დასაწყისი ( 8 )
მკრთალად განათებულ კორიდორში ნელი ნაბიჯით მიიწევდნენ წინ, ელენე კარგად ამჩნევდა როგორი დაძაბული იყო გიორგი, უხმოდ მიდევდა უკან და ალაგ-ალაგ მბჟუტავი ნათურების და საღებავგადაცლილი კედლების შემხედვარეს თავი საშინელებათა ფილმში ეგონა, დერეფნის ბოლოს, დაკეტილ კართან ცოტა ხანს ლოდინი მოუწიათ, ორიოდე წუთი ელენესთვის ორი საუკუნესავით გაიწელა, არაფრით არ აღიარებდა მაგრამ ახლა დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა უკან, თუმცა გიორგის ირონიული ღიმილის წარმოდგენისას ჯიუტად გადააქნია თავი, თანაც ერთი სული ჰქონდა ალექსი ენახა და ის უჩვეულო მონატრება რომელიც შიგნიდან ღრღნიდა დაევიწყებინა, მთელი ნებისყოფის და ძალისხმევის მოკრება დასჭირდა რომ შიში არ შეტყობოდა, შიში აქაურობის და იმის რომ შეიძლებოდა ალექსი ძველებურად აღარ მოქცეოდა, როგორც იქნა გააღეს და კაცმა რომელიც ტყუპისცალივით გავდა იმ კაცს რომელმაც წინა კარი გაუღოთ, სადღაც მიწისქვეშეთში ჩამავალ ვიწრო კიბეზე მიუთითათ, მხოლოდ ერთი წამით გადმოხედა გიორგიმ და როცა მის სახეზე ყოყმანის ვერავითარი კვალი ვერ შეამჩნია ანიშნა მომყევიო. როგორც იქნა კიბეები დამთავრდა და იგივენაირ დერეფანში მოხვდნენ როგორიც ზემოთ გამოიარეს დერეფნის ბოლოში მდებარე დაკეტილი ნაცრისფერი კარისკენ წავიდნენ, რაც უფრო უახლოვდებოდნენ კარს მით უფრო მეტად ძლიერდებოდა ხმაური, კართან კიდევ ერთხელ შეჩერდა გიორგი, და გამომცდელი მზერა შეავლო ელენეს რომელიც ყველანაირად ცდილობდა თავი ისე დაეჭირა თითქოს სადაცაა ნერვიულობისგან არ აკანკალდებოდა. - დარწმუნებული ხარ რომ შემოსვლა გინდა? - რათქმაუნდა მინდა. - ჰო მაგრამ ის ყველაფერი რაც შიგნით ხდება შენთვის იმაზე მძიმე საყურებელი შეიძლება აღმოჩნდეს ვიდრე მე მოგიყევი. - გეყოფა რა, არც ისეთი სუსტი ვარ როგორც ერთი შეხედვით ვჩანვარ, ყველაფერს გავუძლებ, მართლა, რაკი აქამდე მოვედი შემოვალ კიდეც. - კარგი, ჩავთვალოთ რომ დაგიჯერე, რაც არ უნდა ნახო სიმშვიდე შეინარჩუნე და ისე მოიქეცი თითქოს ყველაფერი რაც აქ ხდება შენთვის ჩვეული ყოველდღიურობაა, -გიორგიმ ამოიოხრა და კარი შეაღო, შეაღო და ერთბაშად დაეტაკათ სახეში სასმლის, სიგარეტის, და ოფლის სუნით გაჯერებული თბილი ჰაერი, ელენემ უსიამოვნოდ შეჭმუხნა ცხვირი და მიმოიხედა, უზარმაზარი დარბაზი სხვადასხვა ჯურის ხალხით იყო სავსე, დარბაზის კიდეებზე სასმლით სავსე ბარები და მოსასვენებელი ადგილები იყო განთავსებული, შუაგულში კი რინგი გაემართათ, ელენე გაფაციცებული ათვალიერებდა ბართან ჩამომჯდარ გამოპრანჭულ ქალბატონებს და მათ თანმხლებ მამაკაცებს, რამდენიმე ნაცნობი სახეც შეაჩნია, აქამდე მხოლოდ ტელევიზორის ეკრანიდან რომ ენახა ის ადამიანები ისხდნენ და მოუთმენლად ელოდნენ ბრძოლის დაწყებას რომელსაც რინგზე მდგარი, მამაკაცი აანონსებდა, დარბაზის ჩაბნელებულ კუთხეებში მიდგმულ მაგიდებთან მჯდარი ყელზე და მაჯებზე ოქროს სამკაულებ ასხმული, წვერმოზრდილი, საშიში გამოხედვის მქონე იარაღიანი ტიპებიც არ გამორჩენია, არც მათ მუხლებზე მოკალათებული მკვეთრმაკიაჟიანი გოგონები, მოკლედ ნაღები საზოგადოება იყო შეკრებილი, წესების გარეშე ბრძოლის საყურებლად. - ალექსი აქ არის? როგორ უნდა ვიპოვოთ? აქ რას აკეთებს? -გიორგის ახედა რომელიც გაშტერებული უყურებდა რინგს. - უკვე ვიპოვეთ, -ჩაილაპარაკა და თავით ანიშნა რომ რინგზე ახლახანს გამოსული მებრძოლებისთვის შეეხედა, პირდაღებული უყურებდა ელენე, წელსზემოთ შიშველ, მოკლე მუქ ლურჯ შორტში გამოწყობილ ალექსს, წაბლისფერი თმები სახეზე უწესრიგოდ ჰქონდა ჩამოყრილი და თვალები უცნაურად უელავდა, ერთი წამით თვალი ვერ მოაშორა მის მართლაც რომ იდეალურ სხეულს, ძლიერ მკლავებს, ფართო მხრებს და ვიწრო წელს, ტუჩები მოილოკა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, მერე მზერა მის მოწინააღმდეგეზე გადაიტანა, უზარმაზარი დაკუნთული მამაკაცი სულ ცოტა ორი თავით მაღალი იყო ალექსზე, მის გვერდით მდგარ გიორგის ახედა რომელიც უჩვეულოდ მშვიდად იდგა და თვალს არ აშორებდა რინგს. - ასე უნდა ვიდგეთ და არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, -მუჯლუგუნი წაჰკრა და აიძულა მისკენ მოეხედა. - ახლა ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ ჩავერევით, ბრძოლის დასრულებას დაველოდიოთ და შემდეგ დაველაპარაკოთ. - შენ მითხარი რომ აქ ბრძოლა წესების გარეშე მიმდინარეობდა მაგრამ არ გითქვამს რომ მასში ალექსიც იღებდა მონაწილეობას, -ელენეს ხმაში წყენა ისმოდა. - სიურპრიზი გაგიკეთე ციცქნა, -გიორგის უდარდელმა ხმამ ლამის ჭკუაზე შეშალა ელენე, მუშტები შეკრა და ფეხები პატარა გაბრაზებული ბავშვივით დააბაკუნა. - ასე მშვიდად როგორ ხარ? -ის კაცი მოკლავს, ვერ ხედავ რამხელაა? -გაცოფებულმა წამოიყვირა და რინგისკენ გაიწია, უხეშად სტაცა მხარზე ხელი გიორგიმ და უკან დააბრუნა. - რას აკეთებ? ერთ ადგილზე იდექი სანამ ბრძოლა არ დასრულდება და ეგ კაპიუშონი კარგად წამოიფარე თავზე რომ ალექსმა არ დაგინახოს, თორემ დაიბნევა, დემორალიზდება და შეიძლება წააგოს. - ისედაც წააგებს, იმ ცხოველთან შანსი არ აქვს, ვერ დაინახე რა გამოაცხადეს, დაუმარცხებელი ჩემპიონიო, შენ კი ასე მშვიდად დგახარ, სულ არ გაღელვებს შენი ძმის ბედი? - ნუ გეშინია, -გიორგიმ ღიმილის შეკავება ვეღარ შეძლო, -შენ ალექსს საერთოდ არ იცნობ, ჩემპიონი ის არის და არა მისი მოწინააღმდეგე. - ხუმრობ არა? -ელენემ გაფართოებული თვალები მიაპყრო ალექსს რომელიც უკვე გამეტებით ურტყავდა მოწინააღმდეგეს, რინგის გარშემო შეგროვილი ბრბო, ხტოდა, ღრიალებდა, მთელი გრძნობები, ვნებები, ბინძური სურვილები იკითხებოდა მათ სახეებზე, ერთმანეთს არ ერიდებოდნენ, არაფერს მალავდნენ, ყველაფერი სააშკარაოზე გამოჰქონდათ, ამ დაუნდობელ ბრძოლაზე უფრო მეტად, მათმა დამახინჯებულმა სახეებმა შეზარა ელენე, მთელი ძალით მოიქნია მუშტი ალექსის მოწინააღმდეგემ, ალექსი შებარბაცდა და ჩაიკეცა, დარბაზი დადუმდა თუმცა მხოლოდ ერთი წამით, ალექსი მაშინვე წამოხტა და საპასუხო შეტევაზე გადავიდა, ისევ იხუვლა ბრბომ და ერთმანეთში აირია აღფრთოვანებული შეძახილები, გამამხნევებელი ფრაზები, ბრაზიანი ყვირილი და უშვერი გინების ხმები, ელენემ თვალები მაგრად დახუჭა, შებრუნდა და გიორგის მხარზე მიეყრდნო... - წავალ რამეს დავლევ, ბართან ვიქნები კარგი? -გიორგიმ ისე დაუქნია თავი რომ ბრძოლის ყურებით გართულმა კარგად ვერც კი გაიგო გოგომ რა უთხრა, ძლივს გაარღვია გარს შემოჯარული აღგზნებული მამაკაცების ხროვა ელენემ და ბარისკენ წავიდა, მაღალ სკამზე ჩამოჯდა, ქუდი გადაიძრო და საგულდაგულოდ გაპრიალებულ მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო. - რას დალევთ? -ნაზი სასიამოვნო ხმის გაგონებისას გაოცებულმა შეხედა ბარმენს, ოცდახუთიოდე წლის ლამაზი წითურთმიანი გოგონა, გულითადად უღიმოდა. - რამე მაგარი დამისხი, თორემ შეიძლება გავგიჟდე, -ნაძალადევად გაუღიმა და რინგისკენ გააპარა თვალი, ბრძოლა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, ვისკიანი ჭიქა ორი თითით მიუწია ლამაზმა ბარმენმა, ელენემ ერთ ყლუპად გამოცალა ცეცხლოვანი სითხე რომელმაც მთელი გულმუცელი ჩაწვა და ძარღვებში კოცონი აუგიზგიზა, კიდევ ერთხელ ცალი თვალით გაიხედა რინგისკენ და ანიშნა მეორე დამისხიო. - აქ არასდროს მინახიხარ, -ბარმენს იმ წუთას ელენეს მეტი კლიენტი არ ჰყავდა და აშკარად ლაპარაკის საღერღელი ჰქონდა აშლილი. - ვერც მნახავდი, აქ პირველად ვარ, -კიდევ ერთი ყლუპი მოსვა და აშკარად იგრძნო როგორ მოეკიდა სასმელი, ესიამოვნა, მეორე ჭიქის შემდეგ უკვე არცთუ ისე საშინელი და უსიამოვნო ეჩვენებოდა იქაური გარემო. - მე თიკა მქვია, -ელენემ მის გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება და სახელი უთხრა. - რამდენი წლის ხარ? -აშკარად ვერ ისვენებდა, აინტერესებდა რა უნდოდა ამ პატარა საყვარელ გოგოს ასეთ ადგილზე, თან მითუმეტეს აშკარად ეტყობოდა როგორ შორს იყო ამ ყველაფრისგან რაც აქ ხდებოდა. - თვრამეტი წლის ვარ, -უგულოდ უპასუხა ელენემ და კიდევ მიუწია ჭიქა რომ შეევსო. - უფრო თექვსმეტი წლისას გავხარ. - თუ ასეა პირადობა არ უნდა გეთხოვა სანამ სასმელს დამისხავდი? - პირადობა? -თიკამ გულიანად გაიცინა, -ეს ადგილი იმითაა კარგი რომ თუ ფული გაქვს არავინ არაფერს გთხოვს, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, ჰო მართლა შენ გაქვს ფული? -დათაფლული ხმით ჰკითხა როცა მეოთხედ შეუვსო ჭიქა. - ფული? არ მაქვს... მაგრამ არაუშავს ჩემი ბიჭი გადაიხდის, -დაამატა როცა დაინახა როგორ შეეცვალა თიკას სახე, შებრუნდა და რინგისკენ მიუთითა სადაც უკვე გამარჯვებული ალექსი იდგა. - მოიცა როგორ? ჩემპიონი შენი შეყვარებულია? მეხუმრები? - შეყვარებული არ არის მაგრამ ჩემია, მხოლოდ ჩემი, -ალექსს ძლივს მოსწყვიტა თვალი და ისევ სასმელს მიუბრუნდა. - მგონი საკმარისია, მეტს ნუღარ დალევ, აშკარად არ ხარ მიჩვეული, -თიკამ რომ შეატყო როგორ მოეკიდა ელენეს სასმელი დასასხმელად გამზადებული ბოთლი უკან გასწია. - პირველად დავლიე ამდენი, მაგრამ ჯერ კიდევ მინდა დალევა, ერთი ჭიქაც დამისხი, -ძლივს ამოილუღლუღა და ნიკაპი ხელებს ჩამოაყრდნო. - ჩემთან ერთად არ დალევ ანგელოზო? -გვერდით ვიღაც მიუჯდა და მუხლზე ხელი დაადო, ამღვრეული თვალებით შეხედა ელენემ, მოკლედ თმაშეჭრილ დაკუნთულ შავგვრემან ახალგაზრდას რომელიც ხარბად ათვალიერებდა მას. - საკმარისად დავლიე, ხელი მომაშორე, შენთან დალევის არანაირი სურვილი არ მაქვს, -კბილებში გამოსცრა და შეეცადა მისი ხელი მოეშორებინა თუმცა არაფერი გამოუვიდა, ბიჭმა უფრო ზემოთ აუცურა ხელი, ბარძაყზე მოუჭირა და ისე ახლოს მიიწია მასთან რომ ლამის სახეზე ეხებოდა. - თავს ნუ იფასებ, აქ გასართობად ხარ არა? ჰოდა გავერთოთ. - შემეშვი, თავი დამანებე გესმის? -საკუთარი ხმა ძლივს ესმოდა ელენეს, მის მოშორებას ვერ ახერხებდა, საშინელი გულის რევის შეგრძნება აწუხებდა და ვერ იგებდა ამ ბიჭის სიახლოვე ურევდა გულს თუ ჭარბად მიღებული სასმელი. - მგონი კარგად ვერ გაიგე რა გითხრა, -ნაცნობი ხმის გაგონებისას გაეღიმა და გული საოცარი ძალით აუძგერდა, მოჭუტული თვალებით ახედა ალექსს, მათთან ახლოს იდგა და გაცოფებული სახით უყურებდა ელენეს წინ მჯდარ ბიჭს. - რა გინდა რატომ ერევი? ვერ ხედავ რომ ვსაუბრობთ... -დამთავრება აღარ დააცადა, საყელოში ხელი ჩაავლო, სკამიდან წამოაგდო და ერთი ძლიერი დარტმით დააგდო იატაკზე, მერე მის თავთან ჩაიმუხლა... - ის ჩემია და იცოდე მეორედ თუკი ისევ გადაეყრები სადმე მასთან მიახლოება არ გაბედო გესმის? -უხმოდ დაუქნია თავი ბიჭმა და ცერა თითით მოიწმინდა გამსკდარი ტუჩიდან წამოსული სისხლი. - მაპატიე ძმაო რომ მარტო დავტოვე, უბრალოდ ბრძოლას თვალი ვერ მოვაშორე, -გიორგიმ დამნაშავე თვალებით შეხედა ალექსს, თუმცა მას არაფერი უთქვამს, ელენეს მიუბრუნდა რომელიც ხელზე ნიკაპდაყრდნობილი, სასმლისგან ამღვრეული თვალებით უყურებდა მას და სახეზე ღიმილი არ შორდებოდა, - წამოდი წავიდეთ, -ხელი ჩაკიდა და წამოაყენა. - მოიცა, რა გამოდის? ჩვენ შენზე ვნერვიულობთ შენ კი სადღაც სარდაფებში ვიღაც-ვიღაცეებს ცემ? -ენა ებმოდა და ისე საყვარლად ტიტინებდა ალექსს მთელი ნებისყოფის მოკრება უხდებოდა რომ მისთვის არ ეკოცნა, მიუახლოვდა და ტუჩები ყურთან მიუტანა. - ესე იგი ჩემზე ნერვიულობდი? აკი ჩემი ნახვა და ჩემი სახელის გაგონება აღარ გინდოდა? - მაშინ მოგატყუე, მართლა მოგატყუე, ოფ ჯანდაბა, წესით ეს არ უნდა მეთქვა მაგრამ მთვრალი ვარ და თავს ვერ ვიკავებ რომ არ გითხრა, ჰოდა ახლა რასაც გეტყვი უნდა დაივიწყო, პირობა მომეცი რომ დაივიწყებ, ოღონდ მანამდე შეგიძლია გადაიხადო? თიკას ვუთხარი რომ სასმლის საფასურს ჩემი ბიჭი გადაიხდიდა, -წაბარბაცდა და ალექს რომ არ დაეჭირა წაიქცეოდა, ხელებზე მოეჭიდა, ქვემოდან ახედა და სასაცილოდ გაეკრიჭა. - ესე იგი შენი ბიჭი არა? -ალექსი ღიმილს ვერ იკავებდა, თანხა გადაიხადა, პროტესტის მიუხედავად ელენე ხელში აიტაცა და ისე გამოიყვანა გარეთ, ღამის ცივი ნიავი სახეზე მოხვდა თუ არა ელენე შეფხიზლდა და როგორც კი ავტომობილამდე მივიდნენ მოსთხოვა ძირს დაესვა. - საძაგელი ბიჭი ხარ გიორგი, -სასაცილოდ დაუქნია თითი იქვე მდგარ გიორგის და ისეთმა დაბღვერილმა შეხედა ბიჭმა ღიმილი ძლივს შეიკავა. - კი მაგრამ რა დაგიშავე? - რატომ თავიდანვე არ მითხარი რომ ალექსი დაუმარცხებელი ჩემპიონი იყო? - რომ მეთქვა ამით რა შეიცვლებოდა? - ფსონს დავდებდით სულელო, -ჩაიბურტყუნა, მერე უცებ თავბრუსხვევა იგრძნო, თავი მაღლა ასწია, დაინახა მის თავსზემოთ როგორ ტრიალებდა იშვიათი ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა და უგონოდ ჩაესვენა ალექსის მკლავებში. - - - - - - - - წყალი მინდა, -გამშრალი გაფიცხებული ტუჩებით ძლივს ამოილუღლუღა და მაშინვე იგრძნო ხელი თავქვეშ, ოდნავ გახელილი თვალებიდან ტუჩებთან მიტანილი ჭიქა დალანდა და ცივი წყალი ხარბად მოსვა, მერე ისევ დახუჭა თვალები და ღრმა, უსიზმრო ძილში გადაეშვა, მეორედ რომ გაახილა თვალი, თავს შედარებით უკეთ გრძნობდა, წამოჯდა და როცა საძინებელი იცნო, გული სიხარულით აევსო, თვალები დახუჭა და შეეცადა გაეხსენებინა გუშინ რა მოხდა, მაგრამ ბევრი ვერაფერი გაიხსენა. - ჯანდაბა, ამდენი რატომ დალიე ელენე, რა ლოთობა აგიტყდა, თანაც მაინცდამაინც მაშინ როცა სიფხიზლე გჭირდებოდა და საერთოდ არ უნდა დაგელია, -ხმამაღლა უსაყვედურა საკუთარ თავს და ბარბაცით წამოდგა ფეხზე, აბაზანაში შევიდა, გაეღიმა როცა სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა, ალექსის მაისური ეცვა რომელიც საკმარისად უფარავდა საჯდომს ამიტომ სხვა რამის ჩაცმაზე აღარ უფიქრია, გაწეწილი თმა შეძლებისდაგვარად მოიწესრიგა და საძინებლიდან გავიდა, ფეხაკრეფით შეიპარა მისაღებში და სიამოვნებით შეიყნოსა სასიამოვნო სურნელი რომელიც სამზარეულოდან გამოდიოდა. - გაიღვიძე ძილისგუდავ? მოდი მაგიდის გაშლაში მომეხმარე, -სამზარეულოდან არც კი გამოსულა ისე გამოსძახა ალექსმა, წარბი მაღლა აზიდა ელენემ, შევიდა და გვერდით ამოუდგა. - როგორ მიხვდი რომ აქ ვიყავი? - გიგრძენი, -ჩაიღიმა და რაღაცის მორევა გააგრძელა. - რას აკეთებ? -ელენემ ქვაბში ჩაიჭყიტა და რაღაც უფერული მასის დანახვისას სასაცილოდ დაიჯღანა. - წვნიანს ვაკეთებ სპეციალურად შენთვის, შესახედავად ბევრი ვერაფერი მაგრამ ნაბახუსევზე მისწრებაა, როგორ ხარ? თავი ხომ არ გტკივა? მხოლოდ ახლა გაახსენდა ელენეს თავის ტკივილი, შუბლზე თითები შემოიჭდო და საცოდავად დაიკრუსუნა. - ამდენი არ უნდა დამელია. - მაგაში გეთანხმები. - მაპატიე, უბრალოდ იმ ადგილმა ჩემზე არცთუ ისე კარგად იმოქმედა, საძაგელი ხალხით იყო სავსე იქაურობა და შენი რინგზე დანახვაც... - ნეტავ გიორგი რას ფიქრობდა რომ იქ წამოგიყვანა, -თავი გადააქნია, მერე კარადა გამოაღო თეფშები გადმოალაგა და ელენეს ხელში მიაჩეჩა. - მიდი მაგიდა გააწყვე, სხვა ნურაფერზე იფიქრებ, ჯერ საჭმელი ვჭამოთ, იმ ყველაფერზე კი რაც გუშინ მოხდა მერე ვისაუბროთ. უხმოდ მიირთმევდნენ და ერთმანეთს თვალს არიდებდნენ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ელენე არიდებდა ალექსს მზერას, ნელ-ნელა ახსენდებოდა გუშინ რაც მოხდა და უფრო და უფრო იპყრობდა სირცხვილის შეგრძნება, როგორც იქნა წვნიანი დაამთავრა და თეფში გვერდზე გადადო. - იქნებ ახლავე გველაპარაკა ალექს, -ჩაწყვეტილი ხმით უთხრა და თავი აიძულა რომ მისთვის მზერა გაესწორებინა. - ასე ძალიან სად გეჩქარება? -კოვზი გვერდზე გადადო ალექსმა და აუღელვებლად, უემოციო სახით შეხედა ლოყებაწითლებულ გოგონას რომელიც მხრებაწურული იჯდა და უხერხულად აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით. - მე უბრალოდ... მე უბრალოდ მინდა რომ ყველაფერზე ვისაუბროთ და მერე აქედან წავიდე. - აქედან ვერსად წახვალ, ისეთი თვალებით ნუ მიყურებ თითქოს რაღაცას გაიძულებდე, ერთხელ მოგეცი საშუალება რომ მარტო დარჩენილიყავი რადგან ჩავთვალე რომ დაფიქრება და მარტოობა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებოდა, ის რომ ახლა აქ ხარ იმას ნიშნავს რომ შენ უკვე მიიღე ეს გადაწყვეტილება თუმცა ჯერ კიდევ გეშინია რომ ეს აღიარო, გეფიცები დარწმუნებული რომ არ ვიყო აქ ჩემს გვერდით ყოფნა გინდა, ერთი წამითაც კი არ დაგაკავებდი, მაგრამ ვიცი რასაც გრძნობ და უფლებას არ მოგცემ რაღაც სისულელის გამო მეც დამტანჯო და შენი თავიც დაიტანჯო. უყურებდა როგორ სუნთქვაშეკრული უსმენდა ელენე მის ყოველ სიტყვას, არ გაკვირვებია როცა წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა საძინებლისკენ, რამდენიმე ნაბიჯით დაეწია დერეფანში, ხელი წელზე მოხვია, შემოაბრუნა და სხეულზე მიიკრა, მეორე ხელი თმაში შეუცურა, გაფართოებულ თვალებში ჩახედა და როცა მათში სასურველი გრძნობა ამოიკითხა აღარ უყოყმანია, აწითლებულ ბაგეებზე დაეწაფა, წინააღმდეგობა არ უგრძვნია, ელენეს უხერხულმა მცდელობამ რომ კოცნაში აყოლოდა უფრო გაახელა, ისე რომ კოცნა არ შეუწყვეტია ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა და შიშველ ზურგზე აუსრიალა, უფრო მაგრად მიიკრო სხეულზე, მისმა თრთოლვამ და დაძაბულობამ მიახვედრა რომ უნდა გაჩერებულიყო, მიუხედავად იმისა რომ სიგიჟემდე უნდოდა მისი სხეულის ყოველი სანტიმეტრი შეეგრძნო და შეესწავლა. - ახლა რა მოხდება ალექს? -მის მკერდში თავჩარგულმა დაიჩურჩულა ელენემ და ხელები მაგრად შემოხვია, ჯერ კიდევ დერეფანში იდგნენ, გამაბრუებელი კოცნის შემდეგ ძლივს მოახერხა გონს მოსვლა და ახლა ხელს აღარ უშვებდა, არ ეთმობოდა. - არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, გარდა იმისა რომ დღეიდან აქ იცხოვრებ ჩემთან ერთად, ჩვეულებრივად ივლი სამსახურში, ისწავლი და არავის მისცემ უფლებას რომ ჩვენს ცხოვრებაში ჩაერიოს. - მერე მახო? დედაშენი? - ცოტახნის წინ რა გითხარი? ნურავის მისცემ უფლებას გიკარნახოს როგორ მოიქცე, -სახე ორივე ხელით დაუჭირა და აციმციმებული თვალებით ჩახედა თვალებში, -ისე მოიქეცი როგორც გული გიკარნახებს და ნუ იფიქრებ იმაზე რას იფიქრებენ ან მოიმოქმედებენ სხვები, მახოს რაც შეეხება მე მივხედავ, ჩემი და მახოს ურთიერთობაზე ნუ იღელვებ, ეს შენი პრობლემა არ არის. - როგორ ახერხებ რომ ასეთი კარგი იყო, ასეთი საყვარელი, ასეთი იდეალური. - ეს შენ გეჩვენება ასე, -გაიცინა და რომ მიხვდა ელენე მისთვის მკლავების მოშორებას არ აპირებდა, ხელში აიყვანა და ისე შევიდა საძინებელში, აბაზანაში შეიყვანა და თბილი წყალი მოუშვა. - მიდი შხაპი მიიღე, გაემზადე და სამსახურში წაგიყვან, გიორგი გელოდება. - დარწმუნებული ხარ რომ ჩემი იქ მუშაობა სწორი გადაწყვეტილებაა? -ელენე საცოდავად მოიბუზა და აწყლიანებული თვალებით ახედა ალექსს. - რათქმაუნდა სწორი გადაწყვეტილებაა, მთავარია მოგწონდეს რასაც აკეთებ. - მომწონს კიდეც. - მაშინ თუ ასეა ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. - მოიცადე, -შეაჩერა ელენემ როცა უკვე გასვლას აპირებდა აბაზანიდან, -არ გეგონოს რომ იმ ყველაფერზე საუბარს გაექცევი რაც გუშინ ვნახე. - ასეც ვიცოდი რომ ვერ გადაგირჩებოდი, პატარა ცუღლუტო, საღამოს გამოგივლი, სამსახურს რომ მორჩები სადმე წავიდეთ, ცოტა გავერთოთ და თან ყველა კითხვაზე გიპასუხებ, შევთანხმდით? - შევთანხმდით, -ელენემ ღიმილით გაუწოდა ხელი, მაგრად მოუჭირა ხელზე ალექსმა, მიიზიდა და კიდევ ერთხელ დაეწაფა ათრთოლებულ ბაგეებზე. - - - - - - - - ელენე მოვიყვანე სამსახურში, მუშაობას აგრძელებს, ყურადღება მიაქციე კარგი? - ამის თქმა საჭირო არ იყო ალექს, ხომ იცი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თავი კარგად იგრძნოს. - ვიცი, გენდობი მაგრამ დედას არ ვენდობი, შეცდომა დავუშვი იმ დღეს სახლში რომ წამოვიყვანე, ხომ იცი თუ ვინმე ამოიჩემა სიცოცხლეს უმწარებს, არ არის გამორიცხული რომ სამსახურშიც მოაკითხოს და ნერვები მოუშალოს ამიტომაც გთხოვ რომ ყურადღებით იყო. - ნუ ღელავ, ყურადღებას მივაქცევ, შენ ის მითხარი ისაუბრეთ გუშინდელზე? - არა მაგრამ ამ საღამოს მომიწევს რომ რაღაც-რაღაცეები ავუხსნა. - ყველაფერს მოუყვები? - არამგონია შევძლო, -ამოიოხრა და მოღუშულმა ახედა მრავალსართულიან შენობას, - კარგი, ახლა წავალ, საღამოს უნდა გამოვუარო, შენც წამოიყვანე ვინმე და წამოდი ერთად გავერთოთ. - კარგი რა ვინ უნდა წამოვიყვანო? - მაგალითად მარია, თან ბოლოს და ბოლოს სარძლო ხომ უნდა გავიცნო ახლოს, -სერიოზულად უთხრა და ღიმილით დაელოდა გიორგის რეაქციას, წყვეტილი ზუმერის გაგონება არ გაკვირვებია, ტელეფონი გათიშა, ჯიბეში ჩაიდო და საჭეს მიუჯდა. - - - - - - - - - კეთილი იყოს შენი დაბრუნება, მიხარია რომ გადაწყვიტე მუშაობა გაგეგრძელებინა, -ლილია გულწრფელი ღიმილით შეხვდა. - სიმართლე რომ გითხრა ალექსმა მაიძულა დაბრუნება მაგრამ ახლა ვხვდები რომ მართალი იყო, აქაურობა ძალიან მომწონს. - უფროსთან შედი გელოდება, რომ გამოხვალ მერე ყავა დავლიოთ, -ლილია თეძოების რხევით წავიდა თავისი ოთახისკენ, ღიმილით მოავლო თვალი იქაურობას ელენემ და ნელი ნაბიჯით დაიძრა გიორგის კაბინეტისკენ, კარზე დააკაკუნა და ფრთხილად შეაღო, - შემოდი, შემოდი, -გიორგიმ ღიმილით შეიპატიჟა და სავარძელზე მიუთითა, ელენე ჩამოჯდა და მაგიდასთან გიორგის მოპირდაპირე მხარეს მჯდომი გამხდარი, შავთმიანი მამაკაცი ფარულად შეათვალიერა, მხოლოდ მის დახვეწილ პროფილს და საოცრად მოვლილ თითებს ხედავდა... - დაჯექი სწორედ რომ დროზე მოხვედი, შენი დახმარება მჭირდებოდა, იტალიიდან სტუმარი გვყავს, დამკვირვებელია ერთ-ერთი კომპანიის ვისთანაც ვთანამშრომლობთ და ვისაც საქართველოში რამდენიმე ფილიალი აქვს, გაუთვალისწინებელი ვიზიტია, ჩემი იტალიური კი მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ითვლის, ინგლისურად გამართულად ვსაუბრობ მაგრამ პრობლემა ისაა რომ მან არ იცის ინგლისური, შენ უნდა დამეხმარო, სანამ თარჯიმანი მოვა. - კი მაგრამ მე ახლა ვსწავლობ იტალიურს, ნორმალურად ვსაუბრობ მაგრამ თარჯიმნის ფუნქციის შესრულება გამიჭირდება. - გთხოვ ელენე, ცადე რა, სულ რაღაც ერთი საათით შეითავსე ეს მოვალეობა, -ისეთი სახით სთხოვდა უარი ვერ უთხრა უხმოდ დაუქნია თავი, გიორგი ღიმილით მიუბრუნდა სტუმარს და დამტვრეული იტალიურით უთხრა. - ვინჩენცო გაიცანი, ჩვენი თანამშრომელი ელენე, სანამ თარჯიმანი მოვა დაგვეხმარება და თარჯიმნის მოვალეობას გაგვიწევს. ახლაღა შემობრუნდა მამაკაცი და ელენეს მისი უძირო შავი თვალების და მკაცრად მოკუმული თხელი ტუჩების დანახვისას ტანში გასცრა, იყო რაღაც ისეთი მასში რამაც აიძულა რომ მისთვის მზერა მოერიდებინა. - სასიამოვნოა ელენე თქვენი გაცნობა, -ლამაზად მჟღერადი იტალიურით თუმცა საოცრად ცივი ხმით მიმართა, -იმედია ერთმანეთს ისე კარგად გავუგებთ რომ სხვა თარჯიმანი აღარ დაგვჭირდება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.