ფრენის ილუზია ( 10 ) დასასრული
- კიდევ დიდხანს უნდა იფიქრო? მინდა გითხრა რომ არც თუ ისე დიდი მოთმინების უნარით გამოვირჩევი, -ამჯერად ცივი ხმა ჰქონდა თუმცა ჯერ ისევ ცდილობდა თითქოსდა ყალბი კეთილგანწყობა შეენარჩუნებინა, - შენთან ერთად არ წამოვალ ბათო, -ჩემი ჩავარდნილი ხმა თვითონაც ძლივს მესმოდა, მისი ღიმილის დანახვისას მშვენივრად მივხვდი რომ ჩემს ხმაში ყოყმანი იგრძნო, - ბათო? არ უარვყოფ ეს სახელი მომწონს, მაგრამ შეგიძლია დღეიდან ნეილი დამიძახო და ნუ მეტყვი რომ ჩემთან ერთად წამოსვლა არ გინდა, თანაც შემიძლია დავიფიცო რომ არაფერს დაგიშავებ, -ხელები მაღლა აწია და თითები აათამაშა, ვიცი რომ ერთი სული გაქვს სიმართლე ძირფესვიანად გაიგო და ამაში ჩემს მეტი ვერავინ დაგეხმარება, თანაც უვნებელს დაგაბრუნებ უკან, მაშინვე როგორც კი მთხოვ. - ისე მელაპარაკები თითქოს არჩევანის საშუალება მქონდეს. - გაქვს კიდეც, შანსს გაძლევ რომ აირჩიო, არ მინდა ჩემში ის მონსტრი დაინახო რომლის დანახვასაც გაიძულებენ, წამოდი ჩემთან და მე გაჩვენებ რა არის ჭეშმარიტება, გაჩვენებ რომ ჩვენ უძლიერესი კავშირით ვართ დაკავშირებულნი და ამას ვერაფერი შეცვლის, შენს თვალებში დაუოკებელ ცნობისმოყვარეობას და ჩემთან ერთად წამოსვლის იმ სურვილს ვხედავ რომელსაც საკუთარ თავსაც კი არ უმხელ, გაბედე და ერთხელ მაინც გააკეთე ის რაც ნამდვილად გინდა. ის მართალი იყო, მის შემპარავ ხმას და მაჰიპნოზებელ თვალებს ნამდვილად ვერ დავაბრალებდი მასთან ერთად წასვლის დაუძლეველ სურვილს, თანაც იმ ყველაფრის მერე რაც უკვე გავბედე და გავაკეთე, ნამდვილად შემეძლო ჩემი თავისთვის კიდევ ერთი სისულელის გაკეთების უფლება მიმეცა, უნდა ამომეხსნა, ბოლოს და ბოლოს ეს წყეული საიდუმლო ძირფესვიანად უნდა ამომეხსნა და ამაში მხოლოდ ბათო-ნეილი თუ დამეხმარებოდა, მაგრამ ჯეისონი? რას იტყვის როცა გაიგებს რომ მასთან ერთად წავედი, ყველაზე ნაკლებად ახლა მისთვის გულის ტკენა მინდოდა, - შენი პრობლემა ის არის რომ ყოველთვის ძალიან ბევრს ფიქრობ, -მომესმა უკვე ძალიან ახლოდან, ჩემგან სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით იდგა, ხელი გამომიწოდა და მეც ჩავკიდე, უცნაურად მხურვალე თითები ჰქონდა, მაგრად მომიჭირა და უფრო ახლოს მიმიზიდა, - მხრებზე მომეჭიდე და თუ გინდა თვალები დახუჭე, ასე უფრო გაგიადვილდება, -ჩამჩურჩულა, მეც დამჯერი ბავშვივით ჩავჭიდე აკანკალებული თითები მხრებზე და სანამ თვალებს დავხუჭავდი და ჩვენს გარშემო წარმოქმნილ ქარბორბალაში ჩავიკარგებოდი, დავინახე ტერასაზე მდგარი ჯეისონი და მისი ტკივილით და იმედგაცრუებით სავსე თვალები... - - - - ესე იგი აქ ცხოვრობ? -გაკვირვებული ვათვალიერებდი უზარმაზარი მწვანე მინდვრის შუაგულში ჩადგმულ პატარა წითელსახურავიან სახლს, სახლის გვერდით უზარმაზარი ხე იდგა რომლის მწვანე ვარჯი მთლიანად ფარავდა სახურავს, ხოლო ხის ძირში ჭა იყო წყლისთვის, პატარა ვერანდაზე მოწნული სკამები და მაგიდა იდგა, - დაჯექი, -მიმითითა სკამზე და თვითონაც ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა, ერთხანს უხმოდ გაჰყურებდა მინდორს რომელზეც მოფარფატე უამრავი ციცინათელის შუქი დაუვიწყარ სანახაობას ჰქმნიდა - გიკვირს არა? მაინც რას ელოდი? სადმე კლდეში გამოკვეთილ ციხესიმაგრეს სადაც უამრავი საკანი და წამების ოთახია? ღიმილი ვერ შევიკავე, ვერ უარვყოფდი რომ ასეთი სისულელე არ მიფიქრია, უფრო უარესებიც კი, ასეთი სიმარტივე და უბრალოება ვერ წარმომედგინა. - შენი ძლივსშეკავებული ღიმილი მეუბნება რომ მართალი ვარ, მაგრამ მინდა იცოდე როცა იმდენ ხანს ცხოვრობ რამდენი ხანიც მე მიცხოვრია, უკვე მნიშვნელობას აღარ ანიჭებ პომეპზურ შენობებს და ფუფუნებას, ჰო და წამებას და საპყრობილეებს რაც შეეხება, საჩემო ნამდვილად არ არის, სადისტი არ ვარ და სხვისი ტკივილი არ მსიამოვნებს, არც კატა თაგვობანას თამაში მიყვარს, ეს რატომ უნდა გავაკეთო როცა ერთი სულის შებერვით შემიძლია მტრის გაცამტვერება, რა მოხდა? აღარ იღიმი? ჯერ არაფერი მითქვამს და უკვე გეშინია, იქნებ შეგვეწყვიტა საუბარი? - არა, შენი არ მეშინია, გააგრძელე გთხოვ, მინდა შენზე ყველაფერი ვიცოდე, მინდა ვიცოდე რა გვაკავშირებს, - რა გირჩევნია, იქიდან დავიწყო საიდანაც შენ შემოხვედი თამაშში თუ სულ თავიდან? - თავიდან დაიწყე, -ვუპასუხე, სავარძელში უფრო უკეთ მოვკალათდი და გონება დავძაბე რომ არც ერთი დეტალი არ გამომპარვოდა. - - - - მე ჯერ კიდევ მანამდე ვცხოვრობდი ანუტუზე სანამ ქეინი და ჰანტერი დაიბადებოდნენ, ჩემმა დაბადებამ შეიძლება ითქვას რომ იმ პლანეტის უფერული და უღიმღამო ყოფა შეცვალა და ახალი ერა დაიწყო, მე ძლიერი ვიყავი ძალიან ძლიერი, დიდხანს ცდილობდნენ ჩემი მშობლები ამ ყველაფრის დამალვას მაგრამ არ გამოუვიდათ, ჩვენი იმდროინდელი მმართველები სხვა უჭკუო მმართველებისგან არაფრით გამოირჩეოდნენ, ხომ იცი როგორც ხდება, როცა ხელში მართვის სადავეები გიჭირავს, პარანოიაც მუდამ შენი თანმდევი ხდება, სულ რაღაცეები გეჩვენება , სულ გგონია რომ ვიღაც შენი ადგილის დაკავებას აპირებს, მე კი მხოლოდ მშვიდად და წყნარად ცხოვრება მინდოდა, სულაც არ ვაპირებდი ძალების ცუდად გამოყენებას, ამაზე არც კი მიფიქრია, ჩვენს მამულში ვცხოვრობდი მშობლებთან ერთად, შეყვარებული ვიყავი, მასაც ვუყვარდი... ხმა უცნაურად ჩაუწყდა და შეეცვალა, წამით თვალი მომარიდა რომ მისი სისუსტე არ დამენახა, მერე შეკრული მუშტები გაშალა სახეზე ისევ უდარდელი ღიმილი აიკრა და გააგრძელა. - მასთან ერთად ვატარებდი დროს როცა ჩემთან მისულან ჩემს წასაყვანად, სახლში რომ არ დავხვდი, ჩემი მშობლები დაადანაშაულეს რომ მმალავდნენ, ეს ალბათ უფრო მიზეზი იყო მათ დასახოცად რომ ჩემი პროვოცირება მოეხდინათ, სახლში დაბრუნებულს, იქაურობა დარბეული, ხოლო დედ მამა სახლის გვერდით მდგარ ხეზე ჩამოკიდებული დამხვდა, მერე რა მოხდა კარგად არ მახსოვს, ალბათ ტკივილმა და ბრაზმა ჩემში ამდენი ხნის ნაგროვებ და შეკავებულ ენერგიას გასაქანი მისცა, უზარმაზარი დასახლებული ტერიტორია ისე გავაცამტვერე რომ იქაურობა უდაბნოს დაემსგავსა, უამრავი ცოცხალი არსება დაიღუპა, მათ შორის ჩემი საყვარელი ქალი და მისი ოჯახი, უზარმაზარი არმია გამოგზავნეს ჩემს შესაპყრობად, თითის განძრევაც კი არ დასჭირვებიათ, შოკში ვიყავი, არაფერი მესმოდა, წინააღმდეგობა არ გამიწევია, მათ იმდროისთვის საკმარისად ძლიერი ტექნოლოგიები ჰქონდათ იმისთვის რომ ჩემი ძალები ჩაეხშოთ, ცხოველივით გამომკეტეს და რაღაც ყალბი აჯანყების ლეგენდა შეთხზეს, მერე... მერე იყო წამების და ჩემზე განუწყვეტელი ცდების ჩატარების რამდენიმე ასეული წელი, ჰო ჰანა ასე ნუ მიყურებ ვერ ვიტან როცა ვგრძნობ რომ გეცოდები, - შეხედე, -მწარედ გაიღიმა და გარშემო ხელით მიმითითა, -ხედავ? მე არსად მაქვს საპყრობილეები და საწამებელი საკნები, მათ კი ჰქონდათ და რის გამო? შიშის გამო, რომ ყველაფერს დაკარგავდნენ, ჰანტერს, ჯეისონს და დანარჩენებს გადასახლება და მხრებზე ის სულელური ტატუ საშინელ სასჯელად მიაჩნიათ? შეხედე, სასჯელი აი ეს არის, წამოდგა, ჩემსკენ შემობრუნდა და ნელ-ნელა სათითაოდ გაიხსნა პერანგის ღილები, გაიხადა, პირველად თვალში მკერდიდან მუცლამდე რამდენიმე ღრმა, მოვარდისფრო, თითქოსდა ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობა მომხვდა, მერე შებრუნდა და მისი ზურგის დანახვისას პირზე ხელი ავიფარე რომ არ მეყვირა, ზურგი მთლად ჭრილობებით ჰქონდა დაფარული. - ალბათ გიკვირს არა? არ დაგიმალავ და მეც მიკვირს, მთელი ჩემი ძალების მიუხედავად ამ ჭრილობებს ვერაფერს ვუხერხებ, არც ქრება და არც ბოლომდე ხორცდება, დროდადრო საშინლად და აუტანლად მტკივა, ალბათ იმიტომ რომ შემახსენოს როგორ გამხადეს საკუთარი ოჯახის და საყვარელი არსების მკვლელი. - ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, ყველაფრის გამო რაც დაგემართა, შენი სიყვარულის გამოც, იმის გამოც რისი გადატანაც მოგიწია, მართლა ძალიან ვწუხვარ, -ვჩურჩულებდი და ლოყებზე უკონტროლოდ ჩამოღვრილ ცრემლებს მუჭებით ვიწმენდდი, ერთხანს უხმოდ მიყურებდა ამღვრეული თვალებით მერე პერანგი მოიცვა და მძიმედ ჩაეშვა სავარძელში, - დიდი დრო გავიდა, ძალიან დიდი, იმდენად დიდი რომ ზოგჯერ დაჯერებაც მიჭირს, ტკივილი კი მაინც ისევ ისეთია როგორც მაშინ იყო, არ იცვლება, არ უფერულდება, არ მცირდება, უბრალოდ ხანდახან თავს დავიწყებას ვაიძულებ ხოლმე, ვთამაშობ, ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას ვირგებ, უდარდელი, უპასუხისმგებლო, თავქარიანი ადამიანის ცხოვრებას... - ბათოც შენი ერთ-ერთი ასეთი მცდელობის შედეგია? -თავს ვერაფრით მოვერიე რომ სიტყვებში ირონია და ტკივილი არ გამერია, - როგორც ვხედავ საკმაოდ მტკივნეულად განიცადე მეგობრის დაკარგვა, -არც მას დაუკლია ირონია, - როცა გაიზრდები, როცა რამდენიმე ასეული წელი გავა მიხვდები რომ ასეთი უმნიშვნელო დეტალების გახსენებაც კი არ ღირს, - რამდენიმე ასეული წელი? კი მაგრამ მე... - შენთვის არაფერი უთქვამთ ამასთან დაკავშირებით? - მითხრეს, უფრო სწორად... ისინი ვარაუდობენ რომ... - მე ვარაუდი არ მჭირდება, პირდაპირ გეტყვი რომ უკვდავი ხარ, მითუმეტეს მას შემდეგ რაც ქეინმა თავისი ძალები გადმოგცა, სიმართლე რომ გითხრა, თავიდან ვერ მივხვდი ეს რატომ გააკეთა, - ალბათ იმიტომ რომ თავის დაცვა შემძლებოდა - ვისგან ჩემგან? ნუ მაცინებ, მშვენივრად იცოდა რომ არაფერს დაგიშავებდი, ბევრი ვიფიქრე და შემდეგ ყველაფერს მივხვდი - მაინც რას მიხვდი, იქნებ მეც მითხრა, - ახლა არა ჰანა, ჯერ მთავარი რამ არ მომიყოლია შენთვის, არ გაინტერესებს რა მოხდა მერე რაც დედამიწაზე ჩამოვედით? ჩვენი ყველას ძალები ერთი ორად გაიზარდა, ჩვენმა აქ გამომგზავნებმა აშკარად რაღაც ვერ გათვალეს სწორად, ჩემს უამრავ უნარს კიდევ ერთი დაემატა, თავისუფლად შემიძლია სახე შევიცვალო, - ახლა აღარ მიკვირს რატომ ვერ გიცნო ჯეისონმა როცა ისე გამოეცხადე როგორც ბათო, - ჰო ასე შენიღბვა ყოველთვის მეხერხებოდა, სახალისო იყო, -რამდენიმე წამით სახეზე გულწრფელი ღიმილი გადაეფინა თუმცა მალევე მოიღუშა, - უბრალოდ თავს ვიტყუებ ხოლმე, მინდა ისევ ვიგრძნო რამე ბრაზის და ტკივილის გარდა, მაგრამ ვეღარაფერს ვგრძნობ, უფრო სწორად ვერ ვგრძნობდი სანამ შენ არ შეგხვდი, - ეს როგორ? მე საერთოდ რა შუაში ვარ? -უსიამოვნო წინათგრძნობამ გული დამიმიძიმა და დავიძაბე, ვიგრძენი რომ მანაც იგრძნო ეს. - ალბათ არც კი იცი რომ ქეინი უკვე ათასობით წელია ჩემს გეგმებზე არასწორად ფიქრობს, - სხვა რამეზე გადაგაქვს საუბარი? - სულაც არა, სულ თავიდან თუ არ მოგიყვები ყველაფერს, ვერაფერს გაიგებ, ქეინს აქ ჩამოსვლის დღიდან ჰგონია რომ ჩემი მიზანი აქ დარჩენაა, - აბა რა არის შენი მიზანი? - ანუტუზე დაბრუნება. - ოჰო, მაოცებ, ამას ნამდვილად არ ველოდი, თუკი დაბრუნება გინდოდა, ყველა თქვენიანს რატომ ხოცავდი? - ყველა დავხოცე ვინც ხელს მიშლიდა მიზნის მიღწევაში, -ისე ცივად და უემოციოდ თქვა რომ გამაჟრჟოლა, -ჰო და მათ რაც შეეხება ვისაც რუკის წაკითხვა შეეძლო ისინი ქეინის გამო დაიღუპნენ და არა ჩემს გამო, - ის პირიქით ამბობს. - არც ისეთი უფრთო ანგელოზია როგორადაც ახლა გაჩვენებთ თავს, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რაც კი ამდენი ხნის განმავლობაში მიიღო, შენთვის ძალების გადმოცემაა, თუმცა ამისთვისაც საკუთარი მიზნები ჰქონდა, მე რაც შემეხება დანარჩენებივით მხოლოდ და მხოლოდ დაბრუნება მინდა, ის წყეული ხომალდი მჭირდება, მეც კი ვერ მოვახერხე მისი მოძებნა, ახლა კი შენი დახმარებით ვიპოვნი, უკან დავბრუნდები და ყველას მწარედ ვაზღვევინებ, თუმცა დანარჩენებისთვის ჯობია თუკი აქ დარჩებიან, რადგან მე თუ ანუტუზე დაბრუნებას მოვახერხებ, იმ წყეული პლანეტისგან აღარაფერს დავტოვებ, გავანადგურებ, მტვრად ვაქცევ. - და ფიქრობ რომ ამაში მე დაგეხმარები? - ამაში დარწმუნებული ვარ ჰანა, მე და შენ ერთნი ვართ, შენ ჩემი სისხლი გაქვს და ეს ყველაფერს ცვლის. - რას გულისხმობ? - ამ პლანეტაზე ჩამოსვლის დღიდან ადამიანთა შორის ვცხოვრობ, როცა დანარჩენები ყველანაირად არიდებდნენ თავს ხალხთან ურთიერთობას მე ყოველთვის მათ შორის ვიყავი, მათთან ახლოს, სხვადასხვა სახეს ვირგებდი, სხვადასხვა როლს, ქალაქებს ვაშენებდი, ცივილიზაციებს საფუძველს ვუყრიდი, გრანდიოზულ ბრძოლებს ვმეთაურობდი, როცა საჭირო იყო ვანადგურებდი კიდეც, სასტიკიც ვიყავი, დაუნდობელიც, საშიშიც, ადამიანებისთვის ღამის კოშმარიც ვყოფილვარ და ციდან მოვლენილი იმედიც, ასე გამყავდა დრო, ამ ყველაფერს თუ გინდა თუ გინდა გართობა დაარქვი, თუ გინდა თავდავიწყება მაგრამ ეს ხანდახან მართლაც მშველოდა, მავიწყებდა იმას როგორ მომექცნენ და იმასაც რომ მათ წინააღმდეგ უძლური ვიყავი, უამრავი არაფრის მომცემი და გამოუსადეგარი გამოცდილება დავაგროვე დედამიწაზე, თუმცა იყო საბედისწერო შემთხვევები და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა შენს ბებიასთან შეხვედრა იყო... - ბებიაჩემთან, მოიცა შენ რისი თქმა გინდა რომ... რომ მე... ჯანდაბა თავი ბრაზილიურ სერიალში მგონია, - ბრაზილიურ სერიალში რომ ვიყოთ ალბათ გეტყოდი რომ სქესშეცვლილი დედაშენი ვარ, -გახუმრება სცადა მანაც, -მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო, ამჯერად შეგიძლია იმას დასჯერდე რომ ბაბუაშენი ვარ, - ეს როგორ მოხდა? - დეტალები მოგიყვე? ალბათ იცი როგორ ხდება ასეთი რამეები, დიდი ალბათობით ისიც გეცოდინება რომ ბავშვები წეროებს არ მოჰყავთ. - ბრავო, ხუმრობ კიდეც? ვიცი რომ თქვენსა და ადამიანთა შორის კავშირის შედეგად ბავშვები არ იბადებიან, - ალბათ ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო, როცა დედაშენი დაიბადა, სრულწლოვნებამდე ერთი წუთითაც კი არ მომიცილებია მისთვის თვალი, მაგრამ როცა ვნახე რომ არავითარი ძალა და უნარი არ გამოჰყოლია დავმშვიდდი, ყურადღება მოვადუნე და ზუსტად აქ შევცდი, შენ საოცარი ძალებით დაიბადე ჰანა, ჯერ იმის ნახევარიც კი არ იცი რაც შეგიძლია, შენ ჩემზე ბევრად ძლიერი ხარ, - მე ასე არ ვფიქრობ. - ბუნებრივია რომ ასე არ ფიქრობ, ჯერ საკმაოდ დიდი დრო გჭირდება იმისთვის რომ შენი სრული ძალები აღმოაჩინო, ვიცი რომ ამას შეძლებ, - ჩემს ბინაში რომ შეგხვდი უკვე იცოდი ვინც ვიყავი? - ალბათ არ დამიჯერებ და არ ვიცოდი, -გაეღიმა და თმა ნერვიულად აიჩეჩა, -ვიცოდი რომ ქერიმი ქეინთან მუშაობდა, ისიც ვიცოდი ჯეისონი ვინ იყო, მაგრამ მათ ჩემზე არაფერი იცოდნენ, მე უბრალოდ ვერთობოდი და ვისვენებდი მათთან ურთიერთობით, შენ რომ დაგინახე ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა, ამდენი წლის განმავლობაში თითქმის გადავიწყებული და გულის შორეულ კუნჭულში დამარხული ტკივილი ისევ ამოტივტივდა ზედაპირზე, ახლა კი უნდა დამეხმარო ჰანა, შენი დახმარება მჭირდება. იჯდა ჩემს წინ, ყველასგან და ყველაფრისგან დაღლილი, სიცოცხლე მობეზრებული, ყველას თვალში საშინელი მონსტრი და ჩემს თვალში გარემოებების მსხვერპლი, სხვის თვალში უძლიერესი და საშიში, ჩემს თვალში კი საცოდავი, ტანჯული არსება, რომლის ნამდვილ სახეს მხოლოდ მე, ალბათ პირველად და უკანასკნელად ვხედავდი, იჯდა და ელოდა არც კი ვიცი რას, როგორ შემეძლო მისი დახმარება, როგორ შემეძლო მისთვის ხელი შემეწყო რომ შურისძიების მიზნით მთელი პლანეტა გაენადგურებინა, თვალს არ მაშორებდა, ალბათ მთელი ვნებათაღელვა სახეზე მეწერა, - მისმინე, ვიცი რატომაც წამომყევი ასე უპრობლემოდ, ვიცი რომ სანამ ახლა აქ მშვიდად ვსაუბრობთ, ჰანტერი ნოასთან ერთად ხომალდს ეძებს, შენ ხომ მათ გაშიფრული რუკა დაუტოვე, ალბათ უკვე იპოვეს კიდეც, ნუ გიკვირს, ყველა თქვენი ნაბიჯი წინასწარ ვიცოდი და თქვენთვის მაინც არაფერი დამიშავებია, შეიგნე ბოლოს და ბოლოს რომ მონსტრი არ ვარ, დამეხმარე რომ იმ ხომალდზე მარტო ავიდე, შენ კი ჯეისონთან ერთად აქ დარჩი და მასთან ერთად ბედნიერად იცხოვრე, - ხომ იცი, ხომალდი თუ მათ გარეშე დაბრუნდება თქვენს პლანეტაზე, ისინი აქ დიდხანს ვერ იცოცხლებენ, ჩვეულებრივი ადამიანებივით დაბერდებიან და დაიხოცებიან, - ჰოო? ჯერ კიდევ ვერაფერს მიხვდი? შენ საკმარისი ძალა გაქვს იმისთვის რომ მათ უკვდავობა შეუნარჩუნო, ის კი არადა თუ მოისურვებ ქეინსაც კი მოუხერხებ რამეს, შენ იმდენად ძლიერი ხარ უპრობლემოდ შეგიძლია ჩემი შეჩერება, ასე რომ მინდა გთხოვო, ხელს ნუ შემიშლი, ნება მომეცი ჩავჯდე იმ წყეულ ხომალდში და დავბრუნდე, იფიქრე, ხვალ დილამდე დრო გვაქვს, ამაღამ აქ ვრჩებით, წამოდი ვახშამის მომზადებაში დამეხმარე, წამოდგა, მომხიბვლელად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, ახლა უბრალოდ თავაზიან მომხიბვლელ კავალერს ჰგავდა რომელსაც სხვა არანაირი განზრახვა რა აქვს გარდა იმისა რომ ქალი გემრიელი ვახშმით მოხიბლოს, -ჯანდაბა ჰანა რას აკეთებ? გავიფიქრე და ტუჩზე ისე მწარედ ვიკბინე რომ პირში სისხლის გემო ვიგრძენი, ის ბაბუაჩემია, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს ეს ასეა და სულელურ ფიქრებს უნდა მოვეშვა, - ვიცი ახლა რასაც ფიქრობ და დარწმუნებული რომ არ ვიყო რომ ჯეისონზე სიგიჟემდე ხარ შეყვარებული, შენს მოხიბვლას შევეცდებოდი. - ასეთი რამ არც მიფიქრია, -ვიუარე მაშინვე, -შენ ჩემი ბაბუა ხარ, ეს უბრალოდ... - სისხლის აღრევა იქნებოდა? ნუ მაცინებ, თუმცა ამას ახლა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, შენ ის მითხარი რა უფრო გიყვარს ხორცი თუ ბოსტნეული? -მკითხა და ჩემი გაფართოებული თვალები არ შეიმჩნია, თავაზიანად გამიღო კარი რომელიც ვერანდიდან პირდაპირ მისაღებში შედიოდა. * * * გემრიელად ვივახშმეთ, ერთად მოვამზადეთ საჭმელი, მუსიკას ვუსმენდით, იცინოდა, ერთი-ორჯერ სასაცილო საცეკვაო ილეთიც კი გააკეთა, თვითონ გაშალა მაგიდა, წითელი ღვინო დაასხა და ხორციც კი საკუთარი ხელით დამიჭრა. ნეტავ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? დედამიწურ ყოფასთან გამოთხოვებას? კარგი მოგონებების თან წაღებას, თუ უბრალოდ წამით მაინც ყველაფრის დავიწყებას, ნეტავ როგორი იქნებოდა თავის დროზე რომ ასე არ მოქცეოდნენ, ასე რომ არ გაენადგურებინათ მისი არსება, ალბათ ოჯახი ექნებოდა, საყვარელი მეუღლე და შვილები ეყოლებოდა, არ იქნებოდა ასე გრძნობებისგან დაცლილი და გაბოროტებული. - ჩემს გაშიფვრას ცდილობ? -გვერდით მომიჯდა და ჭიქა ჭიქაზე მომიჭახუნა, - არ გინდა ჰანა, ტყუილუბრალოდ დროს ნუ დაკარგავ, ჩემში აღარაფერია ისეთი დარჩენილი რომ შენს დაფიქრებად ღირდეს, - დარწმუნებული ხარ? - ახლა ფიქრობ რომ ჩემში რაღაც კარგი დაინახე და ცდილობ მას ჩაებღაუჭო, მაგრამ ტყუილად ნუ ეცდები, ცუდი ბევრად უფრო მეტია, იმდენად მეტი რომ უკვე მახრჩობს, -ჭიქა მაგიდაზე დადო და სახე ხელებში ჩარგო, - მეორე სართულზე პირველივე საძინებელში შედი და დაიძინე, ხვალ დილით სტუმრები გვეყოლება და იმედი მაქვს რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ, სურვილს რომ აცახცახებულ მხრებზე მოვხვეოდი და გასამხნევებლად თმაზე მოვფერებოდი ძლივს მოვერიე, უხმოდ ავდექი და მეორე სართულზე ავედი, დიდხანს ვიწრიალე საწოლში, უამრავ რამეზე ვფიქრობდი მაგრამ ყველაზე მეტად ჯეისონის რეაქციის მეშინოდა, არ მინდოდა მისი დაკარგვა მაგრამ ჩემი რომ ვერ გაეგო? მერე რა უნდა მექნა? უცნაური სიზმარი დამესიზმრა, ცარიელი უკაცრიელი ანუტუ ვნახე, აშკარად ომისგან დანგრეული, განადგურებული, ცარიელი ქალაქები და სოფლები, მომრავლებული ცხოველები და ფრინველები, ბალახგადავლილი გზადკეცილები, სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არსად ჩანდა, გამთენიისას გამომეღვიძა, პირველ სართულზე ჩავედი, იქვე დივანზე მიგდებული პლედი მოვიხურე და ვერანდაზე გავედი, სანამ ნეილს დავინახავდი ან მის ხმას გავიგონებდი მანამდე ყავის სურნელი ვიგრძენი. - შენც ვერ დაიძინე? -ყავის ჭიქა გამომიწოდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა მოაჯირზე, - ვერ დავიძინე, მივხვდი რომ უნდა დაგეხმარო და დაგეხმარები კიდეც, - მართლა გააკეთებ ამას? - გავაკეთებ მაგრამ მანამდე რაღაც უნდა გითხრა, სიზმარი ვნახე, ეს არ იყო ჩვეულებრივი სიზმარი, შენი სამშობლო დამესიზმრა, სრულიად ცარიელი და უკაცრიელი, რაღაც ხდება ნეილ, იქნებ გადაიფიქრო და დარჩე, იქნებ დროა აღარ იფიქრო შურისძიებაზე. - ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ და სიზმრები რომ ყოველთვის რაღაცას არ ნიშნავს ეს ჩემზე უკეთ უნდა იცოდე, -მითხრა, თვალი ამარიდა და ამომავალ მზეს მიაშტერდა, - ეს არ იყო ჩვეულებრივი სიზმარი, ვფიქრობ რომ... - გეყოფა ბოლოს და ბოლოს, -იმხელა ხმაზე იღრიალა რომ ყავის ფინჯანი ხელიდან გამივარდა, -არ მესმის როგორ შეგიძლია ასეთი იყო, როგორ შეგიძლია ჩემზე ღელავდე ან საერთოდ გადარდებდეს რა მომივა, ასე რომ იქცევი, ჯანდაბა ასე რომ იქცევი... არ გინდა კარგი? ახლა მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრო რომ ორიოდე საათში შენი შეყვარებული და მისი ოჯახი აქ იქნებიან ხომალდთან ერთად და შენ ყველაფერს გააკეთებ იმისთვის რომ იმ ხომალდზე მხოლოდ მე ავიდე. სავარძელში ჩამსვა, პლედი დამაფარა, საკუთარი ყავის ჭიქა მომაწოდა და გვერდით მომიჯდა, თავი მხარზე მივაყრდენი მან კი მაგრად მომხვია ხელი და მკერდზე მიმიხუტა, აღარაფერი გვითქვამს, ვიჯექით ასე ერთმანეთზე მიკრულები, ერთმანეთს სითბოს ვუზიარებდით და მზის ამოსვლას ვუყურებდით. - - - ალბათ ყველას გექნებათ რომელიმე ფილმში სცენა ნანახი სადაც მოწმენდილ ცაზე უცებ არსაიდან ჩნდება უცნაური ფორმის ღრუბელი საიდანაც კოსმოსური ხომალდი გამოდის და მიწაზე ეშვება, სწორედ ასეთი სცენის მომსწრე გავხდი იმ დილით, მეგონა რომ უკვე ვეღარაფერი გამაოცებდა მაგრამ სანახაობა მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო, უზარმაზარი ხომალდი საოცრად მსუბუქად დაეშვა სახლისგან ოდნავ მოშორებით მინდორზე, ნეილი ადგა, მეც ამაყენა, ხელი ჩამჭიდა და ნელი ნაბიჯით წამიყვანა, სანამ მივიდოდით, მანამ ჩამოეშვა ტრაპი, კარი გაიღო და პირველი ჯეისონი გადმოვიდა, უკან ჰანტერი და დანარჩენები მოყვნენ, ჩვენს დანახვაზე შედგა და თვალი ჩვენს ერთმანეთზე ჩაკიდებულ ხელებზე გაუშტერდა, მაშინვე ვცადე ნეილისთვის ხელი გამეშვა მაგრამ არ დამანება. - რას აკეთებ? -ჩავიღრინე და ხელი გამოვგლიჯე, - იმ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი რომ წასვლამდე მისი გაცოფებული სახე მენახა, -გულიანად გაიცინა და თვალი ჩამიკრა. - როგორც ვხედავ კარგად ხარ, -ჯეისონი უკვე ჩვენგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა. - ჰო, მისთვის არაფერი დამიშავებია, ყველა ნაწილი ადგილზე აქვს და სრულიად საღსალამათია, -ნეილი ვერაფრით იშორებდა ხმიდან ირონიას, - მე კარგად ვარ ჯეისონ, უბრალოდ სალაპარაკო გვაქვს, იქნებ ჰანტერს დაელაპარაკო და ცოტახნით ვისაუბროთ, სულ რამდენიმე წუთი. - ჩვენ მივდივართ ჰანა, შენს წასაყვანად მოვედით, -ხელი გამომიწოდა და სიყვარულით სავსე შოკოლადისფერი თვალებით შემომხედა, ახლა მისთვის ხელის ჩაკიდება და ამ ხომალდის ბორტზე ასვლა სიგიჟემდე მინდოდა, მაგრამ ნეილს ასე ვერ მოვექცეოდი მან ისედაც ბევრი გადაიტანა, მისკენ შევბრუნდი, დაძაბული, ლარივით დაჭიმული იდგა და ელოდა რას გავაკეთებდი, რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და გვერდით ამოვუდექი. - ჰანა რას აკეთებ? -ჯეისონის ხმაში ახლა უკვე სასოწარკვეთილება ისმოდა, - აქედან მხოლოდ ნეილი წავა ჯეისონ, ამჯერად მხოლოდ ნეილი დატოვებს დედამიწას, მერწმუნე ახლა ეს არის ყველაზე სწორი გამოსავალი. - ხომ იცი რომ ამის უფლებას არ მოგცემთ, -ჰანტერის ხმა საკმაოდ მტრულად ჟღერდა, -ამ დღეს ათასობით წელია ველით და ახლა უფლებას არ მოგცემთ ხელი შეგვიშალოთ. - ამას მხოლოდ თქვენთვის ვაკეთებ ჯეისონ, უნდა დამიჯერო, -უკვე თითქმის ხვეწნა-მუდარაზე გადავედი, -ნეილი უფლებას არ მოგცემთ მის გარეშე გაფრინდეთ, მაგრამ მასათან ერთად თუ გაფრინდებით ვერ გადარჩებით, გთხოვ, დაფიქრდი. ჯეისონს მივუახლოვდი, ხელები ფრთხილად შევუცურე თმებში და საფეთქლებზე მოვუჭირე, თვალები დავხუჭე, მთელი ჩემი გონება დავძაბე რომ მისთვის ჩემი სიზმარი გადამეცა, ვგრძნობდი და ვხედავდი როგორ იღვრებოდა ჩემი სიზმრისეული კადრები მის გონებაში, დაიძაბა, უჩვეულოდ ათრთოლდა როცა განადგურებული სამშობლო დაინახა, აქამდე ჩემს წელზე მოხვეული ხელები უღონოდ ჩამოუშვა ძირს. - ჰანტერ წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ, მხოლოდ ნეილი წავიდეს, -უღონოდ და უემოციოდ თქვა და მაგრად მიმიკრა მკერდზე, - მადლობა რომ დამიჯერე, ჩავიჩურჩულე და ღრმად შევისუნთქე მონატრებული სურნელი, - ამასი დარწმუნებული ხარ ჯეისონ? -ჰანტერის ხმა ეჭვით იყო სავსე, - სრულიად დარწმუნებული ვარ, ის მარტო მიდის, -არავინ შეკამათებია, ჰანტერი, ტყუპები, ლოგანი, ნიკი, ემა და ნოა გვერდზე გადგნენ და ნეილს გზა დაუთმეს, ნეილს ისეთი სახე ჰქონდა თითქოს არ ჯეროდა რომ ასე ადვილად დანებდნენ, - უნდა იამაყო ჯეისონ, შენი გოგო ძალიან კარგი დიპლომატია, მეგონა ბრძოლა მომიწევდა, მაგრამ მან ყველაფერი რამდენიმე სიტყვით მოაგვარა, - წადი სანამ გადაგვიფიქრებია, -ჩაიღრინა ჯეისონმა. ნეილმა საბოლოოდ გამისწორა თვალი, უცნაური მზერა ჰქონდა, გრძნობებით სავსე, ადამიანებზე მეტად ადამიანური მზერა ჰქონდა, ყველაზე მეტყველი რაც კი აქამდე მინახავს, გამიღიმა, თავი მდაბლად დამიკრა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ხომალდისკენ, წავიდა და თან ჩემი გულის ნაწილიც წაიყოლა, - შეჩერდი, -ვიყვირე როც ის ის იყო ბორტზე ფეხი უნდა შეედგა, ნეილი შედგა და მოტრიალდა, ჯეისონმა მაგრად მომიჭირა ხელზე ხელი. - გთხოვ ჯეისონ, უფლება მომეცი მისთვის რაღაც გავაკეთო, ნეილი აქედან ასე რომ გავუშვა ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ. - მე შენ გენდობი ჰანა, მიდი მასთან, -გამიღიმა და ოდნავ მიბიძგა ხელით, ნეილს მივუახლოვდი, აშკარა იყო რომ ვერ ხვდებოდა რატომ შევაჩერე. - რა ხდება ჰანა, რა შეიცვალა? -აშკარად ღელავდა. - არაფერი შეცვლილა გარდა იმისა რომ მივხვდი, იმ ყველაფერს რაც გადაიტანე არ იმსახურებდი, ახლა კი სულ ცოტათი მაინც მინდა რომ დაგეხმარო, არ გაინძრე და ნება მომეცი ვცადო კარგი? პერანგის ღილები შევუხსენი და ხელები იარებით დაფარულ მკერდზე დავადე, ვიგრძენი როგორ დაიძაბა, თვალები დავხუჭე და ჩემში არსებულ ყველაზე ძლიერ ენერგიას ვუხმე, ვგრძნობდი როგორ იღვრებოდა ჩემი ხელებიდან მასში სითბო, როგორ ქრებოდა საუკუნოვანი ტკივილი და მასთან ერთად მეც ვმშვიდდებოდი, არც კი მჯეროდა რომ გამომივიდა, თვალი რომ გავახილე მის მკერდზე ოდნავშესამჩნევი ვარდისფერი ნაწიბურებიღა იყო დარჩენილი, ზურგზეც ასევე. ხელები გაშალა, თავი უკან გადააგდო, დილის სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ერთადერთ ცრემლს უფლება მისცა თავისუფლად ჩამოღვრილიყო მარცხენა ლოყაზე, მერე უბრალოდ შებრუნდა და წავიდა, მისი ასე უსიტყვოდ წასვლა არ მწყენია, პირიქით, ასე მშვიდი, ბედნიერი და კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვარ. რამდენიმე წამში ხომალდი ღრუბლებს შეერია და გაუჩინარდა, მხოლოდ ახლა დავფიქრდი იმაზე თუ რა გავაკეთე, ახლაღა დავფიქრდი იმაზე თუ რას იგრძნობდა უზარმაზარ პლანეტაზე მარტოდმარტო დარჩენილი ნეილი, მარტო საკუთარ ფიქრებთან, უნდა მეიძულებინა ჩემთვის მოესმინა, უნდა მეიძულებინა ჩემი სიზმარი თუ ხილვა დაეჯერებინა, ნეტავ რას გააკეთებს როცა აღმოაჩენს რომ მარტოა? უკან დაბრუნდება? მოახერხებს? ცრემლებმა თავისთავად იწყეს დენა და ფეხებში ძალა გამომეცალა, ჯეისონი რომ არა ალბათ დავეცემოდი, ხელში ამიყვანა და გულზე მიმიკრა. - ნუ გეშინია შენთან ვარ, -ჩამესმა სადღაც შორიდან და გონება დავკარგე. * * * მას მერე რაც მე და ჯეისონმა ჰანტერს და დანარჩენებსაც ავუხსენით თუ რატომ გავუშვით ნეილი მარტო მათთვისაც ყველაფერი გასაგები გახდა, არ ველოდი ისე ბუნებრივად მიიღეს ის რომ სამშობლოში ალბათ ვეღარასოდეს დაბრუნდებოდნენ, ბოლოს და ბოლოს იმაზე დიდხანს იცხოვრეს დედამიწაზე ვიდრე ანუტუზე ცხოვრობდნენ და ახლა ნელ-ნელა იწყებდნენ აღქმას რომ უკვე დედამიწა იყო მათი სახლი. - ალბათ ჯობია ბოლოს და ბოლოდ დაველაპარაკო ემას და ყველაფერი გავარკვიოთ, რას იტყვი? -ბაღში ასწლოვანი ხის ჩრდილში ვიდექით, ნოა რჩევას მეკითხებოდა და თან ტყუპებთან ერთად მხიარულად მოკისკისე ემას თვალს არ აშორებდა. - ჰოდა რაღას ელოდები, მიდი და უთხარი, ალბათ რამდენი ხანია გიცდის რომ ამ ნაბიჯს გადადგამ. - ასე ფიქრობ? -მოციმციმე თვალები შემომანათა და ჩემს სახეზე თანხმობა რომ ამოიკითხა, მხარზე ხელი დამარტყა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ემასკენ, არ ვიცი რა უთხრა მაგრამ ემა ღიმილით დაემშვიდობა ტყუპებს და ნოასთან ერთად ჩაჯდა ავტომობილში, ტყუპებმა გაისტუმრეს თუ არა ისინი მაშინვე ჩემთან მოცვივდნენ. - დღეს იმ ბარში სადაც ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მაგარი ბენდი უკრავს, ხომ წამოხვალ, თანაც ოლიმ ახალი კოქტეილი შექმნა და უნდა გაგასინჯოთ, - როგორც ვხედავ საერთოდ არ დარდობთ იმაზე რომ სამშობლოში ვერ დაბრუნდით, - გინდა სიმართლე გითხრა? -იანი ჩემსკენ გადმოიხარა და ტუჩები ყურთან მომიტანა, -ეგ მამაჩვენის აკვიატება იყო თორემ ჩვენ აქ ყოფნა გვირჩევნია, აქაურობა გვიყვარს, - სხვათაშორის ლოგანიც ასე ფიქრობს მაგრამ რად გინდა, ცოცხალი თავით არ აღიარებს ამას ხომ იცი როგორი მუდოა, -ჩაიცინა ოლივერმა. - კარგი ახლა უნდა გავიქცეთ, საღამოს გელოდებით, -ტყუპები სირბილით წავიდნენ შესასვლელისკენ. ზაფხულის თბილი, მშვიდი საღამო იდგა, ფეხზე გავიხადე და როგორც კი შიშველმა თითებმა გრილი ბალახი და ნოტიო მიწა იგრძნეს შვებით ამოვისუნთქე, ხელები გავშალე და ერთ ადგილზე დავტრიალდი, ოდნავ შევკრთი როცა წელზე ძლიერი მკლავები ვიგრძენი, ჯეისონი ზურგიდან ამეკრა და სახე ჩემს მხრებზე ჩამოყრილ თმებში ჩარგო. - მიხარია როცა ასეთს გხედავ. - რას გულისხმობ? - მხიარული ხარ და ბედნიერი, უკვე რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ რაც ნეილი წავიდა, მისი წასვლის შემდეგ ძალიან ცუდად იყავი, - ახლაც ვფიქრობ რომ შეცდომა დავუშვი, ასე არ უნდა გამეშვა, როგორ ფიქრობ ახლა როგორ არის? იქ როდის ჩავა? - სამი წლის შემდეგ უკვე იქ იქნება. - და რას იზავს როცა ნახავს რომ სრულიად მარტოა? - მიხვდება რომ მის მაგივრად ვიღაცამ ან რაღაცამ უკვე იძია შური და დამშვიდდება. - მერე? მერე რას გააკეთებს? - ალბათ უკან დაბრუნდება, არამგონია შენი მიტოვება შეძლოს, ვხვდები რომ თქვენს შორის საკმაოდ ძლიერი კავშირია. - რა კარგია რომ ასეთი კარგი ხარ ჯეისონ, ჩემი უსიტყვოდ გესმის, ვგიჟდები შენზე, -მის მკლავებში შებრუნდი და სახე მის მკერდში ჩავრგე. - ეს შენ ხარ კარგი ჰანა, ვხედავ როგორ უყვარხარ ჩემი ოჯახის წევრებს და ძალიან მიხარია რომ ყველასთან ახერხებ კარგი ურთიერთობა გქონდეს. - არამგონია ჰანტერსაც ვუყვარდე, ჯერ კიდევ საშინლად დაბღვერილი მიყურებს ხოლმე, - არაუშავს გადაუვლის, -გაეცინა ჯეისონს, მომშორდა, იქვე ხის ძირში ჩამოჯდა და მეც მანიშნა დაჯექიო, მის პირდაპირ ფეხმორთხმით დავჯექი ბალახზე. - იცი რა ჰანა, ახლა როცა წასვლა-დარჩენის საკითხი გავარკვიეთ და ჩვენს გრძნობებშიც დარწმუნებულები ვართ, მგონი რაღაც უნდა გააკეთო. - რა უნდა გავაკეთო? -ვერ მივუხვდი. ვხედავდი როგორ ცდილობდა ღიმილის შეკავებას, იჯდა ჩემს წინ, გაცრეცილ ჯინსის შარვალში, მოღეღილ საყელოიან თეთრ მაისურში გამოწყობილი, შოკოლადისფერ თვალებს საყვარლად ჭუტავდა და გაჩეჩილ წაბლისფერ თმაში ნერვიულად დაატარებდა გრძელ თითებს, - ხომ იცი რომ ჩემთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია? - ვიცი, -დავუდასტურე ღიმილით. - მეც ვიცი რომ შენთვისაც ასეა, იმისთვის რომ სრულყოფილად ბედნიერად იგრძნო თავი შენი ოჯახი გჭირდება გვერდით, ჰოდა... - ჰოდა... - მგონი დროა მამაშენი გამაცნო. დ ა ს ა ს რ უ ლ ი ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ისტორიის შესახებ, მოხარული ვიქნები თუ დააფიქსირებთ, ასევე შეგიძლიათ ისიც მითხრათ შემდეგი ისტორია რა თემაზე გსურთ, რა გაგიხარდებოდათ უფრო მეტად ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.