წერილები ფოსტაში (სრულად)
იმ დილით, როცა სააბაზანოდან გამოსულმა მხრებზე ხალათი მოვისხი და ფინჯანი ჩაის დასალევად სამზარეულოში გავედი, კარზე დააკაკუნეს. ხანშიშესულმა ფოსტალიონმა წერილი გადმომცა, უცნაურად ამათვალიერა და ქუდის მოხდით დამემშვიდობა. სახლში მანამ არ შევბრუნდი, სანამ სადარბაზოში ფეხის ხმა არ მიჩუმდა. მერე, ჩაი გავამზადე. საუზმობა აივანზე გადავწყვიტე და წერილიც ხელს გავაყოლე. „ ნეო, ძვირფასო, რახანია შენთვის აღარ მომიწერია. ალბათ გგონია, დამავიწყდი. აბა, როგორ შეიძლება ადამიანმა შენი ხმის სასიამოვნო ჟღერადობა და მუდამ ინტერესით მომზირალი თვალები დაივიწყოს. არა, შეუძლებელია. ხშირად მესიზმრები ხოლმე. ვფიქრობ, როგორ დაგვაშორა დროებამ ისე, რომ თვეში ერთხელ წერილის გამოგზავნაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. შენ ალბათ არ გახსოვს, მაგრამ მე უკვე დიდი ხანია შუახანს გადავცდი და გათეთრებულ თმასთან ერთად გულში ვიკლავ ახალგაზრდობის სასიამოვნო მოგონებებს. ნეო, ჩამოდი ჩემთან. მარტოობა ახალგაზრდასთვისაც ისეთივე რთულია, როგორც ჩემნაირი, სიკვდილს მიგებებული ადამიანისთვის. ჩამოდი, თორემ სულ დავივიწყებ ყველაფერ ადამიანურს და არაადამიანივით ზღვაში შევცურავ. ხომ იცი, არ გამიჭირდება. შევეკედლები რომელიმე გემს და აღარ დავბრუნდები. ისე წავალ, როგორც შენ წახვედი ამ მრავალი წლის წინ და მაშინაც არ დავბრუნდები, მონატრებისგან აკანკალებული ხელით წერილების წერას რომ დაიწყებ. ჩამოდი! ჩამოდი, რომ ისევ შევძლო შენს კულულებზე თამაში. ნეო, მენატრები. მეც მენატრები და უშენოდ დარჩენილ მეგობრებსაც. ყოველდღე მაკითხავენ. იგრძნობა მათში შენი ნაწილი, მაგრამ გონებაში გაჩენილ ღრმულებს მაინც ვერ ავსებენ. ოცნებით გავცქერი ზღვიან ნაპირებს. იქნებ, გამოჩნდე. შენ კი, არა და არ ჩნდები. დამთავრდეს ეს ტანჯვა! ჩამოდი. ბოლოჯერ. იქნებ, სხვა შანსი აღარც გვქონდეს. სიყვარულით, მუდამ შენი, დადა“. წერილი შეგრილებულ ჩაისთან ერთად მაგიდაზე დავტოვე და ჩასაცმელად ოთახისკენ გავეშურე. „ გაი, მივდივარ. აი, ასე, უბრალოდ. არ მინდოდა, წერილით დაგმშვიდობებოდი, მაგრამ არც თვალცრემლიანი ხვევნა-კოცნაა საჩემო და შენ ეს კარგად იცი. ბევრს ნუ იდარდებ. დავბრუნდები. დავბრუნდები და აღარასდროს წავალ. გამომცემლობას შენ მიხედე. მდივანს დავურეკე და ყველაფერი ავუხსენი. შენ ვერაფრით გიპოვე და რადგან დრო აღარ მქონდა, ასე წამოვედი. პრობლემის შემთხვევაში დამიკავშირდი და ხელნაწერები ფოსტით გამომიგზავნე. გკოცნი. არ მოიწყინო. ხომ იცი, საქმის გარეშე დიდხანს ვერ გავძლებ. მთავარია, მონატრება დავძლიო და პირველივე მატარებელს უკან არ გამოვყვე. კარგი იქნება, თუ არავის ეცოდინება რომ წავედი. ზღვაში შესაცურად გამზადებულ გემს მოვაბრუნებ და ჩამოვალ. ნეო“ მატარებლის სადგურზე არავინ დამხვედრია. ახალგაზრდა კაცმა ფართოდ გამიღიმა და ჩემოდანი ხელიდან გამომტაცა. - აქ პირველად ხართ? - მეგობრულად მკითხა, - რომ იცოდეთ, რა სამოთხეში აღმოჩნდით. ერთხელ თუ შეიგრძნობ აქ ცხოვრების რიტმს, მეორედაც აუცილებლად ჩამოხვალ. ოდესღაც ყველა ბრუნდება, - სარკიდან გამომხედა და მანქანას გვერდი მოქნილად აუარა. ჩამეღიმა, თქმით კი არაფერი მითქვამს. აქედან წასვლა არც მაგდენად რთულია-მეთქი, გავიფიქრე. ტაქსმა მოძრაობა შეანელა და ყვავილებით გაწყობილი ბაღის წინ გაჩერდა. გადმოსვლამდე ხუთამდე დავითვალე, მძღოლს ფული გავუწოდე და ჩემოდნით ხელში შესასვლელთან გავჩერდი. ზღვის ტალღების ხმა მელოდიასავით ჩამესმა. იოდის სუნმა ცხვირის ნესტოები ამიწვა. რამდენჯერმე ჩავახველე. ძველ, ელეგანტურ სახლს ერთხელღა შევავლე თვალი და რკინის კარი შევხსენი. განახლებულ, ისევ გადაკეთებულ ბაღს ძველი იერი შემორჩენოდა. ბილიკის ბოლოდან ჯერ კიდევ მიღიმოდა ბავშვობისდროინდელი ჰამაკი. ადგილ-ადგილ დახეული, გაცვეთილი და ორ ხეს შორის მოქცეული. ჰამაკის გვერდით თავს იწონებდა ძველებური ქანდაკება, რომლის ძირშიც ლამაზად შემოეკრიბათ ნაირფერი ყვავილები. მიკვირს, ხეზე ჭაღი რომ არ ჩამოკიდა-მეთქი, გავიფიქრე და ზარის დასარეკად აწეული ხელი უკან წავიღე. სახელური ჩამოვწიე და სუნთქვა შემეკრა. ჩემ წინ გადაშლილი სივრცე ოდნავადაც არ ჰგავდა ბავშვობის მოგონებებში შემორჩენილ მისაღებს. ძველის ჩამნაცვლებლად მოვლინებული თანამედროვე ავეჯი ამაყად მიმზერდა. კარის გაღებაზე ნერომ, ჩემმა ბებერმა ძაღლმა თავი წამოწია, კუდი მეგობრულად გაათამაშა და ერთი-ორი შეჰყეფა. ხმაურზე სამზარეულოს კარი გაიღო და დადა გამოჩნდა. „ გაი, შენგან წერილი არ მიმიღია. რა ხდება? რა ვიფიქრო? მინდა მეგონოს, რომ შენ მიერ გამოგზავნილი კონვერტი ფოსტალიონმა სხვა მისამართზე წაიღო და რამდენიმე დღეში ბოდიშით შემომიხსნის კარს, ბეჭედდარტყმულ ფურცელს გამომიწვდის და თავის დაკვრით ბედნიერ დღეს მისურვებს. მაგრამ სანამ ეს მოხდება, მე კიდევ ერთ წერილს გამოვუშვებ შენთან, სამყაროს მეორე ბოლოში, რომ უჩემოდ დარჩენილმა თავი კითხვით შეიქციო და ერთხელ მაინც ცხოვრებაში კუთვნილი დასვენება გამოიყენო. გაი, აქ ყველაფერი ისეთი შეცვლილია. ბაღიდან დაწყებული, სახლის ინტერიერით დამთავრებული. ყველაფერი ძველი წარსულს ჩაბარდა. ახლა ხალხი ახალი ავეჯით იწონებს თავს. დროსთან დაჭერობანას თამაშობენ და დადაც კი, ძველმანებზე ყურებამდე შეყვარებული მოხუცი, თანამედროვე ბებიად იქცა. შენ ეს ყველაფერი არ მოგეწონებოდა! თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სამზარეულოს კარი გაიღო და გავარდისფრებულმა დადამ დაღებული პირიდან უაზრო ბგერები ამოუშვა. რამდენიმე წამს გონზე ვერ მოვიდა. იდგა ასე, კლოუნივით აჭრელებულ სამოსში გამოწყობილი და იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ სიტუაციაში გარკვევას ცდილობდა, დავფიქრდი და ვერ მივხვდი, როდის გასხვაფერდა ყველაფერი ისე, რომ არაფერი მშობლიური შუბლზე გაჩენილ ნაოჭებზეც კი არ შემორჩენოდა. მერე ერთი-ორი შეკივლა, გამოიქცა და ძველებურად ჩამეხუტა. სადაა წერილში ნახსენები გათეთრებული თმა? შეშინებულმა ჩამოვადე ცხვირი ვარდისფერ თმაზე, იქნებ ძველებური სუნიც ვერ დამეჭირა. შევცდი. ამ შეცვლილ რეალობაში, მხოლოდ ცხვირის რეცეფტორებით აღვიქვი რაღაც მშობლიური. შენ იცნობ დადას. დაძინებამდე არ მომასვენა. ოთახიდან-ოთახში დამატარებდა. თავის შეძენილ ავეჯს პატარა ბავშვივით დაჰფოფინებდა და გადაკრიალებულ ზედაპირზე ფეთიანივით უსვამდა ძველებურ ნაჭერს. მონატრება იგრძნობოდა ყველა მოძრაობაში, მაგრამ დაივიწყა ჩემთან გამოფრენილი მონატრებით გაჟღენთილი წერილი და ისე გულიანად მეჩხუბა, ხმა ვერ ამოვიღე. რა უნდა მეთქვა? ვერაფერს ვიტყოდი. გაი, ძალიან ვდარდობ უპასუხოდ დარჩენილ ჩემს წერილზე. გეწყინა, ვითომ? თუ გეწყინა, სიტყვებს გამოატანე შენი წყენა. შენც კარგად იცი, სიტყვას რამხელა ძალა აქვს. მოგწერ კიდევ. კიდევ და კიდევ. შენ დამელოდე! ნეო“. „ გაი, ეს უკვე სასაცილოც აღარაა. სად ხარ? რას აკეთებ? როგორაა გამომცემლობა? დაიბეჭდა ის წიგნი, ასე მოუთმენლად რომ ველოდით? ისევ ხომ არ გვაწუხებენ უკმაყოფილოთა წერილები? იმდენი კითხვა დამიგროვდა. ბოლო ოთხი დღეა, მათზე პასუხებს მე დავდევ. იცოდე, შევწყვეტ შენთან წერილების გზავნას და მეც უამბო სიჩუმით დაგტანჯავ. უკვე მგონია, რომ რაღაც მართლა ვერაა რიგზე. რა ვქნა, ჩამოვიდე? რომ ჩამოვიდე და აღმოჩნდეს, რომ ყველაფერი ძალიანაც მშვენივრადაა, შენ კი, უბრალოდ ასე ჩამომიტყუე, მერე რა მოხდება? მართალია, არ იყო დაბრუნება ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც ვინანებ უკან გადადგმულ უაზრო ნაბიჯებს და ყველაფერს შენ დაგაბრალებ. ხომ იცი, ხშირად შემიწმენდია ხელები შენზე. გაი, აღარ მეღიმება. დაამთავრე ეს მასკარადი და ერთსიტყვიანი კონვერტი გამოუშვი. ეს ერთი სიტყვა მე შენზე მომინდვია. იქნებ, გადაგარჩინოს კიდეც. კარგად დაფიქრდი და ისე გამოუშვი. ხომ იცი, სიტყვას უკან ვერ წაიღებ. ფურცელზე აღბეჭდილს, მით უფრო. მუდამ შენს მოლოდინში, ნეო“. იმ საღამოს, როცა სიცხისგან გადაბუგულ ქალაქში ერთხელღა გაიელვა და ციდან დაშვებულმა წვიმამ გადამრჩენელივით ოხშივარი აადინა გახურებულ ტროტუარს, ნეროს ხელი დავავლე და სასეირნოდ ძალით გავტენე. მოხუცმა ძაღლმა წკმუტუნით ამომხედა. აქაოდა, რაც ჩამოხვედი, მე მოსვენება არ მქონიაო, შემომჩივლა, თუმცა მორჩილად ჩაქინდრა თავი და გუბეს გრაციოზულად გადააბიჯა. წვიმის წვეთებისგან აღელვებული ტალღები ნაპირს გამალებით ასკდებოდნენ. ქვას აცდენილი წვეთები ქვიან სანაპიროზე გაწოლილ ნეროს საღამოს ძილს უფრთხობდა. ზღვიდან მონაბერი ქარი დასიცხულ ქალაქთან ერთად ჩემს დარდებსაც აგრილებდა. ისევ მტანჯავდა უპასუხოდ დატოვებული წერილები და ადრიან დილას მოლოდინით შევცქეროდი. იქნებ ერთხელ მაინც გათენებულიყო ბედნიერი დღე. გატრუნულმა ძაღლმა ზანტად წამოსწია თავი და რამდენიმე მეტრში წამომართულ ახმაურებულ ბუნგალოებს უკმაყოფილოდ გადახედა. მერე კუდი აიქნია, შემომხედა და წკმუტუნით მიწას აეკრა. ჩამოყრილ ყურებზე გავეთამაშე და მუსიკაში ჩაკარგული ბარიდან გამოსულ ახალგაზრდებს თვალი შევავლე. ახალგაზრდა სასმელნაყლაპმა ჯეელმა სიგარეტის კვამლი პირიდან გამოუშვა და ახარხარებულ მეგობარს მხარი გაკრა. მერე სანაპიროს თვალი გამოაყოლა და თვალი-თვალში მანამ გამიყარა, სანამ მზერას ავარიდებდი. უცხო სხეულის გამოჩენაზე ნერომ ყურები ცქვიტა და ამოიღრინა. - რა ჯიშია? - ახალგაზრდამ სიგარეტის ნამწვს ზღვაში გადაუძახა და გვერდით მომიჯდა. - ზღვას აბინძურებ, - გასროლილი ნაგვისკენ მივუთითე. უცნობმა მზერა მოლივლივე ტალღებს გაუჩერა და გულიანად ჩაიხითხითა. - ბუნების დამცველი ხარ? - რაღაც მსგავსი. - ახლა ვეღარაფერს ვუშველი და ამის შემდეგ, აღარ ვიზამ. გეფიცები, - პირობა დადო და ნეკათითი წინ გამობზიკა. ალმაცერად დავხედე უცნობის გრძელ თითებს. როდის იყო, პირველივე შეხვედრისას პირობებს დებდნენ-მეთქი, გავიფიქრე და ჩემი თითი შევაგებე. ალბათ, არც ისაა ნორმალური და მე ხომ უკვე დიდი ხანია ნორმალურობის საზღვრებს გავცდი. სულ მცირე მას შემდეგ, რაც უპასუხო წერილები დამიგროვდა. „ გაი, გუშინ წინ საღამოს სანაპიროზე ახალგაზრდა მამაკაცი გავიცანი. მას მეტად უცნაური და ნაკლებად აზიური სახელი ჰქვია, თუმცა თვითონ კი ნამდვილად აზიელია და აქ მივიწყებული ნათესავების მოსანახულებლად და დროის გასაყვანადაა ჩამოსული. ჩვენი გაცნობა არც ბედის ბრალია, არც დამთხვევის. ყველაფერში ბრალი ნეროს მიუძღვის, ამ ასაკშიც თვალისმომჭრელად რომ გამოიყურება და ხალხის ყურადღებასაც ხშირად რომ იქცევს. გაი, მე ვიცი, შენ რა აზრისაც ხარ საზაფხულო რომანებზე, მაგრამ გიჟი ხომ არ ვარ? ნუ გადაეშვები ფანტაზიებში და გამოსაცემად გამზადებული წიგნების სიუჟეტებივით ჩემ ამბავსაც ფრთებს ნუ შეასხამ. ის უბრალოდ კარგი ადამიანია, მე კი, მას შემდეგ, რაც ახლო მეგობარიც კი აღარ მესაუბრება, მჭირდება ვინმე, ვინც ბევრი ფიქრის საშუალებას არ მომცემს. ჰოდა, ვიფიქრე, რა იქნება, თუ ჩემ ცხოვრებაში, სულ რამდენიმე კვირით მაინც, ახალ ადამიანს შემოვუშვებ? თუნდაც იმას, ვისაც მომავალს არასდროს დავუკავშირებ. მაგრამ, გაი, რამდენად მართებული გადაწყვეტილებაა, ამ ქალაქში მეორედ გადავეშვა უსახელო ურთიერთობაში? ჩვენ ორივეს კარგად გვახსოვს, რა შედეგი გამოიღო მაშინდელმა მეტად გამიზნულად გადაბრუნებულმა გადაწყვეტილებამ. ნეტავ ვიცოდე, რომ ამაზე მაინც მიპასუხებ. გაი, მომწერე. ისევ გელოდები. ნეო“ „ გაი, ერთი კვირა გავიდა თითქმის. უკვე ხელი ჩავიქნიე შენზეც, საპასუხო წერილებზეც და იმ მეგობრობაზეც, ამ რამდენიმე წლის წინ რომ შემომფიცე. ჯანდაბასაც წაუღიხარ გამომცემლობიანად, მაგრამ მე სიტყვები მიგროვდება და ლამისაა სისხლად გადმოვანთხიო უდანაშაულო ფურცელზე. დავტანჯე ფოსტა, იქ მომუშავე პერსონალიც. უკვე ხელის აწევით მცნობენ და გულთბილი ღიმილის ნაცვლად, ცივ სიტყვას მაგებებენ. ჩემთვის წერილი ისევ არაა. ამდენი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე და როგორ აღმოვჩნდი მე იმ მცირედთა შორის, ვისაც საფოსტო ყუთი დაუჟანგდა? შენი ბრალია ! თუმცა, გადავწყვიტე, აღარ დაგელოდო. ლოდინს შედეგი არ მოაქვს, მე კი ყველაზე კარგად ვიცი, რომ უეცრად მოსულ ბედნიერებას ორმაგი სიხარული მოაქვს. ჰოდა, ჩემი სინდისი სუფთაა. ყოველ შემთხვევაში, შენს წინაშე მაინც. მაგრამ, გაი, როგორ არ მოგწერო იმის შესახებ, რაც ბოლო წერილის შემდეგ მოხდა? როგორ გავბრაზდე შენზე იმდენად, რომ ყველაფერი ჩემთვის შევინახო და შენ, რომელიც ამდენი წელია ჩემი ცხოვრების თანამოზიარე ხარ, ახლა განზე გაგწიო? არ გამომივა, გაი. ზედმეტად რთულია ჩემთვის უშენობა და ის ერთი კვირაც, რომელიც ვერა და ვერ დამთავრდა. გაი, სიკვდილივით არ მინდა შემემჩნეს, როგორ მოქმედებს ჩემ ცხოვრებაზე ეს ქალაქი და მასში ჩასახლებული ფერადი მოსახლეობა. როგორ მინგრევს წლობით ნაშენ კედლებს ყოველი დილა და დადასთან ერთად გატარებული ჩაის საღამოები. ჩემი მეგობრებით გაცოცხლებული ყოველდღიურობა და მათ ხასიათში გამჯდარი ახალგაზრდული ელფერი. ახლა კიდევ უფრო მეტად მინდა იმ ასაკში დაბრუნება, როცა ეს ყველაფერი მოზღვავებულად უნდა მქონოდა და ისე ვნანობ. ისე. ისე... აღარაფერი იქნება ძველებურად. შევწყვიტე წარსულზე ფიქრი და დარდი. შენ ხომ იცი, რომ აზრი არ აქვს? იცოდე, უფლება არ მომცე, იმ უფსკრულში კიდევ ერთხელ გადავეშვა. ვერ გავუძლებ და შენ ეგ კარგად იცი. ძალიან, ძალიან კარგად. დამღალა ამდენმა დამშვიდობებამ, ამიტომ, აღარ გემშვიდობები. ნეო“. ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა აღმასვლაში მყოფმა ყველაზე დიდი მარცხი ვიწვნიე, კარგად არაფერი ყოფილა. ასეთ თემებზე ბევრს არ საუბრობენ. ახლობელ ადამიანებთანაც კი. მაგრამ როგორც არ უნდა მდომოდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, რომ თავი მომეტყუებინა და მეთქვა, რომ არაუშავს, რომ გაივლის და ცხოვრება აუცილებლად დაიბრუნებს თავის ხიბლს, რომ ერთხელაც ბალიშიდან თავს ავწევ და მარტოობას შევეგუები, რომ დილით გაკეთებულ დამტკბარ ყავას სიმწარე აღარ შეეპარება, კარგად აღარაფერი იყო. იმდენხანს ვცდილობდი იმ დღეს გავქცეოდი და ყოველი სიზმარი მაინც იმ კოშმარში მაბრუნებდა. მე ისევ ვიდექი მატარებლის სადგურზე, მხარზე ერთი პატარა ჩანთა მქონდა გადაკიდებული და ღმერთმა იცოდა, სად მივდიოდი. კადრებივით ვახვევდი გონებაში ჩარჩენილ უსიამოვნო მოგონებებს და ვერაფრით ვპოულობდი წაშლის ღილაკს. როცა გინდა და როცა გჭირდება, მაშინ რომ დამეკარგებოდა ხოლმე. - რა უნდა გამეკეთებინა? - უნდა გყვარებოდი ! - რა უნდა გამეკეთებინა, შენი ნდობა რომ დამემსახურებინა? - არ უნდა გაქცეულიყავი ! ჩემმა ახალმა მეგობარმა აზიის ქვეყნიდან გამაგრილებელ სასმელზე დამპატიჟა ერთ ძალიან გადაჭედილ და განათებულ ადგილზე. ვსხედვართ ორნი, შუაში სახლური კომპოტი გვიდგას და ერთად დავცინით აქაურ „ბომონდს“, წელში გაწყვეტამდე მოცეკვავე პერსონებსა და მე-20 საუკუნის საამაყო საზოგადოებას. რა-რა და იუმორს არც ერთი ვუჩიოდით. - ისმის რამე შენი დაკარგული მეგობრისგან? - თვალს არ მაშორებს. მე ძალიან მომწონს მისი თვალის ჭრილი. ისე იყურება, თითქოს ყველაფერში ეჭვი შეაქვს. გაიღიმებს და მისი თაფლისფერი თვალები სადღაც იკარგება. - ჩუმადაა. ისევ, - დანანებით ჩავყურებ ჭიქაში მოტივტივე ატამს. - გამოჩნდება, არ ინერვიულო. „არ ინერვიულო“. მეცინება. - არ ვნერვიულობ, - ვატყუებ და თვალს ვარიდებ. ისევ მე მიყურებს. ისევ იგივე მზერით. ეჭვიანი თვალებით. - როდის მიდიხარ? - ხვალ. - აღარ დაბრუნდები? - შევეცდები, რომ აღარ დავბრუნდე. „ხვალ“ ძალიან მალე მოდის. დადა თავისი ძველებური ცხვირსახოცით ცრემლებს იწმენდს და მეხუტება. მეცინება მის გავარდისფრებულ თმაზე და საპასუხოდ მეც ხელებს ვხვევ. - იცოდე, შეეშვი ტყუილებით სავსე წერილების წერას და დრამას. მშვენივრად იცი, რომ შეგიძლია აქაურობა ცოტა ხნით მაინც მიატოვო და ჩემთან ჩამოხვიდე. ჩამოდი და ნახავ, რომ ცხოვრება ამ ქალაქის იქით მართლა მშვენიერია. დამიჯერე და გაბედე. ხომ ხედავ, სიმამაცეს ისედაც არ უჩივი, - თმაზე გავეთამაშე და ბარგს ხელი წავავლე. კარში გაწოლილმა გაბუტულმა ნერომ ამომხედა და შემომიღრინა. - ხომ დაბრუნდები? - იმედიანი თვალებით მიყურებს. როგორ ვუთხრა, რომ დავბრუნდები, როცა თავადაც არ ვიცი, ამას კიდევ ერთხელ გავუძლებ თუ არა. - ტყუილს ნუ მათქმევინებ, დადა. გელოდები იცოდე. მატარებლის სადგურამდე ჩვენ მეზობელს, მოხუც ბეის მივყავარ. ბეი ბარგის გადმოტანაში მეხმარება და მიდის. აბა, შენ იცი, არ დაგვივიწყოო, ხელის აწევით დამიბარა და მოსახვევში გაუჩინარდა. მანამ, სანამ ბაქანზე მატარებელი ჩამოდგებოდა, ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით ხალხის ზღვაში ტკივილამდე ნაცნობი ქერა თმა დავლანდე. არ შემეშლებოდა. მაგის ერთი პროცენტიც არ არსებობდა. იდგა და იღიმოდა. ვის უღიმოდა, კაცმა არ იცის. შემოვბრუნდი და სკამზე ჩამოვჯექი. ვლოცულობდი, არ დავენახე და ეს მატარებელიც, რომელსაც აქამდე არასდროს დაეგვიანებინა, მალე ჩამომდგარიყო. ჩუმად გავხედე. ჩემ მზერას არ გამოჰპარვია უზომოდ გარუჯული კანი, მზისგან გადახუნებული თმა და მინუს, მინიმუმ, შვიდი-რვა კილო. რამდენიმე წამის მერე მივხვდი, სუნთქვა დამვიწყებოდა. ყოველთვის ვფიქრობდი, მასთან შეხვედრას ვერ გადავიტანდი და იმედგაცრუებამ ლამის ერთიანად შემჭამა. გონებაში შემორჩენილი ის ბოლო დიალოგი, ახლა თითქოს მტვრად ქცეულიყო. ჩანთაში დამძიმებული გაცვეთილი და უკვე გაყვითლებული ფურცელი გამოვაძვრინე და გავშალე. მეზიზღებოდა უადრესატო, გაუგზავნელი წერილები და ყველაფერი დავწვი, რაც წარსულთან მაკავშირებდა. ადამიანი სულით რომ გიყვარს, დაშორებისას გული კი არა, სული გიკვდება. სულის მკურნალობას ადამიანები ვერ შველიან. ჰოდა, ჩემი სულივით დამძიმებული ფურცელი ერთადერთი და ბოლო მტკიცებულება იყო იმისა, რომ ოდესღაც ამ ქალაქში დარჩენილმა ყველაზე რთულმა გრძნობებმა პირველად და უკანასკნელად უფოსტო წერილი დამაწერინა. „მატარებლის სადგურზე ჩემთან ერთხელ მაინც რომ მოსულიყავი. ერთხელ მაინც რომ მოგეწერა და გეთქვა, დავბრუნებულიყავი. ერთი წერილი მაინც რომ გამოგეგზავნა, ჩამოვიდოდი. დავივიწყებდი, როგორ გადაიქცა რომანტიკით გაჟღენთილი ურთიერთობა დაუსრულებელ კოშმარად. როგორ არც ერთმა არ ჩავჭიდეთ ხელი ჩვენ შორის გამქრალ ძაფებს და ერთმანეთზე გადაბმა არაფრით ვცადეთ. როგორ არ გეყო ძალა, ჩემთან ბოლომდე გახსნილიყავი და გეთქვა, რომ პრობლემებში იხრჩობოდი. მაშინ მე აღარ მომიწევდა გამოცნობანას თამაში. გამუდმებით პასუხების ძებნა და იმაზე ფიქრი, რომ გეზედმეტებოდი. შენ ხომ იცი, რომ ბედის მჯერა? ჰოდა, იმისაც მჯერა, რასაც მომავალი გვიმზადებს. შენ რომ მატარებლის სადგურზე ერთი წამით ადრე მოსულიყავი, მე აღარასდროს მომიწევდა სამყაროს მეორე ბოლოში გადაბარგება. ვინ იცის, იქნებ ჩემი ცხოვრებაც ჩვენი მეგობრებივით მშვიდი ყოფილიყო. მეზობელი სახლებიდან ფოსტალიონის დახმარებით ერთმანეთისთვის წერილები გვეგზავნა. მერე, მის შეწუხებულ სახეზე ერთმანეთისკენ მომზირალი ღია ფანჯრებიდან გვეცინა. იქნებ, ჩემი სახლის ბაღს რაიმე ძველებური შემორჩენოდა და ახლოდან მეყურებინა, როგორ დაბერდებოდა დადა. მინდოდა, ჩვენი დამშვიდობება ლამაზი ყოფილიყო, მაგრამ როგორ შეიძლება, დამშვიდობება ლამაზი იყოს? არ შეიძლება. არა მაშინ, როცა სიტყვებზე მეტად მიყვარდი და გულში ვერაფრით გიტევდი. მე შენ ყველაზე ლამაზი წლები შემოგწირე. შემოგწირე-მეთქი, რომ ვამბობ, გული არ გიკვდება? ხედავ? ჩემგან აღარაფერი დარჩა ისეთი, რისი წაღებაც შეგიძლია. მადლობას არ იხდიან თბილი გრძნობებისთვის. მადლობა! უფრო რეალური არაა, ადამიანს გაზაფხული და შემოდგომა თუ უფრო უყვარს? სეზონებს ჩემ გარეშე ნუ შეიძულებ. არ დავბრუნდები!“ მატარებლის სადგურიდან გასვლამდე, წერილი დავხიე და იქვე, ნაგვის ურნაში წლობით ნაგროვებ გრძნობებთან ერთად დავტოვე. ვიცოდი, ამიერიდან ეს ქალაქი ტკივილს ვეღარ მომაყენებდა. ჰოდა, დავბრუნდებოდი კიდეც. *** „ გაი, ვერ გიტან! ოფიციალურად მეზიზღები და გირჩევნია, აღარც დაბრუნდე. უკვე მეორე დღეა, გამომცემლობაში დავბრუნდი. პირველივე დღეს ქარიშხალივით ავატრიალე მთელი ოფისი, გეძებე და არსად იყავი. ჩვენმა სტაჟიორმა, რომელმაც ვერაფრით გაიგო, რატომ ავიკელი ყველაფერი დილის შვიდ საათზე, ამიხსნა, რომ როგორც კი გამომცემლობაში დამირეკავს და მათთვის ჩემი წასვლის შესახებ შემიტყობინებია, ბარგი ჩაგილაგებია და დასასვენებლად წასულხარ. ღმერთია მოწმე, რომ დაბრუნდები, ტყავი არ შეგრჩება. ახლა კარგად დაისვენე, რადგან მომავალი 50 წლის განმავლობაში, მეტს ვეღარ ეღირსები. ტყუილად ვხარჯე დრო და ენერგია შენზე. წერილებში გალეულ მელანსა და ფოსტაში გადაყრილ ფულზე ხომ აღარაფერს ვამბობ. გაი, მალე დაბრუნდი. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. სუნთქვა დავიწყე. მუდამ შენი, ნეო“. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.