ზღვარს მიღმა და ზღვარს შორის... (თავი 1)
- დილა მშვიდობის საქართველო, დღეს ნუცა გაგვაცნობს ამინდის პროგნოზს... - მისაღებში ხმამაღლა გაჰყვიროდა ტელევიზორი. - თომაა, ადექი დედი. დაგაგვიანდება სკოლაში. - ტოსტერიდან ყველიანი პურები თეფშზე დაალაგა ბაიამ. - მე, მზად ვარ. - სამზარეულოში შევიდა თომა. - რა მადის აღმძვრელი სურნელია, - გემრიელად ჩაკბიჩა სენდვიჩი. - იმდენს, იზამ დედი, გამასუქებ. - შენ? მე გაგასუქებ? დაანებე შაურმებს, დიდ ბურგერებს თავი და მე ნუ გადმომაბრალებ მომატებულ კილოგრამებს. - დეე. - ხო. - რატომ ხარ მოწყენილი? - რავი, ძველი დრო მენატრება ამ ბოლო დროს. ნოსტალგიები შემომაწვა. - თმები აუჩეჩა საყვარელ შვილს. - მამა გენატრება? - კი... - სევდიანმა ღიმილმა გაუპო ბაგე, - დიდი დრო გავიდა, მაგრამ მონატრება უფრო ძლიერდება. - მერე გავიდეთ სასაფლაოზე, მეც დიდი ხანია არ ვყოფილვარ. - კარგი, ამ შაბათ-კვირას გავიდეთ. - დე. - ხო. - არ მინდა მოწყენილი და მარტო იყო. - მარტო როგორ ვარ? როცა შენ მყავხარ? - შუბლზე აკოცა. - მე მე ვარ, მე ჩემი ცხოვრება მაქვს და რაც უფრო გავიზრდები უფრო დაკავებული ვიქნები. - მასეც უნდა იყოს. - დე, მინდა, რომ როცა სასწავლებლად სხვა ქალაქში წავალ, მარტო არ იყო. - თომა, რის თქმას ცდილობ? - დე, უკვე 8 წელი გავიდა, რაც მამა გარდაიცვალა... არ მინდა მთელი ცხოვრება მარტო იყო... - თომა... - ხმა აუკანკალდა ბაიას. - დედი პატარა აღარ ვარ, ჩემს გამო უარი არ თქვა პირად ბედნიერებაზე. - ჩემი ბიჭი, - გულთან მიიხუტა შვილი, - რა დროს ჩემი პირადი ბედნიერებაა? ამხელა შვილი მყავხარ. - დედი შენს ასაკში ზოგი ახლა ქმნის ოჯახს, ჯერ 34 წლის ხარ. - შენ კი 15 წლის. - ცხვირზე აკრა თითი. - ვიცი, ამიტომაც როცა ცოლს მოვიყვან და ცალკე გადავალ, მარტო არ მინდა იყო. - თომა, - შეშფოთება დაწყო ხმაზე, - მოდი ეს საკითხი სხვა დროს განვიხილოთ. ცოტა დავიბენი. - კარგი დე, უბრალოდ, მინდოდა გცოდნოდა ჩემი დამოკიდებულება. - გულთან მიეხუტა დედას. - მადლობა, დედი. ისე დამაბნიე, აზრებს ვერ ვუყრი თავს ... - სხეული უთრთოდა ბაიას. *** ადამიანები ცხოვრებიდან ბევრ რამეს ირჩევენ, თუმცა ხანდახან არის მომენტები, როცა არჩევანის საშუალება არ არის, შენს წინაშე მხოლოდ ერთი გზაა და ვერც ენკი-ბენკისას გაითვლი, ვერც რამე ლოგიკას მოძებნი, უბრალოდ ვალდებული ხარ მიიღო ის რაც ცხოვრებამ, არჩევანის წართმევის ხარჯზე, გიბოძა. რა შეიძლება იყოს ყველაზე დამთრგუნველი? ალბათ, როცა მარტოობასთან ჭიდილი გიწევს. საშინელებაა, როცა არავინ გყავს და ყველა სიხარული თუ სევდა მხოლოდ სახლის კედლებს უნდა გაუზიარო, ისიც თუ გაქვს, ხომ კარგი. - აჰჰ, როგორ დავიღალე, - ლოგინზე დაღლილი სხეული გაშალა ადამ. - კატა ან ძაღლი ხომ არ მოვიყვანო, მათ მაინც დაველაპარაკები, - ჭერს მიაშტერდა, - ხანდხან სული მეხუთება ამ 15 კვადრატულ ოთახში. რა რიცხვია დღეს? - კალენდარს გახედა, - ანუ ერთ კვირაში ქირა უნდა გადავიხადო, ნეტა კომუნალურები რამდენი მოვა? ამ თვეში ბევრი სამუშაო არ მქონდა, ნეტა ხალხს სახლის დალაგება ან ეზოსი აღარ უნდათ? - ადა, შვილო სახლში ხარ? - მოდი, სულიკო დეიდა, - ლოგინზე წამოჯდა გოგო. - კექსი გავაკეთე და მიირთვი ჩაიზე. - რატომ შეწუხდით? - თეფში პატარა მაგიდაზე დადო ადამ, - დიდი მადლობა. - რომ ვწუხდებოდე, არ მოგიტანდი, გემრიელად მიირთვი და დაისვენე. მშვიდობიანი ღამე. - თქვენც ასევე. - კარები გადაკეტა და ის ის იყო კექსი უნდა ჩაეკბიჩა, მობილურმა დარეკა. - საღამო მშვიდობისა, ქალბატონო მალვინა. - თვითნებურად ფეხზე წამოდგა, - დიახ, ხვალ თავისუფალი ვარ, ... დიახ, ვიცი თქვენი მეგობარი ქეთევანი... კარგით, ხვალ 10 საათზე მასთან ვიქნები. მადლობა დიდი რეკომენდაციისათვის... მშვიდობიანი ღამე. - მობილურს კარგად დახედა ხომ იყო გათიშული და სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო, - რა მაგარია, რა მაგარია, სამუშაო გამომიჩნდა. yes, yes, yes !!! *** როდესაც ცხოვრება შანსს გაძლევს, ხვდები, რომ სხვა ენერგია იღვიძებს შენში და დილაც სხვა მუხტით იწყება. - მოვედი, - პირდაპირ სამზარეულოში შევიდა გეგა, - თამარა ბებო, რა გვაქვს საჭმელი? - გარგარის ჩირი პირში ჩაიდო. - ყველაფერი, შენ რა გინდა? - იმედია, არ გივახშმია. - სამწუხაროდ იმედი უნდა გაგიცრუო, მარტო მოგიწევს ჭამა. - აჰ, ხომ იცი, რომ მარტო ჭამა მძულს. - დამწუხარებული სახე მიიღო. - 28 წლის კაცი ხარ და ისევ ბავშვობ, როდის უნდა მიეჩვიო? ხან მარტო შეჭამ, ხან არა, ნუ ქმნი ტრაგედიას. - მაგიდის გაწყობა დაიწყო, თამარა ბებომ. - მართლა არავინაა სახლშიი? - უიმედოდ მიმოიხედა და ტუჩები სასაცილოდ დამანჭა. - მემგონი ახალი დამხმარე გოგო არ წასულა ჯერ, დავუძახებ და იქნებ ის შემოგიერთდეს. - ახალი დამხმარე? შენ რა სადმე მიდიხარ? - არა, სახლის დალაგება ევალება. - აჰ, კარგი მაშინ, ამოვისუნთქე, - გულზე ხელი დაიდო, - იცოდე, სანამ ცოლს არ მოვიყვან და არ ასწავლი გემრიელი კერძების კეთებას, ფეხს ვერსად გაადგამ! - როგორი მომთხოვნი ხარ?! - გაეცინა თამარა ბებოს. - ძალიან! - თავი მაღლა ასწია გეგამ, - წავედი ახლა ჩემს ოთახში და ჩამოვალ მალე. მუშაობა, ფიზიკური თუ გონებრივი, მუდამ სტრესულია და შრომატევადი, განსაკუთრებით მაშინ როცა ეს შენი მოწოდება არ არის, მაგრამ სხვა გზა თავის რჩენის თუ გადარჩენის არსაიდან იჭყიტება. - რამხელა აბაზანაა, ნახევარი დღე მოვუნდი მის ხეხვას. - ჭუჭყიანი წყლით სავსე ვედრო გადასაქცევად მოამზადა, როდესაც სააბაზანოში წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი შევიდა. მოულოდნელობისგან და შიშისგან ადას სველ მეტლახზე ფეხი აუცურდა და გადასაქცევი წყალი მთლიანად თვითონ გადაისხა. - ხომ არ დაშავდით? - მივარდა გეგა. - არა, არა. - ხელებს აქნევდა გოგო, - მე თვითონ, თქვენ არ შეწუხდეთ. - მე არ ვწუხდები, მთავარია, რომ არაფერი იტკინეთ. - კეფა მოიქექა ბიჭმა. - ბოდიშით, თქვენის ნებართვით გავალ. - თავდახრილი გავიდა ოთახიდან. - ასეთი ახალგაზრდა რატომ მუშაობს დალაგებაზე? - ცხელ წყალს სახე მიუშვირა, - სულ დეფიციტი გვაქვს მაღაზიებში კონსულტატებზე, დავიჯერო ეს უფრო მსუბუქი სამუშაო? ვაა, რა საინტერესოა. თამარა ბებომ სახელდახელო სუფრა გააწყო. - იფ, იფ, ოქროსხელება მყავახარ, - გეგა მაგიდას მიუჯდა, - ის დამხმარე გოგო სად არის? - ვერ დავინახე, ალბათ ისევ ზემოთ არის. - ცხელი ხაჭაპური დაუდო გეგას. - თამარა ბებო მოვრჩი მე და წავალ, - კარებში იდგა ადა. - ადა, შვილო, სად მიდიხარ, ჯერ უნდა ივახშმო. - მე? - ხო, დაეწვიე გეგას. - სკამი გამოუწია. - არა, არა, - უარის ნიშნად ხელები გააქნია, - მადლობა დიდი, უნდა წავიდე, თორემ მერე ტრანსპორტი აღარ იქნება. - რომ გეუბნებიან, დაჯექი. - ცივად გაისმა გეგას ხმა, ადა მორცხვად ჩამოჯდა სკამზე. - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. - ჩემთვისაც, - თავი დაუხარა, აბაზანაში მომხდარი ინციდენტის გამო უხერხულად იყო აწურული ადა. - მიირთვით, ნუ გერიდება, - ადამ პური გადაიღო, - ანუ ჩვენი სახლის სისუფთავე გევალება? - დიახ, ბატონო. - კონსულტანტად რატომ არ გსურს მუშაობა? - კონსულტანტად? აჰ, დალაგებაში უფრო მეტ თანხას მიხდიან. - სწავლობთ? - სამწუხაროდ, არა. - რატომ? - მართლა გაინტერესებთ? - უფრო და უფრო უხერხულად გრძნობდა თავს ადა. - საღამო მშვიდობისა, - კარებში მომღიმარი იო იდგა, - აბა როგორ ხართ? თამარა ბებო, რა გემრიელი სურნელი დაგიტრიალებია, გადასახვევდიან იგრძნობოდა სურნელი. - ხელზე ეამბორა მადლობის ნიშნად, - ქალბატონო ადა, როგორი სისუფთავეა ირგვლივ, ვატყობ თქვენი პატარა მშრომელი ხელების ბრალია, - თავლი ჩაუკრა, - ოჰ, ჩემი უფროსი ძმაც აქ ყოფილა, გამოიჭირე ადა სავახშმოდ? - სკამი გამოწია და ხაჭაპური ჩაკბიჩა. - ადა, ჩემი ძმა შორიდან ხისტი და ცივი ჩანს, თუმცა გული აქვს სასწაულად თბილი. - გასაგებია, - მორიდებით ამოილაპარაკა ადამ. - ჩემი ძმა კი ჭკუამხიარულია, - კბილებში გამოსცრა გეგამ. - ეგ ცნობილი ფაქტია. - იცინოდა იო. - აბა საქალბატონო ადა, ჩავატაროთ ინტერვიუ. - რა ინტერვიუ? - აფორიაქდა. - გასაუბრება, - თითი მაგიდაზე დააკაკუნა, - დედაჩემმა კი აგიყვანათ სამსახურში, მაგრამ იქნებ ჩვენ ვართ წინააღმდეგი? - გადახედა ძმას, რომელმაც თავი უიმედოდ გადააქნია. - კარგით. - ისევ უხერხულად აიწურა ადა. - ე.ი გაგვაცანით თქვენი თავი. - მე ვარ ადა ცხადაძე, 23 წლის. - განათლება? - მხოლოდ საშუალო სკოლა მაქვს დამთავრებული. - და რატომ დამლაგებლობა? - როდესაც თავშესაფრიდან წამოვედი... - საიდან წამოხვედი? - წინ წამოიწია იო. - მე ბავშვთა თავშესაფარში ვიზრდებოდი... - ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა, - იცით, მე ობოლი ვარ. - ბოდიშის ვიხდი... - უხერხულად ჩაახველა იომ, გეგა კი მზერას არ აცილებდა ადას. - იცით, მე უნდა წავიდე, - წამოდგა. - ჩემი ბიჭები სახლში ყოფილან. - სასადილო ოთახში მაღალი მამაკაცი შემოვიდა. - დედა, მამა? - საღამო მშვიდობისა ყველას. - ლევან, გაიცანი ეს ჩვენი ახალი დამხმარეა. - გააცნო მეუღლეს ქეთიმ. - სასიამოვნოა, ბატონო ლევან. - თავი დახარა ცხადაძემ. - დაჯექით, ფეხზე რატომ დგახართ? - მაგიდას მიუახლოვდა ბატონი ლევანი. - მივდიოდი უკვე. - გოგონა თავდახრილი იდგა. - მეთქი ჩვენი მოსვლა ხომ არ ეწყინათქო, - იხუმრა მან. - როგორ გეკადრებათ, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. - ზეგ გელოდები ადა. - დიახ, ქალბატონო ქეთევან. - ქეთი დეიდა დამიძახეთქო, ხომ გთხოვე. - თბილად გაუღიმა. - კარგით, დროებით. *** კალანდაძეების ოჯახში დიდი სამზადისი იყო. ქეთევანი სუფრას შლიდა, თამარა ბებო კი სამზარეულოში ტრიალებდა. - იო, მოდი აქ მომეხმარე. - ქალბატონო დედა, თქვენ ხომ იცით, რომ მე მოხმარება არ გამომდის? - დივანზე გადაწვა უმცროსი ბიჭი, - მე, - ხელი გრაციოზულად გაშალა, - მე „იუმორის და მხიარულების მეფე“ ვარ, ხოლო „უჟმურობის და დახმარების რანგში მეფე“ თქვენი საამაყო ბიჭი გეგაა, ამიტომ მას მიმართეთ. - ის მამას ეხმარება, მწვადებს ამზადებენ. - ყველანაირად იდეალური როგორ არის? - თავი გადააქნია იომ. - ადექი სკამები მაინც დაალაგე მაგიდასთან. - თავზე ქორივით დაადგა ქეთინო შვილს. - ქალბატონო დედა, როგორი მკაცრი ხართ, შიგ და შიგ. - ზლაზვნით წამოდგა, - ისე რძლებთან მასეთი მკაცრი, ნუ იქნები, თორემ ოჯახებს დაგვინგრევ. - შენ თუ ვინმე გამოგყვება და გიგუებს, მადლობას ვეტყვი მთელი ცხოვრება. - აჰჰ, - გულზე ხელი მიიდო იომ, - გულში დამჭრა თქვენმა სიტყვებმა, ძალიან მეტკინა, - სკამზე მიესვენა. - ვახ, - ღრმად ამოიოხრა დედამ, - მსახიობობაზე რატომ არ ჩააბარე? - რატომ? - მკვირცხლად წამოხტა ბიჭი, - იმიტომ, რომ მე არ შემეფერება დაბალი ხელფასი, მაინც სხვა სიმაღლეზე, სხვა „ლეველზე“ ვარ. - შენ „დაგალეველებ“ ახლა. - ეცინებოდა ქეთინოს იოს ხულიგნობებზე. - დედა, - სასადილო ოთახში გეგა შემოვიდა. - „უჟმურების და დახმარების მეფე“ მოსულა, ამიტომ მე წავალ რაა. - თვალები აუფახულა ჯერ დედას, შემდეგ კი ძმას. - წადი. - მოკლედ ჩაილაპარაკა გეგამ, - მე მოვრჩი ჩემს საქმეს და აქ გჭირდება დახმარება? - კი, შვილო. გთხოვ, სკამები დაალაგე მაგიდის ირგვლივ, ამასობაში კი მე ცივ საჭმელს შემოვიტან, ცხელებს როცა დავსხდებით, მერე ჩავალაგებ. - კარგი. დინჯად და აუჩქარებლად აკეთებდა გეგა დაკისრებულ საქმეს. - მგონი, მოვიდნენ. - თმები შეისწორა ქეთინომ, სარკეში თვალი წამიერად შეავლო თავის თავს და სტუმრების მისაღებად გაემართა. - მობრძანდით, - წინ მოუძღვებოდა ბატონი გიორგი სტუმრებს. მისაღებ ოთახში ორი წარმოსადეგი მამაკაცი შემოვიდა. - მოგესალმებით ყველას, - თავი დაუკრა იქ მყოფებს მოსულმა. - ნუგზარ, გაიცანი ჩემი შვილი ლევანი და მისი მეუღლე ქეთევანი. ჩემი ორი შვილისშვილი, გეგა და იონა. - ძალიან სასიამოვნო, მიხარია თქვენი პირადად გაცნობა. ეს კი ჩემი უმცროსი ბიჭი, თედო დიდიძე. იმედი მაქვს ჩვენი შვილები იმეგობრებენ. - დიახ, რა თქმა უნდა. - დაეთანხმა ბატონი გიორგი. - გთხოვთ დაბრძანდით, ისაუბრეთ და ვახშამიც მალე მზად იქნება. - სასადილო ოთახში გავიდა ქეთევანი. სტუმრები დივანზე მოკლათდნენ. იო, ცქმუტავადა, არ უყვარდა ხოლმე ასეთი ვახშმები. - მიხარია, ნუგზარ, რომ ჩვენი ძველი ურთიერთობა ახალ საერთო ბიზნეს- პროექტში გაგრძელდება. - მეც ძალიან მოხარული ვარ, საქართველოში დაბრუნება, რომ გადავწყვიტე, ამაში დიდი წვლილი ჯერ თედოს და შემდეგ შენ მიგიძღვის, გიორგი. - თედო, ვერ შეეგუე რუსეთში ცხოვრებას? - მიუბრუნდა მას ბატონი გიორგი. - იცით, თითქმის 15 წელია მოსკოვში ვცხოვრობ, თუმცა ჩემი გული მუდამ აქეთ მოიწევდა, თავისუფალ დროს მუდამ საქართველოში ვატარებდი. ვერ მივიღე რუსეთი, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ მიჭირდა, თუმცა იმ დროს ვერ მოვახერხებდი აქეთ დაბრუნებას, რადგან უნივერსიტეტში ვსწავლობდი, უფროსი ძმები კი თავიან ბიზნეს ავითარებდნენ. ახლა კი მიხარია, რომ აქ დავბრუნდით. - კარგი გადაწყვეტილებაა, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს და განვითარდეს აუცილებელია, რომ ძლიერი თაობა შეიქმნეს და ძირეულად შეცვალოს საქართველოს მომავალი. - მამა, ვახშამი მზად არის. - მისაღებში ქეთევანი შემოვიდა. - გასაგებია და ბაია არ მოსულა? - ვესაუბრე და ცოტა აგვიანდება. - დაველოდოთ, მანამდე ჩვენ ვისაუბრებთ. - ბაია ვინ არის? - იკითხა ბატონმა ნუგზარმა. - აჰ, ბაია ჩათვალეთ, რომ ჩემი შვილია. როგორ გითხრათ საყრდენი, რომელიც ჩემმა გარდაცვლილმა შვილმა დაგვიტოვა. - თემურის მეუღლეა? - დიახ. - თავი დახარა გიორგიმ, - არ ვიცი ამ პატარა გოგოს საიდან აქვს ამხელა ძალა და ენერგია, ან როგორ შექმნა ის რასაც ახლა უძღვება და აკეთებს. - სად მუშაობს? - სოფელ ბანოჯაში ოთხი უზარმაზარი სათბური აქვს, სადაც მოჰყავს კიტრი, პომიდორი, სხვადასხვა სახეობის მწვანილი და ასევე მარწყვი, თან უსასუქოდ, ეს ყველაფერი კი ჩვენს ქსელურ მაღაზიაში იყიდება. საკმაოდ მაღალი ხარისხით ფასდება. - მართლა? ძალიან კარგი. მიყვარს ქალები, რომლებიც საკუთარი ძალებით ასეთ წარმატებას აღწევენ. - კი, ახლა როგორც ვიცი ტენდერი მოიგო და მის სათბურში გამოყვანილი ყვავილებით მორთავენ ქუთაისის ცენტრალურ ბაღს და მიმდებარე ტერიტორიას. თურქეთიდან შემოჰქონდათ ადრე, ბაიამ კი იმდენი იბრძოლა, რომ ახლა მისი გამოყვანილი ყვავილებით მოიწონებს თავს ქუთაისი. - თავდაუზოგავად შრომობს, - საუბარში ჩაერთო ლევანი, - ძალიან შრომისმოყვარეა და თან ეს საქმე ძალიან უყვარს, ერთხელ მითხრა „როცა კარგად მაფასებენ, ეს ძალას მმატებსო“. ჩვენც მაქსიმალურად გვერდით ვუდგავართ, თან როცა მხოლოდ ჩვენს ქსელში იყიდება მისი პროდუქცია, როგორ გითხრათ, მიღებული არ გვაქვს უკვე გაყიდულია. - დღეს ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია არაგემოდმოფიცირებული და ბუნებრივი გზით გამოყვანილი ბოსტენული თუ საკვები, ამიტომაც მესმის, რომ მოთხოვნადია, თანაც წარმომიდგენია როგორი შრომატევადია. - კი, თითო სათბურის სიგრძე 500 – 700 მეტრია, ეს კი პატარა არ არის. სადღაც 50 ადამიანამდე ჰყავს დასაქმებული. - იმედია ჩვენს რესტორანსაც, რომელის მშენებლობაც მალე დასრულდება მოამარაგებს მისი პროდუქციით. - ღმერთის წყალობით, ყველაფერი გამოვა. - თედო, - იომ გადაულაპარაკა გვერდით მჯდომ ბიჭს, - გარეთ ხომ არ გავიდეთ? სიგარეტის მოწევა ხომ არ გსურს? - სიგარეტს არ ვეწევი, მაგრამ გავიდეთ. - უაკაცრავად, თქვენ ისაუბრეთ - წამოდგა იონა, - ჩვენ ეზოში გავალთ. - როგორი სილამაზეა. - კი ბოტანიკური ბაღი ჩვენს წინაა, მდინარე რიონის ხეობა აქედან ლამაზად იშლება. - სივრცეს გახედა იომ. - მშვიდი უბანია, მომწონს. იქ გაღმა რა უბანია? - მწვანეყვავილას გაგრძელებაა, კიბულა, ზემოთ კი მოწამეთა-გელათის გზაა. - მიყვარს იქ, მოწამეთას რესტორანი. - კი, გემრიელი რაღაცეები აქვთ. - იოო, სად ხარ? - თომა, აქეთ ვარ, მოდი. - მოგესალმებით. - ბიჭებს მიუახლოვდა უმცროსი კალანდაძე. - თედო გაიცანი , ჩემი ნაბოლარა ბიძაშვილი, თომა. - სასიამოვნოა, თედო. - ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. - ბიცოლამ შემოდით, მზად არის ვახშამიო. - კარგი, შედი შენ და შემოვალთ მალე. მისაღებში შესული თედო ერთ ადგილს გაშეშდა, თითქოს სუნთქვა შეეკრაო. - იონა, ის გოგო ვინ არის? - ოო, მოგნუსხა? - წარბები სასაცილოდ აათამაშა იომ, - ბიცოლაჩემია, ბაია. - ბაია ებრალიძე? - ჩუმად ამოიჩურჩულა. - შენ რა, იცნობ? - გაკვირვებით გახედა. - საღამო მშვიდობისა, - მიესალმა ქალს. - საღამო მშვიდობისა, - თავის დაკვრით მიესალმა ბაია. - ვერ მიცანი? - უხერხულად იღიმოდა დიდიძე. - თქვენ? - ცოტა ჩაფიქრდა, თითქოს ცდილობდა გახსენებას, - მოიცა, თედო? ეს შენ ხარ? - გაუხარდა ძველი კლასელის დანახვა ბაიას, სხვები კი გაოცებულები უყურებდნენ ამ ორის ემოციებს. - მიხარია, რომ გნახე. სიმართლე გითხრა, აქ ნახვას შენსას არ ველოდი. - სითბოთი სავსე მზერას არ აცილებდა ქალს თედო. - იო, - თომამ ჩუმად ჩარჩუჩულა. - ჰო. - ის კაცი დედაჩემს რაღაც სხვანაირად აკვირდება, არა? - თვალები მოწკურა, თითქოს ასე უფრო ამოიცნობდა უცნობი თედოს ზრახვებს. - როგორც ჩანს ძველი ნაცნობები არიან. - მე და ბაია კლასელები ვართ, ერთ მერხზე ვიჯექით. - ოთახში ჩამოვარდნილი სიჩუმე დაარღვია თედომ. - ღმერთო ჩემო, რამდენი წელი გავიდა, მგონი 15, ხომ? - ბედნიერი იღიმოდა ბაია. - კი, დრო მალე გარბის, შენ საერთოდ არ შეცვლილხარ. სხვებს თუ ნახულობ? - რავი დიდად არავის, მხოლოდ თინა და მე შემოვრჩით, თან ჩემი თომას ნათლიაა. - შვილს გახედა ბაიამ. - მიხარია, რომ გნახე, ჩვენ სამნი კარგი მეგობრები ვიყავით. - მეც მოხარული ვარ, წლების შემდეგ, შენი ნახვით. *** ადრიან გაზაფხულზე დილით ბუნება საოცრად ჩუმი და საოცრად ხმაურიანია. თითქოს ბუნების ყველა შედევრი ჩუმად, მაგრამ მაინც ხმაურით ცდილობს შეგვატყობინოს ნანატრი გზაფხულის შემობრძანებას. ენძელები, ყოჩივარდები, ფურუსულები ალაგ - ალაგ აფერადებენ მინდვრებს, კლდეებს, ტყეებს. ხეები კი მთელ ენერგიას დებენ, რათა მალე შეიმოსონ მწვანე სამოსით. ჩიტების ჭიკჭკი კი ყველაზე ემოციური და ხმაურიანია. - ადა? - სირბილი ნელნელა შეწყვიტა გეგამ და მონუსხულივით მიაშტერდა, გოგონას, რომელიც ბოტანიკური ბაღის გრძელ სკამზე თვალებდახუჭული იჯდა, თითქოს სამყაროდან იყო გასული. - აქ ამ დილა ადრიან რას აკეთებს? - ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა და ხელი მხარზე დაადო, - ადა... - ბატონო გეგა? თქვენ, თქვენ... - თითქოს დანაშაულზე წაისწრესო, შეშინებული წამოხტა ცხადაძე. - აქ რას აკეთებთ? - ეგ კითხვა წესით მე უნდა დაგისვა, რას აკეთებთ დილის 9-ის ნახევარზე აქ, ბოტანიკურ ბაღში? - მე, მე... - ენა აება ადას, - უბრალოდ, ბუნების სიჩუმით ვტკები, სანამ მუშაობას დავიწყებ. - მარტო არ გეშინიათ? - მარტო? ჰმ! - ჩაეღიმა ადას, - ბატონო გეგა, იცით, ჩვენ თავშესაფრის ბავშვები მარტოსულები და სასოწარკვეთილებით ვართ სავსე, ამიტომ სიმარტოვის თითქოს არ გვეშინია. - თქვენ ასე ხართ? - იცით, როცა თავშესაფარს ტოვებ, უმეტესად არ იცი გზა, რომელსაც ადგები სად წაგიყვანს, რა მიმართულებას მოგცემს : - მარტოობაში დაიღუპები თუ იპოვი თანამგზავრს, რომელთან ერთად დაიწყებ ახალ ცხოვრებას. ბევრმა იპოვა თანამგზავრი, ეგონას ეს ხსნა იყო გადარჩენის და ახალი ცხოვრების დაწყების, მაგრამ ბევრი არა, მაგრამ ნაწილი მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდა, ზოგს სცემდნენ, ზოგს მონასავით ამუშავებდნენ და ა.შ. მერე მოუწიათ შვილებთან ერთად სხვადასხვა თავშესაფრების ძებნა და დამალვა, ამიტომ მჯერა, რომ ჩემი გზა უფრო მართებულია, ჯობია იყო მარტო, ვიდრე მარტო შვილებთან ერთად. ეს ჩემთვის ორმაგად, არა ასმაგად დიდი სტრესი იქნებოდა. ნამდვილად არ მინდა შვილი გავაჩინო და ისიც ჩემსავით მარტო იყოს და იტანჯოს. - აბა, მთელი ცხოვრება მარტოობას აპირებთ? - წყალი მოსვა გეგამ. - სანამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა ვარ, ვიმუშავებ, დავალაგებ, დავაუთავებ, ვიზრუნებ სხვებზე. სიბერეში კი თამარა ბებოსავით გემრიელ რაღაცეებს გავაკეთებ და მზარეულ ვიქნები. - ადამ ბედნიერად შესცინა ახალ ამოწვერილ მზის სხივებს. - გასაგებია, - მოკლედ და ცივად ამოილაპარაკა გეგამ, - წავალ, ვირბენ კიდევ ცოტა ხანს, - დაბნეული, სწრაფი ნაბიჯებით გასცილდა ადას. - ღმერთო ჩემო, როგორი ცივი ტიპია, თან მიმიკებიც რომ არ ეცვლება საუბრის დროს, მაშინებს ხოლმე. - გულზე ხელი დაიდო, - ეს და იო მართლა ძმები არიან? მეც კარგი ბოთე ვარ, რას გადავუშალე ეს გული? კარგი ძველი მეგობარივით?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.