შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი (13)


27-07-2021, 09:46
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 1 913

მე მენატრებოდა ეს ენაკვიმატი ბიჭი. მაკლდა მისი ხუმრობები და ოინები და ბაიას რომ მონატრებოდა საყვარელი მამაკაცი, რა გასაკვირი იყო? თან, მუცლით ხომ მის შვილს დაატარებდა? მართალია, ეს ამბავი ჯერ არავინ იცოდა ჩემს გარდა, პირველი ვიყავი, ვისაც მხვდა წილად ამ საიდუმლოს გაგება, მაგრამ ფაქტი ხომ სახეზე იყო? მათი სიყვარულის ნაყოფი დღითი-დღე იზრდებოდა და ყალიბდებოდა გადარეული დეიდაჩემის მუცელში...
კარგა ხანს შემოვრჩით შიოს პალატაში. ბევრი კურიოზული შემთხვევა გავიხსენეთ თავად ბატონი კურიოზული შემთხვევის მონაწილეობით და გულიანადაც ვიცინეთ, ოღონდ დაბალი ხმით, რომ არავისი ყურადღება არ მიგვეპყრო და შენიშვნა ან საყვედური არ აგვეკრა "ალიყურივით". ბოლოს, სახლში წამოსვლის წინ, როგორც იქნა, დავიყოლიე ჯიუტი დეიდაჩემი, რომ ჩემი მითითებებით დაიწყებდა კვებას და შორიახლოს სადღეღამისო მარკეტში თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი ხაჭოს, იოგურტის, ორცხობილების და ხილის საყიდლად. მოკლეთ, ფეთიანივით შევვარდი მაღაზიაში. უამრავი კლიენტი ირეოდა, მაგრამ ყურადღება არავისთვის მიმიქცევია, საჭირო სექცია ალმოდებულივით დავიარე. ნატურალური წვენებიც კი ვუყიდე და ბოლოში მოლარე კონსულტანტისკენ რომ გავეშურე, ძლივს წავათრიე თავმობმული და საკმაოდ მძიმე კალათა. ერთი კი გამიელვა ტვინში, ამდენი რამ ამ მტკივანი ხელით როგორ უნდა გავზიდო-მეთქი, მაგრამ თავს შემოვიუძახე, მე ხომ ყოჩაღი გოგო ვარ-მეთქი და გრძელ რიგში ჩავდექი, რომელიც კუს ნაბიჯებით მიიწევდა წინ.
დაახლოებით ნახევარი საათი მაინც ვიდექი რიგში და როგორც იქნა მივაღწიე მოლარემდე, რომელმაც ჩემი ნავაჭრი დაიანგარიშა და ოთხმოცდაოთხი ლარი მიანგარიშა. ჯიბეები მოვიქექე და ელდა მეცა, არც საფულე და არც ბარათი თან არ მქონდა. არც ტელეფონი მქონდა, რომ ბაიასთვის დამერეკა. რომ იტყვიან, ჭირის ოფლმა დამასხა. ხელმეორედ მოვიქექე ჯიბეები, მაგრამ ამაოდ, რაც არ მქონდა არ მქონდა.
_ცოტა დროზე ქალიშვილო, რიგს ნუ აფერხებთ._მკაცრად გამომხედა მოლარე კონსულტანტმა, რომლის ბეიჯზეც თამთა ამოვიკითხე.
_თამთა, ძვირფასო, აქვე კლინიკიდან გამოვიქეცი, ავადმყოფისთვის მიმაქვს საკვები. საფულე პალატაში დამრჩენია, მივალ და ახლავე დავბრუნდები._თან სავსე პარკებს წამოვავლე ხელი.
_მოიცა, მოიცა, ესენი სადღა მიგაქვს?_ეჭვით შემომხედა._ამას აქ შეგინახავ, წადი, ფული მოიტანე და მერე წაიღე.
მეწყინა და რა მეწყინა უნდობლობა რომ გამომიცხადეს.
_თაღლითს ვგავარ?
_გარეგანი სილამაზის მიღმა ყოველთვის მზაკვრული იდეები იმალება სულში._მაღალფარდოვანი სიტყვები საიდან მოიშველია არ ვიცი, მაგრამ უფრო მეწყინა და გავბრაზდი.
_გთხოვ, ავადმყოფი მელოდება...
_ხო და, გაცუნცულდი პატარა თაღლითო, შენი დრო არც მე მაქვს._თან პარკებს დაეჯაჯგურა, რომელსაც ისე მწარედ ვიყავი ჩაფრენილი, ცოცხალი თავით არ დავთმობდი ალბათ.
_მოიცათ, მე გადავიხდი._რიგის ბოლოდან ვიღაცამ რომ დაიძახა და შევხედე, სირცხვილით დავიწვი, გუჯა იყო.
ხალხის ბრბო ზრდილობიანად გამოარღვია ახოვანმა ვაჟმა და მოლარე-კონსულტანტს ბარათი გაუწოდა. მერე მე მომიბრუნდა ინტერესით.
_შორს მიდიხართ მარი ექიმო?
ექიმის ხსენებაზე თამთამ ყურები ცქვიტა.
_აქვე, ევექსის კლინიკაში._ხელი უაზროდ გავიშვირე ზურგსუკან დაბნეულმა და დარცხვენილმა.
_დამელოდეთ, ახლავე მიგაცილებთ._თავისი ნავაჭრი კონსულტანტს გადააწოდა, რათა არ ველოდინებინე, ახლავე დავბრუნდებიო, მაგრამ ზრდილობიან ბიჭს უმალ დაუთმო ყველამ რიგი, არ არის პრობლემაო. ხო და თავის ნავაჭრთან ერთად ჩემს პარკებსაც წამოავლო ხელი და შენობა ასე დავტოვეთ.
გაოგნებული, გაოცებული და დარცხვენილი მივაბიჯებდი მოულოდნელად ჩემს მაშველად გამოჩენილ გუჯას გვერდით და ხმის ამოღებასაც კი ვერ ვახერხებდი. ეს უკვე მესამედ ვიყავი ძალიან, ძალიან უხერხულ სიტუაციაში და სამჯერვე ეს ზრდილობიანი ბიჭი მომევლინა დამხმარედ. აშკარად, ჩემი მაშველი რგოლი იყო.
კლინიკას ისე მივუახლოვდით, ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. მიმღებში რომ შემომყვა, მაშინ კი ავწრიალდი.
_ნუ წუხდები, აქედან უკვე მეც გავართმევ თავს.
_რა შეწუხებაა?_გულწრფელად შემომღიმა და პირველად შევნიშნე, რომ ღიმილის დროს ლოყებზე საყვარელი პატარა ფოსოები გაუჩნდა._მეც აქ მოვდივარ... დედაჩემი წევს და მას ამოვაკითხე._დედის ხსენებაზე აშკარად დასერიოზულდა და შავ, დიდრონ თვალებში სევდა ჩაუდგა.
_დედაშენი აქ წევს?_გამიკვირდა._რა სჭირს?
ამასობაში ლიფტს მივადექით და რახან გუჯას ხელები დაკავებული ქონდა, მე მივაჭირე გამოძახების ღილაკს თითი.
მისი დაჟინებული მზერა რომ დავიჭირე ჩემს დაბინტულ ხელზე, გამეღიმა.
_ისეთი არაფერია. ბებია მყავს ძალიან მშიშარა და ასე ვთქვათ, პარანოიით შეპყრობილი. იმან დამიმუშავა დღეს გადაყვლეფილი ხელისგულები._თან, დღევანდელი ინციდენტი გამახსენდა და სირცხვილისგან გავწითლდი.
ოდნავშესამჩნევად მასაც გაეღიმა და ლიფტის კაბინაშიც შევედით.
_დედაშენს რა სჭირს, რა მითხარი?_ხელახლა ჩავეკითხე, რადგან წეღან სხვა თემაზე გადავიტანეთ საუბარი.
_განგრენა..._რაღაცნაირად ამოიოხრა._მეორე ფეხის ამპუტაციაც დასჭირდა.
ვიგრძენი როგორ დამიარა მთელს სხეულში სიცივემ.
ნეტა არ მეკითხა. უარესად დავადარდიანე ისედაც დადარდიანებული ბიჭი და მეც საშინლად დამიმძიმდა სული. ჩემს სართულზე რომ შეჩერდა ლიფტის კაბინა, ისე გამოვედი, რომ ვერც დავემშვიდობე და ვერც მადლობა მოვუხადე ამ ბიჭს. სანამ კარი დაიხურებოდა, წამიერად შევნიშნე, რომ სევდიანად გამიღიმა და ჩემს თავზე გავბრაზდი. გავბრაზდი კი არა, გავცოფდი, ეს რა ძალიან უზრდელი, ხეპრე და უტაქტო ვინმე ვიყავი. ჩვენი თანამშრომლების შესახებ ჩვენს კლინიკაში ყველამ ყველაფერი იცოდა ერთმანეთის შესახებ და ამ ბიჭის დედა, რომ ასე მძიმედ იყო ცუდად, ერთხელ არ მქონდა ვითომ გაგონილი? მგონი, მეც ბებიას ვგავდი და ჩემს ქვემო საფეხურზე მდგარ ხალხს არაფრად ვაგდებდი. ან, მადლობის თქმა რა იყო, რომ მეთქვა ვითომ? ავადმყოფი დედის სანახავად მოდიოდა და ჩემს გამო ზედმეტ ხარჯებსაც კი არ მოერიდა. როგორ სევდიანად მიღიმოდა...
ჩემს თავს ვლანძრავდი ბუტბუტით და დერეფანში ძლივს მივათრევდი პარკებს, რომ მოულოდნელად ბაია წამომადგა თავზე.
_ეს რა არის? განა ქორწილი უნდა გადავიხადო? მეტი აღარაფერი იყო იმ მაღაზიაში?_მისაყვედურა და თან რამოდენიმე პარკი ჩამომართვა._უი, ეს რა კარგი რამე მოგიტანია._სახე გადაუნათდა._რა იცოდი რომ მინდოდა?_სანდორას ყუთი ამოაძვრინა._თან, ალუბლისაა._უარესად გაუხარდა. იქვე გახსნა და გზადაგზა მოსვა.
არ ვიცი, იხარბა, თუ თვითონ ყუთი იყო მოუხერხებელი, ტუჩის ორივე კუთხიდან წითელმა სითხემ გამოუჟონა და ნიკაპზე სწორე ზოლები დაეტყო.
_ვამპირს გავხარ._გამეცინა._ამოღამებული თვალებით, გადაფითრებული სახით და მაგ სისხლისფრად მოსვრილი პირით.
ხელის ზურგით მოწმენდის მაგივრად უარესად მოითხუპნა პირი და თვითონაც აკისკისდა.
_ეხლა შიო რომ აქ იყოს, ხომ იტყოდა: "აგე, დაიწყო ქალბატონმა უკვე ჩემი სისხლის წოვაო",_მეც ავკისკისდი. მერე ჯიბიდან ერთჯერადი ხელსახოცი ამოვიღე და გავუწოდე._ნორმალურად მოიწმინდე, არავის გაუხეთქო გული.
ბაბუას კაბინეტში შევედით, მის მაგიდაზე გაიშალა ქალბატონმა სახელდახელო სუფრა და ისე მადიანად შეუდგა ჭამას, რომ შემშურდა კიდეც. თან, მეღიმებოდა. თავიდან დიდ უარზე კი იყო, ამდენი რამე რად მინდაო, მაგრამ მუსრი კი გაავლო ყველაფერს.
_არ მინდამ ცხრა ხინკალი შეჭამაო?_ბოლოს, გულმა მაინც არ მომითმინა და შიოსეული ანდაზა სიცილით ვუთხარი.
მასაც გაეცინა.
_რა შექმნა მაგისთანა ჩემს მუცელში, არ ვიცი. ხან მეშინია, რომ დაიბადება ჩვენც არ გადაგვჭამოს ყველანი.
_დღეს ბაბუა მაინც აქ არის, ცვლაშია და შენ რომ სახლში წამოსულიყავი, არ გინდა._ისევ შევაპარე, იქნებ როგორმე დამეყოლიებინა სახლში წამოსვლაზე.
_ტყუილად არ იღლი პირს? შემეშვი, აქაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს... მგონი, შენი წასვლის დროა, წაცუნცულდი სახლში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მევალება რაა. ღმერთმა ასეთი სიტუაცია გაშოროს, მაგრამ ჩემი იმედი გქონდეს, ყოველთვის დაგიდგები გვერდში... ხოო, მართლა, წეღან ვფიქრობდი, სანამ შენ ტელეფონს შეაკეთებ, ან ახალს იყიდი, აი, ჩემი წაირე, მე შიოს ტელეფონი მაქვს აქ. რამე რომ დამჭირდეს, ხომ უნდა დაგირეკო? შენი სიმ-ბარათი ჩადე ოღონდ._თავისი ოქროსფერი აიფონი გამომიწოდა._კოდი ხომ იცი, შენი დაბადების წელია.
კოდი კი ვიცოდი, მაგრამ, ჩემი დაბადების წელი რატომ ქონდა ეგ არ ვიცოდი და ვერ ვხვდებოდი. ტელეფონი ფრთხილად ჩამოვართვი და შარვლის ჯიბეში ჩავიდე. მერე ისევ შიო მოვინახულე წასვლისას. ჩემი ჩანთა, რომელიც მის საწოლზე დამრჩენოდა, მხარზე მოვიკიდე, ბაიას დავემშვიდობე და სახლში წამოვედი.
პირველ რიგში ჩემი სიმ ბარათი ჩავდე მის ტელეფონში და ჩავრთე, რათა მნიშვნელოვანი ზარები არ გამომრჩენოდა და მეპასუხა.
მეტწილად ზეზვას შეტყობინებები და ნარეკი იყო. რამოდენიმე ბაიასიც. ზერელედ გადავავლე თვალი, რადგან მეძინებოდა და ძილმა წამართვა თავი. ტკბილად კი მეძინა, მაგრამ ჯერ ისევ ღამე იყო, რაღაც კოშმარული სიზმარი რომ ვნახე და დაფეთებული წამოვხტი. მართალია, აზრი ვერ გამოვიტანე იმ სიზმრიდან, მაგრამ ისეთ შეშინებულს გამეღვიძა, ძლივს მოვიბრუნე გადატრიალებული გული. ძილი ვეღარაფრის დიდებით ვეღარ შევიბრუნე და დეიდაჩემის ტელეფონს გადავწვდი, იმით შევიქციე თავი. გულდასმით გადავიკითხე ზეზვას სასიყვარულო შეტყობინებები და გული საამოდ ამიძგერდა. მწერდა, რომ ვენატრებოდი, ვუყვარდი, უჩემოდ ვერ ძლებდა, მისი სიცოცხლე ვიყავი, მისი გულის ფეთქვა და ბაგი-ბუგი. მოკლეთ, ამითრთოლა და სასიამოვნოდ ამიძგერა წუთის წინ გადატრიალებული გული. მართალია, გვიანი იყო, ჯერ ეძინებოდა ისევ, მაგრამ მაინც მივწერე, რომ მეც მენატრებოდა. როცა გაიღვიძებდა ხომ ნახავდა? მერე ტელეფონის შესწავლა -დათვალიერებას მივყავი ხელი და შემთხვევით მის მეხსიერებაში შენახულ შეტყობინებებს გადავაწყდი. სასიყვარულო მაღალფარდოვან სიტყვებს სწერდა დეიდაჩემს ვიღაც და სხვათაშორის, ესეც პასუხობდა. გავვოგნდი, შიოს ნომერი ნამდვილად არ იყო და საგონებელში ჩავვარდი. თუ შიო უყვარდა და მასზე აფანატებდა, ვის სწერდა ასეთ სიტყვებს ეს ქალბატონი? მაშინვე ნომრების ბაზაში გადავამოწმე ეს უცხო ნომერი და უარესად გავვოგნდი, როდესაც ოთხი "უჩა", ერთი "მაჩო", ერთი "ძამიკო" და ერთიც "ჩემი ლომი" დაეწერა. მივხვდი, ეს ის უჩა იყო, ვითომ შიოს საეჭვიანებლად რომ იყენებდა ბაია.
დაფეთებული წამოვჯექი საწოლში და ერთხანს ასე ვიყავი. თან, ღამის სიბნელეში უაზროდ მივჩერებოდი ერთ წერტილს. რა ხდებოდა ნეტა? ნუთუ, მართლა უჩა უყვარდა? მაგრამ, შიოს რაღას დასტრიალებდა? თუ შიო უყვარდა კიდე, უჩასგან რა უნდოდა? მოკლეთ თავი ამტკივდა, იმდენი ვიფიქრე, ვინერვიულე და ვიჭყლიტე ტვინი. უჩას ნომერი ამოვიწერე გადასამოწმებლად და მიზნად დავისახე ყველაფერი ჩემი ძალებით გამერკვია. თუ დავამტკიცებდი, რომ დეიდაჩემი დედაჩემივით მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო, გაულახავი ვერ გადამირჩებოდა ნამდვილად. არაფრად ჩავაგდებდი მის ორსულობას და სულ თმებით ვითრევდი ამ მოღალატეს.
ამ ამბის გამო მთელი დღე უგუნებოდ ვიყავი სამსახურში. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მიტრიალებდა თავში და რაც მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ვერ ვაკავშირებდი ერთმანეთთან ვერავის და ვერაფერს. მაგალითად, რა აკავშირებდათ ლეოს ძიძას და უჩას ერთმანეთთან? რატო გადმოვიდა უჩა ჩვენს ზემოთ საცხოვრებლად, თანაც ისე, რომ არავინ ვიცოდით? თითქოს, უშიშროების აგენტი ყოფილიყოს, ისე გაასაიდუმლოა თავისი საცხოვრებელი ადგილი. რატო ეკონტაქტებოდა ბაია მაგ მაჩოს თუ ვიღაცის ლომს? ნუთუ, რეზერვში ყავდა, თუ შიოს რამე დაემართებოდა, მაშინვე მასთან რომ გაქცეულიყო? მოკლეთ, მთელი დღე ადამიანს აღარ ვგავდი ნერვიულობით. მაკამაც კი შემატყო უგუნებობა, მაგრამ შიოს ამბავს დაუკავშირა ყველაფერი და დამამშვიდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. დღის ბოლოს, სამსახურის დასასრულს კი ზეზვამ მომაკითხა. მართალია, მცირეოდენი კოსმეტიკური საშუალების დახმარებით აღარ ემჩნეოდა დალილავებული ადგილები სახეზე, მაგრამ მე რომ ვიცოდი ალბათ ადვილად შევნიშნე. გამიხარდა მისი ნახვა. კაფეში დამპატიჟა და მეც სიამოვნებით დავთანხმდი. ცოტა ხნით მაინც არ მაწყენდა საყვარელ მამაკაცთან ერთად განმარტოება და განტვირთვა. ისეთი შეყვარებული თვალებით მიმზერდა, გულს სიამოვნებით მითრთოლებდა და მიძგერებდა. ყოველი მისი შეხება, ჩემს ხელს რომ კოცნიდა და ეფერებოდა, სუნთქვას მიჩერებდა და მთელს სხეულში სასიამოვნო ტალღებს მიჩენდა, რომელიც გამეტებით ასკდებოდა შიგნიდან კედლებს.
ისე გავერთე მასთან ყოფნით და ათას სისულელეზე ლაპარაკით, რომ გვარიანად დამიღამდა. შეშფოთებულმა ბებიამ რომ დამირეკა, სად ხარ აქამდე, რატო იგვიანებო, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე რა დრო იყო გასული. ძალიანაც არ გვინდოდა მე და ზეზვას ერთმანეთთან განშორება, მაგრამ დამშვიდობება გარდაუვალი იყო და კოცნით რომ დამემშვიდობა, ბედნიერების შეგრძნებით დავბრუნდი სახლში. კი არ დავდიოდი, ღრუბლებში დავფრინავდი თითქოს, თუმცა სახლში დაბრუნებული უმალ დავეშვი მიწაზე, რადგან იქ ბებია დამხვდა ცოტა შეუძლოდ და დამაფეთიანა ასე ვთქვათ.
დღეს შიოს სანახავად ვიყავიო, დამამშვიდასავით, და მისმა ხილვამ იმოქმედა ასე, წნევამ ამიწიაო. წნევა მართლაც მაღალი ქონდა და სასწრაფო წესით მივაყარე წამლები. თან, თავთან ჩამოვუჯექი და დაველოდე, როდის დაუწევდა წნევა და როდის ჩაუდგებოდა პულსი მწყობრში. ისე კი, მიხაროდა, ნელ-ნელა შიოს მიმართ რომ იცვლიდა აზრს და მის მიმართ მოსიყვარულე და გულისხმიერი ხდებოდა ეს მკაცრი სტალინა ქალი.
_ზეგ გოგიას დაკრძალვაა, ხომ იცი? ხვალ განცხადება დაწერე და გაენთავისუფლე სამსახურიდან. დილიდანვე მოგვიწევს მთელი დღე იქ ყოფნა.
ძალიან არ მომეწონა ეს იდეა და გაპროტესტება ვცადე.
_მე რომ არ წამოვიდე, დაშავდება ვითომ რამე?_ფრთხილად შევაპარე, რომ თავისებურად არ გაგიჟებულიყო და გადარეულიყო, მაგრამ ისეთი მზერით ამომხედა, თავი უკანასკნელი ნაძირალა მეგონა.
_რას ლაპარაკობ, თუ იცი შენ?_ისე დამიქაჩა თვალები, სიბრაზისას რომ სჩვეოდა ხოლმე._ რას ქვია "რომ არ წამოვიდე?"_თან ჩემი ინტონაციით გაიმეორა ბოლო წინადადება._ვალდებულები ვართ და უნდა მივიდეთ. იმ საცოდავ ქალს ჩვენი გვერდში დგომა და გამხნევება სჭირდება. შვილიც კი ვერ იქნება მამის დასაფლავებაზე და სარძლოს ოჯახი მაინც არ ვიყოთ? დილიდან საღამომდე ვერც ბაია იქნება...
ბაიას ხსენებაზე მისი საიდუმლო შეტყობინებები ამომიტივტივდა მეხსიერებაში და ისევ წამეკიდა სიბრაზე. ბებიასთან ამის შესახებ როგორ ვიტყოდი რამეს და გადავწყვიტე, დილით ადრე, სანამ სამსახურში წავიდოდი, იმ ქალბატონს ვსტუმრებოდი და კატეგორიულად მომეთხოვა მისთვის ყველაფრის ახსნა. არ ამიხსნიდა და ვისი აჯობებდა მაგასაც ვნახავდით.
ბებიას რომ დაუწია წნევამ და ცოტა გამობრუნდა, ლაითად ვივახშმეთ. არ კი მშიოდა და არ მეყლაპებოდა ლუკმა,მაგრამ მაინც ვიჯექი სუფრასთან და ბებიას და მამაჩემის დიალოგებს უაზროდ ვისმენდი. რას ლაპარაკობდნენ ერთი სიტყვაც არ გამიგია. თუმცა, ისეთი სახით ვიჯექი, გეგონებოდა ყველაფერს ვუსმენდი და გაუგებელი არაფერი მრჩებოდა.
ბოლოს, როგორც იქნა დავასრულეთ ნადიმი, სუფრა ავალაგე, სამზარეულოც "მივაწყნარე" და დავწექი. არ ვიცი რატომ, მაგრამ გუჯას დედა გამახსენდა რატომღაც. თვითონ გუჯა სამსახურშიც არ შემხვედრია, (არ გადაკვეთილა არსად ჩვენი გზები.) ნუთუ, მისი ცვლა არ იყო? თუ, დამძიმდა უკვე დედამისი და გუჯასაც აღარ ეცალა სამსახურისთვის? მთელი ღამე ძილ-ღვიძილში გავატარე, ნორმალურად ვერ დავიძინე და დილაუთენია თვალები რომ გავაჭყიტე, მაშინვე წამოვხტი საწოლიდან და აბაზანაში შევიძურწე შხაპისთვის. მერე, ბაიას დავურეკე, მანდ მოვდივარ და რამე ხომ არ გინდა გამოგიყოლო-მეთქი. ჯერ კი მითხრა, არაფერი მინდაო, მაგრამ მერე მორიდებით შემომაპარა, სახაშეში რომ გამოიარო და ერთი ულუფა ცხელი ხაში გამომიყოლო, კარგს იზამო.
_რაა?_გაოცებისგან თუ გაბრაზებისგან შუბლზე ამიცვივდა თვალები._რა ხაში? შენ ხომ არ გადაირიე?
_შენ არ მითხარი, ჯანსაღად უნდა იკვებოვო?_აქეთ შემომიტია._ხაშის სასარგებლო თვისებებზე მე უნდა გელაპარაკებოდე? თან, მე რას მიწყრები, შენს დეიდაშვილს უნდა, თორემ მე ცხოვრებაში არ გამისინჯავს ძალიან კარგად იცი.
_აბა დღეს რა დაგეტაკა?_გამიკვირდა.
_ავადმყოფს მოუტანეს და ჩემს წინ რომ ჩაატარეს, ისეთ სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა, მომინდა რატომღაც.
_კარგი, ხო..._მცირეოდენი ყოყმანის მერე უწადინოდ დავთანხმდი._სხვა ხომ არაფერი გინდა, მაგალითად გამოსაცვლელები?
_არაფერი მინდა._იუარა._აქ ვრეცხავ და "ატაპლენიაზე" ვიშრობ._რაღაცნაირად იდუმალი ხმით გამანდო და გამეღიმა.
_ნიორი და ძმარი არ დაგავიწყდეს იცოდე._სანამ გამითიშავდა, ბოლოში მაინც მომაძახა.
ცოტა არ იყოს, საგონებელში ჩავვარდი. ჯერ ერთი, დილაადრიან სახაშეში უნდა შევსულიყავი, ნაბახუსევი კაცების რიგში ჩავმდგარიყავი და ნივრისა და არყის სუნი მესუნთქა. მერე ის, რითი უნდა მიმერთმია ქალბატონისთვის ეს ერთობ "სასარგებლო" წვნიანი? ახლა ის, სად ამზადებდნენ ამ ხაშს? შიო მაინც ყოფილიყო გონზე, მას დავკითხავდი.
ყავითა და მაფინებით რომ ვისაუზმე, მერე თავქუდმოგლეჯილი დავეშვი კიბეზე, რათა საჭეს მივჯდომოდი და ბაიას დაკისრებული ბრძანების შესასრულებლად წავსულიყავი. თან, იმაზე ვფიქრობდი, სად მეშოვა ეს ხაში. ბედად, სადარბაზოს კარში ჩვენს მეზობელ თენგოს გადავაწყდი და სიხარულისგან ლამის ტაში შემოვკარი. გამართლებაც ამას ერქვა, რადგან თენგო უბანში ყველაზე მოქეიფე კაცი იყო. მუდამ ნასვამ-ნაჭამი დაიარებოდა და ამას ეცოდინებოდა თუ ეცოდინებოდა სად მზადდებოდა საუკეთესო ხაში.
_გამარჯობა თენგო ბიძია, რა კარგია რომ შეგხვდით, თქვენი ნახვა მინდოდა.
კაცმა გაოცებული თვალებით შემომხედა. ალბათ, არ დაიჯერა, რომ მასთან სერიოზული საქმე მექნებოდა და ცოტა დაბნეულმა დამიბრუნა სალამი.
_იცი, თენგო ბიძია, ავადმყოფს ხაში გამოუწერა ექიმმა და სად აკეთებენ, ან რითი უნდა წავუღო საავადმყოფოში, წარმოდგენა არ მაქვს.
აქ კი ეჭვის ნაპერწკლები გაუჩნდა ჩია კაცს ჭროღა თვალებში და უნდობლად შემომხედა.
_ცხოვრებაში არასდროს გამისინჯავს ხაში და ახლა ყიდვა მინდა. მართლა ვერ ვერკვევი ამ ამბებში, თორემ თქვენ არ შეგაწუხებდით... ექიმმა, მედიკამენტოზურ მკურნალობას, საკვებით მკურნალობაც დაურთო, ასე უფრო ეფექტურია და მინდა, სანამ სამსახურში წავალ, მოვაგვარო ეს საქმე. დამეხმარეთ და ვალში არ დაგრჩებით, გთხოვთ._შევეცადე საკმაოდ დამაჯერებელი ვყოფილიყავი.
ერთხანს მაინც უნდობლად მიყურა. ალბათ, ეგონა, რომ "ვეღადავებოდი", მაგრამ ალბათ მეხსიერების ისტორიებში რომ გადაავლო თვალი და ჩემი მისადმი პატივისცემის მეტი ვერაფერი გაიხსენა, დამაკვალიანა. მითხრა, რომ რომელიმე მაღაზიაში შემევლო, პლასტმასის "კონტეინერი" მეყიდა და მერე, საუკეთესო სახაშეც მიმასწავლა სადაც იყო. გახარებულმა მადლობა მოვუხადე ცოტათი მაინც ეჭვით მომზირალ კაცს და სადარბაზოდან სირბილით გავედი. მოზრდილი კონტეინერის ყიდვა არ გამჭირვებია და სახაშესაც ადვილად მივაგენი. გამყიდველი გავაფრთხილე, ავადმყოფისთვის მინდა და რაც შეიძლება კარგი ნაჭრეები ჩააყოლეთ-მეთქი და სამი ულუფა ჩავასხმევინე, იქნებ როგორმე გამეძღო მუცელაღორებული დეიდაჩემი. ნიორი და ძმარიც მათ გამოვართვი და მანქანაში რომ ჩავაწყე და ჩავჯექი, ისე ამიყროლდა სალონი, ყინვა-ყიამათში სულ მინებჩაწეულმა ვიარე. კლინიკის შენობაში ჯერ სიმშვიდე სუფევდა და ჩემი "გრევით" თავისუფლად შევედი ლიფტის კაბინაში და გვარიანად ავაყროლე იქაურობაც. თან ვნატრობდი, არავინ გადამყროდა ნაცნობი, რომ არ შემრცხვენოდა.
ბაიამ ხაშით ხელში რომ დამინახა, სიხარულისგან აკივლდა. მერე ბაბუას კაბინეტში "მოკუხნავდა", მარილით, ძმრით და ნივრით შეიკაზმა მთელი სამი ულუფა ხაში და ისე გემრიელად და მადიანად "მოუქნია ქვევითა ჩანა", ლამის მეც მომანდომა ეს ნაბახუსევის ელექ.
_მე აღარ გითხარი და შენ მაინც ვერ მოიფიქრე, რომ ერთი ჭიქა ჭაჭა წამოგეღო._ისე სერიოზულად მისაყვედურა, შევშფოთდი
_შენ აქ საქეიფოდ ხარ თუ შიოს გულის დამწველად?_ბუზღუნით ვუსაყვედურე.
_შენ თვითონ მეჩიჩინებოდი, ორსულმა კარგად უნდა იკვებოვო და ახლა რა შეიცვალა?
_იკვებო-მეთქი და არა ღორივით მიაძღე მაგ სამ ულუფა ხაშს.
_ეჰეჰე, რა სალაპარაკო გამიხადე ეს სამი ულუფა ხაში?_გაიბუტა და გვერდით გასწია "კონტეინერი".
ფხუკიანი კი იყო, მაგრამ ეს გაბუტვები ადრე არ იცოდა-ხოლმე და ცოტა დავიბენი. ნუთუ, ორსულობის ბრალი იყო? მივედი და თავზე გადავუსვი ხელი პატარა ბავშვივით აფხუკიანებულ და გაჭირველებულ ბაიას.
_კარგი, რა იყო, რას გაიბუტე? უბრალოდ, ამდენი არასდროს გიჭამია, თანაც ხაში და მეშინია არაფერი მოგივიდეს.
_ჩემზე მეტი შენ უნდა იცოდე, რომ ხაში სახსრებისთვისაც კარგია და კუჭ-ნაწლავის გადამამუშავებელ სისტემასაც უხდება და აუმჯობესებს._წყენით ამომხედა და ისევ წინ მიიცურა წვნიანი.
_ჭამე, ჭამე, ღმერთმა შეგარგოს. უბრალოდ, მერე ცუდად არ გახდე.
_ნუ გეშინია, არაფერი მომივა._დამაიმედა და ჭამა განაგრძო.
ერთი სული მქონდა უჩას შესახებ მეკითხა რამე, რა როლი ეკავა მის ცხოვრებაში. ან თვითონ ეს რას თამაშებოდა, მაგრამ ჭამა ვადროვე. ვიცოდი, ისევ გამომიცურებდა წვნიანს და პირს აღარ დააკარებდა საჭმელს. ამიტომ, მოთმინებით ვუცდიდი, როდის იკმარებდა და დანაყრდებოდა...
_აგაშენა ღმერთმა._ხელ-პირი ხელსახოცით რომ შეიწმინდა, მადლიერი სახით გამომხედა._გემრიელი ყოფილა. ტყუილა ვუწუნებდი შიოს გემოვნებას... ისე, კიბორჩხალასაც გავსინჯავდი დიდი სიამოვნებით._მსუნაგი გამომეტყველება რომ მიიღო, გამეცინა.
_ცოტა კი მეშინია, მაგრამ ვრწმუნდები, რომ შენს სხეულში შიოს ნაწილი იზრდება და ნელ-ნელა თავის ჭკუაზე გატარებს.
გულიანად გადაიკისკისა.
_იცი, ხვალ დილით უნდა გააღვიძონ._გახარებულმა მაუწყა._ჭრილობები ჩვეულებრივზე სწრაფი ტემპით უშუშდებაო.
_უი, რა კარგია._მეც გამიხარდა ეს ამბავი._თავიდან, ცოტა კი გაუჭირდება ლაპარაკი და ნორმალურად საკვების ღეჭვა, მაგრამ ყოჩაღი ბიჭია, მაგასაც ადვილად დაძლევს და გადალახავს...
_რას ლაპარაკობ, ცოცხალი რომ გადარჩა, ყოველთვის მადლობას ვწირავ უფალს. მის გარეშე მართლა ვერ ვიცოცხლებდი...
ალალი და გულწრფელი იყო, მაგრამ მის ტელეფონში ნანახი შეტყობინებები რა იყო ვითომ? ვის გვატყუებდა: მე, შიოს, უჩას თუ საკუთარ თავს? სიმხნევე მოვიკრიბე და რაც შემეძლო მშვიდად და აუღელვებლად ვკითხე:
_თუ შიო გიყვარს, უჩასგან რაღა გინდა ვერ ვხვდები, რატო ემესიჯები? რა თამაშს თამაშობ ამხელა ქალი?
შემკრთალმა და შეშფოთებულმა შემომხედა.
_უარყოფას აზრი არ აქვს, შენს ტელეფონში ვნახე მესიჯები.
_შენი საქმე არ არის და ცხვირს იქ ნუ ყოფ, სადაც არ გესაქმება!
_როგორ თუ ჩემი საქმე არ არის?_ავღშფოთდი._შენს დასავით საყვარელი გინდა რომ გყავდეს?
მოულოდნელად ისეთი სილა გამაწნა, თვალთ დამიბნელდა.
_მე მისნაირი არ ვარ! შეიძლება შეხედულებით ვგავართ ერთმანეთს, ხასიათებითაც ბევრ რამეში, რადგან ერთი დედ-მამის შვილები ვართ და ერთი სისხლი გვიჩქეფს ორივეს ძარღვებში, მაგრამ მე მისნაირი არ ვარ. არასდროს ვუღალატებ შიოს. შიო ჩემი ცხოვრებაა, ჩემი სიცოცხლის აზრი და სუნთქვა!
_აბა, ის მესიჯები?_დავიბენი.
_გამოძიების ნაწილია... შენ ნუ ჩაერევი მაგ საქმეში!_მკაცრად გამაფრთხილა.
_რომელი გამოძიების?
_ეგ შენ არ გეხება, დაივიწყე! ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რასაც ჩემთვის აკეთებ, მაგრამ მაგ საქმეში ცხვირის ჩაყოფას არც მოგიწონებ და არც გაპატიებ იცოდე!
_რომელ საქმეში?_კი გამაფრთხილა, მაგ საქმესი ცხვირი არ ჩაყოვო, მაგრამ მაინც ჩავეძიე.
_შენ არ გეხება და მორჩა!_საკმაოდ მკაცრად და მტკიცე ხმით გამომიცხადა._ნუ ჩაერევი... წამოდი, შიოს სანახავად მივდივარ და შენც ნახე თუ გინდა სანამ წახვალ.
შიოს სანახავად მართლაც გავყევი. ისევ მომეწურა მის ასეთ მდგომარეობაში ნახვაზე გული, ცრემლებიც კი ჩამომცვივდა და მერე კი სამსახურში რომ არ დამგვიანებოდა, დავემშვიდობე ბაიას და ლიფტს მივაშურე. დაკავებული იყო, რატომღაც დამეზარა ლოდინი და კიბეზე დავეშვი. პირველი სართულის კიბის ბაქანზე გუჯას გადავაწყდი, რემელიც ზემოთ მოდიოდა.
რაღაცნაირად გამიხარდა მისი ნახვა. მივესალმე და დედამისი მოვიკითხე.
_არაუშავს, კარგადაა, ტკივილები აღარ აწუხებს._სევდიანად შემომღიმა.
_თუმცა... უფეხობას განიცდის ალბათ არა?
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ისევ სევდიანად შემომღიმა. ისევ გაუჩნდა პატარა საყვარელი ფოსოები ლოყაზე და ასე ვთქვათ, მოჯადოებულივით მივაჩერდი.
_თქვენ ვის სანახავადაც დადიხართ, ის როგორ არის?_დაინტერესდა. ან, უბრალოდ ზრდილობის გულისთვის მკითხა.
_მასაც არაუშავს. ხვალ უნდა გააღვიძონ... ყბის ძვლები აქვს ჩამტვრეული და აღდგენილი.
_იმედია მალე გამოჯანმრთელდება... ბოდიშით, მეჩქარება._მორიდებით მომიხადა ბოდიში, დამემშვიდობა და კბეზე ჩქარი ნაბიჯებით განაგრძო გზა.
ერთხანს მზერა გავაყოლე. მისი სევდა მეც გადმომდებოდა. რამხელა ტკივილს დაატარებდა გულით ეს ბიჭი, შემეცოდა და გულწრფელად ვუთანაგრძე. კაცებისთვისაც რთული გადასატანია ფეხების ამპუტაცია და ახლა ქალი? ის ხომ უფრო მტკივნეულად განიცდიდა ამ ამბავს?
გულდათუთქული გამოვედი შენობიდან და ვერც კი შევნიშნე, რომ თოვდა. არა და ძალიან, ძალიან მიყვარს ბუნების ეს ულამაზესი მოვლენა. მანქანაში რომ ჩავჯექი და საქარე მინის გადაწმენდა დამჭირდა, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ თოვდა. სასწრაფოდ გადმოვხტი მანქანიდან და ცას ავხედე პატარა ბავშვივით გახარებულმა. წელიწადის ოთხივე დრო მიყვარდა, მაგრამ ზამთარი თავისი სპეტაკი თოვლით ხომ რაღაც სასწაულად.
_არა, წეღან რატომ ვერ შევნიშნე ვითომ?_საკუთარ თავს გამოველაპარაკე წყენით. თუმცა რად მიკვირდა ნეტა? ბებიასი არ იყოს, თუ კაცს არ სწადია, რიყეზე ქვას ვერ დაინახავსო. გუჯას დედაზე ვფიქრობდი და ალბათ იმიტომაც ვერ შევნიშნე.
კარგა ხანს ვიდექი თავაწეული და თვალებმინაბული ვუშვერდი ბარაქიან ფანტელებს გავარვარებულ სახეს, რომლებიც მეცემოდნენ თუ არა, მაშინვე მადნებოდნენ ზედ და მისველებდნენ სახეს. გარშემომყოფების მომერიდა, თორემ დიდი სიამოვნებით ვირბენდი ენაგადმოგდებული პატარა ლეკვივით და ასე დავიჭერდი ფიფქებს, როგორც ბავშვობაში... თუმცა, ბავშვობის ასაკში ამ მხრივ ხომ ისევ ჩარჩენილი ვიყავი?
_მარიშკა?!_ზეზვას გაოცებულ-გახარებული ხმა რომ შემომესმა, კი შევკრთი, მაგრამ მეც გამიხარდა.
უმალ ვანებე ფიფქებს თავი და მას შევხედე.
_ზეზვა?! აქ საიდან?_გამიკვირდა
_ვერა და ვერ მოვახერხე შიოს სანახავად ამოსვლა. დღეს, სანამ სამსახურში წავიდოდი, მისი ამბის გასაგებად შემოვირბინე, როგორ არის, უკეთესობა არ დაეტყო?
_კი, როგორ არა, ხვალ გააღვიძებენ._ვახარე.
_ვაა, მართლა?! რა კარგია._მხრებზე მომხვია ხელი და ჩამიხუტა._ამ საღამოს რას აკეთებ, სამსახურში რომ გამოგიარო, წავიდეთ სადმე?
_ხოო, მგონი შევძლებ თავის დაღწევას._გამეღიმა.
_ხო და ძალიანაც კარგი._მოულოდნელად ჩემს ტუჩებს მოსწვდა და მაკოცა.
შემრცხვა, ხალხის თვალწინ კლინიკის ეზოში რომ "ვეზასავებოდი" ვიღაც უცნობ ვაჟს და გავუძალიანდი. უფრო ის არ მინდოდა, რომ ბაბუასთვის მიეტანა ვინმეს ენა.
_გინდა, შიოსთან ამოგყვე._შევთავაზე
_არა, იყოს._მაშინვე იუარა._აქ სხვა საქმეც მაქვს და დამაგვიანდება. საღამოს გამოგივლი სამსახურში, კარგი?._მაცდურად შემომღიმა და თან თავისი თაფლისფერი თვალები სასაცილოდ ამიჟუჟუნა.
(გაგრძელება იქნება)



№1 სტუმარი სტუმარი მაკა

რატომ გაურბის ზეზვა შიოს ნახვას ნუთუ ისაც მარიშკას ქონებაზეა დახარბებული ან გუჯას რა როლი აქვს ამ მოთხრობაში დედაა გასკდა თავი ამდენი ფიქრით რამდენი პასუხ გაუცემელი კითხვები მაქვს ველი მოუთმენლად შემდეგ თავს❤❤❤❤

 


დავიწყებ იმით რომ ყველა ისტორია წავიკითხე რაც აქ გიდევს და ყველა ძალიან მომწონს. ამ ისტორიასაც პირველი დღიდან მოვყვები და ძალიან მომწონს, მაგრამ აქამდე რატომღაც კომენტარი არ დამიწერია და ახალ დავწერ smile

ძალიან ბევრ კითხვას ბადებს ზეზვას საქციელი, არადა როგორ მომწონდა.
შიოს ავარიაში მოყოლის შემდეგ ძალიან გააქტიურდა და გათამამდა. ან აქამდე როგორ ვერ გამონახა დრო მეგობრის სანახავად? თუ ისიც უჩასავით ალფონსია? ნუ უჩა რომ ალფონსია მაგას წყალი არ გაუვა და სავარაუდოდ სწორედ ის კაცია მარიშკას დედა რომ "შეაცდინა." ზეზვაზე ცოტა არ იყოს არ მინდა დაჯერება მაგრამ ფაქტებს რა ვუყოთ? თან ესნგუჯაც საეჭვოდ ბევრჯერ გამოჩნდა ბოლო ორ თავში smirk

ლეო თუ მარიშკას ღვიძლი ძმაა გამოდის დედამისი ორსულად იყო იმ ალფონსთან ერთად, რომ გაიქცა? ამ ქალის ისტორია ძალიან მაინტერესებს და ველოდები როდის გვიამბობ. ბებიაც რაღაც საეჭვოდ იქცევა და ვნახოთ რა იქნება. ძიძაც საეჭვო ვინმეა. რა უნდა უჩასთან?
მოკლედ ბევრი კითხვაა და ველოდები პასუხებს.
გეტყვი იმასაც, რომ გამართულად და აზრიანად წერ, რაც სასიამოვნოა და კითხვის პროცესსაც სასიამოვნოს ხდის და არა დამღლელს❤❤❤

 


№3 სტუმარი ucnobi

აუ საშინელებაა თავებად რომ დებ, იქნებ სრულად აგეტვირთა??? თან ისეთ ადგილზე წყდება, ნერვები მოგეშლება აბა რა!!!! ????????????????

 


№4 სტუმარი ნათია41

დიდიხანია ამ საიტის მკითხველი ვარ. მყავს საყვარელი მწერლებიც. რაღაც პერიოდი გავაკეთე პაუზა და როცაშემოვედი შენც აღმოგაჩინე. ყველა ნაწარმოები წავიკითხე და ძალიან მომეწონა.ზოგიერთი სიტყვა უცნაურად ხვდება ყურსაც და თვალსაც???? მაგალითად დაქორწინებულს დაოჯახებულს დანიშნულად მოიხსენებ კიდევ ერთ ნაწარმოებში შუაქართლშია მოქმედება ბურნა ახსენე არადა ქართლში მაგას ცოტა სხვაგვარად იტყოდნენ????. ნუ ეს საწყენად ა4 მიიღო კარგად წერ. ხო ეხლა რაც შეეხება ალფონსს ზეზვას გაწიწკვნა მინდა იმიტომ რომ აშკაეად რაღაც საშინელებას მალავს და შიოს ამბავში ლომის წვლილი აქვს. დანარჩენს ველოდები ყოველ დღე. ცოტა თავები მეპატარავება არ მყოფნის????????????

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან ძალიან ჩაიხლართა სიტუაცია, რაღაც საეჭვო ხდება ზეზვას თავს ახლა გუჯას ასე აქტიურად გამოჩენაც, იქეთ ბაია და მისი საიდუმლო გამოძიება, მოკლედ სულ სულ მინდა რო ვიკითხო არ მყოფნის თავები არადა პატარას ნამდვილად არ დებ :დდდ ❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი gvantsa

როდის დამთავრდება ,ერთი სული მაქვს ერთიანად წავიკითხოო : ))

 


№7  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი gvantsa
როდის დამთავრდება ,ერთი სული მაქვს ერთიანად წავიკითხოო : ))

????????????

რუსკიმარუსია
დავიწყებ იმით რომ ყველა ისტორია წავიკითხე რაც აქ გიდევს და ყველა ძალიან მომწონს. ამ ისტორიასაც პირველი დღიდან მოვყვები და ძალიან მომწონს, მაგრამ აქამდე რატომღაც კომენტარი არ დამიწერია და ახალ დავწერ smile

ძალიან ბევრ კითხვას ბადებს ზეზვას საქციელი, არადა როგორ მომწონდა.
შიოს ავარიაში მოყოლის შემდეგ ძალიან გააქტიურდა და გათამამდა. ან აქამდე როგორ ვერ გამონახა დრო მეგობრის სანახავად? თუ ისიც უჩასავით ალფონსია? ნუ უჩა რომ ალფონსია მაგას წყალი არ გაუვა და სავარაუდოდ სწორედ ის კაცია მარიშკას დედა რომ "შეაცდინა." ზეზვაზე ცოტა არ იყოს არ მინდა დაჯერება მაგრამ ფაქტებს რა ვუყოთ? თან ესნგუჯაც საეჭვოდ ბევრჯერ გამოჩნდა ბოლო ორ თავში smirk

ლეო თუ მარიშკას ღვიძლი ძმაა გამოდის დედამისი ორსულად იყო იმ ალფონსთან ერთად, რომ გაიქცა? ამ ქალის ისტორია ძალიან მაინტერესებს და ველოდები როდის გვიამბობ. ბებიაც რაღაც საეჭვოდ იქცევა და ვნახოთ რა იქნება. ძიძაც საეჭვო ვინმეა. რა უნდა უჩასთან?
მოკლედ ბევრი კითხვაა და ველოდები პასუხებს.
გეტყვი იმასაც, რომ გამართულად და აზრიანად წერ, რაც სასიამოვნოა და კითხვის პროცესსაც სასიამოვნოს ხდის და არა დამღლელს❤❤❤

მადლობა შეფასებისთვის

ნათია41
დიდიხანია ამ საიტის მკითხველი ვარ. მყავს საყვარელი მწერლებიც. რაღაც პერიოდი გავაკეთე პაუზა და როცაშემოვედი შენც აღმოგაჩინე. ყველა ნაწარმოები წავიკითხე და ძალიან მომეწონა.ზოგიერთი სიტყვა უცნაურად ხვდება ყურსაც და თვალსაც???? მაგალითად დაქორწინებულს დაოჯახებულს დანიშნულად მოიხსენებ კიდევ ერთ ნაწარმოებში შუაქართლშია მოქმედება ბურნა ახსენე არადა ქართლში მაგას ცოტა სხვაგვარად იტყოდნენ????. ნუ ეს საწყენად ა4 მიიღო კარგად წერ. ხო ეხლა რაც შეეხება ალფონსს ზეზვას გაწიწკვნა მინდა იმიტომ რომ აშკაეად რაღაც საშინელებას მალავს და შიოს ამბავში ლომის წვლილი აქვს. დანარჩენს ველოდები ყოველ დღე. ცოტა თავები მეპატარავება არ მყოფნის????????????

მადლობა შეფასებისთვის. შენიშვნები მართლა არ მწყინს. კახელი ვარ და ალბათ კახურად ვუქცევ ????????????
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent