შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განშორება და შეყრა 1


3-04-2021, 22:45
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 123

შემოდგომის ერთ ცივ და წვიმიან ღამეს კიდევ უფრო ცივი და შემაძრწუნებელი კადრები გადიოდა ჩემი თვალების წინ. სამსახურიდან დაბრუნებულმა სახლის კარი შევაღე და უენერგიოდ მივესვენე საწოლს. მუცელი შიმშილისაგან ძრწოდა, მე კი ჭამის ენერგიაც არ მქონდა, მინდოდა დამეძინა და შემდეგი დღე მთლიანად საწოლში გამეტარებინა, თუმცა უეცრად გონებამ ნათელი სხივი შემოაგდო და ლევანი გამახსენა.
-ნეტავ რას აკეთებს? - გავიფიქრე და საწოლიდან ტელეფონის ასაღებად წამოვიწიე. მაშინვე მთელი სხეული ამტკივდა, თუმცა მაინც წამოვწიე ტანი - ერთი საათი გავიდა, რაც ბოლო ესემესი მომწერა, როგორც ჩანს ისიც დაიღალა და ჩაეძინა.
ავდექი. სამზარეულოში შევედი და მაცივრიდან წინა დღით გაკეთებული ქათმის სალათი გამოვიღე. ერთი-ორი ლუკმა გადავყლაპე, ცოტა აზრზე მოვედი და ლევანს დავურეკე. ზარი გადიოდა, თუმცა არავინ მეხმიანებოდა ტელეფონის მეორე მხრიდან. ცოტათი ავნერვიულდი, მაგრამ მაშინვე დავიწყნარე თავი : ყველაფერი კარგად არის, მართა, ნუ იცი ზღაპრების შეთხზვა. შენ მეზღაპრე არ ხარ, იყავი რეალისტი!
გამხნევებამ არ მიშველა, მაინც ნემსებივით მერჭობოდნენ გულში შავ-შავი ფიქრები. ამიტომაც, ავიღე მანქანის გასაღები და მასთან წავედი. გზაში რადიო ჩავრთე, სადაც ნელი მელოდია ღიღინებდა, გარეთ წვიმდა, ამიტომ მეც ნელ-ნელა მივუყვებოდი სველ ასფალტს. ლევანი ჩემი სახლიდან ნახევარი საათის გზაზე ცხოვრობდა, იმ დღეს კი ორმოცდახუთ წუთზე მეტი დამჭირდა იქ მისასვლელად, თითქოს არც კი მინდოდა, რომ მივსულიყავი.
მანქანა ეზოში დავაყენე და ლიფტი გამოვიძახე. მეშვიდე სართულზე ლიფტის კარი გაიღო და მეც გამოვედი. ზარი დავრეკე.
ნაბიჯების ხმა.
საკეტის გადატრიალება.
-მართა? - შეცბუნებული ლევანი და კარის მოჯახუნების ხმა.
-როგორ ხარ, ლევან? - ეჭვმა სახის მიმიკებში გადაინაცვლა და ხელები ამითრთოლა - ერთი საათია არ მოგიწერია, გეძინა? - მაინც გულუბრყვილოდ ვიკითხე.
ნაბიჯების ხმა.
საკეტის ჩამოწევა.
-ლეო, ვინ არის? - კარებში ნახევრად შიშველი ქალი გამოვიდა.
გავიყინე. სიცივე ფეხებიდან დაიწყო და თვალებშიც ჩაისადგურა. ხან ქალს, ხან კიდევ ლევანს ვუყურებდი და თვალების დახუჭვასა და დაძინებაზე ვოცნებობდი. რეალობის გაქრობა მინდოდა. ლევანი წინადადებებს ერთმანეთს ძლივს აბამდა, ტუჩების მოძრაობით ვხვდებოდი, რადგან ყურებში მხოლოდ გაფუჭებული რადიოს ხმა ჩამესმოდა, ხან თავში ხელს წაიშენდა, ხანაც მე შემანჯღრევდა, ხანაც კი იმ ქალს კიბეებისკენ მიუთითებდა.
ორი ბანიჯი უკან გადავდგი და ლიფტის ღილაკს მივაჭირე ხელი. ისევ ლევანს ვუყურებდი.
-მართა, არ წახვიდე, ყველაფერის ახსნა შემიძლია.
მისი სიტყვები ისეთივე ამაო იყო, როგორიც ჩემი იქნებოდა, ამიტომ ხმა არ ამომიღია. ლიფტში შევედი და კარების დაკეტვამდე თვალი არ მოიშორებია ლევანისთვის.
კარი დაიხურა და მხოლოდ მაშინ გავიაზრე ყველაფერი, უფრო სწორად ვცადე გამეაზრებინა. ყოველთვის ძალიან მტირალა ვიყავი, ახლაც ასე ვარ. ემოციები ხშირად ძალიან მოქმედებენ ჩემზე, თუმცა იმ შემოდგომის ღამეს მხოლოდ ცა ტიროდა, ჩემი თვალები უდაბნოს ქვიშასავით მშრალი იყო.
***
ჩემი და ლევანის სიყვარული, თქვენთვის მოთხრობილი ღამიდან ხუთი წლით ადრე დაიწყო. მაშინ მე თვრამეტის, ლევანი კი ოცი წლის იყო.
-მართა, როგორ ხარ? - ტელეფონში ჩემი საუკეთესო მეგობრის ხმა გაისმა.
-თავად როგორ გიკითხო, იუბილარო?
-კარგი რა, არ გამახსენო, ვერაფერს ვაკეთებ დღეს და ნერვები მაქვს მოშლილი - მიზეზი დედამისის უარი იყო ვერ აღებული სტიპენდიის გამო.
-სადმე მაინც არ გავიდეთ?
-მაინც სად? გაქვს რაიმე იდეა?
-ჰმმ... ჩემთან ხომ არ ამოხვიდოდი და ორი მეგობრის წამოყვანის უფლებაც გექნებოდა - სიჩუმე ჩამოვარდა- ლეკა, მხოლოდ ორის.
რა თქმა უნდა, შემოთავაზებაზე დამთანხმა და ნახევარ საათში ლეკა ჩემთან გაჩნდა ტანსაცმელებით სავსე დიდი ჩემოდნით.
-ის მაინც მითხარი ვინ მოდის - დეკორაციების გაწყობის შემდეგ ვიკითხე და ღუმელში გამოსაცხობად შედებულ ნამცხვარს შევხედე.
-თომა და მისი მეგობარი დავპატიჟე, გთხოვ არ გაბრაზდე, ხო იცი როგორ მომწონს თომა, მომწონს კი არა მიყვარს - პატარა ბავშვივით ხტუნავდა და ფრიალებდა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი.
სწორედ თომას მეგობარი აღმოჩნდა ლევანი და ამ დღიდან დაიწყო ჩვენ შორის რაღაც ქიმია. ქიმია, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდა.
ლეკას და თომას ამბავი მალევე კრახით დასრულდა, მიუხედავად ბავშვური და წრფელი სიყვარულისა მათ შორის არსებულმა უამრავმა ბარიერმა საბოლოოდ დააშორა ისინი. ჩემი და ლევანის სიყვარული კი ბარიერებითა და პატარ-პატარა გაუგებრობებით უფრო ძლიერდებოდა და ფესვებს იდგამდა. იმ პერიოდში ძალიან გულუბრყვილო ვიყავი, ადამიანებს იმდენად ღრმად ვუშვებდი ჩემში, რომ ნებას ვაძლევდი სუროსავით შემომხვეოდნენ და ბოლომდე გავენადგურებინე კიდეც. რომ არა სწორედ ეს მავნე ჩვევა, ადამიანების ღრმად შემოსვლისა ჩემს ცხოვრებაში, მე ბევრად უფრო მარტივად გადავიტანდი ლევანთან განშორებას.
***
იმ ღამით სახლში ვერ მივედი. წარმოგიდგენიათ ხუთი წლის განმავლობაში რამდენი მოგონება დამიგროვდებოდა ლევანთან ერთად ჩემს პატარა ბინაში? რამდენჯერ გაგვიკეთებია საჭმელი ერთად, რამდენჯერ კარაოკე ხმის ჩახლეჩვამდე გვიმღერია, რამდენჯერ ერთად გვძინებია ჩემს საწოლში. ამ სახლში გვინახავს ოსკაროსანი ფილმები, გვითამაშია სხვადასხვა თამაშები, გვიოცნებია და გაგვიზიარებია ერთმანეთის შორეული მიზნები. ეს სახლი ინახავდა ყველაფერს, რაც მასთან მაკავშირებდა. საძინებლის ერთი კედელი მთლიანად სავსე იყო ჩვენი ფოტოებითა და იმ ბილეთებით, სადაც კი ოდესმე წავსულართ. იქვე მქონდა მისი ნაჩუქარი ნივთების კუთხე. უამრავი ტანსაცმელი, რომელიც მას ძალიან უყვარდა. მე კი არ შემეძლო ამ მოგონებების კორიანტელში შესვლა, რადგან უკან გამოსლა ბევრად გამიჭირდებოდა.
ერთადერთი წასასვლელი ლეკას ბინა იყო, რომელიც დროებით დაკეტილი ჰქონდა, მე კი გასაღები ჩემს გასაღებებთან ერთად მეკიდა, ამიტომ მის სახლში მივედი.
ტანსაცმელიანა შევწექი საწოლში და დავიძინე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გამოძინება, რადგან ერთიანად მოვწყდი რეალობას და გავითიშე. რასაც ვერ ვიტყვი ამ ძილიდან გამოფხიზლების მომენტზე, როდესაც თვალების გახელისთანავე რეალობა გეტაკება და ოდნავ წამომდგარს უკან განარცხებს. ამ დროს ყველაზე კარგი ვარიანტია ფეხზე წამოდგეთ, ხელში დიდი ფარი აიღოთ და თქვენკენ წამოსული მოგონებები თუ მწარე ფიქრები მოიგერიოთ და არასოდეს დაგავიწყდეთ !!!
თავი არ დაიდანაშაულოთ!
ადამიანს, ვისაც ღალატის გემო გაუგია, რომელიც ობიან საჭმელს მაგონებს (გარდა ყველისა), მიხვდება ჩემი სიტყვების არსს, რადგან ყველა, უკლებლივ ყველა ერთი წამით მაინც ივლებს გულში : იქნებ მე არ ვიყავი საკმარისად კარგი? იქნებ მე შემეშალა? იქნებ მე ... იქნებ მე ... თუმცა არა, მეგობრებო, თქვენ არ ხართ ღალატის მიზეზი, ეს ბუნება მათში დევს, მისწრაფება ღალატისკენ, რაღაცის დამალვისკენ, ფარული ზრახვებისკენ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მოღალატე, შენი პარტნიორი, მეგობარი, ნათესავი თუ შორეული ნაცნობი. ღალატის გემო ყველა შემთხვევაში ერთნაირად მწარე და გულისამრევია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent