შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი VII


25-06-2021, 10:18
ავტორი ცირაკო
ნანახია 839

თავი მეშვიდე გამანაწილებელი ქუდი
კარი მაშინვე გაიღო. ღია კარში მაღალი, შავთმიანი, ზურმუხტისფერ მანტიაში გამოწყობილი ჯადოქარი ქალი იდგა. ისეთი მკაცრი სახე ჰქონდა, ჰარიმ იფიქრა, ამასთან სიფრთხილე იქნება საჭიროო.
— პირველკურსელები მოგიყვანეთ, პროფესორო მაკგონაგელ! — უთხრა ჰაგრიდმა.
— გმადლობთ, ჰაგრიდ. აქედან მე წავიყვან!
ქალმა კარი ფართოდ გააღო. ჰოლი იმხელა იყო, რომ დერსლების მთელი სახლი დაეტეოდა. ქვის კედლებზე ჩირაღდნები ენთო, როგორც გრინგოტსში. ჭერი ისეთი მაღალი იყო, თვალს ვერ აუწვდენდი. უმშვენიერესი მარმარილოს კიბე ზედა სართულებში ადიოდა.
პროფესორი მაკგონაგელი ფილაქანდაგებულ ქვის იატაკზე მიაბიჯებდა, ყმაწვილები უკან მიჰყვებოდნენ. მარჯვნიდან, ერთ-ერთ კარს მიღმა, რაღაც ღრიანცელი ისმოდა. მთელ სკოლას, ალბათ, იქ მოეყარა თავი. მაგრამ პროფესორმა მაკგონაგელმა პირველკურსელები ცალკე, ერთ პატარა, ცარიელ ოთახში შეიყვანა. ამ სივიწროვეში მხოლოდ მიჯრით შეეძლოთ დგომა. ყველა ღელავდა.
— კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰოგვორტსში, — მიმართა პროფესორმა მაკგონაგელმა, — ახალი სასწავლო წლის აღსანიშნავი ბანკეტი მალე დაიწყება. მაგრამ სანამ დიდ დარბაზში თქვენ-თქვენს ადგილებს დაიკავებდეთ, აუცილებლად უნდა განაწილდეთ სხვადასხვა კლუბში. ეს მეტად მნიშვნელოვანი ცერემონიაა, რადგან ვიდრე ჰოგვორტსში იმყოფებით, კლუბი თქვენი ოჯახივით იქნება. თანაკლუბელებთან ერთად ჩაგიტარდებათ გაკვეთილები, თქვენი კლუბის საერთო საცხოვრებელში დაიძინებთ და თავისუფალ დროსაც თქვენი კლუბის საერთო ოთახში გაატარებთ.
ჰოგვორტსში ოთხი კლუბია: გრიფინდორი, ჰაფლეპაფი, რეივენ„ქლო და სლიზერინი. თითოეულს თავისი ღირსეული ისტორია გააჩნია და ბევრი გამოჩენილი ჯადოქარი ჰყავს გამოზრდილი. ვიდრე ჰოგვორტსში ხართ, კლუბს თქვენი წარმატების მიხედვით უგროვდება ქულები, ხოლო ნებისმიერი საყვედური — დაკარგული ქულაა. წლის ბოლოს ყველაზე მეტი ქულის მფლობელ კლუბს თასი მიენიჭება, ეს უდიდესი პატივია. იმედი მაქვს, თითოეული თქვენგანი ასახელებს თავის კლუბს.
განაწილების ცერემონია რამდენიმე წუთში მთელი სკოლის თანდასწრებით გაიმართება. გირჩევთ, მანამდე შეძლებისდაგვარად მოიწესრიგოთ თავი...
პროფესორმა წამით ნევილის მანტიაზე შეაჩერა მზერა: შესაკრავი გვერდზე მოჰქცეოდა; შემდეგ რონის ჭუჭყიან ცხვირს შეხედა; ჰარიმ ნერვიულად დაიწყო თმის სწორება.
— ყველაფერი მზად რომ იქნება, მოგაკითხავთ და წაგიყვანთ. არ იხმაუროთ, — დაიბარა პროფესორმა მაკგონაგელმა და ოთახიდან გავიდა.
ჰარიმ ნერწყვი გადაყლაპა.
— ხომ არ იცი, როგორ უნდა გაგვანაწილონ? — ჰკითხა რონს.
— მე მგონი, რაღაც ტესტი იქნება. ფრედმა თქვა, ძალიან მტკივნეულიაო, მაგრამ ალბათ იხუმრა.
ჰარის გული აუფანცქალდა. ტესტი? მთელი სკოლის თანდასწრებით? კი მაგრამ, ჯერ ხომ ჯადოქრობის არაფერი ესმის, ნეტავ რის გაკეთებას მოსთხოვენ? მოსვლისთანავე ასეთ რამეს ნამდვილად არ ელოდა. ამას ვინ იფიქრებდა. მიმოიხედა. ყველა მასავით აღელვებული ჩანდა. ხმას არავინ იღებდა, ჰერმიონ გრეინჯერის გარდა. ჰერმიონი ჩურჩულით იმეორებდა გაზეპირებულ შელოცვებს და ბჭობდა, რომელი დამჭირდებაო.
ჰარი ცდილობდა, ყური არ დაეგდო ჰერმიონისთვის. ასე არასოდეს უნერვიულია, მაშინაც კი, როცა სკოლიდან დერსლებთან საყვედურის წერილი გამოატანეს,
რომელიც იუწყებოდა, რომ მან მასწავლებლის პარიკი როგორღაც გაალურჯა. ჰარი კარს მისჩერებოდა და ელოდა, აი, ახლა შემოვა პროფესორი მაკგონაგელი და სამსჯავროზე წამიყვანსო.
მოულოდნელად ისეთი რამ მოხდა, რომ ჰარი შეხტა, თანაც კარგა გვარიანად. ერთი-ორმა შეჰყვირა კიდეც.
— ეს რა არის...
ჰარის სუნთქვა შეეკრა. ალბათ სხვებსაც ასე დაემართათ. უკანა კედლიდან ასე, ოცამდე მარგალიტივით თეთრი, გამჭვირვალე მოჩვენება შემოფრინდა. ჰაერში მშვიდად მისეირნობდნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, პირველკურსელებს ზედაც არ უყურებდნენ. ჩანდა, რაღაცაზე კამათობდნენ. ერთი პატარა, მსუქანი მოჩვენება, ბერს რომ წააგავდა, ამბობდა: მიუტევე და ნუღარ გაუხსენებ, გარწმუნებ, აუცილებლად უნდა მივცეთ კიდევ ერთი შანსი...
— ჩემო ძვირფასო მამაო, განა ჩვენ იმაზე მეტი შანსი არ მივეცით პივსს, ვიდრე ღირსი იყო? ის კი გაუთავებლად გვლანძღავს, თანაც მოჩვენებაც კი არ ეთქმის... ო, თქვენ აქ რას აკეთებთ?
მოჩვენებამ, რომელსაც შემოტმასნილი რეიტუზი ეცვა და დიდი, ფუშფუშა საყელო ეკეთა, უეცრად პირველკურსელები შეამჩნია.
ხმა არავინ გასცა.
— ახლები არიან, — გაიღიმა ბერმა, — განაწილებას ელოდებით? რამდენიმემ უხმოდ დაუქნია თავი.
— იმედია, ჰაფლეპაფში მოხვალთ, ჩემს კლუბში, — თქვა ბერმა.
— აბა, წავედით, ცერემონია იწყება, — ეს პროფესორი მაკგონაგელი იყო. მოჩვენებები სათითაოდ გაიკრიფნენ მოპირდაპირე კედლიდან. — მოეწყვეთ ერთ რიგად და მომყევით.
ჰარი ჩალისფერთმიან ბიჭს ამოუდგა უკან. ისეთი უცნაური გრძნობა ჰქონდა, თითქოს ფეხები თავისით მიაბიჯებდნენ. რონი ჰარის მიჰყვა. ჰოლი გაიარეს, შემდეგ ორფრთიანი კარი გაიღო და დიდ დარბაზში შევიდნენ.
ჰარი ვერასოდეს წარმოიდგენდა ასეთ საოცარ და დიდებულ ადგილს. ათასობით ანთებული სანთელი ოთხი გრძელი მაგიდის თავზე ჰაერში ლივლივებდა. მოსწავლეები ოქროს თეფშებითა და თასებით გაწყობილ მაგიდებთან ისხდნენ. ჭურჭელი ბზინავდა. დარბაზის თავში ასეთივე გრძელი მაგიდა იდგა მასწავლებლებისათვის. პროფესორმა მაკგონაგელმა პირველკურსელები იქ მიიყვანა, პირით დარბაზისკენ მოაბრუნა, ზურგით — მასწავლებლებისკენ. მათკენ მიპყრობილი ასობით სახე ციმციმა შუქში მქრქალი სანთლებივით მოჩანდა. აქა-იქ, ჰაერში, მოჩვენებები ვერცხლისფერ ბურუსად კრთებოდნენ. ჰარიმ მაღლა აიხედა, ალბათ უფრო იმიტომ, რომ ამდენ მზერას სადმე გაჰქცეოდა. შავ ხავერდოვან ჭერზე ვარსკვლავები კიაფობდნენ. ჰარის ჰერმიონის ჩურჩული მოესმა: — ჭერი ისეა მოჯადოებული, რომ ნამდვილ ცას ჰგავს. „ჰოგვორტსის ისტორიაში“ წავიკითხე.
ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ ჭერი საერთოდ არსებობდა. იქნებ დიდი დარბაზის თავზე მართლაც ცის თაღი მოჩანდა?!
ჰარიმ სწრაფად დაიხედა ძირს, როცა პროფესორმა მაკგონაგელმა მათ წინ უხმაუროდ დადგა უზურგო სკამი, რომელზედაც წვეტიანი ჯადოსნური ქუდი მოათავსა. ქუდი საკერებელდადებული, გაცვეთილი და ძალიან ჭუჭყიანი იყო. ასეთ რამეს დეიდა პეტუნია სახლში არ გააჩერებდა.
ვაითუ, ახლა მითხრან, აქედან კურდღელი ამოიყვანეო, — აღელდა ჰარი. შეამჩნია, რომ ყველას ყურადღება ქუდზე იყო მიჯაჭვული, და თვითონაც იმ ქუდს
დააცქერდა. რამდენიმე წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ქუდი შეინძრა. კიდესთან ფარფლი გაიხსნა, პირს დაემსგავსა და ქუდი ამღერდა:
„ვიცი, არ ფიქრობთ, ლამაზიაო,
ვინც მე მიცქერით მხოლოდ თვალებით. ჩემზე გონიერ ქუდს ვერ იპოვით,
დაე, დავიწვა ცეცხლის ალებით. ღმერთმა შეგარგოთ თქვენ-თქვენი ქუდი, შავი, პრიალა, დაბალ-მაღალი;
მე მაგათ ყველას გადავუხურავ, რადგან ჰოგვორტსის ბრძენი ქუდი ვარ! რომ დამიხურავ, მყისვე მივხვდები,
რა გაქვს მაგ თავში, ვინა ხარ, რა ხარ. და მე გადავწყვეტ, საით გაგიშვა, სკოლის კლუბიდან რომელში წახვალ. გრიფინდორშია შენი ადგილი,
თუ ხარ მამაცი, კეთილშობილი, ვინც განირჩევა დიდსულოვნებით, გრიფინდორელად არის ცნობილი. ან, შეიძლება, ჰაფლეპაფის ხარ — სამართლიანი, მიმტევებელი,
თუ გიყვარს გარჯა და მოთმინება, ხარ ჭეშმარიტად ჰაფლეპაფელი. ცნობილია რეივენქლო
თავის სიბრძნით, გონით, სწავლით, თუ ასეთი აქ ვინმე ხართ,
მხოლოდ რეივენქლოს წადით. სლიზერინი გელოდებათ ცბიერებს და გაიძვერებს.
იქ გაგიწევთ ნამდვილ ძმობას, ვინც თქვენსავით აღწევს მიზნებს. დამიხურეთ და ნუ შიშობთ,
ვისაც მხრებზე თავი გადგათ! მე ვარ ქუდი გამჭრიახი,
კარგ ხელში ხართ — ხელი არ მაქვს!.
როგორც კი სიმღერა დამთავრდა, დარბაზში ტაშმა იქუხა. ქუდმა თითოეულ მაგიდას მდაბლად დაუკრა თავი და ისევ დადუმდა.
— თურმე ქუდი უნდა დავიხუროთ, სულ ეს არის! — ჩაუჩურჩულა რონმა ჰარის,
— ფრედს მოვკლავ, მითხრა, გოლიათ ტროლს უნდა დაეჭიდოო.
ჰარიმ საცოდავად გაიღიმა. რასაკვირველია, ქუდის დახურვა სჯობია ჯადოსნური შელოცვის დემონსტრირებას, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ყველაფერი მაინც ცალკე მომხდარიყო და არა ამდენი ხალხის თანდასწრებით. ვერც დიდ გონიერებას ატყობდა ახლა თავის თავს და ვერც სიმამაცეს. მისი ადგილი, ალბათ, დაბნეულთა და მორცხვთა კლუბში უფრო იყო, მაგრამ ქუდის ჩამონათვალში ასეთი რამ არ ხსენებულა.
პროფესორი მაკგონაგელი წინ გამოვიდა, ხელში გრძელი პერგამენტის გრაგნილი ეჭირა.
— ვის სახელსაც ამოვიკითხავ, ქუდს დაიხურავთ და სკამზე დაჯდებით, — თქვა მან, — ჰანა ებოტი!
ლოყებშეფაკლული, ჩალისფერკიკინებიანი გოგონა არეული ნაბიჯით მივიდა სკამთან, დაიხურა ქუდი, რომელიც მაშინვე თვალებზე ჩამოეფხატა და დაჯდა. წუთით სიწყნარე ჩამოვარდა და...
— ჰაფლეპაფი! — ხმამაღლა გამოაცხადა ქუდმა.
მარჯვენა მაგიდიდან შეძახილები და ტაშის ხმა გაისმა. ჰანა მათთან მივიდა და დაჯდა. ჰარიმ დაინახა, მსუქანი ბერის ლანდი, რომელმაც მხიარულად დაუქნია ხელი გოგონას.
— სუზენ ბონსი!
— ჰაფლეპაფი! — იყვირა ქუდმა და სუზენიც ჰანას მიუჯდა გვერდით.
— ტერი ბუტი!
— რეივენქლო!
ამჯერად მარცხნიდან მეორე მაგიდამ ატეხა ტაშისცემა. რამდენიმე რეივენქლოელმა ფეხზე ადგომით ჩამოართვა ხელი ტერის.
მენდი ბროკლჰერსტიც რეივენქლოში გამწესდა. ლევენდერ ბრაუნი კი პირველი გრიფინდორელი გამოდგა. სულ მარცხნივ მდგარი მაგიდა ტაშით დაინგრა. ჰარიმ დაინახა, რონის ტყუპმა ძმებმა სტვენა რომ გააბეს.
მილისენთ ბალსტროდი სლიზერინში გაუშვეს. შესაძლოა, იმის გამო, რაც ჰარიმ ამ კლუბზე მოისმინა, სლიზერინელები ყველანი ცუდები ეჩვენებოდნენ.
ჰარის ახლა ნამდვილად მოაწვა ყელში გორგალი. გაახსენდა, ძველ სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილებზე გუნდებს რომ ადგენდნენ ხოლმე სათამაშოდ, ყველა ცდილობდა, ჰარის დასახელებისაგან თავი შეეკავებინა, იმიტომ კი არა, რომ ცუდი მოთამაშე იყო, არამედ იმიტომ, რომ დადლის არ სწყენოდა.
— ჯასტინ ფინჩ-ფლეჩლი!
— ჰაფლეპაფი!
ჰარიმ შეამჩნია, რომ ქუდი ზოგის თავზე დიდხანს ფიქრობდა, ზოგზე კი უცებ წყვეტდა, საით გაეშვა.
— სიმუს ფინიგანი! — ეს ის ჩალისფერთმიანი ბიჭი იყო, ჰარის გვერდით რომ იდგა. ქუდმა თითქმის მთელი წუთი იფიქრა და ბოლოს გრიფინდორში გაუშვა.
— ჰერმიონ გრეინჯერი!
ჰერმიონმა მარდად მიირბინა სკამთან და სწრაფად დაიხურა ქუდი თავზე.
— გრიფინდორი! — იყვირა ქუდმა. რონმა ამოიგმინა.
ჰარის საშინელმა ფიქრმა გაუელვა თავში. ნერვიულობის დროს რას არ იფიქრებს კაცი: ხომ შეიძლება, არსადაც არ გამამწესონ? ვიჯდები ქუდით თავზე უსასრულოდ დიდხანს და ბოლოს პროფესორი მაკგონაგელი ყველას თვალწინ ქუდს ჩამომგლეჯს და იტყვის, ბოდიში, აქ რაღაც გაუგებრობა მომხდარა და აჯობებს, მატარებელს უკანვე გაჰყვეთო!
გამოიძახეს ნევილ ლონგბოტომი, ის გომბეშოკარგვია ბიჭი. სანამ სკამამდე მივიდოდა, გზაში წაბორძიკდა. ქუდი დიდხანს ფიქრობდა, სად გაეშვა ნევილი, მერე გამოაცხადა:
— გრიფინდორი! — გახარებული ნევილი ქუდიანად გაიქცა გრიფინდორელებთან და საყოველთაო სიცილ-ხარხარში ისევ უკან გამოიქცა, რომ ქუდი მორაგ მაკდუგალისთვის გადაეცა.
ამოიკითხეს თუ არა, მალფოი მედიდურად მივიდა ქუდთან და ნანატრი ოცნებაც იმწამსვე აუსრულდა:
— სლიზერინი! — იყვირა ქუდმა, რაწამსაც მის თავს შეეხო. კმაყოფილი მალფოი თავის მეგობრებს, კრაბს და გოილს, შეუერთდა. ცოტანიღა დარჩნენ.
— მუნი... — ნოტი... — პარკინსონი... შემდეგ ტყუპი გოგონები, გვარად პეტილები... სალი ენ პერკსი... და ბოლოს...
— ჰარი პოტერი!
ჰარიმ ნაბიჯი გადადგა წინ და მთელი დარბაზი აჩურჩულდა:
— ვინ? პოტერიო?
— ის ჰარი პოტერი?!
ქუდს რომ იხურავდა, ჰარიმ მოასწრო დაენახა, რა ინტერესით აკვირდებოდა მას ყველა იქ მყოფი. შემდეგ ჩამობნელდა, რადგან ქუდი თვალებზე ჩამოეფხატა. ჰარი იცდიდა.
— ჰმ! — მოესმა ყურში ჩურჩული, — ძნელი საქმეა, მეტად ძნელი. მამაცი ყოფილხარ, ვხედავ. გონებაც შესანიშნავი გაქვს, ნიჭიც და, ღმერთო ჩემო — რა მშვენიერია შენი დაუოკებელი წყურვილი, შეეჭიდო დიად საქმეებს. საინტერესოა, სად გაგიშვა?..
ჰარი ორივე ხელით სკამს იყო ჩაბღაუჭებული და ფიქრობდა: „ოღონდ სლიზერინი არა, ოღონდ სლიზერინი არა...
— სლიზერინი არა? — ჩაეკითხა ხმა, — დარწმუნებული ხარ? შეგიძლია, სახელოვანი გახდე, მონიჭებული გაქვს. აქ გაწერია. სლიზერინი უეჭველად დაგეხმარება დიდების მოპოვებაში. ნუთუ არ გინდა? არა? კეთილი. რახან ასე გსურს, მაშ — გრიფინდორი!
და ბოლო სიტყვა ხმამაღლა დასჭექა ქუდმა, მთელი დარბაზის გასაგონად. ჰარიმ ქუდი მოიხადა, შვებით ამოისუნთქა, კიდევ კარგი, სლიზერინში არ მოვხვდიო, და ბედნიერებით თავბრუდახვეული ბარბაცით წავიდა გრიფინდორის მაგიდისაკენ. გახარებულს არც კი შეუმჩნევია, რა მხურვალე ტაში დასცხეს დარბაზში. პრეფექტი პერსი ფეხზე წამოდგა და ენერგიულად ჩამოართვა ხელი. ტყუპი უისლები გაჰყვიროდნენ: — პოტერი ჩვენია! პოტერი ჩვენია! — ჰარი დაჯდა. მის პირისპირ ის ფუმფულასაყელოიანი მოჩვენება იყო, წეღან რომ დაინახა. მოჩვენებამ მკლავზე ხელი მოუთათუნა. ჰარის საშინელმა სიცივემ დაუარა, თითქოს მკლავი ყინულოვან წყალში ჩაეყოს.
მერე მასწავლებლებისკენ გაიხედა. მთავარი მაგიდის ერთ ბოლოში, მის მხარეს, ჰაგრიდი იჯდა, რომელმაც ჰარის მზერა დაიჭირა და ორივე ცერი თითი ასწია. ჰარიმ გაუღიმა. შუა ადგილას, ოქროს დიდ სკამზე, ალბუს დამბლდორი იჯდა. ჰარიმ მაშინვე იცნო იმ ბარათიდან, შოკოლადის ბაყაყს რომ მოჰყვა. დამბლდორის შევერცხლილი თმა ერთადერთი რამ იყო მთელ დარბაზში, მოჩვენებების მსგავსად რომ ბრწყინავდა. პროფესორ ქვირელსაც მოჰკრა თვალი, იმ ნერვიულ ახალგაზრდა მასწავლებელს,
„გახვრეტილ კარდალაში“ რომ გაიცნო. უცნაურად კი გამოიყურებოდა თავისი უზარმაზარი იისფერი ჩალმით.
მხოლოდ სამნიღა დარჩნენ გასანაწილებელი. ლიზა ტურპინი რეივენქლოში გამწესდა.
რონის ჯერი რომ დადგა, საწყალს მწვანე ფერი დაედო. ჰარიმ მაგიდის ქვეშ თითები გადააჯვარედინა. ცოტაც და, ქუდმა იყვირა:
— გრიფინდორი!
ჰარიმ სხვებთან ერთად დაუკრა ტაში. რონი მოვიდა და მის გვერდით დაჯდა.
— ყოჩაღ, რონ! შესანიშნავია! — დიდი ამბით შეაქო პერსი უისლიმ უმცროსი ძმა. ბლეზ ზაბინი სლიზერინისკენ გაისტუმრეს.
პროფესორმა მაკგონაგელმა პერგამენტი დაახვია და გამანაწილებელი ქუდი გაიტანა.
ჰარიმ თავის ცარიელ ოქროს თეფშს დახედა. ახლაღა იგრძნო, როგორ მოშივებოდა. ის გოგრის ღვეზელი აღარც ახსოვდა, როდის ჭამა.
ალბუს დამბლდორი ფეხზე წამოდგა. გაღიმებულმა ორივე მკლავი ფართოდ გაშალა, თითქოს იქ თავმოყრილი სტუდენტების დანახვაზე მეტად ვერაფერი გაახარებდა.
— კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! — თქვა მან, — კეთილი იყოს ჰოგვორტსის ეს ახალი სასწავლო წელი! სანამ ლხინს შევუდგებით, მსურს, წარმოვთქვა რამდენიმე სიტყვა. აი, ისინიც: ნიტვიტ! ბლაბერ!
ოდმენთ! თვიქ! გმადლობთ.
და დაჯდა. დარბაზი გამხიარულდა, ტაში დასცხეს. ჰარიმ არ იცოდა, უნდა გასცინებოდა თუ არა.
— ეს ცოტა ვერ არის? — დაბნეულმა ჰკითხა პერსის.
— ვერ არის? — გაოცდა პერსი, — გენიოსია! საუკეთესო ჯადოქარია მთელ მსოფლიოში! თუმცა, ჰო, ცოტა ვერ არის. კარტოფილს არ მიირთმევ, ჰარი?
ჰარის გაკვირვებისაგან ყბა ჩამოუვარდა. ზღაპრული სუფრა გაშლილიყო. ამდენი გემრიელი კერძი ერთად არასოდეს ენახა: შემწვარი ხორცი, დაბრაწული წიწილები, დაბეგვილი ლორის კატლეტი, ბატკნის კატლეტი, სოსისი, ლორი, წვრილად დაჭრილი ხორცი, მოხარშული კარტოფილი, შემწვარი კარტოფილი, ჩიპსი, იორკშირის პუდინგი, მუხუდო, სტაფილო, საწებლები, კეტჩუპი და ამ ყველაფერთან ერთად, რატომღაც, პიტნიანი კარამელიც.
დერსლები ჰარის შიმშილით ნამდვილად არ კლავდნენ, მაგრამ არც იმდენს აჭმევდნენ, რამდენიც უნდოდა. დადლის, პირიქით, სულ გემრიელი და კარგი ხვდებოდა. მუცელში აღარ ეტეოდა ხოლმე და მაინც ჭამდა. ჰარიმ ცოტ-ცოტა ყველაფერი გადმოიღო თეფშზე, პიტნიანი კარამელის გარდა, და ჭამას შეუდგა. ყველაფერი საოცრად გემრიელი იყო.
— შესახედავად მშვენიერია, — სევდიანად თქვა საყელოიანმა მოჩვენებამ, რომელიც თვალმოუშორებლად უყურებდა, როგორ ჭრიდა ჰარი შემწვარ ხორცს.
— თქვენ არ შეგიძლიათ?...
— ხუთასი წელია, არაფერი მიჭამია, ბუნებრივია, არც მჭირდება, მაგრამ ზოგჯერ მოენატრება ხოლმე კაცს. აჰ, არც გაგეცანით: სერ ნიკოლას დე მიმსი პორპინგტონი გახლავართ! გრიფინდორის კოშკის მუდმივი რეზიდენტი.
— მე ვიცი, თქვენ ვინა ხართ! — წამოიძახა რონმა, — ძმებმა მითხრეს, თქვენ ნიკი ხართ, თითქმის უთავო ნიკი!
— ვამჯობინებდი, გეწოდებინათ სერ ნიკოლას დე მიმსი... — ოფიციალური ტონით დაიწყო მოჩვენებამ, მაგრამ ჩალისფერთმიანმა სიმუს ფინიგანმა გააწყვეტინა:
— თითქმის უთავო? როგორ შეგიძლიათ, თითქმის უთავო იყოთ?
სერ ნიკოლასს გუნება წაუხდა, რადგან საუბარი სულ სხვა მიმართულებით წარიმართა.
— როგორ და, აი, ასე! — ცოტა არ იყოს, გაღიზიანებულმა, მარცხენა ყურზე ხელი იტაცა და დაქაჩა. თავი მაშინვე გადაქანდა და მხარზე დაეკიდა. ეტყობა, ვიღაცა თავის მოკვეთას უპირებდა, მაგრამ ბოლომდე ვერ მოაჭრა. შეშინებული სახეების დანახვაზე თითქმის უთავო ნიკი გამხიარულდა, მსუბუქი აკვრით თავი თავის ადგილას დააბრუნა, ჩაახველა და თქვა: — აბა, ახალო გრიფინდორელებო! იმედია, დაგვეხმარებით შიდა ჩემპიონატის მოგებაში. რა ხანია, გრიფინდორი ვეღარ იმარჯვებს. ექვსი წელი ზედიზედ სლიზერინია ჩემპიონი. ვერ ვიტან ამ სისხლისმსმელ ბარონს, აი, იმას, სლიზერინის მოჩვენებას.
ჰარიმ სლიზერინის მაგიდას გახედა და ამაზრზენი შესახედაობის მოჩვენება დაინახა: ცარიელი, გაშტერებული თვალები და გაძვალტყავებული სახე ჰქონდა, მანტია კი ვერცხლისფერი სისხლით მოთხუპნოდა. მალფოის გვერდით იჯდა. ჰარიმ სიამოვნებით შეამჩნია, რომ მალფოი ამით დიდად კმაყოფილი არ ბრძანდებოდა.
— სისხლით რატომ არის მოთხვრილი? — ჩაეძია სიმუსი, რომელსაც ყველაფერი აინტერესებდა.
— ეგ არასოდეს მიკითხავს, — დელიკატურად უპასუხა თითქმის უთავო ნიკმა. ყველამ მიირთვა, რამდენიც სურდა, შემდეგ კი თეფშებიდან საჭმლის ნარჩენები
გაქრა და ჭურჭელი კვლავინდებურად გაკრიალდა. წუთიც და, დესერტი გაჩნდა, ათასგვარი ნუგბარი: ნამცხვრები, ნაირნაირი ნაყინი, ვაშლის ღვეზელი, შოკოლადმოსხმული ეკლერები, ჯემიანი ფუნთუშები, ბისკვიტები, ტორტი, ხენდრო, ჟელე, ბრინჯის პუდინგი...
ჰარიმ ბადაგმოსხმული ტორტის ნაჭერი აიღო. საუბარი ახლა ოჯახებს შეეხო.
— მე სანახევროდ ვარ ჯადოქარი, — თქვა სიმუსმა, — მამაჩემი მაგლია. სანამ არ დაქორწინდებოდნენ, დედამ არ უთხრა, რომ ჯადოქარი იყო. მამასთვის ეს ნამდვილი შოკი ყოფილა.
ყველამ გაიცინა.
— ნევილ, შენ? — შეეკითხა რონი.
— მე? მე ბებიამ გამზარდა. ბებია ჯადოქარია, მაგრამ ოჯახს ეგონა, რომ მე ნამდვილი მაგლი ვიქნებოდი. ბებიაჩემის ძმა, ელჯი სულ ცდილობდა, ჩემში ჯადოქრის მონაცემები გაეღვივებინა. ამისთვის რას აღარ აკეთებდა. ერთხელ ხელი მკრა და ბლექფულის პირსიდან ღრმა წყალში ჩამაგდო, კინაღამ დავიხრჩე. რვა წლამდე ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. ერთხელაც, ელჯი ჩაიზე გვესტუმრა. ზედა სართულზე ვიყავით. ფანჯარაში გამსვა და ფეხებით დამკიდა თავქვე. ამ დროს ცოლმა მას ბეზე შესთავაზა. ელჯიმ შემთხვევით ხელი გამიშვა, მე კი არ დავიმტვერი
— დავეშვი ბაღის ბილიკზე და გზაზე გავედი. უნდა გენახათ, რა სიხარული იყო. ბებია ტიროდა ბედნიერებისაგან. ოთახში რომ შევედი, შეწუხებულები დამხვდნენ. შიშობდნენ, ვაითუ ვერ გადარჩეს, ჯადოქრობა არ ეყოსო. ბებიაჩემის ძმას ისე გაუხარდა, გომბეშო მიყიდა.
ჰარის გვერდით პერსი უისლი და ჰერმიონი ისხდნენ და სწავლაზე ლაპარაკობდნენ („იმედია, მეცადინეობა ახლავე დაიწყება, რამდენი რამ გვაქვს სასწავლი. მე ყველაზე მეტად ტრანსფიგურაცია მაინტერესებს, ხომ იცი, ერთ რაღაცას სხვა რაღაცად რომ გადააქცევ. ალბათ ადვილი არ იქნება“. „მარტივით დაიწყებ, ასანთის ღერს ნემსად გადააქცევ და ასე...“).
ჰარი ნელ–ნელა ჩათბა და ძილი მოერია. უფროსების მაგიდას გახედა. ჰაგრიდი თასს თასზე ცლიდა. პროფესორი მაკგონაგელი პროფესორ დამბლდორს ელაპარაკებოდა. სულელურჩალმიანი პროფესორი ქვირელი კი ერთ მასწავლებელს ესაუბრებოდა, რომელსაც გაქონილი შავი თმა, მოკაუჭებული ცხვირი და ავადმყოფური ფერის კანი ჰქონდა.
უცებ რაღაც უცნაური რამ მოხდა: იმ გაქონილთმიანმა მასწავლებელმა ქვირელის ჩალმას გამოაყოლა მზერა და ჰარის თვალი თვალში გაუყარა. ჰარიმ ძლიერი, მწვავე ტკივილი იგრძნო შუბლზე — უფრო სწორად, ნაიარევზე.
— ოოჰ! — წამოიძახა და ხელი შუბლზე იტაცა.
— რა დაგემართა? — ჰკითხა პერსიმ.
— არა, არაფერი!
ტკივილმა ისევე სწრაფად გაიარა, როგორც გაჩნდა. მაგრამ მასწავლებლის მზერამ უსიამოვნო შეგრძნება მაინც დაუტოვა — ეს მტრული შემოხედვა იყო.
— პროფესორ ქვირელს რომ ელაპარაკება, ვინ არის? — ჰკითხა პერსის.
— პროფესორი ქვირელი უკვე გცოდნია. ის სნეიპია. შხამ— წამლების პროფესორია, მაგრამ ამ საგნის სწავლება მაინცდამაინც არ სურს. ამბობენ, ქვირელის ადგილი უნდაო. ამიტომაც ცახცახებს ასე მის წინაშე ქვირელი. მაგ სნეიპმა საშინლად ბევრი რამ იცის შავ მაგიაზე.
ჰარი დიდხანს უყურებდა სნეიპს, მაგრამ სნეიპს მისკენ აღარ გამოუხედავს. ბოლოს დესერტიც გაქრა. პროფესორი დამბლდორი ფეხზე წამოდგა. დარბაზში
სიჩუმე ჩამოვარდა.
— ჰმ! ჰმ! ახლა როდესაც ყველანი დავნაყრდით და მწყურვალიც აღარავინაა, გთხოვთ ყურადღებას! სასწავლო წელი იწყება. აქედანვე მინდა გაგაფრთხილოთ: განსაკუთრებით პირველკურსელებმა დაიმახსოვრონ! ჩვენს ბაღს რომ ტყე ემიჯნება, იმ ტყეში შესვლა აკრძალულია ყველა მოსწავლისთვის. ზოგიერთმა უფროსკურსელმაც გაიგონოს ჩემი ნათქვამი — და ციმციმა თვალები ტყუპ უისლებს მიანათა, — აგრეთვე, ჩვენმა დარაჯმა, ბატონმა ფილჩმა, მთხოვა, მოგაგონოთ, რომ შესვენების დროს დერეფნებში ჯადოქრობა იკრძალება. ქვიდიჩისთვის შერჩევა მომავალ კვირას დაიწყება. მსურველებმა მიაკითხეთ მადამ ჰუჩს. დაბოლოს, მინდა, გაცნობოთ, რომ წელს მესამე სართულზე დერეფნის მარჯვენა მხარე ჩაკეტილია. ვისაც არ გსურთ, საზარელი ტანჯვით ამოგძვრეთ სული, იქ ფეხს ნუ შეადგამთ.
ჰარიმ გაიცინა. მის გარდა, თითქმის არავინ გამხიარულებულა.
— ხუმრობს, ალბათ, — ჩასჩურჩულა პერსის.
— არა მგონია, — წარბშეკრულმა პერსიმ დამბლდორს გახედა, — უცნაურია, რომ მიზეზს არ ასახელებს. როცა რაიმეს კრძალავს, თან ყოველთვის გვიხსნის ხოლმე, რატომ კრძალავს. ტყეში, მაგალითად, საშიში მხეცები დაძრწიან, ეს ცნობილია, მაგრამ... იქნებ ჩვენ მაინც გვითხრას, პრეფექტებს.
— ....ახლა კი, სანამ დასაძინებლად გავეშურებით, მოდით, ჩვენი სკოლის ჰიმნი ვიმღეროთ, — განაცხადა დამბლდორმა. ჰარის მოეჩვენა, რომ მასწავლებელთა უმეტესობა მხოლოდ ზრდილობის გულისათვის იღიმებოდა.
დამბლდორმა ჯადოსნური «ოხი მსუბუქად აიქნია, თითქოს ჯოხის წვერზე ბუზს აუქშიაო. იმ წვერიდან უცებ გრძელი, ოქროსფერი ლენტი გაჩნდა, რომელიც მაღლა, სულ მაღლა აფრინდა, გვე–ლივით გაიკლაკნა და სიმღერის ტექსტი მოხაზა ჰაერში.
— ვისაც რა ჰანგზე გსურთ, ისე იმღერეთ, — თქვა დამბლდორმა, — აბა, დავიწყეთ!
და მთელი სკოლა აგუგუნდა:
ჰოგვორტს, ჰოგვორტს, ჰოგვორტს, ჰოგვორტს, ბებერი თუ ახალგაზრდა,
ლაჩარი თუ ქაჩალი
არაფერს გთხოვს სწავლის გარდა.
როცა შევიძენთ ცოდნას გვექნება დიდი ძალა ცარიელ თავში ქარი ქრის, გვიყრია ბზე და ჩალა.
ჰოდა, გვასწავლე ახლა მთავარი, ჩვენ გვინდა ვიყოთ ყველა მაგარი, შენ, მიდი, სცადე, ჩვენც რამეს ვიზამთ, ასე ოდესმე მივაღწევთ მიზანს.
ყველამ ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაასრულა სიმღერა. სულ ბოლოს ტყუპი უისლები დარჩნენ, რომლებიც ძალიან ნელა, სამგლოვიარო მარშის კილოზე მღეროდნენ. დამბლდორი მათ ჯადოსნური ჯოხით დირიჟორობდა და როცა ტყუპებმა სიმღერა დაასრულეს, ყველაზე ხმამაღალი ტაში დამბლდორმა დასცხო.
— ოოო, მუსიკა! — თქვა და ცრემლი მოიწმინდა, — უდიადესი სასწაულია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ აქ ვცოდვილობთ. ახლა კი ძილის დროა. აბა, გაცუნცულდით!
გრიფინდორის პირველკურსელებს თავიანთი პრეფექტი პერსი გაუძღვა. გაიარეს ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილ, აჟრიამულებულ მოსწავლეებს შორის, დარბაზიდან გავიდნენ და მარმარილოს კიბეს აუყვნენ. ჰარის ფეხები წეღანდელივით ტყვიასავით დაუმძიმდა, ოღონდ ახლა იმიტომ, რომ ბევრი მიირთვა და მეტისმეტად დაიქანცა. ისე ეძინებოდა, არც კი გაკვირვებია, როცა დერეფანში გამოფენილ სურათებზე გამოსახული ადამიანები ჩურჩულებდნენ და მათზე უთითებდნენ. არც მაშინ გაოცდა, როცა პერსიმ ორჯერ გაიყვანა ისინი მოძრავი პანელისა და გობელენის უკან დამალულ კარში. კიბე კი აღარ გათავდა და აღარ. ძლივს მილასლასებდნენ, ამთქნარებდნენ და ის იყო, ჰარიმ გაიფიქრა, ნეტავ სადამდე შეიძლება, ასე ვიაროთო, რომ უცებ შედგნენ.
მათ წინ ჰაერში ყავარჯნები ჩამოეკიდა. როგორც კი პერსი ნაბიჯს გადადგამდა, ყავარჯნები მაშინვე თავდასხმას იწყებდნენ.
— ეს პივსია, პოლტერგეისტი, — გადაუჩურჩულა პერსიმ პირველკურსელებს და ხმამაღლა დაიძახა: — ეი, პივს, გამოდი, დაგვენახვე!
ცოტა არ იყოს, უხერხული პასუხი მიიღეს, თითქოს დიდი საჰაერო ბუშტი დაიცალაო.
— შენ რა, გინდა, მაინცდამაინც, სისხლისმსმელ ბარონთან მივიდე?
— ტკაც! — გაისმა და გამოჩნდა ჰაერში დაკიდებული პატარა კაცუნა, დიდპირიანი და ბოროტთვალებიანი. ფეხები გადაჯვარედინებული ჰქონდა, ხელებით ვითომ ყავარჯნებს ეყრდნობოდა.
— უჰ-უჰ-უჰ-უჰ! — ბოროტად ამოიკრუხუნა: — კაქები ალიან ეცენი. მეთამაშეთ! და მათკენ გაექანა. ყველამ ერთდროულად დაიხია უკან.
— მოშორდი აქედან, პივს! იცოდე, მართლა ვეტყვი ბარონს! — გაუბრაზდა პერსი. პივსმა ენა გამოუყო, ყავარჯნები საწყალ ნევილს დაუშვა თავზე, თვითონ კი შხუილით გაფრინდა სადღაც, თან გზადაგზა გამოფენილ რკინის აბჯრებს
აჟღარუნებდა.
— პივსთან ფრთხილად იყავით, — თქვა პერსიმ და კვლავ გზას გაუდგნენ, — სისხლიანი ბარონის გარდა, არავისი ეშინია. ჩვენც არაფრად გვაგდებს, პრეფექტებს. მოვედით!
დერეფანი დამთავრდა. წინ კედელი იყო, ზედ ვარდისფერაბრეშუმისკაბიანი ფუშფუშა ქალბატონის დიდი პორტრეტი ეკიდა.
— პაროლი? — იკითხა მან.
— კაპუტ დრაკონის! — თქვა პერსიმ.
პორტრეტი წინ გადმოეკიდა და მრგვალი ხვრელი გამოაჩინა, ყველა თავისუფლად გაძვრა იმ ხვრელში ნევილის გარდა, რომელსაც ცოტა წახმარება დასჭირდა. გადაძვრნენ და გრიფინდორის საერთო დარბაზში აღმოჩნდნენ; ძალიან მყუდრო, მრგვალ ოთახში ბევრი რბილი სავარძელი იდგა.
პერსიმ გოგონებს კარზე მიუთითა, აი, აქედან ახვალთ ზემოთ, თქვენს საწოლ ოთახებშიო. ბიჭების საერთო საცხოვრებელი მეორე მხარეს იყო. მაღლა ხვეული კიბე ადიოდა. ეს, უთუოდ, ერთ-ერთი კოშკი იქნებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ნანატრ ლოგინამდეც მიაღწიეს. ბარგი მოტანილი დახვდათ. ოთხსვეტიან საწოლებზე მუქი წითელი ხავერდის ფარდები ეკიდა ყოველ მხარეს. ლაპარაკის თავი ვისა ჰქონდა, ძლივს ჩაიცვეს პიჟამები და საბნებში გაეხვივნენ.
— რა გემრიელი იყო ყველაფერი, — ჩაესმა ჰარის რონის ლუღლუღი, — სკაბერზ, ძირს! ზეწარს ღეჭავს ეს ოხერი, წარმოგიდგენია? ჰარის უნდოდა, ეკითხა, ბადაგმოსხმული ტორტი თუ გასინჯეო, მაგრამ ვერ მოასწრო, ისე ჩაეძინა.
იმ ღამეს უცნაური სიზმარი ნახა: თავზე ქვირელის ჩალმა ეხურა, რომელიც დაჟინებით ურჩევდა, ახლავე, დაუყოვნებლივ სლიზერინში უნდა გადახვიდე, შენ იქ უნდა იყოო. ჰარი კიდევ არწმუნებდა, არ მინდა სლიზერინიო. მერე ჩალმა დამძიმდა და დამძიმდა. ჰარის მისი მოხდა უნდოდა, მაგრამ ვერ იხდიდა. ისე ეკვროდა ზედ, თავს სტკენდა. მალფოიც იქ იყო. დასცინოდა, ჰარი რომ ჩალმას ვერ უმკლავდებოდა. მალფოი უცებ ცხვირკაუჭა მასწავლებლად, სნეიპად იქცა და ისევ იცინოდა, ოღონდ ახლა ხმამაღლა, გამყივანი სიცილით. მერე კაშკაშა მწვანე შუქი აბრიალდა და ჰარის გამოეღვიძა. შიშისაგან კანკალებდა, ოფლში იწურებოდა.
გვერდი იბრუნა, ისევ ჩაეძინა, მეორე დილით კი აღარც ახსოვდა, სიზმრად რამე თუ ნახა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent