ემიგრანტი
ცხოვრება ყველასთვის ია-ვარდით მოფენილ გზაზე სიარულს არ ნიშნავს! ზოგს ფრენა შეუძლია, ზოგს კი ხოხვაც არა ამ დედამიწაზე... ზოგს თუ ბრილიანტები ეცოტავება, ზოგიერთს ლუკმა-პურიც არ აქვს, რომ თვითონ თუ არა, დამშეულ შვილებს მაინც აჭამოს და დააპუროს ცრემლიანი თვალებით მომზირალნი. ამის გამო ზოგი ქურდობს და სამართლის კოდექსით ისჯება. ზოგს კი, შვილების და საკუთარი მიწა-წყალის დატოვება უწევს გაურკვეველი ვადით და უცხო მხარეში უცხო ხალხში გადაკარგული სხვისი მონა-მოახლე ხდება. ასე მოუწია დედაჩემსაც. რადგან მამაჩემი ავტოკატასტროფაში დაიღუპა და მარტოხელა ქალს თავისი შვილები რომ გამოეკვება, ჩაეცვა, ესწავლებინა და გზაზე დაეყენებინა, საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ. მე ხუთი წლის ვიყავი, ჩემი და კი ცხრის, მიგვაბარა ბებიას და წავიდა. დაიბარა, მალე დავბრუნდებიო, მაგრამ ასე არ მომხდარა. იმ დღის მერე მხოლოდ კომპიუტერის ეკრანიდან ვხედავდი საქმისგან გადაღლილს, დაქანცულს, მოტეხილს, ცრემლიანს, მაგრამ მაინც მომღიმარ დედაჩემს. მართლა არ გვეკლდა მე და ჩემს დას ჩაცმა-დახურვა, არც ჭამა-სმა, განათლებაც უმაღლესი მივიღეთ, მაგრამ გვეკლდა დედა!.. დედის სითბო და ალერსი!.. დედის ზრუნვა!.. ღამ-ღამობით ბალიშს ვასველებდი ცრემლებით. დედა მენატრებოდა, მისი ალერსი მინდოდა. მინდოდა, როცა სიცხე მქონდა, ან როცა რამე მტკიოდა, დედას ჩავხუტებოდი, მას ეკოცნა და მომრჩენოდა ნატკენი იარები. დამეთანხმებით ალბათ, რომ დედის კოცნას მაგიურზე მაგიური ძალა აქვს... მართალია, ბებია არაფერს გვაკლებდა და ჩვენზე ზრუნვაში ათენებ-აღამებდა, მაგრამ მე მაინც დედა მინდოდა!.. ტასოსაც ენატრებოდა დედა, მაგრამ ჩემზე ოთხი წლით უფროსი უფრო მალე დაქალდა თითქოს და დედის როლი მან იკისრა. დილით მე მაცმევდა, მე მასაუზმებდა, საკუთარი თავისთვის კი ვეღარ იცლიდა ჯეროვნად. მერე სამხედრო სისწრაფით ემზადებოდა და ბაღში მივყავდი, იქიდან კი სკოლაში მირბოდა თვითონ. ბაღიდანაც მას გამოვყავდი... სკოლაშიც ისე მივედი, სხვა ბავშვებს რომ დედები ყავდათ გვერდით, მე ბებია მედგა... მერე და მერე კი ისიც მოხუცდა და ყველაფერი ტასოს დააწვა კისეტზე. იმდენად ასაკმა არ მოტეხა ბებია, როგორც შვილის დარდმა უცხო მხარეში გადახვეწილისა და შვილიშვილების უდედოდ აღზრდამ. წერა კითხვა რომ ვისწავლე, პირველი წერილი სანტას მაშინ მივწერე. ახალი წლისთვის არანაირი საჩუქარი არ მინდოდა დედის გარდა... იმ წელს მივხვდი, რომ სანტა არარეალური პიროვნება იყო და სინამდვილეში არ არსებობდა. ზუსტად იმ დღეს მივეცი ჩემს თავს პირობა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო და როგორც არ უნდა გამჭირვებოდა, ჩემს შვილებს არასდროს არაფრის დიდებით არ მივატოვებდი და არასდროს გავხდებოდი ემიგრანტი... მაგრამ ეეეჰ, "კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო"... სკოლას ვამთავრებდი უკვე, რომ ბებია გარდაიცვალა. დედაჩემმა დედის დასაფლავებაზეც ვერ მოახერხა ჩამოსვლა. ან არ მოახერხა... როგორც ახლობლები ჭორაობდნენ ჩუმჩუმად, ვიღაც ყავდა გაჩენილი და მასთან ცხოვრობდა. არც დედა და არც შვილები აღარ ადარდებდა თურმე. მე და ტასომ დავადევნეთ ლაზათი ჩვენს დაუზარელ, მშრომელ და სათნო ბებიას. მაშინ კი დავრჩით მართლაც მთლად უპატრონოები, მაგრამ მაინც პატიოსნად შევძელით და გავაგრძელეთ ცხოვრება. სკოლა წარჩინებით დავამთავრე, გამოცდებიც წარმატებით ჩავაბარე და უმაღლესშიც ჩავირიცხე სამედიცინო ფაკულტეტზე. ჯერ ისევ პირველ კურსზე ვსწავლობდი, რომ ტასო მინდიამ მოიტაცა. მინდია ხევსური ბიჭი იყო შატილიდან. სამი დღის მერე ძლივს მიაგნეს მამაჩემის ძმამ, დეიდამ და დეიდის ქმარმა. მართალია, ტასო მანამდე არ იცნობდა მინდიას, მაგრამ მაინც დარჩა მასთან. იმედი ქონდა, მასაც შეუყვარდებოდა დროთა განმავლობაში ქმარი, როგორც მინდიას უყვარდა. და არც შემცდარა. მინდია ტიპიური ხევსური იყო: ძლიერი, ვაჟკაცური, მშრომელი, ყოჩაღი და სიმპატიური. ტასო ძალიან უყვარდა და დიდ პატივსაც სცემდა. ასე ვთქვათ, ხელის გულზე ატარებდა თავის ცოლს. მეც მიხაროდა რომ, ჩემს დას ცხოვრებაში მინდიას სახით ძალიან გაუმართლა. ეგ იყო მხოლოდ, რომ ძალიან შორს იყო ჩემგან და მენატრებოდა. ჩვენი ბინა ტასოს გარეშე ძალიან გამოცარიელდა. ზუსტად ისე განვიცადე ტასოს გათხოვება, როგორც ბავშვობაში დედაჩემის ემიგრანტობა. ყოველ ღამე ისევ ბალიშს ვასველებდი ცრემლებით. მიჭირდა მარტოობა. მერე კი ჩემმა დეიდაშვილმაც დაამთავრა სკოლა და აგარიდან ჩემთან ჩამოვიდა სასწავლებლად. რომ ვთქვა დიდი მეგობრობა და დიდი მისვლა-მოსვლა მქონდა მანამდე მარიასთან-მეთქი, მოვიტყუები. (დეიდაჩემს არ მოსწონდა ის აზრი, რომ ბებიამ ბინა მე და ტასოს დაგვიტოვა.) ერთი-ორჯერ შეკამათებაც კი მოუხდა დედასთან, მარტო იას შვილებს სცემ პატივს და ჩემებს არა, მეც ხომ შენი შვილი ვარო, მაგრამ ბებიას აზრი მაინც არ შეუცვლია. ხო და ამის გამო დიდად მოხარულები არ ვიყავით ერთმანეთის ხილვისა, მაგრამ მარტო დარჩენილს გამიხარდა მარიას ჩემთან გადმოსვლა. ასე თუ ისე, ჩემი დეიდაშვილი იყო და მას თუ არ შესტკივდებოდა ჩემზე გული, ცხრა უცხოს სულ არ შევებრალებოდი. მარია იმ პროვინციელი გოგონების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვისაც ქალაქში ჩამოსვლა და იქ ცხოვრება თავში აუვარდა. სულ გარე-გარე დადიოდა, ლექციებსაც ხშირად აცდენდა, სახლში თავის დასვრილ თეფშსაც კი არ რეცხავდა. რამდენჯერმე რბილი საყვედური ვუთხარი, მაგრამ მაინც ვერაფერი შევაგნებინე და თავი დავანებე, "ურჩი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასაო" ნათქვამია და მეც ამ პრინციპით შევეშვი. მართალია, ალალ დეიდაშვილზე ასე არ უნდა მეფიქრა, მაგრამ მეტი გზა აღარ დამიტოვა და რა მექნა? დეკემბრის ოცში ტასოს ბიჭი შეეძინა და სამშობიაროდან რომ გაწერეს, შობის საღამოს მის სანახავად ბიძაჩემმა წამიყვანა. ახალ წელს მასთან ვაპირებდი დარჩენას. მარიამ ეს ამბავი რომ გაიგო, მანაც გამოთქვა სურვილი და ისიც წამოვიდა დეიდაშვილის შვილის სანახავად. დილაადრიან დავადექით აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის გზას. უნდა ვთქვა რომ ეს შორი და სახიფათო გზა ძალიან დამღლელი აღმოჩნდა ჩემთვის, მაგრამ ისეთი მშვენიერი ბუნება და სანახები იყო, დაღლას აღარაფრად ვაგდებდი და ადგილ ადგილ, სადაც ბიძია გვიჩერებდა მანქანას, ჩავდიოდით მე და მარია და ფოტოსესიებს ვაწყობდით. დიდთოვლობის გამო დათვიჯვრის უღელტეხილზე ძლივს გადავედით პირიქითა ხევსურეთში. აქ კი მართლაც თვალწარმტაცი სანახაობა გადაგვეშალა: შატილი, კლდოვან ფერდობზე შეფენილი სახლებით. ენით ვერ აღვწერ იმ სილამაზეს, რაც მე იქ ვნახე. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ მე გამიჭირდებოდა აქ ცხოვრება. ან, ჩემი ყოჩაღი და კი შეძლებდა თითქოს ცივილიზაციას მოწყვეტილ ამ მხარეში ცხოვრებას? მინდიას ოჯახის შემოსავლის წყარო ძირითადად ხევსურული სამი კოშკი იყო, რომელსაც ტურისტებზე აქირავებდნენ. მესაქონლეობასაც ეწეოდნენ და უნდა ითქვას რომ შეძლებულად ცხოვრობდნენ. ზაფხულში და ზამთარში დიდი სიამოვნებით დავისვენებდი ჩემს დაიკოსთან... ტასოს ჩვენი დანახვა ძალიან გაუხარდა. უფრო ჩემი ალბათ, რადგან ფანჯრიდანვე მომკრა თუ არა თვალი, თავპირისმტვრევით გამოქანდა და შუა ეზოში ისე მომეკრა ტკიპასავით, ამოსუნთქვის საშუალებაც კი არ მომცა. _ჩემო ნინუცი, როგორ მომენატრე... როგორ ხარ გოგო?_თან ცრემლები მოებჯინა ყელში და ხმა ისე აუკანკალდა, ვეღარ შეძლო ვერაფრის თქმა. _კარგად ვარ. ნუ ტირი, თორემ მეც ავღრიალდები ახლა პატარა ბავშვივით._თავის შეკავება ვცადე ვითომ, მაგრამ მაინც მართლა ავღრიალდი._არ გაცივდე ახალი მოლოგინებული ხარ, სახლში მაინც შევსულიყავით. _ხო, რა სულელი ვარ, რა გარეთ დაგაყენეთ._ძლივს თქვა ეს და ახლა მარიას მიუბრუნდა, ისიც გადაკოცნა. მერე ბიძიასკენაც გადადგა ნაბიჯი._ბიძია, როგორ გამიხარდა რომ მესტუმრეთ._მასაც ჩემსავით დიდხანს ჩამოეკიდა კისერზე. მერე კი სახლში შეგვიყვანა. კეთილმოწყობილი სახლი და ძალიან თბილი ოთახები ქონდათ, მომეწონა. ჩვენი პატარა გიორგიც ვნახეთ, რომელიც ისე ყავდა ტასოს გაკოჭილი, შემეცოდა კიდეც. ისეთი საყვარელი იყო, ისეთი საყვარელი, მისი ჩაყლაპვა მომინდა. სახეზე რომ გადავხადე ფრთხილად, ტუჩები ააცმაცუნა საყვარლად და მისი კოცნის გარეშე ვერ გავჩერდი. ჩვენმა სიძემაც გულთბილად მიგვიღო, მისმა ძმამაც და მშობლებმაც. ბიძაჩემი იმ ღამეს იქ დარჩა, რადგან სტუმართმოყვარე ხევსურებმა აღარ გაუშვეს და თავიაანთი მხარისთვის დამახასიათებელი უგემრიელესი ხინკლი შემოგვთავაზეს. თან ლუდით გამოათვრეს ქალაქელი კაცი... ის ერთი კვირა, რაც ტასოსთან ვიყავით მე და მარია, ჩემს მეხსიერებაში წარუშლელ მოგონებებად დარჩა. მართლაც გაუმართლა ჩემს დას ოჯახის შექმნაში. იქნებ, თვითონ რომ გათხოვიყო სიყვარულით, ვერ შეერჩია ასეთი მოსიყვარულე ქმარი. უზომოდ დიდ პატივს სცემდა მინდია ჩემს დას და ასევე მე და მარიასაც, რადგან მისი ახლობლები ვიყავით. დიდი თოვლის მიუხედავად მაინც ჩაგვიტარა პატარა ექსკურსია და დაგვათვალიერებინა შატილის ღირშესანიშნაობები. თავის წითელ ბედაურზე რიგრიგობით შემოგვისმევდა ხოლმე მე და მარიას და გვაჭენებდა აღმა-დაღმა. დედამთილ-მამამთილიც უზომო პატივს სცემდა ჩემს ტასიას. არც ტასო აკლებდათ ყურადღებასა და პატივისცემას და ცხოვრობდნენ ასე შეხმატკბილებულად. ******************** თბილისში დაბრუნებულებმა ჩვეულ რიტმში განვაგრძეთ ცხოვრება. ეგ იყო, რომ ხევსურეთიდან გამოყოლილმა შთაბეჭდილებებმა კარგა ხანს გასტანა ჩემს მეხსიერებაში და მოხიბლული დავრჩი იქაური ყველაფრით. ზაფხულის დადგომისთანავე კი, მარიამ აიტეხა, ჩემთან წამოდი დასასვენებლადო. ძალიანაც არ მინდოდა აგარაში წასვლა, მაგრამ იმდენი მეხვეწა და ისე ჩამომეკიდა, რომ ერთი კვირით მაინც გადავწყვიტე მასთან დასვენება. იქიდან კი, რომ დავბრუნდებოდი, ტასოს ვეწვეოდი შატილში და მთელი ზაფხული დავრჩებოდი იქ. დილაადრიანვე დავადექით აგარისკენ მიმავალ გზას. მთელი ის საათნახევარი, რაც მგზავრობაში მოგვინდა, მარიას ენა არ გაუჩერებია. რას ლაპარაკობდა ნახევარზე მეტი არ მესმოდა, რადგან არ ვუსმენდი. ჩემთვის ჩემს ნაჭუჭში ვიყავი გამოკეტილი და უაზროდ გავყურებდი ფანჯრიდან უკანჩამოტოვებულ ხეებს. მგზავრობას ვერ ვიტან-მეთქი რომ ვთქვა, მოვიტყუები, მაგრამ ამ მგზავრობამ საშინლად დამღალა. ალბათ იმიტომ, რომ მარია ლაქლაქებდა და მისი ლაპარაკი თავს საშინლად მატკიებდა. დეიდა დიდად გახარებული დამხვდა-მეთქი, ამასაც მოვიტყუები. არა და ამბობენ, დეიდას დედის სუნი უდისო. არასდროს მიგრძვნია დედაჩემის სურნელი დეიდაჩემისგან. უშუალოდ სურნელი კი არა, არანაირი სითბო, სიყვარული თუ ყურადღება. ალბათ, მარიაც ბინის გამო იყო ჩემთან, თორემ დიდად რომ არ ვეხატებოდით მე და ჩემი და გულზე, ამას აშკარად ვგრძნობდი. სამაგიეროდ მართა ბებიამ, დეიდის დედამთილმა და მიშომ, მარიას ძმამ მიმიღეს ძალიან თბილად და დიდი სიყვარით. მარიამ ბარგი დაყარა თუ არა თავის ოთახში, მაშინვე დაქალებში გაქანდა. მეც კი მითხრა, წამო გაგასეირნოვო, მაგრამ მე დასვენება მერჩია და მიშოსთან ერთად ჭორაობა. კარგა ხანს ვიჭორავეთ დიდი ხნის უნახავმა დეიდაშვილებმა. ბოლოს თავისი შეყვარებულის ფოტოებიც კი მაჩვენა ტელეფონში. შეხედულებით კარგი გოგო ჩანდა, გემოვნება არ დაეწუნებოდა მიშოს და მოვუწონე კიდეც. _საყვარელი გოგო ჩანს. _მართლა მოგეწონა?_გაუხარდა და გაეღიმა._ამ საღამოს გავისეირნოთ და გაგაცნობ, გინდა? _მინდა, გამაცანი._დავთანხმდი. _მარიას კი არ მოსწონს..._თითქოს წყენით ჩაილაპარაკა._მუდო გოგოაო. _რას უწუნებს?_გამიკვირდა. _მასავით დაქალებიდან დაქალებში რომ არ დაჭენაობს მთელი დღე, ის არ მოსწონს. _არაუშავს. მისთვის ხომ არ შეგირჩევია არა?_განიერ მხარ-ბეჭზე ძლივს შემოვაწვდინე მკლავები და ჩავეხუტე._ ვნახავთ, თვითონ როგორ შეყვარებულს გაიჩენს. _ყავს უკვე, მაგრამ ის ბიჭი ზედაც არ უყურებს._ჩურჩულით მითხრა. _მართლა?_ დამაინტერესა და ცოტა გავმხიარულდი. არასდროს უხსენებია ჩემთან თავისი შეყვარებული და არაფერი მოუყოლია მასზე._ვინ არის, აქაურია?_მეც ჩურჩულით ვკითხე, რადგან არ მინდოდა დეიდას გაეგო მის ძვირფას მარიაზე რომ ვჭორაობდით. _ხო, სოფლის ბოლოში ცხოვრობს. ჩემი ძმაკაცია. იმასაც გაგაცნობ თუ გინდა. _გამაცანი._მარიას შეყვარებულის გაცნობაზეც დავთანხმდი. დეიდამ, აქაოდა სტუმარი ჩამომივიდაო, დაცქრიალდა ქალი: დედალა დაკლა, ახალი კარტოფილი მოთხარა და დაასუფთავა, ტყიდან ჩამოტანილი სოკოც გადაარჩია... მოკლეთ კარგად იფუსფუსა. (ამაში ნამდვილად არ დაემდურებოდა კაცი, უყვარდა სტუმრის პატივისცემა.) საღამოს მართლაც გამასეირნა მიშომ სოფელში და თავისი ლამაზი შეყვარებულიც გამაცნო. რეალურად უფრო საყვარელი აღმოჩნდა ვიკა. ცოტა მორიდებული და მორცხვიც კი იყო. მითუმეტეს როცა გაიგო, რომ მე მიშოს დეიდაშვილი ვიყავი და მინდოდა თუ არ მინდოდა, მაინც მუშტრის თვალით ვუმზერდი. გვიანობამდე შემოვრჩით ბირჟას და მარიამაც რომ იქით გამოიარა, ერთად დავბრუნდით სახლში. _მე მგელივით მშია, შენ?_ეზოში შევედით თუ არა, მაშინვე მკითხა მიშომ. _მეც მშია._გამეცინა. _სასმელს არაფერს დალევ? _ლუდი კარგი იქნებოდა._მორიდებით ვთქვი. _მაცივარში მაქვს ჩაციებული._ხელები კმაყოფილმა მოიფშვნიტა. _ჯიგარი ხარ._მხრებამდე ვერ შევწვდი ახოვან ვაჟს და წელზე მოვხვიე ხელი._ამაღამ ვითვრებით? _აბა რაა. დეიდას გემრიელად დაბრაწული მთელ-მთელი კარტოფილი სიამოვნებით მივირთვი. არც სოკოზე მითქვია უარი და ლუდზე ხომ საერთოდ. გვარიანად გამოვთვერით მე და მიშო. მარიას არ დაულევია, რაღაც ვერ ვარ კარგადო და მალევე დაწვა. მე და მიშო კი გვიანობამდე ვისხედით სუფრასთან და თან ვსვამდით და თან ვჭორაობდით. დილით კი გამიჭირდა ბალიშიდან თავის აწევა. აშკარად პახმელია ვიყავი. მზე გვარიანად იყო ამოწვერილი, რომ თავბრუსხვევით ავდექი. ლოთი და მსმელი არასდროს ვყოფილვარ და წუხელ რომ დავლიე, გამიკვირდა. მარიას ისევ ეძინა. მიშოს ხმა კი უკანა ეზოდან ამოდიოდა, აშკარად ვიღაცას ელაპარაკებოდა. აბაზანაში შევედი, ხელ-პირი ცივი წყლით მოვიბანე და დაბლა ჩავედი. ის იყო მეც უკანა ეზოში უნდა გავსულიყავი, რომ მოშორებით მწოლიარე ყურებდაცქვეტილმა დობერმანმა წამოყო თავი და ინტერესით შემომხედა. შიშისგან ერთ ადგილზე გავქვავდი. გუშინ არ შემინიშნავს ეს ძაღლი აქ. თანაც აშვებული რომ იყო გვარიანად დამაფეთა. მზეზე იწვა და შავი ბეწვი თვალისმომჭრელად უბზინავდა. ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი, იქნებ როგორმე გავპარულიყავი, მაგრამ ჩემს მოძრაობაზე ძაღლი ფეხზე წამოიმართა და ამან უარესად შემაშინა. _ვაიი!_ერთი შევკივლე და სასწრაფო წესით შევბრუნდი, რომ სახლში გავქცეულიყავი, მაგრამ ვიღაცას გამეტებით შევასკდი. _ბუჩ, ადგილზე!_სასიამოვნო ბარიტონმა ადგილზე გააშეშა ჭკვიანი ცხოველი._დაწყნარდი._ახლა მე მომიბრუნდა,_ქალებს არაფერს ერჩის... თანაც ლამაზებს. ძაღლისგან შეშინებულმა და ახლა ამ მოულოდნელობით დაბნეულმა ავხედე ოდნავ მკერდგადაღეღილ ქერა ბიჭს, რომელიც მოჭუტული მწვანე თვალებით მომჩერებოდა, რადგან მზე პირდაპირ სახეში ურტყამდა. სიმპატიური ბიჭი იყო, აი ისეთი, ერთი დანახვითვე რომ მოინადირებდა ქალის გულს. კეფაზე ძალიან მოკლედ ქონდა თმა შეჭრილი, დატალღული ქოჩორი აჩეჩილი ქონდა. ყურის სიახლოვეს კისერზე კი ფრთაგაშლილი არწივი ეხატა. ერთი ნახვითვე დამატყვევა. შევატყე, არც თვითონ დარჩა ჩემს მიმართ გულგრილი და ამ აზრმა გამახარა. _ვაა, ნიკა?_მარიამ ფანჯრიდან გადმოყო თავი და გვარიანად შემახტუნა._როგორ ხარ? _კარგად. შენ?_შევატყე, როგორ უწადინოდ გაეპასუხა ნიკა და ისევ მე მომხედა ინტერესით. _ეგ ჩემი დეიდაშვილია ნინო._ისევ მარიამ ჩამოსძახა ზემოდან. _ნინო?_კმაყოფილმა ამათვალიერ- ჩამათვალიერა. _ნუცა._დავუკონკრეტე. _სასიამოვნოა._თავისი დაკუნთული მარჯვენა გამომიწოდა. შემთხვევით ზემოთ ავიხედე და მარიას ბოროტულ მზერას წავაწყდი. აშკარად არ ესიამოვნა, რომ ეს სიმპატიური ბიჭი მელაპარაკებოდა. ნეტა, ეს ხომ არ იყო მისი შეყვარებული? ისე ჩამოვართვი ნიკას ხელი, მარიასთვის არ მომიშორებია მზერა, რომელიც აშკარად გაბოროტებული თვალებით მიმზერდა. არა და უნდა ვაღიარო, რომ ეს ბიჭი მართლა მომეწონა. ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესი. ამიტომ კეკლუცად შევღიმე, ჩემი ხელი დავიბრუნე და გაბედულად ჩავუარე დობერმანს, მიშოსთან მოხდენილი ნაბიჯებით გავედი. ნიკა კი ისევ იქ დარჩა, რადგან მარიამ რაღაც კითხა და მას ელაპარაკებოდა. _ოხ, შე ლოთო, ადექი?_ღიმილით მკითხა მიშომ._აბა რა გეგონა, წუხელ ბურნასავით რომ ვარდებოდი სასმელში? გამეცინა. _ამ საღამოსაც ხომ არ გაგვემეორა? სანამ წახვალ აქედან, ისე გამოგჯეკავ, კაცები დაათრო._სიყვარულით მომიჩეჩა თმა. _ის შენი ძაღლია, იქ რომ ნებივრობს? გული გამიხეთქა. _აა, ბუჩი? ნიკასია. ნუ გეშინია, თუ პატრონს დავუჯერებთ, ლამაზ ქალებს არაფერს ერჩისო... _მერე და მე ლამაზი ვარ?_ვითომ გავიოცე, მაგრამ კი მესიამოვნა კომპლიმენტი. წეღან ნიკამაც ხომ მასე მითხრა? _არა ვითომ?_ეჭვით მოჭუტა თვალები. _ეგ რას აკეთებ?_სიტყვა ბანზე ავუგდე. _მე და ნიკა ვჯახირობთ რაღაცას. თუ გამოგვივა, სანახაობას აუცილებლად გაჩვენებთ... თუ არ გეზარება, ყავა რომ მოგვიდუღო, შეგიძლია?_ბოლო წინადადება თითქოს მორიდებით მკითხა. _შემიძლია, არ არის პრობლემა. რამდენი და როგორი? _ორი ტკბილი. _კარგი._გამოვტრიალდი და წამოვედი. ნიკა ისევ მარიას შეჰურებდა და რაღაცას ელაპარაკებოდა. მე რომ დამინახა, აშკარად ესიამოვნა და გაეღიმა. მეც გამომწვევად მოხდენილი ნაბიჯებით ჩავუარე. მერე შევჩერდი, მარიას ავხედე. _ყავას დალევ? თანხმობა რომ განმიცხადა, მაშინვე სამზარეულოს მივაშურე. დიდად არ ვიქებ თავს, მაგრამ ყავა მართლა უმაღლესად გემრიელი გამომდის ყოველთვის. ახლაც ძალიან მოვიწადინე, ლანგარზე დავაწყე ფინჯნები და უკანა ეზოში ციმ-ციმ გავედი. ნიკა უკვე იქ იყო და რაღაც კონსტრუქციას დასტრიალებდნენ მიშო და ის. მარიაც მაშინვე გაჩნდა ჩვენთან. _აბა ჩემი ყავა?_ორი ფინჯანი რომ დაინახა ლანგარზე, თითქოს ეწყინა. _ჩვენთვის სამზარეულოში დავტოვე. აშკარად არ ესიამოვნა ეს ამბავი. გუმანით მივხვდი, რომ ნიკა ის ბიჭი იყო, ვისზეც მიშო მეუბნებოდა, რომ შეყვარებულიაო. გემოვნება კი ქონია კარგი, ვერაფერს დაუწუნებდი. მაგრამ ეს ბიჭი მეც ძალიან მომეწონა. მგონი მასაც მოვეწონე და დანაშაულად არ ჩამეთვლებოდა, თუ კი გავეპრანჭებოდი და ჩემთვის "დავითრევდი." _არ წამოხვალ, სანამ გაცივდება?_ხელკავი გამოვდე. მეტი რა გზა ქონდა? არა და აშკარა იყო, ნიკას გამო მოისურვა ყავის დალევა, თორემ ამ დროს არასდროს აღარ სვამდა, ღამე ვეღარ ვიძინებო. უწადინოდ გამომყვა. სკამზე ფეხმორთხმით დავჯექი და გამომცდელად მივაშტერდი დეიდაშვილს. _რა კარგი ბიჭია, ვინ არის?_სხვათაშორის ვკითხე. აწითლდა, ანერვიულდა და ერთ ადგილზე აწრიალდა. _მიშოს ძმაკაცია... დიდი არაფერია. თავში აქვს ავარდნილი გინდ მამის ფულები და გინდ დედის შეხედულება. _მე მასე არ მომეჩვენა რატომღაც._ეშმაკურად შევხედე. მარია უარესად აწრიალდა. ჩემს გამომცდელ მზერას ვეღარ გაუძლო. სასწრაფო წესით დალია ყავა და სამზარეულოდან უკანმოუხედავად გავარდა. აქამდე თუ ვეჭვობდი, ამ შემთხვევამ მართლა დამარწმუნა, რომ ნიკა იყო მისი შეყვარებული. როგორ თქვა მიშომ, არაფრად აგდებსო?_გამეღიმა. კმაყოფილმა ნებიერი წრუპვით მოვსვი სურნელოვანი სითხე. ცოტა ხანს ისევ სამზარეულოში დავყავი და მერე ეზოში გავედი. ბუჩი შორიახლოს რაღაცას ეთამაშებოდა მხიარული ყეფით და მივხვდი, რომ ნიკა ისევ აქ იყო. მართლა ძალიან მომეწონა ეს ბიჭი. ასეთი განცდა არავის მიმართ არ მქონია არასდროს. ალბათ, მეც დამდგომოდა ის დრო, რომ შეყვარებული ვყოფილიყავი. საღამოს ისევ გავისეირნეთ მე და მიშომ ვიკას მოსანახულებლად. მარია არ გამოგვყვა და ძალიანაც კარგი, რადგან ნიკაც დაგვემგზავრა და ვიკა და მიშო რომ განმარტოვდნენ, მე და ნიკასაც მოგვივიდა განმარტოება. _ადრე არასდროს ყოფილხარ აქ? არ მახსოვხარ._ინტერესით მკითხა. _ერთხელ თუ ორჯერ კი ვიყავით მე და ჩემი და, მაგრამ მაშინ ძალიან პატარები ვიყავით. _ალბათ არ მინახიხარ, თორემ არ დამავიწყდებოდი. _მართლა?_გამეღიმა. _შენთვის არასდროს არავის უთქვია, რომ დაუვიწყარი ქალი ხარ?_ინტერესით შემომხედა. ისე ახლოს იყო ჩემთან, მისი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა და თავბრუს მახვევდა. მართალია, თაყვანისმცემელი ბევრი მყავდა, მოსვენებაც კი აღარ მქონდა მათგან, მაგრამ მე არ მომწონდა არავინ. რატომღაც ძალიან წუნია ვიყავი და არც არავისზე ვფიქრობდი სერიოზულად, მაგრამ ნიკა სულ სხვა იყო. ასე ვთქვათ, ერთი ნახვითვე დამატყვევა და მომაჯადოვა. ყველაზე მეტად მაინც მისი მწვანე თვალები მომეწონა. ვაღიარებ, მისი სითამამეც მომეწონა. ზოგადად ასეთი თამამი ბიჭები არ მომწონდა, მაგრამ მას უხდებოდა რატომღაც. _დიდი ხნით აპირებ დარჩენას?_მისმა სასიამოვნო ბარიტონმა გამომარკვია ფიქრებიდან. _ერთი კვირით ვაპირებდი დარჩენას._გულწრფელად ვაღიარე. _აპირებდი?_მაინც და მაინც ამაზე გაამახვილა ყურადღება._გადაიფიქრე? გამეღიმა. _გინდა ხვალ სადმე გავისეირნოთ?_მოულოდნელად შემომთავაზა. _სად?_გავიოცე. _სულაც სურამში._მცირეოდენი ფიქრის შემდეგ მითხრა. _შორია? _არა. ასე, ოცი წუთის სავალზე. _სურამში რა არის სანახავი?_დავინტერესდი. _ლეგენდარული სურამის ციხე. სურამიც თვითონ ლეგენდარული დაბაა. _მართლა?_გამეღიმა._დამაინტრიგე და დამაინტერესე. _სურამის წარმოშობაზე ხალხური თქმულება არსებობს. თურმე შეყვარებული ქალ-ვაჟი ცხოვრობდა აქ, რომელთაც მშობლები უშლიდნენ ერთად ყოფნასო. ქალს სუ რქმევია, ვაჟს რამი. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ერთად ცხოვრება გადაუწყვეტიათ შეყვარებულებს. იმ ადგილს კი, სადაც ისინი დასახლდნენ, მათი სახელების ერთობლივი სახელი სურამი დაარქვეს. _სურამის ციხეზე ვიცი, ცოცხალი ბიჭი ზურაბი რომ ჩააყოლეს კედელში. ეს კი ნამდვილად არ ვიცოდი. საინტერესო ისტორიაა._მომეწონა. _წამოხვალ?_ინტერესით მომაჩერდა თავისი მწვანე თვალებით. _მარტო მე და შენ? _გეშინია? არ შეგჭამ_გაეცინა. _ეგ რა შუაშია? იქნებ ვინმე მოგყავს? ან, იქნებ მარიასაც უნდა წამოსვლა. მარიას ხსენებაზე აშკარად შეეცვალა სახე და სიმართლე ვთქვა, შემეცოდა. _კარგი, მარტო მე და შენ წავიდეთ. _აქედანვე გეტყვი, რომ მოტოციკლეტით ვაპირებ შენს წაყვანას. ხომ არ გეშინია? _მოტოციკლით?_გამიხარდა. ყოველთვის მიზიდავდა ექსტრემალური სიტუაციები და სიხარულით დავთანხმდი. ეგ იყო მხოლოდ, მარიასთვის როგორ მეთქვა? ან, დეიდა რას იტყოდა? მიშოს კი არ მგონია, რომ გაეგიჟებინა თავი. შორიდან ვიკას კისკისი შემოგვესმა. _ამ შენს დეიდაშვილს ბევრს ვეჩიჩინები, მაგრამ არაფერი ესმის. მოიყვანოს ბარემ ცოლად, მაინც უყვართ ერთმანეთი და რისთვის კარგავენ დროს? _შეყვარებულობანა დროის დაკარგვა გგონია?_გამიკვირდა. _არ კარგავენ ვითომ ასე უბრალო შეხვედრებით დროს?_გამომცდელად შემომხედა._მე ვინც მეყვარება და შევატყობ, რომ მასაც ვუყვარვარ, მოვკიდებ ხელს და მაშინვე წავიყვან სახლში. ჩვენ ბრძენ წინაპრებს უდქვამთ, ნაადრევი ყველაფერი კარგია სიკვდილის გარდაო და ვეთანხმები. შვილებსა და შვილიშვილებს რომ თავის დროზე მოესწრება, მაგას რა ჯობია? შვილთაშვილსაც რომ მიეფერება, ეგ ხომ მთლად უკეთესი. გაოცებული ვიყავი ამ ბიჭის აზროვნებით. არ მომწონდა-მეთქი რომ ვთქვა, მართალი არ ვიქნები. მომწონდა და თანაც როგორ. თანახმაც კი ვიქნებოდი, ჩემთვის რომ მოეკიდა ხელი და სახლში წავეყვანე. რომ არ დაგვეკარგა დრო და შვილებს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებსაც კი მოვსწრებოდით... ამის გააზრებაზე გამეღიმა. ნიკამაც ღიმილით შემომხედა და ერთხანს ასე ვუმზერდით ერთმანეთს. მართლაც რომ ერთი ნახვით შემიყვარდა ეს ბიჭი. მიშომ და ვიკამ მალე მოგვაკითხეს მხიარული ჩუმი სიცილით და ერთად გავისეირნეთ ფეხით. სახლში დაბრუნებულებმა ისევ დავლიეთ, ოღონდ ამჯერად ნაკლები ლუდი და მალევე დავწექი, რომ დილით ადრე გამეღვიძა და ნიკასთან ერთად სურამში წავსულიყავი. ის კი მედარდებოდა, რომ მარია თუ გაიგებდა, ეწყინებოდა ძალიან, მაგრამ თუ კი ნიკას არ მოსწონდა, რა ჩემი ბრალი იყო ვითომ? დილაადრიან, ჯერ ისევ ეძინა მარიას, რომ ნიკამ მომაკითხა თავისი თეთრი მოტოციკლით. მიშომ იცოდა რაც მთავარია, რომ მივდიოდით ერთად და სახლიდან გაპარვა არ გამომდიოდა. მის უკან რომ მოვკალთდი და ჩაფხუტი დავიფარე, მერე წელზე მოვხვიე ხელები, რომ არ გადმოვვარდნილიყავი და წავედით კიდეც. უნდა ვთქვა რომ ძალიან, ძალიან ექსტრემალური იყო მოტოციკლით გიჟური რბოლა. ისე დაძვრებოდა ავტომობილებს შუა და ისე ოსტატურად მართავდა, რომ მოხიბლული დავრჩი. ადრენალინის მოზღვავებასაც ვგრძნობდი. მართლაც არაჩვეულებრივი იყო. კიდევ კარგი დავთანხმდი და უარი არ ვუთხარი. მართლაც არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. სურამის ციხრზეც კარგა ხანს დავყავით. _ისე, რა საშინელება იქნებოდა არა ცოცხალი ადამიანის კედელში ჩატანება?_შიშით შევხედე ციხის კედლებს. _იცი, ამბობენ, რომ იმ ადგილზე, სადაც ის დედისერთა ბიჭი ჩააშენეს, დღესაც კი წვეთ-წვეთად მოჟონავს მისი ცრემლიო... იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებს ციხის ნანგრევებსო: "სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო." ცოტა არ იყოს, შემეშინდა მის ამ ნათქვამზე და ინსტიქტურად მივეხუტე. წამიერად დაიბნა, მაგრამ მალევე მომხვია მანაც მკლავი და დასამშვიდებლად მომეხუტა. ახლა ასე ჩახუტებულებმა ვიარეთ და ყოველი კუთხე-კუნჭული გულდასმით მოვათვალიერეთ. არაჩვეულებრივი ექსკურსია გამოგვივიდა. სახლში წამოსვლა რომ გადავწყვიტეთ, სხვათაშორის ვკითხე. _იქ, ქალები რომ იდგნენ გზაზე და რაღაცას იქნევდნენ, რა იყო? გაეცინა. _სურამის ნაზუქებია. არასდროს გაგისინჯავს? _გამისინჯავს?_მეც გამეცინა._გამისინჯავს კი არა, არც გამიგია, ის რა იყო? _იმ ადგილს ნაზუქების უბანს ეძახიან. გავიაროთ და დავაგემოვნოთ. გინდა? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მოტოციკლზე შემოვუსკუპდი, თან ჩაფხუტი ჩამოვიფარე. მართლაც შევჩერდით ნაზუქების უბანთან და სურნელოვანი, მადისაღმძვრელად დაბრაწული პრიალა ნაზუქებით ჩავიტკბარუნეთ პირი. კმაყოფილზე კმაყოფილი დავბრუნდი სახლში. თუმცა მარიამ ჩამაშხამა ყველაფერი. გაიგიჟა თავი, იმ კუდაბზიკა ნიკას როგორ გაყევი, თანაც მოტოციკლითო. _რა მოხდა მერე?_თავის დაცვას შევეცადე._მშვენიერი ექსკურსია გამოგვივიდა. _მაგ ბიჭს შეეშვი, გაიგე? _მშვენიერი ბიჭია, რას უწუნებ?_გამიკვირდა._ზედმეტი არც არაფერი უკადრებია და თითიც არ დაუკარებია ჩემთვის. მიშოს ძმაკაცია და ეტყობა, რომ ძმაკაცობა კარგად ესმის. შენ რატო არ მოგწონს?_გამომცდელად შევხედე._რას უწუნებ? _თავში აქვს ავარდნილი ყველაფერი-მეთქი. თავი შორს დაიჭირე მისგან, შარს გადაგკიდებს იცოდე! _მე ძალიან მომეწონა ეგ ბიჭი და ახლაც გეტყვი, რომ ცუდობისა ვერაფერი შევატყე. _დაანებე-მეთქი მაგ ბიჭს თავი, ვერ გაიგე?!_ისე მიყვირა და მაგიდაზე დამირტყა მუშტი, შევკრთი. აღარ შევკამათებივარ. აზრი არ ქონდა უბრალოდ, თორემ ნიკასგან რომ შორს არ ვაპირებდი თავის დაჭერას, ამაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული. საღამოს მიშომ ისევ გასეირნება რომ შემომთავაზა, სიხარულით დავთანხმდი. მარიას უჟმური სიფათის ყურებას მილიონჯერ მერჩია ვიკას ნახვა. გუშინდელივით ნიკა ისევ დაგვემგზავრა. მისი ხმა რომ შემომესმა ზურგს უკან, სიხარულით გული ამიფრთხიალდა. ლამის მთელი დღე ერთად გავატარეთ და მაინც მიხაროდა მისი ნახვა და შესაძლებელი რომ ყოფილიყო, დღე და ღამ მასთან ვიქნებოდი. _ხვალ სად წავიდეთ?_მარტოები დავრჩით თუ არა, მაშინვე ის მკითხა. _რა ვიცი, შენი მხარეა. აქეთ არ ვიცი სად რა გაქვთ. შენს შერჩეულ მარშრუტს ვენდობი._გულწრფელად გამიხარდა მისი შეთავაზება და გახარებულმა შევღიმე. _კარგი მაშინ და ბორჯომში წავიდეთ. უნიკალური გოგირდის აბანოებია იქ, ეგრედწოდებული სერნი ვანები. _აჰა, ესე იგი, საცურაო კოსტიუმი დამჭირდება არა?_გამეღიმა. _ეგ კი არ მიფიქრია მართლა._მასაც გულწრფელად გაეცინა და დამატყვევა მისმა ღიმილმა. მხოლოდ იმას ვდარდობდი, როგორ წავყოლოდი ნიკას ისე, რომ მარიას არ გაეგო? მთავარი, წასვლის დროს არ შევემჩნიე და მაშინ არ აეტეხა სკანდალი, თორემ იქიდან დაბრუნებულს სულ არ მქონდა დარდი რას მოიმოქმედებდა. მთელი ღამე ძილ-ბურანში გავატარე. დილით ფრთხილად ავდექი, საცურაო კოსტიუმი და აბანოს ტილო ჩავიდე ჩემს ჩანთაში, ზერელედ მოვიწესრიგე თავი და ისე, რომ მარიას არაფერი გაუგია, გამოვიპარე ოთახიდან. _დღესაც სადმე მიდიხართ?_გაუკვირდა მიშოს. _ხო, ბორჯომის დასათვალიერებლად. _ისე, სიმართლე რომ გითხრა, მე არასდროს მომსვლია თავში აზრად მასეთი მოკლე მანძილის ტურები ვიკასთან ერთად. ნიკა მაგარია... _რაღაც მინდა გკითხო და შეგიძლია გულწრფელად მიპასუხო?_სერიოზულად რომ ვკითხე, თვითონაც დასერიოზულდა უცბად._შემიძლია, რა ხდება? _მარიას შეყვარებული რომ ახსენე, ნიკაა ის ბიჭი? მოულოდნელობისგან თითქოს შეკრთა. _შენ ვინ გითხრა?_გაუკვირდა. _მარიას აშკარად ეტყობა. მეჩხუბა, მაგ ბიჭს თავი დაანებე, ცუდი ბიჭიაო. თუმცა სიცუდისას მე ვერაფერს ვატყობ. _ხო და არც დაუჯერო._სიყვარულით მომიჩეჩა ისედაც აჩეჩილი თმა._თუ ხვალაც დაგეგმავთ რამეს, მე და ვიკაც რომ დაგემგზავროთ, წინააღმდეგები ხომ არ იქნებით? _არა, რა სისულელეა? პირიქით, გამიხარდება. ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ ჭიშკარს მანქანა მოადგა. _აჰა, შენი ექსკურსია მძღოლიც მოვიდა._ღიმილით გადმომილაპარაკა მიშომ და მის შესახვედრად გავიდა. მეც უკან მივყევი ტუსტუსით. _აბა, მზად ხარ?_ღიმილით შემომხედა. თავი რომ დავუქნიე, თავისი ოქროსფერი ინფინიტის წინა კარი ზრდილობიანად გამომიღო. თავპატიჟი არ დამიწყია, მაშინვე ჩავჯექი და ღვედიც შევიკარი. ნიკა მშვენიერი ექსკურსიამძღოლი გამოდგა. გზის მიმდებარე დასახლებებს ზედმიწევნით მაცნობდა და მის ღირშესანიშნაობებზე ლაპარაკობდა. ეტყობოდა, რომ ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, მითუმეტეს თავისი მხარე და მისი ისტორიაც კარგად იცოდა. ისე ჩავედით ბორჯომში, ვერაფერი გავიგე. მანქანიდან რომ გადავედით, თამამად მომხვია წელზე ხელი და ბორჯომის პარკში ასე შემიყვანა. თაღიანი შესასვლელი უხმოდ გავიარეთ, ხიდიც მშვიდად გადავიარეთ და უკვე აუზები რომ გამოჩნდა, მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი. გასახდელში ჩემი მოკრძალებული საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი და იქიდან გამოსულმა ნიკას დავუწყე თვალებით ძებნა. საკმაოდ ხალხმრავლობა იყო და თვალებიც კი ამიჭრელდა აქა-იქ ცეცებით. სად იყო სად არა, ნიკაც გამოჩნდა. შორიდანვე შემნიშნა საცურაო შავ ტრუსებში გამოწყობილმა და ხელი დამიქნია. ისეთი ნავარჯიშებელი და უზადო სხეული ქონდა, თვალი ვეღარ მოვწყვიტე და თავიდან ფეხებამდე კმაყოფილი მზერით ავათვალიერ-ჩავათვალიერე რამდენჯერმე. გულყიაზე ლათინური ლამაზი წარწერა ქონდა: "მე მიყვარს და მჯერა, სანამ ვსუნთქავ." კარგა ხანს შევყურებდი გაოცებული მის დაკუნთულ სხეულს. ეშმაკურად ჩაეღიმა ჩემი კმაყოფილი მზერა რომ დაიჭირა. მერე კი მოხდენილად გადაეშვა თავით აუზში. არა, ეს ბიჭი მართლა მხიბლავდა თავისი გარეგანი თუ შინაგანი სამყაროთი და მართლა არ ღირდა მისი ხელიდან გაშვება. მასავით თავით გადაშვება ვერ გავბედე, აუზის კიდეზე ჩამოვჯექი და მხოლოდ ფეხები ჩავყავი თბილ წყალში. თან ნიკას შევყურებდი ღიმილმორეული, ძლიერად რომ უსმევდა მკლავებს და მშვენივრად ცურავდა. მერე ჩემთან მოცურდა. ისე ჩაეჭიდა აუზის კიდეს ხელებით, რომ ჩემი მუხლები მკერდზე ებჯინებოდა. _შენ რატომ არ ჩამოდიხარ?_ღიმილით მკითხა. მისმა შეხებამ გული ამიჩქარა. _შენნაირად ვერ ვცურავ._ხელი კისერთან შევიყავი და თმა მოხდენილად ავიფუმფულე. თუმცა მასთან კეკლუცობა სულაც არ მჭირდებოდა, ისედაც ვატყობდი, რომ მოვწონდი. _მერე რა, შენ გგონია, ვინც ამ აუზშია, ყველამ იცის ცურვა. ჩამოდი, მე შენს გვერდით ვიქნები და არ მოგცემ დახრჩობის საშუალებას._ისევ შემომღიმა. დიდხანს არ მიხვეწნინებია, ფრთხილად ჩავცურდი აუზში და მის ძლიერ მკლავებშიც აღმოვჩნდი. ფეხებთან სიმყარე რომ ვერ ვიგრძენი და ყელამდე ჩავეშვი, ისტერიკამ მომიცვა და ავფართხალდი. ინსტიქტურად მოვეხვიე ნიკას. _მიშველე, რა ღრმა არის?! _ნუ გეშინია, მე აქ არ ვარ?_მანაც მომხვია მკლავები და ჩემს დამშვიდებას შეეცადა. ცურვა როგორ არ ვიცოდი, მაგრამ ფეხებს თუ ძირს ვერ ვადგამდი, ყოველთვის ასე მემართებოდა, ღრმა წყალი მაშინებდა სასწაულად. თუმცა ნიკამ შეძლო ჩემი დამშვიდება. შიშმა გადამიარა, თორემ მისმა სიახლოვემ და შეხებამ ამაფორიაქა ახლა და უარესად ამიჩქარა გული. ალბათ, შემატყო, რომ მისი სიახლოვე უარესად მოქმედებდა ჩემზე და ნელ-ნელა გამიშვა ხელი. _ძალიან ღრმაც არ არის, ნიკაპამდე მოგწვდება ალბათ. შეგიძლია ფრთხილად მოიკიდო ძირს ფეხი? თუ ისტერიკას და მაგ შიშს არ დაძლევ, იცოდე, რომ უფრო დაიხრჩობი წყალში. მართლაც, ძირს რომ მივაწვდინე ფეხები, ნიკაპამდე მომწვდა წყალი. ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ მაინც გაუბედავად გავცურე. ცოტა ხანში ნიკაც მომყვა უკან და გვერდით მომდევდა. _მშვენიერი ცურვა გცოდნია და შიშს აძლევ იმის უფლებას, რომ დაგიპყროს და დაგიმონოს? აბა, მეორე კიდემდე თუ გამომყვები? უკვე გათამამებულმა მოვუსვი მკლავები და გვერდიგვერდ გავცურეთ აუზის მეორე კიდემდე. ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გავთამამდი და ბოლოს თავითაც კი გადავეშვი აუზში. ის დღეც არაჩვეულებრივად გავატარე ნიკასთან ერთად. ბორჯომის პარკი გულდასმით დამათვალიერებინა, მჟავე წ....ბსაც გავუსინჯე გემო. ხუთი საათისთვის კი სახლშიც წამოვედით. გზისპირზე რომელიღაც სასადილოში შევჩერდით და დამშეულები გემრიელად დავნაყრდით. ასე მხიარულად, ბედნიერად და ლაღად არც ერთ ბიჭთან არ ვყოფილვარ. თვითონაც კარგად გრძნობდა ჩემს სიახლოვეს თავს და ეს უფრო მაბედნიერებდა. საღამოს სახლში რომ დავბრუნდი, მარია დოინჯით დამიხვდა შუა ეზოში. _არ გითხარი მე შენ, რომ შეეშვი მაგ ბიჭს-მეთქი? ვერ გაიგე?_ნიკა წავიდა თუ არა, ბოლო ხმაზე მიკივლა გაცეცხლებულმა. _შენ თუ არ მოგწონს ეგ ბიჭი, შენი პრობლემაა. მე ძალიან მომწონს და გავაგრძელებ კიდეც მასთან შეხვედრებს! სამომავლოდ ცოლადაც გავყვები!_ამაყად და მტკიცედ მივახალე და სახლში შესვლა დავაპირე. წინ გადამეღობა და შემაჩერა. _რაო რა თქვი, გაიმეორე? ცოლად გაყვები?_უარესად აწივლდა და აწიწმატდა. გიჟივით აბრიალებდა თვალებს. _რა გინდა, ვერ გავიგე, მე ვერევი შენს ცხოვრებაში? შენ ვინც მოგწონს, გიშლი მასთან ან სიარულს ან ურთიერთობას?_მეც გავბრაზდი. _ზუსტადაც რომ ერევი, ნიკა ჩემი შეყვარებულია, ჩემია და არავის დავუთმობ, მით უმეტეს შენ!_ეს მითხრა თუ არა, მაშინვე თმაში მწვდა. ჯერ დავიბენი, მერე გავბრაზდი და მეც გამეტებით ვწვდი თმებში. ერთმანეთს დავეჯაჯგურეთ და მიწაზე ისე გავგორდით, თითქოს ფუმფულა ხალიჩა გვქონოდეს გაგებული. აშკარად მე ვჯობნიდი და მოვიგერიე კიდეც, მაგრამ მოულოდნელად სახე ჩამომაკაწრა თავისი გრძელი ფრჩხილებით. ლოყა რომ თბილმა სისხლმა დამისველა, გამწარებულმა მოვიკრიბე მთელი ძალ-ღონე და წაქცეულ მარიას ზედ წამოვაჯექი, თან თმებში ვწვდი და თავი გამეტებით ვარტყმევინე მიწაზე. მოულოდნელად ვიღაც დამეჯაჯგურა, ჩამოკაწრულ ლოყაზე მადიანი სილა გამაწნა და გვერდით მომისროლა. _რას შვრები, რას?!_დეიდაჩემის ხმა რომ ვიცანი, ერთ ადგილზე გავშეშდი._საკუთარი შვილივით მიგიღე და ასე მიხდი მადლობას? დედაილა ბოღმა, ყველგან შენ რომ გინდა თავის გამოჩენა და გატანა, ეს ადამიანი არ არის?_დედაჩემი ისე ღვარძლით და ბოღმით ახსენა, ცრემლი მომერია თვალზე. რას უშავებდა ის ემიგრანტი ქალი, რომელიც ვინ იცის რა გაჭირვებით შრომობდა და შოულობდა ფულს და აქეთ აგზავნიდა ნათესავებში? _მე რა შუაში ვარ? მაგან დაიწყო პირველმა!_თავის მართლებას შევეცადე, მაგრამ არც დეიდაჩემს და არც მარიას არაფრის გაგონება არ უნდოდათ. მარია რომ წამოაყენა, გვერდით ამოუდგა და სახლში შეიყვანა. მე კი ონკანთან მივედი და სახე ფრთხილად ჩამოვიბანე. სარკეში რომ ჩავიხედე, გული გამისკდა, სამი ღრმა ჭრილობა მეტყობოდა სიგრძეზე და სისხლიც შეუჩერებლივ მდიოდა. თან გვარიანად მტკიოდა. ოთახში ავედი, რომ ჭრილობები როგორმე ჩამეწყნარებინა და სისხლი შემეჩერებინა, მაგრამ მარია და დეიდაჩემი იქ დამხვდნენ და ისევ ჩხუბი ამიტეხეს. _ოხ შე კახპავ._გამოიწია მარიამ, მაგრამ დედამ შეაჩერა. _შეეშვი, არ ღირს მის გამო ნერვების მოშლა. ხმა არ გამიცია, ჩემი ჩანთა გადმოვიღე და ტანსაცმლის ჩალაგებას შევუდექი. მერე აბაზანაში შევედი და ლოყა სპირტით დავიმუშავე. სადაც მომეტებულად მქონდა ჩამოკაწრული და სისხლს ვერ ვიწყვეტავდი, სანტავიკები ავიკარი. ისევ ოთახში დავბრუნდი, ისე რომ ხმა არ გამიცია მათთვის, ავიღე ჩემი ბარგი და გარეთ გამოვედი. _სადაცაა დაღამდება. სად მიბრძანდები?_ქუჩის კარებთან წამომეწია დეიდაჩემი და შემაჩერა. ალბათ სინდისის ქენჯნა იგრძნო. რაც არ უნდა ყოფილიყო, მისი ღვიძლი დის შვილი ვიყავი, ნაწილობრივ მისი სისხლი და ხორცი და შეეშინდა ალბათ. _ჩემს გზას მე თვითონ მოვნახავ._ნაწყენმა და გაბრაზებულმა მივუგდე და ქუჩაში მაინც გავედი. _ხო, როგორც დედაშენმა მონახა გზა არა? მისნაირი კახპა ხარ და მეტი არაფერი. _არ გაბედო დედაჩემზე რამის თქმა!_გაცეცხლებული მოვუბრუნდი._მანამდე კარგი იყო, სანამ ფულებს გიგზავნიდათ არა? ახლა არ ვარგა და თურმე კახპაც არის, რადგან შვილებს უფრო მეტ პატივს სცემს და მეტ ფულს უგზავნის, ვიდრე შენ?! დამივიწყეთ დედამაც და შვილმაც, თქვენ ჩემთვის აღარ არსებობთ!_მივაძახე გაგულისებულმა და ტრასამდე ფეხით დავადექი გზას. თან ცრემლები მისველებდა თვალებს. არ ვუარყოფ, ვტყუივარ, გუმანით ხომ ვგრძნობდი, რომ მარიას მოსწონდა ნიკა და მასთან არ უნდა გამება ასე მალე რომანი, მაგრამ ნიკას არ მოსწონსო მიშომ და თან შევატყე, რომ მე მოვეწონე და ვითომ რატომ უნდა მეთქვა მარიას გამო ჩემს ბედნიერებაზე უარი? თვითონ რამეს მითმობდა ოდესმე? თვითონ ქმარსაც კი ამაცლიდა ცხვირწინ, არა თუ ისეთ შეყვარებულს, რომელსაც არ ვეყვარებოდი... ის იყო ტრასამდე ჩავაღწიე, რომ ვიღაცის ფეხის ხმა გავიგონე, რომელიც აშკარად მორბოდა. _ნუცა! მოიცადე, გთხოვ!_მიშო ქაქანით მომვარდა, მკლავში მწვდა და შემაჩერა. ჩემი სანტავიკებდაკრული ლოყის დანახვაზე ელდა ეცა. _ეს რა მოგსვლია? _შენმა დამ გამალამაზა ნიკას გამო. _ეგ ველური ეგა._მკლავები მომხვია და ფართე მკერდში ჩამიხუტა._არ წახვიდე, გთხოვ... _შანსი არ არის, მე დედაშენთან და შენს დასთან აღარ მოვბრუნდები!_გული ამომიჯდა და ავქვითინდი._დედაჩემი თურმე კახპაა და მეც მას ვგავარ... _ეგ ვინ გითხრა, მარიამ?_გაუკვირდა მიშოს და უფრო ძლიარად ჩამიკრა გულში, რომ არ გავქცეოდი._დაწყნარდი, სრულ ჭკუაზე არასდროს ყოფილა ეგ. ნეტა, რა პირით უნდა შეხედოს ნიკას, როცა გაიგებს, რომ მის გამო გეჩხუბა და ჩამოგღადრა ასე? რით ვერ შეიგნო, რომ იმ ბიჭს არ მოსწონს და ჩემს გამო იტანს მაგ გველაძუას? ჩვენი ძმაკაცობის ხათრით არ ეუბნება ზედმეტს, თორემ საით მოისვრიდა ნახავდა... _აქ ტაქსები არ დადიან?_მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი თბილისში დაბრუნება და მაინც შევეკითხე აცრემლებული. _ახლა გვიანია. წამოდი სახლში. გპირდები, ზედმეტს არაფერს გეტყვიან. გეტყვიან და ჩემთან ექნებათ საქმე. მარტო ამაღამ მაინც დარჩი... თუ მარიასთან ოთახში არ გინდა დაბრუნება, სხვა ოთახში დაწექი. ხვალ კი მე თვითონვე ვიზრუნებ, რომ გაემგზავრო იმ შენს თბილისში. _შენი დიდი ხათრი მაქვს, ძალიანაც მიყვარხარ, მაგრამ მაინც ვერ დავბრუნდები. გამიგე რა._ვატყობდი ჩემს თავს უკვე, რომ საცაა ხმამაღლა ავღრიალდებოდი. _მესმის, მაგრამ შენც გამიგე. შუაღამეზე ასე უპატრონოდ როგორ გაგიშვა იმხელა მანძილზე? შენ ჩემს ადგილზე რომ იყო, გამიშვებდი? მიშო მართალი იყო, მეც მექნებოდა დარდი ასე შუაღამეზე რომ წამოსულიყო ჩემიდან. თან, მე ხომ გოგო ვიყავი? იქნებ რა მიხდებოდა გზაში და ამ ღამით რა უნდა მექნა? მაგრამ არც მარიას და არც დეიდის ნახვა აღარ მსურდა. ლოყაზე იარები, მართალია კარგა ხანს გამყვებოდა, მაგრამ მაინც მომირჩებოდა. დეიდაჩემის ღვარძლით ნათქვამი სიტყვები კი, რომელმაც გული საშინლად მატკინა, არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა ოდესმე დამევიწყებინა? _გთხოვ, ამაღამ დარჩი და დილით მე თვითონ წაგიყვან._ისეთი მუდარით შემომხედა, თანაც უფრო ძლიერად მომხვია მკლავები და თითქოს ძალით მომაბრუნა თავის სახლისკენ. წინააღმდეგობა აღარ გამიწევია. ან რა აზრი ქონდა? ამ მთასავით ბიჭს მაინც ვერ გავუძალიანდებოდი. თან, სიმართლე ვაღიარო, არ მინდოდა, რომ ჩემს გამო ენერვიულა. სახლამდე ისე მიმიყვანა, ხელი არ გაუშვია ჩემთვის. ეზოში შესვლისთანავე კი მუხლები ისე ამიკანკალდა, ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდა. მარია აივანზე იყო გადმოყუდებული და ისე მიმზერდა. დეიდა არ ჩანდა. ალბათ, თავის ოთახში იყო და იწვა, რადგან ჩემი სითავხედე ნერვებს მოუშლიდა და წნევა აუწევდა. აივანზე დაძაბული ავედი. მარიას თავდასხმას ველოდი ისევ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად არაფერი უთქვია და არც არაფერი მოუმოქმედებია. მარიას ოთახში აღარ შევსულვარ. რატომღაც შიში მქონდა, რომ მძინარეს დამესხმოდა თავს და სულაც ბალიშით მომგუდავდა. სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში შემიყვანა მიშომ და იქ მომაწყო. _არ გშია? ერთად გვევახშმა._შემომაპარასავით. _მართლა არ მშია, მადლობა. ვაფასებ შენს მზრუნველობას, მართლა კარგი ბიჭი ხარ და ძალიან მიყვარხარ. ცოტა ხანს კიდევ დარჩა მიშო ჩემთან და რომ გავიდა, მალევე შემოვიდა მარიაც. შევკრთი. მასთან ჩხუბი მართლა არ მინდოდა, მაგრამ ისე შევყურებდი, რომ უმნიშვნელო მოძრაობაც კი არ გამომრჩებოდა, მისგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო, წესებს არასდროს იცავდა და ყოველთვის წესების გარეშე მოქმედებდა. თუმცა, ჩემდა გასაკვირად ბოდიში მომიხადა. _მაპატიე, არ მინდოდა._ლოყაზე მანიშნა. ვითომ ნანობდა, მაგრამ არანაირი სინანული არ იგრძნობოდა მის ხმაში. ალბათ, აწყობდა ასე მოქცეულიყო, თორემ ამ ქალბატონს ჩემი ხუთი თითივით ვიცნობდი და თავს დამნაშავედ არასდროს და არაფერში გრძნობდა. მგონი, რაღაც გეგმა შეიმუშავა და იმ გეგმაში ჩემთან ბოდიშის მოხდა პირველ პლანზე იყო. _რა დამემართა მეც არ ვიცი, სრულ ჭკუაზე არ ვიყავი... მართლა არ მინდოდა შენი წყენინება, მაგრამ ის ბიჭი ვატყობ რომ ორივეს კარგად გვირევს ტვინს... სანამ შენ ჩამოხვიდოდი მეც მასე მატარებდა აქეთ იქით და ძალიან გავბრაზდი. ხომ გესმის არა ჩემი? მაგრამ მე არაფერი მესმოდა. მიშო ამბობდა, რომ ნიკას არ უყვარდა მარია, მარია კი საპირისპიროს ამტკიცებდა. მართლა არ მესმოდა მისი. ყველაზე მეტად კი ის გამიკვირდა, რომ დეიდაც შემოვიდა და ლოყაზე ჩემი ჭრილობით დაინტერესდა. დავიჯერო, მიშომ რამე უთხრათ და მიტომ დაფაცურდნენ? იქნებ, ჩემი ბინის გამო, რომ მარია სწავლის პერიოდში ისევ ჩემთან ყოფილიყო? სინანული არც ერთს არ ეტყობოდათ, იმიტომ რომ ჩადენილს არ ნანობდნენ. უბროდ, რაღაცაში აწყობდათ ეს თვალთმაქცობა. დეიდამ ფრთხილად ამაძრო სანტავიკები ლოყიდან. ცოტა კი მეტკინა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. _გეტკინა?_მაინც მკითხა. უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე. ბეტადინით დამიმუშავა და შეხვევისგან თავის შეკავება მირჩია, რადგან ჭრილობა არ ჩამხურებოდა. ეგ კი მეც ვიცოდი, მაგრამ წეღან თბილისში მივდიოდი და სხვანაირად ვერ შევძლებდი. _არ ვიცი, შენი ნებაა, მაგრამ ნიკა მატყუარა და ფლიდია._დეიდა გავიდა თუ არა, ისევ წამოიწყო მარიამ._ არ მინდა, რომ მოგატყუოს, გამოგიყენოს და მიგაგდოს. ეჭვით შევხედე. აშკარად რაღაც თამაში ჰქონდა წამოწყებული. დეიდაც მის მხარეს იყო. ეგ თავისთავად, ის ხომ მისი დედა იყო? მარიამ რომ შემატყო, ხმას არ ვცემდი, მალევე გატრიალდა და გავიდა. მე კი ვერა და ვერ მოვხუჭე თვალი. მთელი ღამე მართლა თეთრად გავატარე. ასე ძალიან არასდროს გამჭირებია ღამის გადაგორება. ფიქრები ისე მქონდა თავში აბურდული, კატა რომ აწეწავს ხოლმე ძაფის გორგალს. ათასი სისულელე ვიფიქრე, სად აღარ ვიხეტიალე. თითქოს სინდისის ქენჯნასაც კი ვგრძნობდი მარიას გამო, ბოდიში რომ მომიხადა, მაგრამ იმაში ასი ოროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს ასე აწყობდა და იმიტომაც მომიხადა ბოდიში. დილაადრიანვე ავდექი, რადგან საწოლში დავიღალე წოლით და აივანზე გავედი. დილის გრილმა სიომ გვარიანად გამაკანკალა, თუმცა ოთახში მაინც არ შევბრუნებულვარ. უაზროდ გავყურებდი აღმოსავლეთით ცას, სადაც მზე უნდა ამობრწყინებულიყო მთელი თავისი სიდიადით. _რაო, ტკბები მიდამოს ყურებით?_მიშოს მოულოდნელმა გამოჩენამ შემაკრთო, რომელმაც წელზე მომხვია ხელი და ნიკაპი მხარზე ჩამომადო._როგორ ხარ, ლოყა ხომ არ გტკივა? ცოტა კი მტკიოდა, მაგრამ მაინც ვუარყავი. _მგზავრობა რომელი საათიდან არის შესაძლებელი?_ინტერესით შევხედე, რადგან ამ სახლში დარჩენა სულს მიხუთავდა თითქოს. _მგზავრობა უკვე არის, მაგრამ მე და ნიკა ელიავაზე მივდივართ და ჩვენ წაგიყვანთ... _შენ და ნიკა?_გაოცებულმა შევხედე. ნიკას გამო იყო ჩხუბი რომ მოგვივიდა და ისევ ნიკას უნდა ჩავჯდომოდი მანქანაში? _ხო. რა იყო, არ გინდა? _რომ მკითხავს, რა მოგივიდაო, რა ვუთხრა? მარიამ შენს გამო დამპორჭყნა მეთქი? _მერე რა? მან ისედაც იცის რა ქაჯიცაა ჩემი და... ერთ საათში გამოვა და წავალთ. მანამდე საუზმეს და გემრიელ ყავის დალევასაც მოვასწრებთ, შენ რომ ადუღებ ხოლმე, ისეთსას._შემომღიმა. _არაფერი არ მინდა._ვიუარე. _ეხლა არ გამაბრაზო._ცოტა ხმა გაიმკაცრა._წუხელაც ისე დაწექი, არაფერი გიჭამია. ახლა უკვე არ გაგივა უარი იცოდე._ძალით შემომატრიალა და კიბეზე დასჯილი ბავშვივით ჩამათრია. სამზარეულოში რომ შევედით, გაზქურასთან მიმიყვანა._პირველ რიგში ყავა დაადგი, შენებური გემრიელი ოღონდ._ღიმილით გამაფრთხილა._მერე კი დანარჩენს მივხედავთ. გასაგებია? მიშო სულ არ გავდა დედას და არც დას. ალბათ, მამას გავდა უფრო, რომელიც, მწყემსი იყო და მთელ ზაფხულს მთაში ატარებდა. მხოლოდ ერთხელ მყავდა ის კაცი ნანახი, ისიც ბებიას დაკრძალვაზე და ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვია ჩემზე. მართალია, ერთი შეხედვით რთულია ადამიანის ამოცნობა. ხშირად, წლები ცხოვრობ ვინმეს გვერდით და აღმოჩნდება, რომ ჯეროვნად ვერ იცნობდი და ერთი დღის ნახვით როგორ ამოიცნობ ადამიანს ცუდია თუ კარგი, მაგრამ კეთილი გულის და სულის ადამიანს ყოველთვის თვალებზე ეტყობა თავისი სიკარგე. ყავა მართლაც გემრიელი მოვადუღე და მხიარულად დავლიეთ მე და მიშომ. მერე, ერბოკვერცხი შემაწვევინა. მიხვდა, რომ დეიდას მომზადებული სადილი ყელში არ გადამივიდოდა და ხერხს მიმართა, გემრიელად რომ გვეჭამა და ასეც მოხდა. საუზმე რომ მოვამთავრეთ, მე ჭურჭელი დავრეცხე. არ მინდოდა დეიდას ებუზღუნა ამის გამო და სამზარეულოდან რომ გამოვედი, ნიკამაც შეაჩერა ჭიშკართან მანქანა. _მე გავხედავ. შენ კი შენი ბარგი ჩამოიტანე და წავიდეთ. კარგი?_მიშომ შემომღიმა. ბარგის ჩამოსატანად შიშით გავიქეცი. მეგონა, აღარ დამიცდიდნენ. ლამის კიბეზეც კი დავგორდი, მაგრამ სულ ტყუილად, მიშო უპირო კაცი ნამდვილად არ იყო. შორიდანვე შემნიშნა ჩემი ჩანთა რომ მიმქონდა ჩქარი ნაბიჯებით და ღიმილით შემობრუნდა ეზოში. _გეგონა აქ დაგტოვე და ეგ არის?_ჩანთა ჩამომართვა და როგორც სჩვეოდა, ღიმილით მომიჩეჩა თმა. ნიკამ ჩემი სახე რომ შენიშნა, გაოცებული გადმოვიდა მანქანიდან. _ეს მარიამ გიქნა?_აღშფოთდა. არაფერი მითქვია. მიშომ რა და როგორ უთხრა მე ხომ არ ვიცოდი და არ მინდოდა დეიდაშვილი უხერხულობაში ჩამეგდო. კარგა ხანს მიყურა. მერე კი მიშოს მიუბრუნდა. _შენი დიდი პატივისცემის მიუხედავად მომიწევს, რომ საკადრისი პასუხი გავცე შენს დას. ეს რა სივირეა? მისი შიშით გოგოს ვეღარ უნდა დაველაპარაკო? _რა გითხრა ძმაო არ ვიცი. რაც მე მაგას ვეჩხუბები, სად ჩასდის ნეტა? იქნებ შენმა სიტყვამ მაინც გასჭრას?_მიშომ ზრდილობიანად გამომიღო მანქანის კარი და მეც მაშინვე მოვკალათდი სავარძელში, რომ ჩემი წაყვანა არ გადაეფიქრებინათ. ნიკაც რომ მიუჯდა საჭეს, რამდენჯერმე გამომხედა უკანა ხედვის სარკეში. აშკარად გაბრაზებული და ნაწყენი იყო მარიაზე. მთელი გზა საცოდავად მობუზული ვიჯექი და იმას ვფიქრობდი, როგორ მომერჩინა სასწრაფო წესით ეს იარები, რომ ტასოსთან წავსულიყავი შატილში და მთელი ზაფხული მასთან დავრჩენილიყავი. ნეტა, საერთოდ არ გავყოლოდი მარიას... მაგრამ ნიკას ხომ ვეღარ გავიცნობდი? იქნებ, ჯობდა კიდეც, რომ არ გამეცნო?_მალულად გავხედე სარკეში. მალევე იგრძნო ჩემი მზერა და მანაც შემომხედა. გული ამიფორიაქა მისმა ამ მზერამ. არა, მართლა ღირდა ამ ბიჭის გაცნობა! ჯანდაბას მარია! თვითონაც ხომ ასე იქცეოდა ჩემთან? არასდროს ვადარდებდი. არასდროს ფიქრობდა ჩემზე, როგორც მის ახლობელზე. ხო და მეც მისი წესებით რომ მოვქცეულიყავი, რა მოხდებოდა ვითომ? თბილისამდე ისე ჩავედით, ვერაფერი გავიგე. ჩემი მისამართი ალბათ მიშოს ქონდა ნათქვამი ნიკასთვის, რადგან ფიქრებიდან რომ გამოვერკვიე, უკვე ჩემი კორპუსის წინ ვიყავით შეჩერებულები. _ჩანთას ავატანინებ და მალე დავბრუნდები._ნიკას დაუბარა მიშომ და მართლაც მან გადაიღო ჩემი ჩანთა. _იყოს, ნუ შეწუხდები._ხელი კი წავატანე, მაგრამ არ დამანება. _მადლობა._ნიკას ღიმილით დავემშვიდობე და სადარბაზოში ჩქარი ნაბიჯებით შევედი, რომ რომელიმე ცნობისმოყვარე მეზობელს არ დავენახე დაღადრული სახით. მეორე სართულზე ფეხით ავირბინეთ. ბინაში არც კი შემომყოლია. ჯანსაღ ლოყაზე მაკოცა და დამემშვიდობა. _როცა თბილისში მოვხვდები, შემოგივლი. დროებით აბა, თავს გაუფრთხილდი._კიბეებზე ჩასვლისას მომაძახა უკვე. ბინაში რომ შევედი, ისევ სიცარიელე ვიგრძენი. არც დედა, არც ტასო, არც მარია. მართალია, ეს უკანასკნელი ყოველთვის ნერვებს მიშლიდა და გარე-გარე დარბოდა, მაგრამ საღამოობით ხომ მაინც მოდიოდა? ის იყო, ჩემი ჩანთა საწოლზე დავდე და ტანსაცმლის ამოლაგებას შევუდექი, რომ კარზე მომიკაკუნეს. ცოტა უჩვეულოდაც კი მომეჩვენა, რადგან იშვიათად მსტუმრობდნენ მეზობლები. არ გავედი, იქნებ გაბრუნებულიყო ვინც იყო, რადგან ჩამოკაწრული სახით არ მინდოდა ვინმეს დავნახებოდი. მეორედ უფრო ენერგიულად მომიკაკუნეს. ალბათ, დამინახეს რომ მოვედი და ასე ადვილად არ დანებდებოდა ის ვიღაც. აბანოდან პირსაწმენდი ჩამოვხსენი და ვითომ სახეს ვიმშრალებდი იმ პოზაში გავუღე კარი. ტასო და მინდია იყვნენ პატარა გიორგით. ჯერ გამიკვირდა. მერე გამიხარდა. სულ გადამავიწყდა ჩემი ნაიარევი და სათითაოდ ორივეს ჩავეხუტე, გიორგი კი ხელიდან ავართვი მინდიას და გულში ჩავიხუტე. _თქვენ აქ საიდან? როგორ მოულოდნელად დამადექით თავს?.. კიდევ კარგი დავბრუნდი. ახლახანს მოვედი აგარიდან... რატო წინასწარ არ დამირეკეთ? _შენი დის ამბავი არ იცი? სიურპრიზი მოვუწყოთო._გაეცინა მინდიას. _ხოო, ამან კი იცის მასეთები._ტასოს მივუბრუნდი და წელზე მოვხვიე ხელი. _უი, ეგ რა გაქვს?_ლოყა რომ დამინახა, შეიცხადა. _ხოი, აგარში კატამ დამპორჭყნა._ნაძალადევად გავუღიმე. _რა კატამ გოგო, რას მატყუებ?_გიორგი გამომართვა, მინდიას მიაჩეჩა და ფანჯარასთან მიმიყვანა რომ უკეთესად შევეთვალიერებინე._გინდა დამაჯერო, რომ ამხელა კლანჭები ქონდა იმ კატას? _ქონდა, ქონდა._გაღიმებას შევეცადე._ეს რამხელა ვაჟკაცი გაზრდილა ჩვენი გიორგი._ისევ ბავშვს გადავწვდი, რათა სხვა რამეზე გადავრთულიყავით. _შენც რამხელა ტყუილები გისწავლია? ორფეხა კატა იყო?_ეჭვით ჩამხედა ტასომ თვალებში._ის ქაჯი მარია იყო? რას გემართლებოდა? პასუხი რომ არ გავეცი, უფრო დარწმუნდა რომ მართლა მარია იყო. _ერთი იმას უყურე?!_გაბრაზდა და რა გაბრაზდა ჩემი დაიკო._მაინც რა უნდოდა, მიზეზი რა ქონდა? _ნუ გააზვიადებ ახლა, შემთხვევით მოხდა... დარწმუნებული ვარ, ნანობს ახლა თავის დანაშაულს._ისევ გავუღიმე ნაძალადევად. _დარწმუნებული ხარ, რომ ნანობს? გქონდეს მაგის იმედი..._მერე მოულოდნელად მინდიას მიუბრუნდა._საყვარელო, შეგიძლია მანქანიდან გიორგის ჩანთა ამომიტანო? მგონი გამოსაცვლელი აქვს._თან ბავშვი გამოართვა. მივხვდი, რომ ქმარს იშორებდა თავიდან. აშკარა იყო რომ მინდიაც მიხვდა, ღიმილით დაგვტოვა დები ოთახში და თვითონ კი გარეთ გავიდა. _რა დაეტაკა იმ გიჟს?_მკაცრად მომიბრუნდა._ხელს ნუ აფარებ ოღონდ რა... _ხელს არ ვაფარებ, ჩემი ბრალი იყო... _რა იყო შენი ბრალი, არ გადამრიო. _მაგის შეყვარებულს გავყევი სასეირნოდ. ცხვირწინ დავუპირე მისი წართმევა და იმაზე მეჩხუბა. _რაო?_თითქოს არ დამიჯერა._ვინ შეყვარებულს? _ვიცოდი რომ ის ბიჭი უყვარდა და იმ ბიჭმა რომ ბორჯომში დამპატიჟა, მაინც გავყევი. ხო და, აი, შედეგიც. კარგა ხანს დამუნჯებული მომყურებდა. მართლა არ ვიცი რა უტრიალებდა თავში. _ის ბიჭი შენც მოგწონს?_მხოლოდ ეს მკითხა ბოლოს. პასუხი რომ ვერ დავუბრუნე, თითქოს გაეღიმა. _ქალის გამო კაცების ჩხუბი გამიგია, მაგრამ პირიქით?_ თუმცა, მარიასგან ყველაფერი მოსალოდნელია. მოიცა, მართლა კარგი ბიჭია? ამ კითხვას არ მოველოდი და ავწითლდი. _იმ ბიჭს არ მოსწონს მარია? შენ რატო დაგპატიჟა პაემანზე? _პაემანზე არ დავუპატიჟივარ, უბრალოდ თავისი მხარე დამათვალიერებინა... _მოიცა, ის ბიჭი შენც მოგწონს?_ისევ გაეღიმა, ოღონდ ამჯერად კმაყოფილს. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ბინის კარი რომ დარახუნდა, მიხვდა, მინდია იყო და მაშინვე გაჩუმდა. ქმარს ჩანთა ჩამოართვა და ჩემს საძინებელში შევიდა გიორგისთან ერთად. მხოლოდ რამოდენიმე წუთი დაყო იქ და მალევე გამოვიდა ღიმილით. _ტყუილად გაწვალე საყვარელო. რაღაც მომეჩვენა აშკარად._ქმარს ღიმილით შეხედა. _არაუშავს, მაინც ხომ უნდა ამოგვეტანა? _ნამგზავრი ხალხი ხართ, გეშიებათ, მე კი არაფერი მაქვს სახლში. ასეთი ცარიელი მაცივარი არასდროს გვქონია._ნაძალადევად გამეღიმა. _არაუშავს, შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ, მოვახერხებთ რამეს. შენ ის მითხარი, აცრა თუ გაიკეთე ცოფის საწინააღმდეგო? _მართლა კატამ დაგპორჭყნა?_მიამიტურად გაუკვირდა მინდიას და მე და ტასოს ერთდროულად რომ გაგვეცინა, თვითონაც გადაიხარხარა. _ხო, ორფეხა კატები არიან იქით მომრავლებულები თურმე. თან, ისეთი ავები და ცოფიანები, მტრისას._გულიანად გადაიკისკისა ტასომ. _ეგ კი არა, თქვენ ის მითხარით, რა ქარმა გადმოგაგდოთ აქეთ?_სიძეს მივხედე, რადგან ჩემი და სიმართლეს არ მეტყოდა. _შენი წაყვანა გვინდა ჩვენთან. ამ ზაფხულს ამ ქალაქში რომ არ ამოიხუთო, სანამ სწავლა დაგეწყება ჩვენთან იყავი. _მართლა?_გამიხარდა._მეც კი ვაპირებდი წამოსვლას, მაგრამ ჯერ მარიამ წამიყვანა თავისთან... მაგრამ ნეტა არ წავსულიყავი._გულწრფელად ვინანე. _არა, ხუმრობის გარეშე, ექიმთან არ იყავი?_დასერიოზულდა ტასო._ნაიარევები არ დაგრჩეს... თუმცა, არაფერი გინდა, ჩემს დედამთილს ისეთი კარგი ხალხური მალამოები აქვს, მალევე მოგირჩება... ისე, ყავას დავლევდი მე. თქვენ? _არც მე ვიტყოდი უარს._მინდიამაც ამოიღო ხმა. _სანამ ყავას მოვადუღებ, შენ რამე შეუკვეთე, მეც მშია._ტასოს ვუთხარი და სამზარეულოში გავედი. ყავა რომ მოვადუღე, მისაღებში გავედი და იქ გავიტანე ფინჯნები. _სხვა რას შვრებით, როგორ ხართ? მინდიას ჩამოვუჯექი წინ._ჩემი და ხომ არ გაბრაზებს?_ეშმაკური ღიმილით ვკითხე. მასაც გაეღიმა. თუმცა არაფერი უთქვია. _დუმილი თანხმობის ნიშანიაო. გამოდის, გაბრაზებს. შენისთანა კარგ კაცს რას გემართლება? შენი სიყვარულით სარგებლობს არა?_გამეღიმა. _შენ ნუ ხარ ცოლ-ქმრის გამყრელი._ვითომ ძალიან ეწყინა ტასოს._ჩვენთან რომ წაგიყვან და მთელი ზაფხული იქ გაყურყუტებ, შენ იმის მადლიც შეგეწიოს. იმ დღეს ჩემთან დარჩნენ ჩემი სტუმრები. რესტორნიდან შეკვეთა რომ მოიტანეს, კარგად ვიქეიფეთ და ცოტა გამოვთვერი კიდეც. მეორე დღეს კი ავიკარი გუდა-ნაბადი და მათთან წავედი სტუმრად. მთელ ზაფხულს ისედაც ვაპირებდი მათთან დარჩენას და ტასომაც რომ ეს შემომთავაზა, გამიხარდა. ტასოს დედამთილმა მართლაც რაღაც შინაური მალამოებით მიმკურნალა და სამ დღეში მარიას ნაკვალევი აღარც კი მეტყობოდა სახეზე. მშვენივრად გავატარე ის ზაფხული ხევსურეთში. მინდიას მეგობარი დათაც კი გავიცანი, რომელიც აშკარად გულგრილი არ დარჩენილა ჩემს მიმართ. ისე, ჩვენში რომ ვთქვათ, არც მე დავრჩენილვარ მის მიმართ გულგრილი, მეც მომეწონა: სიმპატიური, ზრდილობიანი, მშრომელი და წესიერი ბიჭი, მაგრამ თითქოს ნიკა უფრო მომწონდა, უფრო მიზიდავდა და მადარდებდა... დათა ხშირად მოდიოდა მინდიასთან. თუმცა, ყოველთვის იმას ცდილობდა, რომ ჩემს სიახლოვეს ყოფილიყო ეს მორცხვი და მორიდებული ბიჭი. რომ იტყვიან, თვალებში შემომციცინებდა და მე რა მომეწონებოდა, რა გამიხარდებოდა და რა მესიამოვნებოდა, იმას აკეთებდა. მართლაც რომ არ იქნებოდა ცუდი ქმარი ჩემთვის, მაგრამ... ტასოც კი ეჭვობდა უკვე, რომ ეს ბიჭი ჩემს სანახავად მოდიოდა და ნაჭუჭიდან ძვრებოდა, რომ ოღონდაც მე მიმექცივნა მისთვის ყურადღება. ბოლოს, მინდიამაც კი შეატყო და ხშირად მეხუმრებოდა, შატილში უნდა დაგტოვოთ და დიდი ქორწილიც გადავიხადოთო. ამაზე ყოველთვის მეღიმებოდა, რადგან გულის კუთხეში ვგრძნობდი, რომ ეს აზრი მომწონდა. ბოლო დროს დათაზეც და ნიკაზეც ორივეზე ერთნაირად ვფიქრობდი ბევრს. ხშირად შედარებასაც კი ვაკეთებდი მათ შორის რომელი ჯობდა, მაგრამ ჩემს თავს ვატყობდი, რომ არჩევანის გაკეთება მიჭირდა. დათამაც მომხიბლა თავისი ქცევებით და ხასიათით. თავისი მორიდებულობით. თავისი სიტყვა-პასუხით. მწველი და შავი თვალებით. თუმცა, ნიკაც ძალიან მომწონდა. მართალია ერთმანეთის საპირისპირო ტიპაჟები იყვნენ გინდ ხასიეთებით და გინდ გარეგნობით, მაგრამ ორივე ერთნაირად მომწონდა თითქოს. ჩემი თავის მე თვითონვე ვერ გამეგო რა მინდოდა. თითქოს, გაორება მჭირდა. ერთ მეს თუ დათა მოსწონდა და მასზე ფიქრებში ათენებ-აღამებდა, მეორე მეს ნიკასთან ყოფნა უნდოდა. ასეთი სიტუაცია სხვას რომ ეთქვა, აშკარად გიჟად ჩავთვლიდი. არა და, თვითონ გავიხლართე ამ აბდაუბდა სიტუაციაში. ნიკა ხშირად მირეკავდა და მეკონტაქტებოდა. გულს მიფორიაქებდა მისი თამამი ლაპარაკი. მისი ხმის გაგონებაც კი მაბედნიერებდა, მაგრამ ასევე მიჩქარებდა გულს დათას მორიდებული შემოხედვა და მისი გამოჩენა მაბედნიერებდა. მოკლეთ, ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში ვიყავი. რომელი მომწონდა ან მიყვარდა ვერ გავრკვეულიყავი. მთელი ზაფხული ხევსურეთში გავატარე. მშვენივრად გავიყვანე დრო. დათას გაცნობაც მოვახერხე ძირფესვიანად და უნდა ვთქვა, რომ უფრო და უფრო მომწონდა ეს ხევსური და ვაჟკაცური ბიჭიც. თბილისში რომ დავბრუნდი სწავლის დაწყებამდე, ძალიან გამიჭირდა და მოვიწყინე მათ გარეშე. კიდევ კარგი სწავლა დაიწყო და იმაზე გადავერთე, თორემ გაგიჟების ზღვარზე ვიყავი უკვე. ერთ საღამოს კი მიშოც მესტუმრა სოფლის ძღვენით. ჯერ გამიკვირდა. მერე კი, ისე გამიხარდა მისი ხილვა, კარგა ხანს ჩამოვეკიდე კისერზე და ვეხუტებოდი. _როგორ მომენატრე ჩემო ლამაზო._თვითონაც მეხუტებოდა და მკოცნიდა._ჩვენთან აღარ აპირებ ჩამოსლას?.. გპირდები, მარია ზედმეტს აღარაფერს გკადრებს. უნდა გითხრა, რომ მოჯდა. შენთან მოკითხვაც კი დამაბარა და საჩუქარი გამომატანა. გაოცებულმა შევხედე. არანაირი საჩუქარი არ მინდოდა მარიასგან, მაგრამ ისეთი თვალებით მიმზერდა მისი ძმა და ისე უხაროდა დის გამოსწორება, რომ არამზადა ვიქნებოდი, თუ ფანჯრიდან ვისვროდი მის საჩუქარს. საჩუქარს კი რაც შეეხებოდა, ტყის წაბლი იყო, რაც უზომოდ მიყვარდა და რასაც მარია კრეფდა თურმე და კარგ ფასშიც ყიდდა. _მისგან არაფერი მინდა._მუცელს ვძლიე და უარი ვთქვი სასუსნავზე, მაგრამ მიშომ არ დამანება, "გაძლევენ გამოართვი, გართმევენ გაიქეციო." იქნებ რა გულით გამოგიგზავნა, უარის თქმა შეიძლება? იმდენი მეჩიჩინა, რომ ბოლოს მაინც დამატოვებინა მარიას ძღვენი. საღამოს კი ჩემთან დარჩა და გვარიანად ვიჭორავეთ. ახალი ამბები უხვად მომიყვა სუფრასთან. მართალია, მე ნიკას არ ვახსენებდი შეგნებულად, მაგრამ თვითონ მიყვებოდა ყველაფერს. მისგან გავიგე, რომ სარფიანი შემოთავაზება მიიღო და გერმანიაში აპირებს სამუშაოდ წასვლასო. ისიც გავიგე, რომ ვერ გადაუწყვეტია წავიდეს თუ არაო. თითქმის ყველაფერზე ვსაუბრობდით მე და ნიკა ყოველ დღე ტელეფონით, მაგრამ ეს არ უხსენებია ჩემთვის არასდროს და მეწყინა. თუ გერმანიაში აპირებდა წასვლას, რატო არაფერს მეუბნებოდა, ჩემგან გაპარვას აპირებდა ვითომ? მართლაც რომ წასულიყო გერმანიაში, თუნდაც ეთქვა ჩემთვის ყველაფერი, მერე? თუ მუშაობას დაიწყებდა, სულ მცირე სამი-ოთხი წელი ხომ მაინც იცხოვრებდა იქ? ამ ხნის მანძილზე ხომ შესაძლებელი იყო ვინმე გაეცნო და შეყვარებოდა? თუმცა, მე რატო მიკვირდა ეს ამბავი? თვითონ ხომ ორ ბიჭს ვეპრანჭებოდი ერთდროულად და არჩევანის გაკეთება მიჭირდა? დავიჯერო, მარტო მე ვიყავი ასეთი, რომ იგივე სიტუაცია, რაც ჩემი იყო, სხვისგან მწყინდა? დათასთან თუ ვიყავი ნიკა მენატრებოდა, თუ ნიკასთან ვიყავი, პირიქით... თვითონ მე ვერ ვიყავი სრულ ჭკუაზე და სხვისგან რატო უნდა მწყენოდა ვითომ რამე? მთელი ღამე საწოლში ვიბორგე. მართლა რომ წასულიყო ნიკა, მერე? გავძლებდი ვითომ უიმისოდ? თუმცა, ახლაც უიმისოდ არ ვიყავი? მხოლოდ ტელეფონით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. გერმანიიდანაც ხომ შეძლებდა დარეკვას და დალაპარაკებას? თითქოს, მის დაკარგვას რეალური საფრთხე რომ დაემუქრა, მაშინ გამოვფხიზლდი, მანამდე ორ ცეცხლში ვიწვოდი, დათაც მომწონდა და ნიკაც. დილით ადრევე წავიდა მიშო, მარტო ყავა დალია, მადიანად ჩამპროშნა და დამემშვიდობა. იმ დღეს კი, მე გამოვიჩინე ინიციატივა და მე დავურეკე ნიკას. ძალიან გაუხარდა. (ყოველი შემთხვევისთვის ასე მითხრა.) კარგა ხანს ვილაპარაკეთ ათას სისულელეზე. მიშოს ნათქვამი კი, გერმანიაში აპირებს წასვლასო, არ უთქვია. არც მე ვკითხე არაფერი. ველოდებოდი თვითონ როდის აღიარებდა, მაგრამ მგონი ისე გაიპარებოდა, არაფერსაც არ მეტყოდა. ჩემი განხორციელებული ზარიდან ოთხ საათში კი ნიკაც მესტუმრა სახლში. კარი რომ გამოვაღე და ზღურბლთან გაღიმებული ნიკა დავინახე თეთრი ვარდების თაიგულით, ჯერ თვალებს არ დავუჯერე. მერე კი გულმა საამოდ დამიწყო ძგერა. _ასე ვიდგე თუ შემომიპატიჟებ სახლში?_ღიმილით რომ მკითხა, მაშინ მოვეგე გონს და ბინაში მორიდებით შემოვიპატიჟე. მისი მორთმეული მშვენიერი ვარდები ლარნაკში ჩავაწყე და მისაღებში მინის მაგიდაზე მივუჩინე ადგილი. სავარძელში რომ ჩავჯექი, თვითონ ჩემს მოპირდაპირედ დაჯდა და დაჟინებული მზერით მომაშტერდა ღიმილით. _გინდა სადმე წავიდეთ?_მოულოდნელად მკითხა. _სად?_გამიკვირდა. _თუ გინდა კაფეში. ან, თუ გინდა კინოში... დავფიქრდი, სად შეიძლებოდა მე და ნიკა წავსულიყავით? მგონი, კინოში წასვლა ჯობდა უფრო. თუმცა, მის გერმანიაში წასვლაზე მინდოდა მასთან დალაპარაკება და კინოთეატრი ნამდვილად არ გამოდგებოდა ამ მისიისთვის. ამიტომ კაფე ავირჩიე და სანამ მე მოვემზადებოდი, ნიკა სავარძელში ჩუმად იჯდა და მოთმინებით მელოდა. დიდად გაპრანჭვ-გამოპრანჭვა არ დამიწყია. ან რა საჭირო იყო?ამ ბიჭს ვატყობდი, რომ ჩემი ბუნებრივი სილამაზით იყო მოხიბლული და მაკიჟით არ გავთხაპნილვარ. მალე რომ გავემზადე, გაუკვირდა. _მორჩი უკვე? _მე იმ ქალების კატეგორიას არ ვეკუთვნი, ერთი საათი სარკის წინ გავატარო და მხოლოდ ხუთი წუთის გულისთვის ჩავიდე ეზოში. გაეცინა. _იმიტომაც მიყვარხარ ასეთი განსხვავებული და ორიგინალური რომ ხარ. მიყვარხარო?_ამ სიტყვამ უმალ გამიჩერა გული. ეს სიტყვა ასე პირდაპირ არასდროს უთქვია ჩემთვის და ახლა ამაღელვა და ამაფორიაქა. _გიყვარვარ?_ჩურჩულით ჩავეძიე დასაზუსტებლად. _მგონი._ეს ის პასუხი არ იყო, რასაც გულისფანცქალით ველოდი, მაგრამ არც ეს იყო ურიგო. ხვდებოდა, რომ მგონი ვუყვარდი და ესეც ხომ რაღაცა იყო? _იცი, სიყვარულსა და მოწონებას შორის დიდი განსხვავებაა. დანახვისთანავე მომეწონე, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მოწონებაზე მეტია ის, რასაც მე შენს მიმართ ვგრძნობ... ამის გაგონებაზე გული ლამის საგულედან ამომივარდა. მართალია, დაზუსტებით არ უთქვია, რომ ვუყვარდი, მაგრამ იმას რომ გრძნობდა, რაღაც ხდებოდა მის თავს, ესეც რაღაც იყო ჩემთვის. ახლომდებარე კაფეში დავსხედით. _იცი, რაღაც შეთავაზება მაქვს, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია რა ვქნა._ეს რომ მითხრა, დავიძაბე. მივხვდი, საითაც მიყავდა საქმე და შევშფოთდი. რას გადაწყვეტდა არ ვიცოდი. _რა შეთავაზებაა მაგისთანა? ან რატო ვერ გადაგიწყვწტია რამე?_გულის კანკალით ვკითხე. მაგიდაზე დადებულ ჩემს ხელს დასწვდა და დასერიოზულდა. _კარგი სამსახური შემომთავაზეს. _მერე?_უფრო ავღელდი. _სხვა ქვეყანაში მიწევს წასვლა. ჯერ ერთი, სამშობლოდან წასვლა არ მინდა... _და მეორე?_პაუზა დიდხანს რომ გაუგრძელდა, ავღელდი. _ვგრძნობ, რომ უშენოდ გამიჭირდება. შენ? _მე?_სულელური გამომეტყველებით შევხედე. _ხო, შენ. დავიჯერო, არაფერს გრძნობ ჩემს მიმართ?_დაჟინებით მომაშტერდა და უარესად ამიფორიაქა ისედაც აფორიაქებული გული. როგორ არ მომწონდა და არ მიფორიაქებდა გულს? როგორ არ მიყვარდა და როგორ არ მინდოდა მასთან სიახლოვე, მაგრამ... ზუსტად ეს "მაგრამ" აჭირებდა საქმეს. ზუსტად ეს "მაგრამ" მაფიქრებდა, რადგან ასეთივე გრძნობით და სიძლიერით მიყვარდა დათაც. ასეთი რამ სხვას რომ ეთქვა, გვარიანად გამოვლანძღაცდი, პიროვნების გაორება როგორ უნდა გჭირდეს, დაფიქრდი, ჩამოყალიბდი რა გინდა და ისე იმოქმედე-მეთქი. შეუძლებელი მეგონა ასეთი რამ, მაგრამ თვითონ გამოვცადე, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ორი ადამიანის ერთნაირი სიყვარული. _ოდნავ მაინც არ მოგწონვარ?_ცოტა შეშფოთება ვიგრძენი მის ხმაში. _ოდნავ კი არა, ძალიან მომწონხარ, მაგრამ... _მაგრამ რა?_გაუკვირდა. _არვიცი._გულწრფელად ვაღიარე._თვითონ ვერ გავრკვეულვარ ვერაფერში და შენ რა გითხრა... სიმართლე გითხრა, უფრო მარიას გამო ვიხევ უკან. _მარია არანაირად არ მომწონს და არ მიზიდავს... _ხო, მაგრამ მთელი ცხოვრება დანაშაულის გრძნობა არ მომასვენებს... _შენ რა შუაში ხარ?_გაუკვირდა._მე თუ კი შენ მომწონხარ და შენს გვერდით გადავწყვეტ ცხოვრებას, იმან რაც არ უნდა იყვიროს, იჩხუბოს და იწუწუნოს, ეს მაინც ასე იქნება. ჩემი ცხოვრება ჩემი გადასაწყვეტია ვის დავუკავშირო ბედი და ვის არა. ეს ცხოვრება ასე ყოფილა, ზოგს უმართლებს სიყვარულში და ზოგს არა. მარია უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მე ის არ მიყვარს როგორც ქალი და მასში მე ვერ ვხედავ ჩემს მომავალს. მე შენ მიზიდავ, ფიქრებს მიშლი, მომწონს შენთან სიახლოვე. ბოლო დროს ჩვენს სამომავლო ცხოვრებაზეც კი დავიწყე ფიქრი და ეს შენი ბრალი სულაც არ არის. ნუ დაუხრი მარიას თავს და ნუ აგრძნობინებ იმას, რომ ჩვენს ურთიერთობაში შენ მიგიძღვის რაიმე ბრალი. ეს ასე არაა... მე თავისუფალი კაცი ვარ და ჩემი ცხოვრება ჩემი გადასაწყვეტია. ხო და მე მინდა, რომ შენ აგირჩიო. რომ რამე იყოს, მიატოვებ შენს ქვეყანას და წამოხვალ ჩემთან ერთად... _შენთან ერთად?_გული ისევ ამიფორიაქდა. _ხო, შევქმნათ ჩვენი ოჯახი და ვიყოლიოთ შვილები. რას იტყვი?_შემომღიმა თავისი მომაჯადოებელი ღიმილით. _ცოტა რთული და დასაფიქრებელი შემოთავაზებაა შენი მხრიდან. სამშობლოდან წასვლა და ახლობლებისგან შორს ცხოვრება გამიჭირდება. _მესმის შენი პოზიცია, მეც გამიჭირდება მასეთი ცხოვრება, მაგრამ შენ თუ მეყოლები გვერდით, ადვილად შევძლებ ყველაფერთან შეგუებას... დიდი ხანია იმაზე ვფიქრობ, უბრალოდ მომწონხარ თუ მიყვარხარ... _მერე, რა დასკვნამდე მიხვედი?_კეკლუცად შევღიმე. _მიყვარხარ._ისეთი ტონით მითხრა, აფორიაქებული გული უარესად ამიფორიაქა. თავისი მწველი მწვანე თვალებით დაჟინებით მომჩერებოდა._თუ გერმანიაში წასვლა გადავწყვიტე, ჯერ მე წავალ, მოვეწყობი და მერე შენ წაგიყვან, რას იტყვი? მართლა არ ვიცოდი რას ვიტყოდი. მართლა არ ვიცოდი რას მოვიმოქმედებდი. ნიკა მიყვარდა. ვგრძნობდი, რომ ბედნიერი ვიქნებოდი ქვეყნის დასალიერშიც კი, მაგრამ ტასო? პატარა გიორგი? მათ გარეშე შევძლებდი აქედან შორს ცხოვრებას? ახლა, დათაც მაფიქრებდა. არც დათა იყო ჩემს გულში ნაკლებად შემოჭრილი. თითქოს დათას ცოლობა უფრო კარგი იქნებოდა ჩემთვის, ტასოსთანაც ახლოს ვიქნებოდი, მაგრამ მუდმივად შევძლებდი იქ ცხოვრებას? ეს მაფიქრებდა ყოველთვის როგორც ახლა ნიკასთან ერთად გერმანიაში ცხოვრება. _არ ვიცი, დაფიქრება მმართებს ამაზე._ძლივს ამოვღერღე სათქმელი. _არ გამტყუნებ და არც გაჩქარებ. მე თვითონ ლამის ორი თვეა რაც ამაზე ვიჭ....ტავ ტვინს, წავიდე თუ არა და არც შენ დაგაჩქარებ და დაგაძალებ რამეს. მოსაფიქრებლად დროს მოგცემ. მინდა რომ კარგად აწონ-დაწონო ყველაფერი და გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. მინდა რომ შენ თვითონ იყო ბედნიერი შენი გადაწყვეტილებით და სხვაზე არ ფიქრობდე, ასე რომ მოვიქცე ის რა დღეში იქნებაო. შენი გადაწყვეტილების დროს შენზე იფიქრე შენ რა გინდა და არა იმაზე, მარია და მარიასნაირები როგორ მიიღებენ ამას. დამპირდი, რომ ასე მოიქცევი. მართალი იყო ეს ბიჭი, მე ჩემთვის უნდა მიმეღო გადაწყვეტილება და არა ვინმესთვის. მე ჩემთვის უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი და არა სხვისთვის... _არ დაგაჩქარებ. დროს მოგცემ მოსაფიქრებლად. კარგი? თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, ჩემი ხელი, მუჭში რომ ქონდა მომწყვდეული, ტუჩებთან მიიტანა და მაკოცა. მართალია თამამი და თავისებური ბიჭი იყო ნიკა. ბევრჯერ ვიყავი მასთან განმარტოებული, მაგრამ არასდროს უკოცნია ჩემთვის და ამ ფაქიზმა კოცნამ ლამის გული ამომიგდო საგულედან. ეტყობა შემატყო რა ქარბორბალაც დაატრიალა მისმა კოცნამ ჩემს გულში და ეშმაკურად მოწკურული თვალებით შემომღიმა. ამ ამბიდან სამი დღის მერე კი დათა შემხვდა სასწავლებლის წინ. აშკარად მე მელოდა. მისმა დანახვამ ისე ამაფორიაქა, როგორც ნიკას ფაქიზმა კოცნამ ჩემს ხელზე. დამინახა თუ არა, გაეღიმა და სანამ მივუახლოვდებოდი, ერთ ადგილზე აწრიალდა. _აქ საიდან?_გამიკვირდა. თუმცა მივხვდი, რომ სპეციალურად ჩემს სანახავად იყო ჩამოსული. _საქმე მქონდა და შემოგიარე._მორიდებით მითხრა და ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა. მისი თბილი და ვაჟკაცური ხელის შეხებამაც იგივე განმაცდევინა, რაც ნიკას სიახლოვემ. მართლაც გაორება მჭირდა. ორივე სასურველი ბიჭი იყო ჩემთვის. არჩევანის გაკეთება ძალიან გამიჭირდებოდა. ნიკა თამამი და პირდაპირი იყო. ეს კი მორიდებული, წყნარი, მშვიდი და მორცხვიც კი. ხევსური და ასეთი მორიდებული უჩვეულო იყო თითქოს, მაგრამ მე მაინც მომწონდა მისი ეს ყველა თვისება. ღიმილით რომ შევხედე, თითქოს დაიბნა. თავისი მწველი შავი თვალები მორცხვად დახარა. შუბლზე ჩამოშლილი სწორედ შეჭრილი შავი თმა ქონდა. ოდნავ მოშვებული შავი წვერი ძალიან უხდებოდა. მხარბეჭიანი და ძლიერი ვაჟკაცი იყო, მაგრამ ჩემს წინაშე დაუცველ ბავშვს გავდა. _ცოტა რომ გაგვევლო?_მორიდებით მკითხა. _გავიაროთ, არ არის პრობლემა, დრო მაქვს._დაფარული მღელვარებით შევღიმე. მორიდებით გამომყვა გვერდით ჩემზე ერთი თავით მაღალი ვაჟკაცი. ხევსურეთში მთაში მართლაც უბადლო ვაჟკაცი იყო, არაფერს უშინდებოდა. ეს რომ ცხენს მიაჭენებდა, ტოლს ვერავინ უდებდა. განთქმული მონადირეც იყო, მაგრამ ჩემს გვერდით რადიკალურად იცვლებოდა. თითქოს სიტყვებსაც ვერ უყრიდა თავს, რომ სათქმელი ეთქვა. _შენზე უკეთესად ვერ ვცნობ თბილისს, მაგრამ ერთი მშვენიერი ადგილი მეც ვიცი აქ._მორიდებით შემომღიმა. _ხო და იქ წავიდეთ._დავთანხმდი. მაშინვე გააჩერა ტაქსი და სანამ მე არ გამომიღო კარი, არ ჩამსვა და არ მომიხურა ისევ, მანამ არ ჩაჯდა თვითონ. ერთ ერთ მყუდრო კაფეში დავსხედით. სათქმელს რომ თავს ვერ უყრიდა და ვერ მელაპარაკებოდა, აშკარად ეტყობოდა. ნიკასგან განსხვავებით ჩემთან თავის გრძნობებზე ლაპარაკი ძალიან უჭირდა, მაგრამ მე ესეც მომწონდა. _აქ ჯერ ისევ თბილა და თითქოს ისევ ზაფხულია, ჩვენთან კი უკვე მოთოვა, ნაადრევი ზამთარი დაგვიდგა. _რას ამბობ?_გამიკვირდა, ჯერ ხომ ოქტომბერი ეხლა დაიწყო. _ხო, მაგრამ ჩვენთან მალე ზამთრდება და გვიან გაზაფხულდება. ხანგრძლივი ზამთარი გვაქვს._ სალაპარაკო თემა რომ გამონახა, თითქოს გაუხარდა. _მიყვარს ზამთარი, ოღონდ თოვლით. ისე არა. ჩვენთან იშვიათად წამოფერფლის და იმას ვეძახით თოვლს. შარშან, გიორგის დაბადებისას დიდი თოვლი იყო. კარგი დრო გავატარე. ალბათ წელსაც ვესტუმრები ჩემს დას საახალწლოდ. ისეთი ბედნიერი სახით მიმზერდა, მეც გამაბედნიერა მისმა ბედნიერებამ. _აქ ნათესავები გყავს?_დავინტერესდი. თან, უხერხული სიჩუმე რომ ჩამოვარდა, არ მომეწონა. დათა შემეცოდა, რომ ერთ ადგილზე წრიალებდა. _არავინ.... შენს სანახავად მოვედი._ისე მითხრა, თვალი ვერ გამისწორა. მითუმეტეს რომ ჩემი გაოცებული მზერა იგრძნო. _ჩემს სანახავად?_ გამიხარდა. _ხო._შევატყე როგორ გაწითლდა ეს შავგვრემანი ბიჭი. თვალებში შემოხედვა ძლივს გამიბედა._მომენატრე და შენი ნახვა მომინდა... _მართლა?_გული ამიჩქროლდა და ახლა მე ვერ გავუძელი მის დაჟინებულ მზერას. იყო ამ ბიჭში რაღაც, რაც ფიქრებს მირევდა და გულს მიფორიაქებდა. ისევ უხერხული დუმილი ჩამოწვა. ნიკასავით თამამი და პირდაპირი ვერ იყო დათა. აფრთხობდა და აბნევდა ჩემი მზერა, მაგრამ მაინც მომწონდა. რატომღაც უხდებოდა ჩემს სიახლოვეს პატარა ბავშვივით რომ გრძნობდა თავს და ფორიაქობდა. მომწონდა, როგორ წითლდებოდა მე თუ შევხედავდი. მომწონდა ჩემს დაჟინებულ მზერას თვალს რომ ვერ უსწორებდა და დარცხვენილი რიტმულად ათამაშებდა თითებს მაგიდაზე. შეკვეთა რომ მოგვიტანეს, ახლა ფინჯნის პირზე დაიწყო გარშემო ნერვიული თამაში. აშკარად ბრაზობდა თავის თავზე სათქმელი რომ ბევრი ქონდა და ვერაფერს მეუბნებოდა. _შატილში როდის ბრუნდები?_ისევ მე წამოვიწყე ლაპარაკი, რომ უხერხულად არ ეგრძნო თავი. _დღეს. რამე გინდოდა?_მორიდებით შემომანათა თავისი შავი თვალები. _გიორგისთან გაგატანდი რამეს თუ არ შეწუხდები. _მე შენ არასდროს შემაწუხებ!_გამიკვირდა ასე გაბედულად და თამამად რომ მითხრა. მზერაც კი არ მოურიდებია ჩემთვის. გამეღიმა. ჩემს ღიმილზე მასაც გაეღიმა და თვალი მომჭრა მისმა თეთრმა და ჩაწიკწიკებულმა კბილებმა. ცალ მხარეს ლოყაზე საყვარელი ფოსოც კი გაუჩნდა. არა, მართლა მიყვარდა ეს ბიჭიც და მასაც ნიკასავით შემოთავაზება რომ გაეკეთებინა, შარში ვიქნებოდი. ორი საუკეთესო ვაჟკაციდან ერთ-ერთის არჩევა სასტიკად გამიჭირდებოდა. კაფედან მალე გამოვედით, რადგან მაღაზიებში მინდოდა გავლა და გიორგისთვის რამის ყიდვა. უარი არ უთქვია. ოღონდ რა მეყიდა ის არ ვიცოდი და საბავშვო მაღაზიები ფეხით მოვიარეთ. სიმართლე ვთქვა, მსიამოვნებდა მის გვერდით სიარული და ალბათ იმიტომაც ვერ ჩამოვყალიბდი რა მეყიდა. შევატყე, რომ თვითონაც ჩემს სიტუაციაში იყო, გვაბედნიერებდა გვერდიგვერდ სიარული და რისთვის დავდიოდით მგონი დამავიწყდა კიდეც. _მოდი, აღარ შეგაწუხებ, სხვა დროს ვუყიდი რამეს და მე თვითონ ჩამოვუტან, თორემ ტყუილად დაგატარებ შენც აქეთ-იქით. _შენი ნებაა, მაგრამ მე სულაც არ ვწუხდები თუ ჩემს გამო იხევ უკან. მაინც ტაქსით უნდა წავიდე, არ მეჩქარება. ნუ მოგერიდება, არანაირად არ მაწუხებ._ცოტა თითქოს გამითამამდა დათა და გამიხარდა. მოულოდნელად ფეხი რაღაცას წამოვკარი და წავბარბაცდი. უმალვე შემაშველა თავისი ძლიერი მკლავები. ეს ინსტინქტი იყო იმისა, რომ საყვარელ ადამიანს არაფერი დაშავებოდა. ისე მომეწონა მის მკლავებში თავის ამოყოფა, წამიერად გავირინდე და გავიტრუნე კიდეც. მის გულის ცემას ვგრძნობდი და ვხვდებოდი, რომ მართლაც ძვირფასი ვიყავი მისთვის. არც ჩემთვის იყო უბრალო ადამიანი, მაგრამ... _ბოდიში._მორიდებით შევღიმე და მისი ძლიერი მკლავებიდან თავის დაღწევას შევეცადე. _საბოდიშო არაფერია._თვითონაც გამიღიმა._მეც ბევრჯერ ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში და უნდა ვთქვა, რომ ცხვირ-პირიც ჩამიმტვრევია._ალალად შემომცინა. ცხვირ-პირ ჩალეწილი დათა რომ წარმოვიდგინე, გულიანად გამეცინა. გაცინებულს კი თითქოს პირველად მხედავდა, თვალი აღარ მოუშორებია ჩემთვის. _რა საყვარელი ხარ იცი?_გამბედაობა მოიკრიფა და მოულოდნელად მკითხა. დავიბენი. ჯერ ერთი, მისგან ასეთ სითამამეს არ ვიყავი ნაჩვევი. მეორეც, ისევ მის მკლავებში ვიყავი მომწყვდეული და მესამე, მისი სიახლოვე გვარიანად მაფორიაქებდა. ისევ გავიბრძოლე მისი მკლავებიდან გასანთავისუფლებლად და აღარც დავუჭერივარ. _მოდი რა ვქნათ იცი? საჩუქარი სხვა დროს შეურჩიე და შენ თვითონ ჩამოუტანე გიორგის. არ იფიქრო რომ შენს გვერდით სიარული არ მსიამოვნებს. პირიქით, შესაძლებელი რომ იყოს, მთელი ცხოვრება ვივლიდი შენთან ერთად და დამიჯერე, არ მომწყინდებოდა. შენი საჩუქარი შენ თვითონ გადაეცი შენს დიშვილს როცა ჩამოხვალ. ახლა ისე ვისეირნოდ. ან სადმე დავსხდეთ... თუ გინდა კინოში შევიდეთ. _სეირნობა მირჩევნია თუ არ დაიღალე._ვაღიარე. _ვისეირნოთ... როგორ გგონია, ხევსურ კაცს სიარულით დამღლი?_გაეცინა. თამამად გამოვდე ხელკავი გაღიმებულმა და ქალაქის ქუჩებში უაზრო ხეტიალს მოვყევით. ერთმანეთის გვერდიგვერდ სიარულიც საკმარისი იყო და არ ქონდა აზრი სად ვისეირნებდით. ათას წვრილმანზეც ვისაუბრეთ. თუმცა, მთავარი სათქმელი მაინც ვერ უთხარით ერთმანეთს. ქარაგმებით და გადაკრულად კი ვხვდებოდი მის გულის ნადებს, რომ მოვწონდი როგორც მე მომწონდა და ჩემთან სიახლოვე სიამოვნებდა. ახალი შებინდებული იყო, რომ ჩემს კორპუსთან მიმაცილა. ბინაში არც ამიპატიჟია და დარწმუნებული ვიყავი, რომც ამეპატიჟა, არ ამოვიდოდა. _დარდი მექნება როგორ იმგზავრებ._მორიდებით ვუთხარი. _ნუ გეშინია, მთელი ცხოვრება მასე დავდივარ და არაფერი მომსვლია._გამიღიმა._სახლში რომ მივალ, დაგირეკავ._ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო ჩემი ნომრის ჩასაწერად. ღიმილით ვუკარნახე ნომერი. მერე დავემშვიდობე და სადარბაზოში უკანმოუხედავად შევედი. ერთი სული მქონდა მიმეხედა და დამენახა როგორ მიმზერდა, მაგრამ თავი ვაიძულე და არ მიმიხედია. სამზარეულოს ფანჯრიდან კი გადმოვხედე მალულად. ისევ იქ იდგა და სადარბაზოსკენ იყურებოდა, თითქოს ისევ გამოვჩნდებოდი. შეიძლება სულელურად და არადამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ დათაც ძალიან მიყვარდა. მიყვარდა თავისი სიმორცხვით, მორიდებულობით და თავისი ვაჟკაცობით. გვიანობამდე ველოდი მის ზარს და ნერვიულად გავდი-გამოვდიოდი ოთახიდან ოთახში. მეგონა რომ ძალიან დააგვიანა დარეკვა, მაგრამ რეალურად რომ მემსჯელა ასეც არ იყო. სანამ ჩემიდან გაბრუნდებოდა. ალბათ ცოტას კიდევ გაივლიდა სასყიდლებზე. მერე ტაქსს ნახავდა და დათოვლილ მხარეში რომ შედარებით ნელა ივლიდა, ეგ ხომ ცხადი იყო? თორმეტი ხდებოდა უცხო ნომრიდან ესემესი რომ მომივიდა. "იქნებ გძინავს და შენი გაღვიძება არ მინდა. მაგრამ რახან შეგპირდი, გაგაგებინებ, რომ არ ინერვიულო, მშვიდობით ჩავაღწიე სახლამდე." მართლა ძალიან გამიხარდა მისი მშვიდობით ჩასვლაც და მისი ჩემდამი ყურადღება, რომ მომწერა და გამაგებინა როგორ ჩააღწია სახლამდე. ისიც გამიხარდა, რომ მისი ნომერი გავიგე. "კარგია, გამიხარდა."_მეც მივწერე. "მე ხომ არ გაგაღვიძე?"_მისი შეწუხებული სახე დამიდგა თვალწინ და გამეღიმა. "არა, არ მეძინა" "რატო?"_გაუკვირდა. "ახლა მშვიდად დავიძინებ უკვე."_ჩემი საითამამე მე თვითონ გამიკვირდა. "მშვიდ ძილს გისურვებ. აღარ შეგაწყენ თავს." მშვიდი ძილი, დარწმუნებული ვარ, გულით მისურვა დათამ, მაგრამ მთელი ღამე მაინც ვერ დავიძინე. ჩემი საფიქრალი საუკეთესოს არჩევა იყო ორიდან. დილით გამოუძინებელი ავდექი და ისე წავედი ლექციებზე. სახლში დაბრუნებულს კი მარია დამხვდა ჩემს ბინის კართან ატუზული. გამიკვირდა. მისი ბარგი გვიან შევნიშნე და მივხვდი, რომ ისევ ჩემთან საცხოვრებლად იყო მოსული. ცოტა გავბრაზდი კიდეც. _უკვე სახლში გაბრუნებასაც კი ვაპირებდი. როგორ დაიგვიანე._მომიახლოვდა და ვითომც არაფერი, გადამეხვია და გადამკოცნა._როგორ მომნატრებიხარ ჩემო ნინუცი. ამ "ნინუცის"განსაკუთრებულ სიტუაციებში ხმარობდა. აი მაშინ, როცა მართლა უჭირდა და ჩემი თავის მოქონვა უნდოდა. ცივად შევხედე. _ისევ ნაწყენი ხარ ჩემზე?_ვითომ ძალიან შეიცხადა._არ ღირს ნიკას გამო ერთმანეთს თავ-პირი ვამტვრიოთ. ჩვენისთანა გოგოების სიყვარულს არ იმსახურებს ის მექალთანე. არ მესიამოვნა ნიკა მექალთანედ რომ მოიხსენია, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია. ბინის კარი გავაღე და არც კი შემომიპატიჟებია ჩემი დეიდაშვილი, ისე შევედი შიგნით. მარიაც უკან მომყვა. _დედაჩემმა და მართამ მოგიკითხეს. მიშომაც... _მიშო ყოველდღე მკითხულობს ტელეფონით._გულგრილად ვუთხარი. არაფერი შეიმჩნია, თორემ აშკარად არ ესიამოვნა მიშოს მოკითხვები. _დედაჩემმა შემწვარი ვარიები გამომატანა. არ გშია? _თუ მშია, შევჭამ რამეს. ნუ შიშობთ, უთქვენოდ მშიერი არ ვკვდები._აგდებით ვუთხარი და თვალებში დაჟინებით მივაშტერდი. _კარგი ხო, რამდენჯერ უნდა მოგიხადო ბოდიში? სრულ ჭკუაზე არ ვიყავი... ვტყუივარ. _ბოდიში წამალი გგონია? გგონია, რამდენჯერაც დააშავებ რამეს და ბოდიშს მოიხდი, იმდენჯერ გაპატიებ?_ცოტა ხმას ავუწიე._თუ არა და, მე ხომ დედაჩემივით კახპა ვარ, რატომ მაკითხავ? შემეშვი, ჩემი ნაცნობობაც კი სირცხვილია შენთვის. _კარგი რა, გთხოვ. აღარ უნდა გვაპატიო მე და დედას? გაბრაზებულ გულზე ადამიანი რას აღარ იტყვის და ის უნდა მოიხვედრო გულზე? თან ხომ ბოდიშს გიხდი? _ბოდიშს მიხდი?_ირონიულად ჩამეცინა. _ხო. გთხოვ, დავივიწყოთ ყველაფერი და ჩვენი დეიდაშვილური ცხოვრება თავიდან დავიწყოთ. გპირდები, ყოველთვის იმას ვეცდები, რომ ჩვენი ურთიერთობა გამოვასწორო. ერთმანეთის ჯიგრები ვართ და ერთმანეთზე ჩვენ თუ არ დაგვეწვება გული, სხვას როგორ მოვთხოვოთ თანაგრძნობა და თანადგომა? ამაში კი ვეთანხმებოდი, მაგრამ მისი გამოსწორება ნამდვილად არ მეჯერა, რადგან ადამიანი არ იცვლება, მითუმეტეს რომ გამოსწორების სურვილი არ აქვს. მარიაც ზუსტად ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. აწყობდა და იხდიდა ბოდიშს. აწყობდა და მაჯერებდა, რომ ვითომ შეიცვლებოდა. _გთხოვ, დავივიწყოთ ყველაფერი. დღეიდან სხვა ცხოვრება დავიწყოთ._ისე მჭიდროდ მომეხვია, შევეწინააღმდეგე კი, მაგრამ ვერ გავეშვი._სერიოზულად გეუბნები, ვნანობ, რომ იმ მექალთანე ნიკას გამო შენ გეჩხუბე. ვნანობ, რომ მის გამო ტვინი მქონდა არეული. მესმის შენი, რომ ძნელია ჩემი პატიება, მაგრამ მაინც გთხოვ. მინდა, დღეის ამას იქით ერთად ვიყოთ, ერთმანეთის დარდი და სიხარული გავიზიაროთ. მინდა, რომ ჯიგრული და გულწრფელი სიყვარული გვაკავშირებდეს ერთმანეთთან. ეს ყველაფერი მეც კი მინდოდა, მაგრამ მარია არ იყო ის გოგო და ის დეიდაშვილი, ვისი ნდობაც შემეძლებოდა რომ მქონოდა. თუმცა, აღარაფერი არ მითქვია. არც მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც ბევრი ხვეწნა სჭირდებოდა რამეზე. მართალია, სრულ ნდობას ვერ გამოვუცხადებდი, თვალდახუჭული ვერ ვენდობოდი, ვერ დავივიწყებდი მის ბოღმით ჩადენილ დანაშაულებებს, მაგრამ ვინ ვიყავი მე, რომ არ მეპატიებინა? უფალი მიმტევებლობას გვასწავლის, თვითონაც უდიდესი მიმტევებელია და მე, უმნიშვნელო ადამიანს, როგორ არ მეპატიებინა ვინმესთვის რამე? თუმცა დავიწყება მართლა გამიჭირდებოდა იმ ღვარძლით ნათქვამი სიტყვებისა, რაც დეიდამ მითხრა. _მიდი, ხელები დაიბანე, მე სუფრას გავაწყობ და ერთად გემრიელად და ტკბილად ჩავუსხდეთ. დიდი თავ-პატიჟი არ დამიწყია. აბაზანაში რომ შევედი ხელების დასაბანად, ლოყა შევათვალიერე სარკეში, მარიას ფრჩხილების კვალი ოდნავადაც კი აღარ მეტყობოდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ისევ მტკიოდა. კარგა ხანი მოვუნდი ხელების დაბანას და როცა აბაზანიდან სამზარეულოში გავედი, მარიას მართლაც გაეწყო სუფრა და ოთახში მადისაღმძვრელი სურნელიც ტრიალებდა უკვე. _იცი, იმ დღის მერე ბევრს ვფიქრობ და ვბრაზობ საკუთარ თავზე. როგორ დამაბრმავა ბიჭის სიყვარულმა, რომ ალალ დეიდაშვილს მის გამო ვეჩხუბე?.. მართლა ვნანობ ჩადენილს. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, მასე აღარ მოვიქცეოდი._თითქოს გულწრფელი იყო, მაგრამ მე მის გულწრფელობაში ეჭვი მეპარებოდა და მართალიც ვიყავი. თავიდან უნდობლად ვეპყრობოდი. არ მეჯერა მისი გულწრფელობისა, მაგრამ მერე და მერე კი თითქოს მომილბა გული. თან, მუდამ ჩემზე ზრუნავდა. მართლაც შეიცვალა რადიკალურად. ის მარია, რომელიც ადრე იყო და მახსოვდა, სადღაც გამქრალიყო და მის მაგივრად მართლაც მეგობრული და მოსიყვარულე გოგო დაბრუნებულიყო. თუმცა, ესეც თავისი გეგმის ნაწილი აღმოჩნდა. ჩემი ნდობა რომ მოიპივა და ყურადღება მომადუნინა, ზუსტად მაშინ ჩამცა ზურგში მახვილი. ისეთ დროს მიღალატა, თანაც ისე სასტიკად და დაუნდობლად, რომ ნამდვილად არ ველოდი. შობამდე ორი დღით ადრე მთხოვა, არ მცალია და დედაჩემის გამოგზავნილ ნობათს შენ დახვდი, ჩვენი სოფლელი ვალერი მოიტანსო. დიდად არ გამხარებია სახლში ჯდომა და ვალერის ლოდინი, რადგან იმ დღეს საშობაო საყიდლებზე მინდოდა წასვლა, მაგრამ რახან მთხოვა, რას ვიზავდი? თვითონ როგორც მითხრა, აუცილებელ საქმეზე მიდიოდა, თორემ არ შემაწუხებდა. თერთმეტი საათი იყო მარიამ რომ დამირეკა, ვალერი სადარბაზოს წინ არის მწვანე ნივით შეჩერებული და ჩახედეო. გამიხარდა, ადრე რომ მოვიდა, გამოვართმევდი ძღვენს და მაინც მოვასწრებდი საყიდლებზე წასვლას. კიბეზე თავპირისმტვრევით ჩავირბინე და სადარბაზოდან რომ გავედი, მართლაც შევნიშნე მწვანე ნივა. ვალერიც ვიცანი, ერთხელ თუ ორჯერ დანახული მყავდა აგარაში. დამინახა თუ არა, თვითონაც მიცნო. გამიღიმა. მომიკითხა, როგორ ხარო. მერე დეიდას გამოტანებული სოფლის ნობათი გადმომცა და ისევ ღიმილით დამემშვიდობა. თუმცა, არსად წასულა. მე რომ საყიდლებზე წასასვლელად გამოვედი სადარბაზოდან, მოშორებით იდგა და წაყვანა შემომთავაზა. _მადლობა, არ მინდა, აქვე მივდივარ. _ჩემს ძველმოდურ მანქანას არ კადრულობ?_ირონიულად გაეცინა. _ეგ რა შუაშია?_ცოტა მეწყინა და მკაცრი გამომეტყველებით შევხედე. _ყველას ინფინიტის ჯიპი ხომ ვერ ეყოლება, რომ დასდო პატივი და მანქანაში ჩაუჯდე? ძალიან კარგად ვიცნობ ქალებს, სიმდიდრეს და ფუფუნებას რომ ეტანებიან... _ვის იცნობ და ვის არა არ ვიცი. შორს არ მივდივარ და ფეხით მირჩევნია გავლა. _მეტი რა გეთქმის? თუმცა არ გამტყუნებ, მეც მენდომებოდა ძვირადღირებულ მანქანაში ჩაჯდომა. ასე ვთქვათ, ფინთი გოიმივით ავვარდი. _ძვირადღირებული მანქანა არაფერ შუაშია. უბრალოდ, აქვე მივდივარ, _ხელი გავიშვირე მოშორებით მდგარ შენობისკენ, მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ ფულზე არ ვიყიდებოდი, მანქანის კარი გამოვაღე და ჩავუჯექი._იქით რომ გახვალ, გამიჩერი. _არ არის პრობლემა,_გაეცინა._ოღონდ, ღვედი შეიკარი. ღვედი გაგულისებულმა შევიკარი. _ოღონდ, აქ შეჩერება არ შეიძლება და კრუგი უნდა დავარტყა. ხომ არ გეშინია ჩემი?_ისევ ღიმილით გადმომხედა. _შენი რატო უნდა მეშინოდეს, ბუა ხარ?_აგდებით ვკითხე. თუმცა, ცოტა შიშმა კი გამკრა გულში. _ბუა არა, მაგრამ შენი მომავალი შვილების მამა კი ვიქნები დიდი სიამოვნებით._თან ისე შემომხედა, რომ მთლიან ტანში შიშისგან გამცრა. _ნუ სულელობ რაღაცეებს და გამიჩერე მანქანა._დავყვირე. სახელურსაც წავატანე ხელი, ვითომ კარის გაღება მინდოდა იმის საჩვენებლად, რომ მინადენი მანქანიდან გადავუხტებოდი, მაგრამ ელდა მეცა, კარს შიგნიდან სახელური არ ქონდა. ვალერიმ ირონიული ღიმილით რომ გადმომხედა და თან სიჩქარეს უმატა, მართლა შემეშინდა და პანიკამ მომიცვა. _შემიჩერე ახლავე მანქანა, რა ზედმეტები მოგდის? შენ მე ვინ გგონივარ? ვალერის ხმა აღარ ამოუღია, მანქანების ნაკადში მოხერხებულად გაძვრა ხან აქედან, ხან იქიდან და გვირაბში შევიდა. _სად მიგყავარ?_ავუკივლდი._გითხარი, შემიჩერე მანქანა-მეთქი._გაგულისებულმა ღვედი შევიხსენი, რომ ადვილად მივწდომოდი და თმებში მეტაცა მისთვის ხელი. ღვედი შევიხსენი თუ არა, მოულოდნელად მკვეთრად დაამუხრუჭა და ლამის საქარე მინა გავიტანე თავით. _გაგიჟდი?_ცოტა ელდამ რომ გადამიარა ისევ ავკივლდი. _ხო და წყნარად იჯექი. მომწონხარ და არ მინდა ხელით შეგეხო. დღეიდან ჩემი ცოლი იქნები და მე დამემორჩილები, გასაგებია?_მანაც მკაცრად დამყვირა. სანამ რამეს ვეტყოდი, ისევ დაძრა მანქანა ადგილიდან და გიჟივით გაიჭრა წინ. _მარიას ხელიც ურევია ამ საქმეში არა?_ცრემლი მომაწვა თვალზე._იცოდე, ვიკივლებ და პატრული მოგვაქცევს ყურადღებას._დავექადნე. _მაგისთვისაც მზად ვარ ჩემო ძვირფასო._ქლოროფორმით გაჟღენთილი რაღაც ტილო მომადო სახეზე და გონება უმალ დამებინდა. სად წავედით, ან რამდენი ვიარეთ, ნამდვილად არ გამიგია არაფერი. მანქანიდან ვინ და როგორ გადამიყვანა, არც ის არ ვიცი. ეგ კი არა, საწოლში რომ გამეღვიძა დედიშობილას, ლამის გავგიჟდი. იმასაც მივხვდი, რომ ჩემი ნების და სურვილის წინააღმდეგ ვიღაცას ძალა ეხმარა ჩემზე. საწოლიდან გამწარებული წამოვხტი. ტანსაცმელი ვერსად ვნახე და ზეწარი შემოვიხვიე. ოთახის კარი ღია იყო და კი არ გამოვედი იქიდან, ელდანაკრავივით გამოვვარდი. სად ვიყავი არ ვიცოდი. იმას კი მივხვდი, რომ სოფლის ყაიდაზე მოწყობილ სახლში ვიყავი. ერთი ჩაბნებული ოთახი რომ გავიარე, განათებულ ოთახში შევედი, სადაც ვალერი სავარძელში მოკალათებულიყო, რომელსაც მხოლოდ შარვალი ეცვა და სიგარეტს აბოლებდა. _ველურო._გამწარებული მივვარდი და გარტყმა დავუპირე, მაგრამ დამიჭირა და ხელი გადამიგრიხა. _მასეთებს ვერ მოგითმენ იცოდე. ქალს ქალობა გეტყობოდეს. მაინც არ შევეპუე და მაჯაზე ვუკბინე. მან კი მადიანი სილა გამაწნა. _ნუ მაიძულებ დაგარტყა._მკლავებში მომიმწყვდია და მჭიდროდ გამაკავა. თან ნახევრად მოშიშვლებულ მკერდზე მაკოცა._ მართლა არ მინდა, რომ გცემო. კარგი გოგო ხარ, ძალიან მასიამოვნე... გამოგიტყდები, რომ ქალიშვილი არ მეგონე. _ცხოველო!_ბოლო ხმაზე ვიკივლე და უმწეოდ ავფართხალდი. _დაწყნარდი, შენს ხმას მაინც ვერავინ გაიგებს. მე მართლა ცოლად მინდიხარ. ჯობია შენი ნებით დარჩე ჩემთან, ვიდრე გაიძულო. სიყვარული შემიძლია, მაგრამ, გაბრაზება და სიძულვილიც არანაკლებ. რომ მცოდნოდა ქალწული იყავი, სულ სხვაგვარად და სხვა გარემოში ვიმოქმედებდი. მაგაში ვტყუივარ და ბოდიშს გიხდი. _ბოდიში?! ბოდიში საქმეს შველის შე ცხოველო?.. შე არაკაცო! გამიშვი ხელი!_ისევ გავიბრძოლე, მაგრამ ვერ შევძელი მისგან თავის დაღწევა. _ნუ ბავშვობ! გითხარი, შენს ხმას ვერავინ გაიგებს. გინდა არ გინდა დღეიდან ჩემი ხარ და ვეღარაფერს შეცვლი... აგარაში რომ ისვენებდი დეიდასთან, ნუ გამეპრანჭებოდი, თავს ნუ შემაყვარებდი და არც მოგიტაცებდი. _მე გეპრანჭებოდი? საერთოდ მინახიხარ?_ისტერიული კივილი ავტეხე. ფეხებიც ავაფართხალე ჰაერში, რომ იქნებ როგორმე გავეშვი. _წესიერად-მეთქი გითხარი._მომიქნია და მოწყვეტით დამანარცხა დივანზე._ნუ მაიძულებ გცემო. _მცემო? სადაური ცხოველი ხარ?_უმალ წამოვხტი ისევ ფეხზე. შემოხსნილი ზეწარი თავიდან შემოვიხვიე._შენი არასდროს ვიქნები, გაიგე?! _უკვე რომ იყავი? თანაც, პირველი ვიყავი შენთვის?_ირონიულად ჩაეცინა._მართლა არ მოველოდი._ლოყაზე მომითათუნა ხელი. _არ მომეკარო._ისევ დავუპირე გარტყმა, მაგრამ ისევ დამიჭირა._წადი, იმ ოთახში კარადა რომ დგას, ტანსაცმელი ნახე, ტიტველი ნუ დატანტალებ აქ._ხელით მიბიძგა მეორე ოთახისკენ. ძალიანაც არ მინდოდა მისი ბრძანება თუ სურვილი ამესრულებინა, მაგრამ არც შიშველი სიარული მინდოდა. იქნებ გავქცეულიყავი როგორმე. კარადას ადვილად მივაგენი, მაგრამ ტანსაცმელი არც ისეთი სახარბიელო რამეები იყო იქ. როგორღაც მაინც შევარჩიე შავი თბილი ელასტიკი და გრძელი, ყელიანი ცისფერი სვიტერი. ვისი ტანსაცმელი მეცვა დიდად არ დავინტერესებულვარ, რადგან აქედან გაღწევის გეგმას შევუდექი მაშინვე. ისევ საძინებელში დავბრუნდი სადაც გამეღვიძა და ჩემს ტელეფონს დავუწყე ძებნა, მაგრამ ვერსად მივაგენი. ფანჯრიდან რომ გავიხედე, კარგად ბნელოდა უკვე, მაგრამ პირველ სართულზე რომ არ ვიყავი, მაგას კი მივხვდი. ეზოში ბნელოდა. რამდენი ხანი მძინებია თურმე. თუმცა, ზამთრის დღეები იყო და ექვსი საათიც რომ ყოფილიყო, უკვე ებნელებოდა. ისევ ვალერისთან დავბრუნდი. _ჩემი ტელეფონი სად არის? _მე მაქვს. მერე? _დამიბრუნე ახლავე._კატეგორიულად მოვთხოვე. _კიდე რა გინდა?_გაეცინა._მოხარშული წაბლი არ გინდა? _სანამ არ გავგიჟებულვარ და წყნარად გელაპარაკები, ტელეფონი დამიბრუნე. _შენი გაგიჟებით შემაშინებ?_გვარიანად გადაიხარხარა. მერე უცაბედად დასერიოზულდა._მინდა გითხრა, რომ ნიკამ დაგირეკა... ნიკას ხსენებაზე მუხლები მომეკვეთა. _რა უთხარი შე ველურო? _რა უნდა მეთქვა? სრული სიმართლე. _რომელი სიმართლე?_ერთიანად ავცახცახდი. _ის, რომ დღეიდან ჩემი ცოლი ხარ და შენს ნომერზე აღარ დარეკოს. _რაა?!_ახლა კი მართლა ვეღარ შევიმაგრე თავი და მოცელილივით დავეცი ძირს. მაშინვე ჩემთან გაჩნდა, შეშფოთებული დამწვდა, ხელში პატარა ბავშვივით ამიტაცა და დივანზე ფრთხილად დამაწვინა. _რას მერჩოდი, რა გინდოდა?_საცოდავად ამოვიგმინე და ხელი გავაშვებინე შუბლზე ჩამოშლილ თმას მზრუნველად რომ მისწორებდა. _დაგინახე თუ არა, მომეწონე და გადავწყვიტე, რომ ეს სილამაზე ჩემი უნდა გამხდარიყო, ასეც მოხდა. შენ ჩემი ცოლი ხარ... _არ მიყვარხარ! ოდნავადაც არ მომწონხარ, გაიგე?_ისევ ვუკივლე. _არაუშავს. სამაგიეროდ მე მიყვარხარ ისე, რომ ორივეს გვეყოფა ჩემი სიყვარული. _მე შენთან არ დავრჩები, ტყუილია, მაგის იმედი ნუ გექნება! მომეცი ჩემი ტელეფონი, ბიძაჩემს დავურეკავ რომ მომაკითხოს... _ბიძაშენმა უკვე იცის, რომ მე გამომყევი... _რაა?_უარესად წამერთვა ხელ-ფეხი. _ბიძაშენმა უკვე იცის, რომ გაიპარე ჩემთან ერთად. შენი დაიკოც გაიგებდა დარწმუნებული ვარ. _მაგაზე ალბათ მარიამ იზრუნა არა?_მწარედ ჩამეცინა. ძალიან მოვტყუვდი სახლში რომ მივიღე და ვაპატიე. ასეთი გველაძუა და საზიზღარი რომ იყო ხომ ვიცოდი და რიღასთვის ვენდე? დივანზე წამოვჯექი, თავი მუხლებში ჩავრგე და ავქვითინდი. ვინ იცის ნიკას რა უთხრა და როგორ შეაძულა ჩემი თავი. ამ დეგენერატსაც რომ უპასუხია მისთვის... ვაი, დედა, ეს რა ცუდ დღეში ჩამაგდო ამ საძაგელმა. _კარგი, ნუ ტირი._ვალერიმ მხრებზე მომხვია ხელი და ჩახუტებას შეეცადა, მაგრამ ისე ვუკივლე, მე თვითონვე შემეშინდა. _არ მომეკარო ნაგავო! ვაჟკაცობა გგონია უგონო ქალს რომ ნამუსს ხდი? მე შენთან მაინც არ დავრჩები, ტყუილად ნუ გექნება იმედი! საზიზღარო, ვერ გიტან! _მორჩი ეხლა ისტერიკებს!_ მანაც დამყვირა გვარიანად._ჩხუბი არ მინდა გეუბნები და შენ მაინც შენსას არ იშლი? ნუ გამაგიჟებ, თორემ გაჩვენებ რა შემიძლია! ისე დამიბრიალა თვალები, მართლაც შემეშინდა. ხმა აღარ გამიცია მისთვის, მხოლოდ ვსლუკუნებდი. ერთი სული მქონდა ღამე დაეძინა, რომ გავპარულიყავი. მაგრამ იმ სახლიდან გაღწევის მცდელობა უშედეგო გამოდგა. მთელი ღამე არ დაუძინია და მე მდარაჯობდა. თან, გარეთ საშინლად წვიმდა და ციოდა. აივანზე კი შევძელი გაპარვა, მაგრამ მალევე გამიგო და უკან მომყვა. _გაპარვას ცდილობ?_გაეცინა._ტყუილა წვალობ, აქედან ვერსად წახვალ, შანსი არ არის. ჯერ ერთი წვიმს. მეორე ის, რომ ამ მხარეში მგლები დაძრწიან. მგლების ხსენებამ გამაკანკალა და საპირფარეშო მოვიმიზეზე. თვითონვე ჩამიყვანა ფარნის შუქით ეზოს ბოლოში. სად ვიყავი წარმოდგენა არ მქონდა. სიბნელეში მართლა ვერ გავიგნებდი ვერსად გზას. არც ტელეფონი მქონდა, რომ ვინმესთვის დამერეკა და შველა მეთხოვა. ისევ გათენებას დაველოდე. დაწოლას მართლა არ ვაპირებდი, თანაც ვალერის გვერდით, მაგრამ ველურმა ლამის ტანსაცმელი შემომახია ზედ, საწოლში ძალით ჩამაწვინა და ისე მჭიდროდ მომხვია მკლავები, რომ განძრევის საშუალება აღარ მქონდა. წინააღმდეგობა რომ გავუწიე და ავტირდი, უარესად გაცეცხლდა. _რაც არ უნდა იფართხალო, შენ ჩემი ცოლი ხარ, შეიგნე ეს! ძალიანაც არ მინდოდა მასთან წოლა და მასთან დარჩენა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. სამი დღე ისე ვყავდი იმ ტყისპირა სახლში გამომწყვდეული, როგორც ტუსაღი. მართალია, ძალა აღარ უხმარია ჩემზე, მაგრამ მაინც ვერ ვიტანდი და მისი დანახვა და ხმის გაგონებაც კი არ მინდოდა. მთელ დღეს ტირილში ვატარებდი, არაფერს ვჭამდი, მაგრამ ერთი დღე რომ ასე მიყურა, მერე გვარიანად მეჩხუბა და შემაჯანჯღარა. მიმტკიცებდა კი, რომ ვუყვარდი, მაგრამ სასტიკად მეპყრობოდა, თუ რამე არ მოსწონდა ჩემში, მაშინებდა. რამდენჯერმე დანითაც კი შემაშინა, თუ ჩემთან არ დარჩები, სადაც გადაგეყრები იცოდე არ გაცოცხლებო. მეოთხე დღეს ვიღაც ქალმა მოგვაკითხა. როგორც შემდეგში გავიგე, ვალერის დედა ყოფილა. მეგონა ქალს ქალურად დაველაპარაკებოდი, ავუხსნიდი მდგომარეობას, რომ სხვა მიყვარდა და მის შვილთან ცხოვრებას არ ვაპირებდი. მეგონა გამიგებდა, მაგრამ შევცდი. ეს ქალი უარესი აღმოჩნდა, როგორ თუ სხვა გიყვარს, რას უწუნებ ჩემს ვალერისო. სრული ერთი კვირა ხან მე ვაწყობდი ისტერიკებს და ვამტვრევდი რაც კი რამ მხვდებოდა ხელში და ხანაც ვალერი მიწყობდა სცენებს. ბოლოს ისე მოხდა, რომ ძალაც კი იხმარა ჩემზე. უარესად შემძულდა და შემეზიზღა. მივხვდი, რომ ვერაფერს გავხდებოდი და ჩემი ბოლო მის გვერდით იყო, მაგრამ ამის გაფიქრებაც კი მაგიჟებდა. ერთი კვირის მერე კი თბილისში დამაბრუნა. ამ ვაჟბატონმა ჩემს ბინაში ისე დაიდო ბინა, მართლა ვერაფერს გავხდი. დეიდამ და მარიამ ყველა შინაური და ახლობელი იმაში დაარწმუნა, რომ დიდი ხანია გვიყვარდა მე და ვალერის ერთმანეთი და ვხვდებოდით კიდეც. ყველაზე მეტად ის მეწყინა, რომ ნიკამაც დაიჯერა. იცოდა მარიას რაც შეეძლო და როგორი პიროვნება იყო და მაინც მას დაუჯერა. ჩემი ძალათ გათხოვებიდან მალევე აიკრა გუდა-ნაბადი და გერმანიაში წავიდა სამუშაოდ. ბიძაჩემმაც დეიდაჩემს დაუჯერა. არც გაემტყუნებოდა, ამხელა ქალი ისე ცრუობდა და ამტკიცებდა, რომ ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ და მანამდეც ქონდათ ურთიერთობაო, რომ ლამის მეც მეჯერა მისი ნაბოდვარის. ერთადერთი, ვინც ჩემს მხარეს იყო და ჩემი თითოეულუ სიტყვის სჯეროდა, ჩემი და ტასო იყო. მაგრამ ვერაფერს გახდა. ვერც მე დავაღწიე ვალერის ვერანაირად თავი და ასე შემომეჭრა ბინაში ჩემი დეიდაშვილის დამსახურებით უქნარა, უმუშევარი, საკუთარ თავზე შეყვარებული ტიპიური აზიატი ქმარი. ერთი თვე საშინლად ვეწინააღმდეგებოდი, სულ ჩხუბი გვქონდა ერთად დაწოლაზე, მაგრამ ჯანღონით სავსე კაცს მე როგორ გავუმკლავდებოდი? მერე და მერე კი სულ ერთი გახდა ჩემთვის ყველაფერი. ნიკამ რომ მარიას დაუჯერა, ყველაზე მეტად ეს მწყინდა და მიკლავდა გულს. დათასიც არ მესმოდა არაფერი და აღარც მე ვკითხულობდი. ჩემი დესპოტი ქმარი საშინელი ეჭვიანიც გამოდგა. დღე და ღამ ჩემს ტელეფონს ამოწმებდა ვის ვურეკავდი ან ვინ მირეკავდა. სასწავლებლად აღარ მიშვებდა. არც ეზოში მიშვებდა საღამოობით. მოკლეთ ჩემი სახლი ჩემივე ციხესიმაგრე გამოდგა, საიდანაც თავის დაღწევაზე დღე და ღამ ვფიქრობდი უკვე. ხანდახან მართლაც კარგი იყო ვალერი. დიდი სიყვარულით და ყურადღებით მეპყრობოდა, მაგრამ ასეთი რამ იშვიათობა იყო. დედაჩემის გამოგზავნილ ფულებს თვითონ იჯიბავდა და თვითონ განაგებდა ფინანსებს, რაც აშკარად არ გამოსდიოდა. კომუნალურებს ძლივს იხდიდა. საჭმელშიც არ გვყოფნიდა. დანარჩენი სად მიქონდა წარმოდგენა არ მქონდა. არა და გვარიან თანხას აგზავნიდა დედაჩემი. ეჭვი გამიჩნდა, რომ თამაშობდა და ასეც იყო. ტოტალიზატორში ფლანგავდა იმდენ ფულს. დედაჩემმა შემომთავაზა, ორსულად არ ხარ ჯერ, ჯანდაბას ეგ ბინა, საბუთები გააკეთე და ჩემთან გამოეპარე მაგ არამზადასო. ჭკუაში კი დამიჯდა, მაგრამ როგორ უნდა მომეხერხებინა რამე, რომ ვალერის არ გაეგო ეგ არ ვიცოდი. ბოლოს, ხერხს მივმართე. ცოტა დავტკბი მის მიმართ და დამთმობიც გავხდი, რომ ყურადღება მოედუნებინა და ცოტა თავისუფლება მქონოდა მისგან. ერთ დღეს მართლაც შევძელი სახლიდან თავის დაღწევა, ვითომ სასწავლებელში გამოცდები მქონდა ჩასაბარებელი და საზღვარგარეთის პასპორტი ავიღე. ტასოსაც გავანდე ჩემი გეგმა და გამგზავრებაც დავაპირე უკვე, რომ წინა დღეს გიორგი გაუხდა ცუდად და თბილისში გადმოიყვანეს რეანომობილით. ამის მერე სადღა წავიდოდი სანამ პატარა გიორგი არ გამოჯანმრთელდებოდა? მინდია და ტასო ღამით ჩვენთან რჩებოდნენ და დილით ისევ ბავშვის სანახავად გარბოდნენ. ერთი კვირა მოუწიათ ამ რეჟიმში ცხოვრება. ჩემი ეგრედწოდებული ქმარი უნდა ვთქვა, რომ შესანიშნავად ირგებდა მასპინძლის როლს. ისე აფერისტულად ელაქუცებოდა ცოლის დას და ქვისლს და ისე ანგელოზივით იქცეოდა, რომ ხშირად მეპარებოდა ეჭვი, მართლა ცუდი იყო თუ მე ვაზვიადებდი? გიორგი რომ გამოკეთდა და გამოჯანმრთელებისკენ დაადგა გზას, აღმოჩნდა რომ ორსულად ვიყავი. ამ ამბავმა თავზარი დამცა, უფრო იმიტომ რომ ექიმმა წოლითი რეჟიმი გამომიწერა, რადგან წელი სუსტი მქონდა და მოსალოდნელი იყო ბავშვი დამეკარგა. შვილი რომ მინდოდა როგორც ნებისმიერ ნორმალურ დედას, ამას აღარ უნდა ლაპარაკი, მაგრამ ჩემს გეგმებს რომ მიშლიდა, ეს მაღიზიანებდა. თუმცა მის მოშორებაზე არასდროს მიფიქრია. ვალერიც კი შეცვალა ჩემმა ორსულობამ. უკეთესი გახდა. უფრო მზრუნველი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი. თუ კი ასეთი იქნებოდა, რიღასთვის გადავხვეწილიყავი უცხო მხარეში? გადავიფიქრე კიდეც გამგზავრება და ქმრის პატივისცემა მეც ვისწავლე. მთელი შვიდი თვე საშინელი ორსულობა მქონდა. უნდა ვაღიარო, რომ ვალერი მართლაც ძალიან შეიცვალა. ბოლოს იქამდეც კი მივედი, რომ ღამღამობით სინდისის ქენჯნა არ მაძინებდა, ასეთ კარგ ქმარს როგორ უნდა გავქცეოდი სახლიდან? წოლითი რეჟიმის და დიდი ყურადღების მიუხედავად ჩემი საბა მაინც შვიდთვიანი დაიბადა. არავის ეგონა თუ გადარჩებოდა, მაგრამ იმდენი ძალა და სიცოცხლის წყურვილი ქონდა ამ ერთიციდა არსებას, რომ ყველას გასაკვირად გამოძვრა კრტიკული მდგომარეობიდან და სიცოცხლე შეძლო. ინკუბატორიდან რომ გამოიყვანეს და სახლში წამოვიყვანე, ჩემზე ბედნიერი ქალი ქვეყანაზე არავინ მეგულებოდა. ვალერიც დიდ ყურადღებას აქცევდა ბავშვს და მეც მეხმარებოდა საოჯახო საქმიანობაში. თუმცა, დიდხანს არ გასტანა ჩვენმა იდილიამ. აღმოჩნდა, რომ ჩემი ბინა იპოთეკით დაეტვირთა ჩემს ანტიკვარ ქმარს, როგორც თვითონ უწოდებდა საკუთარ თავს და ბინა დავკარგეთ. დავრჩით ღია ცის ქვეშ. ისე ვიჩხუბეთ ამის გამო, რომ ხელითაც კი შემეხო ნაძირალა. მაშინ კი მართლა ავიკარი გუდა-ნაბადი და ისე რომ მისთვის არაფერი მითქვია, ტასოსთან ჩავედი ჩემი თოთო ბავშვით. რამოდენიმე დღეში ჩამომაკითხა, მუხლებზე დამიდგა, ბოდიშები მიხადა. ათასი პირობა დამიდო, რომ მართლა გამოიცვლებოდა. სამსახურსაც იშოვიდა, ოღონდ ნუ დავშორდებოდი და გავყოლოდი აგარაში თავის მშობლების სახლში. მინდიამ ერთხანს ჩუმად უყურა ჩემს ქმარს. მერე მე მომიბრუნდა. _ნუცი, ძვირფასო, ეს შენი გადასაწყვეტია შეურიგდები თუ არა ქმარს. ნებისმიერი არჩევანის გაკეთებისას კი მინდა გითხრა, რომ მე შენს გვერდით ვიქნები. თუ შეურიგდები, ამასაც გაგიგებ და ბედნიერად ცხოვრებას გისურვებ. მაგრამ შერიგებას თუ არ აპირებ და გაწუხებს, შენ მარტო მითხარი და ისე დავიფრენ აქედან, რომ შენსკენ აღარც კი გამოიხედება. ვალერიმ საცოდავად ამომხედა ისევ ჩემს წინ რომ იყო ჩამუხლული. ვიცოდი, რომ არანაირად არ შეიცვლებოდა ეს მტარვალი, მაგრამ მაინც შემეცოდა თითქოს. _მიყვარხარ ძვირფასო და ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი._ყოყმანი რომ შემატყო, ისევ აზლუქუნდა, რომ გული მოელბო ჩემთვის._შენი დაკარგვა არ მინდა... _ჩემი თუ დედაჩემის ფულებისა?_იმის მიუხედავად, რომ გული თითქოს მომილბა, მაინც მკაცრად ვკითხე. არ ესიამოვნა ეს რომ ვკითხე, მაგრამ თავი მაინც არ გაუყიდია. უფრო მოისაწყლა თავი. _შენი და ჩვენი შვილის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. უთქვენოდ მოვკვდები. მართალია, დამაჯერებლად ზლუქუნებდა, დამაჯერა კიდეც გულწრფელობაში, მაგრამ ეს ერთი წელი ჯოჯოხეთად რომ მიქცია, იმის დავიწყებაც არ შემეძლო და დაბრუნებაზე უარი ვუთხარი. _შენთან არასდროს აღარ დავბრუნდები. შვილის ნახვას არ დაგიშლი, როცა გინდა ნახე, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ მე არ შეგირიგდები და არ დავბრუნდები შენთან. ამის გაგონებაზე მთლად ჩემს ფეხებთან განერთხა ჩემი ყოფილი ქმარი. _გპირდები, შევიცვლები. დამიბრუნდი გთხოვ. მინდიამ ხელი მოკიდა და წამოაყენა ნიანგის ცრემლებით თვალებდასველებული ვალერი. _ვერ გაიგე ნუცამ რა გითხრა? არ აპირებს შენთან დაბრუნებას. მე კი მის გადაწყვეტილებას ვცემ პატივს. ასე რომ წადი ჩემი სახლიდან. _აგარაში წავიდეთ, იქ ვიცხოვროთ, გამოვსწორდები._ისევ მე მომიბრუნდა. _მისმინე._მინდიამ რომ ხმა გაიმკაცრა, ცოტა ავღელდი, არ მინდოდა ჩემს გამო მუშტი-კრივი გაემართათ._დედაჩემის დედა წარმოშობით კახელი იყო, იმან იცოდა ხშირად თქმა ამ ანდაზისა: "ვირი გინდ ღობის შიგნით დააბი, გინდ ღობის გარეთ, ვირი მაინც ვირიაო", ხო და თბილისში იცხოვრებ თუ აგარაში, რა მნიშვნელობა აქვს? თუ კი არ იცი ცოლ-შვილის ფასი და მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ, ეგ ოჯახი არაა. გოგომ გითხრა უარი და წადი. რამდენი მარტოხელა დედა ზრდის შვილებს, არ გაუჭირდება არაფერი, მე დავეხმარები, საკუთარ დასავით მიყვარს და ყველაფერში გვერდში დაუდგები. შენ კი გაქრი მისი ცხოვრებიდან! _ნუციკო, გთხოვ._თითქოს მისი მუდარა ჩემი გადაწყვეტილების მიღებას მანანებინებდა უკვე და ამიტომ სისულელე რომ არ ჩამედინა და არ გადამეფიქრებინა, სხვა ოთახში გავედი. კიდევ კარგა ხანს ილაპარაკეს მინდიამ და ვალერიმ. მესმოდა როგორ იმუდარებოდა და როგორ დებდა პირობას ჩემი ქმარი, რომ მომავალში გამოსწორდებოდა და შეიცვლებოდა ყველანაირად, მაგრამ მინდია მკაცრად ედგა. მეც ვაიძულე თავი, რომ არ შემცოდებოდა და აღარ გავბმულიყავი მის მახეში. ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ რომ ვერა და ვერ დამიყოლია და დამაბრუნა თავისთან, გაწბილებული და გაგულისებული წავიდა. ის ღამე ტირილში გავათენე. მართალია დაუნდობელი და მხეცი იყო ჩემი ქმარი, მაგრამ მაინც შემეცოდა. მე ვიყავი ალბათ სულელი, თორემ ასეთი ადამიანი რატომ უნდა შემცოდებოდა? ტასოსთან რომ არვყოფილიყავი, დარწმუნებული ვიყავი, რომ შევცდებოდი და ვაპატიებდი ყველაფერს. ცალკე ის მადარდებდა, უსახლკარო როდემდე უნდა ვმჯდარიყავი მასთან და როგორ უნდა მერჩინა შვილი? მართალია, მინდია წინააღმდეგი არ იყო მათთან რომ ვიყავი, მაგრამ როდემდე შემინახავდნენ? დედაჩემი კი მიგზავნიდა ფულს და იმით ვსაზრდოობდი, მაგრამ ბინა ხომ მინდოდა? ხომ მინდოდა ჩემი კუთხე მქონოდა. ჩემი შვილი რომ გაიზრდებოდა და დაოჯახებას გადაწყვეტდა, დეიდის სახლში უნდა ყოფილიყო. ეს ფიქრები არ მასვენებდა. ამას ისიც დაემატა, რომ დათამ ცოლობა მთხოვა. მისი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ განათხოვარი და თანაც შვილიანი უსახლკარო ქალის მათ ოჯახში შესვლისა. არც გაემტყუნებოდათ. არც ჩემი შვილისთვის ვისურვებდი ჩემნაირ მოტყუებულ და გზააბნეულ ქალს ცოლად. დათა მაინც არ ყრიდა ფარ-ხმალს, კუდში დამყვებოდა და ჩემს დაყოლიებას ცდილობდა. მეც მივხვდი, რომ მართლა მიყვარდა და მის გვერდით მინდოდა ცხოვრება, მაგრამ მისი მშობლების წინააღმდეგ წასვლა არ მინდოდა. ჩემნაირი ქალისთვის მეცოდებოდა ეს ხევსური ბიჭი. ერთი წელი როგორღაც ვიცხოვრე ჩემს დასთან, ვუძლებდი დათას შემოტევებსაც. მერე კი ავიკარი გუდა-ნაბადი, ჩემი საბა ტასოს დავუტოვე და დედაჩემის გზას დავადექი. მართალია პირობა მქონდა დადებული, არასდროს მივატოვებდი ჩემს შვილს და ემიგრანტი არ გავხდებოდი, მაგრამ ასე მომიწია. თურმე, რისიც ძალიან წინააღმდეგი ხარ და რაც არ გინდა რომ მოხდეს ყველაზე მეტად შენს ცხოვრებაში, ზუსტად ისე ხდება. იმ დღეს, როცა გავემგზავრე, ყოველი წუთი და ყოველი წამი მახსოვს როგორი მტკივნეული იყო. ბოლო წამს ავტობუსში ასვლაც კი გადავიფიქრე ლამის, მაგრამ ჩემი შვილის დანგრეული მომავალი რომ დამიდგა თვალწინ, ისე ავედი, უკან აღარ მომიხედია. არ მინდოდა ტასოს ცრემლიანი თვალები დამენახა და ჩემზე გამოტირებული ჩემი საბუკა... ის ოცდაათი საათი, რაც ავტობუსით ვიმგზავრე, ოცდაათი წლის ტოლფასი იყო ჩემთვის. ხარბად შევყურებდი ფანჯრიდან უკან დატოვებულ მშობლიურ მხარეს, ვინ იცის როდის მეღირსებოდა ისევ აქ დაბრუნება? მართალია, მალე ვგეგმავდი დაბრუნებას, ბევრი-ბევრი ხუთი წლით ვაპირებდი უცხო მხარეში დარჩენას, მაგრამ... იმ დღიდან დაიწყო ჩემი მტანჯველი ემიგრანტული ცხოვრება. "ემიგრანტი"_ყველას სხვადასხვანაირად ესმის ეს სიტყვა. გაუმაძღარი ნათესავებისთვის ძალიან პოპულარული პროფესიაა, რომელიც ფულიან ნათესავს ნიშნავს. ბევრისგან მსმენია, "საზღვარგარეთ არის, რა მოხდა რომ ერთი ასი დოლარი მაინც გამოგიგზავნოს?" იმას კი აღარ ფიქრობენ ამ "ფულიან ნათესავს"რის ფასად უჯდება უცხო მხარეში გადახვეწილს შვილებისგან და ახლობლებისგან შორს მყოფს იმ ფულის შოვნა. რამდენ ოფლს ღვრის და რა ნერვიულობის და დამცირების ფასად უჯდება იმ ფულის გამომუშავება, რასაც ასე ნათესაობის ხარჯით უშრომლ-უწვალებლად ითხოვენ. დანიშნულების ადგილზე რომ გაჩერდა ავტობუსი და მუხლების კანკალით ჩავედი, ჰაერიც კი უცხოდ მომეჩვენა. უცხო ენაც ცუდად მომხვდა ყურში. უმწეოდ მოვავლე ჩემთვის უცხო გარემოს თვალი და ის იყო პატარა ბავშვივით უნდა ავღრიალებულიყავი, რომ ნაცნობი დაძახება შემომესმა. _ნინუცი, შვილო!.. თვრამეტი წლის უნახავი დედის ხმა მაინც ვიცანი. მუხლები უარესად ამიკანკალდა და გულმაც გამალებით დამიწყო ძგერა. სანამ იმ მიმართულებით შევბრუნდებოდი საიდანაც ხმა შემომესმა, მეგონა უსაშველოდ დიდი დრო გავიდა. და აი ისიც, წლების უნახავი და წლების ჩაუხუტებელი დედაჩემი თვალცრემლიანი მომვარდა და ჩამეხუტა. _როგორ გაზრდილხარ ჩემო გოგო... ჩემო საყვარელო..._მხოლოდ ეს მითხრა და ამდენ უცხო ხალხში აზლუქუნდა ჩემი საყვარელი და მონატრები დედა. ბავშვობის მეხსიერებაში ჩარჩენილი მისი სურნელი უმალ ვიცანი... მისი სითბო... თვითონაც ძალიან იყო შეცვლილი. დაუნდობელ წლებს მაინც დაემჩნიათ მისთვის კვალი თვალის უპეებთან და ტუჩის კუთხესთან ნაოჭები გასჩენოდა. უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ქონდა შუბლზეც ღარები. თვალები კი ისევ ისეთი ქონდა სევდით, სიყვარულით და ამავე დროს სიხარულით სავსე. კარგა ხანს ვიყავით ერთმანეთს ჩახუტებულები. თითქოს იმ დაკარგული წლების ანაზღაურებას ვცდილობდით, რაც დაუნდობელმა ცხოვრებამ გვარგუნა და ორივენი პატარა ბავშვებივით ვღრიალებდით. მე ისიც კი მატირებდა, რომ იგივე ბედი მერგო წილად, რაც დედაჩემს. ჩემი შვილისგან შორს გადახვეწილს როგორ უნდა მეცხოვრა არ ვიცოდი... ხვევნა-ალერსს, მიკითხვ-მოკითხვას და მოსიყვარულებას რომ მოვრჩით, თავის ნაცნობთან მიმიყვანა. სანამ რამე, ჩემთვის სახარბიელო სამსახური გამოჩნდებოდა, იქ უნდა ვყოფილიყავი, რადგან თავისთან ვერ წამიყვანდა ჭირვეული მოხუცის გამო. საბუთები წესრიგში არ ქონდა და ყველანაირად ერიდებოდა შარს, რომ დეპორტით არ დაებრუნებინათ სამშობლოში. _დაბრუნებას კი ვაპირებდი, მაგრამ შენმა ამბავმა გადამაფიქრებინა. ორივემ ვიმუშავოთ, იმდენი შევძლოთ, რომ ბინა ვიყიდოთ და დავბრუნდეთ. არ მინდა ჩემსავით შენც შვილის გარეშე გალიო შენი ცხოვრების საუკეთესო წლები. ორივე ერთად უფრო კარგად შევძლებთ ფულის დაზოგვას და მალეც დავბრუნდებით სამშობლოში._დედაჩემის ეს სიტყვები იმედით ჟღერდა და ჩემს გულსაც მალამოსავით ეფინებოდა. იქ, სადაც დედაჩემმა მიმიყვანა, როგორც შემდეგში გავარკვიე, ოფისი იყო. ერთ ოთახში სამი ქალი დამხვდა. ისინიც ჩემსავით სამსახურის და ბედის საძებნელად იყვნენ ჩამოსულები. ეს რომ გავიაზრე, ცოტა ნირწამხდარმა შევავლე ყველას თვალი. ღიმილით მომესალმნენ დედის ტოლა ქალები თავიაანთი მიწა-წყლის გოგოს და გამომკითხეს იქაური ამბები, მაგრამ შევატყე რომ ჩემი გამოჩენა დიდად არ გახარებიათ, რადგან ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე ვიყავი და მე უფრო ადვილად და მალე ვიშოვიდი სამსახურს ვიდრე ისინი. ვინ იცის რამდენი ხანი იყვნენ თვითონ ამ ოთახში გამომწყვდეულები და მოთმინებით ელოდნენ სამსახურის დაწყებას? _ნუ გეშინია, ჩემი ნაცნობია და ვეტყვი, რომ პირველი შენ დაგასაქმოს. დიდხანს ლოდინი არ დაგჭირდება. მთავარია, სალაპარაკო ენა შეისწავლო._ჩურჩულით მითხრა დედაჩემმა და გაცრეცილყდიანი რვეული შემაჩეჩა ხელში. _ეს რა არის?_გამიკვირდა. _სალაპარაკო ლექსიკონია, ქართულად წერია რა რას ნიშნავს და როგორ გამოითქმის. ვიცი, დაუზარელი და ნიჭიერი გოგო ხარ, თავს არ დაზოგავ და ისწავლი. ენის პრობლემა რომ არ გექნება, ადვილად დასაქმდები. შაბათ-კვირას თავისუფალი ვარ და გამოგივლი._ერთხელ კიდევ გადამეხვია, გულიანად ჩამკოცნა და წავიდა. კუთხეში მდგარ ჩემთვის განკუთვნილ საწოლზე დავაწყე ჩემი ნივთები, მეც იქ ჩამოვჯექი და რვეულს გადავავლე თვალი. დიდად რთული ენაც არ იყო, მაგრამ ყველაფერს მაინც სწავლა და დამახსოვრება უნდოდა თუ მუშაობის დაწყება მინდოდა. რამოდენიმე საათი ვიზუთხავდი უცხო სიტყვებსა და წინადადებებს. ბოლოს, თავი რომ ამტკივდა, რვეული დავკეცე და ბალიშის ქვეშ ამოვდე. ისევ ქალებს მოვავლე თვალი. მართალია მხიარულად ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ კიდეც, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა მათ ხმაში სევდა და განშორებით გამოწვეული ტკივილი. ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილები არ ყოფილან. მეც ადვილად გამოვნახე მათთან საერთო ენა და სანამ სამსახურს დავიწყებდი, მეგობრულად ვცხოვრობდი მათ გვერდით. შაბათს მართლაც გამომიარა დედაჩემმა და ქალაქში გავიარეთ. რამდენჯერ მინატრია დედაჩემთან ხელჩაკიდებულს მევლო თბილისის ქუჩებში და ახლა ამისრულდა ეს ნატვრა. ოღონდ დაგვიანებით და თანაც უცხო მხარეში. მართლაც პატარა ბავშვივით მქონდა ხელი ჩაკიდებული და ისე მივყვებიდი გვერდით ღიმილით. ბერძნულად მელაპარაკებოდა და მეც ბერძნულად მთხოვდა, რომ მეთქვა რამე, რათა ადვილად მესწავლა ლაპარაკი. კარგა ხანს ვისეირნეთ ქუჩებში და ვათვალიერეთ ღირშესანიშნაობები. ბევრიც ვილაპარაკეთ. სწრაფი კვების ობიექტშიც დავსხედით და წავიხემსეთ. ბევრი დარიგებაც მომცა დედაჩემმა საკუთარი გამოცდილებიდან, რაც აქ ცხოვრებისთვის წამადგებოდა. ისიც მირჩია, რომ მოხუცის მოვლა უფრო ადვილი იყო, ვიდრე ბავშვის ძიძობა, რადგან ბავშვის შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობა მეკისრებოდა და უფრო რთული და დამღლელი იყო. ორივეს კი მზარეულობა ჯობდა. თუმცა, ოღონდ მუშაობა დამეწყო და სულაც არ დავეძებდი სად და რაზე ვიმუშავებდი. საღამოს გვიან დავბრუნდი ჩემს საცხოვრებელში და ისევ რვეულს ჩავუჯექი. ორი კვირა მომიწია ასე უსაქმოდ ჯდომა და ლექსიკონის ზუთხვა. ბოლოს კი, როგორც იქნა, დედაჩემის ნაცნობმა მაკამ სასიხარულო ამბავი მამცნო, რომ დილიდან დადას ძიძად ვიწყებდი მუშაობას. წარმოდგენა არ მქონდა ეს დადა გოგო იყო თუ ბიჭი, მაგრამ მაინც გამიხარდა, რადგან ჩემი შვილისგან შორს მყოფს ბავშვის მოვლა და მასზე მზრუნველობა გადამატანინებდა ალბათ მონატრებით გამოწვეულ ტკივილებს... მთელი ღამე ვერ დავიძინე. ცალკე სამსახურის პირველი დღე მაღელვებდა და ცალკე საბას მონატრება... დილით გამოუძინებელი ავდექი. თავი შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე, ქალებს გულთბილად დავემშვიდობე და მაკას მისწავლებულ მისამართზე წავედი. ავტობუსით მღელვარედ ვიმგზავრე. მეშინოდა, ჩემს გაჩერებას არ გავცდენოდი. თვალებდაჭყეტილი და ყურებდაცქვეტილი ვიჯექი სკამზე და მღელვარედ ვაწვალებდი ჩემი თმის ბოლოებს. ჩემი გაჩერება არ გამომპარვია და ლამის სირბილით ჩავედი ავტობუსიდან. ცოტა სახლის მიგნება გამიჭირდა მითითებულ მისამართზე, მაგრამ მაინც ადვილად მივაგენი და მღელვარედ დავრეკე რკინის კარზე მელოდიური ზარი. გულის ფანცქალით და მუხლების კანკალით ველოდი როდის გამიღებდნენ კარს. თითქოს, ცოტა შეაგვიანდათ კარის გაღება. კარი ჭაღარათმიანმა სათნო ქალმა გამიღო. _ვინ გნებავთ?_აშკარად ქართული აქცენტით მკითხა და გამიხარდა. _ქართველი ხარ?_ქართულად რომ ვკითხე, მასაც გაუხარდა. _შენც ქართველი ხარ შვილო?_ეს შვილო რაღაც გულის ამაჩუყებლად მკითხა. თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, აცრემლებული გადამეხვია. _ასე მგონია ჩემს შვილიშვილს ვეხუტები._ხმა აუკანკალდა ქალს._აქ საიდან გაჩნდი? _მაკამ გამომაგზავნა, დადას ძიძა უნდა ვიყო. _ასეთი პატარა როგორ წამოხვედი ემიგრაციაში?_თან ცრემლი შეიმშრალა. _ასე მოხდა... დედაჩემი დამხვდა აქ... _დედა დიდი ზურგია უცხო ქვეყანაში... შემოდი. დადა თიბეამ გაიყვანა ცოტა ხნით სასეირნოდ. მოვლენ და დაილაპარაკებთ. ცოტა რთული ბიჭია შენი აღსაზრდელი, მაგრამ ალბათ გაუმკლავდები, ყოჩაღი გოგო ჩანხარ. წამოდი ჩემთან შევიდეთ, სანამ მოვლენ საქართველოს ამბები მომიყევი. ოცი წელია აქ ვარ და ქართველის ნახვა დიდი სიხარულით მავსებს ყოველთვის. მისთვის განკუთვნილ ოთახში ვაპირებდით შესვლას, რომ კარზე ზარი დარეკეს. ქალმა უმალ გაუღო და გაუკვირდა. _თიბეა? რა მოხდა._შეშფოთებით კითხა ახალგაზრდა მშვენიერ ქალს, რომელიც აშკარად გაბრაზებული ჩანდა._დადას რამე შეემთხვა? _არაფერი. ალექსიმ წაიყვანა._მშვიდად თქვა. მე რომ დამინახა კი, გაოცებით შემათვალიერა. _ეს დადას ძიძაა, ახლახან მოვიდა... _ააა, ნინო შენ ხარ?_ისევ შემათვალიერა ქალმა თავიდან ფეხებამდე._ძალიან ახალგაზრდა ყოფილხარ. თან ლამაზიც. კომპლიმენტი მესიამოვნა და გამეღიმა. _ბიბლიოთეკაში შევიდეთ, იქ დავილაპარაკოთ._განაპირა კაბინეტისკენ გამიძღვა თიბეა, როგორც მივხვდი დადას დედა. მდიდრულ და კეთილმოწყობილ კაბინეტში შემიყვანა და პირობები და ჩემი ვალდებულებები ამიხსნა. თანხა მშვენიერი იყო. პირობებსაც არაუშავდა. შაბათ-კვირა თავისუფალი ვიქნებოდი საქმისგან. დანარჩენი დღეები კი დღე და ღამ დადასთან უნდა ვყოფილიყავი. საათობით უნდა მეჭმივნა, მესეირნებინა და გამერთო. ბავშვის მიხედვის და მოვლის გარდა არაფერი მევალებოდა. ჩემი ოთახი მექნებოდა ღამე დასარჩენად. ჩემთვის მისაღები და მოსაწონი პირობები იყო, არაფერს ვიწუნებდი. მთავარია როგორი ბიჭი იქნებოდა დადა და როგორ შევძლებდი მის მოვლა-პატრონობას და აღზრდას... სანამ ალექსი და დადა დაბრუნდებოდნენ სახლში, მე და იზა დეიდამ ყავა დავლიეთ და ცოტა წავიჭორავეთ. მისგან გავიგე, რომ თიბეა წარმატებული ადვოკატი იყო. დადა პირველი ქმრისგან ყავდა, რომელიც ეჭვიანობის ნიადაგზე დაშორდა ცოლს. ახლა კი ალექსისთან ერთად ცხოვრობდა და უნდა ითქვას, რომ ბედნიერი წყვილიც კი იყო. ცოტა, დადა ვერ ეგუებოდა მამინაცვალს და ამის გამო პრობლემები ქონდათ, მაგრამ დიდი არაფერი. _ოთხი წლის თავნება და თავისებური ბავშვია. აკრძალვებს ვერ იტანს. რაც არ შეიძლება რომ გააკეთოს, წყნარი დარიგებით უნდა გააგებინო. ისე სხვა მხრივ საყვარელი ბავშვია. თავს თუ შეაყვარებ, ეგ პრობლემაც თავისთავად მოგვარდება, წინააღმდეგობას არაფერზე გაგიწევს... მართლაც ცელქი, თავნება და თავისებური ბავშვი აღმოჩნდა ჩემი ასაღზრდელი. პირველ დღეს ძალიან გამიჭირდა მისი მოვლა. არაფერს მიჯერებდა. საჭმელს არ ჭამდა. ერთი პირობა დანებებაც კი გადავწყვიტე, მაგრამ მეორე დღეს სასეირნოდ რომ გავიყვანე და მასთან ერთად დავრბოდი და საბავშვო მოედანზე მასთან ერთად ვთამაშობდი, თითქოს გალღვა ჩვენს შორის ყინული. მისი პუდელი კოკოც რომ შევიყვარე და მასაც ისე ვეფერებოდი და ველაპარაკებოდი, როგორც თვითონ ელაპარაკებოდა, მაშინ ხომ მართლაც დავმეგობრდით. თიბეაც ძალიან კარგი ქალი აღმოჩნდა. პრობლემები არაფერი მქონია მათთან. იზა დეიდასთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა და ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ამაში მაინც გამიმართლა. სკაიპში ხშირად ვურეკავდი ტასოს და კომპიუტერის ეკრანიდან ვესიყვარულებოდი და ვეფერებოდი საბას. ******************** დღეები დღეებს მისდევდა, თვეები თვეებს და ერთი წელი როგორღაც გადავაგორე. დედა ხშირად მაკითხავდა. შაბათ-კვირას მისი რეკომენდაციით სახლებსაც კი ვალაგებდი და ასე ვთქვათ, ზედმეტი შემოსავალიც მქონდა. ტასოს სახელზე ყოველ თვე ვაგზავნიდი გარკვეულ თანხას, რომ საბასთვის არაფერი მოეკლო. ცხოვრება ასე ვთქვათ საათივით ავაწყე. ეგ იყო, საბას მონატრება მტანჯავდა და მის დანაკლისსაც დადას სიყვარულით და მზრუნველობით ვივსებდი ნაწილობრივ. საბერძნეთში ქართველებს რომ დიდი დიასპორა ყავდა, ცოტა გამიკვირდა კიდეც. არ მეგონა, თუ ამდენი ქართველი იყო გადმოხვეწილი სამშობლოდან შორს. ბევრი ქართველი გავიცანი. ყველაზე ხშირად კი სანდრო მხვდებოდა ავტობუსით მგზავრობისას. კარგად დავახლოვდით. სანდრო ოცდახუთი წლის ბიჭი იყო. დედა მეორედ რომ გაუთხოვდა და ქმართან ერთად საბერძნეთში წამოვიდა საცხოვრებლად, სანდრო საქართველოში დატოვა, რომელსაც ბებია ზრდიდა. სკოლა რომ დაამთავრა, მერე ჩამოიყვანა დედამ აქ და მამინაცვალთან და მისი ათი წლის ნახევარძმასთან ერთად ცხოვრობდა. მამინაცვალი ხელოსანი იყო და სანდროსაც შეასწავლა და დააწყებინა მუშაობა. მშრომელი, ზრდილობიანი და უაღრესად პატიოსანი ბიჭი იყო. მომწონდა როგორც ჩემი უფროსი ძმა. დედამისსაც მოვწონდი, ოღონდ როგორც მეგობარი და არა როგორც მისი შვილის მომავალი ცოლი. არა და სანდროს აშკარად ვატყობდი, რომ გულგრილი არიყო ჩემს მიმართ. ყველანაირად ცდილობდა ჩემს მოხიბლვას, მაგრამ მე გავურბოდი და ვცდილობდი რომ დისტანცია დამეცვა მასთან. ჯერ ერთი, გათხოვება ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმებში და მეორეც, რაც არ უნდა სულელურად და გიჟურად ჟღერდეს, მე ისევ დათაზე ვფიქრობდი. მან შეძლო და დამანახა ნამდვილი სიყვარული რა იყო. ვითომ ნიკასაც ვუყვარდი, მაგრამ... დათამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მოინდომა ჩემი ცოლად შერთვა. მშობლები სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ და მაინც არ აპირებდა ჩემს დათმობას, თუმცა მე არ მოვინდომე. არა იმიტომ რომ არ მიყვარდა, პირიქით, ვგრძნობდი, რომ ყველაზე მეტად მიყვარდა და ზუსტად ამის გამო ვთქვი მასზე უარი. თუმცა, ყოველ ღამე მაინც მასზე მეფიქრებოდა და ის მენატრებოდა. ყველაფერს ბედსა და წერას ვაბრალებთ ადამიანები. შეიძლება ასეც არის, მაგრამ მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ უტვინო და შტერი ვარ და ჩემი არეული ცხოვრება ჩემივე დამსახურებაა. აგარაში რომ არ გავყოლოდი მარიას, ნიკას ვერ გავიცნობდი და ჩემს დეიდაშვილთანაც ნორმალური ურთიერთობა მექნებოდა. თუმცა, ნიკას ამბავმა აამოქმედა ბომბი, თორემ მასაც და დედამისსაც რაც გულში ედოთ, ის ამოთქვეს იმ დროს... ან, მაშინ, ვალერის რომ არ ჩავჯდომოდი მანქანაში იმის დასამტკიცებლად, რომ მაგარი გოგო ვიყავი, ხომ არ გამიტაცებდა? იმ საბედისწერო შეცდომამ შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. ეს ყველაფერი კარგი და, თბილისში დაბრუნებულს ხომ შემეძლო, რომ ადამიანის გატაცებისთვის მეჩივლა იმ დესპოტი კაცისთვის? რატო მიშოს ან მინდიას არ ვუთხარი არაფერი? ჩემი უნდილობის და უუნარობის ბრალია ყველაფერი და ბედს ნამდვილად არ დავაბრალებ არაფერს! კიდევ კარგი, რომ უცხო მხარეში მაინც გამიმართლა და აქ მაინც კარგად ამეწყო ცხოვრება. რამოდენიმე კაპიკის მოქუჩებასაც რომ ვახერხებდი, ესეც მიხარებდა გულს, უფრო სტიმულს მაძლევდა მუშაობაში და ჩემს სამშობლოში დაბრუნების იმედს დღითი-დღე მიღვივებდა. ოცდაორი წლის გოგოს ცხოვრება ჯერ კიდევ წინ მქონდა. ჩემი ცხოვრების გზის მესამედიც კი არ მქონდა გავლილი და ამიტომ ყველაფერზე ჯეროვნად დაფიქრება და ყველაფრის ნორმალურად აწონ-დაწონვა მმართებდა. თუ გათხოვებას დავაპირებდი, ისეთი კაცი უნდა შემერჩია ქმრად, ვის გვერდითაც ბედნიერი ვიქნებოდი და არა მონა და მოახლე, როგორც წინა შემთხვევაში ვიყავი... სანდრომ ჩემთან შემთხვევით შეხვედრებს რომ მოუხშირა, ცოტა დავფრთხი და დავიძაბე. მართლა არ იყო ცუდი ბიჭი, მაგრამ მეგობრის გარდა ვერაფერს ვხედავდი მასში. არც ეს მეგობრობა მინდოდა გამომეყენებინა მასთან დასაახლოვებლად და იმედის მისაცემად. მესმოდა დედამისის, რომ ჩემისთანა ქალი არ უნდოდა თავისი შვილის გვერდით. ხო და მეც ძალიან შორ დისტანციას ვიცავდი მასთან. არანაირ იმედს არ ვუსახავდი ამ ბიჭს გულში, რომ გულნატკენი არ დარჩენილიყო. თუმცა, ჩემი სიცივით და უარით მაინც რომ იტანჯებოდა, ამასაც კი ვხვდებოდი. დადასთან ურთიერთობა ისე გამიმყარდა და ისე დავახლოვდით, რომ სამშობლოში რომ დავბრუნდებოდით, ძალიან მომენატრებოდა ეს ცელქი და თავისებურად გულთბილი და საყვარელი ბიჭი. მასაც ძალიან შევუყვარდი და უჩემოდ ვეღარ ძლებდა. მახსოვს, შაბათი დღე იყო, მათთან არ ვმუშაობდი და მორიგი სახლის დასალაგებლად მივდიოდი, რომ გზაში ალექსი წამომეწია მანქანით. გაკვირვებამ და შეშფოთებამ ერთნაირად მომიცვა მისი დამწუხრებული სახე რომ დავინახე. _დადა კარგადაა?_მაშინვე ბავშვისკენ გამექცა ფიქრი. _აპენდიქსის შეტევა ქონდა და საავადმყოფოში წავიყვანეთ. ოპერაცია უნდა გაუკეთონ, მაგრამ ტირის, არ უნდა, შენს ნახვას ითხოვს._ნაძალადევად გაეღიმა._დედამისიც კი ვერ აწყნარებს. _რაა?_თითქოს ყურებს არ დავუჯერე. _ოპერაციას არ გაიკეთებს შენ თუ იქ არ იქნები... მაშინვე დედაჩემს დავურეკე. ბედად თავისუფალი იყო. ჩემს მაგივრად ის გავგზავნე სახლის დასალაგებლად და მე კი ალექსის გავყევი საავადმყოფოში. _ნინო._დადამ დამინახა თუ არა, სიხარულით გაუცისკროვნდა თვალები._შენც შემომყევი, გთხოვ... _ჩემი იქ შემოსვლა რომ არ შეიძლება?_მის საწოლთან ჩავიცუცქე და ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელი გადავუსვი._შენ შედი და გპირდები, რომ გამოხვალ მე აქ დაგხვდები. _არ მატყუებ?_ეჭვით ჩამეკითხა. _ოდესმე მომიტყუებიხარ?_კითხვას კითხვითვე ვუპასუხე. უარყოფის ნიშნად თავი რომ გამიქნია, დავიხარე და ვაკოცე. _შედი ახლა, შენ ხომ ყოჩაღი ბიჭი ხარ? და რომ გამოხვალ მე აუცილებლად აქ დაგხვდები. მართალია შიშით, მაგრამ მაინც დაწყნარდა დადა და შეყვა ექიმებს საოპერაციოდ. საკუთარი შვილივით განვიცადე მისი ეს მდგომარეობა. ნერვიულად გავდი-გამოვდიოდი დერეფანში და ღმერთს შევთხოვდი, რომ ყველაფერს კარგად და მშვიდობიანად ჩაევლო. ასეც მოხდა, ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა. პალატაში რომ გადმოიყვანეს და იქ დავხვდი, ძალიან გაუხარდა. მომიყვა, როგორ ელაპარაკებოდა ექიმი სანამ დააძინებდნენ. როგორ დააფარეს სახეზე რაღაც და როგორ ასუნთქებინეს დასაძინებელი ჰაერი. მოკლეთ, შთაბეჭდილებების ქვეშ იყო და მეც მიზიარებდა ამ ყველაფერს. თიბეა კი ღიმილით შემოგვყურებდა ორივეს. დადას მდგომარეობა ძალიან კარგი იყო და ამიტომ ოცდაოთხ საათში გამოწერეს სახლში. ამ ხნის მანძილზე მეც იქ ვიყავი და თავი არ დამინებებია მისთვის. სახლში რომ უფრო მეტი ყურადღება უნდოდა და შაბათ-კვირასაც მასთან ვრჩებოდი უკვე, დამატებითი ანაზღაურება შემომთავაზა თიბეამ, რაზეც უარი ვთქვი, რადგან ჩემი საბას სიყვარულით ვაკეთებდი რასაც ვაკეთებდი. მის მოვლასა და ფერებაში თითქოს უფრო მალე გადიოდა დროც და უფრო ადვილად ვიტანდი შვილთან განშორებას. მართალია, შვილს ვერავინ ჩაანაცვლებს მშობლის გულში, მაგრამ დადას გარეშე მართლაც გამიჭირდებოდა ამ უცხო მხარეში უცხო ხალხთან მუშაობა. ორმა წელმაც თვალსა და ხელს შუა ისე გაირბინა, მართლა არ გამჭირვებია. მერე კი კერძო სკოლაში მიიყვანეს დადა, სადაც საღამომდე რჩებოდა. იქვე ასწავლიდნენ და აქცევდნენ ყურადღებას. თიბეას კი სამსახურის მერე გამოყავდა სახლში და ჩემი ყოფნა იქ ფაქტიუარად საჭირო აღარ იყო. მოულოდნელად და უცაბედად არ გავუნთავისუფლებივარ სამსახურიდან. თვითონვე გამიწია რეკომენდაცია და თავისი ახლობლის ბებიის მომვლელად გადავედი მეორე ქალაქში. ბავშვის ძიძობიდან მოხუცის მომვლელად გადასვლა ძალიან გამიჭირდა, მითუმეტეს რომ ქალბატონ მარიტას სკლეროზი სჭირდა. თუმცა, აქ უკეთესი პირობები მქონდა. მხოლოდ ის უნდა მეკონტროლებინა, რომ მარიტას წამლები თავის დროზე დაელია და მარტოდ დარჩენილს რამე არ გაეფუჭებინა, ან სახლიდან არ გაპარულიყო და უმისამართოდ არ ეწანწალა ქუჩა-ქუჩა. შაბათ-კვირას აქაც თავისუფალი მქონდა, შვილიშვილები რიგრიგობით აკითხავდნენ ბებიას და ხან ერთი რჩებოდა მასთან და ხან მეორე. ერთი კვირა კი სისხლი გამიშრო ამ სკლეროზიანმა ბებომ. პირველად რომ არ ვიცოდი და გამეპარა სახლიდან, ლამის გავგიჟდი რომ ვერ ვპოულობდი. არა და იქვე საბავშვო მოედანზე მჯდარა და ბავშვებს უყურებდა როგორ თამაშობდნენ და როგორ ერთობოდნენ. რა აღარ ვიფიქრე, სად აღარ ვირბინე. სანდროც კი შევაწუხე და მასთან ერთად ვეძებდი მარიტას. შემთხვევით მივაგენით. არა და გული მისკდებოდა, ჯერ ორი დღის მისული არ ვიყავი ამ სამსახურში და უკვე დაკარგული მყავდა მოხუცი. მის შვილსა და შვილიშვილებს ცოტა მსუბუქად მოვუყევი ეს ამბავი. სულ რომ არ მეთქვა, არც ეგ გამოდიოდა. მეგონა საყვედურს მეტყოდნენ, მაგრამ პირიქით, ბოდიში მომიხადეს, რომ ჩვენ არ გაგაფრთხილედ სახლიდან გაპარვა რომ იცოდაო. მერე და მერე თვითონ მოხუციც ისე მომეჩვია, რომ უჩემოდ საპირფარეშოშიც კი არ შედიოდა, რომ არ ეთქვა და არ გავეფრთხილებინე. ერთად ვსეირნობდით ქალაქის ქუჩებში და საბავშვო მოედნებზეც ვისხედით და ვუყურებდით როგორ ლაღად და მხიარულად ერთობოდნენ ბავშვები. თუმცა, წელიწადნახევარში, უკვე კარგად რომ შევეჩვიე და ავეწყე, ბებიაც დაიღუპა. მაშინ კი მართლა ამერია ყველაფერი. სანამ კიდევ ძიძად ან მომვლელად დავიწყებდი მუშაობას, სამკერვალო ფაბრიკაში გამოჩნდა სამუშაო და ისე უსაქმოდ ჯდომას, ისევ იქ ვარჩიე მუშაობის დაწყება. ძალიან გადატვირთული გრაფიკი მქონდა. მთელი დღე დაზგასთან ვიდექი და თეთრეულს ვკერავდი. დასვენებასაც კი ვერ ვახერხებდი ჯეროვნად. ამდენი ენერგია და შრომისუნარი თუ მქონდა, ნამდვილად არმეგონა. მერე კი, ფაბრიკის მეპატრონემ მარტოხელა, ახალგაზრდა და ლამაზი ქალი რომ ვიყავი, შემამჩნია და თვალიც დამადგა. თავიდან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. მე, სულელი კი, ვერ ვხვდებოდი ვერაფერს. თვალდახუჭულიც კი ვენდობოდი. ერთხელ, გვიანობამდე მომიწია მუშაობა და ჩემს საცხოვრებლამდე მანქანით მიყვანა შემომთავაზა. იმედიანად ჩავუჯექი და თავში აზრადაც არ მომსვლია ის, რომ შეიძლებოდა რამე ცუდი შემმთხვეოდა. გზიდან რომ გადაუხვია, გვიან მივხვდი. _მე აქეთ არ ვცხოვრობ._შეშფოთებულმა წამოვყავი თავი. _არაუშავს. ცოტა გავისეირნოთ და დავილაპარაკოთ... _ერთმანეთთან სალაპარაკო რა გვაქვს?_გამიკვირდა და ხმაც გავიმკაცრე._სახლში წამიყვანე. _როგორი ბრაზიანი ყოფილხარ. კი არ შეგჭამ._შემომღიმა. _მეჩქარება, დედაჩემი მელოდება, წამიყვანე. _ვიფიქრე, ცოტას გავისეირნებდით... _არ მინდა. გამიჩერე ახლავე._უფრო ავუწიე ხმას. _აქ სად გაგიჩერო? გაიგნებ გზას? მე მიგიყვან ადგილამდე._ჩემს დაწყნარებას შეეცადა როცა მიხვდა, რომ წინააღმდეგობას გავუწევდი და ადვილად არ დავნებდებოდი. _გამიჩერე, მე თვითონ წავალ! _კარგი, როგორც იტყვი._მანქანა შეანელა და მომიბრუნდა._შენი წყენინება მართლა არ მინდოდა. ცუდად ნუ გამიგებ, ვიფიქრე უბრალოდ ერთად ვივახშმებდით. გვიანობამდე გამუშავე და დანაშაულის გამოსყიდვა მინდოდა._თითქოს ნამუსზე ამაგდო ცუდად რომ ვიფიქრე მასზე. _ვაფასებ თქვენს ზრუნვას და დიდ მადლობასაც მოგახსენებთ, მაგრამ დედა მელოდება, მეჩქარება. _კარგი, მე თვითონ მიგიყვან. ბოდიში, რომ შეგაშფოთე და შეგაწუხე._ისევ შემომღიმა და მანქანა პირუჩუმრა შემოაბრუნა. ამ კაცთან სიფრთხილე მმართებდა. ისე ოსტატურად გამაბავდა მახეში, მე სულელი და მიამიტი ვერაფერსაც ვერ მივხვდებოდი. თან, თუ წინააღმდეგობას გავუწევდი და ვეჩხუბებოდი, აქეთ მე მაგრძნობინებდა თავს დამნაშავედ, მეგობრულად გექცევი და შენ რა აზრები გიტრიალებს თავშიო. იმ საღამოს მშვიდობით მიმიყვანა დამიანემ სახლში, მაგრამ მეორე ჯერზე ალბათ ასე აღარ გამიმართლებდა. დედაჩემს რომ ვუთხარი ყველაფერი, გაბრაზდა. _ამათ გონიათ, რახან სამშობლოდან გადმოხვეწილები ვართ სამუშაოდ, სინდისსაც გავყიდით ფულის სანაცვლოდ და სხეულსაც. რა უსინდისოები არიან! აღარ წახვიდე იქ. მაკას ვეტყვი და სხვა სამსახურს გიშოვის. მეორე დღეს მართლაც აღარ წავსულვარ ფაბრიკაში. მაკა დამპირდა, რაც კი გამოჩნდება, პირველს შენ გაგაგებინებ და დაგასაქმებო, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში აღარ შემხმიანებია. მხოლოდ შაბათ-კვირას დავდიოდი სახლების დასალაგებლად და ეს საკმარისი არ იყო. დამიანემ ერთხელ დამირეკა, სამსახურში რატო აღარ მოდიხარო. _ფაბრიკაში მუშაობა გამიჭირდა, ძალიან რთული სამსახურია. თან, ახალი ვიშოვე უკვე. ეს რომ ვუთხარი, ძალიან ეწყინა. ბევრი მეხვეწა, დაბრუნდი და პირობებს შეგიმსუბუქებ, ხელფასსაც მოგიმატებო, მაგრამ სასტიკი უარი რომ ვუთხარი, ძალიან გაბრაზდა. კიდევ კარგი კონტრაქტი არ მქონდა გაფორმებული, თორემ მართლა ვეღარ დავაღწევდი თავს. ერთი კვირის მერე კი, ისევ მოხუცის მომვლელად გამაგზავნა მაკამ. ამჯერად მოხუცი ინვალიდი იყო და თანაც მამაკაცი. ჩემთვის უხერხულობას და სირთულეს წარმოადგენდა, მაგრამ უსაქმოდ ჯდომას კი მერჩია. გორგიოსს, ჩემი ხელით ვაჭმევდი, პამპერსს ვუცვლიდი და წამლებს ვალევინებდი. მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფს კი ნახევარი დღის განმავლობაში მშვიდად ეძინა და მეც მშვიდად და დასვენებულად ვიყავი. თავიდან ცოტა ზიზღის გრძნობით ვასუფთავებდი მოხუცს, მაგრამ ადამიანი თურმე ქვა ყოფილა და ყველაფერს ეგუება. ხო და მეც შევეგუე ჩემს სამსახურს. გორგიოსის ცოლი მშვიდი და უპრეტენზიო მოხუცი იყო. ადვილად გამოვნახე მასთან საერთო ენა. არც ქალიშვილი იყო ცუდი, რომელიც ხშირად აკითხავდა ავადმყოფ და ინვალიდ მამას. გლიკერია, გორგიოსის ცოლი კი საიდუმლოდ გამომიტყდა, რომ სიძე უვარგისი ყავდა, მაგრამ მისი შვილი მაინც მის გვერდით არჩევდა ცხოვრებას, რადგან შვილებს მამა უნდოდათ და თან უზრუნველად და ფუფუნებაში ცხოვრება. ერთი თვის განმავლობაში, სანამ მე იმ სახლში ვმუშაობდი, მათი სიძე ერთხელაც არ მოსულა სიმამრის სანახავად. მარგო კი ამართლებდა ქმარს, არ სცალია, დაკავებულიაო, მაგრამ გლიკერია ყოველთვის სევდიანი თვალებით შეჰყურებდა შვილს. ერთი თვის შემდეგ კი, მოხდა სასწაული, და სიძეც მობრძანდა სიმამრის სანახავად. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა ეს სიძე დამიანე აღმოჩნდა. ჩემი იქ ხილვა ჯერ გაუკვირდა, მერე კი შევატყე როგორ გაუხარდა. _ესე იგი, მართლა დაგიწყია მუშაობა და არ მოგიტყუებივარ?!_ ისეთი ღიმილით მკითხა, გამაკანკალა. ეს კაცი რომ პრობლემებს გამიჩენდა ამ სამსახურშიც, წინასწარ ვხვდებოდი, მაგრამ თუ ამ სამსახურსაც დავკარგავდი, მაკას ვეღარ მივაკითხავდი ახალი სამსახურის საძებნელად. ამიტომ, ძალიან მკაცრი და ცივი უნდა ვყოფილიყავი და არაფრის უფლება არ უნდა მიმეცა ამ მექალთანე კაცისთვის. ჩემი ვარაუდი გამართლდა. აქამდე თუ საერთოდ არ კითხულობდა სიძე სიმამრს, ახლა მიზეზს არ ტოვებდა, რომ არ მოსულიყო და მე არ ვენახე. მარგოს აღარც კი უშვებდა მშობლებთან, თუ რამე იყო საჭირო, თვითონ მოდიოდა და მოჰქონდა. გლიკერიასაც კი უკვირდა სიძის ეს სახეცვლილება. გუმანით ალბათ გრძნობდა კიდეც, მაგრამ თქმით არაფერი უთქვია ჩემთვის, რადგან მატყობდა და მხედავდა, რომ ყველანაირად გავურბოდი და თავს ვარიდებდი დამიანეს. დედაჩემმა რომ გაიგო ეს ამბავი, აქედანაც მომთხოვა წამოსვლა, მაგრამ არ დავუჯერე. _იმ სახლში ვერაფერს გამიბედავს. ისე კი არსად გავყვები და გამოვყვები... აღარ მინდა მაკას ვეხვეწო ისევ დამასაქმე-მეთქი. ბევრი მეხვეწა, მაგრამ იქიდან წამოსვლაზე მაინც ვერ დამიყოლია. მეტი გზა აღარ ქონდა და შეეგუა ჩემს ჯიუტურ და ასე ვთქვათ სულელურ გადაწყვეტილებას. თუმცა ხშირად მირეკავდა და მამოწმებდა როგორ ვიყავი, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. თავიდან დამიანეს დიდად არ შევუწუხებივარ, რომ განგაშის ზარები ამეტეხა. თუმცა, მარიას მსგავსად, როცა იქნებოდა რომ გამოაჩენდა თავის კლანჭებს ჩემს ხელში ჩასაგდებად, ეს ვიცოდი და ყველანაირად ვფრთხილობდი. თითქმის ნახევარი წელი, მართალია დაძაბული, მაგრამ მაინც მშვიდად ვცხოვრობდი და ვმუშაობდი მათთან. მერე კი, ისე მოხდა, რომ გორგიოსს ინსულტმა დაარტყა და საავადმყოფოში გადაიყვანეს და დავრჩი ისევ უმუშევარი. დამიანემ შემომთავაზა, სანამ ჩემი სიმამრი სახლში დაბრუნდება, დროებით ისევ ჩემს ფაბრიკაში იმუშავე უმუშევარი რომ არ იყო და მერე ისევ მასთან დაბრუნდიო. ამ შემთხვევაში დაფიქრება მმართებდა. არ ვიცოდი გორგიოსს საავადმყოფოდან როდის გამოწერდნენ. ასე უცბად სამსახურსაც ვერ ვიშოვიდი. თუ ვიშოვიდი კიდე, მერე ვეღარ დავბრუნდებოდი. არა და ეს სამსახური პირობებითაც კარგი იყო და ხელფასი უკეთესი მქონდა. ხო და ისევ ფაბრიკაში დავბრუნდი. დედაჩემმა ეს ამბავი რომ გაიგო, გაიგიჟა თავი, მაგრამ ამჯერადაც ვერაფერს გახდა და ძველ სამსახურს თავი ანება, ჩემთან ერთად დაიწყო ფაბრიკაში მუშაობა. გორგიოსი საავადმყოფოდან ცოცხალი ვეღარ გამოწერეს, რადგან ორ კვირაში დაიღუპა. მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი ფაბრიკაში დაბრუნებით და დედაჩემიც ვაიძულე. მაგრამ რაღას ვიზავდი? დავრჩით ორივენი დამიანეს სამკერვალო ფაბრიკაში. სანამ სიმამრს დაკრძალავდა, ვერ იცლიდა ჩვენთვის და დიდად ვერ გვაქცევდა ყურადღებას, მაგრამ მერე კი, ყველა ხვდებოდა, რომ დედასაც და შვილსაც ზედმეტ ყურადღებას გვაქცევდა. ზედმეტად მკაცრიც ვერ ვიყავი, რადგან ისეთსას არაფერს აშავებდა, რაც ჩემს თავმოყვარეობას შელახავდა. პირიქით, დიდი პატივისცემით და მოწიწებით მეპყრობოდა. იცოდა, რომ არაფრის დიდებით არ დავთანხმდებოდი მასთან ურთიერთობას და ჩემს მოხიბვლას ცდილობდა. მოთმინება კი შეეძლო, ვერაფერს ვიტყოდი. დათქმულ პერიოდამდე ერთი წელი მრჩებოდა კიდევ, რომ მერე სამშობლოში დავბრუნებულიყავი დედასთან ერთად. დამიანემ კარგა ხანს ითმინა ჩემი გულგრილობა და სიმკაცრე. ბოლოს კი მაინც გაბედა ჩემი შეცდენა. გეგმაც ისეთი შეიმუშავა, რომ ეჭვი არაფერში შემპარვია. თავის მდივანს დაარეკინა ჩემთან და ქალაქგარეთ აგარაკის დალაგებაზე შემითანხმდა. შაბათს დილითვე წავედი მითითებულ მისამართზე. ადგილზე რომ მივედი, ქალი დამხვდა, რომელმაც კარი გამიღო და სახლში შემიყვანა. ჩემი საქმე ახალი წამოწყებული მქონდა, რომ ქალი სადღაც გაქრა, რაღაცის კითხვა მინდოდა და ვეღარსად მივაგენი. მის ძებნაში კი დამიანეს გადავაწყდი, რომელიც კმაყოფილი ღიმილით მიმზერდა. ელდა მეცა. გულმა საშინლად დამიწყო ფეთქვა. შიშის ოფლმაც კი დამასხა. _თქვენ?.. აქ საიდან?_ძლივს ამოვღერღე სასოწარკვეთილმა. _ჩემი მეგობრისაა და შენთან შესახვედრად დამითმო ცოტა ხნით? _ჩემთან შესახვედრად? თქვენ ხომ არ გაგიჟებულხართ?_გავბრაზდი. _დავიჯერო ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი ქალი კაცის გარეშე ცხოვრობ? რა მოხდა ჩემთანაც რომ გაერთო ცოტა? ოქროში ჩაგსვამ, ფულს არ მოგაკლებ. რამდენი სახლი უნდა დაალაგო, რომ ამის ყიდვა შეძლო?_მუჭი გაშალა და იქიდან ბაჯაღლოს მოზრდილი მსხვილი ძეწკვი და მასზე ჩამოკონწიალებული კულონი დამანახა, რომელიც ბრილიანტის თვლებით იყო გაფორმებული._ბევრს არაფერს გთხოვ. მხოლოდ ერთი ღამით იყავი ჩემი. თუ მოგეწონება, არც შემდეგში ვიტყვი უარს._მომიახლოვდა და ხელში შერჩენილი ცოცხი გამომართვა. თან შუბლზე ჩამოშლილი თმა ფაქიზად გადამიწია უკან. მოულოდნელობისგან თითქოს გავიყინე, ერთ ადგილზე გავშეშდი. რა უნდა მომემოქმედა არ ვიცოდი. ჩემი გაშეშება ალბათ თანხმობად მიიღო და უფრო გამითამამდა. საკოცნელად რომ დაიხარა, მაშინ კი გავცეცხლდი. _არ მომეკარო, ნაგავო!_ბოლო ხმაზე ვუკივლე._შენ მე ვინ გგონივარ? მეორედ აღარ გაბედო მასეთი რამ, თორემ განანებ იცოდე._გამოვტრიალდი და გასასვლელი კარისკენ წამოვედი. დამეწია და წინ გადამეღობა. _მართლა ასეთი უკარება ხარ თუ, თავიდან ცდილობ ასე მომაჩვენო თავი?_გამიღიმა. ისევ რომ მომიახლოვა სახე სახესთან, მადიანი სილა გავაწანი. _არ გაბედო და არ შემეხო, თვალებს ამოგკორტნი იცოდე!_გამწარებულმა ვუკივლე.გზიდან ჩამოვიშორე და კარს წავატანე ხელი, მაგრამ დაკეტილი აღმოჩნდა. _გეგონა ასე ადვილად გაგიშვებდი?_ირონიულად შემომღიმა. იქვე კუთხეში ხელჯოხს მოვკარი თვალი, იმას წამოვავლე ხელი და გამოწვდილ მკლავში გამეტებით დავარტყი. _არ მომეკარო ღორო!_მივაძახე და უკანა გასასვლელისკენ გავიქეცი. მივხვდი, რომ თვითონაც გამომეკიდა და წამომეწია კიდეც, მაგრამ ჯოხი ხელმეორედ დავუნაცვლე, ამჯერად თავში გავარტყი და კიბეზე დავეშვი. უკანა კარი მართლაც ღია დამიხვდა და აუზის სიახლოვეს გავედი. გამწარებულმა მოვავლე იქაურობას თვალი. ვერ მივხვდი საით უნდა წავსულიყავი და ამიტომ ალალბედზე გავიქეცი მარჯვნივ. დამიანე რომ აღარ გამომკიდებია, კი შემეშინდა, ხომ არ მოკვდა-მეთქი, მაგრამ იქ აბრუნება და ნახვა სისულელე და შეცდომა იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეზო ირიბად გადავჭერი და ჭიშკარსაც მივაგენი. ისიც დაკეტილი დამიხვდა, მაგრამ ქვის გალავანზე ისე ავბობღდი და გადავხტი მეორე მხარეს, რომ მე თვითონვე გამიკვირდა. მთავარ ტრასამდე ძლივს გავიგენი გზა, შემხვედრ ავტობუსში ავედი, კუთხეში მოვკალათდი და ჩუმი ხმით ავქვითინდი ნერვიულობისგან. დიდხანს ვიარე ავტობუსით და გვარიანადაც გამოვიტირე. სად მივდიოდი ოღონდ თვითონაც არ ვიცოდი. ბოლო გაჩერებაზე რომ ჩავედი, ცოტა შევფიქრიანდი, წარმოდგენა არ მქონდა სად ვიყავი. უმწეოდ მოვავლე იქაურობას თვალი. მერე ერთ ხნიერ სათნო ქალს ვკითხე ჩემს მისამართზე საიდან უნდა დავბრუნებულიყავი. ორი ტრანსპორტის გამოცვლა მიხდებოდა. გამიჭირდებოდა ალბათ აქედან გაგნება, მაგრამ მაინც ფარ-ხმალი არ დამიყრია და პატარა ბავშვივით არ ავღრიალებულვარ. არც ისტერიკამ მომიცვა. მითითებულ ავტობუსს დაველოდე გზის მეორე მხარეს და იქ ჩავჯექი. ნახევარი გზა რომ გავიარე, მერე ჩავედი და ახლა სხვა ნომერ ავტობუსში ავედი. გვარიანად ვიწანწალე და ვიწვალე, მაგრამ მაინც მივაღწიე ჩემს საცხოვრებლამდე. საწოლზე პირქვე დავემხე და მაშინ კი ავღრიალდი. ისიც კი მაშფოთებდა, ის კაცი ხომ არ მოვკალი იქ აგარაკზე-მეთქი? საღამოს დედაჩემი რომ დაბრუნდა და ტირილით დასიებული სახე შემნიშნა, ელდა ეცა. დავინახე კარების ზღურბლთანვე რომ დაუცვივდა ხელებიდან პარკით სურსათი. _რა მოხდა? ტასო და ბავშვები ხომ კარგად არიან?_საერთოდ რაც აწუხებს ადამიანს და საითაც გული უწევს ყოველთვის იქით გადაჰკრავს ხოლმე ფიქრიც. _ხო, კარგად არიან, არაფერი სჭირთ... _აბა, შენ?.. შენ რა მოგივიდა?_მაშინვე მე მომვარდა და გულში ჩამიხუტა._რამე ცუდი შეგემთხვა ჩემო ანგელოზო? _ისეთი არაფერი._მისი დაწყნარება ვცადე. _აბა, რა გჭირს?_ეჭვით ჩამხედა თვალებში. _დავიღალე ძლიერი ქალის როლის თამაშით... არ ვარ ძლიერი, ტყუილად თავს ვიტყუებ... სახლში მინდა ჩემს საბასთან... მშვიდი ცხოვრება მინდა. წამიერად დააბნია ჩემმა პასუხმა. უფრო მჭიდროდ მომხვია ხელი და გულზე მიმიხუტა. _ხოდა წავიდეთ._მტკიცედ მითხრა._კარგი დანაზოგი გვაქვს. ამ ერთ წელში რაღა უნდა გავაკეთოთ აქ? ავიკრათ გუდა-ნაბადი აქედან და წავიდეთ. ოროთახიან ბინას გარეუბანში კი ვიყიდით და თავიდან დავიწყოთ ცხოვრება... _მართლა წავიდეთ?_ცოტა ეჭვით ავხედე. _ხო... მე ისედაც ვაპირებდი წამოსვლას, მაგრამ შენს გამო დავრჩი. ამ ოთხ წელში ორივემ კი შევძელით რაღაცის დაგროვება და წავიდეთ. უსიტყვოდ მოვხვიე უფრო მჭიდროდ ხელები და ისე ჩავეხუტე. მართლაც რაღა აზრი ქონდა ერთი წლით აქ დარჩენას? მთავარი ბინა გვეყიდა და დანარჩენს იქაც შევძლებდით რამეს. _იცი, დამიანემ ჩემი შეცდენა სცადა... _რაო, რა თქვი?_ვიგრძენი როგორ დაეძაბა დედაჩემს მთელი სხეული. _აგარაკის დასალაგებლად დამირეკეს. იქ დამხვდა. საჩუქრებით აგავსებო მპირდებოდა. ხელჯოხი ჩავარტყი თავში და გამოვიქეცი... _მოკვდა?_დედაჩემსაც იგივე კითხვა რომ დაებადა რაც მე მიტრიალებდა თავში, უარესად შევშფოთდი. _არ მგონია... თუმცა რომ მოვრბოდი, აღარ გამომკიდებია. ერთხანს შეშფოთებულმა მიყურა. _ხომ არ წავსულიყავით და გვენახა, იქნებ რა და როგორ უჭირს?_შიშით გამოვთქვი ჩემი აზრი. _არა, რა სისულელეა? მკვდარი რომ იყოს, მერე? _მაინც იციან, რომ მე ვიყავი იქ... _ხო და ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეთ აქედან._ისე მტკიცედ მითხრა დედაჩემმა, მივხვდი აზრს ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებდა. _მთელი ცხოვრება სინდისი დამტანჯავს... _მთელი ცხოვრება შენი შვილი დაიტანჯება დედის გარეშე. ჩემზეც იფიქრე, ამდენი წელი ემიგრაციაში გავატარე თქვენს გარეშე და ახლა ციხემ გინდა წამართვას შენი თავი? არამც და არამც! ახლავე ვიბარგებით აქედან._მოულოდნელად ხელი გამიშვა და მართლაც წამოდგა და ჩვენი ბარგის ჩაბარგებას შეუდგა. _ყოველ კვირას გადის აქედან საქართველოში ავტობუსი. დავრეკავ, თუ ორი ადგილი ქონდათ, იმით წავიდეთ. ერთიც რომ იყოს, შენ გაგგზავნი და მე მოგვიანებით ჩამოვალ... _გავიპაროთ? _ეს გაპარვა არ არის, ეს თავის დაღწევა და სამშობლოში დაბრუნებაა. არ მინდა, თუ რამე მოუვიდა იმ კაცს, ციხეში ჩაგსვან, გაიგე?_მკაცრად გამაფრთხილა. მართალია, ციხეში ჩაჯდომა არ მინდოდა, მაგრამ არც ასე ქურდივით მინდოდა გაპარვა. რითი განვსხვავდებოდი ჩემი ველური ქმრისგან და მარიასგან? გავქცეოდი ჩემს დანაშაულს და პასუხისმგებლობას? თუმცა, დედაჩემს რომ ვერ გადავათქმევინებდი ვეღარაფერს, ეს ცხადზე ცხადი იყო. ეს ოთხი წელი მშვენივრად ვიცხოვრე, ზედმეტი არავის უკადრებია აქ და ეს დამიანე რა გახდა ნეტა ამისთანა? დავიჯერო, მე მივეცი საბაბი? თუმცა, ცუდი და კარგი ხომ ყველა ქვეყანაშია და ასეთი უვარგისებიც გამოერევიან ხოლმე შიგადაშიგ... მეც წამოვდექი და ჩემი ავლა-დიდების ჩალაგებას მივყავი ხელი. გამთენიისას კი, დედაჩემმა დაურეკა ვიღაც ნაცნობს. ბედად, სამი ადგილი ქონდათ ავტობუსში თავისუფალი და ორი დაჯავშნა. ავტობუსს შუადღის მერე ქონდა გასვლა. მანამდე კი მართლაც საშინლად გაიწელა დრო. უაზროდ ვუყურებდი ტელევიზორს, იქნებ საინფორმაციოში რამე ყოფილიყო დამიანეს შესახებ, მაგრამ სულ ტყუილად. თორმეტი იყო, რომ კარზე მოგვიკაკუნეს. შეშფოთებულებმა და შიშისგან დაზაფრულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. კაკუნი რომ განმეორდა, დედაჩემმა ხელით მანიშნა, რომ შენ მანდ დარჩიო და თვითონ გააღო კარი. დამიანე იყო ცოცხალი და საღსალამათი. მისი ხმა რომ შემომესმა, შვებით ამოვისუნთქე. თუმცა, ახლა იმან შემაშფოთა რისთვის იყო მოსული. _ნინოს მინდა დაველაპარაკო. _ნინოს შენთან არაფერი აქვს სალაპარაკო._მკაცრად უთხრა დედაჩემმა და ცხვირწინ დაუპირა კარის მიხურვა, მაგრამ კაცმა ფეხი დაუყოლა და ვერ შეძლო. _ბოდიში მინდა მოვუხადო, არასწორად მოვიქეცი. თან, თქვენი კუთვნილი ხელფასი მინდა გადმოგცეთ._საკმაოდ მოზრდილი კონვერტი გაუწოდა დედაჩემს. მე მართლა არ ვაპირებდი ამ ფულის აღებას. ერთი სული მქონდა მისთვის სახეში შემეყარა, მაგრამ დედაჩემმა გამოართვა. _ეს ჩვენი ოფლის და ჯაფის საფასურია, არ იფიქრო რომ ფულზე ვიყიდებით! გვეკუთვნის და იმიტომ ვიღებთ. _მეც ვიცი რომ გეკუთვნით და იმიტომ მოგიტანეთ. მივხვდი, რომ ჩემთან აღარ დაბრუნდებით სამუშაოდ. ამიტომ თქვენს კუთვნილ თანხას გაძლევთ, სხვა არაფერი._მერე მე გამომხედა._დიდი ბოდიში... და გთხოვ, მარგოს არ უთხრა არაფერი... მართლა არ მეგონა თუ ასეთ წინააღმდეგობას გამიწევდი და ფულიან საყვარელზე უარს იტყოდი. მართლაც ღირსეული ქართველი ქალი ხარ._ეს თქვა, გატრიალდა და წავიდა. კარგა ხანს გაოგნებული ვიდექი და მიხურულ კარს შევყურებდი, სადაც დამიანე კარგა ხნის მოფარებული იყო. კიდევ კარგი ცოცხალი გადარჩა, მთელი ცხოვრება ხომ სინდისი შემაწუხებდა მის გამო? თანაც, ბოდიში რომ მომიხადა... _წამოსვლა ხომ არ გადაიფიქრე?_ეჭვით შემომხედა დედაჩემმა. _არა, სახლში მინდა, ჩემს საბუკასთან. ჩემს გარეშე აიდგა ფეხი, ჩემს გარეშე ისწავლა ლაპარაკი... მეყო, აღარ მინდა მისგან შორს ცხოვრება. გამოცდილი მაქვს რა არის უდედოდ გაზრდა და არ მინდა ჩემმა ბიჭმაც იგივე გამოიაროს. მშივრები არ დავიხოცებით რაც მთავარია. თუ არა და სამშობლოში მირჩევნია შიმშილობა უცხო ქვეყანაში მონობას. ცრემლმორეული გადამეხვია დედაჩემი, გადამკოცნა და გულში ჩამიკრა. დათქმულ დროს კი მივაკითხეთ ავტობუსსაც. ვგრძნობდი რა ქარიშხალიც ტრიალებდა დედაჩემის გულში. ოცდაორი წლის შემდეგ ბრუნდებოდა იქ, სადაც ყველაფერი შეცვლილი და გაზრდილი და დაქალებული ტასო დახვდებოდა. მეც მაღელვებდა ის ფაქტი, რომ ერთი წლის შვილი დავტოვე და ახლა უკვე ხუთი წლის ვაჟკაცი იქნებოდა. ან როგორ შემხვდებოდა ამდენი წლების უნახავ დედას? საბერძნეთი-თურქეთის საზღვარზე ცოტა ხნით შევყოვნდით. თურქმა მესაზღვრეებმა საბუთები შეამოწმეს. დედაჩემის გამო მეშინოდა, მაგრამ არც არაფერი. უპრობლემოდ გამოგვატარეს საზღვარზე. ოთხი წლის წინ აქეთ რომ მოვდიოდი, მშობლიური მხარე რომ დამემახსოვრებინა, ხარბად შევყურებდი ფანჯრიდან ყველაფერს, მეხსიერებაში დიდხანს რომ ჩამრჩენოდა ეს მოგონებები, ახლა კი იგივე გზით და ისეთი განცდით ვბრუნდებოდი უკან, თითქოს გუშინ წავსულიყავი. დედაჩემიც დაფარული მღელვარებით იჯდა. ერთი შეხედვით მშვიდი ჩანდა, მაგრამ გამოცდილი ადამიანი ადვილად შეატყობდა რა ხდებოდა ახლა მის გულსა და გონებაში. წინა ჯერთან შედარებით დამღლელი არ აღმოჩნდა ეს მგზავრობა. ჯერ ერთი, თანამგზავრი და თანამოსაუბრე მყავდა გვერდით და მეორე, უკან ვბრუნდებოდი შვილთან და ჩემს ძვირფას ადამიანებთან ერთად. დათასი და ნიკას ამბებიც არ ვიცოდი და ეს ცალკე მაღელვებდა და მაფიქრებდა. ნიკა ალბათ ისევ გერმანიაში იქნებოდა, იქ აიწყობდა ცხოვრებას, მაგრამ დათა? ნეტა დაინიშნა თუ მე მელოდებოდა ისევ? ტასოს არასდროს ვეკითხებოდი მის ამბებს და არც თვითონ ამბობდა რამეს. ვალერიც მადარდებდა, სად იყო, რას საქმიანობდა. ერთი-ორჯერ კი ყოფილა საბას სანახავად, მაგრამ სკანდალისა და პრობლემების გარეშე. ჩემს დაბრუნებას რომ გაიგებდა, მაშინ რას იზავდა ეგ იყო საკითხავი. ისევ შეეცდებოდა ვითომ ჩემს დაბრუნებას?.. თბილისში რომ შევედით, საღამოს ცხრა საათი იყო უკვე. ავტობუსიდან ყველაზე ბოლოს მე და დედაჩემი ჩამოვედით. შემთხვევით რომ შევხედე, ზედა ტუჩი უცახცახებდა მღელვარებისგან. არავისთვის გვქონდა დარეკილი რომ ჩამოვდიოდით და არც არავინ დაგვხვედრია. საშინელი განცდაა, როცა არავინ გელის და არავინ გხვდება სიხარულით. თუმცა, მშობლიური ენის გაგება ყურსაც მალამოსავით მოხვდა და გულსაც მალამოსავით მოეფინა. ტაქსი დავიჭირეთ და სასტუმროში წავედით. უკვე სამშობლოში ვიყავი და აქ ისეთი აღარაფერი გაგვიჭირდებოდა დარწმუნებული ვიყავი, რომ თავი ვერ გაგვერთმია. ორი ოთახი ავიღეთ ორი კვირით და იქ დავბინავდით. დაღლილს, დაქანცულს და ემოციებით გადაღლილს ისე ტკბილად დამეძინა, ვერაფერი გავიგე. დილით კი, ისეთი ბედნიერი ავდექი, კი არ დავდიოდი, დავფრინავდი. ჩემს შვილთან და მონატრებულ დასთან მოსალოდნელი შეხვედრა მაბედნიერებდა ასე. არც დედაჩემი იყო ნაკლებ დღეში. თან, ყველაზე მეტად რაც მახარებდა ის იყო, რომ მოულოდნელად დავადგებოდით თავზე. დილითვე გამოვიძახეთ ტაქსი და შატილის გზას გავუყევით. ახლა კი მართლა გამიჭირდა მგზავრობა. საბერძნეთიდან საქართველომდე გზა ისე არ გამწელვია, როგორც თბილისიდან შატილამდე. დავიტანჯე, ერთი სული მქონდა როდის მივაღწევდით იქამდე. თვითონ დასაწყნარებელი აქეთ მე მაწყნარებდა და მამშვიდებდა დედაჩემი. თან, ადრეული შემოდგომის ფერადი ფერებით მოჩითულ ბუნებას ათვალიერებდა აღტაცებით... როგორც იქნა მივაღწიეთ ტასოს სახლამდეც. მათ წინ ტაქსი რომ შეჩერდა, დარწმუნებული ვარ, ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა მათთვის, რადგან ტურისტები და დამსვენებლები ყველა სეზონზე უხვად ყავდათ. ტასო ეზოში ფუსფუსებდა. ერთი კი შემოგვხედა და აშკარა იყო, რომ ვერ გვიცნო. ონკანთან ხელები გადაიბანა და ისე გამოგვეგება. თუმცა, მე რომ ვუღიმოდი მალევე მიცნო. თითქოს თვალებს არ უჯერებდაო. მერე, ჩემიდან დედაზე რომ გადაიტანა მზერა, აქ კი აუკანკალდა უკვე ტუჩები სატირლად. ორი ნაბიჯიც გადმოდგა და მაშინვე გადაეხვია. _დედა?!_მხოლოდ ეს აღმოხდა სიხარულით და ატირდა კიდეც. _ჩემო ტასია... ჩემი გოგო... როგორ გაზრდილხარ, დაქალებულხარ და გალამაზებულხარ... ჩემო სიხარულო..._დედაჩემიც ხმის კანკალით ელაპარაკებოდა და თან გულში იკრავდა წლების უნახავ შვილს. ტაქსის ფული რომ გადავიხადე, მეც ორივეს გადავეხვიე აცრემლებული. _ეს რა მოულოდნელი სიურპრიზი გამიკეთეთ?.. როგორ არ მითხარით არაფერი..._თითქოს სწყინდა ჩვენი გადაწყვეტილება. _მოულოდნელად გადავწყვიტეთ წამოსვლა და აღარც გაგაგებინეთ, სიურპრიზად დავტოვეთ._ მეც ცრემლმორეულმა ვუთხარი და ცრემლიანი ლოყები დავუკოცნე. _ნუცა?_მინდიას გაოცებულ-გაკვირვებული ხმა რომ შემომესმა, გახარებული შევტრიალდი მისკენ. გაოცებისგან გაფართოებული თვალებით გვიმზერდა ხან მე და ხან დედაჩემს. _რაო, სიძევ, არ მელოდი?_ღიმილით მივუახლოვდი და ახლა მას გადავეხვიე. _რატო არ თქვით რომ მოდიოდით? დაგხვდებოდით..._მასაც შევატყე წყენა._როგორ იმგზავრეთ? _მშვენივრად, მადლობა... საბა და გიორგი სად არიან?_გამიკვირდა აქამდე რომ არ გამოვიდნენ. _გიორგი სკოლაში, საბა ბაღში._დამამშვიდა ტასომ._უკვე წარმომიდგენია როგორ გაუხარდება შენი ნახვა... _როგორ ხარ სიდედრო, როგორ იმგზავრეთ?_ახლა დედაჩემს მიუბრუნდა მინდია და მოწიწებით გაუწოდა უცნობ სიდედრს ხელი. თუმცა დედაჩემი გულთბილად გადაეხვია და გადაკოცნა. _მართლა კარგი ბიჭი ყოფილხარ, ნუცა არ აზვიადებდა შენს შესახებ არაფერს. შევატყე როგორ დაიმორცხვა მინდიამ და გაწითლდა. დედამისმაც გულთბილად მიგვიღო და მამამისმაც. მართლაც რომ არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. კიდევ და კიდევ გავიმეორებ იმას, რომ ჩემს დას მართლაც გაუმართლა ოჯახის შექმნაში. ოთხი საათისთვის საბა და გიორგიც მოიყვანა მინდიამ. ის დღე და ის წუთები არასდროს დამავიწყდება. ნერვიული მოლოდინით გავდი-გამოვდიოდი ეზოში და გზას გავყურებდი, საიდანაც უნდა გამოჩენილიყვნენ. საუკუნოდ გამეწელა დრო. ბოლოს კი, სიარულით რომ დავიღალე და კიბეზე ჩამოვჯექი, აფორიაქებული გულის დამშვიდებას შევეცადე. არ ვიცოდი როგორ შემხვდებოდა და მიმიღებდა დეიდასთან გაზრდილი ჩემი შვილი. დედაჩემიც გვერდით მომიჯდა. _ვიცი, დამშვიდებას და რამის თქმას შენთვის ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დამშვიდებას ვერ შეძლებ ძალიანაც რომ მოინდომო. ყველაზე მეტად მესმის ალბათ შენი, რადგან ერთი და იგივე სიტუაციაში ვართ ორივენი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თქვენ დიდები იყავით და შენ კი ერთი წლის შვილის დატოვება მოგიხდა... სანერვიულოა როგორ მიგიღებს... მაგრამ როგორც არ უნდა მიგიღოს, მერწმუნე, მას ძალიან ეყვარები, მალე მოგეჩვევა და დარწმუნებული ვარ გაგიხსენებს, დიდი დრო ხომ არ არის გასული? თანაც, სკაიპში ხშირად გხედავდა და გეტიკტიკებოდა. ამ მხრივ სანერვიულო არაფერი გაქვს. _არ ვიცი, ძალიან მეშინია._ჩურჩულით ვაღიარე და ცრემლებიც წამომცვივდა, რადგან ჭიშკარში შემოსული საბა დავინახე. მინდია უკვე ეტყოდა და გზაშივე შეამზადებდა, რომ ჩემთან შეხვედრა მთლად მოულოდნელი არ ყოფილიყო მისთვის და არ გასჭირვებოდა. ეზოში შემოვიდა თუ არა და დამინახა, ერთ ადგილზე გაშეშდა, ინტერესით მომჩერებოდა. მე კი მუხლების კანკალით წამოვდექი და მისკენ მხოლოდ ორად ორი გაუბედავი ნაბიჯი გადავდგი. გული გამალებით მიცემდა მის გაოცებულ და გაფართოებულ თვალებს რომ ვხედავდი. მუხლებში ძალა გამომელია და რომ არ წავქცეულიყავი კიბის მოაჯირს ჩავჭიდე ხელი. _დედა! დედიკო!_ბოლოს ეს რომ შესძახა და ჩემსკენ გამოქანდა, იქვე ჩავიცუცქე და მისი თბილი ხელების კისერზე შემოხვევაც ვიგრძენი. უმალ შემოვხვიე მეც ხელები და მჭიდროდ ჩავიკარი გულში. _მინდია ძია არასდროს მატყუებს ხოლმე, მაგრამ რომ მითხრა დედაშენი მოვიდაო, მაინც არ დავუჯერე... მართლა მოხვედი? სულ მოხვედი და აღარ წახვალ? _აღარასდროს წავალ უშენოდ არსად, გპირდები ჩემო ცხოვრებავ... როგორი დიდი კაცი გაზრდილხარ უკვე... გიორგიმაც დამინახა თუ არა, მიცნო და ისიც ჩამეხუტა. _დეიდა... დედაჩემი, ტასო და ტასოს დედამთილი კი შორიახლოს იდგნენ და ცრემლიანი თვალებით გვიმზერდნენ. მინდიასაც კი დასველებოდა თვალები. როგორც მეშინოდა ისე არ მოხდა. მეგონა, ჩემი საბა ვეღარ მიცნობდა და დავიწყებული ვეყოლებოდი, მაგრამ ჩემს დას ისე არ გაუზრდია ჩემი შვილი, რომ დედა დავიწყებოდა და აღარ ხსომებოდა. იმის აღწერა და გადმოცემა მართლა გამიჭირდება თუ რას ვგრძნობდი მე, ან რას გრძნობდნენ სხვები. ყველაზე მეტად კი ის გვახარებდა ყველას, რომ ჩემიც და დედაჩემის ემიგრანტული ცხოვრება დასრულებულიყო უკვე. რაღა უნდა მომხდარიყო, რომ ისევ იმ გზას დავდგომოდით ან მე და ან დედაჩემი. ******************** ხევსურეთში ორი დღით დარჩა დედაჩემი. მინდია გულწრფელად მოეწონა და უზომოდ ბედნიერი იყო, რომ ერთ შვილს მაინც გაუმართლა ცხოვრებაში. ყველაზე მეტად კი იმან გამაოცა და უფრო შემაყვარა ჩემი სიძე, რომ იმ ფულს, რასაც მე საბასთვის და გიორგისთვის ვაგზავნიდი, ბანკში შეჰქონდა და ჩემთვის აგროვებდა. საბაზე კი საკუთარი შვილივით ზრუნავდა და არაფერს აკლებდა. ვიცოდი რომ მინდია ძალიან, ძალიან კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ამან მოლოდინს გადააჭარბა. ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან. დედაჩემი თბილისში რომ დაბრუნდა, მე ჩემს შვილთან დავრჩი, რადგან მისი დატოვება აღარ მინდოდა და არც მას ვეთმობოდი. თითქოს შიშობდა, რომ კიდევ არ გავპარულიყავი სადმე და გვერდიდან არ მშორდებოდა. დედა კი იმ იმედით წავიდა, რომ რამოდენიმე დღეში ჩვენი ბინის ამბავს მოაგვარებდა... ერთ დილით მე, საბა და გიორგი მე წავიყვანე ბაღსა და სკოლაში. იქიდან რომ ვბრუნდებოდი კი წვიმას აპირებდა და ამიტომ გზაში რომ არ მოესწრო, სულ სირბილით წამოვედი, მაგრამ მაინც მომისწრო და ერთ-ერთ ხეს შევაფარე თავი. დიდხანს არ მომიწია იქ დგომა, რადგან ბედზე დათამ გამოიარა მანქანით და საცოდავად აბუზული რომ დამინახა, მაშინვე შეაჩერა. შემეშინდა. არ ვიცოდი ვინ იყო და სანამ გადმოვიდოდა და დამენახვებოდა, ლამის გული გამისკდა. მაშინვე ჩემი ყოფილი ქმარი გამახსენდა. თუმცა კარი რომ გააღო და გადმოვიდა, უარესად ავღელდი და ავფორიაქდი. დათა იყო. ვინ იცის, რამდენი ღამე გამითენებია მასზე ფიქრსა და ოცნებებში აქედან შორს მყოფს და როგორ აღარ წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ასე ნამდვილად არა. _ნუცა?.._ჯერ გაოცებით შემათვალიერა, მერე კი ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა._წამოდი, ნუ სველდები. მექანიკურად გავყევი. წინააღმდეგობა არ გამიწევია. მანქანაში რომ ჩამსვა, თვითონაც მიუჯდა საჭეს, თუმცა ადგილიდან არ დავძრულვართ. ისე დაჟინებით მიმზერდა, მაბნევდა მისი ეს მზერა _საერთოდ არ შეცვლილხარ._ბოლოს გაბედა და მორიდებით შემომღიმა._დიდი ხნით ჩამოხვედი? _ხო... სულ ჩამოვედი._მართალია არ მინდოდა თქმა, მაგრამ ენა მაინც არ დამემორჩილა და მაინც წამოვაყრანტალე. თუმცა, არ მინანია. დავინახე როგორ გაახარა ჩემმა პასუხმა. _შენ რას შვრები, როგორ ხარ?_ეს კი ვკითხე, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა, დაოჯახებული იყო თუ არა და ყავდა თუ არა ცოლ-შვილი. _მე რა საკითხავი ვარ? შენ როგორ ხარ, რას შვრები?_მცირეხნიანი პაუზის შემდეგ კი ამის კითხვაც გამიბედა._ახლა რას აპირებ? _თბილისში ბინას ვიყიდი და დედაჩემთან და ჩემს შვილთან ერთად ვიცხოვრებ... _ქმართან შერიგებას ხომ არ აპირებ?_ვიგრძენი როგორ დაძაბულმა მკითხა და როგორ შეფარული ინტერესით მომაშტერდა თავისი ლამაზი, შავი თვალებით. _ქმართან შერიგებას?_მწარედ ჩამეცინა._მართლა არ ვაპირებ... _კარგია._თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და ძრავა აამუშავა. აღარაფერი უთქვია. მთელი გზა შეფარვით ვუმზერდი. ოდნავ მოშვებული შავი წვერი უფრო ვაჟკაცურ იერს აძლევდა. ცოტა მწყინდა კიდეც, რომ აღარაფერს მეკითხებოდა და წლების წინ ცოლობას რომ მთხოვდა, ახლა გადაკვრითაც კი არ უთქვია არაფერი. იქნებ, აღარც ვუყვარდი და აღარ ვუნდოდი? იქნებ, რომ მობეზრდა ჩემი კუდში დევნა და ლოდინი, დაინიშნა კიდეც და კარგი ცოლიც ყავდა? არც გაემტყუნებოდა. მე ვინ ვიყავი? თავის დროზე არ დავაფასე მისი სიყვარული, ორ ადამიანს შორის საუკეთესოს არჩევა გამიჭირდა, მერე კისერიც წავიტეხე და განათხოვარი, შვილიანი, უსახლკარო და ემიგრანტი რატომ უნდა ვდომებოდი ვითომ? გულში რაღაც ჩამწყდა და თან ისე მწარედ, რომ ტკივილმა ამოსუნთქვის საშუალებაც კი არ მომცა. ასეა, რასაც ვერ აფასებ იმას კარგავ და მერე ხვდები თურმე რა ძვირფასი ყოფილა... _როგორ აირია ამინდი?_სინანულით ჩაილაპარაკა და შავად მოქუფრულ ცას წყრომით ახედა. მისმა ხმამ რეალურ სამყაროში დამაბრუნა. _ძლივს მოვიცალე პატარა ვაჟკაცებისთვის და რად გინდა, ამინდმა შეგვიშალა ხელი. სინანულით შევხედე. გამოდის, ოჯახს მოკიდებია და შვილებიც ყოლია, თანაც ბიჭები... ისევ მტანჯველი დუმილი ჩამოწვა. ვერაფრის თქმას ვერ ვბედავდი. ან, რაღა უნდა მეთქვა? დათაც ჩაფიქრებული გაჰყურებდა გზას და უხმოდ მართავდა საჭეს. ამ წლებს უკვალოდ არ ჩაევლო ჩვენს ცხოვრებაში. ორივენი შეცვლილები ვიყავით და ორივეს ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვქონდა. არ ღირდა აღარაფრის შეცვალა. ჭიშკართან რომ შემიჩერა მანქანა, ისევ გამიღიმა. _გამიხარდა შენი ნახვა. მართლა ოღონდ... ალბათ, საღამოს მოვახერხებ და შემოგივლით. შენ ალბათ ჯერჯერობით აქეთ იქნები, არა? _ხო, სანამ ბინის ამბებს არ მოვაგვარებთ, აქ ვიქნები._სევდიანად შევღიმე._მადლობა რომ მომიყვანე._კარი გავაღე და რომ არ დავსველებულიყავი, სულ სირბილით წავედი სახლისკენ. _არაფერს._გზაში დამეწია მისი ნათქვამი. ერთი სული მქონდა მიმეხედა და დამენახა, მიყურებდა თუ არა, მაგრამ ვერ გავბედე. რაღატო მეკეკლუცა მასთან და ცხოვრება ამერია მისთვის? მაგრამ ეტყობოდა რომ მიყურებდა, რადგან სანამ სახლში არ შევედი და კარს ზურგით არ მივეყუდე, მანამ არ დაუძვრია მანქანა ადგილიდან. თუ მართლა ვუყვარდი, ასე უცბად და ადვილად ხომ ვერ დამივიწყებდა? მაგრამ დისტანცია და ზღვარი იყო მასთან საჭირო. როგორც მე ამერ-დამერია ცხოვრება, მასაც ხომ არ ავურევდი ასე? ყოფილიყო თავის ცოლ-შვილში ბედნიერი და მე... მე ამასაც გადავიტანდი როგორმე. საღამოს იმედი მქონდა, რომ დათა მოვიდოდა მინდიასთან და მღელვარე მოლოდინით გაუაზრებლად გავყურებდი ჭიშკარს, მაგრამ სულ ტყუილად, დათა არ გამოჩენილა. გონებით მომწონდა კიდეც რომ ასე მოხდა, მაგრამ ჩემი გული ჩუმად კვნესოდა. თუმცა, რაც დავიმსახურე იმას ვიღებდი. მეორე დღეს კი დედაჩემი ჩამოვიდა თბილისიდან. ბინის ფოტოები მაჩვენა. მშვენიერი სამოთახიანი ბინა შეურჩევია. მართალია, გარე უბანში იყო, მაგრამ მაინც კარგ და მშვიდ ადგილას. ჩემი ჩასვლა იყო საჭირო, რათა ჩემს სახელზე გაეფორმებინა. თან, ავეჯის შერჩევა უნდოდა. ყველაფერი ჩემი გემოვნებით უნდოდა რომ მომეწყო. ისევ მიწევდა საბას ტასოსთან დატოვება. რამდენი ხნით მომიწევდა თბილისში ყოფნა, ნამდვილად არ ვიცოდი. არ მინდოდა ჩემი შვილიც აქეთ-იქით მეწანწალებინა. ხო და სერიოზულად დაველაპარაკე. ისე კაცურად მისმენდა, გულში მეღიმებოდა კიდეც. ადვილად დამთანხმდა, ისევ მის მიტოვებას რომ არ ვაპირებდი და ჩვენი სახლის საყიდლად მივდიოდი, გამიშვა. ერთი კვირა მომიწია თბილისში ყურყუტი. ბინა ვიყიდეთ, ავეჯიც შევარჩიე და მივიტანეთ. მთლად ბოლომდე ვერ მოვეწყეთ, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა უკვე იქ ცხოვრება და მერე და მერე კი ნელ-ნელა მივხედავდით დანარჩენს. ჩემს საქმეებს რომ მოვრჩი, ისევ ხევსურეთში დავბრუნდი. ის ღამე იქ დავრჩი და მეორე დღეს მინდიამ და დათამ ჩამომიყვანეს თბილისში დათას მანქანით, საბას ბარგი ქონდა და რატო უნდა იწვალოვო. ბინა მომიწონეს, ყავაც დავალევინე და მალევე წავიდნენ. საბას ძალიან მოეწონა ახალი სახლი, საკუთარი ოთახიც, თუმცა ღამ-ღამობით ეშინოდა, მარტო ვერ იძინებდა. თან, გიორგი და დეიდა ენატრებოდა და ამიტომ ჩემს გვერდით იწვა. დედაჩემმა სამსახური იშოვა და ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მზარეულის დამხმარეთ დაიწყო მუშაობა. მართალია ხელფასი დიდი ვერაფერი ქონდა, მაგრამ ემიგრანტობიდან წამოღებულ თანხას რომ ბევრს არ ვაკლებდით და სხვა შემოსავალიც გვქონდა, ეგეც კარგი იყო. საერთოდ, ფულს აზრიანად და გათვლებით უყვარს ხარჯვა. თუ კი ერთ დღეში დავხარჯავდით იმას, რასაც მთელი თვის განმავლობაში გამოიმუშავებდა, მთელი ცხოვრება ვალებიდან ვეღარც ამოვიდოდით. ამიტომ საჭირო იყო ეკონომიაც და წინ გახედვაც. განა არ გვქონდა ფული, მაგრამ შორსმჭვრეტელი დედაჩემი ყოველთვის წინ იყურებოდა. იმდენი მეჩიჩინა, სასწავლებელში აღმადგენინა თავი და დარჩენილი ერთი წლის დახურვაც დიდი სიამოვნებით დავისახე მიზნად. საბა ბაღში მივიყვანე და მართლაც გავაგრძელე სწავლა მეტი მონდომებით და უფრო მეტი შემართებით. ასე ვთქვათ, შვეიცარიული საათივით ავიწყე ცხოვრება: მე ვსწავლობდი, დედაჩემი მუშაობდა და საბაც ბაღში დადიოდა. ერთხელ, ქუჩაში შემთხვევით მიშოს გადავაწყდი. ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. თვითონაც რომ გადამეხვია სიხარულით, ლამის დამახრჩო. _ჩემი ლამაზი დაიკო._მკოცნიდა და მეფერებოდა._რას შვრები, როგორ ხარ? ტასომ რომ მითხრა ჩამოვიდაო, არ დავუჯერე. სულ ჩამოხვედი ესე იგი? პატარა ვაჟკაცი როგორ გყავს? _ახლა მივდივარ ზუსტად ბაღში მის გამოსაყვანად. თუ არ გეჩქარება, წამოდი, მერე ჩვენთან ავიდეთ, რამდენი ხანია აღარ გვილაპარაკია ერთად... ვიკა როგორ არის? _უჰ, ნუღარ მკითხავ, შემაწუხა ძალიან._გაეღიმა._იანვარში მარწყვი უნდა და ზაფხულში კიდე თოვლი. _რაა?_გამიკვირდა. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. უფრო გაეცინა. _შემჭამა მისმა ორსულობამ. ხან ისეთ ჭკუაზე მაყენებს, კარი გავუღო და გავუშვა საიდანაც მოსულა._გულიანად გადაიხარხარა. _ესე იგი, დაინიშნე?_გამიხარდა. _ხო. დეიდას და მარიას ხსენება არ მინდოდა, მაგრამ ძალიან კი მაინტერისებდა როგორ შეეგუა მარია "მუდო" რძალს, როგორც თვითონ ეძახდა ვიკას. ალბათ, მიშო მიმიხვდა და ცოტა წყენით დააყოლა. _თბილისში წამოვედით. ქირით ვართ, აქ ვმუშაობ. რძალ-მული ვერ უგებენ ერთმანეთს. დიდად არც დედაჩემს მოსწონს ჩემი არჩევანი და ყოველდღე ჩხუბს გამორიდება ვარჩიეთ. _ძალიან კარგი. ჭკვიანურად მოქცეულხართ._წელზე მოვხვიე ხელი და ისე განვაგრძეთ გზა._ბიჭს ელოდებით თუ გოგოს? თუ ჯერ არ იცით? _ვიკამ კი იცის, მაგრამ არ მეუბნება, მტანჯავს, სანამ არ დაიბადება ვერ გაიგებო._ღიმილით ამოიოხრა._მთავარია ბავშვია და მგელი არ არ არის, რომ შემჭამოს... მის ამ მოსწრებულ ხუმრობაზე გულიანად გადავიკისკისე. _ისე, სიმართლე რომ გითხრა, ცოტა კი მეწყინება პირველი ბიჭი თუ არ იქნება... _სუფთა ტიპიური ქართველი ქმარი ხარ._ბეჭებზე სიყვარულით მოვუთათუნე ხელი._მთავარია ჯანმრთელი იყოს და რას დაეძებ ბიჭი იქნება თუ გოგო? პირველ ჯერზე არ იქნება ბიჭი, მეორე ჯერზე იქნება... _თუ მეორეც არ იყო?_გაეცინა. _თქვენ რა, ბებრები ხართ უკვე და ხელი ჩაგიქნევიათ თუ რაშია შენი საქმე? გულიანად გადაიხარხარა. საბა ბაღიდან რომ გამოვიყვანე, მიშოს მოჰკრა თუ არა თვალი, ჯერ დაიმორცხვა, მერე კი მივიდა და კაცურად ჩამოართვა ხელი. _როგორ ხარ ვაჟკაც? აბა, გასწავლა დათამ ცხენით ჯირითი? დათას ხსენებაზე გული შემიქანდა. _ხო, მე და გიორგი ორივე ერთად დაგვსხა თავის ჰერაზე და იცი რა კარგად ვიჭენავეთ? გიოს ცოტა ეშინოდა, მე არა. _შენ რა ყოჩაღი ბიჭი ხარ._ქოჩორი მოუჩეჩა მიშომ._მე რომ შეგპირდი ლეკვს, ხომ არ დაგვიწყნია. _მე არა._ისე შეხედა საბამ მიშოს, აშკარად აგრძნობინა, მე არა, მაგრამ შენ კი დაგავიწყდაო. _თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს?_ცოტა გამიკვირდა. _სკაიპიდან._გაეცინა მიშოს._ტასოს რომ ვურეკავდი ეს ვაჟკაცებიც ხშირად მელაპარაკებოდნენ. ხო და დავმეგობრდით. _ლეკვი როდის უნდა მომიყვანო?_დაინტერესდა საბა._აქ ვერ მეყოლება ოთახში, მაგრამ გიოს უნდა ჩავუყვანო. როცა ჩავალ იქ ვეთამაშები ხოლმე. _როცა სოფელში ჩავალ, აუცილებლად წამოგიყვან, გაიზარდა უკვე და თავის საჭმელსაც კარგად ჭამს და დედა აღარ უნდაო. საბა გახარებული გაიქცა ოდნავ წინ. _არ გადამრიო ახლა, რა ლეკვი? ლეკვი მინდა მე?_ცოტა გავუბრაზდი. _შენ არ გინდა, საბას უნდა._გამიღიმა._ნიკა რომ წავიდა თავისი ბუჩი მე დამიტოვა მოსავლელად. მე კი თბილისში რომ წამოვედი, ვეღარ მივაქციე ყურადღება, ქუჩაში გამოსულა და მანქანას გაუტანია. მანამდე კი ჩვენს ლუსისთან უმაიმუნია და ახლა ლეკვები ყავს. ერთი ლეკვი ბუჩის გავს ძალიან და მენანება იქ დასატოვებლად. მინდა კარგი პატრონი ყავდეს. ცოდოა, დედაჩემი და ჩემი და არ მაქცევენ ყურადღებას. მინდიას უნდა, მოეწონა, იმას უნდა წავუყვანო. ჯერ შენ ვაჟკაცს მოვუყვან რომ არ ეწყინოს და არ გამიბრაზდეს. მინდიას კი თქვენ ჩაუყვანეთ. ნიკას ხსენებამ ჩემი წარსული გამახსენა და ამაფორიაქა. რომ ვთქვა, მიყვარდა და იმიტომ ავფორიაქდი-მეთქი, მოვიტყუები. უბრალოდ, ის დრო გამახსენდა, მასთან ერთად მშვენივრად რომ ვატარებდი დროს. ბუჩიც გამახსენდა და ძალიან დამენანა. _კარგი, მე უნდა წავიდე, თორემ ვიკა გამიგიჟდება, რატო დაიგვიანეო._ეშმაკურად გაეცინა, ვითომ ასე ძალიან ეშინოდა ცოლის._შენი ნომერი ჩამაწერინე, დაგირეკავ და შევხვდეთ. ვიკასაც გაუხარდება შენი ნახვა. ნომერი რომ ჩავაწერინე, შუბლზე მაკოცა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. ისევ ისეთი ხუმარა და საყვარელი იყო, არც წლების მატება ცვლიდა და არც ცოლის მოყვანა. შვილის ყოლა თუ დაასერიოზულებდა ცოტას. კარგა ხანს ვუყურე ღიმილით, სანამ მოსახვევში არ გაუჩინარდა. მერე საბას დავუძახე და ბავშვთა გასართობ ცენტრში შევთავაზე წაყვანა. გაუხარდა ძალიან და ხელიხელჩაკიდებულები გავუყევით გზას. კარგად მოილხინა და გაერთო. მასთან ერთად მეც. საღამოს კი კმაყოფილები დავბრუნდით სახლში. დედაჩემი რომ მოვიდა, მაშინვე მას ჩამოეკიდა კისერზე. _ბე, იცი დღეს მიშო ძია ვნახე? იცი რა კარგი ლეკვი უნდა ჩამომიყვანოს? დედაჩემმა კი გაუღიმა, მაგრამ მე გადმომხედა გაოცებულმა. _ჩვენ აქ ხომ ვერ გვეყოლება არა? ამიტომ გიოს უნდა ჩავუყვანო. იცი, მე და გიომ პატარა ქოხი მოვუწყეთ იქ რომ ვიყავი, წვიმაში არ დასველდება და არ შესცივდება. ისეთი გაოცებით გვიყურებდა დედაჩემი რიგრიგობით ხან მე და ხან საბას, რომ ღიმილი ვეღარ დავმალე. _დობერმანის ლეკვს შეჰპირებია სანამ ხევსურეთში იყო ჩვენი ვაჟკაცი. ახლა კი თბილისში რომ ვერ გვეყოლება, გიორგის ჩავუყვანთ და ის შეუნახავს. როცა იქ ჩავა მაშინ ეთამაშება ხოლმე._დავამშვიდე._მიშოც დანიშნულა და თბილისში ცხოვრობენ ქირით. ბავშვსაც ელოდებიან. _მართლა?_გაუხარდა._ალალი და კარგი ბიჭია და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ერთი დღე თავისუფალი რომ მექნება, მივიდეთ სანახავად. მაგას არაფერი დაუშავებია და რატო უნდა დავკარგოთ ერთმანეთი? ის აზრი, რომ ვიკას სანახავად უნდა მივსულიყავით, მომეწონა, თან გამიხარდა. დედაჩემი მართალი იყო, რატო უნდა დაგვეკარგა ერთმანეთი?... _ერთი იდეა დამებადა და რა ვიცი, შენ რა აზრის იქნები?_ვახშმობას რომ მოვრჩით და საბამ დაიძინა, დედაჩემმა შეფარვით წამოიწყო. _რა იდეა?_გამიკვირდა._სანამ არ მეტყვი, ვერ გავიგებთ რა აზრის ვიქნები. _არ გინდა, მართვის კურსებზე ჩაეწერო, მართვის მოწმობაც აიღო და ერთი პატარა მანქანა ჩვენც ვიყიდოთ. აი, ისეთი, ადვილად რომ დაიმორჩილო და კარგად მართო? საბას ბაღი ახლოს აქვს, მაგრამ სკოლა? მერე სკოლაში შენ მოგიწევს ტარება. თან, ტასოსთანაც ხშირად ვივლით როცა მოგვინდება... _მანქანა?_გამიკვირდა და ამავე დროს გამიხარდა._კარგი აზრია, მაგრამ შევძლებ მართვას? _თუ შიშით მიუდგები მაგ ამბავს, ვერც ვერასდროს შეძლებ. იმიტომ გეუბნები, თეორიაც და პრაქტიკაც ისწავლე და ასე, ოთხიათას ლარამდე შევარჩიოთ რამე ეკონომიური, რას იტყვი? _რა უნდა ვთქვა?_მის გვერდით ჩამოვჯექი და მივეხუტე._საუკეთესო დედიკო მყავხარ. ჩავეწერები მართვის კურსებზე და ვნახოთ რა გამოვა ამ ამბიდან._მერე ტელეფონი მოვიმარჯვე და ავტომობილების შერჩევა დავიწყე. ნისან მარჩი კარგი ვარიანტი იყო ჩემთვის, პატარა, მორჩილი და კოხტა. თანაც, ეკონომიური. ათას ხუთას დოლარში კი ვიყიდიდი რამეს. ხო და მიზნათ დავისახე მართლაც მართვის შესწავლა და მართვის მოწმობის აღებაც. ვერ ვიტყვი რომ ნიჭიერი მოსწავლე გამოვდექი, მაგრამ მონდომებამ და მიზანდასახულობამ თავისი ქნა და ორ თვე ნახევარში მართვის მოწმობაც ავიღე და ვერცხლისფერი ოთხკარიანი ნისან მარჩიც ვიყიდე. მართალია, თავიდან მეშინოდა ქალაქის ქუჩებში მარტოს გასვლა მანქანით და ხშირად მიშო დამყვებოდა, მაგრამ შიშიც მალევე დავძლიე. ვიკას მუცელი რომ ასტკივდა, იმდენი შემეძლო უკვე, რომ მე გავაქანე სამშობიაროში. მართალია ცალკე ვიკას კივილი მაშფოთებდა, ცალკე ქალაქის ქუჩებში მოძრაობა და ცალკე ჩემი სისწრაფე. (ასეთი სისწრაფით პირველად ვმოძრაობდი.) მაგრამ მაინც უსაფრთხოდ და მშვიდობით მივაღწიეთ სამშობიარომდე. ყველაზე გასაოცარი და გასახარი კი ის იყო, რომ ვიკა ტყუპზე იყო ორსულად და ჯერ გოგო და თხუთმეტი წუთის შემდეგ კი ბიჭიც გააჩინა. გაოცებული და გახარებული ახალგაზრდა მამიკო ჭკუაზე აღარ იყო. _თურმე რას გიმალავდა საიდუმლოდ შენი ცოლი._მახარობელმა რომ გვახარა ეს ამბავი, სკამზე შევხტი და ისე ავუწიე მიშოს ყურები, თან გადავეხვიე._რა ბედნიერებაა!.. რა სასწაულია ღმერთო!... იქვე, სამშობიაროს ეზოში ავღნიშნეთ მიას და დაჩის დაბადება. დეიდა და მარია ისეთ დროს მოვიდნენ, მე და დედა წამოსვლას რომ ვაპირებდით უკვე. მაინც მოგვიწია ერთმანეთის პირისპირ შეხვედრა. მიშოს ტყუპების დაბადება მიულოცეს და ჩვენც მოგვიკითხეს. _როგორ შეცვლილხარ დაო... როგორ ხარ?_თითქოს გულწრფელი იყო, მაგრამ დეიდასთვის გულწრფელობა უცხო ხილი იყო, როგორც მარიასთვის. _როგორც მკითხულობ ისე ვარ._ცივად უთხრა დედაჩემმა, მიშოს კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე და ხელკავით გამომიყვანა სამშობიაროდან. _მე კი კარგად გკითხულობ, მაგრამ ჩემი სიკარგე ცუდად გესმით შენც და შენს შვილებსაც._კარში გამოსვლისას მაინც მომწვდა მისი სიტყვები ყურში და ავენთე. მიბრუნებას და საკადრისი პასუხის გაცემას ვაპირებდი, მაგრამ დედაჩემმა შემაჩერა. _არ ღირს მაგ შეუგნებლებთან დავის წამოწყება. მაინც ვერ გაამტყუნებ ვერაფერში და ტყუილად ნერვებს მოიშლი. მიშოც ცოდოა. რაც არ უნდა იყოს, მაინც დედამისია და მეტ-ნაკლებად უყვარს... დედაჩემი მართალი იყო, არ ღირდა ამ ბედნიერი დღის მიშოსთვის ჩაშხამება ჩვენი უაზრო კინკლაობით. პირველ რიგში მას და ვიკას ვეცი პატივი, გულში ჩავიკალი ჩემი სიბრაზე და მშვიდად გავედი გარეთ. ვიკა რომ გამოწერეს სამშობიაროდან, ისევ მე მომიწია მათი გამოყვანა. ცოტა კი მეშინოდა და ვღელავდი დედა და ტყუპები რომ მესხდნენ და ძალიან დაძაბული ვმართავდი საჭეს, მაგრამ მიშო მაგულიანებდა, შენისთანა მძღოლი მეორე არ დაიარება ამ ქვეყანაზეო. ბავშვების და ვიკას სანახავად ტასო და გიორგიც ჩამოვიდნენ შატილიდან. არ ველოდი, რადგან მე ვაპირებდი ჩასვლას და ჩამოყვანას, მაგრამ როგორც ტასომ თქვა, დათა მცხეთაში მიდიოდა და იმას გამოჰყოლიან. გიორგის და საბას შეხვედრა ხომ რაღაც სასწაული იყო. ჯერ გულიანად გადაეხვივნენ ერთმანეთს და ძლივს ავაშორეთ. მერე კი, მთლიანი სახლის კუთხე-კუნჭული დაათვალიერებინა საბამ გიორგის. თავისი ოთახიც აჩვენა. აქაური ამბებიც მოუყვა და ეზოშიც კი ჩაიყვანა და მეზობლები გააცნო. ჩემი და ტასოს ბავშვობა გამახსენდა, უერთმანეთოდ რომ ვერ ვძლებდით და ერთ საწოლში გვეძინა სანამ კარგად არ დავიზარდენით. იმ ღამეს გვიან დავბრუნდით მიშოსიდან. ბიჭებმა ერთად დაიძინეს ტკბილად. დედაჩემი თავის ოთახში არავის შეუწუხებია. მე და ტასო კი ჩემს ოთახში დავწექით. შუაღამემდე არ დაგვიძინია, ვლაპარაკობთით ჩვენს ბავშვურ სიგიჟეებზე და ათას წვრილმანზე. ბოლოს კი ისე, სხვათაშორის გამენდო, რომ ორსულად იყო და ჯერ არავისთვის ქონდა ნათქვამი. _რა?_გაოცებულმა წამოვყავი საწოლიდან თავი და ღამის სიბმელეში მის დანახვას შევეცადე, თუმცა უშედეგოდ. ისე ბნელოდა, არაფერი ჩანდა._მართლა ორსულად ხარ? _ხო._ჩურჩულით დამიდასტურა. _მინდიას არ უნდა? რატო მას არ უთხარი? _როგორ არ უნდა, მაგრამ... მეც ჯერ ახლახანს გავიგე... იქნებ ვცდები კიდეც და არ მინდა ფუჭი იმედი მივცე. სხვა დროსაც მქონია ასეთი სიტუაცია. თუმცა, ახლა უფრო დიდი ხანია... გახარებული წამოვხტი საწოლიდან, ჩამრთველი ავაჩხაკუნე და შუქი ავანთე. მინდოდა თვალებში ჩამეხედა ჩემი დისთვის და ის ბედნიერი სხივი დამენახა იქ, რომელსაც მომავალი შვილის არსებობა გააცისკროვნებდა. _რა ბედნიერებაა... პატარა ჭინჭარაული სკუპია აქ?_მუცელზე ფრთხილად მივადე ხელი. გაეღიმა. რაღაც სასწაულად მშვენიერი ღიმილი ქონდა. _თუ გოგო იქნება, ალბათ ჩემზე ბედნიერი ქალი ქვეყანაზე არავინ იქნება... თუმცა, მთავარია ჯანმრთელი იყოს და რას დავეძებ ბიჭი თუ გოგო. შვილი ხომ ღვთის საჩუქარია? გულში ჩავიხუტე და სიხარულის ცრემლებით ავტირდი. მთელი ღამე ჩახუტებულები ვიწექით და ისე გვეძინა. დილით კი ჯერ ისევ ვიწექით, რომ ვიღაც გვესტუმრა. ხალათი შემოვიცვი და კარის გასაღებად წავედი, რომ ბავშვები არ გაეღვიძებინა ზარის ხმას. მეზობელი მეგონა და თამამად გავუღე კარი. მარია იყო. ალბათ აღშფოთება და სიბრაზე ამესახა სახეზე, რადგან საცოდავად მოისაწყლა თავი. _მაპატიე რაც კი რამ დამიშავებია შენთვის ცუდი. მართლა ვნანობ. იმ მომენტში მეგონა, რომ მართალი ვიყავი და მიტომ ვიქცეოდი მასე. ახლა კი ვხვდები ჩემს დანაშაულს. ირონიული ღიმილით შევხედე. აშკარა იყო რაღაც უჭირდა და ჩემთან მოსალაქუცებლად იყო მოსული. _ვიცი, არ გჯერა ჩემი, მაგრამ გეფიცები, მართლა ვნანობ. მინდა რომ მაპატიო._თვალები აუცრემლდა. _გაპატიო?_მწარედ ჩამეცინა._შენი ეგოისტური და შურიანი საქციელით მთელი ცხოვრება შემიცვალე. თავზე დამამხე ყველაფერი. იცი, რამდენჯერ ვუცემივარ და დავუმცირებივარ შენს შერჩეულ ქმარს? იცი, რამდენი ტანჯვა და გაჭირვება გამომატარა? იცი, რამდენჯერ ჩამიქნევია ცხოვრებაზე ხელი? _ვიცი და გთხოვ, მაპატიო. გულწრფელად ვნანობ ყველაფერს. ისევ ისეთი სულელი და გულუბრყვილო ვიყავი, რადგან გული ცოტათი მაინც მომილბო მისმა ცრემლებმა. ამიტომ, კიდევ რამე სისულელე რომ არ ჩამედინა, ცხვირწინ მივუჯახუნე კარი, ზურგით მიეყრდენი და მღელვარებისგან ავკანკალდი. მე რომ ასე მაღელვებდა და მაფორიაქებდა მისი ცრემლიანი თვალების დანახვა და შემტკიოდა მასზე გული, თვითონ ნუთუ ქვა იყო, რომ მე არ ვადარდებდი არასდროს? მომეჩვენა, რომ მართლაც ნანობდა და მართლაც აწუხებდა რაღაც. შინაგანი ხმა მოსვენებას აღარ მაძლევდა ასე რომ მოვექეცი და სახლში არ შემოვუშვი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემთან მოსვლამდე თავის ეგოისტურ სიამაყეს გადააბიჯა და ისე მოვიდა საბოდიშოდ. ალბათ, რამე უჭირდა და იმიტომ... ან, იქნებ მართლა მიხვდა თავის დანაშაულს. კარგა ხანს ვიყავი კარებს აყუდებული. დედაჩემმა შემთხვევით რომ დამინახა, გაუკვირდა. _რახდება, ცუდად ხარ? _მარია იყო, ბოდიში მომიხადა, მაგრამ... არ შემოვუშვი. არ მინდა კიდევ ამირიოს ცხოვრება, თუმცა ვერ ვისვენებ. მომეჩვენა, რომ გულწრფელად ნანობდა. დედაჩემმა მხრებზე მომხვია ხელი და სამზარეულოში გამომიყვანა. _ცივი წყალი დალიე, გულზე მოგეშვება. ერთი ჭიქა წყალი მართლაც დავლიე სვენებ-სვენებით. თუმცა, გულზე მადგებოდა რატომღაც. _პატიებას მთხოვდა და მომეჩვენა, რომ გულწრფელი იყო. იქნებ მართლა შეიცვალა? _ეეჰ, შვილო, ბოროტი და გულღრძო ადამიანი არასდროს იცვლება. მხოლოდ მაშინ თამაშობს, როცა ეს აწყობს. ეს შენ გინდა რომ შეიცვალოს, არ გინდა დაჯერება მისი სიავისა, რადგან შენ თვითონ გაქვს გული სიკეთით და სიალალით სავსე. იმ უნამუსომაც იცის ეს და ამიტომაც ცდილობს შენს შეცდენას. გაუჭირდებოდა რაღაც და მიტომ მოგაკითხავდა... _იქნებ, ბებიაც ტყუის ამ ამბავში? იქნებ, ის ბინა, რომელიც მაინც არ შემერგო, მარტო ჩვენთვის არ უნდა დაეტოვებინა? ეს საშვილიშვილო მტრობაც ხომ აღარ გვექნებოდა ერთმანეთში? _ბებია არაფერში ტყუის... შენ მაშინ პატარა იქნებოდი და არ გეხსომება. მაიას მარია პირველი ქორწინებიდან ყავს. დედაჩემმა ქონების გადანაწილება რომ დააპირა, აგარაკიც გვქონდა და მაგან ის ისურვა, მაგრამ მის ქმარს ქვეყნის ვალები ქონდა და გაყიდეს. მერე, ისე მოხდა, მევალეს შემოაკვდა და მეორედ გათხოვდა. მიშო დიტოს შვილია. მაგრამ ის უფრო ჯიგარი მგონია ჩვენი, ვიდრე მაია და მარია... შეიძლება საკუთარ დაზე ასე არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ ბოღმა და ბოროტია. მეც ბევრჯერ მქონდა მისი შეცვლის იმედი, მაგრამ სულ ტყუილად, მაია არასოდეს შეიცვლება და ასევე არც მარია... _მარიას ფერი არ მომეწონა... ძალიან ავადმყოფური ფერი ქონდა. იქნებ, მართლა რამე უჭირს და მე შემიძლია რაიმე ვუშველო? ასე ხელაღებით რომ ვკარი ხელი თავი უკანასკნელი არამზადა და საშინელი ნაძირალა მგონია... _შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ ჩემო ანგელოზო, მარია რასაც იმსახურებს იმას მიიღებს... მისი ჩარევით არ მოხდა შენი ცხოვრების შეცვლა? იქნებ კიდევ რამეს გეგმავს? ნუ იქნები გულუბრყვილო, ნუ მისცემ იმის უფლებას, რომ ცოტათი დალაგებული და გამოსწორებული შენი ცხოვრება ისევ აგირიოს. სიტყვით თქმა ადვილი იყო, მაგრამ ჩემს გულში ისეთი ჯოჯოხეთი ტრიალებდა, შიგნიდან მწვავდა და მანადგურებდა. ვიცოდი, რომ კუზიანს სამარის მეტი არაფერი ასწორებდა, მაგრამ იქნებ უკვე სამარისკენ ქონდა ნაბიჯი გადადგმული და გამოსწორებას ცდილობდა? მართლა ძალიან ავადმყოფური ფერი ქონდა... ან, იქნებ მომეჩვენა კიდეც... ტასო და ბავშვები რომ ადგნენ, მთაწმინდის პარკში გავისეირნეთ. ისე გავერთე, მარიას ვიზიტი სულ გადამავიწყდა. საღამოხნისკენ მაკდონალდშიც დავსხედით. ის დღე სიხარულით და სიყვარულით გავატარეთ ერთად. მეორე დღეს კი დათამ გამოუარათ სახლში წასაყვანად. კარი მე გავუღე. ველოდი, რომ ის იქნებოდა, მაგრამ მაინც თითქოს მოულოდნელი იყო ჩემთვის მისი კარის ზღურბლთან დანახვა. _გამარჯობა._მომაჯადოებლად შემომღიმა. ისე დავიბენი, კარგა ხანს შევყურებდი გაღიმებულს და სახლში ვერც კი ვეპატიჟებოდი. საბამ რომ მოჰკრა თვალი, აღტაცებული ყვირილით მივარდა და კისერზე ჩამოეკიდა. _დათა ძია?.. როგორ მომენატრე... რატო აღარ მოდიოდი ჩვენთან?... ჰერა ხომ კარგადაა? თოვლი კიდევ არის თქვენთან?..._მაშინვე დააყარა კითხვები. ხმაურზე გიორგიც გამოვიდა შემოსასვლელში და ბედნიერი ღიმილით სახეგაბადრული დათა სახლში შემოიყვანეს. _რამხელა ვაჟკაცი გაზრდილხარ შენ._სავარძელში ჩაჯდა თუ არა დათა, საბაც მუხლზე დაისვა და ქოჩორი სიყვარულით მოუჩეჩა. _ხო, ექვსი წლისა გავხდი უკვე და მალე სკოლაშიც უნდა მივიდე. დედა შემპირდა, თუ კარგად ისწავლი სკოლაში, ორთვლიან ველოსიპედს გიყიდიო. ვიცი ტარება, რეზიკოს ველოსიპედი კარგად დამყავს... იცი, ბაღში სუხო გვყავს, იმას არ სჯერა, რომ შენი ჰერა მაგარი ცხენია. ბიძაჩემს უფრო მაგარი ყავსო, მეუბნება. შენი ჰერა ხომ ყველაზე მაგარია? დათას ისევ გაეღიმა. _ბაღიდან რომ დამითხოვენ, ისევ უნდა ჩამოვიდე თქვენთან და კიდე ვიაროთ ტყეში?.. _ვიაროთ. _მანამდე გიოს დობიც გაიზრდება კარგად და ისიც წავიყვანოთ, მგლებს შეაშინებს... დათამ შუბლზე რომ აკოცა ატიკტიკებულ საბას, ალბათ ჩემი მზერა იგრძნო და ამომხედა. მართალია წამიერად შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს, მაგრამ ეს წამებიც საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომ ისევ ვუყვარდი. მეც მიყვარდა. ალბათ, ჩემზე ბედნიერი ქალი დედამიწის ზურგზე არავინ იქნებოდა, მე თუ დათას ცოლი ვიქნებოდი, მაგრამ... _ასე ადრე არ გელოდით დათა, ცოტა ლოდინი მოგიწევს სანამ გავემზადებით._მოუბიდიშა ტასომ._მანამდე ჩემი დაიკო ყავას შემოგთავაზებთ._თან მე გადმომხედა ეშმაკური ღიმილით, რატომ არ უმასპინძლდები სტუმარსო. _არ არის საჭირო, ნუ შეწუხდები._მორცხვი ღიმილით შემომხედა დათამ. _ეს რა შეწუხებაა?_ჩემს მაგივრად გაიოცა ტასომ და რომ იტყვიან ძალით გამაგდო სამზარეულოში._რამე მაინც შესთავაზე, ვერ ხედავ როგორი თვალებით გიყურებს? _რატო მოატყუე რომ მზად არ ხართ?_გამიკვირდა. _აბა, ისე ვერ ბედავს შენთან დალაპარაკებას და... _ჩემთან დალაპარაკებას?_მექანიკურად გავიმეორე. _ხო. არ თქვა ახლა, რომ მის გულის ნადებს ვერ ხვდები, ან შენც იგივე გრძნობით არ პასუხობ?_ეშმაკურად მოჭუტა თავისი ლამაზი თვალები._მთელ შატილში მაგისი ვაჟკაცობის ამბებია მოდებული. მამაცი და უშიშარია, შენს წინ კი თოთო ბავშვივით დაუცველია... ცოტა ჩვენც თუ არ შევუჩიჩინეთ, მგონი არც არის არაფრის მთქმელი... _მერე, მაგის ოჯახი და დედ-მამა?_გამიკვირდა. _ბიჭი შენს იქით ქალებს ვეღარ ხედავს... _ნუ სულელობ რაღაცას._მაუბუქად გავუწყერი, თუმცა მესიამოვნა ტასოს ნათქვამი და ამაფორიაქა. გამოდის, ისევ დასანიშნი ყოფილა, მაგრამ დედამისს რომ მართლა არ მოსწონს ჩემი კანდიდატურა? _დროზე ახლა, დაადგი ყავა, ილოდება ბიჭი. მინდა გითხრა, რომ ტკბილი უყვარს._მხიარულად ჩამიკრა თვალი და ჩემს საძინებელში გაუჩინარდა. სანამ მე ყავას ვადუღებდი, მესმოდა ბიჭებთან როგორ ლაპარაკობდა დათა. მერე კი ლანგრით ხელში რომ გავედი, ტასომ ორივე გაიხმო საძინებელში, ვითომ საქმე ქონდა და პირისპირ დაგვტოვა მე და დათა. მე ხომ ვღელავდი და ვღელავდი, ის ჩემზე უარესად. მისი მზერა მაფრთხობდა. არც თვითონ იყო მშვიდად. ერთმანეთისთვის ვერაფრის თქმაც ვერ მოგვეხერხებინა. მე უაზროდ ვაწვალებდი კანფეტის ფოჩებს, დათას კი თავისი ვაჟკაცური და ძლიერი ხელები სად წაეღო არ იცოდა. რამდენჯერმე მისი მზერა დავიჭირე და ისე ავფორიაქდი, ყავაც კი გადამცდა სასულეში და ხველა ამიტყდა. სულელურ მდგომარეობაში რომ აღმოვჩნდი, უარესად გავწითლდი. შეშფოთებულმა დათამ კი წამოიწია, მაგრამ მალევე რომ გადამიარა, ისევ დაჯდა. _ზუსტად ისეთია, როგორიც მიყვარს._ძლივს გაბედა რაღაცის თქმა და მომიწონა ნახელავი. უარესად ავღელდი. _ტასომ გამაფრთხილა, რომ ასეთი გიყვარდა._როგორღაც შევძელი და ვაღიარე. _ერთი ტასოს მოდუღებული ყავა მიყვარს და ახლა შენიც დაემატა._ისევ შემომღიმა._როგორც გავიგე ისევ სწავლობ, კარგია... _დედაჩემის დამსახურებაა, თორემ მე მართლა ვერ შევძლებდი მაგდენს. _ზოგს მაგაზე უარესები უხდება, მაგრამ მაინც ახერხებენ ცხოვრების გაგრძელებას... ისევ დუმილი ჩამოწვა. ისეთი სიყვარულით მომჩერებოდა, თვალს ვერ ვუსწორებდი. _იცი, მე აზრი არ შემიცვლია..._თითქოს ჩურჩულით მითხრა. გაოცებულმა რომ შევხედე გული უარესად ამიფორიაქა მისმა მზერამ. _ძალიან მინდა ჩემი ცოლი გახდე...ვცადოთ მაინც რა გამოგვივა. ვიცი, შენთვის რთული იქნება ახლა ვინმეს ნდობა... მართალია, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არასდროს დაგაძალებ არაფერს და მითუმეტეს, არ მოგიტაცებ. ნაძალადევი არაფერი მინდა... არც დაგაჩქარებ, ლოდინი შემიძლია._გაეღიმა._მართლა გულით მინდა ჩემი იყო. საბაზე საკუთარი შვილივით ვიზრუნებ... მეც ძალიან მინდოდა მისი ცოლობა, მაგრამ... _გათხოვებას არ ვაპირებ... _მესმის შენი, ყველა კაცი შენი ქმრის ნაირი გგონია უკვე. არ დაგიწყებ იმის მტკიცებას, რომ კარგი ვარ, მაგრამ ყველანაირად შევეცდები შენს გაბედნიერებას. მივხვდი, რომ ძალიან უჭირდა ჩემთან ასე გულახდილად და თამამად საუბარი. ჩემი სასტიკი უარით კი უარესად დავაფრთხობდი და ვატკენდი გულს. განა მეც არ ვგრძნობდი იგივეს და არ მინდოდა მისი ცოლობა, მაგრამ მშობლები? ჩემს გამო დაუპირისპირდებოდა თავის ახლობლებს? თუმცა, ალბათ შეეძლო დაპირისპირება, რადგან ჩემთან უნდოდა ყოფნა. მიშომაც ხომ მიატოვა მშობლები და საყვარელი ქალის გვერდით ბედნიერად ცხოვრობენ ახლა გვერდით? მაგრამ რომ არაფერი გამოგვივიდეს და ტყუილად ნათესავები და ახლობლებიც შეიმდუროს? პირში თუ არა, ზურგს უკან მაინც ხომ დასცინებდნენ, სხვისი ნათრევი ქალი დაისვა სახლშიო? ამის გამო ვიხევდი უკან, თორემ დათა რომ მიყვარდა, ამას აღარ უნდოდა ბევრი ლაპარაკი. პასუხი რომ ვერაფერი დავუბრუნე, უსიტყვოდ ადგა და ჩემს გვერდით დივანზე მორიდებით ჩამოჯდა. გული გამიჩერდა. ერთი კი შევხედე ანთებულ თვალებში, მაგრამ ვერ გავუძელი მის მზერას და მუხლებზე დაწყობილ ჩემს აცახცახებულ ხელებს დავხედე. ფრთხილად მომკიდა ხელზე ხელი და თავის მუჭში მოიმწყვდია. სუნთქვაშეკრულმა შევხედე. _არ იფიქრო, რომ გაძალებ. არ მინდა დაუფიქრებლად დამთანხმდე. თუმცა, ისიც მეწყინება, ძალიან თუ გააჭიანურებ. მიყვარხარ და ძალიან მინდა ჩემი ცოლი გახდე... _მერე, შენები რას იტყვიან?_გაუბედავად წამოვაყრანტალე. არ კი მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მაინც წამომცდა. _ჩემები რას იტყვიან? ეგ რატო გადარდებს?_გაუკვირდა. _ჩემისთანა ქალი უნდათ რძლად?_ამოვილუღლუღე. _თვითონ შენ რა გინდა რატო მაგაზე არ ფიქრობ?.._წყენა გაურია ხმაში._ხომ შეიძლება, სხვაზე არ იფიქრო და შენს სურვილებზეც იფიქრო?_ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ისე ნაზად მაკოცა, ლამის გული ამომვარდა._პირველ ქორწინებაში თუ არ გაგიმართლა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კაცი შენი ყოფილი ქმრის მსგავსია. შენი შვილი საკუთარივით მეყვარება, გეფიცები. ჩემები უკვე შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ მე შენ მიყვარხარ და შენს გარდა არავინ მინდა... წამოდგომა დავაპირე, რადგან ძალიან ახლოს იყო ჩემთან და თავბრუს მახვევდა მისი სიახლოვე. არ შევუჩერებივარ. წამოვდექი კიდეც, მაგრამ ხელი არ გაუშვია. ერთხანს ქვემოდან მომჩერებოდა. მერე კი თვითონაც ნელ-ნელა წამოიმართა ჩემს წინ და ახლა მე ავხედე გულაჩქარებულმა. _გამიშვი._საცოდავი ხმით ვთხოვე. დიდხანს არ ვულოდინებივარ, უმალ გამიშვა ხელი, თან გზა დამითმო, რომ გავსულიყავი. მის სიახლოვეს მართლაც მიჭირდა სუნთქვა. უკანმოუხედავად გამოვედი იქიდან და სამზარეულოში შევედი. ისევ ვუყვარდი. ისევ უნდოდა ჩემთან ყოფნა. მეც ეს მინდოდა ყველაზე მეტად, მაგრამ რატომღაც გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა. ყველაზე მეტად ის არ მინდოდა, რომ ჩემს გამო ნათესავებისგან ყოფილიყო უარყოფილი. საამისოდ არ მემეტებოდა. საეჭვო სიჩუმე რომ ჩამოვარდა, ტასო მიხვდა ალბათ რაშიც იყო საქმე და ოთახში მარტო დარჩენილ დათას გამოაკითხა. ცოტა ხანს კიდევ დარჩნენ, ილაპარაკეს და მერე კი წასვლაც დააპირეს. საბამ მანქანამდე ჩააცილათ. მეც ჩავყევი. ყველანაირად ვცდილობდი დათასთვის არ შემეხედა თვალებში, მაგრამ საბარგულში გიოს ბარგის ჩალაგებისას ერთმანეთს რომ შევეჯახეთ, გამეღიმა. დათას რომ შევხედე, ისიც მიღიმოდა. თან, ისეთი თვალებით მიმზერდა, სულში ატანდა მისი ეს მზერა. მერე ისე, რომ ტასოს არ გაეგო, ჩურჩულით მითხრა. _იფიქრე რაც გითხარი. სამ დღეში ჩამოგაკითხავ და პასუხი მითხარი. ოდნავშესამჩნევლად დავუქნიე თავი. რომ წავიდნენ, თითქოს ჩემი გულიც თან გაიყოლა. უდავო იყო, რომ მეც მიყვარდა. თანაც ძალიან. მთელი სამი დღე არც დღე მეძინა და არც ღამე. გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა. მეშინოდა. ვიცოდი, ჩემს თანხმობას რა პრობლემებიც მოყვებოდა მის ცხოვრებაში და ვერ ვყალიბდებოდი. გულს მასთან ყოფნა უნდოდა, გონება კი წინააღმდეგი იყო. საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ვერ მივიღე. იმ დღეს კი, როცა დათას უნდა შევხვედროდი, დილიდან ვწრიალებდი და გულაფორიაქებული წინ და უკან დავდიოდი ოთახებში. დედაჩემის თვალს არ გამოჰპარვია ჩემი ცვლილებები. როგორ აღარ მომიდგა, მაგრამ არაფერი ვუთხარი. ან როგორ მეთქვა, საქმრო გამომიჩნდა და გათხოვებას ვაპირებ-მეთქი? დედაჩემმა კი ჩათვალა, რომ ისევ მარიას გამო ვწუხდი და ცოტა მეჩხუბა კიდეც, შეეშვი სულელურ ფიქრებს და ნორმალურად იაზროვნეო. შუადღემდე ველოდე დათას. მერე ჩემს თავზე მომეშალა ნერვები, ასე მოუთმენლად რომ ველოდი კაცს. საბა დედაჩემს დავუტოვე და კიბეზე კისრისტეხით დავეშვი. რა მინდოდა მეც არ ვიცოდი. ბოლო საფეხურიც რომ ჩავირბინე, დათაც შემოვიდა სადარბაზოში და გამეტებით შევასკდი. წავბარბაცდი. რომ არ წავქცეულიყავი, ინსტიქტურად მომხვია მკლავები მისი ნახვა ისე გამიხარდა, თვითნებურად გამეღიმა. ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ მაინც ვერ დავმალე ბედნიერების ემოციის დამალვა. _ასე თავპირისმტვრევით ჩემს სანახავად მორბოდი?_მასაც გაეღიმა. _არა... არც კი ვიცოდი რომ მოდიოდი._ძლივს ამოვილუღლუღე. მისი ძლიერი მკლავების შემოხვევა ისე მესიამოვნა, წინააღმდეგობა არც კი გამიწევია. უფრო მეტიც, სიამოვნებით გავიტრუნე. სულს, გულს და სხეულს ყველას ერთნაირად უნდოდა მასთან ყოფნა. მხოლოდ გონება მეწინააღმდეგებოდა და მის ჩაჩუმებასაც ვახერხებდი მგონი. _ცოტა ხომ არ გაგვევლო?_ღიმილით შემომთავაზა. ოღონდ მეზობლებს არ დავენახე და შემთხვევით დედაჩემისთვის არ მიეტანათ ამბავი და უფრო ამიტომ დავთანხმდი. რიყის პარკში გავედით. მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ. ჯერ არ ვიცოდი სად მივდიოდით. მერე კი იქ გავერთე და გული გადავაყოლე მეგა ჭადრაკსა თუ ლაბირინთებს. დათაც ღიმილით და მოთმინებით დამყვებოდა. მერე საბაგიროთი ნარიყალაზეც ავედით. _რა სიმშვენიერეა?_ზემოდან მტკვარს რომ გადმოვხედე, აღტაცება ვერ დავმალე._თბილისში დავიბადე, გავიზარდე და სიმართლე უნდა გითხრა, პირველად ვარ აქ._უფრო მომეტებულად გადავიხარე და ლამის გადავვარდი. ჩემმა მშველელმა უმალ მომხვია მკლავები. ისეთი თვალებით მიმზერდა, აშკარად კოცნა უნდოდა ჩემი. ალბათ, მეც იგივე სურვილი რომ მეწერა სახეზე, ჩემდა საბედნიეროდ გაბედა, ნელ-ნელა დაიხარა და ისეთი გრძნობით შეერთდა ჩვენი ტუჩები, ლამის გული ამომიხტა საგულედან. საერთოდ არ ვფიქრობდი არავისზე. არ მედარდებოდა ვინ გვხედავდა და ვინ არა. ბედნიერი ვიყავი დათას მკლავებში მომწყვდეული და მისი თბილი ტუჩების გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, ძალიან, ძალიან პატარა ვიყავი უზარმაზარ სამყაროში და მსუბუქად დავფარფატებდი. _მიყვარხარ._მის ყურში ჩურჩულით ნათქვამმა ჩემმა ამ სიტყვამ ვიგრძენი როგორ გაუჩერა დათას გული. მორცხვად თავდახრილს ნიკაპზე ამომდო თითები, თავი ფრთხილად ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. _შეგიძლია გაიმეორო რაც მითხარი?_თითქოს ყურებს არ დაუჯერაო და დაზუსტება უნდოდა. _თანახმა ვარ გამოგყვე ცოლად და მოგიშალო ნერვები._გამეცინა. გახარებულმა ჰაერში ამიტაცა და რამდენჯერმე შემომატრიალა. _ვერ წარმოიდგენ, როგორ გამაბედნიერე ახლა ამ სიტყვებით..._ისევ დამსვა და ისევ შემიგუბა მისმა ამაღელვებელმა კოცნამ სუნთქვა._ გპირდები, გაგაბედნიერებ და არ განანებინებ იმას, რომ მე დამიკავშირე ცხოვრება. ამას ალბათ არც არასდროს ვინანებდი. რომც არ აგვეწყო ცხოვრება და მასაც მალევე დავშორებოდი, მაინც არ ვინანებდი არაფერს. საღამოს, სახლში რომ დავბრუნდი, დედაჩემი ცოტა გამწყრალი დამხვდა. _სად იყავი? ასეთი უპასუხისმგებლო არასდროს ყოფილხარ და დავიჯერო ვერ ხვდებოდი, რომ შენზე ვნერვიულობდი? _ბოდიში, ეს აღარ განმეორდება._ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ოთახში შევედი. დედაჩემიც უკან მომყვა. _რა ხდება არ გინდა რომ მითხრა?_ეჭვით შემათვალიერა._ბედნიერებისგან გიციმციმებს თვალები. დავიჯერო ვცდები, თუ მართლა შეყვარებული ხარ? უსიტყვოდ შევღიმე. _მართლა?_გაოცებისგან გაუფართოვდა თვალები._ვინ არის? _მგონი იცნობ. დათა ქვია, მინდიას მეგობარია... _მოიცა, ეგ ის დათაა, საბა და გიორგი დღე დაღამ მასზე ლეგენდებს რომ ყვებიან?_მასაც გაეღიმა._ტასო და გიორგი რომ ჩამოიყვანა თბილისში? თავი რომ დავუქნიე, გაეცინა. _შევატყე, რომ სულ სხვა თვალით გიმზერდა... მინდა გითხრა, რომ მომეწონა ეგ ბიჭი, ზრდილობიანი და მორიდებულია... მერე, რას აპირებ? _ცოლობა მთხოვა და დავთანხმდი. _რაა?_ისე გაიოცა, შევკრთი. _ცოლობა მთხოვა და დავთანხმდი._ცოტა ნირწამხდარმა გავიმეორე._დათა მანამდეც მიყვარდა, სანამ ვალერი მომიტაცებდა. მან ყველაზე კარგად იცის ჩემი მდგომარეობა და ასეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ... მგონი მეც მაქვს ბედნიერების უფლება. ვგრძნობ, რომ ბედნიერი ვიქნები მის გვერდით. დიდხანს ვიფიქრე ამაზე... დედაჩემი რომ აცრემლებული გადამეხვია და გადამკოცნა, ამას არ მოველოდი. _როგორ არა ჩემო ანგელოზო, შენც გაქვს ბედნიერების უფლება. ძალიან გამიხარდა შენი ამბავი. არ მეგონა, თუ ოდესმე გაბედავდი კიდევ ამ ნაბიჯის გადადგმას. პირადად მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ხელი არავინ შეგიშალოს ამ ბედნიერებაში. მინდა, რომ ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო. ******************** დათას მშობლები ჩემი ხელის სათხოვნელად რომ მოვიდნენ, დიდი ფიქრი არ დამიწყია, ორ თვეში სწავლას დავამთავრებდი თუ არა, დათას ცოლიც გავხდებოდი. მანამდე კი დამნიშნეს. საბამ დიდი კაცივით მომისმინა, როცა ვუთხარი, რომ გათხოვებას ვაპირებდი და დათას მივყვებოდი ცოლად. დიდად გახარებული დარჩა მეთქი, ვერ ვიტყვი. უფრო, არ ესმოდა რა საჭირო იყო გათხოვება და ქორწილი, რომლის გადახდაც დედაჩემმა დაიჟინა. თუმცა, იმედი მქონდა, რომ ჩემი პატარა ვაჟკაცი ადვილად შეეგუებოდა ყველაფერს. დათა ხშირად მაკითხავდა ლექციების მერე და თექვსმეტი წლის შეყვარებულებივით პაემანზე გულანთებულები დავდიოდით. რომანტიკულად ვატარებდით დროს. თუმცა, ჩვენს შორის კოცნისა და ჩახუტების მეტი არაფერი ყოფილა. მე თავს ვიკავებდი, დათა კი არ მაძალებდა არაფერს. მართლაც რომ არაჩვეულებრივი ვაჟკაცი იყო. იმ ორმა თვემაც ისე სწრაფად გაირბინა, ვერც კი გავიგე. სტუდენტობაც გამოვცადე და შეყვარებულობის პერიოდიც. ბაკალავრიატი დავამთავრე, მაგისტრატურაზე და დოქტორანტურაზე უარი ვთქვი და ქორწილისთვის დავიწყე მზადება. საქორწინო კაბების კატალოგებს ვათვალიერებდი. მინდოდა ძალიან ლამაზი, მაგრამ სადა კაბა შემერჩია. თეთრი არ მინდოდა, რადგან განათხოვარი და შვილიანი ქალი რომ ვიყავი, ასე ვფიქრობდი, რომ თეთრი არ შემეფერებოდა. თეთრს თავისი სიმბოლური დატვირთვა ქონდა ჩემთვის. თეთრი ხომ სისპეტაკის და სიწმინდის ნიშანი იყო და მინდოდა თეთრი საქორწინო კაბისთვის პატივი მეცა. ღია ირისისფერი კაბა შევიკერე ქართული მოტივებით ინსპირირებული. არც ზედმეტად გულამოღებული ან ღრმა ჭრილებით მინდოდა. სადა და მოკრძალებული, თუმცა ისეთი მშვენიერი კაბა გამოვიდა, მოზომვაზე რომ მივედი და ტასომ დამინახა, გადაირია. _ასე მგონია, თამარ მეფე დგას ჩემს წინ... არაჩვეულებრივი ხარ. მართლაც მშვენიერი არჩევანია._გადამეხვია და კარგა ხანს ვყავდი ჩახუტებული. ვგრძნობდი, რომ ტიროდა და მეც მომერია ბედნიერების ცრემლები. ქორწილამდე ერთი კვირა გვქონდა დარჩენილი, რომ შემთხვევით მარიას გადავაწყდი ქუჩაში. ავტობუსების გაჩერების ჯიხურთან იდგა. ძლივს ვიცანი. მიტკალივით თეთრი ფერი ედო და თან, აშკარად ეტყობოდა, რომ ქიმიო თერაპიის კურსს გადიოდა. ტროტუართან შევაჩერე მანქანა და გადავედი. ისე მივუახლოვდი, არ გაუგია. თავჩახრილი იდგა და ტელეფონში რაღაცას წერდა. ყურადღება არ მოუქცევია ჩემთვის. კარგა ხანს ვუყურე. წარბი-წამწამი და თმა საერთოდ არ ქონდა. პარიკი ეფარა და წარბები მიხატული ქონდა. გული მომიკვდა. _მარია?!_ხმის კანკალით შევეხმიანე. ალბათ ხმაზე მიცნო. შევატყე, რომ შეკრთა. ისეთი სევდიანი თვალებით ამომხედა, გული უარესად მომიკვდა. _მარია... როგორ ხარ? _აი ასე, როგორც მხედავ._ტუჩები აუკანკალდა სატირლად. _რა გჭირს?_ძლივს გავუბედე კითხვა. _ძუძუს კიბო._თითქოს ძალიან მშვიდად მითხრა, მაგრამ ეს სიმშვიდე რა მღელვარების ფასად უჯდებოდა, კი ვგრძნობდი. _რაა?!_თითქოს მთლიანად დავიშალე._მერე, ექიმები რას გეუბნებიან? _მწვავე ფორმაში არ გადაიზრდება და მკურნალობა შედეგს მოგვცემსო, მაგრამ... ეეჰ._ისე ამოიოხრა, ლამის გულიც თან ამოაყოლა. _დიდი ხანია?_ძლივს ამოვილუღლუღე. _ხუთი თვე იქნება, რაც დიაგნოზი დამისვეს და სრული მასტექტომია ჩამიტარდა... _რას ლაპარაკობ?_გაოცებულმა შევხედე მკერდზე. მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ მარჯვენა ძუძუ ცოტა პატარა და განსხვავებული ქონდა. აშკარად რაღაც ქონდა ლიფში ჩატენილი. _შვიდი თვე კიდევ გავქაჩავ._მწარედ ჩაეცინა._თუ ეს ერთი წელი გადავაგორე, ალბათ მართლაც საშიში არაფერია და ვიცოცხლებ._დავინახე როგორ აუწყლიანდა თვალები. ინსტიქტურად გადავეხვიე და ავტირდი. მართლა არ მინდოდა ასე დატანჯულიყო. არც სამაგიეროს გადახდა მდომებია როდისმე. მერე ხელი მოვკიდე და ჩემი მანქანისკენ წამოვიყვანე. ისე ჩავისვი, წინააღმდეგობა არ გაუწევია. _სად მკურნალობ? _მედულაში._ისე მითხრა, ჩემთვის არც კი შემოუხედია. _ახლა იქ მიდიხარ? თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. _კონსულტაციაზე? _ოპერაციის შემდგომ გადამოწმებაზე... მაშინვე ავამუშავე ძრავა და "კონსილიუმ მედულაში" წავედით. მამოგრაფიაზეც შევყევი და ექოსკოპიაზეც. შევატყე როგორ გაუხარდა. რაც არ უნდა ცუდი ყოფილიყო ჩემთვის, რა ვქნა, ასეთ სიტუაციაში მარტოს მაინც ვერ მივატოვებდი. მაინც ჩემი ჯიგარი იყო და უამრავი ბავშვური მოგონება მაკავშირებდა მასთან. აღმოჩნდა, რომ სანამ ოპერაციას გაუკეთებდნენ, მანამ ჩაუტარდა ქიმიო თერაპია. ავთვისებიანი სიმსივნე ქონდა. მეორე ძუძუზეც კი იყო უკვე მეტასტაზები წასული. მოკლეთ, უიმედო მდგომარეობა ქონდა. სხივური თერაპია დაუნიშნეს კვანძების დასაპატარავებლად და შემდეგ ოპერაცია. მიკვირდა, დეიდა რატომ არ გამოჰყვა ამ მდგომარეობაში. საერთოდ, მარტო რატო იყო წამოსული? დავიჯერო, მიშომ ან ვიკამ არ იცოდნენ არაფერი? შემეცოდა. ბოლომდე დავრჩი მასთან. მერე კი ჩემთან წამოვიყვანე სახლში. ისეთი დასუსტებული იყო, არაფრის თავი აღარ ქონდა. წინააღმდეგობა კი გამიწია, გაჩერებაზე დამტოვე, სახლში წავალო, მაგრამ ვერ გავუშვი. მან თუ არა, მე ხომ ვიცოდი რა რთული და სერიოზული მდგომარეობა ქონდა? შევატყე, როგორ გაუჭირდა მანქანიდან გადმოსვლა და როგორ აუწყლიანდა თვალები. მხრებზე მოვხვიე ხელი და ისე ავიყვანე ჩემთან. დედაჩემმა რომ დაინახა, ჯერ რისხვით აენთო თვალები, მაგრამ მალევე შეატყო ავადმყოფური იერი და გაოცებულმა გადმომხედა. თვალით ვანიშნე, რომ არაფერი ეთქვა. საბაც კი გულთბილად მიუდგა უცნობ დეიდას. ვატყობდი, რომ ძალიან ნანობდა თავის შეცდომებს და პატარა ბავშვივით ღრიალი უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა. ჩემს ქორწილში რომ დავპატიჟე, მაშინ კი წამოსცვივდა ცრემლები. ღამე ჩემთან დავტოვე და ჩემს ოთახში დავაწვინე. შუაღამეზე მისმა ჩუმმა ტირილმა გამაღვიძა. მაშინვე წამოვხტი და შუქი ავანთე. პარიკი არ ეკეთა. თმის ერთი ღერიც კი არ ქონდა თავზე. გული მომიკვდა. სხვამ თუ არა, მე ხომ მაინც ვიცოდი მედიცინიდან რა ვერაგი და სასტიკი დაავადება იყო ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნე? _რა გჭირს, გტკივა რამე?_შეშფოთებულმა ვკითხე. _გული მტკივა და სინდისი მაწუხებს..._უფრო მოუმატა ტირილს._თავი საშინელი არამზადა მგონია. მე ის ვერ გაპატიე, რომ ნიკას ხვდებოდი. არა და ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ნიკას არ მოვწონდი და არ ვუნდოდი. შენ კი, რა დიდსულოვანი ადამიანი ხარ, ცხოვრება დაგინგრიე და თავდაყირა დაგიყენე, მაგრამ მაინც შეგიძლია პატიება... ჩემი ჩადენილი ყველა დანაშაული მაპატიე, ცხოვრებამ კი არ მაპატია. დამსახურებულად ვისჯები... _კარგი, მაგაზე ნუ ფიქრობ... _როგორ არვიფიქრო? დარწმუნებული ვარ, ეს რომ არ შემმთხვეოდა, ისევ ისე გავაგრძელებდი შენს სიძულვილს და შენი ყოველი წარმატება შემშურდებოდა... დარწმუნებული ვარ ჩემმა სასიკვდილო დიაგნოზმა იმოქმედა და იმიტომ შევიცვალე... _სასიკვდილო განაჩენი სულაც არ არის. ნუ გეშინია, გამოჯანმრთელდები და კიდევ დიდხანს იცოცხლებ._მართალია მე თვითონ არ მჯეროდა ჩემი სიტყვების, მაგრამ მაინც ვცდილობდი, რომ დამაჯერებელი ვყოფილიყავი. _ეეეჰ, როგორ მინდა მეც შენსავით მჯეროდეს ჩემი გამოჯანმრთელება..._მჭიდროდ მომხვია ხელები და მწარედ აქვითინდა._გულწრფელად მინდა, რომ მეორე ქორწინებაში უზომოდ ბედნიერი იყო. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ საბა ვალერის არ გავს და შენი გენებით და შენი აღზრდით ძალიან კარგი ვაჟკაცი გაიზრდება... ამის მერე ვეღარც დავიძინე. იმის გამო მტანჯავდა სინდისი, სადღაც ორთვენახევრის წინ ცხვირწინ რომ მივუხურე კარი და არც კი მოვუსმინე. იქნებ, მაშინ ყოფილიყო რამე საშველი და ამ მდგომარეობაში აღარ აღმოჩენილიყო? მაგრამ... დილით, სანამ კარგად არ ვასაუზმე, მანამ არ წავიყვანე "ოკრიბაში". გულთბილად დავემშვიდობე და გავაცილე აგარაში. ინტერესი მკლავდა, რატომ არ დაყვებოდა ასეთ ავადმყოფს დეიდა? მას ხომ მასზე ამოსდიოდა მზე და მთვარე და ახლა ასე უპატრონოდ რატომ ყავდა? იქიდან პირდაპირ მიშოსთან გავიარე. ერთი ფეხით მივუსწარი, სამსახურში აპირებდა წასვლას. ვიკას თანდასწრებით არაფერი მითქვია. ბავშვები მადიანად ჩავპროშნე და მალევე გამოვედით მე და მიშო გარეთ. _მარია რომ ცუდად არის, იცი?_გამომცდელად ვკითხე. _მარიას ცუდად ყოფნობისა მე არ მჯერა რატომღაც. ფული კი მაინც მივეცი ოპერაციისთვის, მაგრამ არ ვიცი გაიკეთა თუ არა. ან საერთოდ, ოპერაციისთვის სჭირდებოდა?_ გულგრილად მითხრა. _იცი, ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ბევრი ბევრი ორი წელი იცოცხლოს... _რა?_გაჩერდა და გაოცებულმა შემომხედა._რა იცი? _გუშინ დილით შემთხვევით ვნახე. ძუძუს კიბო აქვს. ოპერაცია კი გაიკეთა, მაგრამ მეტასტაზები აქვს წასული. სხივური თერაპია ჩაიტარა... არ ვიცი, როგორ უძლებს ამდენ ქიმიას. იმის ნახევარი აღარ არის დარჩენილი რაც იყო... შემეცოდა._ცრემლი მომადგა თვალზე. გაოგნებული, გაოცებული და შეშფოთებული მიშო ხმას ვეღარ იღებდა. კარგა ხანს შემომყურებდა გაფართოებული თვალებით. დაჯერება უჭირდა რაც ვუთხარი. _წუხელ ჩემთან მყავდა. ამ დილით ჩავსვი მარშუტკაში და გავაცილე. მარტო იყო. დეიდა არ ყავდა გამოყოლილი და გამიკვირდა. _იმას, როგორც ვიცი, შაქარი აქვს და მხედველობა დაკარგა... _მართლა?_გამიკვირდა და თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ რაც ემიგრანტობიდან დავბრუნდით მე და დედა, ერთხელაც არ დავინტერესებულვარ მათი ამბებით. _მაგრამ მინდა გითხრა, რომ რა ძაღლიც იყო, ისევ ის ძაღლია, ოდნავადაც არ შეცვლილა. მაპატიე დეიდაშენზე ასე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ სიმართლეა და რა ვქნა? სახლში ძალიან დადარდიანებული მივედი. მართლა ძალიან მეცოდებოდა მარია. ოცდახუთი წლის გოგო მართლა ცოდო იყო ამ ვერაგი დაავადებისთვის. თან, რომ ნანობდა თავის დანაშაულებებს და აცნობიერებდა ყველაფერს, უფრო მეცოდებოდა. დეიდაც კი მეცოდებოდა, მაგრამ ის იმდენად არა, როგორც მარია. საღამოს დედაჩემისთვის მინდოდა მეთქვა დეიდის შესახებ, რომ ცუდად იყო და შაქარი ქონდა, ამის გამო კი მხედველობა დაკარგა-მეთქი, მაგრამ ვეღარ ვუთხარი, რადგან დათა მოვიდა და რესტორანში წავედით სავახშმოდ. იქიდან კი ისეთ დროს მოვედი, რომ ლუკასთან ერთად მშვიდად ეძინა და აღარ გამიღვიძებია, იქვე მივაფარე პლედი და შუბლზე ფრთხილად ვაკოცე ორივეს. დილით მოულოდნელი გადაწყვეტილებით დავადექი აგარის გზას. მინდოდა, მარია ჩამომეყვანა, ჩემთან მყოლოდა და ქორწილამდე მასზე მეზრუნა. არც ეს მითქვია დედაჩემისთვის, რადგან ვიცოდი, რომ დამიშლიდა... ნაცნობ ჭიშკართან რომ შევაჩერე მანქანა, მღელვარედ გადავედი. გარედანვე შევეხმიანე მარიას და ეზოში გაუბედავად შევედი. დეიდა ხის ქვეშ პატარა სკამზე იჯდა და ხმაურზე გამოიხედა. აშკარად შევატყე, რომ დამინახა და მიცნო კიდეც, მაგრამ გაითამაშა, ვითომ ვერ მხედავდა. _ხმაზე ვერ გიცანი, რომელი ხარ? _მარიასთან მოვედი... _თავის ოთახში იქნება. იცი სად არის მისი ოთახი?_გამომცდელად მკითხა. _მივაგნებ როგორმე. ვფიქრობდი, რომ დეიდაც ცოდო იყო, მაგრამ დავინახე, რომ სიბრმავეს იგონებდა. რატომ? საკუთარი შვილისთვის რომ არ მიეხედა ვითომ? სიძულვილის და სიბრაზის მეტი ვერაფერი ვიგრძენი ამ ქალის მიმართ. არ მითქვია ვინ ვიყავი, თუმცა არც იყო საჭირო და მაშინვე მარიას ოთახს მივაშურე. იმ საწოლზე იწვა, რომელზეც ერთ დროს მე ვიწექი ხოლმე. ოთახში შესული რომ დამინახა, გაოცებულმა შემომხედა. _ნუცა?.. აქ საიდან გაჩნდი?.. რამე მოხდა? _ისეთი არაფერი._საწოლის კიდეზე ჩამოვუჯექი._შენს წასაყვანად მოვედი. მინდა რომ ჩემს ქორწილში აუცილებლად იყო. _მართლა?_სიხარული აღებეჭდა სახეზე. თუმცა მალევე დასევდიანდა._როგორ, ასე?_პარიკი მოიძრო და ისე დამენახა. _მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ჩემი დეიდაშვილი ჩემს ქორწილში ყველაზე ლამაზი იყოს... კი არ გთხოვ, გიბრძანებ, რომ ახლავე ადგე და წამოხვიდე. შენს გარეშე აქედან ფეხს არ მოვიცვლი. _მართლა გინდა, რომ შენს ქორწილში ვიყო?_გაუკვირდა. _ყველაზე მეტად. იცოდე, ძალიან მეწყინება უარს თუ მეტყვი... _შენს პატივისცემას და პატიებას არ ვიმსახურებ... _მასე ნუ ლაპარაკობ. მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს ჩვენ ჩევენი ბნელი მხარეები. მთავარია, დანაშაულის აღიარება და ბოდიშის მოხდა შეგვეძლოს... იმ დღეს, შენ რომ ბოდიშის მოსახდელად მოხვედი და მე კი კარი ცხვირწინ მოგიჯახუნე, ვერ ვივიწყებ. ვნანობ... _ნუ ნანობ. ღირსი ვიყავი და მიტომაც მომექეცი მასე. იცი, ვალერიმ პირველად რომ მითხრა, შენი დეიდაშვილი მომწონსო, მაშინვე დამებადა ის აზრი, რომ მას მოეტაცე და ასე ჩამომეშორებინე გზიდან... _არ გვინდა წარსულის გახსენება, რაც იყო იყო. მთავარია ახლა ვიყოთ კარგად. მართლა ძალიან მინდა, რომ ჩემს ქორწილში წამოხვიდე. _მაშინაც კი, თუ გეტყვი, რომ შენი ქმრის საყვარელი ვიყავი? ეს ამბავი მართლაც მოულოდნელი იყო ჩემთვის. იმიტომ კი არა, რომ ჩემი დესპოტი ქმრისგან არ მოველოდი ამას. მარია თუ მაქამდე დაეცემოდა, ვერ წარმოვიდგენდი. _შენ რომ უარყავი და არ შეურიგდი, მე მომადგა, ახალი გეგმა შემომთავაზა. საბას გატაცება და შენი შანტაჟი უნდოდა. უარი ვუთხარი. ძალიან გაბრაზდა. ვიჩხუბეთ და ხელითაც კი შემეხო. მგონი, ის დღე იყო ჩემთვის საბედისწერო. მაშინ დამებეჟა მკერდი... ჩემზე ძალა იხმარა და იმ დღიდან მისი საყვარელი გავხდი... გაოგნებული ვუსმენდი. არც ვალერისგან და არც მარიასგან გასაკვირი არაფერი იყო, მაგრამ ეს უკვე მართლაც მეტისმეტი იყო. უფრო შემეცოდა მარია. _რაც იყო, წარსულს ჩავაბაროთ. ახლა კი ადექი და მე გამომყევი. ბევრი აღარ უყოყმანია. თავისი პირადი ნივთები ერთ პატარა ზურგჩანთაში ჩაიწყო და მართლაც გამომყვა. ეზოში დედამის ცალყბად უთხრა, რომ ისევ ექიმთან ქონდა ვიზიტი და სანამ ის რამეს ეტყოდა, რაც შეეძლო სწრაფად გამოვიდა გარეთ და მანქანაში ჩამიჯდა. გზაში რამდენჯერმე მოგვიწია გაჩერება, რადგან მარიას აღებინებდა. გულწრფელად მეცოდებოდა, მაგრამ შველა მართლაც არ შემეძლო. სახლში რომ მივიყვანე, დედაჩემს გაუკვირდა. მარიას თანდასწრებით არა, მაგრამ ფარულად მაინც მისაყვედურა. _ქორწილი კარზე მოგდგომია და შენ კიდევ ძვირფას დროს აქეთ-იქით წანწალში კარგავ? რატო არ თქვი აგარაში თუ მიდიოდი? ბოლო დროს ძალიან უპასუხისმგებლო და დაუფიქრებელი გახდი. მესმის რომ ღელავ შენს დეიდაშვილზე, მაგრამ მარტო რომ მიდიოდი იქ, იქნებ ვალერის გადაყროდი, მერე? ამაზე მართლაც არ მიფიქრია. დედაჩემის ნათქვამმა დამაფიქრა. რომ გადავყროდი ვალერის, მერე? გავუმკლავდებოდი ვითომ? _გპირდები, ასე დაუფიქრებლად აღარ მოვიქცევი. მარიას კი ზურგს ნუ შეაქცევ, ძალიან გთხოვ. ნანობს თავის დანაშაულს. თანაც, დიდი დრო აღარ დარჩენია. მინდა რომ ჩემს ქორწილში იყოს და შენ მიაქციო ყურადღება... _მაიას არ უთხარი?_დაინტერესდა. _არა და არც ვეტყვი. სიბრმავეს იგონებს, რომ თავის ავადმყოფ შვილს არ მიაქციოს ყურადღება. _რა იცი?_გაუკვირდა. _დღეს მივხვდი რომ დამინახა და მიცნო კიდეც, მაგრამ თავი არ გაამჟღავნა... მარია ხომ მისი შვილია მიშო თუ არა, რატო არ უნდა რომ ღვიძლ შვილს სათანადო ყურადღება მიაქციოს არ ვიცი. _რას ამბობ? მართლა მასე დაეცა ჩემი და?_აღშფოთდა დედაჩემი. _ხო და ძალიან მეცოდება მარია მის ხელში. ამიტომ, მინდა გთხოვო, რომ აქ გყავდეს სანამ..._მოკვდება-მეთქი ამის თქმა ვერ გავბედე. არც დედაჩემს უთქვია არაფერი. არ დამპირებია, რომ აქ ეყოლებოდა, მაგრამ მივხვდი, რომ მასაც ძალიან ეცოდებოდა დიშვილი. ქორწილის დღეს კი ჩემს მაკიაჟზე და ჩაცმულობაზე არ მიზრუნია და მიფიქრია ისე, როგორც მარიაზე. ბუნებრივი თმის პარიკი მოვუტანე. ლამაზი კაბაც ვუყიდე. მაკიაჟიც გავუკეთე და მართლაც ძალიან ლამაზი იყო. გაუხარდა. სარკეში თავის ორეულს თვალს ვერ სწყვეტდა. ცრემლების შეკავებას ძლივს ახერხებდა. _მადლობა ჩემო ანგელოზო._გადამეხვია და მაინც მაკოცა აცრემლებულმა. _ნუ ტირი, თორემ მეც ავტირდები ახლა... მაკიაჟს გავუფრთხილდეთ._გაღიმება ვცადე. _კარგი, ხო, არ ვიტირებ. თუმცა, ეს სიხარულის და ბედნიერების ცრემლებია. საბა და გიორგი მშვენიერ თეთრ ჩოხებში იყვნენ გამოწყობილები. ტასოც ძალიან ლამაზი და საყვარელი იყო ვარდისფერ მაქმანებიან კაბაში. დედაჩემი ხომ დახვეწილი და ელეგანტური იყო. არც მე ვიყავი ნაკლები ჩემს ლამაზ კაბაში. ჩემი მეჯვარე ჩემი კურსელი ნინა იყო. ისეთი გულისფანცქალით ველოდი დათას გამოჩენას, როგორც პატარაობისას დედაჩემის დაბრუნებას. როცა მოვიდა კი და ჩემთან შემოვიდა ოთახში, გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. მშვენიერი სასიძო იყო და ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ეს ვაჟკაცი დღეიდან ჩემი იყო. _მშვენიერი ხარ._ჩურჩულით მითხრა როცა გვერდით მომიდგა და ფოტოების გადაღება დავიწყეთ. მერე ჯვარი დავიწერეთ სამების საკათედრო ტაძარში და ხელი ქორწინების სახლში მოვაწერეთ. იქიდან კი რესტორანში წავედით. არაჩვეულებრივი ქორწილი გვქონდა. ისეთი, სიზმარშიც რომ არ დამესიზმრებოდა. მარიაც კი კარგად გაერთო და ცოტა ხნით მაინც დაივიწყა თავისი ავადმყოფობა. მე მის გამო მიხაროდა ლაღი და ბედნიერი რომ იყო. გვიან ღამით შატილში დავბრუნდით. დათას მკლავი ქონდა ჩემთვის მოხვეული, მე კი მის მხარზე მედო თავი და მთელი გზა თვალმინაბულმა ვიმგზავრე. ხარბად ვისუნთქავდი მის სურნელს და მისი სიახლოვით ბედნიერი ვიყავი. მანქანა პირდაპირ ეზოში შეიყვანა მძღოლმა. პირველი დათა გადავიდა, მერე მე გადამიყვანა და ხელში აყვანილი ამატარა კიბეზე. ჩვენთვის განკუთვნილი ოთახი ძალიან ლამაზად იყო მორთული. საწოლზე ვარდის ფურცლები ეყარა. ირგვლივ სურნელოვანი სათლები ენთო და სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა. _დამსვი რა._ოთახში შევედით თუ არა, ვთხოვე. დათამ საწოლამდე მიმიყვანა და იქ დამაწვინა ფრთხილად. მერე დაიხარა და ნაზად მაკოცა. ისედაც აფორიაქებულს უარესად ამიფორიაქა გული. მოულოდნელად კისერზე მოვხვიე ხელები და კოცნას კოცნითვე ვუპასუხე. _ბედნიერი ვარ შენი ცოლი რომ მქვია... მიყვარხარ საწოლიდან ფრთხილად წამომაყენა და მორიდებით დამიწყო კაბის გახდა. თან, ძალიან ნაზად მკოცნიდა. აი ისე, გულს რომ მიჩქარებდა და მიფორიაქებდა. მისი შეხება, მისი კოცნა და ალერსი უზომო ნეტარებას მანიჭებდა. ასეთი განცდა და სიამოვნება არასდროს მიგრძვნია... დილით მისმა ნაზმა კოცნამ გამაღვიძა. _ბოდიში, შენი გაღვიძება არ მინდოდა, მაგრამ ისე საყვარლად გეძინა, შენი კოცნისგან თავი ვეღარ შევიკავე. მაბედნიერებ... ისევ მოვხვიე კისერზე ხელები და ჩემსკენ მოვიზიდე. _კარგი იყო თავიდანვე ვყოფილიყავით ერთად და ეს წლები არ დაგვეკარგა... ტუჩებზე დამადო თითი და გამაჩუმა. _არც ახლაა დაგვიანებული. მთავარია რომ ერთად ვართ. მე არ ვემდური ბედს, იმიტომ რომ შენ ჩემი ბედის და ცხოვრების ნაწილი ხარ... _არც მე ვემდური ბედს. უბრალოდ, ის ვიფიქრე, რომ დრო არ დაგვეკარგა უკეთესი იქნებოდა. _არაუშავს. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. უმიზეზოდ უმნიშვნელო წვრილმანიც კი არ ხდება. მართლაც არაჩვეულებრივი იყო ჩემი დათა. ძალიან ვუყვარდი, პატივს მცემდა და ყოველთვის თვალებში შემომციცინებდა რა გამიხარდებოდა და რა მესიამოვნებოდა. დათას მშობლებიც კი პატივისცემით მეპყრობოდნენ. შეიძლება ძალიანაც არ ვუნდოდი რძლად, მაგრამ მისი შვილის გადაწყვეტილებას პატივს სცემდნენ. ერთი გადაკრული და უკმაყოფილო სიტყვაც კი არ უთქვიათ ჩემთვის. მერე და მერე კი, ალბათ მართლაც რომ ადამიანი თავისი ქცევებით აყვარებს სხვას თავს და მეც ასე მომიხდა. ჩემი დედამთილი დიდად კმაყოფილი იყო ჩემი რძლობით. მე კი უზომოდ ბედნიერი ვიყავი დათას ცოლობით. ორ კვირაში დედამ, საბამ, მარიამ და მიშომ თავისი ცოლ-შვილით რომ ჩამომაკითხეს, ძალიან გამიხარდა. მართალია, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ერთ თვეში ჩამოვიყვანდი საბას ჩემთან, მაგრამ არც დათამ მოისურვა მისი უკან გაშვება და არც მე. თვითონ საბაც კმაყოფილი დარჩა ასე მოულოდნელად შატილში დარჩენით. _სულ სხვანაირი ნუცა ხარ, თვალები ბედნიერებისგან გიბრწყინავს._სიხარულით გადამეხვია მარია და ჩურჩულით მითხრა._მართლა იმსახურებ ბედნიერებას, კარგზე კარგი გოგო ხარ. მინდა რომ მუდამ ბედნიერი იყო. მართლაც რომ ბედნიერი ვიყავი. სამი თვის მერე, კი როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი, ბედნიერების მეცხრე ცაზე ვიყავი. ის დღე არასდროს დამავიწყდება დათას რომ გავუმხილე. _მართლა?_მაშინვე ხელში ამიტაცა გახარებულმა და ჰაერში შემომატრიალა. ისეთი გახარებული და აღფრთოვანებული იყო, მეტი რომ არ შეიძლებოდა. ცივ ნიავს არ მაკარებდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რთული ორსულობა არ მქონია. ვერც კი გვრძნობდი, რომ ორსულად ვიყავი და მუცლით დათას მომავალ პრინცესას დავატარებდი. ტასო კი პირიქით, სულ თავდაყირა ეკიდა, რასაც ჭამდა, ვერაფერს ირგებდა. მინდია გიჟს გავდა უკვე, იანვრის ბოლოს კი როგორც იქნა მანაც დაისვენა და ჩემმა დამაც, გრძელთმიანი, თვალებბრიალა და რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელი მარიამი ეყოლათ. ერთადერთი რაც გულს მტკენდა ის იყო, რომ ბოლო თვეში რომ გადავედი, მარია დამძიმდა. მანამდე დედაჩემს თავისთან ყავდა და ის უვლიდა, მაგრამ მერე დეიდამ გაიგიჟა თავი და აგარაში წაიყვანა, ჩემი შვილი ჩემს გვერდით უნდა იყოსო... იმ დღეს კი, როცა მუცელი ამტკივდა და დათამ სამშობიაროში გამაქანა, მარია დაიღუპა. მის დასაფლავებაზე ვერ ვიყავი. იმდენი ვიტირე, ლამის გული შემიწუხდა. მართლა გულით განვიცადე მისი დაღუპვა. რაც არ უნდა ბოროტი და ავი ყოფილიყო, მაინც შესაცოდი იყო ასეთი მტანჯველი ავადმყოფობისა და სიკვდილისთვის. არ მწამდა და არ ვიზიარებდი იმ აზრს, რომ უფალმა დასაჯა თავისი ცოდვების გამო. ყველაზე დიდი მიმტევებელი ხომ უფალია და ის ასე არ დასჯიდა. უბრალოდ, ასე მოხდა და დაემთხვა... მე ვაპატიე ყველაფერი. სამშობიაროდან რომ გამომწერეს, ცოტა მოვმჯობინდი და მგზავრობა შევძელი, მის საფლავზე გავედით. ტასოც გამომყვა. გულდათუთქულებმა დავიტირეთ ჩვენი დეიდაშვილი. დეიდამ წლისთავი გადაუხადა თუ არა შვილს, თურქეთში ისე გაიპარა, არც არავინ იცოდა. ყველას გაუკვირდა, ავადმყოფი სად წავიდაო, მაგრამ ეს ავადმყოფობაც მისი მოგონილი იყო თურმე. წლების წინ რომ დედაჩემს აკრიტიკებდა და ჭორავდა, ახლა თვითონ იყო ემიგრანტი. დედაჩემი სამშობლოში დაბრუნდა მაინც, მაია დეიდა კი იქ დაიღუპა და ჩამოსვენებაც არ ეღირსა. დათა საბას საკუთარი შვილივით ზრდიდა და არაფერს აკლებდა. საბასაც ძალიან უყვარდა მამინაცვალი, თუმცა მამის დაძახება ვერ შეძლო და ყოველთვის სახელით მიმართავდა. ჩვენი ლილე სამი წლის იყო, რომ დათას თმაქოჩორა ნიკოლოზიც გავუჩინე. თავიდან მეგონა, რომ მთაში ცხოვრებას ვერ შევძლებდი და ცოტა მეშინოდა კიდეც, მაგრამ ოდნავადაც არ გამჭირვებია. ალბათ, საყვარელი მამაკაცის გვერდით ყველგან შეუძლია შეყვარებულ ქალს ცხოვრება. დედაჩემი ხშირად გვაკითხავდა მე და ტასოს და ფინანსურადაც გვეხმარებოდა. დიდად არც ჩვენ გვიჭირდა და არც ტასოს, მაგრამ, დედაჩემს მაინც ახარებდა ის აზრი, რომ შვილებს გვეხმარებოდა. ვცხოვრობდით ტკბილად და მშვიდად. სერიოზული ჩხუბი არასდროს გვქონია. უბრალო წაკინკლავება კი გვქონდა, თუმცა მალევე ვრიგდებოდით. ამის გარეშე ხომ უინტერესო იქნებოდა ჩვენი ერთობლივი ცხოვრება? სხვა შვილის ყოლას აღარ ვგეგმავდით, მაგრამ ისე მოხდა რომ ნიკოლოზი სკოლაში რომ მივიყვანეთ, მაშინ გავიგე რომ ორსულად ვიყავი. მისი მოშორება არც მიფიქრია, მაგრამ ვერც დათას ვუმხელდი ამ ამბავს. არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა და ვღელავდი. თუმცა, სულ ტყუილად. როცა გავბედე და შეფარვით ვუთხარი, წამიერად დაიბნა. მერე ღამის სანათი აანთო, საწოლში წამოიწია და ისე მომაშტერდა. _რა ვქნა არ ვიცი, როგორ მოვიქცე... _რა ბევრი ფიქრი მაგას უნდა? არ გინდა მრავალშვილიანი დედა იყო?_გაეღიმა. პასუხი რომ არ დავუბრუნე, ცოტა შეფიქრიანდა. _არ აპირებ გაჩენას? _როგორ არა, მაგრამ... _არავითარი მაგრამ._დაიხარა და მაკოცა._შვილებზე კარგი რა არის? მითუმეტეს შენგან? _მარტო გაჩენა ხომ არ არის, შევძლებთ სათანადოდ გაზრდასა და აღზრდას? _რატომაც არა?_გაუკვირდა._ისე გვიჭირს, რომ ოთხ შვილს ვერ მივხედოთ. შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ. ხო და არც მინერვიულია. მეოთხე შვილი ბიჭი მეყოლა. ძალიან ამაყი და ბედნიერი იყო ჩემი ქმარი სამი ვაჟკაცის მამა რომ გახდა. მართლაც რომ არაფერი გაგვჭირვებია. სათანადო აღზრდაც და განათლებაც მივეცით ჩვენს შვილებს. ხანდახან ვშიშობდი, ვალერი არ გამოჩენილიყო ოდესმე ისევ ჩემს ცხოვრებაში და არ აერ-დაერია ყველაფერი, თუმცა სულ ტყუილად, ის ვაჟბატონი იმდენ სისულელეებს სჩადიოდა ფულის გამო, რომელსაც ტოტალიზატორში აგებდა, რომ ბოლოს ციხეშიც კი აღმოჩნდა. ჩუმად იმასაც ვშიშობდი, საბა მას არ დამსგავსებოდა, მასავით უქნარა და მოძალადე არ ყოფილიყო. არ მინდოდა მამის გენებს გაეღვიძა მასში, მაგრამ დათამ ისეთი ვაჟკაცი აღზარდა, მისი ბადალი მგონი მთელს ხევსურეთში არ მოიძებნებოდა. ლილემ სკოლა რომ დაამთავრა და სასწავლებლად თბილისში გავუშვით მარიამთან ერთად, დედაჩემთან ცხოვრობდნენ. მარიამის ოცნება სტომატოლოგობა იყო, ლილემ იურიდიული არჩია და ახლა წარმატებული ადვოკატია ჩვენი გოგო. ეგ არის, მისი მოსაწონი ბიჭი ვერ შეხვდა ჯერ და გათხოვებაზე არც კი ფიქრობს. ოცდარვა წლის გოგო ბევრი მთხოვნელი კი ყავს, მაგრამ ყველას უარით ისტუმრებს. მოტაცებას კი ვერავინ უბედავს, კანონი მის ხელშიაო. სამაგიეროდ საბა დაგვენიშნა ოცი წლის ასაკში და უკვე შვილიშვილებიც გვყავს. ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს და ბარში დასახლდნენ. სამომავლოდ ისე ვატყობ არც ნიკოლოზი და გაბრიელი დარჩებიან მთაში. მე კი მინდა ვთქვა რომ მიყვარს აქ. შეიძლება მკაცრი ზამთარი და რთული ცხოვრებაა, ყველა ვერც უძლებს აქაურ პირობებს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს, ჯერ ერთი, რომ ჩემი ძვირფასი დათა ამ მთების შვილია და სხვაგან ცხოვრებას ვერ შეეგუება. მე კი მის გამო ყველაფერი მიყვარს. მეორე ის, რომ მეც ლაღი, თავისუფალი და ბედნიერი ვარ აქ. აი, ახლაც აივანზე ვდგავარ მოაჯირს მიყრდნობილი და თოვლით გაჭაღარავებულ მთებს დიდი სიყვარულით შევცქერი. არ მინდოდა საწოლში ჩემი წრიალით ტკბილად მძინარი დათა გამეღვიძებინა და ჩუმად გამოვიპარე. ცივა კი, მაგრამ მსიამოვნებს დილის ეს სიგრილე. დღეს დათას დაბადების დღეა და სამოცი წლის ხდება. საბა დილითვე ამოვა თავისი ცოლ-შვილით ვიცი და მოულოცავს მამობილს იუბილეს. მისი გიჟმაჟუნები მხიარული ჟრიამულით აიკლებენ ეზოს. ლილე და მარიამიც ჩამოვლენ თბილისიდან. ტასოს არასოდეს ავიწყდება საყვარელი სიძის დაბადების დღე და თავისი ნუგბარით გვესტუმრება. წუხელ გვიანობამდე მქონდა სამზადისი, რომ დღეს სტუმრებს გავუმასპინძლდეთ... _არ გცივა?_ისე მომიახლოვდა დათა და ისე მომხვია წელზე ხელი, ვერ გავიგე. შევკრთი. თუმცა მაინც მივუბრუნდი, ვაკოცე და ჩავეხუტე. _დაბადების დღეს გილოცავ ძვირფასო. ბედნიერი ვარ რომ დაიბადე. ძლიერად მომხვია მკლავები და უფრო მჭიდროდ ჩამიხუტა. კარგა ხანს ვიდექით ასე და ერთმანეთის გულის ფეთქვას ვუსმენდით. მერე კი, როგორც სჩვეოდა, ხელში ამიყვანა და ჩვენი ოთახისკენ გასწია. _დამსვი, ცოდო ხარ, ისევ პატარა ბიჭი ხომ არ გგონია თავი?_გამეცინა. _შენს გვერდით ყოველთვის პატარა ბიჭი ვიქნები._მასაც გაეღიმა და კიდევ ერთხელ შემიგუბა მისმა ნაზმა კოცნამ სუნთქვა. მართალია, წლებს უკვე დაეტყო ჩვენთვის თავისი კვალი, მაგრამ გული ისევ ისეთი ახალგაზრდა მქონდა და რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მიყვარდა. მართლაც რომ მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრების. წლების წინ სწორი არჩევანი გავაკეთე, დათა რომ ავირჩიე ჩემი ცხოვრების მეგზურად. კიდევ კარგი, თორემ მართლაც ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ჩემი ცხოვრება. რამდენი ერთმანეთს აცდენილი ადამიანი დაიარება ამ ქვეყნად. კიდევ კარგი ჩვენი გზები გადაიკვეთა და შევძელით ერთმანეთის პოვნა. იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, რომ შეიძლებოდა ისევ ვალერის გვერდით დავტანჯულიყავი. არ ვიცი ნიკას გვერდით როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება და არც ვფიქრობ ამაზე, რადგან მე მიყვარს ჩემი დათა და მის გვერდით მინდა ტკბილი, თბილი და სიყვარულით სავსე სიბერე ჩვენს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. (დასასრული) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.