შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახლოს (სრულად)


4-05-2021, 19:53
ავტორი Banu_N
ნანახია 5 763

ეძღვნება ყველას, ვინც სიძლიერე იპოვა
არც ონისეს გამოჩენამდე მქონია დალაგებული ცხოვრება, ამიტომ იმის გადაბრალება რაც მას არ ჩაუდენია არასწორად მიმაჩნია. არ ვაპირებ რამით დავიკვეხნო თქვენთან, თუნდაც წუთისოფლის სიავეზე, ეს ხომ ისედაც ყველამ იცის, ხან კარგია ხან კი ცუდი, უბედურებას ბედნიერება მოჰყვებაო ნათქვამია, მეც ამით ვცხოვრობდი, აქამდე, მანამდე, სანამ ონისე არ გავიცანი.
23 წლის წინ:
1998 წელი:
სვანეთის კალთებს რომ გადმოხედავ და ქარი თმებს შეგირხევს, ძვლებში გაატრებს და სისხლი წამოგენთება, მაშინ გაიბრძოლებს შენში ბარათაშვილის მერანი, თავისუფლება მოგინდება, ბუკის კვრას გააყოლებ შენ სულსა და გულს, ფიქრებში გადაეშვები და ამქვეყნიერებას მოსწყდები.
ლეზგარი არც ისეთი დიდი სოფელია ამ უზარმაზარ კლდეებში, მოკუნტულივით მოქცეულა და განაბულა, მაგრამ ამ პატარა ადგილას ვეებერთელა სიბოროტე და არაადამიანობა დაგროვილა.
-ბორენა, ბორენაა- მესმის ლელას წკრიალა ხმა, შორიდან, სადღაც შორიდან, ვხვდები რომ ახლოსაა, თავშალს ვიხვევ გრძელ, ფითქინა ყელზე და კიბეებზე ვეშვები, ფარფატით მივრბივარ უმშვენიერესს ახალთახალ გაზაფხულის აბიბინებულ მინდორზე, იმის შიშით რომ არ შევლახო მისი სისპეტაკე, სახლის კარს ვაღებ და ჩემს მეგობარს ვეგებები.
გაკვრივებული თვალებში შემომყურებს, სულს ძლივს ითქვამს და სახეზეც წვეთებათ ჩამოსდის გახურებული ოფლი.
-გაიგე? ჩამოვიდა, გაიგე მეთქი? გესმის ბორენა?-სიტყვებს შორის საკმაო პაუზას აკეთებს, უნდა გული მოითქვას და გამაგებინოს.
-ლელა, დაწყნარდი- ვუღიმი და მხარზე ხელს ვადებ. ჩემი ღიმილი სულ მთლიანად შლის ჭკუიდან და მკლავებში მწვდება, მაჯანჯღარებს და პირიქით მე მასულიერებს.
-გამოფხიზლდი ბორენა, ვიქტორი ჩამოვიდა, ვიქტორ დადეშქელიანი- თვალებში შიშის ნაპერწკალს ვხედავ და იმ წამსვე ვიაზრებ რასთან გვაქვს საქმე.
ხმას ვეღარ ვიღებ, სული მეხუთება და ხელის გულები მიოფლიანდება, მინდება სამუდამოდ გავქრე ამ სამყაროდან და მოვშორდე იმ უბედურებას რომელიც წინ მელის.
-რას ფიქრობ, რა მოხდება?- გონს მოსული ლელა უკვე წყნარად მეკითხება, მე კი არ ვიცი რა ვუპასუხო.
-გაგათხოვებენ?-ისევ ის ხლიჩავს ამ საშინელ ჩამოწოლილ დაძაბულობას და ჯერ კიდევ ჩემს მკლავებზე ჩაბღაუჯებულ ხელებს მიშვებს.
-ალბათ- თვალი გამიშტერდა ერთ ადგილას, ცხენისწყალს გავყურებ, როგორც ყოველთვის ბობოქარია, იბრძვის და არასდროს ნებდება, ნეტავ მასავით ძლიერი ვიყო, შემეძლოს ხმის ამოღება და ბედნიერებისთვის ბრძოლა. ყველას გათელვა და დამარცხება, ვისაც უნდა რომ ჭაობში ჩამათრიოს, არასდროს დავიხევდი წინ მასავით მამაცი რომ ვიყო, მაგრამ განა არსებობს მისნაირი ადამიანი?!
ფიქრებმა გამიტაცა, იმის მაგივრად რომ რამე მოვიმოქმედო, თავი გადავირჩინო, ოცნებებში დავფრინავ, ყველანი ხომ სწორედ ასეთები ვართ, ფიქრი გვიყვარს, მოქმედების მაგივრად, რაღაც ყოველთვის გვაბრკოლებს, არ ვიცით ეს შინაგანი ხმაა თუ ბრბოსგან წამოსული გამოძახილი, რომელსაც უნდა მასში ჩაგითრიოს და შენც მათნაირ ჩაკეტილ ჩარჩოებში მოგაქციოს.
ლელა თბილ ხელს მადებს თავზე, თმებზე მეფერება, ვგრძნობ მის გვერდში დგომას და თითქოს მისგან წამოსულ ნაპერწკალს, რომელსაც ვეცოდები, იზიარებს ჩემს გასაჭირსა და ტკივილს, ეს ხომ სწორედაც ნამდვილი მეგობრობაა.
დრო გადიოდა, შიში უფრო და უფრო მჭამდა, ვიაზრებდი რამდენად ახლოს იყო და ყოველ წამს დაძაბული ვატარებდი, ერთ წუთს მერჩივნა კიდეც მენახა და ეს მძიმე ტვირთიც მომეხსნა, მაგრამ თანდათან მიწის გასკდომას ვნატრობდი.
18 წლის ვიყავი როდესაც ვიქტორი სახლში მოვიდა, მამაჩემს, ამირან ჯაჭვლიანს ჩემი ხელი სთხოვა.
-დიდი მოწიწებით მინდა თქვენი ქალის ხელი გთხოვოთ, კაი ხანია მიყვარს და მინდა ცოლად წავიყვანო-მაშინაც მკაცრად შეეკრა წარბები, მრისხანე გამომეტყველება ჰქონდა, მამაჩემს შეჰყურებდა და ჩემს თავს ითხოვდა.
სწორედ მაშინ გადაწყდა ეს ამბავი, ჩვენი ვითომ და ბედნიერი სიყვარული მთელს ცხუმარს მოედო და მალევე გავხდით ჯერ არდაქორწინებული ლამაზი ოჯახი. დავინიშნეთ, მაგრამ შემდეგ ვიქტორი წავიდა, სასწავლებლად წავიდა თბილისში, ჩვენი ქორწილიც ვეღარ შედგა. ისე გაიწელა ეს წლები, ვერც კი გავიაზრე რომ უკვე სხვისი ქალი მერქვა და დრო იყო ჩემი ინტერესები და ბედნიერება ოჯახის გამო უკან გამეწია. ასე ვიცით ჩვენ, სვანების ქალები მეტად მტკიცენი ვართო ამბობენ ჩვენთან, სოფელში, მაგრამ საკვირველია, არის კი განა ეს სიძლიერე?!
.......................................................................................................................
ის საღამო მეტად უცნაურობით იყო სავსე, ვიქტორ დადეშქელიანის ჩამოსვლის მერე, რამე თუ ასე შეძრავდა და აალაპარაკებდა სოფელს ვინღა იცოდა, თუმცა გამოჩნდა, თვალები დაუბრმავა სოფლის ყველა მაცხოვრებელს და ისე გაუჩინარდა ფანგანების მოჭნუჭნულ და უკვე სიბერისგან გაცვეთილ სახლში, ხალხს მისი სილამაზის ბოლომდე აღქმის უფლება, შესაძლებლობა არც კი მისცა.
ცხენისწყლის ნაპირებიდან ვბრუნდებოდი შინ, როცა წინ დამხვდა, ვიქტორი, ისევ ისეთი მკაცი მზერით და კიდევ უფრო გამაღლებული, ჩემს სველ ყვავილებიან მუხლს საკმაოდ ჩამოცდენილ კაბას დავხედე და მალევე შემომესმა ჩემი თანმხლები პირების კისკისიც. ვიქტორმა მზერა ამარიდა, წამებში მოავლო თვალი ჩემს უკან გაჩერებულ ლელა ჩანქსელიანს, ხვიჩა არღვლიანს, ნათია და კობა ჩანქსელიანებს, წარბები კიდევ უფრო შეკრა და მუშტებიც მალევე მომუშტა. სიცილი მალევე შეწყდა.
-გამარჯობა ვიქტორ- ხვიჩა ძველ მეგობარს მიაჩერდა და მისკენ გასწია, გადაეხვია და მოიკითხა კიდეც, როგორც ჩვენ, სვანებს შეგვფერის. ვიქტორი ხმას არ იღებდა, მხოლოდ იდგა და მე მომშტერებოდა.
-ჩვენ წავალთ- ისევ ხვიჩამ დაიწყო საუბრი და ამითიც დაასრულა, მალევე მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით პირისპირ. მე და ვიქტორი, მომავალი ცოლ-ქმარი.
-როგორ ხარ?-დიდხნიანი პაუზის შემდეგ ვეცადე ის დაძაბულობა რასაც ჩვენს შორის ასე გაედგა ფესვები, თავიდან მომეშორებინა და მისი შეკრული წარბები ცოტათი მაინც გამეხსნა.
-დაგავიწყდა ვისი ქალი ხარ?-ხმის ტემბრი არასდროს შეცვლილა, მუდამ მშვიდი ჰქონდა მაგრამ მკაცრი.
-განა ამის დავიწყება შეიძლება ვიქტორ?
-ვეცდები ქორწილი რაც შეიძლება უფრო მალე გვქონდეს.
იმ ღამეს ბევრი ვიფიქრე, გავაცნობიერე რომ უკვე ვიქტორის ცოლი მერქვა და ყველაფერი ეს დასაწყისი იყო თუ დასასრული ვერ მივმხვდარიყავი, ვთხოვდებოდი და ბედნიერება ჩემგან იმაზე შორს იყო ვიდრე ველოდი. ნუთუ ამისთვის მოვევლინე ამ ქვეყანაზე, იქნებ და ღმერთს ასე სწადია, სურს რომ დავნებდე და მისი გადაწყვეტილება მივიღო,პატივი ვცე მას.
დამათენდა, თვალი ვერ მოვხუჭე და მზის სხვების ჩემს ოთახში შემოსვლას პირადად ვუმასპინძლე, ფანჯრები გამოვაღე და სიბოროტით, სიამოვნებითა და სიყვარულით სავსე ჰაერი ჩავისუნთქე, მთებს გავხედე, გაზაფხულია, მაგრამ ისევ პირქუშად ადევს თოვლი წვერს.
ბევრისგან თქმულა, რომ ბუნება ადამიანის ტკივილის წამალია, წყლულს დაუამებს და იმ ჩამკვდარ სიბობოქრეს გამოუცოცხლებს, რომელსაც ამდენი ხანი ხედავდა მხოლოდ სხვაში. დაგამძიმებს ამ მთების ყურება, გაგტეხს შინაგანად და ახალ ადამიანად წარმოგაჩენს ყველას და ყველაფრის წინაში. ბობოქარი ცხენისწყალივით ისინიც მოგანდომებენ ბრძოლას, სიამაყესა და სიძლიერეს შეგმატებენ და ხელს გაგიშვებენ. ცხოვრება ასეთია, მისი სიავით ვერ გავაკვირვებ ვერავის. მიდის, სწრაფი სიჩქარით, ბობოქრებითა და სიძლიერით, უკანმოუხედავად მიჰქრის, ან დაეწევი, მის რიტმას აყვები ან კი დაუნდობლად გაითელები.
გავარვარებული ცრემლები ღაწვებს მისველებს, მეღიმება. ჩემს უბედურებაზე მეღიმება, რომელსაც ვერაფერს ვშველი. სამყარო თავზე მენგრევა, ბედნიერება ხელიდან მეცლება და ჭაობში ვიძირები.
-გეშინია?-მხარზე დედაჩემს თბილ ხელს ვგრძნობ და წამსვე მისკენ ვბრუნდები. ჩემს ცრემლიან თვალებს შეჰყურებს და უფლებას აძლევს თავს, თვითონაც გატყდეს. ჩემი სიძლიერის ეტალონი ჩემს წინ იმსხვრევა, თვალწინ უსუსური არსება მიდგას, რომელსაც ასე ეშინია მისი ერთადერთი ქალიშვილის გაშვების.
მამაჩემი კარიდან შეჰყურებს, ჩემზე მოწებებულ აქვითინებულ დედას, წარბი არ ერხევა და არც შეერხევა, ემოციურად არ უნდა გატყდე. გონებამ ყოველთვის უნდა აჯობოს გრძნობებს, სწორედ მაშინ იქნები ძლიერი ადამიანი, რომელსაც ყველაფრის გადალახვა შეეძლება.
დედაჩემი მალევე სწევს თავს, ცრემლებს იწმენდს, ჩემს თითქმის უკვე მშრალ ცრემლებსაც ზედ აყოლებს, კარისკენ ბრუნდება, მამას შეჰყურებს, დანანებით უმზერს და მალევე ოთახს ტოვებს.
-ეს ყველაფერი შენთვისაა ბორენა, ხომ იცი?-მამას მალევე გადმოაქვს მზერა ჩემსკენ
-ვიცი-მეც იმედიანად ვუღიმი და ვცდილობ ვაგრძნობინო, რომ არასდროს დავაღალატებ მე, ამირან ჯაჭვლიანს, საუკეთესო მამას, რომელმაც დამანახა როგორი უნდა იყოს მტკიცე არსება.
………………………………………………………………………………………..
-ონისე- ხველებით იძახის ქალი შვილის სახელს და სახე ემანჭება. ჰაერი არ ჰყოფნის, მაგრამ მაინც უნდა მონატრებულ შვილს მოეალერსოს, თუნდაც საბოლოოდ. პატარა ჩაბნელებულ ოთახში მწოლიარე ნათელასთან შედის სწრაფი ნაბიჯებით ონისე და თავთან უჯდება უკვე კარგა გვარიანად დაბერებულ დედას.
ბავშობიდან გამორჩეული იყო ონისე. შავი კუპრივით თმა და ღია, ბალახივით მწვანე თვალები არასდროს არ რჩებოდა ყურადღების გარეშე. გამვლელ-გამომვლელს ამ ბავშვზე ლამაზი არავინ ენახა. წლები გადიოდა და ონისე იზრდებოდა, ვაჟკაცი ხდებოდა. მხარ-ბეჭიანი ბიჭი დადგა ჩვენი ონისე, სიმაღლესაც არ უჩივოდა და გვარი-შვილობასაც. სოფელში თქმულა, ერთ დროს მათი ოჯახი თავადებიც კი იყვნენო. არასდროს ყოფილა ონისე მხიარული, ცელქი ბავშვი. მუდამ კუშტად შეეკრა წარბები, ერთი არავის გაუღიმებდა, მრისხანედ დაიარებოდა სოფელ-სოფელ, სამსახურს არ თაკილობდა, თუმცა ერჩივნა ყველასგან შორს ყოფილიყო. 21 წლის იყო, როცა სოსო ფანგანი გარდაიცვალა, მისთვის საამაყო, მისაბაძი ადამიანი და სოფლის ნატვრის თვალი. მისი სახით დიდი რამ დააკლდა მთელ ცხუმარს. სიკეთის წყარო იყო ეს კაცი, სიბეჯითისა და შრომის სიმბოლო. იმ წელს მამის დაკარგვა ცუდად აისახა ოჯახზე. ონისე მარტო დარჩება, მარტო უნდა ეშრომა, სახლში პატარა და და დედა რომ გამოეკვება. სწორედ იმ წელს წავიდა რუსეთში. ყოველ წამს თვალწინ ედგა დედის ცრემლიანი თვალები, რომლებიც დარჩენას სთხოვდნენ,მაგრამ ონისე ხომ მხოლოდ მისთვის აკეთებდა ამას. 6 წელმა ისე განვლო, მშობლიურ მიწაზე ფეხი არ დაუდგია, იქიდან კაცებს აგზავნიდა რათა ნაშოვარი მის ოჯახში ჩამოეტანათ. არც დაბრუნდებოდა რომ არა მისი დის, ლილეს წერილი. ლილეს ხმა ჩაესმოდა, წერილს რომ კითხულობდა, გრძნობდა როგორ ითხოვდა მის გვერდში ყოფნას. დედა გაუხდა ონისეს ცუდად, რა უნდა ექნა, აიკრიფა და სვანეთს მიაშურა.
-შენ და ვიქტორმა რაზე ისაუბრეთ გუშინ?- ლელამ დაღონებით გამომხედა, დილაადრიან მოსულიყო ჩემთან.
-ქორწილის დაჩქარება უნდა.
-ბორენა, არ გათხოვდე, სთხოვე მამაშენს, ხომ იცი, თუ არ გინდა ამას არ გაგაკეთებინებს?!
-ვიქტორი მაინც წამიყვანს, არ მინდა ოჯახები დავუპირისპირო ერთმანეთს და ვინმეს საფრთხე შევუქმნა ლელა, უკვე გვიანია, თავის დროზე უნდა მეთქვა უარი, ახლა რომ გავჯიუტდე...
-სახელი შეელახებათ დადეშქელიანებს-დაამთავრე ჩემს მაგივრად საუბარი.
-არ მინდოდა შენთვის მეთქვა, ისედაც ზედმეტი სადარდებელი გაქვს, ნათელა დეიდაა ცუდად, მოკვდებაო აქიმები ამბობენ -გამომხედა და ტუჩზე იკვნიტე ნერვიულობისგან. თავი სწრაფად მივატრიალე მისკენ და თვალები დავჭყიტე.
-ლელა, რას ამბობ, რატომ არ მითხარი- უცებ წამოვფრინდი ზეზე, ყელსახვევს ხელი დავტაცე, ყელზე მოვიხვიე და ეზო გავიარე, ფეხს ავუჩქარე, სირბილით დავეშვი დაღმართზე, ლელას ფეხის ხმა მესმოდა, მაგრამ ახლა არ შემეძლო გაჩერება.
მე და ნათელა დეიდას განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, იმისდა მიუხედავად რომ ის ჩემი ნათლიდედაა, მაინც ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო, ბოლო 3 წელი ჩემი ჭირის გამზიარებელი გახდა, ყველა სევდა თუ სიხარული მასთან განვლე, ღამეები გავათენეთ და ბევრი ვისაუბრეთ ერთად. მხარში მედგა და წუთითაც არ მტოვებდა მარტო.
სწრაფად მივადექი მის ჭიშკარს და გავშრი, სიკვდილის ელფერი იდგა. გულს მიკლავდა იქაური სუნი, რომელიც ავისმომასწავლებლად მიღიტინებდა ცხვირში. ყველა გრძნობა ერთად წამომენთო, კარებს მივარდი და ბრახუნი ავტეხე, სწრაფად გამიღო ლილემ კარები და მისი ცისფერი თვალები შემომანათა. არა, ეს არ იყო ლილეს თვალები, ბავშური სისპეტაკით სავსე თვალები სადღაც გამქრალიყო, სევდა გამდგარიყო მათში და ის ელფერი დაეკარგათ, რომელიც ეს 3 წელი ძალას მაძლევდა. მივხვდი, რომ ზედმეტად ცუდად იყო ამბავი, სწორედ მაშინ ვინანე ყველაფერი რაც ამ 1 კვირაში მოხდა. გზა სწრაფად განვლე, დერეფანიდან ნათელას ოთახამდე და ჩემი თავი ამ წამებში ათასჯერ გამოვლანძღე. როგორ დამაბრმავა ჩემმა უმნიშვნელო ამბავმა, როგორ ვერ გავიგე ეს ყველაფერი, როგორ არ ვიყავი მის გვერდით. ნელა შევედი ოთახში, იწვა, როგორც ყოველთვის თავზე წაეკრა, ისევ შავები ეცვა, არასდროს უფიქრია მათი გახდა. ვეღარ გრძნობდა წუთისოფლის იმ სიამოვნებას, რომელიც მისმა ქმარმა აჩუქა, თითქოს ეს ყველაფერი სოსომ თან წაიღო და ხელცარიელი დატოვა ნათელა.
თვალები ამიწყლიანდა, სილუეტები ამერია და ძლივს ჩავდგი ფეხი პატარა საფეხურზე. პატარა ფანჯრიდან შემომავალ შუქს უფრო ფერმკრთალი გაეხადა ნათლიდედა. ფანჯარასთან მდგარ ადამიანს გავხედე, ვცდილობდი ცრემლები უკუმეგდო და დამენახა ვინ იყო. ვერაფერს ვხედავდი, თითები გამეყინა, ამ ცხელ ამინდში ახლა უზომოდ მციოდა.
-ცუდი ფერი გადევს, დაჯექი-ბოხმა ხმამ გამომაფხიზლა, ხელი გაიშვირა სკამისკენ და ჩემს უკან მდგარ ლილეს გახედა.
ლოყებზე ჩამოსული ცრემლები ხელისგულით მოვიწმინდე და ისევ ლოგინში ჩავარდნილ ქალს გავუსწორე მზერა. მძიმედ სუნთქავდა. ნელა გადავიტანე მზერა, ფანჯარასთან მდგარ უზარმაზარ ბრგე სხეულზე, უცნობი უემოციო სახით შემომყურებდა. ჩავიძირე, მის თვალებში ჩავიძირე, ლილესავით სუფთა თვალები, ქართული ცხვირი, სქელი წარბები და ზომიერი სისქის ტუჩები, წელში გაშლილი და კლდესავით ფართე.
-გამომართვი ბორე-ლილეს სიტყვებმა გამომაფხიზლა, თვალები მოვაშორე მამაკაცს და წყლით სავსე ჭიქა გამოვართვი ლილეს. სწრაფად დავლიე და უკანვე დავუბრუნე.
-ეს ონისეა, ჩემი ძმა, ხომ გახსოვს რუსეთში რომ ცხოვრობდა
-მახსოვს-მზერა ისევ მისკენ გადავიტანე.
-ონისე, ეს დედას ნათლულია, ჯაჭვლიანების შვილი, ბორენა-დიდი ყურადღება არ მოუქცევია ონისეს ჩემთვის, მხოლოდ თავი დამიკრა და ისევ მძინარე დედას გახედა.
ნათელას თავთან ჩამოვჯექი, მისი ხელი ხელში მოვიქციე და დავუკოცნე.
-როგორ არის?-ლილეს თვალები მივანათე.
-აქიმები არაფერს ამბობენ ბორე, ყველაფერი ცუდადაა,მხოლოდ მის ღმერთთან მიბარებას ველოდებით.
-ამას ნუ ამბობ გთხოვ- ისევ მომაწვა ცრემლები.
-ყველანი წარმავალი ვართ-საუბარში ჩაერთო ბოხი ხმა.
-კი, მაგრამ ჯერ ხო ზედმეტად ადრეა მისთვის- სიბრაზე შემეპარა ხმაში.
ნელ-ნელა თვალები გაახილა ნათელამ და რომ დამინახა ღიმილი შეეპარა.
-მოხვედი ჩემო გოგო- სუსტი ხმით ამოილაპარაკა.
-აქამდე უნდა მოვსულიყავი დედი, მაგრამ ჩემი პრობლემები ყველაზე და ყველაფერზე წინ დავაყენე, მაპატიე გთხოვ- ცრემლები ვეღარ დავაკავე, მისი დაკარგვის შიშით ავქვითინდი.
-გავიგე, ვიქტორი ჩამოსულა.
-არ აქვს ახლა ამას მნიშვნელობა დედი.
-უთხარი ამირანს, არ გაგათხოვოს, არ დამიტოვო დარდი გთხოვ, უდარდელად გამიშვი ამ ქვეყნიდან.
-გეყოფა, ამას ნუ ამბობ, არ დამტოვებ არასდროს-ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი, სუნთქვა გამიხშირდა და ოფლი მომაწვა სახეზე. ვეღარ ვიკავებდი თავს და ყველანაირი ემოცია გამოვუშვი გარეთ.
ნათელამ დაიძინა, მეც მალევე დავწყნარდი და სლუკუნით დავტოვე მისი ოთახი. ბოლომდე ვგრძნობდი ონისეს მზერას.
..........................................................................................................
-ანუ მთხოვ, რომ ქორწილი არ დავაჩქარო?
-დიახ, ვიქტორ, ახლა არ შემიძლია, გამიგე.
-როგორც კი ნათლიდედას სული ღმერთს მიებარება, 40 დღის შემდეგ ვიქორწინებთ-ქუდი აიღო, ზედ დაიხურა და გამეცალა.
თვემ, ზუსტად 31 დღემ განვლო, აპრილი მოვიდა და ჯერ არაფერი შეცლილიყო. ყოველდღე მივდიოდი ნათლიდედასთან, ვეფერებოდი, მტკიოდა მისი განსაცდელი. აქიმებისგან ისევ არაფერი ისმოდა ახალი, ისევ უიმედოდ იყვნენ.
-ნათელასთან მიდიხარ?-გამიღიმა დედაჩემმა და თმაზე ხელი ჩამომისვა.
-აჰამ- თავი დავუკარი.
-ყველაფერი კარგად იქნება, იცოდე ეს-შუბლზე მაკოცა და სახლი დატოვა, ეზოში სამუშაოდ მამას მისახმარებლად.
წამოვდექი, ფეხზე ჩავიცვი, კაბა გავისწორე და სახლიდან გავედი, მზე კარგად აჭყიტებდა, თუმცა მაინც საკმაოდ ციოდა, ეზო გავიარე, კარები გამოვაღე და გავჩერდი. ძირს, კენჭებზე ნაზად მიწოლილიყო ნუშის პატარა კვირტი. მოვარდისფრო, სიცოცხლით აღსავსე ყვავილი, წაღებას მთხოვდა. ხელი დავავლე და ღიმილიანი სახით გავემართე ნათელასკენ.
მის ჭიშკართან მისულს, გარეთ დამხვდა ონისე, ფარივით აღმართულიყო და კარს იცავდა. თვალები ინტერესით მოვავლე და მივესალმე, ჩემს დანახვაზე შეცბა, გეგონებოდა პირველად მხედავსო.
-აქ რას აკეთებ?-ჩვეული ტონით მკითხა.
-ნათელა დეიდას მოვაკითხე, როგორც ყოველთვის-დამაბნია მისმა კითხვამ და ამაღელვა კიდეც, ეს ხომ სასაწაულად უცნაური იყო.
-სახლში წადი.
-რატომ?
-უბრალოდ წადი-თვალები მომაშორა და სიცარიელეში დაიწყო ყურება
-რამე მოხდა?-ავფორიაქდი.
ხმას არ იღებდა, დუმდა, თავისი ამაზრზენი სიჩუმით მოქმედებდა ჩემზე და მაშინებდა. კარიდან თვალი მოვკარი ლილეს და ყველაფერმა ერთად დამიარა. შავებში გამოწყობილი გოგო, მტრედიდან ყვავს დამსგავსებოდა, ცრემლი ჩამოსდიოდა ღაწვებზე და ჩუმად იჯდა კიბის თავზე.
დამივარდა, ხელიდან გამიქრა ნუშის პატარა კვირტი, ის უსუსური არსება, რომელიც ნათლიდედასთვის მოვიტანე. გაფრინდა, თვალი გავაყოლე და გამეღიმა. არცერთი აღარ იყო. ორი სიცოცხლით სავსე წყარო დავკარგე, ცრემლებმა გზა გაიკვლიეს. წავბარბაცდი და ონისეს ძლიერ ხელს დავეჭიდე რომ არ წავქცეულიყავი. ხელი მომიჭირა და თვალებში მომაშტერდა.
-არ გინდა ახლა, იცოდი რომ ეს დღე დადგებოდა-ჩუმად მითხრა, ხმას ვეღარ იღებდა, ფერი გადასვლოდა და მისი თვალები დახმარებას მთხოვდა.
-როდის მოხდა?
-2 საათის წინ.
-შემიშვი- ვეცადე გვერდით გამეწია,მაგრამ ჩემზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა.
-არ გინდა, ქალები მიხედავენ-მკლავებში მომიქცია და უფლება არ მომცა მასთან შევსულიყავი. ემოციებმა მძლია, ხმამაღლა ქვითინი მოვრთე, ვგრძნობდი ონისეს მკლავებს, ნაზად მეხებოდა.
3 დღის შემდეგ დაკრძალეს ნათელა, ღიმილით გავაცილე ჩემი მეორე დედა ამქვეყნიდან, რადგან ვიცი ეს ყველაფერი მისთვის რამხელა ტკივილი იყო, შვება იგრძნო. დატოვა აქაურობა და მის ერთადერთ სიყვარულთან წავიდა, მხოლოდ ამით ვიმშვიდებდი გულს. გულს, რომელიც მალე დაიფერფლა.
...............................................................................................................................................
-როგორ ხარ?-ლილეს უმნიშვნელოდ გავუღიმე და თვალები მივანათე.
-უკვე კარგად, კარგ ადგილას წავიდა დედა, არ ვდარდობ - გამიღიმა,მაგრამ მისი თვალები სევდის მეტს არაფერს ასხივებდნენ.
თვალი მოვავლე ეზოს, უკვე 1 კვირა გასულიყო ნათელას სიკვდილიდან, გასვენების შემდეგ ონისე არსად მენახა. ისიც კი ვიფიქრე რომ რუსეთში დაბრუნდა, მაგრამ მივხვდი რომ დას არ დატოვებდა.
-მთაზე ავიდა-ლილეს არც შემოუხედავს ისე მითხრა. მივხვდი ვიზეც ამბობდა.
-იმის შემდეგ რაც დედა წავიდა, ის ონისე აღარ არის რომელიც იყო, არც ტირის არც ლაპარაკობს, უბრალოდ დამუნჯდა-ლილეს ხელი ჩამოვუსვი მხარზე თანაგრძნობის ნიშნად.
-გვიანია, სახლში წავალ- კიდევ ერთხელ გავუღიმე და სახლისკენ გავწიე.
მზე ჯერ არ ამოსულიყო, რომ გამომეღვიძა. რაღაც შიგნიდან მჭამდა და არ მასვენებდა. წამოვდექი, ჩემი ჭრელი კაბა გადავიცვი, ყელსახვევს დავტაცე ხელი და ჩუმად ჩავირბინე კიბეები. ნელა გამოვიყვანე იქვე დაბმული ჩემი მერანი და ზედ შემოვაჯექი. ფეხი ვკარი და გაქანდა. გაქანდა, როგორც ქარი, თმები ამიფრიალა და თავისუფლების სურნელმა ტანში დამიარა. უძლეველ ქალად ვიგრძენი თავი, რომელსაც სხვისი მითითება არ სჭირდება.
მზეს ამოსვლა დაეწყო მთის წვერს რომ მივადექი, წითლად გაენათებინა არე-მარე. ონისეს ცხენის გვერდით გავჩერდი. გავყურებდით ხედს, მზის ამოსვლას, უზარმაზარ მთებს, პატარა სახლებს. ნელ-ნელა თბებოდა აქაურობა. ახალი დღე იწყებოდა, ახალი რაღაცები იწყებოდა. კიდევ ერთი ცხოვრების დღე გველოდა წინ.
-მენატრება-ონისემ ამოილაპარაკა, ეს უფრო ხავილს გავდა. ხელი ხელზე დავადე, რა დროსაც წამებში მისი მზერა დავიმსახურე. ხელზე დამხედა, შემდეგ კი ისევ სახეში შემომანათა მისი მწვანე თვალები, რომლებიც მზის შუქზე კიდევ უფრო კამკამა ჩანდა. გავუღიმე, მინდოდა თანაგრძნობა გამომეხატა. უცებ თვალები აემღვრა, ხელი სწრაფად გასწია, უკან დახია ცხენი და მთის წვერიდან წამებში გაქრა. მისმა ამ საქციელმა გამაშეშა, დამატყვევა და დამამუნჯა. რა მოუვიდა ვერ ვიგებდი. ამის შემდეგ რამდენიმე საათი კიდევ დავრჩი, დიდხანს ვუყურე ხედს, როცა უკვე მზემ საკმაოდ გვარიანად დააჭირა და დაახლოებით 2 საათი შესრულდა უკან გამოვბრუნდი, თავისუფლებას გამოვემშვიდობე და უბედურების კარიბჭეში შევაბიჯე.
-ონისესთან ხშირად შეგნიშნეს, ნუ მაიძულებ ნათლიდედას შეურაცხყოფა მივაყენო და ახლავე წაგიყვანო- შემომიბღვირა ცოტახსნისწინ მოსულმა ვიქტორმა.
-ჩვენს შორის არაფერი ხდება.
-არ მაინტერესებს, მის სიახლოვეს არ დაგინახო, ნუ გავიწყდება ვისი ქალი ხარ-მითხრა და გამეცალა.
წინ კიდევ 3 კვირა მქონდა, ნათლიდედას ორმოცამდე სულ რაღაც 20 დღე რჩებოდა, გაზაფხულიც მაშინ მთავრდებოდა. არც კი ვიცოდი ეს დღეები როგორ ჩაივლიდა, ბედნიერებას ვიპოვიდი და შემდეგ ვიქტორს გავყვებოდი თუ ისინიც უინტერესოდ ჩაივლიდნენ. გასავლელი გზა სხვადასხვა იყო მაგრამ ბოლოს ყველა გზა ვიქტორთან მიდიოდა.
ის ღამეც დამათენდა, ვარსკვლავიან ცას შევყურებდი და ვიღაცას, სადღაც უსასრულობაში ვითხოვდი შველას. ხანდახან ონისეზე ფიქრი მომაწვებოდა. ვხვდებოდი, რომ ძალიან განიცდიდა ნათლიდედას დაკარგვა, მაგრამ ამის გამჟღავნება არ უნდოდა. ცდილობდა ისევ მტკიცე ყოფილიყო. მასზე დარდს შორს მივყავდი, ჩვენი მწირი მომენტები თავ-გზას მიბნევდა, სადღაც მისვრიდა და უამრავ ამაღელვებელ გრძნობებს მაძლევდა, რომელიც ჯერ ვერ ამომეხსნა.
-წამოდი, ლილესთან წავიდეთ, რაც ნათელა დეიდა გარდაიცვალა იმის მერე გარეთ არ გამოსულა- ლელამ ხელი ჩამავლო, წამოდგომა დავაპირე თუმცა ვიქტორის სიტყვებმა მხარი გამკრა და წინ დამიდგა.
-არ შემიძლია-ხელი გავაშვებინე.
-რა მოხდა?
-ვიქტორს არ უნდა რომ ონისეს გვერდით მნახოს, ჰგონია რომ რაღაც გვაქვს-ლელას სახეზე ფერი გადაუვიდა, გვერდზე მომიჯდა და მომაშტერდა.
-მართლა გაქვთ?-ხმის კანკალით მკითხა.
-რას ქვია მართლა გვაქვს ლელა, არ მიცნობ?
-ვიქტორმა თუ შენიშნა ესე იგი რაღაც ხდება.
-ლელა, რას ამბობ, არასდროს შევარცხვენ ჩემი და ვიქტორის ოჯახს.
-უბრალოდ ბორე, ვიქტორს არ ატკინო გული, შენზე სიგიჟემდეა შეყვარებული, აგრძნობინე რომ ბედნიერი ხარ, თუნდაც არ იყო, ამდენი ხანი გელოდება, სხვა დაუკითხავად წაგიყვანდა, შენი სურვილი გაითვალისწინა ხო ხედავ-ცრემლები გადმოსცვივდა.
სწორედ ამ დღეს მივხვდი რაც ხდებობდა, ჩემს მეგობარს ჩემი საქმრო შეყვარებოდა. ვცდილობდი ეს ყველაფერი გადამეხარშა, როგორ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო, ან აქამდე ვერ შემემჩნია. კიდევ ერთი მძიმე ტვირთი დამწვა, იძულებული ვხდებოდი მეგობრისთვის გული მეტკინა, რადგან ჩემი ღირსება დამეცვა,მაგრამ თან ლელას ვერ ვღალატობდი, ადამიანს, რომელიც მუდამ გვერდში მედგა. ცხოვრებამ კიდევ ერთხელ დამაყენა გამოცდის წინაშე.
-ბორენა, გთხოვ ეს წაუღე ლილეს- ხელში მომაჩეჩა დედაჩემმა პური და პატარა თავი ყველი.
-არ შემიძლია.
-ვიქტორს მე ვეტყვი თუ რამე მოხდება-გამიღიმა და თავზე ხელი გადამისვა.
ლილეს სახლში შესვლისას, ცივმა ოფლმა დამასხა, გული ამიჩქარდა და თითქოს ფეხები მომეკვეთა, ნათლიდედა გამახსენდა, მონატრებული ადგილის სურნელი ჩავისუნთქე და ლილეს გავუღიმე.
-დედამ გამომატანა შენთან-ხელში მივაწოდე პური და ყველი და სკამზე ჩამოვჯექი.
-აღარ შეწუხდეთ ხოლმე, ისედაც მალე მივდივართ- სევდიანად გამიღიმა.
-სად მიდიხარ?
-ონისეს აქ გაჩერება აღარ უნდა, სახლშიც ძალიან იშვიათადაა, დედას ოთახი აღიზიანებს, ზედმეტად განიცდის, წასვლა უნდა აქედან, რუსეთში, არ მტოვებს მარტო, უნდა წავყვე.
-კი, მაგრამ, ხო იცი რომ ნათლიდედას ეს არასდროს ენდომებოდა?!
-ვიცი, ვიცი ბორე, მაგრამ არც ის ენდომებოდა რომ ონისე დატანჯულიყო ან მე მიმეტოვებინა ის.
-როდის მიდიხართ?
-დედას ორმოცის მერე წავალთ.
სახლის კარი დაჯახუნდა, მძიმე ფეხის ხმა გაისმა, რომელმაც შემოსასვლელში რაღაც დაყარა, შემდეგ კი სამზარეულოში შემოვიდა. ლილედან მზერა ჩემზე გადმოიტანა ონისემ.
-ონისე, ბორენა მოვიდა, პური და ყველი მოგვიტანა, დაჯექი მოდი ჭამე-ლილე ფეხზე წამოდგა და თეფში გადმოიღო, მაგიდაზე დადო. ონისეს მზერა არ მოუშორებია ჩემთვის ისე დამიჯდა პირდაპირ.
-როგორ ხარ?-მოულოდნელად მკითხა.
-უკეთესად, შენ?
-მშვენივრად-ისევ მოიტყუა, თვალი ამარიდა და ისევ დამიმალა სიმართლე, ეს ხო ონისეა. უკვე შევეჩვიე ამას.
-მე წავალ-წამოვდექი.
-ბორე უკვე დაბნელდა, საშიშია ხო იცი ამ დროს გარეთ გასვლა, თან ვიქტორიც რას იტყვის.
-არაფერია, ვიქტორთან გავარკვევ მე თვითონ-გავუღიმე და კარისკენ წავედი.
-გაგაცილებ-თავზე დამყურა ონისემ.
-არა-შევშფოთდი, რამაც გააკვირვა, შემდეგ გაეღიმა და წინ გამიძღვა.
მივდიოდით, ის წინ მიდიოდა მე კი უკან, ჩვენს შორის კარგი მანძილი იყო, ვერავინ იფიქრებდა რომ ერთად დავდიოდით, შეუხვია ონისემ და მეც გავყევი, ამ მოსახვევში მეტად ბნელოდა. თავით რაღაცას შევასკდი, ხელების ფათური დავიწყე, მისი ზურგი იყო, უცებ დავიხიე უკან, სუნთქვა ამიჩქარდა, ცივმა ოფლმა დამასხა. ჩემკენ მობრუნდა, მის სახეს მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა. ნაღვლიანად გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა, ხელი გამოიშვირა, ვერ ბედავდა შეხებას, მან ხომ კარად იცოდა ჩვენი წესები, იცოდა რომ სხვისი ქალი ვიყავი, ამას ვერ აბიჯებდა.
-არ შემიძლია-უკან წაიღო ხელი.
-მართალია- თვალი გამიშტერდა.
-შენზე ფიქრებს ვერ ვწყვეტ, შენი ტირილი სულ თვალწინ მიდგას, ის დღე როცა ცხენით მოხვედი, მერანს გავდი, ლამაზს და თავისუფალს, მაშინ მინდოდა წამეყვანე, უსასრულობაში მხოლოდ მე და შენ, მაგრამ არ შემიძლია, ამხელა ძალა არ მაქვს ბორენა-ცრემლები გადმომცვივდა, ხელები სახეზე ავიფარე და ავქვითინდი. მალევე ვიგრძენი როგორ მომხვია მისი უშველებელი მკლავები, გულ-მკერდზე მივადე თავი და მივეცი თავს უფლება, ერთხელ მაინც გამეკეთებინა ის რაც ყველაზე მეტად მინდოდა.
ცხოვრებამ, კიდევ უფრო მატკინა ამ დღეს.
..........................................................................................................................................
2 კვირა გავიდა ამ ამბიდან, სახლიდან არ გავდივარ, არ მინდა სადმე ონისე შემხვდეს, არ მინდა ჩემს გამო საფრთხე შეექმნას მას. რამდენიმე დღეში ყველაფერი დასრულდება, ის წავა, მე გავთხოვდები და ასე დასრულდება ჩვენი ჯერ კიდევ არდაწყებული ისტორია.
-იბრძოლე-დედაჩემი გვერდზე ამომიდგა და უსასრულობას გახედა ჩემსავით.
-რისთვის?
-შენი ბედნიერებისთვის ბორე.
-ამით სხვებს დავაზიანებ.
-მაშინ ეცადე ისე გააკეთო ეს რომ სხვა არ დააზიანო- მხარზე ხელი დამკრა და გავიდა.
იმ საღამოს ლელასგან ვბრუნდებოდი, ისევ მძიმედ ჩამოწოლილიყო ღამე. უეცრად ხელი ვიგრძენი მკლავში, რომელმაც წყვდიადში შემათრია. ონისეს სურნელი ვიგრძენი.
-რას აკეთებ?-მისი ხმა ჩვეულებრივზე მკაცრი იყო. პასუხი არ გამიცია, ან კი რა უნდა მეპასუხა.
-იმ ვიქტორს ყველაფერს ვეტყვი, ჩემი გახდები-ამაზე თვალები გამიფართოვდა.
-ონისე რას ბოდავ, მე მისი ქალი ვარ, გგონია ეს ასე მოგვარდება?
-თუნდაც სისხლი აიღოს შენმა ვიქტორმა, არ მივცემ უფლებას ვინმეს ბედნიერება წაგართვას.
-ესაა ჩემი ბედნიერება.
-რა? ნუთუ გწადია მისი ცოლობა?
-კი-სიბნელეში თვალები შევანათე, უსასრულობა იყო მაგრამ ვხვდებოდი ონისე მაინც მხედავდი. ხელი მიშვა, გაშრა და ხმა ვეღარ ამოიღო, ნელ-ნელა უკან დაიხია, თავი მაღლა ასწია და სვანური ქუდი გაისწორა. იმ დღეს წარბიც არ შეუხრია ონისეს, მაგრამ ვხედავდი მის თვალებში მოელვარე შუქებს, რომლებიც დახმარებას მთხოვდნენ, მაგრამ მე, უგუნურს არაფერი შემეძლო.
ასე განვლო ამ 1 კვირამ, ცრემლი არ ჩამომგორებია ღაწვებზე, ვიცოდი სწორად ვიქცეოდი. არ შემეძლო სხვაგვარად მისი დაკავება და თუ ვერ დავაკავებდი ისიც წავიდოდა, როგორც ნათლიდედა, რადგან ვიქტორი არავის შეარჩენდა მისი ოჯახის ასეთ შეურაცხყოფას.
-ანუ ორშაბათს გავმართოთ ქორწილი ბატონო გივი?-მამაჩემმა ვიქტორის მამას გაუღიმა და მე გამომხედა, თვალებით მთხოვდა, ეძებდა ჩემში ბედნიერების წყაროს, მეც გავუღიმე, თვალი ამაცილა, მიხვდა რომ ეს არ იყო ის რაც მინდოდა,მაგრამ უკან ვეღარ დაიხია.
-დიახ ბატონო, ჩვენი შვილები უკვე კარგა ხანია დანიშნულები არიან, დრო მოვიდა, კვირას, ნათელას ორმოცია, ჩემს რძალს უნდოდა თავისი ნათლიდედას ორმოცის მერე ჰქონოდა ქორწილი, ამაზე უარს ვერ ვეტყოდი- გამომხედა და გამიღიმა გივი დადეშქელიანმა. ვიქტორიც იქვე იჯდა, ბედნიერი სახით იყურებოდა და ახლაც გავიაზრე, რამხელა სიყვარული ამოძრავებდა ჩემს მიმართ. ერთი პერიოდი დალაპარაკებაც კი ვიფიქრე, მაგრამ ეს სხვას შეუქმნიდა საფრთხეს, ჩემს თავს არას ვჩივი.
-მაშ, ყველაფერი მოგვარებულია- მამაჩემმა ხელი ჩამოართვა და სტუმრები გააცილა.
მომიბრუნდა, ნაღვლიანად გამიღიმა და იქვე პატარა ოთახში შევიდა, კარი მიხურა და ალბათ მის საყვარელ სარწეველაში ჩაეშვა, კართან მივედი, მესმოდა მამაჩემის ჩუმი ქვითინი, არ ვიცოდი ეს რა იყო, ნანობდა ამ ყველაფერს თუ უბრალოდ ჩემი გაშვების ეშინოდა,მაგრამ ერთი რამ ვიცოდი, მას ყველაზე მეტად ვუყვარდი.
ნათლიდედას ორმოცზე ხალხი დატრიალდა, ალიაქოთი შეიქმნა, როგორც სვანებს ჩვევიათ ყველამ თავი მოიყარა, დიდი სუფრა გაიშალა და წავიდა მიცვალებულის მოხსენიებაც. ნათლიდედასთან ავედი, სასაფლაოს კიდეზე ჩამოვჯექი და ქვას გავხედე. ნათლად იკითხებოდა მისი სახელი და გვარი. გამეღიმა, ამ დღეს საბოლოოდ ვემშვიდობებოდი ნათლიდედას სულსა და ბედნიერებას.
-ხვალ მივდივარ-ჩრდილი წამადგა თავზე.
-ვიცი, ლილემ მითხრა.
-უკანასკნელად მინდოდა შენთან საუბარი.
-აღარ დაბრუნდები?
-აღარაფერი მეგულება აქ.
-დედაშენი აქ არის.
-ნუ ამბობ რომ აქ არის, ის მიწაშია, მისი ცივი სხეული წევს იქ, როგორ უნდა მინდოდეს აქ გაჩერება?!
-მოგონებები?
-გულში ვინახავ ბორენა.
-მეც შემინახავ?
-ყოველთვის-ცრემლები გადმომცვივდა, წამოვდექი და მისკენ მივბრუნდი. ფერი არ ედო სახეზე, ბრგე კაცი უცებ მოკუჭულიყო, ის ონისე აღარ იყო, წვერი არეოდა, თვალები ჩაწითლებოდა, ხელებს კი ნერვიულად იკიდებდა ქამარზე მიმაგრებულ დამბაჩაზე.
-იმ მთაზე მოდი, გამთენიისას- მივახალე და გავეცალე.
დღემ ზლაზვნით ჩაიარა, ძლივს დაიშალნენ სტუმრები,ალაგდა და დამთავრდა ყველაფერი. ყველამ მიივიწყა ნათლიდედაც. სახლში მისულმა ღრმად ამოვისუნთქე და ლოგინზე წამოვწექი. ძილს მივეცი, სიზმრებმა გამიტაცა და უსასრულობაში გადამაგდო, სადაც ბედნიერი ვიყავი, მე და ონისე, მხოლოდ ჩვენ ორნი.
მალევე გამომეღვიძა, მზე ამოდიოდა, ფეხაკრეფით ჩავიარე კიბეები და ჩემი მერანი გავაჭენე, მალევე ვიყავი მთის მწვერვალზე. ცხენიდან ჩამოსულიყო ონისე და ხედს გადაჰყურებდა ისევ, როგორც მაშინ. ცხენიდან ჩამოვხტი და გვერდზე ამოვუდექი.
-ჩვენი ბოლო წამებია-არც კი გამოუხედავს ისე მითხრა.
-ვიცი.
-მაინც არ გინდა წამოსვლა?
-არ შემიძლია, აქ არის ჩემი ყოფა.
-არ ხარ ბედნიერი.
-უბრალოდ არ დამაძალო, კარგად ვიქნები- დამაჯერებლად წარმოვთქვი და გავიღიმე.
-ძლიერი ხარ ბორე-გამომხედა და მისი მომნუსხველი ღიმილი მაჩუქა, მეც გავხედე და მის თვალებში ჩავიძირე. ყველა გრძნობას წაიკითხავდა მასში ადამიანი, იმდენად გულწრფელი და ძლიერი იყო ისინი.
-განა ეს სიძლიერეა?
-არ არის? ბედნიერების დათმობას დიდი სიმამაცე სჭირდება.
-იქნებ ეს სისულელეა?
-რომ იყოს, დატოვებდი აქაურობას, დაივიწყებდი ყველაფერს და წამომყვებოდი-გამეღიმა მის სიტყვებზე.
-სწორედ ეს მიზიდავს შენში, სხვა ხარ-ჩემს წინ დადგა.
დიდხანს მიყურა ასე, ნელა დაიხარა ჩემკენ, ნაზად, ფაქიზად შემეხო ბაგეებზე, ასეთი მტკინვეული და სასიამოვნო ჯერ არაფერი განმიცდია ცხოვრებაში. ჩვენს ბაგეებს ჩვენი ცრემლები ერწყმოდა. მალევე მომშორდა და თმა ყურს უკან გამიწია. მისი სივაჟკაცე სადღაც წასულიყო, დაევიწყებინა რომ მამაკაცია და ახლა ჩემს წინაში ბავშვივით ტიროდა ონისე. ცრემლები ღაწვებზე ჩამოსდიოდა და მის წვერში იკარგებოდა, გამიღიმა. იმ დღეს ბოლოჯერ ჩამიკრა გულში. .............................................................................................................................................
გავთხოვდი. ონისეს წასვლის დღეს ჩავიცვი თეთრი კაბა და ბედნიერი სახით გავყევი ცოლად ვიქტორს. სიამაყით იყურებოდა აქეთ-იქით. შეკრული წარბები გაეხსნა და მის სახეს ნათელი დასდებოდა. ყალბი სიხარულის ღიმილი მქონდა აკრული, ყველა მომლოცველს მადლობას ვუხდიდი და ვცდილობდი თვალში არავის მოვხვედროდი. გულში ალიაქოთი მქონდა, საგულედან მიხტებოდა და აქედან გაქცევას მთხოვდა, როგორც მამაც ადამიანს, მაგრამ ვერ გავბედე, ისევ და ისევ.
-ბედნიერი ხარ?-გვერდზე მომიჯდა ჩემი მეგობარი.
-არა, ვგრძნობ რომ არც შენ ლელა.
-არ მინდოდა ასე გამოსულიყო.
-ისე ნუ საუბრობ თითქოს ეს დანაშაული იყოს.
-განა არ არის?
-სიყვარული დანაშაული როდია?!-გავხედე და გავუღიმე, მანაც მაჩუქა მისი უსაყვარლესი ღიმილი.
სახლში მისულმა მალევე ვიგრძენი ვიქტორის მკლავები, მისი ამაზრზენი ტუჩები და საბოლოოდ გავხდი მისი, მისი ქალი.
...............................................................................................................
-ასე დასრულდა?-ამომხედა თავჩაღუნულმა ნიკამ.
-ონისეს რა ბედი ეწია?- კითხვა მოაყოლა ელენემაც.
გავიღიმე, სათვალეები მოვიხსენი და მაგიდაზე დავდე, წამოვდექი, საკლასო ოთახში მყოფ ბავშვებს გადავხედე. წაშლილი სახეები განცვიფრებულები მიყურებდნენ.
-რა მოუვიდა ბორენას?-წამოიძახა უკანა რიგში მჯდომმა დაჩიმ.
-ლელას გადაუყვარდა ვიქტორი?-არ ჩამორჩა ნინაც.
-წლებმა განვლო, ვიქტორი და ბორენა ერთმანეთს დაშორდნენ. ძლივს-ძლივობით დათმო საყვარელი ქალი დადეშქელიანმა და წავიდა, გასწია შორს, მთაში, იმის შემდეგ არავის უნახავს. ლელამ ქორწილის მერე მალევე დაივიწყა მეგობრის მეუღლე და უსაყვარლესი მამაკაცი გაიცნო, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა, ოჯახი შექმნა და უბედნიერესი ქალია-ღიმილი კიდევ და კიდევ უფრო მიფართოვდებოდა.
-ონისე?
-ბორენა?
-მათი დასასრული არავინ იცის, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ბორენამ იპოვა სიმამაცე, მის თავში იპოვა, ზოგი რამ შორს გვეგულება და ვერც კი ვამჩნევთ რაოდენ ახლოსაა. მოაჯდა ბორენა მის მერანს და გაქუსლა, ისევ ურწევდა თმებს ქარი, ნამდვილად იგრძნო თავისუფალ ადამიანად თავი, გაიღიმა და სადღაც უსასრულობაში, ბედნიერების საძიებლად გაეშურა.
-მისი ბედნიერება ხომ ონისე იყო?
-შესაძლებელია, მაგრამ იქნებ უბრალოდ ონისე ის მამოძრავებელი ძალა იყო, რომელიც დაეხმარა ბორენას სიმამაცის პოვნაში?!-ვუპასუხე ანის კითხვას, ზარი გაისმა და მეც კლასიდან გამოვედი.


იმედი მაქვს მოგეწონებათ და ისიამოვნებთ, გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, რადგან თქვენ ხართ ჩემი სტიმული, მადლობა რომ კითხულობდით.



№1 სტუმარი Ana-maria

პატარა კარგი ისტორია, რომელშიც ყველა ემოცია იყო. ალბათ სიყვარული გვაძლიერებს და თავს გვაკარგინებს. იმედია მათი სიყვარულმა გაიმარჯვა.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

სვანებზე და სვანეთზე ხომ.ვგიჟდები აი რაღაცნაირად მიყვარს .არადა თვალით არ მინახავს სვანეთი.მაგრამ რაღაც მექაჩება და მიზიდავს სვანეთისკენ.უზომოდ მიყვარს. ჰოდა რაც საიტზე ისტორიები იდება სვანებზე ყველას ვკითხულობ.ზოგი მომწონს ზოგიც არა.ეს ძალიან მომეწონა.გადმოცემა,ემოციები. და რაც მნიშვნელოვანია მკითხველს დაუტოვა ავტორმა არჩევანი ბორენა და ონისე ერთად დარჩებიან თუ არა. ჰოდა მე მინდა ერთად დარჩნენ .სასწაული იყო.წარმატებები და ხშირად გაგვახარე.შენს ნიკს დავუწყებ ძებნას საიტზე )

 


№3  offline წევრი ანა გუგე

უჰჰ როგორ სასიამოვნოდ ჩავიკითხეე❤️❤️ძალიან მომეწონაა.. მართლა გამორჩეული სიუჟეტი და ისტორიაა
იმედიმაქ კიდევ შექმნი ბეევრ ასეთ კარგ ამბავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent