რაე (თავი 6)
*** ჰორიზონტი თეთრ ნისლს გაეფანტა. დილის ცვარს, წყლის წვეთებად დაეჭორფლა მოშიშვლებულ მიწაზე ნარინჯისფრად შეჯგუფებული ნეკერჩხლის ფოთლები, რომლებიც ნესტისგან ატალახებულ მიწას, საბანივით გადაჰფარვოდნენ. ისე იყვნენ ახლართული ერთმანეთში, შეუძლებელი იყო გარკვევა, სად მთავრდებოდა ერთი ფოთოლი და სად იწყებოდა მეორე. მიწიდან ამოშვერილი უზარმაზარი ნეკერჩხლის ფესვი, სამ ხედ იტოტებოდა. სამივე კი, თავის მხრივ, კიდევ მრავალ წვრილ ტოტად გადაშლილიყო და უზარმაზარ, ფრთის ფორმის საფარველს ქმნიდა. ერთი ფესვისგან აღმოცენებული, სამი სიამის ხე, დიაგონალზე იმდენად იყო გადახრილი, რომ მოზრდილი ეზოს თითქმის მეოთხედს იკავებდა, რაც თავისთავად სამალავს ჰგავდა, ნარინჯისფერ ხის ფოთლებს შორის, რომელიც ცისარტყელას ფორმის შესასვლელს ქმნიდა. მარჯვნივ გადახრილ ხესთან, ძველი, მოღამული ნაცრისფერი ქვის ქანდაკება იდგა. ერთმანეთში გადახლართული, თითქმის მკერდამდე ამოშვერილი, განზე მოხრილი ფეხებით იჯდა ბუდა. დახუჭულ თვალებზე, წინ წამოწეული გუგები იმდენად აწვებოდა დამცავ კანს, რომ გეგონებოდათ, გაახელს თუ არა გადმოსცვივდებაო. სახე მშვიდი ჰქონდა და ყოვლისშემცნობი ღიმილი გადაჰკვროდა. იფიქრებდით, რაღაცას ხედავსო. ხელებში ქოთანი ეჭირა, მასზე მსუბუქად შემოეხვია ხელები. მოჩუქურთმებულ, ვარდის ფოთლებად თლილ თასზე იჯდა და რაღაც უჩვეულო, სპირიტულ სიმშვიდეს ქმნიდა ნისლით გარშემორტყმულ, ნარინჯისფერ ნეკერჩხლის სამალავში. ბუდას ფეხებთან, შავზოლებიანი ცხოველი იზმორებოდა. ეს იყო ტოიგერის კატა, რომელიც მხოლოდ იმით განსხვავდებოდა ვეფხვისგან, რომ ზომით პატარა იყო. თავისი ნაცრისფერი, ჭრელი თვალებით რაღაცას აკვირდებოდა, მერე უკანა თათებზე დადგა, გავა მაღლა ასწია და გაიფოფხა. ზედა ტუჩის მარჯვენა მხარე ოდნავ ასწია და წინა ფეხებზე დადგა. რასაც აშტერდებოდა, უნებლიედ გაქრა მისი ინტერესის ობიექტიდან და ამაყად გაგოგმანდა ფოთლებში. სამალავიდან გამომავალი გზა, შეუმჩნეველ, მაგრამ ფეხსაცმლის ძირისგან დატკეპნილ ბილიკს ქმნიდა. ბილიკი, ათ მეტრში წყდებოდა თარაზულად დახრილ ბეტონთან, სადაც შავი მოტოციკლი, Suzuki Hayabusa იდგა. შავ ბორბლებს, ბორდოსფრად შემოჰხვეოდა გველისებრი საყელო. ტყავის სავარძელი ღრმად ჩაზნექოდა მოტოციკლს ხერხემალზე, ხოლო უკანა ფარები ბორდოსფრად ამოზნექილიყო. მარჯვენა ფერდზე, წითელი საღებავით დასვრილი ფუნჯით იყო გასმული სქელი ზოლი, რომელზეც იაპონური იეროგლიფი მიეხატათ. თავად მოტოციკლის შავი, შუშის ცხვირი და წინა განათებები, მკაფიოდ უბღვერდა ყველას, ვისკენაც ცხვირს გაიშვერდა. ნისლი თანდათან იფანტებოდა სივრცეში და ჰორიზონტიც უფრო და უფრო შორ ხედებს აჩვენებდა. შემოდგომის ფერებში გახვეულ, დაბალგალავნიანი ეზოს შუაგულში, თეთრი ქვისგან ნაშენი, ორსართულიანი სახლი იდგა, რომელსაც მეორე სართულზე, ფიცრული აივანი ამშვენებდა. მოტოციკლი და ნეკერჩხლის ხე, სახლის მთავარი შესასვლელის მარჯვნივ მდებარეობდა, ხოლო მთავარი შესასვლელი ბორდოსფერი, ორად გაყოფილი რკინის კარით იღებოდა, რომელიც ვერაფრით ვერ კოლერირებდა მეორე სართულის ფიცრულ აივანთან. როგორც კი, ნისლი ღრუბლებიდან გამოჭყეტილმა მზის სხივმა გააპო, ბორდოსფერი კარიდან გაბეც გამოვიდა. მხრებამდე დაშვებული, შავი დრედები უკან, კეფის თავზე შეეკრა, თუმცა წინ მაინც გადმოჰპარვოდა ერთი, რომელიც მარცხენა თვალს შუაში უყოფდა. ტრადიციულად, დიდი ბათინკები და ყველაფერი შავი ემოსა. გრძელი მოსასხამები კი მონოტონურად გაჰყვებოდა მისი ჩაცმის სტილის ხაზს. გაბრიელი მოტოციკლისკენ გაემართა და ჩაფხუტს დაავლო ხელი. ამ დროს, ნეკერჩხლის სამალავისკენ გაექცა თვალი, საიდანაც მინი ვეფხვი გამოგოგმანდა. მათი სიარულის მანერა რაღაცით ჰგავდა კიდეც ერთმანეთს - ორივეს ყოველ მიხვრა-მოხვრაზე შეემჩნეოდა ზეკომპენსატორული ბუნება. გაბე მისკენ გაემართა გაბადრული. -ქლოი?! შე ეშმაკის ფეხო, სად იყავი? ქლოი ისევ გაიზმორა, მუცლით გაირთხა მიწაზე და წინა თათები ბოლომდე დააწვინა. ქვევიდან აჰხედა გაბეს, თავისი ნაცრისფერი თვალებით. ეს უკანასკნელი კი დაიხარა, თავზე გადაუსვა ხელი, მერე კი ზურგზე რიტმულად. ქლოი სიამოვნებისგან აკრუტუნდა და უცნაურად ვიბრირებდა მთელი სხეულით. -უნდა წავიდე ახლა, ქლოი. იმედია, როცა დავბრუნდები, აქ დამხვდები. -წამოდგა გაბე და მოტოციკლისკენ შებრუნდა. ქლოი კი წამოდგა, ზოზინით გაგოგმანდა და ციფრული აინვისკენ აიღო გეზი. გაბემ ჯიბიდან პულტი ამოიღო, ღილაკს დააწვა და ეზოში შემოსასვლელი, ღობესგან შედარებით მაღალი რკინის კარი ორად გაიპო. ბიჭმა ჩაფხუტი მოირგო, მოტოციკლზე შემოჯდა, მუცლით გადაიხარა და ადგილს მოსწყდა. ქლოი ფიცრული აივნის მოაჯირზე შემოსკუპებულიყო და გულგრილად უყურებდა, როგორ მიიწევდა ერთმანეთისკენ რამოდენიმე წამის წინ ორად გახლეჩილი რკინის კარი. *** -რა კარგია, რომ მოხვედი. -სიხარულით შეაცხრა სახეში გაბეს წითელთმიანი, ხელკავი გამოსდო და წაალასლასა. -ეს უნდა ნახო. გაბრიელი მორჩილად გაჰყვა ქალს უკან. კლინიკის უკანა ეზოში გავიდნენ. იქაურობა, თითქმის ცარიელი იყო. გამელოტებული ჭადრის ხის ქვეშ, მწვანე მრგვალი მაგიდა იდგა, რომლის ერთ მხარეს, გაბესგან ზურგით რაელი იჯდა. მისი ოქროსფერი თმა და ფიფქისფერი ხალათი, აყვითლებულ შემოდგომას ათბობდა. მის მოპირდაპირედ, შავთმიანი, თეთრხალათში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი იჯდა. შუაში კი, ჭადრაკის დაფა გაეშალათ. შავთმიანს, წარბები შეეკრა და უცნაურად შეფიქრიანებულიყო, დროდადრო ცხვირს იქავებდა და წამით რაელს გაჰხედავდა ხოლმე, მორცხვად. გაბრიელი მათ მიუახლოვდა, თუმცა თამაშით გართულებმა, ვერც კი შეამჩნიეს. -ასე, ლაზიერს დაკარგავ. -წამოიყვირა რაელმა. დაბნეულმა შავთმიანმა, ფიგურა ისევ უკან დააბრუნა. მერე, ეტლს დაავლო ხელი და წინ, ცარიელ უჯრებზე გააქროლა. -არა, არა, ასე მხოლოდ პაიკს მოკლავ. მერე, მე ეტლს მოგიკლავ. აი, უყურე. -წამოიწია სკამიდან რაელი. შავთმიანი კიდევ უფრო დაიბნა, ნიკაპით გაშლილი ხელის გულების თაიგულს დაეყრდნო და დაფას დააცქერდა. მერე, სვლა გააკეთა. რაელს კომენტარი აღარ გაუკეთებია, საპასუხო სვლით უპასუხა. ასე გაგრძელდა, რამოდენიმე წუთი. გაბრიელი დაკვირვებით დასცქეროდა დაფას, მის გვერდით მდგომი ლეილა კი, ხან გაბრიელს გახედავდა ცქმუტვით, ხანაც რაელს. -ქიში. -თქვა რაელმა. შავთმიანმა, ფიგურა გადაადგილა. -ქიში. ისევ გადააგდილა შავთმიანმა. -ქიში და შამათი. -ტაში შემოჰკრა რაელმა. ფიგურები წააქცია და თავიდან დაიწყო დალაგება. -იქნებ, ცოტათი შეგვესვენა, რაელ. -შეევედრა შავთმიანი. -არა, ისევ მინდა. ვითამაშოთ, ვითამაშოთ. -აზმუვლდა რაელი და ტუჩის კუთხეებთან ნერწყვი მოადგა. შავთმიანმა უღონოდ აიხედა მაღლა და გაბე და ლეილა რომ დაინახა, მაშინვე გაუბრწყინდა თვალები. ფეხზე წამოდგა და მათკენ გაემართა. რაელიც გამობრუნდა და გაბეს რამოდენიმე წამით დააშტერდა. მერე, ისევ შებრუნდა და ფიგურების დალაგება განაგრძო. -როგორ ხარ, რაელ? -მხარზე მოუთათუნა გაბრიელმა და მის მოპირდაპირედ, შავთმიანის ადგილზე მოთავსდა. რაელმა ხმა არ გასცა, მშვიდად ალაგებდა ფიგურებს. თეთრებს თავისკენ, შავებს მოპირდაპირე მხარეს. -ვითამაშოთ? -ჰკითხა გაბრიელმა. ბიჭმა, თავი დაუკრა უჩუმრად, წამით თვალი გააპარა გაბესკენ და მერე ისევ დაფას დააშტერდა. ექთნები მოშორდნენ. იქვე, შორიახლოს დასხდნენ. -შენთან თამაში ძალიან მეხმარება, რაელ. იცი, რომ მთელს გეგმებს შენი სვლებით ვაწყობ? -მკერდით მაგიდის პირს მიეყრდნო გაბრიელი და რაელისკენ გადაიხარა. სიტყვები თითქმის ჩურჩულით უთხრა. რაელმა პაიკი d4_ზე დასვა და თამაში დაიწყო. -რომელია, შენი საყვარელი ფიგურა, რაელ? -ჰკითხა გაბემ და საპასუხოდ, მხედარი f6_ზე დასვა. -პაიკი. -ჩუმად თქვა რაელმა და მეორე პაიკი c4თან შეაჩერა. -რატომ? -გაბემაც თავის მხრივ, პაიკი ჩართო თამაშში. -იმიტომ, რომ მას შეუძლია ნებისმიერ ფიგურად იქცეს. გაბე სახეში ჩააშტერდა რაელს, რომელიც თავს არ სწევდა მაღლა. მთელს თავის ფიქრებსა და სულს დებდა ჭადრაკში - სხვაგვარად არც შეეძლო. მისთვის, ყველა, ვისაც ხვდებოდა, ჭადრაკის ფიგურები იყვნენ. რამოდენიმე წუთი, უხმოდ თამაშობდნენ. გაბეს უჭირდა სვლების გაკეთება, რაელი კი ყოველი სვლისთვის მზად იყო. რაც უფრო იწელებოდა თამაში, მით უფრო აგვიანებდა გაბე სვლის გაკეთებას. -შენ, რომელ ფიგურას გავხარ, რაელ? -კუს. -რატომ, კუს? -მხოლოდ ერთ ფერზე და მხოლოდ დიაგონალზე შეუძლია სიარული. -გაბედულად უპასუხა რაელმა. -ქიში! გაბემ წარბები შეკრა და ფიგურა გადაადგილა. -ქიში! -თქვა ისევ რაელმა. გაბრიელმა ისევ უკან დააბრუნა ფიგურა. -მე, რომელს ვგავარ? -ჩაეძია გაბრიელი. -შენ. -ჩუმი მზერა გააპარა გაბესკენ რაელმა. -მხედარი. -რატომ? -სწრაფად ჰკითხა გაბრიელმა, თუმცა რაელი დაფას ჩასჩერებოდა გაკვირვებული. -რა გაეწყობა. -თქვა ბოლოს რაელმა და ლაზიერი გაფუჭებული მანქანის ბერკეტივით, რამდენჯერმე აქეთ-იქით გადააადგილა. -ყაიმია, მუდმივი ქიში. -ძირითადად, სულ ყაიმით ვამთავრებთ. არა, რაელ? -ცალყბად გაეცინა გაბეს. რაელს პასუხი არ გაუცია, მთელი ტანით შეტრიალდა და წითელთმიანს გაჰხედა. ეს უკანასკნელი სწრაფად მოუახლოვდა, პლედი შემოჰხვია რაელს და წამოაყენა. -გინდა, ოთახში წაგიყვანო? -დაუყვავა ლეილამ. რაელი მთლიანად შებრუნდა, ქალს მიეკრო და ორი ნაბიჯი გადადგა. ლეილამ გაბრიელს გახედა, რომელიც სკამიდან არ ამდგარიყო, მოღუშული იჯდა და რაელის ზურგს შეჰყურებდა. მერე, ლეილას გახედა და თავი დაუკრა, რაღაცის დასტურის ნიშნად. ამ უკანასკნელმაც დაუკრა თავი და შებრუნდა. რამოდენიმე ნაბიჯით რომ დაშორდნენ საჭადრაკო მაგიდას, რაელი მობრუნდა და გაბეს შეხედა. -რადგან, ის ერთადერთია, რომელსაც შეუძლია სხვა ფიგურებს გადაახტეს.-წინადადება, ზურგშექცევით დაასრულა რაელმა. მერე კი, შენობაში გაუჩინდარდა. გაბრიელი ერთხანს იჯდა სკამზე, ჩაფიქრებული. მერე, წარბები შეკრა, ერთ წერტილს მიაშტერდა დაკვირვებით. თითქოს, გონს ეგებაო და მერე კი, თავისთვის ჩაილაპარაკა: „ეს იმას ნიშნავს, რომ მე მომიწევს გადავახტე, მაგრამ - ვის? ვინ იგულისხმა, რაელმა?“ *** გაბრიელი, ქალაქის ერთ-ერთი გარეუბნის ჩიხს აუყვა და თითქმის ნეანდერტალურ კორპუსთან გაჩერდა. მოტოციკლი აღმართთან დატოვა და ძლივს ააღწია აღმართის თავზე. სიძველისგან, ხუთსართულიანი შენობა ოდნავ გადახრილიყო და მარჯვენა მხარეს, ბზარიც გასჩენოდა. მეორე სადარბაზოს მესამე სართულიდან, ებრაული კადიში ისმოდა და ეს ხმა, იმდენად ზუსტად კოლერირებდა სიძველისგან ამყრალებულ, გახრწნილ გარემოსთან, რომ ბაგრიელს წამით შეგრძნება გაუჩნდა, რომ იმ ადგილას მოხვდა, სადაც ოდესღაც დრომ სვლა შეწყვიტა და სამყარომ ხრწნა დაიწყო. ის კი ერთადერთი ცოცხალი არსება იყო, რომელიც ჭკნობას არ დაემორჩილა და სამყაროს გადაშენებას თავისი თვალით უყურებდა. გაბრიელი, პირველ სადარბაზოში შევიდა და დანგრეულ, თითქმის უსაფეხურო კიბეს აუყვა. პირველივე სართულის მარცხენა ხის კარს მიადგა და დააკაკუნა. მალევე გაიღო კარი და ზღურბლზე გამოჩნდა ადამიანად ქცეული შიში და სასოწარკვეთა. აბურდული, შებუჩქული ჭაღარა თმა, უსიცოცხლოდ ეფინა ქალის მხრებსა და სახის ნახევარზე. თვალები ჩამქრალი, უიმედო ჰქონდა. სახე ფერმკრთალი და დანაოჭებული, ადრე დაბერებული და დამჭკნარი. ალკოჰოლის სუნისგან ყარდა და უგონოდ შესჩერებოდა გაბრიელს. -გამარჯობა, ევას ვეძებ. -მაღალი ხმით მიმართა გაბრიელმა. ქალმა ქვედა ყბა მთლიანად აზიდა და კეფას იმდენად მიაწვა, რომ ღაბაბი საგრძნობლად ჩამოებერა. ოდნავ, ცინიკური ღიმილი გადაეკრო სახეზე, თვალები მილულა და მხრები აიჩეჩა. მერე კი, ხელი აიქნია და ცხვირწინ მიუხურა გაბრიელს კარი. გაბე ცივად გამობრუნდა, სწრაფად გამოვიდა სადარბაზოდან. დამთრგუნველ ადგილს მოშორდა და ფეხით ჩაუყვა ციცაბო დაღმართს. წვიმის წვეთი ლოყაზე დაეცა და ორი წამიც არ გასულა, რომ თავსხმა წვიმა დაიწყო. ბიჭმა სვლას მოუჩქარა, ერთ ბოძზე ისევ შერჩენილიყო პრეზიდენტის ცნობილი ფოტო. უბრალოდ, თვალები შავი ფანქრით ჰქონდა გადაჯღაბნილი. ძლივს ჩაათავა დაღმართი და მოტოციკლს მიუახლოვდა, ის-ის იყო ჩაფხუტი უნდა მოერგო და გზის მეორე მხარეს გაუშეშდა მზერა. რაღაცაზე ჩაფიქრდა წამით, მერე კი ჩაფხუტი თავის ადგილზე დააბრუნდა და გზა გადაკვეთა. თავსხმა წვიმის ფონზე, მძიმე ნაბიჯებით გადაკვეთა გაბრიელმა გზის მეორე მხარე და აფრიალებულმა შავმა მოსასხამმა, სასაფლაოს შესასვლელი შეაპო. მიწა სულ მთლად ატალახებულიყო. გაბეს შავ ბათინკებს ფერი ეცვალათ და მოსასხამის ბოლოებიც აღარ იყო შავი - ტალღების შეჯახების ილუსტრაცია გამოჰხატვოდა. ნახევრად დახუჭული თვალებით რაღაცას, ან ვიღაცას ეძებდა. თითქმის მთელი სასაფლაო შემოიარა, თუმცა არსად არანაირი კვალი არ იყო. ჩამოღამდა. წვიმას ქუხილიც დაემატა და წითელ ზოლად გადაურბინა ზეცას. გაბემ, სასაფლაოს შუაში მდგარი, პატარა ხის ეკლესიისკენ აიღო გეზი და შიგნით შევიდა. მოსასხამი დაიფერთხა და ჭერს ახედა. კონუსის ფორმის ჭერზე გაუშტერდა თვალი და რაღაც უცნაური სიმშვიდე ირგძნო. უეცრად, მარჯვნივ გაიხედა და ის დაინახა, რისთვისაც იქ იყო - ეკლესიის მეორე შემოსასვლელ კართან, ჩაცუცქულიყო ევა. მოხრილ ფეხებზე მკლავები შემოეხვია და თავი მასში ჩაერგო. გაბრიელის მძიმე ნაბიჯების ხმამ, თითქოს გამოარკვია და მაღლა აიხედა. სახე მოულოდნელობისგან გაუშეშდა და სწრაფად წამოდგა ფეხზე. -შენ, აქ რა გინდა? გაბე, სერიოზული გამომეტყველებით მიაშტერდა, რამოდენიმე წამი. მერე კი, კართან ამაღლებულ საფეხურთან შეტრიალდა და ჩამოჯდა. ევაც ღონემიხდილი დაეცა მის გვერდით. ერთ ხანს, ასე ისხდნენ -მდუმარედ. მათ წინ, საკურთხეველთან აღმართულ იესოს გამოსახულებას შესჩერებოდნენ უსიტყვოდ. სასანთლესთან, მიცვალებულთა კუთხეში, ერთადერთი სანთელი ენთო, რომელიც თითქმის შუამდე დამდნარიყო. -არ მეგონა, თუ მორწმუნე იყავი. -მშვიდად თქვა გაბემ, თან ისევ იესოს გამოსახულებას მისჩერებოდა. -ეს, ძალიან პირადულია. -თავი ჩახარა ევამ. -ეკლესიის გვერდით, ჩემი ძმის საფლავია. გაბემ ევას გახედა და დააკვირდა. ევამაც აჰხედა და თვალები გაუსწორეს ერთმანეთს. ევას, მომწვანო თვალები შუშისებრი გაუხდა. -აქ, ხშირად ვარ. -განაგრძო ევამ. -როცა ტაძარი ცარიელია, საოცარი სიმშვიდე ისადგურებს. უფრო სწორად, იმედი. -ჩაეღიმა ევას. -იმედი, რომ სადღაც მართლაც არსებობს ადგილი, სადაც ბუბას ისევ ვნახავ. -ევას სულ მთლად აუწყლიანდა თვალები და ღაწვებიც დაუსველდა. -გგონია, შურისძიებით შვებას იგრძნობ? -არ ვიცი. -შენი ღმერთი, არაფერს გეუბნება? -ჩემი ღმერთი, ალბათ ბევრ რამეს მეუბნება, მაგრამ მე არ მესმის. -წამოდგა ევა და გასასვლელისკენ შებრუნდა. გაბრიელმა ფეხზე დასტაცა ხელი, ევა შეჩერდა და გაბეს დახედა. -მე შენ მჭირდები, ევა. ევამ ტუჩები მოკუმა, იქაურობას გადახედა და გარეთ გავიდა. გაბრიელიც წამოდგა, სანამ შებრუნდებოდა კიდევ ერთხელ გაჰხედა იესოს გამოსახულებას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჯვარზე იყო გაკრული, თავი ჩამოეგდო და გაბეს არ უყურებდა, ამ უკანასკნელმა მაინც იგრძნო სინდისის ქენჯნა, რომელიც უჩვეულო და შეუგუებელი აღმოჩნდა მისთვის. ევა, აგრესიულად მიაპობდა წვიმის სქელ წვეთებს. ხმაურიანად, თხლეშვით ეხეთქებოდა დედამიწის ზედაპირს ზეციდან მდინარი წყალი და ადამიანის ხმა, ერთი მეტრის რადიუსს ვერ სცდებოდა. გაბრიელი ევას დაედევნა და მხარში მოჰქაჩა, მისკენ შეატრიალა. -ვერ გაიგე, რა გითხარი? -ხმას აუმაღლა გაბრიელმა. -რაში გჭირდები, გაბე? ჩემთან სექსი გქონდა და მაგის მერე ისე იქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა. -წვიმა სახეში ეცემოდა ევას და უჭირდა თვალის გახედა. ტანსაცმელი სულ დასველებოდა, თხელი მოსაცმელი ეცვა და კისერთან კანი სულ დაეხორკლა. გაბრიელმა მოსასხამი გაიხადა და ევას მოახურა, თან ხელიც მოჰხვია ბეჭებზე და წააჩანჩალა. გოგონას, წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან სმენად იყო ქცეული. რაღაც პასუხს ელოდა გაბესგან და ამ პასუხის მოლოდინში, სასაფლაოსაც გასცდნენ და მოტოციკლსაც მიუახლოვდნენ. გაბრიელმა სავარძელი ასწია, კიდევ ერთი ჩაფხუტი ამოიღო და ევას გაუწოდა. -ეს არის შენი პასუხი? -სახეში შეაცხრა ევა. -გინდა რომ აქ ვილაპარაკოთ? ამ თავსხმაში? -დაიღრიალა გაბემ, რომელსაც მოთმინება თითქმის ღალატობდა. ევამ სწრაფად გაიხადა გაბრიელის მოსახამი და მამაკაცს ესროლა. თავად კი შეტრიალდა და აღმართს დაადგა. გაბრიელმა მშვიდად გადაჰფინა მოსასხამი მოტოციკლზე და აღმართისკენ გასწია. ევა ისევ მოჰქაჩეს მხარში და უკან შებრუნებულმა, გაბრიელის ცხელი ტუჩების გემო იგრძნო, რომელიც მის წვიმისგან გაყინულ სხეულს, თბილი პლედივით შემოეხვია. მთელი სხეულით მიეკრო გაბრიელს და ამ უკანასკნელმა განზე გასწია, ტუჩები მოაშორა. შუბლზე შუბლი მიადო და ცერა თითი მაგრად გადაუსვა ტუჩებზე. -ჩემთან გადმოდი. -ჩასჩურჩულა გაბრიელმა. ევა დენდარტყმულივით შეკრთა. ყურებს არ უჯერებდა და სახეში შეაშტერდა გაბრიელს. -კიდევ, დიდხანს ვიდგეთ? -სახე დაეჭყანა გაბრიელს. მერე კი, სწრაფად შეტრიალდა. ჩაფხუტი მოირგო და მოტოციკლზე მოთავსდა. წამებში, ევაც მიუჯდა უკან. *** ქალაქის მთავარ მოედანზე, პარლამენტის შენობის წინ, ამინდის მიუხედავად უამრავი ადამიანი შეკრებილიყო. გზა გადაეკეტათ, ამიტომ გაბრიელს უკან მობრუნება და სხვა გზით წასვლა მოუხდა. სპეცრაზმელებს, პარლამენტის შესასვლელი გრძელ ხაზად გადაეღობათ და სრული მობილიზებით ელოდნენ მოვლენების განვითარებასა და შესაბამის ბრძანებას. გაბრიელმა, თავისიანებსაც მოჰკრა თვალი აქციაზე. ისინი კი, მხოლოდ ლეომ დაინახა და გამარჯვების შეპარული ღიმილი შეაგება. გაბე, კმაყოფილი მობრუნდა და გაზს დააჭირა. თითქმის ცარიელ გზას, ბღვერით მიაპობდა შავი მოტოციკლი, რომლის სარკისებრი ზედაპირი, წვიმას დაეჭორფლა. ევამ, ჩაფხუტი მოიხსნა, ხელები გაშალა და სიხარულის ყვირილი შეაგება ზეცას. მოსახლეობა, პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.