შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მცდარი შესახვევი (სრულად)


27-02-2022, 19:31
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 15 279

_რით ვეღარ გაიღვიძე, რა გჭირს ამისთანა?!_ჩემი ძმის უკმაყოფილო ხმა ძილ-ღვიძილში ჩამესმა და სულ მალე რაღაც მომხვდა კიდეც თავში.(სავარაუდოდ ბალიში)._ხომ იცი, დღეს მამასთან მივდივართ და დროზე ადექი, სადაცაა მოვა და შენი მხრიდან დაგვიანება ნამდვილად არ მაწყობს!
_მამასთან?_გაოცებულმა გავახილე თვალები?_ნუთუ, ორი კვირა გავიდა უკვე?_თვალების ფშვნეტით წამოვჯექი და მის ნასროლ ბალიშს დავწვდი._მეღადავები?
_შენ ვერ ხარ კარგად, რას გეღადავები?! საუკუნოდ გაიწელა ჩემთვის ეს ორი კვირა...
_მე რომ არ წამოვიდე ამ უიქენდზე, რამე დაშავდება ვითომ?_შეფარვით ვკითხე და ინტერესით შევხედე კატასავით მწვანე თვალებში, სიბრაზისგან წითლად რომ უელავდა. ამის დანახვაზე კი მოულოდნელად მეც წამეკიდა ცეცხლი._შენ თუ გინდა, წადი, ოღონდ მე თავი დამანებე რაა, მაცადე გამოძინება!_მისი ნასროლი ბალიში უკან დავუბრუნე ხურდად, ისევ დავწექი, საბანი თავზე წავიფარე და ძილის შებრუნება ვცადე._ხომ იცი, ოთხზე დავბრუნდი წუხელ წვეულებიდან და არ შეიძლება რომ გამოძინება მაცადო? არსად გაგექცევა არც ის უსაქმური მამაშენი და არც ის უღიმღამო სოფელი!
სასწაული მოხდა და მათემ მამის უდიერად ხსენება შემარჩინა. არც არაფერი მოუმოქმედებია და არც არაფერი უთქვია მწარისა, როგორც ეს სჩვეოდა ხოლმე. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. თან, პლიუს ამას, არასდროს ყრიდა ფარ-ხმალს და არასდროს ამბობდა თავის სურვილებზე უარს ჩემგან განსხვავებით. ფრთხილად ავწიე საბნის კუთხე და თვალი გავაყოლე მის ზურგს, ჩქარი ნაბიჯებით რომ გადიოდა ოთახიდან. მგონი, ჭკუაში დაუჯდა ჩემი ნათქვამი, მამასთან მარტო წასულიყო სოფელში და შვებით ამოვისუნთქე. ის იყო, ნებიერად გავსწორდი საწოლში და სიამოვნებით მივლულე თვალები, რომ ჯერ რაღაც უცნაური ხმები შემომესმა, რაღაც წყლის ჩხრიალის მსგავსი და შემდეგ დავსველდი კიდეც. დაფეთებული წამოვხტი საწოლიდან და ჩემი ძმა რომ დავინახე ცარიელი გრაფინით ხელში, რომელსაც სახეზე ბოროტი ღიმილი დასთამაშებდა, დაჭრილი ლომივით ავღრიალდი.
_ბიჭო, შენ, ნორმალური ხარ?!?_გამხეცებული ვეცი, გრაფინა ხელიდან გამოვგლიჯე და საწოლზე ფრთხილად ვისროლე, რათა არ გატეხილიყო და ნახევრად მეგრელი ბებიის რისხვა არ დამტეხოდა თავს. მერე, მოხერხებულად მოვიგდე ჩემი იდენტური ტყუპისცალი ძამიკო და ზურგულით წამოვიღე. იატაკზე ხმაურით რომ დავათხლიშე, ცოტა კი შემებრალა, მაგრამ მაინც ზედ წამოვაჯექი.
არც მათე დარჩენილა უმოქმედოდ და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გავუმართეთ ერთმანეთს. ისე დაუნდობლად ვურტყამდით მუშტებს, თითქოს ერთმანეთის მოსისხლე მტრები ვყოფილიყავით.
სად იყო სად არა, დედა შემოგვივარდა ოთახში და მარტომ სცადა ჩვენი გაშველება, თუმცა არაფერი გამოუვიდა და ამიტომ, მეტი გზა რომ არ ქონდა, ბებიას უხმო. ორივემ კი ერთობლივი ძალებით ძლივს აგვადღლიზეს ერთმანეთს.
_გაგიჟდით?!! ძმები არ ხართ?!! რამ გადაგრიათ ამხელა კაცები?!!_ლამის ბოლო ხმაზე აგვიკივლდა დედა და სათითაოდ გაგვილაწუნა ორივეს სახეში სილა აზრზე მოსასვლელად.
_იმ უჯიშო მამამისს გვანან ყველაფერში!_სიტყვით გამოვიდა ბებიაც და მეგრულად მიაწყევლა "ბედოვლათი" მამაჩვენი.
_მაინც რა დაგეტაკათ ამისთანა, რა გაქვთ გასაყოფი?_ნაღდი დეტექტივივით გამჭოლი მზერით გვკითხა დედამ._გადამრევთ თქვენ მე და ჭკუიდან გადამიყვანთ! მამათქვენიდან რომ დაბრუნდებით, სერიოზულად დავილაპარაკებთ! რიგ შეზღუდვებს დაგიწესებთ და მერე ვნახოთ როგორ გექნებათ იმის სურვილი, რომ ნაცისტი გერმანელებივით დაუნდობლად მოექცეთ ერთმანეთს! ახლა კი, მომწყდით თავიდან და გაემზადეთ, აქ არ ალოდინოთ ის კაცი, თორემ ჩემს მეტი ჭირი არ გინდათ!
სიმართლე რომ ვაღიარო, ძალიანაც არ მინდოდა მამასთან სოფელში წასვლა, მაგრამ სასამართლომ ასე გადაწყვიტა: ორ კვირაში ერთხელ ორი დღით მასთან უნდა წავსულიყავით და მის გვერდით გაგვეტარებინა დრო. ვატყობდი, არც ბებია იყო ამის მომხრე და დიდად აღფრთოვანებული, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არც ერთს გვქონდა და არც მეორეს. უკმაყოფილო ბუტბუტით დავიწყე ჩემი პირადი ნივთების ზურგჩანთაში დაუდევრად ჩაყრა. მათეს, ჩემგან განსხვავებით წუხელვე ჩაელაგებინა ყველაფერი და გულხელდაკრეფილი მადევნებდა თვალყურს, რომ არაფერი დამრჩენოდა "შემთხვევით." მას ძალიან უყვარდა მამაც და მისი სოფელიც. ყოველთვის დიდი სიხარულით გარბოდა იქით. ვერ ვიტყვი, რომ მე არ მიყვარდა მამა, ან პატივს არ ვცემდი მას, მაგრამ სოფელი ჩემი მოწოდება არ იყო. ხმაურიანი ქალაქის ქუჩები მილიონჯერ მერჩია სოფლის ტალახიან ორღობეებს.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მინდოდა თუ არ მინდოდა, ბედს შეგუებულმა იძულებით ჩავილაგე ჩანთა და ის იყო მოვრჩი საქმიანობას, რომ მამაჩემის წითელი პიკაპიც მოადგა ჩვენს სადარბაზოს. მგონი, ჯერ გაჩერებულიც კი არ ქონდა წესიერად, რომ მათემ თავისი ზურგჩანთა მოიგდო მხარზე და სულ თავპირისმტვრევით დაეშვა კიბეებზე. მე კი, ზანტად და უწადინოდ დავტოვე ბინა და აუჩქარებლად ჩავიარე საფეხურები.
მათე მამაჩემის გვერდით მოკალათებულიყო უკვე და ღვედიც კი გადაეჭირა. მანქანაში რომ ჩავჯექი, ცალყბად მივესალმე წვერმოშვებულ მამას, მაშინვე ყურსასმენები მოვირგე და თვალებდახუჭული მივესვენე სავარძელში. იმხელა ხმაზე ვუსმენდი ემინემს, საერთოდ არ მესმოდა არც მათეს და არც მამაჩვენის ხმა, დიდი მონდომებით რომ საუბრობდნენ აფსოლიტურად ყველაფერზე.
...მართალია, მე და მათე ისეთი იდენტური ტყუპები ვართ, რომ ხშირად დედასაც კი ვეშლებით ერთმანეთში, მაგრამ ხასიათებით რადიკალურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან. მე უფრო დედას ვგავარ ამ მხრივ, არ მიყვარს სოფელი და სოფლელები, მათე კი მამას: გიჟდება სოფელზეც, იქაურ ცხოვრებაზეც, ნადირობაზეც, ჯირითზეც და თევზაობაზეც... მე მართლა არ მესმის, რატომ უნდა იჯდეს ნორმალური ადამიანი მდინარის ან ტბის პირას საათობით გაუნძრევლად და ელოდოს, როდის დაინტერესდება ერთ-ერთი უტვინო თევზი კაუჭზე ჩამოკონწიალებული ჭიაყელით. რა სიამოვნებას გვრის ხალხს ეს პროცესი, არ ვიცი. ჯირითიც ვიცი, ნადირობითაც მინადირია, მთლად უცოდინარიც არ ვარ ამ მხრივ, მაგრამ დიდად არ მხიბლავს უდანაშაულო ცხოველების ხოცვა-ჟლეტა. ექსტრემალურ სიტუაციებშიც ვყოფილვარ და ადრენალინიც გამომიმუშავებია, მაგრამ მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ვგიჟდები მასზე. მე უფრო წვეულებები, სასმელი და გოგოები მიზიდავს. მართალია, ჯერ მხოლოდ თექვსმეტი წლის ვარ, მაგრამ ქალის გემოც ვიცი უკვე, ერთი ორჯერ ექსტაზიც გავსინჯე და ხშირ შემთხვევაში სასმელსაც ვწრუპავ. მათეს, ჩემგან განსხვავებით ასეთი რაღაცეები არ იზიდავს. მგონი, ჯერ გოგოსთვისაც კი არ უკოცნია და ამაზე ხშირად დავცინი კიდეც. ნუ, ეხლა, როგორც ძმებს, ერთმანეთის სიყვარული კი გვაქვს, მაგრამ ეს სულაც არ გვიშლის ხელს, რომ ყოველთვის ვიჩხუბოთ და ვიკინკლაოთ მოსისხლე მტრებივით...
მთელი გზა თვალები არ გამიხელია. ჩემს უკმაყოფილებას ასე გამოვხატავდი. ერთი-ორჯერ კი შემეხმიანა მამა, მაგრამ პასუხი რომ არ დავუბრუნე, შემეშვა. ნამდვილად ხვდებოდა ჩემს დამოკიდებულებას მასთან გატარებულ უიქენდებზე, მაგრამ არაფერს ამბობდა. გულში იტოვებდა ყველაფერს და იმითაც კმაყოფილი იყო, რომ ერთი შვილი მაინც იყო მის მხარეს.
გაზგასამართ სადგურზე რომ შევჩერდით, იძულებული გავხდი თბილი მანქანიდან გადავსულიყავი ყინვაში და მათესთან ერთად მოსაცდელში მომეცადა.
_ნაძალადევად მაინც შეჰღიმე მამას, ცოდოა, ჩვენს გამო ჩამოდის და თავისთან მივყავართ...
_მერე და ვინ აიძულებს?_გაოცებულმა შევხედე._დაეტიოს თავის სოფელში და ჩვენც დაგვასვენოს!
_მოკლეთ, რა გელაპარაკო რაა!_მათემ უწადინოდ ჩაიქნია ხელი და მაღაზიისკენ ჩქარი ნაბიჯებით გაეშურა, თუმცა მალევე შეჩერდა._გინდა, რამე გამოგიყოლო?_უკანმოუხედავად მკითხა და პასუხი რომ არ დავუბრუნე, ისევ განაგრძო გზა.
სანამ მამამ საწვავი აიღო, სანამ მათე დაბრუნდა მაღაზიიდან და სანამ მანქანაში ჩავსხედით, გვარიანად გავიყინე. მართალია, ბარში თოვლი არ იყო, მაგრამ მთები გვარიანად იყო გადათეთრებული და სუსტ სიოს გემრიელი სუსხი მოქონდა იქიდან. გაფიჩხულ-გათოშილი მოვკალათდი ისევ უკანა სავარძელში და ყურსასმენების მორგება დავაპირე, რომ მამა თითქმის მთლიანი ტანით შემომიბრუნდა და თავისი მწვანე თვალებით, რომელიც მეც და მათესაც მისგან გვქონდა ბოძებული მემკვიდრეობით, ინტერესით შემათვალიერა თავიდან ფეხებამდე და მზერა ჩემს დახეულ ჯინსებზე შეაჩერა, საიდანაც შიშველი მუხლისთავები მიჩანდა.
შევატყე, როგორ ამოიოხრა იმედგაცრუებულმა.
_ქურთუკი მაინც რატო არ მოიცვი შე მამაძაღლო?_ამ მამაძაღლოს, მისივე თქმით, მეტისმეტი სიყვარულით გვეძახდა, მაგრამ მე ეს მიმართვა მეტისმეტად მწყინდა. ისეთი თვალებით შევხედე, ცოტა არ იყოს შეცბა ამხელა კაცი.
_რა მამის მკვლელი თვალებით მიყურებ?_მსუბუქად მისაყვედურა._თბილისთან შედარებით აქეთ უფრო ცივა... მეც ვეღარ გაგიწიე ვარაუდი._თან, თავიც დაიდანაშაულა.
_პატარა არ ვარ, არაფერი მომივა და ჩემს თავს თვითონვე მივხედავ როგორმე._"დავამშვიდე" და ბოლოს და ბოლოს მოვირგე კიდეც ხელში გაშეშებული ყურსასმენები.
მის თვალებში სინანულიც გაკრთა იმედგაცრუებასთან ერთად, თუმცა აღარაფერი უთქვია. ისე კი, რომც ეთქვა, მაინც ვერაფერს გავიგებდი ემინემის ფონზე და საჭეს მიუბრუნდა.
ისევ თვალდახუჭულმა განვაგრძე მგზავრობა. ძილი კი მინდოდა, მაგრამ რატომღაც ვერ ვიძინებდი. რა მიშლიდა ხელს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ წუთითაც ვერ წავთვლიმე.
სოფლისკენ რომ გადავუხვიეთ, კდევ გავჩერდით. დიდად არ მაინტერესებდა რა ხდებოდა, მაგრამ უჩვეულო მოძრაობები რომ შევიგრძენი, კეთილი ვინებე და ცალი თვალი გავახილე.
მამა და მათე ადგილებს ცვლიდნენ.
აი, მაშინ კი ვიკადრე მეორე თვალის გახელაც. მარტო მეორე თვალი კი არ გავახილე, ყურსასმენებიც მოვიძრე და შეშფოთებულმა ისე შევხედე რაღაცნაირად მომღიმარ მამას.
_რას შვრები, მაგას ხომ მართვის მოწმობა არა აქვს?
_არაუშავს, ამ გზაზე პატრული არ გაგვაჩერებს._ისევ იმ ღიმილით დამამშვიდა მამამ.
_წესიერად მართვა არ იცის, სადმე არ გადაგვყაროს!_თითქმის პანიკამ შემიპყრო.
_დაწყნარდი რაა, შენთან ერთად მეც ვზივარ ამ მანქანაში._ახლა მათე შემომიბრუნდა._როგორ გგონია, შენ თუ გაგიმეტებ, ჩემს თავსაც გავიმეტებ სადმე გადასაგდებად?_თან, თვალი ჩამიკრა. მერე, ღვედი გადაიჭირა და საჭეს მიუბრუნდა შუმახერივით.
სანამ ძრავას აამუშავებდა, დრო ვიხელთე და სწრაფი ტემპით გადავხტი მანქანიდან.
_მე ფეხით წამოვალ, მოსაკლავი თავი არ მაქვს!_ჩემი თეთრი ქურთუკიც გადავიყოლე თან და თვალისდახამხამებაში შემოვიცვი.
_სახლამდე სამი კილომეტრი მაინც არის კიდევ დარჩენილი, ფეხით როგორ უნდა იარო?_გაუკვირდა მამას._დაჯექი, ნუ ბავშვობ!
_ჯერ ერთი, არ ვბავშვობ და მეორე, ფეხით მირჩევნია სიარული ვიდრე მაგას ჩავუჯდე მანქანაში._მათეზე ვანიშნე, რომელიც სიჩქარეთა გადამრთველ კოლოფს დიდი მონდომებით ეჯაჯგურებოდა.
მამამ რომ შემატყო აღარ ვხუმრობდი, მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან და ისე სცადა ჩემი დაყოლიება, მაგრამ ამაოდ. მე ისევ იმ აზრზე ვიდექი, რომ მათეს არ ვანდობდი ჩემს სიცოცხლეს.
ნახევარი კილომეტრი მაინც ვიარეთ ფეხით. გახარებული და აღტაცებული ჩემი ძმა კი ნელი სვლით მოგვყვებოდა გვერდით. არ დაიწუნებოდა, მართლაც კარგად მართავდა მამაჩვენის პიკაპს, მაგრამ ერთი რომ გავჯიუტდი, აღარ გადამითქვია. ბოლოს იმდენი, რომ მამამ დაიბრუნა მძღოლის ადგილი და მეც მაშინ დავბრუნდი მანქანაში.
_ასე არა?_ავად გამოსცრა კბილებში მათემ და თვალებიც არანაკლებ ავად დამიბრიალა. თუმცა, მამაჩვენის ხათრით აღარაფერი მითხრა. აშკარად გაგულისებულმა გადაიჭირა ღვედი და ჰორიზონტს გაუსწორა თვალი.
შემეძლო, ისტერიკის სცენები არ მომეწყო ქალივით და დავტეულიყავი მანქანაში, მათემ ხომ ჩემზე უკეთ იცოდა მანქანის მართვა? მაგრამ ეშმაკი რომ შეუჩნდება ადამიანს, ზუსტად ეგ არის. თან, ჩემი ძმა ხომ უნდა მეწვალებინა და გამებრაზებინა როგორმე?
ამის მერე კი, სახლამდე ისე ვიარეთ, ხმა არც ერთს აღარ ამოუღია. მე ხომ ისედაც მუნჯივით ვიჯექი და ახლა ხომ საერთოდ, რომ იტყვიან კუსავით შევიყუჟე ჩემს ბაკანში.
_ჩემი ოქროს ბიჭები მოსულან?!_ეზოში ნორმალურად შესულები არ ვიყავით ჯერ, რომ ნორა ბაბო ახალგაზრდული სიმარდით გამოგვეგება ხელგაშლილი, ორივე ერთდროულად ჩაგვიკრა გულში და გემრიელად ჩაგვკოცნა._თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი, ჩემო სიხარულებო, ჩემო გულის გამხარებლებო და ჩემო დამმარხავებო..._ამ "დამმარხავებოს" კატასტროფულად ვერ ვიტანდი მისი ლექსიკონიდან. ყოველთვის მბურძგლავდა ამის გაგონებაზე და ახლაც, მითხრა თუ არა, შემამცივნა და მთელ ტანზე ტაომ დამაყარა._როგორ გაზრდილხართ და როგორ დამშვენებულხართ ამ ორ კვირაში ჩემო თვალის ჩინებო!
ყოველთვის ასე გვეგებებოდა ეს ქალი შუა ეზოში. არც ტკბილ სიტყვებს იშურებდა ჩვენთვის და არც პატივისცემას გვაკლებდა არასდროს. ყოველთვის მომზადებული გვხვდებოდა და ზუსტად იმ საკვებით გვანებივრებდა, რაც ყველაზე მეტად გვიყვარდა მეც და ჩემს ძმასაც.
არც მამაჩემი გვაკლებდა ყურადღებას. იმ ორ დღეს, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონდა ბოძებული, ჩვენთან ატარებდა და ყველანაირ სურვილსა თუ ხუშტურს გვისრულებდა. არც დედას იხსენიებდნენ აუგად, ყოველთვის მოწიწებით და დიდი პატივისცემით კითხულობდნენ და მისი ჯანმრთელობით გულწრფელად ინტერესდებოდნენ. მხოლოდ ერთი რამ იყო ჩემთვის ამოუცნობი და ვერაფრის დიდებით ვერ ვხვდებოდი ამას: თუ ასე ძალიან ვუყვარდით ერთსაც და მეორესაც. რაღატომ დაუშვეს ის ფაქტი, რომ მათგან შორს გვეცხოვრა და ასე პერიოდულად შევხვედროდით ერთმანეთს? მართალია, მე მომწონდა თბილისში ცხოვრება და მადლობელიც კი ვიყავი მათი დაშორებით, რადგან ამ სოფელში ვერ დავრჩებოდი მაინც, მაგრამ ეს აზრი თავიდან არ მშორდებოდა. უფრო იმიტომ, რომ მეგონა აფერისტულად გველაქუცებოდნენ ძმებს, როცა აქ მოვდიოდით.
ეზოში ხვევნა-კოცნასა და "აფერისტულ" სიყვარულობანას რომ მოვრჩით, როგორც იქნა აგუზგუზებული ღუმელით გამთბარ სახლშიც შევედით.
_ნამგზავრ ადამიანს შიმშილის გრძნობა უორმაგდება. თქვენც გეშიებათ ალბათ._ნორა ბაბო ისევ ახალგაზრდული სიმარდით დატრიალდა და როგორც მივხვდი, სასადილო ოთახში სუფრის გაშლას შეუდგა.
ქურთუკი გავიხადე, დაუდევრად მივაგდე სკამზე და ღუმელის გვერდით მდგარ სავარძელში ნებიერად გავიშხლართე. მათე კი, როგორც ყოველთვის, ახლაც მამას ამოუდგა გვერდით. მას მხოლოდ ის აინტერესებდა, რა გეგმები გვქონდა დღეს: საით უნდა წავსულიყავით და რა უნდა გაგვეკეთებინა.
მათ დიალოგში არ ჩავრეულვარ, რადგან არანაირი სურვილი არ მქონდა გარეთ გასვლისა. ისედაც "უჟმური" ვიყავი, როგორც ამას მათე მეუბნებოდა ყოველთვის და ახლა ეს წუხანდელი წვეულების პახმელიაც ემატებოდა. ერთადერთი სურვილი, რაც სახლში შემოსვლისთანავე გამიჩნდა და რამაც მოსვენება დამაკარგინა ის იყო, რომ შემწვარი კარტოფილი "მეცეცხლა", რომლის მადისაღმძვრელი სურნელიც სამზარეულოდან გამოდიოდა და ნესტოებში მაცდურად მიღიტინებდა. ზე-უსაყვარლესი კერძი კი სხვა რაღაცეებზე ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა. დანაყრების მერე გემოზე გამოძინება არ მაწყენდა. მოკლეთ, ჩემი გეგმები ასეთი იყო, მათე და მამა კი უჩემოდ წასულიყვნენ სადაც მოისურვებდნენ: გინდ მთაში სასრიალოდ, გინდ ტბაზე სათევზაოდ და გინდაც ტყეში სანადიროდ. საღამოს ნანადირევს სახლში რომ მოიტანდნენ, ეზოში შუაცეცხლზე შეწვისას მივიღებდი მონაწილეობას და ასე მეც ჩამეთვლებოდა მათთან ერთად დროის გატარება.
ნორა ბაბო, როგორც ყოველთვის, ახლაც მართალი აღმოჩნდა, ნამგზავრ ხალხს მართლაც რომ უორმაგდება შიმშილის გრძნობა. (ან, მხოლოდ მე ვარ ასე). მგელივით დამშეული მივაძეხი სადილს და გემრიელად ამოვიყორე მუცელი. დესერტად ნატურალური რძეც დავაყოლე. ნადიმის დასასრულს კი, მამაჩემის თხოვნის მიუხედავად, მაინც უარი განვაცხადე მათთან ერთად სათევზაოდ წასვლაზე. ჩემთვის და ჩემი ძმისთვის განკუთვნილ ოთახში მოვეწყვე "ხოშიანად", ყურსასმენები მოვირგე და მადიანი ძილი გამოვაცხვე წყნარი მელოდეების ფონზე.
ძილ-ღვიძილში მახსოვს რამდენჯერმე რომ შემომხედა კახელმა ბაბომ. თუმცა, თავი არ შემიწუხებია გამოფხიზლებისთვის და კარგა ხანს სიამოვნებით მეძინა. საბოლოოდ რომ გამომფხიზლდა და თვალები გავახილე, შუადღე იყო უკვე. ადგომას ისევ საწოლში ნებიერად წოლა ვამჯობინე და ტელეფონი მოვიმარჯვე სოციალური ქსელის დასალაშქრად. უმალ მომხვდა თვალში უპასუხო ზარები. ასე ვთქვათ, აფეთქებული იყო მათესგან. ზუსტად შვიდჯერ დაერეკა.
_კარგია, რომ არ გპასუხობენ?!_კმაყოფილს ეშმაკურად ჩამეღიმა. თუმცა, ეს ღიმილი მალევე შემეყინა სახეზე, რადგან, რომ არ ვუპასუხე, იქვე მოკლე ტექსტური შეტყობინებაც გამოეგზავნა: "მანქანა ჩაგვეფლო და ვეღარ ამოვდივართ. ახლოში ვართ, იქნებ ინებო და მოსახმარებლად მაინც ამოგვხედო."
უკმაყოფილოდ შევიჭმუხნე შუბლი. მათთან დარეკვა ვცადე, მაგრამ ორივეს ტელეფონი გამორთული დამიხვდა.
_როგორც ყოველთვის... ნეტა, რა ჯანდაბად უნდათ ეს ოხერი ტელეფონები?_ზანტად წამოვდექი._მე რომელი სამაშველო ბრიგადის წევრი ვარ, რა უნდა ვუშველო? ან, სად არიან?_ავბუზღუნდი. უწადინოდ ჩავიცვი ბოტასები. ქურთუკიც ბუზღუნით მოვიცვი და ოთახიდან ისე გავედი, არ გავჩუმებულვარ.
სახლში სრული სიწყნარე სუფევდა. აქ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო: ნახევრად მეგრელი ბებიისგან განსხვავებით კახელი ბაბო არასდროს ხმაურობდა. მთელი დღე ისე საქმობდა, მის ხმას ვერ გაიგებდა კაცი...
სამზარეულოში წყლის დასალევად და ნორა ბაბოს სანახავად შევედი, რათა ამბავი დამეტოვებინა სადაც მივდიოდი. ხშირ შემთხვევაში ის იქ ფუსფუსებდა ხოლმე. თუმცა, ამჯერად არა. ვერც ეზოში გამოსულმა ვნახე. ისე, დიდადაც არც დამიწყია ძებნა, დრო რომ არ დამეკარგა. ხმაურით გამოვაღე ჭიშკარი და გარეთ გავედი. როგორც მჩვეოდა, ჩემი ვეებერთელა ყურსასმენები მოვირგე, ლამის ბოლო ხმაზე ავუწიე მუსიკას და გზას ისე დავადექი.
რამდენჯერმე შევჩერდი. სასწაულად მობუდულ ცას ავხედე, თოვისთვის რომ ემზადებოდა. ეს ფაქტი ცოტას მახალისებდა, რადგან ლამაზ ფოტოებს გადავიღებდი და სოციალურ ქსელში ავტვირთავდი გოგოებისთვის თავის მოსაწონებლად...
მივდიოდი კი, მაგრამ ზუსტად არ მახსოვდა ტბის გზა. იმ იმედით მივაბიჯებდი უკაცრიელ ორღობეში, რომ ვინმეს გადავაწყდებოდი და ზუსტ მისამართს ვკითხავდი. თუმცა, სამასი თუ ოთხასი მეტრი ისე გავიარე, კაციშვილი არ შემხვედრია. თითქოს, უკაცრიელ კუნძულზე ვიყავი და რაღაცნაირად მხიბლავდა კიდეც ეს ამბავი. მალე დასახლებასაც გავცდი და გზაგასაყარს მივადექი. აი, იქ კი, ცოტა ხნით შევჩერდი. მათესგან განსხვავებით ინტუიცია ყოველთვის მღალატობდა და ვერ გადამეწყვიტა საით წავსულიყავი. გაყინული ხელებით ძლივს ამოვიღე ვიწრო შარვლის ჯიბიდან ტელეფონი და ისევ ვცადე დარეკვა.
ამჯერადაც გამორთული დამხვდა მათი ტელეფონები.
სხვა რა გზა მქონდა? კენჭი ვყარე და იღბალს მივანდე ჩემი ბედი: მარჯვნივ გადავუხვიე და ღიღინით გავუყევი გზას.
ისე ლამაზად და ბარაქიანად ბარდნიდა უკვე, თან ისეთი თვალწარმტაცი პეიზაჟები იშლებოდა ჩემს თვალწინ, რომ აღტაცებას ვერ ვმალავდი. ნაღდი ფოტოგრაფივით ვიღებდი და ვიღებდი ლამაზ ფოტოებს ჩემი ტელეფონით და სელფებისთვის ვპოზიორობდი კიდეც. გვიან აღმოვაჩინე, რომ მცარი გზით წავსულვარ: ტბის მაგივრად ტყისკენ გადამეხვია. ცოტა არ იყოს შევშინდი, რადგან ინტენსიური თოვის გამო ხილვადობა ჭირდა. თუმცა, მალევე მოვთოკე ნერვები, რადგან მათეს დამცინავი სახე წარმოვიდგინე, ქალოიას რომ მეძახდა და მხნეობა მოვიკრიბე. უკან სულ სხვა გზით გამოვბრუნდი. (ჩემი გათვლებით, გზა შევიმოკლე).
თხუთმეტი-ოცი წუთი ისე ვიარე, არ შემისვენია. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ გზა უარესად ამებნა და ტყეში დავიკარგე. ავღელდი და ავფორიაქდი. მათესი არ იყოს, ქალივით ჩავვარდი პანიკაში. საღი განსჯის უნარი დამეკარგა და უმწეოდ ვათვალიერებდი უკვე გადათეთრებულ მიდამოს. ნერვიულობაზე სიგარეტი მომინდა. გამახსენდა, ქურთუკის შიდა ჯიბეში ნახევრად მოწეული პლანი რომ მედო. გახარებულმა გავიჩარე პირში და ერთი ძლიერი ნაპასი დავარტყი. ერთს მეორე მივაყოლე და რომ იტყვიან, ჭირადაც მეყო და ლხინადაც. უმალ მოვიკრიბე მხნეობა, შიშიც დავძლიე და კარგ განწყობაზეც დავდექი. ბოლო ხმაზე ავუწიე ყურსასმენებში ჩემს საყვარელ რეპერს და უდარდელი ღიღინით წავედი ახლა სულ სხვა მიმართულებით. გზადაგზა ისევ ჩემი ტელეფონის კამერის ობიექტივში ვათავსებდი ირგვლივ ყველაფერს. ისე გავერთე ამ საქმიანობაში, ორ უცნობ ტიპს, მოზრდილ ორმოში მიწას რომ ყრიდნენ გაცხარებულები, თავზე ისე წამოვადექი, ვერც კი მივხვდი. თვითონაც ისე იყვნენ საქმიანობით გართულები, ჩემი მისვლა არ გაუგიათ. ყურადღების მისაქცევად ხმამაღლა ჩავახველე.
აშკარად შეკრთდნენ.
გაოცებულებმა და დაბნეულებმა შემომხედეს. მე კი ღიმილით მივესალმე.
_სალამი ძმებო, აქაურები ხართ?_მართლა გამიხარდა მათი ხილვა. ბოლოს და ბოლოს, გზას ვკითხავდი და როგორღაც გავაღწევდი აქედან.
წუთიერი დუმილი ჩამოწვა. აშკარად დანაშაულზე წასწრებული ბავშვებივით შემომყურებდნენ. მერე, ერთ-ერთმა ინება ხმის ამოღება.
_და რა შენი დელიოდელაა?_ცოფიანი ძაღლივით შემომღრინა. თან, ეჭვით ამათვალიერ-ჩამათვალიერა ნაგლად.
მე საჩემოდ დავიბენი.
_ტყეში ვსეირნობდი და გზა ამებნა. ვიფიქრე, აქედან გასვლაში დამეხმარებოდით._შემცბარმა ამოვღერღე ჩემი გასაჭირი.
_თბილისელი ხარ ბიჭო?_მეორე მამაკაცმა გამომწვევად გაწელა ეს "ბიჭო".
არ მესიამოვნა მათი ეს ტონი. აშკარად აგრესიულები ჩანდნენ რატომღაც. ისედაც ანტისიმპატიით ვიყავი სოფლელების მიმართ განწყობილი და მათთან შეხვედრამ მგონი გამიორმაგა კიდეც ეს გრძნობა.
_ვთქვათ და თბილისელი ვარ. მერე, რამე პრობლემაა ძმაო?_შესაშინებლად ქურდული ტონი გავურიე ჩემს მშვენიერ ხმას. ვიფიქრე, ცოტას მაინც დავაფრთხობდი.
მგონი, ამ ხრიკმა გაჭრა.
_მარტო ხარ?_პირველმა მამაკაცმა ცოტა ლმობიერად მკითხა და ერთი გაუბედავი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ.
_კი, მარტო ვარ._შემცბარი დავეთანხმე.
მომეჩვენა, რომ არ დამიჯერა. მაინც ინტერესით მოათვალიერა გარემო და სანამ თვითონ არ დარწმუნდა, რომ თანმხლები არ მყავდა, მანამ არ შემოუხედია ჩემთვის. შემომხედა და რომ იტყვიან, ერთ ადგილზე გამყინა, ისეთი მზერა ქონდა.
_მერე და მარტო რას დაყიალობ ამ უცხო მხარეში?_ისევ ავად გამოსცრა მეორე მამაკაცმა.
_პეიზაჟებით ვტკბები. თან, ფოტოებს ვიღებ._მეტი დამაჯერებლობისთვის ტელეფონი მოვიმარჯვე და ერთი ფოტო მათაც გადავუღე სამუშაო ადგილზე.
_შე !_მგონი ორივემ ერთდროულად იღრიალეს და ხელში გაშეშებული ნიჩბების ქნევით გამოემართნენ ჩემსკენ. ერთ-ერთმა მესროლა კიდეც.
წამებში გავიაზრე რაც მომივიდოდა, თუ მომხვდებოდა და ამიტომ მოხერხებულად ავიცილე.
_ოე, რა გჭირთ?!_ავად კი გავაკვესე თვალები, მაგრამ მივხვდი, რომ არ ხუმრობდნენ.
იმაზე ფიქრით თავი აღარ შემიწუხებია, თუ საით უნდა გავქცეულიყავი. ძალ-ღონე მოვიკრიბე და შუაგულ ტყეში შევვარდი დამფრთხალი კურდღელივით.
თავს არ ვიქებ, მაგრამ ცუდი მორბენალი არასდროს ვყოფილვარ. ასმეტრიან დისტანციაზე წლების მანძილზე არავის ვუთმობდი პირველობას. თუმცა, მოედანზე, სულ სხვა იყო. აქ კი, მართლა გამიჭირდა. თოვლით გადათეთრებულ ზედაპირზე რამდენჯერმე პატარა ორმოში ჩამივარდა ფეხი და წავბორძიკდი. ხან რაღაცას წამოვკარი ძლიერად და წავიქეცი. თუმცა, მაინც საგრძნობი უპირატესობით გავრბოდი წინ, რადგან თვითონაც ჩემს დღეში იყვნენ. ალალბედზე მივრბოდი წინ და მალ-მალე ვიყურებოდი უკან. მდევარს ვამოწმებდი, მეწეოდა თუ არა.
ჯერ თვალთახედვის არედან დამეკარგნენ ორივენი. მერე, ნელ-ნელა მუქარის და ლანძღვა-გინების ხმაც მიწყდა და ცოტა შვებით ამოვისუნთქე. ყველაზე მოზრდილი ხე მოვძებნე და მის ძირს ამოვეფარე წუთიერი შესვენებისთვის.
გული გამალებით მიცემდა. თავი ფუტკრის სკასავით მიზუზუნებდა პასუხგაუცემელი კითხვებით. ვერ ვხვდებოდი ვინ იყვნენ ის განრისხებული მამაკაცები და რა უნდოდათ ჩემგან. ან, საერთოდ, რას აკეთებდნენ შუაგულ ტყეში ნიჩბებით ხელში? უარესად რატო გაბრაზდნენ, როცა ფოტო გადავუღე? თუ დამეწეოდნენ და დამიჭერდნენ, მართლა მომკლავდნენ ვითომ?
ჩემი უსულო სხეული წარმომიდგა თვალწინ, ტყის მხეცები რომ ჯიჯგნიდნენ აქეთ-იქიდან და ციებიანივით გამაკანკალა. ძლივს ცოტა დამშვიდებული გული ისევ უარესად ამიფორიაქდა. ახლა კი მართლა ვეღარ შევძელი მისი დამშვიდებ-დაწყნარება.
ტყეში დარჩენა არამც და არამც არ ივარგებდა. ამიტომ, გამოსავლის ძებნას შევუდექი. წარმოდგენა არ მქონდა სად ვიყავი და საით უნდა წავსულიყავი. თუმცა, არც აქ დარჩენა მინდოდა. ბედად ის გამახსენდა, მამა რომ გვასწავლიდა მე და მათეს ტყეში გზის გაკვლევის ხერხებს. ხეებს დავაკვირდი, ცალ მხარეს მართლა უფრო მეტი ტოტები ქონდა და ამით მივხვდი, რომ იმ მხარეს სამხრეთი იყო. გონება დავძაბე რომ ნათლად წარმომედგინა სოფლის ადგილ-მდებარეობა. მართალია, ყოველთვის, როცა აქეთ მოვდიოდით, ხშირ შემთხვევაში მეძინა, ან თვალებდახუჭული ვმგზავრობდი, მაგრამ მაინც შევძელი იმის აღდგენა, რომ ტყე სოფელს დასავლეთის მხრიდან ერტყა. გეოგრაფიაში ნასწავლი მხარეებიც ამომიტივტივდა მეხსიერებაში და აღმოსავლეთისკენ ავიღე გეზი. ჯერ ფრთხილად გავიჭყიტე, მიდამო დავზვერე, განრისხებული მამაკაცები ხომ არ დაძრწოდნენ ახლო-მახლო მშიერი მგლებივით. რომ დავრწმუნდი არსად არავინ იყო, მაშინ კი მოვძუძგე იქიდან. გზა და გზა ხეებს ვაკვირდებოდი, რომ მხარე არ შემცვლოდა და მცდარი მიმართულებით არ წავსულიყავი ისევ.
ათ-თხუთმეტ წუთში აღმოვაჩინე, რომ ტყის საფარი ოდნავ შეთხელდა და შორიდან მანქანების ხმაც აღწევდა უკვე ჩემს ყურთასმენამდე. გახარებულმა უფრო ავუჩქარე ფეხს და სულ მალე ციცაბო ადგილიდან საბურავებით გაკვალულ გზასაც გადმოვხედე. მთამსვლელის გამოცდილება დამჭირდებოდა იქიდან ქვემოთ ჩასასვლელად, მაგრამ რაღას დავეძებდი? დიდი სიფრთხილით დავიწყე ქვემოთ დაშვება. საქმეს უფრო ის მირთულებდა, რომ თოვლზე ფეხი მიცურდა. რამდენჯერმე კი გადავრჩი ჩამოსრიალებას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერა. ნახევარზე მეტი გზა ჩამოვლილი მქონდა უკვე, რომ მოულოდნელად ზვავივით მოვწყდი ადგილს და ტრასაზე პირქვე გავიშხლართე. ზუსტად მაგ დროს კი, მოსახვევიდან გამოსულმა მანქანამაც დაამუხრუჭა ჩემს წინ და ძლივს შეძლო გაჩერება. სანამ თავს ავწევდი და დავინახავდი ვინ იყო, მაძღოლი გაავებული გადმომიხტა.
_გაგიჟდი?! რას აკეთებ?! თავი უნდა მომაკვლევინო?!
ხმაზე მაშინვე ვიცანი ჩემი ძმა. გამართლებაც ასეთი უნდოდა. გახარებულმა ავიღე ჩემი ცხვირპირგადაყვლეფილი სახე თოვლიდან და ღიმილით შევხედე.
_ლუკა?!_თითქოს თვალებს არ დაუჯერაო. უფრო ახლოს მოვიდა დასარწმუნებლად და რომ დარწმუნდა, მართლაც მე ვიყავი, ფრთხილად წამომაყენა._რა გჭირს, რა მოგივიდა?
_დავახვიოთ აქედან და გზაში მოგიყვები ყველაფერს... მარტო ხარ?_მანქანაში მამა რომ ვერ ვნახე, წინ მოვეწყე მძღოლის გვერდით და ღვედი საგულდაგულოდ გადავიჭირე.
მათე გაოცებული მიუჯდა საჭეს და საბურავების სრიალით ძლივს დავიძარით ადგილიდან.
კარგა ხანს გაფაციცებით ვათვალიერებდი გარემოს. მერე კი, როცა დავრწმუნდი და დავმშვიდდი, რომ მდევარი აღარ მომდევდა, მათემაც შემატყო, გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა მანქანა და შეჩერდა.
_ნუ ჩერდები, წადი, წადი!_ისევ ავფორიაქდი.
_რა ხდება, ბოლოს და ბოლოს აღარ იტყვი?
_მანიაკები მომდევენ, ჩემი მოკვლა უნდათ!
_მანიაკები? შენი მოკვლა უნდათ?_ჯერ ალმაცერად შემომხედა. მერე კი, დაეჭვებულმა მკითხა._დაბოლილი ხარ?
დაბოლილი კი ვიყავი, მაგრამ სასტიკი უარი განვაცხადე.
_აბა, დაიფიცე._ძრავა გამორთა და ისე მომაჩერდა თვალებში.
დედის დაფიცება ჩვენი სუსტი წერტილი იყო. არც ერთს არ გვქონდა იმის უფლება, რომ ამ დროს ტყუილი გვეთქვა.
შევყოყმანდი.
მათემაც შემატყო ეს და სინანულით ჩაიქნია ხელი. ძრავა აამუშავა და ადგილიდან ფრთხილად დავიძარით.
_მისმინე, მხოლოდ ორი ნაპასი დავარტყი მხნეობისთვის. არაფერი მომჩვენებია. მართლა იყვნენ იქ ვიღაც ტიპები._ტყისკენ გავიშვირე ხელი._და რაღაცას თხრიდნენ.. თუ მიწას აყრიდნენ, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დამინახეს თუ არა, მაშინვე მოსაკლავად გამომეკიდნენ...
მივხვდი, უნდობლად რომ განეწყო ჩემი ძმა ჩემს მიმართ და ერთი სიტყვაც კი არ დაიჯერა ჩემი ნათქვამიდან. ყოველთვის მიშლიდა მოწევას, საღი განსჯის უნარი გეკარკებაო. მემუქრებოდა, დედას და მამას ვეტყვიო, მაგრამ ვერც ასე მიმეტებდა. ჯერჯერობით საკუთარი ძალებით ცდილობდა ჩემს "მოჭკვავებას" და ალბათ, თუ არაფერი გამოუვიდოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში დამასმენდა მშობლებთან.
_ყველაფერს ვფიცავარ, პლანი აქ არაფერ შუაშია, მართლა ვნახე ვიღაც ტიპები... ვერ მივხვდი რა დავუშავე, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ თუ სადმე გადამეყრებიან, კარგი დღე არ დამადგება...
მათემ ისეთი სახით შემომხედა, აშკარად რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა რატომღაც. მხოლოდ სინანულით ჩაიქნია მამასავით ხელი და ისევ გზას დაუბრუნდა. ჩაფიქრებული გაჰყურებდა თეთრად გადაპენტილ ტრასას და ფრთხილად მართავდა საჭეს.
ამის მიუხედავად მე ენა არ გამიჩერებია. ჩემს მძაფრსიუჟეტიან ისტორიას ვუყვებოდი ჩემებური ინტერპრეტაციით მხატვრული შელამაზებებით და მის დარწმუნებას ვცდილობდი. თუმცა, ვატყობდი რომ უშედეგოდ, ამაო იყო ყველაფერი.
სახლში რომ მივედით და ნორა ბაბომ ჩემი "გალამაზებული" სახე დაინახა, გვარიანად შეიცხადა, ეს რა მოგსვლია ჩემო მზის სხივოვო. მასთანაც იგივეს გამეორება, რაც მათეს მოვუყევი, არ ღირდა. შეიცხადებდა და მისი წიოკის თავი ნამდვილად არ მქონდა. მოვატყუე, ვითომ ფეხი დამიცდა და წავიქეცი. პრინციპში, ასეც კი იყო, მაგრამ განრისხებული მამაკაცების ისტორია გამოვტოვე. აბაზანაში რომ შევედი ჩემი დასისხლიანებული სახის თბილი წყლით ჩამოსაბანად, თვითონაც უკან მომყვა და მაიძულა, რომ რაღაც აყროლებული, როგორც თვითონ მოიხსენიებდა, 72 პროცენტიანი სარეცხის საპნით ჩამომებანა. დარწმუნებული იყო, რომ ჭრილობებს სასწაულად უხდებოდა.
ზიზღითა და იძულებით ძლივს მოვიმთავრე საქმე. მერე, სარკეში ვათვალიერე კარგა ხანს ჩემი დასახიჩრებული, ერთ დროს კი სიმპატიური სახე. ისე მქონდა დაწითლებულ-შეშუპებული, რომ საკუთარი თავი თვითონვე მეცოდებოდა. ასე როგორ უნდა გამოვჩენილიყავი საზოგადოებრივ ადგილებში? ნეტა, იარები ხომ არ დამრჩებოდა?_ამ სადარდებელში ვიყავი ჩაფლული, რომ მათემ ლამის კარი შემომიმტვრია:_არ გეყო გალამაზება? ახლა ჩემი ჯერიაო!
თავიდან მართლა არ ვაპირებდი ჯიბრით გამოსვლას, მაგრამ ისეთი ბრახი-ბრუხი ამიტეხა მუშტებით, რომ იქ დარჩენას აზრი აღარ ქონდა. ზლაზვნით გამოვედი და ჯერ ნორმალურად გამოსული არ ვიყავი, რომ ოკუპანტივით დაიკავა აბაზანის ტერიტორია და შიგნიდან ჩაირაზა კარი.
კარგა ხანს "იჯუჯულავა", როგორც ამას მამა იტყოდა და იქიდან გასუფთავებულ-გალამაზებული რომ გამოვიდა, უარი განაცხადა ვახშამზე. ამაზე გვარიანად ავბუზღუნდი, რადგან მარტოს მომიწია ვრცელ სასადილოში ნადიმი.
თავიდან, ყურადღებას არ ვაქცევდი მის ესოდენ საეჭვო მზადებას, მაგრამ როცა სახლიდან დააპირა გასვლა, აი მაშინ კი შევაჩერე.
_საით გაგიწევია?
გუმანით მივხვდი, არ უნდოდა არაფრის თქმა, მაგრამ რომ აღარ მოვეშვი, იძულებული გახდა ღაწვებაფაკლულს დაბალი ხმით ეთქვა, მათიკოს უნდა შევხვდეო.
დამავიწყდა მეთქვა, რომ მათიკო მისი მეგობარი გოგონაა. უფრო ზუსტად კი, სატრფო.
მე დიდად არ მსიამოვნებდა და მხიბლავდა ეს ამბავი. ყოველთვის დავცინოდი, სოფლელი გოიმი გოგო როგორ უნდა შეგიყვარდეს ნორმალურ ადამიანს-მეთქი. თან, მის სახელზეც ბევრს ვღადაობდი, მაგრამ ხან არაფრად აგდებდა ამ ჩემს მწარე დაცინვას ჩემი შეყვარებული ძამიკო და ხან კი, ისე გიჟდებოდა და ისე მეჩხუბებოდა, რომ ხელითაც კი ვეხებოდით ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს.
_დღეს მაინც რომ შეიკავო თავი, არ გინდა?_მგონი ცხოვრებაში პირველად გავურიე მუდარა ჩემს ამაყ ხმას.
_და დღეს რა ხდება ვითომ?_გაოცებული თვალებით შემომხედა._თუ, მეხსიერება არ მღალატობს, შენ ყოველთვის ასე მიშლი იმ "სოფლელთან" შეხვედრას._სოფლელს განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ჩემს გასაღიზიანებლად.
_ხო, მართალი ხარ, ყოველთვის გიშლი, მაგრამ... ამ საღამოს მაინც ნუ დამტოვებ მარტოს. ვერ ხედავ, ცუდად ვარ? რა დრეში ჩამაგდეს იმ მანიაკებმა?
_მანიაკებმა?_მოულოდნელად ხმამაღლა გადაიხარხარა ჩემმა "ურწმუნო თომამ". მერე, შუბლი შეიკრა და კბილებში ავად გამოსცრა._დავაი რაა! ახლა მაგ ხრიკებით გინდა ჩემი გადარწმუნება?_მუჯლუგუნი ძლიერად წამკრა, გზიდან ჩამომიშორა და ოთახიდან კი არ გავიდა, არამედ გიჟივით გავარდა.
მეც უკან მივყევი.
დავინახე, მანქანის საჭეს რომ მიუჯდა და ამაზე უარესად გავგიჟდი. წინ გადავუდექი სუპერგმირივით.
_მოშორდი მაინდედან, თორემ გადაგიარე!_ჩაწეული მინიდან თავგამოყოფილი დამემუქრა. თან, მეტი დამაჯერებლობისთვის სულ ოდნავ დამეჯახა კიდეც.
სხვა დროს ამ სიტუაციაში გავგიჟდებოდი, გადმოვიღებდი მანქანიდან და გემრიელად მოვდებდი.(ისე კი, მეც მომხვდებოდა მისგან გემრიელი მუშტები, მაგრამ ამაზე სულ აღარ ვდარდობდი.) რატომ ვაპატიე მაშინ ეს საქციელი და რატო დავუთმე გზა, დღემდე არ ვიცი. თავში ქვა გიხლია-მეთქი, მივაძახე და სახლში გამწარებული შევედი.
_მე ლამის მომკლეს და იმას კი იმის გული აქვს, რომ პაემანზე გაიქცეს თავის მათიკოსთან შესახვედრად?!_გაცეცხლებულმა ძლიერად მივარტყი კედელს მუშტი.
ტკივილმა უფრო გამაცოფა თითქოს. გაგულისებულმა უაზრო ბოლთის ცემას მოვყევი ოთახში და თან უშვერი სიტყვებით მოვიხსენიებდი ჩემს რომეო ძამიკოსაც და მის სოფლელ ჯულიეტასაც. მერე, სანამ მთლად ავფეთქდებოდი, პლანი გამახსენდა და ისევ გავაბოლე. სულ ცალ ფეხზე დავიკიდე არსებული სიტუაცია. მალე სიბრაზისგანაც დავიცალე და საწოლზე გულაღმა გავიშხლართე. თან, ტელეფონი მოვიმარჯვე და სოციალურ ქსელში შევძვერი. ჩემი გადაღებული რამოდენიმე ფოტოც ავტვირთე და მის გარშემო კომენტარების წერა-კითხვით შევიქციე თავი.
შუა ღამე იყო, მამამ რომ დამირეკა, აბა რას შვრებითო. (გამომრჩა მხედველობიდან მეთქვა, რომ მამა სოფლის საკრებულოს დარაჯია და ღამღამობით იქ უწევდა ხშირად ყოფნა.)
მათეს პაემანის ამბავი ნამდვილად იცოდა, რადგან ცოტა შეშფოთებულმა მკითხა, ჯერ კიდევ არ დაბრუნებულაო? თურმე, იმ ვაჟბატონს, როგორც ყოველთვის, ტელეფონი ახლაც გამორთული ქონდა.
მე ისევ გაბრაზებული ვიყავი მასზე, რადგან ჩემთან არ დარჩა და იმ სოფლელი გომბიოს სანახავად გავარდა. რა აბეზალოვკა იყო ვითომ? ხვალემდე ვერ მოიცდიდა? იქნებ, ცუდად ვხდებოდი და რამე მიჭირდა? ჩემზე წინ სხვა რომ დააყენა, იმაზე ვცოფდებოდი. ამის გამო დიდად არ მომიხვედრებია გულზე მისი დაგვიანება. აქეთ, მამაც კი დავაწყნარე, მოიწყენს იმ ქალთა უმსგავსის ყურებას და დაბრუნდება, მაშ რას იზავს-მეთქი. მგონი დამიჯერა, რადგან ცოტა დამშვიდდა თითქოს და ტკბილი ძილის სურვილებით დამემშვიდობა.
დღისით რომ მეძინა, ღამე ვეღარ დავიძინე. ძილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვიძინებდი. ნაკვერცხალზე დადებული მწვადის შამფურივით ვტრიალებდი საწოლში. თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ რაღაც ძალიან უცნაურად ვგრძნობდი თავს. თითქოს, უკმარისობის და დანაკლისის განცდა მქონდა. ოღონდ არ ვიცი რატომ. ათას სისულელეზე ვფიქრობდი, რომ ეს განცდა დამეძლია, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. შინაგანად ჩემს ძმას ველოდი, რომელიც უკვე ძალიან აგვიანებდა დაბრუნებას.
ბოლო დროს საათი რომ ვნახე, სამი ხდებოდა უკვე და მათე კი არ ჩანდა ისევ. სულ რაღაც ნახევარ საათში კი ისეთი გემრიელი ფშვინვა ამოვუშვი, რომ ზამთრის ძილით ჩაძინებულ დათვსაც კი შეშურდებოდა. მარტო ეგ კი არა, ისე ღრმად დამეძინა, რომ ქვეყანა რომ გადატრიალებულიყო, მაინც ვერაფერს გავიგებდი.
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.
ისევ მამა იყო და ისევ მათეს ამბავი აინტერესებდა.
სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი ძმის ამბავი კი მაინტერესებდა, მაგრამ ჯერ ისევ გაბრაზებული ვიყავი მასზე და ბრაზი მმართავდა. თუმცა, ინსტიქტურად მაინც გავხედე მის საწოლს და გადაუშლელი რომ დამხვდა, ცოტა შევფიქრიანდი. მაშინვე წამოვხტი საწოლიდან და ტრუსების ამარა გავვარდი აივანზე ეზოში გადასახედად.
არც მანქანა იდგა ჩვეულ ადგილზე. მივხვდი, წუხელ საერთოდ არ მობრძანებულა ვაჟბატონი, მაგრამ ნორა ბაბოს მაინც ვკითხე მისი ასავალ-დასავალი.
_გუშინ საღამოს მერე არ მინახავს, რა ხდება?_შეშფოთდა ქალი.
_ისეთი არაფერი. წუხელ პაემანზე წაბრძანდა და გაუტკბა ალბათ ქალის ალერსი._მართალია, მე თვითონაც არ მეჯერა ამ ვერსიის, რადგან ჩემი ხუთი თითივით ვიცნობდი ჩემს იდენტურ ტყუპისცალს, მაგრამ ეშმაკს არ ეძინა და იქნებ ის გენი, რაც მე მქონდა წინაპრებისგან ბოძებული, მასშიც იყო მიძინებულ-ჩაბუდებული და გაღვიძებას ელოდა?
_ბაბოს არაფერი უთხრა, განყოფილებაში მივალ და მისი დაკარგვის შესახებ განვაცხადებ. რაც მალე დაიწყებენ ძებნას, მით უკეთესი... არც დედაშენს გააგებინო არაფერი. იქნებ მართლა ვინმესთან დარჩა და ტყუილად რატო ავაფორიაქოთ?_იდუმალი ხმით გამაფრთხილა მამამ.
დედაჩემის და ნახევრად მეგრელი ბებიის ტყუილად აფორიაქება არც მე მაწყობდა. აფორიაქებასაც აფორიაქება ერქვა, მთელ მსოფლიოს შეძრავდნენ დედაცა და შვილიც გაუთავებელი ვაი-ვიშით. ოთახში შევედი, მამამა ჩურცულით დავამშვიდე, არავის არაფერს ვეტყვი-მეთქი და მაშინვე ტანსაცმელის ჩაცმას შევუდექი. მერე, ჩემს რომეო ძამიკოსთან ვცადე ისევ დარეკვა. მაგრამ როგორც ყოველთვის, ახლაც გამორთული ქონდა ტელეფონი. ბაბოს დავუბარე, ცოტა ხნით სოფელში გავივლი, ბიჭებს ვნახავ და ცოტას გავერთობი-მეთქი. მართალია, არავის ვიცნობდი აქ, მაგრამ იმას ხომ არ ვეტყოდი, მგონი სერიოზულადაა საქმე და ჩემი დაკარგული ძმის მოსაძებნად მივდივარ-მეთქი? სასწრაფოდ შემოვიცვი ჩემი თეთრი ქურთუკი და მაშინვე ეზოში გავვარდი, რათა არ დაეჭვებულიყო რამეზე და არ გამოვეკეტე სახლში.
მათესგან განსხვავებით სოფლელებთან ურთიერთობა არასდროს მქონია და არც იმის სურვილი მქონდა, რომ ვინმე გამეცნო. ახლა კი, ვგრძნობდი, რომ სულ სხვა სიტუაცია იყო და ჩემს პრინციპეპზე უარის თქმა საჭირო კი არა, აუცილებელიც კი იყო. მართალია, მამასაც ვამშვიდებდი და საკუთარ თავსაც, რომ ვინმე გოგოსთან იქნება-მეთქი, მაგრამ თან გული ცუდს მიგრძნობდა და რაღაც ზომების მიღება აუცილებლად მჭირდებოდა.
სასწაული მოხდა და ჩემი განუყრელი ატრიბუტი, ვეებერთელა ყურსასმენები სახლში დავტოვე. დაუფიქრებლად მივაბიჯებდი ძველი კულტურის შენობისკენ, სადაც მუდამ იდგნენ უსაქმური ბიჭები და დილიდან დაღამებამდე აბირჟავებდნენ. იქნებ, ვინმე იყო მათეს დამნახავი და რამე სცოდნოდა მის შესახებ?
გზად ვიღაც წამომეწია. ნაბიჯების ხმა რომ შემომესმა, მისკენ მიბრუნება დავაპირე, მაგრამ ვერ მოვასწარი, რადგან მეგობრულად დამარტყა ბეჭებზე ხელი და როგორ ხარ ძმაოვო, მკითხა.
მივხვდი, მათე ვეგონე. აბა, მე არავის ვიცნობდი აქ. უფრო სწორად, არავის ვუყადრიდი თავს და მე არავინ გამომელაპარაკებოდა ასე მეგობრულად.
ჩემი დაკაწრული სახე რომ დაინახა, გაუკვირდა, ეგ რა მოგსვლიაო.
_ისეთი არაფერი, ფეხი ამისრიალდა და..._უშნოდ გავიღრიჭე.
უცნობს ეჭვი ოდნავადაც არ შეჰპარვია ჩემს პიროვნებაში. თუ არა და, რა გასაკვირი იყო, ხშირად საკუთარ დედასაც კი ვეშლებოდით ერთმანეთში.
_საით გაგიწევია?.. ბირჟაზე?
თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, გაუხარდა.
_მეც იქით მოვდივარ და ერთი გზა გვქონია._მეგობრულად მგლიჯა მხარში მუშტი და ირივენი ერთად დავადექით ბირჟის გზას.
თავის გამჟღავნება არ მიცდია. უფრო მეტიც, ჯეიმს ბონდობანას თამაში გადავწყვიტე და დინებას მივყევი. იქნებ, ბირჟაზე ვინმეს რამე სცოდნოდა მათეს შესახებ და ასე გამეკვლია მისი გზა-კვალი.
კულტურის სახლთან მისულები არ ვიყავით, რომ ახლა მანქანით წამოგვეწია ვიღაც და ჩვენს სიახლოვეს დაამუხრუჭა.
_ვაა, მათე და შალვა? ზუსტად რომ თქვენი ნახვა მინდოდა.
გამოდის, ჩემს თანამგზავრს შალვა ერქვა... ასე უპრობლემოდ რომ გავიგე მისი სახელი, გამიხარდა.
_რა ხდება, ხომ მშვიდობაა?_შალვამ ჯერ მე შემომხედა, მერე ჩემთვის უცნობ მძღოლს და მხოლოდ ამის მერე ჩაჯდა მანქანაში.
ცოტა კი ვიყოყმანე, მაგრამ ბოლოში მეც მას მივბაძე და მანქანის უკანა სავარძელზე მოხერხებულად მოვეწყე.
_თბილისში ამ საღამოს მიხვალ თუ დილაზე?_უცნობმა უკანა ხედვის სარკეში გამომხედა.
არ ვიცი-მეთქი, მხრები ავიჩეჩე.
_კიდე ვერ დაიყოლიე შენი ძმა დარჩენაზე?_შალვა ლამის მთლიანი ტანით შემომიბრუნდა._არა და რა მაგარ დროს გავატარებდით. ჯონის მათიკოც კი დაუპატიჟებია და ისიც მოდის...
_მათიკოც იქნება?_რა უნდა მეთქვა ან გამეკეთებინა, არ ვიცოდი და ამიტომ გავიოცე. (მეტი რა დამრჩენოდა?)
_შენს ძმობას ვფიცავარ, დამპირდა, მოვალო._ახლა მძღოლი შემომიბრუნდა მთლიანი ტანით._ახლა, მთავარი შენი ძმის დათანხმებაა ამაღამაც დარჩეთ და დილით წახვიდეთ... ისე კი, არ გეწყინოს და, მაგარი უკადრისი ვიღაცაა ეგ შენი ლუკა... გუშინ საღამოს ლამის მამაშენის მანქანით დამეტაკა. დამინახა, რომ მის გამო გზიდან გადავედი და თხრილში ჩავვარდი, მაგრამ არც კი გაჩერებულა და არ უკითხია, კარგად ვიყავი თუ არა. უფრო მეტიც, მოსახვევში ისე შემოადრიფტავა, მეგონა ყირაზე დასცემდა მანქანას.
_მართლა?_გულწრფელად გამიკვირდა მათეს ნამოქმედარი. მას ასეთი რაღაცეები ნამდვილად არ ახასიათებდა. (მე კი მოვიქცეოდი ასე, მჩვეოდა გასაოცარი სიგიჟეები და მიტომაც ვეგონე ალბათ, მაგრამ მათე არა). რა გაჭირვება ქონდა ნეტა?
_მისი ბრალი არ იქნებოდა._შალვამ "ჩემი" გამართლება სცადა.
მე და ჯონიმ ორივემ ერთდროულად შევხედეთ დიდი ინტერესით.
_დაბოლილი იქნებოდა._ჩურჩულით გვითხრა.
_რაა?!_გაბრაზების დასაფარავად უაზროდ ავაფახულე თვალები. მათეზე ვბრაზობდი, ჩემი საიდუმლო ამ სოფლელებს რომ გაანდო. მერჩივნა, დედასთვის ან მამასთვის ეთქვა და მათ დავეტუქსე, ვიდრე ამ სოფლელებისთვის და მათი სალაპარაკო გავმხდარიყავი.
_ჩემი მამიდაშვილი ეწევა და ვიცი რა დროსაა ადამიანი დაბოლილი... შენთვის არაფერი უთქვია ან არ შეგინიშნავს რამე?_დიდი ინტერესით შემომიბრუნდა შალვა.
_არა, რავი._უაზროდ ავიჩეჩე მხრები.
_ბოდავ რაღაცას რაა!_გაუწყრა ჯონი._პლანს ეწეოდეს და მათეს ეტყვის რამეს?
_რავი... იქნებ რამე შენიშნა?_ფარ-ხმალი არ დაუყრია შალვას._ხომ შეიძლება შემთხვევით დაენახა რამე?
ყველაფერი მართლაც რომ შეიძლებოდა, მაგრამ მე ამაზე ფიქრისთვის აღარ მეცალა. ის ფაქტი გადავხარშე, რომ მათეს არაფერი ქონდა ამ ბიჭებისთვის ნათქვამი ჩემს შესახებ, როგორც ამას ხშირ შემთხვევაში მე ვაკეთებდი. გუნებაში მესიამოვნა კიდეც და სინდისმაც შემაწუხა. ამასთან ერთად ისიც გავიაზრე, რომ ჩემი ძმა ჩემსავით დაბოლილი არ იქნებოდა და ვითომ რატომ მოიქცეოდა ასე საეჭვოდ? რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ჩემი ქცევები გაემეორებინა? ალბათ, სახეზეც აღმებეჭდა ჭმუნვის მსგავსი რაღაც, რადგან ჯონიმ მაშინვე შემნიშნა და შალვას უსაყვედურა.
_მორჩი ახლა ამის ძმაზე ლაპარაკს. ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს. შენ ის თქვი, დინამიკებს მათხოვებ თუ არა?
_გითხარი, გათხოვებ-მეთქი და რა ვქნა, გიმღერო?_გაბრაზდა შალვა.
_არა, მადლობა. შენი ვოკალური შესაძლებლობები რომ ვიცი, მბურძგლავს._გულიანად გადაიხარხარა ჯონიმ._აბანოში რომ შეხვალ, იქ იმღერე, აქ კი დაგვინდე მე და ეს კაცი, ცოდონი ვართ._თან მე გადმომხედა და თვალი ჩამიკრა.
მეგონა, მარტო მე და ჩემი ძმა ვკინკლაობდით ასე. თურმე, ჩვენნაირი გიჟებიც უხვად ყოფილან ამ სამყაროში...
_არც მთლად მასე საშინლად ვმღერი._გულწრფელად ეწყინა შალვას და პატარა ბავშვივით გაიბუტა.
_კარგი, ხო, ხუმრობაც აღარ იცი?_ქეჩოში წამოარტყა მსუბუქად და ძრავა აამუშავა.
როგორც ვგეგმავდი, ბირჟაზე მივედით, სადაც თითქმის მთელი სოფლის ახალგაზრდობას მოეყარა თავი. ზოგი სიგარეტს აბოლებდა, ზოგი ლუდს სვამდა და ზოგიც კიდევ კარტს თამაშობდა. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, არ მეგონა, თუ სოფლელი ბიჭებიც ქალაქელებივით ერთობოდნენ. უბრალოდ, მათი კილო და ჩაცმულობა მხვდებოდა თვალსა და ყურში ცუდად, თორემ სხვა განსხვავებას ვერ ვხედავდი.
ცოტა ხნით გავჩერდით იქ. ჩემთვის უცხო ბიჭებს ჩემი ძმის მსგავსად გულთბილად გამოველაპარაკე. მერე, ორი სხვა ბიჭიც ჩაგვიჯდა მანქანაში, (როგორც მოგვიანებით გავიგე მათი სახელები, მახარე და ვალერი იყვნენ).
ის იყო, უნდა დავძრულიყავით ადგილიდან, რომ ვიღაც თეთრი ბეემვეთი მოქანდა და ისე შეაჩერა მანქანა, რომ გზა გადაგვიჭრა. ელვისუსწრაფესად გადმოხტა იქიდანსაკმაოდ დაკუნთული ახმახი და ბიჭებს კაკო ყაჩაღივით მიეჭრათ. ვერ გავიგე რა უთხრათ, მაგრამ ყველამ ჩვენი მანქანისკენ რომ გამოიხედა ინსტიქტურად, მივხვდი ჩვენი ხუთეულიდან ვიღაცას კითხულობდა.
ახმახმა მათ მზერას თვალი გამოაყოლა და ჩვენი თვალებიც შეხვდა ერთმანეთს. ისეთი ცივი მზერა ქონდა, ერთ ადგილზე გავიყინე. ამის მერე კი მოვლენები თვალისდახამხამებაში განვითარდა. უცნობი გამხეცებული ეცა ჩვენს მანქანას, ჩემი მხრიდან კარი ლამის გამოგლიჯა და ისე გადამათრია იქიდან.
_ჩემი და სად არის შე ლაწირაკო!!!
ვერ მივხვდი ვინ იყო ეს ახმახი, ან ვინ დას კითხულობდა და თავდაცვის ინსტიქტი ავამუშავე მაშინვე.
_ვინ შენი და? შენ შიგ ხომ არა გაქ ბიჭოო!?_ძლიერად მოვიქნიე მუშტი და პირდაპირ ყბაში ვგლიჯე.
იმდენად ვერ შევაშინე, რამდენადაც დავაბნიე. აშკარად არ მოელოდა ჩემგან ამ თავდასხმას და წამიერად გაოცებისგან გაფართოებული თვალებით მომაჩერდა.
მარტო ის კი არა, იქ დამსწრე ყველა ბიჭმა ჭყიტა თვალები და ყველას ერთდროულად ჩამოუვარდა გაოცებისგან ყბა.
_მე რა ვიცი შენი და სად გდია?!_მისი გაოცებით ვისარგებლე და საყელოდან გავაშვებინე ხელი._შენ ხომ არაფერი გეშლება ძმაო?!
ახმახი მალევე მოეგო გონს და ისე ძლიერად დამარტყა ცხვირ-პირში თავისი უზარმაზარი ტორი, რომ თვალებში გამინათდა და პატარ პატარა ვარსკვლავებმა ჩემს გარშემო დაიწყეს ფრენა. თავი კი შევიმაგრე, არ წავქცეულვარ, მაგრამ ცხვირიდანაც და ტუჩებიდანაც ერთდროულად წამსკდა სისხლი.
_რას შვრები შმაგი?!_ბიჭები წინ ჩაგვიდგნენ._ამხელა კაცი ამ ბავშვს როგორ სცემ?
_პატარა ბავშვი უძახეთ თქვენ და ვერ დაინახეთ როგორ კელასავით მეცა?.. შე ნაგავო, ჩემს დას თუ რამე დაუშავე, იცოდე, ასო ასო აგკუწავ!
_ის მაინც მითხარი, შენი და ვინ არის? ღირს მაინც მის გამო ასე რომ მირტყამ?!
_ერთი ამ ლაწირაკ ნაბიჭვარს დამიხედეთ!_უფრო აენთო ახმახი შმაგი და ისევ გაავებულმა გამოიწია ჩემსკენ.
ბიჭებმა ისევ გააკავეს და ჩემთან მოსვლის საშუალება არ მისცეს.
_რა გჭირს ეე?_გაოცდა ჯონი._ეს ხომ მათიკოს ძმაა, ვეღარ სცნობ?
მათიკოს კი ვცნობდი ფოტოებიდან, მაგრამ მის ძმას ნამდვილად ვერა.
_მოიცა... შენ მათე არ ხარ, არა?_ყველაზე წინ შალვა მიხვდა ყველაფერს და ეჭვით ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
მასთან ერთად სხვა ბიჭებმაც.
პასუხი არ დამიბრუნებია. ან რა საჭირო იყო? მგონი, ყველასთვის ცხადზე ცხადი ხდებოდა, რომ მე მათე კი არა, მისი ტყუპისცალი ლუკა ვიყავი. შმაგიც დააბნია წამიერად ამ ახალმა ამბავმა, მაგრამ ისევ მალევე აღრიალდა და საგვარეულოში ყველა კაბიანი ამომიტრიალა.
_სად გდია ის შენი ლაწირაკი ძმა, სად წაიყვანა ჩემი და?! ცოცხალს არც ერთს არ დაგტოვებთ იცოდეთ მისი თავიდან ერთი ღერი თმაც რომ შეირხეს!
_ვინც შეგიშინებია ისევ ის შეაშინე, გაიგე ბიჭო?!_არ შევუშინდი და წინ გამომწვევად გავეჯგიმე._შენ შენი და ვერ დაგიჭერია და ჩემმა ძმამ რა ქნას? ძალით ჩაისვა მანქანაში და ისე წაიყვანა?! რა დარწმუნებული ხარ, რომ შენმა უცოდველმა დამ არ აცდუნა ჩემი ძმა?
_რაო, რაო?!_უარესად აენთო შმაგი. გაიბრძოლა კი და გაეშვა კიდეც ბიჭებს, მაგრამ კიდევ კარგი მაინც შეძლეს მისი გაკავება, თორემ ალბათ სულსაც გამაფრთხობინებდა იქვე.
_წამოდი, სახლში წაგიყვან, თორემ ეს გადარეული წერას აგიგებს ალბათ._ჯონიმ ხელი მომხვია და თავის მანქანაში ძალით ჩამსვა.
საჭეს მიუჯდა თუ არა, მაშინვე აამუშავა ძრავა, უკანა სვლით კარგა მანძილი გაიარა, მერე შემოაბრუნა და გეზი მამაჩემის სახლისკენ აიღო.
_გტკივა?_ჭიშკართან რომ შემიჩერა მანქანა, გახეთქილ ტუჩზე და ცხვირზე მანიშნა შეშინებულმა.
_არც ისე._დავამშვიდე._ამაზე უარესადაც მქონია.
_შენი ძმა და მათიკო მართლა გაიპარნენ?_ბოლოს გაუბედავად მკითხა.
_არ ვიცი, წუხელ სახლში არ მოსულა._დამალვას რა აზრი ქონდა, ისედაც ყველა გაიგებდა ამ ამბავს და ამიტომ გულწრფელად ვაღიარე._პაემანზე წავიდა, მათიკოს უნდა შევხვდეო და ჯერ არ მოსულა.
_მოტაცებით არ მგონია რომ მოეტაცებინა, რადგან მასაც უყვარდა. ალბათ, გაიპარნენ._თავისი ვარაუდი გამოთქვა ჯონიმ._მაგრამ... რა ეჩქარებოდათ? ჯერ ხომ სრულწლოვანებიც კი არ არიან?.. თუმცა, სიყვარულს რას გაუგებ, არა? ბედნიერები ყოფილიყვნენ.
მოლოცვა არ მიმიღია. არ მინდოდა ჩემი ძმა თექვსმეტი წლის ასაკში დაოჯახებულიყო და თანაც იმ სოფლელზე. ჯონიმაც შემატყო ალბათ ეს დამოკიდებულება და ამ თემაზე აღარაფერი უთქვია. მანქანიდან გადასულს ის მითხრა, თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოს, დამირეკეო და ბლოკნოტიდან ფურცელი მომიხია, სადაც თავისი ნომერი ქონდა მიწერილი.
ვითომ რაში უნდა დამჭირვებოდა ჯონი, მაგრამ ნომერი მაინც გამოვართვი, სახლამდე მოყვანისთვის მადლობა გადავუხადე და ეზოში ფრთხილად შევიპარე, ნორა ბაბოს რომ არ დავენახე დასისხლიანებული. სამზარეულოსაც ფეხაკრებით ჩავუარე და პირდაპირ აბაზანაში შევედი. გრილი წყლით ფრთხილად მოვიბანე სახე და ერთ ხანს სარკეში ვათვალიერე უარესად შესიებულ-შეშუპებული ტუჩები და ცხვირი.
_საზიზღარი! მის გამო როგორ მცემა იმ ახვარმა!_მათეზე გავბრაზდი._მე აქ ვღელავ, ვნერვიულობ, ჭკუაზე აღარ ვარ, ცუდი ხომ არაფერი შეემთხვა-მეთქი და ის კი თურმე საყვარელი ქალის ალერსით ერთობა!_თითქოს ნიჟარის ბრალი ყოფილიყოს, მას დავარტყი გამეტებით მუშტი და აბაზანიდან გაგულისებული გამოვედი. ჩემს ოთახში შევიძურწე და მამას დავურეკე, ახალი ხომ არაფერი გაგიგია-მეთქი. კაცი გაგიჟებული იყო, მათეს ძებნას თურმე არ აპირებდნენ პოლიციელები.
_ვითომ რატომ?_გულწრფელად გამიკვირდა.
_ჯერ ოცდაოთხი საათი არ არის გასული და დაკარგულად ვერ ჩავთვლითო. ამ ოცდაოთხ საათში რომ რამე შეემთხვას იმ ბავშვს, განა მაგასღა ფიქრობენ?_პირდაპირ ცოფებს ყრიდა მამაჩემი._არ იციან, რომ მთელ განყოფილებას ავწევ, ხვალიდან მათეს ძებნა რომ უკვე დაგვიანებული იყოს!
_იცი, მგონი მე გავარკვიე რაღაც._ცოტა ჩურჩულით ვუთხარი.
_მართლა? რა?_გაუხარდა კაცს.
_ტელეფონით ვერ გეტყვი, სახლში მოდი და ყველაფერს მოგიყვები.
არ ვიცი რითი იყო მამაჩემი რაიონის განყოფილებაში, რაკეტით თუ რეაქტიული თვითმფრინავით, მაგრამ ტელეფონი გავუთიშე თუ არა, ზუსტად რვა წუთში მოვიდა.
მას მისი ბიძაშვილი კობაც შემოყვა ოთახში.
პირველ რიგში ჩემი გატეხილი ცხვირი და გამსკდარი ტუჩი მოხვდათ ორივეს თვალში.
_შენ რაღა დაგემართა?_ხმა შკარად აუკანკალდა მამას და ჩემს წინ უღონოდ ჩაიმუხლა.
_შმაგი გადამეყარა და იმან მცემა... თუმცა, არც მე დავაკელი...
_რაა?_გაოცებისგან მწვანე თვალები ისე გაუფართოვდა, მეგონა ბუდიდან გადმოუცვივდებოდა.
_შმაგი ვინღა ჯანდაბაა?_გაბრაზებით იკითხა კობა ძიამ.
_მათიკოს ძმა ყოფილა,_მამაჩემს დავასწარი პასუხის გაცემა._არ ვიცოდი... მათე ვეგონე და...
_ეგ მათიკო ვინღაა?_ახლა ამით დაინტერესდა გაბრაზებული კაცი.
_სულელი მათეს შეყვარებული._ისე ვთქვი, აშკარა იყო, რომ ეს ამბავი მე არ მომწონდა.
ჩემნა ნათქვამმა ბიძაჩემი ცოტა დააბნია. ჯერ, მამაჩემს შეხედა რაღაცნაირი მზერით, მერე ისევ მე შემომხედა და თითქოს ატომური ბომბი გასკდაო, ისე იფეთქა ზუსტად.
_ვიინ?! ნაჯაფაანთ ტროყი?! მაგ ნაბიჭვარს შიგ ხომ არა აქვს?! რას ურტყავს ამ ბავშვს?!
_ზუსტად ეგ ვკითხე მეც._მთელი სერიოზულობით ვუთხარი.
_რაო?.. მართლა ეგრე უთხარი?!_მოულოდნელად გულიანად გადაიხარხარა წუთის წინ გაცეცხლებულმა ბიძაჩემმა._არა რაა, ხომ გეუბნები, რომ ეს ბავშვი შენ არ გგავს,_ახლა მამაჩემს მიუბრუნდა._თხილივით ცარიელი გულია... არავის დააჩაგვრინებს თავს.
_მერე, რაო?_მამაჩემმა ბიძაშვილის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია.
_წუხელ არც მათიკო მისულა სახლში... მგონი გაიპარნენ.
_რაო?_ახლა კი ნერწყვი გადასცდა ბიძაჩემს სასულეში და საშინელი ხველა აუვარდა.
ძლივს მოითქვა სული.
_მათე და მათიკო გაიპარნენ?_მამაჩემს ბიძაჩემის ხველისთვის ყურადრება არ მიუქცევია. ისეთი ამბავი ვუთხარი, აქეთ იყო მოსაბრუნებელი._კი, მაგრამ სად?.. შენთვის არაფერი უთქვია?
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
_ღმერთო ჩემო._შიშით ძლივს ამოიჩურჩულა.
_ რა ღმერთო ჩემო?! ცოტა აზრზე მოდი რაა!_გაუწყრა ბიძაჩემი._უყვარდათ ერთმანეთი და ღმერთმა ბედნიერები ამყოფოთ. ჩვენი ვალია ახლა, რომ ნაჯაფაანთ არ დაგვასწრონ და პირველებმა ჩვენ ვიპოვოთ. თუ საჭირო იქნება, უფრო საიმედო ადგილზეც გადავმალოთ.
_ხვდები რას ამბობ?!_გაბრაზდა მამაჩემიც._ჯერ თექვსმეტი წლისაა, რომ უჩივლონ, ციხე არ ასცდება! ჯობია ვიპოვოთ და დავაბრუნოთ. იქნებ, ზავზე წამოვიდნენ...
_კიდევ კარგი შენნაირი მშიშრები არ არიან შენი შვილები! დავაბრუნოთ არა კვახი! შეარგე ბავშვებს ბედნიერება! აკი, ბედნიერებისთვის ბრძოლა რომ არ შეგეძლო მიტომაც ხარ მინდვრის თაგვივით მარტო!
_ახლა ჩემზე არ ვლაპარაკობთ! არ მინდა, რომ ჩემმა შვილმა ციხეში გაატაროს თავისი ბავშვობის საუკეთესო წლები... ან, იმ გადარეულმა შმაგიმ დაუშავოს რამე.
_ფეხებსაც ვერ მოსჭამს, გაიგე?!_დაასკვნა კობა ძიამ._დროზე, დატრიალდი ახლა და ყველა ნათესავის, შინაურის თუ გარეულის, ნომრები მოიძიე და დავრეკოთ. იქნებ ვინმესთან არიან. წუთი რა არის, წუთი არ უნდა დავკარგოთ. ყოველი წუთი ძვირფასია ჩვენთვის.
თითქოს დაჰიპნოზებულივით დაჰყვა მამაჩემი ბიძაშვილის სურვილს: სად აღარ დარეკეს, ვისთან აღარ იკითხეს მათეს და მათიკოს ამბავი, მაგრამ უშედეგოდ, ვერსად ვერაფერი ვერ გაარკვიეს. მერე, მე გამაფრთხილეს სასტიკად, რომ არსად წავსულიყავი და თვითონ კი სადღაც წავიდნენ. ვფიქრობ, საძებნელად.
საღამომდე, სანამ სახლში დაბრუნდებოდნენ, ოთახში ვიყავი გამოკეტილი და უაზრო ბოლთისცემით ვიქცევდი თავს. დედამ რომ დამირეკა, არ ვუპასუხე. არ ვიცოდი რა მეთქვა. სინამდვილე რომ მეთქვა, მთლად გაიბრდღვნიდა ყველაფერს და შეიძლება ფეხითაც კი წამოსულიყო თბილისიდან. დამაჯერებელი ტყუილი კი იმ წუთას ვერაფერი მოვიფიქრე. ამიტომ არგაგონება ვარჩიე როგორც ხშირ შემთხვევაში.
ორჯერ თუ სამჯერ დამირეკა. მერე, მცირეხნიანი პაუზა გააკეთა. ალბათ, მათესთან სცადა დარეკვა და იმისი ტელეფონი გამორთული რომ დაუხვდა, ისევ ჩემთან დარეკა.
თავიდან წავუყრუე. ზარი გავუთიშე და ტელეფონის განათებულ ეკრანს დავყურებდი უაზროდ. თვალნათლივ მედგა დედაჩემის გაცოფებული სახე, რომ არ ვპასუხობდი და ვფიქრობდი, ცოტაც და ყურმილიდან გამომიძვრებოდა.
ერთის მხრივ, ჯიუტად რომ მირეკავდა, ის მაღიზიანებდა, მაგრამ მეორეს მხრივ კი, გამართლებასაც ვუძებნიდი: მშობელი იყო და ღელავდა ჩვენზე. ბოლოს, მეტი გზა რომ აღარ მქონდა, უწადინოდ ვუპასუხე.
_სად ხარ შვილო? როგორ ხარ?_აკანკალებული ხმით მკითხა და მივხვდი რომ ტიროდა.
_მეძინა და ვერ გავიგე._დამაჯერებლად ვიცრუე.
_შემეშინდა, მეგონა შენც სადმე წახვედი... ცხვირი ან ტუჩები ხომ არ გტკივა?
გამოდის, მამას უკვე ეთქვა მისთვის სიმართლე და თითქოს შვებით ამოვისუნთქე, რადგან ტყუილების მოფიქრება აღარ მჭირდებოდა.
_ხომ სახლში ხარ, ხომ არ მატყუებ?_უარესად აუკანკალდა დედაჩემს ხმა.
_კი, სახლში ვარ, მეძინა._ისევ პირვანდელ ჩვენებას მივაწექი.
_კარგი, მოვალ და გნახავ.
_მოხვალ?_გამიკვირდა.
_ხო, მამაშენს მოვყავარ. ძალიან გთხოვ, სახლიდან არ გახვიდე, მათიკოს ძმას არ გადააწყდე ისევ... მაგ მხეცს თუ შევარჩინო შენი ცემა, მე ქალი არ ვიყო!_ბოლოში ისე დაიქადნა, მივხვდი, ამის გამკეთებელი რომ მართლა იყო. შვილების გამო ყველაფერზე მიდიოდა.
დედაჩემს რომ გავუთიშე ტელეფონი, სამზარეულოში გავედი, რადგან შიმშილის გრძნობამ შემაწუხა, თანაც საშინლად. ნორა ბაბო როგორც ყოველთვის, ახლაც იქ ფუსფუსებდა და კოტლეტებს წვავდა. გუშინვე დაკაწრული რომ მქონდა თავ-პირი, ალბათ ამიტომაც ვეღარ შემნიშნა მოხუცმა ახალი ნაიარევები. როგორც სჩვეოდა, გულთბილად და დიდი სიყვარულით მომიკითხა, როგორ ხარო. მათეც იკითხა, არ გამოჩენილაო? მეძინა, ახლა გავიღვიძე და არაფერი ვიცი, მგონი მამასთან არის-მეთქი, მოვატყუე.
ეჭვი არ შეჰპარვია ჩემს ნათქვამში, რადგან მათე მართლაც ყოველთვის მამას დაჰყვებოდა მუდამ.
გემრიელად მივირთვი მისი მომზადებული არაჩვეულებრივი კოტლეტები. ცხელ-ცხელი რძეც დავაყოლე და მადიანად ამოვივსე კუჭი. ის იყო, მოვამთავრე ნადიმი, რომ ეზოდან ლაპარაკის ხმა შემომესმა. მივხვდი, დედა და მამა მოვიდნენ და მაშინვე აივანზე გავედი მათ შესახვედრად. დედამ დამინახა თუ არა, სულ ორ-ორი საფეხური ამოირბინა ანცი ბავშვივით და გულში ისე ძლიერად ჩამიკრა, სუნთქვა შემეკრა:
_შენ მოგიკვდეს შვილო ჩემი თავი, როგორ უცემიხარ იმ არამზადას!_თან ხმამაღლა ატირდა._მიწამ კი შეუჭამოს ის ოხრად დასარჩენი ხელები!
_კარგი დეე რაა, არაფერი მჭირს. საგანგაშო არაფერია, ბაბომ არ გაიგოს, არაფერი იცის._ამის თქმა მოვასწარი მხოლოდ, რომ ნორა ბაბოც გამოვიდა გარეთ
_თაკო?_დედაჩემის დანახვაზე სახტად დარჩა ქალი._შენ აქ საიდან? რა ხდება, ხომ კარგადაა ყველაფერი?
_რაღა კარგადაა, იმ არამზადას როგორ გაუმწარებია ბავშვი?_უარესად ატირდა დედაჩემი.
_ვის ვინ უცემია?_ცალკე შიში და ცალკე გაოცება აღებეჭდა ნორა ბაბოს სათნო სახეზე.
_შევიდეთ და შიგნით ვილაპარაკოთ._მამაჩემმა დედამისს მხრებზე მოხვია ხელი და დამყოლი ბავშვივით შეიყვანა ოთახში.
მე, დედა და კობა ძია კი ისევ აივანზე დავრჩით.
_მათესი ვერაფერი გაიგეთ?_დედაჩემის მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე და ბიძაჩემს შევხედე.
ვერაო, მხოლოდ თავი გააქნია.
_ასე როგორ შეიძლება? ჩვენ მაინც რატო არ გვირეკავს და არაფერს გვაგებინებს?! იმდენად პატარაა და ვერ ხვდება, რომ ვნერვიულობთ და გიჟებს ვგავართ აქ? ან, რა დროს მისი ცოლი იყო, პირზე რძე არ შეშრობია ჯერ?!_ტირილი სიბრაზეში გადაეზარდა უცბად დედაჩემს.
კობა ძიამ მისი დამშვიდება სცადა. ხელკავი გამოსდო და ისიც ოთახში შეიყვანა. მე კი ისევ აივანზე დავრჩი. ოთახიდან მესმოდა დედაჩემისა და ნორა ბაბოს ვაი-ვიში, მამა და ბიძაჩემი კი ყველანაირად ცდილობდნენ მათ დამშვიდებას.
დედას თქმისა არ იყოს, რა ეჩქარებოდა ნეტავ იმ სულელ მათეს, ცოლი რომ მოყავდა? სულელი იყო მაშ რა ჯანდაბა, თექვსმეტი წლის ასაკში უღელს რომ იდგამდა?.. ჩემი თავი წარმოვიდგინე დაქორწინებული, უხასიათო ცოლის კაპრიზებიც თითქოს ნათლად ჩამესმა ყურში და ციებიანივით გამაკანკალა. მართალია, დიდ კაცობაზე ვდებდი ყოველთვის თავს, მაგრამ რომ ვუფიქრდებოდი, ჯერ ისევ ბავშვები ვიყავით, სულელი თინეიჯერები. გოგო მესმის რომ ადრე გათხოვდეს და შექმნას ოჯახი, მაგრამ ბიჭი, მე თუ მკითხავთ, ოცდახუთ წლამდე ჯერ ისევ ბავშვია და თავში უქრის.
მოკლეთ, ამ ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, რომ ჭიშკართან უცხო მანქანა შეჩერდა და ლამპიონის შუქზე დავინახე, ვიღაც ახალგაზრდა კაცი რომ გადმოვიდა იქიდან.
მანაც შემნიშნა და შინაურივით დაუძახნელად შემოვიდა ეზოში. კიბე ისე ამოიარა, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.
_შენ ალბათ ერეკლეს ბიჭი ხარ, არა? მამა სად არის?
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, რადგან მამამაც გამოიხედა. უცნობი რომ დაინახა, ცოტა შეშფოთდა თითქოს.
_რა ხდება?_ხმაწართმეულმა ძლივს იკითხა.
_შენს შვილს გოგოს გატაცებაში დებენ ბრალს. ამ საღამოს შემოიტანეს მისმა მშობლებმა საჩივარი... ასე, რომ ძებნას ვიწყებთ არა როგორც დაზარალებულისა, არამედ როგორც დამნაშავესი. კარგი იქნება, თუ გამოჩნდება და თავისი ფეხით ჩაგვბარდება. გოგოს მშობლებიც აპატიებენ და მის აღიარებას სასამართლოზე მის სასიკეთოდ გამოვიყენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ციხე არ ასცდება.
_რაო?_გააფთრებული გამოვარდა დედაჩემი ოთახიდან. აშკარა იყო რომ ყველაფერი გაიგო._ჯერ ერთი, საკითხავია, გაიტაცა ჩემმა შვილმა ის გოგო თუ თავის ფეხით გაჰყვა? ჩემზე უკეთ ჩემს შვილს ვინ სცნობს? მე კი, დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ სისულელეს არ ჩაიდენდა! ის მოძალადე არ არის!
_გოგოს მშობლები და ძმა ამტკიცებენ, რომ ზუსტად თქვენმა შვილმა გაიტაცა...
_მართლა? დაინახეს?_უფრო აენთო დედაჩემი._მასე ხომ მეც ვამტკიცებ, რომ ჩემი შვილი მოძალადე არ არის და იმ გოგოს არ გაიტაცებდა?
_გოგოს ძმამ დაინახა, რომ თქვენი მეუღლის პიკაპით ერთი-ორჯერ გაიარა მათი სახლის წინ.
_თქვენ ხართ სულელები თუ სხვას ასულელებთ?!_კობა ძია როდის გამოვიდა ოთახიდან, ვერ გავიგე._მათი სახლი ტრასის პირასაა, ყველა მანქანამ იქ უნდა გაიაროს. თუ მათემაც გაიარ-გამოიარა, უკანონო რა გააკეთა ვითომ?! დაინახეს, რომ ძალით ჩაისვა ის გოგო მანქანაში?
უცნობმა პასუხი არ გასცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვერავინ ვერაფერი დაინახა.
_მესმის, რომ უბნის რწმუნებული ხარ და საჩივრებზე რეაგირებ, მაგრამ ცოტა აზრიანად რაა! ჯერ ის ბავშვები ვიპოვოთ საღსალამათები, მერე გაარკვიეთ ძალით მოხდა თუ გოგოს ნება-სურვილით ყველაფერი. როგორც ნაჯაფაანი განიცდიან შვილის გაუჩინარებას, ისე განვიცდით ჩვენც მათეს გაუჩინარებას!
კობა ძია მართალი იყო, პირდაპირ მათეს დადანაშაულება სისულელე იყო. არც მე მეჯერა ის, რომ ჩემი ძმა მოძალადე იყო. მას ჩემი ხუთი თითივით ვიცნობდი და ვიცოდი, რომ მათიკოს ზედმეტს ვერ გაუბედავდა და თითსაც ვერ დააკარებდა.
_ჯერ ჩემი ძმა იპოვეთ და მერე გაარკვიეთ, დამნაშავეა თუ არა!_მეც გავუბრაზდი რწმუნებულს._გუშინ საღამოს მე ვნახე, სახლიდან რომ გადიოდა. არაფერი უთქვია მოტაცებასთან დაკავშირებით. ჩემი ძმა მე არაფერს მიმალავს!_ბოლო წინადადება კი გადავაჭარბე, მაგრამ რწმუნებულისთვის დამაჯერებლად ვთქვი._იქნებ, როგორც დღეს მე მცემა უმიზეზოდ შმაგიმ, ისე ჩემი ძმა სცემა და სადმე ყავს გამომწყვდეული? მათიკოს გაუჩინარებას კი იგონებს, რომ მასზე ეჭვი არავინ არ მიიტანოს?_ახალი ინტრიგა ჩავაგდე. დედაჩემივით, ოღონდ თავი არ გამემტყუნებინა და აქეთ სხვას გავამტყუნებდი.
გვიან მივხვდი, რომ ჩემი ვერსია აზრს მოკლებული არ იყო და სრული სიჩუმე რომ ჩამოწვა, ინსტიქტურად დედაჩემს გავხედე მიტლის ფერი რომ დასდებოდა. კობა ძიაც რაღაც საეჭვოდ დუმდა და ისე შეჰყურებდა რწმუნებულს.
_ჩემს შვილს არავინ არაფერი დაუშაოს, თორემ საკუთარი ხელით გამოვასალმებ სიცოცხლეს!_აღრიალდა მამაჩემიც._მე რომ მოვედი განყოფილებაში და შვილის დაკარგვის შესახებ განვაცხადე, სად იყო შმაგი ან მისი მშობლები? რაღაც გვიან ხომ არ აღმოაჩინეს იმ გოგოს გაუჩინარება? მართლა რომ მაგათ ყავდეთ დაჭერილი, იცოდე, შენც მოგთხოვ ამაზე პასუხს!
მამაჩემს ბიძაჩემიც აყვა მუქარების კორიანტელით. დედაჩემი ცალკე აკივლდა. ბოლოში ისე გამოვიდა, რომ კუდამოძუებული ძაღლივით წავიდა რწმუნებული ჩვენი სახლიდან. ის ვარიანტი, რაც მე წეღან ვთქვი, თითქოს უფრო სიმართლეს შეესაბამებოდა, ვიდრე ის, რომ მათემ მათიკო გაიტაცა და ყველამ ამ ვერსიის დამუშავება დავიწყეთ. მამამ და კობა ძიამ სადღაც გადარეკ-გადმორეკეს და სოციალური აგენტებივით შმაგის და მისი ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ყველაფერი გაარკვიეს. თან, გადაწყვიტეს, მისთვის ეთვალთვალათ. სასწრაფო წესით წაიხემსეს და სახლიდან ქურდებივით გაიპარნენ. მეც მინდოდა მათთან ერთად წასვლა, მაგრამ არაფრის დიდებით არ წამიყვანეს. უფრო მეტიც, ჩემი თავი დედაჩემს ჩააბარეს და სასტიკად გააფრთხილეს, რომ ეზო რა არის, იქაც კი არ გამოაყოფინო ცხვირიო.
გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით ვგრძნობდი თავს. აივანზეც კი არ მიშვებდა დედაჩემი თავისი პარანოიის გამო, იქნებ სადმე სნაიპერია ჩასაფრებული და არ გესროლოსო. ამაზე მართალია მეცინებოდა გუნებაში, მაგრამ ისე მკაცრად და სერიოზულად მიკონტროლებდა თითოეულ ნაბიჯს, საპირფარეშოში რომ ჩავდიოდი, იქაც მომყვებოდა და კარებში დარაჯივით მედგა.
არა და, როგორ მინდოდა მამას და კობა ძიას გავყოლოდი და მეც ჯეიმს ბონდობანა მეთამაშა. ცოტა არ იყოს, მწყინდა კიდეც ეს ამბავი, იდეა ხომ ჩემი იყო და მე რატო არ მაძლევდნენ არაფრის უფლებას? იმ შმაგის მათზე ნაკლებათ ვუთვალთვალებდი ვითომ?
გვიანობამდე ეღვიძა დედაჩემს და მასთან ერთად მეც. მართალია, ვიწექი და საბანი თავზე მქონდა წაფარებული, მაგრამ მაინც მესმოდა მოუსვენრად რომ დადიოდა ოთახის ერთი კუთხიდან მეორისკენ და დაბალი ხმით ბუტბუტებდა. ალბათ, ღმერთს შესთხოვდა მათეს ჯანმრთელობას და სახლში მშვიდობით დაბრუნებას.
გამთენიისას დაბრუნდნენ მამა და კობა ძია. მართალია მეძინა, მაგრამ მეორე ოთახიდან მათმა და დედაჩემის ჩურჩულმა გამაღვიძა. თავი არ გამიმჟღავნებია რომ მეღვიძა, ყურთასმენა დავძაბე და სულგანაბული ვუსმენდი მათ თითოეულ სიტყვას.
თურმე, ვიღაც ალიკას დაუნახია, წითელმა პიკაპმა გიჟივით რომ ჩაიქროლა, შმაგი ლანძღვა-გინებით და ქვების სროლით მისდევდა, აქეთ გამოვლილი აღარ დაგინახო შე ლაწირაკოვო.
_გამოდის, ლუკას ნათქვამი სიმართლესთან ახლოსაა და მათე მართლაც იმ ბიჭმა დაიჭირა?_დედაჩემს ცოტა ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი და მამაჩემმა მაშინვე გააჩუმა.
_არ არის გამორიცხული. ისეთი შენძრეული ვიღაცაა, ბოდიში შენთან ამ სიტყვაზე, რომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი._აჩურჩულდა ბიძაჩემიც._შეიძლება, ერეკლემ მათეს დაკარგვის შესახებ რომ განაცხადა, სახელდახელოდ გადამალა საკუთარი და და მანაც გაითამაშა მისი დაკარგვა, რომ ეჭვი მასზე არ მიგვეტანა.
_კარგი და, როცა მათე დაბრუნდება, ვერ იტყვის რა და როგორ იყო?_ახლა მამაჩემი აჩურჩულდა._რაღაც არ მგონია ასეთ სერიოზულ შარში გაეყო თავი.
_გაუჭირდება პატარა ბავშვის დაშინება თუ რა? ან... იქნებ..._ბოლო წინადადებაზე ენა რომ დაება, მივხვდი რაც იგულისხმა და ცივმა ოფლმა დამასხა.
_რაა?!_ისევ ხმამაღლა წამოიყვირა დედაჩემმა._მოკლა უკვე და სადმე გადამალა მისი ცხედარი?
_დაწყნარდი თაკო რაა. ამის ნაბოდვარს ყურს ნუ უგდებ. არც მთლად მასეთი მხეცი და კაცის მკვლელია ის ბიჭი... შენ კიდევ, მოკეტე!_ახლა ბიძაშვილს მიუბრუნდა მთელი სიმკაცრით._ვერ ხედავ ისედაც ცუდადაა, განიცდის შვილის გაუჩინარებას და კიდევ შენი გულის გახეთქვა უნდა?
მგონი, კობა ძია საერთოდ გავიდა ოთახიდან, რადგან კარების გაჯახუნების ხმა გავიდე, მამა კი, ისევ დედას აწყნარებდა.
_არ მჯერა რასაც კობა ამბობს, მაგრამ შენ რომ დაიმშვიდო გული, სოფლის განაპირას ძველი სახლი უყიდია, ანგრევს რომ ახალი პროექტით უნდა ააშენოს. საღამოს წავალ და ყოველ კუთხე კუნჭულს შევამოწმებ. თუ წაყვანა იყო, იქ წაიყვანდა.
_საღამოს რატო უნდა ელოდო? ახლა რომ წავიდეთ?_ისევ ატირდა დედაჩემი._მეც მინდა წამოსვლა, ჩემი შვილი მინდა მოვძებნო. იცოდე, უჩემოდ არ წახვიდე!
_დაწყნარდი. გპირდები, რომ წაგიყვან. ოღონდ დღისით ვერა. კერძო საკუთრებაა და კანონიერად იქ შესვლის უფლება არ გვაქვს. ქურდულად უნდა შევიპაროთ. ოღონდ, ახლა ცოტას დავისვენებ, შენ თუ არ გეწყინება.. არც გუშინ ღამ მეძინა და არც წუხელ. ცალკე ამ ნერვიულობამ დამღალა.
დედას არაფერი უთქვია მამასთვის. თუმცა, ეს დუმილი ყოველთვის თანხმობის ნიშანი იყო მისი მხრიდან.
ცოტა ხანს კიდევ იჩურჩულეს. მერე კი ორივე ერთდროულად გაჩუმდა. მივხვდი, ორივეს ჩაეძინა. სასწრაფო წესით წამოვხტი საწოლიდან, ტანსაცმელი ჩავიცვი და უხმაუროდ გამოვიპარე ჩემი ოთახიდან.
წინა ოთახში დედას და მამას მართლა ეძინათ დივანზე გვერდიგვერდ ნახევრად მიწოლილებს. ფრთხილად მივაფარე ორივეს პლედი და იქიდანაც ფეხაკრებით გამოვიპარე. ვნატრობდი, ნორა ბაბო არ შემხვედროდა არსად და ასე აგიხდათ ყველას ნატვრა, როგორც მე.
ეტყობოდა, რომ მთელი ღამე ეთოვა, რადგან კოჭს კარგად იყო უკვე აცდენილი თოვლის საფარი.
დიდი სიფრთხილით გავაღე ჭიშკარი და გარეთ გავედი. ჯერ კი მოფიქრებული არ მქონდა, როგორ უნდა მიმეგნო შმაგის სახლისთვის, მაგრამ რაც შემეძლო ჩქარი ნაბიჯებით ვშორდებოდი სახლს, რომ დედას და მამას არ გაეგოთ ჩემი გამოპარვა და სახლში არ დავებრუნებინე. ცალკე, თეთრი ფერის მანქანას თუ დავლანდავდი შორიდან, იმაზე ვზუზავდი, შმაგი არ ყოფილიყო და უარესად არ ვეცემე.
ტყის მიმართულებით წავედი, რადგან იქ ხალხი ნაკლები იყო და ხიფათიც ნაკლები შემხვდებოდა. სიცივეში ხელები საშინლად გამეყინა და ჩემი თეთრი ქურთუკის ჯიბეში ჩავიწყე მაშინვე. იქ რაღაც ფურცელი მომხვდა ხელში და გამახსენდა, ჯონიმ თავისი ნომერი რომ მომცა. ცოტა კი ვიყოყმანე, მაგრამ მაინც დავურეკე. ჩემი ადგილმდებარეობის მიახლოებითი კოორდინატები ვუთხარი როგორც შევძელი და მოთმინებით დაველოდე მის გამოჩენას.
ჩემდა გასაოცრად მალევე მოვიდა.
მანქანაში ჩავუჯექი თუ არა, მაშინვე მთელი სერიოზულობით ვკითხე, შემეძლო თუ არა მისი ნდობა.
ჯერ გაოცდა. მერე მანაც მთელი სერიოზულობით მითხრა, რომ ასი პროცენტით შემეძლო მისი ნდობა.
_ხო და მისმინე. შმაგი სად იშენებს სახლს, იცი?
დაეჭვებულმა დამიქნია თავი.
_იქ მიმიყვანე და დამტოვე.
_კი, მაგრამ რატო?_გაუკვირდა.
_რაც გითხარი ის გააკეთე... რაც ნაკლები გეცოდინება, შენთვისვეა უკეთესი.
_ცოტა მაშინებ._სერიოზული გამომეტყველებით შემომხედა._ან, მეტყვი რა ხდება, ან არა და სხვა გიდის მოძებნა მოგიწევს.
ძალიანაც არ მინდოდა ჩემი ეჭვების შესახებ მასთან საუბარი, მაგრამ გონების თვალით რომ გადავხედე არსებულ სიტუაციას, სხვას ვერავის ვერ მოძებნიდი ასე უცბად. მოძებნა იქით ყოფილიყო, ვერ ვენდობოდი.
_გახსოვს, გუშინ მითხარი, შენმა ძმამ მანქანით ჩამიარა და თხრილში გადამაგდოვო? მათეს ნამოქმედარს არ გავს ეგ. თავს დავდებ, ის ასე არ მოიქცეოდა. დაინახე საჭესთან რომ ის იჯდა?
ცოტა დაფიქრდა და ისე მითხრა:
_მაშინ არა, მაგრამ მანამდე ვნახე.
_მგონია, რომ შმაგიმ შესაშინებლად გაიტაცა და საჭესთანაც ის იჯდა. ბირჟაზე დავინახე მისი მართვის მანერა, გიჟივით რომ მოქანდა თავისი ბეემვეთი... სადაც სახლის მშენებლობას აპირებს, იქ ნანგრევებიც ყოფილა და რატომღაც მგონია, რომ იქ ეყოლება, თუ მართლა მას ყავს...
ჯონი სერიოზულად ჩაფიქრდა. მერე, კეფა მოიქექა ხმაურით.
_ზუსტად იმ სახლისკენ მიმავალ გზაზე დავინახე მამაშენის პიკაპიც. გამიკვირდა კიდეც, აქ რა უნდა-მეთქი._რაღაც იდუმალებით მოცული ხმით მითხრა და მაშინვე ძრავა აამუშავა.
გამიხარდა, გამოდის, სწორ გზას ვადექი და ჩემი ძმის პოვნის სურვილით შეპყრობილმა მადლიერი თვალებით შევხედე ახლადშეძენილ მეგობარს.
მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ. ერთადერთი საფიქრალი მხოლოდ ის მქონდა, მარტო როგორ გავმკლავებოდი იმ ახმახ შმაგის. თუ იქ ყავდა მართლა ჩემი ძმა, უმეთვალყუროდ არ დატოვებდა და შეუმჩნევლად მოქმედება იყო საჭირო.
თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო ჯონიმაც, მანქანა მოშორებით შეაჩერა და ფეხით განვაგრძეთ გზა. ტყის მიმართულებით მივდიოდით. სოფელს ცოტა რომ გავცდით, მართლაც გამოჩნდა ნახევრად დანგრეული ძველი შენობა. მის სიახლოვეს გავჩერდით და შორიდან შევათვალიერეთ მიმდებარე ტერიტორია.
_ღამის მერე არავინ ყოფილა აქ._დაასკვნა ჯონიმ.
_რას ატყობ?_გამიკვირდა.
გაოცებულმა შემომხედა, როგორ ვერ ხვდები ამასო და მოგვიანებით განმანათლა.
_თოვლზე არანაირი კვალი არ ჩანს. წუხელ, თორმეტის მერე დაიწყო თოვა და დილამდე არ გადაუღია.
მასეთ რაღაცეებს ხომ მამაც გვასწავლიდა მე და მათეს და მაინც რატო გამომრჩა მხედველობიდან, არ ვიცი. საკუთარ თავზე გავბრაზდი ასეთი უგულისყურო და დაუკვირვებელი რომ ვიყავი. გამწარებულმა ვიკბინე ტუჩზე და პირში მოტკბო-მომლაშო გემო რომ ვიგრძენი, მივხვდი, სისხლი დამედინა ისევ. სხვათა შორის, სხვა მხრივაც გამეხსნა გონება და ჯონის მივუბრუნდი.
_ახლა რომ შევიდეთ, ჩვენი ნაფეხურები დაეტყობა. რა ვქნათ?
_ჩვენც მთავარი შესასვლელიდან ნუ შევალთ, რომ თვალში ადვილად არ მოხვდეს ვინმეს. შეგვიძლია, ვენახის მხრიდან გადავძვრეთ ღობეზე.
_იქ რა, არ დაემჩნევა ნაფეხურები?_მიამიტურად შევხედე ჩემზე მეტად გამოცდილ და მეტის მცოდნე ბიჭს.
_როგორ არა, მაგრამ თვალში ადვილად არავის მოხვდება. თან, ფიჩხები მოვითრიოთ უკან და ფეხსაცმლის კვალი წავშალოთ.
ჭკუაში დამიჯდა მისი ნათქვამი. ღობიდან მოზრდილი ხის ხმელი ტოტები გამოვაძვრინეთ, ცოტა კი გაგვიჭირდა გადაძვრომა ეკლიან ღობეზე, მაგრამ მაინც გადავძვერით და ვენახის მიჯნას გავუყევით. თან, უკან ხის ტოტებს მოვათრევდით და ჩვენს ნაფეხურებს ვშლიდით.
_კარგია, თეთრი ქურთუკი რომ გაცვია, ადვილად ვერ შეგნიშნავს ვერავინ.
მე, მართალია, ჩემი სიამოვნების გულისთვის მეცვა, მაგრამ დიდად შევიფერე, სპეციალურად ჩავიცვი-მეთქი. სულ არ მომფიქრებია ის, რომ მართლაც ძნელად შესამჩნევი ვიქნებოდი.
ვენახიდან პირდაპირ ეზოში გავედით, სადაც ნახევრად დანგრეული სახლი იდგა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს საშინელებათა ფილმის პერსონაჟები ვიყავით მე და ჯონი და საიდანღაც ზომბი ან ვამპირი გამოგვიხტებოდა.
_ხომ არ გეშინია?_მგონი, ჩემი ფიქრები წაიკითხა ჯონიმ.
ცოტა-მეთქი, ვაღიარე.
გაეღიმა:
_შენ კიდე თავიდან მიშორებდი და არ გინდოდა რომ მეც შენთან ერთად წამოვსულიყავი.
მაგაში კი მართლა ვტყუოდი, სად მარტო და სად უშიშარ და ჩემზე მეტის მცოდნე თანმხლებთან ერთად.
ნანგრევებს ფრთხილად გადავაბიჯეთ და კარი მოვძებნეთ, რომელიც ისე საგულდაგულოდ იყო ჩარაზული, თითქოს სხვა მხრიდან შესვლა უპრობლემოდ არ შეიძლებოდა.
ჯონიმ დიდი ჯაჯგურის და წვალების მერე საზარელი ჭრიალით შეაღო კარი და პირველი თვითონ შევიდა.
მე ცოტა შიშით მივყევი უკან.
_ცოტა კი, საშიშია აქ ყოფნა, შესაძლებელია რომ კედლები ზედ ჩამოგვექცეს, სიძველისგან ისეა მორყეული, მაგრამ თუ კი მათეს პოვნა გვინდა, უნდა გავრისკოთ. რას იტყვი, არ გვიღირს თავგანწირვად?
_მე კი მიღირს, მაგრამ... შენ?_ინტერესით შევხედე.
_შეიძლება შენ არ იცი, მაგრამ მე და მათე ძმებივით ვართ. არანაკლებ შემტკივა მეც მის გამო გული... ისე, ეგ აზრი ვინ მოგაწოდა, რომ შეიძლება შმაგის ყავდეს გატაცებული?_გაჩერდა და ინტერესით ჩამხედა თვალებში._ვინმემ რამე დაინახა?
პასუხის გაცემა გავაჭიანურე. კი ვენდობოდი ამ ახლადგამომცხვარ ჩემს უცნობ მეგობარს, მაგრამ არც მთლად ისე, რომ უკლებლივ ყველა საიდუმლო გამენდო. დარწმუნებული არ ვიყავი იმაში, რომ შმაგისთან არ იყო შეკრული და მისი დავალებით არ მოქმედებდა. მოკლედ, სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა, როგორც ამას ნორა ბაბო იტყოდა და ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებდი.
_კარგი, წყაროს დასახელება თუ არ გინდა, ნუ იტყვი. მოდი, შევამოწმოთ ტერიტორია. თუ მართლა შმაგიმ გაიტაცა და თუ აქ ყავდა, მცირეოდენი კვალი მაინც დარჩებოდა როგორც არ უნდა მოესუფთავებინათ.
ასეც მოვიქეცით, ყოველი კუთხე კუნჭული მართლაც რომ დაგეშილი მეძებრებივით გულდასმით შევამოწმეთ. სიმართლე ვთქვა, იმედი კი მქონდა დიდი, რომ რამეს მივაკვლევდით, მაგრამ უშედეგოდ, ნახევრად ნანგრევებად ქცეულ სახლში არაფერი იყო.
_გამოდის, შმაგის არ ყოლია გატაცებული._გაწბილებულმა ამოვიოხრე და ერთ ერთ მოზრდილ ქვაზე ჩამოვჯექი.
_ან, აქ არ ყოლია._იდუმალი ხმით შემისწორა ჯონიმ._ყველამ იცის, რომ ეს მისი ტერიტორიაა და ვინმეს რაიმე ეჭვი რომ გასჩენოდა, პირველ რიგში აქედან დაიწყებდნენ ძებნას. არ მგონია ისეთი სულელი იყოს, რომ გატაცებული ბიჭი აქ მოეყვანა.
მგონი, სიმართლეს ამბობდა ეს ბიჭი. ასეთ სისულელეს მართლა არ ჩაიდენდა. კობა ძიამ, მამაჩემმა და მე კი, ეს ვერ გავიაზრეთ.
_მოდი, ერთხელ კიდევ დავათვალიეროთ აქაურობა და მერე მოვხიოთ თორემ, ის გიჟი თუ მოვიდა შემთხვევით, კარგი დღე არ დაგვადგება.
მაშინვე წამოვდექი, რადგან ნამდვილად არ მაწყობდა იმ ტროყის მუშტების გემო მეგრძნო ისევ.
_გინდა, გავიყოთ და ცალ-ცალკე მოვათვალიეროთ, ასე უფრო დროს დავზოგავთ და მალე მოვშორდებით ამ საზარელ ადგილს.
ცოტა კი მეშინოდა, მარტოს მებოდიალა ამ ნანგრევებში, მაგრამ მათეს გამო დავძლიე შიში და მართლაც გავიყავით: მე აღმოსაცლეთის მხარე მოვათვალიერე, ჯონიმ კი დასავლეთისა. მგონი, ამჯერად უფრო ყურადღებით ვათვალიერებდი, რადგან ფანჯრის სიახლოვეს რაღაც მბზინავს მოვკარი თვალი. ის იყო, მივუახლოვდი და უნდა ამეღო, რომ ჯონიმ შემომხედა, ვერაფერი ვიპოვე და თუ შენც მორჩი ძებნას, წავიდეთო.
_წავიდეთ, აქ მართლა არაფერია._უმალ დავფაცურდი, ოთახიდან გამოვედი და ჯონისთან ერთად ისევ ვენახის გავლით დავაპირეთ აქედან გასვლა._ტყუილა ჩავიგდეთ თავი საფრთხეში... მაგრამ... გეფიცები, სხვანაირად არ შემეძლო.
_ვიცი ძმაო, რას მებოდიშები?_ჯონი წინ წავიდა და მე უკან მივყევი.
მერე, ჯიბეები მოვიქექე.
_უხ, შენი! სანთებელა იქ დამრჩა. წავალ მოვიტან. იარე და დაგეწევი._მივაძახე წინ წასულს და ისევ ოთახში შევბრუნდი.
იმ ბრჭყვიალა რაღაცას ადვილად მივაგენი. სასწრაფოდ ჩავიდე ჯიბეში და იქიდან სირბილით გამოვედი. ჯონის თითქმის ნახევარი გზა გაევლო უკვე და ძლივს წამოვეწიე ტოტის თრევით.
მანქანაში რომ ჩავსხედით, დედამ დამირეკა, სად ხარო.
მალე მოვალ-მეთქი დავამშვიდე, მაგრამ მგონი უფრო გავაბრაზე.
_მე ის გკითხე, როდის მოხვალ? სად ხარ ადამიანო, რატო არ გესმის, რომ სახლიდან გარეთ არ უნდა გახვიდე?
_კარგი რაა დეე, მეგობართან ვარ, მანქანით გავედით და მოვდივარ უკვე.
_შენ ალბათ ჩემი ლაპარაკი არ გესმის და სხვა ზომებია საჭირო, რომ მივიღო. ხუთ წუთში აქ იყავი იცოდე!
ზუსტად ხუთ წუთში ვერა, მაგრამ ცხრა წუთში კი მივედი სახლში. არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ როგორ მეჩხუბა დედა და როგორ გამომკეტა ოთახში. თავიდან, სანამ მეჩხუბებოდა და მე კი თავს ვიცავდი, სულ აღარ გამხსენებია ის ბრჭყვიალა ნივთი, შმაგის სახლში რომ ვიპოვე. მერე კი, რწმუნებული მოვიდა ისევ და ახალი ამბავი მოგვიტანა: თურმე, რამოდენიმე მოწმე ყოფილა იმისა, რომ რაიონის კაფე-ბარში მათეს და მათიკოს ევახშმათ ერთად.
_ბოლოს ისინი ერთად ნახეს და კიდევ დამიწყებ იმის მტკიცებას, რომ შმაგიმ გაიტაცა შენი ძმა?_ისეთი ნიშნისმოგებით მკითხა რწმუნებულმა, თითქოს ამაზე მეტი სადარდებელი არაფერი ქონოდეს.
_თქვენ კიდევ ისევ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ჩემმა ძმამ გაიტაცა ის გოგო?_უხეშად მივახალე პირში._თქვენი მოწმეებიდან ერთ-ერთმა მაინც თუ გითხრათ, რომ იძულებით იჯდა ჩემი ძმის გვერდით და ისე ვახშმობდა?_გამარჯვებულის იერით შევხედე თან.
_მისმინე შვილო._მცირეხნიანი პაუზის მერე თითქოს ცივი წყალი გადამასხა რწმუნებულმა._ვახშმობა სულ სხვა რამეა. ნებაყოფლობით ივახშმა მასთან, მაგრამ შეიძლება მოტყუებით წაიყვანა მერე.
_ბევრი რამე შეიძლება, მაგრამ თქვენ მაინც იმ ვერსიას აწვებით, რომ ჩემი ძმაა მოძალადე?_ლამის ბოლო ხმაზე ვუყვირე კაცს.
დედას ხმა არ ამოუღია, რაც იმას მოწმობდა, რომ მიწონებდა საქციელს. აი, მამამ კი, მისაყვედურა და ჩემს ოთახში მკაცრად მიბრძანა გასვლა. ძალიანაც არ მინდოდა ისევ იმ გალიაში გამოკეტვა, მაგრამ მამა დათმობაზე არ წავიდა. უფრო მეტიც, ბოდიშიც კი მომახდევინა იმ თვითკმაყოფილი იდიოტისთვის.
ერთი სული მქონდა გამეგო, რაზე საუბრობდნენ მისაღებ ოთახში და მივაყურადე კიდეც, მაგრამ ზუსტად იმ დროს ჯონიმ დამირეკა და შემაკრთო. სანდო წყაროდან გავიგე, რომ ტყის შუაგულში ქოხი ყოფილა, სადაც თურმე მონადირეები ათენებენ ღამესო.
_შუადღისით მოახერხებ, რომ წავიდეთ სანახავად?_ბოლოში ჩურჩულით დაამატა.
ტყესთან დაკავშირებით ცოტა არ იყოს ცუდი მოგონებები მქონდა ამ ახლო წარსულიდან და არ მინდოდა იქ ხელმეორედ დაბრუნება. თუმცა, მათეს შესახებ რაიმე სიახლის გაგება, ყველაზე მეტად მინდოდა. თან, როგორ მოვახერხებდი სახლიდან ისე გასვლას, რომ დედას არ გაეგო, არ ვიცოდი.
_დღეს დაუკითხავად რომ გამოვედი სახლიდან, დედაჩემი გაბრაზდა. დასჯილი ვარ. მისი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. თუმცა, შევეცდები, როგორმე გამოვიპარო.
_კარგი, შალვაც მოდის და თუ რამეა, მე და ის მაინც წავალთ. მასაც არ სჯერა, რომ მათიკო და მათე გაიპარნენ. ნელ-ნელა მეც ასი პროცენტით ვრწმუნდები ამაში.
დავპირდი, რომ ყველანაირად შევეცდებოდი სახლიდან გაპარვას და მათთან ერთად წავიდოდი იმ ქოხის სანახავად. დრო და ადგილი დავთქვით, სადაც უნდა შევხვედროდით ერთმანეთს და ტელეფონი გავუთიშე.
რწმუნებული მალე წავიდა ჩვენი სახლიდან. რაზე ილაპარაკეს ან რაზე შეთანხმდნენ, ვერ გავიგე. არა და ყველაზე მეტად მგონი მე მაინტერესებდა ეს ამბები.
_გამოდის, კაფეში ერთად იყვნენ მათე და მათიკო._ხმამაღლა დავიწყე ფიქრი და თან ოთახში ნერვიულად მოვყევი სიარულს._გაპარვა რომ სდომოდათ, ან მათეს მისი მოტაცება, ასე საქვეყნოდ საჯარო ადგილში გამოჩნდებოდნენ ვითომ? დარწმუნებული ვარ, სახლში რომ მიაცილა, მაშინ დაესხა ის ახმახი თავს ჭკუის სასწავლებლად._ჯიბეებში ხელები ჩავიყავი და ერთ-ერთში რაღაც მყარი რომ მომხვდა, მაშინღა გამახსენდა, რომ შმაგის სახლში რაღაც ვიპოვე. მაშინვე ამოვიღე და დაკვირვებით შევათვალიერე.
გვირილის ფორმის ვერცხლის საყურე იყო. გამახსენდა, რომ ზუსტად ასეთი ფორმის კულონი მათეს ქონდა ჯიბეში, მათიკოსთვის უნდა ეჩუქებინა. ეჭვგარეშე იყო, რომ ეს საყურეც მათიკოს ეკუთვნოდა. გამოდის, მათიკო იმ ნანგრევებში იყო. მართალია, ის ტერიტორია მის ძმას ეკუთვნოდა და ნებისმიერ დროს შეეძლო იქ მისვლა და დათვალიერება, მაგრამ მე მაინც საეჭვოდ მომეჩვენა ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვიყავი რატომღაც, რომ იქ ჩემს ძმასთან ერთად იქნებოდა. იქნებ, ტყის ქოხში წასვლას ისევ იქ დაბრუნება და ყველაფრის უფრო დაკვირვებით დათვალიერება აჯობებდა? თუმცა, არც ის იყო გამორიცხული, რომ იმ სახლიდან იქით გადაეყვანათ ჩემი ძმა. ახლა, მთავარი ის იყო, როგორ გავპარულიყავი სახლიდან. ყველაფერი კი, ისე აეწყო, რომ არაფერზე ზრუნვა აღარ დამჭირდა. დედა და მამა რაიონში წავიდნენ იმ კაფეს სანახავად, სადაც მათიკომ და მათემ ივახშმეს. მეც შემომთავაზეს, თუ გინდა წამოდიო, მაგრამ დაღლა მოვიმიზეზე, უნდა გამოვიძინო-მეთქი. დედამ სასტიკად გამაფრთხილა, სახლიდან ფეხი არ გაადგაო და ბაბოს ჩააბარა ჩემი თავი.
მათი წასვლის მერე საწოლზე ბალიშები დავალაგე, ზედ პლედი გადავაფარე და იმის იმიტაცია შევქმენი, ვითომ ვიწექი და მეძინა. მერე, ბაბოს დავუყარაულდი, საპირფარეშოში შევიდა თუ არა, მაშინვე გარეთ გამოვვარდი და დათქმული ადგილისკენ სულ თავპირისმტვრევით წავედი. პირველი მე მივედი იქ და ჯონის დავურეკე. ჩვენც მოვდივართ უკვეო, დამამშვიდა.
ხუთ-ათ წუთში მართლაც მოვიდნენ. მეც ჩავჯექი მანქანაში და ტყეში წავედით.
შალვას ხელით შედგენილი რუკა ქონდა. ზუსტად მათაც არ იცოდნენ სად მივდიოდით, მაგრამ ოდნავადაც არ შემშინებია იმისა, რომ გზა აგვებნეოდა და დავიკარგებოდით. ჯერ ერთი, მანქანით ვიყავით და მეორე, ადგილობრივებიც იყვნენ ჩემს გვერდით და ჩემზე კარგად იცნობდნენ ამ ტერიტორიას.
ბევრი ვიარეთ. რამდენჯერმე უკანაც მოგვიწია გამობრუნება, რადგან მივხვდით, რომ არასწორი მიმართულებით მივდიოდით.
_არაფერი მესმის, აქ ეგრეა აღნიშნული._გულწრფელად სწუხდა შალვა და განძის მაძიებელივით ჩაჰკირკიტებდა რუკას.
_ვინც გითხრა, რომ ის ქოხი ტყეშიაო, იმან დაგიხაზა ეგ რუკა._სიბრაზე ეპარებოდა უკვე ჯონის, რადგან ისეთ ადგილებში დავდიოდით, რომ რამდენჯერმე მანქანას მიწოლაც კი დასჭირდა.
_პაპაჩემმა მითხრა და მე დავხაზე.
_პაპაშენმა? იმ სკლეროზიანმა?_აშკარად აღშფოთდა ჯონი და მანქანა შეაჩერა_იმ ბებრის მონაჩმახის გჯერა? მე კიდე მეგონა, რომ ვინმე საიმედომ გითხრა.
_ხო, სკლეროზიანია, მაგრამ წარსული არაფერი დავიწყნია. აწმყო ერევა ხოლმე, ისიც ხანდახან._პაპის დაცვა სცადა შალვამ._ის ძველი მონადირეა. ყოველთვის იმ ქოხში რჩებოდა, როცა დაუღამდებოდა ხოლმე. ბაბომაც დამიდასტურა ეს...
_კარგი რაა, სიზმარი და ცხადი ვეღარ გაურჩევია იმ კაცს ერთმანეთისგან... თან, ეგეც რომ არ იყოს, ათეული წლებია უკვე გასული და რომც ყოფილიყო, ახლა უკვე აღარ იქნება.... ჯობია, სახლში დავბრუნდეთ. არ მინდა, რომ ტყეში დავიკარგო და სადმე დათვს ან მგელს გადავაწყდე.
_მგელი კიდე ხო, მაგრამ ამ ტყეში დათვს რა უნდა?_ახლა შალვამ დასცინა მეგობარს.
მე კი, მათი კინკლაობა მაღიზიანებდა უკვე. ჩემი ძმის გაუჩინარებას მე სერიოზულად ვეკიდებოდი და ესენი კიდე ღლაბუცობდნენ.
ჯონიმ მართლაც შემოაბრუნა მანქანა და სახლში წამოსვლა დავაპირეთ.
_ერთიც ვცადოთ იმ მოსახვევში._თითქმის მუდარაზე გადავიდა შალვა._და მორჩა, გპირდებით, ხმას აღარ ამოვიღებ.
ჯონიმ მე გადმომხედა რას ვიტყოდი. არც მე მქონდა შალვასავით დიდი იმედი იმ ქოხის ნახვისა, მაგრამ მაინც დავთანხმდი, ერთიც ვცადოთ-მეთქი.
შალვა ისევ რუკას ჩაჰკირკიტებდა და თან შიგადაშიგ ჯონის მითითებებს აძლევდა. ერთ-ერთ გზაჯვარედინზე მარცხნივ გადავუხვიეთ და შედარებით კარგ გზაზე გავედით. აშკარად მოძრაობდნენ აქეთ მანქანები.
_აშკარად სწორ გზაზე მოვდივართ._გამოცოცხლდა შალვა._მანქანას მინა ჩაუწია და ნახევარი ტანით გადაეყუდა._აგე, ის ფუღუროიანი მუხაც._უარესად აცქმუტდა ერთ ადგილზე._ახლა მარჯვნივ გადაუხვიე და პირდაპირ იარე!_ახალი ბრძანება ისე გასცა, მანქანაში არ დაბრუნებულა.
ჯონიმ ცოტა უწადინოდ, მაგრამ მაინც გადაუხვია მისი მითითებისამებრ.
_ნახეთ, იქით ვიღაც ყოფილა. საბურავების კვალი ეტყობა._უარესად აყვირდა შალვა.
მანქანის ნაკვალევი მე და ჯონიმაც დავინახეთ.
_რა გიხარია? ურალის ნავალია, ტყეში შეშაზე დადის ხალხი._უმალ მოუსპო ჯონიმ მეგობარს სიხარულის სურვილი.
_აი, ნახე, თუ არ მივადგეთ იმ ქოხს!_ფარ-ხმალს არ ყრიდა შალვა და ისევ ფანჯარაში გადაყუდებული აკვირდებოდა გზას.
არ ვიცი, მართლა დარწმუნებული იყო იმ ქოხის არსებობაში, თუ, უბრალოდ, არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ როგორც ჯონიმ უთხრა, სკლეროზიან პაპამისს სიზმრისა და რეალობის გარჩევა უჭირდა და არაფერი დაეჯერებოდა. ჯიუტად იმეორებდა ერთი და იგივეს, რომ სწორ გზას ვადექით და მალე იმ იდუმალ ქოხსაც ვიპოვიდით.
ალბათ, ასეთიც უნდა იყო ადამიანი. ყოველთვის უნდა გწამდეს საკუთარი თავის და არასდროს დანებდე, რადგან სადღაც გადაკარგულში მართლაც მივაგენით იმ ქოხს. ვერ ავღწერ იმ სიხარულს, რაც შალვამ განიცადა მაშინ. მგონი, ქრისტეფორე კოლუმბს არ გახარებია ამერიკის აღმოჩენა ისე, როგორც მას იმ ქოხის პოვნა.
სამივემ ერთდროულად შევნიშნეთ მგონი ფიცრული ნაგებობა. მათი არ ვიცი, მაგრამ ჩემმა გულმა კი გამალებით დაიწყო ძგერა. წარმოდგენა არ მქონდა რას ვიპოვიდით იქ, მაგრამ მისი პოვნა უკვე რაღაცას ნიშნავდა.
მანქანა მოშორებით გააჩერა ჯონიმ, რადგან იმ ქოხთან მისასვლელი სამანქანო გზა არ იყო. დაძაბულები ფეხით გავუყევით იქამდე გზას, რომელიც დაახლოებით ორმოცდაათი მეტრი თუ იქნებოდა. თან, მიდამოს ვზვერავდით, რათა არაფერი გამოგვპარვოდა.
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როდესაც შიგნით შევედით. ფიცრული ქოხი მისი დაკნინებული ფორმა იყო. გაჭირვებაში თავისუფლად შეძლებდა იქ სამი ადამიანი მაინც ცხოვრებას.
თოვლიდან სიბნელეში რომ შევედით, ცოტა გაგვიჭირდა რამის გარჩევა, მაგრამ მერე და მერე, სიბნელეს რომ შეეჩვია თვალი, ნათლად დავინახეთ ყველაფერი: ფანჯარასთან ღუმელი იდგა. ალბათ, გასათბობად. საწოლებიც იყო, მაგიდაც და სკამებიც. აშკარად იგრძნობოდა ადამიანის კვალი.
_ეტყობა, მონადირეები ახლაც სტუმრობენ ამ ქოხს. კარგად არის მოწყობილი. ნეტა ვისია?_დავინტერესდი.
_საკუთრივ არავისი. მონადირეებისაა. პაპაჩემმა თქვა, ბევრი ღამე გამითენებიაო. კიდევ იტყვი, რომ სკლეროზიანია?_ნიშნისმოგებით კითხა ჯონის, რომელიც გაოცებული პირღია ათვალიერებდა ყველაფერს.
ერთი პირობა, მეც მასე ვათვალიერებდი. მერე კი, შემთხვევით კარის სიახლოვეს საკიდისკენ გამექცა თვალი და ერთ ადგილზე გავიყინე.
_ის... ის... ის... ის მათეს ქურთუკია._ენა დამება მღელვარებისგან და ძლივს ამოვთქვი სათქმელი. თან, თითით ლურჯ ქურთუკზე ვანიშნე.
_რაა?!_შალვამ და ჯონიმ ერთდროულად მკითხეს.
_აბა რომელი?
_დარწმუნებული ხარ?_აქეთ-იქიდან მომაყარეს კითხვები.
ყველაზე წინ შალვა მოეგო გონს, კედელთან მივიდა და ქურთუკი ჩამოხსნა.
_ხო, ეე, მართლა მისია. მაგრამ... გატაცებულის ქურთუკს საკიდზე ვინ ჩამოკიდებდა? ვითომ, მოეწონათ და ასე ფაქიზად მიტომ დაკიდეს?
მართლაც საეჭვო იყო, ნივთმტკიცებას ასე თვალსაჩინოდ რატომ გამოკიდებდნენ?
_ეს რა არის, სისხლია?
სისხლის ხსენებაზე მუხლები ამიკანკალდა, მაგრამ მაინც მასთან გავჩნდი მაშინვე, ქურთუკი გამოვართვი და შევამოწმე. მართლაც სისხლით იყო დასვრილი.
_ეს ზოლებიანი კაშნი მათიკოსი არ არის?_ჯონიმ საიდანღაც შავ-ყვითელ ფერებში გაწყობილი კაშნე მოგვიტანა და თვალწინ გაგვიშალა._ყოველთვის დავცინოდი, ბილაინის ფერებში ხარ გამოწყობილი-მეთქი... მგონი, ესეც სისხლიანია... რა მოხდა ნეტა აქ?
_არ ჯობია, ხელი არაფერს ვახლოთ. ეს ხომ დანაშაულის ადგილია? პოლიციას შევატყობინოთ და ისინი მიხედავენ დანარჩენს.
_რომელ პოლიციას? იმ, თვითკმაყოფილ იდიოტს, იმის მტკიცებაში როა, მათემ გაიტაცა მათიკოვო?_გავაპროტესტე._ჩვენ თვითონ შევამოწმოთ ყველაფერი, იქნებ კიდევ რამე კვალს მივაგნოთ?
ჯონიმაც ჩემი მხარე დაიჭირა და შალვა ვეღარაფერს გახდა. თუმცა, უკან მაინც დაგვყვებოდა და გვაფრთხილებდა, ზედმეტად არაფერს შეეხოთო. არც ერთი არ ვაქცევდით მის თხოვნას თუ ბრძანებას ყურადღებას და მთელი ქოხი ლამის ყირაზე დავეცით. თუმცა, იმ სისხლიანი ქურთუკისა და კაშნეს მეტი ვერაფერი ვნახეთ.
ქურთუკიც და კაშნეც მე ამოვიჩარე იღლიაში და სახლში წამოვიღე. მინდოდა მამასთვის მეჩვენებინა და გარკვეული ზომები მიეღო.
მთელი გზა ხმა არ ამომიღია. თვალმოუშორებლად დავყურებდი სისხლის უფორმო ლაქებს და ცხოვრებაში პირველად ღმერთს შევთხოვდი მათეს კარგად ყოფნას.
ზუსტად ისეთ დროს მივედი სახლში, რომ უკვე ბინდდებოდა და დედაც და მამაც ზუსტად იმ დროს მოვიდნენ კობა ძიას მანქანით. როგორც მოსალოდნელი იყო, დედა ავაზასავით გადმომიხტა მანქანიდან და ლამპიონის შუქზე დავინახე, ჩემი მიმართულებით ისეთი სახით რომ წამოვიდა, გასილაქება არ ამცდებოდა. სანამ ორ ნაბიჯზე მაინც არ მომიახლოვდა, მანამ ვერ შემნიშნა მათეს სისხლიანი ქურთუკი, ჩაბღუჯული რომ მეჭირა და ერთ ადგილზე გაიყინა თითქოს. დავინახე, თვალები რომ აუწყლიანდა, მაგრამ შიშით ხმა ვერ ამოეღო.
_სად იყავი? _დედაჩემის რეაქციისთვის ყურადღება არ მიუქცევია მამას._არ გაგაფრთხილეთ, რომ სახლიდან გარეთ არ გასულიყავი?!
_მარტო არ ვყოფილვარ, მათეს მეგობრებთან ერთად ვიყავი ტყეში და აი რა ვიპოვე._ქურთუკი დავანახე._მათესია.
კობა ძიამ მტაცებელივით გამომგლიჯა ხელიდან ქურთუკი და დაკვირვებით შეათვალიერა.
_სისხლიანია?_ამის თქმა ძლივს მოასწრო, რადგან დედაჩემმა ერთი შეჰკივლა, "ვაიმე შვილოვო" და ისე მოულოდნელად ჩაიკეცა, რომ მისი დაჭერა ვერ მოვასწარი.
მამაჩემმა მაშინვე ხელში აიტაცა გონწასული ყოფილი ცოლი და ეზოში ძუნძულით შეარბენინა.
_დედი!.. ჩქარა, წყალი გამომიტანე!_თან, ნორა ბაბოს გასძახა რაღაც არაადამიანური ხმით.
მე გარეთ დავრჩი. მოულოდნელი სიტუაციით დაბნეულ და შეშფოთებულ ბიჭებს მადლობა მოვუხადე ტყეში წაყვანისთვის და იქვე დავემშვიდობე. ეზოში ვაპირებდი შესვლას, რომ კობა ძია გადამიდგა წინ. გამომკითხა, სად ვიყავი და როგორ ვიპოვე მათეს ქურთუკი.
დამალვა არ მიცდია, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი შმაგის სახლიდან ტყის ქოხამდე. არაფერი გამომიტოვებია და არც არაფერი დამიმატებია
ისეთი სულგანაბული მისმენდა ბიძაჩემი, მგონი თავის დროზე სკოლაში გაკვეთილებზე არ იჯდა ასე. მეგონა, მომიწონებდა მოხერხებულობასა და გამბედაობას, მაგრამ მანაც შალვასავით მისაყვედურა, ეს ნივთმტკიცებები არ უნდა წამოგეღო სახლში, პოლიციისთვის უნდა დაგერეკათ და ექსპერტები მიხედავდნენ მაგ საქმესო.
_ახლა, კვალი წაშლილი იქნება და რაღას გაარკვევენ? თქვენი ანაბეჭდებიც იქნება უხვად დატოვილი.
თითქოს, ვინანე კიდეც, შალვას რომ არ დავუჯერე და იქ არ დავტოვე ხელუხლებელი ყველაფერი, მაგრამ... შინაგანად მაინც საკუთარ თავს ვამართლებდი და ვუწონებდი ნამოქმედარს. პოლიციას თუ რამის გარკვევა უნდოდა, ისედაც მშვენივრად გაარკვევდა ყველაფერს.
სახლში რომ შევედით, დედაჩემი უკვე გონზე იყო, სავარძელში ნახევრად მისვენებული იჯდა და მოთქმით ტიროდა. მართალია, მამაჩემსაც თვალები აწყლიანებული ქონდა და ხმაშიც ბზარი ქონდა გაჩენილი, მაგრამ მაინც ამშვიდებდა და პირდებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და შვილს აუცილებლად ცოცხალსა და საღსალამათს დაუბრუნებდა.
სულით ხორცამდე შემძრა ამ სიტუაციის ხილვამ. არასდროს მომწონდა მათი გადამეტებული ყურადღება და ზრუნვა ჩვენს მიმართ. მათი გაუთავებელი ზარები, როცა სადმე ვიყავით წასულები და იმის კითხვები, სად ვიყავით აქამდე და მალე მივიდოდით თუ არა სახლში. ახლა მივხვდი, რომ ჩვენდამი უზომო სიყვარული აკეთებინებდათ ასე.
ამის მერე მოვლენები კი შემდეგნაირად განვითარდა: კობა ძიამ პოლიციაში განაცხადა, რომ ნადირობისას შემთხვევით გადავაწყდით მონადირეთა ქოხს და იქ კი მათეს სისხლიანი ქურთუკი და მათიკოს კაშნე აღმოვაჩინეთ. უდავო იყო, რომ შეყვარებულები იქ იყვნენ ნამყოფები, მაგრამ რა შეემთხვათ, ეს იყო გასარკვევი. მახსოვს, თბილისიდან რომ ჩამოიყვანეს ექსპერტები და ყველაფერი გულდასმით შეისწავლეს. ექსპერტიზის ანალიზის ჩასატარებლად სისხლის ნიმუშებიც აიღეს და წავიდნენ. მათეს და მათიკოს საქმე კი სისხლის სამართლით აღძრეს და უბნის რწმუნებულის ნაცვლად კობა ძიას ნაცნობ გამომძიებელს გადააბარეს. როგორც წესი, ერთი თვე უნდოდა ექსპერტის პასუხებს, მაგრამ ბატონი მიხეილი ყველანაირად ცდილობდა, რომ დაეჩქარებინა, რადგან მისი თქმით, დაზარალებულ ბავშვებს ამდენი დრო არ ქონდათ.
მათეს ქურთუკიდან და მათიკოს კაშნედან აღებული სისხლის ნიმუშის პასუხები მეხუთე დღეს გახდა ცნობილი. მართალია, ყველას ეჭვი გვქონდა, რომ მათეს ეკუთვნოდა, მაგრამ ოფიციალურად რომ დადასტურდა ეს, რომ იტყვიან, ყველა შეგვძრა ამ ამბავმა. იმ ამბავთან შეგუება არც ერთს არ გვინდოდა, რომ მათე ცოცხალი აღარ იყო. დედაჩემი ლამის ჭკუიდან შეიშალა. მამაჩემი თითქმის ძალით ასმევდა ძლიერ დამამშვიდებლებს და საძილე აბებს. საწყალი ქალი ნარკომანივით გაბრუებული იყო და ლამის მთელი დღე ეძინა. ამის ყურება აღარ შემეძლო და მამაჩემის გაფრთხილების მიუხედავად, მაინც გავდიოდი სახლიდან და ჯონისთან და შალვასთან ვატარებდი გარკვეულ დროს. ხან, უბრალოდ მანქანაში ვისხედით და სავარაუდო ამბებს ვყვებოდით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ხან კი, ჯონის მანქანით დავძრწოდით ტყეში და ტერიტორიას ჯიუტად ვათვალიერებდით იმ იმედით, იქნებ კიდევ რამე გვეპოვა სადმე.
ჩვენმა წანწალმა უშედეგოდ არ ჩაიარა. სადღაც გადაკარგულში, სადაც ჩვენ თვითონ არ ვიცით როგორ აღმოვჩნდით იქ, მამაჩემის წითელ პიკაპს მივაგენით. აშკარად შეგნებულად იყო გადამალული, რადგან რა აღარ ეყარა ზედ, რომ არ გამოჩენილიყო. ერთხანს გაოგნებულები დავყურებდით ხრამის თავიდან წითლად მოელვარე მანქანას. მერე კი, სამივემ ერთდროულად ერთი და იგივე გადაწყვეტილება მივიღეთ და შიშის კანკალით დავეშვით დიდი სიფრთხილით. საშიში მართლაც რომ იყო. ერთი არასწორი მოქმედება და შესაძლებელი იყო რომ დავგორებულიყავით.
მანქანას დიდი არაფერი დაზიანებები არ ეტყობოდა. როგორც ვვარაუდობდით, ზემოდან არ იყო დაგორებული.
_ნეტა საიდან მოიყვანეს ეს მანქანა აქ?_ჯონიმ მიმდებარე ტერიტორია ნაღდი ექსპერტივით შეათვალიერა და ბოლოს დაასკვნა, რომ აქამდე თვითონ ხრამის გავლით მოიყვანდნენ._საიდანღაც ჩამოსასვლელი იქნება და იქიდან ჩამოიყვანდნენ.
მე მაშინვე კარის სახელურს დავეჯაჯგურე, მაგრამ დაკეტილი დამხვდა.
_რა ვქნათ, არც ახლა დავურეკოთ პოლიციას? ეს ხომ ნივთმტკიცებაა?_შალვა ჩვენს პასუხს არც კი დალოდებია, მაშინვე ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ას თორმეტში დარეკა.
მე კი მამას დავურეკე, შენი მანქანა იპოვეს-მეთქი. მერე ჯონი დავალაპარაკე, რომელმაც ზუსტი ადგილმდებარეობის კოორდინატები მისცა და სანამ პოლიცია მოვიდოდა, ის და კობა ძიაც მოვიდნენ.
პოლიცია, სამაშველო ბრიგადის წევრები და ექსპერტი ერთდროულად მოვიდნენ.
თქვენი აქ ყოფნა არ შეიძლებაო, მაშინვე მკაცრად გამოგვიცხადეს და მოშორებით დაგვაყენეს, ხელს ნუ შეგვიშლით საქმიანობაშიო. მეტი გზა რომ არგვქონდა, იქიდან ვაკვირდებოდით ყველაფერს. მხოლოდ მამაჩემი მიიხმეს, რადგან მანქანა მისი იყო და აუცილებელიც კი იყო მისი დასწრება.
ჯერ გარედან შეამოწმეს საგულდაგულოდ. მცირეოდენი დაზიანებები, რაც სავარაუდოდ ეკალ-ბარდებზე ქონდა გაკაწრულები, ყველა ფოტოზე აღბეჭდეს. მერე კი, საკეტი გატეხეს და მანქანა შიგნიდანაც დაათვალიერეს. იქ ნაპოვნი თმის ღერებიც კი არ დაუტოვებიათ უყურადღებოდ. ცელოფნის პაკეტებში ჩააწყეს და დალუქეს. რაღაც მოწყობილობით, როგორც შალვამ გაგვათვითცნობიერა, სისხლის ლაქებს ეძებდნენ და საჭეზე მართლაც იპოვს. ძირს დამტვრეული ტელეფონიც ნახეს, რომელიც მამამ ამოიცნო, მათესიაო. სავარძლებს შორის ჩავარდნილი მოზრდილი ბებუთიც იპოვეს. მამამ, პირველად ვხედავო. შალვამ კი მაშინვე იყვირა, მე ვიცი ვისიც არისო და პოლიციელებთან აღელვებული მიიჭრა.
_მე ვიცი ეგ დანა ვისიცაა! ბევრჯერ მინახია შმაგის ხელში. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მისია! ტარზე მისი ინიციალებია ამოტვიფრული!
ინიციალებთან დაკავშირებით შალვა მართალი აღმოჩნდა და იმაშიც, რომ ის დანა მართლაც შმაგისი იყო. გამომძიებელმა ეჭვმიტანილის სტატუსით რომ დაკითხა და თან დანა აჩვენა, ყველაფერი აღიარა.
თურმე, მათიკოს პაემნის ამბავი რომ გაიგო და მათე მათი სახლის სიახლოვეს დაინახა, დაემუქრა, ჩემს დას არ გაეკარო ახლო, თორემ მოგკლავო. მათეს შეშინებია და იქიდან წამოსულა, მაგრამ მათიკო მაინც გაპარულა სახლიდან და მაინც უვახშმიათ ერთად. საღამოს კი, სახლში რომ დაუბრუნებია, შმაგი მანქანაში ჩახტომია და იმ დანის მუქარით წაუყვანინებია მისი სახლის ნანგრევებთან. ერთი-ორი გაურტყია კიდეც ჭკუის სასწავლებლად. აღიარა, რომ ცხვირიდან სისხლი დაედინაო. მერე, ხელ-ფეხი გავუკარი და ღამე იქ დავტოვეო. დილით რომ მისულა, იქ აღარ დახვედრია არც მათე და აღარც მანქანა. უძებნია კიდეც, მაგრამ მის კვალს ვერ მივაგენიო. სახლში დაბრუნებულს კი მათიკოც აღარ დახვდა იქ.
პირადად მე მისი ნაბოდვარის არ მეჯერა, მაგრამ ის ახმახი ერთი და იგივეს იმეორებდა და თან თავს იდანაშაულებდა, იმ ღამით იქ რომ არ დამეტოვებინა, მათიკოს არ გაიტაცებდაო. ტყის ქოხთან დაკავშირებით არაფერი იცოდა, მე იქ არ მიმიყვანიაო.
ახლა ის ვერსია წამოიჭრა, რომ მათიკომ გაიგო ძმის სისასტიკე, მათე გაანთავისუფლა და ერთად გაიპარნენ. სავარაუდოდ იმ ქოხში მივიდნენ, მაგრამ იქიდან სადღა წავიდნენ? ვითომ, შმაგისი ისე ეშინიათ, რომ საგულდაგულოდ იმალებიან? იქნებ, ჩვენ რომ მივედით იმ ქოხში, ისინიც იქ იყვნენ და იმალებოდნენ?
კობა ძიას ნაცნობმა გამომძიებელმა ეს ყველაფერი რომ გვითხრა, იმ ღამით თვალი აღარ მომიხუჭავს. გეგმებს ვაწყობდი, ისევ წავსულიყავი იმ ქოხში და ყველაფერი უკეთესად დამეთვალიერებინა. შალვა და ჯონი თუ გამომყვებოდნენ, ხომ კარგი და თუ არა, მე მაინც წავიდოდი მარტო.
*************************
დილაუთენია გავიპარე სახლიდან და ჯონის დავურეკე. მალევე მოვიდა სადაც ველოდი. ჩემი გადაწყვეტილება რომ გავაცანი, ცოტა კი იყოყმანა, მაგრამ მაინც დამთანხმდა, შენ მარტო იქ ვერ გაიგნებ გზასო. შალვამ კი უარი გვითხრა. ჯერ ერთი, არ მცალიაო და მეორე, ჩვენც გვირჩია, რომ ჭკუისთვის მოგვეხმო და დავტეულიყავით ერთ ადგილზე. რომ ვერ დაგვიყოლია, მაშინ კი იძულებულმა რუკა გვათხოვა, ამით ადვილად მიაგნებთო და წარმატებები გვისურვა. თან, გაგვაფრთხილა, აუცილებლად გამაგებინეთ ყველაფერი, რასაც გაარკვევთო.
_ნეტა, მაგისი ნაჯღაბნი რუკა რა ჯანდაბად მინდა?_ბრაზობდა ჯონი, როცა უკვე ქოხის გზას დავადექით ტყისკენ._წინა ჯერზე რომ ვიყავით, მშვენივრად დავიმახსოვრე გზა.
_რავი, იქნებ დაგვჭირდეს და გამოგვადგეს._ვამშვიდებდი კი, მაგრამ ფურცელს რომ დავყურებდი, თავსა და ბოლოს ვერ ვუგებდი. რანაირად ქონდა დახაზული, აზრზე არ ვიყავი.
წინა მგზავრობასთან შედარებით ახლა უკეთესად ვიარეთ, რადგან თოვლი ცოტათი დამდნარიყო და მისი საფარიც შეთხელებულიყო.
ჯონის, ჩემგან განსხვავებით მართლაც დაემახსოვრებინა გზა და ისე მალე მივედით ქოხამდე, გამიკვირდა კიდეც. მარტო ეგ კი არა, ქოხის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით იყო შემოფარგლული, რომელზეც შავი ასოებით ეწერა გაფრთხილება: "არ გადაკვეთოთ."
_ფუი, შენი, პოლიციას დაულიქია._უკმაყოფილოდ გადააფურთხა ჯონიმ._თუ გინდა შევიდეთ, მაგრამ შანსი არაა, აქ არავინ იქნება.
მეც ეგ გავიფიქრე ზუსტად და გაწბილებულები გამოვბრუნდით იქიდან. მანქანაში რომ ჩავსხედით, თვითონ ჯონიმ შემომთავაზა, თუ გინდა ტყეც დავათვალიეროთ ახლო-მახლო, იქნებ ისეთი რამე ვიპოვოთ, რაც პოლიციას გამორჩა მხედველობიდანო.
ზუსტად რომ ჩემს გულში იჯდა!
ერთი საათი მაინც ვიხეტიალეთ ქოხის შორიახლოს. ვერაფერი ვერ აღმოვაჩინეთ და სოფლისკენ გამოვბრუნდით, ოღონდ სულ სხვა გზით. უკეთესი გზა იყო და ჯონის ვარაუდით სოფლის შემოსასვლელში გავიდოდით.
ვარაუდში მართლა არ შეცდა, მაგრამ სანამ ტრასაზე გავიდოდით, მანქანა შევაჩერებინე და ერთ-ერთ ბუჩქთან ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მივედი. ის იყო, ქამარი უნდა გამეხსნა, რომ შემთხვევით გვერდით გავიხედე და ჩემს სიახლოვეს რაღაცას მოვკარი თვალი. გამახსენდა შალვას ნათქვამი, რომ ამ ტყეში მგლები დაძრწიანო და გვარიანად შევკრთი. სულ გადამავიწყდა რისთვის ვიყავი გადასული მანქანიდან და ნელ-ნელა უკან დავიხიე. თან იმ რაღაცას, რომელიც ნახევრად თოვლში იყო დამალული და არ ინძრეოდა, თვალმოუშორებლად შევყურებდი.
ეტყობა, ჯონიმ შემნიშნა უკან შიშით რომ ვიხევდი. რა ხდებაო, გამომძახა, მაგრამ შიშისგან ხმა რომ არ გავეცი, თვითონაც გადმოვიდა მანქანიდან ჩემს დასახმარებლად. ზურგიდან რომ მომიახლოვდა, ამან უარესად დამაფეთა.
_რა გჭირს ეე, რა მოგივიდა?
_იქ მგონი მგელია._შიშისგან ხმაწართმეულმა ძლივს ამოვიხავლე.
_მგელი? აბა სად?_და ჩემი გაშვერილი ხელის მიმართულებით გაიხედა._უხ შენი!_შეშფოთებით აღმოხდა._მგელი კი არა, ადამიანია! ნეტა, ცოცხალია._შიშით გაეშურა მისკენ და მეც უკან მივყევი.
სინამდვილეში, რაც მგელი მეგონა, რუხი ქურთუკის ბეწვიანი საყელო იყო. ის ადამიანი კი, შიშით რომ გადმოვაბრუნეთ, მათიკო.
_მათიკო?!_მგონი ჩემზე მეტად გაუკვირდა ჯონის. სასწრაფოდ ყელის არეში პულსი შეუმოწმა._ცოცხალია, სუსტად უცემს. სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ!
_მოიცა, იქნებ მათეც აქვეა სადმე?!
_არა მგონია. თუ იქნება, აქვე იქნება. თუ არა და ტყუილად ნუ დავკარგავთ დროს, ეს არ მოკვდეს!
_შენ ეგ ჩასვი მანქანაში, მანამდე კი მე ჩემს ძმას მოვძებნი!_აღელვებულმა მივაძახე და გიჟივით გავვარდი მათეს მოსაძებნად.
როგორ იწვალა ჯონიმ მათიკოს მანქანაში ჩასასმელად, არ ვიცი, რადგან უკან აღარ მომიხედია. იმედი მქონდა ჩემს ძმასაც ვიპოვიდი და მიმდებარე ტერიტორია ისე გადავჩხრიკე, ნემსი რომ გდებულიყო სადმე, იმასაც კი ვიპოვიდი. თუმცა, ჩემი ძმის კვალს ვერსად მივაკვლიე. ჯონიმ სიგნალი რომ მომცა, დროზე წავიდეთო, არ მინდოდა იმ ტერიტორიის დატოვება, მაგრამ ფაქტი იყო, რომ მარტო მათიკო იყო და მასაც ყურადრების მიქცევა უნდოდა, რომ მართლა არ მომკვდარიყო. გაწბილებული და იმედგაცრუებული ჩავჯექი მანქანაში და რაიონის საავადმყოფოსკენ ლამის მთელი სისწრაფით გავეშურეთ. იმას სულ აღარ დარდობდა ჯონი, პატრული გაგვაჩერებდა თუ არა. ორივე მხარეს ციმციმა ქონდა ჩართული, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ რაღაც გაჭირვება გვქონდა და ყველა ჩვენ გვითმობდა გზას.
საავადმყოფოს ეზოში საბურავების ჭყრიალით შევედით და პანდუსზე ავედით. პირდაპირ შენობის კართან შეაჩერა და მანქანიდან ყვირილით გადახტა, გვიშველეთო. თან, შემინული კარი ხელის ძლიერი კვით შეაღო და შიგნით შევარდა.
მეც გადავედი მანქანიდან და მათიკოს მხარეს გამოვაღე მანქანის კარი. აქამდე უგონოდ მყოფმა მათიკომ თვალები გაახილა. მე რომ დამინახა, ოდნავშესამჩნევად გაეღიმა კმაყოფილს. მივხვდი, მათე ვეგონე.
_მათე არ ვარ, ლუკა ვარ, მათე სად არის?_ჩავძახე სასოწარკვეთილმა და ოდნავ შევაჯანჯღარე, რადგან ისევ მილულა თვალები.
შეჯანჯღარებამ უშველა, რადგან ისევ გაახილა თვალები.
_ლუკა?.. მათეს უშველეთ, მოკლავენ ის მხეცები._ძლივს ამოიგმინა და ისევ დახუჭა თვალები.
_სად არის?!. ვინ მხეცები მოკლავენ?!_ისევ შევაჯანჯღარე პანიკაში მყოფმა, მაგრამ ვიღაცამ უხეშად მომიშორა.
_რას შვრები? თავი დაანებე, ვერ ხედავ ცუდადაა?
ორმა კაცმა მანქანიდან ფრთხილად გადმოიყვანა ისევ გულწასული მათიკო და საკაცეზე დააწვინა. შენობაში რომ შეყავდათ მეც უკან მივყევი, მაგრამ შემაჩერეს.
_უნდა მითხრას სად არის ჩემი ძმა!!! ვინ მხეცები მოკლავენ!!!_ცრემლმორეული ავბღავლდი.
_მაგას პოლიცია გაარკვევს, რომელიც წუთი წუთზე მოვა. თქვენ ორსაც დაგკითხავენ, თუ სად და რა ვითარებაში იპოვეთ ეს გოგო._უხეშად მითხრა დაცვის თანამშრომელმა და ფოიეში სკამზე მანიშნა რომ დავმჯდარიყავი.
დაჯექი ადვილი ნათქვამი იყო, როგორ დავმჯდარიყავი და მომესვენა, როცა ვიცოდი, რომ ვიღაც ახვრები ჩემი ძმის მოკვლას ცდილობდნენ? იმ ჩემი ცოდვით სავსე მათიკომაც მეტი ვერაფერი მითხრა? უარესად ამაღელვა და ამაფორიაქა. ნერვიულად ვცემდი ბოლთას ფოიეს ერთი კუთხიდან მეორისკენ და უკვე მერამდენედ ვუყვებოდი შალვას მათიკოს ნათქვამს.
_ასე თქვა, მათეს უშველეთ, ის მხეცები მოკლავენო... ნეტა, ვინ მხეცები არიან და ან რას ემართლებიან? ნუთუ, შმაგიმ მიუგზავნა ვინმე შესაშინებლად ან თავიდან მოსაშორებლად?
ჯონიც უკან დამყვებოდა და ის ცალკე ოხრავდა და ნერვიულად იმტვრევდა თითებს.
ჩვენს ჯინაზე პოლიციამაც დაიგვიანა და გამომძიებელმაც. (ან, მე მომეჩვენა ასე). ექიმმა მათიკოს დაკითხვის ნება არ დართა გამომძიებელს, ბავშვი ჯერ ისევ შიკშიაო და ამიტომ მე და ჯონი დაგვკითხეს სათითაოდ. იმის გამოკლებით, რომ ტყის ქოხის სანახავად ვიყავით, სხვა ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. ისიც კი ვუთხარი, მათიკომ რომ მითხრა, მათეს მოკლავენ ის მხეცებიო.
ჩვენი დაკითხვის მერე გამომძიებელი ისევ ექიმთან შევიდა. რაზე ილაპარაკეს არ ვიცი, მაგრამ იქიდან მათიკოს პალატაში რომ შევიდა, გამიხარდა. მართალია, ჩვენ არავინ გვეტყოდა იმას, რასაც მათიკო იტყოდა, მაგრამ მის ნათქვამზე გარკვეულ ზომებს რომ მიიღებდნენ, ეგეც ერთგვარი მიღწევა იყო.
_უხ, შენი, შმაგი მოვიდა!_მუჯლუგუნი წამკრა ჯონიმ და გარეთ გამახედა._რა გაცეცხლებული ჩანს... ჯობია, მოვერიდოთ, ჩვენზე არ იყაროს ჯავრი.
_მოვერიდო არა ისა კიდე! აქეთ მოუწევს კითხვაზე პასუხების გაცემა._გამბედაობა მოვიკრიბე და გარეთ გავეჭერი.
_ვის დაავალე ჩემი ძმის მოკვლა შე ახვარო?_ბოლო ხმაზე ვუღრიალე და რაც ძალი და ღონე მქონდა მუშტი ვუთავაზე ცხვირპირში.
მაშინვე წასკდა სისხლი.
ამხელა ახმახს ასე თუ გავუთამამდებოდი და გაბედულად შევებრძოლებოდი, ნამდვილად არ მეგონა.
_ვინმემ მომაშორეთ ეს ლაწირაკი, თორემ, ღმერთს ვფიცავარ, შემომაკვდება!_ხელი არ შემოუბრუნებია, უბრალოდ მუჯლუგუნი მკრა და გზიდან ჩამომიშორა.
უარესად გავცეცხლდი. იქვე, სვეტთან, სიგარეტის ნამწვებისთვის განკუთვნილ პატარა ურნას მოვკარი თვალი და იმას დავავლე ხელი. ისე ძლიერად შემოვცხე კეფაში, კაცი შეტორტმანდა.
_არ გესმის რა გკითხე?! სად არის ჩემი ძმა?! შენმა დამ მითხრა, მოკლავენო! ვის დაავალე მისი მკვლელობა?!_ხმის ჩახლეჩვამდე ვუყვირე.
_მომაშორეთ-მეთქი ეს !_ბოლო ხმაზე იღრიალა შმაგიმ და გაავებული მეცა.
ისე მოხერხებულად წამაქცია და ზედ წამომაჯდა, ვერაფერი გავაწყე. მისი ბარაქიანი მუშტების გემოც ვიგემე ჯერ ყბაში და მერე ცხვირ-პირში.
_ვის ადანაშაულებ შე ქვეშაფსია ლაწირაკო?! იქნებ შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე?! ქოხში შენ მიაკვლიე მის სისხლიან ქურთუკს! მანქანა შენ იპოვე იმ ხევში! ჩემი დაც შენ იპოვე შემთხვევით! მე ამ მეტისმეტი დამთხვევების რატომღაც არ მჯერა! იქნებ შენ გაუჩალიჩე ყველაფერი შენს ძმას ეჭვიანობის და შურის გამო?
მის ამ ცილისმწამებლურ ბრალდებებზე უარესად გავცოფდი. სად ვიპოვე ჩემს თავში იმდენი ძალა და ენერგია, რომ გავმკლავებოდი იმ ახმახს, არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ძლიერად დავარტყი თავი ცხვირპირში და მგონი ცხვირი გავუტეხე. ვაღიარებ, მეც მეტკინა თავი, თანაც ძალიან, მაგრამ შმაგიმ რომ ხელი გამიშვა ალბათ საშინელი ტკივილის გამო, იმდენი მოვახერხე, გვერდით გადავაგდე და ფეხზე წამოვხტი. ამასობაში კი დაცვის თანამშრომლებიც გამოცვივდნენ შენობიდან და დაგვაშველეს.
პოლიციამაც გაიგო ჩვენი დაპირისპირების ამბავი და ამიტომ ცალ-ცალკე ოთახებში გაგვიყვანეს, რადგან ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ვლანძღავდით და ისევ ვიწევდით ერთმანეთზე.
ექთანმა სამედიცინო დახმარება გამიწია, უზარმაზარი ტამპონები ჩამიდო ცხვირის ნესტოებში და გახეთქილ ტუჩზეც ნაკერი დამადო.
შმაგი ჩემზე უარეს დღეში იყო, მას თაბაშირი დაადეს ცხვირზე და წარბი გაუკერეს.
მამაჩემს ვინ გააგებინა ეს ამბავი არ ვიცი, მაგრამ დასაკითხათ პოლიციის განყოფილებაში რომ მივყავდი, იქ მოვკარი თვალი.
საკმაოდ მკაცრმა და უხეშმა გამომძიებელმა დამკითხა. ამჯერად, მკაცრი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ, რომ შმაგის ოჯახს ახლოს არ გავეკარებოდი და გამოძიებასაც არ შევუშლიდი ხელს.
განყოფილებიდან მამაჩემმა და კობა ძიამ წამომიყვანეს პირდაპირ სახლში. ბევრი ვეხვეწე, საავადმყოფოში შევბრუნდეთ, მათიკოს ნახვა მინდა-მეთქი, მაგრამ არც ერთმა არ დამიჯერა.
_მათიკოს ოჯახიდან თავი შორს უნდა დაიჭირო, გასაგები არ არის შენთვის? შეეშვი დეტექტივობანას თამაშს, პოლიციას აცადე საქმის გამოძიება!_გზადაგზა მმოძღვრავდა და მტუქსავდა არშფოთებული მამაჩემი.
_ჩემი დეტექტივობანა რომ არა, დღემდე ვერ მიაგნებდნენ ტყის ქოხში მათეს სისხლიან ქურთუკს. ვერც შენს მანქანას იპოვნიდნენ და შმაგიზე ვერ გავიდოდნენ. მათიკოც სადღაც თხრილში ეგდებოდა ისევ და იქ ამოხდებოდა სული!_გავწიწმატდი მეც._შმაგი ხომ დაკავებული ყავდათ, რისთვის გაანთავისუფლეს? მისი კუნთების შეეშინდათ მაგ ქათმებს?! დანა ხომ მისი იყო შენს მანქანაში? აღიარა კიდეც მათეს გაკოჭვა და ნანგრევებში დატოვება... რა კანონით და სამართალით მოქმედებენ, არ მესმის!
_დის სანახავად მოიყვანეს, არ გაუნთავისუფლებიათ._მათი დაცვა სცადა თითქოს მამაჩემმა.
_ხელებზე რომ ბორკილები არ ედო და მადიანად იქნევდა მუშტებს? ეს არის მაგათი სამართალი?? მასე უნდა იპოვონ მათე? იმ გოგომ გარკვევით თქვა, მოკლავენო!
_ჩვენ არაფერი შეგვიძლია. მათიკოს ვერ მიუახლოვდები, ხელწერილი ჩამოგართვეს.
_ის ქაღალდი დაახვიონ და ერთ ადგილზე გაიკეთონ!
_ლუკა!!!_არაადამიანური ხმით მიღრიალა მამაჩემმა._ცოტა ზრდილობა არ გაწყენდა! გითხარი, ამ საქმეს შეეშვი. დღეიდან სახლიდან მართლა ვერ გაადგამ იცოდე ფეხს! შენს ყოველ ნაბიჯს გავაკონტროლებ!
_მადლობის მაგიერია, არა?
_ვაფასებ შენს მონდომებას, მაგრამ ამ ყველაფერს შენ არაკანონიერად აკეთებ. ამის უფლება შენ არ გაქვს._მთელი ამ ხნის მანძილზე ხმისამოუღებლად მყოფმა ბიძაჩემმა უკანა ხედვის სარკეში გამომხედა._იმ გოგოს გამომძიებელი დაჰკითხავს დღესვე და იპოვიან მათეს.
_როგორ მინდა, მეც თქვენსავით მჯეროდეს მათი!
_მჯერა თუ არ მჯერა, მეტი გზა არ მაქვს. ჩემზე მეტად სწუხხარ მათეს გაუჩინარების გამო და მისი ამბის არცოდნის გამო ჩემზე მეტად გიკვდება გული?_ხმაში აშკარად ბზარი შეეპარა მამაჩემს._მთელი ღამეები არ მძინავს. თვალებს დავხუჭავ თუ არა, მისი დასისხლიანებული სხეული მელანდება. მეც ვეძებ მას, ყველგან ვკითხულობ, ორონდ ისე, რომ არც შმაგის ვეჩხუბები და არც პოლიციას ვაგებინებ. შენი ყოყლოჩინობით უფრო ამწვავებ საქმეს. თან, ეჭვს ბადებ უკვე, ყველა ცხელ წერტილში როგორ ხართ შენ და შენი მეგობრები?
_როგორ და ისე, რომ იმ ჩლუნგ პოლიციელებზე უკეთ ჩვენ გვიმუშავებს ტვინიც და ინტუიციაც!.. იცით, მე იმ ნანგრევებშიც ვიყავი და მათიკოს საყურე ვიპოვე. დარწმუნებული ვარ, მათე შმაგიმ რომ მიატოვა იქ, მათიკომ მიაკითხა და იმან გამოიყვანა იქიდან, მაგრამ მერე რა მოხდა, ამას ვერ ვხვდები. როგორ მოხვდნენ ტყის ქოხში და მერე სად გაუჩინარდნენ. საიდან მოხვდა მომაკვდავი მათიკო გზის სიახლოვეს ტყეში?
_გეთანხმები, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვებია დაქუჩებული და სულ მალე აეხდება ამ ყველაფერს ფარდა._ცოტა მოლბა მამაჩემი._მარტო მათეზე კი არა, შენზეც ვღელავ. არ მინდა რამე ხიფათში გაეხვიო. დრო მოვა, შენც გახდები მშობელი და მერე გამიხსენებ, როგორია ორი ბიჭის მამობა... მართალია, თავის დროზე პასუხისმგებლობა ვერ ავიღე, შემაშინა ოჯახის უღელმა, მაგრამ ახლა, მთავარია მათე დაბრუნდეს და სამივეს დაგიბრუნებთ._ეს ისე მტკიცედ თქვა, ეჭვს ვერ შეიტანდა კაცი.
ამის მერე აღარაფერი გვითქვია. სახლამდე უსიტყვოდ ვიმგზავრეთ. სამივეს მგონი ერთი და იგივე საფიქრებელ-სადარდებელი გვქონდა.
სახლში რომ მივედით, დედას ისევ ეძინა. ნორა ბაბო დარდისგან გათანგული ძლივსღა დაფარფატებდა ოთახში. მასაც გაეგო მათიკოს პოვნის ამბავი და მაშინვე ის გვკითხა, ხომ ცოცხალია ის ბავშვიო. მამამ რომ დაუდასტურა, ღმერთს მადლობა შესწირა. მე, როგორც ყოველთვის, ჩემს ოთახში გამოვიკეტე და გულის გადასაყოლებლად ტელეფონი მოვიმარჯვე. ხან სოციალურ ქსელს ვსქროლავდი, ხან იუთუბზე ვიდეოებს ვუყურებდი, მაგრამ ვერაფერმა გამიფანტა იმაზე ფიქრი, მათიკოსთან როგორ შევპარულიყავი პალატაში და როგორ დამეკითხა ის გოგო. დარწმუნებული ვიყავი, რომ სრულად თუ არა, გარკვეულ ნაწილს მაინც აეხდებოდა ამ ბურუსით მოცულ საქმეში ფარდა. მისი პალატის კართან ალბათ დაცვა იდგა, რომ უცხოს არ გაეწაწანა მის სიახლოვეს. მე, ხომ, საერთოდ არ შემიშვებდნენ შიგნით.
საღამოს, უკვე კარგად იყო შებინდებული, რომ კობა ძია მოვიდა. დიდად არ გამკვირვებია მისი გამოჩენა, რადგან ვითარებიდან გამომდინარე დღეში რამდენჯერმე გვსტუმრობდა. ცოტა ხანს ილაპარაკეს მან და მამამ და მოგვიანებით უთხრა მამაჩემს, რომ ლუკას ჩემთან წავიყვანო. არგუმენტად ის დაასახელა, რომ ცოდო ვიყავი ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. ერთი-ორი დღით გარემოს გამოცვლა არ მაწყენდა.
არ მინდოდა მასთან წასვლა, რადგან მე სულ სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ მამაჩემსაც მოეწონა კობა ძიას შეთავაზება, იქნებ სხვა რამეზე გადაერთოს და გამომძიებლობანას შეეშვასო.
ჩემი პირადი ნივთები არ წამიღია. არც ტანსაცმელი გამოსაცვლელად. ერთადერთი ტელეფონი ჩავიდე ჯიბეში და უკმაყოფილო სახით ჩავუჯექი მანქანაში. თავი ტელეფონში ჩავრგე და სანამ არ გავჩერდით დანიშნულების ადგილზე, მანამ არ ამიხედია ზემოთ.
_მესმის მამაშენის, ასე რომ გიბრაზდება, მაგრამ იმაში კი არ ვეთანხმები, რომ უნდა შეწყვიტო შენი გამოძიება. შეიძლება, ძალიანაც ვაშავებ და წაქეზებაც გამომდის, მაგრამ მე მომწონს შენი მოხერხებულობა.
ცოტა გაოცებულმა და დაბნეულმა შევხედე, მაგრამ იმან უფრო გამაოცა, საავადმყოფოს ეზოში რომ ვიყავით გაჩერებულები.
_მე მინდა, რომ დაელაპარაკო იმ გოგოს, იქნებ გითხრას მისი ადგილსამყოფელი. დღეს ჩემი ახლო მაგობარია სმენაში. ის აგიშვებს ზემოთ. დერეფანში კამერები კია, მაგრამ ხალათს ჩაიცმევ და პირბადესაც გაიკეთებ, რომ არ გიცნონ. ათი-თხუთმეტი წუთი გექნება. რას იტყვი, გეყოფა?
საქმის ასე შემოტრიალებას ნამდვილად არ მოველოდი. ჯერ, ეჭვით შევყურებდი ბიძაჩემს, ხომ არ მატყუებს-მეთქი. მერე კი, გახარებულმა წამოვიძახე, რას არ მეყოფა-მეთქი.
_კარგი, აქ დამელოდე. მე წავალ, სიტუაციას დავზვერავ, გავიგებ, ექიმი ან ექთანი ხომ არ არის მის პალატაში. ჩემს ზარს დაელოდე და ისე შემოდი.
კობა ძია მანქანიდან მარდად გადავიდა. კიბეზე სულ ორ-ორი საფეხური აირბინა და შენობაში გაუჩინარდა. სულ მალე კი, ტელეფონმაც დამირეკა. ვიფიქრე ბიძაჩემი იყო და გამიკვირდა, ასე მალე რა გაარკვია-მეთქი, მაგრამ ნომერს რომ დავხედე, უარესად გავვოცდი. ჩემი მეგრელი ბებიის ბიძაშვილის შვილი იყო. მოკლედ, ყვავი ჩხიკვის მამიდაო. გულში ცუდად გამკრა, ამ მეგრელს საიდან გავახსენდი, ალბათ რამე გაჭირვება ადგას-მეთქი და უწადინოდ გავეპასუხე. გადავწყვიტე, ლაპარაკის საშუალება არ მიმეცა და მალე მომეშორებინა თავიდან იმ მიზეზით, რომ მნიშვნელოვან ზარს ველოდებოდი.
ჯერ ტრადიციულად მომიკითხა. მერე ის მკითხა, ტელევიზიით რასაც აცხადებენ, სიმართლეა, მათე მართლა არ დაბრუნებულა სახლშიო? უნდა მეთქვა, შიგ ხომ არა გაქვს, ამ ქვეყანაზე არ ხარ, ტელევიზიით ცრუ ინფორმაციას რატო გაავრცელებდნენ-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე, რაც არ უნდა ყოფილიყო, ბიძად მომხვდებოდა და მის ასაკს ვეცი პატივი. არა-მეთქი ეს ვუთხარი და უნდა დამემატებინა, მნიშვნელოვან ზარს ველოდები-მეთქი, რომ ჩურჩულით მითხრა.
_კვირაზე მეტი ჩემთან იყვნენ ის და თავისი შეყვარებული. ნაცემი იყო, იმ გოგოს ძმას უცემია და ჩემთან იმალებოდა. ორი დღის წინ წამოვიდა, მამასთან უნდა ჩავიდეო და მართლა არ დაბრუნებულა, თუ რაღაცის გამო მალავთ?
_რაა?! აქამდე შენთან იყო?! რამდენს ვეძებდით და ვნერვიულობდით, რატო ერთხელ მაინც არ გაგვაგებინე?_სულ ცალ ფეხზე დავიკიდე მისი წლოვანებაც და სტატუსიც და ავუყვირდი._რამდენს ვნერვიულობთ ჩვენ აქ, რა აღარ ვიფიქრეთ და ნუთუ ერთხელ მაინც არ გაგჩენია სურვილი, დედაჩემისთვის მაინც გეთქვა?
_ხო, ვტყუივარ... მაგრამ მათემ მთხოვა, არავის არაფერი უთხრაო. იმ გოგოსაც ძალიან ეშინოდა თავისი ველური ძმისა. გუშინ წამოვიდნენ. სავარაუდოდ შუადღის მერე უნდა ყოფილიყვნენ მანდ. წუხელ ის გოგო ტყეში უპოვიათ. ახლა კი, მგონი მართლა სერიოზულადაა საქმე. ნაღდად, იმ ახვარი ძმის ნაჩათლახარია ეგ. ტყუილად კი არ ეშინოდა იმ საცოდავ გოგოს.
_კარგი, ვიღაც მირეკავს. მნიშვნელოვანი ზარია და უნდა ვუპასუხო, მაგრამ დაიმახსოვრე, შენთან ჯერ არ დამიმთავრებია._მეგრელ ბიძას გავუთიშე და კახელს გავეპასუხე._ხო, ბიძია.
_ფოიეში რომ შემოხვალ, დერეფანში გამოდი. პირდაპირ წამოდი და კიბის ბაქანზე შეგხვდები.
ასეც მოვიქეცი.
თავიდან მინდოდა, ანზორი ბიძიას ზარის შესახებ მეთქვა, რომ მამასთვის დაერეკა კობა ძიას სანამ მე მათიკოსთან შევიპარებოდი და სხვა რამეებსაც გავარკვევდი. დავაღე კიდეც პირი, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე. მაინც არ იწონებდა ჩემს დეტექტივობანას და სჯობდა მე თვითონ მარტოს გამერკვია ყველაფერი.
კობა ძიამ თეთრი ხალათი და პირბადე მომცა. თვითონვე მომეხმარა მათ მორგებაში, რადგან მე ისე ვღელავდი, გამიჭირდა.
_შენ იცი აბა, იქნებ რამე გაარკვიო, თორემ მომკლა ამ გაურკვევლობამ. მე დერეფნის ბოლოს დაგელოდები, თუ ვინმე გამოჩნდა, დაგირეკავ... ოცდამერვე პალატაშია. ფრთხილად იყავი იცოდე.
მისი გაფრთხილება საჭირო არ იყო, ისედაც ვიცოდი, რომ სერიოზულ ნაბიჯს ვდგამდი და სიფრთხილე იყო საჭირო. პირბადე ლამის თვალებამდე ავიწიე, ხალათის ჯიბეებში უდარდელად ჩავიწყე ხელები და საკმაოდ თავდაჯერებული ნაბიჯებით გავემართე მათიკოს პალატისკენ. ვიცოდი, რომ კამერა ჩართული იყო და ასე მეგონა, რომ პირადად მე მაკვირდებოდა იქიდან ვიღაც. ზურგი ისე მეწვოდა, თითქოს ცეცხლი მეკიდა.
შორიდანვე დავლანდე ოცდამერვე პალატა და იქით გავეშურე აუღელვებლად. აუღელვებლად გარეგნულად, თორემ შინაგანად ისე ვღელავდი, გული გასკდომაზე მქონდა. კარს რომ მივუახლოვდი, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და სუნთქვაშეკრული შევედი შიგნით.
მათიკო უარესად გადაფითრებული ჩანდა საავადმყოფოს ლურჯი თეთრეულის ფონზე. სახეზე ჟანგბადის ნიღაბი ეკეთა და ღრმად სუნთქავდა. თავთან გადასხმის სისტემა ეკიდა, რომელიც გულისგამაწვრილებლად ნელა წვეთავდა. მივხვდი, დრო ბევრი არ მექნებოდა, რადგან მალე შემოხედავდნენ ექთნები და ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადასვლა ვარჩიე. ფრთხოილად მივუახლოვდი და უმოძრაოდ დადებულ მის ხელს ნაზად შევეხე.
ეძინა, რადგან არ უგრძვნია ჩემი შეხება.
_მათიკო._ჩურჩულით დავუძახე და ოდნავ შევაჯანჯღარე, მაგრამ არც ამაზე ქონდა რეაქცია. ამიტომ უფრო მეტად შევაჯანჯღარე.
დამძიმებული ქუთუთოები ძლივს გაახილა და შავი, თითქოს სხივჩამქრალი თვალებით უაზროდ შემომხედა. წამიერად ასე მიყურა. მერე, მივხვდი რომ მათე ვეგონე, რადგან ძალიან მშვიდად შემომღიმა.
მის სასთუმალთან დავიხარე და ისე ვუთხარი.
_მე ლუკა ვარ მათიკო, მათე ვერ ვიპოვეთ. სადაა, შენ ხომ იცი? სად შეიძლება მისი პოვნა?
არ ვიციო, თავი გაიქნია და თვალები აუწყლიანდა.
_არც ის იცი, ვის ყავს გატაცებული?
არაო, ამაზეც თავი გამიქნია.
მათეს პოვნის ერთადერთი იმედი ჩემთვის მათიკოს ჩვენება იყო. დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ სულ მალე მივაგნებდი ტყუპისცალს, მაგრამ მათიკო რომ ვერაფერს მეუბნებოდა, თითქოს მიწა მეცლებოდა ფეხქვეშ.
_შენ გზის სიახლოვეს გიპოვეთ ტყეში და იქ როგორ აღმოჩნდი? მათე სად იყო მაგ დროს?_შევატყე ჩემს თავს, რომ წყალწაღებული ხავსს ვეჭიდებოდი და უმწეობისგან ხმა ამიკანკალდა ოდნავ.
მათიკოს თვალებიდან ორი კურცხალი ცრემლი გადმოუგორდა. ფრთხილად ჩამოიწია ჟანგბადის ნიღაბი და ძლივს გასაგონი ხმით მითხრა:
_არ ვიცი, გამთენიისას გამომაპარა მათემ. თვითონ ვერ შეძლო გამოგცევა..._ცოტახნით გაჩუმდა. რადგან ყელში გაჩხერილი ცრემლები ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა._ასე მითხრა, სამხრეთით იარე და ტბაზე ჩახვალო, იქიდან კი ადვილად გაიგნებ გზას, ან ვინმე ჩვენიანი შეგხვდება და საშველად იხმეო._დაბალი ხმით ასლუკუნდა._ ეტყობა, მხარე მეცვალა და გზა ამებნა. ტყეს ვეღარ დავაღწიე თავი...
_კარგი, დაწყნარდი._სასთუმალთან ჩამოვუჯექი და თავზე გადავუსვი ხელი._ყოჩაღი გოგო ხარ. სხვა შენს ადგილზე მარტო ტყეში სიარულს ვერ გაბედავდა... მიახლოებით მაინც არ იცი, სად იყავით?
არაო, ისევ თავი გამიქნია.
ხელჩასაჭიდი რომ ვერაფერი გავიგე, გაწბილებული წამოვდექი ფეხზე. არა და, რა ძალიან დიდი იმედი მქონდა მათეს პოვნისა...
_რას ფიქრობ, შენი ძმის მოწყობილი ხომ არ არის ეს გატაცება?
_არ მგონია. იმიტომ, რომ ის მხეცები რაღაც ფოტოებზე ედავებოდნენ, ვის აჩვენეო...
_რა ფოტოები?_შიშით ძლივს ამოვიხავლე, რადგან მაშინვე ტყის ინციდენტი დამიდგა თვალწინ, მცდარ მოსახვევში რომ შევედი და გზა ამებნა. მართალია, მაშინ მათე მარწმუნებდა, რომ დაბოლილს მოგეჩვენაო და თითქმის გადამავიწყდა კიდეც ეს ამბავი, მაგრამ ახლა მთელი სიცხადით წარმომიდგა ისევ თვალწინ.
წარმოდგენა არ მაქვსო, ეს მითხრა და თვალები დახუჭა, რადგან ცრემლის შეკავება უნდოდა.
_სხვა არაფერი უთქვიათ?_ისევ ჩამოვუჯექი სასთუმალთან.
უარყოფის ნიშნად თავი ისე გააქნია მათიკომ, თვალები არ გაუხელია.
დიდად არ მქონია იმის იმედი, რომ მათეს მალე ვიპოვიდით, მაგრამ მათიკო მაინც დავარწმუნე ამაში. საწყალმა გოგომ მადლიერი თვალებით გამომაცილა პალატის კარამდე და ისევ მოირგო ჟანგბადის ნიღაბი.
მე ისევ დინჯი და აუჩქარელი ნაბიჯებით გავიარე დერეფანი და კიბის ბაქანზე კობა ძიას შევხვდი, რომელიც მოუთმენლად მელოდა. გაარკვიე რამეო, ჩურჩულით მკითხა და თან ხალათის გახდაში მომეხმარა.
_ცოტ-ცოტა რაღაცეები კი. ოღონდ გრძელი ამბავია და სახლში რომ მივალთ, მერე მოგიყვები.
დიდად აღარ ჩამძიებია. ხალათი, კიბიდან რომ ჩამოვედით პირველივე ოთახში, ალბათ საორდინატოროში შეაწოდა ვიღაცას და მაშინვე დავტოვეთ შენობა. მანქანაში ჩავსხედით თუ არა, ჩემი ტელეფონი დავაძრე ჯიბიდან და ფოტოგალერეაში შევძვერი.
_მე ვღელავ და ვნერვიულობ, მაინტერესებს რა გაარკვიე და შენ კიდევ ტელეფონით ერთობი?_ისე მიღრიალა კობა ძიამ, ლამის ალიყურიც გამაწნა.
შევკრთი.
_მაცადე, ნივთმტკიცებას ვეძებ._ნირწამხდარმა ვუთხარი და ისევ ტელეფონს დავუბრუნდი.
_რა ნივთმტკიცებას?_უარესად გადაირია კაცი.
_მათიკომ არ იცის ვინ არიან მათი გამტაცებლები. სამაგიეროდ, ისეთი რამ მითხრა, რომ ვხვდები ვინც არიან... იმ დღეს, მამა და მათე ტბაზე იყვნენ სათევზაოდ. მე არ გავყევი. მერე, დამირეკეს, მანქანა ჩაგვეფლო, ახლოში ვართ და გვიშველეო. წავედი, მაგრამ გზა ამებნა და ტყეში დავიკარგე. იქ ვიღაც ორ მუტრუკს გადავეყარე და ფოტო გადავუღე. გამომეკიდნენ, მაგრამ გამოვიქეცი.
_რაა?! რა უნდოდათ, რატო მოგდევდნენ?
_არ ვიცი, მგონი, დანაშაულის ადგილზე წავასწარი და იმიტომ. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ახლა რომ მითხრა მათიკომ, რაღაც ფოტოების გამო ედავებოდნენო, მივხვდი.
_მაშინ არავის უთხარი?!_რაღაცნაირად აღელვებულმა მკითხა.
_მათეს, მაგრამ... პლანი მქონდა მოწეული და ჩემი ფანტაზიის ნაყოფად ჩათვალა. მეც კი დამარწმუნა ამაში, რომ ყველაფერი მომეჩვენა და მე თვითონ გამოვიგონე._ისევ ტელეფონს მივუბრუნდი და სურათების დათვალიერებას მოვყევი.
კობა ძიამ ძრავა აამუშავა და საავადმყოფოს ეზოდან გამოვედით, ცოტა გავიარეთ, მერე გზის სავალი ნაწილიდან გადავედით და იქვე შევჩერდით. ჩემსკენ გადმოიწია და თვითონაც ჩემი ფოტოების დათვალიერებას შეუდგა.
_აი, ის ახვრებიც!_როგორც იქნა ვიპოვე მათი ფოტო და გახარებულმა შევძახე.
_მაჩვენე._კობა ძიამ ხელიდან გამომგლიჯა ტელეფონი და ინტერესით დააკვირდა._რას აკეთებდნენ? ხელში რა უჭირავთ?
_არ ვიცი. გზა რომ ამებნა და პანიკაში ჩავვარდი, პლანი გავაბოლე. მერე, დაბოლილი გზადაგზა ლამაზ ფოტოებს ვიღებდი. ისე წამოვადექი თავზე, ვერც იმათ გაიგეს რამე და ვერც მე. მაშინვე შევატყე რომ შეცბნენ. ნიჩბები ეკავათ ხელში და თხრიდნენ თუ მიწას ყრიდნენ ორმოში, არ ვიცი. ფოტო რომ გადავუღე, გაგიჟდნენ და ლანძღვა-გინებით გამომიდგნენ.
_ვითომ, ტრუპს მარხავდნენ?_ინტერესით შემომხედა კობა ძიამ.
_მართლა არ ვიცი, არაფერი დამინახავს. უბრალოდ, გზა ამებნა და მათი დანახვა გამიხარდა. ვიფიქრე, გზის გაგნებაში დამეხმარებოდნენ.
_მდაა..._გასაპარს წვერზე ხელი ჩაფიქრებით ჩამოისვა კობა ძიამ._გამოდის, მათე შენს მაგივრად დაიჭირეს?
ამის გააზრება ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. ბავშვობაში, როცა რამეს ვაშავებდი, ყოველთვის მათედ ვასაღებდი თავს და ხშირ შემთხვევაში ჩემს მაგივრად ის ისჯებოდა. ამას მიჩვეულებიც კი ვიყავით თითქოს, მაგრამ... ახლა სულ სხვა იყო, საქმე სერიოზულ სახეს იღებდა.
_ნეტა, ვინ არიან ეს ახვრები და რა ჩაიდინეს?_ფიქრებიდან კობა ძიას ხმამ გამომარკვია._სახეზე კი ვიცით ვინ არიან, მაგრამ რას წარმოადგენენ? ნეტა, რა ჩაიდინეს და რის მოწმე გახდი?
_წარმოდგენა არ მაქვს._ალალად ვაღიარე._შემთხვევით მოვხვდი იქ და ისეთი არაფერი დამინახია.
_გამოდის, ტყუილუბრალოდ გაიტაცეს მათე?
_ხო, მე ვეგონე და იმიტომ...
_არა, მე იმას ვგულისხმობ, შენც ტყუილად გაგიტაცებდნენ, არაფერი დაგინახავს და არც არაფერი გაგიგია... გახსოვს, მიახლოებით მაინც ის ადგილი, სად გადააწყდი მათ? იქნებ, რამე გვეპოვა იმ ადგილზე?
_წარმოდგენა არ მაქვს, პანიკაში ვიყავი, თანაც დაბოლილი... იქნებ, აჯობებს, პოლიციას გადავცეთ ეს ფოტო და მათ იპოვონ? ხომ არსებობს სახის ამომცნობი მოწყობილობა და გაარკვევენ ვინ არიან, სად ცხოვრობენ და რას საქმიანობენ?
_ეს საქმე მე მომანდე. შენ, ოღონდ, არავისთან არაფერი წამოგცდეს. მითუმეტეს მამაშენთან. გასაგებია?_მკაცრად გამაფრთხილა.
ხო-მეთქი, ცოტა არ იყოს შიშით დავუქნიე თავი და ტელეფონის გამოსართმევად გავიწოდე ხელი.
_არა, ეს ჩემთან იყოს!_უარი განმიცხადა და ჩემი ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო._ამ ფოტოს ისეთ ვინმეს ვაჩვენებ, ვინც დაგვეხმარება მათ პოვნაში.
გამიკვირდა კი, ფოტოს გადაგზავნა ხომ შეიძლებოდა, მაგრამ აღარაფერი ვუთხარი. იქნებ, ამ ტექნოლოგიებში ვერც კი ერკვეოდა ცივილიზაციას ჩამორჩენილი სოფლელი კაცი და მეც აღარ შევარცხვინე.
თავისთან რომ მიმიყვანა, გვიანი იყო უკვე. ეტყობა, ბიცოლა იწვა და კობა ძიამ გააღვიძა. ფუმფულა ხალათში გამოწყობილმა ნამძინარევი სახით გამომხედა. მაინც გულთბილად მომიკითხა. მათეს ამბავიც ცრემლმორეულმა გამომკითხა. მერე, სუფრა გაგვიწყო მე და ბიძაჩემს. მართალია არ მშიოდა, მაგრამ ზრდილობის გულისთვის მაინც ავიკირკნე. მერე, სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში საწოლი გამიშალა და ტკბილი ძილი და მოსვენება მისურვა.
დავწექი კი, მაგრამ ვერ დავიძინე, ვბორგავდი და ვშფოთავდი საწოლში. ნერვიულობისგან თავი გახეთქვაზე მქონდა. ცალკე, უტელეფონობას განვიცდიდი. მინდოდა, ფოტოები დამეთვალიერებინა და ზედმიწევნით შემესწავლა ის ტერიტორია, სადაც იმ დღეს ვიბოდიალე, იქნებ მიახლოებითი ადგილმდებარეობა მაინც გამეგო. ან, ჯონის გადავუგზავნიდი და იქნებ მას სცნობოდა ის ტერიტორია? ცალკე, სინდისი მქენჯნიდა ჩემი ძმის გამო. რადგან უკვე მერამდენედ ისჯებოდა ჩეს მაგივრად?
მოკლეთ, მთელი ღამე ვერ დავიძინე. ცოტას დამაკლდა, რომ ბიძაჩემს არ მივუკაკუნე საძინებლის კარზე, ჩემი ტელეფონი დამიბრუნე-მეთქი. დილით, უთენია კი, გავიგე, რომ სადღაც წავიდა. მეც ვეღარ მოვისვენე საწოლში წოლით და ავდექი. მისაღებში დაბალ ხმაზე ჩავრთე კედელზე დაკიდებული უზარმაზარი თხევადკრისტალური ტელევიზორი და იუთუბზე ვიდეოების ყურებით შევიქციე თავი. მერე, გამახსენდა, რომ ჩემს ტელეფონში სარეზერვო ასლები მქონდა შექმნილი. ჩემი ემაილი შევიყვანე ტელევიზორში და რაც კი რამ ფოტო მქონდა გადაღებული, იქ ამომიყარა. გახარებულმა ვრცელ ეკრანზე დავიწყე მათი დათვალიერება.
ბოლო დროს იმდენჯერ ვიყავი ტყეში ჯონისთან და შალვასთან ერთად, რომ რამოდენიმე ადგილი მეცნო, თუმცა, ასი პროცენტით დარწმუნებული მაინც არ ვიყავი. ახმახების ფოტოზე რომ გადავედი, კარგა ხანს ვაკვირდებოდი, თითქოს იმის ამოცნობას ვცდილობდი, რა საიდუმლოს მალავდნენ ისეთსას, რომ არასრულწლოვანი მოზარდის გატაცებაში იღებდნენ მონაწილეობას?
_ამ მასხარებს იცნობ?_ბიცოლაჩემი ისე წამომდგომოდა თავზე, რომ ვერ გავიგე და გვარიანად შემახტუნა მისმა ხმამ._უი, შეგაშინე? ბოდიში._სიცილით მომხვია მხრებზე ხელი და გვერდით ჩამომიჯდა._არ მეგონა თუ შეგეშინდებოდა.
_არაუშავს, არაფერია._დავამშვიდე._და თქვენ იცნობთ ამათ?_იმ ახმახებზე ვკითხე, ტელევიზორის ფართე ეკრანიდან გაოცებულები და რაღაცნაირად სასაცილოები რომ იმზირებოდნენ.
კიო, თანხმობის ნიშნად თავი რომ დამიქნია, გული ისე შემიქანდა საგულეში, ძლივს ამოვისუნთქე.
_ვინ არიან?_ისე, სხვათაშორის ვკითხე, ვითომ დიდად არ მაინტერესებდა მათი ვინაობა, მაგრამ მის პასუხს სიკვდილ-სიცოცხლის სტატუსი მივანიჭე გუნებაში.
_ნამდვილი სახელები არ ვიცი, წუნას და პაჭკორიას ეძახის ბიძაშენი...
_ბიძაჩემი?_უარესად დავიძაბე.
_ხო, მისი მეგობრები არიან. რაღაც საქმე წამოიწყეს ერთად და... ადრე, ხშირად მოდიოდნენ ხოლმე აქ, ეს დღეები კი აღარ გამოჩენილან. ძალიან ხუმარა ბიჭები არიან.
_მართლა?
_ხო._გაეცინა._არა და შეხედულება ისეთი აქვთ, მოძალადე მკვლელებს გვანან არა?
ხოო-მეთქი, ნაძალადევი ღიმილით დავეთანხმე და ახლა სხვა ფოტოებზე გადავედი, რომ სხვა რაღაცაზე გადაგვეტანა საუბარი. მერე, დიდი ბოდიშის მოხდით ყავის გაკეთება ვთხოვე. მართალია, არ ვსვამდი, მაგრამ მინდოდა, რომ გასულიყო.
_რას მებოდიშები, არ გრცხვენია?_ფეხზე წამოდგა, თავზე მაკოცა და სამზარეულოში ნაზი რხევით გავიდა.
გავიცილე თუ არა, საჩქაროდ გამოვედი ჩემი სარეზერვო ფოტოებიდან. ემაილიც ამოვშალე ტელევიზორის მეხსიერებიდან და ისევ იუთუბზე დავაბრუნე. სულ მალე, ეზოდან მანქანის ხმაც შემომესმა და მივხვდი, რომ კობა ძია მოვიდა. მაშინვე გამოვრთე ტელევიზორი და ბიცოლასთან გავედი სამზარეულოში.
_იცი, ბიცოლ, რაღაცაზე დავნაძლევდით მე და კობა ძია და არ მინდა, რომ წუნას და პაჭკორიას შესახებ რომ მითხარი, გაიგოს.
_უხ, შე ეშმაკუნა, რაღაც ინფორმაცია გამომტყუე არა?_გაეცინა._იცოდე, მოგებულის წილში მეც ვარ._თვალი ჩამიკრა და ქაფქაფა ყავით სავსე ლამაზი ფინჯანი გამომიწოდა.
ფინჯანი კი გამოვართვი, მაგრამ ახლა მისი დალევა იყო ბიჭობა. ერთი-ორჯერ ნასვამს კი მქონდა მისი გემო გასინჯული, მაგრამ საშინლად არ მომწონდა. ხო და, ახლა, როგორ დამელია იძულებით, თანაც ისეთი სახით, რომ ძალიან, ძალიან მიყვარდა, არ ვიცოდი.
სამზარეულოს მინის ზედაპირიან მაგიდაზე ხმაურით დავდგი, მეც იქვე ჩამოვუჯექი და დასალევად მოვემზადე. თან, თავი გავიმხნევე, ამ ერთმა ფინჯანმა როგორ უნდა დამჯაბმოს-მეთქი. იმ აზრმაც კი გამიელვა თავში, რომ მათე ჩემს გამო იტანდა იმ მხეცების უზარმაზარ ტორებს და მე ეს ერთი სათითე როგორ ვერ უნდა დამელია? გემოვნების რეცეპტორების გათიშვა კი ნამდვილად არ მაწყენდა, მაგრამ...
ხმაურით მოვსვი ცხელი და ჩემთვის უგემური სითხე. თან, ისეთი სახე მივიღე, რომ ამაზე გემრიელი და სასიამოვნო ცხოვრებაში არაფერი დამელია.
_იფ, იფ, რა გემრიელია._გავახმოვანე კიდეც.
მისაღები ოთახიდან ნაბიჯების ხმა რომ შემომესმა, დავიძაბე. სახე დავალაგე, რომ მღელვარება არ შეეტყო ჩემთვის და არ მიმხვდარიყო, რომ მისი უდიდესი საიდუმლო ვიცოდი ბიცოლას დახმარებით.
მისაღებიდან სამზარეულომდე მოსასვლელად წამები დასჭირდა და მისი ხმაც გავიგონე, სანამ თავს მივაბრუნებდი.
_ოჰო, რა კარგ დროს მოვსულვარ, ყავას მიირთმევთ? მეც რომ გამიკეთო სიხარულო?_ბიცოლას მოურიდებლად მოხვია წელზე ხელი და ლოყაზე აკოცა.
ბიცოლამ დაიმორცხვა და ჩურჩულით მოიშორა ქმარი, სირცხვილია ამ ბავშვისო.
_აბა, ვაჟკაც, როგორ გეძინა?_ჩემს გვერდით ჩამოჯდა კობა ძია და ყავას დაელოდა.
იმის თქმა, რომ საერთოდ არ მეძინა, ბიცოლასთან მომერიდა, რადგან იწვალა იმ ქალმა შუაღამეზე ჩემს გამო და ლოგინი გამიშალა.
რავი, ნორმალურად-მეთქი, ნაძალადევად შევღიმე და ასევე ნაძალადევად მოვსვი მოზრდილი ყლუპი ყავისა. საშინელება კი იყო, მაგრამ მაინც.
_დღეს, შუადღის მერე თავისუფალი ვარ და შეგვიძლია ბოულინგის სათამაშოდ წავიდეთ._მოულოდნელად შემომთავაზა ბიძაჩემმა.
სხვა დროს სხვა შემთხვევაში ბოულინგის თამაში მართლაც რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა გართობისთვის, მაგრამ ახლა, როცა ჩემი ძმა იმ ახმახებს ყავდათ გატაცებული და ამ გატაცების თანამონაწილე სავარაუდოდ ბიძაჩემიც იყო, ნამდვილად არ ღირდა.
აქამდე ამ კაცისთვის საეჭვო არაფერი შემინიშნია. პირიქით, გულთან მიიტანა მათეს გაუჩინარება და მამაჩემს მუდამ გვერდში ედგა. ახლა კი, მის თითოეულ სიტყვას არ ვენდობოდი. არ იყო გამორიცხული, რომ ახლა მე გავეტაცებინე, მაგრამ... ნუთუ, აქამდე შეეძლო დაშვება?
_არა, მადლობა, იყოს. სახლში მირჩევნია წასვლა... არ იფიქრო, რომ არ ვაფასებ შენს ყურადღებას და ბიცოლას ზრუნვას, მაგრამ სახლში მინდა წასვლა. ასე მგონია, მათე იქ არის და მე მელოდება.
ბიცოლამ ყავის ფინჯანი დაუდგა წინ და თვითონაც ჩვენს გვერდით მოუჯდა მაგიდას.
_მე იმიტომ წამოგიყვანე იქიდან, რომ ბევრი არ ინერვიულო და ცოტა სხვა რამეზე გადაერთა. ცოდო ხარ.
აქამდე თუ არ ვიცოდი და ვერ ვხვდებოდი, ახლა უკვე ნათელი იყო ჩემთვის, თუ სინამდვილეში რისთვისაც წამომიყვანა. აინტერესებდა კაცს, მათიკომ იცოდა თუ არა რამე და ჩემი მეშვეობით გაიგო. ვითომ ძალიან ჩემი, ან მამაჩემის, ან სულაც მათეს დარდი ქონდა. მისი თვალთმაქცობის ატანა აღარ შემეძლო უკვე და სახლში წამიყვანე, იქ მირჩევნია-მეთქი, ცოტა უხეშად ვუთხარი.
_კარგი, რა გაეწყობა, რახან არ იშლი... მე მინდოდა, რომ ცოტა სხვა რამეზე გადართულიყავი._მაინც ადვილად დამთანხმდა ბიძაჩემი წაყვანაზე._ბარემ, ცეზარიც გავუყოლოთ მამაშენს. ადრე შევპირდი და ვეღარა და ვეღარ მივუყვანე.
_ეგ ცეზარი ვინღაა?_გამიკვირდა.
_ოოო, ჯერ არ გაგიცვნია?_ეშმაკურად ჩაეღიმა._მეგონა ბიცოლაშენი გეტყოდა.
_შენი სიურპრიზი, შენი სიურპრიზია, მე რატო უნდა ჩამეშალა?_ისე გაიკვირვა ბიცოლამ, მივხვდი, არც იმ საიდუმლოს გათქვამდა, წუნას და პაჭკორიას ამბავი რომ გავიგე შემთხვევით.
ყავის საბოლოო ყლუპი შედარებით ადვილად მოვსვი და ფინჯანი გვერდზე გავწიე.
_მე მაინც ცივი მიყვარს და სანამ შეგრილდება, წამო, გაგაცნობ ცეზარს._ბიძაჩემი ისევ ეშმაკური ღიმილით წამოიმართა ფეხზე და გარეთ გამიძღვა._უპატრონო ძაღლთა თავშესაფრიდან მოვიყვანე. კარგად კი ვუვლი, მაგრამ აქ ცოდოა. მამაშენი უკეთესად მიხედავს. მართალია, ახლა ამის ნერვები არ ექნება, მგონი ცუდი დრო შევარჩიე, მაგრამ ვფიქრობ, ცოტას მაინც გადააყოლებს გულს._სახლს წრე დავარტყით და მავთულხლართის ღობით შემოფარგლულ პატარა ადგილსაც მივუახლოვდით, სადაც ხის პატარა ქოხი იდგა და იქიდან კი ყავისფერ ძაღლს გრძელყურებიანი თავი მოუჩანდა. ისე ბზინავდა მისი ბეწვი, თვალი ვეღარ მოვწყვიტე.
_ცეზარ!_ხმამაღლა რომ დაუძახა ბიძაჩემმა, თვალები გაახილა და მაშინვე ჩვენსკენ გამოექანა._ნუ გეშინია, არ იკბინება, ნადირობაზეა გაწრთვნილი. აქ, მართლა ცოდოა დამწყვდეული. მე ვერ ვიცლი, რომ ბუნებაში გავიყვანო, არა და აშკარად მოიწყინა უკვე.
კი მომეწონა ყავისფერთავიანი და ტანზე პატარ-პატარა თეთრ ლაქებიანი ცხოველი, მაგრამ ალბათ მათესავით აღტაცების შეძახილი რომ არ აღმომხდა, ბიძაჩემმა ცოტა სინანულით შემომხედა.
_მათე რომ ყოფილიყო აქ, სულ სხვანაირად შეაფასებდა, სუფთა გერმანული კურცჰაარია.
ამ მხრივ ბიძაჩემი მართალი იყო, მე ისე ვერ ვერკვეოდი ძაღლის ჯიშებში, როგორც ჩემი ძმა. იმას კი მივხვდი, რომ მონადირე იყო და ამ გალიაში მისი გამომწყვდევა, მართლაც ცოდოობა იყო.
_მოდი, ცეზარ, შენი ახალი პატრონი გაგაცნო._გალიის კარი გაუღო და გამოუშვა.
გამიკვირდა, უცხო რომ დამინახა და არ შემყეფა.
თითქოს ჩემი აზრები ამოიკითხა ბიძაჩემმა, ძაღლს თავზე გადაუსვა ხელი და ცნობისმოყვარეობა დამიკმაყოფილა:
_მხოლოდ ცხოველებზე და ფრინველებზეა დაგეშილი, უცხო ადამიანს არ ერჩის. ნახე._პატარა ჯოხს დასწვდა, დააყნოსინა და მერე მოშორებით გადაუგდო.
ძაღლმა, გახარებულმა ამ ამბით, ხმამაღლა შეჰყეფა და იმ მიმართულებით გაიქცა, სადაც სავარაუდოდ ჯოხი დავარდა. ცოტა ხანს ყნოსვით ისუნსულა იქ, ადვილად მიაგნო რასაც ეძებდა და მალევე დაბრუნდა ჯოხით პირში.
_ყოჩაღი ბიჭი ხარ, ყოჩაღი._ბიძიამ თავზე გადაუსვა ხელი და ჯოხი გამოართვა._როგორ მოგწონს?_თან მე შემომხედა ინტერესით.
_მაგარია._გულწრფელად ვაღიარე._ჯოხი გამოვართვი და ახლა მე გადავუგდე, ოღონდ სხვა მიმართულებით და თანაც უფრო შორს.
ძაღლი ისევ მის მოსატანად გაიქცა.
_კარგი, წავალ მე ყავას დავლევ. შენ და ცეზარი მარტოები უფრო გამონახავთ საერთო ენას.
რამდენჯერმე გავიმეორეთ ჯოხის გადაგდების და მოტანის პროცედურა. თან, ყოველ ჯერზე მოფერებით ვაქებდი ჭკვიან ცხოველს. მერე, ეზოს წინა ნაწილში გამოვედით და საქმე უფრო გავართულე. მოზრდილი ჯოხი სამ ნაწილად გადავამტვრიე. ერთ-ერთს ნიშანი დავადე, დავაყნოსინე და ყველა ერთად მოვისროლე. მეგონა, ამ დავალებაში ჩაიჭრებოდა, მაგრამ შევცდი.
_მალადეც შენ, მართლაც რომ მაგარი ხარ._მის წინ ჩავიცუცქე და სუფთად მოვლილ ძაღლს გულიანად ჩავეხუტე.
თითქოს იგრძნო ჩემი მისადმი დამოკიდებულება და მანაც ლოკვით დამიფარა თითქმის მთლიანი სახე.
ბიძაჩემი მართალი იყო, გულის გადაყოლება მართლაც მჭირდებოდა, თორემ მათეს ამბავი ალბათ ჭკუიდან შემშლიდა, და არა მარტო მე. კარგა ხანს ვითამაშეთ მე და ცეზარმა ეზოში მონადირობანა, სანამ კობა ძია მოიმთავრებდა ყავის დალევას და დაპირებისამებრ სახლში წამიყვანდა. ვერ ვხვდებოდი რა იყო ეს მისი მხრიდან, ქრთამი, რომ მათეს გატაცების ამბავში გარეული იყო და ამით ჩემს მოსყიდვას ცდილობდა, თუ მართლაც დარდობდა ჩემზე და ცოტა გულის გადასაყოლებლად შეარჩია მისი ჩუქების დრო? ასე იყო თუ ისე, ჩვენ ორს შორის კი მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა გვიკავშირდებოდა ასე ერთი ნახვითვე და ნელ-ნელა მიყვარდებოდა კიდეც ეს საოცრად საყვარელი და ჭკვიანი ძაღლი.
_ეს მისი ჯაჭვია._ბიძაჩემი ისე მოგვიახლოვდა თამაშში გართულებს, რომ ვერ გავიგე და ცოტა შევკრთი._ტყეში სანადიროდ რომ წაიყვან, გამოგადგება. ალბათ, სახლშიც დააბამ. თუმცა, მინდა გითხრა, რომ დიდად არ არი მიჩვეული დაბმას და შეიძლება ყეფითა და წკმუტუნით შეგაწუხოთ.
_არაუშავს, მოვუხერხებ რამეს._დავაიმედე.
ცოტა ხანს კიდევ ვილაპარაკეთ ეზოში და მერე კი, მართლაც წამიყვანა სახლში.
მამაჩემი სადღაც იყო წასული, დედაჩემს კი ისევ ეძინა. ბებიას ვკითხე მისი ადგილსამყოფელი, მაგრამ არ ვიციო, შეწუხებული სახით მითხრა.
ძაღლი არ დამიბია, სახლში რომ შევედი ისიც შიგნით შევიყვანე, რადგან უცხოდ რომ იყო, არსად გაპარულიყო. დედაჩემის ოთახში ფრთხილად შევიპარე და მისი ტელეფონი ავიღე. მისაღებში რომ გამოვედი და სავარძელში მოვკალათდი, ცეზარიც გვერდით მომიცუცქდა აზრიანი თვალებით.
_ნეტა, შეგეძლოს, ფოტოები გაჩვენო და იმ ადგილზე წამიყვანო. რა ჯანდაბას აკეთებდნენ ის წუნა და პაჭკორია იქ, რომ შემთხვევითი მოწმე გავხდი და ჩემი თავიდან მოშორება უნდოდათ?_ამოვიოხრე.
ძაღლმა ისე შემყეფა, თითქოს გაიგო რაც ვუთხარი და თავი დაიდანაშაულა.
მოდი და ნუ შეგიყვარდებოდა ასეთი ჭკვიანი ძაღლი. სიყვარულით მოვეფერე და მერე ჩემს საქმიანობას შევუდექი ჰაკერული ხრიკებით: ჩემი ელფოსტა შევიყვანე მის ტელეფონში და სარეზერვო ფოტოების ასლები და ჩემი კონტაქტები ვნახე. მერე, ჯონის დავურეკე, თუ გცალია, ჩემთან მოდი, რაღაც უნდა გაჩვენო-მეთქი.
დაახლოებით ნახევარ საათში მოვიდა.
ცეზარი მაგრად მოეწონა, მაგარი ძაღლიაო. ერთხანს ეთამაშა კიდეც, მე კი, მოთმინებით ველოდი, როდის მოიწყენდა, რომ ფოტოები მეჩვენებინა და წუნას და პაჭკორიას ამბავიც მომეყოლა.
როდის როდის მოიწყინა ცეზარი და ოთახში განვმარტოვდით. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი თუ რა გადამხდა იმ დრეს, ტყეში რომ დავიკარგე. წუხანდელი მათიკოს ამბავიც მოვუყევი მეგობარს, სულგანაბული რომ მისმენდა და ფოტოებიც ვაჩვენე, შემთხვევით ხომ არ გეცნობა რომელიმე-მეთქი.
კარგა ხანს აკვირდებოდა დაჟინებით, მაგრამ ბოლოს უარი განმიცხადა, ვერც ერთს ვერ ვცნობო. სამაგიეროდ ტყის პეიზაჟის სურათებს რომ გადაავლო თვალი, გახარებულმა მითხრა, ვიცი, სადაც ყოფილხარო. ძაღლი ეზოში დავაბი და მაშინვე იქით გავეშურეთ. თოვლი დამდნარი იყო და აქაიქ თხლად იდო მისი საფარი. ცოტა კი გაგვიჭირდა იმ ადგილის მიგნება, სადაც ახმახებს გადავაწყდი, მაგრამ ბოლოში მაინც ვიპოვეთ.
ორმო ამოვსებული დაგვხვდა, მაგრამ მაინც ეტყობოდა რა ზომაზეც იყო გათხრილი.
_ამხელა ორმოს ალბათ გვამის დასამარხად თხრიდნენ._ცოტა შიშჩამდგარი თვალებით შემომხედა ჯონიმ._მაგრამ რადგან ფაქტზე წაასწარი, არ მგონია, რომ ისევ აქ დაეტოვებინათ. იმიტომ უფრო დაგანებეს თავი და ბოლომდე არ გდიეს, რომ მისთვის ადგილი შეეცვალათ.
ლოგიკას მოკლებული არ იყო მისი ნათქვამი. თუ, მართლა გვამს მარხავდნენ აქ და მე გადავეყარე შემთხვევით, მტკიცებულებას გააქრობდნენ. ორმოს კი იმიტომ ამოავსებდნენ, რომ არავის არაფერი ეეჭვა ღია ორმოს ნახვისას.
_გამოდის, მოწმე ხარ და საფრთხეს წარმოადგენ მათთვის. მითუმეტეს, რომ მათი ფოტოებიც გაქვს. მათე კი, შენში აერიათ და იმიტომ გაიტაცეს._კეფა მოიქექა ჯონიმ._პოლიციას რომ აჩვენო ეს ფოტოები, არ გინდა?
_ჯერ მამას ვაჩვენებ, იქნებ იცნობდეს რომელიმეს და მერე მან გადაწყვიტოს როგორც მოვიქცეთ._იმის თქმა, რომ მგონი ამ გატაცებაში ბიძაჩემის ხელი ურევია-მეთქი, ჯერ არ მინდოდა.
სახლში რომ დავბრუნდით, მამაჩემი უკვე მოსული იყო, დაებრუნებინა თავისი წითელი პიკაპი. მისაყვედურა. მისაყვედურა კი არა, მეჩხუბა, ისევ რატომ დაწანწალებ მისამართის გარეშე, რამე რომ შეგემთხვეს, სად გეძებოვო.
მისი მხრიდან საყვედურებსა და ჩხუბს ნაჩვევი არ ვიყავი და ამიტომ ძალიან მეწყინა. გავებუტე, ხმას აღარ ვცემდი და ეზოში ძაღლს ვეთამაშებოდი. იმის თქმაც კი გავიფიქრე, რომ დამნაშავის ფოტოები მქონდა. ველოდებოდი, როდის წავიდოდა ისევ, რომ განყოფილებაში გავპარულიყავი და ჩვენება მიმეცა.
ჩემს ჯინაზე აღარსად წასულა. უფრო მეტიც, აივნის მოაჯირს გადმოყუდებული იდგა და მე და ცეზარს თვალყურს გვადევნებდა დიდი ინტერესით. მერე, მოულოდნელად სახლში შევიდა და ორლულიანი თოფი გამოიტანა.
_ძაღლი წამოიყვანე და ტყეში წავიდეთ._რაღაც მბრძანებლური ტონით მითხრა.
_რაა?!_თითქოს ყურებს არ დავუჯერე. კაცს შვილი უგზო-უკვლოდ ყავდა დაკარგული და ამას კიდე იმის გული ქონდა, რომ სანადიროდ წასულიყო?
_რაც გაიგე!_საკმაოდ უხეშად მითხრა.
_შენ წადი, მე არ მინდა, ნადირობის გუნებაზე ნამდვოლად არ ვარ._მეც საკმაოდ უხეშად ვუთხარი.
_მე ის არ მიკითხავს, გინდა თუ არა, არამედ მოვითხოვ, რომ ძაღლი წამოიყვანო და წამოხვიდე!
ერთხანს გაოგნებულმა ვუყურე, ეს კაცი ჭკუიდან ხომ არ შეიშალა-მეთქი. ალბათ, სახეზეც მეწერა ეს ყველაფერი, რადგან უფრო გაბრაზდა, ჯონისთან და შალვასთან ერთად კარგად დაძრწიხარ იმ ტყეში და ჩემთან ერთად არასდროს არ გინდა არსად წამოსვლაო. მაიძულა, მეც და ცეზარიც ჩავმსხდარიყავით მის მანქანაში და წავსულიყავით ტყეში.
მთელი გზა ენა არ გამიჩერებია, საყვედურებით ავიკელი კაცი, მაშ შენ მამა ხარ, შვილის გზა-კვალი არ იცი და შენ კი სანადიროდ მიდიხარ-მეთქი. ათასი სისულელე და გულმოსაკლავი სიტყვები ვეძახე გაბრაზებულმა, მაგრამ რაც სახლიდან წამოვედით, მას მერე ხმა აღარ გაუცია ჩემთვის. ჩაფიქრებული მართავდა მანქანის საჭეს და მე ზედ აღარ მიყურებდა.
ეს ცალკე მაგიჟებდა და გადავყავდი ჭკუიდან. მე რაღატო წამომათრია, თუ ხმას აღარ გამცემდა? უკვე სერიოზულად ვფიქრობდი, რომ დარდისგან ჭკუაზე იყო ეს კაცი შემცდარი.
ტყეში რომ არ შევედით და ტრასას გავუყევით, ამან ცალკე გამაოცა. თუ სანადიროდ არ მივდიოდით, ძაღლი რაღად უნდოდა? ან, თოფს რაღას მოათრევდა და ან მე რაღას მერჩოდა? მე სულ სხვა გეგმები და საქმეები მქონდა და მის გვერდით ხეტიალი ტყუილად დროის ფლანგვა იყო ჩემთვის. ამიტომ, გულიდან ამოვიღე ყველა ის სალანძღავი სიტყვა მამაჩემის მისამართით, რაც კი პირზე მომადგა. ყველაზე მეტად კი, მგონი მისი სიჩუმე მაგიჟებდა და მაცოფებდა.
ნუ, ეხლა, ისედაც ცოტა ცივი დამოკიდებულება მქონდა მასთან მათესგან განსხვავებით და ახლა ამ გატაცებამ და გაურკვევლობამ ხომ უფრო დამაშორა თითქოს. ის ცალკე მაოცებდა, რომ მამაჩემი ხმას აღარ იღებდა, ჩემს ბრალდებებს მშვიდად ისმენდა და არც კი მაჩუმებდა.
როდის, როდის, ცოტა რომ დავწყნარდი და გავჩუმდი, ამოღამებული თვალებით შემომხედა და მთელი სერიოზულობით მკითხა.
_ის ადგილი ზუსტად გახსოვს, სადაც მათიკო იპოვეთ?
მის ამ მოულოდნელ შეკითხვაზე ცოტა დავიბენი. ეჭვით შევხედე და სანამ რამეს ვეტყოდი, დაამატა:
_ზუსტად წყალწაღებულივით ვეჭიდები ხავსს. პოლიცია ძალიან აჭიანურებს მათეს პოვნას და მე ჩემი ძალებით ვცდილობ. შეიძლება გიჟი გგონივარ, მაგრამ ახლა ჩემი იმედი ეს ძაღლია...
_ძაღლი?!_უარესად ჩამომვარდა გაოცებისგან ყბა.
_გთხოვ, ნურაფერს მკითხავ, მარტო ის ადგილი მაჩვენე, სადაც ის გოგო იპოვეთ. დანარჩენს კი ადგილზე მოგიყვები.
ვერ მივხვდი, რას გეგმავდა მამაჩემი, მაგრამ ვერც ვერაფრის კითხვა ვეღარ შევბედე. ამ დღეების მანძილზე პირველად დავაკვირდი და თითქოს უფრო გაჭაღარავებულიყო. წვერიც მომეტებულად გაზრდოდა და სულ მცირე, ათი წლით მაინც იყო მობერებული. რაღაც უცნაურად შემიტოკდა გული. რა იყო ეს, ვერ მივხვდი, მაგრამ ის განცდა თუ გრძნობა, რასაც იმ მომენტში განვიცდიდი, ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა მიძლიერდებოდა.
მართლაც მივიყვანე იმ ადგილზე, სადაც მათიკო ვიპოვეთ და მანქანიდან გადავედით. მე ცეზარი დავიჭირე ჯაჭვით, რათა ბუნებაში არ გაქცეულიყო და არ დამეკარგა. მამამ პატრონტაჟი შემოიჭირა წელზე, თოფი მხარზე დადაიკიდა და ქურთუკიდან მათიკოს ზოლიანი კაშნე ამოაძვრინა.
მაინც ვერ მივხვდი რას აპირებდა და გაოცებული თვალებით შევყურებდი მის თითოეულ მოძრაობას.
კაშნე ცეზარს მიუტანა დინგთან და დააყნოსინა.
_იცი, ამ ჯიშის ძაღლებს სუნის აღება კარგად შეუძლიათ. იქნებ შევძლოთ და ვიპოვოთ ის ადგილი საიდანაც გამოიქცა მათიკო.
მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ნუთუ ეს მართლა შესაძლებელი იყო?
მამამ კაშნე ისევ ქურთუკში შეინახა და ცეზარის ჯაჭვი გამომართვა, შეიძლება შენ ვერ დაიმორჩილო და წაგაქციოსო.
ზუსტად იმ ადგილზე რომ მივედით, სადაც მათიკო ეგდო, ძაღლმა აშკარად აიღო სუნი. ერთხანს იქვე იწრიალა და მერე ნელ-ნელა გაუყვა ტყისკენ გზას. მამასი არ ვიცი, მაგრამ მე კი გულისფანცქალით მივყვებოდი უკან.
სად აღარ იარა ძაღლმა და გვატარა ჩვენც. ხან, ჯაგებში ვიძრომიალეთ, ხან ღრეში. ხანდახან მამა ისევ ამოიღებდა ხოლმე კაშნეს და ცეზარს ხელმეორედ აყნოსინებდა. ისიც, ხელახალი სუნის აღებაზე უფრო დამაჯერებლად მიიწევდა წინ.
მამა მართალი იყო, მე მას მართლა ვერ დავიმორჩილებდი. ისეთი ძალა ქონდა, ამხელა კაცს მიარბენინებდა და მე რაღას მიზამდა? მირბოდა და შეუსვენებლივ მივყვებოდით ჩვენც. დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობდი. იმედი იმისა, რომ შეიძლებოდა ჩემი ძმის ადგილსამყოფელისთვის მიგვეგნო, უდიდეს სტიმულს მაძლევდა. ბოლოს და ბოლოს იქნებ დაგვეხსნა კიდეც იმ გადარეული კაცებისგან, რომლებსაც შეცდომით ყავდათ გატაცებული ჩემს მაგივრად...
ბევრი სირბილის მერე როგორც იქნა შორიდანვე მოვკარით რაღაც მისაბმელიან ფურგონს თვალი, რომელიც შუაგულ ტყეში რაღაც საეჭვოდ იყო გაჩერებული.
მამამ ძაღლი მე გადმომაბარა და სასტიკად გამაფრთხილა, არაფერში არ ჩავრეულიყავი და ჩვენს მანქანასთან დავბრუნებულიყავი.
_რა სისულელეა?_ავღშფოთდი._არსადაც არ წავალ. იქნებ რაში დაგჭირდეს ჩემი შველა?
_ძველი მონადირე ვარ, სროლა არ გამიჭირდება. მარტოც ადვილად გავართმევ თავს. იქ თუ ვინმეა, არ მინდა, რომ შენც რამე დაგიშაოს!
იმაზე ვერ დამიყოლია, რომ მანქანასთან დავბრუნებულიყავი. ის კი ამიკრძალა, რომ უკან გავყოლოდი.
_შენ აქ დამელოდე._ისე მითხრა, თითქოს სახლის უკანა ეზოში ვყოფილიყავით.
_სად აქ?_გავაპროტესტე._მეც შენთან ერთად მინდა წამოსვლა.
_გინდა განა ფაფის ჭამაა?_თავისებური კახური იუმორით სცადა ჩემი გადარწმუნება._შენ აქ დაიმალე და არ გამოჩნდე იცოდე!_ბოლოში მაინც მკაცრად მიბრძანა. მერე, იარაღი ჩამოიხსნა მხრიდან, გადატენა და ფურგონისკენ მალულად წავიდა.
თვალი გავაყოლე, დიდი სიფრთხილით და ამავე დროს მოხერხებულად რომ მიიწევდა წინ და გულში სიამაყის გრძნობა მეუფლებოდა. ბებიისგან მისი მისამართით სულ სალანძღავი სიტყვები მესმოდა, რომ ბედოვლათი იყო, უქნარა, ცოლ-შვილი არ უყვარდა და პატივს არ სცემდა არავის. ეს მქონდა ოდითგანვე ჩაგონებულ-ჩასმენილი და ამის გამო თვითონ მე არ ვცემდი ამ კაცს პატივს. ზუსტად იმ მომენტში გავაცნობიერე ის ფაქტი, რომ ბებია ნამეტანი აჭარბებდა ყოფილი სიძის ძაგებას. ამ კაცს ცოლიც უყვარდა და პატივსაც სცემდა და მე და მათეც ვუყვარდით. უფრო მეტიც, ჩვენს გამო არანაირ საფრთხესაც არ ერიდებოდა და სიკვდილსაც კი არ შეუშინდებოდა, დარწმუნებული ვიყავი ამაში.
მისი გაფრთხილების და ბრძანების მიუხედავად, რომ იქ დავრჩენილიყავი და დავმალულიყავი, თოვლზე პირქვე დავწექი და ხოხვა-ხოხვით, თან ცეზარის ჯაჭვის თრევით მეც დიდი სიფრთხილით მივყევი უკან. (მათეც ხომ ასე მოიქცეოდა ჩემს გამო?)
ძაღლმა იმდენი იწვალა, იმდენი რომ ხელიდან გამეშვა და ისიც მამაჩემისკენ გაიქცა. მივხვდი, საქმეს გაურთულებდა, მაგრამ მისი შეჩერება ვეღარ შევძელი. იმდენი კი მოვახერხე, რომ მე წამოვხტი და იქვე შორიახლოს მარადმწვანე ბუჩქებში შევძვერი დასამალად. იქიდან დაველოდე მოვლენების განვითარებას. თან, ცეზარს ვლანძღავდივდი, რომ აღარ დამემორჩილა.
როგორც ვვარაუდობდი, მამაჩემთან არ მისულა, გვერდი აუქცია მასაც, ფურგონსაც და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა.
_ყოჩაღ, ცეზარ, რა მაგარი ბიჭი ხარ, ზუსტად ისეთ დროს გვტოვებ, როცა შენი დახმარება გვჭირდება._სინანულით მივაძახე და უფრო საგულდაგულოდ მოვეწყვე ბუჩქებში.
მამა ფურგონს ფრთხილად მიუახლოვდა. გარემო კარგად დაზვერა. მერე, კარი გამოაღო და იარაღმომარჯვებულმა შეიხედა შიგნით. ცოტა ხანში კი მთლიანად შევიდა. საეჭვო ხმაური და მოძრაობები რომ არ შემინიშნავს, მივხვდი, ფურგონი ცარიელი იყო და მეც იქით გავიქეცი. ჩემი მიახლოება ალბათ მტრის მიახლოებად ჩათვალა მამაჩემმა და უკვე კარში თავშეყოფილს დამიმიზნა თავისი თოფი. თუმცა, მალევე მიცნო და მისაყვედურა.
_მეგონა გამტაცებელი იყავი, რას აკეთებ, უნდა გესროლო? არ გითხარი, რომ უნდა დამლოდებოდი?
_კი, მაგრამ არც იქ არის უსაფრთხო. თან, ცეზარიც გამექცა.
_ცეზარზე ნუ იდარდებ, დაბრუნდება. სასწრაფოდ დავათვალიეროთ აქაურობა და წავიდეთ, არავინ მოგვატანოს._ჯიბიდან პატარა ფანარი ამოიღო და ფურგონის ყოველი კუთხე-კუნჭული გულდასმით მოათვალიერა._აშკარად იგრძნობა ადამიანის კვალი. შეიძლება სულაც არ არის ის, რასაც ვეძებთ, რადგან, როგორც ჩანს, საბურავი აქვს დაშვებული და შემთხვევით არის აქ მიტოვებული, მაგრამ მაინც...
მამა მართალი აღმოჩნდა, ეს ის ფურგონი არ იყო, რასაც ვეძებდით. აქ მათეს არანაირი კვალი არ იგრძნობოდა. უფრო, რომანტიკული ატმოსფერო იყო. ალბათ, მართლაც საბურავის გამო იყო მიტოვებული და მისი მეპატრონეები კი ალბათ დახმარების სათხოვნელად წასულები.
ფურგონი იმედგაცრუებულებმა დავტოვეთ და მანქანასთან ვაპირებდით დაბრუნებას, რომ ცეზარი გამახსენდა.
_დაივიწყე-მეთქი, დაბრუნდება, ტყეში არ დაიკარგება._ისევ გამიმეორა მამაჩემმა.
_არა, მე იმას ვამბობ, იქნებ ისევ მათიკოს სუნს მისდევს? მის კვალს რომ გავყვეთ?
მამა ჩაფიქრდა. აშკარა იყო, რომ მიხვდა, სიმართლეს ვამბობდი, მაგრამ ეტყობოდა, ჩემი ამ საქმეში გარევა არ უნდოდა, წავიდეთ აქედანო, მკაცრად მითხრა, მაგრამ მე არ დავემორჩილე და იმ მიმართულებით წავედი, საითაც ძაღლი გაიქცა. მალევე ვიპოვე მისი ნაფეხურები და იმას მივყევი.
უკან არ მიმიხედია, მაგრამ მივხვდი, რომ მამაც უკან მომყვებოდა იარაღმომარჯვებული. ამიტომ გული მომეცა და უფრო გაბედულად მივძუნძულებდი თოვლში.
მამა მალევე წამომეწია და შემაჩერა.
_ჩუუ, იქ ვიღაც არის._ბექობისკენ მანიშნა._ჩქარა, იმ ხეს ამოეფარე. თან, ქურთუკში ჩამალე თავი და ისე ისუნთქე. ან, თოვლი ჩაიდე პირში, რომ ორთქლი გაგიქროს და არ შეგნიშნონ.
თვითონაც თოვლს დასწვდა და პირში ჩაიდო. მე კი, მოზრდილ ხეს ამოვეფარე მაშინვე, საჩქაროდ გავიხსენი ქურთუკი და შიგ ჩავრგე თავი. თან, მივაყურადე, მაინტერისებდა, რა გაიგო მამამ ამისთანა და რით მიხვდა, რომ იქ ვიღაც იყო.
შორიახლოდან მართლაც შემომესმა კაცების ხმა. გარკვევით არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ მივხვდი რომ დავობდნენ. ცოტა ხანში კი, იარაღის გასროლის ხმაც შემომესმა, რამაც გვარიანად შემახტუნა და თითქოს სისხლი გამიყინა ძარღვებში.
_ვაიმე, მამაა._გულში უჩვეულო ტკივილი ვიგრძენი და თითქოს რაღაც ჩამწყდა შიგნით. ცალკე, შიშმა მომიცვა ერთიანად, რადგან თვალნათლივ წარმოვიდგინე თეთრი თოვლი როგორ იღებებოდა მამაჩემის სისხლით და პანიკაში ჩავვარდი. საშველად მინდოდა გაქცევა, მაგრამ სხეული არ მემორჩილებოდა რატომღაც. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უზარმაზარი ლოდები მეკიდა თითოეულ კიდურზე.
მეორედაც გაისმა თოფის ხმა, რასაც უწმაწური გინებაც მოჰყვა გარკვევით და მგონი ერთი მუჭა გავხდი შიშისგან. იმაზე დავიწყე ფიქრი, რა და როგორ გამეკეთებინა: გავქცეულიყავი და თავისთვის მეშველა, თუ მამას მივხმარებოდი, იქნებ რა უჭირდა? ბევრი ვიყოყმანე, მაგრამ მერე, წარმოვიდგინე, გინდ მამა და გინდ მათე როგორც მოიქცეოდნენ ამ სიტუაციაში და როგორც იქნა დავძლიე შიში. ის იყო, ფეხზე წამოვდექი, რომ შეუმჩნევლად მომადგა ვიღაც და ისევ გადამიტრიალა გული.
მამა იყო.
ჩუუო, თითით მანიშნა.
_ბრაკონიერები არიან, მათთთან გამოჩენა არ ივარგებს, შარს გადაგვკიდებენ. ჯობია, სადმე დავიცადოთ, წავლენ და ჩვენც მერე განვაგრძოთ გზა.
_ცეზარი?_მისი ბედით დავინტერესდი.
_მათთან არ მისულა. ეტყობა, რომ ისევ მათიკოს კვალს გაჰყვა._ეს ისე დარწმუნებით თქვა, რომ ეჭვი სულაც არ შემიტანია ცეზარის მოქმედებაში._აქვე, პატარა ხევია, იქიდან მოვჭრათ გზა და ეს დედამოტ...ლი ნაძირლები ვერ შეგვნიშნავენ._ბრაკონიერების მისამართით შეიკურთხა მამაჩემმა და მართლაც ხევისკენ გავეშურეთ.
ციცაბო კლდე დიდი სიფრთხილით ჩავიარეთ. ეს მე გამიჭირდა ჩასვლა, თორემ მამაჩემი ძალიან ადვილად ჩავიდა. თან, მე მეხმარებოდა, რომ არ დავგორებულიყავი და ქვემოთ არ მომედინა ზღართანი.
ათი წუთი მაინც დაგვჭირდა ფსკერამდე ჩასასვლელად. იქ კი, საქმე უფრო გართულდა, რადგან წყალი მიედინებოდა, რომელიც ნაპირებში გაყინული იყო და ფეხი სასწაულად მიცურდა. ერთი-ორჯერ წავიქეცი კიდეც და მამაჩემმა მზრუნველად წამომაყენა.
_მოვტყუვდი, მანქანაში უნდა დამეტოვებინე._ინანა კიდეც.
არაფერი მომივა, პატარა აღარ ვარ-მეთქი, დავამშვიდე და გზა ისევ განვაგრძეთ. შორიახლოდან ისევ გაისმა თოფის ხმა და ამჯერადაც შემაკრთო გვარიანად.
_რაზე ნადირობენ?_დავინტერესდი.
_კავკასიურ ირმებზე. მათზე ნადირობა კანონით ისჯება, მაგრამ მაინც იპარებიან ეს ნაგვები... ახლა მათე გვყავს მოსაძებნი, თორემ მაგათ ვუჩვენებდი სეირს.
_შეიძლება, რომ დაგვინახონ მათი უკანონო ნადირობის მოწმენი ვართ, რამე დაგვიშაონ?_მართალია მეშინოდა, მაგრამ მამაჩემს მაინც არ დავანახე ჩემი შიში და ისე, სხვათაშორის ვკითხე.
_მაგ ნაძირლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ მერწმუნე, ჩვენ ვერაფერს დაგვიშავებენ._თავდაჯერებულად მითხრა და თან მხრებზე მომხვია ხელი._ხომ არ გეშინია?
არა-მეთქი, თავი გავიქნიე, თუმცა კი, მართლაც რომ მეშინოდა... მაგრამ ამავე დროს იმედიანად ვიყავი, რადგან მამა მყავდა გვერდით.
ცოტა კიდევ გავიარეთ და გამოქვაბულის მსგავს რაღაცას მივაგენით, რომელიც ხმელი ხეებით ისე იყო ჩახერგილი და დამალული. ალბათ, ადვილად რომ არ შეემჩნია ვინმეს.
_ეს რაღაა?_გამიკვირდა.
_მეც გაოცებული ვარ, ადრე არასდროს შემიმჩნევია. არა და რამდენჯერმე მომიწია აქეთ გამოვლა._ჩაფიქრდა მამაჩემი.
_შეიძლება, რომ დათვები იყვნენ შიგნით?_შიშით ვიკითხე.
_დათვები შესასვლელს ასე საგულდაგულოდ არ ჩაიხერგავდნენ. აქ, აშკარად ადამიანის ხელი ურევია. მგონი, ვიღაც რაღაცას საგულდაგულოდ მალავს. შევალ და ვნახავ...
_მოიცა._შევაჩერე._არავინ იყოს.
_გარედანაა ჩახერგილი, შიგნით არავინ იქნება._დამამშვიდა._შენ აქ დარჩი.
_არა, მეც წამოვალ._დარწმუნებით ვუთხარი და შესასვლელის გასუფთავებას შევუდექით.
რამოდენიმე ხის მოზრდილი ტოტები რომ გამოვათრიეთ და მამამ ფანარი შეანათა შიგნით, აშკარად რაღაც იყო, რადგან დავინახე, ორი თვალი როგორ უელავდა წითლად.
_ვაიმე!_ერთი კი დავიყვირე და უკან გავხტი, მაგრამ მალევე დავინახე, რომ ცეზარი იყო._რა გული გამიხეთქე შე მოღალატევ! მანდ რას აკეთებ?_გავუბრაზდი, რადგან მინდოდა შიში დამეფარა, რომ მამას არ შეემჩნია.
ცოტა ხანში კი ცეზარიც გამოძვრა ტოტებში და ჩემ წინ გამომწვევად დაჯდა. თან, ფაფუკბეწვიანი ხელთათმანი დამიდო წინ.
_ეს რაღაა? სად იპოვე?_გაოცებული დავწვდი და დაკვირვებით შევათვალიერე._მოიცა, მგონი მათიკოსია!_მამას რომ შევხედე გახარებულმა, მგონი სიხარულის ცრემლი შევნიშნე თვალზე.
ხელის ერთი მოსმით გადმოყარა ტოტები და შიგნით შევიდა.
_ყოჩაღ ცეზარ!_ჯერ ძაღლს ჩავეხუტე შექების ნიშნად და მერე მეც მამას მივყევი.
გამოქვაბულში კარგად ბნელოდა და რაღაც ნესტის თუ ობის სუნი იდგა. სხვა შემთხვევაში ზიზღის გრძნობით გამოვვარდებოდი უკან, მაგრამ ახლა იმის სიხარული, რომ მათეს კვალს ვადექით, გამბედაობას და მხნეობას მაკრებინებდა და მეც მამაჩემის გვერდით ვათვალიერებდი ყოველ კუთხე-კუნჭულს.
მართალია, გამოქვაბული ცარიელი დაგვხვდა, მაგრამ იქ ერთდროს მართლაც ყავდათ მათე და მათიკო გამომწყვდეულები, რადგან კვალი აშკარად იმჩნეოდა. თან, მათეს ვერცხლის სამაჯური ვიპოვეთ, რომელზეც მისი ინიციალები და სისხლის ჯგუფი იყო ამოტვიფრული.
ასეთი სამაჯური მეც მქონდა, რომელიც დედამ გვაჩუქა თხუთმეტი წლის აღსანიშნავად.
_ეტყობა, მათიკომ გამოქცევა რომ შეძლო, ეს სხვაგან გადაიყვანეს._ხმა აშკარად აუკანკალდა მამაჩემს._სად წაიყვანეს ნეტა? ან, რას ერჩიან უდანაშაულო ბავშვს?
_სამაჯური რომ ვაჩვენოთ ცეზარს, იქნებ ისიც იპოვოს?_უცბად იდეა დამებადა და ძაღლი მოვიხმე.
_დააყნოსინე, მაგრამ არ მგონია, რომ ფეხით წაეყვანათ...
მე მაინც დავაყნოსინე ცეზარს მათეს სამაჯური და მოვლენების განვითარებას დაველოდე.
ძაღლმა გამოქვაბულიდანვე აიღო მათეს სუნი. ჯერ იქ იტრიალა კარგა ხანს, მერე გარეთ გავიდა და ჩვენ საიდანაც მოვედით, იმის საწინააღმდეგო მხარეს გაიქცა.
მე და მამაც უკან მივყევით. თუმცა, მამა მართალი აღმოჩნდა. გაშლილ ტერიტორიას რომ მივადექით, იქ , სადაც მანქანა ადვილად მოვიდოდა, აშკარად დაეკარგა ცეზარს მათეს კვალი და მგონი ჩვენზე მეტად შეწუხდა წარუმატებელი ძებნის გამო.
_დაწყნარდი ყოჩაღო ბიჭო, დაწყნარდი._მამამ ძაღლს თავზე გადაუსვა ხელი._შენი ბრალი არაა. იმ ახვრებმა წაიყვანეს მანქანით. აქ საბურავების კვალიც ჩანს... იქით მიდის._ხელი ქვემოთ გაიშვირა._დავიჯერო, ტბაზე ჩაიყვანეს?
_წავიდეთ და ვნახოთ._ისეთი ტონით ვუთხარი, ჩემი ნათქვამი გასაჩივრებას რომ აღარ ექმემდებარებოდა.
მართალია, ამ ხეტიალით საფრთხეში ვიგდებდით თავს. უფრო მე, რადგან გამოუცდელი ვიყავი ამ სფეროში და საქმეს უფრო ვურთულებდი მამაჩემს, მაგრამ ეტყობა მეორე შვილის მოძებნის სურვილი უფრო ძლიერი იყო მისთვის და მცირეოდენი ყოყმანის მერე მართლაც წავედით ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასაზვერად.
ცეზარს წეღანდელივით თავი აღარ დაუნებებია ჩვენთვის და ხან უკან მოგვყვებოდა და ხან ცოტას გვისწრებდა წინ.
დავიღალე ტყე-ღრეში სიარულით. მე ხომ ამდენი არასდროს მივლია? მაგრამ ხმამაღლა მამას ამას არ ვეუბნებოდი. არც მინდოდა ფარ-ხმალის დაყრა, რადგან სინდისი მქენჯნიდა. მათე ხომ ჩემს გამო იყო ახლა გატაცებული? მგონი როგორ უჭირდა ტყვეობაში მყოფს და მე სიარული და მისი ძებნა როგორ არ უნდა შემძლებოდა?
ჩემი ვარაუდით, ერთი კილომეტრი მაინც ვიარეთ სვენებ-სვენებით. მამა ალბათ გრძნობდა, რომ მიჭირდა და ისე რომ მე არ მეთაკილა, შიგადაშიგ ხუთწუთიან შესვენებებს ვაკეთებდით, ძველებურად მუხლი აღარ მიჭრის და ცოტა შევისვენოთო.
არ ვიცი, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს მამასთან, მაგრამ მე რომ ბოლომდე გახსნილი არ ვიყავი მასთან, ეს კი ნამდვილად ვიცოდი. რატო არ ვეუბნებოდი ტყის შემთხვევის ამბავს, მე რომ გადამხდა დაბოლილს თავს და მათეც ჩემს გამო გაიტაცეს, დღემდე ვერ ვხვდები. იქნებ, უფრო გაადვილებულიყო მისი პოვნა, მაგრამ... მაშინ არ ვთვლიდი ამას საჭიროდ. უფრო ზუსტად, არ მინდოდა მეთქვა, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო...
ტბასთან რომ მივედით და მაღლობიდან გადავხედეთ, გაოგნებული დავრჩი, ტბა გაყინული იყო და ზემოდან თოვლის თხელი საფარი ედო. ფოტოების გადაღება მომინდა ამ სილამაზისთვის, ჯიბეშიც კი ჩავიყავი ხელი ტელეფონის ამოსაღებად, მაგრამ გამახსენდა, რომ კობა ძიას ქონდა ისევ და ჯერ არ დაებრუნებინა.
_აქედან ხელისგულივით ჩანს ტბის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს ვხედავ. ტყუილად ვიარეთ ამდენი. წამოდი, მოკლეზე მოვჭრათ და სახლში დავბრუნდეთ. პოლიციას ვეტყვი ამ ყველაფრის შსახებ, იქნებ იმათ უფრო გაარკვიონ რამე.
მისი ნათქვამი არ გამიპროტესტებია. დაღლილ-დაქანცული ვიყავი და სახლში წასვლა არ მაწყენდა. ბექობზე დავეშვით და როგორც მამამ მიბრძანა, გაყინული ტბისთვის უნდა შემოგვევლო. აქ კი შევეწინააღმდეგე, ტყუილუბრალოდ წრე რატო უნდა დავარტყათ და ამდენი ვიაროთ, პირდაპირ გადავჭრათ-მეთქი.
_ყინული დნება, შეიძლება ჩაგვიტყდეს და ტბაში ჩავცვივდეთ._მკაცრად კი გამაფრთხილა, მაგრამ მე არ დავუჯერე.
ჯერ ფრთხილად მოვსინჯე რამოდენიმე ნაბიჯით. რომ მივხვდი, ყინული მყარი იყო და გამიძლებდა, მერე უკვე გაბედულად გავიარე იმის საჩვენებლად, რომ მამაჩემი ცდებოდა.
_ფრთხილად!_შეშინებულმა დამიყვირა მამამ მაგრამ მე ყურადღება არც კი მიმიქცევია მისი უსაფუძვლო შიშისთვის და ფეხს ავუჩქარე.
ალბათ, ტბის შუაგულამდე ვიყავი მისული, რომ მოულოდნელად ტკაცანი დაიძახა რაღაცამ, ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა და წყალში ჩავვარდი. გვარიანად ჩავყურყუმელავდი, მაგრამ შევძელი ისევ წყლის ზედაპირზე თავის ამოყოფა. ცურვა კი ვიცოდი, არ დავიხრჩობოდი, ამისი არ შემშინებია, მაგრამ წყალი ისეთი გაყინული იყო, გული გამიჩერდა და სუნთქვაც შემეკვრა, რაც მოძრაობის უნარს მიზღუდავდა. თან, ასე მეგონა, ერთი ასად მქონდა სხეული დამძიმებული და ფსკერისკენ მექაჩებოდა რაღაც. რამდენჯერაც ყინულს ჩავეჭიდე, იმდენი ჩატყდა.
_გამაგრდი ლუკა, მოვდივარ!_რაღაც არაადამიანურად ყვიროდა მამაჩემი და ისიც ყინულზე მორბოდა უშიშრად.
ცოტა რომ მომიახლოვდა, ყინულზე გაწვა, ისე მოხოხდა ჩემთან და ხელები გამომიწოდა.
_ჩამეჭიდე და ეცადე ზედმეტად არ იმოძრაო!
ჩავეჭიდე კი, მაგრამ მოჭიდების უნარი არ მქონდა და ისევ გამეშვა ხელები.
_ნუ გეშინია შვილო, გიშველი!_მამაჩემმა ქურთუკი გაიხადა, იქვე მიაგდო და თვითონაც წყალში ჩამოხტა.
წვალებით ამომაგდო ყინულზე და მიბრძანა, ფეხზე არ ავმდგარიყავი და ისე გავხოხებულიყავი ნაპირისკენ.
_შენ?_საცოდავად ამოვიკნავლე სიცივისგან აკანკალებულმა.
_რაც გითხარი ის გააკეთე! ერთხელ მაინც დამიჯერე! მე ჩემს თავს მივხედავ როგორმე.
ჩემს ბუნებაში პროტესტის გრძნობამ და წინააღმდეგობის გაწევის სურვილმა ისევ იმძლავრა. მამაჩემივით გავწექი ყინულის ზედაპირზე და ხელები გავუშვირე.
_ვერ გაიგე რა გითხარი?! ყინული ჩაგემტვრევა და ისევ წყალში ჩამოვარდები! თავი დამანებე და ნაპირისკენ წადი._ბოლო წინადადება მუდარით მითხრა უკვე.
სველი ყინული უფრო ადვილად იმტვრეოდა. მამა მართალი იყო, ასე ისევ წყალში ჩავვარდებოდი და ორივეს უფრო გაგვიჭირდებოდა ამოსვლა. ამ ჯერზე მართლაც დავუჯერე მამას და ნაპირისკენ დიდი სიფრთხილით გავხოხდი. რამდენჯერმე მივხედე, ამოსვლას რომ ცდილობდა, მაგრამ ყინული მის გარშემო ადვილად იმტვრეოდა და ისევ წყალში ვარდებოდა.
მათეს ჩემს გამო გაუჩინარებას მამაჩემის წყალში ჩავარდნაც დაემატა და თავი უკანასკნელ ნაძირალად ვიგრძენი. რა იქნებოდა, დამეჯერებინა და ამ ოხერ ყინულზე არ მომენდომებინა სიარული? მივხოხავდი და თან იმაზე ვფიქრობდი, რა მეღონა და როგორ მეშველა მამაჩემისთვის. ერთადერთი, რაც მაფიქრდებოდა, ის იყო, რომ რამე კეტი მომენახა და შორიდანვე გამეწოდებინა. ის ჩაეჭიდებოდა და მე კი გამოვწევდი.
რაც შემეძლო სწრაფად მივხოხავდი ნაპირისკენ, რომ ჩანაფიქრი სისრულეში მომეყვანა. მაგრამ სველს და გაყინულ-გათოშილს ძალიან მიჭირდა მოძრაობა. თუმცა, როგორღაც მაინც მივაღწიე ნაპირამდე, ფეხზე წამოვდექი და უმწეოდ მოვავლე შემოგარენს თვალი, იქნებ რამე სახარბიელო მეპოვა, მაგრამ ახლოში ისეთი ვერაფერი ვერ ვნახე.
ისევ გავხედე მამაჩემს, წყლიდან ამოსვლას რომ წვალობდა, გამაგრდი მამა, გიშველი-მეთქი, მივაძახე და ტყის მიმართულებით გავძუნძულდი. მართლაც ვიპოვე რაღაც მომცრო მორი. იმ მხრიდან აღარ გამივლია ყინულზე, საიდანაც გამოვხოხდი, რადგან ყინული სველი იყო და ვხვდებოდი, რომ უფრო ადვილად ჩამიტყდებოდა.
_აქეთ ნუღარ მოდიხარ!_კი მიყვიროდა მამაჩემი, მაგრამ არც ამჯერად ვუსმენდი.
ცოტა რომ მივუახლოვდი, მუცელზე გავწექი და მორთან ერთად განვაგრძე ხოხვა. ამჯერად მართლაც რომ სწორი გათვლებით ვმოქმედებდი და კიდევ კარგი არ დავუჯერე მას. მამაჩემი მართლაც ჩაეჭიდა მორს და მართალია წვალებით, მაგრამ მაინც ამოვათრიე.
_მადლობა._სამშვიდობოს რომ გამოვედით, მაშინ ჩამეხუტა მამა._მაგრამ, რატო ჩაიგდე თავი საფრთხეში?
_შენც ხომ ასე მოიქეცი ჩემს გადასარჩენად? მითუმეტეს, რომ მე ღირსი არ ვიყავი, არ დაგიჯერე.
გაეღიმა და აღმოვაჩინე, რომ ძალიან ლამაზი ღიმილი ქონდა და მეც ჩავეხუტე.
_წამოდი ახლა, სიარულს თუ შეძლებ, ცეცხლი უნდა ავანთოთ როგორმე და გავშრეთ, თორემ გავიყინებით... საშველად ვერავის ვუხმობთ, რადგან ტელეფონი დამისველდა...
გათბობა მართლა არ მაწყენდა, არც ერთ ფინჯან ცხელ ჩაიზე ვიტყოდი უარს, რადგან კბილს კბილზე მაცემინებდა უკვე. ისევ ტყეში შევედით. ძლივს მივათრევდი ფეხებს. მამა უფრო მხნედ გამოიყურებოდა და ხმელი ტოტები მოაქუჩა. მერე, სველი ჯიბიდან სანთებელა ამოიღო და ბევრი წვალების შემდეგ როგორც იქნა აანთო. მაგრამ კოცონის ანთება უფრო გაუჭირდა, რადგან არაფერი გვქონდა ისეთი, რასაც მოუკიდებდა და იქიდან გადაეკიდებოდა ცეცხლი. უკვე, იმედი რომ გადამეწურა გათბობისა, მოულოდნელად მამას სახეგაუნათდა. მივხვდი, რომ რაღაც მოიფიქრა და არც შევმცდარვარ. ერთ-ერთი ვაზნა ფრთხილად დაშალა, იქიდან დენთი წამოყარა და იმას მიუკიდა ცეცხლი. პატარა აფეთქების მერე ცეცხლი გაჩნდა და მალე გადაეკიდა კიდეც წვრილ ტოტებს და გემრიელი კოცონიც აგუზგუზდა.
გახარებული მივეფიცხე ცეცხლს. მესიამოვნა სითბო. ჯერ ორთქლი ამვარდა ტანსაცმელიდან. თითქოს, ორთქლის აბაზანას ვიღებდი. სულ მალე კი, ტრუსის სუნიც ვიგრძენი.
_მასე არ ივარგებს. ჯობია, სვიტერი გაიხადო და ისე გააშრო. თან, მასე უფრო ადვილად გათბები.
ცოტა ეჭვით შევხედე მამაჩემს, ამ სიცივეში რომ გავიხადო, ხომ მთლად გავიყინები-მეთქი, მაგრამ მაინც უსიტყვოდ დავუჯერე. ხელების კანკალით ძლივს გავიძრე ჩემი საყვარელი ჰუდი და ცეცხლს მივუშვირე გასაშრობად.
მამა მართალი იყო, სველ ტანსაცმელში უფრო მციოდა, ასე კი იმდენად აღარ. თან, უფრო ადვილად დავაშრობდი.
მამამაც გაიხადა სვიტერი და მის გაშრობას შეუდგა.
სითბო ისე მესიამოვნა, ალკოჰოლივით გამაბრუა და ძილი მომერია. ერთი-ორჯერ წავყვინთე კიდეც. ალბათ, მამამ შემნიშნა, რომ მეძინებოდა და სანახევროდ გამშრალი სვიტერი ისევ გადაიცვა.
_ცოტა ხომ გაშრი?_მერე მე მომიბრუნდა._წავიდეთ აქედან, თორემ გაცივდები.
წამოდგომა დამეზარა. უფრო სწორად, ვერ დავძარი სხეული.
_მე რომ დავრჩე და აქ დაგელოდო? შენ მანქანის მოსაყვანად წადი._საცოდავად შევხედე._მცივა, ცუდად ვარ, სიარული მიჭირს._თან ავკრუსუნდი.
ჯერ უარი მითხრა, მარტოს ვერ დაგტოვებ აქო, მაგრამ ჩემებურად რომ გავჯიუტდი, ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, მაშინ შეშა მომიმარაგა, ცეცხლი არ ჩააქრო და არ გაცივდეო, დამიბარა, თავისი ორლულიანი თოფიც მე დამიტოვა და ლამის სირბილით წავიდა მანქანის მოსაყვანად. დაახლოებით ორმოც წუთში მოვალო.
თავიდან მხნედ ვიყავი, თოფს ჩახუტებული ვიჯექი კოცონის წინ და თან შეშასაც ვუმატებდი, რომ არ ჩამქრალიყო. მერე ისევ ძილი მომერია და თავიც საგრძნობლად დამიმძიმდა. კარგა ხანს ასკილივით ვაკანტურე. მერე კი, ვეღარ გავუმკლავდი და ისე მჯდომიარესვე მიმეძინა.
რამდენ ხანს მეძინა არ ვიცი, მაგრამ თვალები რომ გავახილე და თავს ორი ახმახი მამაკაცი წამომდგომოდა გაოცებული სახეებით, რომლებიც ერთმანეთში ხმადაბლა დაობდნენ რაღაცას, გვარიანად დავფეთდი.
_აკი, საავადმყოფოს კარებთან ჩამოვაგდეო?_ერთი ეჩურჩულებოდა მეორეს.
_შენს ძმობას ვფიცავარ, იქ დავტოვე.
_აბა, მაშ ეს აქ რას აკეთებს?
_არ ვიცი, მართლა იქ დავტოვე...
მივხვდი, რომ მათეს გამტაცებლები იყვნენ. როგორც მათი ლაპარაკიდან გავიგე, მათე უკვე თავისუფალი იყო და საავადმყოფოში იწვა. მოულოდნელად მე რომ გადამაწყდნენ, ისევ ავერიეთ ერთმანეთში და გვარიანად იყვნენ დაფეთებულები. მართალია, თვალები არ გამიხელია, მაგრამ მგონი მაინც მიხვდნენ, რომ მეღვიძა და ამიტომ მაშინვე გაჩუმდნენ. ჩემი მხრიდან თავის მოკატუნება აღარ ივარგებდა, ამიტომ ჯერ შევიშმუშნე, მერე გავიზმორე და მხოლოდ ამის მერე გავახილე თვალები. თან, მამაჩემის ორლულიან თოფს ჩავებღაუჭე შიშით.
ზუსტად ის ორი ახმახი იყო, ტყეში რომ გადავაწყდი შემთხვევით და გამომიდგნენ გაბრაზებულები. ახლა ამათთვის იმის გამხელა, რომ ყველაფერი გავიგე, რასაც ლაპარაკობდნენ და ამავე დროს ორივე ვიცანი, ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ამიტომ ხერხს მივმართე.
_მამა სადღაა?_თან წამოვიწიე.
_მამა?..
_მამაშენი?.._აშკარად დაიბნენ.
_ხო, თქვენს მოსაყვანად არ წამოვიდა? მაშველები არ ხართ?
_მაშველები?_უფრო დაიბნენ.
_ხო, რა გჭირთ? მანქანა ტბაში ჩამივარდა, მთელი პოლიციაც აქეთ მოდის ჩემს დასაკითხად, თითქოს რომელიმე რეციდივისტი ვყოფილიყავი...
პოლიციის ხსენებაზე ორივეს აშკარად შეეცვალა სახე.
_არა, ჩვენ მაშველები არ ვართ... უბრალოდ, აქეთ საქმეზე ვართ და გვეჩქარება._ერთ-ერთმა მუჯლუგუნი წაჰკრა მეორეს და ლამის ძალით გააგდო წინ და თვითონაც უკან მიჰყვა._ბოდიში ვერაფრით რომ ვერ გეხმარებით.
_არაუშავს, აგერ, მანქანის ხმაც ისმის უკვე, მოდიან და ისინი მომხედავენ... თქვენ მაინც მადლობა. ჩათვალეთ, რომ დამეხმარეთ._თან მაგარი შეყვარებულივით შევღიმე.
ისე წავიდნენ, უკან აღარ მოუხედიათ. არა და, აშკარა იყო, რომ რაღაცაზე დავობდნენ. მარტო ეგ კი არა, თვალს რომ მიეფარნენ და აღარ ჩანდნენ, მათ მზერას მაინც ნათლად ვგრძნობდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მითვალთვალებდნენ. თავი ისე დავიჭირე, ვითომც არაფერი. მეშინოდა კი, მაგრამ მაინც მხნედ წამოვდექი, ჩემი მშრალი ჰუდი სწრაფი ტემპით გადავიცვი, ცეცხლს კიდევ მივუმარჯვე შეშა და ახლა იარაღი შევათამაშე ხელში. გადავხსენი და ტყვიები საგულდაგულოდ შევამოწმე. ისევ ჩავკეტე. მერე, ლულის სამიზნეში გავიჭყიტე სნაიპერივით და ისე მოვათვალიერე შემოგარენი. თუ ის ახმახები მართლაც მითვალთვალებდნენ, მათი შეშინება მინდოდა. თოფის სროლა კი ვიცოდი, მაგრამ ხუთიდან ერთ სამიზნეს ძლივს ვარტყამდი, მაგრამ მათ ეს ხომ არ იცოდნენ? მინდოდა ჰგონებოდათ, რომ მაგარი მსროლელი ვიყავი. მამაც იგვიანებდა თითქოს და ნელ-ნელა ჩემი პანიკაც მეწყებოდა. თუმცა გარეგნულად დიდად არ ვიმჩნევდი არაფერს.
_ახლა პლანი რას გაასწორებდა?!_როგორც მწყურვალმა ინატროს წყალი, ისე ვინატრე გუნებაში მე ჩემი მოსაწევი._რა მომიხსნიდა ამ შიშსა და დაძაბულობას?
თუმცა, მერე მათე გამახსენდა, ჩემს გამო რომ იტანჯებოდა და თავს გავუწყერი, რა მეპლანება-მეთქი. ისიც ამომიტივდივდა გონებაში, ის ახმახები რომ ლაპარაკობდნენ, გამოდის, გაანთავისუფლეს და საავადმყოფოში იწვა უკვე. მართალია, მეშინოდა იმ კაცების, მაგრამ ღირდა აქ დარჩენად, ის ხომ მაინც გავიგე, რომ მათე საავადმყოფოში მიეყვანათ?
ისევ დავამატე ცეცხლს შეშა და ჩემი ქურთუკი ახლა მეორე მხრიდან მივუშვირე გასაშრობად. შორიდან თითქოს მანქანის ხმა შემომესმა და მივაყურადე.
არც შევმცდარვარ. თუმცა, მამაჩემის წითელი პიკაპის ნაცვლად კობა ძიას მანქანა რომ გამოჩნდა ჰორიზონტზე, ცოტა შევკრთი.
გიჟივით მოქანდა ჩემთან, როგორ ხარო, ვითომ ძალიან აინტერესებდა ჩემი მდგომარეობა.
არამიშავს-მეთქი, დავამშვიდე.
_მამაშენმა გამომგზავნა შენს წასაყვანად.
_თვითონ სადაა?_გამიკვირდა და ცოტა არ იყოს, შიშით შევხედე იმ ახმახების თანამზრახველს.
_თვითონ პოლიციამ დაურეკა და საავადმყოფოში გაიქცა.
_საავადმყოფოში?_უარესად გავიკვირვე. თუმცა, გამტაცებლებისგან უკვე ვიცოდი, რომ მათე იქ იყო.
_მათეს მსგავსი აღწერილობის ბიჭი შეუყვანიათ იქ და ამოსაცნობად გაიქცა.
_ცოცხალია?_ეს კი მართლაც უდიდესი შიშით ვიკითხე.
კიო, ისე მითხრა ბიძაჩემმა, სახეში არ შემოუხედია ჩემთვის. ან, მატყუებდა რაღაცას, ან უბრალოდ, გრძნობდა თავის დანაშაულს და თავისი პირის სრცხვენოდა. მაშინვე ცეცხლის ჩაქრობას შეუდგა. ჯერ, შეშები გადაყარ-გადმოყარა. მერე, თოვლი მაყარა ზედ. მამაჩემის ორლულიანი თოფის გამორთმევა დამიპირა, მაგრამ ცოცხალი თავით არ დავანებე.
_რა იყო, კი არ შევჭამ?_ცალყბად შემომცინა._უბრალოდ, არ მინდა, რომ შემთხვევით გაგივარდეს და გამაგორო.
_იარაღის ხმარება ვიცი._ამაყად დავამშვიდე._შემთხვევით ნამდვილად არ გამივარდება, თუ გამიზნულად არ ვესროლე ვინმეს.
თითქოს, შიშით შემომხედა, მაგრამ აღარაფერი მითხრა. უსიტყვოდ გავეშურეთ მანქანისკენ. იქ მის გვერდით არ ჩავმჯდარვარ, მინდოდა უარესად შემეშინებინა და უკანა სავარძელზე მოვკალათდი ჩემი თოფიანად.
_ჩვენც საავადმყოფოში წავიდეთ._თან ეს ვუბრძანე და მივხვდი, რომ *პალაჟენია* მე მიმყავდა, რადგან უსიტყვოდ დამემორჩილა.
მთელი გზა უსიტყვოდ ვიმგზავრეთ. ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. ბიძია რას ფიქრობდა არ ვიცი, მაგრამ მე იმას ვხვდებოდი, რომ ეჭვის თვალით მიყურებდა უკვე ეს კაცი. დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ მოსალოდნელი იყო, რომ ახლა მე გავეტაცებინე. თუმცა, თუ მამამ გამოგზავნა მართლა, როგორ ახსნიდა ვითომ ჩემს გაუჩინარებას? ამით ვიიმედებდი გულს, რომ არაფერს დამიშავებდა. თან, მამაჩემის ორლულიანი თოფის იმედი მქონდა.
საავადმყოფოს რომ მივუახლოვდით, შირიდანვე შევნიშნე, რომ მის ეზოში რამოდენიმე საპატრულო ეკიპაჟის მანქანა იდგა.
_ეს ყველა მათეს გამოა მოსული?_გულწრფელად გამიკვირდა.
_უფრო ზუსტად, იმ ბიჭისა, ვისი აღწერილობაც მათესას ემთხვევა. ჯერ არ ვივით, მართლა მათეა თუ არა, ფუჭი იმედი არ უნდა გვქონდეს.
*აფერისტი, ვითომ არ იცის რომ მათეა.*_ზიზღით გავივლე გუნებაში და ძრავა ჯერ გამორთული არ ქონდა, რომ ჩემი თოფიანად გადავედი მანქანიდან.
რას შვრებიო, მისაყვედურა, იარაღით საავადმყოფოში სეირნობა არ შეიძლებაო, მაგრამ ყურიც კი არ ვათხოვე. იარაღით ხელში თითქოს უფრო იმედიანად და მშვიდად ვგრძნობდი თავს. მაშინვე მამაჩემის პიკაპი მოვძებნე, მის კუზაოში ჩავდე იარაღი, ბრეზენტი გადავაფარე და საავადმყოფოს შენობაში რომ იტყვიან გიჟივით შევვარდი. მიმღებში განადგურებულ მამაჩემს მოვკარი თვალი და შიშით მივუახლოვდი. თვალებით ვკითხე, რა ხდება-მეთქი. ძლივს ამოიგმინა, საოპერაციოში ყავთ შეყვანილიო.
_მათეა?!. რა სჭირს?!._შიშით ვკითხე და უფრო შიშით დაველოდე მის პასუხს.
_ის არის... ისეა ნაცემი, შინაგანი ორგანოები აქვს დაზიანებულიო. ნეკნები ჩამტვრეული, მკლავი მოტეხილი..._ხმის კანკალით ძლივს ამოიჩურჩულა.
_ხომ კარგად იქნება?_მისმა ამჟამინდელმა მდგომარეობამ გამაგიჟა და უფრო იმან, რომ მამამ უიმედოდ გადმომხედა._უხ, ეგ ნაბიჭვრები!_გამწარებულმა ძლიერად მივარტყი კედელს მუშტი._მათეს რომ რამე მოუვიდეს, ვფიცავ, საკუთარი ხელით გამოვასალმებ ყველას სიცოცხლეს!_კობა ძია, პაჭკორია და წუნა ვიგულისხმე.
მამამ ისეთი თვალებით შემომხედა, ჩემი ბილწსიტყვობის და მუქარის გამო თავი დამნაშავედ რომ მეგრძნო, მაგრამ პირიქით, უფრო გავცეცხლდი და გავგიჟდი. ისეთი სიტყვებით მოვიხსენიე ის არაკაცი სადისტები, რომ ყურო ნუ გაიგებ. აქამდე მეც კი არ ვიცოდი, რომ ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არსებობდა.
არ ვიცი, რამდენ ხანს ველოდეთ ექიმის გამოსვლას საოპერაციოდან, რადგან დროის შეგრძნება საერთოდ დამეკარგა. მხოლოდ ის ვიცი, რომ დიდხანს და მოუთმენლად ველოდით. იმის გაფიქრებ-გააზრება ჭკუიდან მშლიდა, რომ შეიძლებოდა ჩემი ძმა ცოცხალი ვეღარ მენახა და რისი გულისთვის? ჩემი უკადრისობის გულისთვის: იმ დღეს რომ გავყოლოდი სათევზაოდ, მოვლენები ხომ სხვაგვარად განვითარდებოდა? ან, პლანი რომ არ მომეწია, დაუდევრობა არ გამომეჩინა და მცდარი შესახვევით არ წავსულიყავი ტყეში და უაზროდ არ მეხეტიალა... ან, ფოტოგრაფობა არ მომენდომებინა და იმ ახვრებისთვის არ გადამეღო, ხომ არაფერი არ მოხდებოდა? ჩემი ბრალი იყო ეს ყველაფერი და თავი უკანასკნელი ნაძირალა მეგონა. პირველად მივხვდი ამ ხნის მანძილზე, რომ ჩემი ძმა სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა.
უაზროდ ვცემდი ვრცელ დერეფანში ბოლთას და შიშით ველოდი ექიმის გამოჩენას, რა პასუხს გამოგვიტანდა იქიდან. მეგონა, უსასრულოდ გაიწელა დრო და ერთი წლის სიცოცხლე მაინც მომაკლდა ამ მოლოდინში. ბოლოს, როგორც იქნა გამოვიდა ექიმიც და პირდაპირ სახეში შევხედე. შორიდანვე მინდოდა მისი გამომეტყველებით გამომეცნო რა ხდებოდა.
დაღლილი ჩანდა. სერიოზული სახით მოგვიახლოვდა და რაღაცნაირად ჩახლეჩილი ხმით გვითხრა.
_რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, როგორ გამოძვრება. ერთი თირკმელი მთლიანად ამოვკვეთეთ. არც მეორეა კარგ მდგომარეობაში. სასწრაფოდ დონორის პოვნაა საჭირო, რომ გადავუნერგოთ...
_ჩემი თირკმელები თუ გამოადგება, ორივე ამომკვეთეთ, ოღონდ შვილი გადამირჩინეთ._დაჭრილი ხარივით აბღავლდა მამაჩემი.
მეც მომერია ცრემლი, თუმცა ტირილის შეკავება მაინც შევძელი და ექიმს ჩემი თირკმელიც შევთავაზე.
მეც და მამაც მაშინვე ლაბორატორიაში წაგვიყვანეს რაღაც ანალიზების და ტესტის ჩასატარებლად, გამოვდგებოდით თუ არა დონორებად. აქამდე ნემსის გაკეთების და თეთრხალათიანი ექიმების რომ მეშინოდა, ახლა ვაჟკაცურად გავუმკლავდი ყველაფერს. ერთი ვაიც კი არ მითქვია და ოდნავადაც არ შემრხევია კუნთი ექთნების საქმიანობაზე, ვენას რომ მიჯიჯგნიდნენ.
_პასუხი როდის გეცოდინებათ ექიმო, გამოვდგები თუ არა დონორად?_ხმის კანკალით იკითხა მამაჩემმა და მეც ინტერესით შევხედე ახალგაზრდა ლამაზ გოგონას, რომელიც სინჯარებში აღებულ ჩვენს ნიმუშებს ახარისხებდა.
_რამოდენიმე საათში და მაქსიმუმ 32 საათში დავნიშნავთ ოპერაციას.
ლაბორატორიიდან მოსაცდელში გადავინაცვლეთ და ახლა იმის მოლოდინში ვიყავით, როდის დაგვრთავდნენ ექიმები ნებას, რომ მათე გვენახა. მაშინაც საშინლად გაიწელა დრო. განადგურებულ მამაჩემს რომ ვუყურებდი, გული უარესად მიკვდებოდა. მივხვდი, ჯერ დედამ არ იცოდა ეს ამბავი, თორემ აქ იქნებოდა და მთელს საავადმყოფოს ყირაზე დასცემდა.
რამდენჯერმე ბიძაჩემს მოვკარი ფანჯრიდან თვალი, ნერვიულად რომ გადი-გამოდიოდა საავადმყოფოს ეზოში და სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა. რა ანერვიულებდა ნეტა, მათეს მდგომარეობა თუ ის, რომ მისი თანამონაწილეობა არ გამჟღავნებულიყო? თავს პირობა მივეცი და მტკიცედ დავიფიცე, რომ ყველაფერს გავარკვევდი და ჩემი ძმის ამ დღეში ჩამგდებებს, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ, საკადრისად დავსჯიდი. თან, მარტო მე. არავის გავრევდი ამ საქმეში.
ექიმი რომ გამვიდა თავისი კაბინეტიდან და გვითხრა, ცოტა ხნით შეგიძლიათ მათეს ნახვაო, მეც და მამაც ორივენი ერთდროულად მივცვივდით მას. თუმცა, გამოგვიცხადა, რომ მარტო ერთს შეგვეძლო ნახვა. წამიერად შევყოვნდი, თუმცა, წარმოვიდგინე რა ცეცხლიც ტრიალებდა მამაჩემის გულში და მას დავუთმე შვილის ნახვის უფლება. მადლიერი თვალებით შემომხედა და აცრემლებულმა მოირგო ანაფორის მსგავსი მწვანე ხალათი, სამედიცინო ქუდიც დაიფარა თავზე და პირბადეც გაიკეთა. მე მოთმინებით დაველოდე მის გამოსვლას, რომ მისგან უკეთესად გამეგო ჩემი ძმის მდგომარეობა.
ათი-თხუთმეტი წუთი დაჰყო ალბათ იქ, რადგან დიდხანს არ გააჩერეს და მგონი იძულებით გამოიყვანეს.
როგორ არის-მეთქი, მაშინვე ის ვკითხე და მასე იყოს ჩვენი მტერიო, ძლივს ამოილუღლუღა.
ერთხანს კიდევ ვიწრიალე მიმღებში. მერე, მამამ მითხრა, კობას ვეტყვი და სახლში წაგიყვანსო. სასტიკი უარი განვაცხადე, მაგრამ ჩემი მაინც არ გამატანინა.
_არ მინდა გაცივდე და სურდო ან რაიმე ვირუსი აიკიდო. მე თუ ვერ გავხდი მათეს დონორი, შენ მოგიწევს და ამიტომ თავს უნდა გაუფრთხილდე... შენთვის არ გთხოვ, შენი ძმისთვის გთხოვ, სახლში წადი, დაისვენე და თან კარგად ჭამე, რომ სუსტად არ იყო.
მართლა არ მინდოდა საავადმყოფოდან წასვლა. მითუმეტეს კობა ძიას გვერდით მგზავრობა, მაგრამ მამა მართალი იყო, ძალების აღდგენა მჭირდებოდა თუ დონორობას ვაპირებდი.
კობა ძიამ, რაზეა საუბარი, წავიყვანო და მეც იძულებით ჩავჯექი მის მანქანაში. გზაშივე მკითხა, ჩემთან ხომ არ წაგიყვანო, ბიცოლაშენი მოგხედავსო, მაგრამ ვიუარე, დედა ცოდოა, მასთან მიმიყვანე-მეთქი.
მთელი გზა ბობოქრობდა ბიძაჩემი, როგორ გაიმეტეს იმ ახვრებმა ეს ბავშვი ასე სასიკვდილოდ, როგორ უსისხლოდ უწამებიათო. სურვილი მქონდა, მადიანი მუშტი მეჯახებინა პირდაპირ ცხვირ-პირში ასე უნამუსოდ რომ ტყუოდა და ვითომ არ იცოდა არაფერი. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მეთქვა, ნუ თვალთმაქცობ, შენი და შენი მეგობრების შესახებ ყველაფერი ვიცი-მეთქი. თუმცა ენას კბილს ვაჭერდი, რადგან ყველაფრის გარკვევა მინდოდა. მაინტერესებდა, რა დანაშაულზე წავასწარი, რომ ასე მოიქცნენ?
სახლში ისე მიმიყვანა, არ გაჩუმებულა. დედაჩემის და ნორა ბაბოს სანახავადაც კი შემომყვა. დაამშვიდათ, ყველაფერი კარგადაა, მსუბუქი დაზიანებები აქვს, ხვალ თუ არა, ზეგ აუცილებლად გამოწერენო და ისევ საავადმყოფოში წავიდა. სანამ წავიდოდა, ჩემი ტელეფონი დამიბრუნა, რამდენი ხანია მოცემა მინდა და მავიწყდებაო.
_რა ქენი იმ ფოტოზე, ვინმეს აჩვენე, ან რამე გაარკვიე?_გამომცდელად ვკითხე და ინტერესით დავაკვირდი მისი სახის მიმიკებს.
_კი, პოლიციას გადავეცი და ძებნაში არიან. გამოძიებიდან გამომდინარე ჯერჯერობით ნურავის ეტყვი ამ ამბავს, პოლიციას ხელი რომ არ შეეშალოს საქმეში.
მივხვდი, რომ ღელავდა, რადგან ტყუოდა.
კარგი, არავის ვეტყვი, ოღონდ საქმეში არავის შევუშალო ხელი-მეთქი და სანამ მანქანაში არ ჩაჯდა და მოსახვევში არ გაუჩინარდა, მანამ არ მომიცვლია ადგილიდან ფეხი.
როგორც ვვარაუდობდი, წუნას და პაჭკორიას ფოტო ამოშლილი დამხვდა ტელეფონში და არა მატო მათი, ყველა ის ფოტო, რომელიც იმ ტერიტორიაზე გადავიღე, აღარ იყო.
_ასე, არა? კარგი, იყოს შენებურად, მაგრამ არც მე რომ არ დაგრჩები ვალში, ეს იცოდე!_დავექადნე ბიძაჩემს და სახლში ისე შევბრუნდი.
პირველ რიგში თბილი აბაზანა მივიღე. მერე, მართალია ჩემებური კადნიერებით ვერა, რადგან მეჩქარებოდა ისევ საავადმყოფოში დაბრუნება, მაგრამ მაინც გემრიელად მივირთვი ნორა ბაბოს მომზადებული ქოთნის ლობიო. მერე, მამას დავურეკე, რა ხდება, ახალი ხომ არაფერია. ან შენ რამე ხომ არ გინდა გამოგიყოლო-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა, არაფერი მინდა და შენც დაეტიე სახლში, თუ რამეა მე თვითონ დაგირეკავო.
სახლში როგორ უნდა დავტეულიყავი, როცა ჩემი ძმა საავადმყოფოში იწვა და სიკვდილს ებრძოდა? ჯონის დავურეკე და ვთხოვე, საავადმყოფოში ჩამიყვანე-მეთქი.
თუ ძალიან არ გეჩქარება, ნახევარ საათში თბილისში მივდივარ და იქამდე გაგაყოლებო.
ნახევარი საათით ნამდვილად შემეძლო მოცდა. ნორა ბაბოს რომ ვუთხარი, ისევ საავადმყოფოში მივდივარ-მეთქი, თავისი დანაზოგი ფული მომცა, იქნებ რაში დაგჭირდეს და გქონდესო.
ჯონიმ პუნქტუალურობა გამოიჩინა და მართლაც ნახევარ საათში გამომიარა. ჩემთვის უცხო კაცი ეჯდა გვერდით და არაფერი აღარ მითქვია, თორემ ვაპირებდი ბიძაჩემის სავარაუდო თანამზრახველობაზე მასთან საუბარს.
ტრასაზევე ჩამომსვეს, თან ათასი ბოდიში მომიხადეს, გვეჩქარება, თორემ ადგილზე მიგიყვანდითო.
იმაზეც დიდი მადლობა გადავუხადე, აქამდე რომ მომიყვანეს და დავემშვიდობე. ორმხრივი მოძრაობით გადაჭედილი ტრასა ძლივს გადავჭერი სირბილით. ერთ-ერთი გაგულისებული მძროლის აღშფოთებული შეძახილი და გინებაც კი მოსწვდა ჩემს ყურთასმენას. არანაკლებ აღშფოთებულმა და გაგულისებულმა დავანახე შუა თითი და ისე რომ არც შევჩერებულვარ, საავადმყოფოს ეზოში შევვარდი. საპატრულო ეკიპაჟის მანქანები აღარ იდგა. ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. მამას მანქანისთვის ადგილი შეეცვალა და ახლა ფასიან სადგომზე იდგა. ეს კი მართლა გამიკვირდა, მაგრამ მაინც არ შევჩერებულვარ. შენობაში ქაქანით რომ შევვარდი, დაცვამ შემაჩერა, რა გინდა, საით გაგიწევიაო.
_ტყუილუბრალოდ რომ არ მოვიდოდი აქ, დავიჯერო ვერ ხვდები?_უტიფარი მძღოლის ჯავრი მასზე ვიყარე და საკმაოდ უხეშად ვუთხარი._ჩემი ძმის ამბის გასაგებად და მამაჩემის სანახავად მოვედი.
_ნახვის საათები დასრულდა. დილით მოაკითხე. თუ რამე გაქვს გადასაცემი, დამიტოვე და მოგვიანებით შევაწვდი._მანაც საკმაოდ უკმეხად მითხრა.
_რას ლაპარაკობ, მართლა? როგორ თუ ნახვის საათები ამოიწურა? ჩემს ძმას ოპერაცია უნდა გაუკეთონ, მე კი მისი დონორი ვარ... მას რომ რამე დაემართოს იმ დროში, შენ რომ აქ მაკავებ, ხომ იცი, დარხეული გაქვს?
შევატყე როგორ შეეცვალა სახე. ვინ არის შენი ძმა, სახელი და გვარი მითხარიო, ცოტა მოლბა.
_ასე არ ჯობია?_მოვუწონე საქციელი და შექების ნიშნად შევღიმე კიდეც._მათე მათიაშვილია, ამ დილით შემოიყვანეს.
_მათიაშვილი?_ ცოტა ჩაფიქრდა._მგონი, თბილისში გადაიყვანეს წეღან...
_თბილისში გადაიყვანეს?_გავიოცე._მგონი რაღაც გეშლება.
_მოიცა, გადავამოწმო._უმალ დაფაცურდა ბიჭი და რეგისტრატურაში გოგოებთან მივიდა ამბის საკითხავად.
აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი არ ცდებოდა, მათე მართლაც თბილისში გადაეყვანათ.
_კი, მაგრამ... როდის?! რატომ?!_ახლა გოგოებს მივეჭერი გაოცებული.
_ჩვენთან თირკმლის გადანერგვის ოპერაცია არ კეთდება და იმიტომ. გამოჩნდა დონორი და ნახევარი საათის წინ რეანომობილით გდაიყვანეს.
_დონორი გამოჩნდა?_უარესად გავვოცდი._ჩემთვის რომ არავის დაურეკავს? მისი დონორი ხომ მე უნდა ვყოფილიყავი?
_დონორი მამათქვენია._ისეთი სახით მითხრა ზედმეტად გადაპრანჭულმა გოგომ, რომ ამ ამბის არცოდნის გამო შემრცხვა.
უსიტყვოდ გამოვედი შენობიდან და მაშინვე მამაჩემს დავურეკე, მე რატომ არაფერი არ მითხარი-მეთქი. თან ისიც გამიკვირდა, მე რატომ ვერ ვიყავი ჩემი ძმის დონორი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მეც შემეძლო დონორობა, მაგრამ მამაჩემს აუღია ყველაფერი თავის თავზე, რადგან მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ცხოვრება წინ მქონდა. თვითონ კი, თავისუფლად შეეძლო ერთი თირკმლით დარჩენილი ცხოვრება გაეგრძელებინა.
_ასე როგორ შეიძლება?.. მეც ხომ მინდა რამე გავაკეთო ჩემი ძმისთვის?_ავბუზღუნდი._რატო არაფრად არ ჩამაგდე და არ გამაგებინე?_*სპროსი* მოვთხოვე ამაზე.
_სახლში წადი და დედაშენს მიხედე. ამაზე კარგს შენ ვერაფერს გააკეთებ!_კატეგორიული ტონით გამომიცხადა.
_არა, მეც თბილისში მოვდივარ. რომელ საავადმყოფოში ხართ მითხარი და წამოვალ. იქნებ, ოპერაციის მსვლელობისას რამე დაგჭირდეთ, პატრონი ხომ გინდათ მანდ._არ დავემორჩილე მის ნათქვამს და მართლა დავაპირე თბილისში წასვლა.
_კობა აქ არის, დედაშენის ბიძაშვილებიც აქ არიან და შენ საჭირო ნამდვილად არ ხარ. დედაშენს მიხედე. არ იცის მათეს მდგომარეობა და არც უთხრა. ოპერაციის მერე დაგირეკავ და გეტყვი სადაც ვართ. ახლა კი, სახლში წადი. იცოდე, ნუ მეურჩები და შენებურად ნუ აკეთებ ყველაფერს. ამ ერთხელ მაინც დამიჯერე!
_კარგი, წავალ._მცირეოდენი ფიქრის მერე დავთანხმდი._ოღონდ, ჯერ ის მითხარი, მანქანის გასაღები სადაა?
_ჩვეულ ადგილზე... მოიცა, რად გინდა?_უმალ მიმიხვდა განზრახვას და კატეგორიული უარი მითხრა._არ გაბედო საჭესთან დაჯდომა! მაგ ტერიტორიაზე მოძრაობა გადატვირთულია და გამოცდილ მძღოლსაც კი უჭირს მაგ მონაკვეთზე მოძრაობა. შენ კი არც გამოცდილი მძღოლი ხარ და არც მართვის მოწმობა გაქვს. არავინ დაგეჯახოს. მანქანას ხელი არ ახლო, ტაქსით ადი სოფელში.
კარგი-მეთქი, დავაიმედე, თუმცა არ ვაპირებდი მისი ბრძანების თუ მოთხოვნის შესრულებას. აქამდე ასე ჯიუტად არასდროს ვბრძოლობდი ჩემი სურვილებისთვის და ახლა რა ჯანდაბა მეტაკა, არ ვიცი. ალბათ, მათეს ამბავში თავს რომ ვიდანაშაულებდი, ამის გამოსყიდვა მინდოდა.
მამა დავამშვიდე, მანქანით არ წავალ სახლში-მეთქი, მაგრამ ტელეფონით მოვრჩი თუ არა მასთან საუბარს, ავტოსადგომისკენ წავედი. პირველ რიგში გასაღები მოვძებნე, რომელიც მარჯვენა საბურავზე იდო. მერე, კუზაოში ჩემი დადებული თოფი მოვიძიე, მაგრამ იქ არ დამიხვდა.
*ნუთუ, იმ ახვარმა კობამ აიღო?*_მწარედ გამკრა გუნებაში, მაგრამ მანქანა რომ გავაღე და უკანა სავარძელზე გადავიჭყიტე, იქ დამხვდა. გამიხარდა და რა გამიხარდა. თითქოს, ომში მივდიოდი და შეიარაღება ჰაერივით მჭირდებოდა.
ჯიბეები მოვიქექე, მამას ბარშიც ეყარა ლარიანები და სადგომის გასასვლელში აპარატში ჩავყარე. ელექტრო კარი, ანუ ეგრედ წოდებული შლაგბაუმი რომ გაიღო, ფრთხილად გამოვიყვანე მამაჩემის მანქანა და მთავარი ტრასის გასასვლელთან შევჩერდი, რათა თბილისიდან მომავალი მანქანები გამეტარებინა, წესების დარღვევის გარეშე გავსულიყავი და სოფლისკენ დავდგომოდი გზას. ვაღიარებ, გამიჭირდა, რადგან გადატვირთული მოძრაობა იყო. თან, მთავარ ტრასაზე პირველად ვიჯექი საჭესთან და ზოგიერთი გადარეული მძღოლი მაფრთხობდა. მთელი ათი წუთი მაინც ვიდექი, რადგან ვერ ვბედავდი მოახლოებული მანქანებისთვის გზის გადაჭრას. ბოლოს, საავადმყოფოს ტერიტორიიდან გამომავალ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანას მივყევი უკან და შვებითაც ამოვისუნთქე.
სიჩქარისთვის არ გადამიჭარბებია, არც უწყვეტი ზოლი გადამიკვეთავს, წესების დაცვით ჩემთვის მივღიღინებდი გარეგანი სიმშვიდით, მაგრამ შინაგანად დაძაბული. რომ იტყვიან, ასი თვალი და ყური მქონდა გამობმული, რომ არავინ დამჯახებოდა, ან პირიქით, მე არ დავტაკებულიყავი ვინმეს. სოფლის გზაზე რომ გადავუხვიე დიდი წვალებით, იქ კი ცოტა ამოვისუნთქე. ცოტა კი არა, კარგად: მოძრაობა თითქმის არ იყო და თავისუფლად ვმართავდი საჭეს.
სოფლამდე კილომეტრნახევარი მაინც მქონდა დარჩენილი, მანქანა რომ გამიჩერდა. მივხვდი, საწვავი გათავდა და მადიანად შევუკურთხე, ოღონდ რას, მე თვითონაც არ ვიცი. ერთხანს, გამვლელ მანქანას ველოდი, იქნებ ვინმე ღვთისნიერი გამოჩენილიყო და ან ბენზინგასამართ სადგურამდე ჩავეყვანე, ან სახლამდე მივეგორებინე, მაგრამ ჩემს ბედზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ლოდინი რომ მომწყინდა, თოფი გადმოვიღე, მანქანა ჩავკეტე და ფეხით დავადექი გზას სახლისკენ.
ციოდა კი, მაგრამ არაფრად ვაგდებდი ბუნების ამ კატაკლიზმას. ერთადერთი მიზანი რაც მქონდა, ის იყო, რომ სახლში დროულად მივსულიყავი, მამაჩემის სარეზერვო საწვავი ამეღო და ისევ მანქანასთან დავბრუნებულიყავი.
სოფელს მოახლოებული ვიყავი, რომ შავმა ჯიპმა ჩამიქროლა გვერდით. ცოტა ხნის მერე კი ისევ ამოიარა სოფლისკენ. არ გავიდა ხუთი-ათი წუთი, რომ ისევ ჩამოიარა და უკვე საეჭვოდ რომ მეჩვენა, გვერდით გამისწორდა თუ არა, მძღოლს შევხედე. წუნა და პაჭკორიადან ერთ ერთი იყო. ისეთი გამყინავი მზერით შემომხედა, ცოტა არ იყოს შემაშინა და დასამშვიდებლად იარაღს ჩავებღაუჭე, რომელიც მხარზე მქონდა გამოცდილი მონადირესავით მოკიდებული.
ჩვეულებრივ განვაგრძე გზა, უკან არ მიმიხედია, მაგრამ მალევე რომ წამომეწია ისევ მანქანა და ჩემს სიახლოვეს შეჩერდა, ზამბარასავით დავიძაბე. თუ რამეს გამიბედავდა, თვალდაუხამხამებლად და აუღელვებლად დავაჭედავდი ტყვიას, ამაში დარწმუნებული ვიყავი.
_ვაა, ლუკა?! საით გაგიწევია?_შალვას ხმა რომ ვიცანი, ცოტა დავმშვიდდი. თუმცა, დარწმუნება მაინც მჭირდებოდა რომ ის იყო და ინტერესით შევხედე.
საბჭოური ჟიგულის ჩაწეული მინიდან ყურებამდე პირგადახსნილი შალვა მიღიმოდა. მძღოლი ვინ იყო ვერ ვიცანი, მაგრამ ჩაჯდომა რომ შემომთავაზეს, დაუფიქრებლად ჩავჯექი მანქანაში.
_ბენზინი გამითავდა. სახლში მივდივარ, მამას აქვს სახლში და ისევ უკან უნდა დავბრუნდე._უკანა სავარძელზე ჩემი თოფიანად მოვეწყე და ისე ავუხსენი მდგომარეობა მეგობარს.
_ფეხით?_გაუკვირდა.
_ხო, აბა, მანქანას ტყეში ხომ არ მივატოვებ?_გავიოცე.
_ბიძაჩემის ჟიგული ვერ დაგძრავს, თორემ გაგაბუქსირებდით._მომიბოდიშა.
არაუშავს-მეთქი, დავამშვიდე და სახლამდე ისე მიმიყვანეს, ხმა აღარ ამოგვიღია. იქაც მომიბოდიშა, არ გვცალია, თორემ ფეხით არ გატარებდით და ჩაგიყვანდით მანქანამდეო. ამაზეც დავამშვიდე, მოვახერხებ-მეთქი რამეს, მადლობა მოვუხადე სახლამდე მოყვანისთვის და მანქანიდან მარდად გადმოვედი.
ნორა ბაბო აივანზე დამხვდა, რა ხდებაო, ცოტა შეშფოთებული იყო. მოხუცი კი ტყუილებით დავამშვიდე, მაგრამ დედაჩემთან ამან არ გაჭრა, გაგიჟებული იყო ქალი, დამღალა ამ გაურკვევლობამ, შვილის სანახავად წამიყვანეთო.
დავაიმედე, საწვავს ჩავასხამ, მოვალ და აუცილებლად წაგიყვან-მეთქი.
_თქვენი ტყუილები ყელში ამომივიდა უკვე! ის ბედოვლათი მამაშენი სადღა დაეხეტება უგზო-უკვლოდ?!
იმხელა ხმაზე გაჰკიოდა, თავი ამტკივდა მისი შემხედვარე. დავამშვიდე, აუცილებლად წაგიყვან, მანქანა მოშორებით გაგვიჩერდა და ჯერ მანქანას უნდა მივხედოთ-მეთქი. მოვატყუე, მათე კარგად არის, მაგრამ ფორმალობისთვის ეს ერთი ღამეც გააჩერებენ და ხვალ გამოწერენ მეთქი. ტყუებ-ტყუებაში ანტი-დეპრესანტთან ერთად საძილე აბებიც შევაპარე და რაღაც ათ წუთში მოითენთა კიდეც. ძილი რომ მოერია, თავის საძინებელში შევიყვანე, დავაწვინე და მზრუნველად გადავაფარე საბანი. მერე, მამაჩემის ავტოფარეხის გასაღები გამოვართვი ნორა ბაბოს და საწვავისთვის შევედი.
ერთხელ თუ ორჯერ ვიყავი იქ ნამყოფი და კარგად არც კი ვიცოდი სად რა ქონდა. ამიტომ, მთლიანი ფარეხის გადატრიალება მომიწია. რა აღარ ქონდა მამაჩვენს აქ შენახული: ჩემი და მათეს ველოსიპედები, სკეიდბორდები, გაფუჭებული ჰოვერბორდიც კი ფაქიზად ედო კუთხეში. ხუთლიტრიანი პლასტმასის ბიდონი ძლივს ვიპოვე, ოცლიტრიანიდან იქ გადავასხი ბენზინი. მერე, ზურგჩანთაც მოვიძიე, რათა შიგ ჩამედგა. ასე უფრო მოსახერხებელი იყო ჩემთვის. ველოსიპედით წასვლა დავაპირე, მაგრამ ერთს ბორბალი ქონდა დაშვებული, მეორეს კი ცეპი გადამძვრალი. ერთმანეთში გადაწყობ-გადმოწყობა კი შეიძლებოდა,მაგრამ თავი აღარ შევიწუხე, არც დრო დავკარგე და ჩემი *სპაიდერ მენის* სკეიდი ავიღე. თოფის წაღებას ისევ ვაპირებდი, რა იცი რა ხდებოდა გზაში და ტყვიებს დავუწყე ძებნა, რომ მარაგიც წამეღო. უჯრები სულ გადმოვუტრიალე ლამის, მაგრამ ვერსად ვერ მივაგენი. არა და დანამდვილებით ვიცოდი, რომ აქ ინახავდა. ამ ძებნა-ძებნაში კი, შავ ჩვარში გადახვეული მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ვიპოვე. შიშით გავხსენი და შევათვალიერე: მჭიდი მოვხსენი, სადაც ოქროსფრად მოელვარე შვიდი ტყვია იდო.
_იმხელა თოფის ტარებას, ეს მირჩევნია._კმაყოფილმა გავიჩარე საქამრეში და ქურთუკის ქვეშ დავმალე საგულდაგულოდ. მერე, ზურგჩანთა მოვიკიდე, სკეიდი ავიღე და მანქანის მოსაყვანად წავედი.
სოფლის ოღროჩოღრო ორღობეში ფეხით ვიარე, ტრასაზე რომ გავედი, იქ კი, შევდექი ჩემს ბორბლებიან ფიცარზე, როგორც ამას ნორა ბაბო უწოდებდა და რაც შემეძლო მთელი სისწრაფით დავეშვი ქვემოთ. ცივი ქარი პირდაპირ სახეში მცემდა და უარესად მომეყინა ცხვირიც და თვალებიც ამიწყლიანდა. თუმცა, ამას სულაც არ შევუშინებივარ და უარი არ მითქვია ჩემს განზრახვაზე.
მანქანამდე ისე ჩავედი, გზად არავინ შემხვედრია. ადგილზე მისულს კი მოშორებით მდგარი ის შავი ჯიპი დამხვდა, წეღან რამდენჯერმე რომ ამიარ-ჩამიარა.
ვაღიარებ, შემეშინდა, მაგრამ იმ ახმახისთვის, რომელიც დიდი ინტერესით მომჩერებოდა მალულად, ჩემი შიში რომ დამენახვებინა, ვინ იცის რა მოემოქმედა და როგორ შევეშინებინე უარესად. ამიტომ ისე აუღელვებლად და დინჯად ვმოქმედებდი, ვითომც არაფერი. სკეიტი, კუზაოში ჩავაგდე, ბენზინი ბაკში ჩავასხი და ცარიელ ბიდონსაც იქ მივუჩინე ადგილი. მერე, მანქანაში ჩავჯექი. პირველ რიგში პისტოლეტი ამოვიღე საქამრედან და იქვე გადაცემათა კოლოფთან დავდე, რათა სწრაფი რეაგირებისთვის ადვილად გამომეყენებინა. მერე, გასაღები მოვარგე *ზამოკს* და გადავატრიალე, თუმცა მანქანა არ დაიქოქა.
_ჯანდაბა!_გამწარებულმა დავარტყი საჭეს მუშტი. თან, გვერდითა სარკიდან შავ ჯიპს გავხედე, მაინტერესებდა რას აკეთებდა.
შავი ჯიპი ადგილიდან არ დაძრულა.
მეორედაც ვცადე დაქოქვა, მაგრამ ამაოდ. მივხვდი, ცოტაც და პანიკის შეტევა დამეწყებოდა. პლანი ვინატრე, მაგრამ მალევე უკუვაგდე ეს სურვილი. ცხვირით ძლიერად ჩავისუნთქე ჰაერი დასამშვიდებლად და წამიერი შეყოვნების მერე პირიდან გამოვუშვი. მამა გვასწავლიდა ამას ნადირობისას რომ დავმშვიდებულიყავით. ერთი-ორჯერ გავიმეორე ეს მოქმედება და რომ გაჭრა ამ ხრიკმა, გამიხარდა. მესამედაც ვცადე გასაღების გადატრიალება და ძრავის ხმა რომ შემომესმა, უფრო დავმშვიდდი. ცოტა ხანს ასე ვამუშავე, შევათბე მოტორი და მერე ნელ-ნელა დავიძარი ადგილიდან. სარკიდან ვუთვალთვალებდი ჯიპს, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა და მოსახვევში რომ შევედი, საერთოდ გაუჩინარდა. ხუთასი მეტრი მაინც ვიარე ასე. მერე, სანიაღვრე არხს რომ გავუსწორდი, მოულოდნელად ბღუილით გამოქანდა, საჭე გადმომიკრა, ალბათ შესაშინებლად და მიზანსაც მიაღწია, მართლა შემეშინდა, მართვა დავკარგე, გზის სავალი ნაწილიდან გადავედი და ბეწვზე გადავრჩი, რომ არხში არ გადავეშვი ჩემი მანქანიანად.
_უხ, შე !_გაგულისებულმა ვუყვირე და დადევნება დავაპირე, მაგრამ მანქანა ვერ ამოვიყვანე თხრილიდან.
კარგა ხანს ვაბუქსავე, ლამის დავწვი პაკრეშკები, მაგრამ ამაოდ. მერე, გადმოვედი მანქანიდან და გარშემო შემოვუარე, სიტუაციის შესაფასებლად. დახმარების გარეშე გამიჭირდებოდა გაყინული თხრილიდან ამოსვლა.
_შენ დედას შევ..ი !_გაცეცხლებულმა ავიმყრალე პირი._საცა გადაგეყრები, ტყვია უნდა დაგაჭედო შუბლში! შე ნაბოზარო! გგონია, მათეს ამბავი შეგრჩა? ტყვიის ზოლში უნდა გატაროთ სამივენი, თქვე ახვრებო!!!_ბიძაჩემიც ვიგულისხმე მათში.
ჩემს ბედზე, ტრაქტორმა გამოიარა და შემაწყვეტინა მუქარა სართულებიანი გინების ფონზე. მძღოლი ღვთისნიერი კაცი აღმოჩნდა, სანამ მე გავუქნევდი ხელს, თვითონ გააჩერა და რა გაგჭირვებიაო, მკითხა. თუმცა, თქმა საჭირო აღარც იყო, ადვილად მიხვდა ყველაფერს. ტროსი თვითონვე ქონდა, გამომიბა და თხრილიდან ამომიყვანა. გაწეული სამსახურისთვის ფული შევთავაზე, მაგრამ ითაკილა, ფულის სანაცვლოდ არ ვაკეთებ სიკეთესო. თან, გულივერა ჩემი ძმა და მეგობარიაო. ეს *გულივერა* ანუ *გულივერი*, მამაჩემის ზედმეტსახელია სოფელში. როგორც გადმოცემით ვიცი, ახალგაზრდობაში თურმე მოგზაურობა უყვარდა და ამიტომაც შეარქვეს.
ღვთისნიერ ტრაქტორისტს მადლობა გადავუხადე, იქვე დავემშვიდობე და სახლისკენ დავადექი გზას.
გზაზე იმ შავ ჯიპს ვათვალიერებდი, თხრილში რომ მომისროლა. თუმცა, აღარსად შემხვედრია. ერთი სული მქონდა სადმე გადამყროდა, რომ ჭკუა მესწავლებინა იმ ნაძირალასთვის. დაფეთებული ვაცეცებდი ყველგან თვალებს, მაგრამ ამაოდ, მის ასავალ-დასავალს ვეღარსად მივაკვლიე.
მანქანა ადვილად შევაყენე ეზოში და ისეთ ადგილზე შევაჩერე, რომ გზიდან ადვილად დაენახა გამვლელსა თუ გამომვლელს. მინდოდა, ეფიქრათ, რომ მამა სახლში იყო. იარაღი ისევ საქამრეში გავირჭე, საგულდაგულოდ დავიმალე სვიტერის შიგნიდან და მხოლოდ ამის მერე გადმოვედი მანქანიდან. ისე შევედი სახლში, სადაც სრული სიწყნარე სუფევდა, რომ არავის არაფერი გაუგია. პრინციპში, დედაჩემს ისევ მშვიდად ეძინა მედიკამენტების წყალობით და ხმაურითაც რომ შევსულიყავი, მაინც ვერაფერს გაიგებდა. ნორა ბაბო კი, როგორც ყოველთვის, სამზარეულოში ფუსფუსებდა და არც მას გაუგია ჩემი მისვლა. ჩემს ოთახში შევიძურწე ქურდივით და საწოლზე გულაღმა გავიშხლართე დასასვენებლად. ნერვიულობისგან თავი გახეთქვაზე მქონდა. მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, პაჭკორიას თუ წუნას ჩემი თავიდან მოშორება რომ უნდოდა. მაგრამ... ეს რომ სდომოდა მართლა, რატომ აღარ დაბრუნდა და თავისი ჯიპით არ დამეჯახა არხის კიდეზე მყოფს? ასე ხომ უფრო ადვილად გადამაგდებდა? მოულოდნელად გონება გამინათდა.
_ეშმაკია ის !_გაგულისებული წამოვხტი საწოლიდან._ჩემს მანქანაზე მისი კვალი არ უნდოდა რომ დაეტოვებინა და იმიტომ. მასე არ გინდა , მე შენგაჩვენებ სეირს!_ჩემი ტელეფონი მოვიმარჯვე და სარეზერვო ასლები მოვიძიე. ისევ აღვადგინე მათი ფოტო და მის გულდასმით შესწავლას შევუდექი.
მასშტაბები გავზარდე როგორც შევძელი და თითოეულ დეტალს მონდომებით დავაკვირდი. თუმცა, მათი გაბრაზებული სიფათების მეტი საეჭვო ვერაფერი ვნახე. როგორც მწყურვალს წყალი, ისე მომინდა მათ შესახებ რაიმე ინფორმაციის გაგება. გუგლის საძიებო გრაფაში მათი ფოტო ჩავსვი, იქნებ რამე დამთხვევა მეპოვა, მაგრამ ვერაფერი ვნახე. ვერც მანქანის ნომრებით მივაკვლიე რამეს. ბოლოს, წუნა და პაჭკორია ჩავწერე ისე, ალალბედზე და ანიმაციური ფილმის წუნას ფოტოები რომ ამოყარა, მწარედ ჩამეცინა. თუმცა, ბოლოში, რომელიღაც რესტორანში სუფრაზე გადაღებული ფოტო იდო სახელწოდებით *წუნას დაბიდუბი*. დამაინტერესა და ის ფოტო გავხსენი.
ფოტო შორიდან იყო გადაღებული და სახეები გარკვევით არ ჩანდა. რვა კაციდან ვერც ერთში ვერ ამოვიცანი ჩემი ნაცნობი მუტრუკები. სამაგიეროდ ფოტოს ავტორის ფეისბუქ გვერდზე გადავედი და რომ იტყვიან, სულ გავუშმონე ყველა ფოტო, მაგრამ ვერც იქ მივაკვლიე მათ კვალს. მერე, მის მეგობრებში გადავედი და ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენლის ფოტოები დავათვალიერე. საქმე არც ისე ადვილად იყო, რადგან ათასამდე მეგობარი ყავდა. ზოგს დახურული პროფილიც კი ქონდა და მის ფოტოებს ვერც ვნახულობდი. თუმცა, იმედი მაინც არ დამიკარგავს და დიდი შემართებით და გულისყურით ვათვალიერებდი ყველა მის მეგობარს და მათ ფოტოებს.
ისე დაღამდა და ისე დამათენდა კიდეც თავზე, რომ მართლა ვერ გავიგე ვერაფერი. მამლებმა ყივილი რომ დაიწყეს და ფანჯარაში გავიხედე, რიჟრაჟი ეპარებოდა უკვე ცას.
_უხ შენი, გათენებულა უკვე?!_გამიკვირდა.
აივანზე გავედი და ცოტა ხნით იქ შევჩერდი. სუსხმა გამომაფხიზლა თითქოს. მერე, საპირფარეშოში დავაპირე ჩასვლა და კიბეზე რომ დავეშვი, რაღაც უჩვეულო ფაჩუნი შემომესმა. ბოლო საფეხურზე შევჩერდი და ჯერ ისევ სიბნელეში ჩაძირულ ეზოს მოვავლე თვალი. საეჭვო ვერსად ვერაფერი შევნიშნე. თუმცა, სიგარეტის სუნი მოსწვდა ჩემს ყნოსვას და მივხვდი, რომ ახლოში ვიღაც იყო, ვინც ასე ყარდა.
სახლში აბრუნება იმის მანიშნებელი იყო, რომ მეშინოდა. ამიტომ გაუბედავად ჩავედი კიბიდან და ეზო რაც შემეძლო ფრთხილი ნაბიჯებით გადავკვეთე, რათა რაიმე ფაჩუნი არ გამომპარვოდა. ჯიბეში ფარეხის გასაღები მოვიძიე, სასწრაფო წესით გავაღე და ისე შევედი შიგნით, ნათურა არ ამინთია. მიახლოებით მახსოვდა მამას ორლულიანი თოფი სადაც დავდე, ადვილად მივაგენი ხელების ცეცებით, იქვე გადავტენე და ეზოში გამოვბრუნდი.
_შეიარაღებული ვარ და გესვრი იცოდე, არ დაგინდობ!_მართალია არ მიყვირია, მაგრამ საკმაოდ მკაცრად გავაფრთხილე ქურდი._შენი სიგარეტის სუნი ვიგრძენი, კიბესთან იმალები ვიცი, გამოეთრიე, თორემ გაგაფრთხობინე სული!
გავჩუმდი თუ არა, გავისუსე და ისე მივაყურადე. დანამდვილებით არ ვიცოდი კიბესთან იყო თუ არა, მაგრამ თოფი მაინც იქით დავუმიზნე.
დავინახე სიბნელეში რაღაც ლანდი რომ შეირხა და შიშმა მომიცვა მთლიანად.
_არ გაინძრე, თორემ გესვრი._დავჭექე და ჰაერში გავისროლე შესაშინებლად.
კონდახს ისეთი დარტყმა ჰქონდა, წამაბარბაცა, მაგრამ არ შევუშინდი და გამაფრთხილებელი გასროლის მერე ისევ იმ მიმართულებით დავუმიზნე თოფი, სადაც წეღან ლანდი შევნიშნე.
_რა გჭირს ბიჭო? მე ვარ!_ჭიშკარი ჭრიალით გაიღო და ვიღაც შემოვიდა.
_ვინ შენ?_ხმაზე კი ვიცანი კობა ძია, მაგრამ მაინც შევუტიე._არ გაინძრე, თორემ გაგასხმევინე ტვინი!
_დაწყნარდი შვილო, მე ვარ, კობა, მამაშენის ბიძაშვილი.
_მერე, რა ქურდივით დაძრწიხარ?!_ცოფიანი ძაღლივით შევუღრინე.
_ახლახანს დავბრუნდი თბილისიდან. ამბის გასაგებინებლად მოვედი, მაგრამ გეძინათ და მანქანაში დალოდება გადავწყვიტე... ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ორივენი კარგად არიან._შიშით მომიახლოვდა ბიძაჩემი და თოფი ფრთხილად დამაწევინა ქვემოთ._წამოდი, სახლში შევიდეთ. თოფის გასროლის ხმაზე ცნობისმოყვარე მეზობლები მოქუჩდებიან ახლა. არ მინდა იარაღით ხელში დაგინახონ არასრულწლოვანი. ვიტყვი, ვითომ მგელი შევნიშნე და მე ვისროლე._თოფი მართლა გამომართვა, მხრებზე მომხვია ხელი და კიბეზე ამიყვანა.
ისევ მეცა ცხვირში სიგარეტის სუნი ზუსტად იმ ადგილზე, სადაც წეღან ვიგრძენი. უცბად ამომიტივტივდა მეხსიერებაში, რომ ეს ვაჟბატონი არ ეწეოდა და მივხვდი, რომ სხვა ვიღაცაც იყო ეზოში. ალბათ, ან წუნა, ან პაჭკორია. ან კიდევ ორივე ერთად. აბა, სხვა ვინ იქნებოდა ამასთან ერთად? კიბის საფეხურები ისე ავიარეთ, არაფერი მითქვია. რომ მეთქვა ჩემი ეჭვების შესახებ, იქნებ სულიც კი გაეფრთხობინებინათ ჩემთვის.
აივანზე შეშფოთებული ნორა ბაბო და დედაჩემი შემოგვეგებნენ, რა ხდება, თოფი ვინ გაისროლაო. როგორც წეღან დაგეგმა კობამ, ისეც თქვა, მგელი დაყიალობდა და იმას ვესროლე, მაგრამ ავაცილე და გაიქცაო.
_ვაიმე, შვილო, ხომ არაფერი დაგიშავა იმ ოხრადდარჩენილმა?_ერთდროულად შემომეხვივნენ ბაბოც და დედაც და ყველაფერი შემიმოწმეს.
არა-მეთქი, უწადინოდ დავამშვიდე ორივე და ჩემს ოთახში შევიკეტე. სულ ცალ ფეხზე დავიკიდე სტუმარი, რომელსაც ვერ ვიტანდი და ერთი სული მქონდა ტყვია დამეჭედებინა შუბლში.
გავიგე, მეზობლებიც რომ მოქუჩდნენ ჩვენს ეზოში და კობა ძიამ იმათაც ის ვერსია უთხრათ, რაც წეღან დედას და ბაბოს. ერთხანს გამწარებული ვცემდი ოთახში ბოლთას. დაჭრილი მხეცივით ვაწყდებოდი კედლებს. მერე, ისევ ჩემი ტელეფონი მოვიმარჯვე და ისევ იმ გოგოს მეგობრების დათვალიერება დავიწყე. როგორც იქნა ერთ ფოტოში ამოვიცანი იმ ახმახებიდან ერ-ერთი. თავიდან თითქოს თვალებს არ ვუჯერებდი, მაგრამ მის პროფილზე რომ შევედი და ყველა ფოტო გადავათვალიერე, მღელვარებისგან გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. ის იყო, შავი ჯიპით რომ დამყვებოდა და ჩემი გადაგდება სცადა. ყველაზე გასაოცარი კი ის იყო, რომ აშკარად რაღაც მაღალი თანამდებობა ქონდა, რადგან სოფლის ინფრასტრუქტურის და განვითარების ღონისძიებებს ესწრებოდა. იღებდა თუ არა ამ ყველაფერში მონაწილეობას არ ვიცი, მაგრამ ფოტოები კი უხვად ქონდა გადაღებული. აშკარად საპატიო ადამიანი იყო. მისი სახელი და გვარი ახლა გუგლის საძიებო გრაფაში ჩავწერე და აღმოჩნდა, რომ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
ამას ნამდვილად არ მოველოდი. ძვირადღირებული ჯიპით კი მივხვდი, რომ შეძლებული ვიღაც იყო, მაგრამ თუ გავლენიანიც იქნებოდა, ნამდვილად არა. თანამდებობის შესანარჩუნებლად ყველაფერზე რომ იქნებოდა წამსვლელი, ამასაც მივხვდი. მასთან ბრძოლა რომ წამომეწყო, იმდენი დამცველი და ხელის დამფარებელი გამოუჩნდებოდა ბიძაჩემის თამადობით, რომ მისი დამარცხების შანსები ნულის ტოლი იქნებოდა. დაფიქრება, ყველაფრის აწონ-დაწონვა და იდეალური გეგმა არ მაწყენდა. ჩემი სიჯიუტით, შურისძიების წყურვილით და ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯითაც კი შემეძლო თავი წამეგო და სასიკვდილო განაჩენიც გამომეტანა საკუთარი თავისთვის. მართალია, მათე თვითონვე მიიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მან ხომ არაფერი იცოდა? ის შეცდომით ყავდათ გატაცებული და სავარაუდოდ ნიღბებით იქნებოდნენ და მათ სახეებს ჩემი ძმა ვერ დაინახავდა. მე უკვე სხვა თემა ვიყავი. მართალია, ვერაფერი დავინახე დანაშაულის ადგილზე, მაგრამ უნებლიე მოწმე მაინც ვიყავი, მათი ფოტო მქონდა. თან, ჩემი არხში გადაგდებაც კი სცადა. თექვსმეტი წლის ლაწირაკს დიდ კაცთან შანსები არ მქონდა, მაგრამ როგორც ეტყობოდა, მაინც ეშინოდათ ჩემი. ხო და, ყოყლოჩინობას თამაში და იმით თავის მოწონება, რომ ყველაფერი თუ არა, რაღაც მაინც ვიცოდი, მათ უეჭველი გააღიზიანებდათ და გარკვეულ ზომებს მიმართავდნენ ჩემს გასაჩუმებლად. უფრო კი, თავიდან მოსაშორებლად. როგორც ჯონიმ თქვა, იმხელა ორმოს გვამისთვის თხრიდნენ ალბათ. ვიღაც მოკლეს და მისი გადამალვა უნდოდათ. არ იყო გვამი, არ იყო დანაშაული. ხო და ვერც ვერავინ დაუმტკიცებდათ რამეს ჩემს გარდა. მეც საუთოო ვიყავი, მაგრამ ამავე დროს სახიფათო მათთვის. შერლოკ ჰოლმსობანა გადავწყვიტე, ოღონდ მალულად და ყველაფერს რომ გავარკვევდი, მერე კი შურისძიებისთვის მოვემზადებოდი.
*****************************
შუადღის მერე მამამ დარეკა, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და მათე უკეთესადააო. მართალია ეს ყველაფერი კობამაც კი გვითხრა, მაგრამ მისი ერთი სიტყვისაც არ მეჯერა. დედა კი მთელი დღე მათეს მოლოდინში იყო, რადგან კობასგან იცოდა, რომ დღეს უნდა გამოეწერათ. ბოლოს, ეტყობა მიხვდა, რომ რაღაცას ვატყუებდი და საპირფარეშოში შემიგულა თუ არა, მაშინვე მამას პიკაპში ჩაჯდა და სადღაც წავიდა.
დაფეთებული გამოვვარდი იქიდან, მაგრამ ვეღარ გამოვუსწარი. სად მიდიოდა, არ ვიცოდი. ალბათ, რაიონის საავადმყოფოში. იცოდა რომ მათე იქ იწვა. მართვა კი იცოდა, მაგრამ მოწმობა არ ქონდა, მაგრამ შვილის გამო მაინც გაბედა ქუჩაში გასვლა.
რა მექნა და რა მეღონა არ ვიცოდი. ერთადერთი იმედი ჯონი იყო, მას დავურეკე, რომ დედას გავყოლოდით უკან, მაგრამ სოფელში არ ვარო. გაგიჟებას ვიყავი უკვე, რადგან დედას რომ ვურეკავდი, არ მპასუხობდა. მამას ვერ გავუბედე ამის თქმა, რადგან არ მინდოდა რომ ენერვიულა. მას მათე ყავდა მისახედი. ძალიანაც კი არ მინდოდა, მაგრამ მეტი გზა რომ არ მქონდა, ისევ კობა ძია ვიხმე.. ახლავე მოვალო კი დამპირდა, მაგრამ კარგად დაიგვიანა. ბოლოს, ზარებზეც კი აღარ მპასუხობდა. თუ არ გავგიჟდებოდი, არ მეგონა. ბოლოს, მომაფიქრდა, რომ ტაქსი გამომეძახა და ზუსტად მაგ დროს მოადგა კიდეც ჭიშკარს მისი მანქანა.
დავინახე თუ არა, ეზოში დავხვდი გაავებული.
_აკი, მალე მოვალო?! ეგ არის შენი პირობა?! ასე უნდა დაიკიდო ადამიანი ფეხებზე?
_დაწყნარდი, საქმე მქონდა..._ჩემს დამშვიდებას შეეცადა, თუმცა უარესად გავგიჟდი და გავცოფდი.
_რა საქმე გქონდა ამისთანა, რომ ვერ გადადე? ხომ გითხარი, რაც ხდებოდა?
_ზუსტად დედაშენის გამო დამაგვიანდა. მასთან ვიყავი და იქიდან მოვდივარ ახლა..._მერე, ხმას დაუწია, რომ ნორა ბაბოს არ გაეგო ალბათ._ხეს დაეჯახა. ღვედი არ ეკეთა და საჭეს დაარტყა თავი, მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს. სხვა ისეთი არაფერი დაზიანებები არ აქვს, მაგრამ ამაღამ მაინც გააჩერებენ იქ და ხვალ გამოწერენ.
_რააა?!?_ამ ახალმა ამბავმა უარესად გადამრია ისედაც გადარეული._ხეს როგორ დაეჯახა? მართლა კარგადაა თუ მატყუებ?
_არ გატყუებ, მართლა კარგადაა. თუ გინდა, დაურეკე და შენ თვითონ კითხე.
_ვურეკავ, მაგრამ არ მპასუხობს!
_იმიტომ არ გპასუხობდა, რომ ტელეფონი არ ქონდა. მანქანაში იყო და ნახევარი საათის წინ შევუტანე. ახლა გვიანია, დაიძინე და დილით წაგიყვან მის სანახავად. შუადღის მერე კი მანქანას გამოვიყვანთ შტრაფნოიდან.
_მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს?_გამიკვირდა._ისეთი ავარია იყო, რომ პოლიციაში დარეკეს?
_არა, მაგრამ ერთ-ერთ თვითმხილველს დაურეკია ას თორმეტში... დიდად დაზიანებული არც მანქანაა, მძღოლის მხარეა დარტყმული, მაგრამ რახან პოლიციაში შევიდა ზარი, მათაც შტრაფნოიზე გადაიყვანეს...
_მოკლეთ რააა! ეს რა ფეხზე ჩამოვედოთ ამ ჯერზე მამასთან?!?_უღონოდ მივეყუდე კიბის სვეტს.
_დამშვიდდი, არაფერია._ბიძაჩემმა მხრებხე მომხვია ხელი და გულთბილად ჩამიხუტა.
წამიერად გავირინდე. მესიამოვნა მისი მხრიდან ეს სითბო, მაგრამ უმალ ამომიტივტივდა მეხსიერებაში წუნას და პაჭკორიას ოინები, მისი სავარაუდო თამნამზრახველობა მათთან და ისევ ზიზღით ამევსო გული. უხეშად არა, მაგრამ მაინც მოვიშორე მისი ხელი მხრებიდან, იქვე დავემშვიდობე, სახლშიც კი არ შევიპატიჟე და უკანმოუხედავად ავირბინე კიბის საფეხურები. ოთახში შევედი თუ არა, ტელეფონი მოვიმარჯვე და დედაჩემს დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა. მეორედაც ვცადე, მერე მესამედაც, მაგრამ არც ერთ ზარზე არ გამაგონა.
_რაღაცას მატყუებს და მაბოლებს ეს ?!_საშინლად გავბრაზდი ბიძაჩემზე და ფანჯრიდან მალულად გავხედე, მანქანაში რომ ჯდებოდა უკვე._ახლა, დედაჩემი გაიტაცეს ვითომ და ამაშიც ამის ხელი ურევია?.. კი, მაგრამ, რისთვის? დავიჯერო, მე ასეთი მოუხელთებელი ვარ, რომ მე ვერ მიჭერენ?_ათასი სულელური აზრი ამეშალა თავში. მერე, მოულოდნელი გადაწყვეტილება მივიღე: ტაქსი გამოვიძახე. მაკაროვის პისტოლეტი ისევ საგულდაგულოდ გავირჭე საქამრეში, (რა იცი რა ხდებოდა და რაში დამჭირვებოდა), და ათი საათი იყო ზუსტად, რაიონის საავადმყოფოსთან რომ ჩამოვედი. ეს ერთადერთი საავადმყოფო იყო იქ და თუ მართლა საავადმყოფოში იწვა დედაჩემი, ის აუცილებლად აქ იქნებოდა.
მძღოლს ფული გადავუხადე, მანქანებით გადაჭედილი ტრასა სულ სირბილით გადავჭერი და საავადმყოფოს ეზოში ქაქანით შევვარდი. თუმცა, იქვე შევჩერდი, ერთ-ერთი ბუჩქის ძირას პისტოლეტი გადავმალე, რათა დაცვას არ ენახა და შენობაში ისე შევედი. პირდაპირ მიმღებში მივეჭერი გოგოებს და დედაჩემის ამბავი ვიკითხე, ავტოავარიაში მოყვა და თქვენთან შემოიყვანეს ესა და ეს პიროვნება-მეთქი.
სანამ ბარიერს იქიდან ახალგაზრდა გოგონა ვრცელ ჟურნალში დედაჩემის სახელს და გვარს ეძებდა, მე სუნთქვაშეკრული ველოდი მის პასუხს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიძაჩემი ტყუოდა და მასზე უარესად ვიბოღმებოდი. გული ისე ძლიერად და გამალებით მიცემდა, რომ მეგონა, ყველას ესმოდა მისი ხმა. დიდად იმედი არ მქონია, მაგრამ გოგონამ სათვალეებს ზემოდან რომ ამომხედა და დამიდასტურა, კი აქ არისო, თითქოს ყურებს არ დავუჯერე.
ალბათ, მანაც შემატყო დაბნევა და შემომღიმა.
_ნევროლოგიაში წევს, მსუბუქი ტვინის შერყევით. საშიში არაფერია. უბრალოდ, ამაღამ ექიმების მეთვალყურეობის და დაკვირვების ქვეშ იქნება და ხვალ გამოწერენ.
გამოდის, ამჯერად მაინც არ მოუტყუებივარ ბიძაჩემს.
_შეიძლება ვნახო?_გამომცდელად შევხედე გოგონას.
_თქვენი ვინ ბრძანდება ქალბატონი?_სათვალე მოხდენილად შეისწორა და ისე შემომხედა ინტერესით.
_დედაჩემია... სულ რაღაც ხუთი წუთით რომ ვნახო, არ შეიძლება?_ხმაში მუდარა გავურიე და სახეზეც საცოდავი გამომეტყველება მივიღე.
გოგონა ცოტა ხნით ჩაფიქრდა, მერე ჩურჩულით მითხრა, უფროსობა აღარ არის და ხუთი წუთით შეგიძლია მოინახულო, ოღონდ არ ანერვიულოვო. პალატა ღიმილით მიმასწავლა და მეც მაშინვე დედაჩემის სანახავად გავეშურე. მეორე სართულზე შეუსვენებლივ ავირბინე. თანაც სულ ორ-ორი საფეხური. პალატას ადვილად მივაგენი და ჩუმად შევიპარე.
დედაჩემს მშვიდად ეძინა. შუბლზე ლეიკოთი ბინტი ქონდა მიწებებული რაზეც სისხლს გამოეჟონა ოდნავ. ფრთხილად მივუახლოვდი და საბანი მზრუნველად ამოვუგე. თან, გაყინულ შუბლზე ვაკოცე.
არაფერი გაუგია.
ეტყობა, ისევ ანტიდეპრესანტების და საძილე პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იყო, თორემ ზოგადად ფხიზელი ძილი იცოდა.
ტუმბოზე მის ტელეფონს მოვკარი თვალი. გამახსენდა, ბიძაჩემმა რომ თქვა, მანქანაში იყო და მე შევუტანევო. ზარები გადავამოწმე და უამრავი უპასუხო ზარები ქონდა: ზოგი ჩემი, ზოგიც მამასი და ყველაზე მეტი კი მაინც დედამისისა. მგონი, რა დღეში იყო ნახევრად მეგრელი ქალი?! შეიძლება, დედაჩემმა მის გამო უფრო გაუთიშა ტელეფონს ხმა. არ უნდოდა, რომ დედამისს გაეგო ყველაფერი. ფრთხილად მივეფერე, კიდევ ერთხელ ვაკოცე შუბლზე და პალატა ფეხაკრებით დავტოვე. კიბეზე კისრისტეხით დავეშვი და კინაღამ მართლაც მოვიტეხე კისერი. მიმღებში გოგონამ გაოცებით შემომხედა, ასე მალე გამოხვედიო. ეძინა-მეთქი და აღარ გავაღვიძე. ხო, ტვინის შერყევას ახასიათებს ძილიანობაო, განმანათლა. მადლობა მოვუხადე და შენობა ჩქარი ნაბიჯებით დავტოვე. ის იყო, ბუჩქიდან იარაღი ავიღე და საქამრეში გავირჭე, რომ გაკვირვებული ბიძაჩემი წამომადგა თავზე.
_ლუკა?! შენ აქ საიდან?!
_შენ რაა, მითვალთვალებ?_ავად შევუღრინე.
_არა, ეგ რა შუაშია?_უარესად გაიოცა._ამაღამ ისედაც აქ ვაპირებდი დარჩენას ყოველი შემთხვევისთვის და მამაშენმაც მთხოვა. შენ?
_მე დედაჩემის სანახავად მოვედი...
_თუ წამოსვლას აპირებდი, რატომ არ მითხარი?_გაუკვირდა._ვინ ჩამოგიყვანა ამ შუაღამეზე?
პასუხი არ დავუბრუნე. პისტოლეტი მალულად შევისწორე და ქუჩის მიმართულებით წავედი.
_სად მიხვალ?_შემაჩერა.
სახლში-მეთქი, ისეთი ტონით მივუგდე, აშკარად უნდა ეგრძნო, რომ მის მიმართ კეთილგანწყობილი არ ვიყავი.
_ამ შუაღამეზე რას უნდა გაყვე? წამოდი, მე წაგიყვან.
ხოო, ახლა მე რომ დამიშავო რამე, ლამის პირში ვივახალე, მაგრამ მალევე დავაჭირე ენას კბილი. ამის მაგივრად, ნუ შეწუხდები, თავს თვითონვე მივხედავ-მეთქი და ჯიუტად გავიწიე წინ.
ისევ შემაჩერა.
_რა გჭირს? რაღაც არ მეჩვენები კარგ თვალზე..._მხრებზე მომხვია ხელი და მეგობრულად ჩამიხუტა._მესმის შენი, ვიცი, გიჭირს ახლანდელ მოვლენებთან შეგუება, მაგრამ არ ღირს ასე დაუფიქრებლად შუაღამეზე მარტო წანწალი, არაფერი მოიწიო. არ კმარა, რაც შენს მშობლებს და მათეს გადახდათ? წამოდი, მანქანაში ჩავსხდეთ.
დაჰიპნოზებულივით მივყევი უკან. შინაგანად კი ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ფიზიკურად არ გავძალიანებივარ.
მანქანა საავადმყოფოს მეორე მხარეს შეეჩერებინა და ამიტომაც ვერ შევნიშნე ალბათ, აქ რომ მოვედი.
_თუ გინდა, ჩემთან წავიდეთ. იცი, შენი ცეზარი ისევ ჩემთან მოვიდა.
ამ ახლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ცეზარი სულ გადამავიწყდა კიდეც, მაგრამ ახლა გამიხარდა მისი ადგილსამყოფელი რომ გავიგე. წამიერად დავფიქრდი, გავყოლოდი თუ არა ბიძაჩემს თავისთან. ეს მაინც ისევ აქ აპირებდა წამოსვლას და მე კი, იქნებ ბიცოლასგან გამოგო კიდევ რამე წუნასა და პაჭკორიას შესახებ, მაგრამ... იქნებ სახლამდე არც მივეყვანე და იმ მხეცების ხელში ჩავეგდე პირდაპირ? მაგრამ თუ ასე ეწადა, მამაჩემის სახლშიც რომ წავეყვანე, იქ უფრო ტყის გავლით უნდა წავსულიყავით და პირდაპირ ტყეში არ გამიტაცებდა? იარაღი კი მქონდა, მაგრამ სამ ჯან-ღონით სავსე მამაკაცს გავუმკლავდებოდი ვითომ? ყოყლოჩინობანას თამაში არ მარგებდა, ამიტომ უარი ვუთხარი, აქ დავრჩეთ, დილით ხომ მაინც აქ უნდა მოხვიდე და რაღატო იწვალო-მეთქი? საავადმყოფოს ეზოში ვითომ გამიბედავდა რამეს?
_რა შეწუხებაა? შენ არ შეწუხდე აქ._ეს მითხრა და ძრავა აამუშავა.
_აქ მირჩევნია დარჩენა, დედაჩემის ნახვა მინდა. წეღან ვერ დაველაპარაკე, ეძინა და იქნებ გაიღვიძოს?_უცბად მოვიფიქრე აქ დარჩენის მიზეზიც.
კარგი, რა გაეწყობაო. თუმცა, ძრავა არ ჩაუქვრია, მოტორი შეთბეს და ფეჩს ჩავრთავო.
კარგა ხანს უხმოდ ვისხედით. უამრავი რამ მქონდა მისთვის პირში მისახლელი, მაგრამ გაჩუმებას ვამჯობინებდი. ჯობდა, არ სცოდნოდა რომ ასე თუ ისე მათი ბანდის შესახებ რამე ვიცოდი. თვითონაც ნახევრად გადაწეულ სავარძელში მისვენებული იწვა და ეტყობოდა რომ რაღაცას ფიქრობდა.
სრულ სიწყნარეში, ნახევრად სიბნელეში და სითბოში ისევ მომერია ძილი. ერთი ორჯერ ადგილზე შევიშმუშნე და შევსწორდი კიდეც გამოსაფხიზლებლად, მაგრამ ცალკე უძილობამ და ცალკე ნერვიულობამ მაინც თავისი ქნა და საღათას ძილით მიმეძინა. ხელ-ფეხის გაბუჟებამ რომ შემაწუხა და თვალები გავაწყიდე, გათენებული იყო უკვე. მანქანის მოტორი ისევ მუშაობდა და კარგად თბილოდა. ბიძაჩემი გადასული იყო და მოშორებით ვხედავდი ვიღაც კაცს რომ ელაპარაკებოდა. არ მესმოდა რას, მაგრამ მისი სახის გამომეტყველებით და ხელების ქნევით ვხვდებოდი, რომ რაღაცას ჯავრობდა.
კაცი ზურგით იდგა ჩემგან და ვერ ვხედავდი ვინ იყო. თუმცა, მისი აღნაგობა მეცნო.
ხუთი-ათი წუთი კიდევ ილაპარაკეს, მერე დაემშვიდობნენ ერთმანეთს და ბიძაჩემი მანქანისკენ წამოვიდა. შორიდანვე შემნიშნა რომ მეღვიძა, მაგრამ მანქანაში ჩაჯდა თუ არა, მაინც ის მკითხა, გაიღვიძეო? აშკარად რაღაცაზე ღელავდა.
_მოხდა რამე?_გამომცდელად შევხედე.
თავიდან, თითქოს არ უნდოდა თქმა, მაგრამ ბოლოში მაინც მითხრა.
_გამომძიებელი იყო, დედაშენი დაჰკითხა. მანქანას მუხრუჭები შეგნებულად ქონია დაზიანებული.
*შუაღამეზე იმიტომაც დაყიალობდი ჩენს ეზოში?*_იმისი უდიდესი სურვილი, რომ იარაღი დამეჭედებინა ამ ნაძირალასთვის შუბლში, ძლივს დავძლიე.
_აშკარად შენი მოშორება უნდოდათ._თითქოს შიში გაკრთა მის თვალებში და თავისთვის ჩაილაპარაკა._იმ დღეს, ტყეში, რისი მოწმე გახდი შვილო, რომ ასე გიმეტებენ?
ვითომ, არ იცოდა ძმაკაცებისგან? აფერისტი, თავს როგორ მაჩვენებდა, რომ სწუხდა და დარდობდა ჩვენს ოჯახზე...
_ასე, მარტო რომ დადიხარ, შეიძლება შენც რამე დაგიშაონ. მიგიყვან სახლში და ძალიან გთხოვ, სახლიდან გარეთ ნუ გამოხვალ...
_სახლში, თორემ იქ არ შემოიპარნენ და მუხრუჭები იქ არ დააზიანეს?..
_შენ ეგ თქვი._ერთხანს ჩაფიქრდა და კეფა ნერვიულად მოიქექა._მაშინ, ჩემთან წაგიყვან, იქ უფრო უსაფრთხოდ იქნები.
კატეგორიულად გამოვუცხადე, რომ შენთან არ მინდა-მეთქი. პირდაპირ მგლის ხახაში მოვხვდებოდი თუ მართლა წამიყვანდა თავისთან.
_ნუ ბავშვობ და ნუ ჯიუტობ. შეიგნე, რომ სერიოზულადაა საქმე._სიმკაცრე გაურია ხმაში.
_მაგ შენი წუნასი და პაჭკორიასი სულაც არ მეშინია!
მათი სახელების ხსენებაზე შეკრთა და თითქოს ფერიც დაეკარგა სახეზე.
_საიდან იცი?_რაღაცნაირი შეშფოთებით მკითხა.
მაშინვე პისტოლეტი დავაძრე საქამრედან, გადავტენე და პირდაპირ შუბლში დავუმიზნე.
_შენს შესახებაც ვიცი ყველაფერი. ჩვენს ოჯახს ახლოს არ გაეკაროთ, თორემ გეფიცებით, სამივეს აგიგებთ წერას! ფოტოები რომ წამიშალე, სარეზერვო ასლების შესახებ არაფერი გსმენია? ვიცი, ძმაკაცები ხართ და მათთან ხარ შეკრული... ისიც ვიცი, ის ჩათლახი დეპუტატი როა. ამას წინათ ჩემი გზიდან გადაგდება სცადა და თხრილჩი ჩაგდება... მე გარკვეულ ზომებს მივმართე უკვე, თუ რამე დამემართება, მაშინვე შენ მოგადგებიან! ასე, რომ არ გირჩევ სისულელეების ჩადენას!_კარი გავაღე და მანქანიდან გადავედი.
_სისულელეებს შენ ჩადიხარ. არ იცი ვინ გადაიმტერე. ძალიან გთხოვ, შეეშვი ყველაფერს!_მანქანიდან არ გადმოსულა, ისე გამომძახა ბიძაჩემმა.
იარაღი ისევ საქამრეში დავმალე და საავადმყოფოს შენობისკენ სირბილით გავიქეცი. პანდუსზე ქაქანით ავირბინე. კარი ისე შევაღე და ისე შევვარდი შენობაში, თითქოს ვინმე მომყვებოდა უკან. თუმცა, ბიძაჩემი როგორც დავტოვე მანქანაში გაოგნებული, ალბათ ისევ ისე ისე იჯდა.
დაცვამ ეჭვით შემათვალიერა. თუმცა, მე მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. პირდაპირ რეგისტრატურას მივაშურე და გოგოებს დედაჩემის გაწერის დრო ვკითხე. რომ მითხრეს, დაახლოებით ერთ საათშიო, კონდეციონერის გვერდით ჩამოვჯექი რკინის ლურჯ სკამზე და მოთმინებით დაველოდე დროის გასვლას.
ასე საშინლად არასდროს გაწელილა დრო. წამები თითქოს წუთების მსგავსად მიიზლაზნებოდნენ წინ. ცალკე იმაზე ვნერვიულობდი და იმ ფაქტზე ვცოფდებოდი, მაინც ყოყლოჩინობამ რომ მძლია და ენას ჯეროვნად ვერ დავაჭირე კბილი. ვითომ, ღირდა იმ საზიზღარ კობასთვის ყველაფრის პირში მიხლა? როგორ შეშფოთდა კი, მათი სახელები რომ ვუხსენე. ნაძირალა, ვითომ მამას ერთგულია. არა და ზურგიდან სცემს მახვილს. ფუი, მაგის ბიძაშვილობას და მაგის კაცობას!!!
ჯდომით რომ დავიღალე, ერთხანს ბოლთისცემას მოვყევი. მერე, აპარატიდან ყავა ჩამოვისხი. მართალია არ მიყვარდა, მაგრამ თავის დასჯის მიზნით მაინც დავლიე სვენებ-სვენებით. ბოლო ყლუპმა წამომაზიდა და ლამის მაღებინა, მაგრამ შევძელი თავის შეკავება. მოსასულიერებლად გარეთ გავედი სუფთა ჰაერზე. ვიღაც უცნობი სიგარეტს ეწეოდა. ერთი ღერი ვთხოვე და ნერვების დასაწყნარებლად გავაბოლე.
ორი თუ სამი ნაპასი მოვასწარი მხოლოდ. სად იყო სად არა, მოღალატე ბიძაჩემი ამესვეტა წინ. სიგარეტი გაბრაზებულმა გამომგლიჯა და ურნაში ჩააგდო.
_რას აკეთებ?_გაცეცხლებულმა დავუქაჩე თვალები.
_თვითონ შენ რას აკეთებ?_არანაკლებ დამიქაჩა მანაც თვალები._რას იწამლავ ამ შხამით ფილტვებს?
_შენ რა გედარდება? რა უფლებით ერევი ჩემს ცხოვრებაში?_მოურიდებლად ავუყვირდი და ყველამ ჩვენ მოგვაქცია ყურადღება.
_მამაშენმა იცის, რომ ეწევი?_ცოტა ხმას დაუწია ბიძაჩემმა.
_შენი საქმე არ არის! და საერთოდ, შეგვეშვი, შენი ზრუნვა არავის გვჭირდება, შენ შენს ძმაკაცებზე იფიქრე, კისერს რომ მოვუგრეხ და იფრთხილე, შენც არ მოყვე აბლავაში!_ზიზღით შევხედე და შენობაში დავაპირე შესვლა, მაგრამ მკლავში ჩამაფრინდა და პანდუსზე ძალით ჩამათრია.
ხალხის თვალს რომ მივეფარეთ, საკმაოდ მკაცრად გამაფრთხილა.
_შეეშვი იმ არამზადებს! თამაში ნუ გგონია, შეიძლება მართლა რამე დაგიშაონ!
_რატო მაფრთხილებ? ნუთუ, შენში სინდისმა გაიღვიძა? თუ, თქვენი გეგმის ნაწილია, კეთილის და ბოროტის როლის თამაში?!
_არავითარი *ჩვენ* არ არსებობს! რატომ გგონია, რომ მე მათთან ვარ?_დაჟინებით მომაშტერდა თვალებში. თან, ისე ძლიერად მომიჭირა თითები, რომ მკლავი მეტკინა.
_გამიშვი, არამზადა!!!_ხელის გაშვებინება ვცადე. რომ ვერ გავეშვი, იარაღისკენ წავიღე მეორე ხელი.
_არ გირჩევ! კუთხეში კამერაა და იარაღით ხელში რომ დაგაფიქსიროს, პრობლემები გექნება.
ინსტიქტურად გავხედე კამერას და განზრახვაზე ხელი ავიღე.
_მისმინე._ცოტა მოლბა ბიძაჩეი._შეიძლება კახა და ნიკა ერთ დროს ჩემი ძმაკაცები იყვნენ, მაგრამ რაც პოლიტიკაში შეყვეს თავი, მას მერე აირია ჩვენი ურთიერთობა. უფლებამოსილების სათავისოდ გამოყენება შევნიშნე, ბევრი უკანონობაც. ვედავე კიდეც, იქნებ გამომესწორებინა, მაგრამ ვერაფერი შევაგნებინე. ხო და ნელ-ნელა ჩამოვშორდი. მათთან მაინც ვერაფერს გავხდები პატარა კაცი. ძალაუფლება მაგათ ხელშია და კანონსაც სათავისოდ იყენებენ. მართლა არ ვიცი რისი მოწმე გახდი შემთხვევით, მაგრამ ვხედავ რომ არაფერზე იხევენ უკან. სახლშიც კი ყოფილან შემოპარულები და მანქანა დაუზიანებიათ.
_ვითომ არ იცი?!_მწარედ ჩამეცინა._იმ დილით, თოფი რომ ვისროლე და შენ შემაჩერე, იქ არ იყვნენ? განგებ ამიყვანე სახლში, რომ იმ ნაძირლებს გაქცევა მოესწროთ.
ეჭვით შემომხედა.
_დაინახე ვინმე?
_აბა, ტყუილად გავისროლე თოფი?!. რაც არ უნდა ილაპარაკო და გააკეთო, მე მაინც არ გენდობი. გაფრთხილებ, ახლოს არ გაგვეკარო მე და დედაჩემს!_ხელი გავაშვებინე, თუ თავისი სურვილით გამიშვა, არ ვიცი. ფაქტია რომ განვთავისუფლდი და ისევ შენობაში შევედი.
სულ მალე დედაჩემიც გამოწერეს, ტაქსი გამოვიძახე და იმით წავედით სახლში. დედაჩემს გაუკვირდა, რატო კობას არ მივყავართო და ჩვენთვის არ სცალია-მეთქი.
სახლში მისულებს ნორა ბაბო ნამტირალევი დაგვხვდა. მისაყვედურა, გადამრევ შენ და მომინელებ ალბათო. რატო არ მითხარი სად მიდიოდიო. ჩავეხუტე, დავამშვიდე, დავპირდი, რომ ასე დაუფიქრებლად აღარ მოვიქცეოდი და სამზარეულოში შევედი, მგელივით მშია-მეთქი.
ლანჩის მერე მამამაც დარეკა და ახალი ამბავი მაუწყა, მათე გონზე მოვიდა და უკეთესადააო. ამაზე კარგ ამბავს ალბათ ვერც გავიგებდი.
დედაჩემი ისევ ტყუილების კორიანტელით გავაბრუე და ცოტა ხნით კიდევ ჩავაწყნარე. ექიმის მითითებებიც შევახსენე, ორი კვირა მოსვენებით რეჟიმში რომ უნდა ყოფილიყო. ტყუებ-ტყუებით შევიყვანე თავის ოთახში და წამოვაწვინე. ვატყობდი, დაძინება არ უნდოდა და უძალიანდებოდა, მაგრამ ბოლოში მაინც ჩაეძინა. მერე, ჯონის დავურეკე და ჩემთან ვიხმე. აბსოლიტურად ყველაფერი მოვუყევი, რაც ვიცოდი და რა ეჭვები და ვარაუდებიც მქონდა. ისეთი გასუსული მისმენდა, მეგონა არც კი სუნთქავდა. მაცადა, სანამ ყველაფერი არ ვთქვი და მხოლოდ მას შემდეგ მკითხა, ახლა რას აპირებო.
_როგორ თუ რას?_გამიკვირდა._პოლიციაში მივალ და ჩვენებას მივცემ. ფოტოებსაც ვაჩვენებ. სულელები უნდა ისხდნენ პოლიციაში, თუ ვერ მიხვდებიან, რომ მათე ჩემს მაგივრად გაიტაცეს. იმასაც ვიტყვი, კახამ ჩემი გზიდან გადაგდება რომ სცადა და მუხრუჭებიც შეგნებულად გაუფუჭეს მამას მანქანას.
მომეჩვენა თითქოს, ჯონის არ მოეწონა ჩემი ჩანაფიქრი, მაგრამ მაინც დაქოქა მანქანა და რაიონისკენ დავადექით გზას.
გზაში ერთხელ შევჩერდით გზისპირა მაღაზიის წინ, წუხანდელი პახმელია ვარ და კოკა-კოლა თუ არ დავლიე, ისე არ ივარგებსო. მეც შემომთავაზა, შენ რა გამოგიყოლოვო. შენ რატო უნდა დაიხარჯო, მე გიყიდი, ჩემს საქმეზე მივდივართ-მეთქი და სასტიკად გაასავსავა ხელები, შენ მანქანაში დამელოდე, მალე დავბრუნდებიო. ფულს მოუფრთხილდი, სამომავლოდ ბევრი ხარჯები გექნებათო და რაღაცნაირი ღიმილით გადავიდა მანქანიდან.
მე მართლაც მანქანაში დაველოდე. ცოტა კი შეაგვიანდა, მაგრამ არაფერი მითქვია დატვირთული მეგობრისთვის. რა აღარ ეყიდა: ჩიფსები, მარილიანი მიწის თხილი, კოკა-კოლა და ჩემთვის სპრაიტი.
_პახმელიაზე დილით ვერაფერს ვჭამ, თავი გახეთქვაზე მაქვს ხოლმე. ახლა კი, ცოტა თუ არ ვჭამე, ვერ არის ჩემი საქმე კარგად._სპრაიტის ბოთლი გახსნა და ისე მომაწოდა.
ცოტა მეწყინა, თითქოს დავრდომილი ვიყავი და მე ვერ გავხსნიდი. ერთი შეკვრა ყველიანი ჩიფსებიც გამომიწოდა. (მიკვირს, ისიც არ გამიხსნა). მერე, საჭეს მიუბრუნდა, ცოტა გავიარეთ, გზის სავალი ნაწილიდან გადააყენა მანქანა და მადიანად აახრამუნა ძლიერ ყბებში ხრაშუნა ჩიფსები.
_ჭამე, ჭამე, დალიე._მეც შემაგულიანა._ათი წუთი არაფერია, მოიცდიან პოლიციის განყოფილებაში.
არ კი მეყლაპებოდა არაფერი, მაგრამ იძულებით მოვსვი რამოდენიმე ყლუპი. გემო ვერ ჩავატანე და ფანჯრიდან მოვისროლე ნახევრად სავსე ბოთლი.
ჯონიმ ალმაცერად გადმომხედა. არ მოეწონა ალბათ მისი ფულები რომ ქარს გავატანე, მაგრამ მოვუბოდიშე, საზიზღარი გემო მაქვს პირში და არ მესიამოვნა-მეთქი.
თვითონ გემრიელად ჩამოცალა კოკა-კოლა და ჩიფსებიც გემრიელად მიაყოლა. ჩემსავით მანაც ფანჯრიდან მოისროლა ნაგავი და მხოლოდ ამის მერე განვაგრძეთ გზა.
რაღაცნაირად შეუძლოდ ვიგრძენი თავი. ქუთუთოები დამიმძიმდა და ღონე წამერთვა. ძალითღა ვაჭყეტავდი თვალებს. ერთი ორჯერ კი გადმომხედა ჯონიმ, ალბათ შემატყო რამე, მაგრამ არაფერი უთქვია. ბუნდოვნად მახსოვს, რაიონის ცენტრში კრუგი რომ დაარტყა და ისევ უკან გამოვბრუნდით. რაიმეს კითხვის შნოც კი აღარ მქონდა ისე მოვითენთე. სულ მალე კი, გავითიშე კიდეც.
რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ, არ ვიცი. აზრზე რომ მოვედი და თვალები გავახილე, ყველაფერი მტკიოდა. თან, რაღაც მიჭერდა თითქოს მკერდთან და სუნთქვა მიჭირდა. გონება დავძაბე და ყველაფერი დაკვირვებით მოვათვალიერე ირგვლივ. დამტვრეულ მანქანაში ვიჯექი და რაც ყველაზე გასაოცარია, საჭესთან. ჩემი პისტოლეტი, რომელიც მახსოვდა, რომ საქამრეში მქონდა, მძღოლის გვერდით სავარძელზე იდო. ძლივს გადავწვდი და ავიღე. მჭიდი შევამოწმე მხოლოდ ორი ტყვიაღა იდო შიგ.
მანქანიდან დავაპირე გადმოსვლა, მაგრამ, ფეხები ისე მქონდა სატერფულებში ჩაჭედილი, ვერ ვინძრეოდი.
_რა ჯანდაბა მოხდა ნეტა?_ნერვიულად მოვისრისე შუბლი.
ტკივილმა უარესად შემაწუხა და სისველეც ვიგრძენი. სარკე ჩემსკენ შემოვაბრუნე და შიგ ჩავიჭყიტე.
გვარიანი ჭრილობა მქონდა.
_რას დავარტყი ნეტა?.. ღვედი საჭეზე დარტყმის საშუალებას არ მომცემდა და ჰაერში როგორ დავიზიანე?_ისევ შევიმოწმე გატეხილი შუბლი.
ისევ ვცადე მანქანიდან გადმოსვლა, მაგრამ ვერ შევძელი. ცალკე ჩაჭედილი ვიყავი და ცალკე ტკივილი მაგიჟებდა. მგონი, ფეხი მქონდა მოტეხილი.
მოულოდნელად საიდანღაც ჩემი ტელეფონი ამღერდა და გვარიანად შემახტუნა. ძლივს მივაგენი ჩემს ზურგს უკან სავარძელში ჩაჭედილს. ეკრანი გატეხილი იყო და უბრალოდ ანათებდა. არ ვიცოდი ვინ რეკავდა და ალალბედზე გავეპასუხე, გისმენთ-მეთქი.
_ლუკა?!. მადლობა ღმერთს ცოცხალი ხარ!_ბიძაჩემის ხმა მაშინვე ვიცანი._სად ხარ?
_ვითომ არ იცი, ნაგავო?_ავად შევუღრინე.
ეტყობა, სპიკერზე ქონდა ჩართული, რადგან ჩემი ხმა გამეორებით ჩამესმა.
_მორჩი სისულელეებს და გვითხარი სად ხარ, ვნერვიულობთ მე და დედაშენი.
_ლუკა, დედიკო!_დედაჩემის ნამტირალევი ხმაც შემომესმა._სად ხარ სიხარულო? მოგაკითხავთ.
_მეც ეგ მაინტერისებს სად ვარ, მაგ ნაბიჭვარს კითხე, სად მიმაგდეს მაგან და მაგის ძმაკაცებმა._ტკივილისგან ამოვიკვნესე.
_ვაიმე, შვილო, რა შეგემთხვა? მოგიკვდეს ჩემი თავი!_აქვითინდა დედაჩემი.
_ლუკა, სერიოზულად გეუბნები, მე არ ვარ არაფერში გარეული. ნუ ჯიუტობ და მითხარი სად ხარ!_კატეგორიული ტონით მომთხოვა ბიძაჩემმა.
არ ვიცი რა დამემართა, რომ ბინდდებოდა იმან შემაშინა, ტკივილმა დამღალა თუ მართლა ვირწმუნე ბიძაჩემის სანდოობა, გულახდილად ვუთხარი, რომ დამტვრეულ მანქანაში ვიჯექი და ვერ გადმოვდიოდი. არც ტერიტორია მეცნობოდა არანაირად.
_დაწყნარდი და დაკვირვებით მოათვალიერე მიდამო. დაწვრილებით ამიღწერე რას ხედავ შენს სიახლოვეს.
ჩემს სიახლოვეს მხოლოდ ხეებს ვხედავდი და შორიახლოდან წყლის ძლიერი ჩხრიალის ხმა მესმოდა. სახარბიელო ვერაფერი ვერ ვუთხარი. თუმცა, მაინც დამაიმედა, გამაგრდი, შენთან მოვდივარო.
არ ვიცი რა დრო გავიდა ბიძაჩემთან ლაპარაკის მერე, რადგან ისევ გავითიშე. უჩვეულო შეჯანჯღარებამ და ჩემი სახელის ძახებამ მომიყვანა გონზე.
ბიძაჩემი იყო.
აშკარად შეშფოთებული იყო და ხმა უთრთოდა.
_ბიჭო, ლუკა, ხმა გამეცი, ცოცხალი ხარ?!
მგონი-მეთქი, ეს რომ ვუთხარი, გახარებული გადამეხვია. მერე, ფანარი დამანათა ფეხებზე, რადგან საკმაოდ ბნელოდა და ჩემი გადმოყვანა დააპირა. რომ ვერაფერს გახდა, საბარგულიდან რაღაც ინსტრუმენტები გადმოიღო და მათი დახმარებით ოდნავ მაინც შეძლო ჩემი ფეხების განთავისუფლება. მერე, თასმები შემიხსნა ფეხსაცმელებზე და წვალებით როგორღაც ამომაყოფინა ფეხები. ტკივილი უფრო გამიმძაფრდა.
_კოჭი გაქვს მოტეხილი._დაასკვნა და მაშინვე რაღაც ტოტები მოარბენინა. ფეხი მათ შუა დამიფიქსირა და მჭიდროდ გადამიხვია წებოვანი ლენტით._უნდა წავიდეთ აქედან, სანამ ის ახვრები დაბრუნებულან!_ზურგზე ტომარასავით მომიგდო და მძიმე ნაბიჯებით დავტოვეთ შემთხვევის ადგილი.
გაუჭირდა ჩემი ტარება ოღრო-ჩოღრო გზებზე, თანაც სიბნელეში, მაგრამ წუთითაც არ შეუსვენია. ჯიუტად მიიწევდა წინ.
_ცოტაც და მანქანასთან მივალთ._თან მაიმედებდა და როგორც ვატყობდი, საკუთარ თავს იმხნევებდა ამით.
ჩემი ვარაუდით, ნახევარი კილომეტრი მაინც ვიარეთ ასე. შედარებით სწორ გზაზე რომ გავედით, მისი მანქანაც გამოჩნდა.
_როგორც იქნა, მოვედით._ გაუხარდა ბიძაჩემს, თუმცა ეს სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან მანქანასთან ვიღაცეები დაგვხვდნენ.
_ვაა, კიდევ ცოცხალია ეგ უკვდავი დრაკულა?!_ვიღაცის არასასიამოვნო ხმა რომ გავიგონე, ციებიანივით გამაკანკალა.
_რა გინდათ ამ ბავშვისგან?! შეეშვით!_აყვირდა ბიძაჩემი და ფრთხილად დამსვა ძირს.
_ბავშვი... ბავშვი... ბავშვი..._მეორე ხმამ გამაღიზიანებლად ჩაიცინა._ბავშვი, რომელიც წინ გვეღობება და საფრთხეს გვიქმნის.
_კარგით, რაა!_ხმა უფრო გაიმკაცრა კობამ._რა საფრთხეს გიქმნით? არც კი დაუნახია, რას ჩალიჩობდით ტყეში. რაც ნახა, იმასაც არავისთან იტყვის. ახლა კი, ჩვენ ჩვენს გზაზე წავალთ და პოლიციას არაფერს გავაგებინებთ...
_მართლა?! მე რომ ვიცი, პოლიციაში მიდიოდა ეს ლაწირაკი დღეს ჩვენების მისაცემად?_უარესად გაიმკაცრა ხმა იმ ვიღაცამ.
დავაკვირდი და შავი ჯიპის მძღოლი ამოვიცანი მასში.
_ჯონი, შე გამყიდველო!_სიბრაზემ დამრია მეც ხელი._დიდი ხანია თქვენი შიკრიკია, თუ ახლა მოისყიდეთ? რამდენი გადაუხადეთ თქვე ახვრებო?!_უხამსი სიტყვებით ავიმყრალე პირი.
_ბავშვიო, არა?!_ბიძაჩემს მიუბრუნდა დეპუტატი._ბავშვმა ასეთი სიტყვები იცის? თან, რომ დიდ გულზეა, ვერ ხედავ?
_ხვდებით, რომ შორს შეტოპეთ უკვე? ზედმეტები მოგდით და ჭკუას მოუხმეთ ორივემ!_გაფრთხილება მისცათ ბიძაჩემმა.
_მოიცა და, როცა ჩვენთან იყავი, მასე რომ არ ჭიკჭიკებდი?!
_ვერ ვხვდებოდი რაში მითრევდით და იმიტომ... როცა მივხვდი, კი ჩამოგშორდით!
_არ გეჩვენება, რომ დაგვიანებულია ეგ ჩამოშორება?! შენც ბევრი რამე იცი ჩვენზე და შენი ასე თავისუფლად სიარული არ გვაწყობს!
_გითხარი, მშვიდობით გაგვიშვით და არავის არაფერს ვეტყვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინანებთ იცოდეთ.
_და რითი გვემუქრები ვითომ?_ისე ახლოს დაუდგა მეორე ახმახი, რომ ლამის თავით დაეჯახა ბიძაჩემს.
_იმ ამბავს გავახმაურებ!
წუთიერი დუმილი ჩამოწვა. ეტყობა, რომ მტკივნეულ თემას შეეხო ბიძაჩემი. თუმცა, ჯიპის შოფერი უარესად აიჯაგრა.
_იმ ამბავში შენც მიგიძღვის ბრალი.
_ვიცი და ვნანობ. მთელი ღამეები კოშმარები მტანჯავს. სინდისი მქენჯნის...
_ხო და გიხსნი მაგ სინდისის ქენჯნისგან!_ავად გამოსცრა კახამ.
სიბნელის მიუხედავად მაინც დავინახე, ძლიერად რომ მოიქნია ხელი, რასაც ბიძაჩემის კვნესის ხმა მოჰყვა და შემდეგ კი ძირს დაეცა.
_ბიძია!_არაადამიანური ხმით ვიყვირე და მისკენ გავიწიე, მაგრამ ახმახმა დამყვირა:
_არ გაინძრე, თორემ შენც იგივე ბედი მოგელის! ეს გაფრთხილება იყოს შენთვის, რომ ენას კბილი დააჭირო!
მივხვდი, რომ ბიძიას უსაფუძვლოდ არ ეშინოდა ამ მუტრუკებისა და ტყუილად არ მაფრთხილებდა, მაგ ნაძირლებისგან თავი შორს დაიჭირეო. შემეშინდა, მაგრამ წამში გავიაზრე ყველაფერი. ახლა ამათთვის იმის დანახვება, რომ მშიშარა ვიყავი და თაგვის სორო მილიონი მიღირდა, მართლა არ შეიძლებოდა. გამბედაობა მოვიკრიბე და ავღრიალდი არაადამიანური ხმით. თან, საქამრეში გარობილი პისტოლეტი დავაძრე და დამცავი მოვხსენი.
_იმ დღეს მართლა არაფერი დამინახია და არ ვიცი რას ჩალიჩობდით! ამის გამო მსჯით? სამაგიეროდ, მას მერე რაც ჩაიდინეთ, ის ვიცი ყველაფერი ხუთიანზე!
_იცი და შენთვის შეინახე, თორემ შენც მოგკლავთ!_ჩემსკენ გამოიწია კახამ.
მეც ამით ვისარგებლე, პისტოლეტი გადავტენე და ვესროლე.
სროლა გამიჭირდა, ხელები პარალიჩიანივით ამიკანკალდა, მაგრამ მაინც ვესროლე ცალკე სიბრაზისა და ცალკე თავდაცვის მიზნით.
_უხ, შე !_დაჭრილი მხეცივით აღრიალდა ახმახი და ძირს ღმუილით დაეცა._ფეხში გამარტყა ამ ნაბიჭვარმა!
_შე მართლა პატარა ნაბოზარო, ეს რა ჩაიდინე?_მეორემ ვერ გაბედა ჩემთან მოახლოება და ამიტომ კახასთან ჩაიცუცა.
_რაც თქვენ! ახლა ბარი ბარში ვართ!_ნიშნისმოგებით ვუთხარი და კოჭლობით მივედი ბიძაჩემთან._ბიძია, როგორ ხარ, ცოცხალი ხარ?!_თან, როგორც შევძელი, ისე ჩავიცუცქე, რომ მენახა სუნთქავდა თუ არა.
_შეიძლებოდა უკეთესადაც ვყოფილიყავი._ამოიკვნესა ბიძაჩემმა.
ამ დროს მეორე ახმახმაც გამოიწია ჩემსკენ გინებით, მაგრამ იარაღის მუქარით შევაჩერე.
_არ გაბედო მოახლოება, თორემ შენც გესვრი! მგონი, ხვდები, რომ არ გამიჭირდება!
_შეეშვი მაგ ნაბიჭვარს, მოდი მომეხმარე და დავახვიოთ აქედან, სანამ ვინმე მოსულა!_ბრძანების ტონით უთხრა კახამ ძმაკაცს და წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო._უხ, შენი, შე ნაბოზვარო!_ახლა მე მომიბრუნდა._მაგარი შენძრეული ვიღაცა ხარ! ჩათვალე, რომ ამით სასიკვდილო განაჩენს მოაწერე ხელი!
_მაგასაც ვნახავთ! თუ არ შეეშვები ჩვენი ოჯახის დევნას, შენ მგონი მართლა მოაწერ შენს სასიკვდილო განაჩენს ხელს!_დამაჯერებლად დავემუქრე._კიდევ ერთხელ გადამეყრებით გზაზე და მერე ვნახოთ ვისი აჯობებს!
კახა და ნიკა მართლა წავიდნენ, რადგან როგორც მივხვდი, ტრასასთან ახლოს ვიყავით და თოფის ხმას ვინმე გაიგებდა და მალე მოგვაკითხავდნენ. წასვლისას კიდევ გაგვაფრთხილეს, არავისთან არაფერი წამოგცდეთ, თორემ მგონი ხვდებით რაზეც ვართ წამსვლელებიო და ისე წავიდნენ. მე ბიზაჩემის დახმარება ვცადე, თუმცა მე თვითონ ვიყავი დასახმარებელი. მანქანის საჭეს ვერც ერთი მივუჯდებოდით და ვერც მეორე. ბიძიამ ას თორმეტში დარეკა და ჩვენი ადგილმდებარეობა უთხრათ. სანამ პოლიცია და სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოვიდა, დამაჯერებელი ისტორია შევთხზეთ, სანადიროდ ვიყავით. მე ფეხი დამიცდა, წავიქეცი და ციცაბო კლდიდან დავგორდი, რის შედეგადაც დავშავდი. ბიძაჩემმა ჩემი დახმარება სცადა, მაგრამ, ხევიდან რომ ამოვყავდი, მასაც დაუცდა თოვლზე ფეხი და საკუთარ დანაზე თვითონ წამოეგო. მოკლეთ, როგორც მან მითხრა, კახას და ნიკას უარესად გადამტერება არ გვაწყობდა, რადგან ძალაუფლება მათ ხელში იყო, თან, პოლიციაშიც ყავდათ *კრიშა* და ისევ ასე ჯობდა. ვერ ვიტყვი, ვეთანხმებოდი-მეთქი ბიძაჩემს, მაგრამ ჩემი სიჯიუტე გვერდზე გადავდე, ამდენი ხიფათიანი თავგადასავლები საკმარისი იყო უკვე. როგორც ბიძიამ მითხრა, სამართლის აღსრულება ღმერთს მივანდეთ.
სულ რაღაც ერთ საათში უკვე საავადმყოფოს სუფთა და ნათელ პალატაში ვიწექი, ფეხზე თაბაშირი მედო და დედაჩემი სასთუმალთან მეჯდა. კობა ძიას ოპერაცია დასჭირდა, რადგან კახას დანის წვერს ელენთა ცოტათი დაეზიანებინა მისთვის და ქირურგებმა ივაჟკაცეს.
მოკლეთ, ასე დამთავრდა ჩემი ხიფათიანი სტუმრობა სოფელში. თუმცა, მას მერე მათეზე მეტად მე მიხარია მამასთან სტუმრობა. დედას და მამას შორის ურთიერთობაც უფრო დათბა და დატკბა თითქოს. თუმცა, ერთად ცხოვრებაზე ჯერ არაფერს ლაპარაკობენ.
ის მართლა ვერ გავიგე, რა ჯანდაბას აკეთებდნენ ის მუტრუკები ტყეში, საბედისწეროდ რომ გადავეყარე, მაგრამ მათე ჩემში რომ აერიათ და ჩემს გამო გაიტაცეს, ეგ კი დანამდვილებით გავიგეთ. პაემნის შემდეგ შმაგის მართლა უცემია ჩემი რომეო ძამიკო და თავისი სახლის ნანგრევებში დაუტოვებია. მათიკოს გაუგია ეს ამბავი და მის დასახსნელად გაპარულა. იქიდან ტყის ქოხში გაქცეულან. მერე, მართლაც გადაუწყვეტიათ ერთად ცხოვრება და თბილისში წასულან რამოდენიმე დღით. იქიდან მობრუნებულებს კი კახას და ნიკას გაუტაცებიათ შეცდომით. მათიკო გამოუპარებია, თვითონ კი სასტიკად უცემიათ და უწამებიათ. მე მართლა არ ვიყავი იმის მომხრე, რომ ეს ყველაფერი იმ ნაძირლებს შერჩენოდათ, მაგრამ როგორც ბიძაჩემმა თქვა, *დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი*, რომ ახლა გასვლოდა?
იმ ზამთრის მერე საგრძნობლად შევიცვალე. ნუ, ეხლა, სისხლში და ხორცში გამჯდარი ჩემი სიჯიუტე და მეამბოხე სული კი მაინც მომყვება დღემდე, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, პლანის მოწევას შევეშვი. მართლა მაკარგვინებდა საღი განსჯის უნარს და ჯანმრთელობასაც მინგრევდა. მამასთან სოფელში სტუმრობა და სანადიროდ თუ სათევზაოდ სიარული, მგონი, მათეზე მეტადაც კი შემიყვარდა. კახას და ნიკას ამბებს შორიდან ვგებულობდი, თავისსას მაინც არ იშლიდნენ და რაღაც საქმეებს ხლართავდნენ. ხო და, ერთხელაც გამჟღავნდა მათი კაი კაცობის ამბები და გერმანიში დაახვიეს, გაქცევით უველეს თავს საქართველოში ძებნილობას.
ჯონი კარგა ხანს თვალს ვერ მისწორებდა. მერე, ბოდიში მომიხადა: რომ გაიგეს შენთან ვმეგობრობდი, მავიწროვებდნენ და მაიძულეს, შენთვის სპრაიტის ბოთლში ნარკოტიკი ჩამეყარაო, დანარჩენი კი მერე თვითონ მოაწყესო. მართლა ასე იყო თუ არა, არ ვიცი მაგრამ მაინც ვაპატიე, მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდა და შეცდომას კიდევ ვინ არ ვუშვებთ ამ ცხოვრებაში.
(დასასრული)



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

მომეწონა ძალიან, წარმატებები.

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი მანანა
მომეწონა ძალიან, წარმატებები.

დიდი მადლობა ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№3 სტუმარი bdf

განსხვავებული იყო, კარგია.

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

bdf
განსხვავებული იყო, კარგია.

დიდი მადლობა შეფასებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 


№5 სტუმარი სტუმარი ლიკა

წარმატებები! ????

 


№6  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ლიკა
წარმატებები! ????

დიდი მადლობა
--------------------
მშვილდოსანი

 


№7 სტუმარი სტუმარი თეა

როგორ ველოდებოდი თქვენს ნოველას. ძალიან კარგად წერთ ????????????

 


№8  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი თეა
როგორ ველოდებოდი თქვენს ნოველას. ძალიან კარგად წერთ ????????????

გაიხარეთ, დიდი მადლობა. ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№9 სტუმარი სტუმარი ლელა

მადლობა მოვუხადე არის შეცდომა.სწორია მადლობა გადავუხადე.კიდევ იყო რამოდენიმე გრამატიკული შეცდომა,მაგალითად სიტყვა რომელიც დ ასოზე უნდა დაბოლოვდეს,თ-თია დაბოლოვებული და უბრალოდ როცა ნაწარმიებს კითხულობ და თან დაგაინტერესებს,ეს გრამატიკული შეცდომები ცუდად გხვდება.შეიძლება რაღაცეები მეც შემეშალოს,მაგრამ მე მწეალი არვარ და მიუხედავად ამისა ეს სულაც არ მამართლებს და ჩემი მშობლიური ენა ძედმიწევნით კარგად უნდა ვიცოდე...

 


№10 სტუმარი სტუმარი nazo

ძალიან სამწუხარო ამბავი იყოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent