ცასა და მიწას შორის ( 9 )
აბა მეტყვი თუ არა ვინ არის ეს სიმპათიური ბიჭი? -სოფიმ როგორც კი ლექციის წაკითხვა დაასრულა იმის შესახებ რომ ჩემი ასე უგზოუკვლოდ დაკარგვა და მისი მიტოვება სულ მცირე ჩემი მხრიდან უსინდისობა იყო, მაშინვე კაილზე გადაერთო. - კარგი რა სოფი, უკვე დაახლოებით თხუთმეტი წუთია გაუჩერებლად მიკითხავ ლექციას და პასუხს არ ელოდები? არ გაინტერესებს რატომ წავედი ან სად ვიყავი? ან რომში როგორ აღმოვჩნდი? სერიოზულად, არაფერს არ მკითხავ? -ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვიყავი თუმცა ღიმილს ვერ ვიკავებდი როცა ვხედავდი როგორი ინტერესით ათვალიერებდა, რატომღაც უხერხულად მომღიმარ კაილს, ბოლოს როგორც იქნა შეწყვიტა მისი გამოკვლევა, თვალი მოსწყვიტა და ისევ მე მომიბრუნდა. - მართალია დიდი ხანი არ არის რაც გიცნობ მაგრამ ვხვდები რომ ახლა რომც გკითხო მაინც არაფერს მეტყვი ამიტომაც მირჩევნია დრო არ დავკარგო და გაგვაცანი ბოლოს და ბოლოს ერთმანეთი, -ეტყობოდა რომ კაილის გარდა სხვა ვერაფერზე ფიქრობდა, კაილიც აშკარად არ იყო მისი უფრო ახლოს გაცნობის წინააღმდეგი, სხვა რა გზა მქონდა დღეს კუპიდონის როლი უნდა მომერგო, როგორც ჩემი მეგობარი ისე გავაცანი, ერთმანეთს ხელი რომ ჩამოართვეს დავინახე როგორ შეეცვალა კაილს სახე, წარბები შეჭმუხნა, ერთხანს თვალმოუშორებლად ათვალიერებდა სოფის მომღიმარ სახეს, მერე ცივად გაუშვა ხელი და თვალი მოარიდა, მივხვდი რაღაც არ იყო რიგზე და სანამ სოფიც შეამჩნევდა ვცადე მისი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. - აქ რას აკეთებ სოფი? როგორ მოხდა რომ სამსახური და ნიუ იორკი მიატოვე, -სავარძლის საზურგეს მივეყრდენი და რაც შემეძლო უდარდელად გავუღიმე. - გადავწყვიტე შევშვებოდი უაზრო თვითგვემას და მოგზაურობა დამეწყო, საერთოდ არ ვნანობ ასეთი გადაწყვეტილება რომ მივიღე, -მოღუშულ კაილს შეავლო მზერა და მერე ისევ მე შემომხედა. - რომში დიდხანს რჩები? -ვკითხე და თან ვიმედოვნებდი რომ დადებითით პასუხს გამცემდა, რაც არ უნდა იყოს სოფი ძალიან მომწონდა და თანაც ერთი სული მქონდა გამეგო რატომ იქცეოდა კაილი ასე, შევატყვე რომ როგორც კი შეხედა მაშინვე მოეწონა მერე კი როცა ხელი ჩამოართვა უცბად შეიცვალა, ახლა იჯდა მუმიასავით უხმოდ და იბღვირებოდა. - ორ დღეში საფრანგეთში ვაპირებდი წასვლას მაგრამ ალბათ ჩემს გეგმებს თქვენი გეგმების მიხედვით შევცვლი. - რას გულისხმობ? - შენ რამდენხანს რჩები აქ? - არ ვიცი... ალბათ... -კაილს გადავხედე რომ როგორმე დამხმარებოდა, ამოიხვნეშა და უცნაურად ჩამუქებული თვალებით გადახედა სოფის. - ანა აქ საკმაოდ დიდხანს რჩება და არა მგონია შენთვის დრო გამონახოს, ჯობია თუკი გეგმებს არ შეცვლი და საფრანგეთში მოგზაურობას არ გადადებ, -პირდაპირ მიახალა და ამჯერად თვალი აღარ მოურიდებია, სოფის გადავხედე რატომღაც მეგონა რომ გაბრაზდებოდა, შეეკამათებოდა ან ყველაზე ცოტა მე მაინც მისაყვედურებდა რომ კაილს ჩემს საქმეებში ჩარევის უფლებას ვაძლევდი მაგრამ ჩემდა გასაკვირად ასეთი არაფერი მომხდარა, ეშმაკურად ჩაიღიმა და თხელი თითები აათამაშა მაგიდაზე. - კაილი არა? ლამაზი სახელია, კაილ შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორი აზარტული ვარ. - რას გულისხმობს? -მის მაგივრად მე მკითხა კაილმა, მეც მხრები ავიჩეჩე იმის ნიშნად რომ ვერაფერი გავიგე, შევბრუნდი და სოფის შეუმჩნევლად ჩავუკარი თვალი. - რა ხდება სოფი? - ვფიქრობ იტალიაში კიდევ დიდხანს დავრჩები, მომწონს აქაურობა, თუმცა აქ თქვენს მეტი ნაცნობი არავინ მყავს, ანა არ გინდა რომ რამდენიმე დღით შენთან დამპატიჟო? -საყვარლად გამიღიმა და თან თვალებით მანიშნებდა რომ დავთანხმებოდი, ვუყურებდი და ვფიქრობდი რომ არ იყო ცუდი იდეა, თანაც იმასაც გავარკვევდი რატომ ჰქონდა კაილს ანას დანახვისას ასეთი რეაქცია. - არც კი იფიქრო, -კაილმა ცხვირწინ მუქარით გამიქნია თითი, -ვიცი რასაც ფიქრობ და არ გამოვა ეგ საქმე, მშვენივრად იცი რომ შენი მეგობარი ჩვენთან ვერ დარჩება, უამრავი საქმე გვაქვს და მისთვის დროს ვერ გამონახავ, თანაც იქაურობა ადამიანებისთვის არ არის განკუთვნილი, -უკმაყოფილოდ შეეჭმუხნა სახე და თითები შუბლზე მოიჭირა როცა მიხვდა თუ რა წამოსცდა, აშკარა იყო რომ სოფის სიახლოვე ძალიან აღელვებდა. - ისე მელაპარაკები თითქოს უცხოპლანეტელი იყო, რას ნიშნავს ადამიანებისთვის არ არის? აბა თქვენ ვინ ხართ? -ახლა მე გადმომხედა სოფიმ ეჭვით სავსე მზერით. - კარგი რა სოფი, რა მეტყობა უცხოპლანეტელობის, დიდი თავი მაქვს, ცისფერი კანი თუ მწვანე თმა, კაილი უბრალოდ დაბნეულია და არ იცის რას ლაპარაკობს. - ვითომ? -თვალები საყვარლად მოჭუტა და თავი გადააქნია, -კარგი ჩავთვლი რომ არაფერი გამიგია, უბრალოდ მართლა ძალიან მინდა შენთან ერთად დროის გატარება ანა. - ჰოდა თუ ასეა შეგიძლია რამდენიმე დღით დარჩე ჩვენთან, -ვუთხარი და სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა, კაილს შევხედე რომელიც საეჭვოდ დუმდა, უცნაურად დაძაბული იჯდა და საერთოდ არ გვაქცევდა ყურადღებას, მის მზერას გავაყოლე თვალი, ახლაღა შევამჩნიე ჩვენგან ორი მაგიდის მოშორებით მჯდარი თითქმის იდენტური გარეგნობის მქონე სამი ახალგაზრდა, მოკლედ შეჭრილი თმებით, შავი ტანსაცმლით რომელიც საკმაოდ მაღალი ტემპერატურის მიუხედავად მთელ სხეულს უფარავდათ და შიდა სივრცეში ყოფნის მიუხედავად მზის სათვალეებით, გარეთ შემოსასვლელთანაც შევამჩნიე, ორი მათი მსგავსი არსება... - მოდი ასე გავაკეთოთ, -კაილის ხმამ გამომარკვია, -თქვენ უჩემოდ წადით საყიდლებზე, აქვე ახლოს დიდი სავაჭრო ცენტრია და ყველაფრის ყიდვას მოახერხებ რაც გჭირდება, მე კი ცოტა ხნით დავრჩები და ძველ ნაცნობებს გავესაუბრები, გთხოვ ახლა ნურაფერს მკითხავ მერე აგიხსნი, აი აიღე, -ბარათი გამომიწოდა და თვალებით მანიშნა რომ არ შევკამათებოდი. - ამათ იცნობ? -სამეულისკენ ვანიშნე. - ძალიან კარგად. - ვერ ვხვდები რა ხდება. - ხომ გითხარი რომ ყველაფერს აგიხსნი, ახლა წადით, საყიდლებისთვის ეს ბარათი გამოიყენე, საუბარს მალე მოვრჩები და მოგაკითხავთ, ჰო მართლა სოფის შეუძლია ჩვენთან დარჩეს რამდენიმე დღით ახლა კი წადით, -თითქმის ძალით წამოგვყარა ფეხზე და სიტყვის თქმაც არ დაგვაცადა ისე გაგვიძღვა კარისკენ, იმ მაგიდას რომ მივუახლოვდით სადაც სამეული იჯდა, მაშინვე წამოიშალნენ და წინ გადაგვიდგნენ, კაილმა ცივად ჩაიღიმა და წარბი მაღლა აწია, თავის ოდნავი მოძრაობით ანიშნა რომ ჩვენთვის გზა დაეთმოთ, ერთ-ერთი რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ დანარჩენებს ხელმძღვანელობდა გვერდზე გადგა და გარეთ კართან მომლოდინეებსაც ანიშნა რომ ჩვენთვის ხელი არ შეეშალათ, კაილმა კარი გაგვიღო, ღიმილით დაგვემშვიდობა და კაფეში შებრუნდა. - ამიხსნი ბოლოს და ბოლოს ცოტა ხნის წინ რა მოხდა? -როცა როგორც იქნა სავაჭრო ცენტრს მივაღწიეთ, სოფიმ ვეღარ მოითმინა, მაიძულა რომ იქვე პირველ სართულზე მდგარ შადრევანთან ჩამოვმჯდარიყავი, თვითონაც წინ დამიჯდა და კითხვებით სავსე მზერა მომაპყრო. - შენ როგორ აგიხსნა როცა თვითონაც არ ვიცი რა ხდება, -უკმაყოფილოდ მოვიკვნიტე ტუჩი, თავში ათასი რამ მიტრიალებდა და ერთადერთ ყველაზე სწორ ვერსიად დემონები მეჩვენებოდა, მაგრამ რატომ ასე დღისით მზისით, რატომ ასე ღიად როცა მათ ღამე და სიბნელე უყვართ? იმედია კაილი უსაფრთხოდაა, ბოლოს და ბოლოს დემონებზე მონადირეა და არა მგონია მისთვის რამის დაშავება შეძლონ. - რაღაც იცი მაგრამ არ მეუბნები, -ეს დაკითხვა უკვე ზედმეტად მიშლიდა ნერვებს. - გეყოფა რა, კაილი ყველაფერს მოაგვარებს და შემოგვიერთდება. - იქნებ იმ ხალხთან მარტო არ უნდა დაგვეტოვებინა, მანიაკებს ჰგავდნენ, დაინახე როგორ ეცვათ? ან როგორ უემოციოდ იყურებოდნენ მკვდრებივით გაფითრებული სახეებით, შენ კი რეაქცია არ გქონია ისე მშვიდად დატოვე მათთან ერთად... - რა გინდა მითხრა რომ ჩემს მეგობარზე შენ უფრო მეტად ნერვიულობ? -კბილებში ისე ცივად გამოვცერი და ისეთი სახით შევხედე, მაშინვე შეწყვიტა წუწუნი და პატარა დამნაშავე ბავშვივით შემომხედა. - მაპატიე ანა, არ ვიცი რა მჭირს, პირველად დამემართა ასე, დავინახე თუ არა ვერ აგიხსნი მის მიმართ რა ვიგრძენი უბრალოდ ის ვიცი რომ აქამდე არავის მიმართ არ მქონია ასეთი გრძნობა... თავი ძლივს შევიკავე რომ ახლოს არ მივსულიყავი და კისერზე არ ჩამოვკიდებოდი, მომინდა რომ სადმე ჩამეკეტა რათა სულ თვალწინ მყოლოდა, შეშლილი მანიაკივით ვიქცევი არა? -საცოდავად გამიღიმა და ათრთოლებული თითები შეიცურა თმებში. ნუთუ ეს შესაძლებელი იყო? მე ხომ კარგად შევამჩნიე კაილს როგორი რეაქცია ჰქონდა სოფი რომ დაინახა, ნუთუ შესაძლებელია რომ მათ შორისაც არსებობდეს სულიერი კავშირი და მიზიდულობა, მაგრამ სოფი ხომ ჩვეულებრივი ადამიანია... - რაზე ჩაფიქრდი? - იმაზე რომ ახლა ყურადღების გადატანა გვჭირდება, იქნებ ტანსაცმლით დავიწყოთ და მერე ფეხსაცმელზე გადავიდეთ, -შევეცადე რაც შეიძლება უდარდელი სახე მიმეღო. - კარგი ასე იყოს, მაგრამ მაინც არაფერს არ მეუბნები, -ხელები მუხლებზე დაიწყო და უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა. - კარგი, მკითხე რა გაინტერესებს. - შენ და კაილი მართლა მეგობრები ხართ? - შემთხვევით ხომ არ ფიქრობ რომ საყვარლები ვართ და მე მხოლოდ იმიტომ რომ გავერთო ასე მშვიდად ვზივარ და ვუსმენ შენს წუწუნს იმის შესახებ თუ როგორ მოგწონს? სერიოზულად? მართალია ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ მაგრამ ასეთ რამეს შენგან მაინც არ ველოდი, -სოფიმ რომ ირგვლივ დაიწყო თვალების ცეცება მაშინღა მივხვდი რომ ვყვიროდი, ღრმად ჩავისუნთქე და თავს ვაიძულე რომ დავმშვიდებულიყავი. - მაპატიე, ცუდად გამომივიდა, ასე არ ვფიქრობ, -მუხლზე დამადო ხელი და შემომღიმა, -უბრალოდ ერთად რომ დაგინახეთ ვიფიქრე რომ, აქ მასთან ერთად ჩამოხვედი და... თავისთავად ამაში ცუდი არაფერია ანა... ჯანდაბა, არ ვიცი რა მემართება, პირველად ვიქცევი ასე სულელურად, მგონი ჯობია წავიდე და ჩემს გეგმებს მივხედო, ბილეთებს აღარ გავაუქმებ და... უკვე თითქმის გაუგებრად ლუღლუღებდა, ხელებს ნერვიულად იმტვრევდა და თვალს ვერ მისწორებდა, მეცოდებოდა და თან მაინტერესებდა რატომ ჰქონდა კაილის მიმართ ასეთი უცნაური მიზიდულობა, ახლა ნამდვილად არ მივცემდი უფლებას ასე უბრალოდ წასულიყო. - აღარ გააგრძელო, კაილი ჩემი შეყვარებულის მეგობარია და სხვა რამდენიმე მეგობართან ერთად ვცხოვრობთ, ალბათ კარგა ხანს მოგვიწევს რომში დარჩენა და მოხარული ვიქნები რამდენიმე დღით თუ გვესტუმრები, თანაც ერთმანეთსაც უკეთ გავიცნობდით და დავმეგობრდებოდით. თავი ასწია და ისეთი სახით შემომხედა აშკარად არ ელოდა ჩემგან ასეთ სიტყვებს, ერთხანს თითქოს ყოყმანობდა, მერე წამოხტა და ჩამეხუტა. - მადლობა, შენ პირველი ადამიანი ხარ ვისთანაც ახლო ურთიერთობა გავბედე იმ ამბების შემდეგ რაც ჩემი ნათესავების წყალობით გადავიტანე, ის იყო იმედი მომეცა რომ დავმეგობრდებოდით და შენც გაქრი, მართლა ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. - მაგრამ უფრო მეტად კაილის დანახვა გაგიხარდა არა? - აუ კარგი რა, მაწითლებ, -ლოყებზე შემოიწყო ხელები და თვალები დახუჭა, -გთხოვ ცოტა რამ მაინც მომიყევი მათზე, ვინ არიან, სად და როგორ გაიცანი, შენს შეყვარებულს რა ქვია ისიც კი არ ვიცი. - დანიელი ჰქვია და ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, უბრალოდ რაღაც მიზეზის გამო ჩვენი გზები გაიყარა და როცა ისევ შევხვდით ერთმანეთს, მივხვდი რომ ერთი დღის გატარებაც კი აღარ მინდა მის გარეშე, ერთად ვცხოვრობთ, ჩვენთან ერთად არიან მისი და ახლა უკვე ჩემი მეგობრებიც, ტყუპი და-ძმა სანი და სონია, კრისი, ლევინი და კაილი, მერწმუნე როცა გაიცნობ ყველა ძალიან მოგეწონება, არის რაღაც სერიოზული საკითხები რომლებზეც ახლა ვერ გესაუბრები, მაგრამ არ მინდა იფიქრო რომ რამეს გატყუებ, უბრალოდ ჯერ ვერ გეუბნები ეს არის და ეს, მაგრამ გპირდები მოვა დრო და ყველაფერს მოგიყვები. - იმედია მაფიოზები, მკვლელები ან ნარკოდილერები არ არიან, სხვა ყველაფერს მოევლება, -უხერხულად ჩაიცინა და ნერვიულობა რომ დაეფარა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. - ესე იგი მთავარია მაფიოზი არ იყოს და უცხოპლანეტელს არაუშავს? -თავი ვერ შევიკავე რომ გულიანად არ გადამეხარხარა. - კარგი რა, რა უცხოპლანეტელი, რატომ დამცინი, -დაიწუწუნა. - მთელი დღე რომ იფიქრო მაინც ვერ გამოიცნობ ვინ არიან, ასე რომ აზრი არ აქვს, უბრალოდ მენდე და წამოდი, ბოლოს და ბოლოს დავლაშქროთ ეს მაღაზიები, დავიღალე უკვე ორი დღეა ერთი და იგივე რაღაც მაცვია და თან ამათ გარდა სხვა არაფერი გამაჩნია, რაც შეეხება კაილს და დანარჩენებს აი ნახავ რა ადვილად შეეგუები ყველას, ახლოს გაიცნობ და მერე შენ თვითონაც მიხვდები ვინ არიან და რას წარმოადგენენ, მერწმუნე შენს სასიამოვნოდ გაოცებას შეძლებენ. - - - - - - - - დრო ისე სწრაფად გავიდა ვერ გავიგეთ, უამრავი რაღაც ვიყიდეთ, მერე გემრიელად ვჭამეთ, მერე ისევ გავაგრძელეთ ათასი საჭირო და არასაჭირო და არასაჭირო რაღაცის შესაძენად კაილის ფულის ფლანგვა, სავაჭრო ცენტრიდან რომ გამოვედით უკვე ოთხი საათი იყო. - ტაქსი გავაჩეროთ, -მივუბრუნდი სოფის. - ჰო მაგრამ კაილმა გვითხრა რომ დავლოდებოდით. - ძალიან დააგვიანდა, მოდი ახლა შენს სასტუმროში გავიაროთ, ბარგი ავიღოთ და პირდაპირ ჩემთან წავიდეთ, რას იტყვი? -პასუხს აღარ დავლოდებივარ ისე დავუქნიე ხელი ტაქსს, საბარგული ჩანთებით ავავსეთ და უკანა სავარძელზე მოვთავსდით, სოფიმ მისამართი უკარნახა, მერე თვალები მილულა და საზურგეს მიეყრდნო. - ერთი სული მაქვს ვნახო სად ცხოვრობს კაილი. - უკვე მაშინებ, მგონი მართლაც აკვიატებად გექცა, ისე ნუ იზავ რომ გიჩივლოს და სასამართლოს შემაკავებელი ორდერი გამოაწერინოს, -გულიანად გადავიკისკისე, მეც დავხუჭე თვალები და მხარზე დავადე თავი, მგონი ჩამეძინა, არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა მაგრამ სოფის შეშფოთებულმა ხმამ გამომაფხიზლა. - ანა გაიღვიძე, გაიღვიძე ბოლოს და ბოლოს, -თვალი გაჭირვებით გავახილე. - რა ხდება, აღარ მივედით? კიდევ ბევრი დარჩა სასტუმრომდე? - მძღოლს სხვაგან მივყავართ, ჩემი არ ესმის და მანქანასაც არ აჩერებს, -დაფეთებული წამოვხტი, ახლაღა შევამჩნიე რომ ქალაქში აღარ ვიყავით, საშინელი სისწრაფით მივქროდით გზადკეცილზე რომლის ორივე მახრეს თვალუწვდენელი მწვანე მინდვრები იყო გადაჭიმული, ბინდდებოდა... - რატომ აქამდე არ გამაღვიძე? -დაბნეულმა ჩავილაპარაკე და მძღოლს გავხედე რომელიც უხმოდ, რობოტივით გაჭიმული იჯდა საჭესთან და საერთოდ არ გვაქცევდა ყურადღებას. - მეც ჩამეძინა და რომ გავიღვიძე უკვე გამოსულები ვიყავით ქალაქიდან, ახლა რა უნდა ვქნათ, რა გვეშველება, -ჩაისლუკუნა და ისე მაგრად ჩამაჭირა მკლავზე ფრჩხილები რომ სიმწრისგან დავიკვნესე. - ტელეფონი მომეცი და პოლიციაში დავრეკოთ, -ხელი გავუწოდე. - შენი აზრით მე არ ვცადე? პირველი რაც აზრად მომივიდა ეგ იყო, არ იჭერს. წამოვიწიე რომ ცოტათი მაინც მივახლოვებოდი მძღოლს, ახლაღა მომხვდა თვალში მისი უცნაური შესახედაობა და ჩაცმულობა, შავი მზის სათვალე, გაფითრებული კანი და გრძელმკლავიანი შავი მოსაცმელი. - მოაბრუნეთ და უკან წაგვიყვანეთ, რასაც თქვენ აკეთებთ ეს უკანონობაა და გატაცება ქვია, ახლავე უკან რომში დაგვაბრუნეთ, -რაც შემეძლო მკაცრად ვუთხარი, ჩაცინების ხმა მომესმა თუმცა სახეზე საერთოდ არაფერი შეტყობია, არც არაფერი უთქვამს. - ყრუ ხარ? ვერ გაიგე რას ვამბობ? -ვუყვირე და მთელი ძალით მოვეჭიდე მხარზე, საჩვენებელი თითით უნებურად შევეხე მოშიშვლებულ ყელზე, უცნაური გრძნობა მქონდა, თითქოს რაღაც საშინლად ბინძურს და ბოროტს შევეხე, შემაჟრჟოლა და წამიერად გამეთოშა სხეული, დავიფიცებ რომ დავინახე როგორ გაიყინა ჰაერში ჩემი ტუჩებიდან გამომავალი თბილი ჰაერი, ვიგრძენი რომ მასაც არ ესიამოვნა ჩემი შეხება, სწრაფად დაამუხრუჭა და ჩემსკენ მოტრიალდა, დრო ვიხელთე უკან დავიხიე, კარი გამოვაღე, გადავბობღდი და სოფიც გადავიყოლე, ახლაღა შევამჩნიე მეორე ავტომობილი რომელიც ალბათ უკვე დიდი ხანია უკან მოგვყვებოდა, ავტომობილიდან ოთხი ჩვენი გამტაცებლისმაგვარი არსება გადმოვიდა და თითქოს მხოლოდ სეირის საყურებლად მოსულანო, უმოქმედოდ გაშეშდნენ ერთ ადგილზე და მოგვაშტერდნენ, მძღოლი ისე უცბად აისვეტა ჩვენს წინ, აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარით. - მართლა გგონიათ რომ ჩემგან გაქცევას შეძლებთ, -არაბუნებრივად ცივი და უცნაურად სასიამოვნო ხმა ჰქონდა, რატომღაც გავიფიქრე რომ ასეთი სასიამოვნო ხმის პატრონს ჩვენთვის არაფრის დაშავება არ შეეძლო. - ახლა შებრუნდით და მანქანაში ჩასხედით, არაფერს დაგიშავებთ, უბრალოდ იქ მიგიყვანთ სადაც საჭიროა, მე მხოლოდ ეს მევალება და კარგი იქნება თუ პრობლემებს არ შემიქმნით, მისი ხმა ნანასავით ჩამესმოდა და ერთადერთი რამ მინდოდა მანქანაში ჩავმჯდარიყავი, თვალები დამეხუჭა და დამეძინა, უაზროდ გავაყოლე თვალი სოფის რომელით სიტყვის უთქმელად შებრუნდა ჩაჯდა და კარი მიიხურა, ჯანდაბა, ეს არ იყო ნორმალური, -იფიქრე ანა, იფიქრე, -თითქოს სადღაც ახლოდან ჩამესმა დანიელის ხმა და მათრობელა ბურანიც წამსვე გაიფანტა, აქამდე რატომ არ მომივიდა თავში აზრად რომ დანიელთან დაკავშირება მეცადა, იქნებ ჩვენი კავშირი იმასაც მოიცავს რომ ერთმანეთის გასაჭირი ვიგრძნოთ, თვალები დავხუჭე და ვეცადე მისთვის ხმა მიმეწვდინა, უნდა ეგრძნო რომ მჭირდებოდა, უნდა ეგრძნო... - რას აკეთებ, მგონი გასაგებად გითხარი რომ მანქანაში უნდა ჩაჯდე, -უკმაყოფილოდ ჩაიღრინა გამტაცებელმა და ჩემსკენ დაიძრა. - ეს იაფფასიანი ფოკუსები ჩემზე არ მოქმედებს და საერთოდაც არ გირჩევ რომ შემეხო, შენთვის ცუდად დამთავრდება, -ვუთხარი და სხეულში ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი, თავი დახარა და ჩემს ხელებს დააშტერდა რომლებიც საღამოს ბინდბუნდში მართლაც რომ ძრწოლვის მომგვრელად ანათებდნენ. - ესე იგი ეს მართალია, არ იტყუებოდნენ, შენ მართლაც არსებობ, ეს უკვე ხუმრობა აღარ არის, -სათვალე მოიხსნა და თვალებში შემომხედა, -არ შემშინებია, იმას რაც მისი თვალების დანახვისას ვიგრძენი შიში არ ერქვა, ლამის იყო იქვე გავაცხე სული, განიერ და ღრმა ფოსოებში ცეცხლი ენთო და წითლად ელვარებდა, ამ ყველაფრის ფონზე კი გულითადი ღიმილი და თეთრად ჩაწიკწიკებული კბილები იმდენად უაზროდ გამოიყურებოდა რომ თავგზას მირევდა, გაუცნობიერებლად ვიხევდი უკან, ისიც მომყვებოდა, თვალს არ დავუჯერე როცა დავინახე როგორ იცვლიდა ფორმას, შეუძლებელია, ჯანდაბა , ამის დედაც, ახლა ჩემს წინ ჩემი მასწავლებელი იდგა. - ხედავ? ეს შენ გააკეთე, შენი ბრალია, შენს გამო დამეცა მეხი, -დასისხლიანებულ სახეზე და შეტრუსულ თმაზე მიმითითა, განწირული ხავილი აღმომხდა და კიდევ რამდენიმე ნაბიჯით დავიხიე უკან, ვიცოდი, სადღაც გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ეს ყველაფერი სინამდვილე არ იყო თუმცა ისეთი რეალური ჩანდა... საოცარი სისწრაფით იცვლიდა ჩემს წინ სახეს, მეზობელი რომელსაც ჩემს გამო კინაღამ ფეხის თითების მოჭრა დასჭირდა, პატარა დენისი რომელიც კინაღამ ცეცხლში დავწვი, დედა და მამა რომლებიც ისე მიყურებდნენ თითქოს მათი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ვიყავი და ბოლოს ბებია, ჩემგან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით შედგა, თავშალი შეისწორ,ა ამრეზით შემათვალიერა, როგორც ყოველთვის ეცადა ის შიში არ შეემჩნია რომელსაც ჩემი დანახვისას განიცდიდა, გულისპირში ხელი ჩაიყო, უხარმაზარი ვერცხლის ჯვარი ამოაცოცა, ჩემსკენ გამოიშვირა და მთელი ხმით იწივლა... - ეშმაკის ნაშიერო. - ამას რატომ აკეთებ? -ჩავილუღლუღე და ვიგრძენი როგორ დამედინა ლოყებზე ცხელი სითხე, ფეხები მიცახცახებდა ვეღარ გავუძელი და ჩავიკეცე. - შენ არავინ ხარ, არაფერი ხარ, მთელი ცხოვრებაა ყველას ტვირთად აწევხარ, არცერთ სამყაროს არ ეკუთვნი, არავის არაფერში სჭირდები, -სისინებდა და ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი გონებას. - დანიელ სად ხარ, დამეხმარე მჭირდები, -ისიც კი არ ვიცი ვფიქრობდი თუ ხმამაღლა ვუხმობდი ჩემს მეორე ნახევარს, უეცრად ძალების მოზღვავება ვიგრძენი, სხეულში სითბო ჩამეღვარა, ქვემოდან ავხედე დემონს რომელსაც ჯერ კიდევ ბებიაჩემის სახე ჰქონდა, აალებული ხელები მიწაზე დავაბჯინე, დავინახე როგორ შეეცვალა სახე, უკან დაიხია თუმცა უკვე გვიან იყო, ჩემს გარშემო ყველაფერი აალდა და ისიც ამ ალში მოყვა, უცნაური წივილისმაგვარი ხმა აღმოხდა, სიამოვნებით ვუყურებდი როგორ იფერფლებოდა და თითქოს უზარმაზარი და დამღლელი ტვირთისგან ვთავისუფლდებოდი, მთლიანად დაცარიელებული და უსაშველოდ მოთენთილი ავდექი და დანარჩენ დემონებს მივუბრუნდი, ისე უმოქმედოდ იდგნენ თითქოსდა რამდენიმე წამის წინ მათი მეგობარი არ დამეფერფლოს. - მიდით აიყვანეთ, ნუ გეშინიათ ჯერ კიდევ კარგა ხანს აღარ ექნება თავი რომ შეგვეწინააღმდეგოს, -ერთ-ერთმა დანარჩენებს ანიშნა და ჩემსკენ წამოვიდნენ, სასოწარკვეთილმა დავიხიე უკან, ახლა რაღა უნდა გამეკეთებინა, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და ზურგით ავტომობილს მივეყრდენი, გასაქცევი აღარსად მქონდა, კიდეც რომ მქონოდა სოფის ასე ვერ მივატოვებდი, მომიახლოვდა და ის იყო ჩემთვის ხელი უნდა ჩაევლო რომ მოწმენდილ ცაზე ელვა გაკრთა და დაიქუხა. - სწრაფად, მოდიან, -იყვირა ერთ-ერთმა და ახლა დანარჩენებიც ჩვენკენ დაიძრნენ, ჩვენს თავს ზემოთ ზეცა აელვარდა და ჩვენს წინ ელვისა და ჭექა ქუხილი თანხლებით, ფრთებგაშლილი, ხელში ხმლით, შურისძიების ღმერთივით მრისხანე და დიდებული დაეშვა დანიელი, შვებით ამოისუნთქა როცა თვალი შემავლო და დაინახა რომ კარგად ვიყავი, მეც შვება და სიმშვიდე ვიგრძენი მისი დანახვისას. - როგორ ბედავთ, როგორ გაბედეთ და მას შეეხეთ, -დაიგრგვინა და ხმალი მაღლა ასწია, თვალები უელავდა, საშინლად იყო გაცოფებული, ამ დემონების ადგილას რომ ვყოფილიყავი კისრისტეხით გავიქცეოდი აქედან რომ თავი გადამერჩინა, ასეც მოიქცნენ, თუმცა მის მახვილს ვერცერთი გაექცა, შეხებისთანავე იფერფლებოდნენ და ორთქლდებოდნენ, ბოლო დემონს ხელი ჩაავლო და მაღლა ასწია. - ესე იგი ომი გინდათ არა? - წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რა ხდება და ვისთან გაქვთ საქმე? -ჩაისისინა დემონმა. - როგორც ყოველთვის ახლაც არასწორი მხარე აირჩიეთ, ყველაფერი იმაზე უკეთ ვიცი ვიდრე შენ წარმოგიდგენია ლეკვო, ამიტომაც გტოვებ ცოცხალს, ახლა წადი და შენს პატრონს გადაეცი რომ დრო მოვიდა ყველაფრისთვის ზღოს, ომი უნდა? მიიღებს, -ხელი გაუშვა, ერთხანს თვალმოუშორებლად უყურებდა როგორ ჩახტა მანქანაში და როგორ მოწყდა ადგილს, მერე ჩემსკენ შემობრუნდა, გამომეტყველება მაშინვე გაუთბა როგორც კი მზერა გამისწორა, მხრები შეარხია და ფრთები ისე გაქრა თითქოს არც კი ყოფილა, შუბლზე ჩამოყრილი თმა გრძელი თითებით გადაიწია უკან და მომხიბვლელად გამიღიმა, სუნთქვაშეკრული შევცქეროდი, ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად ეხერხება მოულოდნელი შთამბეჭდავი გამოჩენები, ნელი ნაბიჯით დაიძრა ჩემსკენ, მომიახლოვდა და როცა სახეზე ღიმილის მაგივრად შეშფოთება გამოესახა და მზერა ჩემი სახიდან ქვემოთ გადაიტანა მაშინღა მივხვდი რომ რაღაც რიგზე არ მქონდა, ახლაღა შემაწუხა ტკივილმა და წვამ, ხელი მარცხენა ფერდზე მივიჭირე, ვიგრძენი როგორ დამისველა თითები თბილმა და ბლანტმა სითხემ, უნებურად ამოვიკვნესე, მზერა დამებინდა და უგონოდ ჩავესვენე დანიელის მკლავებში... - - - ვიცი რომ ცოტა მაგვიანდება ხოლმე მაგრამ ამ ეტაპზე უფრო სწრაფად წერას ვერ ვახერხებ, ვეცდები რომ შემდეგ კვირაში ორი თავი ავტვირთო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.