ნაკრების გული (თავი 10)
*** ერთს ფიქრობ, მეორეს ამბობ, მესამეს აკეთებ. ადამიანები, რომელთა ამოცნობაც ამდენად რთულია, ჩვეულებრივები არ არიან. თუ აქამდე მეგონა, რომ მაშინაც კი, თუ ერეკლე რამეს დამიმალავდა, ამას მის თვალებში დავინახავდი, დღეს დავრწმუნდი, რომ ასე არ ყოფილა. არასოდეს მჯეროდა იმის, რომ ადამიანს თვალების შენიღბვაც შეეძლო, მაგრამ ის ხომ ჩვეულებრივი არ არის. შეიძლება მომენტებში ამის კონტროლი უჭირს, როგორც მაგალითად იმ დღეს მოხდა, მასთან რომ ვიყავი სახლში, თუმცა ამას მაინც ახერხებს. ჰო, ახერხებს, რადგან იმდენად უნდა საკუთარი, ნამდვილი ერეკლე დამალოს, ყოველდღე თამაშობს და ნელ-ნელა, ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდება სულ სხვა ადამიანად იქცევა. ადამიანად, რომელიც შეიძლება თვითონაც არ მოსწონს, მაგრამ იმ ნამდვილს ურჩევნია, რომელიც ცუდი არ არის, უბრალოდ სუსტია რაღაც-რაღაცეების მიმართ. ვიცი, ეს რაც არის. მეც მიცდია, უფრო ძლიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს ადვილი არაა. მაშინ ის აღარ უნდა იყო, ვინც ხარ. საკუთარი თავი აღარ უნდა იყო და თუ ეს გამოგივა, ყველასათვის უცნობი გახდები, საკუთარი თავის გარდა. შენში მეორესაც გააცოცხლებ და როცა რაღაცას იტყვი, ვერავინ გაიგებს ისე, როგორც იგულისხმე, ასე კი მათ დაკარგავ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მისთვის არავინ ვარ და ჩემი დაკარგვა არც განიცადოს, მე განვიცდი მის დაკარგვას, მისივე ქცევის გამო. ვცდილობ, ახსნა მოვუძებნო. ისე გავიგო, როგორც რეალურად მითხრა, მაგრამ სრული სიცარიელეა. ძალიან ბანალურია ის, რომ მას სხვა ვეგონე, როცა მაკოცა. შეუძლებელიც კია, შესანიშნავად იაზრებდა, რომ მე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ. გონებიდან არ ამომდის, მისი გაოცებული მზერა. თითქოს, აქამდე სხვა ადამიანს ხედავდა ჩემში, სხვად მიცნობდა და მხოლოდ ახლა გამიცნო ან, დიდი ხნის უნახავი მნახა. არ ვიცი... ასეთი არეული არასდროს ვყოფილვარ და ასეთი ერეკლეც არასდროს მინახავს. ძალიან მინდა, რომ მისი აზრები მესმოდეს, ან უთქმელად ვხვდებოდე. საშინელებაა, როდესაც ხვდები, რომ ადამიანი გულწრფელად გელაპარაკება და არ გესმის. გარბის და ვერ ხვდები რატომ. ვისგან, საკუთარი თავისგან, თუ შენგან?! ეჭვიც არ მეპარებოდა იმაში, რომ ქვემოთ არ იქნებოდა და ასეცაა. კართან ვბრუნდები და ტელეფონს ვიღებ. მარტო ერეკლე კი არა, ანუკიც გაქრა. 2 წუთი მოიცადეო და მგონი 2 საათი გავიდა. - მე თუ მირეკავ, აქ ვარ. - სრულიად მოულოდნელად მეპარება უკნიდან ანუკი. შიშისგან ვკრთები და გულზე ვიდებ ხელს. - სად დადიხარ, შეტყობინება არ ნახე? - რომელი შეტყობინება? - სასწრაფოდ იღებს ჩანთიდან ტელეფონს. საპასუხოდ, უბრალოდ ღრმად ვოხრავ. რა თქმა უნდა, უნდა მეფიქრა, რომ ამ ხმამაღალ მუსიკაში, ტელეფონს ყურადღებას არ მიაქცევდა. - ბიძიას ოთახში ვარო? და იქ რა გინდოდა? - დაივიწყე, წამოდი. - კარს ვაღებ და პირველი გავდივარ გარეთ. ნელი ნაბიჯებით მომყვება უკან. - ნახე ვაკო? - არა, სახლში წაბრძანებულა, ფეხი მტკივაო. - რა? აბა ამდენი ხანი რას აკეთებდი? - მართლა მიკვირს. - ბატონი შალვა ვნახე და მივულოცე, მერე ბიჭებსაც მივულოცე და მერე შენ გელოდებოდი, მეთქი მოვა. ამასობაში დავლიე ერთი ორი ჭიქაც და... - რაა? გამორიცხულია მაშინ საჭესთან არ დაჯდები. - გააზრებასაც არ ვაცდი, ისე ვართმევ გასაღებს ხელიდან. - და შენ დაჯდები აბა მაგ ფეხით? - ისევ უკან მართმევს. - ხოდა მაგდენი თუ იფიქრე, რატომ დალიე? - ოო, ალე. 2 ჭიქა არაფერი არ არის, ხომ იცი, რომ არ ვთვრები. რაღა ახლა გამაჩერებს პატრული. - ამაყად აღებს მანქანის კარს და საჭესთან იკავებს ადგილს. ჰო, მე და ანუკი ამაში ერთმანეთს ვგავართ, არცერთზე არ მოქმედებს სასმელი, მაგრამ მაინც ვერ ვარ მშვიდად და რავქნა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც უნდა მოხდეს. - დაჯდები თუ შენს გარეშე წავიდე? ღრმად ვსუნთქავ და ნელა ვუჯდები გვერდით. იმედი მაქვს, ეს უბრალოდ შეგრძნებაა და მეტი არაფერი. - ისე შენ ნახე ბატონი შალვა? - როგორც კი მანქანას ქოქავს, მაშინვე მეკითხება. - კი. - ერეკლე? - კი... - სუნთქვას ვაყოლებ. - ისაუბრეთ? როგორც კი მახსენდება, ყველაფერი თვალწინ მიდგება და ისე მიჩქარდება გული, გეგონება თავიდან უნდა მოხდეს ყველაფერი. - მაკოცა... - ხო. დაიცა რაა? - თვალები უფართოვდება და მაშინვე ჩემზე გადმოაქვს მზერა. - რას ამბობ გოგო, როდის, როგორ, აქამდე რატომ არ მითხარი? - წინ იყურე, არ ავილეწოთ. მართლა დიდი სისულელე გავაკეთე, ახლა რომ ვუთხარი. - ეს როგორ მოხდა? - რას ნიშნავს როგორ მოხდა, აი ასე. - რა აი ასე, პირდაპირ მოვიდა და გაკოცა? შესავალი არ გაუკეთა რამე? - რა შესავალი, წიგნს წერ? - იცი რასაც ვგულისხმობ. - უფრო იმკაცრებს ხმას. ღრმად ვოხრავ. - მთვრალი იყო... არ ვიცი, რაღაცეებს მეუბნებოდა, ხო. ჯერ მატჩზე ვსაუბრობდით, მერე თვალები ეხუჭებოდა და ვუთხარი დაიძინე - მეთქი... მერე, ყველაფერი თავისით მოხდა. ნამდვილად არ შემიძლია დეტალებში მოყოლა, ამას მაშინაც რომ გავუძელი, სასწაულია. - მერე? - მერე მითხრა ეს შენ ხარო და გაიქცა. - რაო? ანუ სხვა ეგონე? - უფრო საკუთარ თავს უსვამს კითხვას - ვინმე თავისი ყოფილი? ვაიმე, რა ქლიავია ღმერთოოო. - არ ვიცი, ანუკი. ლოგიკურად ასეა, მაგრამ ამის არ მჯერა. შეიძლება მთვრალი იყო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მცნობდა. სხვა არ ვგონებივარ. - აბა ეგ რატომ გითხრა, სხვა რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს? უეჭველი, ალბათ თიკა ეგონე. - ანუკი! საერთოდ არ მსიამოვნებს, მის სახელს რომ ახსენებს. - იქნებ შენი რეაქცია აინტერესებდა? ნამდვილად, რადგან დარწმუნებული ხარ იმაში, რომ გცნობდა, უბრალოდ დაგაბოლა რა. უნდოდა, რომ ასე გგონებოდა. გეთამაშება, არ იცი, რომ ჩვეულებრივი ფლეიბოია?! - მისი რეაქცია ნამდვილი იყო. - მასაც ეგ უნდოდა, რომ ეგ დაგეჯერებინა. გაგაღიზიანა მაგით, გეკაიფება. თავიდანვე ეგრე არ იქცეოდა? ღმერთო, როგორ ვერ ვიტან მასეთ ტიპებს. მაინც ვერ ვხვდები, ეგ რამ შეგაყვარა რა. - სიყვარულს ჩვენ არ ვირჩევთ... - ოჰ, დაიწყო ახლა. - რომ შეგიყვარდება... - ძვირფასო, მე არ შემიყვარდება, გესმის? - მაშინვე მაწყვეტინებს. არარსებობს, ამაზე ლაპარაკი დავუწყო და ბოლომდე დამამთავრებინოს. - მაქსიმუმ, დამევასოს ვინმე. კაცები იმის ღირსები არ არიან, რომ მთელი გული მათ მისცე და საკუთარ თავზე მეტად შეიყვარო. - და თუ მას უყვარხარ საკუთარ თავზე მეტად? - არარსებობს, ალე. მათ საკუთარი თავის მეტი, არავინ არ უყვართ. ყველა კაცი ერთნაირია, ყველაშია ნარციზმი. ყველა იმას ფიქრობს, თავი როგორ მოგაწონოს, რომ გამოგიყენოს და გადაგაგდოს. მათ სიყვარული არ შეუძლიათ. იცი რა არის სიყვარული? როცა მას შენი შორიდან ყურებაც კი აბედნიერებს, როცა ჩახუტებაც კი ჰყოფნის. მითხარი, გინახავს კაცი, რომელსაც მარტო ჩახუტება ჰყოფნის? ვაკო მიდგება თვალწინ და თავისით მაწვება ცრემლები. გვერდით ჰყავს და ვერ ამჩნევს. ის ზუსტად ისეთია, როგორიც ჰგონია, რომ არ არსებობს. მას ჰყოფნის მხოლოდ შორიდან ყურება და ჩახუტება... ზედმეტი, არასოდეს არაფერი უცდია. არც კი უთქვამს, თავისი სიყვარულის შესახებ, რადგან იცოდა, რომ ასე შეიძლება უფრო ცუდიც კი ყოფილიყო მისთვის. ყველაფერი თავზე ჩამოენგრეოდა... - მოვედით. - ფიქრებიდან, ანუკის ხმას გამოვყავარ. ვერც კი მივხვდი, როდის გააჩერა მანქანა. - შენ რა, ტირიხარ? - არა... - მაშინვე ვაქნევ თავს და ოდნავ ვუღიმი. - ალეე, შენი არცერთი ცრემლის ღირსი არ არის ის იდიოტი ერეკლე, გაიგე? ტიპი ეროვნულ ნაკრებში თამაშობს და თავში აქ ავარდნილი. გეგონება, მაგის გარდა კი აღარავინ ყოფილა ცნობილი. - ღრმად სუნთქავს- კარგი,შევწუხდი. ნერვები მეშლება, მასზე რომ ვფიქრობ. ადი, თორემ მანანა დეიდა ინერვიულებს. - არ წამოხვალ? - კარს ვაღებ. - არა, ვაკოს უნდა შევუარო. - ამ დროს? - საათზე ვიყურები. - ვნერვიულობ, ალე. იქნებ რამე სერიოზულია, ხომ იცი, ბიჭებს არ დატოვებდა ისე უბრალოდ, შეიძლება მართლა სერიოზულად სტკივა ფეხი. ტელეფონსაც არ იღებს. - მთვრალი იქნება, ანუკი. ალბათ სძინავს კიდეც უკვე. იქნებ ახლა არ ღირს? ხვალ შეუარე. - არა, უნდა დავრწმუნდე რომ კარგად არის. - მაინც არ იშლის თავისას. ვიცი, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს და ვნებდები, თუმცა ვაკოს სიმთვრალის ამბავი რომ ვიცი... ღმერთო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და რაღაც სისულელის გამო არ იჩხუბებენ. ფრთხილად გადმოვდივარ მანქანიდან და კარს ვხურავ. ვაკო უნდა გავაფრთხილო... * არა, არა. იმის მიუხედავად, რომ გაუჩერებლად ვურეკავ, ერთხელაც არ მპასუხობს. ახლა უკვე ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ სძინავს და ანუკი რომ გააღვიძებს, ნამდვილი ქარიშხალი დატრიალდება. ეჭვიანი ცოლივით დაუწყებს, რამ დაგალევინა ამდენი და ა.შ აღარ ვიცი რა გავაკეთო. ფეხი რომ არ მქონდეს მოტეხილი, კიდევ ჰა, გავიქცეოდი, რამეს ვიზამდი, მაგრამ... არა, რას იჩხუბებენ ამნაირს, ბოლოს მაინც შერიგდებიან. ყველაფერი კარგად იქნება. ვცდილობ, საკუთარ თავს ეს დავაჯერო, ტელეფონს გვერდით ვდებ და იმის მიუხედავად, რომ მგონია ამდენი ემოციის კვალობაზე არ დამეძინება, წამში ვითიშები. * ზოგადად, მე და სიზმრები ვერ ვმეგობრობთ, მაგრამ ამჯერად, გამონაკლისი ხდება, ყველაფერს ერთად ვხედავ და დაფეთებული მეღვიძება დილის 8 საათზე. ძლივს გავდივარ სამზარეულოში წყლის დასალევად და მაცივარზე მიკრული წერილიც მხვდება. 'ალე, დე. ნუციკოს სიცხე აქვს, ბებიამისმა დარეკა. მაღლა ვარ, თუ რამეა ამოდი.' ღრმად ვოხრავ. ბავშვს ასეთ დროს დედა სჭირდება, ის კი სად არის? ასეთ მშობლებს ვერ ვუგებ და რა გავაკეთო. მართალია ფული კარგია, მაგრამ შვილზე მნიშვნელოვანი? კარზე ზარის ხმა, ფიქრებს მაწყვეტინებს. დავიჯერო, დედას დარჩა გასაღები? ზოგადად, ეს არასდროს ხდება - ხოლმე, თუმცა სადაც მე დამესიზმრა სიზმარი... კართან მივდივარ და არც კი ვიყურები, ისე ვაღებ, რადგან ბოლო წუთამდე მგონია, რომ იქ დედაა, თუმცა კვაშილავა მრჩება ხელში. - ვაკო? - სად გაქვს ტელეფონი? იცი რამდენჯერ დაგირეკე? ფერი არ ადევს სახეზე. სწრაფად შემორბის შიგნით და მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ ყავარჯენი არ აქვს. - ყავარჯენი რა იქნა? - რა დროს ყავარჯენია, ალე. - მისაღებში შესული, ადგილზე ტრიალებს და მერე, დივანზე ჯდება. - რა გჭირს, რა მდგომარეობაში ხარ? - ცუდში. საშინელში - თავს ხელებში რგავს და მიუხედავად იმისა, რომ გვერდით ვუჯდები, მაინც არ აპირებს შემოხედვას. ანუკი მახსენდება. გუშინ მასთან ხომ უნდა მისულიყო. იჩხუბეს, უეჭველი იჩხუბეს. ხომ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, ვერ მოზომავდა, ხელი როგორ ვერ შევუშალე, რამ დამაძინა. - ანუკის ეჩხუბე, ხო? გეფიცები, ვაკო, გირეკავდი, რომ გამეფრთხილებინე მოსვლას აპირებს მეთქი, მაგრამ არ იღებდი. არ ვიცი, ვეღარ გამოვეკიდე ამ ფეხით. ნუ ნერვიულობ, გაპატიებს, ხომ იცი, ბოლოს ყოველთვის რიგდებით ხოლმე. - ამჯერად, არ მაპატიებს. - საკუთარ თავში დარწმუნებული ამბობს და თავს სწევს. - გაპატიებს. რა იყო, ასეთი რა უთხარი? - ვაკოცე. - რააა?! - იმხელა ხმაზე ვყვირი, მგონი მთელს კორპუსში აღწევს ჩემი ხმა. საპასუხოდ, უბრალოდ ოხრავს და ისევ თავს ხრის. - ეს... შენ როგორ? უთხარი რომ გიყვარს? - არ ვიცი. - რა არ იცი ვაკო, აბა პირდაპირ დაეტაკე და აკოცე? - არ მახსოვს, ალე. არაფერი არ მახსოვს, ამის დედა.ც! ნასვამი ვიყავი, მარტო ის მახსოვს, რომ კარი გავუღე, ისიც იმიტომ, რომ აბრახუნებდა. მერე რაღაცეებს მელაპარაკებოდა,.მაგრამ... არ ვიცი. - ერთი სიტყვაც არ გახსოვს? - გეფიცები, არა. - როგორ არა, კაიფშ.ი ხომ არ იყავი. ისევ ღრმად ოხრავს, მაგრამ არც უარყოფს. - ვაკო, შენ რა, მართლა კაიფშ.ი იყავი? - არა, ალე. რას სისულელეს მეუბნები, ოღონდაც. ხომ იცი, როცა ვსვამ ვეღარ ვაზროვნებ რას ვლაპარაკობ და ვაკეთებ. არაფერი არ მახსოვს ხოლმე, რა მოხდა წინა დღეს. - და ეს კოცნა როგორ გახსოვს აბა? - ძალიან მწარედ გამარტყა, ახლაც მტკივა ლოყა. - ოხ ვაკო, რა... - დაურეკე ალე, გთხოვ. მარტო შენ შეგიძლია ახლა მასთან ლაპარაკი. აუცილებლად გეტყვის, რაც ვუთხარი. რომ არ გავიგო, ჭკუიდან გადავალ. - მე თქვენი შუამავალი არ ვარ, ვაკო. წადი და შენ დაელაპარაკე, ახლა ხომ ფხიზელი ხარ და მშვენივრად აზროვნებ. უთხარი, ბოლოს და ბოლოს. დრო მოვიდა, მითუმეტეს ნაბიჯი გადადგმული გაქვს უკვე, უკან ნუღარ დაიხევ. - ჩემი დანახვა არ ენდომება, დარწმუნებული ვარ. - მაშინ აღარასდროს აღარ შეხვდე აბა. ასე აპირებ დანებებას? - ალე ჯერ უნდა ვიცოდე, რა ვუთხარი. იმის მიხედვით ვიმოქმედებ მერე, გთხოვ, დამეხმარე, რა გჭირს? ღრმად ვსუნთქავ. უკვე მართლა არ ვიცი, რა არის სწორი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. მე რომ შემეჩერებინა ანუკი, არ მივიდოდა და ეს არ მოხდებოდა, მაგრამ როგორ შემეჩერებინა. თუ რაღაც უნდა, მაინც გაიტანს თავისას. მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არავის შეუძლია, მითუმეტეს მე, მოტეხილი ფეხით. ან... იქნებ უკეთესიც არის, ასე რომ მოხდა. ღმერთო... აღარ ვიცი. - ალე. - კარგი, წავალ დღეს ანუკისთან. - დამირეკე მერე, კარგი? ან, მე წაგიყვან თუ გინდა. - არა, ვაკო. უნდა გამოვიცვალო ჯერ, პიჟამოებით ხომ არ წავალ, თან ძალიან ადრეა. - არაუშავს, დაგელოდები. - არ არის საჭირო, თვითონ წავალ, მართლა. - ნამდვილად? - შენც რომ არ გეთქვა, ისედაც არ დავტოვებდი მარტო. ვინ იცის, რა მდგომარეობაშია ახლა. - ღრმად ვსუნთქავ და ნელა ვდგები ფეხზე. თვითონაც იგივეს იმეორებს. - არა, მართლა. სად წაიღე ყავარჯენი? აკი ფეხი მტკივაო? - მტკივა. მანქანაში მაქვს დაბლა. დამეზარა წამოთრევა, მაფერხებს. - ვაკო, ასე არ შეიძლება. თავს უნდა გაუფრთხილდე, თუ რა თქმა უნდა აგვისტოს მატჩებში თამაში გინდა. უბრალოდ თავს მიქნევს და ამჯერად, კოჭლობით მიდის კარისკენ. - აუცილებლად დამირეკე. - დაგირეკავ. *** დაახლოებით 2 საათში, ანუკისთან მივდივარ. მანამდე, ალბათ ათასჯერ მაინც ვურეკავ იმ იმედით, რომ ტელეფონს ჩართავს, მაგრამ არა, ყოველ ჯერზე, ერთი და იგივე წინადადება მესმის. 'ტელეფონი გამორთულია, ან გასულია მომსახურების ზონიდან' უკვე ნერვიულობა მეწყება. კართან მისული, მილიონჯერ ვრეკავ ზარს, ვაკაკუნებ, ვაბრახუნებ, მაგრამ შენც არ მომიკვდე. უკანასკნელი გამოსავალი მრჩება. იმის მიუხედავად, რომ არ მინდოდა მეყვირა და ყველას გაეგო, რა ვქნა. - ანუკიი! ანუკი, გამიღე! - კიდევ უფრო ხმამაღლა ვაპირებ დაძახებას, თუმცა ზუსტად ამ წამს აღებს კარს და ისეთი შეშინებული თვალებით მიყურებს, გეგონება ტერორისტი ვარ. - გოგო სად იყავი აქამდე? კარი ჩამოვიღე ლამის. - შემოდი, მალე. - მკლავში მავლებს ხელს. - დაიცადე, შეგახსენებ რომ ფეხი მაქვს მოტეხილი და ეგრე სწრაფად არ შემიძლია. - წარბებს ვკრავ. ოდნავ მიქნევს თავს და ხელს მიშვებს. - ვაკო ხომ არ არის აქ? - არა. - ნამდვილად? იცოდე, არ მომატყუო. - არა მეთქი, ანუკი. - როგორც იქნა შევდივარ და თავად ვხურავ კარს. ღრმად სუნთქავს და პირველი მიდის მისაღებისკენ. საქმე იმაზე ბევრად რთულადაა, ვიდრე წარმომედგინა. ღმერთო, როგორ უნდა ვუთხრა ახლა, რომ ვაკოს გრძნობებზე ვიცოდი და არ ვუთხარი? ნელა შევდივარ მისაღებში და თვალწინ, ისეთი რამ მეშლება, მექანიკურად მიფართოვდება თვალები. უწესრიგოდ მიყრილ ნივთებს რომ თავი დავანებოთ, მაგიდაზე იმდენი საჭმელი აქვს გაშლილი, ათ კაცს თავისუფლად ეყოფა. ა, არა, მხოლოდ მაგიდაზე კი არა, დივანზეც, სავარძელზეც და საერთოდ ყველგან, სადაც დადება შეიძლებოდა. - ეს რა არის ანუკი? - არ მკითხო, გუშინ მგონი 2 კილო მოვიმატე. სასწორზე ვერ ვდგები შიშით. ვიცი, რომ ნერვიულობაზე ჭამს ხოლმე, მაგრამ ამდენი რამ ერთად, არასდროს გაუკეთებია. უბრალოდ ღრმად ვოხრავ, თეფშები მაგიდაზე გადამაქვს და გვერდით ვუჯდები. - ალე...- სწრაფად ახამხამებს თვალებს და მაშინვე აჩენს ცრემლებსაც - ძალიან ცუდად ვარ, ალე. - ჩემსკენ იხრება და ზუსტად ისე მეხუტება, როგორც შვილი დედას. - ვიცი, ანუკი...ყველაფერი ვიცი. - გითხრა, ხო? საზიზღარი, დეგენერატი, ვირი. ეს როგორ გააკეთა, მთელი ღამეა ვფიქრობ და კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს რეალურად მოხდა. - ცრემლებს იწმენდს და ისევ თავის ადგილს უბრუნდება. - ანუკი... - მკლავზე ვადებ ხელს. - მიყვარხარო... ალე, მიყვარხარო... - ახლა ხმით იწყებს ტირილს. - ანუკი, გთხოვ, დამშვიდდი. - ასეთი დებილი და უტვინო როგორ ვარ. ამდენი ხანი როგორ ვერ მივხვდი! წარმოგიდგენია? დის გულს ვუძახდი... მასზე სხვანაირად არასოდეს არ მიფიქრია. ჩემი ბავშვობაა, ყოველთვის უფროსი ძმასავით ვუყურებდი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვითაა დიდი. ასე როგორ მომექცა... ღრმად ვსუნთქავ. თითქოს, ყველა სიტყვა ერთად გაქრა. არ ვიცი, რა ვუთხრა და როგორ დავამშვიდო. - ჩემს შეყვარებულებს ვაცნობდი. ჩემს პაემნებზე ვუყვებოდი.... არასდროს არ შემიხედავს სხვანაირად, მაგრამ თურმე ის მიყურებდა. როგორც გოგოს,.როგორც ქალს ისე მიყურებდა. იდიოტი! სწრაფად მისწორებს თვალს. - თან მეუბნება, მე შენ სულ ასე მიყვარდიო. ჩემი და არასდროს არ ყოფილხარო, წარმოგიდგენია? დანაშაულის გრძნობა მაწვება და აღარ ვიცი, რაზე გადავიტანო მზერა. - არ გალანძღე? მითხარი, ეს რომ გითხრა არ გალანძღე? ოდნავ ვაქნევ თავს, რაზეც წარბებს კრავს. - ალე... - ვიცოდი, ანუკი... - იმდენად ხმადაბლა ვამბობ, მე თვითონაც ძლივს მესმის. წამსვე ვხუჭავ თვალებს. არ შემიძლია, ამ წამს მის მზერას გავუძლო. - რა? ხუმრობ, არა? - მაპატიე... სიჩუმე. ყველაზე მეტად, ამ სიჩუმეს ვერ ვიტან, ამ სიჩუმის მეშინია. - ეს როგორ გამიკეთე. - თვითონაც ჩურჩულებს - ეს როგორ დამიმალე?! - ახლა ყვირის და ფეხზე დგება. - ამდენი ხანია იცი და არ მითხარი?! ხედავდი, ყველაფერს ხედავდი. პირი შეკარით და მასულელებდით?! - ასე არ ყოფილა, ანუკი, გეფიცები. - თვალებს ვახელ, თუმცა ისევ ვერ ვუსწორებ მზერას. - თქმა არ შემეძლო, ეს ვაკოს უნდა გაეკეთებინა. - ის არ გააკეთებდა! არასდროს არ გააკეთებდა, გუშინაც, ალბათ მთვრალი რომ არ ყოფილიყო, არ გააკეთებდა! - თქვენ ორივენი ჩემი მეგობრები ხართ, გამიგე, გთხოვ. არ შემიძლია, ნდობას ხაზი გადავუსვა და აქეთ-იქით მიმქონდეს ენები. - ახლა ხომ მიუტან?! ეტყვი, როგორ არის ანუკი. როგორი განადგურებულია! ხო, ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ შენ, ჩვენ შორის, არჩევანი უკვე გაგიკეთებია! - ანუკი, გეყოფა! - თავს ვეღარ ვიკავებ და მეც ვუწევ ტონს - ხო, შეიძლება რაღაც მხრივ დამნაშავე ვარ, მაგრამ ჩემი მხრიდანაც შეხედე სიტუაციას. შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილას? - გეტყოდი! - და ვაკოს ზურგს შეაქცევდი? ის მე მენდო. - მაგრამ შენ ამ ქცევით მე შემაქციე ზურგი, ალე! არჩევნის წინაშე დადექი და ის აირჩიე! - არა... - რა არა! სად არის სამართალი! მე ეს ყველაფერი უნდა მცოდნოდა, გესმის? რომ ასე დებილურად აღარ მოვქცეულიყავი მის წინ. რა, უფლება არ მქონდა რომ მცოდნოდა? - ისევ ცრემლები მოსდის და ამჯერად, ხალიჩაზე ჯდება ჩემს წინ. - ეს მას უნდა ეთქვა, ანუკი... მე რომ მეთქვა, სხვანაირად გაიგებდი და შეიძლება, არც არასდროს მიგეცა მისთვის შანსი. - შენი აზრით, ახლა მივცემ? - თვალები უფართოვდება - გეუბნები, როგორც ძმას ისე ვუყურებ. ხო, მაკოცა, მაგრამ საკუთარი თავი მეზიზღება იმის გამო, რომ მაკოცა! შესანიშნავად იცის, რომ ასე გამანადგურა, მაგრამ სხვანაირად თავი ვერაფერს მოაბა. ხომ შეეძლო ეთქვა. ასე ძალიან მაინც აღარ მეტკინებოდა, მაგრამ არა... შენ კი კარგად მოგიყვა ყველაფერს. - არ მოუყოლია, თვითონ მივხვდი. უბრალოდ დამიდასტურა... ამჯერად, გაოცება უკრთება თვალებში. - ისე უციმციმებდა თვალები შენს ხსენებაზე. თითქოს, სულ სხვა ვაკო იყო... ისევ ტირილს იწყებს და ახლა ხელებში რგავს თავს. - შენც კი მიხვდი. მე რამ გამომაშტერა! ღმერთო, როგორ მეზიზღება საკუთარი თავი! - ანუკი, გთხოვ, თავს ნუ იდანაშაულებ. ვერ მოვდივარ შენთან, მოიწიე... - ვეღარასდროს ვეღარ შევხედავ თვალებში. ასე უნდა მომქცეოდა? როგორ თავიდანვე არ მითხრა, როგორ! - ახლა თავში იშენს ხელებს. - ზუსტად იმიტომ, რომ უყვარხარ. შენი ამ რეაქციის ეშინოდა. შენი დაკარგვის. საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა ადვილი არ არის, ანუკი.საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები... ოდნავ სწევს თავს და თვალს მისწორებს. მერე, ნელა დგება ფეხზე და ისევ გვერდით მიჯდება. მის თითოეულ ამოსუნთქვაში ვგრძნობ ტკივილს და ეს, იმდენად მოქმედებს ჩემზე, რომ მეც მაწვება ცრემლები. არასდროს არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, ასეთი განადგურებული. ტირილითაც არასდროს უტირია ასე. ფრთხილად ვადებ მაჯაზე ხელს და ვგრძნობ, კვლავ როგორ კანკალებს მთელი სხეულით. - ისეთი უცნაური გრძნობა მაქვს... არ მავიწყდება. ის შეხება არ მავიწყდება. იცი, თურმე სულ სხვა ყოფილა, როცა ის ადამიანი გეხება, რომელსაც უყვარხარ. - ღრმად სუნთქავს გახსოვს, ერეკლეზე რომ მითხარი გაიქცაო... - ისე მოულოდნელად გადააქვს მასზე საუბარი, ვერაფრით ვხვდები, როგორ აკავშირებს. - ყველა ჩემი სიტყვა უკან მიმაქვს. ის ბიჭი არ გაშაყირებს და არც გეთამაშება. გეფიცები, ახლა ზუსტად ვიცი... მისი მესმის. შენ ის გიყვარს, ალე და როცა ის ადამიანი გეხება, რომელსაც უყვარხარ, ან გიყვარს ეს, ეს სულ სხვა გრძნობაა. წამიერად ვითიშები. გონებაში, გაორებულად ჩამესმის მისი სიტყვები, თუმცა შინაარსის გამოტანა მაინც მიჭირს. - ის მოვა... აი ნახავ. გონება გადაუტრიალე, აუცილებლად შეეცდება ამ გრძნობის მოშორებას და როცა არ გამოუვა, ის მოვა... - ანუ შენც მიხვალ ვაკოსთან? - მივალ, მაგრამ ახლა არა. ჩვენ, თქვენ არ გგავართ. შეიძლება, ერეკლეს შეუყვარდე, მაგრამ მე ვერ შევიყვარებ ვაკოს ისე, როგორც მას ვუყვარვარ. ამას ვეტყვი, როცა ძალა მექნება და საბოლოოდ დავშორდებით. - გგონია ასე მოიშორებ მაგ გრძნობას? - ვცდი, ალე. - ანუკი... - აღარ მინდა. აღარ მელაპარაკო - ხელებს სწევს - მინდა დავიძინო და ყველაფერი დამავიწყდეს. - ნელა წვება და ფეხებს იკეცავს, ზუსტად ისე, როგორც მაშინ მე. ყველაფერი გამეორდა. თითქოს როლები გავცვალეთ. მის გვერდით ვარ, მაგრამ მაინც არ შემიძლია მხარში დავუდგე. მის გვერდით ვარ, მაგრამ მაინც მარტოა სიცარიელეში... *** ანუკისთან საღამომდე ვრჩები. არ მინდა, სულიერ სიცარიელეში ხმის გამცემის გარეშეც დავტოვო, თუმცა ბოლოს, ისევ მისივე დაჟინებული თხოვნით მოვდივარ. მეუბნება, რომ მარტო ყოფნა ურჩევნია და ამას, მის თვალებშიც ვხედავ. ვიცი, ეს რაც არის და ზოგჯერ, მართლა როგორ ძლიერ სჭირდება ადამიანს მარტო ყოფნა, ამიტომ აღარ ვეწინააღმდეგები. ალბათ ათასჯერ მაინც მირეკავს ვაკო. ჯერ ვუთიშავ, მერე შეტყობინებებზე გადადის. უკვე, ვეღარ ვიგერიებ და როგორც კი ტაქსში ვჯდები, შეტყობინებას ვკრეფ. 'ყველაფერი გითქვამს, უარყოფას არანაირი აზრი არ აქვს. ერთხელ, მაინც გაიგებდა. მართალია ეს ასე არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ შენი ბრალია, იმიტომ რომ უფრო ადრე არ უთხარი' 'არასდროს არ მაპატიებს, ალე და ამას, არც მე არ ვაპატიებ საკუთარ თავს' კიდევ წერს. არა, ახლა არ შემიძლია მის თავის მართლებას ვუსმინო. სწრაფად ვდებ ტელეფონს ჩანთაში და თავს, ხელებში ვრგავ. სრულ სიბნელეში, ახლა ერეკლე მიდგება თვალწინ. ნუთუ შეიძლება, რომ ანუკის სიტყვები მართალი იყოს? არ ვიცი, თუმცა არალოგიკურიც არაა. ჩემთვის, ის უფრო არალოგიკურია, რომ სხვა ვეგონე, დანარჩენში, ალბათ ყველგან დავინახავ სიმართლის მარცვალს. ვცდილობ, აღარ ვიფიქრო. საერთოდ არაფერს აღარ ვიფიქრო. მენატრება ის დრო, ამდენი და ასეთი სახის საფიქრალი რომ არ მქონდა - ხოლმე. გარშემო ამდენი პრობლემა რომ არ იყო. მარტო იმაზე რომ ვნერვიულობდი, წიგნის პერსონაჟები რომ ბოლოს ერთად არ რჩებოდნენ. ახლა, მგონი ყველაფერი რეალობად მექცა და ის, რაც მე ჩემი რეალური ნერვიულობა მეგონა, მხოლოდ ახლა გახდა რეალური. თვალებს ვახამხამებ. მინდა, რომ ყველაფერი გაიფანტოს და დავინახო. ბევრი ფერი დავინახო ერთად ამ სიბნელეში. მაგრამ... ღრმად ვსუნთქავ. პირველად არ მსიამოვნებს ასე ძალიან ღამის თბილისის ყურება. ტაქსის მძღოლი, პირდაპირ ბინის წინ აჩერებს და უკვე ერთი სული მაქვს, როდის შევალ სახლში. ისევ გაუჩერებლად რეკავს ტელეფონი. ნელა გადმოვდივარ მანქანიდან და ცალი ხელით ვუწყებ ჩანთაში ძებნას. ეს თუ ისევ ვაკოა, გავგიჟდები. უკვე აღარ შემიძლია ამდენის გაძლება. ყოველ ჯერზე, ანუკი მახსენდება ჩაწითლებული თვალებით და... ღმერთო. როგორც იქნა ვპოულობ, თუმცა კვაშილავას ნაცვლად, უცხო ნომერი მრჩება ხელში. თან როგორი შეხამებულია ციფრები. გეგონება, პრეზიდენტის ნომერია. უკვე სადარბაზოსთან მისული, ცალი ხელით ვეყრდნობი კედელს და ვპასუხობ. - ნომერი გეშლებათ. - არ მეშლება. ერეკლეს ხმის გაგონებისთანავე ისეთს მაჟრჟოლებს, ასე მგონია, ყველა უჯრედში ატანს სიცივე. კიდევ ერთხელ ვაკვირდები ნომერს და მერე, ისევ ყურთან მიმაქვს ტელეფონი. - გუგამ მომცა შენი ნომერი. ვილაპარაკოთ? ღრმად ვსუნთქავ. ასეთი ემოციური დღის შემდეგ, კიდევ მასთან საუბარი, არ ვიცი რამდენად გავუძლებ, მაგრამ... - ილაპარაკე, გისმენ. - მასე არა, შევხვდეთ. ინსტიქტურად საათზე ვიყურები. - ჩემთან მოდი... - კიდევ რა გინდა?! - ნერვები მეშლება. როგორ ურცხვად მეუბნება ჩემთან მოდიო, არ გაინძრეს თვითონ. - შენ გინდა ლაპარაკი და მე მეუბნები მოდიო?! თუ არც მოხვალ, ერეკლე! - არ ვიცი, საიდან მიჩნდება ამხელა ძალა, რომ ამან ხმის აწევისკენაც კი მიბიძგებს, მაგრამ თავს ვეღარ ვაკონტროლებ. სწრაფად ვუთიშავ და მთელი ძალით ვარტყამ კედელს ხელს. ჯანდაბა. ისევ ემოციები მმართავს. - ხელი არ გეტკინა? - ვაიმე! - ისე უცებ მეპარება უკნიდან, შიშისგან თავისით მეყვირება. მაშინვე გულზე ვიდებ ხელს და ვცდილობ ღრმად ვისუნთქო. როგორც ყოველთვის, კარგად შეუნიღბავს თავი. კეპი და სათვალე ადგილზეა. - მართლა გეგონა რომ შენ მოგიყვანდი? - სათვალის მოხსნას აპირებს, თუმცა ზუსტად ამ წამს ხედავს მაღაზიიდან მომავალ ქალებს და ჩერდება. - შეგიძლია მოიხსნა, შენი ფანები არ არიან. - დარწმუნებული ხარ? - რომც იყვნონ, რამდენიმე ადამიანთან რომ გადაიღო ფოტო მოკვდები?! - ისევ მეშლება ნერვები. - რა გაყვირებს, ვინ გითხრა, რომ ფოტოს გადაღება არ მინდა? - აბა რატომ იმალები?! - მწარე გამოცდილება მაქვს. ერთხელ ასე, კორპუსის წინ შევეჩეხე გოგოებს და სანამ ყველასთან გადავიღე ფოტო, მთელი კორპუსი თავზე დამახვიეს. საღამომდე ვერ გამოვედი იქიდან და ვარჯიში გავმაზე. - არადა საერთოდ არ გეტყობა, რომ ასე გიყვარს ფანები. ოდნავ ეღიმება და მერე, ისე სწრაფად იხსნის სათვალეს, შემზადებასაც კი ვერ ვასწრებ, მის თვალებთან შესახვედრად. ჯანდაბა. საერთოდ რა მინდოდა, ბევრად უფრო თავისუფლად ველაპარაკებოდი, როცა სათვალე ეკეთა. - ვარსკვლავებს ვუყუროთ? - არა! - ჩემი შინაგანი მე, იმის ბოლომდე გააზრებასაც კი არ მაცდის, რა მკითხა, როგორ და რატომ. - ასეთი ცივი უარი რატომ? - კვლავ ოდნავ ეღიმება - მინდოდა, რამე ორიგინალური შემომეთავაზებინა. - არა. უფროსწორად... ორიგინალურია, მაგრამ არ მიყვარს ვარსკვლავები. ისე ვილაპარაკოთ. - შეიძლება გავიგო რატომ? - არ შეიძლება. ეს ჩემი პირადია, მე ხომ შენს პირადს არ გეკითხები. - შეგიძლია მკითხო. ამჯერად, სრული სერიოზულობით მეუბნება. ღმერთო... მგონი, მართლა რაღაც გარდატეხა მოხდა მასში. ისეთი სხვანაირია, ძლივს ვიჯერებ რომ ერეკლეა. ჯერ ვარსკვლავებს ვუყუროთო, საერთოდ რამ მოაფიქრა ან ჩემთვის რამ ათქმევინა. - საერთოდ დღეს, შეგიძლია ყველაფერი მკითხო, რაც გაინტერესებს, ოღონდ, ორი პირობით. - შენც მკითხავ ყველაფერს, რაც გაინტერესებს, ხო? - კი. - თავსაც მიქნევს. - და მეორე? - მეორე ისაა, რომ უბრალოდ წამომყვე. - სად? - სადაც გულახდილობის საღამოს მოვაწყობთ - ისე გულწრფელად მიღიმის, აღარ ვიცი, გაოცება სად დავმალო. ნუთუ, ირონია გააქრო? - რატომ გინდა, რომ გულახდილობის საღამო მოვაწყოთ? - რავიცი, ისე. - მხრებს იჩეჩავს - მინდა რომ უკეთ გაგიცნო. - შენ, მე... - მართლა მეცინება. - ანუ, შენ ყველას უკეთ გაცნობა გინდა, ვისაც კოცნი ხოლმე? მზერას მარიდებს და კისერზე ისვამს ხელს. ისე ეცვლება გამომეტყველება, თითქოს კატასტროფულად მძიმე თემა ვახსენე. - მე შენ... - ვიცი, რომ სხვა არ გგონებივარ და მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოგყვები, თუ მეტყვი რა იგულისხმე 'ეს შენ ხარ'-ში. ოდნავ მიქნევს თავს, თუმცა ისევ არ მიყურებს თვალებში. - იქ გეტყვი... - იქ მეტყვის. - ჩემთვის ვიმეორებ.- ერთი არ გითქვამს, ტაბატაძე. ჩემი რისხვიდან ვერავინ გიხსნის იცოდე. - თითით ვემუქრები. ოდნავ ეღიმება და ისევ თავს მიქნევს. - ეგ ღიმილი არ გიშველის. *** დაახლოებით ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგ, მანქანას ისეთ უკაცრიელსა და მიუვალ ადგილას აჩერებს, წამით, სუნთქვაც კი მეკვრის. არაფრით არ წარმომიდგენია, რომ აქ რამე შეიძლება იყოს. ირგვლივ, მხოლოდ ხეებია და ფოთლების შრიალი ისმის. - სად მომიყვანე... - ვცდილობ, შიშებს არ ავყვე. შეუძლებელია, რამე ცუდი ჰქონდეს გეგმაში, ასე არ იქნება. მანიაკი ხომ არაა. ღმერთო... თუ არის?! - წამო. - ფარებს აქრობს და მანქანიდან პირველი გადადის. მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ ჩვენგან არც ისე მოშორებით, შენობაა (უფრო ნანგრევები), მის ირგვლივ კი ლამპიონები. ანუ, მთლად უკაცრიელი ადგილიც არ არის. ფრთხილად ვაღებ კარს და ნელა გადმოვდივარ. ტყეა. ნამდვილად ტყეა, რა უნდა ასეთ ადგილას შენობას, მითუმეტეს ლამპიონებს. - დაგეხმარო? - არა. - თავსაც ვაქნევ. ისედაც საშინელ ეიფორიაში ვარ. არ მინდა, მომიახლოვდეს და ეს იგრძნოს. საპასუხოდ, უბრალოდ მხრებს იჩეჩავს და პირველი მიდის იმ ნანგრევებიკენ. საინტერესოა, ასეთი რა ხდება იქ. ღრმად ვსუნთქავ და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რაღაც მიჭერს, მაინც ვდგამ ნაბიჯს. მართლა ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ თბილისში ასეთი ადგილი არსებობდა. უცნაურია. თითქოს, ყვავილების ბაღი იყო ადრე. მართალია ლამპიონების სინათლეზე კარგად ვერ ვარჩევ, თუმცა რაც უფრო ვუახლოვდები, უფრო ვრწმუნდები ამაში. ნანგრევები, იმაზე დიდია, ვიდრე შორიდან ჩანდა. ჩამონგრეულ კედლებს კი ისეთი ფორმა აქვს, თითქოს ლამაზიც კია ერთი შეხედვით. მაინც ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომ მომიყვანა აქ. გონება უკვე თავისით იწყებს ყველა ვარიანტის განხილვას. იქნებ სერიული მკვლელია, უნდა რომ მომკლას და აქ დამმარხოს? უკვე სერიოზულად მეწყება კანკალი, თუმცა მოულოდნელად ჩერდება უზარმაზარ ჭადრის ხესთან და... ღმერთო. ქალაქი ხელისგულივით ჩანს. მექანიკურად მიფართოვდება თვალები. ყველაფერს წარმოვიდგენდი და თუ ასეთი ხედი გადამეშლებოდა თვალწინ ვერასდროს. რამდენიმე წამი, შოკიდან ვერ გამოვდივარ. მერე, ნელა ვაბრუნებ თავს უკან, რომ ჩემს გამოვლილ გზას და ნანგრევებს, კიდევ ერთხელ შევავლო თვალი, თუმცა... ღმერთო, როგორც ჩანს, აქამდე უბრალოდ გავხურდი. ახლა ორმაგად მიფართოვდება თვალები. განუწყვეტლივ ვაფახულებ, თუმცა არაფერი იცვლება. მთლიან კედელზე, ისეთი ნახატია შესრულებული, თვალებს ვერ ვუჯერებ. დინამო არენა, მატჩის მსვლელობისას. ხალხით გადაჭედილი ტრიბუნები და რეალური საგოლე მომენტი მოწინააღმდეგის კართან. ეს ყველაფერი, ამ საღებავებით? ასეთი რამ შესაძლებელია? ვერაფრით ვაშორებ თვალს კედელს, ამას ერეკლეც ხვდება, ამიტომ თვითონ მიდგება წინ. - მოგწონს? - მიმიქარავს ცნობილი მხატვრები. ოდნავ ეღიმება და ამჯერად, თვითონაც აპარებს თვალს კედლისკენ. - ჩემი პირველი თამაშია ნაკრებში. პირველად, ქვეყნის სახელით... და პირველად, წლების შემდეგ... - ბოლო წინადადებას, უფრო ხმადაბლა ამბობს. ოდნავ ვკრავ წარბებს. - დაიცადე... - ვცდილობ გავიაზრო - ეს შენ... - ხო, მე დავხატე. - ვითომც არაფერიო ისე ამბობს. ისევ ჭადრის ხესთან მიდის და მინდორზე ჯდება. მხოლოდ წამიერად ვავლებ თვალს და მერე, ისევ ნახატს ვუბრუნდები. ამჯერად, ქალბატონი ქეთი და მისი 'ბაბუაწვერების წვიმა' მახსენდება მათ სახლში, რომლის ხატვაც ერეკლემ დაიწყო ჯერ კიდევ პატარაობისას. უფროსწორად, ხაზები გაავლო. გამოდის, ისიც ხატავს. მაგრამ... ამაზე ჰკითხეს ინტერვიუში, მან კი უარყო. სიტყვა-სიტყვით მახსოვს როგორც უპასუხა მაშინ ჟურნალისტს. 'დიახ, დედა ბავშვობიდან ხატავს, თუმცა მე არა. ჩემში ეს არ ზის. არასდროს არაფერი დამიხატავს, მე და ხელოვნება, ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ' ვერაფერს ვერ ვხვდები. თუ მალავს, მე რაღას მაჩვენა. ნელა ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს და გვერდით ვუჯდები. თავში, ძალიან ბევრი კითხვა მიტრიალებს, თუმცა ვერაფრის შეკითხვას ვერ ვბედავ. ისევ ნახატზე გადამაქვს მზერა, მას კი ჩემზე. ვგრძნობ, როგორ ცდილობს ჩემი ფიქრების ამოცნობას, მაგრამ რამდენად გამოსდის, ამას ვერ ვხვდები. - რატომ მალავ... - იმდენად ხმადაბლა ვამბობ, თვითონაც ძლივს მესმის. - მე ისეთი არ ვარ, როგორსაც მხედავ, ძვირფასო ალე. - ისევ ოდნავ ეღიმება. - მაგას დიდი ხანია მივხვდი. შენი ქცევებით კი მუდამ ადასტურებ. - მართლა? - წამსვე მისწორებს თვალს-მაგალითად როდის დავადასტურე, აქ რომ მოგიყვანე? - თორდიას რომ მიეცი საგოლე პასი, მაშინ, როცა თავადაც მშვენივრად შეგეძლო გატანა. წამსვე ეცვლება სახე და ახლა, კიდევ უფრო დაჟინებით მიყურებს თვალებში. - არარსებობს... - რა არარსებობს, გეგონა ვერ შევამჩნევდი? როგორ მეუბნებოდა ჩვენი ტაბა? ,,წავალ ნაკრებიდან და დაგინახავ, საერთოდ თუ გექნება იმის შესაძლებლობა, რომ გატანილი გოლით გამოწვეული სიხარული განიცადო." - სიტყვა-სიტყვით ვუმეორებ თავის სიტყვებს. გაკვირვება, დაბნეულობა და კიდევ ათასი რამ, თითქმის ყველაფერი ერთად იყრის თავს მის სახეზე და სწრაფად ხრის თავს. - ძალიან კი ცდილობდი, ერთი თავში ავარდნილი ტიპის შთაბეჭდილება დაგეტოვებინა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაგივარდა. ახლა, ქვემოდან მისწორებს თვალს და ამჯერად, მის ნამდვილ მზერას ვხედავ. სრულიად ნამდვილს, ყველანაირი ნიღბის გარეშე. - მაპატიე... - რა? - მართლა ვერ ვხვდები, რის გამო მიხდის ბოდიშს. - ახლა არა, მაგრამ მოვა დრო და მიხვდები, ეს რისი ბოდიშიც არის. - იქნებ ახლაც შემიძლია მიხვედრა? - არა, ახლა ვერ მიხვდები. - თავსაც აქნევს და ისევ მარიდებს მზერას. ვიბნევი. ჯერ ხომ ასეთი ერეკლე არ მინახავს არასდროს და მერე მისი სიტყვები, რომელიც გულწრფელია, ასე ახლოს და მაინც, ამდენად შორს. სიჩუმე. უცნაურია. ეს სიჩუმე, იმდენად ჰარმონიულად ერწყმის ღამეს, თითქოს, სრული იდილიაა. შესაძლოა, ზუსტად ამიტომაც მოდის ხოლმე აქ მარტო. მთელი არსებით გრძნობ, რომ ყველასა და ყველაფრისგან ძალიან შორს ხარ, თუმცა მხოლოდ თავის შეტრიალებაც კმარა იმისთვის, რომ შენი სახლი დაინახო, მშობლიური ქალაქი. - არ მიყვარს, როდესაც ბავშვობას ვიხსენებ... - მოულოდნელად იწყებს საუბარს - იცი, მე სხვანაირად გავიზარდე, ალე. როცა პირველი შვილი ხარ, არ ვიცი... ყველა თავს გევლება. როგორ ვთქვა, ცივნიავს არ გაკარებენ პონტია რა. გარეთ არ გახვიდე, ძალიან ცხელა დაიწვები. თოვლში არ ითამაშო, გაცივდები. არანაირი მეგობრებთან ერთად გვიანობამდე გარეთ ბოდიალი, არანაირი გარეთ ჭამა, არანაირი მარილი და შაქარი კვების რაციონში - ამაზე ოდნავ ეღიმება - არანაირი ბუნებაში წასვლა მწერებთან, არანაირი ექვსკურსიები. ჩავიკეტე. და თან იმდენად ჩავიკეტე, რომ სრულიად შევიცვალე. უცნაური და ფანტაზიორი ბავშვი გავხდი. რეალობას, უკვე არარეალობა მერჩივნა. რადგან იქ, თავისუფლად ვაკეთებდი იმას, რასაც მიშლიდნენ. - კვლავ ოდნავ ეღიმება. - ისეთი რაღაცეების მჯეროდა, რაც... იცი, მეგონა, რომ მხოლოდ მე არ ვიყავი ასე. მარტო მე არ მიზიდავდა უცნაური რაღაცეების კეთება. უცნაურში ცუდს არაფერს ვგულისხმობ - წამიერად მისწორებს თვალს. სულ მინდოდა, რომ დამეხატა ის, რასაც ვხედავდი. წერილებსაც ვწერდი... - ამას ოდნავ ხმადაბლა ამბობს. - რა წერილებს? - ენა მისწრებს. - წერილებს, რა. მაგრამ ეს ჩვეულებრივი წერილები არაა. იცი, როცა ამაზე ჩემს მეგობრებს ვუთხარი, დამცინეს. არც ისე პატარები აღარ ვიყავით მაშინ. მეტჯერ, აღარვისთვის მითქვამს ამის შესახებ. ის, რაც მე მაბედნიერებდა, მათ სისულელე ეგონათ. მაშინ მივხვდი, რომ თუ გინდა საზოგადოებამ მიგიღოს, მათნაირი უნდა იყო და... გავხდი კიდეც. ხო, გავხდი, იმიტომ რომ რაღაცეებისთვის ფეხი უნდა ამეწყო, ეს აუცილებელი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემში ის 'მე' მოვკალი, რაც რეალურად ვარ. შენ ხომ გაინტერესებს, მე რატომ ვთამაშობ... იმიტომ ვთამაშობ, რომ თუ რეალური 'მე' ვიქნები, საზოგადოება არ მიმიღებს. არ მითხრა, რომ ვცდები, იმიტომ რომ არ ვცდები. ამაში ათასჯერ და ათიათასჯერ დავრწმუნდი. საზოგადოება ვერ ჰგუობს ადამიანს, რომელიც მას არ ჰგავს. - ვერ ვხვდები, ამას რატომ მიყვები ერეკლე... - იმიტომ, რომ შენ გაინტერესებს რა ვიგულისხმე 'ეს შენ ხარ' - ში. რაო? ეს საერთოდ რა შუაშია ახლა. - იცი, ეს... ჩემს ცხოვრებაში არასდროს არ დამავიწყდება. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერი არაა, როცა არარეალურს რეალობაში იპოვი. ვერ ვხვდები, მეჩვენება თუ მართლა ცრემლები აქვს ახლა თვალებში. სწრაფად მარიდებს მზერას და ღრმად სუნთქავს. - არაუშავს, თუ ვერ ხვდები, მართლა. უფრო ზუსტადაც გეტყვი, ოდნავ მოგვიანებით, როცა დავასრულებ. - რას დაასრულებ... - კითხვაც არაა, ჩურჩული უფრო გამომდის. - მაგაზე ჯერ ვერ გიპასუხებ, მაგრამ... -ისევ მისწორებს მზერას და ამჯერად, ისეთი ინტერესით მაკვირდება, თითქოს ჩემს დამახსოვრებას ცდილობს. - წლებია არაფერი დამიხატავს, საერთოდ არაფერი. უბრალოდ ვეღარ... საბოლოოდ დანებებას ვაპირებდი. ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ამას მართლა ვაპირებდი, თუმცა მერე თიკა გამოჩნდა და მაიძულე ეს ნახატი დამეხატა - თვალით მანიშნებს კედელზე. - თიკა ჩემი ფსიქოლოგია... - რაა?! - მართლა თავისით მეყვირება. ოდნავ ეღიმება ჩემს რეაქციაზე. - მე თუ ცოცხალი ვარ, მე თუ ნაკრებში ვარ, მისი დამსახურებაა. ის ერთადერთია ამ დედამოტ*ნულ სამყაროში, ვინც დამიჯერა. რეალური მე მიმიღო. მასთან არ ვთამაშობდი, ეს კი... ძალიან მეხმარებოდა. ჩვენ შეყვარებულები არასდროს არ ვყოფილვართ, ხო, შეიძლება დროებითი მოწონების თემა გვქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ერთად ძალიან ბევრ დროს ვატარებდით, თუმცა მან იცოდა, რომ მე სხვა... უფროსწორად, ჩვენ ორივემ ვიცოდით, რომ ეს ურთიერთობა ძალიან დროებითი იყო. მასთან ყოფნა მეხმარებოდა... არა როგორც შეყვარებული, კოცნა და რაღაც ესეთები, მაგას არ ვამბობ, სწორად გამიგე. ამ ერთი თუ ორი კვირის უკან, მოკლედ აღარ მახსოვს სარაგოსას თამაშამდე ცოტათი ადრე, ჯერ კიდევ მაშინ მითხრა, რომ ჩემში ცვლილებები იყო. არ დავუჯერე, სერიოზულადაც არ მივიღე. მაგრამ მერე, სკაიპითაც რომ ვლაპარაკობდით... - წამიერ პაუზას აკეთებს. - ის წავიდა, ალე. მითხრა, რომ დამთავრდა და მე, უკვე შემეძლო, იმ არარეალურთან რეალური მე ვყოფილიყავი, იმიტომ რომ ის, ჩემს რეალობაში უკვე იყო და მხოლოდ დროის ამბავი იყო მისი შემჩნევა. ღრმად ვსუნთქავ. მე მგულისხმობს? ღმერთო, ახლა ჭკუიდან გადავალ. - მე მას გოლი მივუძღვენი, შტურმი - ვოლფსბერგერის თამაშისას. თუმცა ათასი გოლიც რომ მივუძღვნა, საკმარისი მაინც არ იქნება. მან მე გამაცოცხლა. შენ თქვი, მიმიქარავს ცნობილი მხატვრებიო, ხო? არადა ეს ისეთი საშინელებაა. - ისევ ნახატზე გადააქვს მზერა. - ზუსტად 1 წელი ვხატავდი და ამ 1 წლის განმავლობაში, არცერთხელ არ ამიღია საღებავი საკუთარი სურვილით. უბრალოდ თავს ვახსენებდი იმას, რომ მე ეს შემეძლო და უარი არ უნდა მეთქვა. წარმოიდგინე, ნახატი რომლის დახატვასაც 1 დღეც არ უნდა, 1 წელი ვხატავდი. რამდენიმე საათის საქმეს ამდენი ხანი მოვუნდი, მარტო იმიტომ, რომ ხელი მიკანკალებდა. ასე შორიდან არ ეტყობა, მაგრამ თუ დააკვირდები... როგორც დედა ამბობს, არ მეკადრება, მაგრამ რას იზამ. ალბათ ეს რომ არ მეცოდვილა, საბოლოოდ დავიჯერებდი, რომ ვეღარ ვხატავ და აღარც დავხატავდი. მე კი ამის გარეშე არ ვარსებობ. - ანუ... ამის მერე დახატე? - ნახატიდან მასზე გადმომაქვს მზერა. - კი, გუშინ. წლების შემდეგ, პირველად გუშინ... - გუშინ? - თვალები მიფართოვდება. უბრალოდ თავს მიქნევს და მერე, ნელა ხუჭავს თვალებს. - ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ ხელი აღარ მიკანკალებს და...- ღრმად სუნთქავს- კარგი, მოვრჩეთ ამაზე. მოკლედ, დილას მივფრინავ - ხელს სწევს და საათზე იყურება. - შტურმის მატჩებია ეს თვე სულ. მინდოდა, რომ წასვლამდე ყველაფერი მომეყოლა. ღრმად ვსუნთქავ. გონებაში ისეთი ქაოსი მაქვს, შესაფერის სიტყვებს ვერანაირად ვერ ვპოულობ. თითქოს, ყველაფერზე ვფიქრობ, თუმცა ვერაფერზე ვერ ვახდენ კონცენტრაციას. მე მგულისხმობდა, ამიტომაც მომიყვა მე, მაგრამ... ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს. - ახლა ნურაფერს მეტყვი. - თითქოს, ჩემი ფიქრები გამიცნოო. - მერე, შენი გულახდილობის საღამოსაც მოვაწყობთ, გპირდები, მაგრამ ახლა წავიდეთ. - ოდნავ მიღიმის და პირველი დგება ფეხზე. - ერეკლე... - ხომ გითხარი, არ მითხრა მეთქი. - ხელს მიწვდის. ჯერ ვყოყმანობ, თუმცა ბოლოს მაინც ვკიდებ. სხვანაირად, ისედაც წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება ამ მდგომარეობაში დამოუკიდებლად ავდგე. ისევ ოდნავ მიღიმის. - მე, მართლა... - დუმილი მაჩუქე, გთხოვ. მხოლოდ დღეს, მერე, გპირდები, რომ სულ მოგისმენ... მის თვალებშიც კი იმას ვხედავ, რასაც ამბობს. ამ წამს, ისეთი გულწრფელია, ისეთი ნამდვილი, უბრალოდ არ შემიძლია, წინააღმდეგობა გავუწიო. - კარგი... *** ცხოვრება. ის და ჩვენ, ადამიანები. რამდენი რამის გამოვლა გვიწევს და მაინც, ვუძლებთ, ვდგებით და მივასწრაფვით ჩვენი წილი ბედნიერებისკენ. ჩვენი ადამიანისკენ... არასოდეს მჯეროდა იმის, რომ არარეალური რეალობა არსებობდა - მითუმეტეს იმის, რომ შეიძლება ვინმესთვის ეს მე ვყოფილიყავი. თუმცა უკვე იმდენჯერ დავრწმუნდი იმაში, რომ ყველა 'არასოდეს' ხდება ერთხელ მაინც, უკვე ზუსტად ვიცი, რომ მართლა არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. ერეკლესთან საუბრის შემდეგ, იმდენი უცხო გრძნობითა და ემოციით ვივსები, ასე მგონია რომ ვეღარ დავიტევ. თითქოს, ჩემში არსებულმა სიყვარულმა ფრთები შეისხა და ახლა, ფრენისკენ მიბიძგებს. დახატა... მან, წლების შემდეგ პირველად დახატა. მის თვალებში, ისეთი რამ დავინახე, რისი არსებობისაც, საერთოდ არ მეჯერა. თავისუფლება, ყველანაირი საზღვრების გარეშე. თითქოს, ამაზე ბედნიერი ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა. ბედნიერება წვრილმანებშიაო, რომ ამბობენ, მხოლოდ ბედნიერება არა, ყველაფრის საწყისი წვრილმანებია. ისეთი წვრილმანებიც კი, რომელსაც ზოგჯერ მნიშვნელოვნად კი არა, ყურადღების ღირსადაც არ ვთვლით. ყოველთვის მიყვარდა ზღაპრები და ყოველთვის მინდოდა მისი ნაწილი ვყოფილიყავი, ან, რეალობაში შემექმნა ის... ჰო, მინდოდა, თუმცა მაშინ, წარმოდგენაც კი არ მქონდა იმის შესახებ, რომ მე, უკვე ვიყავი ვიღაცის ზღაპარი... *** დილას, ზუსტად 9 საათზე მეღვიძება. რამდენიმე წუთი, მხოლოდ კედელზე დაკიდულ საათს ვუყურებ და თითქოს, ყველაფერი თავიდან მახსენდება... ნეტავ, უკვე გაფრინდა? მართალია, არც ისე ვიყავით ახლოს, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ახლა სხვა ქვეყანაშია, თითქოს, შინაგანად ძალიან დიდ სიცარიელეს მიქმნის. გუშინდელიდან მოყოლებული, თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობ. არ ვიცი, ასეთი რამ საერთოდ არსებობს? თითქოს, გულის რაღაც ნაწილში, ბედნიერება გაქვს, მაგრამ მას, ბოლომდე გაბატონებაში, სიცარიელე და გაურკვევლობის პატარა ნაწილი ეცილება. ჰო, იმის მიუხედავად, რომ ერეკლეს ქარაგმების უმეტესობა ამოვხსენი, მაინც დარჩა რაღაცეები, რაც ვერ გავიგე. მაგალითად წერილები. არ ვიცი, დავიჯერო, ხატვასთან ერთად, წერს კიდეც? მაგრამ თუ წერს, წერილებს რატომ წერს და არა ჩანახატებს, ლექსებს ან... არა, მართლა ვერ ვხვდები. იქნებ, საერთოდ ამ წერილებს ადრესატი ჰყავს. - ალეე, გღვიძავს? - ფრთხილად აღებს კარს დედა, თუმცა რომ ხედავს რომ მღვიძავს, მერე ხმაურით აღებს ბოლომდე და რაღაც ყუთთან ერთად შემოდის შიგნით. - რახდება, ეს რა არის? - ნელა ვიწევი და ბალიშს ვასწორებ. - არ ვიცი, შენს სახელზე მოიტანს. - საწოლის გვერდით მიდებს. - ალბათ, ისევ ანუკის გამოგზავნილი მორიგი სათამაშოა შიგნით. ანუკის ძალიან უყვარს ფუმფულა სათამაშოები. თუ რამე მოეწონა, ყველაფერს ყიდულობს და უკვე, კოლექცია აქვს თავის ოთახში. პერიოდულად, მეც მიგზავნის ხოლმე (შენს ოთახს მოუხდებაო) ვიფიქრებდი, რომ ახლაც ის არის, მაგრამ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, არამგონია ამის ხასიათზე ყოფილიყო. - ვერ გაიზარდა ეგ გოგო, მოკლედ და შენც აყოლიხარ დედა, დიდები ხართ უკვე, დიდები. - უკმაყოფილოდ აქნევს თავს მანანა და პირდაპირ კარისკენ იღებს გეზს. - წავედი მე, თუ რამეა მაღლა ვარ. - კარგი. სწრაფად ვწვდები ყუთს და ჩემსკენ ვაჩოჩებ. საინტერესოა, შიგნით რა არის. ფრთხილად ვხდი თავს და ამჯერად კარგად შეფუთული ჩარჩო მხვდება. არა, აშკარად ჩარჩოა. გული მიჩქარდება. ფრთხილად ვაცლი ქაღალდს და... ღმერთო, ეს მე ვარ. თვალებს ვერ ვუჯერებ. დინამო არენაზე, საქართველოს დროშა მაქვს შემოხვეული და გვერდით ვიყურები, აშკარად საგოლე მომენტია. ქარი ისე ლამაზად მიფრიალებს თმას... მისი თვალით დანახული მე. მეტირება... მერე მეღიმება... მან მე დამხატა... ღრმად ვსუნთქავ და მხოლოდ ახლა ვამჩნევ ქაღალდში წერილს. ხელები მიკანკალებს, თუმცა როგორღაც მაინც ვახერხებ აღებას და ფრთხილად ვშლი. ,, შენთვის დავიწყე ნაკრებში თამაში. დაგპირდი, რომ თუ მოხვიდოდი დაგინახავდი, მაპატიე, რომ ვერ შევასრულე. ჩემიდან შენამდე, თურმე უკვე, რამდენი ხანია, აღარ ყოფილა შორი... " _________________________________________________________ სიყვარულებოოო, ძალიან ძალიან მაინტერესებს თქვენი შთაბეჭდილებები. რას ფიქრობთ ერეკლესა და მის ,,ქარაგმებზე''? გელით მოუთმენლად სიყვარულით თქვენი ელა'ტრისი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.