შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამოდი, არ დარჩე!


14-05-2021, 18:37
ნანახია 1 183

"გეგონებოდა ხმაურშია ცხოვრების არსი"
ხერიტ კომრეი


სოფლის სახლმა სკოლის არდადეგები გაახსენა იესეს. ცამეტი წელია აქ არ ჩამოსულა. უმაღლესში ჩაბარებისთანავე დაიწყო მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება: ნაირ-ნაირი ექსკურსიები, კინო-თეატრები, ფიტნესს-კლუბები, ბარები, საბილიარდოები, სლოტ-კლუბები, ბოლოს კაზინოც და არ ვიცი კიდევ რა...
ჯერ უხაროდა მამის ქონების განიავება, მერე მობეზრდა. რაღაც მომენტში ჭკუაც იხმარა - ბევრი იმეცადინა და საკუთარი საქმის პროფესიონალი გახდა. აქტიური, ხმაურიანი ცხოვრება უყვარდა და ჰქონდა კიდეც, არ ეგონა თუ ოდესმე სოფელი მოენატრებოდა. მაგრამ 13 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ დაიღალა.

სამსახურის გამოულეველი საქმით თავგასიებულმა, სიყვარულში გულგატეხილმა და სმის სიხშირის გამო ღვიძლგადიდებულმა მამა-პაპისეულ სახლს მიაშურა.
წვიმდა. ავტობუსის მძღოლი უამინდობის გამო წუწუნებდა. იესეს მოეჩვენა, რომ წვიმა უხდებოდა სოფელს. ავტობუსი ჯაყჯაყით მიდიოდა ტალახიან შარაზე, ბორბლებს უჭირდათ გავლა, მაგრამ მერე რა, ავტობუსი ხომ სოფლის ნაწილი არაა, რა უნდა ტრანსპორტს მაღალმთიან სოფელში?! დაგროვდება ჰაერში გამონაბოლქვი და აღარ გამოჩნდება ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. ისიც ეყოფათ, ჯიხვები რომ გააქციეს. ჰო, ბაბუის მონაყოლიდან ახსოვდა: ყოველ ალიონზე, გადმოდგებოდნენ თურმე ჯიხვები ქარაფებზე, ყელს დაიგრძელებდნენ, თავს მაღლა ასწევდნენ და სუფთა ჰაერს ისუნთქავდნენო. მაშინ აქ ცხენებით დადიოდნენ, ათასში ერთხელ თუ ამოხრიგინდებოდა რაიონის ცენტრიდან სატვირთო მანქანა. ტრანსპორტის გამოჩენის შემდეგ ზემოთ წასულან ჯიხვები. "თვალსაც კი ვერ მოკრავ ვერსადო! - სწუხდა ბაბუა. იესეს ბაბუასაც უყვარდა წვიმა: - მოდი, მოდი შხაპუნა, შენს მადლს ვენაცვალე, ყანა წამოიზრდება, მოსავალი გაგვიხვავრიელდებაო!.. "დღეს ისე განსხვავდება ერთმანეთისგან ქალაქი და სოფელი, მეჩვენება, აქ ჩამოსვლით თითქოს წარსულში დავბრუნდი"... – ფიქრობდა იესე და ავტობუსის ფანჯრიდან უცქერდა მიწის მტვრისგან გასუფთავებულ ბუნებას. ხბოებს, გრძელ წამწამებზე რომ უციმციმებდათ წვიმის წვეთები, იხვებს და ჭუკებს, ხშირ-ხშირად რომ იფერთხავდნენ ტანიდან სისველეს... იესემ უცებ იგრძნო, რომ რომანტიული გახდა, ლამის ლექსი დაწერა, აი ისეთი, ძველად რომ იტყოდა მისი ბაბუა - პათეტიკით და სინაზით სავეს სტრიქონებს:
მიწის სურნელი მომივა თითქოს,
ჩემს მიწაშია გაჩენილი ეს გაზაფხული...
ავტობუსი გაჩერდა, ხალხი აყალ-მაყალით წამოიშალა. ქალაქელი იესე გამოირჩეოდა სოფლელებისგან ჩაცმულობით, სოლიდურობითა და მოწესრიგებულობით, მგზავრებს მაშინვე თვალში მოხვდათ სტუმარი და ხომ იცით, სოფელი საშინლად სტუმართმოყვარეა. თავიდანვე მიაქციეს ყურადღება, გზად წახემსება შესთავაზეს, განსაკუთრებული რიდითა და პატივისცემით მოეპყრნენ. ეამა სოფლელების გულუბრყვილობა. სკოლა გაახსენდა, სადაც ყველაზე იდიოტ მასწავლებელსაც კი მოწიწებით ეპყრობი, მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებელი ჰქვია და შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ რაც გავალდებულებს, რომ გყავდეს იდეალები.

***
" რა ტიპები იყვნენ?" - ეღიმებოდა იესეს და თან თბილ ჩაის სვამდა მამა-პაპისეულ მყუდრო სახლში. დიდი ხანია რძე აღარ უყვარდა. არადა ეს ჩაი და ყავა როგორ არ უხდება სოფელს? თუ გინდა რომ რეალობას მოსწყდე და აქტიური, დაძაბული "ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” დაივიწყო, უნდა წახვიდე შორს „შენი ყოველდღიური ცხოვრებისგან განსხვავებულ ადგილას და უცხო სიტუაციაზე მორგება შეძლო“. – რომელიღაცა ცნობილი ადამიანის ნააზრევი გაახსენდა იესეს... " რა დროს ყავაა, რამე აქაურს გავსინჯავ!" - გაიფიქრა და კიბეზე სწრაფად ჩაირბინა. ქუჩაში გავიდა, ქუჩა რა, შარა იყო, მტვრიანი, წვიმის დროს ატალახებული, ჰოდა იესეც ტალახში ამოვლებული დაბრუნდა შინ, სოფლის "ნობათი" მოიტანა: კარაქი, ყველი, მაწონი და თონეში გამომცხვარი პური. მაგიდასთან მოხერხებულად მოკალათდა, ნუ შეძლებისდაგვარად მოხერხებულად, მუხის მასიური ხისგან გამოთლილი უშველებელი სკამი ძლივს მოაჩოჩა, ფუმფულა ხავერდზე რომ დაჯდა, ეტყობა ძველთაძველმა ზამბარებმა ვეღარ გაუძლეს მის სიმძიმეს და ჩაიზნიქნენ. იესეს უკანალი ღრმად ჩავარდა, მაგრამ სკამის გამოცვლა ისე დაეზარა, გადაწყვიტა, რომ ასე მოკაკვულს ევახშმა.
ცოტ-ცოტა ყველაფერი გასინჯა, მერე მიხვდა და გაეღიმა: სოფლის ნატურალურ პროდუქტს გემოს ვეღარ ატანდა. რძის ფხვნილზე დამზადებული კარაქი, მდნარი ყველი, იოგურტი და ქარხნული პური ერჩივნა. ფუტურისტული მანიფესტიდან გაახსენდა ცნობილი ფრაზა: "მანქანა უფრო მშვენიერია, ვიდრე ნიკე სამოთრაკიელი!“ მართლაც იყო ამ ფრაზაში თანამედროვე ადამიანისთვის გასაგები ჭეშმარიტება.

***
"ისტორია იმიტომ გაინტერესებს, რომ აწმყო შეიცნო და მომავალი დაინახო." – ფიქრობდა იესე. ეს სახლი იყო მისთვის პირადი ისტორია, თავისი ძველთაძველი ფოტოებით, ჭურჭლით, ცოტა ავეჯითაც. იესე ვერცხლისფეხიან ბაკარას სახილეს ათვალიერებდა, მერე შავი ხის მოჩუქურთმებულ სახელურს მოკიდა ხელი და უჯრა გამოაღო, მოოქრული კოვზები იპოვა, დახურა. ტახტზე ხალიჩა იყო გადაფარებული, უკანა მხარე უნახა, ხელით ნაქსოვი აღმოჩნდა. იესე ხალიჩაზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა: ყველა თანამედროვე ნივთი უშნო და პრაქტიკულია, ერთჯერადი დატვირთვა აქვს – უპრობლემოდ და მაქსიმალურად მოიხმარს ადამიანი. ძველი ნივთები კი პირიქით, ავალდებულებენ პატრონს, რომ მოუარონ, გაუფრთხილდნენ როგორც ხელოვნების ნიმუშებს. ალბათ მაშინ ყველა ადამიანი გრძნობდა, რომ მის ირგვლივ თითოეულ უსულო საგანსაც კი აქვს ინდივიდუალობა, თავისი განუმეორებელი სახე და ხასიათი. ის გამკეთებლის ხანგრძლივი შრომის შემდეგ, მისი აურის ნაწილს და მყიდველის სიმპათიებით განწყობილ მზერასაც იტევს თან. შეიძლება ამიტომაც არ იყო თანამედროვესავით აუტანლად თავდაჯერებული და ეგოისტი მაშინდელი ადამიანი. მის ირგვლივ ყველაფერი განსაკუთრებული იყო და მოწიწებას იმსახურებდა, მოწიწებას თუ არა ურთიერთობის გაბმას მაინც... აი, მე მოვკვდები და ვერაფერსაც ვერ დავუტოვებ შვილებს სამახსოვროდ. ოქრო არ მაქვს, ანტიკვარები ბაბუის დანატოვარია და ჩემგან ხელუხლებელი... დანარჩენი კი ყველაფერი ისე ადვილად ცვეთადია, ერთ თაობას თუ ეყოფა და ისიც რამდენიმე წელი. იესე ტახტზე მიწვა, თავი მუთაქაში ჩარგო, რა "არაკომფორტული ნივთია!" - გაიფიქრა და მალევე ჩაეძინა, ალბათ სოფლის სიმყუდროვემ და სუფთა ჰაერმა იმოქმედა, თორემ ქალაქში გამთენიისას ძლივს იძინებდა.
დილით ჩიტების ჭიკჭიკმა რომ გამოაღვიძა, უცებ იფიქრა: მოვკვდი და სამოთხეში ვარო, ყველაზე მეტად დილით იგრძნო, რომ ქალაქი ხმაურიანია, სოფელი – რომანტიკული, ეს რომანტიკა კიდევ სძულდა და ეზიზღებოდა, მაგრამ სოფელს რომ საშინლად უხდებოდა? მისი ნაწილი და სიცოცხლე იყო... იესემ ძლივს გაახილა ნამძინარევი თვალები და ფანჯრის მინიდან აყვავებული ხე დაინახა, ხეზე ჩიტები, ჩიტებზე და ყვავილებზე - წვიმა კი არადა ნაწვიმარი. იესეს ბებო გაახსენდა. ერთხელ ბებომ გამოიჭირა და ჰკითხა:
_ ბებიკო, წელიწადის რომელი დრო გიყვარს, ახლა შენო?
_ გაზაფხული! _ სწრაფად უპასუხა მაშინ ჯერ კიდევ თინეიჯერმა იესემ.
_ იტყუები! შენ არ დაფიქრებულხარ ამაზე ბებო, სულ გესმის უფროსებისგან: აი, მოვიდა გაზაფხული, რა ლამაზია, კვირტები დასკდა, ყვავილები გაიშალა და მზემ გამოანათაო, მაგრამ არ შეიძლება შენნაირ ჭკვიან და განათლებულ ბავშვს, რომ გაზაფხული უყვარდეს. ეს უფრო უფროსების გავლენაა.
_ მაინც რატომ? _ ჰკითხა იესემ და ყური დაუგდო ბებოს, რომელსაც მგონი თავის სიცოცხლეში არ უთქვამს სისულელე.
_ გაზაფხული ყველაზე ეგოისტი სეზონია ბებიკო, ყველაფერი თავისთვის უნდა და ადამიანისთვის არაფერი ემეტება. ამ დროს არც ნადირობა შეიძლება და მცენარესაც არაფერი ასხია, მზე მავნეა, ქარიც. თვითონ ყვავდება, ლამაზდება, ცოცხლდება და ადამიანს ასუსტებს, ძალას ართმევს, ალერგიასაც შეჰყრის ხოლმე, გაზაფხული რა საყვარელია, ეგ ადრე იყო, ჩემს ბავშვობაში. მწყემსებს და მიწის მუშებს ახარებდათ გაზაფხული, ხვნა_თესვა იწყებოდა, ვაზის გასხვლა და კიდევ რა ვიცი რა, იყო ერთი ჟრიამული. იმ ადამიანისთვის რომელსაც არ უწევს ფიზიკური დატვირთვა და გონებით მუშაობს - ზამთარია გამოგონილი. ჩაჯდებოდა ზამთრობით საწყალი მამაჩემი ბუხართან სულ მაშინ დაწერა, თუ კი რამ შეუქმნია. ზამთარი ყოველთვის გიბიძგებს გადმოალაგო თუ რამე გიყრია თავში. თავისი სიცივით სულსაც გიკაჟებს და ხორცსაც. სამაგიეროდ ზაფხულში უკვე ვერაფერს აკეთებ ბებო, “ნეტა, არ დამცხესო!”- ფიქრობ და ხან წყალში ჩახტები, ხან ტყეში გაისეირნებ, სააგარაკო სახლს ესტუმრები... ზაფხულში უნდა დაისვენო ბებო და სხეული უნდა გააჯანსაღო, გაამზეურო, რომ შემოდგომაზე შეფუთო ისევ. შემოდგომა თბილი და ტკბილია. ყველაფერს გადმოალაგებს და თვითონ ჭკნება, ზამთრისთვის ამზადებს ბებიკო ადამიანს, რომ მერე ის ჩაუჯდეს საკუთარ თავს და გაერკვეს რა სურს. შემოდგომაზე ბევრი ხილით, ხორცით და სხვა ნობათით გამძღარი, თბილ და საამო მზეს მიფიცხებული და ნოტიო ჰაერით ჯანზე მოსული ადამიანი, ზაფხულის ხვატების შემდეგ ჭკუაში ვარდება და ხანდახან ისიც ახსენდება, რომ “ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი”... აბა, ბებიკო, ახლა დაფიქრდი და მითხარი, წელიწადის რომელი დრო გიყვარს?
იესეს გაახსენდა, რომ მაშინ პატარა ღიპზე ხელი მოისვა და ბებიას კევის ღეჭვა-ღეჭვით სწრაფად უპასუხა : _ შემოდგომა ბებო! _ ბებიას გაეცინა და უპასუხა. _ გაგიგია რაღაცა ჩემი ლაპარაკიდან, ჯერ ბავშვი ხარ, გაიზრდები და ზამთარი შეგიყვარდება!
იესე ”ტკბილი მოგონებებიდან” კაკუნის ხმამ გამოარკვია. კარზე აკაკუნებდა ვიღაც... არც უკითხავს, ვინ არიო? სწრაფად გამოაღო. ლამაზი გოგონა იდგა, იქნებოდა ასე 20 წლის.
_ გამარჯობა, დედამ გამომგზავნა, თქვენი ბებია თურმე ისე უვლიდა ჩემს დიდ ბებიას როცა ლოგინად ჩავარდა, დედამ თქვა ეს ქადები მცირე ძღვენია იმასთან შედარებით რასაც მისი შვილიშვილი იმსახურებს ჩვენგანო!
იესეს "მცირე ძღვენი" ცოტა ყურში ეხამუშა, ზედმეტად არქაულ ფორმად მოეჩვენა. "გამარჯობა და დიდი მადლობა" – გაუღიმა გოგონას _ ნახვამდის, _ თქვა გოგონამ, იესეს ქადები ხელში მიაჩეჩა და წავიდა. იესეს გაუხადა საუზმის საძებრად სირბილი რომ არ მოუწია, ქადები დაჭრა, ყავასთან კარგად წავიდა, ”დონატებს” ვერ სჯობნიდა, სამაგიეროდ ნატურალური პროდუქტი იყო.


***
„კურთხეულ იყავ, ქალო, ბევრი სიყვარულისთვის!“
პ. კოელიო
იმ გოგონას საუზმობის შემდეგაც მოკრა ფანჯრიდან თვალი და გაიფიქრა: _ აუ, რა უგემოვნოდ აცვია. მშვენიერი გოგონაა და... რა დროს ასეთი მაქმანებიანი პერანგი და ჟორსეს ქვედაბოლოა, სოფელში ხარ, ხან ძროხას წველი, ხან სახლს ალაგებ... ადექი და ჩაიცვი სპორტულად, კომფორტულადაც იგრძნობ თავს და „ტიპურიც“ გამოჩნდები. იესე უცებ იმაზეც დაფიქრდა, რომ სოფელში არ ანაღვლებთ კომფორტულობა, აქ სხვა რაღაცები უფრო პრიორიტეტულია. მაგალითად, რამდენად კარგად გაქვს კარ-მიდამო მოვლილი? ან რა კარგად უვლი ამდენ პირუტყვს. სოფელში ადამიანი მის გარემომცველ სამყაროზეა ორიენტირებული, ის არ იყიდის მაგალითად ”ბრენდს”, ან არ დადგამს სოლარიუმს სახლში... მდიდარი ქალაქელებისგან განსხვავებით, არ არიან საკუთარ თავებზე გადაყოლილები, მათთვის ”ბრენდი” საუკეთესო ჯიშის ცხოველი ან განსაკუთრებული რუდუნებით დამზადებული სასმელია...
კარზე ისევ დააკაკუნა ვიღაცამ, ისევ ის გოგონა იყო. - იქნებ თეფში დამიბრუნოთ?. იესემ ქადები გაზეთზე დაყარა და თეფში მისცა, გოგონამ თავი დაუკრა და სწრაფად წავიდა. იესე გაბრაზდა. _ თეფში არა ის, რა უბედურებაა, ყველა წვრილმანის ასე მოვლა, არ უტყდებათ მაინც. იესე სახლში შებრუნდა, ხალიჩა გამოათრია, ეზოში გაშალა და ზედ წამოგორდა. ძველი წიგნი გადაშალა, ერთი აბზაცი გადაიკითხა, ნოვალისის ბიოგრაფია იყო. კორექტული ლინზებით მშვენივრად არჩევდა ძველ, გაყვითლებულ წიგნში წვრილ ასოებს... ჩრდილი დაადგა და კისკისიც მოესმა:
- რას კითხულობთ? - აუ, ისევ ის გოგოა, გაიფიქრა იესემ და სხვათა შორის უპასუხა:
- ისეთს არაფერს.
- ნოვალისის ”ცისფერი ყვავილია” არა? - იესეს გაუკვირდა, ნოვალისი საიდან იცის ამ სოფლელმაო?
_ ჯერ მის ბიოგრაფიას ვეცნობი, თურმე ჩვენს სიმბოლისტ ნოვალისს ძალიან ჰყვარებია ერთი გოგონა რომელიც გარდაცვლილა.
_ ხოო, აბა, გარდაიცვალა... სამაგიეროდ ნოვალისი მისი გარდაცვალებიდან ორ წლის შემდეგ დაქორწინდა, როცა ამის გამო უსაყვედურეს მან უპასუხა: ეს არს ჩემთვის ცოლი და ის იყო ჩემთვის რელიგიაო.- იესეს გაეღიმა და გაიფიქრა ”ნახე, რა ნაკითხი ყოფილა ეს სოფლელი გომბიოო”. ლამაზიც იყო, გრძელი ფეხებით და სავსე მკერდით, სახეც სიმპათიური ჰონდა, მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები, ალბათ იცოდა კიდეც და თვალების ფერის მეტი სიმკვეთრისთვის მწვანე ფანქარი წაესვა კონტურად, ტუჩზე კი რაღაც საშინელი ფერის პომადა, რა საჭიროა, ქორწილში ხო არ მიდის, რად უნდა ამ ტყეში ამდენი მაკიაჟი, ვინმემ უთხრას მაინც რომ უმაკიაჟოდ უფრო კაი ნაშაა. მერე მიხვდა, რომ სიტყვა ”ნაშა” აქ ზედმეტი იყო, მაგრამ მაინც საინტერესო იქნებოდა ამ გოგონას შიშვლად ნახვა.
_ აი, ეს არის ის სიყვარული რასაც ხევსურები ”სწორფრობას” ეძახიან _ სიტყვა გააგრძელა გოგონამ. იესემ აცალა, ისეთი სახე მიიღო ვითომ ძალიან აინტერესებდა ეს სიყვარულის ისტორიები, გოგონა კიდე არ ჩერდებოდა, აღტაცებით უყვებოდა იმაზე, რომ ქალსა და ვაჟს შორის ზოგჯერ იბადება ისეთი სიყვარული რომელიც ვნებაზე არაა დამყარებული, ის სულიერ კავშირს, გაიდეალებასა და ერთმანეთით აღტაცებას გულისხმობს და ძველ ხევსურეთში ისჯებოდა წყვილი, რომელიც ამ აკრძალვას დაარღვევდა და თავის სწორფერთან სექსუალურ კავშირს დაამყარებდა... მოჰყავდა მაგალითები ნაწარმოებებიდან, ისტორიული ფაქტებიდან, ლამის დააჯერა იესე, რომ შეიძლება ”უმწიკვლოდ” გიყვარდეს ქალი. სასიამოვნოდ და დამაჯერებლად ჰყვებოდა, მაგრამ იესესათვის ქალი მაინც ქალი იყო ყველა თავის ”სისავსით”, რომელიც გაღელვებს და გიზიდავს, ამიტომ მალე მობეზრდა და გოგონას თხრობა უტაქტოდ შეაწყვეტინა:
_ სახელი მაინც მითხარი?- გოგონა დაიბნა, მერე გადაიკისკისა.
_ ლორელაი.
_რა, რა? - ჩაეკითხა იესე, ასეთი სახელი ჯერ არ გაეგო.
_ ლორელაი, - გერმანული სახელია, მითოლოგიის მიხედვით ის ზღვაში კლდის ქიმზე იჯდა და ისე მომაჯადოებლად მღეროდა რომ მეზღვაურები ინუსხებოდნენ და გემიც იღუპებოდა.
_ ო... საშიში სახელი გრქმევია.
_ ჰო, ალბათ... უცებ უმაღლეს რეგისტრში აკივლდა ვიღაც ქალი - ლორელაი, სად ხარ შვილო? - წავედი, წავედი დედა მეძახის, - სწრაფად თქვა ლორელაიმ და გაიქცა.
_ რა აკივლებს ასეთ ხმაზე, რა უბედურებაა, - გაიფიქრა იესემ და წარმოიდგინა ქალაქელ გოგოს როგორ დაურეკავდა დედა მობილურ ტელეფონზე, ისიც დაემშვიდობებოდა და რხევა-რხევით ნაზად წავიდოდა სახლში. სოფელს აქვს ბუნებრიობის ეშხი, მაგრამ იმის გამო რომ აკლია მოდურობა - მოსაწყენია. მაშინ რატომ ჩამოვიდა? ნოსტალგია? განმარტოების სურვილი, თუ სიჩუმე? რა მნიშვნელობა აქვს იცოდე საიდან მოდიხარ თუ ისტორია ისეთ რამეებს გავალდებულებს და პასუხისმგებლობას განიჭებს, რაზეც არ გინდა რომ თავი შეიწუხო?.. იესეს უცებ ნერვები მოეშალა, სახლში ავიდა, ლოგინში ტანსაცმლიანად დაწვა და დაიძინა.
ღამის პირველ საათზე გაეღვიძა, ფანჯრიდან დიდი მთვარე იყრებოდა, იესეს გაახსენდა, სადღაც წაკითხული, რომ მთვარე ანელებს მზის მცხუნვარებას და რომ არა ის, საშინელ სიცხეს, სწრაფ ქარებსა და დედამიწის ბრუნვის სიჩქარეს ვერ გაუძლებდა სამყაროს ფონზე მეტისმეტად უსუსური ადამიანი. საერთოდ იესეს უყვარდა მთვარე, მისი ამოსვლა აძლევდა მოქანცულ ადამიანს განტვირთვისა და დასვენების საშუალებას. ღამის კლუბები, ბარები... დროსტარება, მერე საწოლი ქალები და რაც მთავარია ძილი - ყველაფრისგან გათიშვა და სრული გარინდება ძალების მოსაკრეფად, მერე ისევ დილა რომელიც შრომას გაიძულებს. ნეტავ რატომ ეთაყვანებოდნენ მზეს ადამიანები, მზე არა ისა, მთელი სიამოვნება და მუღამი ღამეშია. თუ ამ მზისქვეშეთში ადამიანი ”ტანჯვისთვისაა” გაჩენილი, მთვარის ამოსვლაა მისი ერთადერთი საშველი. მთვარის ფაზები კადრობდა მას ყოველთვის როდის უნდა დაეთესა, მოემკა და დაერგო. ახალი მთვარის ხილვისას ყველა ადამიანმა (ვიდრე მე-20 საუკუნემდე, სანამ ეს ცოდნა დაიკარგებოდა) იცოდა, დაწყებული საქმე ნაყოფს ვერ გამიღებდა, სავსე მთვარობა კი გამძაფრებულ აგრესიას და მოზღვავებულ ენერგიას იწვევდა ადამიანებში და კიდევ რა ვიცი რა... მთვარის ამ ინფორმაციით ცხოვრობდა დედამიწა ბევრად უფრო კომფორტულად ვიდე ეს მთვარის არყოფნის შემთხვევაში იქნებოდა, იქნებ მთვარეა ღმერთი და გვეცხადება სიბნელეში გზის გასანათებლად, ღამის მოტანილი ცოდვების ჩასანიშნად? - იესეს გაეღიმა, მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა. ერთი გაიზმორა და ადგომა დააპირა, როცა ქვედა სართულიდან რაღაც ფხაჭუნი შემოესმა: -აუ, აქ თუ თაგვებია არიან გავგიჟდებიო - გაიფიქრა და კიბე ჩაირბინა. კარის ღრიჭოში ქაღალდი იყო გაჩრილი, იესემ გაშალა და წაიკითხა. ლორელაის წერილი აღმოჩნდა. ”არ დამეძინა. რატომღაც, შენზე ფიქრი ამეკვიატა, არ ვიცი რას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ, სიმართლე გითხრა სულაც არ მინდა ეს ფიქრები მოვიცილო თავიდან, რადგან ყველა ადამიანის უდიდესი მიზანი სიყვარულის შემეცნებაა და მე მას ვეძებ, ვეძებ ყველგან და ყველასთან. მე მინდა გავიგო, ვინ ხარ შენ? იმდენად რამდენის უფლებასაც მომცემ. გკოცნი ბევრს (თუ ამბორის უფლებას მომცემ) ” იესეს გაეღიმა: ნახე, რა მაგარი გოგოა, აი მოხერხებული შეთავაზებაც ამას ჰქვია. მიყვარს წრფელი ადამიანები. ალბათ ასე ოსტატურად ღუპავდა მითოლოგიური ლორელაიც გემებს. მაგრამ დაღუპვა რა შუაშია, რას კარგავდა იესე? არც არაფერს, მაგრამ რომ შეყვარებოდა. ეეე, ეგ მართლა დაღუპვა იქნებოდა, სიყვარულის ნერვები ახლა ნამდვილად არ ჰქონდა, თავისი აწეწილი საქმეებისთვის უნდა მიეხედა. ისე რატომ უნდა შეჰყვარებოდა, აქამდე არასდროს მოსულა სიყვარული და რატომ ახლა. უცნაური შიში უშლიდა ნერვებს, ვერ გაიგო რამ შეაშინა, რაღა ამ სოფლელ ლორელაიზე გაიფიქრა რომ ის უნდა შეჰყვარებოდა ამ ხნის კაცს? არ ვიცი ამ შიშის მიზეზი აინტერესებდა თუ გოგო მოეწონა ძალიან, მეორე ღამესვე დაპატიჟა ლორელაი თავისთან და დილას, როცა მის გვედით გაიღვიძა, აღმოაჩინა, რომ წუხანდელი შიში მთლიანად გამქრალიყო. ლორელაი რაღაც ლაღი და თავისუფალი ჩანდა. ბევრს ლაპარაკობდა, სოფლის ამბებს ჰყვებოდა, გლეხებს დასცინოდა, მერე უცებ იკითხა: - მოგწონვარ? - ძალიან მომწონხარ, უპასუხა იესემ დაუფიქრებლად, სხვა პასუხი დაფიქრების შემდეგაც არ მოუვიდოდა თავში. მაგრამ უცებ გოგონამ ისეთი რამ იკითხა, რაზეც იესემ გადაწყვიტა, რომ ღირდა აუჩქარებელი პასუხის გაცემა, რომ ძალიანაც თავში არ ავარდნოდა ლორელაის თავის საქციელი და არ ეფიქრა შევაყვარე ამ უბედურს თავიო. სინამდვილეში შეკითხვა ჟღერდა მარტივად: - ლამაზი ვარ?
_ ნუ... როგორ გითხრა? - დაიწყო იესემ - სილამაზე დღეს ძალიან პირობითი ცნებაა, თუ ადრე არსებობდა ერთი შეფასების კრიტერიუმი, რომელზეც მეტნაკლებად ყველა თანხმდებოდა. დღეს ყველაზე ბევრს გემოვნებაზე დავობენ. ჩემი აზრით, არ არსებობს ლამაზი ქალი, არსებობს მოვლილი და ”სვეცკი” და არსებობს მოუვლელი და ”ბანძი”. ლორელაი ცოტა შეიშმუშნა, მოეჩვენა, რომ ეუბნებოდა: სოფლელი გოიმი ხარ და შენნაირები ჩემთვის ლამაზები ვერასდროს იქნებიანო. არ გაბრაზებულა, გამოწვევად მიიღო ნათქვამი და ასეთი პასუხი დაუბრუნა: საწოლში ყველა ქალი მოუვლელია და ამ დროს მისი სიმაგრე ”სისვეცკეზე” სულაც არ არის დამოკიდებული. წყვილის საწოლი კი ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ურთიერთობაში, რადგან მხოლოდ აქ შეუძლიათ მათ იქცნენ, ან სცადონ მაინც რომ იქცნენ ”ერთ სულ და ერთ ხორც”. ”როგორ უნდა რომ ძალიან ჭკვიანად მომაჩვენოს თავი?”- გაეცინა იესეს. - რა გაცინებს? შეეკითხა როლერაი და თავში ასეთმა აზრმა გაუელვა: ” შეგიყვარდები და ნახავ მერე...”
ყოველთვის ასე იქცეოდა ლორელაი, მამაკაცებს თავს აყვარებდა და მერე მიდიოდა მათგან. თვითონ ჯერ არავინ შეჰყვარებია, ბებიისგან იცოდა: ნებისმიერ კაცს დაახვევ თავბრუს თუ მხოლოდ მოგწონს და არ გიყვარსო. ლორელაიც დადიოდა და თავბრუს-თავბრუზე ახვევდა ჯერ ბიჭუნებს, მერე ყმაწვილებს სულ ახლახან მამაკაცებს. თავის ძალებს გადასინჯავდა ხოლმე ყველა ”შებმაზე”, თავის ქალურ შესაძლებლობებს სწავლობდა და ერთობოდა ამით. სხვა რა საქმე ჰქონდა, არ სწავლობდა, არ მუშაობდა, დედას ეხმარებოდა ზოგჯერ, ეგ იყო და ეგ. თავისი უსაქმურობა ნერვებს უშლიდა, მაგრამ რა ექნა, ვერ იპოვა თავისი ამპლუა. მას სჯეროდა რომ ყველა ადამიანი რაღაც განსაკუთრებული მიზნისათვის იბადებოდა და ერთხელაც ღმერთი აუცილებლად დაანახვებდა ამ მიზანს, აბა მხოლოდ მამაკაცების გულებში სიყვარულის გასაღვიძებლად ხომ არ იყო დაბადებული. თუმცა რა, ესეც მნიშვნელოვანია, გააბედნიერო ადამიანი სიყვარულით და მერე თუნდაც მარტო დატოვო მის სიყვარულთან და ბედნიერებასთან ერთად, რომელიც ხან სიძულვილში გადაიზრდება და ხან მარადიულ ტანჯვაში, ხანაც აუხდენელ ოცნებებში გადავა და სამუდამოდ ლოდინში. არა, ლორელაი მხოლოდ იმისთვის ვერ დაიბადებოდა, რომ მხოლოდ გაეცა, მასაც უნდა მიეღო რაღაც ისეთი რაც ”ნამდვილ ადამიანად” აქცევდა.
ლორელაი ამჩნევდა, რომ იესე იმ კაცებს არ ჰგავდა ვისაც აქამდე იცნობდა, თავისი ინტელექტის გამო ის უფრო საინტერესო იყო. ზოგჯერ იესე ეუბნებოდა სიტყვას ”მიყვარხარ”, მაგრამ ეს არ იყო ის რაც ლოლერაის ბევრი სხვა მამაკაცისგან უგრძნია ამ სიტყვების გაგონებისას. ძალიან ცარიელი, უბრალოდ წამოსროლილი ეჩვენებოდა, მაგრამ თავს ისე იჭერდა, ვითომ ვერ ხვდებოდა, ლორელაის არ უნდოდა იესე ზედმეტად დაეფრთხო და გაექცია, სურდა ნელ-ნელა შემოეტყუებინა და ძალიან, ძალიან მოეხიბლა.

***
იესე და ლორელაი ერთად ბევრს სეირნობდნენ, ერთხელ ჩაჩქერზე წავდინენ. ბანაობისას, სველი ლორელაი ძალიან ლამაზი მოეჩვენა იესეს და კიდევ ერთხელ უთხრა: მიყვარხარ! ამჯერად ლორელაიმ უპასუხა: - არ მჯერა! იესეს გაეღიმა: ნეტავ რა ჩაიფიქრაო? - წაიბურტყუნა თავისთვის.
- დამიმტკიცებ? - ჰკითხა ლოლერაიმ.
- ვეცდები! - თქვა იესემ და ცოტა შეეშინდა. ამ გოგოსთან კარგად გრძნობდა თავს, ლამაზი იყო და მხიარული, ის განსხვავებულობაც მოსწონდა უკვე რაც ამ ქალბატონს ქალაქელი ქალებისგან გამოარჩევდა. - ცოტა სიველურე და ზედმეტი უბრალოება. მოსწონდა რა, აინტერესებდა... რაღაც მოერგო მის სოფლურ ყოფას ლორელაის გამოჩენა. თავიდან საკუთარ თავთან დასარჩენად ჩამოვიდა იესე, მერე კი მოუნდა სოფელი შეეგრძნო, მთელი თავისი სისავსით, რაშიც ლორელაი ეხმარებოდა.
ლორელაიმ იესე მაღლა აიყვანა, კლდის ქიმზე დააყენა, თვითონ ორი ნაბიჯით დაბლა დადგა, თვალებში შეხედა და უთხრა: - აბა გადახტი! თუ მართლა გიყვარვარ გადავარდი ამ კლდიდან ჩანჩქერში! - იესემ ხელები გაშალა და ღიმილით უპასუხა: - ხელი მკარი! - ლორელაის სიცილი აუტყდა. სხვანაირად ვერ დამალავდა თავის დამარცხებას... მერე გაჩუმდა და მოეჩვენა, რომ მის წინ იდგა კაცი რომელსაც ნაკლი არ აქვს.

***
როცა იესე კლდის ქიმზე დააყენა, ლორელაის უნდოდა, თავისი სიძლიერე ეჩვენებინა მისთვის, ეჩვენებინა რომ ის მიუწვდომელია, მასთან თამაში არ შეიძლება, რომ ის არის ქალი რომელთანაც უნდა იყო გულწრფელი ან წახვიდე, რომ მას ან ყველაფერი უნდა მისცე და თუ ეს არ შეგიძლია მხოლოდ შორიდან უყურო. ლორელაი ლამის გაგიჟდა, აღარ იცოდა რა ექნა, გრძნობდა რომ ეს კაცი უყვარდებოდა, იესეც არ იყო გულგრილი, მაგრამ ლორელაი მთლად თავს კარგავდა ნელანელა. ლორელაის დამარცხბა ნერვებს უშლიდა, მაგრამ თან ბედნიერი იყო. უბრალოდ, ისე, არაფრის გამო. ერთხელ გაახსენდა სადღაც წაკითხული ” რა ბედნიერებაა გასცე ისე, რომ უკან არაფერი მოითხოვო”, ახლა სწორედ ეს სჭირდა, არაფერი არ უნდოდა იესესგან, საკმარისი იყო, რომ ის არსებობდა და მორჩა. ლორელაის ჯერ მისი სუნი შეუყვარდა, მერე მისი საუბარი, მერე მისი ხმის ტემბრი, სიარულის მანერა, თვალის ჭრილი, ტუჩის ფორმა და ბოლოს აღმოაჩინა, რომ ახსოვს ყველა მისი მოძრაობას ყველა ნიუანსი, მიმიკა, ჟესტი და ის ჟრუანტელი რომელიც იესეს შეხების დროს ტანში უვლის. ლორელაი არ ფიქრობდა იმაზე, რომ იესეს წასვლის დრო ახლოვდებოდა. იცოდა, რომ სიყვარულის აღტაცება ოდესმე მთავრდება და რა მნიშვნელობა აქვს მას საყვარელი ადამიანის წასვლა, ცოლქმრული ყოველდღიური ყოფა თუ სხვა ქალი მოუღებს ბოლოს? ლორელაის უნდა მოესწრო ამ ბედნიერებით ტკბობა. იქნებ სიყვარული სხვა დროს არც მოსულიყო მის ცხოვრებაში. ამიტომ სულ უღიმოდა იესეს, მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგჯერ ისე ექცეოდა, როგორც ვინმე რიგით ქალს, ვინმე თანამშრომელს, მეძავს ან მეზობელს... არანაირი საყვედური, არანაირი შენიშვნა, გაბუტვა, ისტერიკა და ჩხუბი მითუმეტეს. რა დროს თავმოყვარეობაზე ზრუნვა იყო, როცა რამდენიმე დღეღა რჩებოდა და ეს სისავსე, სინათლე, რომელიც ლორელაის სულში და თვლებში იდგა მარტო დარჩებოდა.

***
გამგზავრებამდე იესე ველზე გავიდა და ლორელაისთვის გვირილები დაკრიფა, იესემ წარმოიდგინა, რომ ლორელაი სათითაოდ დააძრობდა ყველა გვირილას ფურცელს ”ვუყვარვარ, თუ არ ვუყვარვარ” შეკითხვით და ყველა ბოლო ფურცელი ამცნობდა ზოგჯერ კის, ზოგჯერ - არას, იესეს თავში და გულშიც ხომ ასე გაურკვევლად ირეოდა ეს კი და არა პასუხები. ჰოდა, ჯობდა მის ნაცვლად გვირილებს ესაუბრათ, მათ ხომ პასუხს არავინ სთხოვს ტყუილის გამო... ღმერთო ჩემო, ნეტავ რომელია ტყუილი, ჰა?
ლორელაიმ ისე გააცილა, რომ აზრადაც კი არ მოსვლია ეთქვა: დარჩი ან თან წამიყვანეო. მაგრად ჩაეხუტა და და წარმატებები უსურვა. გზაში იესეს ცრემლები წამოუვიდა, კინაღამ მობრუნდა... სახლში, როცა ლოგინზე დაწვა, რაღაც მძიმედ იყო, დანაშაულის გრძნობა ჰქონდა, ერთი ორი დღე კიდევ იფიქრა ლორელაიზე და სამსახურში გასვლიდან სამი დღის თავზე გაახსენდა პირველ საუკუნეში წარმართები როგორ ცდილობდნენ მაგიის წყალობით შეესუსტებინათ ქრისტიანობის გავლენა... "რა ლორელაი, ეს მაშინ იყო გემებს რომ ღუპავდა, ეს სწორფრობაც წარმართულია რა. აღარ მოქმედებს მაგია აღააააარ..." - ეცინებოდა იესეს და უხაროდა რომ არ იყო შეყვარებული. ზუსტად იცოდა - ლორელაი ჯერ გაბრაზდებოდა და მერე დაიტანჯებოდა იმ ბანალური ტანჯვით, "არშემდგარმა" სიყვარულმა რომ იცის ხოლმე. ერთი გაფიქრება ისიც იფიქრა: "ვაიმე ქალაქში რომ ჩამომაკითხოსო? " - და მერე ჩაეცინა: "ნეტავ რატომ ეშინიათ ასე ძალიან კაცებს ქალების?"



№1  offline მოდერი guroo

სინამდვილეში როგორ ვუფრთხით სიყვარულს და ვინმეზე მიჯაჭვებას.
იესე ძალიან შებოჭილია. ეშინია, კონტროლი დაკარგოს თავზე.
ლორელაისთვის კი ეს გატაცება ცხოვრების მძიმე ლოდივით ერთხელ დაგორდება, გვერდით ჩაუვლის... როგორღაც გადაიტანს. თამამი გოგოა. მე აუცილებლად მომხიბლავდა.
მომეწონა თანამედროვე სამყაროზე დაკვირვებები. საინტერესო ხედვა გაქვს. სიტყვათა მარაგს არ უჩივი, სილამაზეს შეიგრძნობა, ჰაერში დატრიალებული რომანტიკის სურნელი გესმის და, აბა, მეტი რა უნდა ინატროს მწერალმა? წერე და წერე, სული გაინაზე, გაუღიმე სამყაროს შენი ნამუშევრებით და ისიც გააღიმე, რადგან ყველაზე უშნო სახეც ლამაზია, როცა იღიმის. ადამიანებს კი სილამაზე გვჭირდება გაკეთილშობილებისთვის.
კარგი იყო. მომეწონა.

 


№2 სტუმარი მარჯო

უი, ახლა წერ? მე წიგნი მეგონაა:))მეგონა ბეჭდავდი:)) ვაჰ, მაგარია!

 


№3  offline წევრი Lizkaa

მაგარია ნამდვილად. ძალიან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent