დედიკოს ბიჭი (სრულად)
გვიანი შემოდგომის ცივი და მობუდული დღე იყო. საშინელი ქარი ქროდა. ჩვენს ოჯახში ხალხმრავლობა არ წყდებოდა. ნაცნობი თუ უცნობი სახეები ერთმანეთში ირეოდა. _რა საშინელი ამინდი დაუდგა ამ სცოდავს._სინანულით აქნევდნენ ქალები თავს. ბუნდოვნად მესმოდა მათი ლაპარაკი. შეშინებული სახით შევყურებდი ოთახის შუაგულში დასვენებულ დედაჩემს, რომელიც მძინარს უფრო გავდა, ვიდრე მკვდარს. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი საყვარელი დედიკო აღარ იყო. ვერ ვეგუებოდი იმ ამბავს, რომ როცა რამე მეტკინებოდა და დავუძახებდი, ვეღარ მოირბენდა ჩემთან, კოცნით ვეღარ მომირჩენდა ნატკენ ჭრილობას და გულში ვეღარ ჩამიკრავდა დასამშვიდებლად. ცამეტი წლის ბავშვს არ მესმოდა ის, რისთვის მიყავდა უფალს ზეცაში დედიკოები, როცა დედამიწაზე მათ შვილებს ძალიან სჭირდებოდათ მათი აქ ყოფნა. _სალო, ძვირფასო, მამა გეძახის._ბიცოლაჩემმა მხრებზე მომხვია ხელი და აცრემლებული გამომიყვანა გარეთ. მამაჩემი შუა ეზოში იდგა და სამძიმარს იღებდა მოსული ხალხისგან. შორიდანვე შემნიშნა და მაშინვე გამოემართა ჩემსკენ. _ისევ ტირი?_ჩემს წინ ჩაიმუხლა და ხელსახოცით შემიმშრალა ცრემლები._ხომ იცი, დედას არ უყვარდა როცა ტიროდი. ის ზეციდან გიყურებს უკვე და იცოდე, რომ ძალიან ნერვიულობს და განიცდის შენს თვალებზე ცრემლებს. შენ ხომ კარგი გოგო ხარ და დამჯერი. ხომ არ გინდა რომ დედამ ინერვიულოს ზეცაში? უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე, მაგრამ თავის შეკავება მაინც ვერ შევძელი და აღრიალებული ჩავეხუტე აცრემლებულ მამაჩემს. _მე დედასთან მინდა... მინდა რომ დედამ გაიღვიძოს... მაინცდამაინც ჩემი დედა რატო წაიყვანა ღმერთმა ცაში, სხვა დედები არ არსებობენ?_თან ვტიროდი და თან ვუყვიროდი მამაჩემს. ყურს სწვდებოდა ქალების სლუკუნი. _ვაი, შე საწყალო, ობლად დარჩენილო, როგორ უნდა შეეგუო უდედობას?.. _ბეჩაო, წამოგახედა ერთი და დაგანახა როგორ ტირის შენი შვილი... _ეეეჰ, უსამართლოა ეს ცხოვრება, ოთხმოცი წლის ქალი უნდა ვცოცხლობდე და ოცდათხუთმეტი წლის შვილიშვილს მიწაში უნდა ვდებდე? აქ ცოცხლებს ვაკლდე და იქ კიდევ მკვდრებს?_ქოთქოთებდა ჩემი დიდი ბებია. ეს დღე ისე ჩამრჩა მეხსიერებაში, ყოველი წვრილმანიც კი ზუსტად მახსოვს. თითქოს, დედაჩემის თავთან აბოლებულ საკმევლის სურნელსაც კი ვგრძნობ ყოველთვის, როცა ეს დღე მახსენდება. ახლაც კი ყურში ჩამესმის დედაჩემის კუბოზე დაყრილი მიწის ხმა, რომელსაც მუდამ მინდა რომ გავექცე და არ მესმოდეს. მეგონა დედაჩემის სიკვდილის მერე სამყარო ჩამომექცა თავზე. მთელი ღამეები კოშმარები მტანჯავდა და დაძინება აღარ მინდოდა. მამაჩემი ყურადღებას არ მაკლებდა, მაგრამ მე დედის სითბო, მზრუნველობა და ალერსი მჭირდებოდა. ჯერ ჩემს ნაჭუჭში გამოვიკეტე. აღარც ვსწავლობდი და აღარც სკოლაში დავდიოდი. იმ ბავშვების მშურდა, ვისაც დედები ცოცხლები ყავდათ. მერე კი დავიწყე სკოლაში სიარული, მაგრამ მთლად წავედი ხელიდან. ძალიან გავზარმაცდი, სახლში არაფერს ვაკეთებდი და დღე და ღამე ქუჩაში ვეგდე. ნათესავები და ახლობლები უჩიჩინებდნენ მამაჩემს, დაინიშნე, არავინ დაგძრახავს, შენ და შენს შვილს ყურადღების მოქცევა ხომ გინდათ, სანამ მთლად წავიდა ხელიდანო. მამაჩემი სასტიკ უარზე იყო, დედინაცვალს არ დავაჩაგვრინებ ჩემს შვილსო. თვითონ დილიდან დაღამებამდე გასული იყო სახლიდან, მუშაობდა, წელებზე ფეხს იდგამდა, რომ მე არაფერი მომკლებოდა და მე კი, იმის მაგივრად, რომ სახლში დავრჩენილიყავი და უკვე ხანში შესული ბებიაჩემისთვის საოჯახო საქმიანობაში ხელი წამეხმარებინა, გარე-გარე დავრბოდი. ბოლოს, ბებიაც რომ დაიღუპა, მე თხუთმეტი წლის ვიყავი მაშინ, ნათესავებმა და ახლობლებმა იმდენი ქნეს, რომ მამაჩემი დანიშვნაზე დაიყოლიეს. მეზობელ სოფელში ერთი რუსის ქალი ვერა ცხოვრობდა, რომელსაც ქმარი გარდაეცვალა, სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და თავის შვილს მარტო ზრდიდა. მე ძალიან წინააღმდეგი ვიყავი. არ მინდოდა დედაჩემის ადგილი ვინმეს დაეკავებინა მამაჩემის გვერდით, მაგრამ ეტყობა მამაჩემსაც გაუჭირდა უქალოდ ოჯახის მართვა და ბოლოს როგორც იქნა თანხმობა განაცხადა ვერას ცოლად მოყვანაზე. იმ დღეს, როცა მამაჩემმა ვერა და მისი თექვსმეტი წლის ბიჭი მოიყვანა სახლში, მე სახლიდან გავიპარე და დედაჩემის დედასთან ვიმალებოდი ერთი კვირა. ბებია ჩემს მხარეზე იყო და ამტყუნებდა მამაჩემს, მაგრამ ბიძაჩემი ამართლებდა. ალბათ მან გააგებინა მამაჩემს, რომ მათთან ვიმალებოდი. წასაყვანად რომ მომაკითხა, თავი გავიგიჟე, არ მივყვებოდი, მთელი მეზობლების სამასხარაო გავხადე დინჯი და მშრომელი კაცი. _წადი, შენს ახალ ცოლს და მის შვილს მიხედე, მე რაში გჭირდები? ჩემი ადგილი მათ გვერდით აღარ არის იმ სახლში. დამივიწყე, შენ ჩემი მამა აღარ ხარ! ხმისამოუღებლად მიმზერდა მამაჩემი. ჩემს ბრალდებებს ნაღვლიანი გამომეტყველებით ისმენდა და იქნებ გაეშვა კიდეც თავისი ახლადშერთული მეორე ცოლი გერთან ერთად, ბიძაჩემი რომ არ ჩარეულიყო ამ საქმეში. მკაცრად მომკიდა მხრებზე ხელი და შემაჯანჯღარა. _რა ისტერიკებს მართავ ერთი ვიცოდე? მამაშენი კაცია და ქალის მიხედვა სჭირდება. შენ აქცევ ყურადღებას დაღლილ-დაქანცული რომ მოდის მინდვრიდან? საჭმელს უმზადებ ან ურეცხავ ტანსაცმელს? გარე-გარე დაწანწალებ ბიჭივით და სულ ცალ ფეხზე გკიდია ყველაფერი. ეს საცოდავი წელებზე ფეხს იდგამს ბოლო მოდის ტანსაცმელი რომ არ მოგაკლდეს და ძვირადღირებული ტელეფონები იცვალო. უმადური ღორი ხარ და მეტი არაფერი! მე რომ მამაშენის ადგილზე ვიყო, გემოზე გაგასილაქებდი. საწყალი ეთო, კიდევ კარგი ვერ გხედავს რა საშინელებაც იზრდები! შენი ზედმეტი ხმა არ გავიგო ახლა და გაყევი მამაშენს! _თუ მასე ძალიან გინდა შენ გაყევი!_ვუთხარი და ხელიდან დავუსხლტი. ამ სიტყვების გაგონებაზე ისეთი მადიანი სილა მითავაზა, თვალთ დამიბნელდა და წავბარბაცდი. _რას შვრები თემო, ეს ხომ ბავშვია და არაფერი ესმის._მამაჩემი გადაუდგა გაავებულ ბიძაჩემს და შეაჩერა, რომელიც მეორე სილის გაწვნასაც აპირებდა. _ბავშვი ეძახე შენ და კი აქვს თავისი კანონები და პრეტენზიები შენთვის წამოყენებული. იმდენად არ მტკენია ბიძაჩემის გაწნული სილა, როგორც რომ მეწყინა და დავიბოღმე. ისეთი ზიზღი გამიჩნდა მის მიმართ, ვერ აღვწერ. მამაჩემმა რომ მომხვია ხელი და სახლში წამომიყვანა, აღარ შევწინააღმდეგებივარ. გონებაში სახლიდან გაქცევის გეგმას ვამუშავებდი. მაინც არ ვიყავი იმ სახლში გამჩერებელი, სადაც მამაჩემს ახალი ცოლი ყავდა თავისი გერით. ამ ერთ კვირაში ისე შეცვლილიყო ჩვენი სახლი, ცნობა გამიჭირდა. ფანჯრის მინებიც კი დაეწმინდა და გაეკრიალებინა ვერას. ეზოდანვე იგრძნობოდა სისუფთავე. თუმცა, მე ის არ მიყვარდა და ვერ ვიტანდი. ვერ ვეგუებოდი იმას, რომ რუსული აქცენტით მოლაპარაკე ქალი დედაჩემის ადგილს იკავებდა მამაჩემის გვერდით. მისი შვილიც ზიზღით შევათვალიერე. საშინლად გამხდარი, უშნოდ აწოწილი, წითური ჭორფლიანი ბიჭი, გარდატეხის ასაკში სახედამუწუკებული საშინელი შესახედი იყო. მე რომ დამინახა, გამიღიმა, მაგრამ ისეთი ზიზღით და ბოროტი თვალებით შევხედე, ღიმილი შეეყინა სახეზე. _ჩემთვის თქვენ არაფერს ნიშნავთ, იცოდეთ ეს!_მივაძახე დედა-შვილს და უკანმოუხედავად გავიქეცი ჩემი ოთახისკენ. აქაც რომ ყველაფერი დალაგებულ-დასუფთავებული დამხვდა, უარესად გავცოფდი. რა უფლებით შემოდიოდა ეს ქალი ჩემს სივრცეში და რა უფლებით ალაგებდა ჩემს არეულ ოთახს? ერთი ხელის მოსმით გადმოვყარე ძირს ყველაფერი, ალაგებული საწოლიც ისევ ავრიე, ფარდებიც კი ჩამოვგლიჯე, მერე საწოლზე პირქვე დავემხე და ბალიშზე თავჩარგული ხმამაღლა ავღრიალდი. ყველაზე უბედური მეგონა თავი, რომ დედა აღარ მყავდა და მთლად უცხო ქალი ცდილობდა ჩემთვის დედობის გაწევას. ისე საშინლად და ჯიბრიდ ვექცეოდი ამ ქალს და მის უშნო წითურ შვილს, რომ მიკვირდა კიდეც ხმისამოუღებლად რომ მითმენდნენ ყველაფერს. არ ვიცი, უყვარდა მამაჩემი და იმიტომ ითმენდა მისი გათავხედებული შვილის ხუშტურებს, არსად წასასვლელი არ ქონდა შვილთან ერთად თუ დებილები იყვნენ ორივენი, საშინლად ასატანს მიტანდნენ. ვერას შვილი ივანე, რომელსაც მოფერებით ყველა ივას ეძახდა, მამის სიკვდილის მერე სკოლიდან გამოსულა და თავი რომ ერჩინად, დღიურად მუშაობდა თურმე. მამაჩემმა ვერა რომ მოიყვანა ცოლად, ივასაც გაუწია მამობა და სკოლაში დააბრუნა. მართალია ჩემზე ერთი წლით იყო უფროსი, მაგრამ ის ერთი გაცდენილი წელი არ ჩაეთვალა და ჩემს კლასში დასვა დირექტორმა. ამაზე ხომ მთლად გავგიჟდი. ჩუმი, უწყინარი და ზრდილობიანი ბიჭი მოთმინებით იტანდა ჩემს ზღვარგადასულ დამცირებებს. ყოველთვის აბუჩად ვიგდებდი. და არა მარტო მე, კლასში მყავდა ორი დაქალი სოფიო და ნათია და ერთად ათას გიჟობებს ჩავდიოდით. საწყალ ივას, რომელიც კლასში ყველაზე მაღალი იყო და ბოლო მერხზე იჯდა, ხან წებოს ვუსხამდით სკამზე, ხან ჩანთას ვუმალავდით, ხან რვეულებს ვუხევდით და მის ფანქრებსა თუ პასტებს მესამე სართულიდან ვყრიდით. სკოლიდან მისული ივა, მთელი დღე მერე მამაჩემს დაყვებოდა ხან საქონელში და ხანაც ვენახში და ეხმარებოდა. დედასაც დიდი სიყვარულით და პატივისცემით ეპყრობოდა. ვერაც ძალიან ყოჩაღი ქალი იყო. მაგრამ იყო შემთხვევა, რომ ვერ ასწრებდა ოჯახის საქმეს, მე ხომ თავნება და ზარმაცი ვიყავი, სახლში თითს არ ვატოკებდი. რამდენჯერ დამინახია, რომ ივა რეცხავდა ჭურჭელს, როცა ჩემს დედინაცვალს არ ეცალა. ხშირად თავისი ტალახიანი ფეხსაცმელები თვითონ დაურეცხია და ტანსაცმელი დაუუთოვებია. დამშრალი ტანსაცმელი წვიმის დროსაც ჩამოუხსნია თოკიდან და საწოლზე ფაქიზად დაულაგებია. ამის გამო დედიკოს ბიჭი შევარქვი. არ მომწონდა ასეთი ქალაჩუნა რომ იყო და იმიტომ. მთელი დღე ჩვენი დედიკოს ბიჭი საქმობდა, ხშირად ჩემი გასაკეთებელი საქმეც კი გაუკეთებია, მაგრამ ამის გამო სინდისის ქენჯნას სულაც არ განვიცდიდი. უფრო მეტიც, თითქოს ვავალდებულებდი კიდეც და ისიც დაუზარებლად და დაუყვედრებლად აკეთებდა ყველაფერს. ღამღამობით კი, როცა ყველას ეძინა, რამდენჯერმე შემინიშნავს, რომ ღამის ორ საათამდე იჯდა და გაკვეთილებს ამზადებდა. დილით კი ჩვეულებრივ დგებოდა და სკოლაში მოდიოდა. ახლობლებს და მეზობლებს ყველას მოსწონდა ჩუმი, ზრდილი და შრომისმოყვარე ივა. ყველა იმას ეუბნებოდა მამაჩემს, ზოგს საკუთარი შვილი არ ადგებოდა ასე, როგორც შენ ეს გერიო. მამაჩემსაც უხაროდა ივას შრომისმოყვარეობა და სიბეჯითე. მე კი საშინლად ვერ ვიტანდი უშნოდ აწოწილ, ჭორფლიან და წითურ ბიჭს, რომელსაც ჩემგან განსხვავებით ერთხელაც არ დასცდენია სიტყვა "მეზარება". მის ლექსიკონში არ არსებობდა ეს სიტყვა. გარკვეული დროის შემდეგ, კი როცა ჩემს დედინაცვალს მუცელი წამოეზარდა და მივხვდი, რომ ბავშვს ელოდებოდა, ამაზე კიდევ ერთხელ გავგიჟდი და უარესად შევიძულე მამაჩემიც, მისი ახალი ცოლი ვერაც და ვერას ჭორფლიანი და ჭირიანივით გამხდარი დედიკოს ბიჭი ივა. სახლიდან რამდენჯერმე კიდევ გავიპარე, ოღონდ ამჯერად თითო ღამით ვახერხებდი დამალვას ხან სოფიოსთან და ხან ნათიასთან. გოგოების მშობლები ყოველთვის აგებინებდნენ მამაჩემს სადაც ვიყავი და ისიც უმალ მაკითხავდა იქ. მთლად წავედი ხელიდან. აღარც დარიგება ჭრიდა ჩემზე, აღარც დაყვავება და აღარც დაყვირება. თექვსმეტი წლის ასაკში სიგარეტსაც გავუსინჯე გემო და ჩუმ-ჩუმად ვეწეოდი კიდეც. შატალოს წამომწყები ყოველთვის მე ვიყავი, ნებით თუ უნებლიეთ ვიყოლიებდი ბავშვებს და სად აღარ დავწანწალებდით. რამდენჯერმე დაიბარეს ჩემი მშობელი სკოლაში და დედინაცვალი რომ მოდიოდა, მერე უფრო უარესებს ვაკეთებდი. თითქოს ასე ვსჯიდი იმისთვის, რომ დედაჩემის ადგილი ქონდა დაკავებული მამაჩემის გვერდით. მახსოვს, ერთხელ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო და ტირილნარევი რუსული აქცენტით ჩემს მაგივრად მოუხადა მასწავლებელს და დირექტორს ბოდიში. _რა ქნას, დედა მაშინ დაკარგა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა გვერდით. ძალიან განიცდის უდედობას, მასაც გაუგეთ. _გვესმის, განა არ გვესმის, მაგრამ უკვე ძალიან არის გათავხედებული. გაუბრაზდით, დასაჯეთ, რამე უყავით, ამოვიდა ყელში მაგის უმსგავსო საქციელი. გაკვეთილებს არ ესწრება. თუ დაესწრება, მასწავლებლებს გაკვეთილის ჩატარების საშუალებას არ აძლევს. დასაჯეთ, ხომ შეიძლება?_ბრაზობდა დირექტორი._მერე რა რომ დედინაცვალი ხართ, თქვენც გაქვთ მისი დასჯის უფლება. ბიჭები არ არიან ისეთი თავხედები, როგორც ეს გოგო. სისხლი გაგვიშრო ყველას. _ეს ერთიც აპატიეთ და მეტს აღარ იზავს._ჩემს მაგივრად დებდა ვერა პირობას. პირობა პირობად რჩებოდა, მე კი უარესებს ვაკეთებდი. ბიძაჩემის ყურამდეც მიაღწია ჩემმა ამბავმა და ერთ მშვენიერ დღეს გვესტუმრა. მისი დანახვა არ გამხარებია. იმ დღის მერე, როდესაც სახლიდან გაპარვის გამო სილა გამაწნა, სასტიკად მძულდა და ვერ ვიტანდი. მამაჩემი სახლში არ იყო. ის იყო სკოლიდან მივედი, ჩემი ტანსაცმელი დაუდევრად მივყარე, საჭმელი ვჭამე და მოვიდა კიდეც. არც კი მივსალმებივარ, ზედ არ შემიხედია მისთვის. ვერა რომ მოიკითხა და მას გაუბა ლაპარაკი, მე დრო ვიხელთე და მეორე სართულის ფანჯრიდან გადავიპარე. ჩახტომისას ფეხი ცუდად მომიყვა და საშინლად მეტკინა. ხმაურზე შეშფოთებული ვერა და ბიძაჩემი რომ დამადგნენ თავზე, უარესად გავცეცხლდი. _რა მოგივიდა?_შეშფოთებული ჩემი დედინაცვალი მომიახლოვდა და დიდი მუცლის მიუხედავად ჩემს წინ ჩაიმუხლა და ფეხის შემოწმება დამიწყო. _არ მომეკარო, ხელი არ მახლო?_განწირულივით ვუკივლე და წამოდგომას შევეცადე. _რა გაღრიალებს შე უმადურო?_მიღრიალა ბიძაჩემმა._ვირო მადლიო შენ ეგრე მოგდის. რაც ეს ქალი წვალობს შენთვის,ზოგს საკუთარი დედა არ უკეთებს იმას. მეც ძალიან მენატრება ჩემი და, მაგრამ ის აღარ არის, ცხოვრება კიდევ გრძელდება, რით ვეღარ შეეგუე მის დაკარგვას? სანამ შენი დედა გახდებოდა, წლები ჩემი და იყო. ჩემზე მეტად დაგწყვიტა გული? ამ ქალს რატო პატივს არ სცემ? მასეთი ვირი და უმადური გაგზარდა ჩემმა დამ? ასეთი გაბრაზებული ბიძაჩემი ცხოვრებაში არ მახსოვდა. რომ იტყვიან, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა სიბრაზისგან. ყურადღებას არ ვაქცევდი. წამოვდექი, მაგრამ ფეხი საშინლად მტკიოდა და ძირს ვერ ვადგამდი. _ალბათ მოტეხილი აქვს._შეწუხდა ჩემი დედინაცვალი._ექიმთან წავიყვანოთ. _ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება, არაფერია, გაუვლის._ეს კი თქვა ბიძაჩემმა, მაგრამ მაინც დამავლო ხელი და თავის მანქანაში უკანა სავარძელზე მიმაგდო._მრცხვენია ჩემი დიშვილი რომ ხარ._მითხრა და კარი გამეტებით მომიჯახუნა._მე წავიყვან, შენ დარჩი, ნუ შეწუხდები._ვერას უთხრა ბიძაჩემმა და საჭეს მიუჯდა. მთელი გზა, სანამ საავადმყოფოში მიმიყვანდა, ენა არ გაუჩერებია. უკანა ხედვის სარკეში გაავებული მიმზერდა და მლანძღავდა და მტუქსავდა. მართალია ფეხი საშინლად მტკიოდა, მაგრამ ცრემლებს არ ვაჩვენებდი მას და ვაჟკაცურად ვითმენდი ტკივილს. მის ყვირილს კი არაფრად ვაგდებდი. საავადმყოფოში მისულებმა ისევ ხელში აყვანილი გადამიყვანა ბიძაჩემმა და მაშინვე რენტგენის კაბინეტისკენ გამაქანა. მოტეხილი ნამდვილად არ მქონდა, მყესი მქონდა დაზიანებული, მაგრამ არც ეს იყო ადვილი. არტაშანი დამადეს, იმობილიზაციის უზრუნველსაყოფად, უმოძრაოდ რომ მქონოდა ფეხი და სახლში გამომიშვეს. ბიძაჩემმა ჯერ თავისთან მიმიყვანა, რათა გემოზე გამოველანძღე მას და ჩემს წინააღმდეგ ამხედრებულ ბებიას, რომელიც როგორც იქნა გადაიბირა ბიძაჩემმა. თურმე, მადლობელს უნდა ვყოფილიყავი, რომ მამაჩემს ვერა შეხვდა და არა ისეთი ვინმე, ვინც მართლა ავი დედინაცვალი იქნებოდა ჩემთვის და სიცოცხლეს გამიმწარებდა. მადლობელს უნდა ვყოფილიყავი, თურმე რომ ჩემი სივირის და სიჯიუტის მიუხედავად მაინც ვუყვარდი, ზრუნავდა და პატივს მცემდა ვერაც და მისი შვილი ივაც. თურმე მადლობელს უნდა ვყოფილიყავი, რომ მამაჩემიც არ იყო მკაცრი და ისე არ მექცეოდა, რასაც ვიმსახურებდი. ბიცოლამაც დამარიგა ჭკუაზე, მაგრამ მე არაფერი მესმოდა. ვერ ვიტანდი ჩემს დედინაცვალს და მის დედიკოს ბიჭს და მათზე არაფრის გაგონებაც კი არ მინდოდა. შებინდებულზე დამაბრუნა ბიძაჩემმა სახლში. მამაჩემი და ივაც მოსულიყვნენ ვენახიდან და ევასთან ერთად ეზოში გამომეგებნენ ბიძაჩემმა ისევ ხელში აყვანილი რომ შემიყვანა. _არაფერია, მყესი აქვს დაზიანებული და მალე გაუვლის._არავის აცადა ბიძაჩემმა რამის თქმა. ოთახში შემიყვანა და ჩემს საწოლზე დამაწვინა._იმედია ჭკუას მოუხმობ და სისულელეების ჩადენას მოეშვები._ისე გამაფრთხილა, რომ ყველას გაეგო. _შენ კიდე, ცოტა გაუბრაზდი და დატუქსე._ახლა მამაჩემს მიუბრუნდა._თავზე წავიდა ძალიან. ამის გარდა არავის მოჰკვდომია დედა, რომ ასე არ გათავხედებულა? შენც შეგიძლია რომ გაუბრაზდე._ახლა ვერას მიუბრუნდა._დედინაცვალი ხარ და დასაჯე, დაავალე სახლის საქმეები აკეთოს და გარე-გარე არ იწანწალოს._მერე ივას მიუბრუნდა._იგივე შენი დაა და შენ კიდევ ძმა ხარ ამისი.სრული უფლება გაქვს აუკრძალო რაც არ მოგწონს და შენც დასაჯო. მე სრულ უფლებას გაძლევთ შენც და დედაშენსაც, რომ ჭკუა ასწავლოთ ამ ხეპრეს, სანამ რამე ისეთი გამოუსწორებელი ჩაუდენია, რაც სანანებელი გაგვიხდება ყველას. ისე ხომ არ მიყვარდა ბიძაჩემი და ახლა ამ სიტყვების მერე უფრო შევიძულე. იმ ხალხს უცხადებდა ნდობას და ჩემი გასილაქების და დასჯის უფლებას აძლევდა, ვინც დაუკითხავად შემოსულიყვნენ ჩემს ცხოვრებაში და ვისაც ვერ ვიტანდი. ვერაზე და ივაზე რა ვთქვა, მაგრამ მამაჩემზე კი გაჭრა ბიძაჩემის დარიგებებმა. შედარებით უფრო მკაცრი გახდა ჩემს მიმართ. ფეხი რომ მომირჩა, საქმის კეთებასაც მაიძულებდა, მაგრამ დილიდან დაღამებამდე რომ სახლში არ იყო, მე მაინც არაფერს ვაკეთებდი და მაინც დაქალებში დავდიოდი. ხან თვითონ მსტუმრობდნენ სოფიო და ნათია და ათას სისულელეს ვაკეთებდით. ერთხელ, გვიან ღამით, როცა ყველას ეძინა, ეზოში გავედი და სიგარეტს გავუკიდე. ვერ ვიტყვი ნაფაზს ვარტყამდი და კვამლს ფილტვებში ვუშვებდი, მაგრამ მაინც ვაბოლებდი. ნახევრამდე მქონდა სიგარეტი მოწეული, რომ ივა წამომადგა თავზე. _რას შვრები, გაგიჟდი?_სიგარეტის ღერი პირიდან გამომგლიჯა, ძირს გამეტებით დააგდო და ფეხით გასრისა._შენ რა, სიგარეტს ეწევი? _რა შენი საქმეა მე რას გავაკეთებ?_მკერდში მჯიღი ვკარი, გზიდან მოვიშორე და სახლისკენ წამოვედი. _როგორ თუ რა ჩემი საქმეა?_გაუკვირდა._ არ მოგცემ იმის უფლებას ფილტვები მოიწამლო._დამეწია, გზა გადამიღობა და შემაჩერა. _შენ რა, მართლა ჩემი ძმა გგონია თავი?_ძლიერად ვკარი მუჯლუგუნი, გზიდან ჩამოვიშორე და სახლისკენ გავიქეცი. სირბილში სიგარეტის კოლოფი დამივარდა. სანამ მე შევჩერდებოდი და მოვბრუნდებოდი, ივამ დამასწრო, დასწვდა, აიღო და ჯიბეში ჩაიდო. _დამიბრუნე ახლავე._სიბრაზით მოვუქნიე მუშტი, მაგრამ მოირიდა. _რამდენიც გინდა იყვირე, არ მოგცემ._სიმკაცრე ვიგრძენი მის ხმაში და უფრო გავბრაზდი. _არ მომცემ და ნუ მომცემ, აი დარდი. შენი იყოს, მიჩუქნია, მე სხვას ვიყიდი._შევბრუნდი და უკანმოუხედავად გავიქეცი. ჩემს ოთახში შესული კი სიბრაზისგან ცოფებს ვყრიდი. იმაზე ვბრაზობდი, რომ ამ ჩიხოტკიანმა გაიგო ჩემი მწეველობის ამბავი. თან ის მაცოფებდა, მართლა ძმასავით რომ მტუქსავდა და ჭკუაზე მარიგებდა. სიგერატიც იმან ჩაიდო ჯიბეში. თუ ბიძაჩემს ეტყოდა, არ დამადგებოდა კარგი დღე. შანტაჟი რომ მოეწყო ჩემთვის და ისეთი რაღაცეების გაკეთება აეძულებინა, რაც ჩემს თავმოყვარეობას შელახავდა, მერე? მაგარ შარში ვიყავი და როგორმე უნდა დამეძვრინა აქედან თავი. მართალია, ამბიტანიაობა არასდროს შემიმჩნევია მისთვის, მაგრამ მაინც ვშიშობდი. ვაი თუ, ბიძაჩემისგან წაქეზებულს გაებედა და მისთვის ეთქვა, რომ სიგარეტს ვეწეოდი, მერე? ბიძაჩემი კი მართლა მცემდა, დარწმუნებული ვიყავი ამაში. ისევ მოლაპარაკებაზე უნდა წავსულიყავი მასთან და ისეთი რამ შემეთავაზებინა, რაც გადააფიქრებინებდა ჩემი საიდუმლოს გამხელას. მის ტანსაცმელს დავრეცხავდი და დავაუთოვებდი ან, მის მაგივრად დავწერდი დავალებებს. მოკლედ, გეგმა შევიმუშავე და მშვიდად დავიძინე. დილით უჩვეულო ხმაურმა გამაღვიძა. ჯერ გამებრაზა რომ ძილი დამიფრთხეს. მერე დამაინტერესა რაზე დაობდნენ დილაუთენია, პიჟამისამარა გავედი ჩემი ოთახიდან და სამზარეულოში შევედი, საიდანაც ჩხუბის ხმა გამოდიოდა. ვერას ივას შარვალი რომ უნდა გაერეცხა, მის ჯიბეში სიგარეტის კოლოფი უპოვია, რომელიც წუხელ მე დამივარდა და მან ჩაიდო ჯიბეში. ევას ხელში ჩემი სიგარეტი რომ დავინახე, ელდა მეცა. _არ გრცხვენია. მაგისთვის შრომობ და იკლავ თავს, მაგისთვის აწვალებ ჯანს, რომ ოფლით ნაშოვნი ფულით სიგარეტი იყიდო და დაწვა?_საყვედურობდა მამაჩემი._მაგით ხომ შენს ჯანმრთელობას ავნებ? თან, ჯერ პატარა ხარ, რად გინდა? ვინმე ეწევა ჩვენს ოჯახში, რომ შენ ეწევი? იმედები გამიცრუე._ეს უთხრა მამაჩემმა და ოთახიდან გავიდა. ივა საცოდავად იყო აბუზული და არაფერს ამბობდა. ვერამ ფეხის წვერებზე აიწია და შვილს მადიანი სილა გააწნა. _როგორ მრცხვენია შენს გამო რომ იცოდე... მართლა ძალიან მწყინს შენი ეს საქციელი._ტირილნარევი ხმით უთხრა, თან რუსული აქცენტით, რაც ასე ძალიან მაღიზიანებდა და ისიც გავიდა. ივას რომ შევხედე, ლოყაზე მკაფიოდ ემჩნეოდა დედის ხუთივე თითი. სევდიანი თვალებით გადმომხედა მხოლოდ და ხმისამოუღებლად გავიდა ისიც. გამიხარდა, რომ ჩემზე არაფერი თქვა და არ დამაბიზღა, თავის თავზე აიღო დანაშაული, მაგრამ თან გამებრაზა, რა დებილი და უნდილი იყო, რომ თავის დაცვა არ შეეძლო. თუმცა, მაინც სინდისის ქენჯნის გარეშე მოვიდუღე ყავა და ნებიერად ვწრუპე. მერე თავი მოვიწესრიგე და სკოლაში წავედი. ივას გაკვეთილზე დააგვიანდა. მორიდებით შემოხსნა კლასის კარი, ბოდიში მოიხადა და თავის ადგილზე დაჯდა. ჩვეულებრივზე მეტად სევდიანი მეჩვენა, თუმცა სულაც არ მიდარდია ამაზე. არც იმით დავინტერესებულვარ რატო დააგვიანა. რაში მედარდებოდა რა სჭირდა ამ ჩიხოტკიანს? მთელი გაკვეთილის მანძილზე ხმა არ ამოუღია, არც მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე უპასუხია, ყოველთვის რომ ეს სცემდა სწორ პასუხს და არც დისკუსიაში მიუღია მონაწილეობა. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ სახლში არ წამოსულა. თავისი ჩანთა ჩვენს მეზობელს გამოატანა დიდი მოწიწებით, რადგან იცოდა რომ მე არ წავუღებდი და სადღაც წავიდა. გზად ნათიას შევუარე. გვიანობამდე დავრჩი იქ და როდის-როდის დავბრუნდი სახლში. ვერა დიდი მუცლის მიუხედავად მაინც ფუსფუსებდა და საქმეს აკეთებდა. ფანჯრები დაეწმინდა და ფარდებს აუთოვებდა. _შეგიძლია რომ ჩამოაფარო?_მორიდებით მკითხა._მაღლა ასვლა მიჭირს._ფანჯარაზე მანიშნა,_თორემ შენ არ შეგაწუხებდი. როგორ თუ მე დამავალა დედინაცვალმა საქმე გავცოფდი. ჩხუბი მართლა არ დამიწყია. უბრალოდ უარი ვუთხარი, არ მცალია, ბევრი სამეცადინო მაქვს-მეთქი და ჩემს ოთახში შევიკეტე. სამეცადინო კი მართლაც ბევრი მქონდა, მაგრამ ვმეცადინეობდი რომ? როგორც ყოველთვის ჩემს საწოლზე გადავიშხლართე, ტელეფონი მოვიმარჯვე და სოციალური ქსელი დავლაშქრე. კარგა ხანს ვიბოდიალე იქ, მუსიკებიც ბოლო ხმაზე მქონდა ჩართული და ერთ ამბავში ვიყავი. საპირფარეშოში რომ ჩავედი, მოღიავებულ კარში შემთხვევით შევიჭყიტე და ელდა მეცა, ვერა ეტყობოდა რომ სკამზე ასულიყო ფარდების დასაკიდად და იქიდან ჩამოვარდნილიყო. ძირს ეგდო და საცოდავად კვნესოდა. შევნიშნე, რომ ტელეფონი ხელში ეჭირა. ერთხანს კარების ზღურბლზე გაშეშებული ვიდექი, ვერ ვბედავდი ოთახში შესვლას. მერე ვიღაცამ ხელი მკრა, გვერდით გამწია და ოთახში შევარდა. _დე, რა მოგივიდა?_ტირილნარევი ხმით კითხა ივამ და მის წინ ჩაიმუხლა. დედას თავქვეშ ამოუდო ხელი და ოდნავ წამოაწევინა. _ფარდებს ვკიდებდი და გადმოვვარდი._ძლივს ამოიკნავლა ქალმა. _ხომ გითხარი მოვალ და მე მივხედავ-მეთქი, რატო არ დამიჯერე?_უარესად აუცახცახდა ივას ხმა. _არაფერია, სასწრაფოში დავრეკე, სადაცაა მოვლენ._ქალმა თავისი ნატიფი თითები შვილს შეუცურა წითურ ქოჩორში._ნუ გეშინია, არაფერი მომივა. _მამასავით შენც არ მიმატოვო, გთხოვ!_ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ქონდა ივას, გამაკანკალა. მაშინვე გამოვვარდი ოთახიდან და ბაღჩაში გავიქეცი. ამ სცენამ დედაჩემის სიკვდილი გამახსენა და პატარა ბავშვივით ავღრიალდი. სირენების გამყინავი კივილით მივხვდი, რომ სასწრაფო ბრიგადის წევრები მოვიდნენ, თუმცა ბაღჩიდან არ გავსულვარ. როგორ წაიყვანეს ვერა არ გამიგია. არც იმით დავინტერისებულვარ, ივა გაყვა თუ არა დედას. შებინდებამდე ვიჯექი ვაშლის ხის ძირში და უაზროდ ვწიწკნიდი ჩემს გარშემო მწვანე ბალახებს. უკვე რომ დაღამდა და აგრილდა, კეთილი ვინებე და გამოვედი ბაღჩიდან. სახლში არავინ იყო. ალბათ მამაჩემიც საავადმყოფოში წავიდა. არც ივა ჩანდა, დედიკოს ბიჭი. ერთხანს უაზროდ ვიწრიალე ოთახიდან ოთახში. მერე უხეიროდ ავიკირკნე და დასაძინებლად დავწექი. ცზოვრებაში პირველად შემაწუხა სინდისმა და დაძინების საშუალება არ მომცა. რა მოხდებოდა ვითომ რომ მე დამეკიდა ის ოხერი ფარდები? თუ არა და, ივამ ხომ უთხრა, მოვალ და დავკიდებო? რა ჯანდაბა უნდოდა იმ ქალს, რას ძვრებოდა სკამზე? რა ჩემი ბრალია რომ გადმოვარდა? მე ვუთხარი, ადი და შენ დაკიდე მეთქი? ამ ფიქრებით თითქოს ცოტა დავიმშვიდე სინდისი, მაგრამ თვალს მოვხუჭავდი თუ არა, ივას შიშჩამდგარი და ტკივილით სავსე თვალები მელანდებოდა და მისი აკანკალებული ხმა ისევ ყურებში მედგა: "მამასავით შენც არ მიმატოვო, გთხოვ!" დაწოლილი ისევ ავდექი და ეზოში ჩავედი. ვერ ვისვენებდი, სინდისის ქენჯნა არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას, რომელსაც ჩემეული არგუმენტებით ვემართლებოდი. შუაღამე გადასული იყო, ჩვენს ჭიშკართან ტაქსი რომ გაჩერდა და მამაჩემი ჩამოვიდა. ისეთი სახე ქონდა, დედაჩემის სიკვდილის დღეს რომ ქონდა ზუსტად ისეთი და თავიდან ფეხებამდე გამაცია. შიშით ვერ ვბედავდი ვერაფრის კითხვას. ცოტა ხანში ბიძაჩემმა რომ დაურეკა, მაშინ გავიგე ყველაფერი. _ხო, თემო, ეხლახანს მოვედი სახლში... არაუშავს, კარგად არის, საკეისრო კვეთა დასჭირდა, რთული მდგომარეობა ქონდა, მაგრამ ახლა უკეთესადაა... ივა დარჩა იქ, იქნებ რამე დასჭირდესო. სალომეს ჩამოვხედე, არ შეეშინდეს-მეთქი. დილით ისევ ავალ... მადლობა ძმაო, არ მინდა, ფული მაქვს, საგანგებოდ მისი მშობიარობისთვის ვაქუჩებდი... ხო, გოგოა... რაც საჭირო იყო, ყველაფერი გავიგე. აღარ ღირდა მათზე ნერვიულობა. ჩემს ოთახში შევედი და დავწექი. თუმცა, მაინც ვერ დავიძინე. საშინელი რამ ყოფილა ეს სინდისი. ვგრძნობდი, რომ დამნაშავე ვიყავი, მაგრამ მაინც არ ვუტყდებოდი თავს, მაინც ვერას ვამტყუნებდი, რომ ივას მოსვლამდე ვერ მოიცადა და ქაჯივით ახტა სკამზე... როდის ჩამეძინა ვერ გავიგე. მაღვიძარამ რომ გამაღვიძა, გათენებული იყო უკვე. სკოლაში წასვლა არასდროს მიყვარდა და მეხალისებოდა, მაგრამ ახლა ამ სიტუაციაში იქ მერჩივნა. სასწრაფო წესით მოვიწესრიგე თავი და წასასვლელად მოვემზადე. ივას ოთახს რომ ჩავუარე, ზუსტად მაშინ გაიღო კარი და გამოვიდა. ერთი თვალის შევლება მოვასწარი მხოლოდ და ისე, რომ არაფერი მიკითხია არც დედამისზე და არც მის თოთო ბავშვზე, უსიტყვოდ განვაგრძე გზა. ერთი თვალის შევლებაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უდიდესი ტკივილი და განცდა შემემჩნია მისთვის. მთელი ღამის უძილოც რომ იყო, ისიც კი ემჩნეოდა, თვალის უპეები ჩაშავებული და თვალის კაკლები კი ჩაწითლებული ქონდა. რომ ვთქვა შემეცოდა-მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ არც გამხარებია მისი ამ მდგომარეობაში დანახვა. იმიტომ რომ იმ დროში მაბრუნებდა მისი ამ მდგომარეობაში ხილვა, დედაჩემი რომ დაიღუპა. იმ დღეს ივა არ მოსულა სკოლაში. არც მეორე დღეს მოვიდა. მისი აბუჩად აგდების და დამცირების გარეშე მოწყენილობა იყო კლასში. ნათია და სოფიო რომ მეკითხებოდნენ, შენი ჭლექიანი ახლადგამომცხვარი ძმა რატო არ დადის სკოლაშიო, უაზროდ ვიჩეჩდი მხრებს. თუმცა, ძალიან კარგად ვიცოდი რატომაც არ დადიოდა. ჩემგან განსხვავებით მას ადამიანების სიყვარული, პატივისცემა და დაუზარელი შრომა შეეძლო. ღამე რომ დედამისთან რჩებოდა საავადმყოფოში, დღისით მამაჩემის მაგივრად მიდიოდა სამსახურში. ყველაზე მეტად ის მიკვირდა და მაცოფებდა კიდეც, რომ ასეთი ცხოვრება ქონდა და ერთხელაც კი არ დაუჩივლია. ერთხელაც კი არ გამოუთქვამს საყვედური არავის მიმართ, მითუმეტეს რომ მე სიცოცხლეს ვუმწარებდი შინ თუ გარეთ. კმაყოფილი იყო, რომ ცოცხალი იყო, ღამის გასათევი ქონდა, მშიერი არ იყო, ტანსაცმელი ქონდა და გვერდით დედა ყავდა. მამაჩემის სახით მამაც რომ ყავდა, მაგითაც უზომოდ ბედნიერი იყო. მე? მე რადიკალურად განვსხვავდებოდი მისგან. ყოველთვის ვემდუროდი ბედს. არაფერი მაკმაყოფილებდა. არ მიყვარდა და პატივს არ ვცემდი ოჯახის წევრებს. ყოველთვის ზემოდან დავყურებდი ყველას, განსაკუთრებით ივას. აბუჩად ვიგდებდი თავისი შრომისმოყვარეობის გამო, ვამცირებდი მომთმენი და ზრდილობიანი რომ იყო. ქალაჩუნად ვთვლიდი, დედას რომ პატივს სცემდა, უყვარდა და საქმეში ეხმარებოდა. კარგად რომ სწავლობდა, მაგაზეც დავცინოდი. მოკლეთ, მის დასამცირებლად შანსს არ ვუშვებდი ხელიდან. ისიც კი მაღიზიანებდა და მაცოფებდა ასეთი მომთმენი რომ იყო და ყველაფერს მპატიობდა რაც არ უნდა ჩამედინა. ******************** ერთ კვირაში ვერაც გამოწერეს საავადმყოფოდან და თავის მჩხავანა შვილთან ერთად ისევ ჩვენს სახლში დაბრუნდა. ღამღამობით ხშირად მაღვიძებდა ბავშვის ტირილი, რომელსაც ეთუნა დაარქვეს. ვისი ინიციატივა იყო დედაჩემის სახელის დარქმევა არ ვიცი, მაგრამ მე რომ გამაცოფა ამ ამბავმა, ეგ კი ვიცი. თუ ასე ძალიან უყვარდა მამაჩემს დედაჩემი, სხვა რატო შეირთო ცოლად? ბავშვი ერთხელაც არ მყავდა ნანახი. ხშირად შევსწრებივარ ივას, რომელსაც პლედში გადახვეული ჩვილი ეზოში დაჰყავდა და აჩუმებდა, სანამ ვერა საქმით იყო დაკავებული. ისეთი სიყვარულით ელაპარაკებოდა და ეფერებოდა ყოველთვის თავის დას, რომ მშურდა კიდეც. მე კი გულქვა, გულღრძო, ბოროტი და შურიანი ვიყავი. ოთახში ბავშვი ჩხავილით რომ გამსკდარიყო, ზედ არ ვუყურებდი. ვერ აღვიქვამდი ჩემს დად ვერანაირად. ერთხელ, ვერა საპირფარეშოში იყო გასული. ეთუნამ რომ გაიღვიძა და ატირდა. კარის ზღურბლთან ვიდექი და შევყურებდი, როგორ იჭაჭებოდა ბავშვი და სურვილიც კი არ მქონდა, რომ მივსულიყავი და გამეჩუმებინა. კარგა ხანს ისასანა ბავშვმა, სანამ მამაჩემის დაყვირებამ არ შემაკრთო. _რას დამდგარხარ და დაჰყურებ კანის ექიმივით. არ შეიძლება ხელში აიყვანო და გააჩუმო?!_ხელით ძლიერად მიბიძგა, გზა გაინთავისუფლა და ბავშვთან მივიდა._ჩუ, ჩემო ანგოზო, რა გატირებს?_ფრთხილად აიყვანა ხელში და გულზე მიიკრა._ასეთი გულქვა როგორ ხარ არ მესმის. ხანდახან მაშინებს შენი ეს ცივსისხლიანობა! საშინლად მეწყინა მამაჩემის ეს საყვედური. გაგულისებულმა გამოვიჯახუნე კარი და ჩემს ოთახში ავედი. ყურსასმენები მოვირგე და ბოლო ხმაზე ჩავირთე მუსიკები, რომ აღარაფერი გამეგო. განა მე თვითონ ვერ ვგრძნობდი, რომ საშინლად აუტანელი და გულქვა ვიყავი, მაგრამ ჩემს ამ მდგომარეობას დედაჩემის სიკვდილით ვამართლებდი. საწყალი დედაჩემი კი მგონი ბრუნავდა საფლავში. ******************** ათი კლასი რომ დაამთავრა, ივა სკოლიდან გამოვიდა და კოლეჯში ელექტროობაზე შეიტანა საბუთები. ბევრს ეხვეწა მამაჩემი, თორმეტი კლასი დაამთავრე და უმაღლესში გასწავლიო, მაგრამ უარი თქვა. არა და კლასში ყველაზე კარგად ეს სწავლობდა და ყველა მასწავლებელი დარწმუნები იყო, რომ ას პროცენტიანი დაფინანსებით შეძლებდა სწავლას. მასწავლებლებიც ბევრს ეხვეწნენ, არ გახვიდე, საშუალო დაამთავრეო, მაგრამ თავისი გაიტანა. არგუმენტად ის ქონდა, რომ ტყუილად დაკარგავდა უმაღლესში სწავლებით წლებს. კოლეჯი ერჩივნა, რომ პროფესიულ განათლებას შეიძენდა და მალევე შეძლებდა მუშაობას. გამოცდების დღეს ისე წავიდა, არც არავის სცოდნია არაფერი და როგორც შემდეგში გაირკვა, უმაღლესი შეფასებებით ჩარიცხულა სასწავლებელში. სწავლა რომ დაეწყო ყოველ დღე სიარულს, სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში დარჩენა არჩია, გაიბარგა თავისი ბარგი-ბარხანა და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იქ იყო დღეც და ღამეც. სკოლაში გასართობი რომ გამოგვაკლდა და ვეღარ დავცინოდით საცოდავ და უთქმელ ბიჭს, ცოტა მოვიწყინეთ. მამაჩემმაც მოიწყინა ივას გარეშე. ბევრი საქმე უკან რჩებოდა. ვერაც მოწყენილი იყო შვილის წასვლით. ერთადერთი მე მიხაროდა მისი გაბარგება. მართალია არაფერს მიშავებდა სახლშიც რომ იყო, მაგრამ მაინც უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თითქოს მის გარეშე თავს. შაბათ-კვირას როცა მოდიოდა, ისევ მამაჩემს ეხმარებოდა დილიდან დაღამებამდე. არასდროს იღლებოდა. ყოველი შემთხვევისთვის, არასდროს უთქვია, რომ დავიღალეო. ან სად ქონდა ჩხირივით გამხდარ ბიჭს ამდენი ენერგია, მართლა მიკვირდა. ჩვენს კლასში ივას არ არსებობას ჯერ ისევ მწარედ განვიცდიდით, რომ ქალაქელი ბიჭი გადმოვიდა ჩვენს კლასში. დედა ჩვენი სოფლიდან ყავდა. ქმარს დაშორდა და მშობლებთან რომ დაბრუნდა, შვილიც წამოიყვანა. მოსვლის დღიდანვე მიიქცია აკაკიმ მთელი სკოლის გოგოების ყურადღება. ჯერ ერთი, სოფლელებისგან განსხვავებით მოდური ტანსაცმელი ეცვა. მუდამ ოდეკოლონის სუნი ასდიოდა. ხელები ფაქიზად მოვლილი და ფრჩხილებიც უფერული ლაქით ქონდა გალაკული. ლაპარაკის მანერაც და მიხვრა-მოხვრაც განსხვავებული ქონდა. რაც ივა კოლეჯში წავიდა, მის ადგილზე არავინ დამჯდარა და აკაკი რომ დაჯდა, ყველას გაგვიკვირდა. თუმცა, მან ხომ არ იცოდა ვისი ადგილი იყო ის? რომ სცოდნოდა, ალბათ არც კი გაიხედებოდა იქით. ივასგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ივა არასდროს აქცევდა თავის ხელებს ყურადღებას. მუდამ დაკოჟრილი, დაშაშრული და ჭრილობებით სავსე ქონდა. აკაკი ძალიან უზრდელი, თავზეხელაღებული, საკუთარ თავში დარწმუნებული და გატუტუცებული ბიჭი იყო. ყველას ზემოდან დაჰყურებდა. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მე ვიყავი. დანახვისთანავე მომეწონა. მარტო მე კი არა, ყველას მოსწონდა კლასში. ნათიასთან და სოფიოსთან რამდენჯერმე ამ ბიჭის გამო ჩხუბიც კი მომივიდა და ცოტა ხნით აღარ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. მაგრამ უერთმანეთოდაც ვერ ვძლებდით და ისევ მალევე ვრიგდებოდით. აკაკის ახლოს გასაცნობად კლასელებმა წვეულების მოწყობა გადავწყვიტეთ. ფულები შევაქუჩეთ და რესტორანში ადგილები დავჯავშნეთ. აქაოდა, ოღონდ აკაკისთვის მოგვეწონებინა თავი, გოგოებმა სალონებს მივაშურეთ. საღამოს კი გამოპრანჭულები წავედით. ძალიან მოკლე და ზედმეტად გულამოღებული კაბა მეცვა. ჩემს სწორ და ლამაზ ფეხებს გამომზეურების საშუალება მივეცი. ჩემი ზომაზე დიდი, ნახევრად მოშიშვლებული მკერდი თითქმის ყველა ბიჭის ყურადღებას იქცევდა. ცოტა თითქოს დავკომპლექსდი კიდეც, ყველას მზერა ჩემს მკერდზე რომ იყო მომართული, მაგრამ აკაკიც რომ მოვიდა და მისი დაჟინებული მზერაც ვიგრძენი, სულ მომეხსნა კომპლექსები. _ივა არ მოვა, ისიც ხომ ჩვენი კლასელია?_მორიდებით მკითხა ვერიკომ. ირონიული ღიმილით რომ შევხედე, ერთიანად გაწითლდა და გატრიალდა. _ხო, მართლა, ივაც ხომ ჩვენი კლასელია, რატო მას აღარ ვუთხარით?_გაიკვირვა ნუკრიმ. _სწავლობს და არ სცალია._აგდებულად მივუგდე და დარბაზში მაღალი ქუსლების კაკუნით შევედი. _დღეს ხომ შაბათია? არ მოვიდა სახლში?_გაუკვირდა ვერიკოს. _ის ჭორფლიანი ჩიხოტკიანი თუ არ გეჯდა სუფრის თავში, ისე ვერ გაატარებ კარგ დროს?_ნაძალადევად გადავიხარხარე და მაინც და მაინც აკაკის წინ დავჯექი სუფრასთან, რომელიც თვალს ვერ აშორებდა ჩემს მშვენიერ მკერდს. როგორც ბიჭებმა დალიეს, მეც ისე დავლიე სასმელი. კარგად მომეკიდა და კარგადაც ავჭიხვინდი ბებიაჩემის ლექსიკონი რომ მოვიშველიო. აკაკიმ ერთი რახან დაადგა ჩემს მკერდს თვალი, თავს აღარ მანებებდა და ყოველთვის მისი პარტნიორი ვიყავი ცეკვაში. მსიამოვნებდა მისი ყურადღების ცენტრში რომ ვიყავი. ერთ ერთი ცეკვის დროს ძლიერად მომხვია წელზე ხელები და მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე. არ გავძალიანებივარ. ისედაც მსიამოვნებდა მისი ყურადღება და ახლა მთვრალს ხომ საერთოდ... _შეყვარებული გყავს?_ღიმილით მკითხა. _არა._მეც ღიმილით ვუპასუხე. _არავინ გყოლია?_რატომღაც ჩურჩულით მკითხა და მისი ტუჩები რომ ყურზე შემეხო, ავღელდი._არ გინდა შეყვარებულები ვიყოთ? ეს რომ მკითხა, ტანში სასიამოვნოდ გამცრა. რატომაც არ მინდოდა ვითომ? მე ხომ საგანგებოდ მისთვის გამოვიპრანჭე? ღიმილი რომ შემნიშნა, წელზე ხელმოხვეული გამომიყვანა რესტორნის ეზოში და იქვე ფანჩატურში სკამზე გვერდიგვერდ ჩამოვსხედით გვრიტებივით. _ასეთ მშვენიერ გოგოს მიკვირს რომ შეყვარებული არ გყავს. _ვერავინ შეძლო ჩემი გულის კარების გახსნა._გამეცინა. _მე რომ ვცადო, უფლებას მომცემ?_ეს მკითხა და ჩემს მუხლზე დადო თავისი ხელი. მომეტებული ალკოჰოლისგან ისედაც მეხვეოდა თავბრუ და მისმა ამ საქციელმა უარესად დამახვია. ერთხანს ჩემს მუხლებზე ასრიალებდა თავის ერთ ხელს, მეორე კი წელზე ქონდა მოხვეული და მჭიდროდ მიკრავდა. მუხლებიდან თეძოზე რომ გადაინაცვლა, უარესად ავღელდი და ავფორიაქდი. თეძოდან წელზე გადაინაცვლა. იქიდან კი ნახევრად მოშიშვლებულ მკერდზე და თითებით რომ მომეფერა, მაშინ კი მართლა დამებინდა გონება. ცოტაც და მაკოცებდა კიდეც, მაგრამ მოულოდნელად ვიღაცამ წამოაგდო სკამიდან და გვერდით მოისროლა. _რამდენს ბედავ შე ნაგავო?_ივას ხმა რომ ვიცანი, გავცეცხლდი. მაშინვე წამოვხტი სკამიდან და მას ვეტაკე. _შენ თვითონ რამდენს ბედავ?_ვუკივლე და სილაც გავაწანი. _ვინ არის ეს სტიანი?_გაოცებული მომიტრიალდა აკაკი. _არავინ, დაიკიდე. წამოდი, დარბაზში შევიდეთ ისევ. _მამაშენმა გამომგზავნა, სახლში წამოიყვანეო._წინ გადამეღობა ივა. ასეთი მკაცრი ჩემს მიმართ არასდროს ყოფილა და გამიკვირდა. დამაბნია კიდეც მისმა სითამამემ. _ჯერ არ ვაპირებ სახლში წამოსვლას და შეგიძლია მიბრძანდე. მე თვითონაც კარგად მოვალ, გზა არ ამერევა. თან, გამცილებელიც მყავს._აკაკისკენ გავიწიე, რომ ხელკავი გამომედო. _არ გესმის შენ? მამაშენმა წამოიყვანეო და შენს გარეშე არ წავალ აქედან!_ისეთი მკაცრი ტონით გამომიცხადა, უარესად დავიბენი. _არ მეტყვი ვინ არის ეს გადარეული?_აკაკიმ ერთხელ კიდევ შეათვალიერა თავისზე ერთი თავით მაღალი ბიჭი. _მისი ძმა ვარ, რაიმე პრეტენზია გაქვს?_მკაცრი და მტკიცე ხმა ქონდა ჩვენს დედიკოს ბიჭს. _ჩემი ძმა ხარ?_საზარლად გადავიხარხარე._მართლა ჩემი ძმა გგონია თავი შე ჭორფლიანო ჩიხოტკიანო?_ძლიერი მჯიღი ვკარი მკერდში, მაგრამ არც კი განძრეულა._გადაშენდი აქედან, ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახონ. _მამაშენმა გამომგზავნა შენს წასაყვანად და შენს გარეშე აქედან არ წავალ._ასეთი მტკიცე და შეუვალი როდიდან იყო ეს დამყოლი და ბეჩავი ბიჭი, მიკვირდა. _მაშინ დაჯექი და დამელოდე, მე ჯერ არ მოვდივარ!_სკამზე ვანიშნე და აკაკისთან ერთად დარბაზში შესვლა დავაპირე, რომელიც დაწინაურებულიყო და მე არც კი მიცდიდა. _რისთვის აპირებ დარჩენას?_მკლავზე მომკიდა ხელი და შემაჩერა._ზომაზე მეტიც კი გაქვს დალეული. ჯობია, სახლში წამოხვიდე... თან, რა გაცვია ეგ?_მორიდებით მკითხა. გავბრაზდი. გავბრაზდი მსუბუქად ნათქვამია, გავცეცხლდი. _როდიდან ხარ ჩემი უფროსი?_მის ხელს ფრჩხილებით ძლიერად ვუბწკინე და გავაშვებინე._ბოლო დროს რაღაცეები გეშლება მგონი და ჯობია ჭკუას მოუხმო. ჩემი ცხოვრების ბატონ-პატრონი მე ვარ და როცა მინდა, სადაც მინდა და როგორც მინდა ისე მოვიქცევი და იმას გავაკეთებ. წადი შენ, გირჩევნია დედიკოს მიხედო და იმ მჩხავანა ლაწირაკს პამპერსები უცვალო! რატო ის დღე არ ჩამოიქცა, თქვენ რომ შემოხვედით ჩემს ცხოვრებაში!_გაგულისებულმა მივაძახე. ლამპიონით განათებულ მის სახეზე აშკარად ამოვიკითხე წყენა. სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან გამიკვირდა. არასდროს არაფერი სწყინდა ამ ჭლექიანს. ყოველი შემთხვევისთვის არაფერს იმჩნევდა და ახლა რომ შევატყე, გამიკვირდა და დავიბენი კიდეც. ერთხანს ხმისამოუღებლად შევყურებდით ერთმანეთს. პირველად შევნიშნე ამ ხნის მანძილზე, რომ ცისფერი თვალები ქონდა... _ვაა, ივა მოვიდა?_ვერიკოს ხმა თითქოს შორიდან ჩამესმა. სულ მალე დავინახე კიდეც. ფეხის წვერებზე აიწია და ჭორფლიან ლოყაზე აკოცა. _როგორ ხარ?_ზედმეტად განაზებული ხმით კითხა. _მადლობა, კარგად. შენ?_მორიდებით შეხედა ნასვამ და გათამამებულ გოგოს, რომელიც ჩემსავით ზედმეტად მოკლე და მკერდმოშიშვლებულ კაბაში იყო გამოწყობილი. _ძალიან კარგად._ხელკავი გამოსდო და დარბაზისკენ წაიყვანა._წამოდი, კლასელების წვეულება გვაქვს და შენც ხომ ჩვენი კლასელი ხარ? _დიდი მადლობა, არ მინდა._მორიდებით იუარა და ტკიპასავით მიკრულ გოგოს მოშორება სცადა. _რას ქვია არ გინდა?_გადაირია ვერიკო და უფრო მიეკრა._შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა._გამომწვევად გადაიკიაკისა და მაინც შეიყვანა დარბაზში. ერთხანს გარეთ დავრჩი. სიბრაზისგან და ბოღმისგან ერთიანად ვცახცახებდი. მის გამოჩენამდე რა კარგ დროს ვატარებდი და რატო ფეხები არ გაუხმა აქ რომ დააპირა წამოსვლა? კარგა ხანს დავყავი გარეთ და მერე მეც შევედი. ვერიკოს თავის გვერდით მიესვა ივა და ხან რას სთავაზობდა და ხან რას. ჩემს ადგილზე ნათია დამჯდარიყო და აკაკისთან გაება საუბარი. ვიცოდი, ვერაფრის დიდებით ვერ ავაყენებდი ახლა გვარიანად შეზარხოშებულ გოგოს, დიდი ჩხუბი მოგვივიდოდა და აკაკისი მომერიდა. თან, უფრო ივასთან არ მინდოდა თავი დამემცირებინა, სიტუაციას ვერ აკონტეოლებსო. ნათიას ადგილი მის წინ იყო და მინდოდა თუ არა, იქ მომიწია დაჯდომა. ნაგლად შევყურებდი მისით აღფრთოვანებულ ვერიკოს, რომელიც ტყავიდან ძვრებოდა, რომ როგორმე ესიამოვნებინა მისთვის, ხან რომელ საჭმელს სთავაზობდა და ხან რომელს. ივა ისევ მორიდებული გამხდარიყო და ზრდილობიანად და მორცხვად უარობდა ყველაფერს. პირი არაფრისთვის დაუკარებია. გოგოები არ ინაზებოდნენ ისე, როგორც ეს ორმეტრიანი ბიჭი. _ქალოია!_მის გასაგონად წავიდუდუნე. ჭიქა სასმლით გავავსე და გრაციოზულად წამოვდექი ფეხზე._ყურადღებას ვითხოვ!_ჩანგალი მივუკაკუნე თან ჭიქას._ერთი სადღეგრძელოს უფლება მინდა ვთხოვო ჩვენს თამადას. დავინახე ვერიკომ როგორ კისკისით შეუვსო ივას ჭიქა. თამადამ თანხმობა რომ განმიცხადა, ხმამაღლა წამოვიწყე. _ამ ჭიქით ქართველი დედები მინდა დავლოცო._თან ივასკენ გავაპარე მზერა, რა რეაქცია ექნებოდა. ძალიან უყვარდა დედა და მისი დედა ქართველი რომ არ იყო, გულს ვუკლავდი მაგით. _შენ ნამდვილი დედა ადღეგრძელე, ვინც შვილს არ მიატოვებს, თორემ ქართველი დედები არ არიან, რომ შვილებს აჩენენ და ურნაში ყრიან?_პროტესტი გამოთქვა ვერიკომ. მართალი რომ იყო და ყველამ მას დაუჭირა მხარი, მეწყინა და უარესად გავცოფდი. ვერიკოზე იმდენად არა, როგორც ივაზე. ისეთი თვალებით მიმზერდა, დამცირებულად ვგრძნობდი თავს. ჭიქა გამეტებით დავახეთქე მაგიდაზე, ლამის ხელში დამეფშვნა და გაგულისებული დავეხეთქე სკამზე. ჩემი წამოწყებული სადღეგრძელო, ნამდვილი გმირი დედებისა, რომლებიც არაფერს უშინდებიან თავიაანთი შვილების დასაცავად და კეთილდღეობისთვის, უმალ აიტაცეს სუფრის წევრებმა. ივამ და მე არ დავლიეთ მხოლოდ. ივა არასდროს სვამდა სასმელს, მე კი პროტესტის ნიშნად არ დავლიე. _წამოდი, ვიცეკვოთ._სასმისები დაცალეს თუ არა, ვერიკო წამოხტა და ივა გაიწვია საცეკვაოდ. ინტერესით გავაყოლე თვალი მორიდებით მიმავალ ივას. არასდროს მინახია მისი ცეკვა და დაცინვისთვის მოვემზადე. წინდაწინ ვამზადებდი ჩემს დამცინავ მონოლოგს, რომ ყველას თვალწინ დამემცირებინა ეს საფრთხობელა ბიჭი. ნათია ძლივს შესწვდა მის მხრებს. ივამ კი მორიდებით მოხვია გოგოს წელზე ხელები და ნელი მელოდიის ფონზე მოხდენილად დაიწყო რხევა. დავიბენი. ერთხანს გაოგნებულიც კი შევყურებდი. მერე წამოვდექი, მუსიკა შევცვალე და ენერგიულად დავიწყე ტლინკვა. ვერიკო გამიბრაზდა, მაგრამ სუფრის დანარჩენი წევრებიც რომ წამოიშალნენ და გიჟური ჟივილ-ხივილით მათაც მე მომბაძეს, ვეღარაფერს გახდა და თვითონაც ატლინკდა. ივას სიამოვნებით ვუყურებდი, გაბეჩავებული გაუნძრევლად რომ იდგა დარბაზის შუაგულში და მე შემომყურებდა. ბოლოს, მაინც რომ მე გავიმარჯვე, უზომო კმაყოფილების შეგრძნებით ვიცეკვე დაღლამდე. მერე ისევ სუფრას მივუსხედით და კიდევ დავლიე. სამი თუ ოთხი ჭიქის მერე მივხვდი, რომ ვერ ვიყავი კარგად. საპირფარეშომდე ძლივს მივაღწიე და უნიტაზში თავჩაყუდებულს დედის ხსენიც კი არ შემრჩა, იმდენი ვაღებინე. ცოტა რომ მოვსულიერდი, პირი ცივი წყლით მოვიბანე, თავი მოვიწესრიგე და ისევ დარბაზში დავბრუნდი. ჩემი გაუჩინარება მგონი არავის გაუგია, გიჟობდნენ და ერთ ამბავში იყვნენ. ერთი ჭიქა კიდევ დავლიე, ჩვენი ჩუმი ჩანაფიქრისა. მაგას როგორ გამოვტოვებდი? ისევ შეუძლოდ ვიგრძენი თავი და ამჯერად ეზოში გამოვედი სიგრილეზე. ის კუთხე შევარჩიე, რომელიც ნაკლებად განათებული იყო და გრილ სიოს მივუშვირე სასმლისგან გავარვარებული და ატკრეცილი სახე. მესიამოვნა და გავირინდე. ჩემს თავზე მომეშალა ნერვები. რა მინდოდა, რას ვსვამდი ამდენ სასმელს? რის მიღწევას ვცდილობდი? რატო ვიყავი ცხოვრებისგან ასე გაბოროტებული თვითონვე ვერ ვხვდებოდი. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი ასე და უაზროდ შევყურებდი ვარსკვლავებით აკიაფებულ შავ ცას. ჩემს სიახლოვეს ფაჩუნი რომ შემომესმა, შევკრთი. _ცუდად ხარ?_ივას მზრუნველმა ხმამ ისევ გამაცოფა. _რას დამყვები კუდში, რა გინდა?_შევუბუხუნე და ისევ დარბაზისკენ გადავდგი ნაბიჯი, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი დატრიალდა და შემაბარბაცა. ივამ მაშინვე შემაშველა ხელი და წაქცევის საშუალება არ მომცა. ძალიანაც მინდოდა თავის შეკავება, მაგრამ ვერ შევძელი და პირდაპირ მის ფეხსაცმელებზე ვაღებინე. არ განძრეულა, არც კი შეუზიზღია. მაცადა, სანამ დავიცლებოდი. მერე წელზე მომხვია ხელი და ონკანისკენ წამათრია. ცივი წყლით მომბანა სახე. _უკეთ ხარ?_ისეთი მზრუნველი ხმა ქონდა, გული ამიჩუყდა. თითქოს სინდისის ქენჯნაც ვიგრძენი იმის გამო, მე რომ ყოველთვის მის დამცირებას ვცდილობდი და ეს კი, ყველაფრის მიუხედავად მაინც ზრუნავდა ჩემზე და ჩემს გამო სწუხდა. მხოლოდ წამიერად გამიელვა ამ აზრებმა თავში. მადლობის მაგიერ ხელი ვკარი და გამოვტრიალდი. დარბაზში აღარ შევსულვარ. დალევის შნო აღარ მქონდა, თავბრუსხვევა და ღებინება მკლავდა, დროს ვეღარ გავატარებდი, უარესად შევრცხვებოდი და ამიტომ ფეხით დავადექი სახლისკენ მიმავალ გზას. მაცოფებდა იმის გააზრება, რომ ივას თვალწინ შევირცხვინე თავი. ყოველთვის მე ვიყავი მის დაცინვასა და დამცირებაში და ახლა ამას უნდა დავეცინე? სულ მალე ივაც წამომეწია ჩქარი ნაბიჯებით და გვერდით გამომყვა. თვალი მისი ფეხსაცმელებისკენ გამექცა რატომღაც. დარეცხილი და დასუფთავებული რომ ქონდა, შვებით ამოვისუნთქე. უხმოდ მივუყვებოდით გზას. ივას ვატყობდი, რომ ვერ ბედავდა ვერაფრის თქმას, მე კი არაფერი მქონდა მასთან სალაპარაკო. ნახევარი გზა არ გვქონდა გამოვლილი, რომ ისევ წამომაზიდა. სანიაღვრე არხთან გადავეყუდე და ისევ მაღებინა. ივამ ისევ წამაშველა ხელი და წელზე მომხვია, რომ არ წავქცეულიყავი. ელდანაკრავივით შევკრთი. _ნუ მეხები!_გაცოფებულმა ვუყვირე._აღარ გაბედო ხელის დაკარება შე ჭლექიანო!_ღებინებისგან დასვრილი პირი ხელით მოვიწმინდე და ჩქარი ნაბიჯებით გავეშურე სახლისკენ. მაღალ ქუსლებზე სიარული მიჭირდა, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხდი. რამდენჯერმე წავბორძიკდი კიდეც, მაგრამ მაინც ლამის სირბილით ვაგრძელებდი გზას. სანამ ტროტუარზე დავდიოდი, კიდევ არაფერი, ჩვენი უბნისკენ რომ გადავუხვიეთ და მოხრეშილ გზაზე გადავედი, უარესად გამიჭირდა. გავჩერდი, ფეხსაცმელები დავიძრე და ფეხშიშველმა განვაგრძე გზა. უკვე საჩვენოში ვიყავით მისულები, ჩვენი ჭიშკარიც ჩანდა უკვე, რომ ფეხი ლურსმანს დავადგი და გვარიანად შემერჭო. ტკივილისგან თვალთ დამიბნელდა. ტელეფონით რომ დავინათე და ფეხს დავხედე, ლამის გული წამივიდა. ივა არც კი დაფიქრებულა, მაშინვე დამავლო ხელი და სირბილით გამომაქცია სახლში ჩემს ოთახში უჩუმრად ამიყვანა, რომ არავის გაეგო და საწოლზე დამაწვინა. ჯერ გამწარებული ვიყავი და ხმას ვერ ვიღებდი. ხმისამოუღებლად შევყურებდი ეს წითური და ჭორფლიანი ბიჭი როგორ ფაციფუცობდა. ბამბა და არაყი მოარბენინა. სანამ რამეს გავიაზრებდი, ოსტატურად ამომაძრო ლურსმანი ფეხიდან და არყიანი ბამბა მიმაჭირა ძლიერად. _გეტკინა?_მზრუნველად რომ მკითხა, ისევ გავცოფდი. მეტკინა კი, მაგრამ ამას როგორ ვაღიარებდი? _გაეთრიე ჩემი ოთახიდან!_მადლობის მაგივრად მკაცრად დავუღრიალე და თვალებიც ავად დავუბრიალე. სინანულით შემომხედა. ერთხანს ასე მიყურა თავისი სევდიანი ცისფერი თვალებით, მერე უხმოდ წამოდგა ჩემს წინ ჩაცუცქული რომ იყო და უკანმოუხედავად დატოვა ჩემი ოთახი. თვალი გავაყოლე. რაც სასწავლებელში წავიდა, ცოტა თითქოს მოფერიანებულიყო და ისე ძალიან გამხდარიც აღარ მეჩვენა. თმაც ლამაზად ქონდა შეჭრილი და დავარცხნილი. ალბათ, აქ რომ სულ მუშაობდა თავის მოსავლელად ვეღარ იცლიდა, იქ დრო გამოენახა საკუთარი თავისთვის. ცოტა ხნის წინ ხელში აყვანილი რომ მოვყავდი, სისუფთავის და სასიამოვნო ოდეკოლონის სურნელიც მცემდა. ხელებიც აღარ ქონდა დაკოჟრილ-დაჩეჩქვილი... მაგრამ მაინც საზიზღარი იყო. ვერ ვიტანდი ჩემს ცხოვრებასთან რაღაცით რომ იყო დაკავშირებული. აკაკისთან სიამაყით რომ თქვა მისი ძმა ვარო, ყველაზე მეტად ის მაცოფებდა. თან, იმასაც ვერ ვიტანდი მასში, რომ ამდენი ჩემი დამცირების და აბუჩად აგდების მიუხედავად, მაინც ცდილობდა ჩემზე ზრუნვას. ლენჩი და დებილი იყო, სხვა ვერაფერ სიტყვას ვერ ვუძებნიდი მის ამ საქციელს... მთელი ღამე ფეხის ტკივილმა არ დამაძინა. გამთენიისას ჩამეძინა მხოლოდ და უძილობამ და სიმთვრალემ ერთნაირად დამრია ხელი. პირველი ხდებოდა, რომ ვინებე და ავდექი. ფეხი მე თვითონ გადავიხვიე ბინტით და სამზარეულოში გავედი. ვერას ცალ ხელში ბავშვი ეჭირა და მეორე ხელით კი იატაკს გვიდა. ერთი ეს იყო ლუჩუნა და ბეჩავი. მე რომ დამინახა, გულთბილად შემომღიმა. მაგრამ შეხვეულ ფეხს რომ მოჰკრა თვალი, აშკარად შეწუხდა. _ეგ რა მოგსვლია?_შეიცხადა თავისი რუსული აქცენტით. _არაფერი. შენ შენს საქმეს მიხედე._მკაცრად მოვიშორე თავიდან. კოჭლობით რომ გავეშურე გაზქურისკენ კვერცხის შესაწველად, პატარამ შემომღიმა და ჩემი ყურადღება მიიქცია. თითქმის ექვსი თვის იყო და აზრიანად მიმზერდა. ამ ხნის მანძილზე, რაც ეს გაჩნდა, პირველად შევხედე და პირველად აღმოვაჩინე, რომ მამაჩემს გავდა. მეც მამას ვგავდი, მასავით დიდრონი და ყავისფერი თვალები მქონდა. რაღა თქმა უნდა, მე და ეს პატარაც ერთმანეთს ვგავდით. შევკრთი, ისე მიმზერდა და მიღიმოდა. გულის კუნჭულში რაღაც სითბოს მსგავსიც კი ჩამეღვარა მის მიმართ. ამან უარესად გამაცოფა. ზურგი შევაქციე, რომ აღარ დამენახა და ისე ავიშიშხინე ტაფამწვარი. ვერამ ბავშვი მანეჟში ჩასვა და ფრთხილად მოხვეტა ნაგავი, რომ არ აემტვერებინა ჩემთვის და ოთახიდან გავიდა. ცნობისმოყვარეობამ მძლია და ისევ გავხედე ბავშვს მალულად. ჩემი ბავშვობის ფოტოებიდან გადმომხტარს გავდა. ალბათ საკუთარი შვილი არ მემგვანებოდა ასე, როგორც ამ რუსი ქალის შვილი მგავდა. თითქმის ორი წელი ხდებოდა რაც ჩვენს ოჯახში იყო ვერა და თავისი ჭლექიანი ბიჭი და ვერა და ვერ შევძელი მათი სიყვარული. სიყვარული თუ ვერა, პატივისცემა მაინც. ახლა ეს ბავშვიც... ისეთი თვალებით მიმზერდა, გულს მითბობდა თითქოს მისი ეს მზერა და ბავშვური ღიმილი. უარესად გავცოფდი, რომ რაღაც განცდებს ვგრძნობდი ამ ლაწირაკის მიმართ, წამოვდექი და ჩემი თეფშიანად ჩემს ოთახში გავედი. კარგა ხანს მესმოდა მისი ჭუჭყუნი. მერე ატირდა კიდეც. თითქოს შემეცოდა და ისევ სამზარეულოში დავბრუნდი კოჭლობით, მაგრამ სანამ მე მივიდოდი, ივამ შემასწრო და ხელში აიყვანა ატირებული ბავშვი. _რა გატირებს ჩემო პრინცესა?_ხელსახოცით შეუმშრალა ლოყაზე დაგორებული კურცხალი ცრემლები და გულში ჩაიხუტა. თან წაბლისფერ კულულებიან თავზე ნაზად კოცნიდა. ისე გულწრფელად და უანგაროდ უყვარდა ამ ბიჭს ეს ბავშვი, უარესად ვცოფდებოდი მასზე. უზომოდ დიდი გულის და უკუდეგანო სიყვარულის მატარებელი იყო, რაც მე არ შემეძლო. ან, არ მინდოდა რომ შემძლებოდა. ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი კოჭლობით. წუხანდელი ღებინების გამო ცოტა სირცხვილის გრძნობა გამჩენოდა, მაგრამ არც ისეთი, რომ ივას წინაშე თავი დამეხარა და ბოდიში მომეხადა. მთელი დღე ჩემი ოთახიდან არ გამოვსულვარ. სოფიოს და ნათიას კი მივწერე, ფეხში ლურსმანი შემერჭო და თქვენ გადმოდით ჩემთან, მე ვერ დავდივარ-მეთქი, მაგრამ ორივემ ის გამომიცხადა, რომ პახმელიაზე ვარო. მთელი დღე ვიწექი და სოციალურ ქსელში ვიდეოებით ვირთობდი თავს. ცალი ყური ეზოსკენ მქონდა, სადაც ივას ხმა ისმოდა და ნერვები მეშლებოდა, რომ ჩემს სანახავად არ შემოდიოდა. იმის დარდი კი არ მქონდა, რომ არ მკითხულობდა. არამედ იმისა, რომ არ შემოდიოდა და ჩემი ოთახიდან კისრისტეხით გაგდების საშუალებას არ მაძლევდა. საღამოს ოთახიდან არც კი გამოვსულვარ და არ მივახშმია. კარზე მორიდებით რომ მომიკაკუნეს, ივა მეგონა და მისი ოთახიდან დაფრენის საშუალება რომ მომეცა, ბოროტულად ჩამეღიმა. _ღიაა._ისე გავეპასუხე, ტელეფონიდან არ ამიწევია თავი, ვითომ რამე სერიოზულს ვუყურებდი ინტერესით. კარი რომ გაიღო და ვერა შემრჩა ხელში, ნაადრევი სიხარულის ზეიმი ჩამშხამდა. _ფეხი როგორ გაქვს?... ნეტა, ექიმთან წასულიყავი._აშკარად წუხდა ჩემზე, მაგრამ მე ესეც მაცოფებდა. ჩემი თავისა მე თვითონ ვერაფერი გამეგო, არ მკითხულობდნენ: მწყინდა და ვიბოღმებოდი. მკითხულობდნენ და ვგიჟდებოდი. ვერა გაუბედავად მომიახლოვდა და ბინტშეხსნილი ფეხი შემიმოწმა. _უი, დაგჩირქებია._შეიცხადა._სიცხე აგიწევს ამის გამო... ისეთი სახით შევხედე, თითქოს შეკრთა. _შემწვარ ხახვს დაგადებ, ჩირქს მოაქუჩებს და გამოიტანს._ეს მითხრა მხოლოდ და მაშინვე გატრიალდა ჩემი ოთახიდან. თუმცა, მალევე დაბრუნდა. მართლაც შეეწვა ხახვი და ერთი თხელი ფენა ჭრილობაზე დამაფინა, თან ბინტით გადამიხვია. ჩემდა გასაკვირად, არ გავძალიანებულვარ. მივხვდი, რომ მესიამოვნა მისი ეს ზრუნვა, მაგრამ რატომღაც დედაჩემის ღალატად ჩავთვალე მისადმი თბილად მოპყრობა და მადლობაც კი არ მითქვია ამ ქალისთვის. არა და, მართლაც დაჩირქებული მქონდა ფეხი და მისმა ხალხურმა მედიცინამ მალე მიშველა. ჩირქი რომ აღარ მქონდა ფეხში, ტკივილიც იმდენად აღარ მაწუხებდა. მხოლოდ ორი დღე გავაცდინე სკოლა და ისევ დავბრუნდი. დავუბრუნდი ჩემს გიჟურ და თავხედურ ყოფას. აკაკის მოსაპოვებლად იმდენი გოგო ვექიშპებოდით ერთმანეთს, თვლა აღარ მქონდა. თავიდან, აკაკი თითქოს იკავებდა თავს ჩემთან ურთიერთობაში ივას გამო, რახან დამცველი მყავდა, მაგრამ რომ გაიგო ჩემი დედინაცვლის შვილი იყო და არანაირი ძმა არ იყო ჩემი, ისევ გათამამდა. მაშინ, რესტორანში, ქეიფის დროს თამამად რომ მიფათურებდა ხელებს, ახლა ვხვდები, რომ ადვილად მოსაპივებლად ჩამთვალა და უფრო გათამამდა. ადგილი ბოლო მერხიდან გამოიცვალა და ჩემთან გადმოჯდა. ხშირად გაკვეთილებს არ ვესწრებოდით და კიბის ბაქანზე მოფარებულში ვზასაობდით. ყველამ იცოდა, რომ მე აკაკის გოგო ვიყავი და ბიჭები ზედმეტად ხმას ვერ მცემდნენ. ისე, არც მანამდე მაწუხებდნენ, რადგან იცოდნენ რა ქაჯიც ვიყავი. მე სხვა ბიჭებისკენ გახედვის უფლებას არ მაძლევდა აკაკი, თვითონ კი ჩემს მალულად სხვა გოგოებსაც ხვდებოდა. ხშირად ვჩხუბობდით, მაგრამ ისევ მალე ვრიგდებოდით. დიდად არ მსიამოვნებდა მისი ნიკოტინის სუნით აყროლებული ტუჩების შეხება, მაგრამ მაინც მჭიდროდ ვეკვროდით ერთმანეთს და ვკოცნიდი. სკოლის პერიოდში ამაზე შორს არ წასულა ჩვენი ურთიერთობა. იმდენი კი მესმოდა, რომ არასრულწლოვნების ასაკში სარეცელი არ გამეზიარებინა მასთან. თან, სიმართლე რომ ვთქვა, ბიძაჩემის მეშინოდა. ვიცოდი, არ მაპატიებდა ამ ნაბიჯს და თავს ვიკავებდი. ივამ ერთი წელი ისწავლა კოლეჯში. კვირაში ორ დღეს მოდიოდა მხოლოდ სახლში, მაგრამ მაშინაც ვერ ვხედავდი, ან მე ვიყავი დაქალებთან, ან ისინი იყვნენ ჩემთან და ჩემს ოთახში გამოკეტილები ათას სისულელეს ვაკეთებდით. სიგარეტის მოწევასაც კარგად მივეჩვიე. ყველა პოპულარული გოგო თუ ბიჭი ეწეოდა და მე რითი ვიყავი ვითომ სხვაზე ნაკლები? სწავლა რომ დაამთავრა, ორი თვე თბილისში გაიარა გადამზადება თუ პრაქტიკები და ისევ კოლეჯში დაბრუნდა, ამჯერად უკვე სამუშაო ადგილი შესთავაზეს და იქ მუშაობდა. ყოველ დღე სიარულს ისევ იქ დარჩენა ამჯობინა და საერთოდ ვეღარ ვნახულობდით ერთმანეთს. მერე კი, ჯარში რომ არ გაეწვიათ, დირექტორს არ უნდოდა მისი ხელიდან გაშვება, მეორედ ჩააბარებინა, ახლა უკვე სადურგლოზე და თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ისე იყო გადატვირთული, ხან იმ შაბათ-კვირასაც ვერ ახერხებდა სახლში მოსვლას. ვერა ძალიან განიცდიდა შვილის უნახაობას, მაგრამ მე? მე პირიქით, მიხაროდა, რომ სახლში აღარ იყო და თავს აღარ მახსენებდა არანაირად. მეთორმეტე კლასში ვიყავით, მასწავლებელმა პროფორიენტაციის გაკვეთილზე ჩვენი რაიონის კოლეჯის დათვალიერება და მათი გაცნობა რომ მოისურვა და ერთი დღე ექსკურსია მოვაწყეთ კიდეც. ოღონდაც გაკვეთილები არ ჩაგვტარებოდა და ყველაფერზე თანახმა ვიყავით. მე და აკაკი ხელგადახვეულები დავდიოდით ჯერ კოლეჯის ეზოში და მისი სილამაზით ვტკბებოდით, მერე სასადილოც დავათვალიერეთ, საერთო საცხოვრებელი და თვითონ სასწავლებელიც. სპორტდარბაზისკენ რომ გავეშურეთ, ვერიკო დაწინაურდა და გვერდით ამომიდგა. _შენი ძმა აქ სწავლობს ხომ? ვერიკოს გემოზე გამოლანძღვას ვაპირებდი, ჩემი ძმა არა კვახი-მეთქი, რომ ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც გიდობას გვიწევდა, ინტერესით შემომხედა. _მართლა? ვინ არის შენი ძმა? იმ წუთას ვერიკოსთვის ენის ამოგლეჯა მინდოდა. სანამ მე რამეს ვეტყოდი ჩვენს გიდს, ვერიკომ დამასწრო. _ივა ქვია... _ააა, ბიჭი, რომელსაც ცეცხლმა აკოცა?_დავინახე როგორი კმაყოფი ღიმილი გაუკრთა სახეზე._ჩვენი ზრდილობიანი და კარგი ბიჭი ივა? _ახლა სად არის ხომ არ იცით?_ისეთი ხმით იკითხა ვერიკომ, აშკარად შევატყე, რომ მოსწონდა ნახევრად რუსი წითური ჭორფლიანი. მითუმეტეს რომ გაწითლდა კიდეც. _დარბაზში იქნება, კალათბურთის ტური უნდა გაიმართოს ერთ კვირაში და ბიჭები ემზადებიან. "უყურე შენ, ჭლექიანი და ჩიხოტკიანი დედიკოს ბიჭი კალათბურთს თამაშობს თურმე. რაო, რა თქვა ამ გოგომ? ბიჭი, რომელსაც ცეცხლმა აკოცაო?_ირონიულად ჩამეცინა,_თავისი წითური თავის გამო თქვა ალბათ... ცეცხლის ნაკოცნი ბიჭი._ეს ფრაზა ამეკვიატა რატომღაც და ყოველ მის გახსენებაზე ირონიული ღიმილი დამთამაშებდა სახეზე. დარბაზში რომ შევედით, შორტებში გამოწყობილი ბიჭები მართლაც დარბოდნენ და ბურთს დაახტუნავებდნენ. თვალის ერთი შევლებითაც გამოირჩეოდა წითელთავა ივა. ვერიკომ დაინახა თუ არა, დაუძახა და ხელიც კი დაუქნია. არ ვიცი რა რეაქცია ქონდა ივას მის დანახვაზე, რადგან მე მას საერთოდ არ ვუყურებდი. მის დასანახად აკაკის ვეხუტებოდი მჭიდროდ და მხოლოდ მას შევციცინებდი ღვალებში. ვარჯიში რომ დასრულდა, ივა კლასელებს მოგვიახლოვდა ბედნიერი ღიმილით და ყველას სათითაოდ ჩამოართვა ხელი. ვერიკო რომ სიხარულით ჩამოეკიდა კისერზე, რატომღაც მეწყინა. გავბრაზდი ვერიკოზე, რა თავს აფასებინებდა ამ აყლაყუდას? მე, რა თქმა უნდა, ყურადღება არ მიმიქცევია მისთვის და გამოწვდილი ხელი ჰაერში გაუშეშდა. არც აკაკიმ ჩამოართვა ხელი. მესმოდა როგორ გულთბილად ელაპარაკებოდა კლასელებს და ყველას ამბებს კითხულობდა. თხუთმეტი, ოცი წუთი მაინც გავჩერდით იქ და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ერთხელ შევხედე, ისიც იმიტომ, რომ ჩვენმა გიდმა ღიმილით კითხა ჩემზე: _ამისთვის აკეთებ იმ საჩუქარს? გაოცებული მზერა რომ მივაპყარი, დაიბნა, მორიდებით მომარიდა თვალი და თითქოს წაიჩურჩულა. _არა, უმცროსი დისთვის... _ვაა, ორი და გყავს?_კეკლუცად შეღიმა ჩვენმა გიდმა და ისევ მე შემომხედა ინტერესით. _ისიც ასეთი ლამაზია? მესიამოვნა, ლამაზი რომ მიწოდა და დარცხვენილ ივას ინტერესით შევხედე რას იტყოდა და რა რეაქცია ექნებოდა, მაინტერესებდა. _უკეთესი._ეს თქვა მხოლოდ, თან ისე, რომ ჩემთვის არც კი შემოუხედია და დარბაზიდან გავიდა. გავბრაზდი. გამოდის, ჩემზე უკეთესად თვლიდა იმ ლაწირაკს? სიბრაზისგან სახეზე ალმური რომ მომედო, მივხვდი გავწითლდი. იმან უარესად გამაცოფა, რომ კოლეჯის გოგოები აშკარად ეკეკლუცებოდნენ და ეპრანჭებოდნენ. რა მოსწონდათ ამ ჭირიანი და ჩიხოტკიანი ბიჭისა, ვერ ვხვდებოდი. დავიჯერო, მასზე მეტი ბიჭი კოლეჯში არ სწავლობდა? ახლა, ეს მეტიჩარა ვერიკოც რომ ეტორღიალებოდა, ცალკე ეს მიშლიდა ნერვებს. მაცოფებდა ის, რომ დიდი სიყვარულით, მოწიწებით და რაც მთავარია, ჩემგან განსხვავებით, ზრდილობით და პატივისცემით ეპყრობოდნენ ყველანი. ისიც მაცოფებდა, რომ სასწავლებელში ყველა იცნობდა და დიდი მოწონებითა და პოპულარულობით სარგებლობდა. ლამის იმ დასკვნამდეც მივედი, რომ მართლა კარგი ბიჭი იყო და უბრალოდ, მე არ მინდოდა ამის აღიარება. დღის ბოლოს, იქიდან რომ წამოვედით, გულთბილად და ზრდილობიანად დაგვემშვიდობა ყველას და გამოგვაცილა. მე მის ჯინაზე აკაკის ვეკვროდი ტკიპასავით და ის რომ მკოცნიდა, გამომწვევად ვკისკისებდი. რატომღაც მეგონა, რომ ამით მას ვაკლებდი რამეს და ნერვებს ვუშლიდი. იმ შაბათ-კვირასაც არ ჩამოვიდა ივა სახლში. ალბათ, კალათბურთის ტურნირის გამო. მამაჩემმა ბიძაჩემს სთხოვა, სუფთა ტანსაცმელი და მცირეოდენი სურსათი გადამატანინე რომ იმ კვირაში თავი ირჩინოსო. უფრო, ვერას აინტერისებდა ამდენი ხნის უნახავი შვილი და ვფიქრობ, იმიტომ წავიდნენ, თორემ ხელფასი იმდენი ქონდა, აქეთ ეხმარებოდა ოჯახს. საერთო საცხოვრებელში აბაზანა და სამრეცხაოც იყო, არ გაუჭირდებოდა. სახლში უვლიდა საკუთარ თავს და იქ ვერ მიხედავდა? მამაჩემმა კი შემომთავაზა, ხომ არ წამოხვიდოდი შენცო. სიმართლე რომ ვთქვა, შინაგანად კი მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რის გამო და ამიტომ სასტიკი უარი განვაცხადე. ვერას ვაჩვენე თუ ჩემს თავს არ ვიცი, მეტი საქმე არ მაქვს იქ მის სანახავად წამოვიდე-მეთქი, სიბრაზით განვუცხადე. საღამოს რომ მოვიდნენ, მე ჩემი ოთახიდან არ გამოვსულვარ. ბავშვის ტიკტიკის ხმა მესმოდა და რომ არ გამეგო, ყურსასმენები მოვირგე და მაღალ ხმაზე ჩავირთე მუსიკები. ოთახიდან ოთახში რაცრაცით რომ დადიოდა, ისიც მაღიზიანებდა და ჩემს ოთახშიც რომ არ შემოსულიყო, კარი გასაღებით ჩავუკეტე. მე რომ მამაჩემის ადგილზე ვყოფილიყავი, დიდ კეტს ავიღებდი და ჩემისთანა უმადურ და გულქვა ადამიანს გემოზე ვცემდი, მაგრამ ალბათ ვეცოდებოდი დედის დაკარგვა ასე ძალიან რომ განვიცადე. ან, იქნებ ხელიც ქონდა უკვე ჩაქნეული ჩემზე? ესე იყო თუ ისე, მამაჩემი ამდენ ბალბას მაჭმევდა და ეს დებილი ვერა თავისი ჭორფლიანი ივათი აუტანელს პირუჩუმრა და საყვედურების გარეშე მითმენდნენ და მიტანდნენ. ეს პატარაც ღიმილით ცდილობდა ყოველთვის ჩემთან მორაცრაცებას სალო სალოს ძახილით. მე კი, ერთს კუშტად შევხედავდი, შევაშინებდი და და ისიც ტუჩაბზუებული გარბოდა დედასთან. მეთორმეტე კლასს რომ ვამთავრებდი და გამოცდების ციებ-ცხელება იწყებოდა, ასე ვთქვათ ცოტა მოვჯექი, რადგან სწავლის გაგრძელება უმაღლესში მინდოდა და თუ გამოცდებზე ჩავიჭრებოდი, ოცნება ოცნებად დამრჩებოდა. უმაღლესში სწავლა კი არა, გართობა უფრო მინდოდა. ჩემი ყველა კლასელი თბილისში აპირებდა სწავლის გაგრძელებას და მე ივა ხომ არ ვიყავი უბრალო კოლეჯში, თანაც რაიონში წავსულიყავი? ჩემმა მოწადინებამ მცირეოდენი შედეგი მაინც გამოიღო და ბარიერი ძლივს გადავლახე ყველა გამოცდაზე. მთავარია არ ჩავჭრილვარ და რას დავეძებდი? ეროვნულებზე დიდის ამბით შევიტანე საბუთები, მაგრამ პირველ გამოცდაზევე ჩავიჭერი. ბიძაჩემმა საშინელი ამბავი მაწია, რას ქვია გოგო ჩაიჭერი, ბიჭებმა უპრობლემოდ ჩააბარესო. იმდენი უჩიჩინა მამაჩემს, მანაც სიმკაცრე გამოავლინა და საშემოდგომო მიღებაზე კოლეჯში, სადაც დედიკოს ბიჭი სწავლობდა და მუშაობდა, ფარმაცევტულზე შემატანინა საბუთები. ერთი-ორი თვე თავისთან ვყავდი და მთელი სიმკაცრით მაკონტროლებდა რას ვაკეთებდი. რეპეტიტორთანაც ძალის-ძალად მატარა და გამოცდები რომ ჩავაბარე, სიმართლე ვთქვა, მე თვითონვე გამიკვირდა და გამიხარდა. ერთადერთი ის არ მომწონდა და თავმოყვარეობას მილახავდა, რომ უნივერსიტეტის ნაცვლად კოლეჯში ჩავირიცხე. თუმცა, ისეთი სიტუაცია და გართობები იყო იქაც, რომ მალევე დავწყნარდი და დავმშვიდდი. თავიდან, ყოველ დილა დავდიოდი სასწავლებელში. არ მინდოდა ივას ვეკონტროლებინე იქ მთელი დღე. მერე კი აღმოვაჩინე, რომ იქ დარჩენა უკეთესი იყო, ღამის ცხოვრებით ცხოვრობდნენ სტუდენტები, მეტი გართობა და თავისუფლება იყო და მეც იქ გავიბარგე კოლეჯის საერთო საცხოვრებელში. ოთახში ორნი ვიყავით, მე და სტილისტობაზე მოხვედრილი ნანიკა. ნანიკა ჩემგან განსხვავებით ზრდილობიანი, მოწესრიგებული და საქმიანი გოგო იყო. დილით ისე არ ადგებოდა, თავისი საწოლი ფაქიზად არ გადაესწორებინა, ოთახი არ დაელაგებინა და არ გამოეგავა. მე კი, რა ნაგავიც სახლში ვიყავი, იქაც ის აღმოვჩნდი, მაგრამ ცოტა ხნით, რადგან საცხოვრებლის ზედამხედველები ოთახის სისუფთავეს გვიმოწმებდნენ და რამდენჯერმე საყვედურები ავიკარი. ბოლოს კი, უსუფთაობის და მოუწესრიგებლობის გამო საცხოვრებლიდან გაგდებით დამემუქრნენ. პირველი გარდატეხა ჩემში მაშინ მოხდა. რომ ვთქვა დიდად ვიწუხებდი სწავლით თავს-მეთქი, მოვიტყუები. საღამოობით სტუდენტები გვიანობამდე სეირნობდნენ სასწავლებლის უშველებელ და ბაღნარად ქცეულ ეზოში. იქ უფრო მიმწევდა გული. აკაკი კვირაში ერთხელ მაკითხავდა, ლექციებს ვაცდენდი და მას დავყვებოდი კაფეებში და რესტორნებში. ბოლოს, მაგაზეც დიდი ამბები დამატეხეს თავს. აკაკიმ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდა და ისე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, მის შესახებ ვერაფერი გავიგე. თავიდან ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს. ყველაზე მეტად ის მაცოფებდა, რომ ივასაც ესმოდა მეტ-ნაკლებად ჩემი ამბები საგმირონია. აკაკის გაუჩინარება მალევე დავივიწყე, რადგან ტურიზმის მართვის სტუდენტი ლევანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ყველა ლეოს ეძახდა. არც ეს იყო აკაკიზე ნაკლები უზრდელი და ხეპრე. საკუთარ თავში დარწმუნებული ნარცისი, მაგრამ მე ხომ ასეთი ბიჭები უფრო მიზიდავდა? ხო და მალევე მივიქციეთ ერთმანეთის ყურადღება. სღამოობით თამამად ხელგადახვეულები დავდიოდით სასწავლებლის ეზოში. ერთმანეთის ხვევნა-ალერსზე და კოცნაზეც არ ვამბობდით უარს. იმდენი სიმკაცრე და მეთვალყურეობა გვქონდა სასწავლებელში, რომ ერთად მართლა არ ვწოლილვართ. ისე კი, შანსი რომ მქონოდა, ალბათ უარსაც არ ვიტყოდი. ივა თავიდან შედარებით მკაცრად მელაპარაკებოდა, სრცხვენოდ ჩემს გამო, ასეთი თავნება, ჯიუტი და ბიჭების ამყოლი რომ ვიყავი. ჭკუაზე მარიგებდა, წესიერად რომ მოვქცეულიყავი, მაგრამ მერე, ეტყობა რომ ამოუვიდა ყელაში ჩემი კუდში დევნა, მითუმეტეს სარბენად მართლა არ ეცალა. დილიდან სამ საათამდე მუშაობდა. სამიდან ცხრა საათამდე კი სწავლობდა. გადატვირთული დღის გრაფიკის გამო მხოლოდ საღამოობით უწევდა ჩემი ხილვა, ისიც ლეოს სიახლოვეს. თვითონ ცოტა ხნით რჩებოდა ეზოში და მალევე ადიოდა ოთახში. შეიძლება სწავლობდა, შეიძლება თავს იწესრიგებდა. არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ მისით. სიმართლე რომ ვთქვა, ძალიანაც კი მაინტერესებდა, მაგრამ როგორ მეკითხაა? ამიტომ საღამოობით სტუდენტებთან და განსაკუთრებით, ლეოსთან ერთად ვრჩებოდი ეზოში დროის გასატარებლად. ჩემი ოთახის მეზობელი ნანიკაც ივას გავდა. იშვიათად ჩამოდიოდა საღამოობით ეზოში. მეტწილად ოთახში იყო გამოკეტილი და წიგნებს კითხულობდა. მიკვირდა, საღამოობით სასწავლებლის ეზოში ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა და ეს კიდევ უაზროდ ფლანგავდა დროს წიგნების კითხვაში. მე, მართალია ლექციებს აღარ ვაცდენდი, მაგრამ საღამოობით ყოველთვის ჩავრბოდი ეზოში და მანდატურები რამდენ ხანსაც გვაძლევდნენ იქ ყოფნის საშუალებას, იმდენ ხანს ვიყავი და ვერთობოდი. ერთხელ, ნანიკამ მთხოვა, ფაბლაბის კაბინეტში ჩამომყევი, მაისურზე ნახატი უნდა დავაკვრევინო ივასო. სიმართლე ვთქვა, დამეზარა და ჯერ უარი ვუთხარი, მაგრამ მერე გადავიფიქრე, შანსი მეძლეოდა მენახა სად მუშაობდა ჩვენი დედიკოს ბიჭი და რას აკეთებდა. ხო და შუა გზაში დავეწიე მარტო მიმავალ ნანიკას. დამინახა თუ არა, გაუხარდა. _მარტოს მერიდება მისვლა. თან, შენი ძმაა... ეს "ძმა" რატომღაც ძალიან მწარედ და ცუდად მხვდებოდა ყოველთვის ყურში, მაგრამ ამჯერად წავუყრუე. მორიდებულ გოგოს ხელკავი გამოვდე და ირონიული ღიმილით დამშვენებული შევედი ივას კაბინეტში. იმდენი დანადგარი და მოწყობილობა იყო, თვალები ამიჭრელდა. ცნობისმოყვარე ბავშვებიც ბევრნი იყვნენ და დიდი ინტერესით უყურებდნენ ივას, რომელიც რაღაც ლაზერისმაგვარ დანადგართან იდგა და ხის პატარა ფიგურებს ჭრიდა. ისეთი მონდომებით მუშაობდა, ერთხანს დაჟინებით მივჩერებოდი. ალბათ იგრძნო ჩემი მზერა და ინსტიქტურად შემომხედა. დამაბნია მისმა ამ წამიერმა შემოხედვამ. მზერა ჩემიდან ნანიკაზე რომ გადაიტანა, გაუღიმა. დავინახე ნანიკასაც რომ გაეღიმა და თან გაწითლდა. ივამ ჩვეულებრივ გააგრძელა მუშაობა. ბავშვების ინტერესი რომ დააკმაყოფილა და გაუშვა, მხოლოდ მას შემდეგ მოგვიბრუნდა ჩვენ. _აბა, რა ხდება, რა გაგჭირვებია?_მარტო ნანიკას კითხა, თითქოს მე იქ არც კი ვარსებობდი. მეწყინა მისი უყურადღებობა. ნაჩვევი ვიყავი, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც მაქცევდა ყურადღებას და ზრუნავდა ჩემზე და ახლა ამ გულგრილობამ ნერვები მომიშალა. ნანიკას კი აშკარად ეტყობოდა, რომ გულგრილი არ იყო მის მიმართ. _მაისურზე ამ ნახატის დაკვრა მინდოდა._ტელეფონის გალერეაში ფოტოები ამოარჩია და აჩვენა. თან პარკში ჩადებული თავისი მაისური გაუწოდა._შენ არაფერი გინდა?_მერე მე მომიბრუნდა მოულოდნელად. დავიბენი. ამ კითხვას მართლა არ მოველოდი და ივას გავხედე. ინტერესით მიმზერდა. წამით შეხვდა ისევ ჩვენი თვალები ერთმანეთს. ეს წამებიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მის თვალებში ისევ ისეთი გულთბილი და ალალი მზერა ამომეკითხა. მე რომ შევხედე, ისევ ნანიკას მიუბრუნდა. თუმცა, შევატყე, რომ დაძაბული ინტერესით ელოდა ჩემს პასუხს. მეც დავიბენი. არ ვიცოდი რა მეპასუხა. ის კი არა და, ისეთი მზერა ქონდა წეღან, თითქოს გულში ჩამწვდა მისი რაღაცნაირი სიყვარულით სავსე თვალები. ახლა ის, რომ მე აღარ მაქცევდა ყურადღებას და ნანიკაზე იყო გადართული, რომელსაც აშკარად მოსწონდა ეს ბიჭი, თითქოს ბოღმით ამავსო და გამაცოფა. _არაფერიც არ მინდა._ეს ვთქვი გაგულისებულმა და კაბინეტიდან უკანმოუხედავად გამოვედი. რა მჭირდა მეც ვერ გამეგო ჩემი თავისა. მაღიზიანებდა მისი ყურადღება, მაგრამ ეს უყურადღებობა, რომელიც ამ ბოლო დროს დასჩემდა მაინცდამაინც ჩემს მიმართ, უფრო მაგიჟებდა და მაცოფებდა. იმ საღამოს ეზოში არ გავსულვარ. ფოიეში ვიჯექი სავარძელში მოკალათებული, ხელში ტელეფონი მეჭირა და ვითომ დიდი ინტერესით ვათვალიერებდი სოციალურ ქსელში ახალ-ახალ ამბებს. არა და გულისყური შემოსასვლელისკენ მქონდა, საიდანაც ივა უნდა შემოსულიყო ლექციების დასრულების შემდეგ. არ ვიცი, დიდხანს ველოდე თუ, დრო გაიწელა ასე, მოთმინების ფიალა ამევსო უკვე. ახლა, ის რომ გავიაზრე, ამ ჭორფლიანი ბიჭისთვის ვიჯექი და მის გამოჩენას ველოდი ასე, საკუთარი თავი შემძულდა. ის იყო წამოვდექი და გარეთ გასვლა დავაპირე, რომ ნანიკამ კისრისტეხით ჩამოირბინა კიბის საფეხურები. გაოცებულმა შევხედე. ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ჯერ ისევ გაოცებული მას შევყურებდი, რომ ივაც შემოვიდა ფოიეში. _ფანჯრიდან დაგინახე რომ მოდიოდი. მადლობა მინდა მოგიხადო და პატივისცემის ნიშნად ყავაზე დაგპატიჟო. მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ ის მაისური ეცვა, ივამ რომ დაახატა დათუნია გულების გარემოცვაში. ივას რომ შევხედე, ისიც იღიმოდა. მივხვდი, უარის თქმას აპირებდა დაპატიზებაზე, მაგრამ მოულოდნელად მე რომ შემომხედა და დამინახა დაჟინებით მომზირალი, (ისევ წამით შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს და რაღაცნაირი განცდა დამეუფლა, თითქოს სითბოც კი ჩამეღვარა გულში) მერე, მოულოდნელად ხელი მოკაკვა, ნანიკამ ხელკავი გამოსდო და ფოიედან უკანმოუხედავად გავიდნენ. ფოიეს კედელზე დაკიდულ ვეებერთელა სარკეში ჩემს ორეულს რომ მოვკარი შემთხვევით თვალი, თვითონვე შემეშინდა ისეთი ავი და ბოროტი მზერა მქონდა. რამ გამაბოროტა ასე, ან როდის შევიცვალე ვერ ვხვდებოდი. გაცეცხლებული გამოვვარდი ფოიედან. ნანიკა და ივა ისევ ხელკავით მიდიოდნენ სამზარეულოსკენ სადაც ყავის აპარატი იდგა. ივა რაღაცას უყვებოდა და ნანიკა კი გულღიად და გულწრფელად კისკისებდა. უარესად დავიბოღმე და რატომღაც სინანულის გრძნობით გავაყოლე ივას განიერ მხარ-ბეჭს თვალი. ისეთი გამხდარი აღარ იყო, პირველად რომ გადმოვიდა ჩვენს სახლში საცხოვრებლად. მაღალი კი იყო, ნანიკა ლამის მხრებამდე ძლივს სწვდებოდა, მაგრამ ისეთი აყლაყუდა და უშნო აღარ მეჩვენებოდა. ჩემი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ ეს ბიჭი მომწონდა, მაგრამ არ ვაღიარებდი ამას. საცხოვრებლის კუთხეში შექუჩებულ სტუდენტებთან მივედი და მეც იქ ჩამოვჯექი ბორდიულზე. ლეო უხამს ანეგდოტებს ყვებოდა და ყველას ერთნაირად აცინებდა. იქ ვიჯექი, მაგრამ გულის-ყური სამზარეულოსკენ მქონდა, სადაც ივა და ნანიკა შევიდნენ. სიბრაზე მახრჩობდა იმის გამო, რომ ივა აღარ მაქცევდა ყურადღებას, აღარანაირად არ ზრუნავდა ჩემზე. როდიდან შეიცვალა ასე, ვფიქრობდი და ვერ ვიხსენებდი. მისი ასე რადიკალურად შეცვლის მიზეზსაც ვერ ვხვდებოდი. თითქოს, საერთოდ აღარ ვარსებობდი მისთვის. ისე კი, ღირსი ვიყავი, ან აქამდე რატომ მითმენდა ყველაფერს და მპატიობდა? თან რომ ზრუნავდა ჩემზე? მე კი, უმადური, არაფრად ვაგდებდი და მადლობის მაგიერ აბუჩად ვიგდებდი. მგონი, რაც აქ გადმოვიდა და გოგოების ყურადღება მიიქცია, თავში აუვარდა... თუმცა, იმას კი მართლა ვხვდებოდი, რომ ივა ისეთი ბიჭი არ იყო, რამე ავარდნოდა თავში. სამზარეულოდან მხიარული სიცილით გამოსულები რომ დავინახე, ივას დასანახად ფეხზე წამოვდექი, ლეოს სიგარეტი გამოვართვი, გავუკიდე და გამომწვევად გავაბოლე. მეგონა, ეს მაინც გააბრაზებდა, მაგრამ შევცდი, ყურადღებაც კი არ მოუქცევია ჩემთვის, ნანიკასთან ერთად ისეთი ღიმილით ჩაგვიარა გვერდით, ზედაც არ შემოუხედია ჩემთვის. ნანიკას აშკარად ეტყობოდა რომ მოსწონდა ივა და იმაში დავრწმუნდი, რომ ივაც არ იყო მის მიმართ გულგრილი. მისი ეს გულგრილი დამოკიდებულება ჩემდამი კი იმას მაგრძნობინებდა, რომ თავში ქვა გიხლიაო და ძალიან მაცოფებდა. ნახევრად მოწეული სიგარეტი ძირს დავაგდე, ფეხით გამეტებით დავსრისე და საცხოვრებლისკენ გავეშურე. _საით?_ლეომ მკლავზე მომკიდა ხელი და გაოცებულმა შემომხედა._ჯერ ეხლა გამოხვედი და უკვე მიდიხარ? _რაღაც ვერ ვგრძნობ თავს კარგად... _ჩემი კოცნა ვერ გიშველის?_გადმოიწია და ყურში მიჩურჩულა._თუ გინდა უფრო მეტიც გავაკეთოთ. მორიგეს მაგრად ჩავუბრატდი და საცხოვრებლიდან ისე გავიპარებით, ვერავინ გაიგებს... _არ მინდა, შემეშვი._მკლავი გამოვგლიჯე და ჩქარი ნაბიჯებით გავეშურე საცხოვრებლისკენ. ფოიეში შესულს ივა და ნანიკა დივანზე გვერდიგვერდ დამსხდრები დამხვდნენ და ივას ტელეფონში სურათებს ათვალიერებდნენ. ივას ჩემთვის არც კი ამოუხედია. არა და აშკარა იყო, რომ გრძნობდა ჩემს დაჟინებულ მზერას. _რა კარგი ფოტოგრაფი ყოფილა შენი ძმა._აღტაცებული თვალებით შემომხედა ნანიკამ. ეს "ძმა" ისევ მწარედ მომხვდა ყურში. _ეთუნაც რა საყვარელი გყოლიათ... შენ გგავს ძალიან. _მე უნდა დავიძინო და ისე შემოდი ოთახში, არ გამაღვიძო._მკაცრად და ბრძანების ტონით ვუთხარი ნანიკას და კიბისკენ უკანმოუხედავად გავეშურე. სარკიდან დავინახე ნაღვლიანი მზერა რომ გამომაყოლა ივამ, მაგრამ მალევე შემნიშნა რომ მეც ვუყურებდი და ისევ ნანიკას მიუბრუნდა ღიმილით. სწორი გათვლებით მოქმედებდა ეს ბიჭი, რაც უფრო ყურადღებას მაქცევდა და ზედ გადამდევდა, არაფრად ვაგდებდი, ახლა კი გულგრილად რომ მექცეოდა, მისადმი ინტერესი იღვიძებდა ჩემში. მრთალია, ამაში საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებოდი, მაგრამ ხანდახან ვგრძნობდი, რომ რაღაცით მიზიდავდა ეს ბიჭი... ნეტა, ვინმემ ურჩია, რომ ასე მომქცეოდა, თუ თვითონ მიხვდა? იქნებ მართლა ამოუვედი უკვე ყელში? გაწბილებული შევედი ოთახში, სინათლე არც ამინთია, ტანსაცმლიანივე მივწექი საწოლზე და დაძინებას შევეცადე. რამდენჯერაც თვალები დავხუჭე, იმდენჯერ ივას სევდით სავსე ცისფერი თვალები დამიდგა თვალწინ. რა იყო ეს ვერ ვხვდებოდი. ვერ ვიტანდი, მძულდა, მეზიზღებოდა, მაგრამ სადღაც გულის კუნჭულში თითქოს თავიდანვე ბინადრობდა და მის მიმართ გრძნობებს თუ განცდებს ჩემი ზიზღით ვიგერიებდი, არ მინდოდა ჩემს გულში გასაქანი მიმეცა მისთვის. ასე მეგონა, დედაჩემის ხსოვნას ვღალატობდი, თუ მას ან დედამისს და გინდაც პატარა ეთოს გულთბილად მოვექცეოდი... ან, იქნებ, ეს უბრალოდ მიზეზი იყო, რომ თავი გამემართლებინა და ამ ბოლო დროს გამოღვიძებული სინდისი ამით დამეშოშმინებინა, რადგან საძაგელი ვიყავი, ბოროტი, უვარგისი და არარაობა. ნანიკა ოთახში რომ დაბრუნდა, ისევ მეღვიძა, მაგრამ თავი მოვიმძინარე. ფრთხილად შემოხსნა კარები და ტელეფონის ეკრანის შუქით უხმაუროდ მივიდა თავის საწოლამდე. მერე, სიბნელეში დაიხადა ტანსაცმელი და საწოლშიც ფრთხილად შეწვა. ის იყო დაწვა, რომ ტელეფონზე ესემესი მოუვიდა მელოდიური მოკლე ზარით. _უხ..._ეს თქვა მხოლოდ შეშფოთებულმა და მაშინვე ტელეფონს დასწვდა. ეკრანის განათებული შუქით დავინახე, რომ ბედნიერი ღიმილი აუთამაშდა სახეზე. ღიმილითვე დაუბრუნა პასუხი. მივხვდი, ივას ემესიჯებოდა და გულში რაღაც ჩამწყდა. აშკარა იყო, რომ ერთმანეთი მოსწონდათ და ბედნიერებიც იყვნენ. ჩემსავით არც ერთი არ იყო ცხოვრებით უკმაყოფილო და მცირედიც აკმაყოფილებდათ. არასდროს წუწუნებდნენ ბედზე. ნანიკასი რა ვთქვა, მაგრამ ივას რომ იდეალური ცხოვრება და ბედი არ ქონდა, ეს კი დანამდვილებით ვიცოდი, მაგრამ არასდროს დასცდენია უფლის მიმართ საყვედური. ჯერ ერთი, რომ ჩემს აბუჩად აგდებას და ჩემს უსამართლობას იტანდა. თუმცა... ახლა უკვე აღარც ვადარდებდი. ნანიკაზე იყო გადართული. დილით გამოუძინებელი ავდექი, თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში წავედი ყავის დასალევად. ნანიკას ისევ ეძინა. სამზარეულოს ზღურბლთან ივას შევეფეთე. მის დანახვაზე გული ისე ამიჩქარდა, თითქოს რამოდენიმე სართული ფეხით ამერბინოს. გამიკვირდა. ჩემთვის უჩვეულო იყო ის განცდა, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი. ჩემი თავის მე თვითონ ვერ გამეგო რა მჭირდა. ვგრძნობდი, რომ მაღელვებდა ეს ბიჭი, მაგრამ ამავდროულად ვერ ვიტანდი. ერთი კი შევხედე თვალებში და მალევე მოვარიდე მზერა. უკან დაიხია და ზრდილობიანად დამითმო გზა. ეს მისი მაღალი ზნეობრივი ფორმა იყო. მის წინაშე არარაობად ვიგრძენი თავი. მე სად მქონდა ამდენი ზრდილობა? თუმცა, ერთ დროს კი მქონდა, მაგრამ... _ცუდად ხარ?_მზრუნველად რომ მკითხა, გული უარესად ამიფორიაქდა. მაგრამ მალევე გამახსენდა, წუხელ ნანიკას გვერდით რომ იყო და ყურადღება არ მომაქცია და გავბრაზდი. _რას მატყობ?_ბოროტულად შევუბუხუნე._ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ._აღარც კი შემიხედია, ისე გავეშურე ყავის აპარატისკენ. ერთი ჭიქა უშაქრო ყავა ჩამოვისხი და რომ შემოვტრიალდი, ივა იქ აღარ დამხვდა. წასულიყო უკვე. ვითომ, რისთვის დამელოდებოდა? ძაღლადაც არ ვაგდებდი არასდროს. მასაც ხომ ქონდა თავისი თავმოყვარეობა? მითუმეტეს, რომ მთელი კოლეჯი პატივს სცემდა, არც გოგოების უყურადღებობას განიცდიდა და მე რიღასთვის დამამცირებინებდა თავს? ის იყო ყავა დავლიე, რომ ლეო წამომეპარა და ზურგიდან ჩამიხუტა. _შემეშვი რა!_მკაცრად ვუთხარი და ხელები გავაშვებინე. _რა გჭირს, მარცხენა ფეხზე ადექი?_გაუკვირდა. _შენს ხასიეთზე არ ვარ!_მივუგე და კარებს მივაშურე. წამომეწია, შემაჩერა და კედელთან მიმიმწყვდია. _მისმინე ლამაზო, ამ დუნიაზე ქალი არ მეგულება უარი მითხრას და შენ რა პოზებს იჭერ? აქამდე ზედ მახტებოდი და ახლა რა გაცივდი?_დაიხარა და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მაკოცა. არ მომეწონა მისი ეს ძალადობა და საზარდულში გამეტებით ამოვარტყი მუხლი. _უხ, შე !_მიყვირა და საპასუხოდ მანაც დამარტყა სახეში. თვალებიდან ნაპერწკლები დამცვივდა. წამიერად გავითიშე კიდეც, მაგრამ მალევე მოვეგე გონს და მეორედ დავუნაცვლე მუხლი. მერე კი უკანმოუხედავად გამოვვარდი იქიდან. _შენ თუ ეს შეგარჩინო მე ვიყო !_უკვე დერეფანში მიმავალს მომწვდა მისი ხმა. ოთახში რომ დავბრუნდი, ნანიკას უკვე ეღვიძა და საწოლს ილაგებდა. გაშმაგებით რომ შევვარდი, გაოცებით შემომხედა. ალბათ, ლეოს დარტყმული ღაწვი დალურჯებული მქონდა, რადგან შეშფოთებულმა ანება საქმეს თავი და მომიახლოვდა. _ეგ რა მოგსვლია?_თან ფრთხილად შეეცადა თითებით შემხებოდა. რომ მეტკინა, თავი მოვარიდე. _კიბეზე ფეხი დამიცდა და დავეცი._ვიცრუე და სარკეს მივაშურე. რომ ვთქვა, ძალიან მქონდა დურჯებული, მოვიტყუები. დაწითლებული უფრო მქონდა, მაგრამ დროთაგანმავლობაში რომ ჩამილურჯდებოდა და ჩამიშავდებოდა ეგ კი ვიცოდი. როგორ გამოვჩენილიყავი ან ბავშვებთან ან ლექტორებთან? თითქოს ნანიკა მიმიხვდა ჩანაფიქრს და ჩანთიდან ტონალური ამოიღო. ძალიან ფრთხილად წამისვა და კმაყოფილმა შემომღიმა. _სულაც არ გეტყობა არაფერი. სარკეში რომ ჩავიხედე, მართლაც არ მეტყობოდა არაფერი და ნანიკას მადლობა გადავუხადე. გაუკვირდა. მასზე მეტად მე გამიკვირდა, რადგან ჩემს ლექსიკონში ეს სიტყვა კარგა ხანი იყო რაც აღარ არსებობდა. ლექციებზე რომ მივდიოდი, შორიდან მოვკარი ლეოს თვალი. გაბრაზებული და გაავებული მიმზერდა. აშკარა იყო, რომ როცა იქნებოდა, სამაგიეროს გადამიხდიდა. ცოტა არ იყოს შიშმა ამიტანა. ლექციებზე სიარულს მოვუხშირე და აღარ ვაცდენდი. იქიდანაც პირდაპირ საცხოვრებელში მივდიოდი და ისეთ ადგილებში ვტრიალებდი, სადაც მანდატურები ან ბავშვები იყვნენ, რომ რამე არ გაებედა. აქამდე, ნანიკა თუ ოთახიდან გარეთ არ გამოდიოდა, ბოლო დროს ვხედავდი რომ საღამოობით ხშირად სეირნობდა ივასთან ერთად სასწავლებლის ეზოში. მართალია, ყოველთვის ლამპიონებით განათებულ ადგილებს ირჩევდნენ და ყველას თვალთახედვის არეში იყვნენ და ზედმეტად ერთმანეთსაც კი არ ეხებოდნენ, მაგრამ ისეთი თვალებით უმზერდნენ ერთმანეთს, ეს უფრო მიკლავდა გულს. ღამეებს რატომღაც თეთრად ვათენებდი. ვეჭვიანობდი, მაგრამ არ მინდოდა თავს გამოვტყდომოდი ამაში. დარწმუნებული ვიყავი, მისმა ამ უყურადღებობამ ქნა რაც ქნა, თორემ აქამდე ხომ არაფრად ვაგდებდი? პარასკევს, ლექციების მერე, ზურგჩანთაში ჩავჭყუნე ჩემი დასარეცხი ტანსაცმელი და სახლში წასასვლელად მოვემზადე. გაჩერება სასწავლებლიდან მოშორებით იყო, დაახლოებით ნახევარ კილომეტრში და ფეხით დავადექი გზას. ისე ჩავედი გაჩერებამდე, ვერც კი გავიგე. იქ მომიწია ცოტა დიდხანს ლოდინი. მოულოდნელად ჩემს წინ მანქანამ რომ დაამუხრუჭა, გული შემიქანდა. უფრო იმიტომ, რომ საჭესთან ლეო იჯდა. ნაძალადევი ღიმილით შემომხედა. _წამოდი, ერთი გზა გვაქვს, წაგიყვან. _არ მინდა, მადლობა, ნაცნობს ველოდები._ცივად ვუთხარი და გამიხარდა, რომ გაჩერებაზე ვიღაც მამაკაცი ათიოდე წლის ბავშვთან ერთად მოვიდა. არც ისეთი მაგარი და თავზეხელაღებული იყო ჩვენი ლეო, რომ მათი თანდასწრებით გაებედა რამე. _ვინ ნაცნობს ელოდები ერთი, წამო რა._მითხრა და თავის გვერდით წინა კარი გამიღო. _არ მინდა, სხვას ველოდები._ისევ მკაცრად გავუმეორე. _შენი ნებით ჩაჯდები თუ დაგაბაგაჟნიკო ახლა?_მანქანიდან კი არ გადმოვიდა, გადმოხტა და გაცეცხლებული მომიახლოვდა. უცნობს გავხედე, რომელიც ინტერესით მოგვჩერებოდა ორივეს. ლეომ ხელი რომ მომკიდა მკლავზე, გავუძიანდი. _შენ ვერ გაიგე რა გითხრა ამ გოგონამ?_მამაკაცი რომ გამომექომაგა, გამიხარდა. _შემეშვი და წადი შენს გზაზე რა!_ხელი გავაშვებინე და ბედად მომავალ მარშუტკას ხელი გავუქნიე. ყოველთვის უბედობას ვუჩიოდი და თურმე ვცდებოდი. მძღოლმა მაშინვე შემიჩერა და მეც სიხარულით ავედი ტრანსპორტში. ახლა კი გამიმართლა, მაგრამ სხვა დროს მეტი სიფრთხილე მმართებდა. პირდაპირ ჩვენს ჭიშკართან შევაჩერებინე მძღოლს მარშუტკა, ფული გადავუხადე, ჩემდა გასაოცრად მადლობაც მოვუხადე და ღიმილით ჩამოვედი. ვერა ბაღჩაში იყო და კარტოფილს იღებდა. ეთუნა კი ეზოში დაფარფატებდა. მე დამინახა თუ არა, გაუხარდა და ჩემსკენ გამოიქცა. დავიბენი. ჩემამდე რომ მოაღწევდა, რა უნდა მექნა არ ვიცოდი. თუმცა, ჩემამდე ვერც მოაღწია, რაღაცას წამოჰკრა ფეხი და წაიქცა. ეტყობა რომ ძალიან გამწარდა, რადგან მაშინვე ატირდა. არც კი დავფიქრებულვარ, ზურგჩანთა იქვე მივაგდე და მასთან გულისკანკალით მივირბინე. ფრთხილად წამოვაყენე და შიშით დავხედე. ტუჩი ქონდა გახეთქილი და სისხლი სდიოდა. პატარა ხელისგულებიც სულ გადაყვლეფილი ქონდა. ონკანთან მინდოდა მიყვანა, რომ მომებანა, მაგრამ ვერა მოვიდა და ბავშვი გამომართვა. _მორბოდა და წაიქცა._თავი ვიმართლე, რადგან შევატყე რომ უნდობლად მიმზერდა ვერა. არც გაემტყუნებოდა, მე ხომ ალქაჯი ვიყავი? თუმცა, მაინც მეწყინა მისი უნდობლობა. პირველად გადავდგი ამ ბავშვისკენ ნაბიჯი, რომელიც ჩემი ბიოლოგიური და იყო და მაშინაც ვინანე. მიგდებულ ზურგჩანთას დავწვდი გაგულისებული და ჩემს ოთახში შევიკეტე. საწოლზე პირქვე დავემხე. დიდხანს ვიკავე თავი და მერე კი ავღრიალდი. ცხოვრებაში ყველაზე უბედური მეგონა თავი. ვერას უნდობელი მზერა რომ მახსენდებოდა, ვნანობდი მათკენ გადადგმულ ნაბიჯებს... დედიკოს ბიჭზე რომ მეფიქრებოდა თავისთავად და თავიდან ვეღარ ვიგდებდი, ეგეც მატირებდა. იმაზეც ვტიროდი, რომ მისთვის აღარაფერს ვნიშნავდი. ნანიკა იყო უკვე მისი საფიქრალი. მართლა კარგი გოგო იყო, ყველაფრით მჯობდა და იმსახურებდნენ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ... საღამოს, მამაჩემი რომ დაბრუნდა, მაშინ გავედი ჩემი ოთახიდან. გაუხარდა ჩემი ნახვა და როგორც ყოველთვის, ჩამიხუტა. სხვა დროს რომ ვუძალიანდებოდი ხოლმე, ახლა გავიტრუნე მის მკლავებში. მომნატრებოდა ადამიანური სითბო და ყურადღება. მშობელი რომ მაინც მშობელია. რაც არ უნდა ცუდი და უვარგისი შვილი ყავდეს, მაინც ჯიგარია, მაინც მისი სისხლი და ხორცია და მაინც უყვარს. რამდენი შეცდომაც არ უნდა დაუშვას, მაინც პატიობს... ამ ერთი ჩახუტებით მივხვდი, რომ ვუყვარდი მამაჩემს. თუმცა, მის გულში ეთუნასთვისაც იყო ადგილი და ამაზე რატო მქონდა გართულება და პრეტენზიები, არ ვიცი. ისიც ხომ მისი შვილი იყო, როგორც მე და ისიც ისევე უყვარდა, როგორც მე? ისეთი დიდსულოვანი იყო მამაჩემი, რომ მის გულში ცხრა უცხო ივასთვისაც კი იყო ადგილი. მე კი, ეგოისტი ვიყავი. არ მინდოდა ჩემს გარდა ვინმე ყვარებოდა მამაჩემს. ვერა რომ შემოვიდა ოთახში და ბავშვი შემოიყვანა, მამაჩემმა ხელი გამიშვა. _ეს რა მოგსვლია ჩემო ანგელოზო?_ მაშინვე დასწვდა და ხელში აიტაცა ახითხითებული გოგონა თვალი მეც გამექცა მისკენ. ზედა ტუჩი ქონდა დარტყმული და გახეთქილი. დასიებული კი ქონდა და ეტყობა რომ სტკიოდა, მაგრამ მაინც სიყვარულით ეხუტებოდა მამას თავისი ბოცოცა ხელებით და გასაპარს ლოყაზე კოცნიდა. ჩემი ბავშვობა გამახსენდა, მე და დედა ერთად რომ ვეხვეოდით საღამოთი მინდვრიდან დაბრუნებულ მამას და ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო მეტს აკოცებდა. ალბათ სევდიანი გამოხედვა მქონდა იმ მომენტში და მამაჩემმა დაიჭირა ეს წამი. მოულოდნელად მეც მომხვია ხელი და ეთუნასთან ერთად მეც ჩამიხუტა. _შენც მიყვარხარ ჩემო ალქაჯო, განა მარტო ეს? უბრალოდ, ეს პატარა არის და მიტომ ვეფერები უფრო მეტს. ეთუნამ კი მეც მომხვია ხელი და ლოყაზე მაკოცა. გული ამიჩუყდა და ავტირდი. არ მინდოდა ცრემლი შეემჩნიათ ჩემთვის და ჩემს ოთახში დავაპირე გასვლა, მაგრამ მამაჩემმა არ გამიშვა. მიხვდა ჩემს გულში რა ქარიშხალიც ტრიალებდა და უფრო მეტად მიმიკრა გულზე. _ნუ გგონია, რომ არ მიყვარხარ. უბრალოდ, შენ უკვე გაიზარდე, დიდი გოგო ხარ და ეთუნასავით ყოველ წამს ვერ გეფერები და გკოცნი. შენ ჩემი პირველი სიხარული ხარ და ყოველთვის ასე იქნება. ჩემს გულში შენ განსაკუთრებული ადგილი გიკავია... უბრალოდ, ცხოვრება გრძელდება და თავისას მოითხოვს. არც დედაშენი დამვიწყნია. თექვსმეტი წლისები ვიყავით ერთად რომ გავიპარეთ და დიდი სიყვარულით შევქმენით ოჯახი. ოდესმე შენც შეგიყვარდება ვინმე და მიხვდები, რომ პირველი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელია... თუ უკვე არ გიყვარს ვინმე._მოულოდნელად თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. შევკრთი, დავიბენი, გავწითლდი. უხერხულობის დასაფარავად ეთუნას დავუწყე წაბლისფერ კულულებზე თამაში. _დუმილი თანხმობის ნიშანიაო._ეშმაკურად შემომღიმა. უარესად ავფორიაქდი, ხელიდან დავუსხლტი და ეზოში უთქმელად გავედი. _ესე იგი, მართლაც შეყვარებულია ჩემი მზეთუნახავი._კარში გასვლისას მომეწია მისი ღიმილით ნათქვამი სიტყვები. ვითომ საპირფარეშოში მინდოდა და ბაღჩის ბოლომდე გავედი. კარგა ხანს დავყავი იქ. პირველად გავიაზრე ის, რომ შეიძლება ივა მიყვარდა... ისე გამაბრაზა ამ აზრმა, ბროწეულის ხეს დავუწყე გამწარებულმა ფოთლების წიწკვნა. _რა სისულელეა!_საკუთარი თავის დამშვიდება ვცადე._ის ჩიხოტკიანი დედიკოს ბიჭი რანაირად უნდა მიყვარდეს?! რა საშინელი წითური თავი და უშნოდ დაჭორფლილი სახე აქვს?! ქალაჩუნაა, ქალის საქმეებს აკეთებს და მე მასეთი ბიჭები სასტიკად არ მომწონს, ატანა არა მაქვს! რა სისულელეს გავიფიქრებ ხოლმე ამ უტვინო თავში?_სიმწრისგან გაღიმებაც კი ვცადე._უბრალოდ, იმაზე მეშლება ამ უტვინო გოგოებზე ნერვები, სულაც ნანიკაზე და ვერიკოზე, რომ თვალები სად აქვთ? რა თავს აფასებინებენ ამ ქალაჩუნას?... ცოტა რომ დავიმშვიდეგული და დავწყნარდი, ბაღჩიდან ვაპირებდი გამოსვლას, რადგან კარგად იყო დაბნელებული უკვე, რომ ივას ხმა შემომესმა ეზოდან, ეთუნას ეფერებოდა. იქვე გავიყინე ერთ ადგილზე სადაც ვიყავი. არ მინდოდა მას შევფეთებოდი. ვადროვე, სანამ სახლში არ შევიდა და მერე ქურდივით გამოვიპარე და ჩემს ოთახში ავედი. საჭმელი კი მშიოდა, მაგრამ ამ ბიჭთან შეხვედრა არ მინდოდა, რადგან ვატყობდი, რომ თავგზას მირევდა. თუმცა, მამაჩემმა დაიჟინა, ჩამოდი, ოჯახმა ერთად ვივახშმოთო და დიდი ხვეწნის მერე მეც ჩავედი დაბლა. ვერას უკვე გაეწყო სუფრა. ალბათ, დღევანდელ დღეს, რომ იცოდა რომ უნდა მოვსულიყავით მე და ივა, საგანგებოდ მოემზადებინა ვახშამი. მე, შემწვარი კარტოფილი მიყვარდა ყველაზე მეტად და გემრიელად დაებრაწა. ივას რა უყვარდა არ ვიცოდი, მაგრამ გუფთაც რომ ქონდა გაკეთებული, იმით მივხვდი. მამაჩემმა ვახშმობისას ბევრი ილაპარაკა, მაგრამ ნახევარზე მეტი არ მესმოდა. თავჩაქინდრული ვიჯექი და დაბრაწულ კარტოფილებს ჩანგლით ვაწვალებდი. ჩემს გარდა ყველამ გემრიელად ივახშმა. ისიც შევნიშნე, რომ ეთუნას ჩემსავით შემწვარი კარტოფილი უყვარდა და თვითონ ცდილობდა საკუთარი ხელით ეჭამა. მართლაც საყვარელი იყო, ყავისფერ დიდრონ თვალებში ეშმაკუნები უთამაშებდნენ. ისე იცინოდა, ცხვირიც კი უცინოდა. სიცილის დროს თვალებს ხუჭავდა და ისე აჩენდა კიჭებს. მის მიმართ თბილი გრძნობები რომ არ გამჩენოდა, არც კი ვუყურებდი. უფრო სწორად, მინდოდა არ მეყურა, მაგრამ თვალებს ვერ ვუხერხებდი ვერაფერს, მაინც მალულად ვუმზერდი. _უი, ტელეფონი ვენახში დამრჩენია._სინანულით თქვა მამაჩემმა ვახშმის დასასრულს. _არაუშავს, არ მგონია ვინმემ მოიპაროს._გულღიად გაუღიმა ვერამ._მიხვალ და იქ დაგხვდება. _ხო, მაგრამ, საღამომდე იქ ვერ მივალ. _არაუშავს, დილით ივა წავა და მოგიტანს._დაამშვიდა ვერამ. ივასკენ ფარული მზერა რომ გავაპარე, ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა, მგონი ვერც კი გაიგო რა თქვა დედამისმა და უაზროდ დაეთანხმა. _ალბათ ნანიკას ემესიჯება._გამიელვა თავში და დავიბოღმე. უთქმელად ავდექი სუფრიდან და ჩემს ოთახს მივაშურე. არც მადლობა მითქვია ვერასთვის, რომ იზრუნა და ვახშამი მოამზადა. არც მივხმარებივარ სუფრის ალაგებაში. ბიძაჩემის თქმისა არ იყოს, უმადური ღორი ვიყავი, მაგრამ თავის გამტყუნება არ მინდოდა. ალბათ ქალაჩუნა ივა მიეხმარა დედას სუფრის ალაგებაში, ან თავის დას ართობდა, რომელიც თურმე ჩემზე უკეთესიც კი იყო. მთელი ღამე ვერ დავიძინე. ირიჟრაჟა თუ არა, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე, ტანსაცმელი ჩავიცვი და ვენახში გავწიე მამაჩემის ტელეფონის წამოსაღებად, რადგან წუხელ შევატყე, რომ ივა ისე იყო ნანიკასთან მესიჯობით გართული, არაფერი გაუგია. ფრთხილად გავაღე ჭიშკარი და გზას დავადექი ჩვენი ვენახისკენ. ერთხელ მეც გამაკეთებინა საკუთარი მამისთვის სიკეთე ხომ შეიძლებოდა? გზის ნახევარი რომ გავიარე და ჯიბეზე მოვისვი ხელი, გამახსენდა, რომ ტელეფონი სახლში დამრჩენოდა. თუმცა, ვისი შვილი ვიყავი რომ რამე არ დამრჩენოდა? სახლში მიბრუნება ნამდვილად არ ღირდა და ისევ განვაგრძე გზა. გზის გასაყარს რომ მივადექი, შევჩერდი. ორივე გზა კი ჩვენს ვენახთან მიდიოდა, მაგრამ რომლით წავსულიყავი იმაზე დავფიქრდი. ერთი გრძელი გზა იყო, მეორე კი მოკლე, მაგრამ რთული გადასალახი. სარწყავი არხი გადიოდა. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ მოკლე გზით ვარჩიე წასვლა. _მაინთ არ გირჩევ. არხი გააფართოვეს ამ ზაფხულს._ივას ხმა ლამის ზურგს უკან რომ ჩამესმა, შევკრთი. გაოცებული შემოვბრუნდი. როდის ამედევნა, ვერ გავიგე. ერთხანს ხმისამოუღებლად შევყურებდი. მერე კი ჯიბრით მაინც იმ გზით განვაგრძე გზა. _ჯიუტი._მისი ჩურჩულით ნათქვამი რომ გავიგონე, უარესად გავბრაზდი და გავჯიუტდი. უფრო იმაზე, რომ თვითონაც უკან მომყვა. თუ ძნელი გასავლელი იყო, რაღას მომყვებოდა, წასულიყო უსაფრთხო გზით. _რას მომყვები?_გულმა არ მომითმინა და მაინც წავუბუხუნე._იქნებ მე კლდეში უნდა გადავვარდე, შენც უნდა გადმომყვე? ხმა არ გაუცია. უბრალოდ, პერანგის საყელო აიწია, რადგან შემოდგომის სუსხს ძალა ქონდა უკვე და კარგად გრილოდა. ისევ უკან მომყვა. ცოტა ხანში მართლაც მივადექით არხს. ასე, დაახლოებით ორი მეტრი მაინც ქონდა სიგანე. უკან გაბრუნება ახლა ჩემი დამარცხების ტოლფასი იქნებოდა და ამიტომ შარვლის ტოტების აკაპიწება დავიწყე, რომ არხში ჩავსულიყავი და გადამეტოპა. _ღრმა არის იცოდე._ისევ გამაფრთხილა ივამ. მე არც ახლა დავუჯერე, მუხლებს ზემოთ ავიკაპიწე შარვალი და სანამ მე შევიდოდი, ივამ დამასწრო შესვლა. მუხლს ზემოთ სწვდებოდა წყალი. დავრწმუნდი რომ მართლაც ღრმა იყო, მაგრამ უკან მაინც არ დამიხევია. ციოდა კი, მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებდი. ივამ რომ შემატყო, უკან არ ვიხევდი, მოულოდნელად მომწვდა, ერთი ხელი წელზე მომხვია, მეორე ფეხებზე სახრელებთან და ისე გადამიყვანა. ისე ავუკივლდი, შეკრთა. _რამდენს ბედავ შე უდღეურო, ხელი გამიშვი ჩქარა!_თან ავუფართხალდი._საზიზღარო!.. შე ჭლექიანო, ხელი გამიშვი! შუა არხში ვიყავით უკვე გასულები, რომ მოულოდნელად მართლაც გამიშვა ხელი და ცივ და ტალახიან წყალში მოვადინე ტყაპანი. მართალია ვუკიოდი, ხელი გამიშვი-მეთქი, მაგრამ არ მეგონა თუ ასე გამიმეტებდა. ჯერ დავიბენი. მერე გაოგნებულმა ავხედე ისევ ერთ ადგილზე რომ იყო გაშეშებული და ურეაქციოდ დამყურებდა წყალში აფართხალებულს. მერე კი გავცოფდი. ფეხი რომ მოვიკიდე მიწაზე და წამოვდექი, გაგულისებულმა გავწუწე. _არამზადა, როგორ მიბედავ ამდენს?! საზიზღარო, ვერ გიტან!_ერთხელ კიდევ შევასხი წყალი და მეორე ნაპირამდე დგაფუნით გავტოპე. დილის სუსხმა თავისი ქნა და სველს გვარიანად შემცივდა, თუმცა ამას როგორ ვაღიარებდი?. ლამის სირბილით გავეშურე ჩვენი ვენახისკენ. შორიდანვე რომ მოვკარი ჩვენს ქოხს თვალი, მაშინ კი მართლა გავიქეცი. უკან აღარ მიმიხედია მომყვებოდა თუ არა ივა. იმაზე ვიყავი გაცოფებული, როგორ გამიბედა და როგორ ჩამაგდო არხში. მამაჩემის ტელეფონი მალევე ვიპოვე და ისევ იმ გზით გავეშურე სახლისკენ. დგაფუნით გადავჭერი ისევ არხი და მთელი სისწრაფით გავიქეცი. ივა არ გამომკიდებია. სახლში ისეთი აცახცახებული მივედი, კბილს კბილზე ვაცემინებდი უკვე. მაშინვე ცხელი შხაპი მივიღე და საწოლში ჩავწექი. მართალია, ყველაფერი ჩემი სიჯიუტის ბრალი იყო, მაგრამ მაინც ივას ვადანაშაულებდი. როგორ გამიბედა იმ ჭლექიანმა ცივ და ტალახიან წყლში ჩაგდება? როდის მოვიდა, არ გამიგია. ვერიკო რომ მესტუმრა, სიმართლე ვთქვა არ გამხარებია. უხალისოდ და უწადინოდ გავხედე. ოთახში არც ამომიპატიჟებია. რომც ამომეპატიჟებინა, მგონი არც ამოვიდოდა, ეზოში ივას მოჰკრა თვალი და იმას დაანებებდა თავს? ერთი კი შევხედე კუშტად ამ ჭორფლიან ბიჭს, რომელიც ასევე კუშტად მიმზერდა და ეზოში პლასტმასის მრგვალ ყვითელ მაგიდასთან ჩამოვსხედით მე და ვერიკო. ვერიკოზე მეშლებოდა ნერვები ივას თვალს რომ არ აშორებდა და გამომწვევად კისკისებდა. ის, სულელი კიდე, ხვდებოდა ამ გოგოს რომ მოსწონდა და ალბათ თავში ქონდა ავარდნილი. ერთხანს მოთმინებით ვუყურე, მერე ფეხზე წამოვდექი და უთქმელად დავაპირე ჩემს ოთახში ასვლა, რადგან ვერიკო ივას გარემოცვაში უკეთესად გრძნობდა თავს. _როგორც გატყობთ, ზედმეტი ვარ._გესლიანად გადავხედე ივას და გადავდგი კიდეც ნაბიჯი. _მოიცა გოგო, სად მიხვალ?_გაუკვირდა ვერიკოს. _მურმანის ეკალი მგონია თავი._წავიდუდუნე. _რას სულელობ ერთი?_კვლავ გამომწვევად გადაიკისკისა ვერიკომ და თან ივას გადახედა მალულად._კლასელები ფულს ვაქუჩებთ და ამ საღამოს ვქეიფობთ. ყველანი ვგროვდებით და თქვენც ხომ წამოხვალთ. აკაკიც იქ იქნება._ბოლო წინადადება ვითომ ჩურჩულით მითხრა, მაგრამ შევატყე, რომ ივამაც გაიგო და ჩემს დამპალ თვალს არ გამოჰპარვია ის, რომ აკაკის ხსენებაზე სახე შეეცვალა. ქეიფზე მართლა ვაპირებდი უარის თქმას, მაგრამ ივას სახეზე აშკარა ცვლილება რომ შევნიშნე, გადავიფიქრე. რაღაცით რომ გავაბრაზებდი და მოვუშხამავდი ნერვებს, გამიხარდა. ისევ მაცოფებდა ის, რომ არხში ჩამაგდო და სანამ სამაგიეროს არ გადავუხდიდი, თანაც ორმაგად და სამმაგად, არ მოვისვენებდი. _რამდენს აქუჩებთ და რომელი საათისთვის აპირებთ?_მაშინვე დავინტერესდი. _ესეიგი, მოდიხართ? კარგია._სიხარულით ტაში შემოჰკრა ვერიკომ._ოც ლარებს ვდებთ, გვეყოფა მგონი. ექვსი საათისთვის იქ უნდა ვიყოთ უკვე. _კარგი, წავალ, ფულს ჩამოგიტან._ეს ვთქვი და ჩემს ოთახს მივაშურე. იქიდან დაბრუნებულს კი ვერიკო უკვე წასული დამხვდა. მივხვდი, ივამ გადაიხადა ჩემი ფულიც და ამაზე უფრო გავგიჟდი. თუმცა არაფერი მითქვია. თავი მოვიწესრიგე და რაიონში სალონში წავედი. თმის ვარცხნილობა, მაკიაჟი, ახალი კაბაც ვიყიდე და ისეთ დროს დავბრუნდი სახლში, რესტორანში წასასვლელად მზადება დავიწყე. ექვსის ნახევარზე სოფიომ და ნათიამაც გამომიარეს და ისე წავედით რესტორანში, არც კი დავინტერესებულვარ, ივა მოდიოდა თუ არა. სიმართლე ვთქვა, აკაკის ნახვა დიდად არ მახარებდა, მაგრამ ივას გასამწარებლად რას აღარ ვიზავდი. რატო ვიყავი ამ ბიჭზე გაბოროტებული და რატო ვცდილობდი მის გამწარებას, ნამდვილად ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ფაქტი იყო, რომ მუდამ მის დამცირებას და აბუჩად აგდებას ვლამობდი. ალბათ, მიმტევებელი რომ იყო, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი რომ არ ყრიდა ფარ-ხმალს და ცხოვრების გაგრძელებას ცდილობდა, უკიდეგანო სიყვარული რომ შეეძლო ადამიანებისა, არავისი შურდა და არავისზე იბოღმებოდა, მაგის გამო ვერ ვიტანდი. იმიტომ, რომ ამათგან არც ერთი თვისება არ იჯდა ჩემში. იქნებ, მშურდა კიდეც, რომ მე ამდენი არ შემეძლო? აკაკი მოგვიანებით მოვიდა რესტორანში. ჩემი დანახვა გაუხარდა და მაშინვე მისი ყურადღების ცენტრში და მის გარემოცვაში მოვექეცი. ყველაზე გვიან ივა მოვიდა, უკვე ვსხდებოდით სუფრასთან. რაღა თქმა უნდა, ვერიკოს უყურადღებოდ არ დაუტოვებია განსაკუთრებულად გამოპრანჭული ბიჭი. ჯინსის შარვალი და შავი თხელი სვიტერი მართლა უხდებოდა, შავი ფერი უფრო ხაზს უსვამდა მის ჟღალ თმას, მაგრამ ამის აღიარება არ მინდოდა. ჩემი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ ეს ბიჭი მომწონდა, მაგრამ ამის გააზრება და გაცნობიერება მაგიჟებდა და მაცოფებდა. მართალია, ყოველთვის ვამცირებდი, მაგრამ ჩემს თავს ვსჯიდი ამით, რომ მის მიმართ რაღაც გრძნობები მქონდა. ვერიკო რომ ივას არ შორდებოდა, სულ მას ეცეკვებოდა, სულ მის გვერდით იჯდა და ელაპარაკებოდა, ეს ცალკე მაგიჟებდა. აკაკი რომ თვალებით ჭამდა ჩემს მოშიშვლებულ მკერდს, მას ერთხელაც კი არ შემოუხედია ჩემთვის. თითქოს არც კი ვარსებობდი მისთვის. მშვენივრად ერთობოდა ვერიკოსთან. თავდაჯერებული და დაკაცებულიც კი მეჩვენა. აკაკიზე ნაწყენი ვიყავი კოლეჯის ამბების გამო, მაგრამ ივას გასამწარებლად მაინც მასთან ვიყავი. ასე ვთქვათ, ვიყენებდი ამ დონჟუან ბიჭს. არც ერთი მუსიკა არ გაჟღერებულა ისე, რომ მასთან არ მეცეკვა. მაინც და მაინც ივას ჩავუვლიდი ხოლმე გამომწვევათ და ისეთ ადგილს ვარჩევდი, რომ მისი თვალთახედვის არეში ვყოფილიყავი. თუმცა, ივა საერთოდ არ მიყურებდა. ნუკრიმ საიდანღაც დარცის დაფა გამოიტანა, კედელზე ჩამოკიდა და ისრები მოიმარჯვა. _აბა, ბიჭებო, ახლა გამოჩნდება თქვენი ვაჟკაცობა, ვინ დამეჯიბრება? ივას გარდა ყველა ბიჭი იქ მოქუჩდა და თავის მოწონება გადაწყვიტა. პირველი სროლა ნუკრისი იყო, რადგან მან აღმოაჩინა ეს დაფა და ისროლა კიდეც. სამიანში და ოთხიანში დაარჭო. _ბრავო!_აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს კლასელებმა. მეც დამაინტერესა და ახლო მივედი, რადგან აკაკიც აპირებდა მონაწილეობის მიღებას. ზოგმა ორიანში ძლივს მოახვედრა. ზოგმა კი საერთოდ ააცილა. ეტყობოდა რომ აკაკი ამ სპორტის თუ თამაშის სპეციალისტი იყო. კმაყოფილი ღიმილით მოიმარჯვა ისრები და სანამ ისროდა, ამაყად გამოაცხადა. _გამარჯვებულს რა ჯილდო ვარგუნოთ? ყველა გაისუსა. არავინ იცოდა რა ეთქვა. მერე ისევ თვითონ დააწესა პრიზი. _გამარჯვებულს ყველა გოგო კოცნის. _ჯერჯერობით ლიდერი ნუკრია._გაეცინა ნუკრის და გადაბადრული სახით გადმოგვხედა გოგოებს. აკაკიმ ექვსიანში რომ გაარტყა, მხურვალე ტაშით დავაჯილდოვე და ის იყო უნდა მეკოცნა, რომ ვერიკომ შემაჩერა. _მოიცა, ჯერ არ დასრულებულა. _კიდევ დარჩა ვინმე?_გაუკვირდა აკაკის და აშკარად ეწყინა გოგოებმა რომ არ აკოცეს. _წესი წესია, ყველა ბიჭი მიიღებს მონაწილეობას და იქიდან გამოვლინდება გამარჯვებული._გაიქცა და ივა მოიყვანა._ამას არ უსვრია. _ოჰ, ეგ კი გაიმარჯვებს ნამდვილად._გამომწვევად გადავიკისკისე. შეიძლება ივას უარიც კი ეთქვა ამ ტურნირში მონაწილეობის მიღებაზე, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემმა დაცინვამ იმოქმედა მასზე. ერთხანს უსიტყვოდ მომაჩერდა. აშკარა წყენა დავინახე მის თვალებში, რაც არასდროს შემიმჩნევია ადრე. მერე ისრები გამოართვა აკაკის და ერთი მარჯვენა ხელით ისროლა და მეორე მარცხენათი. მარჯვენა ხელით ნასროლი რვიანში გაარტყა, მარცხენათი კი ზუსტად ათიანში. ერთხანს კიდევ შემომხედა. თითქოს მეუბნებოდა, ტყუილად დამცინი და არ აფასებ ჩემს შესაძლებლობებსო და დარბაზიდან გავიდა. _მოიცა, სანაძლეო?_ვერიკო მხიარული კისკისით გაყვა უკან. მერე სოფიო და ნათიაც და შემდეგ კი, დანარჩენი გოგოებიც ჩემს გარდა. გარეთ რა ხდებოდა არ ვიცი. ალბათ სათითაოდ კოცნიდნენ გოგოები მორიდებულ და მორცხვ ბიჭს და მე ეს უფრო მაცოფებდა. კარგა ხანს იყვნენ ეზოში, მერე კი რომ შემოვიდნენ, ვერიკომ, ჩვენს გამარჯვებულს სიმღერა უნდა მივუძღვნათ და რაც თვითონ უყვარს იმას ავაჟღერებთო. _არ არის საჭირო._მორცხვად და მორიდებით იუარა ივამ. _საჭირო კი არა, აუცილებელია._ვერიკომ ტელეფონი აართვა ხელიდან._შენ თვითონ შემირჩევ სიმღერას, თუ შენი ფლეილისტიდან მე შევარჩიო? _მე განსხვავებული გემოვნება მაქვს და შეიძლება არც მოგეწონოთ._რატომღაც მე გადმომხედა, რადგან იცოდა რომ მე მართლა დავიწუნებდი. _განსხვავებული გემოვნება კი არა, თვითონ განსხვავებული ხარ. ჰა, რომელი სიმღერა ჩავრთა._არ ეშვებოდა ვერიკო. ივას თავპატიჟი აღარ დაუწყია. ტელეფონი გამოართვა, სიმღერა შეარჩია და ღიმილით გაუწოდა ვერიკოს ტელეფონი, რომელიც მაშინვე გაიქცა ღიმილით დინამიკებისკენ. ცოტა ხანში მართლაც სასიამოვნო მელოდია აჟღერდა და რუსული სიმღერაც დაიწყო. არაფერი დაეწუნებოდა, მართლა კარგი სიმღერა იყო, მაგრამ... _მშვენიერია, წამო ვიცეკვოთ._ლამის ძალით ააყენა ორმეტრიანი ბიჭი და ჩემს ზურგს უკან დაიწყეს ცეკვა. _იცი, მე ისეთი სიმღერები მიყვარს, ჩემს გულთან რომ არის მისი ტექსტი. შენც იმიტომ გიყვარს ეს სიმღერა?_რაღაც დამაინტრიგებლად უჩურჩულა ვერიკომ, მაგრამ მე მაინც გავიგონე, რადგან ყურები მხრების სიგანეზე მქონდა დაცქვეტილი. ივას არაფერი უთქვია, მივხვდი მორცხვად გაუღიმებდა. იმდენი რუსული კი ვიცოდი, რომ სიმღერის ტექსტი მეთარგმნა გუნებაში. ვიღაც, ჩემთვის უცნობი მომღერალი, მთელი გრძნობით უმღეროდა საყვარელ გოგონას, ვის თვალებშიც იძირებოდა თურმე, ვინც მოაჯადოვა და თავისი ღიმილით მოხიბლა თურმე. სუფთა და საყვარელი იყო და თურმე აგიჟებდა.. ნანიკა დამიდგა რატომღაც თვალწინ. უარესად გავცოფდი, მაშინვე წამოვხტი და ეს სასიამოვნო სიმღერა გავთიშე. _რას უსმენთ ერთი ვიცოდე, რით ვერ გაიგეთ, რომ რუსეთი ო-კუ-პან-ტი-ა?_ბოლო სიტყვა დავმარცვლე. _მე თუ მკითხავ, ოკუპანტი შენ ხარ._სინანულით მითხრა ვერიკომ და ისევ სიმღერის ჩასართავად წავიდა. შემთხვევით ივას მზერა დავიჭირე. ისეთი სინანულით მიმზერდა, თავი შემზიზღდა. ვერიკო მასთან რომ დაბრუნდა ისევ, გაგულისებული გამოვვარდი ეზოში. მართლაც და რა მჭირდა? ტირილი მინდოდა, მაგრამ რის გამო, ვერ ვხვდებოდი. ცოტა ხანს ეზოში კი გავჩერდი, მაგრამ ცრემლები რომ ვერ შევიკავე, ნამტირალევი სახით დარბაზში დაბრუნება გადავიფიქრე და სახლისკენ დავადექი გზას. არავინ გამიფრთხილებია. ასე გამოვიდა რომ გამოვიპარე. ნახევარი გზა რომ გამოვიარე, ფეხის ხმა გავიგონე და უფრო ავუჩქარე ფეხს. არ ვიცოდი ვინ იყო და არც მაინტერესებდა. არავის ნახვის სურვილი არ მქონდა, მითუმეტეს აცრემლებულს. ცოტაც და ზუსტად განათებული ლამპიონის ბოძთან ვიღაცის თბილი ხელის მოკიდება ვიგრძენი ხელზე და იმ ვიღაცამ შემაჩერა. _რა გჭირს?_ივას ხმა რომ ვიცანი, შევკრთი. ყველაზე მეტად ახლა მასთან შეხვედრა მინდოდა. არ მინდოდა აცრემლებული ვენახე და არც კი შემიხედია მისთვის, ისე ვცადე ხელის განთავისუფლება. თუმცა, ვერ შევძელი. _ტირი?_გაოცებულმა თავი ამაწევინა._რა გატირებს? _შემეშვი რა... თუ არა და, რაში გაინტერესებს რა მატირებს?_ჯიქურ შევხედე თვალებში._შენ მაინც ვერ გაიგებ... _სცადე, იქნებ გავიგო. გაოცებულმა შევხედე. ასეთი ივა არასდროს მახსოვდა და ცოტა არ იყოს დამაბნია მისმა სითამამემ. იქნებ, ხვდებოდა, რომ მის გამო ვიყავი ასე და ეს ათამამებდა უფრო? _დედა გამახსენდა._ვიცრუე, ხელი გავინთავისუფლე და ისევ განვაგრძე გზა. _მერე, რატო გგონია, რომ მე ვერ გავიგებ მაგას?_წამომეწია, წინ გადამეღობა და ისევ შემაჩერა. _დედა დავკარგე როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, გესმის ეს შენ?_დაჟინებული მზერა არ მომიშორებია მისი ცისფერი თვალებისთვის, რომელიც ლამპიონის შუქზე მუქი ლურჯი ჩანდა. _მასე მეც დავკარგე მამა... მაგრამ შენსავით არ გავბოროტებულვარ..._თითქოს სევდიანად და დიდი ტკივილით ჩაილაპარაკა._როგორ გგონია, უმამობა მე არ განვიცადე და არ გამიჭირდა?.. რატომ გგონია, რომ მარტო შენ გტკივა და შენ განიცდი ყველაფერს? ხმისამოუღებლად შევყურებდი. ეს ბიჭი მართალი იყო. ჩემზე უარეს მდგომარეობაშიც იყვნენ სხვები... _იცი, ხანდახან მგონია, რომ განგებ იქცევი მასე... არ გინდა დედაშენის ხსოვნას უღალატო იმით, რომ დედინაცვალს ზრდილობით მოექცე, ან შენი ნახევარდა შეიყვარო... გგონია, თუ მათ ცივად მოეპყრობი და გულთან არ მიუშვებ, ამით დედას არ უღალატებ... მე კი, პირიქით მგონია. მამაჩემის ხსოვნას იმით არ ვღალატობ, რომ ყველას ვპატიობ რაც არ უნდა დამიშაონ. კეთილი ვარ იმიტომ, რომ მამაჩემი აუგად არ მოიხსენიონ ჩემი გაზრდისთვის. შრომა მიყვარს იმიტომ, რომ მამამ შემაყვარა. ზრდილობით ვიქცევი იმიტომ, რომ მამაჩემის ხსოვნას არ ვუღალატო და ჩემით იხსენებდეს ყველა... დამიჯერე, დედაშენს შენი ცუდი საქციელის გამო უფრო მოიხსენიებენ აუგად... ვიცი, რომ არ ხარ ისეთი ურჩხული, როგორადაც თავს აჩვენებ ყველას._ჩემი ხელი მუჭში მოიმწყვდია და ისე ჩამხედა თვალებში. ისეთი სითბო ვიგრძენი მის ამ გამოხედვაში, შევკრთი. მივხვდი, რომ მართლა მიყვარდა ეს ბიჭი და იმასაც მივხვდი, რომ მართალი იყო. მაგრამ... _შენი თავი ფილოსოფოსი გგონია? თუ შენი ისტორიით ამიჩუყებ გულს?_ხელი გაგულისებულმა გამოვგლიჯე._რაც კოლეჯში წახვედი, ზედმეტად თავდაჯერებული გახდი რაღაც. უტვინო და სულელი გოგოების გარემოცვა და ყურადღება კი თავში აგივარდა... თავიდან სინანულით მიმზერდა. ბოლო წინადადებაზე კი მოულოდნელად გაეღიმა. _რა თქვი?_ისე მკითხა, ღიმილიანი მზერა არ მოუშორებია ჩემთვის. მივხვდი, რომ თავი გავეცი. უარესად გავცოფდი. ამის თავდაჯერებულობას ჩემი ეჭვიანობაღა ეკლდა. _ისეთი არფერი. შემეშვი, კუდში ნუ დამყვები. შენ ჩემთვის არაფერს ნიშნავ და შენი ფილოსოფიაც შენთვის შეინახე._გაბრაზებულმა მივახალე პირში და სახლისკენ ლამის სირბილით წამოვედი. ერთხელ მივხედე მხოლოდ. რატომღაც მეგონა, რომ უკან მომყვებოდა, მაგრამ შევცდი. ერთ ადგილზე გაშეშებულიყო და ისე მიმზერდა. თითქოს, ღიმილიანი მზერით მიმაცილებდა სახლამდე. ჩემს თავზე ვბრაზობდი, ენა რომ მქონდა გრძელი და დროულად ვერ ვახერხებდი კბილის დაჭერას. აშკარად მიხვდა, რომ ვეჭვიანობდი. კმაყოფილს როგორ გაეღიმა?! სახლში ისე მივედი, არავის გაუგია, უჩუმრად ავიპარე ჩემს ოთახში და ტანსაცმლიანივე მივეგდე საწოლზე. დიდხანს ვიკავე თავი, მაგრამ ბოლოს მაინც ავტირდი. მე მისთვის აღარ ვარსებობდი, არანაირად აღარ ვადარდებდი და ზუსტად ახლა გავთქვი თავი, რომ გულგრილი არ ვიყავი მის მიმართ. ჩემს ხელს, თავის მუჭში რომ მოიმწყვდია, მისი სურნელი ასდიოდა ისევ. ერთხანს სიამოვნებით ვყნოსაცდი და ვიხსენებდი იმ განცდას, რაც იმ მომენტში დამეუფლა. მერე გამახსენდა, ჩემი ეჭვიანობის გამო რომ გაიღიმა და გავბრაზდი. მაშინვე წამოვხტი საწოლიდან, სველი ხელსახოცით გაგულისებულმა გავიწმინდე ხელები, რომ მისი სურნელი აღარ მქონოდა და ისე დავწექი. _რა სისულელეა, როგორ შეიძლება ის ჭლექიანი წითური და ჭორფლიანი ბიჭი მიყვარდეს? თავი დიდი ვინმე გონია, დამიწყო ლექციების კითხვა ფსიქოლოგიაზე. ისეთი არ ხარ, როგორადაც თავს აჩვენებ ხალხსო. რა იცის როგორი ვარ? რა იცის რას განვიცდი და რას ვგრძნობ? თვითონ ხომ ყავს ცოცხალი დედიკო და ეფერება და ესიყვარულება? მამა დავკარგეო... სად მამა და სად დედა? თუმცა, დედის მაგივრად რომ მამა დამეკარგა მე, დავიჯერო ასე არ ვიდარდებდი? ჭიშკრის კარები რომ დარახუნდა, მოულოდნელად შევკრთი. მივხვდი, ივა მოვიდა. _როდის მე მოვედი და ეს სად ეგდო ამდენ ხანს?_ახლა ამაზე გავცეცხლდი._ალბათ, ვერიკოს ააკითხა და ამცნო, რომ სახლში მივდივარო... როგორი თბილი ხელი ქონდა._ისევ ჩამეღვარა რაღაც უცნაური სითბო გულში და ჩემი ხელის გული აფორიაქებულ გულზე დავიდე ჩასაწყნარებლად._დავიჯერო, ეს გრძნობა სიყვარულია? თვალები დავხუჭე და მისი თვალები წარმოვიდგინე... მერე გამახსენდა არხში რომ ჩამაგდო და ისევ გავბრაზდი._მიყვარს არა კვახი. მეტი საქმე არ მაქვს ეს დედიკოს ბიჭი მიყვარდეს._ყურსასმენები მოვირგე და მუსიკები მაღალ ხმაზე ჩავირთე, იქნებ ფიქრის დინება შემეჩერებინა._ჩემი ცუდი საქციელით დედაჩემს მართლაც აუგად მოიხსენიებენ??? როგორ თქვა, კარგად იმიტომ ვიქცევი, მამაჩემი აუგად არ მოიხსენიონ ჩემი გაზრდისთვისო? ნუთუ, მამამისზე ცუდი რომ არ ვთქვა, იმიტომ ზრუნავს ჩემზე? მაგრამ რომ აღარ ზრუნავს? თუმცა, მე ხომ არასდროს გამხსენებია მამამისი და აზრადაც არ მომსვლია, მასზე ცუდი მეფიქრა? მთელი ღამე საკუთარ თავთან დიალოგში გავატარე. გამთენიისას ჩამეძინა მხოლოდ და მაშინაც ბავშვის ტირილმა გამაღვიძა. ცოტა ხანს ყური დავუგდე. ისე ტიროდა, აშკარად რაღაც ქონდა ნატკენი. გაუაზრებლად წამოვხტი საწოლიდან და პიჟამის ამარა ჩავირბინე დაბლა. ეთუნა კომშის ხის ქვეშ იჯდა, ხელები თავზე ქონდა შემოწყობილი და ტიროდა. გარშემო მოზრდილი კომშები ეყარა და, მივხვდი რომ ერთ-ერთი რომ ჩამოვარდა თავში დაეცა. მე რომ დამინახა, ცრემლიანი თვალებით შემომხედა. დავწვდი და ხელში ავიყვანე. სლუკუნით ჩამეხუტა. _თავში დაგეცა?_სიბრალულით ვკითხე. თავი რომ დამიქნია, ონკანთან მივიყვანე, ხელი წყლით დავისველე და ნატკენ ადგილზე ცივი ხელი დავადე. _არაფერია, მალე გაგივლის._დავამშვიდე და ამ წლების მანძილზე პირველად ვაკოცე. გულში რაღაც ამოუცნობი განცდა ჩამეღვარა. ვერ მივხვდი რა იყო ეს, მაგრამ მომეწონა კი. უფრო ჩავიხუტე და მანაც რომ მომხვია თავისი ფუნჩულა ხელები გული ამიჩქარდა. ვერა რომ გამოვიდა ბაღჩიდან, ეთუნა უკვე დაწყნარებული მყავდა. _ოთახში დავტოვე, იქ თამაშობდა. ვიფიქრე, მწვანილს მოვკრეფდი._თითქოს თავი იმართლა ჩემმა დედინაცვალმა. ბავშვმა დედა რომ დაინახა, მე შემიშვა ხელი და მისკენ გაიწია. დედინაცვალმა ფრთხილად ჩამომართვა ბავშვი და გულში ჩაიკრა. _რა მოგივიდა ჩემო პრინცესა? _კომში დასცემია თავში._ეს ვუთხარი მხოლოდ და ჩემი ოთახისკენ გავეშურე. თითქოს გაქცევა მინდოდა იმ თბილი გრძნობებისგან, რაც იმ წუთში ამ პატარა ანგელოზის მიმართ მიტრიალებდა გულში. შეუსვენებლივ ავირბინე კიბის საფეხურები და ჩემს ოთახში აფორიაქებული შევიკეტე. კარები რომ მივხურე, ზურგით მივეყრდენი და ერთხანს ასე ვიდექი. წუხანდელი ივას ნათქვამი მახსენდებოდა, დარწმუნებული იყო, რომ არ ვიყავი ისეთი ურჩხული, როგორადაც თავს ვაჩვენებდი ყველას. დავიჯერო, არ ქონდა ამ ბიჭს ჩემზე ხელი ჩაქნეული და ყველაფრის მიუხედავად მაინც ჩემი გამოსწორების იმედი ქონდა? იქნებ, ცდებოდა და მართლა ურჩხული ვიყავი? ურჩხული რომ არ ვყოფილიყავი, ამ წლების მანძილზე რატო ერთხელ მაინც არ გამომიხატავს ვერას მიმართ მადლიერება იმის გამო, რასაც ჩემთვის აკეთებდა? რატო ვამცირებდი ივას ყველგან და ყოველთვის, როცა ეს ბიჭი ჩემზე ზრუნავდა და ყველაფრის მიუხედავად პატივისცემით მეპყრობოდა? იქნებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მამამისი თავისი ცუდი საქციელის გამო აუგად არ მოეხსენებინათ? მე თუ მიყვარდა დედა და მის ხსოვნას პატივს ვცემდი, რატო არ ვცდილობდი კარგი ვყოფილიყავი, რომ მასზე ცუდი არ ეთქვა ხალხს? თუ მართლა დედა მიყვარდა და მას ვცემდი პატივს, ამ ხნის მანძილზე რატო ერთხელ მაინც არ ვიყავი მის საფლავზე ასული? ივა ცდებოდა, მართლა საშინელი ურჩხული ვიყავი გრძნობების გარეშე. ცივსისხლიანი მანიაკი ვიყავი, რომელსაც სხვისი ტანჯვა სიამოვნებდა, სხვისი დამცირება უფრო გამოსდიოდა, ვიდრე პატივისცემა... სხვისი რაა, უფრო ივასი. რატო მყავდა ეს ბიჭი ამოჩემებული ვერ ვხვდებოდი. იმ მომენტში საკუთარი თავი მძულდა და მინდოდა რომ გემოზე მივეტყიპე ვინმეს ჭკუის სასწავლებლად. ადამიანური გრძნობები არ გამაჩნდა. მართლა არარაობა ვიყავი. საწოლზე პირქვე დავემხე და გულამოსკვნით ავღრიალდი. ვხვდებოდი რაც ვიყავი და გამოსწორებას არც კი ვცდილობდი... კარგა ხანს ვიღრიალე ბალიშში თავჩარგულმა. ყველანაირად რომ დავიცალე ემოციებისგან და გრძნობებისგან, ცოტა გულზე მომეშვა. იმდენი ვიტირე, ცრემლიც კი გამიშრა თვალზე. შუადღის მერე, ისე რომ არავისთვის არაფერი მითქვია, ქურდულად გამოვიპარე სახლიდან და უაზროდ დავადექი გზას. გააზრებული არ მქონდა სად მივდიოდი, მაგრამ მაინც შეუჩერებლად მივდიოდი. ნაცნობი სახეები კი მხვდებოდნენ, მაგრამ თავს ვარიდებდი, არც კი ვესალმებოდი არავის. სოფლიდან რომ გავედი და აღმართს შევუყევი, მაშინ გავაცნობიერე მხოლოდ, რომ სასაფლაოებისკენ მივდიოდი. მხოლოდ ბავშვობაში ვიყავი რამდენჯერმე ნამყოფი, მაგრამ არ გამჭირვებია დედაჩემის საფლავის პოვნა. მოვლილი და დასუფთავებული იყო. ამას ხომ ვერა აკეთებდა, მამაჩემის მეორე ცოლი? მე არასდროს გამჩენია სურვილი აქ ამოვსულიყავი და სანთელი ამენთო მისთვის, ან ყვავილებისთვის მომევლო და სარეველები დამეგლიჯა. საფლავის ქვიდან ღიმილით შემომცქეროდა დედაჩემი. _მაპატიე დე._ ეს ამოვილუღლუღე მხოლოდ, ცივ ქვას ჩავეხუტე და ავტირდი. ასე მწარედ და გულდათუთქულს მგონი მისი სიკვდილის დროს არ მიტირია. ივას სიტყვები მახსენდებოდა, შენი ცუდი საქციელის გამო დედაშენს აუგად მოიხსენიებენო... რამდენმა გამლანძღა ნეტა გამჩენი? რამდენმა მოიხსენია დედაჩემი ცუდად? რატო არ ვფიქრობდი ამაზე? როგორ თქვა, კეთილი ვარ იმიტომ, რომ მამაჩემი აუგად არ მოიხსენიონ ჩემი გაზრდისთვისო? აი, მშობლის მოყვარული შვილი... მე კი? მე რა ჯანდაბამ გადამრია და გამაბოროტა? ბიჭი ხვდებოდა ამდენს და მე ვერა. ან, არ მინდოდა რომ მივხვედრილიყავი. იმაშიც მართალი იყო, რომ დედინაცვალს მიტომ არ ვექცეოდი კარგად, რომ მეგონა ამით დედის ხსოვნას ვღალატობდი. მეგონა, თუ მასთან ურთიერთობას დავიტკბობდი და დავალაგებდი, დედა დამავიწყდებოდა... იმაზე კი არასდროს ვფიქრობდი, რომ მე ნელ-ნელა ვბოროტდებოდი და ურჩხულს ვემსგავსებოდი. მაგრამ... ივას რაღას ვერჩოდი, რატო მას არ ვცემდი პატივს? რატო ვიგდებდი ყოველთვის აბუჩად? ახსნას ვერ ვუძებნიდი მის მიმართ გაჩენილ ჯიბრს და ყოველთვის მისი დამცირების სურვილს... მოკლეთ, არ ვიყავი წმინდა სულის ადამიანი და ეგ იყო... გვიანობამდე დავრჩი დედაჩემის საფლავზე. გარშემო ბინდმა რომ დაისადგურა, ერთხელ კიდევ ამოვიტირე, დედაჩემს პირობა დავუდე, რომ ისევ ისეთი კარგი სალო გავხდებოდი, როგორიც მის სიკვდილამდე ვიყავი, დავპირდი რომ ჩემი გაჩენისთვის არავინ აღარ გალანძღავდა არასდროს და თვალცრემლიანმა დავტოვე სასაფლაო. გზაში კარგად შემომაღამდა. სოფელში რომ შემოვედი და ჩვენს სახლამდე გზა გავინახევრე, მამაჩემი შემომხვდა წინ. _მეგონა, რამე სისულელე ჩაიდინე._გულში ჩამიკრა და შევატყე რომ ერთიანად ცახცახებდა._ სოფლელებმა დაგინახეს სასაფლაოსკენ რომ მიდიოდი... _ხო, დედასთან ვიყავი._ძლივს ამოვილუღლუღე._მომენატრა. _რა აღარ ვიფიქრეთ და სად აღარ გეძებდით... "გეძებდით?" ესე იგი, ივაც მეძებდა?_ გულში რაღაც საამო სითბო ჩამეღვარა._ყველაფრის მიუხედავად, მაინც ზრუნავდა და დარდობდა ჩემზე?_თვალწინ მისი სევდიანი თვალები დამიდგა და მამაჩემს უფრო მჭიდროდ მივეკარი. _მაპატიე. გპირდები, ასეთი რამ აღარასდროს განმეორდება. მამაჩემმა ხელგადახვეული წამომიყვანა სახლში. ეზოში რომ შევედით, ივაც მალე მოგვყვა უკან. ალბათ მამაჩემმა გააგებინა, რომ მიპოვა. ეზოშივე მოვიხადე ბოდიში, დავიღალე და დავწვები, არ მშია-მეთქი და ჩემს ოთახში ავედი. სიბნელეში არ დამინახია ივას სახე, მაგრამ მივხვდი, რომ სევდიანი გამომეტყველებით მიმზერდა. ჩემს ოთახში ასულმა ტანსაცმელი დავიუთოვე, ჩანთაში აკურატულად ჩავილაგე, თავი მოვიწესრიგე და დავწექი. თითქოს ცოტა დამშვიდებული მქონდა სინდისი და ტკბილად დამეძინა. დილით მაღვიძარამ რომ გამაღვიძა, ხალისით წამოვხტი. სამზარეულოში ყავის დასალევად ღიღინით შევედი რატომღაც. ეთუნა იქ დამხვდა და შემომცინა. მორიდებით, მაგრამ მაინც მივეფერე ბუნჩულა ლოყებზე და მადიანად ჩავპროშნე. მართლა ძალიან საყვარელი იყო ეს ბავშვი. ვერა რომ შემოვიდა, მე მის წინ ჩაცუცქული ვიყავი და ვეფერებოდი. გვიან შევნიშნე ღიმილით რომ მომჩერებოდა. ცოტა არ იყოს შემრცხვა. მაშინვე წამოვდექი, ყავის დალევა დავასრულე და კოლეჯში წასასვლელად მოვემზადე. გაჩერებაზე დიდხანს არ ვმდგარვარ. კოლეჯში რომ მივედი, ჩემი ტანსაცმელი ჩანთიდან ამოვალაგე და კარადაში შევკიდე. ნანიკა ჯერ არ იყო მოსული. ლექციების დაწყებამდე ჯერ კიდევ დრო იყო და გვიანი შემოდგომის ფერებით გაჯერებულ კოლეჯის ეზოში გადავწყვიტე სეირნობა. ხიდან ჩამოცვენილი ფოთლები ჯერ არ მოეხვეტათ დამლაგებლებს და მსიამოვნებდა მათ შრიალს რომ ვგრძნობდი ფეხქვეშ. ასეთი სიმშვიდე არასდროს დამუფლებია. ცხოვრება ასეთი მშვენიერი იყო და მე კი სიბოროტის მეტს არაფერს ვაკეთებდი. კარგა ხანს ვისეირნე ეზოში და ლექციები რომ უნდა დაწყებულიყო, სასწავლებლისკენ ლამის სირბილით გავიქეცი. კურსელებს ღიმილით რომ მივესალმე, მარტო მათ კი არა, მეც გამიკვირდა. გულისყურით ვიჯექი ლექციებზე და ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე კიდეც. ლექციების მერე კი საცხოვრებელში წავედი. ფოიეში ლეოს დანახვამ შემაკრთო, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე და აუღელვებლად განვაგრძე გზა. დამინახა თუ არა, მაშინვე წამოხტა და გზა გადამიღობა. _საით გაგიწევია ლამაზო? _შენი აზრით?_მკაცრი გამომეტყველებით შევხედე და თან ხელით ვუბიძგე, რომ გზა დაეთმო. ვიცოდი, რომ აქ ვერაფერს გამიბედავდა, ყოველ სართულზე მორიგე გვყავდა, მანდატურებიც ტრიალებდნენ ახლო-მახლო და მაგიტო უფრო ვიყავი თამამად. _საღამოს საცხოვრებლიდან რომ გავიპაროთ, არ გინდა? _შენ წარმოიდგინე, ოდნავი სურვილიც არ მაქვს. _რა დაგეტაკა, რა ბზიკმა გიკბინა?_გაოცებულმა წელზე მომხვია ხელი და მიმიზიდა._ჩემთან ერთად ღამის გატარება არ გინდა?_ყურში რომ მიჩურჩულა, არასასიამოდ გამცრა ტანში. _არა, შემეშვი._გავუძალიანდი, თავი გავინთავისუფლე და გოგოების საცხოვრებლის ფლიგელისკენ გავეშურე. ლეო აღარ გამომკიდებია, იმიტომ რომ ბიჭებს ეკრძალებოდათ აქეთ შემოსვლა. ყოველ კუნჭულში კამერებიც ეყენა და მას მოერიდა უფრო. აქ კი დაცული ვიყავი, მაგრამ ეზოში, სადაც არც კამერები იყო და არც მანდატურები ტრიალებდნენ და მეტი თავისუფლება ქონდათ სტუდენტებს, როგორ უნდა დამეცვა მისგან თავი? მეტი გზა არ მქონდა, ლექციების მერე, მითუმეტეს საღამოობით საერთოდ აღარ უნდა ჩავსულიყავი ეზოში. ოთახში რომ შევედი, ნანიკას მოსვლა იგრძნობოდა, მაგრამ იქ არ დამხვდა. ერთ ხანს იქ დავყავი. მერე ჩვენი სართულის სამზარეულოში გავედი და ყავა მოვიდუღე. იქ დალევა არ მოვისურვილე და ისევ ჩვენს ოთახში დავბრუნდი. ფანჯრის რაფაზე შემოვჯექი და ნებიერად და დიდი სიამოვნებით მოვწრუპე უშაქრო ყავა. ჯერ ფანჯარაში ვიყურებოდი. მერე ოთახს მოვავლე თვალი და ნანიკას წიგნებს რომ მოვკარი თვალი, სურვილი გამიჩნდა გადამეთვალიერებინა. ერთ ერთი სებასტიან ჟაპრიზოს "ქალი სათვალეებით და მანქანაში არსებული იარაღით" იყო. შესანიშნავი ფსიქოლოგიური დეტექტივი ჩანდა. ერთხანს აქა-იქ ამოვიკითხე კიდეც, მაგრამ ვერ დავუდე გული და მეორე წიგნს გადავწვდი. ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე"იყო. რომ გადავფურცლე, ფანქრით მონიშნული ციტატები მომხვდა თვალში. "ღმერთს არ უყვარს ბოროტი ადამიანები და ივიწყებს მათ არსებობას. ამიტომაც ცოცხლობენ ისინი უსასრულოდ დიდხანს." გულში ჩამწვდა ეს ციტატა. რამდენჯერმე გადავიკითხე კიდეც. "რა იციან, რომ ცხოვრება აფრიანი ნავია, რომელსაც საკმაოდ ბევრი აფრა აქვს და ყოველწუთს შეიძლება გადაბრუნდეს." იმდენი აზრიანი და გულშიჩამწვდომი ფრაზები ქონდა ნანიკას მონიშნული, გავვოგნდი. კიდევ ერთმა ფრაზამ მიიპყრო ჩემი ყურადღება: "ადამიანთან ერთად ყოველთვის რაღაც კვდება, ალბათ მცირეოდენი იმედი." მერე კი ჩემს საწოლზე მოვკალათდი და სიამოვნებით დავიწყე წიგნის კითხვა. დიდხანს ვიჯექი ისე, რომ თავი არ ამიწევია ზემოთ. სიამოვნებით და დიდი განცდებით ვკითხულობდი მანამ, სანამ არ ჩამომიბნელდა ოთახში და ასოების გარჩევა არ გამიჭირდა. წიგნში სანიშნი ჩავდე და დავხურე. გამიკვირდა, ნანიკა რომ არ გამოჩნდა. საწოლიდან წამოვდექი და შუქი ავანთე, მაშინ ვიგრძენი შიმშილი. დაბლა ჩასვლა და ბუფეტში გასვლა გადავწყვიტე. ქურთუკი მოვიცვი და კიბეზე ღიღინით დავეშვი. ფოიეში არავინ დამხვედრია, მითუმეტეს რომ გარეთ წვიმდა. სირბილით გადავჭერი მოკლეზე და ბუფეტში შევედი. აქ კი უხვად იყვნენ სტუდენტები. ყურადღება არავისთვის მიმიქცევია, კარტოფილი "ფრი"ავიღე და კუთხეში მივჯექი. ჭამა ჯერ დასრულებული არ მქონდა, რომ ნანიკა და ივა სიცილით შემოვიდნენ. ნანიკამ შორიდანვე შემნიშნა და ჩემსკენ ღიმილით გამოეშურა. ივამაც შემნიშნა, მაგრამ ის ვახშმის საყიდლად წავიდა. _როგორ ხარ?_ღიმილით მკითხა და გვერდით მომიჯდა. _კარგად, არამიშავს. შენ?_მეც ღიმილით მოვიკითხე. _ასე კარგად მგონი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ._რაღაცნაირად აჟიტირებულმა მითხრა და ივას გახედა. "ალბათ სიყვარულში გამოუტყდა,"_ამის გაფიქრება მოვასწარი მხოლოდ და მღელვარებისგან სასულეში გადამცდა ლუკმა. ისეთი ხველა ამიტყდა, ლამის დავიხრჩე. ნანიკა მაშინვე წამოხტა და ერთი ჭიქა წყალი მომირბენინა. მადლობა მოვუხადე და მწყურვივით დავეწაფე მის მოტანილ წყალს. თან ნანიკას ვაკვირდებოდი. მშვენიერი გოგო იყო, არაფერი დაეწუნებოდა. ბუნებითაც ძალიან კარგი იყო, იმსახურებდა ივა ასეთ გოგოს. უზომოდ ბედნიერები იქნებოდნენ ერთად, მაგრამ... სინანულით გავხედე ივას, რომელსაც ლანგრით მოჰქონდა ვახშამი. ჩემი მზერა რომ დაიჭირა, გამიღიმა და გული ამიფორიაქა მისმა ამ ღიმილმა. მოვიდა თუ არა უფრო ზრდილობის გულისთვის მომესალმა. მეც რომ მივესალმე, ცოტა დაიბნა, არ მოელოდებოდა ნამდვილად. ნანიკა ლანგრის დადებაში მიეხმარა გულღია სიცილით. მე კი წამოვდექი, მართლა მურმანის ეკალი მეგონა თავი და გარიდება ვამჯობინე. _უკვე მიდიხარ?_გაუკვირდა ნანიკას._დარჩენილიყავი. ერთად ავიდეთ ოთახში. მაგიდაზე დადებულ ლანგარს რომ დავხედე, აღმოვაჩინე, რომ სამი ულუფა ქონდა ივას წამოღებული. გამიხარდა, ესეიგი ისევ ზრუნავდა ჩემზე, მაგრამ მაინც არ დავრჩი. _მადლობა, მაგრამ არ მშია, მე უკვე ვივახშმე._ივასთვის არც კი შემიხედია, მაგრამ ვგრძნობდი რომ დაჟინებით მიმზერდა._ამ ხმაურში თავი მტკივა, ოთახში ასვლა მირჩევნია. გემრიელად მიირთვით._ეს ვთქვი და ბუფეტი უკანმოუხედავად დავტოვე. ისევ წვიმდა. ისევ სირბილით გადავჭერი მოკლეზე და საცხოვრებლის ფოიეში შლეგივით შევვარდი. იატაკზე სველი ნაფეხურები რომ დავატყე, გულწრფელად შევწუხდი. _ლიანა დეიდა, დიდი ბოდიში ჩემი ნაფეხურების გამო._შორიახლოს მოფუსფუსე დამლაგებელს შეწუხებული სახით შევხედე. _არაუშავს შვილო, ამინდია ასეთი და რას იზავ? ფეხის წვერებზე ავიწიე დიდად რომ არ დამეტყო ნაფეხურები და ისე მივაშურე კიბეს. ერთხანს ისევ ჩავუჯექი წიგნს, მაგრამ თავში რომ ვერაფერი შევიდა, დავხურე და დაწოლა ვამჯობინე. თუმცა საწოლშიც ვერ მოვისვენე და ისევ ავდექი. ფანჯარა გამოვაღე და წვიმის შხაპუნს ვუსმენდი სიამოვნებით. ცოტა კი ვსველდებოდი, მაგრამ არაფრად ვაგდებდი. მსიამოვნებდა რატომღაც. მერე ვიღაცის კისკისმა მიიქცია ჩემი ყურადღება და ძირს ჩავიხედე. ლამპიონით განათებულ ეზოში დავინახე რომ ივა და ნანიკა მორბოდნენ. ივას თავის ქურთუკი ქონდა გახდილი და ისე ეჭირა, რომ ორივენი ქოლგასავით ეფარებოდნენ. ნანიკას ივასთვის წელზე ქონდა ხელები მოხვეული და ისე მორბოდნენ. ახლა კი მართლა ჩამწყდა გულში რაღაც, თანაც ისე, რომ საშინელი ტკივილიც კი ვიგრძენი... ნეტა, რის იმედი მქონდა? სამუდამოდ მე გადმომყვებოდა ივა და ჩემს ხუშტურებს აიტანდა? თან, რაც ყველაზე მეტად მტკენდა გულს, ის ხომ ჩემს ძმად თვლიდა თავს? ცრემლების შესაკავებლად ძლიერად მოვხუჭე თვალები. მერე ფანჯარა მივხურე და საწოლში შევწექი. კედლისკენ გადავბრუნდი და საბანი წავიფარე თავზე, რომ ოთახში შემოსული ნანიკასთვის თავი მძინარედ მომეჩვენებინა. ასეც მოხდა, მაგრამ მერე თავი ვეღარ შევიკავე და დაბალი ხმით ავტირდი, რომ მას არ გაეგო. როგორც ეტყობა, ნანიკას ყურს მაინც მისწვდა ჩემი სლუკუნის ხმა. მაშინვე წამოდგა და გვერდით მომიწვა. _რატო ტირიხარ? არაფრის თქმას ვაპირებდი. რა მეთქვა, შენი შეყვარებული, რომელიც ასე გაბედნიერებს და ჩემ ძმად ითვლება, ის მიყვარს-მეთქი? უფრო მჭიდროდ მომეხუტა და სიბნელეში ხელით მომიმშრალა ცრემლები. ამ გულთბილმა ჟესტმა უფრო ამიჩუყა გული. დიდხანს კი ვიკავე თავი, მაგრამ ბოლოს ვეღარ გავუმკლავდი მოზღვავებულ ემოციებს, გადმოვბრუნდი და მეც ჩავეხუტე ნანიკას. _ლეომ გაწყენინა?_გაუბედავად მკითხა. _არა, ლეო არაფერ შუაშია._გულწრფელად ვაღიარე, მაგრამ ის კი დავმალე, სინამდვილეში რის გამოც ვტიროდი._დედაჩემის გარდაცვალების დღეა დღეს. ტყუილი არ მითქვამს, მართლაც ასე იყო. ნანიკამ ვეღარაფერი მითხრა. უფრო მჭიდროდ მომხვია ხელები და კარგა ხანს ვიყავით ასე. _იცი, ახლობელი ადამიანის დაკარგვა მეც გამოცდილი მაქვს. შვიდი წლისები ვიყავით, რომ ჩემი ტყუპისცალი და სისხლის გათეთრებით გარდაიცვალა. დედაჩემმა ამ ტკივილს ვერ გაუძლო და ფსიქიკურად შეიშალა. ახლა ფსიქიატრიულში წევს და მკურნალობენ, მაგრამ ისე ძლიერად იმოქმედა ნინუცას სიკვდილმა, რომ დღემდე ვერ მცნობს მე. ვერ მიხსენებს, რომ მისი მეორე შვილი ვარ._ვიგრძენი როგორ აუკანკალდა ნანიკას ხმა და ალბათ რომ არ ეტირა, გაჩუმდა. _მე ჩემი თავი მეგონა ყველაზე უბედური._გაოგნებულმა ამოვიჩურჩულე. _შენ დედა ცოცხალი აღარ გყავს და იმას განიცდი. მე კი ცოცხალი მყავს, მაგრამ ვერ მცნობს და მხოლოდ ნინუცაზე ლაპარაკობს. მე მისთვის საერთოდ არ ვარსებობ._მისმა ცრემლებმა მხარი რომ დამისველა, მივხვდი რომ ტიროდა. _მერე, როგორ უძლებ ამ ტკივილს?_მეც ამატირა მისმა ბედმა. _ვცდილობ, რწმენა არ დავკარგო. მომავლის იმედით მაქვს. მჯერა, გამიხსენებს და მიმიღებს როგორც თავის მეორე შვილს... მანამდე კი თავს არ ვაძლევ იმის უფლებას, რომ ცუდზე ვიფიქრო. ყოველთვის დაკავებული ვარ, ხან წიგნებს ვკითხულობ. ხან პეიზაჟებს ვიღებ და იმით ვირთობ თავს. ქარგვა მეხერხება, ქსოვაც. ქსოვა ნამდვილად აწყნარებს ნერვებს. ნეგატიური ფიქრებისთვის არ ვიტოვებ დროს. სახლში ყოველთვის ვეხმარები ბებიას საოჯახო საქმიანობაში. სახლში ერთი ოთახიც გამოვიყავი და სალონი გავხსენი. კლიენტები კარგად მყავს, ფულსაც კარგად ვშოულობ. იცი, არავისთვის მითქვამს, რომ რომანსაც ვწერ. ცხოვრებამ იმდენი რამ გამომატარა და იმდენი რამ მასწავლა, რეალურია მასში აღწერილი თითქმის ყველა გრძნობა და განცდა... _შენ მართლა ძლიერი ყოფილხარ... მე, ერთი რახან დავეცი ძირს, წამოდგომა არც კი მიცდია. პირიქით, უფრო და უფრო ვეშვებოდი ქვესკნელისკენ. ბევრს გავუმწარე ცზოვრება ჩემი უზრდელობით და სიჯიუტით. მადლიერების გრძნობა საერთოდ დავკარგე. ურჩხულს დავემსგავსე. ახლა გადავწყვიტე შეცვლა და აღმოჩნდა, რომ უკვე გვიანია._ისე ამოვიოხრე, ლამის გულიც თან ამოვაყოლე. _ნუ ამბობ მაგას. გვიანი არასდროს არ არის. რამე მისწრაფება, მიზანი ან ჰობი არაფერი გაქვს?_საწოლში წამოჯდა და ისე დამაშტერდა. დავფიქრდი. იყო კი ისეთი რამ, რაც მიყვარდა ან მომწონდა? _ბავშვობაში ხატვა მიყვარდა... _მერე და, მაგაზე კარგი რა არის? სამხატვრო აქაც გვაქვს. გაზაფხულზე მიღება რომ იქნება, ჩააბარე და პარალელურად ეგეც ისწავლე. დამიჯერე, არაფერს დაკარგავ მაგით. შეიძლება დრო დაკარგო, მაგრამ საყვარელ საქმეს მოხმარებული დრო სულაც არ არის დაკარგული. არ ვიცი, ამ გოგოს ჰქონდა რაღაცნაიდად დამამშვიდებელი აურა, თუ მართლაც მჭირდებოდა კარგი ფსიქოლოგის კონსულტაცია. ისე იმოქმედა მისმა თითოეულმა სიტყვამ ჩემზე, მართლაც დამამშვიდა სულიერად. დიდზე დიდი ძვრები მიდიოდა ჩემს სულშიც და გულშიც. მართლაც მომეწონა ის აზრი, რომ გაზაფხულზე სამხატვროზე შემეტანა საბუთები და მესწავლა. მანამდე კი ავიღებდი ისევ ფანქრებს და ფურცლებს და დავხატავდი. დედა ხატავდა კარგად და მისი ნიჭი გამომყვა. ხო და, დედაჩემის უკვდავსამყოფად კარგი აზრი იყო, რომ ხატვისთვის მიმეძღვნა თავი აღიარებული მხატვარი თუ არ დავდგებოდი, ჩემს ჭიას მაინც ხომ გავახარებდი? _მადლობა._ეს ვუთხარი ნანიკას და გულიანად ვაკოცე. _რისთვის?_გაუკვირდა. _ამ ხუთი წლის მანძილზე პირველად ჩამწვდა ადამიანის ხმა სულში. მიხარია, რომ ჩემი ოთახის მეზობელი ხარ. გზასაცდენილი ჭუკივით დავდიოდი შენთან შეხვედრამდე. მადლობა, რომ ეს ცხოვრება სხვა თვალით დამანახე და ცხოვრების მიზანიც მაჩვენე._ისევ ჩავეხუტე და დილამდე ერთ საწოლში გვეძინა. დილით ისევ წვიმდა. ეს მობუდული და მოჟამული ამინდიც კი ვერ მიფუჭებდა გუნება-განწყობას. ხალისით ავდექი, თავი მოვიწესრიგე. ჩვენი სართულის სამზარეულოში ყავა მოვიდუღეთ მე და ნანიკამ და ერთად ძალიან გემრიელად და მხიარულად დავლიეთ. მერე კი ლექციებზე გავიქეცი. შუადღისით აღარ წვიმდა. მორიგე გავაფრთხილე, მაღაზიაში გავიქცევი ცოტა ხნით და მალე დავბრუნდები-მეთქი. ჩემი ყოფაქცევისა და წარსულის გამო შევატყე, რომ არ უნდოდა ჩემი ეზოს გარეთ გაშვება, მაგრამ ვერც უარს მეუბნებოდა და ვერც თანხმობა გაებედა. ბედად ნანიკაც შემოგვესწრო და მანაც ჩემთან ერთად გადაწყვიტა წამოსვლა. მართალია, არ იცოდა რისთვის მივდიოდი მაღაზიაში, მაგრამ მაინც გამოთქვა სურვილი. მორიგეს აღარ უყოყმანია და ორივე უპრობლემოდ გაგვიშვა. _ფანქრების და თაბახის ფურცლების საყიდლად მივდივარ._დამნაშავესავით ვაღიარე,_ შენ წუხელ იმხელა მუზა გამიჩინე, სანამ გამიქრება, მინდა რომ ვხატო. ისე გაუხარდა, ლამის ცეკვაც კი დაიწყო შუა ქუჩაში. ტაქსით ავედით ცენტრში და საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში მხიარულად შევედით. რაც მინდოდა ყველაფერი ვიყიდე. მერე იქიდან ტანსაცმლის მაღაზიაში შევიარეთ. ნანიკას უნდოდა თავისთვის თბილი სვიტერის ყიდვა. მაღაზიაში შესვლისთანავე საბავშვო პომპონებიანმა ქუდმა მიუქცია ყურადღება, რომელსაც ხელთათმანები და კაშნეც ქონდა. ზედ გამოჭრილი ეთუნასთვის იყო. _თუ ფული არ გყოფნის, დაგიმატებ._ყოყმანი რომ შემატყო ნანიკამ, ყურში მორიდებით მიჩურჩულა. მართლაც მაკლდებოდა ხუთი ლარი, მაგრამ ისე შემაგულიანა ნანიკამ, რომ მაინც ვიყიდე. გულისფანცქალით გამოვართვი გამყიდველს ჩემი დის ჩემი პირველი საჩუქარი და ჩანთაში ფრთხილად ჩავიდე. სასწავლებელში დაბრუნებული კი, მაშინვე მივუჯექი მაგიდას და პირველი რაც დავხატე, დედაჩემის პორტრეტი იყო. ნანიკა აღტაცებული მიყურებდა, როგორ მონდომებით და დიდი სიყვარულით ვხატავდი. ******************** ჩემი ცხოვრება მართლა რადიკალურად შეიცვალა. თავისთავად არ შეცვლილა, მე მოვინდომე და შევცვალე. ერთბაშად არა, მაგრამ ნელ-ნელა ივას და ნანუკას გარემოცვაში ბუფეტშიც კი მივეჩვიე ვახშამს. ნანიკა მართლაც რომ კარგზე კარგი გოგო იყო და სულაც არ ვიყავი წინააღმდეგი, მომავალში ჩემი რძალი გამხდარიყო. ეგ იყო მხოლოდ, რომ ივას ვკარგავდი და ძალიან მტკიოდა ამის გამო გული. ღამით მასზე ფიქრი არ მაძინებდა. ღირსიც ვიყავი. რამდენს ცდილობდა ეს ბიჭი ჩემში ადამიანური გრძნობების გამოღვიძებას და მე, სულელი კი არაფრად ვაგდებდი. ახლა კი, რომ ვუყურებდი, ისეთი ბედნიერები იყვნენ, მე თვითონ არ მქონდა სურვილი მათ შორის ჩავმდგარიყავი. ნანიკას არასდროს უღიარებია ჩემთან, რომ ივა უყვარდა. თუმცა, აღიარება რაღა საჭირო იყო, სახეზე ეწერა ყველაფერი. პარასკევს საღამოს სახლში რომ დავბრუნდი, ეთუნამ დამინახა თუ არა, სიხარულით გამოქანდა ჩემთან. შემეშინდა კიდევ არ წაქცეიყო და მეც სირბილით გავექანე მისკენ. რომ ჩავიმუხლე და მომეხვია, მეც მჭიდროდ მოვხვიე ხელი და გულში ჩავიხუტე. ისე საყვარლად კრუტუნებდა, მისი ხელიდან გაშვება აღარ მინდოდა. მერე მისთვის ნაყიდი ქუდი ამოვიღე ჩანთიდან და დავახურე. მართლაც მისი ზომა იყო. კაშნეც რომ შემოვახვიე და ხელთათმანები ჩავაცვი, მადლიერების გამოსახატავად ლოყაზე მაკოცა და დედასთან გაიქცა საჩვენებლად. ასეთი აღელვებული არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, აღელვებული ის შესატყვისი სიტყვა არ არის, რასაც მე იმ მომენტში განვიცდიდი. უფრო, მრცხვენოდა საკუთარი თავის, ამ ხნის მანძილზე პირველად რომ მივაქციე ჩემს დას ყურადღება. ისიც არ ვიცოდი, რას იფიქრებდა ჩემზე ჩემი დედინაცვალი და დასჯილი ბავშვივით ატუზული შუა ეზოში გულის ფანცქალით ველოდი მის რეაქციას. ყველაზე მეტად კი ის მაშინებდა, რომ ეთუნასთვის ეთქვა, არ გჭირდება მაგისი არაფერიო და უკან გადმოეყარა ჩემი საჩუქრები. ღირსი კი ვიყავი, მაგრამ... თუმცა, ჩემი დედინაცვალი მასეთი რომ არ იყო, ვიცოდი. ივაც მას გავდა დიდსულოვნებით... ვერა ოთახიდან რომ გამოვიდა და უკან ატიკტიკებული ეთუნა მოყვა, სუნთქვაშეკრული ველოდებოდი რას მოიმოქმედებდა. მის გვერდით მომავალ ეთუნას რომ დასწვდა და ხელში აიყვანა, უარესად ავფორიაქდი. ღიმილით მომიახლოვდა. _მერე, შენს დაიკოს მადლობა უთხარი?_თავისი რუსული აქცენტით შვილს ღიმილით კითხა. ეთუნამ უარის ნიშნად თავი რომ გაიქნია, უსაყვედურა. _უზრდელობაა. შენ ხომ უზრდელი გოგო არ ხარ? აბა მადლობა უთხარი სალოს. ეთუნამ ღიმილით გადმოიწია ჩემსკენ. ისევ მაკოცა და თავისი ბავშვური ენის ჩლიქინით მომიხადა მადლობა. ასე თუ შეეძლო ჩემს გულს ფეთქვა, მართლა არ ვიცოდი. მთელ ტანში ჟრუანტელმა რომ დამიარა პატარა ბავშვის ტუჩების შეხებისას, თვალები ამიწყლიანდა. რამდენად კარგი ადამიანი იყო ვერა და მე კიდევ არაფრად ვაგდებდი. რამდენს ვტანჯავდი და ვამწარებდი და მაინც რომ არ შემაქცია ზურგი და მაინც ვუყვარდი და პატივს მცემდა, უარესად შემძულდა საკუთარი თავი. მის გვერდით მართლაც არარაობად ვიგრძენი თავი. ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით მიმზერდა, არავის რომ არ შემოუხედია ჩემთვის ასე. იმ წუთას აღმოვაჩინე მხოლოდ, რომ ივას დედის თვალები ქონდა. ამ დიდსულოვანმა რუსი ეროვნების ქალმა შემატყო ალბათ რა ქარიშხალიც ტრიალებდა ჩემში და ღიმილით გადამეხვია. _მაპატიეთ._ამოვისლუკუნე და პატარა ბავშვივით ღრიალი რომ არ დამეწყო, ტუჩზე გამეტებით ვიკბინე. _არაფერია. ანგელოზებად არ ვიბადებით ადამიანები. ყველას გვაქვს ესა თუ ის ბნელი მხარე. ხშირად ცხოვრება აყალიბებს ჩვენს ხასიათს. შენ დედის სიკვდილმა გაგაბოროტა ასე, მაგრამ შინაგანად რომ ძალიან კარგი ადამიანი იყავი, მე ვგრძნობდი ამას. ამას მერჩივნა, რომ დიდი როზგი აეღო და იმით აეჭრელებინა ჩემთვის გვერდები, რადგან ვიმსახურებდი. _დაისვენე, ნამგზავრი ხარ, მანამდე მამაშენი და ივაც მოვლენ და ერთად ვივახშმოდ._შუბლზე რომ მაკოცა ამ ქალმა, თითქოს ყინული გალღვა ჩემში. არ ვიცი, ასეთი ღვთისნიერი ქალი რომ არ ყოფილიყო ჩემი დედინაცვალი, გამოვსწორდებოდი კი ოდესმე? იქნებ, ჯობდა თავიდანვე მკაცრად მომქცეოდა და ამდენი სისულელე არ ჩამედინა. ან, იქნებ, კარგიც იყო, რომ ყველაფერს მპატიობდნენ ეს და თავისი შვილი და ამ ცხოვრების ავი და კარგი შემასმინეს. ბოროტებას ყოველთვის სძლევს სიკეთეო, ხო და ჩემი გამოცდილებიდან ვადასტურებ ამას. მართალია ერთბაშად არ შევცვლილვარ. ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ჩემი ურჩი და ჯიუტი ხასიათი ყოველთვის მახსენებდა თავს, ყოველთვის მძლევდა ჩემი სიზარმაცე, მაგრამ მალევე მახსენდებოდა რამდენი რამ მომითმინა და მაპატია ჩემმა დედინაცვალმა და ჩემს თავში იმ ძალას ვეძებდი, რომ ყველაფერი ცუდი დამეძლია. ახალ წლამდე ერთი სასიხარულო ამბავი კიდევ მოხდა ჩვენს ოჯახში. (ჩემი გამოსწორება და ცხოვრებისკენ მობრუნება ეთ-ერთი დიდი სასწაული და სასიხარულო ამბავი იყო). ივამ, თავისი დანაზოგი ფულით მანქანა იყიდა. ის დღე გუშინდელივით მახსოვს. დილით, მე რომ გავემზადე კოლეჯში წასასვლელად, ჩვეულებისამებრ ივაც რომ არ გამოვიდა თავისი ოთახიდან, გამიკვირდა. მორიდებით რომ მივუკაკუნე კარზე და იქ არ დამხვდა, ვიფიქრე უკვე წასული იყო კოლეჯში და მარტოს მომიწია წასვლა. ვერ ვიტყვი, რომ მასთან ძალიან კარგი და-ძმური ურთიერთობა მქონდა, მაგრამ აღარც ისეთი აგრესიული და უხეში ვიყავი მის მიმართ. ზრდილობა და პატივისცემა ვისწავლე რაც მთავარია. უბრალოდ, ძმად ვერ აღვიქვამდი, იმიტომ რომ... მივხვდი რომ სხვანაირად მიყვარდა. თვითონ კი ვატყობდი, რომ ნანიკა უყვარდა და ასე ვთქვათ, ვცდილობდი მესმე არ ვყოფილიყავი მათ ცხოვრებაში. როგორც ყოველთვის იმ დღესაც ცოტა ადრე მივედი და კოლეჯის დათოვლილ ეზოში ცოტა ხნით ვისეირნე. ის იყო ტროტუარზე გამოვედი და სასწავლებლისკენ ავიღე გეზი, რომ შემთხვევით მოვკარი თვალი მუქი ლურჯი ფერის გოლფს, (როგორც შემდგომში გავიგე მისი მარკა) რომლის საჭესთანაც ივა იჯდა და გვერდით კი ნანიკა ეჯდა. ჯერ დავიბენი, თვალებს არ ვუჯერებდი. მერე ჩემს წინ რომ შეჩერდნენ და ნანიკა მხიარული სიცილით გადმოვიდა, მახარა. _აბა, შეაფასე, როგორი მანქანა იყიდა შენმა ძმამ? უარესად დავიბენი. წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ მანქანის ყიდვას აპირებდა ივა. დაბნეულობამ რომ გამიარა, მერე წყენამ იჩინა თავი, ნანიკას გაანდო ჩანაფიქრი და გვერდითაც მოისვა... თუმცა, რა პრეტენზიები მქონდა? ნანიკა მისი შეყვარებული იყო, მომავალში დაქორწინდებოდნენ კიდეც და მე ვინ ვიყავი? წყენა გადავყლაპე, ნაძალადევად გავუღიმე და მივულოცე ივას შენაძენი. _გაჩერებაზე ვიდექი კოლეჯში წამოსასვლელად და გავიხედოთ და ივამ არ ჩამომიქროლა? გვერდით რომ გამიჩერა და დაბრძანდით ქალბატონოვო მითხრა, თვალებს ვერ ვუჯერებდი... მაგარი მანქანაა არა?_ისე მკითხა, თითქოს ვერკვეოდი მანქანებში._ახლა, ის უნდა ნახო, როგორ კარგად მართავს მანქანას, სუფთა შუმახერია, არც ერთი მანქანა არ გამოუშვია წინ._ხელკავი გამომდო და სასწავლებლისკენ გავეშურეთ. ჯერ ისევ გაოგნებული ვიყავი და თან ნაწყენიც. მწყინდა, რომ მე არაფერი ვიყავი ივასთვის. რაც დავიმსახურე, იმას ვიმკიდი. წლები აბუჩად ვიგდებდი, არაფრად ვაგდებდი, სიცოცხლეს ვუმწარებდი და ახლა რატო მქონდა პრეტენზია, რომ პირველ ადგილზე მე არ ვიყავი მის ცხოვრებაში? ლექციებზე მოწყენილი და უგულისყურო ვიჯექი. ისე გაიწელა ის დრო, გაძლებაზე ვიყავი. შინაგანად ვბრაზობდი, ოღონდ საკუთარ თავზე, ივა არაფერ შუაში იყო, მე ვიყავი დამნაშავე. ლექციები როგორც იქნა დასრულდა და საცხოვრებლისკენ გავეშურე. გზად ლეოს გადავეყარე. ამ ხნის მანძილზე შორიდან კი ვხედავდი ხოლმე, მაგრამ ახლო არასდროს მოსულა და ახლა მოულოდნელად რომ შევხვდი, ცოტა არ იყოს შევკრთი. _სხვა გაიჩინე და მის გამო მიმაგდე?_არ მომეწონა მისი მკაცრი ტონი. _შემეშვი._არც კი გავჩერებულვარ, მუჯლუგუნი ვკარი და გზიდან ჩამოვიშორე. _მისმინე._წინ გადამიდგა და შემაჩერა._თუ გგონია ეს დამცირება გაპატიო, ძალიან ცდები. გავიგებ ვის გამოც დამშორდი და იცოდე არ ვაცოცხლებ._ეს სიტყვები ისე დამაჯერებლად წარმოთქვა, გამაკანკალა. _ჯერ ერთი, არავის გამო არ მიმიტოვებიხარ. როდისმე მითქვამს შენთვის, რომ მიყვარდი?_ჯიქურ შევხედე თვალებში._და მეორეც, მასეც რომ იყოს, ვერაფერსაც ვერ დაუშავებ! _მაგასაც ვნახავთ!_ისე მითხრა, უარესად გამაკანკალა._ამიტომ, ცოტა ჭკუას მოუხმე და დამიბრუნდი._საზარლად გადაიხარხარა და თავი მანება, რადგან მორიგეს მოჰკრა თვალი. დაზაფრული და დამფრთხალი ავედი ოთახში. ამას რომ მართლა რამე დაეშავებინა ივასთვის, როგორ უნდა გადამეტანა? მართალია, ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით ვერანაირად. ჯერ ერთი, რომ ნანიკა უყვარდა და მეორე, რომც ვყვარებოდი, ქართული წეს-ჩვეულებები და ადათ წესები არ მოგვცემდა ამის უფლებას. ჩვენს ერთად ყოფნას არავინ მოიწონებდა. მართალია, არანაირი სისხლით ნათესაური კავშირი არ გვქონდა ერთმანეთთან, მაგრამ ეთუნა? მამაჩემი და დედამისი? ივას სიყვარული ჩემი სასჯელი იყო. სამართლიანად ვისჯებოდი მისი დამცირებისა და აბუჩად აგდებისთვის. მთელი ცხოვრება დამტანჯავდა ეს გრძნობა... მაგრამ ლეოს არ უნდა გაეგო მის შესახებ არაფერი, რომ მართლაც არ დაეშავებინა მისთვის რამე. ის იყო ფანქრები მოვიმარჯვე და ხატვა დავიწყე დასამშვიდებლად, რომ ნანიკა მხიარული სიცილით შემოვიდა ოთახში. _რას აკეთებ? წამო, გავისეირნოთ. _არ მინდა, მადლობა, ხატვა მირჩევნია. _წამო, წამო!_ხელი მომკიდა და პატარა ბავშვივით ძალით წამომახტუნა სკამიდან. ოთახიდან ისე გამომიყვანა, რომ ქურთუკის ჩაცმა ვერ მოვახერხე და გავუძალიანდი. _მოიცა, ქურთუკი მაინც ავიღო, გარეთ მინუს სამი გრადუსი მაინც არის ყინვა. _მერწმუნე, საჭირო არ არის. ფოიედან კისრისტეხით რომ გამიყვანა, იქვე ივას მანქანას მოვკარი თვალი და სანამ რამეს გავიაზრებდი, უკვე მის უკანა სავარძელში ვისხედით მე და ნანიკა. _აბა, სად მივდივართ?_ღიმილით შემობრუნდა ივა. ისეთი მომაჯადოებელი ღიმილი ქონდა, გული გამიჩერდა. _ჯერ აქედან გავიდეთ და მერე გზაში მოვიფიქრებთ._არხეინად თქვა ნანიკამ. _პრობლემები არ შეგვექმნება?_შეშფოთებულმა ძლივს ვიკითხე. _ჩვენს წითურს მასე კი ნუ უყურებ, ბიჭი ბლატებითაა ამ კოლეჯში._ისევ გადაიკისკისა ნანიკამ._შეთანხმებულები ვართ, იციან და გამოგვიშვეს, მაგაზე არ იდარდო._დამამშვიდა და სავარძელში ნებიერად მიესვენა. ივამ კოლეჯის ტერიტორიიდან ფრთხილად გაიყვანა მანქანა, მერე კი გიყვარდეს, ისე სწრაფად მივქროდით, მეშინოდა კიდეც. ნანიკას სიმშვიდე მიკვირდა. _ჯერ, მოდი, ტყეში ავიდეთ, დათოვლილი პეიზაჟების გადაღება მინდა. მერე კი რომელიმე სახინკლეში შევიდეთ და ვიხინკლაოთ.ო _მშვენიერი აზრია._უკანა ხედვის სარკეში ორივეს გამოგვხედა ივამ და თვალების გარშემო გაჩენილი მიმიკური ნაოჭებით მივხვდი, რომ ისევ იღიმოდა. აშკარად თავგზას მირევდა ამ ბიჭის სიახლოვეს ყოფნა და საღი განსჯის უნარს მაკარგვინებდა. ისე ხომ ვიყავი დალაგებულ ჭკუაზე და ეს უარესად მირევდა. ნახევარ საათში ავედით ტყის სიახლოვეს. იქ უფრო დიდი თოვლი იდო და მართლაც ლამაზი სანახაობა იყო. ნანიკა დიდი მონდომებით და თავისი საქმის დიდი სიყვარულით იღებდა დათოვლილ პეიზაჟებს. ერთი და იგივე ადგილებს რამოდენიმე კუთხით აფიქსირებდა ობიექტივში. მე რომ ქურთუკის გარეშე ვიყავი, შემცივდა, თუმცა თავიდან ისე ვიყავი ზამთრის ლამაზი პეიზაჟების თვალიერებით გართული, გვიან ვიგრძენი და საცოდავად ავიბუზე. სულ მალე მხრებზე თბილი ქურთუკის მოფარება რომ ვიგრძენი, გული გამიჩერდა. ქურთუკს მისი სასიამოვნო სურნელი ასდიოდა. თავი ოდნავ რომ მივაბრუნე, მის თვალებსაც წავაწყდი და უარესად ავღელდი. უკიდეგანო სითბო და სიყვარული იკითხებოდა მის თვალებში, თან მიღიმოდა. ეს ბიჭი იშვიათად იღიმოდა, მაგრამ როცა იღიმოდა, გულს მიჩქარებდა. _ნანიკას სულ არ ადარდებს სიცივე, ის თავის სტიქიაშია._ჩურჩულით მითხრა, ვითომ ნანიკას რომ არ გაეგო, მაგრამ ნანიკა მართლაც ისე იყო გართული, ვერც ხმამაღლა ნათქვამს გაიგონებდა._მოგწონს?_მკითხა და გარემოს კმაყოფილი მზერით მოავლო თვალი. მე მოჯადოებულივით შევყურებდი მას და ისევ რომ მომხედა, დავიბენი, ავღელდი და მღელვარების დასაფარავად ნანიკასკენ გადავდგი ნაბიჯი, მაგრამ ფეხი ამისრიალდა და წავბარბაცდი. _ფრთხილად._ივამ მაშინვე შემაშველა ხელი. მისმა შეხებამ უარესად ამაფორიაქა. არ მინდოდა ჩემი გრძნობებისთვის მის მიმართ გასაქანი მიმეცა და ელდანაკრავივით გავინთავისუფლე თავი მისი მკლავებიდან. სახეზე თითქოს ალმა ამკრა. მივხვდი, რომ გავწითლდი. სუნთქვაც ისე გამიხშირდა, თითქოს კილომეტრები მერბინოს შეუჩერებლივ. დებილი უნდა ყოფილიყო ივა ჩემს გრძნობებს რომ ვერ მიმხვდარიყო და ეს აზრი ყოველთვის მაფრთხობდა. არ მინდოდა გაეგო რას ვგრძნობდი მის მიმართ. მას ხომ ნანიკა უყვარდა? ხო და ბედნიერები ყოფილიყვნენ ერთად. მე კი, ჩემი შეცდომების გამო, მისი ცალმხრივი სიყვარით რომ ვისჯებოდი, ნამდვილად ვიყავი ღირსი. უნდა ვთქვა, რომ სამართლიანად ვისჯებოდი. ნანიკა ბუნების გადაღებებს რომ მორჩა, შტატივი დაამაგრა და ჩვენც გადავიღეთ უამრავი ფოტო. მერე კი გზისპირა სახინკლეში გამოვიარეთ და დამშეულებმა გემრიელად მოვულხინეთ. ბინდდებოდა უკვე კოლეჯის საცხოვრებელში რომ დავბრუნდით. _უნდა ვაღიარო, რომ დღევანდელი დღე კარგზე კარგი იყო._აღტაცებულმა ნანიკამ ხელკავი გამომდო მანქანიდან გადმოსვლისთანავე._შენ რას იტყვი, მოგეწონა? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე მხოლოდ ღიმილით და ივასკენ გავაპარე მზერა. ისიც გადმოსულიყო მანქანიდან და შორიახლოს მოგვყვებოდა. ჩემი მზერა რომ იგრძნო, მოულოდნელად შემომხედა. შემომხედა და ამაფორიაქა, მაშინვე მოვარიდე თვალი. ნანიკა რას მელაპარაკებოდა, აღარ მესმოდა. ერთი სული მქონდა, ჩვენს ოთახში ავსულიყავით. _ახლო მომავალში, თუ სურვილი გექნებათ, კიდევ მოვაწყოთ ასეთი გასეირნება, რას იტყვით?_წამოგვეწია და მაინც და მაინც მე ამომიდგა გვერდით. _უი, რა კარგია!!! ჯიგარი ხარ. შენისთანა ბიჭი მგონი დედამიწის ზურგზე არ დაიარება._ნანიკამ ხელი მიშვა, ივას წინ ფეხის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა გაღიმებულ ბიჭს. იმ მომენტში ჩვენი თვალები ისევ შეხვდა ერთმანეთს. მე მორიდებით და სინანულით შევყურებდი მშვენიერ წყვილს და თვითონ კი? თვითონ ისეთი მზერით მიმზერდა, დამაბნია და უარესად ამაფორიაქა. შეუძლებელი იყო მე ვყვარებოდი როგორც ქალი, მას ხომ ნანიკა უყვარდა? მეჩვენებოდა რაღაცეები... თან, მე ხომ მუდამ მის დამცირებაში ვიყავი და ასეთი ურჩხული შევუყვარდებოდი ვითომ? ეგ თავისთავად და ჩვენ ხომ ერთი ოჯახის წევრები ვიყავით? ჩვენი ერთად ყოფნა არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა. არა, მართლა მელანდებოდა და მეჩვენებოდა უკვე ყველაფერი. "მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო". ფოიეში შესულები გულთბილად დავემშვიდობეთ ივას და ჩვენ ჩვენი ფლიგელისკენ გავეშურეთ. მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი. რამდენჯერაც დავაპირე, იმდენჯერ ივას სითბოთი და სიყვარულით სავსე მზერა მელანდებოდა. ახლა მისი შეხება, წაქცევისგან რომ მიხსნა, თითქოს წელს მიშანთავდა და ისევ ცხადად და ნათლად ვგრძნობდი თითქოს მის შეხებას. მოკლეთ, ყურებამდე შეყვარებული ვიყავი ამ ბიჭზე და ვერაფერს კი ვერ ვუხერხებდი ჩემს თავს. ******************** ახალი წლის დადგომამდე ერთი კვირით ადრე არდადეგები დაგვეწყო და მე სახლში გამოვიბარგე. ივას ისევ ქონდა სამუშაო და კოლეჯში დარჩა. ისე მივეჩვიე ამ ბიჭის სიახლოვეს ყოფნას, უიმისოდ მიჭირდა უკვე. კიდევ კარგი ვერამ ჩემი მიხმარება არ იუკადრისა და საახალწლო სამზადისში დრო უფრო ადვილად და მალე გადიოდა. ხან ეთუნას ვაქცევდი ყურადღებას ხანაც სახლის საგულდაგულოდ დალაგებაში ვიღებდი მონაწილეობას. მე თვითონვე მიკვირდა, რომ ჩემს დედინაცვალს მართალია ერთბაშად ვერა, მაგრამ ნელ-ნელა მაინც მივეჩვიე და გულთბილი დამოკიდებულება ჩამოვიყალიბე მასთან. ამ ხნის მანძილზე, რაც დედა გარდამეცვალა, პირველად მოვრთეთ მე და ეთუნამ ნაძვის ხე. სადაც ვერ ვწვდებოდი ეთუნას ვიყვანდი ხელში და იმას ვაკიდინებდი მოსართავებს. ნაძვის ხის წვერში კი ვერც ეთუნა შევაწვდინე. _არაუშავს, ივა მოვა და იმას გავაკეთებინოთ._თავისი ბავშვური ტიკტიკით დამაიმედა ეთუნამ და ჩამეხუტა, თუმცა მალევე გამიშვა ხელები._ეგე, ივაც მოსულა. მოდი, მოგვეხმარე. ივამ ღიმილით ჩამომართვა ბავშვი და ის ასწია ვარსკვლავის დასამაგრებლად. _ესეც ასე, ნაძვის ხე მზადაა. ახლა საჩუქრებს დაველოდები, ამაღამ სანტა რომ მომიტანს. _დიდი თოვლი მოსულა და სანტას გაუჭირდება ჩრდილოეთ პოლუსიდან ჩამოსვლაო._ეშმაკურად შეხედა ივამ დას. _მაშ, მაშ, სანტა ცაში დაფრინავს ირმებით და იმას არც არაფერი არ გაუჭირდება. ხო ასეა სალო?_ახლა მე მომიბრუნდა ცოტა შეფიქრიანებული. ღიმილით რომ დავეთანხმე, გაუხარდა, ივას ძირს დაასმევინა თავი და ნაძვის ხეს გარშემო შემოუარა დიდი ინტერესით. _იმედია, სანტას მოეწონება ჩვენი მორთული ნაძვის ხე და საჩუქრებსაც მოგვიტანს. _ამ წელს თუ კარგად იქცეოდი, იმ შემთხვევაში მოგიტანს საჩუქრებს._ივა მის წინ ჩაიცუცქა და მოჩვენებითი სერიოზულობით უთხრა._იმედია, კარგად იქცეოდი. _მეც კარგად ვიქცეოდი და სალოც._ეთუნამ ჩემთან მოირბინა და მომეხუტა. _მაშინ ორივენი მიიღებთ საჩუქრებს._ღიმილით რომ ამომხედა ივამ, ავღელდი. გამოდის, ჩემთვის საჩუქარი ქონდა ნაყიდი და მე კი არც გამხსენებია არავისთვის არაფრის ყიდვა. შემრცხვა. ვერა და ვერ გამოვსწორდი საბოლოოდ. ახალი წლის დადგომას ეთუნა ნახევრად მძინარე შეხვდა, ფეიერვერკების გასროლაში მანაც მიიღო მონაწილეობა და მალევე დაწვა. სხვათაშორის, არც მე გავჩერებულვარ დიდხანს. მეკვლის მოსვლას დაველოდე, ცოტა ხანს კიდევ ვიჯექი სუფრასთან და მერე კი ბოდიშის მოხდით წამოვდექი სუფრიდან და ჩემს ოთახს მივაშურე. სოფიო და ნათია ბევრს მეხვეწნენ, გადმოიარე აქეთ, ერთად შევხვდეთ ახალ წელსო, მაგრამ არ წავედი, ოჯახის წევრებთან ერთად უკეთესად შევხვდი ახალ წელს. არ ვიცი, დაღლილი ვიყავი და იმიტომ, თუ ამდენი ღამე წესიერად რომ არ მძინებია, ისე ტკბილად დამეძინა, თვითონვე გამიკვირდა. ფეისბუქში ნანიკას რომ ვემესიჯებოდი, ტელეფონით ხელში ჩამეძინა. დილით კი ეთუნამ შემოირბინა ჩემს ოთახში და მისმა მხიარულმა ტიკტიკმა გამაღვიძა. _სალო, სალო,სანტას საჩუქრები მოუტანია და წამო ერთად ვნახოთ._საბანი გადამხადა და დამეჯაჯგურა. მისი მხიარულება მეც გადმომედო, პიჟამაზე ხალათი მოვიცვი, ბავშვს ხელი ჩავკიდე და ერთად გავეშურეთ საჩუქრების სანახავად. პირველ რიგში ეთუნას საჩუქრები ეწყო ბარბის თოჯინები თავისი სახლით, სახტუნაო, რომელიც ასე ძალიან უნდოდა და ჰულაჰუპი. მისი სიხარული მეც მიხაროდა და ბედნიერი ღიმილით მივჩერებოდი ჩემს პატარა დაიკოს, რომელიც სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. გვიან შევნიშნე ჩემი საჩუქარი. ჯერ ერთი, ჯერ ეთუნას ვუყურებდი და მეორე, ნაძვის ხის უკან იდო, რადგან დიდი იყო და წინ ეთუნას საჩუქრებს დაფარავდა. თავიდან თვალებს არ ვუჯერებდი. მერე ნელა მივუახლოვდი, ასე მეგონა სიზმარში ვიყავი და საცაა გამომეღვიძებოდა. ჩემი საოცნებო მოლბერტი იყო. იქვე ფუნჯების კრებული და გუაშებიც ეწყო. გაოგნებული ხან ჩემს საჩუქრებს შევყურებდი და ხანაც იმ წუთას შემოსულ ივას, რომელიც გაღიმებული თვალს არ მაშორებდა. ნანიკას გარდა არავინ იცოდა, რომ მე ხატვას დავუბრუნდი. ალბათ მან უთხრა და ამანაც საახალწლოდ მაჩუქა. _ეს რა არის?_გაკვირვებული ეთუნა მოლბერტს მიუახლოვდა და დიდი ინტერესით შეათვალიერა._მე დავინახე, რომ ეს ივამ გადმოიღო მანქანიდან. რა არის?_ახლა მე მომიბრუნდა. _ამაზე ტილოს დავამაგრებ და ამით კიდევ დავხატავ._ფუნჯებზე და გუაშებზე მივუთითე. _გაგიხარდა, კარგი საჩუქარია?_არ ისვენებდა ეთუნა. _ამაზე მეტად მგონი არაფერი გამიხარდებოდა._ღიმილით ვაღიარე._ დიდი მადლობა... რა იცოდი, რომ მინდოდა? _სანტამ ყველაფერი იცის. თვითონ ვერ მოვიდა და მე გამომატანა._ეთუნას გასაგონად თქვა და კიდევ ერთხელ მომაჯადოვა მისმა ღიმილმა. მე რომ მიყვარდა ეს ბიჭი, თანაც სულ სხვანაირად და არა როგორც ძმა, ამაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ... ამაზე არასდროს არ მინდოდა ფიქრი, თუმცა მაინც მეფიქრებოდა: ისეთი თვალებით მიმზერდა მუდამ, ნუთუ თვითონაც იგივეს გრძნობდა ჩემს მიმართ?.. მაგრამ, ნანიკა?.. დავიჯერო, სხვა ბიჭებივით ესეც მექალთანე იყო და შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ ნებისმიერი გოგო, რომელსაც მისადმი ინტერესს შეატყობდა, არ დაეკერა? სხვა რანაირად ამეხსნა მისი ეს სიყვარულით სავსე მზერა ვერ ვხვდებოდი. არა, ნამდვილად მეჩვენებოდა. უბრალოდ, როგორც დას ისე მიყურებდა. ამ ხნის მანძილზე ველურივით რომ ვექცეოდი და ახლა მისადმი ზრდილობა და პატივისცემა ვისწავლე, ეს უხაროდა. სხვათაშორის, მეც მიხაროდა, რომ გამოვსწორდი. ცხოვრებას სულ სხვა თვალით დავუწყე ყურება და უნდა ვაღიარო, რომ მშვენიერი ყოფილა ზიზღის, შურის, ბოღმის და ბოროტების გარეშე ცხოვრება. მოლბერტის ატანაში თვითონ მომეხმარა. ფუნჯები და გუაშები მე ავიტანე. ეთუნა მხიარული შეძახილებით მოგვყვებოდა უკან. ჩემზე მეტად მგონი მას უხაროდა ჩემი საჩუქარი. მართალია, არ იცოდა რა იყო და რაში უნდა გამომეყენებინა, მაგრამ მე რომ მიხაროდა, მგონი მასაც მაგიტომ უხაროდა. _სად დავდგა?_ინტერესით მკითხა ივამ და ჩემს პასუხს მოუთმენლად დაელოდა. _აი აქ._ფანჯარასთან ვანიშნე._სინათლე კარგად სცემს. ზუსტად მითითებულ ადგილზე დამიდგა. _ძალიან დიდი მადლობა. მართლა გამიხარდა... მადლობა რითი გადაგიხადო არ ვიცი._გავბედე და თვალებში შევხედე. _არაფერს, რა მადლობა._დაიმორცხვა._მიხარია, რომ გაგიხარდა. უფრო ის მიხარია, რომ აღარ გიწევს იმ ადამიანად თავის გასაღება, როგორიც სინამდვილეში არ ხარ._ლოყაზე ფრთხილად მომითათუნა ხელი და ჩემი ოთახიდან გავიდა. მისი თბითითების შეხებაღა უნდოდა ჩემს აფორიაქებულ და აბობოქრებულ გულს. გული საგულედან თუ არ ამომიხტებოდა, არ მეგონა. რამდენ ბიჭს ვხვდებოდი მის გასამწარებლად და მოფერების და კოცნის საშუალებას ვაძლევდი, მაგრამ ივა სულ სხვა იყო. გულის გაჩერებამდე მივყავდი მის ღიმილიან გამოხედვას. ორჯერ თუ სამჯერ მოხდა, რომ შემეხო და ლამის გული ამომვარდა საგულედან. მისი ხმის გაგონებაც კი მაბედნიერებდა... დავრწმუნდი, რომ თავიდანვე ბინადრობდა ჩემს გულში და ასე ერთბაშად არ შემოჭრილა. უბრალოდ, არ მინდოდა რომ მყვარებოდა და თავს ვეწინააღმდეგებოდი ყველანაირად... _მაჩვენებ ამაზე რა უნდა გააკეთო?_ეთუნას გულუბრყვილო ხმამ დამაბრუნა რეალურ სამყაროში. _გაჩვენებ, ოღონდ თუ დაჯდები ფანჯარაზე ისე, რომ არ იმოძრაო. შეგიძლია?_ცხვირზე წკიპურტი წავარტყი ანც და მოუსვენარ ქაჯუნიას. _შემიძლია._მაშინვე დამთანხმდა და ფანჯრის რაფაზე აბობღდა. მოლბერტზე ტილო მივამაგრე, ფუნჯები და გუაშები მოვიმარჯვე და ჩემი დის დახატვას შევუდექი. ვერ ვიტყვი, პროფესიონალი მხატვარი ვარ და ყველაფერი კარგად გამომდის-მეთქი, მაგრამ ნახევარსაათიანი წვალების მერე ნახატი ნახატს რომ დაემსგავსა, გამიხარდა. არც ისე ცუდი თვითნასწავლი მხატვარი ვყოფილვარ. _კარგი, ყოჩაღი გოგო ხარ. დანარჩენი ხვალ გავაგრძელოთ._შუბლზე ვაკოცე და ფანჯრიდან ჩამოვსვი. მაშინვე ნახატთან მიირბინა და მცოდნესავით დოინჯშემორტყულმა დაუწყო ყურება. _ხვალ მორჩები ჩემს დახატვას?_ისე მკითხა, ნახატისთვის თვალი არ მოუშორებია. _მგონი კი._ჩავიცუცქე და ლოყაზე ვაკოცე. გაუხარდა. თვითონაც მომხვია ბუნჩულა ხელები, მადიანად ჩამეხუტა, მაკოცა და ჩემი ოთახიდან გაიქცა. მე ფუნჯებს და გუაშებს ვალაგებდი, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა. მეგონა ისევ ეთუნა იყო და ყურადღება არ მიმიქცევია. საქმეს რომ მოვრჩი და შემოვბრუნდი, ივა შემრჩა ხელში. გარინდული იდგა და კმაყოფილი უმზერდა ჩემს ნახატს. დავიბენი. ავფორიაქდი. მისი აზრი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. თუმცა, ამის ხმამაღლა აღიარება ნამდვილად არ მინდოდა. იმიტომ კი არა, რომ სიამაყე მძლევდა ისევ. უბრალოდ, არ მინდოდა მისთვის ჩემი გრძნობები და განცდები გამემჟღავნებინა. არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა... არ მინდოდა ჩემს გამო ცხოვრება არეოდა. ბოლო დროს არ ვიცი მეჩვენებოდა თუ რა იყო, ვატყობდი, რომ არც თვითონ არ იყო ჩემს მიმართ გულგრილი. ეს თუ არ მეჩვენებოდა და სიმართლე იყო, ჩემი მხრიდანაც იგივე გრძნობით პასუხი მართლა არ მინდოდა. ჯობდა, ნანიკასთან ყოფილიყო. ნანიკა მილიონჯერ მჯობდა და მასთან ბედნიერიც იქნებოდა. _მინდა გითხრა, რომ მშვენიერია. კარგია, რომ ხატვას დაუბრუნდი. შენგან დიდებული მხატვარი დადგება. მის შეფასებაზე გამეღიმა. _რა გაცინებს, არ გჯერა?_თითქოს ეწყინა ჩემი ღიმილი. _გადამეტებულად აფასებ ჩემს შესაძლებლობებს... _შენ კიდევ, ჯეროვნად არ აფასებ შენს შესაძლებლობებს. საკუთარი თავის კრიტიკა კარგია, მაგრამ არც ისე, შენ რომ იცი. ხანდახან შენც უნდა შეაქო საკუთარი თავი და მოუწონო ქმედება, რომ სტიმული და ხალისი შეგმატოს... შენი მადლობის გადახდა ისევ ძალაშია?_მოულოდნელად თემა რომ შეცვალა და დაჟინებით მომაშტერდა, უარესად დავიბენი და ავფორიაქდი._წეღან რომ თქვი, რით გადაგიხადო მადლობა არ ვიციო, დაგეხმარები. _ამბიციური ყოფილხარ ძალიან._გამეღიმა._კაი, გისმენ, რით შემიძია მადლობის გადახდა? _დღეს სადღაც გამომყვები და ერთად წავალთ სტუმრად._ასეთი თავდაჯერებული და თამამად მოლაპარაკე ივა არასდროს მახსოვდა. ალბათ, მე არ ვაძლევდი ლაპარაკის საშუალებას. ახლა კი, ნელ-ნელა რომ ვალაგებდი ჩვენს შორის ურთიერთობას, მიტომაც მითამამდებოდა ასე. ერთ ხანს უხმოდ ვუყურე. არ ვიცოდი სად მივდიოდით და რისთვის. თუმცა, ეს ბიჭი რომ ჩემთვის ცუდს არ მოინდომებდა არასდროს, ამაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული. შევყურებდი ცისფერ თვალებში, რომელიც უზომოდ მომწონდა და პასუხის დაბრუნებას ვაჭიანურებდი. _კარგი, არავისთან არ მიყვარს ვალში დარჩენა და არც შენ იქნები გამონაკლისი. შევატყე როგორ გაუხარდა. _მოემზადე მაშინ, ნახევარ საათში გავდივართ. _მაინც სად, არ მეტყვი?_დავინტერესდი. _მირჩევნია საიდუმლოდ შევინახო. რატომღაც დამაინტრიგა მისმა პასუხმა. ერთი სული მქონდა გამეგო,სად მიპირებდა წაყვანას, მაგრამ არ მითხრა და ღიმილით დატოვა ჩემი ოთახი. გარდერობი რომ გამოვხსენი, სულ გამომწვევი და ზედმეტად მოკლე, ან გულამოღებული კაბები მეკიდა. სინანულით გადავავლე ყველას თვალი. რატომღაც არ მინდოდა აქედან რომელიმეს ჩაცმა. არ მინდოდა კახპასავით ვყოფილიყავი გამოწყობილი. ამ ხნის მანძილზე პირველად გამიჩნდა ჩემი კაბების მიმართ ზიზღი. ყველა სათითაოდ ჩამოვხსენი საკიდიდან და ტომარაში ვუძახე. მე მათი ჩამცმელი აღარ ვიყავი ჩემს ცხოვრებაში. ან, აქამდე რომ მეცვა, სად მქონდა ტვინი? ადამიანს თუ მოსწონხარ, ტანსაცმელს რა მნიშვნელობა აქვს, ისედაც მოგაქცევს ყურადღებას. ამ გულამოღებულ კაბებში გამოწყობილს, ბიჭები თვალებით რომ ჭამდნენ ჩემს მოშიშვლებულ მკერდს, ივას ერთხელაც კი არ შეუხედია. თუ მომხედავდა, თვალებში მიმზერდა. არც ახლა შემხედავდა დარწმუნებული ვიყავი ზედმეტად, მაგრამ მე მის გვერდით მართლა ქუჩის კახპასავით ვიგრძნობდი თავს. გარდერობი ლამის მთლიანად გადმოვყარე და როგორც იქნა ჩემთვის მოსაწონ კაბასაც მივაგენი. როგორ მოხვდა ასეთი მოკრძალებული კაბა ჩემს გარდერობში, აღარ მახსოვდა, მაგრამ, რომ ჩავიცვი და კარგად მქონდა, ძალიან გამიხარდა. ალბათ, ამ დღეს ელოდა გარდერობის ბნელ კუთხეში მიყუჟული. მაკიაჟი არ გამიკეთებია. ერთადერთი, თმა დავისწორე ჩემით და დაბლა რომ ჩავედი, ეთუნა შემომაბობღდა. _სად მიხვალ სალო? მეც წამიყვან? ივას კითხვით სავსე მზერა რომ მივაპყარი, რა ვუყო-მეთქი, დას დასწვდა ხელში აიყვანა და ჩურჩულით რაღაც უთხრა ყურში. ეთუნა მაშინვე დასთანხმდა ძმას, ლოყაზე აკოცა და ძირს რომ დასვა, დედასთან გაიქცა. _რა უთხარი ამისთანა, რომ ასე ადვილად დაგთანხმდა?_გამიკვირდა. _ადამიანების დაყოლიება ადვილად შემიძლია._შემომღიმა და მანქანის წინა კარი გამომიღო. _ჩემზე ცოტა გვიან გაჭრა შენმა ჯადოსნურმა ზებუნებრივმა ძალამ?_გამეღიმა. _შენზე ამ ძალას არ ვიყენებ და იმიტომ._არც თვითონ ჩამომრჩა და მანაც გამიღიმა. ასეთი საინტერესო, მხიარული და საყვარელი რომ იყო, გვიან რატო აღმოვაჩინე ნეტა? ვერამ რუსულად დაგვლოცა ჩურჩულით, პირჯვარი გადაგვსახა და ჩვენც ჩავსხედით მანქანაში და ივას საიდუმლო მარშრუტს დავადექით. მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ. მხოლოდ ხანდახან ვგრძნობდი მის ღიმილიან მზერას, რომელიც გულს მითბობდა და ვცდილობდი, რომ ჩემთვის არ შეემჩნია არაფერი. ერთ ერთ ჭიშკართან რომ შევჩერდით, ცოტა გამიკვირდა, არავის ვიცნობდი ისეთსას, რომ ამ სახლში ეცხოვრა. ყოყმანით გადავედი მანქანიდან და ეზოში რომ შევედით, აივნიდანვე შეგვნიშნა ნანიკამ და მხიარული კისკისით ჩამოირბინა კიბის საფეხურები. მე კი გაოგნებული ხან ნანიკას შევყურებდი და ხანაც ივას. გამოდის, შეყვარებულთან მოსასვლელად გამომიყენა? მეწყინა და თანაც როგორ... ვიცოდი, რომ პაემანი არ გვექნებოდა, მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდი. წყენა ალბათ სახეზეც დამეტყო და ცოტა შეფიქრიანებულმა ივამ მომიბოდიშასავით. _მეგონა, მეგობართან მოსვლა გაგიხარდებოდა... _ჩემო ძვირფასებო, როგორ გამახარეთ._ჯერ მე დამეტაკა ნანიკა და მერე ივას გადაეხვია._ ასეთი ახალი წლის დილა მართლაც არასდროს მქონია._ორივეს აქეთ-იქიდან ამოგვიყენა, ხელკავი გამოგვდო და სახლში წაგვიყვანა. უნდა ვთქვა, რომ თავმოყვარეობაშელახულად ვიგრძენი თავი. მარტო ვერ მოვიდოდა აქ და ჩემთან ერთად თავისუფლად შემოაბიჯა კარის ზღურბლს. მეწყინა და თან გავბრაზდი. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ეს წყენა და გაბრაზება იმასთან არაფერი იყო, რასაც მე ივას წლების განმავლობაში ვუშავებდი. ვაღიარებ, რომ სამართლიანი იყო მისი ეს შურისძიება, თუ მართლა შურისსაძიებლად მიყენებდა. ნანიკამ ისე გულღიად და გულთბილად მიგვიღო, ცოტა ამაზე გადავიტანე ყურადღება და წყენა თითქოს დავივიწყე, მაგრამ ხანდისხან მაინც წამომივლიდა სიბრაზე, როცა ნანიკა და ივა ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ ღიმილით. ნანიკას ბებია, ქალბატონი ნინა, ძალიან სათნო და თბილი ქალი აღმოჩნდა. საკუთარი შვილიშვილებივით მიგვიღო და მასპინძლობა ახალგაზრდული სიმარჯვით გაგვიწია. _შენ მეგობრებს მიხედე შვილო, არ მოაწყინო ეს ძვირფასი ხალხი._თავიდანვე გააფრთხილა ნანიკა და ისიც ჩვენს გვერდით იყო. ჰმ, მეგობრად გააცნო ბებიას თავისი შეყვარებული? დავიჯერო, ეს ქალი ისეთი მკაცრი იყო, დაუშლიდა ივასთან ურთიერთობას? ვითომ, რა დაეწუნებოდა ივას? მალულად შევხედე და ინტერესით დავაკვირდი. ჩემი მზერა რომ იგრძნო და მოულოდნელად შემომხედა, გაეღიმა. მე კი გული ამიჩქარა და ამიფორიაქა მისმა ამ მშვენიერმა ღიმილმა. უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი დრო გავატარეთ ნანიკასთან, თუ არ ჩავთვლი იმას, რომ თავს გამოყენებულად ვგრძნობდი და ხანდისხან მაბრაზებდა ეს აზრი, თუმცა არც ისე, რომ ისტერიკები მომეწყო. ამ გოგოს ასე კარგად მართლაც არ ვიცნობდი. მხიარული, ხალისიანი და ენერგიული გოგო უფრო და უფრო მომწონდა და თანახმაც კი ვიყავი, რომ ახლო მომავალში საუკეთესო რძალ-მულნი ვყოფილიყავით. მართლაც უხდებოდნენ ერთმანეთს ივა და ნანიკა. ორივე ერთნაირი მებრძოლი სულის იყო, შრომისმოყვარე და მიმტევებლები. არასდროს არ იბოღმებოდნენ არავისზე და არავისი შურდათ. მართლაც რომ ძალიან კარგი წყვილი იყო, მაგრამ... ეს მაგრამ არ მასვენებდა და მირევდა გონებას. მართლაც რომ მიყვარდა ეს ბიჭი სიგიჟემდე და ყოველთვის იმას ვცდილობდი, რომ ჩემი გრძნობები სააშკარაოზე არ გამომეტანა. ჯობდა მარტო მე დავტანჯულიყავი. თუმცა, ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ დღითი-დღე ვკარგავდი და ვშორდებოდი მას... სახლში გვიან ღამით დავბრუნდით. მთლიანობაში მაინც კმაყოფილი დავრჩი ამ დღის. ჩემს ოთახში რომ შევიკეტე, რატომღაც ხატვის მუზამ წამომიარა და თეთრ ფურცელზე გონებაში ჩარჩენილი ცისფერი თვალების ხატვა რომ დავიწყე, გვიან გავაცნობიერე, რომ ივას პორტრეტს ვხატავდი. თვალების ხატვა რომ დავასრულე და დავხედე, ზუსტად ისეთი გამოხედვა ქონდა, როგორითაც ამ ბოლო დროს მიმზერდა: სითბოთი და სიყვარულით სავსე... ნუთუ მასაც ვუყვარვარ?.. თუმცა, რა სისულელეს ვბოდავ? მინდა, რომ ვუყვარდე და ყველაფერი მეჩვენება... ნახატის დახევა და გადაგდება დამენანა, საქაღალდეში შუა ადგილას ამოვდე და ისე შევინახე. საწოლში ჩაწოლილს კი ძილი აღარ მომეკარა. სადღაცას მქონდა ამოკითხული "სიყვარულმა მე კი არა გადარია ტარიელი", ხო და რა გასაკვირი იყო, თუ ვერ ვიძინებდი? მისი ღიმილი, მისი თვალები და მისი შეხება არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას. ცხადში თუ არა, ოცნებებში მაინც ვყოფილიყავით ერთად და ჩემა ოცნებებსაც მივეცი გასაქანი. ოღონდ ზომიერების ფარგლებში. ის დღეები, სანამ არდადეგები გვქონდა, მშვენივრად გამოვიყენე. ეთუნას პორტრეტიც დავასრულე. ივამ ჩარჩო გაუკეთა და მისაღებში დავკიდეთ. ვინც კი მოდიოდა სტუმარი, ეთუნა ყველას სიამაყით აუწყებდათ-ხოლმე, რომ ეს ჩემმა დამ დამხატაო. ბოლო დროს თვითონაც ვატყობდი ხატვის ინტერესს და ხშირად ვაძლევდი ფურცელს და ფანქრებს და ვახატინებდი. ოთხწლინახევრის ბავშვი უნდა ვთქვა რომ მშვენივრად ხატავდა. ვერასაც ძალიან უხაროდა შვილის მოწადინება, მაგრამ ივას ხომ უხაროდა და უხაროდა. ყოველთვის აქებდა დას და სტიმულს აძლევდა, რომ ეხატა. ახალ წლებმა რომ ჩაიარა და სწავლა დაგვეწყო, ორშაბათ დილით მე და ივა მანქანით წავედით სასწავლებელში. გზად ნანიკასაც შევუარეთ და ისიც წავიყვანეთ. უზომოდ გახარებული იყო. რომელიღაც ჟურნალთან ხელშეკრულება გაუფორმებია და თავის გადაღებულ ფოტოებს გაუგზავნიდა. მოკლეთ, ჩვენმა ნანიკამ მოყვარული ფოტოგრაფობიდან პროფესიონალ ფოტოგრაფობისკენ გადადგა პირველი ნაბიჯი. გულწრფელად გამიხარდა მისი წარმატება. ასეა, როცა ადამიანი ფარ-ხმალს არ ყრის და უკან არასდროს იხევს, მას აუცილებლად გაუმართლებს ცხოვრებაში... ლექციების მერე ნანიკამ ტყეში წაყვანა სთხოვა ისევ ივას და მეც საგანგებოდ გამომაწყო: თმა ოდნავ დამიხვია, თავისი კაბა ჩამაცვა, სამხატვრო კაბინეტიდან მოლბერტი და საღებავები ითხოვა და ტყეშიც ავედით. _დაიწყე პეიზაჟის დახატვა და მერე მაგ შენს ნამუშევართან ერთად უნდა გადაგიღო. საგაზაფხულო კაბაში გამოწყობილს საშინლად მციოდა, ნანიკამ თავისი ქურთუკიც კი მათხოვა, მაგრამ მაინც ვერ გავთბი. მალ-მალე მანქანაში ვჯდებოდი გასათბობად. _მგონი ჩემი გაციება გინდა._თან უკმაყოფილოდ ვებუზღუნებოდი მეგობარს. _აქ სად გამოიცვლიდი, თორემ იქიდან არ წამოგიყვანდი მასე ჩაცმულს. ლამის ერთი საათი მოვუნდი პეიზაჟის ნახევრად დახატვას. როგორც იქნა დაადგა საშველი და გადაღებებიც დაიწყო ნანიკამ. ასობით ფოტო მაინც გადამიღო ჩემს ნახატთან ერთად. მშვენიერი ფოტოები იყო, მაგრამ ნანიკა მაინც უკმაყოფილო იყო. უკვე ძალიან რომ შემაწუხა სიცივემ და სიბრაზემაც დამრია ხელი, პროტესტის ნიშნად ფუნჯი იქვე დავაგდე და მანქანისკენ ავიღე გეზი. _ცოტაც გაუძელი რა, გთხოვ._ნანიკა ფოტოაპარატმომარჯვებული მომყვა უკან. _მცივა, გავიყინე, თან დავიღალე. დავიჯერო, შენი მოსაწონი ვერაფერი გადაიღე? თან ნანიკას ვუყურებდი და თან ისე მივდიოდი. რაღაც ჩირგვს წამოვკარი ფეხი და პირდაპირ ივას ჩავეხუტე. სანამ გავიაზრებდი და აზრზე მოვიდოდი რა მოხდა, ნანიკამ ისევ ააჩხაკუნა ფოტოაპარატი. _მშვენიერია!.. დიდებულია!.._აღტაცებული გარშემო გვირბენდა და ფოტოებს იღებდა. რომ გავსწორდი და ივას შევუშვი ხელები, ნანიკამ გააპროტესტა. _არა, არა, კარგი ფოტოები გამოდის, გთხოვ. შეყვარებული წყვილის ფოტოებიც დამავალეს... _მერე და რომელი შეყვარებულები ჩვენ გვნახე?_წყენით ვიკითხე, მაგრამ გული ისე გამალებით მიცემდა, შემეშინდა ივასაც არ გაეგო. _მოიცა რა, სად ვნახო ახლა შეყვარებულები?_მაშინვე ჩვენთან მოირბინა და ხელები ივას კისერზე მომახვევინა, ივას ხელები კი ჩემს წელზე._თავი მკერდზე მიადე და თვალები დახუჭე, ისე გაინაბე, ვითომ მართლა შეყვარებული ხარ... _მოიცა რა!_ავღელდი. _გპირდები, სამად სამ ფოტოს გადავიღებ და გაგიშვებთ._ისევ მომახვევინა ხელები და თავი მის მკერდზე მიმადებინა._აი ასე, მშვენიერია._შენც შეყვარებული სახე მიიღე._ივაც გააფრთხილა და რამოდენიმე ნაბიჯით დაგვშორდა. თამაში არ მჭირდებოდა, მე მართლაც შეყვარებული ვიყავი. უბრალოდ, მჭიდროდ მიხუტება არ მინდოდა მასთან, რომ ჩემი აჩქარებული გულის ფეთქვა არ გაეგო. _კილომეტრიდან ჩახუტებული შეყვარებულები არ ვიცი მე._ისევ გვისაყვედურა მკაცრმა ფოტოგრაფმა. ივამ უფრო მჭიდროდ რომ მომხვია ხელები და მკერდზე მიმიკრა, უარესად ავფორიაქდი. უფრო იმიტომ, რომ ჩემზე მეტად მას უცემდა გული გამალებით. ნახევრად მოშიშვლებულ ბეჭებზე მის თბილ ხელის შეხებას რომ ვგრძნობდი, უდიდეს ნეტარებას განვიცდიდი. მისი აჩქატებული გულისცემის მოსმენა კი მაბედნიერებდა. დავრწმუნდი, რომ ჩემს მიმართ მართლა არ იყო გულგრილი... _ესეც ასე, მშვენიერი ფოტოები გამოვიდა. შეგიძლია ჩაჯდე მანქანაში._როგორც იქნა დათმობაზე წავიდა ნანიკა. ახლა კი მე აღარ მეთმობოდა ივა, მაგრამ... დარცხვენილმა გავუშვი ხელები და ისე, რომ ერთხელაც არ შემიხედია მისთვის, მანქანაში გავიქეცი აფორიაქებული. ნუთუ, ივამაც გაიგო ჩემი აჩქარებული გულის ფეთქვა?.. ღმერთო, რა სასიამოვნო იყო მისი ჩახუტება... უკვე მანქანაში ჩამჯდარმა მალულად გავხედე, მაგრამ რომ მიყურებდა, უარესად ავფორიაქდი. აშკარად შემატყო, რომ აღელვებული ვიყავი. არც თვითონ იყო ჩემს მიმართ გულგრილი, დავრწმუნდი. მაგრამ... ნანიკა? ახლა ნანიკას გავხედე. ის თავის ციფრულ ფოტოაპარატში იყო ჩამძვრალი და კმაყოფილი სახით ათვალიერებდა თითოეულ შედევრს. საერთოდ არ გვაქცევდა ყურადღებას არც ივას და არც მე, გული ამოვარდნაზე რომ მქონდა... _ესეც ასე, ერთ საქმეზე წამოვედი და ორი საქმე კი გავაკეთე._მანქანაში ჩაჯდა თუ არა, მხრებზე მომხვია ნანიკამ ხელი და მიმიხუტა._მაპატიე საყვარელო, გვარიანად კი გაგყინე, მაგრამ რას იზავ, ჩემი ფოტოების წყალობით აღიარებული ფოტომოდელი რომ გახდები, მადლობასაც კი მეტყვი._თან ლოყაზე მაკოცა. ივა საჭეს რომ მიუჯდა, რამდენჯერმე გამომხედა სარკეში. მისი ეს სიყვარულით სავსე მზერა უფრო მიფორიაქებდა სულს. სანამ დრო იყო, დისტანცია უნდა დამეცვა ჩვენს შორის, თორემ მთელი რიგი პრობლემები მოყვებოდა ჩვენს სიყვარულს და ვერ გავუმკლავდებოდით. სულ ნაპირისკენ გავჩოჩდი და ისე ჩავიმალე სავარძლის უკან, რომ ივას ვეღარ დავენახე. თითქოს ასე უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს. საჭირო იყო ისევ სუსხი გამეშვა და სიმკაცრეც გამომევლინა მის მიმართ, თორემ რომ გაებედა და თავის გრძნობებში გამომტყდომოდა, გაფიქრებაც კი არ მინდოდა რა მოყვებოდა ამას. იმ დღის მერე იშვიათად ვხვდებოდი ივას სასწავლებელში. საღამოობით ბუფეტშიც კი აღარ ვრჩებოდი და ოთახში ავრბოდი, რომ მის სიახლოვეს არ ვყოფილიყავი. აშკარად ვატყობდი, რომ წუხდა უჩემობას. ალბათ ნანიკაც ამჩნევდა, მაგრამ მას სულაც არ ადარდებდა და ცალკე ეს მაცოფებდა. ის მერჩივნა გამოეჩინა თავისი კლანჭები და არავისთვის დაეთმო შეყვარებული, მითუმეტეს ჩემთვის, მაგრამ ყურსაც არ იბერტყავდა. ერთ დილით ყავის აპარატთან გადავაწყდით ერთმანეთს. ალბათ, შორიდან მითვალთვალებდა და რომ დამინახა, მოვიდა. ერთი ჭიქა ყავა რომ ჩამოვისხი და შემოვბრუნდი, ჩემს ზურგს უკან იდგა და პირდაპირ შევეჩეხე. მოულოდნელობისგან შევკრთი, მღელვარებისგან ხელები ისე ამიკანკალდა, ცხელი ყავა ხელზე გადმომესხა, დამეწვა და მთლიანად გავუშვი ჭიქას ხელი. შეშფოთებულმა ივამ მაშინვე მტაცა ხელი. _დაიწვი?_თან სული შემიბერა დაწითლებულ ადგილზე. წამიერად გავირინდე. მესიამოვნა მისი მზრუნველობა და თავბრუც კი დამახვია, მაგრამ მალევე მოვეგე გონს და გაბრაზებულმა გამოვგლიჯე ჩემი ხელი. _შემეშვი, არაფერია. _რა გჭირს?_გაუკვირდა. _არაფერი. შენ შენს საქმეს მიხედე. გაიარე რა._ძველი სალო ვიცანი ჩემს თავში და ცოტა შვება ვიგრძენი. ერთხანს გაოცებულმა მიყურა, მერე ისევ დააპირა ჩემი ხელის მუჭში მომწყვდევა, მაგრამ არ მივეცი ამის საშუალება. _ვეღარ გცნობ... _ვითომ? მე სულ ასეთი არ ვიყავი? არასდროს მომწონდი და ნერვებს მიშლიდი შენი არსებობით... უნდა გითხრა, ახლაც ასეა. _ტყუი. _მაინც რა მოგატყუე?_ძველებური ირონიული ღიმილით შევხედე. _არ მჯერა, რომ შენთვის არაფერს ვნიშნავ. ამის გაგონებაზე გული უარესად ამიჩქარდა და ლამის მუხლები მომეკვეთა. _როგორ არა, ნიშნავ: სრული არარაობა ხარ ჩემს თვალში... კუდში ნუ დამყვები და უარესად ნუ იმცირებ თავს. ისეთი სევდიანი თვალებით მიმზერდა, შემეცოდა, თუმცა ასე აჯობებდა ორივესთვის. _როგორ არ მინდა ამ ძველი სალოს ნახვა... _რატო, ყოველთვის სიმართლეს რომ გახლის პირში, იმიტომ?_ირონიულად გამეცინა. _პირიქით, ისეთი ყალბია... _სულაც არ ვარ ყალბი. გაიარე რა! მე ბუნებით ასეთი ვარ, ვერაფერი შემცვლის. დავიღალე ანგელოზად მოვაჩვენო ყველას თავი... რაც ვარ ეს ვარ და შე-მეშ-ვით!_გამოვტრიალდი და და ჩქარი ნაბიჯებით წამოვედი, რომ აცრემლებული თვალები არ შეემჩნია ჩემთვის. უკან არ მიმიხედია. დარწმუნებული ვიყავი სევდიანი მზერით მომაცილებდა. ხმამაღალი ღრიალი მინდოდა, მაგრამ კოლეჯის ეზოში, სადაც ყველა გამოშლილი იყო, არ ღირდა. ერთი სული მქონდა ოთახში ავსულიყავი და იქ მეტირა გვარიანად. ლეომ გზა რომ გადამიჭრა, შევკრთი. _გამოგიჭირე ჩიტო?_თან ირონიულად ჩაიცინა. გაოცებულმა შევხედე. _გამოდის, ის წითელთავა გიყვარს? _შენ ხომ არ გაუბერე? ის ჩემი ძმაა._"შევიცხადე". _მართლა? არადა მე სულ სხვა შთაბეჭდილება დამრჩა თქვენზე. _მართლა?_ახლა მე გავიოცე და ძველებურად გავიმკაცრე ხმა. _შეყვარებულების კინკლაობას უფრო გავდა წეღანდელი თქვენი ჩხუბი, ვიდრე და-ძმისას... ვის აბოლებთ ნეტა? _შენ მართლაც ვერ ხარ სრულ ჭკუაზე._ხელი ძლიერად ვკარი და გზიდან ჩამოვიშორე. _რამდენიც არ უნდა უარყო, ისეთი თვალებით უმზერთ ერთმანეთს, აშკარაა რომ ერთმანეთზე გიჟდებით, ერთმანეთი გიყვართ. _სიცხე გაიზომე რა, აშკარად ბოდავ._გვერდი ავუქციე და გზა განვაგრძე. _შენ გოგო, დებილი ხომ არ გგონივარ?_წინ გადამიდგა ისევ და შემაჩერა. _დებილი ხარ, აბა მაშ რა ხარ? იმის აღიარება არ გინდა, რომ არ მომწონხარ და სისულელეს იგონებ. ვაი შენს პატრონს!_ისევ ძლიერად ვკარი მჯიღი და სასწავლებლის კორპუსისკენ გავეშურე ლექციებზე დასასწრებად. _კარგი, თუ კი არ გიყვარს, არც დაგედარდება მას თუ რამე მოუვა. ამის გაგონებაზე სისხლი გამეყინა ძარღვებში. წამიერად შევჩერდი კიდეც და შეშფოთებულმა შევხედე, მაგრამ წამში გავაანალიზე სიტუაცია და ნაძალადევად შევღიმე. _თუ მაგ სიკეთეს მიზავ და მომაშორებ აბეზარ უფროს ძამიკოს, დიდად დამავალებ._მაშინვე შემოვბრუნდი და მუხლების კანკალით განვაგრძე გზა. ამას რომ მართლაც რამე დაეშავებინა ივასთვის, მერე? ერთიანად გამაკანკალა. უკან არ მიმიხედია, არ მინდოდა თავი გამეყიდა, რომ ივა მართლა მომწონდა. მომწონდა კი არა, სიგიჟემდე მიყვარდა და ჩემს სიცოცხლესაც კი დავთმობდი მისი სიცოცხლის სანაცვლოდ. ლექციებზე აფორიაქებული და აღელვებული ვიჯექი. ლექტორი რას ლაპარაკობდა, არაფერი მესმოდა. საერთოდ ჩემს გარშემო რა ხდებოდა, ვერაფერს ვიგებდი. ისევ ივასთან უნდა გამომეჩინა სიმკაცრე, მისი ზიზღი უნდა მეთამაშა და თავიდან მომეშორებინა... ესე იგი, ჩხუბის დროსაც კი შეყვარებული თვალებით ვუმზერთ და გვეტყობა რომ ერთმანეთი გვიყვარს? მე ხომ მართლა მიყვარს, მაგრამ ივას? დავიჯერო მასაც ისე ვუყვარვარ, როგორც მე? მერე, ნანიკა? იქნებ ისინი მართლაც უბრალოდ მეგობრები არიან?.. იქნებ, მართლა ვუყვარვარ და ჩემს დასავიწყებლად ხვდებოდა ნანიკას, მაგრამ მეც რომ შემატყო მის მიმართ რაღაც გრძნობები, იმედი მიეცა და იმიტომ დამტრიალებს გარშემო? ლეო მართლა დაუშავებს ვითომ რამეს? იქნებ, ჯობია ისევ ლეოს დავუბრუნდე? გამიჭირდება კი, მაგრამ მგონი ასე აჯობებს... მაგრამ ასე უცბად რომ დავუბრუნდე, ის დამპალი იეჭვებს რამეს და იქნებ უფრო დაუშაოს რამე? ფიქრისგან და დარდისგან ისე დამიმძიმდა თავი, ლამის მერხზე ჩამოვდე და ავღრიალდი. გაძლებაზე ვიყავი. დასრულდა თუ არა ლექციები და კლასიდან გამოვედი, დერეფანში ივას გადავაწყდი. მე მელოდებოდა. დავინახე თუ არა, მეორე მხრიდან დავაპირე გაპარვა, მაგრამ მალევე შემნიშნა და ამედევნა. დერეფნის ბოლოს ფანჯარასთან წამომეწია და წინ გადამეღობა. _რა გჭირს? "ზიზღით" შევხედე. _რა უნდა მჭირდეს?_თან ირონიული ღიმილიც მივაყოლე. _მაშინებს შენი ცვლილება. რა ხდება შენს თავს?_მკლავზე მომკიდა ხელი და შემაჩერა წასვლას რომ ვაპირებდი. _რა უნდა მჭირდეს? შემეშვი._მის ხელს დავეჯაჯგურე, რომ გამეშვებინებინა. _რაღაც ხდება შენს თავს, ასე უმიზეზოდ არ შეიცვლებოდი. მითხარი, იქნებ შევძლო დახმარება._ისეთი თვალებით მიმზერდა, გულს მიფორიაქებდა და სუნთქვას მიკრავდა. _დახმარება გინდა? ხო და დამეხმარე, ჩემს სიახლოვეს აღარ დაგინახო. _რა ხდება? ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რის გამოც არ გინდა ჩემი დანახვა._უფრო მჭიდროდ მომიჭირა მკლავზე თითები. _მეტკინა, ველურო!_შევყვირე და მანაც მაშინვე შემიშვა ხელი._ვერ გიტან, ეს მიზეზი საკმარისი არ არის? __იქ, ტყეში, სულ სხვა რამ ამოვიკითხე შენს თვალებში..._ჩურჩულით მითხრა რატომღაც და გული გამიჩერდა. ასე აშკარად მეტყობოდა რომ მიყვარდა? ლეომაც ხომ შემატყო? ხო და ახლა მმართებდა თუ მმართებდა სუსხის გაშვება და ზიზღის თამაში. _მაინც რა ამოიკითხე მაგისთანა შე ჭლექიანო?_ირონიული ღიმილით ვკითხე და სევდაჩამდგარ ცისფერ თვალებში მივაშტერდი. პასუხი რომ არ დამიბრუნა, გამომწვევად გადავიხარხარე. _როგორ გეტყობა, რომ ყალბი ხარ და თამაშობ ამ ყველაფერს. არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ გავარკვევ. გვერდით გოგოებმა რომ ჩაგვიარეს, ერთ ერთს მოზრდილი ვაშლი ეჭირა. მოულოდნელად ვწვდი, ავართვი და ივას ვესროლე. ჩემი გათვლებით ცხვირ-პირში უნდა მოხვედროდა, მაგრამ ავაცილე და ფანჯარას მოხვდა. მინა ზრიალით ჩამოიფშვნა ძირს. ივა ერთ ადგილზე გაშეშებული იდგა და ისე შემომყურებდა გაოცებული. გული მკარნახობდა, მიმერბინა მასთან და გულში ჩავკვროდი. თან, ბოდიში მომეხადა, მაგრამ ცივი გონებით მერჩივნა მოქმედება. მასაც ვუყვარდი. ამას მის თვალებში ვკითხულობდი. ჩვენი ერთად ყოფნა კი შეუძლებელი იყო... სართულის მორიგე გაკვირვებული რომ მოქანდა, როგორც ველოდი, მინის ჩამტვრევა ივამ დაიბრალა, არა და ხუთი თუ ექვსი მოწმე მაინც მყავდა, რომ მე ჩავამტვრიე. თუმცა, არავის დავუბიზღებივარ. ივა რომ წაიყვანა, მე აცრემლებულმა დავტოვე სასწავლებელი. ეზოში გამოსულმა ყველაზე მიყრუებული ადგილი მოვნახე, ჭადრის ხის ძირში ჩავიმუხლე და ხმამაღლა ავღრიალდი. უსამართლო იყო ეს ცხოვრება! ორივეს გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ერთად ყოფნა არ შეგვეძლო. ჩვენ ხომ და-ძმანი ვიყავით? მართალია ბიოლოგიური არა, მაგრამ მაინც... მამაჩემს რომ არ მოეყვანა ვერა ცოლად, შანსი ხომ გვქონდა ერთად ყოფნისა? მაგრამ დედის სიკვდილმა ისე იმოქმედა ჩემზე, სულ წავედი ხელიდან და ივამ დამაბრუნებინა ჩემი რეალური სახე. ნეტა, დედა რომ არ მომკვდარიყო, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება? ან, მამას რომ არ მოეყვანა მართლაც ვერა ცოლად? თუ ერთად ყოფნა არ შეგვეძლო, რატო შეგვახვედრა ღმერთმა და რატო შეგვაყვარა ერთმანეთი? დავიჯერო, მართლაც ასეთი სასტიკია და ასე მსჯის ჩემი შეგნებულად თუ შეუგნებლად ჩადენილი შეცდომებისთვის და ცოდვებისთვის? ღმერთი სიყვარულიაო და ნუთუ დაუშვებს, რომ აკრძალული სიყვარულით ვიტანჯებოდე მთელი ცხოვრება?.. ღმერთი მიმტევებელიაო და ნუთუ არ მომიტევებს ჩემს ცოდვებს? სხვისი აბუჩად აგდება იმის გამო, რომ ჩემს გულში ღრმად არ გაედგა ფესვები, ურჩად მოქცევა დედინაცვალთან იმის გამო, რომ დედის ხსოვნისთვის არ მეღალატა, ურჩობა და სიჯიუტე ნუთუ ისეთი უპატიებელი ცოდვებია, რომ ამაზე მძიმე ცოდვები არ არსებობს?.. გვარიანად ვიღრიალე ყველასგან მოშორებულმა. ცრემლებსაც და მოთქმით ტირილს ბოლომდე მივეცი გასაქანი. გულიდან დარდი, ბოღმა და ჯავრი ერთნაირად ამოვიღე. ვიღაცას რომ დავენახე, იფიქრებდა, მიცვალებული მედო წინ და იმას დავტიროდი. თუმცა, ჩვენი: მე და ივას მომავალი კი იყო მკვდარი და იმას დავტიროდი ასე მოთქმით. ნანიკამ როგორ მომაგნო, ან როდის მომიახლოვდა, ვერ გავიგე. მხარზე ხელის შეხება რომ ვიგრძენი, გვარიანად შევკრთი და გაოცებულმა შევხედე. რატომღაც ივა მეგონა და ნანიკა რომ დავინახე, ცოტა დავმშვიდდი. _რა გატირებს?_ჩემს გვერდით ჩაიცუცქა და ხელსახოცი გამომიწოდა. _არაფერი... _არაფრის გამო ასე ტირილი შეიძლება? რა ხდება არ მეტყვი? ბოლო დროს ვეღარ გცნობ._მხარზე მომხვია ხელი და მიმიხუტა._დამელაპარაკე, ამოიღე გულიდან დარდი, მასე როგორ შეიძლება? _უბრალოდ, რთული პეტიოდი მაქვს._ამოვისლუკუნე და მისი მოწვდილი ხელსახოცით ცრემლები შევიმშრალე. _რთული პერიოდი მეც მაქვს, მაგრამ შენსავით ასე მოთქმით არ ვღრიალებ. თავს იმის უფლებას მივცემ ასე გკითხო: რა ჯანდაბა დაგეტაკა? მართლა ვეღარ გცნობ. ისევ ისეთი აუტანელი და საზიზღარი ხარ. გატყობ, შენში ჩაბუდებულ მეორე მეს გასაქანი მიეცი და იმანაც თავი იჩინა... _შემეშვი რა, გთხოვ._მუდარაზე გადავედი უკვე. ხელი ავაღებინე ჩემი მხრიდან და წამოვდექი. ნანიკაც წამოდგა. _იცი, გული მეუბნება, დაიჭირე და გემოზე მიტყიპე, რომ იქნებ აზრზე მოვიდესო. მართლა რა გჭირს არ ვიცი. _გამოუვალ სიტუაციაში ვარ და არ ვიცი როგორ მოვიქცე. დაგაკმაყოფილა ჩემმა პასუხმა? შემეშვი, მარტო ყოფნა მინდა! _მისმინე ძვირფასო._ისევ მხრებზე მომხვია ხელი და წასვლის საშუალება არ მომცა._გამოუვალი სიტუაცია მხოლოდ ერთ შემთხვევაშია და იცი ეს შემთხვევა რომელია? როცა ვიღაც კვდება და იცი რომ ყველაფერი დამთავრდა, ის აღარ გაცოცხლდება. აი, რა არის გამოუვალი სიტუაცია. აბა ახლა შენ მომახსენე, რას თვლი გამოუვალ სიტუაციათ? ერთხანს უხმოდ შევყურებდი. ეს გოგო ყოველთვის ახერხებდა ჩემს დამშვიდებას და ჭკუაზე მოყვანას, მაგრამ ახლა ვერა. როგორ მეღიარებინა მასთან, ჩემი გამოუვალი სიტუაცია ივას სიყვარულია მეთქი? _ჰა, ამოყაჭე. არ იტყვი რა გჭირს? _ისეთი არაფერი, დაივიწყე._ხელი ჩავიქნიე და საცხოვრებელში უკანმოუხედავად გავიქეცი. ალბათ, რომ დავრჩენილიყავი, მართლაც დავყაჭავდი ყველაფერს ნანიკასთან და შეყვარებულს და ძმას ხომ ვკარგავდი, ახლა საუკეთესო მეგობარსაც დავკარგავდი ჩემი აღიარებით. ლეოსთან მართლა არ გავქცეულვარ. არ ვიცი, რატო ვხვდებოდი ადრე? დავიჯერო, ივას გასამწარებლად? თუ, ჩემს სულში ჩაბუდებულ მეორე მეს მოსწონდა ასეთი უზრდელი და უტიფარი ბიჭები? აკაკისი არ იყოს, ისიც ლეოსნაირი იყო და ორივეს ერთ დროს დიდი სიამოვნებით ვხვდებოდი. სიამოვნებისა რა ვთქვა, მაგრამ ივას რომ ვაბრაზებდი, იმით კი ნამდვილად ვიყავი კმაყოფილი. ახლა? ახლა კი არანაირი სურვილი არ მქონდა მათნაირ ბიჭებთან შეხვედრისა. ივასაც ყველანაირად ვერიდებოდი. სასწავლებლიდან ისეთ დროს ვიპარებოდი სახლში, მას არ შევემჩნიე. ვერას კი უკვირდა, რატო ივას არ ელოდებიო, მაგრამ ვატყუებდი, რომ არ ეცალა და ლოდინად არ ღირდა-მეთქი. სასწავლებელშიც ან დილაუთენია გავრბოდი, ან წინა საღამოს, რომ მასთან არ ვყოფილიყავი ახლოს და გონება არ აერია ჩემთვის. ზუსტად ერთი თვე გავქაჩეთ ასე. ყველანაირად ვცდილობდი რომ ყველგან ავცდენილიყავით. ხატვასაც მივანებე თავი. ეთუნაც ვეღარ მახალისებდა და უფრო ნერვებსაც კი მიშლიდა თავისი ბავშვური ტიკტიკით. როცა ივა სახლში იყო, ჩემს ოთახში ვიყავი გამოკეტილი და ყურსასმენებს ვირჭობდი ყურებში, რომ მისი ხმა არ გამეგონა. როცა არა და სამზარეულოში ვფუსფუსებდი. მთლად გადასაგდებიც არ ვიყავი. უბრალოდ ჩემს ჯიუტ და ბოღმა ხასიათს ივას მიმართ ვავლენდი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ჩემთან ისევ დაახლოვებას. მე კი ყველანაირად ვცდილობდი, რომ მისგან შორს დამეჭირა თავი. ერთ საღამოს მუზამ წამომიარა და ხატვა გადავწყვიტე. მოლბერტი რომ ივას ნაჩუქარი იყო და მის თავს მახსენებდა ყოველთვის, ჩემი ოთახიდან გავიტანე და ისევ მაგიდაზე თაბახის ფურცლებზე ფანქრებით გადავწყვიტე ხატვა. საქაღალდე ხელიდან რომ გამეშვა და იქიდან ფურცლები გადმოცვივდა, ერთ-ერთიდან ივას ცისფერმა თვალებმა შემომხედა. ისე ცოცხლად გამოიყურებოდა, შევკრთი და გული გამიჩერდა. აღარც კი მახსოვდა ეს ნახატი საქაღალდეში რომ მქონდა დამალული. კარგა ხანს დავყურებდი მის თვალებს. მერე კი გულის კანკალით დავწვდი და ავიღე. ისევ დამენანა დასახევად და გადასაგდებად. უფრო მეტიც, წინ დავიდე და პორტრეტის დასრულებას შევუდექი. მისი ღიმილი, რომელიც ასე მაჯადოვებდა და რომელიც წარუშლელად იყო ჩემს მეხსიერებაში აღბეჭდილი, ფურცელზე გადავიტანე. შუაღამემდე ვხატე და ბოლოს რომ დავასრულე, კმაყოფილების შეგრძნებით ვუყურე კარგა ხანს. მერე ისევ საქაღალდეში გადავმალე ცარიელ ფურცლებში, შუქი ჩავაქრე და დავწექი. ძილი რომ არ მომეკარა, სოციალურ ქსელში შევძვერი და კარგა ხანს იქ ვიბოდიალე. მესენჯერს შეგნებულად არ ვხსნიდი, სადაც ნანიკას უთვალავი შეტყობინება ქონდა მოწერილი. ბოლოს, მაინც ვერ გავუძელი ცდუნებას და ზერელედ გადავავლე თვალი. მე მკითხულობდა როგორ ვიყავი, მოვბრახუნდი თუ არა ჭკუაზე და ათასი სულელური დარიგებები. დღევანდელმა შეტყობინებებმა კი ლამის სისხლი გამიყინა ძარღვებში: _მართალია არასდროს მითქვამს შენთვის, მაგრამ შეყვარებული ვარ. _დღეს როგორც იქნა გაბედა და ხელი მთხოვა. _კი მიყვარს, მაგრამ პასუხი არ ვიცი რა ვუთხრა. _შეიძლება არ მიყვარს, რახან ვორჭოფობ. _იცი, ჩემი საქმეც ძალიან მიყვარს და ცოლად შერთვის მერე ხელი რომ ამაღებინოს, ვერ გადავიტან. _შენ რატომ არაფერს მწერ? ალბათ ნაწყენი ხარ, რომ არაფერს გეუბნებოდი? _მაგრამ ხომ იცი, "სიყვარულსა მალვა უნდა ვითა ცხენსა ნაქურდალსაო", მეც გამიგე... _დავიჯერო არ დაგაინტერესა ჩემმა ამბავმა? არც ის გაინტერესებს ხოს ვეტყვი თუ არას? მართლა არ მაინტერესებდა რა პასუხს ეტყოდა ნანიკა თავის საიდუმლო შეყვარებულს. რაც მთავარი იყო, გავიგე: მეჩალიჩა, მეჩალიჩა და რომ ვერაფერს გახდა, ნანიკას დაუბრუნდა და ხელიც კი სთხოვა... თითქოს გამიხარდა კიდეც ეს ამბავი, მაგრამ მაინც გავცოფდი, ასე ადვილად დასათმობი და დასავიწყებელი ვიყავი ვითომ? გამოდის, არც კი ვყვარებივარ და კიდევ კარგი სისულელე არ ჩავიდინე. კიდევ კარგი ხალხი არ ავაღავღავე და არ ავალაპარაკე... თუმცა, როდიდან მადარდებდა ხალხის აზრი ნეტა? ერთი ცუდი ჩვევა აქვს ამ ბრბოს, თუ გიჭირს ზედ არ გიყურებს და თუ ოდნავი სიხარული და ბედნიერება შეგნიშნა, არ შეგარჩენს. გამოიძიებს და გამოიკვლევს მის მიზეზს, მისი მიზეზის მიზეზსს და თუ ცოტა ისეთი რამ იყო, რაც არ მოეწონა, გვარიანად გაგაკრიტიკებს, წაგიკითხავს მაღალ ზნეობაზე მორალს... ხშირად ისეთი ხალხი კითხულობს სხვისთვის მორალს, ვისაც საერთოდ არ გააჩნია და აქეთაა მორალის წასაკითხი... მაინც მადლობა ღმერთს, რომ მართლა არ ჩავიდინე სისულელე. საწოლში რომ ვეღარ მოვისვენე, ავდექი. თუმცა, ვერც ოთახში მოვისვენე და ფრთხილად ჩავიპარე ბაღჩაში. მთვარით განათებულ ბილიკს უშიშრად მივუყვებოდი და ბაღჩის ბოლოს მსხლის ჩირგვზე ჩამოვჯექი. გაზაფხული ჯერ ძალაში არ იყო შესული და ისევ გვარიანად ციოდა. მაგრამ მე მსიამოვნებდა ეს სიცივე. შორიახლოს მდგარ აყვავებულ შვინდის ხეს ნიავი არხევდა და ხანდახან მისი სურნელი აღწევდა ჩემამდე. მახსოვს, ბავშვობაში როცა ნაწყენი ვიყავი, აქეთ გამოვრბოდი და მსხლის ხეზე ვძვრებოდი დასამშვიდებლად. ახლა კი აღარც ბავშვი ვიყავი და აღარც ჩემი დამამშვიდებელი მსხლის ხე იდგა. გახმა და მამაჩემმა ორი წლის წინ ჩემი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მოჭრა, არ შეიძლება ოჯახში ხმელი ხეო. ნეტა, ამ ცრურწმენებს არ მისდევდეს ეს ხალხი. რატო არ შეიძლება ვითომ? რა ზიანი უნდა მოუტანოს ადამიანებს ნეტა? უბრალოდ, ხმელი ხე ადგილს რომ არ იკავებდეს და მის მაგივრად ახალი ნერგი ჩარგან იმიტომ, თორემ სხვა რა მიზეზი უნდა იყოს ვითომ? ან, რატომ არ შეიძლება მე და ივა ერთად ვიყოთ? ჩვენ ხომ ბიოლოგიური და-ძმა არ ვართ და არც სისხლით ნათესავები ვართ სისხლის აღრევის საშიშროება რომ იყოს? რატომ არ შეიძლება ბედნიერები ვიყოთ ერთად, ვინმეს დავუშავებთ ვითომ რამეს?.. უჩვეულო ფაჩუნმა ჩემი ყურადღება რომ მიიპყრო, ფიქრი შემაწყვეტინა და შეშინებული წამოვდექი კორძიდან. მივხვდი ვინც იქნებოდა და არც შევმცდარვარ, სიბნელეს მისი მაღალი სუეტი რომ გამოეყო, გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა. _შენ რა, მითვალთვალებ?_ხმა გავიმკაცრე და ხალათში საგულდაგულოდ გავეხვიე._რას დამყვები? რით ვერ გაიგე, თავი დამანებე. _რა მიზეზით? დამაბნია მისმა ამ მიამიტურმა და გულუბრყვილო კითხვამ. _ხო, რა მიზეზით ამბობ ჩემზე უარს, როცა თვალებზე გეტყობა, რომ გიყვარვარ... _მიყვარხარ?_ნაძალადევად გამეცინა._ზედმეტად გადაჭარბებულად ხომ არ აფასებ შენს თავს?.. წადი და ვისაც მართლა უყვარხარ, იმასთან იყავი, მე შემეშვი._გვერდი ავუქციე და სახლისკენ ავიღე გეზი. _მეშენ მიყვარხარ და შენს გარდა არავის გვერდით არ მინდა, გაიგე?!_მითხრა და მოულოდნელად ხელი მომკიდა. სანამ რამეს გავიაზრებდი, თავისკენ შემომაბრუნა და ჩემს ტუჩებს გრძნობით დასწვდა. ჯერ დავიბენი. ამ მორიდებული და მორცხვი ბიჭისგან ამდენ სითამამეს ნამდვილად არ მოველოდი. მერე გული ამიჩქარა მისმა კოცნამ. სულაც არ გავდა არც აკაკის და არც ლეოს კოცნას. თავბრუ დამახვია და სუნთქვა შემიგუბა. ისეთი სიმსუბუქე ვიგრძენი, ასე მეგონა ოდნავ სიოსაც რომ წამოექროლა, ცაში ამაფრენდა... მერე გონს მოვეგე, გავუძალიანდი და ხელები გავაშვებინე. სილა არ გამიწვნია, რადგან ვერ გავუბედე, შემეცოდა. _გაგიჟდი? ჩვენ ხომ ერთი ოჯახის წევრები ვართ?_ეს ამოვიგმინე მხოლოდ სასოწარკვეთილმა და ბაღჩიდან კისრისტეხით გამოვიქეცი. ისეთი შევვარდი ოთახში, თითქოს საშინელებათა ფილმიდან მომდევდა რაღაც მისტიური არსება. კარები ისე მივაჯახუნე, ლამის ჩარჩოიანად ჩამოვიღე, გასაღებით გადავკეტე და ზურგით მივეყრდენი. ჯერ ისევ ნეტარების ბურანში ვიყავი, მაგრამ მალევე დავაღწიე თავი და სიბრაზისგან კბილები გავაღრჭიალე. თუ ნანიკას სთხოვა ხელი, მე რაღას მირევდა თავ-გზას, ჩემგან რა უნდოდა? ნუთუ, დღემდე ვერ დაივიწყა ჩემი ოინები და ასე მიხდიდა სამაგიეროს? იქნებ, მართლა ვუყვარდი და ჩემი დაკარგვა არ უნდოდა? მაგრამ ხალხი რას იტყოდა ჩვენს ურთიერთობაზე? მამას მოეწონებოდა ჩვენი ამბავი? ვერას? ბიძაჩემს?.. თუმცა, მისი კოცნა რომ მახსენდებოდა, წამიერად მავიწყდებოდა ყველაფერი. მერე კი ისევ ვბრაზდებოდი და ცოფებს ვყრიდი. დილამდე კარებს აყუდებული ვიყავი და საკუთარ თავს ვებრძოდი. უნდა ვაღიარო, რომ ორმოცდაათი ორმოცდაათზე იყო ივას სიყვარული და ხალხი რას იტყვის. სასწორის პინამ ვერც ერთი მხარე ვერ გადაწონა. იმდენად ძლიერი იყო ივას მიმართ ჩემი სიყვარული, რომ მორალი, ეჭვიანობა და ხალხის გაკიცხვაც კი ვერ წონიდა... გვიანობამდე არ გამოვსულვარ ოთახიდან. არ მინდოდა ივას გადავყროდი სადმე და პატიმარივით გამომწყვდეული ვიჯექი საწოლზე და ოდნავ ხმაურზეც კი ვკრთოდი. ბოლოს, გავიგე რომ სადღაც გავიდა მანქანით და მეც მეღირსა თავისუფლება. მაინც ქურდივით გამოვიძურწე ჩემი ოთახიდან და სამზარეულოში შევედი ყავის მოსადუღებლად. შუა პროცესში ვიყავი, რომ ეთუნა შემოცუნცულდა, მაგრამ მე რომ დამინახა, ცოტა მოირიდა. ბოლო დროს ივაზე "გაგულისებული" მასაც ვეღარ ვაქცევდი ჯეროვნად ყურადღებას. მის დანახვაზე რომ ჩავიცუცქე და ხელები გავუშალე, მოდი ჩამეხუტე-მეთქი, მხოლოდ წამიერად დაიბნა. მერე კი ისეთი გამოქანდა და ისეთი სიძლიერით დამეტაკა გახარებული, ლამის იქვე ამომაპირქვავა. _იცი, დღეს ცეკვაზე უნდა მიმიყვანოს დედამ და შენც წამოხვალ, ნახო როგორ ვცეკვავ? _ცეკვაზე?_გამიკვირდა._ასეთი პატარა? _აღარ მომასვენა, მიმიყვანეო. ლალი ასწავლის, დიტოს ცოლი და რომ ვუთხარი, მოიყვანე, რა პრობლემაა, თუ კი მასეა მოწადინებულიო._იმ წუთას შემოსულმა ვერამ დააკმაყოფილა ჩემი ცნობისმოყვარეობა._მართალია, ექვსი წლიდან არის მიღება, მაგრამ ამ ქალბატონს ისე უნდა, გამონაკლისს დავუშვებო._თან შემომღიმა. ივას ღიმილიც კი დედის ქონდა და გაღიმებულ ვერას თვალმოუშორებლად შევყურებდი. _შენ როგორ ხარ, ცუდად ხომ არ ხარ? რაღაც სახეზე ცუდი ფერი გადევს._შეწუხდა ჩემი დედინაცვალი. _არაფერია, წუხელ ვერ დავიძინე რატომღაც და გამოუძინებელი ვარ. ერთ ფინჯან ყავას დავლევ და გამოვკეთდები._გულწრფელად შევღიმე ძვირფას ქალბატონს და მაგიდას მივუჯექი ყავის დასალევად. _სალო, წამოხვალ შენც ჩემს ცეკვაზე?_ინტერესით მკითხა ეთუნამ და კალთაზე ამომაბობღდა. მეც წავახმარე ხელი და მშვენივრად რომ მოერგო, მერე შემომხედა თავისი ყავისფერი დიდრონი თვალებით. არ მინდოდა გული დამეწყვიტა ბავშვისთვის, მაგრამ არც სახლიდან გარეთ გასვლა მინდოდა. ვერამ ყოყმანი რომ შემატყო, შვილი დატუქსა. _ნუ აწუხებ, ვერ ხედავ ცუდადაა? თუ შეძლებს წამოვა. შეეშვი ახლა, დალიოს ყავა, გაუცივდება. ისეთი საცოდავი თვალებით მიმზერდა ჩემი უმცროსი დაიკო, მართლა შემეცოდა, გულში ჩავიკარი და დავამშვიდე. _მგონი, გამოვკეთდები, სანამ შენი ცეკვა დაიწყება და წამოვალ. გპირდები, თუ კარგად იცეკვებ და მომეწონება შენი ცეკვა, ყოველთვის გამოგყვები როცა სახლში ვიქნები, გინდა?_ვკითხე და პაჭუა ცხვირზე ვაკოცე. _მართლა გამომყვები?_გაოცებაც და სიხარულიც ერთნაირად გამოხატა და კისერზე მომხვია ხელები. _კაი ახლა, აცადე ყავის დალევა._ისევ გაუჯავრდა დედა და მაშინვე ჩამოხტა ჩემი კალთიდან. _რომელ საათზე აქვს ცეკვა?_ოთახიდან რომ გადიოდა ჩემი დედინაცვალი, მაშინ გამახსენდა და ვკითხე. _სამზე. ტელეფონში საათს რომ დავხედე, თორმეტი იყო ჯერ. მანამდე მართლა მოვასწრებდი გამოკეთებასაც და თავის მოწესრიგებასაც. მთავარია, ივა არ დაბრუნებულიყო და არ აერია დაწყობილი გეგმები. თუმცა, რახან შევპირდი ეთუნას, მაინც შევძლებდი გაყოლას. ყავის დალევის შემდეგ, სამზარეულო მივალაგე. ივას თუ გავურბოდი და მასზე ვბრაზობდი, ოჯახის წევრებმა რა დააშავეს ვითომ? ჩემი დედინაცვალი მართლაც ცოდო იყო ამხელა სახლის დიასახლისობით და ჯაფით. ცალკე, პატარა ეთუნა არ აცდიდა საქმეს და მას სჭირდებიდა უკან დევნა. იმიტომ რომ ისეთი ქაჯი იყო, შეიძლებოდა რამე დაეშავებინა საკუთარი თავისთვის. სახლის საქმიანობას მალევე მოვრჩი და ცეკვაზე წასასვლელად მზადებაც დავიწყე. ძველებური ხალისი რომ შევნიშნე ჩემს თავს, მე თვითონვე გამიხარდა. ნახევარი კილომეტრი მაინც გვქონდა გასავლელი და მხიარულად და სიცილ-კისკისით ისე გავიარეთ ეს მანძილი, ვერც კი გავიგე ვერაფერი. ისეთი მოწადინებული იყო ჩემი გიჟქალა უმცროსი და, მიკვირდა, ამ პატარას სად ქონდა ამდენი მონდომება და მიზნისკენ სწრაფვა. მართლაც არაჩვეულებრივად იცეკვა და ლალი მასწავლებელმა დაიტოვა კიდეც ჯგუფში. იქ დამსწრე მშობლები თუ ბავშვებს გამოყოლილი ბებიები აღტაცებით უცქერდნენ ამ თითისტოლა გოგოს, რომელიც ენერგიულად და რაც ყველაზე გასაოცარი იყო, უშეცდომოდ აკეთებდა მასწავლებლის მიერ ნაჩვენებ ილეთებს. ამ ნამცეცა გოგომ დამანახა და დამარწმუნა იმაში, რომ რაც გულით გინდა და რასაც მოიწადინებ, ყველაფერი გამოგივა. შეუძლებელი თურმე არაფერი ყოფილა. ცეკვა რომ დასრულდა და სახლში ვბრუნდებოდით, საიდანღაც ლეკვის საცოდავი წკმუტუნი შემომესმა. ხმას მივყევი და დიდ თხრილში მართლაც მივაგენით ტალახში ამოგანგლულ ლეკვს. _ვაიმე, სალო, რა ცოდოა! წავიყვანოთ რა სახლში._მეხვეწებოდა ჩემსავით ამ ლეკვის საცოდაობით შეწუხებული ეთუნა. იმდენი ვიწვალე, თხრილში ჩავედი, ნამცეცა ლეკვი ტალახიდან ამოვიყვანე და მაღლა ამოვსვი. ჩასვლა უფრო ადვილი იყო, ამოსვლა კი მართლაც გამიჭირდა, იმიტომ რომ ტალახში ფეხი მიცურდა და ნახევრად ამოსული ისევ თხრილში ვცურდებოდი. ბევრი წვალების მერე, ვერას გულმოდგინე დახმარების და ეთუნას გამამხნევებელი შეძახილების მერე, როგორც იქნა ამოვბობღდი ორმოდან. მეც გვარიანად ტალახიანი ვიყავი საცოდავი ლეკვივით. ამოვედი თუ არა ლეკვი მოვიკითხე. ეთუნას ტალახის მიუხედავად მაინც გულში ყავდა ჩაკრული. ჩვენი შავტუხა ლეკვი ბიჭი აღმოჩნდა. თან, რაც ყველაზე საოცარი იყო, ერთი თვალი ყავისფერი ქონდა და მეორე ცისფერი. _რა საყვარელია არა? აქ არ დავტოვოთ, ცოდოა. სახლში წავიყვანოთ რა._მეხვეწებოდა ეთუნა. _წავიყვანოთ და წავიყვანოთ ჩვენი ჭვარტლა._გამეღიმა. _ჭვარტლა რა არის?_გაუკვირდა. _ჭვარტლი შავი ფერის მურია, ხო და ესეც რომ შავია, მიტომ ვთქვი ასე. _ჭვარტლა ქვია? გამეცინა. _არა, შენ რაც გინდა ის დაარქვი. _მომეწონა, კარგი სახელია და ეს რომ დავარქვა._მუდარით სავსე თვალები რომ შემომანათა, ისევ გამეცინა. _ლეკვი შენია და რაც გინდა ის დაარქვი. _მართლა ჩემია?_უფრო მაგრად ჩაიხუტა გულში._საყვარელი... _რომ ისვრები?_უსაყვედურა ვერამ. _მერე რა, მივალთ სახლში და ამასაც ვაბანავებ და მეც ვიბანავებ._ ისეთი გახარებული იყო ეთუნა ახალი ოთხფეხა მეგობრის შეძენით, რომ მეტი აღარ შეიძლებოდა. სხლში მისულებმა მართლაც ვაბანავეთ ჩვენი ჭვარტლა. ფენითაც კი გავაშრე და ვიხალისეთ. ფუმფულა ბეწვი გაუხდა. ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ სხვადასხვა ფერის თვალები ქონდა: ერთი ჩემი ფერი, მეორე ივასი. ეთუნა სულ გულში ჩახუტებულს დაატარებდა და ბავშვურად ეტიკტიკებოდა და ეფერებოდა. საღამოს კი, სანამ ივა შემოიყვანდა ეზოში მანქანას, ისევ ჩემს ოთახში გამოვიკეტე. მესმოდა როგორ ეტიკტიკებოდა ეთუნა. სიტყვებს ვერ ვარჩევდი, მაგრამ სავარაუდოდ ჭვარტლას ისტორიას უყვებოდა. მის წუხანდელ კოცნაზე ვფიქრობდი ისევ. მართლაც რომ არაჩვეულებრივი და ჯადოსნური იყო. რას არ მივცემდი, რომ ერთხელ კიდევ ეკოცნა და ისევ გავეხვიე სიამოვნების ბურუსში, მაგრამ... ძილი არც ამ ღამით მომეკარა. ბუივით ვიჯექი თვალებდაჭყეტილი სიბნელეში და უაზროდ მივჩერებოდი ერთ ადგილს. რომ ვერა და ვეღარ მოვისვენე, ეზოში ჩასვლა ვერა, მაგრამ აივანზე გასვლა კი გავბედე. არ მინდოდა წუხანდელივით ივას გადავყროდი და ისევ ეკოცნა, რადგან მის წინაშე თავის მოკატუნება, რომ არ მიყვარდა და მძულდა, უკვე ძალიან მიჭირდა. კარგა ხანს შევყურებდი ვარსკვლავებით მოწმენდილ ცას. ისეთი სიჩუმე იყო, უარესად დავიზაფრე და შემეშინდა კიდეც. ყურსასმენები მოვირგე და სევდიანი მელოდიების მოსმენა დავიწყე. თან ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევყურებდი გარინდული. ღამის გრილმა სიომ ტაო დამაყარა და ტანზე ბუსუსები ამიშალა. ერთხანს კიდევ ვიყავი მოაჯირს გადაყუდებული და ძალიან რომ შემცივდა, ოთახში შებრუნება გადავწყვიტე. შემოვბრუნდი თუ არა, ივას შევეფეთე. როდიდან იდგა ჩემს უკან არ გამიგია. ისე ამაღელვა და ამაფორიაქა მისმა დანახვამ, წამიერად დავმუნჯდი. შემეშინდა ისევ არ ეკოცნა, ვგრძნობდი რომ თავს ვეღარ მოვერეოდი და ვეღარ გავუმკლავდებოდი მოზღვავებულ გრძნობებს. _მეტი საქმე არ გაქვს, მე რომ არ მდიო უკან?_სიმკაცრე გავურიე ხმაში. _როგორ არა, მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი შენ ხარ._ჩურჩულით მითხრა და მომეჩვენა რომ ჩემსკენ გადმოიწია. გავბრაზდი. ნანიკა გამახსენდა, თურმე ხელი სთხოვა ბიჭმა და მე რაღას დამდევდა, რისთვის მირევდა თავგზას? გაგულისებულმა ვკარი ხელი. _მერე ნანიკა?_მივხვდი რომ ისევ წინ გამისწრო ენამ და ძლიერად ვიკმინე კიდეც, მაგრამ რაღა დროს? ნამეტანი გრძელი ენა მქონდა და პირში ვერ ვიმორჩილებდი. _ნანიკა? ნანიკა რა შუაშია?_ისე გულწრფელად გაიკვირვა, ლამის მეც კი დამაჯერა თავის გულწრფელობაში. ხმა არ გამიცია. ერთხანს უხმოდ შევყურებდით ერთმანეთს. ვარსკვლავებით განათებულ ღამის სიბნელეში მაინც გარკვევით ვხედავდი მის თვალებს. _მოიცა... არ მითხრა ახლა, რომ ნანიკაზე ეჭვიანობ._წელზე მომხვია ხელი და მიმიზიდა. გავუძალიანდი. _ეგღა მაკლია შენს გამო ვიეჭვიანო._ნაძალადევი სიმშვიდით ვუთხარი, მაგრამ თვითონვე მივხვდი, რომ ყალბი იყო ჩემი სიმშვიდე. _ესეიგი, ეჭვიანობის გამო მაქცევ ზურგს და გამირბიხარ?_თითქოს კმაყოფილება ვიგრძენი მის ხმაში. _გამიშვი, შემცივდა და ოთახში უნდა შევიდე._საკუთარ ხმაში მე თვითონვე ვიგრძენი სასიწარკვეთა. პირველად მოხდა, რომ არ დამიჯერა და არ გამიშვა. უფრო მეტიც, მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე და ასე გარინდულები ვიდექით ერთხანს. _ნანიკა უბრალოდ მეგობარია ჩემი, თანაც საუკეთესო. ახლო მომავალში კი ჩემი ბიძაშვილის ცოლი... _რაა?_შევძელი და ცოტა გავინთავისუფლე მისგან თავი._ვისი ცოლი?_გაკვირვებულმა ავხედე. _მამაჩემის ძმიშვილისა... ნიკა და ნანიკა მეზობლები არიან, თანაც შეყვარებულები. კოლეჯში მოსვლის დღიდან ნიკამ დამავალა მასზე მეზრუნა, რომ ზედმეტი არ ეკადრებინა ვინმეს მისთვის..._გაეღიმა._ ჩემი ეჭვიანი._თან თავზე ალერსიანად გადამისვა ხელი და შუბლზე ნაზად მაკოცა. გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. თუმცა, შუბლიდან ცხვირზე რომ ჩამოვიდა, მაშინ კი გამიჩერდა. შემდეგ კი, მისი ათრთოლებული ტუჩები ჩემს ტუჩებს რომ შეეხო, სუნთქვა შემიგუბდა... ერთი პირობა ისევ გაძალიანება დავაპირე, მაგრამ ვერ შევძელი. სიგიჟემდე მიყვარდა ეს ბიჭი, მასთან ყოფნა გულს სურდა და გონება აქ უკვე უძლური იყო. თავბრუდახვეული ვიდექი მის წინ, მუხლებშიც ძალა გამომლეოდა და ალბათ წავიქცეოდი კიდეც, მას რომ არ ვყოლოდი მჭიდროდ ჩახუტებული. ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი უკვე დაძლეული იყო, ნანიკას და ივას შორის არაფერი ხდებოდა. ახლა იმაზე ვდარდობდი, ჩვენს ამბავს ხალხი როგორ მიიღებდა. ყველაზე უმთავრესი ვითომ ეს იყო, მაგრამ ასე არ ყოფილა თურმე, თავს ვიტყუებდი. გული დავიმშვიდე თუ არა, რომ ნანიკა და ივა შეყვარებულები არ იყვნენ, მაშინვე სიამოვნებით გავიტრუნე მის მკლავებში... _შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ._ჩურჩულით რომ მითხრა, უარესად ამიძგერდა გული. სულ აღარ მახსოვდა ის, რომ და-ძმად ვითვლებოდით და ჩვენი ურთიერთობა ბევრისთვის მოსაწონი და მისაღები არ იქნებოდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი იმ წუთას, საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით ღამის წყვდიადში და სიჩუმეში, რომელსაც მხოლოდ ჩვენი ორი გულის ხმამაღალი ფეთქვა არღვევდა. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ასე ჩახუტებული ვიქნებოდი მასთან სიცოცხლის ბოლომდე. _ჯანდაბას, ვისაც რა უნდა ის თქვას, არ ვაპირებ ჩემი სიყვარულის დათმობას!_მტკიცედ გავიფიქრე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხმამაღლა გამიფიქრებია. _რა? იმის გამო, რომ ხალხი რას იტყვისო, ხელი მკარი, შეიცვალე და ძველი სალო დაბრუნდი?_გაუკვირდა. ოდნავ შემიშვა ხელი და თვალებში ჩამხედა._მე სულ არ მადარდებს ხალხი რას იტყვის. მე ჩემთვის მინდა ვიყო ბედნიერი და არა ხალხისთვის. იმის შიშით, რომ ხალხი რას იტყვის, მე არ ვაპირებ ჩემს ბედნიერებაზე უარის თქმას. შენც გირჩევ ასე მოიქცე. რომელი სისხლით ნათესავები ჩვენ ვართ, რომ ნორმებს ვეწინააღმდეგებოდეთ? _ერთ ოჯახში ვიზრდებით და საერთო და გვყავს... _მერე რა? ხალხის გაქილიკების გეშინია? ერთხანს ილაპარაკებენ, ასე იციან ყოველთვის, მერე სხვა რამ გამოუჩნდებათ სალაპარაკო და ჩვენს ამბავს დაივიწყებენ... _მშობლები რას იტყვიან? ან ახლო ნათესავები? იქნებ ჩაგვქოლონ კიდეც..._შიშით ამოვიჩურჩულე და ამის გაფიქრებაზე გამაკანკალა. _ამის გეშინია?_ჩემი სახე ხელისგულებში მოიმწყვდია და ისევ მაკოცა._იქ, ტყეში, მაშინ დავრწმუნდი რომ შენც გიყვარდი და თავს პირობა მივეცი, რადაც არ უნდა დამჯდომოდა ერთად ვყოფილიყავით. _მართლა? მანამდე? _მანამდე ვფიქრობდი, რომ გულში ჩამეკლა შენი სიყვარული და ბედნიერებაში არ შემეშალა შენთვის ხელი. _ამდენს გაბრაზებდი, აბუჩად გიგდებდი და არაფრად გთვლიდი. ასეთი ურჩხული როგორ შეგიყვარდი?_გაოცებულმა ავპრQხედე. ისე ალალად გაეცინა, შემრცხვა. _სიყვარული ბრმა არისო, არ იცი შენ? _თავიდანვე გიყვარდი და მიტომ მპატიობდი ამდენს?_გამიკვირდა. _გულახდილად გითხრა, გინდა? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. _თავიდან დაგინახე თუ არა მომეწონე, მაგრამ ისეთი აგრესიული და საზიზღარი იყავი, შენი მოხრჩობის სურვილი მქონდა._გაეცინა._ეს ისე, ხუმრობით, მაგრამ გემოზე მიტყეპვა და ჭკუის სწავლება კი მინდოდა, მაგრამ მოთმინებას შთამაგონებდა დედა. დარდმა გააბოროტა და გაუვლისო. თუმცა, უარესი გემართებოდა. მე კი ჩვევაში გადამეზარდა შენი ატანა. ერთ დღისითაც აღმოვაჩინე, რომ ლამაზი თვალები გქონდა... _მე კი, რესტორანში რომ ვიქეიფეთ და ფეხში ლურსმანი შემერჭო, იმ დღეს შეგნიშნე, რომ ცისფერი თვალები გქონდა._ვაღიარე. _მართლა?_გულღიად გაეცინა._მე კი მაშინ მივხვდი, რომ ბოროტი ადამიანის ნიღაბს ამოფარებული, კეთილი გულის გოგონა იმალებოდა მის უკან. ხანდახან კი, უნდა ვაღიარო, რომ სერიოზულად მაშფოთებდა შენი ზღვარგადასული სიბოროტე და სიჯიუტე._ისე მჭიდროდ მიმიკრა გულზე, სუნთქვა გამიჭირდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვიყავი გატრუნული. ალბათ, კიდევ დიდხანსაც ვიქნებოდით ასე, ეზოში მამაჩემი რომ არ გამოსულიყო. არ მინდოდა ამ ცხელ გულზე ასე უცებ ფაქტის წინაშე დამეყენებინა. ივამაც შემიშვა ხელი. არ იყო ისეთი ბიჭი, რომ რამე ჩუმად გაეკეთებინა. დარწმუნებული ვიყავი,სანამ ოფიციალურად ყველასთან არ განაცხადებდა ამ ამბავს, არ ისარგებლებდა წუთიერი სისუსტით და ხელს არ დამაკარებდა ზედმეტად. მამაჩემს რომ არ შევენიშნეთ, უხმოდ შევიპარე მე ჩემს ოთახში. ივა კი ისევ აივანზე დარჩა. გული მართლაც ამოვარდნაზე მქონდა. მართალია მაღელვებდა ის აზრი, როგორ შეხვდებოდნენ ჩვენს ამბავს, მაგრამ ისე არა, რომ მართლა უარი მეთქვა ივაზე. თუმცა დარწმუნებული კი ვიყავი, რომ ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა სასტიკ წინააღმდეგობას გაგვიწევდა, რათა არ ვყოფილიყავით ერთად. ყოველთვის მკაცრი იყო ჩემთან მიმართებაში და ახლაც ასე იქნებიდა. მამიდებს ვერ ვიტყვი რა აზრი ექნებიდათ. საერთოდ არ ანაღვლებდათ ჩემი ბედი და რაღა ახლა გაიგიჟებდნენ ვითომ თავს? მამაჩემი და ჩემი დედინაცვალი იყო მთავარი, დანარჩენს რაც არ უნდა ის ეთქვა, სულ არ მქონდა დარდი. თუმცა, მათაც უარი რომ ეთქვათ, მერე? გადავწყვიტე, ჯერ არ გვეთქვა არავისთვის არაფერი. სწავლას რომ დავამთავრებდი, მერე გაგვემხილა და თუ უარს იტყოდნენ, სადმე გავპარულიყავით, სადაც ვერავინ მოგვაგნებდა და ვერ გვიცნობდა. თავიდან თითქოს უარზე იყო ივა, მაგრამ მერე დამთანხმდა. ეჭვი რომ არავის არაფერში შეეტანა, ისევ კატათაგობანას თამაში მიწევდა მასთან ოჯახის წევრების თანდასწრებით. დროს ვიხელთებდი თუ არა, მაშინვე კისერზე ვეკიდებოდი და ვუბოდიშებდი. თითქოს ასეთი ურთიერთობა უფრო სახალისოც კი იყო. სხვათაშორის, არც კოლეჯში ვამჟღავნებდით თავს. ყველას თვალწინ ისევ ურჩი და-ძმის როლს ვთამაშობდით. ჯერ ერთი, არ მინდოდა, რომ ლეოს გაეგო რამე და მეორე, ვიღაც მაინც დაგვაბეზღებდა ჩვენებთან. ლეოს ამბავი ივასთვის არ მითქვია. არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა. ლეო კი უფრო და უფრო მავიწროვებდა და თავისთან დაბრუნებას მთხოვდა. აგრესიის და ზიზღის თამაში მასთან ნამდვილად არ მიწევდა. მართლა ვერ ვიტანდი ამ ბიჭს. არა და, ერთ დროს, ივას გასამწარებლად როგორ ვიტანდი მის ამაზრზენ ლოშვნასაც კი, ახლა მიკვირს. საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ნანიკა და ნიკა გაიპარნენ. უარზე არც ერთის მშობლები არ იყვნენ, მაგრამ რატომღაც მაინც გაიპარნენ. ეს ჩემთვის სტიმული იყო, თუ ჩვენები წინააღმდეგობას გაგვიწევდნენ, ჩვენც შეგვეძლო გაპარვა. ივა მპირდებოდა, რომ დედის ძმასთან წამიყვანდა რუსეთში. ხო და მეც თანახმა ვიყავი. მთავარია ერთად ვყოფილიყავით და სად ვიქნებოდით ამას არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა. ერთ საღამოს კი, მორიგი ვახშმობისა და ივასთან გულგრილი დამოკიდებულების ფონზე, დედაჩემის ძმა, თემო გვესტუმრა. მისი დანახვა არასდროს მიხაროდა და ახლა მითუმეტეს, რომ ისეთი სახე ქონდა, აშკარად გაბრაზებული იყო. გაბრაზებული მსუბუქად ნათქვამია, გაცეცხლებული იყო. ტრადიციული მოკითხვის და სუფრაზე მოპატიჟების მერე, რომელზეც უარი განაცხადა, პირდაპირ საქმეზე გადავიდა. _ამ ბავშვებს რატო სათანადო ყურადღებას არ აქცევ?_ჩემზე და ივაზე მიუთითა მამაჩემს._სანამ კისერს არ წაიტეხავენ და თავს ლაფს არ დასასხავენ, არ უნდა მიიღო ზომები? მამაჩემმა ჯერ მე და ივას გადმოგვხედა გაოცებულმა, მერე კი ბიძაჩემს. _რა ხდება თემო? _როგორ თუ რა ხდება?_რულონივით დახვეული ჟურნალი გაშალა და მაგიდაზე გამეტებით დაახეთქა._ხალხს სალაპარაკოს რომ აძლევენ, ნუთუ თქვენ ყურამდე არ მოდის? შიშით დავხედე ჟურნალს სადაც ჩემი და ივას ფოტო იყო დაბეჭდილი ნანიკამ რომ გადაგვიღო ტყეში. _ეს თუ გოგოა და უტვინოა, შენ იმდენი არ გესმის, რომ ჩემმა სიძემ შვილივით მიგიღო, ჩაგაცვა, გამოგკვება, განათლება მოგცა და მის შვილზე, რომელიც შენი დაა, ზედმეტი არაფერი არ უნდა იფიქრო? მღელვარებისგან პირი გამიშრა. ივას რომ შევხედე, მივხვდი სიმართლის თქმას აპირებდა, მაგრამ მე დავასწარი. _ეგ სურათი არაფერს ნიშნავს. ჩემი მეგობარია, ფოტოგრაფობა გადაწყვიტა და ყველას უღებდა სურათებს. რამოდენიმე გადაგზავნა და ეგ შეარჩიეს. რა სისულელეა, მე და ივა ერთად?_ნაძალადევად გავვიღიმე ირონიული ღიმილით. _სისულელე სულაც არ არის, მე მიყვარს სალო._ისეთი თავდაჯერებულად და ამაყად თქვა ივამ, გული ამიჩქარდა. _რა თქვი?_მამაჩემმა გაოცებულმა მიხედა ივას. _სალო მიყვარს._ისევ მტკიცედ თქვა ივამ. _უფიქრდები რას ამბობ?_ბიძაჩემმა მისკენ ნაბიჯი რომ გადადგა, მივხვდი გარტყმას უპირებდა. თვალის დახამხამებაში გავჩნდი ივასთან და ბიძაჩემს წინ გადავეღობე. _ივა მეც მიყვარს! მარტო მისი ბრალი არ არის. ბიძაჩემმა მოქნეული ხელი სახეში რომ დამარტყა, ახლა ივამ იმარჯვა და გადამეფარა. _თქვე უსირცხვილოებო. რატო არ ფიქრობთ, რომ თქვენი ერთად ყოფნა დაუშვებელია? _ვითომ რატომ არის დაუშვებელი?_გამიკვირდა._ჩვენ ხომ სიცხლით ნათესავები არ ვართ? _ენის ტლიკინსაც რომ ბედავ შე უსირცხვილო._ისეთი ხმით მიღრიალა, შევკრთი._შენ შეგნებამდე ვერ დადის ის, რომ და-ძმანი ხართ. _ბიოლოგიური და-ძმა ხომ არ ვართ, მერე რა?_არ შეეპუა ივა. _აცნობიერებთ რა სისულელეს ამბობთ?_აქამდე ჩუმად მყოფმა მამაჩემმაც ამოიღო ხმა._მერე რა რომ ბიოლოგიური და-ძმა არ ხართ და ერთი სისხლი არ გაქვთ, ერთ ოჯახში იზრდებით და საერთო და გყავთ. _мне стыдно за тебя!_აცრემლებულმა ვერამ მადიანი სილა გააწნა შვილს, რომელიც არც კი განძრეულა ადგილიდან. _სასირცხვილო რა გავაკეთე, სალომე რომ მიყვარს და მისი ცოლად შერთვა მინდა სირცხვილია? _ცოლად შერთვა გინდა?! შენ ხომ არ გაუბერე?_ბიძაჩემა ავად გადმომხედა._მეგონა, უბრალო გატაცება იყო!!! მომინდომეს დაქორწინება!!!_მოულოდნელად ივას ზურგს ამოფარებულს მკლავში მტაცა ბიძაჩემმა ხელი და გამომათრია._შემთხვევით ორსულად ხომ არ ხარ ქალბატონო?_თან ისე შემაჯანჯღარა, ლამის კისერი მომწყდა. ხმა არ ამომიღია. ყველას სათითაოდ ვაკვირდებოდი სახეზე. ვერა რუსულად ტიროდა და როგორც მივხვდი ივას ლანძღღავდა. ბიძაჩემი ისეთი თვალებით გვიმზერდა ხან ერთს და ხან მეორეს, ნება რომ დაერთათ ორივეს წიხლქვეშ გაგვიგდებდა. არც მამაჩემი იყო დამშვიდებული. _მგონი რაღაც გკითხა და პასუხი გაეცი! _არა._ეს ვთქვი მხოლოდ და მკლავის განთავისუფლებას შევეცადე. _დილით მზია წაიყვანს ექიმთან და თუ მართლა ორსულადაა, მოაშორებინებს ამ ცოდვის შვილს სანამ ქვეყანას გაუგია ამათ ამბავი._მტკიცედ უთხრა ბიძაჩემმა მამაჩემს._შენ კი,_ახლა ივას მიუბრუნდა._დღესვე აიკრავ გუდა ნაბადს და ჯანდაბაშიც წასულხარ! _არსადაც არ წავა!_გამბედაობა მოვიკრიფე და დავუპირისპირდი გაცოფებულ ბიძაჩემს._ივა წავა და მეც მასთან ერთად წავალ! _უყურეთ ქალბატონს, ესეც წავა!_გამომაჯავრა ბიძაჩემმა და უფრო ძლიერად მომიჭირა მკლავზე ხელები. _მეტკინა!_გაგულისებულმა ვუყვირე და თავისუფალი ხელით მისი ძლიერი თითების გაშვებას შევეცადე._ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს ერთმანეთს! _თქვენს ერთად ყოფნას არავინ მიესალმება, გაიგეთ ეს!_მამაჩემმაც აუწია ხმას. _მასე, არც ნარკოტიკის მიღებას მიესალმება ხალხი, მაგრამ ნახევარზე მეტი მსოფლიო ნარკომანია. _შენ რაღაც ძალიან წაგიგრძელებია ენა და ბევრს ტლიკინებ ამ ბოლო დროს!_ისევ დარტყმა დამიპირა ბიძაჩემმა, მაგრამ ივამ იმარჯვა და გადამეფარა. ჩემი დასარტყმელი მას მოხვდა ძლიერად ბეჭებში. _ჩვენი მეზობელი გულო და ნუგზარა ბიძაშვილები არიან, მაგრამ მაინც აქვთ ოჯახი. მაინც და მაინც ჩემი და ივას ყოფნა არ შეიძლება ერთად?_გამწარებულმა ისე ვიკივლე, ყელი მეტკინა. _შენ სხვას რას უყურებ?_ახლა მამაჩემმა მიღრიალა ბოლო ხმაზე._ხალხი რას იტყვის თქვენ ამბავს რომ გაიგებს? _შენ რაღას უყურებ რას იტყვის ხალხი?_გამიკვირდა. _თემო მართალია, აღარ დაგინახო ჩემს სალხში!_ახლა ივას მიუბრუნდა მამაჩემი და მანაც დაარტყა სახეში._არ მაინტერესებს სად წახვალ, აიკარი გუდა-ნაბადი და წაეთრიე, აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა!.. შვილივით გზრდიდი და გივლიდი და იმიტომ, რომ თავზე ლაფი დაგესხა ჩემთვის? შენ კი,_ახლა მე მომიბრუნდა._დილით ბიცოლას გაყვები და თუ ორსულად ხარ, მოიშორებ! _არ ვარ ორსულად, რით ვერ გაიგეთ?!?_ვატყობდი, რომ ისტერიკა მეწყებოდა უკვე. _დარწმუნებული ხარ? _ღვთიშობელი არ ვარ, რომ სულიწმინდა გადმოსულიყო ჩემზე! ჩვენ ერთად არ ვართ!.. მაგრამ ამის შემდეგ ვიქნებით და თქვენ ვერ დაგვიშლით. _მაგასაც ვნახავთ!_ისევ მიღრიალა მამაჩემმა, ერთი მადიანი სილაც გამაწნა და ჩემს ოთახში ძალით ამათრია, კარი კი გარედან ჩამიკეტა._თუ ჭკუას არ მოუხმობ, სამუდამოდ გამოგკეტავ აქ! კიბეზე ბრაგუნით ჩავიდა. ისევ მესმოდა მისი ყვირილის ხმა. მივხვდი, ივას ეჩხუბებოდა. ყური დავუგდე, მაგრამ არ მესმოდა რას ყვიროდა. იქნებ, სცემდა კიდეც. ამის გაფიქრებაზე მართლა ისტერიკა დამეწყო, ყველაფერს ძირს ვყრიდი, რაც კი ხელში მხვდებოდა და ვამსხვრევდი. ათი თხუთმეტი წუთი მაინც ვკიოდი. მერე ბიძაჩემი შემომივარდა. _ნუ გიჟდები. თქვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება და გაიგე._მოულოდნელად თმაში მწვდა და ისევ დაბლა ჩამათრია._ამაღამ ჩვენთან იქნები. და არა მარტო ამაღამ, სანამ ჭკუას არ მოუხმობ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნები!.. შტერი მამაშენის ბრალია ყველაფერი, თავის დროზე ყურადღება რომ მოექცია და სიმკაცრე გამოეჩინა, აქამდე არ მიხვიდოდით!!! მომინდომეს სიყვარულობანა!!!_მანქანაში ძალით ჩამტენა და მართლაც თავისთან წამიყვანა. მთელი გზა ვკიოდი და მინადენი მანქანიდან გადახტომას ვლამობდი, მაგრამ კარებები ავტომატურად ქონდა ჩაკეტილი და ვერაფერს გავხდი. ეზოში რომ შეიყვანა მანქანა, ახლა იქიდან არ გადმოვდიოდი და ძალით გადმომათრია. გაოცებული ბიცოლაჩემი ქმარს აწყნარებდა. _დაწყნარდი თემო, რა მოხდა? ცოდოა ბავშვი. _ცოდოა კი არა, ჩემი ხელით გამოვახრჩობ ამ უნამუსოს! _რა მოხდა, რა ჩაიდინა ამისთანა?_ჩემს დაცვას შეეცადა და ქმარს დაეჯაჯგურა._ცოდოა, რას უშვრები, უნდა მოკლა? _მოვკლავ კიდეც, თუ ჭკუას არ მოუხმობს! _რა მოხდა არ იტყვი?_როგორც იქნა გააშვებინა ხელი და მე გადამეფარა წინ. _იმ ლაწირაკ ივას და ამას ყვარებიათ ერთმანეთი და თურმე დაქორწინებასაც კი გეგმავენ? _ივას?_დაიბნა ბიცოლაჩემი._მერე რა მოხდა?_ძლივს გაბედა ეკითხა. _როგორ თუ რა მოხდა?_უარესად გაცოფდა ბიძაჩემი._ზნეობა და ეთიკა არ გაგიგიათ თქვენ?! ერთ ოჯახში იზრდებიან, ერთმანეთის და-ძმანი არიან... _სისხლით ნათესავები ხომ არ არიან, რა მოხდა ადამიანო? _მზია!_ცოლს განწირული ხმით უღრიალა ბიძაჩემმა._ნერვებს ნუ მიშლი, იმდენს ნუ იზავ შენზე ვიყარო ჯავრი! შენი ფრთების შესხმაღა უნდათ, ისე ხომ არ არიან თავზე წასულები!.. დილაზე გაყვები გინეკოლოგთან და თუ ორსულადაა, მოაშორებინებ! _არ ვარ ორსულად, რით ვერ გაიგეთ?_რახან თავისუფლება ვიგრძენი ჭიშკრისკენ გავიქეცი. ბიძაჩემი უმალ დამეწია, ზურგზე მომიგდო და ერთ-ერთ ოთახში, რომელიც სახლის შუა ნაწილში იყო და განაპირა ფანჯრები არ ქონდა, იქ გამომკეტა. ტელეფონიც წამართვა, რომ ივასთან კონტაქტი არ მქონოდა. ბიცოლაჩემს შევატყე ძალიან შევეცოდე და ჩემს მხარეზეც იყო, მაგრამ გაავებულ მის ქმარს ვერაფერს აგნებინებდა. მთელი ღამე იატაკზე ვიყავი ჩაცუცქული და მოთქმით ვტიროდი. მამაჩემთან დარჩენილი ივა მეცოდებოდა. იქნებ ცემდა კიდეც. ან, იქნებ ამ შუაღამეზე მართლაც გააგდო სახლიდან. სად უნდა წასულიყო? ნეტა ჯერ არ ეთქვა ბიძაჩემისთვის ყველაფერი და გავპარულიყავით სადმე, როგორც ნანიკა და ნიკა გაიპარნენ. ახლა რა გვეშველება? ნეტა სად წავა? ღმერთო, არ დაუშვა, რომ რამე შეემთხვას. ისევ მე დამმართე რამე და ივას არა, გთხოვ!_მოთქმით ვღრიალებდი. რამდენჯერმე ბიცოლაჩემმა შემომხედა და დამშვიდებას შეეცადა, მაგრამ ისე ვიყავი გაგიჟებული, არაფერი ჭრიდა ჩემზე. ბებიამ რომ გაიგო ჩემი ამბავი, შვილს გაუწყრა. _რა მოხდა მერე, დაიქცა ქვეყანა? _დიახაც, დაიქცა! სირცხვილით თავი სად უნდა გამოვყოთ?_არ ცხრებოდა ბიძაჩემი. _სასირცხვილო რა არის ვითომ? ხულოს ერთ-ერთ სოფელში ბიძაშვილების დაქორწინებაა მიღებული და რა მოხდა, ამათ იქორწინონ? _კარგი რა, დედი, შენი ფრთების შესხმაღა უნდათ? ვერ იქნებიან ერთად და მორჩა! _რამე რომ აუტეხოს საკუთარ თავს, მერე? ეგ ხომ შენს სინდისზე იქნება და შეძლებ მერე მაგ ცოდვით ცხოვრებას?_ცოტა ხმას დაუწია ბებიამ, მაგრამ მე მაინც გავიგონე. _რა უნდა აუტეხოს ნეტა?_ეს კი თქვა, მაგრამ სულ მცირე შეშფოთება მაინც ვიგრძენი მის ხმაში. _როგორ თუ რა?_გაუკვირდა ბებიას._ცოტაა მასეთი შემთხვევა, მშობლები წინააღმდეგები რომ არიან და თავს იკლავენ?_ისევ ჩურჩულით უთხრა._რა მოხდა მერე, ნამდვილი და-ძმა ხომ არ არიან ერთიმეორისა? თან, ივა ძალიან კარგი ბიჭია მშრომელი და ზრდილობიანი. მაგაზე კარგ ბიჭს გააყოლებ ვითომ? _არაფერსაც არ იზავს, დაწყნარდი შენ! ერთად ვერ იქნებიან და მორჩა, გაიგეთ. მირჩევნია თავი მოიკლას, ვიდრე იმ ბიჭს გაყვეს! _მე კი დავწყნარდები, მაგრამ შენც იცოდე, თუ რამე დაიმართა, ჩემს მეტი მტერი არ გინდა იცოდე! ეთოს სიკვდილს როგორღაც გავუძელი და გადავიტანე და ამას რომ რამე მოუვიდეს, არავის გაპატიებთ იცოდე!_ასეთი მკაცრი ჩემი ბებია არასდროს მახსოვდა. მისი გამოქომაგება გამიხარდა. არც ბიცოლა იყო წინააღმდეგი, მაგრამ ქმრის შიშით ვერაფრით მეხმარებოდა. ის ღამე იატაკზე მჯდომარემ გავათენე. დილით მართლაც წამათრია ბიძაჩემმა გინეკოლოგთან, მაგრამ ექიმმა რომ უთხრა ქალწულიაო, დაჯერება გაუჭირდა. მერე კი გაუხარდა, დროულად მოვახერხე რეაგირებაო. ისევ თავისთან წამიყვანა და სახლში გამომკეტა. პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოვაცხადე. თუმცა, არც მშიოდა. ისე ვიყავი გამეხებული, ლუკმა არ გადამდიოდა ყელში. ერთი სული მქონდა ივას ამბები გამეგო, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიგებდი და ეს მაგიჟებდა. ოთახში გამოკეტილი მთელ დღეს ვტიროდი. საღამო ხანს კი ბებია შემოვიდა და საწოლზე პირქვედამხობილს თავზე გადამისვა ხელი. _ნუ ტირი გენაცვალოს ბებო, ცუდად არ გახდე, ამდენი ტირილი გაგონილა? საჭმელსაც არ ჭამ. დასუსტდები და ფეხზე დგომასაც ვეღარ შეძლებ._თავზე მისმევდა თავის დაკოჟრილ ხელებს და თან ხმის კანკალით მეჩიფჩიფებოდა. ვატყობდი, რომ თვითონაც ტიროდა. _არ მშია, თავი დამანებე!_ბალიშში ჩავრგე თავი და მოგუდული ხმით ავღრიალდი. _მისმინე, გენაცვალოს ბებო, ჭამე რამე, რომ ენერგიაზე და ჯანზე იყო. აქედან რომ წასვლა იყოს, ხომ უნდა შეგეძლოს?_ბოლო წინადადება რომ ჩურჩულით მითხრა, ტირილი შევწყვიტე და გაოცებული გადმოვბრუნდი. მართლაც ცრემლიანი ქონდა თვალები. რახან ბებიამ აქედან წასვლა ახსენა, აუცილებლად დამეხმარებოდა და იმედის სხივიც გამიკრთა გულში. ცრემლები რომ ხელის კანკით შემიმშრალა, გულში ჩავეხუტე. _დამეხმარები აქედან რომ გავიქცე?_ჩურჩულით რომ ვკითხე და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, უფრო მჭიდროდ ჩავეხუტე და დანაოჭებულ ლოყაზე ვაკოცე. _ოღონდ ჯერ ჭამე, რომ შენი დარდი არ მქონდეს, გზაში ცუდად არ გახდე... მართალია არ მშიოდა და ყელში ლუკმა არ გადამდიოდა, მაგრამ მაინც ნაძალადევად ვჭამე მისი მოტანილი ერთი თეფში დაბრაწული კარტოფილი. _ზეგ ცოტა ხნით სამუშაოდ მიდის და დაგეხმარები რომ აქედან გაიპარო. არ მინდა მზიამ გაიგოს ოღონდ, შეიძლება ქმარს უთხრას. _კარგი, არავის ვეტყვი._გახარებულმა ისევ ვაკოცე ბებიას._ახლა სად არის ან ბიძია, ან ბიცოლა? _სამზარეულოში იყვნენ და ვახშმობდნენ. კარტოფილი ბიცოლაშენმა დაბრაწა, სალოს უყვარსო... რამ გაახელა და გააცეცხლა ეს ბიჭი ასე, არ ვიცი. არა და თვითონაც ხომ მსგავსი სიტუაცია გამოიარა, ნუთუ არ უნდა ესმოდეს შენი? _რა სიტუაცია გამოიარა?_მაშინვე ყურები ვცქვიტე. ბებია თითქოს შეიშმუშნა. ალბათ ზედმეტი წამოსცდა ჩემთან და ინანა, მაგრამ მე რომ ჩამოვაცივდი და აღარ მოვეშვი, აღიარა. _მზია თემოს ნათლიის შვილია... _რაა?_ცალკე გაოცებამ და ცალკე იმ ამბის გაგებამ, რომ არც ბიძაჩემი იყო ჩემზე უკეთესი, ლამის ყბა ჩამომიგდო._გამოდის, ნათლიას მოსტაცა შვილი? მერე, მაგათი ქორწინება შეიძლებოდა? _მე თუ მკითხავ, მაგათი უფრო არ შეიძლებოდა, მაგრამ კი ცხოვრობენ ერთად... ალბათ, იმიტომაც გიჟდება ახლა, რომ ხალხმა არ გააქილიკოთო. თვითონ ძლივს დაიმკვიდრა საზოგადოებაში და მეზობლებში ადგილი და შენზეც იმიტომ სწუხს ნამდვილად... _მე სულაც არ მეშინია და ყურადღებასაც არ ვაქცევ ვინ რას იტყვის. რაც უნდათ ის თქვან. ყველას საკუთარი ცხოვრება აბარია და როგორც უნდათ ისე იცხოვრებენ. მე ივას გარეშე მართლა არ მინდა სიცოცხლე. _მე მომწონს, კარგი ბიჭია. კატასტროფად არ მიმაჩნია ის, თუ ერთად იქნებით. ჩემი იმედი გქონდეს, დაგეხმარები. მთავარია მთელი დღე ტირილში არ გაატარო და არ იშიმშილო, რომ ცუდად არ გახდე. ახლა კი წავალ, რომ ბიძაშენმა არაფერი იეჭვოს. ბებიას თანამზრახველობა მართლაც ძალიან მომეწონა და გამიხარდა. ბიცოლასაც ვატყობდი, რომ არ იყო ჩემს მიმართ ბიძაჩემივით მკაცრი, მაგრამ ბებიის რჩევა გავითვალისწინე და არაფერი ვუთხარი. ერთი თანამზრახველიც კი მეყოფოდა ამ სახლიდან დასაღწევად. ხო და, ბებიის იმედად ვიყავი. ღამე შედარებით მშვიდად მეძინა, თუმცა ივაზე დარდი არ მშორდებოდა. სად იყო, როგორ იყო.. ვთქვათ და, აქედან წავსულიყავი, სად უნდა მეძებნა? პირველ რიგში ტელეფონი უნდა მეშოვნა, რომ მისთვის დამერეკა და ადგილსამყოფელი გამეგო. დილით ოთახიდან რომ გავედი და სამზარეულოში ყავის დასალევად შევედი, ბიძაჩემი იქ დამიხვდა. _ასე არ ჯობია? რა თავს იკლავ იმ ბიჭის გამო? სხვა გამოჩნდება მაგაზე უკეთესი და დაგავიწყდება კიდეც. რად გინდა ხალხი აალაპარაკო. მიზანშეწონილი არ არის თქვენი ერთად ყოფნა და ხომ უნდა გესმოდეს არა?_მომიახლოვდა და თავზე გადამისვა ხელი._ნუ ფიქრობ, რომ არ მიყვარხარ და მძულხარ. უბრალოდ, არ მინდა ცუდი რამ ჩაიდინო ან შეგემთხვას. ვღელავ და ვნერვიულობ შენზე._შუბლზე რომ მაკოცა, ცოტა ავღელდი._მართლა მიყვარხარ და ვღელავ შენზე._ეს მითხრა და სამზარეულოდან გავიდა. წინა დღეებთან შედარებით დღეს უკეთესად ვგრძნობდი თავს. მახარებდა იმის გააზრება, რომ ხვალ შევძლებდი ამ სახლიდან თავის დაღწევას. ყავის დალევა ჯერ დასრულებული არ მქონდა, რომ ვიღაც მოვიდა სტუმრად. ხმაზე ვერ ვიცანი და ისევ ოთახში ვაპირებდი ჩემი ყავის ფინჯნიანად შეკეტვას, რომ კიდევ რომ დაილაპარაკა, თითქოს ნანიკას ხმას მივამსგავსე და მივაყურადე. _არ ვიცი ბატონო, სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით რაღაც საბუთებზე აქვს ხელი მოსაწერი. _სწავლის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. _თქვენ მისი მეურვე ბრძანდებით?_მართლაც ნანიკას ხმა ვიცანი და ცოტა დავიძაბე. _მისი დედის ძმა ვარ. _დიდი ბოდიშით ბატონო, მაგრამ სალომე სრულწლოვანია და თვითონ უნდა მომიწეროს ხელი გინდ სწავლის გაგრძელებაზე და გინდ უარზე. _მობრძანდით, სამზარეულოში იყო. ცოტა ხანში ბიძაჩემიც გამოჩნდა კარის ზღურბლთან და ნანიკას გზა დაუთმო, რომელსაც თმა შუბლზე ისე ქონდა გადატკეცილი, რომ დავინახე სიცილი ძლივს შევიკავე. სქელ ჩარჩოიანი სათვალეც მოერგო, რაც უფრო მკაცრ შეხედულებას აძლევდა. _შეგიძლიათ მარტო დაგვტოვოთ._ბიძაჩემს კითხა და სათვალე შეისწორა, თან მე მანიშნა თვალებით, არაფერი შეიმჩნიოვო. _არა. ჩემი თანდასწრებით არ შეიძლება გაესაუბროთ?_გაუკვირდა ბიძაჩემს. ნანიკა წამიერად დააბნია მისმა პასუხმა, მაგრამ მაინც არაფერი შეიმჩნია. _რატომაც არა... ბრძანდებოდეთ... თუ არ შეწუხდები გოგონი ყავა რომ მომიდუღო?_ახლა მე მომიბრუნდა. _შაქარი რამდენი ჩაგიყაროთ?_ვითომ არ ვიცოდი, რომ ტკბილ ყავას სვამდა. _კოვზნახევარი._ისე მითხრა ჩემთვის არც ამოუხედია. მაგიდასთან მოკალათდა, საქაღალდე გაშალა და იქიდან რაღაც დაბეჭდილი ფურცლები ამოალაგა. ყავა მალევე მოვუდუღე და მეც მის გვერდით დავჯექი. _ესეიგი, როგორც ბიძაშენმა ბრძანა, სწავლის გაგრძელებას აღარ აპირებ?_ინტერესით შემომხედა. _არა. _ეს ერთი კვირა რაც დარჩა, ამას ხომ დაამთავრებ, რომ დიპლომი აიღო?_ისევ ქაღალდებს ჩააშტერდა და ისე მკითხა, ჩემთვის არც კი შემოუხედია. _კი, რა თქმა უნდა, დიპლომს აიღებს._ჩემს მაგივრად ბიძაჩემმა გასცა პასუხი. _მგონი თქვენთვის არ მიკითხია._სიბრაზე გაურია ნანიკამ ხმაში. _კი, დავამთავრებ და ავიღებ დიპლომს._უფრო იმიტომ ვთქვი, რომ ღიმილი შემეკავებინა. _კარგით მაშინ და ამ საბუთებზე მომიწერე ხელი._რაღაც ფურცელი დამიდო წინ და თითით ნაწერზე მანიშნა._აქ მომიწერე. გადავიხარე და თან ხელი მოვაწერე და თან ნანიკას თითის გასწვრივ წავიკითხე "ამაღამ". _ახლა ამაზე._მეორე ფურცელი რომ დამიდო, "თორმეტზე" ამოვიკითხე._ამაზეც._მესამე ფურცელზე "თბილისის" ეწერა, მეოთხეზე კი "აეროპორტში". გულმა ისე გამალებით დამიწყო ფეთქვა, შემეშინდა ბიძაჩემს არ გაეგო. ნანიკამ საბუთები ისევ საქაღალდეში ჩააწყო. ყავა სვენებ-სვენებით დალია და დაგვემშვიდობა. "ამაღამ თორმეტზე თბილისის აეროპორტში"_ისე ჩამებეჭდა გონებაში, მძინარე რომ წამოვეხტუნებინე ვინმეს, არ შემეშლებოდა. ახლა ფულის შოვნა იყო საჭირო, რომ აეროპორტამდე ჩამეღწია. მართალია, ბიძაჩემი დღეს სახლში იყო, მაგრამ რაღაც უნდა გამეხერხებინა და ამ ციხესიმაგრედან უნდა დამეღწია თავი და ჩემს ივასთან გავქცეულიყავი. ლამის მთელი დღე ეზოში ვიტრიალე, რომ დამეზვერა ყველაფერი. შეუმჩნევლად გასვლა შეუძლებელი იყო. ერთადერთი, საპირფარეშოს გვერდით იყო ჯაგნარის ღობე და იქიდან თუ გავიპარებოდი. აეროპორტში თორმეტისთვის რომ ვყოფიყავი, ათი საათისთვის მაინც უნდა გავსულიყავი სახლიდან. რა იცი, გზაში რა ხდებოდა და ისევ ის მერჩივნა ადრე მივსულიყავი და იქ მეცადნა. შუადღის მერე მღელვარებამ შემიპყრო. შეძლებისდაგვარად ვიმშვიდებდი თავს, რომ ეჭვი არავის არაფერზე აეღო. ბებიისთვის ფულის თხოვნა არც დამჭირვებია, რადგან თვითონ მომცა შვილის უჩუმრად ორმოცდაათი ლარი, ხვალ აქედან რომ წახვალ, გამოგადგებაო. ისეთი გახარებული და აღტაცებული ვიყავი, შუადღის მერე ოთახში გამოვიკეტე, რომ არავის არაფერი შეემჩნია ჩემთვის. ათის ნახევარი იყო ეზოში რომ გავედი. მთელი ეზო ქუჩის ლამპიონით იყო განათებული. ბიძაჩემი კაკლის ქვეშ ხის სკამზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. მე რომ დამინახა, ნამწვი ძირს დააგდო და ფეხით გასრისა. _სალაპარაკო მაქვს შენთან, მოდი._სკამზე ჩაიჩოჩა და მანიშნა, რომ მის გვერდით დავმჯდარიყავი. გულმა რეჩხი მიყო, ეხლა ამის დრო იყო-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ მაინც მივუჯექი გვერდით. მივუჯექი თუ არა, ბიძაჩემმა ხელი გადამხვია. _უხეშად გამომივიდა, მაპატიე, შენი წყენინება სულაც არ მინდოდა... უბრალოდ, არ მინდა, რომ შეცდომა დაუშვა და ხალხმა გაგრიყოს... არ იცი შენ რა გრძნობაა ის, რომ ყველა შენ გაქილიკებს პირში თუ ზურგს უკან. წლების წინ მაგეთ სიტუაციაში მეც ვიყავი. მაშინ არ მესმოდა შენსავით, თუ რას ვაშავებდი, მაგრამ გვიან მივხვდი. შენსავით მეც დიდ გულზე ვიყავი, არ მადარდებდა ვითომ ხალხის აზრი, მაგრამ ვცდებოდი. მე და ბიცოლაშენს გვიყვარდა ერთმანეთი და ახლაც გვიყვარს, მაგრამ საზოგადოება ზურგს რომ გაქცევს და გაგრიყავს, საშინელება ყოფილა... იცი, ხშირად მიფიქრია, ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი რომ მქონდეს, როგორ მოვიქცეოდი-მეთქი და იცი რა აზრამდე მივდივარ? _რა?_ინტერესით შევხედე უფრო იმიტომ, რომ არ შეეტყო ჩემთვის მღელვარება, ძვირფას დროს რომ მაფლანგვინებდა. _იმ ნაბიჯს აღარ გადავდგამდი და დავუჯერებდი ჩემს კეთილისმყოფელ ხალხს. _რათა, ბიცოლა ისე აღარ გიყვარს, როგორც ადრე გიყვარდა? _ეგ არაფერ შუაშია. მე დღემდე მიყვარს ბიცოლა, მაგრამ პრობლემების გამკლავებამ დამღალა. _მაინც რა პრობლემები გაქვს ასეთი?_დავინტერესდი. _პირველ რიგში, ბიცოლაშენის მშობლებთან არ გვაქვს მისვლა-მოსვლა. დღემდე ვერ გვპატიობს ტარიელა ამ ამბავს._გულიანად ამოიოხრა._მერე ის, რომ ხალხის სალაპარაკო და დასაცინი გავხდი. მეზობლები ოჯახში აღარ მიშვებდნენ, ნათლიის შვილს დაადგა თვალი და ჩვენს ქალებს დაინდობსო?.. მერე ის, რომ ეკლესია კრძალავს ასეთ ქორწინებებს. ნათლია-ნათლული სულიერი ნათესაური კავშირით არიან დაკავშირებულები და მათი ქორწინება დაუშვებელია... ახლა ის, რომ ამდენი წელია შვილი არ გვყავს... _ეგ რაღა შუაშია?_გამიკვირდა. _ჩვენი ცოდვის გამო ვისჯებით ალბათ... _მერე, ჩვენ ხომ არც სულიერი და არც სისხლით ნათესავები არ ვართ? _არ ხართ, მაგრამ, ერთ ოჯახში იზრდებით და საერთო და გყავთ, რომელიც გაკავშირებთ... ჩემნაირი სიტუაცია ექნება ივასაც. ჯერ პატარები ხართ და მაგდენი არ გესმით. ათასი პრობლემის წინაშე რომ აღმოჩნდებით პირისპირ, დილის ნამივით გაქრება თქვენი სიყვარული და ნერვიულობისა და ჯავრის მეტი არაფერი შეგრჩებათ ხელში. დამიჯერე, გამოცდილი მაქვს ეგ ყველაფერი. სიმართლე რომ ვთქვა, ნახევარზე მეტს არ ვუსმენდი. იმიტომ რომ საათი არ მქონდა და დროის შეგრძნებაც დაკარგული მქონდა. ერთი სული მქონდა საპირფარეშომდე ჩავსულიყავი, ღობეზე გადავსულიყავი და თავპირისმტვრევით გავქცეულიყავი აქედან. ალბათ, ბიძაჩემმაც შემატყო წრიალი. _შეგცივდა?_მზრუნველად მიმიხუტა გვერდით. _არც ისე. _აბა რა გჭირს?_გაუკვირდა. _საპირფარეშოში მივდიოდი._ვითომ შემრცხვა და მორიდებით ვუთხარი. _უი, მე კიდევ ჩამოგსვი აქ ერთი საათით._გულწრფელად შეწუხდა ბიძაჩემი. ხელი აიღო თუ არა ჩემი მხრებიდან, მაშინვე წამოვდექი და ბაღჩის მხარეს საპირფარეშოს მივაშურე. თან სიბნელიდან ვზვერავდი ბიძაჩემს ისევ იქ დარჩებოდა თუ შევიდოდა სახლში. იქ თუ დარჩებოდა მალე მომიკითხავდა და სავარაუდოდ მალევე მიპოვიდა. ჩემს ბედზე ადგა და სახლში შევიდა. რის ვაი-ვაგლახით გავარღვიე ჯაგნარის ღობე. ეკლ-ბარდებმა გვარიანად დამკაწრა. მგონი, ტანსაცმელიც დავიხიე, მაგრამ სულ არ ვდარდობდი, ერთი სული მქონდა ტრასამდე ჩამეღწია და იქ კი ტაქსი გამეჩერებინა. ეკალ-ბარდებიდან თავი რომ დავაღწიე, ორიენტაცია არეულმა აღარ ვიცოდი საით გავქცეულიყავი. ალბათ, ცოტაც და ისტერიკა დამეწყებოდა, მაგრამ რიტმული სუნთქვით შევეცადე საკუთარი თავის დამშვიდებას. ბავშვობაში ხშირად ვისვენებდი აქ, გონება დავძაბე და აღვიდგინე ის, რომ ეს ორღობე მეზობლების ბაღჩის ბოლოზე გადიოდა და დაბურღულ წყალთან მიდიოდა, იქიდან კი ორას-სამას მეტრში მთავარ ტრასაზეც გავიდოდი. ცოტა რომ დავწყნარდი და სიბნელესაც შევაჩვიე თვალი, რაც შემეძლო მთელი სისწრაფით დავეშვი თავქვეზე, თან ღმერთს იმას ვევედრებოდი, რომ არ დამეგვიანა ივასთან. კარგა ხანს ვირბინე, რამდენჯერმე წავიქეცი კიდეც, მაგრამ სულაც არ ვდარდობდი. უმალ ვდგებოდი და ვაგრძელებდი გზას. რამოდენიმე ბაღჩიდან ძაღლმაც კი შემომყეფა და გამიხეთქა გული. თუმცა მაინც წინ მივიწევდი. დაბურღულ წყალს რომ მივუახლოვდი, ტალახში ჩავვარდი და ერთი ფეხსაცმელი იქ დამრჩა, მაგრამ არც ამას დავეძებდი. სიბნელეში მანქანის განათებული ფარებით ადვილად მივხვდი ტრასა საითაც იყო და თავპირისმტვრევით გავიქეცი იქით. ყველაზე რთული მაინც ტაქსის გაჩერება აღმოჩნდა. ალბათ, მაწანწალას ვგავდი და ყველა ერიდებოდა ჩემს წაყვანას. რამდენ ხანს ვილოდე უმწეოდ, არ ვიცი, ბოლოს როგორც იქნა ერთმა ღვთისნიერმა შუახანს გადაცილებულმა კაცმა შემიჩერა. მაშინვე საათი ვიკითხე. _თერთმეტი ხდება შვილო. _თორმეტისთვის თბილისის აეროპორტში უნდა ვიყო, შეძლებთ? _ალბათ._ისე მითხრა, ეჭვი შემეპარა რომ მივუსწრებდი ივას. თუმცა მაინც ჩავჯექი მანქანაში. მძღოლი კარგი მოლაპარაკე და ენაწყლიანი აღმოჩნდა. სასცილო ანეგდოტებიც კი მომიყვა გუნება-განწყობის გამოსაკეთებლად, მაგრამ ისე ვიყავი აჟიტირებული, ამბის დასასრულს გაცინებასაც კი ვერ ვახერხებდი, რომ უხერხულში არ ჩამეგდო ჩემი მძღოლი. სიჩქარის მაჩვენებელ ისარს რომ ვუყურებდი 110-120 კილომეტრ საათში მიდიოდა, მაგრამ რატომღაც მაინც ისე მეჩვენებოდა, რომ მივღოღავდით. რა ნელა გადის დრო, როცა ეჩქარება ადამიანს. ერთი სული მქონდა, აეროპორტში მივსულიყავით და ივასთვის მიმესწრო. ვერ აღვწერ იმას, რასაც მე იმ მომენტში განვიცდიდი. ხან აჩქარებული მქონდა გული, ხანაც საერთოდ გაჩერებული. მხოლოდ და მხოლოდ აეროპორტში თავის დროზე მისვლა მინდოდა, მეტი არაფერი. ვისაც გამოცდილი აქვს მსგავსი სიტუაცია, ალბათ დამეთანხმება, რომ მართლაც საშინელი განცდაა. თავის დამშვიდება მინდოდა, მაგრამ არანაირად არ გამომდიოდა. მითუმეტეს მაშინ, როცა უკვე აეროპორტისკენ გადავუხვიეთ და მის გზას დავადექით. კიდევ კარგი აქ მალე მივედით, მაგრამ ადგილის მოძებნა გაუჭირდა სადაც შემიჩერებდა მანქანას. როგორც იქნა მოშორებით შემიჩერა, ფული გადავუხადე მძღოლს და შენობისკენ თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. ცალი ფეხსაცმლით მიჭირდა სირბილი, სასაცილოდ ვაზლაყუნებდი და ასე მეჩვენებოდა, მიშლიდა კიდეც ხელს. ამიტომ ისიც იქვე გავიძრე შუა გზაში და ფეხშიშველი ტყაპიტყუპით მივრბოდი. შემინულ კარში რომ შევედი და უშველებელ შენობაში აღმოვჩნდი, ცოტა დავიბენი. ხალხმრავლობამ ცალკე დამაბნია. ახლა, მინის ანარეკლში ჩემს ორეულს რომ მოვკარი თვალი, შემრცხვა, აშკარად მაწანწალას ვგავდი: ფეხშიშველი, ტალახიანი, თმააბურძგნილი, სახე და ხელები გვარიანად დაკაწრული, ტანსაცმელიც დახეული.. თავის მოწესრიგების არც დრო იყო და არც საშუალება. თვალების ცეცებით ივას დავუწყე ძებნა. არ ვიცოდი, რა რეისით მიფრინავდა და მოვუსწარი თუ არა. მთლიანი შენობის კუთხე-კუნჭული შემოვირბინე და ყველა წითური ბიჭი გულდასმით შევამოწმე, მაგრამ ამაოდ. თუმცა, ფარ-ხმალს მაინც არ ვყრიდი და აცრემლებული დავრბოდი ხალხის ბრბოში. ზოგი თანაგრძნობით მიმზერდა, ზოგი კი ზიზღით. ყველას მოთხოვარი ვეგონე, რომელიც მოწყალებას ველოდი. ალბათ ნახევარი საათი დამჭირდა მთელი შენობის შემორბენა. ბოლოს კი გავარკვიე, რომ თორმეტსაათიანი რეისი თბილისი-მოსკოვი უკვე გაფრენილი იყო. სხვა თორმეტ საათიანი რეისი რომში და სტრასბურგში იყო. მართალია დაჯერება არ მინდოდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ დავაგვიანე. ეს რომ გავაცნობიერე, მუხლები მომეკვეთა, იქვე ჩავიკეცე და ავღრიალდი. აინუნშიც კი არ ვაგდებდი იქ დამსწრე საზოგადოებას. სიმართლე რომ ვთქვა, ვერავის ვხედავდი. საცოდავად აბუზული, ტალახიანი და ფეხშიშველი გულსაკლავად ვტიროდი. ჩემი დიდი მცდელობის და სურვილის მიუხედავად მაინც დავაგვიანე... _რა გჭირთ ახალგაზრდავ?_დაცვის თანამშრომელი თავზე რომ წამომადგა და ცოტა მკაცრად მკითხა, შევკრთი._ცუდად ხართ? უაზროდ ავხედე. რა მეპასუხა არ ვიცოდი. _ექიმს ხომ არ დავუძახო?_მცირეოდენი თანაგრძნობა ვიგრძენი უკვე მის ხმაში. _არ არის საჭირო, მადლობა, უბრალოდ, რეისს ვერ მოვუსწარი._ცრემლების ყლაპვით ვთქვი და წამოვდექი. თუმცა არც გარეთ გავსულვარ. იქვე განაპირა სკამზე ჩამოვჯექი, თავი ხელებში ჩავრგე და ისევ ავსლუკუნდი. სახლში დაბრუნება არ მინდოდა, არც ბიძაჩემთან. ფულიც არ მქონდა იმდენი, რომ სადმე წავსულიყავი. ღამის გასათევიც არსად მეგულებოდა. ვიჯექი და ვტიროდი. რა მოხდებოდა, მომესწრო ივასთვის? ნუთუ, ეს ნიშანი იყო იმისა, რომ ჩვენი ერთად ყოფნა მართლა არ შეიძლებოდა? თუ, უბრალოდ ცხოვრება გამოცდას გვიწყობდა, გადავლახავდით თუ არა ამდენ დაბრკოლებას? საერთოდ არავის ვაქცევდი ყურადღებას. მე კი აშკარად ვიყავი ყველას ყურადღების ცენტრში. მგონი, რამდენი სისულელე იფიქრეს ჩემზე... გვარიანად რომ ამოვიტირე გულიდან და ცრემლიც გამიშრა თვალში, თითქოს ცოტა დავმშვიდდი. თავჩაქინდრულმა ჩემს წინ ვიღაცის ფეხებს რომ მოვკარი თვალი, ერთხანს უაზროდ მივჩერებოდი. ისიც ერთ ადგილზე გაშეშებული იდგა და ადგილიდან არ იძროდა. ნელ-ნელა რომ ავაყოლე გაბრაზებული მზერა, რას მომჩერებია-მეთქი, წამიერად დავიბენი. ვერ ვიჯერებდი იმას, რომ ივა იდგა ჩემს წინ. _შენ?_მხოლოდ ამის თქმა შევძელი. მერე კი ფეხზე წამოვხტი და სახედალილავებულ ბიჭს გულში ჩავეხუტე. _ვერ შევძელი წასვლა._ეს მითხრა და მანაც ძლიერად მომხვია ხელები._შენს გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია... მართალია ზურგს შეგვაქცევენ ახლობლები, მაგრამ არაუშავს, მთავარია ჩვენ ვიყოთ ერთად და ყველაფერს გავუმკლავდებით. _მეგონა ვერ მოგისწარი._ცრემლმორეულმა ძლივს ამოვისლუკუნე. _ჩემი რეისი მართლაც გაფრინდა, მაგრამ მე ვერ შევძელი ასვლა... ფეხის წვერებზე ავიწიე და გაბედულად ვაკოცე. მან კი, უფრო მჭიდროდ მომხვია მკლავები და ისე ჩამიხუტა, ლამის სუნთქვა შემეკრა. კარგა ხანს ვიდექით ასე ჩახუტებულები. _ბიძაჩემთან წავიდეთ. დროებით იქ გავჩერდებით. მერე, თბილისში ვიქირაოთ ბინა და იქ ვიცხოვროთ. სამსახურს ვიშოვი, არ გამიჭირდება. მგონი გავიტანთ თავს. _შენთან ერთად არაფრის მეშინია._მტკიცედ რომ ვუთხარი, გაეღიმა. შენობიდან ხელგადახვეულები გამოვედით და ტაქსიში ჩავსხედით. თავი სიზმარში მეგონა, რომ მის გვერდით ვიყავი და მჭიდროდ ვეკვროდი. არ მინდოდა გამღვიძებოდა და ეს ზმანება გამქრალიყო. მის მხარზე თავმიდებულს და უკვე დამშვიდებულს მართლაც წამთვლიმა ცოტახნით. ორსართულიანი სახლის წინ რომ შეაჩერა მძღოლმა მანქანა, მაშინ გამეღვიძა. ივამ ფული გადაუხადა და ტაქსი რომ წავიდა, მაშინ შევედით ეზოში. მოულოდნელად დამწვდა და ხელში ამიყვანა. _ფეხშიშველმა როდემდე უნდა იტანტალო? გამახსენდა, ასე აყვანილი არხში რომ ჩამაგდო და კისერზე მჭიდროდ მოვხვიე შიშით ხელები. ივა ალბათ მიმიხვდა და გაეცინა. _მაშინ სერიოზულად გამაბრაზე და მიტომ ჩაგაგდე. ახლა არაფრის დიდებით არ გაგიშვებ ხელს. ყველა გოგო კი არ დარბის ჩემს გამო ფეხშიშველი._დაიხარა და მაკოცა. გამეცინა და უფრო მჭიდროდ მოვხვიე კისერზე ხელები. ეზოს შუაგულში რომ მივედით, მაშინ შეეხმიანა ბიძას. _ირაკლი ბიძია!.. ირაკლი ბიძია!... სახლს რომ მივუახლოვდით, კარიც გაიღო და შუახანს მიღწეული თმაშევერცხლილი კაცი გამოვიდა გარეთ. _ივა, შენ ხარ?_გაუკვირდა._რა ხდება?_მე რომ დამინახა, უარესად გაოცდა. _შეიძლება ამაღამ შენთან დავრჩეთ? _როგორ არა, მოდით._სახლში შეგვიძღვა და ინტერესით შემათვალიერა. ივამ დივანზე დამსვა, კაცმა რომ შემნიშნა ფეხშიშველი ვიყავი, ჩუსტები მომიტანა და წინ დამიწყო, ჩაიცვიო. _რა ხდება? ეს გოგო ვინ არის? რა შეგემთხვათ?_მაშინვე დააყარა კითხვები. _ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები, ოღონდ ბიცოლა თუ სახლშია, სალოს რომ მიხედოს. _კი, როგორ არა._დაფაცურდა კაცი და ცოლს გასძახა._მადონა, ქალო! არ გეყურება? სულ მალე ხალათმოცმული და ნამძინარევი ქალიც გამოვიდა საძინებლიდან. ერთი თვალის შევლებით მანაც გაოცებით და ცოტა ეჭვითაც კი შეგვათვალიერა. _ივა? აკი მოსკოვში გაფრინდაო ნიკამ? _ხო, ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე... შეგიძლია სალომეს მიხედო? ქალმა ისევ ეჭვით შემათვალიერა და მერე კი სააბაზანოში გამიყვანა. სუფთა ტანსაცმელიც მომცა და თვითონ სავარაუდოდ ივასთან და ქმართან დაბრუნდა ისევ. გვარიანად ვიყავი დაკაწრული და ტალახში ამოგანგლული. სიამოვნებით მივიღე ცხელი შხაპი, ტანსაცმელი ჩავიცვი და მეც იმ ოთახში დავბრუნდი, სადაც ივა და მისი ბიძა და ბიცოლა იყვნენ. ისეთი სახით შემომხედეს, მივხვდი, ივას ჩვენს შესახებ მოეყოლა უკვე ყველაფერი. ირაკლიმ დამინახა თუ არა, მაშინვე წამოდგა და მხრებზე მომხვია ხელი. _მართლაც რომ მშვენიერი გოგო ყოფილა და მიტომაც გაგიჟებულა ჩვენი ივა._მხრებზე ხელმოხვეულმა დივანთან მიმიყვანა და იქ ჩამომსვა._შენც გიყვარს ჩვენი ივა შვილო და მასთან ყოფნა გინდა? დარცხვენილმა გავხედე ივას, რომელიც დაჟინებით მიმზერდა და თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, გამიღიმა. _კარგი, რახან ასეა და ერთმანეთი გიყვართ, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. დაგეხმარებით... ვცდი, იქნებ მშობლებთანაც შეგარიგოთ... მადონა, ქალო, ბავშვები დამშეულები იქნებიან, იქნებ რამე მოგემზადებინა მათთვის. მადონა მაშინვე წამოდგა, მაგრამ მე შევაჩერე. _ნუ წუხდებით, მართლა არ მშია. _არც მე ბიცოლ. _მაშინ ოთახი მოუმზადე რომ დაწვნენ და დაისვენონ. ხვალ კი მივხედავ თქვენს საქმეს. _ბოდიში მაგრამ მე მაინც ცალ-ცალკე ოთახებს მოვამზადებ თუ არ გეწყინებათ... ამის გაგონებაზე შემრცხვა. ივას გვერდით დაწოლაზე ჯერ მართლა არ ვფიქრობდი, მაგრამ ახლა მადონამ რომ თქვა, გავწითლდი. _ჯერჯერობით მაინც მშობლების გადაწყვეტილებას რომ დაველოდოთ?_დამნაშავესავით შეხედა ქმარს. _ამდენი რამ გამოუვლიათ და გადაუტანიათ და ერთი ღამით სხვადასხვა ოთახებში წოლასაც გაუძლებენ ალბათ._გაეღიმა ირაკლისაც. ივას რომ გავხედე დარცხვენილმა, ისიც სახეაწითლებული იყო და უხერხულად იღიმოდა. ასე არასდროს გამჭირვებია დაძინება. ხვალინდელი დღე მაშფოთებდა თუ ის, რომ ივა მეორე ოთახში იწვა, არ ვიცი. წუთითაც კი ვერ მოვხუჭე თვალი და ვერ მოვისვენე. დროც საშინლად გაიწელა და დავიტანჯე საწოლში წრიალით. კიდევ კარგი ინათა თუ არა, ქალბატონი მადონა ადგა და ეზოში რომ დავინახე მოფუსფუსე, მეც მასთან გავედი. _რა ადრე გაგიღვიძია?_გაუკვირდა. _საერთოდ არ მძინებია._ალალად ვაღიარე. _უი, რატო შვილო?_შეწუხდა. ერთხანს თანაგრძნობით მიმზერდა. მერე კი ღიმილით მითხრა_მისაღები ოთახი ხომ იცი? მის გვერდით სამზარეულოა და ყავასაც ადვილად მიაგნებ. ჩემთვისაც დაადგი თუ არ შეწუხდები. მეც მალევე მოვალ. _რა შეწუხებაა? ახლავე._მაშინვე სამზარეულოსკენ გავიქეცი. ივა იქ დამხვდა. მისმა დანახვამ ისე ამაფორიაქა, რისთვის შევედი დამავიწყდა. _როგორ გეძინა?_სიყვარულით და სითბოთი სავსე მზერა რომ მომაპყრო, მართლა დავდნი. _საერთოდ ვერ დავიძინე. _ვერც მე._მომიახლოვდა, ჩემი სახე ხელისგულებში მოიმწყვდია და მისმა ნაზმა კოცნამ სუნთქვა შემიგუბა. წამიერად გავირინდე. მერე კი გავუძალიანდი. _ბიცოლაშენი არ შემოვიდეს, სირცხვილია._სახეაწითლებულმა მზერა რომ ვერ გავუსწორე, გაეღიმა და მაშინვე შემიშვა ხელი. _ყავა უნდა დავადგა და შენც დალევ? სიხარულით დამთანხმდა. ის იყო ყავის ინგრედიენტები მოვიძიე და გაზქურაც ავანთე, რომ მადონაც შემოვიდა. ივა რომ დაინახა, გაუკვირდა. _შენც რა ადრე ამდგარხარ?! ირაკლი კი გამოჭიმავს ხოლმე გვიანობამდე ძილს... თუმცა, აი ისიც ამდგარა. რაშია თქვენი საქმე? _დღეს დიდი დღეა ჩემო მადონა, დიდი._თეატრალურად აღაპყრო მაღლა ხელები და გაიღიმა._ ამ ბავშვების ცოდით ვეღარ მოვისვენე. ჩავალ, დაველაპარაკები ვერასაც და მის ქმარსაც. მაინტერესებს ერთი რა ძალიან წინააღმდეგობას უწევენ ამ საყვარელ ბავშვებს? _ნუ დაგავიწყდება, რომ მშობლები ისინი არიან და იმათ მეტი უფლებები აქვთ ამათზე. რასაც ისინი გადაწყვეტენ, ისე იქნება._მართალია მორიდებით და გაუბედავად, მაგრამ მაინც გამოთქვა თავისი აზრი მადონამ. _ეე, ჩემო მადო, თუ უფლებებზე და კანონებზე ვისაუბრებთ, რა უფლებით ერევა ბიძა დიშვილის ცხოვრებაში? დედას და მამას არ აქვს უფლება შვილს დაარტყას და მამინაცვალმა რომ გაგვილახა ჩვენი ივა, ეგ შეიძლებოდა? ორივე სრულწლოვანია და რა გგონია, ამათ ნაკლები უფლებები აქვთ? უხეშად რატომ ერევიან ამათ ცხოვრებაში? _არ მინდა ბავშვები დავზაფრო და შევაშფოთო, მაგრამ ქართული მენტალიტეტი ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო რთული და მკაცრია... _მაგრამ ამავდროულად უფრო ლმობიერი და შემწყნარებელია რომ იცოდე. იცი, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ინცესტი სამართლის წესით არ ისჯება, თუ ის არ შეიცავს ძალადობის ნიშნებს?.. მოვრჩეთ ახლა ამაზე ლაპარაკს და ჯობია ვისაუზმოთ. მერე კი ამათ მშობლებს მივაკითხავთ? _მივაკითხავთ?_გამიკვირდა და ცოტა არ იყოს შემაშფოთა ამ ამბავმა. _ხო, რა იყო, არ გინდა?_გაუკვირდა._ დღეიდან მე თქვენი იურიდიული წარმომადგენელი ვიქნები და ჩემი მითითებებით იმოქმედებთ. თქვენი თანდასწრებით დაველაპარაკები თქვენს მშობლებს. თუ თანხმობაზე წამოვლენ, ხომ კარგი და, თუ არა და, არანაირი უფლება არ აქვთ რამე დაგიშალოთ, სახლში გამოგკეტოთ ან ხელით შეგეხოთ. ძალით არავინ არ გაგათხოვებთ და არავინ დაგნიშნავთ. თქვენ თქვენი უფლებები გაქვთ და კანონი გიცავთ ცნობისთვის, რომ იცოდეთ... თქვენს თავს არავის დავაჩაგვრინებ, ჩემი იმედი გქონდეთ._ბოლო წინადადება ისე მტკიცედ და ამაყად თქვა, მართლა არ შემპარვია ეჭვი. კი მაფიქრებდა ჩვენებთან შეხვედრა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ირაკლისთან ერთად არაფერს დაგვიშავებდნენ. ყველაზე მეტად ნანიკა მინდოდა რომ მყოლოდა გვერდით და მადიანად ჩამეპროშნა, რადგან მისი დამსახურებაც იყო ახლა მე და ივა ერთად რომ ვიყავით... ათი საათი ხდებოდა, ჩვენებისკენ რომ დავადექით გზას. მანქანის უკანა სავარძელზე საცოდავად მობუზული ივას ვეხუტებოდი და ათას სავარაუდო შეხვედრაზე ვფიქრობდი ჩვენებთან. ბიძაჩემის მანქანაც რომ იქ შევნიშნე, უფრო ავღელდი. ალბათ, ჩემს გაქცევასთან დაკავშირებით ბჭობდნენ ერთად რამეს. ირაკლი ძალიან მშვიდად და თავდაჯერებულად გადავიდა მანქანიდან და მე და ივასაც გვანიშნა, რომ გადავსულიყავით. ძალიანაც კი არ მინდოდა, მაგრამ მაინც გადავედით და დაძაბული მუხლების კანკალით შევედი საკუთარ ეზოში. ეთუნამ შორიდანვე მომკრა თვალი და ჩემსკენ გამოქანდა აღტაცებული ყვირილით: _სალო და ივა მოსულან!!!_თან ისეთი ინერციით დამეტაკა, წამაბარბაცა და რომ არ წავქცეულიყავი, ივამ შემაშველა ხელი. ჩვენი დანახვა ისე ძლიერ გაუხარდა ამ პატარა ქაჯუნიას, ვერ აღვწერ. ივა მაშინვე ღიმილით დასწვდა და ხელში აიყვანა. გახარებული ბავშვი ორივეს სიყვარულით გვეხუტებოდა და გვკოცნიდა. მის ტიკტიკზე ჩვენებიც გამოვიდნენ. დაინახა თუ არა ყოფილი მაზლი ვერამ, ცოტა შეცბა. შევატყე, როგორ შეეცვალა სახე. მისი თანდასწრებით არც მამაჩემს და არც ბიძაჩემს არაფერი უთქვიათ, მაგრამ ეს გაჩუმება დიდხანს რომ არ გასტანდა, სახეზე ეწერათ ორივეს. _პირველ რიგში გამარჯობათ._მშვიდად მიესალმათ ირაკლი._როგორ ხარ ვერა? _დახმარებისთვის შენ მოგმართა?_სიტყვა ბანზე აუგდო გაკვირვებულმა ქალმა და სინანულით გამოხედა შვილს. _ხო და ძალიანაც კარგი, ასე რომ მოიქცა. მინდა გითხრათ, რომ მე ამ ბავშვების ერთად ყოფნის წინააღმდეგი არ ვარ. იმასაც გეტყვით, რომ მე მათ უფლებებს დავიცავ... _რომელ უფლებებზე მელაპარაკებით?_გაუკვირდა ბიძაჩემს და სიბრაზით გადმომხედა._იცით, ამ ქალბატონმა რამდენი გვანერვიულა და გვაძებნინა წუხელ თავი? რა აღარ ვიფიქრეთ და სად აღარვ ეძებეთ? ასე დაუკითხავად შეიძლებოდა გაპარვა? _რომ ეთქვა სადაც აპირებდა წასვლას, გაუშვებდით?_ჯიქურ შეხედა ირაკლიმ ბიძაჩემს. ამ კითხვას ნამდვილად არ მოელოდა ბიძაჩემი და წამიერად დაიბნა. _რა უფლებით ერევით ჩვენს საქმეში?_წამიერი დაბნევის შემდეგ აქეთ შეუტია კაცს. _რა უფლებითაც თქვენ. ივა ჩემი განსვენებული ძმის შვილია... _სახლში რომ შევსულიყავით და იქ გველაპარაკა არ გინდათ?_აივანზე გადმომდგარი მეზობელი რომ დავინახე, მომერიდა ეზოში საქმეების გარჩევის და შეპატიჟებას არც კი დავლოდებივარ, თამამად შევედი მისაღებში. მერე ირაკლი და დანარჩენებიც მომყვნენ. ქარიშხლის მოახლოებას ვგრძნობდი ბიძაჩემის და მამაჩემის მხრიდან, მაგრამ ირაკლის იმედიც მქონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ მე და ივას კანონი გვიცავდა. _რა პრობლემებს ხედავთ ამ ბავშვების ერთად ყოფნაში შეგიძლიათ რომ დამიკონკრეტოთ._ისეთი მშვიდი და თავდაჯერებული იყო ივას ბიძა, მიკვირდა კიდეც. _თქვენთვის ზნეობა და მორალი უცხო ხილია?_ნელ-ნელა აფეთქებას იწყებდა ბიძაჩემი._ან, ხალხი რას იტყვის, ამაზე რატო არ ფიქრობთ? _მისმინე ჩემო... _თემო._ბიძაჩემმა სახელი მაშინვე შეაშველა. _მისმინე ჩემო თემო, მაგას, სხვათაშორის, სოციოფობია ქვია. ადამიანებს ეშინიათ ხალხის გაკრიტიკების და გაკიცხვის. ხალხის აზრს უფრო ითვალისწინებენ და მათ აზრს უფრო წინ აყენებენ, ვიდრე საკუთარს... მორალი კიდევ, მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ჩვენი თვითდისციპლინისთვის არის... _ერთ ოჯახში გაიზარდნენ და საერთო და ყავთ._ხმა გაიმკაცრა მამაჩემმა._მერე რა თუ არაბიოლოგიური და-ძმანი არიან, იგივე ჩემი შვილია. მე გავზარდე, აღვზარდე და თავისი დისთვის სხვა თვალით არ უნდა შეეხედა... _კარგით რაა, ამაზე უარესები არ ხდება?_გაიკვირვა ირაკლიმ._ამათი ერთად ყოფნით დაიქცევა ვითომ ქვეყანა? სისხლის აღრევა არ ხდება და მიეცით ამ ბავშვებს ერთად ყოფნის საშუალება. მე კატასტროფას ნამდვილად ვერ ვხედავ იმაში, თუ ჩემი ძმიშვილი თავის არაბიოლოგიურ დას შეირთავს ცოლად. ბავშვებს უყვართ ერთმანეთი და რატომ უნდა ჩადგათ მათ ცოდვაში ფეხი მათი დაშორებით? არც გაქვთ უფლება მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების. მეზობლების გრცხვენიათ? გრცხვენიათ ხალხი რას იტყვის? შეეშვით მაგ უაზრო მენტალიტეტს. ძველი დრო არ არის, რომ საკუთარ ბედნიერებაზე იმის გამო თქვა უარი, ხალხი რას იტყვის. იცით, ერთი იგავი მახსენდება: ქმარი და ცოლი ფეხით მიდიოდნენ, წინ კი ვირი მიუძღოდათ. დაინახა ერთმა კაცმა და დასცინა, ვირი ყავთ და თვითონ ფეხით დადიანო. მაშინ კაცმა ცოლი შესვა ზედ და თვითონ კი გვერდით მიყვა. დაინახა მეორემ და ახლა მან აიგდო მასხრად, ცოლი ვირზე უზის და თვითონ ფეხით დადისო. მაშინ კაცი შეჯდა ვირზე და ცოლი მიყვა ახლა. მესამემ რომ დაინახა, იმანაც დასცინა, თვითონ ზედ ზის და ცოლს ფეხით ატარებსო. მაშინ ორივენი შესხდნენ. ახლა ამაზე ალაპარაკდნენ, საწყალი ვირი, არც კი ეცოდებათ, ორივე ზედ ზისო. მოკლეთ, რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, მაინც ილაპარაკებენ და ღირს ამის გამო საკუთარ სიამოვნებასა და ბედნიერებაზე უარის თქმა? _მე მაინც არ მიმაჩნია სწორად მათი ერთად ყოფნა._მამაჩემი მაინც თავის აზრზე იყო. _რეალურად არავინ იცის რა არის სწორი და რა არასწორი. იცით, ისეთი ხალხი ლაპარაკობს ზნეობაზე და მორალზე, ვისაც საერთოდ არ გააჩნია ის. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ შენი მორალი და შენი აზრი შენია და შენთვის უნდა შეინახო, თავზე არავის არ უნდა მოახვიო. არ მოგწონს? შენ ნუ მოიქცევი მასე და სხვასაც ნუ გააკრიტიკებ. _არ ვიცი, მე მაინც ლაფდასხმული მგონია თავი. მითუმეტეს რომ აქ ყველა იცნობს მათ... _თუ ეგაა პრობლემა, გაუშვით იქ, სადაც არავინ იცნობთ... წეღანაც ვთქვი, ქვეყანა არ დაიქცევა ამათ ერთად ყოფნით. მათ უყვართ ერთმანეთი და იბრძოლებენ საკუთარი ბედნიერებისთვის. მე კი, როგორც იურიდიული პირი, დავიცავ მათ უფლებებს და დავეხმარები მათ, რომ ერთად იყვნენ. თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ სრულწლოვან ქალ-ვაჟს აიძულოთ რამე და თქვენი აზრი მოახვიოთ თავს... თქვენ ნუ გადადგავთ იმ ნაბიჯს, რაც მიგაჩნიათ, რომ არასწორია... _მისმინე ირაკლი._მორიდებით ამოიღო ვერამ ხმა._სიმართლე რომ გითხრა, დიდად გაგიჟებულიც არ ვარ მათი ამ ქმედებით, მაგრამ ეს საქართველოა და ასეთი რამეები აქ მიუღებელია... _ხო და, სადაც მიღებულია მაშინ იქ წავლენ და იქ იცხოვრებენ, რა პრობლემაა? დამიჯერე, ამათი ამბავი არც გულის ამრევი და ამაზრზენია და არც არაკანონიერი. იცით, რომ თავის დროზე სისხლით ნათესავებზე ქორწინება სამეფო დისტანციებში მიღებული იყო, რათა სისხლის სიწმინდე და საგვარეულოს ერთმნიშვნელოვანი ძალაუფლება შენარჩუნებულიყო? ხალხის ჩასაქოლს ნამდვილად არ აკეთებენ არაფერს ეს ბავშვები და ჩემი რჩევაა, შეეშვათ. ბიძაჩემს რომ შევხედე, მის თვალებში აშკარად ამოვიკითხე: "თავში ქვა გიხლია, კისერი გიტეხია და კინჩხიც მიგიყოლებიაო". მამაჩემი კი უაზრო გამომეტყველებით მომჩერებოდა. _ნუ დაუნგრევთ ამ ბავშვებს მომავალს და ცხოვრებას ნუ აურევთ. რა იცით, თქვენი აკრძალვების მერე როგორ წარიმართება თითოეულის ბედი?.. იმდენი ილაპარაკა ირაკლიმ, თანაც ისე მშვიდად, თავდაჯერებულად და დარწმუნებით, რომ მართალია მამაჩემს არ უთქვია, ვიწონებ ამათ გადადგმულ ნაბიჯსო, მაგრამ აღარც სასტიკი წინააღმდეგი წასულა. შეიძლება, ივას ბიძის მოერიდა, შეიძლება შევეცოდეთ, ან იქნებ დაარწმუნა კიდეც ირაკლიმ, რომ არც თუ ისე საშინელი რამ იყო ჩვენი ერთად ყოფნა. ...დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გონია ამ ხალხს, რომ სხვისი განსჯის, გაკიცხვის ან ცოდვებზე მითითების უფლება აქვს? თუ, ჩემს არაბიოლოგიურ ძმასთან ოჯახის შექმნა ცოდვაა, ეს ცოდვა ხომ თვითონ მე მომეკითხება და არა მათ?.. არც ბიძაჩემს და არც მამაჩემს საბოლოოდ თანხმობა არ უთქვიათ, მაგრამ აღარც სასტიკ უარზე რომ არ იყვნენ, თითქოს დავიმშვიდე გულიც და სინდისიც. ცოტა ხანს კიდევ დავრჩით იქ, მოვესიყვარულე ეთუნას და მანაც იჯერა გული ჩემი და ივას მოფერებით. მერე კი ისევ ირაკლის სახლში დავბრუნდით. მადონა გულის ფანცქალით გველოდა. _რაო, აბა?_ეზოში შევდგით თუ არა ფეხი, ქმარს გამოჰკითხა იქაური ამბები._დაიყოლიეთ უკვე თუ ჯერ ვერა? _შენ როგორ ფიქრობ?_ჩაეღიმა კაცს._მასე მიცნობ, რომ რამე წავაგო? მართალია, ჯერ მთლად თანხმობაც არ განუცხადებიათ, მაგრამ ასე დიდხანსაც ვერ გაქაჩავენ. ლღვება ნელ-ნელა ყინული და მათგან დალოცვასაც მიიღებენ ჩვენი გვრიტები. მადონასაც შევატყე, რომ ჩემსავით მანაც დაიმშვიდა გული. _ბიძია, შეიძლება დღეს მანქანა მათხოვო, თუ შენ არ გჭირდება?_მორიდებით კითხა ივამ. _არ მჭირდება, გათხოვებ. რა ხდება რომ? _ბინის თაობაზე წავალ, იქნებ რაიმე ვიქირაო... _მე არ მაწუხებთ ნამდვილად, რამდენი ხანიც გინდათ იმდენი ხანი დარჩით... _ხო, მაგრამ ჩვენ ხომ გვინდა ჩვენი ბინა?_მორიდებით მომხვია ხელი და ლოყაზე მაკოცა._როდემდე ვისხდებით აქ? ჩვენ ხომ ჩვენი ოჯახი გვინდა რომ გვქონდეს? შემრცხვა. გვარიანადაც გავწითლდი კიდეც ალბათ. ასე, ყველას გასაგონად და დასანახად მართლაც რომ მერიდებოდა ჩვენს მომავალზე ზრუნვა და ფიქრი. ფაქტის წინაშე რომ აღმოვჩნდი და გავაცნობიერე, რომ ამის შემდეგ ერთად მოგვიწევდა ყოფნა, ერთად დაწოლა და გაღვიძება, კი მესიამოვნა, მაგრამ ამავე დროს მეუხერხულა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი. ივას რომ ავხედე დარცხვენილმა, გამიღიმა და ახლა შუბლზე მაკოცა. გული თუ არ ამომვარდებოდა, მართლა არ მეგონა. _დღეს, მგონი ნიკა და ნანიკაც მოვლენ და ამ საღამოს ხომ მაინც დარჩებით აქ?_მადონამ აშკარად გულწრფელად იკითხა. _მართლა?_გაუხარდა ივას._რაც დაინიშნა, ერთხელ მყავს ნანახი და მაგის გამო აუცილებლად დავრჩებით. ივამ ბიძის მანქანა რომ წაიყვანა და წავიდა, თითქოს სახლი გამოცარიელდა. ადგილს ვეღარ ვპოულობდი, რომ მშვიდად ვყოფილიყავი. სულ გზას გავყურებდი ფანჯრებიდან, მენატრებოდა. აქამდე ასეთი რამ არ განმეცადა. რაც უფრო რეალური ხდებოდა ჩვენი ერთად ყოფნის შანსი, მით უფრო მიყვარდა და მთელი დღის მასთან გატარება მინდოდა. საღამოხნისკენ, სანამ ივა დაბრუნდებოდა, კიდევ კარგი ნანიკა და ნიკა მოვიდნენ, თორემ უკვე ვეღარ ვძლებდი. მოსვლისთანავე დამინახა თუ არა, კისერზე ჩამომეკონწიალა. _როგორ მომენატრე ჩემო საყვარელო._იმდენი მკოცნა და მეფერა, ლამის დამახრჩო. ეს მორიდებული და მორცხვი გოგო ისე შეცვლილიყო, ვეღარც კი ვცნობდი. თვალებშიც სულ სხვა სხივი ჩასდგომოდა და ბედნიერებისგან მზესავით ანათებდა. მეც ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. მჭიდროდ ჩავეხუტე და სიხარულის ცრემლებიც კი გადმომცვივდა. _ქუჩაში რომ შემხვედროდი, ალბათ ვერც კი გიცნობდი, როგორ შეცვლილხარ._ვაღიარე. _მართლა?_გაუკვირდა._კედელზე ჩამოკიდულ ანტიკვარულ სარკისკენ გააპარა თვალი._მე კი ვერ ვხედავ ცვლილებას და..._მიამიტურად გაბუშტა ტუჩები. მის ხვევნა-პროშვნაში ისე გავერთე, გვერდით მდგომი ნიკა, ანუ უკვე მისი ქმარი და ივას ბიძაშვილი, ძლივს შევნიშნე. ოდნავ ჩაფსკვნილი, ნახევრად მელოტი ვაჟი მოთმინებით გველოდა როდის მოვრჩებოდით, რომ საკუთარი თავი წარედგინა ალბათ. ერთი შეხედვითვე იგრძნობოდა მამის ძლიერი გენეტიკა, ზედგამოჭრილი ირაკლი იყო, მადონასი მხოლოდ ღიმილი ქონდა. რომ შევხედე, დაჟინებით მომჩერებოდა და კმაყოფილი მიღიმოდა. _თურმე რისთვის ითმენდა ჩვენი ივა ამდენს._გამიღიმა და ხელი გამომიწოდა._მე ნიკა ვარ, ივას ბიძაშვილი. სასიამოვნოა შენი გაცნობა და მიხარია, რომ მართლა არ გასულელდა ივა და არ გაფრინდა დეიდასთან. მორიდებით ჩამოვართვი ახლადგაცნობილ მაზლს ხელი. _ივა სად არის?_გაკვირვებულმა მოავლო ოთახს თვალი. _მამაშენს მანქანა ეთხოვა და მგონი თბილისში წავიდა._ის იყო მადონამ შემოდგა ოთახში ფეხი. _თბილისში რაღა უნდა? _ბინის შოვნა უნდა. ბუდე უნდა მოიწყონ გვრიტებმა._ირაკლის ნათქვამმა უარესად ამაწითლა. _ჯერ სად არის._გაეცინა ნიკას._შეებას უღელში, იქნებ იძახდეს, ეს რა მიქარვა ჩავიდინეო._თან ნანიკას მოხვია ხელი და ლოყაზე აკოცა. _რაო?_"აღშფოთდა" ნანიკა,_შენ რა, ნანობ? _არა საყვარელო, ეგ ვინ გითხრა?_გაიკვირვა და ისევ აკოცა ლოყაზე._წავალ, დავურეკავ ერთი გავიგო სად არის, მალე მოვა თუ არა, თორემ მე მგელივით მშია. _მართლა ძალიან გამიხარდა შენი და ივას ამბავი... დახმარება რომ მთხოვა, იქნებ სალოს როგორმე შეატყობინო, რომ აეროპორტში მოვიდეს და გავიპაროთო, არც კი დავფიქრებულვარ... _მე კიდევ, სიცილი ძლივს შევიკავე შენს დანახვაზე._გულიანად გადავიკისკისე._კიდევ კარგი შევძელი და თავი არ გავეცი, თორემ წარმოდგენაც კი არ მინდა იქ რა ამბავი ატყდებოდა. _მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა._აკისკისდა ნანიკაც._ერთი გაფიქრება კი გავიფიქრე, ამ კაცმა რომ გამშიფროს და მეც სალოსთან ერთად გამომკეტოს სახლში, რა მეშველება-მეთქი, მაგრამ ივას სევდიან და ტკივილით სავსე მზერას რომ ვუყურებდი, ყველაფერზე ვიყავი იმ მომენტში წამსვლელი... მგონი, როგორი ბედნიერია ახლა არა?_ინტერესით ჩამხედა თვალებში._ჯერ ერთად არ ყოფილხართ? ჩურჩულით ნათქვამ ამ ბოლო წინადადებამ ამაღელვა და ამაფორიაქა. ნანიკასი რომ არასდროს არაფერი მრცხვენოდა და მერიდებოდა, თვალი ვეღარ გავუსწორე. _აჰა, გასაგებია... ალბათ, ჩემმა კომუნისტმა დედამთილმა არ მოგცათ ამის უფლება._ეშმაკურად გაეღიმა._არაუშავს. ამაღამ მე და ნიკა აქ ვრჩებით და თქვენ ჩვენს ბინაში წადით... _მადლობა, იყოს, არ არის საჭირო._ძლივს ამოვილუღლუღე და მივხვდი რომ უარესად გავწითლდი. _აჰა, ჩვენი ივაც მოდის უკვე, გზაშია._კმაყოფილი იერით შემოვიდა ნიკა ოთახში და საეჭვოდ აჩურჩულებულები და მე ჭარხალივით გაწითლებული რომ დამინახა, თვითონაც ეჭვით შეგვათვალიერა. _ძალიან კარგი, მეც მშია. ნეტა, საჭმელი რა გვაქვს?_ნანიკამ ხელკავი გამომდო და სამზარეულოსკენ წამიყვანა._რამე მაინც მოვამზადოთ სანამ მოსულა. _მე მაღაზიაში ვაპირებდი გასვლას, ხომ არ გამოისეირნებდით?_ღიმილით შემოგვთავაზა ნიკამ. _რატომაც არა?_ნანიკამ ხელი მიშვა და სამზარეულოში დედამთილთან გავარდა._მაღაზიიდან რა მოვაყოლოთ, რომ ამაღამ გემოზე ვიქეიფოთ და ახალი ოჯახის შექმნა ვადღეგრძელოთ? მადონას ნათქვამი ნამდვილად არ გამიგია. მალევე დაბრუნდა ნანიკა ჩვენთან და მაღაზიაში წასასვლელად მოვემზადეთ. ნიკამ ქვიან ორღობეში ფრთხილად გაიყვანა მანქანა, მერე კი ტრასისპირა მარკეტში გავჩერდით. გადასვლა არ მინდოდა, მაგრამ ნანიკამ არ მომასვენა და მაღაზიაში მეც შევტუნტულდი უჩვეულოდ დამორცხვებული. ასე მეგონა, ყველამ იცოდა ჩემი ამბავი და თავდახრილი ვერავის ვუბედავდი სახეში შეხედვას. _ნახე, რა მშვენიერი საცვლებია._ჩურჩულით მითხრა და შავ მაქმანებიან საცვლებზე მიმითითა._არ გინდა გიყიდო? გამოსაცვლელად მართლაც კარგი იქნებოდა რაიმეს ყიდვა, მაგრამ ნანიკა რა გაგებითაც მეუბნებოდა, მივუხვდი და უარესად შემრცხვა. არ მინდა,_მხოლოდ ეს ვუთხარი და მანქანაში ჩასაჯდომად ელდანაკრავივით გამოვვარდი მაღაზიიდან. ერთხანს მანქანასთან გავჩერდი აფორიაქებული და აღელვებული. მე და ივას ერთად ყოფნა უკვე გარდაუვალი იყო, მაგრამ ასე ხმამაღლად სხვისი მხრიდან საუბარი უკვე მაფრთხობდა. არც არასდროს მიფიქრია რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. თუმცა, გული სიამით რომ მიძგერდა ამის გაფიქრებაზე, ეს კი ცხადი იყო. უაზროდ ავხედე ცას. ამინდი ირეოდა. პირველი წვეთებიც კი დამეცა გავარვარებულ სახეზე და მესიამოვნა. ის იყო, მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი, რომ ივამაც შეაჩერა ჩემს გვერდით ბიძის მანქანა. მის დანახვაზე უარესად ამიფორიაქდა ცოტათი ჩაწყნარებული გული. ღიმილით რომ მომიახლოვდა, სუნთქვაც კი შემეკვრა. თვალი ვერ გავუსწორე, რადგანაც ჩემში ჩაბუდებული მისადმი ლტოლვა არ მინდოდა რომ შეემჩნია. _დიდი ხანია აქ ხართ?_ისე ახლოს ჩამომიდგა წინ, მის მხურვალე სუნთქვას ვგრძნობდი სახეზე. _არაუშავს, სადაცაა გამოვლენ უკვე._მხოლოდ ეს ვუთხარი და ნიკას მანქანის კარის სახელურს ჩავებღაუჭე. _წამოდი, ჩემთან ჩაჯექი._ხელზე მისი თბილი ხელის შეხება რომ ვიგრძენი, გული ისევ გამიჩერდა წამიერად. მერე კი ისე გამალებით ამიძგერდა, მეგონა საგულედან ამომიხტებოდა._კარგად ხარ?_ალბათ აფორიაქება და მღელვარება შემატყო და ჩემსკენ გადმოიხარა, რომ უკეთსესად ჩაეხედა თვალებში. არაფერი მითქვია. მღელვარების დასაფარავად მისი ბიძის მანქანაში ჩავჯექი, თვითონ კი მაღახიაში შევიდა. ვერ ვიტყვი, რომ დიდხანს დაყვეს-მეთქი იქ დრო, მაგრამ მე ასე მეჩვენა რატომღაც. როგორც იქნა დაადგა საშველი მათ გამოსვლას და სახლშიც წამოვედით. ნიკამ შუა ეზოში წალამი დაანთო და მწვადების შეწვას შეუდგა. მე და ნანიკაც ცეცხლის გარშემო ვტრიალებდით და ვეხმარებოდით. ივა კი ირაკლის ელაპარაკებოდა აივნის ქვეშ და ხანდახან რომ გამომხედავდა ხოლმე, მისი ეს მზერა სულს მიფორიაქებდა. გვიანობამდე შემოვრჩით სუფრას. მე და ნანიკამ ცივი ლუდიც კი დავლიეთ ცოტა სიმხნევისთვის. მართლაც რომ მჭირდებოდა, თორემ ისეთი დარცხვენილი ვიჯექი თავიდან სუფრასთან, პირს ვერაფერს ვაკარებდი, არა და მგელივით მშიოდა. ჩემს გვერდით მჯდარი ივა რამდენჯერაც გადმომხედავდა, იმდენჯერ ვწითლდებოდი და აშკარად მატყობდა. მცირედმა ალკოჰოლმა მაინც თავისი ქნა და ცოტა მხნეობა შემმატა. აჭიკჭიკებულმა ნანიკამ მე და ივას ფოტოს გადაღების ისტორიაც გაიხსენა. _მარწყვის ქურდი იანვარში დაიკვეხნისო._კისკისებდა._ფეხი რომ წამოკარი რაღაცას და მაშინ ჩაეხუტეთ ერთმანეთს, ისეთი კმაყოფილი სახე ქონდა ივას, იმ წამს მომაფიქრდა ექსპრომტად, რომ ვითომ შეყვარებულების ფოტოების გადაღებაც დამავალეს და მგონი ივას მადლიც მოვისხი... თუმცა რაა, იმ ფოტომ მაინც ჰპოვა აღიარება, სულ ტყუილად არ ჩამიხუტებიხართ._ისე გულღიად კისკისებდა ნანიკა, მეც კი მამხიარულებდა. პირველები მადონა და ირაკლი ადგნენ სუფრიდან. _დიდი ბოდიშით ახალგაზრდებო, მაგრამ თქვენდენი ღამის ტეხვა ჩვენ აღარ შეგვიძლია. თან, ბებრები წავალთ, რომ ახალგაზრდები არ შეგაწუხოთ. _მინდა გითხრათ, რომ არ ვწუხდებით._ყველას მაგივრად მე ამოვთქვი სათქმელი._პირიქით, მიხარია რომ გაგიცანით და თქვენს გვერდით ვარ. _ამას მეტი აღარ დაალევინო, თორემ ყველას სიყვარულში გამოუტყდება._სიცილით გააფრთხილა ნანიკამ ივა. ივას რომ გავხედე, მიღიმოდა და მეც გულწრფელად და თამამად გამეღიმა. ირაკლის და მადონას წასვლის შემდეგ კი კიდევ ცოტა ხანს დავყავით სუფრასთან და ათასი სისულელეც გავიხსენეთ ჩვენი ოინებიდან მე და ნანიკამ, მერე სუფრა ავალაგეთ და დასაწოლადაც გავემზადეთ. _მისმინე ჯიგარო, რომელ ოთახშიც წუხელ შენ გეძინა, ის ჩემი ოთახია, ამიტომ გამობარგება მოგიწევს შენს ქმართან._ეს ქმარი ისე ხაზგასმით თქვა, ისევ დამეწყო მორიდების და სირცხვილის სინდრომები, თუმცა არც ისე, როგორც მანამდე, სანამ ლუდს დავყლურწავდი. _წამო ჩემო სიხარულო დავწვეთ თორემ, დილით ვეღარ გავიღვიძებთ._ქმარს გამოსდო ხელკავი საეჭვოდ გაღიმებულმა ნანიკამ და მარტო დაგვტოვეს მე და ივა პირისპირ. _ჩვენც რომ წავიდეთ ის დროა._მორიდებით მითხრა ივამ, მხრებზე მომხვია ხელი და თავისი ოთახისკენ წამიყვანა. თითქოს ფეხები უკან მრჩებოდა, მაგრამ გული? გული ისე გამალებით მიცემდა, სუნთქვა მიჭირდა. ოთახში რომ შევედი და ერთი საწოლი დავინახე მარტო, უარესად ავფორიაქდი. ივა მიხვდა ალბათ ჩემს გულში რა ქარიშხალიც ბობოქრობდა და დამამშვიდა: _მე იატაკზე დავწვები, არ ინერვიულო. _ცოდო არ ხარ მერე? ჩემი სახე ხელისგულებში მოიქცია და თვალებში ისე ჩამხედა. _შენი გულისთვის ყველგან დავწვები და ყველაფერს ავიტან. _მე არ მინდა, რომ ჩემს გამო რამე ასატანი გქონდეს. ერთხანს ღიმილით მიმზერდა. მერე მივხვდი, რომ ჩვენს შორის მანძილი ნელ-ნელა მოკლდებოდა და თვალები თავისთავად მიმელულა. ცოტაც და მისი ტუჩები რომ შემეხო, სუნთქვა შემიგუბდა. კოცნას კოცნითვე რომ ვუპასუხე მეც, შევატყე როგორი თავდაჯერებული გახდა ივა და სითამამეც შეემატა უფრო. ნასვამი კი ვიყავი, მაგრამ უფრო კარგიც კი იყო, ალკოჰოლმა მეც შემმატა გამბედაობა. მაისურის შიგნიდან შევუცურე ხელები და ისე მჭიდროდ მივეკარი, თითქოს სადმე გაქცევას აპირებდა და მისი გაშვება არ მინდოდა. გვიან აღმოვაჩინე ის, რომ ნელ-ნელა საწოლისკენ მივიწევდით ორივე და გული უფრო გამალებით მიცემდა. სადღაც მქონდა ამოკითხული, სიყვარული ვნების და ლტოლვის გარეშე მოსაწყენიაო. რამდენად შეესაბამებოდა ეს სიმართლეს არ ვიცი, რადგან მე ივას მიმართ სამივე გრძნობას ერთნაირად განვიცდიდი. თავი სასიამოვნო ბურანში ამოვყავი და მისი დასრულება არ მინდოდა არასდროს... დილით რომ გავიღვიძე და მის მკლავზე მედო თავი, დიდი სიფრთხილით ავხედე. ისე მშვიდად ეძინა, მისი გაღვიძება დამენანა და ოდნავადაც კი არ ვინძრეოდი, რომ არ დამეფრთხო მისთვის ძილი. თვალმოუშორებლივ შევყურებდი და ვტკბებოდი მისი ცქერით. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. გარეთ კი წვიმდა. მოღიავებულ ფანჯრიდან მისი სასიამოვნო შხაპუნის ხმა გარკვევით ისმოდა და თითქოს სულიერ სიმშვიდეს მმატებდა. დაახლოებით ნახევარი საათი მაინც ვიწექი გაუნძრევლად. მერე კი, რომ შეიშმუშნა და თვალები გაახილა, მისმა სითბოთი და სიყვარულით სავსე მზერამ მუცელში სასიამოვნოდ ამიფარფატა პეპლები. _დილამშვიდობისა._ჩურჩულით მითხრა და შუბლზე მაკოცა. ახლა კი გავბედე, მჭიდროდ ჩავეხუტე და ასე გავირინდე. _მიყვარხარ და გამიმართლა, რომ შენც შეგიყვარდი. არა და, მართლა რა აუტანელი ვიყავი, საკუთარი თავი მძულდა. მიკვირს, ზიზღის გარდა რაიმე გრძნობა რომ გაგიჩნდა ჩემს მიმართ._მკერდზე ვაკოცე და კიდევ უფრო მჭიდროდ ჩავეკარი, რომ არსად გამქცეოდა. მანაც მომხვია მკლავები და გარინდულები ერთმანეთის გულის ფეთქვას ვუსმენდით კარგა ხანს. გარეთ კი ისევ წვიმდა... _გუშინ, მანქანა რომ გავყიდე, იმ ფულით სახლი ვიგირავე. მართალია ქალაქი არ არის და სოფელია, მაგრამ, მშვენიერი გარემოა. დარწმუნებული ვარ მოგეწონება. თან, რაც ყველაზე კარგია, ჩემს სამსახურთანაა ახლოს... _შენს გვერდით ყველგან შემიძლია ცხოვრება._ისე მტკიცედ ვთქვი, თვითონვე გამეღიმა ჩემს ხმაში აჟღერებული თავდაჯერებული ნოტებისა. _მძინარებო, არ გაიღვიძეთ?_ნანუკამ კისკისით მოგვიკაკუნა კარებზე._არ გათენდა თქვენთვის?.. რა ვიცი, წუხელ კი არ უნდოდა ამ ქალბატონს ერთ ოთახში დაწოლა და ახლა... _დაანებე თავი, ეძინოთ._უსაყვედურა ნიკამ და როგორც ეტყობა, ძალის გამოყენებით წაიყვანა ცოლი, რადგან კარგა ხანს ისმოდა ბღლარძუნის ხმა და ნანიკას ჩუმი კისკისი. _ავდგეთ, თორემ სირცხვილია._ეს კი ვთქვი, მაგრამ უფრო მეტად მივეკარი მის სხეულს. ნამდვილად არ მეთმობოდა... სამზარეულოში რომ შევედი, ნანიკა იქ ფუსფუსებდა დედამთილთან ერთად. _ძილისგუდავ, გაიღვიძე?_ეშმაკურად შემომღიმა. _რა ეჩქარებოდათ, ცხვარი დარჩათ გასარეკი თუ რა?_ირაკლიმ ჩემს ზურგს უკან რომ ჩაილაპარაკა, შევკრთი._აბა, დედაკაცო, გვაქვს რამე, რომ ვცეცხლო და სამსახურში წავეთრე? _შენმა მტერმა ცეცხლოს და შენი მტერი წაეთრეს._შეუსწორა მამამთილს ნანიკამ._შენ უნდა მიირთვა და წაბრძანდე._ერთდროს ამ მორცხვმა და მორიდებულმა გოგომ ლოყაზე რომ აკოცა ირაკლის, მართლა გამიკვირდა._ჩემი საყვარელი მამამთილი._თან ენის ჩლიქინით დაამატა. _აბა, დღეს ვის რა გეგმები აქვს?_ნიკაც შემოვიდა სამზარეულოში და ცარიელ მაგიდას მიუჯდა. _მე სამსახურში მივდივარ._ხელი აწია მამამისმა. _მე, როგორც ყოველთვის, სახლში ვრჩები და ვდიასახლისობ._გაეღიმა მადონას._საღამოს კი მობრძანდება კაბინეტში ჯდომისგან დაღლილი მამაშენი და მისაყვედურებს, სახლში ზიხარ და რამ დაგღალაო... _კარგი, ხო, არ შემარჩინო ეგ ერთი წინადადება._მოისაწყლა ირაკლიმ თავი. მერე კი მე მომიბრუნდა მოულოდნელად._აბა, თქვენ, ახალგაზრდებო? დავიბენი. _გუშინ სახლი ავიღე გირაოთი და იქ გადავიბარგებით. სახლშიც მოგვიწევს მისვლა, რომ ჩვენი ნივთები წამოვიღოთ._ის იყო ივაც შემოვიდა და მორიდებით თქვა. _რა გეჩქარებოდათ? სულაც არ გვაწუხებთ._მადონამ გულთბილად შემოგვღიმა. _აუცილებელი კი არ არის გაწუხებდეთ. უბრალოდ, ჩვენ ჩვენი კუთხის მოწყობა გვინდა._გაბედულად და თამამად თქვა ივამ, წელზე ხელი მომხვია, გვერდიდან მიმიხუტა და ლოყაზე მაკოცა. _თქვენებთან მიყოლა არ გინდათ?_გაუკვირდა ნიკას._ კიდევ რამე არ თქვან..._თან თითები ნერვიულად აათამაშა მაგიდაზე._გამოგყვეთ? _საჭირო არ არის. ხომ უნდა მივეჩვიოთ მათთან მარტოები მისვლას. შეიძლება რამე კი თქვან, მაგრამ ვერაფერს დაგვიშავებენ. _ეგეც კია. როცა იქნება მაინც ხომ მოგიწევთ მარტოებს პირისპირ შეხვედრა, მაგრამ რა ვიცი, ცოტა მეფიქრება და თან მედარდება... _დაწყნარდი,სანერვიულო არაფერია. იმ ხალხმა გაიგო, რომ ძალის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებზე და არც აქვთ ამის უფლება._დაამშვიდა ირაკლიმ შვილი და თვითონაც მაგიდას მიუჯდა. გემრიელად ვისაუზმეთ, მერე კი ყველა რომ წავიდ-წამოვიდა თავთავიაანთ საქმეზე, მე და ივაც ვესტუმრეთ მშობლებს. ეზოში შესული არ ვიყავი, რომ ეთუნამ მაშინვე მომკრა თვალი და სიხარულით გამოქანდა ჩემსკენ. _სალოო... მოხვედი?... ჭიშკართანვე ჩავიცუცქე და უმცროსი დაიკო გულში ჩავიხუტე. _ივაც მოვიდა?_მის დანახვაზე ახლა მასთან გაიწია და მას ჩამოეკონწიალა კისერზე. ცალ ხელში ეთუნა ეჭირა ივას, მეორე ხელი ჩემთვის ქონდა მოხვეული და ისე შევედით სამზარეულოში, სადაც ვერა ფუსფუსებდა. _ма..._თითქოს ჩურჩულით დაუძახა ივამ, მაგრამ ქალმა მაინც გაიგო. იმით მივხვდი რომ ერთ ადგილზე გაშეშდა და შემობრუნება შეაგვიანა. _დე, ნახე ვინ მოვიდნენ?_ეთუნას აღტაცებულ შეძახილზეც კი ვერ შეძლო ვერამ შემობრუნება. ივამ ეთუნა მე გადმომაწოდა და თვითონ დედასთან მივიდა. _извини ма..._მხრებზე მოხვია ხელები და აცრემლებული დედა ძალით შემოატრიალა. ქალმა ჯერ მე მომხედა, მერე ივას და ივამ რომ ჩაიხუტა, მივხვდი რომ უკვე ტიროდა. ისეთი გულისამაჩუყებელი სცენა იყო, ცრემლი მეც კი მომერია და მისი შეკავება ვცადე. _მართალია ძალიან მიყვარხარ, მაგრამ სალომე სიცოცხლეს მირჩევნია და მის გარეშე ცხოვრება არ მინდა. ჩვენ გადავწყვიტეთ ერთად ვიყოთ და ვერავინ დაგვაშორებს. მის გამო მე ყველაფერზე ვარ წამსვლი და ძალიან გთხოვ, არჩევანის წინაშე ნუ დამაყენებ._ისე ელაპარაკებოდა ივა, გულზე მხვდებოდა მისი თითოეული სიტყვა._ჩემს ცხოვრებაში სამი უმთავრესი ქალია: შენ, სალომე და ეთუნა. სამივეს თქვენ თქვენი ადგილი გიკავით ჩემს გულში. შენი დიდი პატივისცემის და სიყვარულის მიუხედავად მე უარს არ ვიტყვი მაინც სალომეზე... _თქვენ გაგიჭირდებათ საზოგადოებისგან გარიყულებს ცხოვრება._მამაჩემი როდის შემოვიდა ოთახში არ ვიცი. ჩემს ზურგს უკან რომ დაილაპარაკა, მაშინ შევკრთი._პირშიც კი შეგაფურთხებენ მაგის გამო და ზურგს შეგაქცევთ ყველა... არ დავმალავ და მეც ძალიან გამიჭირდება თქვენთვის ჩემი სახლის კარის გაღება და ისე მიღება, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. არ ვიცი, მეც გამიგეთ... ქართველებში ასეთი რაღაცეები არ ხდება... ხალხს თვალს ვერ ვუსწორებ და გარეთ ვეღარ გავდივარ... ალბათ, დრო დამჭირდება, რომ ამ ყველაფერს შევეგუო... _შენი გვესმის, მაგრამ ხომ შეიძლება ჩვენც გაგვიგოთ? ერთმანეთი გვიყვარს და ერთად გვინდა ცხოვრება. ამ სახლში მართლაც არ ვაპირებთ ცხოვრებას, ასე რომ ჩვენს გამო არ შეწუხდებით._ეს ვთქვი და ეთუნა დაბლა ჩამოვსვი._ჩვენი ნივთების წასაღებათ მოვედით, ავიღებთ და წავალთ._უკანმოუხედავად გავედი სამზარეულოდან და ჩემს ოთახში ტანსაცმლის და პირადი ნივთების შესაქუჩებლად ავედი. დიდხანს არ გავჩერებულვართ. პირველ ჯერზე რაც კი რამ უფრო საჭიროდ ჩავთვალე, ისინი მოვაქუჩე და ივას ბიძის მანქანაში ჩავაწყე. ივამაც გამოზიდა თავისი ნივთები. ეთოს ჩახუტებით დავემშვიდობეთ. ვერა ცრემლიანი თვალებით გვიმზერდა, მამაჩემი კი სინანულით და ისე გამოგვაცილეს. ძალიან მყუდრო და მშვენიერი სახლი ქონდა ივას აღებული. ერთსართულიანი, ვრცელი აივნით მშვენიერ წალკოტში იყო ჩაფლული. ცოტა, ხელის შევლება უნდოდა, მაგრამ მაინც იცხოვრებოდა. ძალიან მომეწონა. პატარა ეზოში სახლის გარდა არაფერი იდგა. აბალახებული ეზო მწვანეთ ბიბინებდა. მანქანა პირდაპირ ეზოში შეაყენა და ვაზის ხეივნის ქვეშ შეაჩერა. ერთი თვალის შევლებითვე მომეწონა აქაური გარემო. მაშინვე კიბეს მივაშურე, რომ სახლი დამეთვიერებინა, მაგრამ ივა წამომეწია, ხელში ამიყვანა და ისე ავიარეთ კიბეები. _ესეც აივანი. აქ შეგვიძლია დილა-საღამოს ყავა მივირთვათ და მზის ამოსვლას და ჩასვლას ვუყუროთ._მერე კარი გასაღებით გააღო და შიგნით შევედით ისე, რომ ხელი არ გაუშვია ჩემთვის._აქ ალბათ მისაღებს მოვაწყობთ. მარჯვნივ საძინებლებია. მარცხნივ კი სამზარეულო და აბაზანა... როგორ მოგწონს? _ძალიან... მშვენიერია..._აღტაცებულმა კისერზე მოვხვიე ხელები, თავი დავახრევინე და მის გაღიმებულ ტუჩებს მივეწებე._მართლა ძალიან კარგია, მშვენიერი და მყუდრო. _ჯერჯერობით გირაოთი მოგვცეს. მერე კი, თუ გაყიდვას დააპირებენ, ჩვენ ვიყიდოთ... ხვალ წავიდეთ და ავეჯი შევარჩიოთ, განვადებით გამოვიტანოთ... მერე კი ნელ-ნელა ყველაფერს შევიძენთ... _ამაღამ უკვე რომ დავრჩეთ აქ შეიძლება? _რა ვიცი, მე პრობლემა არ მაქვს._გამიღიმა. _არც მე, მშვენიერია... აბა, დამსვი. დამსვა თუ არა, მაშინვე ოთახების დათვალიერება დავიწყე. _ეს რომ ჩვენი საძინებელი იყოს?_პირველივე ოთახი შევარჩიე. მისი ფანჯარა ბაღჩაში გადიოდა და იქვე მდგარი კომშის ხე ვარდისფრად რომ ყვაოდა, მშვენიერი ხედი ჩანდა ფანჯრიდან. _იცი, ვნახე თუ არა, მეც ეს მომეწონა... _გემოვნება ერთი გვქონია._გამეცინა._ცოტა, ხასიათებში ვართ პლიუს-მინუსივით... _არაუშავს... მე თუ მკითხავ, ასეც ჯობია, უფრო გაგვიადვილდება ერთად ცხოვრება._მხრებზე მომხვია ხელი, მიმიზიდა და ვნებიანად მაკოცა._მზად ხარ ახალი ცხოვრების დასაწყებათ? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე ისე, რომ მისი ცისფერი თვალებისთვის თვალი არ მომიშორებია. _თანახმა ხარ ჭირშიც და ლხინშიც ჩემს გვერდით იყო მუდამ და... _ამას რაღად უნდა კითხვა? მიყვარხარ და გპირდები მუდამ მეყვარები. შენ თუ კი შეგიძლია ჩემი ჯიუტი და უვარგისი ხასიათის ატანა, მე რატო არ შემეძლება შენს გვერდით ჭირშიც და ლხინშიც ცხოვრება?_გამეღიმა. დაიხარა და ისევ გრძნობით შეერთდა ჩვენი ტუჩები. მართლაც რომ ძალიან მიყვარდა ეს "დედიკოს ბიჭი". იმ დედიკოს ბიჭი, ვისაც ერთ დროს დასანახადაც კი ვერ ვიტანდი იმის გამო, რომ მამაჩემის ცხოვრებაში დედაჩემის ადგილს იკავებდა და სიცოცხლეს ვუმწარებდი. ასეთი მშვენიერი ვაჟკაცი კი აღზარდა, თანაც ჩემთვის! რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა: "поживем увидем", ხო და ჩვენც ვიცხოვრებთ და ცხოვრება გვიჩვენებს მომავალს. (დასასრული) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.