შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფარვანა ( 6 )


16-06-2022, 21:17
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 691

ნინის თმებში თავჩარგულს ეძინა ნიკოლოზსს, ხელი მის წელზე ჰქონდა შემოხვეული, მშვიდად ფშვინავდა და სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა, ტელეფონის ზარმა დაურღვია მყუდროება და სიზმრების სამყაროს მოსწყვიტა, ხელის ცეცებით იპოვა ტუმბოზე მიგდებული, აწრიალებულ ნინის გადახედა, საწოლიდან წამოხტა და აივანზე გავიდა რომ არ გაეღვიძებინა, ახლაღა დახედა საათს, ღამის პირველის ნახევარი იყო, ლუკა ურეკავდა, თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა, ლუკა და თანაც ღამის პირველის ნახევარზე? ნეტავ რა უნდა მომხდარიყო? ბოლოს რომ ნახა და მისსავე ოფისში ლილიას შესახებ ესაუბრა მას მერე ერთი კვირა გავიდა, ლუკასთან აღარ უსაუბრია, თუმცა ნინისგან იცოდა რომ თურმე სულ რამდენიმე წუთით გაგრძელებულა მათი საუბარი, მე და ლუკა ყველაფერზე შევთანხმდითო უთქვამს ლილიას მეგობრისთვის, მეტი არაფერი იცოდა ნიკოლოზმა, მეხუთე დღე იყო საყვარელ ქალთან ერთად ახალშეძენილ სახლში მარტო ცხოვრობდა, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო და ნინის გარდა სხვა ვერაფერზე ვეღარ ახერხებდა ფიქრს...
- ხმაზე გეტყობა რომ გაგაღვიძე მაგრამ ერთადერთი ვისთანაც დარეკვა შემეძლო შენ ხარ, სხვას ამ თემაზე ვერ დაველაპარაკებოდი, -აშკარად ეტყობოდა ლუკას როგორი მთვრალი იყო.
- ვიცი აუცილებელი რომ არ იყოს არ დამირეკავდი, გისმენ, -დაბალწვერიან სახეზე თითები ჩამოისვა და მოაჯირს დაეყრდნო.
- ბარში ვარ მარტო, ვსვავ და შენთან ლაპარაკი მჭირდება, უნდა მოხვიდე, -მოკლედ მოჭრა ლუკამ და გაყუჩდა, წარბები მაღლა აზიდა გაკვირვებისგან ნიკოლოზმა, კიდევ ერთხელ მოახერხა მისი გაოცება ლუკამ, როგორც იცოდა ის არასოდეს სტუმრობდა ასეთ დროს ასეთ ადგილებს, მითუმეტეს მარტო და მითუმეტეს არასდროს სვავდა იმდენს რომ გონება არეოდა, არადა აქედანაც კი ატყობდა რომ კარგად ვერ იყო...
- მისამართი მომწერე, გამოვდივარ, -მოკლედ უპასუხა და გათიშა, ოთახში შებრუნებულს ნინი საწოლზე წამომჯდარი დახვდა.
- მაპატიე რომ გაგაღვიძე საყვარელო, -გვერდით მიუჯდა, წელზე ხელი შეუცურა, მიიზიდა და საყვარლად გაბუსხული ტუჩები დაუკოცნა.
- ნიკ რა ხდება? რატომ გღვიძავს, რამე სერიოზულია? -როგორც კი მის ტუჩებს მოსწყდა და სული მოითქვა კითხვების კორიანტელი დააყარა.
- ცოტა ხნით უნდა გავიდე, ლუკამ დამირეკა მგონი კარგად ვერ არის და ჩემთან საუბარი უნდა.
- რაზე უნდა გესაუბროს ამ შუაღამისას?
- მგონი ვხვდები რაზეც.
- შენ ფიქრობ რომ ლილიაზე? -შუბლი უკმაყოფილოდ შეჭმუხნა ნინიმ.
- ჰო დარწმუნებული ვარ რომ ასეა, მართალია შენი დაქალი არაფერს გვიყვება მაგრამ ვიცი როცა ერთმანეთს შეხვდნენ რაღაც მოხდა მათ შორის, სულ ორი წუთი გაგრძელდა მათი შეხვედრა, მას შემდეგ ლუკა სადღაც აორთქლდა და დღევანდლამდე არ გამოჩენილა, სამსახურშიც კი არავის უნახავს, ახლა კი შუაღამისას მთვრალმა მე დამირეკა და არა რომელიმე თავის ახლო მეგობარს, ესე იგი ისეთ თემაზე უნდა ლაპარაკი რაზეც მათ ვერ დაელაპარაკება და მე უკეთ გავუგებ, სხვა რა თემა უნდა იყოს თუ არა ლილია?
- ნიკ არ ვიცი რა უნდა მაგრამ ძალიან გთხოვ, დაელაპარაკე აუხსენი რომ...
- დამშვიდდი, ვიცი რასაც მეტყვი, ხომ იცი რომ მეც ძალიან მიყვარს, არავის მივცემ უფლებას რომ აწყენინოს, თუმცა თუკი ცოტათი მაინც მეხერხება ადამიანების ცნობა გეტყვი რომ ლუკა უკანასკნელია ვინც მას გულს ატკენს, ცივ და სასტიკ ადამიანს თამაშობს მაგრამ არ არის ასეთი, მითუმეტეს ლილიასთან ვერ იქნება სასტიკი, ვერ მოახერხებს...
- ჰო მაგრამ მათ ხომ მოახერხეს სასტიკები ყოფილიყვნენ, მას რა შეუშლის ხელს... -პირზე ხელი აიფარა როცა მიხვდა რომ ზედმეტი წამოსცდა, დაეჭვებით შეხედა ნიკოლოზმა.
- რას გულისხმობ?
- მე... მე არაფერს, უბრალოდ ის ძველი დრო ვიგულისხმე, ცოტნეს მამა, მისი მშობლები... -ძლივს მოუყარა სათქმელს თავი და იმით განერვიულებულმა რომ ტყუილს ეუბნებოდა თავი ჩახარა.
- ვიცი რომ მატყუებ, -თავი ააწევინა ნინის და აიძულა მისთვის მზერა გაესწორებინა, -ვიცი რომ მატყუებ მაგრამ იმასაც ვხვდები რომ ლილიამ გთხოვა არავისთვის გეთქვა, თავს ცუდად ნუ იგრძნობ იმის გამო რომ ვერ მეუბნები, ყველაფერი მესმის.
- ამას როგორ ახერხებ? -თვალებზე უცაბედად მომდგარ ცრემლს ვერაფერი მოუხერხა.
- რას?
- რომ ასეთი იდეალური იყო.
- შენ მხდი ისეთს როგორიც ვარ, -ღიმილით დაიჩურჩულა ნიკოლოზმა, ფრთხილად აყვა ტუჩებით სახეზე და ცრემლიანი თვალები დაუკოცნა.
- - - - - - - - - - -
მარტოდმარტო გაუნძრევლად იჯდა ჩაბნელებულ კუთხეში მდგარ მაგიდასთან და სასმლით სავსე ჭიქას ჩაჰყურებდა, ბარი ხალხით იყო სავსე თუმცა ყურადღებას არავის აქცევდა, რამდენჯერმე უხეშად მოიშორა მასთან მისული გოგონები, სასმელი ერთ ყლუპად გამოცალა და კიდევ ერთხელ შეავსო ჭიქა, სიგიჟის პირას იყო მისული, უკვე ერთი კვირა იყო გასული მას შემდეგ რაც ლილიას შეხვდა და ვერაფრით მოახერხა გონებიდან ამოეგდო, ყველგან მისი დიდი ლურჯი თვალები ელანდებოდა, ნებისმიერ ქალში მას ხედავდა, მთელი კვირაა სამსახურში არ ყოფილა, მეგობრები არ უნახავს, სახლში განდეგილივით გამოკეტილი სასმელში ახრჩობდა დარდს, თავის თავი ასეთი არ ახსოვდა, არასდროს ყოფილა სუსტი და დაბნეული, თუმცა რაც იქ საკუთარ ოფისში მის წინ მორცხვად აწურული პატარა სუსტი გოგონა დაინახა დიდი ლურჯი თვალებით, შეეშინდა...
არასდროს უგრძვნია შიში, არც მაშინ როცა სრულიად მარტო დარჩა ამ უღმერთო სამყაროში, არც მაშინ როცა ყველა გზა მოჭრილი და ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა, მაგრამ როცა ლილია დაინახა დაფრთხა, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და შეეშინდა... საკუთარი არანორმალურად აჩქარებული გულისცემა რომ იგრძნო, პირი რომ გაუშრა, გონებაში დაწყობილ დალაგებული მისთვის სათქმელი წინადადებები სადღაც რომ გაუფრინდა და სიტყვები ყელში გაეჩხირა...
- აბა როგორ ხარ, -შეკრთა როცა ნიკოლოზის ხელი იგრძნო მხარზე და ამღვრეული თვალებით შეხედა.
- ვერ გავიგე როდის მოხვედი, ვერ დაგინახე, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა.
- როგორ დამინახავდი აშკარად არ იყავი ამქვეყნად, სად დაფრინავდი?
ნიკოლოზის სიტყვებზე უცნაურად დაემანჭა სახე, მერე კიდევ ერთხელ შეივსო ჭიქა მეორე ჭიქა კი მას მიუწია.
- დალევ?
უხმოდ გამოცალა ჭიქა ნიკოლოზმა, საზურგეს მიეყრდნო, ფეხები თავისუფლად გაშალა და ერთმანეთზე აკრულ მოცეკვავე წყვილებს გაუშტერა მზერა, ერთხანს თვალებმოჭუტული შესცქეროდა ლუკა, ბოლოს როცა მიხვდა რომ არაფრის თქმას არ აპირებდა ვეღარ მოითმინა.
- არაფერს მკითხავ? არ გაინტერესებს ამ შუაღამისას რატომ დაგირეკე მაინცდამაინც შენ და რატომ გთხოვე აქ მოსვლა?
- რათქმაუნდა მაინტერესებს, უბრალოდ ველოდები როდის დაიწყებ ლაპარაკს, -წამოიწია და ღიმილით შეათვალიერა მის გვერდით მჯდომი მამაკაცი, ცუდად გამოიყურებოდა, ასეთი ლუკა არასოდეს ენახა, წვერ გაუპარსავი, უწესრიგოდ აჩეჩილი თმით და ჩაშავებული უპეებით, აშკარა იყო რომ რაღაც აწუხებდა და ამ რაღაცაზე ლაპარაკის დაწყება ძალიან უჭირდა.
- აქ იმისთვის ვარ რომ მოგისმინო, თუ არ მეტყვი რა ხდება ვერც შენს დახმარებას შევძლებ, -ამჯერად თვითონ შეავსო ჭიქები.
- უცნაური კაცი ხარ, -გაეღიმა ლუკას.
- ჰოო, პირველი არ ხარ ვინც ამას მეუბნება.
- მადლობა რომ მოხვედი.
- საჭირო არ არის, უბრალოდ მითხარი რა გაწუხებს.
- ლილიაზე უნდა გელაპარაკო, -პირდაპირ დაიწყო და როცა დაინახა რომ ნიკოლოზსს არანაირი რეაქცია არ ჰქონია ჩაეღიმა, -დარწმუნებული ვარ იცი რაც უნდა გითხრა მაგრამ არ იცი როგორ მიჭირს ამ თემაზე საუბარი, ერთი კვირის წინ იყო ჩემთან შეხვედრაზე და...
- და მთელი შენი ცხოვრება თავდაყირა ამოატრიალა, ასე ნუ მიყურებ, ყველაფერი სახეზე გაწერია, მიდი გააგრძელე გისმენ.
- იცი როგორ ვნანობ რომ მასზე ამდენი ხანი არასწორი წარმოდგენა მქონდა? თავიდანვე რომ დამეჯერებინა ცოტნესთვის, მისი სიყვარული რომ მერწმუნა, რომ ჩამოვსულიყავი, იქნებ... იქნებ...
- ფიქრობ რომ აქ მის გვერდით თუ იქნებოდი შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო? შეიძლებოდა რომ არ დაღუპულიყო?
- ჰო ამაზეც ვფიქრობ მაგრამ...
სიტყვები თითქოს ენის წვერზე გაუჩერდა და ხმა ვეღარ ამოიღო, თავი ჩახარა და ჭიქას ისე მოუჭირა თითები ცოტაც და ხელში შემოატყდებოდა, ქვედა ტუჩს გამეტებით იკბენდა და სისხლს ენით ილოკავდა, უყურებდა ნიკოლოზი და ხვდებოდა როგორ იყო გაორებული, როგორ ჭამდა შიგნიდან უთქმელი და ჯერ ვერ გააზრებული გრძნობები და როგორ ანადგურებდა დანაშაულის შეგრძნება იმის გამო რომ მეგობრის ცოლი მოეწონა და დიდი ალბათობით ერთხელ მაინც რამდენიმე წამით ისიც კი გაიფიქრა რომ რაღაც მხრივ კანონზომიერი იყო ცოტნეს სიკვდილი...
- იცი რა მითხრა? რაზეც გინდა ხელს მოგიწერ ჩემთვის სულ ერთია არაფერს არ აქვს მნიშვნელობაო, უბრალოდ მინდა რომ მე და ცოტნე მშვიდად და წყნარად ვცხოვრობდეთ ჩვენთვის, მისი დატოვებული ფული არ მაინტერესებს, შენი მეგობარი იყო, ძალიან უყვარდი და ყველაფერი შენი იყოსო, წარმოგიდგენია? ასე უბრალოდ თმობს ყველაფერს.
- შენ რას ელოდი ლუკა?
- ყველაფერს იმის გარდა რაც ვნახე და მოვისმინე, -სახე ხელებში ჩარგო და ამოიხვნეშა, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა მის მიმართ შექმნილი, ისე მყავდა გონებაში დახატული... ძალიან გამიჭირდა მისი ასეთის ნახვა...
- როგორის?
- სუსტის, შეშინებულის, მიამიტის, დაუცველის...
- და ძალიან ლამაზის.
- ჰო, ძალიან ლამაზის, უსაშველოდ ლამაზის ნიკოლოზ და უსაშველოდ სევდიანის, ის ულამაზესი ლურჯი თვალები ისეთი ტკივილით ჰქონდა სავსე...
ერთი კვირაა თავიდან ვერ ამოვიგდე, მგონია ჭკუიდან შევიშლები, ყველგან მას ვხედავ, ყველაში მას ვხედავ, როგორ შეიძლება მასზე ასე ვფიქრობდე, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, ის ცოტნეს ცოლი იყო...
- სწორად ამბობ, იყო.
- ჰო მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ, ვერ ვხვდები ასე რამ გამაგიჟა, ისეთი საოცარი სურნელი ჰქონდა... პატარა ბიჭივით დავიბენი, რაღაც საქმე მოვიმიზეზე რომ შეხვედრა შემეწყვიტა და გიჟივით უკანმოუხედავად გავიქეცი კომპანიიდან, იმ ღამით უზომოდ ბევრი დავლიე და დილით მის სახლთან გამეღვიძა მანქანაში, მთელი კვირაა აჩრდილივით უკან დავდევ, სამსახურს გულს ვეღარ ვუდებ, ზარებს არ ვპასუხობ, ქალებზე ლაპარაკიც ზედმეტია, არ მძინავს, ვერ ვჭამ, მთელი დღე მის სახლთან ვდგავარ რომ რამდენიმე წუთით მაინც მოვკრა თვალი როცა მაღაზიაში ჩამოდის, ახლოს მისვლას კი ვერ ვბედავ, ისეთი არაჩვეულებრივია, ისეთი შორეულია ჩემთვის, ისეთი მიუწვდომელი... მგონი ვგიჟდები, ვგიჟდები?
არეული მზერით შეხედა ნიკოლოზს რომელიც მშვიდად და ოდნავ ღიმილ შეპარული უსმენდა, არ აწყვეტინებდა, ამაოდ ეძებდა ლუკა მის სახეზე რამე ზიზღისმაგვარს, გაკიცხვას ან რაღაც ისეთს რაც მიახვედრებდა რომ არასწორად იქცეოდა, რომ მისი ფიქრები და განცდები არასწორი იყო, ამაოდ ეძებდა...
- ცხოვრება გრძელდება მეგობარო, -ნიკოლოზმა მხარზე ხელი მოუჭირა ლუკას რომელსაც მთელი ვნებათაღელვა სახეზე ეწერა, -ცოტნე შენზე არანაკლებად მიყვარდა, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, მაგრამ რაც არ უნდა ძნელი იყოს ამის გააზრება ის აღარ გვყავს, ჩვენთან აღარ არის და არც არასოდეს დაბრუნდება, ლილია მარტოა და როგორც შენ მასაც აქვს უფლება რომ ცხოვრება გააგრძელოს და ბედნიერი იყოს.
- ესე იგი შენ არ ფიქრობ რომ...
- მე არ ვფიქრობ რომ შენი გრძნობები მის მიმართ არასწორია, უბრალოდ მინდა კარგად გაერკვე შენს თავში და გაიგო რა გინდა მისგან, ლილია კიდევ ერთ იმედგაცრუებას, მეტ ტკივილს ვეღარ გადაიტანს.
- ყველაზე ნაკლებად ის მინდა რომ მას რამე ვატკინო და ვაწყენინო, უბრალოდ არ ვიცი მაქვს კი შანსი? მასთან მიახლოებასაც კი ვერ ვბედავ როგორ უნდა მოვახერხო და დავუახლოვდე, ასე მგონია თუ შევეხები ჩემი გული ვერ გაუძლებს, ჯანდაბა ნიკოლოზ არ მჯერა რომ ამ ყველაფერზე გესაუბრები, -გრძელი თითები თმებში შეიცურა და ისედაც აჩეჩილი თმა კიდევ უფრო აიჩეჩა, სასმლისგან და სხვადასხვა გრძნობების ნაზავისგან აწითლებული სახით შეხედა ნიკოლოზსს და მანაც ღიმილი ვერ შეიკავა, აი სწორედ ეს იყო ნამდვილი ლუკა, ჩვეულებრივი, გულწრფელი, მისთვის აქამდე უჩვეულო გრძნობებისგან გონებაარეული ახალგაზრდა მამაკაცი, ნიღაბჩამოხსნილი და სულიერად გაშიშვლებული იჯდა მის წინ და სასიკვდილო განაჩენივით ელოდა მის სიტყვებს.
- ხვალ მე და ნინი წყნეთში ავდივართ, ნინის ვეტყვი რომ ლილია და ცოტნეც წამოიყვანოს, -პირდაპირ მიახალა და ახლა უყურებდა როგორ ცდილობდა უკვე საკმაოდ ნასვამი მისი სიტყვების გაანალიზებას.
- ანუ მეც მეპატიჟები? -ეჭვიანი მზერით შეხედა და კიდევ ერთხელ დასწვდა ჭიქას.
- აღარ დალიო, -ჭიქა გვერდზე გასწია და ღიმილით შეხედა, -რათქმაუნდა გეპატიჟები, წამოდი ცოტას დაისვენებ, შენ და ლილიას საშუალება მოგეცემათ ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ, ცოტნეც გაერთობა.
- ცოტნე საოცარი ბავშვია, -ლუკას მისი ხსენებისას ღიმილი გადაეკრა სახეზე და ნიკოლოზი კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ თურმე აქამდე საერთოდ არ ცნობია ლუკა ჟღენტი.
- კარგი ბავშვია, წყნარი, მშვიდი, ჭკვიანი, დედა ძალიან უყვარს.
- და ზუსტად მისნაირი თვალები აქვს, -ამოილუღლუღა და თვალებდახუჭული მიეყრდნო საზურგეს.
- თავიდან ფეხებამდე ხარ გაბმული, -ღიმილით გადააქნია თავი ნიკოლოზმა.
- ვიცი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამას ვაღიარებ, -წამოდგა და ოდნავ შებარბაცდა, -მგონი მართლა ზედმეტი დავლიე, წავიდეთ, ხვალინდელი დღისთვის ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადო, -სასაცილოდ გაშალა ხელები თითქოს წონასწორობას იცავსო და ბედნიერი ღიმილით დაიძრა გასასვლელისკენ.
- - - - - - - - - - -
- კარგი რა ცოტნე რამდენჯერ გითხარი საწოლში ასე ნუ მიძვრები ხოლმე, შენს ოთახში რატომ არ გძინავს? -უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა როცა ზურგზე შეხება იგრძნო, ეუცნაურა მძიმე თითები რომლებიც არაფრით გავდნენ ცოტნესას, როცა თითებმა ჯერ წელზე შემდეგ თეძოზე გადაინაცვლა და ძლიერად მოუჭირა, შიშისგან სული გაეყინა და ყელში გაჩხერილ კივილს ვერაფერი მოუხერხა, ხმა ვერ ამოიღო, თითები ნელ-ნელა ჩაცურდა მის ფეხებშუა, მერე ზემოთ ასრიალდა, აბრეშუმის პენუარიც აიყოლა და შიშველ მკერდზე მტკივნეულად შემოეჭდო, ყურთან აჩქარებული სუნთქვა იგრძნო, მერე სველი ტუჩების შეხება მოშიშვლებულ მხარზე, ვერ ინძრეოდა, მთელი სხეულით ცახცახებდა და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა ლოყებზე.
- გეგონა ვერ მოგაგნებდი? -საძულველი ხმა ჩაესმა და დაფეთებულმა დაჭყიტა თვალები, შეხტა და საწოლიდან გადმოვარდნილი მტკივნეულად დაენარცხა იატაკზე, სხეულის ქვეშ მოყვა მარჯვენა ხელი და ტკივილისგან ამოიკვნესა, თუმცა იმის გააზრებამ რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და სინამდვილეში არ მომხდარა, შვება მოგვარა, ძლივსძლივობით წამოდგა და იქვე საწოლთან მდგარ რბილ სავარძელში ჩაეშვა, საათი დილის ექვსს აჩვენებდა, მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც ორი საათი ეძინა ახლა ნამდვილად ვეღარ დაიძინებდა, თვალები დახუჭა და თავი უკან გადააგდო, თითქმის ერთი კვირა იყო რაც ნინი ნიკოლოზთან გადავიდა საცხოვრებლად და ლილია და ცოტნე მარტო დარჩნენ, გაუჭირდა ლილიას მარტო ყოფნა, მითუმეტეს რომ ჯერ კიდევ არ იყო კარგად, ცდილობდა, ცოტნესთვის ცდილობდა რომ კარგად ყოფილიყო მაგრამ არ გამოსდიოდა, ვერ ახერხებდა იმ ყველაფრის დავიწყებას რაც გადაიტანა, ღამე კოშმარები არ ასვენებდა, დღეც კი ყოველ კუთხეში ფსიქოპათი ძმების ლანდებს ხედავდა, არადა აუცილებელი იყო რაც შეიძლება მალე ჩამდგარიყო ფორმაში, მალე სკოლა დაიწყებოდა და ხარჯებს ხარჯები დაემატებოდა, სამსახური სჭირდებოდა, არ აპირებდა ფეხი ფეხზე გადაედო და ცოტნეს დატოვებული ფული ეხარჯა...

ცოტნეს გახსენებისას უნებურად ამოუტივტივდა გონებაში ლუკას სახე და გაეღიმა, სულაც არ აღმოჩნდა ისეთი როგორსაც ელოდა და როგორსაც ნინი უხატავდა, მართალია ცოტა უცნაურად მოიქცა და საუბარი ვერც კი დაასრულეს ისე მოუხდა იქაურობის დატოვება მაგრამ მაინც სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, რაც მთავარია ცოტნეს მოეწონა ცოტნეს კი არასდროს მოსწონს ცუდი ადამიანები, ისე მართლა რა სიმპათიური იყო, როგორი თვალები ჰქონდა, უზარმაზარი, ღამესავით შავი, ფართო მხრები, გრძელი თლილი თითები, დამათრობელი სურნელი...
- რა ჯანდაბაზე ფიქრობ? -საკუთარ თავს ხმამაღლა შეუტია, -რა სისულელეზე ფიქრობ ლილია რა გჭირს? ლუკა შენი ახლახანს გარდაცვლილი ქმრის მეგობარია და თანაც გარს ისეთი ქალები ახვევია, ძალიანაც რომ გინდოდეს შენნაირ უფერულ არსებას როგორც ქალს არასოდეს შეხედავს...
საკუთარ თავთან საუბარი კარის ხმამ შეაწყვეტინა, ფეხაკრეფით შემოვიდა ოთახში ცოტნე, ისე რომ სავარძელში მჯდომი ლილია არ შეუმჩნევია საწოლს მიუახლოვდა და როცა ცარიელი დაინახა გაკვირვებულმა მიმოიხედა ირგვლივ.
- აქ რას აკეთებ პატარავ ჩემთან ერთად დაძინება გინდა? -კითხა და იმის დანახვისას შიშისგან როგორ შეხტა გაეღიმა.
- ბოდიში თუ შეგაშინე.
- მე... მე უბრალოდ მინდოდა მენახა როგორ იყავი.
- ამ დროს აქ იმისთვის შემოხვედი რომ გენახა როგორ ვიყავი?
- ჰო, შენ ხომ ღამე კოშმარები გესიზმრება და მერე ყოველთვის ტირი, ვეღარ იძინებ, მინდოდა მენახა როგორ იყავი, -მორცხვად დახარა თავი და საკუთარ შიშველ ფეხებს დააცქერდა, ცრემლები ვეღარ შეიკავა ლილიამ წამოდგა, მის წინ ჩაიმუხლა და მოეხვია.
- მაპატიე რომ ასე განერვიულებ, გპირდები დღეიდან ყველაფერი შეიცვლება, კარგად ვიქნები გესმის? შენც კარგად იქნები იმიტომ რომ გვერდით ძველებურად ძლიერი დედა გეყოლება, ხომ გჯერა ჩემი?
- მჯერა, -თავი დაუქნია და ჩვეულებისამებრ მის ყელში ჩარგო პატარა ცხვირი.
- ჰოდა თუ გჯერა მაშინ დაწექი და დაიძინე, მეც გვერდით მოგიწვები, აქ ვიქნები სანამ არ დაიძინებ.
ზემოდან დაჰყურებდა მშვიდად მძინარს და თმაზე ეფერებოდა, დრო იყო იმაზე ეფიქრა რომ საკუთარი სისუსტით და თვითგვემით ცოტნეს აყენებდა ზიანს, დღეიდან ეცდებოდა ყველაფერი შეეცვალა და ახალი ცხოვრება დაეწყო.
- - - - - - - - - - -
ცხრა ხდებოდა როცა ნინიმ დაურეკა, აივანზე იჯდა ლილია, ხელში ქაფქაფა ყავით სავსე ჭიქა ეჭირა და საკუთარ თავს უმეორებდა რომ ცხოვრება არც ისეთი უსამართლოა მის მიმართ როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
- კიდევ რამდენჯერმე რომ გავიმეორო მგონი მართლა დავიჯერებ, -უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა, სახე სიხარულისგან გაებადრა როცა ნინის ნომერი დაინახა.
- იცოდე უარს არ მივიღებ, -გამარჯობის მაგივრად მიახალა ნინიმ და სიტყვაც არ ათქმევინა ისე გააგრძელა.
- დღეს მე და ნიკოლოზი წყნეთში ავდივართ და შენ და ცოტნეც მოდიხართ.
- კარგი რა ნინი...
- არავითარი კარგი რა ნინი, თავიდანვე ვიცოდი რომ წუწუნს დაიწყებდი, ამიტომაც გითხარი რომ უარი არ მიიღება, გაემზადეთ თერთმეტ საათზე გამოგივლით, -პასუხს არც დაელოდა ისე გათიშა, უკმაყოფილოდ ამოიოხრა ლილიამ, იცოდა თუ არ გაემზადებოდა ნინი ასე პიჟამოებით წაიყვანდა, ამიტომაც ბევრი აღარ უფიქრია, თანაც ცოტნესთვისაც კარგი იქნებოდა გასეირნება, წყალი გადაივლო, თხელი ლურჯი სარაფანი ჩაიცვა, თმა კეფაზე შეიკრა კოსად და საძინებელში შევიდა ცოტნეს გასაღვიძებლად.

- კარგია არა? ხომ გითხარი რომ მოგეწონებოდა, -საცურაო კოსტუმში გამოწყობილი ნინი ლილიას გვერდით იყო წამოწოლილი შეზლონგზე და ღიმილით უყურებდა როგორ გადადიოდა წყალში ყირაზე ცოტნე.
- ჰო ვაღიარებ მართლა კარგი აზრი იყო, აქაურობა ძალიან ლამაზია, -თვალებმოჭუტულმა ახედა საღამოს მზეს და გაიღიმა.
- არ გაიხდი? თუ საცურაო კოსტუმი არ წამოგიღია მე გათხოვებ.
- არ მინდა, ხომ იცი ცურვა არ ვიცი, ჯობია შენ და ცოტნე გაერთეთ, მაინც ერთი ჭკუის ხართ, -მხიარულად გაეკრიჭა ნინის და წამოდგა, - მე წავალ რამე ცივს ავიღებ თორემ ყელი გამიშრა.
- მოიცადე რაღაც უნდა გითხრა, -ნინი წამოჯდა ანიშნა შენც დაჯექიო, -ნიკოლოზმა მეგობარი დაპატიჟა ვახშამზე ალბათ ცოტახანში მოვა.
- მერე მე რა შუაში ვარ, ბოლოს და ბოლოს თქვენი სახლია, ვისაც გინდათ იმას დაპატიჟებთ.
- უბრალოდ მინდოდა თავიდანვე გცოდნოდა რომ მერე თავი უხერხულად არ გეგრძნო, უკვე მალე მოვა.
- იცი ეს სიტუაცია რას მაგონებს? მეგობრები რომ ცდილობენ საცოდავ მარტოხელა გაუბედურებულ ვიღაც მოუძებნონ და თითქოს შემთხვევით ხან ვახშამზე ახვედრებენ და ხან ქუჩაში.
- რას ამბობ ლილია, ეს როგორ იფიქრე და თანაც შენ სულაც არ ხარ საცოდავი და გაუბედურებული.
- ვიხუმრე სულელო, -ნინის აშკარად ნაწყენი სახე რომ დაინახა ვეღარ მოითმინა და ჩაეხუტა, -ვიცი რომ თქვენ ასეთ რამეს არ გააკეთებთ, ისიც ვიცი რომ თქვენი მეგობარი ისეთივე კარგი იქნება როგორიც თქვენ ხართ ასე რომ პრობლემას ვერ ვხედავ, შევალ რამეს დავისხავ და მოვალ კარგი?
- კარგი მიდი შე ეჭვიანო შენ, -უკანალზე აარტყა ხელი და კისკისით გადაეშვა წყალში.

სამზარეულოში იდგა და ჩაფიქრებული ურევდა ცივ ყავას, თავიდან იფიქრა რომ მოეჩვენა როცა ნაცნობი სურნელი იგრძნო ნესტოებში ასე გამაღიზიანებლად რომ შეუძვრა და მთელი მისი არსება მოიცვა, მერე ზურგსუკან სულ ახლოს თბილი სხეული რომ აღიქვა და გახშირებული სუნთქვა ჩაესმა ყველაფერს მიხვდა, დაიძაბა, მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა და თვალები მაგრად დახუჭა...
- როგორ ხარ ლილია, -ხმა სხეულში დამამშვიდებელ ტალღებად ჩაეღვარა და აიძულა მოდუნებულიყო...



ნიკოლოზი არის კაცი პიროვნება❤️ ნინიას გაუმართლა ნიკოლოზში თუ პირიქით ვერ გეტყვი მაგრამ ორივენი, რომ საოცრებები არიან ფაქტია❤️ ნიკოლოზის ადგილას სხვა "გაუჭედავდა" ლუკას, როგორ გაბედე და ლილია შეიყვარეო , მაგრამ ნიკოლოზი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანია❤️
პატარა ცოტნე მარტო ლუკას კი არა ყველას გვაოცებს და ყველას გვიყვარს❤️
ლილიას და ლუკას მარტივი გზა არ ელით, მაგრამ შეძლებენ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

მოუთმენლად ველი ახალ თავს????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent