შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი (4 თავი)


16-07-2021, 12:26
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 2 424

შევჩერდი და მოვლენების განვითარებას დაველოდე, თუმცა ბაიამ მალევე მომკრა თვალი და ახლა კი ნამდვილად გულწრფელი ღიმილით გადაებადრა ლამაზი სახე. გახარებული ფეხზეც კი წამოხტა მკვირცხლად.
_მარიშკა, გოგო?! შენ აქ საიდან?_ისეთი გაოცებით მკითხა, თითქოს თვითონ არ დავებარებინე ზუსტად აქ და ზუსტად ამ დროს.
_რა ვიცი, ვიფიქრე ცოტას გავისეირნებდი._ძლივს მოვახერხე ჩემი კოჭლი ტყუილის თქმა და მივხვდი, რომ გავწითლდი.
_ეს ჩემი დიშვილია._უცნობ მამაკაცს გააცნო ჩემი თავი._ეს კი, უჩაა, ჩემი... ჩემი მეგობარი._ენის ბორძიკით ძლივ გამაცნო თაყვანისმცემელი.
_სასიამოვნოა._უჩამ მეც ხელზე მაკოცა ხელის ჩამორთმევისას და ისე შემომღიმა, დავიბენი და უარესად გავწითლდი.
ბაიამ ხელი მომკიდა და სკამზე კი არ ჩამომსვა, დამახეთქა. თვითონაც გვერდით მომიჯდა.
_როგორ ხარ გოგო, არ იტყვი?_თითქოს წლების უნახავი ვყოლოდი და ჩემს შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.
_არამიშავს. შენ რას შვრები?_მეც ავყევი ამ ფარისევლურ თამაშში, თუმცა თვითონვე ვგრძნობდი, რომ ყალბი ვიყავი.
_რა ვიცი, მეც არამიშავს. გადატვირთული სამსახურის მერე განტვირთვა განვიზრახე და აი, მხედავ კიდეც...
_ისე, კაფეში ხომ არ დავმსხდარიყავით?_უჩამ ჯერ მე და მერე ბაიას მიაპყრო ინტერესით სავსე მზერა.
_უცნობებთან კაფეში არ ვჯდები._თავისებური სისულელე რომ წამოაყრანტალა ბაიამ, უჩას გაეღიმა და თვალი მომჭრა მისმა ჰოლივუდის ღიმილმა.
_ხო და მგონი დროა ერთად დავსხდეთ და გავიცნოთ ერთმანეთი. შენი დიშვილიც წამოვიდეს, უფრო კარგად გავეცნობით ერთმანეთს.
ბაიას რომ შევხედე, მივხვდი, კიდევ რაღაც სასწაულს წამოაყრანტალებდა და უჩას უჩუმრად მუჯლუგუნი წავკარი, თან თვალები დავუბრიალე.
_კარგი აზრია, დღეს ყავა არ დამილევია._ვიცრუე და ფეხზე წამოვდექი.
ბაია უწადინოდ წამოიზლაზნა. უჩამაც შეატყო ეს და მაშინვე ვარიანტები შემოგვთავაზა.
_გზის მეორე მხარეს კარგი კაფეა, უგემრიელეს კაპუჩინოს ამზადებენ. თუ წინააღმდეგები ხართ, სადაც მეტყვით იქ წავიდეთ.
_აქ მივიდეთ, წინააღმდეგები არ ვართ._ბაიამ ხელკავი გამომდო და ნაცემი ლეკვივით წამათრია ახლომდებარე კაფისაკენ.
უჩაც ფეხდაფეხ მოგვყვა.
_შენებურად ნუ გიჟობ და ნუ ფხუკიანობ._ისე რომ უჩას არ გაეგო, დაბალი ხმით ვუჩურჩულე. თან, გემოზე ვუჩქმინტე მკლავზე.
_მეტკინა სულელო._მუჯლუგუნი გამკრა._ამას ის ვათქმევინო, ჩემს ჭკუაზე ვათამაშებო? წინდაწინ იცოდეს, რომ ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი. უნდა? დარჩეს ჩემთან, არა და გზა დიდია.
ამასობაში კი ქუჩაც გადავჭერით. ჯერ მე და ბაია შეგვატარა ზრდილობიანმა უჩამ ჩემთვის უცნობ კაფეში და მერე კი თვითონაც უკან მოგვყვა. თავისუფალი მაგიდა ძლივს შევნიშნეთ, რადგან უამრავი ხალხი სტუმრობდა იმ ადგილს. ალბათ, მართლაც გემრიელ კაპუჩინოს ამზადებდნენ და კლიენტთა სიმცირეს მიტომაც არ უჩიოდნენ კაფის მეპატრონეები.
უჩა და ბაია ერთმანეთის პირისპირ ჩამოსხდნენ. მე კი, მესამე გვერდიდან მივუჯექი მაგიდას. მართლაც რომ მურმანის ეკალივით ვიყავი. უჩას აშკარად ეტყობოდა, რომ მოსწონდა დეიდაჩემი. ალბათ, უმაღლესი აღზრდის დამსახურება იყო, რომ მე ხელისშემშლელ ფაქტორად არ აღმიქვამდა და არაფერს მაგრძნობინებდა. მეც გულთბილად, ზრდილობიანად და ღიმილით მესაუბრებოდა.
რას უწუნებდა ბაია ამ მშვენიერ და ზრდილობიან მამაკაცს, მართლა ვერ ვხვდებოდი. მარტო ბებიას კი არა, დარწმუნებული ვარ, მთელს სამეზობლოს თუ სანათესაოს ყველას მოხიბლავდა ეს არისტოკრატი მამაკაცი.
უჩამ კაპუჩინო, შოკოლადი და ხილის ასორტი შეუკვეთა. ფულის დახარჯვასაც კი არ ერიდებოდა ბაიას გამო და ეს კი მაინც ცხვირაბზუებული იჯდა და ისეთ შთაბეჭდილებას მიქმნიდა, რომ ერთი სული ქონდა სახლში გაქცეულიყო. უნდა ვაღიარო რომ ძალიან მომეწონა ეს კაცი. საუბარიც გაწონასწორებული ქონდა. ზრდილობის და თავაზიანობის ეტალონი იყო. ზედმიწევნით იცოდა, რა სიამოვნებდა ქალს და რა არა. ნემსის ყუნწში ძვრებოდა, ოღონდაც ამ გადარეულ ბაიასთვის მოეწონებინა თავი, მაგრამ ეს ქაჯი მაინც ამრეზით უყურებდა.
მართალია, მე მომეწონა და ძალიან კარგ დროსაც ვატარებდით ერთად, მაგრამ გადარეულმა დეიდაჩემმა მალე ისურვა სახლში წასვლა და სულ რაღაც ერთ საათში დავემშვიდობეთ კიდეც უჩას.
_ჩემს სამსახურში გამიყვანე, მანქანა იქ დავტოვე და ტაქსით მოვედი აქ._უჩას რომ დავემშვიდობეთ, მაშინ გამომიცხადა ბაიამ და ჩემი მანქანის სალონში გემრიელად მოკალათდა.
_გოგო, შენ სრულ ჭკუაზე ხარ?_ვუსაყვედურე._რა კარგი კაცია და რატო იხევ უკან? მაგაზე კარგს ნახავ ვითომ სადმე? განათლებული ჩანს, კარგად აღზრდილია, ნაღდი არისტოკრატივით ეჭირა თავი. ზრდილობიანი, თავაზიანი და რაც მთავარია სიმპატიური. ეტყობა არც უფულობას უჩივის...
_ხო, მაგრამ ჩემს გემოვნებაში არ ჯდება._ღვედი შეიკრა და ხელით მანიშნა, წადიო.
_ნეტა, ის პიროვნება მაჩვენა, ვის გამოც ამ კაცზე ამბობ უარს. ღირს მაინც?
_წინ იყურე რაა!_უკმაყოფილო ტონით რომ შემიბუხუნა, გამებრაზა. თუმცა მისი რჩევა ნამდვილად გასათვალისწინებელი იყო, რადგან ისე იყო ქუჩა გადაჭედილი, უყურადღებოდ რომ ვყოფილიყავი, ან ვიღაცას შევასკდებოდი, ან პირიქით, ვიღაც მე შემასკდებოდა.
მის სამსახურამდე ისეთი სახით იჯდა, საყვედურების თქმის სურვილს სულ მიკარგავდა. სადგომზე, სადაც მისი მანქანა იდგა, მის უკან თეთრი ლექსუსის ჯიპი ისე იყო გაჩერებული, რომ ბაიას თავისი მანქანის გამოყვანა გაუჭირდებოდა. უჩასთან შეხვედრით ისედაც გუნებაწამხდარი დეიდაჩემი ამის დანახვაზე წესიერად არც კი მქონდა მანქანა გაჩერებული, რომ გაცეცხლებული გადახტა.
_ვისია ეს ჯართი?_მკაცრი ხმით ჰკითხა შორიახლოს მდგარ მამაკაცს, რომელმაც მხრები უაზროდ აიჩეჩა, არ ვიციო.
მაშინ ბაია იმ მანქანას მივარდა და კარს დაეჯაჯგურა. გამიკვირდა, ღია რომ დახვდა. ელვისუსწრაფესად ჩახტა შიგ. ალბათ გასაღებს დაუწყო ძებნა, მაგრამ რომ ვერ იპოვა, გაბმული სიგნალი მისცა. ამასობაში კი მეც გადავედი მანქანიდან. სულ მალე კი, ოფისის შენობიდან შიო გამოვარდა დაფეთებული, რომელსაც ბაიას ახალგაზრდა მდივანი მოყვებოდა უკან შეშფოთებული სახით. ბაიამ ესენი ერთად რომ დაინახა, შევატყე რომ უარესად აიშალა ისტერიკა.
_განა არა, მივხვდი, რომ ეს გადარეული იქნებოდა._ჩემს გასაგონად თქვა შიომ და ბაია ლამის ძალით გადმოათრია მანქანიდან._რა გჭირს გოგო?
_როგორ თუ რა?! ეს არის გაჩერება შე დედააფეთქებულო? შენი პრავის მომცემის დედაც!
მართალია, გინება არ დაუბოლოვებია , მაგრამ მაინც შემრცხვა მის მაგივრად.
_გადააყენე შენი ჯართი სანამ დაგილეწე!
_რამ გაგაცეცხლა ასე?_გაოცდა შიო._ვიფიქრე, ჩემი ახალი მანქანის დასასველებლად ბარში წავიდოდით...
_ესე იგი, მანქანა მართლა შეცვალე?_ბაიას ახალგაზრდა მდივანმა დიდი ინტერესით და მცოდნესავით შემოუარა შიოს მანქანას._ლექსუსია?_თან თვალები აუჟუჟუნა ბიჭს.
ახლა ამაზე გაგიჟდა ისედაც გაგიჟებული ბაია.
_ლექსოსი არა კვახი, ჩემია._თავისებურად რომ გაიღრიჭა შიო, გამეღიმა, თუმცა ბაიას რომ შევხედე, ისეთი სახე ქონდა, ეს ღიმილი ისე შემეყინა სახეზე, ტაომაც კი დამაყარა მთელს სხეულზე.
_არ მოგბეზრდა ეს იაფფასიანი და უაზრო ხუმრობები?! მორჩი ღლაბუცს და გადააყენე შენი ჯართი, სახლში უნდა წავიდე!
ერთი კი შეხედა შიომ ისტერიკააშლილ ბაიას, საგიჟეთიდან გამოვარდნილს რომ გავდა, მაგრამ აღარაფერი უთქვია. მანქანის საჭეს უწადინოდ მიუჯდა და გზა გაუნთავისუფლა. დეიდაჩემი მაშინვე ჩახტა მანქანაში და გიჟივით მოსწყდა ადგილს. შიომ კი სინანულით გააყოლა თვალი და მასთან ერთად მეც. მანქანების ნაკადში რომ გაუჩინარდა, მხოლოდ მაშინ გადმომხედა სევდიანი გამომეტყველებით.
_რას ბრდღვინავს დეიდაშენი გამძვინვარებული ძუ ლომივით? დავუშავე რამე, რას მემართლება? რა უნდა გავაკეთო, ან რა უნდა ვთქვა ისეთი, რომ მაგას მოეწონოს? სახლშიც ასეთი აუტანელია?
_უბრალოდ, დღეს ცოტა რთული დღე ჰქონდა._მისი გამართლება ვცადე. თუმცა, მეც აშკარად ვამჩნევდი, რომ ამ ბოლო დროს სერიოზულად იყო მასზე აკრეფილი და უსამართლოდ ეჩხუბებოდა ყველაფერზე. უჩასთან პაემანმა კი უარესად დააბოღმა და გააცოფა. ნუთუ, შიო იყო ის იდუმალი შეყვარებული, ვინც ბებიას არ მოეწონებოდა და ვინც ვერ ამჩნევდა ჩემს მშვენიერ დეიდას? ეჭვით გავხედე ბაიას მდივანთან მოლაპარაკე ბიჭს და ეს ეჭვი უფრო გამიმძაფრდა. ალბათ, მის მდივანთან რომ ფლირტაობადა, ეგ ცალკე აღიზიანებდა და უშლიდა ნერვებს.
ჩემი მზერა რომ იგრძნო შიომ, მოულოდნელად გამომხედა.
დავიბენი.
_ბაიამ არ გვიკადრა. მე და იამზე ჩემი ახალი მანქანის დასველებას ვაპირებთ და შენც ხომ არ დაგვიმშვენებდი გვერდს?_ინტერესით მკითხა.
სიმართლე რომ ვთქვა, მინდოდა გავყოლოდი და გამერკვია, მართლა რამე ხდებოდა შიოსა და იამზეს შორის თუ უბრალო ფლირტი იყო, მაგრამ ისეთი გაგიჟებული გავარდა ბაია აქედან, რომ იმისი დარდი უფრო მქონდა.
_დიდი მადლობა, მეჩქარება. სხვა დროს იყოს._ორივეს დავემშვიდობე და ჩემს მანქანას მივაშურე.
_ისე, ნუ გგონია, რომ შენი მანქანა გადარჩა დასველებას. ერთ მშვენიერ დღეს ისე უნდა გამოგათრო, რომ ვეღარ გაგეგებოდეს საით მიდიოდე._ღიმილით მითხრა შიომ და თან თვალი ჩამიკრა.
იქიდან რომ გამოვედი, ბაიას დავურეკე, ალღო მკარნახობდა, რომ სახლში არ მივიდოდა და მინდოდა გამეგო სად იყო, თუმცა უშედეგოდ, რამდენჯერაც დავურეკე, არ მიპასუხა. მერე კი, იმ ბარში წავედი, სადაც ჩვეულებისამებრ შიოსთან ერთად ვსვამდით ხოლმე. ინტუიციამ არ მიღალატა და მისი მანქანა შორიახლოს შეჩერებული დავინახე. გამიხარდა. მეც მისი მანქანის გვერდით შევჩერდი და შენობაში შევედი. ბართან იჯდა და ბარმენს დიდი ინტერესით მისჩერებოდა ოსტატურად რომ ამზადებდა სასმელს.
გვერდით რომ მივუჯექი, არც კი შემოუხედია ჩემთვის. სამაგიეროდ, ბარმენმა მომაქცია ყურადღება და გულთბილად შემომღიმა.
_რას მიირთმევ?
_რამე უალკოჰოლო ცივ სასმელს._მეც შევღიმე.
_ყავის კოქტეილი ფრაპე წავა?_ინტერესით მკითხა და მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
სანამ მომღიმარი ბარმენი დასახელებულ სასმელს გამიმზადებდა, ბაიას მივუბრუნდი, რომელმაც ერთი ჭიქა სასმელი სულმოუთქმელად გადაჰკრა, მერე შორიახლოს მდგარ აბსენტის ბოთლს გადასწვდა და ლოთი კაცივით პირამდე გაილიცლიცა ჭიქა.
_რა გჭირს, არ იტყვი?
_მაინც და მაინც რამე უნდა მჭირდეს, რომ დალევა მომინდეს?_ისეთი თვალებით შემომხედა, თავი დამნაშავედ მაგრძნობინა ამ კითხვის დასმის გამო.
_ვიფიქრე, სამსახურში პრობლემები გქონდა... ან, იქნებ ჩემი დახმარება გჭირდება რამეში... ბოლო დროს არ მომწონხარ.
_არაუშავს, როგორმე ავიტან კიდევ ერთ ადამიანს, ვისაც არ მოვწონვარ._ის ჭიქაც ბოლომდე გამოცალა და კიდევ ჩამოისხა.
_რატო ითვრები?_მწვანე მინის ბოთლი ფუკასავით ავაცალე წინიდან.
_ფხიზელი თვალით მომწყინდა ამ სამყაროს ყურება. დაგაკმაყოფილა ჩემმა პასუხმა?
_არა!_საკმაოდ მკაცრად ვუთხარი და აბსენტის ბოთლი მოშორებით გავაცურე, რადგან წართმევა დამიპირა._რა ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ლოთი კაცივით ლაპარაკობ? რა გჭირს, ამოღერღე, იქნებ დახმარება შემიძლია.
_არც არაფერი მჭირს და არც არავის დახმარება არ მჭირდება. უბრალოდ, განტვირთვის დღეს ვიწყობ. ხომ შეიძლება თვეში ერთხელ მეც გამოვთვრე გემოზე?_ჩემიდან მზერა ბარმენზე გადაიტანა და ახალი შეკვეთა მისცა._ყველაზე ძლიერი რაც გაქვთ ის ჩამომისხი. ისე უნდა დავთვრე, რომ საკუთარი სახელიც კი დავივიწყო.
ბარმენმა ჯერ მე დამიდგა ჩემი სასმელი წინ და მერე ბარის დახლს მიუბრუნდა, 95 პროცენტიანი ევერქლეარი გადმოიღო და ის ჩამოუსხა ახლა ჭიქაში.
_გაგიჟდი?_გაოცებულმა ჭიქის წართმევა დავუპირე, მაგრამ არ დამანება და ისიც ბოლომდე გამოცალა._რამე მაინც მიაყოლე, მშიერ კუჭზე რომ სვამ, რა მოგივა?
_ გედარდება?
_რატომ არ უნდა მედარდებოდე ვითომ?_გავბრაზდი._წამოდი სახლში, სანამ ბებიასთვის დამირეკია და მას წაუთრევიხარ თმებით!_დავემუქრე.
_მაგის გამკეთებელი რომ არ ხარ?_მაცდური ღიმილით შემომხედა._უბრალოდ მაშინებ, მაგრამ გამოგიტყდები და მე მართლა არ მეშინია იმ სტალინასი. დაურეკე თუ გინდა.
_აღარ დალიო რაა, გთხოვ..._ხმაში მუდარა გავურიე უკვე.
_ერთი მიზეზი მაინც დამისახელე, რატომაც არ უნდა დავლიო და დავთვრე უგონოდ?_უკვე სიმთვრალემორეულმა შემომხედა არეული თვალებით.
_ჯერ ერთი, ქალი ხარ და არ შეიძლება...
_რატო რა, ქალებს საყლაპავი მილი არ გვაქვს თუ გადამუშავების სისტემა?_უმალ ვიცანი შიოს ლექსიკონი.
_როგორ არა, მაგრამ ზომიერად, ამას შემ მიჩიჩინებდი ყოველთვის და ახლა რა დაგეტაკა? ამხელა დეტექტივი ქალი ხარ და შეგშვენის ვითომ?
სინანულით ჩაეღიმა. ერთი ჭიქა კიდევ ჩამოასხმევინა ბარმენს და სანამ თვითონ აიღებდა, მე დავასწარი და სულმოუთქმელად გადავყლურწე. ისეთი მწარე და საშინელი დასალევი იყო, ძლივს ამოვისუნთქე. ლამის საიქიოს წავიღე წერილი.
_დალევაა და დალევა იყოს, მეც შენთან ერთად ვითვრები._სერიოზული სახით გამოვუცხადე გაოცებით მომზირალ ბაიას და ბარმენს ვანიშნე, რომ კიდევ ჩამოესხა.
_მოდი ამ ჭიქით ჩვენს გაუმხელელ გრძნობებს გაუმარჯოს._ჭიქა ჰაერში ავწიე იმ ერთი ჭიქით უკვე გვარიანად დარეტიანებულმა.
_გაგიჟდი, რას აკეთებ?_ბაიამ ჭიქა ჩამომართვა.
_რასაც შენ, ვთვრები, თანაც უგონოდ._შევძელი და გავიღიმე.
_მერე, ხვალ სამსახური?
_სამსახური შენც გაქვს, მერე რა?
_გიჟი ნუ ხარ რაა!_ბარის მაღალი სკამიდან დამითრია და ლამის გადმომაგდო._წამოდი სახლში.
_ნასვამი ვარ და საჭესთან ვერ დავჯდები._დამნაშავის იერით ვაღიარე.
_არც მე მაქვს საჭის ტრიალის თავი._დამამშვიდა._ტაქსით წავიდეთ._ხელკავი გამომდო და აშკარად არეული ნაბიჯებით გამოვედით შენობიდან.
_ჩემს ჯინაზე დალიე არა?_გზის მეორე მხარეს გადავედით თუ არა, მკაცრად დამიბრიალა თვალები._შენ მე რას მიყურებ? იქნებ მე ხევში ვვარდები, შენც უნდა გადმომყვე?
მესიამოვნა ჩემზე რომ ზრუნავდა. თვითონ ყველანაირად შეეძლო ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა, მაგრამ საქმე თუ მე მეხებოდა, მე არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ერთი არასწორი ნაბიჯი მაინც გადამედგა.
ტაქსი მალევე დავიჭირეთ და სახლში დავბრუნდით. მთელი გზა ხმა აღარ ამოგვიღია. უბრალოდ, სადარბაზოს წინ რომ შეგვიჩერა მძღოლმა მანქანა და ფულის გადახდა დავაპირე, აღმოჩნდა, რომ საფულეც და ტელეფონიც ჩემს მანქანაში დამრჩენოდა.
_კიდევ კარგი თავი არ დამრჩა._შიოსეული ხუმრობა უდიდესი სიხარულით წამოვაყრანტალე და ბაიას დაქრუშული მზერაც დავიმსახურე.
ფული მან გადაუხადა მძღოლს, მერე წელზე მომხვია ხელი და სადარბაზოში ისე შემიყვანა, რომ ცნობისმოყვარე მეზობლებს ჩვენი სიმთვრალე არ შეემჩნიათ. მართალია, მე ერთი ჭიქა დავლიე და ბაიამ რამოდენიმე, თანაც სასმელები აურია, მაგრამ მგონი მე უფრო მთვრალი ვიყავი, ვიდრე ჩემი ყარაჩოღელი დეიდა. მართლა ერთ ჭიქიანი ვიყავი. შიოსი არ იყოს, "ბუმბულისთვის ნიავიც კი ქარიაო," ის ერთი ჭიქა ჭირადაც მეყო და ლხინადაც.
ლიფტში შესვლაზე უარი განვაცხადე, რადგან ღებინების შემეშინდა. დახურულ სივრცეში ისედაც ვერ ვიტანდი ყოფნას და ახლა თან ნასვამი, თავი შორს დავიჭირე და კიბეებს მაღალი ქუსლების კაკუნით შევუყევი. მესამე სართულამდე დიდად არ გამჭირვებია ასვლა, თუმცა გვარიანად კი ვბორძიკობდი. კიდევ კარგი არავინ შეგვხვედრია კიბეებზე და თავი არ შევირცხვინე. სახლში კი... ოოო, სახლში ბებიაც იქ დამხვდა, ბაბუაც და მამაჩემიც. ყველანაირად ვეცადეთ სიმთვრალე არც მე და არც ბაიას არ შეგვემჩნია, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.
_მთვრალები ხართ?_სათვალე შეისწორა ბებიამ და ისეთი ინტერესით შეგვათვალიერა ზღურბლთან აყუდებული დეიდა-დიშვილი, რომ მეგონა სულშიც კი ატანდა მისი ეს დაჟინებული მზერა.
_მთვრალები არა, ისა კიდე... ნასვამები ვართ._ღიმილით და ხუმრობით ვცადე დაძაბული სიტუაციის განმუხტვა.
წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. აი, ისეთი, ქარიშხლის დროს რომ იცის ბუნებამ მიყუჩება და ერთი ფოთოლიც კი არ იძვრის ხეზე. ბებიას ქარიშხლის მოლოდინში მეც ისე გავისუსე, მხოლოდ საკუთარი გულის ექსტრასისტოლური არითმიის მუშაობის ხმა მესმოდა.
_რაო?.. რა თქვი, გაიმეორე?_ბებიამ ჩვეულებისამებრ ცალი წარბი აზიდა, როგორც სჩვეოდა ხოლმე სიბრაზისას.
შევატყე, რომ დეიდაჩემი რაღაცის სათქმელად მოემზადა. რაღა რაღაცის, სიმართლეს იტყოდა და მთელი სიძლიერით მასზე გადატყდებოდა ჯოხი. ბებია ნამეტანი მკაცრად ეპყრობოდა უმცროს შვილს. ალბათ, უფროსმა შვილმა თავს ლაფი რომ დაასხა, ეშინოდა, უმცროსიც მასე არ მოქცეოდა.
_ერთი ჭიქა დავლიეთ მხოლოდ ჩემი სამსახურის დაწყება და მანქანა "დავასველეთ", თან, ბაიამაც კარგა ხნის გაყინული საქმე გახსნა. არ უნდა აგვეღნიშნა ვითომ?_არაფრის თქმა არ დავაცადე გულახდილობის ხასიათზე დამდგარ დეიდაჩემს და აქეთ შევუტიე ჩვენს სტალინას.
_ერთი ჭიქა სასარგებლოცაა._ჩვენი დაცვის მხარეს გამოვიდა ულვაშებში მომღიმარი ბაბუა._თან, ასეთი მნიშვნელოვანი ამბები ქონიათ სადღეგრძელებლები. მთავარია, ისეთი გადახევებული მთვრალები არ არიან, რომ ფეხი არეოდათ და არ შეერცხვინათ ჯერ საკუთარი თავი და მერე ოჯახის წევრები.
_მანქანით მოხვედით?_ ახლა მამაჩემის ჯერი იყო და შეშფოთებულმა მკითხა.
_დამიწყნარდი მამიკო._ხელი წელზე მოვხვიე, ლოყაზე ვაკოცე და ჩავეხუტე._მანქანა იქვე დავტოვეთ ავტოსადგომზე და ტაქსით მოვედით. პატრულთან და ჯარიმებთან პრობლემები არ გვჭირდება.
_ვინც დაგინახავდათ, რას იტყოდა? ფუი, თქვენს ქალობას! გასათხოვარი გოგოები ასე უნდა ითვრებოდეთ?_არ დაგვინდო ბებიამ.
_კარგი რაა, ეთო._ბაბუამ მხრებზე მოხვია ცოლს ხელი და ოთახში გაყვანა დაუპირა._ახალგაზრდები არიან და ათასში ერთხელ გართობა არც მათ აწყენდათ. სხვებივით ყოველდღე გართობაზე ხომ არ ფიქრობენ? ორივეს საპასუხისმგებლო სამსახური აქვს და პირნათლად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.
ბებია "გაჯიქდა" ასე რომ ვთქვათ შიოს სიტყვებით. ქმარს ხელიდან დაუსხლტა და ბაიას მივარდა.
_არ გრცხვენია ამხელა ქალს?_თან მადიანი სილა გააწნა._ეს პატარაა, რა ველაპარაკო._ჩემზე ანიშნა._რა მაგალითს აძლევ?
_რა მაგის ბრალია?_შუაში ჩავუხტი._დამნაშავე მე ვარ, მე ვაიძულე._საკუთარ თავზე ავიღე ყველაფერი.
_მერე, ამას ტვინი არ აქვს?
_დამშვიდდი სიდედრო._ახლა მამაჩემმა სცადა გაავებული და გაცოფებული ქალის დაშოშმინება._ახლა საყვედურებს და ჩხუბს აზრი არ აქვს. ხვალ ველაპარაკოთ წყნარად... თან, მგონი არაფერი დაუშავებიათ, ერთი ჭიქა რა სალაპარაკოა?
_არ გეგონოთ, რომ ამ ამბავმა ასე ჩაიარა, კიდევ გვექნება ამაზე საუბარი._დათმობაზე წავიდა ბებია და უფლება მოგვცა ჩვენს ოთახებში "წავთრეულიყავით."
_რატო აიღე ყველაფერი შენს თავზე?_მისაყვედურა ბაიამ, როგორცვე ჩემს ოთახში შევედით.
_აბა, შენ ისედაც რთული დღე გქონდა და ახლა ბებიას ჩხუბი გინდოდა კიდე?
_მადლობა, მაგრამ ამასაც ავიტანდი როგორმე.
_მადლობისთვის არ გამიკეთებია. დაჯდები ახლა და ყველაფერს მომიყვები რა გჭირს და რა გაწუხებს. გული გადამიშალე, ცოტა მოგეშვება.
_ცუდად ხომ არ ხარ?_ვითომ ვერ გაიგო ჩემი მოთხოვნა, სიტყვა ბანზე ამიგდო.
_ეგ ნანა ვერ დაგაძინებს. ან ახლავე მეტყვი რა ხდება შენს თავს, ან არა და..._ვერაფერი საშინელება რომ ვერ მოვიფიქრე ულტიმატუმის სახით, გავჩუმდი, მაგრამ ოდნავ მოჭუტული თვალებით მზერა არ შემიწყვეტია. ასე მჩვეოდა, როცა რამე ვიცოდი და მისგან სიმართლის აღიარებას ველოდი.
ეტყობა ამ ხრიკმა გასჭრა, ბაიამ თავზე გადამისვა ხელი და ჩურჩულით მითხრა.
_გპირდები, ყველაფერს გეტყვი, ოღონდ ახლა არა, სასმლისგან თავი მიბრუის, ცოტას გამოვიძინებ, იქნებ მიშველოს. შენც თუ შეეცდები დაძინებას, კარგს იზავ._დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
მერე, ფანჯარა გამომიღო გასანიავებლად, რადგან საშინელი სუნი იდგა ალკოჰოლისა და ისე გავიდა ჩემი ოთახიდან, უკან აღარ მოუხედია. დამჯერი ბავშვივით მეც მივწექი საწოლზე, ბალიში ჩავიხუტე და მართლაც შევეცადე გამოძინებას. მართალია, ცოტა გამიჭირდა, რადგან შემთვრალი გონებით სად აღარ ვიმოგზაურე, ვის აღარ შევხვდი და გამოველაპარაკე, მაგრამ ბოლოში მაინც წამართვა ძილმა თავი და გათენებამდე აღარც გამიღვიძია. დილაუთენია კი, თვალები რომ გავაჭყიტე, თავიდან ვერ მოვედი აზრზე სად ვიყავი. მერე კი ნელ-ნელა აღმიდგა მეხსიერება. ფანჯარა ღია რომ დავტოვე, მიხურული იყო და პლედიც საგულდაგულოდ მქონდა მოფარებული. საათს რომ დავხედე, ექვსი არ იყო ჯერ. ერთხანს სოციალური ქსელით შევიქციე თავი. ახალი ამბების სქროლვა-სქროლვაში ლამის ერთი საათი დავკარგე. მერე, ფრთხილად წამოვდექი, როგორც ყოველთვის ძლიერი ყავა გავიკეთე და ამჯერად აივანზე გავედი დასალევად. იქ დაბუდებულმა მტრედებმა ცოტა კი შემაშინეს და გადამიტრიალეს ისედაც ჩქარი ტემპით მომუშავე გული, მაგრამ მერე გავხალისდი კიდეც.
ფერიცვალობის მერე საგრძნობლად იგრძნობოდა სიგრილე. სიამოვნებით გადავყურებდი ნელ-ნელა გამოღვიძებულ და აფუსფუსებულ თბილისს და ნებიერად ვწრუპავდი ყავას. მერე აბაზანას მივაშურე და კარგა ხანს დავყავი იქ. ამ ყველაფრის მერე კი ბაიას მივაკითხე თავის ოთახში. გამიკვირდა, ისევ რომ ეძინა. თან ისე ტკბილად, რომ გასაღვიძებლად შემეცოდა. გამობრუნება დავაპირე, რომ მაღვიძარამაც დაურეკა და შეიშმუშნა. უკმაყოფილო სახით გადასწვდა ტუმბოზე დადებულ თავის ტელეფონს, მაღვიძარა გააჩუმა და მხოლოდ ამის მერე შემნიშნა მე. არ მომელოდა და აშკარად შეკრთა.
_შეგაშინე? ბოდიში.
_აუ, თავი უარესად მტკივა._საწოლში წამოჯდა და თლილი თითებით შავი მბზინავი თმის დავარცხნას შეეცადა._შენ შხაპიც კი მიგიღია უკვე, ყოჩაღ. მე რაღა მკლავს?_გაიოცა.
_აბსენტი და ევერქლეარი._ნიშნისმოგებით რომ ვუთხარი, გაეღიმა._რამ დაგალევინა მაგდენი, არ იტყვი?_საწოლის კიდეზე ჩამოვუჯექი._სერიოზული პრობლემები გაქვს?_თან, დაჟინებით მივაშტერდი თვალებში.
_რომ გითხრა, არავის ეტყვი?_იდუმალი ხმით რომ მიჩურჩულა, დავიძაბე.
ოღონდაც ეთქვა და ვის რას ვეტყოდი?
_გპირდები, არავის ვეტყვი.
_რამოდენიმე დღის წინ ნაიას შევხვდი. _ეს მითხრა მხოლოდ და გაჩუმდა.
მართლა გავქვავდი და დავმუნჯდი. ჯერ ერთი, მისგან სასიყვარულო ამბის მოსმენას ველოდი და ახლა დედაჩემის ხსენება ყოველთვის ასეთ ემოციებს იწვევდა ჩემში.
_თუ წახვალ და ბებიაშენს ეტყვი ყველაფერს, გაგიგებ, მაგრამ მეც გამიგე... გული მომიკლა მისმა ხილვამ. ის ნაია აღარ არის, წლების წინ რომ იყო, მოტეხილი და მობერებულია. იმ ნაძირალას თურქეთში მიუგდია. წლების განმავლობაში თურმე მარტოს უწევდა თავის გატანა... ჩვილ შვილთან ერთად...
_რაა?_ძლივს გადავყლაპე ვეებერთელა ნერწყვი, რომელმაც ლამის დამახრჩო.
_ის არაკაცი მძარცველი გამოდგა. პროფესიონალი ჟიგოლო, ანუ ალფონსი, რომელიც მდიდარ ქალებზე ნადირობს თურმე. ასეთი კაცები თავიდან ქალის გამო ფულის ხარჯვას არ ერიდებიან. ინვესტიციაში დებენ ასე ვთქვათ. იციან, რომ როცა იქნება უკან დაიბრუნებენ, თანაც ერთი-ორად კი არა, ათმაგად. ნაიას შემთხვევაში კი სხვაგვარად მოხდა. დედამ და მამამ უარი თქვეს საკუთარ შვილზე და საერთოდ აღარ დაინტერესებულან მისით. სანამ საცოდავს ანგარიშზე ქონდა ფული, თურმე ნორმალურად ეპყრობოდა. მერე და მერე კი, უკვე სცემდა..._ხმა რომ გაებზარა, მივხვდი რომ ტიროდა ეს ძლიერი და ყარაჩოღელი ქალი._თურქეთში თურმე ტრეფიკინგის მსხვერპლიც კი გამხდარა... ახლა დაბრუნდა... ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს... აპატიებ თუ არა ეგ შენი უფლებაა, მე ვერაფერს დაგაძალებ, მგრამ ვერც შენ და ვერც დედაჩემი ვერ დამიშლით მასთან ურთიერთობას!
კარგა ხანს გამეხებული ვიჯექი და რატომღაც სუნთქვაშეკრული ვუსმენდი ბაიას. მერე კი, მოულოდნელად წამოვხტი და მისი ოთახი აცრემლებულმა დავტოვე. რა მატირებდა ვერ ვხვდებოდი. ის, რომ წლების წინ ათი წლის ბავშვს ძალიან მენატრებოდა დედა და მთელ ღამეებს ტირილში ვათევდი, თუ ვიღაც კაცის გამო რომ თქვა ჩემზე უარი და მიმატოვა? იქნებ ის, როგორღაც რომ შევძელი და დავივიწყე, როგორც მან დამივიწყა?.. ან იქნებ ის, რომ რთული ცხოვრებით უცხოვრია და ახლა სერიოზული პრობლემები ქონდა ჯანმრთელობასთან? შვილიც კი ჰყოლია. ნეტავ, ისიც ხომ არ მიატოვა ჩემსავით? თუ, წარსულმა გამოცდილებამ ჭკუა ასწავლა და ყველანაირად ცდილობდა მის გვერდით ყოფილიყო? ისიც კი არ ვიცოდი ძმა მყავდა თუ და. ან, რამდენი წლის იყო? თხუთმეტი წლის წინ მიმატოვა, თუ მაშინვე გააჩინა, თოტხმეტი წლის მაინც იქნებოდა ახლა...თან მაინტერესებდა ყველაფერი, თან არ მინდოდა რამე გამეგო იმ ქალბატონზე, რომელსაც დედადაც კი ვერ მოვიხსენიებდი ვერასდროს... ნეტა რა აწუხებდა? ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვსო. ნუთუ შიდსი ქონდა?
წუთის წინ საუკეთესო განწყობაზე მყოფს უმალ შემეცვალა გუნება. ტირილიც მინდოდა, ბოლო ხმაზე კივილიც და ყველაფრის დალეწვის უდიდესი სურვილიც მქონდა. ასეთი საშინელი საიდუმლო გამანდო დეიდაჩემმა. ასი პროცენტით დარწმუნებული ვერ იქნებოდა, რომ შევუნახავდი, მაგრამ მაინც მითხრა... ტვირთად აწვა ალბათ გულზე და ჩემთან განდობით შეიმსუბუქა ეს ტვირთი. სამაგიეროდ ახლა მე დამაწვა ლოდად. დავიბოღმე. ოღონდ ვისზე არ ვიცი: ბაიაზე, მკაცრ ბებიაზე, დედაჩემზე თუ საკუთარ თავზე. ან, იქნებ მთელ სამყაროზეც კი. ფული და მანქანის გასაღები ავიღე და ისე, რომ არავის დავმშვიდობებივარ, გიჟივით გავვარდი გარეთ და კიბეზეც თავპირისმტვრევით დავეშვი. სადარბაზოდანაც ისე გავედი, თითქოს ვინმე მომყვებოდა უკან და მას გავურბოდი. ისე კი, მართლაც გავურბოდი დედაჩემზე ფიქრს. ასე მეგონა რაც სწრაფად გავიქცეოდი, მით უკან ჩამოვიტოვებდი სულში ახმაურებულ ფიქრებს. ტაქსი რომ გავაჩერე და ჩავჯექი, ძლივს მოვუყარე სათქმელს თავი, თუ სად მინდოდა წასვლა. მძროლს, მგონი შეშლილი ვეგონე და ერთხანს თანაგრძნობით მიყურა, მერე კი შეტრიალდა და დასახელებულ მისამართზე მიმიყვანა. იქიდან ჩემს მანქანაში გადავჯექი და გაუაზრებლად ვიქროლე აღმა-დაღმა მანქანებით გადაჭედილ ქუჩებში. როცა აზრზე მოვედი და გავიაზრე, უკვე მცხეთაში ვიყავი. იქ რა ჯანდაბა მინდოდა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ იქით ვიყავი. სანამ მანქანას შემოვაბრუნებდი, კიდევაც კარგა მანძილი გავიარე. მერე, გზა ამებნა, საიდან წამოსული საით უნდა წავსულიყავი ვეღარ გამეგო. საწვავიც გამითავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავედი, ძრავა ჩავაქრე და საჭეზე თავჩამოდებულმა მოვაღე პირი დოღრიალა ბავშვივით. გულიდან დარდი, ხოლო ფილტვებიდან ქარი ამოვიღე. კარგა ხანს ვიტირე. ცოტა კი მომეშვა გულზე, მაგრამ ახლა ისტერიკამ შემიპყრო, ზუსტად არ ვიცოდი სად ვიყავი და როგორ უნდა დავბრუნებულიყავი თბილისში. ბაიასთან დარეკვას ისევ შიოსთან დარეკვა ვარჩიე. ავუხსენი მდგომარეობა, ის ადგილიც ავუღწერე სად ვიყავი გაჩერებული და მოთმინებით დაველოდე მაშველი რგოლის გამოჩენას, რომელიც ზუსტად ნახევარ საათში მოქანდა. ჩემს წინ შეაჩერა მანქანა და შეშფოთებული კი არ გადმოვიდა, გადმოხტა.
_რა დაგემართა, როგორ ხარ? მარტო ხარ?_ჯერ მე შემათვალიერა გულდასმით, მერე ჩემი მანქანა და ბოლოს ისევ მე დამიბრუნდა._კარგად ხარ?
_ხო, არამიშავს... ცოტა მრცხვენია ასეთი რამ რომ დამემართა. ბაიასთან დარეკვას ისევ შენ შეგაწუხე... ბოდიში.
_რას მებოდიშები გოგო, არ გრცხვენია?_გულთბილი ღიმილით სცადა ჩემი დამშვიდება._დაგიბუქსირო, თუ წავიდე საწვავი მოგიტანო?
_თუ არ შეწუხდები, საწვავი რომ მომიტანო იმდენი, ბენზინგასამართ სადგურამდე მეყოს. დაბუქსირება და მასეთი რაღაცეები არ მეხერხება._მორცხვად ვაღიარე.
_მაგაზე გაწყენინებ? ახლავე._მაშინვე დაფაცურდა და ბენზინის მოსატანად წავიდა.
(გაგრძელება იქნება)



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ბაიას დის ამბავი ასე თუ განვითარდებოდა არ მეგონა, მართალია შვილის დატივების გამართლება არ შემიძლია არანაირად, მაგრამ ბაიას დედის ხასიათს თუ გავითვალისწინებთ იმ წნეხს რასაც ჩანს ეს ქალი გაატარებდა რაღაცნაირად მეცოდება :( მგონი ბაიას მართლა შიო უყვარს და უჩაც ალფონსი ხომ არ არის შემთხვევით? მოკლედ უფრო და უფრო ჩამითრია ამ ისტორიამ და ძალიან მიხარია რომ მალ მალე დებ ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

ablabudaa
ბაიას დის ამბავი ასე თუ განვითარდებოდა არ მეგონა, მართალია შვილის დატივების გამართლება არ შემიძლია არანაირად, მაგრამ ბაიას დედის ხასიათს თუ გავითვალისწინებთ იმ წნეხს რასაც ჩანს ეს ქალი გაატარებდა რაღაცნაირად მეცოდება :( მგონი ბაიას მართლა შიო უყვარს და უჩაც ალფონსი ხომ არ არის შემთხვევით? მოკლედ უფრო და უფრო ჩამითრია ამ ისტორიამ და ძალიან მიხარია რომ მალ მალე დებ ❤️❤️❤️

მიხარია, რომ მოგწონთ. მადლობა შეფასებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგია მომეწონა საინტერესო გასაოცარი ამბებით

ველოდები მოუთმენლად შვილი როგორ მიატოვა ამ ქალმა კაცის გულისღვის მაგრამ ვერც გახდა ბედნიერი საცოდაობაა ასეთი გზით ბედნიერების მიღწევა

მადლობა წარმატებები ????

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ნესტანი
ძალიან კარგია მომეწონა საინტერესო გასაოცარი ამბებით

ველოდები მოუთმენლად შვილი როგორ მიატოვა ამ ქალმა კაცის გულისღვის მაგრამ ვერც გახდა ბედნიერი საცოდაობაა ასეთი გზით ბედნიერების მიღწევა

მადლობა წარმატებები ????

გაიხარეთ. მადლობა თქვენ, შეფასებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent