ნაცნობი ქალის დღიურები ნაწ1
ნაცნობი ქალის წერილები 21.01.1999 პირველად რომ დაგინახე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, გულის ფანცქალით ველოდებოდი მე-7 კლასის დაწყებას, სექტემბერი ყოველთვის მიყვარდა, ჩემთვის სიფერადისა და რაღაც ახლის დასაწყისი იყო ყოველთვის, მოლოდინი მქონდა ძლიერი, გამიმართლდა...შენ დაგინახე... ეგ ის ასაკი იყო ჩემთვის, შენ დიდ ბიჭად რომ ითვლებოდი და მე კი პატარა გოგოდ. ჩემნაირებს მზესუმზირაზე აგზავნიდი, მე არა ... მაშინ მეგონა პატივისცემა იყო ან უბრალოდ მოგწონდი და მაგიტომაც არ მელაპარაკებოდი, ბავშვობაში ხო იგნორი სიყვარულის ტოლფასია, სანამ სიტყვებით გაუფასურდება ყველაფერი იქამდე ფანტაზიას დასასრული არ უჩანს, შენ კი ჩემი ფანტაზიის ამომავალი წერტილი იყავი. ფეხბურთს თამაშობდი ეზოში და ვოცნებობდი შენზე მოშტერებულს ერთი წამით მაინც მოგერიდებინა ბურთისთვის თვალი და მზერა მოგეპყრო, მაგრამ ამას არ აკეთებდი. ახლა კი ვზივარ ჩემი ძმის პალატაში, უკვე სკოლა დამთავრებული, შენ უნივერსიტეტში დადიხარ და დღემდე არ შემოგიხედავს იმ მზერით მე, რომ ვოცნებობ...საერთოდაც მგონი ერთხელ შემომხედე, კორპუსის სადარბაზოსთან, გზა დამითმე, მთელი ღამე ვატრიალებდი ამ სურათს ჩემს თავში, ხან რას ვიგონებდი და ხან რას, თითქოს ვისაუბრეთ, თითქოს მე გითხარი ჩემი განცდები და შენ გადაირიე, ჩემით აღფრთოვანდი, მერე ერთად ვიყავით... მხოლოდ ერთმანეთი გვჭირდებოდა სხვა არავინ. -რატომ ვერ მამჩნევ? შეუხედავი არ ვარ... 23.01.1999 პალატა ძალიან ცივია, გარეთ ზამთარია და ფიფქები ყველაფერს ათეთრებენ, ყველაფერზე მეფიქრება, აქ უამრავი დრო მაქვს... შენზე არაფერი ისმის, ნეტავ ახლა რას აკეთებ, დედას ვერ ვკითხავ ვერაფერს მიხვდება, თან ახლა ჩემი ძმა არის მხოლოდ პრიორიტეტული... ალბათ კარგად გახდება, ექიმები გვაიმედებენ, რომ ახალგაზრდა და ძლიერი ორგანიზმია, გაუძლებსო... ის საძაგელი ზამთარივით ცივი ტყვია ამოუღეს, როდის დასრულდება ეს საშინელება... ნეტავ ახლა გვერდით მყავდე, ალბათ არაფერზე ვიფიქრებდი, შენზე ფიქრებმა დამღალა... 26.01.1999 ჩემი ძმა კარგადაა, მალე გამოწერენ...სახლში ვარ უკვე, ცხელი წყალი გადავივლე და დაღლილი საწოლზე ვწევარ, ისევ დღიური გამახსენდა, ბალიშიდან გამოვაძვრინე და აი ახლა ვწერ, ამ დღიურს შენ კი გიძღვნი, მაგრამ ალბათ ვერავინ ვერასდროს წაიკითხავს...არ დავუშვებ,. რომ წაიკითხოს... გუშინ დედაშენი დავინახე აივნიდან, ყავას ვსვამდი, ათას სისულელეზე ვფიქრობდი, საინტერესოა მაგრამ ის იშვიათი შემთხვევა იყო როდესაც არ გამხსენებიხარ, პატარა ეიფორია მქონდა კოფეინის დახმარებით, ნახევარი სიგარეტიც მოვწიე, თავი რომანტიულ დრამაში მეგონა, დედაშენს ცელფნები მოჰქონდა, მგონი ბაზრობაზე იყო... ფორთოხალი შევამჩნიე, ალბათ შენ გიყვარს, რამდენი რამ არ ვიცი შენზე, ის კი ვიცი რომ ყველაზე ლამაზი ხარ, ამას თვალებით ვამჩნევ, ისიც რომ უზომოდ კეთილშობილი ხარ- პატარებს ყოველთვის ათამაშებ და იცავ, ყველას გზას უთმობ და თბილი ღიმილით უღიმი-როგორ მიყვარს შენი ღიმილი, შორიდანაც რომ ანათებს-თეთრ კბილებს რომ ამზეურებ და შავ ბრიალა თვალებს ჭუტავ, ასხივებ მაგ დროს. დედაშენს არ ვიცნობ, მამაჩემი მიეხმარა ერთ დღეს ნიჟარის შეკეთებაში და ასე თქვა ძალიან კარგი ქალიაო, დედაჩემმა მგონი იეჭვიანა და მაგ დღის მერე აღარც უხსენებიათ შენი ოჯახი. ნინიამ, ჩემმა მეგობარმა მითხრა მგონი ტატო ბაღაშვილს მოსწონხარ და ვერ გეუბნებაო, რეაქცია არ მქონია, საერთოდ არ მაინტერესებს, ნეტავ ერთ დღესაც ვინმე მოვიდოდეს და მეტყოდეს აჩის შეუყვარდი და ვერ გეუბნებაო, მაგრამ შენ მეტყვი-ზუსტად ვიცი არავის მომიგზავნი, შენ ნამდვილი კაცი ხარ. მეც სამედიცინოზე ჩავაბარებ იქითა წელს და ალბათ ათასში ერთხელ მაინც დაგინახავ-საერთოდ აღარ ჩანხარ, სკოლაში გაკრული შენი ფოტო რომ მოვიპარე ის უკვე გაიცრიცა, ნეტავ ახალი მქონდეს, ამდენი კოცნისგან გაიფიტა საწყალი ფურცელი. 31.01.1999 დღეს ნინია იყო ჩემთან, ასე მითხრა ეგ შენი აჩი აკვიატებაა,რანაირად უნდა გიყვარდეს არც იცნობო...ვეჩხუბე და თან როგორ- შენ ზემდეტად კარგი ხარ იმისთვის, რომ აკვიატება იყო... გამოცდებისთვის ვემზადები-შენი სიყვარული ბიოლოგიის მეცადინეობასაც კი მაიძულებს, დედა ფულს აგროვებს ბეჭდისთვის, რომ კომისიის წევრს აჩუქოს-ასე უფრო მარტივ კითხვებს დაგისვამენო. 02.02.1999 ჩემი ძმა კარგად არის, უკვე თავისით აკეთებს ყველაფერს, გვპირდება რომ არააფერში აღარ გაერევა და მშობლებს არ ანერვიულებს... მე ძაღლი მიყიდეს, დობერმანია-გოგოა და ზიზი დავარქვი, ბიჭი მინდოდა რომ აჩი დამეძახა, მაგრამ რატომღაც არ გამიმართლა-თან ისედაც მხოლოდ შენ მახსოვხარ, მთელი დოზით ხარ ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი. დროა დავიძინო უკვე გვიანია, თან ზიზიც დაიღალა. 05.02.1999 დღეს ისეთი სასწაული მოხდა, კალამს როგორ ვიღებ ხელში და ამას ვწერ არც კი ვიცი, დღეს გაგიცანი... ასეთი სასწაულები თუ ხდებოდა უკვე აღარ მჯეროდა, თავი სიზმარში მგონია, მაღაზიაში შესული, გამოსვლისას შემეფეთე-კარებში იდექი შენი უზარმაზარი შავი ქურთუკით და ლურქი ქუდით, როგორ გიხებოდა ის ქუდი, ღმერთო-რომ დაგინახე გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, მუცელში თითქოს ვიღაცამ ხელი წამიჭირა-ეს თან სასიამოვნოც იყო და თან მტკივნეულიც. „შენ დიმიტრის შვილი არ ხარო მკითხე“ ძლივს ამოვღერღე, რომ კი მეთქვა და უცებ დიახით შევცვალე, გაგეღიმა ჩემს სულელურ პასუხზე და უცებ მიაყარე „მამაშენს მადლობა გადაეცი დამხამრებისთვისო“ მერე კი კარებთან გაუჩინარდი. ადგილზე გავშეშდი, არ ვიცოდი უნდა შემოგყოლოდი თუ არა , კი ვიცოდი რომ ნახვა მინდოდა კიდევ ერთხელ, მაგრამ დავფრთხი, უკვე წარმოვიდგენდი როგორ ავიდოდი სახლში და ამ დიალოგს ათასჯერ დავატრიალებდი გაფუჭებული რადიოსავით, ასეც მოხდა... გიჟივით ავირბინე შვიდი სართული და საწოლზე გავწექი, ზიზი ზედ დამახტა-ეიფორიისგან იმდენი ვკოცნე საწყალი ლეკვი სულ გავაგიჟე, მერე ბალიშში ხმამაღლა ვიყვირე და დარჩენილი დრო მხოლოდ შენზე ვფიქრობდი, ყველაზე მეტად მიყვარდი. 10.02.1999 ჩემმა ძმამ მოგვატყუა, ისევ სროლაში მოყვა, მაგრამ ამჯერად დაიღუპა, გუშინ გაგვაგებინეს, ვიღაც ახმახი კაცები მოვიდნენ, „ყიფიანების ოჯახიაო იკითხეს“ მერე ასე და ასეო თქვენი შვილი სამწუხაროდ გარდაიცვალაო და წამობრძანდითო... სადღაც წაიყვანეს, მე სახლში დამტოვეს, ვერაფერს ვგრძნობ-ასე მგონია არაფერი მომხდარა, ისტერიული სიცილი დამეწყო და 1 საათში გავჩერდი, მას შემდეგ ვზივარ და ვუყურებ ჩემს ახალგაზრდა და სიმპატიურ ძმას, როგორ წევს გაციებული და გათეთრებული, ასე მგონია იღიმის, მგონი მართლაც იღიმის. ვიცი, რომ სიკვდილი ტკივილთან ასოცირდება, მაგრამ მე არ მტკივა, არც გაოცებული ვარ... ჩვეულებრივად ვარ. ჩემი ძმა მიყვარს, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ. ჩემი ძმის მკვლელიც მოუკლავთ, არავის მოეშვა მაგის გამო გულზე, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთ დროში ვცხოვრობთ. 11.02.1999 დღეს შენც იყავი ამოსული, პატივი მიაგე ჩემი ძმის ხსოვნას, მეც მომისამძირე, მერე გარეთ გახვედი... არ ვიცი შეიძლება შტერი ვარ, შეიძლება ეგოისტი, მაგრამ მომეჩვენა რომ განსხვავებულად შემომხედე, მხოლოდ ისე როგორც ბიჭები გოგოებს უყურებენ, ალბათ გავგიჟდი, ჩემი ძმა დავასაფლავეთ და მხოლოდ ახლა გავაანალიზე რაც მოხდა, მაინც ვერ ვტირი, აი გული კი მტკივა, საშინელი ტკვილი ყოფილა საყვარელის დაკარგვა, მგონია ვიღაც ცხელ შამფურს მიყრის და თან არ ჩერდება, სხეული კივის, მინდა ვიტირო და არ გამომდის, ხმასაც ვერ ვიღებ, იმდენი ხანი ვიყავი ჩუმად მეშინია რომ ვილაპარაკო ხმა არ წამერთვას... 20.02.1999 დიდი დრო არ გასულა, მაგრამ ასე მგონია საუკუნეა შენზე არ დამიწერია, თუმცა, არ გეწყინოს ვფიქრობდი... გამუდმებით შენზე ვფიქრობ ხოლმე...დიდი ხანია არ მინახავხარ, თითქოს აორთქლდი, დედაჩემს ჩამოვუგდე დღეს შენზე და შენს ოჯახზე საუბარი, ისე სასხვათაშორისოთ ვიკითხე ხო არ გადავიდნენ-მეთქი, დედამ არ მიპასუხა, მამამ მითხრა არა გუშინ მაღაზიაში შემხვდა ბიჭიო-შენ გიგულისხმა, მოულოდნელად გულში გამკრა სითბომ, უკვე შენს ირიბად ხსენებაზეც ელეთ-მელეთი მეწყება-ნეტავ როგორ შემაყვარე თავი ასე მწარედ? 31.03.1999 მარტი როგორ მეზიზღება მარტო მე ვიცი ალბათ, როგორი უაზრო და არაფრისმომცემი თვეა, ძალიან მენატრები, როგორ შეიძლება ასე ახლოს იყო ჩემთან და ამავდროულად ასე შორს, ერთ უბანში ვცხოვრობთ და ვერ გხედავ, უკვე მეგონა შენი სახე მავიწყდებოდა, მაგრამ ისევ დამესიზმრე, ამჯერად ზმანება ძალიან ურცხვი იყო...ტანშიშველი ჩემსკენ მოიწევდი და შენი დაკუნთული სხეული ჩემს გულს რამდენიმე დარტყმის გამოტოვებას აიძულებდა, სხეულში ჭიანჭველები ისე დარბოდნენ ცხადსა და სიზმარს შორის ძაფი გამიწყვიტეს... და მე ხელებში ჩავვარდი, შენს უზარმაზარ მკლავებს დავეყრდენი ვით ჩია მოხუცი ხელჯოხს. კოცნა გვინდოდა, სიზმარში შენც ზუსტად ისე ალბათ როგორც მე სიცხადეში მწყურია, ჩემი პირველი კოცნა შენია-იქამდე მოვიცდი სანამ არ შემამჩნევ და თუ კი მთელი ცხოვრება მიიწურება, არ მაინტერესებს ის მაინც შენი იქნება! 12.04.1999 დღეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთსო დღეა, ემოციები როგორ გადმოვცე არც კი ვიცი, მგონი შემამჩნიე არა, ნამდვილად შემამჩნიე, პირველად დაინახე ჩემში ქალი-ო ღმერთო ოღონდ ახლა ამას მე არ ვიგონებდე და სიმართლე იყოს-ოღონდ იყოს... გულმა მიგრძნო ალბათ, რომ დღეს გნახავდი და არჩევანი გამჭირვალე კოპლებიან კოლგოტზე მაგიტომაც შევაჩერე, ფეხები კი კარგი მაქვს იცოცხლე, ბებიაჩემისგან გენეტიკურად მეწილადა, ურცხვად დაასვი მზერა ჩემს ლამაზ და მაღალ ფეხებს-ო როგორ მესიამოვნა, ალბათ სხვა ნებისმიერის მაგდაგვარ შემოხედვაზე გული ამერეოდა, მაგრამ შენ ისე ლამაზად ამათვალიერე თვალებიდან ნაპერწკლები გავყარე და რომ არა მაკიაჟში ამოთხვრილი სახე ისე პომიდვრისფერი გავხდებოდი ვერავინ გადამფარავდა. ნეტავ რა გადაუჩურჩულე თავგასიებულ გოგლიკოს... ნეტავ რა... ოღონდ ერთხელ მოგეწონო და ქალივით შემომხედო ალბათ ეგ მოგონებები სიცოცხლის ბოლომდე გამაძლებინებს... 15.04.1999 მოვიტყუე 12-ში დღეს არის საუკეთესო დღე, რადგან შენ როგორც პიროვნება გაგიცანი, მგონი რაღაც ყველაზე გიჟური დაიწყო ჩემს ცხოვრებაში... რა კარგია რომ ნინიას დაბადების დღეზე რატიკომ შენც დაგპატიჟა... გაგრძელება იქნება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.