"ზიგარა"
-გამწყვიტა წელში ამ ოხერმა,უჰ,- სიმწრით წამოიძახა ზიგარმა. -ცოტაც გაუძელ,ზიგარ,ცოტაც,-ვეცადე სიტყვით მაინც დავხმარებოდი,სხვა მეტი არაფერი შემეძლო. მე და ზიგარა გვერდიგვერდ ვმუშაობდით, ყოველ დღე გვიწევდა სიმძიმის აწევა.ყველაფერი გვტკიოდა ამდენი ჯაფისგან.ჩვენი უფროსები გულქვა ადამიანები იყვნენ. არ ესმოდათ ჩვენი,რომ ამდენი ტვირთი ყოველ დღე გაუსაძლისი იყო.ზიგარა უკვე ასაკში იყო.ყოველდღე ნატრობდა სიკვდილს,რომ მის ტანჯვას მოღებოდა ბოლო. -მემუშავა აფთიაქში,ამ ცხოვრების დედაც..-ძლივს მოითქვა სული ზიგარამ. -მაგ ტანით ვინ გამუშავებდა აფთიაქში,ჩემი არ იყოს,-გამეცინა. -რა დავიბადე ამისთანა დევი?!-გაუბრაზდა თავს. -ჩვენი ბედიც ეს არის,ეჰ,-ხელი ჩავიქნიე და ჩვენსკენ მომავალ, ქალბატონს დავაკვირდი. -აუჰ!-თავში შემოვიკარი ხელი,უკვე ვიცოდი წელში, ან მე გავწყდებოდი,ან ზიგარა. -აუჰ!-ამყვა მეგობარიც. ქალბატონი მომიახლოვდა და ჩემი უფროსის დახმარებით ზურგზე შემდგა. ტკივილმა და სიმძიმემ ერთიანად ჩამზნიქა. -რამდენია?-იკითხა და დამაკვირდა. -ასექვსი კილო და რვაას ორმოცდაათი გრამი,ქალბატონო. -რას მეუბნები?-კოპები შეყარა ქალმა. -რა ვქნა,ქალბატონო,ჩემი სასწორი ზუსტია,-შემაქო უფროსმა. -ოღონდაც გადადი და ისე ილაპარაკე!-დავუყვირე წელმომწყდარმა. -ცოტაც გაუძელ,მეგობარო,- შევეცოდე ზიგარას. -კიდევ ერთხელ,ამწონეთ!-ხურდა მიაწოდა და ჩემს ზურგზე შეთამაშდა. -ვაჰ,რა უცნაური ხალხი ხართ?!-ჩაიბურტყუნა უფროსმა და ხელმეორედ გადამაჩოჩა თავზე გირი. -უხ,შენი!-ტკაცა-ტკუცი ამიტყდა ნეკნებზე. -ქალბატონო,ისევ იმდენი ხართ,არცერთი გრამით არც მეტი,არ ნაკლები! -ჰმ,მეეჭვება!-გაბრაზებული გადახტა და ზიგარას მიმართულებით წავიდა. -ოღონდ ეს არა!-წამოიძახა და ზიგარამ და სუნთქვა შეკრა. -ზიგარ, მეტი აჩვენე!-გავძახე. -მომკლა,ამ უპატრონომ!-სიმძიმისგან ლამის თვალები გადმოსცვივდა ზიგარას. -ასრვა კილო და ცხრაასი გრამი,"პაჩტი"კილო რა,-ზიგარას უფროსმა გვერდები შეუთვალიერა ქალს. -თქვენი სასწორები აფრენს!-ქალმა გაბრაზებით მოგვატარა თვალი და ბაჯბაჯით გაგვეცალა. -მოსიარულე მაცივარი!-მიაძახა ზიგარას უფოსმა. თუ რამე გამაცინებდა,არ მეგონა.ავხარხარდი და ზიგარაც ამყვა. ვიცოდით,ის ქალი მეორედ აღარ გაგვეკარებოდა. -მიხვდი,ზიგარ? უნდა მოვიტყუოთ,სხვა გზა არ არის,კლიენტს დაკარგავენ და ჩვენც გვეშველება!-შევძახე გახარებულმა. -რა ჭკვიანი ხარ,ბიჭო!-ზიგარაც გამხიარულდა. -ბე,ბებო,ამწონე რა?!-პატარა ბიჭმა მოირბინა ჩემთან და ბებოს თანხმობას არ დალოდებია,ისე წამოსკუპდა ჩემს ზურგზე.ისე მესიამოვნა,ისე მესიამოვნა,სულ დამავიწყა წეღანდელი ტკივილები. -ერთი ეს ბავშვი ამიწონეთ,-ღიმილით მოგვიახლოვდა ხანშიშესული ქალბატონი. -ჩიტივით ხარ,-ვუთხარი და თავზე გირი მოვიმარჯვე. -ჩიტი კი არა,მე დინოზავრი ვარ!-ჩამომძახა ბავშვმა და ადგილზეც გავშეშდი. -რა?-იქიდან ზიგარამ დააღო პირი. -რა და,დინოზავრი ვარ!- ახლა ზიგარს მიუტრიალდა. -შენ რა ჩვენი გესმის?-გაოცებისგან მეც დავაღე პირი. -მესმის!-ეშაკურად ჩაიცინა. -მათე,აქ მაინც გაჩერდი,ბებო?-მოხუცმა თვალი მოგვატარა,საეჭვო ვერავინ დაინახა და ისევ შვილიშვილს დააცქერდა. -ბე,სასწორები მელაპარაკებიან,-ისევ ჩაიცინა. -ყურადღებას ნუ მიაქცევთ,ასე თამაშობს მთელი დღე,ხან ბურთს ელაპარაკება,ხან რვეულებს,ხან წიგნებს,-უხერხულად ჩაილაპარაკა ქალმა ჩემი უფროსის მისამართით. ჩემმა უფროსმა ყურადღება არ მიაქცია,ფულის გარდა არაფერი აინტერესებდა. -რამდენი წლის ხარ,მათე?-ღიმილით ავხედე. -ოთხის,გუშინ მქონდა დაბადების დღე,იცი რა მაგარი, დიდი ტორტი მქონდა,მანქანიანი?-აღტაცებით მითხრა. -მათე!-ბებო ისევ გაუწყრა. -ბებო,უთხარი რა,ხომ მაგარი ტორტი მქონდა?! -ვის ვუთხრა,ბებო?-ქალმა ,რომ დამხედა,მე დავინახე. -ამას,-თითი ჩემსკენ გამოიშვირა ბიჭუნამ. -ოჰ,რა ცელქი ხარ,მათე,-მსუბუქად დატუქსა შვილიშვილი. -მათე,-ახლა ზიგარამ დაუძახა. მათემ ეშმაკურად გააცოცა თვალები და ჩაიცინა. -უთხარი ბებოს,ჩემთანაც აგწონოს. -მგონი,მეტი ფული არ აქვს,-მხრები აიჩეჩა ბიჭუნამ და ბებოს მიუტრიალდა.-ბე,იმ სასწორზეც ამწონი? -ამ სასწორს რას უწუნებ?-ჩემმა უფროსმა წარბაწევით დახედა. -იმასაც უნდა და იმიტომ!-გაჯიუტდა მათე. -ვის რა უნდა?-დაეჭვდა ჩემი მფლობელი. -აი,იმ სასწორს,დამიძახა წეღან,-თავით ზიგარასკენ აჩვენა. -ო,რადგან დაგიძახა,-გაეცინა. -მათე,იცოდე,მეორედ არსად წაგიყვან!-დაემუქრა ბებო და ხელი ჩაკიდა. -ბებოს უთხარი,აქ ხშირად მოგიყვანოს,-მივაძახე ბიჭუნას.არ მინდოდა წასულიყო.ძლივს ვიღაცამ ჩვენი ხმა გაიგონა,თან რამდენი რამ მქონდა სათქმელი,ეჰ! სანამ ზიგარამდე მივიდოდა,ჩემთან ზორბა მამაკაცი მოვიდა და ბეჭებზე შემდგა. -ვაიმე,დედა!-ტკივილი განმიახლდა.ჩემს ხმაზე ბიჭუნა ხელიდან დაუსხლტა ბებოს და ჩემსკენ გამოიქცა. -ჩამოდი!-დაუყვირა მამაკაცს და დოინჯი შემოირტყა. -მათე!-გამოედევნა ბებო. -ჩამოდი!-არ მოეშვა ზორბას. -რა გინდა,შვილო?-გაკვირვებულმა გადმოხედა ბავშვს. -მძიმე ხარ და სასწორს ზურგი ეტკინა!-ფეხებიც დაუბაკუნა. -ვისია ეს ბავშვი?!-გაბრაზდა მამაკაცი. -ბოდიშის გიხდით ბატონო,-ქალმა ბიჭუნას მკლავში მოკიდა ხელი და წაყვანა დაუპირა. -გტკივა?-ბებოს ხელი გააშვებინა და ჩემთან ჩაიცუცქა. -ძალიან,-ძლივს ამოვთქვი. -ჩამოდი,ცუდი ძია ხარ შენ!-შეუბღვირა მამაკაცს და შარვალზე დასწვდა. -მომაშორეთ ეს ბავშვი!-უფრო მეტად მოერია სიბრაზე. -მათე! -ხელმეორედ ჩააფრინა ქალი ბიჭუნას. -ბებო, სტკივა,ცოდოაა,-ცრემლები მოერია მათეს. -ხომ არ გადარეულხარ,ბებო,ვის სტკივა? რა სტკივა,სასწორია შვილო,ეს,-ცოტა არ იყოს შეცბა ქალი. -მერე რა,რომ სასწორია,ნახე ეს რამხელა კაცია,ვერ ძრავს ბებო!-ატირდა. -მგონი ექიმთან გყავთ მისაყვანი ეს ბავშვი,-ჩემმა უფროსმა ბიჭუნა საეჭვოდ აათვალიერა. -საექიმო ეს კი არა შენ ხარ!-მივაძახე გამწარებულმა. -იქით ავიწონები!-გაბრაზდა ზორბა და ზიგარასკენ წავიდა. -ტფუი! კლიენტი დამაკარგინა,-ჩაიღრინა ჩემმა მფლობელმა. -აუფ!-ზიგარამ მისკენ მიმავალი,რომ დაინახა,არ ესმიამოვნა. -ზიგარ,მეტი აჩვენე!-შევახსენე. -ღმერთო,როდის მოეღება ბოლო ჩემს ტანჯვას!- ძლივს ამოთქვა ზიგარამ და წელი სიმძიმემ ჩაუზნიქა. -ჩამოდი!-ახლა იქ მიირბინა ბიჭუნამ და ზორბას დაუყვირა. -მომაშორეთ ეს ბავშვი,ვისია?! -ჩამოდი,ცუდი ძია ხარ,შენ!-ცრემლები მაისურის სახელოთი მოიწმინდა და ახლა ზიგარასთან ჩაცუცქდა. -გტკივა?-ჰკითხა სლუკუნით. ზიგარამ მძიმედ ამოისუნთქა და ისეთი მჭახე ხმა გამოსცა,მივხვდი,რომ ცუდად იყო მისი საქმე. -აუჰ,ჩატყდა სასწორი,-თავში ხელი შემოიკრა ზიგარას პატრონმა. -ზიგარ!-დავუძახე შეშინებულმა. -ზიგარ,ბიჭო!-ხმას ავუწიე. ზიგარა ჩუმად იყო. -მათე,წამოდი დროზე!-მოთმინების ძაფი გაუწყდა ქალს და უხეშად წაავლო ხელი ბიჭუნას. -ბებო,ცუდადაა,უშველე რა?!-ბიჭუნა გაუძალიანდა, ისევ ზიგარასთან ჩაიცუცქა და სასწორს თითი მიჰკრა. ზიგარა არ განძრეულა.ზორბა უკმაყოფილოდ გადმოვიდა სასწორიდან და წასვლა დააპირა. -ზიგარ,ბიჭო! ამოიღე ხმა!-დავუძახე სასოწარკვეთილმა. -მგონი მოკვდა,ბებო!ხმას აღარ იღებს!- ბიჭუნა შეშლილივით წამოხტა და ზორბას წინ გადაუდგა. -შენ მოკალი! ცუდი ძია ხარ შენ!-დაუყვირა და ატირდა. -მათე!-ბებოს ნერვებმა უმტყუნა.წვალებით აიყვანა ხელში და ეცადა სწრაფი ნაბიჯით გაგვცლოდა. -მოკვდა ბებო,იცი,როგორ ეტკინა? მძიმე იყო ის ძია და ვერ გააგებინა,ბე!-პატარა ბიჭუნას ღრიალი კარგა ხანს მესმოდა. მე გახევებული ვიდექი და ვერც ვიგრძენი,რამდენი ადამიანი შემდგა ზურგზე.ვუყურებდი წელში გადატეხილ მეგობარს და ცრემლები თავისით მდიოდა. -ბებო,იმასაც სტკიოდა,იმ ზიგარასაც მოკლავენ! შორიდან მომესმა ბიჭუნას ხმა. დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.