შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი თავი XXIII


15-06-2021, 10:05
ავტორი ცირაკო
ნანახია 1 275

თავი XXIII
ერთი თვის შემდეგ არჩილ ჩოხელი საავადმყოფოდან გამოეწერა განკურნებული.
საავადმყოფოში წოლის დროს მასთან ხშირად დადიოდნენ მისი თანამებრძოლი ამხანაგები. ხუტა გაწერელია ხომ დღეს არ აცდენდა, ის მთელი საათობით იჯდა არჩილთან და უყვებოდა ახალ-ახალ ამბებს.
გუცა დარბაისელმა პირველად რომ ინახულა არჩილ ჩოხელი ღიმილით მიმართა.
– აბა რა გეგონა, ძამიკო, გერმან ბაზილის ბასრი ბებუთი მარტო ჩემზე მოქმედებდა? ხომ დახია შენი ტყავი? თუმცა შენი დაჭრა პოეტურ ვითარებაში მოხდა, მე ორჯერ დამჭრეს, ორჯერვე მტვრიან ქუჩებში წავიქეცი და მტვერში ამოვიგანგლე, ტანისამოსი გასაწმენდი გამიხდა. შენ კი სულ სხვა ბედი გეწვია, ტყეში, ნამიან ბალახზე, ალბათ ზემოდან იმ დროს ჩიტები დაგჭიკჭიკებდნენ, ფოთლები დაგშრიალებდნენ, თერგის ნიავი გიბერავდა. მესამედაც რომ დამჭრან, თუკი ამისთანა პირობებში მოხდება,საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. არჩილი ღიმილით უსმენდა გუცა დარბაისელის ხუმრობას. ის, იმითი იყო კმაყოფილი, რომ, როგორც იქნა, დიდი წვალების შემდეგ, მაინც შეიპყრო საშიში ავაზაკი.
გერმან ბაზილის დაპატიმრებამ ერთგვარი სენსაცია გამოიწვია სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილ ებაში.
პატიმარმა თავდაპირველად ერთგვარი სიჯიუტე გამოიჩინა, არ უნდოდა თავისი საქმიანობა გამოემჟღავნე ბინა, მაგრამ ერთ დღეს, სრულიად მოულოდნელად, დაწვრილებით მოუყვა ზურაბ ლომაურს სად და რა დანაშაული ჩაედინა, არც გიორგი ქურხულის მკვლელობა უარჰყო, არც მეწისქვილესთან კავშირი.
– თითი, თითი, ყველაფერში ის ოხერი თითია დამნაშავე. იმ დოყლაპია სანდრო ყარაშვილმა, რაღა მაინცდა მაინც იმ ტყეში დააგდო? თუმცა რა, მე ბედი მწამს, ალბათ ასეთი იყო ჩემი ბედისწერა. ყველაფერი ისევ ჩემი ბრალია. ექიმს რომ თითი მოვაჭერი, რა მინდოდა, მხოლოდ ბეჭედი მიმეცა სანდროსათვის. ნათქვამია, კოკა წყალს მუდამ არ მოიტანს... აკი არ მოიტანა, საბოლო ოდ, მაინც გატყდა.
გერმან ბაზილის ჩვენებაში ყველაზე საყურადღებო ის იყო, რომ უტიფრად და თავხედურად აცხადებდა: „მე სრულებითაც არ ვნანობ ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, ცხოვრება ყველას თავისებურად ესმის. მეც ისე ვცხოვრობდი და საქმიანობდი, როგორ მესმოდა, სისულელე იქნებოდა მგლისათვის გეკითხათ, რატომ შეჭამა ბატკანიო, შიოდა და შეჭამა, ვიცი სიკვდილით დამსჯიან, სხვა სასჯელი არც არსებობს, ყველა იმისათვის, რაც მე გა მიკეთებია. უფრო მეტიც, ათასი სიკვდილი რომ იყოს შესაძლებე ლი, ისიც კი ცოტა იქნებოდა, მაგრამ რა, განა ყველანი არ უნდა დავიხოცნეთ? განა ყველას ერთი ბოლო არა აქვს, სიკვდილი? ათასი წელიც რომ იცოცხლოს ადამიანმა, ბოლო მაინც სიკვდილია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოვკვდები ან მომიგონებენ
თუ არა სიკვდილის შემდეგ, ეს ჩემთვის სულერთია. მიწაში დაფლული ლეში, მართლისაც და მტყუანისაც, ერთნაირად იხრწნება, ის ვეღარაფერს გრძნობს“.
ზურამ ლომაურს არ უკვირდა გერმან ბაზილის ასეთი თავისებური გულახდილი მსჯელობა. მან უკვე იცოდა მისი შეხედულება ცხოვრებაზე, საკმაოდ სწერდა არჩილ ჩოხელი თავის წერილებში ამის შესახებ. იცოდა: ის ცხოვრობდა იმისათვის, რომ მომკვდარიყო.
არჩილ ჩოხელი ზურაბ ლომაურის კაბინეტში იჯდა და დაწვრილებით უამბობდა უკანასკნელად ჩატარე ბული ოპერაციის მსვლელობაში. მან თავის მოხსენებაში დიდი გულთბილობით და სიყვარულით მოიგონა შამილ გაფუროვი და ახმად ალიევი, ეს ორი ახალგაზრდა პატრიოტი.
– იცით, ამხანაგო უფროსო, როგორ ვარ დავალებული შამილ გაფუროვისაგან? მან ორჯერ მიხსნა სიკვდილი საგან. ლეკი შამილ გაფუროვი, რაც არ უნდა იყოს, მილიციის თანამშრომელია, მაგრად აზერბაიჯანელი ახმად ალიევი? ის ხომ სრულიად უცხო იყო ჩვენი მუშაობისათვის, ის რატომღა გვეხმარებოდა ასე თავგამოდებით? ცხადია ერთი რამ, მას მშრომელი ხალხის სიყვარული და ბედნიერება ამოქმედებდა. ეჭვი არ არის, თუკი ყოველი პატიოსანი მოქალაქე რამდენადმე მაინც დაგვეხმარება ჩვენს მუშაობაში, შეიგრძნობს თავის დიდ მოვალეობას, საბჭოთა მოქალაქის მოვალეობას, მაშინ ჩვენს ქვეყანაში ავაზაკები ვეღარ იბოგინებენ.
ზურაბ ლომაური ღიმილით უსმენდა არჩილ ჩოხელს და ერთხელაც არ გააწყვეტინა სიტყვა. მას უხაროდა, რომ მისმა აღზრდილმა თანამშრომლებმა საბოლოოდ მაინც მიაღწიეს მიზანს. განა არჩილ ჩოხელი არ იყო რომ ყოველი შიში მოდრიკა? განა ხუტა გაწერელია არ იყო, რომ მგელს გაღებულ ხახაში კინაღამ ჩაუძვრა? ვინ იცის, რამდენჯერ ეკიდა ბეწვზე მათი სიცოცხლე. ეს მათაც კარგად იცოდნენ კარგად გრძნობდნენ საშიშროებას. მაგრამ ერთხელაც არ დაიხიეს უკან და ბოლოს გაიმარჯვეს კიდეც.
– იცით ამხანაგო უფრო, მე საავადმყოფოდან წერილი მივწერე შამილს, მასთან არასოდეს არ გავწყვეტ კავშირს. ის, როგორც ძმა, ისე მიყვარს. დიახ, მივწერე წერილი და პასუხიც მივიღე. მწერს: „ავიღებ შვებულებას და გეწვევი, უეჭველად გინახულებო“. მეც ხომ მეკუთვნის შვებულება, მთლიანად არ მისარგებლია, ჩამოვა თუ არა, გთხოვთ გაშვებას, წავიყვან მას ჩემთან სოფელში და კარგ დროს გავატარებთ, იმედია უარს არ მეტყვით.
– არა, მაგაზე როგორ გეტყვი უარს, პირიქით ხელსაც შეგიწყობ შენს მეგობართან შეხვედრაში, – გაუღიმა ზურაბმა.
– ყველაზე მეტად ძია მაკარის ამბავი მაინტერესებს. ვინ იყო ის ბერიკაცი, რომ ასე თავგამოდებით მეხმარებოდა? ის ჩემთვის ნამდვილი გამოცანა იყო. მგონი, ყოფილი სამხედრო პირი უნდა ყოფილიყო, მთელი მისი მოქმედება ამას ადასტურებდა. მაგრამ მისი სწორი დასკვნები, მისი ცოდნა დამნაშავეთა ჩვევებისა და ბუნებისა, სწორე მოგახსენოთ, მუდამ მაკვირვებდა.
– ძალიან გაინტერესებს ვინ არის ძია მაკარი? მაგას ჩქარა შეიტყობ. ის ამჟამად აქ არის.
– აქ, თბილისში? – გაიკვირვა არჩილმა.
– უფრო ახლოს, სამმართველოში. ის ჩვენი კომისრის ძველი მეგობარია და ახლა მის კაბინეტში ზის.
ზურაბმა ყურმილი აიღო და სამმართველოს უფროსს დაურეკა:
– მოგახსენებთ პოდპოლკოვნიკი ლომაური. აქ ჩემთან ამჟამად არჩილ ჩოხელია, ნება მომეცით მოვიდეთ, დიახ... მესმის. ზურაბმა ყურმილი დაჰკიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ზურაბის კაბინეტში შემოვიდნენ სამმართველოს უფროსი და... მილიციის პოლკოვნიკის ფორმაში გამოწყობილი ძია მაკარი.
არჩილ ჩოხელი წამოხტა ფეხზე და გაკვირვებით შეხედა მათ.
– გამარჯობა, არჩილ, – კომისარმა ხელი ჩამოართვა.
– ნება მიბოძეთ, მილიციის პოლკოვნიკი მაკარ მაკარის ძე მაკაროვი, ესე იგი სამგზის მაკარი, საოლქო მილიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ამჟამად სამსახურიდან გადამდგარი. – მან არჩილს ხელი მოხვია და ადგილზევე დასვა.
არჩილისათვის უკვე ცხადი შეიქმნა ყველაფერი. ნაშუაღამევს დაიშალნენ, ზურაბი მარტო დარჩა კაბინეტში. ფიქრებში წავიდა. გაახსენდა უსახელო თითის ამბავი, პირველად როგორ მოუტანა არჩილ ჩოხელმა იგი აგვისტოს პირველ რიცხვებში, მას შემდეგ არცთუ ისე დიდ დროს გაუვლია, მაგრამ რამდენი რამ მოხდა, რამდენჯერ ბეწვზე ეკიდა მისი და თანამშრომლების სიცოცხლე, რამდენი ბრძოლა იქნა გადატანილი ბოროტმოქმედთა ბრბოებთან, რამდენი უძილო ღამე იქნა თეთრად გატეხილი, რომ პატიოსან მშრომელთა წყნარი ძილი არავის დაეფრთხო...
„თუ ფარას მარჯვე მწყემსები უვლიან და კბილბასრი ნაგაზები იცავენ, არავითარი მგელი საშიში არ არის“. – გაახსენდა ზურაბს ტლანქად, მაგრამ სწორად გამოთქმული სიტყვები არჩილ ჩოხელის წერილიდან.
იგი წამოდგა, მივიდა ფანჯარასთან, გამოაღო და შუბლი მთაწმინდიდან მონაბერ ნიავს მიუშვირა.
გათენება მოახლოებული იყო. ქალაქს ეძინა. ქუჩებში სიწყნარეს დაესადგურებინა.
არ ეძინა მხოლოდ გუშაგ მილიციელს, ის ფხიზლად დასტრიალებდა თავის საგუშაგოს და დაბალი ხმით ღიღინებდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent