შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაი ჭიქაში (სრულად)


17-03-2021, 13:36
ავტორი Loey
ნანახია 6 633

მაღალი შენობის ბოლო სართულიდან გადმოგდებული ტელეფონი ბეტონს დაასკდა და ნამსხვრევებად იქცა. შენობის ბოლო სართულზე მდგარმა ახალგაზრდა ქალმა ნაწილებად ქცეულ მოწყობილობას გულგრილად გადმოხედა, წამოზრდილ მუცელზე ხელი მოისვა და პირი გააწკლაპუნა.
- მშია, - ამოიოხრა. მოაჯირზე ფეხები შემოაწყო და ჰორიზონტს თვალი გაუსწორა. სოკოსავით გამრავლებული, ერთმანეთზე გადაწყობილი სახლები ნელ-ნელა განათდნენ.
- მშია-მეთქი,- ამჯერად დაიყვირა და ორთქლად ქცეულ ჰაერს ხელი გაუქნია. თეთრი ჯემპრის საყელოში ცხვირი ჩამალა, წინდები მუხლებამდე აიტანა და ხელები გადააჯვარედინა. ზურგსუკან მბჟუტავმა ნათურამ ერთხელღა გაანათა და გადაიწვა. ჭერს ახედა. წვიმისგან გაჩენილ აბსტრაქტულ ფორმებს თვალი გაუსწორა. ცოტა ხნის შემდეგ, უაზრო რგოლებმა ადამიანების, ცხოველების, ღრუბლების ფორმა მიიღეს.

ჩაიდანი ადუღდა.

დასიებული ფეხები თბილ ჩუსტებს შეაფარა, ტანსაცმელი გაისწორა და სამზარეულოსკენ ჩაის გასაკეთებლად წავიდა. დამსხვრეულ ჭურჭელს უგულოდ გადააბიჯა. გვიან ავალაგებო, გაიფიქრა და ერთადერთ ჭიქაში წყალი ჩაასხა. ტკბილისთვის მაცივარი გამოაღო. სიღრმიდან საზამთროს მურაბამ შემოანათა, აგერ, რამდენიმე თვეა გადაუადგილებლად რომ დაუდია ბინა მივიწყებულ ადგილზე. ერთი ცალი ჩანგალზე წამოაცვა და ჩაისთან ერთად ტელევიზორთან გადაინაცვლა.

ხვალ ახალი დღე გათენდებოდა. რამდენიმე კვირაც და, სოფლიდან ხალხი ჩამოვიდოდა. ისინი ახალგაზრდა ქალს დედობისგან იხსნიდნენ და ისედაც მძიმე ცხოვრებას ცოტათი შეუმსუბუქებდნენ. მერე ეს წამოზრდილი მუცელიც ნელ-ნელა დაპატარავდებოდა. ისევ ივარჯიშებდა. ცოტას იშიმშილებდა კიდეც და ლამაზ ფორმებს დაიბრუნებდა. იქნებოდა ბედნიერი, იმიტომ, რომ სასურველ ქალად ახლიდან იქცეოდა. გამოიპრანჭებოდა. კარადაში შეკიდულ ერთადერთ კაბას გადმოიღებდა და ქუსლებზე კაკუნით ჩაირბენდა ქვედა სართულებს. სიმძიმე ისევე უეცრად გაქრებოდა, როგორც გაჩნდა.

წამოზრდილ მუცელს ზემოდან დახედა.

-თითქოს საზამთრო გადავყლაპე, - თვალი მოჭუტა და ქვემოდან ხელი ამოიდო, - თუმცა, ნესვის ზომის უფროა.

შეგრილებული სითხე ბოლოჯერ მოსვა და ჭიქა მაგიდაზე გადადგა.

- სანამ დაიბადები, მოვითხოვ, რომ საკეისრო გამიკეთონ. როცა გავიღვიძებ, აღარ იქნები. ვერც შენს ხმას გავიგებ, ვერც შენს სუნს ვიგრძნობ. კარგია ასე. ვერ შეძლებ, ჩემში დედის ინსტიქტები გააღვიძო. უსახელოდ გაგაშვილებ. უკეთესი იქნება, სახელს ახალი ოჯახი თუ მოგიფიქრებს. იქნებ, ცხოვრება მართლაც ბედზეა დამოკიდებული და შენც კარგი ბედით დაიბადო. თუმცა, ჩემი შვილი ხარ...

„შვილი“ - სწრაფად გაუელვა გონებაში. როგორ შეიძლება, ვინმეს ჩემი შვილი ერქვასო, თავი გააქნია და კარის გასაღებად გაემართა. კარის ჩარჩოზე მიყრდნობილმა მობარბაცე სხეულმა მძიმედ ასწია თავი და დაღებული პირიდან ალკოჰოლის სუნი გადმოაფრქვია. ყელზე მომდგარი გულისრევის შეგრძნება უკან გადაუშვა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, ახალგაზრდა კაცს შემოსვლა რომ შესძლებოდა.

მამაკაცმა ცელოფნის პარკი ფეხსაცმელებთან მიაგდო და დივანზე მოწყვეტით დაეხეთქა. რამდენიმე წუთის შემდეგ წამოჯდა და დამსხვრეულ ჭურჭელს უკმაყოფილოდ მიაშტერდა.

- როდემდე უნდა ეყაროს?
- თუ გაწუხებს, აალაგე. მე არ დამიყრია,- ფეხი გადააბიჯა და საძინებლის კარი ზურგსუკან მოიხურა. შემოსასვლელიდან მსხვრევის ხმა გაისმა. ერთადერთი მთელი ჭიქაც რომელიღაც კედელს ემსხვერპლა.

შუაღამისას გამოეღვიძა. კისერში ცხელი ჰაერი ედებოდა. საწოლიდან თავი წამოწია, გვერდით დასვენებულ სხეულს სინანულით გადახედა და სამზარეულოში გავიდა. იატაკზე დაყრილი ნამსხვრევები ისევ თავს იწონებდნენ. წყლის ასავსებად ჭურჭელი რომ ვერ ნახა, ონკანს ხელი შეუშვირა და პირი ისე გაიგრილა. საცვალში გამოწყობილი სხეული გვერდით აესვეტა.

- ვერ მოერიე?- მაღალ სხეულს ახედა და მანძილის გასაზრდელად ორი ნაბიჯი გვერდით გადადგა.
- შენ ვერ მოერიე? - კითხვა დაუბრუნა.
- არ შეგიძლია, ჩემ მდგომარეობაში შეხვიდე?
- შენი მდგომარეობა შენთვისაა მიზეზი. თანაც, ცოტა ხანში პრობლემაც მოგვარდება. უჟმური სახით ნუ იყურები და წამოდი, დავწვეთ.

მაჯაზე წავლებულ ხელს დახედა. ცერა თითი დალურჯებულ ადგილს აწვებოდა.

- პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ჩვენ ვერ მოვგვარდებით. გითხარი, დაახვიე და მეორედ ჩემ კართან აყუდებული აღარ გნახო. აივნიდან მარტო ტელეფონის სროლა არ შემიძლია,- მეასედ გააფრთხილა და ისევ ხელს დახედა. თითები ნელ-ნელა მოდუნდნენ და ბოლოს საერთოდაც გაქრნენ. შეწითლებულმა ადგილმა გაუფერულება დაიწყო.

- რა პრობლემა გაქვს?
- ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პრობლემა შენ ხარ. კარს თავადვე იპოვი. გასვლისას შენი ნარჩენები იატაკიდან აკრიფე და დარწმუნდი, რომ არაფერი დარჩეს.

სააბაზანოდან გამოსულს იქ აღარ დახვდა.

მაღაზიის რიგში დგომისგან დაღლილმა ფეხი რამდენჯერმე შეინაცვლა. წინ მდგარ ახალგაზრდა ბიჭს უკმაყოფილოდ შეხედა და მის გასაგონად კიდევ ერთხელ ამოიოხრა. ბიჭმა წინ წაიწია, ორივე ხელში მოქცეული პროდუქტი მოლარეს დაუყარა და ხელი ჯიბისკენ წაიღო. თან ფლირტაობდა, თან ბარათს იღებდა. ამასობაში, გადამწვარმა ფეხებმა ლიმიტი ამოწურეს და სანამ გაიფიქრებდა, წინ გაიჭრა.

- თუ თვალების ბრიალს მოეშვებით და ხელებს უფრო სწრაფად ამუშავებთ, ყველას გვეშველება, - უკან მომდგარ ხალხზე მიანიშნა და ცალყბად ჩაუღიმა.

ბიჭმა მხრები აიჩეჩა, ბარათი უკან დაიბრუნა და შეძენილის ჩასაწყობად გვერდით მიიწია.

შვებით ამოისუნთქა. რამდენიმე ნათურა, ერთჯერადი ჭიქა-თეფში და ხილი დახლზე მოაქცია და ჩანთისკენ წაღებული ხელი ჰაერში გაუშეშდა. სწორედ მაშინ იგრძნო რაღაც უცნაური. დასველებულ შარვალს შიშით დახედა და უკან დაიხია. უკან მდგარმა მოხუცმა ქალმა უცნაური ხმები ამოუშვა და მაშინვე დახმარება ითხოვა. ჩალაგებით გართულმა ბიჭმა ახლაღა ამოიხედა და გაშეშებული ქალის მზერას თვალი გააყოლა, მერე მსუბუქად სწვდა და ხელში აყვანილმა მანქანისკენ გააქანა.

- ახლა არ უნდა ყვიროდე? რატომ არ ყვირი? - გაოცებულმა გახედა სარკეში და წითელზე გზა გადაჭრა. საპირისპიროდ მოძრავმა მანქანის მძღოლმა ხელები ჰაერში დრამატულად აიქნია.

ქალმა არაფერი უპასუხა. ჯერ ისევ ვერ ხვდებოდა, წინ რა ელოდა, თუმცა გონზე მაშინაც ვერ მოვიდა, თავზე ექიმები რომ დაეხვივნენ და ეტლით სადღაც გააქანეს. ბიჭი შემოსასვლელში დარჩა.

პალატაში მასთან ერთად რამდენიმე ქალი იწვა. მომავალ ბედნიერებას წინასწარ ეპოტინებოდნენ და ანთებული თვალებით ერთმანეთს ბავშვის სქესს, პირველ მოძრაობასა და სხვა უმნიშვნელო დეტალს უზიარებდნენ.

- თან არავინ გახლავთ? - მედდამ შემოწმებაზე ჩამოიარა.

უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ხელებს მიაშტერდა. უხერხულ მომენტში ყოველთვის ამას რატომ ვაკეთებო, გაიფიქრა და კარში გასულ მედდას თვალი გააყოლა.

მეორე დღეს ექიმს სთხოვა, საკეისრო გამიკეთეთო. ასაკოვანმა კაცმა სათვალის ზემოდან გადმოხედა, ფურცელზე რაღაც მოინიშნა და გამოკვლევების მერე ვნახოთო, უპასუხა.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ქალს ძლიერი ორგანიზმი აქვს, არ აღენიშნება მშობიარობისთის საშიში დაავადებები და შესაბამისად, საკეისროს საჭიროებაც არ არსებობს.

იმ ღამით, საავადმყოფოში დაძინება ვერავინ მოახერხა. პალატაში გამომწყვდეული პაციენტი წასვლას ითხოვდა.

- ერთიც და მერე დაისვენებ. მიდი, შენი შვილისთვის, - გასამხნევებლად შესძახა ქალმა. მედდამ შუბლიდან ოფლი მოსწმინდა და მუცელზე დააწვა.

„შენი შვილისთვის“, - გულში გაჰკრა, - ჩემი შვილი ზაფხულის ერთ საღამოს, სიცხისგან გადამწვარ დღეს ჩაისახა. ძალადობის შედეგმა რამდენიმე თვეში იჩინა თავი, როცა შემწვარ კვერცხს სანაგვეში გადავუძახე და მისაღებშივე ვარწყიე. გულისრევას ამოვაყოლე ყველაფერი, რაც ადამიანური შემრჩენოდა და ხელფასის ბოლო თეთრებით ტესტი ვიყიდა. ვის უყვარს მოძალადე კაცისგან ჩასახული ბავშვი? ის კაცი, კვირების შემდეგ რომ გამოჩნდება და კარზე მოგიკაკუნებს. დანახვაც რომ საკმარისია იმისთვის, უნიტაზში თავით ჩაეყუდო. მერე ეს ბავშვიც, ნელ-ნელა რომ იბერება შენს მუცელში და ადამიანად ყალიბდება. საჭმელს რომ არ გარგებს, შარდის ბუშტით თამაშობს. სულ დაღლილი ხარ, სულ უგუნებოდ. არავის რომ არ უყვარს. შეუმდგარ ქალში უდროოდ რომ სახლდება და იმდენად გვიან იგებ ყველაფერს, მოშორებაც რომ შეუძლებელია. ასეთი ტანჯვა, ჩემი შვილისთვის, რომლის ხმის გაგებაც კი არ მინდოდა.“

- მიდი, ერთხელაც, - ბოლოჯერ დაიყვირა ბებიაქალმა და პაციენტიც ერთიანად მოწყდა. გაბერილი, გადაღლილი თავი ბალიშზე მიასვენა. თვალის გასახელად ძალა ძლივს მოიკრიბა და თეთრ, სუფთა ჭერს ახედა.

მერე ხმა გაიგო. ასეთი ხმა არასდროს სმენოდა. იქნებ, გადამწვარი რომ არის, მაგიტომაც ეჩვენება, რადგან ნათლად აცნობიერებს, რომ მის გარშემო არავინაა. იქნებ, წარმოსახვაა. იქნებ, კვდება.

კედელზე მოციმციმე ნათურას თვალი ძლივს მოსწყვიტა. თავი გვერდით გადააბრუნა და თეთრხალათიანი ქალის მკლავებში მოქცეულ არსებას შორიდან შეხედა. უეცრად, თეთრხალათიანმა ბავშვი ზემოთ ასწია, სისხლიანი ზეწარი მოაშორა და პატარა მაგიდაზე დააწვინა. სწრაფად და უხეშად გაწმინდა, პატარა მკლავები ტანსაცმელში გააყოფინა და შეფუთა.

არაფერი ატკინოთო, გაიფიქრა. თქმით არაფერი უთქვამს.

ახალგაზრდა მედდამ ბავშვი გულზე მიიხუტა და დედისკენ წაიყვანა. ღიმილით დახედა თვალებგაფართოებულ ქალს და ბავშვი ოდნავ გასწია.

- რას აკეთებ? - აკანკალებულმა ამოიხავლა.

მედდა გაჩერდა. რამდენი ქალის მშობიარობას დასწრებია და ასეთი რამ ჯერ არც ერთს უკითხავს.

- დედის სითბო სჭირდება, - მშვიდად აუხსნა.
- მაგრამ, მე დედა ვარ? - მედდამ ყური მოჰკრა ჩუმად ნათქვამს.
- დედა იყავი ამდენი თვის მანძილზე. მოდი, გულზე დაგაწვენ, - ფრთხილად მოატრიალა და დააწვინა.

ვერავინ გაიგებდა, ვისი გული უფრო სწრაფად და ძლიერად ცემდა.

პატარა არსებამ ღიმილისკუთხე ასწია და გაინაბა.

- ბიჭია თუ გოგო? - იკითხა და ისევ მედდას ახედა.
- არ იცით? გოგოა,- გაუღიმა და საწოლს მოშორდა.

გოგოა, გაუელვა თავში. იქნებ, მისნაირი გაიზარდოს? იქნებ, მისი ბედი გაიზიაროს? რა მოხდება, ცუდ ოჯახში რომ აღმოჩნდეს და მთელი ცხოვრება უბედური იყოს? იქნებ...

- ჰო, მართლა, შემოსასვლელში ახალგაზრდა ბიჭი იცდის. რამდენიმე დღეა, ყოველ საღამოს მოდის და კართან დგას. ვუთხრა, შემოვიდეს? - დასაზუსტებლად პაციენტისკენ დაიხარა.

ქალმა გაკვირვებისგან შუბლი შეკრა. მოგონებებში მაღაზიის რიგში მდგარი ბიჭი ამოტივტივდა და თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.


მაღალი შენობის ბოლო სართულიდან ბავშვის სათამაშო გადმოვარდა. გამვლელმა ზემოთ აიხედა და ჭყვიტინა დინოზავრი გვერდით ისროლა. ფქვილში ამოთხუპნულმა ქალმა რეცეპტების წიგნს თავი ანება და კარის გასაღებად გაემართა. კარის ჩარჩოზე მიყრდნობილმა ახალგაზრდა ბიჭმა გაიცინა და შესვლის ნება ითხოვა. ქალმა სახიდან ფქვილი მოიწმინდა და მორთმეული ყვავილები მაგიდაზე დააწყო.

- ფქვილის ტომარა აფეთქდა? - ხმამაღლა დასცინა და მიძინებულ ბავშვს ფრთხილად დახედა.
- ცხობას ვსწავლობ, - დარცხვენილმა აღიარა.
- რამ გაგახსენა?

- ტკბილეულობა გიყვარს, დაა... - თავისთვის ჩაიდუდღუნა და ჩაისთვის წყალი შემოდგა.
- მაღაზიიდან რაღაცები ამოგიტანე, - თვალით ცელოფანზე მიანიშნა.
- ისევ ალოდინებ ხალხს რიგში? - თბილად ჩაიღიმა.
- მიზეზი აღარ მაქვს , - ქვემოდან ამოხედა და ჩაის დასასხმელად წამოდგა.

დახლზე შემოდგმულ ჭიქებში სითხე ჩაასხა და შაქრისთვის შებრუნდა. საუბრისას გაქნეული ხელი ჭიქას გაარტყა და სანამ რეაგირებას მოასწრებდა, შუშა ნამსხვრევებად იქცა.

ფქვილში ამოსვრილმა ქალმა ნამსხვრევებს უგულოდ დახედა და ატირებული ბავშვის დასაწყნარებლად ოთახში გავიდა. პატარას გაღვიძებოდა და დიდი, მრგვალი თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა. ოთახში შესული დედის დანახვისას ლამაზად გაიღიმა და ფეხების ქნევა დაიწყო. ქალმა ბავშვი გულზე მიიხუტა, თმაზე მოეფერა და სამზარეულოსკენ ღიღინით წაიყვანა.

იატაკზე მიმობნეული ნამსხვრევები ნაგვის ყუთში ეყარა. დახლთან მდგარი ახალგაზრდა ბიჭი ჩაის ჭიქას ღიმილით უწვდიდა...



№1  offline წევრი Margo Tokyo

ასეთი ამბები იშვიათად იწერება და მიხარია, რომ არ გავატარე.
ისე ლამაზად და ფაქიზად წერ, რომ მინდა ბევრმა წაიკითხოს!
მწერლობაზე და ზოგადად წერაზე სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს, მაგრამ, როგორც ასეთი, გრძნობდე სიტყვებს, რომლებსაც წერ, ზუსტად არის გადმოცემული ამ ისტორიაში.
გამართული ისტორია ყოველთვის სასიამოვნოდ იკითხება, მაგრამ აქ სულ სხვა ამბებიც იყო... ყოველი სიტყვა ერგებოდა თავის კონტექსტს და ყოველი სიტყვა ამბობდა სათქმელს.
სათქმელი კიდე, იმაზე დიდი და მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სხვა დანარჩენი.
ყველა კომპონენტის ჰარმონიულობამ, ძალიან მაგარი ათი წუთი შექმნა ჩემს ცხოვრებაში და ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა.
და ჰო, რაც მთავარია, მომცა საშუალება, იმ რეალობაში შემომეხედა, დღეც არცთუ ისე იშვიათი რომ არის.
იმედი და გამოსავალი სულ რომ არსებობს, დასასრულმა ნათლად გამოხატა.
ჰო, კიდე, ყველაზე მეტად რაც მომწონს, სიმბოლური დატვირთვებია.
გატეხილი ჩაის ჭიქა დასაწყისში და გატეხილი ჩაის ჭიქა დასასრულში - იდეალური კონტრასტი.

კარგი ფონია მათთვის, ვინც იმავე პრობელმის წინაშეა.
ან უბრალოდ უიმედობას გრძნობს.

მადლობა!

 


№2 სტუმარი სტუმარი ანო

როგორი ფაქიზია, როგორი ლამაზი. ❤️

 


მადლობა რომ ძველი დრო გამახსენე და ამდენი ხნის შემდეგ 4love-ზე დამაბრუნე. ????????
????????????????????

 


№4  offline წევრი Loey

გაზაფხულის გოგო
მადლობა რომ ძველი დრო გამახსენე და ამდენი ხნის შემდეგ 4love-ზე დამაბრუნე. ????????
????????????????????


როგორ მიყვარხარ ????❤️

Margo Tokyo
ასეთი ამბები იშვიათად იწერება და მიხარია, რომ არ გავატარე.
ისე ლამაზად და ფაქიზად წერ, რომ მინდა ბევრმა წაიკითხოს!
მწერლობაზე და ზოგადად წერაზე სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს, მაგრამ, როგორც ასეთი, გრძნობდე სიტყვებს, რომლებსაც წერ, ზუსტად არის გადმოცემული ამ ისტორიაში.
გამართული ისტორია ყოველთვის სასიამოვნოდ იკითხება, მაგრამ აქ სულ სხვა ამბებიც იყო... ყოველი სიტყვა ერგებოდა თავის კონტექსტს და ყოველი სიტყვა ამბობდა სათქმელს.
სათქმელი კიდე, იმაზე დიდი და მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სხვა დანარჩენი.
ყველა კომპონენტის ჰარმონიულობამ, ძალიან მაგარი ათი წუთი შექმნა ჩემს ცხოვრებაში და ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა.
და ჰო, რაც მთავარია, მომცა საშუალება, იმ რეალობაში შემომეხედა, დღეც არცთუ ისე იშვიათი რომ არის.
იმედი და გამოსავალი სულ რომ არსებობს, დასასრულმა ნათლად გამოხატა.
ჰო, კიდე, ყველაზე მეტად რაც მომწონს, სიმბოლური დატვირთვებია.
გატეხილი ჩაის ჭიქა დასაწყისში და გატეხილი ჩაის ჭიქა დასასრულში - იდეალური კონტრასტი.

კარგი ფონია მათთვის, ვინც იმავე პრობელმის წინაშეა.
ან უბრალოდ უიმედობას გრძნობს.

მადლობა!



ძალიან დიდი მადლობა, ლამაზად შეფასებისთვის ❤️

სტუმარი ანო
როგორი ფაქიზია, როგორი ლამაზი. ❤️


ძალიან დიდი მადლობა ☺️

 


№5  offline წევრი შამხათი

როგორი იმედისმომცემი ისტორიაა, არავინ იცის, ვისთვის როდის გამოიდარებს.. ძალიან მომეწონა.

 


№6  offline წევრი Loey

შამხათი
როგორი იმედისმომცემი ისტორიაა, არავინ იცის, ვისთვის როდის გამოიდარებს.. ძალიან მომეწონა.



მადლობა დიდი ????

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიტა

რომ თავამთავრე,მივხვდი ვიღიმოდი და კიდევ დიდხანს გამყვება ბედნიერების განცდა.ძალიან კარგია,პატარა და თბილი.აუცილებლად გააგრძელეთ წერა,ძალიან კარგად გამოგდით.წარმატებებს გისურვებთ

 


№8  offline წევრი Loey

სტუმარი მარიტა
რომ თავამთავრე,მივხვდი ვიღიმოდი და კიდევ დიდხანს გამყვება ბედნიერების განცდა.ძალიან კარგია,პატარა და თბილი.აუცილებლად გააგრძელეთ წერა,ძალიან კარგად გამოგდით.წარმატებებს გისურვებთ


ძალიან მიხარია. მადლობა ❤️

 


№9 სტუმარი Ana-maria

პატარა, ძალიან თბილი ისტორია. უნდა გვჯეროდეს :ყველაფერი კარგად იქნება. .

 


№10  offline წევრი Loey

Ana-maria
პატარა, ძალიან თბილი ისტორია. უნდა გვჯეროდეს :ყველაფერი კარგად იქნება. .


ნამდვილად ❤️

 


№11  offline წევრი ირო

პატარა ისტორიაში ასე ჩატეული ემოციები,პირველად წავიკითხე,მადლობა შენ რომ ასეთი საინტერესო,ემოციური ისტორია შემოგვთავაზე.

 


№12  offline წევრი Loey

ირო
პატარა ისტორიაში ასე ჩატეული ემოციები,პირველად წავიკითხე,მადლობა შენ რომ ასეთი საინტერესო,ემოციური ისტორია შემოგვთავაზე.


მადლობა შენ, რომ წაიკითხე ❤️

 


№13  offline წევრი utsnobi

უსაყვარლესი ისტორიაა, ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე-არავინ იცის ხვალ რა გველის, მადლობა შენ კარგი განწყობისთვის

 


№14  offline წევრი Loey

utsnobi
უსაყვარლესი ისტორიაა, ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე-არავინ იცის ხვალ რა გველის, მადლობა შენ კარგი განწყობისთვის



მადლობა შენ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent