შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცებული (III თავი)


14-05-2022, 12:51
ავტორი Dream Er
ნანახია 1 568

3
დილით ადრიანად ისევ ის შავებში ჩაცმული ქალი შემოვიდა. ხელში ამჯერად მუქი მუყაოს ყუთი ეჭირა, მომიახლოვდა და მანიშნა გახსენიო. ცოტაოდენი ყოყმანის მერე ყუთი ფრთხილად გავხსენი და გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. ყუტში ზაფხულის სიფრიფანა სარაფანი იდო. ქალს ეჭვით სავსე თვალით შევხედე და ვკითხე:
–ეს უნდა ჩავიცვა? ახლა? _ და როგორც იქნა ქალმა ხმა ამოიღო.
–მათ თქმა. ჩაცმა. _ ქართულად ძლივს იბრუნებდა სიტყვებს. აქედან დავასკვენი სხვა ეროვნებისა იყო.
–საიდან ხართ? _ პასუხის მოლოდინში გავინაბე.
–მე თურქი არის. _ მიპასუხა ჯახირით.
სარაფანი ყუთიდან ამოვიღე, დიდხანს ვაკვირდებოდი. საკმაოდ ნაზი ქსოვილისა იყო, ტანზე მივიდე ზომის შესამოწმებლად და მაშინღა შევნიშნე ძველი ტანსაცმელი შემომფლეთვოდა. სწრაფად გამოვიცვალე. ოთახში ორი მამაკაცი შემოვიდა, ხელები წინ ბორკილებით შემიკრეს და ხელკავით გარეთ გამიყვანეს. სუფთა ჰაერის ჩასუნთქვისას ფილტვებმა ამოიხრიალეს. ჭარბი ჟანგბადით რეტდასხმულმა მხოლოდ მცირე ხნის მერე აღვიქვი გარემო. ადგილი მეუცნაურა, თუმცა ნოტიო ჰავამ მიმახვედრა ზღვისპირეთში ჩემი ყოფნა. ჩემმა ორმა მცველმა სასწრაფოდ მანქანაში ჩამსვეს, იქ კი ისევ ის ნაცნობი სახე დამხვდა.
–თურქეთში მივდივართ. იცოდე საზღვარზე ზედმეტად გაინძრევი და ჩათვალე მკვდარი ხარ!
–გასაგებია... _ ჩავილაპარაკე ჩემთვის და ვერ გაქცევის მიზნით იმ ორმა დაკუნთულმა შუაში მომიქციეს. დავიძარით.
მთელი გზა არავის ხმა არ ამოგვიღია. ავტომობილში სიმღერებიც კი არ ჩაურთავთ. გონება სრულიად გამთიშვოდა და მთელი არსებით ველოდებოდი ჩემი სიცოცხლის ბოლო დღეს.
სარფამდე ისე ვიარეთ ერთხელაც კი არ გავჩერებულვართ. მხოლოდ თურქეთის საზღვრის გამშვებ პუნქტთან შევჩერდით.
-არც კი გაბედო და არაფერი შეიმჩნიო! ბორკილებს მოგხსნი, ოღონდ გაქცევა არც იფიქრო! _ უმკაცრესი ტონით კბილებში გამოსცრა ნაიარევსახიანმა.
-მე რომ პასპორტი არ მაქვს როგორ გავივლი შემოწმებას?
-ეგ უკვე არაა შენი საქმე ძვირფასო. ტონი ოდნავ შეარბილა.
გატაცების დღიდან მხოლოდ ერთხელ და ისიც ერთი ჭიქა წყალი მქონდა დალეული, ახლა კი ისე მწყუროდა მარილიან ზღვასაც სიამოვნებით შევთქვლეფდი. საკმაო მოგზაურობის შემდეგ ჩაძინებული შემაღვიძეს.
–ადექი მძინარე მზეთუნახავო, მოვედით.
ჩემს თვალწინ უზარმაზარი სასახლე აღმართულიყო. დასუსტებული და უძილო მანქანიდან ძლივს გადმოვლასლასდი
–რას დგახარ, წამოდი! _ მუჯლუგუნი გამკრა ნაიარევსახიანმა.
„ოჰო, აი ეს მესმის“ ნანახით გაოცებული ადგილიდან ვერ ვიძვროდი.
–გაინძერი–მეთქი არ გესმის? _ ძალით წამათრიეს კარისკენ.
სამსართულიან სასახლე სპილოსძვლისფერი ჩუქურთმებით იყო გაწყობილი. ჩამავალი მზის შუქზე განსაკუთრებით დახვეწილი და თვალისმომჭრელი ჩანდა. სასახლეში შემავალი კარი თვალუწვდენელი მეჩვენა, თუმცა დაკვირვებისას აღმოვაჩინე მისი სიმაღლე დაახლოებით ორ მეტრს აღწევდა. მძიმედ გააღეს და შესვლისთანავე თვალები შუბლზე ამივიდა. ასეთი სიმდიდრე სიზმარშიც კი არ მქონდა ნანახი. შესასვლელის შუაგულში შადრევანი დაედგათ კენწეროში ლომის გამოსახულებით. შადრევნის თავზე ბროლის უზარმაზარი ჭაღი ეკიდა, ხოლო მის უკან რიკულებიანი კიბე მიუყვებოდა ზედა სართულებისკენ, საფეხურები ულამაზესი წითელი ხალიჩით დაეფარათ. წყალი სასიამოვნოდ ჩუხჩუხებდა, მისმა ხმამ შვება მომგვარა. სისუფთავის საოცარი სურნელი იდგა. შადრევანს მარჯვენა მხრიდან შემოვუარეთ და ხალიჩაზე უხმაუროდ ავუწყეთ ნაბიჯები ერთმანეთს. ბოლო საფეხურიც ავიარეთ, ხელმარცხნივ შევუხვიეთ და ჩემ წინ გრძელი დერეფანი გამოჩნდა, ისიც ხალიჩით დაფენილი. „საწყალი დამლაგებლები“ _ გავიფიქრე მე. დერეფნის ბოლოში ოვალურთაღიანი კარი მოსჩანდა მცველებითურთ. შესასვლელად ნებართვა იყო საჭირო.
–სულეიმან სულთანთან ვართ, ძღვენი მოვუტანეთ! _ თურქულად მიმართა მცველთაგან ერთ–ერთს ნაიარევსახიანმა. კარი უხმაუროდ გაგვიღეს და შიგნით შეგვიძღვნენ.
სულეიმანის ოთახი ისევე როგორც სახლი, მდიდრულად გამოიყურებოდა. კარიდან მარცხნივ დიდი ორადგილიანი საწოლი იდგა, რომელიც ჭერს ხის ბოძებით უერთდებოდა. იქვე ახლოს ბუხარი გამოეჭრათ, სულთანს ბუხართან ახლოს, ბალიშზე მოეკალათებინა და ყურანს გულმოდგინედ ჩასჩერებოდა.
–ასლან (ნაიარევსახიანი) რამდენი ხანია შენს მოსვლას ველი. ამჯერად დროულად ვერ მოხვედი და რადგან პირველი შემთხვევაა გაპატიებ, მაგრამ თუ მეორედაც განმეორდა თავს მოგაჭრი!
–მაპატიეთ სულთანო პირობას გაძლევთ მეორედ აღარ განმეორდება. _ დაიმორცხვასავით ასლანმა. სულთანი ზლაზვნით წამოიმართა, ჩვენკენ შემოტრიალდა და ნელი ნაბიჯებით მოგვიახლოვდა. შესახედაობით ტიპური სულთანი იყო.
–ეს ის გოგონაა, ჰო?! მართლაც ლამაზი ყოფილხარ! _ ნიკაპზე საჩვენებელი თითით შემეხო და თავი მაღლა ამაწევინა.
–არ შემეხო შენი ბინძური ხელებით! _ ძლივს დავალაგე წინადადება თურქულად.
–ახლა ჩემი ხარ და როგორც მომესურვება ისე მოგეპყრობი!
–არაფრის უფლებას არ მოგცემთ!
–როგორ ბედავ და სულთანს ეპასუხები! _ განრისხვა სულთანი და წამის შემდეგ თვალებიდან ნაპერწკლები გავყარე. სილა გამაწნეს. წაიყვანეთ! _ ბრძანება გასცა სულთანმა. სულთნის მცველებმა პატარა დარბაზის მსგავს ოთახში შემაგდეს. საცხოვრებელი დიდად მორთულ–მოკაზმული არ დამხვდა, თუმცა ჩემს ძველ ოთახს ბევრად სჯობდა.
მეორე დღეს ჩვეულებრივი მოსამსახურის ფორმაში გამოწყობილი გოგონა შემოვიდა დიდი ლანგრით ხელში. ჩვეულებრივი ტანისამოსი ცოტა გამიკვირდა, უფრო სხვანაირ ჩაცმულობას მოველოდი.
–ეს პირადად სულთანმა გამოგიგზავნათ, მიირთვით. _ მითხრა მოსამსახურემ დამტვრეული ინგლისურით.
–ინგლისურად ლაპარაკობ? რა გქვია?
–ბოდიში ქალბატონო, უცხოებთან საუბარი აკრძალული მაქვს _ მიპასუხა ინგლისურად.
-ნუ გეშინია არავინ გაიგებს _ ჩავჩურჩულე მე
-ნაზლი მქვია და არავის უთხრათ რომ გამოგელაპარაკეთ.
–პირობას გაძლევ! ახლა კი მისმინე; იქნებ მითხრა რას მიპირებენ? _ გოგონას შევატყე უნდოდა პასუხი გაეცა, მაგრამ კარში გამოჩენილი მცველის გამო გაჩუმდა.
–დროზე მოწესრიგდი, სულთანს შენი ნახვა უნდა! _ უხეშად მომიგდო სიტყვა მცველმა.
სულთანთან ოთახში საუზმობისას შევედით. მან ხელით მანიშნა მის წინ დადებულ ბალიშზე ფეხმორთხმული დავმჯდარიყავი და მასთან ერთად მესაუზმა მცველებს კი გასვლა ანიშნა.
–დაჯექი, ჩემთან ერთად ისაუზმე, თან შენთან საუბარი მინდა. _ გამართული ინგლისურით დაიწყო საუბარი, თან მის ხმას სითბო შეჰპარვოდა. ძალით, მაგრამ დავემორჩილე.
–მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ... _ განაგრძო სულთანმა.
დამემორჩილები–არაფერს გავნებ, შემეწინააღმდეგები და მოკვდები! შენი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევი. ამით მე დავამთავრე ჩემი სათქმელი. ამით მიმანიშნა უკვე გადაწყვეტილია შენი დარჩენაო.
სასახლეში დამლაგებლობა შემითავსეს. განრიგით ყოველ მეორე დღეს გენერალურად უნდა დამელაგებინა, მტვრის ნაწილაკიც კი არ უნდა დამრჩენოდა. აქ მოსვლის დღეს ჩემი გაფიქრებული ფრაზა გამახსენდა, თუმცა ახლა ის ასე ჟღერდა: „საწყალი მე“. ჩემ გარდა თორმეტი ადამიანი ცხოვრობდა და თორმეტივეს სხვადასხვა საქმე ევალა. შანსს ხელიდან არ ვუშვებდი ვინმეს გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ უშედეგოდ! ადამიანებთან ნორმალური საუბარი მაკლდა მთელი ამ ხნის მანძილზე. ერთ დღესაც იატაკების ხეხვით დაღლილი ცოტახნით ჰაერზე გავედი და წუთით თვალი პატარა ბიჭუნას მოვკარი, მძიმე ტომრებს მიათრევდა სამზარეულოს უკანა შესასვლელისკენ. გარშემო მიმოვიხედე და რომ ვერავინ დავლანდე ხმამაღლა დავუძახე. ხმაურზე გაჩერდა, აშკარად შემამჩნია, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა. მეც ვაგრძელებდი ხელით მენიშნებინა მოდი ჩემთან–თქო. ბოლოს მაინც წამოვიდა ჩემკენ.
–გამარჯობა ბიჭუნა _ ქართულად მივესალმე, დაბნეულად მიყურებდა... ბოლოს ინგლისურად გამოველაპარაკე, გაეღიმა. მე კი სიხარულით ცას ვეწიე, როგორც იქნა გამოჩნდა ვიღაც ვინც ერთ სიტყვას მეტყოდა.
–შეგიძლია მითხრა აქ რა ხდება? _ ცოტა დავიძაბე, არ მინდოდა ვინმეს შევემჩნიეთ.
–დეიდა რამე რომ გითხრათ დამსჯიან
–ნუ გეშინია არავინ დაგსჯის, გპირდები! _ რეალურად ვიცოდი მის დაცვას ვერ შევძლებდი, მაგრამ არ მინდოდა ეს ეგრძნო.
–აქ ყველა მოტაცებულები ვართ და ყველა სხვადასხვა ქვეყნიდან წამოგვიყვანეს. მე ამერიკიდან ვარ. რამეს როცა ვაშავებ მცემენ... აი ეს იარა ოთხი დღისაა, შემობრუნდა და ზურგზე ქამრის ღრმა კვალი მაჩვენა. გული შემეკუმშა ჭრილობის დანახვისგან.
–დედა სად არის შენი? _ ხმა ამიკანკალდა
–არ ვიცი დედაჩემი სადაა. ის დიდიხანია აღარ მინახავს. _ თვალები აუწყლიანდა
–რამდენი წლის ხარ? ან რა გქვია?
–ჯონათანი მქვია. დეიდა ასაკი არ ვიცი ჩემი
–კარგი მადლობა. მიდი გაიქეცი, არავინ შეგვამჩნიოს.
ბიჭი უხმაუროდ გამშორდა და ვითომც არაფერი მომხდარაო ტომრების თრევა განაგრძო.

ზაფხულის მიწურულს სასახლე ფუსფუსმა მოიცვა. ზუსტად ოცდათერთმეტ აგვისტოს სულთნის დაბადებისდღე იყო. დღესასწაულისთვის მზადება ერთი თვით ადრე იწყებოდა. ყველას ორმაგი საქმე დაგვავალეს. აბსოლუტურად ყველაფერი ზედმიწევნით სუფთა და მბზინვარე უნდა ყოფილიყო. მტვრის ნაწილაკსაც არ უნდა ეარსება. საღამოობით დაღლილებს ჭამის თავიც აღარ გვქონდა. მართალია, სასახლეში მონები ვიყავით, თუმცა სულთანმა დღეში ერთხელ საკვების მიღების უფლება მაინც მოგვცა. მართალია ნარჩენები გვხვდებოდა, უჭმელობას სჯობდა. აქ ყოფნისას მივეჩვიე ასეთ ცხოვრებას, თანდათან ადამიანებთან ურთიერთობაც აღარ მინდებოდა. მხოლოდ პატარა ბიჭუნას თუ ვეტყოდი რამეს და ისიც მოკლე პასუხს გამცემდა და ამით მთავრდებოდა ჩვენი დიალოგი. ხშირად ვფიქრობდი: „ნეტავ შემეძლოს მასთან ჩახუტება და ყველა ტკივილის მისთვის გაქარწ....ბა“. ყოველ ჯერზე მის თვალებში დედისადმი მონატრებას და უსაზღვროდ დიდ ტკივილს ვხედავდი. ისიც გათვითცნობიერებული მქონდა, დედას ვერ შევუცვლიდი, მაგრამ მის ჭრილობიან გულს ცოტაოდენ შვებას მივცემდი.
და აი, ამდენი ტანჯვის მერე როგორც იქნა დადგა ოცდათერთმეტი აგვისტო. სასახლე დილიდანვე სტუმრებს მასპინძლობდა. ასეთი წესი იყო სულთნის ოჯახში, ოდითგანვე დაბადებისდღეებზე სტუმრები დილიდანვე უნდა შეკრებილიყვნენ. მთელი პირველი სართული განკუთვნილი იყო წვეულებისთვის, ხოლო შადრევნის გარშემო საჩუქრები უნდა განლაგებულიყო, სტუმრებისთვის გაშლილი იყო დაბალი მაგიდები, დასაჯდომად კი მოქარგულპირიან ბალიშებს იყენებდნენ. ამჯერად როგორც ოფიციანტი ისე ვმუშაობდი. სტუმარს რამდენჯერაც რამე დასჭირდებოდა იმ წუთასვე უნდა შემესრულებინა, თორემ მსახურთუხუცესისგან გამათრახება არ ამცდებოდა. ჩემთვის არასდროს დაურტყამთ. დედაჩემიც კი ერიდებოდა ჩემს ცემას, როცა რამეს ვაშავებდი. ახლა კი, მსახურთუხუცესს ხელები ექავებოდა, გამალებით მაკვირდებოდა, ერთი პატარა შეცდომაც და... რამდენჯერ გამიგონია ყრუდ შოლტის ან ქამრის ხმა, რასაც გულის გამგმირავი ყვირილი მოჰყვებოდა. მეორე დღეს გაშოლტილს ჭრილობები და ტირილისგან ჩასისხლიანებული თვალები ეწვოდა. მის შემყურეს ჩვენც განვიცდიდით იმავეს.
წვეულება თანდათან აზარტში შედიოდა, ჩვენ კი ნელ–ნელა აქეთ–იქით სიარულისგან თავბრუ გვეხვეოდა. სტუმრებიც მოსვენებას არ გვაძლევდნენ. ზოგი ვისკის ითხოვდა, ზოგი უბრალოდ წვენს. ამ მოკლე ხანში საკმაო გამოცდილება დავაგროვე. ოდესმე აქედან თუ გავაღწევდი აუცილებლად გავხსნიდი საკუთარ ბარს ან რესტორანს. ოცნებები კარგია მაშინ როცა დივანზე ყავით ხელში ზიხარ, უყურებ ცას და თანდათან მიჰყვები ღრმა ოცნებისკენ მიმავალ ნავს, მაგრამ არასდროს გაგიტაცოს სამუშაოს დროს ოცნებებმა, ამან შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგიყვანოს!
ადრე თუ გვიან ჩადენილი დანაშაულისთვის დაისჯები, არ აქვს მნიშვნელობა ნებით თუ უნებლიეთ. წვეულების ღამეს, როცა ყველა ერთობოდა და მხიარულობდა, მე მამათრახებდნენ. აუხსნელ ტკივილს განვიცდიდი. რა დავაშავე? ისეთი არაფერი, ნორმალურ პირობებში უბრალოდ დამსხვრეული ჭიქა იქნებოდა, თუმცა იმ გარემოში სადაც მონად ჰყავხარ, ტრაგედიაა! სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება მსახურთუხუცესი ანთებული თვალებით ჩემკენ მომავალი. დაკვირვებისას ვერ მიხვდებოდი ბრაზისგან იყო თუ უბრალოდ უხაროდა კიდევ ვინმეს გამათრახება რომ მოუწევდა. ჭიქებს ლანგარზე ვალაგებდი, როდესაც წვენის ჭიქა ლანგრიდან ჩამოსრიალდა და დაჭერის მიზნით წვენიც დაიქცა და საბოლოოდ ჭიქაც ნამსხვრევებად იქცა. იმ წუთშივე მსახურთუხუცესისკენ გავაპარე თვალი, რომელიც დაჟინებით მიცქერდა და ხმაურზე ადგილს მოსწყდა, წამში მისი ტორები მკლავზე შემომეჭდო და ყველას თვალწინ უხეშად შენობისკენ მიბიძგა. სარდაფის მსგავს ოთახში აღმოვჩნდი. კუთხეში მხოლოდ ერთი ნათურა საცოდავად ბჟუტავდა. მკრთალ სინათლეს შევეჩვიე და გარემოს თვალი მოვავლე. ოთახის ბოლოში ორი ძელი იდგა, ორივე ძელზე ბორკილები მიემაგრებინათ. „აი თურმე სად მოჰყავდათ ‘ჯიუტი მონები“_ გავიფიქრე და ისე მალე აღმოვჩნდი მიბმული ძელებზე აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. მსახურთუხუცესი გამეტებით მირტყამდა ქამარს, ყოველ დარტყმას კვნესას ვაყოლებდი, ვცდილობდი ფხიზლად დავრჩენილიყავი და გონება არ დამეკარგა, სამწუხაროდ ვერ შევძელი, ვერ შევეწინააღმდეგე ფიზიკურ ტკივილს. გონების დაკარგვის მერე აღარაფერი მახსოვს, თვალის გახელისას აღმოვაჩინე ფუმფულა საწოლზე გულდაღმა ვიწექი, ზურგზე საფენები მელაგა. კარი გაიღო და ჩემთან გამხდარი გოგონა შემოვიდა.
–ნაზლი, შენ ხარ? დიდხანს ვიყავი უგონოდ?
–ორი დღეა უგონოდ ხარ, სულთანმა ბრძანა შენთვის მომევლო.
–ამას რატომ აკეთებს? მეც ხომ თქვენსავით უბრალო მონა ვარ
–ყური მოვკარი ერთხელ შენზე ლაპარაკობდნენ, სულეიმან სულთანს სურს მისი ცოლი გახდე და შვილები გაუჩინო. აღნაგობით კარგი გოგოა, გამომადგება ჩემი შთამომავლების გამრავლებისთვისო.
–ნაზლი, იმედია შენ ამას სერიოზულად არ ამბობ და ხუმრობ, ჰო?! _ მისმა ნათქვამმა ზურგის ტკივილი გადამავიწყა.
სტამბულის ბაზარი განთქმული იყო მონებით ვაჭრობით. რამდენი ქართველი ქალ–ვაჟი მიჰყავდათ გასაყიდად უცხო ქვეყანაში. ახლა მესმოდა მათი, რამხელა ტკივილს განიცდიდნენ სამშობლოსგან, მშობლებისგან შორს მყოფები ვიღაც ნახშირივით შავი თურქები საყვარლებად რომ იყენებდნენ. სანამ ჭრილობა მომიშუშდებოდა და ფეხზე წამოდგომას შევძლებდი ნაზლი მივლიდა. როგორც კი ოდნავ მოვმჯობინდი სულთანი თვითონ მეახლა მოსანახულებლად.
–როგორ ხარ ლილია? ძალიან ვინერვიულე ასეთ მდგომარეობაში რომ გიხილე. ნეტავ იქ ვყოფილიყავი, უფლებას არ მივცემდი ამ ლამაზი სხეულისთვის რამე დაეშავებინა... მაცდურად შეათვალიერა ნახევრად შიშველი ჩემი სხეული
–ტყუილად მეპირფერებით, უკვე ვიცი რასაც მიპირებთ. ჩემგან შვილი გინდათ იყოლიოთ და როცა თქვენსას მიიღებთ, მომკლათ! არა, არა ეს ცირკი არ გამოგივათ! _ ვიღრიალე მე
–ხომ იცი შენი უარის მიუხედავად, ისე იქნება როგორც მე ვიტყვი. ახლა სჯობს დაისვენო, დაფიქრდე და გაანალიზო. _ ჩემი ნერვების მოსაშლელად უფრო რბილად საუბრობდა სულთანი.
–თქვენი დანახვაც არ მინდა! გაეთრიეთ ამ ოთახიდან! _ მოვრთე ღრიალი. მეგონა ჩემს ტირილზე მომვარდებოდა და გაბრაზებულზე რამეს დამიშავებდა, პირიქით, გაოცებული დავრჩი ისე მშვიდად გაიხურა კარი.
დიდხანს ვტიროდი. მჭირდებოდა ვინმე გვერდით მყოლოდა, ვფიქრობდი, როდესაც ოთახში ნაზლი შემოვიდა. დიდი მორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ნაზლი იმ მომენტში ანგელოზად მომეჩვენა.
–ნაზლი სიკვდილი მინდა. ახლა ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა _ სლუკუნით მოვისრისე ცრემლიანი თვალები.
ნაზლიმ ნაღვლიანი თვალებით შემომხედა და ჩუმად გაიძურწა ოთახიდან.

ცოტა უცნაური გოგო იყო ნაზლი. მისგან სითბოს ვერ იგრძნობდი, თუმცა ახლოს გაცნობის მერე შეხედულება იცვლებოდა. ოთხ წელზე მეტი გასულიყო მისი სასახლეში მოსვლიდან. ჩვენი მოკლე საუბრიდან შევიტყე; ობოლი ყოფილა. მშობლები ადრეულ ასაკში დაეხოცა და პატარა ნაზლის მარტო ცხოვრება მოუწია. სულ ჩვიდმეტი წლის იყო როცა მოიყვანეს. სულთანი ცუდად არასდროს მოჰქცევია, ნაზლიც ცდილობდა თავისი საქმე ზედმიწევნით შეესრულებინა. რა იყო იმის მიზეზი რომ სულთანი ასე ეპყრობოდა. სადღაც ეჭვიც ჩნდებოდა სულთნის საყვარლობაზე. ამის კითხვისა მეშინოდა. ბოლოს გავბედე და საშუალება მომეცა თუ არა შეკითხვა დავუსვი:
–სულეიმან სულთანის საყვარელი ხარ ნაზლი?
–როგორ ბედავ და მაგას როგორ მეკითხები! _ დაძაბულობისგან ყელზე ძარღვები დაეჭიმა.
–მაშინ ასე კარგად სულთანი რატომ გეპყრობა?
–ჩემი ოჯახი სასულთნოს ხილით ამარაგებდა. სანამ მშობლები იმ ქვეყნად წავიდოდნენ, მამას მეც ვეხმარებოდი ხილის მოტანაში. ვიცი ნაწილობრივ ცუდი პიროვნებაა სულეიმანი, მაგრამ მას კარგი მხარეც აქვს. დედ–მამის გარდაცვალების მერე მან აქ ცხოვრების უფლება მომცა და შემპირდა ხელს არ დამაკარებდა და პირობას ნამდვილად ასრულებს!


ჯერჯერობით სულ ესაა, რაც მაქვს დაწერილი. აბა როგორ მოგწონთ ისტორია? ჩემი პირველი მცდელობაა



№1  offline წევრი Koala°

Kargia sainteresodaa moqmedeba ganvitarebuli❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent