შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორ მხარეს #1


19-06-2021, 17:36
ავტორი რენე
ნანახია 10 001

უნივერსიტეტის წინ ლურჯი „ფიტი“ რამდენიმე წამით შეაყოვნა, ვიდრე დაცვამ გორგოლაჭებიანი ლითონის ჭიშკარი პულტით გააღო. თავი დაუკრა ასაკიან კაცს, რომელსაც შევერცხლილი თმები და ოდნავ ჩაყვითლებული კბილები ჰქონდა. ეს უკანასკნელი გაღიმების დროს გამოუჩნდა და ქალმა, როცა გვერდი აუარა მას მანქანით, უკმაყოფილებისგან ტუჩი აიბზუა. წარმოიდგინა პატარა ბაქტერიები, რომელიც ჭაღაროსანს კბილებს შორის დაუცოცავდა და გულისრევა იგრძნო, უსიამოვნო ფიქრებისგან გასათავისუფლებლად თავი აქეთ-იქით გააქნია. მანქანა პირველი კორპუსის წინ გააჩერა, მეორე დაცვამ შლაგბაუმი გაუხსნა და ცარიელ ადგილზე გაშლილი ხელით მიანიშნა, რომ იქ დაეყენებინა. ქალს, რაკი ყვითელი კბილები აღარ შეუმჩნევია ამ დაცვისთვის, გამომეტყველება უკმაყოფილო აღარ ჰქონია. მანქანა მითითებულ ადგილზე ჩააყენა. სარკე გაასწორა, თავის სახეს ერთი თვალი შეავლო. წითელი, მშრალი ტუჩსაცხი პატარა ჩანთიდან ამოიღო და მეორე ფენად გადაისვა, მერე ტუჩები ერთმანეთზე გადაიტარა. მოეწონა თავისი თავი და მანქანიდან გადმოვიდა. შავი, კლასიკური შარვალი და ამავე ფერის თხელი პერანგი ეცვა. შავის სიყვარული ვერაფერმა შეუნაცვლა ქალს. თმაც კი ეს ფერი ჰქონდა და სწორი, მხრებს ოდნავ ჩაცდენილი. დიდი, ოთკუთხედ-მინიანი სათვალე თმებზე დაემაგრებინა. საშუალო ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით მესამე კორპუსის კიბეები აიარა. ეტყობა, სალექციო დრო იყო. კაციშვილი არ ჭაჭანებდა დერეფნებში. პირდაპირ ჰუმანიტარების დეკანთან გაემართა, მესამე სართულზე, სამას შვიდ ნომერში. კარზე დააკაკუნა და შიგნით შევიდა.
- აბა, როგორ მყავს უბერებელი ქერა ქალბატონი?
- ამას ვის ხედავს ჩემი თვალები? - გახარებული წამოდგა ფეხზე ოდნავ პუტკუნა ქალი და მაშინვე გადაეხვია სტუმრად მოსულს.
- ჰო, რა გეგონა? ხომ გითხარი, დავბრუნდები აუცილებლად - მეთქი?
- სიმართლე გითხრა, ჯერ არ გელოდი.
- ჩემო ეკუნა, საქართველოს მონატრება მაინც სხვა ყოფილა. - სევდიანად ამოილაპარაკა სტუმარმა, როცა სამშობლოს მონატრებაზე ჩამოვარდა საუბარი. კიდევ ერთხელ იგრძნო, თუ რა ძვირფასი იყო მისთვის აქაურობა.
- როგორ მოგეწონა გერმანია?
- რა ჰქონდა ჩემი დასაწუნებელი? ვასწავლიდი, მასწავლიდნენ და ასე, მაგრამ მეტი აღარ შემეძლო უკვე. ჯერ ხომ ჩემი ბედოვლათი ძმა მამა გახდა და აქ არ ვიყავი, მერე ნინო ხომ იცი, ჩემი დაქალი, ეგ გათხოვდა და ვერც მაშინ ჩამოვედი, ყველა და ყველაფერი ისე მენატრებოდა, ვეღარ გავუძელი, ჩავალაგე ბარგი და სანამ კიდევ მრავალჯერ გადავიფიქრებდი, მანამდე მოვასწარი თვითმფრინავში ჩაჯდომა. - სიცილით თქვა ქალმა და თეთრი კბილები მედიდურად გამოაჩინა.
- დამშვენებულხარ, გალამაზებულხარ, ნათი. დავიჯერო, ვერც გერმანელმა კაცმა ვერ მოგხიბლა? შენს თითზე კი ვერანაირ ბეჭედს ვერ ვხედავ, მაგრამ... - კისერი წაიგრძელა ეკამ და ნათიას თლილ თითებს სათითაოდ გადაავლო თვალი.
- ვარ მარტო და ვიქნები ბოლომდე ასე, მგონი. გახსოვს, ჩვენ რომ სტუდენტები ვიყავით, მაშინ ვამბობდი დამოუკიდებელი ქალი უნდა გავხდე, რადიკალი ფემინისტი და გვერდით არავინ მჭირდება - მეთქი?
- ოხ, შენ თავიდანვე გიჟი იყავი. რაღა დაგიმალო და, იდეალურად გამოიყურები. ეს სამი წელი არც კი დაგტყობია.
- ვცდილობ, ვცდილობ.
- შვილი როგორ გყავს? მაია კი მყავს მეგობრებში „ფეისბუქზე“ და ვნახულობდი ფოტოებს, ზედ ევლება ბავშვს, მოკლედ.
- ეგ და გია რომ არ მყავდნენ, ალბათ, ვერაფერს მივაღწევდი. კარგად არის ანაბელი, იმათ ხელში რა გაუჭირდება? იცი როგორი გაზრდილია? აუცილებლად მესტუმრე, იცოდე. ახლა, ხელი რომ არ შეგიშალო, დაგტოვებ. სხვებსაც მოვინახულებ.
- კი ბატონო, გესტუმრები და უფრო კარგად ვიჭორაოთ. მეც თავზესაყრელი საქმე მაქვს. თან ლაშას ამბავი მაინტერესებს. ერთხელ მაია შემხვდა გზად და მითხრა, ცოლის მოყვანას აპირებსო. - ფეხზე წამოდგა ეკა და ლაპარაკით კარებისკენ გაუძღვა სტუმარს. ნათიას აღარაფერი უპასუხია, გარეთ გამოსულმა უსიამოვნოდ დამანჭა ტუჩები ყოფილი ქმრის ხსენებაზე და დედაზე კი გაბრაზდა - როგორ ახერხებს ყველას ყველაფერი გააგებინოსო.

ქალმა გრძელი დერეფანი გამოიარა, უკვე ხმაური ისმოდა ყველა აუდიტორიიდან. სალექციო დრო იწურებოდა და სტუდენტებს გარეთ გამოსვლა ეჩქარებოდათ. ორი წუთიღა დარჩენილიყო ლექციის დასრულებამდე. დერეფანში გაკრულ ცხრილს თვალი გადაავლო და თავისი საკურატორო ჯგუფისკენ გასწია მეხუთე სართულზე. იქ ჰქონდათ შემდეგი ლექცია და გადაწყვიტა დალოდებოდა ბავშვებს. თითოეული მათგანი ახსოვდა, არც ერთი დავიწყებია.
კიბეებზე ასვლისას თავის კოლეგას გადაეყარა.
- ნათია, ნუთუ, ეს შენ ხარ? - ლიას თვალები გაუფართოვდა, როცა უფრო დამშვენებული დაინახა ქალი და შეშურდა კიდეც, ერთი ნაოჭი რომ ვერ უპოვა სახეზე. თვითონ სამოც წელს გადაცილებული იყო, მეტს არ აკონკრეტებდა.
- ჩამოვედი, ლიაკო. შენ როგორ ხარ? - გადაკოცნა შუახნის ქალბატონი და მხარზე მოუთათუნა ხელი.
- შენ როგორ ხარ, კაცო, ეგ მითხარი, მე კი არა. საბოლოოდ დაბრუნდი?
- დავბრუნდი, კი. ვერ შეველიე საქართველოს და ჩემს ქართველებს.
- ოჰ, აბა, რა გეგონა? დაგვტოვე აქ მარტო. - საყვედურივით გამოუვიდა ლიას. უფრო აფერისტობდა. ისიც კი შურდა, რომ ნათია მიიწვიეს გერმანიის უნივერსიტეტში და არა-თვითონ. ამას კარგად ხვდებოდა ქალი და ცდილობდა, არ შეემჩნია. დაბრუნებისთანავე არ უნდოდა კონფლიქტი გამოეწვია, მით უმეტეს, ძველ კოლეგასთან.
- საქმე მოითხოვდა. სამაგიეროდ, ბევრად უფრო გამოცდილი და „დაპრაქტიკებული“ ჩამოვედი. - მკრთალად გაიღიმა ნათიამ.
- წარმატებები, გენაცვალე. ალბათ, აქაც დაგვიბრუნდები. - ინტერესმა ლამის გული გამოუჭამა ლიას.
- ვნახოთ, ჯერ არ გადამიწყვეტია.
- კარგი, მე კი გამიხარდება შენი დაბრუნება. აბა, წარმატებული დღე. - მოჩვენებითი ღიმილით თქვა ქალმა და კიბეები ჩაიარა. ნათიამ ერთი ტუჩი აიბზუა და გზა გააგრძელა.

აუდიტორიას მიადგა და შიგნით შევიდა. ოთახი ჯერ კიდევ ცარიელი იყო. ეტყობა, სხვა კორპუსიდან გადმოდიოდნენ სტუდენტები და ამიტომაც აგვიანდებოდათ. ენათმეცნიერების ლექცია ჰქონდათ ახლა. ლექტორი შემოვიდა. არ ეცნო ნათიას. „ალბათ, ახალიაო“ - გაიფიქრა.
- მოგესალმებით, მე ნათია ერგემლიძე ვარ, ყოფილი ლექტორი და, შესაბამისად, თქვენი ყოფილი კოლეგა.
- გაგიმარჯოს, გენაცვალე. თქვენზე მსმენია, სტუდენტები ხშირად გახსენებენ ხოლმე.
- მართლა? ძალიან გამახარეთ. აი, რომ შემოვლენ, მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ მოსანახულებლად და მერე ხელს აღარ შეგიშლით. - ღიმილით თქვა ნათიამ.
- რა სასიამოვნოა, ასეთი ახლო ურთიერთობა რომ გაქვთ თქვენს ყოფილ სტუდენტებთან. - კმაყოფილმა აღნიშნა ქალმა. თავისი სახელი არც უთქვამს, იმდენად მოეწონა ნათია ჯერ ფიზიკურად და შემდეგ საუბრის მანერით. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა ამ ქალს, ორმოცი წლის დედიკოს საცოლე ბიჭები რომ ჰყავთ და ვიღაც მოეწონებათ მისთვის გასარიგებლად. სასაცილო შესახედი იყო ნამდვილად.
- რა თქმა უნდა, ჩემი საკურატორო ჯგუფი იყო, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი მათთან ვყოფილიყავი.
- სასიამოვნოა. მაშინ მე დაგტოვებთ რამდენიმე წუთით, რაც დამრჩა საქმე, დავასრულებ და ამასობაში თქვენც მოასწრებთ მონატრების შევსებას და ძველი დროის გახსენებას. ბავშვებს უთხარით, რომ ბევრი არ დამაგვიანდება.
- გმადლობთ! გადავცემ. - თავაზიანად დაუკრა თავი ნათიამ და მზერა გააყოლა მიმავალ ქალს. მერე გაახსენდა, რომ სახელიც არ იცოდა მისი.
სტუდენტები ნელ-ნელა შემოლაგდნენ აუდიტორიაში. ძველი ლექტორის დანახვაზე ყველას გაკვირვებული მზერა ჰქონდა, არ ელოდნენ მის დაბრუნებას და სიხარულსაც ვერ მალავდნენ.
- ქაროსანიძე, შენ ისევ ვერ მოშორდი მაგ კედელს, არა? თაფლს ხომ არ უსვამ და გვიმალავ? - უკვე რომ ადგილები დაიკავეს სტუდენტებმა და ნათიამ ყველას ჩახუტებით გული იჯერა, ხუმრობა დაიწყო შემდეგ.
- რას ბრძანებთ, პატივცემულო? ყოველდღე სემინარებს ჩაგაბარებთ, ოღონდ თქვენ აქ დაბრუნდით და ეს ოთხმოცი წლის ბებია ქალები მოგვაშორეთ.
- ბევრი რამ შეიცვალა, არა?
- თითქმის ყველაფერი. - გამოეპასუხა სხვა მეორე მხრიდან.
- ვნახოთ, იქნებ, დავბრუნდე კიდეც. ჯერ არ გადამიწყვეტია. ისეთი კნუტის თვალებით მიყურებთ ყველა, გულს მიჩუყებთ და ახლავე შევიტან ეკასთან განცხადებას, მგონი.
- მაგ მადლს თუ მოისხამთ... თან რა ჯობია თქვენს მოსმენას და ყურებას?
- ოხ, ქაროსანიძე! შენ პირველად რომ მითხარი მსგავსი რამ, თუ გახსოვს, „რომეო და ჯულიეტა“ გერმანულად გადმოგაწერინე შენს რვეულში თავიდან ბოლომდე და გავიმეოროთ? - წარბი ასწია ნათიამ.
- ოპა! აი, სად დაგვერხა ტო. დაბრუნდა ჩვენი „კრუელა“. - ნიჟარაძე აჰყვა ხუმრობაში.
- პირველად რომ გავიგე მაგას მეძახდით, კი გავბრაზდი, მაგრამ მეთქი - როგორ ვაფიქრებინებ ამათ, რომ ასე უცებ „ვვარდები“ - თქო. თან ზურგსუკან თქმას, სჯობდა, მცოდნოდა. რომ რამე, დაგიცავდით მაინც „იმისგან“, - თვალები აქაჩა ქალმა. - ისე, ისევ აქაა?
- მაგას რა მოკლავს? დღე და ღამე სულს გვხდის, დანდობა არ იცის. - აწუწუნდა შინდისფერთმიანი გოგო.
- რექტორია, რას იზამ? ყველა მაგას ემორჩილება, „დიდი ეკაც“ კი, - მხრები აიჩეჩა ქალმა და გემრიელად აკისკისდა. - ბაჩოს ვერ ვხედავ, დანარჩენი ყველა ხართ.
- ბაჩო გადავიდა, რაც წახვედით. მარტო თქვენს ლექციაზე ახერხებდა მშვიდად ჯდომას და ვინღა გააჩერებდა მერე? უფრო სწორად, კი არ გადავიდა, აიძულეს ფაკულტეტი შეეცვალა. გააფრენინა ლექტორებს. მემგონი, ვაფშე წასვლასაც აიძულებენ ახლა. - გამოეპასუხა ერთ-ერთი.
- ოჰო, ყოჩაღ მაგას! კარგი, სადმე ვიპოვი და ვნახავ მაგასაც, ისე არ წავალ.
- ნატო მოიჩქარის, ფეხსაცმლის ხმაზე ვიცანი. - უკნიდან იყვირა ქაროსანიძემ.
- შემოგივლით ისევ, წავედი ახლა, ვიჭორაოთ მერე კიდევ. პატარები დაგტოვეთ და რამხელები ხართ გაზრდილი. ყველაფერს მომიყვებით, იცოდეთ! - თითის ქნევით თქვა ნათიამ.
- არ დაგვტოვო, რა, ამ ქალთან... - აწუწუნდნენ ერთიანად სტუდენტები.
- თქვენ საერთო „ჩატი“ გააკეთეთ, მეც დამამატეთ და ერთი შეხვედრა მოვაწყოთ, უფრო კარგად რომ გელაპარაკოთ. აბა, ბედნიერი ლექცია! - ხელით კოცნა გაუგზავნა ყველას და კმაყოფილი ღიმილით დატოვა აუდიტორია.

გზად თუ ვინმე შეხვდა ნაცნობი, ყველას გამოელაპარაკა და ბოლოს უკვე სიცხისგანაც და ხალხისგანაც შეწუხებულმა, ბაჩო რომ ვერსად იპოვა, მანქანისკენ გასწია. ჩაჯდა და მაშინვე კონდენციონერი ჩართო გასაგრილებლად. ცუდ ხასიათზე დადგა. ისე უნდა ბაჩოს ნახვა, როგორც არასდროს, მაგრამ ნერვებმოშლილს აღარ გაუგრძელებია მისი ძებნა.
- არაპროგნოზირებადი მხეცი! - ერთი ამოიბურტყუნა და მანქანა აამუშავა.
დაცვამ ღიმილით გამოისტუმრა. უკანა სარკეში იყურებოდა, როცა ხმა გაიგონა.
- პატივცემულო ერგემლიძე!
იცნო და შუა ეზოში გიჟივით გააჩერა მანქანა. მაშინვე გადმოვიდა და ბიჭისკენ გასწია, რომელიც ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ცინიკური ღიმილით ელოდა ქალის მიახლოებას. თვითონ ნაბიჯს არ დგამდა.
- ბაჩანა, - ხმა აუკანკალდა ნათიას. მონატრება ყელში და თვალებზე მოასკდა. - შენს სუნს კილომეტრშიც ვგრძნობ.
- უნივერსიტეტის ეზოში ვართ, პატივცემულო. გვიყურებენ. - ადრინდელი სიტყვები თავად გაიმეორა ირონიულად ბაჩომ.
- მაგათი დედაც! მომენატრე, საზიზღარო!
- არ შეცვლილხარ და როცა მხედავ, ისევ გავიწყდება სად ხარ და ვინ ხარ. - ცინიკური ღიმილი არ შორდებოდა ბიჭს.
- გადაგკოცნი და უძრავად იდექი, მერე მოგხედავ დანარჩენზე! - მკაცრად თქვა ქალმა და მსუბუქად გაეხახუნა ლოყაზე ბაჩოს. - ვერ გაიპარსავ ამ წვერს? რას ჰგავხარ? ბომჟო!
- მემგონი, ყოფილი ლექტორი და ყოფილი სტუდენტი ასე არ ლაპარაკობენ, არა?
- რატომ ართულებ? - დაიძაბა ქალი.
- სალაპარაკო გვაქვს. აქედან რომ გაქუსლე, ორივეს გვახსოვს და რაც და როგორც იყო, ეგრე აღარ იქნება, პატივცემულო. მაინც არ შეგვეტყოს, რომ უფრო მეტი ურთიერთობა გვქონდა, ვიდრე ლექტორსა და სტუდენტს აქვთ.
- ხაზგასმებით ლაპარაკი თუ გინდა, ჩემთან გელოდები საღამოს. ჩვეულ დროს მოდი.
- ასე პირდაპირ პირველივე დღეს შენთან მეპატიჟები? იქნებ, ამ სამ წელში ცოლი მოვიყვანე, გეკითხა ჯერ.
- მაგის შანსი არ არსებობს. გელოდები.
- რამე წამოგიღო?
- ვიმეორებთ?
- არა, რამე ხო უნდა მოვიტანო და ბარემ არ მაფიქრო.
- შავი შოკოლადი მიყვარს ისევ, გერმანიას არაფერი შეუცვლია.
- გერმანიას არა, შენ შეცვალე, პატივცემულო.
- მოეშვი ამ საუბარს, წავედი და გელოდები. თუ გინდა, მიგიყვან, სადაც მიდიხარ იქამდე.
- არსად, საქმე მაქვს და მერე მოვალ. შენ იქამდე სალაპარაკოდ მოემზადე.
- მოვემზადები. ჭკვიანად, ბაჩანა. - ისევ გადაკოცნა ბაჩო ქალმა და მანქანისკენ წავიდა. შორიდან ხელი დაუქნია და სახლისკენ გზას დაადგა, სიჩქარეს მოუმატა.
უნდოდა, კარგად მომზადებულიყო. დღეს მარტო იქნებოდა. მაიას და გიას ჰყავდათ ანაბელი დატოვებული. სალაპარაკო ბევრი ჰქონდათ და მონატრებულზე - მით უფრო.



№1 სტუმარი ანუ

ძალიან კარგი დასაწყისია ^-^
იმედია დიდხანს არ გვალოდინებ ხოლმე ^-^

 


№2  offline წევრი რენე

Nuki-rocks
რენე,სპონტანურად გავხსენი შენი მოთხრობა.მერე სახელს დავხედე და არ მეცნო.პრინციპში,საიტზე ცოტას ვცნობ და არც უნდა გამკვირვებოდა.მერე გადმოვედი შენს პროფაილზე და თურმე შენი პირველი ( თუ სხვასა არ მალავ)მოთხრობის პირველი თავი წავიკითხე და მგონი პირველიც გიწერ კომენტარს.
ძალიან გამართულად წერ, დალაგებულად. მომეწონა ხასიათები,სულ სულ პატარა დეტალებში რომ ჩადე. მართლა ძალიან მაინტერესებს რა მოხდება,რა საიდან დაიწყო;რატომ წავიდა ნათია გერმანიაში;ვინაა ბაჩანა ახლა ნათიასთვის და მოკლედ, როქსში ჭორიკანა მხარე გააღვიძე.ანუ, ინტრიგა ჩამოაგდე,თან ისეთი,ქვა გახეთქა!
მე შენ გელოდები და ძალიან მაინტერესებს რას აპირებ სამომავლოდ.
კეთილი იყოს შენი ფეხი,წარმატებებს გისურვებ❤❤❤.

სალამი, ნუკი-როქს. ისე სულმოუთქმელად ველოდი პირველ კომენტარს, რომ სად წავსულიყავი აღარ ვიცოდი... პირველობა კარგია, მე ძალიან მიყვარს ისე. სხვებს ვმალავ, კი, მაგრამ ჯერ არ მინდა რომ გამოვაჩინო. ვნახოთ ჯერ ეს როგორ მოგეწონებათ, მერე ვიფიქრებ დანარჩენზეც. გულწრფელად მიხარია, რომ მოგეწონა. არ ვფიქრობდი, თუ პირველივე კომენტარი ასეთი კარგი იქნებოდა და დადებით ემოციებს გამოიწვევდა მკითხველში. ყველაფერს გავცემ პასუხს დროდადრო, ვეცდები ყველანაირად. მადლობა ძალიან დიდი,
გამაბედნიერა შენმა სიტყვებმა! შენც წარმატებებს გისურვებ... ♥️♥️♥️

ანუ
ძალიან კარგი დასაწყისია ^-^
იმედია დიდხანს არ გვალოდინებ ხოლმე ^-^

უღრმესი მადლობა! როგორი გახარებული ვარ, ვერც წარმოიდგენთ... ყველანაირად ვეცდები, რომ იმედები გაგიმართლოთ! ♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

ეს თუ პირველია მართლაც საუცხოოა დახვეწილი, გამართული და საინტერესო სიუჟეტი ძაალიან მომეწონა

 


№4  offline წევრი რენე

სტუმარი მაკო
ეს თუ პირველია მართლაც საუცხოოა დახვეწილი, გამართული და საინტერესო სიუჟეტი ძაალიან მომეწონა

სასიამოვნოა ამის წაკითხვა. დიახ, ამ სივრცეში პირველია, მაგრამ ისე არა... გმადლობ! ♥️♥️♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი შინაარსიის ისტორიაა,მომეწონა,

 


№6  offline წევრი რენე

სტუმარი nancho
ძალიან კარგი შინაარსიის ისტორიაა,მომეწონა,

მადლობა, ნანჩო, ძალიან მახარებს დადებითი შეფასებები. არ ველოდი ამდენს... ♥️♥️♥️

 


№7  offline წევრი Life is beautiful

კარგი, რას ვიტყვი ახლა იცი?
ძალიან დავინტერესდი ბაჩანათი.!!!
უძალიანესად.
გემრიელად იკითხება, მიდიხარ და მიყვები.
ლაშაც დამაინტერესა..
მაგრამ საღამოს რა ხდება, აი ეგ საერთოდ..
))
იმედია მალე დაიდება, ძალიან ინტრიგული იყო. თან ბოლომდე ნათიას ასაკიც ვერ გავიგე და.. მოკლედ ყველაფერი მაიმტერესებს. ვინ, რატო, როგორ როდის, რისთვი?
ყველაფერი.
მოკლედ რაც მალე მით უკეღესი.))

 


№8  offline წევრი რენე

Life is beautiful
კარგი, რას ვიტყვი ახლა იცი?
ძალიან დავინტერესდი ბაჩანათი.!!!
უძალიანესად.
გემრიელად იკითხება, მიდიხარ და მიყვები.
ლაშაც დამაინტერესა..
მაგრამ საღამოს რა ხდება, აი ეგ საერთოდ..
))
იმედია მალე დაიდება, ძალიან ინტრიგული იყო. თან ბოლომდე ნათიას ასაკიც ვერ გავიგე და.. მოკლედ ყველაფერი მაიმტერესებს. ვინ, რატო, როგორ როდის, რისთვი?
ყველაფერი.
მოკლედ რაც მალე მით უკეღესი.))

დილა ისე გაღიმებულმა დავიწყე... ვაი, შენ რამდენი კითხვები გაგჩენია... ანუ საინტერესო გამოვიდა, ძალიან მომწონს ეგ ფაქტი. კითხვას თავისი მუღამი უნდა და ხო შეიძლება ყველა ნაწერი ვერ წაიკითხო, ცნობილ წიგნებს ვერ ვკითხულობთ ხოლმე, მიხარია რომ შენ ეგ არ დაგემართა და ელოდები როდის დაიდება მომდევნო თავი. მადლობა ამ ინტერესისთვის... ♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent