ლაე (ნაწილი I - ლამპრობა)
____ ხმა რომ დაირხა ონიანებს გოგო გაუგიჟდათო არც არავის გაჰკვირვებია და დიდად არც მოჰხვედრია გულზე. ერთი იმას კი მოაყოლებდნენ ხოლმე მაგ საწყალ ონიანებს ეგღა უნდოდათო. ამაზე კიდევ ჩოჩქოლი და გაწევ-გამოწევა ტყდებოდა, - ეგ მაგ შეჩვენებულმა, ავაზაკმა ბავშვმა დაწყევლა მთელი ოჯახი და თვალით ბედნიერება არ ანახა გაჩენის დღიდან, თორემ დღემდე მთელ რაიონს გვახსოვს მაგათი საგვარეულო კოშკიდან დღე და ღამ კაი პურ-მარილისა და ცეკვა-თამაშის ხმები რომ გამოდიოდა ხოლმეო. ვისაც რა გვიჭირდა მაგათ ჭიშკართან მივრბოდით, ახლა კიდევ მათ უბნის სიახლოვეს ამოტრიალებული ჯვრებით დავდივართო. თემის წინამძღვარი რომ თანახმა ყოფილიყო, ლაე ონიანი შტოდან უკვე დიდი ხნის მოკვეთილი, ანდაც ვირზე უკუღმა შემომჯდარი იქნებოდაო. ადრე ასე იყო. განსხვავებულობას დანაშაულში, ცოდვაში გითვლიდნენ. აი, ათას შავში, ერთს თეთრი სამოსელი თუ გეცვა, გხდიდნენ და კოცონზე წვავდნენ. ეგ კი არა, ტყავსაც ზედ აყოლებდნენ მაგ სამოსს. მათი რწმენით აუცილებლად ბრბოს ნარევი უნდა ყოფილიყავი. უსულო, უმნიშვნელო მარიონეტი და ერთმანეთში ცხოვრება და არსებობა არ უნდა შეგშლოდა. სწორედ ისე როგორც ცხვრის ფარამ უნდა იაროს ერთად, შენც როგორც ცხვარი, საბრალო და უსუსური, არ უნდა გადაგეხვია ამ გზიდან. აი, სწორედ ასე იყო ადრე... მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, მეოცეს დასაწყისში, საქართველოს უმშვენიერეს, საოცარი ისტორიებით გაჟღენთილ კუთხეში სვანეთში, იქ სადაც ყოველი მითი თუ რეალობა, ზღაპარი თუ ლეგენდა ერთად თანაარსებობდა, ცხუმარის სადადეშქელიანოს თემის ცენტრში, სოფელ სვიფში ერთი პატარა მჭიდრო დასახლება ცხოვრობდა. დადეშქელიანების თემი. მცირე, მაგრამ თავისი დესპოტიზმითა და სამართლიანობით განთქმული არა მარტო მთელს კუთხეში, არამედ მთელს საქართველოში. მკაცრი, მაგრამ შეუვალი, თვალწარმტაცი. სუსხიანი, მაგრამ ნათელი, მომთმენი… ამ დასახლებას ჰყავდა წინამძღვარი და გამაგრებული დაჯგუფება, რომელიც მორიგეობით იცავდა თემის საზღვრებს (და არამხოლოდ საზღვრებს). ისინი უბნებში, სათითაო კარზე კითხულობდნენ უსიამოვნებებს, მწირ გაუგებრობებსა თუ პრობლემებს. ისეთი პოლიტიკური რეჟიმი ჰქონდათ დამყარებული, თემის მახლობლად ნიავსაც კი არ დაუბერავს ნებართვის გარეშე. არც სისხლის აღებით ჩამოუვარდებოდა სხვა რაიონებს სადადეშქელიანო. პატარა მაგრამ სვანეთში პირველ ადგილას მყოფი სისასტიკით. მეზობელი თემები ყოველთვის ‘ბარბაროსთა წითელი დინასტიის’ სახელწოდებით მოიხსენიებდნენ ხოლმე აქაურობას. და მართლაც ასე იყო. ერთი შეხედვით ვერც კი იფიქრებდი რომ ამისთანა მშვენიერ, მომნუსხველ და დამატყვევებელ ადგილას ოდითგანვე ამდენი საშინელება ხდებოდა. ბარბაროსთა წითელი დინასტიის თითოეულ კუთხე-კუნჭულში საოცარი ჯიშის ყვავილები ბინადრობდა. აი ისეთი შეფერილობის, რომ შეხედავდი, გეგონებოდა რომ მსგავს ფერთა კონტრასტს პირველად ხედავდი დედამიწაზე. მათი სურნელი ისე დაგათრობდა და დაგამუნჯებდა, იფიქრებდი ეს ადგილი მოჯადოვებულია, ეს ყვავილები კიდევ ჯადოქრები არიანო. საღამოობით ბინდი რომ ჩამოწვებოდა და რძისფერ ნისლში იკარგებოდა სიმწრით ნაშენები, ამაყად აღმართული ვეება კოშკები და ლამპიონების შუქზე აქა-იქა ყრუდ რომ გაისმებოდა ხოლმე “ხოჩა ნაბოზუ ჯარ”, ნამდვილ სულის ნეტარებას მაშინ განიცდიდა კაცი. იმ დროში იღბლიანად განიხილებოდი თუ სვანური ქუდი გეხურა თავზე, თუ ყოველ დილა უშბასა და ლალვერის სუსხზე იფიჩხებოდი, თუ ეს ხედი რომელზეც ახლა ვსაუბრობ სიცოცხლეში გქონდა ნანახი, თუმდაც ერთხელ მაინც. ბედნიერად განიხილებოდი სვანურ გვარს თუ ატარებდი, ხალხში დამსახურება და პატივი თუ გაგაჩნდა, შენი გვარი თუ ‘გადაჯიშებული’ და გამქრალი არ იყო(ჯერ), საერთოდ ოჯახი თუ გყავდა. და მთლად აშენებული და რომ იტყვიან ამ ცხოვრებისგან გამაძღარი კაცი იყავი თუ ყოველ საღამო სუფრას საკუთარი ასული გიშლიდა, ვახშმამდე ხელებს გბანდა და ვახშმის შემდეგ ძილინებისას გისურვებდა. იმისდა მიუხედავად რომ მთელი დასახლება ლაესა და მის განსხვავებულობაზე ქადაგებდა, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე აძაგებდა და ეს ოჯახიც ბოლო თექვსმეტი წლის განმავლობაში სწორედ ამ გოგონას გამო ამოიღეს მიზანში, მერაბ ონიანი მაინც ბედნიერი და ამაყი კაცი იყო. ამაყი იმით რომ შეძლო და იმდენი ქნა რომ გამგებელის მოადგილეობის კანდიდატურა მაინც დაიკავა. ასე თუ გაგრძელდა წითელ დინასტიას დადეშქელიანების კი არა, ონიანების თემი ერქმევა და აი თქვენც აქ იქნებით და მეც როგორ აყვავდება აქაურობაო, - ხშირად გადასძახებდა ხოლმე თავ მომწონეობით მეუღლესა და უმცროს ძმას, სანამ პატარა ლაე სიმღერ-სიმღერით შემოაბრძანებდა ხოლმე ცხელ-ცხელ კუბდარებს და ჰაერში მადისამღვძვრელ სურნელს გამოატარებდა. დიდად არასდროს არავის ეხატებოდა გულზე პატარა ლაე. ალბათ იმიტომ რომ სხვა მისხელა გოგონებივით თების წელამდე გაზრდაზე და ორ ნაწნავად ტარებაზე ჯერ კიდევ ფეხის ადგმისთანავე თქვა უარი, ანდაც ალბათ იმიტომ რომ დედისგან გამოყოლილი გენებისა და ამასთან უჭმელობის გამო ძვალზე ორფენად რეზინასავით შემოჭერილი ტყავიღა იყო დარჩენილი და მეტი არაფერი. უზარმაზარი ლურჯი თვალების გარშემო შემოყრილ ყავისფერი ლაქების გამო სამჯერ დაუპირეს კოცონში ჩაგდება. იმ დღის მერე რაც დადეშქელიანების ნანატს ბავშვს, თემის მემკვიდრე უფლისწულ ნოას პერანგზე ეცხლი წაუკიდა, რაიონის დიდი თუ პატარა მცხოვრები წყევლიდა და ჯვარზე აკრავდა; ანტი ქრისტეს მოციქული, სატანაა, სანამ ჩვენი დასახლებიდან სამუდამოდ არ ამოიკვეთება ღამე მშვიდად არ გვძინავს, ჩვენს შვილებს გარეთ სათამაშოდ ვეღარ ვუშვებთო. ხოდა არაერთხელაც დააყენეს გამგებელთან ამ გოგონას ქვებით ჩაქოლვის საკითხი, თუმცა ემზარ დადეშქელიანი საკმაოდ გულკეთილი კაცი და ამავდროულად მერაბ ონიანის ბავშვობის მეგობარი იყო, მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად. ნოას ხანძრის შემდეგ კი ოდნავ დაეჭვდა იქნებ ამჯერად ხალხი მართალია და ეს მე ვცდებიო, მაგრამ მალევე დაანთო სანთელი, ეს მცდარი აზრი წამიერ სისუსტედ ჩათვალა და უფალს შენდობა სთხოვა. ნოა სასახელო ვაჟკაცი იზრდებოდა. მხარბეჭიანი და ძლიერი, ერთიანად აზიდული სხეული და კუნაპეტივით ბნელი თვალ-წარბი ჰქონდა.მხოლოდ მის მზერანაც კი ამოიკითხავდი ვინ იყო ან რა სურდა. ეს პრინცი გეგმავდა როგორც კი ოცი წელი შეუსრულდებოდა მამის საქმიანობას გაჰყოლოდა და სათავეში ჩასდგომოდა ბარბაროსთა წითელ დინასტიას. მისი ერთადერთი ოცნება იყო რომ ბაბუამისივით ხალხისთვის შიშის თავზარი დაეცა. ის აზრი რომ თავად სამართლიანობა იყო, მის ამაყ გონებას არაფრით სცილდებოდა. ბავშობიდან ასე ზრდიდნენ, სადაც სამართლიანობაა, სწორედ იქ ვართ ჩვენ დადეშქელიანებიცო. თუმცა ერთადერთი გრძნობა, რომელსაც იმ უბედური დღიდან მოყოლებული ვერ გადააბიჯა, ეს ონიანების ზიზღი იყო. Რამდენჯერმე შეჰკადრა კიდეც მამამისს, - აბა რა იცი, ამდენი ხალხი გედავება, იქნებ და მართლები არიან, იქნებ და ეს გოგო სამუდამოდ ამოვკვეთოთ ჩვენი დინასტიიდანო. ამაზე მამა, დიადი ზურაბი ყოველთვის პასუხობდა: - ნოა ჩემო ვაჟკაცო, გონებას ზიზღი ნუ დაგიბინდავს, მერაბი ჩემი ძუძუმტეა, აკვანიდან გადმოვარდნილებმა ფეხი ერთმანეთის გამაგრებული მხრებით ავიდგით. მე რომ მაგ ცოდვილი გოგოს სიკვდილის დასჯას დავთანხმდე, ეგ კი არა საერთოდ აზრად რომც გავივლო, მაშინვე სისხლის აღება დაიწყება. მერაბი ისედაც მოადგილეობის კანდიდატურაზეა, თუ ვერ ხედავ ჩემს პოზიციას უახლოვდება. არ ვიცი გულში რა ჩაუდვია, ანდაც მომავალში რას დააპირებს, მაგრამ ის რომ ჩვენი გადაკიდება თემისთვის ცუდად აისახება ეგ ისეთივე გამჭირვალეა, როგორიც ჩვენი ეზოს ხევის წყარო. მე მთავარი ვარ. Მინდა ეს თუ არა ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ხალხზე. Როგორღაც შენი ზიზღი შენს ქუდ-ქვეშ ამოიდე, ანდაც იქავე გაამგზავრე საიდანაც მოვიდა, თორემ შენც ძვირად დაგიჯდება და მეცო. ნოა არ იყო უტვინო ახალგაზრდა. მამამისი სიტყვები რომ კარგად აწონ-დაწონა, გადაწყვიტა, თვითონ ლაე კი არა, ლ-ზე დაწყებული ყველა სიტყვა მისთვის დავიწყებას მისცემოდა. და ასეც მოიქცა. Ძალიან მალევე გადაიტანა ახალგაზრდობის აგზნებადობით გამოწვეული ინტერესები მთავარსაქმესა და გარე-სამუშაოებზე და მამამისს, ოჯახსსა და ხალხს ორმაგად გვერდში დაუდგა. თუმცა კი მაინც არ მოსდიოდა გულზე ამ ონიანის კანდიდატობის ამბავი. მჭერმეტყველი წინათგრძნობა კარგს არაფერს ეუბნებოდა. საქმიან შეკრებებზე ყოველთვის ალმაცერად უცქერდა მამის მეგობარს და გულში მის მთლიან საგვარეულოს კრულავდა. Მაგრამ არც იმდენად გაბედული და მამაცი იყო რომ მამის სიტყვისთვის გადაებიჯებინა. ხოდა იჯდა პირ-მოკუმული და ყველა მისიას პირნათლად ასრულებდა. Ასაქმებდა ხალხს, ჭკუით უსმენდა უხუცესების დარიგებებს, ესწრებოდა სასამართლოებზე, დადიოდა გარე-სამუშაოებზე, სახნავ-სათესებზე და ხე-ტყის წარმოებაზე. ერთი შეხედვით უბრალო, თავისივე მისიებითა და მოვალეობებით დაკისრებული ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ მაინც ყოველთვის ყველა მისი ფიქრი ერთ გზაზე ჩერდებოდა: “გავხდები ოცი წლის, მამაჩემს და იმ ონიანს როგორც პენსიაში გასულებს საქმიდან ჩამოვაგდებ და იმ ჩემდა ჭირად მოვლინებულ ლაეს კოცონზე დავწვავო.” ღვთისმოშიშ, მოსიყვარულე ოჯახში გაზრდილ ჭაბუკს ამდაგვარი ფიქრები ყოველი დაძინების წინ და კიდევ გარიღრაჟისას გულს უჭამდა. თუმცა მის დაბადებისდღემდე კიდევ სამი თვე იყო დარჩენილი და აბა ისიც რას გახდებოდა. კანონებს, რომელთაც სიცოცხლეზე მეტადაც კი ეთაყვანებოდნენ ისინი, ვერ დაარღვევდა და ვერ შეურაცხმყოფდა. როგორღაც სამ თვესაც გასტანდა ასე უთქმელად და ძალიან მალე გულის ერთადერთ საწადელსაც აისრულებდა. როცა ამ დედამიწაზე ლაე ონიანის ჩრდილიც აღარ ივლიდა, როცა ერთი ჰაერის განაწილება აღარ მოუწევდათ, აი სწორედ მაგ ღამეს დაეძინებოდა მშვიდად, სახეზე გადაფენილი თვითკმაყოფილების შეგრძნებისაგან გამოწვეული ღიმილით ნოა დადეშქელიანს. ______ წითელ დინასტიაში თითქმის ყოველ თვე ხდებოდა მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. (განა ტყულად შეარქვეს ეს სახელი) სწორედ ამიტომ, თითოეულ შემთხვევაზე უწევდათ დაცვის გამაგრება. ბოლო დროს უბედურებანი ისე მოხშირდნენ რომ ცენტრის ახალგაზრდობა საკმარისი არ გახდა და მოუწიათ მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან: მაგარდელიდან, ტვიბერიდან და ღვებალდიდან ჩაერთოთ საქმეში ახალგაზრდები თუ მოხუცი მოურავები, მხოლოდ ერთი პირობით, - ზავზე ხელის მოწერით, ხატზე დაფიცებითა და მშვიდობიანი მოლაპარაკებით რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, მათ წმინდა კავშირს ვერანაირი სიბოროტე ვერ გაარღვევდა. სინამდვილეში ეს ერთგვარი გარანტია და პატარა წახალისება იყო, მათთვის ვინც თავის საქმეს შიშით ანდაც უნიათობით ეკიდებოდა. Ბოლოს მომხდარმა მთელი თემი ააწიოკა და ყირაზე დაამხო. გოგონა რომელსაც ნოას ურიგებდნენ, მეზობელ რაიონელ ბიჭთან ერთად გაპარულა. მთელი არმია სამი გადაბმული დღე და ღამე უძილო და მშიერ-მწყურვალი ეძებდა წყვილს, თუმცა უშედეგოდ. ნოა სიმწრისგან ადგილს ვეღარ პოულობდა. ასე ხომ დაამცირეს და სახელი შეუბღალეს მომავალ მბრძანებელს. რადაც არ უნდა დასჯდომოდა აუცილებლად იპოვნიდა იმ ჭაბუკს, რომელმაც ეს გაუბედა და ხმალზე ააგებდა, შემდეგ კი გოგოს ქვებით ჩააქოლინებდა. მისი აზრით ამ სიტუაციაში სწორედ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. მაგრამ მათ კვალზე რომ ვერავინ შეძლო გასვლა, მეოთხე დღის მიწურულს თავადვე აიკრა გუდა ნაბადი, შემოახტა თავის თეთრ რაშს და შავბნელი ტყის შუაგულში მარტოდ მარტო შეიჭრა. ტყეში ჩამიჩუმი არ ისმოდა. თითქოს ბუნებაც კი ყოველივეს გრძნობდა. ამ ურჯულო, ტირან ჭაბუკს სისხლის აღების მეტი არავინ და არაფერი აინტერესებდა. ღმერთი, - ის არ იყო ვინც მას ამ შემთხვევაში დაეხმარებოდა. არც მისი სახელი უხსენებია ცხოვრებაში ბევრჯერ. იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, - ისიც ხანძრის, როცა ბოლო ხმაზე ყვიროდა ღმერთო გადამარჩინეო. კაციშვილმა არ იცოდა რატომ ჩაიდინა ეს პატარა ლაემ. ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებდა. ეს ისევე საიდუმლოებებით მოცულ ამბად და ამოუხსნელ კროსვორდად დარჩებოდა ყველა ცოცხალი სულიერისთვის, როგორც ის თუ სად ჯოჯოხეთში გაქრა ნოას საცოლე და მისი გულის სწორი ამდენად მამაცი ახალგაზრდა. უფლისწული ნოას ზიზღით გამძვინვარებულ კაპილარებში სისხლი ხმაურიანად მოსჩქეფდა. Ამოდენა მოზვავებული ტვირთისა და დაღლილობისაგან დამოშრეტილი თვალებიდან ნაპერწკლები ერთი მეორეზე მიყოლებით გადმოსცვივოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თავისი გულ-ღვიძლის სათითაო წერტილის არსებობის ხმები ესმოდა რომ უეცრად შორიახლოს რაღაც უცნაური, გამაყრუებელი ძველი სვანური სიმღერის ბგერები შემოესმა. ეგონა ალბათ უჭმელობისა და სტრესის ბრალია ჰალუცინაციები რომ დამეწყოვო და იქვე მახლობელ კოშკში დილამდე დაბინავება განიზრახა, სადაც სავარაუდოდ მისი კაცები დახვდებოდნენ ფხიზლად, მაგრამ სანამ ოთხფეხა მეგობარს წასვლა უბრძანა (ბრძანება ხომ ის ერთადერთი იყო რაც შეეძლო), წარმოუთქმელი მელოდია ახლოდან და თანაც შორიდან კვლავ განმეორდა. შუაგულ ტყეში, შებინდებისას, სადაც არცერთ ტყის ცხოველს გამოჭაჭანება ვერ გაებედათ ნოას შიშით, პატარა ფეხშიშველი გოგონა მუხის ძირიდან გამალებით იჭყიტებოდა, სამ წუთში ერთხელ შემაშფოთებელ, ყურისწამღებ ხმებს გამოსცემდა და შეშლილივით ხარხარს იწყებდა. გოგონა გძელი თეთრი პერანგით, ყურებამდე ძირში გადაჭრილი ყავისფერი ხშირი თმებით, უზარმაზარი ზღვისფერი თვალებითა და ცეცხლისფერი ვარსკლავებით, ავარვარებულ სისხლისფერ ლოყებზე, - ლაე! ნოას გაშმაგებულმა ინტერესმა სძლია. ფიქრობდა ან მართლა გავგიჟდი, ანდაც ღმერთმა იმის გამო შემაჩვენა რომ ჩემი გოგო ვერ შევინარჩუნე და ახლა მიწიერი ავსულებით ჩემს შეშინებას სცდილობსო. როცა ხმები არაფრის დიდებით აღარ მიყუჩდა, ახალგაზრდა უფლისწული რძისფერი რაშიდან უმალ ჩამოხტა და ნელი, ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა ძველისძველ ასწლეულების მუხას. ლაე ადგილზე მიიყინა, როდესაც ჭაბუკის ცხნობისმოყვარეობით წამონთებული თვალები რომლებიც ნელ-ნელა ზიზღში გადაიზარდა ბნელეთში პირდაპირ მის მოჩვენებასავით გაფითრებულ სახეს შეეფეთა. ლაემ იფიქრა ახლა თუ არ გავიქეცი, ბოლოს ჩადენილისთვის ნამდვილად გათხრილი მაქვს სამარეო და წამის მეათასედში, ძალზედ ოსტატურად დაუსხლტა ნოას მხედველობიდან. ამაზე უარესად გაცეცხლებულ ბიჭს მთელი თავისი სადარდებელი გადაავიწყდა და ბოლო ხმაზე ისე აღრიალდა რომ დაცარიელებული ტყის კლდეებმა სახელი ლაე სამუდამოდ დაიმახსოვრეს: -გამოდი შე შეჩვენებულო! ლაე ონიანო, ამაღამ ვეღარ გადამირჩები, ჩათვალე რომ შენი სიცოცხლის ბოლო წუთებს ატარებ. არ გინდა ცოდვები მოინანიო? Ჩემთვის ცეცხლის წაკიდებიდან დაწყებული, ლამპრობის ზავის ჩაშლით გაგრძელებული, დევდარიანის მოწამვლით დამთავრებული რომ შეკრებაზე ვერ მოსულიყო, ლაე! Ზუსტად ვიცი რომ ნესტანის გაპარვის საქმეშიც შენი ხელი ურევია. სხვაგვარად თექვსმეტი წლის გოგონას ასეთ დროს შუაგულ ტყეში რა უნდა? და მამაშენს თავი კაცი ჰგონია? ფიქრობს სათავეებს მალე აიღებს ხელში? ამ ხალხის დაქცევა თუ არ უნდა მოგკიდოს ხელი და სამუდამოდ გაეცალოს სვანეთს! ოოოჰ, ონიანების მთელო მოდგმავ, ნეტავ იცოდეთ რამხელა სიძულვილი მძვინვარებს ჩემში… გამოჩნდი შე შეჩვენებულო, მიწიერო ავსულო… ლაე! -მოვკვდები და არც სვანეთს გავეცლები და არც ამ ხეს, - გაისმა უეცრად მისუსტებული, მაგრამ დაჟინებული ხმა ზუსტად მის თავს მაღლა. ხმა, რომელიც წუთების წინ ყველასგან მივიწყებულ სვანურ მელოდიას მღეროდა. ხმა რომელიც, ნოას სიზმრებშიც კი არ ასვენებდა. ბიჭი ერთ წამს დაფრთხა და როგორც კი სიტუაციის რეალურობაში დარწმუნდა ეგრევე ასძახა. -მაშ, არ ჩამოხვალ, არა? -თუ ასე ძალიან გსურს ჩემი მოკვლა, თუ მაგოდენა სიძულვილი მძვინვარებს შენს მახინჯ სულში, მაშ თავად ამოდი, ნახე ადგილი შეგინახე, - ჩაიხითხითა გოგომ ბოროტულად. -მე შენ გაჩვენებ ადგილს… მუხა ძველი იყო და უშველებელი. თუ მაიმუნის გენები არ გქონდა ძალიან დიდხანს უნდა გეწვალა რომ პირველივე ტოტზე ძლივსძლიობით მოხვედრილიყავი, ეგეც თუ ბედი გწყალობდა და ტოტი საკმარისი აღოჩნდებოდა შენი წონის დასაძრავად. სულ ცოტა ხნის წინ კი გოგო თითქოს აორთქლდა, იმდენად სხარტად და ოსტატურად შემოჯდა ყველაზე მაღლა მდებარე ტოტზე, რომ თითქოს უკვე მეათასედ აკეთებდა ამასო. საერთოდ არ ანაღვლებდა არც ნოა დადეშქელიანი და არც მისი გამძვინვარებული ზიზღი, რომელიც სწორედ მან დაბადა, ასე თავისი პაწია თეთრი ხელებით. უკვე იმდენი საშინელი საქმე დაატრიალა რაიონში რომ აღარც ახსოვდა. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ თავს არც არასდროს იმართლებდა. არასდროს უთქვამს სიტყვები: მე შევცდი, ჩემი ბრალია, ეს არ უნდა მექნა! არც იმას ამბობდა: ასე იყო საჭირო, თუ მომისმენთ ყველაფერს აგიხსნითო. ყოველთვის უცნაურად მდუმარე და თავის ასაკთან შედარებით ზედმეტად გულჩათხრობილი, ალალი და სპეტაკი სულისა იყო. იმდენად სუფთა იყო რომ ამ სისხლიან, ცოდვისფერ მიწაზე იგი ყოველ სულიერს სძულდა, პირველ რიგში კი ამ მიწის მემკვიდრეს, დადეშქელიან ნოას! ლაემ ბევრი იკისკისა ნოას ჩაფლავებულ მცდელობებზე, რაც ბიჭს უფრო მეტ მხნეობას აძლევდა. სინამდვილეში კი ოფლისგან იწურებოდა, ცალკე სირცხვილისგან, ცალკე დაღლილობისგან და ცალკე ნერვიულობისგან რომ ამოდენა რამე ერთ ღამეში დაატყდა თავს. Ბოლოს როგორც იქნა მოახერხა და პირდაპირ გოგონას გვერდით აღმოჩნდა უკვე კარგად ჩაბნელებულ ტყეში, უძველესი მუხის, უმაღლეს ტოტზე. ლეამ უეცრად პირი მოკუმა და ხასიათი წაუხდა. ეგონა დილამდე ასე მოუწევდა უფლისწულის ჩაშლილი მცდელობების ყურება, ბოლოს კი თავად მასაც მოჰბეზრდებოდა, დაიღლებოდა და მუქარ-მუქარებითა და ბილწსიტყვაობით გაეცლებოდა იქაურობას. ასე კიდევ ერთხელ გადაურჩებოდა მას და მის მრისხანებას და უკვე შემდეგ ჯერ არ მიყენებულ დარტყმაზე დაიწყებდა ფიქრს მისთვის, მაგრამ არა. გაქცეული საცოლე და პატარა გოგოს მოხერხებულობა, რომელმაც ჭკუით ამჯერადაც აშკარად აჯობა, უფრო მეტი მოტივაცია და მხნეობა ჩაუსახა ნოას და აი ასე აღმოჩნდნენ ეს ორი ერთმანეთზე საბედისწეროდ გადაკიდებული ახალგაზრდა, ორი საუკეთესო მეგობრის გვარის გამგრძელებლები ერთიმეორის გვერდიგვერდ და ასე ახლოს. -განა ახლა შენს ტურფა ნესტანს არ უნდა დაეძებდე? ნუთუ ჩემთან ერთად ხეებზე საძრომიალოდ შემოგრჩენია ეგ შენი ძვირფასი დრო… შეჰკადრა შიშმორეულმა გოგონამ. ასე ხომ მაშინაც კი არ შეშინებია, როცა დევდარიანს უჩუმრად წყალში საწამლავს უყრიდა. როგორც სხვა დროს, ახლაც ჭკუით უნდა გადაერჩინა თავი თორემ ამოდენა გოლიათ ბიჭს და თანაც ასე სიკვდილამდე გამწარებულს, ციდან ჩამოვარდნილი მეხიც ვერ მოერეოდა. -როგორც კი ჯოჯოხეთში გაგისტუმრებ, მაშინვე გავაგრძელებ ჩემი ნესტანის მოძებნას. -იმისთვის რომ სიცოცხლე გაუმწარო? მოძებნი და შეირთავ ცოლად რომ სული შენსავით დაუმახინჯო? რომ ხელებიდან გამოსტაცო ის ერთადერთი სანუკვარი რაც გააჩნია? ის ძვირფასი გრძნობა რომელსაც დამძიმებული გულით დაატარებს? ეგ გული შენ დაუმძიმე! შენ მას ისედაც ბევრი დამართე, აღიარე ნოა! აღიარე და ნესტანის სამუდამოდ შეეშვი, ის გოგო ბედნიერებას იმსახურებს, რომელიც იმისთვის არის რომ რაც შეიძლება მეტი გასცე. Ხოლო იმისათვის რომ გასცე ჯერ უნდა გქონდეს! -მომაკვდავი ადამიანი კვლავაც სხვებზე დარდობ? აღარ ამოგეწურა ეს შენი საგმირო ეგო? არა, არა მე ვიცი სინამდვილეში რაც ხდება. შენ ბოღმა გჭამს. და ბავშვობიდან ასე იყო. შენი ღვარძლი შენვე გახრჩობდა ისე რომ ამას ვერც კი ხვდებოდი. -მე ჩემი ბოღმა კი არა შენი ზიზღი მახრჩობდა, ნოა! Ჩემი არსებობა კი არა შენი შეიშველი ხელები მახრჩობდა. ის პერანგზე წაკიდებული ცეცხლი შენი მზერით ანთებულ მძვინვარებასთან არაფერია. Ნუთუ აქამდე ვერ მიხვდი, რომ ეს უბრალოდ სამაგიერო იყო. Თუმცა განა რას გიხსნი, ყველაფერი ხომ უჩემოდაც მშვენივრად იცი. ისიც მოგეხსენება რომ ნესტანი შენ არ გეკუთვნის. მას ხომ ასე ძლიერ უყვარს დავითი. -დავითი? - წამოიყვირა ნოამ, - დავით დევდარიანზე ამბობ? ლაემ ენაზე იკბინა, მაგრამ რომ მიხვდა რომ არაფრის დამალვას აღარ ჰქონდა აზრი და ნოას ყველაზე სუსტ წერტილში ჩასცხო, უფრო გათამამებულმა და გულმოსულმა ამოიდგა ენა, - სწორედაც რომ დავით დევდარიანზე ვამბობ. -იმ დავითზე რომელიც შენი ხელებით მოწამლე? და ახლა მათ ეხმარები? Საერთოდ რას მიედ-მოედები, რას ემსახურება შენი არსებობა? და ნოას აღშფოთება გაძლიერებულმა საპასუხო დუმილმა გადაფარა. -ლაე, - აგრძელებდა მუდარა შეპარულ მუქარებს ქანც-გამოცლილი ბიჭი, რაშიც აშკარად იჭერდა აზრს სხარტი ლაე, - მაინც კარგად იცი რომ ეს დილა აღარ გაგითენდება. სწრაფად ამოღერღე, ყველაფერი ზედმიწევნით დაფქვი თუ გინდა რომ რაც შეიძლება ჩქარა და უმტკივნეულოდ მოგიღო ბოლო. იყო რაღაცეები, რაც თავად ლაესაც არ ესმოდა, ამიტომ ახლა ყველაზე რთულ ამბავშვი ჩავარდნილიყო. მაინც როგორ უნდა აეხსნა ნოასთვის ჩადენილი, მაინც როგორ ეღიარებინა ეს უცნაური, გულში ფესვებ გართხმული გრძნობა? მისი გადმოცემა ხომ წარმოუდგენელი იყო, მისი აღწერა კი შეუძლებელი. თავად მისი განცდაც კი ისეთ ამაღლებულ ამოციებს ემსახურებოდა რომ შუაღამეს ამსიმაღლე მუხაზე შემოსვა ეს ორი. -იმიტომ მოვწამლე, რომ ლამპრობის ზავის დასადებად ვეღარ მოსულიყო, - ჩაილაპარაკა ლაემ ცოტახანში ამაყად და ტოტს ძლიერად მოეჭიდა, - ეგ ზავი რომ დაგედოთ სამუდამოდ გაერთიანდებოდით და დავითსაც მისი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მოუწევდა იმის ყურება თუ როგორ დაიტანჯებოდა მისი საყვარელი ქალი მისი მოყვარის ხელთ, რომელიც სინამდვილეში მტერია. -და შენი აზრით სიკეთე ჩაიდინე? მიპასუხე ლაე... -როგორც ვხედავ ეგ მთლად ჩემზეც არ არის დამოკიდებული. სცადე შენს სიცოცხლეში ერთხელ მაინც იყო ადამიანი. დაეხსენი ნესტანს და მშვიდობიანად დავბრუნდეთ სახლებში. დამიჯერე შენვე მიხვდები როგორ შეგიპყრობს სიმშვიდე, როგორ ლამაზად მოგეპარება ეს შენთვის უცნობი მალული გრძნობა და როგორ ამოისუნთქებ შვებით. Ჩვენმა მტრობამ ასწლეულები შეიძლება გასტანოს ეგ იცოდე, სწორედ ისე როგორც ნესტანმა შეიძლება იცოცხლოს და იბედნიეროს. თუ მართლა გიყვარს გაუშვი. იცოდე რომ ეს კანონი მე არ მომიგონია. განა კანონები არ წარმოადგენს შენს ერთადერთ სისუსტეს, რაზეც ასე ძალიან ხარ დამონებული, რითიც მთელი შენი არსებობის ძალით ხარ შეპყრობილი? -სიყვარული? - ხმამაღლა გადაიხარხარა ნოამ გოგოს სიტყვებზე, - შენთვითონ გჯერა შენივე თქმულის? განა სიყვარულზე აქამდე გაგიგონია რამე? -არა, მაგრამ წიგნებში სწერია რომ სადაც სიყვარულია სწორედ იქ არის სიკვდილიც. ნესტანი დავითის გარეშე თვითმკვლელობით დაასრულებდა, ნოა.. ეგ ზავი რომ დადებულიყო ნესტანი მოკვდებოდა. იფიქრე ამაზე... -წყეულო ონიანო, მორჩი წმინდანის როლის თამაშს და უკანასკნელი სიტყვები წარმოსთქვი, აქა ვარ და გისმენ. სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს... -შენ მე ვერ მომკლავ, დადე! ეს სიტყვები დასამარებულ სიჩუმეში გასროლილი ტყვიასავით გაისმა. -განა საერთოდ არ მისმენდი? სადაც სიყვარულია იქ… შემაძრწუნებლად, სისხლის გამყინავად, გულის გასაქვავებლად, - “შენ მე ვერ მომკლავ, დადე!” იმ მომენტში ნოას პირველად მოეჩვენა ლაეს ხმა ასეთი ნაზი და ლამაზი, ასეთი განსხვავებული იმ თავხედი, ვერაგი გოგონასაგან, რომელმაც ამდენი უბედურება დაატეხა თავზე. თითქოს მასში სრულებით სხვა სული ჩასახლებულიყო. ამ სიტყვების გარდა მეტი აღარაფერი გაუგონია ნოას, რადგან მკერდის არეში რაღაც გამალებით აუძგერდა ისე თითქოს მალე იქაურობას გაარღვევდა და გარეთ გამოხტებოდა. Ნოას ლაეს ხმაზე გული აუჩქარდა? აქამდე ხომ საერთოდ არც სჯეროდა გულების არსებობის... კი მაგრამ სად გაქრა ის ზიზღის შეგრძნება და ის გამწვავებული სურვილი იმისა რომ ლაეს ამ მიწაზე ფეხი აღარ დაედგა ერთხელ და სამუდამოდ. სანამ მუხაზე ‘აფოფხების’ საცოდავი მცდელობები ჰქონდა მანამდე ხომ გეგმაც კი დასახა, იმ საგვარეულო მახვილით რომელსაც ჩოხის შიგნიდან ყოველი შემთხვევისთვის ყოველთვის თან ატარებდა, ყელს დაუფიქრებლად გამოჭრიდა შეჩვენებულ ონიანს და გარიჟრაჟისას იტყოდა რომ ნესტანის საძებნელ გზაზე მარტოდ-მარტო მიტოვებული და გარდაცვლილი იპოვნა. თავს მოაჩვენებდა რომ ძალიანაც დარდობდა და დიდი გულის ტკივილით მიუსამძიმრებდა მამამისის ძუძუმტეს, კანდიდატ მერაბს, რომელიც ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო თავის კანდიდატურას მიატოვებდა. სამი დღე იგლოვებდა თემი, მალე კი როგორც წესი ყველაფერი დავიწყებას მიეცემოდა და ისე გაგრძელდებოდა ცხოვრება, თითქოს თექვსმეტი წლის წინათ სამყაროს ეს სპეტაკი, პატარა გოგონა არც მოვლინებიაო. ისედაც ხომ არავინ იდარდებდა მისი სიკვდილის გამო. მერე კი, სამი თვის შემდეგ აღარც ხელის შემშლელი გარემოებები იარსებებდა და აღარც მოწინააღმდეგეები იმისა რომ ძალაუფლება მთლიანად ხელში ჩაეგდო. ყველაფერი ასე მარტივად იყო. ეს ხომ ის სწორედ ის იყო რაზეც იგი ოცნებობდა ყოველ ღამე როდესაც დაღლილ თავს ბალიშზე ჩამოსდებდა ხოლმე, - ძალაუფლება! თითქოსდა რაიონის სადავეების ხელში ჩაგდება მოუტანდა სულიერ სიმშვიდეს და სამუდამოდ გაუქრობდა სულში აბობოქრებულ ტორნადოს. მაგრამ ვერ ხვდებოდა ნოა დადეშქელიანი. ვერ ხვდებოდა რომ სიმდიდრე არ იყო სამუდამო სიმშვიდის გასაღები. ვერაფრით იაზრებდა რომ პატარა გოგონას დაშავებით თავად არაფერი შეემატებოდა. და საერთოდ ვერც იმას ხვდებოდა რატომ ან როგორ იცვალა მისმა გულმა ფეთქვის რითმი ლაეს ამ ერთი შეხედვით უბრალო სიტყვებზე, - “შენ მე ვერ მომკლავ, დადე!” *** ლაეს ბავშვობიდან ჰყავდა ეს ახალგაზრდა ამოღებული თვალში. ექვსი წლის იყო მამამ პირველად რომ წაიყვანა დადეშქელიანებთან სტუმრად, სადაც პირველად შეხვდა გამოწკეპილ, კოხტად ჩაცმულ და მოვლილ ათი წლის ნოას, რომელსაც დიდი თუ პატარა ზედ ევლებოდა, ყველა სურვილს უსრულებდა და ცივ ნიავს არ აკარებდა. ბავშვობიდანვე გაბატონებული, ქედმაღალი ნოაც ერთ თავაწეულ, მწველ მზერას თუ შეჰკადრებდა ხოლმე მხოლოდ პაწია, მისუსტებულ და მილეულ გოგონას, აჩრდილივით რომ დაფარფატებდა დადეშქელიანების დარაბებში და მხოლოდ იმაზე დარდობდა შემდეგი რაღა დავაშავო რომ ნოას დაბრალდეს და სამუდამოდ მოჯდეს თავის ადგილზეო. ცხრა წელი რომ შეუსრულდა სწორედ მაგ დღეს ოჯახებს დიდი შეკრება ჰქონდათ და განიხილავდნენ ახალი გამგებლის კანდიდატურას, ისევ რომ გაიპარა კოშკის თავზე რაიმე ოინის მოსაფიქრებლად, შემთხვევით გამოღებულ კარს წააწყდა და არა მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად გადაწყვიტა შიგნით შემგზავრება. ოთახში უზარმაზარ საწოლზე ხავერდის იისფერ გადასაფარებელს ლავანდის სუნი დასტრიალებდა. კედელზე ვერცხლის ჩარჩოებითა და ლამაზ-ლამაზი ძვირფასი ქვებით მოპირკეთებული ნოას ბავშვობის შავ-თეთრი, გადახუნებული ფოტოები ეკიდა. პატარა ლეას ეგონა სადაც არის მუხლები მომეკვეთება და ძირს დავეცემიო, მაგრამ მაინც ვეღარ მოახერხა ამ სანახაობისთვის თვალი მოეწყვიტა და თავის ადგილას დაბრუნებულიყო. ალბათ ნახევარი საათი ოთახში გაურკვევლად იბოდიალა და თითოეული ფოტო დაწვრილებით შეისწავლა. ზოგიერთ მათგანზე დაეჭდა კიდეც, ნუთუ მართლა ის ამაყი, ქედმაღალი ბიჭუნაა ერთ სიტყვასაც რომ არ მომაგებს და ყოველთვის დამცინავი მზერით მიყურებსო. Მაგრამ სინამდვილეში ლაეს ინტერესს ის ფიქრი უფრო ამწვავებდა თუ რაღატომ იყო ჩაციკლული ასე ძალიან ამ ახალგაზრდაზე, თუ კი მათ საერთო არასოდეს არაფერი ჰქონიათ და არც ექნებოდათ, თუ კი მხოლოდ მისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით მოჰყვებოდა ხოლმე მამამისს ამ ადგილას. თუ კი ასე ძალიან არ მოსწონდა ეს თავის თავზე შეყვარებული უფლისწული, მაშინ რაღატომ ეღვრებოდა სხეულში სითბო მისი სურათების ყურებისას, ანდაც რატომ ჰგვრიდა სიამოვნებას ამ იისფერი აბრეშუმის ლავანდის სურნელი, რომელიც მთლიან მომრგვალებული ფორმის დიდ, ცივ ოთახში თანაბრად იყო განაწილებული. ლაეს ეს გაურკვევლობა და ამოდენა კითხვების კორიანტელი უფრო აგიჟებდა და უფრო მეტისა და მეტის დაშავების სურვილს უღვივებდა მისთვის. მაგრამ როგორც კი მარჯვენა კუთხეში მდგარ ხის გამოკვეთილ-ფიგურებიან საწერ მაგიდას მოჰკრა თვალი, რომელზეც მელანთან და ბუმბულის წვეროსთან ერთად უამრავი გაყვითლებული ფურცლები იყო მიმოფანტული, მისი შემდეგი მისია სულ მიავიწყდა. Აღშფოთებულმა პირზე ხელები აიფარა და მაგიდას ძრწოლვით მიუახლოვდა. ლაე ვერც ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ ნოას წერა ეყვარებოდა. გოგონა ხომ გიჟდებოდა ყველანაირ წიგნზე, მოთხრობაზე თუ ჩანახატზე. ყველა სახალხო ლექსი, ლეგენდა თუ სიმღერა ზეპირად იცოდა. ბავშვობის ფოტოებთან ერთად ამ ნაწერების აღოჩენამ პატარა ლაეს გულში ახალი ემოციები გაუცოცხლა და ერთი უდანაშაულო წამით ისიც კი გაივლო აზრად იქნებ სამუდამოდ შევეშვა ნოას და მისი ცხოვრების გამწარებაზე გეგმები აღარ დავსახოვო. და ზუსტად ასე ფიქრობდა სანამ იმ გაყვითლებულ ფურცლებამდე არ მიაღწევდა და არ აიტაცებდა, რომლებზეც გარკვევით, უმსხვილესი სვანური ასოებით ეწერა: “ლაე ეშმაკია!” მან გამწარებულმა გადაქექა ყველა ფურცელი ერთმანეთზე მიყოლებით, ამოიკითხა ის უგრძესი წერილები, ჭაბუკის ფიქრები თუ სიზმრები, ლტოლვები თუ სურვილები... ბოლომდე შეიჭრა მის პირადულობაში და გაკვეთა ის წითელი ხაზი, სადაც წესით მას არაფერი ესაქმებოდა, მაგრამ ფაქტმა რომ თითოეულ წერილში მისი სახელი ერია, ფაქტმა რომ ნოას პირად სივრცეში ლაეს მთავარი როლი ეკავა მას მოსვენება სამუდამოდ დააკარგვინა. “ლაე ავაზაკია. ლაე მაკრთობს, ის შეჩვენებულია… მას გრძელი თმაც კი არ აქვს! გუშინ ახალი თეთრი პერანგი ტალახში ამომისვარა და თავად უდარდელად განაგრძო მჟავე ქლიავის წუწვნა. ხანდახან მეჩვენება რომ ამ ქვეყნიერებას მხოლოდ ჩემს გასამწარებლად მოევლინა… განა შესაძლებელია არსებობდეს ცოცხალი არსება, რომელსაც იგი წრფელი სიყვარულით ეყვარება?” - წერდა ჩანაწერებში ცამეტი წლის ჭაბუკი, რომელსაც აშკარად ვერ გაერჩია ერთმანეთისგან წმინდა და შებღალული, ნათელი და ბნელი. ვინაიდან და რადგანაც ლაე არ ყოფილა ავაზაკი. ლაე უბრალოდ ყველასგან განდეგილი პატარა გოგონა იყო. ავაზაკებად არ იბადებიან. ავაზაკები ხდებიან! ლაეს ისედაც უზარმაზარი, ახლა კიდევ მთლად გაფართოვებული ზღვისფერი თვალებიდან გაუჩერებლად წამოსკდა სიმწრის ცრემლები. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს გულში დიდი ნაჯახი ჩასცეს. მისი უმანკო, პირველი გულის ტკენისგან გამოწვეული ცრემლები ისედაც გადახუნებულ ლურჯ მელანს ეპკურებოდა და საგრძნობლად ცრეცდა. გოგონამ მძიმედ ამოიკვნესა და აკანკალებული მუხლები მოეკვეთა, რომ უეცრად კარი გაიღო და ოთახში სიბრაზისგან წამონთებული ნოა შემოვარდა. Მაშინ პირველად იყო ლაეზე გაბრაზებული, ახლა კი ალბათ ბოლოჯერ. ვინაიდან და რადგანაც მკვდრებზე არ ბრაზდებიან… სანამ ნოა მიხვდებოდა ლაემ რაც ჩაიდინა, იმის მაგივრად რომ დანაშაული საკუთარ თავზე აეღო და გოგონასთვის მოებოდიშებინა, ეგრევე თმებში სწვდა მას და მუხლებზე დამხობილი მთელი ძალით შეარხია. Მოულოდნელობისგან და ტკივილისაგან გაშეშებულმა გოგონამ როგორც კი მოახერხა, მაშინვე წაიღო ძლივსძლივობით პატარა ქათქათა ხელი მაგიდისკენ, რომლითაც თავის დახსნას უშედეგოდ სცდილობდა, დაიტაცა სწორედ ის მელანი, რომლითაც ჭაბუკმა შეურაცხადი სიტყვები დაწერა გოგონაზე და ძალიან მალე მოხერხებულად შეასხა სახეში ბიჭს. მთელი ის საღამო შერცხვენილი და დადარდიანებული ონიანი მერაბი ქალიშვილს ხვეწნით კუდუკან დასდევდა რომ როგორმე ბოდიში მოეხდევინებინა მეგობრის ვაჟისთვის. Მაგრამ აი რა არ გააკეთა ლაემ, აი რა არ გაუკეთებია არასდროს, - მას ბოდიში არ მოუხდია! ამის მაგივრად ადგა და ეზოს ყველაზე მაღალ ხეზე მოიკალათა. ახალი წინამძღვარი აღარავის ახსოვდა. სანამ გოგონას ორი გვარის წარმომადგენლები და ამას პლიუს გამაგრებული დაცვა უშედეგოდ დაეძებდა, ცალ-თვალახვეულმა ნოამ იპოვნა და ხეზე მის გვერდით მოიკალათა. Ზუსტად ისე როგორც ახლა. და სწორედ მაშინ მან შეჰფიცა რომ ამ საქციელის გამო ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად მოკლავდა. ამ სიტყვებზე ლაემ ფართო ღიმილით გაუღიმა, აწყლიანებულ თვალებში სინათლის პაწია სხივი ჩაუდგა და დაჟინებული ტონით მშვიდად და აუღელვებლად უპასუხა -შენ მე ვერ მომკლავ, დადე! *** Მწარე დეჟავუს შეგრძნებამ უცნაური ჟრუანტელი მოჰგვარა ჭაბუკს. ეს მაშინათვე ასე იყო. ის დღე მათი გაუთავებელი მტრობის დასაბამი გახდა. ახლა კი თითქოს ისევ იმ წერილებისა და თვალებში შესხმული მელნის გამო ისხდნენ ეზოს ყველაზე მაღალ ხეზე ზუსტად შვიდი წლის შემდეგ პატარა ლაე, რომელიც ბოდიშს არ იხდიდა და დაშავებული, სიმწრით გაგიჟებული ნოა. -შენ გახსოვს! - როგორც იქნა აღმოთქვა მოგონებებში გადაჩეხილმა გოგონამ როდესაც ნოამ პასუხი აღარ დაუბრუნა და სუნთქვა სუმთლად შეეკვრა. -ეს სპეციალურად გააკეთე? -თუ გეტყვი რომ არა დამიჯერებ? -რა თქმა უნდა არ დაგიჯერებ. -ვიცი. -მაშინ ისიც უნდა იცოდე რომ პირობას ყოველთვის ვასრულებ, ლაე. Ნოას სახეზე კუნწულა ცრემლი ჩამოუგორდა და ხელი უჩუმრად ბასრი მახვილისკენ წაიღო. ის წამი იყო და ის წამი სამყარომ სუნთქვა რომ შესწყვიტა. ____ დილამდე თავ-ბედს იწყევლიდა დადეშქელიანი ნოა. რადგან შვიდი წლის დაგროვილი ზიზღითაც კი ვერ შეძლო და ბოლო ვერ მოუღო ამ დაუსრულებელ, ენთუზიაზმით გაჟღენთილ უნაყოფო მტრობას. იმის მაგივრად რომ დადებული პირობა ერთხელ და სამუდამოდ შეესრულებინა და გოგოსთვის სიცოცხლე წაერთმია, ამაღამ ყველა ის გრძნობა გაუღვივდა რასაც აქამდე თავი არასდროს უჩენია. აკანკალებული ხელით საგვარეულო ხანჯალი ისევ თავის ადგილას დააბრუნა და გამომშრალი ყელი ფრთხილად, სინანულით ჩაიწმინდა. უკუნეთ სიბნელეში მისი სახის დანახვა წარმოუდგენელი იყო, თუმცა ემოციების გარჩევა არა… ამხელა გოლიათი, რომელიც ყველას ყოველთვის შიშის ზარს სცემდა ამ პატარა გოგონას გვერდით მუხის ხეზე შიშისგან, სირცხვილისგან და უიმედობისგან იკრუნჩხებოდა. და მაინც რა სჭირდა, რა ემართებოდა? განა რა იყო ამ ყოველივეს მიზეზი. ის რომ პირობა გატეხა? (რაც ნამდვილ ვაჟკაცს არ ახასიათებს), თუ ის რომ მაინც ვერ გაეგო რატომ, რატომ ვერ შეძლო ამის ჩადენა. Რაიმე პირადული მიზეზი არსებობდა თუ მისი სიფიცხე და სიმკაცრე მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო და სინამდვილეში არავისთვის შეეძლო სიცოცხლის წართმევა. ის ხომ ზურაბ დადეშქელიანის ერთადერთი ვაჟი იყო. ფეხი ეკლესიაში აიდგა. სანამ პირველ სიტყვას იტყოდა მამამ მანამდე ჩაუნერგა ყველა საგვარეულო ტრადიცია და წესები, ორი წლისამ თითოეული სვანური გვარი და დღესასწაული ზეპირად იცოდა. სამისას კი უკვე ამბიცია გაუჩნდა რომ მამამისივით ძლიერი, მხარბეჭიანი და სამართლიანი მმართველი იქნებოდა ოღონდ ერთი განსხვავებით. არ დაუშვებდა რომ მასსავით გულთბილი და შემწყალებელი ყოფილიყო, რადგან ნოას აზრით ეს ის არის რაც გვასუსტებს. ადამიანურმა გრძნობებმა ადამიანური ვალდებულებები არ უნდა გადაფარონ. ამას საკუთარ თავს უმეორებდა ყოველთვის და ეს ერთი ფრაზა ყველანაირ დარიგებას წონიდა ხოლმე. სიყვარულს აკნინებდა და ზიზღს გზას უხსნიდა. მაგრამ ამაღამ ეს ზიზღი საერთოდაც გაუჩინარებულიყო. Და ცხოვრებაში პირველად ნოას ლაე არ ეზიზღებოდა… თუმც კი მაინც გულს უღრღნიდა საშინელი ფიქრები. “განა ეს არის ჩემი ვაჟკაცობა? ნუთუ ამას დავპირდი ჩემს თავს? ასე თუ გაგრძელდა ოცი კი არა, ოცდაათის რომ გავხდე სადავეებს ხელში მაინც ვერ ჩავიგდებ. ამაღამ ონიანების გასახარი საქმე გაკეთდა. ჯერ საცოლე გამექცა, ახლა კიდევ ჩემი ცხოვრების უმთავრესი პირობა დავარღვიე. Რატომ… მაინც რატომ ვერ შემიძლია ლაეს მოკვლა? იქნებ ამ ხანჯალსაც რამე დამართა, იქნებ შეულოცა? სასწრაფოდ რამე უნდა მოვიმოქმედო, სასწრაფოდ უნდა გამოვასწორო ჩემი მდგომარეობა, თორემ თემში გამვლელებიც აღარ მომესალმებიან. დადეშქელიანები ფასს დაკარგავენ და მთელი ძალაუფლება ონიანების ხელში გადავა. სწორედ ამ წყაროს წყალი სწყუროდა ამ ჯადოქარს! ნესტანი და მისი სიყვარული სულ ფეხებზე ეკიდა. მას ხომ გრძნობები არ გააჩნია. ლაე ხომ ეშმაკია… სასწრაფოდ უნდა დავაბრუნო ნესტანი და ცოლად შევირთო, ლაეს კი დავუბრუნებ მამამისს და გავაგებინებ რომ ყველაფერი ამ პატარა ქალბატონის ბრალია. ვნახოთ მაშინ რა ხასიათზე დადგებიან ძვირფასი ონიანები. ეგ კაცი პირველად ჩვენთან მაშინ შეცდა ლაეს უბოდიშობა რომ შეარჩინა. მან ხომ კინაღამ დამაბრმავა. ლაემ კინაღამ დამაბრმავა. არ დავუშებ რომ ამდენი ხნის მერეც იგივე მოხდეს. გოგოს ადგილსამყოფელს აუცილებლად გამოვტყუებ! Მე ნოა დადეშქელიანი არ ვიყო ნესტანს ხვალ ამ დროის სწორს ჩემი ცოლი თუ არ ერქვას!” დილამდე საუბარში გაათენეს პატარა ლაემ და უფლისწულმა ნოამ. ბოლოს ბიჭმა იფიქრა შიშის ფონზე თუ ვერაფერს მიმხელდა, ახლა როცა დაინახა რომ მოსაკლავად ვერ გამიმეტებია იქნებ მოლაპარაკების წარმოების ფონზე მაინც გამიმხილოს ჩემი საცოლის ადგილსამყოფელიო, რადგან ყველა სამხილი იმაზე მიანიშნებდა რომ ეს საქმეც ლაეს გაჩმახული იყო. მაგ ღამეს ტყეში ეს პატარა ალქაჯი რომც არ შეჰხვედროდა ნოა დადეშქელიანი მაინც ასე იფიქრებდა, რადგან ყველა უბედურება რომელიც კი ცხოვრებაში დაჰმართნია ერთიმეორეზე მიყოლებით სწორედ მისი ბრალი იყო. მაშინ რატომ, მაინც რატომ ვერ დაასრულა ყოველივე ეს? ახლა ეს კითხვა მთელი ცხოვრება აღარ მოასვენებდა. ნესტანი რომც ეპოვნა და ცოლად შეერთო, დევდარიანზე შური რომც ეძია, ეს ღამე როგორც ყველაზე დიდი სიმხდალე მისი თითქმის ოც წლიანი სიცოცხლის ისტორიაში სამუდამოდ დარჩებოდა. მისი აზრით ყოველგვარ დედამიწისეულ უბედურებას სწორედ რომ სახელი ლაე ერქვა, მაგრამ უცნაური სწორედ ის იყო რომ ლაეც სწორედ იგივეს ფიქრობდა. მონეტას ხომ ორი მხარე აქვს. რატომ ჩაუშალა ყველაზე მთავარი მოლაპარაკება და რატომ გააპარა მისი საცოლე მთიანეთში? განა მართლა მისი მეგობარი ნესტანი ებრალებოდა? Რა თქმა უნდა ლაეს უყვარდა ნესტანი, მისთვის ყოველივე კარგი სურდა, თუმცა არა… არა, ეს სხვა რაღაც იყო. რასაც თავად გოგონაც ვერ ხვდებოდა, უბრალოდ როგორც ყოველთვის ინსტიქტებზე დაყრდნობით მოქმედებდა. და აი სინამდვილეში როგორ იყო ყველაფერი… *** განთიადი იყო. ლაესთვის სანატრელი დღე, რადგან მამა დაჰპირდა რომ საღამოს თემის მთავარ შეკრებაზე წაიყვანდა, სადაც აუცილებლად ნოაც იქნებოდა. როგორც კი თვალები გაახილა სახეზე ეშმაკურმა მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა და ხელები მოზღვავებული აუხსნელი სიხარულისგან გაშალა. აქამდე მხოლოდ შეპარვით ესწრებოდა ამ შეკრებებს და იგებდა მთავარ ამბებს, ან კიდევ მამამისს გამოსტყუებდა ხოლმე. დღეს კი ოფიციალურად წარსდგებოდა მათ წინაშე. მერე ალბათ თანატოლ გოგონებთანაც იტრაბახებდა, რადგან პირველი გოგო იქნებოდა, ვინც ასეთ შეხვედრას დაესწრო. როგორც კი საწოლიდან წამოდგა მაშინვე ფანჯრიდან გადაიხედა და სახლში მომავალი მერაბი დაინახა. დაღლილი სახე ჰქონდა კაცს და მხარზე გადაკიდებულ ხურჯინს წვალებ-წვალებით მოათრევდა. გოგომ იფიქრა მამაჩემს დავეხმარებიო და დახვეული ხის კიბეები ელვის პატარა გაკლაკნული ხაზივით ჩაიქროლა, მაგრამ როგორც კი ბოლო საფეხურიდან ჩამოხტა მაშინვე გაიღო კარი და მამამისის სახეს პირდაპირ შეეჩეხა, რომელმაც დაჭიმულ, უძილო კუნთებს მაინც დააძალა და თბილად, სიყვარულით გაუღიმა ქალიშვილს. -მერაბ, უკვე მოსულხარ, სად იყავი მთელი ღამე? - სკეპტიკურად ჩაეკითხა მეუღლე და ნაწნავების გაშლა დაიწყო. -სად ვიქნებოდი თვარა დადეშქელიანებში, ეთო… ხანდახან მაინც როგორი ეჭვის თვალით უყურებ შენს ქმარს, ჰა? დადეშქელიანების გაგონებაზე ლაეს მკერდში რაღაც შეუქანდა. -არა კაცო, რაის ეჭვის თვალი. ისე ჩაგეკითხე, რაღაც სახეზე კი არ მომწონხარ და, - თავის გამოძვრენას ეცადა კმაყოფილი ქალი, რომელიც ღიმილს ვერ იკავებდა. -რაღა სახეზე არ მოგწონვარ ჩემი ძმადნაფიცი შვილს აქორწილებს. ამაზე კარგი ამბავი ამ დილა ადრიან სხვა რა უნდა უნდოდეს კაცს? -იმ ამპარტავანს აქორწილებენ? Ეს რა გაიგონა ჩემმა ყურებმა. კარგიცაა, იქნებ მიეცეს ჭკვა მაგ გამოშტერებულ თავში, ჰა, - ჩაილაპარაკა ეთომ და სუფრის გაშლას შეუდგა. -ასჯერ თუ არა ოთხმოცდაცხრამეტჯერ მაინც მითქვამს მათზე ასე ნუ ლაპარაკობთ მეთქი. რა დაგერიათ ამ დედა-შვილს, კაცო? არ იქნება მაგათთან გადაკიდება ლამაზი საქციელი, არა! - მაგიდას ერთი ძლიერი მუშტი დაჰკრა გულმოსულმა ოჯახის უფროსმა, - ხალხზე რომ აღარაფერი ვთქვა, ისედაც თვალში ამოუღათ ჩვენი ლაე. ვერ ამჩნევ გარეთ რა ხდება? დიდი თუ პატარა ჩვენზე ლაპარაკობს. -ხოდა კი გითხარი რაც უნდა გვექნა მაგრამ თავი გაიგიჟე სისხლის აღრევა იქნებაო და ჰა. რაის სისხლის აღრევა თუ მამა-უფალი გწამს, ძუძუმტეები ხართ ძმები ხომ არა. -ეთო, გაჩერდ მეთქი კი მითქვამს. ბოლო საფეხურთან ატუზული ლაე გაუნძრევლად იდგა. დედამისის სიტყვების მეტი - “ იმ ამპარტავანს აქორწილებენ? “ აღარაფერი გაუგონია. თითქოს და სმენა ოფიციალურად დაეხშო. სმენა კი დაეხშო, მაგრამ გონება გაუნათდა და ამდენი ხნის დაღვინებულ, კი არა გადაძმარებულ გრძნობას, რომელიც მის პატარა გულში მძვინვარებდა და რომელსაც თითქოს სიძულვილი ერქვა, მიხვდა რომ ერთი გრამითაც არ ყოფილა სიძულვილი. მართალია არ იცოდა რა იყო, მაგრამ ცუდი რომ არაფერი ყოფილა ეს უკვე კარგად შეეგნო. უბრალოდ არ იცოდა, არ შეეძლო როგორ გამოეხატა. Მხოლოდ და მხოლოდ ნოას ცუდ საქციელებზე უბრუნებდა სამაგიეროს ხოლმე და ეს ყველაფერი უკვე იმდენად ჰქონდა ჩვეულებად გადაქცეული რომ სწორედ რომ ყოველივე ეს ეგონა ნორმალური საქციელი. ახლა კი… ახლა როცა გაიაზრა რომ როდესაც ნოა ცოლს მოიყვანდა ლაეს გამწარებისთვის აღარ ეცხელებოდა, ამპარტავნულად აღარ გადახედავდა, მისი მზერით სულში ხანძარს ვეღარ გაუჩენდა, მასზე წერილებს აღარ დაწერდა საშინელი სიტყვებით, სიკვდილით აღარ დაემუქრებოდა, აღარ იქნებოდა ის ერთადერთი, რომელიც იპოვნიდა მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენი ეძებდა... გოგოს მუხლები ჩაეკეცა და საფეხურზე ჩამოჯდა. “Ნოას აქორწილებენ, ნოა ქორწილდება… ამის მერე როგორღა უნდა ვიცხოვრო? Ამ მტრობის გარდა ნეტავ რამე გამაჩნია?” არა, ამ მტრობის გარდა ლაეს მეტი არაფერი გააჩნდა. Მტრობა, რომელიც სიხარულს ანიჭებდა და იმ შეგრძნებებს სჩუქნიდა, რაც აქამდე არ განეცადა. პირველი გულის ტკენა, ადრენალინი, სიხარული, სიბრალული და… და მონატრება! ამ დილასაც სწორედ მაგიტომ უხაროდა. იქნებ და თემის მნიშნელოვანი ამბების გაგებაზე მეტად სწორედ მისი ნახვა სურდა. ამპარტავანი ნოას ნახვა. და ეს იმიტომ რომ ენატრებოდა. Მთელი გულით ენატრებოდა. მერე კი ეს სიხარული ამხელა იმედგაცრუებამ გადაფარა. და გოგო მიხვდა რომ ეს გრძნობაც პირველად დასტყდომოდა თავს მის მისნეულებულ არსებობაში. Მაგრამ დანებება ეს მისი ხასიათის არცერთ უჯრედში არ ჯდებოდა, ზედმეტი პაზლის ნაწილივით არ შეესაბამებოდა. სანამ მშობლები სასაუზმოდ დაუძახებდნენ ასე უხმად და გაუნძრევლად იჯდა და საუზმეზეც დიდად პირი არაფრისათვის დაუკარებია. ეს სხვაობა ეთოს და მერაბის არ შეუნიშნავთ, რადგან ყოველთვის ასე იყო. ლაე დიდი ხნის გარდაცვლილი სულივით დაძრწოდა, ხმას არ იღებდა და ძალიან ცოტას ჭამდა. Მხოლოდ მისი სიმღერის ხმას თუ გაიგონებდი ხოლმე ხანდახან და ეს იყო იმისი ერთადერთი საბუთი რომ ლაე რომელსაც ყველა უმიზეზოდ უწყრებოდა ნამდვილი იყო და არა ნოა დადეშქელიანის გამოგონილი. -ხედავ შენა როგორ გაუმართლა ნესტანის? - ჩაილაპარაკა ეთომ და ფიალაში წყალი ჩამოასხა, - კარგად ჭამეთ კარგად, მალე ჭვიშტარიც იქნება. მერაბ, დაგიმატო? -ნესტანის? - კოვზი დაუვარდა ლაეს. -ღმერთო მაღალო, ეს რას მომასწარი! ამ გოგომ ხმა ამოიღო, - მიუგო დედამ, - დიახაც, შენს მეგობარ ნესტანის წყაროზე რომ ერთად დადიხართ ხოლმე. წინაზე რომ ნოას გამოუვლია სანადიროდ მაშინ დაუნახიხართ ერთად. -და ასე უთქვამს ნესტანი მინდა ცოლადო? - ლაე წყობილებიდან გამოვიდა. -აბა შენზე ხომ არ იტყოდა, ბიჭს სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქციე და... Რასაც დასთეს იმას მოიმკი ჩემო ძვირფასო. აწი კი ისწავლი ჭკვას. -ეთო მეასედ ახლა გაფრთხილებ! - თვალები დაჭყიტა მერაბმა, - ბავშვები ერთმანეთს ბიძაშვილებად ეკუთვნიან! ბედნიერი უნდა იყოს ჩვენი გოგონა. ამაღამ ლამპრობის ზავზე რომ წავიყვან პირადად მიულოცავს ნოას, არა? ერთად გაიზარდეთ, ზუსტად ისე როგორც მე და ზურაბი. Მთელი სადავეები რისკენაც ასეთი სიმწრით მივისწრაფვი მხოლოდ შენთვის მინდა. შენ და ნოა შესანიშნავი წინამძღვრები იქნებით… არ მგონია ზურაბს ამის რაიმე საწინააღმდეგო ჰქონდეს. -მამა ნესტანს სხვა უყვარს, - ვეღარ მოითმინა ლაემ. ამაზე ორივეს ფერი წაუხდათ. მერაბს ლუკმა აღარ გადაესვლებოდა პირში, ეთომ კი თავზე ხელები წამოირტყა და ხმამაღლა მოთქმას მოჰყვა, - ვაი, ეს რა დღე გამითენე მამა-ღმერთო! ვაი, რატომღა ვარ ცოცხალი… -ისე მოთქვამ, თითქოს სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს, დედა. -შენ რა მართლა ვერაფერს ხვდები? - ჩაერია მერაბიც. ლაემ თავი გაშმაგებულმა გააქნია და ფიალიდან წყალი მოწრუპა. -შვილო ეგ ამბავი შენ რომ პირიდან დაგცდეს ხანჯალზე აგაგებენ! - ამაზე კარგი ახსნა აღარ შეიძლებოდა. ეთომ კიდევ ერთი ‘ვაი’ შესძახა და ტახტზე უსულოდ დაემხო. ლაეს ისე შეეშინდა, ვეღარ გაეგო რა ექნა. გამოუვალი სიტუაცია იყო. ვერც თავის მეგობარს გაიმეტებდა ამხელა სატანჯველისთვის, წყაროზე მიმავალს დიდი სიამოვნებით რომ უყვებოდა ხოლმე თავის ამბებს მასზე და მაგარდელელ დავით დევდარიანზე, მაგრამ თავად კი სულ აინტერესებდა მაინც როგორი იყო ეს შეგრძნება და მაინც რატომ არ უნდებოდა ნესტანს დავითისთვის მნიშვნელოვანი საქმეების ჩაშლა, სახლის გადაწვა, ხელის მოტეხვა, შელოცვა ან რაიმე მსგავსი. ამით ასკვნიდა და შვებით ამოისუნთქებდა ხოლმე, რადგან ყოველი ნესტანის აღშფოთებული პასუხი ‘არა’, ნიშნავდა იმას რომ მისი მიმართული მთელი ის ლავის ბურთისხელა შეგრძნება სიყვარული არ იყო. ალბათ ამ ორ გრძნობას შორის სადღაც ხიდი არსებობს, რომლის ნაწილშიც მარტოდმარტო იმყოფებოდა ლაე და ვერც გზას იკვალავდა. ის მარტო იყო. Როგორც აქამდე და ახლაც, ამის მერეც მარტო იქნებოდა. ამიტომაც ამ საქმიდან გამოსავალიც მარტო უნდა ეპოვნა, ისე რომ არც დედამისს დამართნოდა რამე, არც მის რომელიმე ახლობელს და არც მის ერთადერთ მეგობარ ნესტანს. მაგრამ განა რა უნდა ექნა? მაინც რა იყო მის ხელთ, რა უპირატესობა გააჩნდა? Როგორც კი განერვიულებული დედაკაცი მკვდრეთით აღადგინეს, პირველი ის დაიძახა, - “ვაიმე ჩემი ჭვიშტარიო.” - ეს კი ნათელი მაგალითი იყო იმისა რომ ყველაფერი კარგად იყო და უკვე დრო იყო ლაეს გეგმების შემუშავება დაიწყო. ვირზე შეჯდებოდა და ნოას დანიშვნის ამბავს არ მიულოცავდა, ახლა კი ცოტაოდენი ეშმაკობა უნდა გამოეყენებინა, თუმდაც საკუთარი მამის მოტყუება იმისათვის რომ ამ უუნარო სიტუაციიდან ყველა დაეცვა. -მე მივულოცავ, მამა მივულოცავ. -რაზე ამბობ, შვილო. -ნოას! გეფიცები სიტყვა არ დამცდება. მაგრამ ვისთან უნდა აწარმოოს ეს… რა ჰქვია? -ლამპრობის ზავი? -ხო ეგ. -ვისთან და დევდარიანებთან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.