პროფესია ალფონსი (12 თავი)
_ბაია, მოიცა, დამელოდე, მეც მოვდივარ!_ქაქანით ძლივს შევძახე და მივიქციე მისი ყურადღება._მე წაგიყვან, ჩემი მანქანით წავიდეთ._თან მუდარა გავურიე ხმაში. წამიერად რომ შეყოვნდა, საჩემოდ გამოვიყენე ეს წამები. მივუახლოვდი და მკლავზე მოვკიდე ხელი. _ძალიან გთხოვ, ახლა შენ არ ჩაიდინო რამე გაუთვალისწინებელი რამ აღელვებულმა, ჩემი მანქანით წავიდეთ. არ მინდა შენს შვილს რამე დაემართოს._ბოლო სიტყვები რაღაცნაირი შიშით რომ წარმოვთქვი, დამიჯერა. თავისი მანქანის კარი გამეტებით მიაჯახუნა და მე გამომყვა მიწისქვეშა სადგომში ჩემი მანქანისკენ. წვიმას იწყებდა. უხმოდ ვიმგზავრეთ ბაბუას კლინიკამდე. მე დაძაბული ვმართავდი საჭეს, ბაია კი ალბათ შიოს გადარჩენას ევედრებოდა ღმერთს. კლინიკის ეზოში წესიერად არც კი მყავდა მანქანა გაჩერებული, რომ ბაია გიჟივით გადახტა და კლინიკისკენ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. თავისუფალ ადგილზე როგორც შევძელი ისე მოვაპარკინგე მანქანა და მეც სასწრაფო წესით გადავხტი. უკვე მადიანად წვიმდა და გვარიანადაც დავსველდი, სანამ კლინიკის მიმღებში შევიდოდი. ბაიას ორი დაცვის თანამშრომელი ბიჭი ეჯაჯგურებოდა და ძლივს აკავებდა, ქალბატონო, ნახვის საათები ამოიწურა და დილით მობრძანდითო. მაშინვე მათთან გავჩნდი. ბაიას დაშოშმინებას შევეცადე, მაგრამ უარესად გაიბრძოლა. _შანსი არაა, მე ჩემი შიო უნდა ვნახო!!! იცით ვინ ვარ მე?!!_ბოლო ხმაზე აკივლებული მიუბრუნდა ერთ-ერთი დაცვის ბიჭს. _ვინც გინდათ ის იყავით ქალბატონო, წესი წესია, ნახვის საათები ამოიწურა და ვერ აგიშვებთ! დილამდე მოგიწევთ მოცდა!_საკმაოდ მკაცრად გამოსცრა ბიჭმაც კბილებში._ნუ მაიძულებთ ძალა გამოვიყენო! _დამშვიდდი ბაია._მხრებზე მოვხვიე ხელი დეიდაჩემს და კედელთან ჩამწკრივებული სკამებისკენ დავუპირე გამოყვანა._წამოდი, ცოტა ხნით ჩამოვსხდეთ. დამშვიდდი, ხომ იცი შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება? მე ექიმს ვნახავ და დაველაპარაკები. იქნებ გაგვიხერხოს რამე და ცოტა ხნით მაინც აგვიშვას სანახავად... თავიდან თითქოს გამიძალიანდა, მაგრამ მერე დაჰყვა ჩემს ნებას. სკამებს რომ მივუახლოვდით, მოწყვეტით დაეშვა ზედ, თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა. _თურმე რა გაჭირვება ქონია და მე კიდევ რა სისაძაგლე აღარ ვიფიქრე მასზე... მაპატიე შიო, ასე აღარასდროს მოვიქცევი... შენ რომ რამე მოგივიდეს, ვერ გადავიტან იცოდე... ნუ დააობლებ შენს შვილს, მას ორივენი ვჭირდებით..._ისე გულსაკლავად ტიროდა, თავი ვეღარ შევიკავე და მეც ავტირდი. დამშვიდებას შევეცადე, მაგრამ უარესად აზლუქუნდა. _კარგი, დამშვიდდი, ბაბუამ ხომ თქვა, რომ კარგადაა?_ცოტა გავუწყერი._წავალ, მის მკურნალ ექიმს დაველაპარაკები. იცოდე ფეხი არ მოიცვალო აქედან._თან მკაცრად გავაფრთხილე. მერე ეჭვით მომზირალ დაცვის თანამშრომელს მივუახლოვდი და შიოს მკურნალი ექიმის ვინაობა ვკითხე. _ნუკრი კვეზერელია. მგონი, თავის კაბინეტში იყო. წადი, აბა, ნახე და უთხარი, რომ პაციენტის ახლობლებს უნდა თქვენი ნახვაო._მოშორებით მდგარ მეორე დაცვის ბიჭს მიუბრუნდა. ნუკრი ექიმის ხსენება გულზე მომეშვა. ბაბუას მერე უდიდეს პატივს მას ვცემდი. ისიც საუკეთესო ქირურგი იყო. ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ მოულოდნელად ბაიამ ჩაგვირბინა გვერდით შურდულივით და კიბეებს შეუსვენებლივ აუყვა. _რას შვრებით ქალბატონო?_შეშფოთდა ბიჭი და ისიც უკან მიჰყვა._სამსახურიდან გამომაგდებენ! _მომიკვდეს თავი თუ არ გამოგაგდეს!_ნიშნისმოგებით მოაძახა ბაიამ._რასაც შოულობ, შენი ხელფასი ჩემთან მოგაქვს თუ რა, რომ ვიდარდო? მე შიო უნდა ვნახო და ვერც შენ და ვერც ნებისმიერი თქვენგანი ვერ დამიშლით იცოდეთ! მეც კი დავაპირე უკან გაკიდება, მაგრამ სად იყო სად არა, სხვა დაცვის ბიჭი გადამეღობა წინ და შემაჩერა. _თქვენ მაინც ნუღარ გაგვიძალიანდებით. კამერები გვაფიქსირებს და ჩვენც ხომ ცოდონი ვართ?_ისეთი მუდარა ვიგრძენი მის ხმაში, რომ შემეცოდა. უსიტყვოდ გამოვბრუნდი მიმღებში. ცივ სკამზე ფრთხილად ჩამოვჯექი და ნერვიულად დავუწყე ჩემს პირდაპირ კედელზე ჩამოკიდულ უზარმაზარ საათს წამების ათვლა. საშინელება იყო იმის გააზრება, რომ შეიძლებოდა შიოს რამე დაშავებოდა... ან, მამამისის ნაცვლად ეს დაღუპულიყო. წარმოვიდგინე, რა დღეშიც იქნებოდა ახლა ბაია და ციებიანივით გამაკანკალა. ვერც მე გადავიტანდი ზეზვას რომ რამე დამართნოდა. იქნებ, ბაიაზე მეტად მე გავგიჟებულიყავი კიდეც... ბაიამ ჩამოსვლა რომ დააგვიანა, მივხვდი, თავისი გაიტანა და შევიდა შიოს სანახავად. ან, დაცვის ბიჭს შეაცოდა თავი, ან გააფთრებული შეიჭრა პალატაში და ვერავინ შეძლო მისი დამორჩილება. სანამ ის ზემოთ იყო ასული, ნუკრი ექიმიც გამოვიდა მიმღებში, შიო კაპანაძის ახლობლები ვინ არიან, ვის უნდოდა ჩემი ნახვაო. მაშინვე წამოვფრინდი სკამიდან და ფეთიანივით მივეჭერი, მე ვარ-მეთქი. _აა, მარიშკა?_კაცმა გაოცებით შემათვალიერა და მოზრდილი სათვალე შეისწორა._შენი ვინ არის ეს პაციენტი? _დეიდას ქმარია... საქმროა..._დავიბენი. _ბაია გათხოვდა?_ჩემზე უარესად ეს კაცი დაიბნა და გაიოცა._ნამდვილად არ გამიგია... გილოცავთ. _ახლახანს დაინიშნენ... ჯერ ერთად არ ცხოვრობენ... ქორწილი არ ქონიათ..._ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი. _აჰა, გასაგებია._დერეფნის კარი შეაღო და შემატარა._ჩემს კაბინეტში წავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ. თავის კაბინეტში შესვლა ცუდად მენიშნა და დამფრთხალი თაგვივით გავყევი უკან. თან, უაზროდ ვითვლიდი ნაბიჯებს. ზუსტად ორმოცდათოთხმეტი ნაბიჯი გადავდგი მის კაბინეტამდე. კარები შეაღო და პირველი მე შემატარა ზრდილობიანად. _დაჯექი, ახლავე მოვალ. ნინოს ვეტყვი, რომ ყავა მომიტანოს, თორემ ისე გადავიღალე, ფეხზე ძლივს ვდგავარ. შენც ხომ დალევ? _არა ნუკრი ექიმო, მადლობა, არ მინდა._სასტიკად ვიუარე. დერეფნიდანვე გასძახა თავის ექთანს, ერთი ჭიქა უშაქრო ყავა მომიტანეო და მალევე მიუჯდა თავის სამუშაო მაგიდას. _ესე იგი, ბაია გათხოვდა?_თავისთვის რაღაცნაირად ჩაილაპარაკა კაცმა და ერთხანს ჩაფიქრდა. მერე მე შემათვალიერა ინტერესით._კარგი არჩევანი კი გაუკეთებია დეიდაშენს._ეს ხმამაღლა დაამატა უკვე._სიმპატიური ბიჭია, მომეწონა. _შიო როგორ არის ექიმო?_ვეღარ მოვითმინე და შეშფოთებული ხმით ვკითხე._ხომ გადარჩება?.. ხომ კარგად იქნება? _ვაღიარებ, რომ შემოიყვანეს უიმედო მდგომარეობა ქონდა, არავის ეგონა მისი გადარჩენა, მაგრამ გამოძვრა, ყოჩაღი ბიჭია. კიდევ დიდგანს დატკბება სიცოცხლით ლამაზი ცოლ-შვილის გვერდით._ბოლო წინადადება ძალიან დამაჯერებლად და დამაიმედებლად ჟღერდა. _მართლა?_გამიხარდა და ფეხზე წამოვხტი._შეიძლება მეც ვნახო? _ბატონი ლევანის ხათრით, თორემ მართლა არ შეიძლება... ხუთი წუთით შეგიძლია შეიჭყიტო მის პალატაში. მერე კი ბაიაც ჩამოიყვანე, დიდხანს ნუ გაჩერდებით. მაინც სძინავს და გონზე არ არის. _გონზე არ არის?_შევიცხადე. _ქვედა ყბის ძვლები აქვს დამტვრეული და ტკივილმა რომ არ შეაწუხოს, დავაძინეთ._ისე მშვიდად მითხრა ეს სიტყვები, თითქოს უბრალო ამბავს მატყობინებდა. მე კი ამ სიმშვიდემ უფრო მეტად შემაშინა და შემაშფოთა. _ნუ ღელავ, პლასტიკური ქირურგიის წყალობით ისევ ისეთი სიმპატიური ბიჭი იქნება, როგორიც აქამდე იყო... მთავარია, ხერხემალი არ დაუზიანდა და ინვალიდის ეტლს არ მიეჯაჭვა ეს ორმეტრიანი ვაჟკაცი. სახედასახიცრებული და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული შიო რომ წარმოვიდგინე, ციებიანივით გამაკანკალა. ნუკრი ექიმს დავემშვიდობე და ლამის სირბილით გამოვედი მისი კაბინეტიდან. დერეფანი თავპირისმტვრევით გავირბინე და კიბეზე სულ ორ-ორი საფეხურით ავედი. რეანიმაციულ განყოფილებას ადვილად მივაკვლიე და იქ შედარებით ნელა შევედი. მინებიან ტიხარს იქიდან მაშინვე შევნიშნე ბაია, სახედაბინტულ შიოს საწოლზე რომ იყო დამხობილი და მხრების რიტმული მოძრაობით მივხვდი, რომ გულამოსკვნით ტიროდა. რეანიმაციის კართან მდგარმა დაცვამ რომ დამინახა, ჩემი შეჩერება დააპირა, მაგრამ რაციაში ნათლად გავიგონე ნუკრი ექიმის ხმა, ცოტა ხნით ეს მნახველიც შეუშვით ავადმყოფთანო და მანაც უპრობლემოდ გამატარა. უხმაუროდ შევედი ოთახში და ბაიას მივუახლოვდი. გული მომიწურა შიოს ამ მდგომარეობაში ხილვამ, მაგრამ არანაკლებ შემეცოდა ბაიაც. მხრებზე მოვხვიე ხელი და მის დამშვიდებას შევეცადე. _მე, სულელი, ეჭვიანობით დაბრმავებული კიდე, რა სისაძაგლეებს აღარ ვფიქრობდი მასზე._ჩაწითლებული თვალებით ამომხედა საცოდავი ზლუქუნით._საზიზღარი და მართლაც აუტანელი ხუშტურებიანი ვარ, როგორც ამას შიო მეძახის... _დაწყნარდი, ნუკრი ექიმმა თქვა, კარგადააო. ნუ ნერვიულობ, თქვენს შვილს მოუფრთხილდი. სულ მალე შიოც გამოჯანმრთელდება და ისევ ისეთი ხუმარა, ენაკვიმატი და ქაფჩით შეღონებული შიო იქნება._მართალია მეც ღაპი-ღუპით მდიოდა ცრემლი, მაგრამ გაღიმება მაინც შევძელი._ძლიერი ბიჭია, ადვილად გამოძვრებაო. ხო და ერთად გაზრდით თქვენს შვილს._მუცელზე მივეფერე._არ დაუშვა, რომ მასაც რამე დაუშავდეს. წამოდი ახლა, დიდხანს ნუ გაჩერდებითო. შენც ცოდო ხარ და შიოც ცოდოა..._ფეხზე წამოვაყენე, წელზე მოვხვიე ხელი და პალატიდან გამოვიყვანე. _ძვირფას კაბაზე, მდიდრულ და საუცხოო ქორწილზე ვფიქრობდი, თაფლობის თვის ვენეციაში ან პარიზში გატარებაზე, მაგრამ აღარაფერი მინდა, ოღონდ შიო გადარჩეს, ფეხზე დადგეს და ისევ ისეთი "საზიზღარი" იყოს, როგორიც შემიყვარდა და სულ არ მინდა ქორწილი... გონზე მოვა თუ არა, საავადმყოფოშივე მოვაწერთ ხელს და ჯვარსაც აქვე დავიწერთ..._ეს ისე დარწმუნებით და მტკიცედ თქვა, რომ მართლაც ასე მოიქცეოდა დარწმუნებული ვიყავი და მთელ ტანზე ტაომ დამაყარა მღელვარებისგან. ის ღამე არ მიძინია ნერვიულობისგან. წარმოვიდგინე, ბაია რა დღეშიც იქნებოდა და მის ადგილზე ნამდვილად არ მინდოდა ყოფნა. მართალია, ნუკრი ექიმმაც დამაიმედა, ბაბუამაც თქვა, კარგად იქნება, საშიში არაფერიაო, მაგრამ მაინც ვღელავდი, მხურვალედ ვლოცულობდი და ღმერთს შიოს გამოჯანმრთელებას და ფეხზე დადგომას ვთხოვდი. უბრალოდ გაფიქრებაც კი არ მინდოდა იმისა, რომ ფეხზე ვერ გაივლიდა ეს ოხუნჯი და ქაფჩით შეღონებული ბიჭი. დილით, სანამ სამსახურში წავიდოდით, მთელი ოჯახით შიოს დედას ვესტუმრეთ სამძიმრის სათქმელად. ისე საშინლად იყო დასახიჩრებული საცოდავი კაცი, გული უარესად მომიკვდა. მზია დეიდამ აღარ იცოდა რომელი დაეტირა, ქმარი, რომელიწ მის წინ ესვენა, თუ შვილი, რომელიც სიკვდილს ებრძოდა. გოროზმა, ამაყმა და მკაცრმა ბებიამაც კი გადმოყარა კურცხალი ცრემლები და გულამოსკვნით იტირა მზია დეიდას გულამომჯდარ ტირილზე. ბებიამ და ბაბუამ გვერდში დგომა შეუთქვეს დამწუხრებულ მძახალს. გარკვეული თანხაც დაუტოვეს, დაგჭირდებაო და ყველამ ჩვენ ჩვენს სამსახურს მივაშურეთ ბაიას გარდა. ქალბატონი დეტექტივი ჭირისუფლად დარჩა, მერე კი შიოსთან აპირებდა წასვლას. მთელი დღე საშინლად მტკიოდა თავი. მთელი ღამის უძილო და ამდენი ნერვიულობის ფონზე კიდევაც ყოჩაღად მეჭირა თავი. თუმცა, პაციენტებს ძლივს ვიღებდი და რის ვაი-ვაგლახით ვსინჯავდი. ნამდვილად არ მქონდა არაფრის თავი, მაგრამ სამსახური და ვალდებულებები მაინც თავისას მოითხოვდნენ. წამდაუწუმ დავყურებდი საათს, რომ მალე გასულიყო დრო და სახლში მალე წავსულიყავი. თუმცა, ვიცოდი, რომ იქ უფრო ცუდად გავხდებოდი და ვერც სახლში მოვისვენებდი ბაიას გარეშე. ზეზვას მოწერილი შეტყობინებებიც კი ვერ მშველოდა და ვერ მიკეთებდა გუნება-განწყობას. მინდოდა-არ მინდოდა მთელ დღეს მაინც შიოზე და მამამისზე მეფიქრებოდა. პატარა ამბავი ხომ არ იყო რაც მათ გადახდათ? საღამოს, სახლში წასვლის დრო რომ მოახლოვდა როგორც იქნა, ზუსტად მაშინ გაწვიმდა და უარესად მომეშხამა გუნება. უფრო იმან გამაცოფა, რომ წვიმაში გასული გვარიანად დავსველდი და სანამ ჩემს მანქანას არ მივუახლოვდი და ჯიბეები არ მოვიქექე, მანამ ვერ მივხვდი, რომ გასაღები კაბინეტში დამრჩა. საკუთარ თავზე გაბრაზებული დავბრუნდი უკან და აღმოჩნდა, რომ მარტო გასაღები კი არა, ჩანთა, ტელეფონი და ქურთუკიც კი კაბინეტში დამრჩენოდა. დაუდევრად წამოვკრიფე ყველაფერი, კაბინეტის კარი ძლივს ჩავკეტე და ისევ ჩემს მანქანას მივაშურე სირბილით. შენობიდან გასვლისას ვიღაცას ძლიერად გავკარი მხარი. არ დავინტერესებულვარ ვინ იყო, უკანმოუხედავად მოვუხადე ბოდიში და კიბეები სულ სირბილით ჩავიარე. ბოლო საფეხურზე ფეხი დამიცდა, თავი ვეღარ შევიმაგრე და პირდაპირ სველ ქვაფენილზე გავცურდი გულისპირზე. სიმწრისგან ძლიერად მოვხუჭე თვალები ცრემლების შესაკავებლად, მაგრამ ორი კურცხალი მაინც გადმომვარდა. თუმცა, ტკივილმა იმდენად არ შემაწუხა როგორც სირცხვილმა. ვინც დამინახავდა, რას იტყოდა? წამოდგომა დავაპირე, რომ მოულოდნელად ვიღაცამ მომკიდა მხრებში ხელები და ფრთხილად წამომაყენა. მისი მკლავის სიძლიერით მივხვდი, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი იყო და უარესად შემრცხვა. _კარგად ხართ მარი ექიმო, რამე ხომ არ დაგიშავდათ?_ახალგაზრდა ბიჭის შეშფოთებული ხმა რომ შემომესმა, უარესად დავიწვი სირცხვილით. მერჩივნა, მიწა გამომცლოდა ფეხ-ქვეშ და თან ჩავეტანე, ვიდრე მისთვის შემეხედა. _მადლობა, არაფერია._სასწრაფო წესით მოვუხადე მადლობა და ირგვლივ მიმოფანტული ჩემი ნივთებისთვის დავიხარე. თუმცა, ბიჭმა დამასწრო, სათითაოდ წამოკრიფა თვალისდახამხამებაში ყველაფერი: გუბეში ჩაგდებული მანქანის გასაღები, მარტივ მამრავლებად დაშლილი ჩემი ტელეფონი და საცოდავად გათხლეშილი ჩემი "chanel"-ის ჩანთა. მერე კი მორიდებით გამომიწოდა. მხოლოდ მაშინ შევხედე და მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჩვენი დაცვის თანამშრომლის ფორმა ეცვა. უარესად შემრცხვა, რადგან სახეში რომ შევხედე, გუჯა ვიცანი, ჩვენი დაცვის ბიჭი, საბურავი რომ მიმიყენა მანქანაზე და მე კიდევ მადლობაც ვერ მოვუხადე მაშინ. _რამე ხომ არ გტკივათ?.. სიარულს შეძლებთ? ხომ არ გინდათ მანქანამდე მიგაცილოთ?_ინტერესით მომაჩერდა თავისი დიდრონი შავი თვალებით და უარესად შემარცხვინა. _არა, მადლობა, თვითონ მივალ. შენ კი შედი შიგნით, ნუღარ სველდები._საჩქაროდ გამოვბრუნდი დარცხვენილი და ჩემს მანქანას მივაშურე. უკან არ მიმიხედია, მაგრამ ვგრძნობდი, რომ გუჯა ისევ ისე იდგა წვიმაში და მზერით მაცილებდა. არეული ნაბიჯებით მივუახლოვდი ჩემს მანქანას. აღელვებულ-აფორიაქებულმა კარი ძლივს გამოვაღე, საჭეს მივუჯექი და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე. თურმე, აქამდე სუნთქვაშეკრული მოვდიოდი. დაშლილი ტელეფონის აწყობა ვცადე. ავაწყე კიდეც, მაგრამ არაფერი გამოვიდა, მაინც არ ჩაირთა. შეიძლება, სველი იყო და იმიტომ. ან, რამე დაუზიანდა და ხელოსანი სჭირდებოდა. ყველაზე მეტად კი, მის მეხსიერებაში შენახული ზეზვასთან ერთად გადაღებული ფოტოები დამენანა, ჩვენი ბედნიერების ამსახველი კადრები. ერთხანს სინანულით ვატრიალე ხელში. მერე კი, გვერდით სავარძელზე დაუდევრად მივაგდე და გადაყვლეფილი ხელისგულები სველ ხელსახოცზე ფრთხილად შევიწმინდე. თან, ჩემს თავზე მომდიოდა ბრაზი, გუჯას თვალწინ "ამხელა ფილარმონია ქალი" რომ გავიშხლართე მოურიდებლად. (როგორც ყოველთვის, ეს შედარებაც შიოს ლექსიკონიდანაა.) ძრავა რომ ავამუშავე, მტკივანი ხელებით ძლივს დავიმორჩილე საჭე და ფრთხილად გავედი კლინიკის ეზოდან. შიოს სანახავად ვაპირებდი ვითომ წასვლას, მაგრამ კლინიკაში ასე გაწუწული და დასვრილი, თანაც ამ საცოდავი ხელებით როგორ მივიდოდი? ამიტომ გეზი პირდაპირ სახლისკენ ავიღე. ფრთხილად ვმოძრაობდი. ჯერ ერთი, ისედაც არ მიყვარდა სისწრაფე, მერე წვიმდა და ვფრთხილობდი და ახლა, ჩემი ნატკენი ხელისგულებიც ემატებოდა ამ ყველაფერს და საჭეს ძლივს ვატრიალებდი. შეძლებისდაგვარად მოვაპარკინგე ჩემს სადგომზე მანქანა და სადარბაზოს ჩქარი ნაბიჯებით მივაშურე. ის იყო შევდგი კიდეც ფეხი, რომ ნაცნობმა ხმამ დამიძახა და შევჩერდი. შევჩერდი კი არა, ერთ ადგილზე გავიყინე და მისკენ მობრუნებაც კი ვერ მომეხერხებინა გულაძგერებულს. _მარიშკა._უკვე ყურთან მომესმა ზეზვას რაღაცნაირად გაბრაზებული დაძახება და ცოტა არ იყოს შევკრთი. ხელი რომ მომკიდა და შემომაბრუნა, არ გავძალიანებულვარ._თავს რატო მარიდებ, დაგიშავე რამე?_წყენით მკითხა და ინტერესით მომაჩერდა სახეში._დღეს მთელი დღე შეტყობინებებს გწერ და ერთი პასუხი არ დაგიბრუნებია უკან. ბოლოს კი, მთლად გამითიშე ტელეფონი. რა ხდება, ვინმემ რამე საძაგლობები გითხრა ჩემზე? გაოცებულმა რომ შევხედე, შევკრთი, აშკარად ცემის კვალი ემჩნეოდა სახეზე. _ეგ რა მოგსვლია?_შევიცხადე და თითებით ფრთხილად შევუმოწმე დალურჯებულ-შეშუპებული ადგილები._გტკივა? _ცოტა._სახე უმალ მომარიდა._რა გჭირს, რატო არ მპასუხობ?_ამ ხნის მანძილზე, რაც მას ვიცნობდი, პირველად ვიგრძენი მის ხმაში სიბრაზე და უკმაყოფილება. თან, ეჭვიც. _მაპატიე, შიოს და მისი ოჯახის ამბავმა იმოქმედა ძალიან, პასუხის დაბრუნების თავიც კი არ მქონდა. მერე კი, კიბიდან გადავვარდი და ტელეფონი გამიტყდა..._დარცხვენილმა ვაღიარე ჩემი წაქცევა. _შიომ გითხრა რამე?_შევატყე, როგორი ეჭვით შემომხედა და ციებიანივით გამაკანკალა. მეწყინა, ჩემი გადავარდნით რომ არ დაინტერესდა და მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, ვინმემ რამე ხომ არ მითხრა. _შიოს რა უნდა ეთქვა?_გამიკვირდა._უგონოდაა... ძალიან მძიმედაა._თვალები ამიწყლიანდა._ან, შენ რა მოგივიდა?_ისევ წავატანე სახეზე ხელი._ვინმემ გცემა? _ისეთი არაფერია, სამსახურში დავშავდი._ისევ მომარიდა სახე. ალბათ, ძალიან სტკიოდა და იმიტომ. _რამეს წამლობ ამ დაბეჟილობებზე?_შემეცოდა და ხელკავი გამოვდე._წამო, ჩემთან ამოდი, მალამოს წაგისმევ და ტკივილს შეგიმსუბუქებს._თან, სახლში ავიპატიჟე ღიმილით. ჯერ, თითქოს დაჰყვა ჩემს სურვილს, გამომყვა კდეც, მაგრამ სადარბაზოში რომ შევედით და კიბეს ავუყევით, შედგა და მეც შემაჩერა. _მაცდური შემოთავაზებას, მაგრამ იყოს, არ მინდა._ალბათ, ასე დალილავებული სახით მოერიდა ჩემებთან შეხვედრას._შენ ის მითხარი, როგორ ხარ?_მოულოდნელად მკლავებში მომიმწყვდია და თვალებში ჩამხედა ღიმილით. წუთის წინ გაბრაზებული და დაეჭვებული რომ მიყურებდა, ახლა უდიდეს სიყვარულს და სითბოს ასხივებდა მისი თაფლისფერი თვალები. გამაოგნა მისმა ამ მოულოდნელმა სახეცვლილებამ, მაგრამ ცხვირზე რომ მომწვდა და მაკოცა, სულ დამავიწყდა ყველაფერი. ცხვირიდან კი ტუჩებზე გადაინაცვლა და სუნთქვა შემიგუბა მისმა მხურვალე კოცნამ. თვეებია ვიცნობდით ერთამანეთს და ასე თამამი და თავდაჯერებული არასდროს ყოფილა. უხდებოდა კიდეც ეს სითამამე, მაგრამ მე, რატომღაც, ის მორიდებული და "დაბდური" ზეზვა უფრო მომწონდა და მიყვარდა კიდეც. _სირცხვილია, არავინ დაგვინახოს._მორცხვად მოვიგერიე, თუმცა კიდევ რომ მომწვდა და მაკოცა, სიამოვნებით მივლულე თვალები. _დღეს რას აკეთებ?_ჯერ მიჩურჩულა ყურში და მერე კი ყურის ბიბილოზე მაკოცა ნაზად._რამდენი ხანია ნინი და თაკო დამდევენ მუდარით, სავახშმოდ ჩვენთან მოიყვანეო... მათთან ვახშმობა კარგი აზრი იყო, მომეხსნებოდა მთელი დღის დაძაბულობა და ნერვიულობა, მაგრამ ბაიასი მომერიდა. ქალს მამამთილი დაეღუპა, ქმარიც (უფრო ზუსტად საქმრო) სიკვდილს ებრძოდა საავადმყოფოში და მე გულისგადასაყოლიებლად და გასართობად წავსულიყავი შეყვარებულის ოჯახში? _კარგი კი იქნებოდა, მაგრამ ამ საღამოს შიოს დედასთან უნდა გადავიდეთ მე და ბებია..._რატომღაც ვიცრუე._ ძალიანაც მიმძიმს და არ მინდა იმ ოჯახში მისვლა, მაგრამ რას ვიზამთ? _კარგი, რა გაეწყობა, სხვა დროს იყოს._ისევ მომტაცა ვნებიანი კოცნა და სადარბაზოდან უკანმოუხედავად გავარდა წვიმაში. ერთხანს ისევ ისე ვიდექი გარინდული, როგორც დამტოვა, სასიამოვნო განცდებს ვუღიმოდი თვალებმინაბული. მერე კი, ვიღაცის ფეხის ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან და აღელვებულმა განვაგრძე გზა. კარი ბებიამ გამიღო. ნამტირალევი ჩანდა და ელდა მეცა, შიოს რამე ხომ არ მოუვიდა-მეთქი, მაშინვე იქით გამექცა ნეგატიური ფიქრები. _მზია გვყავდა მე და ლევანს კლინიკაში მიყვანილი... შვილი ნახა._ისევ წამოსცვივდა კურცხალი ცრემლები და ხმაც საგრძნობლად აუკანკალდა._მტერსაც კი არ ვუსურვებ მასეთ რამეს... ღმერთო, ყველა დედას ჯანმრთელად უმყოფე შვილი და ნურცერთ დედას ნუ მოასწრებ შვილის სიკვდილს... რა გულმოკლულია საცოდავი ქალი... შიოც მეცოდება, მთასავით კაცი გაუნძრევლად დევს საწოლში და ზონდით კვებავენ._აქ კი ხმამაღლა ასლუკუნდა უკვე. _ბაბუამ ხომ თქვა, კარგად იქნებაო?_შიშით ვკითხე. არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ შეიძლებოდა რამე ისე არ ყოფილიყო. _ხო, კარგად იქნება, მაგრამ სანამ გამოჯანმრთელდება? სულ მცირე, ერთი კვირა მაინც ხომ უნდა იწვეს მასე? _მთავარი ახლა ის არის, რომ გამოჯანმრთელდება და დროს აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, რომ კარგად იქნება._ომახიანად დავაიმედე და ჩემს ოტახში დავაპირე გასვლა. _მოიცა, შენ რაღა მოგივიდა?_შეშფოთებულმა შემაჩერა და ჩემი გადაყვლეფილი ხელისგულები გულდასმით შეათვალიერა._რამდენი ჭუჭყი გაქვს კანში შესული... რა მოგივიდა ადამიანო?_უარესად შეშფოთდა, რადგან შუბლიც დაკვირვებით შემიმოწმა, ალბათ ისიც გადაყვლეფილი მქონდა. _სახლში რომ მოვდიოდი, კიბეზე ფეხი დამიცდა და დავეცი, არაფერია, გამივლის. _დაბდური ხარ? როგორ თუ დაეცი? _აი ასე, ფეხი დამიცდა და დავეცი?_გამეღიმა. ერთხანს უხმოდ მათვალიერა ფეხსაცმლის ჭვინტიდან თმის ღერამდე. გუნებაში რას ფიქრობდა არ ვიცი, მაგრამ საჩემოდ რომ კარგ არაფერს, მაგას გუმანით მივხვდი. _იცი, თუ ეგ ჭუჭყი და ხვინჭა არ ამოიღე ხელისგულებიდან, ინფექცია შეგეჭრება? მერე ელოდე, როდის გაგივლის. მაცადე, ახლავე დაგიმუშავებ. _ვითომ რამე მომივა?_ეჭვით ვკითხე, რადგან ძალიანაც არ მხიბლავდა ჩემი ხელისგულების ჯიჯგვნის პერსპექტივა. _და ვინ მეკითხება ამას?_ისეთი ტონით მკითხა, შემრცხვა. სააფთიაქო ყუთი რომ გამოიტანა სამზარეულოდან, მორჩილად ჩამოვჯექი დივანზე და შიშით გავუწოდე ჩემი ხელები. პირველ რიგში ქაფური დამასხა და ბინტის დიდრონი ტამპონებით საკმაოდ უხეშად მიმშრალებდა ჭრილობას. _ცოტა ფრთხილად არ შეგიძლია? მტკივა._ავწუწუნდი _ამ ჭუჭყისგან თუ არ გავასუფთავე, ისე არაფერი გამოვა, ცოტაც მოითმინე. პატარა ბასრპირიან სკალპელს რომ დაავლო ხელი, მივხვდი, კანის გაჭრა გარდაუვალი იყო და თვალები მაგრად დავხუჭე. _ამ უბრალო ტკივილს ვერ უძლებ შენ და შვილი როგორ უნდა გააჩინო ნეტა? თუ, მარტო ხვევნა-კოცნა გგონია შენ ოჯახის შექმნა? ხვევნა-კოცნის ხსენებაზე ცოტა შევკრთი, დავიბენი და გავწითლდი კიდეც. ბებიას რომ არაფერი შეემჩნია, უარესად ავკვნესდი და ავწუწუნდი, ვითომ ძალიან მტკიოდა ჭრილობა. დავიჯერო, სადმე დაგვინახა მე და ზეზვა? თუ, ვინმემ მიუტანა ენა? მალულად შევათვალიერე საქმეში გართული ბებია. მაინტერესებდა რა და რამდენი იცოდა. _მოიცა, ნუ ფართხალებ, ცოტაც გაუძელი._მკაცრად გამაფრთხილა._მაშ, შიომ რაღა თქვას, დამტვრეულ-დაჩეჩქვილი რომაა? _იმას ხომ სძინავს და ტკივილს ვერ გრძნობს?_თავის მართლებას მოვყევი. _სანამ დაიძინებდა, ხომ გრძნობდა?.. ნეტა, მალე გამოჯანმრთელდეს და გააღვიძონ.. ბაიაც ცოდოა მისი შემხედვარე. ამ მცირე დროში სულ ჩამოდნა და ჩამოხმა... მეგონა, უბრალო ახირება იყო, მაგრამ მართლა ძალიან ყვარებია ის ბიჭი._ისე ამოიოხრა ბებიამ, ლამის გულიც თან ამოაყოლა. მერე კი უსიტყვოდ განაგრძო ქირურგიული ჩარევები ჩემს ხელისგულებზე. გულისგამაწვრილებლად მტკიოდა რომ მჭრიდა, მწიწკნიდა და მჯიჯგნიდა, მაგრამ იძულებული ვიყავი წყნარად ვმჯდარიყავი მის წინ და უფლება მიმეცა ტკივილი მოეყენებინა ჩემთვის. ცოტაც და გული წამივიდოდა ალბათ, მაგრამ რომ თქვა მოვრჩიო, შვებით ამოვისუნთქე. თუმცა, მარჯვენა ხელისგულზე რომ დავიხედე, ისე მქონდა დასერილი, უარესად შემიწუხდა გული. ეს რა არის ბებია? აუცილებელი იყო ასე დაჯიჯგვნა?_ვუსაყვედურე._ამ ხელებით როგორ წავიდე ხვალ სამსახურში? _გადაგიხვევ, არაფერია. აბა, იმდენი მიწა და წვრილი კენჭები გქონდა კანში, რანაირად უნდა ამომეღო? სამაგიეროდ, ახლა სუფთაა შენი ჭრილობა და ინფექციის საშიშროება აღარ გემუქრება. ქორწილამდე გაგივლის, ნუ დარდობ._თან დამამშვიდა. კარგი დამშვიდება კი იყო, ვერაფერს ვიტყოდი. მე ხვალინდელი დღე უფრო მაშფოთებ-მაღელვებდა, რომ ან საჭე როგორ უნდა მეტრიალებინა და ან პაციენტები როგორ უნდა გამესინჯა, თორემ ქორწილს ვინ ჩიოდა? მალამო კი წამისვა და გადამიხვია ბინტით, მაგრამ ტკივილი მაინც მაწუხებდა. პულსივით მიფეტქავდა და გულს მიწუხებდა. ახალი შებინდებული იყო, ბაიამ რომ დაურეკა ბებიას, მარიშკა სად არის, ვურეკავ და ტელეფონი გამორთული აქვსო. ჩემს გვერდით არისო, რომ დაამშვიდა, მაშინვე ჩემთან დალაპარაკება მოისურვა. მთხოვა, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ჩემი ტელეფონის დამტენი წამომიღეო. ხელი რომ მტკიოდა, არ მითქვია, წინდაწინ გამოვიძახე ტაქსი, რადგან ახალ "ნაოპერაციებელ" ხელს არ ვენდე და პატარა ჩემოდანში ჩავულაგე ყველაფერი, რაც მთხოვა. ის იყო, მოვრჩი ყველაფერს, რომ ტაქსმაც მომაკითხა და წავედი. ბებია მართალი იყო, ამ მცირე დროში ბაია მართლაც შეცვლილიყო. საგრძნობლად გამხდარიყო და თვალის უპეებიც ამოღამებოდა. დავინახე თუ არა, გული მომიკვდა, ის ბაია აღარ იყო, როგორსაც აქამდე ვიცნობდი. ვეხვეწე, სახლში წამოდი, აქ ცოდოები ხარ შენც და შენი შვილიც-მეთქი... ახლა მას არ დამართო არაფერი-მეთქი, მაგრამ როგორც შიო იტყოდა, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მე აქ უნდა ვიყო, გონზე რომ მოვა პირველი მე უნდა ვნახოვო. ისევ ის ჯიქი და პრინციპული ბაია იყო, ოდნავადაც არ შეცვლილიყო ამ მხრივ. _საჭმელი გაქვს, ნორმალურად მაინც იკვებები?_არც მე მოვეშვი. მინდოდა როგორმე დამეყოლიებინა და სახლში წამომეყვანა. _არ მშია. _რას ლაპარაკობ?_გავუბრაზდი._ამ ბავშვს ჭამა და საზრდოობა არ უნდა?_მუცელზე მივადე ხელი._ან ნორმალურად დაწოლა და დასვენება? _ნუკრი ექიმმა ერთი საწოლი ჩემთვის მოაწყობინათ შიოს გვერდით და იქ მძინავს, ნუ ნერვიულობ._დამამშვიდა. _მესმის, რომ განიცდი მის ამბავს, მაგრამ ამ ბავშვმა რა დააშავა? უფლება რომ მქონდეს, გემოზე გაგლახავდი! მასე გიყვარს შიო, რომ მის სშექმნილ შვილს ასე აშიმშილებ და ანერვიულებ? _კარგი, დაწყნარდი, კაფეტერიაში ჩავდივარ და იქ ვჭამ, მშიერი არ ვარ!_აქეთ შემომიტია._მართლა მასეთი სულელი გგონივარ, რომ ამ ბავშვს რამე დავუშავო? ჯერ ეს მიყვარს, მერე შიო და მერე სხვა დანარჩენები. უბრალოდ, სახლში ვერ მოვისვენებ და უფრო ვინერვიულებ. აქ შედარებით მშვიდად ვგრძნობ თავს... _კაფეტერიის საკვებით იკვებები ორსული ქალი? სულ გაგიჟდი?_ახლა ამაზე გავუბრაზდი._ჯანსაღი პროდუქტით და ვიტამინებით სავსე ხილ-ბოსტნეულით უნდა იკვებებოდე, რძის პროდუქტით და კვერცხის ნაწარმით!_ლამის ისტერიკა დამემართა. _მისმინე ძვირფასო._მხრებში მომკიდა ხელი და შემაჯანჯღარა._მე ის ვიცი, რომ დედის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, ყველაფერს თავის შვილს უწილადებს, ასე რომ ჩემს შვილს არანაირი საშიშროება არ ემუქრება აქ. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ექიმებიც აქვე არიან. ასე რომ დამიწყნარდი და ისტერიკებს ნუ მიწყობ, თორემ ისტერიკის მოწყობა ჩემგან მოიკითხე. შენ ის მითხარი, ხელზე რა დაგემართა? _ისეთი არაფერი, წავიქეცი და გადავიყვლიფე, ბებიამ კი ქირურგიულად დამიმუშავა, ჭუჭყი თუ არ ამოვიღე, ინფექცია შეგეჭრებაო. არა და ისეთი არაფერი მქონდა. ახლა კი უშველებელი ჭრილობები მაქვს... ტელეფონიც წაქცევისას დამივარდა და ისე გამიფუჭდა._ამოვიოხრე._არა და რამდენი ფოტო მქონდა ზეზვასთან ერთად გადაღებული. _არაუშავს, ახალ ტელეფონს იყიდი და ცხოვრებასაც ახალი ფურცლიდან დაიწყებ. თან, ახალ ფოტოებსაც გადაიღებთ, უფრო უკეთესებსაც კი._დამაიმედა. ხელი მომხვია და შიოს სანახავად შემიყვანა. ისევ ისე იწვა უგონოდ და გაუნძრევლად, ამ მცირე დროში არაფერი შეცვლილიყო. _ვერ წარმოიდგენ, როგორ მენატრება ეს საზიზღარი._გულიანად ამოიოხრა, მერე დაიხარა, შუბლზე ჩამოშლილი ქერა თმა ფაქიზად გადაუწია და მაღალ შუბლზე ნაზად აკოცა._სერიოზულად მიყვარს და მის გარეშე სიცოცხლეს ვერ შევძლებ. (გაგრძელება იქნება) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.