შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი I


17-06-2021, 11:11
ავტორი ცირაკო
ნანახია 1 309

თავი პირველი
ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა
ვინ წარმოიდგენდა, რომ ბატონ და ქალბატონ დერსლებს, პრივიტ დრაივის ოთხ ნომერში რომ ცხოვრობენ, ოდესმე უცნაური, თანაც იდუმალებით მოცული ამბავი გადახდებოდათ თავს. ისინი ხომ ყოველგვარ სასწაულს სისულელედ მიიჩნევდნენ და სულ იმით ამაყობდნენ, ჩვენ სავსებით ნორმალური ადამიანები ვართო.
ბატონი დერსლი ბურღების დამამზადებელი ფირმის, „გრანინგსის“ დირექტორი გახლდათ. დიდი, მსუქანი კაცი იყო, ისეთი მსუქანი, რომ კისერი თითქმის არ უჩანდა, სამაგიეროდ, ულვაში ჰქონდა ძალიან დიდი. ქალბატონი დერსლი თხელი ქალი იყო, ქერა. კისერი ჩვეულებრივზე ორჯერ გრძელი ჰქონდა, მაგრამ მას სწორედ ასეთი სჭირდებოდა, რადგან მეზობლების თვალთვალი უყვარდა და ხშირად იდგა ხოლმე სხვის ღობესთან კისერწაგრძელებული. დერსლებს პატარა ბიჭი ჰყავდათ, დადლი. მათთვის რომ გეკითხათ, დადლისნაირი ბავშვი მეორე არ მოიძებნებოდა.
დერსლებს ყველაფერი გააჩნდათ, რაც სურდათ, მაგრამ, ამასთან, ერთი საიდუმლოც ჰქონდათ და გული უსკდებოდათ, არავინ გაიგოსო. სულ შიშობდნენ, პოტერების ამბავი თუ გახმაურდა, რა გვეშველებაო. ქალბატონი პოტერი ქალბატონ დერსლის ღვიძლი და იყო. დებს ერთმანეთი რამდენიმე წელი არ ენახათ, რადგან ქალბატონ დერსლის დის ხსენებაც არ უნდოდა. აბა, რა იქნებოდა, ის დაც და მისი ბედოვლათი ქმარიც წარმოუდგენლად განსხვავდებოდნენ დერსლებისგან. ამათ სულ შიშის ჟრუანტელი უვლიდათ, შემთხვევით პოტერები რომ გვესტუმრონ, მეზობლები რას იტყვიანო. დერსლებმა იცოდნენ, რომ პოტერებსაც ჰყავდათ პატარა ბიჭი, თუმცა თვალით არასოდეს ენახათ. სწორედ ის ბიჭი იყო კიდევ ერთი მშვენიერი მიზეზი იმისა, რომ პოტერებს მორიდებოდნენ, რადგან არ სურდათ, დადლი ასეთ ბავშვს გაჰკარებოდა.
ჩვენი ამბავი ერთ სრულიად ჩვეულებრივ, უღიმღამო სამშაბათს დაიწყო. იმ დილით, ცოლ-ქმარმა დერსლებმა რომ გამოიღვიძეს, ცა თითქოს ისე, უბრალოდ იყო მოქუშული და არაფერს გვამცნობდა იმის თაობაზე, რომ მალე მთელ ქვეყანაში გასაოცარი, ჯადოსნური ამბები დატრიალდებოდა. ბატონმა დერსლიმ სამსახურში წასასვლელად ღიღინ-ღიღინით გამოიღო თავისი ყველაზე უსახური ჰალსტუხი. ქალბატონი დერსლი ხალისით უყვებოდა ქმარს ცინცხალ ჭორებს და თან გაჯიუტებულ დადლის ეჭიდავებოდა, რომ მაღალ სკამში ჩაეტენა.
ამასობაში ვერც ერთმა ვერ შენიშნა, როგორ ჩაუფარფატა მათ ფანჯარას დიდმა ტყის ბუმ.
ზუსტად ცხრის ნახევარზე ბატონმა დერსლიმ აიღო თავისი პორტფელი, სწრაფად აკოცა ქალბატონ დერსლის ლოყაზე და უნდოდა, დადლისაც კოცნით დამშვიდობებოდა, მაგრამ ვერ მიართვეს: გაანჩხლებული დადლი ფაფით კედლებს წუწავდა. „პატარა ურჩხული“, — ჩაიღიმა გასვლისას მამა დერსლიმ, ჩაჯდა თავის მანქანაში და წავიდა.
პირველი უცნაურობა ქუჩის ბოლოში შენიშნა — კატა რუკას კითხულობდა. ბატონი დერსლი უცებ ვერ გაერკვა, რა დაინახა, თავი გააქნია და ხელახლა შეხედა. პრივიტ დრაივის კუთხესთან ჭრელი კატა იდგა, მაგრამ რუკა ნამდვილად არსად ჩანდა. ეს რა მომეჩვენაო, გაიფიქრა, თვალები დააფახურა და კატას დააკვირდა. კატამაც თვალი თვალში გაუყარა. ამასობაში ბატონმა დერსლიმ ქუჩის კუთხეში შეუხვია და გზა განაგრძო. ახლა უკვე სარკეში ხედავდა, რომ კატა იმ აბრას კითხულობდა, რომელზეც ეწერა „პრივიტ დრაივი“. არა, კითხულობდა კი არა, უბრალოდ, წარწერას უყურებდა, თორემ, აბა, კატა როგორ წაიკითხავს, ან აბრაზე რა წერია, ან რუკაზე. ბატონმა დერსლიმ თავი კიდევ ერთხელ გაიქნია და კატა მაშინვე დაავიწყდა. მთელი გზა, ქალაქამდე, მხოლოდ ბურღებზე ფიქრობდა, რა იქნება, დღეს დიდი შეკვეთა მივიღოო.
ქალაქს რომ მიუახლოვდა, დილის ჩვეულ სატრანსპორტო საცობში გაიჭედა. გაიხედ-გამოიხედა და ისეთი რაღაც დაინახა, ბურღები აღარც გახსენებია. ირგვლივ უამრავი უჩვეულოდ ჩაცმული, მანტიამოსხმული ხალხი ირეოდა. ო, როგორ ვერ იტანდა ბატონი დერსლი სასაცილოდ გამოწყობილ ტიპებს — ახალგაზრდებმა რომ იციან უცნაურად გამოპრანჭვა. „სულელური მოდა შემოსულაო“, — დაასკვნა, საჭეზე თითები აათამაშა და უცებ იქვე ახლოს, იმ ახირებულების ერთი ჯგუფი დაინახა. აღელვებულები ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს. მათ შორის ზოგი ნამდვილად არ იყო ახალგაზრდა. ამაზე სულ შეიშალა ბატონი დერსლი. აი, თუნდაც ის კაცი, მასზე უფროსიც იქნება და ნახეთ ერთი, ზურმუხტისფერი მანტიით დადის! აბა, ეს ნორმალურია?! უცებ ბატონ დერსლის აზრად მოუვიდა, შეიძლება, ესენი საქველმოქმედო შეწირულობებს აგროვებენო... ალბათ, ისინი არიან, ჰო, ჰო, ისინი იქნებიანო. მალე გზა გაიხსნა და რამდენიმე წუთში ბატონი დერსლი „გრანინგსის“ ავტოსადგომში შევიდა. აქ მისი ფიქრი კვლავ ბურღებს დაუბრუნდა.
ბატონი დერსლი თავის ოფისში, მეცხრე სართულზე, ფანჯრისკენ ზურგშექცევით იჯდა. ასე რომ არ მჯდარიყო და ფანჯარაში გაეხედა, ამ დილით ბურღი არც მოაგონდებოდა: დღისით-მზისით ცაში ბუები სულ გუნდ-გუნდად დაფრინავდნენ. გამვლელები პირდაღებულები იდგნენ ქუჩაში და თითს ცისკენ იშვერდნენ. ზოგს ბუ არასოდეს ენახა, არც ღამით და, მით უმეტეს, არც დღისით. ერთადერთი ბატონი დერსლი იყო, რომელსაც სავსებით ნორმალური, უბუო დილა ჰქონდა. ხუთ თანამშრომელს კარგა მაგრად უღრიალა, ტელეფონით რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე მოაგვარა და იქაც ბლომად იყვირა. ასე რომ, სადილობამდე მშვენიერ გუნებაზე ბრძანდებოდა. მერე გადაწყვიტა, ცოტა ფეხს გავშლი, გარეთ გავალ და ფუნთუშას ვიყიდიო.
ის მანტიამოსხმული ხალხი აღარც ახსოვდა, სანამ საფუნთუშესთან შეჯგუფებულები არ დაინახა. ჩაუარა და ისევ ბრაზი მოერია. თვითონაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ ეს ხალხი ნერვებს უშლიდა. არა, შემწეობას არ ითხოვდნენ, აღელვებულები იყვნენ და რაღაცას ჩურჩულებდნენ. უკან რომ ბრუნდებოდა და ქაღალდის პარკით დიდი კრემიანი ფუნთუშა მოჰქონდა, ცალკეულ სიტყვებსაც მოჰკრა ყური:
„პოტერები... დიახ, დიახ... მეც გავიგე...“ „ჰარი, იმათი ვაჟი...“
ბატონი დერსლი ადგილზე გაქვავდა. შიშმა აიტანა. მოჩურჩულეებს გახედა, თითქოს რაღაცის თქმა უნდაო, მაგრამ გაჩუმება არჩია.
ქუჩაზე სწრაფად გადაირბინა, ოფისში ავარდა, — არავინ შემაწუხოსო! — მიაძახა მდივანს, ტელეფონს ეცა და სახლის ნომერი უკვე აკრეფილი ჰქონდა, რომ გადაიფიქრა. ულვაშზე ხელი გადაისვა. ჩაფიქრდა... არა, რა სისულელეა, პოტერი საკმაოდ გავრცელებული გვარია. ალბათ, უამრავი პოტერია, რომელთა ვაჟიშვილსაც ჰარი ჰქვია. ჰო, თანაც, ისიც კი არ იცოდა დაბეჯითებით, ცოლის დისწულს ნამდვილად ჰარი ერქვა თუ არა. ბავშვი არასოდეს ენახა. შეიძლება, ჰარვი დაარქვეს ან ჰაროლდი. ტყუილუბრალოდ რატომ ააფორიაქოს ქალბატონი დერსლი! დის ხსენებაზე ყოველთვის ნერვები ეწეწება. ვერც გაამტყუნებ. თვითონ მას რომ ასეთი და ჰყოლოდა!.. და მაინც, ეს მანტიებიანი ხალხი, რაღაც...
ბატონი დერსლის ფიქრი ბურღებს ვეღარ მიუბრუნდა. როდესაც ხუთ საათზე შენობიდან გამოვიდა, ჯერ კიდევ ისე იყო აღელვებული, რომ იქვე, კართან, ვიღაცას შეასკდა.
— უკაცრავად, — ჩაიბურტყუნა, რადგან ჩია ტანის მოხუცი დაბარბაცდა და კინაღამ ძირს დაენარცხა. ბატონმა დერსლიმ შეამჩნია, რომ ის კაცი იისფერ მანტიაში გამოწყობილიყო. მოხუცი სულაც არ გაბრაზებულა, პირიქით, გულთბილად გაუღიმა და ისეთი წრიპინა ხმით დაილაპარაკა, რომ გამვლელ-გამომვლელი, ყველა მას მიაჩერდა.
— ნუ წუხართ, ჩემო ძვირფასო ბატონო. დღეს მე ცუდ გუნებაზე ვერაფერი დამაყენებს. გიხაროდეთ, ის, ვისი სახელიც არ ითქმის, ბოლოს და ბოლოს, მოგვშორდა. თქვენ, მაგლებმაც კი უნდა იზეიმოთ ეს ბედნიერი, ბედნიერი დღე!
მოხუცი ბატონ დერსლის წელზე მოეხვია, რადგან მარტო წელამდე მისწვდა, და თავის გზაზე წავიდა.
ბატონი დერსლი სახტად დარჩა: სრულიად უცნობი კაცი გადაეხვია და თან მაგლიო, თუ რაღაც ამდაგვარი უწოდა. თავი უხერხულად იგრძნო, სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და შინისაკენ გაეშურა. ნამდვილად მოჩვენებები დამჩემდაო, ირწმუნებდა თავს. ადრე მსგავსი არაფერი მოსვლია. მოჩვენებებისა ხომ საერთოდ არ სჯეროდა. თავისი სახლისაკენ შეუხვია და რაც იქ ნახა, გუნებას ვერაფრით გამოუკეთებდა
— ის ჭრელი კატა, დილით რომ მოჰკრა თვალი, ისევ იქ იყო, ოღონდ ახლა მისი ბაღის გალავანზე იჯდა. უდავოდ იგივე კატა იყო, ახსოვდა თვალების გარშემო ეს რაღაცნაირი ლაქები.
— აცხა! — ხმამაღლა შეუძახა ბატონმა დერსლიმ.
კატა არ განძრეულა. მხოლოდ მკაცრად გამოხედა. ვის გაუგია, კატა ასე იქცეოდეს, ნუთუ ეს ნორმალურიაო, განცვიფრდა ბატონი დერსლი. როგორღაც თავს მოერია და შინ შევიდა. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ცოლისთვის არაფერი ეთქვა.
ქალბატონ დერსლის ეს დღე მშვენივრად გაეტარებინა. სადილობისას ქმარს დაწვრილებით მოახსენა, რა პრობლემები ჰქონდათ მეზობელ ქალბატონსა და მის ქალიშვილს. მერე ისიც დაამატა: დადლიმ ახალი სიტყვა ისწავლაო — „არ ვქნამ!“ ბატონი დერსლი ცდილობდა, ისე მოქცეულიყო, თითქოს არაფერიც არ მომხდარიყოს. დადლი რომ დასაძინებლად დააწვინეს, ის სასტუმრო ოთახში ზუსტად იმ დროს გამოვიდა, როცა საღამოს ახალი ამბების უკანასკნელ სიუჟეტს გადმოსცემდნენ:
„დაბოლოს, თვითმხილველები გვარწმუნებენ, რომ დღეს ჩვენი ბუები ფრიად უცნაურად იქცეოდნენ. ცნობილია, რომ ეს ფრინველი სანადიროდ ღამით გამოდის, დღისით სძინავს. დღეს კი ასობით და ათასობით სწორედ მზის ამოსვლის შემდეგ დაფრინავდნენ. რატომ იცვალეს მათ ძილ-ღვიძილის ჩვეული წესი, ექსპერტები ვერ ხსნიან. — დიქტორმა თავს ჩაღიმების უფლება მისცა, — ერთობ იდუმალი ამბავია. ახლა კი ამინდის შესახებ ჯიმ მაკგაფინი ისაუბრებს. ამაღამ ბუების წვიმას ხომ არ ველოდებით, ჯიმ?“.
„რა გითხრათ, ტედ, — თქვა ამინდის კაცმა, — ეგ არ ვიცი, მაგრამ დღეს სხვა უცნაურობაც მოხდა; ერთმანეთისგან საკმაოდ დაცილებული ადგილებიდან, როგორებიცაა: კენტი, იორკშირი და დანდი, მაცნობეს, რომ ნაცვლად ჩემ მიერ გუშინ შეპირებული წვიმისა, ციდან ვარსკვლავებს უწვიმია. ჭიაკოკონობა ხომ არ იზეიმეთ? ეგ მომავალ კვირას იქნება, ბატონებო, ჯერ ადრეა! ამაღამ კი ნამდვილად მოვა წვიმა, გპირდებით“.
ბატონი დერსლი სავარძელს მიეყინა. მთელ ბრიტანეთში ციდან ვარსკვლავები ცვიოდაო? ბუები დღისით დაფრინავდნენო? და კიდევ ის უცნაური ხალხი, მანტიებიანი! ის ჩურჩულიც, ის ჩურჩული პოტერებზე...
ოთახში ქალბატონი დერსლი შემოვიდა. თან ორი ფინჯანი ჩაი შემოიტანა. არა, ასე არ ივარგებს, რაღაც უნდა უთხრას. ნერვიულად ჩაახველა.
— ისა... პეტუნია, ძვირფასო, ამ ბოლო დროს შენს დაზე ხომ არ გსმენია რამე?
როგორც მოსალოდნელი იყო, ქალბატონ დერსლის სახეზე აღშფოთება და
მრისხანება გამოეხატა. როდის იყო, იმ დას ახსენებდნენ?!
— არა! — უპასუხა უკმეხად, — რატომ მკითხე?
— უცნაური ამბები გადმოსცეს, — ალუღლუღდა ბატონი დერსლი, — ისაო, ბუებიო... ციდან ვარსკვლავები ჩამოცვივდაო... თანაც, რომ იცოდე, რამდენი ხალხი ვნახე დღეს ქალაქში, სასაცილოდ ჩაცმული...
— მერე რა! — ყალყზე შედგა ქალბატონი დერსლი.
— არა, არაფერი... უბრალოდ, ვიფიქრე, ნეტავ ეს ყველაფერი ჩვენს იმათთან... ხომ არ არის მეთქი დაკავშირებული...
ქალბატონმა დერსლიმ მოკუმული პირით მოხვრიპა ჩაი. ბატონ დერსლის ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა, „პოტერი“ რომ გაიგონა. ბოლოს მაინც ვერ გაბედა და ვითომ სხვათა შორის იკითხა:
— იმათი ბიჭი ახლა დადლის ტოლა იქნება, არა?
— მგონი, — აშკარად დაძაბული პასუხი მიიღო.
— გამახსენე ერთი, რა ჰქვია ბავშვს, ჰოვარდი, ხომ?
— ჰარი. ერთი ჩვეულებრივი, უშნო სახელია, ჩემი აზრი თუ გაინტერესებს. — ჰო, აბა, რა! გეთანხმები, — ეს კი თქვა ბატონმა დერსლიმ, მაგრამ თავზარი დაეცა. მეტი სიტყვა აღარ დასცდენია, ისე ავიდნენ მაღლა დასაძინებლად. ქალბატონი დერსლი სააბაზანოში შევიდა, ის კი ჩუმად მიიპარა ფანჯარასთან და ბაღში გაიჭვრიტა. კატა ისევ იქ იჯდა და მოსახვევისკენ იცქირებოდა, თითქოს ვიღაცას ელოდებაო. ნუთუ ეჩვენება რაღაცები? ან იქნებ მართლაც პოტერებს ეხება რაღაც... და თუ ასეა, მაშინ ყველა გაიგებს, რა ნათესავებიც ჰყოლიათ... არა, ამას ვერ გადაიტანს. დერსლები დასაძინებლად დაწვნენ. ქალბატონს მალე ჩაეძინა, ბატონ დერსლის კი რა დააძინებდა. ასჯერ მაინც გაიხსენა, რაც იმ დღეს მოხდა. ბოლოს, ერთი სანუგეშო აზრი ესტუმრა: თუ მართლა ჩვენს პოტერებზე ჩურჩულებდნენ, დიდი ამბავი, მერე ჩვენ რაო! პოტერებს მშვენივრად მოეხსენებათ, რას ფიქრობენ ის და პეტუნია მათზე და მათნაირებზე! დიახ, რაც უნდა იყოს, ჩვენ არაფერ შუაში ვართო, — დაამთქნარა და გვერდზე გადაბრუნდა, — არა, ეს ჩვენ ნამდვილად არ გვეხებაო... ო, როგორ ცდებოდა! ბატონმა დერსლიმ, როგორც იქნა, ჩაიძინა. გარეთ, გალავანზე მჯდომ კატას კი რული არ ეკარებოდა. ქანდაკებასავით გაქვავებულიყო. თვალსაც არ ახამხამებდა, ისე გასცქეროდა პრივიტ დრაივს. არც მაშინ შერხეულა, როცა გვერდითა ქუჩაზე მანქანის კარმა გაიჯახუნა; არც მაშინ, ორმა ბუმ თავზე რომ გადაუფრინა. შუაღამემდე იჯდა ასე, გაუნძრევლად. ქუჩის კუთხეში, რომელსაც კატა დაჟინებით გასცქეროდა, ერთი კაცი ისე უეცრად და უჩუმრად გაჩნდა, თითქოს მიწიდან ამოძვრაო. კატამ კუდი აათამაშა და თვალები დაავიწროვა. პრივიტ დრაივს ამ ახალმოსულის მსგავსი არასოდეს არავინ სტუმრებია. მაღალი, თხელი და, მისი შევერცხლილი თმა-წვერის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, ძალზე ხანდაზმული კაცი ჩანდა. თმაც და წვერიც იმსიგრძე ჰქონდა, თავისუფლად ჩაიტანდა ქამარში. მეწამული მანტია მიწაზე დასთრევდა. მაღალქუსლიანი, ბალთით გაწყობილი ფეხსაცმელი ეცვა. ნახევარმთვარისებრი სათვალის მიღმა ნათელი, ცოცხალი, ლურჯი თვალები უციმციმებდა. ცხვირი ჰქონდა გრძელზე გრძელი და ისეთი კეხიანი, თითქოს, სულ ცოტა, ორჯერ მაინც გაუტეხიაო. ამ კაცს ალბუს დამბლდორი ერქვა. ალბუს დამბლდორს ალბათ აზრადაც არ მოსდიოდა, რომ ეს-ესაა ისეთ ქუჩაზე შემოაბიჯა, სადაც იგი, სახელით დაწყებული და ფეხსაცმლით დამთავრებული, არავის მოეწონებოდა. ამაზე საფიქრელად არც ეცალა: გულმოდგინედ ეძებდა რაღაცას მოსასხამში. ეტყობა, მზერა იგრძნო, რადგან სწრაფად აიხედა და კატას შეხედა, რომელიც ქუჩის ბოლოდან თვალს არ აცილებდა. კატის დანახვამ რატომღაც კარგ გუნებაზე დააყენა. ასეც ვიცოდიო, ჩაილაპარაკა.
ბოლოს იპოვა, რასაც ეძებდა. გულისჯიბიდან ვერცხლის სანთებელა ამოიღო. ტკაცუნით გახსნა, მაღლა ასწია და დააჩხაკუნა. უახლოესი ლამპიონი ჩაქრა. კიდევ დააჩხაკუნა. ჩაქრა მეორე ლამპიონი. ასე დააჩხაკუნა თორმეტჯერ, სანამ ქუჩაში ორი პაწაწკინტელა, მოელვარე წერტილი არ დარჩა. ეს კატის თვალები იყო, მისკენ მიმართული. ახლა ვისაც უნდა გამოეხედა გარეთ, თუნდაც თავად ქალბატონ დერსლის, რომლის მახვილ მზერას არაფერი გამოეპარებოდა, ამ წყვდიადში ვერაფერს გაარჩევდა. დამბლდორმა სანთებელა ჯიბეში ჩაიდო, ოთხი ნომერი სახლისკენ გაეშურა, კატის გვერდით ჩამოჯდა და მისკენ არც მიუხედავს, ისე გამოელაპარაკა:
— უცნაურია, აქ რომ გხედავთ, პროფესორო მაკგონაგელ.
თავი მოაბრუნა და გაუღიმა, მაგრამ კატა გამქრალიყო. მის მაგივრად მკაცრი გამომეტყველების ქალი დახვდა, რომელსაც ოთხკუთხა სათვალე ეკეთა, ზუსტად იმ ფორმისა, რა ფორმის ლაქებიც ჰქონდა კატას თვალების გარშემო. მასაც მანტია ესხა, ოღონდ — ზურმუხტისფერი. გრძელი, შავი თმა კეფაზე შეეკრა. აფორიაქებული ჩანდა.
— როგორ გამოიცანით, რომ მე ვიყავი?
— ჩემო ძვირფასო პროფესორო, კატები ასე გაშეშებულები არ სხედან.
— მთელი დღე თუ აგურის გალავანზე იჯდები, დიახაც, გაშეშდები.
— მთელი დღე აქ ზიხართ? საერთო მხიარულებას რატომ გამოაკლდით? რომ მოვდიოდი, გზად სულ ზეიმი იყო.
პროფესორმა მაკგონაგელმა ბრაზიანად ჩაიფრუტუნა...
— იზეიმონ, კი ბატონო. თუმცა ჯობდა მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ. მაგრამ არა
— მაგლებიც კი მიხვდნენ, რომ რაღაც ხდება. ახალ ამბებში გამოაცხადეს, — დერსლების ჩაბნელებული ფანჯრისკენ გაიქნია თავი, — მე თვითონ მოვისმინე. ბუების გუნდებიო... ვარსკვლავთცვენაო... მაგლები სულ მთლად ბრიყვები ნუ გგონიათ. იმდენი ვქენით, რომ რაღაც შეამჩნიეს. ვარსკვლავთცვენა კენტში... ეს ნამდვილად დედალუს დიგლი იქნებოდა... დიდი ჭკუის პატრონი არასოდეს ყოფილა.
— როგორ გინდა, ვინმე გაამტყუნო, — წყნარად თქვა დამბლდორმა, — თერთმეტი წელია, არაფერი გვიზეიმია, დღესასწაული მოგვენატრა.
— ვიცი, — გაღიზიანებით მიუგო პროფესორმა მაკგონაგელმა, — მაგრამ თავი არ უნდა დავკარგოთ! საერთოდ, აღარაფერს დაგიდევენ, დღისით-მზისით ქუჩაში გამოფენილან, თანაც მაგლების ტანსაცმელიც არ ჩაუცვამთ, დადიან და ჭორებს ავრცელებენ...
პროფესორმა მაკგონაგელმა ისე გადახედა დამბლდორს, თითქოს ელოდა, რაღაცას მეტყვისო, მაგრამ დამბლდორს ხმა არ ამოუღია და კვლავ თვითონ განაგრძო:
— კარგი კი იქნებოდა, სწორედ იმ დღეს, როცა „ჩვენ რომ ვიცით“ ის მოვიშორეთ, მაგლებს ჩვენი არსებობის ამბავი შეეტყოთ! დამბლდორ, ის მართლა მოვიშორეთ?
— როგორც ჩანს, — თქვა დამბლდორმა, — მგონი, გვეშველა. ლიმონიან შაქარლამას ხომ არ მიირთმევთ?
— რას?
— ლიმონიან შაქარლამას, მაგლების ტკბილეულია, ძალიან მომწონს.
— არა, გმადლობთ, — ცივად მიუგო პროფესორმა მაკგონაგელმა, აქაოდა, რა დროს ეგ არისო, — იცით რა, თუნდაც „ჩვენ რომ ვიცით“, ის ნამდვილად მოგვშორებოდეს...
— ჩემო ძვირფასო პროფესორო, ნუთუ თქვენ მაინც არ შეგიძლიათ, „ის“ თავისი სახელით მოიხსენიოთ? რად გინდათ ეს უაზრო „ჩვენ რომ ვიცით“. თერთმეტი წელია, ვცდილობ, გათქმევინოთ პირდაპირ — ვოლდემორი!
პროფესორი მაკგონაგელი შეკრთა, მაგრამ დამბლდორი ორ შეწებებულ შაქარლამას აცალკევებდა და ყურადღება არ მიუქცევია.
— რა საჭიროა ეს ქარაგმული „ჩვენ რომ ვიცით“. არ მესმის, რატომ უნდა მეშინოდეს ვოლდემორის სახელის წარმოთქმისა?
— დიახ, არ გეშინიათ, — მიუგო პროფესორმა მაკგონაგელმა, მის ხმაში გაღიზიანებაც იგრძნობოდა და აღფრთოვანებაც, — მაგრამ თქვენ სხვა ხართ. ყველამ იცის, რომ თქვენ ერთადერთი ხართ, ვისიც თვითონ იმას, „ჩვენ რომ...“ ოჰ, კეთილი, ვოლდემორს, ეშინია.
— ო, გსურთ, მასიამოვნოთ, — მშვიდად თქვა დამბლდორმა, — ვოლდემორს ისეთი ძალები ჰქონდა, მე რომ არასოდეს მექნება.
— არა. თქვენ იმდენად... როგორ გითხრათ... თქვენ, უბრალოდ, არ იკადრებთ, ის ძალები გამოიყენოთ.
— რა კარგია, რომ ბნელა. ასე მას შემდეგ არ გავწითლებულვარ, მადამ პომფრიმ რომ მითხრა, თქვენი ახალი ყურსაცვამები მომწონსო.
პროფესორმა მაკგონაგელმა გამომცდელი მზერა მიაპყრო დამბლდორს და თქვა:
— ბუები რა მოსატანია იმ ჭორებთან, აქეთ-იქით რომ დაქრის.
— იცით, რაზე ლაპარაკობენ? იმაზე, თუ რატომ მიიმალა ის, რამ შეაჩერა ბოლო წამს.
ეტყობოდა, პროფესორი მაკგონაგელი მთავარ კითხვას მიადგა; იმას, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა, რის გასაგებადაც მთელი დღე ქვის ცივ გალავანზე იჯდა: დამბლდორს ასეთი გამჭოლი მზერა არასოდეს ენახა, არც კატისა, არც ქალისა. იცოდა, პროფესორი მაკგონაგელი „ამბობენს“ არ დაუჯერებდა, სანამ დამბლდორი არ ეტყოდა, მართალიაო. დამბლდორი კი ისევ შაქარლამას უტრიალებდა და ხმას არ იღებდა.
— ამბობენ, — განაგრძო პროფესორმა მაკგონაგელმა, — რომ წუხელ ვოლდემორი გოდრიკ ჰოლოუში მისულა. პოტერებს ეძებდა. ხმები დადის, რომ ლილი და ჯეიმს პოტერები... ორივე მკვდარია.
დამბლდორმა თავი ჩაღუნა. პროფესორ მაკგონაგელს სუნთქვა შეეკრა.
— ლილი და ჯეიმსი... ვერ დავიჯერებ... არ მინდა, დავიჯერო... ალბუს! დამბლდორმა მხარზე მოუთათუნა ხელი და ყრუდ ჩაილაპარაკა:
— ვიცი, ვიცი...
პროფესორ მაკგონაგელს ხმა აუკანკალდა:
— ჯერ ყველაფერი არ მითქვამს: ამბობენ, პოტერების ბიჭის, ჰარის მოკვლაც უნდოდა და ვერ შეძლოო. პატარა ბიჭი ვერ მოკლაო. არავინ იცის, ეს რატომ ან როგორ მოხდა. იმასაც ამბობენ, ჰარი პოტერს რომ ვერ მოერია, ვოლდემორს როგორღაც ძალა დაეკარგა და ამიტომ გაქრაო.
დამბლდორმა მოღუშულმა დაუქნია თავი.
— როგორ? რა არ ჩაიდინა... — ენა დაება პროფესორ მაკგონაგელს, — იმდენი ხალხი დახოცა... და ერთი ციცქნა ბიჭი ვერ მოკლა? დაუჯერებელი ამბავია... იმის მომრევი არავინ იყო... ახლა რა მოხდა? რა ძალამ იხსნა ჰარი?...
— შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ, — თქვა დამბლდორმა, — ჩვენ ამას ვერასოდეს გავიგებთ...
პროფესორმა მაკგონაგელმა მაქმანიანი ცხვირსახოცი სათვალის ქვეშ, თვალებზე მოისვა. დამბლდორმა ჯიბიდან ოქროს საათი ამოიღო, დახედა და ამოიხვნეშა. ძალიან უცნაური საათი იყო: თორმეტი ისარი ჰქონდა და ციფრების ადგილას ციცქნა პლანეტები ბრუნავდნენ. ჩანს, დამბლდორმა შეიტყო, რაც აინტერესებდა, რადგანაც საათი კვლავ ჯიბეში ჩაიდო და თქვა:
— ჰაგრიდს დააგვიანდა. ეტყობა, იმან გაცნობათ, რომ აქ ვიქნებოდი.
— დიახ, — უპასუხა პროფესორმა მაკგონაგელმა, — მაგრამ ეტყობა თქვენ არ აპირებთ გამიმხილოთ, რატომ ხართ მაინცდამაინც აქ და არა სხვაგან.
— მოვედი, რომ ჰარი თავის დეიდას და ბიძას მივუყვანო. ნათესავი სხვა აღარავინ დარჩა.
— ამათზე ამბობთ, აქ რომ ცხოვრობენ?! — პროფესორი მაკგონაგელი ყვირილით წამოხტა და ხელი ოთხი ნომრისაკენ გაიშვირა, — დამბლდორ, ეს შეუძლებელია! მთელი დღეა, მაგათ ვუყურებ. ვერ იპოვით ორ ადამიანს, ასე რომ განსხვავდებოდნენ ჩვენგან. და ბიჭი ჰყავთ ისეთი — დედამისს მთელი გზა წიხლებს ურტყამდა ქუჩაში და ღრიალებდა, კანფეტები მიყიდეო. თქვენ გინდათ, ჰარი პოტერმა აქ იცხოვროს?
— უკეთესი ადგილი მისთვის არ არსებობს, — მტკიცედ თქვა დამბლდორმა, — რომ გაიზრდება, დეიდა და ბიძა ყველაფერს აუხსნიან. მე მათ წერილი მივწერე.
— წერილი? — უღონოდ გაიმეორა პროფესორმა მაკგონაგელმა და ისევ გალავანზე ჩამოჯდა, — მართლა გგონიათ, რომ წერილში ყოველივე ამის ახსნა შეიძლება? არა, ეს ხალხი ვერასოდეს მიხვდება, ვინ არის ჰარი პოტერი. ჰარი სახელგანთქმული გახდება, ლეგენდად იქცევა. არ გამიკვირდება, თუ დღევანდელი დღე ისტორიაში შევა „ჰარი პოტერის დღედ“ და ასე აღინიშნება მომავალში. მის შესახებ დაიწერება უამრავი წიგნი, ჩვენს სამყაროში ყველა ბავშვს ეცოდინება მისი სახელი!
— სწორედ ასეა, — თქვა დამბლდორმა, რომელიც მეტად სერიოზულად იცქირებოდა თავისი ნახევარმთვარე სათვალის ზემოდან, — აბა, რომელ ბიჭს არ აუვარდება თავში, რომ სახელგანთქმული უფრო ადრე გახდეს, სანამ სიარულსა და ლაპარაკს ისწავლიდეს! სახელგანთქმული იმის გამო, რაც არც კი ემახსოვრება. ნუთუ ვერ ხვდებით, რამდენად უკეთესია, ყოველივე ამისგან მოშორებით რომ გაიზარდოს, სანამ მზად იქნება ყველაფრის გასაგებად?
პროფესორმა მაკგონაგელმა პირი გააღო რაღაცის საპასუხოდ, მაგრამ გადაიფიქრა, ნერწყვი გადაყლაპა და მერე თქვა:
“ — დიახ... დიახ, თქვენ მართალი ხართ, რასაკვირველია. მაგრამ, აბა, ბიჭი სად არის?
და დამბლდორის მანტია ისე შეათვალიერა, თითქოს ჰარი იქ ეგულებოდა.
— ჰაგრიდი მოიყვანს.
— თქვენ ფიქრობთ, გონივრულია, რომ ჰაგრიდს ასეთი მნიშვნელოვანი რამ ანდეთ? — ჰაგრიდს ჩემს სიცოცხლეს ვანდობ, — თქვა დამბლდორმა.
— არა, გულით ნამდვილად კეთილია, — პროფესორ მაკგონაგელს ეტყობოდა, ეს ამბავი არ მოეწონა, — მაგრამ იმას ვერ უარყოფთ, რომ დაუდევარია... და თანაც, მიდრეკილება აქვს... რა ხმაურია?
ღამის სიჩუმე მოგუდულმა გრუხუნმა დაარღვია. ისინი გაფაციცებით ათვალიერებდნენ ქუჩას, რომ ფარების შუქი დაელანდათ. ხმაურმა თანდათან იმატა. ზემოთ რომ აიხედეს, ხმა უკვე გრგვინვად იქცა, ჰაერი უზარმაზარმა მოტოციკლმა გააპო და მათ წინ დაეშვა.
მოტოციკლი მართლაც დიდი იყო, მაგრამ ის კაცი გენახათ, ზედ რომ იჯდა — ჩვეულებრივ ადამიანზე ორჯერ მაღალი და, სულ ცოტა, ხუთჯერ განიერი, ნამდვილ ველურსა ჰგავდა. გაბურძგნილი წვერი და შავი, წინ ჩამოყრილი, აჩეჩილი თმა თითქმის მთლიანად უფარავდა სახეს, ხელის მტევნები სანაგვე ყუთის სარქველებს მიუგავდა, ტყავისჩექმებიანი ფეხები კი — ციცქნა დელფინებს. ვეება, დაკუნთული ხელებით საბნებში გახვეული რაღაც ეკავა.
— ჰაგრიდ! — დამბლდორმა შვებით ამოისუნთქა, — როგორც იქნა. ეს მოტოციკლი სად გიშოვია?
— ვინათხოვრე, ბატონო პროფესორო დამბლდორ, — უპასუხა გოლიათმა და თან ფრთხილად გადმობობღდა მოტოციკლიდან, — უმცროსმა უს ბლექმა მათხოვა. მოვიყვანე, სერ!
— ყველაფერი რიგზეა?
— როგორ გითხრათ, სახლი სულ დაინგრა, სერ, მაგრამ, სანამ მაგლები მოცვივდებოდნენ, ბიჭი უკვე მე მყავდა. ბრისტოლის თავზე რომ მოვფრინავდით, მაშინ ჩაეძინა.
დამბლდორი და პროფესორი მაკგონაგელი ბავშვისკენ დაიხარნენ. შეფუთულ პატარას ტკბილად ეძინა. შუბლზე, გიშრისფერი ქოჩრის ქვეშ, უცნაური ფორმის ელვასავით გაკლაკნილი ნაიარევი ჰქონდა.
— ეს ის ადგილია, სადაც... — ჩურჩულით იკითხა პროფესორმა მაკგონაგელმა.
— დიახ, — თქვა დამბლდორმა, — ეს ნიშანი სამუდამოდ დარჩება.
— არ შეგიძლიათ, რამე მოუხერხოთ, დამბლდორ?
— რომც შემეძლოს, არაფერს ვიზამდი. სიმბოლოები საჭიროა. მეც მაქვს მარცხენა ფეხზე, მუხლის ზემოთ, გეგონება, ლონდონის მეტროს სქემააო. კეთილი. ჰაგრიდ, მომეცი, ბარემ მივიყვან. ·
დამბლდორმა ჰარი გამოართვა და დერსლების სახლისაკენ მიტრიალდა.
— შეიძლება?.. შეიძლება, დავემშვიდობო, სერ? — იკითხა ჰაგრიდმა. საკოცნელად დახარა დიდი, გაბურძგნილი თავი და ალბათ კოცნისას სულ დაფხაჭნა ბიჭი თავისი წვერ-ულვაშით. მერე უცებ დაჭრილი ძაღლივით ამოიყმუვლა.
— ჩუ, მაგლებს გააღვიძებ! — დაუცაცხანა პროფესორმა მაკგონაგელმა.
— უუუკაცრავად, — გული ამოუჯდა ჰაგრიდს. დიდი, ლაქებიანი ცხვირსახოცი ამოიღო და სახეზე მიიფარა. — არ შშშემიძლია... ლილი და ჯეიმსი აღარ არიან... საწყალმა პატარა ჰარიმ კი მაგლებთან უნდა იცხოვროს...
— დიახ, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დაწყნარდი, თორემ დაგვინახავენ, — ჩურჩულით უთხრა პროფესორმა მაკგონაგელმა და მსუბუქად მოუთათუნა ხელი მკლავზე.
ამასობაში დამბლდორმა ბაღის გალავნის დაბალ ნაწილს გადააბიჯა და წინკარისკენ გაემართა. მივიდა, ჰარი ფრთხილად დააწვინა კართან, მანტიიდან წერილი ამოიღო, ჰარის სახვევებში შეაცურა და უკან გამობრუნდა. წუთით სამივე უხმოდ დააცქერდა პატარას. ჰაგრიდს მხრები უთრთოდა, პროფესორი მაკგონაგელი თვალებს ჩქარ-ჩქარა აფახურებდა, დამბლდორს კი ციმციმა მზერა დანისლვოდა.
— კმარა, — თქვა ბოლოს დამბლდორმა, — ჩვენ აქ აღარაფერი გვესაქმება. წავიდეთ, ზეიმს შევუერთდეთ.
— ჰო, — ძლივს გასაგონად თქვა ჰაგრიდმა. — ამ მოტოციკლს პატრონს დავუბრუნებ. ღამე მშვიდობისა, პროფესორო მაკგონაგელ, პროფესორო დამბლდორ, სერ.
ჰაგრიდმა ცრემლიანი თვალები სახელოთი მოიწმინდა, მოტოციკლზე შეჯდა, დაქოქა, გრუხუნით ავარდა ცაში და გაქრა.
— იმედია, მალე შეგხვდებით, პროფესორო მაკგონაგელ, — თქვა დამბლდორმა და თავი დაუკრა.
პასუხად მხოლოდ ქსუტუნი გაისმა.
დამბლდორი გატრიალდა, ქუჩას გაუყვა, კუთხესთან შედგა, ვერცხლის სანთებელა ამოიღო, ერთი დააჩხაკუნა და ქუჩა ლამპიონების ნარინჯისფერი შუქით აივსო.
დამბლდორმა დალანდა, როგორ გაუხვია სადღაც, ქუჩის მეორე ბოლოში, ჭრელმა კატამ. შემდეგ კიდევ ერთხელ გახედა ჩვრებში გამოკრულ პატარას, ოთხი ნომრის კართან რომ იწვა.
— ბედნიერებას გისურვებ, ჰარი, — თქვა თავისთვის და ქუსლებზე შეტრიალდა. მეწამული მანტიის კალთა ჰაერში გაფრიალდა და დამბლდორი გაქრა.
მელნისფერი ცის ქვეშ მშვიდად გაწოლილ, გაკრიალებულ პრივიტ დრაივს, მის კოხტად შეკრეჭილ მწვანე ღობეებს ნელმა სიომ გადაუარა. აქაურობა სულაც არ ჰგავდა იმ ადგილს, სადაც განსაცვიფრებელი ამბები უნდა დატრიალებულიყო.
ჰარი პოტერმა სახვევებში გვერდი იცვალა. არ გაუღვიძია. პატარა ხელი წერილზე ედო. ეძინა თავისთვის, უდარდელად და არ იცოდა, რომ იგი რჩეული იყო; არ იცოდა, რომ მისი სახელი უკვე ცნობილი გახდა; არ იცოდა, რომ რამდენიმე საათში ქალბატონი დერსლი რძის ცარიელი ბოთლების გამოსადგმელად გააღებდა კარს, ატეხდა ყვირილს და ამ ყვირილზე გაეღვიძებოდა; რომ მალე მწვალებელ დეიდაშვილს, დადლის ჩაუვარდებოდა ხელში... არც ის შეეძლო, სცოდნოდა, რომ არსებობდა ხალხი, ვინც ახლა, ამწუთას, მთელ ქვეყანაში საიდუმლოდ იკრიბებოდა, ჭიქას მაღლა სწევდა და ჩურჩულით წარმოთქვამდა: „გაუმარჯოს ჰარი პოტერს — ბიჭს, რომელიც ცოცხალი გადარჩა“.



№1 სტუმარი სტუმარი ლიზი

კარგი სერიებია მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent