შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" ოდიგოს ტაფუ " ( სრულად)


7-01-2022, 01:59
ავტორი ტერიკო74
ნანახია 5 067

30 დეკემბერი
20:45

-ერთი მაგარი ამბავი მაქვს,- მაგიდაზე საქმიანად ჩამოაწყო იდაყვები კახამ და მე და ზეზვას თვალი მოგვატარა.
-მოვიდა,იდეების გენერატორი,-ვთქვი სიცილით.
-ჯერ მომისმინე,მერე იცინე!-ნაწყენმა გადმომხედა.
-მე გისმენ,ამას შეეშვი,-ზეზვა მოპირდაპირედ ჩამოუჯდა და კახას მსგავსად ჩამოაწყო იდაყვები მაგიდის კიდეზე.
-ე?!-პირდაბრეცილმა გადავხედე ორივეს და რა იმათზე ნაკლები იდაყვები მქონდა,თუ რა? მეც მივბაძე და სმენად ვიქეცი.
-მოკლედ,ჯუბამ დამირეკა..
-მორჩა,აღარ გააგრძელო..-ხელით შევაჩერე,
-აუ,ეს ხომ ყველაფერზე აცრილია რა,-გაბრაზდა.
-ყველაფერზე არა,აი,ჯუბაზე კი.
-რას ერჩი?-წარბი შეკრა კახამ. -ჰო,აი,რას ერჩი?-როდესაც ჩემს დამცინავ მზერას წააწყდა,უფრო მომთხოვნად მკითხა.
-არასერიოზულია! მაგის მოცემული წესიერი საქმე ჯერ არ მახსოვს.ხურდებზე სირბილს არ ვაპირებ!
-დაიცა,რა,იქნებ რას ამბობს,-ზეზვას ინტერესის ჭია შეუძვრა.
-ბრძანეთ,-ხელით ვანიშნე კახას.
-მოკლედ,ხვალ ახალი წელი მოდის და..
-ახალი ამბავი,-ჩამეცინა.
-დამაცდი,ტო?-გაბრაზდა კახა.
-ჩუმად ვარ!-დანებების ნიშნად ხელები ავწიე.
-მოკლედ,რომ ვთქვა,არის შანსი დიდი ფულის შოვნის,-თქვა და წარბებქვეშიდან მოგვატარა თვალი მე და ზეზვას.
-ფშიუუ,-დავუსტვინე და სიცილი ამიტყდა.
-ბიჭო,ეს ვინ არის?!-ფეხზე წამოხტა გაგულისებული.
-კაი,ჰო,დაწყნარდი,გისმენ,-ვუთხარი სიცილით.
-რა შანსია?-ზეზვამ წუწკად შეხედა.
-არ შემაწყვეტინოთ!-კახა ისევ მოუჯდა მაგიდას და ღრმად ჩაისუნთქა.
-მორჩა,გისმენ,-დავსერიოზულდი.
-ახალ წელს გრანდიოზულ ზეიმს აპირებს ერთ-ერთი ცნობილი და მდიდარი პიროვნება,საკუთარ სახლში,-თქვა კახამ და გამომცდელად დაგვზვერა ორივე.
-მერე?-ზეზვა მოუთმენლად აწრიალდა.
- ვისზეა საუბარი?-ეჭვიანად შევხედე.
-ნარსან ქორქია,-ხმადაბლა თქვა კახამ.
-რაა?-ლამის თვალები წამომცვივდა. ქორქიების ქონებაზე ლეგენდები დადიოდა.ორჯერ სცადეს მისი გაქურდვა,რაც მძარცველების კრახით დასრულდა და საიდან დაასკვნა ჯუბამ,ან კახამ,რომ ჩვენ გაგვიმართლებდა?
-ჰო,ქორქიას სახლში იმართება საახალწლო კარნავალი და ჩვენ იქ უნდა აღმოვჩნდეთ!-წყალი,რომ არ გაუვა,ისე თქვა კახამ.
-გარეკე?!-გაკვირვებულმა შევხედე.ვერაფრით ვიჯერებდი,რომ აუღებელ ციხესიმაგრის აღებას აპირებდა.
-ყველაფერი მოფიქრებულია,თან ისე,რომ ეჭვს ვერავინ შეიტანს..ნუ მიყურებ,ისე თითქოს უცხოპლანეტელი ვიყო,-შემომიბღვირა.
-უცხოპლანეტელი არა და ფსიქიატრიულის პაციენტს კი გავხარ!-საფეთქელთან დავიტრიალე საჩვენებლი თითი.
-გინდა,ფული თუ არა?!-მაგიდაზე დაჰკრა ხელი.
-ფული მინდა,სიკვდილი არა!-თავი გავაქნიე.
-ნუ აზვიადებ,მაგარი გეგმაა,შანსი არაა,რამე "ნიტო"წავიდეს!
-რა გეგმაა ასეთი?-ზეზვა,როგორც ყოველთვის უფრო სერიოზულად უდგებოდა საქმეს.
-მოკლედ,გეგმა ასეთია..-ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ,დაიწყო საუბარი და კარგა ხანს არც გაჩერებულა.მე და ზეზვა პირღიები შევყურებდით,ისეთ ფანტასტიკაში გადაიჭრა კახა,მეგონა რომელიმე ფილმის სცენარს გვიყვებოდა.
-აბა,როგორ მოგწონთ?-დასასრულს კმაყოფილმა გადმოგვხედა.ჩვენ ჯერ კიდევ შოკში მყოფები,მდუმარედ ვუყურებდით.
-რა შტერებივით მიყურებთ?-გვკითხა გაკვირვებულმა.
-მოიცა,ეს ყველაფერი ჯუბამ მოიფიქრა,თუ შენ?-ძლივს ამოვიღე ხმა.
-უმთავრესი ჯუბამ,მეც ჩემი იდეები მივამატე,ჰა,როგორია?-ბედნიერად გაეღიმა.
-რა გინდა თქვა,რომ მე და ზეზვა ირმების ფორმებში გამოწყობილები უნდა მივადგეთ ქორქიას?-ვერ დავიჯერე ამ სულელური გეგმის სერიოზულობა.
-დიახ,დიახ,მე კი სანტა კლაუსი,-რა გაიკვირვეო,ისე შემომხედა.
-კლაუსი არა შტრაუსი,რას აჩმახებ,კახა?- უარესად გავოცდი.
-აი,ჯუბა იქნება შტრაუსი,მშვენიერი იდეაა,-ჭკუაში დაუჯდა,არ გაღიმებია.
-ჰოო.. და "რადეცკის მარშის" ფონზე გამოვიტანთ ფულს.. ვიცხოვრებთ დიდხანს, ბედნიერად და ჯანმრთელად?-დამცინავად გადავხედე ჯერ კახას და შემდეგ სულგანაბულ ზეზვას.
-კაი,შტრაუსი ზედმეტი იყო,ვიხუმრე,-კახა სკამის საზურგეზე გადაწვა და ახლა იქიდან მომაპყრო გამჭოლი მზერა.
-ნუ მიყურებ იდიოტივით,მე პას!-ვთქვი გადაჭრით.
-ნუ ჩქარობ,დაფიქრდი,-კახას კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა.
-ირემი,ტო?-ზეზვამ თავი ორივე ხელით მოიქექა.
-რაო,ხომ არ ამოგდის უკვე?-ზეზვას თავი მოვუთვალიერე.
-მაგარი საქმეა,მე თანახმა ვარ!-განაცხადა მომავალმა ქორბუდამ.
-მეც,თავისთავად,-თავი დაუკრა კახამ და ჯიუტად დაელოდა ჩემს პასუხს.
ისევ დავაპირე უარის თქმა,კარზე კაკუნმა შემაჩერა.
-ჯუბა იქნება,-მკერდზე აითამაშა თითები კახამ.
ბრაზიანად გავაქნიე თავი და კარისკენ წავედი.
მართლაც ჯუბა იყო. არყის ბოთლებით ხელში იდგა და წარბებს ათამაშებდა.

***
31 დეკემბერი
23:55

ქორქიას სახლთან,უფრო სწორად სასახლესთან, დაბურულ მინებიან ავტომობილში ვისხედით, მე და ზეზვა ირმების კოსტიუმებში,კახა სანტა კლაუსის, ხოლო ჯუბა ვესტერნის ფილმის გმირის.ქამარზე აქეთ-იქიდან დაკიდებულ იარაღის ბუდეებში,სათამაშო ნაგანები ჰქონდა ჩაჩურთული. რა შუაში იყო ახალ წელთან მისი ჩაცმულობა,არ ვიცი.სიბრაზისგან კბილებს ვაკრაჭუნებდი.მაინც დამიყოლიეს ამ მეტად სახიფათო საქმეზე. ნერვებს მიშლიდა ის,რომ ჩემმა უარმა არ გაჭრა,დამანამუსეს,თან არ მინდოდა მეგობრები ასეთ ამბავში მარტო დამეტოვებინა,უარესად მაგიჟებდა თავზე წამოცმული რქები. სარკეში არ ჩამიხედავს,თუმცა დაზუსტებით ვიცოდი,რომ ნამდვილ დეგენერატს ვგავდი.თვალი ზეზვასკენ გავაპარე,პირს ძლივს უყრიდა თავს,ისე ეცინებოდა,მივხვდი,რომ ჩემზე.
-მოეშვი, გიუშ,-მითხრა და რქა გამიხახუნა ლოყასთან.
-ყველაფერი მაგრად იქნება!-გამომძახა წინიდან ჯუბამ და გვანიშნა,დროა გადავიდეთო.
მთლად ირემივით ვერ გადავხტი,თუმცა, არც ცოტა მაკლდა.რქები შევისწორე და ჩემი პოზიცია დავიკავე.გვერდით ზეზვა ამომიდგა.ჩვენს უკან კახა დადგა და მე და ზეზვას წელზე გამობმული თოკები ხელში მოიქცია. ჯუბამ დაკვირვებით შეგვათვალიერა,კმაყოფილების ნიშნად ცერა თითი აღმართა ჰაერში და თავი დაგვიკრა.რაც იმის მანიშნებელი იყო,რომ უნდა შევსულიყავით ეზოში.
ვაი,იმ დაძვრას,მე რომ დავიძარი. გულ-მუცელი ყელში ამომდიოდა,ისე ვნერვიულობდი. ფეხებს ძლივს მივათრევდი.
-ბიჭო,ცოტა ირემივით იარე,რას ფორთხავ?-შემომიღრინა ჯუბამ.
-უუ..-სიმწრისგან,მგელივით კი დავიყმუვლე.
ეზოს დიდ რკინის ჭიშკართან შევჩერდით. დაცვის წევრი გამოვიდა და ჯუბას კარგი ძმაკაცივით,მხარზე ხელის ტყაპუნით მიესალმა. გამიკვირდა და ეჭვით გადავხედე ზეზვას და კახას.არცერთს ეტყობოდა მღელვარება. უარესად შევფიქრიანდი.მინდოდა გამერკვია მათი სიმშვიდის მიზეზი,ვერ მოვასწარი.გორგოლაჭებზე შემდგარი ჭიშკარი ხმაურით გაიღო და კახამ თოკები მოქაჩა. ზეზვა ისე სასაცილოდ გადახტა წინ,ნერვიულობა,რომ არა,გულიანად გამეცინებოდა.
უზარმაზარ ეზოს შუაგულში იყო წამოჭიმული, ასევე უზარმაზარი ოთხსართულიანი სახლი.ყველა სართულზე თვალისმომჭრელი განათება იყო.
-ხომ ყველაფერი გახსოვთ?-ჯუბამ სწრაფად მოგვატარა თვალი.
თავის დაქნევით დავუდასტურეთ.
ჩვენი გეგმის პირველი ნაწილი კახას სტუმრებთან მისალმებით უნდა დაწყებულიყო,რა დროსაც მე და ზეზვას ირმების იმიტაცია უნდა გაგვეკეთებინა,ცალი ფეხის მოძრაობით და რქების ქნევით.
-ერთი აქედან მშვიდობით გავიდე და თქვენი დანახვაც აღარ მინდა!-დავუღრინე ჯუბას და აწყვეტილი შევვარდი კარში,უკან მომყვნენ ზეზვა და კახა.
ირემი არა და კორიდას გავეშებულ ხარს კი ვგავდი.სიმწრით ვბერავდი ცხვირის ნესტოებს და ალბათ რქებზეც წამოვიცვამდი ვინმეს,ნამდვილი რომ ყოფილიყო.კახას მისალმების ტექსტიდან ერთი სიტყვაც არ გამიგონია. ჩემსკენ მომზირალ ადამიანების გაკვირვებულ თვალებს დაბღვერილი ვუყურებდი და ფეხს კანტუზიანივით ვათამაშებდი.ზეზვა არ ვიცი,რას აკეთებდა ამ დროს,თუმცა ჯუბას კი მოვკარი თვალი,მასკარდის ფორმაში საგანგებოდ გამოწყობილ, პირში სიგარა გაჩრილ,თავზე ლაკგადასმულ ასაკოვან მამაკაცს ესაუბრებოდა.ძლივს ვიცანი ნარსან ქორქია, პიჟონს უფრო ჰგავდა,ვიდრე ბიზნესმენს. ფეხს შევუნელე,დაკვირვებაში მიშლიდა ხელს და ქორქია თავიდან ფეხებამდე ავათვალიერ-ჩავათვალიერე. ისეთი სასაცილო ფეხსაცმელი ეცვა,სულ გადამავიწყდა,რომ მასზე უარესი მე მეცვა. ნარსიას ფეხებს კურდღლის ფუმფულა კუდები ამშვენებდნენ,ჩემსას კი ჩლიქები.ისეთი სიცილი ამიტყდა,ზეზვას რომ არ ჩაეცხო ჩემთვის ბეჭებში,კარგა ხანს ვერ გავჩერდებოდი.ტკივილმა ზურგი ამიწვა და სიცილი ტირილმა შემიცვალა.
-გილოცავთ ახალ წელს!-რიხიანად თქვა კახამ და შამპანურით სავსე ფუჟერები აიტაცა ყველამ.ატყდა მილოცვები და ხვევნა-კოცნები. აღარავის ეცალა ჩვენთვის. ეს ხელსაყრელი დრო იყო,რომ გეგმის მეორე ნაწილზე გადავსულიყავით.
-მარცხნივ კარი,-მიკარნახა კახამ.
რქები დავუქნიე.
-შენ და ზეზვა..დანარჩენი იცით,-დაგვმოძღვრა და ჰო,ჰო,ჰოს ძახილით ხალხს შეერია.
მე და ზეზვა ნელი სვლით წავედით კარისკენ.როგორც კი გავედით,მაშინვე დერეფნის მარჯვენა მხარეს,სარდაფისკენ ავიღეთ გეზი. უცნაურად კი მოგვეჩვენა,რომ არავინ შეგვხვდა. არადა,წესით უნდა მდგარიყო დაცვა,რომელიც ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო საქმეში.
-მგონი,რაღაც ისე ვერაა?-ვუჩურჩულე ზეზვას.
-დროს ნუ ვკარგავთ,იმოქმედე!-კბილებში გამოსცრა და სარდაფისკენ ჩამავალ კიბეს ჩაუყვა.მეც მივყევი. სარდაფის კარი ღია დაგვხვდა. იქ კი ორივე შევფიქრიანდით და უკან ამოსვლა დავაპირეთ.თუმცა ბოლო მომენტში ზეზვას გამდიდრების სურვილმა სძლია და მეც თან გამიყოლა.
-ნუ იყურები შტერივით,დროზე!-ხელი წამკრა ზეზვამ. უცებ მოვეგე გონს და საქმეს შევუდექი. დიდი სიფრთხილით ვმოძრაობდით ორივე. სადაც გვეგულებოდა და წესით უნდა ყოფილიყო კიდეც ძვირფასეულობა,არ დაგვხვდა. გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს.
-ხომ გითხარით,ჯუბასი არაფერი დაიჯერება-მეთქი!-დავუღრინე ზეზვას.
-ე,არადა აქ უნდა ყოფილიყო,ტო?-დაეჭვებულმა მოათვალიერა ოთახი.
-გავედით,სანამ ვინმე დაგვადგა!-ხელი წავავლე ზეზვას.
-მოიცა,შანსი არაა,რაღაც აგვერია,- გაჯიუტდა.
-თქვენ რომ კაცი დაგიჯერებთ!- გავცეცხლდი.-წამოდი!-ძლიერად დავქაჩე მხარში.
- აგვერია,გიუშ,მეორე მხარეს უნდა ჩავსულიყავით,-მითხრა აჩქარებით და ახლა ის ჩამაფრინდა მხარში. დერეფანის გავლა არ გვქონდა დამთავრებული,რომ..
-სად მიდიან ჩვენი ირმები?- ზურგსუკან ხმამ ორივე ადგილზე შეგვაყენა. ინსტიქტურად ჩამერთო ფეხის მოძრაობა და რქების ქნევა. აშკარად ნევროზი მქონდა აკიდებული.
-გილოცავთ,ბატონო ნარსან,-ჩემზე ადრე ზეზვა შეტრიალდა.
ნარსანო?!
თავში რომ დამკრა,ჩლიქებში გამიარა. ძლივს შევტრიალდი და მეც არ ვიცი,რა ვიბლუყუნე,აშკარად ენის პარალიჩიც მქონდა.
ქორქიას კითხვიან მზერაზე მივხვდი,რომ ჩემი ნათქვამიდან,ვერაფერი გაიგო.
-როგორც ვატყობ ირემი მშიერია,-რაღაც მზაკვრულად გამიღიმა და ღია კარში მომსახურე პერსონალს ჩვენთან მოსვლა ანიშნა.
გული გადამიტრიალდა.თვალებით ჯუბას და კახას დავუწყე ძებნა.ისე თავდავიწყებით ცეკვავდნენ მოკისკისე მანდილოსნებთან,თითქოს საქმეზე კი არა,დროს სატარებლად იყვნენ მოსულები.
-ჩვენს ირმებს საუკეთესო სასმელი მიართვით!- უბრძანა მომსახურეს და ზეზვას არა და,მე კი დამაკვირდა საეჭვოდ.
-ბატონო ნარსან,გაიცანით ჩვენი საღამოს ძვირფასი სტუმრები?-ჯუბა მოგვიახლოვდა და ყურებამდე გაიღრიჯა. გულში ვინატრე, მარტო ვყოფილიყავით,რომ გვერდზე მომექცია მისთვის ღრნაჭი,ისე ვიყავი გაღიზიანებული.
-რა თქმა უნდა,ჩემო ჯუბა,რა თქმა უნდა..-ჩემზე თვალმოუცილებლად უპასუხა და ისევ მზაკვრულად გამიღიმა.
"მორჩა,გიუშ,სიკვდილის ბუზი გაზის"-გავიფიქრე და მივხვდი,რომ ფერი დამეკარგა.
-ჰო,ჰო,ჰოო,-მხიარული განწყობით შემოგვიერთდა კახაც და იდიოტივით დადგა.თეთრი წვერი მოღრეცვოდა პირზე და გაღეღილი გულისპირიდან შავი,ჩახუჭუჭებული თმა მოუჩანდა.
-გადასარევი მეგობრები გყოლია,ჩემო ჯუბა,გადასარევი..-თქვა ნარსანმა და მზაკვრული მზერა კახასკენ მიმართა.
"მორჩა,გავიფაქტეთ"-ტვინმა პანიკა ამიტეხა.
-ნამდვილად,უკეთესს ვერ ინატრებს კაცი,-კრეტინის გამომეტყველებით დაეთანხმა ჯუბა და ეფექტი უნდოდა მოეხდინა,თუ რა,არ ვიცი, სათამაშო იარაღები ოსტატურად ამოაძრო ბუდეებიდან და საჩვენებელ თითებზე დაიტრიალა.
-ოჰო,-ჩაეღიმა ქორქიას.- ისევ ის ბავშვი ხარ,მარიკოსთან რომ მოდიოდი ხოლმე სათამაშოდ.
"რაო? ჯუბა ამ ოჯახის ახლობელია?"- ფიქრებმა სულ გადამრიეს.იქამდე,თუ ერთ ფეხს ვათამაშებდი,ახლა მეორეც ავუყოლე. კახას რომ არ მოექაჩა წელზე გამობმული თოკი ჩემთვის,ალბათ მთებში გავიჭრებოდი.
-ოჰ,ბატონო ნარსან,ეგ რა გამახსენეთ,-ჯუბამ შემცბარი ღიმილით ცერად გამომხედა.ჩემს ყბების მოძრაობაზე მიხვდა,რომ ვერ გადამირჩებოდა.მარტო ჯუბა არა,დანარჩენებიც.მტკიცედ გადავწყვიტე,რომ იმ წუთში გავსულიყავი საქმიდან. კახას თვალით ვანიშნე,ცალკე გავიდეთ-მეთქი. ვერ მოვასწარით. ქორქიამ მაგიდასთან მიგვიპატიჟა და მომსახურეს ყურთან უჩურჩულა.რაზედ თავის დაკვრით დაეთანხმა წითელ პერანგში გამოწყობილი მამაკაცი.
-ბატონებო,ასეთ მნიშვნელოვან დღეს,როდესაც ფეხი გადავდგით იმედებით სავსე ახალ წელში,ღირსეული სტუმრებით,ღირსეულად უნდა ვადღეგრძელოთ,ღირსეული სასმელით!- თქვა და გესლიანი ღიმილით მოგვატარა თვალი. ტანში გამცრა. ვინატრე, მართლა ირემად ვქცეულიყავი.აღარ მანაღვლებდა დატოტვილი რქები და არც კაკუნა ჩლიქები.ვგრძნობდი,რომ ქორქია რაღაცას ხვდებოდა,მზერით გვბურღავდა.შიმშილს არა და,წყურვილს კი ვგრძნობდი,ნერვიულობისგან ისე მქონდა პირი გამშრალი.
ჯუბა დამშეულივით დააცხრა სუფრას.კახამაც მას მიბაძა. ზეზვას გავხედე,ჩემი არ იყოს,შეფიქრიანებული ჩანდა.
წითელ პერანგიანმა მომსახურემ მე,კახას,ზეზვას და ჯუბას სათითაოდ დაგვიდგა წითელი ღვინით შევსებული ერთნაირი ბოკლები.ქორქიას კი განსხვავებული სასმისი მიართვა.გულში ცუდად გამკრა,ამ გამორჩევამ,მაგრამ რას ვიტყოდი?!
-ძვირფასო სტუმრებო,-მხიარულად აიტაცა ხელში სასმისი ქორქიამ.-გილოცავთ ახალ წელს!-თქვა და ისე საზარლად გაიღიმა,შიშმა ამიტანა.
ზეზვას მაგიდის ქვეშ ოდნავ მივკარი ფეხი. ზეზვამაც იგივე გაიმეორა. გული დავიმშვიდე,რადგან ერთი მაინც დავიგულე ჩემს აზრზე,ვცადე და კახასკენ გავაპარე ჩლიქი.
-რა მედება,-უშნოდ გაიღრიჯა კახა და მაგიდის ქვეშ წაყო თავი. იატაკზე ფეხით მორზეს ანბანს მივყევი,ვიფიქრე,რამეს მიხვდება-მეთქი.
-გიუშ,ცუდად ხარ?- თავი ამოყო კახამ და ცალ თვალზე ორი თითით დამიქაჩა ქუთუთოები.
უარესად დამეჭყიტა თვალები,ქორქიას ცინიკურ ღიმილს რომ წავაწყდი. სადღეგრძელოც არ მითქვამს,ისე დავავლე ბოკალს ხელი და სულმოუთქმელად გადავყლურწე წითელი ღვინო. მლაშე გემო დაჰკრავდა სასმელს,თუმცა იმ დროს,დეგუსტაციისთვის არ მცხელოდა,ისე ვიყავი აფორიაქებული.
-ა,ბატონო,ირემიც ასეთი უნდა!-გაეცინა ქორქიას და მსახურს ანიშნა კიდევ დაუსხიო.მანაც არ დააყოვნა და ღვინო იყო,თუ მარილიანი წყალი,კი შემივსო ბოკალი. მოწყურებულივით დავეწაფე ისევ.მლაშესთან ერთად მწარეც მეჩვენა.ვიფიქრე,რომ პრობლემა ჩემში იყო და არ შევიმჩნიე უცნაური გემო.
-ახლა ისე ნუ იზამ, ირემო,რომ თოვლის ბაბუ ვეღარ წაიყვანო,-ჩაიხითხითა ნარსანმა და სუფრის წევრებს ანიშნა,თქვენც მიირთვითო. გაღიმება მინდოდა,არ გამომივიდა,უაზროდ ვატრიალებდი თვალებს. გამიკვირდა,ორმა ჭიქამ ასე როგორ მომწყვიტა კისერი-მეთქი."ნერვიულობის ბრალია"-გავიფიქრე და ბიჭები შევათვალიერე. ხმა არ მესმოდა,რას ამბობდნენ ვერ ვიგებდი,მხოლოდ მათ პირის მოძრაობას ვხედავდი. ბიჭებმა ცოტა მოსვეს ღვინო და ზეზვას გარდა,ყველა საჭმელში ჩაძვრა.რაღაც არაბუნებრივად დატრიალდა ირგვლივ ყველაფერი.ერთმანეთში აირია მაგიდები,სტუმრები,ცეკვა და ქორქიას მზაკვრული ღიმილი. ფეხზე წამოდგომა დავაპირე,ზეზვას დავეყრდენი მხარზე,თუმცა ვერ შევძელი და მოცელილივით დავეცი ძირს.
***
სიცივემ უსიამოვნოდ დამიარა სხეულში. თვალების გახელა გამიჭირდა,თუმცა ძალდატანებით ოდნავ გავახილე და მაშინვე ჩემს თავს ზემოთ მოქცეულმა ძლიერმა განათებამ მომჭრა თვალი.ძლივს გავასწორე მხედველობა.სინათლე ჭერზე დამაგრებული პროჟექტორიდან მოდიოდა.განძრევა ვერ მოვახერხე,პარალიზებული მქონდა სხეული.მხოლოდ თავის გამოძრავება შევძელი ოდნავ.ხელებზე და ფეხებზე დადებული ბორკილებით საწოლზე ვიყავი მიმაგრებული სრულიად შიშველი. შიშისგან და გაკვირვებისგან ირგვლივ მიმოვიხედე. უარესად შევშინდი,როდესაც კიდევ სამი საწოლი დავინახე,სადაც ზეზვა,კახა და ჯუბა გაუნძრევლად იწვნენ ჩემსავით ბორკილდადებულები და შიშვლები.მგონი ეძინათ.მზერა ოთახის თეთრ კაფელიან კედლებზე გადავიტანე.ფანჯარა არსად ჩანდა.
"მორგში ვართ?"-გავიფიქრებამ შემზარა.
-ზეზვა!-დავუძახე გაოგნებულმა.არ განძრეულა.
-კახა! ჯუბა!-ყვირილი ავტეხე.
კახამ გაურკვეველი ხმები ამოუშვა. ცოტა იმედი კი მომეცა,მაგრამ ვერაფრით ვხვდებოდი,რა გვჭირდა.მკვდარები ვიყავით,თუ ცოცხალები,ვერ ვიგებდი.სიცივისგან კბილს-კბილზე მაცემინებდა.
-სად ვართ,ტო?-კახა გონს მოვიდა და ცერად გადმომხედა.
-აზრზე არ ვარ,რა მოხდა,აქ რა გვინდა?-თვალებით კარს დავუწყე ძებნა. ვიპოვნე.რკინის თეთრი კარი იყო,აქა-იქ ჟანგშეპარული.
-გავებით!-დაასკვნა კახამ სასოწარკვეთილი ხმით.
-უუხ!-ამოვიგმინე და განძრევა ვეცადე.სულ ტყუილად,უტანო მხედარივით ვიყავი,მარტო თავს ვგრძნობდი.
-ხელებს ვერ ვგრძნობ,ვერც ფეხებს!-კახას შიშმა უმატა.
-ვერც მე!-უიმედოდ ვთქვი და ისევ ზეზვას და ჯუბას დავუძახე.
-სად ვართ? გავიყინე!-ზეზვას ხმა გამიხარდა.
ჯუბას გავხედე დაჭყეტილ თვალებს შეშინებული ატრიალებდა.
-რაღაც უცნაური ხდება,რა დაგვალევინა,საწამლავი?-შიშთან ერთად სიბრაზემ შემიპყრო.
-ცოცხალი ვარ?-ჯუბამ ძლივს ამოიხავლა.
-ილოცე,რომ მკვდარი იყო!-დავუღრინე.
-მორგში ვართ,თუ რა ოთახია ეს?!-ზეზვა პანიკამ მოიცვა.
-რა დაგვალევინა იმ პიჟონმა?!-გავცეცხლდი.
-მოიცა,ვიღაც მოვიდა მგონი,-დაიძახა კახამ და ყველამ კარისკენ წავიღეთ თვალები.
თეთრ ხალათებში გამოწყობილი ორი მამაკაცი შემოვიდა.ექიმებს გავდნენ,შვებით ამოვისუთქე,ვიფიქრე რომ გვეშველა. უხმოდ მოგვიახლოვდნენ და ინტერესით დაგვაკვირდნენ სათითაოდ.
-აქ რატომ ვართ?- კითხვა გავბედე.თითქოს არაფერი გაუგონიათ,ისე განაგრძეს ჩვენი თვალიერება.
-ვინ ხართ,რა გინდათ?!- ამყვა კახაც.
არანაირი რეაქცია თეთრხალათიანების მხრიდან.
-ე,ესენი გვეკაიფებიან მგონი?!-ზეზვამ ჩემსკენ გამოიხედა.
-გესმით ჩვენი?!-არც ჯუბას ხმას მიაქციეს ყურადღება.
გაოგნებული ვუყურებდი ჩვენს ირგვლივ მოსიარულე მამაკაცებს.
-ენვერ,დასკვნაში ჩაწერე, სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა,-უთხრა ერთმა თეთრხალათიანმა მეორეს.
-არადა რა ვაჟკაცები,აფსუს.. რა ძალა ადგათ,ქორქიასთან ვის გასვლია რამე,რომ ამათ გასვლოდათ,დაიღუპეს თავები,-დანანებით გააქნია თავი დასკვნის დამწერმა.
-გაუბერეთ?! ცოცხლები ვართ!-ვიყვირე მთელი ხმით და ამყვნენ დანარჩენებიც. ხმის ჩახლევამდე ვყვიროდით,იქნებ როგორმე ჩვენი ხმა გაეგოთ.სულ ტყუილად,ფეხის თითებზე რაღაც ფურცლები ჩამოგვკიდეს და წავიდნენ.
-ბიჭო,მგონი მართლა მკვდრები ვართ!-გულგახეთქილმა დავიძახე.
-მოგვწამლა იმ ახვარმა,უხ,მე მაგის..!-კახა გიჟს დაემსგავსა.
-რა მკვდრები,ბიჭო,ვლაპარაკობთ!- ზეზვაც გადაირია.
-მე ცოცხალი ვარ და თქვენი არ ვიცი!-წამოიძახა ჯუბამ.
-აი,შენ ნაღდად ტრუპი ხარ!-დავემუქრე.
-არა,რაღაც ხდება,შანსი არაა,უეჭველი გვაგიჟებენ!- ზეზვამ ეჭვიანად მოატარა თვალი ოთახს.მე კი ვუყურებდი ჯუბას სახეს და ერთი სურვილი მიჩნდებოდა მხოლოდ,რომ მართლა მომეკლა.ხომ ვიცოდი,რომ მისი ნდობა არ შეიძლებოდა,იმდენად არასერიოზული იყო. საკუთარ თავზეც ვბრაზობდი,როგორ დამიყოლიეს ამ საქმეზე,როგორ ავყევი მათ სიგიჟეს და ამ სიგიჟის შედეგით ვიწექი სადღაც მორგში,ცოცხალი,თუ მკვდარი,ისიც რომ ვერ გამეგო.
რკინის კარი ისევ გაიღო და ისევ ის თეთრხალათიანები შემოვიდნენ ნარსან ქორქიასთან ერთად. რომ დავინახე,ისე დამიწყო გულმა ბაგაბუგი,თან გამიხარდა,თან შემეშინდა. თავი ცოცხალი დავიგულე,აბა,რომელ მკვდარს უფეთქავს გული?!
-ბატონო ნარსან,ოთხივე გასინჯულია,სიკვდილი სახეზეა,თქვენც შეამოწმეთ,თუ გნებავთ,- უთხრა ჩვენმა დასკვნის დამწერმა ენვერმა.
-ძალიან კარგი..ძალიან კარგი..-კმაყოფილებით ჩაილაპარაკა ნარსანმა და გეზი ჯუბასკენ აიღო. ჯუბას შიშისგან სახე მოეჯღანა.
- ნარსან ბიძია..ბიძია ნარსან?-ალუღლუღდა ჯუბა.
-ეს დიდი გაიძვერაა..ზუსტად ვიცოდი,ბოლო პერიოდში რატომ შემოძვრა ჩვენს სიახლოვეს.უბრალოდ,მაინტერესებდა,სადამდე გაქაჩავდა,ეს უბედური!-ზიზღით დახედა ჯუბას და თავში გამეტებით დაჰკრა წკიპურტი არ ეთქმოდა,უფრო შალაბანდი,ისეთი ხმა გამოსცა. ჯუბამ სიმწრით წამოიყვირა.
-აი,ეს იდიოტები,ეს მართლა რქიანები!- სათითაოდ გვითავაზა მე და ზეზვას თავში,ოღონდ ჯუბასგან შედარებით უფრო სუსტად.მაინც ამეწვა თავი.
-ცოცხლები ვართ,გესმით თქვენ?-აყვირდა კახა და ავყევით ჩვენც. ისევ ხმის იოგების დაწყდომამდე ვხაოდით. რეაქცია არ ჰქონიათ.
-ნაღდად მკვდრები ვართ!-დავასკვენი სასოწარკვეთილმა.
-დაუჯერებელია,ვსუნთქავ ბიჭო,ვსუნთქავ!-ზეზვა ლამის ჭკუიდან გადავიდა.
-ცოცხლები ვართ,მაგრამ მოგვკლავს!- თქვა ჯუბამ. ქორქიას გავხედე. ისევ მზაკვრულად მიყურებდა.
-რას გვერჩი?!-დავუღრინე.
-ბალზამს როდის უკეთებთ?-ქორქიამ მზერა თეთრხალათიანებზე გადაიტანა.
-რა ბალზამი,ტო?!-ახლიდან გადავირიეთ ოთხივე. ცოცხლად დაგვიპირა დაბალზამება ისე,რომ წარბიც არ შეუხრია.
-ცოტა ხანში,ბატონო ნარსან და მათ ოჯახებსაც შევატყობინებთ,ოღონდ დღეს არა,რამოდენიმე დღეში..გამართლება რომ მოვუძებნოთ წამალს.
-მშვენიერია! ყოჩაღ..ყოჩაღ!-შეაქო შეგირდები და კარისკენ დაიძრა.
-შენ ხომ არ უბერავ,ნარსანა ხარ,თუ ვიღაც ს..ი?! -დავუყვირე.არ შემოტრიალებულა. უკან მიყვნენ თეთრხალათიანებიც.
-აქედან უნდა გავიდეთ!-კახას ნათქვამმა სიმწრის ღიმილი მომგვარა.
-ვერ ვმოძრაობთ,როგორ უნდა გავიდეთ?!-ჩემს მაგივრად ზეზვამ უპასუხა.
-ვეცადოთ,ბიჭებო! სხვა გზა არ გვაქვს,მოგვკლავენ!-კახა ფარ-ხმალს არ ყრიდა.
-ჯუბა,შენი...-დავიწყე და რა დავიწყე,თუ რამე გინება ვიცოდი და არ ვიცოდი,ყველა ვუთხარი,გინება რომ გამომელია,წყევლაზე გადავედი ავი დედაკაცივით.
-ისტერიკაშია,-მშვიდად თქვა ჯუბამ. ამის თქმა იყო და ახლა ზეზვა და კახა შესდგნენ "ლამაზ-ლამაზი"სიტყვებით.
-თქვენც ისტერიკაში ხართ..ეს ბუნებრივია ჩვენ მდგომარეობაში,თუმცა ამით არაფერი შეიცვლება,ვინაიდან, მგონი მართლა მკვდრები ვართ,გილოცავთ!-ისევ მშვიდად გვითხრა და თან ჩაცინებაც მოაყოლა.
გავცოფდი.იგივე"რეპერტუარი" დავაპირე,მაგრამ ვერ მოვასწარი.კარი არ გაღებულა,არ ვიცი,საიდან შემოვიდა,ვიღაც კაცი დაგვადგა თავს. გრძელ მოთეთრო კაბაში იყო გამოწყობილი,ხოლო თავზე გაზეთისგან გაკეთებული სამკუთხა ქუდი ეხურა.ოთხივემ ჯერ მას შევხედეთ გაკვირვებულებმა,შემდეგ ერთმანეთს გადავხედეთ.
-ვინ ხართ?-ვკითხე უცნაურად გამოწყობილს.
-მოგესალმებით,აწ შესვენებულნო და ცათა სასუფევლის ახალნო მკვიდრნო! მე გახლავართ ოდიგოს ტაფუ,თქვენს სამსახურში მიგულეთ!-თქვა და თავი დაგვკრა.
-ვინა ვარო?-ზეზვამ კი არა,ვერცერთმა გავიგეთ,ვინ იყო.
-რაღაცა ტაფუო,- გაკვირვებით ჩაილაპარაკა კახამ.
-დიახ,ოდიგოს ტაფუ!-ისევ გაგვიმეორა თავისი სახელი იყო,თუ "კლიჩკა".
-და რა გნებავთ,ბატონო ოდიგოს ტაფუ?-ბრაზით შევხედე.
-ასე ნუ განეწყობით,ახალგაზრდავ,ვინაიდან თქვენ მე გჭირდებით,-მითხრა ღიმილით.
-ეს მალიარი რა ჩემ ფეხებად გვჭირდება,მოვკვდით,თუ რემონტს ვიწყებთ?!-ზეზვამ მის გაზეთის სამკუთხა ქუდს შეხედა.
-ა,ერთი წუთით,-ტაფუმ ქუდი მოხადა და მის გაშლას შეუდგა.ბოლომდე რომ გაშალა გაზეთი,სათითაოდ მოგვიტანა თვალებთან ოთხივეს და წაგვაკითხა ნეკროლოგი,ჩვენი გვარ-სახელებით,მისამართებით და დაკრძალვის თარიღებით.
-რა ჯანდაბა ხდება?! ცოცხლები ვართ,ცოცხლები!-შეუტია ზეზვამ.
-ეს უბრალოდ მძღოლია,ტყუილად ნუ ეჩხუბები,თავის საქმეს აკეთებს,-ჯუბას სიმშვიდეს ჭკუიდან გადავყავდი.
- რა მძღოლი,ტო,ხომ არ უბერავთ?!-არც კახა იყო ნაკლებ დღეში და არც მე.
-რისი მძღოლია?-ვკითხე ჯუბას.
-ვერ გაიგე,რა თქვა? ცათა სასუფევლის.
-არა,ეს რაღაც ბოროტი ხუმრობაა! თქვი ჯუბა,რომ ხუმრობაა და გეფიცები,აქედან რომ გავალთ,არაფერს დაგიშავებ,-ვედრებაზე გადავედი.
-ნუ ნერვიულობთ,ახალგაზრდებო, საღამოს გავემგზავრებით აქედან,იქ,დიდი სიყვარულით გელიან,-კეთილად გაგვიღიმა ოდიგოს ტაფუმ და გაზეთს ისევ ქუდის ფორმა მისცა.
-მოგზავნილია ეს კაცი?! ცოცხლები ვართ,ცოცხლები,არ ვართ მკვდრები!-დავუყვირე.
-რა თქმა უნდა,გარდაცვალება სიკვდილს არ ნიშნავს,ჩვენო ახალო მკვიდრო,-დაყვავებით გადამისვა თავზე ხელი.
-მომაშორეთ ეს გიჟი კაცი,აქედან!- ქალივით ვიწივლე.
-ბიჭო,მაგარ შარში ვართ,ტო,-ზეზვა გაოგნებული იყურებოდა.
-რამდენი გადაგიხადა ქორქიამ?!-კახა ჩემზე მეტად აწივლდა.
-რას კადრულობთ,ახალგაზრდავ?ჩვენ ფულზე არ ვმუშაობთ,ჩვენ ღვთის სამსახურში ვართ,-ნაწყენმა შეკრა შუბლი ოდიგოს ტაფუმ.
-არ გააბრაზოთ ეგ კაცი,გვჭირდება!-გადმოგვძახა ჯუბამ.
-ის გააჩუმეთ,თორემ არ ვიცი,რას ვიზამ!-დავიმუქრე მე უხელომ,უფეხომ და საერთოდ უტანომ.
-ის ახალგაზრდა როგორც ჩანს საქმეში ჩახედულია,არ გირჩევთ ჩემს განრისხებას,-თავის დაქნევით გაამყარა ნათქვამი ტაფუმ.
- ვის რა უნდა მოჭამო?!-თავი წაჭიმა ზეზვამ.
-ნუ რა გაეწყობა,გეტყვით ჯერ და შემდეგ,თქვენ გადაწყვიტეთ,ღირს თუ არა ჩემი გაბრაზება,- ცოტა გესლი გაურია ღიმილში.
- მე არ მაინტერესებს!-გაჯიუტდა ზეზვა.
-თქვით!-დავუყვირე მე.
-ჩვენო ცათა სასუფევლის ახალნო მკვიდრნო,უჩემოდ თქვენი გზა გრძელი და მეტად დახლართული იქნება,ეკლებით და ცეცხლით, ტკვილით და ტანჯვით სავსე! ხოლო ჩემთან ერთად გელოდებათ მოკლე გზა და მშვიდობიანი მგზავრობა,-დაასრულა ოდიგოს ტაფუმ სიტყვა და გაზეთის ქუდი თავზე მოირგო.
- ეს აირზენას რეკლამას აკეთებს მგონი,-დაიღრინა კახამ.
თუ რამე გამაცინებდა იმ დროს,როგორ მეგონა.
-ახლა თქვენ გადაწყვიტეთ,-ინტერესით დაელოდა ჩვენს პასუხს ტაფუ.
-მომისმინე,ტაფუ ძმაო..- ზეზვას ძარღვები დაებერა ყელზე.-ჩვენ ცოცხლები ვართ,ვლაპარაკობთ,ვსუნთქავთ,გულის ფეთქვას ვგრძნობთ,აზრობ?! რა ცათა სასუფეველი,რა ცეცხლები და გზები?! რას ბაზრობ,ტო?!
მე ცოტა შევფიქრიანდი. ვერ ვწყვეტდი,დამეჯერებინა ამ უცნაური კაცისთვის,თუ ავყოლოდი ზეზვას და კახას.
-კარგი,ბატონო..როგორც გენებოთ,ისე გადაწყვიტეთ,-კიდევ მოგვცა ოსაფიქრებელი დრო.თუმცა პატარა ყოყმანის და კამათის შემდეგ,ოთხ ხმაში განვუცხადეთ უარი.
-რა გაეწყობა,მე მსურდა ,რომ არ გეწვალათ,სამწუხაროა,-დანანებით გააქნია თავი და ისე უცებ გაქრა,ვერ გავიგეთ საიდან გავიდა.
-ბიჭო,ნაღდად გვეკაიფებიან,ჩვენ მკვდრებს არ ვგავართ,მე ნაღდად ცოცხლად ვგრძნობ თავს,- თქვა კახამ.
-მე მცივა,ვიყინები,ამის დედაც!-ამის თქმა იყო და ზედ თავზე წამომადგა ვიღაც მამაკაცი,გრძელ შავ კაბაში იყო გამოწყობილი,თავზე ჩირაღდანივით ენთო ცეცხლი.შიშისგან და მოულოდნელობისგან შევყვირე. არც დანარჩენები ჩავარდნენ ნაკლებ დღეში.
-არა,საგიჟეთში ვართ,ნაღდად!-სასოწარკვეთით დაიყვირა ზეზვამ.
-მოგესალმებით,სასუფევლის ახალნო მკვიდრნო,მე გახლავრთ ვასანო მეხრი ტაფუ!-რიხიან სიტყვებს მის თავზე ცეცხლის გაძლიერება მოჰყვა.
-აეხლა კი მართლა დაგვერხა!-შიშით წამოიძახა აქამდე მშვიდად მყოფმა ჯუბამ.
-ვახ ჩემი,კიდევ ტაფუო?!-ზეზვამ თვალები აატრიალა.
-ეს ის არის,ცეცხლიანი და ეკლიანი!-შიშით წამოვიყვირე,რადგან ჩემს თავთან მდგომს ხელები შევუთვალიერე და თითების ნაცვლად,ეკლები ჰქონდა.
-ხომ გითხარით!-დაგვიღრინა ჯუბამ.-იმას უნდა გავყოლოდით!
-სად უნდა გავყვეთ,ბიჭო,ცოცხლები ვართ!- ხმა აღარ მივარგოდა ამდენ წივილ-კივილით.
-ვატყობ,არ გესიამოვნათ,ჩემი დანახვა,ეს სამწუხაროა,თუმცა,სხვა გზა არ გაქვთ,ჩემთან ერთად მოგიწევთ მგზავრობა,სამწუხაროდ,-თქვა ვასანო მეხრი ტაფუმ და ბოროტად ჩაიხითხითა.
- ღმერთო,შენ გვიშველე!-ამის თქმა მოვასწარი მხოლოდ.ახალი ტაფუ დამწვდა თავისი ეკლებით და იღლიაში როგორც სიცხის საზომი ისე ამომიდო. ისეთი გავარვარებული სხეული ჰქონდა,ტანზე წვა ვიგრძენი და თან მივხვდი,რომ მგრძნობელობა დამიბრუნდა,სულაც არ გამხარებია,შანთივით მედებოდა მისი კანი. სიმწრით იმდენ ხანს ვყვიროდი,სანამ გონება არ დავკარგე.
***
სიცივემ უსიამოვნოდ დამიარა სხეულში. თვალების გახელა გამიჭირდა,თუმცა ძალდატანებით ოდნავ გავახილე და მაშინვე ჩემს თავს ზემოთ მოქცეულმა ძლიერმა განათებამ მომჭრა თვალი.ძლივს გავასწორე მხედველობა.სინათლე ჭერზე დამაგრებული პროჟექტორიდან მოდიოდა.განძრევა ვერ მოვახერხე,მხოლოდ თავის გამოძრავება შევძელი ოდნავ.ხელებზე და ფეხებზე დადებული ბორკილებით საწოლზე ვიყავი მიმაგრებული. ტანზე დავიხედე,სამედიცინო დოლბანდით მქონდა გადახვეული ლამის ნახევარი ტანი. ვერ დავიჯერე,რომ იმ ვიღაც ტაფუმ დამტოვა ისევ მორგში.ბიჭებს დავუწყე ძებნა თვალებით. სამი საწოლი იდგა,ოღონდ თავისუფალი,ზედ არავინ იწვა.
-ზეზვა! კახა! ჯუბა!-ხმა ძლივს ამომდიოდა.ჩემს ხმაურზე კარი გაიღო. თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალი შემოვიდა და მომიახლოვდა.
-გტკივათ?გამაყუჩებელს გაგიკეთებთ,-დაკვირვებით შემიმოწმა სხეული.
-ვერაფერს ვგრძნობ,სად ვარ?-ვკითხე შეშინებულმა.
-დამწვრობის ცენტრში.
პასუხმა უარესად ამირია გონება.
-სად? აქ რა მინდა?!
-ექიმი გეტყვით,დავუძახებ,-გამიღიმა და გასვლა დააპირა.
-უკაცრავად,ჩემთან არის ვინმე,მელოდება?- იმედიანად მივაჩერდი.
-დიახ,სამი ახალგაზრდა მამაკაცია მოსაცდელში.
-დაუძახეთ,გთხოვთ,ეს აუცილებელია!- ისეთი თვალებით შევხედე,თანხმობით დამიქნია თავი. სანამ ბიჭები შემოვიდნენ,ჩემი დამემართა.
პირველი ზეზვამ შემოყო თავი.რქები აღარ ედგა,თუმცა ტანზე ირმის ფორმა კი ეცვა.შემდეგ, მოჰყვა კახა და ბოლოს ჯუბა. სამივე კართან გაჩერდნენ,ჩემთან მოახლოვება შეაყოვნეს.
- ცათა სასუფეველში ვართ?- შეშინებულმა ვკითხე.
-აუ,ჩემი,ისევ დაიწყოო..-ერთმანეთს მობეზრებულად გადახედეს.
-რა დაიწყო,ტაფუ მოვიდა?-გიჟივით ავატრიალე თვალები.
-გიუშ,ძმობას გაფიცებ,გამაგებინე რამ გადაგრია,-თავშეკავებული ნაბიჯით მომიახლოვდა ზეზვა. ჯუბამ და კახამაც გაბედეს ჩემსკენ წამოსვლა.
-ცოცხლები ვართ?!-სიხარულმა დამიარა.
-ცოცხლები ვართ,მაგრამ ღარიბები! რა გეტაკა,იტყვი?-დამიღრინა ჯუბამ.
-ეს კაცი გაიტანეთ,თვალით არ დამენახოს!
-ბიჭო,რა საქმე ჩავარდა,იცი? ასეთი შანსი აღარ იქნება,ფაფუ!
-ტაფუ?-თავი წამოვყავი.
-ეუჰ,წასულია ამის საქმე,-ხელი ჩაიქნია ჯუბამ და იქვე ცარიელ საწოლზე ჩამოჯდა.
-მითხარით,რა მოხდა,რატომ ვარ შეფუთული,მორგში რა გვინდოდა,მოვკვდი და მიმალავთ?-ზეზვას მავედრებელი მზერა მივაპყარი.
-მოიცა,მოიცა..-კახამ ზეზვა ხელით გასწია და ჩემსკენ დაიხარა.
-გიუშ,შენ რა,არაფერი გახსოვს?
-მე ყველაფერი მახსოვს,თქვენ რა გჭირთ?-აქეთ შევუტიე.
-ის გახსოვს ბუხარში რომ შეხტი და მერე ცეცხლმოდებული დარბოდი?
-სად ბუხარში შევხტი?-გული გადამიტრიალდა.
-დამწვარი ხარ,ბიჭო,დამწვარი!
-ვიცი,იმან დამწვა,მეორე ტაფუმ,ცეცხლი ეკიდა თავზე,ტანზე,-გაკვირვებული ვუყურებდი ბიჭებს და ვფიქრობდი,რომ ან ისინი გაგიჟდნენ,ან მე ვერ ვიყავი სრულ ჭკუაზე.
-ვინ ტაფუ,ტო? ვინ ტაფუ?!-ზეზვამ კბილების ღრჭენით მკითხა.
-არ გახსოვთ,თუ მეკაიფებით?! ერთი იყო ოდიგოს ტაფუ,მეორე ვასანო მეხრი ტაფუ,ერთს უარი ვუთხარით,გაბრაზდა და წავიდა,მოვიდა მეორე,რომელსაც უნდა წავეყვანეთ!-ნერვებისგან ცახცახი დამაწყებინა.
-ამდენ ხანს აქ ნუ გაჩერდებით,ავადმყოფს სიმშვიდე სჭირდება,- ოთახში ექიმი შემოვიდა.დავინახე და ელდა მეცა,ის იყო,პირველი ტაფუ.
-თქვენი გაზეთის ქუდი სად არის?- შიშით ვკითხე ექიმს.
-გაზეთები შეგვიძლია მოგიტანოთ,-გამიღიმა და ბიჭებს მიუტრიალდა.
-დიდი ხანია რაც ნარკოტიკს მოიხმარს?-ხმადაბლა ჰკითხა,თუმცა მე მაინც გავიგონე.
-რა ნარკოტიკი?- კახამ გაოცებულმა შეხედა.
-სისხლის ანალიზმა აჩვენა,-დაეჭვდა ექიმი.
ყველა დავდუმდით.ერთმანეთს უხმოდ დავუწყეთ თვალებით ბურღვა.ყველას ფიქრი მხოლოდ ერთ ადამიანთან მიდიოდა.ნელ-ნელა გაგვინათდა გონებაც და სახეც და უცებ,ოთხივემ ერთდროულად წამოვიძახეთ.

-ნარსან ქორქია!

დასასრული











№1 სტუმარი one

Shobas gilocav nina,bednieri weli❤️
rogorc yoveltvis shesanishnavia))

 


№2 სტუმარი სტუმარი იაკო

კარგად ვიხალისე, ყოჩაღ ☺️

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

მოგესალმები ძვირფასო ტერიკო,როგორც ყოველთვის ძალიან კარგი ისტორიაა.ბედნიერ წელს გისურვებ‼

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

one
Shobas gilocav nina,bednieri weli❤️
rogorc yoveltvis shesanishnavia))

ონე,გაიხარე,დიდი მადლობა,მეც გილოცავ ♡♡♡♡♡♡

სტუმარი იაკო
კარგად ვიხალისე, ყოჩაღ ☺️

მადლობა,იაკო♡♡♡

სტუმარი nancho
მოგესალმები ძვირფასო ტერიკო,როგორც ყოველთვის ძალიან კარგი ისტორიაა.ბედნიერ წელს გისურვებ‼


ნანჩო,დიდი მადლობა,ჩემო კარგო♡◇♡
მრავალ შობა-ახალ წელს დაგასწროს უფალმა ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent