შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონათესავე სულები (სრულად)


8-05-2021, 13:02
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 16 028

ჯერ ისევ შუადღის თაკარა მზე იყო, სახლიდან რომ გამოვვარდი. რვა სართული სულ თავპირისმტვრევით ჩავირბინე, აი ისე, თითქოს ვინმე მომდევდა უკან. ისე, გასაკვირი არც იყო რომ გამომკიდებოდა, რადგან ჩემი და აბაზანაში შევიგულე თუ არა, დრო ვიხელთე და დანაზოგი ფულის ნაწილი სამალავიდან ავწაპნე. დღეს მე და მიას მხიარული არდადეგები უნდა მოგვეწყო და კინოთეატრში რომელიმე მულტფილმის სანახავად შევსულიყავით. მართალია, ბავშვურად ჟღერს ეს მულტფილმი, მაგრამ ტრადიცია გვაქვს ასეთი ყოველ კვირა დღეს. თან, თექვსმეტი წელი მგონი არც ისეთი ასაკი არაა, რომ ამ სიამოვნებაზე უარი ვთქვათ.
სანამ ბოლო სართულამდე ჩავაღწიე, გული ამომვარდა ლამის და სულ ოფლში გავიხვითქე, მაგრამ რას დავეძებდი? სადარბაზოდან რომ გამოვედი, უმალ დამეტაკა მტვრით სავსე ცხელი ჰაერი. არც ამის გამო დამიხევია უკან. ჩემი თეთრი კეპი ლამის თვალებამდე ჩამოვიფხატე და მეტროს მიმართულებით ჩქარი ნაბიჯებით გავეშურე. ამ სიცხეში მეტრო კარგი გამაგრილებელი საშუალება იყო. მგზავრებით გადაჭედილ ავტობუსს ან მარშუტკას კი ჯობდა მილიონჯერ. მეტრომანი აპარატზე დავატყლაპე და მოძრავ ექსკალატორზეც კი სირბილით დავეშვი მიწისქვეშეთისკენ. ის იყო ტელეფონი მოვიმარჯვე, მიასთვის უნდა დამერეკა სად ბრძანდებოდა, რომ ჩემს წინ მატარებელი გაჩერდა და ბოლო ვაგონიდან ნაცნობმა, ცისფერმელირებიანმა თავმა გამოიხედა.
_დეა, აქეთ._თან ხელი დამიქნია და მეც მაშინვე იქით გავქანდი.
_აბა, რამდენი იშოვე, პოპკორნზეც გვეყოფა?_ცარიელ სკამზე ჩამოჯდა და მეც დამახეთქა ტომარასავით.
_ორმოცდა ცხრა ლარია._კმაყოფილმა შევღიმე.
_მეც არ ვთქვი მართლა რამე იშოვე?_პირსინგიანი ცხვირი უკმაყოფილოდ მოჭმუხნა.
_მეტი კიდევ შენ გეშოვა._შევუბღვირე._მამაჩემი კარგა ხანია ჯიბის ფულს აღარ მაძლევს. ამ ბოლო დროს კი, დედაჩემმაც მოუკლო...
_კარგი, ხო, ვიმყოფინებთ._მხრებზე მომხვია ხელი და მომეხუტა.
...მე და მია პირველი კლასიდან მოვდივართ ერთად და ათას სისულელესაც ჩავდივართ სინქრონში. მასწავლებლები უკვე შებეზრებულები არიან ჩვენი ოინბაზობით. საცაა სრულწლოვნები გავხდებით, მაგრამ ასაკთან ერთად ჭკუა არ გვემატება რატომღაც. ჯერ ისევ თავში გვიქრის. ჩვენს დაჭკვიანებას ალბათ არც არასდროს დაადგება საშველი. რთულად აღსაზრდელ ბავშვთა კოლონიაშია ჩვენი ადგილი თუ ჩვენს ფიზიკის მასწავლებელს, ქალბატონ ანიკოს დავუჯერებთ, რომელსაც სისხლს ვუშრობთ ყოველთვის.
მიას მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. დედამისმა, ქალბატონმა მარინემ, ქალაქის გარეუბანში გადაიყვანა შვილი საცხოვრებლად დედამისთან და თვითონ კი იტალიაში წავიდა სამუშაოდ. ჩვენი მეგობრობა მაინც არ დასრულებულა. იმდენი იტირა და ივიშვიშა მიამ, რომ ბებიამისმა ისევ ჩვენს სკოლაში გადმოუტანა საბუთები და ისევ ერთ კლასში და ერთ მერხთან ვსხედვართ ახლა.
მართალია, ჩემი მშობლები არ დაშორებულან, მაგრამ არც მათ ქონდათ უკეთესი ურთიერთობა. მაშინ ბავშვი ვიყავი და ბევრი არაფერი მესმოდა, მაგრამ მერე და მერე კი გაირკვა ყველაფერი. მამაჩემმა ერთ-ერთი შვებულების დროს გაინავარდა ასე ვთქვათ და ჩემზე ექვსი თვით უმცროსი დაიკო მოევლინა ამ ქვეყანას. ეს რომ დედაჩემმა გაიგო, ერთი ამბავი ატეხა, მაგრამ ოჯახი მაინც არ დაანგრია. მაგრამ იქნებ, ჯობდა რომ დაენგრია? რადგან ათი წლის ვიყავი მედეას, ჩემს ნახევარ დას, დედა რომ გარდაეცვალა უბედური შემთხვევით და ბავშვი უპატრონოდ დარჩა. მამაჩემმა მაშინვე მოკიდა თავის შვილს ხელი და სახლში წამოიყვანა. ისეთი შავგვრემანი და შეუხედავი იყო მედეა, რომ დღემდე ჯოჯოხეთის მაშხალას ვეძახი.
იმ თავიდან ამ თავამდე კარგი ურთიერთობა არ გვქონია. ეს მე არ მქონია, თორემ მედეა უპრობლემო და უპრეტენზიოა. გმირულად ითმენს ჩემს დამცირებებს, შევიწროვებებს და სადისტურ ტერორსაც კი.
თავიდან დედაჩემიც წინააღმდეგი იყო ამ შავტუხა გოგოს ჩვენს სახლში მოყვანით, მაგრამ ახლა მგონი ჩემზე მეტადაც კი უყვარს, რაც მე ეს ძალიან მაცოფებს და მაღიზიანებს. ათი წლის გოგოს ასევე ათი წლის უცნობი გოგო შემომისახლეს ოთახში და გამომიცხადეს, რომ ჩემი და იყო. უნდა შემყვარებოდა და პატივი უნდა მეცა მისთვის.
მედეასაც ძალიან გაუჭირდა ჩემთან შეგუება და საერთო ენის გამონახვა, რადგან მე თვითონ არ ვაძლევდი ჩემთან დალაპარაკების საშუალებას. მძულდა იმის გამო, რომ ჩამეზიარა მშობლების სიყვარულში და აქამდე თუ მარტო ჩემი იყო ყველაფერი, ახლა ორად უნდა განაწილებულიყო.
თავიდან მთელი ღამეები მედეა სულ ტიროდა და მისი ფშლუკუნი ძილს რომ მიფრთხობდა, ჩემი ოთახიდან ვაძევებდი. რა ატირებდა ვერ ვხვდებოდი: კარგს ჭამდა, კარგს სვამდა. მამაჩემს მგონი ჩემზე მეტადაც კი უყვარდა. სულ ეფერებოდა და ესიყვარულებოდა, მე ზედ აღარ მიყურებდა უკვე. მგონი, შევძულდი კიდეც, რადგან სულ ჩხუბი მქონდა მის მეორე შვილთან და ამ ჩხუბში კი ყოველთვის მას ამართლებდა. რამდენჯერმე აბაზანაში და ერთი-ორჯერ კი აივანზე იპოვეს ტირილისგან დაოსებული, დაღლილი და მისავათებული, ჩემი ოთახიდან გაძევებული მედეა, მაგრამ მე მის მიმართ სიბრალულის გრძნობა რატომღაც არ გამაჩნდა. ისიც კი მაღიზიანებდა დედაჩემი რომ ეფერებოდა და ამშვიდებდა. დღემდე მიკვირს დედაჩემისა, როგორ შეძლო ამ ბავშვის შეყვარება, ის ხომ ყოველთვის ახსენებდა მამაჩემის ღალატს?...
რუსთაველის მეტროდან სულ სიცილ-კისკისით გამოვედით მე და მია, მაკდონალდს გვერდი ავუქციეთ და კინოს სახლში კი არ შევედით, შევცვივდით. სალაროსთან მომლოდინე ხალხის ყურადღებაც მივიქციეთ უმალ. "სასტუმრო ტრანსილვანიაზე" ავიღეთ ორი ბილეთი და ის იყო დარბაზში შევედით და ჩვენს ადგილებზე დავეხეთქეთ, რომ შუქიც მალევე ჩააქრეს.
მულტფილმი სასაცილო და სახალისო გამოდგა. ჩვენც ჩავიხვიეთ დენისივით "იმირომ ტომ ბაბუა დრაკს ეწყინება" და იმდენი ვიოხუნჯეთ და ვიკისკისეთ, რომ ლამის დარბაზის დატოვებაც კი მოგვიხდა შეწუხებული მაყურებლების მოთხოვნით. სასაცილო კი იყო, არ ვუარყოფ, მაგრამ ჩვენ, რომ როგორც ყოველთვის ნამეტანი მოგვივიდა, ესეც ცხადია. მულტფილმის დასასრულს კი მაკდონალდში შევცვივდით. ნაყინი და ცივი ყავა მოვითხოვეთ, ცარიელი ადგილი ვიპოვეთ და როგორც ყოველთვის მე თეთრ სკამზე დავჯექი, მია კი შავზე. ეს მაკდონალდსი განსაკუთრებულად გვიყვარდა ორივეს, რადგან მგონი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია თბილისში, სადაც ქალაქის პულსაცია შეგიძლია რომ შეიგრძნო.
_ეხლა ის მაშხალა როდის გაიგებს ამ ფულის გაქრობას, ასე გემრიელად რომ მივირთმევთ?_ნაყინიანი კოვზი ტკბილად გალოკა მიამ და ინტერესით მომაჩერდა._ან, რა რეაქცია ექნება, რომ გაიგებს?
_საშინელზე საშინელი._გადავიკისკისე და მეც სიამოვნებით დავაგემოვნე ცივი ნაყინი.
მედეა რომ გაგიჟდებოდა, როცა ამ ფულის გაქრობას აღმოაჩენდა, ეს ხომ გარდაუვალი იყო. თუმცა, ასე უცბად ალბათ არც მოინაკლისებდა. როცა მოინაკლისებდა კი, მაშინ მე უკვე დავიწყებული მექნებოდა ეს ამბავი და თამამად ვუარყოფდი, რომ მე არაფერი ვიცოდი. სინდისის ქენჯნას საერთოდ არ ვგრძნობდი, რადგან ეს ფული ჩემი მშობლების მიცემული იყო და ლოგიკურად რომ გვემსჯელა, მეც მეკუთვნოდა იქიდან წილი...
_შეიძლება, რომ თქვენს გვერდით ჩამოვჯდე ლამაზმანებო?_ფიქრის ძაფი ვიღაცის სასიამოვნო ბარიტონმა გამაწყვეტინა.
გაოცებულმა ავხედე. მაღალი, ქერა, მწვანეთვალება, მზეზე საკმაოდ გარუჯული ბიჭი იდგა ჩვენს მაგიდასთან და დაჯდომას ითხოვდა.
_არა!_საკმაოდ მკაცრად მიუგო მიამ.
_რატო?_გაიოცა ბიჭმა.
_იმირომ ტომ ბაბუა დრაკს ეწყინება._ისეთი სერიოზული გამომეტყველებით უთხრა, სანამ ბიჭი მის ნათქვამს გაიაზრებდა, კარგა ხანს უყურებდა გაოცებული.
მე სიცილს ძლივს ვიკავებდი და ისევ ნაყინის ჭამას განვაგრძობდი.
_რატო არ გინდა რომ შეგვეშვა, გარეთ გახვიდე და იქ დაჯდე?_ძალიან გამომწვევად აათვალიერ-ჩაათვალიერა მიამ სიმპატიური ბიჭი.
_ხუმრობ? იქ ისეთი სიცხეა, ქათმები მოხარშულ კვერცხებს დებენ მგონი...
_აჰა, ბარონ მიუნჰაუზენისა რა ხარ, სისხლით ნათესავი?_სერიოზული გამომეტყველება არ მოუშორებია მიას სახიდან.
_ეგ ვინღაა?_საყვარლად აზიდა ბიჭმა ცალი წარბი.
სანამ მია რამეს ეტყოდა, გვერდით მაგიდიდან გოგო წამოიმართა.
_ვაა, ნოე?!
ბიჭმა რომ შეხედა, გაუღიმა და თვალი მომჭრა მისმა ღიმილმა.
_ნინი? აქ საიდან?
_ჩვენთან მოდი, თავისუფალი ადგილი გვაქვს._გულთბილად დაპატიჟა გოგომ და ბიჭიც სიამოვნებით გაეშურა მისკენ.
_ნოე?_რაღაცნაირად ჩაიფრუტუნა მიამ._ესეც კიდობნის ამშენებელი ნოე არ იყოს...
_რა გინდა, მშვენიერი სახელია, მე მომეწონა._ვაღიარე.
_სახელი თუ ბიჭი?_ეჭვით რომ შემომხედა, გამეღიმა.
_ერთიცა და მეორეც...
ჩემი აღიარების მოსმენის მერე მიამ ისევ უცნობ ბიჭს გახედა.
_არ გადამრიო ახლა, რა მოგეწონა მაგ ბიჭისა, კატასავით მწვანე თვალები აქვს.
_რა ვიცი, სიმპატიურია, თანაც სპორტული აღნაგობის...
_ბატიბუტივით რომ აყრია კუნთები, ის მოგწონს არა?
_დიახაც._ვაღიარე.
_იქნებ, მხოლოდ და მხოლოდ სტეროიდებია და არა მთლად ვარჯიშის დამსახურება?_ისევ გახედა მიამ ნოეს.
_არა მგონია._თავი გავაქნიე._ნავარჯიშებელია. თან, როგორი მიხვრა-მოხვრა და სიარულის მანერა აქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ვარჯიშობს._მეც გავხედე ბიჭს და მოულოდნელად ჩვენი თვალები რომ შეხვდა ეთმანეთს, შევკრთი.
რაღაც სასიამოვნო ტალღამ დამირბინა მთელს სხეულში. გულის პულსაციაც ამიჩქარდა საგრძნობლად და ეჭვიან მიას რომ არაფერი შეემჩნია, ისევ ჩემს ულუფაზე გადმოვიტანე მზერა. სიამოვნებით განვაგრძე ნაყინის ჭამა. თუმცა, არ დაგვცალდა. დედაჩემმა დამირეკა და საკმაოდ მკაცრი ტონით მომთხოვა სასწრაფოდ სახლში დაბრუნება.
_რა მოხდა?_ცოტა შევფიქრიანდი.
_მოხვალ და აქ გაიგებ._ისეთი მკაცრი ხმა ქონდა, სული გამეყინა თითქოს.
_კარგი,15-20 წუთში დავბრუნდები.
_შენთვისვე აჯობებს, რომ დაბრუნდე._ეს მითხრა და გამითიშა ტელეფონი.
_რა მოხდა?_ისე მკითხა მიამ, ნაყინის ჭამა არ შეუწყვეტია.
_არ ვიცი, დედაჩემი იყო...
_ჯოჯოხეთის მაშხალამ ხომ არ უთხრა რამე?_ეჭვით მოწკურა ჭროღა თვალები.
_არ ვიცი, არ მგონია... მართალია, საზიზღარია, მაგრამ ამბის მიტანა არ სჩვევია. ალბათ რამე მოხდა...
_გითანაგრძნობ. მშობლების წნეხი ძნელია._გულიანად გადაიკისკისა და ახლა ყავაზე გადაინაცვლა.
მეც საჩქაროდ ამოვსვლიპე ნაყინი, ყავაც დავაყოლე და მაშინვე ფეხზე წამოვდექი.
_შენ რაა, მართლა მიდიხარ?_გაუკვირდა.
_რომ არ წავიდე, დამსჯის და ცხვირს აღარ გამომაყოფინებს გარეთ. მთელი ზაფხული მერვე სართულზე გამოკეტილი, ეხუმრები შენ?_მართლაც რომ წარმოვიდგინე ეს სიტუაცია, ციებიანივით გამაკანკალა._შენ დარჩი თუ გინდა.
_რას ქვია თუ? მე ხომ არ გამომიძახეს არა?_ისე ამომხედა, მეწყინა, მაგრამ არაფერი მითქვია.
მია მაკდონალდში დავტოვე და მეტროსკენ სულ სირბილით დავეშვი. გზაში ათას სავარაუდო მიზეზს ვატრიალებდი თავში, რა მოხდა ნეტავ ასეთი, რომ დედა გავანაწყენე? რისთვის მიბარებდა? ჩემი ნახევარ და კი მძულდა და ვერ ვიტანდი, მაგრამ სიმართლე თვალის სინათლეაო, არასდროს მაბეზღებდა. შიძლება ბევრ რამეს ვუშავებდი, თანაც უსამართლოდ, მაგრამ არასდროს მიქონდა მშობლებთან ამბავი.
ისნის მეტროდან რომ გამოვედი, შუქნიშნებთან შეუჩერებლივ გადავირბინე და ჩემი სახლისკენ დავეშვი. კორპუსის წინ ჭორიკანა მეზობლებს ცალყბად მივესალმე, სადარბაზოში ფეთიანივით შევვარდი თუ არა, ლიფტიც გაჩერდა და მედეაც გამოვიდა. ნამტირალევი თვალები ქონდა. არც კი შემოუხედია ჩემთვის, გვერდი ამიქცია და გარეთ გავიდა. სანამ ლიფტის კარი დაიხურებოდა, ხვლიკივით შევძვერი შიგ და ღილაკს თითი მივაჭირე. მთელი ის მანძილი, სანამ პირველიდან მერვე სართულამდე ამაქროლებდა ნახევრადჩაბნელებული ვიწრო კაბინა, ისევ იმას ვფიქრობდი, რა მოხდა.
კარი დედაჩემმა გამიღო. აშკარად გაბრაზებული იყო. მაშინვე ქეჩოში მწვდა და ლოჯიაში წამათრია. ტახტზე რომ დამაგდო, გამჭოლი მზერა მომაპყრი.
_არაფრის თქმა არ გინდა?_ისეთი მკაცრი ხმა ქონდა, გამაკანკალა.
_მაინც რისა?_ნაძალადევად გავიოცე.
_რა ვიცი, შენი ოინებისა...
დავფიქრდი, შევეცადე გამომეცნო დედაჩემის რისხვის მიზეზი, მაგრამ კონკრეტული ვერაფერი გავიხსენე და გაჩუმება ვარჩიე, რათა ზედმეტი არ წამომცდენოდა.
_მშენებარე კორპუსებთან შემთხვევით ორმოში ხომ არ გელოდება ვინმე?_რისხვით ანთებული თვალებით შემომხედა.
უმალ გამახსენდა რვა წლის თაკო, ამ დილით შესაშინებლად რომ ჩავსვი იქ და დამავიწყდა კიდეც.
_ტელეფონი ჩამივარდა და ამოსაღებად ჩავსვი. მერე ვეღარ ამოვიყვანე და დასახმარებლად გამოვედი აქეთ. მერე დამავიწყდა...
_შენ ნორმალური ხარ გოგო?_მადიანი სილა გამაწნა დედაჩემმა._ბავშვს შიშისგან ლამის გული გაუსკდა. კიდევ კარგი შაკომ გამოიარა იქ შემთხვევით და მისი ტირილის ხმა გაუგია. ასეთი ალქაჯი როდემდე უნდა იყო, შენ მოუკვდი შენს პატრონს!_ახლა მეორე ლოყაზე ავიკარი სილა._მრცხვენია შენს გამო! ადამიანად გაგაჩინე, მაგრამ დემონად გამიზრდიხარ!_სკამზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ატირდა._იმ ბავშვს რომ რამე მოსვლოდა, ხომ ჩემი ხელით გამოგახრჩობდი? მადლობა მოუხადე მაგულის, რომ არ გიჩივის... ჩაიცმევ ახლა და საავადმყოფოში გამომყვები. ბოდიშს მოუხდი იმ ხალხს...
_საავადმყოფოში რა უნდა?_შემეშინდა.
_ბავშვი შოკში იყო! რომ არ გაგიჟდა არ გიკვირს? მშიერ-მწყურვალი მიაგდე იქ და კიდე ბედავ და კითხულობ, იქ რა უნდაო?_ჩუსტი წაიძრო დედაჩემმა და პირდაპირ სახეში მთხლიშა. უნდა ვაღიარო, რომ მიზნისთვის არასდროს აუცილებია და არც ახლა._მეშინია რომ გიყურებ! რა აზრები გიტრიალებს მაგ თავში, ნამდვილად არ ვიცი.
_დამავიწყდა, ბოდიში._ძლივს ამოვილუღლუღე.
_ბოდიში წამალი არ არის, მაგრამ მაინც წამოხვალ ახლავე და ბოდიშს მოუხდი მის დედ-მამას!
მართლა ძალიან შემეშინდა. ბედი მქონია, რომ იპოვეს და ამოიყვანეს იმ ორმოდან. რამე რომ მოსვლოდა, მერე? არა და, ძალიან უზრდელი ბავშვია, ხეპრე და თავნება. არ იცის ვის როგორ უნდა ელაპარაკოს. ხო და დასასჯელად და შესაშინებლად ჩავსვი იქ. დიდი ორმო კი არ იყო, მაგრამ მას კი გაუჭირდებოდა ამოსვლა. მერე მიამაც დამირეკა და სულ გადამავიწყდა ის ბავშვი იმ ორმოში.
სასწრაფო წესით ჩავიცვი ნორმალური ტანსაცმელი, როგორც ამას დედაჩემი ეძახდა და საავადმყოფოში გავყევი. მუხლების კანკალით შევედი შენობაში. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად მეშინოდა. ჯერ ერთი, უბრალოდ დედაჩემი აზვიადებდა ასე, ისეთი არაფერი ჭირდა იმ ბავშვს საგანგაშო და მეორე, რაც ყველაზე ყურადსაღები იყო, თაკოს არ ჩავუშვივარ შეგნებულად რომ ჩავაგდე ორმოში. ეს რომ ეთქვა, მაშინ ისიც უნდა ეღიარებინა, რის გამოც მოუწია იქ ყურყუტი და არც ისეთი ანგელოზი იყო, რომ მშობლებისთვის გაეგებინებინა რაც დააშავა. ქალბატონმა მაგულიმ საყვედური რომ არ მითხრა და პირიქით, დამამშვიდა, საბოდიშო არაფერიაო, შვებით ამოვისუნთქე და დედაჩემის გაწნული სილები ამტკივდა რატომღაც. სულ ტყუილ-უბრალოდ არ დამჟეჟა ამ უსამართლო ქალმა? ცოტა ხანს გავჩერდით საავადმყოფოში და მერე კი უკვე სინდისდამშვიდებული დავბრუნდი სახლში.
_მაგულიმ თუ გაპატია და არაფერი გითხრა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც გაპატიე და არ დაგსჯი. ხვალ მთელ დღეს სახლში იქნები და დაალაგებ და ფანჯრებსაც დაწმინდავ!
_კარგი რაა, დეე._გავაპროტესტე._იმ ბავშვს ხომ არაფერი მოსვლია, როგორც შენ შემაშინე და მაინც მსჯი?
_შენ არ გსმენია მოლა ნასრედინის შესახებ არაფერი?_ისეთი სახით შემომხედა, თითქოს მადანაშაულებდა იმაში, რატომ არ ვცნობდი იმ ვიღაც მოლას.
მხრები რომ უაზროდ ავიჩეჩე, განაგრძო.
_მოლა ნასრედინმა თავის პატარა ქალიშვილს კოკა მისცა, თან სილა გააწნა და უთხრა. წადი ახლა წყაროზე და წყალი მოიტანე, ოღონდ კოკა არ გატეხოვო.
_რა ჯალათი ყოფილა, თან წყალი უნდა მოუტანოს და თან სცემს კიდეც?_გავბრაზდი.
_იმიტომ სცემს, რომ გატეხილ კოკას უკვე აღარაფერი ეშველება და სანამ გატეხს კი, ეცოდინება რა მოელის. ხო და შენც, ჩემო ალქაჯო, სანამ რამე სერიოზული დაგიშავებია, რასაც ჩხუბითა და დასჯით ვეღარ გამოვასწორებ, ჯობია თავი დავიზღვიო.
_ის ჯოჯოხეთის მაშხალა რაღას აკეთებს, ის ვერ დაალაგებს?_წავიდუდუნე
_ჯოჯოხეთის მაშხალა შენ ხარ!_ძლიერი მუჯლუგუნი წამკრა ფერდში._ნეტა, რასაც ის აკეთებს, იმის ნახევარს აკეთებდე შენ. შე უქნარავ შენა! დილით ადგები თუ არა, ფარდებს ჩამოხსნი და ხელით დარეცხავ, რომ მაშინამ არ გააფუჭოს, მერე კი სახლს დაალაგებ, ფანჯრებს დაწმინდავ და ისევ ჩამოაფარებ. გასაგებია?
_თავი კონკია მგონია, შენ კი ბოროტი დედინაცვალი ხარ...
_რაო?_აღშფოთდა და რა აღშფოთდა._შენ ცოტა დაიმოკლე ეგ გრძელი ენა, თორემ მე დაგამოკლებინებ იცოდე! ახლა კი წახვალ სამზარეულოში და ვახშამს მოამზადებ!
თვალებში რომ შევხედე, არ ხუმრობდა. მართლა გამასილაქებდა და ამიტომ პირუჩუმრა გავლასლასდი სამზარეილოში.
_ის ქალბატონი სად დაეთრევა ნეტა, რომ სახლში არ გდია და არაფერს აკეთებს? ისე ანებივრებენ, თითქოს ის იყოს ამ ოჯახში დაბადებული და მე კიდევ შემოთრეული..._თან ვბუტბუტებდი და თან ისე ვსაქმობდი.
რამდენჯერმე დედაჩემმა შემომხედა, ენას თუ არ დაიმოკლებ, კიდევაც გამოგიჩენ რამე საქმესო და იმის შიშით, მუქარა სისრულეში არ მოეყვანა, მართლაც გავჩუმდი. უკმაყოფილო სახით გავასუფთავე და გავრეცხე თევზი, დავჭერი და მოხარშვა გადავწყვიტე, რომ მალე მომემთავრებინა ყველაფერი, მაგრამ დედაჩემმა შეწვიო და მეც იძულებით დავიწყე შეწვა. მერე, თევზის სუნიანი ჭურჭელიც დამარეცხინა. ვიფიქრე, საქმეს მოვრჩი-მეთქი, რომ კარტოფილიც დამათლევინა და ის შემაწვევინა. შენ თევზი არ გიყვარს და ამაღამ მშიერი ხომ არ დაიძინებ, შენთვისაც გაიკეთე რამეო.
ახალი შებინდებული იყო, მედეა რომ დაბეუნდა სახლში. დედაჩემი ისე თბილად და ტკბილად შეეგება, პირდაპირ შემშურდა. ჩემმა დამ ჩემი ბოროტული მზერა რომ იგრძნო, ერთი კი გამომხედა სევდიანად. მერე, დედაჩემს აკოცა ლოყაზე, დავიღალე და დავისვენებო. დედაჩემმაც აკოცა და ნება დართა, რომ დაესვენა გადაღლილ ქალბატონს.
იმ მომენტში მძულდა ეს ნახშირივით შავი გოგოც და დედაჩემიც, ასე რომ ეფერებოდა და ესიყვარულებოდა თავისი ქმრის ღალატის ნაყოფს. ისე კი, რაღაცით ვგავდით მე და ეს მაშხალა ერთმანეთს: სახის მოყვანილობით, თვალის ფერით და ტუჩებით, რაც მამისგან გვერგო ორივეს მემკვიდრეობით, მაგრამ მე მაინც უშნოდ მეჩვენებოდა ის და ჩემი თავი კი ძალიან ლამაზი მეგონა.
ოჯახმა ისე ვივახშმეთ, ჩემი და არ გამოსულა ოთახიდან, თქვენ მიირთვით გემრიელად, მე არ მშიაო. დედაჩემს არც დაუძალებია და მალევე შეეშვა.
ნეტა სად ბრძანდებოდა, რომ ასე ძალიან დაიღალა და მოსვენებაში იყო?
სამსახურიდან დაბრუნებულმა მამაჩემმა ნამდვილად არ იცოდა ჩემი დღევანდელი ინციდენტის შესახებ, თორემ ისიც მეტყოდა საყვედურს. სუფრასთან კი მედეა რომ მოინაკლისა, დედაჩემმა აუწყა, დიდი ხანი არ არის რაც დაბრუნდა და ისვენებსო. ვახშამს რომ მოვრჩით, მხოლოდ მაშინ მოინახულა უმცროსი შვილი. მე დედაჩემთან ერთად სუფრის ალაგება მხვდა წილად და ჭურჭლის რეცხვაც.
აი ასე დავისაჯე ჩემი "უგუნური საქციელისთვის", თუმცა უგუნურს მე სულაც არ ვუწოდებდი, რადგან საშინლად გამაბრაზა იმ ბავშვმა და შემდეგში უარესადაც დავსჯიდი.
სამზარეულოს მილაგებას რომ მოვრჩი, აბაზანას მივაშურე შხაპის მისაღებად. ალბათ, ერთი საათი მაინც დავყავი იქ და ღიღინით რომ გამოვედი, ვიწრო დერეფანში, დასვენებულ დედოფალს გადავაწყდი. ზრდილობიანად დამითმო გზა. იცოდა, მე მაინც არ დავუთმობდი და მეტი რა გზა ქონდა? სანამ მე ფენით გავიშრობდი თმას და თავს მოვიწესრიგებდი, მანაც მოასწრო შხაპის მიღება. ოთახში რომ დაბრუნდა მე უკვე საწოლში ვიწექი და შუქი მქონდა ჩამქრალი. არ მეძინებოდა, მაგრამ მაინც. შუქის ანთებას და ფენის ჩართვას იცოდა, რომ არ მოვუწონებდი, ამიტომ აბაზანაში გაიტანა და იქიდნ მესმოდა მისი მოგუდული ხმა.
ცხოვრებაში პირველად დამაფიქრა იმ აზრმა, რომ ამ ობოლ გოგოს საშინლად ვექცეოდი, რომელიც მართალია არაფერს მიშავებდა, მაგრამ მაინც მძულდა და ვერ ვიტანდი იმის გამო, რომ მამაჩემის წყალობით გამოჩნდა და შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. მამაჩემს ხომ უყვარდა და უყვარდა, ახლა დედაჩემსაც კი შეაყვარა თავი. უფრო, ამის გამო მძულდა ალბათ, რომ ჩემი მშობლები თითქოს ჩემზე წინ აყენებდნენ მას. სულ რაღაც წამიერად გამიელვა იმ აზრმა, რომ მე მის მიმართ უსამართლო ვიყავი. მისი რა ბრალი იყო, თუ მამაჩემის ღალატის ნაყოფი იყო? ან, დედამისი რომ ვერ შენიშნა მთვრალმა მძღოლმა და შუქნიშანთან ზებრაზე გადამავალს დაეჯახა და ადგილზევე გააფრთხობინა სული? თუმცა, არც ჩემი ბრალი იყო არაფერი. პირიქით, დაზარალებული მე ვიყავი, რომ ჩემს პირად სივრცეში ასე დაუკითხავად შემოიჭრა...
აბაზანიდან გამოსული კი ფრთხილად შემოიპარა ოთახში და ასევე ფრთხილად ჩაწვა საწოლში. კარგა ხანს იწრიალა. მერე ალბათ მიხვდა, რომ არც მე მეძინა და გამოლაპარაკება სცადა.
_დეა, გღვიძავს?_ჩურჩულით შემეხმიანა.
ჯერ არ ვაპირებდი გაპასუხებას, მაგრამ მერე უკმაყოფილო ტონით ვუთხარი.
_უკვე აღარ.
_ბოდიში, არ მინდოდა შენი გაღვიძება...
_არ გინდოდა, მაგრამ გამოგივიდა._შევუბუხუნე.
ერთ ხანს დუმილი ჩამოწვა ჩვენს ჩაბნელებულ ოთახში და მერე კი, ისევ მორიდებით და მოწიწებით, თუმცა მაინც საყვედურნარევი ტონით მითხრა.
_მოპარვა საჭირო არ იყო, რომ გეთქვა, მოგცემდი...
_რაა?_ვითომ ძალიან შევიცხადე._რის მოპარვას მაბრალებ?_გაბრაზებული წამოვჯექი საწოლზე.
_ფულისა, რომელიც ამ დილით ამომაცალე...
_შენ ხომ არ გაგიჟდი? ახლა ქურდიც ვარ?_ავღშფოთდი, თანაც ძალიან.
_იცი, იმ ფულს დღევანდელი დღისთვის ვაგროვებდი... დღეს დედაჩემის დაბადების დღეა._ვიგრძენი როგორ აუთრთოლდა ხმა. ალბათ, ცრემლმაც დაუნამა თაფლისფერი თვალები._მინდოდა ყველაზე დიდი და ლამაზი თაიგული მეყიდა, მაგრამ... ყვავილები მაინც მალე დაჭკნება. ალბათ, ჯობდა შენ გამოგეყენებინა ის ფული... მართალია, თავიდან გავბრაზდი, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი, შენ რაშიც დახარჯავდი იმ ფულს, ის უფრო მისავალი იქნება მისთვის... ღმერთმა შეგარგოს, აღარ ვბრაზობ შენზე. თუმცა, ჯობდა რომ გეთქვა და ქურდულად არ აგეღო... ძილი ნებისა._გავიგე, რომ კედლისკენ გადაბრუნდა და გაჩუმდა.
თითქოს, ენა წაერთვაო, არ ვიცი რა დამემართა. სხვა დროს აქეთ გამოვლანძღავდი გემოზე ქურდობას რომ "მაბრალებდა", მაგრამ მისმა მშვიდმა ხმამ და იმან, რომ არ ბრაზობდა ჩემზე, ძალიან იმოქმედა და შემძრა სულით-ხორცამდე. გამოდის, ის ფული გარდაცვლილი დედის დაბადების დღის აღსანიშნავად უნდოდა? მე, სულელმა და უნამუსომ კი გავბედე და მოვპარე, მულტფილმს ვუყურე დაქალთან ერთად და მაკდონალდშიც ამოვიყორეთ მუცლები. თითქოს, საკუთარი თავიც კი შემძულდა ამის გამო, მაგრამ სულ ცოტა ხნით. ისევ მალევე დამიბრუნდა ჩემეული განსჯის უნარი და ისევ წამეკიდა სიბრაზე, რომ ფულის მოპარვას "მაბრალებდა". ალბათ, ვეტყოდი კიდეც რამეს, ტელეფონზე შეტყობინება რომ არ მომსვლოდა და მასზე არ გადამეტანა ყურადღება.
მია იყო. დილით შეხვედრას მთხოვდა ვარკეთილის მეტროსთან. რა საქმე ქონდა არ ვიცი, არ მოუწერია, მაგრამ აუცილებლად მნახე საქმე მაქვსო, ეს კი მომწერა.
_შევეცდები._მივწერე.
_შევეცდები არ გამაგონო, აუცილებლად მოდი.
_დედაჩემმა დღესაც დამსაჯა, ხვალ როგორ გამომიშვებს სახლიდან, არ ვიცი.
_ეგ არის ჩვენი მეგობრობა? მე, რომ ვკვდებოდე, მაინც მოვალ შენთან რომ გიჭირდეს და შენ დედაშენი გაფერხებს?
ისე, სიმართლე რომ ვთქვა, სულ მე ვცდილობდი მიას გვერდში დგომას და დახმარებას გინდ ფულით და გინდ სიტყვიერად, თვითონ არასდროს იწუხებდა ჩემს გამო თავს, მაგრამ მაინც ვყლაპავდი ამ ყველაფერს და მაინც ვაგრძელებდი მასთან მეგობრობას. დიდი ხანი კი არ იყო, რაც ამაზე ამეხილა თვალები, მაგრამ მაინც ჩუმად ვიყავი. ალბათ, არ მინდოდა რომ მეგობარი დამეკარგა. ან, სულელი ვიყავი და იმიტომ. ეჭვის ჭია კი მაინც მღრღნიდა შიგნიდან და მოსვენებას არ მაძლევდა. ნარკოდამოკიდებულივით ვიყავი მასზე, ვიცოდი რომ საზიანო იყო, მაგრამ მაინც ვერ ვეშვებოდი.
_კარგი, მოვახერხებ როგორმე და გნახავ._დავამშვიდე. მისგან კი კოცნის სმაილები დავიმსახურე.
დილით ბეჯითად დავიწყე სახლის დალაგება: ფარდები ჩამოვხსენი და როგორც დედაჩემმა მიბრძანა, ხელით დავრეცხე. მერე, ოთახების საგულდაგულოდ დალაგებას შევუდექი. თავიდან, მედეა გაოცებით მიყურებდა, ალბათ ფიქრობდა, რა ბზიკმა უკბინა ასე რომ ცქრიალებსო, მაგრამ მერე კი მანაც შემაშველა ხელი. კატას ფილტვი ესროლეს და მეც ეგ მინდოდაო. დედაჩემი საპირფარეშოში შევიცილე თუ არა, მაშინვე მას შევატოვე ჩემი წამოწყებული საქმე და გალიიდან გამოფრენილი ჩიტივით გავვარდი გარეთ. სულ თავპირისმტვრევით დავეშვი კიბეზე. სადარბაზოდან რომ გავედი, დედაჩემმა მაინც დამაწია მერვე სართულიდან მკაცრი ხმა, საით გაგიწევია ქალბატონოვო, მაგრამ ვითომ ვერ გავიგე, გეზი პირდაპირ მეტროსკენ ავიღე. ტელეფონი სახლში დავტოვე შეგნებულად, რომ არ დაერეკა და არ მოეკითხა ჩემი თავი. მაინც სახის ამომცნობი მქონდა და ამის გამო იმედიანად ვიყავი, ჩემს ფოტოებს თუ შეტყობინებებს ვერ ნახავდნენ ქალბატონი ნორა და ის მაშხალა მედეა.
მეტრომანზე თანხა აღარ მქონია და სალაროსთან უკმაყოფილო სახით დავბრუნდი. დიდხანს მომიწია ლოდინი. როგორც იქნა ორი ლარი ჩავირიცხე და მიწისქვეშეთში სულ სირბილით დავეშვი. მატარებლის კარები ის იყო იხურებოდა უკვე, რომ ფეთიანივით შევვარდი. შესვლა კი მოვასწარი, მაგრამ ფერდებში მაინც მომხვდა და გვარიანადაც მეტკინა. თუმცა, არაფერი შევიმჩნიე უცნობი ბიჭების თვალწინ, კარებშივე რომ იყვნენ ატუზულები და თავისუფალ სკამზე ჩამოვჯექი. მეტროსადგურ სამგორში თითქმის დაიცალა ვაგონი მგზავრებისგან და ვარკეთილამდე მე და ორ ქალს მოგვიწია მხოლოდ მგზავრობა. მეტროდან გავედი თუ არა, იქვე "ცირკის" ძეგლთან მჯდარი მიაც შევნიშნე.
_სად ხარ გოგო ამდენ ხანს? რამდენს გირეკავ და არ მპასუხობ._უკმაყოფილო სახით ამომხედა და კარგად რომ დამკვირვებოდა, მზის სათვალე მოიძრო.
_ტელეფონი სახლში დამრჩა... რა ხდება?_ვუთხარი და მეც მის გვერდით ჩამოვჯექი.
_ტელეფონი სახლში დაგრჩა?_ისე გაოცებულმა და უკმაყოფილომ შემომხედა, შევკრთი._აუცილებლად უნდა მეთქვა, რომ წამოხვალ, ტელეფონიც თან გამოაყოლე-მეთქი?
_სახლიდან გამოპარული ვარ. შეგნებულად დავტოვე, რომ დედაჩემმა არ დამირეკოს. რა ხდება, ჩემი ტელეფონი რად გინდა?
_სასწრაფოდ ფული მჭირდება და მინდოდა დაგველომბარდებინა...
_ჩემი ტელეფონი?_გამიკვირდა.
_ხო... აბა, ჩემზე დედაჩემი მირეკავს და ამას ხომ არ დავალომბარდებ?
ცხოვრებაში პირველად გამიხარდა ის, რომ ჩემი ტელეფონი დედაჩემის გამო სახლში დავტოვე. არ მესიამოვნა მიას აზრი. რატო უნდა დაელომბარდებინა ჩემი ტელეფონი, როცა თვითონ უკეთესი ქონდა. დედამისი კი ყოველთვის საღამოობით ურეკავდა, როცა მია სახლში იყო და კომპიუტერის წინ იჯდა. მგონი, პირველად დავეთანხმე მედეას, რომ ეს გოგო ყოველთვის ჩემს გამოყენებას ცდილობდა.
_არ შეგიძლია დაბრუნდე და წამოიღო?_მხრებზე მომხვია ხელი და როგორც სჩვეოდა ხოლმე, ისე ჩამეხუტა._ძალიან მჭირდება ოთხასი ლარი. სხვაგან სად ვიშოვო არ ვიცი.
_ვერ დავბრუნდები. იმიტომ რომ დედაჩემი აღარ გამომიშვებს და არა მარტო დღეს, ერთკვირიან კარანტინში ჩამსვამს ალბათ.
_მოკლეთ რაა, დედაშენი როგორ გატარებს თავის ჭკუაზე?.. რა ვქნა ახლა ფული რომ მჭირდება?_ისევ მკაცრი, მომთხოვნი და უკმაყოფილო ხმა გაუხდა მიას.
_რა გიშველო არ ვიცი, მეც კაპიკიანი არ მიჩხავის ჯიბეში.
_შენ ხომ ვერ გამოგიყენებ ვერასდროს რაა!_უკმაყოფილოდ წამოდგა და ზემოდან ისე დამაჩერდა.
მეწყინა მისი საყვედური, რადგან რეალურად ასე არ იყო. პირიქით, სულ მე ვეხმარებოდი ყველაფერში და თვითონ კი არაფერს აკეთებდა ჩემს დასახმარებლად.
_რა ვქნა, ყოველთვის გვერდში გიდგავარ და ყველაფერში გეხმარები, ამ ჯერად არ შემიძლია მართლა არაფერი. ისედაც მომხვდება ახლა შენს გამო, რომ გამოვიპარე სახლიდან...
_ეგ რა ლაპარაკია ჩემს გამო?_ჩემზე მეტად მგონი მას ეწყინა ჩემი საყვედური._ჩემს გამო კი არა, ჩვენს გამო. ეგ ფული ისეთ რამეში მჭირდება, შენს ინტერესებშიც შედის რომ იცოდე.
_მართლა? მაინც რაში გჭირდება?_დავინტერესდი.
_ახლა ვერ გეტყვი._მოკლედ მომიჭრა.
_რაა?!_გავბრაზდი._მაგხელა თანხას მთხოვ და არც კი მეუბნები რაში გჭირდება? რამე შარში გაეხვიე?_შიშჩამდგარი თვალებით შევხედე.
_შენი მორალის წაკითხვა არ მჭირდება, გაიგე? დახმარება მინდა!
_და რითი დაგეხმარო? რა ვქნა, რომ არაფერი შემიძლია?
_განა არ ვიცი, სპეციალურად არ წამოიღე შენი ტელეფონი, რომ არ დამხმარებოდი...
_შენ ხომ არ უბერავ გოგო?_ცოტას დამაკლდა სილა არ გავაწანი._მე რა ვიცოდი რისთვის მიბარებდი და თან, გითხარი, რომ იმიტომ არ წამოვიღე, დედაჩემს არ დაერეკა და არ გაეგო სად ვიყავი... ჩააბარე შენი ტელეფონი, სხვა პრასვეტს ვერ ვხედავ...
_შენი ოქროს საყურეები რომ დავალომბარდოთ?_მაცდურად შემომღიმა.
შევკრთი.
_შანსი არ არის, დედაჩემი მალევე შეამჩნევს, მისი ნაჩუქარია და ეწყინება...
_დედაშენის წყენინებას ერიდები და მე სულ ფეხებზე გკიდივარ არა?_აფშლუკუნდა.
_არც მთლად წყენინებაზეა საქმე, გამიბრაზდება და მეჩხუბება.
_მე კი ციხეში ჩამსვამენ.
_რაა?!
_ხო, საზოგადოებრივ ცენტრში აყალ-მაყალის მოწყობისთვის და ზარალის არანაზღაურებისთვის.
_სად რა მოაწყე?_გამიკვირდა._ან, რა ზარალის ანაზღაურებას გთხოვენ?
_გახსოვს, ღამის კლუბში რომ ვიყავით ერთად?
_ხო, მერე? იქ, როგორც მახსოვს არ შეგვიშვეს არასრულწლოვნობის გამო და მალევე წამოვედით სახლში.
_შენ კი წამოხვედი, მაგრამ მე ისევ დავბრუნდი და ნაცნობმა შემაპარა. ვიღაც ბიჭი მომეძალა და იმასთან შელაპარაკება მომიხდა... ხელითაც კი შევეხეთ ერთმანეთს და რაღაცეები დავამტვრიეთ.
_მერე? გამოდის, დამნაშავე შენ არ ყოფილხარ, პირიქით დაზარალებული ხარ და ვერ ამოიღებ ხმას?
_ვერა, იმიტომ რომ ჩემი ნაცნობიც გაიჭედება... სასწრაფოდ მჭირდება ოთხასი ლარი._ისეთი მომთხოვნი და მკაცრი ხმით მითხრა, დაჰიპნოზებულივით მაშინვე დავიძრე ოქროს საყურეები და გავუწოდე.
_ოთხას ლარზე მეტი ღირს, მაგრამ მაგაზე მეტი თანხა არ გამოიტანო.
_რატო?_გაუკვირდა.
_იმიტომ რომ ადვილად დაიხსნა.
_არ ინერვიულო, დავიხსნი._ლოყაზე გახარებულმა მაკოცა და მეტროს ჩასასვლელისკენ გაიქცა._დიდი მადლობა, კარგად!
სანამ მე რამეს მოვიფიქრებდი და მოვიმოქმედებდი, მიწისქვეშა ჩასასვლელში გაუჩინარდა. მე არც კი დამელოდა, არა და მეც ხომ მეტროთი უნდა დავბრუნებულიყავი სახლში? თავი გამოყენებულად ვიგრძენი და ამ საშინელი გრძნობით ჩავირბინე მეც საფეხურები. სახლში მისულს დედაჩემმა გამიღო კარი და მისი რისხვით სავსე მზერაც დავიმსახურე.
_სად გარბოდი ასე თავქუდმოგლეჯილი?_თან ეჭვით შემათვალიერა.
_მია იყო მეტროსთან, საქმე ქონდა რაღაც.
_კიდევ კარგი მალე დაბრუნდი. მართალია მედეამ დაასრულა შენი წამოწყებული საქმე, მაგრამ შენ მაინც შეგხვდა სამუშაო, აბაზანას და საპირფარეშოს მოხეხავ.
ხმისამოუღებლად და პროტესტის გამოხატვის გარეშე რომ შევუდექი საქმეს, დედაჩემმა გაოცებით შემომხედა.
_ხომ კარგად ხარ?_მასაც კი გაუკვირდა ჩემი ასე ადვილად დაყოლიება.
ხმა არ ამომიღია ისე ჩამოვხეხე და ჩამოვწმინდე საპირფარეშოს მწვანე კაფელი. მერე, აბაზანაში შევედი და იქაც დავასუფთავე ყველაფერი. თვითონვე მიკვირდა საკუთარი თავის, არა თუ დედაჩემს. რატომღაც მიას დამოკიდებულება მაფიქრებდა ჩემს მიმართ. თან, რად უნდოდა მალ-მალე ამდენი ფული? ან, რატომ ვაძლევდი ჩემი გამოყენების საშუალებას? რა მოხდებოდა, დედაჩემი რომ გაიგებდა ჩემი ოქროს საყურეების ამბავს? რომ მკითხავდა, რა უყავიო, რა მეთქვა? დავკარგე-მეთქი? დამიჯერებდა ვითომ?
საღამოს უგუნებობა მოვიმიზეზე, არც კი მივახშმია, ისე შევიკეტე ჩემს ოთახში. მთელი ღამე მიას საქციელი მაფიქრებდა, მაგრამ გათენდა თუ არა და დამირეკა, საქმე მაქვს შენთანო, მაშინვე მასთან გავქანდი. ამჯერად დედაჩემს დავეკითხე და ორი საათით გამიშვა მხოლოდ.
ისევ ცირკის ძეგლთან მელოდა. ისეთი სახე ქონდა, შევკრთი.
_ცუდად ხარ?_მხრებზე მოვხვიე ხელი და მეც მის გვერდით ჩამოვჯექი.
_შენი საყურეები გუშინ მეტროში ჯიბგირებმა ამომაცალეს ჯიბიდან.
_რაა?!_მისმა ნათქვამმა თავზარი დამცა.
_რა რაა?_გამომაჯავრა._მეტროში რომ ჩავედი, ჯიბიდან ამომაცალეს.
_მერე?
_რა მერე? რა გულითაც მომეცი, ისე მოვიხმარე კიდეც.
_ეხლა რა ვქნა, დედაჩემს რა ვუთხრა?_შევშფოთდი.
_შენ იმაზე დარდობ, დედაშენს რა უთხრა? მე რა ვქნა, ფული რომ მაქვს ჩასაბარებელი?_ისეთი საცოდავი თვალებით შემომხედა, მისი დახმარების სურვილი გამიჩნდა რატომღაც.
ის იყო, მოვიფიქრე და გადავწყვიტე ჩემს ტელეფონს შევლეოდი მის გამო, რომ რაღაც იდუმალი ხმით წამჩურჩულა.
_წამოდი, ჩვენც ამოვაცალოთ ვინმეს ჯიბიდან ფული.
_რა თქვი?_აღელვებულმა წავჩურჩულე.
_გუშინ რომ ვიღაცამ ჩამიყო ჯიბეში ხელი და შენი საყურეები ამომაცალა, კარგი იყო?
_არა._თავი გავუქნიე.
_არც ჩვენ გავაკეთებთ კარგ საქმეს, მაგრამ დანაკარგი ხომ უნდა ავინაზღაუროთ?_ფეხზე წამომაყენა და ხელგადახვეული ჩამიყვანა კიბეზე._ყველაზე ბევრი ხალხი მაინც ვაგზალზე ტრიალებს. ხო და იმ ჭ....ტაობაში ვერც ვერავინ გაიგებს თუ მათ ჯიბეებში დავიწყებთ ხელების ფათურს.
მართლაც რომ ნარკოდამოკიდებულივით ვიყავი მიაზე. ვიცოდი რომ ცუდად მოქმედებდა ჩემზე და როცა იქნებოდა კისერს წამატეხინებდა, მაგრამ წინააღმდეგობასაც ვერ ვუწევდი. გველი რომ აჰიპნოზებს თავისი მზერით მსხვერპლს, ზუსტად ისე მაჰიპნოზებდა მია თავისი ჭროღა თვალებით. რატო ვიყავი ასეთი დებილი არ ვიცი. ან, რატო მეშინოდა მისი დაკარგვის, არც ეგ ვცოდი. კლასში ყველაზე თავისუფალი, თავისებური და თამამი გოგო რომ იყო, ალბათ ის მომწონდა მისი და მიტომაც ვაძლევდი ჩემი გამოყენების უფლებას. მატარებელში რომ შევედით და ცარიელ სკამზე ჩამოვსხედით, აშკარად გახალისებულ მიას ყურადღებას არ ვაქცევდი. მართალია, არ მომწონდა მისი აზრი, მაგრამ არც წინააღმდეგობას ვუწევდი, პირიქით, დასახმარებლადაც კი მივყვებოდი. ისე გავედით სადგურის მოედნამდე, ხმა არ ამომიღია. იქ კი მართლაც შეინიშნებოდა ხალხთა სიმრავლე და დავიწყეთ კიდეც ჯიბის ქურდობა. მახსოვს, როგორ გულის ფანცქალით და ხელების კანკალით ამოვაცალე მოხუც ქალს ჩანთიდან ყავისფერი საფულე. მაისურის შიგნიდან შარვლის სალტეში გავირჭე და მატარებლიდან ჩავედი. მიას ფანჯრიდან მოვკარი თვალი რაღაცას რომ მანიშნებდა, მაგრამ ვერაფერი გავიგე. გავარვარებული ნაკვერჩხალივით მიწვავდა მუცელს მოხუცის საფულე. საპირისპირო მხრიდან მომავალი მატარებლისკენ გადავინაცვლე. მისავათებული მივეყუდე ზურგით უზარმაზარ ცივ სვეტს. ჯერ ისევ შოკში ვიყავი ჩემი ნამოქმედარით. რა საშინელებას ჩავდიოდი მიას გამო, რომელიც ჩემს დასახმარებლად თითსაც კი არ გაანძრევდა...
პირველ მატარებელში არ შევსულვარ. არც მია გამოჩენილა. მეორე მატარებელი კი, რომ გამოჩნდა, ზუსტად ჩემს წინ შეჩერებული ვაგონიდან, კარი ბოლომდე გაღებული არ იყო, რომ დაქალმაც დამიძახა და მეც შევედი ნახევრად ცარიელ ვაგონში.
_რამდენია?_მაისურის შიგნიდან დამალულ საფულეზე მანიშნა მიამ.
_არ ვიცი.
_რაა? იქნებ არც არაფერი აქვს და რისთვის დაათრევ მაგ ნივთმტკიცებას?_კუთხეში მიმაყენა, საფულე ოსტატურად ამოაძვრინა ჩემი საქამრიდან და გახსნა.
პირადობა, საპენსიო ბარათი, რეცეპტი და ორმოცდაათი ლარი ედო. მიამ ფული ამოაძვრინა და საფულე იქვე დააგდო.
_გაგიჟდი? ქალს წამლების ფული ქონდა მარტო ალბათ. თან, საბუთებსაც ხომ არ დავუკარგავთ?
_ვიღაც იპოვის და დაცვას გადასცემს, ვიპოვეო, ნუ დარდობ._არხეინად დამამშვიდა._მეორე ზახოდზეც წავიდეთ და მგონი საკმარისი თანხაც მოგვიქუჩდება.
ისე მშვიდად და უდარდელად ეჭირა თავი, მივხვდი, რომ ამას პირველად არ აკეთებდა.
_რა იყო, ნერვიულობ?_ჩემი დაჟინებული მზერა რომ იგრძნო, გამიღიმა._დაწყნარდი, კეთილ საქმეს აკეთებ, გაჭირვებულ გოგოს ეხმარები._თან გამიღიმა და ბრეკეტებიანი კბილები გამოაჩინა._მიყურე ახლა და ისწავლე._კარებთან შექუჩებულ ხალხთან მივიდა და ისე ახლოს დადგა, რომ ადვილად ამოესუფთავებინა მათი ჯიბეები.
შემეშინდა, თლილი თითები შუახნის კაცს რომ ჩაუძვრინა ჯიბეში ფრთხილად და მატარებლის გაჩერების დროს კი ზედ შეასკდა, ვითომ თავი ვერ შეიმაგრა. ზუსტად მაგ დროს ამოაცალა საფულეც, რომელიც მოხერხებულად ჩაიდო შარვლის უკანა ჯიბეში და კაცი რომ ჩავიდა, თვითონ გადაიფიქრა ჩასვლა.
მე მეტი ვერაფრის მოპარვა ვეღარ გავბედე. შიში იმდენად არა, როგორც სინდისი მბოჭავდა და არ მაძლევდა ქურდობის ჩადენის უფლებას. იმ ქალის საფულეს ვერ ვაცილებდი თვალს, კუთხეში რომ მიაგდო მიამ. ქურდობაში აღარ მიმიღია მონაწილეობა. ჩემს მეტროსადგურზე ჩასვლა რომ დავაპირე, მაშინ კი დამიჭირა და არ ჩამიშვა.
_ჩემთან ავიდეთ. არ გაინტერესებს რამდენი მოვაქუჩეთ?
მექანიკურად მივყვებოდი გვერდით. თითქოს პირველად ვხედავდი მიას საშინელ სახეს და მისგან თავის დაღწევა მინდოდა. თუმცა, რომ მდომოდა, ხომ დავაღწევდი კიდეც? მეტროდან ასულებმა ასიოდე მეტრი გავიარეთ კიდევ ფეხით, საბავშვო მოედანი გადავჭერით და განაპირა სკამზე ჩამოვსხედით.
_კარგი რაა, რა სახე გაქვს? ნუ მაშინებ._მუჯლუგუნი წამკრა აკისკისებულმა._მასე ნუ განიცდი. შენც და მეც ხომ დაგვაზარალეს გუშინ და სამართალი აღვადგინეთ დღეს?_ზურგჩანთიდან ნაირ-ნაირი საფულეები წამოყარა სკამზე და მათ დათვალიერებას შეუდგა._ეს ხალხი რა კაპიკებით დადის ამ მეტროთი, მიკვირს. არ შეიძლება, სახლიდან რომ გამოდიხარ, ცოტა მეტი ჩაიდო ჯიბეში?_თან ბუტბუტებდა და თან ასუფთავებდა საფულეებს.
ბოლო ჯამში კი მაინც სოლიდური თანხა მოაქუჩა. ასე, ექვსას ლარამდე.
_მაგ საფულეებს რა უნდა უყო?_შიშით ვიკითხე.
_წავიღებ და აქა-იქ დავყრი, ვითომ დაუცვივდათ. ვინც იპოვის, განაცხადებს, ამაზე ნუ დარდობ._დამამშვიდა._გინდა, კაფეში შევიაროთ?_ჩემს პასუხს არც დალოდებია. ხელი მომკიდა და სულ სირბილით გამაქცია გზისპირა კაფისკენ.
არც ყავა და არც ტკბილეული არ გადამივიდა ყელში. უგუნებობა რომ შემნიშნა, გვარიანად გახალისდა.
_შე კურდღელო შენა, გეშინია? როგორ გეტყობა რომ ახალბედა ხარ.
_შენ დიდი ხანია ამ საქმეს ეწევი?_დავინტერესდი.
ჩემმა შეკითხვამ შეაკრთო. ერთხანს უხმოდ შემომყურებდა და პასუხს ვერ მცემდა.
_არა, რა სისულელეა._ისე მითხრა, თვალი ვერ გამისწორა.
_დახელოვნებულივით იქცეოდი.
_იმიტომ, რომ მე არ მეშინია არაფრის, შენსავით კურდღელი არ ვარ._შემომცინა.
_კი არ მეშინია, სინდისი მაწუხებს, ვინ იცის რისთვის უნდოდა იმ ხალხს ფული, შენ კი...
_მე კი არა, ჩვენ!_მკაცრად შემომხედა._ჩვენ ორივემ ჩავიდინეთ დანაშაული, მაგრამ დამნაშავეები სულაც არ ვართ. თან, რაში გედარდება ის ვიღაც, როცა შენს დაქალს უჭირს? ჩვენ სისხლით შევფიცეთ ერთმანეთ არ გახსოვს, რომ ყოველთვის გვერდში დავუდგებით და დავეხმარებით ერთმანეთს? კარგი რა, ნუ გაქვს მასეთი სახე._გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა._შენი გულისთვის მე ამაზე მეტზე ვარ წამსვლელი, შენ კი, პენსიონერი ქალის ორმოცდაათი ლარი გენანება ჩემთვის? თან, ეს ხომ პირველი იყო და თანაც უკანასკნელი? კარგი რაა, იმას ნუ მაფიქრებინებ, რომ არ გიყვარვარ და არ გედარდები. ერთმანეთის გულისთვის ქვეყნის გადაბრუნება რომ მოგვიხდეს, ხომ იცი, რომ უნდა გადავაბრუნოთ? სიკვდილის ბოლომდე ჩვენ ერთგულება და გვერდში დგომა შევფიცეთ ერთმანეთს._ხელი მხრებზე მომხვია და ისე მჭიდროდ მომეხუტა, სუნთქვა გამიჩერდა._კვირას "ნადირობის სეზონი" გადის და ხომ წამოხვალ ჩემთან ერთად?
_არ ვიცი._მხრები ავიჩეჩე.
კარგა ხანს უხმოდ მიყურა. შევატყე, რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა. შეიძლება, იმ ვერსიას ამუშავებდა, რა და როგორ ეთქვა. მოკლეთ, კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ, როგორც იქნა წამოიწყო რაღაც მაცდური ღიმილით:
_იცი, მოგატყუე, შენს საყურეებზე ნუ იდარდებ, დალომბარდება მოვასწარი და ფული ამომაცალეს ჯიბიდან. პროცენტებსაც გადავიხდი და გამოგიტან კიდეც.
გაოცებულმა შევხედე.
_და რატო მომატყუე?
_რა ვიცი, აღელვებული ვიყავი და ვერ მოვზომე რას ვამბობდი, ბოდიში.
ისე გამიხარდა ჩემი საყურეების ამბავი, რომ დღევანდელი ქურდობები სულ გადამავიწყდა. შეიძლება, ამ საქმეზე რომ დავთანხმებულიყავი, იმიტომ მომატყუა კიდეც, რადგან იცოდა, რომ ის საყურეები ძალიან მიყვარდა. მოკლეთ, ასე იყო თუ ისე, ისევ მომიბრუნდა მასზე გული. კაფეშიც რომ მან გადაიხადა ანგარიში და კვირას "ნადირობის სეზონზეც"თავისი ხარჯებით დამპატიჟა, სიხარულით დავთანხმდი. ეგ კი არა, ჩვენებური გიჟობებიც კი გავუშვით კაფედან გამოსულებმა. ორი საათი ისე გამეპარა, ვერც კი მივხვდი. დედაჩემის ზარმა, რომ დათქმულ დროს გადავამეტე და შემდეგში აღარ გამიშვებდა არსად თუ ახლავე არ დავერჭობოდი სახლში, თავქუდმოგლეჯილი გამაქცია სახლისკენ.
ამაზე კი ყოველთვის მსაყვედურობდა და მასხარადაც მიგდებდა მია, მაგრამ მე მაინც მქონდა მშობლების შიში და რიდი. ალბათ, მას რომ გვერდით არც დედა ყავდა და არც მამა, მიტომაც იყო უფრო თამამი და უფრო თავისუფალი. მეც რომ მის სიტუაციაში ვყოფილიყავი, უარესი თავნება და ავარა ვიქნებოდი დარწმუნებული ვარ.
სახლში მისულს დიდად არ უსაყვედურია დედაჩემს და არც ნამეტანი დავუსჯივარ. მაუწყა, რომ საღამოს ბებიასთან მივდიოდით სოფელში და რამოდენიმე დღით დავრჩებოდით მე და მედეა, რათა ბებიას საოჯახო საქმიანობაში მივხმარებოდით. რომ ვთქვა, დიდად მხიბლავდა და მსიამოვნებდა ბებიასთან სტუმრობა, მოვიტყუები, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევასაც არ ქონდა აზრი, იმიტომ რომ ქალბატონი ნორა დამსჯიდა და ზაფხულის ბოლომდე დამტოვებდა ჯოჯოხეთის მაშხალაზე კი ვერ ვიტყოდი ამას. მას მოსწონდა და უყვარდა კიდეც იქ ყოფნა. ადვილად ერგებოდა სოფლის ცხოვრებას და სოფლის ბავშვებთანაც მშვენივრად ერთობოდა.
საღამოს, მამაჩემი რომ მოვიდა სამსახურიდან, ჩვენ უკვე ჩაბარგებულები დავხვდით. მარტო ყავა დალია, ამოიქაქანა მისივე ლექსიკონით რომ ვთქვათ და ბებიასთან დავადექით გზას. მთელი ის დრო, რაც გზაში მოვანდომეთ, ხმა არ ამომიღია, ყურსასმენებმორგებული მინაჩაწეული ფანჯრიდან ვიყურებოდი უაზროდ და მუსიკას ვაყოლებდი თავს. ჯოჯოხეთის მაშხალა კი რაღაცას უყვებოდა დედაჩემს, რომელიც გულისყურით უსმენდა და ხანდახან თუ ჩამწვდებოდა მათი სიცილის ხმა. აშკარად ის მწყინდა და იმაზე ვიბოღმებოდი, რომ დედაჩემი ადვილად შეეგუა მას და შეიყვარა კიდეც. განა მე არ ვუყვარდი, რა სისულელეა, მისი გაჩენილი ვიყავი და როგორ არ ვეყვარებოდი, მაგრამ მე ეჭვიანობა მაბრმავებდა და მაბოროტებდა. თუმცა, ალბათ სისხლშიც მქონდა ეს სიბოროტე გამჯდარი, თორემ მთლად ამ გოგოს გამოჩენაც ხომ ვერ გამაბოროტებდა ასე?
ბებია სიხარულით შემოგვეგება ეზოშივე. არ დაიშურა და არ დაინანა მსუქანი დედლები, მაშინვე წააცალა თავები და მის გაკეთებას შეუდგა. დედაჩემმაც აიფარა წინსაფარი და დედამთილს მიეხმარა. მე ჩემი ბიძაშვილების ჰამაკში გადავითხლიშე და ახლა იქ განვაგრძე მუსიკების მოსმენა. რამდენჯერმე გავხედე მედეას, ბებიას და დედაჩემს რომ ეხმარებოდა ხალისით. მამაჩემი კი თავის ძმას ელაპარაკებოდა აივანზე. ჩემი ბიძაშვილები სახლში არ იყვნენ, ბიცოლას ზღვაზე წაეყვანა ზაფხულის არდადეგების გასატარებლად. ასე, რომ მარტო მე და ამ მაშხალას მოგვიწევდა ბებიას სახლში დიასახლისობა თვითონ რომ ვენახში ივლიდა. ჩვენ უნდა მიგვეხედა მისი კრუხ-წიწილისთვისაც და ჭუკებისთვისაც. სახლიც დაგველაგებინა, საჭმელიც გაგვეკეთებინა და ჭურჭელიც დაგვერეცხა...
სუფრის გაწყობას რომ მორჩნენ, მე ჰამაკში ჩამძინებოდა და მამაჩემმა პატარა ბავშვივით ხელში ატატებული შემიყვანა სახლში და საწოლში ჩამაწვინა. ძილ-ბურანში კი გავიგე ეს ყველაფერი, მაგრამ თავი არ გამომიფხიზლებია და ისევ უდარდელად გავაგრძელე ძილი. დილით კი, ჯერ მზე არ იყო ამოსული, რომ დედა და მამა თბილისში დაბრუნდნენ. ეზოში მესმოდა მათი ხმა მანქანაში რომ იბარგებოდნენ, მაგრამ არ გამიცილებია. დამეზარა ადგომა. გვერდით საწოლისკენ გავაპარე მზერა და ალაგებული დამხვდა. ყოველთვის მიკვირდა, სად ქონდა ამ გოგოს ამდენი ენერგია, რომ დილაუთენია დგებოდა ყოველთვის და ბებიას ენერგიულად ეხმარებოდა გინდ სახლში და გინდ კარში.
ისევ შევიბრუნე ძილი და ათი საათი იქნებოდა უკვე, ბავშვის ძახილმა რომ გამაღვიძა.
_მედიკო ბებია!.. მედიკო ბებია!..
ბებია სახლში არ იყო, მაგრამ მედეა სად ჯანდაბაში იყო, რომ არ აგონებდა ნეტა?
კიდევ რამდენჯერმე დაიძახა გოგონამ. ხალათი მოვიცვი და გაბრაზებული გავედი ეზოში. ალბათ, სახეზეც მეწერა ეს სიბრაზე, რადგან ბავშვს ჩემს დანახვაზე თითქოს შეეშინდა.
_ბოდიში რომ გაგაღვიძე, დედამ თქვა მედიკო ბებოს სტუმრები ყავაზე გადმოვიდნენო...
ყავის გულისთვი გამაღვიძეს?_უარესად მომეშალა ნერვები. ალბათ მწარისასაც ვეტყოდი რამეს, ბაღჩიდან მედეა რომ არ გამოსულიყო და გოგონას ღიმილით არ მისალმებოდა.
_მარიკუნა?! როგორ ხარ? რამხელა გაზრდილხარ?_დასწვდა, ხელში აიტაცა და სიხარულით დააბზრიალა._ეს რა ლამაზი კაბა გაცვია, როგორ ფრიალებს... თმაც რა ლამაზად გაქვს დავარცხნილი, პატარა ფერია ხარ.
გოგონამაც მოხვია მკლავები კისერზე და ჩაეხუტა.
_როგორ მომენატრე._თან ლოყაზე აკოცა._ხო გადმოხვალთ ჩვენთან ყავაზე?
_კი, როგორ არა. სადილის მომზადებას დავასრულებ და ნახევარ საათში გადმოვალთ.
გოგონა სიხარულით გაიქცა სახლში. ჩემმა დამ კი მწვანილი ეზოს ონკანზე გარეცხა და სანამ სამზარეულოში შევიდოდა, შემომხედა.
_შენ არ წამოხვალ ყავაზე?
_სახლშიც მშვენივრად დავლევ, სოფლის ჭორიკანა ქალებთან მოსაბეზრებელ ამბებს თუ არ ვუსმინე.
სინანულით გამომხედა, არაფერი უთქვია. მე კი, საპირფარეშოში დავეშვი. ცოტა მოშორებით იყო და არ მომწონდა ეს ამბავი. ღამით ყოველთვის მეშინოდა იქ ჩასვლის და ვცდილობდი, მომეთმინა, რომ სახვეწარი არ მქონოდა ჩემს ნახევარდასთან. იქიდან რომ ამოვედი, პირდაპირ სამზარეულოში შევედი, სადაც ის ცქრიალებდა. ჭურჭელი დაერეცხა, დაელაგებინა და ახლა ნედლ ლობიოს ხარშავდა. ისეთი გემრიელი სურნელი ტრიალებდა, მშიერი რომც არ ყოფილიყო ადამიანი, მაინც მოანდომებდა ჭამას.
_მე მოვრჩი უკვე. დაგელოდები, ჩაიცვი და ერთად გადავიდეთ...
_სოფლის ჭორიკანა დედაკაცს ვგავარ?_გაოცებულმა შევხედე.
_რატო გაქვს სოფლელებზე ცუდი წარმოდგენა? რა თემაზეც ქალაქში საუბრობენ, იმ თემაზე საუბრობენ აქაც. მინდა გითხრა, რომ აქ უფრო ალალი და გულთბილი ხალხია.
_მოგწონს და წადი, გიჭერ?_ყავის სადუღარა მოვიმარჯვე და ჩემთვის ყავის მოდუღებას შევუდექი.
აღარაფერი უთქვია და აღარც დაუძალებია არაფერი. ოთახში ავიდა, თავი მოიწესრიგა და წავიდა. მე აივნის მოაჯიეზე შემოვსკუპდი და იქ მივირთვი გემრიელად ყავა. კარგა ხანს ვიჯექი ქანდარაზე შემოსკუპებული ქათამივით, როგორც ამას ბებია მეუბნებოდა ხოლმე და თვალს ვაყოლებდი სოფლის შარაგზაზე მიმავალ ხალხს. ქალაქისგან განსხვავებით, აქ მართლაც უფრო ღიმილიანი სახეებით დადიოდნენ და გულთბილად ესალმებოდნენ ერთმანეთს. თუმცა, მე მაინც არ მიყვარდა სოფელი. აქაურ კილოს ვუწუნებდი ყველას, ჩაცმა-დახურვას და გართობის სტილს. არა და ჩვენში რომ ვთქვათ, აქ უფრო ჯანსაღად ერთობოდნენ ბავშვები. ჩემზე გაცილებით დიდი გოგო-ბიჭებიც კი ხშირად თამაშობდნენ მოედანზე ფრენბურთს, წრეში ბურთს თუ ფეხბურთს. ქალაქში ინტერნეტ კაფეები და ღამის კლუბები იყო გასართობი. ამ დროს იქ უკვე იწვოდა ყველაფერი და ბუღი ასდიოდა გავარვარებულ ასფალტს, აქ კი სუფთა ჰაერიც იყო, შედარებით გრილოდა და მსუბუქი სიოც უბერავდა ტყიდან...
მედეა რომ დაბრუნდა, მე ისევ ხალათით ვიყავი მოაჯირზე შესკუპებული.
_რაო, გაიგე სოფლის ახალი ამბები?_ირონიული ღიმილით რომ ვკითხე, ცოტა ეწყინა, თუმცა არაფერი მაგრძნობინა.
_საღამოს ბურთის სათამაშოდ დაგვპატიჟეს, წამოხვალ?
_მეტი საქმე არ მაქვს სირბილში გავიხვითქო...
_ასფალტია სკოლის წინ დასხმული და შეგიძლია იქ როლიკებით ან სკეიტბორდით გაერთო.
ეს აზრი ცოტა კი მომეწონა, მაგრამ არც ერთი მქონდა წამოღებული და არც მეორე.
_გუჯას და ლუკას სახლში დაუტოვებიათ, ფარეხში ვნახე ამ დილით. ველოსიპედიც აქ ყავთ. ბადმინტონიც._თითქოს ჩემს ფიქრებს ჩასწვდაო ეს ეშმაკის მოციქული და დამამშვიდა.
_არ ვიცი, ვნახოთ როგორ ხასიათზე ვიქნები._მოაჯირიდან ჩამოვხტი და ოთახში შევედი ტანსაცმლის ჩასაცმელად.
მედეაც უკან მომყვა.
_მეზობელი სოფლიდანაც გადმოდიან ბიჭებიო... ერთი ბიჭი ყოფილა, რომელიც ყველაზე კარგად თამაშობს თურმე ფრენბურთს. არ გინდა წამოხვიდე და კლასი ვაჩვენოთ?
გაოცებულმა რომ შევხედე, ღიმილი შეეყინა სახეზე.
_შეჯიბრში მონაწილეს ვგავარ?_მაინც ვუსაყვედურე._ძალიან გინდა თავის გამოჩენა და წაბრძანდი, შენ აჩვენე კლასი, მე არავის ვეჯიბრები, მითუმეტეს სოფლელ გოიმებს!
_რა ძალიან უხასიათო ხარ იცი? რა მოხდა რომ წამოხვიდე და გაერთო? საიდან მოგიყვანო ის ცისფერთმიანი მია, რომ გამხიარულდე?
_მეორედ მასე მოიხსენიებ მიას და იცოდე მოგხვდება.
_ცუდად რა ვთქვი?_გაუკვირდა.
_შემეშვი!_ცოფიანი ძაღლივით შევუღრინე._ნუ ცდილობ ჩემი ნერვების მოშლას. გადი და შენ თვითონ გაერთე მაგ სოფლელ გოიმებთან. გიშლის ვინმე? მე შე-მეშ-ვი!
მედეა მართლაც შემეშვა და ეზოში გავიდა. მესმოდა როგორ ეძახდა ჭუკებს და აჭმევდა, თან ეფერებოდა და ელაპარაკებოდა კიდეც. ყოველთვის მაღიზიანებდა მისი ეს საქციელი. თუმცა, მე არ ვაძლევდი ჩემთან ლაპარაკის საშუალებას და სულ ჩუმადაც ხომ არ იქნებოდა? ყველაზე მეტად კი ის მაღიზიანებდა, რომ ყველას და ყველაფრის სიყვარული შეეძლო. მეც კი, ყოველთვის რომ მის დამცირებას და გამწარებას ვცდილობდი, მაინც ვუყვარდი როგორც და, როგორც ერთი მამის შვილი და ყოველთვის კეთილად მეპყრობოდა. იშვიათად მებუტებოდა. ალბათ, როცა ზღვარს გადავდიოდი მაშინ...
საღამოს მართლაც გამოეწყო სპორტულ ფორმაში და გოგოებთან ერთად ბურთის სათამაშოდ წავიდა. გვიანობამდე დარჩა იქ. ლამპიონებით გაჩახჩახებულ მოედანზე არ გასჭირვებიათ თამაში. მათი სიცილ-კისკისის ხმა აივნის მოაჯირზე შემოსკუპებულს გარკვევით მესმოდა და მშურდა კიდეც. ეტყობოდათ რომ მართლაც კარგ დროს ატარებდნენ და ვინანე, რომ არ გავყევი გოგოებს. თუმცა ცოცხალი თავით ამას არ ვაღიარებდი მასთან.
თორმეტი ხდებოდა რომ მოვიდა დაღლილ-დაქანცული და რაც მთავარია გახალისებული.
_მართლაც არაჩვეულებრივად სცოდნია იმ ბიჭს ფრენბურთის თამაში._სიხარულით მაუწყა._შენც რომ ყოფილიყავი, მათ გუნდს სასტიკად დავამარცხებდით, ახლა კი ფრე დავამთავრეთ._სინანული გაურია ხმაში._ხვალ სკეიტს წავიღებ. იმაზეც სცოდნია სასწაული ტრიუკები. ვნახოთ ერთი თუ შემეჯიბრება... მოტყუვდი რომ არ წამოხვედი, მართლაც კარგი იყო. იქნებ ხვალ მაინც...
_მოგწონს და იარე,_აღარ დავამთავრებინე ბოლომდე სათქმელი._მე შემეშვი!
ხმა აღარ გაუცია. ოთახში შუქის აუნთებლად დაიხადა ტანსაცმელი და თავის საწოლში უხმაუროდ ჩაწვა. გავიგე, მალევე რომ დაეძინა. მე კი კარგა ხანს ვიწრიალე საწოლში. გამიჭირდა დაძინება. როცა დავიძინე კი, მაშინაც საშინელი სიზმარი ვნახე და დაფეთებულს გამომეღვიძა. პენსიონერის საფულე მომდევდა უკან, რომელიც ჩემზე გაცილებით დიდი იყო და თან კბილებიც ქონდა რატომღაც. სიმწრის ოფლში ვცურვდი რომ გამეღვიძა. მედეა მედგა თავთან.
_რა გჭირს, ცუდად ხარ?_შეშფოთებული ხმით მკითხა.
იმის მაგივრად რომ მადლობა მომეხადა ჩემზე ზრუნვისთვის და მღელვარებისთვის, აქეთ შევუბუხუნე.
_შემეშვი, კარგად ვარ.
_ცუდი სიზმარი ნახე?
_შემეშვი-მეთქი, ვერ გაიგე?_ვუღრიალე და ისიც კუდამოძუებული ძაღლივით გაიძურწა ოთახიდან.
რაც სოფელში წამოვედით, მიასთვის არ დამირეკია რატომღაც და არც მას მოვუკითხივარ. მედეა ყოველთვის ცდილობდა ჩემი თვალების ახელას, რომ ეს მეგობრობა არ იყო, რაც მე და მიას გვაკავშირებდა ერთმანეთთან, მაგრამ არ ვუსმენდი. მეგონა, რომ შურდა, ასე ახლოს არავისთან რომ არ იყო არც კლასში და არც სამეზობლოში. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა ქონდა. იმასაც ვხვდებოდი, რომ მია მართლაც არ იყო ჩემთვის საუკეთესო დაქალი. მე კი ვიყავი მისთვის, მაგრამ ის მართლაც მარიონეტივით მმართავდა. მაგრამ ვერც თავს ვანებებდი. თითქოს მაინც მომწონდა მისი ეს დამოკიდებულება ჩემდამი.
მთელი დღე ისევ იცქრიალა მედეამ სახლში და საოჯახო საქმეები აკეთა ჩემგან განსხვავებით. მე ჰამაკში ვიყავი გათხლეშილი და სოციალურ ქსელში ვერთობოდი. სულ არ მადარდებდა არც ბებიას კრუხ-წიწილა, არც სადილ-ვახშამი, არც სახლი და არც ეზო. მედეა მაინც ყველაფერს ხალისით აკეთებდა და ყველაფერს აუდიოდა კიდეც. არც მსაყვედურობდა, რატო შენ არაფერს აკეთებო. საღამოს კი, ისევ ბავშვებთან ერთად წავიდა სათამაშოდ.
_შენ რატო არ მიყვები მედეას, ბებო გენაცვალოს?_შორიახლოს ჩამომიჯდა ბებია და ხილაბანდი შეისწორა თავზე._შენ არ გინდა გართობა? მამაშენი სულ იმას იძახის შენზე, გართობის მეტი არაფერი ადარდებსო და მე კი ვხედავ, რომ პირიქითაა... რაღაც ძალიან მოწყენილი ხარ, ხომ არ დამეღალე?
საქმისა რა ვთქვა, მაგრამ ჰამაკში წოლით და უსაქმურობით კი დაღლილი ვიყავი ნამდვილად. ბებიას კი ეგონა, რომ საქმეს მე ვაკეთებდი და მედეა ერთობოდა. ის ხომ ვერ გვხედავდა დილიდან საღამომდე ვენახში გასული სახლში ვინ რას ვაკეთებდით? შეიძლება სხვას ესარგებლა კიდეც ამ სიტუაციით და სათავისოდ წარემართა, მაგრამ მე არც მასეთი ურჩხული არ ვიყავი, რომ სხვისი ნაშრომ-ნაოფლი მიმესაკუთრებინა.
_რატომღაც არ მიყვარს სოფელი და არც სოფლის საქმიანობები. მამა მართალია, ყველაფერს მედეა აკეთებს, მე ჰამაკში წოლით ვარ დაღლილი...
ბებიას რომ შევხედე, თითქოს არ დამიჯერა. კარგა ხანს უნდობლად მომჩერებოდა.
_მე კიდევ ვიფიქრე, დავსაქმებ და დილით მაყვალზე წავიყვან-მეთქი. კარგად მწიფს უკვე და კომპოტის და მურაბის გასაკეთებლად დაგვეკრიფა.
მაყვლის ბარდებში დაკაწვრის პერსპექტივა ნამდვილად არ მომეწონა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მაინც დავთანხმდი.
_დილით ადრე უნდა წავიდეთ?
_ხო, სანამ დაცხება. მედეაც თუ წამოვა, ექვსზე რომ წავიდეთ, კარგად მოვასწრებთ მოკრეფას.
რას ქვია თუ წამოვაო, პირველი მგონი ის გაიქცეოდა მაყვლის საკრეფად, მას ხომ ძალიან უყვარდა სოფელიც და ის ყველაფერი, რაც სოფელს უკავშირდებოდა?
მედეა გვიან დაბრუნდა სახლში. მართალია ვიწექი, მაგრამ ჯერ ისევ მეღვიძა. კარგა ხანს მალულად ვუმზერდი და მის ყოველ მიხვრა მოხვრას ვაკვირდებოდი. განათებული ტელეფონის ეკრანის შუქზე გაიკვლია თავის საწოლამდე ფრთხილად გზა. ასევე ფრთხილად და უხმოდ ჩაწვა საწოლში. მის განათებულ სახეს ასე არასდროს დავკვირვებივარ. კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა. აშკარა იყო ფოტოებს ათვალიერებდა. რა თვალით შევხედე არ ვიცი, მაგრამ ლამაზი კი მომეჩვენა და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მომეწონა კიდეც. ნებისმიერ ბიჭს მოხიბლავდა თავისი მშვენიერი ღიმილით. ჩვეულებრივზე ბედნიერი ჩანდა. ვინმე შეუყვარდა ვითომ? თანაც, სოფლელი? თუმცა, რა გასაკვირი იყო, მას ხომ ძალიან უყვარდა სოფელიც და სოფლელებიც? მის შესახებ არასდროს არაფერი მაინტერესებდა და ახლა მომინდა რატომღაც გამეგო, როგორი გემოვნება ქონდა და როგორი ბიჭები მოსწონდა. გადავწყვიტე, ხვალ საღამოს მეც გამევლო მოედნისკენ ან როლიკებით, ან ველოსიპედით და შემეთვალიერებინა იქაური სიტუაცია. მანამდე კი ცოტა დავტკბი მის მიმართ.
_დილით ბებიამ მაყვლის საკრეფად წავიდეთო, შენც წამოხვალ?_მოულოდნელად რომ ვკითხე, ცოტა შეკრთა.
ალბათ არ ეგონა რომ მეღვიძა.
_კი, რატომაც არა?_გაუხარდა._ალბათ, დილით ძალიან ადრე წავალთ არა?
_ხო, ექვსზეო...
_მაშინ ჯობია, რომ დავიძინოთ. ძილი ნებისა._ტელეფონი ბალიშის ქვეშ ამოიდო და კედლისკენ გადაბრუნდა.
თურმე, რა ცუდი განცდა ყოფილა, როცა ლაპარაკის საშუალებას არ გაძლევენ და თავს გარიდებენ. როცა არაფრად გთვლიან და თავიდან გირიდებენ. მართალია, ჩემსავით უხეშად არა, მაგრამ მაინც ხომ გამაჩუმა მედეამ? მეწყინა და რა მეწყინა. თუმცა, საყვედური არ მითქვია. ან რა უფლებით უნდა მეთქვა, როცა მე თვითონ ასე ვექცეოდი ყოველთვის? მეც ხომ უნდა გამომეცადა რა იყო ეს დაუფასებლობა?
დილით კი, მისმა მაღვიძარამ რომ დარეკა და გამაღვიძა, ერთი პირობა ჩხუბი დავაპირე, რატო მაღვიძებ ასე დილაუთენია-მეთქი, მაგრამ გამახსენდა, მაყვალზე რომ უნდა წავსულიყავით და მალევე დავშოშმინდი. მხოლოდ ყავა დავლიეთ გამოსაფხიზლებლად და ვედროებით და კავიანით ხელდამშვენებულები დავადექით გზას. ბებიას და მედეას თუ დავუჯერებდი, ბევრი არ გვივლია, მაგრამ მე კი გამძვრა სიქა. დილით ადრე ადგომას მიჩვეული არ ვიყავი და მგონი ისევ ძილი მქონდა აყოლილი. ვერ ვიტყვი მომეწონა მაყვლის კრეფის პროცესი-მეთქი, მაგრამ ჭამა კი მესიამოვნა. გემრიელად ამოვიყორე მუცელი და ბებიას და მედეას რომ სავსე ქონდათ უკვე ვედროები, მე ჯერ ნახევრამდეც არ მქონდა. გვარიანადაც დავიკაწრე მაყვლის ბარდებზე და ხელებიც კარგად ჩავიშავე მისი მწიფე ნაყოფის წვენით. მზე უკვე კარგად აჭერდა, რომ სახლში დავბრუნდით. ბებია-შვილიშვილმა მაშინვე კომპოტის გაკეთება დაიწყო, მე კი ისიც ვიმყოფინე, საკრეფად რომ ვიყავი და მაშინვე აბაზანაში შევედი. ლამის ორი საათი დავყავი იქ. იქიდან გამოსული კი ჩვეულებისამებრ ჰამაკში გავითხლიშე. შორიდან ვადევნებდი თვალყურს მოფუსფუსეებს.
საღამოს, ჩვეულ დროს, მედეამ თავი რომ მოიწესრიგა, შევატყე, საგულდაგულოდ გამოიპრანჭა. ასე არასდროს იქცეოდა და ამან უფრო გამიმძაფრა ის ეჭვი, რომ ვიღაც უყვარდა. თუ არ უყვარდა, მოსწონდა მაინც. ცოტა ხანს ვიდროვე, სანამ ახალგაზრდობა ერთად მოიყრიდა თავს. მერე მეც გამოვეწყე სპორტულ ფორმაში, ჩემი ბიძაშვილების როლიკები მოვირგე და მოედნისკენ გავგორდი. შორიდანვე შევნიშნე თინეიჯერი გოგო-ბიჭები, მხიარულად რომ ერთობოდნენ ერთად. ჩემი დაც მალევე შევნიშნე, ვიღაც ბიჭს ეთამაშებოდა ბადბინტონს და მხიარულად კისკისებდა. ბიჭი ჩემგან ზურგით იდგა. მზეზე გარუჯული ნავარჯიშებელი სხეული შავ მაისურში მჭიდროდ ჩაეკვეხებინა და უფრო ხაზს უსმევდა მის სპორტულ აღნაგობას. მედეაზე ლამის ერთი თავით იყო მაღალი. ქერა თმა კეფაზე ძალიან მოკლეთ ქონდა შეჭრილი და ქოჩორი კი გრძლად დაეტოვებინა.
მედეამ მალევე შემნიშნა. აშკარად გაუხარდა ჩემი დანახვა.
_ვაა, დეა?!_ვოლანს მოხერხებულად ამოსცხო ჩოგანი და ხელი ღიმილით დამიქნია.
ბიჭს მფრინავი ბურთისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. ინსტიქტურად შემობრუნდა მედეას რეაქციაზე და ინტერესით შემომხედა. ამასობაში კი მეც მივუახლოვდი და მათ წინ მოხერხებულად შევჩერდი. მეც ინტერესით შევხედე და ძალიან ნაცნობ მწვანე თვალებს რომ გადავაწყდი, დავიბენი. ნოე იყო, მაკდონალდში რომ გავიცანით მე და მიამ. მივხვდი, რომ თვითონაც მიცნო და გაოცებულმა შემათვალიერა
_ეს ჩემი დაა, დეა._ღიმილით გააცნო მედეამ ჩემი თავი.
_ნოე._ბიჭმა თავისი ძლიერი მარჯვენა რომ გამომიწოდა, მეც კეკლუცი ღიმილით შევაგებე ჩემი.
_ტყუპები ხართ?_ეს კითხვა ისე მოულოდნელი და საშინელი იყო ჩემთვის, ძლივს ცოტა გამოკეთებული ჩემი გუნება-განწყობა ისევ წამიხდა.
ტყუპობისას რას გვატყობდნენ ნეტა? მარტო ნოე კი არა, ათასი სულელი გვეკითხებოდა ამას. ნახევარდები კი ვიყავით და ვგავდით ერთმანეთს, მაგრამ ტყუპები? ეს ხომ უკვე მეტისმეტი იყო? თან, მე გაცილებით ლამაზი და მშვენიერი ვიყავი...
_არა, მე უმცროსი ვარ._მომხიბვლელად შეჰღიმა მედეამ და მივხვდი, რომ ამ ბიჭის მიმართ გულგრილი არ იყო, ისევე როგორც მე.
_ოჰ, ქალბატონო, რას უნდა ვუმადლოდეთ ახალ მთვარესავით რომ გამოანათე?_საყვედურნარევი ტონით გადამეხვია სოფა._ასე უნდა, გვერდით მყავხარ და აქ უნდა გნახულობდე? როგორ ხარ?
არ მომეწონა თავხედი კარისმეზობლის საყვედურები, მაგრამ ჩემებური სიმწარე მაინც ვერ გავუშვი, სკადრისი პასუხი არ დამიბრუნებია, არა და ძალიან მინდოდა და ენას დროულად დავაჭირე კბილი. ქალი ნოეს ვეპრანჭებოდი და პირველ შეხვედრაზევე ხომ არ ვაჩვენებდი რა ქაჯი და ენამწარეც ვიყავი?
_რა ვიცი, ვეღარ მოვახერხე..._უხეიროდ ვიმართლე თავი.
_იმედია, დღეიდან სისტემურ სახეს მიიღებს შენი აქ გამოჩენა.
_იმედია._კეკლუცად შევღიმე, რადგან ნოეს დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი და მისთვის თავის მოწონების მიზნით რამოდენიმე წრე დავარტყი მოედანს ექსტრემალური ტრიუკებით. მერე იქვე ძელის სკამზე ჩამოვჯექი დაღლილ-დაქანცული.
_შეიძლება მათხოვო?._როლიკებზე მიმითითა სოფამ.
წამიერად დავფიქრდი. ამას ჩემზე კარგად მაინც ვერ ეცოდინებოდა როლიკებზე დგომა და მაშინვე წავიძრე ფეხებიდან.
არც შევმცდარვარ, სულ ბორძიკ-ბორძიკით მიიკვლევდა წინ გზას და რამდენჯერმე დაცემისგანაც ძლივს შეიმაგრა თავი. მე მართლაც კლასი ვაჩვენე ნოეს და ქუჩური ჟარგონით რომ ვთქვა, გასწორებულში ვიჯექი. ხანდახან მის მზერას ვგრძნობდი გულს რომ მიფორიაქებდა და მსიამოვნებდა. თუმცა, მედეასაც ღიმილით უმზერდა. აშკარად ეტყობოდა, რომ მოსწონდა, რაც მე ეს ძალიან მაღიზიანებდა. მე ხომ ამ ჯოჯოხეთის მაშხალაზე გაცილებით ლამაზი ვიყავი და მე უფრო უნდა მოვწონებოდი და შევყვარებოდი კიდეც.
_ბადბინტონი არ გინდა?_მედეა გვერდით მომიჯდა და ჩოგნები შეათამაშა ხელში.
ჯერ გემოზე გამოლანძღვა დავუპირე, ვერ ხედავ ფეხშიშველი ვზივარ-მეთქი, მაგრამ ჩვენი მიმართულებით მომზირალი ნოე რომ შევნიშნე, გადავიფიქრე, მწვანე ბალახზე სიამოვნებით გავტყაპუნდი.
_თამაში სამართლიანი რომ იყოს, მეც დავიხდი._მანაც უმალ დაიხადა ბოტასები და თვითონაც ფეხშიშველი მომყვა ღიმილით.
უარესად დავიბოღმე, რადგან მშვენიერი ღიმილი ქონდა და წითლად ფრჩხილგალაქულ ფეხებს მოხდენილად მოადგამდა, ჩემსავით ბატივით კი არ მოატყაპუნებდა. თამაში რომ დავიწყეთ, ძალიან მალევე მოვიზიდეთ დაინტერესებული მაყურებელი. ყველაზე მეტად კი ის მაღიზიანებდა, რომ მედეას გულშემატკივრობდნენ და მხიარული შეძახილებითაც ამხნევებდნენ. გაცეცხლებულ-გაბრაზებულმა და დაბოღმილმა რამდენჯერმე შეცდომა დავუშვი და წავაგებდი კიდეც მედეას რომ არ დაენდო ჩემი თავი და ბოლოში ფრედ არ დაგვესრულებინა თამაში. მარტო მე კი არა, ამას სხვებიც მიხვდნენ.
_რას ქვია და და ჯიგარი არა? როგორ დაგინდო._სოფამ ძელის სკამზე ჩამომჯდარს მეგობრულად გადამხვია ხელი და თვითონაც მომიჯდა._ისე, შენც კარგად გცოდნია თამაში._თვალებზე ჩამოშლილი წაბლისფერი თმა ფაქიზად გადამიწია და ისე ჩამხედა თვალებში.
რას ქვია მეც? ძალიან მეწყინა და უარესად დავიბოღმე, თუმცა ხმა ვერ ამოვიღე. ქალი ნოეს ვაწონებდი თავს და ისტერიკას ხომ არ მოვაწყობდი?
_ხვალ, შუადღის მერე, ტბაზე მივდივართ და ხომ წამოხვალ?
_არ ვიცი._მხრები ავიჩეჩე.
_კარგი რაა... ქალაქელები გართობის მოყვარული ხალხიაო და თუ ყველა შენნაირად ერთობა, კარგად სცოდნიათ გართობა...
_ქალაქელები სულ სხვა გართობის მოყვარულები არიან._ღიმილით მოგვიახლოვდა ნოე და გვერდით მოგვიჯდა._სოფლელების გართობას გართობად არ თვლიან. იმედია დეაც თავის დას გავს და ზემოდან არ დაგვიწყებს ყურებას...
რაო, დაგვიწყებსო?.. გამოდის, ნოეც სოფლელი იყო? არა და საერთოდ არ ეტყობოდა. არც სოფლურად უქცევდა და ჩაცმის სტილიც არ დაეწუნებოდა. რატომღაც ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ სოფლელი იყო. უცბად გადავხარშე მისი სოფლელობა და ძალიან მეწყინა. მე ხომ მართლაც ზემოდან დავყურებდი და ადამიანებად არ ვთვლიდი სოფლელებს? სოფადან მზერა მის თვალებზე რომ გადავიტანე, შევკრთი, ისე დაჟინებით მომჩერებოდა, სუნთქვაც კი გადამავიწყდა.
_დიდი სიამოვნებით წამოვალ._ჩემს მაგივრად თითქოს ვიღაცამ გასცა პასუხი და ენაზე ვიკბინე კიდევაც.
სიამოვნებისა რა ვთქვა, მაგრამ ნოესთვის თავის მოსაწონებლად კი წავიდოდი ნამდვილად. მომწონდა ეს ბიჭი და გულს მიფორიაქებდა რაღაცნაირად. თან, ახლა, ჩემი სიავე რომ ვაღიარო, მედეას მოსწონდა და იმას შევარჩენდი რამეს? შეიძლება მე არ მეფიქრა ამ ბიჭზე სამომავლოდ სერიოზულად, მაგრამ არც რომ ამ ქალბატონს არ დავუთმობდი, ამაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული. რატომ ვიყავი ასეთი ბოროტი, არ ვიცი. ხანდახან მე თვითონვე მაკრთობდა და მაშინებდა ჩემი ეს დამოკიდებულება ჩემი დის მიმართ, მაგრამ ხანდახან. მისი ცხოვრების გამწარებას, ნერვების მოშლას და ყველაფერში ჩაზიარებას ვცდილობდი. ალბათ, თვითონ რომ ჩამეზიარა ერთ დროს, იმას ვერ ვივიწყებდი და ვპატიობდი.
საღამოს გვიანობამდე დავრჩი მეც ახალგაზრდებთან და სხვათაშორის, კარგადაც გავერთე. თავიდან, თითქოს ნოეს თვალის ასახვევად ვმხიარულობდი, მაგრამ მერე და მერე კი გულწრფელად და ალალად გავერთე. მედეა მართალი იყო, ბევრი საერთო თემა გამოვნახე სოფლელ "გოიმებთან," როგორც მია მოიხსენიებდა მათ და მეც ასე მიმაჩვია. სხვათაშორის, იმდენი რამ იცოდნენ და ყველაფერზე ამომწურავი პასუხები ქონდათ, რომ გამიკვირდა. მაგრამ რომ ვთქვა, მთლად მოინადირეს ჩემი გული და მათ მიმართ სიმპატიები გამიჩნდა-მეთქი, მართალი არ იქნება. მაინც ისევ ზემოდან დავყურებდი რატომღაც.
სახლში გვიან დავბრუნდით. მედეა დაწვა თუ არა, მალევე დაეძინა, მე კი ძილი გამიკრთა რატომღაც და სათოფეზე აღარ მეკარებოდა. დავიტანჯე. მთელი საღამოს კადრები მილიონჯერ გადავატრიალე გონების თვალით და ყოველი წვრილმანი დეტალიც კი აღვიდგინე მეხსიერებაში. უდავო იყო, რომ ამ ჯოჯოხეთის მაშხალას ის მშვენიერი ნოე მოსწონდა. მგონი არც ის იყო მის მიმართ გულგრილი, მაგრამ მე ჩემი მომხიბვლელობის იმედი მქონდა. ვაღიარებ, ვგავდით ერთმანეთს, მაგრამ მე უფრო ლამაზი ვიყავი და ჩემს კონკურენციას ვერ გაუძლებდა ჩემი მათხოჯი და. ტბაზე წასასვლელად საგულდაგულოდ მოვემზადებოდი. იქაც თავს მოვიწონებდი ჩემი ცურვით. მედეამ ჩემგან განსხვავებით ცურვა არ იცოდა და ქულებს მე დავიწერდი. თავს მოვაწონებდი და შევაყვარებდი ნოეს. ზოგი მერე ყოფილიყო ჩემი და მასზე შეყვარებული.
მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი. სამაგიეროდ ჩემი და რომ ადგა საქმის მისახედად, მერე ამოვუშვი ფშვინვა და შუადღემდე უგონოდ მეძინა. მერე კი მედეამ გამაღვიძა, ერთ საათში ტბაზე უნდა წავიდეთო და მეც ლასლასით ავდექი. ხელ-პირი დავიბანე, კბილები გამოვიწმინდე და სამზარეულოში რომ შევედი ყავის დასალევად, მედეა პიცას აცხობდა.
_ვაა, რასთან დაკავშირებით?_გამიკვირდა.
_აქედან შორს ყოფილა ის ტბა. ასე, საათნახევარის სავალზეო. თან, წყალი კარგად აშიებს ადამიანს და ცოტა წასახემსებელი გავიყოლოთ რამეო. სხვა ისეთი ასე ნაუცბადევად ვერაფერი მომაფიქრდა.
_საათნახევარის სავალზეო?_უკმაყოფილოდ მომეჯღანა სახე.
_ხო, ყვარელში ყოფილა, ილიას ტბას ეძახიან. ძალიან კარგი ადგილი ყოფილა. ინტერნეტში მოვიძიე, მშვენიერი პარკიც არის იქ. კარგად გავერთობით._თავისი ტელეფონი მოიმარჯვა და ფოტოები მაჩვენა.
უინტერესოდ გადავავლე თვალი, მაგრამ მომეწონა, კარგი სიტუაცია იყო და კარგ დროსაც გავატარებდით.
_ჩემთვისაც დაადგავ ყავას? რაც ავმდგარვარ, ვერ მოვახერხე დალევა.
არ მესიამოვნა მისი მოახლეობა, მაგრამ თვალებში რომ შევხედე ისეთი მორიდებით და მოწიწებით მომჩერებოდა, მისთვისაც დავდგი.
_სოფამ ხაჭაპურებს ვაცხობო, ვერიკო ყველიან ჭადებს. ცოტა ტკბილეულიც ვიყიდოთ მაღაზიაში, ისეთი გზაში რომ არ გაგვიფუჭდეს და საკმარისი იქნება.
_რითი უნდა წავიდეთ, ფეხით?
_არა, რა ფეხით?_გაეცინა._ნოე თავისი მანქანით და ნუკრი მამამისის მანქანით.
დავინახე, ნოეს ხსენებაზე როგორ აუციმციმდა თვალები და გუნებაში მწარედ გამეცინა. "ჩემს მეტოქეობას არ გირჩევ მათხოჯო". სკამზე ფეხმორთხმით დავჯექი და ყავის წრუპვას შევუდექი რომ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.
მია იყო.
ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ მოუწერია არაფერი და არც მე შევხმიანებულვარ შეგნებულად. მაინტერესებდა როდის გავახსენდებოდი ან რისთვის და აი, შეხვედრას მთხოვდა როგორც ყოველთვის ვარკეთილის მეტროსთან.
"შანსი არაა, სახლში არ ვარ"._კმაყოფილმა მივწერე.
"ვერანაირად ვერ დაიძვრენ თავს და ვერ მოხვალ?"
"ვერა."
"რა კატეგორიული ტონია?"_ალბათ ეწყინა და თვალწინაც დამიდგა მისი უკმაყოფოდ მოჭმუხნული პირსინგიანი ცხვირი.
"თბილისიდან ასი კილომეტრით მაინც ვარ დაშორებული და რანაირად მოვახერხებ?"
"რაა??? გაგიჟდი??? სად ხარ???"
"ბებიასთან"
"შე სოფლელო გოიმო"
მეწყინა ასე რომ მომიხსენია. მედეა რომ არ ყოფილიყო ჩემს გვერდით, დავურეკავდი და საკადრის პასუხს გავცემდი, მაგრამ გადავიფიქრე, მას ხომ არ გავაგებინებდი რა სიტყვებითაც ვამკობდით ერთმანეთს? ტელეფონი დაუდევრად დავათხლიშე მაგიდაზე და ყავის სმა განვაგრძე. ჩემმა დამ გაკვირვებული მზერა მომაპყრო, იცოდა, რომ არაფერს ვეტყოდი და პირი აღარ შეირცხვინა ალბათ კითხვით, რა მჭირდა.
რამოდენიმე შეტყობინება კიდევაც მომივიდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მია იყო. ალბათ, ცოფებს ყრიდა, პასუხს რომ არ ვუბრუნებდი და მსიამოვნებდა ამის გაფიქრებაც.
ყავის სმას რომ მოვრჩი, ფინჯანი ნიჟარაში ხმაურით ჩავახეთქე და ჩემს ოთახს მივაშურე ტანსაცმლის შესარჩევად. რომ მცოდნოდა ტბაზე მოგვიწევდა წასვლა, საცურაო კოსტიუმს წამოვიღებდი, მაგრამ ამჯერად მოკლე შორტებს და მაისურს უნდა დავჯერებულიყავი. კარგა ხანს ვიტრიალე სარკის წინ. მინდოდა ისეთი რამ ჩამეცვა, რაც თვალშისაცემს გახდიდა ნოესთვის ჩემს სწორ და ლამაზ ფეხებს და ახლადაკოკრებულ მკერდს. ასეთი ეშმაკური და სატანური ფიქრები რატო მიტრიალებდა თავში არ ვიცი, მაგრამ არ კი ვეწინააღმდეგებოდი, პირიქით, ჯინსის მოკლე შორტები უფრო დავამოკლე კიდეც და მაისურსაც შემოვაჭერი ბოლო, რომ წელი და პირსინგიანი ჭიპი გამომეჩინა.
მედეას ჩემგან განსხვავებით დიდი გამოპრანჭვა არ დაუწყია. ჩვეულებრივ ზომიერად მოკლე შორტები და ნაკლებად ამოღებული გულისპირით აირჩია მაისური. პირსაწმენდებიც მან ჩააწყო პარკში, პიცა და ბაღჩაში მოკრეფილი მსხალიც და ჭიშქართან მანქანამაც მოგვისიგნალა.
ყველაფერი მედეამ გამოიტანა მანქანამდე, მე კი ამაყად მივაბიჯებდი ცარიელ-ტარიელი. დარწმუნებული ვიყავი, ჩემი უზადო სხეულის გამომზეურებით ფურორს მოვახდენდი და მოსალოდნელი გამარჯვებით ვტკბებოდი.
მართლაც, ეზოდან გასულები არ ვიყავით ჯერ, რომ ნოემ შეგვნიშნა და მაშინვე მკვირცხლად გადმოხტა მანქანიდან. ალბათ, ახლოდან უნდოდა რომ შევეთვალიერებინე. ერთი კი გამომხედა, მაცდურად რომ ვუღიმოდი, მაგრამ მერე მედეას მიუახლოვდა და ბარგი ღიმილით ჩამოართვა. თან, ისეთი თვალებით უმზერდა, გული გამისკდა. დავიბოღმე. რა მოსწონდა ამ ჯოჯოხეთის მაშხალისა, მიკვირდა. ბოღმით გასიებული ჩავჯექი მანქანაში, სანამ ნოე და მედეა საბარგულში უჩენდნენ პიცას და ჩვენს პირსაწმენდებს ადგილს. მერე, ღიმილით მიუჯდა საჭეს. მედეაც როგორც იქნა ჩაიჭყუნა მანქანაში და ილიას ტბისკენ დავადექით გზას.
მთელი გზა გოგოები მხიარულად კისკისებდნენ. მე კი ხმა არ ამომიღია. ბოღმისგან და შურისგან გასიებული ვიჯექი და გუნებაში სატანურ გეგმებს ვაწყობდი, როგორ მეცდუნებინა და დამეთრია ეს სიმპატიური ბიჭი. იმის გააზრება, რომ მედეა მოსწონდა, მაგიჟებდა. მიკვირდა, რა ნახა ამ შავტუხა გოგოში ისეთი, რომ მე ყურადღებას არც კი მაქცევდა?
მგონი ერთი საათი ვიმგზავრეთ მარტო. ან ნოემ იარა სწრაფად, ან მედეა შეცდა გათვლებში. ბიჭებმა მანქანები ერთმანეთის სიახლოვეს შეაჩერეს და მხიარული სიცილ-კისკისით რომ გადაიშალნენ, მეც ნაძალადევი მხიარულებით გადავედი მანქანიდან.
_მოიცათ!_სიცილით გადაგვეღობა წინ ნუკრი._უნდა დაგთვალოთ რამდენი ვართ, წამოსვლისას რომ არავინ დაგვრჩეს ტბაზე._და დათვლა დაიწყო._ჩემიანად თერთმეტი. კარგი, წავედით._შეტრიალდა და გაიქცა._ვინც ბოლო, ის გოგო.
_ისედაც გოგოები ვჭარბობთ._გადაიკისკისა ვერიკომ და ისიც უკან მიყვა.
რამოდენიმე გოგოც გაიქცა. მე კი ფეხისთვის არ ამიჩქარებია. მშვიდად და აუღელვებლად მივაბიჯებდი მწვანედ მობიბინე გაზონზე. თუმცა ბილიკები კი იყო მოხრეშილი. უკან მივყვებოდი ნოეს, რომელიც მოხდენილად მიაბიჯებდა მედეას გვერდით და რაღაცას ტკბილად საუბრობდნენ. კიბეზე გადავდექით თუ არა და თავქვეზე დავეშვით, ტბაში მოჭყუმპალავეთა სიმრავლე მომხვდა თვალში. ჩვენებს შედარებით წყნარი სანაპირო აერჩიათ და ისინიც ჭყუმპალაობდნენ უკვე. მედეამაც დაიხადა ფეხზე და წელამდე გაბედა წყალში შესვლა. ერთხანს თვალით ვზომავდი მეორე ნაპირამდე მანძილს, შევძლებდი თუ არა, რომ გადამეცურა და თავი მომეწონებინა ყველასთვის. (ყველასთვის რა, ნოესთვის.) მერე, მეც დავიხადე ფეხზე, წელამდე შევედი და მოხდენილად გავცურე. კარგა ხანს ვიცურე. ხანდახან ნაპირს რომ გამოვხედავდი, ვხედავდი გაოცებულები რომ მომჩერებოდნენ. იმდენი ვიცურე, მგონი ნახევარს გავცდი, მაგრამ დავიღალე. ჩემს სიახლოვეს არავინ ცურავდა. ზურგზე გადავწექი დასასვენებლად და ლაჟვარდოვან ცას ავხედე. ღრუბლებს უცნაური ფორმები ქონდათ და მათ თვალიერებაში ისე გავერთე, როდის მომიახლოვდა ვიღაც, ვერ გავიგე.
ნუკრი იყო.
არა და, წყლის დგაფუნის ხმა რომ გავიგე, მეგონა ნოე იყო.
_რა შორს წამოსულხარ?_რაღაცნაირად შემომღიმა.
_მეორე ნაპირამდე ვაპირებ გადასვლას._ისე მივუგე, ზედ არ შემიხედია. ზურგზე წოლას მოვრჩი და მართლაც მეორე ნაპირისკენ მოვუსვი მკლავური.
_ნახევარი კიდევ გადასაცური გაქვს. შეძლებ? მაშველებიც შორს არიან._თითქოს შეშფოთებული ხმა ქონდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. მე თავის გამოჩენა მინდოდა ნოესთან და რას ვერ შევძლებდი?
ისე კი, ამხელა მანძილი არასდროს გადამეცურა. ხელს ის მიწყობდა, რომ არც ტალღები იყო, არც დინება და ამიტომ შედარებით ადვილად ვცურავდი. ვერ ვიტყვი, პროფესიონალი მოცურავე ვარ-მეთქი, მაგრამ არც უმაგისობა იყო. ექვსი წლიდან დავდიოდი ცურვაზე და იმდენი მაინც ვიცოდი, რომ არ დავმხრჩვალიყავი. მედეას კი ბავშვობიდან ქონდა წყლის შიში. როცა ზღვაზე მივდიოდით ზაფხულობით დასასვენებლად, ყოველთვის ვაყურყუმელავებდი და მგონი უარესადაც დავაშინე. ახლაც ნოეს გამო გაბედა შესვლა ნაპირშივე და ბაყაყივით ატყაპუნდა.
ნუკრის ალბათ ჩემთვის უნდოდა თავის მოწონება და ისიც უკან მომყვებოდა ქშენით.
მართალია მეც დავიღალე, მაგრამ იხტიბარი არ გამიტეხია. თევზები ცალკე მიშლიდნენ ნერვებს. მალ-მალე მეხებოდნენ და გულს მიხეთქავდნენ. თუმცა რის დეა ვიყავი, ფარ-ხმალი დამეყარა და ჩემი სისუსტე ვინმესთვის დამენახვებინა. მაშველები კატერით რომ მოგვიახლოვდნენ და ასვლა შეგვთავაზეს, არ ავსულვარ. დაღლილ-დაქანცული უკანასკნელი ძალებით შეუპოვრად შევებრძოლე ზუსტად ნოეს თვალების ფერ წყალს და მეორე ნაპირზე უკვე მისავათებული ავედი. როგორც შემდეგში გავიგე, ოთხასი მეტრი ქონია სიგანე. ჩემი რეკორდი მოვხსენი. აქამდე ამხელა მანძილი არასდროს გადამეცურა. მეორე სანაპიროზე რომ ჩემი გმირობის ამბავი შეუმჩნეველი არავის დარჩებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი. წყლიდან ავედი თუ არა, ტანსაცმელი დავიწურე და ნუკრის შევხედე, რომელიც ღონეგამოცლილი ეგდო სელაპივით.
_აქვე ველოსიპედები ქირავდება და იმით დავბრუნდეთ არ გინდა?_საცოდავი ხმით შემომთავაზა._სამ კილომეტრიანი ველო ბილიკია, კილომეტრნახევარი მაინც მოგვიწევს ფეხით გავლა და მე მაგალითად ვერ შევძლებ._ვაჟკაცურად აღიარა.
_იყოს ველოსიპედი, არ ვარ წინააღმდეგი._მომეწონა ველორბოლის იდეა.
იმით გახარებული, რომ ფეხით არ მოუწევდა სიარული, მაშინვე წამოხტა და ველოსიპედების გაქირავების ადგილისკენ წავიდა.
მეც უკან მივყევი.
დაბალი, გვაჯი და ფეხებდაბრეცილი იყო. თან, გვარიანად ბანჯგვლიანი. აი ისეთი, საკაცეთს რომ შეაძულებდა ქალს. და ეს ცდილობდა ჩემი გულის მოგებას? ფუუ, ტანსაცმელში კიდევ არაფერი და შავ ტრუსებში ხომ მართლაც ურჩხულს გავდა. ეს როგორ უნდა მომწონებოდა ნეტა? ტყუილად არ წვალობდა ჩემს მოხიბვლას?
ველოსიპედები მალევე ვიქირავეთ და იმ ნაპირზე დავბრუნდით, სადაც სტარტი ავიღეთ და ჩვენები გველოდებოდნენ.
_ყოჩაღ შენ!_მისვლისთანავე ველოსიპედიდან ჩამოსვლა არ მაცალა სოფამ._მგონი პირველი ქალი ხარ ვინც ეს ტბა გადაცურა მეორე ნაპირამდე. კარგად ცურავ.
კომპლიმენტისთვის მადლობა არ მომიხდია. ჩავთვალე, რომ ვიმსახურებდი და კიდევაც მეტი უნდა ეთქვათ. ველოსიპედი იქვე დავაყენე და დამრეც სანაპიროზე მზის გულზე გავიშხლართე. სულ მალე ჩრდილი წამომადგა და უკმაყოფილო სახით რომ შევხედე, შევკრთი, ნოე იყო.
_როგორი მამაცი ყოფილხარ._ჩემს გვერდით ჩამოჯდა და რამოდენიმე კენჭი ტბის ზედაპირზე გაასრიალა._მე მხოლოდ ერთხელ გავბედე გადაცურვა. ვაღიარებ, რომ გამიჭირდა. ყოჩაღ შენ... ცურვაზე დადიხარ?
უნდა მეთქვა, არა, ჩემით ვისწავლე-მეთქი, რომ მედეაც მოგვიახლოვდა და ის მეორე გვერდიდან ჩამომიჯდა.
_მგონი დაბადებიდან დადის ცურვაზე. ისეა, როგორც თევზი წყალში. მე კი წყლის შიში მაქვს რატომღაც...
_ცურვა არ იცი?_გაუკვირდა ნოეს.
მე უნდა მეთქვა, მაგრამ მედეამ დამასწრო აღიარება.
_გინდა გასწავლო?_სიხარულით წამოიწია ნოემ და ისევ მომეშხამა გუნება.
_არა, მადლობა._ღიმილით იუარა._ამბობენ, ნებისმიერი ფობია დაძლევადიაო, მაგრამ მე რატომღაც ვერა და ვერ დავძლიე ეს აქუაფობია...
_გეტყობა, ცუდი მოგონებები გაკავშირებს წყალთან და იმიტომ.
_გინდა, ველოსიპედებით შევეჯიბროთ?_სიტყვა ბანზე აუგდო და ღიმილით წამოიმართა ფეხზე.
_რატომაც არა?_ნოესაც ძალიან გაუხარდა ეს შეთავაზება და მანაც წამოზიდა თავისი ნავარჯიშებელი სხეული.
თვალი გავაყოლე ჩემი და ნუკრის ნაქირავებელ ველოსიპედებზე რომ შემოსხდნენ და ველორბოლის ტრასაზე მთელი სისწრაფით გაქანდნენ. ბოროტული მზერით გავაცილე ორივე და მედეას წაქცევა და დამტვრევა გულით ვინატრე...
_დეა, ყავას არ დალევ?_სოფამ ზემოდან გადმომძახა.
დიდი სიამოვნებით კი დავლევდი, მაგრამ დამეზარა ადგომა და ვიუარე. სოფა და რამოდენიმე გოგო კაფეს მიმართულებით რომ წავიდნენ, ახლა იმათ გავაყოლე თვალი, მაგრამ მოახლოებული ნუკრი რომ შევნიშნე, მაშინვე წამოვხტი და გოგოებს დავედევნე.
_გადაიფიქრე?_სოფამ ღიმილით გამომდო ხელკავი._ასეც ვიცოდი, რომ ცდუნებას ვერ გაუძლებდი. აქ არაჩვეულებრივ ყავას ამზადებენ.
ყავა მართლაც რომ გემრიელი იყო, ძალიან მომეწონა. ეგ იყო მხოლოდ, რომ ნოეს და მედეას ვხედავდი მხიარულად რომ დაჰქროდნენ ველოსიპედებით და გული უარესად მეკუმშებოდა. აშკარად მოსწონდათ ერთმანეთი და რაც არ უნდა მომენდომებინა, მათ ვერ დავაშორებდი. მია რომ ყოფილიყო აქ, ის კი მეტყოდა და დამარიგებდა ჭკუაზე, რომ არასინდისიერად ჯობდა მოქმედება, რადგან ასე უფრო ადვილად დავამარცხებდი და ღირსიც იქნებოდა. თუმცა, მე ჯერჯერობით ასე მოქცევას არ ვაპირებდი. თუმცა, როდემდე შევიკავებდი თავს, არც ეგ ვიცოდი.
უნდა ვთქვა და ვაღიარო, რომ კარგი დრო გაატარეს გოგო-ბიჭებმა. ასეთი ლაღები და ბედნიერები მგონი თბილისშიც არ მინახავს არავინ. სახლიდან წაღებული ხარჯიც დავაგემოვნეთ და მძღოლების და მედეას გარდა ყველამ თითო ქილა ცივი ლუდიც დავლიეთ. მეც კი, რომელსაც ბოღმა მახრჩობდა და შური მაბრმავებდა, მაინც მშვენიერი დრო გავატარე და კარგადაც გავერთე. ნუკრი მართლაც ჩემს მოხიბვლას ცდილობდა და ნემსის ყუნწში ძვრებოდა, რომ ოღონდაც მისთვის მიმექცივნა ყურადღება. მე კი, ტყავიდან ვძვრებოდი, რომ ნოეს შეემჩნია ჩემი მომხიბვლელობა და ნახევრად შიშველი ჩემი უზადო სხეული, თუმცა სულ ტყუილად, მედეას გარდა მგონი ვერც ვერავის ხედავდა ის სულელი ნოე. მისმა გამომცხვარმა პიცამ ხომ მთლად მოაჯადოვა. მარტო ნოე კი არა, ყველა აღფრთოვანებული იყო ჩემს გარდა. მე ერთი ნაჭერიც კი არ მიჭამია.
საღამოს, ახალი შებინდებული იყო, სახლში რომ დავბრუნდით. ჩემს დამპალ თვალს არ გამოჰპარვია ის ფაქტი, ნოე და მედეა თვალებით რომ დაემშვიდობნენ ერთმანეთს. უარესად დავიბოღმე და ალბათ გავსკდებოდი კიდეც, მია რომ არ გამხსენებოდა. მართალია, აღარ შევეხმიანე და გავანაწყენე, მაგრამ თავის მოხრა მომიწევდა. მე იმდენი ფანტაზია არ მყოფნიდა, ეს გვრიტები დამეშორებინა როგორმე. ასეთ სიტუაციებში კი მია მაგარი იყო. ან სად ქონდა იმდენი ჯოჯოხეთური იდეები, მიკვირდა. ისეთ შესანიშნავ გეგმას გამიშანშალებდა, დარწმუნებული ვიყავი მომეწონებოდა. ახლა მთავარი ის იყო, როგორ შემომერიგებინა დაქალი.
იმ ღამეს დაძინება ვარჩიე. დაღლილი ვიყავი ფიზიკურადაც და გონებრივადაც და გამოძინება და დასვენება არ მაწყენდა. მერე კი, მოვიფიქრებდი, როგორ შემომერიგებინა მია. დავწექი თუ არა, მაშინვე ჩამეძინა. ხუმრობა ხომ არ იყო ჯერ ოთხასი მეტრის გადაცურვა, მერე კილომეტრნახევარი მაინც ველორბოლა, თოკის მთაზე ძრომიალი, მერე ლუდით გაბრუება და ახლა მანქანით მგზავრობა. გემოზე დავისვენე და დილით შედარებით კარგ ხასიათზე ავდექი. მართალია მედეას ვერ დავასწარი ადგომა, მაგრამ მაინც ადრე ავდექი სხვა დღეებთან შედარებით. დილის ყავა მივირთვი და მიას დავურეკე. დამპალმა არ მიპასუხა. ალბათ ისევ ნაწყენი იყო ჩემზე. ხუთი-ათი წუთი ვადროვე და კიდევ დავურეკე. არც მაშინ მიპასუხა და მეც წამეკიდა სიბრაზე, რა თავს ვაფასებინებდი ამ ჭირვეულ უცნაურ არსებას? თუმცა, ნოეს მწვანე თვალები რომ დამიდგა თვალწინ, ისევ შევეცადე მასთან დარეკვას.
როგორც იქნა მიპასუხა.
აშკარად ნამძინარევი ხმა ქონდა. სულ დამავიწყდა, რომ გვიან იღვიძებდა და ზარი ექნებოდა ტელეფონზე გამორთული.
_ჩხირი კედელში, რომ გაგახსენდი და მირეკავ.
_აბა, შენ არ მირეკავ და მაშ რა ვქნა?_გავიკვირვე._როგორ ხარ, უჩემოდ ხომ არ მოიწყინე?
_შენ წარმოიდგინე არა._ ეს რომ მითხრა, მივხვდი, თან ენა გამომიყო და გამეცინა._რა გაცინებს?_სიბრაზე გაურია ხმაში.
_ყოველთვის, როცა ენას ყოფ, სასაცილო ხარ.
_და რა იცი, რომ ენა გამოგიყავი?_გაუკვირდა.
_ჩემი ხუთი თითივით გცნობ და ვიცი როდის რას აკეთებ.
_და ახლა რას ვაკეთებ?_გამომცდელად მკითხა.
გონება დავძაბე, ასეთ დროს რას აკეთებდა ხოლმე და გამეღიმა.
_პირსინგიან ცხვირს ისრეს._ეს რომ ვუთხარი, კარგახანს გაჩუმდა. ალბათ, მართლაც მაგას აკეთებდა და გაოგნებული ახლა ცისფერ თმას იხვევდა სალოკ თითზე.
ყველაფერი ეს რომ წარმოვიდგინე, ხმამაღლა გამეცინა.
_რა გაცინებს?_გამიწყრა.
_მაგ შენს ცისფერ კულულებს შეეშვი...
_უკვე მაშინებ._მთელი სერიოზულობით მითხრა._საიდანმე მხედავ, თუ მართლა ასე კარგად მცნობ?
_თუ._ისევ გამეცინა._არ მეტყვი როგორ ხარ ან რას შვრები?
_შენზე გაბრაზებული ვარ, მესიჯებზე პასუხი რომ აღარ დამიბრუნე. მგონი, საერთოდ არ წაგიკითხია, არა?
მართლა არ მქონდა წაკუთხული, მაგრამ ამას როგორ ვაღიარებდი?
_ხომ იცი, სოფელში როგორი მიღება აქვს ტელეფონებს? ადგილ ადგილ იჭერს. ხო და უპატრონოდ მიგდია ხან სად და ხან სად, რომ დარეკვის ხმა მაინც გავიგო...
_კარგი, ხო._შევატყე, რომ მოულბა გული._გადახვედი სოფლის ყაიდაზე?
_არა, რა სისულელეა?_"ვითაკილე."_მოვიწყინე უკვე და ერთი სული მაქვს, როდის დავაღწევ ამ ჯოჯოხეთიდან თავს.
_მერე? შენც ადექი და გამოიპარე. გზა არ იცი?
_როგორ არა, მაგრამ დედაჩემი დამაბრუნებს უკან და მთელ ზაფხულს აქ გამატარებინებს. ამიტომ, მორჩილება მმართებს.
_ვაი, შე საცოდავო. გულწრფელად გითანაგრძნობ. კიდევ კარგი დედაჩემი აქედან შორსაა. ბებიას კი ვინ უჯერებს?_ბოროტულად ჩაიხითხითა._კარგი, გავიქეცი, კარზე არიან და მერე მე თვითონ დაგირეკავ.
არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზავდი? მოთმინება მმართებდა. რადგანაც ასე უცბად ვერ მივახლიდი, მისი იდეები რომ მჭირდებოდა ორი გვრიტის დასაშორებლად. გაუხარდებოდა, განა არ გაუხარდებოდა თავის სატანურ გეგმებს რომ გასაქანს მისცემდა, მაგრამ თავს დაიფასებდა და კარგა ხანს მაწრუწუნებდა. მე კი რაც შეიძლებოდა სასწრაფოდ მჭირდებოდა მათი დაშორების გეგმა.
შუადღემდე აღარ შევხმიანებივართ ერთმანეთს და შუადღის მერე კი თვითონ დამირეკა.
_გაჭედილში ვარ. ასი ლარი მჭირდება._იდუმალი ხმით მიჩურჩულა.
არა და იმისთვის დავურეკე, რომ მე მჭირდებოდა მისი დახმარება და სიტუაცია კი ასე შეიცვალა.
_აქედან რა გიშველო? თან, კაპიკიანი არ მაქვს._მოვიწუწუნე.
_ვიცი, მაგრამ... იქნებ რამე მომიხერხო და ვალში არ დაგრჩები, ხომ იცი?
როგორ არ ვიცოდი, მშვენივრად ვიცოდი, რომ დღემდე ვალში იყო ჩემთან, მაგრამ დახმარების სურვილი გამიჩნდა რატომღაც, რომ ნოეს დათრევაში დამხმარებოდა. სხვა მაინც ვერაფერში გამოვიყენებდი და... არც კი დავინტერესებულვარ რაში სჭირდებოდა ამხელა თანხა და დავპირდი, რამეს მოვახერხებდი. მედეა რომ საქმით იყო გართული, ბიცოლას ოთახში შევიპარე და იქ გადავაქოთე ყველაფერი, თუმცა ფულს ვერსად მივაგენი. ძვირფასეულობის ზარდახშა კი იქვე იდო და იმას გადავავლე თვალი. რა გინდა სულო და გულო, რა ფორმის და ზომის ოქრო-ვერცხლის სამკაულები არ ეწყო შიგ. გულდასმით დავათვალიერე ყველა. მათი სინჯის ფასი არ ვიცოდი, მაგრამ მაინც ექსპერტივით ვაკვირდებოდი და ბეჭდებს თითებზე ვიზომავდი. მერე დავეჭვდი, იქნებ უბრალო ბიჟუტერია იყო და ასე თვალსაჩინოდ იმიტომ ელაგა? ან, იქნებ არასდროს არაფერი დაჰკარგვია და ამიტომაც არ ცდილობდა ბიცოლაჩემი მათ მიმალვას? რომ ამეღო, აშკარად მიხვდებოდნენ, რომ ან ჩემი და ან მედეას აღებული იქნებოდა. ამიტომ ისევ ჩავაბრუნე ყველაფერი ზარდახშაში და მათი ოთახიდან უხმაუროდ გამოვიძურწე.
კაცი ბედით უნდა ცხოვრობდესო. გამოვედი თუ არა და ოთახის კარი გამოვიხურე, ბიძაჩემიც დაბრუნდა. შიშისგან ლამის ენა წამერთვა. მისი ცოლის სამკაულებში მოფუსფუსეს თუ წამადგებოდა თავზე, მერე? ეს ალბათ ნიშანი იყო იმისა, რომ მეორედ ასეთი რამ აღარ ჩამედინა. ძლივს ჩავიწყნარე აფორიაქებული გული და საღამოს გასასეირნებლად მედეასთან ერთად დავიწყე მზადება. კარგა ხანს გამყვა შიში და მუხლების კანკალი. იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რა მოხდებოდა, ბიძაჩემს თავის საძინებელში და მითუმეტეს ცოლის სამკაულებში მოფუსფუსე ვენახე? ბადბინტონისა და ფრენბურთის თამაშმა ცოტა კი დამაწყნარა, მაგრამ არც ისე, რომ მეორედ გამებედა კიდევ მასეთი რამ. იმაზე ფიქრი კი არ შემიწყვეტია, როგორ მეშოვა მიასთვის ასი ლარი, რომ ამის სანაცვლოდ მედეას და ნოეს დაშორების გეგმა შემოეთავაზებინა.
საღამოს, ჯერ ისევ "ვაბირჟავებდით," რომ დაქალმა ისევ დამირეკა.
_რა ქენი აბა, ვერაფერი?
_ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერაფერი...
_არაუშავს, ვიშოვე, არ ინერვიულო._მხიარულად მაუწყა._ როდის უნდა დაბრუნდე?
_არვიცი. წესით ერთ-ორ დღეში. დედაჩემი როგორ ჩამოვა.
_ამის აღიარება არ მინდა, მაგრამ მომენატრე._გაეცინა.
_მეც მაგ დღეში ვარ... არ გინდა შენ მესტუმრო?
_სად?! შენ ხომ არ გაგიჟებულხარ?! სოფელში რა მინდა?!_დიდად შეიცხადა.
_ჩამო, ჩამო, გპირდები კარგ დროს გაგატარებინებ. გახსოვს, მაკდონალდში ნოე რომ ვნახეთ? აქ არის და ამ ჯოჯოხეთის მაშხალას და იმას მოსწონთ ერთმანეთი. უნდა ნახო, რა თვალებით უმზერენ ერთმანეთს...
_მოიცა, ეგ ბიჭი ხომ შენ მოგეწონა?_შეფარვით რომ მკითხა, მივხვდი ჩემს გასაჭირს მიმიხვდა.
_ხო, მაგრამ...
_შენ მოგიკვდეს ჩემი თავი, დაგჩაგრეს უჩემოდ?_შეიცხადა.
_შენი დახმარება მჭირდება.
ცოტა ხანს გაჩუმდა. მერე კი ისეთი რამ მითხრა, სიხარულისგან ლამის ხტუნვა დავიწყე.
_ხვალ საღამოს წამოვალ. ტაქსის მძღოლს დაგალაპარაკებ, რომ მისამართი ზუსტად უთხრა. ეს ერთი დღეც გაუძელი მაგ შეყვარებულ ბეღურებს და მერე მე ვიცი და ჩემმა ოინებმა...
_მართლა ჩამოხვალ?_თითქოს არ დამეჯერა მისი ნათქვამი.
_ვითომ რატომ ვერ ჩამოვალ?_გაუკვირდა._ჩემი დაქალი გასაჭირში იყოს და ბედის ანაბარად მივატოვებ ვითომ?
მივხვდი, ჩემი დავალიანება უნდოდა, რომ შემდეგში ორმაგად და ათმაგად აენაზღაურებინა ჩემგან, მაგრამ რას დავეძებდი? მათავარი ახლა მედეას და ნოეს დაშორება იყო, სხვა აღარაფერზე აღარ მინდოდა ფიქრი.
მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე სიხარულისგან. საღამომდეც მოუსვენრად ვიყავი და ნერვიულად ვცემდი ეზოში ბოლთას. მედეამ კი შემნიშნა მღელვარება და გამომკითხა კიდეც, რა გჭირსო, მაგრამ არ ვუთხარი. თვითონ რომ სასეირნოდ წავიდა, მე სახლში დავრჩი და ტელეფონს ხელიდან არ ვუშვებდი, რომ არ გამომპარვოდა მიას ზარი. ლოდინით რომ დავიღალე, ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ მატყუებდა, მაგრამ ბოლოს როგორც იქნა დამირეკა კიდეც და მძღოლიც დამალაპარაკა. ზუსტი მისამართი რომ მივეცი, მაშინვე ქუჩის კარებს მივაშურე მის დასახვედრად. დაახლოებით ოცი წუთი მომიწია ლოდინი და ჩემს წინ თეთრი ტაქსი რომ შეჩერდა და ფანჯარაში მიას მოვკარი თვალი, სიხარულისგან ტაშიც კი შემოვკარი.
ბევრი ბარგი არ ქონია, ორი დღით ვაპირებ დარჩენასო და პატარა ზურგჩანთით იყო.
_აბა, სად ბრძანდებიან გვრიტები?_ოთახში ავიყვანე თუ არა, მაშინვე ეს მკითხა.
_სკოლის წინ მოედანზე.
_წავიდეთ?
_ნამგზავრი ხარ, არ დაიღალე? ან არ გშია?_გამიკვირდა.
_არაფერი მინდა, წამო, ვნახოთ რა სიტუაციაა._ხელკავი გამომდო და ოთახიდან გამიყვანა.
მედეამ შორიდანვე შეგვნიშნა. ცისფერი თმებით მიას გარდა რომ სხვა არავინ იქნებოდა, მაშინვე მიხვდა და აშკარად არ გაუხარდა ჩემი დაქალის გამოჩენა. თუმცა ზრდილობის გულისთვის მაინც მოიკითხა და ნაძალადევად გაუღიმა.
_ძალიან კარგად!_მხოლოდ ეს უთხრა, თანაც ძალიან ამაყად და თვითონ როგორც ყოველთვის არც ახლა მოუკითხია._ვაა, მიუნჰაუზენა?_ნოე რომ დაინახა აშკარად გამხიარულდა._როგორ ხარ?_ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
მედეას გაოცებულ გამოხედვას რომ მოვკარი თვალი, მესიამოვნა.
_შენ, ბაბუა დრაკის წყენინებას რომ ერიდები, ის არ ხარ?_აშკარად უკმაყოფილო ხმით კითხა ნოემ და მანაც ნაძალადევად შეჰღიმა და ხელი ისე ჩამოართვა.
_ეს ჩემი დაა, მია._ამაყად გამოვაცხადე._ბავშვობიდან უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ და აი, ახლაც ამიტომ ჩამომაკითხა._გულიანად გადავიკისკისე.
სოფლელებმა უცნაური იმიჯის მქონე სიფრიფანა გოგო ინტერესით შეათვალიერეს და ყველამ ღიმილით ჩამოართვა ტატუირებულ მარჯვენაზე ხელი.
მედეამ აშკარად მოიწყინა ჩემი დაქალის გამოჩენით და მასთან ერთად ნოემაც. მე კი ასეთი მხიარული და ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. ჩვენი შემხედვარე დიდხანს აღარ დარჩენილა, მოიბოდიშა, რაღაც ვერ ვარ კარგად და სახლში წავალო. მას სოფაც მიყვა. ნოემაც გააცილა, მაგრამ მალევე მობრუნდა.
_რა დავუშავე ამ ჯოჯოხეთის მაშხალას, ასე რომ ვერ მიტანს?_ხმამაღლა შეიცხადა მიამ._აშკარად ჩემმა მოსვლამ გახადა ცუდად. ხვალ წავალ, თორემ მაგის მოჟამული სიფათის ყურებას ნამდვილად არ ვაპირებ.
_შენ რა შუაში ხარ? მოსვლის წუთიდან იძახდა, ვერ ვარ კარგადო._მედეას მხარე დაიცვა ვერიკომ.
_ვერ მიტანს...
_რამეს უშავებ?_გაუკვირდა.
_იმის გარდა არაფერს, მაგის დის დაქალი რომ ვარ._თავი ისე მოისაწყლა მიამ, მეც კი დამაჯერა, რომ ანგელოზი იყო და მართლაც არაფერს უშავებდა._ვერ მიტანს იმის გამო, დეას რომ არ ვაჩაგვრინებ...
_მედეა და დაჩაგვრა?_გაიოცა ვერიკომ._რაღაც არ მჯერა.
_ეეჰ, ჩემო კარგო, ცხვრის ტყავში გადაცმული მგელია.
_რაღაც მედეას არ შეესაბამება ეგ დახასიათება._მკაცრად თქვა ნოემ და მანაც დააპირა სახლში წასვლა.
_არ გჯერათ და ნუ გჯერათ, აი დარდი!_მართლაც უდარდელად თქვა მიამ._ როცა იქნება ხომ მიხვდებით რა ადამიანიცაა?_უცბად წამოხტა მოულოდნელად და იქვე დაგდებულ ბურთს დაავლო ხელი._წრეში ბურთი არავის უნდა?
_მე მინდა._მაშინვე წამოვხტი.
ვერიკოც მალევე შემოგვიერთდა. მერე ნუკრი და ბოლოს ნოეც.
_გოგოები ბიჭებზე, არ გინდათ?_მიამ ხმამაღლა გამოაცხადა._თუ, გეშინიათ რომ არ წააგოთ?
მეტი თქმა აღარც დასჭირვებია არავის და წრეში ბურთიც გავაჩაღეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, გოგოებმა მოვუგეთ და ტკბილეულიც გვიკისრეს. გვიანობამდე დავრჩით და პირველის ნახევარი იყო სახლში რომ მივედით. ბებიას ეღვიძა და ჩემს სტუმარს ელოდებოდა. გულთბილად მიესალმა, ცოტა გამოელაპარაკა, ვივახშმეთ და მალევე დავწექით. მედეა იწვა უკვე. თავი კი მოგვაჩვენა რომ ეძინა, მაგრამ აშკარად ეღვიძა.
გვიანობამდე ვიკისკისეთ და რომც სძინებოდა, აუცილებლად გავაღვიძებდით. თუმცა, საყვედური ნამდვილად არ უთქვია. გვეტყოდა და კარგ მელასაც დაიჭერდა. იცოდა ჩვენი ხასიათი და ჩუმად გვითმენდა. მგონი სამი საათი იყო, რომ ჩაგვეძინა. დილით კი მზე უკვე კარგად იყო ამოწვერილი, რომ ვინებეთ აბრძანება.
მედეას უკვე დაწკრიალებული ქონდა ყველაფერი და ჩვენ გველოდა სადილზე. გემრიელად მივირთვით მისი მომზადებული საჭმელი და მერე ჰამაკში ჩავწექით ორივენი.
_რა გავუჩალიჩოთ ამ ქალბატონს, რომ ნოემ ყურადღება აღარ მიაქციოს?_ჩურჩულით ვკითხე._თორემ, ის ვერსია, რომ მედეა ბოროტი და ქაჯია, არავის სჯერა.
_შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ, ეგ მე მომანდე._დამამშვიდა._სულ მალე ნოე შენი გახდება და ამაზე მადლობასაც კი მეტყვი.
_რას აპირებ არ მეტყვი?
_ჯობია არ იცოდე._რაღაც ეშმაკურად შემომღიმა._რაც ნაკლები გეცოდინება, შენთვისვე აჯობებს.
_ნუ მაშინებ იცოდე.
_საშიში არაფერია. აი, ნახავ. ვიხალისებთ.
მია რომ წესიერს არაფერს მოიფიქრებდა ან ჩაიფიქრებდა, ამაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ ისე ვიყავი ნოეზე ჩაციკლული, დიდად არ მადარდებდა, რას დაუშავებდა მედეას.
საღამოს ჩვეულებისამებრ მოედნისკენ გავწიეთ. მედეას კი ეტყობოდა, რომ მიას გვერდით არ უნდოდა ყოფნა, მაგრამ ნოეს ნახვის სურვილმა სძლია ეტყობა და მაინც წამოვიდა. ხან ბურთით, ხან სკეიდბორდით და ხან ველოსიპედით გვარიანად დავიღალენით. მერე მე და მია მაღაზიაში წავედით და ცივი სასმელები და ტკბილეული ვიყიდეთ. არაქისიანი სასუსნავებიც რომ იყიდა, გავაფრთხილე, რომ მედეას ალერგია ქონდა მაგაზე.
_ვიცი._დამაინტრიგებლად შემომღიმა._შევაპაროთ და თავ-პირი რომ დაუსივდება, ვნახავ მერე როგორღა მოეწონება იმ ნოეს.
მედეას ალერგია ნანახი მქონდა. თვალები და ტუჩები უსივდებოდა და საშინელი სანახავი იყო. ამას ისიც ემატებოდა, რომ მთელს ტანზე ჭინჭრის დასუსხულივით აყრიდა წითლად და სულ ექავებოდა. გამიხარდა მიას გეგმა. ნოეს მართლაც აღარ მოეწონებოდა ჩვენი მაშხალა.
მაღაზიიდან დაბრუნებულებს მაშინვე ყველა შემოგვეხვია და ყველას გავუნაწილეთ ტკბილეული. მედეამ უარი გვითხრა, არ მინდაო, მაგრამ მიამ მაინც ძალით მიაჩეჩა არაქისიანი ნამცხვრები.
_ჩემს მოწვდილს არ კადრულობ?_ასე ვთქვათ ნამუსზე რომ ააგდო, იძულებული გახდა მასაც დაეგემოვნებინა.
თხუთმეტი წუთი არ იყო გასული, რომ ყელზე და მთლიან სახეზე წამოჭარხლდა. ნელ-ნელა ტუჩებიც დაუსივდა და ჰაერის უკმარისობა დაეწყო. მაშინვე რაღაცას დაუწყო ჯიბეში ძებნა, მაგრამ ამაოდ.
_რა გჭირს?_შეშფოთებულმა ნოემ ჯერ მედეას შეხედა და მერე მიას გამოხედა ეჭვით.
_მე რა შუაში ვარ?_მიამიტურად ააფახულა თვალები.
_რა შეაპარე?_მაჯაში სწვდა და შეანჯღრია.
_ეგ არაფერ შუაშია, არაქისიანი იყო ის ნამცხვარი ალბათ და ალერგია მომცა._ძლივს ამოთქვა მედეამ სათქმელი._დექსამეტაზონი კი ჯიბიდან ამომვარდნია._თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და სახლში წასვლა დააპირა.
_მოიცა._ნოემ მაშინვე წელზე მოხვია ხელი._ექიმთან წაგიყვან.
_არ მინდა, მადლობა._ხელი გააშვებინა და ისევ გადადგა ნაბიჯი. თუმცა, ვეღარ შეძლო და იქვე ჩაიკეცა.
_მედეა, რა გჭირს გოგო!_განწირული ხმით იკივლა სოფამ და მის გვერდით ჩაიმუხლა.
_ალერგიული შოკი აქვს, ჩემს დასაც აქვს ხოლმე._მაშინვე დასწვდა ნოე, ხელში აიტაცა და მანქანაში ჩასვა._საავადმყოფოში მიმყავს.
_მოიცა, მეც წამოვალ._სოფაც გაიქცა._შენ არ მოდიხარ?_არც კი მოუხედია ისე მკითხა.
_მეე?_გამიკვირდა. ჯერ ისევ შოკში ვიყავი მოულოდნელი მოვლენების განვითარებით.
_გაყევი._მიამ ისე მიბიძგა, ლამის წამაქცია._წადი, უფრო გული დაედება.
ვის დაედებოდა გული არ ვიცი, მაგრამ მაინც გავიქეცი და ნოეს მანქანაში ჩავჯექი.
_არ მინდა საავადმყოფოში. აფთიაქთან გამიჩერეთ, დექსამეტაზონს დავლევ და მიშველის._გააპროტესტა მედეამ საავადმყოფოში წაყვანა.
_ეგ ხომ ნემსია?_გაუკვირდა ნოეს.
_ხო, მაგრამ დალევაც შეიძლება. მე მშველის. იქ გამოკვლევებს და ათას გადასხმას დამინიშნავენ. მართლა არ მინდა რაა._მუდარა გაურია ხმაში.
ნოემ მართლაც აფთიაქთან გააჩერა მანქანა და გადავიდა. მალევე დაბრუნდა უკან და რამოდენიმე ყავისფერი ამპულა გამოუტანა. მაშინვე წაატეხა თავი და ისე გაუწოდა მედეას, რომელმაც ძლივს გამოართვა და დალია.
_ათ წუთს დაგელოდები, თუ არ გაგიარა, იცოდე რომ საავადმყოფოში მივდივართ._მტკიცედ უთხრა ნოემ და მანქანა ნაპირზე გადააყენა.
მართალია, სიწითლე და გამონაყარი არ შემცირებია, მაგრამ სუნთქვა რომ დაუმშვიდდა, მედეამ გაღიმებაც კი სშეძლო.
_ხედავ, ნელ-ნელა ყველაფერი გამივლის. საავადმყოფოში ნამდვილად არ მინდა. გთხოვ, სახლში მიმიყვანე.
ნოეს ძალიანაც არ უნდოდა უექიმოდ დაეტოვებინა მედეა, მაგრამ ისე ემუდარებოდა, მართლაც სახლში მიგვიყვანა.
_ოდნავ გართულება რომ დაატყო თავს, რა დროც არ უნდა იყოს, იცოდე დამირეკე. კარგი?_თავისას არ იშლიდა ნოე.
_გპირდები, თუ რამეა, მე დაგირეკავ._დავაიმედე აფორიაქებული ბიჭი.
_შეენ?_ისე უნდობლად შემომხედა, შევკრთი.
_ხო, რა იყო?_ვითაკილე მისი უნდობლობა.
ერთხანს ისევ ისე მომჩერებოდა. აშკარად არ მენდობოდა, მაგრამ მერე ფურცელზე ნომერი დამიწერა და გამომიწოდა.
_ოდნავი გართულება და მირეკავ იცოდე.
_კარგი._ღიმილით დავამშვიდე და ფურცელი გამოვართვი.
ნოესთვის მედეას შეძულება არ გამოგვივიდა, მაგრამ ტელეფონის ნომერი რომ თავისი სურვილით მომცა, ამაზე ხომ სიხარულისგან ლამის გავაფრინე, თუმცა არაფერი შემიმჩნევია. პირიქით, ვითომ უინტერესოდაც ჩამოვართვი ფურცელი და დაუდევრად ჩავიდე ჯიბეში. სახლში მისულებს კი, მია იქ დაგვიხვდა უკვე. გაუკვირდა, რა მალე მოხვედითო.
_აღარ წავედით, საავადმყოფოს შიში აქვს ქალბატონს და შუა გზიდან მოვბრუნდით._ისე ვუჩურჩულე, მედეას არ გაეგო._სამაგიეროდ, ნომერი მომცა._ფურცელი დავანახე გახარებულმა.
_ვინ? ნოემ?_გაუკვირდა.
თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, ცერა თითი დამანახა კმაყოფილების ნიშნად.
_აკი, ვერ გამოგვივიდოდა?_თან თვალი ჩამიკრა.
მართალია, სულ სხვა გეგმები გვქონდა და ძალიან მეწყინა მედეას შეძულების მაგივრად ნოემ უფრო რომ მიაქცია ყურადღება და ძალიანაც შეწუხდა, მაგრამ არც მისი ნომრის გაგება იყო ურიგო. არა და, რამდენს ვცდილობდი გამეგო და ბოლოში კი თავისი სურვილით გამანდო.
რატომღაც მთელი ღამე იმას ვნატრობდი, რომ ჩემი მათხოჯი და ცუდად გამხდარიყო, დარეკვის მიზეზი გამჩენოდა, მაგრამ სულ ტყუილად. უფრო და უფრო კარგად ხდებოდა მედეა და გულსაც მიხეთქავდა თავისი უკეთესობისკენ შემობრუნებით.
ბებიამ რომ მედეას ამბავი გაიგო, იმან ცალკე შეიცხადა. დედაჩემთან დარეკვაც კი განიზრახა, მე არაფერი გამეგება და ის მოგხედავს კარგადო, მაგრამ მედეამ იუარა, არაფერი მჭირს საგანგაშო და ტყუილად რატომ უნდა შევაშინოთო. ბევრი ილაპარაკეს თუ ცოტა, როგორღაც შეთანხმდნენ, რომ ქალბატონი ნორასთვის არაფერი ეთქვათ, თორემ ინერვიულებდა საწყალი და ცუდად გახდებოდა.
დილით მართლაც შესუსტებული ქონდა ალერგია. გამონაყარი გაფერმკრთალებული, მაგრამ თავ-პირი ისევ დასიებული ქონდა და საშინელი შესახედი იყო. მიას დაჟინებული თხოვნით ნოეს მაინც დავურეკე იმის სათქმელად, რომ შედარებით კარგად იყო ჩემი და და უკეთესობაც ეტყობოდა.
უცხო ნომრით რომ ვურეკავდი, ალბათ მიხვდა, რომ მე ვიქნებოდი და შეშფოთებულმა მიპასუხა.
_ნოე, დეა ვარ._საგრძნობლად გავინაზე ხმა.
_მედეა როგორ არის?_მაშინვე ეს მკითხა.
_ზუსტად მაგიტო გირეკავ, უკეთესადაა...
_მართლა?_თითქოს არ დამიჯერა.
_ხო, კარგადაა. თუ არ გჯერა, გამოუარე და ნახე.
ერთხანს ჩუმად იყო. ალბათ, ვერ გადაეწყვიტა მართლაც მოსულიყო და ენახა თუ არა. ბოლოს, ცოტა ყოყმანით დამთანხმდა, რომ მოვიდოდა.
მედეასთვის არაფერი მითქვია. ვიცოდი, თავს გაიგიჟებდა, ასეთი ვერ დავენახვებიო და ამიტომ საიდუმლოდ შევინახე ნოეს მოსალოდნელი ვიზიტი. სამაგიეროდ მე გამოვიპრანჭე რაც კი შემეძლო და ნერვიული ბოლთისცემით დავიწყე მისი ლოდინი. მია კი მამშვიდებდა, რა გჭირს, ჯერ ხომ ადრეა, მოვა, მაშ სად დაიკარგებაო, მაგრამ მე მაინც ვერ ვმშვიდდებოდი. ერთი სული მქონდა მოსულიყო და ჩემს ყველაზე მოკლე დაძენძილ ჯინსის ქვედაბოლოსა და მხრებგადაღეღილ მაისურში ვენახე. რატომ მქონდა ისეთი წარმოდგენა, რომ ასე ვულგარულად ჩაცმულს სიამოვნებით შემათვალიერებდა და მომაქცევდა ყურადღებას, მართლა არ ვიცი. უკვე ძალიან რომ გადავიღალე ლოდინით და ოფლში გავიხვითქე კიდეც, ზუსტად მაშინ მოვიდნენ სოფა, ვერიკო და ვიღაც უცნობი გოგო, რომელიც გაჭრილი ვაშლივით გავდა ნოეს. როგორც შემდეგში გავიგე მისი ტყუპისცალი ნენე იყო.
ნოე მანქანიდან არ გადმოსულა. ეს ალბათ სოფლური მენტალიტეტი იყო, რომ ბიჭი არ უნდა მისულიყო გოგოს სანახავად. მოულოდნელად რომ დაადგნენ მედეას სტუმრები, ძალიან გაუხარდა. ნენეს გაცნობა ხომ საერთოდ. ჯერ შერცხვა, ასე სახე დასიებული რომ გაეცნო, მაგრამ ნენემ დაამშვიდა, ჩემთვისაც ნაცნობია ეგ სიტუაცია, ბავშვობიდან ალერგიით ვიტანჯებიო და ცოტა გამხიარულდა.
კარგად გაუგეს ერთმანეთს. იმის მაგივრად, რომ სტუმრებს მე გავმასპინძლებოდი და მედეას ეავადმყოფა, ისე ცქრიალებდა, მგონი ათი ქულა დაიწერა ნენეს თვალში. ამან უარესად დამბოღმა და შემთხვევით რომ გავიხედე ფანჯრიდან და მანქანიდან გადმოსული ნოე დავინახე, სტუმრები ბოდიშისმოუხდელად დავტოვე მედეასთან და მეც გარეთ გავედი.
_შენ არ გინდოდა მისი ნახვა, რატომ არ შემოხვედი?_გამომცდელად ვკითხე და ისე ახლოს ავესვეტე წინ, მისი სუნთქვაც კი მელამუნებოდა სახეზე._ეს სოფლური წეს-ჩვეულებები არ მოგბეზრდა?
გაოცებულმა შემომხედა. ალბათ ასეთ სითამამეს არ იყო გოგოებისგან ნაჩვევი და დაიბნა. თან, ისეთ ფორმაში ვიყავი გამოპრანჭული, შეუძლებელი იყო გული არ ამეფორიაქებინა მისთვის.
_სახლში მაინც არავინაა, არც ბებია და არც ბიძია. შემოდი, რას მორცხვობ?_მკლავზე მოვკიდე ხელი და სახლში შემოყვანა დავუპირე.
ჯერ თითქოს დაჰყვა ჩემს ნებას, მერე კი მოულოდნელად შეჩერდა და ხელი გამაშვებინა.
_გოგოები ნახავენ. არ არის საჭირო მეც შემოვიდე._მანქანას ზურგით აეყუდა და მორიდებით შემათვალიერა.
_თუმცა, მე თუ მკითხავ, კარგადაც იქცევი, რომ არ ნახულობ. ისეთი საშინელი შესახედია, ღამე მოგელანდება და შეგეშინდება._გულიანად გადავიკისკისე.
წყრომით რომ შემომხედა, ღიმილი შემეყინა სახეზე.
_შენ მაშინებ ასეთი გულქვა და უგულო რომ ხარ შენი დის მიმართ._მხოლოდ ეს მითხრა და მანქანაში ჩაჯდა. ზედაც აღარ შემოუხედია ჩემთვის.
ისე გავბრაზდი, ლამის ცეცხლი წამეკიდა ასე უზრდელურად და უდიერად რომ მომექცა და ზურგი მაქცია. მანქანის კარი გამოვაღე და მეც მის გვერდით მოვკალათდი. ერთი კი შემომხედა გაოცებულმა და წამიერად ჩემს თითქმის შიშველ ფეხებსაც შეავლო თვალი, მაგრამ მალევე გაიხედა გვერდით.
_ასე მგონია, სპეციალურად შეაპარეთ ალერგიული საკვები მედეას, რომ შენ და შენს უცხოპლანეტელ დაქალს გეხალისათ ამაზე._როდის-როდის მითხრა.
_რა თქვი გაიმეორე?_გავბრაზდი._შენ რა, ურჩხული გგონივარ?
_კი არ მგონიხარ, ხარ. შენი დის გშურს...
_მაინც რა მშურს?_უარესად ავენთე.
_ყველაფერი._ძალიან მშვიდად და დამაჯერებლად მითხრა და თავისი მწველი თვალებით დაჟინებით მომაშტერდა.
მის მზერას თვალი გავუსწორე, თუმცა ვაღიარებ, რომ ძალიან გამიჭირდა.
_ხასიათებით ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან. თუმცა, შეხედულებით კი გევხართ ერთმანეთს..._ბოლო წინადადება რომ მითხრა, მზერა მომარიდა.
გამოდის, თუ მედეა მოსწონდა, მეც მოვეწონებოდი? ოღონდ ჩემი ხასიათის გამოცვლა მომიწევდა ალბათ. მაგრამ... ამ სოფლელი ბიჭის გულისთვის ღირდა ვითომ, რომ მედეას დავმსგავსებოდი? მასავით დღე და ღამ საქმე მეკეთებინა? წყენა ჩუმად მეყლაპა და ყველასთვის ყველაფერი მეპატიებინა? მიასთან ერთად გიჟურ გართობებზე მეთქვა უარი? მისნაირი მოსაწყენი ცხოვრებით მეცხოვრა და დაქალებთან აღმა-დაღმა სირბილს, წიგნებში ჩამერგო თავი? ღირდა კი ამად? კიდევ ერთხელ შევათვალიერე გულდასმით და მივხვდი, რომ ძალიანაც კი მომწონდა ეს ბიჭი, მაგრამ ჩემი ცხოვრების სტილს ვერანაირად ვერ შეველეოდი მის გამო. მაგრამ... მოკლეთ ბაბაც მინდოდა და ჩიჩიაც.
უფრო ჩემს თავზე გაბრაზებული გადმოვედი მისი მანქანიდან და კარი გამეტებით მივუჯახუნე.
_ოეე, ცოტა ნელა, რა გჭირს?_ისე გადმომიხტა მანქანიდან, მეგონა გამლახავდა და ცოტა არ იყოს შემეშინდა.
_ბოდიში, არ მინდოდა, შემთხვევით მომივიდა. რა იყო?_ბოდიში კი მოვუხადე, მაგრამ გემოზე შევუბუხუნე და აქეთ დავდე ვალი.
_რამ გაგაბოროტა ასე?
_სიბოროტისას რას მატყობ ერთი ვიცოდე?!. საერთოდ, ადამიანი რაც თვითონ არის, სხვაც ის ჰგონია. შენი გადმოსახედიდან ნუ ლაპარაკობ._გამოვტრიალდი და წამოვედი.
მეგონა უკან გამომეკიდებოდა, მაგრამ შევცდი. იქ აღარ გავჩერებულვარ და სახლში შევედი. ნენე, სოფა, ვერიკო და მედეა მშვენივრად ჭუკჭუკებდნენ. მია არ ჩანდა არსად და მას დავუწყე ძებნა. ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერსად მივაგენი. მერე კი თვითონ გამოჩნდა.
_სად იყავი, რამდენს გეძებდი?_ცოტა გავიმკაცრე ხმა.
_აქ საპირფარეშოში შესვლაც კი არ შეიძლება ისე, რომ არავინ იცოდეს? რა საკავშირო ძებნა გამომიცხადე, რა იყო?_აქეთ მისაყვედურა. მერე ჰამაკში ჩაწვა და მეც გვერდით მიმიწვინა._რძალ-მულმა როგორ გაუგეს ერთმანეთს არა?_მიაზე და ნენეზე მკითხა._ისე ჭუკჭუკებენ, გეგონება მთელი ცხოვრებაა ერთმანეთს იცნობენო...
მის ნათქვამზე ისევ მომეშხამა გუნება-განწყობა. ამ სოფლელ გოიმებში როგორი პოპულარულობით სარგებლობდა ეს ჯოჯოხეთის მაშხალა, პირდაპირ მშურდა. არა და ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო: მუდო და მოსაწყენი. ყოველთვის მოჟამული სიფათით დადიოდა. ნორმალურად გართობა მაგან არ იცოდა და არც ლამაზი არ იყო, მაგრამ მასზე კი გიჟდებოდნენ ძალიან. რა ქონდა ამისთანა ნეტა ამ გოგოს? თუმცა, იმის აღიარება არ მინდოდა, მაგრამ ნოე მართალი იყო, ერთმანეთს მართლაც ვგავდით შეხედულებით. გამოდის, ჩემზე უკეთესი ხასიათი ქონდა და იმიტომაც მოსწონდათ? ამის გაფიქრებამ კიდევ უფრო დამბოღმა და გამაბოროტა.
გოგოები კარგა ხანს დარჩნენ მედეასთან და მათი ლაღი სიცილ-კისკისი პირდაპირ ტვინში მირტყამდა. მია მართალი იყო, არ ღირდა წესების დაცვა. ომში და სიყვარულში ხომ ყველა ქმედება ნებადართული იყო? ხო და, მედეას და ნოეს დასაშორებლად მეც უსინდისოდ მოქცევა მმართებდა.
როცა მნახველები წაუვიდნენ ჩემს დას, მე და მია ისევ ჰამაკში ვიწექით და ვნებივრობდით. მია ზედმეტად გახალისებული მეჩვენებოდა. მიზეზი არ მიკითხავს, რადგან არ მაინტერესებდა. მე მხოლოდ მედეას და ნოეს დაშორებაზე ვფიქრობდი.
_კარგად გოგოებო, საღამოს შევხვდებით ალბათ ხომ?_ვერიკომ ნაძალადევი მხიარულებით გადმოგვიგდო რამოდენიმე სიტყვა და ჩვენს პასუხს არც დალოდებია, ისე წავიდნენ.
მათი წასვლის შემდეგ კი საავდრო ღრუბელივით მოიქრუშა მია.
_ბებიამ დამირეკა, შეუძლოდ ყოფილა და სახლში უნდა წავიდე._კატეგორიული ტონით გამომიცხადა მალევე.
_რა მოუვიდა?_შევიცხადე, რადგან არც ისეთი ავადმყოფი იყო ის ქალი, როგორც თავისი შვილიშვილი ამძიმებდა ხოლმე როცა სჭირდებოდა.
_არ ვიცი, მგონი წნევას აუწევია. ჩავალ ჩავხედავ, არაფერი დაემართოს, თორემ მერე მთლად უპატრონოდ დავრჩები.
ისე ნაუცბადევად მოიწადინა წასვლა, ცოტა ეჭვიც კი შემეპარა, მაგრამ დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. ჩაიბარგა. თუმცა დიდი ჩაბარგება არც სდომებია და გაჩერებამდე გავაცილე. იქ კი მალევე გამოიარა ტაქსმა.
მედეასაც გაუკვირდა მისი ასე მოულოდნელად გამგზავრების ამბავი. რამე ხომ არ ვაწყენინეთო, შეწუხდა. მაგრამ მედეა და შეწუხება? აქეთ არავინ შეეწუხებინა, თორემ მაგას ვინ შეაწუხებდა?
საღამოს მედეა აღარ წამოსულა გასართობად თავისი ალერგიის გამო. მე კი დიდი მონდომებით გამოვიპრანჭე და წავედი, მაგრამ ნოე იქ არ ბრძანდებოდა და მალევე დავბრუნდი სახლში. გზაში მას რომ დავურეკე, გაუკვირდა და ცოტა შეშფოთდა კიდეც.
_მედეა კარგად არის?_მაშინვე ეს მკითხა.
_კი, კარგადაა. ამ საღამოს რატომ არ იყავი მოედანზე?
_სახლში არ ვარ და არ მცალია._საკმაოდ ცივად და უხეშად მითხრა და გამითიშა ტელეფონი.
აშკარად გრძნობდა ჩემს დაინტერესებას მის მიმართ და იმიტომაც მარიდებდა თავს. ალბათ, გრძნობდა, რომ ჩემს ცდუნებას ვერ გაუძლებდა და იმიტომაც მიშორებდა თავიდან. ხო და ამის გაფიქრებამ თავდაჯერებულება შემმატა. როდემდე გამექცეოდა და ამარიდებდა თავს? პირველად ხომ მე შემხვდა და მედეა მერე გაიცნო? ისეთი თვალებით მიმზერდა მაშინ მაკდონალდში, აშკარად მოვეწონე, მაგრამ მერე ჩემი მათხოჯი და გაიცნო და მაგან დამახია ასე რომ ვთქვათ ეს სიმპატიური კუნთა ბიჭი. რაღაც გეგმა მჭირდებოდა, თორემ, ვერ გადავიტანდი ამ ამბავს ნამდვილად.
იმ საღამოს, უკვე გვარიანად ბნელოდა, რომ დედა და მამა მოქანდნენ. როგორღაც გაეგოთ მედეას ამბავი და მამაჩემი ხომ განიცდიდა შვილის ამბავს და დედაჩემი უფრო. მედეას დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად აღარ გაგვაჩერეს სოფელში და გვიან ღამით დავბრუნდით თბილისში. ნეტა, მე რომ დამმართნოდა რამე, ასე გაიგიჟებდნენ თავს? რატო მეპარებოდა მათ სიყვარულში ეჭვი არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემზე მეტად უყვარდათ ჩემი და. ეს ცალკე მაბოროტებდა და მავსებდა ბოღმით.
********************
სოფლიდან ჩამოსვლის მესამე დღეს კი, ბიცოლა გვესტუმრა. ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე და სოფლის ნობათი მოქონდა ჩვენთან, მაგრამ მისმა გამოჩენამ ახლა რატომღაც გული ამიფორიაქა და აღმოჩნდა, რომ არც თუ ისე უსაფუძვლოდ.
ტრადიციული მოკითხვების მერე მორიდებით, მაგრამ მთელი სერიოზულობით გვაუწყა, რომ ოქროს საათი და ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი დაუკარგავს. შემთხვევით თქვენ ხომ არ გაიკეთეთ და სახლში ხომ არ გამოგყვათო.
_რაო?_დედაჩემმა მაშინვე მე გადმომხედა რატომღაც გაბრაზებულმა.
მე რა შუაში ვიყავი არ ვიცი. ვაღიარებ, რომ შევედი მის ოთახში და მისი სამკაულები დავათვალიერე და მოვიზომე კიდეც, მაგრამ არაფერი ამიღია. ხომ შეიძლებოდა, მედეასთვისაც გადაეხედა ასეთი თვალებით დედაჩემს? მაგრამ არა, ის ჯოჯოხეთის მაშხალა მის თვალში ანგელოზი იყო და ის ასეთ რამეს არ ჩაიდენდა. ჩემზე ადვილად შეიძლებოდა ხელების შეწმენდა თურმე და ამან კიდევ უფრო გამაბოროტა ისედაც გაბოროტებული.
_მე რატო მიყურებ?_გავბრაზდი._სადაც რა გაფუჭდება და დაიკარგება, დეას ბრალია? დაბალი ღობე ვარ? იქნებ მედეამ აიღო?
ამის გაგონებაზე დედაჩემი წამიერად დაიბნა. მიხვდა ალბათ, რომ სიმართლის მარცვალი ერია ჩემს სიტყვებში.
_მე ჩემს გაჩენილ შვილზე ვაგებ პასუხს და მკაცრადაც დავსჯი, თუ დამნაშავეა. მედეას კი მამამისმა მიხედოს, მე არ მაქვს უფლება მისი დასჯის._ისეთი ხმით მითხრა, გამაკანკალა.
_მე დანაკარგს ყველგან ვკითხულობ, ხელს არავის ვადებ. შეიძლება გართობის მიზნით აიღეთ და დაგავიწყდათ დაბრუნება. საჩხუბრად კი არ მოვსულვარ._ისევ მორიდებით წამოიწყო ბიცოლამ.
_როდის დაკარგე? იქნებ დიდი ხანია და ახლა მოინაკლისე?_კი გამახსენდა რომ როცა მის სამკაულებს ვათვალიერებდი საათი იქ იყო, მაგრამ რაღაც მაინც ხომ უნდა მეთქვა თავის დაცვის მიზნით?
_ზღვაზე რომ მივდიოდით, სახლში დავტოვე, იქ არ დამეკარგოს-მეთქი...
_მახსოვს, თქვენს ოთახს რომ ვალაგებდი და მტვერი გადავწმინდე, ზარდახშა ჩამომივარდა და საათი იქ იყო. ბეჭდები და საყურეები კი ზოგი საწოლის ქვეშ შეცვივდა, მაგრამ ყველაფერი მოვკრიფე. ბრილიანტის ბეჭდისა რა გითხრათ, მაგრამ საათი იქ იყო, კარგად მახსოვს, იმიტომ რომ შევამოწმე კიდეც მუშაობდა თუ არა._შიშით ამოთქვა მედეამ.
ოჰო, გამოდის, ამ ქალბატონსაც უნახია და რაღა საჭირო იყო ჩემი აღიარება, რომ საათი მეც ვნახე? რახან ამან აღიარა, ეს უკვე ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს...
_შეიძლება ბეჭედი სულაც კომოდის ან საწოლის ქვეშაა და ვერ ვნახე, მაგრამ საათი მახსოვს, რომ ჩემი ხელით ჩავდე ზარდახშაში, დედის სულს ვფიცავარ, მე არაფერი ამიღია._თაფლისფერი თვალები აუწყლიანდა მედეას.
_მე დედა მკვდარი არ მყავს, რომ მისი სული დავიფიცო, მაგრამ არც მე ამიღია არაფერი და არ დამიჯერებთ?_გაბრაზებული წამოვდექი და ოთახიდან გასვლა დავაპირე.
_სად მიბრძანდები ქალბატონო? ჯერ არ დაგვიმთავრებია!_დედაჩემის მკაცრმა ხმამ ადგილზევე გამაშეშა._შენს დაქალზე რას იტყვი, არც ის აიღებდა?
_მია?_თითქოს ხმა წამერთვა. ეჭვიც კი გამიმძაფრდა უფრო, მაგრამ მისი დაცვა გადავწყვიტე რატომღაც._სულ ერთად ვიყავით და არაფერი დამინახია. არ მგონია, რომ მას აეღო. ვენდობი...
_მე კი არ ვენდობი._მკაცრად მითხრა დედაჩემმა.
_მომპარავმა ერთი ცოდო ქნა, დამბრალებელმა ათასიო. რაც არ დაგვინახია და არ ვიცით, ხელს ვერავის დავადებთ._სიტყვით გამოვიდა ბიცოლაჩემი._სად ცხოვრობს ის შენი მეგობარი, მივალ, დაველაპარაკები, იქნებ ბავშვურად მოუვიდა რამე...
_მია მაგას არ გააკეთებდა!_მართალია დარწმუნებული არ ვიყავი მის პატიოსნებაში, მაგრამ მაინც კბილებით დავიცავი რატომღაც. ალბათ იმიტომ, რომ არ მინდოდა ჩემს დაქალზე ცუდად ეფიქრათ._კარგად ნახეთ, იქნებ სახლში გაქვთ, ან იქნებ ბებიამ აიღო!
_თვითონ ბებიაშენმა მაჩუქა გუჯა რომ მეყოლა და ის რატო აიღებდა?_გაუკვირდა ბიცოლას.
_მე რა ვიცი! მე არ ამიღია, მია არ აიღებდა, მედეა დედის სულს იფიცება და მაშ სად გაქრებოდა?_ავყვირდი უფრო იმიტომ, რომ მია არ დაედანაშაულებინათ.
_რა გაყვირებს?_თვალები დამიბრიალა დედაჩემმა.
_ტყუილად მაბრალებთ ქურდობას და გავჩუმდე?
_შენ არავინ გაბრალებს._ხმა თითქოს დაუტკბა ბიცოლაჩემს._უბრალოდ ვიკითხე.
_ესე იგი ეჭვი გაქვს და იმიტომ იკითხე. იქნებ შენმა ბიჭებმა აიღეს და დაახურდავეს?
_დეა!_დედაჩემის განრისხებული ხმა და მწარე ალიყური ერთნაირად მომხვდა ყურისძირში._რამდენს ბედავ?
_მე ქურდი არ ვარ!_უფრო ჩემი თავის დასამტკიცებლად ვიკივლე გამწარებულმა და გარეთ გამოვვარდი.
ის აზრი, რომ რამოდენიმე დღის წინ პენსიონერ ქალს ორმოცდაათი ლარი ამოვაცალე, დღემდე არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას და სინდისი მაწუხებდა. თან, მიაზე მებრაზებოდა, ასე როგორ მომექცა, რომ ხელს გამოაყოლა ბიცოლას ოქროს საათი. მე ხომ თვალდახუჭული ვენდობოდი?
ლიფტს არ დავლოდებივარ. კისრისტეხით ჩავირბინე კიბეზე და გარეთ შლეგივით გავვარდი. მეტრომდე შეუსვენებლივ ვირბინე. იქ კი რიგი დამხვდა და ცოტა შევანელე ფეხი. აღელვებულს მეტრომანი რამდენჯერმე გამეშვა ხელიდან და ძირს ხმაურით რომ დაეცა, უწმაწურად შევიგინე, რაზეც გარშემომყოფების უკმაყოფილო ბუზღუნი დავიმსახურე. ბოლო ჯერზე რომ დავიხარე მის ასაღებად, ჩემთან ერთად ვიღაც ბიჭიც დაიხარა და თავებით შევასკდით ერთმანეთს. სანამ შევხედავდი ვინ იყო, ხელის ზურგზე გამთლიანებული საქართველოს ტატუ რომ ქონდა, იმით ვიცანი ვინც იყო და შევკრთი. (უფრო შემრცხვა ჩემი გინების გამო). შაკო იყო, ჩვენი მეზობელი, თაკო რომ ამოიყვანა ორმოდან.
_არ გიჯერებს?_მეტრომანზე მკითხა ღიმილით და თვალი თვალში გამიყარა.
ბავშვობიდან მოყოლებული ყოველთვის ვჩხუბობდით. უფრო სწორედ მე ვეჩხუბებოდი. რას ვერ ვიყოფდით არ ვიცი, მაგრამ მერე და მერე რომ წამოვიზარდენით და აშკარად სხვა თვალით დამიწყო ყურება, მაშინ კი უკვე აბუჩად აგდებაზე გადავედი და ჩემთან ახლოს მოსვლის საშუალებას არ ვაძლევდი. ერთი ჩვეულებრივი დამჯერი და ზრდილობიანი ბიჭი იყო. პატარა ბავშვსაც რომ დაესაქმა, არ დაზარდებოდა. რაც სკოლა დაამთავრა და უმაღლესში ჩააბარა, პარალელურად მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა და დიდი დრო იყო გასული რაც აღარ მენახა. ცოტა შეცვლილი მეჩვენა, მაგრამ ასე ახლოდან მაინც არასდროს დავკვირვებივარ. თითქოს პირველად აღმოვაჩინე მისი უცნაური ფერის თვალთა გამა. მონაცრისფრო თვალები ქონდა და გარშემო მუქი რკალი დასდევდა. აშკარად გახარებული იყო ჩემი ხილვით. მისმა ამ დაჟინებულმა მზერამ ჯერ დამაბნია, მერე კი საკუთარ თავზე გამაბრაზა, რა დოყლაპიასავით პირღია შევყურებდი თვალებში? გაგულისებულმა გამოვგლიჯე ხელიდან ჩემი მეტრომანი და ექსკალატორზე თავპირისმტვრევით დავეშვი ისე, რომ მადლობაც კი არ გადამიხდია მისთვის. ის იყო ქვემოთ ჩავედი, რომ მატარებელიც გაჩერდა. ხალხს გამოსვლის საშუალება არ მივეცი და ისე შევეტენე შიგნით. მატარებელი რომ დაიძრა და სანამ გვირაბში შევიდოდით, დედაჩემმა მოასწრო დარეკვა, თუმცა ტელეფონმა მიღება დაკარგა და მალევე მიჩუმდა. ალბათ, აინტერესებდა სად მივრბოდი ასე თავქუდმოგლეჯილი.
ვარკეთილის მეტროსადგურამდე თითქმის ცარიელი ვაგონით მომიწია მგზავრობა. ნაცნობი გზა მიას სახლამდე სულ სირბილით გავიარე და მის კარზე მღელვარედ დავრეკე ზარი. კარის გაღება შეაგვიანდათ და უფრო გაბმულად დავრეკე.
მიას ბებიამ გამიღო კარი.
_დეა? აქ საიდან?_გაუკვირდა.
_მიას სანახავად მოვედი.
_მია შენთან არ არის? დეასთან ვარ სოფელშიო._ქალს შეშფოთება დაეტყო სახეზე.
_ხო, ჩემთან იყო, მაგრამ ორი-სამი დღეა რაც წამოვიდა...
_მართლა? და ახლა სად არის? სახლში არ მოსულა.
_სახლში არ მოსულა?_მასზე მეტად მგონი მე შევფიქრიანდი._არ გირეკავს და არ გელაპარაკება?
_როგორ არა. ასე მეუბნება, დეასთან ვარ სოფელში და ხვალ ჩამოვალო.
_ვაა, რა საინტერესოა სად არის?_ცოტა ხმამაღლა მომივიდა გაფიქრება და თინა ბებია უარესად ავაღელვე.
_ნეტა სად არის? არაფერ ხიფათს არ გადაეყაროს._გულის მხარეს მიიჭირა ხელი და შევატყე, რომ სუნთქვა გაუჭირდა.
_თინა ბებია, ცუდად ხარ?_შეშინებულმა შევაშველე წაბარბაცებულ ქალს ხელი._სასწრაფოში დავრეკო?_თან ჯიბეზე ვიტაცე ხელი.
_არ გინდა შვილო. თუ არ შეწუხდები, ოთახში შემიყვანე და ვალიდოლი მინახე, სხვა არაფერი მინდა.
მართლაც, მოვხვიე ჩია მოხუცს ხელი და თავის ოთახში შევიყვანე. კომოდზე მალევე მოვიძიე ვალიდოლი და გავუწოდე. გახსნა თუ არა, მაშინვე მენთოლის მძაფრი სურნელი დატრიალდა მთელს ოთახში. ქალმა ენის ქვეშ დაიდო მოზრდილი ტაბლეტი და თვალდახუჭული გადაწვა სავარძელში.
_ვინმეს ხომ არ დავუძახო?_შეშფოთებულმა ვკითხე.
უარყოფის ნიშნად თავი გამიქნია და დამამშვიდა, მალე გადამივლისო.
სანამ თინა ბებია თვალდახუჭული იჯდა მისვენებული სავარძელში, ტვინი ავამუშავე, სად შეიძლებოდა რომ მია ყოფილიყო. როგორც ვიცოდი, შეყვარებული არ ყავდა. არც მესამე დაქალი გვყავდა, რომ მასთან დარჩენილიყო. ან იქნებ ყავდა და მე არ ვიცოდი? ბოლო დროს ძალიან საეჭვოდ იქცეოდა და რამეს რომ ვეკითხებოდი, დამცინოდა, პარანოია ნუ გჭირსო.
_შეიძლება მამასთან არის._თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა ქალმა._იცის, რომ არ მოვუწონებ ამ საქციელს და იმიტომ მიმალავს.
_მამაა და ალბათ მის გვერდით უნდა ყოფნა._მისი დაცვა ვცადე.
_მამაა?_ახლა კი ფართოდ გაახილა ქალმა თვალები._ახლა გაახსენდა რომ მამაა? საწყალი ჩემი შვილი იმისთვის გადაიხვეწა აქედან და იმისთვის იდგავს წელებზე ფეხს, რომ მის ნაშიერს არაფერი მოაკლოს და ის ვაჟბატონი კი შვილადაც არ თვლის ამ უტვინოს. ამას თუ უნდა მამა და ცდილობს მის სიახლოვეს ყოფნას, რატო ის ვაჟბატონი არ ცდილობს ამასთან მამა-შვილური ურთიერთობის გაბმას? მომკლა ამ უტვინო გოგოს საქციელმა. დავიღალე. ნეტა მალე გახდეს სრულწლოვანი, რომ ჩემმა შვილმა თავისთან წაიყვანოს. არაფერს აღარ მიჯერებს და სულ წავიდა ხელიდან.
_ნუ ნერვიულობთ თინა ბებია, ვნახავ მიას და დაველაპარაკები._მე თვითონ არ მქონდა მასთან დალაპარაკების იმედი, მაგრამ მაინც დავპირდი ქალს და ცოტა დავამშვიდე.
ცოტა უკეთესობა რომ დაეტყო, მაშინ დავტოვე მისი ბინა. მიას მამა ჩვენს შორიახლო კორპუსში ცხოვრობდა. თუ იქ იქნებოდა ეს გოგო, მივიდოდი და ვნახავდი, მაგრამ იქაც რომ არ ყოფილიყო, სად იქნებოდა ნეტავი? მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, ბოლო დროს ასე რამ შეცვალა? მეც კი შევიცვალე, ჩვენი ბავშვური ცელქობები უკვე აუტანელ ხუშტურებში რომ გვეზრდებოდა, თითქოს მსიამოვნებდა, მაგრამ მია მთლად იყო ხელიდან წასული. მართალია, მეც ამოვაცალე მეტროში მოხუც ქალს საფულე და ნემსის ქურდი და აქლემის ქურდიც ორივე ქურდიაო, მაგრამ დღემდე სინდისი მქენჯნიდა ამ ამბის გამო. მია კი აუღელვებლად და უსინდისოდ აკეთებდა ყველაფერს. ვგრძნობდი, რომ უფსკრულისკენ მიექანებოდა და თუ არაფერს ვიღონებდი, მეც თან ჩამითრევდა და როგორც სჩვეოდა, ბოლოში ყველაფერს მე გადმომაბრალებდა.
მეხუთე სართულზე ფეხით ავირბინე და მიას მამის კარზე ფრთხილად დავაკაკუნე. ორჯერ მომიწია დაკაკუნება და მერე მიას ნახევარძმამ გამიღო. სახეზე აშკარა გაოცება აღებეჭდა.
_მია აქ არის?
_მია? მიას აქ რა უნდა, მამას მისი მიტოვება დღემდე არ აპატია და შენი აზრით აქ იქნება?
_მაშ სად წავიდა?_ნერვიულად რომ მოვისრისე შუბლი, თითქოს ბექაც შეშფოთდა.
_დიდი ხანია დაკარგულია?
_ორი-სამი დღე იქნება რაც ჩემთან იყო სოფელში და იქიდან წამოვიდა. ბებიამისს ისევ ჩემთან გონია.
_პოლიციაში განაცხადეთ?
პოლიციის ხსენებაზე შევკრთი.
_როგორც ვიცი, თუ ოცდაოთხი საათია გასული, პიროვნება დაკარგულად მაშინ ითვლება და მერე ეძებენ. მამას ვეტყვი...
_იქნებ არ ღირს?_შევშფოთდი.
_ორი-სამი დღეა აღარ გამოჩენილაო და რატო არ ღირს?_ბექამ ეჭვით შემათვალიერა._იქნებ იცი რამე და მალავ? ხელს ხომ არ აფარებ?
_არა, რა სისულელეა. უბრალოდ, იქნებ სადმე მეგობრებთანაა და...
_მაგას პოლიცია გაარკვევს.
თითქოს, ვინანე კიდეც, ყველაფერი ასე რომ დავფქვი და სერიოზული ზომების მიღება გადაწყვიტა მისმა ძმამ. მაგრამ იქნებ ჯობდა კიდეც, რომ ცოტა შეეჯანჯღარებინათ ის გოგო. აფორიაქებული დავბრუნდი სახლში. კარი მედეამ გამიღო.
_სად გაიქეცი? დედა ნერვიულობდა. ტელეფონიც გაუთიშე და არ პასუხობდი._ჩურჩულით მისაყვედურა.
_მარტო ყოფნა მინდოდა და ახლაც მინდა._ავად დავუბრიალე თვალები.
უხმაუროდ შევიპარე ჩვენს ოთახში და საწოლზე გარდიგარდმო გადავწექი. ის აზრი, რომ მიამ ბიცოლას საათი მოიპარა, გაყიდა და ახლა იმ ფულით სადმე ერთობოდა, მოსვენებას არ მაძლევდა. ბოლო დროს, რომ ძალიან ფულის მოყვარული გახდა და დედამისის გამოგზავნილიც კი აღარ ყოფნიდა, ქურდობას იწყებდა. რაში სჭირდებოდა ამდენი ფული ნეტა და სად მიქონდა, ვერ ვხვდებოდი. აშკარად რაღაც შარში იყო გახვეული და ცუდ გზას ედგა. ჩვენს დროში ყველაზე მეტი ფული ნარკოტიკულ საშუალებებში და კაზინოებში მიდიოდა. მია ან ნარკომანი იყო, ან მოთამაშე. ორივე ამაზრზენი იყო...
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ დედაჩემმა შემოაღო კარი. სახეზე რომ შევხედე, აშკარად გაბრაზებული იყო და მივხვდი, ჩხუბი არ ამცდებოდა. მოვემზადე კიდეც მისი თავდასხმისთვის, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, წყნარად მომიახლოვდა და საწოლზე ჩამომიჯდა.
_სად იყავი?_ისეთი ალალი და ცოტა შეშფოთებული ხმა ქონდა, მეც ალალად ვუპასუხე.
_მიასთან, მაგრამ ვერ ვნახე. ბებიამისმა, ისევ შენთან არ არისო? სამი დღეა სახლში არ მისულა.
_სახლში არ არისო?_აშკარად შეშფოთდა._რამე ხომ არ დაემართა?
_ბექა ვნახე, მამას ვეტყვი და პოლიციაში განვაცხადებთო.
_მასე სერიოზულადაა საქმე?_გაოცებისგან გაუფართოვდა თვალები და დავინახე შიშიც რომ გაუძლიერდა._რა შარშია ნეტა ეგ გოგო?
_არ ვიცი._ალალად ვაღიარე._მეც მაინტერესებს. ბოლო დროს ძალიან შეიცვალა.
_მე ისევ იმ აზრის ვარ, რომ არ მომწონს ეგ გოგო, მაგრამ ნეტა ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და საღ-სალამათი დაუბრუნდეს თავის ოჯახს... შენთან კი სალაპარაკო მაქვს.
_ახლა არა რა... გთხოვ._ეს გთხოვ ისეთი მუდარით დავაყოლე, რომ გაოცებულმა მიყურა ერთხანს.
_შენს ლექსიკონში ახალი სიტყვები ჩნდება და მინდა გითხრა, რომ მიკვირს და თან მიხარია კიდეც. კარგი, გაგიწევ ანგარიშს და ახლა არაფერს გეტყვი, მაგრამ ამ ჩვენს საუბარს აუცილებლად ექნება გაგრძელება._თავზე რომ გადამისვა ხელი და შუბლზე მაკოცა, გულში რაღაც შემიტოკდა თითქოს და ცრემლებიც მომაწვა ყელში, მაგრამ თავი შევიკავე.
დედაჩემი რომ გავიდა ჩვენი ოთახიდან, მერე მედეა შემოვიდა. არ შემიხედია რას აკეთებდა, მაგრამ მალევე გავიდა და მარტო დამტოვა. მიაზე კი ვბრაზობდი და მასზე ვდარდობდი კიდეც, მაგრამ რატომღაც შაკოს თვალები და ღიმილი მედგა თვალწინ, რომლის უკუგდებასაც ვაპირებდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. რაც უფრო ვცდილობდი, უფრო ჯიუტად მახსენდებოდა თითქოს. ყოველთვის ასე იცოდა, ვეჩხუბებოდი, დავცინოდი და მაინც ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა. ახლაც მასე იყო, თავი ლამის გამოვილაყე მუშტების ცემით, რომ იქნებ მის ზმანებას დაენებებინა ჩემთვის თავი, მაგრამ უფრო ცხადად მეჩვენებოდა თითქოს. მაღიზიანებდა ის აზრი, რომ ქვეცნობიერად მაინც მეფიქრებოდა ამ ბიჭზე. არა და არ მომწონდა. მაღიზიანებდა მისი სიკარგე და პატიოსნება და მიზანდასახულობა. ფარხმალს არასდროს ყრიდა. იმედი ქონდა, რომ ოდესმე მივაქცევდი ყურადღებას...
მოულოდნელმა ტელეფონის ზარმა გვარიანად შემაკრთო და გამომარკვია ფიქრებიდან. ნომერს რომ დავხედე, მია იყო.
_სად ხარ გოგო?_შეშფოთებული ხმით მაშინვე ეს ვკითხე.
_სად ვიქნები?_თავისებურად გადაიკისკისა._უშენოდ მოვიწყინე და გამოკეტილი ვზივარ ჩემს ბინაში...
_სახლში ხარ?_გამომძიებელივით ფრთხილად და მოხერხებულად ჩავეკითხე.
_მაშ სად ვიქნები? ბებიაა ცუდად და მას ვაქცევ ყურადღებას.
_ბებია მართლა ცუდადაა, მე დავალევინე წამლები, მაგრამ შენ სახლში რომ არ ხარ?...
_რაა?! ბებიასთან ხარ?_გაუკვირდა.
_ვიყავი და წამოვედი უკვე.
_რა უთხარი იმ ქალს, გული გაუხეთქე არა? იცოდე, რამე რომ დაემართოს, არასდროს გაპატიებ!_გაგულისებულმა ჩამძახა ყურმილში და მაშინვე გამითიშა.
ესეც ასე, აქეთ დამდო ვალი.
მასთან დარეკვა ვცადე რამდენჯერმე, მაგრამ არ მიპასუხა. მივხვდი, ბებიასთან გაიქცეოდა ახლა თავქუდმოგლეჯილი. მეც მაშინვე წამოვხტი საწოლიდან, მედეას დავუბარე, მალე მოვალ-მეთქი და ისევ მიას სახლისკენ გავეშურე. მისი სადარბაზოს წინ ალვის ხის ქვეშ დავდექი და მის გამოჩენას დაველოდე. დიდი ლოდინი არც დამჭირვებია. მალევე მოვარდა. კიდევ კარგი განიცადა ბებიას ცუდად ყოფნობა და გამოჩნდა.
_სად იყავი?_გაავებული მივეჭერი.
_შენ ისევ აქ ხარ?_გაბრაზებულმა შემომხედა._გული გაუხეთქე იმ ქალს არა? იცოდე, ცუდად რომ გახდეს...
_ისევ მე ვარ დამნაშავე? რატო არ თქვი, რომ სახლში არ იყავი? შენს სანახავად მოვედი და ქალი გადაირია, მას ისევ ჩემთან გონიხარ. სად იყავი?
_რა შენი საქმეა?_აგდებულად მკითხა და სადარბაზოში შევარდა.
მეც უკან მივყევი.
_შენ საით?_შეჩერდა და მეც შემაჩერა.
_შენთან._გვერდი ავუქციე და გზა განვაგრძე.
_რა გინდოდა, რისთვის მოხვედი და რატო შეაშფოთე ბებიაჩემი?_ქშენით წამომეწია და შემაჩერა.
_საქმე მქონდა. ბებიას ვნახავთ ახლა და მერე დავილაპარაკებთ იმ საქმეზე._კატეგორიული და მომთხოვნი რომ ვიყავი, აღარ შემწინააღმდეგებია.
ბებიამისმა შვილიშვილი რომ დაინახა, ისე გაუხარდა, სულ დაავიწყდა წეღანდელი წყენა და გულში ჩაიკრა გახარებულმა.
_ღმერთს მადლიბა ცოცხალი და საღსალამათი რომ ხარ.
_დაწყნარდი ბებია, მე არაფერი მჭირს, დეა გაგეხუმრა უბრალოდ.
_გამეხუმრა?_წყენით შემომხედა ქალმა._ასეთი ხუმრობა გაგონილა, ლამის გავთავდი ქალი.
მიას გაბრაზებულმა შევხედე, რას კადრულობ-მეთქი, მაგრამ იმან უფრო გაბრაზებულმა დამიბრიალა თვალები და მეც დებილი დავყევი მის ნებას.
გემრიელად გამომლანძღა ქალმა, მასეთი ხუმრობა როგორ შეიძლებაო და მეც მოთმინებით ვიტანდი მის საყვედურებს. ბოლოს, ან დაიღალა, ან სალანძღავი სიტყვები გამოელია და მე და მია მარტოები დაგვტოვა.
_ბებიაშენთან ხმა არ ამოვიღე და გავჩუმდი, მაგრამ მამაშენთან და პოლიციელებთან იცოდე რომ არ გავჩუმდები და მე არ დავიბრალებ არაფერს.
_პოლიციელებთან?_შიშისგან ისე გაუფართოვდა თვალები, ლამის ბუდიდან გადმოუცვივდა._პოლიციაში იყავი?
_არა, ბებიაშენმა ივარაუდა, ალბათ მამამისთანააო და მათთან ვიყავი. იქაც რომ არ იყავი, ბექამ თქვა განვაცხადებო.
_შენ ხომ არ გაგიჟდი გოგო? რას მიკეთებ?
_მე გიკეთებ რამეს? ბოლო დროს რომ აგენტი ნოლ ნოლ შვიდივით დაძვრები აღმა-დაღმა და არაფერს მეუბნები, ეგ იმის ბრალია. შევშფოთდი, ვიფიქრე რამე შარს გადაეყარა-მეთქი...
_მე და შარი?_ისე გამკინავი ხმით გადაიკისკისა, შევკრთი._მაინც რა შარს უნდა გადავყროდი შენი აზრით?
_რა ვიცი...
_ხო და როცა არ იცი რა ხდება, არ უნდა გააზვარზვარო ყველაფერი. პოლიციასაც ეტყვი, რომ იხუმრე...
_შენ ხომ არ უბერავ?!_ავღშფოთდი._ბებიაშენი დავაწყნარეთ, ხო, მაგრამ პოლიციასაც იგივეს არ ვეტყვი... ეგ კი არა, ბიცოლაჩემი ოქროს საათს კითხულობს.
_რომელ ოქროს საათს?_ისე გაიოცა, თითქოს მართლაც არ იცოდა არაფერი.
_რომელიც შენ მოპარე.
_რაა?!_მოულოდნელად ნერწყვი გადასცდა და ხველა აუტყდა. ძლივს მოითქვა სული._რა საათი მოვიპარე შენი აზრით?
_ოქროს საათი, რომელიც ბიცოლას ოთახიდან მოიპარე.
შევატყე როგორ აღელდა. მაგრამ მალევე შეძლო თავის ხელში აყვანა და აქეთ შემომიტია.
_შენ ხომ არ უბერავ გოგო?_მუჯლუგუნი გამეტებით მკრა და წამაბარბაცა._მასე მცნობ, რომ ქურდი ვარ?
_რომ გცნობ, იმიტომ ვამბობ...
_შენისთანა ორი მოწმეც და ციხეში ამომალპობენ ალბათ._გაბრაზებულმა კიდევ მკრა მჯიღი._შენს დასახმარებლად ჩამოვედი და მასე მიხდი სამაგიეროს? უმადურო!
_მე უმადური არ ვარ, ყოველთვის ვაფასებ შენს გვერდში დგომას, მაგრამ ახლა ძალიან მაწყენინე. მე გენდე და სახლში შემოგიშვი, თვალდახუჭული გენდობოდი და შენ როგორ დააფასე ჩემი ნდობა? ბიცოლაჩემი პოლიციაში განაცხადებს და იცოდე რომ გამოგიჭერენ...
_რაა?_ხმამაღლა გადაიკისკისა._რაზე გამომიჭერენ ვითომ?_თან გამომწვევად ჩამომიდგა წინ და თვალი თვალში გამიყარა._იქნებ, შენ აიღე ან, შენმა ჯოჯოხეთის მაშხალა დამ და ახლა მე გინდათ რომ ხელები შემაწმინდოთ?
_შეიძლება მედეა არ მიყვარს და დიდად არ მეხატება გულზე, მაგრამ ის ქურდი არ არის!
_და მე ვარ?_გამომცდელად შემომხედა.
_ორივენი ქურდები ვართ.
_ჩუმად!_მაშინვე პირზე ამაფარა ხელი._ის ერთი შემთხვევა იყო, მიჭირდა და თან, წინა დღეს ხომ სხვამ გამქურდა? ჩვენ დაკარგული ავინაზღაურეთ.
_არაფერი ამართლებს ჩვენს საქციელს!
_იქნებ ის ოხერი საათი შენ აიღე? გამოცდილება ხომ გქონდა უკვე? პენსიონერს ხომ მოპარე წამლების ფული და ოქროს საათის აღება გაგიჭირდებოდა ვითომ იმ ზარდახშიდან, ბიცოლაშენს რომ ქონდა გამომზეურებული?
_მოიცა. რა იცი, რომ ზარდახშიდან გაქრა საათი?_მისი ეს უნებლიედ წამოცდენილი აღიარება სამხილი იყო ჩემთვის და ინტერესით ვკითხე.
მხოლოდ წამიერად დაიბნა და მალევე შეძლო თავის მართლება:
_ოქროულობას ყოველთვის ზარდახშაში ინახავენ. რა გჭირს? ეს სიმბოლურია... მართლა ზარდახშიდან გაქრა ის საათი?_ნაძალადევი სიმშვიდით მკითხა.
_ვითომ არ იცი? ჩემთან არ გჭირდება თავის მოკატუნება!
_რაში მჭირდება ქურდობა, როცა დედაჩემი გარკვეულ თანხას მიგზავნის ყოველ თვე?_გაიკვირვა.
_ეგ შენ უნდა მითხრა, რაში გჭირდება ამდენი ფული? ნარკოტიკებს მოიხმარ?_ჩურჩულით ვკითხე შეშფოთებულმა.
_კარგი ფანტაზიის უნარი გქონია. ახლა ნარკომანიც ვარ?
_იქნებ, კაზინოებში დადიხარ და იქ ფლანგავ ამდენ ფულს?
ამაზე ხომ გადაბჟირდა სიცილით. იმდენი იცინა, თვალები აუცრემლდა კიდეც და სულიც ძლივს მოითქვა.
_კარგი, ქურდი ვარ, არ ვუარყოფ. თუ ერთხელ ჩადენილი ჯიბგირობა მეტროში ქურდის იარლიყს მომაკერებს. მაგრამ ნარკომანი? ან მოთამაშე? საიდან მოიტანე?_აშკარად გამხიარულდა.
_აბა, ამდენი ფული ასე წარა-მარა რისთვის გჭირდება?
_მჭირდება და მორჩა, რა შენი საქმეა? გადი ჩემი სახლიდან და მეორედ აღარ დამენახო! ის კარგი იყო, ნოეს დასათრევად რომ დამიძახე და მეც მაშინვე გამოვქანდი შენთან არა? მოიცა, იქნებ უკვე აღებული გქონდა ის საათი და მე იმიტომ დამიბარე იქ?_ვითომ გონება გაუნათდა და გაუხარდა ყველაფერი რომ გაირკვა._მე, სულელი კიდე გენდე და თავქუდმოგლეჯილი გამოვქანდი შენსკენ. ღირსი ვარ, მეტი უნდა დამაბრალო! ჩვენი მეგობრობა აქ და ახლა დასრულდა უკვე!
_ჩვენი მეგობრობა დიდი ხანია შენ დაასრულე და მე მაბრალებ და გინდა რომ ხელები შემაწმინდო. თუ ჩვენს შორის მესამე პიროვნება არ გყავს ჩაყენებული, სად ბრძანდებოდი ეს სამი დღე, რაც ჩემიდან წამოხვედი? თინა არ ვარ, რომ მომატყუო, ვისთან იყავი?_ჩემგან ასეთ სიმკაცრეს ნაჩვევი არ იყო და შევატყე, რომ შეკრთა. დაიბნა და ერთხანს უაზროდ ააწლაპუნა პირი რაღაცის სათქმელად, მაგრამ ვერაფერი კი ვერ მითხრა._მართალი ხარ, ჩვენი მეგობრობა აქ და ახლა დასრულდა. პოლიციას და მამაშენს არ ვეტყვი იმას, რაც ბებიაშენისთვის მათქმევინე. არც იმ ოქროს საათის აღებას დავიბრალებ და საკადრისად დაისჯები. კარგად ბრძანდებოდე!_გამოვტრიალდი და გაგულისებულმა გამოვიჯახუნე კარები.
ცრემლები ყელში მომებჯინა. ხუმრობა ხომ არ იყო, ლამის დაბადებიდან ვმეგობრობდით და ასე უცბად და ხელაღებით მეთქვა ყველაფერზე უარი? ისე ვიყავი სიბრაზისგან დაბრმავებული, ჩემს გარშემო რა ხდებოდა, ვეღარ ვხედავდი. სადარბაზოდან გასვლისას ვიღაც მოხუც ქალს გავკარი მხარი და ლამის წავაქციე.
_ნელა, გადარეულო!_გამწარებულმა რომ მომაძახა, ყურადღება არ მიმიქცევია. არც ბოდიში მომიხდია, ისე განვაგრძე გზა.
ჩვენს კორპუსამდე ისე მივედი, არაფერი მახსოვს. თითქოს მეხსიერების ჩავარდნა მქონდა. მოულოდნელად ვიღაცამ რომ განწირული კივილი დაიწყო, მაშინ გამოვერკვიე ფიქრებიდან და ძლიერი დარტყმაც ვიგრძენი. მახსოვს, ინერციით ავვარდი მაღლა და ძირს გამეტებით დავენარცხე. გონება არ დამიკარგავს. პირველი ვისი ხმაც გავიგონე, შაკო იყო, არაადამიანური ხმით რომ უყვირა ვიღაცას.
_რას შვრები ბიჭო, ნელა ვერ ივლი?
_ჩემი რა ბრალია, ვერ დაინახე თვითონ გადმომიჭრა მოულოდნელად გზა?_ვერ ვიცანი ვინ იყო, მაგრამ აშკარად შეწუხებული იყო.
_დეა, როგორ ხარ?_შაკო ჩემს გვერდით რომ ჩაიცუცქა, ისევ მის ლამაზ თვალებს წავაწყდი.
_არაფერი მიჭირს, კარგად ვარ._ძლივს ამოვილუღლუღე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. ოდნავ განძრევის შნოც კი არ მქონდა.
ამის მერე შეშფოთებული წივილ-კივილის ხმა და ვაი-ვიშიც ჩამესმა. რა აყვირებდა ამ ხალხს, ვერ ვხვდებოდი. არანაირ ტკივილს არ ვგრძნობდი. უბრალოდ განძრევის თავი არ მქონდა და სახეზე თბილ სისველეს ვგრძნობდი მხოლოდ. რამდენ ხანს ვიწექი ასე არ მახსოვს, დედაჩემის და მედეას შეშფოთებული ხმებიც მალევე გამოვარჩიე სხვა ხმებისგან.
_რა გჭირს ძვირფასო?_მახსოვს მედეამ რომ შემახო გავარვარებულ სახეზე თავისი გრილი ხელები._ჩემი გესმის?
_დეა, საყვარელო!_ეს უკვე დედაჩემის ხმა იყო, რომელიც ისე უკანკალებდა, მივხვდი რომ ტიროდა.
წამიერად მოვავლე გარშემომყოფებს თვალი და ვიგრძენი როგორ ნელ-ნელა გაეხვია ბურუსში ყველაფერი. მერე კი სასწრაფო მანქანის გაბმულმა სირენების ხმამ გააყრუა იქაურობა. მახსოვს, საავადმყოფოში რომ გადამიყვანეს. ფეხი მქონდა მოტეხილი და მსუბუქი ტვინის შერყევა. შუბლიც გატეხილი და ნაკერების დადება დამჭირდა. წვივზე კი ოპერაცია ჩამიტარეს. მახსოვს, ნარკოზიდან რომ გამოვედი და თვალები გავახილე, მედეა მეჯდა თავთან და ხელზე მეფერებოდა. მიხვდა თუ არა, რომ გონზე მოვედი, დაიხარა და თბილი ტუჩებით შემეხო ლოყაზე.
_როგორ შეგვაშინე._ხმაც უთრთოდა. მივხვდი რომ ტიროდა.
_სად ვარ?_ჩემი ჩახლეჩილი ხმა ძლივს ვიცანი._რა მომივიდა?
_საავადმყოფოში ხარ... ხვიჩა დაგეჯახა მოტოციკლით...
_ახლა სად არის?
_აქ იყო, ხარჯები მაგან დაფარა.
_მისი ბრალი არ იყო, მე გადმოვუჭერი გზა. ხომ არ დააკავებენ?
_არამგონია, თვითმხილველები ბევრნი იყვნენ და მას არ ადანაშაულებენ. უბრალოდ, მკურნალობის ხარჯები თავისი სურვილით ითავა, არავის დაუვალდებულებია.
_დედა სად არის?
_ისიც აქ არის. ახლა ექიმთან გავიდა. რამე გინდა?
წყალი კი მწყუროდა, მაგრამ ვიუარე. სინდისი მქენჯნიდა. რამოდენიმე დღის წინ მის ალერგიას რომ შევუწყე ხელი და ეს კი, ზრუნავდა ჩემზე. ცოტა ხანს ვითმინე და წავუყრუე წყურვილის გრძნობას, მაგრამ პირი ისე მქონდა გამომშრალი, ენას ვეღარ ვატრიალებდი პირში. დედაჩემმაც ძალიან დაიგვიანა და ისევ მედეასთვის მომიწია თხოვნა.
_ახლავე._მაშინვე წამოხტა და ჭიქით წყალი მომირბენინა. თავქვეშ ხელი ამომიდო და ფრთხილად ამაწევინა. ჭიქა რომ ტუჩებთან მომიტანა, გული ამიჩუყდა. მე ასეთი ურჩხული ვიყავი. არ მიყვარდა, არაფრად ვაგდებდი და თვითონ კი ჩემს გამო ღელავდა და ჩემზე ზრუნავდა.
წყალი რომ დავლიე. ისევ ფრთხილად დამადებინა ბალიშზე თავი.
_არ გშია? წეღან მაღაზიაში ვიყავი და შენ რომ გიყვარს ყველიანი ჩიფსები და იოგურტი ამოგიტანე.
შიმშილის გრძნობაც კი მაწუხებდა და ჩემი მუცელიც ხმაურობდა უკვე, მაგრამ მაინც ვიუარე. დედაჩემს დაველოდე, რომ იმისთვის თამამად გამებედა რა მინდოდა და რა არა. მედეას გულთბილ მოპყრობას არ ვიმსახურებდი და მრცხვენოდა მისი. თვალებშიც კი ვერ ვუმზერდი. სინდისი მქენჯნიდა და მღრღნიდა შინაგანად. ეს ასეთი კარგი იყო და მე კი მის მიმართ სასტიკი და უსამართლო ვიყავი.
საღამოს, მედეა ისევ ჩემს პალატაში იყო, რომ მიაც შემოვარდა და საწოლში გაშოტილს თეატრალურად გადამეხვია.
_როგორ ხარ გოგო? როგორ შემაშინე? რა მოგივიდა?_ჩემს ჩახუტებას მალევე მორჩა და სასთუმალთან ჩამომიჯდა._მართალია, მაწყენინე და გული მატკინე, მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე და მაშინვე შენს სანახავად გამოვქანდი._როგორც სჩვეოდა, აქეთ დამდო ვალი.
მედეამ ერთხანს უნდობლად უყურა მიას და მერე კი წასასვლელად მოემზადა.
_მოიცა, მეც მალე უნდა წავიდე, ბებიაა შეუძლოდ და ბარემ ერთად წავიდეთ._ეს რომ შესთავაზა, გაოცებულმა შევხედე.
მედეას ხომ გაუკვირდა მისი ეს ვითომ უწყინარი შეთავაზება, მაგრამ მე უარესად. ეტყობოდა, ამ ქაჯს რაღაც ქონდა ჩაფიქრებული, თორემ მედეას დასანახად ვერ იტანდა და მის გვერდით სიარული რაში სჭირდებოდა?
მედეა რომ მის ნებას დაჰყვა და ჩანთა ისევ დადო, არ მესიამოვნა. გულში რატომღაც ცუდად გამკრა რაღაცამ. არ ვიცოდი რა ქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ამისგან რომ ყველაფერი იყო მოსალოდნელი, ამაში კი დარწმუნებული ვიყავი.
დიდხანს მართლაც არ დარჩენილან. დედაჩემი რომ შემოვიდა პალატაში და მედეას უთხრა, რომ მამას დააგვიანდებოდა და სანამ ძალიან დაღამდებოდა, თავის დროზე წასულიყო სახლში, მაშინვე დამემშვიდობა მიაც და მედეასთან ერთად დატოვა ჩემი პალატა.
მთელი ღამე ვერ მოვისვენე. მიას ჩანაფიქრზე ვფიქრობდი. რას გეგმავდა მედეასთან დაკავშირებით, ეს მადარდებდა. უმიზეზოდ რომ არ დატკბებოდა მის მიმართ, ამაში დარწმუნებული ვიყავი, ოღონდ რას უპირებდა, ამას ვერ ვხვდებოდი. ცალკე ნაოპერაციებელი ფეხის ტკივილმა, ცალკე თავისა და ცალკე მიაზე ფიქრმა ძილი გამიკრთო და მთელი ღამე თეთრად გამათენებინა.
გამთენიისას ჩამთვლიმა, მაგრამ მალევე გამაღვიძა პალატაში მამაჩემის შემოსვლამ. მომინახულა და მომიბოდიშა, ქალაქიდან ვიყავი გასული და გუშინ ვერ გნახეო. ამხელა კაცს ჩემს დანახვაზე თვალები რომ აუცრემლდა, მივხვდი, მეც ისევე ვუყვარდი, როგორც მედეა, მისთვის ორივე ძვირფასი ვიყავით, მაგრამ ეს მე არ მესმოდა. ან არ მინდოდა რომ გამეგო და დამეჯერებინა. მსხვერპლად მომქონდა თავი და მუდამ დაზარალებულის იმიჯს ვირგებდი. მთასავით კაცი ჩემს საწოლთან ჩაიმუხლა, ჩამეხუტა და მისმა ცრემლებმა დამისველა სახე.
_როგორ ხარ შვილო? რამე ხომ არ გტკივა და გაწუხებს?
_უკეთესადაც ვყოფილვარ, მაგრამ არ ვწუწუნებ._მისი დამშვიდება ღიმილნარევი ხუმრობით ვცადე, რადგან ვატყობდი, რომ მეც ნამეტანი სენტიმენტალურად ვიყავი რატომღაც განწყობილი და გულს მიჩუყებდა მისი ცრემლები.
_საწყალი ბიჭი გაგიჟებულია, მოულოდნელად გადმომიჭრა გზაო...
_ხო, იმის ბრალი არაფერია. მე მოვიქეცი დაუდევრად და წინდაუხედავად._ხომ არ დაიჭერენ?_შევშფოთდი.
_არა, თუ არ უჩივლებ.
_რა სისულელეა, რატო უნდა ვუჩივლო?
შუბლზე ჩამოშლილი თმა ფაქიზად გადამოწია და მაკოცა.
_კიდევ კარგი ადვილად გამოძვერი... იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, რა შეიძლებოდა მოგსვლოდა._ბოლო სიტყვაზე ხმა რომ შეეცვალა, მივხვდი ცრემლების შეკავებას ცდილობდა და უარესად ამიჩვილდა გული.
_შენი სამსახურის საქმეები როგორ მიდის?_სიტყვა ბანზე ავუგდე, რომ დამშვიდებულიყო და მეც არ ავღრიალებული დოღრიალა ბავშვივით.
_ძველებურად, რა ვიცი._უაზროდ აიჩეჩა მხრები. არასდროს დავინტერესებულვარ მისი საქმიანობით და გაუკვირდა.
_შეგიძლია საცხობიდან კუბდარი ან ჰოთდოგი ამომიტანო? ისე მშია, ნუღარ იტყვი.
_ახლავე ჩემო ანგელოზო._შუბლზე ისევ ფრთხილად მაკოცა და პალატა ჩქარი ნაბიჯებით დატოვა.
ტყუილად ვემდუროდი ამ კაცს. მეც ისევე ვუყვარდი, როგორც მედეა. მერე რა, თუ სხვადასხვა ქალისგან ვყავდით? ორივენი ხომ მისი შექმნილები და მისი სისხლი და ხორცი ვიყავით? მე ვიყავი ბოროტი და ეჭვიანი და არ მინდოდა, რომ მედეასთვისაც გაეზიარებინა თავისი სითბო და სიყვარული, თორემ ამ კაცს თანაბრად შეეძლო ჩვენზე ზრუნვა და ყურადღების მოქცევა.
თხუთმეტ-ოც წუთში დაბრუნდა დაღლილი და შეწუხებული.
_მეტრომდე მომიწია ჩასვლა, ძლივს ვნახე ერთ-ერთ საცხობში ცხელი კუბდარი._ქაღალდის პარკით სამი კუბდარი და ხელსახოცები გამომიწოდა._კოკაკოლაც მოგიტანე, ხომ გიყვარს? არ ვიცი შეიძლება თუ არა შენთვის, მაგრამ ნახევარი ლიტრა მგონი არაფერს გიზამს._დამაინტრიგებლად მიჩურჩულა.
_ბალიშს ვერ გამისწორებ?
_რატომაც ვერა?_გაუკვირდა.
ბალიში რომ გამისწორა, მეც მადიანად მოვულხინე ნოყიერ და გემრიელ კუბდარს. თან სიამოვნებით ვაყოლებდი კოკაკოლას. ორი კუბდარი ერთი კვირის დამშეულივით შევსანსლე, მესამეს ვეღარ მოვერიე და მუცელამოვსებული უკეთეს განწყობაზე დავდექი.
_დედა სად არის?_მხოლოდ ნადიმის შემდეგ მოვიკითხე მშობელი.
_სახლში წავიდა და მალე მოვა. ცოტა ხნით მე შევცვლი...
_საჭირო არ არის, რატო წუხდებით? მშვენივრად მაქცევენ ყურადღებას.
_მასე სცნობ დედაშენს, რომ სახლში იჯდეს და ტელევიზორს უყუროს და შენ კი აქ იწვე?_გაეღიმა._დღეს როგორც ვიცი ბიცოლა და ბიძაშვილებიც მოგინახულებენ.
ბიცოლას ხსენებაზე მისი ოქროს საათი გამახსენდა და შევკრთი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი მის წინაშე, რადგან მია ხომ მე ჩავიყვანე იქ და ყურადღებასაც კი არ ვაქცევდი ისე დათარეშობდა ოთახებში. ხომ ვიცოდი რომ მრუდე ხელი ქონდა, მაგრამ მაინც არ ვფრთხილობდი და არ ვაკონტროლებდი. მედეას და ნოეს დაშორებაზე ვიყავი გადართული და სხვა აღარაფერი მაინტერესებდა და არ მედარდებოდა. სხვა ნებისმიერ საქმეზე ვერ ვახდენდი კონცენტრირებას.
_აქედან როდის გამომწერენ ნეტავ?_ამოვიოხრე._ან როდის შევძლებ ისევ სიარულს?
_სიარულს მალევე შეძლებსო ექიმმა, უბრალოდ ტვინის შერყევის გამო წოლითი რეჟიმი გექნება. ორშაბათს გაგწერენ.
_მართლა?_გამიხარდა._დღეს შაბათია. ორი დღეც და სახლში ვიქნები უკვე? ვაუ, რა მაგარია! და სიარულს როდის შევძლებ?
_ამ საღამოს ან დილით აგაყენებენ, მაგრამ ყავარჯნებით, რომ ძალა არ დაადგეს მაგ შენს ნაოპერაციებელ ფეხს. მართალია, ოპერაცია რთულია, მაგრამ ამ შემთხვევაში მალე ხდება რეაბილიტაციის პროცესი და თაბაშირს ამით ჯობია. ასე რომ სულ მალე ირბენ ისევ.
ეს ამბავი მართლაც გამიხარდა. თაბაშირიანი ფეხით ერთი თვე დამჭირდებოდა წოლა, ახლა კი, მგონი ერთ კვირაში მოვრჩებოდი. ამას რა ჯობდა?
კარგა ხანს დარჩა მამაჩემი ჩემთან და ათას წვრილმანზე ვისაუბრეთ. მართლაც რომ ვუყვარდი ამ კაცს და მისთვის ძვირფასივიყავი. მერე კი, მედეა და დედა მოვიდნენ და მამა სამსახურში წავიდა. ძალიან მაინტერესებდა, მედეა და მია აქედან ერთად რომ წავიდნენ, რა მოხდა და რაზე ისაუბრეს, მაგრამ ასე პირდაპირ ვერაფერს ვეკითხებოდი. ეჭვი კი მქონდა ჩემს დაქალზე, მაგრამ ეჭვი დამამტკიცებელი საბუთის გარეშე რა იყო?
შუადღისთვის ბიცოლაჩემი, გუჯა და ლუკაც მესტუმრნენ. გვარიანად გამართეს და გამამხიარულეს ბიჭებმა. იმდენი მაცინეს, მუცელი ხელით მეჭირა უკვე. მათი თანდასწრებით ბიცოლამ ოქროულზე არაფერი თქვა, მაგრამ ცოტა ხნით გარეთ რომ გავიდნენ, მაშინ კი გვაუწყა, რომ ბეჭედი კომოდის ქვეშ იპოვა, საათის ასავალ-დასავალს კი ვერ მიაგნო ვერსად. მედეას ძალიან გაუხარდა ბეჭდის გამოჩენა. მეც კი გამიხარდა, მაგრამ საათი მაინც რომ დაკარგული იყო და ისევ მიაზე მქონდა ეჭვი, ეს მოსვენებას არ მაძლევდა.
ბიცოლა და ბიჭები რომ წავიდნენ, ახლა ხვიჩამ და შაკომ მომინახულეს. პირველი ხვიჩა შემოვიდა. პალატის კარიდანვე მომესალმა ღიმილით და მორიდებით შემოვიდა. ხილით და ტკბილეულით სავსე პარკები თეთრ ტუმბოზე შემომიწყო.
_აბა, ტერმინატორო, როგორ ხარ?_გამიღიმა და ხელი ჩამომართვა._ბოდიში, ჩემს გამო გიწევს აქ წოლა...
_საბოდიშო არაფერია. მე თვითონ გადმოგიხტი კაკო ყაჩაღივით._მეც გამეცინა და კარში შემოსული შაკო რომ დავინახე, დავიბენი.
ამის მოსვლას ნამდვილად არ მოველოდი აქ და ამიტომ ინსტიქტურად შევისწორე ზეწარი. თმაც ლამაზად გადავივარცხნე თითებით. რომ მივხვდი, შაკოს ვეპრანჭებოდი, შემრცხვა და სახე ამეწვა. ალბათ ჭარხალივით გავწითლდი.
_გამარჯობა... როგორ ხარ?_ღიმილით რომ მკითხა, თვალი ვეღარ გავუსწორე და ფანჯარაში გავიხედე.
_მადლობა, კარგად._ამის მეტი ვერაფერი მოვახერხე რომ მეთქვა. თან, ხმა ისე გავინაზე, საკუთარი თავის ცემა მომინდა.
რას ვეპრანჭებოდი და ვენაზებოდი ამ ბიჭს ვერ ვხვდებოდი. ან, რა ჯანდაბა მჭირდა? ძველმა დეამ იჩინა ისევ ჩემს ქვეცნობიერში თავი და საშინლად გამაბრაზა იმის გააზრებამ, რომ ამ თავდაჯერებული ბიჭის გამოჩენა ასე მაბნევდა და მაფორიაქებდა. ფანჯრიდან მზერა მის თვალებზე ჯიქურ გადავიტანე და უნდა მეგრძნობინებინა, რომ აქედან დაახვიე-მეთქი, მაგრამ მის თვალებს რომ წავაწყდი, რაღაცნაირად შემიქანდა და ამიფორიაქდა გული. თითქოს პირველად ვხედავდი. ახლა ის აღმოვაჩინე, რომ მშვენიერი ღიმილი ქონდა და დამატყვევა თითქოს მისმა ამ ჯადოსნურმა ღიმილმა. მორიდებით მომიახლოვდა და ჩემი საყვარელი ყველიანი ჩიფსები გამომიწოდა.
ნეტა, ამან რაღა იცოდა, რომ მიყვარდა? არ ვიცი, სურვილმა წამძლია, ზრდილობის ეტიკეტმა იმძლავრა, თუ მართლა მისმა ღიმილმა მომაჯადოვა, არ ვაპირებდი გამორთმევას, მაგრამ მოწიწებით ჩამოვართვი და თან გავუღიმე კიდეც.
_დიდი მადლობა._თითქოს ჩემს შიგნით ვიღაც ბუდობდა და ჩემს ნაცვლად ის ლაპარაკობდა.
უარესად მომეშალა საკუთარ თავზე ნერვები. უფრო იმიტომ, რომ პარკი გავხსენი და ჩიფსებიც გემრიელად ავახრამუნე. ეგ კი არა, მედეასაც კი შევთავაზე. რას დავარტყი თავი ამისთანას, რომ ასე რადიკალურად ვიცვლებოდი ნეტა? მართალია, ნელ-ნელა, მაგრამ ჩემს თავში ცვლილებებს მაინც ვხედავდი და არა მარტო მე, დედაჩემიც გაოცებული იყო ჩემი ამ სახეცვლილებით და მედეაც.
მედეამ უარი მითხრა ჩიფსებზე. ნახევრამდე გემრიელად ჩავაცარიელე პარკი დ მერე ხელსახოცი მოვითხოვე, რომელიც შაკომ გამომიწოდა რატომღაც. ნოე კი მომწონდა, მაგრამ ეს ბიჭი რომ მაფორიაქებდა, ეს უდავო იყო. ისე ჩამოვართვი გამოწვდილი ხელსახოცი, თვალებში არ შემიხედია. ვიცოდი, რომ შემეხედა, გული გამიჩერდებოდა ალბათ. ხელის ზურგზე, ცერა თითის გასწვრივ ისევ შევნიშნე მისი სიმბოლური ტატუ. ყოველთვის მიკვირდა, ასეთ განსხვავებული აზროვნების და ხასიათების ბიჭს როგორ ქონდა მოხატული სხეული...
არ ვიცი, განგებ თუ უნებლიეთ, მისი თბილი თითები რომ შემეხო, უარესად შევკრთი. თითქოს, რამოდენიმე ვოლტმა ელექტროენერგიამ დაურბინა მთელს სხეულშიო, ისე გამაძაგძაგა. რაიყო ახლა ეს ვითომ? მთელი ბავშვობა ერთად ვიზრდებოდით. სულ ვეჩხუბებოდი. არ მომწონდა მისი კლასიკური ჩაცმის სტილი, მისი წესიერება და ზრდილობა, მისი დამჯერობა. მოკლეთ, არ მომწონდა მისი სიკარგე. ალბათ, ავარა და თავზეხელაღებული უნდა ყოფილიყო, რომ მომწონებოდა და ყურადღება მიმექცივნა... თუმცა, მაინც ხომ მოხვდა ჩემი ყურადღების ცენტრში და ამაღელვა? მგონი, მიას გავლენა იგრძნობოდა ჩემს გემოვნებაში, რომ ბიჭი აუცილებლად თავზეხელაღებული, თამამი და უზრდელი უნდა ყოფილიყო და მეც მიტომ ვკრავდი ხელს ამ არაჩვეულებრივ ბიჭს? ან, იქნებ მე თვითონ ვიყავი უტვინო დებილი და მე თვითონ არ ვიცოდი რა მინდოდა ამ ცხოვრებისგან? მთლად მიას გავლენაც არ იქნებოდა ჩემი ამ ურჩხულად ჩამოყალიბება. მია რა, თავში მცემდა, გინდა თუ არ გინდა ჩემთან იმეგობრე და ჩემნაირი იყავიო? ფსიქოლოგიურად ვერ მქონდა ყველაფერი რიგზე და სხვას რატო ვაბრალებდი ვითომ?
დიდხანს არ დარჩენილან ბიჭები ჩემს პალატაში, მაგრამ რაც იქ იყვნენ, მუდამ ვგრძნობდი შაკოს ღიმილიან დაჟინებულ მზერას და ეს უარესად მაბნევდა და მაფორიაქებდა. საკუთარი თავი იმაშიც კი გამოვიჭირე, რომ მსიამოვნებდა კიდეც. ერთი სული მქონდა მეც შემეხედა მისთვის თვალებში და მის ღიმილს დავკვირვებოდი მშვიდად და აუღელვებლად, მაგრამ ვიცოდი, რომ პულსთან ერთად სუნთქვაც ამიჩქარდებოდა და თავის გაყიდვა არ მინდოდა. არ ღირდა ამ თავდაჯერებული ბიჭისთვის იმის მიხვედრება, რომ რაღაცით მომწონდა და მაფორიაქებდა.
პალატიდან გასვლისას კი, მაინც გავბედე და გავაპარე მისკენ მზერა. საშუალოზე ოდნავ მაღალი, გამხდარი, მაგრამ მუშაობით გაკაჟებული სხეული ქონდა. გაშლილი მხარ-ბეჭით მიაბიჯებდა წელში გამართული. ჩემისთანა უტვინო გოგოებს ხომ ასეთი ბიჭები არ მოსწონდათ? კარში გასვლისას მოულოდნელად რომ შემომხედა, მართლა გამიჩერდა გული. აშკარა იყო, რომ ჩემგან წასულ იმპულსებს გრძნობდა და სიამოვნებდა. ვის არ ესიამოვნებოდა საყვარელი ადამიანის ეს ყურადღება?
თვალის მორიდება და გვერდით გახედვა ვეღარ მოვასწარი და მის თვალებს რომ შევეფეთე, მივხვდი, რაღაც ხდებოდა ჩემში. ჯერ თითქოს მესიამოვნა და დავყევი კიდეც ამ გრძნობას, მაგრამ თვალს მიეფარა თუ არა, ძველმა დეამ იჩინა ჩემს ქვეცნობიერში თავი და ყველაფერი გააფუჭა. ახლა, მედეას ეშმაკური მზერაც რომ ვიგრძენი და მას შევხედე, აშკარა იყო, რომ ყველაფერს მიხვდა და ამან უფრო გამაბრაზა და გამაცოფა. ჩემი გრძნობების და განცდების აღიარება არ მინდოდა არავისთან და ჩემ თავთანაც კი.
საღამოს მიამ დამირეკა, როგორ ხარ, ახალი რა ხდება შენსკენო. რაღაცის მოლოდინი ქონდა და რისი ოღონდ ვერ მივხვდი. ხვალ გამომიარე-მეთქი რომ შევთავაზე, სიხარულით დამთანხმდა. იქნებ, პირისპირ უფრო გამერკვია რა ქონდა ამ ეშმაკის მოციქულს ჩაფიქრებული.
როგორც მამაჩემმა ივარაუდა, ექიმებმა მართლაც ამაყენეს. უნდა ვთქვა, რომ არ გამჭირვებია. სულ ოდნავ ვგრძნობდი ჭრილობის დაჭიმულობას ფეხზე, ძვალი საერთოდ არ მტკიოდა. სულ ცოტა თავბრუ მესხმოდა და ღებინების შეგრძნება მქონდა. როგორც მითხრეს, ეს ტვინის შერყევის ბრალი და ნორმალური მოვლენა იყო.
მეორე დღეს, დილითვე, მართლაც მესტუმრა მია. არ ვიცი, ეჭვის ნაპერწკალი რომ მიღვიოდა სულში, თუ მართლაც მასე იყო, ნაძალადევი სიხარულით გადამეხვია და კარგა ხანს მკოცნა. დიდხანს ვყავდი გულში ჩახუტებული და საალერსო სიტყვებსაც მეჩურჩულებოდა. შეიძლება, ჩემთან შემოძრომა უნდოდა ისევ. ან, მართლაც დარდობდა ჩემზე და ვაღელვებდი. ისეთი ოსკაროსანი მსახიობი იყო, მგონი დამაჯერა კიდეც თავის ვითომ და გულწრფელ მეგობრულ სიყვარულში. მგონი, მე თვითონ ვაძლევდი ჩემი თავის გასულელების უფლებას. თითქოს გული მომილბა კიდეც. საწოლზე რომ ჩამომიჯდა და ახალი ამბები მომიყვა, სულ გადამავიწყდა მის მიმართ უნდობლობა და ცოტას დამაკლდა, რომ შაკოს ამბავი არ მოვუყევი მეც. მაგრამ ტკბილეულით დატვირთული მედეა რომ შემოვიდა პალატაში და მისი ჩანთისკენ გაექცა თვალი, ისევ გამიძლიერდა ეჭვი. რატომღაც ის აზრი მქონდა აკვიატებული, რომ ეს ქურდბაცაცა მის ჩანთაში აპირებდა მოპარული საათის ჩადებას. (თუ წინა ჯერზე არ ქონდა უკვე ჩადებული).
მართალია, ვეჭვობდი რაღაცას და სულს მიღრღნიდა ეს ეჭვი, მაგრამ მაინც არ მინდოდა რატომღაც ამ უცხოპლანეტელის გაწირვა, როგორც ნოე ეძახდა. თუმცა, არც ის მინდოდა, რომ ამ ობოლ გოგოს დაბრალებოდა ყველაფერი. მე და მიას ბევრი რამ გვაკავშირებდა ერთმანეთთან და უბრალო ეჭვის საფუძველზე მასთან ყველაფრის გაწყვეტა და დასრულება არ მინდოდა. იმ თავიდან ამ თავამდე ამ გრძნობით და განწყობით ვიყავი მის მიმართ. ახალი ის იყო, რომ მედეა მედარდებოდა უკვე და არ მინდოდა უსამართლოდ დასჯილიყო. სხვა დროს სიამოვნებით შევაწმინდავდი ხელს და ყველაფერს დავაბრალებდი, მაგრამ ახლა, რაც ავარიაში მოვყევი და ვატყობდი, რომ ჩემზე გულწრფელად და უანგაროდ ზრუნავდა, სინდისი აღარ მაძლევდა ამის საშუალებას. მანამდეც კი მაფიქრებდა მისი ჩემდამი დამოკიდებულება, მაგრამ ახლა უფრო. ალბათ, თავის დარტყმის ბრალი იყო. ტვინის ის ნაწილი შემერყა, რის გამოფხიზლებაც მჭირდებოდა.
როგორც ბებია იტყოდა, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ზუსტად ჩემზე ყოფილა ნათქვამი. აუცილებელი იყო, რომ ხვიჩა დამჯახებოდა თავისი მოტოციკლით, რათა ტვინი მეღრძო და გამეტოკებინა. მთელი ის დრო, სანამ მია ჩემს პალატაში იჯდა და ჩემზე ზრუნავდა, თვალს არ ვაშორებდი და ყოველ მის მოძრაობას გულდასმით ვსწავლობდი. არ მინდოდა ისეთი რამ ჩაედინა, რაც მედეას დააზარალებდა. თუმცა... არც ის მინდოდა, რომ ყველას გაეგო მისი და ჩემი ქურდობის ამბები.
რაღაც ძალიან საეჭვოდ დარჩა მია ჩემს პალატაში და მედეას ჩანთას, მეჩვენებოდა, რომ დიდი ინტერესით უმზერდა. აშკარა იყო, რაღაც ქონდა ჩაფიქრებული და ყურადღების მოდუნების უფლება არ მქონდა, მითუმეტეს რომ დედაჩემიც ვერ მოდიოდა. მია კი თამამად და თავისუფლად გრძნობდა თავს. მედეას რომ აღარ ამცირებდა და დასცინოდა, ეს ცალკე მირევდა გონებას. ბოლოს კი, როგორც იქნა მოსწყინდა ჩემთან ყოფნა და სახლში წასვლა დააპირა. მედეამ მისი გაცილება რომ განიზრახა, გამიხარდა. გავიდნენ თუ არა პალატიდან, მაშინვე წამოვდექი საწოლიდან და ასკინკილით მივუახლოვდი ფანჯარას, სადაც მედეას ჩანთა იდო. მაშინვე გარეთა ჯიბე შევამოწმე, რადგან იქ ადვილად მოახერხებდა მია საათის ჩადებას. ელვა შესაკრავი რომ გავაღე და თითები შიგ ჩავაცურე, შევკრთი, რადგან ჩემი ვარაუდი გამართლდა, ოქროს საათი მართლაც იქ იდო. ფრთხილად ამოვაძვრინე ჯიბიდან და ახლოდან შევამოწმე. ეჭვგარეშე იყო, ეს ის საათი იყო, რომელსაც ბიცოლა ეძებდა.
მედეას ჯერ არ ეცოდინებოდა, რომ საათი მის ჩანთაში იდო, თორემ იტყოდა, არ დამალავდა, რომ საიდანღაც გაჩნდა მის ჩანთაში.
ჯერ ისევ ხელში მეჭირა და ვფიქრობდი, სად დამემალა, რომ ვიღაც მოულოდნელად წამომადგა თავზე. დავიბენი, ავღელდი და საათი ისევ მედეას ჩანთაში ჩავაბრუნე. სულ მალე კი დედაჩემის იმედგაცრუებული ხმაც შემომესმა.
_დეა? რას აკეთებ?
_არაფერს._რატომღაც ვერ გავბედე იმის თქმა, რასაც ვაკეთებდი და ისევ ასკინკილით დავბრუნდი ჩემს საწოლამდე.
_ეს შენ ჩაიდინე?_შიშისგან გაფართოებული თვალებით ჩურჩულით მკითხა._და ახლა გინდა, რომ მედეას დააბრალო?
_არა, რა სისულელეა?..
_აბა, რატო ჩაუდე ის საათი ჩანთაში?
_იქ იდო... ვნახე და ისევ დავაბრუნე...
_არ მეგონა თუ აქამდე დაეცემოდი._დავინახე როგორ აუცრემლდა თვალები.
_გეფიცები, მედეას ჩანთაში იდო._საწოლზე ძლივს ჩამოვჯექი.
_ბედავ და ცილს სწამებ კიდეც?_სიბრაზისგან წამოენთო._ასეთი უნამუსო როგორ ხარ?
_არ ვიტყუები, მართლა იქ იდო... არ ვამბობ რომ მედეამ მოიპარა, მაგრამ მართლა მის ჩანთაში იდო.
გაბრაზებული დედაჩემი მედეას ჩანთასთან მივიდა და გარეთა ჯიბიდან საათი ამოიღო.
_რა დაგაკელი შვილო ამისთანა, რომ ასეთი ურჩხული გაიზარდე?_გულამოსკვნით ატირდა._ის არ გყოფნის, რომ ქურდობ, იტყუები და ახლა იმდენსაც ბედავ, რომ შენი დანაშაული შენს დას გინდა გადააბრალო?
_არ ვაბრალებ არაფერს...
_ჩემი თვალით დავინახე როგორ ჩადე მის ჩანთაში ეს ავადსახსენებელი საათი! მრცხვენია შენს გამო! სხვა ყველაფერს დავიჯერებ მედეაზე, ოღონდ იმას არა, რომ ქურდობა შეუძლია!
_არც მე მჯერა მედეას ქურდობის...
დედაჩემი ისევ ხელში ატრიალებდა ბიცოლას საათს, რომ მედეაც შემოვიდა. გაოცებულმა შეხედა ჯერ დედაჩემს და მერე მე.
_რა ხდება? ბიცოლას საათი გამოჩნდა?
ხმა ვერც მე და ვერც დედაჩემმა ვეღარ ამოვიღეთ. მედეამ კი დედაჩემს ჩამოართვა საათი და დაკვირვებით შეათვალიერა.
_ხო, ეს არის, ბიცოლას საათია._გაუხარდა, მაგრამ ჩვენს მოჟამულ სახეებს რომ შეხედა, ცოტა შეშფოთდა.
_სად იპოვეთ?_შიშით იკითხა. თითქოს, გრძნობდა რასაც ვუპასუხებდით.
_დეამ იპოვა შენს ჩანთაში._გაჭირვებით ძლივს უთხრა დედაჩემმა.
_რაა? ხუმრობთ ხომ?_მგონი სიმწრისგან გაეღიმა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ არ ვხუმრობდით და სახეზე ფერი დაეკარგა._ხომ არ ფიქრობთ, რომ მე მოვიპარე?
_არა.
_არა._მე და დედაჩემმა ერთდროულად ვუარყავით მაშინვე ეს აზრი._შეიძლება მიამ ჩაგიდო... ეჭვი მქონდა და ვეჩხუბე. იმან კიდევ...
_ხო, მაგრამ ჩანთასთან ახლოს არც კი მისულა._მისი გამართლება სცადა მედეამ.
_ხო, მეც ვაკვირდებოდი, მაგრამ წინა ჯერზე აქედან ერთად რომ გახვედით იქნებ მაშინ ჩაგიდო?
_კი, მაგრამ... მაშინ ეს ჩანთა რომ არ მქონია?
დავფიქრდი. მაშინ მართლაც სხვა ჩანთა ქონდა. დღეს კი ახლოს არ მისულა იმ ჩანთასთან. მაშ რა მოხდა? ტვინს ვიჭ....ტდი საცოდავად, რომ დედაჩემის დაჟინებული მზერა ვიგრძენი და შეშფოთებულმა შევხედე. ისეთი თვალებით მიმზერდა, დარწმუნებული იყო, რომ ქურდი მე ვიყავი.
_ახლა რაღას იტყვი, რითი იმართლებ თავს? არ მინდა ამას რომ ვამბობ, მაგრამ...
_ქურდი გგონივარ არა?_სიმწრისგან ამიცრემლდა თვალები._გეფიცები მე არ მომიპარია და მედეასთვის გადაბრალებას არ ვცდილობდი. შეიძლება ცუდი ვარ, ურჩხულიც ვარ, ბევრი სიავე და უსამართლობა ჩამიდენია, მაგრამ დამიჯერე, ამ საათის მოპარვასთან მე არაფერი მაკავშირებს.
_ხომ გაიგე მედეამ რა თქვა? ეს ჩანთა იმ დღეს არ ქონია. არც დღეს გაკარებია ახლოსო. სხვა რა ვიფიქრო შენი აზრით?
_მესმის შენი, სანდო არ ვარ, მაგრამ ძალიან გთხოვ დამიჯერე, ამ ერთხელ მაინც ვარ მართალი.
მედეას ხმა არ ამოუღია. ალბათ, ჩემი წარსულიდან გამომდინარე მასაც ეგონა, რომ მე ვიყავი ქურდი და ცილისმწამებელიც. რომ ვეღარაფერი გავახერხე, პირქვე დავემხე და გულწრფელად ავღრიალდი. ღირსი კი ვიყავი ამ უნდობლობისა, მაგრამ უმწეოდ ვგრძნობდი თავს, რომ არ შემეძლო ჩემი სიმართლის დამტკიცება.
ვიღაცის ხელი რომ შემეხო მხარზე, უფრო ამიჩუყდა გული და უარესად დავიხრჩე ჩემივე ცრემლებში.
_დაწყნარდი, მე მჯერა შენი._მედეას ხმა რომ ჩამესმა, მაშინვე შევწყვიტე ტირილი და გადმოვბრუნდი._მართალია, იმ დღეს ეს ჩანთა არ მქონია, მაგრამ დღეს მეტროში შეეძლო რომ ჩაედო ჩემთვის. მართალია, მე რომ მოვედი, უკვე აქ იყო, მაგრამ მე სავაჭრო ცენტრში გავიარე და იქ შემაგვიანდა...
_მართლა გჯერა ჩემი, თუ უბრალოდ გინდა რომ დამამშვიდო?_ინტერესით შევხედე.
_მჯერა._არც კი დაფიქრებულა ისე მითხრა და თვალებში რომ შევხედე, მივხვდი, რომ არ ტყუოდა.
_ერთად იმგზავრეთ მეტროთი?_დაინტერესდა დედაჩემი.
_არა, არ შემინიშნავს, მაგრამ იმდენი ხალხი იყო, უჩუმრად მოქმედება არ გაუჭირდებოდა._დარწმუნებით რომ თქვა მედეამ, დედაჩემი აღშფოთდა.
_თქვენ მე გადამრევთ! რანაირად ამტკიცებთ, რომ ყველაფერი იმ გოგოს ოინებია? მართალია, ავარდნილი და თავისუფალი გოგოა, მაგრამ ქურდობა? რაღაც არ მჯერა...
_იმაში რატო არ შეგპარვია ეჭვი, რომ მე არ ვიყავი ქურდი?_წყენით რომ ვკითხე, ვეღარაფერი ვეღარ მითხრა და პალატიდან გავიდა.
_მართლა არ დამინახია მეტროში, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ იქ იყო._გადაჭრით მითხრა მედეამ დედაჩემი გავიდა თუ არა გარეთ._შეიძლება ვცოდავ კიდეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მიას ოინებია.
_შენ ჩემში არასდროს შეგპარვია ეჭვი?_ეს რომ ვკითხე, დავაკვირდი.
მხოლოდ წამიერად დაფიქრდა და უარყოფის ნიშნად გაიქნია თავი.
_სიმართლე გითხრა, არც მე, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც დედაჩემმა წამასწრო, მე ვერ დაგიჯერებდი. მითუმეტეს, რომ შენ კარგი ხარ და მე მილიონჯერ მჯობიხარ. შენ არასდროს მოგიპარია არაფერი._გულახდილობის ხასიათზე დავდექი რატომღაც.
გაეღიმა.
_არც შენ ხარ ცუდი._ჩამეხუტა და კარგა ხანს ვყავდი ჩახუტებული._უბრალოდ, შენ თვითონ არ იცი, რომ კარგი ხარ...
_კარგი ვარ?_მწარედ ჩამეცინა.
_ხო, მაგრამ რატომღაც საწინააღმდეგოს დამტკიცებას ცდილობ სხვებთან. გინდა, რომ თავი შეაძულო სხვებს. საკუთარ თავში თვითონაც ვერ გარკვეულხარ. მიას აძლევ იმის უფლებას, რომ გაკონტროლოს, მაგრამ გულით არ ხარ ბოროტი. მე მჯერა შენი.
_მიუხედავად ყველაფრისა, რასაც შენს მიმართ ჩავდიოდი?_მართლა გამიკვირდა.
_ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და ყველაფერს მოეძებნება თავისი ახსნა. მე მესმის შენი, ჩაგეზიარე მშობლების სიყვარულში და შენი ცხოვრების რიტმი საგრძნობლად შევცვალე. ალბათ, მეც დავიბოღმებოდი ასეთ სიტუაციაში და გავბოროტდებოდი.
_შეენ? რაღაც არ მჯერა. უბრალოდ, წყალწაღებულს მებღაუჭები და გინდა, რომ ხელიდან არ გამიშვა. რატო?
ერთხანს ყოყმანით მიყურა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა სათქმელი. ბოლოს მაინც გაბედა და რაღაც იდუმალი ხმით მკითხა.
_მონათესავე სულების გჯერა?
_მონათესავე სულების?_გამიკვირდა.
_ხო, მონათესავე სულების... არავინ იცის დარწმუნებით რა ხდება ჩვენს დაბადებამდე ან და სიკვდილის შემდეგ... მაგრამ მოსაზრება კი არსებობს, რომ როდესაც ცოცხალი არსება კვდება, მისი სული ნაწილებად იშლება და იფანტება. შემდეგ ცხოვრებაში კი, როდესაც ერთმანეთს ხვდებიან ეს სულები, ადვილად იცნობენ საკუთარი სულის ნაწილს... არ ვიცი რამდენად რელიგიურია ეს, მაგრამ მე მჯერა, რომ მე და შენ მონათესავე სულები ვართ.
როგორი თვალებით შევხედე არ ვიცი, მაგრამ რომ შევხედე, გაეღიმა.
_შეიძლება გიჟი გგონივარ, მაგრამ ასეა... მონათესავე სული შენდამი ყოველთვის ლოიალურია, გპატიობს იმას, რასაც სხვები ვერ გპატიობენ, რადგანაც ის შენი სულის ნაწილია... იგი ყოველთვის მხარს გიჭერს ყველაფერში, არასდროს გეტყვის, რომ შენ ეს არ შეგიძლია. არასდროს ჩამოგიყვანს მიწაზე და არასდროს დაგანახებს იმას, რომ ფრთები არ გაქვს... მას იგივე ცხოვრებისეული ორიენტირები აქვს, იცის რა არის სწორი და რა არასწორი... შენი მონათესავე სული შენში იწვევს აღტაცებას და ემოციურად ამაღლებულ განწყობას. მე და შენი ურთიერთობა დამეთანხმები, რომ მაინც კომფორტულია, მაშინაც კი, როცა ვკამათობთ. იმიტომ რომ სულიერი სიახლოვე უფრო ინტენსიურია, ვიდრე აზრთა სხვადასხვაობა... მე ყოველთვის მაქვს იმის შეგრძნება, რომ ადრეც გიცნობდი, თითქოს ყოველთვის გიცნობდი... ყოველთვის მაქვს იმის შეგრძნება, რომ შემიძლია თვალდახუჭული გენდო... შენ სულიერად უფრო ახლოს ხარ ვიდრე სხვა დანარჩენი...
წამიერად გაჩუმდა. ან სათქმელი გამოელია, ან შემატყო, რომ მის მოსაზრებას არ ვიზიარებდი და გაჩუმება არჩია. მართალია, რაღაც კავშირს მეც კი ვგრძნობდი მის მიმართ, მაგრამ მონათესავე სულისა რომ არ იყო ეს, ამაში დარწმუნებული ვიყავი.
_არ გეწყინოს, მაგრამ რაღაც არ მჯერა შენი ნათქვამი... სულ სხვანაირები ვართ. სხვადასხვა გემოვნება მოდის მხრივ თუ საკვების მხრივ, ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან...
_შეიძლება, ხასიათები სხვადასხვა გვაქვს, მაგრამ მორალური პრინციპები გვაქვს ერთნაირი და ერთნაირი ღირებულებები... როცა შენ გიყურებ, ასე მგონია სარკეში ვიყურები. არ ვიცი, შენ ეს გჯერა თუ არა, მაგრამ ჩვენ ერთნაირები ვართ, რადგან ერთი სულის ნაწილები ვართ. მე შენ ასეთიც კი მიყვარხარ, როგორიც ხარ._ისევ ძლიერად მომხვია ხელი და გულში ჩამიხუტა._მე არასდროს დამიკარგავს შენი იმედი, რომ ოდესმე გამიგებდი და დაცინვის და აბუჩად აგდების გარეშე დამელაპარაკებოდი. მეც შენ გგავარ, ადვილად ვექცევი სხვისი ზემოქმედების ქვეშ. უბრალოდ, შენ ცუდი მეგობარი აირჩიე, რომელიც გამუდმებით ცუდისკენ გიბიძგებს და თავის ჭკუაზე დაგატარებს. მიას ადვილად შეუძლია ნებისმიერი ადამიანის შეცდენა. მარტო ადამიანის კი არა, თვით ეშმაკსაც კი შეაცდენს. აქედან რომ ერთად წავედით, ბევრი მელაპარაკა და ჩემს თავს ვატყობდი უკვე, რომ მისი გავლენის ქვეშ ვექცეოდი. რაღაც ერთი საათი არ ვყოფილვართ ერთად და, ლამის გადამიბირა, შენ კი ბავშვობიდან მეგობრობ მასთან. შენი ბრალი არ არის ის თუ სათავისოდ გიყენებს. შენ ნდობა შეგიძლია. ის კი ამ ნდობას ბოროტად იყენებს... იცი, დიდი ხანია შეგამჩნიე და მინდოდა კითხვა, მაგრამ რატომღაც ვერ გაგიბედე, შენი ოქროს საყურეები სად არის?
ჩემი ოქროს საყურეების ხსენებაზე შევკრთი. არ მინდოდა იმის თქმა, რომ მიას დასალომბარდებლად მივეცი, მაგრამ არც ტყუილის თქმა მინდოდა და დუმილი ვარჩიე.
_ამას წინათ მიას ყურებზე ვნახე რომ კონწიალობდა. აჩუქე? მინდა გითხრა, რომ ნაჩუქარის გაჩუქება დიდი ვერაფერი საქმე ვერაა.
_არ მიჩუქებია. დროებით მივეცი, მალე დაგიბრუნებო._ის მაინც არ ვუთხარი, რომ დასალომბარდებლად მივეცი და მეორე დღეს რომ გამომიცხადა, მეტროში ამომაცალესო.
გამოდის, არც დაულომბარდებია და არც ჯიბიდან ამოუცლიათ. იმის გულისთვის მომატყუა, რომ თვითონ გაეკეთებინა? რაში სჭირდებოდა ჩემთან ტყუილი? რომ ეთქვა, იქნებ ვჩუქნიდი? თუმცა, იცოდა რომ ძალიან მიყვარდა ის საყურეები და არაფრის დიდებით არ გავაჩუქებდი...
_დიდი ხანია ვეჭვობ, რომ მია შოპოჰოლიკია...
_რა არის?_გაკვირვებულმა შევხედე.
_ყიდვის მანიითაა შეპყრობილი. ახალი ნივთების ყიდვა უყვარს. შეიძლება ერთხელ გამოიყენოს, ან საერთოდ არა, მაგრამ ერთი სული აქვს იყიდოს. მართალია, შოპინგი ერთგვარი თერაპიაა დეპრესიის წინააღმდეგ სამკურნალოდ, მაგრამ მომეტებული სიყვარული რისამე ყიდვისა, უკვე ფსიქოლოგიური პრობლემაა. ასეთ ადამიანებს დაუოკებელი სურვილი უჩნდებათ ახალი ნივთის შეძენისა. მთავარია საკუთრებად აღიქვას და სახლში მიიტანოს, სხვა აღარაფერი აინტერესებთ. ნარკომანებივით არიან ამაზე დამოკიდებულები.
_ესე იგი, ფულის ფლანგვა უყვართ?
_მთლად მასეც არ არის. რაც თვალში მოუვათ, უნდა იყიდონ ნებისმიერ ფასად. თუ ფული არ აქვთ, შეუძლიათ მოიპარონ. დარწმუნებული ვარ ბიცოლას საათიც იმიტომ აიღო, განსხვავებული იყო და მოეწონა. მაგრამ რაღაც გარემოებებმა უკან დააბრუნებინეს.
ახლა კი მართლაც ნათელი და გასაგები გახდა ჩემთვის, რაში სჭირდებოდა მალ-მალე ფული. ჩემი საყურეების ხელში ჩასაგდებად კი ათასი ტყუილი მოიგონა. მადლიერებით აღსავსე თვალებით შევხედე მედეას. ეს რა კარგი და არაჩვეულებრივი პიროვნება მყოლია სახლში და მე კიდევ გარე-გარე დავეხეტებოდი მიასთან ერთად.
დედაჩემი რომ დაბრუნდა პალატაში, შევატყე ეჭვით შეგვათვალიერა ორივე. ხან ერთს მოგვჩერებოდა ხმისამოუღებლად და ხან მეორეს. ბოლოს, მოგვიახლოვდა და საწოლის კიდეზე ჩამოგვიჯდა.
_აბა, რა მოიფიქრეთ, ბიცოლას როგორ ეტყვით ამ საათის გამოჩენას?
_ყველაფერს ისე მოვუყვებით, როგორც სინამდვილეში იყო, შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ._გულთბილად შევღიმე._ბიცოლა შენ არ გგავს, რომ არ დაგვიჯეროს. თუმცა, იმასაც ვაღიარებ, რომ მართლაც რთული დასაჯერებელია, რასაც ჩვენ ვყვებით...
_რთული კი არა, დაუჯერებელია._მაინც თავის აზრზე იყო დედაჩემი._ როგორ დაგიჯერებთ მართლა არ ვიცი.
_ეგ კი არა, მე იმას ვნერვიულობ, ბარხატის სეზონზე ზღვაზე რომ ვეღარ წავალთ._სიტყვა ბანზე ავუგდე.
_რატო ვერ წავალთ?_მიამიტურად ააფახულა მედეამ თვალები.
_ ამ ჩემი ნაოპერაციებელი ფეხით შევძლებ ვითომ ცურვას?
_ვერც ცურვას და ვერც მედეას ყურყუმელაობას._ნიშნისმოგებით გამომიცხადა დედაჩემმა._ახლა პირიქით მოხდება, მედეა დაგჯაბნის. ხედავ ძვირფასო, ცხოვრება სამართლიანია და ბუმერანგის პრინციპით მოქმედებს. ამიტომ კარგი უნდა აკეთო, რომ ისევ კარგი დაგიბრუნდეს.
_ესეიგი, ზღვაზე მაინც წავალთ?_გამიხარდა.
_ამდენი ვილაპარაკე და რისთვის? შეაყარე კედელს ცერცვიო._აღშფოთდა დედაჩემი._ ზღვაზე წასვლის გარდა ვერაფერი გაიგე?
_როგორ არა?_გამეღიმა._ამ ჯერზე უკვე მედეა მაყურყუმელავებს.
_შენი გამოსწორება არ იქნება, არა._დედაჩემი ისევ წამოდგა და საათს დახედა._სანამ ძალიან დაგვიანდება შენ რომ წასულიყავი შვილო._მედეას მიუბრუნდა.
_შაკომ და ხვიჩამ, მაქეთ საქმე გვაქვს, მოგვიანებით გამოგივლით, დეასაც მოვინახულებთ და სახლში ერთად წავიდეთო. მათ ველოდები...
შაკოს ხსენებაზე გული გვარიანად შემიფრთხიალდა. ბოლო დროს, რომ საგრძნობლად მაფორიაქებდა ეს ბიჭი, აშკარა იყო. რა ხდებოდა ჩემს თავს, ვერ ვხვდებოდი. ნუთუ, მიყვარდა?_ამის გაფიქრება და ლოყების აწვა ერთი იყო. რატომღაც, სარკე და სავარცხელი მოვითხოვე.
_რამდენი დღეა თმა არ დამივარცხნია, ექიმებს და ექთნებს ვაშინებ უკვე._მოვიმიზეზე, არა და შაკოს ხსენებაზე მომინდა გამოვპრანჭულიყავი.
_გინდა დაგვარცხნო?_მედეამ სავარცხელი დააძრო თავისი ჩანთიდან და სანამ მე რამეს ვეტყოდი, მაშინვე დავარცხნას მიჰყო ხელი.
ძალიან ფრთხილად და ნაზად მვარცხნიდა, რომ არ მტკენოდა. ისე მესიამოვნა თავზე და თმაზე ხელის შეხება, სიამოვნებით გავიტრუნე და თვალებიც კი მივლულე.
_ნაწნავებს გაგიკეთებ გინდა, რომ ბალიშზე თავის დადებაში არ შეგიშალოს ხელი და თავი არ გეტკინოს.
_იყოს ნაწნავები._გამიხარდა, რადგან ნაწნავები ძალიან მიხდებოდა.
სანამ მედეა ჩემი თმის დაწვნას მორჩებოდა, მე სარკეში ვათვალიერებდი საკუთარ თავს. მერე კი მოულოდნელად მაკოცა და მიჩურჩულა.
_ლამაზი ხარ, ნუ ღელავ, მოეწონები...
_მოვეწონები?_გული შემიქანდა. ნუთუ ასე მეტყობოდა, რომ შაკოზე ვფიქრობდი?
_აშკარაა, რომ მოსწონხარ, თანაც დიდი ხანია. არასდროს ამბობს შენზე უარს...
_ვისზე ლაპარაკობ?_ვითომ არ ვიცოდი ისე გავიოცე.
_ვისზე და შაკოზე... კარგი ბიჭია.
სანამ რამეს ვეტყოდი, ერთხელ კიდევ მაკოცა და თავისი ჩანთიდან კოსმეტიკური საშუალებები ამოალაგა. ჯერ ტონალური წამისვა, მერე წარბები გამიმუქა, წამწამებიც ლამაზად ამიპრიხა, ფერუმარილი-ბრონზერის ბურთულებით ღაწვები შემიფერადა და ვარდისფერი პომადაც წამისვა. ყველაფერი ბუნებრივ ეფექტს ქმნიდა და საერთოდაც არ მეტყობოდა, რომ მაკიჟი მესვა. თუმცა, ძალიან კი მოინდომა და გამალამაზა. სარკეში რომ ჩამაჭყიტა, კარგა ხანს ვათვალიერე კმაყოფილმა ჩემი ანარეკლი.
_მინდა გითხრა, რომ ამის გარეშეც მოსწონხარ._ისევ მიჩურჩულა ეშმაკური ღიმილით.
_რაღაცას ნუ იგონებ._შევუბღვირე, მაგრამ მსუბუქად და ღიმილი რომ დამეფარა, წამოჯდომა ვცადე._ეს ნაიარევი ნეტა ძალიან დამეტყობა._შუბლზე ფრთხილად მივიდე ხელი.
_რაღაც არ მგონია. დროთაგანმავლობაში გაგივლის, მანამდე კი ჩოლკებით დაიფარავ._დამამშვიდა. მერე ეკლატეს სუნამოც მომაპკურა და კოსმეტიკა მალევე წამოკრიფა ჩემი საწოლიდან.
_ისე გამოპრანჭე, თითქოს წვეულებაზე მიდიოდეს სადმე._გაეცინა დედაჩემს._ბევრი-ბევრი დერეფანში გავიდეს...
_მერე და დერეფანში არ შეხვდება არავინ?_ჩემი გამართლება სცადა მედეამ._თან, ახლა, ისეთი სიმპატიური და მოვლილი ექიმი ბიჭები დადიან აქ, რომ სირცხვილიცაა გოგო მოუვლელი იყოს... მე კაფეტერიაში ჩავალ, არ წამომყვები?_ისე გამოსდო ხელკავი და პალატიდან გაიყვანა, აშკარად არ უნდოდა წასვლა და ძალით წაიყვანა.
სულ მალე ისევ შემოიღო კარი. გამეღიმა, ალბათ შუა გზიდან გამოექცა ქალბატონი ნორა, მაგრამ რომ ავიხედე და პალატაში შემოსულს შევხედე, ავღელდი.
შაკო იყო.
_როგორ ხარ?_ღიმილით მომიახლოვდა და თან ისე მიმზერდა, თითქოს თვალებით მჭამდა._ამ სიცხეში გაგრილება არ გაწყენდა. ნაყინი მოგიტანე._ცელოფნის პარკით რამოდენიმე ნაყინი გამომიწოდა.
გამიხარდა, უფრო იმიტომ, რომ ზუსტად ის ნაყინები იყო, რომელიც მე ძალიან მიყვარდა. ეს ბიჭი მშვენივრად მცნობდა და იცოდა ჩემი გემოვნება, მაგრამ მე მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი.
_მედეამ თქვა, ფეხზე დააყენეს უკვე და გაიარაო, გილოცავ. მალე ისევ შეძლებ სირბილს.
_მადლობა._თვალებში შეხედვა ვერ გავბედე და ნაყინის პარკში ჩავძვერი._ნაყინზეც მადლობა, მისწრებაა ახლა ცივ-ცივი ნაყინი. თან, ისეთია როგორიც მიყვარს...
_ვიცი._მორიდებით შემომღიმა.
_მარტო ხარ? მედეამ ხვიჩაც ახსენა წეღან.
_ხოო, კაფეტერიაში წაიყვანა შენმა დამ.
საზიზღარი, სპეციალურად მოგვიწყო, რომ განმარტოებით გვესაუბრა.
_დაჯექი, რა ფეხზე დგახარ?_ჩემს საწოლთან მდგარ სკამზე ვანიშნე._მაგაზე მაღალი მაინც აღარ გაიზრდები._გამეცინა.
_ალვის ხეც მაღალია, მაგრამ რა ასხია? სულაც არ მინდა სიმაღლე._გამიღიმა და ისე ჩამოჯდა სკამზე.
რომ შევხედე, ისევ ღიმილით მომჩერებოდა. მომწონდა მისი ეს მშვენიერი ღიმილი, მაგრამ თვალები? თვალები ხომ რაღაც სასწაული ქონდა, რომელსაც აქამდე ვერ ვამჩნევდი რატომღაც. მართალია, მისი თანდასწრებით მერიდებოდა ნაყინის ლოკვა, მაგრამ გამიდნებოდა. თან, სულმაც წამძლია და ერთ-ერთი გავხსენი და გემრიელად შევექეცი. რაღაც მაინც ხომ უნდა გამეკეთებინა, რომ მღელვარება დამეფარა?
_შენ არ გინდა? აქ იმდენია, მთელს საავადმყოფოს ეყოფა. თან, გადნება და ცოდოა, მე ამდენს მაინც ვერ მოვერევი._ღიმილით შევთავაზე.
პირველ ჯერზე უარი მითხრა, არ მინდაო, მაგრამ არ მოვეშვი და მაინც მოვანდომე.
_ახალი რა ხდება უბანში?_უფრო იმისთვის ვკითხე, რომ მღელვარება დამეფარა და არ მეგრძნობინებინა ჩემი მისადმი განცდები, თორემ მედეასგან მშვენივრად ვიცოდი ყველაფერი.
_რა ვიცი რა გითხრა... დილაუთენია გავდივარ სახლიდან და ამ დროს ვბრუნდები. დასვენების დღეებში კი უბანში ვეღარ მცნობენ, სტუმარი ვგონივარ ყველას._ისევ რომ შემომღიმა, გული ამიჩქარდა.
_ეხლა, სწავლა რომ დაგეწყება, მერე?_ამით კი მართლა დავინტერესდი.
_ჯერ თვეზე მეტი ისევ წინაა, რამეს მოვახერხებ.
სალაპარაკო რომ გამოგველია, მაინც ჩამოვარდა უხერხული დუმილი, რომელიც საშინელი მომეჩვენა. მხოლოდ კედელზე დაკიდული თეთრი საათის მონოტორიული წიკ-წიკი ისმოდა და ფანჯრიდან შემოსული მანქანების ხმა. მართალია, შაკო დიდად არ გამოირჩეოდა არასდროს ორატორიული ნიჭით, მაგრამ მე რამ დამამუნჯა, ვერ ვხვდებოდი. არასდროს მიჭირდა არანაირ თემაზე დისკუსიის წამოწყება და მერე ამ დისკუსიაზე ცხარე დებატების გამართვა, მაგრამ ახლა რატომღაც ყველაფერი თავიდან მქონდა ამოფრენილი და ვერაფერს ვიხსენებდი. გემრიელად ვლოკავდი ცივ ნაყინს და მგონი ტვინიც მეყინებოდა. რამდენჯერაც შაკოს მზერას ვიგრძნობდი, იმდენჯერ, პულსი მიჩქარდებოდა და რაღაც სასიამოვნო ტალღა მივლიდა მთელს სხეულში. ამ შეჯახებამ, ტვინის შერყევამ და ფეხის მოტეხილობამ მართლაც რომ რადიკალურად შემცვალა. აქამდე სულ თავიდან ვიშორებდი ამ ბიჭს, ახლა კი ის მენერვიულებოდა, ვერაფერს რომ ვერ ვეუბნებოდი და უხმოდ შევყურებდით ერთმანეთს. როდემდე იჯდებოდა ასე? ხო და ადგებოდა და წავიდოდა. მე კი არ მინდოდა რომ წასულიყო. მართალია, მაღელვებდა და მაფორიაქებდა მისი ჩემს პალატაში ჯდომა, მაგრამ ვაღიარებ, რომ სასიამოვნოდ...
_გახსოვს, ჩემმა ძაღლმა ნაყინი რომ წაგართვა და შეგიჭამა?_მოულოდნელად ღიმილით მკითხა შაკომ.
_იმ დღეს რა დამავიწყებს?_გამეცინა._ძლივს დავიყოლიე დედაჩემი ფული მოეცა, ნაყინი ვიყიდე და ისიც შენმა მსუნაგმა ლაბრადორმა შემიჭამა. ის ღორი ისა... მერე კიდე ისეთი თვალებით შემომყურებდა, კიდევ უნდოდა._გამეცინა.
_ხოო, ტკბილეული ძალიან უყვარს... შენსავით._მასაც გაეცინა.
_სადაც დამინახავდა, იქ მორბოდა კუდის ქიცინით. ერთხელ ჩიპსებიც კი შემიჭამა.
_ის მაშინ მე გავაქეზე._აღიარა.
_რაა?!_"ავღშფოთდი",_რა საძაგელი ხარ.
_აბა რა გეგონა, ცემენტში ამოსვრილი რომ დამინახე და დამცინე, შეგარჩენდი? ჩემი ჯავრი ამოვაყრევინე ჩარლის.
წარმოვიდგინე, როგორ დამოძღვრავდა შაკო თავის მსუნაგ ძაღლს, რომ ჩემთვის სასუსნავები წაერთვა და შეეჭამა და გამეცინა.
_გიჯერებს?
_შენთან მიმართებაში კი.
_არ მოვწონვარ რატომღაც და ყოველთვის ჩემს გაბრაზებას ცდილობს.
_იქნებ, შენი გაბრაზება მოსწონს?_თითქოს რაღაც იდუმალი ხმით მითხრა და თვალებში რომ შევხედე, შევკრთი, რაღაცნაირად ანთებული თვალებით მიმზერდა.
ბევრჯერ უთქვია ჩემთვის, რომ მოვწონდი და ჩემთვის იბრძოლებდა. შეეცდებოდა რომ თავი შეეყვარებინა, მაგრამ მიასთან ერთად მეც დავცინოდი და აბუჩად ვიგდებდი ამ მშვენიერ ბიჭს. საბრალო მუშათა კლასს ვეძახდით. თითქოს მუშაობა სათაკილო და სამარცხვინო ყოფილიყოს. ნიჭიერი იყო, უმაღლესში იურიდიულზე სწავლობდა და მშობლების კისერზე არ იჯდა. თავის სამყოფ ფულს თვითონ გამოიმუშავებდა და ამის გამო დავცინოდით. დასაცინები მე და მია ვიყავით, უდარდელად რომ ვანიავებდით მშობლების ოფლით ნაშოვნ ფულს და ყადრი არ ვიცოდით არაფრისა. ყველაზე მეტად ის არ მომწონდა ამ ბიჭისა, რომ თავდაჯერებული იყო, თვითონაც სჯეროდა იმისა, რომ ოდესმე მივაქცევდი ყურადღებას და შემიყვარდებოდა. უფრო იმიტომ, რომ ვგრძნობდი ალბათ მის მიმართ გაუცნობიერებელ ლტოლვას, რომელსაც ვეწინააღმდეგებოდი და ვბლოკავდი ჩემს ქვეცნობიერში...
_ამათ უყურე ერთი, როგორ ტკბილად და გრილად ჭუკჭუკებენ._ხვიჩას როხროხა ხმამ გვარიანად შემახტუნა, რომელიც ის-ის იყო შემოვიდა პალატაში და უკან მედეა და დედაჩემიც მოყვნენ._ისე უნამუსოდ მიირთმევენ, ჩვენ არც კი შემოგვთავაზებენ.
_ვინ გითხრა, რომ არ შემოგთავაზებ?_შევუბღვირე._ამ სიცხეში დნება და ცოდოა. გამომართვი, თორემ გამეყინა ტვინი.
_შენ ახლა ტვინის გაყინვა გინდა კიდევ?_ღიმილით გამომართვა პარკი და ჯერ დედაჩემს და მერე მედეას შესთავაზა.
გვიანობამდე დარჩნენ ჩემთან. გვარიანად მაცინა ხვიჩამ თავისი მოსწრებული ხუმრობებით. რამდენჯერმე შაკოს დაჟინებული მზერა რომ დავიჭირე, გულში რაღაც გალღვა თითქოს და აშკარა სითბო ჩამეღვარა მის მიმართ.
ის დღე მართლაც განსაკუთრებული იყო ჩემს ცხოვრებაში და დიდი როლიც შეასრულა ჩემს მომავალში. პირველი ის, რომ მედეას მიმართ ძალიან შევიცვალე და დავალაგე მასთან ურთიერთობა. მეორე კი, ალბათ რაც მართლაც მნიშვნელოვანი იყო, შაკოს სულ სხვა თვალით დავუწყე ყურება. იმ დღეს მივხვდი, რომ არ ვიყავი მის მიმართ გულგრილი და ეს უბრალო გატაცება ან ბავშვური ახირება არ ყოფილა. ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ მგონი ნამდვილად მიყვარდა.
********************
საავადმყოფოდან გამოწერის მერე თითქმის ყველა მეზობელმა და სანათესაომ მომინახულა. მილოცავდნენ ადვილად გამოძრომას და მალე გამოჯანმრთელებას მისურვებდნენ. ყოველ დღე სტუმრების გვერდით ყოფნაში დრომ ისე მალე გაირბინა, ვერც ვერაფერი გავიგე. აგვისტოს შუა რიცხვებისთვის, უკვე მშვენივრად დავდიოდი და შუბლზეც დიდად აღარ მეტყობოდა ნაიარევი. ამიტომ, როგორც ყოველ სეზონზე, ახლაც წავედით ზღვაზე. ხო, მართლა, ის გამომრჩა მეთქვა, რომ ბიცოლას ოქროს საათი დავუბრუნეთ. ისე გაუხარდა ქალს დაკარგული ნივთის პოვნა, რომ დიდად აღარ ჩაგვძიებია რა და როგორ მოხდა. მე თავი მაინც ვალდებულად ჩავთვალე და ყველაფერი მაინც დაწვრილებით მოვუყევი. დამიჯერა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ოჯახის წევრებისთვისაც კი არ უთქვია ეს ამბავი და მალევე დავივიწყეთ...
ზღვამდე ხუთსაათიანი მგზავრობა დამქანცველი რომ არ ყოფილიყო, მე და მედეა კარტს ვთამაშობდით გამურვაზე და გულიანად ვკისკისებდით ყოველ წაგებულ ხელზე ერთმანეთს შავი ფანქრით ჯვრებს რომ ვახატავდით სახეზე.
ჩვენს ბედზე პირველი ორი დღე საშინლად წვიმდა და ცუდი ამინდი იყო. სახლში გამოკეტილები ვისხედით და ჩვენი დიასახლისის ბიჭებთან ერთად ბილიარდით ვერთობოდით. ყოველ წელს მათთან ვისვენებდით საოჯახო სასტუმროში. ბილიარდის თამაში მე არ ვიცოდი და ამინდმა განაპირობა მისი შესწავლა. მესამე დღეს კი, უკვე კარგად რომ გამოიამინდა და ჩამოცხა კიდეც, სანაპიროზე გავედით. ტრავმირებული ფეხით ვერ შევძელი შორს შეცურვა და ამიტომ მეც ნაპირის სიახლოვეს ვჭყუმპალაობდი მედეასავით. ჩემი და აღარ მიყურყუმელავებია წყალში. განა არ მინდოდა? მე ხომ სისხლში მქონდა გამჯდარი ჩემი ოინბაზობები? ასე ერთბაშად შევიცვლებოდი ვითომ? მაგრამ თავს ვიკავებდი. მედეას მიმართ მაინც უნდა შევცვლილიყავი და შემეცვალა მასთან ჩემი ტარტაროზული დამოკიდებულება.
ზღვაში ჭყუმპალაობით მალე დავიღალე რატომღაც და სანაპიროზე რომ გამოვედი, პირდაპირ გავარვარებულ ქვიშაზე გავწექი სიამოვნებით. ზურგი კი ამეწვა, მაგრამ გავუძელი. როგორც მია იტყოდა ამ შემთხვევაში, ჯოჯოხეთის ცეცხლს ვეგუებოდი აქედანვე. მალევე შემაშრა ზღვის მარილიანი წყალი და კანიც ამეწვა, მაგრამ ადგილიდან არ დავძრულვარ. მზის სათვალეებმორგებული ვიწექი გაშოტილი და მეზარებოდა ადგომა.
კარგა ხანს ვიწექი და ვირუჯებოდი. ჩრდილი რომ წამომადგა, სათვალე მოვიხსენი და გაოცებულმა ავხედე.
მია იყო.
_მია?! შენ აქ საიდან?!_მაშინვე წამოვჯექი.
_როგორ თუ საიდან?_თითქოს ითაკილა ჩემი გაოცება. გვერდით მომიჯდა და წყალში მოჭყუმპალავე მედეას გახედა._მარტო შენს მშობლებს შეუძლიათ შენი და შენი დის ზღვაზე გაშვება?
_არა, მე ეგ არ მიგულისხმია... როდის ჩამოხვედი?
_გუშინ და შემთხვევით მოგკარი თვალი. რატო დამეკარგე? ამოირეცხე ჩემზე ჯიგარი?_წყენით შემომხედა._ამ ჯოჯოხეთის მაშხალას დაუახლოვდი და მია დაივიწყე არა? არა და რამდენი რამ გვაკავშირებს ერთად._თავისი ჭროღა თვალებით ისე მომაშტერდა, თითქოს ჰიპნოზს მიტარებდა.
_ეს ჯოჯოხეთის მაშხალა მინდა გითხრა, რომ ჩემი დაა.
_და, რომელიც მოულოდნელად და დაუპატიჟებლად გამოჩნდა შენს ცხოვრებაში და ყველაფერი თავდაყირა დააყენა? და, რომელიც დედაშენს არ გაუჩენია, მაგრამ შენზე მეტადაც კი უყვარს? მამაშენი ხომ საერთოდ, აბოდებს მასზე...
დამაფიქრა მისმა ცბიერმა ლაპარაკმა. თვალებში რომ შევხედე, ისევ მაჰიპნოზებდა თითქოს და ისევ ამიჯანყა ჩემს სხეულში ჩემი მახინჯი სული. მედეას გავხედე, რომელიც გულიანად კისკისებდა. კარგა ხანს ვუყურებდი, ზღვის ტალღებს რომ ეჩამაშებოდა და ბავშვურად ლაღი და მხიარული იყო. მერე ისევ მიას შევხედე.
_რა თვალებით მიყურებ?_გამყინავი ხმით გადაიკისკისა._ტყუილს გეუბნები ვითომ? არ მინდა ტვინი გადაგიტრიალონ და ის ურჩხული შეგაყვარონ._მედეასკენ გაიქნია თავი._გიყურებ, როგორ კუდისქიცინით დაყვები იმ ჯოჯოხეთის მაშხალას და გულწრფელად გეუბნები, რომ მეცოდები.
_როგორ გაიგე სად ვიყავი?
_სხვა არაფერს მკითხავ?_ეწყინა._მაგალითად: როგორ ვარ, რას ვსაქმიანობ? როგორ გამყავს დღეები უშენოდ?
_სად დაბინავდი?
_თქვენს მეზობლად. ასე, რომ ხშირად მოგიწევს ჩემთან შეხვედრა.
არ მესიამოვნა მისი აქ გამოჩენა და მითუმეტეს ჩვენს მეზობლად. მის გარეშე უკეთესი გოგო ვიყავი. მე თვითონვე ვგრძნობდი განსხვავებას მიას ამყოლ დეასა და მედეას საყვარელ დაიკოს შორის. ეს გოგო მართლაც ცუდად მოქმედებდა ჩემზე. ალბათ, მე თვითონაც ცუდი ვიყავი, თორემ როგორ მატარებდა საკუთარ ჭკუაზე? შემეშინდა, ბოლომდე არ მოვქცეულიყავი ისევ მისი ზეგავლენის ქვეშ და ფეხზე წამოვდექი.
_ჩვენი წასვლის დროა, დიდი ხანია აქ ვართ და დედა და მამა ინერვიულებენ.
_იმ მშვენიერ ბიჭებს არ გამაცნობ, მუდამ თქვენს გვერდით რომ ტრიალებენ სვავებივით?
_ჩვენი დიასახლისის ბიჭები არიან...
_მაგას ვხვდები, დებილი არ ვარ. ახლოდან გამაცანი._ხელკავი გამომდო და მედეასკენ და ტყუპი ძმებისკენ წამიმძღვარა, გაჭრილი ვაშლივით რომ გავდნენ ერთმანეთს.
_რომელი რომელია მე თვითონ ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან და შენ როგორ გაგაცნო არ ვიცი._წინააღმდეგობის გაწევა ვცადე.
_რომ გეუბნები, უტვინო ხარ მეთქი, არ გჯერა? არ არსებობს, რამე რომ არ ქონდეთ განსხვავებული. უბრალოდ, კარგად უნდა დაკვირვება.
მედეამ შორიდანვე შეგვნიშნა. ჯერ გაოცება აღებეჭდა სახეზე, მერე კი ფარული უკმაყოფილება. არც მე მომწონდა მიას აქ გამოჩენა, მაგრამ წინააღმდეგობას რატომღაც ვერ ვუწევდი. კახამ და ჯაბამაც შემნიშნეს უცხო გოგოსთან ერთად რომ ვუახლოვდებოდი და ინტერესით შეათვალიერეს ჩემი თანმხლები. კახა ოდნავ მაღალი და უფრო ქერა იყო, ვიდრე ჯაბა და ამით ვარჩევდი ერთმანეთისგან, მაგრამ მიას მოვატყუე რატომღაც.
ბიჭებმა თვითონ გამოიჩინეს ინიციატივა და თვითონ გაეცნენ მართლაც და უცხოპლანეტელივით ცისფრად თმაშეღებილ მიას. შევატყე, რომ არც ერთს არ მოეწონა, მაგრამ რახან ჩემთან იყო, ჩათვალეს რომ ახლობელი იყო და ზრდილობიანად გამოელაპარაკნენ.
მიას კი აშკარად შეეტყო, რომ ორივე ძმა ძალიან მოეწონა.
დიდხანს აღარ დავრჩენილვართ სანაპიროზე. მეც ნარის ეკლებზე ვიჯექი გაღიზიანებული და მედეამაც მოიწყინა მიას გამოჩენით. არც კახა და ჯაბა იყვნენ მისით აღფრთოვანებულები და ამიტომ მალევე დავბრუნდით სახლში. მია მართლაც ჩვენს მეზობლად დასახლებულიყო და ერთი გზა გვქონდა გასავლელი. აშკარად თავს აწონებდათ ბიჭებს და ზედმეტად იტყლარჭებოდა.
_საღამოს მზის ჩასვლას ერთად ვუყუროთ სანაპიროზე თუ წინააღმდეგები არ ხართ._დამშვიდობებისას შემოგვთავაზა მიამ.
_მე არ მცალია._მაშინვე იუარა კახამ.
_არც მე._ჯაბამაც უარი სტკიცა და უკანმოუხედავად შევიდნენ ეზოში.
მედეაც მათ მიყვა უკან ისე, რომ პასუხი არ უთქვია მიასთვის, შეძლებდა თუ არა მასთან ერთად დაისით ტკბობას.
_შენც უარი უნდა მითხრა?_მისაყვედურა._იცოდე, რომ გინდა თუ არ გინდა, ჩემთან ერთად მაინც მოგიწევს გამოსეირნება. ასე უცბად ხელის კვრა და დავიწყება იმ ყველაფრისა, რასაც ერთად ჩავდიოდით, იცოდე რომ შეუძლებელია. მე ვერ შევეგუები იმას, რომ ხელი მკრა და ნაგავზე მომისროლო. ჩვენ ერთნაირები ვართ და ერთმანეთს ვჭირდებით იცოდე._თითქოს მუქარის ტონები ვიგრძენი მის ხმაში.
_კარგი, გამომიარე საღამოს და გავისეირნოთ._უნდილად დავთანხმდი.
_აი, ეს უკვე მომწონს._ლოყაზე მომითათუნა თითები და თავისი საცხოვრებლისკენ ღიღინით გაეშურა.
საღამოს მართლაც გამომიარა მიამ. ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ იძულებული ვიყავი გავყოლოდი. მასთან ერთად არ მინდოდა წასვლა, თორემ მზის ჩასვლის ყურება ყოველთვის მსიამოვნებდა. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. მია თავისთვის ღიღინებდა და ისე მოაბიჯებდა ჩემს გვერდით. ასე იმ შემთხვევაში იქცეოდა, როცა რამე ქონდა დაგეგმილ-ჩაფიქრებული და დარწმუნებული იყო გამარჯვებაში. ყველაზე მიყრუებული სანაპირო შევარჩიეთ, რადგან სიჩუმეში უკეთესი სანახავი იყო ეს დიდებული მოვლენა. (ყოველი შემთხვევისთვის მე ასე ვფიქრობდი).
კარგ დროს მივედით. სანამ ადგილი შევარჩიეთ და კომფორტულად მოვეწყვეთ, მზე უკვე ეშვებოდა ზღვის ზედაპირისკენ. ამ სანახაობის ყურებისას ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ თითქოს ზღვა პირს აღებდა და გავარვარებულ მზის ბურთს სიამოვნებით ყლაპავდა. დიდხანს არ დაგვჭირვებია ლოდინი, სულ მალე ოქროსფრად აბრდღვიალებული ვეებერთელა დისკო შეეხო კიდეც ჰორიზონტზე ზღვის ზედაპირს. წყალმა უმალ აირეკლა მზის ბზინვარება და ცისარტყელის ფერებით მოიხატა მის გარშემო ყველაფერი. მიაც კი, რომელიც არასდროს ჩუმდებოდა და ყოველთვის აბეზარი ბუზივით ბზუოდა, ახლა დამუნჯებული შეჰყურებდა ამ დიდებულ სანახაობას. ლურჯი ცა სარკესავით კრიალებდა. არსად ღრუბლის ნასახი არ ჩანდა. თუმცა, ღრუბლების ფონზეც არაჩვეულებრივი სანახავია დაისი. შორიახლოს ჩანდნენ თოლიებიც, რომლებიც მარდად აპობდნენ ზღვის ტალღებს და მათი ხმაურის ფონზე მართლაც არაჩვეულებრივი სანახავი იყო ყველაფერი.
_ესეც ასე. დასასრულიც შეიძლება რომ თვალწარმტაცი და არაჩვეულებრივი იყოს._ხელი მხრებზე მომხვია მიამ და ისე მომეხუტა._მაგრამ შენთან მეგობრობის დასრულებას სულაც არ ვაპირებ მე. ბოლო დროს გაუცხოებას გატყობ და მე ეს არ მომწონს. ვხვდები, უჩემოდ გატარებულმა ამ ერთმა თვემ უკვალოდ არ ჩაიარა და გამიგარეულდი, მაგრამ პრობლემა არ არის, მე ისევ მოგაშინაურებ. ჩემს გარდა შენ ვერავინ გაგიგებს და ვერავინ აგიტანს. ჩვენ ერთნაირები ვართ. ერთად ჩავდივართ ერთნაირ სიგიჟეებს. ერთად ვქურდობთ...
_ვქურდობთ?_მღელვარედ ამოვიჩურჩულე და შიშით შევხედე ჭროღა, მომნუსხველ თვალებში.
_ხო, ვქურდობთ, როცა ამის საჭიროება მოითხოვს. თუ, დაგავიწყდა უკვე მეტროს შემთხვევა? არ მითხრა ახლა, რომ მედეას მოუყევი ამის შესახებ და ყველაფერი გაპატია.
მღელვარებისგან ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
_აი, ხედავ?_რაღაც დემონური ღიმილი გაუკრთა სახეზე._მე შენი ყველა საიდუმლო ვიცი და მაინც მინდა შენთან მეგობრობა. მედეამ რომ გაიგოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქურდობ, შენი აზრით გაჩუმდება? ისევ მოუნდება შენთან მეგობრობა? შენი აზრით, დედაშენს არ ეტყვის არაფერს? დედაშენი კი, ჩემზე კარგად შენ იცი, რომ კომუნისტი ქალია და რთულად აღსაზრდელ ბავშვთა კოლონიაში ამოგაყოფინებს თავს და იქ გამოგკეტავს.
ყველაფერი ეს რომ გავიაზრე, შიში მომერია. მიას ლაპარაკიდან ჩანდა, რომ მაშანტაჟებდა. თუ არ დავუჯერებდი და მის ნება-სურვილს არ დავემორჩილებოდი, მაშინვე მედეას მოუყვებოდა ყველაფერს, თუ როგორ ვიქურდე მეტროში. ყველაზე ნაკლებად ამ ამბის გახსენება და გახმაურება მინდოდა ახლა. მია მართალი იყო, მედეა დედაჩემს ეტყოდა და ის კი ჩემს გამოსასწორებლად და დასასჯელად რას მოიმოქმედებდა არავინ უწყოდა. მაგრამ... მე რომ მეუარებინა და მიას ფანტაზიისთვის დამებრალებინა ეს ცილისწამება, დამიჯერებდნენ ვითომ? როგორ დამიმტკიცებდა ეს ეშმაკის მოციქული ქურდობას?... მაგრამ ჩემი სინდისი მომცემდა კი, იმის საშუალებას, რომ ტყუილი მეთქვა იმაზე, რაც კარგა ხანია მოსვენებას არ მაძლევდა და შინაგანად მღრღნიდა და მიფორიაქებდა სულს?
_დილით ადრე გამოგივლი და ახლა მზის ამოსვლას ვუყუროთ. ძალიან კარგი ადგილი ვიცი._წამოდგა და მეც წამომაყენა._ნუ დარდობ და მასეთი თვალებით ნუ მიყურებ, შენი საიდუმლო ჩემს გარდა არავინ იცის, მაგრამ მე მაინც მინდა შენთან მეგობრობა. მე ისეთი მომწონხარ, როგორიც ხარ და სულაც არ ვაპირებ შენს შეცვლას. მე არ მინდა, რომ მედეასავით ზნეობის ჩარჩოებში მოგაქციო. ყველა ადამიანს აქვს თავისი სისუსტე და ყველა ცდება, მაგრამ ერთმანეთის პატიება უნდა შეგვეძლოს ისე, რომ არ დავსაჯოთ არავინ. მე ყველაფრის პატიება შემიძლია შენთვის, იმის გარდა, რომ მიმატოვო და ზურგი მაქციო. ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობთ და ამ მეგობრობის ქარისთვის გატანებას არ ვაპირებ.
არ ვიცი რა დამემართა. თოკზე გამობმული დასაკლავი ცხვარივით გავყევი უკან. ვიცოდი, რაც მელოდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ან არ მინდოდა რომ შემძლებოდა. იმ ქურდობის გახსენების მრცხვენოდა, მეტროში რომ ჩავიდინე. მედეა როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს რომ გაიგებდა? ან, შაკო? ყველაზე მეტად მისი მრცხვენოდა. დედაჩემი რომ გაიგიჟებდა თავს, ეს დანამდვილებით ვიცოდი. მიდიოდა მია და მეც მის ნაფეხურებს მივყვებოდი უკან.
სახლში უგუნებოდ რომ დავბრუნდი, მაშინვე შემნიშნა მედეამ. განმარტოებით რომ მომიხელთა, გამომკითხა, რა მოგივიდაო.
_არაფერი, დავიღალე და დასვენება მჭირდება. ოპერაციის მერე ამდენი არასდროს მივლია და მიხამა ალბათ._თავი ვიმართლე და ჩვენს ოთახს მივაშურე._დავწვები, რომ დილით მზის ამოსვლის სანახავად უნდა წავიდეთ დილაადრიანად.
ვიგრძენი, როგორი უნდობელი მზერა გამომაყოლა, მაგრამ თქმით კი არაფერი უთქვია. დავწექი. თუმცა, ძილი არ მომკარებია თვალზე. იმ გეგმას ვამუშავებდი, როგორ მეღიარებინა მედეასთან ჩემი ქურდობის ამბავი და როგორ ჩამოვშორებოდი მიას. ეს გოგო ცუდად მოქმედებდა ჩემზე და სულ მალე კისერსაც წამატეხინებდა. ბებიამ ხშირად იცოდა ამ ანდაზის თქმა, "ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო." მეც მიას ვემსგავსებოდი უფრო და უფრო და ეს მაშფოთებდა.
მედეა რომ შემოვიდა დასაწოლად, მე ისევ მეღვიძა, მაგრამ თავი მოვიმძინარე. არ მინდოდა მასთან გამოლაპარაკება. რაც ამ ერთ თვეში დავალაგეთ ურთიერთობა და გავუგეთ ერთმანეთს, ისევ ვშორდებოდი და ისევ ისე ვიკეტებოდი მისგან შორს ნაჭუჭში. კიდევ კარგი მალე დაიძინა, თორემ დავიღალე და დავიტანჯე ერთ პოზაში გაუნძრევლად წოლით.
მთელი ღამე ვერ დავიძინე. ირიჟრაჟა თუ არა, მიამაც დამირეკა. ტელეფონზე ზარი მქონდა გამორთული და არ ვუპასუხე. დამეფიცებოდა, რომ ვერ გავიგე მისი ნარეკი. სამჯერ თუ ორჯერ დამირეკა. მერე კი შეტყობინება გამომიგზავნა. არც იმ შეტყობინების ნახვას ვაპირებდი, მაგრამ ისევ აინთო ჩემი ტელეფონის ეკრანი და რომ დავხედე, ისევ მია რეკავდა. ასე ადვილად ეს აღარ მოისვენებდა და გაბრაზებული უფრო უარესს გამიკეთებდა და ამითომ ჩუმად გავეპასუხე.
_სად ხარ, რატო არ მპასუხობ? ის ვიდეო ნახე, რომელიც გამოგიგზავნე?
_არაფერი მინახია. მეძინა და ტელეფონზე ზარი მაქვს გამორთული.
_ვიდეო ნახე და რომ გამოგივლი, გზაში ვილაპარაკოთ მაგაზე._სხაპისხუპით მომაყარა და მალევე გამითიშა ტელეფონი.
არ ვაპირებდი მისი გამოგზავნილი შეტყობინების ნახვას და არც მზის ამოსვლის სანახავად გაყოლვას, მოხდენილიყო რაც მოსახდენი იყო, მაგრამ ბოლო წუთს მაინც წამძლია სულმა და მის მიერ გამოგზავნილი ფაილიც გავხსენი. ცა თუ არ ჩამომემხობოდა თავზე არ მეგონა. მეტროში ჩემი ქურდობის ფაქტი ქონდა აღბეჭდილი. როგორ ოსტატურად ჩავუცურე ქალს ჩანთაში თითები და როგორ ამოვაცალე საფულე, ნათლად ჩანდა, რომელიც მაისურის შიგნიდან შარვლის სალტეში ჩავიჩურთე მერე.
ესეც ფაქტი. რაც არ უნდა უარი გამეხურებინა, დამამტკიცებელი საბუთი ხელთ ქონდა და შეეძლო სოციალურ ქსელშიც კი აეტვირთა და თავი მოეჭრა ჩემთვის.
ჯერ ისევ გაოგნებული დავყურებდი ტელეფონის ეკრანს, რომ მეორე შეტყობინებაც მომივიდა. "და ეს ერთ-ერთია იმ დანაშაულთაგან, რაც კი ჩაგიდენია. ასე, რომ დაფიქრდი სანამ ჩემს მიგდებას განიზრახავ!"
სასწრაფოდ წამოვხტი საწოლიდან, ტანსაცმელი დაუდევრად გადავიცვი და ოთახიდან უხმაუროდ გამოვედი. ეზო სირბილით გადავჭერი და ქუჩაში გავიპარე. სულ მალე მიაც გამოვიდა. გუშინდელივით წინ მიდიოდა და მე უკან მივყვებოდი მსხვერპლივით. დასახლებას რომ გავცდით და სანაპიროზე გავუხვიეთ, გავჩერდი.
_რასაც შენ აკეთებ, სულმდაბლობაა და მეტი არაფერი._მკაცრად გამოვუცხადე.
_ოჰ, როგორ იგრძნობა ფრთიანი ანგელოზი დაიკოს ლექსიკონი უკვე შენს ლექსიკონშიც.
_ამ შანტაჟით რის მიღწევას ცდილობ?!
_შანტაჟს გიწყობ? მეე?_უცოდველად გაიოცა._ეს შანტაჟი კი არა, იმის შეხსენებაა, რომ ჩემს გარდა შენ ვერავინ ვერ გაგიგებს. შენი ტვინის შერყევით ისარგებლეს და უარესად გადაგიტრიალეს ისედაც გადატრიალებული ტვინი. დაფიქრდი, ღირს ვითომ ჩემი მიგდება?
ერთხანს უხმოდ მივჩერებოდი. მერე გადავიფიქრე მასთან ერთად ზღვაზე გასვლა და სახლისკენ გამოვბრუნდი.
მალევე წამომეწია და შემაჩერა.
_მართლა ვეღარ მიცვნიხარ. რა გაჭამა მაგისთანა იმ მათხოჯმა, ასე რომ გადაგიბრუნა ტვინი?... იმან ჯერ არ იცის, რომ მისი ალერგიის გამომწვევი მიზეზი შენ ხარ არა?
_მეე?!_ახლა კი მართლა ავღშფოთდი._შენ არ უყიდე ის კრუასანები თუ რაღაც ჯანდაბა?
_მერე, მე რა ვიცოდი შენს დას რაზე ქონდა ალერგია, თუ შენ არ მითხარი?_ნიშნისმოგებით მომიგო და შემომღიმა._ძალიანაც გინდა უარყო ყველაფერი, მაგრამ არაფერი გამოგივა. ჩვენ ერთნაირები ვართ და ჩვენი ადგილი ჯოჯოხეთშია. დაგავიწყდა, მაყვალა მასწავლებელმა ხელფასი რომ აიღო და ფული ჩვენ მოვპარეთ?
_ჩვენ არა, შენ! ყველაფერს მე ნუ მაბრალებ._განწირული ხმით ვუღრიალე.
_შენ კართან იდექი და ზვერავდი, რომ არავინ წამომდგომოდა თავზე. მერე კი, რომ მოინაკლისა ქალმა დანაკარგი, მშვიდად და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე თქვი, რომ არაფერი იცოდი. არა და მე მიწყობდი ხელს._დემონური ღიმილი გაუკრთა სახეზე.
ეს ორი წლის წინანდელი ამბავი უკვე დავიწყებას მქონდა მიცემული და ისევ გამახსენა. გავბრაზდი. უფრო, საკუთარ თავზე ამ ვიგინდარას რომ ვეხმარებოდი ყოველთვის და ხელსაც ვაფარებდი ყველაფერში.
_წამოდი, წამოდი._ხელი მომხვია მხრებზე და ისევ სანაპიროსკენ წამიყვანა._ჩვენ ორივენი ვიმსახურებთ ერთმანეთს. ძალიანაც გინდა მე გადმომაბრალო ყველაფერი და თვითონ ანგელოზად წარმოაჩინო თავი, მაგრამ არაფერი გამოგივა. შენც ჩემნაირი ქურდი, მატყუარა და უვარგისი ადამიანი ხარ. არავის ვეყვარებით და ვერავინ გაგვიგებს ერთმანეთის გარდა. გინდა არ გინდა ბოლომდე უნდა გავიტანოთ ერთმანეთი.
დავნებდი, წინააღმდეგობა აღარ გამიწევია და შესაწირ ბოჩოლასავით გავყევი ამაყად მიმავალ მიას. ვგრძნობდი, რომ უხაროდა გამარჯვება და გულში ზეიმობდა კიდეც. ერთ რაღაცაში მართალი იყო, უვარგისი ადამიანი ვიყავი. უკანასკნელი ნაძირალა, ქურდი და ავაზაკი. ტყუილად ქონდა მედეას ჩემი იმედი, რომ კარგი ვიყავი და სულ ტყუილად ვუყვარდი. არც შაკოს ვიმსახურებდი. ჩემისთანა უსინდისო და ნამუსგარეცხილი ადამიანი მიას და მიასნაირ დაქალებს იმსახურებდა. ჩემი ადგილი მართლაც რომ ჯოჯოხეთის ალში იყო!
_ძალიანაც ნუ ჩამოგტირის თავ-პირი. მოდი, აქეთ დავსხდეთ და ერთად დავტკბეთ აისით. მართალია, ურჩხულები ვართ, მაგრამ სილამაზის აღქმის უნარი მაინც გაგვაჩნია._ლამის ძალით ჩამომსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა.
ერთხანს უხმოდ ვისხედით და აღმოსავლეთის მხარეს შევყურებდით, საიდანაც მზე უნდა ამოწვერილიყო. არ ვიცი, მართლა მინდოდა თუ არა მზის სისტემის ყველაზე დიდი ვარსკვლავის ხილვა იმ მომენტში, მაგრამ თვალმოუშორებლად კი შევყურებდი წითლად შეფერადებულ ცას, საიდანაც ცხრათვალა მზეს უნდა ამოეჭყიტა. დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია, სულ მალე გავხდით დიდებული სანახაობის მომსწრენიც, რომელსაც დამუნჯებულები შევყურებდით ორივენი.
_ესეც ასე, მიხარია ისევ ერთად რომ ვართ. ახლა დავბრუნდეთ სახლში და იცოდე, საცურაოდ რომ წამოხვალთ, უჩემოდ არ გამოიპაროთ. მითუმეტეს, თუ კახა და ჯაბაც წამოვლენ. კარგი ბიჭები არიან და ერთ-ერთის დათრევაში უნდა დამეხმარო.
არ ვიცი რა ამოიკითხა ჩემს თვალებში, მაგრამ ირონიულად ჩაეღიმა.
_მე ნოეს დათრევაში გეხმარები, დაგავიწყდა?
_მეხმარები?_გამიკვირდა.
_ხო, რა იყო? დღემდე ვემესიჯები შენი სახელით.
აქ კი მართლაც ამასხა სისხლმა ტვინში.
_შენ რა, სულ გადახვედი ჭკუიდან?! რატო ემესიჯები, თანაც ჩემი სახელით?_გაცეცხლებული წამოვხტი ფეხზე. რომ შემძლებოდა, იქვე მივახრჩობდი.
_რატო ვემესიჯები და იმიტომ ვემესიჯები, რომ ვგრძნობ, გიყვარს, მისი ხელში ჩაგდება გინდა.
_სისულელეა! სულაც არ მინდა იმ ბიჭის ხელში ჩაგდება!
_არ გინდა თუ მედეას უთმობ? შენი გემოვნება ჩემზე კარგად არავინ იცის. ნოეზე გიჟდები და ერთი სული გაქვს, შენი გახდეს... მაგრამ შენმა მათხოჯმა დამ ისე გადაგიტრიალა ტვინი, რომ შენი ხელით მიართმევ ლანგარზე დადებულს ალბათ.
_შემეშვი რა!_მხოლოდ ეს მივაძახე და იქიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი.
უკან აღარ გამიხედია. არ მაინტერესებდა რას აკეთებდა, მომყვებოდა თუ ისევ ერთ ადგილზე იყო გაშეშებული. ერთი სული მქონდა რაც შეიძლებოდა შორს წავსულიყავი მისგან.
საცხოვრებელში რომ დავბრუნდი, მედეა მაშინ დგებოდა უკვე.
_სად იყავი?_გაუკვირდა.
_მიასთან ერთად მზის ამოსვლას ვუყურე._რაც შემეძლო მშვიდად და აუღელვებლად ვუთხარი.
მერე სამზარეულოში გავედი, ყავა მოვიდუღე და ვერანდაზე სარწეველა სკამში ჩავეკვეხე.
_რამე პრობლემა გაქვს?_მედეაც ყავის ფინჯნით გამოვიდა ჩემთან და ის კი კიბის საფეხურზე ჩამოჯდა.
_რა შემატყე პრობლემებისა?_წყენით და ბუზღუნით ვკითხე.
_რა ვიცი... მიას გამოჩენამ აშკარად უხეში გაგხადა ისევ.
_მე ყოველთვის ასეთი ვარ. სისხლში მაქვს გამჯდარი უხეშობა. ტყუილად ცდილობ ჩემს გამოსწორებას, რაც ვარ ეს ვარ, მია არაფერშუაშია. მე რომ არ მინდოდეს, ის ვერაფერსაც ვერ დამაძალებდა და მორჩი ამაზე საუბარს.
_არ მოვრჩები, იმიტომ რომ ის ქალბატონი თავის ჭკუაზე გატარებს და ათას სისულელეს გაკეთებინებს.
_ის ქალბატონი, როგორც შენ ეძახი, ჩემი დაქალია და არ მოგცემ იმის უფლებას, აუგად მოიხსენიო!_საკმაოდ მკაცრად გამოვუცხადე.
_მე კიდევ, იმას არ მივცემ იმის უფლებას, რომ ტვინი აგირიოს და ირიბი გზებით გატაროს. მე ვღელავ შენზე. არ მინდა, რომ მის გამო ცხოვრება დაიმახინჯო._ასეთი მტკიცე და შეუვალი მედეა მგონი პირველად ვნახე ჩემს ცხოვრებაში.
ყურსასმენები მოვირგე, ტელეფონში ბოლო ხმაზე ჩავირთე მუსიკები და ისე შევექეცი ყავას. არ მინდოდა მედეას ლაპარაკი გამეგო.
ერთხანს უხმოდ მიყურა ნაწყენმა და იმედგაცრუებულმა. მერე, ყავა დალია თუ არა, მარტო დამტოვა. რა მექნა, როგორ ჩამოვშორებოდი იმ ალქაჯს, იმაზე ვფიქრობდი. გაუცხოებას შემატყობდა თუ არა, ყველაფერს დაფქვავდა ქვეყანას მოსდებდა ჩემი კაიქალობის ამბებს. ძველისძველ ოინებსაც ამომიყრიდა, რომლებსაც მართალია თვითონ მაიძულებდა, მაგრამ მაინც. თუმცა, რას მაიძულებდა? ხშირ შემთხვევაში ხომ მეც სიამოვნებით ვაკეთებდი ყველაფერს? მია მართალი იყო, ერთნაირები ვიყავით და ერთმანეთი უნდა გაგვეტანა...
შუადღემდე ისევ იმ პოზაში ვიჯექი იმ სარწეველა სკამში, როგორ პოზაშიც ყავის დასალევად ჩავჯექი და ისევ მუსიკებს ვუსმენდი. სულ გათიშული ვიყავი ამ სამყაროს და არც არაფერზე არ ვფიქრობდი. სასიამოვნო მელოდიებს ვაყოლებდი სკამს და თვალდახუჭული ვირწეოდი. მგონი, პირველად მოხდა, რომ დავიწყებული მქონდა ვინ ვიყავი და სად ვიყავი. მშვენიერი განცდა მქონდა მთელს სხეულში დაუფლებული. ეგ კი არა და, ცეკვის ხასიათზეც კი ვიყავი. დიდი სიამოვნებით ვიცეკვებდი, რომ არ შემრცხვენოდა ბიჭებისა. ენერგიული მუსიკა და გიჟური ცეკვა მართლაც რაღაც თერაპიის კურსი იყო თითქოს ჩემთვის და სულის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც ქონდა.
_გძინავს?_სანამ ყურსასმენები არ წამაძრო ვიღაცამ, მანამ არ გავახილე თვალები.
დაკვირვებით შევათვალიერე და ვიცანი, რომ კახა იყო.
_რა ხდება?_უინტერესოდ ვკითხე.
_ზღვაზე არ წამოხვალ? ახალი სანაპირო აღმოვაჩინე, ძალიან ლამაზია...
ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ მაინც გამოვეწყე საცურაო კოსტიუმში, თხელი შარფი შემოვიხვიე და ისე გავყევი უკვე გამზადებულ მედეას, ჯაბას და კახას. მიას საცხოვრებელს რომ გავხედე, ელდა მეცა, ისიც მოტუნტულებდა საკმაოდ თამამ და გამომწვევ ღრმა ბიკინში გამოპრანჭული. კახამ და ჯაბამ ყურადღება რომ არ მიაქციეს, ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ აქ იმდენ ნახევრად შიშველ ქალს ნახულობდნენ, ჩვეულებრივი მოვლენა იყო მათთვის უკვე.
სანაპირო მართლაც არაჩვეულებრივი იყო. მართალია, კლდოვანი და ცოტა სახიფათოც კი, მაგრამ წყალი ძალიან კამკამა და გამჭვირვალე იყო. სანახაობით ხომ მშვენიერი იყო, მაგრამ სკალიდან გადახტომა არაჩვეულებრივი. ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი და სულ მავიწყებდა მიასაც და მის წამოყენებულ პირობებსაც. ბიჭები რომელი კლდიდანაც ხტებოდნენ წყალში, მეც იქიდან ვხტებოდი. მედეა და მია ვერ ბედავდნენ და ზემოდან გვგულშემატკივრობდნენ და ფოტოებს გვიღებდნენ.
ცოტა ხნით მაინც რომ დავივიწყე ჩემი ყოფითი პრობლემები, ეგეც ერთგვარი მიღწევა იყო ჩემთვის. თუმცა, ბოლოს, ფეხმა მაინც დამიწყო სულ ოდნავ ტკივილი და მცირეხნიანი პაუზა გავაკეთე. კლდის პირზე ჩამოვჯექი დასასვენებლად. დიდი დრო არიყო გასული, რომ ჩრდილი წამომადგა და ინსტიქტურად მოვიხედე.
მია იყო.
_ისე, შენი და რა ძალიან ნაპირზე ზის, არ ეშინია, რომ ეშმაკმა ხელი კრას და გადააგდოს? მან ხომ ცურვა არ იცის.
გაოცებულმა შევხედე.
მზე პირდაპირ სახეში მირტყამდა და თვალს მჭრიდა. მართალია მისი სახის გამომეტყველება არ დამინახია, მაგრამ, მივხვდი რომ რაღაც დემონური ღიმილი უკრთოდა სახეზე.
_რა თვალებით მიყურებ, რა ვთქვი ვითომ ამისთანა?_გაიოცა და თვითონაც გვერდით ჩამომიჯდა._ბებიამ ყოველთვი იცის იმის თქმა, თუ სადმე კიდეზე დამინახა, გამოდი აქეთ, ეშმაკი ხელს გკრავსო და მეც იმიტომ ვთქვი._კენჭი აიღო და წყალში მოისროლა._აქედან რომ წავალთ, სადმე მყუდრო კაფეში დავსხდეთ და ყავა დავლიოთ. კახა და ჯაბა მგონი უარს არ იტყვიან ჩვენს დაპატიჟებაზე... ისე, რა მაგარი ბიჭები არიან, არა?
ინტერესით გავხედე ბიჭებს. მართლაც არაჩვეულებრივები იყვნენ გინდ შეხედულებით და გინდ ხასიათებით. რაც მახსოვრობა მქონდა და რაც ზღვაზე ვისვენებდით, ყოველთვის მათთან ჩამოვდიოდით ხოლმე. ასე ვთქვათ, ერთად დავიზარდენით და ძმებივით ვუყურებდი ორივეს. ზედმეტობებში არასდროს გადავსულვარ მათთან მიმართებაში. პირველად შევხედე სულ სხვა თვალით და მივხვდი, მია რატომაც ეპრანჭებოდათ. ნებისმიერ გოგოს აუღელვებდნენ და აუფორიაქებდნენ გულს.
_არ გინდა, სიტყვა შემაწიო მათთან და უთხრა, რომ არაჩვეულებრივი გოგო ვარ?
ირონიული ღიმილით რომ შევხედე, მანაც იგივეთი მიპასუხა. თქმით კი, არ უთქვია არაფერი, მაგრამ მივხვდი, რომ მის ცისფერ თავში რაღაც სატანური გეგმა მწიფდებოდა, რომელიც სულ ახლო მომავალში დამაზარალებდა. ან, ჩემი ქურდობის ამბავს გაამჟღავნებდა ვითომ სულ შემთხვევით და მიამიტურად. ან, ნოეს მიწერდა ჩემი სახელით რამე სისაძაგლეს. მოკლეთ, მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი და მზად უნდა ვყოფილიყავი.
_მოხდეს რაც მოსახდენია და გაწყდეს სადაც წვრილია._ჩავილაპარაკე ჩემთვის და ფეხზე წამოვდექი._ბავშვებო, ცოტა ნაოპერაციებელმა ფეხმა დამიწყო ტკივილი და სახლში ხომ არ წავსულიყავით?
_მართლა? რა მოგივიდა?_შეშფოთებული მედეა მაშინვე ჩემთან გაჩნდა.
_არაფერია, ალბათ დამეძალა და გადამეღალა. გამივლის.
კახა პირდაპირ სკალასთან მოცურდა და იქიდან ამობობღდა. ცოტა კი გაუჭირდა, მაგრამ მაინც შეძლო.
_წავიდეთ, რა პრობლემაა?_ჯაბაც ამოვიდა წყლიდან._მოხმარება ხომ არ გინდა, წამოხვალ შენით?_თან ხელი შემაშველა.
დავინახე რა ბოროტული თვალებით გვიმზერდა მია.
_არა, მადლობა, მთლად მასე დავრდომილიც არ ვარ._გამეცინა და სკალიდან ფრთხილად ჩამოვედი.
მედეა და ბიჭებიც უკან მომყვნენ, სულ ბოლოს კი მიაც ჩამობობღდა.
_სადმე კაფეში რომ დავსხდეთ, არ გინდათ?_სირბილით წამოგვეწია მია წინ წასულებს._დავსხდეთ და შენც მოასვენებ მაგ შენს ფეხს._ხელკავი გამომდო.
_არ მინდა, სახლში მირჩევნია._ვიუარე.
_არც მე._მედეა მეორე მხრიდან ამომიდგა და მანაც ხელკავი გამომდო.
უნდა ვთქვა, რომ მესიამოვნა მისი ეს ჟესტი.
მიამ ინტერესით გადახედა უხმოდ მომავალ ბიჭებს.
_თქვენც სახლი გირჩევნიათ?_ცოტა ირონიაც კი გაურია ხმაში.
ბიჭები ცოტა კი შეყოყმანდნენ, მაგრამ მერე მათაც უარი თქვეს, არ გვცალიაო და აშკარად გაწბილებული დატოვეს მია.
დამშვიდობებისას კი თეატრალურად გადამეხვია და ძალიან მკაცრად მიჩურჩულა.
_იცოდე, ამ ერთხელ გაპატიებ იგნორს, მაგრამ სხვა შემთხვევაში ფართო საზოგადოება იხილავს, როგორ ქურდობს მეტროში ანგელოზი დეა.
არაფრისმთქმელი თვალებით შევხედე და პასუხგაუცემლად შევედი ეზოში. სულ აღარ ვდარდობდი იმაზე, რას მოიმოქმედებდა ეს უცხოპლანეტელი. ჩვენს ოთახში ასულმა მაშინვე საწოლს მივაშურე. ფეხის ქვეშ ბალიში ამოვიდე, რომ ოდნავ სიმაღლეზე მქონოდა და ისე დავწექი. საგანგაშოდ არა, მაგრამ ყრუდ მაინც მტკიოდა და ცოტა არ იყოს დისკომფორტს მიქმნიდა.
_ექიმთან ხომ არ წავსულიყავით?_აშკარად შეშფოთებული და შეწუხებული იყო მედეა ჩემი მდგომარეობით.
_არა, საშიში არაფერია, ცოტას დავისვენებ და გამივლის._ვიუარე. ყურსასმენები მოვირგე და ის იყო მუსიკების მოსასმენად მოვემზადე, რომ მედეამ გამომაძრო.
გაოცებულმა ავხედე.
_შენს და მიას შორის რა ხდება?_ინტერესით მომაჩერდა თვალებში.
_რა უნდა ხდებოდეს?_გავიოცე.
_არვიცი, დაძაბულობას ვგრძნობ თქვენს შორის და ეს მაშფოთებს. თხა და მგელივით ხართ წაკიდებულები.
_ნუ გეშინია, არაფერია, თვითონ მოვაგვარებთ ურთიერთობას.
_არ მინდა რამე სისულელე ჩაგადენინოს. ვგრძნობ, რა თვალებით უმზერს კახას და ჯაბას და ვღელავ.
_ნუ ღელავ, არაფერია. ახლა კი, უნდა დავისვენო თუ არ გეწყინება._ისევ მოვირგე ყურსასმენები.
რატომღაც სულ არ მქონდა შიშის ან მღელვარების განცდა. პირიქით, თითქოს საოცარ სიმშვიდესაც კი ვგრძნობდი. მგონი, პირველად მოხდა, რომ მიას შევეწინააღმდეგე, არ დავუჯერე და მისი ნების წინააღმდეგ წავედი. ამიტომაც ვგრძნობდი თავს ასე მშვენივრად. სულ არ ვდარდობდი იმ ვიდეოს ატვირთავდა თუ არა. ალბათ, უფრო იმიტომ რომ იმ კოზირს ასე უბრალოდ არ გამოიყენებდა. იმ ვიდეოს ატვირთვით იცოდა, რომ საბოლოოდ დამკარგავდა და ისევ შანტაჟის გზით ეცდებოდა ჩემთან დაახლოებას. მე კი მის ანკესზე რომ აღარ წამოვეგებოდი, არ იცოდა?
ორი დღე აღარ გავსულვართ ზღვაზე. ვხვდებოდი, რომ მია ცოფებს ყრიდა და ამის გაფიქრება სიამოვნებას მგვრიდა. მინდოდა მიმხვდარიყო, რომ ადვილად დასამორჩილებელი და დასაყოლიებელი აღარ ვიყავი ძველებურად და ვეღარ მატრიალებდა თავის ჭკუაზე. სულაც არ იყო ზღვაზე გასვლა საჭირო, სახლშიც არაჩვეულებრივად ვერთობოდით ხან ბილიარდით და ხანაც ტენისით. მია კი, ჩვენთან ვერ შემოდიოდა, დედაჩემთან და მამაჩემთან გამოჩენა ერიდებოდა მგონი და ჩვენ კიდევ მხიარული სიცილ-კისკისით ვიკლებდით იქაურობას. ვაღიარებ, ჩემთვისაც გამაცოფებელი და გასაბრაზებელი იქნებოდა ეს სიტუაცია და ახლა მიასთვის, რომელიც ჩემზე მეტად ბოღმიანი იყო, წარმოდგენა მქონდა რა ხასიათზეც იქნებოდა. ორი დღის მერე კი, მეზობლის პირით შემომითვალა, რომ ცუდად იყო და ჩემი ნახვა უნდოდა. მართლა არ ვაპირებდი იქ მისვლას და მონახულებას, უარიც კი ვუთხარი, მაგრამ მერე სინდისის ხმამ ძალიან შემაწუხა. შემეცოდა, ასე უპატრონოდ როგორ იქნებოდა, მიმხედი ხომ უნდოდა რომ ყოლოდა და მაინც გადავედი მასთან. გაქათქათებულ თეთრეულში იწვა და მგონი ამიტომ მომეჩვენა რომ გადაფითრებული იყო. სიბრალულის გრძნობა დამეუფლა მის მიმართ. სკამი საწოლთან მივაჩოჩე და ახლოს ჩამოვუჯექი.
_რა გჭირს, რა დაგეტაკა?_ცოტა უნდობლად, მაგრამ მაინც თანაგრძნობით ვკითხე.
_არ ვიცი, სიცხე მაქვს და თან მაციებს._ეს რომ მითხრა, საბანი უფრო მჭიდროდ ამოიგო._მგონი, ზღვის ციება მაქვს.
_ზღვის ციება?_გამიკვირდა.
_ხო, არის ასეთი დაავადება._კვნესით დამეთანხმა.
სმენით კი მსმენოდა, მაგრამ დაუჯერებლად მეჩვენებოდა რატომღაც.
_ექიმმა გნახა?_დავინტერესდი.
_ხო, წამლები გამომიწერა, მაგრამ ვერ ვყიდულობ._ამოიოხრა._მე ვერ მივდივარ აფთიაქში და არც არავინაა, ვისაც გავაგზავნი...
გულწრფელად შემეცოდა.
_გინდა მოგიტანო?_დაუფიქრებლად ვკითხე.
_მართლა?_გაუხარდა._მაგრამ... არ მინდა შეგაწუხო. იყოს, ვინმეს მოვნახავ.
_იყოს, რა შეწუხებაა._ტუმბოზე დადებულ რეცეპტისმაგვარ ფურცელს გადავწვდი, ჯიბეში ჩავიდე და ფეხზე წამოვდექი._მალე მოვალ.
აფთიაქის ძებნა დიდად არ გამჭირვებია. ჩამოწერილი წამლები ვუყიდე და ისევ მიასთან დავბრუნდი.
_დიდი მადლობა._მადლიერი თვალებით შემომხედა._აი, რას ნიშნავს ნამდვილი მეგობარი._ეშმაკური ღიმილი გაუკრთა სახეზე._ერთმანეთს ძალიან ვაბრაზებთ, მაგრამ მაინც ერთმანეთზე ვზრუნავთ.
ერთმანეთზე ზრუნვა გადამეტებული იყო მისი მხრიდან. მარტო მე ვზრუნავდი მასზე დაძალებისა და იძულების გარეშე. ჩურჩუტი ვიყავი, გულუბრყვილო თუ გულკეთილი, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი კი სახეზე იყო, რომ ჩემი გამოყენების უფლებას ვაძლევდი. მართალია, ვბრაზობდი მასზე, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი და განვიცდიდი მის მდგომარეობას. შეიძლება მედეა მართალი იყო, კარგი ვიყავი და გულკეთილობა იდო ჩემს გენეტიკურ კოდში. მაგრამ მე უფრო სულელი და უტვინო მეგონა ჩემი თავი, რომელსაც მარიონეტივით მართავდა მია.
კარგა ხანს დავრჩი მასთან. რაღაც ვიჯახირე და ვასადილე კიდეც. სანამ წამლებიც არ დავალევინე, მანამდე არ დამიტოვებია მისი საცხოვრებელი.
_სად იყავი?_შეშფოთებული სახით გადამიდგა ეზოში შესულს დედაჩემი._ბიჭები და მედეა შენს საძებნელად სანაპიროზე გავიდნენ. რატო არ თქვი სადაც მიდიოდი?_წყენა გაურია ხმაში.
_მეზობელმა მითხრა, მია ცუდად არისო და მის სანახავად გავედი.
_მია? აქ არის?_გაუკვირდა.
_ხო, მეზობელ სახლში. ზღვის დაავადება მაქვს თუ რაღაც ამის მსგავსიო. წამლები ვუყიდე და დავალევინე.
დედაჩემს აღარაფერი უთქვია. შევატყე, ესიამოვნა მეგობარზე რომ ვზრუნავდი.
_წავალ, მედეას და ბიჭებს მოვძებნი.
_რა საჭიროა შენი გასვლა? დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ მოხვედი უკვე.
_ხო, მაგრამ რამდენი დღეა ზღვაზე აღარ ვყოფილვართ და ცოტას გავივლი კიდეც.
სანაპიროს გზას რომ დავადექი, მედეას დავურეკე და გავიგე სადაც იყვნენ. მეც იქით ავიღე გეზი.
მივდიოდი და თან მიაზე ვფიქრობდი. ხშირად, მშობლები დიდ შეცდომას უშვებენ საკუთარ ცხოვრებას რომ იწყობენ და შვილებს ივიწყებენ. დედა ან მამა მაინც რომ ყოლოდა ამ გოგოს გვერდით, ასეთ ურჩხულად ხომ აღარ ჩამოყალიბდებოდა? მართალია, ადამიანის ჩამოყალიბებაში მარტო აღზრდა არაფერია, თუ ბუნებამაც არ შეუწყო ხელი, მაგამ მკაცრად რომ აღეზარდათ, მთლად ასეთიც ხომ არ იქნებოდა? ზედმეტი თავისუფლება ხშირ შემთხვევაში საზიანოა მოზარდებისთვის. საცოდავი დედამისი გადახვეწილია უცხო მხარეში, დღე და ღამ შრომობს, წელებზე ფეხს იდგამს, რომ საკუთარ შვილს არაფერი მოაკლდეს და ფულით ანებივრებს. ჰგონია, ამით კარგს აკეთებს, მაგრამ ვერ ხვდება, რომ მის საზიანოდ იქცევა მისთვის. მამამისს სხვა ოჯახი ყავს, სხვა ვალდებულებები და სხვა საზრუნავი. ბებია კი, ლმობიერად ექცევა იმის გამო, რომ ცხოვრებისგან დაჩაგრულია, არც დედა ყავს გვერდით და არც მამაო...
_დეა?!_მოულოდნელად ხელი რომ წამატანა მკლავზე ვიღაცამ და შემაჩერა, მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე ფიქრებიდან და გაოცებულმა შევხედე.
_კარგა ხანია მოგდევ და გეძახი._შაკომ თავისი მონაცრისფრო თვალებით ინტერესით შემათვალიერა._კარგად ხარ? რა გჭირს?
_კარგად ვარ. არაფერია._ცოტა დავიმორცხვე._ჩაფიქრებული ვიყავი და...
_მაგას კი მივხვდი._შემომღიმა._საით გაგიწევია?
_მედეა და ბიჭები სანაპიროზე მელოდებიან... შენ აქ საიდან?_მღელვარების დასაფარავად ხელი მოვიჩრდილე სახეზე, ვითომ ძალიან მანათებდა მზე.
_შვებულება მაქვს და მინდა, რომ ნაყოფიერად გამოვიყენო. გუშინ ჩამოვედი. წავიდეთ მედეასთან?_მერე კი მკლავი გამომიშვირა, რათა ხელკავი გამომედო.
უარესად ავფორიაქდი. არ მინდოდა შეემჩნია და მიმხვდარიყო, რომ გულგრილი არ ვიყავი მის მიმართ და ვითომც არაფერი, ისე გამოვდე ხელკავი.
_ცოტა უკაცრიელი სანაპირო კი შეურჩევიათ, მაგრამ ლამაზია... რამდენი ხნით აპირებ აქ დარჩენას?_თემას გადავუხვიე მოულოდნელად.
_არვიცი. ვნახოთ, გარემოებები როგორ წარიმართება._ისეთი თვალებით შემომხედა, მაგრძნობინა, რომ ეს გარემოებები მე ვიყავი.
ისე ხომ არ ვიყავი აფორიაქებულ-აღელვებული და უარესი დამემართა. მალვე მოვარიდე მის თვალებს მზერა და შორი ჰორიზონტისკენ გავიხედე. უხმოდ განვაგრძეთ გზა. სანაპიროს მალევე მივადექით და მედეა და ძმებიც ადვილად ვიპოვეთ.
შაკოს დანახვაზე მედეას ეშმაკურად ჩაეღიმა. თან, ხელკავით რომ მივყვებოდი. მივხვდი, მისი ხელი ერია ეს ბიჭი აქ რომ გამომეცხადა, თორემ რა იცოდა, სად უნდა მოვეძებნე?
_მართლაც არაჩვეულებრივი ადგილია._კმაყოფილი მზერა მოატარა შაკომ ირგვლივ ყველაფერს და მერე მე შემომხედა._ცურვაში დამეჯიბრები?
_ჩემი ნაოპერაციებელი ფეხით?_თავი მოვისაწ...., თუმცა სულაც არ მიშლიდა ხელს ჩემი "გასაცოდავებული" ფეხი ცურვაში.
_მერე რა, მე კიდე ცურვა არ ვიცი და ძალები გათანაბრებული იქნება.
_ვაა, შაკო?!_ვითომ ძალიან გაუკვირდა მედეას მისი დანახვა და ღიმილით მოგვიახლოვდა._როგორ ხარ? აქ საიდან?
რა პასუხს დაუბრუნებდა აღარ გავჩერებულვარ მათთან. კლდეს მივაშურე და იქ ავედი. ვცდილობდი მოხდენილად ავსულიყავი, რადგან ამ ბიჭის მწველ თვალებს ვგრძნობდი ზურგიდან და და შინაგანად სასიამოვნო ცახცახს ვგრძნობდი. კახა და ჯაბა წყალში იყვნენ. მეც გავიძრე ტანსაცმელი და რაც შემეძლო მოხდენილად გადავეშვი თავით. ჟიური უეჭველი ათი ქულიდან ცხრას მაინც დამიწერდა.
მედეა და შაკოც მალევე ამოვიდნენ სკალაზე. ფარულად ვუმზერდი როგორ აუღელვებლად იხდიდა შაკო ტანსაცმელს. მერე კი ძალიან ფრთხილად ჩამოვიდა წყალში და მკლაური მოუსვა. ზღვის სიღრმისკენ რომ გაცურა, მეც უკან ავედევნე.
_შევეჯიბროთ?_ღიმილით ვკითხე და სანამ რამეს მეტყოდა, წინ გავიჭერი.
ძლიერად მივაპობდი კამკამა ზღვის ტალღებს და უკან არც კი ვიყურებოდი. კარგა ხანს ვიცურე შეუსვენებლივ. მერე შევჩერდი და უკან რომ მოვიხედე, კარგა მანძილით მყავდა შაკო ჩამოტოვებული. შემეცოდა, ზურგზე გადავწექი და ისე დაველოდე მის მოსვლას. თან ლაჟვარდოვან ცას შევყურებდი და თოლიების ცქერით ვტკბებოდი. სულ ცოტაღა ქონდა ჩემამდე მანძილი დარჩენილი, რომ მოულოდნელად შეჰყვირა და ჩაყურყუმელავდა. ჯერ მეგონა, რომ მეხუმრებოდა, მერე კი რომ აფართხალდა, მივხვდი არ ხუმრობდა.
_რა მოგივიდა?_შეშინებულმა მივცურე მასთან.
_არ ვიცი, რაღაცამ მიკბინა ფეხზე.
_მართლა?_შევშფოთდი და გარშემო შიშით მიმოვიხედე, მაგრამ ვერაფერი დავინახე._რა იყო ნეტა?
_არ ვიცი, შეიძლება ზღარბი... აუ, როგორ მტკივა და მეწვის.
_ცურვას შეძლებ? დავბრუნდეთ სანაპიროზე.
_მგონი კი._ტკივილისგან დამანჭულ სახეზე მაინც გაუკრთა ღიმილი.
კახამ და ჯაბამ მალევე შეგვნიშნეს რომ რაღაც ვერ გვქონდა რიგზე და მაშინვე ჩვენთან მოცურდნენ. შაკოს რიგრიგობით ეხმარებოდნენ და ისე გავედით სანაპიროზე. კოჭლობით გაიყვანეს და ნაპირზე მოსახერხებელ ადგილზე ჩამოსვეს.
წვივზე მართლაც ქონდა გვარიანად გაწითლებული ალბათ ჩემი მუშტისოდენა ადგილი და პატარ-პატარა შავი წერტილები მოუჩანდა. კახამ გულდასმით შეუმოწმა ჭრილობა და დაასკვნა, რომ ზღვის ზღარბის ნაკბენი იყო და ძმარი ეასაჭიროებოდა სასწრაფოდ. ჯაბა მაშინვე სადღაც გაიქცა და ხუთი წუთი არ იყო გასული, რომ პლასტმასის ბოთლით ხელში დაბრუნდა.
_აქ ხშირია ასეთი შემთხვევები. ქანებში ბინადრობენ და მომარაგებულები და მომზადებულები ვართ ყოველთვის._ჩემი გაოცებული მზერა რომ დაიჭირა, ამიხსნა.
კახამ ჭრილობაზე რომ დაასხა შაკოს მძაფრსუნიანი სითხე, ცოტა ხანში შავი წერტილები, რომელიც ზღვის ზღარბის შხამიანი ხერხემალი აღმოჩნდა, ნელ-ნელა ამოიწია კანიდან და სათითაოდ ამოაცალა ტკივილისგან შეწუხებულ შაკოს. რამოდენიმეჯერ დასჭირდა ამ პროცედურის ჩატარება და რომ დარწმუნდა, სულ ამოაცალა, ფეხზე წამოაყენა.
_ალერგიული თუ ხარ, გაგირთულდება იცოდე. საავადმყოფოში უნდა წავიდეთ.
_ცხოვრებაში არ მქონია არაფერზე ალერგია, რაღა ეხლა გამირთულდება? არ მინდა საავადმყოფოში. თქვენ გეცოდინებათ რამე, შინაურულად რომ მოვირჩინო...
_ანტიბიოტიკები და ანთების საწინააღმდეგო მალამო დაგჭირდება. სახლში გვაქვს. წამოდი, წაგიყვანთ. მაგ ჭრილობის მოფრთხილება დაგჭირდება. ცოტა ხნით თავი უნდა შეიკავო ზღვის მლაშე და მიკრობებით სავსე წყალში შესვლისგან.
_აუჰ, კაცმა ასეულობით კილომეტრი ზღვაში საცურაოდ გამოვიარე და რა გამოდის, შორიდან უნდა დავტკბე მისი მზერით?_უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი.
_შეიძლება არც არაფერი, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა._ჯაბამ ტანსაცმელი მოუტანა._ჩაიცვი, საავადმყოფოში არ გინდა და ჩვენთან წავიდეთ, დედაჩემი მიხედავს შენს ფეხს.
შაკომ ტანსაცმლის ჩაცმა რომ დაიწყო, წამიერად შევავლე მის შიშველ სხეულს თვალი. მარჯვენა ფერდზე, ნეკნებს ქვემოთ სამი ერთმანეთში გადახლართული მოზრდილი სამკუთხედი ქონდა ამოსვირინგებული. სხვა ყველაფერს წარმოვიდგენდი და თუ ასე მოხატული სხეული ექნებოდა ამ რაღაცნაირ წესიერ ბიჭს, მართლა ვერ წარმოვიდგენდი. რომ ვთქვა, დაკუნთული და ნავარჯიშებელი სხეული ქონდა, მოვიტყუები, მუცლის პრესი კი მშვენიერი და თვალშისაცემი ქონდა. პერანგის ღილებს იკრავდა, ჩემი მზერა რომ დაიჭირა და შემრცხვა. მგონი გავწითლდი, რადგან სახე გვარიანად ამეწვა.
_შეძლებ სიარულ?_კახა მაშინვე მხარში ამოუდგა, ტანსაცმლის ჩაცმა რომ დაასრულა.
_კი მტკივა, მაგრამ შევძლებ._დაამშვიდა და სახლისკენ რაც შეგვეძლო სწრაფად გამოვწიეთ.
_"ერთხელ წაველ წირვაზეო, ფეხი მომტყდა ყინვაზეო."_გაეცინა შაკოს._დიდად არ მიყვარს ზღვა. მთაში მირჩევნია დასვენება... ძლივს გავბედე და ახლაც ეს დამემართა.
_არაუშავს, ზოგს უარესი ემართება._დაამშვიდა ჯაბამ._სამაგიეროდ ბილიარდს ვითამაშებთ... თუ იცი რა თქმა უნდა.
_ბილიარდი?_გაუხარდა._პროფესიონალი მოთამაშე არ ვარ, მაგრამ ვიცი.
სახლში ისე დავბრუნდით ლაპარაკში გართულები, მგონი აღარც კი ახსოვდა შაკოს ფეხის ტკივილი. ჩვენმა დიასახლისმა, ქალბატონმა იზოლდამ გულდასმით შეუმოწმა ჭრილობა, საგულდაგულოდ დაუმუშავა და რაღაც მალამოც წაუსვა. მერე კი მართლაც ბილიარდის თამაში გავაჩაღეთ.
ტყუილად არ ცდილობდა შაკო თავის გამოჩენას, არაჩვეულებრივი მოთამაშე გამოდგა. რამდენჯერაც ითამაშეს, იმდენჯერ მოიგო. მე შორიახლოს ვიჯექი ფუმფულა სავარძელში და მალულად ვუმზერდი. ისე იყო თამაშზე გადართული და კონცენტრირებული, ჩემს დაჟინებულ მზერას ვერც კი გრძნობდა და მეც თამამად ვათვალიერებდი თმის ღერიდან დაწყებული ფეხსაცმლის ჭვინტით დამთავრებული. მართალია, ცოტა კი ითრევდა ფეხს, მაგრამ მაინც შეუდარებელი დგომა, პოზიცია და თამაშის მანერა ქონდა. ხანდახან რომ კმაყოფილი იღიმოდა, მაშინ კი მართლაც მოჯადოებულივით შევყურებდი. დღესდღეობით სულ სხვა თვალით ვხედავდი უკვე ერთ დროს ჩემი აბუჩად აგდების და დამცირების ობიექტს. რატო ვიგდებდი აბუჩად და რატო ვამცირებდი ამ არაჩვეულებრივ ბიჭს, ვერ ვხვდები,საუკეთესო იყო.
სარამოს დედაჩემმა ისე არ გაუშვა ჩვენი მეზობელი, სანამ არ ავახშმა. მედეამ იმდენი იძვრინა, ერთმანეთის გვერდიგვერდ დაგვსხა სუფრასთან და უარესად ამიფორიაქა გული. ეგ კი არა, ჭიქა რომ მივაწოდე და მის მუჭში შეგნებულად თუ შეუგნებლად მოიმწყვდია ჩემი თითები, გული გამიჩერდა. წამიერად შევხედე თვალებში სადაც ჩემდამი დიდი სიყვარული და პატივისცემა იკითხებოდა. მგონი, მეც მიყვარდებოდა ეს არაჩვეულებრივი ბიჭი. მართლაც რომ თავს მაყვარებდა. მახსოვს, ერთ-ერთი მორიგი აბუჩის აგდების დროს ძლიერად რომ მომკიდა მკლავზე ხელი და მთელი სერიოზულობით გამომიცხადა: იმდენს ვიწვალებ, თავს მაინც შეგაყვარებ. უჩემოდ ვეღარ გაძლებ და შენი ნებით და სურვილით გამომყვები ცოლადო!
ამის გახსენებაზე მწარედ ჩამეღიმა. მართალი იყო ეს ბიჭი, მართლაც მაყვარებდა თავს და თანაც ისე, როგორც მიწინასწარმეტყველა, სულ მალე მის გარეშე ყოფნა ძალიან გამიჭირდებოდა.
წასვლისას ყველას გულთბილად დაემშვიდობა. მე კი, განსაკუთრებულად რაღა თქმა უნდა. ისე შემომხედა და ისე მომაჯადოებლად შემომღიმა, მართლა გამიჩერდა გული. მია რომ ყოფილიყო იმ წუთას იქ და დავენახეთ, ნამდვილად დაგვცინებდა. არ მოსწონდა რატომღაც შაკო და ყოველთვის მის ძაგებასა და დამცირებაში იყო. მეც ისე გადამიტრიალა ტვინი, რომ მასე დამანახა. თუმცა, სულაც არ იყო ცუდი ბიჭი.
მთელი ღამე ვიწრიალე საწოლში. ძილი ისე გამიკრთა, ხუთი წუთიც ვერ მოვხუჭე თვალი. აშკარა იყო, რომ მეც მომწონდა შაკო და მასზე მეფიქრებოდა რატომღაც. იმითაც ცალკე ვიყავი გაოგნებული, რომ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი სხეული თუ მოხატული ექნებოდა. წესიერი, ზრდილი და ზრდილობიანი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა და თანამედროვეობისა თითქოს არაფერი ეტყობოდა გარეგანად. მეც უზომოდ მომწონდა და მიყვარდა ტატუირებული სხეული, მაგრამ სრულწლოვანი არ ვიყავი ჯერ და დედა და მამა კი სასტიკად მიშლიდნენ. როცა იქნებოდა კი მეც გავიკეთებდი რამე ორიგინალურ ტატუს, მაგრამ ჯერ ჯერობით მშობლებს ვემორჩილებოდი.
დილაუთენია რომ წამოვხტი არა თუ სხვებს, მეც კი გამიკვირდა ეს ფაქტი, მაგრამ საწოლში ვეღარ მოვისვენე და უფრო იმიტომ ავდექი. ცოტა ხანს სახლში ვიბოდიალე უაზროდ და მერე მიას მივაკითხე. ასე თუ ისე, ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო და მაინც მედარდებოდა.
რომ დამინახა, აშკარად გაუხარდა. შედარებით კარგადაც გრძნობდა თავს და მეც გამიხარდა ეს ამბავი. დიდხანს არ გავჩერებულვარ მასთან. წამოსვლისას კი მორიდებით მთხოვა, რაც უჩვეულოდ მომეჩვენა მისთვის.
_ეს ჯართი შემთხვევით დამივარდა და მგონი გაფუჭდა, ჩემმა ხაზეიკამ რომ გამიგოს, გაგიჟდება. არ შეგიძლია ხელოსანთან მიიტანო და აჩვენო, იქნებ გაკეთდეს?_ოქროსფერი ძველებური ჯიბის საათი გამომიწოდა._ისე უფრთხილდება, ვინ იცის რა იყოს.
_ალბათ, ვისიმე საჩუქარია და სამახსოვროდ ინახავს._ჩემი ვარაუდი გამოვთქვი.
_ალბათ... სანამ მე გამოვკეთდები და ამას ხელოსანთან წავიღებ, გაიგებს და ერთ დღეს დამაწევს. გემუდარები, ხელოსანს წაუღე და გააკეთებინე და პატივისცემა ჩემზე იყოს.
რაღაც არ მინდოდა ამ ამბავში გავრეულიყავი, მაგრამ ისეთი თვალებით მიმზერდა, ადვილად დამიყოლია, მაინც უწადინოდ გამოვართვი და შორტების უკანა ჯიბეში ჩავიდე.
_აი, ფულიც._ორმოცდაათ ლარიანი გამომიწოდა._არ ვიცი რა დაჯდება და გქონდეს.
თავიდან არ მინდოდა ფულის გამორთმევა, მაგრამ გადავიფიქრე და ისიც საათთან ერთად ჩავიცურე ჯიბეში.
_იქნებ დღესვე მომიგვარო ეგ საქმე?_მუდარით ლამის გამოიგლიჯა ყელი.
_კარგი, აქედანვე ხელოსანთან მივალ. დროებით._ძველებურად გულთბილად ვერა, მაგრამ აღარც გულგრილად დავმშვიდობებივარ და მისი საცხოვრებელი დავტოვე სწრაფი ნაბიჯებით.
ძალიან გამიჭირდა ხელოსანის მოძებნა. კითხვის კითხვით ძლივს მივაგენი, მაგრამ დაკეტილი დამხვდა. მითითებულ ნომერზე რომ დავრეკე, ახალგაზრდა ბიჭის ხმამ მიპასუხა და მითხრა, რომ ნახევარ საათში მოვიდოდა. მანამდე კი ბულვარში გავისეირნე. არ ღირდა სახლში წასვლა და ხელმეორედ გამოსვლა. ყველაზე განაპირა სკამი მოვძებნე და ჩრდილში ჩამოვჯექი. თან ტურისტებით და დამსვენებლებით გადაჭედილ სკვერს მოვავლე ინტერესით თვალი. თითქმის ყველა ენაზე მოსაუბრე ხალხს მოეყარა აქ თავი. გულმოდგინედ ვუსმენდი და მონდომებით ვცდილობდი, ყველა დამსვენებლის ეროვნება გამომეცნო სახეზე, სანამ დაილაპარაკებდნენ. ასე უფრო ადვილად გადიოდა თითქოს დრო. ბოლოში ისე გავერთე, სულ დამავიწყდა ყველაფერი. ბოლოს კი, საათის სანახავად ტელეფონი რომ მოვიძიე ჯიბეში, ხახამშრალი დავრჩი, ვიღაცას ისე ოსტატურად ამოეცურებინა, ვერაფერი გავიგე. აქეთ ვეცი, იქით ვეცი, მაგრამ მის კვალს ვერ მივაკვლიე.
სანამ სკვერში შემოვიდოდი, მახსოვს, რომ მქონდა, მესაათესაც ხომ ჩემი ტელეფონით დავურეკე და ველაპარაკე? მგონი, სანამ აქ მოვიდოდი, მანამ ამომაცალეს, თორემ აქ უკვე აღარავინ მოსულა ისე ახლოს, რომ ექურდა. გადავწყვიტე, ჯერ საათის გასაკეთებლად მივსულიყავი და მერე პოლიციის განყოფილებაში, რომ განმეცხადებინა დანაკარგის შესახებ.
ბულვარიდან რომ გამოვედი, ჩემს წინ ნაცნობი სილუეტი აიღმართა და გული ამიფორიაქდა.
_ვაა, შაკო? შენ აქ საიდან?_მღელვარების დასაფარავად ვკითხე, თორემ, ბულვარი ხომ ყველასი იყო და ვისაც უნდოდა და როცა უნდოდა მაშინ მოინახულებდა?
თუმცა, შევატყე რომ არ მელოდა. ან, ისე ოსტატურად გაითამაშა, დამაჯერა, რომ მოულოდნელად გადავაწყდით ერთმანეთს.
_დილაუთენია სანაპიროზე ვსეირნობდი... ახლა კი სახლში ვაპირებდი წასვლას და შემთხვევით დაგინახე. გცალია, ცოტა ხნით ბულვარში დავსხდეთ?
მესაათესთან კი მივდიოდი, იქიდან პოლიციაში, მაგრამ მცალია-მეთქი და ისევ ბულვარში შევტრიალდით.
_ფეხი როგორ გაქვს?_შევატყე, რომ ოდნავ კოჭლობდა, აშკარად უშლიდა სიარულს და შორს აღარ წავსულვართ, ახლოშივე დავსხედით.
_წუხელ არ დამაძინა, საშინლად მაწუხებდა. სიარულში კი ცოტა თითქოს გამიარა._თავისებურად შემომღიმა და ამიჩქარა გული._შენც მარტო სეირნობ აქ?
_ხოო, მესაათეს ველოდები, ძველებური ჯიბის საათი მინდა გავაკეთებინო თუ გააკეთა. მოვიდოდა ალბათ უკვე...
_გინდა გამოგყვე?_ეს ისე რაღაცნაირად მკითხა, უარესად ამიჩქარა გული.
კარგი აზრი იყო, მაგრამ სანამ რამეს ვეტყოდი, ტელეფონმა დაურეკა და რომ გაეპასუხა, აშკარად შეეცვალა სახე.
_დიდი სურვილი მქონდა გამოგყოლოდი, მაგრამ სამწუხაროდ შემეცვალა გეგმები. თუ გინდა გადადე მასთან ვიზიტი და ცოტა მოგვიანებით გამოგივლი.
არც ეს იყო ურიგო აზრი, მაგრამ მია შემეცოდა, მის ხაზეიკას მართლა არ მოეკითხა ეს საათი და ამიტომ უარვყავი მისი შემოთავაზება.
_კარგი, რა გაეწყობა. დროებით._ისევ შემომღიმა, ფრთხილად წამოდგა და წავიდა.
თვალი გავაყოლე ოდნავი კოჭლობით რომ მიდიოდა. აშკარად მაღელვებდა და მაფორიაქებდა ეს ბიჭი. მიას კი არ მოსწონდა, მაგრამ მე რომ სერიოზულად მომწონდა, ამაში დღითი დღე ვრწმუნდებოდი. მგონი, თვითონაც მატყობდა რა ქარიშხალსაც ატრიალებდა ნელ-ნელა ჩემს გულში და ეს ფაქტი უფრო და უფრო თავდაჯერებულს ხდიდა ჩემთან მიმართებაში. მართალია, არ მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ ჩემს გულს და მის მიმართ გაღვივებულ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი. ვგრძნობდი, რომ მართლაც ჩემი სურვილით და დიდი სიამოვნებითაც კი გავყვებოდი ცოლად, როგორც ეს თვითონვე მიწინასწარმეტყველა.
კარგა ხანს ვიჯექი ბულვარში და იმ მიმართულებით ვიყურებოდი, სადაც შაკო გაუჩინაედა. მერე მია და მისი საათი გამახსენდა, ჩემი დაკარგული ტელეფონიც და სახელოსნოში ჩქარი ნაბიჯებით გავეშურე.
მესაათე უკვე იქ იყო. როგორც ხმაზე შევატყე, მართლაც ახალგაზრდა ბიჭი გამოდგა. ცოტა წამეარშიყა კიდეც, მაგრამ ცივად და გულგრილად რომ გამოველაპარაკე, მალევე დასერიოზულდა და მისვლის მიზეზი მკითხა.
_ეს ბაბუას საათია, ძალიან უყვარს. ალბათ, ახალგაზრდობის წლებს ახსენებს. მე კი შემთხვევით დამივარდა და აღარ მუშაობს, შეგიძლია შეაკეთო?_ჯიბიდან მიას მოცემული საათი ფრთხილად ამოვაძვრინე და ბიჭს გავუწოდე.
ბიჭმა ჯერ უინტერესოდ შეათვალიერა. მერე დაშალა, გამადიდებელი შუშაც მოიმარჯვა და იმით შეათვალიერა. არ ვიცი რამდენ ხანს აკვირდებოდა ასე. მე მალევე მომბეზრდა მისი ყოველი მოძრაობის თვალთვალი და იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი. მოუთმენლად დაველოდე როდის შეაკეთებდა, რათა პოლიციაში წავსულიყავი აქედან.
ბიჭმა რამდენჯერმე ეჭვით გამომხედა თითქოს. ისიც შევნიშნე, რომ ვიღაცას შეტყობინება მისწერა. მომეჩვენა, რომ აღელვებული იყო. სულ მალე კი, პოლიციის ორი ზორბა თანამშრომელი შემოვიდა შენობაში და ბიჭმა რომ ჩემზე მიუთითა, ისინიც მაშინვე ჩემთან გაჩნდნენ და სკამიდან ძალით წამომაგდეს.
_თქვენ დაპატიმრებული ხართ ქურდობისთვის._მკაცრად მითხრა ერთ-ერთმა პოლიციელმა, უფლებები წამიკითხა და ხელზე ბორკილები მოხერხებულად დამადო.
შევკრთი.
_რაღაც გეშლებათ._თან შევეწინააღმდეგე._მე დაზარალებული ვარ. ვაპირებდი პოლიციაში მოსვლას და განცხადების დაწერას ტელეფონის თაობაზე...
_რა ტელეფონის?_აქამდე ჩუმად მყოფმა შედარებით სუსტმა პოლიციელმა ეჭვით მკითხა.
_სამსუნგის... ჯიბიდან ამომაცალეს დღეს ბულვარში.
_მაგასაც გავარკვევთ, მაგრამ თქვენ ანტიკვარული ძვირადღირებული საათის ქურდობისთვის გაპატიმრებთ._მკაცრად გამომიცხადა მეორე პოლიციელმა.
_რომელი საათის?_ელდა მეცა.
_ამ ჯიბის საათის._კაცმა ბიჭს საათი გამოართვა, რომელსაც უკვე ცელოფნის პაკეტში ჩაედო საათი._საიდან გაქვთ ეს საათი?
_მეგობარმა მომცა, გამიფუჭდა და იქნებ შეაკეთოვო, ხო და მეც შესაკეთებლად წამოვიღე.
_მეგობარმა?_ირონიულად მკითხა სუსტმა პილიციელმა._თვითონ რატო არ წამოიღო?
_ცუდად იყო, მგონი ზღვის დაავადება სჭირს თუ რაღაც. ხაზეიკისაა და შემთხვევით გამიფუჭდაო. სანამ გაიგებდა, მე მთხოვა მისი შეკეთება.
მივხვდი, რომ ჩემი არც ერთი სიტყვის არ დაიჯერეს პოლიციელებმა და შენობიდან კი არ გამიყვანეს, გამათრიეს. მანქანაშიც უხეშად ჩამტენეს და სავარაუდოდ პოლიციის შენობისკენ გამაქანეს.
ისე ვიყავი მოვლენების ასე სწრაფად განვითარებით გაოცებულ-გაოგნებული, ტვინი ჯეროვნად ვეღარ მიმუშავებდა. სახლშიც კი არ იცოდნენ სად ვიყავი და როგორ მომძებნიდნენ ნეტა? ტელეფონიც რომ ჩემს ბედზე ამომაცალეს? საზიზღარი მია, იმან გამიჩალიჩა. ალბათ, მან მოიპარა ეს საათი და ასე ჩამომიშორა გზიდან.
_გეფიცებით, ეს საათი მე არ მომიპარია, გეშლებათ რაღაცა._სასოწარკვეთილი ლამის ვბღაოდი უკვე.
_ნუ ღელავ, ყველაფერს გავარკვევთ._მამშვიდებდა ერთ-ერთი პოლიციელი._თუ შენ არ მოგიპარია, სანერვიულო არც არაფერი გქონია.
_ტელეფონი მაინც მომეცით, ჩემებს დავურეკო, რომ მომაკითხონ.
_დაწყნარდი ახალგაზრდავ. ყველაფერს წესის და რიგის მიხედვით გავაკეთებთ. შენებსაც შევატყობინებთ და მოგხედავენ, ნუ ღელავ.
რამდენ ხანში მივედით პოლიციის განყოფილებაში, არ ვიცი. თავი საშინლად მტკიოდა ნერვიულობისგან და გულიც გამალებით მიცემდა. ერთ-ერთ პატარა ოთახში შემიყვანეს და გამომძიებელიც ახლავე მოვა დასაკითხადო, გამომიცხადეს. მარტო რომ დამტოვეს, უმწეობისგან და სიმწრისგან ცრემლები წამსკდა.
_ხომ გეუბნებოდი, შენი ადგილი რთულად აღსაზრდელ ბავშვთა კოლონიაშია-მეთქი?_ანიკო მასწავლებლის ხმა რომ ჩამესმა მკაფიოდ და ცხადად, ციებიანივით ავცახცახდი. შეშინებულმა მიმოვიხედე აქეთ-იქით და რომ ვერავინ დავინახე, უარესად ავძაგძაგდი.
მერე წამოვხტი გაგიჟებული და ჩარაზულ კარს მუშტები დავუშინე განწირული კივილით:
_გამომიშვით აქედან!.. მე დამნაშავე არ ვარ!.. სახლში მინდა!.. მამაჩემთან დამარეკინეთ!.. ეს მოწყობილი საქმეა, რატო არ გესმით?!?
რამდენ ხანს ვიყავი პირქუშ ოთახში გამოკეტილი, არ ვიცი. მომეჩვენა, რომ საუკუნოდ გაიწელა დრო. როდის როდის, როცა ინებეს და კარი გააღეს, უკვე მისავათებული ვიჯექი იატაკზე, თავი მუხლებში მქონდა ჩარგული და ისე ვსლუკუნებდი.
იმედიანად შევხედე ნახევრად მელოტ კაცს, რომელიც თითქოს თანაგრძნობით მომჩერებოდა.
_კარგი, დაწყნარდი. ყველაფერს გავარკვევთ. ახლა რამოდენიმე კითხვას დაგისვამ. მოდი, აქ დაჯექი._სკამზე მანიშნა. თვითონ კი მაგიდაზე რაღაც საქაღალდე დადო და გადაშალა.
ცოტა ხანს შიგ იყურებოდა, მერე ისევ ამომხედა, თითქოს უნდოდა კითხვა, აღარ მოდიხარო და მეც მაშინვე წამოვდექი. საჯდომზე ხელი ჩამოვისვი, დავიფერთხე და მის წინ ფრთხილად ჩამოვჯექი.
_აბა, რა გქვია, რამდენი წლის ხარ, სადაური ხარ და აქ რას აკეთებ?_რაღაც შერბილებული ტონით მკითხა თითქოს და ინტერესით მომაჩერდა.
_დეა მქვია, თექვსმეტი წლის ვარ. თბილისელი ვარ და აქ დასასვენებლად ვარ მშობლებთან და ჩემს დასთან ერთად._სვენებ-სვენებით ძლივს ვუთხარი.
_ის საათი, რომელიც შენ მესაათეს მიუტანე შესაკეთებლად, ექვსი თვის წინ მოიპარეს.
_ექვსი თვის წინ?_გამიკვირდა._ერთი კვირაა მერე რაც აქ ვარ._გამიხარდა, რაღაც მაინც ჩემს სასიკეთოდ რომ ტრიალდებოდა საქმე.
_ხო, ექვსი თვის წინ._აშკარად ლმობიერი იყო ეს კაცი ჩემს მიმართ._ იცი, ეს საათი ანტიკვარული ნივთია და შავ ბაზარზე რამოდენიმე ათასი ღირს. ამასთან ერთად კიდევ ბევრი რამ დაიკარგა. საიდან მოხვდა შენთან, შეგიძლია რომ მითხრა?
_ამ დილით მეგობარი მოვინახულე. ჩემი კლასელია, ისიც აქ ისვენებს. გუშინ სიცხე ქონდა და დღესაც მოვინახულე. იმან მომცა, შემთხვევით გამიფუჭდა და სანამ ჩემი ხაზეიკა გაიგებს, იქნებ ვინმეს შეაკეთებინოვო.
_შენი მეგობარი ვინ არის და სად ცხოვრობს?_კალამი მოიმარჯვა კაცმა.
_მაია კოკაია, ყველა მიას ვეძახით.
კაცმა გაკრული ხელით ჩაინიშნა მიას სახელი და გვარი.
_სად ცხოვრობს?_ისე მკითხა, ჩემთვის არც კი შემოუხედია.
სავარაუდო მისამართი ჩემი სიტყვებით რომ ჩავაწერინე, თითქოს გულთბილად შემომღიმა.
_კარგი... მაგრამ ჯერ ვერ გაგიშვებთ. ცოტა ხნით აქ მოგიწევს ყოფნა. შენს მშობლებსაც გავაგებინებთ, ნუ ღელავ. საღამოს უკვე სახლში იქნები.
როგორი დიდი მნიშვნელობა ქონია უიმედო მდგომარეობაში მყოფისთვის იმედისმომცემ სიტყვებს. რაღაც სიმპათიით განვიმსჭვალე მის მიმართ და ოთახიდან რომ გავიდა სიხარულით გავაყოლე თვალი. იმედი ჩამესახა მართლაც გულში.
მისი გასვლიდან მალევე გაიღო კარი და ისევ ის ზორბა პოლიციელები შემოვიდნენ, რომლებიც იმ გამომძიებლისგან განსხვავებით გულისხმიერებით არ გამოირჩეოდნენ. საკმაოდ მკაცრად და უხეშად წამომაგდეს ფეხზე და ოთახიდან თითქოს კინწისკვრით გამომიყვანეს. ჩაბნელებული მიხვეულ-მოხვეული დერეფანი გამატარეს და ნახევრად გისოსებიან ოთახში შემიყვანეს. ხელბორკილები მომხსნეს და კარი ხმაურით ჩამირაზეს.
მარტოს სიბნელეში ძალიან შემეშინდა და ისევ ავქვითინდი, თანაც მწარედ. ეს რა შარში გამხვია მიამ. მასზე ხომ ვბრაზობდი და ვბრაზობდი და ჩემს თავზე უარესად. ხომ ვიცოდი რა სულის პატრონიც იყო და რისთვის მივედი მასთან? ყურადღება გამოვიჩინე ვითომ ძველი მეგობრის მიმართ და ძვირად კი დამიჯდა ეს ყურადღება და მზრუნველობა.
პირველმა შიშმა, ელდამ და სიბრაზემ რომ გამიარა, კედელთან მდგარი ხმელი ტახტი შევნიშნე და ზედ ჩამოვჯექი. ბორკილებისგან მაჯები მტკიოდა და გავიზილე.
_ნეტა, ჩვენებმა თუ გაიგეს?_ჩაქუჩივით დამკრა ამ აზრმა თავში._ რას იფიქრებენ ახლა? შაკოს ყურამდეც ხომ მიაღწევს ეს ამბავი და ვაი სირცხვილო... ჩემი ხასიათის, ცხოვრების სტილის და ოინების გამო მგონი არ გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ ქურდი ვარ... ქურდი ხომ მართლაც ვარ? პენსიონერს ხომ მოვპარე წამლების ფული?_თავი ხელებში ჩავრგე და მწარედ ავქვითინდი.
მელოტი კაცის დაპირება, რომ ამაღამ სახლში გამიშვებდნენ, არ გამართლდა. ერთი ულუფა ვახშამი და პლედი რომ შემომიტანეს, თითიც კი არ დამიკარებია არცერთისთვის. ისე ვიყავი გამწარებული, ლუკმა არ გადამივიდოდა ყელში. არც მშიოდა, შიმშილის გრძნობას საერთოდ ვერ ვგრძნობდი. არავინ არაფერს მეუბნებოდა რა მელოდა. არც ის ვიცოდი, ჩვენებმა გაიგეს თუ არა და ასე გაურკვევლობაში გავატარე ერთი ღამე იზოლატორში. რომ ვთქვა ციოდა-მეთქი, არ ციოდა, ზაფხულის მშვენიერი საღამო იყო, მაგრამ მე კი მაძაგძაგებდა ციებიანივით. სულ კბილს კბილზე მაცემინებდა. ცალკე სიბნელის და სიმარტოვის შიში, ცალკე მომავალი დაპატიმრების შიში თუ ვერ გამოიძიებდნენ ვერაფერს, შაკოზე დარდი და მიას მიმართ ზიზღი და სიძულვილი არ მაძინებდა. ძალიანაც რომ მდომოდა მაინც ვერ დავიძინებდი იმ ხმელა ტახტზე. ხან იატაკზე ვიჯექი მუხლებში თავჩარგული, ხან ტახტზე და ხანაც კედელს ზურგით აყუდებული ვიდექი. მართლაც ჯოჯოხეთი გამოვიარე იმ ერთ ღამეში.
ალბათ, ლანჩის დრო იქნებოდა, იმ ბნელი ოთახიდან რომ გამომიყვანეს. სიბნელის მერე სინათლემ თვალი მომჭრა და სანამ მხედველობა დამიბრუნდებოდა, მანამ ვიცანი მედეას ხმა.
_დეა!!! საყვარელო, როგორ ხარ?!!_შეწუხებული ხმა ქონდა აშკარად. მერე დამეტაკა და გადამეხვია._როგორი დატანჯული სახე გაქვს, ხომ არ გაწამეს?_ეს კი ყურში მიჩურჩულა უკვე, რომ არავის გაეგო.
უარყოფის ნიშნად მხოლოდ თავი გავიქნიე და ბუნდოვანი მხედველობით მოვავლე გარშემომყოფებს თვალი. დედაჩემი აშკარად ნამტირალევი იყო. მამაჩემსაც ემჩნეოდა ნერვიულობის კვალი. კახა და ჯაბაც იქ იყვნენ.
_მადლობა ღმერთს, ყველაფერი გაირკვა და უდანაშაულო ხარ._აცრემლებული დედაჩემი მომიახლოვდა და ისიც გადამეხვია მედეასთან ერთად._ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ღამე იყო ეს.
_ჩემთვისაც._აშკარად ხმაწართმეულმა ვუპასუხე და შენობა ისე დავტოვეთ, მამაჩემს და ბიჭებს არ დავლოდებივართ.
შენობიდან გამოსულს, უარესად მომჭრა მზემ თვალი და წამიერად შევჩერდი თვალებმოჭუტული. მერე, ნელ-ნელა ბინდმა რომ გადამიარა და მხედველობა დამიბრუნდა, მიას მოვკარი თვალი, მოშორებით რომ იდგა ბუჩქებთან და ტელეფონზე გაცხარებით საუბრობდა. დღემდე არ ვიცი რა დამემართა იმ მომენტში. სიბრაზემ, სიძულვილმა, ზიზღმა და გაავებამ ერთნაირად წამომიარა. მოხერხებულად შევაშვებინე დედას და მედეას ხელი და კიბის საფეხურებიდანვე მოხერხებული ხტომით ვეცი ამ გველაძუას და ორივენი ჯერ დეკორატიულ ბუჩქებს მივაწყდით და მერე კი ქვაფენილზე გავგორდით.
_შე ნაგავო, ეს რა ჩაიდინე!!! შენს გამო რა საშინელება გამოვიარე წუხელ თუ ხვდები??? საძაგელო, ეს რატო მომიწყე??? მოგკლავ იცოდე!_მაშინვე თმებში ჩავაფრინდი გამწარებული და ისე ძლიერად მოვქაჩე, ლამის თავის ქალა ავხადე.
_რას შვრები ველურო?_შემეწინააღმდეგა და სახე გვარიანად ჩამომფხაჭნა გრძელი ფრჩხილებით._მე არაფერ შუაში არ ვარ, შენსავით მეც აქ ვიყავი წუხელ გამოკეტილი!
_მატყუარა ქურდო! ვერ გიტან! შენს გამო წუხელ ჯოჯოხეთი გამოვიარე!_მის თმებს შევეშვი და ახლა ყელში ვწვდი. ასეთი გაბრაზებულ-გაცეცხლებული მართლა არ მახსოვდა ჩემი თავი. საკუთარ თავს აღარ ვგავდი უკვე.
კიდევ კარგი გაგვაშველეს, თორემ მართლა გამოვახრჩობდი ერთდროს ჩემთვის ძვირფას დაქალს საკუთარი ხელებით.
_დეა, გონზე მოდი, რა გჭირს შვილო?_სასოწარკვეთილი დედაჩემი ხმამაღლა ღრიალებდა პატარა ბავშვივით.
ორმა პოლიციელმა ძლივს შეძლო ჩემი გაკავება. სულ ჰაერში ვიქნევდი ხელ-ფეხს და ერთი სული მქონდა დავსხლტომოდი, რომ ისევ მიას მივვარდნოდი. მია კი ისევ იმას კიოდა, რომ დამნაშავე არ იყო და ტყუილად ვბრაზობდი მასზე. შენობიდან თავისუფლად გამოსული არ ვიყავი, რომ ისევ დამაკავეს და შიგნით შემაბრუნეს. ზუსტად ისევ იმ ოთახში გამომკეტეს, სადაც გუშინ დამკითხა მელოტმა მამაკაცმა.
გამძვინვარებული ლომივით ვაწყდებოდი კედლებს და ბოლო ხმაზე ვღტიალებდი. იმ წუთას გვერდით რომ მყოლოდა ის ქალბატონი, არ დავინდობდი და ნამდვილად რამეს დავმართებდი. მგონი, შეგნებულად არ შემომხედა არავინ, რომ ცოტა დავწყნარებულიყავი. ან, ჯერ მიას აქცევდნენ ყურადღებას. თვალი შევასწარი, რომ სისხლი სდიოდა. ალბათ, დაცემისას დაიზიანა რამე. მაგრამ მეტის ღირსი იყო, ის უტვინო თავი შუაზე უნდა გადახეჩოდა.
ცოტა რომ დავწყნარდი და ნორმალური განსჯის უნარი დამიბრუნდა, მელოტმა გამომძიებელმა მომაკითხა ისევ. კმაყოფილმა მაუწყა, რომ მია არ მიჩიოდა თავდასხმისთვის და ციხეს გადავრჩი. სიტყვიერი გაფრთხილებით და ხელწერილით შემოიფარგლნენ, რომ იმ გოგოს თავს აღარ დავესხმებოდი და არაფერს დავუშავებდი. შუადღე გადასული იყო, რომ სახლში დავბრუნდით. მთელი ღამის უძილოს, დაღლილს და მშიერ-მწყურვალს დაწოლის მეტი არაფერი მინდოდა. საცოდავად ავიკირკნე და დავწექი.
_რომ დაისვენებ, შენი ბარგი ჩაალაგე, ხვალ თბილისში ვბრუნდებით._ისეთი ტონით მითხრა მამაჩემმა, ვერაფრის დიდებით ვეღარ გადავათქმევინებდი. თუმცა, ამას არც ვაპირებდი. მეც ერთი სული მქონდა სახლში დავბრუნებულიყავით.
საღამომდე ჩვილი ბავშვივით მშვიდად და ტკბილად მეძინა. ალბათ, წუხანდელმა ღამემ იმოქმედა ჩემზე. საღამოხნისკენ კი, ჯერ ისევ თვალნათელი იყო, რომ მედეამ გამაღვიძა.
_პოლიციელები არიან მოსულები. შენი ტელეფონი უპივიათ და მოიტანეს, მაგრამ შენგან დამოწმება უნდათ, რომ მართლა შენია.
ცოტა არ იყოს უწადინოდ ავდექი. ისევ მეძინებოდა და სხეულსაც და ტვინსაც ძლივს ვიმორჩილებდი.
ტელეფონი მართლაც ჩემი იყო, მაგრამ დაუჯერებელი ის იყო, რომ ბულვარში სკამთან ეგდოვო.
_ღადაობთ?_პოლიციელებს ეჭვით შევხედე._შანსი არ არის, მთლიანი ბულვარი გადავჩხრიკე და ვერსად ვნახე...
_შენი აზრით, საღადაოდ გვცალია?_მკაცრად დამიბრიალა ერთ-ერთმა პილიციელმა თვალები._სკვერში, ყველაზე შორეულ კუთხეში სკამთან ეგდო. გულდასმით უნდა მოგეთვალიერებინა და იპოვიდი.
ერთხანს უხმოდ მიყურა. აშკარად რაღაც გეგმას ამუშავებდა თავში. მერე კი მოულოდნელად ეჭვით მოწკურული თვალებით მკითხა.
_იქნებ, სულაც შენი ოინებია? დაკარგვა გაითამაშე...
_რასთან დაკავშირებით?_ცოტა არ იყოს შევშფოთდი, მართლა ჩემთვის არ გადმოებრალებინათ ყველაფერი და ცოტა ტონი შევარბილე.
_რა ვიცი აბა? ეგ შენ უნდა გკითხოთ...
_ჩაიბარე შენი ტელეფონი და მოუფრთხილდი, კიდევ არ დაკარგო._მეორე პოლიციელი ცოტა ლმობიერი გამოდგა, ჩემი ტელეფონი გადმომცა და მალევე წავიდნენ.
მაშინვე ჩავრთე და შეტყობინებებს გადავავლე თვალი. მიას დაერეკა უთვალავჯერ. რამოდენიმე შეტყობინებაც მოეწერა, მაგრამ წაუკითხავად წავშალე. რა ჰქონდა ნეტა სათქმელი, რითი იმართლებდა თავს? მისი ხმის გაგონებაც კი აღარ მინდოდა.
საღამოს კი, სანამ დავწვებოდით მე, მედეა და ტყუპები მთვარით განათებულ ეზოში ვისხედით სუფთა ჰაერზე და ვსაუბრობდით. რამდენჯერმე კიდევ დამირეკა მიამ, მაგრამ არ ვუპასუხე. ბოლოს კი ისე შემაწუხა, შავ სიაშიც ჩავაგდე. უნდა ვთქვა რომ დავისვენე. თუმცა, შუა ღამეზე, როცა უკვე ტკბილად მეძინა, უცხო ნომრით დამირეკა. ზარის გათიშვა დამავიწყდა ჩემს ბედზე და შეშინებულს გამეღვიძა DHARIA-ს august diaries საკმაოდ მაღალი ხმის მელოდიებზე. სანამ გონზე მოვიდოდი და ვუპასუხებდი, შეშფოთებულმა მედეამაც წამოყო თავი.
_ვინ არის?
_არ ვიცი, უცხო ნომერია._გაპასუხება მართლა არ მინდოდა, მაგრამ ხმის ჩაწევაც ვეღარ მოვახერხე და სახლში ყველა რომ არ გამეღვიძებინა, იძულებული გავხდი მეპასუხა.
მია იყო.
_ასეც ვიცოდი რომ შენ იქნებოდი. რა გინდა, რატო თავს არ დამანებებ?_საკმაოდ მკაცრად ვკითხე.
_ჩემი ბრალი არ არის, გეფიცები, რაც შენ გადაგხდა. არც მე ვიცოდი ის საათი თუ მოპარული იყო...
_არგინდა მაგ ზღაპრების მოყოლა რა!
_არ გამტყუნებ, რომ არ მენდობი, ღირსი ვარ, რაც დავიმსახურე იმას ვიმკი, მაგრამ მართლა არაფერი ვიცოდი... შარში ვარ, შეიძლება მომკლან კიდეც...
_შემეშვი, აღარ დარეკო ჩემთან!_ტელეფონის გათიშვას ვაპირებდი, რომ ატირდა._მეშინია, სახლიდან ვარ წამოსული. ჩემი ხაზეიკის შვილიშვილი და მისი ძმაკაცები მეძებენ. გეფიცები, სერიოზულადაა საქმე...
_ჩემგან რა გინდა, დაცვის პროგრამაში ჩაგრთა?_აგრესიულად შევუღრინე.
_მათი საქმიანობა გამოვააშკარავე და მართლა მომკლავენ, თუ მიპოვეს... მეშინია.
_მია და შიში?_გამეცინა.
_შენ არ იცი რაზე არიან წამსვლელები...
_სად ხარ?_თითქოს გული მომილბა და დაბალი ხმით ვკითხე.
_სანაპიროზე... გახსოვს, ტყუპებთან ერთად რომ ვიყავით? იქ ვარ... მოხვალ?
_რისთვის? კიდევ შარში რომ გამხვიო? შენი არეული საქმე შენ თვითონ დაალაგე...
_არ ვიცი, კიდევ გნახავ თუ არა, ამიტომ ახლა გეტყვი, რომ მიყვარხარ და მადლობელი ვარ შენთან გატარებული წლებისა... მართალია, ხშირად ვჩხუბობდით და გიყენებდი. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე კი ნდობაც დაკარგე ჩემს მიმართ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ დამნაშავე არ ვარ... ღირსიც ვარ, აღარაფრად რომ არ მაგდებ... ბევრი უარყოფითი მხარეები მაქვს და უვარგისი ადამიანი ვარ. იქნებ დედა ან მამა რომ მყოლოდა გვერდით, სულ სხვა ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი. ბევრმა თავისუფლებამ ცუდად იმოქმედა ჩემზე. თუმცა, არც მათ ვადანაშაულებ._წამიერად გაჩუმდა და მივხვდი, რომ გულწრფელად ტიროდა._მე მშურდა შენი, დედ-მამა რომ გვერდით გყავდა და მედეაც... მედეა არაჩვეულებრივი გოგოა, შენთვის არასდროს მოინდომებს ცუდს, მე კი შური მაბრმავებდა._ეს მითხრა და წყვეტილი ზუმერიც გაისმა.
კარგა ხანს გაოგნებული ვიყავი წამომჯდარი საწოლში და ღამის სიბნელეს უაზროდ მივჩერებოდი. ასეთი მია არასდროს მახსოვდა: შეშინებული და რაც მთავარია დანაშაულის აღიარების ხასიათზე.
_მია იყო?_ჩურჩულით რომ მკითხა მედეამ, შევკრთი. აღარ მახსოვდა რომ გვერდით მყავდა.
_ხო._უწადინოდ გავეპასუხე და საწოლში ჩავწექი.
_როგორც მივხვდი, ბოდიში მოგიხადა...
_ხო, მაგრამ მე მისი ერთი სიტყვისაც არ მჯერა._უფრო ჩემი თავის დასამტკიცებლად ვთქვი და თვალები დავხუჭე, შევეცადე რომ დამეძინა.
კარგა ხანს ვიწრიალე საწოლში. ვერც დავიძინე და ვერც მოვისვენე. მიას სასოწარკვეთილი ხმა ნათლად ჩამესმოდა ყურებში და სულს მიფორიაქებდა. ვგრძნობდი, რომ არც მედეას არ ეძინა, მაგრამ არ ვლაპარაკობდით ერთმანეთში. ალბათ, ფიქრის საშუალებას მაძლევდა. ბოლოს, ასე, საათნახევარში როგორც იქნა ჩაეძინა და ფრთხილად ავდექი. მექანიკურად გადავიცვი ტანსაცმელი, დიდი სიფრთხილით გამოვიპარე ჯერ ოთახიდან, მერე სახლიდან და ქუჩის კარები რომ ჩარაზული დამხვდა, გალავანზე გადავძვერი. ჩქარი ძუნძულით დავადექი სანაპიროსკენ მიმავალ გზას. მართალია, ღამის სიბნელე მაკრთობდა და ყოველ დაფაჩუნებაზე გული მისკდებოდა, მაგრამ მაინც უშიშრად მივიწევდი წინ. მგონი, მართლა დებილი და უტვინო ვიყავი, რომ იმ გველი მიას სანახავად მივდიოდი, რომლის გამოც ერთი ღამე იზოლატორში მომიწია ყურყუტი და საშინელება გამომატარა. იქნებ, დახმარების ხელიც კი გამეწოდა მისთვის?
დაახლოებით ნახევარი საათი ვიძუნძულე. კლდიან სანაპიროზე რომ გადავუხვიე, გულმა უარესად დამიწყო ბაგი-ბუგი. მხოლოდ ზღვის ტალღების ხმა ისმოდა და მეტი არაფერი. ერთ-ორ საათში ირიჟრაჟებდა კიდეც. კუნაპეტი სიბნელე აღარ ყოფილა და შორიდანვე მოვკარი ვიღაცის სილუეტს თვალი. რომ მივუახლოვდი და ვიცანი მია იყო, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ მის სანახავად მოვრბოდი ასე თავქუდმოგლეჯილი. შევჩერდი. ერთი პირობა უკან გაბრუნებაც კი გადავწყვიტე, მაგრამ მანაც მომკრა თვალი.
_დეა?_გაოცება ვიგრძენი მის ხმაში. მერე გამოქანდა და გადამეხვია._იმედი არ მქონდა, რომ მოხვიდოდი.
_არც მე... რისთვის მოვედი არ ვიცი... შეცდომა დავუშვი._ხელები გავაშვებინე და ისევ გამოვბრუნდი, მაგრამ წინ გადამიდგა.
_მადლობა, რომ მომაკითხე... ცუდ დღეში ვარ. სადმე უნდა დავიმალო, თორემ ის მხეცები მართლა მომკლავენ.
_თუ მასეა საქმე, პოლიციაში რატომ არ განაცხადე?_დავეჭვდი. მივხვდი, რომ ტვინს მირევდა ისევ.
_იმიტომ, რომ ერთ-ერთი პოლიციელია... აბა, ამდენი ძვირადღირებული და ანტიკვარული ნივთი იკარგება წლების განმავლობაში და თუ ზურგი და დამცველი არ ყავთ, ასე იპარპაშებენ? შემთხვევით აღმოვაჩინე მათი ნაქურდალი და რამოდენიმე ნივთი ხელსაც გამოვაყოლე._მართალია ჩვენს გარდა სანაპიროზე არავინ ყოფილა, მაგრამ ბოლო წინადადება მაინც ჩურჩულით მითხრა.
_რაა? შენ ხომ არ გაგიჟდი?_ავღშფოთდი.
_"ქურდის ქურდი ცხონდაო," შენ არ გაგიგია?
_დააბრუნე ეგ ნივთები და თავსაც დაგანებებენ!.. თუმცა, შენ თუ არ იქურდე, ისე ხომ ვერ მოისვენებ?_უარესად გავუბრაზდი._რა ნივთებია მაგისთანა, რომ შენი სიცოცხლით რისკავ?
_ისეთი არაფერი, მაგრამ...
_მაგრამ ქურდობა სისხლში გაქვს გამჯდარი და ვერ მოისვენებ, თუ რაიმე ახალი ნივთი არ შესძინე შენს კოლექციას... ჩემი ოქროს საყურეების შესახებ ვიცი, არც ჩაგიბარებია და არც არავის მოუპარავს. ტყუილებით დამტყუე... ნაგავი ხარ, ან როგორ ვმეგობრობდი აქამდე შენთან? დამივიწყე. აღარ დამირეკო და აღარ შემაწუხო. მშვიდობით._გამოვბრუნდი და წამოსვლა დავაპირე.
_დეა, მოიცა._მოულოდნელად მკლავზე წამატანა ხელი, მაგრამ მაინც დავუსხლტი, მაგრამ შემთხვევით გრძელი ფრჩხილები გამომკრა და გვარიანადაც ჩამომკაწრა.
_გაგიჟდი?_ინსტიქტურად მოვიქნიე ხელი და სილა გავაწანი ლოყაზე.
_ბოდიში, ძალით არ მინდოდა._აშკარად შეწუხდა.
_შენი ბოდიში შენთვის შეინახე! აღარ დამირეკო!_მკაცრად გავაფრთხილე და სანაპირო უკანმოუხედავად დავტოვე.
უკან ვბრუნდებოდი გაბრაზებული და გაცეცხლებული. თვითონ თავისი ხელით ითხრიდა ეს გოგო სამარეს და ჩემგან კიდევ შველა უნდოდა? მოპარულ ნივთებს რომ პარავდა ყაჩაღებს, მითუმეტეს იცოდა, რომ პოლიციელიც იყო ამ ამბავში გარეული, რა ეგონა? მაგრამ... სისხლსა და ხორცში რომ ექნება ადამიანს ქურდობის სურვილი და ჟინი გამჯდარი, ეგ არის და მეტი არაფერი...
თენდებოდა უკვე სახლში რომ შევიპარე. ვერავინ გაიგო ჩემი გაპარვის ამბავი მედეას გარდა, რომელიც ფანჯარაში გადმოყუდებული მელოდა.
_სად იყავი?_ოთახში შესვლისთანავე მართალია ჩურჩულით, მაგრამ მაინც მკაცრად მკითხა.
_ვეღარ დავიძინე და სანაპიროზე გავისეირნე._დამაჯერებლად ვუთხარი და საწოლზე გულაღმა გადავწექი.
_მიას სანახავად იყავი ხომ?_ეს რომ მკითხა, მივხვდი დამალვას აზრი აღარ ქონდა. თუმცა არც ვუარყავი და არც დავეთანხმე.
_ეგ გოგო ყოველთვის ცუდად მოქმედებს შენზე...
_ხო, მაგრამ... გახსოვს, მონათესავე სულებზე რომ მიყვებოდი რაღაცას?.. არ მომწონს, არ ვეთანხმები არაფერში, მაგრამ მაინც მაგნიტივით მიზიდავს და ყველაფერს ვპატიობ... დღეს კი, უნდა მენახა და უნდა მეთქვა, რომ საბოლოოდ ვშორდებოდით ერთმანეთს. დავშორდით კიდეც, მაგრამ გული მტკივა რატომღაც... ისეთი სიტყვებით მელაპარაკა, შემძრა სულით ხორცამდე. ალბათ, მართლა დედა ან მამა რომ ყოლოდა გვერდით, მასეთ ურჩხულადაც არ გადაიქცეოდა.
_გეთანხმები, შეიძლება, მაგრამ... რამდენი უპატრონო ბავშვია, რომ არც ზნეობა დაუკარგავს და არც სინდის-ნამუსი? გასასამართლებელ საბუთს ყოველთვის პოულობს ყველაფერში და ყოველთვის დამნაშავე სხვა გამოყავს. იმ ადამიანის გვერდით ყოფნა რთულია, ვინც ყოველთვის ყველასთან და ყველაფერში მართალია...
_მართალი ხარ, ალბათ სუსტი ნებისყოფის აღმოჩნდა და იმიტომაც გააბოროტა მშობლების გარეშე ცხოვრებამ. აღიარა კიდეც, შენი მშურს დედ-მამა და მედეა რომ გიდგანან გვერდშიო... საბოლოოდ გაიყარა ჩვენი გზები. შეიძლება, დროთა განმავლობაში ვაპატიო ყველაფერი, მაგრამ ვერ დავივიწყებ რაც გამიკეთა და არ შევურიგდები. შენ მართალი ხარ, ცუდად მოქმედებს ეგ გოგო ჩემზე და ჯობია დავივიწყო._კედლისკენ გადავბრუნდი და თვალები დავხუჭე. ერთი საათი მაინც რომ წამეძინა სანამ ყველა გაიღვიძებდა, არ იქნებოდა ურიგო.
შუადღის მერე კი, მართლაც დავბრუნდით თბილისში. მას მერე აღარ დავინტერესებულვარ მიათი და აღარც მას დაურეკია ჩემთვის არანაირ საქმეზე. მისი ფრჩხილებით ჩამოღადრული მკლავი კი რატომღაც გამიღიზიანდა. ალბათ, ინფექცია შემეჭრა და კარგა ხანს მახსენებდა თავს. დედაჩემს ძალიანაც აინტერესებდა, საიდან მქონდა ეს ჭრილობა, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. მედეა ადვილად მიხვდა, რომ მიასთან შეხვედრის მერე გამიჩნდა ეს ჭრილობა, ან რა იყო მიუხვედრებელი? მაგრამ დედაჩემთან არაფერს ამბობდა.
ჯერ ისევ სისველე მდიოდა ჭრილობიდან, რომ ერთ მშვენიერ საღამოს შაკოს გადავაწყდი შემთხვევით ჩვენი კორპუსის წინ სკვერში თავის ძაღლთან ერთად რომ სეირნობდა. მთლად შემთხვევითაც არ ყოფილა. ვიცოდი, რომ ამ დროს თავის ოთხფეხა მეგობარს ასეირნებდა ყოველთვის და მეც იქით გავეშურე. შორიდანვე დამინახა ჩარლიმ, შაკოს ხელიდან დაუსხლტა თავის ჯაჭვიანად და ჩემსკენ მხიარული ყეფით გამოექანა. ყოველთვის ვუმასპინძლდებოდი ტკბილეულით და ახლაც სუნსულით დამყნოსა. ჯიბიდან ორეოს პეჩენიების ამოღება არც კი მაცადა, მაშინვე მეტაკა ღორმუცელა და ლამის გადამაქცია.
_ჩარლი, დაჯექი!_მკაცრად კი დაყვირა ახლოს მოსულმა შაკომ, მაგრამ ისე ჰქონდა მუცელი მოღორებული, სანამ სულ არ შესანსლა, მანამ არ დაჯდა და დამნაშავის იერით არ შეხედა პატრონს.
_ეს მსუნაგი ქრთამისტი, ესა?_გაღიმებული რომ მომიახლოვდა, ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად.
დავიბენი.
ასე არასდროს არ იქცეოდა, მაგრამ ბოლო დროს რომ ჩვენს ურთიერთობაში ყინული ლღვებოდა, მატყობდა და უფრო თამამდებოდა. ცოტა კი მაბრაზებდა და მაღიზიანებდა მისი ეს თავდაჯერებულობა, მაგრამ თან მსიამოვნებდა.
_ფეხი როგორ გაქვს, მოგირჩა?_ფაქიზად ჩამოვართვი ხელი და მისი თვალებიდან მზერა ლაბრადორზე გადავიტანე, რათა მღელვარება და აფორიაქება არ შეემჩნია ჩემთვის.
_ხო, აღარც კი მახსოვს. ბიჭებმა კარგად მიწამლეს... შენ რა დაგემართა მკლავზე?_ფრთხილად შემახო ხელი და ტანში მაშინვე სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
_ეეს?.._გამეღიმა._ისეთი არაფერი, შემთხვევით მეგობარმა გამომკრა ფრჩხილები...
_შემთხვევით რომ მასე გაგიმეტებს, გამიზნულად რაღას იზავს?_გაუკვირდა.
წარმოვიდგინე, გამიზნულად რასაც მიზავდა მია და უნებლიეთ გამაკანკალა.
_გცივა?_სპორტული ზედა გაიხადა და მხრებზე მომახურა ფრთხილად._დილას და საღამოს უკვე იგრძნობა სიცივე. ამინდებიც აირევა... არა და როგორ არ მიყვარს._თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და ჰორიზონტს გაუსწორა თვალი.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა ჩვენს შორის. ასე არასდროს გამჭირვებია არავისთან ხმის ამოღება. ალბათ, შაკოც იგივე სიტუაციაში იყო. მერე კი, მოულოდნელად მაღალ ხმაზე რაღაცას რომ შეყეფა ძაღლმა, არ მოველოდი და შევკრთი. ინსტიქტურად შაკოს ავეკარი ტკიპასავით. ძაღლმა კი ისევ შეიყეფა და სადღაც გაიქცა. ალბათ, კატა დაინახა სადმე. თვალი გავაყოლე შაკოს მკერდზე თავმიდებულმა და რომ გაუჩინარდა, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე რა სიტუაციაშიც ვიჯექი ამ ბიჭის გვერდით. უფრო იმიტომ, რომ ისეთი სიძლიერით უცემდა გული, ლამის მკერდი გამოეგლიჯა და გარეთ გამოვარდნილიყო.
_ჩემი წასვლის დროა._სასწრაფოდ წამოვხტი და მისგან გაქცევა დავაპირე, მაგრამ ფეხი გადამიბრუნდა და შაკოს რომ არ შეეშველებინა ხელი, მის წინ გავიშოტებოდი და შევრცხვებოდი კიდეც.
_რამე ხომ არ იტკინე?_შეშფოთებულმა მკითხა და თვალებში რომ ჩამხედა, აშკარად დავმუნჯდი.
ჩამავალი მზის სხივები მის ქოჩორში ანცი ბაჭიებივით დახტუნაობდნენ. რაღაც ხვთაებრივი გამომეტყველებით მომჩერებოდა. მაჯადოებდა თითქოს. არ ვიცი რა დამემართა, ცდუნებას ვერ გავუძელი, მოულოდნელად მის ოდნავგაპობილ ბაგეებს მივწვდი და სიამოვნებით ვაკოცე.
დაიბნა. ვიგრძენი როგორ უარესად აუჩქარდა გული. არც ჩემი გული იყო უკეთეს დღეში. ეგ კი არა, თითქოს ღრუბლებშიც კი დავფრინავდი. სხეულის წონას საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ალბათ, ეს ის განცდაა, რომელზეც ამბობენ, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დავფრინავდიო. მერე კი, სანამ სუნთქვის გარეშე გავიგუდებოდი და სანამ შაკოც მოვიდოდა აზრზე, უმალ მოვწყდი მის ტუჩებს და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი სახლში. მართალია უკან აღარ მიმიხედია, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ერთ ადგილზე გაშეშებული იდგა და ღიმილით მომჩერებოდა სასიამოვნოდ გაოგნებულ-გაოცებული.
იმ დღიდან მოყოლებული კი ყოველთვის ვცდილობდი, არსად გადავყროდი. ყველანაირად გავურბოდი მასთან შეხვედრას. მრცხვენოდა, წუთიერი სისუსტე რომ გამოვიჩინე და პირველი ნაბიჯი მე გადავდგი მისკენ. მორცხვი და მორიდებული არ ყოფილა ჩემთან მიმართებაში და იქნებ ბრაზობდა კიდეც მე რომ დავასწარი და ინიციატივა გამოვიჩინე? კიდევ კარგი სკოლაში მისვლის დროც ნელ-ნელა ახლოვდებოდა და მასზე ვიყავი უკვე მთლიანად გადართული, თორემ მარტო ამაზე ფიქრი გამაგიჟებდა ნამდვილად. ამ სასწავლო წლის დაწყებისთვის კი მართლაც საგანგებოდ ვემზადებოდი. მე და მედეამ ერთნაირი ტანსაცმელი ვიყიდეთ და ახლა უკვე მართლა ვეღარ გვცნობდნენ ერთი შეხედვით და ერთმანეთისგან ვეღარ გვარჩევდნენ მეზობლები. უნდა ვაღიარო, რომ სახალისო იყო ეს ჩემთვის და კარგად ვხალისობდი კიდეც. ხანდახან კი მაინც მეფიქრებოდა მიაზე. უფრო იმაზე, რომ როგორი ურთიერთობა გვექნებოდა სკოლაში ერთ კლასში მყოფებს? მეეჭვებოდა, რომ გულგრილ ურთიერთობას შევძლებდი.
ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ ზუსთად ერთი კვირა იყო გასული, რომ ისეთი რამ მოხდა, რასაც საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი მთელი ჩემი ცხოვრება რომ ვმჯდარიყავი და მეფიქრა. სექტემბრის პირველი რიცხვები იყო, ჯერ ისევ ზაფხულის ხვატი იდგა ქალაქის ქუჩებში და ისევ ისე ცხელოდა, რამოდენიმე პოლიციელი რომ გვესტუმრა სახლში და ისე დამაკავეს, თითქოს ვინმე თავზეხელაღებული და გამოუსწორებელი დამნაშავე ვყოფილიყავი. მაგ დროს მამაჩემი სახლში არ იყო და ვფიქრობ ამით ისარგებლეს უფრო პოლიციელებმა: დაუნდობლად გადამიგრიხეს ხელები, ბორკილები დამადეს და ლამის ძალით გამათრიეს ბინიდან. დედაჩემი და მედეა ძალიანაც კი ტიროდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ, მაგრამ მათ ჩემი დაპატიმრების ორდერი ქონდათ და რომ გეკითხათ, თავის საქმეს ასრულებდნენ.
თავიდან ვერ მივხვდი რას მემართლებოდნენ და რაში მიმიძღოდა ბრალი. მეგონა, ისევ მიამ გამიჩალიჩა რამე, მაგრამ... აღმოჩნდა, რომ სასტიკად ნაცემი მია ცოცხალ-მკვდარი ეპოვათ ზუსტად იმ დღეს სანაპიროზე, რომელ დღესაც მე შევხვდი ღამით და მერე თბილისში წამოვედით. ამჟამად საავადმყოფოში იწვა და სიკვდილს ებრძოდა. ჩემი დაკავება იმდენად არ განმიცდია, როგორც ის, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო და არავინ იცოდა გადარჩებოდა თუ არა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმართლე გაირკვეოდა და ერთ-ორ დღეში სახლში გამომიშვებდნენ, მაგრამ ეს ერთი-ორი დღე საგრძნობლად რომ გაიწელა, ცოტა შევშფოთდი. მამაჩემმა საუკეთესო ადვოკატიც კი დამიქირავა, მაგრამ მიაზე თავდასხმა რომ მოვახდინე პოლიციის შენობის წინ, ათობით თვითმხილველი მაინც მყავდა, გამწარებულიც კი ვუყვიროდი მოგკლავ-მეთქი, მოტივიც მქონდა. მეორე ის, რომ მიას როცა სანაპიროზე შევხვდი, მაგ ფაქტის თვითმხილველიც მყავდა თურმე და ყველაზე მთავარი, მიას ფრჩხილებში ჩარჩენილი კანის კვალი და ჩემი დეენემი რომ იდენტური აღმოჩნდა, სასამართლოზე დამნაშავედ მცნეს, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. მაგრამ მია თუ მოკვდებოდა, კიდევაც მომემატებოდა წლები.
მახსოვს, მოსამართლემ დამნაშავედ რომ მცნო და თავისი მოზრდილი ხის ჩაქუჩი ხმაურით დაარტყა ტრიბუნაზე, დედაჩემს გული წაუვიდა. აქამდე თუ მია უპატრონოდ იზრდებოდა და არავის ქონდა მისი დარდი და ბოღმა, მაშინ გამოუჩნდა უამრავი ნათესავი და გულის დამწველი. ხალხისთვის ჩემს გადაცემას და ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვდნენ. დღეს მია გავიმეტე, ხვალ სხვას გავიმეტებდი და სასიცოცხლო არ ვიყავი თურმე. მედეას ცრემლიანი თვალები და შაკოს სევდიანი მზერა, რომელიც სასამართლო დარბაზში თავზარდაცემული იჯდა, მეხსიერებაში ჩამრჩა და კარგა ხანს მოსვენებას არ მაძლევდა. მახსოვს, ხელზე ბორკილებდადებული რომ გამიყვანეს სასამართლო დარბაზიდან და მანქანაში ჩამსვეს, წყევლა-კრულვით, ლანძღვა-გინებით და გაწევ-გამოწევით გამაცილეს მიას ნათესავებმა. პოლიციელებს მართლაც დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ არავის არაფერი დაეშავებინა ჩემთვის.
განაჩენის გამოტანიდან დასრულდა ჩემი უდარდელი ბავშვობა. მანამდე კიდევ მქონდა იმედი, რომ ყველაფერი გაირკვეოდა და გამამართლებდნენ, მაგრამ სულ ტყუილად. არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების პენიტენციურ დაწესებულებაში გადამიყვანეს. ეს იყო მწარე რეალობა და მანამდე გაგრძელდებოდა, სანამ მია არ მოვიდოდა გონზე და თავად არ მოყვებოდა ყველაფერს, რაც სინამდვილეში გადახდა თავს. იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა, რომ შეიძლებოდა ვერ გადარჩენილიყო.
********************
აი ასე: ჩემი დაუდევრობით, ჩემი სიშტერით და სისულელით, ჩემი სიჯიუტით და მშობლების არდაჯერებით ჩამოვიმხე თავზე მთელი ჩემი სამყარო. შეიძლება ნათელი ვერა, მაგრამ მაინც უკეთესი მომავალი დავინგრიე და ქარს გავატანე ყველაფერი.
პირველი ერთი თვე ძალიან გამიჭირდა. ცალკე მშობლები და მედეა მენატრებოდნენ, ცალკე შაკო. ყოველ ღამ მისი თვალები და მისი კოცნა მესიზმრებოდა და გულს მიფორიაქებდა. არც მიას მიმართ ვყოფილვარ გულგრილი, მასზეც საშინლად ვდარდობდი. არ მინდოდა რომ მომკვდარიყო. მართალია ერთ-ერთი ფაქტორი ის იყო, რომ სიმართლე მინდოდა გარკვეულიყო, მაგრამ ამის გარეშეც არ მემეტებოდა შავი მიწისთვის. არ ვიცი, ალბათ მართლა შტერი და სულელი ვარ, თორემ რატომ მადარდებდა ის უცხოპლანეტელი?
ფიქრისთვის დრო თავზე საყრელად მქონდა და დედისა და მამის ღვაწლზეც დავფიქრდი. ყველა ფაქტის მიუხედავად, რაც ჩემს წინააღმდეგ იკვეთებოდა, მაინც არ შეჰპარვიათ ეჭვი ჩემში და წუთითაც კი არ დაუჯერებიათ ის, რომ მე ცივსისხლიანი მკვლელი ვიყავი. ხო, უვარგისი ვიყავი, ზარმაცი, მატყუარა, ქურდიც კი, მაგრამ მკვლელი? ან ეჯერათ, რომ მანამდე არ დავეშვებოდი, ან უბრალოდ არ უნდოდათ დაჯერება. ისიც გავაცნობიერე, რომ მათ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძალიან ვუყვარდი. მამაჩემი ყველანაირად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მე უდანაშაულო ვიყავი და ციხიდან გავენთავისუფლე, მაგრამ უშედეგოდ, ახალი გარემოებები არ იკვეთებოდა, ან სათავეშივე არ უნდოდათ რომ გამოკვეთილიყო და ხელებს მე მაწმენდდნენ. თექვსმეტი წლის სუსტი გოგო ისე სასტიკად რომ ვერ ვცემდი ჩემ თანატოლს, ამის აღიარება არ უნდოდათ. ჩემს მკლავზე ნაკაწრები და მიას ფრჩხილებში ჩარჩენილი კანი ჩემზე მიუთითებდა და ამის იქით აღარ იხედებოდნენ.
მედეა კვირაში ერთხელ მნახულობდა და ბრძნულ რჩევებსა და დარიგებებს მაძლევდა. არ მაძლევდა ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის უფლებას. მაიმედებდა, რომ ხელახალი გამოძიება მიმდინარეობდა ამ საქმესთან დაკავშირებით და თვითონ ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ ყველაფერი გაირკვეოდა. იმედი ქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.
კვირაში ერთხელ მიასაც ნახულობდა თურმე საავადმყოფოში. მართალია, თავიდან დედამისი ძალიან წინააღმდეგი წასულა მისი იქ გამოჩენით და თურმე პალატის კარსაც კი არ აკარებდა ჩემს ძვირფას მედეას, მაგრამ მერე და მერე შეეჩვია თურმე და ახლა იმდენად აღარ განიცდისო. მართალია მდგომარეობა ჯერ ისევ უშედეგო იყო, მაგრამ რომ აღარ რთულდებოდა და სტაბილური იყო, ესეც ერთგვარი მიღწევა იყო.
ციხეში გატარებული დღეები თითქმის ყველა ერთმანეთს გავდა. ჩემი ექვსკაციანი საკნის კარი ცხრა საათზე იღებოდა და შემოწმება იწყებოდა. მერე, სასადილოში მივდიოდით. თერთმეტ საათზე კი ზარი ირეკებოდა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ გაკვეთილები გვქონდა. ჩვეულებრივ ექვსი გაკვეთილი გვიტარდებოდა და იმ საგნებს ვსწავლობდით, რასაც სკოლაში. ზოგი ჭირი მარგებელიაო, აქამდე თუ სწავლა არ მაინტერესებდა და მხოლოდ გართობაზე და ცუღლუტობაზე მეჭირა თვალი, ახლა სწავლას დავუდე გული და მთლად ფრიადოსანი და წარჩინებული არა, მაგრამ აღარც უცოდინარი მეთქმოდა. ციხეში სალონიც თუ გვექნებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. კვირაში ერთხელ მასაც ვსტუმრობდი და ვლამაზდებოდი. საკუთარი თავისთვის ალბათ, თორემ აქ შაკო ვერ მხედავდა, რომ მას გავპრანჭვოდი.
თავიდან, სულ მის მოლოდინში ვიყავი, ყოველ დღე ველოდი რომ პაემანზე მისულს იქ დამხვდებოდა, მაგრამ ამაოდ. პატიმარი ქალი არც თვითონ ენდომებოდა და არც მის მშობლებს. ამიტომ დღითი-დღე ვკარგავდი იმის იმედს, რომ ოდესღაც ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთებოდა სასიკეთოდ. თუმცა, მისი მშვენიერი თვალები და ის არაჩვეულებრივი კოცნა, რომელიც მე გავუბედე, ყოველთვის ჩემთან იყო და მახსენებდა თავს. რამდენჯერაც მისი დავიწყება გადავწყვიტე, ვერ შევძელი და ხელი ჩავიქნიე, მივეცი გრძნობებსაც და ჩემს ფიქრებსაც გასაქანი და ვგრძნობდი, რომ მასზე ფიქრი თუ გადამატანინებდა ციხეში გატარებულ დღეებს.
ციხის ეზოში ეკლესიაც გვქონდა. აქამდე მორწმუნე არ ვყოფილვარ, მაგრამ იქაც ნელ-ნელა მოვუხშირე სიარულს და ღმერთიც ვიწამე მე ცოდვილმა. გულმხურვალედ ვევედრებოდი უფალს ჩემი მშობლების და მედეას კარგად ყოფნას და მიას გამოჯანმრთელებას. მთავარი ახლა მისი გადარჩენა იყო და მომავალში დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი გაირკვეოდა.
ბევრისგან მსმენოდა, რომ ციხემ გააბოროტაო. თუმცა, ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა. პირიქით, უფრო კეთილი გავხდი, ლმობიერი, დამჯერი და ბეჯითი. რომ ვთქვა, რამე გვქონდა აკრძალული, მოვიტყუები. ჩვეულებრივ ვცხოვრობდით იქ, როგორც გარეთ. კინოთეატრიც კი გვქონდა. მართალია მხოლოდ შემეცნებით ფილმებს ვუყურებდით და ისეთებს, რაც ჩვენს ცხოვრებაზე გვაფიქრებდა და უკეთესობისკენ შეცვლისკენ გვიბიძგებდა, მაგრამ მაინც კარგი იყო. ერთადერთი, რასაც ყველანი ერთნაირად განვიცდიდით, თავისუფლება იყო. ახლობლებს და ნათესავებს მოწყვეტილები მხოლოდ ტელეფონის ზარით ვიკმაყოფილებდით მათთან ყოფნის ჟინს და თუ ვისმეს მნახველი მოუვიდოდა, ისე გვიხაროდა, თითქოს ჩვენთან მოსულიყოს.
იმას არ ვამბობ, რომ ციხეში ცხოვრება უკეთესია და ყველა იქ უნდა გამოიკეტოს, მაგრამ მე აშკარად წამადგა და შემცვალა ამ ფაქტმა. აშკარად გამოვსწორდი და უკეთესი გავხდი. ვისწავლე ცხოვრების ფასეულობების დანახვა და დროის დაფასება. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ნაყოფიერად გამომეყენებინა. ჩემში ხატვის ნიჭი რომ იყო ჩაბუდებული, ესეც იქ აღმოვაჩინე და გადავწყვიტე სამხატვროზე ჩამებარებინა. მანამდე კი მქონდა საშუალება გუაშებით ჩემი ფერწერული ტილოები შემექმნა.
ჩემს საკანში ექვსნი ვისხედით. თხუთმეტი წლის ნათია, რომელიც უფრო დიდი მეგონა რატომღაც. ნათია ძიუდოისტი იყო და სამი ბიჭის ცემისთვის იხდიდა სასჯელს. შეხედავდი, მკაცრი გამომეტყველება ქონდა, მაგრამ გულით იყო ძალიან ბავშვური, ალალი და პატიოსანი. თურმე, მთვრალმა ბიჭებმა მისი გაუპატიურება სცადეს. მან თავის დაცვის მიზნით სამივე გემრიელად მიჟეჟა, მაგრამ საავადმყოფოში მოხვედრილმა ბიჭებმა უჩივლეს და აქ გამოამწყვდიეს. ჩვიდმეტი წლის ნინო, რომელსაც მამინაცვალი ავიწროებდა და მასზე სექსუალურ ძალადობას აპირებდა, გოგომ ბოსელში გამოკეტა და ცეცხლი წაუკიდა. მამინაცვალი გადარჩა, თავისი დანაშაული უარყო, თავქარიან თინეიჯერს კი არავინ დაუჯერა და ესეც აქ გამოკეტეს... თექვსმეტი წლის მაია, რომელმაც მაღაზიაში ძეხვი და პური მოიპარა, რათა მშიერი არ მომკვდარიყო... თხუთმეტი წლის მარი, რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქურდა ლუკმა-პურის საშოვნელად და ჩვიდმეტი წლის ლიკა, კიბერთაღლითობისთვის რომ იხდიდა სასჯელს. ექვსივემ კარგად გავუგეთ ერთმანეთს და ადვილადაც შევეწყვეთ. მართალია, იყვნენ ცოტა აგრესიული გოგოებიც სხვადასხვა საკნებიდან, მაგრამ მათთან ნეიტრალურ ურთიერთობას ვინარჩუნებდი. ვცდილობდი, ხშირად არ მოვხვედროდი მათ თვალში და გაღიზიანების მიზეზი არ მიმეცა, რომ არ წავკინკლავებულიყავით. ნათიას იმედი ყველას გვქონდა, ის ყველა თავის თანამოსაკნეს დაგვიცავდა, მაგრამ არ ღირდა ჩხუბი. ისე, ცოტა არ იყოს, მეც მერიდებოდნენ სხვა პატიმრები. მე ხომ თანატოლი ვცემე ისე, რომ სიკვდილის პირას მივიყვანე? (ყოველიშემთხვევისთვის, სასჯელს ამისთვის ვიხდიდი). ნათია ყოველ საღამოს რომ დარბოდა და ვარჯიშობდა მოედანზე, მე და ლიკაც აგვიყოლია და ჯანსაღი ცხოვრების რიტმით დაგვაწყებინა ცხოვრება.
ამასობაში კი სამმა თვემაც გაირბინა. თანაც ისე, რომ ვერც კი გავიგე. ახალი წელი ახლოვდებოდა და საშობაო არდადეგები გვქონდა. თავისუფალი დრო უხვად გვქონდა და გოგოებთან ერთად ხშირად ვსტუმრობდი ბიბლიოთაკას. იმდენი წიგნი წავიკითხე, მთელს ჩემს ცხოვრებაში რომ არ მქონდა გადაფურცლილი. კითხვა თუ ასე ჩამითრევდა, გამიტაცებდა და ავტორის სამყაროში მამოგზაურებდა, მაგასაც ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს.
მახსოვს, ზუსტად შობის დღე იყო, ზედამხედველებმა რომ გამომიცხადეს, შენთან მნახველიაო. დედაჩემის, მამაჩემის და მედეას გარდა არავინ მსტუმრობდა. რამდენჯერმე ბიცოლა და ბიძაჩემიც კი იყვნენ, მაგრამ პაემნების ოთახისკენ მიმავალი მხოლოდ მედეას და მშობლებს ველოდი. ოთახში შესული კი დავიბენი. ჩემი ადვოკატი დამხვდა. ალბათ, ახალი გარემოებები გამოიკვეთა. თუმცა, სახეზე სიხარული რომ არ ემჩნეოდა, მივხვდი, ვერ იყო ჩემი საქმე კარგად. იქნებ, მია მოკვდა?_ამის გააზრებამ ამაღელვა და ლამის მუხლი მომეკვეთა.
_რა გჭირს, ცუდად ხარ?_აშკარად შეშფოთდა შუახნის კაცი.
_არაფერია, გამივლის._დავაიმედე და სკამზე ჩამოვჯექი.
_მია გონზე მოვიდა.
ეს რომ მითხრა, თითქოს არ დავუჯერე. კარგა ხანს უაზროდ შევყურებდი.
_მია გონზე მოვიდა?_მისი ნათქვამი თუთიყუშივით გავიმეორე._მერე, ეს ხომ კარგია?
_კი, მაგრამ... მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და იმ ავბედითი ღამის დეტალები არ ახსოვს.
_არ ახსოვს, თუ ეშინია, რომ არ თქვას?_ჩემი ეჭვი გამოვთქვი.
_მეც ეგ მგონია._ჩურჩულით მითხრა კაცმა._შეიძლება, დამნაშავე ტრიალებს მის გვერდით და აშინებს კიდეც, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ რამეს მაინც ვათქმევინებ. დროის საკითხია, რაღაც მაინც წამოსცდება, რაც დამნაშავეზე გაგვიყვანს...
_იმედია... მთავარია, რომ გადარჩა და სროკი აღარ დამემატება... საავადმყოფოდან როდის გამოწერენ ხომ არ იცით?
_სულ მცირე, ერთი კვირა მაინც მოუწევს კიდევ წოლაო... არავის ეგონა, თუ გადატჩებოდა. დამნაშავესაც მკვდარი ეგონა ალბათ, თორემ თუ კი მისი სიკვდილი ქონდა განზრახული, სისრულეში მოიყვანდა კიდეც.
_ხო, რომ დამირეკა, ასე მითხრა, მოკვლას მიპირებენო. ხაზეიკას შვილიშვილზე და მის ძმაკაცებზე მელაპარაკებოდა.
_იმ ქალის შვილიშვილი შევამოწმე, სუფთაა, კანონთან არანაირი პრობლემა არ აქვს. მისი ძმაკაცები ვინ არიან, ის ვერ დავადგინე ვერანაირად. იქნებ, მათი პოვნით მაინც გავსულიყავით დამნაშავეზე...
_იმედია, მიას ყველაფერი გაახსენდება და სიმართლეს იტყვის._რაღაც ძალიან უიმედობა ვიგრძენი საკუთარ ხმაში და ადვოკატს რომ არაფერი შეემჩნია, ნაძალადევად გავიღიმე.
_მეც მაგის იმედი მაქვს. კარგია, რომ შენც გჯერა ყველაფრის უკეთესობისკენ შემობრუნებისა._მამაშვილურად დამადო მხარზე ხელი და მისი ეს ჟესტი ისე მესიამოვნა, გულიც კი ამიჩვილდა და ცრემლების შეკავებისგან ძლივს შევიკავე თავი.
ცოტა კიდევ ვილაპარაკეთ, რამოდენიმე მამა-შვილური დარიგებაც მომცა, რაც მართლაც წამადგებოდა აქ გამოკეტილს. მერე ფეხზე წამოდგა და დამემშვიდობა.
_კარგი, მე წავედი, მრავალ შობას დაესწარი, რაც მთავარია თავისუფლებაზე._გულთბილად გამიღიმა და წავიდა.
რა ამოიკითხეს გოგოებმა ჩემს სახეზე, არ ვიცი, მაგრამ საკანში რომ დავბრუნდი, ხუთივე თანაგრძნობით შემომეხვია და ჩემი გამხნევება სცადეს.
მთელი დღე მართლაც შეუპოვარ დეას როლს ვთამაშობდი, ვითომ ფარ-ხმალს არ ვყრიდი და მომავლის უკეთესად შემობრუნების იმედი მქონდა, მაგრამ ღამე დავწექი თუ არა, მაშინვე ავქვითინდი უხმოდ, თანაც მწარედ და გულსაკლავად. იმის გაგება, რომ მია გადარჩა და გონზე მოვიდა, მართლა კარგი ამბავი იყო ჩემთვისაც, მაგრამ ის ფაქტი, რომ არაფერი ახსოვდა, ან ვიღაც აშინებდა და აჩუმებდა, ჩემი საკანში დიდი ხნით გამოკეტვის გარანტი იყო.
კარგი, როგორღაც მოვიხდიდი ამ სასჯელს, გაუძლებდი ციხის ცხოვრებას, მაგრამ აქედან გასულს როგორ მიმიღებდა საზოგადოება? დედ-მამა და მედეა კი ჩვეულებრივ მიმიღებდნენ, მაგაზე არც ვდარდობდი, მაგრამ შაკო? მისი მშობლები? კლასელები? მეზობლები? ნაციხარი ქალი როგორ ვიშოვიდი სამსახურს? თანამესაკნეებს რომ არ გაეგოთ ჩემი ქვითინის ხმა, ბალიში მქონდა სახეზე წაფარებული, რომ ხმა ჩამეხშო და ისე ვიცლებოდი დარდისგან და ბოღმისგან.
_დეა?.. რა გჭირს, რა გატირებს?_მხარზე მსუბუქი ხელის შეხება რომ ვიგრძენი, შევკრთი. ხმაზე ვიცანი, რომ ნათია იყო.
მაშინვე შევწყვიტე ტირილი და ბალიშიც მოვიშორე სახიდან. სარკმლიდან შემოსული მთვარის შუქი ოდნავ ანათებდა საკანს და შეუძლებელი იყო რამის გარჩევა. თუმცა, მივხვდი, რომ ყველას ეღვიძა და ინტერესით მომჩერებოდნენ.
_ცუდი ხომ არაფერია?_ლიკას ხმა ვიცანი, რომელიც საწოლზე ჩამომიჯდა.
_მთელი დღე ნაძალადევად იღიმოდი და მხიარულობდი. ადვოკატის ვიზიტს უკავშირდება ყველაფერი?_ნინო მეორე მხრიდან ჩამომიჯდა საწოლზე.
_ის გოგო, ვის ცემაშიც მდებენ ბრალს...
_მოკვდა?_შიშით იკითხა ნათიამ და შევატყე, რომ ყველა ჩემი პასუხის მოლოდინში გაისუსა.
_არა, გონზე მოვიდა და კარგადაცაა, მაგრამ... არ ახსოვს არაფერი...
_ან, არ უნდა ვიღაცას, რომ ახსოვდეს._დაასკვნა ლიკამ და თანაგრძნობით მომხვია მხარზე ხელი._ნუ დარდობ, ყველაფერი გაირკვევა და გაგამართლებენ, აი ნახავ._თან ლოყაზე მაკოცა.
_ხომ შეიძლება, მართლაც არაფერი ახსოვდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში გაიხსენოს?_ვარაუდი გამოთქვა ნათიამ._ქურდებს ნაქურდალი მოპარა, მითუმეტეს იცოდა რომ პოლიციელიც იყო მაგ ამბავში გარეული, მაგისი არ შეეშინდა და ახლა შეაშინეს ვითომ?
_სიკვდილს თვალებში ჩახედა და ვერ შეაშინებდნენ ვითომ?_დავეჭვდი.
_თავზეხელაღებულ ადამიანს არაფრისაც არ ეშინია._მარიც ჩამომიჯდა საწოლის კიდეზე._ნუ დარდობ, ყველაფერი გაირკვევა. აი, ნახავ თუ არ გაგამართლებენ და მალე თავისუფლებაზეც იქნები... მაგრამ მინდა გითხრა, რომ მომენატრები.
ხუთივე ერთდროულად რომ გადამეხვია, სუნთქვა გამიჭირდა. თუმცა, ვაღიარებ, რომ მესიამოვნა მათი მხარდაჭერა. გული უარესად ამიჩუყდა და კიდევ გადმოვყარე ცრემლები.
ლამის მთელი ღამე ლაპარაკში გავატარეთ. ათასი სავარაუდო ვარიანტი განვიხილეთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიას მეხსიერების დაკარგვის მიზეზი. ისიც ვთქვით, რომ აშინებდნენ, ისიც ვთქვით, რომ მართლა არ ახსოვდა. იქნებ, არც არაფერი და თვითონვე ტყუოდა, რომ მე ვეწრუწუნებინე ცოტა ხნით მაინც. მოკლეთ, ბევრი სისულელეც ვიბოდიალეთ, მაგრამ ბოლოს, მაინც იმ დასკვნამდე მივედით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მთავარი მისი გადარჩენა იყო და გადარჩა კიდეც. დანარჩენი კი დროის ამბავი იყო. გამთენიისას დავიძინეთ ექვსივემ და ძილი არ გვეყო, გამოშტერებულები დავდიოდით მთელ დღეს. მესამე დღეს კი მედეაც მესტუმრა.
_ან, მართლა არ ახსოვს იმ ცისფერთმიანს არაფერი, ან შესანიშნავი მსახიობია. მომეჩვენა, რომ რეალურია მისი განცდები. იმედი მაქვს ყველაფერი გაირკვევა და მალე დაგვიბრუნდები სახლში.
_მეც მაგის იმედი მაქვს._ცოტა უიმედოდ ჩავილაპარაკე.
_იმედი არასდროს არ უნდა დაკარგო. მე არ შევწყვეტ მასთან სიარულს და დავეხმარები ყველაფრის გახსენებაში.
_არ მინდა შარს გადაეყარო. შეეშვი მაგ ამბავს.
_რა შარს უნდა გადავეყარო?_გაუკვირდა.
_არ ვიცი, თვით მოსიარულე შარია მია. შეიძლება, ვინმე აშინებს და იმიტომ არ ახსოვს არაფერი._ჩურჩულით ამოვთქვი ჩემი ვარაუდი.
_ხო და მითუმეტეს, უნდა გავარკვიო ყველაფერი. შენ დაწყნარდი, მე არაფერი მომივა._დამაიმედა._იცი, ნოეც დამპირდა დახმარებას...
_ნოე?
_ხო, თბილისშია, იურიდიულზე სწავლობს, ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად იცის კანონები და ჩახედულია ამ სფეროში...
_გთხოვ, შენც და ის ნოეც შეეშვით კერძო დეტექტივობანას. არ მინდა რამე დაგიშავდეთ. როგორმე მოვიხდი სასჯელს. აქ ყოფნა არც ისე ცუდია, როგორც ადრე წარმომედგინა.
_რას ლაპარაკობ?_აღშფოთდა._უდანაშაულომ წლები დაკარგო აქ გამოკეტილმა და ნამდვილი დამნაშავე კი თავისუფალი იყოს და თავისუფლად დათარეშობდეს, რომ კიდევ ჩაიდინოს რამე დანაშაული?
_იქნებ, უდანაშაულო არ ვარ და მართლაც დამნაშავე ვარ?_გამომცდელად შევხედე.
_რა სისულელეს ამბობ, ხვდები მაინც?_არც კი დაფიქრებულა, ისე დამტუქსა.
_შენ რა იცი, მე როგორი ვარ?
_ვიცი! შეიძლება მატყუარა ხარ, ცუღლუტი და ზარმაციც, მაგრამ მკვლელი? კარგი რა.
_შენ ყველაფერი არ იცი ჩემს შესახებ... მე ჯიბის ქურდიც ვარ._როგორც იქნა მაინც ვაღიარე დანაშაული.
_იმ შემთხვევას გულისხმობ მეტროში?
გაოცებულმა შევხედე.
_ეგ ამბავი ვიცი, მიამ მაჩვენა ვიდეო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ქალბატონი გმართავდა მარიონეტივით...
_ყველაფერს იმ საცოდავ მიასა ნუ დავაბრალებთ, მეც მასეთი ვარ...
_მასეთი არ ხარ._მოულოდნელად გადამეხვია და კარგა ხანს ვყავდი ჩახუტებული._უბრალოდ, მასე იქცევი და მასეთად აჩვენებ ხალხს თავს. შენ არაჩვეულებრივი ხარ, მაგრამ თვითონვე გეპარება ამაში ეჭვი. "ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო," ხო და შენც ადვილად დამყოლი და ადვილად მართვადი რომ ხარ, შეგნიშნა მიამაც... არც ის არის ცუდი. უბრალოდ, გარემოებებმა აქცია ასეთად. ზედმეტმა თავისუფლებამ და ადვილად ნაშოვნმა ფულმა გააფუჭა. ბებიას ეცოდებოდა დედისა და მამის გარეშე დარჩენილი შვილიშვილი და სათანადო ყურადღებასა და სიმკაცრეს ვერ იჩენდა მის მიმართ. ჩვენი წინაპრები ბრძენები იყვნენ," რომ ამბობდნენ: შვილი მტრულად გაზარდე, მოყვარედ გამოგადგებაო," დარწმუნებული ვარ, დედამისი მიაქცევს ახლა ყურადღებას და კარგ გზაზე დააყენებს. ის საცოდავი ქალი ხომ მის გამო იყო ცხრა მთას იქით გადახვეწილი სამშობლოდან? იმიტომ წვალობდა, რომ მას არ მოჰკლებოდა რამე. მერე და, როგორ დაუფასა? იმედი მაქვს, მთლად არაა ხელიდან წასული და კიდევაც შეიძლება მორჯულება.
მედეას ოპტიმიზმი მეც გადმომედო მგონი და ცოტა დავმშვიდდი კიდეც თითქოს. თუმცა, წავიდა თუ არა, ისევ დავდარდიანდი. ეგ კი არა, იმაზე დავიწყე ფიქრი, თვითონ რომ მოხვედრილიყო ჩემსავით ციხეში, მე დავიჯერებდი თუ არა მის უდანაშაულობას და ყოველ კვირა მოვინახულებდი აქ? ალბათ არა და ამის გაფიქრებისთანავე საკუთარი თავი შემძულდა. ჩემი ნახევარ და მართლაც რომ არაჩვეულებრივი გოგო იყო და მე მის ფრჩხილადაც კი არ ვღირდი.
********************
როგორც ვვარაუდობდი, ახალ წელსაც ციხეში შევხვდი და ნათლისღებასაც. თითქოს, შევეგუე კიდეც ჩემს ხვედრს. მართალია, ჩვენ ექვსიდან მხოლოდ მე ვიყავი უდანაშაულო, ვინც სხვისი ჩადენილი დანაშაულისთვის ვიხდიდი სასჯელს, მაგრამ მაინც დამნაშავედ ვითვლებოდი და ციხეში ვიყავი გამომწყვდეული. ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებდი. ცარიელი სიტყვებით, რამდენიც გინდა იყვირე, თუ დამამტკიცებელი საბუთები არ გაქვს, ვერაფერს გახდები. მითუმეტეს, რომ ფაქტები ჩემს წინააღმდეგ მეტყველებდა. მეტი რა გზა მქონდა და შევეგუე კიდეც ბედს. მართალია ჩემი მშობლები და მედეა ფარ-ხმალს არ ყრიდნენ და ყველანაირ ზომას იღებდნენ, რომ სიმართლე გაერკვით, მაგრამ ჯერჯერობით მაინც პატიმარი ვიყავი და პატიმრის ცხოვრებით ვაგრძელებდი ცხოვრებას. ერთფეროვანი და ყველა დღე მართლაც რომ ერთმანეთის მსგავსი იყო. შემოწმება, სასადილი, სკოლა, გაკვეთილების სწავლა, კვირაში ერთხელ სალონი, ამინდის მიხედვით სირბილი და ვარჯიში ციხის მოედანზე, ეკლესიაში წირვაზე დასწრება. მგონი, ზუსტად იმ ცხოვრებით ვცხოვრობდი აქ, რა ცხოვრებითაც მედეა ცხოვრობდა თავისუფლებაზე. თუ კი აქ შემეძლო ასე ცხოვრება, გარეთაც რომ მეცხოვრა ასე, აქ ხომ აღარ აღმოვჩნდებოდი? თუმცა, ადამიანმა ცუდი ხომ უნდა გამოსცადო, რომ შემდეგში კარგის ფასი გაიგო და დააფასო?
სხვა პატიმარ გოგოებთან ვცდილობდი, რომ ნეიტრალური დამოკიდებულება მქონდა. ვერიდებოდი მათთან კონფლიქტს, თუმცა ერთხელ მაინც მომიწია შელაპარაკება. მახსოვს, მარტო მე ვვარჯიშობდი მოედანზე მაღალი ეკა, მსუქანი ნინო და გვაჯი ლენა რომ გადამიდგნენ წინ.
_შესანიშნავი ტრიო დღეს დაიშალა თუ რა ხდება?_ირონიული ღიმილით მკითხა ლენამ და გამომწვევად ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
ხმა არ გამიცია და ისევ განვაგრძე ვარჯიში.
სამნი ერთად მაგრები ხართ, მაგრამ ცალ-ცალკე დიდი ვერაფერი._ეკამ მკლავები დაიკაპიწა, თითქოს მაჩვენა, რომ ცემას მიპირებდა და ცოტა არ იყოს შემეშინდა, თუმცა არაფერი შემიმჩნევია. ერთი თუ შემატყობდნენ შიშს, მერე ადვილად ვეღარ მოვიშორებდი თავიდან. ამიტომ რაც შემეძლო მშვიდად და აუღელვებლად განვაგრძე ჩემი საქმე.
_ამას უყურე ერთი, არც კი გვიყურებს, თითქოს ამას არ ველაპარაკებოდეთ!_წყენით და სიბრაზით თქვა ნინომ და უხეშად მომკიდა მკლავზე ხელი._ოე, აქ ვართ, ვერ გვხედავ?
_მხედველობას ჯერ არ ვუჩივი, უბრალოდ იმას ვერ ვხვდები ჩემგან რა გინდა?_ხელი გავაშვებინე და ჯიქურ შევხედე.
_რა გვინდა?_ამაზრზენად გადაიხარხარა ლენამ და თავისი ახლო-ახლო მიჯრილი თვალებით ცბიერად ამათვალიერ -ჩამათვალიერა.
ჩემზე ორი თავით დაბალი იყო. ნამდვილად არ გამიჭირდებოდა მისი ცემა. ერთი რომ შემომეცხო, ჭირადაც ეყოფოდა და ლხინადაც, მაგრამ დამქაშები ყავდა, ერთი სამზე მართლა ვერ გავხდებოდი ვერაფერს. თან, არ მინდოდა ჩხუბი და აყალ-მაყალი.
_იცი, ძვირფასო, აქ ყველა მე მემორჩილება._ეკამ ისევ წამატანა ხელი._თქვენი საკანი კი გარიყულ კუნძულს გავს და ეს ძალიან არ მომწონს. თქვენი ტრიო ხელმძღვანელობს და დანარჩენ სამსაც ტვინს ურევს.
_სამნი ერთად კარგად მღერიან, მაგრამ ცალ-ცალკე როგორ ამღერდებიან მაგასაც ვნახავთ._ნინომ საიდანღაც ხელნაკეთი ბასრპირიანი პატარა დანა დააძრო და შესაშინებლად თვალწინ ამიფრიალა.
ვაღიარებ, რომ შემეშინდა, მაგრამ პანიკას არ მივეცი უფლება ჩემს სხეულს და ტვინს დაუფლებოდა. არ მინდოდა ფიქრისა და განსჯის უნარი დამეკარგა და რაც მთავარია, მათ თვალში მშიშარა გამოვჩენილიყავი. ეკას ხელი მოხერხებულად გავაშვებინე რაც შემეძლო მშვიდად და აუღელვებლად შევხედე ნინოს თვალებში. თან ირონიული ღიმილით ვკითხე.
_ამ სათამაშოთი გინდა, შემაშინო?_დანისკენ არც კი გამიხედია. თუმცა დაძაბული ვიყავი და სხეული მომართული მქონდა, რომ თუ დარტყმას დამიპირებდა, ინსტიქტურად მომეგერიებინა.
_ამას უყურე, ვითომ არ ეშინია?_ნერვიულად აწრიალდა ლენა._თავი ყველაზე მაგარი გგონია?
_ყველაზე მაგარი არა. აი შენზე მაგარი კი ვარ._ეს ისე დამაჯერებლად და მკაცრად ვუთხარი, რომ წამიერად შიში გაკრთა მის თვალებში და მე ეს ძალიან მომეწონა.
ჩემს ბედზე ნათიას მოვკარი თვალი, რომელმაც დაგვინახა თუ არა, ფეხს აუჩქარა და ჩვენსკენ გამოემართა. გული მომეცა და შიშიც სადღაც გაქრა თითქოს. სამივეს ირონიული ღიმილით მოვავლე მზერა, ცოტა არ იყოს დაბნეულები რომ მიმზერდნენ, რადგან ჩემი შეშინება და დამორჩილება არ გამოუვიდათ.
_სიტყვით გამოსვლა თუ დაამთავრეთ, გამერიდეთ, ვარჯიში უნდა დავამთავრო._აგდებით ვუთხარი სამივეს.
_ვინ გგონია შენი თავი?_აღშფოთდა ნინო და დანა მომიქნია, მაგრამ ბედზე მოსწრებულმა ნათიამ ჰაერში დაუჭირა ხელი და მაჯაში ისე ძლიერად მოუჭირა ხელი, რომ საცოდავს ჯერ გაუთეთრდა თითები და მერე კი გაულურჯდა.
ნათიას დანახვაზე როგორი შიში აესახა ლენას სახეზე, ცხოვრებაში არ დამავიწყდება. ეს გოგო ზორბა ტანის იყო, ცარიელი კუნთები. თან, სამი ბიჭის ცემა თავისუფლად შეეძლო და ამ ლაწირაკ გოგოებს ვერ მოერეოდა ვითომ? მაგრამ, მეც ხომ თანატოლი გოგოს ცემისთვის ვიხდიდი სასჯელს? ჩემი იმდენად არ ეშინოდათ თითქოს.
_ველურო, მომაშორე შენი ტორები!_მკაცრად კი დაყვირა, მაგრამ უწინდებური რიხი ვეღარ იგრძნობოდა მის ხმაში.
_ეს რა არის, კბილის საჩიჩქნი?_ნათიამ ხელი მოუგრიხა და დანას დაკვირვებით შეავლო თვალი._ამის გარეშე გამბედაობა არ გყოფნით, რომ ვინმეს დაელაპარაკოთ? მოშორდით აქედან, თორემ ნელ-ნელა ვბრაზდები უკვე და ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ!
არ ვიცი, ნათიამ შეაშინათ, თუ ვინმეს მოჰკრეს ციხის ზედამხედველებიდან თვალი, სამივემ კი ერთდროულად იბრუნა პირი და გაგვშორდნენ.
_ერთი ამათ გათავხედებას უყურე, ცივი იარაღითაც კი დაპარპაშობენ უკვე!_ისე გაბრაზდა ნათია, ლამის ცოფებს ყრიდა უკვე.
_მადლობა, დროზე მომისწარი._მადლიერი თვალებით რომ შევხედე, გაეღიმა.
_ეს ლაწირაკები გაშინებენ? ამათი მიჟეჟვა ხომ ორჯერ ორივითაა. უბრალოდ, არ მინდა სროკი დავიმატო.
_ცალ-ცალკე მეც მივჟეჟავ, არ გამიჭირდება, მაგრამ ახლა მგლების ხროვასავით დამესივნენ.
_კარგია, რომ შიში არ დაანახე მაინც. დღეის ამას იქით კი, ჩვენც სულ ერთად უნდა ვიყოთ, მარტოები არ უნდა მოგვიხელთონ არსად._მხრებზე მომხვია ხელი და საცხოვრებლისკენ გამოვეშურეთ._ნეტა, ის სათამაშო დანა საიდან გააძრეს? მოულოდნელად რომ დაეცნენ ვინმეს თავს, კი დაუშავებენ რამეს, მაგრამ გულამდე მაინც ვერ ჩააღწევს და სასიკვდილო ჭრილობას ვერ მიაყენებენ. თავდაცვისთვის უნდათ ალბათ, რომ გოგოები დააშინონ. ვაი, მაგათ პატრონს!
იმ დღიდან მოყოლებული მართლაც ჯგუფებად დავდიოდით, რომ ადვილად არ დავეჯაბნეთ იმ ალქაჯებს. მართალია, ჩვენ გვიწოდეს შესანიშნავი ტრიო, მაგრამ თვითონ კი მართლაც ასე იყვნენ: ცალ-ცალკე ვერ მღეროდნენ და ერთად კი ერთმანეთი მშვენივრად გაყავდათ. ერთი სული მქონდა ლენა მომეხელთებინა სადმე და მეცემა. სულ არ მედარდებოდა სროკს დამიმატებდნენ თუ არა, მაგრამ ის მშიშარა ქათამი დამქაშების გარეშე მგონი საპირფარეშოშიც კი არ შედიოდა.
მარტის დასაწყისში კი, ერთი სასიხარულო ამბავი მოხდა: ლიკა გაანთავისუფლეს შეწყალებით. მართლა, ძალიან გაგვიხარდა მეგობრის "სვაბოდაზე" გაშვება, მაგრამ ცოტა არ იყოს, მოვიწყინეთ კიდეც, რადგან მოგვენატრებოდა ჩვენი მხიარული დაქალი. დამპირდა, რომ შენს საქმესთან დაკავშირებით მოვიძიებ მასალებსო.
_შეეშვი, არ გინდა. უკანონოდ არაფერი გააკეთო და კიდევ არ გიკრან აქეთ თავი.
_თვითონ არ იქცევიან უკანონოდ, სხვის დანაშაულს რომ შენ გკიდებენ ზურგზე? ნუ გეშინია, ისეთსას არაფერს გავაკეთებ, რომ ადვილად ჩამავლონ ხელი._დამაიმედა კი, მაგრამ მე რა დამაწყნარებდა და დამამშვიდებდა? იქნებ, მიასავით ესეც ეცემათ დამნაშავეებს და სიკვდილის პირას მიეყვანათ?
_გთხოვ, დამპირდი, რომ სისულელეს არ ჩაიდენ.
_გპირდები, დაწყნარდი._გადამეხვია და კარგა ხანს ვყავდი ასე ჩახუტებული.
ლიკას განთავისუფლებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე კი ახალი გარემოებები გამოიკვეთა მიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით და ხელახალი გამოძიება დაიწყეს. კერძოდ ის, რომ მიას ნაწილობრივ დაუბრუნდა მეხსიერება. მის ჩვენებაში ნათქვამი იყო, რომ სამმა მამაკაცმა სცემა. მართალია, სახეზე არ იცოდა არავინ, რადგან ნიღბები ეკეთად, მაგრამ ის ფაქტი, რომ მე არ გავიმეტე ასე სასიკვდილოდ ჩემი მეგობარი, უკვე ჩემს წისქვილზე ასხავდა წყალს. მიამ ჩემთან შეხვედრაც გაიხსენა. თქვა, რომ ბოდიშის მოსახდელად შემხვდა და შემთხვევით გამომკრა ფრჩხილები. ხელახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ იმ სავარაუდო დროს, როცა მია ცემეს, მე სანაპიროზე აღარ ვიყავი. გაცილებით ადრე დავბრუნდი სახლში, რაც სუპერმარკეტის კამერასაც დაუფიქსირებია. არ ვიცი, ლიკას ხელი ერია თუ არა ამ ამბავში, მაგრამ ადრე რომ არსად ფიგურირებდა ეს კამერა, ახლა აშკარად წამადგა. ერთ თვეში ხელახალი სასამართლოც დაინიშნა და უდანაშაულოდ რომ მცნეს, რატომღაც ყურებს არ დავუჯერე. უემოციოდ ვუსმენდი მოსამართლეს, რომელიც რაღაცას ლაპარაკობდა და მე მისი ერთი სიტყვაც კი არ მესმოდა რატომღაც. მედეას და ჩემი მშობლების გახარებული სახეების დანახვაზე ვხვდებოდი, რომ კარგი ხდებოდა რაღაც, თორემ მე ერთი სიტყვაც კი არ გამიგონია.
აი, ასე დასრულდა ჩემი ნახევარწლიანი პატიმრობაც. ვითომც არაფერი მომხდარიყოს, ბოდიშიც კი არ მოუხდია არავის ცილი რომ დამწამეს და ტყუილ-უბრალოდ გამომკეტეს ოთხ კედელში. სხვა ქვეყანაში რომ ვყოფილიყავით, მორალურ ანაზღაურებასაც კი მოითხოვდნენ, მაგრამ აქ, ჩვენთან საქართველოში ასეთი რაღაცეები არ ხდება. მადლობა უნდა მეთქვა აქეთ, რომ ბოლოს და ბოლოს სიმართლე გაირკვა და თავის დროზე განმათავისუფლეს, თორემ რამდენი უდანაშაულო იხდის ტყუილუბრალოდ სასჯელს?
ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება თავიდან ცოტა არ იყოს გამიჭირდა, რადგან სამეზობლოში და სკოლაშიც, ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა. მართალია, მედეა ხმალამოღებული რაინდივით იცავდა ჩემს პატიოსნებას და სიმართლეს ამტკიცებდა ყველასთან, მაგრამ მაინც იყვნენ ისეთები, ვისაც არ ეჯერა ჩემი უდანაშაულობის. სიმართლე რომ ვთქვა, ეს იმდენად არ მადარდებდა, როგორც შაკოს ამბავი, რომელიც შვედეთში იყო წასული სამუშაოდ. ალბათ, ჩემმა ამბავმა გადააწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა და სამშობლოდან ახლობლებისა და საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა.
რაც ციხიდან გამოვედი, მხოლოდ ერთხელ მოვინახულე მია. გამიხარდა, რომ გამოჯანმრთელდა და ხეიბრად არ დარჩა. მასაც გაუხარდა ჩემი ამბავი, რომ ტყუილ-უბრალოდ არ გამომამწყვდიეს ციხეში. მართალია, დამნაშავეები ისევ თავისუფლად დათარეშობდნენ გარეთ, მაგრამ მე რომ მომეხსნა სასჯელი, ესეც ერთგვარი კარგი ამბავი იყო. დედამისმა ჩვენი სკოლიდან მისი საბუთები გაიტანა და საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს გადაიყვანა. მას მერე აღარც მინახია. არც ტელეფონით დავკავშირებივართ ერთმანეთს. აი, ასე და ამგვარად დასრულდა ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობა. ჩვენი სულელური სიგიჟეები და სისულელეები. ვაღიარებ, ძალიან მომაკლდა, რაღაცნაირად მომწონდა კიდეც ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მისი ადგილი ჩემს გვერდით მედეამ რომ დაიკავა, ეს ხომ მთლად სასწაული იყო.
რაც ციხიდან გამოვედი სწავლასაც დავუდე გული და სახლშიც ყოჩაღი გავხდი. ხალისით და ენერგიულად ვაკეთებდი საოჯახო საქმეებს. ძალიან შევიცვალე უკეთესობისკენ. ასეთი ჩემი თავი მე თვითონვე მომწონდა და კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით. რაც მთავარია, წარსულის მძიმე დღეები უკან ჩამოვიტოვე და განსხვავებული ცხოვრების რიტმით შევუდექი ცხოვრებას. საატესტატო გამოცდებიც წარმატებით ჩავაბარე და ზაფხულის არდადეგები ბებიასთან გავატარე. იქ მგონი ნაკლებად იცოდნენ ჩემი წარსულის შესახებ. ან, ქალაქელი მეზობლების და ნაცნობებისგან განსხვავებით, არ ამახვილებდნენ ამაზე ყურადღებას და არასდროს მაგრძნობინებდნენ გარიყულად თავს.
აქამდე სოფელში ცხოვრება თუ არ მომწონდა და ერთი სული მქონდა იქიდან დამეღწია თავი, ახლა პირიქით, მართლა ძალიან შემიყვარდა სოფელიც და სოფლელებიც. მოკლეთ, ასეთი სასწაული ძვრები და ცვლილებები მოახდინა ციხემ ჩემს პიროვნებაზე. ნოეს მიმართაც შევიცვალე დამოკიდებულება. მართალია მომწონდა ეს სიმპატიური ბიჭი, მაგრამ უბრალო მოწონებასა და სიყვარულს შორის მართლაც დიდი განსხვავებაა და რომ ვგრძნობდი, როგორ უყვარდათ მედეას და ნოეს ერთმანეთი, მათ შორის ჩადგომის სურვილი არანაირად აღარ მქონდა.
ზაფხულის არდადეგების დასრულებისთანავე თბილისში რომ დავბრუნდით მე და მედეა, სანამ დამამთავრებელ კლასში მივიდოდით, დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივსულიყავი და ჩემი გოგოები მომენახულებინა. მივაკითხე კიდეც იმ კოლონიას, სადაც მე ვიხდიდი სასჯელს, მაგრამ უარით გამომისტუმრეს. გამომიცხადეს, რომ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მხოლოდ ახლო ნათესავური ხაზით შეეძლოთ მნახველების მიღება. ამას ნამდვილად არ მოველოდი. ექვსი თვე იქ ვიყავი და ამის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა რატომღაც. ალბათ, არც დავინტერესებულვარ და იმიტომ. გამოდის, შაკომაც ამის გამო ვერ მომინახულა ციხეში? (ყოველი შემთხვევისთვის მე ასე მინდოდა რომ ყოფილიყო). მართალია დადარდიანებულმა, მაგრამ მაინც კარგ განწყობაზე მყოფმა დავტოვე დაწესებულება. მიზნად დავისახე შაკოს შესახებ გამერკვია ყველაფერი. გამეგო, რამ აიძულა სამშობლოდან გადახვეწილიყო. აქამდე მასზე საუბარს გავურბოდი. ცოტა არ იყოს მწყინდა, უცბად რომ დამივიწყა. თვითონ რომ მოხვედრილიყო ციხეში, მე არ დაველოდებოდი ვითომ? მართალია, სად კაცი პატიმარი და სად ქალი, მაგრამ მსოფლიო ხომ გენდერულ თანასწორობაზე საუბრობს?
სახლში დაბრუნებულმა პირველ რიგში მედეას გამოვკითხე ისე ვითომ სხვათაშორის შაკოს ამბები. მან ბევრი არაფერი იცოდა. ან, არ უნდოდა რომ ყველაფერი ეთქვა. მითხრა, რომ საუკეთესო შეთავაზება მიიღო, ბედმა გაუღიმა და ამ შანსის გამოყენება სცადა. დიდად არ დამაკმაყოფილა მედეას პასუხებმა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. მეორე დღეს კი ხვიჩა მოვინახულე.
_ვაა, დეა?_გაუკვირდა და თან გაუხარდა ჩემი დანახვა._როგორ ხარ?_თან ძმასავით გადამეხვია._თქვეს, რომ გაგამართლეს და გაგანთავისუფლეს, მაგრამ მეგონა რომ ჭორი იყო, სანამ ჩემი თვალით არ გნახე.
_რატო, დამნაშავე გეგონე?_ხელი გავაშვებინე და გამომცდელად შევხედე.
წამიერად დაიბნა.
_არა, რა სისულელეა... უბრალოდ, ხუთი წელი მოგისაჯეს, თუმცა არც მე და არც შაკოს არ გვეჯერა, რომ შენ იყავი იმ დანაშაულის ჩამდენი.
შაკოს ხსენებაზე გულმა ისე გამეტებით დამიწყო ძგერა, ლამის საგულედან ამომვარდა. შემეშინდა ხვიჩასაც არ გაეგო და შევეცადე თავი არ გამეყიდა. ბედზე, ესემესი მომივიდა ტელეფონზე და მას ვეტაკე მაშინვე. მაგნიტისგან კი იყო, პროდუქტის ფასებს მაცნობდნენ, მაგრამ ისეთი მომდომებით გადავიკითხე, თითქოს მთელი ცხოვრება ამ ერთ შეტყობინებას ველოდი.
_კარგი, მეჩქარება._ბიჭმა რომ შემატყო სხვა რამეზე გადავიტანე ყურადღება, ღიმილით დამემშვიდობა._გამიხარდა შენი ნახვა._ეს რომ მითხრა, ჩქარი ნაბიჯებით გამშორდა.
გამოდის, არც შაკოს ეჯერა ჩემი დანაშაულისა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ხუთ წელს მაინც მაყურყუტებდნენ ციხეში და ამიტომ წავიდა. ჩემს გამო წავიდა ვითომ? (მე ასე მინდოდა რომ ყოფილიყო).
ცოტა არ იყოს ნირწამხდარი გამოვბრუნდი იქიდან. უფრო მეტის გაგება მინდოდა შაკოზე, მაგრამ ხვიჩა გამექცა. ალბათ, მართლა ეჩქარებოდა, თორემ ის ისეთი ბიჭი არ იყო, რომ მასე მივეტოვებინე. ნეტა, თუ გაიგო შაკომ ჩემი ამბავი, რომ გამამართლეს და გამანთავისუფლეს? მართალია, მაინც ნაციხარი მეთქმის და ის ექვსი თვე ჩემი ცხოვრების ლაქად დამაჩნდება ყოველთვის, მაგრამ საბოლოოდ მაინც ხომ ალალ-მართალი აღმოვჩნდი?
მეორე დღეს ლიკასაც შევხვდი შემთხვევით.
გაუხარდა ჩემი ნახვა.
_შენი ამბავი კი გავიგე, მაგრამ რაჭაში ვიყავი და ვერ მოგინახულე. როგორ ხარ?_ისე ძლიერად მომხვია მკლავები და ჩამიხუტა გულში, ჩემმა საცოდავმა ძვლებმა ტკაცუნიც კი დაიწყეს.
_თავისუფლებით ვტკბები. ოღონდ შენ ნუ დამამტვრევ ახლა ძვლებში._გამეცინა.
_უი, ბოდიში._ალალად შეშფოთდა და მალევე გამიშვა ხელები._ვეღარ გავაკონტროლე ჩემი თავი.
_გცალია, სადმე დავსხდეთ და დავილაპარაკოთ?
_კი, წამო._ხელი მომხვია და ისე წამიყვანა._აქვე კარგი კაფეა. მე გეპატიჟები.
ბევრი მართლაც არ გვივლია. იქვე შორიახლოს დაბურულ ვიტრინებიან შენობაში შევედით. კარებში შესვლისთანავე ისე ულმობლად დამეტაკა სიგრილე, ტაომაც კი დამაყარა და გვარიანად გამაკანკალა. საცოდავად მობუზული გავყევი მეგობარს. ისეთი ადგილი შეარჩია, ქუჩისთვის რომ გვეყურნა და გამვლელ-გამომვლელები გულდასმით შეგვეთვალიერებინა. მაგიდას რომ მივუსხედით, რძიანი ყავა და ტკბილეული შეუკვეთა და სანამ შეკვეთას მოგვიტანდნენ, ჩემი ცხოვრებით დაინტერესდა.
_აბა, ახლა დაწვრილებით მომიყევი, როგორ ხარ და რას საქმიანობ?
ყველაფერი მართლაც დაწვრილებით მოვუყევი: როგორ გამიჭირდა საზოგადოებაში თავის დამკვიდრება თავიდან. სწავლას რომ დავუდე გული და მეთერთმეტე კლასი მაღალი ქულებით დავამთავრე. მერე როგორ გავატარე მთელი ზაფხულის არდადეგები ბებიასთან სოფელში. ისიც კი მოვუყევი, გოგოების ნახვა რომ მინდოდა და ვერ ვნახე.
_ხოო, არასრულწლოვანთა მნახველების სია შეზღუდულია. თუმცა, მინდა გითხრა, რომ მე ვიდეო ზარით მიკავშირდებიან. მასე ნებისმიერთან შეუძლიათ საუბარი. გპირდები, როცა დავაპირებთ საუბარს, გაგაგებინებ და ერთად დაველაპარაკოთ.
ეს ამბავი მართლა ძალიან გამიხარდა. მოულოდნელად ფეხზე წამოვხტი და გადავეხვიე. ექვსი თვე ერთად გავატარეთ ციხეში. ერთმანეთს გვერდში ვედექით და ვამხნევებდით, რომ ადვილად გადაგვეტანა ის მძიმე დღეები. დედ-მამაზე ძვირფასი არა, მაგრამ არც ნაკლებები იყვნენ ჩემთვის.
კაფეში კარგა ხანს დავყავით. ბევრიც ვილაპარაკეთ და დმშვიდობებისას კი ნომრები გავცვალეთ.
იმ დღის მერე თვეზე მეტი იყო გასული და სკოლაშიც დავდიოდი უკვე, რომ ლიკამ მახარა, სამ დღეში ნათიას უნდა ველაპარაკოვო. კარგა ხანია ასე ძალიან აღარაფერი გამხარებია, როგორც ეს ამბავი გამიხარდა. ის სამი დღე ძლივს გადავაგორე. ისე გაიწელა, მგონი ციხეში ყოფნის დღეებმა უფრო სწრაფად გაირბინეს. ვეღარაფერს ვუდებდი გულს. ბოლოს, როგორც იქნა ის დღეც გათენდა და მაშინდელ კაფეში შევხვდით მე და ლიკა ერთმანეთს. მხოლოდ ყავა დავლიეთ და თავისთან წამიყვანა. მთელი ოთახი კომპიუტერებით, პროცესორებით და კაბელებით ქონდა სავსე.
_აქ ჩემი სამყაროა._ჩემი გაოცებული სახის დანახვაზე შემომღიმა._ასეთი უწესრიგობა მირჩევნია. მართალია, თაგვი კუდს ვერ მოიქნევს, მაგრამ მაინც.
_ისევ ძველ საქმეს მიყავი ხელი._ცოტა არ იყოს შეშფოთებულმა ვკითხე.
_უკანონოს არაფერს ვაკეთებ რაც ციხით დასრულდება. თან, სიმართლე გითხრა, ჭკუა ვისწავლე. კვალს არ დავტოვებ, რომ ისევ ჩამავლონ ხელი. იცი, შენმა ამბავმა ძალიან დამაინტერესა. დღემდე ვერ მიაგნეს იმ სამ პიროვნებას, ვინც ის გოგო ცემა...
_მაგ ამბავს შეეშვი რა. ჩემს გამო ნუ გაეხვევი შარში.
_დაწყნარდი ჩემო ძვირფასო, მე ჩემი ინტერესის გამო გავეხვევი თუ გავეხვევი შარში, შენ ამაში დამნაშავე არ იქნები. თან, გითხარი, ჭკუა ვისწავლე. ისეთი პროგრამა შევქმენი, კვალს არ დავტოვებ და ვერ ჩამავლებენ ხელს. ახლა კი, მომეხმარე._ტახტიდან დაკეცილი თხელი ფარდაგი ამოიღო, გაშალა და მანიშნა, რომ დივნის უკან კედელზე ჩამომეკიდებინა.
უსიტყვოდ დავემორჩილე, თუმცა ინტერესი მკლავდა, რად უნდოდა ბუნებაში ამაყად მომზირალი ქორბუდა ირმების გაკვრა კედელზე. ამას რომ მოვრჩით, მერე გორგოლაჭებიანი მაგიდა მოაგორა და ზედ ლეპტოპი დადო.
_ეს უკან ფონი რა საჭიროა?_სულმა მაინც წამძლია და ვკითხე.
_თავს ვიზღვევ. არ მინდა ვიდეოების შესწავლისას შპალერით ან რამე ხელჩასაჭიდი ნივთით აღმომაჩინონ სადაც ვარ. ეს ბინაც გირაოთი მაქვს აღებული სხვის სახელზე...
_გამოდის, შენს საქმიანობას არ ეშვები?_ცოტა შეშფოთებულმა ვკითხე.
_იცი, ძვირფასო, ციხიდან კი გამანთავისუფლეს, მაგრამ რიგი შეზღუდვები და აკრძალვები დამიწესეს. მე ამათ გარეშე ვერ გავძლებ._ოთახში უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილ ნივთებზე მანიშნა._აქ მართლაც ჩემი სამყაროა. ორი წელი მათ გარეშე როგორ გავძელი, ახლაც მიკვირს. ადამიანებს არ ვძარცვავ, როგორც ამას სხვები აკეთებენ, მაგრამ მათ პირად ინფორმაციას კი ვიყენებ შანტაჟისთვის. რა ვქნა, მე ასეთი ვარ, ციხე კი არა, ვერაფერი ვერ გამომასწორებს._ისე ამაყად გამომიცხადა, ცოტა არ იყოს შევკრთი._კარგი, დამშვიდდი ახლა და დაველოდოთ ნათიას ზარს.
დამშვიდდი კარგი იყო. რა ინფორმაციაც მე გავიგე მის შესახებ, რა დამამშვიდებდა? ისევ ბედს ეთამაშებოდა ეს გოგო და თუ კიდევ ჩაავლებდნენ ხელს, უფრო მეტს მიუსჯიდნენ. უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია და შანტაჟი ხომ სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა?
სულ მალე ნათიამაც დაგვირეკა. მე ხომ გამიხარდა მისი ხილვა, მაგრამ მგონი იმას ჩემზე მეტად. კარგა ხანს ველაპარაკეთ ერთმანეთს. ნინო, მაია და მარიც მოვიკითხე, ჩემი თანამოსაკნეები. კარგად არიანო, დამამშვიდა. მერე კი ლიკასთან გააბა საუბარი. ვითომ არაფერი, ჩვეულებრივ უბრალო წვრილმანებზე საუბრობდნენ. გვიან მივხვდი, რომ საიდუმლო კოდით ცვლიდნენ ინფორმაციას ერთმანეთში. მივხვდი, თვეში ერთხელ ნათია რაღაც ინფორმაციას აწვდიდა ამ კიბერთაღლითს და ეს კიდევ აქ ჩალიჩობდა იმ საქმეზე.
ლაპარაკის დასასრულს ისევ ჩამოხსნა ფარდაგი, დაკეცა და ტახტში შეინახა.
_შენ და ნათია რა საქმეებს ხლართავთ?_ეს რომ ვკითხე, გაეღიმა.
_უბრალო ხალხს ადვილად იჭერენ წვრილმან დანაშაულზე და თანამდებობის პირებს ეპატიებათ ვითომ მძიმე დანაშაულიც კი? დამნაშავის დასჯის პროგრამა არასწორად მუშაობს და მე ამის გამოსწორებას ვცდილობ. მართალია, ცოტა ჩემს ინტერესებშიც შედის, საარსებოდ გარკვეულ თანხასაც ვშოულობ ამით, მაგრამ დამნაშავე ჯეროვნად უნდა დაისაჯოს. შენი საქმიდან ვერაფერს მიხვდი? მია რომ მომკვდარიყო, ან არ გახსენებოდა არაფერი, მაგ დანაშაულისთვის ხომ შენ გაგწირავდნენ? თვითონ კი ისევ თავისუფლად იპარპაშებდნენ და კიდევაც მრავალ დანაშაულს ჩაიდენდნენ. კიდევ გამოუჩნდებოდათ ვინმე დაბალი ღობე და მას შეაწმენდავდნენ ხელებს.
_ახლა რა, დაიჭირეს ისინი?_გამიკვირდა.
_არა, რადგანაც ერთ-ერთი მართლაც პოლიციელია და საქმეს ადვილად ჩქმალავენ. მიამ განა არ იცის სახეზე ვინც არიან, მაგრამ აშინებენ და არ ამხელს. გამოგიტყდები და შენი განთავისუფლება ნაწილობრივ ჩემი დამსახურებაცაა...
_მართლა?
_ხო, მაგრამ მადლობა საჭირო არ არის. მე მინდა რომ სამართალი ზეიმობდეს და სხვა არაფერი...
_შარში არ გაყო იცოდე თავი.
_დამშვიდდი, სიფრთხილის ზომების მიღება ვისწავლე, პატარა აღარ ვარ.
_მითუმეტეს, განა კიდევ ლმობიერად მოგექცევიან? სრულწლოვანი ხარ უკვე და პირდაპირ ქალთა კოლონიაში გიკრავენ თავს.
_თუ ჩამავლეს ხელი კი, მაგრამ ასე ადვილად დასაჭერი ჩიტი აღარ ვარ._ცხვირზე წკიპურტი წამარტყა._ახლა კი ბოდიში, მაგრამ უნდა წავიდეთ, საქმეზე ვარ გასასვლელი.
მთელი გზა სახლამდე ლიკაზე მეფიქრებოდა. თავის თავში დარწმუნებული კი იყო, რომ ვერ გამოიჭერდნენ, მაგრამ რატომღაც მე მისნაირად ვერ ვიყავი დარწმუნებული. სამართალდამცავები თუ ვერ გამოიჭერდნენ, იქნებ მიასნაირად დამნაშავეებს გამოეჭირათ და ეცემათ კიდეც, ან უარესი? ამის გაფიქრებაზე ციებიანივით გამაკანკალა. ესე იგი, მისი ღვაწლიც ერია ჩემს განთავისუფლებაში? რა უშიშარი გოგო იყო. მე ამდენს ვერ გავბედავდი მაინც. საფრთხის და რისკის მიუხედავად მაინც ჩაერია ამ საქმეში და მთლად ხუთიანზე ვერა, მაგრამ მე რომ უდანაშაულოდ მცნეს, ესეც ხომ კარგი იყო?
სახლში მისულს კი ცუდი ამბავი დამხვდა. მედეამ მაუწყა, რომ ბებია იყო ძალიან მძიმედ და ექიმები იმედს ვერ იძლეოდნენ თურმე. მამაჩემი სამსახურიდან დაბრუნდა თუ არა, მაშინვე სოფლისკენ ავიღეთ გეზი. მეც მეცოდებოდა ჩემი საყვარელი ბებია, მაგრამ მედეასავით ვერ ვტიროდი რატომღაც. ერთი წვეთი ცრემლიც კი არ გადმომვარდნია თვალიდან. საავადმყოფოში მისულებს კი ახალი გარდაცვლილი დაგვხვდა ჩვენი მედიკო ბებია.
თითქმის ერთი კვირა სოფელში მოგვიწია ყოფნა. დაკრძალვის ხარჯები მამაჩემმა და ბიძაჩემმა შუაზე გაიყვეს. დედაჩემიც კი ტიროდა დედამთილს, მაგრამ ბიცოლა რომ მოთქვამდა, სამძიმარზე მოსულ ხალხს ყველას ცხარე ცრემლით ატირებდა. ან, მართლაც გულს მოხვდა დედამთილის სიკვდილი და ის ატირებდა, ან მოთქმით ტირილსაც შნო და მარიფათი უნდოდა. რამდენჯერმე მედეამაც იტირა. გულწრფელი იყო მისი ცრემლები. მას მართლაც განსაკუთრებულად უყვარდა მამის დედა. მეც კი მიყვარდა ბებია, მაგრამ მე ვერ დავიტირე რატომღაც. გულში ვიკლავდი ბოღმას და ეს მანადგურებდა უფრო.
ორმოცამდე შავების ტარება გადავწყვიტეთ მეც და მედეამაც. ზოგადად შავი ფერი ძალიან მიყვარს და ჩემს გარდერობში ჭარბობს ეს ფერი, მაგრამ ახლა გამიჭირდა რატომღაც. თითქოს მძიმე სატარებელი იყო და სულს მიხუთავდა მიცვალებულის სახელზე ჩაცმული ძაძები. ორმოცამდე გაძლებაზე ვიყავი და ორმოცის მერე რომ გავიხადე, მგონი შვებითაც კი ამოვისუნთქე.
*******************
გვიანი შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს, სკოლიდან სახლში მოვიჩქაროდით მე და მედეა. სულ თავპირისმტვრევით მოვრბოდით, რომ წვიმას არ დავესველებინეთ. ის იყო სიცილ-კისკისით შევცვივდით სადარბაზოში, რომ ვიღაცას გამეტებით შევასკდი. გვარიანად წაბარბაცდა, მაგრამ თავის შეკავება შეძლო და რომ არ წავქცეულიყავი, მეც შემაშველა ხელი. სანამ ავხედავდი სახეზე ვინ იყო, მის ხელის ზურგზე საქართველოს რუკის ტატუს რომ მოვკარი თვალი, შევკრთი. დრო დამჭირდა, სანამ სახეზე შევხედავდი და მის თვალებს წავაწყდებოდი.
_ვაა, შაკო?_გაუკვირდა მედეასაც?_დაბრუნდი საქართველოში?
მეც ბევრი რამის კითხვა მინდოდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი რატომღაც.
_წავედი, თორემ გავიყინე._ნაძალადევად აცახცახდა მედეა._გამიხარდა შენი ხილვა._შაკოს შეჰღიმა. მერე მე გადმომხედა რაღაც ეშმაკურად მოწკურული თვალებით და ლიფტს არ დალოდებია, ისე აირბინა კიბის საფეხურები. შეგნებულად დაგვტოვა მარტოები პირისპირ.
გვიანობამდე მესმოდა მედეას ფეხის ხმა, რომელიც ნელ-ნელა ჩუმდებოდა და ბოლოს საერთოდ შეწყდა კიდეც. შაკოს ისევ მკლავი ქონდა მოხვეული და სახეში მომჩერებოდა. მე კი ვერ გამებედა მისთვის თვალებში შეხედვა.
_როგორ ხარ?_ალბათ მანაც უხერხულად იგრძნო თავი და ძლივს მკითხა ჩურჩულით.
_რა ვიცი, როგორც ნაციხარ ქალს შეეფერება._მეც ჩურჩულით ვუთხარი რატომღაც და ხელი გავაშვებინე. თვალებში კი ვერ შევხედე ისევ.
_მაპატიე._ისე ამოიგმინა, თითქოს გულიც თან ამოაყოლაო.
_რა?_გამიკვირდა და ამ ხნის მანძილზე პირველად შევხედე თვალებში.
ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც მახსოვდა. თითქოს მუხლებში სისუსტე ვიგრძენი და გულიც უარესად ამიჩქარდა.
_რა გაპატიო?_შიშით ვკითხე.
_შენი მიტოვება და აქედან უკანმოუხედავად გაქცევა... ვერ შევძელი დავიწყება, გესმის? ვერ დაგივიწყე._ისევ მომხვია მკლავები და გულში ჩამიხუტა.
თავიდან თითქოს შევეწინააღმდეგე, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მეც ამას ველოდი და მსიამოვნებდა მისი აჩქარებული პულსაციის მიყურადება.
_ყოველ ღამე მესიზმრებოდი. რამდენ ქალთან ვცადე ურთიერთობის აწყობა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. იმ შენმა კოცნამ თავგზა ამირია. ცხოვრებაში ვერ შევძლებ მის დავიწყებას._თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა._ქვეყანაც რომ ამიმხედრდეს და ჩემს წინააღმდეგ წავიდეს, მე მაინც ვიბრძოლებ შენთვის და შენი სიყვარულისთვის... ჩვენი სიყვარულისთვის. მიყვარხარ!_ეს ისეთი გრძნობით მითხრა, გული ამომიქანდა თითქოს.
მერე, ნელ-ნელა რომ გადმოიხარა, მივხვდი, უნდა ეკოცნა და მისი კოცნის მოლოდინში გულის არითმია დამეწყო. ცოტაც და შეერთდებოდა ჩვენი ტუჩები, მაგრამ კიბიდან ფეხის ხმა შემომესმა, ვიღაც ქვემოთ მორბოდა და ამიტომ მსუბუქი ბიძგით მოვიშორე მოძალებული ვაჟი. ერთხელ კიდევ შევხედე დაჟინებით მომზირალს და ლიფტში შევედი, რომელიც ის-ის იყო გაჩერდა და იქიდან ჩვენი ქვედა მეზობელი გამოვიდა.
ლიფტის ნახევრადჩაბნელებულ კაბინაში სუნთქვა გამიჭირდა. კლაუსტროფობია არასდროს მჭირდა, მაგრამ ახლა მგონი მართლაც ეგ დამემართა თან, ისე ვღელავდი, ერთ ადგილზე ვეღარ ვჩერდებოდი. ჩვენს ბინამდე ძლივს ავაღწიე და ზარი რომ დავრეკე, კარი მედეამ გამიღო.
_შეენ? რა მალე ამოხვედი?_გაუკვირდა.
_რატომ უნდა დამეგვიანა ვითომ?_ნაძალადევად გავიოცე და ჩვენს ოთახში შევედი სველი ტანსაცმლის გამოსაცვლელად.
მედეაც უკან მომყვა.
_მეგონა, დაილაპარაკებდით...
_დასალაპარაკებელი რა გვქონდა ვითომ?_ისევ ნაძალადევი გაოცებით შევხედე, მაგრამ მის დაჟინებულ მზერას თვალი ვერ გავუსწორე და სვიტერის გახდა დავიწყე.
ერთხანს უხმოდ მომჩერებოდა. მერე კი, ტანსაცმელი რომ გამოვიცვალე, მომიახლოვდა, საწოლზე ჩამომსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა.
_შენც ხომ გიყვარს?_მართალია სახლში მარტოები ვიყავით, მაგრამ მაინც ჩურჩულით მკითხა.
_მეც მიყვარს? ვინ?_თავი უარესად მოვისულელე.
_მართლა გიყვარს, თანაც ძალიან._მცირეხნიანი ფიქრის შემდეგ ღიმილით დაასკვნა._იცი, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ დედამისთან ჩხუბი ქონდა შენს გამო. იცის, რომ უყვარხარ და შვილს ეწინააღმდეგება. მაგიტომაც წავიდა აქედან, მაგრამ ეტყობა რომ მართლაც ძალიან უყვარხარ, რადგან ყველაფრისმიუხედავად მაინც უკან დაბრუნდა... შენს გამო დაბრუნდა.
_ვითომ?_აფორიაქებულმა ეჭვით შევხედე.
_რომ არ უყვარდე, ყველაფერს მიატოვებდა და შენთან დაბრუნდებოდა? იცი მაინც, რა ჯდება მგზავრობა?
_არ მაინტერესებს!_ცოტა მაღალ ხმაზე მომივიდა თქმა და სამზარეულოში გავედი უფრო აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად, მაგრამ მედეაც უკან მომყვა.
_გაბედული ბიჭია. ვენერას რომ წინ აღუდგება ადამიანი და მის რჩევას არ გაითვალისწინებს, ხომ ხვდები არა?
_მშობელ დედას რომ არ დაუჯერებს შვილი, მიტომ არის გაბედული?_ეჭვით შევხედე.
_იმ ბიჭს მართლა უყვარხარ. თუ შენთვისაც სულ ერთი არ არის, იქნებ..._გაჩუმდა და ისე შემომხედა.
ჩემთვის რომ სულერთი არ იყო, ამას ციხეში მივხვდი და დავრწმუნდი კიდეც, რომ მიყვარდა, მაგრამ... დედამისს არ ვუნდოდი და მან აიძულა რომ წასულიყო აქედან. ახლა რა, თანახმა იქნებოდა ვითომ ჩვენი ერთად ყოფნით? ღირდა კი, დედისა და შვილის შუაში ჩავმდგარიყავი და არჩევანის წინაშე დამეყენებინა?
_შენ უკეთ იცი შენი საქმის, მაგრამ იქნებ მეც მომისმინო და ჩემი რჩევაც გაითვალისწინო? იმ ბიჭს მართლა უყვარხარ წრფელი გულით და იქნებ მოგესმინა მაინც? მართალია, არ მოიქცა კარგად გაქცევა რომ სცადა, მაგრამ ხომ დაბრუნდა?
_მასზე ლაპარაკი არ მინდა და ძალიან გთხოვ გაჩუმდე.
მედეა კი გავაჩუმე, მაგრამ ჩემი შინაგანი სამყარო ხმაურობდა საშინლად და მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. მისი თვალები, მისი შეხება და ის ჯადოსნური კოცნა, რომლის დავიწყებაც ვერა და ვერ შევძელი და დღეს შაკომ ისევ გამახსენა, მოსვენებას მიკარგავდა. თურმე, მასაც ახსოვდა ისევ და ვერ ივიწყებდა.
კარგა ხანს ვიბოდიალე ხან სამზარეულოში, ხან ჩემს ოთახში. მისაღებიც დავლაშქრე. მგონი, ციხეში არ გამჭირვებია ასე ყოფნა, როგორც საკუთარ სახლში. ეზოდან ხმაურს გულისყურით ვუსმენდი. მეგონა, შაკოს ხმას გავიგონებდი, მაგრამ სულ ტყუილად. აღიარება არ მინდოდა საკუთარ თავთან, მაგრამ გარეთ გასვლა და შაკოს ნახვა მინდოდა. თავს ვაიძულებდი, რომ არ მეფიქრა მასზე. ყველანაირად ვუმკლავდებოდი გარეთ გასვლის სურვილს, რომ შემთხვევით არ გადავწყდომოდი სადმე. მერე გაწვიმდა კიდეც და გულზე მომეშვა. ამ თავსხმაში პატრონი ძაღლს არ გააგდებდა გარეთ და მე რისთვის უნდა გავსულიყავი ვითომ? ბუნებაც რომ მეწინააღმდეგებოდა და ხელს მიშლიდა მის ნახვაში, თითქოს მომწონდა ეს ფაქტი.
საღამოს, სანამ მშობლები დაბრუნდებოდნენ სახლში, კარზე გამეტებით მოგვიკაკუნეს. კარი მედეამ გაუღო და გაავებული ვენერა შერჩა ხელთ.
_შენი და სად არის?
სანამ მე სამზარეულოდან გავიდოდი, მედეამ დამმალა.
_სახლში არ არის. რა ხდება?_ეს რომ უთხრა, შევჩერდი.
_როგორ თუ რა? ჩემს შვილს ტვინს რატო ურევს, ბიჭები დალეულა?გადაეცი, რომ ჩემი შვილისგან თავი შორს დაიჭიროს! არ მივიღებ რძლად, ტყუილია! მის გამო ჩემს შვილზეც კი ვიტყვი უარს!_ეს ისე დარწმუნებით თქვა, გამაკანკალა.
აკივლებული ქალი, რომ წავიდა, მაშინ გავედი სამზარეულოდან. მედეა ისევ ღია კართან იდგა და უაზროდ გაჰყურებდა სივრცეს. ჩემი გასვლა გაიგო და მაშინვე მიხურა კარი.
_თავიდან ყველა დედამთილი ასეთი ავია, რომ რძალს დაანახოს თავისი ძალები. ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ მათი შვილი უკვე გაიზარდა და დედის გარდა კიდევ სხვა ქალიც სჭირდება ცხოვრებაში. ნეტავ, თვითონ სასურველი რძალი იყო თავისი დედამთილისთვის?
ხმა არ გამიცია ჩემი დისთვის. ფრთამოტეხილი ჩიტივით მივფარფატდი ჩემს ოთახში და იქ გამოვიკეტე კარგა ხანს. იმის გაგებამ და გააზრებამ, რომ ვენერას საშინლად ვძულდი, ძალიან იმოქმედა ჩემზე. ხმამაღალი ტირილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვტიროდი. იმიტომ კი არა, რომ თავს ვიკავებდი, უბრალოდ, ვერც ხმას ვიღებდი და ცრემლიც გამშრალი მქონდა თითქოს.
ვერც მთელი ღამე მოვხუჭე თვალი. ძალიანაც მინდოდა დაძინება, მაგრამ ძილი არ მომეკარა. მინდოდა თუ არ მინდოდა, შაკოზე მეფიქრებოდა. ვითომ, მიყვარდა ისე ძლიერ, რომ ყველა დაბრკოლება გადამელახა? ამ შემთხვევაში კი დედამისი იყო უდიდესი წინაღობა ჩვენთვის. შაკო თუ მე დამიკავშირებდა ბედს, დედამისი არც მას მიიღებდა და არც მე. დედისგან უარყოფილი შეძლებდა ჩემს გვერდით ცხოვრებას? ან მე, დედამთილისგან დაწუნებული და მოძულებული შევძლებდი ასე ცხოვრებას? ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში და ათას საშინელ მომავალს ვუწინასწარმეტყველებდი საკუთარ თავს. როგორ მითხრა, ქვეყანაც რომ ამიმხედრდეს, მე მაინც ვიბრძოლებ ჩვენი სიყვარულისთვისო? ჩემი კოცნა ვერ დაივიწყა, ისევე როგორც მე? მეც ხომ მიყვარდა? მერე და, რაღატო ვყოყმანობდი?..
დილით ისევ წვიმდა.
თვალებამოღამებული ავდექი საწოლიდან და სკოლაში წასასვლელად მზადება უინტერესოდ და უხალისოდ დავიწყე. მედეა უეჭველი შემნიშნავდა უძილობას, მას ხომ არაფერი გამოეპარებოდა მხედველობიდან? მაგრამ არაფერი უთქვია. წვიმაში რომ არ დავსველებულიყავით სამსახურში მიმავალმა მამაჩემმა გზად სკოლაში გაგვაყოლა. მთელი დღე ამ სამყაროს გათიშული ვიყავი გაკვეთილებიდან. არ მესმოდა რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ ან მასწავლებელი რაზე საუბრობდა, ან კლასელები რას ხუმრობდნენ და ოინბაზობდნენ.
ბოლო გაკვეთილზე თაკომ შემოხსნა მორიდებით კარი და მასწავლებელს თხოვა, რომ დეა ცოტა ხნით დაითხოვეთო. მასწავლებელმა უპრობლემოდ გამიშვა. ზლაზვნით წამოვდექი და კლასი ისე დავტოვე, არავისთვის შემიხედია. კარები გამოვიხურე თუ არა, თაკო ადგილს მოსწყდა და დერეფნის ბოლოს კიბეებისკენ გაიქცა. გაოცებული რომ შევეხმიანე, მომიბრუნდა და ღიმილით მანიშნა, უკან მომყევიო.
უხალისოდ გავყევი. კიბის ბაქანს რომ მივუახლოვდი, ჯერ ისევ მესმოდა მისი ფეხის ხმა თავპირისმტვრევით რომ ჩარბოდა და ერთი სართულით ჩავედი კიდეც ქვემოთ, მაგრამ თავნება გოგოს რომ ვერ დავეწიე, ცოტა გავბრაზდი და უკან გამობრუნება დავაპირე, მაგრამ მოულოდნელად ვიღაცამ დამიძახა. ხმაზე მაშინვე ვიცანი შაკო იყო. ყურებს არ დავუჯერე რატომღაც. თუმცა, ერთ ადგილზე გაყინულივით კი გავშეშდი.
_თაკოს მე დავავალე შენი დაძახება._რატომღაც ჩურჩულით მითხრა და შუა კიბეზე მდგარს მომიახლოვდა.
ისე ავღელდი, სუნთქვა გამიჭირდა. მკლავზე წამატანა ხელი და თავისკენ შემომაბრუნა.
ერთი საფეხურით ზემოთ ვიდექი და ზემოდან გადმოვხედე ვითომ გაოცებულმა.
_აქ რას აკეთებ?
_შენთან დალაპარაკებას ვცდილობ.
წვიმაში ალბათ დიდხანს ევლო ფეხით, რადგან გვარიანად დასველებულიყო. თმიდან სახეზე ეცემოდა წვეთები, რომელიც მის ლოყებზე ნახულობდა კალაპოტს, ნიკაპამდე მდორედ მიედინებოდა და იქიდან კი მის მკერდზე წვეთავდა.
_სველი ხარ...
_ვიცი._ისე მითხრა, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.
_გაცივდები...
_არაუშავს.
_რა საქმე გაქვს ამისთანა, ვერ მოიცდიდა?
_ვერა._გაყინული ხელი ძლიერად მომკიდა და შემაჩერა, რადგან წასვლა დავაპირე._მიყვარხარ... უშენოდ ცხოვრება მართლა ვერ წარმომიდგენია. მინდა ვიცოდე, ოდნავ მაინც თუ გაღელვებ და გიფორიაქებ გულს... მიღირს, შენს გამო რომ ვიბრძოლო? სიმართლე მითხარი ოღონდ.
თვალებში რომ ჩავხედე, მივხვდი რომ მეც მიყვარდა, მაგრამ...
ხელი გავაშვებინე და უთქმელად გავტრიალდი. რამოდენიმე საფეხური ავიარე კიდეც, მაგრამ შევჩერდი. ვუყვარდი, მიყვარდა და რაღატო ვიხევდი ვითომ უკან? დედამისის გამო? ნუთუ, თვითონ იმას არ გაყვა ცოლად ვინც უყვარდა და უნდოდა? არ მოვწონდი ნაციხარი სარძლო, მაგრამ, თვითონ მოსწონდა ნეტავ თავის დედამთილს? ყველა დედას ხომ საკუთარი შვილი ანგელოზი გონია და მისი შესაფერისი ძნელად თუ მოიძებნება ამ დედამიწის ზურგზე?
ფრთხილად შევბრუნდი და შევხედე.
დაჟინებით მომჩერებოდა. ციოდა კი, მაგრამ სისველის მიუხედავად მაინც ვერ გრძნობდა სიცივეს. სურვილი გამიჩნდა ჩავხუტებიდი, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე და მკაცრი გამომეტყველებით გავაფრთხილე:
_ნუღარ შეეცდები ჩემს ნახვას, მაინც არ მიყვარხარ._ეს "არ მიყვარხარ" ძლივს ამოვიხავლე. თითქოს ენაც კი არ მემორჩილებოდა და ძლივს ამოვუშვი ყელიდან ბგერებიც. მერე კი, ისე, რომ აღარ შემიხედია მისთვის, შევბრუნდი და სულმოუთქმელად ავირბინე კიბის საფეხურები.
კლასში დაბრუნებულს მედეას გაოცებული თვალები რომ შემომეფეთა, მაშინ გავაანალიზე რაც მოხდა და გული ისე ამიჩუყდა, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ ავღღრიალებულიყავი. გაძლებაზე ვიყავი, სანამ სახლში დავბრუნდებოდი. იქ კი გამოვიკეტე ჩემს ოთახში და საწოლზე პირქვედამხობილმა მოვიოხე ტირილით გული. მედეა ყველანაირად ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, მაგრამ რაც უფრო მამშვიდებდა და მაწყნარებდა, უფრო მიჯდებოდა გული და უფრო გულამოსკვნით ვტიროდი. შუადღის მერე კი უცხო ნომერმა რომ დამირეკა, გუმანით მივხვდი, რომ შაკო იყო და აღელვებულმა და ნამტირალევმა ვერ ვუპასუხე.
მეორე ჯერზე მედეამ დაავლო ჩემს ტელეფონს ხელი და ჩემი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც უპასუხა.
_გისმენთ... დეა? გასულია და რომ მოვა ვეტყვი, გადმოგირეკოს... აა, კარგი, გადავცემ.
ინტერესი მკლავდა ვინ იყო, მაგრამ არ მიკითხია. ისედაც მივხვდი, რომ შაკო იყო.
_შენ თავსაც იტანჯავ და ამ ბიჭსაც სტანჯავ. ვენერას შაკო არ უჯერებს და შენ გინდა მის სიტყვაზე გაიარო? სხვისი ბრძანების შესრულებად გიღირს შენს სიყვარულზე უარის თქმა? ამ ბიჭს ბავშვობიდან უყვარხარ და დაფიქრდი, ვის გამო ჰკრავ ხელს? ზოგიერთ ბიჭს საკუთარი სიყვარულის დაცვა არ შეუძლია და ეს ბიჭი უკან არაფერზე იხევს. რაღა გინდა რომ გააკეთოს? სკვერში ველოდებიო გადმოგცა. ჯობია, რომ წახვიდე და დაელაპარაკო. აუხსენი მდგომარეობა. ერთად უფრო გამონახავთ რაიმე გამოსავალს. იქნებ, დედამისი შეეგუა კიდეც თქვენს ამბავს? არ გაინტერესებს რას გეტყვის? მაგ შენი გულგრილობით იმდენს ნუ იზავ, დაკარგო ის ბიჭი და მერე მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდეს. ყველა კარგია: დედაც, მამაც, დაც, ძმაც, მაგრამ ის პიროვნება, ვინც სულ სხვა სიყვარულით გიყვარს და გიფორიაქებს გულს, მერწმუნე, ის უფრო ძვირფასია.
კიდევ კარგა ხანს ვიწრიალე ოთახში. უხმოდ ვისმენდი მედეას ბრძნულ რჩევებს, რომელიც დაუღალავად მიმტკიცებდა შაკოს დავლაპარაკებოდი. ბოლოს, იმდენი ქნა, მაინც დამიყოლია და უკვე ბნელოდა, ფეთიანივით რომ გავვარდი გარეთ და კიბეებზე კისრისტეხით დავეშვი. მივქროდი და თავში ათას სავარაუდო ტექსტს ვამუშავებდი ბუტბუტით რა და როგორ მეთქვა მისთვის. თუმცა, სკვერს რომ მივუახლოვდი და იქ ვეღარავინ შევნიშნე, გული დამწყდა. მაშ რა მეგონა, გვიანობამდე დამელოდებოდა? გულდაწყვეტილი ჩამოვჯექი სკამზე. ესეც ასე, ჩემი უდიდესი სიყვარულიც დავკარგე უაზრო პრინციპების გამო. ვიგრძენი, როგორ დამიგორდა ლოყაზე მლაშე ცრემლი და თავი ხელებში ჩავრგე.
კარგა ხანს ვიჯექი ასე, ალბათ ხუთი-ათი წუთი მაინც, მერე კი ფთხილი შეხება რომ ვიგრძენი მხარზე, შევკრთი.
_მეგონა აღარ მოხვიდოდი და წასვლა დავაპირე, მაგრამ ისევ მოვბრუნდი რატომღაც._სკამს შემოუარა და გვერდით მომიჯდა._დედაჩემის ამბავი ვიცი, რომ მოგივარდა. მის მაგივრად გიხდი ბოდიშს.
_საბოდიშო არაფერია, დედაა და ზრუნავს შვილის მომავალზე. ნაციხარი ქალი არავის უნდა ოჯახში და ვერც გაამტყუნებ.
_მე მინდა და მოუწევს დედაჩემს ამ აზრთან შეგუება!_მტკიცედ გამომიცხადა._მთავარია, ვიცოდე რომ შენც გიყვარვარ და გინდა ჩემს გვერდით ცხოვრება._ლამპიონის შუქზე დაჟინებით მომაჩერდა.
კარგა ხანს ხმის ამოღება ვერ შევძელი. ვიჯექი ქანდაკებასავით გაქვავებული და უხმოდ შევყურებდი თვალებში, ასე რომ მიფორიაქებდნენ გულს და თავგზას მირევდნენ. უდავო იყო, რომ მიყვარდა, მეც მასთან ერთად მინდოდა ყოფნა, თუმცა დედამისი მაფიქრებდა. არ მინდოდა მათი დაპირისპირების მიზეზი მე ვყოფილიყავი. წლების წინ ალბათ არც დავფიქრდებოდი სხვის გრძნობებზე, მთავარი მე ვიყავი და რა მესიამოვნებოდა და რა გამიხარდებოდა, იმას გავაკეთებდი. ახლა კი, ასე აღარ ვფიქრობდი.
_სიგიჟემდე მიყვარხარ. არც კი მახსოვს როდის შემიყვარდი._ისეთი ალალი და გულწრფელი იყო, გამეღიმა._მწყინდა შენი აბუჩად აგდება და გულს მიკლავდა შენი დამცირებები, მაგრამ იმ ყველაფერს გავუძელი და გადავიტანე, რაც ყველაზე რთული იყო ჩემთვის. ახლა რამე დამახევინებს ვითომ უკან? ვინმე უარს მათქმევინებს შენი აზრით შენზე? მე შენთან მინდა ცხოვრება...
_მეც, მაგრამ... მეშინია._თითქოს ჩემში ჩაბუდებულმა ვიღაცამ ენის ბორძიკით ძლივს ამოთქვა სათქმელი
_გეშინია? რისი?
_სირთულეების._ესეც ძლივს ამოვიჩურჩულე.
მოულოდნელად მხრებზე მომხვია ხელი და მიმიხუტა.
_ყველა სირთულე დაძლევადია თუ გულით მოინდომებ. იცი, ყველაზე მეტად რისი მეშინოდა?_ინტერესით ჩამხედა თვალებში.
მხრები ავიჩეჩე და ინტერესით მივაჩერდი თვალებში.
_იმის, რომ შეიძლებოდა შენ არ გყვარებოდი._ეს ისეთი განცდით მითხრა, გამაკანკალა.
მის დაჟინებულ მზერას ვეღარ გავუძელი და ფეხზე წამოვდექი.
თვითონაც წამოდგა, მაშინვე უკან მომყვა და მალევე შემაჩერა. თავისკენ რომ შემომაბრუნა, რაღაცნაირად გამომცდელად მომაჩერდა. მერე კი, მოულოდნელად დაიხარა და გული გამიჩერა მისმა სასიამოვნო კოცნამ. ხელ-ფეხი წამერთვა და ჩახუტებული რომ არვყოლოდი, აუცილებლად წავიქცეოდი. იგივე განცდა, იგივე ნეტარება. მგონი, უფრო უკეთესიც კი. არ ვიცი, რამდენ ხანს მკოცნიდა. სულ არ მქონდა იმის დარდი, ვინმე გვხედავდა თუ არა განათებულ სკვერში. თვით ვენერასაც რომ დავენახეთ, ვეღარც ის მათქმევინებდა ამ ბიჭზე უარს. მართლა გაგიჟებით მიყვარდა.
_იღბლიანი ვარ, რადგან შენც გიყვარვარ._რაღაცნაირად აღტკინებული ხმით მითხრა და გულში ჩამიკრა.
_ახლა რა იქნება?_შიშით ვკითხე.
_პირველ რიგში, მშობლებს დაველაპარაკები. თუ ისევ უარზე იქნებიან და მეტ გამოსავალს არ დამიტოვებენ, მათ წინააღმდეგ წავალ და მათი დალოცვის გარეშე დავქორწინდები შენზე.
_დაქორწინდები?_გაოცებულმა ავხედე.
_ხო, ოღონდ ჯერ სკოლას დაამთავრებ._ღიმილით მაკოცა ცხვირზე._მანამდე კი, მე სტაბილურ სამსახურს მოვძებნი და ჩვენთვის მყუდრო ბინასაც...
არ ვიცი რატო, მაგრამ ამის გაგონებაზე, სიამოვნებისგან გამცრა ტანში. ვეღარ გავუძელი მის დაჟინებულ მზერას თვალი და მორცხვად ჩავრგე მის მკერდში თავი. ალბათ მასაც ესიამოვნა და წუთიერად გაიტრუნა.
_ჯობია სახლში დავბრუნდე, თორემ დედაჩემი ალბათ ინტერპოლის წითელი ცირკულარით მეძებს._გამეცინა. თან, ცას ავხედე._თან, წვიმას აპირებს მგონი.
_რომ არ მინდა შენი გაშვება?_შემომღიმა და ისევ გამიჩერა მისმა კოცნამ გული.
სახლში დაბრუნებულს მართლაც აფორიაქებული დამხვდა დედაჩემი, რომელიც ჩემს მოულოდნელ გაუჩინარებას ვერაფრით ხსნიდა. მედეა კი აწყნარებდა, ახლახანს გავიდა სუფთა ჰაერზე და მალე დაბრუნდებაო, მაგრამ ვერაფრით მშვიდდებოდა. დამინახა თუ არა დაბრუნებული, ცოტა მკაცრად მკითხა.
_სად იყავი?
_ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გავედი._მედეას ვერსია გავიმეორე მეც._რა მოხდა?
_არ ვიცი, მიას ამბის მერე ისტერიულად მეშინია შენი სადმე გასვლის._მომვარდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და გულში ჩამიხუტა._არ მინდა იგივე განმეორდეს, გესმის? მეორედ ვეღარ გადავიტან იგივეს.
_დაწყნარდი, მსგავსი აღარაფერი განმეორდება._ლოყაზე კოცნით დავამშვიდე და ჩემს საძინებელს მივაშურე.
ერთი ღამის უძილოს ისე ტკბილად და გემრიელად დამეძინა, თანაც ისე მალევე, რომ მე თვითონვე გამიკვირდა. ალბათ, შაკოს ნახვამ და მისმა კოცნამ შეასროლა მთავარი როლი. მესიზმრა კიდეც და კმაყოფილს და ბედნიერს გამეღვიძა დილით. ისევ დამიბრუნდა ცხოვრების ხალისი, ინტერესი და რაც მთავარია მომავლის რწმენა და იმედი.
იმ დღიდან სამი დღე ვეღარ ვნახე. აუცილებლად მოსაგვარებელი საქმეები ქონდა და იმაზე დარდობდა წინ და უკან. თან, ამინდებიც აირია, სულ წვიმდა და სკოლაშიც მამაჩემს დავყავდით მანქანით. ასე რომ ქუჩაშიც კი ვერ ვხვდებოდით "შემთხვევით" ერთმანეთს. მაგრამ ისეთ სასიყვარულო ესემესებს მწერდა, გულს მიჩქარებდა მისი თითოეული სიტყვის წაკითხვა და ამით ვიკმაყოფილებდი მისი ნახვის ჟინს. მეოთხე დღეს კი, შედარებით კარგი ამინდი იყო და სკოლიდან ფეხით მომავლებს მე და მედეას გადაგვიდგა წინ. მედეამ ზრდილობიანად მოიკითხა ჩვენი მეზობელი. მერე მოგვიბოდიშა, მეჩქარებაო და ფეხს აუჩქარა. სკვერს რომ მივუახლოვდით, მისი კოცნა გამახსენდა და გამეღიმა. ფარულად რომ გავაპარე მისკენ მზერა, ისიც იღიმოდა. მერე ხელი მომხვია და ყველაზე განაპირა სკამისკენ წავედით.
_ორი ამბავი მაქვს, კარგიც და ცუდიც. რომლით დავიწყო?_ისე მკითხა, ღიმილი არ მოუშორებია სახიდან.
_შეიძლება ვინმემ თქვას: "ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილიო," მაგრამ მე კარგი ამბით დაწყება მირჩევნია, რომ მის ფონზე ცუდი იმდენად ცუდი აღარ გამოჩნდეს.
_კარგი სამსახური ვიშოვე მაღალანაზღაურებადი ხელფასით.
_ვაა, რა მაგარია!_გახარებული ჩავეხუტე._გილოცავ... და ცუდი?
_ხშირად ვეღარ გნახავ._ცოტა მოწყენილმა მითხრა და მკლავები უფრო ძლიერად მომხვია._მომენატრები ძალიან. მაგრამ... სამ თვესაც გადავაგორებ როგორმე.
_სამი თვე რაღაა?_გამიკვირდა.
_ვერ ხვდები?_გაეღიმა._სრულწლოვანი გახდები და უკვე სრული უფლება მექნება შენზე ვიქორწინო.
_რაა?!_ვითომ ვერ მივხვდი რა მითხრა და მღელვარების დასაფარავად ვკითხე.
_რა და ის, რომ კანონთან პრობლემები არ მჭირდება. სრულწლოვანი გახდები, მერე ერთ თვეში სკოლასაც დაასრულებ და ვიქორწინებთ. მანამდე ბინასაც მოვძებნი.
_ბინას?.. შენები ისევ უარზე არიან?_შევკრთი.
_ისე ძალიან აღარ, მანამდე კიდევაც შეეგუებიან, მაგრამ მე ცალკე მინდა ცხოვრება. მინდა მე ვიზრუნო ჩემს ცოლზე დამოუკიდებლად. ჩვენი ოჯახი მინდა რომ გვქონდეს. ყველა პრობლემისა და გამოწვევის წინაშე ჩვენ ორნი ვიდგეთ ერთმანეთის პირისპირ და სხვისი დახმარების გარეშე შევძლოთ ყველაფერი.
ისეთი დაბრძენებული და სერიოზული მელაპარაკებოდა, მიკვირდა, საიდან ქონდა ამდენი გამოცდილება. თუმცა, ჩემზე უკეთ ეს იცნობდა ამ ცხოვრების ავ-კარგს და ჩემზე მეტი ესმოდა. ოთხი წელი ბევრი არაფერი იყო, რაც ჩვენს შორის იყო სხვაობა, მაგრამ ჩემზე მეტი გამოცდილება კი ქონდა. მოულოდნელად ნიკაპზე ამომდო თითები და თავი ამაწევინა. თვალებში რომ შევხედე, სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში, იქ უდიდესი სიყვარული ჩანდა და მე ეს მაბედნიერებდა. მაშინაც მე გამოვიჩინე ინიციატივა, მის ბაგეებს დავეწაფე და მერე კი ხელიდან დავუსხლტი და სულ სირბილით წავედი სახლში.
მედეა სადარბაზოს წინ მელოდა. რომ დამინახა მივრბოდი, ცოტა შეშფოთდა.
_რა მოხდა?
_ისეთი არაფერი._ღიმილით რომ ვუთხარი, მალევე დამშვიდდა. თან, სახეზე ხომ უდიდესი ბედნიერება მეწერა?
მერე ლიფტი გამოვიძახეთ და ისე ავედით სახლში, აღარაფერი უკითხია. ან რა საჭირო იყო კითხვა, როცა ყველაფერი ასე ნათელი იყო: შაკო მიყვარდა, მასაც ვუყვარდი და ამით უზომოდ ბედნიერი ვიყავი.
********************
იმ დღიდან მოყოლებული მართლაც იშვიათად ვხვდებოდით მე და შაკო ერთმანეთს. კვირაში ერთხელ პაემნებსაც ვახერხებდით და ხან კაფეში და ხანაც კინოთეატრში ვისხედით ერთმანეთს მიხუტებულები და პოპკორნის თანხლებით ხან კომედიას ვუყურებდით და ერთად გულიანად ვიცინოდით და ხანაც მელოდრამებს, რაზეც პატარა ბავშვივით გულამოსკვნით ვსლუკუნებდი და შაკო ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.
დედაჩემმა ჩვენი ამბავი მოგვიანებით გაიგო და რომ მეგონა თავს გაიგიჟებდა, ასე არ მოხდა, მგონი გაუხარდა კიდეც შაკოს რომ ვირჩევდი ცხოვრების მეგზურად.
მართალია ცხოვრებაში ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვინდა რომ მოხდეს, მაგრამ რაც ხდება იმასთან შეგუების უნარი მაინც რომ გვაქვს, ესეც კარგია. ასე მოხდა ზუსტად ქალბატონ ვენერასთანაც. ალბათ, შაკოს სიჯიუტემ და მის მიმართ სიყვარულმა, ამ ქალსაც შეაცვლევინა ნელ-ნელა აზრი. ნამდვილად არ უნდოდა შვილის დაკარგვა და შეეგუა მის გადაწყვეტილებას. მეც მესმოდა მისი. არც მე მენდომებოდა ჩემი შვილისთვის ნაციხარი ცოლი, მაგრამ სიყვარულს რას გაუგებ?
იმ სამმა თვემ ისე გაირბინა, ვერაფერი გავიგე. სრულწლოვნობის აღსანიშნავად მამაჩემმა რესტორანი დამიჯავშნა და მეგობრების და კლასელების გარემოცვაში არაჩვეულებრივი დრო გავატარე. ამას ისიც ემატებოდა, რომ შაკოც იქ იყო და გვერდიდან არ მომშორებია... ასეთი ბედნიერი ალბათ არც არასდროს ვყოფილვარ.
მერე დამამთავრებელი გამოცდებიც წარმატებით ჩავაბარე და უკვე ატესტატიანი გოგო ვიყავი. ეროვნულებზეც გავედით მე და მედეა. მან სამედიცინოზე ჩააბარა, მე კი მამის სპეციალობა ვირჩიე და ტურიზმის ფაკულტეტი ავირჩიე. ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს კი შაკომ პაემანზე დამპატიჟა. საგულდაგულოდ გამოვიპრანჭე მასთან შესახვედრად. (რა თქმა უნდა მედეა დამეხმარა ამაში) და უკვე კარზე რომ მომიკაკუნა, გულისფანცქალით გავუღე კარი. ერთხანს აღფრთოვანებული მიმზერდა.
_არაჩვეულებრივად გამოიყურები... ისედაც არაჩვეულებრივი ხარ, მაგრამ დღეს ნამეტანი._ლოყაზე მაკოცა და ლიფტი გამოიძახა.
სხვა შემთხვევაში კიბეზე კისრისტეხით და კისკისით დავეშვებოდი, მაგრამ ახლა მაღალ ქუსლებზე შემდგარმა თავი შევიკავე და ლიფტში შევყევი რაღაცნაირად მხიარულ ტალღაზე დამდგარ შაკოს.
_აბა, საით გაგვიწევია?_ლიფტი რომ დაიძრა, მაშინ ვკითხე.
_ჯერ კაფეში. მერე კი ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უნდა გაჩვენო._ეშმაკურად შემომღიმა.
_პირდაპირ იმ მნიშვნელოვანი ადგილის ჩვენებით რომ დავიწყოთ?_უნდობლად ვკითხე.
_მართლა?_გაუხარდა._რა პრობლემაა?
ლიფტის კაბინა რომ გაჩერდა, პირველი მე გამატარა ზრდილობიანად და თვითონ უკან მომყვა. სადარბაზოს წინ კი ლურჯი გოლფის კარი რომ გამომიღო, უარესად გავვოცდი და კითხვითსვსე მზერა მივაპყარი.
_ჩემი შენაძენია. მართალია კრედიტით ვიყიდე, მაგრამ მალე დავფარავ.
_მართლა? ვაუ, რა მაგარია. გილოცავ._ლოყაზე ვაკოცე გახარებულმა._სულ სიკეთის გზით გევლოს.
_შენთან ერთად._ეშმაკურად მოწკურული თვალებით შემომღიმა.
მერე, მანქანაში რომ ჩავჯექი, კარი ფრთხილად მომიხურა. თვითონაც მიუჯდა საჭეს და ისევ ღიმილით გადმომხედა.
_ესე იგი, კაფე არ გვინდა და პირდაპირ იმ მნიშვნელოვანი ადგილის სანახავად მივდივართ?_დასაზუსტებლად მკითხა და თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, ფრთხილად დაძრა მანქანა ადგილიდან.
კახეთის გზატკეცილისკენ რომ ავიღეთ გეზი, ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. ვენდობოდი მის მარშრუტს და განგაშის მიზეზს ვერ ვხედავდი. ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დავუხვიეთ. პატარა გვირაბში გავძვერით და ხელმარცხნივ გაუხვია. იქ კი, ბევრი აღარ გვივლია, ერთ ერთი კორპუსის წინ შეაჩერა მანქანა. მაშინვე გადახტა მარდად და ჩემს მხარეს შემოურბინა. კარი ზრდილობიანად გამიღო და ხელიც წამაშველა, რომ მოხდენილად გადმოვსულიყავი. ერთ-ერთ სადარბაზოში შევედით და მეორე სართულზე მის ხელს დაყრდნობილი მაღალი ქუსლების კაკუნით ავყევი. ვიფიქრე, ვინმესთან მომიყვანა სტუმრად, მაგრამ ჯიბიდან გასაღები რომ ამოიღო და კარი გააღო, თითქოს მივხვდი რაც ხდებოდა.
პირველი მე შემატარა, მერე წელზე მომხვია ხელი და ისე დამათვალიერებინა ჯერ სამზარეულო, მერე ლოჯია, მისაღები, აბაზანა და საპირფარეშო და ბოლოს საძინებელი.
_აბა, რას იტყვი, როგორ მოგწონს?
_მშვენიერია._გულწრფელად ვაღიარე.
_სამსახური მაქვს, მანქანაც მყავს, ბინაც ვიშოვე. მე მზად ვარ...
_მზად ხარ? რისთვის?_მიამიტურად ავაფახულე თვალები.
_იმისთვის, რომ ოჯახი შევქმნა. შენ?
_მე?_უარესად ავღელდი და უფრო მეტი სიხშირით ავახამხამე თვალები.
_ხო, მართლა, მთავარი დამავიწყდა._ჯიბეში ნერვიულად ააფათურა ხელები. ძლივს მიაგნო რასაც ეძებდა. ჩემს წინ ჩაიმუხლა, თან ლამაზი ბეჭედი გამომიწოდა._თანახმა ხარ ჩემი ცოლი გახდე?
სიხარულისგან ლაპარაკის უნარი წამერთვა. ხან ბეჭედს ვუყურებდი და ხანაც ჩემს წინ დაჩოქილ შაკოს. კარგა ხანს გაოგნებული ვიყავი, მერე სიხარულისგან ავკივლდი და ცრემლები რომ დამემალა, სახეზე ავიფარე ხელები.
არც შაკოს უთქვია რამე. მოთმინებით მელოდებოდა, როდის დავიცლებოდი ემოციებისგან. მერე, მეც ჩავიმუხლე და ისე გადავეხვიე.
_თანახმა ვარ გავხდე შენი ცოლი!_სიხარულით ვაუწყე.
ფეხზე წამომაყენა. ბეჭედი თითზე მომარგო და ისევ ჩამიხუტა.
_მე მზად ვარ შენს გვერდით ვიყო ჭირშიც და ლხინშიც, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს. გპირდები, რომ მუდამ ვიზრუნებ შენზე და გაგიფრთხილდები. შენი ერთგული ვიქნები და მხოლოდ შენ მეყვარები მთელი ცხოვრება._გრძნობით ჩურჩულებდა და თავბრუს მახვევდა მისი თითოეული სიტყვა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ შაკო თავის პირობას შეასრულებდა. იმაშიც ვიყავი დარწმუნებული, რომ მეც უზომოდ მეყვარებოდა სიცოცხლის ბოლომდე და უსაზღვროდ ბედნიერი ვიქნებოდი მასთან. მეც მზად ვიყავი უკვე მასთან ერთად დამედგა უღელი და მასთან ერთად გამეწია ამ ცხოვრების მძიმე ჭაპანი ბევრი სირთულის მიუხედავად, იმიტომ რომ მართლა მიყვარდა.
(დასასრული)



რთული და საინტერესო იყო, მადლობა♡♡ვისიამოვნე♡♡

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

სიყვარული გულს გვტკენს
რთული და საინტერესო იყო, მადლობა♡♡ვისიამოვნე♡♡

მადლობა თქვენ შეფასებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 


№3  offline წევრი ვიპნი

მართალია ხშირად არ გიკომენტარებ ,მაგრამ ყოველთვის ვკითხულობ შენს შედევრებს,შენი ნიკიც კარგად დავიმახსოვრე და გაფაციცებით ვეძებ ხოლმე სიახლეებში.ერთ-ერთი გამორჩეული ხარ რადგან
ცხოვრებისეულლ პრობლემებზე,ღირებულებზე ,ჩვეულებრივ ადამიანებზე წერ ,ისეთებზე როგორებიც ჩვენ ვართ.ყველაფერს ისე რეალურად აღწერ,ჩვენც რომ გავდივართ ყოველდღიურ სიტუაციებში,ძალიან ნაცნობი ემოციები რომ არის.ეს მოთხრობაც იმედია ბევრს დააფიქრებს ,ვფიქრობ ერთ-ერთი მისაბაძი ხარ,შენი წერის სტილით და გადმოცემის უნარით რომ შეგიძლია აჩვენო მკითხველს რა არის კარგი და რა ცუდი.წარმატებებს გისურვებ ❣️

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

ვიპნი
მართალია ხშირად არ გიკომენტარებ ,მაგრამ ყოველთვის ვკითხულობ შენს შედევრებს,შენი ნიკიც კარგად დავიმახსოვრე და გაფაციცებით ვეძებ ხოლმე სიახლეებში.ერთ-ერთი გამორჩეული ხარ რადგან
ცხოვრებისეულლ პრობლემებზე,ღირებულებზე ,ჩვეულებრივ ადამიანებზე წერ ,ისეთებზე როგორებიც ჩვენ ვართ.ყველაფერს ისე რეალურად აღწერ,ჩვენც რომ გავდივართ ყოველდღიურ სიტუაციებში,ძალიან ნაცნობი ემოციები რომ არის.ეს მოთხრობაც იმედია ბევრს დააფიქრებს ,ვფიქრობ ერთ-ერთი მისაბაძი ხარ,შენი წერის სტილით და გადმოცემის უნარით რომ შეგიძლია აჩვენო მკითხველს რა არის კარგი და რა ცუდი.წარმატებებს გისურვებ ❣️

უღრმესი მადლობა შეფასებისთვის. გულს მიხარებს თითოეული კომენტარი და სტიმულს მაძლევს უფრო მეტი და მეტი ვწერო. გაიხარე.
--------------------
მშვილდოსანი

 


№5  offline წევრი დიკო

სასიამოვნო წასაკითხი იყო ბევრის სწავლა შეიძლება ამ ისტორიდან მადლობა რომ დაწერე ????

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

ვენაცვალე შენს ქართულის მასწავლებელს, ნიჭი ნიჭად, მაგრამ ასეთი გამართული მართლწერა?

 


№7 სტუმარი kati

ძალიან კარგი იყო.წარმატებები და ველოდები ახალ ისტორიას.

 


№8  offline წევრი ელეო ნორა

დიკო
სასიამოვნო წასაკითხი იყო ბევრის სწავლა შეიძლება ამ ისტორიდან მადლობა რომ დაწერე ????

ასევე მადლობს თქვენ, რომ წაიკითხეთ და შემიფასეთ.

სტუმარი ანა
ვენაცვალე შენს ქართულის მასწავლებელს, ნიჭი ნიჭად, მაგრამ ასეთი გამართული მართლწერა?

მადლობა. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ქართულის მასწავლებელი სულ კრიტიკის ქარცეცხლში მატარებდა. ????

kati
ძალიან კარგი იყო.წარმატებები და ველოდები ახალ ისტორიას.

დიდი მადლობა. შევეცდები დიდხანს არ გალოდინოთ.
--------------------
მშვილდოსანი

 


№9 სტუმარი ბუ ♡

კარგად წერთ, თქვენი ისტორიები სტილი შინაარსი მომწონს და სიამოვნებით ვკᲘტხულობ♡
მაგრამ ეს ,,ნავარჯᲘშებელი,, არასწორი გრამატიკაა, საერთოდ არ არსებობს არც კუთხურში და არც დიალექტურ და არც არანაირ ბრუნვა-უღლებაში. ძალიან ცუდად მოსახვედრია თვალში და ყურში კითხვისას
ნავარჯიშები -ეს არის სწორი ფორმა. იმედია არ გეწყინებათ ♥︎

 


№10  offline წევრი ელეო ნორა

ბუ ♡
კარგად წერთ, თქვენი ისტორიები სტილი შინაარსი მომწონს და სიამოვნებით ვკᲘტხულობ♡
მაგრამ ეს ,,ნავარჯᲘშებელი,, არასწორი გრამატიკაა, საერთოდ არ არსებობს არც კუთხურში და არც დიალექტურ და არც არანაირ ბრუნვა-უღლებაში. ძალიან ცუდად მოსახვედრია თვალში და ყურში კითხვისას
ნავარჯიშები -ეს არის სწორი ფორმა. იმედია არ გეწყინებათ ♥︎

მადლობა. არა, არ მწყინს. პირიქით, მიხარია, რომ შეცდომებს მისწორებთ.
--------------------
მშვილდოსანი

 


№11 სტუმარი Ana-maria

თქვენი ყველა ისტორია განსხვავებულია ერთმანეთისგან.ძალიან მომწონს ყველა და დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. ეს ისტორიაც შედგა. მადლობა

 


№12 სტუმარი ახალი

ძალიან მომწონს შენი ყველა ისტორია????ყველა წავიკითხე რაც შენს გვერდზე დევს.წარმატებები და ულევი შთაგონება!!!????????

 


№13  offline წევრი ელეო ნორა

Ana-maria
თქვენი ყველა ისტორია განსხვავებულია ერთმანეთისგან.ძალიან მომწონს ყველა და დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. ეს ისტორიაც შედგა. მადლობა

დიდი მადლობა შეფასებისთვის.

ახალი
ძალიან მომწონს შენი ყველა ისტორია????ყველა წავიკითხე რაც შენს გვერდზე დევს.წარმატებები და ულევი შთაგონება!!!????????

გაიხარეთ, დიდი მადლობა.
--------------------
მშვილდოსანი

 


№14  offline წევრი ელეო ნორა

mariam guliashvili
ყველაზე მაგარი რამ რაც ცხოვრებაში წამიკითხავს! მინდა კიდევ გააგრძელო მსგავსი ისტორიების წერა. წარმატებებს გისურვებ.

დიდი მადლობა შეფასებისთვის ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№15 სტუმარი სტუმარი ნესტანი

განსაკუთრებული სასიამოვნო და საინტერესო ნაწარმოებია მომეწონა გამიხარდა კარგად რომ დამთავრდა

 


№16  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ნესტანი
განსაკუთრებული სასიამოვნო და საინტერესო ნაწარმოებია მომეწონა გამიხარდა კარგად რომ დამთავრდა

მეც მიხარია, რომ მოგწონთ. მადლობა
--------------------
მშვილდოსანი

 


№17  offline წევრი TamoTi

ძალიან მომწონს ძალიან მომეწონა კარგი იყო♥️♥️მეც დიდი ინტერესით ველოდები ხოლმე შენს სიახლეებს♥️♥️ისე კი მიას საქმის ამბები ძალიან მაინტერესებდა
(。•́︿•̀。) (。ŏ﹏ŏ)

 


№18  offline წევრი ელეო ნორა

TamoTi
ძალიან მომწონს ძალიან მომეწონა კარგი იყო♥️♥️მეც დიდი ინტერესით ველოდები ხოლმე შენს სიახლეებს♥️♥️ისე კი მიას საქმის ამბები ძალიან მაინტერესებდა
(。•́︿•̀。) (。ŏ﹏ŏ)

მადლობა შეფასებისთვის. ზოგიერთ დეტალს მკითხველის ფანტაზიას ვანდობ.
--------------------
მშვილდოსანი

 


№19 სტუმარი სტუმარი თამარი

გამარჯობა, გუშინ თქვენი ისტორიის ნაწილი იდი ფეისბუკზე, ვეღარ ვნახე და აიღეთ, თუ მე ვერ მოვძებნე ? ველოდები თქვენს ისტორიებს. აქ არ მოგწერდით, მაგრამ ვერც საიტზე გნახეთ

 


№20  offline წევრი ელეო ნორა

გამარჯობათ. ნამდვილად არ ამიღია. იქ ყოველდღე ახალ თავებს ვდებ და მერე აქ ვაქვეყნებ სრულად. ჩემი პროფილის ლინკი ვერ ჩაგიგდეთ სამწუხაროდ.
--------------------
მშვილდოსანი

 


№21 სტუმარი სტუმარი gvantsa

რატო დაგვეკარგეე? გელოდებით ახალი ისტორიით : )))

 


№22  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი gvantsa
რატო დაგვეკარგეე? გელოდებით ახალი ისტორიით : )))

დიდი ბოდიშით, ვეღარ მოვიცალე.
--------------------
მშვილდოსანი

 


№23 სტუმარი სტუმარი ნინი

ნამდვილი ისტორიაა?

 


№24 სტუმარი ნა ნა

უუუუკარგესი ხარრრრ❤

 


№25  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ნინი
ნამდვილი ისტორიაა?

არა. ❤️❤️

ნა ნა
უუუუკარგესი ხარრრრ❤

დიდი მადლობა ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent