ჩვენ კვლავ შევხვდებით.
ჩვენ კვლავ შევხვდებით. სადაც არ უნდა იყო. შეიძლება ისევ თეთრ თოვლს შორის გამოიკვეთოს შენი ლამაზი სახე. წარმოვიდგენ, რომ ისევ ისეთი შუქთა მკრთომელი მზერით გასცქერ უკიდეგანო თეთრ სივრცეს და მის დაუფლებას ლამობ. ისევ ის ლურჯი კომბინიზონი გაცვია, ასე ძალიან რომ უხდება შენს ღზვისფერ, ღრმა, აღელვებულ და ინტერესისაგან გაფართოებულ თვალებს. გამაღლებული იქნები, ალბათ. ხელებზე ისევ ხელთათმნები გეკეთება თუ ამ ჯერად შევეხები ისე, რომ კავშირის ეს სითბო დაუვიწყარი გავიხადო? შენ ისევ წინ მომეგებები მე, გზადაკარგულს, და შენებურად ამომწურავად დამაკვალიანებ. შენი ხელით ჩამაცმევ ფეხზე იმ უშველებელ ბათინგებს და თხილამურებსაც თვითონ წამომიღებ საბაგირომდის, რომ მე არ გავწვალდე მათი თრევით. ალბათ ისევ ისიტყვაძვირებ, როგორც მაშინ - პირველად რომ შევხვდით. თუმცა დიდხანს ხმას არ ამოიღებ, როცაღა სიტყვას იტყვი მოზომილს, მაგრამ შენი ერთბაშად რკინასავით ძლიერი და აბრეშუმივით ნაზი ხმა გულზე მალამოდ მომედება და ცეცხლის ალს გამიქარვებს. მე ისევ ისე გავიპრანჭები და დავიმორცხვები, არ მიეცე გაკვირვებას. სავარაუდოდ, შენი ოქროსფერი, მზის შუქზე მბრწყინავი თმა, ისევ იმ ქუდში გექნება დამალული; კაცი იფიქრებს, ასე შეფუთულად და სქლად იმიტომ აცვიაო, თავისი შინაგანი სამყაროს, თავისი „მე“-ს დამალვას ცდილობსო. ან აქ მართლაც რა გამოსაჩენია შენი პიროვნულობა? ან მე რატომ გამეცანი მაშინ სხვაგვარად? უფროსწორედ, ისეთად, როგორიც ხარ და არა როგორადაც გინდა რომ ამ კრიტიკულმა საზოგადოებამ აღგიქვას? შენ ხომ თხილამურებზე სრიალის სწავლის სურვილის მქონე ხალხს ეხმარებოდი, შენ ხომ უბრალოდ ინსტრუქტორი იყავი... სტუდენტი თბილისიდან, რომელიც სრულიად შემთხვევით მოხვდა ფაკულტეტზე, რომელსაც წლობით ფიქრის შემდეგ არჩევენ ხოლმე. ჯიქია დაამთავრე ჰუმანიტარულზე, მახსოვს. მაგრამ შენი პროფესიით რატომ არ გიმუშავია? ინსტინქტები მკარნახობს, საქმიანობა და პიჯაკი ძალიან მოგიხდებოდა, მე ჰალსტუხს გაგისწორებდი და ისე გაგიშვებდი... და ისევ რუსთათვის მიმზიდველ ზამთრის კურორტ ბაკურიანში, ისევ ოცდახუთიანებში, ისევ თხილამურებზე შემდგრები და მთების დასაპყრობად შემზადებულები რომ შევხდეთ ერთმანეთს? ოღონდ ამჯერად მე მოყვარული აღარ ვიქნები, აღარც გამოუცდელი, არამედ შენი თანასწორი. გახსოვს, როგორ მითხარი ხო იცი ვერ გამასწრებო, ჰოდა ახლა ვნახავდით ვინ ვის გაასწრებდა. ერთად ავიდოდით საბაგიროთი, დანიშნულების ადგილამდე მისვლამდე ვიბაასებდით, შენ მომიყვებოდი როგორ გაატარე განვლილი ცხოვრება, ასე თავს უცხოდ აღარ იგრძნობდი, მეც მოგიყვებოდი ჩემს ისტორიას და ორივეს გაგვექარწ....ბოდა ის გრძნობა, რომ ერთმანეთის გაცნობამდე გატარებული ყველა წამი ფუჭი და ამაო იყო, თითქოს ერთმანეთს მთელი ჩვენი საცოდავი სიცოცხლეა ვიცნობთ. მე კვლავ შემოგჩივლებ, ამ ასასვლელ-მოსახვევს ვერ ვიტან-მეთქი, შენ კვლავ დამიყვავებ, წინასწარ არ უნდა იყო არაფრის მიმართ ცუდად განწყობილი. შენს ხელებს წელზე მომახვევ ან კიდევ ორივე ხელს ერთად ჩაგჭიდებ და ისე ჩავსრიალდებით, ბევრს მოვუხვევთ ხოლმე, მე კითხვებს დაგისმევ, რათა ეს დაკარგული დრო ავანაზღაურო, შენ დინჯად მიპასუხებ. წამად მეჩვენება ეს ჩამოსრიალება ამ გაწელილი მთიდან. მივცემთ ჟეტონს და კიდევ მრავალჯერ ავალთ, მე, როგორც ტაქტიანი და ზრდილობიანი გოგონა იმ კაცს ყოველ შესვლაზე მადლობას გადავუხდი, შენ ისევ დუმხარ და საეჭვოდ იღიმი. სიმართლე გითხრა, მე შენი მომერიდება, სირცხვილით დავიწვები. ბოდიშს მოგიხდი, რომ არ მოვედი მაშინ, რომ არ შევცვალე ბედის წიგნაკში უკვე გაწერილი ჩვენი ამბავი. ვწუხვარ ამ დღეების გამო, უერთმანეთოდ რომ გავატარეთ. მაპატიე, რომ გაგტანჯე შენც და საკუთარი თავი. შენც ჩემნაირად გკლავს შენივე ფიქრები? შენც განადგურებს სიშორე? მაგრამ მერე ხომ ისევ ერთად ვიქნებით, ისევ შევიყრებით... ალბათ სრიალით გულს რომ მოვითქვამთ იმ კაფეში დავსხდებით, უკვე ვიცი: პიცას შევუკვეთავ! ნეტა მერე რა მოხდება? არ ვიცი, საერთოდ მოხდება თუ არა ეს ყველაფერი... ამას წინათ საკუთარი პიროვნების გაორებამდე მივედი, იცი, უშენობის სიმწარემ გამცრიცა და დამაპატარავა, მაგრამ აღმაგზნო, თითქოს უცებ, მოულოდნელად, გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა(ეს იმის მერე, რაც იმედგადაწურულს მთვარიან ღამეს მეზმანე), ანდა იმედი მეწვია, რომელსაც უკვე აღარ ველოდებოდი. უცნაურია, მაგრამ ადამიანს სწორედ მაშინ უჩნდება იმედი, როცა თითქოს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. ის ამ იმედს ჯიუტად, ბოლო წუთამდე ებღაუჭება და ურჩევნია უკეთესზე იფიქროს, ვიდრე უარესი შეიმჩნიოს. ასეთია მისი ბუნება და თუკი საამისოდ რაიმე საშუალება გააჩნია საკუთარ უბედურებას არ დაიჯერებს, რადგან დაჯერება უბედურების ბოლო საფეხურია, იქ წყდება კიბე და მერე აღარაფერი აღარაა, სიმარტოვის სუსხისა და წყვდიადის გარდა... მეც ახლა მირჩევნია ვიფიქრო, რომ ოდესღაც, სადღაც კვლავ შევხვდებით, იქნებ ასე არა, იქნებ ისევ იქ არა, სადაც პირველად, მაგრამ მირჩევნია ასე ვიფიქრო, ვიდრე სამყაროს წესების სიმკაცრეს, სიძუნწესა და უსამართლობას მივცე საშუალება დამაბეჩავოს, გული მომიკლას და გამაბოროტოს, როგორც ხუროთმოძღვარს წლობით ნაშენი და მიწისძვრისაგან ერთაბაშად დანგრეული ტაძარი. შეიძლება სულაც აქ შეგხვდე - ჩემს თბილის ქალაქში, რომელიმე გადაკარგულ უბანში, ან სულაც ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ... მე შენ ყველგან მოგძებნი: დაწყებული ნასოფლარებში მიტოვებული, ჟამიანობისაგან გაპარტახებული სახლებიდან, დამთავრებული - დიდი ქალაქის ყველაზე ფეშენებელურ, პრესტიჟული სასტუმროს ლუქსით. მთელი ცხოვრება სიზმარივით მემახსოვრება ის საღამო, ხალხისგან გადაჭედილი გორა, შენი კისკისი, შენი გამოხედვა, ჩემი პირობა, რომ დავბრუნდებოდი... იქნებ შენც იცი რომ გადავეყრებით ერთმანეთს და სწორედ ამიტომ არ დამემშვიდობე? ეს წვეტიანი აზრები, რომლებიც მინდა რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვატარო, იტიხრებიან და სხვადასხვა გზით გარბიან... არ მჯერა იმის, რომ შენ ჩემს გულში დარჩები და არ იარსებებ ცხოვრებაშიც... მაგრამ რაც არ უნდა იყოს, შენ ჩემს გულში გაქვს ადგილი, რომელიც არასდროს არავის არ ექნება! მე მაშინაც მიყვარდი, როცა ჯერ კიდევ არ გიცნობდი და როდესაც შეგხვდი მთელი ჩემი არსება დავტოვე შენში და ისე წამოვედი მაქედან. ახლა კი მაკლიხარ... ჩვენი შეხვედრა მესიზმრება და ამ სიზმრიდან აყოლილმა სევდამ ზეზეურად ჩამომახმო კიდევაც. მაგრამ, მე თუ მკითხავ, ჩვენ კვლავ შევხვდებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.