შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - პარიკმახერი


3-05-2022, 16:23
ავტორი ერკე
ნანახია 1 776

საპარიკმახერო ერთობ მოუწესრიგებელი დახვდა, როდესაც დილით ადრე მისულმა პირველმა გააღო პეტრემ და გული შეეკუმშა. დილის რვის ნახევარი იყო, მზე ახლად ამოწვერილიყო და მის ღაჟღაჟა გაპარსულ ბაკენბარდებს ნაზად ეფინებოდა. იხსენებდა თუ ვინ იყო ბოლოს მორიგე. ჟანა? თუ იულია, იქნებ თამარი, რომელზე მოუწესრიგებელი პიროვნებაც არ დაბადებულიყო მთელ გალაქტიკაში, მის მაგიდაზე ხან აფრიკული ობობა დაიდებდა ბინას, ხან ეგვიპტური ტარაკანა, თითქოსდა ტურისტები სპეციალურად მის სანახავად ჩამობრძანებულან და აკვირდებიანო.
„უეჭველია თამარი იქნებოდა.“ გაიფიქრა პეტრემ. მაშინვე დალაგებას შეუდგა, სანამ პირველი კლიენტი გამოჩნდებოდა ზღურბლზე. ნახევარი საათის შემდეგ, დაღლილ-დაქანცულს საკუთარი სახელიც აღარ ახსოვდა, მტვერი დაწმინდა, ბღუჯა თმა დახვეტა იატაკიდან და ბინძური, ცარიელი კონტეინერებისგან მოასუფთავა სამუშაო მაგიდები. ისე ჩანდა თითქოს წინა საღამოს ღრეობა პირდაპირ კლიენტების თმებზე გაუმართავთ და ერთიანად ილუკმებოდნენო. ამის წარმოდგენისას - „ფუუჰ“ - შეაჟრჟოლა პეტრეს და მაშინათვე ეცადა გონებიდან გაეგდო ეს საზიზღარი აზრი მხოლოდ მას რომ მოუვიდოდა თავში. გრძნობები აეშალა და სკამზე მინავლული ჩაეშვა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა კი არ იჯდა, არამედ ყინულივით დნებოდა და სითხედ მიედინებოდა იატაკზე. კითხვის ნიშანივით მოიკეცა და კარებს მიაჩერდა მისი თანამშრომლების მოლოდინში. თუმცა არც ერთი არ ჩქარობდა. არც ივანე, რომელიც ყოველ დილით ექვს საათზე ადგილზე იყო დაბარებულივით და ადრიანად აღებდა ობიექტს.
ლოდინში ჩასთვლემოდა, მხოლოდ კარის ჟღარუნმა წამოაგდო სავარძლიდან, თითქოსდა მოჩვენება ესტუმრა და მისი კლანჭები სადაცაა მის კისერს მისწვდებაო. თავი ვერ შეიმაგრა და სკამიდან ძირს დაენარცხა, წამოდგომას შეეცადა, ფეხები გაასწორა და როდესაც შემოსულ სტუმარს შეხედა მასში ძველი მეგობარის ცნობამ დაამშვიდა.
-ოჰ, საბა! - გამოცოცხლდა პეტრე. - როგორ შემაშინე.
-როგორც ჩანს ვიღაც ცუდ ფეხზე ადგა. რამ მოგიყვანა ამ დილაუთენია! - გაიოცა საბამ და ხელი მის საამაყო ულვაშზე მოისვა.
-გუშინდელი ამბის შემდეგ დაძინება გამიჭირდა. - თქვა პეტრემ და ომახიანად ამოიქშინა.
-რა მოხდა ამისთანა? - განცვიფრება ვერ დამალა სტუმარმა და სავარძელში, სარკის წინ მოთავსდა. - როგორც ყოველთვის. - ჩაიდუდღუნა მან და პეტრეს დაელოდა, როდის ააჟღარუნებდა სავარცხელსა და მაკრატელს და როდის მოიმარჯვებდა სხვა საჭირო ხელსაწყოებს.
-რაღა რა მოხდა, საბა, ტრისტანი ხო გახსოვს? ჩემი მეზობელი და ასევე კარგი მეგობარი, დაიღუპა. გუშინ სრულიად მოულოდნელად გული გაუჩერდა და ვერაფრით ვერ შევძელი დახმარება. ერთი კია სრულიად აბსურდული რამ მიამბო, თან ვერ დავიჯერე, თან ღამის კოშმარადაც მექცა და სრულიად შეშლილი წამოვვარდი საწოლიდან დღეს დილით.
-გისმენ, დრო ბევრი გვაქვს. - უთხრა მეგობარს საბამ და დასამშვიდებლად ხელი მაჯაზე დაადო. - მე შენთან ვარ ჩემო ბიჭო, ნურაფრის გეშინია. მე და მამაშენი მუდამ ერთად ვიყავით, ჭირსა თუ ლხინში. იმდენი რამ გადაგვიტანია რომ უკვე ვეღარაფრით გამაკვირვებ და ჩემი ასაკისა და გამოცდილების მქონე კაცის დახმარება იქნებ დაგჭირდეს კიდეც. ყურადღებით გისმენ.
-გუშინ სტუმრები მყავდა, ჭადრაკის შიდა ტურნირი მოვაწყვე და დავაწყვილე მეჭადრაკენი, ვის ვისთან უნდა ეთამაშა. გულის გადასაყოლებლად და გონების გასავარჯიშებლად საუკეთესო მეთოდია და მეც ჩემი მეგობრების განსწავლას შევუდექი. თავიდან მხოლოდ რჩევებს ვიძლეოდი და თამაშის მეთვალყურე ვიყავი, შემდეგ კი ძლიერს უნდა შევჭიდებოდი. როდესაც იწურებოდა დღე და თამაშიც დასასრულს უახლოვდებოდა კარზე საშინელი ბრახუნის ხმამ გამიხეთქა გული... - გულზე ხელი მოიკიდა გახსენების ჟამს და თვალები მოჭუტა. სარკეში იყურებოდა პეტრე და თან თმას ჭრიდა მეგობარს. საბა მასთან თითქმის ყოველ კვირა მოდიოდა და თმას ითხელებდა, ასევე მოშვებულ წვერს სათანადოდ აპარსინებდა პეტრეს, მაგრამ ულვაშს ხელს არ აკიდებინებდა.
-არაფრის დიდებით! - იძახდა ხოლმე, როდესაც ულვაშისკენ მიდგებოდა საქმე, თუმცა პეტრე უკვე იმდენი ხანია ემსახურებოდა საბა თვალჭრელიძეს, რომ ზეპირად იცოდა რას უნდა შეხებოდა და რა თავისუფლად დაეტოვებინა. ულვაშს ოდნავ უსწორებდა მხოლოდ, ვარცხნიდა და ბალზამს უსვამდა დასარბილებლად, სულ ეს იყო!
-კარი რომ გავაღე, - განაგრძო მან. - შეშლილ მდგომარეობაში, გულამოვარდნილი ტრისტანი დავინახე, სახეზე ფერი არ ედო. ძლივს სუნთქავდა, ხელი გულზე წაეკიდებინა და შველას ითხოვდა. შინ შემოვიპატიჟე და წყალი გავუწოდე სასწრაფოდ. სასოწარკვეთილებაში მყოფმა ერთი ჭიქა მსწრაფლ ჩაცალა და მეორე მოითხოვა, შემდეგ მესამე და მეოთხე ჭიქის ერთი ყლუპი რომ დალია მხოლოდ მაშინღა სცადა დამშვიდება და ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი.
-ასეთი რა მოხდა? - დაინტერესდა საბა და სახეზე განცვიფრება დასტყობოდა, სულ ცოტაოდენი შიშიც. - ტრისტანს არაფრის და არავისი ეშინოდა, ასე რამ შეაშინა... საოცარია.
-მეც გამიკვირდა საბჯან. - ძლივს ამოილუღლუღა ამის გახსენებისას პეტრემ და სავარცხელი ულვაშზე მოუსვა. - მოყოლა რომ დაიწყო ძლივს საუბრობდა, ენას უკიდებდა, ხშირად ისვენებდა და პანიკაში მყოფს არაფერი აინტერესებდა, წარამარა კარისკენ და ფანჯრებისკენ ეჭირა თვალი. ის მოდისო, ამბობდა, ეშმაკი მოდისო. რაის ეშმაკი-თქო, ვეცადე არ გამცინებოდა, რადგანაც ვგრძნობდი მის სერიოზულ გამომეტყველებას და როგორ არ ეხუმრებოდა იმ წამს. დიახ, ეშმაკი ვნახე, მეუბნებოდა, მისი დიდი ბრჭყალებით, ალისფერი თვალებით და სისხლივით წითელი, ვეებერთელა კბილებით. ის მოგვაკითხავს, ყველას მოგვაკითხავს, არ გაჩერდება, მომდევდა... აღარ ვიცოდი სად წავსულიყავიო. წყალი კიდევ მოვასვი რომ დამშვიდებულიყო და საშინელი ფიქრები მოეშორებინა, მე კი გვერდით ოთახში გავედი, მცირე ხნით დავტოვე, სრულიად მოულოდნელად ყვირილი შემომესმა. ეშმაკი! ეშმაკი! - ყვიროდა და ხელს ფანჯრისკენ იშვერდა. მე ვერაფერი დავინახე, ვერც ვერავინ. ვფიქრობდი რომ ხალხმრავლობა უარესად გამოიყვანდა მდგომარეობიდან და მეგობრებს დაშლა ვთხოვე, ისინიც დამთანხმდნენ, წარმატება მისურვეს და დაუყოვნებლივ წავიდნენ. დავრჩით მარტო მე და ტრისტანი. ხელები უკანკალებდა შიშისგან, იმდენად შოკირებული იყო ხელიდან ჭიქაც კი გაუვარდა და მაგიდაზე მოსხლეტით დაეცა. ამან მე ამაფორიაქა, აღარ ვიცოდი რა მექნა და ტელეფონს ვტაცე ხელი რომ ექიმისთვის დამერეკა. მოულოდნელად ჩამაფრინდა ხელში და საოცარი მონდომებით მთხოვდა რომ არ დამერეკა. ის გვისმენსო, მეუბნებოდა, თითქოსდა ოთახში იყო უკვე, გვიყურებსო, ეს გამაწრიალებელი ხმა უკვე ყურს უხვრეტდა და ყურებზე ხელებს ძლიერად იჭერდა. არ გესმის მისი ღრიალი? მეკითხებოდა და ჩემს გაოგნებულ, არაფრის მთქმელ სახეს რომ მისჩერებოდა უფრო მეტად იშლებოდა ჭკუიდან.
-ღმერთო, ეს ძალიან უცნაურია, ნუთუ მართლა მოხდა?
-გგონია ვტყუი? მეც არ ვიცი რეალურად რა მოხდა... მეც გული ხელით მიჭირავს ამ ყველაფრის წარმოდგენისას, მისი სახე რომ გენახა, იმდენად შეგძრავდა შესაძლოა ინფარქტიც მიგეღო. მერე თითქოსდა დამშვიდდა და მცირე ხნით ჩაეძინა, თუმცა არ გასულიყო ნახევარი საათი რომ შეშინებულმა წამოიყვირა, ის მოდის... ის მოდის... ნელ-ნელა კვლავ მშვიდდებოდა, როდესაც არაფერი ხდებოდა ვახერხებდი მისი გონება იმ აზრამდე დამეყვანა რომ ეს მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო და სხვა არაფერი, ვახერხებდი დამემშვიდებინა და ტახტზე მიწოლილს სუნთქვა კალაპოტში ჩაუდგა, ხელები აღარ უკანკალებდა, სახის ნაკვთებიც ისეთი დაძაბული აღარ ჰქონდა, როგორც პირველ წამებში. საკუთარ თავს უტყდებოდა მე გამოვიგონე ყველაფერიო და გაცინებასაც კი ახერხებდა ამაზე. ამის შემდეგ კი მშვიდად დაიწყო მოყოლა.
„ჩემთვის ვიჯექი საძინებელში და ჩემს საყვარელ უცხოურ გადაცემას ვუყურებდი. ილუზიონისტების შოუს, სადაც ყველა ილუზიას და ნომერს ხსნიან, რაც კი ოდესმე ვინმეს გაუკეთებია. მადიანად ვხარხარებდი და ვერთობოდი, როდესაც არსაიდან ხმა შემომესმა. ყურისწამღები კივილის ხმა, თითქოს ვიღაც შველას ითხოვდა, ქალის ხმა იყო, მისი კივილი ახლაც ყურებში ჩამესმის. სასწრაფოდ გავვარდი სადარბაზოში რომ მენახა რა ხდებოდა და ძალიან უცნაურ ფაქტს შევესწარი. ეს ქალი გულაღმა იწვა, პირდაპირ ცივ კაფელზე, ზედ კი უზარმაზარი შავი ჩრდილი გადაჰფარებოდა სუდარასავით. მივუახლოვდი, მისი თვალები საშველად მიხმობდნენ და მეც ხელი გავუწოდე წამოსაყენებლად, როდესაც ეს ჩრდილი გამოძრავდა, შევშინდი, სრულიად მოულოდნელად შეირხა, უფრო მეტად გადმოიხარა ჩემკენ და თვალები გაახილა.“
-ჩრდილმა? - საბას თითქოს მეტის მოსმენა აღარ სურდა, იმდენად დაზაფრულიყო. ამასობაში თამარი და ჟანაც მოსულიყვნენ და სხვა კლიენტებს ემსახურებოდნენ ცოტა მოშორებით, პეტრემ კი არც შეიმჩნია, ისე განაგრძო, ოდნავ ხმადაბლა რომ სხვას არავის გაეგონა მისი სიტყვები.
-ზუსტად ასე მოხდა. აგრძელებდა მოყოლას და მეც ალბათ ისეთი სახე მქონდა როგორც შეშლილს უყურებენ წამლის გასაკეთებლად რომ ემზადებიან ექიმები. - თხრობა შეანელა, ჩაფიქრდა ღირს თუ არა ამ ყველაფრის კვლავ გახსენებაო. სრული სისულელე იყო და უაზროდ გაუსკდა გული ტრისტანსო, თუმცა საბას ინტერესიანი თვალების შემხედვარე განაგრძო. - თვალები გაახილა და მისკენ წამოვიდა, მისი წითელი თვალები გულს უწვრილებდა, როდესაც მთლიანად წამოდგა რქებიც დალანდა თავზე და სამკაპი ხელში, რომელიც სისხლისფრად ბრწყინავდა. კბილები კი იმ ქალის სისხლით ჰქონდა მოთხვრილი. გულ-მუცელს უფატრავდა და მისით იკვებებოდა თურმე. ტრისტანის მონაყოლით გავარკვიე რომ ჩანჩქერებად ამოასხა სისხლმა ქალის სხეულიდან და ჩრდილიც წითლად შეიღება, თავადაც ოდნავ მოითხვარა. დაყვირება უცდია და ხმა არ ამოსდიოდა. ერთი სართულით ქვევით ცხოვრობდა და უეჭველად გავიგებდი ამ ქალის კივილს-თქო ვფიქრობდი და სისულელედ მეჩვენა მისი ნაამბობი, ძლივს გამოვექეცი და პირდაპირ აქეთ გამოვემართეო. სისხლის კვალი არ ეტყობოდა, არადა გინდა თუ არა ამტკიცებდა იმ ქალის სისხლით მეც მოვითხვარეო. ვეცადე დამემშვიდებინა, შევთავაზე იმ ადგილას ჩემი გაძღოლა, რათა დარწმუნებულიყო რომ ეს ყველაფერი მოეჩვენა და სასტიკი უარი განმიცხადა. იქ აღარ დავბრუნდებიო, მაშინ მე ჩავიცვი და გარეთ გავედი, დარჩენა ვთხოვე და თავად ჩავედი დაბლა, რომ ეს ყველაფერი ჩემი თვალით მენახა.
-და რა ნახე? - გააწყვეტინა საბამ.
-არაფერი.
-ასეც ვიცოდი. ასაკის მატებასთან ჭკუაც მოსპობია საცოდავს. როგორ შემეცოდა. იცოდე პეტრე, თუ მსგავსი რამ მეც დამემართა მაშინვე კლინიკაში გამაქანე და მეც მასე არ დამმართო! - განუცხადა შეშინებულმა საბამ.
როდესაც თავის საქმეს მორჩა პეტრე, სიგარეტის მოსაწევად გარეთ გავიდნენ.
-აბა განაგრძე ერთი შენი პარიკმახერსკი პრიკლუჩენიები, მოკლედ სულ ასეთ შარში როგორ უნდა ეხვეოდე და სულ შენ რატომ უნდა გადაგხდეს მსგავსი რამ არ მესმის.
-ბედია ბედი. - გაეცინა პეტრეს და სიგარეტს მოუკიდა, შემდეგ კი გვერდით მდგომს გადაუკიდა. მაგრად მოქაჩა ნაფაზი და განაგრძო. - როდესაც დავბრუნდი უარესი სურათი დამხვდა. ტრისტანს ფანჯარა გაეღო, ზედ რაფაზე დამდგარიყო და ასე გადაყუდებულიყო გარეთ. ხელები ფანჯარას მოეკიდებინა და ჩემკენ შემოტრიალებული შეურაცხადად მიყურებდა. ის აქ არის! კიდევ იმეორებდა ამ სიტყვებს. ის აქ არის. სასწრაფოდ მივვარდი, ტანსაცმელში ჩავავლე ხელი და გადმოვათრიე. შევუცაცხანე, რაზე ფიქრობდი რომ გადავარდნილიყავი-თქო? და ქვითინს მოჰყვა. მან ჩამჩურჩულა, მითხრა, ჩამჩურჩულა რომ ყველა მოკვდება ვისთანაც ერთად ვიქნებოდი, შენც საფრთხეში ჩაგაგდე, მაპატიე. გავცხარდი, არ მჯერა ამ სისულელის-მეთქი, დავუყვავე და განრისხებულმა სახეში შემოვარტყი რომ გამოფხიზლებულიყო. როდესაც პირი გააღო საშინელი არყის სუნი ვიგრძენი მისი ამონასუნთქიდან და მივხვდი თუ რაც იყო მისი ჰალუცინაციების მიზეზი.
-მთვრალი ხარ! - ვეუბნებოდი და ხმის ტონს ვეღარ ვაკონტროლებდი ისე ვყვიროდი. - ეშმაკები ასე არ ჩნდებიან, ხომ იცი რომ შენი დალევა არ შეიძლებოდა რატომ დალიე? მითხარი რატომ დალიე? თავად გახლდი ექიმთან რომ დალევა აგიკრძალა შენ კი მაინც სვამ.. აი შედეგიც, ყველაფერი შენ თავს თავად დამართე და ჩემთან მოხვედი დასახმარებლად, ხომ? თუ სმას არ შეწყვეტ, ვერაფრით დაგეხმარები, ვერაფრით! - ქვითინს აგრძელებდა და გონებას დროდადრო კარგავდა. ექიმმა ღვიძლის დაშლის ბოლო სტადიაზეაო და მისი დალევა არაფრის დიდებით არ შეიძლებაო, ამას შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვესო და ამიტომაც გავცხარდი. თავად ვიქეცი მხეცად და ვსაყვედურობდი ტრისტანს. - საკუთარ თავს მაინც ეცი პატივი სხვას თუ არა და შეასრულე რასაც ექიმები გეუბნებიან! შენ ასევე ოჯახი გყავს, ცოლი, შვილები... რომ რამე მოგივიდეს მარტო ტოვებ მათ არა? შენი გამოსწორება არ იქნება.
-ის მოდის. - კვლავ ჩაიბუტბუტა. - ის აქ არის. - თვალები გაუფართოვდა ტრისტანს, ჩემს ზურგს უკან რაღაც დაინახა თითქოს და წამიერად, თითქოს სული ერთთავად ამოართვესო სუნთქვა შეწყვიტა. იქვე მიეგდო და აღარ სუნთქავდა. ვცადე, გულის მასაჟები ვუკეთე, პირველადი დახმარების კურსები ტყუილად ხომ არ მქონდა გავლილი?! მაგრამ ვერაფრით დავეხმარე, ამის შემდეგ კი სასწრაფოში დავრეკე. რომ მოვიდნენ მისი სხეული უკვე კარგა ხნის გაციებული იყო, საკაცეზე დააწვინეს და ასე გაიტანეს ჩემი ბინიდან. - ცრემლები წამოსცვივდა პეტრეს. საბამ მხარზე ხელი დაადო.
-ადამიანს არავინ იცის რა და როგორ მოუღებს ბოლოს. გულს ნუ დაიღონებ, შენი ბრალი არ არის. დამშვიდდი. იმაზე იფიქრე რომ მისთვის შვება იქნებოდა ამ სამყაროდან წასვლა, აღარ იტანჯება და ახლა მშვიდადაა, იქ სადაც არს.
-ეს მაიმედებს მეც. - წარმოთქვა პარიკმახერმა და სიგარეტი იქვე მდგარ ურნაზე მიაწვა. კლიენტები უცდიდნენ და საქმეს უნდა დაბრუნებოდა. საბას დაემშვიდობა, ერთ კვირაში შევხვდებითო და შენობაში შევიდა. მთელმა დღემ იმაზე ფიქრში ჩაიარა თუ ნამდვილად სიმართლეს ამბობდა თუ არა ტრისტანი. გაგიჟდა და მოლანდებები დაეწყო თუ მართლა იმის გამო დაიღუპა, რასაც ამბობდა და რა ბედი ეწეოდა მას? შიში იპყრობდა ყოველი კარის გაჩხაკუნებისას და მის ზურგს უკან წამონთებული ჟანას კივილისას. მცირე ხმაც კი წამოაგდებდა ხოლმე კლიენტის მოლოდინისას სკამიდან და ჩაფიქრებულს მაშინვე ფიქრებიდან გამოქცევა უწევდა. მეზობელზე ფიქრს ვერ წყვეტდა და ასე დაღლილმა სახლისკენ ძლივს მიათრია ფეხები. ბნელი კუთხეებისკენ გაფაციცებით იყურებოდა, ჩრდილის დანახვას ელოდა ყოველ ნაბიჯზე, საკუთარი ჩრდილიც კი აშინებდა და როდესაც სახლში მილასლასდა და საწოლზე ერთიანად ჩაესვენა მაშინვე ხვრინვა ამოუშვა. დილით გაღვიძებულს კი უცნაური შეგრძნება ჰქონდა. თითქოს სხვაგან იყო და არა საკუთარ სახლში. „ის მოდის“ კვლავ ამოუტივტივდა გონებაში ტრისტანის სიტყვები და შეაჟრჟოლა. ფეხები ჩუსტებში გაყო და სააბაზანოსკენ დაიძრა, როდესაც ხმა გაისმა. ჩხაკუნის, კარების გაღების მაგვარი ხმა. ამას კივილის ხმა დაერთო და ტრისტანის ხმაც ნათლად, მკაფიოდ ჩაესმა - ის აქ არის. ბოლომდე ვერ გაეაზრებინა რა ხდებოდა, თუმცა მალევე მისაღებში გავარდა და დაინახა როგორ განსხეულდა იატაკზე გართხმული შავი ლაქა. წამოიმართა და ჯერ ფეხები, შემდეგ ხელებიც წამოეზარდა. თავი გამოება, რქები ამოუვიდა და თვალებიც გაახილა, სისხლისფერი თვალები, რომელიც თითქოს სულისშემძვრელ აფორიაქებას იწვევდა. პეტრეს გონება ებინდებოდა, ყვირილი უნდოდა, თუმცა ტუჩები ერთმანეთს დასწებებოდა და ხმა ვერ ამოეღო, გული საგულიდან ამოვარდნას ლამობდა. ნელ-ნელა უკუსვლით მიდიოდა საძინებლისკენ და ჩრდილიც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა.
მისი სიცოცხლის უკანასკნელი გაელვებისას ერთი რამის თქმა შეძლო მხოლოდ, სანამ რქებიანი, წითელ-თვალება არსება გულს ამოგლეჯდა. - ის აქ არის.
ე.მ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent