შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" ადამიანად დაბადებული"


16-06-2022, 10:23
ავტორი ტერიკო74
ნანახია 1 679


ერთ საფლავთან დაბალ, ბეტონის ღობეზე იჯდა და საკურთხად დატოვებულ პურს შეექცეოდა. იქვე ბოთლით ღვინოც ედგა. ხელისკანკალით მოხსნა საცობი ბოთლს,ცოტა საფლავზე წააქცია,მერე რაღაც ჩაიბუტბუტა და მოწყურებულივით დაეწაფა.

არავინ იცნობდა ანასეს.მუდამ ჭუჭყიანი ტანსაცმლით,გაბურძგნული თმითა და წვერით, მხრებში მოხრილი მიაბიჯებდა ხოლმე გზაზე. ყველა შემხვედრს გაუღიმებდა და პირში დარჩენილ სამ ცალ კბილს დაანახებდა.სალამს გულმოსაკლავ სიმღერასაც დაურთავდა. ერთი ჰქონდა ამოჩემებული და დღე და ღამ იმას ღიღინებდა სევდიანად.

გიჟია,არ გაეკაროთო, მშობლები შვილებს აფრთხილებდნენ მის დანახვისას. ბავშვებიც შიშით უვლიდნენ გვერდს. ცოტა რომ მოშორდებოდნენ და სამშვიდობოს დაიგულებდნენ თავს, მერე დაუყვირებდნენ - ანასე,გიიჟოო! ანასე, გიიჟოო!
სიბრალულით გახედავდა ხოლმე ანასე ბავშვებს,დანანებით გაიქნევდა თავს და მხრებს უარესად ჩამოჰყრიდა.

- დედა, ანასე მართლა გიჟია? - ერთადერთი იყო მაშიკო იმ ბავშვებში, ანასეს რომ არ და ვერ დასცინოდა.
- გიჟია,ჰო.. რამე ხომ არ დაგიშავა?- შეშფოთებულმა შეხედა შვილს დალიმ.
-არა,დე..არავის არაფერს უშავებს და რატომ არის გიჟი?- ცნობისმოყვარე თვალებით დააკვირდა დედას.
- ასე ამბობენ და რა ვიცი..ახლოს არ გაეკარო,იცოდე!- მკაცრად გააფრთხილა.

მაშიკომ მხრები აიჩეჩა. ვერაფრით ხვდებოდა რატომ ეძახდნენ ანასეს გიჟს. სულ სევდიანი ღიღინით დადიოდა თავისთვის და გზად ამოსულ ყვავილებს ეფერებოდა კაცი. ბევრჯერ დაუნახავს მაშიკოს,თითო ფოთოლს როგორ ეალერსებოდა ანასე. ხან ცას ახედავდა, თუ მზე იყო,ხელებს გაშლიდა,თითქოს გულში იკრავდა გავარვარებულ ბურთს. თუ ღრუბელი იყო,თითით ჰაერში ხატავდა ,ვინ იცის რას,ან ვის,სახეზე დაცემულ წვეთებს კი ნაღვლიანად უღიმოდა.ყველაზე მეტად ქართან უყვარდა "თამაში".პატარა ბავშვივით მისდევდა ქარისგან ახვეტილ ფოთოლსა,თუ ნაფოტს.
ერთი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული მდინარის პირზე. იქ ჩამოჯდებოდა და პატარა ქვებისგან სახლს აგებდა,თან შორს მობანავე ბავშვებს თვალცრემლიანი გაჰყურებდა.
სოფელში საიდან მოვიდა ანასე,ან სად დასახლდა, რას ჭამდა და ღამეს სად ათევდა,ვერავის გაეგო.ერთ ზამთრიან დღეს გამოჩნდა და იმის შემდეგ ხშირად ხედავდნენ ხან გზაზე,ხან მდინარეზე და ხან ტყის პირზე.
მთელი დღეები ასე აღმა-დაღმა დადიოდა სანაგვეზე ნაპოვნი ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით.

ერთ დღეს მაშიკო თვითონ აედევნა ანასეს. ჯერ ჩუმად მიუყვებოდა მის ნაბიჯებს უკან,მერე გვერდი გაუსწორა და კაცს სახეზე დააკვირდა.
-არავინ დაგინახოს,გაგიბრაზდებიან,- ანასეს ხმაში ტკივილი ჩანდა.
- მე არ მეშინია შენი,- ხმადაბლა უთხრა მაშიკომ და მის გვერდით განაგრძო სიარული.
-კარგი გოგო ხარ შენ,მაშიკო,- სევდიანად გაუღიმა ანასემ.
-ჩემი სახელი საიდან იცი? - გაკვირვებულმა შეხედა.
- ყველას სახელი ვიცი,ყველასი..- დარდიანად ამოიოხრა.
- იმ დღეს დაგინახე, მიწას ელაპარაკებოდი,- ინტერესით მიაჩერდა მაშიკო.
- შენ არ ელაპარაკები მიწას?- ანასე შეჩერდა და გოგონას გამომცდელად დააკვირდა.
- მიწას?- მაშიკოც შეჩერდა და ძირს დაიხედა.
-ჰო,მიწას.. მიწას მოფერება უნდა და მადლობის გადახდა..
- რატომ?
- იმიტომ რომ ჯერ ხომ ჩვენ დაგვატარებს თავის ზურგზე, უსასყიდლოდ გვემსახურება,მერე რამდენ ნაყოფს გვაძლევს? ერთს არ დაიჩივლებს,პირიქით,როცა გარდავიცვლებით,ჩვენს სხეულსაც კი გულში იკრავს.. აბა,დაფიქრდი?

მაშიკომ მზერა გაუსწორა ანასეს,ასე ახლოდან არასდროს უნახავს მისი თვალები,ნაღვლით და ფიქრით სავსე.
-- ანასე გიჟიაო,ასე ამბობენ..- თქვა მაშიკომ და ცრემლები მოაწვა.
- შენ?
- რა მე?
- შენ რას ფიქრობ,გიჟი ვარ?- ტკვილიანად გაეღიმა ანასეს.
- მე..მე..- ყელში ბურთივით აუგორდა მაშიკოს,ხმა ვეღარ ამოიღო,ცრემლიანი თვალებით შეხედა მის წინ მდგომ მხრებჩამოყრილ ანასეს,მერე უცებ შეტრიალდა და სირბილით დაეშვა დაღმართზე. ანასემ იქამდე უყურა ,ვიდრე მაშიკო თვალს არ მიეფარა.
-ადამიანად დაბადებული,- თქვა ანასემ და გეზი სასაფლაოსკენ აიღო.

***
- დედა, მიწას ეფერები ხოლმე?- მაშიკო დედას მიუჯდა და კალთაში ჩაუდო თავი.
- ეგ საიდან მოიტანე,მაშიკო?- გაეცინა დალის.
- ისე..მიწა ზურგით რომ გვატარებს,მადლობა ხომ უნდა ვუთხრათ,დე?
- კი,უნდა ვუთხრათ..- ჩაფიქრებული ხმა ჰქონდა დალის.
- ბებო და პაპა რომ მოკვდნენ,ისინიც ხომ მიწამ ჩაიკრა გულში?
- მაშიკო,რაებზე ფიქრობ?- თავი ააწევინა და სახეზე დააკვირდა.
- დღეს ანასე დავინახე,მიწას ელაპარაკებოდა და ეფერებოდა,- არ უთქვამს ახლოდან რომ ესაუბრა.
- იმ გიჟს რას უყურებ,ეგ სულ მასე ბოდავს!- გაბრაზდა დალი.
-მიწას,ყვავილებს,მზეს,მთვარეს,ღრუბელს,წვიმას,ქარს,ამათ რომ ეფერება იმიტომ არის გიჟი,დე?- გამომწვევად გაუსწორა თვალი დალის.
- არავინ ვიცით,საიდან მოეხეტა..ხომ უყურებ რა ბინძურად დადის? თან სულ მღერის,გიჟივით იცინის! შეიძლება რამე დაუშავოს ხალხს..როცა დაინახავ,შორიდან მოუარე იცოდე! - თვალები დაუბრიალა შვილს.

მაშიკო ნაწყენი გაეცალა დედას და შორიდან დაუძახა ნიშნისმოგებით ,
-ანასე ჭკვიანია!

***
მეორე დღეს ბავშვები ჟივილ-ხივილით მიდიოდნენ მდინარეზე.მაშიკოც მათთან ერთად მიაბიჯებდა მხიარულად.
ანასე თავის არჩეულ ადგილზე,მდინარის პირთან იჯდა და პატარა ქვებისგან აშენებულ სახლს დასცქეროდა.
- გიჟი ანასე,გიჟი ანასე,- ერთმანეთს გადაჩურჩულეს ბავშვებმა.
- არ არის გიჟი!- ბრაზით დაუყვირა მაშიკომ მეგობრებს და კაცისკენ დააპირა წასვლა.
უცებ,გვერდიდან დიდმა ქვამ ჩაუქროლა,რომელიც ანასეს აშენებულ ქვის სახლს მოხვდა და ჩამოიშალა.
ბავშვებმა სიცილი დასცხეს.
-აჩიკო,რა მიზანი გქონია,- ხარხარით შეაქეს მსროლელი.
მაშიკოს სახე მოექუფრა, უკან მიტრიალდა და აჩიკოს ისეთი გაულაწუნა , უცებ დაეტყო ბიჭის ლოყას ხუთი თითი.
ბავშვებმა სიცილი შეწყვიტეს და გაოცებულები მიაჩერდნენ მაშიკოს,რომელსაც სიბრაზით აელვებოდა თვალები.
- მეორედ არავინ გაბედოს ანასეს წყენინება!- ანთებული მზერა მოატარა ბავშვებს და ანასესკენ წავიდა.
გაწბილებული და შერცხვენილი აჩიკო სირბილით გაიქცა სახლისკენ.

მაშიკო ანასესთან უხმოდ ჩამოჯდა და ჩამოშლილი ქვების ერთმანეთზე დაწყობას შეუდგა.
ანასეც უხმოდ ადევნებდა თვალს მაშიკოს პატარა თითებს..სათქმელი აღარაფერი იყო.

სანამ ბოლომდე არ ააგო ქვის სახლი მაშიკომ,იქამდე არ მოეშვა. რამოდენიმეჯერ ჩამოეშალა კიდეც,მაინც მთელი მოთმინებით და მონდომებით დებდა ქვას ქვაზე. დრო და დროს წარბქვეშიდან გახედავდა ხოლმე ანასეს, რომელიც სევდიანი ღიმილით უყურებდა.

- შენი უფრო ლამაზი გამოვიდა,- უთხრა ბოლოს ანასემ.
- მარტო სახლებს რატომ აშენებ ხოლმე?
- ამ ქვებში ჩემს ტკივილს ვაქსოვ..სახლი,ეჰ,სახლი..- ხელი ჩაიქნია ანასემ.
- სახლი არ გაქვს?- გაოცდა მაშიკო.
- მქონდა..დიდი სახლი მქონდა..
- მერე?
- დაიწვა.. ყველა და ყველაფერი შიგ ჩაიფერფლა..- თქვა და მხრები აუცახცახდა.
- დაიწვა?- გაოგნებულმა მაშიკომ პირზე აიფარა ხელი.
- ჩემს შვილსაც მაშიკო ერქვა.. შენსავით ლამაზი და კეთილი იყო,- ცრემლები გადმოსცვივდა ანასეს და სახე ხელებში ჩამალა.
მაშიკოს ასეთი სიმძიმე არასდროს უგრძვნია პატარა გულზე. თითქოს ლოდი დაადესო, ჰაერიც ვერ იკმარა.
"მამას ვთხოვ,იქნებ დაეხმაროს"- გაიფიქრა მაშიკომ და ფეხზე წამოდგა. ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო,რომ ჩოჩქოლის ხმა შემოესმა. აჩიკოს დედ-მამა მოდიოდნენ გაავებულები და უკან მოჰყვებოდნენ მეზობლებიც. მაშიკომ იფიქრა,ჩემსკენ მოდიანო,შეშინებულმა დაიხია უკან,თუმცა როდესაც ანასეს ჩაავლეს ხელი და უყვიროდნენ, ბავშვს როგორ დაარტყი შე გიჟოო,მაშინღა მიხვდა ყველაფერს.
აჩიკომ მაშიკოსგან დამსახურებულად მიღებული სილა ანასეს გადააბრალა.
- ანასეს არ დაურტყამს,მე დავარტი,მეე. - ტირილით დარბოდა მაშიკო და ცდილობდა ბრბოს შუაში მომწყვდეულ ანასეს გადაფარებოდა.
უმოწყალოდ სცემდნენ,თან ათას უშვერ სიტყვებს იშველიებდნენ. მთელი სახე წითლად შეეფერა ანასეს.მაშიკოს განწირულ კივილს არავინ აქცევდა ყურადღებას.
- დაანებეთ თავი! არ არის გიჟი! მე დავარტყი აჩიკოს!- ამაოდ ყვიროდა მუხლებზე დაცემული.
უყურებდა გავეშებულ ხალხს და ნელნელა ზიზღი ესახებოდა სახეზე. თავბრუსხვევა და გულისრევა რომ იგრძნო, წამოდგომას ეცადა,თუმცა ისე დატრიალდა დედამიწა,ერთმანეთში აირია ანასეს სისხლიანი სახე და ამ სისხლს მოწყურებულთა პირები.

***
- ისევ მაღალი აქვს სიცხე,-სოსო შიშით დაჰყურებდა თერმომეტრს.
- რა უნდოდა იმ გიჟთან კი მაგრამ?- ბრაზს ვერ იცხრობდა დალი.
-რა დროს ეგ არის, გოგო,იწვება ბავშვი,- სოსომ შუბლზე ხელი გადაუსვა მაშიკოს.
-ანასე..- ძლივს ამოილუღლუღა ბავშვმა.
- რა თქვი,მამა?- სოსო მაშიკოსკენ დაიხარა. ბავშვმა გამშრალი ტუჩები ერთმანეთს დააჭირა.
- ისევ იმ გიჟის სახელსა ბოდავს!- თავი გააქნია დალიმ.
- ექიმს დავურეკო?- სოსოს მოსვენება ჰქონდა დაკარგული.
- ისევ იგივეს გვეტყვის,ნერვიულობის ბრალია,დაუწევსო..მეც აღარ ვიცი,რა ვქნა?- საგონებელში იყო დალიც.

ერთ კვირაში კი დაეწია სიცხე მაშიკოს,ოღონდ ჭამაც შეწყვიტა და საუბარიც.იჯდა თავისთვის ეზოში და პატარა ქვებისგან სახლებს აშენებდა. თან თითქოს ვიღაცას ელაპარაკებოდა მუნჯურად.

მთელ სოფელს მოედო მაშიკოს ამბავი. სულ იმ გიჟის ბრალიაო,ანასეს აბრალებდნენ. ანასე იმ დღის შემდეგ აღარავის ენახა. არც ცოცხალი ჩანდა,არც მკვდარი.
მდინარის პირზე მიაგდეს და მიატოვეს,თითქოსდა ჭიანჭველა გაესრისოთ და არა ადამიანი.

***
- წეღან ჯონი შემხვდა,- შეფიქრიანებული ჩანდა სოსო.
-მერე,როგორაა აჩიკო?- უხალისოდ იკითხა დალიმ.
-აჩიკო მართლა საცემია,-სიბრაზე ვერ დამალა სოსომ.
- რა მოხდა?- გაუკვირდა დალის.
- არ დაურტყამს იმ უბედურს,არა..
- რას ამბობ,აბა,ტყუილად სცემეს ის გიჟი? !
-არც გიჟია, ის საცოდავი,- ხელი ჩაიქნია სოსომ და კარისკენ წავიდა.
- სად მიდიხარ,კაცო?- უკან მიჰყვა დალი.
არაფერი უპასუხია სოსოს,გზა და გზა სინანულით აქნევდა თავს.

მთელი თვე ისე მიილია, მაშიკოს ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მთელი ეზო პატარა ქვის სახლებით გაევსო და საათობით უყურებდა მიწაზე მჯდომი თავის ნახელავს სევდიანი თვალებით.

სოსო ყოველ დღე სადღაც იკარგებოდა.დალის შეკითხვაზე,თუ სად დადიოდა, ხმას არ იღებდა.
- მეღუპება ოჯახი,- ჩაილაპარაკებდა გულმოკლული დალი და მაშიკოს დიდი ხვეწნა მუდარით შეაჭმევდა ხოლმე ორ ლუკმას.

***
ცივი შემოდგომა დადგა. ქარი და წვიმა ერთმანეთში ირეოდა. მაშიკო ფანჯარასთან იდგა და თითით ჰაერში ხაზავდა ღრუბლებს. ეზოს ჭიშკარში შემოსულ მამას გახედა, ლაბადაზე წურწურით გასდიოდა წვიმის წყალი, მის უკან მდგომს კი ძველი, საკმაოდ შელახული შინელში ეცვა და თავზეც უხეიროდ ჩამოეფხატა შავი ნაქსოვი ქუდი. მაშიკოს ხელი ჰაერში გაუშეშდა.
სტუმარს დააკვირდა და თვალებს არ დაუჯერა.
მამის გვერდით მდგომი სიყვარულით უღიმოდა მაშიკოს.

- დეედაა! ჩემი ანასე მოვიდა,დეედაა!

დასასრული



№1 სტუმარი Ana-maria

წავიკითხე და ვიტირე. მაშიკო-ერთი ციდა გოგონა და უკვე დიდი ადამიანი!!! ანასე-კაცი რომელმაც ყველაფერი დაკარგა,მაგრამ მაშიკომ და სოსომ დაუბრუნეს.სუპერ ისტორია. წარმატებები

 


№2 სტუმარი One

Suntqva shemekra, ghmerto ra saocrebebs qmni nina❤️
Cxovrebis wesad da magalitad unda iyos sheni shemoqedeba. Usazghvrod gonieri khar, udidesi pativiscema chemgan)

 


№3 აქტიური მკითხველი ablabudaa

მართლა რა საოცარი ისოტორა იყო ძალიან ბევრი ვიტირე… ვერ გადმოგცემ ემოციას რასაც შენი ანწერი გვაძლევს ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

კიდევ ერთი შედევრი და თავაწყვეტილი ცხელი ცრემლები.მაშოსნაირი ადამიანები რომ არსებობენ ,ამიტომაც არ შეწყვიტავს არსებობას,ვერ გავექცევით ბუნების კანონზომიერებას.ადამიანზე კეთილი და ბოროტი არავინაა..რა ტკბილი ხარ მაშიკო.

 


№5  offline წევრი TristA

საოცრება იყო, როგორც ყოველთვის✨

 


№6 სტუმარი სტუმარი sofi

საოცრება ხარ ნინა

 


№7 სტუმარი სტუმარი კრავაი

ისეთი დაძაბული ვკითხულობდი, დასასრულის მედინოდა და ფინალში შვებით ამოვისუნთქე. კარგი იყო!

 


№8  offline წევრი beshqen

აი,რა კომენტარი უნდა დავწერო,შეუძლებელია მე სიტყვებიტ გადმოვცე,რასაც ვგრძნობ,დამუნჯებული ვაარ

 


№9  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

მეგობრებო,ჩემო ძვირფასებო ♡
უღრმესი მადლობა თქვენ ♡
მიყვარხართ და გიხუტებთ გულში ♡♡

 


№10  offline წევრი teko❤️❤️❤️

Oqros guli da oqros xelebi gaqvs es rogor matire ❤️❤️❤️❤️ sityvebi martla zedmetia

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინო123

რა უნდა დაწეროს. Ამ პატარა ნოველები რამდენი სიბრძნე. Სიყვარული გადაარჩენს სამყაროს

 


№12 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ყველაზე ადამიანურ ისტორიებს წერთ. აი სულში და გულში რომ გაივლის -ისეთს.მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent