სათაურის გარეშე 12
ბიბლიოთეკისკენ წავედი. ჯო თვალს არ მაშორებდა. მისი მწველი მზერა ზურგზე ხანძარს მიჩენდა. მე კი მაინც წინ მივიწევდი და მისკენ არც კი ვიხედებოდი. კარზე დავაკაკუნე, თუმცა პასუხი არავინ გამცა. -ფრანკი ბაღშია მუშებთან, ზეთისხილის პლანტაციას მწერები შეესია და ცდილობს ეს პრობლემა გადაჭრას - საიდანღაც რუთი გაჩნდა. კედელს მიყრდნობოდა და გამომწვევად მიყურებდა - ჩვენს სასახლეში არაფერი კეთდება ფრანკის გარეშე. მან ყველაფერი დიდი ცოდნითა და გამოცდილებით გააკეთა. არცერთი ხე არ დარგულა ჩვენს ბაღში ისე, რომ ფრანკს არ სცოდნოდა იხარებდა თუ არა ის ჩვენს მიწაზე. ყოველი პრობლემის დროს სწორედ მას ვეძახით, მისი ცოდნით ვცდილობთ გადავჭრათ ყველა დაბრკოლება, ხოლო თუკი მის ცოდნას აღემატება კონკრეტული პრობლემა, ვიძახებთ სპეციალისტებს. შენ შედი და დაელოდე, ის აუცილებლად მოინდომებს შენს ნახვას. -რამე საქმე აქვს? -მას შენ მიმართ გრძნობები აქვს, ნუთუ ვერ ხედავ? - ოდნავი ზიზღით მკითხა მან. -ალბათ - დავიმორცხვე. ვგრძნობდი ფრანკის მხრიდან წამოსულ სითბოსა და მღელვარებას ჩემ მიმართ თუმცა არ მინდოდა ამ გრძნობის საპასუხოდ რაიმე გრძნობა მეც გამჩენოდა. -რაზე საუბრობთ გოგონებო? - ფრანკი ფეხაკრებით მოგვიახლოვდა. -ქალური საკითხებია, მამაკაცები ვერ გაიგებთ - უპასუხა რუთმა, თავი დაუკრა და დერეფანში გაფარფატდა. -ძალიან კარგი გოგონაა - ვთქვი, თუმცა მის მიმართ კონკრეტული დამოკიდებულება არ გამაჩნდა. ვერ ვიგებდი მომწონდა თუ არა რუთი, წაბლისფერთმიანი გოგონა. მომენტებში მისი ცინიკური დამოკიდებულება ძალიან სამართლიანი იყო, მან იცოდა საკუთარი და ფრანკის ფასი და მაქსიმალურად ცდილობდა დაეცვა ის. თუმცა ზოგჯერ ის განსაკუთრებულ სითბოს იჩენდა ჩემ მიმართ. თითქოს თავადაც არ ჰქონდა ჩამოყალიბებული რა აზრის იყო ჩემზე. -მე ბევრი ვიფიქრე რაზე უნდა გვესაუბრა დღეს - სიტყვა ბანზე ამიგდო ფრანკმა და სავარძელში ჩაჯდა - თუმცა ყველა იდეა დავიწუნე და მივხვდი, რომ სალაპარაკო თემა წინასარ არასოდეს უნდა განსაზღვრო. სიტყვები თავის ნებაზე უნდა მიუშვა და დაელოდო რა შედეგს დადებ. ჩემი აზრით, სიტყვები ძალიან ბევრს ნიშნავს. -რა თქმა უნდა - ფრანკთან საუბარი არ მინდოდა. გული სხვაგან მიმიწევდა, თითქოს მაგრძნობინებდა, რომ რაღაც სისულელეს წამოვროშავდი. ფრანკი საუბრობდა. მე შიგადაშიგ თავს ვუქნევდი და ვუღიმოდი. გონებით კი სრულიად სხვა პლანეტაზე ვმოგზაურობდი. არ მქონდა შეგრძნებები. თითქოს არც გრძნობები გამაჩნდა. მაშინ პირველად დავფიქრდი, რომ ერთი უბრალო ორგანოების საწყობი ვიყავი. -ელიზაბეტ, მისმენთ? - ფიქრებში ფრანკი შემომიძვრა. -მაპატიეთ, ფრანკ, ძალიან დავიღალე. იქნებ საუბარი ხვალისთვის გადაგვედო? - ხელები მუხლებზე დავიდე. ჩემი კაბის ხავერდოვანი ნაჭერი ხელის გულებს მოელამუნა. -შეუძლოდ ხომ არ ხართ? - ხელი ხელზე დამადო ფრანკმა. მისმა ხელმა სრულიად დაფარა ჩემი პატარა თათები. -ემოციურად გადავიღალე - ვუპასუხე გულახდილად. ფრანკი სავარძლიდან ჩემკენ გადმოიწია და ხელზე მაკოცა. მისმა თბილმა და რბილმა ტუჩებმა ჩემი პატარა ხელის კიდევ უფრო პატარა მონაკვეთიდან სითბო ჩამიღვარა გულში. -სრული სიგიჟე მოვიფიქრე, იქნებ დამთანხმდეთ - მუხლებზე დაიჩოქა, კაბა ოდნავ ზემოთ ამიწია და ფეხზე მაკოცა - ვარსკვლავებს ვუყუროთ. -ფრანკ - გამეცინა - გარეთ წვიმს. -მაშინ წვიმაში ვირბინოთ. გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც მაგრძნობინებს, რომ ადამიანი ვარ. ჩემში ისევ ჩქეფს სისხლი, მდუღარე, სწრაფად მორბენალი, მე კი აქ ვკვდები, მარტოობასა და ერთფეროვნებაში. ვირბინოთ წვიმაში, გააკეთეთ ეს ჩემთან ერთად. მისმა ენთუზიაზმმა, ბავშვურმა სილაღემ და აღტყინებამ ჩემს გულშიც შემოაღწია. მინდოდა მისთვის განსაკუთრებული საღამო მეჩუქებინა. მასთან ერთად გავიდოდი გარეთ და წვიმის სურნელით დავტკბებოდი. თავს მაღლა, ცისკენ ავწევდი და წვიმის წვეთებს დავითვლიდი სახეზე. ფრანკს ვუმღერებდი სიმღერას წვიმაზე და ვეცეკვებოდი ტბის ცეკვას, რომელიც ბავშვობაში ყველა ტბის ქალაქის მკვირდმა შევასრულეთ. ჩემი ბავშვურობით აღფრთოვანებული ფრანკი წელზე ხელს შემომხვევდა და ტრიალ-ტრიალში ჩამეხუტებოდა. მოდუნებულ კუნთებში წამიერად გავეპარებოდი და კისკისით მივაძახებდი „აბა დამიჭირე“. ფრანკი გამომეკიდებოდა, დამიჭერდა და მიწაზე წავიქცეოდით. ის ზემოდან მოექცეოდა და მაკოცებდა. წვიმით შეციებულ ტუჩებს მისი თბილი ბაგე სამოთხედ მომეჩვენებოდა და მის გაშვებას არ მოვინდომებდი. სიცივისგან ამობურცულ კერტებს მისკენ მივაშვერდი და შარვალში პატარა დენის გავლებს მოვუწყობდი. -არ შემიძლია - ფეხზე წამოვიჭერი. ფრანკს ზურგი ვაქციე და კარისკენ წავედი. -ელიზაბეტ - ფეხზე წამოდგა ფრანკიც და უკან დამედევნა - მაპატიე - მომეხვია და ატირდა. გაოგნებისგან ოდნავ შევკრთი. -ფრანკ, რა დაგემართათ? - თმაში ხელი შევუცურე. მისი რბილი, დამყოლი თმა თითებში აბრეშუმივით შესრიალდა. -არაფერი გამომდის, საკუთარ თავს ვერ ვერევი, თუმცა არც ის შემიძლია შენ მიმართ გაჩენილ გრძნობას მოვერიო. -ფრანკ. -შემიყვარდი, ელიბაზეტ. მე თქვენ შემიყვარდით. *** ჩემს ახალ საძინებელში ვერ მოვისვენე. ეს მოუსვენრობის გრძნობა არ იყო ახალი საწოლით და გარემოთი გამოწვეული. მე ფრანკის სიტყვებმა ამაფორიაქა. სადღაც, ძალიან შორს, უდაბნოში გადამისროლა. ცხელი ქვიშა ფეხებს მიწვავდა. ადგილიდან ვერ ვინძრეოდი და ვტიროდი. ვხედავდი ჩემკენ მომავალ ქარავანს, ვხედავდი იმედს, რომელსაც უნდა ჩავბღაუჭებოდი, თუმცა ვაცნობიერებდი, რომ მათ მოსვლამდე დავიღუპებოდი. წყალი მწყუროდა, ცხვირიდან დაწყებული ყელამდე, მთლიანად სიმშრალეს ვგრძნობდი. ნერწყვის გამოყოფაც კი აღარ შემეძლო. მუხლებზე დავდექი და თვითგვემას მივეცი. საკუთარმა ფიქრებმა შემაშფოთა. სილაღისა და ბედნიერების გარდა ჩემთვის ყველა გრძნობა იქამდე უცნობი იყო, ერთბაშად კი ყველაფერი თავს დამესხა, ყველაფერმა დაღი დაატყო ჩემს სხეულს. მინდოდა კვლავ მეგრძნო სიმსუბუქე, თუმცა ყველა კიდურზე დიდი ლოდები მქონდა ჩამოკიდებული. მამაჩემი განსაკუთრებით ელოდა ჩემს მეჩვიდმეტე დაბადების დღეს და თუკი ის ამ ჩანაწერს წაიკითხავს ვეტყვი, რომ მეჩვიდმეტე წელმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა აქცია. მეჩვიდმეტე წელმა ბავშვობის ფერადი მოგონებები სკივრში გამოკეტა და გონებაში არეულობა შემოიტანა. საკუთარ თავს სარკეშიც ვეღარ ვცნობდი, თითქოს გავუცხოვდი. ამ სასახლემ კი ასმაგად მეტი გრძნობა შემოზიდა ჩემში. სასახლის ცივი, მკაცრი იერი ჩემზეც გადმოვიდა და მთლიანად შემცვალა. გაქცევა მინდოდა. იმ უდაბნოშიც კი დავიკარგებოდი და კარგა ხნით არ გამოვჩნდებოდი. ბევრს იტირებდნენ ჩემ გამო. საერთო სევდას შესაძლოა ფრანკი და ჯოც კი დაეახლოვებინა. იქნებ ჰენრიც კი მიხმარებოდა მათ ჩემს პოვნაში მეორე სამყაროდან. თუმცა არა, ჰენრი ხომ ყოველთვის დამინახავს სადაც ვარ და რას ვაკეთებ. იქნებ სწორედ მისი ხელი ურევია ამ ყველაფერში და სამაგიეროს მიხდის მისი სულის შელახვისთვის. იქნებ იმის გამო, რომ მისთვის სანთლებს არ ვანთებ, ეს საშინელება დამატეხა თავს და გრძნობების ტყვე გამხადა. კაცებზე ფიქრებმა ჯო გამახსენეს, რომელიც ჩემს საწოლში მხოლოდ იმიტომ იწვა, რომ ჩემი სურნელი შეეგრძნო, ჩემთან სიახლოვე ეგრძნო. მე კი მისი გრძნობები ფეხქვეშ გავთელე და გულთბილი შეხვედრის ნაცვლად მთელი საღამო ვეკამათე. მისი ნახვა მომინდა. ავანთე სანთელი და სასანთლით ხელში ჩუმად გავიპარე ოთახიდან და ჯოს საწოლთან მივედი. ეძინა. სანთელი თავთან დავუდე და ლოყაზე მოვეფერე. -მე ვარ ჯო, ელი - მინდოდა გაეგო, რომ მარტო არ დამიტოვებია და მე მის გვერდით ვიყავი - მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მომენატრე, ჯო. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ, საყვარელო - ყელში ბურთი მომადგა და სიტყვები შეაჩერა. -როგორი ლამაზი ხარ - ცალი თვალი გაახილა ჯომ და გამიღიმა - მოდი, შემომიწექი. სანთელი კვლავ ავიღე და ფეხის წვერებზე გავიარე ხუთი ნაბიჯი სანამ საწოლის მეორე მხარეს მივიდოდი. მძიმე საბანი კიდევ უფრო მძიმედ ავიღე და საწოლში შევწექი. ჯომ პირი იცვალა და ჩემკენ გადმოტრიალდა. -მომენატრე თავნება გოგო - ხელი მუცელზე დამადო და თვალები მიელულა. -გეძინება, დაღლილი ხარ. მთავარია ვიცი, რომ კარგად ხარ, ამიტომ ძილის უფლებას გაძლევ - გავიცინე, თუმცა ჯომ ვერ გაიგო. -შემიყვარდი, ელი - შორეული სიზმრიდან გამომძახა ჯომ. *** იმ ღამით ორმა მამაკაცმა ამიხსნა სიყვარული. ორმა სრულიად განსხვავებულმა მამაკაცმა გამიმხილა საკუთარი გრძნობები. მე კი ამ ორივე მამაკაცის მიმართ განვიცდიდი უცნაურ, იდუმალ და განსხვავებულ გრძნობებს. ვერცერთს ვპასუხობდი იგივე გრძნობით, თუმცა ვერც რომელიმეს ვტკენდი გულს უარით. ვიწექი ჯოს გვერდით და ვუსმენდი მის მშვიდ ფშვინვას. მე ამ მამაკაცის მიმართ გამაჩნდა გრძნობა, დამოკიდებულება, ლტოლვა, მაგრამ არა სიყვარული. საკუთარ გრძნობებში გასარკვევად მარტო ყოფნა მჭირდებოდა. ხელი კვლავ ჩემს სანთელს დავსტაცე და ჯოს თბილი საწოლიდან წამოვდექი. ოთახში გავედი და უნებლიედ ამეტირა. უკვე მზე ნელ-ნელა თავის სხივებს აძლიერებდა, როდესაც ძლივსძლივობით ჩამეძინა. მზის სხივებს შავი ღრუბელი გადაფარებოდა და წვიმა ეჩუქებინა მიწისთვის. წვიმის წვეთები ფანჯრის რაფაზე ტანგოს ცეკვავდნენ. მათ მიმოხვრას მეც ვუერთდებოდი, თუმცა არა ლაღად, როგორც ბავშვობაში, არამედ ტანჯვისა და დარდის გასაქარწ....ბლად. ხელებს მაღლა, ნატიფად ვამოძრავებდი, თითქოს ოთახის ჰაერს ვეთამაშებოდი. ვიცეკვე ხელებით, ფეხებით, თეძოებით და წამიერად გავშეშდი. სარკეში ჩემი ანარეკლი დავინახე. ავადმყოფობასა და ნერვიულობას სამი კილოგრამი მაინც გაჰყოლოდა თან. თვალების ქვემოთ კანი ჩამშავებოდა და ლავიწები კიდევ უფრო ამომვარდნოდა. -რას დაემსგავსე, ელი - ვუთანაგრძე საკუთარ თავს. ერთ დროს ხორციანი, ვარდისფერლოყებიანი გოგო ვიყავი, სარკიდან კი სრულიად სხვა ადამიანი მიყურებდა და მარწმუნებდა, რომ ის უცნობი გოგონა მე ვიყავი. ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. ხალათი არც შემომიცვამს ისე გავაღე კარი. -მობრძანდით - გავიღიმე და ხელში რუთი შემრჩა. რუთმა ჩემს დანახვაზე ფერი დაკარგა. მთლიანად გაფითრდა, ვარდისფერ ტუჩებს ფერი დაეკარგა. ხელში წყლით სავსე დოქი ეჭირა, რომელმაც ცახცახი დაიწყო - რუთ, რა დაგემართა - ხელებიდან დოქი გამოვართვი და ოთახში შევიყვანე. -უეცრად თავბრუსხვევა ვიგრძენი - თქვა რუთმა და სავარძელში ჩალასლასდა. მაშინვე წყალი მივაწოდე - შენ ... შენ ... - ლუღლუღებდა ის. -ხო - კვლავ სარკეში ჩავიხედე - მეც შემაშინა საკუთარმა ანარეკლმა დღეს, თუმცა მალე მოვმჯობინდები და ჩემს კილოგრამებსაც დავიბრუნებ. -ნამდვილად - თითქოს გონება გაუნათდა რუთს - შემაშინა შენმა ჩაშავებულმა თვალებმა, მეგონა ისევ ცუდად იყავი. -არა, ფიზიკურად არაფერს ვუჩივი თავს. მხოლოდ ეს ნაკვალევია, რაც ამ ყველაფერმა, მოგზაურობამ და ჩემს ცხოვრებაში მომხდარმა სხვადასხვა ტრაგედიამ დამატყო. -ელიზაბეტ, შენ ხომ ამ ოთახში არ გეძინა? -არა - გადავიხარხარე - გაგიკვირდა აქ, რომ დამინახე, თან ასეთ მდგომარეობაში? - რუთმა თავი დამიქნია და ისე შემომხედა, თითქოს ჭკუიდან გადავსულიყავი - მგონი ამიტომ გახდი, საყვარელო, ცუდად. -შესაძლოა - ფეხზე წამოიმართა რუთი, თუმცა მას არ გაცინებია - საუზმეზე ხომ ჩამოხვალთ? -აუცილებლად - კარი მივხურე და ჩემოდანში კაბის ძებნა დავიწყე. ხელში პირველი ღია ცისფერი, მუხლამდე კაბა შემხვდა. სასწრაფოდ გადავიცვი, თმა გავიშალე და მისაღებში ჩავედი - დილამშვიდობისა, ბატონო ფრანკ - გავუღიმე და მაგიდასთან დავჯექი - რა დიდუბული საუზმეა - თვალი მოვავლე სუფრას. -ჯო მონატრებული იქნება გემრიელს კერძებს, ამიტომ გავითვალისწინე და მზარეულებს ვთხოვე ყველაფერი გაეკეთებინათ, რაც კი იცოდნენ - ჯოს ხსენებაზე მივხდი, რომ დღეს დილით მასთან არ შევსულვარ. -ჯერ არ ამდგარა ჩემი ძმა? - კითხვით მივმართე რუთს. -კარი არ გამიღო, ვიფიქრე უკვე ამდგარიყო და სიმართლე გითხრათ აღარც მინახავს. -ადი და დაუძახე - რუთს ფრანკმა მიმართა. ისიც დაემორჩილა, თავი დაუკრა და კიბით მეორე სართულზე ასვლა გადაწყვიტა. -მოიცადე, რუთ - შევაჩერე - თავად ავალ და გავაღვიძებ ჩემს ძმას - მაგიდიდან წამოვდექი. კიბეებს ავუყევი და შევამჩნიე როგორ მიღიმოდა ერთი სურათიდან ძალიან ლამაზი გოგო, ეს მერიემი უნდა ყოფილიყო, ფრანკის და, რომელიც შორეულ სასახლეში მიუთხოვებიათ პრინცისთვის. ჯოს კართან ვიდექი. დაკაკუნება აზრადაც არ მომსვლია, პირდაპირ შევაბიჯე და დავუძახე. -ჯო, შე ძილისგუდა, ადექი. ყველა შენ გელოდებით. შენთვის ისეთი სუფრა გაიშალა, სირცხვილია ამდენი საათი ლოგინში კოტრიალი. ჯო ხმას არ მცემდა. ღრმა სიზმრებში მოგზაურობდა და ჩემი ხმა იქ ვერ აღწევდა. საოცრად მშვიდი სახით ეძინა ჩემს საყვარელ ჯოს. ახლოს მივედი, საწოლზე დავჯექი და ოდნავ შევანჯღრიე. -ჯო, გაიღვიძე - ჯო კვლავ არ მცემდა ხმას. მისკენ დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. გრილი იყო - ჯო ... ჯო ... - კივილი მოვრთე, რაზეც ფრანკი და რუთი საძინებელში გაჩნდნენ. ჯო გაუნძრევლად იწვა საწოლში და თეთრი საბანი სუდარასავით გადაფარებოდა მის სხეულს. მას სხვა სამყაროში გადაენაცვლა. იქ, სადაც ჰენრი წავიდა რამდენიმე თვის წინ. ************************************************************ ავტორისგან: იმ მკითხველს, რომელიც ყველა თავზე "დისლაიქს" მიწერს, გთხოვ მომწერო კრიტიკა თუ რატომ ხდება მოთხრობის ასე შეფასება. მადლობა წინასწარ, ველოდები ფიდბექს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.