სათაურის გარეშე 17
ფრანკი და მე ოთახში მარტონი დავრჩით. ისტორიებით დატვირთული ვერ ვიაზრებდი რამდენი რამ შეიძლება მომხდარიყო ერთ ღამეში. -რას ფიქრობ, ელიზაბეტ, ვინ არის დამნაშავე? -ძალიან რთულია დავადანაშაულო ვინმე, როდესაც ფაქტობრივად არაფერი მახსოვს მათი მონაყოლიდან. ისე კი, ძალიან უცნაურ ვარსკვლავზე დავბადებულვარ. ჩემი თავი არ მეცოდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკმაოდ ტრაგიკული პიროვნება აღმოვჩნდი. იქნებ ცუდ ამბებს მაგნიტივით ვიზიდავ, იქნებ რაიმე უნდა ვისწავლო ამ ტრაგიკული გამოცდილებებიდან. ალბათ გამიჭირდებოდა ჩემი ბედის ადამიანთან ერთად ცხოვრება, რადგან მუდამ შიშში ვიქნებოდი რაიმე საშინელება არ მოეტანა ჩემამადე. შენი აზრით რატომ ხდება ეს ყველაფერი, რაიმე კარმაა? -მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ნამდვილად უნდა ისწავლო - ხელი ხელზე დამადო ფრანკმა - პირველ რიგში უნდა იცოდე, რომ ადამიანი, რომელიც შენს სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებს სიყვრულის არაფერი გაეგება. -ფრანკ - სიტყვა გავაწყვეტინე - ჰენრი თავის ქვეყანაზე იყო შეყვარებული. მისთვის მიუღებელი იყო ქედის მოხრა და ფეხქვეშ გაგება მტრისთვის. შენც ხომ შეხედე როგორ დაასრულა ცხოვრება ჩემი ქალაქის მოსახლეობამ, სწორედ იმათმა, ვინც ქედი მოუხარეს და ფეხქვეშ გაერთხნენ. წვერიანმა, შავებში ჩაცმულმა, მთასავით მაღალმა ხალხმა ყველა დაამონეს და ვინც არ დამორჩილდათ თავები წააცალეს. -ანუ შენ მას გმირად თვლი? - ცინიზმით მკითხა ფრანკმა და ფეხი ფეხზე გადაიდო. -ჰენრიზე საერთოდ ნუ ვისაუბრებთ - მტკიცედ ვუთხარი და მაგიდიდან ფურცლები ავიღე - სჯობს ჩვენს ეჭვმიტანილებს მივხედოთ. -ნუთუ ვერაფერს იხსენებ - დანანებით თქვა ფრანკმა. -არის ერთი დეტალი - ვთქვი დინჯად, ხმის ტონის შეუცვლელად - მე საძილე ნაყენი დავლიე. ამის შესახებ კი მხოლოდ რუთმა იცოდა. მე მას ვუთხარი, რომ ნაყენის დალევასა და ძილს ვაპირებდი. თუკი არტური მისი თხოვნით ჩამოვიდა შენთან, თუკი შენს გადასარწმუნებლად არის აქ და ეს მისია აკისრია, რატომ არ შეიძლება, რომ დამნაშავე ის იყოს? თან როგორც შევხედე, არტურსა და რუთს საკმაოდ ახლო მეგობრობა აკავშირებთ. კაბინეტის კარი ხმაურიანად გაიღო და რუთი ოთახში ქოშინით შემოვარდა. რუთის ტემპერამენტზე მე და ფრანკი ფეხზე წამოვხტით და დაძაბულები მის აწითლებულ სახეს შევჩერებოდით. -რა კარგია რომ ორივე აქ ხართ - თქვა მან ჩქარ-ჩქარა - ეზოში ყვავილების დასაკრეფად ვიყავი, როდესაც დოროთის ვაჟი ჩვენს მუშებს ესაუბრებოდა. მან თქვა, რომ მძინარე ელიზაბეტი ნახა. ასეთი სილამაზე ცხოვრებაში არ მინახავსო, ისეთი მშვენიერი იყო მძინარე, რომ ძლივს შევიკავე თავი არ მეკოცნაო. -ყველაფერი იმაზე ჩახლართულია ვიდრე მეგონა - ფრანკმა დანანებით გადმომხედა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა. *** -ძვირფასო და არაძვირფასო მეგობრებო - ფრანკმა ყველანი, მოსამსახურე პერსონალი, მუშები და სტუმრები მისაღებ ოთახში შეგვკრიბა. თვითონ ოთახის ცენტრში დადგა და ხმამაღლა დაიწყო საუბარი - წუხელ ძალიან, ძალიან ცუდი რამ მოხდა ჩვენს სახლში. გამოგიტყდებით და კონკრეტული ეჭვმიტანილი არ მყავს, თუმცა არის სამი ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი საზიზღარი ქმედების ჩამდენია. ნიკი, არტური და დოროთის ვაჟი. ეს სამი პიროვნება წუხელ ელიზაბეტის ოთახში იმყოფებოდა, სწორედ მათგან ერთ-ერთია დამნაშავე - ფრანკმა ღრმად ჩაისუნთქა - თუმცა მხოლოდ დაკითხვით ვერაფერს გავხდით. სამწუხაროდ არცერთ მათგანს ეყო გამბედაობა სიმართლე ეღიარებინა და ელიზაბეტის წინაშე პატიება ეთხოვა, თუმცა გადავწყვიტე რამდენიმე დღით ეს ამბავი დავივიწყოთ. შესაძლოა უცნაურად ჩანდეს, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება არ ექვემდებარება შეცვლას. ყველანი კვლავ უნდა დარჩეთ სასახლეში, იქნებ ამ დროში სინდისმა შეგაწუხოთ და მე თუ არა, ელიზაბეტს მაინც მოუბოდიშოთ და შენდობა სთხოვოთ. ახლა კი ამ დაძაბულობის გასანეიტრალებლად გადავწყვიტე მეჯლისი მოვაწყო. ელიზაბეტ - თბილად მომმართა მე და თვალის კონტაქტი დაამყარა ჩემთან - ვიცი, რომ გლოვის პერიოდში ხარ. მესმის, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს კი არა, არამედ ორ მამაკაცს გლოვობ, ეს ორივე მამაკაცი შენთვის ძალიან ძვირფასი და განსაკუთრებული ადგილის მფლობელები იყვნენ, თუმცა დაუსრულებელ, მარადიულ გლოვას სჯობს მზის სხივები შეაპარო შენს ჩამუქებულ ცხოვრებას. -მე არანაირი მიზეზი არ მაქვს მხიარულების. გუშინ ჩემი სხეული წაბილწეს, დამნაშავე ჯერ კიდევ ჩვენ შორის არხეინად დადის. ორი ჩემზე შეყვაებული მამაკაცი მიწას მივაბარე და როგორ ფიქრობთ, არის დრო ვიმხიარულო? თქვენი აზრით, როგორ ჩანს ეს ყველაფერი საზოგადოების არა, ჯოს და ჰენრის სულების თვალში? მომიწონებენ საქციელს? -თუკი მათ თქვენ გულწრფელად უყვარდით, აუცილებლად მოინდომებენ ღიმილიანი და ბედნიერი გნახონ და არა ყურებჩამოყრილი და ცხოვრებაზე შეძულებული. ხმა აღარ ამომიღია. ფრანკს გადაწყვეტილი ჰქონდა მეჯლისი და ჩემი ვერცერთი არგუმენტი ვერ გადაარმწუნებდა მას. ოთახში ყველამ ბუტბუტი დაიწყო. ფრანკისგან მეჯლისის ხსენებამ ყველა დააბნია. ის ვერასოდეს იტანდა მეჯლისებსა და მსგავს შეხვედრებს. მისთვის უცხო იყო ასეთი გართობის ნაირსახეობა. მე კი მეჯლისმა ჰენრი გამახსენა. სწორედ იმ დღეს, მეჯლისით დაიწყო ჩემი უბედურების კასკადი, რომელიც კვლავ გრძელდებოდა. გულის სიღრმეში პატარა, ნათელი წერტილი, იმედი გამიჩნდა, რომ მეჯლისით დაწყებულ უბედურებებს ახალი მეჯლისი ჩაკეტავდა და სადღაც რაღაცას წერტილს დაუსვამდა. -მინდა ყველამ დაიწყოთ სამზადისი და სამ დღეში ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს. არ მინდა ზედმეტი გადატვირთვა, ზედმეტი ყვავილები და უაზრო ნივთები. შეინარჩუნეთ სასახლის სტილი, ხიბლი და უბრალოდ შესძინეთ მას ესთეტიკურობა. ვიმედოვნებ ყველაფერს სწორად გაიგებთ. ამასთანავე ყველას, მათ შორის მომუშავე პერსონალსაც ჩემგან გადმოგეცემათ საჩუქრები და მეჯლისს თქვენც ისევე შეხვდებით, როგორც მდიდარი და დიდებული ოჯახების წარმომადგენლები. რუთ - ფრანკმა თმაზე ხელი გადაისვა და ცხვირის ნესტოები გააფართოვა - მინდა შენ და ელიზაბეტი წახვიდეთ მკერავთან და ორივემ უმშვენიერესი კაბები შეიკეროთ. ჩავთვალოთ, რომ მეჯლისით ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ფრანკმა ამ სიტყვებით დაასრულა მიმართვა და მისაღები დატოვა. ვერ გამეგო უნდა გამხარებოდა თუ არა მეჯლისის იდეა. თავიდან გამიკვირდა, შემდეგ გავბრაზდი, ბოლოს კი უცნაური იმედი ჩამესახა. -ელიზაბეტ, მინდა ვისაუბროთ - ნიკი ჩემს ყურთან ჩურჩულებდა - თხუთმეტ წუთში ვერანდაზე გამოდი - სასაუბრო თემა უკვე ვიცოდი, ამიტომ არ ვალოდინე და თხუთმეტ წუთში ვერანდაზე ვიდექი -ელიზაბეტ, არ ვიცი როგორ უნდა დავიწყო შენთან საუბარი ამ ყველაფრის შემდეგ. სირცხვილით თვალებში ვერ გიყურებ. მირჩევნია ახლავე მიწა გამისკდეს და შიგ ჩამიტანოს. არ ვიცი ეს ყველაფერი რას უნდა დავაბრალო, არც ის ვიცი როგორ უნდა გამოსწორდეს ჩვენი ურთიერთობა. -ნიკ, პირდაპირ მითხარი - ნერვიულობისგან გული მკერდში აღარ ეტეოდა. -მე იმ ღამით შენს საძინებელში ვიყავი. გიყურებდი როგორ გეძინა, როგორ მშვიდად ადიოდა და ჩადიოდა შენი მკერდი. გიყურებდი და ვფიქრობდი თუ როგორი სილამაზის პატრონი იყავი. ისიც კი ვიფიქრე, ღმერთს ნამდვილად არ დანანებია შენთვის სილამაზეთქო. მე შენს გვერდით ვიჯექი, მაგრამ ვერ შევძელი შენი დაცვა. ვიცი ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მე ვარ, თუმცა ის ყველაფერი მე არ ჩამიდენია, ელიზაბეტ - გულიდან ძალიან დიდი ლოდი მომწყდა და მიწაზე დაენარცხა - ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ მე ამის ჩამდენი ვიყავი. შენ ჩემთვის დასავით ხარ და შენი ჯოსთან ურთიერთობა ერთი წამითაც არ მაფიქრებინებს, რომ შეიძლება სხვა სახის ურთიერთობის უფლება მქონდეს შენთან. -ნიკ, შენ ჩემი საძილე ნაყენი დალიე? - სიტყვა შევაწყვეტინე და უეცარი ელდა მეცა. -კი, რა მოხდა? - ჩემი შეშფოთებული სახის დანახვაზე ნიკიც დაიძაბა. -მე არ მახსოვს რა მოხდა მას შემდეგ რაც ეგ ნაყენი დავლიე. მთელი ღამე წაიშალა ჩემს გონებაში, ისეთ ფაქტებს მეუბნებიან, რომელიც სიზმარშიც კი არ მინახავს და იქნებ - თავი ჩავღუნე, რადგან მის თვალებში შეხედვის მერიდებოდა - არც კი გახსოვს როგორ მოხდა ეს ყველაფერი? -შეუძლებელია - მიპასუხა ნიკმა, თუმცა მის პასუხს ორჭოფობა დაეტყო. *** მე და რუთს თითქმის არასოდეს გვქონდა შესაძლებლობა მარტო გვესაუბრა, თუ არ ჩავთვლით იმ ღამეს, როდესაც ცუდად გავხდი. სწორედ იმ ღამით გავიგე ფრანკისა და ლილიანის სიყვარულის ისტორია. გონებაში კი ყოველთვის დაძვრებოდა ერთი მოუსვენარი ჭია, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა. მაინტერესებდა რა ურთიერთობა ჰქონდათ ამ ორს ისეთი, რომ ამდენი წლის შემდეგაც ასეთი მოწიწებით მოიხსენიებდნენ. მკერავი სხვა ქალაქში ცხოვრობდა, შესაბამისად სამკაოდ დიდი დრო მქონდა რუთისგან ჩემთვის უცნობი ამბავი გამეგო. -რუთ, ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს ფრანკის ცხოვრებაზე, შენ კი ერთადერთი ხარ, ვინც მას ასე კარგად იცნობს - რუთის ნდობის მოპოვება მაშინვე დავიწყე, როგორც კი ეტლი ადგილიდან დაიძრა - იქნებ გავხდეთ საუკეთესო მეგობრები და მეტიც, ვიყოთ ერთმანეთის მესაიდუმლეები. -ძვირფასო, ელიზაბეტ, მე მონა ვარ ფრანკის გრძნობების და რთულია ჩემთვის მასზე ისე გესაუბრო, როგორც ეს შენ გინდა. მეგობრობას რაც შეეხება კი, ღმერთია მოწმე, მე ვეცადე შენთვის სიკეთე გამეკეთებინა, მაგრამ ყველაფერი ისე ვერ გამოვიდა, როგორც უნდა ყოფილიყო. -რას გულისხმობ? - რუთის ნათქვამის აზრს ვერ ჩავწვდი და ინსტინქტურად მისკენ გადავიხარე, თითქოს ასე უფრო კარგად გავიგონებდი მის სიტყვებს. -ჯერ შენ პატარა ხარ, ცხოვრება კიდევ ბევრ გაკვეთილს ჩაგიტარებს. -რუთ - ხმამაღლა გამეცინა - ჩვიდმეტი წლის ასაკში ორი საყვარელი მამაკაცი მივაბარე მიწას, ერთი თავის პატრიოტიზმს შეეწირა, მეორემ კი გულწრფელად შემიყვარა. ორი დღის წინ კი ვიღაც ვიგინდარა ოთახში შემოიპარა და გამაუპატიურა, ნუთუ უნდა მოხდეს კიდევ რამ, რაც მე გამაკვირვებს. -ვისზე გაქვს ეჭვი? - არც რუთს ჰქონია საიდუმლოების განდობის გარეშე მგზავრობის ილუზია. -სამწუხაროდ არ ვიცი, ნეტავ მქონდეს ეჭვი, რომელსაც ჩავებღაუჭებოდი. -ყველაფერი დალაგდება, მთავარია სწორი სვლები გააკეთო - რუთის ცხვირი პროფილში უცნაურად დიდად გამოიყურებოდა, მისი თვალები კი რაღაცას მალავდნენ და ბაგედან გამოშვების უფლებას არ აძლევდნენ. -და მაინც, რა ურთიერთობა ჰქონდათ ფრანკს და ლილიანს ასეთი, რომ ლეგენდები დადის ან რატომ არ შეგვიძლია მისი ოთახის ნახვა? -ეს ფრანკს უნდა ჰკითხო, თუმცა ერთს კი გეტყვი, ფრანკისთვის ლილიანი იყო მზე, რომელიც ყოველ დილით უნათებდა ბნელ ოთახს. ლილიანის მომღიმარი სახე ფრანკს გულს ისე უთბობდა, რომ ყველა მსახურს ოჯახის წევრებად გვექცეოდა, თუმცა იყო ფრანკი ცოტათი უცნაური, ჰქონდა მას ისეთი ჩვევები, რასაც ლილიანი ვერ უგებდა, მაგრამ - წინადადება აღარ დაასრულა რუთმა - რატომ დაინტერესდი? -ისე, უბრალოდ - ვუთხარი მოკლედ, ახსნებისა და განმარტებების გარეშე და თემაზე დაბრუნება ვცადე - შენ იცოდი მათი ურთიერთობის დეტალები? -სამწუხაროდ - მისი თვალები უცნაურმა სევდამ შეიპყრო. -და არ ეჭვიანობდი? -გიყვარდეს კაცი და მას სხვა ქალთან ხედავდე, ძალიან რთულია. მე ყოველ ღამით მესმოდა მათი ოთახიდან გამოსული სიყვარულის ხმები, ბევრჯერ თავადაც წარმომედგინა როგორი იქნებოდა თუკი მე ლილიანის ადგილას ვიქნებოდი, თუმცა ამას ვუძლებდი და ახლაც გავუძლებ. ფრანკის მიმართ სიყვარულს ზოგი სიგიჟეში მითვლის, თუმცა ეს არ მადარდებს. ჩემთვის ფრანკის სიყვარული თვითმკვლელობის ტოლფასია და მე ამაზე თანახმა ვარ. -იქნებ ერთ დღესაც შეგიყვაროს, რუთ - გულწრფელად თანავუგრძნე. -დამცინი? - ულვაშებში ირონიულად ჩაეცინა რუთს - ვერ ხვდები, რომ ეს მეჯლისი შენ გეძღვნება? ელიზაბეტ, თვალები გაახილე და ყველაფერი კარგად მოათვალიერე, იქნებ საკუთარი ბედიც დაინახო სადმე. მე ვერ მივიღებ შენ მაგივრად გადაწყვეტილებას, თუმცა მე წავიდოდი, ახლავე, აი ამ ეტლიდან გადავიდოდი და სასახლეში აღარ დავბრუნდებოდი. -და რატომ? -რამე კარგი მოგიტანა სასახლეში ყოფნამ? - ხმის ტონს აუწია და ჩემკენ, პირდაპირ თვალებისკენ წამოწია თავი. -რუთ, ძალიან მაბნევ, თუკი რამის თქმა გინდა პირდაპირ მითხარი - კაბის სახელოები ხელის გულში მოვიქციე და ნერვიულობისგან მოვქაჩე. -მე ფრანკი მიყვარს, ელიზაბეტ, როგორ უნდა გითხრა მას ცოლად გაყევითქო? ნუთუ ასეთი სულელი გგონივარ. შენ მას ვერ გაუგებ, ვერც ლილიანი უგებდა, მე კი მივცემ იმას, რაც მას სურს და ძალიან გთხოვ მეტი ამ თემაზე არაფერი მკითხო, ისედაც ბევრი გაიგე და თუ ჭკუა გაქვს, ყველაფერს გააანალიზებ. ქალაქამდე სამი საათის გზა იყო, ჩვენ კი ერთმანეთისთვის მეტი სიტყვა არ გაგვიცვლია. ვისხედით მდუმარედ ორი ქალბატონი, რომელთაგან ერთი უზომოდ შეყვარებული იყო მამაკაცზე, რომელიც ზედაც არ უყურებდა, ხოლო მეორეს უყვარდა ორი გარდაცვლილი მამაკაცი, თუმცა გათხოვებას კვლავ აპირებდა სიმარტოვის შიშის გამო. ვისხედით ერთმანეთის პირისპირ და თვალებით კონტაქტს გავურბოდით. გავყურებდი შემოდგომისფერებშეპარულ მთებს და მილიონ რამეზე ვფიქრობდი. მაინტერესებდა, რას მეტყოდნენ ჯო და ჰენრი, როგორი იქნებოდა მათი რეაქცია, როდესაც ჩემი გათხოვების ამბავს გაიგებდნენ. მაინტერესებდა, ვინ გაბედა ჩემი გაუპატიურება და რა იყო ამის მიზეზი. დამყურებდნენ მთები და მზაკვრულად იცინოდნენ, იქნებ დამცინოდნენ კიდეც. იქნებ ეცინებოდათ ჩემს ცხოვრებაზე, რომელსაც აქეთ-იქეთ ისე ვატრიალებდით მე და ბედი, რომ ლამის ხელიდან გაგვიძვრა და გაგვეპარა. ვფიქრობდი რუთზეც, რომელშიც ორი ქალი ბობოქრობდა. ერთი ხისტი და მუდამ პირქუში, მეორე მხრივ კი - თბილი და ყურადღებიანი. ამ ორ ქალს კი ერთი დიდი საერთო ჰქონდათ - ფრანკის მიმართ უზღვავი სიყვარული. *** -არის რაიმე, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდე? გთხოვ, მიპასუხე როგორც ქალმა ქალს, როგორც ადამიანმა ადამიანს, როგორც მეგობარმა მეგობარს - რუთის ხელი ხელებში მოვიქციე - მეშინია არასწორი ნაბიჯის გადადგმის, მეშინია, რომ ბედი კვლავ დამცინებს და ამჯერად მოახერხებს ჩემს მიწასთან გასწორებას. იქნებ არის რაიმე, რაც იცი და ვერ მეუბნები. გადადგი ნაბიჯი და გადამარჩინე თუკი საქმე აქამდეა მისული. რუთ, ამაზე კარგ დროს ვერ ვნახავთ. შეხედე - ხელი მთებისკენ გავიშვირე - სასახლეს მივუახლოვდით. თუკი მეტყვი, რომ სჯობს სასახლეში არ წამოვიდე ახლავე გავიქცევი, ხოლო თუკი სასახლის ეზოში შევალთ მე მომიწევს ფრანკის წინადადებას დავთანმხდე. -რატომ მოგიწევს, ელიზაბეტ. ნუთუ ყველა კაცთან შეგიძლია ყოფნა, ვინც კი ოდნავ სითბოს გამოხატავს შენ მიმართ - ხელი გამომგლიჯა და ფეხებს შორის ჩაიდო. -ყველაფერი ასე მარტივი არ არის. ეს შეიძლება გარედან ჩანდეს ასეთი იოლი. -და რა არის სინამდვილეში? - ჩემ მიმართ ბრაზს ვეღარ აკონტროლებდა რუთი - შენ პატარა, თავნება გოგო ხარ, რომელსაც შეუძლია ერთი ღიმილით მამაკაცები ფეხქვეშ გაიგოს. შენ არ იცი რა არის სიყვარული. შენ რომ ყველაფერი იცოდე, მიხვდებოდი, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ მე შემიძლია. ფრანკიც მხოლოდ მე მიყვარს და შენ უბრალოდ მის გამოყენებას აპირებ. -რატომ მეუბნები ამას? - გულისწყვეტით ვუყურებდი მას და თვალები ცრემლით მევსებოდა - ნუთუ მე ვარ დამნაშავე, რომ ქმარი მომიკლეს, იქნებ ჯოს სიკვდილშიც ურევია ჩემი ხელი ან რა ვქნა თუკი ფრანკს შევუყვარდი? ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა, თოჯინასავით აქეთ-იქეთ მათამაშებენ და თუკი ცხოვრებას არ მივცემ უფლებას, რომ სანაგვეზე მომისროლოს, ამისთვის უნდა დავისაჯო? -შენი პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ცხოვრებამ არ დაგინდო და ძალიან ბევრი რამ დაგიშავა, არამედ იმაში, რომ ყველაფერს გულუბრყვილოდ ენდობი და იჯერებ. მათ შორის მეც, ნუთუ ღირს ჩემი ნდობა, იქნებ ყოველ სიტყვაში გატყუებ. თვალები გაახილე, ელიზაბეტ - ცოტათი მოლბა რუთი. -მაშინ მირჩიე რა ვქნა, როგორ მოვიქცე. -შენი ცხოვრებაა და გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღო. მე ჩემს თავზე ვერ ავიღებ ვერც შენს ბედნიერებას და ვერც უბედურებას. თუმცა შენზე ბევრად მეტს ვუყურებ და ბევრად მეტი მესმის. ირგვლივ უამრავი მგელია, რომელთაც შენი დაგლეჯა უნდათ. საძინებელში შემოვარდნით ერთმა უკვე გაგკრა კბილი, კიდევ რამდენმა უნდა მიირთვას შენი ხორცი ვახშმად? მე უკვე გავხდი რაღაცის მონა, ნუ მომბაძავ მე, ნუ იქნები ტყვე - რუთმა ეტლის კარი გააღო და წიხლით ქვემოთ ჩამაგდო. როდესაც აზრზე მოვედი, მეეტლე თავის ცხენებს მოსახვევისკენ უბიძგებდა. მე კი ვეგდე მიწაზე ყვითელ ფოთლებში და რუთზე ბრაზი ყელში მებჯინებოდა. -როგორ გაბედა ამ ვიღაც მოსამსახურემ, რომ ეტლიდან გადმომაგდო. თავი ვინ ჰგონია, თავხედი, უზნეო - უშრეტი ფანტაზია ჩამერთო და რუთი საშინელი სიტყვებით ვლანძღე. ბრაზი ჩაქუჩებს პირდაპირ ტვინში მირტყამდა და თვალებიდან ნაპერწკლებს მაყრევინებდა - საკუთარი ხელით მივახრჩობდი და აქვე, ამ ფოთლებში მივაგდებდი მის სხეულს მგლების საჯიჯგნად და გულიც არ დამწყდებოდა - ჩემში სიბრაზის ბუკეტმა იფეთქა და უძლურების განცდისგან ხელების მიწაზე რტყმა დავიწყე - მე შენ გიჩვენებ სეირს, მოსამსახურე გოგოვ, ნახავ თუ შენი დიასახლისი არ გავხდე და განანებინო ეს საქციელი. უკვე ბინდდებოდა, სახლამდე კი დაახლოებით სამი კილომეტრი მაშორებდა. შიშმა ამიტანა, სხეულში პატარა ჭიანჭველებივით შემომისახლდნენ და ცოცვა დაიწყეს. პირველად გულისკენ წავიდნენ, სადაც ყველაზე მარტივი იყო შიშის ძაფების გაბმა და ნელ-ნელა ხელებისკენ წამოვიდნენ, რომლებმაც ცახცახი დაიწყეს. მეშინოდა სიმარტოვის, ტყის ხალხის და ტყის ცხოველების, თუმცა ეს ბოლო ორი ერთმანეთისგან თითქმის არ განირჩეოდა. -თავი მაღლა აწიე - ჯოს ხმა ფოთლების შრიალთან ერთად მოვიდა ჩემთან და ფეხზე წამომახტუნა. ირგვლივ გიჟივით მიმოვიხედე და გზის ბოლოში ჯო დავინახე, მის უკან კი ჰენრი იდგა - ნურაფრის გეშინია, ელ, ჩვენ შენ გვერდით ვართ. შიშმა სუნთქვა შემიკრა. ჯოსა და ჰენრის მკაფიოდ ვხედავდი, ისევე, როგორც იმ მთებს ირგვლივ, რომ გვერტყა. -თქვენ რეალურები არ ხართ, თქვენ - ხმა ჩამიწყდა და ცრემლები ლოყებზე სწრაფად დაეშვნენ - უთქვენოდ მე უსუსური ვარ, უთქვენოდ მიჭირს ცხოვრება. ჯო, ჩემო საყვარელო, შენი სიკვდილის გამოგლოვებაც კი არ მაცადეს, ხომ ხედავთ რა დამემართა. ახლა კი აქ ვარ, შუა ტყეში და არ ვიცი საით წავიდე. -საითაც გული მიგიწევს - ჰენრიმ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და ჩემკენ წამოიწია - ჩვენ მაინც ყოველთვის მხარში დაგიდგებით. -იცით ვინ იხმარა ძალა ჩემზე? - ჯომ და ჰენრიმ ერთმანეთს გადახედეს და გაიღიმეს. -ელიზაბეტ, ძალიან მარტივი გგონია ცხოვრება, ძვირფასო - ჰენრიმ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, მე კი ერთი ნაბიჯით დავიხიე უკან - ყოველ ნაბიჯს დაუფიქრდი და გულთან ერთად ცოტა გონებასაც მოუსმინე. ყველას ნათქვამი წინადადებები გონებაში აკინძე და ისე წაიკითხე. -უბრალოდ მითხარით როგორ მოვიქცე - ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ თავის შეკავება არ შემეძლო. -მინდა იცოდე, რომ შენ მარტო არ ხარ - ცხენის ფლოქვების ხმასთან ერთად ჯოსა და ჰენრის გამოსახულებები გაქრნენ. ვერც კი შევამჩნიე, რომ მათთან საუბარში, რომელიც მე სულ ხუთი წუთი მეგონა, მზე ბოლომდე ჩასულიყო მთის დასავლეთ მხარეს და სავსე მთვარე თავზე დამნათოდა. -ელიზაბეტ ... ელიზაბეტ ... - შორიდან ფრანკის ხმა შემომესმა. კაბა მუხლებამდე ავიწიე, ხელში დავიჭირე და ხმისკენ გავიქეცი. მივრბოდი და თან გულსა და გონებას ვუსმენდი. ჯოსა და ჰენრის სიტყვებს ვაკვირდებოდი, თუმცა მათი ნახვით გამოწვეულ შიშსა და ბედნიერებას ყველა სხვა გრძნობა გადაეფარა. მივრბოდი და ვიცოდი, რომ მე ფრანკი ავირჩიე. მივრბოდი ბედნიერი. მივრბოდი კაცისკენ, რომლის ცოლობაც იმ მომენტში საბოლოოდ გადავწყვიტე. მივრბოდი გადარჩენილი, ლაღი და საკუთარ თავში გარკვეული. -ფრანკ, აქ ვარ, ფრანკ - ვუყვიროდი მეც და რაც ძალა მქონდა მისკენ მივრბოდი, ვაპობდი ჩემკენ მომავალ ქარს და მგლების ყმუილის ფონზე ფოთლების შრიალით მივაბიჯებდი ჩემი სიყვარულისკენ. ფრანკმა ცხენი ჩემ წინ შეაყენა და ჩამოხტა. -კარგად ხარ, ელიზაბეტ? - ხელები დამიკოცნა და ძლიერად ჩამეხუტა - მიხარია, რომ უვნებელს გხედავ. -ფრანკ, მე თქვენ მიყვარხართ - დავიყვირე ხმამაღლა. მთებმა ექო შექმნეს და უკან ჩვენკენ გამოგზავნეს ეს ჯადოსნური სიტყვები. ფრანკმა ხელში ამიტაცა და დამატრიალა. მთები კი თითქოს კვლავ გაიძახოდნენ - ელიზაბეტს ფრანკი შეუყვარდა. -მე უბედნიერეს მამაკაცად მაქციეთ, ელიზაბეტ - ბედნიერებისგან ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა ფრანკი და სახეს მიკოცნიდა. *** სასახლეში მისულს ყველა თავს დამტრიალებდა, მე კი თვალებით რუთს ვეძებდი. ის კი ოთახის კუთხეში აწურულიყო და შორიდან მაკვირდებოდა. -რუთ სალაპარაკო გვაქვს - სწრაფი ნაბიჯით მივედი მასთან, მკლავში ხელი ჩავჭიდე და ჩემს საძინებელში ავიყვანე - როგორ მოიქეცი ასე, თავხედო - ოთახში შევიყვანე და ძლიერად მოვიქციე. რუთი წაბარბაცდა - რა თქვი რატომ არ მოვედი სახლში? -მე სიმართლე ვთქვი - ასპარეზზე გადმოვიდა რუთი - ვთქვი, რომ ეტლიდან ჩახვედი და ფეხით გასეირნება გადაწყვიტე. -და ეს არის სიმართლე? - რუთს ყელში ვწვდი და კედელზე ავაყუდე - მომისმინე, რუთ, ვიფიქრე, რომ სიმართლეს ვიტყოდი და ფრანკს სასახლიდან გავაგდებინებდი შენს თავს, თუმცა შენთვის ეს ზედმეტად ბედნიერი სასჯელი იქნებოდა. ახლა კი მე შენი ქალბატონი გავხდები, შენ კი პირადად ჩემი მოსამსახურე იქნები. ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც მე გიბრძანებ. შენთვის სწორედ ეს იქნება ყველაზე დიდი სასჯელი - უყურო საყვარელ მამაკაცს სხვა ქალთან და იყო ამ ქალის მოახლე. -შენ მე კითხვა დამისვი - თავი დაიხსნა რუთმა და საწოლზე დაჯდა - მევედრებოდი შენთვის მეთქვა რა სჯობდა, როგორ უნდა მოქცეულიყავი და მეც გიპასუხე. -აღარ აქვს მნიშვნელობა, რუთ - ბრაზი ჩემში არა და არ ცხრებოდა - მე ჩემი გადაწყვეტილება უკვე მივიღე. სულ მალე ფრანკის ცოლი გავხდები და მოგიწევს ამას შეეგუო. -მთავარია ეს ისტორიაც ისე არ დამთავრდეს როგორც ფრანკის და ლილიანის, თორემ შენი ოთახის ჩაკეტვაც მოუწევს ფრანკს და მის გვერდით ისევ მე ვიქნები, ისევ მე ვანუგეშებ და ვინ იცის, იქნებ შემიყვაროს კიდეც - ეშმაკები ჩაუსხდნენ თვალებში. -ნუ სულელობ, რუთ. ფრანკს შენ არასოდეს შეუყვარდები - სარკეში საკუთარ ანარეკლს შევხედე. თვალებიდან რისხვა გადმომდიოდა - მე და ლილიანს კი საერთო არაფერი გვაქვს. -ღმერთია მოწმე მე შენთვის კარგის მეტი არაფერი მინდოდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად გამოვიდა. აქ კი განგება შენ წინააღმდეგაა მომართული - ფეხზე წამოიმართა და სარკეში ჩემ უკან დადგა - შენ ნამდვილად სულელი ყოფილხარ თუკი ამ ყველაფერს ვერ მიმიხვდი და ისევ აქ გამომეცხადე, თანაც ჩემზე გაბრაზებული. ელიზაბეტ, შენ ნამდვილად დაგცინის შენი ბედი - სარკეში თვალი თვალში გამიყარა და ეშმაკურად ჩაიცინა - შენ ფრანკს ვერ გაუგებ, მისი მხოლოდ მე მისმის და ამას თავადაც მალე მიხვდება. -შენ ჩემს დონემდე ვერასოდეს მოხვალ, რუთ და ტყუილად ნუ გექნება რაიმეს იმედი. შენ რომ ფრანკს უნდოდე, აქამდე შეგიყვარებდა. მგონი მისთვის ქალადაც კი არ აღიქმები. -ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს, ელიზაბეტ. მე შენი მეტოქე არ ვარ, შენგან განსხვავებით კარგად ვიცი ჩემი ადგილი და, რაც მთავარია, მოთმინების უნარით გამოვირჩევი. ყველაფერს დაველოდები და შემდეგ ჩემს საბოლოო სიტყვასაც ვიტყვი. ახლა კი დაიძინე და დაისვენე, ხვალ მეჯლისის სამზადისს ვიწყებთ და ფრანკი ყოველ დეტალს შენთან შეათანხმებს, ამიტომ წინასწარ მოიფიქრე როგორი მეჯლისი გინდა. ფრანკს ვეტყვი სიმპათ0იური მამაკაცები არ მოიწვიოს, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ არ გაეკიდები - ბოლო სიტყვები გველის შხამივით შემოაგდო ოთახში და კარი ძლიერად გაიხურა. **************** ავტორისგან: ძალიან გამეხარდება თუკი გამიზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებსა და მოლოდინებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.