რაე (თავი 11)
*** -ჰეი, გაიღვიძე, დედოფალო. -მოესმა მარიამს ხმა, რომელიც ექოს ჟღერადობასავით ჩაეღვენთა მიძინებულ სმენას და თვალები გაახილა. მის მხედველობას დამცავი აპკივით გადაჰკვროდა ბუნდოვანების გარსი, რომელიც თანდათან იფანტებოდა და წამების შემდეგ, აშკარად გაარჩია მომრგვალებული სხეული. მის თავზე წამომდგარი მაგდა და მის ყელში ჩატენილი ნიკაპი, საიდანაც საფუარით გაბერილი ცომივით ამოშვეროდა ღაბაბი. -საავადმყოფოდან დამირეკეს. საავადმყოფოს ხსენებაზე, მარიამი მომენტალურად გამოფხიზლდა და საწოლზე წამოჯდა. თვალები მოიფშვნიტა. -ვინ? რატომ? -შეშფოთებული მძინარე ხმით იკითხა მარიამმა და თვალების ცეცებით, საკუთარ ხალათს ძებნა დაიწყო. -დედაჩემს ღვეზელები უთხოვია. -დოინჯი შემოირტყა მაგდამ და მის უკან, სკამზე გადაკიდებულ ხალათს ისე დაავლო ხელი, რომ არც გაუხედავს მისკენ. მერე, მარიამს ესროლა. -თან, შენზე მკითხეს. მარიამს უკვე ხალათი ჩაეცვა და ფეხები იატაკზე ჩამოეწყო. მის ხსენებაზე კი, მზერა შეახმა და დაზაფრული წამოდგა. მერე, ისევ დაჯდა. -მაგდა, სწრაფად და სრულად მოყევი! დავიტანჯე. -წამოიყვირა გოგონამ. -იმ დორბლიანს უთხარი, რომ ჭადრაკს თამაშობ? სულ შენს ხსენებაში ყოფილა და მკითხეს, შეძლებდი თუ არა ვიზიტს, ცოტა ხნით მაინც. მანამდე, შენი საკონტაქტო მთხოვეს, მაგრამ უარი ვუთხარი. -ბოლო წინადადება ისეთი კმაყოფილებით თქვა მაგდამ, აშკარად შექებას ელოდა. -რა თქმა უნდა. -თვალები გაუბრწყინდა მარიამს. -ცხადია, წავალთ. ხომ უთხარი, რომ მივალთ? მაგდა უცნაურად გაიბერა და წარბები შეკრა. -მგონი, აზრზე არ ხარ ქვეყანაში რა ხდება, ხო? ყველგან არეულობაა, ადამიანები საკუთარ თავებს არ გვანან. დილით, ყავის საყიდლად, მაღაზიაში რომ გავედი, ყველა ტელევიზორს შესჩერებოდა. ლამისაა, ხალხმა ერთმანეთი გადათელოს. მალე, სპეცრაზმიც ვერ შეაკავებს. ასეთ სიტუაციაში, გარეთ გასვლა ნამდვილად არ მინდა. მითუმეტეს, საავადმყოფო ცენტრალურ მოედანთან ძალიან ახლოსაა. მარიამი ისე გულგრილად უსმენდა მაგდას, თითქოს ახალი არაფერი იყო ამაში და ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად იცოდა. მერე, ხალათი კარგად შემოიკრა სხეულზე და წამოდგა. -მიდი, დააცხვეე ის ღვეზელები და მე წავალ. -გაგიჟდი? -შენთვის მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომ რაც შეიძლება დიდხანს ვიყო აქ, რომ უფრო მეტი 100 ლარიანი მიიღო. -წინადადება უკანმოუხედავად, სააბაზანოს კართან დაასრულა მარიამმა. -შეიძლება მსუქანი ვარ, მაგრამ სულელი არა. -ხმამაღლა თქვა მაგდამ. მარიამი დენდარტყმულივით შედგა და ფრთხილად მოტრიალდა. სახეზე მომღიმარი გაკვირვება ეწერა. -რას გულისხმობ? -არანაირი ღვეზელები არ სჭირდება, დედაჩემს. სულ რომ არ მივუტანო, არასოდეს მოითხოვს. -ანუ? -ანუ ის, რომ შენ გამოიწვიე ინტერესი და მგონი მხოლოდ შენ არ თამაშობ თამაშს. -ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობ?! მაგდამ გულდასმით შეათვალიერა მარიამი და გაზქურასთან მდგარი მაგიდისკენ წაბანცალდა. -დაივიწყე. ჩემთვის მთავარია ფული მომცე და შეთანხმებისამებრ, ეს ყველაფერი მე დამრჩეს. დანარჩენში ჩარევა არ მინდა, ძალიან მაშინებს ეს ყველაფერი. მარიამს აღარაფერი უთქვამს. როცა შეხედა მაგდა როგორი გულგრილობით იწყებდა ღვეზელების მზადებას, სწრაფად გამოაღო სააბაზანოს კარი და მასში მიიმალა. *** ღვეზელებით სავსე კალათის სიმძიმე არც უგრძვნია, ადრენალინშემოწოლილი მიიწევდა მარიამი და თანაც, გრზნობდა როგორ დამძიმებოდა ძარღვებში მჩქეფასე სისხლი, რომელიც გულმკერდთან ვიბრირებდა და მუცელში ეღვენთებოდა. შიშის იმპულსები, კრისტალური ქვის ბასრ კუთხეებში აკივლებული შუქივით მიმოფანტვოდა სხეულში და სახეზე მიტკალისფრად ვლინდებოდა. შესასვლელში, მისკენ ღიმილით წამოსულმა წითელთმიანმა კიდევ უფრო გაუმძაფრა შიში და ნერწვი ძლივს გადააგორა მშრალ ყელში. -თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მოსვლას ვერ შეძლებდით, მარიამ. -ღიმილი შეაგება წითელთმიანმა. -მე ლეილა ვარ. ამ კლინიკის დირექტორის მოადგილე. -გამარჯობა. -უნდობლად მიესალმა მარიამი და კალათა მაღლა ასწია იმის სანიშნებლად, რომ ვინმეს გამოერთმია. ქმედებამაც არ დააყოვნა. მარიამის ხელები სწრაფადვე გათავისუფლდნენ. -სიმართლე გითხრათ, თქვენი ნახვა განსაკუთრებით მსურდა. -განაგრძო ლეილამ და ხელით დერეფნისკენ ანიშნა. მარიამიც დაჰყვა მის ნებას და ნელა გაუყვნენ მითითებულ მიმართულებას. -თქვენი ბოლო ვიზიტისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ჩვენი პაციენტი თქვენთან შეხვედრას ითხოვს. დამიჯერეთ, ეს იშვიათად ხდება და ამიტომაც ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ის თითქმის არავის მიმართ იჩენს ინტერესს, მით უფრო, მსგავს ინტერესს და მე იმის გარდა, რომ ამ კლინიკის მუშაობასა და პაციენტების მდგომარეობაზე მაქვს პასუხისმგებლობა, ამასთანავე მათი და ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლით ვარ დაინტერესებული. ამიტომაც მინდა ვნახო, რა რეაქცია ექნება, როცა თქვენ დაგინახავთ. თუ რა თქმა უნდა, თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით. ბოლო წინადადება, უკანა ეზოში გასასვლელ კართან დაასრულა ლეილამ, რომელიც ზუსტად ჭადრის ხეს გაჰყურებდა. რაელი კი ტრადიციულად, ჭადრაკს ეთამაშებოდა შავთმიანს და მარიამისგან ზურგითი იჯდა, კოჭებამდე დაშვებულ, თეთრ პერანგში. მონუსხული შესჩერებოდა მარიამი ერთ ხანს. ცის ტატნობზე, ბაცი ცა ოდნავ მოიქუფრა. წინ ჩამოშლილი მუქი თმის ღერები, აღმოსავლეთიდან მობერილმა ცივმა ნიავმა აუშრიალა და თვალებში მწველი სიგრილე ეკლებად მოედო. სველი თვალები აახამხამა მარიამმა და გაუბედავად გადადგა ნაბიჯი. ლეილა მდუმარედ შესჩერებოდა და მორჩილად გაჰყვა უკან. მწვანე მაგიდასთან მიახლოვებისთანავე, რაელი დენდარტყმულივით შეტრიალდა მარიამისკენ და ეს უკანასკნელი ყრუ კივილით შეხტა. მსგავსი რეაქცია ყველასთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ლეილაც შეშინდა, თითქოს. ის სწრაფად მიუახლოვდა რაელს და მისკენ დაიხარა. -ყველაფერი კარგადაა, რაელ? ბიჭი ქვევიდან შესჩერებოდა ადგილზე გახევებულ მარიამს, წარბებშეკრული. მარიმი კი, სმენადაძაბული იდგა და სახეზე ფითრისფერი ედო. მერე კი, გაუბედავად, მაქსიმალური ძალით ეცადა გაღიმებას და ჰორიზონტალურად გაჭიმულ ტუჩებში, კბილებიც კი გამოუჩნდა. -გამარჯობა, რაელ. -თქვა მან. ბიჭმა წარბები გახსნა და ისე ბუნებრივად, მშვიდად შებრუნდა მოწინააღმდეგის პირისპირ და თავისი სვლა გააკეთა, რომ თითქოს არაფერი მომხდარა. შავთმიანი დაბნეული ვედრებით შესჩერებოდა ლეილას და მისგან ხსნას ელოდა. ლეილამ კი რაღაც ანიშნა მას უკმაყოფილო სახით, თუმცა აშკარაა რომ შავთმიანს ვერაფერი ენიშნა და ისევ დაფას ჩააშტერდა. მარიამი უფრო ახლოს მივიდა მაგიდასთან. გადაწყვიტა, თამაშის მსვლელობისთვის თვალი ედევნებინა. რაელის ლაზიერი c1ზე, c3ზე მდგარ ეტლს იცავდა, შავთმიანის შავი მხედრისგან, რომელიც e4ზე იდგა, თუმცა ეტლის მოკვლის სურვილით თვალებდაბინდული შავთმიანი, საფრთხეს ვერ გრძნობდა და მხედარს ხელი შეახო. -ამ სვლას, დანებება სჯობს. -თავისთვის ჩაილაპარაკა მარიამმა. შავთმიანმა კი, ეტლი მოკლა. ორ სვლაში, რაელმა მოწინააღმდეგის მეფე უმოწყალოდ გაანადგურა. შავთმიანს რეაქციაც არ ჰქონია, მაქსიმალურად დააღო პირი და მთქნარებით ჩამოასვენა იდაყვით დაყრნობილ ხელზე თავი. -გინდა, ვითამაშოთ? -მჟღერი იყო მარიამის ხმა. შავთმიანი სწრაფად წამოდგა და მაგიდას მოშორდა. რაელმა კი ფიგურების დალაგება დაიწყო. მარიამისთვის არ შეუხედავს. გოგონამ ნელა შემოუარა მაგიდას და რაელის მოპირდაპირედ დაჯდა. იდაყვებით ზედაპირს დაეყრდნო და ორივე ხელის ზურგი ნიკაპის ქვეშ ამოიდო. ღიმილით შეაჩერდა რაელს. თამაში მარიამის თეთრების უხეში სვლებით დაიწყო. ფიგურები ცენტრისკენ შეიჭრნენ და თავს დაესხნენ ერთმანეთს. თამაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და 20 წუთის შემდეგ, თამაშს მარიამის ლაზიერი შეეწირა. რაელი თამაშობდა ისე, რომ ოპონენტს არ უყურებდა, თავს ოდნავ მაღლაც არ სწევდა. ჩასჩერებოდა დაფას და მოწინააღმდეგის სვლები, მის შეცნობაში ეხმარებოდა, თითქოს. გოგონას ყოველი სვლა, ბიჭსთვის მისი გაცნობის საუკეთესო საშუალება იყო და პატივისცემა ნდობაში ისე იჭრებოდა, როგორც გამთენიისას, ღამეში შეჭრილი მზის შუქი. -რაელის დამარცხება ასე ადვილი როდია?! -კმაყოფილი ხრინწიანი ხმა დაატყდა მარიამს მაღლიდან და დენდარტყმულივით შეხტა. მაღლა აიხედა და დაინახა, რომ ირგვლივ წრე შეეკრათ კლინიკის პერსონალს. შუაში კი დრედებიანი იდგა კმაყოფილი ღიმილით, ხელები ზურგს უკან წაეღო და მშვიდად დაეწყო ერთმანეთზე. მარიამის გახევებულ მზერას თავისი კმაყოფილი შეაგება გაბემ და ოდნავ დაუქაჩა, დაფისკენ ანიშნა. -ნებისმიერ შემთხვევაში, მაქსიმუმ სამ სვლაში დაგამარცხებს. ჯობს, ახლავე დააწვინო შენი მეფე. ღირსეული დანებება ჯობია, იძულებით დანებებას. -ბოლო წინადადება ცივი სარკაზმითა და ხაზგასმით თქვა გაბრიელმა. -ის მეგობარია. -ძლივს, შეპარვით თქვა რაელმა და თავაუწევლად, თვალებით აჰხედა ჯერ გაბეს, მერე კი მარიამს, რომელიც სუნთქვაგახშირებული შეშტერებოდა გაბეს. მერე კი, ნერწყვი გადაყლაპა და დაფას დახედა. ცოტა ხანი უყურა უაზროდ, მერე კი თავის მეფეს შეახო საჩვენებელი თითი, დაწვენა დაუპირა, თუმცა გადაიფიქრა. ხელში აიღო და რაელს გაუწოდა. ბიჭმა თავი მაღლა ასწია, რომ მარიამისთვის კარგად შეეხედა და გაღიმება დააპირა, თუმცა გადაიფიქრა. სწრაფად გამოართვა მეფის ფიგურა გოგონას და გაბრიელის ფეხებთან დააგდო. -ის მეგობარია. -დაიყვირა მან. -მეგობარია, მეგობარია... გაბრიელი სწრაფად დაიხარა და ფიგურა აიღო. მერე რაელს მიუახლოვდა, ცალ მუხლზე დადგა მის წინ და მხარზე ხელი დაადო. -ის მეგობარია. -ღიმილით უთხრა მან. -გპირდები, არაფერს ვავნებ შენს მეგობარს. ახლა კი, დაისვენე. -გაბრიელის ხმა იმდენად სანდომიანად ჟღერდა, რომ რაელი მომნუსხველი სიმშვიდით აივსო და მეფის ფიგურა გამოართვა. მერე ისე, რომ მარიამისკენ არ გაუხედავს, ფეხზე წამოდგა და ლეილას გაშლილი ხელებისაკენ წავიდა. გაბრიელმა თავი დაუკრა ლეილას. თუმცა, გაურკვეველი იყო ეს ჟესტი სამადლობელი იყო, თუ რაელის იქიდან გაყვანის მინიშნება. წითელთმიანმაც გაუღიმა საპასუხოდ და თან მარიამისკენ გაექცა დამორცხვებული მზერა, მერე კი რაელს მოჰხვია ხელი და შენობისაკენ უბიძგა. ბიჭს კი მათკენ არც მოუხედავს, მორჩილად დაჰყვა მინიშნებას და შეყვითლებულ მდელოს გაუყვა, ლეილაზე აკრული. გაბრიელი მაგიდასთან ჯიუტად მჯდარი მარიამის მოპირდაპირედ, რაელის სკამზე დაჯდა და კმაყოფილებით შემოჰკრა ტაში. -აბა?! ვითამაშოთ, თუ საქმეზე გადავიდეთ? -მხიარულად შეეკითხა ბიჭი. -ვინ ხარ და რა გინდა? -ქვევიდან, ზიზღით ამოჰხედა მარიამმა. -ანუ, საქმეზე გადავიდეთ. -უდარდელი უკმაყოფილებით თქვა გაბრიელმა და ფეხზე წამოდგა. -რა გაეწყობა, წავედით. -სად? -არ დგებოდა მარიამი. -ეს ადგილი შენი საკუთრება ხომ არ გგონია? -ზურგიდან გამოჰხედა გაბრიელმა. -წავედით, სანამ კინწისკვრით არ გაგვყარეს. მარიამი ბრაზისგან აილეწა, სუნთქვააჩქარებით წამოდგა და მძიმე ნაბიჯებით გაჰყვა გაბრიელს, რომელიც მისგან სამიოდე ნაბიჯის მოშორებით, აუღელვებლად მიაშრიალებდა თავის რუხ მოსასხამს. მათ შორის მანძილი სამ ნაბიჯს პრინციპულად ინარჩუნებდა, კლინიკის ეზოს გარეთ გასვლის შემდეგაც. მხოლოდ გაბრიელის მოტოციკლთან დაირღვა და ხუთი ნაბიჯით გაიწელა. გაბრიელმა უკანა სავარძელი ასწია და ჩაფხუტი ამოაძვრინა, მერე მარიამისკენ შეტრიალდა და ჩაფხუტი გაუწოდა. ეს უკანასკნელი კი თითქოს ვერ ჩამოყალიბდა ცინიკური მზერით ეყურებინა მისთვის, თუ წარბებშეკრული ბრაზით. ამიტომაც, ხან ერთ სახეს იღებდა, ხან მეორეს. -მიკვირს, აქამდე რომ ვერავინ შეამჩნია პრეზიდენტის ქალიშვილი. -ჩაფხუტი დაბლა დაუშვა გაბრიელმა. -მგონი, ქვეყანას ნაკლებად სცალია ახლა ჩემთვის. -ქლესურად უპასუხა მარიამმა. გაბრიელს ცალყბად გაეცინა, თვალი აარიდა მარიამს და ენა საგულდაგულოდ აისვა ტუჩებზე. მერე კი ისევ გაუწოდა ჩაფხუტი და თვალები მობეზრებულად აუქნია მისკენ. -კაბა მაცვია, ვერ დავჯდები. -ქედმაღლური უხერხულობით ჩაილაპარაკა მარიამმა. -დაჯდები, ფეხების გაშლაში მე მოგეხმარები. -მაქსიმალური ირონია აღებეჭდა სახეზე გაბრიელს და მარიამის სახეზე ბრაზის ძებნას შეუდგა, თუმცა სანაცვლოდ მაცდურ ღიმილს რომ წააწყდა, ამან ცოტათი დააბნია. გოგონა მიუახლოვდა და ჩაფხუტს დაავლო ხელი, მერე კი მაღლა ასწია და ღიმილი სახიდან ჩამოერეცხა. გაბრიელის თვალებში, კი წითელი აკივლდა. მოულოდნელობისგან სუნთქვა შეეკრა დრედებიანს და ხელები სახეზე აიფარა, თუმცა ცოტათი მოუგვიანდა. პირში სისხლის გემო იგრძნო და ხელი იტაცა - ცხვირიდან სისხლი სდიოდა. მის წინ კი მარიამს ზუსტად ის სახე მიეღო, რასაც გაბრიელი ეძებდა ცოტა ხნის წინ - ბრაზის, რომელიც თანდათან ნელდებოდა და ბოლოს კმაყოფილი კისკისით შეიცვალა. -გაგიჟდი? -ძლივს მოვიდა გონს გაბრიელი. -საკუთარ თავს დააბრალე. -მშვიდად უპასუხა მარიამმა და ჩაფხუტი მოირგო. სანამ დამცავ მინას ჩამოიფარებდა, კიდევ ერთხელ აკისკისდა და ჩანთიდან ხელსახოცი ამოიღო. გაბრიელმა გამოწვდილ ნაჭერს ხელი ჰკრა და მარიამის ორივე მკლავი მარჯვენა ხელში მოიქცია. მერე კი, მის პიჯაკს სწვდა და ცხვირისკენ გააქანა. -არ გაბედო! ჩემი საყვარელი პიჯაკია. -ჩაფხუტიდან გაისმა მარიამის განწირული ხმა, თუმცა ამაოდ. მისი პიჯაკი სისხლით მოითხვარა. -შეგიძლია, დაჯდე. -მშვიდი კმაყოფილებით უთხრა გაბრიელმა, თავისი ჩაფხუტი მოირგო და მოტოციკლზე შემოჯდა. -ტყით ჯობია გავიდეთ, რომ არავინ შეგვამჩნიოს. ცა განათდა, დაიგრუხუნა და სქელი წყლის ბურთები ისეთი ძალით დაეშვნენ, რომ მარიამს ბეჭები დაუმძიმდა. სწრაფად შემოჯდა გაბრიელის უკან, ხელები ცივად შემოჰხვია და მოტოციკლეტის ძრავმაც დაიღრიალა. კლინიკის შემოსაზღვრულ ღობეს, რომელსაც აღმოსავლეთის მაღლობზე აჭიმული ტყე უერთდებოდა, გზიდან წვრილი ბილიკით უკავშირდებოდა ქალაქს. მოტოციკლმა გეზი ბილიკისაკენ აიღო და ღრმად გასერა წვიმისგან თეთრად ატალახებული ქვიშის გზა. ჩამობნელდა. რაც უფრო ღრმად იჭრებოდნენ ტყეში, ბილიკიც უფრო გაიშალა და ბოლოს საერთოდ გაქრა. გზა უფრო და უფრო რთული ხდებოდა და წვისგან ამღვრეულ მიწას, კიდევ უფრო უჩინარს ხდიდა ცის კაბადონზე ჩამოწოლილი სიბნელე. მოტოციკლეტის ბორბალმა ერთ ადგილზე ბრუნვა დაიწყო და აზმუვლდა. ხმა კიდევ უფრო გაძლიერდა და ბორბალიც განუწყვეტლივ, შეუჩერებლად ზმუოდა ტალახში. დიდხნიანი წვალების შემდეგ კი, გაჩერდა. -ამის დედაც! -სწრაფად გადმოვიდა მოტოციკლიდან გაბე, ჩაფხუტი მოიხსნა და გადააფურთხა. -აქ ჩავრჩით? -მინის საფარი ასწია მარიამმა და თვალებმოჭუტული გაჰხედა გაბეს, მერე კი თვალი მოავლო იქაურობას. ხედავდა მხოლოდ ხეებს, ზოგან აბურდულს და სიბნელეში ჩაკარგულ ყვითელ ფერებს. მერე გაბეს შეხედა, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა ტალახისგან გაეწმინდა მასში ჩაჭედილი ბორბლები. -იქნებ, გადმოხვიდე?! -ამოხედა მარიამს. ეს უკანასკნელი ფრთხილად წამოიწია. წვიმმას სამოსი დაემძიმებინა და შიშველი, სველი ფეხები ტყავის სავარძელზე უსხლტებოდა. ის-ის იყო უნდა გადმოსულიყო და ფეხი აუცურდა. შეკივლება მოასწრო, თუმცა გაბემ დროულად შეუშვირა ხელი და ტალახში ჩავარდნას გადაარჩინა. მერე კი, მოტოციკლეტიდან გადმოსვლაშიც დაეხმარა. წვიმა შეწყდა. აყვითლებულ ხეებზე, ფოთლიდან ფოთოლზე ჩურჩულით სხლტებოდნენ მათზე შემორჩენილი წვიმის წვეთები. მარიამს ტუჩები გაულურჯდა, სიცივისგან სულ აკანკალდა და ხელები მაგრად შემოიჭდო სველ სხეულზე. გაბრიელი მიხვდა რა, რომ ვერაფერს გააწყობდა მოტოციკლეტთან, ტალახიანი ხელები მოსასხამზე შეიხოცა და მარიამისკენ გააპარა თვალი. -ცეცხლი უნდა დავანთოთ. -თქვა მან, თან მარიამს ახედ-დახედა. გოგონას არაფერი უთქვამს, სულ კანკალებდა. გაბრიელი სწრაფად დატრიალდა. მარიამი ხედავდა როგორ დაეძებდა რაღაცეებს ფოთლებში, თუმცა სიბნელისგან ვერაფერს ხედავდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც მოწითალო შუქი და სითბო იგრძნო, გონს მოვიდა. -აქეთ მოდი. -მოესმა გაბრიელის ხმა, რომელიც მასთან შორიახლოს აგიზგიზებულ ცეცხლს იქიდან მოდიოდა. მარიამი ცეცხლს მიუახლოვდა და სითბოსა და სიამოვნებისგან მთელს ტანში ჟრუანტელმა დაჰკრა. გაბრიელი ხის მორზე იჯდა და გვერდით კიდევ ერთი იდო, რომლისკენაც ანიშნა და გოგონაც მისკენ წავიდა. ლოდებად ქცეული გაყინული ფეხები ძლივს მიათრია მორამდე. სითბო მთლიანად მოედო სხეულზე და მთელი ტანი შემოალღვა. -არავისთან დარეკვას არ აპირებ? -საყვედურით იკითხა მარიამმა. -თუ, აქ უნდა ვიყოთ? -მშვენიერი ადგილია, რას ერჩი? -ხუმრობ, ხომ? -შეშფოთებით გახედა გოგონამ. -შენ რა, მართლა აქ აპირებ დარჩენას? -შენ არა? -გაეცინა გაბეს. -ჩემებს პარიზში ვგონივარ. დღეს რომ დედაჩემს არ დაველაპარაკო, წარმოდგენაც არ გაქვს, რა მოხდება. -ხმას აუმაღლა მარიამმა. -და ჩემი ტელეფონი მკვდარია. -ხელში აათამაშა მარიამმა. გაბეს სახე მოექუფრა. თითქოს, რაღაც ან ვიღაც გაახსენდა. მის ფიქრებს, ბურუსივით შემოჰხვეოდა მარიამის ხმა, რომელიც არ ჩერდებოდა და დროდადრო უფრო მაღალ, მჭექარე, მერე კი ფალცეტურ ჟღერადობაში მონაცვლეობდა. -ჰეი, გესმის ჩემი? -შეანჯღრია მარიამმა. -ჰო. -გონს მოვიდა გაბე და მობეზრებული სახე მიიღო. -გკითხე რაღაც. -რა? -მანიაკი ხარ? -თვალები დაუმრგვალდა მარიამს. -კიდევ მე ვარ მანიაკი? -გაეცინა გაბეს. -მაინც როგორ მოახერხე უცხო ადამიანის მოტყუება და ისეთი გავლენის მოხდენა მასზე, რომ თან მასთან ცხოვრობ და თან მისი დახმარებით კლინიკაში შეაღწიე? -შენ ყველაზე კარგად გამიგებ. -ხალისიანად უპასუხა მარიამმა. -ან, შეიძლება თორნიკემ უფრო უკეთ შეძლოს ჩემი გაგება. თქვენს შორის, რომელია უფრო ძლიერი ფარისეველი? -ოჰოჰო... -ხმამაღლა ახარხარდა გაბე და მარიამი კარგად შეათვალიერა. -კარგად გიმუშავია. გაბრიელი ისეთი კმაყოფილებით ათვალიერებდა მარიამს, რომ აშკარა იყო ძალიან გაახალისა მარიამის შედეგებმა. -ეს სიმწრის სიცილია, თუ შენი გეგმების ჩაფუშვის საფრთხე ასე გახალისებს? -სარკასტულად დაუსისინა მარიამმა. გაბრიელი ბეჭებში გაიმართა და დაღლილად ამოიხვნეშა. იქვე დაგდებული ხის პატარა ტოტები ცეცხლში შეყარა და ალმა იფეთქა. კიდევ უფრო მოიცვა ისინი ცეცხლის შუქმა და სითბომ. გაბრიელი მარიამისკენ შებრუნდა და თვალებში შეაშტერდა დაკვირვებითა და ღიმილით. კმაყოფილება კიდევ უღვიოდა სახეზე, რაც მარიამს თითქმის აცოფებდა. -გგონია, მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს? -გაბრიელის სიცილის ხმა ჯერ ცხვირიდან გაისმა, შემდეგ კი ფართოდ გაღებული პირიდან. -არ გაამართლებს „ა“ გეგმა, ჩაერთვება „ბ“ გეგმა. თუკი „ბ“ ჩაიშლება, გააქტიურდება „გ“ გეგმა და ასე... ანბანი ხომ იცი? -გაბრიელის მზერა ისეთი დაჟინებული იყო, რომ ცეცხლის სიმხურვალე ორმაგად მოედო მარიამს სხეულზე და უცებ გაიყინა. შიში საფეთქლებს მოაწყდა და ღაწვებში ჩაიღვენთა. -ვინ ხარ ბოლოსდაბოლოს? -მშრალი ხმით ამოღერღა მან. *** გრუხუნისა და უზარმაზარი წვიმის შხეფეხის ხმისაგან სახლში შემალული ქლოი, მძინარე ევას თავთან მოკუნტულიყო და ყოველ დაგრუხუნებაზე თათებით უფრო და უფრო აწვებოდა ევას თავზე. გოგონა თანდათან ფხიზლდებოდა და კიდევ ერთ მჭექარე გრუხუნის ფონზე საბოლოოდ წაერთვა ძილს. დამძიმებული ქუთუთოები ძლივს დააშორა ერთმანეთს და მაშინვე იგრძნო გაუსაძლისი თავის ტკივილი. სისინით წამოჯდა ლოგინზე და ქლოი სწრაფად გადახტა გვერდით. ახლა, ლოგინის ცარიელ მხარეს მოიკნუტა და მოხრილ მუცელში ჩარგო თავი. ევამ მისუსტებული ხმით, რამოდენიმეჯერ დაუძახა გაბეს, თუმცა რომ არავინ გააგონა, ლოგინიდან ჩამოხტა. ყველგან სიბნელე იყო და ვერაფერს არჩევდა. მერე კი, ძლივს მიაგნო კედელში გაჩრილ ჩამრთველს და ხელი ჩამოჰკრა. ყველა ოთახში აანთო შუქი და მთელს სახლში დაიწყო გაბრიელის ძებნა. ეგონა, რომ ძალიან დიდი დრო იყო გასული. ისიც კი არ იცოდა რა დღე იყო, რა რიცხვი იყო, ან საერთოდ რა ხდებოდა?! სახლი ისეთი ცარიელი იყო, რომ არანაირი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას არ იძლეოდა, თუ რა ხდებოდა გარე სამყაროში. ვერც თავის ტელეფონს მიაგნო, არც ტელევიზორი იყო არსად. უჯრებს დაეტაკა გოგონა და ყველაფერი ამოყარა, თუ რამე იყო მათში. ერთ-ერთი უჯრა, წამლების პატარა ქილებით იყო სავსე. ყოველ მათგანს მოცლილი ჰქონდა აღწერილობა. ყველაფერი ეჭვს იწვევდა, ყველაფერი ბურუსით იყო მოცული, ვეღარაფერს ენდობოდა ევა. პანიკა უახლოვდებოდა გოგონას. თითები ეგრიხებოდა, პირი უშრებოდა, თავბრუ ეხვეოდა, ყბები ემჟავებოდა. ყელში რაღაც გველივით სრიალა ებჯინებოდა და სურდა მოეგუდა, ევამ ძაღლივით ამოიყეფა. თვალები აეწვა და აუცრემლიანდა, ძალა სულ მთლად ეცლებოდა და სუნთქვა აღარ შეეძლო. წელში მოიხარა და გარეთ გასვლა სცადა კედელზე ხელმიბჯენით. ძლივს მიაღწია კარამდე და გამოაღო თუ არა, ისევ ამოიხრიალა. ამჯერად, გული აერია ევას. ამან, ოდნავ მოუხსნა სპაზმი და თავს აიძულა დამშვიდებულიყო. ტანსაცმელს დაუწყო ძებნა, თუმცა ვერაფერი იპოვა თავისი. ისევ ოთახში დაბრუნდა, კარადა გამოაღო და გაბრიელის ტანსაცმელი ჩაიცვა. შარვლის სათავე მაისურის დახელურებით დაიმაგრა და მაგრად ჩაკოჭა ჭიპის თავზე. ყველაფერს რომ მორჩა და გარეთ გავიდა, წვიმას უკვე გადაეღო. გზაზე მანქანის ჭაჭანებაც არ იყო, არც ტაქსი მოძრაობდა სადმე. დაახლოებით ორი კილომეტრის გავლის შემდეგ, ევას ზურგზე შუქი მოეფინა, რომელიც თანდათან უახლოვდებოდა. სწრაფად შებრუნდა უკან და უზარმაზარი სატვირთო მანქანის წინა განათებებმა თვალი მოსჭრა, თუმცა არ დაბნეულა. მაშინვე დაუქნია ხელი და დაუყვირა. სატვირთო შეჩერდა. *** ცენტრალურ მოედანზე ხალხის ზღვა იდგა. იქ თუ მოხვდებოდი, იქიდან გასვლა თითქმის შეუძლებელი იყო. სწორედ აქ გაარკვია ევამ, თუ რა მოხდა მაშინ, როცა მას ეძინა. ევამ კვლავ იგრძნო სიმჟავე ყბებში, კვლავ იგრძნო წვა გულში, კვლავ იგრძნო იმედგაცრუება, მარცხი, ტკივილი, ზიზღი და კვლავ იგრძნო ბუბა, რომელიც თითქოს ვერ პატიობდა ძილში გატარებულ დღეებს. ევა მოწყვეტით დაეცა ბრბოში, თვალი უმისამართოდ გაუშტერდა, მერე კი მთელი ამ ხნის ნაგროვებმა ტკივილმა ერთიანად იფეთქა და მთელი ხმით დასჭექა. ისე ღრიალებდა, რომ ხალხი მის გატოკებასაც ვერ ახერხებდა. ძეგლად, ქვად იქცა თითქოს, ვერავინ აჩერებდა, ვერავინ შეძლო მისი გასწორება. თუმცა, იმ მომენტში ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ უარესი წინ ელოდა. მალე ჩოჩქოლი და ყვირილი ატყდა ხალხში, თუმცა ეს ყვირილი უფრო შიშის ან კონკრეტული საფრთხის მომასწავლებელი იყო. ევას, მორბენალი ადამიანები წამდაუწუმ ეჯახებოდნენ. ყვირილი და გინება ისმოდა ყოველი მხრიდან. რამოდენიმემ, ევას აყენება სცადა ისევ. -გოგონა, გაიქეცი. რას აკეთებ? ადექი! ევა გამოცოცხლდა, ირგვლივ მიმოიხედა. მერე, ფეხზე წამოდგა და წამებში სისველე იგრძნო. ეს წვიმას არ ჰგავდა, მწარე, ცივი წყალი პირდაპირ სახეში შეესხა და ხელები აიფარა. სწრაფად, ზურგი აქცია წყლის ჭავლს და იმ მიმართულებით გაიქცა, საითაც ხალხი გარბოდა. -არ დანებდეთ! -გაისმა ვიღაცის ხმა. ამ ხმას სხვებიც აყვნენ და პარლამენტისკენ დაიძრნენ, საიდანაც სწორ ხაზად მოემართებოდა წყლის ჭავლით შეიარაღებული სახელმწიფოს შეიარაღებული სპეცრაზმი. ევა ამ ხმისაკენ გაემართა და მათ შეუერთდა. ხალხის ბრბო სამართალდამცავებისკენ წავიდა, საიდანაც წინააღმდეგობა სასტიკი მეთოდებით წარიმართა. ევა დაბნეული აცეცებდა თვალებს, ცდილობდა ვინმე ნაცნობისთვის მოეკრა თვალი და ხან ერთ მხარეს გარბოდა, ხან მეორე მხარეს. უცებ, ხმა გაისმა. ევას ეს ხმა ახსოვდა, ოღონდ მაშინ როცა ბავშვი იყო. როცა, ახალ წელს მამას მისთვის და ბუბასთვის საახალწლო ფეიერვერკი მოჰქონდა. ზუსტად 12 საათზე სამივე ერთად რომ ისროდა, წითელი წერტილი ფერადი გრძელი მილიდან ამოვარდებოდა და წუილით ავარდებოდა ჰაერში, იქ იფეთქებდა და რამდენიმე ფერად წერტილად გაიშლებოდა თავაღმართული სამეულის თავს ზემოთ, ზეცაში. დედა კი, ამ დროს მაგიდას შვლიდა ოთხი ადამიანისთვის. ეს მოგონება იმდენად რეალისტური იყო იმ მომენტში, რომ ევას გაეღიმა. ეს ევასთვის ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნამდვილი და ყველაზე ტკბილი მოგონება იყო. -რეზინის ტყვიები! -დაიყვირა ვიღაცამ. -ამათი დედას შე*ეცი! ვიღაც დაეცა. -გოგოს მოხვდა, ე! -მოკვდა მგონი, სისხლია. ხალხი შეჯგუფდა ევას თავზე. გოგონას, რომელიც ძირს ეგდო და მარჯვენა თვალიდან სისხლი სდიოდა, სახეზე ღიმილი ეფინა. სადღაც, შორიდან, სასწრაფოს მანქანის კივილი ისმოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.