის-ის იყო შემოვიდა.
_როგორ არის?_საცოდავად წავილუღლუღე.
_ექიმს დაელაპარაკეთ, თავის კაბინეტშია._ რატომღაც მომეჩვენა, რომ თავიდან მიშორებდა ახალგაზრდა ექთანი.
დავიხარე, ჯაბას გაყინულ ლოყაზე ვაკოცე და გამოვედი.
_წამოდი, ექიმი ვნახოთ._მხრებზე მომხვია მამაჩემმა ხელი და ექიმის კაბინეტისკენ კი არ წამიყვანა, წამალასლასა.
კარებზე რომ მივუკაკუნეთ და მობრძანდითო მამაკაცის სასიამოვნო ბარიტონმა გამოგვძახა, ისევ ვიგრძენი მუხლებში სისუსტე.
_პაციენტ ჯაბა ლოლაძის მდგომარეობა გვაინტერესებს._მისალმებისთანავე საქმეზე გადავიდა მამაჩემი.
_არ მოგატყუებთ, საქმე სერიოზულადაა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია._მიკიბვ-მოკიბვის გარეშე წამოიწყო ექიმმა._კრანიოტომია ჩაუტარდა. ტვინში არსებული სისხლის კოლტები ამოვუღეთ, დაზიანებული სისხლძარღვებიც შევაკეთეთ. ახლა ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ვაკვირდებით მისი გუგების ზომას და ასევე იმას, თუ რამდენად კარგად რეაგირებენ სინათლეზე. გონზე რომ მოვა, დავაკვირდებით მის ცნობიერებასაც...
_რაა?_სასოწარკვეთილი ხმა მქონდა._ მის ცნობიერებას რამე ემუქრება?
_შესაძლოა მეხსიერებასთან პატარა პრობლემები ქონდეს.
მოწყვეტით დავეშვი ექიმის მაგიდასთან მდგარ სკამზე. თითქოს სამყარო გაჩერდაო ჩემს ირგვლივ. მამაჩემის სასოწარკვეთილი ხმა: "თათა, ძვირფასო, კარგად ხარ?"_თითქოს შორიდან ჩამესმოდა. მისი თბილი ხელის შეხებაც ძლივს ვიგრძენი. ახლა კი მართლა წამომცვივდა ცრემლები. ხომ შეიძლება ერთხელაც გაიღვიძოს ჯაბამ, გონზე მოვიდეს და ვერ გამიხსენოს?.. ხომ შეიძლება ის ჯადოსნური კოცნა, რომელის გახსენებაც ყოველთვის სიამოვნებით მავსებდა და რომლის გახსენებაც მაძლევდა ყველაფრის გადატანის ძალას, აღარ ახსოვდეს? _თავი ხელებში ჩავრგე და ავქვითინდი.
_აცადეთ, იტიროს, გულზე მოეშვება._ექიმის სასიამოვნო ბარიტონმა გააფრთხილა მამაჩემი.
დიდხანს ვიტირე. რომ იტყვიან, მოვიოხე გული. თითქოს ცოტა მომომეშვა კიდეც. ექიმმა რომ შემატყო დავწყნარდი, თავისი სკამი ჩემ წინ მოაჩოჩა და ჩამოჯდა.
_პაციენტი ვინ არის თქვენი?
დავიბენი, ამ კითხვას არ ველოდი . საცოდავად ავხედე მამაჩემს.
_გასაგებია._ბაგის კუთხეში წამიერი ღიმილი გაუკრთა._ხშირ შემთხვევაში პაციენტთა უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდება ხოლმე, ეს დამოკიდებულია ტვინის დაზიანების სიმძიმეზე. არსებობს შემთხვევები: როცა პაციენტებს ახასიათებთ რეტროგრადული ამნეზია...
_როგორი?_შიშით შევხედე ექიმს._ეგ რას ნიშნავს?
_რეტროგრადული, ანუ უკან მიმავალი. ავადმყოფს უშუალოდ დავიწყებული აქვს ტრამვის წინ მომხდარი მოვლენები. სხვა მხრივ მეხსიერებასთან არანაირი პრობლემა არ ექმნება. უბრალოდ, ტრავმამდე მომხდარს ვერ გაიხსენებს... ასევე შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დარჩეს ესა თუ ის ნარჩენი ცერებრული სიმპტომებისა...
_ანუ დამბლა?.._შიშით ძლივს ამოვიკნავლე.
_ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჰემატომები დროულად ამოვკვეთეთ. რაღაც არ მგონია გართულებები მოყვეს, მაგრამ... ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ... ახლა კი თქვენის ნებართვით, სხვა პაციენტები უნდა მოვინახულო.
_დიდი მადლობა ექიმო და ნახვამდის._მამაჩემმა წელზე მომხვია ხელი, ძლივს წამომაყენა სკამიდან და კაბინეტიდან გამოვედით.
დერეფანში ატირებულ ჯაბას ბებიას გადავაწყდით, რომელსაც ახლობლები ძლივს აკავებდნენ. სახე ისე ქონდა სიმწრისგან დახოკილი, შემეცოდა. წლების წინ შვილი და რძალი ჩადო მიწაში და ახლა შვილიშვილიც ეცლებოდა ხელიდან. უარესად ცუდად გავხდი მისი შემხედვარე. ვეღარ გავძელი საავადმყოფოში და პირდაპირ სახლში წამოვედით.
******************************
ისევ დეპრესია დამეწყო. მთელ დღეს საწოლში ვიწექი და მეძინა. თუ არ მეძინა, უაზროდ შევყურებდი ჭერს. ჯაბას გარეშე სიცოცხლე არ მინდოდა. შეშფოთებული დედაჩემი ყველა ღონეს ხმარობდა, რომ მდგომარეობიდან გამოვეყვანე, მაგრამ ისე მქონდა ცხოვრებაზე ხელი ჩაქნეული, ვერაფერს ახერხებდა. ზეზვას, გურიას, ქრისტინეს და ცირას სტუმრობაც ვერაფერს მშველოდა. ერთი პერიოდი ხშირად დავდიოდი ჯაბასთან საავადმყოფოში, მაგრამ მერე იქაც ავკრძალე მისვლა. ვეღარ ვუძლებდი მის ასეთ მდგომარეობაში ხილვას.
რაც შეეხება ჯაბაზე თავდასხმას, როგორც გაირკვა, შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა იყო. ნიას სიკვდილი, ჩემი გატაცება და ჯაბაზე თავდასხმა დაუმტკიცეს ბატონ პარტიის ლიდერს და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაგრამ ეს სულაც არ ცვლიდა და არ ამსუბუქებდა ჯაბას მდგომარეობას, რომელიც კომაში იყო უკვე ექვსი კვირის განმავლობაში.
ჩემი დეპრესიიდან გამოყვანა ისევ ქრისტინემ შეძლო. მანამდე კი ძალიან ბევრი მეჩიჩინა, რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა.
_ჯაბა გონზე რომ მოვა და ასეთს დაგინახავს, გული არ გაუსკდება? რას გავხარ, სარკეში მაინც ჩაიხედე... იცი, კომაში მყოფ ადამიანს ყველაფერი ესმისო. რომ მიაგდე იმ საავადმყოფოში მარტო და აღარ აკითხავ, ცოდო არ არის. ბებიამისიც შეუძლოდ არის და ვეღარ ნახულობს ხშირად. უცბად გონზე რომ მოვიდეს, არ იტყვის, ყველას ვკიდივარო? შენ მოგეწონებოდა მასეთი სიტუაცია?
ქრისტინეს ერთკვირიანმა ჩიჩინმა და რჩევა დარიგებებმა ბოლოს როგორც იქნა შედეგი გამოიღო. ერთბაშად არა, მაგრამ ნელ-ნელა წამოვედი წინ. ყოველდღე დავდიოდი ჯაბასთან. საათობით ვიჯექი მის სასთუმალთან, მისი გრილი ხელი მეჭირა და ვეფერებოდი. თან, მთელი დღის ამბებს და უბნის ჭორ-მართალს ვუყვებოდი. ქრისტინემ ხომ მითხრა, რომ ყველაფერი ესმისო და მეც მართლა ყველაფერს ვუყვებოდი. ხანდახან ვტიროდი და ვემუდარებოდი, რომ არ დავევიწყებინე. ვეუბნებოდი, რომ გული გამისკდებოდა, თუ თვალებს გაახელდა და ვერ მიცნობდა. არ ვიცი, რამდენად მართალი იყო ქრისტინე და რამდენად ესმოდა ჯაბას ჩემი თითოეული სიტყვა, მაგრამ მაინც ყველაფერს ვუყვებოდი.
ზუსტად ორი კვირა ვიარე კომაში მყოფ ჯაბასთან და ზუსტად ორი კვირა ვეხვეწე და ვემუდარე, რომ არ დავევიწყებინე... ახალი კვირის დასაწყისს კი დილით საავადმყოფოში მისულს სასიხარულო ამბავი დამხვდა: გვიან ღამით ჯაბა გონზე მოსულიყო.
ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, თვალებგახელილი ჯაბა რომ დავინახე, სიხარულით გავქანდი და ჩავეხუტე. ჩახუტება სულზე კოცნააო... ხო და, ვერანაირი კავშირი ვერ შეცვლის ჩახუტებას, გულში ჩაკვრას და მოფერებას. ჩახუტებისას ხომ ადამიანები უსაშველო მონატრების ემოციებს გამოვხატავთ?..
გული გამალებით მიცემდა. ჯაბას გულის ფეთქვასაც ვგრძნობდი და ეს მაბედნიერებდა უფრო. მერე, მორიდებით წამოვიწიე და მის ბაგეებს გაუბედავად დავეწაფე. ბედნიერების, სიხარულის და სიამოვნების განცდამ ერთნაირად წამლეკა... მაშინვე არა, მაგრამ მოგვიანებით ჯაბამაც დამიბრუნა საპასუხო კოცნა. აქამდე უმოძრაოდ დადებული მისი ხელები მსუბუქად ასრიალდნენ ჩემს სხეულზე, მერე კისერთან გადაეჭდნენ ერთმანეთს და ვიგრძენი როგორ ძლიერად გვიცემდა ორივეს გული... სიხარულის ტალღამ რომ გადამიარა და ცოტა ჩავწყნარდი, ჯაბას მორცხვად შევხედე. მისმა გამოხედვამ კი ერთ ადგილზე გამაშეშა.
_ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ვინ ხარ?
თითქოს სისხლი გამეყინა ძარღვებში. რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ზუსტად ის მოხდა: აღარვახსოვდი ჯაბას. საცოდავად ავაფახულე თვალები მოწოლილი ცრემლების შესაჩერებლად. ყელში გაჩხერილი ბურთიც ძლივს გადავყლაპე და საწოლზე მშვიდად მისვენებულ ჯაბას აწყლიანებული თვალებით შევხედე. როგორ ამეხსნა ახლა მისთვის ვინ ვიყავი, ან როგორ გამეხსენებინა თავი?
_თათა ვარ._ძლივს გასაგონად წავილუღლუღე.
_ვინ თათა?
ამ შეკითხვამ ხომ მთლად დამშალა. არა და რაღაც უნდა მეპასუხა, იმიტომ რომ ჯაბა ინტერესით მომჩერებოდა თავისი ჭროღა თვალებით.
წყლიდან ნაპირზე ამოვარდნილი თევზივით ავამოძრავე პირი, მაგრამ ვერაფერს ვამბობდი რატომღაც, თითქოს ხმა წამრთმეოდა. ალბათ, საცოდავი შესახედაობა მქონდა. მომეჩვენა, რომ ჯაბას ტუჩის კუთხეები ოდნავ გაეწია. "ნუთუ იღიმის?"_გავიფიქრე და მისი ტუჩებიდან მზერა ახლა მის თვალებზე გადავიტანე. ისეთი ეშმაკური ნაპერწკლები უელავდა, უარესად დავიბენი. კარგა ხანს შევყურებდი გაოგნებული. მერე, ეტყობა, შევეცოდე და გულღიად გამიცინა.
_გეხუმრე სულელო, შენს დავიწყებას როგორ შევძლებდი?_კისერზე ხელები მომხვია, მიმიზიდა და შუბლზე ნაზად მაკოცა._ყოველ დღეს შენი ხმა ჩამესმოდა იავნანასავით. რა ნამუსი გამიჭრიდა, რომ დამევიწყებინე?
_საზიზღარო, გული გამიხეთქე._მუშტები მსუბუქად დავუშინე შიშველ მკერდზე._რა სასტიკი ხარ... მე კიდევ სიმართლე მეგონა და ლამის გული გამისკდა.
მოულოდნელად თავის ძლიერ მკლავებში მომიმწყვდია და მოხერხებულად გამაკავა. სიმართლე ვთქვა, გაბრძოლებაც არ მიცდია, სიამოვნებით გავიტრუნე და ყური მივუგდე მის გულის ფეთქვას.
_მიყვარხარ._ისეთი დაბალი ხმით წავიჩურჩულე, მეგონა ვერ გაიგო.
_მეც ძალიან მიყვარხარ... საკანში გატარებული უშენო დღეები საშინელება იყო. გაუსაძლისი მონატრება მტანჯავდა და მკლავდა... იცი, შენი ხელახალი ნახვის იმედი მაძლებინებდა ყველაფერს...
მერე გაჩუმდა. აღარც მე მითქვია არაფერი. სიტყვები თითქოს ზედმეტიც იყო. უსიტყვოდ გვესმოდა და ვუგებდით ერთმანეთს. ექთანი რომ შემოვიდა, დაგვირღვია მყუდროება. მორიდებით წამოვდექი. ექთანს ექიმებიც შემოჰყვნენ და დერეფანში მომიწია გამოსვლა.
უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ღმერთს მადლობას ვწირავდი ჯაბა რომ გამოჯანმრთელდა და რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებდა, ვახსოვდი. პირიქით რომ მომხდარიყო, რა უნდა მექნა? ჩემი მეხსიერება გვეყოფოდა ორივეს სიყვარულის შესანარჩუნებლად? ამაზე ფიქრიც კი არ მინდოდა.
ექიმებმა რომ გასინჯეს ჯაბა და გამოვიდნენ, მაშინვე წინ ავესვეტე.
_ხომ კარგად არის ექიმო?
_კი, ყველაფერი კარგადაა. ყოჩაღი ბიჭია._გამიღიმა ექიმმა და ახლა სხვა პალატაში შევიდა სხვა პაციენტების სანახავად.
ის იყო, პალატაში შესვლას ვაპირებდი, რომ ზურგიდან ჩქარი ნაბიჯების ხმა შემომესმა. ინტერესით შემოვბრუნდი და აქოშინებული გურია და ზეზვა დავინახე.
_მართლა მოვიდა გონზე?_შორიდანვე მკითხა სახეგაბადრულმა გურიამ.
_ხო, კარგადაა.
ჩემი თანხმობა და გურიას დატაკება ერთი იყო. ზეზვაც მოგვიახლოვდა და სიხარულით მომილოცა ჯაბას გამოჯანმრთელება.
_მართლა კარგადაა?_რატომღაც არ ეჯერა გურიას, რომ ყველაფერი კარგად ქონდა ჯაბას.
_შედი და შენ თვითონ ნახე, რა გაახურე საქმე?._ხელი ვკარი და პალატის კარი ინერციით შევაღებინე მოულოდნელობისგან დაბნეულ ბიჭს.
ხმაურზე ჯაბა საწოლიდან წამოიწია და გაოცებულმა შეგვათვალიერა სამივე.
_ძმაო, როგორ ხარ?_ამის კითხვა ძლივს მოახერხა აცრემლებულმა გურიამ და ჯაბას გადაეხვია._მეგონა, ვეღარასდროს გნახავდი...
_შენ ვინღა ჯანდაბა ხარ?_სერიოზულად შეჭმუხნა ჯაბამ წარბები.
_რაა?_საცოდავად ააფახულა გურიამ თვალები და ახლა მე გადმომხედა._აკი კარგად არისო?
_კარგადაა, უბრალოდ ზოგიერთ რამეს ვერ იხსენებს._ხუმრობაში მეც მთელი სერიოზულობით ავყევი ჯაბას.
_გურია ვარ ძმაო, ვეღარ მცნობ?_უარესად აუწყლიანდა ბიჭს თვალები.
_გურია?.. ვინ გურია?...
_შენი ძმაკაცი... დაგავიწყდა?
_ჩემი ძმაკაცი გურია?_ისე სერიოზულად გაიკვირვა ჯაბამ, ლამის მეც დამაჯერა თავის ამნეზიაში.
_ხო, შენი ძმაკაცი. აღარ გახსოვარ?.. ვითომ ფეხი რომ მოიტეხე და ერთი კვარტალი ზურგზე აკიდებული მატარებინე თავი.
ჯაბას ოდნავშესამჩნევად გაეღიმა, მაგრამ თავის შეკავება შესძლო და გაოცების ნიღაბი არ მოუშორებია სახიდან.
_სანაძლეო რომ წამაგებინე და შუა ქუჩაში აჯიმანიები მაკეთებინე, არც ეგ გახსოვს?
გულში ბოლო ხმაზე ვხარხარებდი უკვე, მაგრამ გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი.
_არც ის გახსოვს, ჩანთაში თაგვი რომ ჩამისვი და კლასში ამომიხტა?
ზეზვასკენ გავაპარე მზერა, რომელიც ღიმილის შეკავებას ცდილობდა და არ გამოსდიოდა. ალბათ, ეგონა რომ ჯაბას მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები მართლაც ქონდა და ეუხერხულებოდა სიცილი.
_ის გახსოვს, მოჩვენებებზე რომ ვლაპარაკობდით მთელი ღამე და მერე ზეწარგადაფარებული გამომეცხადე?
აქ კი თავი ვეღარ შეიკავა ჯაბამ და გულიანად ახარხარდა. მე და ზეზვაც ავყევით სიცილში. გურია კი საცოდავი სახით გვათვალიერებდა სამივეს სათითაოდ. ვერ მიმხვდარიყო რა გვაცინებდა.
_რატო ის არ გაიხსენე, ქალის ტანსაცმლით რომ გატარე მთელი თბილისი?
_მაგის დავიწყებას ვცდილობ და იმიტომ... მოიცა, და შენ?... აკი არ გახსოვდა არაფერი?_გვიან მიხვდა გურია ჯაბას ოინებს და ნაწყენმა მუშტი დაარტყა მხარში.
_მეტკინა ვირო, რას შვრები?_გულიანად ხარხარებდა ჯაბა.
კიდევ ბევრი ოინი გავიხსენეთ ჯაბას და გურიას მონაწილეობით. იმდენი ვიცინეთ, მუცლის პრესი მტკიოდა უკვე. საღამომდე დრო შეუმჩნევლად გაიპარა. ძალიანაც არ მინდოდა სახლში წასვლა და ჯაბას მარტო დატოვება, მაგრამ საავადმყოფოში არავინ დამტოვა. მე, გურია და ზეზვა ერთად გამოვედით შენობიდან. ცოტა ხანს ერთად ვიარეთ, მერე კი ჩვენი გზები გაიყო და ჩვენ ჩვენს სახლებს მივაშურეთ.
უზომოდ ბედნიერი ვიყავი და ეს ბედნიერება სახეზეც მეწერა ალბათ. დედაჩემმა მაშინვე ის მკითხა:
_ჯაბა გამოკეთდა?
_კი._შუბლზე ვაკოცე და ჩემს ოთახში ვაპირებდი შესვლას, რომ შემაჩერა.
_მამაშენმა დარეკა. ტელეფონი რატო გაქვს გათიშული?_ინტერესით შემომხედა._მთელ დღეს დაკარგული ხარ და ტელეფონზეც არ პასუხობ. რას გავს შენი საქციელი? როგორ ფიქრობ, არ ვნერვიულობთ იმ ამბების შემდეგ?
დედაჩემი მართალი იყო, ძალიან უპასუხისმგებლო და უვარგისი შვილი ვიყავი. ვიმსახურებდა ახლა ერთ კარგ გასილაქებას და დასჯას...
_მაპატიე, მეორედ აღარ განმეორდება ასეთი სიტუაცია.
_კარგი იქნება, თორემ გული გამისკდება უკვე._ამოიოხრა დედაჩემმა და თან დაამატა,_ხვალ დემნა სამი წლის ხდებაო და ბავშვთა გასართობ ცენტრში უხდის დაბადების დღეს. შენ საგანგებოდ ხარ მიპატიჟებული.
_აუჰ, არ შეიძლება რომ არ წავიდე? სულ ბავშვები იქნებიან იქ და მე რა უნდა ვაკეთო? თან მასეთი რაღაცეები ხომ იცი რომ ჩემთვის არაა რა...
_აბა რა არის შენთვის, ლუდის სმა და ბარში სიარული?_ცოტა ეწყინა დედაჩემს._შენს და-ძმასთან კარგი ურთიერთობა რომ გქონდეს არ გინდა?
_რანაირი ქალი ხარ რა? სხვა ასეთ სიტუაციაში მამის და მისი შვილების სიძულვილს ასწავლიდა თავის შვილს და შენ? მაოცებ პირდაპირ, აქეთ მიწყობ ხელს რომ მამაჩემს დავუახლოვდე და მისი ახალი შვილები გავიცნო.
_გინდა არ გინდა იმ კაცის სისხლი გიჩქეფს ძარღვებში და მისი გენის მატარებელი ხარ. ის ბავშვებიც შენი ჯიგრები არიან...
_შენთვის მითქვამს ოდესმე, რომ არაჩვეულებრივი ქალი ხარ?_მოულოდნელად ჩავეხუტე._არ ვიცი რა მეშველებოდა შენ რომ არ ყოფილიყავი დედაჩემი.
შევატყე როგორ აუთრთოლდა დედაჩემს ხელები, რომლებიც მჭიდროდ შემომხვია და მიმიხუტა გულზე. მართლაც და რა მეშველებოდა უიმისოდ? მე ვარ საძაგელი შვილი, თორემ დედა მყავს საუკეთესოთა შორის საუკეთესო!
********************
მეორე დღეს გამოვიპრანჭე ისე, როგორც ლამაზ ქალს შეეფერებოდა და მამაჩემმა რომ გამომიარა, სიხარულით გავყევი. დემნას სამი წლის იუბილე ბავშვთა გასართობ ცენტრში ავღნიშნეთ. რატომღაც მეგონა კარგ დროს ვერ გავატარებდი ბავშვებთან, მაგრამ თურმე ვცდებოდი. სასწაულად მოვილხინე და არაჩვეულებრივი დრო გავატარე. მირანდა გვერდიდან არ მომშორებია. დედაჩემისა არ იყოს, ერთი სისხლის ვართ და მონათესავე სულები ძნელად თუ დაშორდებიან ერთმანეთს...
გასართობი ცენტრიდან მამაჩემმა ჯერ თავისთან მიმიყვანა, ბავშვები და ქეთი ჩამოსხა და მერე მე მომიბრუნდა:
_მგონი დროა ჩემი მომავალი სიძე მოვინახულოთ.
სიძეო ისე თქვა, ტანში გამცრა. თან შემრცხვა.
_რას დაიმორცხვე? არ ვარ ვალდებული გავიცნო და შევაფასო როგორი კაცია? ხომ უნდა ვიცოდე ჩემი ათხაჯინა ქალი ვის უნდა გაყვეს ცოლად და ვის უნდა მოუშალოს ნერვები?_ისეთი გულწრფელი ღიმილი ქონდა, ამან უფრო დამაბნია და შემარცხვინა.
_თან, გავაფრთხილებ, რომ თუ გაწყენინებს, ჩემთან ექნება საქმე.
მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ. საავადმყოფოში გულის ფანცქალით შევედი. წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა მოვქცეულიყავი ასეთ სიტუაციაში. ან, ჯაბას რა რეაქცია ექნებოდა მამაჩემის დანახვაზე. პალატაში შესულს გურია იქ დამიხვდა. ჯაბა საწოლზე წამომჯდარიყო და რაღაცას საეჭვოდ ჩურჩულებდნენ. მე რომ დამინახეს თითქოს შეცბნენ. მამაჩემის დანახვამ ხომ საერთოდ ფურორი მოახდინა. შევატყე ჯაბას როგორ დაიბნა და გაწითლდა. მამაჩემმა გულიანად მოიკითხა და სასთუმალთან ჩამოუჯდა.
ჯაბამ საცოდავად შემომხედა, რა ხდებაო თვალებით მანიშნა. არ ვიცი-მეთქი მეც თვალებით ვანიშნე. გურიამ რაღაც იყნოსა თითქოს, საქმე მაქვსო მოიმიზეზა და კარებში ისე გაიძურწა, თვალი ძლივს მოვკარი. მამაჩემი მშვიდი სახით იჯდა და ჯაბას შეჰყურებდა, ხმის ამოღებას არ აპირებდა რატომღაც. ეს დუმილი უარესად მიხეთქავდა გულს. დარწმუნებული ვიყავი, ჩხუბს არ დაუწყებდა, ან რაზე უნდა ეჩხუბა, მაგრამ მაინც მეშინოდა.
_კარგია რომ გამოჯანმრთელდი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა._როგორც იქნა ღიმილით წამოიწყო მამაჩემმა._აქედან რომ გაგწერენ და გახვალ, რას აპირებ? როგორც ვიცი, მშენებლობაზე მუშაობდი და ახლა ამ მდგომარეობაში ჯერჯერობით გაგიჭირდება მუშაობა.
_ჯერ მაგაზე არ მიფიქრია._დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ჯაბამ და მორცხვად შეხედა მამაჩემს.
_ბირჟაზე ხომ არ აპირებ დგომას?
_არა, რას ლაპარაკობთ? მე და ბებიას რჩენა ხომ გვინდა, მარტო მისი პენსიით ვერ ვიცხოვრებთ, მეც მოვკიდებ რამეს ხელს.
_ხო და, სანამ ჯანმრთელობას სრულად აღიდგენ, მე მაქვს ერთი შემოთავაზება შენთვის.
ჯაბამ გაოცებული მზერა მამაჩემიდან ჩემზე გადმოიტანა.
_მაგას ტყუილად უყურებ, არაფერი იცის._გაეღიმა მამაჩემს._აქედან რომ გამოგწერენ, მნახე და დავილაპარაკოთ. ახლა კი მე წავალ, საქმეები მაქვს._ფეხზე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა._შენ შეგიძლია დარჩე, მოგვიანებით შემოგივლი._მითხრა და პალატიდან გავიდა.
მივხვდი რომ იტყუებოდა, არანაირი საქმე არ ქონდა, უბრალოდ ჩვენი მარტო დატოვება უნდოდა.
_მამაშენზე სულ ცუდს ლაპარაკობდი და არც ისეთი საშინელება ყოფილა._შემომღიმა ჯაბამ.
_ეტყობა, მეც ვერ ვიცნობდი კარგად.
_მოდი ჩემთან._კი არ მითხრა, მიბრძანა.
მეც უსიტყვოდ დავემორჩილე.
მივუახლოვდი თუ არა, ხელი მომკიდა, საწოლზე გვერდით მომიჯინა და ჩამიხუტა.
მისმა სიახლოვემ ისევ ამიძგერა გული. მისი მთრთოლვარე ტუჩების შეხებამ კი ნეტარების ბურუსში გამახვია. თავდავიწყებით მიყვარდა ეს ბიჭი და არაფრის გულისთვის არ დავთმობდი მას.
_შენმა დაბადების დღემ ისე ჩაიარა, უგონოდ მეძინა... გახსოვს, სიღნაღში რას შეგპირდი?
ეშმაკურად გავუქნიე თავი ვითომ არ მახსოვდა, მაგრამ მის დანაპირებს რა დამავიწყებდა? მინდოდა კიდევ ერთხელ გაემეორებინა.
_ეს საჩუქარი ჩემგან._ბალიშის ქვეშიდან ვერცხლის ყელსაბამი გამოაძვრინა, რომელსაც ძალიან ლამაზი ვარდისფერი ქვის პატარა გული ეკიდა._რამდენი ხანია შენთვის მაქვს ნაყიდი და ახლა ძლივს მოვაძებნინე გურიას.
ყელსაბამი გამოვართვი და შევათვალიერე. არაჩვეულებრივი იყო, მითუმეტეს რომ ჯაბას ნაჩუქარი იყო.
_მოგწონს? _სიხარულის სხივი გაუკრთა თვალებში._ვარდისფერი კვარცია. სიყვარულის თილისმასაც ეძახიან._ყელსაბამი გამომართვა და ფრთხილად გამიკეთა კისერზე, თან ნაზად მაკოცა._ეს ქვა თურმე შეყვარებულებს ყველა წყენის დავიწყებაში და სტრესის მოხსნაში ეხმარება. როგორც სიყვარულის თილისმა კი ხელს უწყობს ოჯახური ბედნიერების და სიყვარულის შენარჩუნებასო... დიდი დრო არ არის გასული, რაც აღმოვაჩინე, რომ შენც გიყვარვარ და ეს ძალიან, ძალიან მაბედნიერებს. შეიძლება ფიქრობ, რომ პატარები ვართ, მაგრამ მე დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი ცოლი გერქვას. ღამე ჩემს გვერდით გეძინოს და შენს მშვიდ ძილს ვდარაჯობდე. დილით ღიმილით მისტუმრებდე სამსახურში და საღამოს დაღლილ-დაქანცულს შენი ღიმილიანი სახის დანახვა მაბედნიერებდეს. მინდა ჩემი შვილების დედა გერქვას... შეიძლება ბევრი რამე მინდა, მაგრამ მაინც გავბედავ და გკითხავ: გახდები ჩემი ცოლი?
არც კი დავფიქრებულვარ, თანხმობის ნიშნად ბედნიერი დავეწაფე მის ტუჩებს.
საპასუხო კოცნამაც არ დააყოვნა და სუნთქვა შემიგუბა. ბედნიერების განცდით ჰაერში ვტივტივებდი თითქოს. მართალია, 18 წელი ისეთი ასაკი არ იყო, არიქა და გასათხოვარი არ დავრჩე-მეთქი, მაგრამ მაინც ადვილად დავთანხმდი ცოლობაზე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთად ბევრ რამეს შევძლებდით და გადავლახავდით. იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ცხოვრება უამრავ სიურპრიზს მოგვიწყობდა და ერთად უზომოდ ბედნიერები ვიქნებოდით.
(დასასრული)



№1  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყო❤️❤️მომეწონა ახტაჯანა თათა❤️❤️წარმატებებიი❤️❤️

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

TamoTi
ძალიან კარგი იყო❤️❤️მომეწონა ახტაჯანა თათა❤️❤️წარმატებებიი❤️❤️

დიდი მადლობა, გაიხარეთ.
--------------------
მშვილდოსანი

 


№3  offline წევრი ვიპნი

ძალიან ,ძალიან საინტერესო იყო

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

ვიპნი
ძალიან ,ძალიან საინტერესო იყო

მადლობა შეფასებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 


№5 სტუმარი ეკა

ძალიან მომეწონა მიყვარს ასეთი მებრძოლი ადამიანები ..

 


№6 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან კარგი ისტორიაა. ყოჩაღ თათა. დასაფასებელია აგრეთვე ზეზვას თანადგომა.

 


№7 სტუმარი Hachiko

ყოველ ღამე თქვენი ნოველებით ვიძინებ თუ ძილი ჰქვია ამას????ვათენებ... ❤️❤️

 


№8  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი მარინა
ძალიან კარგი ისტორიაა. ყოჩაღ თათა. დასაფასებელია აგრეთვე ზეზვას თანადგომა.

❤️❤️❤️

Hachiko
ყოველ ღამე თქვენი ნოველებით ვიძინებ თუ ძილი ჰქვია ამას????ვათენებ... ❤️❤️

❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent