შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორ მხარეს #3


22-06-2021, 11:41
ავტორი რენე
ნანახია 6 940

რაც ჩამოფრინდა, მხოლოდ ოჯახის წევრები მოინახულა. ისიც იმიტომ, რომ თავად დახვდნენ აეროპორტში. ჯერ ერთი, რომ უზომოდ დაღლილი იყო და მერე მეორე, ყველა ფიქრი მხოლოდ ბაჩანამდე მიდიოდა და იქამდე, უპირველესად - ანაბელამდე. ამ ორი არსების ირგვლივ ტრიალებდა, მთელი გზა მათზე ფიქრში გაატარა და სხვებზე იმდენად არც უფიქრია, თუმცა კი, სიგიჟემდე ენატრებოდა მშობლებიც და ძმაც. მათ გარდა არავინ ჰყავდა საიმედო.
გიჟდებოდა დედამისის, მაიას ქოთქოთზე. დილით ადრიანად დგებოდა ქალი და უკვე ყველა რომ გაიღვიძებდა, საქმე დასრულებული ჰქონდა, საუზმეც მზად. თან ისე, ვისაც რა უყვარდა, იმას ახვედრებდა. გარდა ანაბელის გაზრდისა, ნიკოს ცოლს, თავის რძალს, სოფოს ეხმარებოდა პატარას გაზრდაში. ეცოდებოდა გოგო, უძინარი ხარ და თავს მიხედე, ცოტა ფერი მოგივიდესო ეტყოდა და პატარა გიგიკოს თვითონ იტოვებდა. (ბავშვს რომ სახელს არქმევდნენ, გიამ თვითონ უთხრა კატეგორიულად ნიკოს ჩემი სახელი არ დაარქვაო და მერე სოფომ მაშინ მიახლოებული მაინც იყოსო, ასე გადაწყდა რომ პატარა ბიჭს გიგი დაარქვეს.) ისე, ყველას უკვირდა, ამხელა ენერგია საიდან ჰქონდა ქალს იმ ასაკში. თუმცა, არც იმდენად მოხუცი იყო, მხოლოდ ორმოცდაცხრამეტის, თავს კი ახალგაზრდა ბებიად თვლიდა. ჯერ კიდევ ბევრი წელი უნდა ვიცხოვრო შვილიშვილების მოსასიყვარულებლადო ამბობდა.
გია კარგი კაცი იყო, კარგი ქმარი, შესანიშნავი მამა და უფრო იდეალური ბაბუა. არ არსებობდა რაიმე, რასაც მისი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის ვერ გააკეთებდა. მართლა რომ იტყოდნენ მთებს გადადგამს ვინმეს გამოო, ზუსტად ასე იყო გია ყველასთვის, თავისი საფიცარი ადამიანებისთვის.
ეს ცოლ-ქმარი ერთად მყოფნი იმდენად საყვარელნი იყვნენ, ბავშვობიდან მოყოლებული და-ძმა და მერე უკვე რძალიც დასხდებოდნენ და მათ კინკლაობასაც და სიყვარულსაც შორიდან ბედნიერად უცქერდნენ, თან კისკისებდნენ, თან - გული სიყვარულით ევსებოდათ მათი შემყურე და ბოლოს ეტყოდნენ არასდროს დაგვიბერდეთო.
ხან მაია ბუზღუნებდა, ხან - გია, მაგრამ ცალკე ორივე ამბობდა ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ერთმანეთის თავიო. ან კი, როგორ მოსცილდებოდნენ ერთმანეთს? გიას ვერ წარმოედგინა დილა მაიას ქოთქოთის გარეშე და მაიას ვერ წარმოედგინა დღე გიას მაიმუნობების გარეშე. ეგ კი არა, როცა ანაბელს გარეთ ასეირნებდნენ ერთად, ეტყოდნენ ხოლმე გამვლელები - როგორი მოსიყვარულე ოჯახი ხართ და ეს პატარა გოგოც როგორ გიხდებათ, ეტყობა, გვიან დაოჯახდითო. რაღა გვიან? უკვე ორმოცი წელი გადიოდა მათი ერთად ყოფნიდან. ნათია ოცდაჩვიტმეტი წლის იყო, ნიკო ოცდაცხრამეტის.
გიამ მაია რომ ცოლად მოიყვანა, მაშინ მაია პატარა გოგო იყო, ჩვიდმეტი წლის. თვითონ გია - ოცდასამის. ორი წელი შვილი არ უჩნდებოდათ და ამის გამო გიას მხრიდან მთელი სანათესაოს მოძულება მოუწიათ. გიამ თავისი მშობლებიც კი დაივიწყა ცოლის გამო და არ აპატია მათ მაიას შეურაცხყოფა. ისე გაცეცხლა რომ გაიგო, რასაც ეუბნებოდნენ მთელი ის პერიოდი, ცოლიც კი ვერ აშოშმინებდა. თურმე ასე უთქვამთ გიას მშობლებს - უშვილო თუ იყავი, რატომ მოგათრია ჩემმა შვილმაო და სხვა კიდევ მრავალი. სანამ მოთმენა შეძლო, ითმინა მაიამ, მაგრამ ერთხელ ატირებული რომ დაუხვდა, მაშინ ჭკუიდან გადავიდა გია. თან ცოლმა რომ უთხრა მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, ამდენ ხანს ვუძლებდი და ვერ გეუბნებოდი რომ არ მოგეძულებინა ისინიო, უფრო გაგიჟდა. იქამდე არავის ენახა გაცოფებული გია, ღრიალებდა ჩემი ცოლის გამწარება როგორ გაბედეთ ჩემ ზურგს უკან მთელი ეს დროო და ყველაფერს ლეწავდა. ოცდახუთი წლის ასაკში ოჯახიდან წამოვიდა თავის ცოლთან ერთად და მკაცრი სიტყვებით უთხრა მშობლებს ყოველგვარი ზედმეტი საუბრების გარეშე - არც მე ვარ თქვენი შვილი და აღარც ჩემი ცოლია თქვენი რძალიო.
მაიას დედ-მამამ უყიდა პატარა ბინა გათხოვებამდე, დედისერთა გოგო იყო და თავს ევლებოდნენ, იქ გადავიდნენ საცხოვრებლად, თუმცა გიამ პირობა დადო, როგორც კი შეძლებდა, მაიას თავისი ოცნების სახლს აუშენებდა და იქ აცხოვრებდა. ორი წლის მერე დაფეხმძიმდა მაია და ყველაფერი შეიცვალა. გიჟს ჰგავდა ყველა სიხარულისგან. ჩემს შვილს ვერაფერს მოვაკლებო იძახდა კაცი და მონდომებულმა პატარა ბანკის ვალით წამოიწყო საქმე. რომ არა ცოლის თანადგომა, ვერ გაუძლებდა ნერვიულობას და ამდენ წნეხს. თითქმის ოცდაოთხი საათი მუშაობდა გია, ოღონდ რამე არ მოეკლო თავისი ცოლისთვის და უზრუნველი მომავალი აქედანვე შეექმნა შვილისთვისაც. დღეს უკვე ცნობილი არქიტექტორია, მაიას თავისი ოცნების სახლში აცხოვრებს და მათ ყველაფერი ისე აქვთ, როგორც თავად სურთ.
თუმცა, გია თავის მშობლებს იმ ამბის მერე არც ერთხელ არ დალაპარაკებია და ვერც ისინი უბედავდნენ მოკითხვას. იცოდნენ, ისევ გააფრენდა კაცი. მას თავისი ღირსება გააჩნდა, მისი ღირსების შებღალვას და დამცირებას არავის აპატიებდა. უყვარდა მშობლები და ენატრებოდა, უჭირდა კიდეც, მაგრამ შეეგუა. უმთავრესი გიასთვის პრინციპები, ღირსება, პატიოსნება და სიამაყე იყო.
შვილებს არ უშლიდა ბებია-ბაბუასთან ურთიერთობას. რომ წამოიზარდნენ, დაიჯინა ორივე მაიასთან ერთად და ყველაფერი აუხსნა, უთხრა, როგორც თქვენ საჭიროდ ჩათვლით, ისე მოიქეცით, მე არც აგიკრძალავთ და არც დაგიშლით მათთან ურთიერთობას, ჩემი ცოლის და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებო. ნათიას და ნიკოს დიდად არ ჰქონიათ კარგი დამოკიდებულება მათ მიმართ, რაკი დედას და მამას ასე აწყენინეს, თავიდანვე მოიძულეს მათაც, მაგრამ ამას ადამიანურად გამოხატავდნენ. ზოგჯერ მოიკითხავდნენ, ესტუმრებოდნენ.
და-ძმისთვის ღმერთი იყო ნათელა და ღმერთი იყო ვაჟა. ნათელა და ვაჟა მაიას დედ-მამაა. ეს ორი რომ არა, მათი რჩევა-დარიგებები რომ არა, მათი დახმარება რომ არა, გია და მაია ამდენის ატანას ვერ შეძლებდნენ. იმხელა პატივისცემა და რიდი, ამასთანავე სიახლოვე და თბილი დამოკიდებულება იყო გიასა და სიდედრ-სიმამრს შორის, ყველას უკვირდა ამას როგორ ახერხებდნენ. ფაქტობრივად, ნათელამ და ვაჟამ გამოზარდეს გია და მაია და ასწავლეს ყველაფერი. შემდეგ უკვე ჯერ ნიკოს და მერე ნათიას ასწავლიდნენ, ოღონდ არა ღიად, რომ მაიას და გიას რამე სწყენოდათ - განა ჩვენ გვეშლება მათი გაზრდაო. ისე, ზოგადად, მისახვედრად. იცოდნენ რა იყო სწორი და რა - არასწორი.
დიდი ოჯახი ჰქონდათ, ყველა ყველას პატივს სცემდა და ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ, წამით არც ერთი არ დაფიქრებოდა ნებისმიერის გადასარჩენად სიკვდილისთვის. ერთმანეთის არსებობას განაპირობებდნენ და უზღვავ სიყვარულს ატარებდნენ გულით.
გიას რომ უჭირდა, მაიას უჭირდა, ნათიას უჭირდა, ნიკოს უჭირდა, ნათელას უჭირდა, ვაჟას უჭირდა და ასე, წრეზე ტრიალებდა ეს ჭირიც და ლხინიც. ყველა, ვინც ამ ოჯახს იცნობდა, უზომო პატივს სცემდა მათ და ყოველთვის აქებდნენ გიას თავისი კაცობით, მაიას თავისი ოჯახის შესანიშნავი დიასახლისის სტატუსით, ნიკოს, როგორც მამის იდეალის, ნათიას, როგორც ჭკვიან ქალს, თუმცა ყველასთვის საწყენი იყო რომ ნათიას ბედში არ გაუმართლა. რას იზამდა? არ გამოვიდა და მორჩა. ამის გამო ვინმე მოკლავდა? პირიქით, ზუსტად მაიას და გიას წყალობით გადაიტანა ის რთული დღეები ნათიამ, მაგრამ თავისი ცხოვრების სიყვარული - ანაბელი აძლევდა სიცოცხლის ხალისს სტრესის დროსაც კი ქალს. არ არსებობდა მასზე დიდი სიყვარული, საფიქრალი და სადარდებელი ერგემლიძისთვის.
ნათია გვიან გათხოვდა, ოცდარვა წლის იყო. ლაშა არ იყო ცუდი ადამიანი, მაგრამ ნათიას არ შეეფერებოდა. ვერ გაუგეს ერთმანეთს, კამათობდნენ, ამასთან საუბარიც არ გამოდიოდათ ერთმანეთში. ორი წელი ძლივძლივობით გაიყვანეს. მერე ნათიამ ლაშა გამოიჭირა, რომ ვიღაც ქალთან ღალატობდა და ეს როგორ უნდა ეპატიებინა? ადგა და წამოვიდა, წამით უკან არ მოუხედავს, თან წამოიყვანა თოთო ანაბელიც, რომელიც აგერ უკვე შვიდი წლის იყო. ლაშას არ მოუკლავს თავი შვილის მოკითხვით დაშორების მერე. რთული პერიოდი რომ გადალახა ქალმა, გადაწყვიტა მოსწავლეები აეყვანა. დეკრეტული შვებულებიდანაც გამოვიდა, უნივერსიტეტში დაბრუნდა და ჩვეულ ცხოვრებას აუწყო ფეხი. ოცდაცამეტი წლის იყო, ბაჩანა რომ გაიცნო. მოსწავლედ მიიღო, გერმანულში ამზადებდა და მაშინ კვლავ იგრძნო ნათიამ, რომ მასში პატარა გოგო ცხოვრობდა, რომელსაც სიყვარული სჭირდებოდა. ბაჩანამ გამოაცოცხლა ქალი მთელი არსებით და დაუბრუნა ცხოვრების ხალისი. იმის მერე დაიწყო ყველაფერი და ერთი წელი სიგიჟეებში გაატარეს. ბაჩანა პატარა ბიჭი იყო, ჩვიდმეტი წლის, მაგრამ სერიოზული, ჩამოყალიბებული და არ ჰგავდა არაფრით სხვებს. სწორედ ამ გამორჩეულობამ მიიზიდა ნათია და რომ ვერ დაიმორჩილეს თავიანთი სურვილები, ერთმანეთს გამოუტყდნენ სიყვარულში. ორივეს უჭირდა აღიარება. აღქმა იმის რომ შენზე ბევრად პატარა ბიჭი და ბევრად უფროსი ქალი გიყვარს, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ვიღაც იტყვის თექვსმეტი წელი არაფერიაო, მაგრამ თავისი სირთულეები მაინც მოიტანა, როგორც არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ ზოგჯერ კამათი უწევდათ მათ, სწორედ ბოლო კამათმა განაპირობა ნათიას მხრიდან იმ ნაბიჯის გადადგმა. სწორი იყო, თუ არასწორი - ასე მოიქცა. გაუჭირდა, მაგრამ ჩათვალა რომ სწორი იყო. არავინ იცის რად დაუჯდა ის სამი წელი, რომელიც ბაჩანასგან შორს გაატარა. ბევრჯერაც უტირია, მაგრამ ფიქრობდა რომ ამით თავის თავსაც ჩუქნიდა მომავალს და მით უფრო ბაჩანას აძლევდა თავისუფლებას, რომ იქნებ უკეთესი ცხოვრება ელოდა წინ ნათიას გარეშე. რას ვიზამთ, ყველაფერს წინასწარ სწორად ვერ ვსაზღვრავთ ხოლმე და რომ ვიცოდეთ შეცდომას სად ვუშვებთ, ალბათ არც იქნებოდა კარგი, რადგან სწორედ ამ შეცდომებზე ვსწავლობთ. ახლა კი იცის ნათიამ, რომ მაშინ ასე არ უნდა მოქცეულიყო. ერთ მხარეს ბაჩანა იდგა, მეორე მხარეს თავისი პროფესიული კარიერა, რომელიც ამასთანავე უფლებას არ აძლევდა ბიჭთან ურთიერთობის. მან იცოდა, რომ ჯერ მოსწავლესთან და მერე საკუთარ სტუდენტთან სერიოზული ურთიერთობის დაჭერა კარგის მომტანი არ იქნებოდა. თან ორივეს უჭირდათ თავიანთი სიყვარულის დამალვა. უფრო უარესი რამ რომ არ მომხდარიყო, ამ არჩევანს მიანიჭა უპირატესობა და წავიდა. დაბრუნებულზე კი უნდა გამოესწორებინა, რაც დაკარგა, რადგან ვერც ერთმა ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ აიწყო. ალბათ, მათი ბედი სადღაც იყო დაწერილი. ამ ამბავს ვინ როგორ შეეგუებოდა, აი, ეს კი ნამდვილად რთული საფიქრალი იქნებოდა. მოსვენებადაკარგული ერთი საქართველოში და მეორე გერმანიაში ერთმანეთზე ფიქრში ათენებდნენ ყოველ ღამეს. ახლა კი, ერთ ქვეყანაში მაინც იქნებოდნენ და ეცოდინებათ, რომ ერთმანეთი სადღაც ახლოს ჰყავთ, ერთ ქალაქში. ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს, არა?

***
- ანაბელ, დე, როგორ მომენატრე, - ტელევიზორის ყურებაში გართულ შვილს ჩაეხუტა და ლოყები დაუკოცნა. - შენ ხომ არ იცი, როგორი ტკბილი სურნელი გაქვს ყელში, დედი, - ხელში აიყვანა ბავშვი და ჩაიხუტა. - როგორ მენატრებოდი, დე, იცი? შენზე ფიქრმა გამაგიჟა. ერთი სული მქონდა, გულში ჩამეკარი. - ყველა ნაკვთი დაუკოცნა პატარას.
- მეც ძალიან მომენატრე, დე. ჩემი ულამაზესი დედიკო ხარ. დაისვენე? კიდევ დაღლილი ხომ არ ხარ? - მოესიყვარულა ბავშვი დედას და თმებზე მიეფერა.
- არა, ჩემო ლამაზო. დღეს მე და შენ გავიპაროთ, კარგი? გავისეირნოთ, ცოტა საყიდლებზეც გავიაროთ, რაც შენ გინდა, ის ვაკეთოთ.
- აუ, რა მაგარია! ძალიან მიხარია. მალე წავიდეთ, კარგი?
- აი, მაია ბებო გვასაუზმებს და წავიდეთ, თორემ მერე გვეჩხუბება, ხომ იცი.
- კარგი, დე. როგორც შენ იტყვი.
- ჩემი ჭკვიანი ხარ შენ! - პატარა ცხვირზე აკოცა ანაბელს და მერე ერთად შეაკითხეს მაიას სამზარეულოში.
- მაიკო, მოვედი, რაშვები?
ფუსფუსებდა ქალი და საუზმისთვის ამზადებდა ყველაფერს.
- რა ვიცი, დე, როგორც ყოველთვის. - მივიდა და მონატრებულ შვილს გემრიელად აკოცა.
- ძინავთ დანარჩენებს, ხომ? - სკამზე ჩამოჯდა ანაბელთან ერთად.
- მამაშენი ბაზარში გავუშვი რაღაცების საყიდლად, ნიკო პროფილაქტიკაში გავიდა ადრიანად, სოფოს და გიგიკოს ძინავთ.
- მოკლედ, დილიდან არ ისვენებთ შენ და გია, არა? როგორ მენატრებოდით ყველა... - სევდიანად ამოილაპარაკა ნათიამ და დედის ყურებაში გულში სითბო ჩაეღვარა. მისთვის ქალის ეტალონი იყო მაია და შემდეგ ნათელა.
- ჩვენც გვენატრებოდი, რომ გაიქეცი და დაგვტოვე აქ, აბა, რა გეგონა? მომკლა შენზე დარდმა, ყველა დღე შენთვის ვლოცულობდი და ღმერთს ვთხოვდი, რომ მალე ჩამოსულიყავი. ანაბელსაც ისე ენატრებოდი, ზოგჯერ ძილში წამოიყვირებდა შენს სახელს. ბებოს პატარა ცუგრუმელა გოგოა ეს! - პირმცინარმა შეხედა შვილიშვილს და თავზე აკოცა.
- მოგეხმარები, გინდა? ანაბელ, დე, მიდი შენ, უყურე ტელევიზორს. - კალთიდან ჩამოსვა გოგო და მისაღებში გაუშვა.
- არა, შვილო, მაგისთვის დაგღლი? რა მაქვს მე მეტი საქმე? შემოგევლოს შენი დედა შენ.
- დილიდან ქოთქოთებ ასე ყოველდღე, ხომ? ვერ მოიშალე ეს ჩვევა. - გაეცინა ნათიას დედის ქცევაზე.
- ოხ, თქვენ რა გითხარით! ახლა გია მოვა და მერე დასხედით და მამა-შვილმა ერთად დამცინეთ, რა გენაღვლებათ? - უცებ აბუზღუნდა ქალი.
- მაგას გაკადრებთ ჩვენ?
- იუკადრისებ უცებ მამაშენივით, ამ დროს ასლი ხარ მისი.
- როგორ არის გია? დაიღალა?
- გია თქვენით ცოცხლობს, რა დაღლის? სამსახურშია და ცხრაჯერ რეკავს ანაბელი დამანახეო, აქეთ ახლა გიგიკო და გიჟს ჰგავს, მოკლედ. სადაც არ უნდა იყოს, სულ ამათზე ფიქრობს. რა ქნას, გიჟი ბაბუაა. ნეტავ განახა, როგორ ელაპარაკება და ეთამაშება ანაბელს. ყველა საღამოს კონცერტებს მართავენ სახლში. - ტკბილად ალაპარაკდა მაია ქმარზე, საუბარზეც კი ეტყობოდა, თუ როგორ უყვარდა.
- თქვენ რომ არ მყავდეთ, რა მეშველებოდა მე?
- უშველებელი ჩვენ მტერს, დედა, რას ამბობ?! ჩვენ რომ არა, ვინმე გეყოლებოდა, ღმერთი ისე არ დაგტოვებს, ხომ იცი.
- ვიცი, დე, ვიცი. ნიკოც ისე მომენატრა, რამდენი ხანია ყველას ერთად არ გვილაპარაკია... მომენატრა ჩვენი ოჯახური საუბრები.
- დღეს დარჩები?
- ვნახოთ, არ ვიცი.
- დედა, ათასჯერ გითხარი, გაყიდე ის ბინა და გადმოდი აქ საცხოვრებლად, ოთახი არა გვაქვს შენთვის, თუ რა? რად გინდა ცალკე ცხოვრება?
- არა, დე, ასე მირჩევნია მართლა. ანაბელსაც წავიყვან ჩემთან. ვფიქრობ, ხომ არ დავბრუნდე უნივერსიტეტში ისევ, მაგრამ არა მგონია. ალბათ, მოსწავლეებს ავიყვან მოსამზადებლად. ჩემთან უფრო თავისუფლად ვიქნები მეც. ანაბელთან მარტო მინდა გავატარო დრო. ისედაც ამდენი წელი წასული ვარ, არ მინდა უჩემობას შეეჩვიოს. ჯერ პატარაა, მაგრამ მინდა რომ ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდეს. ხან დეპრესია მქონდა, ხან ვმუშაობდი, ხან წავედი და უმეტესი დრო მაინც შენთან იყო. ახლა მხოლოდ მასზე უნდა ვიფიქრო და დავუახლოვდე.
- ჭკვიანურია! ერთმანეთთან ცხოვრებას მიეჩვევით, პატარა გოგო აღარაა უკვე ანაბელი, იმდენი რამ ესმის. უცებ გაიზარდა და ისიც შენსავით ძალიან ჭკვიანია. ყველა კარგია, ბებიაც, ბაბუაც და ბიძიაც, მაგრამ დედას ვერავინ შეგიცვლის. ხომ გეუბნები, ზოგჯერ ისე ტიროდა შენი მონატრებით, ლამის გული გამსკდომოდა. ცალკე მე ვიზომავდი წნევას, იქით გია ნერვიულობდა, ამიტომ აქ მართლა საჭიროა მასთან დიდხანს იყო. ახლა სწავლობს ყველაფერს, შენ გვერდით რომ იქნება, არაფრის შეეშინდება და იმედად ეყოლები. ეცოდინება, რომ ყოველთვის შეუძლია გელაპარაკოს. ერთმანეთით უნდა იცხოვროთ ახლა. ჩემგან კიდევ, რაც არ უნდა დაგჭირდეს, ხომ იცი რომ შენ გვერდით ვარ? გინდ მე და გინდ მამაშენი.
- თქვენ ხართ ჩემი იმედი! - ხელზე ხელი დაადო დედას ნათიამ და მიეფერა. რაც უფრო დიდხანს უსმენდა ამ ქალს, გრძნობდა რომ მით უფრო უყვარდებოდა და რწმუნდებოდა როგორი საუკეთესო მშობელი ჰყავდა გვერდით მაიას სახით.
მისაღებიდან გიას ხმა შემოესმათ, ბაბუს ანგელოზი სად არისო ლამის ყვიროდა კაცი. პარკებით დატვირთული შემოვიდა სამზარეულოში და მაიამ რომ გამოართვა, მერე ქალიშვილს მოესიყვარულა.
- ამ დილა ადრიან რამ მოგიყვანა, მა? ხომ გითხარი, დაისვენე - მეთქი.
- კარგი ერთი, გია. დავისვენე ისედაც, მოვასწარი. მენატრებოდით და როგორც კი გათენდა, წამოვხტი უცებ ფეხზე.
- კაი, მა, როგორც შენ იტყვი. დაგტოვებთ მე, ილაპარაკეთ თქვენ, ბაბუს ანგელოზთან გავალ და სამსახურში წასვლამდე მოვესიყვარულები.
ნათიას ამათი შემყურე გული ლამის გასკდომოდა ბედნიერებისგან. ახლა ზუსტად იცოდა, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო.
მაიამ საუზმე მალევე გაამზადა. სოფო აღარ გააღვიძეს, ისედაც არ ეძინა წესიერად გოგოს. ნიკოს მოსვლა აგვიანდებოდა, გიამ დაურეკა და ბოლოს ოთხეულმა ისაუზმეს.
- სასწაული ხელი გაქვს, დე! ისე მენატრებოდა შენი მომზადებული საჭმელი...
- ახლა რაღაცა გადაცემა გადის ტელევიზორში კულინარიაზე, მასტერშეფი ჰქვია, ვეუბნები მზარეულად უნდა გაგიშვა იქ - მეთქი და კი არ მიჯერებს. - სიცილით თქვა გიამ.
- ოხ, გია, რა! შენი სამაიმუნო ვარ ამხელა ქალი? - გაბრაზების ნიშნად წარბები აზიდა უცებ მაიამ.
- რა საყვარლები ხართ, ვერც წარმოიდგენთ. - სიცილში აჰყვა ნათიაც მამას.
- ხომ ვამბობ, მამა-შვილი ერთნაირები ხართ ზუსტად!
- ბებო, ბაბუ, არ იჩხუბოთ, კაი? მე გაკოცებთ ორივეს და შერიგდით. - უცებ თქვა ანაბელმა და ორივეს მივარდა საკოცნელად.
ყველას თვალებში უზომო სიყვარული და ბედნიერება იკითხებოდა. იმ წუთისთვის ოჯახურ იდილიაზე უკეთესი არ არსებობდა სხვა რამ არც ერთისთვის.
საუზმობას რომ მორჩნენ, ნათია ალაგებაში მიეხმარა დედას და მერე ანაბელთან ერთად გასართობად წავიდა, როგორც ბავშვს დაპირდა.

***
დედა-შვილი ექსკალატორზე იდგნენ და მესამე სართულზე, ბავშვების განყოფილებაში ადიოდნენ, როცა დიდ მინაში ნათიამ თვალი ბაჩანას მოკრა მეორე სართულზე. გაუკვირდა, რადგან ხელში რაღაც ვერცხლისფერი ყელსაბამი ეჭირა და ვისთვის არჩევსო იფიქრა. მხრები აიჩეჩა. ანაბელს მაღაზიაზე მიუთითა და უთხრა შენთვის საყურეები ავარჩიოთო. უფრო ბიჭის ნახვა უნდოდა, აინტერესებდა იქ რას აკეთებდა.
- ანუშკი, ეს არ მოგწონს? - ზურგით მდგარ გოგონას, რომელიც ყელსაბამების და სხვა სამკაულების თვალიერებაში იყო გართული, ბაჩომ დაუძახა და ხელჭი დაჭერილი მბზინვარე ყელსაბამი აჩვენა. პატარა, ლურჯი ოპალის გული ეკიდა ზედ.
გოგოს პასუხი რომ უნდა გაეცა, ზუსტად იმ დროს შევიდა ნათია შიგნით ანაბელთან ერთად.
- ბაჩანა? - გაკვირვებული მზერით უყურებდა ქალი ბიჭს, შემდეგ თვალი გააყოლა მის მზერას და საპირისპირო მხარეს მდგარ გოგონას დააკვირდა.
- გამარჯობა, პატივცემულო. - ირონიულად თქვა ბაჩომ. - როგორ გიკითხოთ?
- გაგიმარჯოს.
- ანუშკი, მოდი, ვიღაც უნდა გაგაცნო, - გოგოს მიმართა ბიჭმა და ახლოს რომ მოვიდა, ხელი წელზე მოჰხვია. - გაიცანი, ჩემი ყოფილი მასწავლებელი და ასევე ლექტორი - ნათია ერგემლიძე.
ქალმა ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად და სასიამოვნოაო უთხრა, რაზეც იგივენაირი ჟესტი გამოხატა ანამ. ნათიას კარგად ეხერხებოდა ემოციების დაფარვა, ახლაც არ დასტყობია რომ ლამის გაგიჟდა, როცა წამიერად შეხედა გოგოს წელზე მოხვეულ ბაჩანას ხელს. მერე მზერა აარიდა და ღრმად ჩაისუნთქა. თან ანაბელი ახლდა, ამაზე უფრო ფიქრობდა და არ უნდოდა ბავშვს რაიმე ისეთი გაეგონა, რაც პატარას ზედმეტად დააფიქრებდა. ბაჩანას რა უნდა გამოჰპარვოდა? ხუთი თითივით იცნობდა ნათიას და სპეციალურად მოიქცა ასე, რომ გაღიზიანებინა და ეგრძნობინებინა, რომ ამ სამ წელში ბევრი რამ შეიცვალა და შესაძლოა, სხვა ვინმეც შეჰყვარებოდა. ისეთი ამაყი იყო ბიჭი, სულ რომ არ ნდომოდა, ნათიას რომ რამე ზედმეტი ეთქვა, ადგებოდა და ცოლს მოიყვანდა დაუფიქრებლად. განა რამის დასამტკიცებლად? არა, იმის საჩვენებლად რომ არაპროგნოზირებადი იყო და რამდენჯერაც გააღიზიანებდა და ატკენდა ქალი, იგივე პასუხს დაუბრუნებდა თვითონაც.
- დედა, მე მახსოვს ბაჩო. - ჩაფიქრებულმა თქვა ანაბელმა.
- მართლა, დე?
- კი, მე პატარა ვიყავი მაშინ, ზუსტად არ მახსოვს რამდენის.
- სამი-ოთხი წლის იყავი, დე. ჩემი ჭკვიანი გოგო! - შვილს მიეფერა ნათია და ყოველგვარი გაბრაზება გადაავიწყდა მისი წყალობით. მასზე ტკბილი სხვა არავინ ეგულებოდა.
- კარგი, პატივცემულო. ჩვენ ავარჩევთ რისთვისაც მოვედით.
- გამიხარდა თქვენი გაცნობა, ქალბატონო ნათია. - გულწრფელი ღიმილი ეხატა სახეზე გოგოს.
- კი ბატონო, ჩვენც საქმე გვაქვს. წარმატებულ დღეს გისურვებთ, - კიდევ შეავლო ქალმა ბაჩოს ხელს მზერა, რომელიც ისევ ანას წელზე იკავებდა ადგილს. ბიჭს თვალებში ჩახედა და ცინიკურად ჩაიცინა, აგრძნობინა რომ სასაცილო იყო მისთვის ეს დადგმული სცენა, რადგან ამჩნევდა როგორ სახტად დარჩა ანა ბაჩოს ქცევის გამო. - წამო, დე, ჯერ ზემოთ ავიდეთ და მერე ავარჩიოთ აქ შენთვის საყურე. - ანაბელს მიმართა და იქაურობა დატოვეს ორივემ.
გარეთ გამოსულმა ტელეფონი მოიმარჯვა ერგემლიძემ და ბაჩანას ესემესი გაუგზავნა: ხელი არ გაგიოფლიანდეს, დავითულიანო, ცხელა.
ცალ-ცალკე ლამის ორივე გასკდა, მაგრამ ამას ხომ არ შეიტყობდნენ? ქალს უნდოდა, იქვე მიეხრჩო ბიჭი და თავად ბაჩანას ბოლომდე კმაყოფილი მზერა ჰქონდა, მშვენივრად გამოუვიდა გაღიზიანება ერგემლიძისგან გამოხატული ცინიზმის მიუხედავად, ისევ იგრძნო რომ მასზე ეჭვიანობდა ნათია და ეს ესიამოვნა კიდეც. თუმცა, თან ფრთხილობდა, ნამდვილად არ უნდოდა ანასთვის ეწყენინებინა და გოგოს გამოყენებულად ეგრძნო თავი. მართალია, არ იყვნენ შეყვარებულის სტატუსით ერთად, მაგრამ არც მეგობრები იყვნენ. სადღაც ამ ორს შორის. უბრალოდ ბაჩოს მოსწონდა მასთან ურთიერთობა, რადგან ყურადღების გადატანაში ეხმარებოდა.



№1 სტუმარი Ana-maria

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ვნქხოთ ნათიას და ბაჩოს სიყვარული თუ გაუძლებს ასაკობრივ სხვაობას. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

 


№2  offline წევრი რენე

Ana-maria
საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ვნქხოთ ნათიას და ბაჩოს სიყვარული თუ გაუძლებს ასაკობრივ სხვაობას. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

მადლობა თქვენ, მიხარია რომ მომყვებით და აქ ხართ. ვნახოთ როგორ გაუძლებენ და რა იქნება, მაგრამ მარტივი რომ არა, ეგ კი ვიცით... როგორც კი მოვიცლი, მაშინვე დავწერ და ავტვირთავ ახალ თავს... ♥️♥️♥️

 


№3  offline წევრი რენე

Nuki-rocks
წინაზე რომ გადაბმულად დადე 2 თავი, გავთამამდი და მეგონა გუშინაც დადებდი, რენე.გელოდი და გამიხარდა,რომ დიდხანს არ დაგვტოვე.
მომეწონა ოჯახური იდილია.ის დამოკიდებულებები, პატივისცემა, შეხმატკბილებულობა... კარგი ოჯახია, ძალიან მოსიყვარულე.
ანაბელი შემეცოდა ცოტა და მომინდა მოვფერებოდი,დამემშვიდებინა. ალბათ,როგორ უნდოდა დედა და როგორ ტიროდა.
ბაჩანა მაინც მომწონს რა, მგონია რომ სწორად იქცევა.ასევე ნათიაზეც იგივე აზრზე ვარ,ისევ ვერ ვამტყუვნებ ბოლომდე და ისევ მესმის.
ეს მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობის პრობლემა რომ წამოჭერი და როგორც პრობლემას,ისე გვანახებ, ძალიან კარგია.ასაკს შორის სხვაობაც რომ თავის სირთულეებს წარმოშობს და ამაზეც ამახვილებ ყურადღებას, ძალიან ჯანსაღი რამეა ჩემი გადმოსახედიდან.

გელოდები კიდევ,როცა შეძლებ და როგორც შეძლებ, გელოდებით. ისე მაინტერესებს ის ბაჩანას ანა... და მანდ ისე არ მინდა ანას შეუყვარდეს და იტანჯებოდეს,ვერ ავხსნი.

მესიჯი მომეწონა ყველაზე მეტად, გამეცინა. მადლობა❤

როქს, ალბათ შენნაირ მკითხველზე ყველა ოცნებობს. იმდენად გააზრებულად კითხულობ და ისე დალაგებულად იცი წაკითხულის გადმოცემა, ანუ რაც გაიგე და დაინახე, საშინლად მომწონს და მინდა რომ სულ გელაპარაკო თითოეულ დეტალზე რა-რატომ და რისთვის წერია... ძალიან კარგი იქნებოდა. სამწუხაროდ, დრო არ გამომიჩნდა გუშინ, მერე ღამით დავწერე და გამთენიის ხანს მოვრჩი. ვეცდები, რომ მალე დავწერო. წინ ისეთი დღეები მაქვს, შეიძლება ყოველდღე მართლა ვერ მოვახერხო და აქედანვე ვამბობ, მერე საწყენი რომ არ გახდეს... ადამიანები ვართ... ოჯახი ჩემთვის სიწმინდეა, უმთავრესი რამეა და სულ ვცდილობ ამის წარმოჩენას, აქაც იმიტომ გამოვიდა ასე. ზოგადად ხომ არ არსებობს ურთიერთობა პრობლემების გარეშე, მით უმეტეს, როცა ასეთი სხვაობაა და ამას კიდევ ემატება ჯერ მოსწავლე-მასწავლებელი და მერე ლექტორი-სტუდენტი. მიხარია, რომ ამას ჯანსაღად ხედავ. მეც სწორი მგონია, ამ კუთხით წერა. კი, კარგია ნამდვილად სიყვარული, მაგრამ ყველაფერს თავისი წესები აქვს ხომ ყველა ვიცით ეს... ამაზე ვიფიქრებ, ჯერ არ გადამიწყვეტია, ვნახოთ. მადლობა მე კი არა, შენ! ძალიან კარგი მკითხველი ხარ... ♥️♥️♥️

 


№4  offline წევრი რენე

Mirabell
რა სასიამოვნოდ წერ ალბათ არ იცი, თუმცა როგორ არ გეცოდინება.. ერთი სიამოვნებაა კითხვის პროცესი. ყველაფერს ასე დაწვრილებით რომ აღწერ. ასრ მგონია ვიღაც კონკრეტულ ადამიანებზე წერ და არა მოგონილ პერსონაჟებზე. გიას და მაიას წყვილი სასწაულია. აი ასეთი სიყვარულის მწამს მე. მომწონს ამ ოჯახის ურთიერთობა, პატივისცემა გვერდში დგომა.
რაც შეეხება ბაჩანას და ნათიას.. ვნახოთ,ვნახოთ.. )) ცოტა რთულ საქმეს შეეჭიდე, 16 წეელი არც ისე პატარა შუალედია, ზოგი ამას ვერ გაიგებს. თუმცა მე უკვე მგონია რომ Იცი რასაც აკეთებ და წარმატებას გისურვებ, მჯერა ამ წყვილს მკითხველს ძალიან შეაყვარებ და დაამახსოვრებ )) ველოდები მოვლენების განვითარებას ❤

ბელ, ხომ შეიძლება ასე დაგიძახო? დღეს ჩემკენ ამინდი გაფუჭდა, ცოტა ვერაა, ჰოდა ხასიათიც მეცვალა და რომ შემოვედი, შენი კომენტარი რომ წავიკითხე, განწყობა შემექმნა... გამეღიმა კიდეც, გავბედნიერდი. თვითონ შენს კომენტარს მოჰყვა კარგი აურა, რომ იცოდე. ჰო, შეიძლება ითქვას რომ კონკრეტულ ადამიანებზე ვწერ. ყველაფერი თუ არა, უმეტესი მაინც არის რეალური ჩემი ცხოვრებიდან. ალბათ , ამიტომაც გამოდის ასე რეალისტური, თუმცა ყველა ახალი თავის წერის დროს ემოციურად ვიღლები იმიტომ რომ ყველაფერს ვდებ შიგ. გამთენიის ხანს დავწერე, ერთი-ორი სიტყვა დილით შევმატე და გამოუძინებელზე მგონი ცუდი არ გამოვიდა... მიხარია, რომ მოგწონს თვითონ ოჯახი განზოგადებულად. აი, ბაჩანას და ნათიას რაც შეეხება, სიმართლე რომ გითხრა, დაწვრილებით მეც არ ვიცი ჯერ არაფერი. დრო და დრო ვიფიქრებ ხოლმე, თვითონ სიუჟეტი მაჩვენებს რა უნდა გავაკეთო და მოქმედება საით წავიყვანო. რთულია, კი, ნამდვილად, სასწორის ორი მხარეა და მოუწევთ ბრძოლა, მაგრამ, როცა გიყვარს, ეს ბუნებრივია კიდეც, არა? მე ასე მგონია. მადლობა წარმატებებისთვის, მიხარია აქ რომ გხედავ, ვეცდები ყველა მომდევნო თავი წინაზე უკეთესი იყოს...♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent