შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი (5 თავი)


17-07-2021, 17:38
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 10 336

ისე მალე დაბრუნდა უკან, რომ გაოცებისგან პირი ღია დამრჩა. თან, ხუთლიტრიანი ბაკით ბენზინი მომიტანა, რომელიც თვითონვე ჩამისხა მანქანის ბაკში.
_შენ რა ძალიან მაგარი ხარ. მე ჯერ წასულიც კი არ მეგონე და უკვე მოხვედი. ცეცხლი და ნავთი ხარ პირდაპირ. მადლობა._მადლიერების ნიშნად ლოყაზე ვაკოცე._ნეტარება იმას, ვის ოჯახშიც შენ შეხვალ._მისი ხუმრობა რომ გავიმეორე, გაეღიმა კი, მაგრამ შევატყე რომ თან დაიმორცხვა.
_ნუ მაქებ, თორემ თავში ამივარდება. თავში ავარდნამ კი კისრისა და კინჩხის მოტეხა იცისო და არ გეცოდები?.._თავისებურად გაიღრიჭა._ისე, აქ ვართ და მცხეთის ხინკალი ხომ არ დაგვეგემოვნებინა?
ხინკალი კი კარგი აზრი იყო, მაგრამ საათს რომ დავხედე, სამსახურში დამაგვიანდებოდა და ვიუარე.
_სხვა დროს რომ იყოს? სამსახურში მაგვიანდება._დამნაშავის იერით შევხედე.
_კარგი, რა გაეწყობა._უწადინოდ შემომღიმა._მაშინ, ამ შაბათ კვირას დავგეგმოთ._წინ და წინ დამიჯავშნა სახინკლეში ადგილი._იმ გადარეულ დეიდაშენსაც უთხარი, მე ცუდი თვალით მიყურებს, იქნებ შენ მაინც დაგიჯეროს და დაიყოლიო?
_რა შავმა კატამ გადაირბინა თქვენს შორის?_შეფარვით ვკითხე.
_არ იცი დეიდაშენის ამბავი?_ისეთმა გაკვირვებულმა შემომხედა, ჩემი კითხვის გამო მე თვითონვე შემრცხვა._არ მოვწონვარ, ჩემი ხუმრობები არ მოსწონს და ჩემი ლაპარაკიც ელეთმელეთად ედება. ბოლო დროს კი, დატენილი მაუზერივით მიყურებს.
_კარგი, კარგი, დაველაპარაკები._დავაიმედე._ახლა კი წავიდეთ თორემ, მართლა დამაგვიანდება. ოღონდ, შენ წინ წადი და მე უკან მოგყვები, რადგან გზა მართლა ამებნა.
მართლაც ასე მოვიქეცით, ჯერ შიო გაიჭრა წინ თავისი თეთრი მერანით და მერე მე მივყევი უკან. ხანდახან, როცა ძალიან წინ წავიდოდა და სარკეში ვეღარ დამლანდავდა, სიჩქარეს აგდებდა. ასე შეხმატკბილებულად ვიმგზავრეთ და ასე დამაბრუნა "გზააბნეული ბატი" თბილისში. სამსახურში ნახევარი საათის დაგვიანებით მივედი, მაგრამ საყვედური არავის უთქვია. მთლიანმა დღემაც ექსცესების გარეშე ჩაიარა. მართალია, ბაიას ნათქვამი მოსვენებას არ მაძლევდა, მაგრამ ავადმყოფ ბავშვებს ვერ ვუღალატებდი. მათი გასინჯვის და მკურნალობის დროს მხოლოდ და მხოლოდ მათზე ვფიქრობდი და მთლიანად მათზე ვიყავი გადართული. ის ცალკე მიხარებდა გულს, რომ მძიმე ავადმყოფიც არავინ მოუყვანიათ: უბრალო გაციება, ყელის ტკივილი, ნაწლავური შებერილობები შემაშფოთებელი არა, მაგრამ ყურადსაღები კი იყო.
რამდენჯერმე ბაიამ დამირეკა, მაგრამ არ ვუპასუხე. სამსახურის დასასრულს კი, სახლში რომ უნდა წავსულიყავი. ჩემი მანქანის გვერდით დამიხვდა უჩვეულოდ მოწყენილი. ძალიანაც არ მინდოდა მასთან შეხვედრა, მაგრამ ვერანაირად ვერ ავუქცევდი გვერდს და ვერ დავემალებოდი.
_რამდენს გირეკავ დღეს და რატო არ მპასუხობ?_მისაყვედურა.
_პაციენტები მყავდნენ და მაგიტო._უნიჭოდ ვიცრუე.
ალბათ დააკმაყოფილა ჩემმა პასუხმა. ან, არ უნდოდა ჩამძიებოდა და ნერვები აეშალა.
_როგორ ხარ? დილით ისე გამოვარდი სახლიდან, შემაშფოთე... ვღელავ შენზე... წამოდი, სადმე დავსხდეთ.
_არ მინდა._რომ ვიუარე და გულგრილად შევხედე, შევატყე შეკრთა.
_მისმინე, ამ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი რაც კი გამაჩნია, შენ ხარ. არ მინდა ჩვენს შორის უფსკრული გაჩნდეს და დავშორდეთ. არ მინდა ჩემზე ძვირი გული გქონდეს ჩემი დის გამო... ნუ მიწყენ, მაგრამ ისიც ძვირფასია ჩემთვის. ხალხს ადამიანის კვლას პატიობენ და ქარაფშუტული საქციელი და დაუფიქრებელი შეცდომა საპატიებელი არ არის ვითომ?.. შენ ნუ აპატიებ და ნუ მიიღებ დედად, მე არ გაძალებ, მაგრამ იმის უფლებას ნამდვილად არ მოგცემ, რომ გამიუცხოვდე და ზურგი მაქციო! დედაჩემსაც მე თვითონ ვეტყვი, შენ ნუ დამასწრებ, ოღონდ გარკვეული დრო მჭირდება. მართალია, ძლიერ ქალად მოაქვს თავი და სტალინას ვეძახი, მაგრამ ამ ამბისთვის მასაც შემზადება სჭირდება. არ მინდა პირდაპირ ფაქტის წინაშე დავაყენო... გამიგე, გთხოვ...
_შენი ძალიან კარგად მესმის, მაგრამ მეც გამიგე... თხუთმეტი წელი მის გარეშე ვიცხოვრე. მართალია, შენ იყავი ჩემს გვერდით, მაგრამ მაინც მრავალი დამცირების ატანა მიწევდა მის გამო... მენატრებოდა და გვერდით არ მყავდა. როგორი გასააზრებელი და ასატანია ის ფაქტი, რომ ვიღაც კაცის გამო საკუთარ შვილზე თქვა უარი? როცა პატარა ვიყავი, მაშინ მჭირდებოდა დედა. ახლა კი მის გარეშე ცხოვრებას შევეგუე და შევეჩვიე კიდეც!_საგრძნობლად აცახცახებულ ხელებში მანქანის გასაღებს დავუწყე უაზროდ წვალება.
_არ გეგონოს, რომ გატყუებდე, მესმის შენი. გპირდები, მის შესახებ აღარაფერს გეტყვი, სანამ შენ თვითონ არ მკითხავ არაფერს, ოღონდ ნუ გამიუცხოვდები. ისევ ძველებური ბაია და მარიშკა ვიყოთ. გთხოვ, სადმე წავიდეთ და ვილაპარაკოთ ნებისმიერ თემაზე.
ერთხანს უხმოდ მივჩერებოდი სევდაჩაბუდებულ თვალებში. მისიც ძალიან კარგად მესმოდა, მაგრამ ამ ამბავთან შესაგუებლად მეც დრო მჭირდებოდა. ვფიქრობდი როგორ მეთქვა უარი დღევანდელ საღამოს უიქენდზე, რომ შიოც მოგვადგა თავისი ახალთახალი ლექსუსის ჯიპით.
_ორივე ერთად მოგიხელთეთ?!_გაუხარდა._სპეციალურად რომ დამეგეგმა, იქნებ ვერც კი მომეხერხებინა ასე. აბა, დეიდა-დიშვილი დაეწყეთ სიმაღლის მიხედვით და გამომყევით.
_მეტი საქმე არ მაქვს შენს ბრძანებას დავემორჩილო._უმალ შიოზე გადაერთო ბაია და ჩვეულებისამებრ აეწვერა._შენთვის არ გვცალია.
_აუ, ეს რა ქაჯია რაა!_უკმაყოფილო სახით შემომხედა შიომ._შენ მაინც წამოდი. რამდენი ხანია ერთად აღარ დავმსხდარვართ და არ გვილაპარაკია. ძველი დრო მომენატრა.
მარტო შიოსთან კი არა, არავისთან ლაპარაკის თავი არ მქონდა, მაგრამ დღევანდელი მისი დახმარება რომ გამახსენდა, უმადური და უსინდისო უნდა ვყოფილიყავი, რომ ცივი უარი მეტკიცა. საიდან სად ჩამომაკითხა, ვინ იცის რა საქმე გადადო უკან ჩემს გამო და მასთან ერთად კაფეში ან რესტორანში დაჯდომა და მეგობრული ლაპარაკი რა ტრაგედია იყო ვითომ?
_კარგი, გამოგყვები._რომ დავთანხმდი, გაუხარდა.
_ეს, ალბათ, დილანდელი ამბების გამო, არა?
_და დილას რა მოხდა?_შევატყე როგორ დაიძაბა ბაია.
_ამან არაფერი იცოდა?_გულწრფელად შეწუხდა შიო.
_დილით რა მოხდა-მეთქი._ხმას აუწია ბაიამ.
_ისეთი არაფერი. გაუაზრებლად მცხეთამდე გავედი და გზა ამებნა. შიომ მომაკითხა და ამან დამაბრუნა თბილისში.
_ჯიპიესის შესახებ შენ არაფერი გსმენია?_უარესად გაცხარდა ბაია._რას აფასებინებ ამ გაბღენძილს ამ უტვინო თავს?
_განა ამპარტავანი ბაია ვარ თავი დავიფასო?_ბაიას ცრუ ბრალდება ძალიან ეწყინა შიოს და გაბრაზდა._ახალი მეგობარი გაიჩინე და ძველი დაივიწყე, შენ ვისზე რას ლაპარაკობ?
_რას ბოდიალობ ნეტა ვიცოდე?
_კიდე მე ვბოდიალობ? იმ ვაჟბატონს კაფეშიც კარგად დაჰყვები ყავის საწრუპად და პარკშიც სასეირნოდ...
_შენ რა, მითვალთვალებ?_ახალი სიძლიერით იფეთქა ბაიამ.
_მეტი საქმე არ მაქვს შენ გითვალთვალო... უბრალოდ, შემთხვევით დაგინახეთ ტკბილად რომ ჭუკჭუკებდით. ჩვენთან ერთს არ გაიღიმებ, დაცხვირული და მუდამ უკმაყოფილო ხარ, იმ პიდარასტთან კი ისეთი ლაღი და ბედნიერი იყავი, შემშურდა კიდეც.
_შენ რა გინდა? ცხოვრება ჩემია და ვისაც მინდა იმას შევხვდები, მინდა პიდარასტს და მინდა მანიაკს! შენსავით ჩემს მდივანს და მისნაირ პლორწია გოგოებს კი არ გამოვეკიდები?
_შეხვდი, მერე ვინ გიშლის? უბრალოდ, ძველებს სანაგვეზე ნუ ისვრი!.. წამო, ჯიგარო, მე და შენ სადმე._ახლა მე მომიბრუნდა შიო._ამის ნერვი სად მაქვს ველოლიავო და კაკლები ვუგორო? ელეგანტურად გამოწყობილ თავის რომეოსთან თაფლად იღვრება, აქ კი ბოღმასა და შხამს ანთხევს. ვინც ამას არ წაიყვანს კიდე ცოლად რა.
ბაიას რომ შევხედე, აშკარად სიბრაზისგან იყო გამწვანებული. ცოტაც და იფეთქებდა კიდეც და ბრალი შიოს, მთელი დღის ბოღმასაც მასზე გადმოანთხევდა და მიწასთან გაასწორებდა.
_არ მოგბეზრდათ ეს უაზრო ქიშპი?_სიტუაციის განმუხტვა ვცადე. შერიგდით ახლავე და მართლა წავიდეთ სადმე. ძველი დრო მომენატრა. დღეს ისედაც რთული დღე მქონდა და განტვირთვა არ მაწყენდა._მანქანაში ჩავჯექი და გეზი ჩვენი ამოჩემებული კაფისკენ ავიღე.
სარკეში რომ ჩავიხედე და უკან ადევნებული შიო და მის უკან კი ბაია დავინახე, გამიხარდა. რა ქონდათ ნეტავი ამდენი საჩხუბი და გასაყოფი ყოველ შეხვედრაზე რომ ასე კინკლაობდნენ და ხანჯლავდნენ ერთმანეთს? ნუთუ, ერთმანეთი უყვარდათ და ვერ უმხელდნენ ერთმანეთს? ეჭვიანობდნენ და მიტომ ჭამდნენ ძაღლებივით ერთმანეთს? მანქანა რომ შევაჩერე და გადავედი, კაფში ისე შევედი, შიოსთვის და ბაიასთვის არ მიმიხედია და არც დამიცდია, პირდაპირ შევედი და ცარიელი მაგიდა დავიკავე.
ხუთი წუთის დაგვიანებით შემოვიდნენ აქოჩრილი მამლებივით, როგორც შიო იტყოდა. ალბათ, გარეთაც მოასწრეს წაძიძგილავება, შიგნით კი ჩუმად შემოვიდნენ. შიომ რომ შეკვეთა მისცა, მის მოლოდინში ჩუმად ვისხედით და ერთმანეთს შევყურებდით. ლამაზმა მიმტანმა შეკვეთა რომ მოგვიტანა და წინ დაგვიწყო, მხოლოდ მაშინ ავლაპარაკდით.
_რა ცუდია, წელს შვებულება არ მეკუთვნის, თორემ ხავერდის სეზონი ზღვაზე გაგვეტარებინა._სინანულით ამოვიოხრე._მომწყინდა ამ გავარვარებულ ქალაქში. სული ამომეხუთა.
_რა პრობლემაა მერე?_უმალ გამოცოცხლდა შიო._პარასკევს, სამსახურის მერე წავიდეთ ჩემი მანქანით. ექვსზე რომ გავიდეთ, თერთმეტზე ადგილზე ვიქნებით, წინდაწინ დავჯავშნოთ სასტუმრო. შაბათი -კვირა ზღვაზე ვინებივროთ, საღამოს კი, ისევ დავბრუნდეთ და ორშაბათს მოასწრებ კიდეც შენს სამსახურს. ჰა, როგორი აზრია?_რიგრიგობით შემოგვხედა მეც და ბაიასაც.
_ცუდი აზრი ნამდვილად არ არის._მომეწონა მისი მოწოდებული იდეა._მთავარია, როგორი ამინდი დაგვხვდება იქ.
_მოიცა, ინტერნეტში პროგნოზს მოვიძიებ._გაუხარდა და მართლაც დააძრო ტელეფონი ჯიბიდან._ოჰო, კარგი ამბები მაქვს თქვენთვის. კვირა საღამომდე კაშკაშა მზიანი ამინდებია. მერე კი წვიმებია, მაგრამ ჩვენ უკვე წამოვალთ იქიდან.
_რა კარგია._გამიხარდა._კუპალნიკების ყიდვა მოგვიწევს._ბაიას მივუბრუნდი._მე ვერ განვთავისუფლდები, შენ რომ მოიცალო, შენთვისაც იყიდე და ჩემთვისაც, ვენდობი შენს გემოვნებას.
ძალიან გამიკვირდა, დიდად რომ არ გააპროტესტა და უარი არ თქვა ზღვაზე წამოსვლაზე ცხვირაბზუებულმა დეიდაჩემმა. ალბათ, უფრო იმის გამო, რომ დედაჩემზე გაბრაზებული სხვა რამეზე გადავერთვებოდი. ეგ კი არა, ყავის წრუპვის პარალელურად დავგეგმეთ კიდეც გამგზავრება. სასტუმროში ორი ნომერიც დავჯავშნეთ პარასკევს საღამოსთვის ორი დღით. მოკლეთ, ყველა დეტალი გულდასმით განვიხილეთ. მე ხომ მიკვირდა ბაიას თანხმობა და შიოს უარესად. თან, ეტყობოდა, რომ უხაროდა კიდეც.
********************
პარასკევს სამსახურიდან შედარებით ადრე განვთავისუფლდი და ზღვაზე წასასვლელად დავიწყე მზადება. მართალია წინა საღამოს ჩავილაგე ტანსაცმელი, მაგისთვის დრო რომ არ დამეკარგა, სალონშიც წინდაწინ ჩავეწერე ფრჩხილებისა და წარბების მოსაწესრიგებლად, მაგრამ მაინც შემაგვიანდა ცოტა. დათქმულ დროს შიომ რომ მოგვაკითხა მე და დეიდას, ნახევარი საათით გადავამეტეთ. ასეთი გახარებული შიო კარგა ხანი იყო რაც აღარ მენახა. მთელი გზა ენა არ გაუჩერებია და გვარიანად მაკისკისებდა. მართალია ბაია აღარ ეჩხუბებოდა და ყველა სიტყვაზე აღარ ეკიდებოდა მეგობარს, მაგრამ არც მის ხუმრობებზე რეაგირებდა. თავისთვის კუთხეში იყო მიყუჟული, ალბათ შიოს თვალებს რომ დაჰმალვოდა, რომელიც უკანა ხედვის სარკიდან ცდილობდა მის დანახვად. თავის ფიქრებში ჩაძირულს ყურსასმენები ქონდა მორგებული და თვალებმინაბული გაუნძრევლად იჯდა.
გზად სწრაფი კვების ობიექტში შევიარეთ, წავიხემსეთ და ისევ განვაგრძეთ გზა. თორმეტი ხდებოდა ბათუმში რომ ჩავედით და ჩვენ ჩვენს ნომრებში მოვეწყეთ. შიოს ოთახი ჩვენი ოთახის პირისპირ იყო. ასე უფრო იმედიანად და დაცულად ვგრძნობდი თითქოს თავს. მგზავრობით გადაღლილს ისე ტკბილად ჩამეძინა, დილამდე ჩვილი ბავშვივით უდარდელად მეძინა. დილით კი სასტუმროს სასადილოშივე ვისაუზმეთ და ბულვარში გავედით სასეირნოდ, სადაც იმდენი ხალხი ირეოდა, ტევა აღარ იყო. იქიდან კი სანაპიროზე გავედით. ბაიამ სარაფანი რომ გაიხადა და ფორთოხლისფერ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი სოლარიუმში გარუჯული უზადო სხეული გამოამზეურა, ჩემს თვალს არ გამოჰპარვია ის წამიერი კმაყოფილი მზერა, რა მზერითაც შიომ შეათვალიერა თავიდან ფეხებამდე. დავრწმუნდი, რომ ამ ორ მამლაყინწას ერთმანეთი მოსწონდათ, მაგრამ მარტო ერთმანეთს კი არა, საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდნენ.
ბაია ამაყი და მოხდენილი ნაბიჯებით რომ გაეშურა ზღვისკენ, შიომაც უმალ გაიძრო შორტები და მაისური, შეზლონგზე დაუდევრად მიყარა და ისიც ზღვისკენ გაეშურა. დავინახე რამოდენიმე გოგომ თვალი რომ გააყოლა სპორტული აღნაგობის ბიჭს, მაგრამ მას იმ გოგოებისთვის სულაც არ სცხელოდა. მართალია, ბაიასგან მოშორებით შეცურა, მაგრამ შორიდან უთვალთვალებდა ზღვის ტალღებზე ნებიერად მოლივლივე ქალს. ალბათ, ბაიაც გრძნობდა და მის გასაღიზიანებლად ისე იქცეოდა, ვითომ ვერც კი ამჩნევდა ლამის ორმეტრიან დაკუნთულ ვაჟს.
მეც გავიხადე ტანსაცმელი და ზღვაში შევედი. არ მოვიტყუები და არ ვიტყვი, რომ ბაიასავით პროფესიონალი მოცურავე ვარ-მეთქი, მაგრამ არც მთლად ცურვის უცოდინარი ვიყავი. იმდენი მაინც შემეძლო, რომ მაშველები არ დამჭირდებოდნენ, თუ ღრმად შევცურავდი ზღვაში. ერთხანს ნაპირშივე ვიჭყუმპალავე, ბაია რომ შორს შეცურდა, მე ვეღარ გავბე გავყოლოდი და საერთოდ ამოვედი ზღვიდან. შეზლონგზე გულაღმა გადავწექი რუჯის მისაღებად.
კარგა ხანს ვიწექი მცხუნვარე მზეზე და ვირუჯებოდი. (მართალია, ჩემი გარუჯვა ხშირ შემთხვევაში კანის გადაძრობით და შემდეგ მაწონის წასმით მთავრდება, რადგან მამაჩემის გენეტიკით ფითქინა თეთრი ვარ და მხოლოდ და მხოლოდ ვიწვები და ჭარხალივით ვწითლდები, რის გამოც შიო მაწონას მეძახის,) მაგრამ მაინც ვცდილობდი ზაფხულის მზეს ოდნავ მაინც შეეცვალა ჩემთვის კანის ფერი. ასე ვთქვათ, გმირულად ვიტანდი მზის მცხუნვარებას. რომ ვიდროვე და მივხვდი, ამაზე მეტი უკვე მართლა დამწვავდა და ამიქერცლავდა კანს, ახლა გულაღმა გავიშოტე ზურგის დასაწველად. სულ მალე კი ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად არ წამოვმჯდარვარ და არ გამიხედია ვინ მომჩერებოდა ისე დაჟინებით, რომ მთელს ტანზე თითქოს ჭიანჭველების შემოსევას ვგრძნობდი. ცოტა ხანში, ჩრდილიც კი წამომადგა და მაშინ კი ვინებე შემეთვალიერებინა ჩემი მოთვალთვალე. ფეხებიდან ავაყოლე მზერა და შავ საცურაო ტრუსებში გამოწყობილი გაღიმებული უჩა შემრჩა ხელთ.
_უჩა? შენ აქ საიდან?_გაოცებული წამოვჯექი და თან იმ მიმართულებით გავაპარე მზერა, სადაც ბაია მეგულებოდა.
_ვიფიქრე, შაბათ-კვირას ზღვაზე დასვენების დღეებს მოვიწყობდი, ახლობელმა დამპატიჟა ქობულეთში და მინდოდა შენ და დეიდაშენიც წამომეყვანეთ, მაგრამ რომ დავურეკე, ასე მითხრა, ჩვენ უკვე აქ ვართო. ვიფიქრე, მატყუებდა, თუმცა შევცდი და ვაღიარებ, მიხარია ასე რომ მოხდა. თავისთავად დაიგეგმა ჩვენი ერთად ყოფნა ზღვაზე.
დეიდაჩემი მაგარ შარში იყო. ბავშვობის სიყვარული და ახლად გამომცხვარი მისი ფულიანი თაყვანისმცემელი ერთმანეთს კონკურენციას გაუწევდნენ ვითომ ამ გადარეული ქალის საბოლოოდ მოსახიბლად და მოსარჯულებლად? მის ადგილზე წუთიერად წარმოვიდგინე თავი და გულწრფელად შემეცოდა. ახლა, შიო რომ დაინახავდა ამას, ის ხომ მთლად გადაირეოდა? ისედაც პარკში სეირნობისა და კაფეში დაჯდომის გამო სკდებოდა გულზე და ეჭვიანობდა. პლიაჟზე რაღას იზავდა?
_დღეს მოხვედი?_ხელი თვალებზე მოვიჩრდილე და ისე შევხედე, რადგან მზე პირდაპირ სახეში მცემდა._სად დაბინავდი?
ის სასტუმრო რომ მითხრა, რომელშიც ჩვენ ვიყავით, უარესად ავფორიაქდი. ეს უკვე მეტისმეტი იყო.
_ბაია ზღვაშია?_ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა რა როგორ იყო, მაგრამ გამოცდას მიწყობდა სიმართლეს ვეტყოდი თუ არა.
_ზღვაში კი იყო, მაგრამ მერე ცივი სასმელების მოსატანად აპირებდა წასვლას. ნამდვილად არ ვიცი წავიდა თუ არა._დამაჯერებლად ვიცრუე.
_აგერ ისიც._პატარა ბავშვივით აღტკინებულმა წამოიძახა და წყლიდან ამოსულ დეიდაჩემს თვალმოუშორებლად მიაშტერდა ბედნიერი და კმაყოფილი ღიმილით.
ბაიამ ჩვენსკენ რომ გამოიხედა და ჩემს გვერდით უჩა დაინახა, საპასუხოდ გაუღიმა. გამოდის, უჩას აქ მოსვლა მისი სატანური გეგმის ნაწილი იყო, რათა შიო გაეხეთქა გულზე ეჭვიანობით. მეც არ გამიკვირდა რა ადვილად გასთანხმდა შიოს ზღვაზე წამოსვლაზე-მეთქი?
როგორც ყოველთვის, ბაია რომ მოგვიახლოვდა და უჩას ხელი ჩამოართვა, ამ უკანასკნელმა გრაციოზულად აკოცა გამოწვდილ ხელზე. ნამდვილი ჯენტლმენი იყო, ვერაფერს დაუწუნებდი. შიოს კი არ მოსწონდა, პიდარასტად მოიხსენიებდა, მაგრამ ალბათ ფიქრობდა, რომ მის კონკურენციას ვერ გაუძლებდა და ამგვარი ეპითეტებით აპირებდა ბაიას თვალში მის შემკობას.
_ცივ სასმელებზე მე გეპატიჟებით._ეს წინადადება დამთავრებული არ ქონდა უჩას, რომ სიხარულით დასთანხმდა აშკარად გამხიარულებული დეიდაჩემი.
_იმ ქოლგის ქვეშ დავსხდეთ._მაგიდაზე და სკამებზე გვანიშნა.
თავიდან ვერ მივხვდი იქით რა უნდოდა, როცა აქეთაც იყო ისეთივე ქოლგა, მაგიდა და სკამები. გვიან შევნიშნე იმ ხარეს წყალში მოცურავე შიო და უმალ გამინათდა გონება. მართლაც მის საეჭვიანებლად იყენებდა ამ ზრდილობიან და თავაზიან მამაკაცს.
მე და ბაია ქოლგის ქვეშ რომ ჩამოვსხედით სკამებზე, უჩა სასმლის მოსატანად წავიდა.
_ამ კაცს იყენებ არა?_წყენით ვკითხე და ინტერესით მივაჩერდი.
_რას ქვია ვიყენებ?_გაიოცა._რამოდენიმე დღის წინ შენ არ მიმტკიცებდი, არაჩვეულებრივი კაცია და ხელიდან ნუ გაუშვებო? ახლა რა მოხდა ვითომ?
_ახლა ის მოხდა, რომ მივხვდი ვინც გიყვარს და ვის საეჭვიანებლადაც გინდა გამოიყენო. თექვსმეტი წლის ეჭვიანი გოგოსავით იქცევი. ამხელა ქალს არ შეგშვენის ეგ სულელური რაღაცეები.
გაოცებულმა შემომხედა.
_ხო, რა იყო? ვიცი რომ შიო გიყვარს. ამ კაცს რაღატო აძლევ ფუჭ იმედებს?
_შიო მიყვარს?_ნაძალადევი უდარდელობით გადაიკისკისა._ფანტაზიას არაუშავს, მდიდარი გქონია.
_რაც არ უნდა მალო და ფარო, მაინც გეტყობა, რომ იმ "ქაფჩით შეღონებულზე" ყურებამდე ხარ შეყვარებული.
_საიდან რა მოიტანე ნეტა? ვერ ხედავ ძაღლი და კატასავით ვართ. ვერ ვიტანთ ერთმანეთს და სულ ვჩხუბობთ.
_ზუსტადაც, თქვენი ჩხუბი შეყვარებულების კინკლაობაა. ერთმანეთს აეჭვიანებთ. იმის აღიარება არც ერთს და არც მეორეს არ გინდათ, რომ გიჟდებით ერთმანეთზე...
_ერთმანეთზე ვგიჟდებით? შიოს ვუყვარვარ ვითომ?_უცბად დასერიოზულდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ამ კითხვით თავი გაიყიდა და ისევ მოიღრუბლა._სისულელეების ლაპარაკს მოეშვი. მე მომწონს უჩა. თავის დროზე შენც მოგეწონა. დარწმუნებული ვარ, დედაჩემსაც მოეწონება. ასაკიც ისეთი მაქვს, დროა მგონი დაოჯახებაზე ვიფიქრო...
_იმის გამო, რომ გათხოვების ასაკმა მოგიწია და არიქა შინაბერა არ დარჩე, ისეთ პიროვნებას გაყვები ცოლად ვინც არ გიყვარს?
_გაჩუმდი, უჩა მოდის და არაფერი გააგებინო!_მკაცრად გამაფრთხილა.
_მე კი გავჩუმდები, მაგრამ შენს გულში ჩაბუდებული სიყვარული გაჩუმდება?_ბილო სიტყვა მაინც ჩემი იყო და მივხვდი, რომ დააფიქრა ჩემი ქაჯანა დეიდა.
უჩამ ლანგარზე დალაგებული სამი ლიმონჩამოცმული ჭიქა მოიტანა, რომლებშიც ოდნავ ამღვრეული უფერული სითხე იდგა.
_არ ვიცი აქ როგორ დაიკირის ამზადებენ მაგრამ, ზოგადად კარგი სასმელია. იმედია მოგეწონებათ და თავს არ შევირცხვენ.
_ალკოჰოლური სასმელია?_დამაინტერესა.
_რომის, ლაიმის წვენისა და შაქრისგან ამზადებენ. ძლიერი არ არის, კოქტეილია, მაგრამ რაღაც დოზით მაინც არის ალკოჰოლი შიგ.
ინტერესის გამო გადავწვდი ჭიქას და ერთი ყლუპი მოვსვი დეგუსტატორივით დასაგემოვნებლად. მომეწონა, კარგი დასალევი იყო, ამიტომ ნება-ნება მოვწრუპე. თან ცივი იყო და მესიამოვნა. ალკოჰოლიც ნაკლები დოზით ქონდა და კარგ ხასიათზე დამაყენა.
უჩა რაღაც სასაცილო ამბავს ყვებოდა, ბაია გულიანად კისკისებდა შიო რომ ამოვიდა ზღვიდან და ჩვენსკენ გამოეშურა. შორიდანვე ემჩნეოდა ალეწილი სახე, რაც ბაიას გვერდით უჩას გამოჩენამ გამოიწვია აშკარად. უჩამაც ეჭვით შეათვალიერა სიმპატიური და მშვენიერი აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი. სალამი ღვთისააო და მგონი მაგიტომ უფრო მიესალმნენ ერთმანეთს, თორემ, აშკარად არ ეპიტნავებოდათ ერთმანეთი.
_თქვენ ერთმანეთს არ იცნობთ არა?_კეკლუცად შეჰღიმა ბაიამ ორივე მამაკაცს._ეს შიოა, ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი. ეს კი._ჯერი უჩაზე რომ მიდგა მაცდურად გაინაზა ბაია._ჩემი მეგობარია უჩა.
სასიამოვნოაო არც ერთს არ უთქვია. არც ხელი ჩამოურთმევიათ ერთმანეთისთვის. შიოს რომ შევხედე, სიბრაზისგან ყვრიმალის ძვლებს ნათლად ამოძრავებდა ყბების ძლიერი მოჭერით. უხერხული დუმილი რომ ჩამოწვა, რომლის ფონზეც ხარებივით დაბღვეტილები უმზერდნენ ერთმანეთს უცნობი მამაკაცები, ბაია ფეხზე წამოდგა.
_არაჩვეულებრივი სასმელი იყო ეს შენი ნაქები დაიკირი. სიამოვნებით გავიმეორებდი ისევ. შენც დალევ?_მე მომიბრუნდა. უარი რომ ვუთხარი, ახლა უჩას მიუბრუნდა._წამოდი, ჩვენ დავლიოთ.
უჩაც სიხარულით წამოდგა ფეხზე და სასმელის საყიდლად გვერდი-გვერდ გაეშურნენ.
შიომ ისეთი მზერა გააყოლა უჩას, რომ აშკარად მისი ცემა უნდოდა. ამ შემთხვევაში ვეთანხმებოდი და პლიუს, ბაიასაც მივაყოლებდი ზედ, შიოს გასაღიზიანებლად კეკლუცად რომ უღიმოდა უჩას.
ბაიამ და უჩამ რომ დაიგვიანეს, აშკარად ანერვიულდა და ერთ ადგილზე აწრიალდა საცოდავი შიო. ადვილი ხომ არ იყო ეჭვიანობა?
_უალკოჰოლო გამაგრილებელი რაიმე სასმელი გინდა?_ფეხზე წამოხტა შიო და თან ისეთი ხმით შემომთავაზა და ისეთი თვალებით შემომხედა, რომ აშკარად თანხმობას ელოდა ჩემგან, სხვა პასუხს არც მიიღებდა და მეც სიამოვნებით დავთანხმდი, მინდა-მეთქი.
გზად თავის ტანსაცმელისკენ გაიარა, სახელდახელოდ ამოიცვა და ისე წავიდა იმ მიმართულებით, სადაც კარგა ხნის წინ უჩა და ბაია გაუჩინარდნენ.
შიომაც კარგა გვარიანად დაიგვიანა. წარმოვიდგინე, ეჭვიანობის გამო მესამე მსოფლიო ომს რომ მოაწყობდა შიო და გამაკანკალა. პირველ რიგში ბაია იყო საცემი, რას აგიჟებდა ორივე მამაკაცს? ვინც უყვარდა დარჩენილიყო იმასთან, ვითომ ასე ძალიან ეშინოდა დედის და მის სიტყვებს ითვალისწინებდა? ავფორიაქდი და ავწრიალდი. მეც ჩემი ტანსაცმლისკენ წავედი და გადავიცვი. მათ მოსაძებნად ვაპირებდი წასვლას, რომ შიოც გამოჩნდა ჩემთვის რედბულის ჩაციებული ქილით და თავისთვის ნატახტარის ლუდით ხელში. ერთხანს უხმოდ მივირთმევდით ცივ სასმელს. მერე როგორც იქნა შიომ წამოიწყო ლაპარაკი.
_დეიდაშენს ის ახვარი მართლა მოსწონს?_ თან ისეთი თვალებით მომაჩერდა, მზერა ვერ გავუსწორე._სერიოზულადაა მათ შორის საქმე?
_არ ვიცი, არმგონია, უბრალოდ ახალი მეგობარია.
_უბრალო მეგობრებს მასე გამომწვევად ეკეკლუცება? იმან ზედმეტი რომ კადროს, ჩემი წერა უნდა გახდეს. მე მყავხართ ჩაბარებულები, მამაშენმა მანდო თქვენი თავი და იმედები გავუცრუო? დაურეკე და კითხე, სად წავიდა.
_ტელეფონი ტანსაცმელთან ერთად აქ დაუტოვებია, წეღან ვნახე... შორს არსად წავიდოდა, ნუ რელავ._მისი დამშვიდება ვცადე, თუმცა მეც სიბრაზე მერეოდა მისი ამ უპასუხისმგებლო საქციელის გამო. თან, საცურაო კოსტიუმის ამარა რას დატანტალებდა? მერე რა, რომ ზღვაზე ვიყავით?
გვიანობამდე ვისხედით მე და შიო პლიაჟზე და ბაიას გამოჩენას ველოდით. შიოსი რა ვთქვა, მაგრამ მე პირადად ისე ვბრაზდებოდი იმ ქალბატონზე, არ დავინდობდი და თმებით ვითრევდი, რომ გამოჩენილიყო. მზის ჩასვლას სანაპიროზე უღიმღამოდ ვადევნებდით თვალყურს. მერე, დეიდაჩემის ნივთები წამოვკრიფე და სასტუმროში დავბრუნდით, იქნებ დაბრუნდა და იქ არის-მეთქი, მაგრამ ბაია არც იქ დაგვიხვდა. მაშინ ფოიეში დავსხედით და დაველოდეთ მათ გამოჩენას.
ახალი შებინდებული იყო, რომ დაბრუნდნენ. ბაიას გამჭვირვალე თხელი შარფი შემოეხვივნა ნახევრად შიშველ ლამაზ სხეულზე და ბერძნულ მითოლოგიუს ქალღმერთს გავდა. იეჭვიანებდა ეს ბიჭი მაშ რა იქნებოდა? მითუმეტეს რომ ხელში წითელი ვარდი ეჭირა და მორცხვად ყნოსავდა. უჩამ ზრდილობიანად შემოატარა ფოიეს კარებში ბაია და მერე თვითონაც ღიმილით მოყვა უკან. მას მაინც ეცვა პალმებით დამშვენებული თეთრი შორტები და ლურჯი პერანგი. მე და შიო იქ მომლოდინეები რომ დაგვინახეს ჯერ გაოცდნენ, მაგრამ არაფერი შეიმჩნიეს და პირდაპირ ჩვენსკენ გამოეშურნენ.
_სანაპიროზე მზის ჩასვლა საოცარი სანახავი ყოფილა._ისევ და ისევ შიოს გასაგონად და გასაღიზიანებლად მითხრა ბაიამ და გვერდით აღფრთოვანებული მომიჯდა, თან წითელ ვარდს გამოცდილი ტორეადორივით უფრიალებდა კორიდის გამძვინვარებულ ხარს. ოღონდ ხარის როლს ამ სიტუაციაში გაბრაზებული შიო ასრულებდა, რომელიც ჩაწითლებულ-ჩასისხლიანებული თვალებით მისჩერებოდა ამ ალამივით აფრიალებულ წითელ ვარდს.
ბაია აღტაცებული მიყვებოდა ყოველ წვრილმანს თუ სად და როგორ გაისეირნეს მან და უჩამ. კმაყოფილი იყო დღევანდელი დღით. რას მელაპარაკებოდა კი ნახევარზე მეტი არ მესმოდა, რადგან შიოს მივჩერებოდი და მთელი სულით და გულით ვუთანაგრძნობდი. აქამდე თუ უჩასკენ ვიხრებოდი და ის მომწონდა ბაიასთვის, მას მერე რაც შევნიშნე რომ ერთმანეთი უყვარდათ და უბრალო ჯინიანობით და პრინციპულობით სტანჯავდნენ ერთმანეთს, შიოს მხარეზე ვიყავი. არ მგონია ბებიას დიდად გაეგიჟებინა თავი, თუ მსი უმცროსი შვილი უსწავლელ მაგრამ უაღრესად კარგ პიროვნებას დაუკავშირებდა თავის ცხოვრებას.
როდის-როდის, ღიმილით დაგვემშვიდობა უჩა სამივეს, განსაკუთრებით ბაიას, რომელმაც ისევ და ისევ შიოს გასაღიზიანებლად ჰაეროვანი კოცნაც კი გაუგზავნა ამ მაჩოს. კაცი წავიდა თუ არა, შიომაც იფეთქა ატომური ბომბივით.
_სად იყავი?
_რა შენი საქმეა? როდიდან გაბარებ აჩოტებს?_აგდებით კითხა ბაიამ და არეულ თვალებში დაჟინებით მიაშტერდა.
_რამდენს გეძებდით მე და მარიშკა...
_მერე და რას მეძებდით?_გაიოცა._პატარა ვარ და გზა ამებნეოდა?
_დედაშენმა მე ჩამაბარა შენი თავი და სანამ აქ ხარ, კეთილი ინებე და მე დამემორჩილე.
_მეტი საქმე არ მაქვს._ისევ აგდებით მიუგო ბაიამ და ფეხზე წამოდგა, ალბათ ნომერში აპირებდა ასვლას.
_მოგიწევს დამემორჩილო!_შიოც წამოხტა და მკლავზე სტაცა ხელი.
_გამიშვი ველურო, მეტკინა!_ხმამაღლა უკივლა ბაიამ და გარშემომყოფების ყურადღებაც მივიქციეთ.
_აღარ დაგინახო მაგ კაცთან გავლილი!_დავინახე რომ უფრო ძლიერად მოუჭირა მკლავზე თითები.
_ვინ გგონია შენი თავი, რა უფლებით მიშლი მასთან შეხვედრას?_გრძელი ფრჩხილები ისე ჩაასო ბიჭს ხორცში, რომ ეს საცოდავი იძულებული გახდა გაეშვა.
(გაგრძელება იქნება)



№1 სტუმარი სტუმარი მაკა

თანდათან უფრო მომწონს რაღაც ეს უჩა დამევასა ისე საინტერესოა ❤❤❤❤მე შენი ყველა მოთხრობა მომწონს❤❤❤❤მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი მაკა
თანდათან უფრო მომწონს რაღაც ეს უჩა დამევასა ისე საინტერესოა ❤❤❤❤მე შენი ყველა მოთხრობა მომწონს❤❤❤❤მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

მადლობა ძვორფადო. ❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ნელ ნელა იხსნება კარტები, იმედია შიო ეტყვის თავის გრძნობებზე და ბაიაც სწორგადასწყვეტილებას მიიღებს, არ მომწონს უჩა მგონი ყალბი ტიპია, მარიშკას რაც შეეხება ძალიან მაინტერესებს მისი ცხოვრება როგორ გამვითარდება, მოკლედ გელი მოუთმენლად ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

ablabudaa
ნელ ნელა იხსნება კარტები, იმედია შიო ეტყვის თავის გრძნობებზე და ბაიაც სწორგადასწყვეტილებას მიიღებს, არ მომწონს უჩა მგონი ყალბი ტიპია, მარიშკას რაც შეეხება ძალიან მაინტერესებს მისი ცხოვრება როგორ გამვითარდება, მოკლედ გელი მოუთმენლად ❤️❤️❤️

❤️❤️❤️❤️❤️❤️????
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent