შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათაურის გარეშე 4


5-09-2021, 22:56
ავტორი გაზაფხული
ნანახია 989

-ჯო, ყველაფერი ჩალაგებულია. დროა წავიდეთ - ნიკმა საბარგულის კარი დაკეტა და წასასვლელად მოემზადა.
-ძალიან დიდი მადლობა ჩვენი მასპინძლობითვის - თავი დავუკარი დიასახლისსა და მამასახლისს - თუკი ოდესმე ამ მხარეში მოვხვდებით, აუცილებლად თქვენს სასტუმროს ავირჩევთ.
-ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ - ხელი გულზე დაიდო მამასახლისმა პატიოსანი სიტყვის ნიშნად. სასტუმროს დიასახლისმა კი ნაჭერში გახვეული თეფში მოგვაწოდა.
-დიდ გზაზე გიჭირავთ თვალი, ამიტომ ეს საგზლად წაიღეთ.
მადლობებითა დახელის ქნევით დავემშვიდობეთ ხალხსა და ქალაქს. ჩვენ კი ყველანი მანქანაში, ისევ გზას გავყურებდით.
-შემდეგი ქალაქი მთათა ზოლია - ვთქვი არც ისე შესამჩნევად და ჯოჯის თავზე მოვეფერე - არასოდეს ვყოფილვარ სახლიდან ასე შორს, იმდენად შორს, რომ იქ დაბრუნებაც კი აღარ მინდა.
-მოვა დრო და დაბრუნდები. მოგენატრება, მისი სურნელიც კი დაგიწყებს ნესტოებში ღიტინს, შენი ქუჩის მაცხოვრებლების სახეებს დაინახავ სხვა ქალაქში და გაეკიდები. ერთ დროს რაც გვძულს, მალევე გვახსენებს ხოლმე თავს. ეს ყველაფერი დროის საკითხია, დროის, რომელიც საოცრად სწრაფად გადის.
-შენ რა გენატრება ხოლმე, ჯო?
-სკოლის წლები. ერთ ღარიბულ სოფელში გავატარე შვიდი თუ რვა წელი, სადაც სკოლაში ხის მერხებზე პატარა დაფებით ხელში ვიჯექი და ცარცით ასოების მოხაზვას ვცდილობი. ყველაზე რთული მაშინ ანბანის სწავლა მეგონა, თითოეული ახალი ასო კი ახალ სამყაროს მიშლიდა წინ. სამყარო ამოტრიალდა, როდესაც გავიგე, რომ დედამიწა ბრუნავდა. საათობით ვიდექი ხოლმე ერთ ადგილას და ვაკვირდებოდი რამე თუ შეირხეოდა, მე თუ ვიგრძნობდი შექანებას. ერთ ასეთ ექსპერიმენტის დღეს კი მიწისძვრა მოხდა, კივილით ავიკელი ისედაც შეშინებული სამეზობლო და ბედნიერი ვყვიროდი: ის მართლა ბრუნავს, მე ეს ვიგრძენი, ის მართლა ბრუნავს.
-თავი ბრუნო გეგონა? - წაკბინა ნიკმა.
-ნიკ, ნუ გაქვს ესეთი ენა - გავუწყერი და მხარზე ხელი დავარტყი - შენც რომ მეტს გვიყვებოდე შენს ცხოვრებაზე ჩვენც დაგცინებდით, მაგრამ შენ ხომ სახელიც კი შეიცვალე.
-რადგან იმ პიროვნებისგან აღარაფერი დარჩა, მათ შორის არც სახელი.
-ელიზაბეტ - ჯომ თემის შეცვლა განიზრახა - რამე იცი ახალ ქალაქზე?
-მთების ზოლში ძალიან ცივა, თუ ეს გაინტერესებს, ასევე ჰყავთ ძალიან ლამაზი ქალები, მაგრამ არც კი იფიქროთ არშიყი და ამ მიზეზით ჩვენი მოგზაურობის შეფერხება, თორემ ორივეს ძირში წაგაჭრით - გავიცინე და მაშინ მივხვდი, რომ დიდი ხანია არ გამიცინია, იმდენად დიდი ხანი, რომ სიცილი დამავიწყებოდა - სექსი შეგიძლიათ, ხოლო სიყვარულის პოვნა და ჩვენი რაოდენობის გაზრდა არ გამოვა.
-ეს უკვე ზეპირად ვიცით
-ეს უკვე ზეპირად ვიცით - ერთდროულად თქვეს ბიჭებმა და გზას ღიმილითა და ღიღინ-ღიღინში გავუყევით.
***
ქორწილამდე ორი დღეღა რჩებოდა. ყველანი სამზადისში ვიყავით. ქალაქის მთავარი მოვლენა ჩემი ქორწინება იყო. ჩვენი უბნის გოგონები დიდი ზეიმით ელოდნენ ქორწილის დღეს, რადგან ჩვენთან ქორწილს თავისი ტრადიციები აქვს.
ქორწილის დღეს სიძემ თეთრი ცხენი უნდა იშოვოს და კოშკის გარშემო სამი წრე შემოარტყას, ხელში აუცილებლად უნდა ეჭიროს ოცფურცლიანი ყვავილი, უნდა დაიყვიროს საცოლის სახელი და პირდაპირ მისი სახლისკენ გაეშუროს. თუკი გზაში დაისვენებს ან ცხენი უღალატებს, მაშინ ჩაითვლება, რომ ოჯახს ბევრი კრიზისი მოუწევს ცხოვრებაში. გარდა ამ სანახაობისა, რომელსაც პატარძლის ოჯახის გარდა თითქმის ყველა ესწრება, პატარაძლის ოჯახში ცხვება გოგონების კვერი. ამ კვერის შიგთავსში მოთავსებულია სამი ფურცელი, თითოეულ ფურცელზე წერია მცენარის სახელი. გოგონას, რომელსაც ამოუვა ფურცლიანი კვერი, ქორწილის დღეს ეს მცენარე უნდა მოძებნოს და ღამის თორმეტ საათამდე შეჭამოს. იმ ღამით კი, სიზმრებთან ერთად საკუთარი საბედო შემოუღებს კარს.
ჩემს ოჯახში კვერისთვის ცომი იზილებოდა, როდესაც კარი ხმაურიანად გაიღო. მეზობლის ბიჭი სწრაფი ნაბიჯით შემოვარდა და ცოლს დაუწყო ძებნა.
-ენი აქ არის? ენი სად არის? - სახლის ყველა კუთხეს მიაწყდა, ქარივით დაქროდა სახლში და ყველას ეკითხებოდა - ენი აქ არ არის? მიპასუხეთ!
-ჯეიმს, ჯეიმს - ეზოს შემოსასვლელიდან შემოვიდა ენი, ძალიან ლამაზი გოგო, დიდი შლაპით და საუცხოო კაბით - რა მოხდა, ხომ მშვიდობაა, მამა ხომ კარგად არის? - ენის ვარდისფერ ტუჩებს მაშინვე დაეკარგათ ფერი, როდესაც ჯეიმსის აშლილი სახე დაინახა.
-ენი, ისინი მოვიდნენ. ძალიან ახლოს არიან, ბავშვი უკვე ფაეტონში არიან, მალე წამოდი, იჩქარე, საყვარელო - ხელი მკლავში ჩასჭიდა და საჩქაროდ გარეთ გაიყვანა.
ენის ქუდი ფეხებთან დამივარდა.
-ჯეიმს, ღვთის გულისთვის, არ იტყვი რა მოხდა?
-დეიდა, ელენ, ტყის ჯარები ჩვენს მიწებს მოსდგომია. ბავშვებმა დაინახეს, ნანახი არ დავიჯერეთ და რამდენიმე ბიჭი წავედით დასაზვერად. კოშკიდან გადავიხედეთ და შავებში ჩაცმულნი ჩვენკენ მოიწევიან. ძალიან ბევრნი არიან, რწყილებივით შეესევიან აქაურობას. ომი არ აგვცდება, დეიდა ელენ. სჯობს ყველანი დავნებდეთ და აქაურობას გავეცალოთ - ფაეტონიდან მოგვაძახა ჯეიმსმა და ცხენებს მათრახი გადაარტყა.
ბუღი დადგა. ცხენების სუნმა ცხვირი აგვიწვა, ყველანი ვიდექით და მოყოლილს ვიაზრებდით. ვუყურებდით როგორ ამზადებდნენ იარაღს მამაკაცები, როგორ გამოჰყავდათ ცხენები თავლადან. ჩვენ კი ვიდექით და არ ვიცოდით რა უნდა გვექნა. უეცრად დეიდა ელენმა დაიკივლა და ძირს დაეცა.
-ჩვენგან რა უნდათ, რას გვერჩიან - დაიწყო ტირილი, რომელიც ნახევარი საათი მაინც გრძელდებოდა. მე კი თეთრი კაბით, ენის ქუდით ხელში ვიდექი სახლის წინ და შორიდან ვუყურებდი ქალების მოთქმას.
***
-მართალია, რომ ქალები წინასწარ გრძნობენ ჭირის მოახლოვებას? - პატარა წიგნიდან თავი ამოიღო ჯომ და გადმომხედა.
-ნეტავ კი მართალი იყოს, ჩემო ჯო, დღეს ხომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
-იცი კაცები რას ვერ გრძნობენ წინასწარ? როგორ ეცლებათ ჯიბიდან ფული.
-გეყოს, ნიკ. მე სერიოზულად ვიკითხე და შენი ლაზღანდარობის ადგილი აქ არ არის. ნუთუ არ შეგიძლია სერიოზულად საუბარი ადამიანებთან ერთად.
-ძალიან კარგად ვხატავდი - დაიწყო ნიკმა უჩვეულო ინტონაციით - მთელი ბავშვობა კარგად ვიქცეოდი იმ პირობით, რომ ამით რაღაც სარგებელს მივიღებდი. დედას და მამას საოჯახო საქმეებში ვეხმარებოდი. ჩემს ძმასაც კი ვამეცადინებდი ხოლმე თავისუფალ დროს, რომ მამაჩემს ორ თვეში ან სამ თვეში ერთხელ ახალი ტილო და საღებავები ეყიდა. სიმართლე გითხრა, პირობა არასდროს დაურღვევია და ყოველთვის, როდესაც მეტყოდა, რომ ამ საქმის შესრულების შემდეგ ახალ ტილოს ან საღებას მიყიდიდა, ასრულებდა. ვოცნებობდი დროზე, როდესაც დიდი მხატვარი გავხდებოდი. ასე გადიოდა წლები და ოცი წლის ასაკში, როდესაც უკვე შემეძლო ნამდვილ მხატვარს მივბარებოდი ეს საშინელი ომი დაიწყო. მიუხედავად ოინებისა, სიცელქისა თუ ცუდი ზნისა, არასოდეს მდომებია ომში ბრძოლა, მეტიც, არ შემეძლო ვინმესთვის რამე სეიოზული მევნო. დილით, როდესაც გარეთ ჩოჩქოლი ატყდა, უცნაური შეგრძნებით გამეღვიძა, ხედავ, ჯო? მხოლოდ ქალებს კი არა, კაცებსაც შეუძლიათ წინასწარ საფრთხე იყნოსონ - მოკლე ჩართვის შემდეგ, კვლავ გააგრძელა - თვალების გახელისთანავე ფანჯრისკენ გამექცა თვალი, საიდანაც სასოწარკვეთილი ქალების და ბავშვების ტირილის მეტი არაფერი ჩანდა. სასწრაფოდ ჩავიცვი ფეხზე და გარეთ გავვარდი. რა ხდება ძიებოთქო, ვიკითხე, თუმცა ჩემთვის არავის ეცალა. ძილი კვლავ თავისას შვრებოდა, ამიტომ თვალები მოვიფშვნიტე და დავინახე შავებში ჩაცმული ხალხი, მაშინ არ ვიცოდი ისინი ტყის ქალაქიდან იყვნენ თუ ყვავთა სოფლიდან, მაგრამ მე ისინი მაშინებდნენ. მოდიოდნენ და სიცილით აჭრიდნენ ქალებს თავებს, ბავშვებს კი ცხენებზე ისვამდნენ და თან მიჰყავდათ. შიშისაგან ზარდაცემული შემოვვარდი სახლში, ხის კარები ურდულით გადავკეტე და ცოტა ხნით კარს მივეყუდე. გული ორგანიზმიდან გამოსვლას ლამობდა. სასწრაფოდ მოვნახე დიდი ნაჭერი, რომელიც დედაჩემს ორი დღით ადრე შეეძინა, ახალ კაბას შევიკერავ, ეს დამიძველდაო, გადავჭერი, ჩავაწყვე შიგნით საღებავები, ორი ტილო და ცოტაოდენი ტანსაცმელი. იმ დილით დედაჩემს პური ჰქონდა გამომცხვარი, რომელსაც ჯერ კიდევ ასდიოდა ოხშივარი, მასაც მოვხვიე ხელი და ჩემს ჩანთაში გავახვიე.
-დედა და მამა სად იყვნენ? - ჩაეკითხა ჯო.
-იმდენად გაუცნობიერებლად ვაკეთებდი ყველაფერს, რომ მათი არსებობა დამავიწყდა, მაშინვე საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნვა დავიწყე. გაქცეულმა კი ყველაფერი გავაანალიზე და უკან, სახლისკენ ავიღე გეზი. სახლთან ასიოდე მეტრში კი დავინახე როგორ გამოჭრა ყელი ვიღაც ტყიურმა ჯერ დედაჩემს, შემდეგ კი მამაჩემს. ტირილი ამივარდა, თუმცა ვიცოდი თავი ხელში უნდა ამეყვანა. მოფარებულ ადგილას ხის ქვეშ დავჯექი და სახეზე ხელი შემოვირტყი გამოსაფხიზლებლად. ფეხზე წამოვდექი, ერთი ნაბიჯი გადავდგი და ჩემს წინ ჩემი ძმა გაჩნდა. დაჭრილი იყო, სისხლი პირდაპირ მუცლიდან მოსდიოდა და სახეს ჭმუხნიდა. ძმაო - მითხრა მან, ახლა შენ უნდა იყო ყველაზე დიდი ვაჟკაცი ჩვენი ოჯახისა - ხელში სისხლიანი დანა ჩამიდო - იმ ავაზაკებს ნუ მისცემ უფლებას ჩემი სიცოცხლე წაიღონ, ნურც სისხლისგან დაცლისგან გამიმეტებ. ამ ჭრილობით ვერ ვიცოცხლებ, ექიმი კი უკვე მოკლეს ამ უღმერთოებმა. გთხოვ, ჩვენი ძმობის სახელით, აიღე ეს დანა და დაამთავრე ჩემი სიცოცხლე შენი სუფთა და ალალი ხელით - დიდხანს ვიყავი უარზე, ბევრჯერ დავაპირე მისი გადაყვანა სხვა ადგილას, ბოლოს კი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი თავადვე დაიღალა, ჩემი ხელი აიყო და სანამ არტერიაში დაირტყამდა გამაფრთხილა - ტბების ქალაქისკენ წადი, ესენი იქაც ჩამოვლენ, მაგრამ არამგონია დაპყრობა მოახერხონ, წადი და თავს უშველე. მიყვარხარ-ო. სულ ეს იყო, ვერც კი გავიაზრე ისე გამოვაცალე საკუთარ ძმას სიცოცხლე, თუმცა მისიც მესმის ან ვცდილობ გავუგო. მაშინ კი, როდესაც ფეხი ტბების ქალაქში შემოვაბიჯე თავი ნიკად წარმოვადგინე, ყველას ასე გავეცანი, დავიწყე ხატვა და ამით ცოტა ფულის შოვნა. თუმცა ეს ფული საღებავებისთვისაც კი არ მყოფნიდა.
-რატომ აქამდე არ მოყევი? - ცრემლმორეულმა ხმამ გაბზარა ჩვენი გულები, ეს ჯო იყო.
-არ მინდოდა ჩემში ეს დარდი დაგენახათ.
***
დროის მიხედვით ჰენრი კოშკთან უნდა ყოფილიყო თეთრ ცხენზე ამხედრებული. ენის ქუდი თავზე დავიფარე, ცოტათი წინ დავხარე, რომ არავის დაენახა ჩემი სახე და კოშკისკენ სირბილით წავედი. ჰენრი სხვა ბიჭებთან ერთად იდგა და მომავალ ჯარს გაჰყურებდა.
-ჰენრი - დავუძახე შორიახლოდან - ჰენრი, აქ მოდი.
ჰენრის ჩემ დანახვაზე სახე ეცვალა და ჩემთან მოვიდა.
-ახლა ვაპირებდი შენთან წამოსვლას - თავი იმართლა ჩემ წინაშე.
-ეგ სულაც არ მადარდებს, ჰენრი. გავიქცეთ ამ ქალაქიდან, ძალიან გთხოვ - ცრემლები ვეღარ შევიკავე და შუბლით ბეჭზე მივეყრდენი.
-მხდალივით ვერ მოვიქცევი, ელიზაბეტ. უნდა ვიბრძოლო, რომ დაგიცვა, შენ, მამაჩემი, შენი ოჯახი, ჩვენი მომავალი სახლი.
-თუკი შენ დაიღუპები, მე რა მინდა ჩვენს სახლში? შენზე მოგონებებით უნდა ვიცხოვრო? გთხოვ, გადააბიჯე თავმოყვარეობას და წავიდეთ, სადმე გადავსახლდეთ, სანამ ტბების ქალაქი კვლავ არ აღდგება.
-თუკი ყველა გავიქცევით, ვინღა მიხედავს ჩვენს საყვარელ ქალაქს?
-როდის აქედან გახდა შენი? - ხმას ავუწიე და ხელი ვკარი - სულ ორი კვირაა აქ გადმოხვედი, ნუთუ ასე შეგიყვარდა, რომ საკუთარ სიცოცხლეს დათმობ მისთვის საკუთარი ქორწილის დღეს.
-ელიზაბეტ, ძალიან აღელვებული ხარ - რბილი ტონს სიმკაცრე შეაპარა და თვალებშიც სიბრაზის ნაპერწკლებმა გამოანათა - იქნებ იარაღამდე სულ არ მიდის საქმე, გაარკვევს ჩვენი ქალაქის წინამძღოლი.
-და შენ ამის გჯერა? შეხედე რამდენი არიან! ტილებივით გაგვსრესენ, შენი სახელი კი ისტორიასაც არ დარჩება, თუკი ამაზე ზრუნავ - ზურგი ვაქციე და სწრაფი ნაბიჯით წავედი სახლისკენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent