შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდუმალი ქალი


18-03-2021, 14:27
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 13 179

ცხოვრებაში ხშირად ისე არ ხდება, როგორც ვგეგმავთ და გვინდა, მაგრამ როგორც ხდება, იმას რომ მაინც ვეჩვევით და ვეგუებით, ესეც კარგია... მე შვიდი წლის ვიყავი, ჩემი და ხუთის დედა რომ გარდაგვეცვალა სიმსივნით. ეს ნამდვილად არ დაგვიგეგმავს, მაგრამ წლები გავიდა და შევეჩვიეთ. მამაჩემმა დარდისგან სმას მიყო ხელი. ჩვენზე საერთოდ აღარ ფიქრობდა, მისთვის მთავარი სასმლის ქონა და ცოლის საფლავზე დამხობილი ტირილი იყო. მერე და მერე საფლავიც დაივიწყა და მარტო სასმელი ადარდებდა. მე და ანა ხშირად მშივრები ვწვებოდით ტირილით და დედის მოლოდინში, რომ ან ახლა შემოხსნიდა კარს და ჩაგვიხუტებდა და ან ახლა, ტკბილად გვეძინებოდა. ბოლოს, ჩვენი აღზრდა და მეურვეობა დედის დედამ, ლამარამ ითავა. ბებია დიდი სიყვარულით და მზრუნველობით გვანებივრებდა ორივეს. მართალია, მეორე შვილს და მის ოჯახსაც ის ინახავდა, მაგრამ მაინც ახერხებდა ყველაფერს. დილიდან დაღამებამდე მუშაობდა, რომ არაფერი მოგვკლებოდა და უზრუნველად გვეცხოვრა. ჩემს თვალში სუპერ გმირი ქალი იყო ლამარა. ამ ცეროდენა ტანის ქალს იმდენი ენერგია და ხალისი ქონდა, იმის ნახევარი მაინც რომ მქონოდა მე, ჩემთვისაც კარგი იქნებოდა. ვაღიარებ, რომ ჩემი უმცროსი და მას გავდა, მასავით მშრომელი და ყოჩაღი იყო. მე, კი, შეხედულებითაც მამას ვგავდი და უვარგისი ხასიათითაც. ადვილად ვბრაზდებოდი. არავის არაფერს ვუთმობდი. ენა მქონდა ისეთი მწარე, როგორც შაურმის წიწაკა. გული კი მართლა არ მქონდა ცუდი. მაგრამ სანამ ჩემი თბილი გულის ამბავს გაიგებდა ვინმე, ენა მისწრებდა წინ.
სკოლა რომ დავამთავრე, კოლეჯში ჩავირიცხე და საბანკო მომსახურებები სახელმწიფო დაფინანსებით შევისწავლე. სწავლას რომ მოვრჩი, თვითონ კოლეჯმა გამიწია რეკომენდაცია და სახალხო ბანკში დამასაქმა. რა მევალებოდა? სასაცილო კი იყო, მაგრამ მე რომ ჩემი შემოსავალი მქონდა და უკვე მოტეხილ ბებიას ვეხმარებოდი, მიხაროდა. რა მევალებოდა და, რიგის ნომრის აღებაში ვეხმარებოდი ხალხს. ბანკომატიდან თანხის გამოტანაში და აპარატზე თანხის შეტანაში. ყველაზე მეტად პენსიის აღების დღეები არ მიყვარდა. ხალხმრავლობა იყო და თანაც პენსიონერების უმრავლესობა, ვინც არც ბანკომატიდან იცოდა თანხის გამოტანა და არც აპარატში შეტანა. მოკლეთ, მოცლა არ მქონდა იმ დღეებში. თან, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებდა, რაც არ უნდა დაღლილ-დაქანცული ვყოფილიყავი, ღიმილი არ უნდა მომეშორებინა სახიდან. კამერები ყველგან იყო დამონტაჟებული და ჩვენი მენეჯერი მაკვირდებოდა. მენეჯერს რა ესაქმებოდა ჩემს ღიმილთან არ ვიცი, მაგრამ თუ დაქრუშული სახით დამინახავდა, ან უკმეხად დაველაპარაკებოდი კლიენტებს, სამსახურს დავკარგავდი. იმდენი შენიშვნა და გაფრთხილება მქონდა უკვე, ბოლო ცდაზე ვიყავი.
ჩვენი მენეჯერი ერთი უჟმური ვინმე იყო. ორმოცი წლის შინაბერა ქალი ძალიან ავი და კაპასი. ენას ყოველთვის კბილებით ვიჭერდი, რომ წინ არ გაესწრო და ეს ჩემი სასაცილო და მომაბეზრებელი სამსახური არ დამეკარგა. ასე თუ ისე გაგვქონდა თავი. ბებიას უკვე აღარ შეეძლო იმდენი და ცოტას მაინც ვეხმარებოდი. ანამ სტილისტობა ირჩია და ისიც კოლეჯში სწავლობდა სახელმწიფო დაფინანსებით, მაგრამ სტუდენტ გოგოს სახარჯო ფული ხომ მაინც სჭირდებოდა? თან, მეც უკვე გასათხოვარი გოგო ვიყავი, როგორც ბებია ამბობდა და ლაზათიანი ჩაცმა-დახურვა არ მაწყენდა.
ჩემი სამსახურის წყალობით ბევრ ბიჭს ვნახულობდი, მაგრამ ნორმალურად ჩაცმული მაინც უნდა ვყოფილიყავი, რომ ვინმეს მოვწონებოდი. დავაღებდი თუ არა პირს, იმდენ სისულელეს ვამბობდი, ყველას ვაფრთხობდი, სათოფეზე აღარ მეკარებოდა არავინ. მართალია, ოცდაორი წელი არ იყო ის ასაკი, განგაშის ზარები ამეტეხა, არიქა და შინაბერად ვრჩები მეთქი, მაგრამ უბრალო ფლირტი და რომანტიკული პაემნებით ნამდვილად არ ვიყავი განებივრებული ჩემი უვარგისი ხასიათის გამო. სიყვარულით არავინ მიყვარდა. შეუხედავი და უშნო ნამდვილად არ მეთქმოდა. ჩემს ანარეკლს ხშირად მე თვითონვე ვუმზერდი კმაყოფილი: ფერმკრთალი კანი, შავი თვალ-წარბი, ვარდისფერი მსხვილი ტუჩები. ტუჩს ზემოთ შავი ხალი. ვიწრო წელი, ოდნავ მომრგვალებული თეძოები, ზომაზე მაღალი მკერდი. ანას წყალობით ღია ჩალისფერი თმა და მშვენიერი ვარცხნილობაც._მოკლეთ, ქალი ვარ დაცემა, მაგრამ ყველას ვაფრთხობ ჩემი მწარე ენით. ერთადერთი, ვისაც ზედმეტს არ ვეუბნები, ვიტალია. ვიტალი ყველას უყვარს და მათ შორის მეც. მის ორგანიზმში ზედმეტ ქრომოსომას მართლაც არ ვაქცევ ყურადღებას. გულთბილი და მოსიყვარულე ბიჭია. მე განსაკუთრებით მოვწონვარ. დღის მეორე ნახევარში ყოველთვის მაკითხავს სამსახურში და გვარიანად მახალისებს. ყოველთვის მოაქვს ჩემთვის საღეჭი რეზინები და "ბარნი". მართალია, მარტო "ბარნის"მივირთმევ გემრიელად და "ჟუვაჩკები", როგორც ვიტალი ეძახის, ანასთან მიმაქვს და მას ვახალისებ, (მას ხომ სიგიჟემდე უყვარს ღლარჭუნი?) მაგრამ მაინც ყოველთვის ხელდამშვენებული მოდის ჩემთან. ახლაც, შემოხსნა თუ არა შემინული კარი, შორიდანვე გამიღიმა და ხელი ამიწია. თან ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა, რადგან იმდენი პენსიონერი მეხვია გარს, მოახლოება შეუძლებელი იყო.
_ჩემო იდეალურო, როგორ ხარ?
ყოველთვის მეღიმებოდა მის ამ ლექსიკონზე და ახლაც ღიმილის გარეშე არ დამიტოვებია. მოხერხებულად დავიჭირე მისი გამოგზავნილი კოცნა და გულის ჯიბეში შევინახე. პენსიონერების რიგი რომ მიწყნარდა, ვიტალი მხოლოდ მაშინ მომიახლოვდა მისთვის დამახასიათებელი ღიმილით და საჩუქრებიც გადმომცა.
_უღრმესი მადლობა ვიტო._მისი ლოყები ჩემს ხელის გულებში მოვიქციე და შუბლზე მადიანად ვაკოცე._ჩემი ძმა ხარ, როგორ მანებივრებ.
დაუნის სინდრომიანებისთვის დამახასიათებელი თვალებით შემომხედა და გამიღიმა. მითია, რომ ამბობენ ამ დაავადების მქონე ადამიანებზე, არ შეუძლიათ მეგობრობა და ახლო ურთიერთობის დამყარება ადამიანებთანო. ვიტალის უკიდეგანო სიყვარული და უღალატო მეგობრობა შეუძლია. მეც ძალიან მართობს და მახალისებს მისი გამოჩენა ჩემს მომაბეზრებელ და მოსაწყენ სამსახურში. მენეჯერი თინო ცოტა სკეპტიკურად გვიყურებს ორივეს, მაგრამ მასაც მოსწონს ვიტალი, რადგან არც მას ტოვებს ზრდილობიანი ბიჭი კომპლიმენტების გარეშე.
ის იყო, ცოტა ამოვისუნთქე და კლიენტებისთვის განკუთვნილ სკამზე ჩამოვჯექი, რომ თინო მაღალი ქუსლების კაკუნით მომიახლოვდა. გაჩერდა და უხმოდ მომაჩერდა. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ მისმა დაჟინებულმა მზერამ რომ შემაწუხა, იძულებული გავხდი ამეხედა. აშკარად შეწუხებული სახე ქონდა.
_ჟანა, ძვირფასო.
ამ ძვირფასოს მხოლოდ მაშინ ამატებდა, როცა ჩემთან რაღაცის სათხოვნელად მოდიოდა. სათხოვნელად ხმამაღალი ნათქვამია, ბრძანების გასაცემად უფრო. ახლაც მივხვდი, რომ რაღაც ისეთსას მიბრძანებდა, აშკარად არ მომეწონებოდა და წინასწარ გულშეწუხებულმა შევხედე.
_გაიქეცი აფთიაქში, პატარა ხარ. საგულე რამე მიყიდე, თორემ ვერ ვარ რაღაც კარგად.
ასეც ვიცოდი, რომ ამ სიცხეში სადღაც გამაგზავნიდა. მაგრამ რა გინდა გააკეთო? ჩემი სამსახურის ბედ-იღბალი მის ხელთ იყო და აბა მარტო შუბლი შემეჭმუხნა და დაზარება შეეტყო ჩემთვის. იძულებული სიმარდით წამოვდექი სკამიდან, რომელიც არ მეთმობოდა, ქალს ფული გამოვართვი და შენობა უკმაყოფილომ დავტოვე.
_გაიქეცი, პატარა ხარ._თინოს ინტონაციით წავიბუტბუტე და კიბის საფეხურები სირბილით ჩავიარე._კიდევ კარგი მე ვყავარ, რა ეშველებოდა ამ ქალს? ან გული დაარტყავდა და ან წნევა.
ბუტბუტითვე გადავჭერი ხმაურიანი ქუჩა და ავერსის აფთიაქში შევედი. იმდენი ხალხი იყო, გული უარესად შემიწუხდა. ერთ ერთ ფარმაცევტთან, რომელთანაც შედარებით ნაკლები რიგი იყო, ჩავდექი და მოუთმენლად დაველოდე. ერთი კი შევხედე ჩემს წინ აღმართულ მხარბეჭიან ბიჭს, რომელსაც ყურსასმენები მოერგო და იმხელა ხმაზე უსმენდა მუსიკებს, ნათლად გავარჩიე დაფინა ზექირის lule lule. მეც ტელეფონი დავაძრე ჯიბიდან და სოციალურ ქსელში შევძვერი. რამით ხომ უნდა გამერთო თავი და შემემსუბუქებინა მტანჯველი ლოდინი?
როგორც იქნა მიაღწია ბიჭმა ახალგაზრდა გაპრანჭულ ფარმაცევტ გოგონასთან და ხუთი პრეზერვატივი მოითხოვა. მოულოდნელად ხმამაღალი ფხუკუნი წამსკდა და მისი ინტერესის ობიექტიც გავხდი. ორბის თვალებით გადმომხედა, თან ცალი ყურსასმენი მოიძრო. (ნამდვილად უშლიდა ჩემს დანახვაში ხელს.) ამაზე უარესად წავიფხუკუნე. ბიჭმა ფეხსაცმლის ჭვინტიდან დაწყებილი თმის ბოლოებამდე კმაყოფილი მზერით ამათვალიერ-ჩამათვალიერა როგორც რენტგენის აპარატმა. გოგოს დასახელებული ნივთი გამოართვა და ზრდილობიანად დამითმო ადგილი, თუმცა შორს არ წასულა. იდგა და ვგრძნობდი როგორ მათვალიერებდა ზურგიდან.
_რამე საგულე საშუალება. აი ისეთი, აფორიაქებული გული რომ დაამშვიდოს. მოკლეთ, ჩემზე უკეთ თქვენ იცით თინოს რაც სჭირდება._ჩემი მონოლოგი დავასრულე და ფარმაცევტს გავუღიმე.
მალევე შემიფუთა ნატომ წამლები და მანაც ღიმილით გადმომცა. აფთიაქიდან გამოვედი თუ არა, უცნობიც გამომყვა და გვერდით ამომიდგა.
_ეგ გული ჩემმა დანახვამ ხომ არ აგიფორიაქა ლამაზო? თუ ხო, დაწყნარება შემიძლია._თან ისე გამიღიმა, სიფათში მუშტის გარტყმის სურვილი გამიჩნდა._რა გქვია?
_ჟუჟუნა._რატომღაც ვიცრუე და ქუჩა სირბილით გადავჭერი, რომ უკვე მოახლოებული ოპელისთვის გადამესწრო.
_ჟუჟუნა რა სახელია, კაცი ვერ მოგეფერება._უკან მომყვა ბიჭიც.
_შენ მოფერების შნო გქონდეს, თორემ სახელს რა მნიშვნელობა აქვს?_რომ იტყვიან, ნამუსზე ავაგდე და ბანკის კიბეზე შეუსვენებლივ ავირბინე.
ვიტალი, როგორც ყოველთვის, ახლაც გულწრფელი ღიმილით გამომეგება. უცნობის დასანახად ხმაურიანად ვაკოცე და სიცხისგან გახვითქული გრილ შენობაში შევედი. ფეთიანივით შევხსენი თინოს კარი და წამიერად გავშეშდი, სიმპატიური ბიჭი ეჯდა წინ და რაღაცაზე საუბრობდნენ.
_დაკაკუნება არ გასწავლეს შენ?_თინომ თავისი სიმკაცრე გაურია ხმაში.
_დიდი ბოდიში, არ ვიცოდი. თან, მეგონა, რომ ეს წამლები სასწრაფო იყო._მედიკამენტი ცოტა ხმაურიანად დავუგდე მაგიდაზე და მალული მზერა უცნობი ბიჭისკენ გავაპარე, რომელიც ერთი შეხედვითვე იპყრობდა ჩემს ყურადღებას.
შავი მოკლესახელოიანი მაისურიდან ბრინჯაოსფერი დაკუნთული მკლავები მოუჩანდა. მოკლედ შეჭრილი თმა ზღარბივით ქონდა აბურძგნული. ისეთი გაცრეცილი ღია ფერის ცისფერი თვალები ქონდა, დამატყვევა. ეტყობა, რომელიმე სპორტით იყო დაკავებული, სხეული ქონდა, ჩახუტება მოგინდებოდა.
_მადლობა. შეგიძლია დაგვტოვო._თინომ ჩემი დაინტერესება რომ შენიშნა, უხეშად გამომისტუმრა გარეთ.
გამოვედი კი, მაგრამ გულისყური და თვალები შიგნით დამრჩა. ნეტა ვინ იყო? მენეჯერის კაბინეტის წინ ავიტუზე, რომ გამოსული უცნობი კარგად შემეთვალიერებინა. ასეთი აღელვებული, დაბნეული და აფორიაქებული არასდროს ვყოფილვარ. რა თვალები ქონდა... როგორ შემომხედა... ღმერთო, ერთი ნახვით დამატყვევა. რომ იტყვიან "მამიდარიელა" ქალი.
სიმპატიურ ბიჭს შეაგვიანდა გამოსვლა. უარესად ავღელდი და ავწრიალდი. რას ელაპარაკებოდა თინო ამისთანას ნეტავ? ვიტალი გვერდიდან არ მშორდებოდა და კომპლიმენტებით მავსებდა. ჩემს ჯიბრზე მოხუცი პენსიონერებიც მოვიდნენ, ოპერატორთან რიგში დგომა არ უნდოდათ და ბანკომატიდან გამომატანინეს თანხა. რომ მოვიცალე, და გამოვიხედე, თინო უკვე გარეთ იყო გამოსული და დამლაგებელს რაღაც მითითებებს აძლევდა. როდის წავიდა ჩემი მომაჯადოებელი უცნობი, ვერ გავიგე. გული დამწყდა ძალიან. ოცდაორი წლის ასაკში პირველად მომეწონა ვიღაც და წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო. სახელი მაინც რომ მცოდნოდა, სოციალურ ქსელში მოვიძიებდი. მოკლეთ, უიღბლო რომ იქნები ადამიანი ეგ არის და სხვა არაფერი.
სამაგიეროდ, საღამოს სახლში მიმავალს მეორე უცნობი გადამეყარა, რომელსაც აფთიაქში შევხვდი. დავინახე თუ არა, ვიცანი და თავის შეკავება ძლივს შევძელი რომ არ გამეღიმა. ჩემი დანახვა შევატყე რომ ძალიან გაუხარდა. მისი უაზრო კომენტარების თავი არ მქონდა და ისეთი მკაცრი გამომეტყველება მივიღე, წესით და რიგით უნდა შეშინებოდა და უკან დაეხია, მაგრამ შენც არ მომიკვდე. გაბედულად მომიახლოვდა და ღიმილით მკითხა.
_დაიმშვიდე აფორიაქებული გული თუ მე დაგიმშვიდო?
ნაგლად შევხედე და ექსპრომტად რაღაც დიდებულმა აზრმა გამიელვა თავში.
_შენ ვერ შეძლებ ძვირფასო, იმიტომ რომ ბიჭები არ მაინტერესებს. არ გყავს ვინმე ან და, ან მეგობარი გოგო, გამაცანი და დამამშვიდე.
_რა?_ისეთი სასაცილო გაოცებული სახე მიიღო, თავი ძლივს შევიკავე, რომ ხმამაღლა არ მეხარხარა.
_ლესბოსელი ვარ ძვირფასო, ლესბოსელი. ტყუილა ნუ დაკარგავ ჩემს შებმაში დროს, არაფერი გამოგივა.
_ფუი შენი..._ერთი მადიანად შემიკურთხა, გატრიალდა და წავიდა.
ჩემ ბედზე ანამაც გამომიარა დაბარებულივით. მჭიდროდ მოვხვიე წელზე ხელი, თავი მის მხარზე ჩამოვდე და ამაყი ნაბიჯებით გავუარეთ უცნობ ბიჭს წინ, რომელმაც ისეთი თვალებით შემომხედა, აშკარად დაიჯერა ჩემი ლესბოსელობა.
სახლში მისულებს ბებია შინ არ დაგვიხვდა. ბევრი ვეძებეთ, სად აღარ მოვიკითხეთ, მაგრამ ვერსად მივაგენით. გაცხარებულები ისე დავეძებდით, მთელი საახლობლო, სამეზობლო და სანათესაო დავაყენეთ ფეხზე. უკვე ბინდდებოდა და სად შემოაღამდებოდა არავინ იცოდა. ის იყო, პატრულში დარეკვა გადავწყვიტეთ, რომ მოვიდა კიდეც.
_როგორ შეგვაშინე, სად იყავი?_ერთდროულად გაბრაზებულებიც და გახარებულებიც მივცვივდით ბებიას.
ნაღვლიანი მზერით შემოგვხედა და გვარიანად ამოიოხრა.
_სად ვიყავი და ესმასთან.
_სად?_ყურებს არ დავუჯერე.
_ჩემს შვილთან. დღეს ხომ მისი დაბადების დღეა, 44 წლის გახდებოდა._ეს თქვა და თვალის უპეებიდან ორი კურცხალი ცრემლი ჩამოუგორდა.
ერთ ადგილზე გავშეშდი. სულ დამავიწყდა. ადრე ხშირად დავდიოდით მე და ანა მის საფლავზე. ახლა? ისიც კი აღარ გამხსენებია, რომ დღეს მისი დაბადების დღე იყო. სინდისის ქენჯნა ვიგრძენი. როგორ დავივიწყე დედა. არა და როგორ ვტიროდი რომ მეკლდა მისი სითბო, მისი სიყვარული და მისი მზრუნველობა. მოულოდნელად გადავეხვიე ბებიას და ავქვითინდი. გვარიანად ვისლუკუნე. ამ წლების მანძილზე რაც არ მიტირია, ახლა ამოვიტირე და ამოვხეთქე.
ანა ძლიერი იყო, ცრემლს არავის აჩვენებდა. ახლაც შეძლო თავის შეკავება. მე და ბებიამ კი გემოზე მოვთქვით. მერე, ცოტა რომ დავწყნარდი, აბაზანაში შევედი და ლამის ერთი საათი დავყავი გრილი შხაპის ქვეშ. ეშმაკქაჯურად დღევანდელი უცნობი გამახსენდა, თინოს კაბინეტში რომ იჯდა. ჩემი ფანტაზია სადამდეც მეყო, იქამდე წარმოვიდგინე მისი შიშველი სხეული, (რა თქმა უნდა წელს ზემოთ). თითქოს თვალნათლივ ვხედავდი მის ბრინჯაოსფერ დაკუნთულ სხეულს, შხაპის ქვეშ რომ სველდებოდა. ფრთხილად მივუახლოვდი, თითებით მისი მუცლის პრესის თითოეული კუბიკი მოვსინჯე და მოვეფერე. მერე, ტუჩებითაც შევეხე, ნელ-ნელა მაღლა ავუყევი და უკვე ტუჩებში რომ უნდა მეკოცნა, ანამ გამეტებით მომიკაკუნა კარზე:
_რას შვრები, ყვინთაობ? აღარ გამოდიხარ? მარტო შენი არ არის ეგ აბაზანა, რომ გაიპიროვნე.
გული დამწყდა, ზმანება რომ გამიქრა თვალსა და ხელს შუა. დაზე გავბრაზდი, ტუჩებში კოცნა რომ აღარ დამაცადა. ხალათში გახვეული გაბოროტებული გამოვუვარდი.
_აღარ მაცდი არაფერს რაა!
_რას ლაპარაკობ? საათი და ოცი წუთია რაც იქ ხარ. დავიღალე ლოდინით, მეც ხომ მინდა არა?_აბაზანაში შევიდა და კარები ცხვირწინ ისე მომიჯახუნა, ლამის ანჯამებიდან ჩამოაგდო.
_იდიოტო!_მუშტი მივურტყი კარებზე და ხალათისამარა გავტუნტულდი ლოჯიაში, სადაც ბებიას სავარძელში ტკბილად ეძინა. შემეცოდა. ფრთხილად წამოვაყენე და თავის ოთახში საწოლში ჩავაწვინე. მერე ტელევიზორს მივუჯექი და ჩემს საყვარელ სერიალს ჩავუჯექი. ზოგადად სერიალები არ მიყვარს და არც მიზიდავს. არც დრო მაქვს და არც სურვილი თურქულ ან ინდურ სერიალებს ჩავუჯდე, მაგრამ ამ სერიალმა დამაინტერესა რატომღაც. გამოძიებაზეა, კრიმინალურ აზროვნებაზე. ხო და, სანამ ანა გამოვიდოდა, მის საყვარელ სავარძელში მოვკალათდი და დიდი სიამოვნებით დავიწყე ამ სერიალის ყურება.
იმ საღამოს ბებიას სიცხე ქონდა და მთელი ღამე მე და ანა დაფეთებულები დავრბოდით. დილით ანა გავუშვი სასწავლებელში და ისევ მე დავეთხოვე სამსახურიდან, რომ ბებიასთან ვყოფილიყავი და მიმეხედა. ორი დღე მომიწია სახლში ჯდომა. სიმართლე ვთქვა, მომენატრა ჩემი სულელური სამსახური. ბებიას ყურადღების მიქცევა არ დამზარებია, მაგრამ სახლში ჯდომა მეზარებოდა. ისევ ჩემი სამსახური და თინოს ბრძანებები მერჩია. მესამე დღეს, უკვე უკეთ რომ გახდა ბებია, დილაადრიან გავიქეცი სამსახურში. დამლაგებლის მეტი არავინ დამხვდა. რა მიმარბენინებდა ასე ადრე ნეტა? გამებრაზა საკუთარ თავზე. როდის აქეთ შემიყვარდა ჩემი სამსახური?
_ახალი თანამშრომელი რომ გვყავს, იცი?_აქანდაზზე აღებული ნაგავი ხელში შერჩა ვენერას და ჩურჩულით, თითქოს ჩვენს გარდა კიდე ვინმე ყოფილიყოს ამხელა შენობაში, დაამატა._თინოს ბიძაშვილი ყოფილა, კირილე.
_ვინ?_სახელზე გავამახვილე ყურადღება და ეჭვით შევხედე, მეგონა მომესმა.
_კირილე.
_და რას წარმოადგენს ეგ კირილე?_მართლა დავინტერესდი.
_დაცვის ბიჭია ძვირფასო. ცალ გვერდზე იარაღი აქვს გარჭმული, მეორეზე რაცია. ისეთი დადის, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად. ოპერატორი გოგოები გიჟდებიან. არა და ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, ჩემი შიო მილიონჯერ ჯობია, მაგრამ რად გინდა, ახლანდელ გოგოებს ხომ მასეთი ბიჭები აღარ მოსწონთ. არა და სულ ტყუილად.
მაგის შიო დამიდგა თვალწინ: მაღალი, აყლაყუდა, წითური და ჭორფლიანი ბიჭი. გამეღიმა. არ არის ცუდი ბიჭი, მაგრამ თუ გულს ან თვალს არ მოხვდა, რა ვიცი რაა...
საქმიანი იერით ჩავძვერი ტელეფონში, რომ დიდხანს საუბარი არ გაება თავის შიოზე. შემატყო, აღარ ვუსმენდი და უკმაყოფილო სახით გააგრძელა თავისი საქმიანობა.
ვითომ, ვენერას მოსაჩვენებლად, მაგრამ ისე გამიტაცა სოციალურ ქსელში ძრომიალმა, კარგა ხანს თავი აღარ ამიწევია. უფრო მეტიც, ბანკის შემოსასვლელ კართან სკამზე მოვკალათდი, ფეხი ფეხზე გადავიდე და წავიდა ჩათაობა. ხანდახან გუნებაში გამკრავდა კირილე და მეღიმებოდა, რა სახელია ოღონდაც? ეტყობა, მშობლებს არ უყვარდათ, თორემ კირილე რამ დაარქმევინათ? ბოლოს, ისე შევედი აზარტში, ნინიკოზე სიმღერა კირილეზე გადავაკეთე და ჩემთვის ჩუმად ვღიღინებდი.
მოულოდნელად ისეთი რამ მოხდა, ახლა რომ ვიხსენებ, ხმამაღლა მეცინება. ერთ ერთ ინდურ სერიალს ვუყურე შემთხვევით და იქ იყო ასე: კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა. თითქოს ქარმა დამიბერა და სახეზე ჩემივე თმა მომელამუნა. შენობაში შემოსულს ჯერ ფეხებზე შევხედე, სამხედრო შავი ბათინკები ეცვა. მერე ნელ-ნელა ზემოთ ავაყოლე მზერა. მუქ ლურჯ პოლიციის შარვალზე ბრტყელი ქამარი ეკეთა. მარჯვნივ იარაღი ეკიდა ბუდით და მარცხნივ შავი რაცია. კიდევ ზემოთ ავაყოლე მზერა და შავი შემოტმასნული მაისური ეცვა. ნავარჯიშებელი სხეულის ყოველი კუნთი თვალსაჩინოდ უჩანდა. მერე კიდევ ზემოთ და გაცრეცილ ცისფერ თვალებსაც წავაწყდი.
ჯერ დავიბენი. მერე ავღელდი. ისეთი გამჭოლი მზერა ქონდა, სულში ატანდა. ნერწყვი ვერ გადავყლაპე, სასულეში გადამცდა და ხველა ამიტყდა. დაბნეულობას და აღელვებას სირცხვილის გრძნობაც დაემატა და ისე ამეწვა სახე, აშკარად გვარიანად გავწითლდი. როგორც მივხვდი, ეს იყო კირილე. წყლის აპარატიდან ერთი ჭიქა ცივი წყალი ჩამომისხა და ასთმიანივით რომ ვაქოშინებდი, ზრდილობიანად გამომიწოდა.
მადლიერი თვალებით შევხედე. ჭიქა ბოლომდე გამოვცალე და ხელში ნერვიულად მოვჭმუჭნე. რა ჯანდაბა დამეტაკა? პირველად დავინახე ბიჭი თუ რა? მღელვარების დასაფარავად წამოვდექი. გვერდით რომ დავუდექი, ჩემზე ერთი თავით იყო მაღალი. თავბრუს მახვევდა მისი სიახლოვე და გულს მიჩქარებდა. თვითონაც ინტერესით შემათვალიერა. მთელი სხეული ამეწვა მის დაჟინებულ მზერაზე.
_ჟანა შენ ხარ?_ისეთი სასიამოვნო ხმა ქონდა, უარესად გამოვშტერდი.
_დიახ._ისე გავინაზე, ჩემი ხმა თვითონვე მომეწონა, მაგრამ მოულოდნელად გადავხარშე, გამოდის, ეს დღეები, რაც აქ არ ვიყავი, ჩემზე ლაპარაკობდნენ? რა მაქვს ამათი სალაპარაკო ნეტა?
_ჩემს დაუსწრებლად გაგაცნეს ჩემი თავი?_კუშტად შევხედე._რაო, გაგიცრუე იმედები თუ მოლოდინს გადავაჭარბე?
_უბრალოდ, მოხუცები გკითხულობდნენ და რომ არ იყავი, შენი საქმის კეთება მე მიწევდა._თითქოს ცივი წყალი გადამასხა კირილემ. თან თავისი გაცრეცილი, რაღაცნაირად ცივი თვალებით დაჟინებით მომაშტერდა.
საკუთარი თავის მიბეგვა მინდოდა გემოზე.
_ვიტალიც გკითხულობდა. საჩუქრები მოგიტანა და რომ არ იყავი, მე დამიტოვა, ჩემთან არის ოთახში.
ოხ, ოთახიც ქონია თურმე. რატო არ ექნება რაა? თინო მფარველობს...
ვენერამ ერთად რომ დაგვინახა, ჩვენსკენ გამოემართა. მივხვდი, რაღაც ისეთსას იტყოდა ახლა ეს ქალი, რაც ნერვებს მომიშლიდა და ამიტომ, სანამ მოგვიახლოვდებოდა, გარეთ კი არ გავედი, გავვარდი. საწყალი კირილე შევატოვე ხელში. ბანკის შენობის წინ პატარა სკვერში ხის სკამზე ჩამოვჯექი და დაწყნარებას შევეცადე.
რა ხამივით ვიქცევი? თითქოს ბიჭს პირველად ვხედავდე. მაგრამ, არის ამ ბიჭში რაღაც ისეთი, რაც ასე მაფორიაქებს. მაგრამ რა ცუდია, თინოს ბიძაშვილი რომ არის. მისნაირი იქნება ალბათ, ჯიში ხომ ერთი აქვთ? მაგრამ თინოსნაირი რომ ყოფილიყო, განა წყალს ჩამომისხავდა? დადგებოდა და შორიდან დამიწყებდა ყურებას. მერე, ხველებით რომ დავიღლებოდი და ეგ კიდევ ყურებით, მკითხავდა:
_რა მოგივიდა? ცუდად ხარ? ექიმს ხომ არ დავუძახო?
არა რაა, მართლა კარგი ბიჭი ჩანს. რაო ვენერამ? ოპერატორი გოგოები გიჟდებიანო? გავაგიჟებ მე მაგათ. არავის დავუთმობ ჩემს კირილეს. ძლივს ვიღაც მომეწონა ამ ოცდაორი წლის მანძილზე და ესეც ფუკასავით ამაცალოს ვინმემ? ვერ მივართვი.
ფეხზე წამოვდექი. მტვრიანი სკამისგან დასვრილი ჩემი შავი შარვალი კაცებისთვის მადისაღმძვრელ საჯდომზე ჩამოვიფერთხე, პერანგზე ერთი ღილიც შევიხსენი, რომ ჩემი მშვენიერი მკერდი გამომემზეურებინა და ბანკის შენობაში შევედი. მოლარე და ორი ოპერატორი გოგოც მოსულიყვნენ.
_ბებია როგორ არის?_გულთბილად მომიკითხა მოლარემ.
_მადლობა, უკეთესად._მესიამოვნა მისი ყურადღება.
ფიქრია ერთადერთი იყო ამ სამსახურში, ვინც როლებს არ ირგებდა და ყოველთვის გულწრფელი იყო.
ადამიანს პირველ რიგში, თვალებზე ეტყობა აფერისტია თუ არა და მერე ლაპარაკზე და ცქცევებზე. ფიქრია კი ისეთი ალალი სულის პატრონია, თან პატარა ბავშვივით მიამიტი, რომ ჩემი სამსახურის დაწყების დღიდან მომეწონა. ისე, არც ასეთი სიალალე გამოადგება ადამიანს ცხოვრებაში. ცოტა თუ არ წაინაგლე და არ წაიაფერისტე, ისე ეს ცხოვრება დაგჩაგრავს.
აჰა, სხვა ოპერატორი გოგოებიც მოვიდნენ და დაიწყეს მალულად თუ ღიად კირილესთან ფლირტაობა. ესეც ისე ეპყრობოდა და ელაპარაკებოდა ყველას, თითქოს სუყველა მოსწონდა და მათთან დაწოლას გეგმავდა.
მე მაქვს ასეთი დამპლური თვალები, რომ ყველაფერს ვამჩნევ, თუ საძაგელი აზრები მიტრიალებდა თავში, ვერ ვხვდები. გამაცოფა იმან, რომ არც ერთ გოგოს უპასუხოდ არ ტოვებდა და ყველა თავისი ინტერესის არეალში ყავდა მოქცეული.
_გეტყობა, შენ კირილესნაირი ბიჭები არ მოგწონს._ვენერამ გვერდში წამკრა მუჯლუგუნი და რაღაცნაირი ღიმილით შემომხედა.
გაოცებულმა შევხედე.
_ყველა მის სიახლოვეს მისვლას და გამოლაპარაკებას ცდილობს და შენ ზედაც არ უყურებ. თუ რამე გკითხა, აინუნშიც არ აგდებ. მასეც მოუხდება მაგას. თავში აქვს ავარდნილი ვითომ თავისი სილამაზე. არა და, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია. ჩემი შიო სულ სხვანაირია...
აუჰ, დაიწყო ამან უკვე თავის შიოზე საუბარი. უმწეოდ მიმოვიხედე აქეთ-იქით, საით გავქცეულიყავი აღარ ვიცოდი. ბედად, ხნიერი ქალი შემოვიდა. ასე ძალიან არასდროს გამხარებია პენსიონერის დანახვა. მადლიერი თვალებით ავხედე მაღლა ღმერთს და სიხარულით გავეშურე მისკენ. ზრდილობიანად და ღიმილით მოვემსახურე. ქალმაც გულწრფელად დამლოცა და საპენსიო ბარათს რომ ვაწვდიდი, ძირს დაუვარდა. ასაღებად დავიხარე და ღილშეხსნილი პერანგიდან, რომელიც საგანგებოდ კირილესთვის შევიხსენი ცოტა ხნის წინ, მთელი სიმშვენიერით გადმომიცვივდა ნახევრად მოშიშვლებული ძუძუები. მე თვითონვე მომჭრა თვალი და ბიჭებს რაღას უზავდა? წამოდგომისას წამიერად მოვკარი თვალი კირილეს, რომელიც წყლის აპარატთან იდგა, ჭიქა მოეყუდებინა და ასე გაშეშებული არ მაშორებდა თავის გაცრეცილ თვალებს. გუნებაში გამეღიმა. ქალს ბარათი დავუბრუნე, ქალური ეშმაკობით გავუღიმე და დავემშვიდობე. მერე, ვითომც არაფერი, კისერთან შევიყავი ხელი, თმა ავიფუმფულე და მოხდენილად გავიქნ-გამოვიქნიე თავი. მართალია, ცოტა თავბრუ დამეხვა და ლამის წავბარბაცდი კიდეც, მაგრამ, მაინც შევძელი თავის შეკავება და კირილეს ისე ჩავუარე გვერდით, თითქოს პოდიუმზე მივდიოდი. ვიგრძენი, როგორ გამომაყოლა ბიჭმა დაჟინებული მზერა.
ესეც ასე, მიზანში ზუსტად მქონდა გარტყმული და ედია ახლა უკან საცოდავი ლეკვივით წკმუტუნითა და კუდის ქიცინით. ყურადღებას საერთოდ არ მივაქცევდი ოპერატორი გოგონების მსგავსად და უფრო გავხეთქავდი გულზე. საერთოდ, რაც ძნელი მისაღწევია, ის გვეჩვენება ადამიანებს უფრო კარგად და ლამაზად. ხო და, გადავწყვიტე ძნელად მოვეპოვებინე, რათა მისთვის ღირებული ვყოფილიყავი. ძირნაყარს ხომ ისეთი გემო არ აქვს, როგორც კენწეროში ძნელად მოკრეფილს?
ის ის იყო ჩემს მზაკვრულ გეგმას გონებაში კმაყოფილმა შევღიმე, რომ თინომ მომიშხამა გუნება განწყობა. კაბინეტიდან თავი გამოყო და:
_ჟანა, ძვირფასო, ერთი უშაქრო ყავა შემომიტანე რა.
როგორია ახლა, მისი ბიძაშვილი მომწონს, თავს ვაწონებ და თინოს არ დავუჯერო? უსიტყვოდ დავუქნიე თავი და სამზარეულოს ოთახს მივაშურე. გუნებაში იმდენი სალანძღავი სიტყვა ვიხმარე მისი მისამართით, ყურო ნუ გაიგონებ. ქუჩის ბიჭები არ იკადრებდნენ ალბათ ასეთ სიტყვებს.
ბუტბუტით გავუკეთე ჩემს შეფს უშაქრო ყავა და ისევ ბუტბუტით გამოვედი გარეთ. რაც შემეძლო სწრაფად მივდიოდი, რომ მალე მიმერბენინებინა შეკვეთა და ქალბატონი არ მელოდინებინა.
ვენერას ახალი მოწმენდილი ქონდა იატაკი და სველ მეტლახზე ფეხი ამისრიალდა. წაქცევისგან თავი კი შევიკავე, მაგრამ ცხელი ყავა თავის ფინჯნიანათ ისეთი ინერციით ვისროლე უკან, ბირთვის მტყორცნელს შეშურდებოდა. მეტლახზე მოგვიანებით დაეცა, ჯერ რაღაცას მოხვდა რბილად და გაოცებული შევტრიალდი. საწყალი კირილე, მდუღარე ყავა მისთვის გადამესხა, რომელიც უკან მომყვებოდა რატომღაც.
სასწრაფოდ გაიძრო მაისური კანი რომ არ დასწვოდა. მარტო მე კი არა, ვინც კი ვიყავით შენობაში, ყველას ამოგვცვივდა მის დანახვაზე ბუდიდან თვალები. ისეთი უზადო და ნავარიშებელი ბრინჯაოსფერი სხეული ქონდა, ლამის დორბლი გადმომივიდა პირიდან. სუნთქვა შემეკრა და ღრმად დავიწყე ქაქანი, რომ არ გავგუდულიყავი. მუცლის პრესზე კუბიკები ვერ დავუთვალე იმდენი ქონდა. მარჯვენა მკერდზე კი ისეთი შავი მორიელის ტატუ ქონდა, ცოცხალი გეგონებოდა. დიდიან პატარიანად ყველა კირილეს შევყურებდით თვალმოუშორებლად. მერე მიხვდა, რომ ყველას თვალთახედვის არეში იყო და ცოტა დაიმორცხვა, მაშინვე მისთვის განკუთვნილ ოთახს მიაშურა.
ახლა ზურგიდან შევათვალიერე. ისეთი სხეული ქონდა, ჩახუტება მინდოდა. ანდამატივით მიზიდავდა და თვალს ვერ ვაშორებდი. ოთახში რომ შევიდა და კარი მიიხურა, მაშინ გამოვერკვიე ცოტა. ჩემნაირად ყველა მიხურულ კარს მისჩერებოდა. ღირდა ამ ბიჭის მკლავებში ნებივრობა. ისე ძლიერად მოვიკვნიტე ტუჩი, ლამის სისხლი დავიდინე. მალევე მოვეგე გონს, არ მინდოდა ჩემი დაინტერესება შეემჩნია ვინმეს. ცოტა საკუთარ თავსაც გავუბრაზდი გუნებაში, რა გახდა ამისთანა ეს კირილე, რომ თვალს ვეღარ ვაშორებდი? ოთახიდან სხვა მაისურით რომ გამოვიდა, ცოტა მომეშვა გულზე. ჩაცმული დავინახე და ალბათ იმიტომ. კიდევ კარგი ისეთი კლიენტები მესტუმრნენ, ვისაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ და მათკენ გავეშურე.
ეტყობა, თინოს მობეზრდა ჩემი ლოდინი, გამომხედა და დასაქმებული რომ დამინახა, თვითონ გაეშურა სამზერეულოსკენ ყავისთვის. მერე, ვიტალიც მოვიდა და მოვიცალე თუ არა, კირილეს დასანახად გემოზე ჩავპროშნე გაოცებული ბიჭი. როგორც ყოველთვის, ბარნი და "ჟუვაჩკები" მომიტანა. ბარნი მაშინვე ვიტაკე პირში სიამოვნებით. ასე გემრიელად მგონი ცხოვრებაში არაფერი მიჭამია. თან, კირილეს შევყურებდი მალულად.
ბარნის ჭამა დასრულებული არ მქონდა, რომ თინომ ისევ ძვირფასოთი მომმართა. ეს ქალი ხომ არ შემარგებს არაფერს არა?
ისევ აფთიაქი და ისევ საგულე საშუალება...
ისევ თინოს ინტონაციით ბუტბუტი და კიბის საფეხურებზე თავ-პირის მტვრევით ჩასვლა...
კიბის ბოლო საფეხურზე ჩემს ძველ ნაცნობსაც გადავაწყდი აფთიაქიდან.
დამინახა თუ არა, კეთროვანივით მომერიდა და ბანკის შენობაში ისე შევიდა, ჩემსკენ აღარც კი გამოუხედია.
როგორც ყოველთვის, ახლაც ქაქანით გადავჭერი ქუჩა, აფთიაქში ჩემებურად ფეთიანივით შევვარდი, ქალბატონს წამლები ვუყიდე და ისევ მალევე დავბრუნდი სამსახურში. უცნობი აფთიაქიდან სალაროს წინ დამხვდა, ოქროულს აბარებდა. გამოდის დანიშნულია, (ნაუცბადევი ანალიზი ჩავუტარე). აბა, ოქროულს ამის ხელში ვინ ჩააგდებდა? ცოლს კი ან მუქარით ან აფერისტობით დასცინცლავდა.
თინოს წამლები შევუტანე და ისევ მალევე გამოვედი.
_ თუ არ შეწუხდები, ერთი ჭიქა ცივი წყალი მომიტანე რა._ფიქრიამ ისეთი სახით გამომხედა, უარს როგორ ვეტყოდი?
უცნობმაც შემომხედა, მაგრამ ჩემი მზერა რომ დაიჭირა, მალევე გაიხედა გვერდით. წყალი რომ მივუტანე, ფიქრიამ დაბრონილი კარი გამიღო და თავის პატარა კაბინეტში შემიყვანა. მადლიერი თვალებით ამომხედა, ჭიქა ფრთხილად გამომართვა და სულმოუთქმელად დაცალა.
_კიდევ ხომ არ გინდა შემოგიტანო?
_არა ძვირფასო, მადლობა._გულწრფელად შემომღიმა და ისევ უცნობს მიუბრუნდა.
შემთხვევით ხელშეკრულებაზე მის სახელს მოვკარი თვალი. შმაგი ერქვა თურმე.
შმაგი მოთმინებით ელოდა ფიქრიას, რომელიც ოქროულის სინჯს იღებდა. მერე, სასწორზე დააწყო და აწონა. დაიანგარიშა და 1200 ლარი ხელზე მისცა ბიჭს. გააფულიანა.
მოკლეთ, რა დრო დაგვიდგა, ყველას ოქროული ბანკშია და თითებზე, ყელზე თუ ყურებზე უბრალო ბიჟუტერია იწონებს თავს. ჩემი არა ოღონდ. რაც დედისგან დამრჩა, ეს იყო სამაჯური და ცეპი. ანას ბეჭედი და საყურეები ერგო. ხო და მე და ჩემი და თვალისჩინივით ვუფრთხილდებით დედის დანატოვარს. ბევრჯერ გაგვჭირვებია, მაგრამ ოქროული მაინც არ გაგვიმეტებია ჩასაბარებლად. ღმერთმა ნურც გაგვიჭირვოს ისე, რომ ჩაბარება დაგვჭირდეს.
სამსახურის დასრულებამდე სადღაც ნახევარი საათით ადრე ანამ დამირეკა. ზოგადად, იშვიათად მირეკავს ხოლმე სამსახურში და ახლა მისი ნარეკი რომ დავინახე, ცოტა არ იყოს ბებიაზე შევშფოთდი.
_ სადღაც გამოყოლა მინდა და რომ გამოგიარო, გამომყვები?
_ჯერ ის მითხარი სად გინდა და მერე ვილაპარაკოთ იმაზე გამოგყვები თუ არა._ულტიმატუმი წავუყენე.
_კარგი, ხო. ტატუ მინდა გავიკეთო...
ტატუს ხსენებაზე მაშინვე კირილეს მორიელი დამიდგა თვალწინ და სიამოვნებისგან გამაკანკალა. წამიერი დუმილი რომ შემატყო ჩემმა დამ, ხაზის მეორე მხრიდან ამიქაქანდა.
_წინასწარ დარეკილი მაქვს და ჩაწერილი ვარ. ოღონდაც ახლა უარი არ მითხრა და ერთი კვირა შენი მოახლე ვიქნები და რასაც მთხოვ ყველაფერს შეგისრულებ.
ერთი კვირა მისი მოახლეობა ძალიან მომეწონა. თან ახლა, რასაც ვთხოვ თუ მართლა შემისრულებს, მაგაზე კარგი რაღა იქნება?
_კარგი, დაგელოდები. გამომიარე და გამოგყვები.
_yes!_გახარებულმა იმხელა ხმაზე შეჰყვირა, ლამის ტელეფონი გამაგდებინა ხელიდან.
დღის დასასრულს ნელ-ნელა თანამშრომლები რომ წავიდ-წამოვიდნენ, მეც გამოვედი შენობიდან, სკვერში მოვჯექი გემოზე და ანას მოლოდინში ტელეფონში ჩავძვერი, თუმცა ცალი თვალი ბანკის კარისკენ მქონდა და კირილეს გამოჩენას მოუთმენლად ველოდი. აი, ისიც. გამოვიდა მედიდური ნაბიჯებით. კიბის საფეხურები მოხდენილად ჩამოირბინა. შორიახლოს მდგარ შავი ფერის მოტოციკლთან მივიდა, რომელიც მხოლოდ ახლა შევნიშნე. ჩაფხუტი მოირგო, მოხდენილად გადააჯდა ტრანსპორტს და წავიდა. ეს ბიჭი მართლა გამაგიჟებდა. მის დანახვაზე ისეთი ვნება მეძალებოდა, თავის კონტროლს ვკარგავდი. ვერ ვიტყვი, რომ მიყვარდა. ერთი ნახვით ადამიანი ვერ შეგიყვარდება. ერთი ნახვით მოგეწონება და მის მიმართ დაუოკებელ ლტოლვას იგრძნობ. სიყვარული მერე და მერე მოდის როცა კარგად გაიცნობ და ჩასწვდები მის აზროვნებას თუ ხასიათს. კირილე ისეთი იყო, ერთი ნახვითვე რომ მოგეწონებოდა და მის მიმართ უხამსი ფიქრები დაგებადება თავში.
_რა გჭირს?_ანამ გაოცებით ამიფრიალა თვალწინ ხელი._ერთი საათია გეძახი და ვერ გაგებინებ.
ეს როდისღა დამადგა თავზე, ვერ გავიგე. ფიქრებიდან გამოვერკვიე, უხალისოდ წამოვდექი და დას ხელკავი გამოვდე.
_რის დახატებას აპირებ?_ისე ვკითხე, ვითომ ძალიან მაინტერესებდა. არა და ისევ კირილეზე ვფიქრობდი.
_ფიფქი მინდა დავიხატო მაჯაზე.
_ფიფქი?_მართლა გამიკვირდა.
_ხო, რა იყო?
_რამე სიმბოლური დატვირთვა აქვს მაგ შენს ფიფქს?
_სადმე გინახავს ორი ერთნაირი ფიფქი?_კითხვა შემომიბრუნა.
მხრები ავიჩეჩე. მაგაზე არც არასდროს მიფიქრია.
_სამყაროში არ არსებობს ორი ერთნაირი ფიფქი. ასეთი ტატუს მფლობელი ხაზს უსვამს საკუთარ ინდივიდუალიზმს.
_გინდა თქვა, რომ ინდივიდუალური ხარ?_გამეღიმა.
_აბა რა._მას ჩემზე მეტად გაეღიმა._არ გინდა შენც დაიხატო რამე?
_მეტი საქმე არ მაქვს რა... ახლა მაგის ტკივილს შევაწუხებინო თავი?
_სულაც არ არის მტკივნეული. ვინ როგორ რეაგირებს ტკივილზე, თორემ დუნდულაზე ბაბუაწვერა რომ დავიხატე, საერთოდ არ მტკენია.
_დუნდულაზე რამ დაგახატინა ოღონდაც?_გადავიხარხარე გემოზე._იხატებ და ისეთ ადგილზე მაინც დაიხატე, გამოჩნდეს.
_განა აუცილებელია ყველამ დაინახოს? ჩემი ბაბუაწვერას დანახვა ერთეულებს შეუძლიათ მხოლოდ.
გამეცინა და დუნდულაზე მოვუთათუნე ხელი.
_ეგ რაღას ნიშნავს?
_იმას, რომ მისი პატრონი ცხოვრებაში ყველაფერს აფასებს.
_მერე და შენ აფასებ ყველაფერს?_უცბად დავსერიიზულდი.
_რატომაც არა?_თვითონაც დასერიოზულდა მოულოდნელად._ცხოვრებაში თუ დააფასებ იმას, რაც გაქვს, უკეთესად იცხოვრებ. სულ იმის წუწუნში, რომ უკმაყოფილო ხარ შენი ბედით და ცხოვრებით, იღბალიც ზურგს გაქცევს და უარესი ცხოვრებისთვის გაგიმეტებს.
ანას წაფილოსოფება არ გამკვირვებია, იცის ასეთები, მაგრამ დამაფიქრა მისმა ნათქვამმა. მართალია, როცა იმის დაფასება დავიწყე, რაც მარგუნა ბედმა, ცხოვრება უკეთესი გახდა პირადად ჩემთვის...
ისე მივედით სალონში, ხმა არც ერთს აღარ ამოგვიღია. ანა ღიმილით წამოსკუპდა სკამზე და სპეციალისტს მარჯვენა ხელი დაუდო.
ვხედავდი როგორ ეჭმუხნებოდა შუბლი ტკივილისგან, მაგრამ ვაჟკაცურად იტანდა. ტატუს გასაკეთებელი ხელსაწყო საკერავი მანქანის პრინციპით მუშაობდა მის მაჯაზე ზუილით. მასზე მიმაგრებული ნემსი მცირე ინტერვალებით ჩხვლეტდა ანას კანს და თითოეული ჩხვლეტის დროს კანში სპეციალური საღებავის წვეთები შეყავდა. ადგილ-ადგილ სისხლიც კი სდიოდა. ბოლოს, ვეღარ შევძელი ყურება და ტატუების ესკიზების თვალიერება დავიწყე, რომლებიც უხვად ქონდათ გამოფენილი კედელზე. ერთ ერთი განსაკუთრებულად მომეწონა და მის წინ კარგა ხანს შევჩერდი.
ეტყობა, ანამ დაინახა ჩემი დაინტერესება. გარკვეული დროის შემდეგ, როცა დაისრულა ნახატი, ზურგიდან მომიახლოვდა და მხარზე ჩამომადო ნიკაპი.
_სულაც არ არის მტკივნეული. სანამ აქ ვართ, გადაწყვიტე და დაიხატე.
ყოყმანი რომ შემატყო, უფრო შემაგულიანა.
_ეგ პატარა ჩიტი კოლიბრია. წარმოუდგენელ სიცოცხლის ენერგიას ასახავს. მას შეუძლია გადაიტანოს ცხოვრების ნებისმიერი დარტყმა. ტყუილად არ მოგწონებია, შენი სტიქიაა...
კირილემ იმხელა შავი მორიელი დაიხატა მკერდზე და ამ პატარა ჩიტის დახატვას როგორ ვერ უნდა გავუძლო? ანამაც ცალკე შემაგულიანა და პერანგი მაშინვე გავიხადე, რომ არ გადამეფიქრებინა. თმა ავიკეცე და კისერი გამოვიჩინე.
ვერ ვიტყვი, აუტანელი ტკივილი იყო მეთქი, მაგრამ არც მთლად უმტკივნეულო ყოფილა. კირილეს მორიელზე ფიქრი მატანინებდა და მაძლებინებდა ჩემს ტკივილს. როგორც იქნა დასრულდა ჩემი ტანჯვაც და კმაყოფილმა ჩავიხედე სარკეში. თუმცა ისეთი ვერაფერი დავინახე. კანი შეშუპებული იყო და ალაგ-ალაგ სისხლიც მდიოდა.
_ეს ყოველთვის ასეა. კანი ჩაწყნარდება, სიწითლეც გაგივლის და არაჩვეულებრივი ტატუ დაგრჩება._დამამშვიდა ჩემმა ყოვლისმცოდნე დაიკომ.
გახარებულმა და ზღვა ემოციებით აღვსილმა დავტოვე სალონი. ღამე ბალიშზე კისრის დადება გამიჭირდა, ტკივილი მაწუხებდა. ეს დღეები, სანამ ტატუ ჩამიწყნარდებოდა და ცოტა არ მოძველდებოდა, საგულდაგულოდ დავმალავდი, მერე კი, ისე ამაყად გამოვაჩენდი, წინდაწინ მიხაროდა უკვე.
მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი. კირილეს შიშველი სხეული მედგა თვალწინ და ბინძური აზრები მიტრიალებდა თავში. წარმოვიდგენდი, როგორ იწვა აბრეშუმის თეთრეულში წელს ზემოთ შიშველი და როგორ შევდიოდი მეც მის ოთახში ეშმაკური და მაცდური ღიმილით ჩემს წითელ პენუარში გამოწყობილი. როგორ ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი. მის მშვენიერ სხეულს როგორ ვკოცნიდი და სიამოვნებისგან მაკანკალებდა. მართალია, ჩემს თავზე ვბრაზობდი, ასეთი უხამსი ფიქრები რომ მიტრიალებდა თავში, მაგრამ მაინც ვერ ვეშვებოდი მასზე ფიქრს... ასეთი ფიქრები არავის მიმართ არ მქონია არასდროს. თითქოს მორევი იყო და უფრო და უფრო მითრევდა. საკუთარ თავს რომ გავკიცხავდი და შევწყვეტდი მასზე ფიქრს, თვალწინ ისევ ის მომენტი მიდგებოდა, სასწრაფო წესით რომ იხდიდა მაისურს და ჩემს წინ უზადო და დახვეწილი სხეულით ნახევრად შიშველი რომ ჩნდებოდა.
ინათა თუ არა, წამოვხტი საწოლიდან. ჩემი ტანსაცმელი გადმოვყარე კარადიდან და ყველას სათითაოდ მორგება დავიწყე. აქამდე მომწონდა ჩემი ჩაცმულობა. ახლა კი რატომღაც ვერაფერს ვიხდენდი. მერე ანას საკუთრებისკენაც გადავინაცვლე. ჯინსის მოკლე ქვედაბოლო შევირჩიე. ჩემი შხვართი ფეხები ლამის უბემდე რომ მიჩანდა. შავი მაისურიც ანასიდან შევირჩიე და კმაყოფილიც დავრჩი.
_გეკითხა მაინც, იქნებ მაგის ჩაცმას მე ვგეგმავდი დღეს?_უკმაყოფილო და ნამძინარევი ანას ხმა რომ შემომესმა, შევკრთი.
_რა გული გამიხეთქე?_აქეთ შევუბღვირე დას._ხომ დამპირდი, ერთი კვირა რასაც მთხოვ, შეგისრულებო და ვიცოდი უარს არ მეტყოდი, რისთვის გამეღვიძებინე და დამეფრთხო შენთვის ძილი?
თვალები სასაცილოდ მოისრისა, წამოდგა და მაისურისა და ღრმა შავი ბიკინის ამარა გავიდა საპიეფარეშოში. მარცხენა დუნდულის დასაწყისში მართლაც შევნიშნე ნახევრად გაბუებული ლამაზი ბაბუაწვერა. აქამდე რატომ არ შემიმჩნევია, მიკვირს. ოთახში დაბრუნებული კი წინ ამესვეტა ეშმაკური ღიმილით.
_ვინ არის?
_სად ვინ არის?_გამიკვირდა.
_ვის გამოც გაგიჩნდა გაპრანჭვის სურვილი.
_არავინაც არ არის, მომინდა და ვიპრანჭები, არ შეიძლება?
ერთხანს ეშმაკური ღიმილით მომჩერებოდა. მერე ლოყებზე მსუბუქად მიჩქმინტა და ისევ საწოლს მიაშურა.
_შეყვარებულ ქალს აშკარად ეტყობა ცვლილებები.
_სულაც არ ვარ შეყვარებული._მეწყინა.
აღარაფერი უთქვია. ეშმაკური ღიმილი კი არ მოუშორებია სახიდან. მერე, თავის ტელეფონს გადასწვდა და შიგ ჩაიძირა.
მშვენიერად გამოვიპრანჭე, მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და სამსახურისკენ გავეშურე. კირილე ჯერ არ იყო მოსული. მის მოლოდინში ნერვიულად ვცემდი ბოლთას ხან შენობაში და ხანაც შენობის გარეთ. თვალი კი გზისკენ გამირბოდა. როგორც იქნა გამოჩნდა მისი შავი მოტოციკლიც და ავღელდი. ხმაურით შემოვიდა ეზოში. ჩრდილში მიაყენა და ის იყო მოტოციკლიდან გადმოვიდა, რომ ვიღაცამ დაუძახა. თვალი მეც იქით გამექცა და შმაგი შემრჩა ხელთ_ უცნობი ბიჭი აფთიაქიდან. ღიმილით მიუახლოვდა კირილეს, რომელმაც ჩაფხუტი მოიძრო და მოტოციკლზე დადო.
_ზდაროვა ბრატ._ღონივრად ჩამოართვა შმაგიმ ხელი და ერთი ამოხედვა ამომხედა კიბის თავში რომ ვიდექი.
მის მზერას კირილემაც გამოაყოლა თვალი და მე რომ დამინახა, ერთხანს კმაყოფილმა მიყურა. მერე შმაგის მიუბრუნდა. რაზე საუბრობდნენ არ მესმოდა. ჩემი გარეთ დგომა საეჭვოდ რომ არ მოსჩვენებოდათ, შენობაში შევედი. ცოტა ხანს ახლა იქ ვიბოდიალე. მერე, თინოც შემობაკუნდა მაღალი ქუსლების კაკუნით. დამინახა თუ არა, სახეზე კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა.
_ჟანა, ძვირფასო, ჩემთან შემოდი.
მივხვდი, რაღაცას დამავალებდა და წინასწარ შემიწუხდა გული. მაგრამ მეტი რა გზა მქონდა? უწადინოდ გავყევი თეძოების გამომწვევი რხევით მიმავალ ქალს. ისე, ასე სიარული არც მე მაწყენდა. ცოტა წავირეპეტიციე კიდეც სანამ მის კაბინეტამდე მივიდოდით. ფიქრიამ შემნიშნა და მისი ღიმილიანი მზერა რომ დავიჭირე, ცოტა შემრცხვა. თინო თავის კაბინეტში შემიძღვა. მაგიდის უჯრიდან პატარა პარკით რაღაც ამოიღო და გამომიწოდა.
_რაღაც არ მომეწონა, არ ვიღებ და ეთოს წაუღე, იცის.
_ეთოს?_გამიკვირდა. კარგა მანძილი მქონდა იქამდე გასავლელი და დამეზარა. სამსახურიდან რომ გაივლიდა მანქანით ვერ მიაწვდიდა?
_სხვაგან უნდა წავიდეო და საჩქაროა, თორემ ხომ იცი შენ არ შეგაწუხებდი?_თითქოს, ჩემი აზრები წაიკითხა და თავი იმართლა ქალმა.
გაბრაზებული და გაბოროტებული გამოვედი მისი კაბინეტიდან. ფიქრიამ თანაგრძნობით გადმომხედა. ამ ქალის ხელის ქორი ვიყავი და მინდა არ მინდა უნდა დავმორჩილებოდი. არ გინდა, ხუთასი მეტრი ფეხით იარო? დაბოღმილი გავედი შენობიდან და კიბეზე ისე დავეშვი, ყურადღება აღარ მიმიქცევია კირილესთვის და შმაგისთვის, რომლებიც ისევ კიბის თავში იდგნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ.
კაცს რომ ბედი არ გექნება არაფერში, ბოლი საფეხურზე ფეხი გადამიბრუნდა და მათ წინ სომხის მკვდარივით გავიშხლართე. ტკივილი ისე არ მიგრძვნია, როგორც სირცხვილი. ვიღაც მაშინვე დამწვდა და წამომაყენა. კირილე იყო. გადაყვლეფილ მუხლზე, საიდანაც სისხლი მდიოდა, თავისი სუფთა ხელსახოცი დამადო
_გტკივა?_თანაგრძნობით მკითხა, თან თავისი ცისფერი თვალებით დაჟინებით მომაშტერდა.
თავი კი გავუქნიე უარის ნიშნად, მაგრამ ისე მტკიოდა, ტირილი მინდოდა.
_კიბეზე ასვლას შეძლებ?_მკითხა, მაგრამ პასუხს არ დალოდებია, მხარში ამომიდგა, წელზე ძლიერად მომხვია ხელი და ფრთხილად ამატარა საფეხურები.
მის შეხებაზე თუ გული არ გამიჩერდებოდა, არ მეგონა. უფრო მოვისაწ.... თავი და მთელი ძალით ჩამოვეკიდე. ნაბიჯიც ისე შევანელე, მომაკვდავს ვგავდი. მინდოდა მის სიახლოვეს დიდხანს ვყოფილიყავი.
ბიჭმა დიდი მონდომებით შემიყვანა შენობაში, მერე მისთვის განკუთვნილ ოთახში და სკამზე ფრთხილად ჩამომსვა. ჩემს წინ ჩაიცუცქა და გადაყვლეფილი მუხლი გულდასმით შემიმოწმა. თან თითებით ფრთხილად მაწვებოდა:
_გტკივა?
უარყოფის ნიშნად თავს ვუქნევდი.
_კარგია, მოტეხილი ან გაბზარული არ ჩანს. მალე გაგივლის.
მისმა ხელის შეხებამ საერთოდ დამავიწყა ტკივილი. თანახმა ვიყავი, მეორე მუხლიც მქონოდა ნატკენი, ოღონდაც კირილეს ასე ეზრუნა ჩემზე. მერე გარეთ გავიდა და ოთახში მარტო დამტოვა. თუმცა, მალევე დაბრუნდა წყლის ბოთლით ხელში. ფრთხილად მომბანა სისხლიანი მუხლი და თავისივე ხელსახოცით შემიკრა. ისე ფრთხილად აკეთებდა თავის საქმეს, სუნთქვა მეკვროდა. რაღაც შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის მისი ხელის შეხება.
აუ, როგორი თვალებით მიყურებდნენ წეღან გოგოები ხელგადახვეული რომ მოვყავდი კირილეს?!? რამდენმა ინატრა ჩემს ადგილას თავი ნეტავ? გულში ვზეიმობდი გამარჯვებას. ალბათ ღიმილიანი სახე მქონდა, რომ კირილემ გაოცებით შემომხედა. დავიბენი, მაგრამ რის ჟანა ვიყავი, სიტუაციიდან არ გამოვმძვრალიყავი.
_გამახსენდა, რა სასაცილოდ გავიშხლართე და...
ჩემს ნათქვამზე მასაც გაეღიმა. მერე, გამახსენდა თინოს დავალება და ფეთიანივით წამოვხტი, სულ დამავიწყდა მუხლიც და მისი ტკივილიც.
_ეთოს უნდა მივუსწრო სანამ წავა._წავიბუტბუტე და მისი ოთახიდან უკანმოუხედავად გამოვედი კოჭლობით.
_შორს მიდიხარ?_კიბეზე დამეწია._ჩემი მოტოციკლით წაგიყვან თუ გინდა.
რატომაც არ მინდოდა, მაგრამ ცოტა გავინაზე. ყოყმანი რომ შემატყო, უფრო დამაძალა.
_სხვა გამოსავალს ხედავ? მაგ ნატკენი მუხლით როგორ წახვალ? მოდი, დაჯექი და წაგიყვან.
ისეთი სიხარულით შემოვუსკუპდი უკან, ღიმილიც კი ვერ დავმალე.მოკლე ქვედაბოლოდან მთელი თავისი სიმშვენიერით გამომიჩნდა ჩემი გრძელი ფეხები. წამიერად მისი კმაყოფილი მზერაც დავიჭირე და მასზე კმაყოფილი მე დავრჩი.
_მაგრად მომეჭიდე.
მეორედ თქმა საჭირო არ იყო, ისედაც მჭიდროდ შემოვხვიე ნავარჯიშებელ სხეულზე ხელები და ტკიპასავით მივეკარი. ცოტა კი შემეშინდა, მაგრამ არ შემიმჩნევია. ადრენალინის მოზღვავებაც კი ვიგრძენი ქუჩაში რომ გავიდა და სწრაფად გააქროლა თავისი მოტოციკლი. სიამოვნებით ვეკვროდი და არ მინდოდა ეთოსთან მალე მივსულიყავით, მაგრამ...
თინოს გამოტანებული პარკი გაოცებულ ეთოს გადავეცი, ისევ შემოვუჯექი კირილეს, მადიანად ჩავეხუტე და სამსახურში დავბრუნდით. კიბეზე ასვლაში ისევ მომეხმარა ზრდილობიანი ბიჭი, თუმცა საჭიროებას აღარ წარმოადგენდა, მშვენივრად დავდიოდი. მთლად გამართულად ვერა, მაგრამ აღარც ისე, როგორც პირველად. გოგოები ისეთი შურით მიყურებდნენ, გუნებაში მეღიმებოდა.
კირილემ სკამთან მიმიყვანა და ჩამომსვა.
_ბანკომატთან ხალხს მე მივხედავ, შენ კი აქ იყავი.
ისე მალამოსავით დამეფინა მისი სიტყვები, ვერ აღვწერ. კმაყოფილმა დავხედე ჩემს ნატკენ მუხლს, ხელსახოცზეც რომ გამოეჟონა სისხლს. ზოგი ჭირი მარგებელიაო. მერე, ტელეფონი დავაძრე ჯიბიდან და სოციალურ ქსელში შევძვერი. ახალი ჭორები გავიგე: ნინა ურეკში ყოფილა, დავუგულე ფოტოები... რეზი გერმანიაში გაფრენილა გუშინ... მადონას დისშვილის დაბადების დღე ქონია... მარიც ევროპაში წასულა, კერძოდ რომელ ქვეყანაში, არ აკონკრეტებდა. მოკლეთ, კარგად გავერთე. თინომ რომ გამომხედა, უკვე მოწყენილი მქონდა ტელეფონი და გვერდით სკამზე მედო.
_რა მოგივიდა? წეღან გოგოებმა კი მითხრეს, მაგრამ ვეღარ გამოგხედე... იყავი ეთოსთან?
_კი.
_რამე ხომ არ გითხრა?
_არაფერი.
_კარგი. თუ ძალიან გტკივა, შეგიძლია სახლში წახვიდე._მუხლზე მანიშნა.
_არც ისე, ვიქნები.
_კაი, შენი საქმისა შენ იცი._გატრიალდა და წავიდა.
ჩემს ბედზე დღესაც ხალხმრავლობა იყო. კირილე ყოჩაღად აუდიოდა ჩემს საქმეს, რომელიც თავისი ნებით ითავა. ხანდახან გამომხედვდა ხოლმე ღიმილით და გულს უარესად მიფორიაქებდა. დღის მეორე ნახევარში კი ვიტალიც მესტუმრა, ჩემი ძმა და მეგობარი. ნატკენი მუხლით რომ დამინახა, აშკარად შეწუხდა.
_რა მოგივიდა ჩემო იდეალურო?_მკითხა და გვერდით მომიჯდა.
_წავიქეცი ვიტო, წავიქეცი.
_ძალიან გეტკინა?_ფრთხილად დამადო შეხვეულ მუხლზე ხელი.
_სიმართლე გითხრა არც ისე. ახლა ხომ საერთოდ მომირჩა.
_მართლა?_სიხარულით გაუცისკროვნდა თვალები._მე შენ საჩუქრები მოგიტანე.
_მოკლეთ, როგორ მანებივრებ რაა._ბარნი და საღეჭი რეზინები სიხარულით გამოვართვი და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე.
შემთხვევით კირილეს მზერა დავიჭირე. ისეთი თვალებით მიმზერდა, ლამის გული გამიჩერდა. არა რა, ეს ბიჭი უეჭველი ჩემი უნდა გამხდარიყო, თორემ უიმისოდ ერთ წუთსაც კი ვერ ვიცოცხლებდი უკვე. აქამდე როგორ გავძელი? ისიც მეყოფოდა. არც არავის დავუთმობდი, ჩემი იქნებოდა და მორჩა!
ვიტალისთან ისე გავერთე ლაპარაკში, კირილე როდის შემოვიდა შიგნით, ვერ დავინახე. გვერდით რომ მომიჯდა და ყავის ფინჯანი გამომიწოდა ჯერ გამიკვირდა, მერე კი მესიამოვნა.
_ფიქრიამ გამომატანა, ისეთია როგორიც უყვარსო.
_დიდი მადლობა ფიქრიასაც და შენც._ღიმილით გამოვართვი ფინჯანი და ტკბილი ყავა სიამოვნებით მოვწრუპე.
მოულოდნელად ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი და ინსტიქტურად იქით გავიხედე. მოლარე ოპერატორი ხათო თავისი ახლო-ახლო მიჯრილი შავი თვალებით ისე მიმზერდა, ლამის სასულეში გადამცდა ყავა. წვრილი ტუჩები მოემუწა და უარესად დაეწვრილებინა. მომერიდა, თორემ რაღაცას ვეტყოდი მწარისას. აშკარად ეჭვიანობდა. ვერ აიტანა კირილე ჩემს გვერდით რომ იყო და თავს მევლებოდა. ამ ბიჭის გამო მე მგონი მაგარი ჩხუბი უნდა მომსვლოდა ამ გველაძუა ხათოსთან. ქალს მაინც გავდეს. იღლიამდე ძლივს მწვდება. თუ დავავლე ხელი, საით მოვისვრი, მაგან არ იცის. ეს ორი დღეა ყვითლად შეიღება თმა. მე მბაძავს? ვაი მაგის პატრონს.
სანამ ყავას ვწრუპავდი, კირილეს ისევ მოუწია ბანკომატთან გასვლა. ხათო ისევ მე მიმზერდა მამისმკვლელი თვალებით.
_რაო კუპატაძიაანთ ქალო, რა თვალებით მიყურებ. კიდევ კარგი შენსას არ ვსვამ, თორემ ხომ დავიხრჩობოდი?_მაინც წავგესლე.
ერთი კი შემომხედა და ვეღარაფერი მითხრა, რადგან თინო გამოვიდა თავისი კაბინეტიდან და ჩემსკენ გამოეშურა.
_აბა, როგორ ხარ, ცოტა არ გაგიარა?
_ კი, გამიარა._ძალიან მესიამოვნა მისი ყურადღება.
_ძალიანაც კარგი. დღეს დაისვენე._მერე ოპერატორებს მიუბრუნდათ._პირველი ვინც განთავისუფლდება, ჩემთან შემოვიდეს.
გამეღიმა. აფთიაქში გააგზავნიდა ალბათ. ვინატრე, ხათო განთავისუფლებულიყო პირველი და ასეც მოხდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა ბუტბუტით რომ ჩამიარა და თინოს კაბინეტში მორიდებით შევიდა. მალევე გამოვიდა და ისეთი სახე ქონდა, აშკარად უკმაყოფილო იყო. ამ დროს კირილე აპირებდა შემოსვლას, ხათომ იდროვა და ვითომ ვერ დაინახა, გამეტებით შეასკდა.
_ვაიმე, ბოდიში კირო, ვერ დაგინახე._ისე გაინაზა, ლამის წამოვუხტი და თმაში ვწვდი.
ან, ეს კირო რაღა ჯანდაბა იყო ნეტავ?
კირილემ ნაძალადევად გაუღიმა, არაფერიაო და ჩემსკენ გამოემართა. ხათომ ისეთი მზერით გამოაცილა, აშკარად აფანატებდა ამ ბიჭზე. რომ დამინახა ვუყურებდი, თითქოს შეკრთა, შეტრიალდა და გავიდა.
კირილე ისევ გვერდით მომიჯდა.
_ყოჩაღ შენ, ამდენ მოხუცს როგორ აუდიხარ? დამღალეს უკვე.
_ეს მართლაც ძალიან ყოჩაღი და კარგია._კირილეს გასაგონად თქვა ვიტალიმ, მხარზე გადამხვია ხელი და მომეხუტა.
უსიტყვოდ გამეღიმა. თავიდან მეც ძალიან მიჭირდა, მაგრამ მერე და მერე მივეჩვიე. თან, ახლა კირილე რომ გამოჩნდა ჩემს უღიმღამო სამსახურში, ამან გამაძლებინა უფრო.
ხათო მალევე დაბრუნდა უკან. ისევ ერთად რომ დაგვინახა, უარესად აელეწა სახე. ირონიულ ღიმილიანი მზერით მივაცილე თინოს კაბინეტამდე. ასეთი კმაყოფილი კარგა ხანია აღარ ვყოფილვარ...
მოულოდნელად ჩემი ტელეფონი ku isha une-ს რემიქსული ვერსიის ვარიანტით ამღერდა ჯიბეში. იაგო იყო, ჩემი ბიძაშვილი. გული შემიქანდა. ვიფიქრე, ბებიას შეემთხვა რამე და აღელვებული გავეპასუხე. აღმოჩნდა, პაემანზე მიდიოდა ვაჟბატონი და ცოტა ჩემი და ჩემი დის ხელის შევლება სჭირდებოდა.
_რა პრობლემაა?_გამიხარდა ბებიას რომ არაფერი სჭირდა, თან სახლში ფეხით აღარ მომიწევდა წასვლა._სამსახურში თუ გამომივლი კარგი იქნება.
_გამოგივლი აბა რას ვიზავ?
სამსახურში არავინ იცოდა მე და იაგო ბიძაშვილ-მამიდაშვილები რომ ვიყავით. მთლად კირილესნაირი ბიჭი ვერა, მაგრამ არც იაგო დაიწუნება გოგოებისგან: მაღალი, ქერა, ლამაზი თაფლისფერი თვალებით, განიერი მხარ-ბეჭით._მოკლეთ გოგოების უმრავლესობას ჩემი ბიძაშვილიც კარგად ხიბლავდა.
ნახევარ საათში მოვიდა. შენობაში შემოვიდა თუ არა და შეხვეული მუხლით დამინახა, როგორც სჩვეოდა, ფეთიანივით მომიახლოვდა და თეატრალიზებურად ჩაიმუხლა ჩემს წინ. (სხვანაირად არ შეუძლია და რა ქნას?)
_ვაიმე ჯიგარო, რა მოგივიდა?_თან, ჩემს თანამშრომლებს მოავლო ქორისებური მზერა, თითქოს დამნაშავეს ეძებდა._ვინმეს ხომ არ უნდა დედა ავუფეთქო?
გამეცინა.
_დაწყნარდი, არაფერია. წავიქეცი და უბრალოდ გადამეყვლიფა. ქორწილამდე აღარაფერი მეხსომება._ვთქვი და წამოვდექი. თან თვალი ჩემს თანამშრომლებს მოვავლე, იაგოს შეფარვით რომ მისჩერებიდნენ._წავიდეთ?
ჩემმა ბიძაშვილმა ხელი გადამახვევინა, თვითონ კი წელზე მომხვია და ისე გამიყვანა გარეთ.
_ხვალამდე._მხიარულად დავუქნიე ხელი გოგოებს და აფერისტული კოჭლობით მივაშურე კიბის საფეხურებამდე.
კირილე ისევ ბანკომატთან იდგა და მოხუცებს ეხმარებოდა. იაგოსთან ერთად ხელგადახვეული რომ დამინახა, თითქოს ცოტა ეწყინა და გაუკვირდა კიდეც. გულში მესიამოვნა.
__ხვალამდე._ ეშმაკურად შევღიმე და კიბეზე ჩასვლისას უფრო მივეკარი ბიძაშვილს, რომელმაც მოულოდნელად დამავლო ხელი და ისე ჩამარბენინა, ერთი არ შეუსვენია.
_მართლა ასე ძალიან გტკივა, თუ გოგოების დასანახად ითხლიშებოდი ასე?_ჩავსხედით თუ არა მანქანაში, მაშინვე ეს მკითხა.
უსიტყვოდ რომ გამეღიმა, ნიკაპზე ამომკრა მსუბუქად თითები.
_რა საძაგელი ხარ. კიდევ არ გითქვია მათთვის, რომ ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ?
უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე.
_როდემდე უნდა მალო? როცა იქნება ხომ გაიგებენ?
_როცა იქნება კი, მანამდე კი დასკდნენ შურით, რომ ასეთი კარგი ბიჭი მევლება თავს._გავუღიმე და მხარზე მივადე თავი._აბა ვინ არის, ვისთვის უნდა დავღვარო ოფლი შენს გამოპრანჭვაში?
_ვერ იცნობ, ახალია._ჩემმა დონჟუანმა ბიძაშვილმა გულიანად გამიცინა და თან თვალი ჩამიკრა.
ასე წინდებივით იცვლის გოგოებს. აქამდე არაფრად ვაგდებდი ასე ვთქვათ მის ამ "გულაობას", დღეს კი რაღაც გულზე მომხვდა თითქოს. ყველა ქალის სოლიდარობის სურვილი გამიჩნდა რატომღაც. თუმცა ხმამაღლა მაინც არ გამომითქვია ჩემი სურვილი. ამ ძებნა ძებნაში ერთხელაც ისეთს გადააწყდებოდა, ასწავლიდა ალბათ ჭკუას.
პირდაპირ თავისთან მიმიყვანა. ჩემდა გასაკვირად, ანაც იქ იყო და გველოდებოდა. მისვლისთანავე შევუდექით საქმეს, დრო რომ არ დაგვეკარგა. ანამ ვარცხნილობას მიხედა. მე, როგორც ყოველთვის, მისი გარდირობი გადმოვყარე და ზმანები შევურჩიე. ბოლოში ისეთი ბიჭი დავაყენეთ, სახლში რომ მიგვიყვანა და ვემშვიდობებოდით, თვალი ძლივს მოვწყვიტეთ.
_შენ რაღა მოგივიდა ფეხზე?_მხოლოდ ახლა დაინტერესდა ანა.
_წავიქეცი.
_ფეთიანივით იცი სიარული და იმიტომ. ქალი ისე უნდა დადიოდეს, თითქოს ჰაერში დაფარფატებდეს. შენ? შენ ისე დააგლარჯუნებ, მთლიანი დედამიწა ზანზარებს. ცოტა ქალურობა და სინაზე არ გაწყენდა. აი ასე, ბალერინასავით, ჯერ ფეხის წვერებს დადგავ და მერე ქუსლებს._უფასო გაკვეთილი ჩამიტარა ჩემმა ყოვლისმცოდნე დაიკომ.
ისე, მომეწონა სიარულის ეს მანერა რომ დავამუღამო, ცუდი არ იქნება. საპირფარეშოში შევიდა თუ არა, ვცადე კიდეც. ოღონდ რთული გამოდგა. ანასი არ იყოს, ჩემი "გლარჯუნი"ყველაფერს მერჩივნა. საწოლზე ჩამოვჯექი და კირილეს შეხვეული მუხლი გავიხსენი. ჭრილობაზე კარგად დამკვროდა და ძლივს ავიცალე. სისხლი ისევ დამედინა. საოჯახო აფთიაქი მოვიმარჯვე და ბეტადინის ხსნარით გულდასმით დავიმუშავე. მერე ბინტით გადავიხვიე და საწოლზე გავიშხლართე. კირილესთან დაკავშირებით ყველა წვრილმანი გავიხსენე: როგორ დამავლო ხელი და როგორ წამომაყენა. ყურადღებასაც როგორ არ მაკლებდა... ჩემს მიმართ გულგრილი არ უნდა ყოფილიყო. ნეტა, სხვა რომ წაქცეულიყო ჩემს მაგივრად, იმასაც ასე მოეპყრობოდა? იმის გაფიქრებამ, რომ შეიძლებოდა სხვასაც იგივენაირად მოქცეოდა, ცოტა გუნება წამიხდინა. მერე, კი, მისი ტატუირებული შიშველი სხეული წარმოვიდგინე და მეამა. თითქოს თვალნათლივადაც კი დავინახე როგორ ვეფერებოდი თითებით. ისევ კოცნა დავუპირე ტუჩებში და ისევ ჩემმა დამ დამიფრთხო ზმანება. საპირფარეშოდან რომ გამოვიდა, ეშმაკური ღიმილით მომიახლოვდა და გვერდით მომიწვა. ასე იცოდა ყოველთვის, როცა რაღაცის თხოვნა უნდოდა. (რაღაცის რაა, ფულის.)
_ამ შაბათს სასწავლებლიდან ექსკურსიაზე მივდივართ._შეპარვით დაიწყო.
უსიტყვოდ შევხედე.
_გზის ხარჯებს მთავრობა გვიფინანსებს, მაგრამ ჯიბის ფული არ მაწყენდა. შეგიძლია მასესხო? მუშაობას რომ დავიწყებ, უეჭველი ჩაგასესხებ.
გამეღიმა.
_რა გაცინებს? სერიოზულად გეუბნები.
სიყვარულით მოვხვიე კისერზე ხელი, მივიზიდე და შუბლი შუბლზე მივადე.
_ბევრი გინდა?
_ასე, 50 ლარი, თუ გექნება.
რას ქვია მექნება? მე ხომ შენახული გოგო ვარ?
_სად მიდიხართ?_სხვათა შორის დავინტერესდი და ტელეფონი მოვიმარჯვე. მობილ ბანკიდან მის ანგარიშზე 50 ლარი გადავრიცხე.
_გურგენიანის ჩანჩქერზე, ლაგოდეხში.
_შორი არ არის?_გამიკვირდა._ერთ დღეში მოასწრებთ?
_ამიტომ ხუთ საათზე უნდა გავიდეთ თბილისიდან.
რაღაც არ მესიამოვნა ეს ამბავი, გულში ცუდად გამკრა, მაგრამ არაფერი მითქვია. უხაროდა წასვლა და უარს ხომ ვერ ვეტყოდი? მის ანგარიშზე თანხა დაჯდა თუ არა, მადიანად ჩამპროშნა და წამოხტა. რა ვქნა, მიყვარს ეს გიჟუა გოგო და მის გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი.
იმ საღამოს მამაჩემი გახდა ცუდად. უგონოდ იპოვეს მეზობლებმა და სასწრაფოში დარეკეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კი საავადმყოფოში გადაიყვანა. მართალია, წლების წინ წამოგვიყვანა ბებიამ მე და ანა იმ ლოთი კაცისგან, მაგრამ მაინც ჩვენი მშობელი იყო და მის მიმართ სიყვარულს გვინერგავდა. არასდროს არ უხსენებია აუგად. შეიძლება, ძალიანაც არ მოსწონდა სიძე, მაგრამ ერთ დროს მისი შვილის არჩევანი იყო, დიდი სიყვარულითაც ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ცხოვრების მძიმე ჭაპანს, მაგრამ მუხთალმა ბედმა არ დაინდო არც ერთი და არც მეორე...
ახალი ჩაწოლილი ვიყავი საწოლში და როგორც ყოველთვის კირილეზე ვფიქრობდი, რომ მეზობლის გოგომ დამირეკა, მამაშენი ცუდად არის და საავადმყოფოში წაიყვანესო. ცოტა გააზრება დამჭირდა რა მითხრა, მერე კი ფეთიანივით წამოვხტი. ანას არ გამოჰპარვია ჩემი მღელვარება და გაოცებულმა წამოყო ნამძინარევი თავი.
_რა ხდება?
_მამაა ცუდად, საავადმყოფოში გადაუყვანიათ.
ანაც მაშინვე წამოხტა. სასწრაფოდ გადავიცვით ტანსაცმელი. იაგო თბილისში არ იყო, ამიტომ ტაქსი გამოვიძახეთ და საავადმყოფოში იმით წავედით. აღელვებული და აფორიაქებული შევვარდი შენობაში. ანა ძლივს მომყვებოდა უკან. მას ხომ ჩემსავით "გლარჯუნით" სიარული არ შეეძლო?
უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაჩემის დანახვამ ცრემლი მომგვარა. ერთ ხანს უხმოდ შევყურებდით მე და ანა. მერე, ექიმი რომ მოვიდა, ერთდროულად დავაყარეთ კითხვები:
_როგორ არის ექიმო? გამოვა მდგომარეობიდან?
ექიმის სახეზე ადვილად წავიკითხე უიმედობა.
_ციროზი აქვს...
_ციროზი?_თითქოს საყრდენი გამომეცალა ფეხქვეშ და რომ არ წავქცეულიყავი, ანას მივეყუდე.
_ხომ კარგად იქნება ექიმო?_ძლივს გაბედა ანამ ხმის ამოღება და თვითონაც მომეყუდა.
_ღვიძლის ციროზის რომელი ფორმაც ან სტადიაც არ უნდა ჰქონდეს, პროგნოზი სანუგეშო ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება. მაგრამ თუ ადეკვატურად იმკურნალებს, მდგომარეობა საგრძნობლად გაუუმჯობესდება და სიცოცხლესაც გაიხანგრძლივებს. ამ ეტაპზე მკურნალობა სტაციონარულად უნდა ჩაუტარდეს. ღვიძლის პრეპარატებს დავუნიშნავთ. ალკოჰოლი სასტიკად ეკრძალება. სრულფასოვანი დიეტა: ცილებით და ვიტამინებით გაჯერებული საკვები აუცილებელია. მარილი საერთოდ უნდა ამოიღოს რაციონიდან.
დამუნჯებულები შევყურებდით ხან ექიმს და ხან მძინარე მამაჩვენს.
_ერთი კვირა ჩვენთან დარჩება. მერე შეგიძლიათ წაიყვანოთ და სახლში მიხედოთ.
კარგა ხანს დავრჩით საავადმყოფოში. თუმცა ჩვენს იქ ყოფნას აზრი მაინც არ ქონდა. გვიან დავბრუნდით სახლში. ორივენი ერთნაირად განვიცდიდით მამის მძიმე მდგომარეობას. მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი და ნერვიულად ვიწრიალე საწოლში. დილით კი გამოუძინებელი და თანაც საშინელ ხასიათზე ვიყავი. სამსახურში ხომ სულ ვიღრინებოდი და ვიცოფებოდი. ყველაფერი მაღიზიანებდა და ნერვებს მიშლიდა. ამას ისიც დაემატა, რომ კირილე არ იყო სამსახურში. მოკლეთ, საშინელი დღე მქონდა. თინომაც ორჯერ გამაგზავნა აფთიაქში. კიდევ კარგი, კლიენტები არ იყვნენ და ისინი ცალკე არ მირთულებდნენ საქმეს, თორემ მართლა გავაფრენდი. ვიტალის გამოჩენამაც კი არ მომიყვანა ხასიათზე.
საღამომდე ძლივს გადავაგორე დღე და პირდაპირ საავადმყოფოში წავედი.
ანა უკვე იქ იყო.
მამაჩვენის მდგომარეობა ოდნავადაც არ შეცვლილიყო. საკვებს ზონდით აწვდიდნენ მძინარეს და დაბლენდერებული მიეტანა ანას.
სახლში რომ დავბრუნდით, გამომიცხადა, რომ ხვალ ექსკურსიაზე აღარ წავიდოდა.
_რატო?_გამიკვირდა._ამდენი დღეა წინდაწინ ემზადებოდი და ახლა რა შეიცვალა?
_მამას გამო...
_რა სისულელეს ამბობ? მამას არაფერი უნდა, მე მივხედავ, მეგობრებს რატო უნდა ჩამორჩე?
ჩემდა გასაკვირად, დიდი დრო და ძალისხმევა დამჭირდა მის დაყოლიებაში. წასვლა კი უნდოდა, მაგრამ ფეხს ითრევდა მამის გამო. როგორც იქნა გადავაფიქრებინე სახლში დარჩენა და ადრევე დავაწვინე, რომ ადგომა არ გასჭირვებოდა.
მე ჯერ ისევ ტელევიზორის წინ ვიყავი მოკალათებული, რომ იაგო გვესტუმრა.
_მამათქვენის ამბავი გავიგე, მეწყინა._მოსვლისთანავე დამწუხრებული სახით მითხა და გვერდით მომიჯდა._ახლა როგორ არის?
_უიმედო მდგომარეობაა. დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია._თვალები ამიწყლიანდა.
იაგომ მხრებზე მომხვია ხელი და ცოტა ხანს ასე ვისხედით.
_ბებია როგორ არის?_ გვიან გამახსენდა მათთან სტუმრად წასული ბებია.
სტუმრად რაა, ხან ჩვენთან იყო და ხანაც იაგოსთან. ამჯერად კი მასთან ყოფნის პერიოდი ქონდა.
_კარგად არის, ნუ ნერვიულობ. ეგ არის, ცოტა მობერდა და ძველებურად აღარ მოსდევს მუხლი, მაგრამ მაინც კარგადაა. მამამ ფული გამომატანა თქვენთან, დასჭირდებათო._ჯიბიდან ორმოცდაათლარიანების მოზრდილი დასტა ამოიღო და გამომიწოდა.
ამ მზრუნველმა ჟესტმა უარესად ამიჩვილა გული. თავის შეკავება ვეღარ შევძელი და ავქვითინდი.
_კარგი, ნუ ტირი, შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ? ამდენს გაუძელი და გადაიტანე და ახლაც გაუმკლავდები ყველაფერს. ნუ ტირი, გთხოვ. ვერ ვიტან შენს ცრემლებს რომ ვუყურებ. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ... ყურადღებას მაინც არ გაქცევდათ, სულ არ დარდობდა რას ჭამდით, რას სვამდით, რა გეცვათ. ამდენი სმით თვითონ შეირყია ჯანმრთელობა... შენ ნუ იდანაშაულებ თავს, შენ ბრალი არ მიგიძღვის არაფერში.
იაგო მართალი იყო. მამაჩემმა თვითონ დაიავადმყოფა თავი. ცოლის დაკარგვას ვერ შეეგუა. ვერ იყო ისეთი ძლიერი დეპრესიას გამკლავებოდა და როგორც ლამარა შეეგუა შვილის სიკვდილს და მისი სიცოცხლის გაგრძელება ჩვენში იპოვა, თვითონაც ასე მოქცეულიყო. მერე და მერე კი ცოლიც დაივიწყა და სასმელზე დამოკიდებული გახდა.
გემოზე გამოვიტირე და გამოვიგლოვე ცხოვრებისგან გაუბედურებული მამაჩემი. იაგოს მოცემული ფული ჯიბეში ჩავიდე და ბიძაშვილი ვახშამზე დავპატიჟე. უარი რომ მითხრა, მართლა გამიკვირდა. ჭამა-სმის მოყვარული იაგო, არასდროს ამბობდა ასეთ შეთავაზებაზე უარს. გაოცებულმა რომ შევხედე, გაეღიმა:
_დილით ექვს საათზე მაქვს გასვლა, ხუთკაციანი ტურისტული ჯგუფი მარტვილის კანიონში მიმყავს. ადრე ვარ ასადგომი, დალევაც არ მინდა.
_დილით ანაც ექსკურსიაზე მიდის, ლაგოდეხში რაღაც ჩანჩქერზე.
_ნინოსხევის ჩანჩქერზე?
_არა, უფრო კაცის სახელი თქვა და არ მახსოვს.
_გურგენიანისა?_გაეღიმა._ ერთი და იგივეა. არაჩვეულებრივი სანახავია. ფეხით მოუწევთ ბევრი სიარული. არ გაშინებ, მაგრამ ცოტა ექსტრემალურიც არის. სოფელ გურგენიანთან ახლოსაა, მდინარე კი ნინოსხევია. ნინოსას იმიტომ ეძახიან, რომ დაღესტნიდან გამოგცეული ბავშვი ნინო დაიხრჩო შიგ.
_როგორ გეტყობა ტურისტულ სააგენტოში რომ მუშაობ, საქართველოს გეოგრაფია და ისტორია ზედმიწევნით იცი._შევაქე.
_არც მასეთი მაგარი ვარ ზედმიწევნით ვიცოდე ყველაფერი. მარტო ის ტერიტორიები ვიცი, სადაც მიწევს სიარული._ცოტა დაიმორცხვა._კაი, ძილი ნებისა. შენც ადრე ყოფილხარ ასადგომი._შუბლზე მაკოცა და დამემშვიდობა.
ამ ხნის მანძილზე, რაც კირილეს ვიცნობდი, პირველად მოხდა, რომ მასზე აღარ ვიფიქრე ღამით. პატიოსნად დავწექი და დავიძინე. ჩაძინებული არ მეგონა თავი, მაღვიძარამ რომ დამირეკა და ბნედა დამცა. ანას გაცილების დრო იყო და ფეთიანივით წამოვხტი. ისე ღრმად ეძინა, ძლივს გავაღვიძე. სანამ ტანსაცმელს ჩაიცმევდა, მე მაისურისა და ბიკინის ამარა გავტუნტულდი სამზარეულოში და ძლიერი ყავა დავადგი გამოსაფხიზლებლად. თან ღია ფანჯრიდან ალიონს გავხედე, ნელ-ნელა რომ ეპარებოდა რიჟრაჟი. თვალი ვეღარ მოვწყვიტე ბუნების ამ საოცარ სილამაზეს და ლამის ყავა გადმომივიდა, ბეწვზე მივუსწარი. ფინჯნებში ჩამოვასხი და ანას გავხედე, რომელიც სპორტულ ფორმაში ჩამჯდარიყო უკვე. მართალია, ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ არც შეხედულებით და არც ხასიათით, მაგრამ სიმაღლე კი გვქონდა ერთი, მოდელის პარამეტრებს ვაკმაყოფილებდით.
_დამირეკე, ან მომწერე როგორ ჩახვალთ. არ მანერვიულო იცოდე. იაგომ თქვა, შესანიშნავი სანახავიაო. ცოტა სიფრთხილეც გმართებთ. ასე, რომ ხაზზე იყავი._ცოტა სიმკაცრე გავურიე ხმაში.
_ნუ სწუხხარ._შუბლზე მაკოცა და სამზარეულოში გავიდა ყავის დასალევათ.
მეც უკან მივყევი.
ანა რომ გავაცილე, ისევ დავწექი და ძილი შევიბრუნე. კიდევ კარგი შაბათობით ცოტა მოგვიანებით ვიწყებდით მუშაობას, თორემ ისეთ დროს გავიღვიძე, უეჭველი დამაგვიანდებოდა და თინოს რისხვასაც დავიმსახურებდი.
გუშინდელთან შედარებით დღეს კარგ ხასიათზე ვიყავი. კირილე დღესაც არ იყო, მაგრამ დიდათაც არ განმიცდია, იმიტომ რომ ანაზე მეფიქრებოდა. მართლაც ხშირად მირეკავდა და მაცნობდა ტერიტორიებს სად იყო და როგორ იყო. შაბათობით სამუშაო საათები ნაკლები გვაქვს. ადრევე განვთავისუფლდი და საავადმყოფოში წავედი მამის სანახავად. გონზე იყო და გამიხარდა. დამინახა თუ არა, მიცნო და სევდიანად გამიღიმა. ფრთხილად მივუახლოვდი და ჩავეხუტე. მანაც მომხვია ათრთოლებული ხელი.
_მაპატიეთ..._ეს თქვა მხოლოდ და უხმოდ აქვითინდა.
მეც ვეღარ შევიკავე ცრემლი.
_ესმა მიხმობს თავისთან... თქვენი დარდი არ წამყვება, კარგი ადამიანის ხელში ხართ. თქვენც კარგები ხართ. მე ვერ შევძელი თქვენთვის მამობა გამეწია. სამაგიეროდ ლამარა გიდგათ გვერდში. მამაც ის არის, დედაც და ბებიაც. კარგი ადამიანები რომ ხართ მისი დამსახურებაა. ბოლომდე კარგები იყავით. რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, ფარ-ხმალს ნუ დაყრით და ჩემსავით ნუ გაეთელინებით ცხოვრებას.
_მასე ნუ ლაპარაკობ, მაშინებ. დედა იქ უშენოდაც კარგადაა. აქ ჩვენ გვჭირდები და არ გაქვს დანებების უფლება. ექიმმა თქვა, მკაცრი დიეტა და მკურნალობა უშველისო. სასმელიც არ უნდა დალიო. მე და ანას გვჭირდები და არ მოგცემთ დანებების უფლებას...
_რაში გჭირდებით, ზედმეტ ტვირთად?_ისეთი თვალებით შემომხედა, ლამის სისხლი გამეყინა ძარღვებში.
_ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.
_ეეეჰ._ისე ამოიოხრა, თითქოს გულიც თან ამოაყოლა.
აღარაფერი უთქვია.
დიდხანს აღარც ექიმებმა გამაჩერეს მის პალატაში და სახლში წამოვედი. გზაში რამდენჯერმე დავურეკე ანას, მაგრამ მისი ტელეფონი მიუწვდომელი იყო. ავღელდი, მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებდი, ცუდი ამბები უფრო მალე ვრცელდება და თუ რამე იქნებოდა, გამაგებინებდნენ. შეიძლება დაფარვის ზონაში არ იყვნენ. ან სულაც, დაუჯდა ტელეფონი... სახლში მისვლა არ მინდოდა, ვიცოდი გული არ გამიჩერდებოდა, მაგრამ წასასვლელიც არსად მქონდა. ჩემი სამეგობრო თითქმის ყველა დასასვენებლად იყო წასული, ზოგი ზღვაზე, ზოგიც მთაში. არც იაგო იყო სახლში. ბებიასთან მისვლა კი მეზარებოდა რატომღაც. ბიცოლა კი იქნებოდა, მაგრამ მაინც სახლში ვარჩიე წასვლა და იქ დალოდება.
სადარბაზოში ვაპირებდი შესვლას, კლეოპატრას რომ მოვკარი თვალი. (კლეოპატრა ჩემი სიამის კატაა, რომელიც ერთი თვის წინ დაიკარგა და ვეღარ ვიპოვე. გამოვიგლოვე კიდეც.) დამინახა თუ არა, მიცნო. გამიხარდა. კნავილით რომ მომიახლოვდა, ხელში ავიყვანე. ძნელი სათქმელია, მე უფრო გამიხარდა მისი დანახვა თუ იმას ჩემი? ეტყობა, ეს დღეები ქუჩაში ცხოვრობდა, ბეწვი შელახული ქონდა და გამხდარიც მეჩვენა. სიხარულით ავარბენინე სახლში. მაცივრიდან რძე გამოვიღე და დავუსხი. გემრიელად დავანაყრე. მერე ვაბანავე კიდეც. ცოტა მასზე გადავერთე და გული გადავაყოლე.
კლეოპატრაზე ზრუნვას რომ მოვრჩი, ისევ დავურეკე ანას. ისევ გათიშული ქონდა. ნელ-ნელა მღელვარება უფრო და უფრო მიპყრობდა. ადგილს ვეღარ ვპოულობდი და უაზროდ გავდი-გამოვდიოდი ოთახიდან ოთახებში. კლეოპატრაც უკან დამყვებოდა ჩუმი კნავილით და კრუტუნით. გვიან გამახსენდა ლინას ნომერი, ჩემი დის მეგობრისა და ახლა მას დავურეკე. გულის ფანცქალით ველოდი როდის მიპასუხებდა.
_გისმენთ._ისეთი მხიარული ხმით მიპასუხა, ცუდი რომ ყოფილიყო რამე, ასე ხომ არ მიპასუხებდა? ცოტა დავწყნარდი.
_ლინა, ჟანა ვარ. ანას ვურეკავ და ვერ ვუკავშირდები. თუ მის სიახლოვეს ხარ, იქნებ დამალაპარაკო.
_ანამ უკვე გატოპა ჩანჩქერში, მოშორებითაა. მე ვერ ვბედავ, ზემოთ უნდა ავძვრე და ისე გადავიარო. ერთად რომ მოვხვდებით, აუცილებლად დაგალაპარაკებ.
_ტელეფონი რატომ აქვს გათიშული?
_წყალში ჩაუვარდა. არ ინერვიულო, კარგადაა._დამამშვიდა და სიცილ-კისკისის ფონზე გამითიშა ტელეფონი.
ცოტა მართლაც დავმშვიდდი. სავარძელში მოვკალათდი და სოციალურ ქსელში შევიჭყიტე. კლეოპატრა მსუბუქად ამომახტა და ჩემს კალთაში ნებიერად აკრუტუნდა. თავზე რომ გადავუსვი ხელი, თავისი დიდრონი ცისფერი თვალებით შემომხედა. კირილეს თვალები გამახსენდა. ამ გახსენებაზე მისი პროფილი მოვძებნე. სხვათაშორის დიდი ძებნა არც დამჭირვებია, კირილეს სახელით მხოლოდ თერთმეტი ადამიანი იყო დარეგისტრირებული. ჩემი კირილე კი მალევე ვიპოვე. ფოტოები დავუთვალიერე.. ორი დღეა არ მენახა და საშინლად მენატრებოდა უკვე. ნეტა, რა მოუვიდა, რატომ არ იყო სამსახურში? ორშაბათს მაინც თუ მოვიდოდა?
ახლა მეგობრები დავუთვალიერე. შმაგიც ყავდა მეგობრებში. დროის გასაყვანად შმაგის პროფილიც დავათვალიერე. მართლა ცოლიანი ყოფილა. სხვათაშორის, ლამაზი ცოლი ყავდა. ჩემს შებმას კი მაინც ცდილობდა, დამპალი. ასეთი კაცები ნერვებს მიშლიან ყოველთვის. ანგელოზივით ცოლები ყავთ და მაინც სხვისკენ გაურბით თვალები. ასეთი კაცები რქების დადგმის ღირსები არ არიან? მესმის, უშნო ცოლი ყავდეს და ლამაზი ქალისკენ გაექცეს თვალი... ან არა და, უშნოც რატო უნდა ყავდეს? თვითონ არ აირჩია ცხოვრების თანამგზავრად? ვთქვათ და თავიდან ლამაზი იყო და მერე დაუშნოვდა, ნორმალურად რომ მიხედოს და მოუაროს, ხომ არ დაუუშნოვდება?..
უკვე კარგად იყო დაბნელებული, ანა რომ მოვიდა. მართალია, დაღლილ-დაქანცული იყო, მაგრამ ზღვა ემოციების და შთაბეჭდილებების ქვეშ.
_აუ, რა მაგარი იყო, შენ ხომ ვერც კი წარმოიდგენ?_ტალახიანი და სველი ბოტასები გაიძრო და დივანზე აიკეცა ფეხები._თუ არ გეზარება, ფენი მომიტანე რაა. ტელეფონი წყალში ჩამივარდა და დამისველდა. მაშინვე ამოვიღე და ელემენტიც ამოვაცალე. ფენით გავაშრობ, იქნებ ჩაირთას. იმდენი სურათები და ვიდეოები გადავიღე, დაგათვალიერებინებ.
არ დამზარებია, საძინებელში გავედი და ფენი გამოვუტანე. მაშინვე თავისი ტელეფონის გაშრობას შეუდგა.
_რამდენი ვიფოფხეთ, ვიფორთხეთ, უამრავი დაბრკოლება გადავლახეთ და ისე მივედით. რა მშვენიერი იყო, ვერ აღვწერ. ზემოდან ისეთი ლამაზი ხედები იშლებოდა, თვალწარმტაცი რასაც ქვია... ჩანჩქერს იმხელა ხმა ქონდა, ერთმანეთის არ გვესმოდა. უმეტესობა გოგოებისა ბიჭებს მოეკიდნენ ზურგზე და ისე გადალახეს მდინარე. ზოგი ზემოთ ავიდა. მე არავისი დახმარება არ დამჭირვებია. აქეთ მოვიკიდებდი ზურგზე თუ ვინმეს დასჭირდებოდა... კოცონიც დავანთეთ და გემოზე ვიქეიფეთ... მოკლეთ, მაგარი იყო.
ისე აღტაცებით მიყვებოდა ანა, ღირდა მისი იქ გაშვება. უზომოდ ბედნიერი და კმაყოფილი იყო. სურვილი გამიჩნდა, ოდესმე მეც წავსულიყავი და დამეთვალიერებინა ანას გადმოცემით აღწერილი მშვენიერი ნაკრძალი.
ემოციებისგან რომ დაიცალა და ცოტა დამშვიდდა, მხოლოდ მაშინ შენიშნა ჩემს კალთაში ნებიერად მოკუნტული კლეოპატრა.
_ვაა, დაბრუნდაა? ნეტა სად იყო ამ ხნის მანძილზე? ცოტა გამხდარა თითქოს არა?_ჩემი კალთიდან აიყვანა და ახლა თვითონ ჩაიწვინა კალთაში._როგორ მომნატრებია ჩემი მედიდურა... მართლა, მამა როგორ არის?
_დღეს შედარებით უკეთესად. გონზე მოვიდა და ცოტა ვილაპარაკეთ.
_მართლა? რაო?
_სწუხს, მამობა ვერ გაგიწიეთ და ახლა ტვირთად გექეცითო.
ანას ხმა აღარ ამოუღია. ან ეთანხმებოდა მამაჩვენის აზროვნებას, ან უმძიმდა მასზე საუბარი. მალევე მოიწესრიგა თავი და დაწვა, დავიღალე და მეძინებაო. მე ისევ სოციალურ ქსელში ვიბოდიალე გვიანობამდე. კლეოპატრა გვერდიდან არ მომშორებია. როგორც ვიცი, ეს კატები ფაქიზად გრძნობენ ადამიანის ხასიათს და ვერ იტანენ ოჯახს, სადაც სულ ჩხუბი და აყალმაყალია. არ ენდობიან უცხოებს, შეიძლება თავსაც კი დაესხან. თამაში უყვართ. თაგვების ჭერით დიდად არ იწუხებენ თავს. მაგრამ მაინც ყველაზე პოპულარულები არიან ეს სიამის კატები. ბევრი თქყვანისმცემელი ყავთ და მათ შორის მეც. ჯერ მარტო როგორი ლამაზია. რა სასწაული ცისფერი თვალები აქვს... ახლა, რა საყვარელია?.. ვგიჟდები მასზე და რა ვქნა???
გული რომ ვიჯერე კლეოპატრას ფერებით, სოციალურ ქსელში ჭორ-მართალის წაკითხვით და კირილეს ფოტოების დათვალიერებით, მეც ჩემს საწოლს მივაშურე. ანა პირქვე იწვა და მშვიდად ეძინა. თავისი ტელეფონი ბრინჯით სავსე პარკში ჩაედო გასაშრობად. მეც მაშინვე დავწექი და დაძინებას შევეცადე, თუმცა...
კირილეს საძინებელში ისევ ფეხაკრებით შევიპარე წითელ პენუარში გამოწყობილი. თვალები დახუჭული ქონდა, მაგრამ არ ეძინა. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში მისი მორიელი მაინც დავინახე. ფრთხილად მივუახლოვდი და თითებით მივეფერე. მოულოდნელად თვალები გაახილა. სიბნელეში მაინც ნათლად დავინახე მისი ლამაზი ცისფერი თვალები. მოულოდნელად ხელი დამიჭირა და შევკრთი, თუმცა არ შემშინებია. კირილემ იმარჯვა და საწოლში შემითრია. ისე რეალურად ვგრძნობდი ყველაფერს, მისი სიცილის ხმაც კი ჩამესმა თითქოს. როგორც იქნა, ხელი აღარავინ შეგვიშალა და მისი კოცნა გავბედე. არ ვიცი, სინამდვილეში როგორი იქნებოდა მისი ეს ვნებიანი კოცნა, მაგრამ ჩემს წარმოსახვაში კი შემიგუბდა სუნთქვა მისი მთრთოლვარე ტუჩების შეხებაზე...
მერე დავიმორცხვე და წამოვუხტი... ფიქრებიდან რომ გამოვერკვიე, შემეშინდა, ასე რეალურად რომ ვგრძნობდი ჩემს წარმოსახვაში მის შეხებას და თითქოს მისი ჩურჩულის ხმაც კი მესმოდა. თავი ვაიძულე, აღარ მეფიქრა მასზე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. თვალებს დავხუჭავდი თუ არა, მისი გაცრეცილი ცისფერი თვალები მელანდებოდა... იმ მომენტს ვხედავდი, ყავა რომ გადავასხი და სტრიპტიზიორივით გაიძრო მაისური და ყველა, ვინც კი იმ შენობაში ვიყავით, გვარიანად დაგვშოკა.
ისე ხომ არ ვაფანატებდი მასზე და რაც მისი შიშველი სხეული დავინახე, მას მერე მთლად დავკარგე მოსვენება... არა და, ერთხელაც კი არ უკოცნია ჩემთვის რომელიმე ბიჭს, რომელ სექსზეა ლაპარაკი? კირილესთან მიმართებაში კი ისეთი თამამი ეროტიული ფიქრები მაწუხებდა, ხანდახან რეალობაში მისი შეხედვაც კი მრცხვენოდა უკვე...
კვირა დღე როგორღაც გადავაგორე. მამაჩემთანაც ვიყავით მე და ანა და ბებიაც მოვინახულეთ. გვიანობამდე დავრჩით იქ. ბიცოლამ გემრიელი ვახშმის გარეშე არ გამოგვიშვა. იაგომ თითო ჭიქა ჭაჭაც გადაგვახუხინა და თვითონვე გამოგვიყვანა მანქანით სახლში. სამუშაო კვირის დაწყებისთვის გულდასმით მოვიმზადე ტანსაცმელი, რომელიც სარკის წინ საათობით ვარჩიე. პირად ჰიგიენასაც მივხედე და კლეოპატრასთან ერთად საწოლს მივაშურე.
რატომღაც მეგონა, რომ ვერ დავიძინებდი, მაგრამ შევცდი. ჩემს კლეოპატრასთან ერთად ისე ტკბილად მეძინა, დილით გაღვიძება და ადგომა აღარ მინდოდა. მითუმეტეს, რომ სამსახურში ვიყავი წასასვლელი... თუმცა, იქ კირილეს ნახვის შესაძლებლობა რომ გამახსენდა, მაშინვე წამოვფრინდი სიხარულით და ისე საგულდაგულოდ დავიწყე მზადება, ანა ეჭვითაც კი აკვირდებოდა ყოველ ჩემს მოძრაობას.
_ჩვენი ყინულის დედოფალი შეყვარებულია ვითომ?_ბოლოს როგორც იქნა გამიბედა და ღიმილით მკითხა._აქამდე ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ ახლა თითქოს ვრწმუნდები._ჩემი თმა ხელებში მოიქცია და ოსტატურად ამიკეცა._ტატუ რისთვის გაიკეთე თუ ასე საგულდაგულოდ დამალავ?
წინააღმდეგობა არ გამიწევია. სიწითლე და შეშუპება უკვე გამქრალიყო და მშვენიერი კოლიბრი იწონებდა ჩემს კისრის ქვემოთ თავს. მოკლე კაბის ჩაცმა ვერ გავბედე, მუხლი კარგად მქონდა ისევ დაშავებული. შემოტმასნილი დახეული ჯინსის შარვალი და ნარინჯისფერი ზედა, რომლიდანაც ცალი მხარი მთლიანად მქონდა მოშიშვლებული.
_ლამაზი ხარ._წელზე მომხვია ხელი და მომეხუტა._მიხარია, რომ ჩემი დაიკო ხარ. მეამაყები... ნეტავ რამდენი გატეხილი გულის პატრონი ხარ?_ეშმაკურად მოწკურა თვალები და სარკიდან მომაშტერდა._რამდენმა ვერ გაგიბედა თქმა და გულში იკლავს შენს სიყვარულს? ახლა, კი გატყობ, თვითონ გიტრიალებს სიყვარულის ქარიშხალი ამ პატარა გულში._ხელი მკერდზე მომადო._დარწმუნებული ვარ, კარგი ბიჭი იქნება, დახვეწილი გემოვნების პატრონი ხარ. კარგია, სუნამო რომ არ დაგიპკურებია ჯერ.
გაოცებულმა შევხედე.
_სულ ახლახანს გამოვიწერე._თავისი ხელჩანთიდან სუნამოს დახვეწილი და მდიდრული ფლაკონი ამოიღო._ cartier-ის ახალი არომატი Basiser Fou-ა. გაჯერებულია თეთრი შოკოლადის და ორქიდეის ნოტებით. როგორც მისი შემქმნელები ირწმუნებიან, ქალს შოკოლადივით ტკბილს და ორქიდეის ყვავილივით ლამაზს ხდის. ამ დროს ხდები შესამჩნევი და ამავდროულად ამოუცნობი, მისტიკური და მიმზიდველი... ინსტიქტურად რომ მოახედებს ადამიანს შენსკენ... ეს არომატი საპირისპირო სქესში მხურვალე კოცნის სურვილს აღძრავსო. გამოსცადე, არ გინდა?_ჩემს პასუხს არც კი დალოდებია, მაშინვე შემასხურა ყურს ქვემოთ ყელზე ორივე მხარეს.
მართლაც სასიამოვნო და ძლიერი არომატი ქონდა. აი ისეთი, ქუჩაში რომ გაივლი და დიდ მანძილზე დატოვებ სურნელს.
_მადლობა._გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
_საღამოს მომიყევი როგორ ჩაივლის შენი დღევანდელი დღე._თვალი ჩამიკრა და აბაზანაში ღიმილით შევიდა.
არ ვიცი, მართლა ამ სუნამოს ბრალი იყო, ჩემი ჩაცმულობის თუ ჩემი მშვენიერი კოლიბრის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მართლაც ვგრძნობდი საპირისპირო სქესის მხრიდან გადამეტებულ ყურადღებას. ჩემს სასიამოვნო სურნელს მე თვითონვე ვგრძნობდი და მსიამოვნებდა. რაღაც მართლაც არაჩვეულებრივი იყო. სამსახურში სხვა დღეებთან შედარებით დღეს გვიან მივედი და იქაც ფურორი მოახდინა ჩემმა სუნამომ: ყველას აინტერესებდა რა მესხა ამისთანა.
კირილე კიდევ არ ჩანდა. მოწყენილი ყველგან მას ვეძებდი თვალებით. ნერვები მეშლებოდა, ასე საგულდაგულოდ გამოვიპრანჭე მისი გულისთვის და ის ვაჟბატონი კიდევ აქ არ იყო. ვერც ვერავის ვეკითხებოდი მის ამბავს. კიდევ კარგი ხალხმრავლობა იყო და საერთოდ არ მქონდა მოცლა. მთლიანად სამსახურზე ვიყავი კონცენტრირებული და მასზე საფიქრად არ მეცალა. წამიერად თუ გამოვიხედებოდი და მაშინაც დიდ რიგს ვხედავდი და გაათმაგებული შრომისუნარიანობით ვემსახურებოდი კლიენტებს.
ვიტალი დღეს შედარებით ადრე მოვიდა და შორიდან შემეხმიანა. მისმა გამოჩენამ ცოტა გამამხიარულა. როგორც ყოველთვის მისი გამოგზავნილი კოცნა მოხერხებულად დავიჭირე ახლაც და გულის ჯიბეში ჩავიდე. ხათო სიგარეტის მოსაწევად იყო გამოსული და ჩემი და ვიტალის მოქმედებები რომ დაინახა, ჩუმად წაიბუტბუტა, მაგრამ მაინც გავიგე.
_მეტი ტვინი რომ არ გაქვთ არცერთს რაა...
გაბრაზებით შევხედე. მიხვდა რომ გავიგონე მისი ბუტბუტი და შეკრთა. ეტყობა კვამლი სასულეში ეცა და ისეთი ხველა აუტყდა, ლამის დაიხრჩო.
_ნელა მოწიე, ნელა. მოგდევს ვინმე?_ირონიული ღიმილით შევხედე.
სული რომ მოითქვა, ნახევრად მოწეული სიგარეტი ურნაში გამწარებულმა მოისროლა და ბანკის შენობაში მედიდურად შევიდა. შესვლისას ფეხი გადაუბრუნდა ახლა და ლამის იქვე გაიშხლართა. ამაზე ხომ თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა ავხარხარდი. ისე მადიანად ვიცინე, თვალებიდან ცრემლები მდიოდა უკვე. ფილტვებიც კი გამეხსნა.
ბოლო კლიენტს ვემსახურებოდი კმაყოფილი ღიმილით, კისერი რომ ამეწვა ვიღაცის მხურვალე სუნთქვით. შევკრთი. რადგან კისერზე ვგრძნობდი მის სუნთქვას, გამოდის ჩემზე მაღალი იყო. ამ სამსახურში ჩემზე მაღალი კი მხოლოდ კირილე იყო. რადგან მის სუნთქვას ასე მკაფიოდ ვგრძნობდი, გამოდის ძალიან ახლოს მედგა. მისმა სიახლოვემ ისე დამაბნია, ორჯერ არასწორად ავკრიფე კოდი და ლამის ბარათი დავუბლოკე საწყალ ქალს. უკან მიხედვას ვერ ვბედავდი. ბოლოს, საქმეს რომ მოვრჩი, მეტი გზა არ მქონდა და შემოვბრუნდი. მართლაც კირილე იყო. თან ისე ახლოს მედგა, შებრუნებისას მხარი გავკარი. მისმა დაჟინებულმა მზერამ უარესად დამაბნია და ამაფორიაქა. რამდენ ხანს შევყურებდით ერთმანეთს თვალებში, არ ვიცი. გამარჯობის თქმაც კი ვერ მოვახერხე. არც კირილე მომსალმებია, უსიტყვოდ მომჩერებოდა თავისი ცისფერი თვალებით.
_ზოგადად, არ მიყვარს ტატუირებული გოგოები, მაგრამ... გიხდება._რაღაც ძალიან იდუმალი ხმა ქონდა, ტაომაც კი დამაყარა ტანზე.
მესიამოვნა მისი კომპლიმენტი, მაგრამ მაინც წავიმწარე ენა.
_შენს მოსაწონებლად არ დამიხატია._არა და მართლაც რომ მის მოსაწონებლად დავიხატე.
ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა. აშკარად გამომიჭირა იმაში, რომ მომწონდა. მომწონდა კი არა, თავგზას მირევდა. გამწარებული დავეჯაჯგურე შემინული კარის სახელურს და რატომღაც ვერ გავაღე. ღიმილით მომკიდა ხელზე ხელი და ისე შეაღო კარი. მისი ხელის შეხება ისე მესიამოვნა, მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. უარესად ავფორიაქდი. ზრდილობიანად გამატარა კარში და თვითონაც უკან მომყვა. ვგრძნობდი, როგორ მომჩერებოდა კისერზე და საშინლად მეწვოდა. დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ გამართულად მევლო და ფეხი არ ამრეოდა. თინომ კაბინეტიდან რომ გამოიხედა და ძვირფასოთი მომმართა, ისე გამიხარდა, ლამის კუნტრუშით წავედი მისკენ.
_დღეს ნათია არ იქნება და მის მაგივრად შეძლებ მუშაობას? ბევრი ხალხია და მარტო ორი ოპერატორი ვერაფერს გახდება_ისე მკითხა, აშკარად იგრძნობოდა მის ხმაში, რომ ვალდებულიც კი ვიყავი მემუშავა. უარს არ მიიღებდა.
_კი, ვიმუშავებ._აშკარა სიხარულით დავთანხმდი.
_კარგი მაშინ, დავურეკავ, პაროლს ვკითხავ, რომ მის კომპიუტერში შეხვიდე.
პაროლი მალევე გადმომცა თინომ. მე კი კმაყოფილი ღიმილით შევედი მოლარე ოპერატორებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე და ხათოს გვერდით ნათიას სკამზე გრაციოზულად მოვკალათდი. ხათომ ჯერ გაკვირვებით, მერე კი შურით შემომხედა. ნათიას კომპიუტერი ადვილად ჩავრთე. თან, პატარა ბავშვივით მოვეფერე, რომ არ გაჯიუტებულიყო და კარგად მემუშავა.
მშვენივრად გავართვი დღევანდელ დაკისრებულ მოვალეობას თავი. ჩემზე სწრაფად მგონი ვერც ვერავინ წერდა კლავიატურაზე და ჩემთან შედარებით ნაკლები რიგი იდგა შეწუხებული კლიენტებისა. რამდენჯერმე კირილეს დაჟინებული მზერაც ვიგრძენი და ცოტა კიდევ ამაფორიაქა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამუშაო დღემ ასე თუ ისე მშვიდობიანად ჩაიარა. მე კმაყოფილი ვიყავი, ხათო დაბოღმილი, კირილე კი, ვგრძნობდი, რომ აღფრთოვანებული თვალს ვერ მაშორებდა.
დღის ბოლოს, ყველა რომ წავიდ-წამოვიდა თავთავიაანთ სახლებში, მეც დავტოვე ბანკის შენობა და კიბეზე ჩქარი ნაბიჯებით ჩავიარე. კირილე ვერცხლისფერ ბეემვესთან იდგა და აშკარად მე მელოდებოდა. დამინახა თუ არა, ჩემსკენ გამოიწია.
_საით მიდიხარ? წაგიყვან.
მესიამოვნა წაყვანა რომ შემომთავაზა, მაგრამ თავი შორს დავიჭირე მაინც.
_მადლობა. ზოგადად არ მიყვარს ვინმეს რომ ვივალიანებ. მირჩევნია ფეხით წავიდე.
დავინახე როგორ ჩაეღიმა. კიბეზე ჩამომავალ ხათოსაც მოვკარი თვალი და გენიალური აზრი დამებადა.
_თუ მაინც და მაინც კეთილი საქმის კეთება გინდა, შეგიძლია კუპატაძე მიაბრძანო სახლში, უარს არ გეტყვის._მზის სათვალე მოვირგე და ამაყი ნაბიჯებით გადავჭერი ქუჩა.
ჩემ ბედზე ჩემი ნომერი ავტობუსი მალევე გაჩერდა და მაშინვე ავედი. ვერ დავინახე, ხათო ჩაჯდა თუ არა კირილეს მანქანაში. ძალიან კი მაინტერისებდა, მაგრამ სიამაყე არ მაძლევდა იმის უფლებას, უკან გამეხედა. ჩემს გაჩერებას რომ მივუახლოვდი და ჩამოვედი, შორიახლოს შეჩერებული მისი მანქანა დავლანდე. გული სიამით ამიძგერდა. გამოდის, ვაღელვებდი, რადგან უკან იმისთვის ამედევნა, რომ გაეგო სად ვცხოვრობდი.
ვითომ ვერ შევნიშნე. ამაყად გადავჭერი ქუჩა და ჩემს კორპუსს უკანმოუხედავად მივაშურე. ზურგიდან მის მზერას ვგრძნობდი და ვაღიარებ უზომოდ ბედნიერი ვიყავი. დილით უეჭველი გამომივლიდა და სამსახურში წაყვანას შემომთავაზებდა. თუ ასე მოიქცეოდა, ჩემსავით მასაც ამურის ისარი ქონდა გულში მოხვედრილი. მე კი ცოტა თავს დავიფასებდი, რომ უფრო და უფრო გამება ჩემს მახეში. ამბობენ, ვითომ კაცები კერავენ ქალებსო. მე ასე არ ვფიქრობ, ქალებმა ძალიან კარგად ვიცით რომელ კაცს დავაკერინოთ თავი.
სადარბაზოში შესული არ ვიყავი, მოულოდნელად ვიღაც რომ წამომეწია და წელზე მომხვია ხელი.
_ჩემი ლამაზი დაიკო, როგორ ამაყად მიაბიჯებს._ლოყაზე ნაზად მაკოცა ანამ და უფრო ძლიერად მომეხუტა.
მეც მოვხვიე მხრებზე ხელი და ასე შევედით სადარბაზოში. ერთი სული მქონდა უკან მიმეხედა და კირილე დამენახა, მაგრამ თავს ვიკავებდი.
_რაო აბა, რას იტყვი, დღევანდელმა დღემ როგორ ჩაიარა?_ეშმაკურად მოწკურა თვალები და ისე მომაჩერდა.
_ჩვეულებრივ, როგორც ყოველთვის. ვიტალიმაც კი ვერ შემატყო ვერაფერი._გამეცინა.
_რაღაც არ მჯერა... თუმცა, შენ ისეთი მწარე ენა გაქვს, ვინმეს რამე რომც გაებედა, თავბედს აწყევლინებდი.
გამეცინა. თუმცა, ანა მართალი იყო. ან ენა უნდა დამემოკლებინა, ან ცოტა დამეტკბო, თორემ სხვანაირად კაცებს ვერ მივიზიდავდი. კაცებს რაა, ერთადერთი ვინც მინდოდა, კირილე იყო. სიგიჟემდე მომწონდა, მაგრამ მაინც არ ვამჟღავნებდი. რატო ვიქცეოდი ასე, არ ვიცი. ალბათ, სულელი ვარ და იმიტომ... არა და მთელი ღამე მის ცისფერ თვალებზე ვფიქრობდი. გული სასიამოვნოდ მიფრთხიალებდა საგულეში. ჩემს წარმოსახვაში კვლავ ვესტუმრე წითელი პენუარით. საძინებელში თეძოების გამომწვევი რხევით შევედი და უკვე გათამამებულმა ვნებიანი კოცნითაც კი დავაჯილდოვე. ნეტა, ცხადში რომ გამიბედოს და მაკოცოს, რას ვიზავ??? ან, რას ვიგრძნობ საერთოდ??? მომეწონება ვითომ???
კარგა ხანს ვიწრიალე საწოლში. ვერა და ვერ დავიძინე. მართლა ნათლად ვგრძნობდი მის სუნთქვას ჩემს კისერზე და გული სიამით მიძგერდა... შუაღამე გადასული იყო, რომ გაწვიმდა. ცოტა მაინც აგვიგრილდა ქალაქში. ბუნებასაც დაეტყო ფერისცვალება...
დილით ისევ მოღრუბლული და გრილი ამინდი იყო. თითქოს ისევ წვიმას აპირებდა. სადარბაზოდან რომ გავედი და კირილეს მანქანას მოვკარი თვალი, სიხარულით ამითრთოლდა გული. თუმცა არაფერი შემიმჩნევია. ეზოდან რომ გავედი და ქუჩის გადაკვეთას ვაპირებდი, წამომეწია. მინა ჩაუწია და შემომღიმა.
_არ დაჯდები? სამსახურში წავიდეთ.
_მადლობა, არ მინდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ძალიან მშვენივრად ვმგზავრობ.
ეტყობა ქალებისგან უარს არ იყო ნაჩვევი და გაუკვირდა. უფრო ეწყინა.
_მასე გეშინია ჩემი, რომ მანქანაში არ მიჯდები?_უცბად დასერიოზულდა.
_მეშინია? ვითომ რისი უნდა მეშინოდეს?_გავიკვირვე.
_რა ვიცი აბა?_მხრები აიჩეჩა._გეშინია კი და...
მეწყინა, მშიშარად რომ მომნათლა. თან ნამუსზე ამაგდო. მცირე ყოყმანის შემდეგ ჩავუჯექი მანქანაში, სადაც დაბალ ხმაზე სასიამოვნო მელოდია იღვრებოდა. თან, ისეთი სისუფთავე იყო, დამენანა სველი ფეხებით რომ ჩავჯექი.
ერთხანს ხმა არ ამოგვიღია. მე არ ვაპირებდი ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე. კირილე კი რატომღაც დუმდა და უაზროდ გაჰყურებდა გზას. მერე, სიჩქარეს რომ უმატა, ფანჯრიდან შემოჭრილმა ქარმა ჩემი ქვედაბოლო ლამის თავზე წამომაფარა. დაჭერა მალევე შევძელი, მაგრამ ჩემს ნახევრად მოშიშვლებულ ფეხებზე კირილეს კმაყოფილი მზერა წამიერად მაინც დავიჭირე. შემრცხვა. როდესაც მე თვითონ ვიცმევ გამომწვევად, არაფერი, მაგრამ როცა უხერხულ სიტუაციაში ვვარდები მოულოდნელად, აი ეგ არის საშინელება. სახე გვარიანად ამეწვა სირცხვილისგან. მივხვდი რომ გავწითლდი. უხერხულობის დასაძლევად ჩემს თმის ბოლოებს დავუწყე ნერვიულად წვალება. ცალი ხელით კი ისევ კაბა მეჭირა, კიდევ რომ არ ამფრიალებოდა.
სამსახურში ისე მივედით, ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. მხოლოდ მანქანიდან ჩასვლისას შემომღიმა:
_ძნელი იყო?
გაბრაზებით შევხედე თვალებში. ისე მიღიმოდა, ვეღარაფერი ვუთხარი. ვიდექი და მონუსხულივით შევყურებდი. მერე ჩემს თავზე გამებრაზა. შუბლზე ჩამოშლილი თმა ხელის მოხდენილი მოძრაობით გადავიწიე უკან და კიბეებს ამაყად შევუყევი. ვგრძნობდი, კირილეც უკან მომყვებოდა. მოულოდნელად ისევ დაუბერა ნიავმა და ძლივს მოვასწარი ჩემი ურჩი კაბის დაჭერა ორივე ხელით. შანსი არ არის, ქვემოდან მომყვებოდა და ალბათ ჩემი წითელი ბიკინი დაინახა. ვიგრძენი, რომ იმ წითელ ბიკინზე მეტად მე გავწითლდი. რა ჯანდაბამ ჩამაცვა ეს ფრიალა კაბა ნეტა? შენობაში შესვლის წინ მინის ანარეკლში მის კმაყოფილ მზერას რომ მოვკარი თვალი, ჩემდა გასაკვირად, მესიამოვნა. შენობაში შესულს კი ხათო შემეფეთა და ტუზარიკივით ადევნებული კირილე რომ დაინახა, აშკარად დაიბოღმა. ალბათ დამინახა, მისი მანქანიდან რომ გადმოვედი. გულში უფრო მეამა და გამიხარდა. ისეთი მზერით მივესალმე, აშკარად ვაგრძნობინე, რომ მასზე გაცილებით მაღლა ვიყავი.
კირილეს როგორც შეეძლო მთელ დღეს ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა. ყველა ატყობდა ჩემი ჩათვლით, რომ ძალიან მოვწონდი და ჩემს ხელში ჩაგდებას ცდილობდა. მე კიდევ რის ჩიტი ვიყავი, ადვილად დავნებებოდი და არ მეწვალებინა?
შუა დღეს, როცა ცოტა ამოვისუნთქე და თავისუფალი დრო გამოვინახე, ყავა მოვიდუღე და დალევას ვაპირებდი ჩემთვის მყუდროდ, რომ კირილე შემეფეთა. ისე ვიდექით, მას უნდა დაეთმო, რომ გამოვსულიყავი, თორემ მე ვერანაირად ვერ ავუქცევდი გვერდს. მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ არ აპირებდა ჩემთვის გზის დათმობას. თავისი ცისფერი თვალებით ისე მიმზერდა, ინტუიციით მივხვდი კოცნას მიპირებდა და გულს ისე გაუდიოდა ბაგი-ბუგი, თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა. ყავის ფინჯანი რომ ამიცახცახდა ხელში, მღელვარების დასაფარავად მაგიდაზე ფრთხილად დავდგი. უფრო ახლოს მოვიდა, მის მხურვალე სუნთქვასაც ვგრძნობდი სახეზე. ერთხანს ასე მიყურა. მერე, ნელ-ნელა გადმოიხარა და უკვე მისი ტუჩების გემო უნდა გამეგო, რომ მოზღვავებულ ვნებას მოვერიე, რომელიც მთელ ჩემს სხეულს იპყრობდა და თავი მოვარიდე. ჰაერში გაშეშდა. წამიერად გაკვირვება გაკრთა მის სახეზე. წყენაც, ქალმა უარი რომ უთხრა. მის დაჟინებულ მზერას თვალი გავუსწორე.
_შეიძლება გავიარო?_ვითომ ძალიან გაბრაზებულმა ვკითხე.
უკან კი დაიხია და გამატარა, მაგრამ მოულოდნელად წამომეწია, კედელთან მიმიმწყვდია, მოხერხებულად გამაკავა და გახელებული მეტაკა ტუჩებში. ვაღიარებ, ველოდი მის ამ საქციელს. მთელს სხეულში ელექტროშოკივით დამიარა მისი თბილი ტუჩების შეხების სიამოვნებამ. სულ რაღაც წამით დავკარგე თავი, მაგრამ მალევე მოვეგე გონს და გავუძალიანდი. თავი რომ დავაღწიე მის ტუჩებს, ვითომ ძალიან გაბრაზებულმა შევხედე.
_რამდენს მიბედავ, ვინ გგონივარ?_ ისეთი გაბრაზებული როლი წავითამაშე, ოსკარი უდაოდ მეკუთვნოდა._ჩემს ფინჯანს დავწვდი და ოთახიდან გამოვედი. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მისი კოცნა რომ ვიგემე, მაგრამ ამას როგორ ვაღიარებდი?
სკამზე მოხდენილად ჩამოვჯექი და ყავის წრუპვას შევუდექი. კირილე როდის გამოვიდა, არ დამინახია. ალბათ, მალევე გამომყვა უკან და მე რომ სკანზე ვჯდებოდი, მაშინ ამიარა გვერდით. გარეთ იდგა უკვე და ტელეფონზე ლაპარაკობდა. მის მხარბეჭიან ზურგს ვხედავდი და კმაყოფილ მზერას არ ვაშორებდი. ყველა ქალთან ასე თამამია ნეტა, თუ მე ვიყავი გამონაკლისი? როგორ მეტაკა? მაგრამ... რა სასიამოვნო იყო... იმ მომენტში გული თუ არ გამიჩერდებოდა არ მეგონა. ჩემს ფიქრებში რომ წარმომედგინა, იმაზე უკეთესიც კი იყო მისი კოცნა. რატო ცოტაც არ ვაცადე და მერე არ ვკარი ხელი? რა სულელი ვარ...
ნებიერად ყავის წრუპვას რომ მოვრჩი და ფეხზე წამოვდექი, კირილეც შემოვიდა. ერთი კი შემომხედა რაღაცნაირი თვალებით და გვერდით ისე ჩამიარა, ოდნავადაც არ გაუღიმია. გამიკვირდა. უფრო მეწყინა. ასე ითაკილა ვითომ ჩემი უარი? დავიჯერო, იმ კაცების კატეგორიას ეკუთვნის, ვინც ადვილად ეგუება ქალის უარს და მისთვის ბრძოლას აღარ აპირებს? დამცეცხლა... იქნებ, სულაც, ჩემსავით ფიქრობს, უნდა რომ გამახელოს და აქეთ მე დავუწყო უკან დევნა? ვერ მივართვი!
_ჟანა, ძვირფასო._თინოს ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან.
სრული ბედნიერებისთვის ესღა მეკლდა და ამის აფთიაქში გაგზავნა.
_ყავის სმას რომ მორჩები, ჩემთან შემოდი.
ცარიელი ფინჯანი უაზროდ შევათამაშე ხელში. მერე სამზარეულო ოთახში შევიტანე, გავრეცხე და თინოს კაბინეტს მივაშურე. მაგიდის წინ დაჯდომა რომ შემომთავაზა, ცოტა დავიბენი. ასე არასდროს იქცეოდა ჩემთან.
_იყოს, ვიდგმები.
_კარგი, შენი ნებაა._თვითონ თავის სავარძელში ჩაესვენა და დაჟინებით მომაშტერდა._შენი სუნამო ძალიან მომეწონა. რა გასხია?
თურმე რაში ყიფილა საქმე?_გუნებაში გამეღიმა. მისი მიპატიჟება გვიან მივიღე და გამომწვევად ჩამოვუჯექი წინ.
_ჩემმა დამ გამოიწერა. ორქიდეის და თეთრი შოკოლადის ერთობლივი სურნელი აქვს.
_სურნელი მართლაც არაჩვეულებრივი აქვს, მომეწონა. დიდად დამავალებ თუ გამიგებ საიდან გამოიწერა.
სამსახურში ორ ქალს გვევლო ერთი და იგივე სურნელით, რაღაც არ მომეწონა ეს იდეა. თუმცა ტელეფონი მაინც მოვიმარჯვე და ანას დავურეკე.
_ძვირფასო, შენ რომ სუნამო გამოიწერე, საიდან და როგორ გამოიწერე?
_ისი პარიდან. რა ხდება?_გაუკვირდა ანას.
_უი, მართლა?_შევიცხადე._შეზღუდული რაოდენობა იყო და მეტი აღარ არის?_ვითომ ძალიან მეწყინა.
_რა შეზღუდული რაოდენობა? შენ ფული თქვი, თორემ იმდენია, მთელ ქალაქს ეყოფა.
_კიდევ როდის იქნებაო, ხომ არ იცი?
_რას ბოდიალობ იღონდაც?_გადაიკისკისა ანამ.
_კარგი ძვირფასო და როგორცვე გამოჩნდება რამე, შემატყობინე, ჩვენს მენეჯერს მოეწონა და ყიდვა უნდა.
_აჰა, თურმე რაში ყოფილა საქმე._გადაიკისკისა ჩემმა დამ._რა საძაგელი ხარ რომ იცოდე.
_მეც მიყვარხარ, გკოცნი._ჩავძახე ყურმილში და გავუთიშე. თან თინოს ისეთი თვალებით შევხედე, გასაგებია-მეთქი, ვაგრძნობინე.
მართლაც რომ საძაგელი და საზიძღარი ვიყავი.
რა წინააღმდეგობა გავუწიე კირილეს ამისთანა, რომ ასე დავაფრთხე ნეტა? აქამდე თუ თვალებით მჭამდა, ახლა ზედაც აღარ მიყურებდა. ვცოფდებოდი კი, მაგრამ ამას როგორ ვაღიარებდი? ღირსი არ ვიყავი? ისე ვიფასებდი თავს, თითქოს აუწონავი ოქრო ვყოფილიყავი.
იმ დღის მერე ჩემს მიმართ თითქოს გაცივდა. სამსახურში ყველა თანამშრომელს ჩემს გარდა ისე ღიად ეფლირტავებოდა, ნერვები მეშლებოდა. ალბათ, უნდოდა რომ ვეეჭვიანე და გამოსდიოდა კიდეც. მაგრამ არ ვიმჩნევდი. ერთი სული მქონდა ისევ შემხებოდა და ეკოცნა, მაგრამ საერთოდ არ მიყურებდა, რომელ კოცნაზე და შეხებაზე იყო საუბარი? ჩემნაირი ნაგლი გამოდგა ისიც, მაწვალებდა, რომ მის მიმართ ინტერესი გამჩენოდა. მეც ხომ ასე ვიქცეოდი. როცა ხათოს ელაპარაკებოდა, ეს გველაძუა ისე მიმზერდა, აშკარად მასიებდა.
კარგა ხანს გაგრძელდა ჩვენი ეს ფარული ქიშპობა. ორივეს გვწყუროდა ერთმანეთთან სიახლოვე, მაგრამ სასტიკად ვაწვალებდით ერთმანეთს. მე მას რამდენად ვაეჭვიანებდი არ ვიცი, მაგრამ ის რომ საშინლად მაეჭვიანებდა და მაცოფებდა, ეს კი დანამდვილებით ვიცოდი...
აგვისტოს ბოლოს ფიქრიას დაბადების დღე ქონდა და წვეულებას მართავდა. ყველა თანამშრომელი დაგვპატიჟა დამლაგებლის ჩათვლით. მაშინვე საყიდლებზე გავიქეცი. მინდოდა ისეთი ლამაზი ვყოფილიყავი, კირილეს ვეღარ მოეშორებინა ჩემთვის თვალი. ბევრი სირბილისა და შერჩევის შემდეგ, როგორც იქნა არაჩვეულებრივი წითელი კაბა ვიყიდე. მთელი ზურგი მოშიშვლებული მქონდა. ჩაცმულობის მხრივ შეზღუდვები არასდროს მქონია და ისედაც თამამი ვიყავი, მაგრამ ეს კაბა ხომ ნამეტანი იყო. ანამ თვალებს არ დაუჯერა როცა სახლში მოვიტანე.
_ოჰო, შენ უკვე აღარ ხუმრობ. გამოდის, ყურადღებას არ გაქცევს და ასე გინდა მიიზიდო.
მართლაც რომ მასე იყო, მაგრამ მაინც მეწყინა ანას სიტყვები.
დილიდან ჩემს მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე გამოვყავი ჩემი მოხერხებული დაიკო და ერთსაათიანი მტანჯველი პროცედურის შემდეგ სარკეში რომ ჩავიხედე, აღტაცება ვერ დავმალე. არც ისე ვიყავი შეუხედავი, მაგრამ ანას მცდელობამ უშედეგოდ რომ არ ჩაიარა, გამიხარდა. ანამაც ვერ დამალა აღტაცება.
_მართალია, ძალიან თამამი კაბაა, მაგრამ არა ვულგარული. მაგარი სექსუალური ქალი ხარ. დღეს კაცებს დაშოკავ, ნუღარ იტყვი.
_მთავარია ის დავშოკო ვინც მე მინდა, დანარჩენი სულ არ მაინტერესებს._ნიშნისმოგებით წავიდუდუნე და მისი სუნამო ბლომად მივისხურე.
მერე ტაქსიც გამოვიძახე, ფიქრიას საჩუქარი ჩემს ხელჩანთაში ჩავიდე და ანას ღიმილიანი გაცილების ფონზე რესტორანშიც წავედი. სხვებთან შედარებით გვიან მივედი. ასეც მქონდა დაგეგმილი, რომ ყველას ყურადღება მიმეპყრო. ვიტალი რომ სტუმრების გარემოცვაში დავინახე, უზომოდ გამიხარდა. პირველმა მან მომკრა თვალი და აღტაცება ვერ დამალა.
_ჩემო მშვენიერო, როგორი არაჩვეულებრივი ხარ._ღიმილით გამოეშურა ჩემსკენ, ხელკავი გამომდო და ცარიელი მაგიდისკენ გამიძღვა.
ვიტალის აღტაცებულ რეაქციაზე ყველამ მე შემომხედა. კირილეს აშკარად შევატყე, რომ დაიშოკა. გაოგნებული მომჩერებოდა. წამიერად წააწყდა ჩვენი თვალები ერთმანეთს და ისეთი სასიამოვნო განცდა დამეუფლა, სიტყვებით ვერ აღვწერ. ამაყი და მედიდური ნაბიჯებით ჩავუარე გვერდით და მის შორიახლოს თავისუფალ ადგილზე დავჯექი. მართლაც რომ ყველას ყურადღება მივიქციე. ყველაზე მეტად კირილეს დაჟინებული მზერა მსიამოვნებდა. რა ეგონა, გაუმკლავდებოდა ჩემს სიმშვენიერეს? სიამოვნებით დავლიე სასმელი და ვიტალისთანაც სიამოვნებით ვიცეკვე. კარგად მოვილხინე. ჩემთვის უცხო სტუმრებმაც მომაქციეს ყურადღება. კირილე კი, მხოლოდ შორიდან მიმზერდა თავისი ლამაზი ცისფერი თვალებით. ჩენთან მოსვლას ვერ ბედავდა და სხვა გოგოებს ელაპარაკებოდა და ეცეკვებოდა. თვალებით კი მე მჭამდა.
შუა ღრეობაში ვიყავით, კირილე რომ თვალს მიეფარა და ვეღარ დავინახე. მალულად დავუწყე ძებნა და ბოლოს ეზოში მივაგენი. ჩემთვის უცნობ ბიჭს ესაუბრებოდა. ბენჯამენის ბუჩქს ამოვეფარე და მივაყურადე.
_მართალია მაგარია, მაგრამ არ გირჩევ.
_რატო?_უცნობმა ძალიან გაიკვირვა._შენია?
_მინდოდა ყოფილიყო, მაგრამ სხვა ორიენტაციისაა._სინანული ვიგრძენი კირილეს ხმაში.
_რაო?
_კაცები არ აინტერესებს, ქალები უყვარს.
_რას ლაპარაკობ?_უარესად გაოცდა უცნობი._ეგ როგორ? მოიცა და, სექსი რომ უნდოდეს, ქალთან ექნება?
_ალბათ.
_არა და რა ქალია._ახლა უცნობის ხმაში ვიგრძენი სინანული.
მივხვდი, ჩემზე იყო ლაპარაკი. აი თურმე რაში ყოფილა საქმე, რისთვის გამიუცხოვდა ვაჟბატონი. ალბათ შმაგიმ უთხრა რამე და ახლა მეც რომ ყველანაირად ვიშორებდი, დაეჯერა. გუნებაში გამეღიმა. ამას ვაჩვენებ სეირს, როგორი ლესბისელიც ვარ. ისევ რესტორანში დავბრუნდი. სიმხნევისთვის ერთი ჭიქა კონიაკი გადავყლურწე. კირილე და უცნობიც მალე შემოვიდნენ. გვერდით რომ ჩამიარა, ისეთი ვნებიანი მზერით გავაცილე, შევატყე დაიბნა. გველაძუა ხათომ დრო იხელთა და საცეკვაოდ გაიწვია. ყველაზე მეტად იმან გამაცოფა, რომ მკლავები მჭიდროდ შემოხვია კისერზე და ლამის მთლიანი ტანით მიეკრა. როგორი საყურებელი და ასატანია შენი ოცნების მამაკაცს რომ ყველას თვალწინ სხვა ქალი ეხვევა? თან რაღაცას ეჩურჩულება და გამომწვევად კისკისებს? რაღაც ძალიან გენიალური აზრი დამებადა. ერთი ჭიქა კონიაკი კიდევ დავამატე და ამაყი ნაბიჯებით გავეშურე მოცეკვავეებისკენ.
ხათო ჩემგან ზურგით იყო და ვერ მხედავდა. კირილეს კი თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. მეც ჯიქურ ვუმზერდი. რომ მივუახლოვდი, უხეშად მოვაშორებინე ხათოს მისი კისრიდან ხელები, რომელიც ჯერ დაიბნა, მერე კი აღშფოთება აღებეჭდა სახეზე. სანამ რამის თქმას მოასწრებდა, კირილეს მე მოვხვიე კისერზე ხელები და ვნებიანად დავაკვდი ტუჩებზე. მოულოდნელობისგან დაიბნა. მერე ნელ-ნელა შიშველ წელზე მომხვია ხელები და მიმიზიდა. მაშინდელ მოულოდნელ მის კოცნაზე სასიამოვნო მეჩვენა ჩემი გაბედული და თამამი კოცნა. მითუმეტეს, რომ თვითონაც გრძნობით მიპასუხა. წამიერად დამავიწყდა სად ვიყავით. თავბრუ დამახვია და უდიდესი სიამოვნება მომგვარა მისი ტუჩების შეხებამ. სადამდეც შევძელი სუნთქვის შეკავება, ვკოცნე, მერე კი მივატოვე ამოგდებული ვენახივით და კმაყოფილი ღიმილით დავტოვე შენობა. იქ მყოფთა გაოცებული სახეების დანახვაზე ცოტა შევკრთი, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. ამაყად გავედი ეზოში.
მალწვე წამომეწია გაოცებული კირილეც. მკლავზე მომკიდა ხელი და შემაჩერა.
_ეს რა იყო?
_როგორც მასწავლეს, კოცნა._ირონიული ღიმილით შევხედე.
_ეგ მეც ვიცი, კოცნა რომ იყო. რასთან დაკავშირებით?
_იმის დასადასტურებლად, რომ ლესბოსელი არ ვარ და ჩვეულებრივ კაცები მომწონს._ხელი გავაშვებინე და გაოცებული და გაოგნებული დავტოვე რესტორნის ეზოში.
ტაქსი გავაჩერე, მოხდენილად ჩავჯექი და ჩემი ბინის მისამართი ვუთხარი. ერთი სული მქონდა, გაშეშებული და გაოგნებული კირილესთვის შემეხედა, მაგრამ თავს მოვერიე და უკანმოუხედავად დავტოვე რესტორნის ტერიტორია.
რაც კარგი იყო, კარგი იყო. აფორიაქებული და აღელვებული გული ძლივს დავიოკე. ესეც ასე, ახლა კი მართლა ჩემია ეს ვაჟბატონი. თავიდანვე მოვწონდი, მაგრამ ჩემმა არასწორმა ორიენტაციამ დააბნია. რა გრძელი ენა ქონია ამ შმაგის. მე იმ აბეზარის მოსაშორებლად ვიცრუე და არ შემიყარა ქვეყანა?
ნაადრევად სახლში მისული რომ დამინახა ანამ, გაუკვირდა.
_რამე მოხდა?_ცოტა შეშფოთებითაც კი მკითხა.
_არაფერი, რა უნდა მომხდარიყო?_მე საჩემოდ გავიოცე.
_აბა, რა უმარკო წერილივით მობრუნდი?_გაეცინა.
_რაც მინდოდა გავაკეთე და რიღასთვის დავრჩენილიყავი იქ?
_მაინც რა გააკეთე ამისთანა?_უკვე ეჭვით დამიწყო ყურება._შენებურ სიგიჟეს ჩაიდენდი ალბათ.
_ქალური სიგიჟე ჩავიდინე._კმაყოფილმა შევხედე._თან ისეთი სიგიჟე, მთელი ცხოვრება რომ არ დაავიწყდება.
_უკვე მაშინებ.
_საშიში არაფერია._მხარზე მოვუთათუნე ხელი და ტანსაცმლის გამოსაცვლელად შევედი საძინებელში.
ანაც უკან მომყვა.
_იცი, ხვალ მამას წერენ საავადმყოფოდან.
_აკი ორშაბათსო?_გამიკვირდა.
_ხო, რა ვიცი, რატომღაც გადაიფიქრეს. ხვალ შუადღის მერე გამოწერენ.
_დღეს ნახე ხომ?_კაბა გავიძრე და საკიდზე ჩამოვკიდე.
_ხო, მაგრამ რაღაც არ მომეწონა. ძალიან დეპრესიისკენ არის მიდრეკილი. არ დაგვიჯერებს არაფერს და კარგადაც გვანერვიულებს. რაღაც არ მჯერა, სასმელი გადააგდოს. იქ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და ასე თუ ისე არ სვამს. აქ რომ გამოვიყვანთ, დავიმორჩილებთ ვითომ?
_უნდა შევეცადოთ. არ დაგვიჯერებს და ვისი აჯობებს მაგასაც ვნახავთ._დავამშვიდე რაღაც დასევდიანებული ანა და აბაზანაში გავედი შხაპის მისაღებად.
როგორც ყოველთვის, ჩემი წარმოსახვის ნაყოფი კირილეც იქ დამხვდა. რესტორანში საქვეყნოდ კოცნის გამო ცოტა დავიმორცხვე, მაგრამ თვითონ მომკიდა ხელი, შხაპის ქვეშ შემიყვანა და ისევ შეერთდა ჩვენი ტუჩები. ასეთი ცხადი ფიქრები არავის მიმართ არ მქონია. რეალური იყო შეგრძნებებიც. ნეტა, ხომ არ ვგიჟდებოდი და იმიტომ? ჩემნაირად სხვა ადამიანებიც თუ არიან ასე? დავიჯერო, მარტო მე ვიყავი ასეთი გიჟი?
გამთენიისას საავადმყოფოდან დაგვირეკეს. ნამძინარევმა ნომერს რომ დავხედე, გულმა რეჩხი მიყო. არც შევმცდარვარ.
_მამათქვენი პალატის ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა._ეს სიტყვები ისეთი ძნელი მოსასმენი იყო, თითქოს სამყარო ჩამომექცა თავზე. ასეთი საზარელი ამბავი დედის სიკვდილის შემდეგ აღარ მსმენოდა.
ცუდი იყო თუ კარგი, მამაჩვენი იყო და გული შემტკიოდა მასზე. ბოლო დროს შედარებით კარგადაც იყო და ასე მოულოდნელად რა მოუვიდა? ექიმმა თქვა, ჰალუცინაციები აწუხებდაო, მაგრამ მე მჯერა, რომ არ უნდოდა ტვირთად დაგვწოლოდა და თავი იმიტომაც მოიკლა...
საშინელი დღეები გამოვიარეთ. ვერ აღვწერ ისეთი საშინელი. დაკრძალვის ცერემონიალზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. ჩემი თანამშრომლებიც და ანას კურსელებიც. სამეგობრო, სანათესაო, სამეზობლო, საახლობლო... ყველაფერს კი იაგო და ბიძაჩემი უძღვებოდნენ წესის და რიგის მიხედვით. ბოლოს, დავრჩით მე და ანა მამის გარეშეც. მისი ბინა დავალაგეთ, ცოტა კოსმეტიკა ჩავუტარეთ და გავაქირავეთ. ყოველთვიური შემოსავალი გაგვიჩნდა. სიკვდილის შემდეგ მაინც გამოგვადგა მამა რაღაცაში.
ორი კვირა ვიყავი სახლში გამომწყვდეული და მერე ჩვეულებრივ დავიწყე სამსახურში სიარული. ჯერ ერთი, არსებობა გვინდოდა და მეორე, სახლში გამოკეტილი გავგიჟდებოდი ალბათ. ჩემი პირველი დღე სამსახურში მამის დაკრძალვიდან, ძალიან გულის ამაჩუყებელი და ემოციური იყო. ყველა მოწიწებით და მოკრძალებით მეპყრობოდა. თუმცა, ჩემი საქვეყნო კოცნა თურმე არ დავიწყებოდათ და ჩუმ-ჩუმად მაინც ჭორაობდნენ ზურგსუკან. მე საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. არც კი მედარდებოდა, რას საუბრობდნენ ჩემზე. მთავარია კირილესთან დავაწყე და დავალაგე ურთიერთობა. მართალია, ლოგინამდე არ ვიყავით ჯერ მისულები, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ერთმანეთი მოგვწონდა და გზიდან ნელ-ნელა გვეცლებოდა ზედმეტი ხალხი.
ყველაზე მეტად ხათომ გამოაჩინა თავისი კლანჭები, არ უნდოდა კირილეს დათმობა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ამ უკანასკნელს მე მოვწონდი და არც მე დავუთმობდი მას ჩემი ნება-სურვილით, ისიც გადგა გვერდით. მაგრამ ეტყობოდა რომ დროებით. ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა, რათა თავისი გაესწორებინა.
ვიტალიმ მომიბოდიშა, მიცვალებულების ძალიან მეშინია და ვერ მოვედი სამძიმარზეო.
_არაუშავს ვიტო, აუცილებელი არ იყო იქ მოსვლა, აქ ხომ მნახე და მომისამძიმრე?_დავამშვიდე სერიოზულად დამწუხრებული მეგობარი.
_იცი რა ძალიან მეწყინა მამაშენის სიკვდილი?.. მაგრამ ბებია ამბობს, რომ ჯერ მშობლები უნდა დაიხოცნენ და მერე შვილებიო.
_ეჰ, ვიტო, არავინ არ ვიცით ვის რა გვიწერია... ყოველ დილით მაღვიძარას კი ვაყენებ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ გავიღვიძებ თუ არა...
ასეა ჩვენი ცხოვრება: სადილაოდ დიდ გეგმებს ვაწყობთ და გვავიწყდება უფლისთვის მადლობის გადახდა დღევანდელი დღისთვის და ხვალინდელი იმედისთვის... არავის გვაქვს გარანტირებული მეორე დღის სიცოცხლე, მაგრამ მაინც ისე ვცოცხლიბთ, თითქოს არასდროს მოვკვდებით...
ვიტალიმ, როგორც ყოველთვის, ჩემი საჩუქრები გადმომცა ბარნი და საღეჭი რეზინები. მერე დამემშვიდობა და მალე წავიდა რატომღაც. ჩემს ჩვეულებას ვუღალატე და საღეჭი რეზინი ვიტაკე პირში. ყბების ენერგიული მუშაობით ცოტა გავირთე თავი. ბანკში კლიენტები თავ-პირს ნამდვილად არ მაჭამდნენ. ვინც მოდიოდა იმათაც კირილე ემსახურებოდათ და მე განცხრომაში ვიყავი. შესვენებაზე კი, თინომ თავისი საფირმო "გენაცვალეთი" მომმართა, ჩემთან შემოდიო.
სხვათაშორის, გულზე ძალიანაც არ მომიხვედრებია, როგორც სხვა დროს მაბრაზებდა ხოლმე. მშვიდად და აუღელვებლად შევხსენი მისი კაბინეტის კარი და ღიმილით რომ შემომთავაზა სკამზე ჩანოჯდომა, ცოტა გაკვირვებულიც კი ჩამოვჯექი. ვენერამ ორი ფინჯანი ყავა შემოგვიტანა, ამაზე ხომ მთლად გავვოცდი. როდის აქეთ ზრუნავდა თავის თანამშრომლებზე? ნუთუ, ეს ორი კვირა, რაც ვაცდენდი სამსახურს, შეიცვალა ყველაფერი?
_მე ცხელი მიყვარს._მომიბოდიშასავით და სურნელოვანი სითხე მაშინვე მოწრუპა.
არ ვიცოდი რისთვის ვყავდი საგანგებოდ დაბარებული და თავში ათასი აზრი მიტრიალებდა. თქმას კი რატომღაც აჭიანურებდა. სიმართლე ვთქვა, ცოტა დავიძაბე კიდეც. ყავას ისე ნებიერად წრუპავდა, სურვილი გამიჩნდა ფინჯანი გამომერთმია და თავზე დამექცია მისთვის. თუმცა ეს ჩემი ფარული სურვილი იყო. რეალურად კი ვიჯექი მის წინ და "მოთმინებით"ველოდი როდის დაცეცხლავდა და ბოლოს და ბოლოს მეტყოდა რა ჯანდაბა უნდოდა.
_შენ არ დალევ? ეგ ფინჯანი შენთვის მოვატანინე.
გუნებაში გამეღიმა, კიდევ კარგი მითხრა, თორემ არ ვიცოდი...
ნერვიულობის დასაფარავად მეც გადავწვდი ფინჯანს და მეც თინოსავით ნებიერად მოვწრუპე. ცოტა მწარე კი იყო, მე უფრო ტკბილი ყავა მიყვარდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით დავლიე. თან ისე სიამოვნებით, რომ სულ დამავიწყდა, თინოს კაბინეტში რისთვის ვიჯექი.
_ვატყობ, შენ და ხათოს შორის რაღაც გაურკვევლობა და დაძაბულობაა და ეს ძაძაბულობა დღითიდღე პიკს აღწევს უკვე._როგორც იქნა წამოიწყო თინომ._არ მინდა ჩემს თანამშრომლებს შორის რამე გაუგებრობა იყოს. რა გაქვთ მაინც ასეთი გასაყოფი?
ლამის ყავა გადამცდა სასულეში.
_მე არაფერი... ეგ თვითონ თქვა?
_თვითონ რა უნდა ეთქვა? მე ვხედავ რომ კატა თაგვებივით ხართ. არ მინდა რომ სამსახურში ჩხუბობდეთ...
_საჩხუბი არაფერი გვაქვს. უბრალოდ ვხუმრობთ. შეყბედებულები ვართ, თორემ ხათოსნაირ კარგ თანამშრომელთან რა უნდა მქონდეს გასაყოფი? (ისემც გაუხმება თავი რაც კარგი არ არის).
_არ ვიცი. მე გაგაფრთხილეთ ორივე, რომ სამსახურს დაკარგავთ თუ რამე აყალ-მაყალი მოხდება.
_არაფერი სერიოზული. უბრალოდ ვხუმრობთ._ნაძალადევად გაუღიმე. ყავა ბოლომდე დავლიე, ფინჯანი ხმაურით დავდგი მაგიდაზე და წამოვდექი.
_მე ჯერ არ დამიმთავრებია._ისეთი მკაცრი ხმა ქონდა, დავიბენი.
ისევ ჩამოვჯექი სკამზე და უარესად ავწრიალდი.
_ერთ კვირაში ნინო სამსახურიდან მიდის. (ნინო ჩვენი მოლარე იყო). ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ შენ დაგნიშნო დროებით მის ადგილზე. მიზანდასახული და ყოჩაღი გოგო ხარ. დარწმუნებული ვარ არ გაგიჭირდება და ადვილად გაართმევ დაკისრებულ მოვალეობას თავს. კოლეჯიდანაც კარგი დახასიათება გაქვს. მოკლეთ, მინდა რომ ნინოს ადგილი შენ შემოგთავაზო. შენ რას იტყვი?
ცოტა დავიბენი. არ მოველოდი ამ ამბავს. სალაროში მუშაობა რთული იყო და გადატვირთული დღის გრაფიკიც ქონდა. მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა მევალებოდა, ასე თავისუფლად ვეღარ ვიქნებოდი. სამაგიეროდ ხელფასი იყო მაღალი. ცოტა დაფიქრება არ მაწყენდა ამ რთული გადაწყვეტილების მისაღებად. თინომაც რომ შემატყო ორჭოფობა, გულთბილად გამიღიმა.
_სამ დღეს მოგცემ მოსაფიქრებლად. აწონ დაწონე და პასუხი ისე მითხარი... კარგი გოგო ხარ და მინდა რომ წარმატებას მიაღწიო ცხოვრებაში. ასე ნელ-ნელა და ეტაპობრივად დაწინაურდები შენი შრომისუნარიანობის წყალობით. ახლა კი შენს საქმეს მიხედე._ისე გულთბილად გამიღიმა, შემრცხვა ჩემი მისადმი დამოკიდებულების.
ფეხზე წამოვდექი და კაბინეტიდან გასვლას ვაპირებდი, რომ გზაში დამაწია:
_ხათოსთანაც მოგვარდი, მართლა არც ერთის გაშვება არ მინდა, ორივემ კარგად იცით თქვენი საქმე და მენანებით გასანთავისუფლებლად.
თინოს კაბინეტიდან რომ გამოვედი, ბანკომატთან დიდი რიგი შევნიშნე. მაშინვე იქით გავეშურე. კირილე ვეღარ აუდიოდა საქმეს და შემეცოდა.
_მადლობა რომ შემცვალე, ახლა მე მივხედავ._გულწრფელად გავუღიმე და მოხუც კაცს ბარათი მე გამოვართვი._ შენ დაისვენე.
კირილემ ისეთი მადლიერი თვალებით შემომხედა, თითქოს დიდი საპალნე მომეხსნას მისთვის.
_საღამოს ერთად ხომ არ გვევახშმა?_ყურში ვნებიანად წამჩურჩულა.
ღიმილით შევხედე. პასუხი არ დამიბრუნებია, მაგრამ ჩემი ღიმილი უკვე თანხმობას ნიშნავდა. დღეს ისეთი შემოთავაზებები მქონდა ბიძაშვილებიდან, დაფიქრება არ მაწყენდა. სამსახურში დაწინაურება კარგი კი იყო, მაგრამ საქმე რომ მომემატებოდა და იმ დაბრონილი კაბინეტიდან დღის ბოლომდე ცხვირს ვეღარ გამოვყოფდი, ეს მადარდებდა. თუმცა ხელფასის მომატება ცბიერი შეთავაზება იყო... კირილესთან დაკავშირებითაც მმართებდა დაფიქრება. ერთი სული კი მქონდა, რომ მასთან ვყოფილიყავი, მაგრამ უბრალო გასართობიც ვერ ვიქნებოდი მისთვის. ვგრძნობდი, მოვწონდი და ვუნდოდი, მაგრამ ჩემთან დაკავშირებით რა სამომავლო გეგმები ქონდა, ეს არ ვიცოდი. დედ-მამა რომ არ მყავდა ეს იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ თავს ავიგდებდი და ყველა შემხვედრს საწოლში ჩავუწვებოდი? ვერც პირობას წავუყენებდი, რომ თუ ცოლად მომიყვან, იმ შემთხვევაში გავაგრძელებ შენთან შეხვედრებს და ურთიერთობას-მეთქი. მოკლეთ, დღის ბოლომდე კარგად ვიჭყლიტე ტვინი, მაგრამ დასრულდა თუ არა სამუშაო საათები და კირილემ მანიშნა წავიდეთო, მაშინვე დამავიწყდა ყველაფერი და სიხარულით ჩავუჯექი მანქანაში.
სად მივდიოდით არ უთქვია და არც მე დავინტერესებულვარ. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა თავის ბინაში მიმიყვანა.
_შენთან?_ისეთი საცოდავი სახე მქონდა ალბათ, კირილეს გაეღიმა.
_ხო, რა იყო, წინააღმდეგი ხარ?
რატომღაც მის ბინაში ასვლა ჩემთვის ლოგინში ჩაწოლას ნიშნავდა და ასე უცბად და დაუგეგმავად არ მინდოდა. ავღელდი. მანაც შემატყო მღელვარება და კოცნით დამამშვიდა. იმ კოცნით, ყოველ ღამით ჩემს წარმოსახვაში რომ მკოცნიდა და თავბრუს მახვევდა.
დაფარული მღელვარებით გადავედი მანქანიდან და სადარბაზოში რაც შემეძლო მშვიდად შევყევი. მუხლები მიკანკალებდა და გული გამალებით მიცემდა. ლიფტში ხომ კლაუსტროფობია დამემართა ლამის. ბინის კარებთან რომ მივედით, ერთხანს შევჩერდით. მუშტრის თვალით შემათვალიერა, თვალებზე ჩამოშლილი თმა მზრუნველად გადამიწია და კარზე ფრთხილად დააკაკუნა. ამაზე ხომ უარესად გავვოგნდი. გამოდის, სახლში ვიღაც იყო და რომანტიკული ვახშამი, რომელიც საწოლით დამთავრდებოდა, არ მელოდა. ცოტა შვებითაც ამოვისუნთქე. მაგრამ ვის გასაცნობად მომიყვანა, ახლა იმაზე ავღელდი და ავნერვიულდი. კირილემ ღიმილით შემომხედა და მღელვარება რომ შემატყო, გადმოიხარა და ნაზად მაკოცა.
_ნუ ღელავ, მოგეწონება.
ის იყო, წელში გასწორდა, რომ კარიც გაგვიღეს. ოცდაათიოდე წლის ლამაზი ქალი ღიმილით მიმზერდა. ერთი შეხედვითვე იგრძნობოდა მათ შორის გენეტიკური ხაზი: ერთნაირი თვალის ფერი, ტუჩების მოყვანილობა, ნიკაპი, ცხვირი. მივხვდი რომ მისი და იყო. უარესად ავღელდი.
_ჩემი ძმა ყოველთვის შენზე მელაპარაკებოდა. მეგონა აზვიადებდა, მაგრამ მართლაც არაჩვეულებრივი გოგო ხარ._ქალმა ღიმილით ჩამომართვა ხელი და სახლში შეგვიპატიჟა.
ისეთი თვალებით შევხედე კირილეს, ვაგრძნობინე, რომ კატასავით გამოვახრჩობდი, როგორც კი ამის საშუალება მომეცემოდა.
მისაღებში შევედით. მორიდებით ჩამოვჯექი დივანზე. კირილეც გვერდით მომიჯდა ღიმილით.
_ეს ჩემი დაა, ანამარია. ძალიან უნდოდა შენი გაცნობა და როგორც იქნა მოვახერხე._თვალი ჩამიკრა ღიმილით.
სამიოდე წლის საყვარელი გოგონა მორიდებით შემოფარფატდა და მე რომ დამინახა, ანამარიას მორცხვად ამოეფარა.
_ეს ჩვენი კესოა._კირილე წამოდგა და გოგონა ხელში მსუბუქად აიყვანა._ძალიან ცნობისმოყვარეა._ლოყაზე ნაზად აკოცა და ჩემთან მოიყვანა.
კესოსაც ძალიან ლამაზი დიდრონი ცისფერი თვალები ქონდა. ინტერესით შემათვალიერა და ბიძას ღიმილით ჩაეხუტა.
_მოგეწონა?_ჩურჩულით კითხა კირილემ ჩემზე.
ბავშვმა მორცხვად დაუქნია თავი და უფრო მჭიდროდ მოხვია კისერზე ხელები.
_მერე, არ კითხავ რა ქვია, ან როგორ არის?_ისევ ჩურჩულით კითხა კირილემ.
_შენ კითხე._თავი მის კისერში ჩარგო კესომ და ვითომ დაიმალა.
კირილე ისევ გვერდით მომიჯდა და ბავშვი ჩემსკენ შემოატრიალა.
_კარგი, რა ქვია მაგას მე ვკითხავ, მაგრამ შენ არ უნდა მიესალმო დეიდას? არ იტყვის, როგორი უზრდელი ბავშვიაო?
_გამალჯობა._როგორც იქნა გაბედა და შემომხედა ბავშვმა.
_გაგიმარჯოს._მეც გავუღიმე და გაბუშტულ ლოყაზე ფრთხილად ვუჩქმინტე.
_შენ კიკილეს მეგობალი ხალ?
მის ბავშვურ ტიკტიკზე გამეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
_ჩემიც იქნები? აქაც მოხვალ ხოლმე?
გამეცინა და თავი დავუქნიე.
ანამარია რომ გავიდა, მაშინვე კირილეს დავეტაკე.
_რატომ არ მითხარი აქ თუ მოგყავდი?
_იმიტომ რომ არ გამომყვებოდი._საკოცნელად გადმოიწია, მაგრამ თავი მოვარიდე.
_ბავშვთან ხელცარიელი მომიყვანე... სამუშაო ფორმით თან... ვერ გადამირჩები აქედან რომ გავლთ.
ისე გამიღიმა, დამატყვევა მისმა ღიმილმა. კესო მისი მუხლებიდან ჩამოხტა და სამზარეულოში გაფარფატდა. მის ყურებაში კირილემ დრო იხელთა, მოულოდნელად გადმოიხარა და მაინც მაკოცა.
_აქედან გავალთ თუ არა, აღარ გელაპარაკები._მკაცრად გამოვუცხადე. თუმცა, კიდევ რომ მაკოცა, ღიმილი ვერ შევიკავე და ლამის ყურებამდე გადამეხსნა პირი.
კესო ისევ შემოფარფატდა ჩვენთან და ჩემდა გასაოცრად, მე ჩამიჯდა კალთაში.
_კიკილე გაბლაზებს?_დიდრონი თვალები შემომანათა ინტერესით.
ღიმილით დავუქნიე თავი.
_მეც მაბლაზებს, ბევლს მკოცნის ხოლმე. სეენც?
გულიანად გამეცინა მის მიამიტურ ლაპარაკზე და მეც მადიანად ჩავპროშნე აკისკისებული. ბოლოში, ისე მომეჩვია, ჩემი კალთიდან აღარ ჩადიოდა და მეტიკტიკებოდა. ყველაზე მეტად "კიკილეს" რომ ამბობდა მაშინ იყო საყვარელი და მისი კოცნის სურვილს ვერ ვუძლებდი. მადიანად ვპროშნიდი.
_სენც კიკილე ხალ?_კისკისებდა საყვარლად და ჩემს მოგერიებას ცდილობდა.
ანამარიამ სუფრა რომ გააწყო, ღიმილით მიგვიპატიჟა. კესო აბაზანაშიც კი გამომყვა ხელების დასაბანად. მოსვლისას რომ დაძაბული და კირილეზე გაბრაზებული ვიყავი, სულ გადამავიწყდა. ისე გავხალისდი და მოვილხინე, თითქოს ჩემი ოჯახის წევრები ყოფილიყვნენ და ყოველ დღე მათთან ვვახშმობდი. ანამარიას აშკარად მოვეწონე. ეშმაკურად გამომკითხა ოჯახის წევრების შესახებ ყველაფერი. მეც არ დამიმალია არაფერი და ჩემი სევდიანი ისტორია მოკლეთ მოვყევი. ყველაზე მეტად კესოს მოვეწონე, გვერდიდან არ მშორდებოდა. დედა კი ტუქსავდა, მოასვენე დეიდაო, მაგრამ ჩემიაო ეუბნებოდა და მეხუტებოდა.
გემრიელად ვივახშმეთ. გულთბილადაც ვისაუბრეთ. მეც ძალიან მომეწონა ანამარია. არაჩვეულებრივი და-ძმობა ქონდათ. კესომ სანამ არ დაიძინა, იქიდან ვეღარ წამოვედით. უკვე გვიანი იყო სადარბაზოს წინ რომ შემიჩერა კირილემ მანქანა.
_ისევ მიბრაზდები?_შემომღიმა.
_კესოს უმადლოდე, სიბრაზემ რომ გადამიარა.
_ვიცი...
_მაინც რატომ არ მითხარი რომ შენი დის გასაცნობად მიგყავდი?_ისევ შევიკარი შუბლი.
_იმიტომ, რომ არ გამომყვებოდი.
_მაინც როგორ გააცანი შენს დას ჩემი თავი?
_როგორც არის, ჩემს შეყვარებულად.
_მართლა?_"ავღშფოთდი"
კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ, გადმოიხარა და გაღებული პირი კოცნით მომაკუმინა. "წინააღმდეგობა"გავუწიე, მაგრამ "ვერაფერს გავხდი", მისი სასიამოვნო კოცნის წინაშე ყოველთვის უძლური ვიყავი...
დრო ვიხელთე თუ არა, ისევ ავლაპარაკდი:
_მერე, როგორი შთაბეჭდილება მოვახდინე შენს დაზე?
_არაჩვეულებრივი, მაგრამ მთავარს რომ მოეწონე, მე ის მიკვირს.
_რატო, ბევრი შეყვარებული დაგიწუნა?
_სად ფიქრობ?_გულიანად გადაიხარხარა._ უბრალოდ, კოცნა არ უყვარს და იმდენი რომ კოცნე და მაინც გვერდიდან არ გშორდებოდა, მე ის ვიგულისხმე.
_ვითომ?_ეჭვით მოვწკურე თვალები._არა, მაინც რატომ არ მითხარი სად მიგყავდი? ან რაში მოგეპრიანა ჩემი შენი დისთვის გაცნობა?
_სიმართლე გითხრა?
_სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა._"დავსერიოზულდი".
_სულ შენზე ვლაპარაკობ მასთან... თინოც ხშირად გახსენებს და...
_თინო მახსენებს?_ეხლა კი მართლა დავსერიოზულდი.
_არ უნდა მეთქვა?_ეშმაკურად შემომღიმა.
_რასთან დაკავშირებით მახსენებს თინო?
_მოსწონხარ...
_მოვწონვარ?_გამიკვირდა.
_ხო.
გამეცინა.
_როგორც ჩემი შეყვარებული, ცუდი არაფერი იფიქრო._კირილესაც გაეღიმა და ისევ შეერთდა ჩვენი ტუჩები.
რატო მაგიჟებდა ეს ბიჭი ასე ძალიან არ ვიცი. დანახვისთანავე მომეწონა და გულში ჩამივარდა მისი რაღაცნაირი გაცრეცილი ცისფერი თვალები. არ ვიცი, სიყვარულია თუ არა ის, რასაც მის მიმართ განვიცდი და ვგრძნობ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მის გარეშე გატარებული დღე საშინელებაა.
_კარგი, წავედი, უკვე გვიანია._ისევ გავუძალიანდი._ანა ინერვიულებს, არ იცის სად ვარ.
როგორც იქნა შემელია და მანქანიდან სწრაფად გადმოვედი, რომ ისევ არ ეკოცნა.
_დილით გამოგივლი._გზაში დამაწია და მანამ არ დაძრა მანქანა ადგილიდან, სანამ სადარბაზოში არ მივიმალე.
ალბათ, სახეზე მეწერა ბედნიერება, ანამ დამინახა თუ არა, აღარ მომეშვა.
_ვინ არის?.. კარგი ბიჭია?.. მე როდის გამაცნობ?.. სერიოზულადაა საქმე თუ უბრალო ფლირტია?..
_არ ვიცი...
_რა არ იცი?_გაუკვირდა.
_სიყვარულია თუ უბრალო გატაცება.
_როცა გიყვარს მზე სხვანაირად ანათებს. დედამიწა სხვანაირად ბრუნავს. ყველაზე ცივ და სუსხიან ამინდშიც კი შენ გთბილა, რადგან ეს გულიდან წამოსული სითბოა. ამბობენ, სიყვარულს სიტყვებით ვერ გადმოსცემ და ვერ აუხსნი სხვას, რასაც შენ განიცდიო. თუ გიყვარს, ის შენთვის მზეა, რომელიც გათბობს. წყაროა, რომელიც წყურვილს გიკლავს. ჰაერია, რომელსაც სუნთქავ... მის გარეშე არ შეგიძლია. ყველგან მას ეძებ თვალებით და როცა იპოვი, უზომოდ ბედნიერი ხარ... თუ ამ ყველაფერს გრძნობ და განიცდი, ესეიგი შეყვარებული ხარ.
გაოგნებული ვუსმენდი ფილოსოფოსად ქცეულ ანას. თითქმის ყველა განცდა ნაცნობი იყო ჩემთვის და გამოდის, შეყვარებული ვიყავი? ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. იმის გაფიქრებამ, რომ კირილეც იმავეს გრძნობდა ჩემს მიმართ, ბედნიერების გრძნობით ამავსო. ანას ლოყები ჩემს ხელისგულებში მოვიქციე და შუბლზე ნაზად ვაკოცე.
_ნამდვილად შეყვარებული ხარ._დაასკვნა ჩემმა ყოვლისმცოდნე დაიკომ.
ან არა და, ვისი რა თქმა მინდოდა? მეც კარგად ვიცოდი, რომ რაღაც ხდებოდა ჩემს თავს და ეს რაღაც სიყვარული იყო. კირილესაც რომ ვუყვარდი, დღეს დავრწმუნდი ამაში. (ნუ ეხლა, აქამდეც კი ვგრძნობდი ჩემი ქალური ინტუიციუთ, მაგრამ დღეს ასი პროცენტით დავრწმუნდი). თავის საყვარელ ადამიანებთან მიმიყვანა: დასთან და დიშვილთან. ეს ხომ სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა?
აბაზანაში შევედი და შხაპი მივიღე. იქიდან გამოსულს კი ანა უკვე დაწოლილი დამხვდა, თუმცა ჯერ კიდევ არ ეძინა. გვერდით მივუწექი, სიყვარულით ჩავეხუტე და ასე გავირინდე. მართალია, კირილე მიყვარდა, მასზე ვაფანატებდი, მაგრამ ჩემი გიჟუა დაიკო ყველას მერჩივნა. ხშირად არ ვეუბნებოდი, რომ მიყვარდა, მაგრამ ნამდვილ სიყვარულს სიტყვები სულაც არ სჭირდება...
მთელი ღამე ანას გვერდით ვიწექი და ტკბილად მეძინა. მხოლოდ გამთენიისას გამეღვიძა და მაშინ გადავედი ჩემს საწოლში. კლეოპატრაც გადმომყვა. დაწვა თუ არა, მაშინვე აკრუტუნდა და მალევე დაიძინა. მე კი ვეღარ მოვხუჭე თვალი. რატომღაც თინოს შემოთავაზებაზე ვფიქრობდი... მაინც მთელი დღე სახლიდან გასული უნდა ვიყო. რაზე ვიმუშავებ, რა მნიშვნელობა აქვს? გადატვირთვით პენსიის დღეებშიც ისე ვარ გადატვირთული, თავის მოსაფხანად არ მცალია. ხან ისეა, მთელი დღე ფეხზე ვდგავარ და სალაროში ხომ მაინც უნდა ვიჯდე? მხოლოდ საპირფარეშოში და შესვენებაზე ერთი საათით მომიწევს იმ ოთახიდან გამოსვლა, სადაც შეიძლება კლაუსტროფობია დამემართოს... მაგრამ სამსახურში რომ დავწინაურდები და ხელფასიც მომემატება, ეგ როგორიღაა? მუდმივად თუ არ დავრჩები, სტაჟი მაინც ხომ მექნება? სამი დღე მომცა თინომ დრო მოსაფიქრებლად და რა პასუხი გამეცა, ჯერ მართლა არ ვიცოდი...
მერე, რატომღაც კესო გამახსენდა. რა საყვარელი ბავშვია. როგორ ეძახდა? კიკილე? რა სასწაული ბავშვია... ანამარიაც ძალიან მომეწონა, ძვირფასი ადამიანია. კირილე ხომ მომწონს და მომწონს... უბრალოდ კი არ მომწონს, ვგიჟდები მასზე...
დილით მართლა შეასრულა პირობა და გამომიარა. სადარბაზოდან რომ გავედი და მის მანქანას მოვკარი თვალი, მღელვარებისგან მუხლები ამიკანკალდა. მანაც მაშინვე შემნიშნა და თავისი საფირმო ღიმილი მოეფინა სახეზე. მეც კეკლუცად შევღიმე და ისე მივუახლოვდი. მარდად გადმოვიდა მანქანიდან და კარი ზრდილობიანად გამიღო. ინსტიქტურად ჩემი ბინის ფანჯრებს ავხედე, საიდანაც ანა ისე იყო გადმოკიდული, შემეშინდა არ გადმოვარდნილიყო. ცერა თითები აღმართა იმის მანიშნებლად, რომ მაგარი ბიჭიაო, თან ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა. გამეღიმა. კირილემაც ჩემს მზერას გააყოლა თვალი. ანამ რომ დაინახა, მოერიდა და მაშინვე ფარდის უკან დაიმალა. ანას საქციელზე კირილესაც გაეღიმა. მანქანაში ჩავჯექი თუ არა, მოულოდნელად, სანამ კარს მომიხურავდა, დაიხარა და მაკოცა. მართლა არ მოველოდი. თან შემრცხვა, მითუმეტეს რომ ცნობისმოყვარე ვერიკოს მოვკარი თვალი იქვე შორიახლოს. მორჩა, უკვე მთელ სამეზობლოს ეცოდინებოდა, რომ ლამარას შვილიშვილმა თავი აიგდო და გზათაუკან კოცნაობს მოურიდებლად. არა და ამას ვისზე აქვს ნეტავ საჭორაო? გოგო გაეპარა და თავისზე ხუთი წლით პატარა ბიჭს გაყვა ცოლად. იმ ბიჭმა კარგად იმუშავა, ბიჭი და გოგო "გაუკეთა" და მიატოვა... მერე, შვილიშვილი გაეპარა თოთხმეტი წლის ასაკში. მასაც გოგო ეყოლა და ისიც მიატოვეს შვილთან ერთად. ახლა შვილს დედა უზრდის და თვითონ კი "კვალიფიკაციის"ასამაღლებლად ცირკის წინ დაგას. მოკლეთ, ასეთია ცხოვრება: ისეთები ლაპარაკობენ სხვებზე, ვისაც უარესი ცხოვრება აქვს. თავისი უშველებელი ცოდვა რომ დამალონ, სხვისი ნემსის ტოლა უნდა გაქექონ და გააზვარზვარონ.
კირილემ კარი რომ მომიხურა და თვითონაც მიუჯდა საჭეს, ქალბატონმა ჭორბიურო ვერიკომ სათვალე შეისწორა, რომ კარგად დაენახა ჩემი კავალერი. გვარიანად გავცეცხლდი და მომეშალა ნერვები, მაგრამ რაღას ვიზავდი? სამსახურში ახლა ხათომ მომიშალა ნერვები. ეს ხომ ამის ოსტატი იყო? კიბეზე ავდიოდი, რომ ვითომ ვერ დამინახა და წყალი გადმომასხა. არ ვიცი როგორ შევიკავე თავი იქვე რომ არ ვეცი და ღერა ღერა არ დავაცალე საგანგებოდ დასწორებული თმა, ან ხელი არ ვკარი და კიბეზე კასრივით არ დავაგორე. ყოჩაღ მე რაა. კირილესი მომერიდა, რომ ჩემი ქაჯური მხარე არ დამენახვებინა და ძირფესვიანად არ გამეცნო მისთვის თავი. ყველა ქალს ხომ აქვს უფლება მცირედი საიდუმლო მაინც ქონდეს კაცისგან მალულად? მართალია ჩემი ეს გიჟური მხარე მცირედი არ იყო, მაგრამ მაინც.
_თვალებიდან ვეღარ იხედები?_გესლი მაინც გავურიე ხმაში._ ექიმს მიაკითხე სანამ დროა და სანამ სრულად არ დაბრმავებულხარ!
_აუჰ, ბოდიში რა._ირონიული ღიმილით "შეწუხდა" გველაძუა.
_შენი ბოდიში ერთ ადგილზე გაიკვეხე._ჩუმად ვუთხარი, კირილეს რომ არ გაეგო, ხმამაღლა კი ეს ვუთხარი,_ბოდიში რომ წამალი იყოს აფთიაქში გაიყიდებოდა.
კლიენტებთან სველი ტანსაცმლით ხომ არ ვიტრიალებდი? კიდევ კარგი ფიქრიას პიჯაკი ქონდა. სველი ზედა გავიხადე და შიშველ სხეულზე მოვიცვი მისი თხელი პიჯაკი. ისე დამაკვდა, მიხდებოდა კიდეც და სანამ ჩემი ზედა გაშრებოდა, ასე დავდიოდი მოდელივით. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ფიქრიას პიჯაკში უკეთეს ფორმაშიც კი ვიყავი. ადრიანა ლიმასაც აშკარად შეშურდებოდა ჩემი. ხათოს გაბოროტებულ მზერას რომ ვგრძნობდი, მიხაროდა. ასეც მოუხდებოდა მაგას. კირილე რომ ღიმილით ამივლ-ჩამივლიდა გვერდით და კომპლიმენტებს ჩურჩულით მეუბნებოდა, ამაზე ხომ მთლად მწვანდებოდა სიბრაზისგან.
ვიტალიმაც კარგად გამახალისა. ჰელიუმის გულის ფორმის წითელი ბუშტი მომიტანა. სიხარულისგან გადავეხვიე და მადიანად ჩავპროშნე ჩემი დაუნის სინდრომიანი მეგობარი.
_ერთნაირი ჭკუისები შეიყარნენ._ხათოს ბუტბუტით ნათქვამი არ გამოჰპარვია ჩემს ყურებს და სიბრაზით რომ შევხედე, აშკარად შეკრთა. მოპრუწული ტუჩები უარესად მოპრუწა და ვითომც არაფერი, კლავიატურაზე ნერვიულად აათამაშა თითები.
_ უკვე ვნერვიულობ._ღიმილით მიჩურჩულა კირილემ.
ლამის მისი ტუჩები ყურზე შემეხო და სიამოვნებისგან მთელ ტანზე ტაომ დამაყარა. ვითომ ვერ მივუხვდი, გაოცებულმა შევხედე და სასაცილოდ ავაფახულე თვალები.
_ვეჭვიანობ.
_ვისზე?_გამეცინა.
_ვისზე და ვიტალიზე.
გულიანად გადავიკისკისე და ყველას ყურადღება მივიქციე, მათ შორის ხათოსიც. ისეთი თვალებით შემომხედა, "ვაი შენს პატრონს-ო" ეწერა უეჭველი. არც მე დავინდე და "მამის მკვლელი"თვალებით შევხედე ნაგლად. ჩვენი ეს ფარული მტრობა და ქიშპობა რომ სერიოზულ სახეს იძენდა, ყველა გრძნობდა. მეც ვგრძნობდი იმას, რომ როცა იქნებოდა ატომური ბომბივით ავფეთქდებოდი. ტორნადოსავით რომ დავატყდებოდი თავს, ვერ გადამირჩებოდა. მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, მაგრამ სადამდე გავქაჩავდი ამ სიმშვიდის შენარჩუნებას, მართლა არ ვიცოდი.
სამუშაო დღის ბოლოს ჩემმა კიკილემ წამიყვანა ისევ სახლში. მოშორებით გავაჩერებინე მანქანა, საქმე მაქვს-მეთქი, არა და მეზობლებს არ მინდოდა რომ თვალში მოვხვედროდი. "ვერიდებოდი ღოლოსა, დამხვდა ბაღჩის ბოლოსაო," ვერიკომ ქუჩა ბებრული სიმარდით გადმოჭრა და ტროტუარზე განაგრძო გზა. მგონი ვერ დამინახა, ამის გაფიქრება ძლივს მოვასწარი, რომ მანქანაში ისე შემოიხედა, ლამის შიგ შემოგვიძვრა. ხელიდან ტელეფონი შეუმჩნევლად გავუშვი და მის ასაღებად დავიხარე, რომ კირილეს არაფერი ეეჭვა და ვერიკოსაც დავმალვოდი. ცოტა რომ ვიდროვე და ვივარაუდე რომ ჭორიკანა ქალი გაგვცდებოდა, წელში გავსწორდი.
_დღესაც ერთად ხომ არ გვევახშმა?_ღიმილით მკითხა კირილემ.
_კიდევ დაგრჩა ვინმე გასაცნობი?_გამეცინა.
_შენ წარმოიდგინე, სამი და კიდევ მყავს.
მართლა გამიკვირდა. არასდროს უხსენებია. სიმართლე ვთქვა, არც მე დავინტერესებულვარ არასდროს.
_უმცროსი შენ ხარ? სავარაუდოდ შენს გამო წვალობდნენ შენი მშობლები?_გამეღიმა.
ღიმილით გადმოიხარა და კოცნა დამიპირა. თითები მივაფარე ტუჩებზე და შევაჩერე. მსუბუქად მიკბინა. მერე მაინც მომწვდა და ნაზად მაკოცა. სიცილით გადმოვუხტი მანქანიდან. რომ დავრჩენილიყავი, ვიცოდი, რომ თავს ვერ შევიკავებდი და სულ მალე მის მკლავებში აღმოვჩნდებოდი.
_ხვალამდე._ჩაწეული მინიდან თავი მთლიანად გამოყო და რაღაცნაირად აღტკინებულმა მომაძახა.
ბედნიერი ღიმილით დავშორდი. ჩემი ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა, სადარბაზოსთან ვერიკო დამხვდა. დაბალი, ფაშფაშა ქალი აშკარად მე მელოდებოდა. დამინახა თუ არა, შეწუხებული სახე მიიღო. მეც შემიწუხდა გული მის დანახვაზე, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. ღიმილით მივესალმე და გვერდის აქცევას ვაპირებდი, რომ შემაჩერა.
_ჟანა, შვილო, არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ სიფრთხილე არ გაწყენდა. დილა-საღამო მაგ ბიჭს რომ დაყავხარ, არ შეგაცდინოს და არ მიგატოვოს. პატარა, გამოუცდელი გოგო ხარ. შენი პატრონი ვინ იქნება მერე?
ისე გამაცეცხლა მისმა ნათქვამმა, თავი ვეღარ შევიკავე და პირდაპირ მივახალე.
_მადლობა ჩემზე რომ სწუხხართ ვერიკო დეიდა. აი, რას ნიშნავს, გამოცდილი რომ ხართ და ყველგან საფრთხეს ხედავთ, რაც თქვენ გადაიტანეთ სხვა მაგდენს ვერ გაუძლებდა. ჩემზე ნუ სწუხხართ, არავის შევაცდენინებ თავს. მაიას და მარინეს მიხედეთ, ადვილად რომ ტყუვდებიან.
ქალი ისე გააოგნა ჩემმა ნათქვამმა, ერთხანს ხმა ვეღარ ამოიღო. მე კი გვერდი ავუქციე და კმაყოფილმა იმით, რომ როგორც იქნა საკადრისი პასუხი გავეცი უბნის ჭორიკანას, სწრაფი ნაბიჯებით ავირბინე კიბეზე. ანა გაცოფებული დამხვდა სახლში. მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე. მაგრამ თუ ვერიკოს დამსახურება იქნებოდა მისი გაბრაზებაც, ვერ წარმოვიდგენდი.
_ამ ქალს როცა იქნება ამოვაძრობ მაგ ენას._ლამის ცოფებს ყრიდა ჩემი უმცროსი დაიკო.
_ვის? რა მოხდა?
_ვის და ვერიკოს. მაგას ურჩევნია თავის ბოზებს მიხედოს.
_რა მოხდა?
_შენმა დამ რომ თავი აიშვა, რატო არაფერს ეტყვიო, მე მეუბნება.
_ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო. გაუშვი, ილაპარაკოს, ნუ აყვები._დავამშვიდე.
_ნუ აყვები კარგია, თავის ბოზებს ლამის სახლში მიყავთ კაცები და ეგ ისევ სხვებს ასწავლის ჭკუას? თუ მაგდენი იცოდა, შვილისა და შვილიშვილისთვის ესწავლებინა ის ერჩივნა. ერთსაც შვილები გაუკეთეს და მიატოვეს და მეორესაც. ახლა ხომ ცირკის წინ დგას და ხელიდან არც ერთ კაცს არ უშვებს.
_კარგი, დაწყნარდი. მეც გამომიჭირა სადარბაზოს წინ და საკადრისი პასუხი გავეცი.
_არც მე დავაკელი, მეგონა მოკეტავდა, მაგრამ მაინც არ აჩერებს ენას არა?_ასეთი გაბრაზებული ანა არასდროს მენახა. ეტყობა მართლა საზიზღრობები უთხრა იმ ქალმა, თორემ ეს ასე არ გაბრაზდებოდა. ძლივს შევძელი მისი დაწყნარება.
მეორე დღეს მართლაც მომაკითხა კირილემ დილით და ისევ დაგვინახა ვერიკომ. ჩვენს ურთიერთობაში კოცნის მეტი არაფერი ყოფილა, მაგრამ მისი ფანტაზიით, თურმე ორსულადაც კი ვიყავი უკვე. თავიდან ძალიან განვიცდიდი ჩემზე აგორებულ ჭორებს, მაგრამ მერე და მერე ისე შევეჩვიე, თითქოს რაღაც მეკლდა, როცა ჩემს შესახებ სიახლეს ვეღარ ვიგებდი უბანში.
ოქტომბრის დასაწყისში ანას პრაქტიკები დაეწყო და ჩემი სამსახურის ახლოს ერთ-ერთ პრესტიჟულ სალონში გაანაწილეს. მეც დავთანხმდი თინოს შემოთავაზებას და სამსახურში დავწინაურდი. ჩემი და კირილეს ურთიერთობაც ზღვარს არ სცილდებოდა. კოცნით ვხვდებოდით და ვემშვიდობებოდით ერთმანეთს. ჩემს წარმოსახვაში კი ისეთი თამამი და გაბედული ვიყავი, პირისპირ რომ ვხვდებოდი, ხშირად თვალს ვეღარ ვუსწორებდი.
ანას და კირილეს ახლოდან გაცნობაც შედგა როგორც იქნა. სალონში გაიცნეს ერთმანეთი. შუადღის შესვენებაზე თმის შესაჭრელად გავიდა და იქიდან რომ დაბრუნდა აბურძგნილი თმით, გამიკვირდა.
_შენი დის ოინებია._ღიმილი ძლივს შეიკავა ძალით დასერიოზულებულმა. _თმა ფენით არ გამიშრო-მეთქი ვუთხარი და პირსაწმენდით ასე გამამაიმუნა.
_ჩემი და მაგას არ იზავდა._გამეცინა. თან თითებით გადავუვარცხნე შეძლებისდაგვარად ზღარბივით აბურძგნილი თმა.
ხათომ რომ დაგვინახა, რაღაც წაიდუდუნა ჩემი მისამართით. მართალია ვერ გავიგე რა თქვა, მაგრამ კარგს რომ არაფერს იტყოდა, მაგაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული.
_საღამოს რა გეგმები გაქვს?_კირილეს თმის დავარცხნას რომ მოვრჩი, ღიმილით მკითხა.
_ჯერ არაფერი._გავინაზე.
_ხო და, ძალიანაც კარგი, გამოგივლი და სადმე წავიდეთ.
_თუ რომელიმე და უნდა გამაცნო, წინასწარ მითხარი. ანამარიასთანაც ისე მიმიყვანე, უხერხულში ჩამაგდე._მკაცრად გავაფრთხილე.
_გპირდები, არავითარი გაცნობები. მარტო მე და შენ._გაიხედ გამოიხედა, არავინ გვიყურებდა, გადმოიხარა და მაკოცა.
_მაინც სად მიპირებ წაყვანას?_ეშმაკური ღიმილით ვკითხე.
_სიურპრიზია. მოგეწონება._კიდევ ერთხელ მაკოცა მალულად და თავის საქმეს მიუბრუნდა.
ცოტა დამაინტრიგა. მაინც სად მიპირებდა ნეტა წაყვანას? მასთან ერთად მარტო დარჩენის არასდროს მშინებია. ორი თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს და კოცნის გარდა არაფერი ყოფილა ჩვენს შორის. ცოტა კი მიკვირდა, სხვა კაცებს რომ არ გავდა, მაგრამ მე ასეთი რომანტიკული კირილე უფრო მიყვარდა...
საღამოს რომ გამომიარა და წავედით, აღარ მიკითხია სად მივდიოდით. მაინც არ მეტყოდა და აზრი არ ქონდა. გზაში გაგვიწვიმდა. ქალაქიდან რომ გავედით, არც მაშინ ამომიღია ხმა. სასიამოვნო მელოდია, საყვარელი ადამიანი გვერდით, გარეთ წვიმა და მეტი არც არაფერი მინდოდა. მცხეთასთან ახლოს ერთ ერთ ხის კოტეჯთან რომ შეაჩერა მანქანა, ცოტა გამიკვირდა.
_შენთან განმარტოება და ჩახუტება მინდა._გადმოიხარა და მაკოცა._ რამდენი ხანია ვხვდებით ერთმანეთს და ყოველთვის ვიღაც არის ჩვენს გვერდით. მინდა მარტო მე და შენ ვიყოთ... თუ წინააღმდეგი ხარ, წავიდეთ. უბრალოდ, მგონია რომ შენც გინდა ჩემთან სიახლოვე... თუ ვცდები, არ მეწყინება, მითხარი და ახლავე გავბრუნდეთ.
ამ თამამმა აღიარებამ ცოტა დამაბნია. დრო დამჭირდა იმის გადასაწყვეტად, დავრჩენილიყავი თუ არა. არასდროს დაუძალებია და მხოლოდ ვნებიანი კოცნით შემოიფარგლებოდა. ფიქრებში კი ყოველ ღამით მისი საძინებლის სტუმარი ვიყავი და მის მკლავებშიც ვნებივრობდი, მაგრამ ცხადში გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. კირილე ხმისამოუღებლად მომჩერებოდა და დარწმუნებული ვიყავი, პროტესტის გარეშე მიიღებდა ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. არჩევანი ჩემზე იყო. მისი სიახლოვის და შეხების სურვილმა მეც წამძლია, ვეღარ გავუმკლავდი მოზღვავებულ ვნებას და მანქანიდან უსიტყვოდ გადავედი. გვარიანად გრილოდა. ღრმად ჩავისუნთქე ქალაქისგან განსხვავებით სუფთა ჰაერი. კირილეც რომ გადმოვიდა მანქანიდან, ხელი მომხვია მხრებზე და მიმიხუტა. კარგა ხანს ვიდექით ღამის სიბნელეში და წვიმისგან გაწმენდილ ჰაერს ხარბად ვისუნთქავდით. ვღელავდი. ჩემს ცხოვრებაში პირველად უნდა დავწოლილიყავი კაცთან და ამის გააზრება ცოტა მიჭირდა.
_აქვე ახლოს პატარა რესტორანია. ვივახშმოთ, არ გინდა? მე ძალიან მშია.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და წავედით. მართლაც ძალიან ახლოს იყო რესტორანი. სანთლების შუქზე სიამოვნებით ვივახშმეთ. ისეთი თვალებით მიმზერდა კირილე, ასე არასდროს შემოუხედია ჩემთვის. თუ, უბრალოდ, რომ ვიცოდი ეს ვახშამი რითიც დასრულდებოდა, მე მეჩვენებოდა, არ ვიცი. ერთი ჭიქა შამპანური დავლიე სიმხნევისთვის. არ მინდოდა, მაგრამ ვღელავდი. ალბათ, კირილეც გრძნობდა ჩემს მღელვარებას და კოტეჯში წასვლას არ მაძალებდა. თვითონ არ დაულევია. ალბათ ფიქრობდა, თბილისში წასვლა რომ მთხოვოს, უპრობლემოდ წავიყვანოვო.
კარგა გვიანი იყო სუფრიდან ადგომა რომ გავბედე. კირილემ ანგარიში გაასწორა და ხელგადახვეული გამომიყვანა რესტორნიდან. კოტეჯამდე გზა ფეხით გავიარეთ. ხმა არც ერთს ამოგვიღია. მე ვღელავდი ჩემი პირველი ღამის გამო, კირილე კი ვინ იცის რაზე ფიქრობდა. საძინებელში რომ შევედით და საწოლზე წითელი ვარდის ფურცლები ეყარა, აღტაცება ვერ დავმალე.
_არ ვიცოდი დამთანხმდებოდი თუ არა, მაგრამ მაინც დავჯავშნე წინასწარ. მოგწონს?_ნიკაპზე ამომდო ორი თითი, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მისი კოცნის მოლოდინში გავინაბე. სურვილს მალევე მიმიხვდა და დიდხანს აღარ მალოდინა. რამდენჯერ უკოცნია ჩემთვის, მაგრამ ასე ნამდვილად არასდროს. არ ვიცი რა დამემართა, თავი დავკარგე, კისერზე მოვხვიე მკლავები და მთელი სხეულით მჭიდროდ მივეკარი. რაღაც დაუძლეველ ემოციას განვიცდიდი მის მიმართ. თითქოს დაუოკებელ წყურვილს ვგრძნობდი. ალბათ ეს იყი ვნება... მისი ტუჩების შეხება ყელზე ისეთ სიამოვნებას მანიჭებდა, უნებლიე კვნესაც კი აღმომხდა და შემრცხვა. თუმცა არც ისე, რომ მის კოცნაზე და ალერსზე უარი მეთქვა. ყველაფერი თავისთავად მოხდა, ისე გამხადა ტანსაცმელი, ვერ გავიაზრე. მის წინ შიშველი რომ აღმოვჩნდი, მაშინაც შემრცხვა წამიერად, მაგრამ ეს ოხერი ვნება აზროვნებისა და ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა. მისი ალერსი, მისი ჩურჩული და მისი ვნებიანი კოცნა თავბრუს მახვევდა, სხვა რამეზე ფიქრის ნამდვილად არ შემეძლო...
ბოლოს, ბობოქარი ვნება რომ ჩაცხრა და მეც დავწყნარდი, მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე ჩემი თავი მის გვერდით შიშველი. თვითონ კი ისეთი თვალებით მიმზერდა, შემრცხვა. დაკუნთული მკლავი ფრთხილად ამომიდო თავქვეშ და ჩამიხუტა.
_აქამდე რომ არავისთან წოლილხარ ჩემს გარდა, იმედს მაძლევს რომ რაღაცას წარმოვადგენ შენთვის და მიხარია._ლოყაზე მაკოცა._შენი შეცდენა შეუძლებელია. თუ შენი სურვილი არაა, არავის გაუღიმებ ზედმეტად. ამ ღამემ კი დამარწმუნა იმაში, რომ თუ არ გიყვარვარ, მოგწონვარ მაინც. მე მართლა მიყვარხარ და შენთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს. არ იფიქრო, რომ მე ჩემი გავისწორე და ახლა მიგატოვებ. შეიძლება დაოჯახება დღეს და ხვალ არ გადავწყვიტო, მაგრამ შენ მართლა არ მიგატოვებ. შენთან ისე კარგად ვგრძნობ თავს, შენზე მეტი ვინ უნდა ვისურვო?
_მაგალითად კუპატაძე ხათო... რას უწუნებ ვითომ?_წავიგესლე ჩემებურად.
_შენ რომ არ გაამწარო ადამიანი, ისე ხომ არ შეგიძლია?_ტუჩებზე დამეწაფა, რომ აღარაფერი მეთქვა.
დავაცადე, სანამ კოცნით გულს იჯერებდა და ისევ ავლაპარაკდი.
_ქალი ტყავიდან ძვრება, შენ რომ მოგაწონოს თავი და მიაქციო ყურადღება. აშკარად ეტყობა შენთან ყოფნა რომ უნდა.
_მე კი შენთან მინდა ყოფნა._ისევ დამწვდა ტუჩებზე და ისევ შემიგუბა სუნთქვა.თუმცა, გავუძალიანდი და საწოლიდან წამოვუხტი.
დამავიწყდა შიშველი რომ ვიყავი. მისი კმაყოფილი მზერა რომ დავიჭირე, მაშინ მივხვდი მის წინაშე დედიშობილა რომ ვიდექი. შემრცხვა და მაშინვე ისევ საწოლში შევუწექი. ისევ ამომიდო თავქვეშ ხელი და თავისკენ მიმაცურა. მის მკერდზე დავდე თავი. ისე ძლიერად უცემდა გული, გავიტრუნე და ყური მივუგდე. ერთხანს ჩუმად ვიწექით. მერე თავი წამოვწიე.
_არ გინდა ამ ხმაურში დაიძინო?_მისი გულის ფეთქვაზე ვუთხარი.
_მერე და ვინ გითხრა, რომ დაძინებას ვაპირებთ?_რაღაც ეშმაკური ღიმილი გაუკრთა სახეზე. ჩემს მკერდში ჩარგო თავი და ისევ ვნებიანი კოცნით გამაბრუა.
დილით უთენია გამეღვიძა. ისე მყავდა კირილე მოხუტებული, განძრევა არ მინდოდა, რომ არ გამეღვიძებინა. გატრუნული ვიწექი და მის მშვიდ სუნთქვას ვუსმენდი. ბედნიერი ვიყავი. ჩემს საქციელს ოდნავადაც არ ვნანობდი. ან, აქამდე როგორ შევიკავეთ თავი, რომ ერთად არ ვიყავით? ფრთხილად გადავიხარე და ნაზად ვაკოცე. ცოტა შეიშმუშნა, მაგრამ ისევ განაგრძო ძილი. ისევ გავიტრუნე, მაგრამ შევატყე, რომ ძილში რაღაც ემართებოდა. ალბათ, ცუდ სიზმარს ნახულობდა. შფოთავდა, ბორგავდა. შუბლი ოფლით დაეცვარა. შემეცოდა და ფრთხილი შეხებით გავაღვიძე. გამოცდილი მაქვს რა არის კოშმარული სიზმარი და ამიტომ დავაბრუნე რეალურ სამყაროში. თვალები რომ გაახილა, სანამ აზრზე მოვიდოდა ერთხანს უაზროდ მიყურა. მერე, გაუკვირდა მე რომ ვიყავი, ოდნავ წამოიწია იდაყვებზე. ნაძალადევად გამიღიმა და წამოჯდა. ოფლით დაცვარული შუბლი ხელით მოიწმინდა.
_ცუდი სიზმარი ნახე?_ზურგიდან მივეხუტე. და კისერში ვაკოცე._სიზმრებს ჩვენი გონება ქმნის. დღის განმავლობაში რაზეც ვფიქრობთ, ღამე ტვინი გვაჩვენებს კინოკადრებივით. ცუდიც და კარგიც, მინდა გითხრა, რომ ჩვენი დამსახურებაა. არ მჯერა იმის, წყალს მოუყევი, ცუდად არ აგიხდეს და მისნაირები...
_ვერ ვიტყვი, რომ ცუდია. პირიქით სასიამოვნოც კია... უბრალოდ, ისეთი რეალურია, გაღვიძებისას აზრზე მოსვლა მიჭირს. არა და დიდი ხანი კი არაა, რაც ერთი და იგივე სიზმრებს ვნახულობ?
_აშკარაა, რომ ძილში შფოთავ. კარგია თუ ცუდი გაღელვებს კი.
_მართალი ხარ, ძალიან ამაღელვებელია... იცი, არავისთან მისაუბრია ჩემი სიზმრების შესახებ.
_შეგიძლია მენდო, არავის მოვუყვები._გამეცინა და ლოყით მის ბეჭს მივეყუდე. ხელები კი მის მკერდზე შემოვაცურე და თითებით ნაზად მივეფერე.
_შეიძლება გაგეცინოს და გიჟადაც კი ჩამთვალო...
_რა სისულელეა? ხშირად ისეთი სიზმარი მინახია, თვითონ გამკვირვებია. არასდროს გაგიგია, "თავი სიზმარში მგონიაო?" როდესაც რამე დაუჯერებელი ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ასე ვამბობთ ყოველთვის. სიზმარს რა დაეჯერება? ის ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია.
_კი, მაგრამ, მე რომ არასდროს მიფიქრია იმაზე, რასაც სიზმარში ვხედავ?_ხელები გამაშვებინა, შემოტრიალდა და სერიოზული გამომეტყველებით ჩამხედა თვალებში.
ცოტა შემაშფოთა მისმა გამოხედვამ.
_ისეთი რეალურია ჩემი სიზმრები, ხანდახან მიჭირს კიდეც რეალობის და სიზმრების გარჩევა ერთმანეთისგან. ხშირად სურნელსაც კი ვგრძნობ ხოლმე.
_მართალია სიზმრების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ცოტ-ცოტა რამ მეც გამეგება მაგ სფეროში. არ გინდა მომიყვე და ცოტა განთავისუფლდე მისი მარწუხებისგან?
_არავისთან მისაუბრია ამ თემაზე.
_მერე რა, მე პირველი ვიქნები. გულისყურით მოგისმენ._გადავაწვინე, თავი მის მკერდზე დავდე და მოსასმენად მოვემზადე.
_მოგიყვები ერთი პირობით, თუ სიცილს არ დაიწყებ._ისეთი სერიოზული იყო, ნელ-ნელა მეც გადამედო მისი სერიოზულობა.
_გპირდები, არ დაგცინებ.
_ორი თვე იქნება რაც ეს სიზმრები მტანჯავს. არ ვიცი როგორ გითხრა... მესიზმრება, რომ ჩემს საძინებელში ვიღაც იდუმალი ქალი შემოდის. სახეზე არასდროს მინახია. ისეთია, ვნებას რომ აღგიძრავს კაცს... წითელი პერანგი აცვია... მოდის და ისე მეფერება და მკოცნის, თავბრუს მახვევს. მის სურნელს ცხადად ვგრძნობ. შეხებაც და კოცნაც ისეთი რეალურია, ლამის გავგიჟდე...
გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა. ეს ხომ ჩემი ფანტაზიის ნაწილი იყო მის სიზმრებში. ნუთუ, ეს შესაძლებელია? გავიტრუნე. არ მინდოდა კირილე რამეს მიმხვდარიყო. თუმცა ჩემი აჩქარებული პულსაცია შეუმძნეველი არ დარჩენია. წამოიწია და გაკვირვებულმა დამხედა.
_გიჟი გგონივარ არა?
_სულაც არა._მღელვარებისგან ძლივს ამოვღერღე._მერე, გააგრძელე.
_შემოდის ეს ქალი ჩემს საძინებელში. ისეთი თამამი და ვნებიანია, თავგზას მაკარგვინებს. არ ვიცი ვინ არის და რა უნდა ჩემგან. იძახი, დღის განმავლობაში რაზეც ფიქრობს ჩვენი ქვეცნობიერი, ის გვესიზმრებაო. არასდროს მიფიქრია ასეთი ცეცხლოვანი სექსი არავისთან... ხშირად შხაპის ქვეშ ვართ. სისველესაც კი რეალურად ვგრძნობ. სიმართლე გითხრა, დავიღალე კიდეც. ხან დაძინება აღარ მინდა იმის გამო, ის ცეცხლოვანი იდუმალი ქალი არ დამესიზმროს._ნაძალადევად გამიღიმა და აღელვებულს ნაზად მაკოცა._იცი, ახლა უკვე მგონია, რომ შენ ხარ...
ამაზე ხომ მათლად გამიჩერდა გული.
_დანახვის დღიდან მომეწონე. შენთან მიმართებაში სექსზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ... წუხანდლამდე არ ვიცოდი, რომ მარჯვენა ძუძუზე მოზრდილი ხალი გქონდა. სიზმარში კი ამ ხალს ყოველთვის ვხედავდი. ახსნას ვერ ვპოულობ ვერანაირად. ნუთუ ასეთი ბინძური აზრები მიტრიალებდა თავში ჩემგან მალულად? საიდან უნდა მცოდნოდა შენი ხალის შესახებ, ვერ ვხვდები... შიშველი არასდროს მინახიხარ. მიმტკიცებ, ქვეცნობიერის ნაწილიაო. საიდან ეცოდინებოდა ჩემს ქვეცნობიერს, თუ ნანახი არ მექნებოდა?
გამახსენდა მისი მზერა, ქალს ბარათი რომ დაუვარდა და ასაღებად დავიხარე. მაშინ ხომ ლამის მთლიანად ამომიცვივდა ძუძუები? უეჭველი მაშინ შემნიშნა ხალი, უბრალოდ ვერ გაიაზრა და ღამე სიზმარში ნახა. გამეღიმა. გამოდის, ჩემსავით მასაც ბინძური აზრები უტრიალებდა თავში, მაგრამ ჩემი ფანტაზია რომ მის სიზმრებში იყო ასახული, ეგ მიკვირდა და მაოცებდა მარტო.
მოულოდნელად გადმოიხარა და ტუჩებზე დამეწაფა.
_ჩემი სიზმარი წუხელ ამიხდა. რასაც სიზმარში განვიცდიდი, წუხელ განვიცადე._ხელი ნაზად აასრიალ-ჩაასრიალა ჩემს სხეულზე.
გავირინდე. ისეთი სასიამოვნო იყო მისი ხელის შეხებაც კი ჩემთვის, რომ თავგზას მირევდა და მაბრუებდა.
_სამსახურში რომ არ გვაგვიანდებოდეს, კიდევ შეიძლებოდა გამეორება._ეშმაკურად გამიღიმა და წამოდგა.
მეწყინა ვნებააშლილი რომ დამტოვა.
_სამსახურის დედაც._წავჩურჩულე და საწოლში დავაბრუნე გაღიმებული.
********************
სამსახურში მართლაც დაგვაგვიანდა. სანამ სახლში დავბრუნდი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და გამოვიპრანჭე, სანამ ანას ლექციებს ვუსმინე, რომ ვერიკოს ენას არ ეყივლა და მისი ჭორი რეალურად არ მექცია, კაი დრო დასჭირდა. თუმცა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, იმ მომენტში მომავლის საშიშროებას ვერ ვხედავდი და აინუნშიც არ ვაგდებდი უმცროსი დის შეშფოთებას, რომელიც ჩემზე ღელავდა და დარწმუნებული ვიყავი ის ასეთ შეცდომას არ დაუშვებდა. ისეთი აზროვნების პატრონი და დაბრძენებული ქალია, ხშირად მგონია, რომ ის არის უფროსი და მე პატარა ქარაფშუტა...
სამსახურში სიტყვიერი საყვედური არ მიგვიღია, მაგრამ სახეზე უკმაყოფილება აშკარად ეწერა თინოს. არ ვიცი, მართლა კარგი თანამშრომელი ვიყავი და იმიტომ არ მითხრა არაფერი, თუ კირილეს ხათრით, მაგრამ არაფერი კი არ უთქვია. ხათო ამაზე ხომ მთლად აილეწა და აილესა. რამდენჯერმე მასმინა კიდეც, ზოგს რა ბედი აქვს, სხვას მის ადგილზე გააციმბირებდნენ ამას კი კუდს უქიცინებენო. გამებრაზა, მაგრამ კირილეს ხათრით არაფერი მითქვია. გამაფრთხილა, ნუ აყვები თორემ შენც მის დონეზე დაეშვებიო. ხო და მეც მოვითმინე. სადამდე გავქაჩავდი კი ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ მაინც მშვიდად შევხვდი მის გადმორტყმულ შოლტებს.
სახლში რომ მანქანით მიმაცილა და გამოშლულმა მეზობლებმა დაგვინახეს, არც მაგისთვის მიმიქცევია ყურადღება. ლოყაზე რომ მაკოცა და საღამოს გამოგივლიო მიჩურჩულა, ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა და სულ ცალ ფეხზე მეკიდა უკვე ვერიკოც, მისი ჭორებიც და მისი მსმენელებიც. ცოტა, ანას დაკოხილმა სახემ შემაკრთო, მაგრამ ისე ვიყავი გახარებული კირილესთან მოსალოდნელი სიამოვნებით, არც მისთვის მიმიქცევია დიდი ყურადღება. მაშინვე აბაზანაში შევედი და შხაპი მივიღე. მერე საგულდაგულოდ გამოვიპრანჭე და ის იყი მოვრჩი კიდეც, რომ კარზე დააკაკუნეს.
კარი ანამ გააღო. კირილე იყო. ძალიან გამიკვირდა, სახლში არასდროს ამოდიოდა. ხელში დიდი ვარდების თაიგული და უზარმაზარი ბამბანერკა ეჭირა.
_ეს შენ._ანას გადასცა და მე აღფრთოვანებული თვალებით შემომხედა._უმშვენიერესი ხარ._ანასიც კი არ მორიდებია, პირდაპირ ტუჩებში მაკოცა.
_მე ხელს ხომ არ გიშლით?_უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ანამ._ჩემი მაინც მოირიდეთ.
_შეიძლება შენი და გავიტაცო?_ისევ ანას მიუბრუნდა გაღიმებული კირილე.
_რომ გითხრა არ შეიძლება-მეთქი, დამიჯერებ?_ისეთი უკმაყოფილო ტონი ქონდა ანას, გამიკვირდა. ასეთი არასდროს ყოფილა და ახლა რა დაეტაკა, ვერ ვხვდებოდი._რაც გინდათ ის გიქნიათ.
ცოტა გულდამძიმებულმა დავტოვე კირილესთან ერთად ჩემი ბინა. ანას ასე რადიკალურად შეცვლა არ მომწონდა. იმ საღამოს რესტორანში ვივახშმეთ და მალევე დავბრუნდი სახლში. კირილეს არ გაუპროტესტებია ჩემი უარი ღამე ერთად გატარებაზე. ღიმილით დამემშვიდობა და წავიდა.
ანა უკვე იწვა, მაგრამ არ ეძინა. ეტყობოდა რომ ნამტირალევი იყო. ელდა მეცა. გვერდით მივუწექი და ჩავეხუტე.
_რატო ტირიხარ? მე არასდროს მიგატოვებ, შენ ყოველთვის ჩემი დაიკო იქნები და ყოველთვის ყველაზე მეტად მეყვარები. ყველას თავისი ადგილი აქვს ამ ცხოვრებაში. შენ ვერავინ შეგცვლის. კირილე კი მიყვარს, მაგრამ შენზე წინ არასდროს დავაყენებ.
_ეგ არაფერ შუაშია._ამოისლუკუნა ანამ.
_აბა?_თავზე ხელი გადავუსვი და ვაკოცე.
_არ მინდა ჩემი შეცდომა გაიმეორო.
თითქოს სისხლი გამეყინა ძარღვებში.
_რა შეცდომა?_გადმოვაბრუნე და ცრემლიან თვალებში ჩავხედე.
_არ მინდა კირილემ გამოგიყენოს და მიგატოვოს როგორც მე...
_რა?.. შენ?.. მიგატოვეს?..._ენა დამება._ვინ მიგატოვა?..
_იყო ერთი. დიდ მომავალს მპირდებოდა, მაგრამ რომ გაიგო ორსულად ვიყავი, სულ დაიკარგა.
ანას აღიარებამ თავზარი დამცა.
_ორსულად ხარ?
_ხო, სამი თვის...
_რატო არაფერი მითხარი?
_შენ რამეს შეცვლიდი? მიყვარდა და ვხვდებოდით ერთმანეთს. ცოლად შერთვას მპირდებოდა, მაგრამ ბოლოს დაიკარგა...
ერთხანს გაოგნებული დავყურებდი ანას. ამ ახალმა ამბავმა მართლაც თავზარი დამცა. ჩემი პატარა დაიკო ორსულად იყო და თანაც მიტოვებული. ბავშვის შესახებ შიშით ვერაფერს ვეკითხებოდი. არც ის მინდოდა მკვლელი დედა ყოფილიყო, მაგრამ მარტოხელა დედობისთვისაც არ მემეტებოდა.
_ფული მომცა, აბორტი გაიკეთეო. ვიყავი კიდეც ექიმთან, მაგრამ ვერ შევძელი._ცრემლიანი თვალებით შემომხედა._არ იცი შენ ეს რა გრძნობაა, როცა შენს სხეულში მომავალ სიცოცხლეს გრძნობ. ვიცი, ყველა გამკიცხავს და თითს გამოიშვერს ჩემსკენ, მაგრამ ვერ გავბედე მისი მოშორება. ვერ მოვუსწრაფე სიცოცხლე. მე ის უზომოდ მიყვარს. მართალია ჯერ არც კი მინახია, მაგრამ ჩემშია, მე მას ვგრძნობ...
წამოიწია, ჩამეხუტა და ასლუკუნდა. მეც მჭიდროდ მოვხვიე ხელები. მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი გაწონასწორებული და დაბრძენებული და ამ შეცდომას დაუშვებდა. არც არასდროს უთქვია, რომ ვინმე უყვარდა ან უბრალოდ მოსწონდა. შეხვედრებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო.
_ვინ არის, არ მეტყვი?_შეფარვით ვკითხე.
_რა საჭიროა, ის ჩემთვის აღარ არსებობს.
_მის შვილს ატარებ მუცლით, როგორ თუ აღარ არსებობს?
_მისი არ არის. მან სიკვდილისთვის გაიმეტა, ფული მომაყარა და მოიშორეო. მას ეს ბავშვი არ უნდა. არც იცის რომ გაჩენას ვაპირებ. ძალიან გთხოვ ნუ ჩაერევი. ჩემს გადაწყვეტილებას პატივი ეცი...
_კი, მაგრამ... იაგო რას იტყვის, რა რეაქცია ექნება? როდემდე დაუმალავ? ესე თუ ისე, ჩვენი პატრონი მაინც ეგ არის... ან ხალხი რას იტყვის?
_სულ არ მაინტერესებს ხალხი რას იტყვის. ჩემს გადარწმუნებას ნუ შეეცდები, მაინც ვერ გადამარწმუნებ.
_არ ვაპირებ შენს გადარწმუნებას. მაგას ვერასდროს გეტყვი, რომ მოიშორე მეთქი. იქნებ იმ ვაჟბატონმა...
_იმ ვაჟბატონს ნუ ვახსენებთ ნურასდროს._მკაცრად გამაფრთხილა._არ მინდა რომ მასთან დაკავშირებით ჩემს ზურგს უკან რამე მოიმოქმედო.
_კარგი, გპირდები._ცრემლიანი თვალები ხელსახოცით ამოვუმშრალე._ არასდროს ვახსენებ, თუ კი შენ ასე გინდა და ასე გადაწყვიტე, ასე იყოს. ჩემი იმედი გქონდეს, მე შენს გვერდით ვიქნები ყოველთვის._ისევ ჩავიხუტე გულში.
_ჩემი შეცდომა არ გაიმეორო, გთხოვ. იფრთხილე, რომ ორსულად არ დარჩე. კირილე კარგი ბიჭია, არ მგონია მიგატოვოს, მაგრამ, მაინც იფრთხილე.
ამ ამბავმა ისე გამაოგნა, კარგა ხანს აზრზე ვერ მოვდიოდი. კირილესთანაც მოვუკელი ურთიერთობას. ღამ-ღამობით ანასთან ვიყავი და გვერდიდან არ ვშორდებოდი. ვშიშობდი, საკუთარი თავისთვის არაფერი აეტეხა. დარწმუნებული კი არ ვიყავი ამაში, მაგრამ ეშმაკს არ ეძინა. დღისით მუშაობდა და გულს აყოლებდა, ღამე კი მესმოდა როგორ ქვითინებდა ჩუმად. მართალია შევპირდი, შენს ზურგს უკან არაფერს მოვიმოქმედებ-მეთქი, მაგრამ გულმა არ მომისვენა. ვეღარ ვუძლებდი მის ტანჯვას და მისი ყოფილის დადგენას და ძებნას შევუდექი. ძალიან გამიჭირდა მისი ვინაობის დადგენა და კარგა დროც დამჭირდა, მაგრამ როგორღაც მაინც გავიგე ლინასგან ეშმაკური ხრიკებით. ბაჩოს ასავალ დასავალიც გავიგე. ერთ ერთ სალონში სტილისტად მუშაობდა. ნომერიც გავიგე და დავურეკე, თმის შეჭრაზე ჩავეწერე. ერთ მშვენიერ დღეს კი ვესტუმრე კიდეც.
დანახვისთანავე მომეწონა. მაღალი, ქერა, თაფლისფერი თვალებით ნებისმიერ გოგოს აურევდა თავ-გზას. მივედი და ღიმილით დავუჯექი წინ.
_აბა, რას ვაკეთებთ?_თვითონაც ღიმილით მკითხა და თმაში შემიცურა თითები.
_ბობკარე მინდა შევიჭრა._დარწმუნებით ვუთხარი და კიდევ შევღიმე.
_ასეთ ჯანსაღ და გრძელ თმას რატო იჭრით?_გაუკვირდა.
_არ ვიცი, დღეს გავიღვიძე და ასე გადავწყვიტე რატომღაც...
_დასანანია. თუმცა თქვენი გადასაწყვეტია.
მომამზადა და ის იყო მაკრატელიც ააჩხაკუნა, რომ ისტერიკა დამემართა.
_არ შემეხო._წამოვხტი._ჩემს ძვირფას თმას არ შეეხო._მუჭში მოვიქციე და კოცნა დავუწყე._ჩემი საყვარელი... კიდევ კარგი არ მოვიჭერი.
ბაჩო გაკვირვებული და გაოცებული მოთმინებით მელოდა, როდის დავწყნარდებოდი. მე კი უფრო და უფრო მიტევდა ისტერიკა.
_კარგით, დამშვიდდით, არ ვაპირებ შეჭრას._ბოლოს, რომ შეწუხდა, უკმაყოფილო სახით დამაიმედა._ჩამოჯექით და დაწყნარდით.
_ვაიმე, ბოდიშით რაა._საწყალობლად შევხედე და სავარძელში ჩავჯექი._თუ წინააღმდეგი არ ხართ, ცოტას დავწყნარდები და მოვიფიქრებ რა მინდა._გაღიმებაც შევძელი.
_არ არის პრობლემა._უკვე ბაჩომაც გამიღიმა.
ხუთი წუთი სარკეში ვათვალიერე ჩემი თმა. მერე, დასწორება გადავწყვიტე და ბაჩოც ღიმილით შეუდგა საქმეს.
_მადლობა და დიდი ბოდიში._ღიმილით გავუწოდე ფული._მეორე ჯერზე ასე აღარ მოვიქცევი. ძალიან მომეწონა თქვენი დასწორებული და დღეის იქით თქვენი მუდმივი კლიენტი ვიქნები.
ღიმილით დავემშვიდობე და შენობა ისე დავტოვე, რამდენჯერმე ეშმაკური ღიმილით გავხედე ბაჩოს, რომელიც ასევე ღიმილით მიმზერდა. საღამოს აბაზანაში რომ შევიკეტე, იქიდან დავურეკე, ვითომ ნომერი შემეშალა და სხვა ბაჩოს ვურეკავდი. ბოლოს იმდენი მოვახერხე, რომ დავუახლოვდი და ყოველთვის ვურეკავდი და ვკითხულობდი. იმდენი ვქენი, ჩემით დავაინტერესე და უკვე ჩემთან პაემნები უნდოდა, მაგრამ არ ვთანხმდებოდი, სამსახურს ვიმიზეზებდი.
კირილესთვის ცოტა გამიჭირდა ამ ამბის დამალვა, მაგრამ მაინც მოვახერხე. ანამ ხომ საერთოდ არაფერი იცოდა. ისე შევედი ამ საიდუმლო ურთიერთობის აზარტში, დღე როგორ უნდა დაღამებულიყო, რომ სამჯერ მაინც არ დამერეკა და არ მომეკითხა. ან ტკბილი ძილი არ მესურვებინა. ზუსტად ერთი თვე დამჭირდა, რომ ჩემი საწოლში შეტყუების სურვილი გასჩენოდა.
ანასაც წამოეზარდა უკვე მუცელი, მაგრამ ზამთრის ტანსაცმელში საგულდაგულოდ მალავდა. კიდევ კარგი ორსულობა გართულებების და ტოქსიკოზის გარეშე უპრობლემოდ მიმდინარეობდა. ექოსკოპიაზე რომ გავყევი და გავიგეთ რომ გოგო იყო, მთლად გადავირიე. ანასი არ იყოს, ჯერ ისევ დაუბადებელი ბავშვი სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. ანას გამოცდილებიდან გამომდინარე კირილესთან მიმართებაში სიფრთხილეს ვიჩენდი და ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ვსვამდი. არ მინდოდა მეც ანასავით მიტოვებული დედა ვყოფილიყავი. თუმცა, კირილე არ მეჩვენებოდა იმ არამზადად, რომელსაც შეეძლო ქალის მიტოვება, თანაც ორსულისა. თუმცა თავს მაინც ვიზღვევდი.
ერთ საღამოს კი ანამ განომიცხადა, რომ იაგოსთვის უნდა ეთქვა თავისი ორსულობის შესახებ.
_დღეს თუ ხვალ მაინც გაიგებს და სხვისი პირიდან გაგებას მირჩევნია მე ვუთხრა. ამ საღამოს მოვა და კარგი იქნება შენ თუ არ დაესწრები ამ ამბავს.
_იაგოს გაგიჟება რომ ვიცი, არ მინდა მარტო იყო მასთან.
_გთხოვ, არ მინდა შენც გაგრიო ამ ამბავში. მე დავაშავე და მე თვითონვე მოვაგვარებ ყველაფერს. იაგოს გაგიჟება შენ ნუ გედარდება, მე არაფერს დამიშავებს. მე უკვე შევუთანხმდი კირილეს და გამოგივლის.
_რას ლაპარაკობ? შენი მარტო დატოვება არ მინდა._გავაპროტესტე.
_გთხოვ._ისეთი მუდარით სავსე თვალებით შემომხედა, წინააღმდეგობის გაწევის სურვილი სულ დამეკარგა.
მეტი გზა აღარ მრჩებოდა, გამოვიპრანჭე და კირილემ რომ მომაკითხა დაღვრემილი სახით გავყევი.
_რა მოხდა? ცუდად ხარ?_მაშინვე შემატყო უგუნებობა და ლიფტშივე დამკითხა.
_ისეთი არაფერი, ცოტა ჩემს დას აქვს რაღაც პრობლემები და იმას განვიცდი.
_შენი და იგივე ჩემი დაა, შეგიძლია მენდო._ჩამიხუტა და ასე ჩახუტებულები ვიდექით, სანამ ლიფტის კაბინა პირველ სართულზე არ გაჩერდა.
სანამ კარი გაიღებოდა, თავი გავინთავისუფლე მისი მკლავებიდან, რომ შემთხვევით ცნობისმოყვარე მეზობლებს არ დავენახეთ. კიდევ კარგი, თორემ გაიხსნა თუ არა კარი, ჭორიკანა ვერიკოს შევეფეთეთ, რომელმაც ისეთი ეჭვის თვალით აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა ორივე, სისხლი გამეყინა ძარღვებში. სანამ სადარბაზოდან არ გამოვედით, მანამდე ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას.
_მაინც რა პრობლემა აქვს შენს დას ამისთანა, რომ ვერ დავეხმაროთ?_მანქანაში ჩავსხედით თუ არა, ისევ მკითხა კირილემ.
_პირადულია. თვითონ მოაგვარებს._ვუთხარი და ღვედის შეკვრას შევეცადე.
_იმ უაზრო პრინციპის გამო, პირადულია და თვითონ მიხედავს თავის საქმეს, გულხელდაკრეფილი იქნები და უყურებ მის ტანჯვას? თვითონ მასე მოიქცეოდა ამ სიტუაციაში? გატყობ რომ დახმარების სურვილი გაქვს, რატო იხევ უკან? მითხარი, იქნებ მეც შევძლო მისი დახმარება.
_ერთმა ახვარმა დააორსულა და მიატოვა._ძლივს ამოვილუღლუღე. თავი ხელებში ჩავრგე და ავქვითინდი.
გაოგნებული კირილე ერთხანს უსიტყვოდ მომჩერებოდა. აშკარად ძალიან განიცადა ჩემი დის მდგომარეობა.
_მერე, რას აპირებს შენი და?_ძლივს გაბედა კითხვა.
_ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა და მე არ შევუშლი ხელს. პირიქით, მის გაზრდაში მივეხმარები.
_ის ახვარი?_შევატყე როგორ აუცახცახდა ნერვიულობისგან ხმა.
_ფული მისცა, მოიშორეო და მიატოვა.
_ფუი მაგისი!_მუშტი გამეტებით დასცო საჭეს._ახლა რას ამბობს, გაჩენა რომ გადაწყვიტა შენმა დამ?
_არ იცის და არც აპირებს ანა მისთვის რამის თქმას.
ერთხანს უხმოდ ვისხედით. არ მეგონა კირილე ასე გულთან ახლოს თუ მიიტანდა და განიცდიდა ანას ამბავს. თითქოს საკუთარი და ყოფილიყოს.
_იცი ვინ არის ის უნამუსო?
_გავარკვიე ანასგან მალულად და გავიცანი. არ უნდა რომ ჩავერიო. ხო და მე ჩემებურად უნდა მივხედო. საერთოდ არ გავაჟღერებ ანას სახელს. ვურეკავ და ვემესიჯები. დავაინტერესე თავი. არ იცის რომ ანას და ვარ...
_მართლა?_ისე გაუკვირდა, ცოტა შევშფოთდი კიდეც._დაურეკე და შეხვედრა სთხოვე. დანარჩენს მე მივხედავ.
_არა, შენ ნუ ჩაერევი! მე თვითონ მივხედავ.
_იცი, ერთ დროს მეც მასეთ შეცდომა დავუშვი. ანამარიამ მთხოვა მის საქმეში არ ჩავრევულიყავი და დღემდე სანანებელი მაქვს კესოს მამას თავპირი რომ არ გავუერთიანე. იგივე შეცდომას არ გავიმეორებ. ანა იგივე ჩემი დაა. არც კი ვახსენოთ ანა, შენ შეხვდი და შენს გამო მივჟეჟავ.
_მუშტებზე ნუ იყურები._შევუბღვირე._ცემა-ტყეპას კარგი არაფერი მოყვება. იქნებ გიჩივლოს. მერე?
_ვერ მიჩივლებს!_ისე დარწმუნებით თქვა, დავიბენი._არ მივცემ იმის საბაბს, რომ მიჩივლოს.
_აბა, თუ სცემ ისე გაჩერდება არ გიჩივლოს?_უარესად დავიბენი.
_ეგ საქმე მე მომანდე. შენ მარტო შეხვედრაზე დასთანხმდი.
_რომ შემოგაკვდეს?_შემეშინდა.
_ნუ გეშინია მკვლელი არ ვარ._ირონიულად გაეღიმა.
ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ ბედად ბაჩომაც დამირეკა. არ ვაპირებდი მეპასუხა, მაგრამ ჩემი აღელვება კირილემ რომ შენიშნა, მაშინვე მიხვდა ყველაფერს.
_უპასუხე და შეხვედრაზე დაიბარე, გთხოვ, შენი დის გამო.
მეორედ რომ დამირეკა ბაჩომ, მაშინ კი ვიკადრე და ვუპასუხე.
_სად ხარ ლამაზო, რამდენს გირეკავდი._მხიარული ხმით მკითხა ბაჩომ.
_ბოდიში, გასული ვიყავი, ტელეფონი თან არ მქონდა და ვერ გავიგე._თავი ვიმართლე.
კირილემ მანიშნა, რომ გაიღიმე, ხმაზე არაფერი შეგატყოსო.
_ვიფიქრე, სადმე ხომ არ გვევახშმა ერთად?
დათანხმება არ მინდოდა, მაგრამ კირილე ისეთი თვალებით მიმზერდა, მაინც დავთანხმდი.
_სად ხარ, სად გამოგიარო?
_მე თვითონ მოვალ, მისამართი მითხარი.
ბაჩომ მისამართი რომ მითხრა, გახარებულმა კირილემ მაშინვე იქით გასწია. მოშორებით შეაჩერა მანქანა და ბაჩოს გამოჩენას მოთმინებით დაველოდეთ. დიდი ლოდინი არც დაგვჭირვებია, მალევე გამოჩნდა ბაჩო. კირილემ ჩემი დაძაბული მზერა რომ შენიშნა, თვალი გააყოლა და მაშინვე მიხვდა რომ ის ბიჭი, რომელსაც ასე თვალმოუშორებლად შევყურებდი, ანას ყოფილი იყო.
_შენ აქ დამელოდე და მანქანიდან არ გადმოხვიდე._მკაცრად გამაფრთხილა და ისე მარდად გადავიდა მანქანიდან, თვალი ვეღარ მოვკარი.
კი გამაფრთხილა აქ იყავიო, მაგრამ რა გული გამიძლებდა მე მანქანაში ვმჯდარიყავი და მშვიდად დავლოდებოდი როდის დაბრუნდებოდა თვითონ, ან დაბრუნდებოდა საერთოდ? იმისი ნამდვილად არ მეშინოდა, რომ სუსტი და მაღალი ბაჩო დაკუნთულ და ძლიერ კირილეს მოერეოდა, მაგრამ იმისი მეშინოდა, არ შემოკვდომოდა ეს საცოდავი.
სანამ კირილე ბაჩოს მიუახლოვდებოდა, ბაჩომ მე შემნიშნა და ღიმილით რომ გამოემართა ჩემსკენ, კირილემ მაშინ შემნიშნა. ისეთი თვალებით შემომხედა, შემეშინდა.
_რა მალე მოხვედი ლამაზო?_გაკვირვება ძლივს მოასწრო ბაჩომ და საკოცნელად გამოიწია, რომ კირილეს მადიანი მუშტიც მოხვდა ცხვირ-პირში.
მოულოდნელობისგან გაკვირვებული ბაჩო წაბარბაცდა და ძელს მიეყუდა, რომ არ წაქცეულიყო. მაშინვე წითლად შეეღება ცხვირ-პირი.
_შენ ვის ქალს კერავ ახვარო?_მეორე მუშტიც უთავაზა გაცეცხლებულმა კირილემ.
_შენ შიგ ხო არა გაქვს, რა ვის ქალს ვკერავ? თვითონ მოვიდა ეგ და გამეცნო. მე რა ვიცოდი თუ დაკავებული იყო?
_ვინ არის , მე შენი ..._მადიანად დაუკურთხა და ახლა ყელში სწვდა._მეორედ არ გაბედო მაგის გამეორება.
საცოდავმა ბაჩომ ლამის ხრიალი დაიწყო უკვე. მართლა შემეცოდა და კირილეს მივვარდი.
_გაუშვი, არ მოკლა. საკმარისი მიიღო უკვე.
ქუჩაში გამვლელებიც დაფაცურდნენ და გაშველება დაუწყეს.
_აღარ დაგინახო ამ ქალს ახლოს გაეკარო._კიდევ უყვირა კირილემ.
_თვითონ ამეტორღიალა, ჩემგან რა გინდა?
_რაც მინდა გაჩვენებ, შე ნაგავო!_ისევ გაიწია კირილემ, მაგრამ ორმა კაცმა ძლივს გააკავა.
მანქანაში რომ ჩავსხედით, ისევ ცოფებს ყრიდა. მივხვდი, რომ ახლა სამმაგად გაბრაზებული იყო: ანამარიას წარსულის გამო, ჩემი დის გამო და ჩემს გამოც. ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, არ მინდოდა ჩემზე ეყარა ჯავრი. კარგა ხანს ურტყავდა საჭეს მუშტებს და ათას სალანძღავ სიტყვას იმეორებდა ბაჩოს მისამართით. ასეთი გაბრაზებული და გაცეცხლებული არასდროს მენახა. კარგა ხანი დასჭირდა დასამშვიდებლად. მერე ძრავა ჩართა და გიჟივით მოსწყვიდა მანქანა ადგილს. გასუსული ვიჯექი და შიშით შევყურებდი მთელი სისწრაფით მიმავალ კირილეს.
უაზროდ ვიხეტიალეთ ქალაქის ქუჩებში. მერე სახლში მიმიყვანა და ჩემდა გასაკვირად, თვითონაც ამომყვა ბინაში.
იაგო ისევ ჩვენთან იყო. შევხედე თუ არა, მივხვდი, კირილეზე მეტად ეს იყო გაბრაზებული. ანას ტირილისგან ისე ქონდა სახე დასიებული, ვეღარ ვცნობდი.
იაგო მაშინვე მე მომვარდა:
_შენ იცი ვინც არის ის ?
დავიბენი. არ ვიცოდი რა მეთქვა. შემეშინდა სიმართლის თქმის და გაჩუმება ვარჩიე.
_გირჩევნია მითხრა და წყნარად დაველაპარაკო, ვიდრე მე გამოვიძიო ჩემით ყველაფერი და წერა ავუგო!_ისევ ანას მიყბრუნდა იაგო._რატო აფარებ ხელს ვერ ვხვდები.
_არ ვაფარებ, უბრალოდ ის ჩემთვის აღარ არსებობს._ისევ ასლუკუნდა ანა.
_გეუბნები, მითხარი თორემ მე თუ ჩემით გავიგე, არ ვაცოცხლებ._მუშტი გამეტებით დაარტყა მაგიდაზე.
_ნუ ანერვიულებ, ცოდოა. დამშვიდდით ორივენი და ისე დაილაპარაკეთ._ანას მხარე დაიცვა კირილემ.
იაგომ მხოლოდ ახლა შენიშნა უცნობი ბიჭი და გაოცებით შეხედა.
_შენ ვინღა ხარ?
_მე ჟანას მეგობარი ვარ, კირილე.
იაგომ გაოცებულმა და გაბრაზებულმა შემომხედა.
_შენც? _ისე ამოიგმინა, მეგონა გული გაუსკდა.
_მე არასდროს ჩავიდენ ისეთ სისაძაგლეს, რაც იმ ახვარმა იკადრა. მინდა პირისპირ დაგელაპარაკო. თუ წინააღმდეგი არ ხარ, ჩავიდეთ დაბლა.
წინააღმდეგობის გასაწევად პირიც კი დავაღე, მაგრამ ისეთი თვალებით შემომხედა კირილემ, ადგილზე გამაქვავა. იაგომ მაშინვე დატოვა ჩვენი ბინა და კირილესთან ერთად დაბლა ჩავიდა. ავღელდი, ავფორიაქდი. რაზე ისაუბრებდნენ, ღმერთმა უწყოდა მარტო. თუმცა, ახლა ყველაზე მეტად განერვიულებული ანა და მისი მომავალი ბავშვი მეფიქრებოდა. მის დაწყნარებას შევეცადე.
_ნუ ტირი, გთხოვ. არავინ ღირს შენი ცრემლების ფასად. თავს მოუფრთხილდი და შენს მომავალ შვილს. მასზე ძვირფასი ამ ქვეყნად არაფერია._გულში ჩავიხუტე._უთხარი ვინც არის, დაელაპარაკება როგორც კაცი კაცს. თუ სცემა, ალალიც იქნება. შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ. ძალიან გთხოვ, ბავშვს არაფერი დამართო... ვერ გადავიტან თქვენ რომ რამე მოგივიდეთ. მოდი, წამოწექი. მე კი კალენდულას ჩაის მოგიმზადებ, კაი?
ეტყობა ემოციებისგან და ნერვიულობისგან ისე იყო დაღლილი, არ შემწინააღმდეგებია და მაშინვე დივანზე წამოწვა. ნე კი სამზარეულოში გავვარდი და დამამშვიდებელი ჩაი მოვუმზადე. ანამ სიამოვნებით და სვენებ-სვენებით დალია სურნელოვანი ჩაი. მეც მის გვერდით ვიჯექი და თან ვეფერებოდი. მერე ჩაეძინა კიდეც. პლედი მივაფარე და სინათლე ჩავუქრე. იაგოს და კირილეს მოლოსინში მეც დამაწყდა ნერვები. მათ მოსვლამდე ერთი ფინჯანი ჩაი მეც კი სიამოვნებით დავლიე.
პირველის ნახევარი იყო, კარზე ფრთხილად რომ მოაკაკუნეს და ახალი ჩაძინებული ფეთიანივით წამოვხტი.
_ანამ დაიძინა და სამზარეულოში გავიდეთ, არ გაიღვიძოს.
უსიტყვოდ გამომყვნენ უკან. იაგო ცოტა დამშვიდებული მეჩვენა, მაგრამ მაინც უცახცახებდა ნერვიულობისგან მთელი სხეული.
_შენ მაინც რატო დამიმალე ეს ამბავი და მარტო რატო მოქმედებდი? რა გინდა, იმ ახვარს შენთვისაც უნდა დაეშავებინა რამე?_ჩუმად კი მითხრა, რომ ანა არ გაეღვიძებინა, მაგრამ აშკარა სიმკაცრე იგრძნობოდა მის ხმაში._სად მუშაობს იმასაც მეტყვი და ტელეფონის ნომერსაც მომცემ.
_შეეშვით, ცემით არაფერი გამოვა.
_არ უნდა ვცემო. წყნარად დაველაპარაკები როგორც კაცი კაცს. მაგას უპატეონო ხომ არ გონია ჩემი და?
_არ მინდა რამე შარში გაყო თავი.
_შარში თვითონ აქვს თავი გაყოფილი. გითხარი, წყნარად უნდა დაველაპარაკო. წეღან ანასაც ვუთხარი, თქვენი ნებით მითხარით ვინც არის თორემ, თუ მე გავარკვიე, თავბედს ვაწყევლინებ. ისე გავუხდი საქმეს, ქალისკენ გახედვას ვეღარ ბედავდეს.
_დამპირდი, რომ არ სცემ და არ შემოგაკვდება. დღეს კირილემაც მოსდო რამოდენიმე და საკმარისია.
_გპირდები, რომ არ შემომაკვდება.
არ ვიცი, მართებულად მოვიქეცი თუ არა, მაგრამ იაგოს მივეცი ბაჩოს ნომერიც და მისი სამსახურის მისამართიც. სახლის მისამართი კი თვითონაც არ ვიცოდი. პირობა დამიდო, რომ არაფერ საშინელებას არ ჩაიდენდა და კირილესთან ერთად უხმოდ დატოვა ბინა. მეც მისაღებში გავედი, სავარძლები შევატყუპე, გემრიელი საწოლი მოვიწყე და ანას გვერდით მისაღებში დავწექი დასაძინებლად.
მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი. თვალებდაჭყეტილი ვიწექი და უაზროდ შევყურებდი ღამის სიბნელეს. თუმცა, დიდი სიამოვნებით ვუსმენდი ანას მშვიდ სუნთქვას...
********************
არ ვიცი, იაგომ რა უთხრა ბაჩოს: სცემა, შეაშინა თუ რამეს დაპირდა სამომავლოდ, მაგრამ ამ უკანასკნელმა ანას ცოლად შერთვა გადაწყვიტა. ეს ამბავი ანას ნამდვილად არ გახარებია, ცოტა ისტერიკაც კი აეშალა, მაგრამ იმდენი ვქენით, დავიყოლიეთ და ზამთრის ერთ სუსხიან და თოვლიან დღეს მაინც გაყვა ბაჩოს ცოლად. ამ ქორწინებით დიდად ბედნიერი არ ყოფილა და როგორც ვიცოდი, ერთ ოთახში კი იწვნენ, მაგრამ სხვადასხვა საწოლებში ეძინათ. მათი ქორწინება უფრო ფორმალობა იყო ბავშვის გამო. არც ბაჩოს გახარებია ეს ამბავი. რა არ მესმის იცით? სანამ საწოლში შეიტყუებენ გოგოს, მანამდე გაგიჟებით უყვართ და ათას რამეს პირდებიან, მოსახდენი რომ მოხდება, მაშინ კი სიყვარული დილის ნამივით ქრება სადღაც... თუ გიყვარს ადამიანი, როგორ უნდა გადაგიყვარდეს? შეიძლება, ვნების ცეცხლი ჩაქრეს და ჩაინავლოს, მაგრამ სიყვარული? სიყვარული ხომ სამუდამოა. მას ვერანაირი ქარიშხალი ვერ ჩააქრობს თუ ის ნამდვილი და წრფელია...
მე მარტო დავრჩი ჩვენს სამოთახიან ბინაში. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა და ეგუება? კირილემ მოუხშირა ჩემთან შეხვედრებს. ჩვენი სიყვარული თუ ვნება უფრო და უფრო ძლიერდებოდა და მტკიცდებოდა. მართალია, მარტო ვცხოვრობდი, მაგრამ ჩემთან არასდროს არ დარჩენილა ღამე, პატივს სცემდა ჩემს პრინციპებს. სამსახურშიც კარგად ავეწყვე. საწუწუნო ნამდვილად არაფერი მქონდა. ანასაც ვაკითხავდი ხშირად, რომელიც დღითიდღე იბერებოდა და უფრო და უფრო მშვენდებოდა. ბედნიერი მართლა არ ყოფილა. ვატყობდი რომ იძულებით იტანდნენ ბაჩოც და ანაც ერთმანეთს. გაოცებას ვიყავი, სად გაქრა ის სიყვარული და ვნება, რაც ანას დაორსულებამდე აკავშირებდათ? ბაჩოს უმცროსი ძმა ბექა კი ძალიან დიდ პატივს სცემდა რძალს და თავს ევლებოდა. არც დედამთილ მამამთილი იყო ცუდი. მართალია, ასეთ პატარა ასაკში არ უნდოდათ შვილის დაოჯახება, მაგრამ რახან მოხდა, ანას ისინიც ხელისგულზე ატარებდნენ და მომავალი შვილიშვილის მოლოდინში დღეებს ითვლიდნენ.
თვითონ ბაჩო კი დილიდან საღამომდე სამსახურში იყო. საღამოს მერე ძმაბიჭებში, იქნებ ქალებშიც და გვიან მიდიოდა სახლში. როგორც იაგოსიდან გავიგე მოგვიანებით, ერთი წელი მაინც იქნებოდნენ ცოლ-ქმარი, ხალხის საჭორაო რომ არ გამხდარიყო ანა და უმამოდ არ გაეჩინა ბავშვი. მერე კი დაშორდებოდნენ და ორივენი თავის გზას მონახავდნენ. მართლა რთული მდგომარეობა ქონდათ ორივეს, მაგრამ შეთანხმება, შეთანხმება იყო. ორსულობა მშვიდად და ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობდა. ჩვენი ქალბატონი ემა, (სახელი უკვე შერჩეული გვქონდა დედის საპატივსაცემოდ), ჯანმრთელი და ყოჩაღი იყო.
თითქოს ყველაფერი აეწყო, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას. რაღაც ცუდის მოლოდინში ყოველთვის დაძაბული ვიყავი. არ მინდოდა ამაზე ფიქრი, მაგრამ თავს ვერანაირად ვერ ვერეოდი. ბოლო თვეში რომ ჩადგა ანა, ჩემთან გადმოვიყვანე. მინდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი და მეზრუნა მასზე. საყვარლად დაუმრგვალდა მუცელი. სახე შეუშუპდა კი, მაგრამ მაინც საყვარელი იყო. ცოტა ხასიათიც ჭირვეული გაუხდა, მაგრამ ეს ხომ ყველა ორსულისთვის დამახასიათებელი თვისება იყო? თვის ბოლომდე არ ველოდით ემას დაბადებას, მაგრამ სამი კვირით ადრე შუაღამით ანამ მორიდებით გამაღვიძა.
_რაღაც მუცელი მტკივა, საგანგაშოდ კი არა, მაგრამ მაინც.
ფეთიანივით წამოვხტი. მაშინვე იაგოს დავურეკე, ჩვენი ბატონ-პატრონი ხომ ის იყო? სახლში არ დამიხვდა, ქალაქიდან იყო ტურებზე წასული. იმ დღეს არც კირილე იყო სახლში, უფროს დასთან იყო რაჭაში წასული. სასწრაფოში დარეკვა ნამდვილად არ მომსვლია თავში აზრად და ისევ ბაჩოს დავურეკე. ჩემდა გასაოცრად მალევე მოვიდა ცოტა შეშფოთებულიც კი. ანას უფრო და უფრო უმატებდა ტკივილები. ყველაფერი, რაც საჭირო იყო საჩქაროდ ჩავულაგე და ერთ მხარეს ბაჩო ამოუდგა ანას მხარში, მეორე მხარეს მე და ასე ჩავიყვანეთ მანქანამდე. მანქანაში ჩაჯდომა გაუჭირდა და ბაჩო დაეხმარა. ისე სწრაფად იარა, მეშინოდა არსად გადავვარდნილიყავით. სამშობიაროს შენობასთან გიჟივით მიიჭრა და მკვეთრად დაამუხრუჭა. ანა უკვე ვეღარ უძლებდა ტკივილებს და ხმამაღლა ტიროდა. მეც მტკიოდა მისი ტკივილი. თან ვშიშობდი, ასე ნაადრევად რატომ დაეწყო მშობიარობა. ბაჩოც გვარიანად იყო შეშფოთებული. გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გიჩვენებო ნათქვამია, ამ გამხდარმა და აყლაყუდა ბიჭმა ისე მსუბუქად აიტაცა ხელში გვარიანად დამძიმებული ანა, რომ გამიკვირდა. სულ სირბილით შეიყვანა შენობაში და კიბეებზე აარბენინა.
მაშინვე სამშობიარო ბლოკში გააქანეს. გაჭირვება ადამიანებს ერთმანეთთან აახლოვებსო. რაც ანას ქმარი იყო ბაჩო, ერთმანეთს კარგი თვალით არასდროს ვუყურებდით, მაგრამ ახლა? ხმამაღალი ღრიალი მინდოდა ანას გამო, მაგრამ თავს ვიკავებდი. ბაჩოც ნერვიულად გადი-გამოდიოდა დერეფანში და ვატყობდი, რომ ისიც ძალიან განიცდიდა მის მდგომარეობას. ბლოკიდან ანას კივილი რომ მესმოდა, გული მეკუმშებოდა. რა ტკივილს უძლებდა მშობიარობისას, მხოლოდ ქალებმა თუ იციან...
გათენებამდე სტკიოდა მუცი და ვერ მშობიარობდა. მე და ბაჩო მარტოები ვიყავით და ერთმანეთის დამშვიდება და დაწყნარებაც კი არ შეგვეძლო. ბოლოს მეც მიმტყუნა ნერვებმა. არ ვიცი რა დამემართა, მახსოვს რომ ბაჩომ შეშფოთებით შემომხედა.
_ცუდად ხარ?_ეს მკითხა და მუხლები მომეკვეთა. ძლივს მოასწრო ჩემი დაჭერა, რომ ძირს არ დავცემულიყავი.
სკამზე ჩამომსვა და სახეზე რამდენჯერმე შემომილაწუნა მსუბუქად.
_რა გჭირს, ცოტა გამაგრდი. ანას ჩვენი მიხედვა სჭირდება და ეხლა ამის დროა?
მისმა შემოლაწუნებამ მართლაც მიშველა და ცოტა გონზე მომიყვანა. მადლიერი თვალებით ავხედე. არც ის იყო ჩემზე უკეთეს დღეში...
ზუსტად ცხრა საათზე, როგორც იქნა, დაიბადა ჩვენი წინამასწარა ემაც. მახარობელი რომ გამოვიდა და გვახარა, დავინახე რომ ბაჩომ ორმოცდაათ ლარიანი ჩაუცურა ჯიბეში. დედაც და შვილიც კარგად გრძნობენ თავსო ეს რომ დაამატა, მაშინვე გადავეხვიე ბაჩოს და ლოყაზეც კი ვაკოცე გახარებულმა და ბედნიერმა. ცოტა ხნის მერე კი ნახვის უფლებაც მოგვცეს რიგრიგობით. პირველი ბაჩო შევუშვი, რაც არ უნდა ყოფილიყო, ანას ქმარი და ემას მამა იყო. კარგა ხანს დაყო იქ. გამოსულს კი თვალზე ცრემლი შევნიშნე.
პალატაში მორიდებით შევედი. ანას მართალია ნატანჯი სახე ქონდა, მაგრამ ბედნიერი დაყურებდა პაწაწინა არსებას, რომელიც ხელში ეჭირა ნახევრად წამომჯდარს. შესული რომ დამინახა, ღიმილით შემომხედა. ახლოს მივედი და ემას დავხედე. ბამბის ქულასავით თეთრი იყო და საოცრად გავდა ბაჩოს: მისი ტუჩები, მისი ცხვირი, თვალის მოყვანილობა, მოკლეთ, პატარა ბაჩო იყო. ნეტა, ბაჩომ რომ დახედა, რა იგრძნო? ნუთუ, იმიტომ გამოვიდა აცრემლებული? იქნებ, ამ პაწაწინა არსებამ შეძლოს მათი დაახლოვება? თვალწინ დამიდგა, ხელში აყვანილ ანას როგორ მიერბენინებდა და იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა.
ემამ მართლაც შეცვალა ჩემი დის და ბაჩოს ცხოვრება. საავადმყოფოდან პირდაპირ ჩემთან გავიყვანე. პირველი შვილი დედის მოვალეობააო, დედა არ გვყავდა და დედის როლი მე ვითავე. ბაჩო თანდათან მოშინაურდა თითქოს. სამსახურიდან რამდენჯერმე ურეკავდა ანას და ბავშვის მდგომარეობას კითხულობდა. მერე და მერე სამსახურიდან პირდაპირ ჩვენთან მოდიოდა და ვატყობდი ანას სულ სხვა თვალით უმზერდა. ნელ-ნელა ანამაც შეიცვალა მის მიმართ დამოკიდებულება და მის თვალებში ძველებური ხალისის ნაპერწკლები გაჩნდა. რამდენჯერმე შევესწარი, როგორ ეფერებოდნენ ემას ერთმანეთზე ლამის თავმიდებულები. ბაჩოს დაჟინებულ მზერაზე ანას ლოყები თურაშაულივით უწითლდებოდა და იბნეოდა. ერთხელ იმასაც კი შევესწარი შემთხვევით, როგორ დაიხარა ბაჩო და როგორ ნაზად აკოცა ანას ლოყაზე, რომელიც გვარიანად გაწითლდა. შეუმჩნევლად გამოვბრუნდი ოთახიდან, რომ არ შერცხვენოდათ ჩემი.
რამდენჯერმე ბაჩო ღამითაც კი დარჩა ჩვენთან. ემას ტირილზე მაშინვე დგებოდა და ანას ეხმარებოდა მის მიხედვაში. მათი გრძნობების გაციება რა მიზეზით იყო გამოწვეული არ ვიცი, მაგრამ ემამ ძველი სიყვარული რომ დაუბრუნათ ორივეს, ეს კი ცხადზე ცხადი იყო. კიდევ კარგი იაგო ჩაერია მათ ამბავში და დააქორწინათ. ორივეს ხომ აერეოდათ ცხოვრება? შეყვარებულების საქმეში სხვები არ უნდა ჩაერივნენო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩარევამ აჯობა. ერთ თვეში კი, უკვე დაიმედებულმა, იმით, რომ ანას კარგ ხელში ვტოვებდი, ბაჩოს თავისი ცოლ-შვილი გავატანე სახლში.
ჩემი და კირილეს ურთიერთობა ჩვეული რიტმით მიდიოდა. სამსახურში ერთმანეთის ყურებით ვტკბებოდით შორიდან, საღამოს კი მის მკლავებში ვნებივრობდი. იდუმალი ქალი, რომელიც კირილეს ხშირად ესიზმრებოდა, ნერვებს მიშლიდა უკვე. რამდენჯერაც შეშფოთებულს ეღვიძებოდა, იმდენჯერ ვიცოდი, რომ მე ვიყავი მის სიზმრებში. რა ვინატრე და რა ვიფიქრე ამისთანა, რომ თავს ვეღარ აღწევდა ჩემს ზმანებას? სასწაული კი იყო ასეთი რამ, მითუმეტეს რომ არავისგან არ მსმენოდა.
ხათო დაბოღმილი და გაბოროტებული თვალებით შემოგვყურებდა როგორ ავდიოდით მე და კირილე დილით კიბეზე ჩახუტებულები და საღამოს ასევე ჩახუტებულები ჩავდიოდით. არ ვიცი, რამდენად შეეგუა იმ ამბავს, რომ კირილე ჩემი იყო და მე მეკუთვნოდა. სხვა ქალებისკენ მარტო ჩემს დასანახად კი არა, მართლაც რომ არ იყურებოდა. ყველანაირად ვეწყობოდით ერთმანეთს, თუმცა დაოჯახებას არც მე ვჩქარობდი და არც კირილე. ოფიციალური სახე არ გვქონდა მიცემული ჩვენი ურთიერთობისთვის, თორემ ნამდვილი ცოლ-ქმარივით ვიქცეოდით. ამასობაში ზაფხულიც დაიწყო და შვებულებაც მერგო.
_არ გინდა დასასვენებლად სადმე წავიდეთ?_მოულოდნელად მკითხა და პასუხის მოლოდინში დაჟინებით მომაშტერდა თავისი ცისფერი თვალებით, რომლებიც ისევ ისე მიბნევდნენ თავგზას, როგორც პირველი შეხვედრისას.
_მაინც სად?_ეჭვით მოვწკურე თვალები, რადგან ვიცოდი რომ უკვე გადაწყვეტილი და დაგეგმილიც კი ექნებოდა ჩვენი გამგზავრება.
_მაგალითად გონიოში...
_საად?_გამიკვირდა.
_არის ასეთი დასახლება ბათუმში კვარიათის უბანში. მდინარე ჭოროხის მარცხნივ შავი ზღვის პირას._ბეჯითი მოსწავლესავით ჩამომირაკრაკა და ცხვირზე მაკოცა._გონიოს ციხე-სიმაგრესაც მოვინახულებთ და ზღვის სანაპიროზეც გავირუჯებით.
მაცდური შეთავაზება იყო. დავფიქრდი. ყოყმანი რომ შემატყო, ეშმაკურად გამიღიმა.
_ორ დღეში მოვაგვარებ დარჩენილ საქმესაც და წავიდეთ. არ ინანებ, მენდე.
_ბათუმში არასდროს ვყოფილვარ._ვაღიარე.
_ხო და მთლად უკეთესი. დამთანხმდი. არ ინანებ გეუბნები.
უარის თქმას მართლა არ ვაპირებდი, მაგრამ ცოტა ხომ უნდა "მენერვიულებინა" ეს თავდაჯერებული ბიჭი?
_მოვიფიქრებ._ვუთხარი კი, მაგრამ უკვე მოფიქრებულიც მქონდა და გადაწყვეტილიც, რომ მასთან ერთად აჭარაში დამესვენა რამოდენიმე დღით.
საღამოს ანა მოვინახულე პატარა ემასთან ერთად, თუმცა რაღა პატარა ეთქმოდა? აზრიანად იცინოდა უკვე, დაჟინებით დაშტერებაც იცოდა, ქალი იყო უკვე. დღითი-დღე მაგიჟებდა და მაყვარებდა თავს. მისი მოფერებით და კოცნით გული რომ ვიჯერე, ჩემს დაიკოს გამოვუტყდი იმაში, რომ კირილესთან ერთად დასასვენებლად მივდიოდი რამოდენიმე დღით ბათუმში.
_კარგია. როგორც ვიცი ყველაზე სუფთა სანაპირო გონიოშია. დარწმუნებული ვარ კარგ დროს გაატარებთ.
_არ ინანებო მპირდება. ჯერ კი არ მითქვია, რომ მივყვები. ცოტა ინერვიულოს._ეშმაკურად ჩამეღიმა.
_რა ბოროტი ხარ. რაღატო ანერვიულებ?
_უნდა იცოდეს, რომ ადვილად მისაღწევადი არ ვარ.
_ბიჭი შენზე აბოდებს და კიდევ მას ანერვიულებ? მართლა სასტიკი და დაუნდობელი ხარ... მეცოდება ის ბიჭი შენს ხელში.
გამეცინა. თუმცა მეც მივხვდი, რომ მისი მტანჯველი ვიყავი.
_ბაჩოსთან რა ხდება?_მოულოდნელად დავინტერესდი.
მასაც ეშმაკურად გაეღიმა.
_ემამ მართლაც დაგვაახლოვა... თუმცა დღემდე ვერ მიპატიებია ის, რომ მისი მოშორება მიბრძანა.
_ხოო, რთული ამბავია, მაგრამ შენ უარესად ნუ ართულებ. დაივიწყე და დატკბი ცხოვრებით. მშვენიერი შვილი გყავს და მოსიყვარულე ქმარი...
_ეს მშვენიერი შვილი ერთ დროს არ უნდოდა... რომ მახსენდება, ვგიჟდები...
_ერთი ალილუია მღვდელსაც შეეშლებაო, პატარაა და ვერ ფიქრობდა რას აკეთებდა. სამაგიეროდ ახლა ხომ კარგია? ნუღარ იფიქრებ მაგაზე და დაგავიწყდება.
_მინდა დამავიწყდეს და ვერ ვივიწყებ. ხელში მომ უჭირავს და ეფერება, მინდა მაშინვე გამოვგლიჯო და გემოზეც მივტყიპო. არ ვიცი, რა მოვუხერხო ჩემს თავს...
_ნუ იტანჯავ მაგ საშინელი ფიქრებით თავს. შეეცადე გაუგო თავისი თავქარიანობა. მესმის რომ რთულია შენთვის, მაგრამ ხომ შეიცვალა? ემაც ძალიან უყვარს და შენც პატივს გცემს._ჩემს გვერდით მჯდარ ანას მივეხუტე._მისი მშობლებიც პატივს გცემენ. ნუ დაიბინძურებ ნეგატიური ფიქრებით გონებას. ცხოვრება მშვენიერია და შეირგე.
_ვცდილობ..._თვითონაც მომეხუტა,_ მართლაც რომ მშვენიერია... იაგო რომ არ ჩარეულიყო ჩვენს ცხოვრებაში, ასე ხომ არ წარიმართებოდა ყველაფერი?
_ზოგჯერ ჩარევა საჭიროც ყოფილა._თვალებზე ჩამოშლილი თმა გადავუწიე და შუბლზე ვაკოცე._არ ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა, მაგრამ აბების მიღება შევწყვიტე.
_დაორსულება გადაწყვიტა ჩემმა დაიკომ?_სიყვარულით მომითათუნა თავისი ნატიფი თითები ანამ ყელში.
_მეღიტინება, კარგი._მოვიგერიე მოძალებული და აკისკისებული გოგო.
ჩვენს სიცილ კისკისზე ემამ ჯერ გაკვირვებით გვიყურა, მერე კი ისიც ახითხითდა.
ამ ამბიდან სამი დღის მერე კი მე და კირილე დავადექით ბათუმის გზას. ზოგადად, დიდ მანძილზე მგზავრობას ვერ ვიტან, მაგრამ ძალიან კარგად და ხალისიანათ ვიმგზავრეთ. სურამში ცოტა ხნით შევჩერდით. დამღლელი მგზავრობა აუტანელი რომ არ ყოფილიყო, თან ცარიელი კუჭითაც ხომ ვერ ვიქნებოდით? სურამიდან მალე გამოვედით. ქუთაისში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, ანუ ბაგრატის ტაძარიც მოვინახულეთ. პირველად ვიყავი და აღფრთოვანებული დავრჩი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით. სულ ფეხშიშველმა დავიარე და ზედმიწევნით დავათვალიერე ყოველი კუთხე კუნჭული. მშვენიერი იყო. ემოციებით და შთაბეჭდილებებით დახუნძლული გავუდექით გზას. საღამოს როგორც იქნა ჩავედით გონიოშიც. ზღვაში ჩასვლა ვერ გავბედე და სანაპიროზე გვერდიგვერდ სილაში მსდრებმა სიამოვნებით ვუყურეთ მზის ჩასვლას. თვალი გაქვს უბრალოდ კაცს მიჩვეული, თორემ ეს ხომ უდიდესი სასწაულია? ამ სილამაზით დატყვევებული და დამუნჯებული თვალმოუშორებლად შევყურებდი ცის კაბადონზე გაწითლებულ უზარმაზარ მზეს, რომელიც ნელ-ნელა იმალებოდა. ენით ვერ აღვწერ და ვერ გადმოვცემ იმ სილამაზეს. ეს უნდა შენი თვალით ნახო ადამიანმა და შეაფასო...
სასტუმროში გვიან ღამით დავბრუნდით. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. კიდევ კარგი დავთანხმდი ამ მოგზაურობაზე, რამდენს დავკარგავდი. მეორე დღეს კი გონიოს ციხე-სიმაგრეც მოვინახულეთ. არც ეს სილამაზე მქონდა აქამდე ნანახი და გაოგნებული ვათვალიერებდი ყველაფერს. მერე სანაპიროზეც გავედით. ვერ ვიტყვი პროფესიონალი მოცურავე ვარ-მეთქი, მაგრამ კირილეს გვერდით უშიშრად ვცურავდი. შეძლონგზე გასარუჯად რომ წამოვწექი, მხოლოდ მაშინ შევნიშნე უცნობი გოგოების დაჟინებული და კმაყოფილი მზერა კირილეს მიმართულებით. ჯერ მესიამოვნა, ასეთი არაჩვეულებრივი მამაკაცი ჩემი რომ იყო და მე მეკუთვნოდა, მაგრამ მერე უკვე კეკლუცად რომ დაუწყეს არშიყი, ეჭვიანობამ დამრია ხელი. კარგა ხანს ვითმინე მათი გამომწვევი კისკისი და აშკარა ფლირტი, კირილეს მოსვენებას რომ არ აძლევდნენ და ბოლოს, მზის დამცავი კრემის წასმა რომ სთხოვეს, მაშინ კი გავჭედე.
_ერთმანეთს რომ წაუსვათ ვერა?_გაცეცხლებული წამოვხტი შეზლონგიდან._ეს ბიჭი დაკავებულია და შეეშვით მის შებმას. თავისუფალი ბიჭები დაილია ამხელა სანაპიროზე?_მივედი და გაღიმებულ კირილეს გამომწვევად მივეხუტე._დორბლი მოიწმინდეს რა, ეს მშვენიერი ბიჭი ჩემია._ნიშნისმოგებით ვუთხარი გაკვირვებულ გოგოებს და კირილეს გამომწვევად დავაკვდი ტუჩებზე.
ასეთი რამ არასდროს მომსვლია. საკუთრების გრძნობამ გაიღვიძა ჩემში და მისი დათმობის თუ გაზიარების ოდნავი სურვილიც კი არ მქონდა. ჩემი კოცნის მერე ისეთი კმაყოფილი ღიმილით მიმზერდა კირილე, ცოტა დმაბნია კიდეც.
_ჩემი ეჭვიანი._შუბლზე შუბლით მომეხუტა._ხანდახან მაფიქრებ ამ შენი ეჭვიანობით იცი?
_მართლა? მაინც რატო?
_მეშინია, არავინ შემოგაკვდეს ჩემს გამო._გაიცინა და მანაც ვნებიანად მაკოცა ტუჩებში. მერე მოულოდნელად ხელი დამავლო, ზურგზე ტომარასავით გადამიკიდა და ბოლო ხმაზე აკივლებული ზღვაში შემარბენინა.
დიდხანს დავყავით ზღვაში. სასტუმროში გვიან დავბრუნდით. აბაზანაში ერთად შევედით და ზღვის მარილი ერთმანეთის ხვევნა-ალერსის ფონზე ჩამოვიბანეთ. უზომოდ ბედნიერი ვიყავი მასთან. დიდ სიამოვნებას მანიჭებდა მის გვერდით ყოფნა, მისი შეხება, მისი კოცნა... კირილესაც ვატყობდი, რომ ჩემს გვერდით ბედნიერი იყო და მშვენივრად გრძნობდა თავს. პირველად გამიჩნდა მასზე დაქორწინების სურვილი. ერთად კარგად ვგრძნობდით თავს და რაღატო გვეცხოვრა ცალ-ცალკე? ხმამაღლა არ მითქვია არაფერი, მაგრამ ძალიან მინდოდა მისი ცოლი გავმხდარიყავი.
საღამოს ერთ-ერთ ღია ბუნგალოში დავსხედით სავახშმოდ. რაღაც ეშმაკური ღიმილით მიმზერდა კირილე და თვალს არ მაშორებდა. ჩემს მიმართ დაჟინებულ მზერას სხვა მამაკაცების მხრიდანაც კი ვგრძნობდი, მაგრამ კირილეს გამოხედვა რომ მაბნევდა და მაფორიაქებდა, ამას აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი.
_იცი, ბევრი ვიფიქრე ჩვენს ურთიერთობაზე._გაუბედავად წამოიწყო და რაღაც ეშმაკური ღიმილი არ მოუშორებია სახიდან._ერთად ძალიან კარგად ვართ. უერთმანეთოდაც უკვე ვერ ვძლებთ. ყოველი შემთხვევისთვის მე ასე ვარ და არ ჯობია, ოფიციალური სახე მივცეთ ამ ჩვენს ურთიერთობას?
ამ ამბავზე მეც კი ვფიქრობდი, მაგრამ მაინც დამაბნია და გამაოგნა მისმა შემოთავაზებამ. ყოყმანი რომ შემატყო, ადგა, მომიახლოვდა, თან ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის, ჩემს წინ ჩაიმუხლა და გაღიმებულმა მკითხა:
_გახდები ჩემი ცოლი?
ყურებს არ დავუჯერე. გაოგნებულმა გამეორება ვთხოვე.
_გახდები ჩემი ცოლი?_იმხელა ხმაზე იყვირა, გარშემომყოფების ყურადღება მიიქცია.
სიხარულისგან გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა. მაინც სულ ერთად ვიყავით და ამ შემოთავაზებამ მაინც ამაფორიაქა და გამაბედნიერა.
_მართლა გინდა რომ შენი ეჭვიანი და გიჟი ცოლი ვიყო?_გაკვირვებული ჩავეძიე.
_შენ წარმოიდგინე, ყველაზე მეტადაც კი...
წამოვხტი, მეც მის წინ ჩავიმუხლე და კისერზე ჩამოვეკიდე.
_მე თანახმა ვარ ვიყო შენი ცოლი და მოგიშხამო ნერვები._აკისკისებული დავეწაფე მის ტუჩებს.
სასტუმროში რომ დავბრუნდით, ხელში აყვანილი შემიყვანა ნომერში. გაოგნებული დავრჩი, მთელი ოთახი ფერადი და სურნელოვანი სანთლებით იყო მორთული და საწოლზეც წითელი ვარდის ფურცლებით გული იყო დახატული.
_რა მშვენიერია. ეს როდისღა მოასწარი?_გამიკვირდა და მის ტუჩებს ავწვდი ბედნიერი ღიმილით. ასეთი რომანტიკული ქმარი მართლაც რომ არ მაწყენდა.
_ზოგი რამ საიდუმლოდ რომ შევინახო ხომ მაქვს უფლება?_ფრთხილად დამაწვინა საწოლზე და ტანსაცმლის გახდა დამიწყო.
"მომერიდა" თან "შემეშინდა" პირველი ღამის და წამოვუხტი. ერთხანს გაოცებულმა მიყურა, გვიან მიხვდა რაშიც იყო საქმე და ღიმილით დამედევნა. ნომრის კართან მიმიმწყვდია გასვლას რომ "ვცდილობდი". "გავუძალიანდი" მაგრამ ჯანღონით სავსე და ვნებამორეულ მამაკაცს როგორ გავუმკლავდებოდი? მითუმეტეს რომ მისი შეხება და კოცნა მეც უზომოდ მინდოდა. ხელში მსუბუქად რომ ამიყვანა, მეც მჭიდროდ მოვხვიე კისერზე ხელები და ფეხები კიდევ წელზე შემოვაჭდე.
_მაგიჟებ._ვნებამორეულმა ისე წამჩურჩულა, წინააღმდეგობის გაწევის სურვილი მთლად დამაკარგვინა და აკისკისებული საწოლზე რომ დამაწვინა, მაისურის ქვეშ მეც შევუცურე ხელები და ოსტატურად გავხადე.
კირილესი რა ვთქვა, მაგრამ მე კი მართლა მაგიჟებდა მისი სიყვარული და მასთან ფიზიკური ლტოლვა.
*******************************
არაჩვეულებრივი დასვენება გამომივიდა აჭარაში. ორი დღე გადავამეტეთ კიდეც დაგეგმილ დროს და უზომოდ ბედნიერი, კმაყოფილი და რაც მთავარია, უკვე ქმრის გვერდით დავბრუნდი თბილისში. ჩემს ბინაში მოვიწყეთ სიყვარულის ბუნაგი. მის მშობლებთან ცხოვრების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ ასე გადავწყვიტეთ, იყო ამის საშუალება და მარტო ცხოვრება წაგვადგებოდა კიდეც. ქორწილი არ გადაგვიხდია. არც მე მინდოდა ზედმეტი ხარჯები და კირილეც ასე ფიქრობდა. იმ თანხით, რაც ქორწილის გადახდაში უნდა დაგვეხარჯა, ხელი მოვაწერეთ თუ არა, ვენეციაში წავედით თაფლობის თვის გასატარებლად. ასეთი კმაყოფილი ალბათ ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. არაჩვეულებრივი სანახავი იყო ყველაფერი.
მარკო პოლოს აეროპორტიდან პატარა გემით_ვაპორეტოთი ვიმგზავრეთ. ვერ აღვწერ იმ სიამოვნებას, რასაც მე იმ მომენტში განვიცდიდი. სასტუმროში არ დავბინავებულვართ, ბინა ვიქირავეთ და იქ გავჩერდით. კირილემ თავისი იტალიურით ისე გამაოცა, გაოგნებული შევყურებდი როგორ თამამად და თავისუფლად ესაუბრებოდა ყველას. პოპულარული გონდოლით გასეირნება თავიდან არ მინდოდა, რაში უნდა გადავყაროთ ამდენი ფული-მეთქი, მაგრამ ვაღიარებ, რომ ღირდა ამად.
ვენეცია დიდ მუზეუმად აღვიქვი ღია ცის ქვეშ. ყოველ დღე ღირშესანიშნაობებს ვათვალიერებდით. იტალიურ სამზარეულოს ვაგემოვნებდით. შეყვარებული წყვილისთვის მართლაც არაჩვეულებრივია ეს ქალაქი. ცოტა ეჭვიანობამაც დამრია ხელი. თავიდან თითქოს არ ვაქცევდი ყურადღებას, უამრავი ტურისტი გოგონა დაჟინებით და ეშმაკური ღიმილით რომ უმზერდა ჩემს კიკილეს. მასთან ფოტოების გადაღების მსურველებსაც ვპატიობდი როგორღაც, ჰაეროვან კოცნასაც რომ უგზავნიდნენ, მაგაზეც ვხუჭავდი თვალს, მაგრამ ბოლოში მაინც გავჭედე. ჩემს გვერდით იჯდა, ერთად გემრიელად ვვახშმობდით, რომ ერთ ერთი თამამი გოგო მოგვიახლოვდა. რაღაც უთხრა კირილეს იტალიურად. მერე თმაში შეუცურა თითები, გამომწვევი ღიმილით დაიხარა და ტუჩებში აკოცებდა, კირილეს ღიმილით რომ არ მოერიდებინა სახე.
კარბონარით სავსე თეფშს რომ დავწვდი, გამწარებულმა შევაყარე სახეში. ეს არ ვაკმარე, წამოვუხტი საჭმლით დასვრილ გაოგნებულ ლამაზმანს და თმებში ვწვდებოდი, კირილეს რომ არ ემარჯვა და არ გავეკავებინე.
_დაწყნარდი, რა გჭირს?_ხალხის მოერიდა და შევატყე როგორ გაწითლდა.
_შენს გვერდით ორმეტრიან ქალს ვერ მხედავს? თვალში ხომ არ ვეპატარავები მაგას?_უფრო გამაცოფა კირილეს დაჭერამ._თუ ჩემზე ლამაზი გონია თავი და უკან გაეკიდები?
_სირცხვილია, ყველა ჩვენ გვიყურებს._ჩემს დამშვიდებას შეეცადა და სკამზე მიპირებდა ჩამოსმას.
დამსვა კიდეც, მაგრამ ისევ წამოვხტი. უკვე წასულ გოგონას გავეკიდე. რა დამემართა მეც ვერ ვხვდებოდი. გადამეკეტა და ვეღარ ვაზროვნებდი. ისევ კირილემ იმარჯვა, დამიჭირა და კოცნით შეეცადა ჩემს დამშვიდებას. თავიდან ცოტა გავუძალიანდი, მაგრამ ამ საოცარმა დამამშვიდებელმა გასჭრა როგორც იქნა. ხელ-ფეხი წამერთვა და ნებიერად მივლულე თვალები. გული რომ ვიჯერე მისი კოცნით, მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ყველა ტურისტი თუ ადგილობრივი ჩვენ მოგვჩერებოდა ღიმილით. საერთოდაც არ შემრცხვენია, პირიქით, სიამაყის გრძნობით ავივესე, რომ ეს მშვენიერი და არაჩვეულებრივი მამაკაცი ჩემი იყო, მე მეკუთვნოდა და არავის დავუთმობდი ცოცხალი თავით.
_წამოდი, შენს აბობოქრებულ ვნებებს ვუმკურნალოთ და ჩავაცხოთ, თორემ ყველას თვალებს დასთხრი ვინც კი შემომხედავს._კირილემ წელზე მომხვია ხელი და ღიმილით წამიყვანა ჩვენი საცხოვრებლისკენ.
მართლაც და რა მემართებოდა ვერ ვხვდებოდი. ჯერ ეჭვიანი კაცი მითხარი რა არის და ახლა ქალი? ბევრს მითმენდა ჩემი კიკილე. ძალიანაც არ მინდოდა მეეჭვიანა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. თავს ვერ ვერეოდი ვერანაირად. ბინაში მისვლისთანავე, ოთახის კარებიდანვე დაიწყო ჩემი გახდა და გზადაგზა ყრიდა ჩემს ტანსაცმელს. გონს რომ მოვეგე და გავიაზრე, უკვე მთლად შიშველი ვიწექი საწოლში და სიამოვნებით ვეკვროდი მის შიშველ სხეულს.
ვნება რომ ჩაცხრა, ცოტა შემრცხვა. დამნაშავედ ვიგრძენი თავი.
_მაპატიე... არ ვიცი რა მემართება.
_ჩემი ეჭვიანი ცოლი._ღიმილით დაეწაფა ჩემს ტუჩებს._იცი, გიხდება კიდეც ეგ ეჭვიანობა. მე მომწონს... მაგრამ ამაზე მეტად თუ გადახვალ ზღვარს, გისოსებს მიღმა მომიწევს შენი გამომწყვდევა._გაიცინა თავისი მომაჯადოებელი ღიმილით და ისევ დამეწაფა ტუჩებზე...
სამი კვირის მერე დავბრუნდით საქართველოში ზღვა ემოციებით და შთაბეჭდილებებით. პირველ რიგში პაწაწუნა ემა მოვინახულე. მომნატრებია ეს სულელი ბავშვი. გაზრდილი და უფრო საყვარელი მეჩვენა თითქოს. ანასაც უკეთეს თვალზე შევხედე და არც შევმცდარვარ, ორ დღეში სვანეთში მივდივართ დასასვენებლადო, მაუწყა გახარებულმა.
_ძალიან კარგი._გულწრფელად გამიხარდა მეც._ამ სულისშემხუთველ სიცხეს და ყოველდღიურობას რომ გაექცევი ცოტა ხნით მაინც, ეგეც კარგია. ვისი მოფიქრებაა?
_ბაჩოსი... ძალიან შეცვალა ემას დაბადებამ. იცი, გამომიტყდა, თავს ვერ ვპატიობ ამის მოშორებას რომ გთხოვდიო. შემეცოდა. ისეთი გულწრფელი და საცოდავი იყო. ახლა კი მასზე ამოსდის მზე და მთვარე.
_რატო არ ეყვარება, კოპიო ბაჩოა._ხელში შევათამაშე და ავახითხითე ემა.
_რომ არ ჰგავდეს არ ეყვარებოდა?_უცბად დასერიოზულდა ანა.
წამიერად მეც დავიბენი. ნეტავ, მართლა, ანას რომ ჰგვანებოდა, ეყვარებოდა?
_რა სისულელეს მეკითხები? თავისი ნაშრომია და ეყვარებოდა მაშ რა იქნებოდა?_შევუბღვირე.
ანას დედამთილმა ყავაზე და ტკბილეულზე დაგვპატიჟა მისაღებ ოთახში. სიამოვნებით მივირთვით და გვარიანადაც ვიჭორავეთ. იტალიის ამბები ზედმიწევნით მოვუყევი რძალ-დედამთილს, რომლებიც გულისყურით მისმენდნენ. იმდენი ვილაპარაკე, პირი ავიქაფე. ქმარმა რომ მომაკითხა, უკვე კარგად ვიყავი დაღლილი ლაპარაკით. სახლში გასვლას ვაპირებდით, ბაჩოც რომ მოვიდა. აღარ გამოგვიშვეს და ქართულ სამზარეულოს მოვულხინეთ. ქვისლები, რომლებმაც ერთ დროს მუშტიკრივით გაიცნეს ერთმანეთი, ისე ტკბილად საუბრობდნენ, შემშურდა კიდეც. გვარიანად გამოთვრა ჩემი ქმარი. მართალია მართვის მოწმობა არ მქონდა აღებული, მაგრამ მაინც მე მივუჯექი საჭეს და სახლში წამოვიყვანე ჩემი მთვრალი კიკილე. რაც მთავარია, საგზაო წესები არ დამირღვევია და პატრულს არ მოვხვედრივარ თვალში. ვერიკოს გამშვებ პუნქტს კი ვერ ავცდით ვერანაირად, რომელიც სადარბაზოს წინ შეგვეჩეხა, ეჭვით შეგვათვალიერა ხელგადახვეული წყვილი. ცალყბად მივესალმე და გვერდი ავუქციე.
_რა სჭირს, ცუდად არის?_ვითომ ძალიან შეწუხდა.
_ვითომ რატო უნდა იყოს ცუდად?_შევუბღვირე და ვაგრძნობინე, რომ თავი დაენებებინა ჩვენთვის.
ლიფტით ასვლა არ მოისურვილა მთვრალმა, ფეხით ავიდეთო და მეც დავთანხმდი. სვენებ-სვენებით ავაღწიეთ მეექვსე სართულამდე. ჩემი "გალეშილი" ქმარი ძლივს შევიყვანე ბინაში, მერე საძინებელში, საწოლზე მივაწვინე და ტანსაცმელი გავხადე. ისე მესიამოვნა მასზე ზრუნვა, ღიმილს ვეღარ ვიკავებდი. მთელი ოთახი ალკოჰოლის სუნით რომ აყროლდა, ეგ კი არ მესიამოვნა უკვე და წამომაზიდა კიდეც, თუმცა თავის შეკავება შევძელი და ფანჯრები გამოვაღე ოთახის გასანიავებლად. კირილეს მალევე დაეძინა და მისაღებში ტელევიზორის წინ მოვკალათდი. კლეოპატრაც ამომიხტა, რომელიც ჩემს მუცელზე მოკალათდა ნებიერად და მაშინვე აკრუტუნდა საყვარლად. კირილესავით მანაც მალე დაიძინა.
კარგა ხანს ვიჯექი ტელევიზორის წინ და დიდი ინტერესით შევყურებდი ფერად ეკრანს, სადაც საინტერესო ფილმი გადიოდა სიყვარულზე. მერე, ჯდომით რომ დავიღალე, დივანზე გადავინაცვლე. ფილმის ყურებაში ისე ტკბილად ჩამეძინა, ვერაფერი გავიგე. დილით თვალი რომ გავახილე და კირილეს გვერდით საწოლში ვიწექი, მესიამოვნა. როდის გადამიყვანა, მართლა არ გამიგია.
_გაიღვიძე ჩემო პრინცესა?_გადმოიხარა და კოცნა დამიპირა, მაგრამ ალკოჰოლის სუნი ასდიოდა ისევ და კვლავ წამომაზიდა._ბოდიში, ისევ ღვინის სუნი ამდის?_მომიბოდიშა და პირი მომარიდა.
არასდროს მქონია ასეთი რეაქცია ალკოჰოლზე, ცოტა დავეჭვდი. გონების თვალით ჩემი ციკლის პერიოდს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ ორი თვე იყო ზუსტად გასული ბოლო მენსტრუაციიდან. გამიხარდა, მაგრამ კირილესთვისარაფერი მითქვია. ტკიპასავით მივეკარი და თავი მის მკერდზე დავდე. ასე გავიტრუნე ახალი აღმოჩენით გახარებული.
მთელი დღე კირილე სახლში იყო და გარეთ არ გასულა, ნაბახუსევს თავი სტკიოდა. არა და ერთი სული მქონდა სადმე წასულიყო, რომ აფთიაქში გავქცეულიყავი და ტესტი მეყიდა. ვხვდებოდი, რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ გადამოწმება მაინც მინდოდა. სანამ მე თვითონ არ დავრწმუნდებოდი ამაში, მანამდე არ ვაპირებდი თქმას.
შუადღე გადასული იყო, იაგო რომ გვესტუმრა. კირილე სახლში რომ დაუხვდა, გაუხარდა.
_შენთან მქონდა ისედაც საქმე. დახმარება მინდა.
ჩემს ქმარს უკვე ისე ვიცნობდი ხუთი თითივით, მივხვდი არანაირი სურვილი არ ქონდა რაიმე საქმის კეთებისა, მაგრამ ცოლისძმას ხათრს ხომ ვერ გაუტეხავდა? ნაძალადევი ღიმილით დაამშვიდა, რა პრობლემაა, გამოუშვი რა საქმე გაქვსო.
_აქვე ვარ გაჩერებული, სათადარიგო დამეშვა, ვულკანიზაციაში მინდა გაყვანა.
შევატყე როგორ შვებით ამოისუნთქა, დახმარებაში ვინ იცის რა დახმარება იგულისხმა და აშკარად გაუხარდა ეს მცირედი.
_წამო, გამიყვანე მაშინ და რომ მოვალთ, ჟანა ყავას დამალევინებს ალბათ, მაშ რას იზავს?_გამიცინა იაგომ და ღაბაბზე მომითათუნა მაზუთიანი თითები.
ესეც ასე, საქმეც გაიჩარხა. ფანჯრიდან დავზვერე, სანამ ბიჭები თვალს მიეფარებოდნენ და მაშინვე თავპირისმტვრევით გავვარდი გარეთ. ლიფტი დაკავებული იყო და ექვსი სართული ისე ჩავირბინე ფეხით, არ ამომისუნთქია. სადარბაზოდან გამავალს, ვერიკო შემეფეთა, ძაღლს რომ პურს მიუგდებენ და გააჩუმებენ, აი ზუსტად მასე მივუგდე გამარჯობა და ყველაზე ახლო მდებარე აფთიაქს მივაშურე. იმდენი ხალხი იყო, გული შემიწუხდა. მეორე აფთიაქს მივაშურე. იქ შედარებით გამიმართლა, მესამე კაცი ვიყავი. მოთმინებით დაველოდე ჩემს რიგს და როგორც იქნა მეღირსა კიდეც.
_ორსულობის დასადგენი ტესტი მინდა._ჩურჩულით ვუთხარი თეთრ ხალათში გამოწყობილ ახალგაზრდა ფარმაცევტს.
სანამ მომაწვდიდა და ფულს გადავუხდიდი, მეგონა წლები გავიდა. აფთიაქიდანაც ფეთიანივით გამოვვარდი და პირდაპირ სახლისკენ გავეშურე. ლიფტი ისევ დაკავებული დამხვდა. ლოდინი არც ახლა დამიწყია და ახლაც შეუსვენებლივ ავირბინე კიბეები. ბინაში შევედი თუ არა, მაშინ ვიგრძენი დაღლა. მიხურულ კარს მივეყრდენი და აჩქარებულ გულზე ხელი მივიჭირე, თითქოს ასე ვაპირებდი მის დამშვიდებას. ყურებში საშინელი შუილის ხმა მესმოდა და ჰაერიც არ მყოფნიდა. ენაგადმოგდევული ძაღლივით ვქაქანებდი. ჩემს ჯიბეში ტელეფონი რომ აწკრიალდა, შევკრთი.
კირილე იყო.
შეძლებისდაგვარად დავიმშვიდე აფორიაქებული გული და რაც შემეძლო გავინაზე ხმა:
_გისმენ ძვირფასო.
_ცოტა შეგვაგვიანდება და არ ინერვიულო, კარგი?
_რა ხდება, ხომ მშვიდობაა?_კი გამაფრთხილა არ ინერვიულოვო, მაგრამ მაინც ავღელდი.
_ხო, საყვარელო, ისეთი არაფერი. ქალაქგარეთ გვიწევს გასვლა. როგორცვე მოამთავრებს საქმეს, მაშინვე დავბრუნდებით. გაკოცე._ეს გაკოცე ჩურჩულით მითხრა, ალბათ იაგოს რომ არ გაეგო.
გამეღიმა. მეც ხმაურიანად ჩავუწრუპუნე ყურმილში და მისი სიცილის ხმა რომ გავიგონე, პატარა ბავშვივით გამიხარდა.
_ესეც ასე,_ტელეფონი გავუთიშე თუ არა, კმაყოფილმა შემოვკარი ტაში._ახლა კი მშვიდად ჩავიტაროთ ჩვენი ტესტი.
საპირფარეშოში შევედი და გულისფანცქალით დაველოდე ტესტის შედეგს. თვალდახუჭული კარგა ხანს ვიჯექი უნიტაზზე, ვერ ვბედავდი დახედვას. არ ვიცი, ალბათ იმედგაცრუების მეშინოდა. მაგრამ როდემდეღა ვიჯდებოდი? ხო და მეც ნელ-ნელა გავახილე ჯერ ერთი და მერე მეორე თვალი. ურეაქციოდ დავყურებდი ერთხანს დადებით პასუხს. მერე კი იმხელა შევკივლე, მე თვითონ შემეშინდა. ახლა კი კირილეს რეაქცია მაინტერისებდა, მაგრამ ჯერ როგორ მეთქვა იმისი გეგმა უნდა შემემუშავებინა. ჩემი სიხარული ვინმესთვის რომ არ გამეზიარებინა, გავგიჟდებოდი. ანას დავურეკე. მიპასუხა თუ არა, მაშინვე ვახარე.
_მალე დეიდა გახდები და მოემზადე.
_მართლაა, რა მაგარიაა!_ამან ჩემზე მაღალ ხმაზე შეჰკივლა._კირილემ რაო?
_ჯერ არ მითქვია, ახლახანს ჩავიტარე ტესტი. საღამოს ვეტყვი. გაუხარდება...
საღამომდე დრო როგორ გამეყვანა, აღარ ვიცოდი. იმ გეგმასაც ვამუშავებდი, როგორ მეთქვა. დარწმუნებული ვიყავი, გაუხარდებოდა და წინასწარ მიხაროდა მისი სიხარული. ძალიან მტანჯველი გამოდგა ლოდინი, სანამ კირილე და იაგო მოვიდოდნენ. როგორც წინასწარ შეკვეთა მომცა ჩემმა ბიძაშვილმა, ყავა დავადგი. ხილის გავრეცხე, ნამცხვარიც დავჭერი და ტკბილეულის სუფრას მივუსხედით. ენას კბილს ვაჭერდი, რომ ჩემი ორსულობის შესახებ იაგოს თანდასწრებით არ მეთქვა ჩემი ქმრისთვის. არ ვიცი, დიდხანს დარჩა იაგო, თუ მე მომეჩვენა, უკვე ნერვები მღალატობდა. ცოტაც და კივილს დავიწყებდი უკვე, ღიმილით რომ დაგვემშვიდობა და წავიდა.
გავიცილე თუ არა, კირილეს მივვარდი და კისერზე ჩამოვეკონწიალე.
_არ გინდა ახალი ამბავი გითხრა? ორსულად ვარ._პასუხს არ დავლოდებივარ, ისე მივახალე და საკოცნელად ავიწიე ფეხის წვერებზე.
_რა?_ისე გაუკვირდა შევკრთი.
ხელები ცივად გამაშვებინა და დაქრუშული სახით შემომხედა.
_მერე რა გიხარია? ეგ ბავშვი გინდა?
ელდა მეცა. დავმუნჯდი. ერთ ადგილზე გავქვავდი და საწყალობლად ავაფახულე თვალები.
_რაა? მეგონა გაგიხარდებოდა... შენ არ გინდა ეს ბავშვი?
ისეთი შუბლშეკრული მიყურებდა, შემეშინდა. ხმელეთზე ამოვარდნილი თევზივით უმწეოდ ავამოძრავე პირი, ვერაფრის თქმას ვეღარ ვახერხებდი. არა და რამდენი რამ მქონდა სათქმელი.
_ფულს მოგცემ და ექიმთან წახვალ მოსაშორებლად. ჯერ მამობისთვის მზად არ ვარ. ვერც შენ გაზრდი მაგ ბავშვს დარწმუნებული ვარ...
_არსადაც არ წავალ, თავდაყირაც რომ დამკიდო, მე ამ ბავშვს არ მოვიშორებ და გინდა თუ არ გინდა, მაინც გავაჩენ._ისე მტკიცედ ვუთხარი, მე თვითონ გამიკვირდა ჩემი სიმტკიცე. თან თავი ძლივს შევიკავე ცრემლები რომ არ წამომცვივნოდა.
არ მეგონა კირილეს ჩემი ორსულობის ამბავი თუ არ გაუხარდებოდა და წინააღმდეგი წავიდოდა გაჩენისა. ვიკავე, ვიკავე თავი და ბოლოს მაინც ისტერიული ტირილი ამიტყდა. კირილემ ერთხანს სერიოზული სახით მიყურა, მერე ღიმილი მოერია სახეზე.
_მოდი ჩაგეხუტო. გეხუმრე._ რაც შეეძლო მჭიდროდ ჩამიკრა გულში._დაწყნარდი. მეც ძალიან გამიხარდა ეგ ამბავი.
ერთი რახან ავღრიალდი, დაწყნარება გამიჭირდა. ისე მოვთქვამდი, პატარები რომ ჭირვეულობენ ხოლმე. ლამის გული ამოვიგდებინე. კირილე აშკარად შეაშფოთა ჩემმა რეაქციამ.
_გეხუმრე, საყვარელო. ყველაზე მეტად შენგან შვილის გაჩენა გამიხარდება. არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა._მეფერებოდა და მკოცნიდა, მაგრამ მე ჩემ ჭკუაზე აღარ ვიყავი უკვე.
როდის როდის, როცა უკვე დავიღალე სლუკუნით, ცოტა ჩავწყნარდი. გამეტებით დავუშინე საცოდავ კირილეს მუშტები, რომელიც უკვე გვარიანად შეშფოთებული მიყურებდა.
_ბოდიში, საყვარელო. მართლა გამიხარდა შენი ორსულობის ამბავი. გეხუმრე. მართლა არ მეგონა ასე თუ განიცდიდი._ჩემი ხელში აყვანა შეძლო და პატარა ბავშვივით გამარწია._დაწყნარდი, გთხოვ.
_დამსვი. აღარ გელაპარაკები იცოდე. ხმა არ გამცე. გამიხეთქე გული.
_როგორ იფიქრე, რომ შვილი არ მენდომებოდა? ბაჩოს ამბავი ისე განვიცადე, ლამის გავგიჟდი და მე უარს ვიტყოდი შვილზე._დივანზე ფრთხილად დამსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა._ რამდენი ხნის ორსული ხარ?_თვალებზე ჩამოშლილი თმა ფრთხილად გადამიწია და საკოცნელად დაიხარა.
თავი მოვარიდე.
_არ მომეკარო. არ გელაპარაკები._ისეთი თვალებით შევხედე, დაიბნა.
_გთხოვ, დაწყნარდი რა. რამდენჯერ მოგიხადო ბოდიში?_ისევ მომხვია ხელები და ჩამიხუტა.
გავირინდე. მესიამოვნა მისი ჩახუტება. მის გულის ფეთქვას ვგრძნობდი, აშკარად აფორიაქებული რომ ქონდა ჩემი ისტერიკის შემხედვარეს. მის სურნელს ვგრძნობდი, თავბრუს რომ მახვევდა და საოცრად მამშვიდებდა. მეც მოვხვიე ხელები და რაც შემეძლო მჭიდროდ მივეკარი, თან თავი მის გადაღეღილ მკერდში ჩავრგე.
_მეორედ აღარ გამიბედო ასეთი სისულელე. ლამის გული გამისკდა, მე სერიოზულად მეგონა...
_ჩემო სულელო. უზომოდ ბედნიერი ვარ შენი ორსულობით. ასეთი კარგი ამბავი ჩემს ცხოვრებაში არ გამიგია. მიხარია, რომ მშობლები გავხდებით. უზომოდ მიყვარდი და ახლა უკვე ორმაგად მიყვარხარ._ცრემლები თითებით მომწმინდა და ნაზად მაკოცა.
როგორც იქნა მეც დავმშვიდდი. ფეხები ავიკეცე, თავი მის კალთაში ჩავდე და ასე გავიტრუნე. მგონი კლეოპატრასავითაც ავკრუტუნდი კიდეც. კირილე კი მშვიდად იჯდა და ჩემს თმებში ურევდა თითებს. ისე მსიამოვნებდა, ძილიც კი მომერია და ჩამეძინა. ოღონდ ფხიზლად, ძილ-ღვიძილში ვიყავი. ბედნიერი ვიყავი, რომ საყვარელი მამაკაცი გვერდით მყავდა და მალე მისგან შვილიც მეყოლებოდა.
*********************
ანასგან განსხვავებით ისეთი საშინელი ორსულობა მქონდა, მე თვითონ მძულდა ჩემი თავი ამდენი ჭირვეულობის გამო. ერთ წუთას რომ ბანანს დიდი სიამოვნებით ვჭამდი, მეორე წუთს დასანახად ვერ ვიტანდი. ხან მარწყვი მინდოდა, ხან ატამი, ხანაც მოხარშული სიმინდი. ბენზინის სუნზე ხომ საერთოდ ვაფანატებდი. პატარა ბოთლით მედგა საწოლის გვერდით და როცა წამომივლიდა ჩემი უცნაურობა, დიდი სიამოვნებით ვყნოსავდი. სამსახურშიც, სანამ დეკრეტში გავიდოდი, ჩემს გიჟურ ახირებებს ვავლენდი. არც ერთი თანამშრომელი არ დამრჩა გამოულანძღავი თინოს ჩათვლით. რას ვემართლებოდი, თვითონაც არ ვიცოდი: ზოგს გამოხედვას ვუწუნებდი, ზოგს ლაპარაკის მანერას, ზოგსაც სიცილს. მოკლეთ, ისეთი აუტანელი გავხდი, ყველა მერიდებოდა. საწყალი კირილე კი მითმენდა, მეტი რა გზა ქონდა? მისი საყვარელი ქალი ვიყავი და მუცლით მის ბიჭს ვატარებდი, რა უფლება ქონდა არ აეტანა და მოეთმინა ყველაფერი?
ორსულობა რატოა ასეთი სასწაული და საოცარი რამ, ვერ ვხვდები. ისედაც ეჭვიანი და აუტანელი ვიყავი და უარესი გავხდი, ჭირვეულიც და პრეტენზიულიც. მომატებითაც თოთხმეტი კილო მოვიმატე და ეს ცალკე მაგიჟებდა. სარკეში ჩემს დამრგვალებულ მუცელს რომ ვხედავდი კი მომწონდა, მაგრამ სიარული მიჭირდა უკვე, ჩემებურად ფეთიანივით ვეღარ დავრბოდი და ესეც მაშფოთებდა. მოკლეთ, რაც კი რამ ცუდი თვისებები მქონდა ხასიათში, გამიორმაგდა კი არა და გამიათმაგდა. ჩემი თავი მე თვითონ მეზარებოდა...
კესოს დაბადების დღე იყო და იქ ვიყავით მე და კირილე. სხვათაშორის კარგად მოვილხინე. ქალმა შალახოც კი ვიცეკვე. შუა ქეიფში და დროსტარებაში ვიყავით, უმნიშვნელოდ რომ დამიწყო მუცელმა ტკივილი. წავუყრუე. ერთხანს კი გავუძელი, მაგრამ მერე და მერე პერიოდულად დამიწყო წამოვლითმა ტკივილებმა და მაშინ კი შემოვკარი განგაშის ზარებს. ჩემზე მეტად შეშფოთებულმა კირილემ პატარა ბავშვივით დამავლო ხელი და მანქანაში ისე ჩამსვა, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი. შეზარხოშებული სუფრის წევრები პატარა კესოს თამადობით ჩემი გულშემატკივრები იყვნენ. სამშობიარო ბლოკში რომ შემიყვანეს და კირილეს ცხვირწინ მიუხურეს კარები, მაშინ კი ავღრიალდი პატარა ბავშვივით შიშისგან.
მშობიარობამ გართულების გარეშე ჩაიარა. მაგრამ როგორც მეშინოდა, ისეთიც არ აღმოჩნდა. ვაჟკაცურად გავუძელი ყველაფერს. საათნახევარში უკვე ჩვენი ბიჭი მეჭირა ხელში და ძუძუს ვაწოვებდი. რაღაც სასწაული გრძნობა მეუფლებოდა ამ პაწაწინა არსების მიმართ, რომელიც ისე მგავდა, თითქოს მე ვიყავი დაპატარავებული. ღმერთმა ყველას გამოაცდევინოს დედობა და შვილის უპირობო სიყვარული.
კირილე სანახავად რომ შემოვიდა, ერთხანს ერთ ადგილზე გაშეშებული იდგა და ისე შემოგვყურებდა დედა-შვილს. მისი გამოხედვა დღემდე მეხსიერებიდან არ ამომდის. უსაზღვრო სიყვარული, სიხარული და ბედნიერება იკითხებოდა მის თვალებში. მერე მოვიდა და ორივე გულში ჩაგვიკრა.
_ჩემო საფიცრებო, რა სიყვარულები ხართ._თან გვეფერებოდა და გვეჩურჩულებოდა.
ბევრჯელ გამიგია, შვილი გააჩინა და გააშვილაო... მამამ მიატოვაო... დედამ ურნაში ჩააგდოვო... რა სისაძაგლე და სისასტიკეა. ღმერთო, არავის განვსჯი, მაგრამ... საკუუთარი შვილი, რომელიც ცხრა თვე მუცლით ატარე. მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძნობდი შენს სხეულში. მის ყოველ მოძრაობაზე მძინარე იღვიძებდი და გააჩინო და ურნაში ჩააგდო? გაშვილებაზე შეიძლება კიდევ დახუჭო ადამიანმა თვალი: არ გაქვს საშუალება, შენს შვილს მომავალს ვერ შეუქმნი და მშიერ-მწყურვალის ყოლას გაშვილება ამჯობინე, მაგრამ გააჩინო და მერე გადააგდო, იმ დედას გამართლება აქვს ვითომ? არაფრის დიდებით არ დავთმობ მე ჩემს შვილს. ჯერ კიდევ დაბადებამდე მიყვარდა და ახლა რომ ვხედავ, ვეხები, მის სურნელს ვგრძნობ, როგორ უნდა შეველიო?
კირილე ხომ მთლად გადარეული მამა იყო. მითუმეტეს რომ გვარის გამგრძელებელი ყავდა. დედმამიშვილებიდან პირველი ბიჭი მას შეეძინა და მართლაც რომ გადარეული იყო სიხარულით.
ხასიათი ნელ-ნელა გამომისწორდა. თუმცა, ეჭვიანობას ვერ ვუხერხებდი მაინც ვერაფერს. მართალია, ხმამაღლა არაფერს ვეუბნებოდი კირილეს, მაგრამ მაგიჟებდა იმის გაფიქრება, რომ სამსახურში ქალების გარემოცვაში იყო. შეძახილმა ხე გაახმოვო, არ მინდოდა ასე მომხდარიყო. ერთხელაც ამოუვიდოდა ჩემს კიკილეს ყელში ჩემი საშინელი ეჭვიანობები და იქნებ მართლაც გაეჩინა ვიღაც. ხო და ამიტომ გატრუნული ვითმენდი ყველაფერს.
მერე, ძიძა ავუყვანეთ ჩვენს დაჩის და მეც გავედი სამსახურში. სოფიო ძალიან კარგი პიროვნება გამოდგა. ყველაფერს გულით და სიყვარულით აკეთებდა. ჩვენს ბიჭს არაფერს აკლებდა, საკუთარი შვილივით უვლიდა.
ანას მეორე შვილიც შეეძინა. ბაჩოსაც ყავდა უკვე გვარის გამგრძელებელი ნიკუშა.
ჩვენმა საყვარელმა ლამარა ბებომ ოთხმოცი წლის ასაკში დაგვტოვა. სამ შვილთაშვილს მოესწრო და ბედნიერი და სიცოცხლის წლებით მძღარი წავიდა იმქვეყნად. იაგოს ჩემი თანამშრომელი ფიქრია შეუყვარდა და იმდენი ვქენით, ფიქრიასაც მოვაწონეთ ჩემი გადარეული ბიძაშვილი. მათ კი მართლა დიდი ქორწილი გადაიხადეს. საოცრად ლამაზი პატარძალი იყო ფიქრია. ისეთი, ორი თვალი მომცა და მაყურებინაო. ქორწილმა აყალმაყალის გარეშე ჩაიარა. ალალ კაცს ყველაფერში უმართლებს, რადგან უფალი არასდროს გასწირავსო. ალბათ მართლაც ასეა...
ვერ ვიტყვი რომ ანგელოზი ვარ, არანაირი დანაშაული ან ცოდვა არ მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობ ალალი ვიყო და უფლის მოშიში. ქმარი უზომოდ მიყვარს, პატივს ვცემ და ვზრუნავ მასზე. შვილი ორმაგად მიყვარს, მისი და ჩემი სიცოცხლის გაგრძელებაა. ანა ჩემი ჯიგარია და მისი შვილებიც. ისინიც უზომოდ მიყვარან. იაგო და ფიქრიაც ეტევიან ჩემს გულში. ვერ დავიკვეხნი, რომ ყველას სიყვარული შემიძლია-მეთქი. ხათოს დღემდე ამრეზით ვუყურებ და ვერ ვიტან მის უაზრო გამოხტომებს. ვერც ვერიკოს ეჭვით სავსე მზერას ვიტან და ვერც მის გამოგონილ ამბებს. ვენერას საუბარი თავის შიოზეც მაღიზიანებს, მაგრამ მაინც თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ. კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. ჯერჯერობით მარტო ერთი შვილი გვყავს და მასზე ვართ ორიენტირებულები მე და ჩემი ქმარი, მაგრამ სამომავლოდ ორ სხვა შვილსაც ვგეგმავთ. უფლის იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
(დასასრული)



№1 სტუმარი Елка

Тквени новелеби квела момцонс. Царматебебс гисурвебт.

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

Елка
Тквени новелеби квела момцонс. Царматебебс гисурвебт.

დიდი მადლობა
--------------------
მშვილდოსანი

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი ტკბილი და თბილი დასასრულით მადლობა წარმატებები ????

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ნესტანი
კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი ტკბილი და თბილი დასასრულით მადლობა წარმატებები ????

გაიხარეთ, დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 


№5 სტუმარი სტუმარი megı

dzalıan macden????vmuhaobbbb.???? vıckeb da vamtavreb????????

 


№6  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყო♥️♥️

 


№7  offline წევრი ელეო ნორა

TamoTi
ძალიან კარგი იყო♥️♥️

მადლობა
--------------------
მშვილდოსანი

 


№8  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი megı
dzalıan macden????vmuhaobbbb.???? vıckeb da vamtavreb????????

????????????????
--------------------
მშვილდოსანი

 


№9 სტუმარი სტუმარი ინგა

სასწაული ხარ ელე❤ძალიან კარგი იყო

 


№10  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ინგა
სასწაული ხარ ელე❤ძალიან კარგი იყო

❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent