შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორ მხარეს #7


6-08-2021, 02:09
ავტორი რენე
ნანახია 17 787

ნიკომდე ბაჩანამ დაასწრო საცოლის ძმას და ნათიას სთხოვა ნომერი, რომ დაერეკა მისთვის და შეხვედრაზე შეთანხმებულიყვნენ. ქალმა თავიდან სცენებიც კი დადგა - უჩემოდ როგორ უნდა ილაპარაკოთო, უნამუსოც კი ეძახა ბიჭს ვითომ გაბრაზებულმა, მაგრამ რას გააწყობდა. კაცებისთვის განცალკევება და პირისპირ საუბარი უფრო სწორი ნაბიჯი იყო. ბაჩანამ კარგა ხნიანი გაბუტვის მოსმენის შემდეგ ნიკოს დაურეკა და ნახვა სთხოვა. ლაუნჯბარში უნდა შეხვედრილიყვნენ რვა საათისთვის.
- გეყოფა, გოგო, რა! - უკვე ბაჩოც გაბრაზდა.
- არა, არ მეყოფა! მინდოდა სამივეს ერთად გველაპარაკა, მე რა ვიცი უჩემოდ რას ილაპარაკებთ თქვენ?
- ნათია, ნუ ჭირვეულობ, ჩემ თავს გაფიცებ. ხო იცი, რომ ასეა სწორი. პროსტა რა გიყვარს ეს გაბუტვა, ეგ გამაგებინე.
- კი არ ვიბუტები, უბრალოდ გიხსნი. - გაკაპასდა ქალი.
- რას მიხსნი, სიცოცხლე? კაი, რა, აჩმახებ ახლა ტყუილად, შენ მომიკვდე. მე ხო იცი, ტყუილზე არ დაგიფიცებ შენ. კაცებს გვაქვს სალაპარაკო, რამდენიმე სიტყვას გავცვლით, ერთ-ორ ჭიქას დავლევთ და ვსიო. ნერვიულობ რამეზე? - დამშვიდებას შეეცადა დავითულიანი.
- ცოტას. რომ ვერ გაგიგოს ან არ მოეწონო?
- გამორიცხულია! ბაჩანა დავითულიანი რომ ვინმეს არ მოეწონოს, ეგ არის შეუძლებელი. ვითომ არ იცოდე ახლა და ნუ იგონებ რაღაცებს.
- კარგი, ჰო, - დანებდა ერგემლიძე. - მაშინ შენ და ნიკო რომ დაიშლებით, გამაგებინე. მე ანაბელთან ერთად მშობლებთან წავალ, უნდა დაველაპარაკო მაიას და გიას დროულად.
- ეგრე არ ჯობია? ტყუილად იშლი ნერვებს და მეც მიშლი. მოდი, გაკოცო, - ახლოს მიიხუტა ქალი, მკლავებში მოიქცია და თავზე აკოცა. - არ იდარდო, ჰო? ყველაფერს მოვაგვარებთ. თუ გინდა, ერთად დაველაპარაკოთ შენებსაც.
- არა, პირველად ჯობია მარტო დაველაპარაკო, მერე აუცილებლად მოგიწვევენ გასაცნობად და მორალურად მოემზადე. თუ კარგად დასრულდა ეს ამბავი, გიას ყანწებთან მოგიწევს შეჭიდება. - სიცილით თქვა ქალმა.
- რა პრობლემაა? სიმამრს ოღონდ თავი მოვაწონო, რომელ ყანწზე დავიხევ უკან?
- ოხუნჯი ხარ ამხელა ბიჭი!
- მოდი, ყავა დავლიოთ ახლა და შენც მიიღებ შენს წილ სიმშვიდეს.
- გადასარევი გადაწყვეტილებაა! - ტაში შემოჰკრა ქალმა და ყავის გასაკეთებლად სამზარეულოში გავიდა. კარგ ხასიათზე იყო. წინა დღით ნიკოსთან ლაპარაკმა ძალიან უშველა, თითქოს ამოასუნთქა და ძმის სიტყვებმა დაარწმუნა, რომ მშობლებთანაც არ ჰქონდა სანერვიულო. პირიქით, მაია და გია ყოველთვის მხარს დაუჭერდნენ ერთსაც და მეორესაც.

___
მართალია ნათიასთან არ იტყობდა, მაგრამ გარკვეულწილად თავად ბაჩანაც ნერვიულობდა. პირველად იცნობდა საყვარელი ქალის ოჯახის წევრს და ეს მართლაც არ იყო უბრალო რამე მისთვის. ხანდახან ხელის ზურგით მოიწმენდდა ხოლმე დაცვარულ შუბლს და მძიმედ ამოისუნთქავდა. ერთი საათით ადრე გამოვიდა სახლიდან, ლაუნჯბართან მისასვლელად ბევრი დრო არ სჭირდებოდა სტანდარტულად, მაგრამ საცობების გამო სულ რამდენიმე წუთით დაუგვიანდა მისვლა. გინებით შევიდა ბარში და მოათვალიერა გარემო, მაშინვე იცნო ნიკომ, ფოტოებიდან ისედაც იცოდა, მაგრამ ნათიასაც ჰგავდა ძალიან ფიზიკურად. მაგიდისკენ წავიდა.
- ბაჩო. - ხელი გაუწოდა ბიჭმა.
- ნიკო. - გამოწვდილ ხელს მძიმედ შეაგება თავისი და დაჯექიო თავით ანიშნა. ბაჩანა მამაკაცის წინ ჩამოჯდა და თვალი თვალში გაუსწორა.
- რა დავლიოთ? - შინაურულად იკითხა ნიკომ.
- რამე მაგარი, არა? - გაეცინა ბაჩანას, მიხვდა რომ ნერვიულობა ღიად შეიტყო ამ კითხვით და საკუთარი თავი გაფაქტა.
- რა იყო, ხომ არ ნერვიულობ?
- რომ გითხრა მაგრად ვნერვიულობ - მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ რომ გითხრა ჩვეულ ამპლუაში ვარ - მეთქი, არც ეგ იქნება მართალი.
- ვისკი?
- მშვენიერი! იყოს.
პასუხის შემდეგ ორი ვისკი შეუკვეთა ნიკომ და ისევ ბაჩანას მიუბრუნდა.
- ჩემმა დამ შენ შესახებ რაღაცები მომიყვა. - მძიმედ დაიწყო საუბარი. როგორც არ უნდა ყოფილიყო, მაინც ერთულებოდა სასიძოს წინ ასე ჯდომა კაცს და პირისპირ საუბარი. ლაშასთან, ნათიას ყოფილ ქმართან მსგავსი მომენტი არც კი ჰქონია.
- ჩვენ შესახებ. - მკრთალი ღიმილით ჩაუსწორა ბაჩანამ.
- მართალია. ნათიას გარდა ისედაც გავარკვიე რაღაცები. არა, ის კი არ იფიქრო რომ ზურგს უკან გაგიკითხე, უბრალოდ, საერთო სანაცნობო აღმოგვაჩნდა. ხო იცი, გინდა თუ არ გინდა, მაინც იგებ და გესმის. ზოგჯერ ვერ ხუჭავ ყურებსაც.
- პრობლემა არ არის. შენ ადგილზე რომ ვიყო, ანალოგიურად მოვიქცეოდი.
- ბაჩო, ჩემო ძმაო. - კიდევ უფრო გაშინაურება სცადა ნიკომ. - მე აქ კითხვების დასასმელად არ მოვსულვარ. არც იმისთვის მოვსულვარ, რომ რაღაცები აგიხსნა ან აგახსნევინო. მე ჩემი დის პირად ცხოვრებას პატივს ვცემ, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას და არჩევანს. ვნახე მისი ბედნიერი სახე შენზე საუბრისას, - თვითონაც ღიმილი შეერია კაცს და ბაჩოსაც კმაყოფილებამ გადაურბინა სახეზე. - კაცი რომ ქალს იმ სიტყვებს ეტყვის, რომელიც შენ გითქვამს მისთვის, ეს საპასუხო გრძნობის დასტურია. შეგეძლო ყველაფერი ისე დაგეტოვებინა, როგორც მანამდე, მაგრამ გრძნობა რომ იყო, მიტომ მოინდომე ყველაფრისთვის სახელის დარქმევა. ჰოდა, შენ იცი ყველაფერი ჩემს დაზე, იცი რომ მარტო არაა და ანაბელი ჰყავს. ქალი რომ გიყვარს, მისი შვილის შეყვარებაც არაა რთული, ვიცი მე ეგ და შენც რომ არ შეგძლებოდა... მოკლედ, ხომ იცი, რა. მხოლოდ იმიტომ დაგირეკე, რომ გამეცანი.
- მეც მინდოდა შენი გაცნობა. ახლა კი არა, წლების წინაც, მაგრამ ნათიამ არ მოისურვა მაშინ რაღაც-რაღაცები. არც მე ვიყავი იმ ასაკში, ფეხზე მყარად ვმდგარიყავი და რაღაცები კატეგორიულად გადამეწყვიტა.
- ვიცი, ვიცი, კაცები გვიან ვიზრდებით. - ვისკის მოზრდილი ყლუპი მოსვა ნიკომ.
- ჰოდა, მეც აქ იმისთვის ვარ, ჩემო ძმაო, რომ ჩემი საყვარელი ქალის ყველა საყვარელი ადამიანი ჩემთვისაც ღირებულია. მისი ძმა იქნება ეს, შვილი, მშობლები, თუ მეგობრები. ანაბელზე ბევრჯერ გვილაპარაკია მე და შენს დას. ის ერთადერთია, ვისაც ნათიას გულში პირველობას ვუთმობ. ქალს თუ შვილი არ უყვარს, ვერავის შეყვარებას ვერ შეძლებს ის ქალი და ნათიაც იმიტომ არის ის, ვინც არის, რომ მაგარი დედაა.
- კარგი დედაა ჩემი და. კარგი შვილია, კარგი დაა და კარგი ცოლი იქნება, რა თქმა უნდა, კარგი კაცის გვერდით. - დარწმუნებით თქვა ნიკომ. ისეთი მზერა ჰქონდა, სადაც იკითხებოდა რომ ზუსტად იცოდა, რასაც ამბობდა.
- მე შენ არაფერს დაგპირდები, ნიკო. მე ჩემი პირობა ჩემს ქალს მივეცი. შენ კიდევ კაცურ სიტყვას გეუბნები, არ ინანებ აქ მოსვლას და ამ საუბარს.
- კარგი კაცი ხარ შენ! და მე თქვენ გვერდით ვარ, იცოდე. აჰა, ჩემი ხელი. - ხელი მეორედ გაუწოდა ბაჩანას.
- ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს! - გამოწვდილ ხელს თავისი ჩამოართვა დავითულიანმა. იმდენად კმაყოფილი იყო, ერთი სული ჰქონდა დაემშვიდებინა საყვარელი ქალი რომ ყველაფერი რიგზე იყო.
- კიდევ ხო არ დაგველია? - პასუხს არც დალოდებია ბაჩო, ისე შეუკვეთა ერთი ბოთლი ვისკი.
- რამდენი წლის ხარ მართლა? - ქარვისფერი სასმელი ჭიქებში ჩამოასხა ნიკომ.
- ოცდაორის, ოცდასამის ვხდები მალე.
- მე ცოტა გვიან მოვეკიდე ოჯახს. რომ მცოდნოდა რამხელა ბედნიერება მელოდა წინ, ამდენ ხანს ნაღდად არ დავიცდიდი.
- ესე იგი, მიწონებ გადაწყვეტილებას? - ღიმილით იკითხა ბაჩომ.
- რა გითხრა, ძმაო. რთულია. ცოლი, შვილი, ოჯახი. ვინც არ უნდა გეხმარებოდეს, შენი წილი პასუხისმგებლობა ძალიან იზრდება, მაგრამ საღამოს რომ ცოლი ჩაგეხუტება და შვილს მოეფერები, მაგაზე დიდი ბედნიერების დედა ვატირე მე. - სიყვარულით სავსე თვალები ჰქონდა ნიკოს ოჯახზე საუბრისას. ეტყობოდა, რომ მისთვის ცოლ-შვილზე ღირებული არავინ და არაფერი არსებობდა.
- ოჯახურ სირთულეებს რა ჯობია, მეგობარო. აი, მე რომ სამი წელი სირთულე მქონდა ცხოვრებაში, ისეთი ღმერთმა ნუ მისცეს კაცს. - სევდა შეერია ბიჭის სახეს.
- ვიცი ეგ ამბები, მომიყვა ნათიამ.
- ვიცი, რომ იცი.
- არ ვამართლებ, მაგრამ... - სიტყვა ვერ დაასრულა ერგემლიძემ.
- ვერც ამტყუნებ. - ბაჩომ დაამთავრა ნიკოს დაწყებული წინადადება. ისე გამოვიდა, თითქოს უსიტყვოდ გაიგო მისი და ორივეს ესიამოვნა ეს ფაქტი.
- ჰო, ეგაა.
- წუწუნი რა კაცის საქმეაო, ხო იცი, ამიტომ ბევრს არ ვსაუბრობ მაგ თემაზე.
- მე, რაც გაკვირდები, ბევრს საერთოდ არ საუბრობ.
- რა გითხრა, ნიკო, ბევრი ლაპარაკი რა საკადრისია. არ მიყვარს ენით მოყვავილება ყველაფრის. დამინახე, დაგინახე, გავისაუბრეთ და ჩემი კაცური სათქმელი გითხარი, დანარჩენი საქმით და ქცევით დაინახება.
- მუშაობ, როგორც ვიცი.
- ვმუშაობ, კი, მაგრამ დროებით შვებულება მაქვს. მეოთხე კურსს ვხურავ ნათიას წყალობით. ოჯახს ხო სიყვარული ვერ შემინახავს, ეგ შენ არ გესწავლება, გავაგრძელებ ისევ მოვრჩე ამ ყოფით პრობლემებს.
- ძალიან გიყვარს, არა? - სასმელი ცოტა მოჰკიდებოდა ნიკოს, ღიმილით შეხედა ბიჭს და თავი ჩახარა.
- საკუთარ სიცოცხლეს მირჩევნია. - არც ბაჩო გამოიყურებოდა სრულიად ფხიზლად.
- შენ არ იცი რა ბედნიერი კაცი ვარ, ნათიას რომ ბედნიერს ვხედავ. ლაშა კი არ იყო ცუდი ბიჭი, შეეშალა მართალია, მაგრამ ნათია მის გვერდით თვალებგაბრწყინებული მე არ მინახავს.
- არ ღირს ლაშაზე საუბარი. რომ არ გვისმენს, არ არის ლამაზი. არც მაგათი ცხოვრება არის ჩემი საქმე. მე ნათიასაც არ ველაპარაკები მის წარსულზე. მომიყვა რისი მოყოლაც უნდოდა და იქ დავხურეთ თემა. ლაშა ნათიას წარსულია და იქ უნდა დარჩეს. მომავალში მხოლოდ ანაბელის მამაა, ამიტომ ჩემთან და ნათიასთან საერთო არაფერი აქვს.
- კარგი კაცი ხარ - მეთქი, ხო ვამბობ, რა. - მხარზე ხელი დაჰკრა ბიჭს და კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა.
ბაჩანა მიუხვდა, რომ ნიკომ განგებ ჩამოაგდო ლაშაზე საუბარი. ამიტომ არ შეეშალა პასუხი. ისე უპასუხა, როგორც მას შეეფერებოდა. რამდენიმე სიტყვა კიდევ გაცვალეს, ბევრი ლაპარაკი არც ერთს უყვარდა და არც მეორეს. რაც გასაგები იყო, ერთმაც გაიგო და მეორემაც. ბარიდან გამოსულზე ბაჩანამ ნათიას მიწერა - დავიშალეთ, აბა, შენ იცი, საქმეს მიხედეო და თვითონაც გაუყვა სახლის გზას. ეს წერილი ნიშნავდა იმას, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა და ბიჭებს შორის პრობლემა არ არსებობდა. ნასიამოვნები, კმაყოფილი სახე ჰქონდა დავითულიანს. მიხვდა, რომ ნიკო კარგი კაცი იყო და მისი იმედი, როგორც მის დას, ყოველთვის შეეძლო მასაც ჰქონოდა.

___
თერთმეტი უკვე დაწყებული იყო, ნიკო სახლში რომ მივიდა. ოდნავ ეტყობოდა სიმთვრალე. კარის გიამ გაუღო, მიესალმა კაცს, მერე თავის საძინებელში გავიდა, ცოლ-შვილს მოესიყვარულა და კვლავ მისაღებში დაბრუნდა. ჩამოჯდა მამამისის გვერდით, ტელევიზორის წინ. ფეხბურთს უყურებდნენ. მაია სამზარეულოში იყო, როგორც ყოველთვის. შორიდან გასძახა - მოვედი, მაიკოო და სულ ეგ იყო. საქმეში გართულ ქალმა ერთი გამოიხედა სამზარეულოდან, ცერად შეავლო მზერა შვილს, მიხვდა ცოტა ნასვამი რომ იყო და მერე უკან შებრუნდა.
- სად დალიე, ბიჭო, ჰა? მე რატომ გამომტოვე? - ხუმრობით თქვა უფროსმა ერგემლიძემ.
- ეჰ, გია, ისეთ მაგარ კაცთან ერთად დავლიე, მაგ ასაკში ეგეთი მე ჯერ არ მინახავს. ხელებს ვწევ და ამას ისე ვამბობ.
- ვიცნობ?
- არა, მაგრამ გაიცნობ.
გიას აღარ უპასუხია, კარზე ზარმა გააწყვეტინა სიტყვა. თვითონვე ადგა გასაღებად და შუაღამით სტუმრად მოსული შვილი რომ დაინახა, უცებვე შეკრთა, განცვიფრება დაეტყო სახეზე. ანაბელი ხელში ჰყავდა აყვანილი ქალს და მის მხარზე ჩასძინებოდა.
- შვილო, ხომ მშვიდობაა? რომელი საათია უკვე? - სათვალის ზემოდან იკითხა კაცმა.
- კი, მა, სალაპარაკოდ მოვედი და ანაბელიც წამოვიყვანე, მარტო ვერ დავტოვებდი სახლში. თავის ოთახში შევიყვან და დავაწვენ, - მისაღებში შემოვიდა ნათიაც. - ნიკო, შენ როგორ ხარ?
- კარგად, ნათი. - თვალი ჩაუკრა, ცერა თითი აუწია მოწონების ნიშნად და უსიტყვოდ გაუგო დამ, რაც მიანიშნა.
შვილი ლოგინზე დააწვინა, ფეხსაცმელები გახადა და თხელი გადასაფარებელიც გადააფარა. ერთი შუბლზე აკოცა, თმებზე მიეფერა და ფეხაკრეფით გამოიპარა ოთახიდან. პირდაპირ მაიასთან შევიდა სამზარეულოში, რომელსაც არ გაუგია როდის მოვიდა ნათია ისე იყო საქმეში გართული.
- დე, როგორ ხარ?
- შვილო, როდის მოხვედი? ვახშამს ვამზადებდი, ვერ გავიგე. ნიკოც გვიან მოვიდა ნასვამი, ეშიება - მეთქი. ხომ მშვიდობაა? რაღაც ნერვიულობა გეტყობა.
- კი, მაიკო. სალაპარაკო მაქვს თქვენთან, ყველასთან.
- გული არ გამიხეთქო ოღონდაც, ანაბელი როგორაა?
- კარგად, დე, დავაწვინე თავის ოთახში, გზაში ჩაეძინა და ხელით ამოვიყვანე, - უცებ დაამშვიდა დედა და სკამზე ჩამომჯდარ ქალს ერთი ჭიქა წყალი მიაწოდა. - მიდი, დალიე, მოითქვი სული ცოტა, ყოველთვის უცებ რომ ანერვიულდები და გონებაში ტრაგიკულ სცენებს ხატავ ხოლმე. რა სუნებს ატრიალებ აქ, სასწაული ხელი გაქვს, რა! - გაზზე დადგმულ ქვაბს თავი ახადა ნათიამ და აჯაფსანდალს ამოურია. ისეთი გემრიელი სუნი ჰქონდა, მკვდარსაც გააცოცხლებდა. - აუ, როგორ მიყვარს შენი გაკეთებული ახალი აჯაფსანდალი! საოცრება ხარ პირდაპირ! გული გიგრძნობდა, რომ მოვიდოდი?
- რა ვიცი, შვილო. დედის გული სულ სხვააო, ხომ ამბობენ. აჰა, გავამართლე! - გაეღიმა მაიას და ფეხზე წამოდგა.
დედა-შვილი ორივე უცებ დატრიალდნენ, მაგიდაც გააწყვეს და სუფრასთან ჩამოსხდნენ.
- ნიკო, დედი, სოფოსაც დაუძახე. შუადღით რომ ჭამა, იმის მერე არ უჭამია. ეშიება.
- იყოს, დედა, სანამ გიგიკოს ძინავს, გამოიძინოს თვითონაც. - გამოეპასუხა ნიკო.
- ადექი, ბიჭო, ცოდოა გოგო, მთელი საღამოა მშიერია. - უსაყვედურა გიამ შვილს.
- ოხ, რა იცით ხოლმე ეს ჭამე, ჭამე, რა! ზუსტად ერთნაირები ხართ ორივე ცოლ-ქმარი, - მაგიდიდან ადგა ნიკო და ცოლს ოთახში შეაკითხა, ფრთხილად შეაღვიძა, მაგრამ სოფომ უარი თქვა ვახშამზე და გამოძინება ამჯობინა. ნათიასაც ერჩივნა სოფოს გარეშე ელაპარაკათ, მისთვის მაინც უცხო იყო გოგო. მართალია, ოჯახის წევრად აღიქვამდა და არასდროს უფიქრია რომ ნიკო ცუდ არჩევანს გააკეთებდა ცოლში, მაგრამ მაინც. - ხო გითხარით, ვიცნობ ჩემს ცოლს. - მარტო დაბრუნდა საძინებლიდან და მაგიდას მიუჯდა ისევ.
მაიას კერძით ყველამ პირი ჩაიტკბარუნა. ნერვიულობის მიუხედავად ნათიამაც ვერ გაუძლო ცდუნებას და ცოტა მაინც ჭამა. ელოდა როდის მორჩებოდნენ, რომ საუბარი დაეწყო. იქამდე კი აზრებს ალაგებდა გონებაში.
- ვგიჟდები, დედაჩემო, შენს ხელებზე!
- მეც ვგიჟდები, ჩემო ცოლო, უკვე რამდენი წელიწადია!
- მეც, დე, სასწაული ხარ მართლა!
მამამ და შვილებმა ყველამ ერთხმად შეაქეს მაიას ნახელავი. ქალიც კმაყოფილი იყო, რომ ყველას მოეწონა.
- შვილო, რა გქონდა სალაპარაკო ამ შუაღამით? მაიას კერძის გადამკიდე სულ გადაგვცილდა გულს ყველას. - იკითხა გიამ და ცხვირზე დაკოფსებული სათვალე მოიხსნა, მაგიდაზე გადადო.
ნათიამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, ნიკო მიხვდა საითაც მიდიოდა საუბარი და ყველანაირად მხარში ედგა დას. მუხლზე ხელი დაადო ჩუმად და ანიშნა ნუ ნერვიულობო.
- დე, მა, ნიკომ უკვე იცის, ველაპარაკე და გამიგო. ვიცი, რომ თქვენც გამიგებთ. უბრალოდ, ნერვიულობა ცოცხლად მჭამს. უთქმელობა არ შეიძლება. თქვენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ, უპატივცემულობა იქნება ჩემი მხრიდან და დაუფასებლობა რომ არაფერი გითხრათ და ისე გადავდგა ეს ნაბიჯი.
- ისევ მიდიხარ, ნათი? - ხმა დაუსევდიანდა მაიკოს, სხვა ვერაფერზე იფიქრა იმ წუთას.
- არა, არა, დე. დავამთავრე წასვლა-წამოსვლა უკვე. ბოლო გაფრენა იყო გერმანია, - თბილად გაუღიმა დედას, თითქოს დაამშვიდა სიტყვა-ბოლომ და წინადადება გააგრძელა ქალმა. - მიუხედავად იმისა რომ ამ თემის მოყოლა, რაზეც მინდა ახლა გესაუბროთ, ჩემთვის მარტივი არ იქნება, მირჩევნია მე გამიჭირდეს და არ მინდა ჩემი რაღაც სერიოზული ნაბიჯების შესახებ თქვენ არ იცოდეთ, - თითებს ნერვიულად ისრესდა ნათია. მართალია, არაფერი დაეშავებინა დასაძრახი, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა აჩქარებულ გულისცემას და არეულ მზერას. ხან იქით გაიხედავდა, ხან - აქეთ. ცდილობდა თვალებში არც მაიასთვის შეეხედა და არც გიასთვის, რომ უფრო არ დაბნეულიყო. ერთი ღრმად ამოისუნთქა და ამ სუნთქვას ამოაყოლა მთავარი სათქმელიც. - ჩემს ცხოვრებაში არის მამაკაცი, რომელსაც ვიყვარვარ, რომელიც მიყვარს და ოჯახის შექმნაზე ვფიქრობთ. ეს არ არის მარტივი, გული და თავი გასკდომას მაქვს ამდენი ფიქრისგან, თუმცა, ჩემს არჩევანში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მას ვენდობი, ვიცი რომ იმედებს არასდროს გამიცრუებს. ვიცი, რომ შემიძლია თავისუფლად დავეყრდნო. ჩემი კედელია და ის გალავანი, რომელიც ყოველთვის დამიცავს.
- მერე რა განერვიულებს, შვილო? შეგიყვარდებოდა ვინმე, აბა, რა იქნებოდა? განა, ყველას არ სჭირდება იმის შეგრძნება რომ ვინმეს უყვარდეს? - თბილი ღიმილი გამოესახა სახეზე მაიას, ხელზე ხელი დაადო შვილს.
- მამა, მოვკვდი კაცი, მე უფრო ცუდი რამე მეგონა. რა მიქენი ეს?
- არა, არა, არ დამისრულებია. არის რაღაც, რაც შეიძლება არ იყოს თქვენთვის სასიამოვნო მოსასმენი. საქმე იმაშია, რომ ჩემზე უმცროსია. ბევრად. ზოგს შეიძლება ჩემს ასაკში შვილიც კი ჰყავდეს მისი ხნის, მაგრამ, - სიტყვა გაუწყდა ნათიას. თვალებში მარილიანი სითხე ჯერ აემღვრა და მერე ჩაუგუბდა. თითქოს მარწუხებმა ყელში მოუჭირაო, სუნთქვაც კი გაუძნელდა. - ბაჩანა ოცდაორი წლისაა, თუმცა ეს პირდაპირ იმას არ ნიშნავს რომ მას პატარა ბიჭის აზროვნება აქვს. პირიქით, ჩამოყალიბებული კაცია, რომელიც თავის გრძნობებში დარწმუნებულია და ყოველთვის იცის რა უნდა. როცა გაიცნობთ, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ.
- მამა, მომისმინე, შენ ხო გიყვარს?
- მიყვარს.
- ხო გინდა მასთან ყოფნა?
- მინდა.
- მასაც ხომ უნდა შენთან ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ამიტომ მთხოვა გაოფიციალურება და ურთიერთობაზე სახელის დარქმევა.
- ხო იცის, რომ ანაბელი გყავს?
- იცის და მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ანაბელმა თავი ცუდად არ იგრძნოს. - დარწმუნებული იყო ქალი თავის სიტყვებში.
- სიტყვას მაძლევს?
- გადმოცემით - კი, მაგრამ როცა ნახავ, თვითონვე გეტყვის.
- ჰოდა, რა პრობლემაა, შვილო? შენ თუ გინდა, ხე გიყვარდეს. ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, შენ იყო ბედნიერი. თუ ვინმე რამეს იტყვის, გჯეროდეს რომ მე ვიქნები პირველი, ვინც იმ ვინმეს ყელს გამოჭრის. შენ შენი ცხოვრება გაქვს, არავის აქვს უფლება ამაში ჩაერიოს, თუ გჯერა მისი, მართლა კარგი ადამიანი იქნება. პატარა არ ხარ, რაღაცები რომ შეგეშალოს და ცუდსა და კარგს ვერ არჩევდე. მთავარი ანაბელია. ის უნდა შეეგუოს, გაიგოს, იცოდეს რომ შენც გაქვს სიყვარულისა და ბედნიერების უფლება და რომ ამის გარეშე ადამიანის ცხოვრება უბრალოდ არსებობაა. მე და დედაშენმა ოჯახური ომი გამოვიარეთ, მაგრამ დღემდე ერთად ვართ და ერთმანეთით გვიდგას სული. ღმერთმა ქნას, ბევრი წლის მერე თქვენც ბედნიერები იყოთ და ჩემი ანაბელიც. მე რა შემიძლია გავაკეთო? შენ გვერდით მიგულე, როცა და რაც არ უნდა დაგჭირდეს. თუ გადაიფიქრებ, თუ მიხვდები რომ ეს სვლა სწორი არ იქნება შენი მხრიდან, არც ეგ იქნება პრობლემა. გვერდით გყავართ, ნურაფრის შეგეშინდება. აქამდე გეთქვა, შე კაცო. განა, შეუგნებლები ვართ? - გიას მონოლოგი გაუგრძელდა, მაგრამ ნათია ყურადღებით უსმენდა მას. დარწმუნდა, რომ ირგვლივ სწორი ადამიანი ჰყავდა და მამამისმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი კარგი ადამიანობა, მამობა, კაცობა.
- დედი, მთავარია, შენ იყო კარგად! ვინც გინდა, ის გიყვარდეს. თუ ფიქრობ რომ მასთან ყოფნა სწორია, კიდევაც უნდა იყო. თუ ფიქრობ რომ მთელი ცხოვრების უღელს შენთან ერთად ათრევს, მაშინ არ უნდა გაუშვა. თუ გჯერა რომ ცალ-ცალკე პრობლემები არ გექნებათ და ყველა ახალი დღე ერთმანეთის სიყვარულით დაიწყება, მაშინ რა გიშლის ხელს? ხალხზე შენ არ იფიქრო, მაგას ჩვენ მივხედავთ. ყველა ცუდის მთქმელი თავის პასუხს მიიღებს. ღმერთი მაღალია, დე. ყველაფერს ხედავს, ცუდსაც და კარგსაც. აუცილებლად გჯეროდეს ბედისწერის, რომელმაც შენ ეგ ბიჭი გამოგიგზავნა და ერთმანეთთან გადაგკვეთათ. თუ ჩემი, გიას ან ნიკოს დახმარება დაგჭირდება, იცი რომ ყოველთვის შენ უკან ვდგავართ და მარტო არასდროს იქნები.
- თქვენ ჩემი იმედი ხართ, ჩემი ყველაფერი და ის ადამიანები, რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ! მიხარია, რომ ჩემი ოჯახის წევრები გქვიათ! გამიმართლა და ღმერთს მადლობა ამისთვის! - წრფელი სიტყვები თქვა ნათიამ, მშობლებს ჩაეხუტა და აცრემლებული თვალები თითებით ამოიმშრალა.
- ნიკო, შენ რატომ დუმხარ? - გიამ გადახედა და ჰკითხა.
- იმიტომ, რომ ვიცი როგორი ადამიანი აირჩია ჩემმა დამ.
- აჰ, ანუ შენ უკვე იცნობ და ჩვენ ჯერ კიდევ არა. - საყვედური გაურია ხმაში უფროსმა ერგემლიძემ.
- მამა, ეგეთი კაცი მე არ ვიცი, რა. მოსვლის დროს რომ გითხარი, ბაჩანაზე ვთქვი. დღეს ვნახე. ბიჭი და მაგ ასაკის მე ჯერ ასე დაკაცებული, დალაგებული, სიტყვა-პასუხი რომ არ ეშლება და საერთოდ არაფერი, შვილის სიცოცხლეს გეფიცები, თუ მენახოს დღემდე. ძალიან კარგი ადამიანია, კარგი კაცია და კარგი ქმარიც იქნება. ამაში ეჭვიც კი არ მეპარება. მის ერთ წინადადებასაც რომ მოუსმენ, უკვე მიხვდები ვის ელაპარაკები.
- შენ რა გალექსილხარ, ბიჭო? რა გიქნა ეგეთი იმ ბიჭმა? - ხუმრობით იკითხა გიამ და ყველას გაეცინა მის კითხვაზე.
- კაცურად გეუბნები, ვინატრებდი რომ გიგიკო მას დაემსგავსოს. და საღოლ ნათიას ამ არჩევანისთვის, ხელებს მაღლა ვწევ და ამას ისე ვამბობ! - ამდენ ლაპარაკში ნიკოც მოფხიზლდა, ის რამდენიმე ჭიქაც აღარ ეტყობოდა, გულზე ხელს იდებდა და ისე ლაპარაკობდა. მისი ჩვეულება იყო ეს. როცა თავის სიტყვაში დარწმუნებული იყო, ასე იქცეოდა. გიასაც სჯეროდა შვილის. ბრმად ენდობოდა. საერთოდ მშობლები შვილებს ბრმად ენდობიან და პირიქითაც. არც ერთხელ ნიკოს ამ ასაკამდე ადამიანის ცნობა არ შეშლია და ის ცოტახნიანი შეხვედრაც საკმარისი იყო, რომ ბაჩანაზე ასე თავგამოდებით ელაპარაკა.
- დედი, მოდი, რა ვქნათ იცი? ხვალ საღამოს ვახშამი მოვაწყოთ, ბაჩოც დავპატიჟოთ. თან პარასკევია, ანაბელსაც სკოლა უმთავრდება. დღეს დარჩი, ტყუილად ბავშვი უნდა აწვალო გზაში და გამოიძინებს აქ. მე ისეთ სუფრას გავშლი, ჩვენ რომ გვეკადრება და თავს არ შევირცხვენთ. მასაც გავიცნობთ, ხომ უნდა ვნახოთ ჩვენი თვალით და გავიგოთ, თუ მართლა ასეთი კარგი ადამიანია, როგორც ნიკო ახასიათებს. შენ თვალები გიბრწყინავს მასზე საუბრისას! შეყვარებული ქალის ყურება ძალიან კარგი რამეა, მით უმეტეს, საკუთარი შვილის. აბა, როგორი აზრია? - მაიამ თავისი ფიქრები გაახმოვანა და ისე აქოთქოთდა, როგორც ზოგადად იცოდა ხოლმე.
- კი, დედა, მე არ მაქვს პრობლემა, როგორც იტყვი, ისე იყოს. დავრჩები დღეს, ისედაც წამოღებული მქონდა ანაბელის სკოლის ნივთები. ვიცოდი, რომ დაეძინებოდა. გვიანი იყო. ბაჩანასაც უნდა თქვენი გაცნობა, თან უკვე რა ხანია, მაგრამ დღემდე ვერ გამოდიოდა.
- რას ამბობ, კაცო? კარგა ხანია შეყვარებული ხარ და ჩვენ ამას ახლა უნდა ვიგებდეთ? არ გრცხვენია, შვილო? - გიას მარცხენა წარბი მაღლა აეზიდა. სადღაც გულის სიღრმეში მართლა ეწყინა, რომ ნათია მალავდა მის ურთიერთობა და აქამდე არაფერი უთქვამს მათთვის. თუმცა, წყენა რა მოსატანი იყო, როცა მის ქალიშვილს ასე ბედნიერს ხედავდა.
- კარგი ახლა, გია! ნუ გაანაწყენებ ჩვენს გოგოს! როცა საჭიროდ ჩათვალა, მაშინ თქვა.
- უხ, რა სუფრა გვექნება ხვალ?! ერთი ვნახო ჩემი სასიძო როგორი მსმელია და თუ შემეჭიდება, - ხელები გაუხახუნა ერთმანეთს კაცმა ხვალინდელი დღის მოლოდინში და ტაში შემოჰკრა. - მაიკო, დაჯექი და ჩამოწერე რა გჭირდება ხვალისთვის, დილით ადრე გავალ და ყველაფერს ვიყიდი. სუფრა უნდა იყოს ისეთი, რომ... - სამი თითი ტუჩთან მიიდო კაცმა და კოცნის იმიტაცია გააკეთა.
- რა მიყვარს კაი ქეიფი, მამაჩემო! მოვემზადოთ, აბა, ჩვენი ყანწებიანად! - მხარი აუბა ნიკომაც მამამისს.
- უყურე, უყურე, ლოთები! - დიასახლისმა დატუქსა ქმარ-შვილი და მერე ნათიასთან ერთად სიცილ-კისკისში აალაგა მაგიდა.

ნათია ჩუმად შევიდა ანაბელთან ოთახში, გვერდით მიუწვა შვილს და ტელეფონში ბაჩოს ნომერი მოიძია, დაურეკა. ერთი ზარის მერე გაუხსნა ბიჭმა.
- რა იყო, მელოდი?
- როდის მოვა ის დღეები, როცა ერთად დავიძინებთ და გავიღვიძებთ, მაგაზე ვფიქრობდი.
- რა გიჟი ხარ, ბაჩანა! ხვალ მძიმე დღე გელოდება.
- რა ხდება რო?
- მამაჩემის ყანწებით მოგიწევს ღვინის დალევა.
- ღადაობ? სრულად მოგვარდი?
- ჰო, აბა, რა გეგონა? იდეალურები არიან! ხვალ ისეთ სუფრას გახვედრებენ, რომ აქედან ვერც წახვალ მგონი. - გაეცინა ქალს.
- რა ჯიგარი ხალხია ნახე, რა! შენ ის მითხარი, მე რა მოვიტანო? ვაფშე აზრზე არ ვარ მაგის.
- რა ვიცი, ბაჩო, ტკბილეული და სასმელი, სხვა რა?
- კარგი, ნათი. და კიდევ რა უნდა მეთქვა, მოდი, ასე ვქნათ მაშინ. მე ანაბელს სკოლაში გავუვლი, გავასეირნებ, ცოტა ხნით ვილაპარაკებთ და მერე მანდ მოვალთ ერთად საღამოს. მისამართის ძებნაც არ იქნება საჭირო, ეცოდინება, მოგაგნებთ.
- უჩემოდ გინდა დრო იხელთოთ, არა?
- კარგი ახლა, დილანდელს ნუღარ იმეორებ.
- კარგი, ჰო, იყოს ეგრე. წავედი ახლა, ხვალ საქმეები მაქვს, მაიას უნდა მივეხმარო.
- ძილინებისა, ნათი.
- შენც ტკბილი ძილი, ბაჩანა. გკოცნი.
იმ საღამოს ყველას გემრიელად ეძინა, განსაკუთრებით ბაჩანას და ნათიას. ერთმაც და მეორემაც იცოდა, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერი თანდათან ლაგდებოდა. სიმშვიდე ისადგურებდა ირგვლივ და ეს სიმშვიდე მალამოდ ედებოდა ყველას გულს.

___
ანაბელს უკვე გაკვეთილები უმთავრდებოდა, დავითულიანი თავისი მანქანით მისულიყო სკოლასთან და წინ და უკან სიარულით გაჰყავდა დრო. ზარის ხმა რომ მოესმა და ცოტა ხანში გარეთ გამოცვივდნენ ბავშვები, მაშინვე კართან მივიდა თვითონაც.
- გამარჯობა, ბელ. - უკვე კართან გამოსულს მიესალმა ბაჩო.
- გამარჯობა, ბაჩანა. - მისკენ მიიწია ბავშვი, თუმცა მზერა ისე მოავლო ტერიტორიას, ბიჭი მარტივად მიხვდა რომ თვალებით დედას ეძებდა ანაბელი.
- ნათიას ვთხოვე რომ დღეს სახლში მე წაგიყვანდი, თან იქამდე სადმე წვენი დავლიოთ, ნაყინიც ვჭამოთ, შენთან პატარა საქმე მაქვს. პრობლემა ხო არ იქნება? - კითხვა გადაწყვიტა, რადგან ასე ბავშვი იფიქრებდა რომ ბაჩანა მის სურვილებს პატივს სცემდა.
- კარგი, სად არის შენი მანქანა? - უდარდელად დაეთანხმა გოგო მაშინვე და ხელი ჩაჰკიდა. - მიყვარს საქმეებზე რომ მელაპარაკებიან, როგორც დიდს. - მანქანისკენ მიჰყვებოდა და თან ენას არ აჩერებდა. ამაში დედას ნამდვილად ჰგავდა, ნათიასაც შეეძლო გაუჩერებლად ელაპარაკა ყოველთვის.
- დიდი გოგო არ ხარ? უკვე შვიდი წლის. - გაუღიმა ბაჩანამ და ცხვირზე წაეთამაშა.
- ასაკით დიდი არ ვარ, უფრო ჭკუით. - ქვემოდან ახედა ბელმა, ცალი თვალი მოჭუტული ჰქონდა გამომცდელად, რაზეც ბიჭს გულიანად გაეცინა.
- თანაც დედას ჰგავხარ თავდაჯერებული. - ღიმილით აკოცა შუბლზე ბავშვს და მანქანაში ჩააჯინა, ღვედი გაუკეთა. თვითონაც დაჯდა საჭესთან, ღვედი მოირგო და ბელის საყვარელი ლუკა პოლარესკენ დაადგნენ გზას.
- დედას არ უყვარს, როცა გარეთ ვჭამ. - უკვე მაგიდასთან მოკალათებულიყო ანაბელი და თავის ნაყინს მოუთმენლად ელოდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
- დედები ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავენ შვილებზე, აბა, დედები რატომ არიან? - რიტორიკული კითხვა დასვა ბაჩანამ.
- შენი დედიკოც ზრუნავს შენზე? - ინტერესი გამოსჭვიოდა ბავშვის მზერაში.
- სამწუხაროდ, ჩემი დედიკო ძალიან ადრე წაიყვანა ღმერთმა თავისთან და ჩემზე ზრუნვა ვერ მოასწრო. - წამით თავი დახარა ბიჭმა, სევდა შეერია ხმაში, მაგრამ მერე თავს მოერია და ისევ გაიღიმა.
- თუ გინდა, ჩემს დედიკოს ვეტყვი და შენზეც იზრუნებს. - თავისი აზრი აშკარად თვითონვე მოეწონა ბავშვს.
- კარგი აზრია, ხო იცი, ძალიან მომწონს. - ღიმილით დაეთანხმა ბაჩოც და მისთვის განკუთვნილი ყავა მოსვა.
- რა საქმე გქონდა, ბაჩანა? - ხელები ერთმანეთს გადააჭდო ბავშვმა და ზუსტად ისე მოკალათდა სკამზე, როგორც დედამისს სჩვეოდა.
- ჰო, ანაბელ, მოკლედ, აქ ზუსტად იმის გამო ვართ რომ დედაზე მინდა გესაუბრო. სიმართლე გითხრა, მას უნდოდა თავად დაგლაპარაკებოდა, მაგრამ მირჩევნია ჯერ მე გითხრა ჩემი სათქმელი.
- რამე მოხდა? - წარბები გაოცების ნიშნად ასწია. ისე სერიოზულად იკითხა, თითქოს მრჩეველი ყოფილიყოს და პასუხისთვის ემზადებოდეს.
- გქონია ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც ძალიან მოგეწონა, მაგრამ დრო რომ გავიდა მიხვდი რომ სულაც არ იყო ის, რაც გინდოდა?
- კი, ბებომ რომ ვარდისფერი კაბა მიყიდა. თავიდან მე დავიჯინე ძალიან მინდა - მეთქი. რამდენჯერმე რომ ჩავიცვი, სულ არ მომეწონა. ლამაზი კაბა იყო, მაგრამ მე არ მიხდებოდა. დიდი შეცდომა იყო იმ კაბის ყიდვა. - ისე ამოიხვნეშა, თითქოს ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა.
- საქმეც ეგ არის, ზოგჯერ დიდი ადამიანებიც ვუშვებთ შეცდომებს, ვიღაც ან რაღაც მოგვეწონება და გვგონია ეს სამუდამოდ ასე იქნება, თუმცა დრო რომ გადის, ვხვდებით რომ ზუსტად ისე აღარ ვეკუთვნით ერთმანეთს, როგორც შენ და ის ვარდისფერი კაბა. - ბავშვი ისე სულგანაბული უსმენდა, მიხვდა რომ მისი მოსმენა სიამოვნებდა, ამიტომ ისევ ბაჩომ გააგრძელა საუბარი. - სწორედ ასე მოუვიდა დედას და მამას, ერთი მათგანი ანაბელი გახდა, ხოლო მეორე ვარდისფერი კაბა და მიხვდნენ რომ ერთმანეთს აღარ უხდებოდნენ, მიუხედავად იმისა რომ ცალ-ცალკე ორივე ძალიან კარგი და ლამაზი იყო.
- დედას და ლაშას ზუსტად ეგრე, რომ არ უთქვამთ? - თავისთვის ჩაფიქრდა ანაბელი.
- სად წავიდა შენი ვარდისფერი კაბა, ბელ? - ისეთი ინტერესით ჰკითხა ბაჩომ, ბავშვი მაშინვე გამოერკვა ფიქრებიდან.
- ნიაკოს ვაჩუქეთ, ჩემს მეგობარს, იმას ძალიან მოუხდა. ლამაზი გოგოა.
- ადამიანების შემთხვევაშიც ასე ხდება, ყველა ანაბელი პოულობს ახალ კაბას და ყველა ვარდისფერი კაბა ახალ მეპატრონეს.
- ამით რისი თქმა გინდა?
- იმის თქმა მინდა რომ მე ის ადამიანი ვარ, ვისაც დედაშენი ძალიან, ძალიან, ძალიან უყვარს.
- ანუ შენ დედას ვარდისფერი კაბა ხარ?
- ფიქრობ, დედას მოუხდება ვარდისფერი კაბა და მთელი ცხოვრება დაიტოვებს?
- აუცილებლად. - წუთიერი დაფიქრების შემდეგ ლოყაზე მიბჯენილი თითი ჩამოიღო და დარწმუნებით განაცხადა პატარამ.
- მაშინ, ჰო, მინდა ვიყო დედას ვარდისფერი კაბა.
- დედას ძალიან უყვარხარ?
- ისევე ძალიან, როგორც მე მიყვარს დედაშენი.
- ჩემზე ძალიან? - დაეჭვებით შეხედა ბიჭს.
- არა, შენზე ძალიან საერთოდ არავინ და არაფერი უყვარს სამყაროში, ამიტომაც მითხრა რომ თუ შენ არ მოგეწონები, ცოლად არ გამომყვება.
- ჩემი დედიკო გინდა, რომ ცოლად მოიყვანო?
- ძალიან მინდა. - გულწრფელი იყო ბაჩანა.
- ჩემი მამიკო უნდა გახდე? - თვალები გაუბრწყინდა ბავშვს. - მაგრამ ლაშა? - წამში კი ისევ მოიღუშა, როცა მისი ბიოლოგიური მამა გაახსენდა.
- არა, შენ გყავს ძალიან კარგი მამიკო. მე მინდა ის ადამიანი გავხდე, რომელიც შენ ისევე ძალიან გეყვარება, როგორც შენს დედიკოს უყვარს.
- და შენ გეყვარები?
- მე შენ ისედაც ძალიან მიყვარხარ, ბელ!
- ჩემი დედიკო ბედნიერი იქნება?
- უზომოდ ბედნიერი.
- აღარ იტირებს? ღამით რომ ტირის ხოლმე, ისე.
- არა, არასოდეს აღარ იტირებს.
- მპირდები? - ნეკა თითი გაუწოდა ბავშვმა.
- სიტყვას გაძლევ. - თავისი ნეკი ჩამოართვა დაპირების ნიშნად დავითულიანმაც და გულში გაეღიმა ამ ჟესტზე.
- თუ დედა სულ გაიღიმებს და აღარასდროს იტირებს, მე მომეწონები.
- მე ხომ დაგპირდი?
- ლაშამ რომ ატიროს? - თითქოს ვერ მშვიდდებოდა ბავშვი.
- თუ მე სულ თქვენ გვერდით ვიქნები, გპირდები რომ ვერასდროს ვერავინ ვერ ატირებს ორ ყველაზე ლამაზ გოგოს სამყაროში.
- მაშინ მინდა, რომ სულ ჩვენ გვერდით იყო! - კმაყოფილებამ გადაურბინა სახეზე. მერე ნაყინს შეექცა და სკოლის ამბების მოყოლა გააგრძელა ბაჩანასთვის. საღამომდე ენა არ გაუჩერებია, დროის გასაყვანად თითქმის მთელი ქალაქი შემოიარეს, საღამო ხანს კი ბაჩანა ანაბელის მიერ მითითებულ მისამართზე გაეშურა ყვავილებით, ტკბილეულითა და სასმელით ხელში. შავი შოკოლადი კი ჯიბეში ჰქონდა საცოლისთვის გადადებული, თითქოს არ უნდოდა ეს ტრადიცია ვინმესთვის გაეყო და სხვასაც შეემჩნია.



№1  offline წევრი რენე

Nuki-rocks
შენ ხომ იცი,რომ ძალიან კარგი გამოგივიდა უკვე?! მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დასრულებული არაა,ვფიქრობ შედგა.
ნიკოს და დავითულიანის საუბარი შესაფერისი,სწორი, სარწმუნოა. არაფერი აკლდა. ორივემ ისე ილაპარაკა, აშკარაა,რა ოდენ პატივისცემა და სიყვარული აქვთ ქალის(ცალსახად სხვადასხვა გაგებით ვიგულისხმე სიყვარული, ხომ ხვდები).ორივე შეგნებული, განათლებული,წესიერი, გონიერი და მართალი ადამიანია.
მშობლები ხომ ყველას უყვარს,რა. გინდა არ გინდა,თანმდევია ეგ გრძნობა. თუმცა რომ მოგწონს და გინდა ჰგავდე, ეს უკვე სხვა რამაა.მაიასა და გიას კი გაგების უნარში მინდა ჰგავდეს ბევრის მშობელი. რაღაც ამბავში გავვოცდი და რაღაც კი ბუნებრივად მეჩვენა.ალბათ,იმიტომ რომ კარგი და ცუდი მინახავს.
აი,მთლიანად ხომ იდეალებს ქმნი და პირველი ხარ,ვისი იდეალური პერსონაჟებიც არ მაღიზიანებს. ბაჩანა ისე ზუატად ელაპარაკა ბელს,ისე გასაგებად, მე თვითონაც ვისრუტავდი. იცი,რას ვაფასებ ადამიანებში?! ბავშვებს რომ პიროვნებად თვლიან, ღირსეულად ეპყრობიან და ამით არ აფუჭებენ.
ბელი ეგეთია,იცის თავისი წონა. არც მეტი არც ნაკლები,ესმის და მორჩა.
გამეცინა ერთ მომენტზე, დედას ვარდისფერი კაბა უნდა იყოო?! აი, ისეთი საყვარელი მომენტია,მართლა მარტო მაგის გამო ღირს წაკითხვა,სხვა თუ არაფერი.
გრამატიკულ გამართებულობასა და ლექსიკურ მარაგზე არაფერს ვამბობ. მანდ კარგი გაგებით ხარ შეშლილი. ცდომილებას ვერ ვპოულობ(რაღაც ხომ უნდა გიძებნო :დდდ,ვხუმროობ).
თემიდან გადავუხვევ ახლა, არ შემიძლია უთქმელობა.ბოლოს სტატისტიკურად ვაკვირდები მოთხრობებზე კომენტარებსა და ნახვებს. და გული მწყდება,შენთან რომ არ აქტიურობენ ამდენი ნახვების მიუხედავად. თან შენ ის ავტორი ხარ, რომელიც მკითხველს იმდენად დიდ პატივს სცემს, ესაუბრება. არ უგდებ ორ ან სამ გულს და მადლობას.შენ მე მესაუბრები და ჩემ გარდა სხვებს. აი,მე ის მიკვირს,რამდენად უნდა გიშვებდეს თავმოყვარეობა მიგდებულ გულებზე და მადლობებზე იღვრებოდე ქებად,მაგრამ ასეთ სითბოსა და პატივისცემაზე უარს ამბობდე.წარმოუდგენელია ჩემთვის. რენე,მე რომ გიცნობდე,შენთან ბაასი არ მომბეზრდებოდა,ეს ვიცი დაზუსტებით.

წარმატებებს გისურვებ და გელოდები, როცა მოიცლი მოსასვლელად.❤

პ.ს. წარმოუდგენელია ვინმეს არ მოსწონებოდი,8000 ნახვას ინარჩუნებ პერმანენტულად.

იდეალურია! იდეალურია ის, რასაც შენ მეუბნები, ნუკი. მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს, ამას ვერ აგიხსნი, მაგრამ ამ კომენტარის სისწორეში უფრო არ შემეპარება ეჭვი, ვიდრე ჩემი პერსონაჟების. მართლა ძალიან ვეცადე, ბევრი წყვილი თვალით შევხედე რომ ზუსტად დამეხატა პერსონაჟები თავიანთი ღირებულებებით დიალოგებში. ძალიან ბევრჯერ გადავიკითხე და მოუსვენრად ვიყავი როგორ მოგეწონებოდა შენ და დანარჩენებსაც, რა თქმა უნდა... ამიტომ თუ შედგა, ისღა დამრჩენია მადლობა გითხრა. მშობლებზე ვერ ვილაპარაკებ, ძალიან მძიმე საკითხია ჩემთვის... და მაია და გია ისინი არიან, ვინც მინდა იყონ ჩემთვის, შენთვის, ყველასთვის... ყველა თუ არა, ბევრი მშობელი ასეთი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში დიდი დისტანცია იჩენს თავს... ბელი პატარა, მაგრამ გონებით გაზრდილი ბავშვია. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა მასზე და ბედნიერი ვარ, რომ შენგან უზომო სიყვარული დაიმსახურა! ყველაფრისთვის მადლობა როქს, დასასრულისკენ მივდივართ და შენ ხარ პირველი, ვისი ლოდინითაც ეს ამბავი ბოლომდე მიმყავს! კომენტარის მეორე ნაწილი ყველაზე მართალია, აი მართლა გული მწყდება, ვხვდები რომ ბევრი კითხულობს, მაგრამ არ ჩანან... მე კიდევ ლაპარაკი ისე მიყვარს, თან მკითხველთან... იმედია, დასასრულს მაინც გამოჩნდებიან და საბოლოო აზრს გამიზიარებენ, ამისთვისაც მადლობელი ვიქნები! ალბათ, ერთი თავიც და ყველაფერი დასრულდება, ვნახოთ როგორ მეყოფა სივრცე... მადლობა რომ აქ ხარ! და მადლობა რომ ასეთი კარგი ადამიანი ხარ! ♥️♥️♥️

 


№2  offline წევრი რენე

Mariami-1
აქამდე არდამიწერია კომენტარი, არადა დიდიხანია თვალყურს გადევნებ, თუმცა, რომ არ მოგატყუო, პირველიდან არა, მაგრამ მეორე თავიდან მოგყვები.
ზოგადად თქმა არ უნდა იმას, რომ ყველა პერსონაჟი ,,იდეალური" გყავს, მაგრამ აი ბაჩანაა ისეთია, რომ ნათიას თქმის არიყოს, მართლა ვერ წარმოიდგენ ასეთი ჭკვიანი და საზრიანი ბიჭი ოცდაორი წლის რომ არის. ალბათ იცი რომ ზოგადად, ამ ასაკის ბიჭები იმის ნახევარსაც არ ფიქრობენ და აკეთებენ, რასაც ბაჩანა.
მომწონს ნათიასთან მისი საქციელები, ჩემი აზრით მთავარიც ეგაა, იმ ადამინთან მიმართებაში, რომელსაც ეუბნები, რომ გიყვარს.
საკმაოდ თამამი ნაბიჯებიაქვს, გაწონასწორებული და მართლაც ,,კაცური". ისეთია, რომ ვინმეს აუცილებლად მოუნდება მისნაირი ადამიანი გვერდით, მაგრამ ან პოვნა ძალიან გაუჭირდება, უარეს შემთხვევაში კი საერთოდ ვერ იპოვის.
ანაბელიც არანაკლებიგყავს, აი, ჩასაყლაპი ბავშვია (მარა მემეტება მაგისთვისაც :დ)
მასსა და ბაჩანას შორის რაღაც საერთოს ვხედავ, რასაც დავარქმევ, ,,ასაკით პატარებს, თუმცა ჭკუით დიდებს" ამ გოგოს დიალოგებს სულ სახე გაბადრული ვკითხულობ, ბავშვები ზოგადად ძალიან მიყვარს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში საერთოს ვერვნახულობთ და თავისთავად მათაც არმოვწონვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ ანაბელი ალბათ გამიგდებდა ;დდ
ნათიას რაც შეეხება, სულაც არ მწყენია მისი წასვლა, მაგრამ გამართლებას არც იმით ვაძლევ ,,ქალია და სჭირდებოდა" რომ ვთქვა. ეს სულ სხვა მიზეზია.
ერგემლიძეების ოჯახს რაც შეეხება, მართლა კარგები არიან. ასეთი შეხმატკბილებული ხალხი მეჯერ ამ საიტზე წაკითხულ, არც ერთ ისტორიაში არ მაქვს. ამიტომაც მსიამოვნებს მათი დიალოგები სულ. ნიკო ხო საერთოდ. ვაკვირდები და ვხედავ მართლა ,,კაცები" და მართლა ,,ქალები" გყავს ისტორიაში...

მოკლედ, რენე ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ისედაც მიხვდებოდი რომ ძალიან მომწონს. თავიდან რომ თითქმის ყოველდღე დებდი თავებს და ერთი პერიოდი, რომ ,,დაპაუზდი" გულიდამწყდა, მეთქი აღარ აგრძელებსთქო, მაგრამ ჩვეულ ტემპს რომ დაუბრუნდი ძალიან გამახარე.
იშვიათად ვკითხულობ ასე გრამატიკულად გამართულ ისტორიებს აქ და შენი აღმოჩენა ძალიან მახარებს.
წარმატებებს გისურვებ და გელი ახალი თავით

მარიამ, გამარჯობა უპირველესად. მნიშვნელოვანი არაა როდიდან მომყვები, მთავარია ხომ მკითხულობ და აქ ხარ. სასიამოვნო ფაქტია ეს ნამდვილად! ბაჩანა ღმერთკაცია, არა? :დ ძალიან მოკლედ და კონკრეტულად ეგრე გამოიხატება მაგ ბიჭის პიროვნულობა, ისე მიყვარს იდეალური ადამიანები, რომ რავი. ძალიან იშვიათია ასეთების მართლა არსებობა, მაგრამ მე ვიცნობ ნამდვილ ბაჩანას და გეტყვი რომ ზუსტად ისეთია, როგორიც აქ. ეგ კი არა, უფრო უკეთესიც, მაგრამ მერე ძალიან გაიდეალურება გამომდიოდა და შეიძლება მოსაბეზრებელიც ყოფილიყო წასაკითხად... ნიკო კარგი ადამიანია, შესანიშნავი ღირებულებები აქვს, როგორც გიას და მაიას და თითქმის ყველას ასეც შეიძლება ითქვას. ნათიას თავისი მიზეზი ჰქონდა, ვეცადე კარგად ამეხსნა მისი მხრიდან დანახული რეალობა და არ ვიცი როგორი გამოვიდა, მე ვფიქრობ რომ საკმარისად განმარტა მან ყველაფერი... ანაბელი, რომელსაც თავისი ადგილი უჭირავს ისტორიაში, ყველაზე დიდი და ნათელი წერტილია მთლიანი ფონის! მადლობა შენ მოწონებისთვის, ასეთი მსუყე კომენტარისთვის! მაქვს ხოლმე ჩავარდნები, მაგრამ აუცილებლად დავასრულებ ამ ამბავს, რაღა დარჩა უკვე... მეც მიხარია, რომ მოისურვე აზრის გაზიარება! ♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი უმადრუკიM

წარმატებები <3 ველი შემდეგ თავს ^_^

 


№4  offline წევრი Life is beautiful

იცი?!
რა გრძნობა მეუფლება, როდესაც ამ რომანს ვკითხულობ?! (ეს "იცი?!" ჩვევაში მაქვს - ვერ მოვიშორე. :დ)
სიმშვიდის, იდილიის, ბუნებრივობის, სინაზის, შინაგანი ღიმილის.
ხომ უცნაურად ავღწერ, მაგრამ მართლა ასეა...
იმდენად კარგადაა ყველა დეტალი მორგებული ერთმანეთს, "ბრაკის" აღმოჩენა რთულია, უფრო სწორად კი შეუძლებელი, მარტივი მიზეზის გამო - არ არსებობს!
ეს ნამსხვრევები, სიტყვების სახით შეაკოწიწე და გამოვიდა, ძალიან ლამაზი "უფორმო" ჭურჭელი. (არც ლარნაკია! არც დოქი და არც სხვა რამე!)
ყველა პერსონაჟი, სხვადასხვანაირია, განსხვავებული,
რთული როგორც - მორზეს ანბანი და მარტივი როგორც - არ ვიცი, მარტივი არაფერია.
და მაინც, ყველაზე მეტად, იცი, რა მომწონს?! (ჯანდაბა, ისევ ეს იცი.)
ამ ყველა განსხვავებას პერსონაჟებში, ქმი ერთი ადამიანი, ერთი გონებით, მაგრამ მაინც, მრვალმხრივი აზროვნებით.
რამდენად რთულია, რომ შექმნა, კაცის "ფსიქო" მაშინ როცა - თავად ქალი ხარ!
ოცნების პრინცი, ალბათ ყველას ყოლია, ჩემი გემოვნება დიდად არ ემთხვევა ბაჩანას, თუმცა ვაფასებ, როგორც ინდივიდუალურ სრულფოფილებას, მე არ ვცნობ, დაუწერელ კანონებს, რომ
"კარგი." - ასეთი უნდა იყოს,
ცუდი კი - ისეთი. ინდივიდუალიზმზეც ასეა, ყველა ადამიანი, განსხვავებული და იდეალურია, უბრალოდ იდეალებს თავად ვუქმნით თავს, შედეგად კი - გვავიწყდება ის, რომ ყველა, ჩვენს ირგვლივ და მათ შორის, შენ და მე, "ინდივიდუალურად სრულყოფილები და იდიალურები ვართ"! (აი მეტყობა ხომ, რომ ამ სიყტვაზე გვიჟდები ისე მიყვარს.))
ამიტომაა, ის ჩემთვის "ინდივიდუალურად სრულყოფილი"!
ასევეა სხვა პერსონაჟებიც, სწორედ ესაა გასაოცარი, რომ მხოლოდ პერონაჟებს კი არ ქმნი, არამედ ქმი ცალკეულ პერსონა, პიროვნებას.

უშუალოდ თემატიკას, ვერ შევეხები, არაფერი არ ჭირს, ჩემი შესახები. ძალიან მომწონს.))
კიდევ იმას ვიტყვი, რომ ხალხის აზრს, მიდგომას და დამოკიდებულებას პატივს ვცემ, მაგრამ ნამდვილად იმსახურებ მეტ ყურადღებას! რომ ვხედავ 4,5, 6.8 კომენტარს გული მიკვდება, არ მეცოდები, ეს იტორია მეცოდება, რომ მეტ ყურადღებას არ გამოხატავენ, თორე შენ რა გჭირს, რა დაგმართნია, რომ შეგიცოდო?! - ამ სასიამოვნო ისტორიას ქმნი. მეტი რა გინდა?!
კარგი წავედი..
ამხელა კომენტარისთვის სორი!))
იმასაც ვიტყვი რაზე გამეცინა, :დდ
"ანუ დედას კაბა უნდა იყოო?!" ზუსტად სიტყვები არ მახსოვს, მაგრამ კარგად გამეცინა. :დ
მიყვარს იუმორი, ისტორიაში.
ზოგს კი ისეთი დამახასიათებელი აქვს, რომ ამოცნობაც შემიძლია.
ხო, კარგი, წავედი. ბოლო სიტყვებს ვიტყვი კიდევ, ველი ამ გადასარევ ისტორიას, მე ისედაც ამ გადარეულს, კიდე ეს მინდოდა?! - შემდეგი ცოტა ლაითი, ან ჯანდაბას, გავუძლებ..
არ მოგვკლებოდე! ❤️

 


№5  offline წევრი რენე

უმადრუკიM
წარმატებები <3 ველი შემდეგ თავს ^_^

მადლობა! აუცილებლად ვეცდები, რომ მალე იყოს! ვიღაც რომ გელოდება, მოტივაციისთვის საკმარისზე მეტია... ♥️♥️♥️

Life is beautiful
იცი?!
რა გრძნობა მეუფლება, როდესაც ამ რომანს ვკითხულობ?! (ეს "იცი?!" ჩვევაში მაქვს - ვერ მოვიშორე. :დ)
სიმშვიდის, იდილიის, ბუნებრივობის, სინაზის, შინაგანი ღიმილის.
ხომ უცნაურად ავღწერ, მაგრამ მართლა ასეა...
იმდენად კარგადაა ყველა დეტალი მორგებული ერთმანეთს, "ბრაკის" აღმოჩენა რთულია, უფრო სწორად კი შეუძლებელი, მარტივი მიზეზის გამო - არ არსებობს!
ეს ნამსხვრევები, სიტყვების სახით შეაკოწიწე და გამოვიდა, ძალიან ლამაზი "უფორმო" ჭურჭელი. (არც ლარნაკია! არც დოქი და არც სხვა რამე!)
ყველა პერსონაჟი, სხვადასხვანაირია, განსხვავებული,
რთული როგორც - მორზეს ანბანი და მარტივი როგორც - არ ვიცი, მარტივი არაფერია.
და მაინც, ყველაზე მეტად, იცი, რა მომწონს?! (ჯანდაბა, ისევ ეს იცი.)
ამ ყველა განსხვავებას პერსონაჟებში, ქმი ერთი ადამიანი, ერთი გონებით, მაგრამ მაინც, მრვალმხრივი აზროვნებით.
რამდენად რთულია, რომ შექმნა, კაცის "ფსიქო" მაშინ როცა - თავად ქალი ხარ!
ოცნების პრინცი, ალბათ ყველას ყოლია, ჩემი გემოვნება დიდად არ ემთხვევა ბაჩანას, თუმცა ვაფასებ, როგორც ინდივიდუალურ სრულფოფილებას, მე არ ვცნობ, დაუწერელ კანონებს, რომ
"კარგი." - ასეთი უნდა იყოს,
ცუდი კი - ისეთი. ინდივიდუალიზმზეც ასეა, ყველა ადამიანი, განსხვავებული და იდეალურია, უბრალოდ იდეალებს თავად ვუქმნით თავს, შედეგად კი - გვავიწყდება ის, რომ ყველა, ჩვენს ირგვლივ და მათ შორის, შენ და მე, "ინდივიდუალურად სრულყოფილები და იდიალურები ვართ"! (აი მეტყობა ხომ, რომ ამ სიყტვაზე გვიჟდები ისე მიყვარს.))
ამიტომაა, ის ჩემთვის "ინდივიდუალურად სრულყოფილი"!
ასევეა სხვა პერსონაჟებიც, სწორედ ესაა გასაოცარი, რომ მხოლოდ პერონაჟებს კი არ ქმნი, არამედ ქმი ცალკეულ პერსონა, პიროვნებას.

უშუალოდ თემატიკას, ვერ შევეხები, არაფერი არ ჭირს, ჩემი შესახები. ძალიან მომწონს.))
კიდევ იმას ვიტყვი, რომ ხალხის აზრს, მიდგომას და დამოკიდებულებას პატივს ვცემ, მაგრამ ნამდვილად იმსახურებ მეტ ყურადღებას! რომ ვხედავ 4,5, 6.8 კომენტარს გული მიკვდება, არ მეცოდები, ეს იტორია მეცოდება, რომ მეტ ყურადღებას არ გამოხატავენ, თორე შენ რა გჭირს, რა დაგმართნია, რომ შეგიცოდო?! - ამ სასიამოვნო ისტორიას ქმნი. მეტი რა გინდა?!
კარგი წავედი..
ამხელა კომენტარისთვის სორი!))
იმასაც ვიტყვი რაზე გამეცინა, :დდ
"ანუ დედას კაბა უნდა იყოო?!" ზუსტად სიტყვები არ მახსოვს, მაგრამ კარგად გამეცინა. :დ
მიყვარს იუმორი, ისტორიაში.
ზოგს კი ისეთი დამახასიათებელი აქვს, რომ ამოცნობაც შემიძლია.
ხო, კარგი, წავედი. ბოლო სიტყვებს ვიტყვი კიდევ, ველი ამ გადასარევ ისტორიას, მე ისედაც ამ გადარეულს, კიდე ეს მინდოდა?! - შემდეგი ცოტა ლაითი, ან ჯანდაბას, გავუძლებ..
არ მოგვკლებოდე! ❤️

შენ ხარ დილის ენერგია! ამ სიტყვებს ვიტყვი პასუხისმგებლობით იმიტომ რომ რამდენჯერაც მოხვედი, იმდენჯერ გასაოცარი მუხტი შემოიტანე და შენი ყველა კომენტარის კითხვისას სახიდან ღიმილი არ მშორდება... მგონი ეს ძალიან კარგია, არა? მომწონხარ! გულწრფელად გეუბნები, რომ დადებითი აურა გაქვს. ყველას გვაქვს რაღაც სიტყვა, რომელსაც ხშირად ვიყენებთ საუბრისას, ჩემთვის ეგეთი ანუ და ჰოდაა, ან ხოდა, ხასიათს გააჩნია :დ იდეალური სიტყვები მითხარი შენ, თავს ვერ დავდებ რომ სრულად ვიმსახურებ, მაგრამ ღმერთმა თავდაჯერება ასე თუ ისე მომცა და პერსონაჟებში ჩადებული ჩემი გული და სული დადებითად აისახა ყველაფერზე. ანუ გამომივიდა, ამით ამის თქმა მინდოდა. ძალიან ძნელია წერო, როგორც კაცმა. აი მართლა, მაგრამ, როცა ვწერ, მე სულ ვფიქრობ ახლა რას იტყოდა ნამდვილი ბაჩანა, ახლა რას გააკეთებდა ნამდვილი ბაჩანა, ან ნიკო, ან გია და საბოლოო დასკვნამდე მივდივარ, ამიტომ მჭირდება ხოლმე დრო. არის სიტუაციები, რომელსაც მეტი ფიქრი სჭირდება და მეც უნდა განვსაზღვრო რა იქნება სწორი და რა არა... მეც მყოლია ოცნების პრინცი ძალიან ღრმა ბავშვობაში და ვიპოვე... რაც შემიძლია გითხრა, ყველას გვაქვს ჩვენი წილი იდეალები და ზუსტად ამ იდეალებიდან გამომდინარე ვპოულობთ ჩვენთვის სასურველს. შენ რომ ვიღაც გაიცანი და მოგეწონა, მოგეწონა მასში ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია, რასაც აფასებ. ხომ მიხვდი? იმედია სწორად გადმოგცემ. ინდივიდი ზუსტად იმიტომაა იდეალური, რომ ინდივიდია და სხვას არ ჰგავს, მაგრამ თუ ჰგავს, მაშინ უკვე კლონია :დ ვისურვებდი, რომ ყველას ეპოვოს თავისი იდეალი და ბედნიერი იყოს! ასე ბევრად უფრო დადებით ტალღაზე გადავა დედამიწაც... ჰო, ვერ ვიტყვი რომ კომენტარების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, ახლა რომ შემოვედი და ორით მეტი დამხვდა, ლამის გული გამისკდა სიხარულისგან... ძალიან მინდა აზრი გამიზიარონ, ოღონდ ეს ისე არ ჩათვალოთ რომ მუხლმოდრეკილი გთხოვთ... არა, არანაირად. კარგი განცდაა, როცა მკითხველს უსმენ და შენი მთავარი მოტივატორია. ნუ მებოდიშები სიდიდეზე, რამხელაც გინდა იმხელა იყოს! ემოციებს ვერ შეაკავებ და რაც გსურს, უნდა ილაპარაკო! მე აქ მოსასმენად ვარ... მადლობა შენ! იცი როგორი მადლობა? უდიდესი! კარგი ადამიანი ხარ ძალიან! ♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent