შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი კვირა ერთ ოთახში (მეხუთე თავი)


30-10-2021, 17:03
ნანახია 872

სტეიკისა და „გარნირის“ მომზადებამდე მოსაღამოვდა კიდეც. უმზეოდ დარჩენილ ცას ფირუზისფერი კაბა ნელ-ნელა ჩამოუცურდა და მოღეღილი, შევარდისფრებული მკერდი გამოუჩნდა. იასამნისფერი შეეპარათ მთვლემარე ღრუბლებს, რომლებიც მის გულზე მშვიდად მიწოლილიყვნენ. აატმისფრდა თვალუწვდენელი ჰორიზონტიც და პარიზულ დაისში გაახვია ქალაქი. ეიფელის კოშკი ისე წამოინთო, როგორც ვნება ორ უცნობს შორის სურნელთა თანხვედრისას. შორიდან მონაქროლი პროვანსის სურნელით ივსებოდა ქვაფენილიანი ქუჩა; განელებული ლავანდას არომატი კედლებზე მოცოცავდა და აივნებში აღწევდა.
ამასობაში, მეორე ბოთლ ღვინოზე გადასვლაც მოვასწარით. მატილდა უფრო მეტს სვამდა, ვიდრე მე. ერთი მეორეს მიყოლებით იცლებოდა და ივსებოდა ბოკალები, რომლებსაც საყვარლის კოცნასავით ემჩნეოდა ალკოჰოლის ნაკვალევი. სასმელი ეკიდებოდა და კიდევ უფრო შარმიანი ხდებოდა... თითქოს ოთახში ტემპერატურას აუწიეს!
მოპირდაპირე კორპუსში ფანჯარა გამოაღეს, ფარდა გადასწიეს და კლავიშები აამღერეს. ყოველ საღამოს ცოცხალ კონცერტს გვთავაზობდა პენსიაში გასული ფორტეპიანოს მასწავლებელი. მსიამოვნებდა მისი მოსმენა, თითქოს საკუთარ თავს მელოდიაში სრულყოფდა და მასშივე უკვდავყოფდა ახალგაზრდობას; მარწუნებდა, რომ არასდროს დავბერდებოდი... რომ სხეულის დანაოჭება ვერაფერს დააკლებდა ჩემ ალმოდებულ გულს - კვლავ მეყვარებოდა, მოვახერხებდი ცხოვრების შეგრძნობას და თავით მივეცემოდი საყვარელ საქმეს... საყვარელ საქმეს, რომელიც ნაპოვნი არ მქონდა. მატილდა თვალდახუჭული უსმენდა აუღიარებელ ვირტუოზს და სხეულს ნელი მოძრაობებით აყოლლებდა გამაბრუებელ, ფრანგულ ჰანგებს. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო მოცეკვავე იყო, მათ შორის ვისთან ცეკვის საშუალებაც მომცემია (სიმსუბუქე და მოქნილობა აკლდა), მაგრამ ყველაზე შარმიანი - უდავოდ. ვერ ვხვდებოდი, რა იყო ამ შარმის წყარო... მაგრამ დაუშრეტელი წყაროსავით იღვრებოდა და იღვრებოდა ჩემს სახლში, სანამ ბოლომდე არ გაავსო. მე არ დავმხრჩვალვარ ამ ენერგიაში, პირიქით, უფლება მივეცი, ჩემშიც შემოეღწია და მთლიანობის ნაწილად ვექციე.
მატილდას ნელა მივუახლოვდი და რწევაში ავყევი - ოკეანეში მოლივლივე, დამსხვრეული გემის ნაფოტები ვიყავით, რომელსაც დინება უმისამართოდ მიაქანებდა... ფრთხილად შევაცურე მტევანი სპორტული ზედის ქვეშ, მისი კანის შესაგრძნობად, თხელი წელი ხელში მოვიქციე და უფრო ახლოს მოვიზიდე. დამემორჩილა. სიამოვნებად ჩამეღვარა ტანში მისი მორჩილება. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და გვეღიმებოდა, ზუსტად ისე, როგორც ქურდებს, რომლებსაც ნაქურდალი შერჩათ; ზუსტად ისე, როგორც მესაიდუმლეებს ეღიმებათ, როცა ერთმანეთს ხანგრძლივი განშორების შემდეგ შემთხვევით გადაეყრებიან.
მუსიკოსმა დაკვრა რომ დაასრულა, მხოლოდ მაშინღა მოგვაგონდა სტეიკი და თავ-პირის მტვრევით მივვარდით ხორცთან. არ ვიცი, ჩვენ შორის ვინ უფრო ქუდბედიანი იყო, მაგრამ კერძი არ გაგვფუჭებია. მგონი, მთელ სამყაროს სურდა, რომ მე და მატილდა ბედნიერები ვყოფილიყავით და ყველა დეტალით გვესიამოვნა.
- ნერწყვი მომდის, ლუკას!
- თუ არ მოგეწონება, ეგრევე მაჯახე, არ დამინდო!
- მასე მიცნობ?! დანდობას არ ვაპირებ! - კეკლუაც გადაიკისკისა.
მაგიდის გაწყობა დავიწყეთ. მე ნამდვილად ვიყავი ის კაცი, ვის სახლშიც ყოველთვის მოიძებნებოდა ერთი-ორი სურნელოვანი სანთელი; თუმცა, მატილდას მაინც ძალიან გაუკვირდა, როცა მაგიდაზე სანთლები შენიშნა. და სულ მთლად გადაირია, როცა მისი სკამისკენ მიბრუნებული, დეკორატიულ ჩარჩოში მოთავსებული სარკე შენიშნა. მინდოდა, ხორბალას უნებურად ჩაეხედა ხოლმე მასში და საკუთარი თავი დაენახა - რომ დარწმუნებულიყო თავის სილამაზეში.
- რომანტიკული საღამო გვაქვს? - გაიცინა.
- პარიზში დღის ყველა მონაკვეთი რომანტიკულია - დილაც, შუადღეცა და საღამოც. - მივუგე და სადარბაზოსკენ წავედი.
- საით გაგიწევია?! - გაუკვირდა ხორბლისფერ გოგოს.
- ხუთი წუთიც არ დამჭირდება.
- სტეიკი გაცივდება.
- უბრალოდ, მოითმინე... - კიბეებზე სირბილით დავეშვი და ქუჩაში გავიჭერი.
მატილდას აინტერესებდა, რა ჩავიფიქრე, ამიტომ აივანზე გადმოდგა და ინტერესით დამიწყო ცქერა. მოპირდაპირე კორპუსთან მივაჭერი და პირველივე სართულზე გამოფენილ ქოთანს დავწვდი.
- ღმერთო დიდებულო! - დამჭექა ზემოდან. - დააბრუნე, ახლავე!
ყური არ დამიგდია მისი საყვედურებისთვის, შინ შევბრუნდი და მაგიდა ბოლო შტრიხით გავაფორმე.
- ხო უხდება?! - გავუღიმე.
- რა მნიშვნელობა აქვს უხდება თუ არა, როცა მოიპარე?!
- ჯერ ერთი, ვინათხოვრე. მერე მეორე, აღიარე, რომ უხდება.
- ინათხოვრე?! პატრონისთვის არც კი მიგიკაკუნია.
- არ იქნებოდა სახლში.
- და იქნებ იყო?!
- თუ იყო, სანამ აზრზე მოვა და თავის ქოთას მოიკითხავს, უკან დავაბრუნებთ.
- აღარასდროს მოიქცე ასე. - მზერაში ბრაზი ჩაუქვრა. მოდუნებული მიეყრდნო სკამს და ფეხები რიკულებზე შემოალაგა: - ისე... მართალი ხარ, მოხდენით მოუხდა. - სულ ოდნავ გაეღიმა, მხოლოდ ტუჩის აპრეხილი კუთხებით მიხვდებოდი.
- კარგი, აწი ვიყიდოთ. ვარდები ხომ გიყვარს?
- თუ ქალს ვარდები არ უყვარს, მან საკუთარი თავის ფასი არ იცის.
- წითელი?
- „კვასკვასა!“
- შევთანხმდით. მაშინ, Bon appétit! - ვთქვი და ერთმანეთს ჭიქები მივუჭახუნეთ.
კმაყოფილებისგან გავიბადრე, როცა მატილდამ სტეიკი მარტივად გაჭრა და პირველი ლუკმის დაგემოვნებისას თვალები დახუჭა. ყოველთვის მეტყველი სახე ჰქონდა, მაგრამ ჭამისას - სიტყვაც არ სჭირდებოდა, ისე გაგებინებდა, რამდენად გემრიელი იყო შენი ნახელავი. მისი თითოეული მოძრაობა, მიმიკა და ხმადაბალი ამოკვნესებაც კი, მეგონა ჭამის ნაცვლად, მასთან ერთად სიყვარულით ვიყავი დაკავებული.

***
- პარიზში რამ ჩამოგიყვანა? - ვკითხე, როცა სასეირნოდ გავედით მდინარე სენას სანაპიროზე.
- გასულ წელს ჩემი გამომცემლობა დავაარსე და მის მერე გაშმაგებული დავეძებ თანამედროვე, საინტერესო ავტორებს მთელი დედამიწის მასშტაბით.
- რას ამბობ?! ყველაფერს ველოდი, ამის გარდა! ოცდაშვიდი წლის ასაკში უკვე შენი გამომცემლობა გქონდა?! დაუჯერებელ ამბავს მიყვები.
თავი დამიქნია. თვალები წამონთებული ჰქონდა. ვიგრძენი, რომ ამაყობდა საკუთარი თავით და გამიხარდა, რადგან ნამდვილად იმსახურებდა ამ განცდას.
- საქმე ძალიან ბევრია, თანამშრომელი - ცოტა; - განაგრძო; ხან მე შემყურებდა, ხან განათებული სენას თვალიერებით ნეტარებდა: - მცირე რესურსების გამო მიძნელდება შტატში კადრების დამატება, ამიტომ „ფრილანსერებთან“ ვთანამშრომლობ; თავად ვითავსებ რამდენიმე როლს და, მგონი, ვეღარც ვუმკლავდები ამ გაწამაწიას.
- დარწმუნებული ვარ, უბრალოდ, ზედმეტად კრიტიკული ხარ თავის მიმართ.
- არა, აშკარად გადავიწვი და უნდა ვაღიარო.
- დაღლილი კი ჩანხარ, მაგრამ მაგას ეშველება.
შევნიშნე, რომ მატილდას იმ ტურისტებისკენ გაეპარა თვალი, მხიარულად რომ შეესივნენ იახტას.
- ღამის კრუიზზე რას იტყოდი?! - არც ვაციე, არც ვაცხელე.
- ძვირი არ არის?
- შეგიძლია მშვიდად იყო, ხელი ნამდვილად მიგვიწვდება.
- ბევრს ხო არ ხარჯავ შენ? - რიტორიკული შეკითხვა იყო, რა თქმა უნდა.
- მატილდა... ვხარჯავ იმიტომ, რომ შემიძლია თავს ამის უფლება მივცე. განა ცხადი არ არის?
წუთით შეიცადა, დაფიქრდა და მორიდებით დამთანხმდა:
- მაშინ, უარს არ ვიტყოდი... - ხოლო, როცა ხელი ჩავკიდე და კიბით დავეშვი გამშვები პუნქტისკენ, სითამამე მოამატა და დააყოლა: - უფრო სწორად კი, არაჩვეულებრივი იქნებოდა! - ხორბალას ხმაში სიხარულის ზარი რეკავდა. მას თბილი ხელისგულები ჰქონდა და ნატიფი, ნაზი თითებით მადნებოდა მტევანში.
სენას ტალღებს მივაპობდით და სახეში ქარი გვცემდა, რომელსაც თან მოჰქონდა სიმლაშე, სინოტივე და მდინარის მძაფრი სურნელი. ხორბალას თვალები ზუსტად ისე უციმციმებდა, როგორც ლამპიონები ციმციმებს ღამით, შორიდან რომ გახედავ. მატილდა ქალაქის ღამეულ პეიზაჟს ისეთი ჟინით შეცქეროდა, თითქოს სურდა, ძალიან ღრმად ჩაებეჭდა გონებაში, რომ ვეღარაფერს ამოეშალა მოგონებების ნუსხიდან; მე კი ზუსრად მასე მივჩერებოდი მატილდას. საფრანგეთის ხედები აღარ მაკვირვებდა, ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი იყო, იმდენად შევეჩვიე, გაუფერულდა კიდეც მისი მშვენიერება, აი, მატილდა კი... მიუწვდომელი იყო მაშინაც, როცა გვერდით მედგა. მხოლოდ მას შეეძლო ეს ქალაქი სიუცხოვით აღევსო და მისი ხელახლა აღმოჩენის სურვილი გაეღვივებინა ჩემში.
- მახსოვს, რომ გამომცემლობაში მუშაობდი... - საუბარი გავუგრძელე, როცა მივხვდი, რომ სააქაოს დაბრუნდა.
- ჰო... - მობილური ამოიღო და ვიდეოს გადაღება დაიწყო: - იქ რომ მოვხვდი, ჯერ კიდევ პირველკურსელი ვიყავი, თვრამეტი წლის. მთლიანობაში ექვსი წელი გავატარე კომპანიაში და სათანადო გამოცდილებაც დამიგროვდა ჩემი საქმის წამოსაწყებად. სიმართლე გითხრა, მეუბნებოდნენ, არ გარისკო, მზად არ ხარო. ძალიან სასაცილოები არიან ადამიანები, როცა გარწმუნებენ, რომ რაღაცისთვის მზად არ ხარ. სხვამ საიდან უნდა იცოდეს შენ რა შეგიძლია?!
- მართალი ხარ. ისე, შენ ხომ ბოლოს მწერალი შეყვარებული გყავდა?
- პოეტი... საკმაოდ უნიჭო და ზარმაცი. უნიჭობას კიდევ აპატიებ ადამიანს, მაინც არაა მასზე დამოკიდებული; მაგრამ სიზარმაცეს? არავითარ შემთხვევაში.
გულზე ეკლად მომხვდა მატილდას ნათქვამი. ჩემზე ზარმაცი კაცი არ მეგულებოდა დედამიწაზე.
- ვერაფერი გამოვადნე მისგან. არადა, ცდა არ დავაკელი. გვემართება ხოლმე ასე ადამიანებს, შეგვიპყრობს ვინმეს გზაზე დაყენების არაჯანსაღი სურვილი, ჩაბჟირებამდე გვინდა დავეხმაროთ, მას კი ჩვენგან გაწვდენილი დახმარების ხელი არაფერში სჭირდება. ჩვენ მაინც ვეჯაჯგურებით და ვერ ვძრავთ ერთი ადგილიდან. მერე ვბრაზდებით მასზე და საკუთარ თავზეც, ვიღლებით და ვნებდებით, რადგან ცხადია, რომ ეს მცდელობები ფუჭი წყლის ნაყვაა.
- ისევ ეკონტაქტებით ერთმანეთს? მაგან ხო არ შთაგაგონა შენი გამომცემლობის დაარსება?
- ხუმრობ იმედია, - გულწრფელად გადაიხარხარა. - ჩვენ შორის სალაპარაკო აღარაფერი დარჩა. გამომცემლობის დაარსება კი მაშინ გადავწყვიტე, როცა რედაქციაში ერთი წელი შემისრულდა. მივხვდი, რომ ნამდვილად ვიპოვე ჩემი საქმე.
- როგორ მიხვდი მაგას?
- ყოველ დილას გაღვიძება მიხაროდა, რადგან ვიცოდი, სამსახურში ვიყავი წასასვლელი. მიუხედავად იმისა, რომ კოლექტივში მყავდნენ ადამიანები, რომლებსაც დიდად არ ვეხატებოდი გულზე; და მიუხედავად იმისა, რომ დილეტანტობის ჟამს ბევრ სირთულეს გადავაწყდი - მრავალჯერ მომიწია დამემტკიცებინა, რა შემიძლია და სადამდე მწვდება შესაძლებლობები... მაინც, ერთხელაც არ მიფიქრია, რომ არასწორ ადგილას მოვხვდი. მარტივი მისახვედრია იპოვე თუ არა შენი სფერო და შენი საქმე... მუდამ ინტერესში ხარ ჩავარდნილი, პროცესი გსიამოვნებს და მხოლოდ შედეგი კი არა, რეზულტატისკენ გადადგმული ნაბიჯებიც გაბედნიერებს.
- მგონი, რაღაც პარალელურ სამყაროზე ვსაუბრობთ, სადაც ყველაფერი იდეალურადაა. ყველანი იმას ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია.
- ხო, მაგრამ ზოგი იმას აკეთებს, რაც უყვარს.
მოაჯირს ჩამოვეყრდენი და მატილდას სიტყვებს ჩავუღრმავდი. ვერც კი მივხვდი ისე მომიტაცეს.
- მოდი, ხიდზე გავისეირნოთ... - შორიდან ჩამესმა ხორბალას ხმა და მეც იახტაზე დავბრუნდი. სინამდვილეში, გვერდით მედგა და ჩემს აზრზე მოსვლას ელოდა.
- რა მითხარი?!
- იახტაზე მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით, უნდა დავტოვოთ აქაურობა, სანამ ტურისტების მომდევნო ნაკადით აივსება.
- ჰო, მართალი ხარ. - ხელკავი გამოვდე და ხიდისკენ გავუძეხი.
- ამბიციურობა არ გაკლდა არასდროს, მაგრამ მაინც, როგორ შეძელი საკუთარი ბიზნესის დაწყება?
- ბიზნესის დაწყებას მხოლოდ ამბიცია არ ყოფნის, ლუკას. რისკზე წასვლის უნარი, გამბედაობა, გადაწყვეტილებების მიღების შნოდ და დიდი შრომა სჭირდება... ამას ემატება ახლის სწავლის წყურვილი და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა.
- ფინანსებიც, - ჩავურთე.
- კი, ფინანსები გადამწყვეტ როლს თამაშობს.
- როგორ „გაჩითე“ საჭირო თანხა? არ მგონია გამომცემლობაში მუშაობით მოგეგროვებინა მაგდენი.
- სიმართლე გითხრა, მამაშენს გამოვართვი... და დღემდე ვუხდი ნაწილ-ნაწილ.
- ხო? იმედია, პროცენტით არ გაბრუნებუნებს.
- ენა როგორ გიბრუნდება პირში?!
- რა ვიცი, აღარაფერი გამიკვირდება მისგან.
- ჩემთან ცუდად არ მოიხსენიო, სხვასთან გალანძღავ თუ შეაქებ, ჩემი საქმე არ არის.
- კარგი. მომიყევი, აბა, როგორ მიდის გამომცემლობის საქმე?
- საქართველო პატარა ქვეყანაა, მოსახლეობაც მცირეა და შესაბამისად - ბაზარიც. ასე რომ ერთიანად ვერ აყვავდება ახლადგახსნილი კომპანია, მითუმეტეს, გამომცემლობა. წიგნების ბეჭდური ვერსიები აღარ იყიდება ისე პანტაპუნტით, როგორც უწინ, როცა წიგნი ერთადერთი გასართობი იყო მკითხველებისთვის. ამიტომ ონლაინ და აუდიო ვერსიებსაც ვქმნით, ვცდილობთ, თანამედროვე ცხოვრებას მაქსიმალურად ავუწყოთ ფეხი. ბაზარზე უკვე არსებობდნენ ძირითადი „მოთამაშეები“, რომლებსაც სეგმენტებიც განაწილებული ჰქონდათ ჩვენ გამოჩენამდე, კონკურენტებს შორის თავის დამკვიდრება მომოწია. ეს პროცესი ამწუთასაც აქტიურად გრძელდება.
- ყოჩაღი გოგო ხარ, მართლა.
- ჰო? ვცდილობ. ნელ-ნელა მივუყვები ყველაფერს, ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ამ ეტაპზე გამომცემლობას მისივე თავს ინახავს, ფარავს ხარჯებს და მცირე მოგებაც რჩება. მეტის მოლოდინი არც მქონდა.
- ე.ი. ფრანგი ავტორის საპოვნელად ხარ ჩამოსული?
- სიმართლე გითხრა, ნაპოვნი მყავს რამდენიმე. ინგლისურ ენაზე წავიკითხე მათი ნამუშევრები და მინდა ქართველ მკითხველს გავაცნო. რა თქმა უნდა, ამისთვის შესაბამისი უფლების მოპოვება მჭირდება. მოლაპარაკებებს სამ გამომცემლობასთან ვაწარმოებ, ვინაიდან წიგნზე საავტორო და კომერციულ უფლებებს ისინი ფლობენ. ისეც ხდება, რომ ლიტერატურულ აგენტებს ვუკავშირდები.
- თავადაც ხო არ წერ?
- მხოლოდ წინასიტყვებსა და სინოფსისებს, ისიც იშვიათად, თავისუფალ დროს, ან მაშინ, როცა ავტორი ძალიან ახლოს მოდის ჩემს გულთან.
- ხო, ყოველთვის მკითხველი და შემფასებელი უფრო იყავი, ვიდრე მწერალი.
- სამაგიეროდ, მართლა კარგი მკითხველი ვარ, ლიტერატურული ხედვა და გრამატიკის ღრმა ცოდნა მაქვს. ჯანსაღი კრიტიკის და პოტენციალის შეცნობის უნარიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ლიტერატურის სამყაროში. ხანდახან სხვები მარგალიტს ვერ ამჩნევე, ამიტომ - სანამ თვალებს გაახელენ - უნდა დაასწრო და დაისაკუთრო.
- კოჭებში გეტყობოდა, ვინც იქნებოდი, რომ გაიზრდებოდი... გახსოვს, სკოლაში წიგნს რომ ვერ გბრდღვნიდით ხელიდან? - გამეცინა.
- არც მასე იყო საქმე... შენთვის ყოველთვის ვიცლიდი. აღიარე, ხომ ასე იყო? - წელზე ხელი მომხვია და ნახევრად მომეხუტა. რაც უნდა ეთქვა, რაც უნდა ეთხოვა, დავთანხმდებოდი ამ ჩახუტების ხათრით.
- მომეწონა სენა... ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. მე კი მიყვარს, როცა მოლოდინი მიმართლდება. - მხიარულად წარმოთქვა. ჩემს მკლავს არ მოშორებია: - იცოდი, რომ ჟანა დ’არკის ფერფლი სენას გაატანეს? - რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. - ოღონდ პარიზში არა, რუანში...
ჩვენ ორ შორის მე ვიცხოვრე სამი წელი პარიზში, მაგრამ იმ დღის ჩამოსულმა მატილდამ როგორღაც მოახერხა, რაღაც ახალი ეწავლებინა ჩემთვის საფრანგეთის შესახებ... და არამარტო. ხორბალა გონებით ახერხებდა სამყაროს იმ ნაწილების მონახულებას, სხეული რომ ვერ აღწევდა, ამიტომ დედამიწაზე არ არსებობდა ადგილი, სადაც ნამყოფი არ იყო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც გონებაში ხდება (დასაწყისიდან დასასრულამდე), რადგან ეგ არის ჩვენი ერთადერთი საზღვარი. ის ცხოვრებაც კი, რომელიც ავირჩიეთ - სამშობლოში თუ საზღვარგარეთ - უპირველესად, გონებაში ხორციელდება.



ისე ლამაზად აღწერე პარიზული მზის ჩასვლა და პარიზული საღამო, რომ მეც მომინდა პარიზში ყოფნა მიუხედავდ იმისა, რომ არ მიყვარს პარიზი.
მე ნამდვილად გამიმართლა მიყვარს საქმე რომელსაც ვაკეთებ და მიხარია კიდევაც სამსახურში სიარული relaxed
ვფიქრობ, ეს ერთი კვირა გარდამტეხი იქნება ლუკასის ცხოვრებაში და ჩვენი თავქარიანი ბიჭი ცოტა დაბრძენდება, ეგ კი არა მგონი ის საქმეც აღმოაჩინოს რაც უყვარს და რისი გაკეთებაც უნდა მომავალში.
მომეჩვენა თუ ლუკასს მამაისთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს?

 


რუსკიმარუსია
ისე ლამაზად აღწერე პარიზული მზის ჩასვლა და პარიზული საღამო, რომ მეც მომინდა პარიზში ყოფნა მიუხედავდ იმისა, რომ არ მიყვარს პარიზი.
მე ნამდვილად გამიმართლა მიყვარს საქმე რომელსაც ვაკეთებ და მიხარია კიდევაც სამსახურში სიარული relaxed
ვფიქრობ, ეს ერთი კვირა გარდამტეხი იქნება ლუკასის ცხოვრებაში და ჩვენი თავქარიანი ბიჭი ცოტა დაბრძენდება, ეგ კი არა მგონი ის საქმეც აღმოაჩინოს რაც უყვარს და რისი გაკეთებაც უნდა მომავალში.
მომეჩვენა თუ ლუკასს მამაისთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს?


ძალიან დიდი მადლობა. მინდოდა მინიმუმ - პარიზი გამეცოცხლებინა მკითხველის თვალწინ, მაქსიმუმ - მკითხველისთვის პარიზში აღმოჩენის საშუალება მიმეცა. ისე, რატომ არ გიყვარს პარიზი?

ძალიან მიხარია, რომ იმ საქმეს ემსახურები, რომელიც მნიშვნელოვანია შენთვის და რომელიც სიამოვნებას განიჭებს. ნამდვილად გაგიმართლა!

ლუკასს ნამდვილად არ აქვს იდეალური ურთიერთობა მშობლებთან, მაგრამ განსაკუთრებით - მამასთან, სწორად მიხვდი. <3

 


ფურცლებში დაკარგული
რუსკიმარუსია
ისე ლამაზად აღწერე პარიზული მზის ჩასვლა და პარიზული საღამო, რომ მეც მომინდა პარიზში ყოფნა მიუხედავდ იმისა, რომ არ მიყვარს პარიზი.
მე ნამდვილად გამიმართლა მიყვარს საქმე რომელსაც ვაკეთებ და მიხარია კიდევაც სამსახურში სიარული relaxed
ვფიქრობ, ეს ერთი კვირა გარდამტეხი იქნება ლუკასის ცხოვრებაში და ჩვენი თავქარიანი ბიჭი ცოტა დაბრძენდება, ეგ კი არა მგონი ის საქმეც აღმოაჩინოს რაც უყვარს და რისი გაკეთებაც უნდა მომავალში.
მომეჩვენა თუ ლუკასს მამაისთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს?


ძალიან დიდი მადლობა. მინდოდა მინიმუმ - პარიზი გამეცოცხლებინა მკითხველის თვალწინ, მაქსიმუმ - მკითხველისთვის პარიზში აღმოჩენის საშუალება მიმეცა. ისე, რატომ არ გიყვარს პარიზი?

ძალიან მიხარია, რომ იმ საქმეს ემსახურები, რომელიც მნიშვნელოვანია შენთვის და რომელიც სიამოვნებას განიჭებს. ნამდვილად გაგიმართლა!

ლუკასს ნამდვილად არ აქვს იდეალური ურთიერთობა მშობლებთან, მაგრამ განსაკუთრებით - მამასთან, სწორად მიხვდი. <3

პარიზი ვერ მერონატიკულება :)
საინტერესოა რა არის მშობლებთან განხეთქილების მიზეზი.
ველოდები ახალ თავს❤

 


№4 სტუმარი ნმ

როდის დაიდება ახალი თავი❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent