შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათაურის გარეშე 13


17-09-2021, 15:14
ავტორი გაზაფხული
ნანახია 685

ჯოს გარდაცვალებამ ჩემში ძალიან დიდი ტკივილი დატოვა. ჩემთვის მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ფაქტობრივად, სუნთქვის ტოლფასი. ჯომ მაჩვენა, რომ მე ვიყავი ქალი, რომელსაც შესაძლოა ენახა ბედნიერება. ის ყოველთვის ცდილობდა ჩემში დაენახა ის პიროვნება რომელიც არ ეგუება სირთულეებს. ჯომ ჩემში ბედნიერების სხივები თავიდან შემოიტანა და იმ პერიოდში, როდესაც ჰენრი ჩემ გვერდით აღარ იყო, სულიერი მეგობრობა გამიწია. არ არსებობს ქვეყნად მამაკაცი, რომელიც მასზე მეტად დავაფასე და ანდაც შევიყვარე. ჩემთვის ის გახლდათ იდეალი და თუკი თქვენც შეხვდებით მამაკაცს ჯოს თვისებებით, გირჩევთ არ დაკარგოთ ის. მე ბედმა გამომტაცა ხელიდან. თითქოს დამცინა და სამი თვის შუალედით ჩემთვის საყვარელი ორი მამაკაცი დედამიწიდან გააქრო. სასაცილოა არა? ჰენრის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში იმ ადამიანმა დამტოვა, რომელმაც სიხარული თავიდან განმაცდევინა. მამაკაცი, რომელსაც საკუთარ თავს ვანდობდი.
იმ ღამით ცრემლებში ჩავიხრჩე თავი. ვიჯექი ჯოს გვერდით და არავის არ ვაძლევდი უფლებას მისი ცხედარი სადმე გადაესვენებინათ. მასთან კიდევ ერთი დღის გატარება მინდოდა. მინდოდა კიდევ ერთხელ მეგრძნო თავი დაცულად. მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ მიყვარდა და არ გავჩუმებულიყავი წინა ღამით, მაშინ როდესაც ამის თქმის საშუალება მქონდა. მინდოდა კვლავ მომხვეოდა, მისი სხეულიდან წამოსული სითბო მეგრძნო და მისი ხმა გამეგონა - „ელიზაბეტ, როგორი თავნება ხარ“. მინდოდა მის თვალებში კიდევ ერთხელ ჩავძირულიყავი და იქ ჩემი თავი აღმომეჩინა. მისი თვალები კი დახუჭულიყო და სამუდამო ძილს მისცემოდა. მზად ვიყავი მეყვირა, ყველაფერი დამემტვრია თუმცა ეს ჯოს ვერ გააცოცხლებდა, მის თავს ვერ დამიბრუნებდა. სწორედ მაშინ, როდესაც მე ჯოს სხეულთან ვიჯექი, სასტიკი სიცივე ვიგრძენი, რომელიც გულიდან დაიწყო და მთელი სხეული მოიცვა. ჩემში მანათობელი მზე, სახელად ჯო გაქრა.
-ჯო, ჩემო მეგობარო, ჩემო ბედნიერებავ - მისი ცივი ხელი ხელში მოვიქციე და ვაკოცე - ყველაზე ნაკლებად ველოდი შენს წასვლას. რატომ დამტოვე, მარტომ რა უნდა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე? შენ ჩემი ყველაზე ძვირფასი შენაძენი იყავი ამ ცხოვრებაში. სწორედ შენ მასწავლე რას ნიშნავს იყო ქალი, თანაც ძალიან ბედნიერი და თავდაჯერებული. ნუთუ არ შეგეცოდე, როდესაც აქ მტოვებდი. წამიყვანე, მეც იქ წამიყვანე, სადაც შენც შენ ხარ. დამიჯერე, მირჩევნია შენ გვერდით ვიყო და ამ ქვეყანასაც შეველევი - თავი ჩავღუნე და კვლავ ავტირდი. ჯო ხმას აღარ იღებდა. მას არ შეეძლო დავემშვიდებინე, გულზე მივეხუტებინე, ეთქვა თუ როგორი აბეზარი გოგონა ვარ. აღარც მეჩხუბებოდა, ვეღარც სხვა მამაკაცზე იეჭვიანებდა. ის წავიდა და დამტოვა აქ, სრულიად მარტოდ.
ჯო, მამაკაცი, რომელიც მაღმერთებდა. ვუყვარდი ისეთი, როგორიც ვიყავი. მან ჩემი დარდით შემიყვარა, ჩემი ტკივილით. ჯომ ჰენრიც კი შეიყვარა, რადგან ის ჩემი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენდა. მას უბრალოდ მშვიდად ეძინა, მისი სახის თითოეული ნაკვთი, ის ნაოჭი თვალების ირგვლივ, რომ შეჰპარვოდა, ის პატარა ნესტოები, აქამდე, რომ ჩემს სურნელს შენატროდა ახლა უბრალოდ გაქვავებულიყო. როგორი უცნაურია მიცვალებული ადამიანი. თითქოს ყველა დარდისგან გათავისუფლებული, გალაღებული მიდის ამ ქვეყნიდან, აქ კი მის ნატანჯ, ხანდახან ვნებით გადაღლილ, კოცნით გახურებულ სხეულს ტოვებს. ვინ იცის რას ფიქრობდა ბოლო წუთებში. ვინ მეტყვის რას ფიქრობდა ჩემზე, მე ხომ მას გული ვატკინე. იქნებ ვერაფერი იგრძნო, იქნებ ჩემზე არც კი იფიქრა. იქნებ უბრალოდ დაიძინა და სხვა სამყაროში გაიღვიძა. იქნებ ჯო ყვიროდა, მეძახდა, მიხმობდა, იქნებ იმ ღამით, რომ მის გვერდით დამეძინა ახლა ცოცხალი ყოფილიყო. იქნებ შემეძლო მისი შველა, მე კი ეს ვერ შევძელი? რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა მიტრიალებდა თავში, რამდენი შეგრძნება ეუფლებოდა ჩემს სხეულს. ჯო კი იწვა მშვიდად და უკვე აღარაფერზე ფიქრობდა, არაფერი ადარდებდა.
***
ფრანკმა ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. ყველაფერი წესისამებრ გააკეთა და ამისთვის მე მადლიერების გამოხატვაც არ შემეძლო. ჯოს სახლი არ ჰქონდა, ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ, ახალი სახლი კი ჯერ არ გვეპოვნა, ჯერ არ მივსულიყავით საერთო მიზნამდე. იქნებ ჩემი ახირება და გაქცევის სურვილი, რომ არა ჯოს ეცოცხლა. იქნებ ის ახლა ჩემ გვერდით ყოფილიყო. იქნებ ვინმეს სიკვდილის პირას მყოფი ენახა და გადაერჩინა.
-ელიზაბეტ - კარში ნიკი შემოვარდა. მისი სახის ყოველი ნაკვთი, სხეულის ყველა კუნთი დაჭიმულიყო და თვალებში სევდა ჩასდგომოდა - რა მოხდა?
-ის უბრალოდ წავიდა - ნიკს ძლიერად მოვეხვიე. მან არ იცოდა ჩემი და ჯოს ფარული რომანის შესახებ, არც ის იცოდა, რომ მას შევუყვარდი - ჯომ დაგვტოვა - ორივემ ტირილი დავიწყეთ. შუა ოთახში, მწვანე ხალიჩაზე ჩავიკეცეთ და ჩვენი მეგობრის წასვლით გამოწვეულ ტკივილს ერთმანეთს ვუზიარებდით.
-მას ხომ ყველაფერი კარგად ჰქონდა? - რთულად ვარჩევდი ნიკის სიტყვებს.
-არ ვიცი, ნიკ. ჯერ კიდევ შოკში ვარ, ფაქტი კი ერთია, მისი სხეული მაღლა, ჩემს საძინებელში ასვენია. ჯომ ჩვენი დიდი ნაწილი წაიღო იქ, სადაც წავიდა. როგორ უნდა ვიცხოვრო მის გარეშე, ნიკ. როგორ შევძლო თავისუფლად სუნთქვა, როდესაც ვიცი, რომ მის ღიმილიან სახეს ვეღარ დავინახავ? მინდა ყველამ იცოდეთ - ფეხზე წამოვდექი და ხელები გავშალე - ჯო ჩემი ძმა არ ყოფილა, თუმცა მის მიმართ არსებული სიყვარული იმაზე მეტი იყო, ვიდრე ძმისა. ჯო ყველაზე კარგი იყო, ყველაზე კარგი - გარეთ გავვარდი. ჰილების სასახლის მკვირდნი გაოცებით მიყურებდნენ, ეგონათ ჭკუიდან გადავედი. თუმცა მათ რა იცოდნენ, ისინი ვერ მიხვდებოდნენ იმ გრძნობას, რაც მე და ჯოს გვაკავშირებდა.
შადრევანთან ჩამოვჯექი. თავი ხელებში ჩავრგე და ვეცადე აზრზე მოვსულიყავი. ჯოს სიკვდილს ჭკუიდან გადავყავდი. როგორც კი წარმოვიდგენდი, რომ ის ვეღარასოდეს დამელაპარაკებოდა და შემომხედავდა, მაშინვე შიში იტანდა ჩემს სხეულს და სუროსავით მეხვეოდა. მე მიყვარდა ჯო, როგორც ადამიანი და როგორც მამაკაცი, თუმცა ამის გააზრების საშუალება არ მქონია. ან იქნებ მისი სიკვდილის შემდეგ შემიყვარდა. ადამიანებს ხომ გვახასიათებს ეს ჩვევა, როდესაც ადამიანი კვდება, შემდეგ ვაფასებთ და გვიყვარდება.
-ელიზაბეტ - ფრანკის ხმა იყო - ცოტა დამშვიდდი და ამიხსენი რაც შიგნით თქვი - შადრევანში ხელები შევყავი. წყალმა ნელ-ნელა დაასველა ჯერ თითის ბალიშები, შემდეგ თითები, შემდეგ კი მთლიანად ხელი და მეც წყალი სახეზე მოვისვი.
-ჯო ვეღარასოდეს დაინახავს ამ შადრევანზე გამოსახულ ორნამენტებს. ვეღარც წვიმის ან თუნდაც ამ შადრევნიდან გადმოსხმულ წყალს შეიგრძნობს. მისი თვალები სამუდამოდ დაიხუჭა, მისმა სულმა სამუდამოდ დამტოვა და შენთვის ის უფრო მნიშვნელოვანია რა მოვიტყუე? - ფრანკის წინ დავდექი და თვალი თვალში გავუყარე - დიახ, ჯო არ ყოფილა ჩემი ძმა. უცხო სასახლეში, სრულიად უცხო ადამიანები ვერ გაიგებდნენ ჩვენი მოგზაურობის მიზეზს და დიახ, ჩვენ ეს ტყუილი შევთხზეთ.
-რომ არა ჯოს სიკვდილი ალბათ ამას ვერც ვერასოდეს გავიგებდი, არა? - ფრანკი გაცხარდა, თუმცა მისი სიცხარეს ჩემთვის ფასი არ ჰქონია.
-ფრანკ - მის წინაშე სრულიად უემოციოდ ვიდექი - თუკი შენ თვლი, რომ ამით ჩემი და ჯოს ღირსება ილახება, მაშინ წავიღებთ მე და ნიკი ჯოს სხეულს და დავკრძალავთ ისე, როგორც მას შეეფერება. ჩემთვის ამ ყველაფერმა უკვე აზრი დაკარგა. ჯომ გუშინ ღამით სიყვარული ამიხსნა, მე კი მთელი დღე ვეკამათებოდი. მან ჩემთვის შეუძლებელი შეძლო. ჯომ ჩემთვის ყველაფერი მიატოვა და სახიფათო გზას დაადგა. მე ჯოსნაირ მამაკაცს ვეღარ შევხვდები. ვერც იმას განვიცდი, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი. შენს გრძნობებს მე ყოველთვის პატივს ვცემ, თუმცა ნუ მომთხოვ ვიდარდო ჩემი პატარა ტყუილის გამო, რამაც რეალურად არც ჩვენი და არც სხვებთან ჩემი ურთიერთობა არ დააზარალა. შენ ყველაფერი იცი ჩემზე. მე ისიც კი გითხარი, რომ ჰენრის გარდაცვალებით ტკივილი არ მიგემია. ახლა კი, როდესაც ჩემი მომღიმარი ჯო წავიდა, ამ ტკივილს ასმაგად ვგრძნობ. მე ვხვდები, რომ დავისაჯე. დავისაჯე უგულობისთვის, ახლა კი მთლიანი გული ამომგლიჯეს და სადღაც მოისროლეს. ჯო არ მოისურვებდა მგლოვიარე ვენახე, მიწაზე დაცემული და უიმედო, ამიტომ ხვალ, როდესაც მის სხეულს სამუდამოდ მივაბარებთ მიწას, მე იმის კეთებას დავიწყებ, რასაც ჯო ისურვებდა. მე მისი ცხოვრებით გავაგრძელებ ცხოვრებას და არ დავუშვებ, რომ ამ ყველაფერს ვუღალატო. ჯო უბრალოდ მეგობარი არ იყო, ის ჩემთვის მეგობარზე მეტს ნიშნავდა. მისი სიკვდილი კი, ძალიან, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის.
-ელი - მკერდზე მიმიხუტა ფრანკმა და ისიც ჩემთან ერთად ატირდა - მე ვიცი რასაც გრძნობ ახლა. ლილიანის ოთახი დღემდე დაკეტილია. ჩემთვის შეუძლებელია იმ ოთახში ფეხი შევდგა. მეც ისევე მიყვარდა ის, როგორც შენ - ჯო. მაპატიე, თუკი სრულიად უადგილოდ და უმიზეზოთ გავნაწყენდი შენზე. ყველაფერი დალაგდება. ცხოვრება აუცილებლად დაგანახებს გზას, ამაში კი აუცილებლად დაგეხმარება ჯო.
***
ირგვლივ ყველაფერი გაშავებულიყო. დიდ დარბაზში შავი ფარდები ჩამოეფარებინათ, ავეჯიც შავი ქსოვილებით დაეფარათ. ჰილების სასახლის ყველა მკვირდს შავი ფერის სამოსი ჩაეცვათ და მუშაობა შეეჩერებინათ. ისინიც გლოვობდნენ. ჯოს თითქმის არავინ იცნობდა, თუმცა პატივს სცემდნენ, როგორც სტუმარს და უბრალოდ ადამიანს. ზოგ მათგანს ცრემლიც კი ადგებოდა ჩემი დანახვისას. ალბათ იმ მომენტში მე უფრო ვეცოდებოდი ხალხს, ვიდრე ჯო. ეზოს მთავარი კარიბჭედან სასახლემდე ბილიკი მორთული იყო სანთლებით, ჯოს სხეულთან კი, რომელიც დარბაზის აღმოსავლეთ კედელთან ესვენა, შავი ვარდების დიდი თაიგული იდგა. შავები მეცვა მეც, თუმცა ეს ფერიც კი ვერ გამოხატავდა იმ ტკივილს, რაც ჯოს სიკვდილმა გამოიწვია ჩემში.
„ჯო, ჩემთვის ყველაზე ვძვირფასო ადამიანო, შენ მე მიმატოვე და წახვედი. თითქოს გამეპარე, ჩემი შეწუხება სიკვდილითაც კი არ გინდოდა. მე ბედნიერი ვარ, რადგან გაგიცანი და ჩემს გულში სამუდამოდ მოიწყვე თბილი ბინა. შენ ჩემთვის მუდამ დარჩები მანათობელ ვარსკვლავად, რომელიც ყოველ ბნელ ღამეს გამინათებს. შენ ყოველთვის იქნები ჩემთვის მფარველი ანგელოზი. არ გეგონოს ოდესმე დაგივიწყო. შენ ხომ ცხოვრებაში მთავარი მასწავლე - საკუთარი თავის ფასი. ჯო, ჩემო ტკბილო მეგობარო, ადამიანობით და სიკეთით აღვსილო, შენი წასვლა ამ ქვეყნიდან ძალიან ნაადრევი იყო. მე არ ვიცი როგორ გაგრძელდება უშენოდ ცხოვრება. ის წავა, წლები წლებს მიემატება, თუმცა უშენობით გამოწვეული სიბნელე და სიმუქე ყოველთვის თან გამყვება. შენ აფერადებდი ჩემს უცნაურ ცხოვრებას. ცხოვრების შავ-თეთრ მომენტებს ჯერ მკრთალ ფერებს, შემდეგ კი კაშკაშა ფერებს აძლევდი. არასოდეს უშინდებოდი ფერების სიუხვეს. ხშირად ამბობდი, რომ ფერებს არ უნდა შევუშინდეთ, პირიქით, უნდა ვეცადოთ ბევრი ფერი შემოვუშვათ ცხოვრებაში, რადგან ასე უფრო გაგვიადვილდება ცხოვრებაო. ყოველ დღე მოგიგონებ, არასოდეს დაგივიწყებ და ყოველთვის გესაუბრები. არასოდეს დავკარგავ შენთან კონტაქტს. ჯო, ძალიან მიჭირს, სიკვდილის ტოლფასია ახლა ჩემთვის შენი წარსულში მოხსენიება. ახლა კი, როდესაც უკანასკნელ სიტყვებს წარმოვთქვამ შენი სხეულის წინაშე, იმ სხეულისა, რომელიც მათბობდა, საიდუმლოს გაგიმხელ. მაშინ, როდესაც პირველად მივხვდი თუ რაოდენ ბედნიერი ვიყავი შენ გვერდით, მომინდა შენთვის შვილი მეჩუქებინა. შენსავით მოუსვენარი, ლაღი და ჭკვიანი. მინდოდა მას შენი ლამაზი თვალები გამოჰყოლოდა და გვყვარებოდა ის საკუთარ თავებზე მეტად. მაგრამ შვილი ვერ გაჩუქე. ვერც ბედნიერი ცხოვრების მოცემა შევძელი შენთვის. თითქოს ასეთი ტანჯვითა და ცრემლებით სავსე დასასრული უნდა გქონოდა. ჩვენ ოცნებები ახლა უნდა აგვესრულებინა. მათკენ მიმავალ გზაზე კი შენ სადღაც გაგვეპარე, ნეტავ დამალობანას ვთამაშობდეთ, მე აუცილებლად მივაგნებდი შენს სამალავს და კისკისით გეტყოდი - დაგიჭირე! ჯო, ჩემო ყველაფერო, მშვიდობით.“
***
თვალები დავხუჭე. იმ მომენტს თვალი ვერ გავუსწორე, როდესაც ჯოს სხეულს მიწას აყრიდნენ. თვალდახუჭული წარმოვიდგენდი ჯოს მომღიმას სახეს, რომელიც სინათლიდან ხელს მიქნევდა.
-მორჩა - მხარზე ხელი დამადო ნიკმა, რომელმაც საკუთარი ხელებით მიაბარა მეგობარი მიწას. ნიკის ორი ხელი, რომელიც ხან ჯოს წვალებაში მაიმუნობდნენ, ხან კიდევ ჩვენი მიზნისთვის მიმავალ გზაზე საჭეს ჩასჭიდებოდნენ, ახლა მიწით დასვრილიყო. იმ მიწით, რომელიც ჯოს სხეულს ზემოდან დაეყარა.
თვალები გავახილე და დავინახე ამობურცული მიწის გროვა, რომელთანაც ჰენრი იდგა. ხელებჩამოშვებული, მდუმარე და ცოტათი სევდიანიც კი.
-ჰენრი, შენ აქ რა გინდა - გაოცებით წამოვიყვირე და მისკენ მივედი.
-მინდოდა მენახე და ის მამაკაცი მენახა, რომელიც ჩემზე მეტად შეგიყვარდა - მისმა ხმამ ტანში პატარა ჭიანჭველები შემომისია. ჰენრის უკვე მეორედ ვხედავდი, მის მიმართ უკვე მეორედ განვიცდიდი სირცხვილის გრძნობას.
-ჰენრი - დანანებით წარმოვთქვი მისი სახელი - რამდენი რამის თქმა მინდა შენთვის. რამდენ რამეს გაგიზიარებდი, მაგრამ არ შემიძლია და ალბათ ვერც შევძლებ.
-შენ მე მატყუებდი, ელიზაბეტ. როგორ შეგიძლია ახლა ჩემ წინაშე იდგე და ასე უტიფრად მელაპარაკო? თუმცა არა - ხელი ჩაიქნია ჰენრიმ - აქ საყვედურისთვის არ მოვსულვარ. მინდა ერთი რამ გითხრა, შენს ყოველ ნაბიჯს კარგად დაუკვირდი. იქნებ ყველაფერზე აზრი შეიცვალო თუკი უფრო ყურადღებით იქნები. ჰილების სასახლის ყოველ აგურს ერიდე და გახსოვდეს, მე შენ გვერდით ვარ.
-ელიზაბეტ - სახეში სილის გაწვნა ვიგრძენი - რა დაგემართა? - მკითხა ნიკმა.
-არაფერი - ფერდაკარგულმა, გაფართოებული თვალებით გავიხედე ჯოს საფლავისკენ, თუმცა იქ არავინ იყო, მხოლოდ ფოთლებშეყვითლებული ხე იდგა ეულად, როგორც ჰენრი რამდენიმე წუთის წინ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent