დათარსული კაცი (თავი 11)
ოდეტას გვამი მეორე დღეს იპოვეს, თერთმეტი იყო დაწყებული. მე დილის ცხრა საათიდან ჩემს კაბინეტში ვიჯექი და ტელეფონის ზარის მოლოდინში ოფლად ვიღვრებოდი. საშინელი ღამე გავატარე. როცა ნინა გონზე მოვიდა, ისტერიკა დაემართა. მაგრად გავწამდი. ბოლოს, როგორც იქნა ვაიძულე და ორი აბი ძილის წამალი დავალევინე. დაიძინა თუ არა, მაშინვე გარაჟში შევბრუნდი და საბარგულიდან ოდეტას ჩემოდანი ამოვიღე. საბარგულის ყოველი კუთხე-კუნჭული მოვათვალიერე და დავრწმუნდი, დილით გინდაც დაბრუნდნენ ჯარისკაცები და მანქანა გაჩხრიკონ, ოდეტას კვალს ვერსად მიაგნებენ-მეთქი. ის კი არა, საბარგული მტვერსასრუტითაც კი გამოვასუფთავე. მერე შინ შევედი და ბუხარი დავანთე. ჩემოდანი გავხსენი. შიგ წითელი კაბა იდო, რომელიც ოდეტამ ,,მეკობრეთა ქოხში'' წასვლის წინ ჩაიცვა, თეთრი ლაბადა, ჟღალი პარიკი და ტუალეტის ჩვეულებრივი, მგზავრობაში ნებისმიერი ქალისთვის აუცილებელი ნივთები. ყველაფერი დავწვი, ბოლოს ჩემოდანიც ნაკუწ-ნაკუწ დავჭერი და ცეცხლში გავუძახე. თითქმის მდელი ღამე არ მომიხუჭავს თვალი. დილით, სამსახურში წასასვლელად რომ ვემზადებოდი, საზიზღრად ვგრძნობდი თავს. ნინაც ავადმყოფს ჰგავდა. ერთმანეთისთვის ორი სიტყვაც არ გვითქვამს. ორივეს შიშის დამთრგუნველი გრძნობა დაგვეუფლა, ვიცოდით გვამს მალე იპოვიდნენ. მუშაობას გულს ვერ ვუდებდი. საქაღალდეებით სავსე მაგიდასთან ვიჯექი, სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი და ტელეფონის ზარს ველოდი. როცა, ბოლოს და ბოლოს, ტელეფონმაც დარეკა, ხელი ისე ამიკანკალდა, კინაღამ ყურმილი გამივარდა. -ვიპოვეთ! აღელვებული ხმით მამცნო რენიკმა. უკვე სამმართველოშია. იქ უნდა წავიდეთ. რენიკი და ბერტი უკვე ლიფტთან მელოდებოდნენ. ბერტიმ მოუთმენლად დააჭირა ღილაკს თითი. -მკვდარია, მითხრა რენიკმა. მოკლულია. გვამი წყნარი ოკეანის ბულვარზე, გატაცებული მანქანის საბარგულში ნახეს. სამმართველომდე თითქმის არ ამოგვიღია ხმა. მანქანამ ეზოში შეუხვია. ,,მერკურისთან'' სამოქალაქოტანსაცმლიანი ხუთი კაცი იდგა, ფოტოგრაფის მუშაობას ადევნებდნენ თვალს. მანქანიდან რომ გადმოვედი და რენიკთან და ბერტისთან ერთად ,,მერკურის'' მივუახლოვდი, ცახცახმა ამიტანა. რენიკმა თავახდილ საბარგულში ჩაიხედა. თვალი ავარიდე. -როცა ფოტოგრადი საქმეს მორჩება, დაუყოვნებლივ ექსპერტიზაზე გააგზავნეთ, მიმართა ერთ-ერთ თანამშრომელს. ამ მანქანის ყოველი გოჯი გაჩხრიკეთ. არაფერი შემოგეპაროთ. ჩაიმუხლა, რომ უკეთ დაეთვალიერებინა საბარგულის ტვირთი. -ეჰე! გამოსასყიდით სავსე პორფელს ჰგავს.. ,,დიპლომატის'' სახელურზე ცხვირსახოცი დაახვიდა და საბარგულიდან ამოიღო. -ნუთუ, მართლა ფულია შიგ? წონას არა უშავს. მიწაზე დადგა და გახსნა. დეტექტივები გარს შემოეხვივნენ. -გაზეთებია! რენიკმა ბერტის გადახედა. -რას ნიშნავს ეს, ეშმაკმა დალახვროს! -ნახეთ, სხვა კაბა აცვია, შენიშნა ბერტიმ. ,,მეკობრეთა ქოხის'' ბარმენმა თქვა, წითელი კაბა და თეთრი ლაბადა ეცვაო. გამოუცვლია. ვიცოდი, რისკზე მივდიოდი, როცა ამ კაბაში დავტოვე, მაგრამ კაბას ნამდვილად ვერ გამოვუცვლიდი მკვდარს. ეს ჩემს ძალ-ღონეს აღემატებოდა. -ეს კაბა საიდან გაჩნდა? გაოცებით იკითხა რენიკმა. მე მომიბრუნდა. -ჰარი, მანქნა წაიყვანე და მალრუსთან წადი. მისის მალრუს ჰკითხე, ჰქონდა თუ არა გოგოს ასეთი კაბა და ამოსაცნობად წამოიყვანე ვინმე. უაზროდ მივაჩერდი. -შენ გინდა, მისის მალრუს შევხვდე? -ჰო, ჰო, მოუთმენლად თქვა რენიკმა. მოხუცსაც შეატყობინე ახალი ამბავი. ამოცნობაზე ო'რეილი მოვისე. მალრუმ ჯობია არ ნახოს. თუ მაინც დაიჟინა წამოსვლა, გააფრთხილე, მთლად კარგი სანახავი არის-თქო. მთავარია, კაბა არ დაგავიწყდეს. -კარგი, ვუთხარი მეც და იმით გახარებული, შემიძლია ,,მერკურის'' და მის საზარელ ტვირთს მოვშორდე-მეთქი, პოლიციის მანქანაში ჩავხტი და ეზოდან გამოვედი. ახლა რეასთან ლაპარაკიც შემეძლო. რენიკი აუცილებლად გაარკვევდა რეას ნაყიდი მოთეთრო-მოცისფრო კაბის წარმომავლობას. ქალბატონ მალრუს სიურპრიზი ელოდა. ათი წუთის შემდეგ მანქანა მალრუს სახლთან გავაჩერე. კიბე ავირბინე და ზარს თითი დავაჭირე. კარი მსახურმა გამიღო. -პოლიციიდან ვარ, ვუთხარი მსახურს, მისტერ მალრუ მინდა. მსახური გვერდზე გადგა და სახლში შემიშვა. -მისტერ მალრუ თავს ცუდად გრძნობს. ჯერ არ ამდგარა. არ მინდა შევაწუხო. -მაშინ, მისის მალრუ.. მნიშვნელოვანი ამბავია. -თუ მოიცდით, სერ.. გრძელ დერეფანს გაუყვა. ცოტა შევიცადე, მერე მეც უხმაუროდ მივყევი. შუშის კარი გააღო და ვერანდაზე გავიდა. სავარძელში მჯდომი რეა დავინახე. ღია ვარდისფერი პერანგი და თეთრი, შემოტკეცილი შარვალი ეცვა. მშვიდი და მშვენიერი რეა მზის სხივებში ნებივრობდა, თან ჟურნალს ფურცლავდა. მსახურის შესვლაზე თავი ასწია. სრულებითაც არ ვაპირებდი, მსახურებისთვის ქალბატონის გაფრთხილების შესაძლებლობა მიმეცა და მეც ფეხდაფეხ შევყევი. რეამ დამინახა. გახევდა. წამით თვალები დაუვიწროვდა, მაგრამ მაშინვე დაიბრუნა უწინდელი მშვიდი იერი. -ვინ არის ეს კაცი? ჰკითხა მსახურს. უფრო მივუახლოვდი. -პოლიციიდან გახლავართ, ვუთხარი რეას, მაპატიეთ შეწუხებისთვის, მაგრამ თქვენთან გადაუდებელი საქმე მაქვს. მსახურს ხელით ანიშნა, წადიო. სანამ შუშის კარი არ დაიკეტა. არც ერთს აღარ დაგვიძრავს კრინტი. სავარძელი მივიჩოჩე და დავჯექი. -სალამი, ვთქვი მე. გახსოვართ? წინ წამოიწია, სიგარეტი აიღო და მოუკიდა. ხელები არ უკანკალებდა. -უნდა მახსოვდეთ? შემომიბრუნა კითხვა და წარბები აწკიპა. რა გნებავთ? -იპოვეს, ვუთხარი მე. მაგრამ კოტეჯში არა, რისი იმედიც თქვენ გქონდათ. გვამი გატაცებული მანქანის საბარგულში ნახეს. რეამ ნერვიულად ჩააფერფლა საფერფლეში. -ჰოო? მაშ, მოკლულია? -მშვენივრად იცით, რომ ოდეტა მოკლულია. -ფულის გამო იჩხუბეთ? ვერ გაიყავით? მაინც არ უნდა მოგეკლათ, მისტერ ბარბერ. მისმა თავხედობა გამაცოფა. -სულერთია, თავს ვერ დაიძვრენთ, ვუთხარი მე, ამ საქმეში ასკარად თქვენი ხელი ურევია! -ჩემი?! ისევ აწკიპა წარბები. -ვერც წარმომიდგენია, თქვენ გარდა ვინმემ კიდევ დაიჯეროს ეს. -თავს ნი იტყუებთ. თან მიზეზიც გაქვთ. მალრუს სიკვდილის შემთხვევაში მისი ქონების ნახევარი ოდეტას დარჩებოდა. მთელი ჯობია ნახევარს არა? -რა თქმა უნდა. გაიღიმა. -მაგრამ მოტაცების გეგმა ვიღაცამ კი არა, სწორედ თქვენ შეადგინეთ. სწორედ თქვენ უნდა შეხვედროდით კოტეჯში. მაშინ მე ლოგინში ვიწექი, ამის დამტკიცება ძალიან იოლია. აი, თქვენ კი სად ბრძანდებოდით? -მე თუ დამიჭირეს, არც თქვენ დაგიდგებათ კარგი დღე, ვთქვი მე. -მართლა? ვფიქრობ, თქვენს სიტყვას ჩემსაზე ნაკლები წონა ექნება. განა პოლიცია ციხეში ნაჯდომ კაცს დაუჯერებს? -სწორია, მაგას პირველივე დღიდან ვხვდებოდი და ამიტომ თავი დავიზღვიე: კოტეჯში მაგნიტაფონი დავდგი და მოტაცების მთელი გეგმა ჩაწერილია. ასე რომ, დაუსჯელობის ილუზია მაინდამაინც ნუ გაგათამამებთ. გაქვავდა. დაკვესილი თვალები მომანათა. -მაგნიტაფონი.. -დიახ. მთელი ჩვენი საუბარი ფირზეა ჩაწერილი. მკვლელობის მშვენიერი მოტივიც გაქვთ. შეიძლება, მე მართლაც მიკრან გაზის კამერაში თავი, მაგრამ ერთი ოციოდე წელი პატიმრობა არც თქვენ აგცდებათ. ჩემმა სიტყვება გაჭრა. ნელ-ნელა ჩამოსცილდა უშფოთველობის ნიღაბი. უეცრად მიტკალივით გაფითრდა, თითები მომუშტა. თვალსა და ხელს შუა დაბერდა, გარყვნილი, ბოროტი ქალის სახე დაედო. -ტყუილია! -ასე გგონიათ? თუ დამიჭერენ, დაღუპული ხართ. ყველაფერი ვერც თქვენ გაითვალისწინეთ. ახლა ილოცეთ, არ დამიჭირონ. თავის შეკავება ახლაც მოახერხა, ისევ აიფარა სახეზე გულგრილობის ნიღაბი. -ეტყობა, არც მთლად ისეთი ბრიყვი ყოფილხარ, როგორც თავიდან მომეჩვენა, მისტერ ბარბერ. ვნახოთ, რა გამოგივათ. -ვნახოთ. შუშის კარი გაიღო. მივტრიალდი და მაღალი, ათლეტური აღნაგობის, მძღოლის ლივრეაში გამოწყობილი კაცი დავინახე როგორც ჩანს ო'რეილი იყო. ყოფილი პოლიციელი. დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ჩამდა გასაოცრად, დაახლოებით ჩემი ხნის აღმოჩნდა. ღია ფერის თმა მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი, მისი ხორციანი სახე უხეში, ვაჟკაცური სილამაზით გამოირჩეოდა. ო'რეილის ცივი, ნაცრისფერი თვალების მახვილი მზერა უწინდელ პროფესიას ამჟღავნებდა. -მანქანა გელოდებათ, მადამ, თქვა მან. -დღეს არსად არ წავალ, განაცხადა რეამ და წამოდგა. მისტერ მალრუ თავს ცუდად გრძნობს. იქვე გაიარ-გამოიარა. -მისის მალრუ. დრო იყო რენიკის დანაბარებიც გადამეცა. რეა გაჩერდა და შემომხედა. -ალბათ თქვენც გემახსოვრებათ, როცა უკანასკნელად გავიდა შინიდან, მის მალრუს წითელი კაბა ეცვა, ახლა კი მოცისფრო-მოთეთრო, ბამბის იაფფასიანი კაბა აცვია. ლეიტენანტ რენიკს აინტერესებს, საიდან გაჩნდა ეს კაბა. იქნებ, თქვენ იცით რამე? მეგონა, ჩემი სიტყვებით რეას წონასწორობიდან გამოყვანას მოვახერხებდი, მაგრამ სახის გამომეტყველება ოდნავადაც არ შეცვლია. -როგორ არა, კარგად მახსოვს ეგ კაბა. მე თვითონ ვუყიდე ოდეტას. მანქანაში ედო ხოლმე და პლაჟზე წასვლის წინ იცვამდა. შეგიძლიათ ლეიტენანტსაც ასე გადასცეთ. შეტრიალდა და შუშის კარისკენ გაემართა. ო'რეილიმ კარი გაუღო. უეცრად შიშმა დამრია ხელი. თუკი ასეთ ვითარებაშიც კი მოახერხა სიმშვიდისა და თავდაჭერის შენარჩუნება, იქნებ ფირის არსებობაც არ დაგიდევდათ? გინდაც მოტაცების ორგანიზება ეღიარებინა, ეს მკვლელობისთვის პასუხისმგებლობას ჯერ კიდევ არ გულისხმობდა. -თქვენ ბარბერი ხართ, არა? მკითხარ ო'რეილიმ და მისმა ხმამ ფიქრიდან გამომარკვია. ლეიტენანტმა მიამბო თქვენს შესახებ. იპოვეს? ფრთხილად იყავი-მეთქი. გავაფრთხილე საკუთარი თავი. ეს ბიჭი პოლიციელი იყო, ყველაფერი საეჭვოს შემჩნევას მიჩვეული, მისი დაკვირვებები კი რენიკისთვისაც უთუოდ ცნობილი გახდებოდა. -დიახ, იპოვეს. რენიკმა გთხოვათ, სამმართველოში გამოცხადდეთ ამოცნობაზე. ო'რეილის სახე დაეჯღანა. -ჯობია, მოხუცს ვთხოვოთ. -გოგო ორი დღის წინ მოკლეს, ორი დღე ჩაკეტილ საბარგულში გაატარა. რენიკის აზრით, სასურველი არ არის მამამ ამ მდგომარეობაში ნახოს. -კარგი, რა გაეწყობა. მისმა მზერამ სახეზე გადამირბინა. -ფულიც იპოვეს? -არა. -ლეიტენანტს ვუთხარი: იპოვით გამოსასყიდს დამნაშავესაც მიაგნებთ-მეთქი. მარტივად წყდება ყველაფერი. -გველოდებიან. -მოხუცს უნდა ვუთხრა, სად მივდივარ. ერთი წუთით.. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მერე უცებ გაჩერდა და შემომხედა. -პოლიციას აქვს რამე ვერსია ვის უნდა დაეხრჩო? გაზეთებში დაბეჭდილი ფოტოები დაგეხმარათ? გულმა რეჩხი მიყო. ფოტოები აღარც მახსოვდა. -არა. -ლეიტენანტი თავიანი ბიჭია. საქმეს გახსნის. ერთ დროს ერთად ვმუშაობდით. იცის, რაც უნდა ქნას. თვალებით გავაცილე და სიგარეტის კოლოფი ამოვიღე. სიგარეტის მოკიდებას ვაპირებდი და ამ დროს უეცარმა მიხვედრამ გონება გამინათა. ,,პოლიციას აქვს რამე ვერსია ვის უნდა დაეხრჩო?,, მე არ მითქვამს, როგორ მოკლეს ოდეტა არც რეასთვის და არც ო'რეილისთვის. გვამი ეს-ესაა იპოვეს. რეპორტიორებსაც კი არ უნახავთ საიდან გაიგო ო'რეილიმ, დამხრჩვალიაო? სიგარეტი ხელიდან გამივარდა. ისაა! რეას საყვარელი! რენიკის ნდობით აღჭურვილი ყოფილი პოლიციელი: მუდმივად რეას საძინებელი ოთახიდან რამდენიმე ნაბიჯში მყოფმა, ო'რეილიმ, რა თქმა უნდა, სხვაზე უკეთ იცოდა ყველაფერი, რაც კი ამ ჭერქვეშ ხდებოდა და ითქმებოდა. ო'რეილი! მკვლელი რომ ვინმე სხვა ყოფილიყო, საიდან გაიგებდა, ოდეტა დაახრჩვესო? ხუთიოდე წუთის შემდეგ ო'რეილი დაბრუნდა. მანამდე გონს მოსვლა მოვასწარი. მეყო დრო, ამეწონ-დამეწონა, რამდენად მართებული იყო ჩემი მოსაზრება. ო'რეილის მოკვლის შნო, ეტყობა, მართლაც ჰქონდა, ამიტომ არაფრით არ უნდა შემამჩნიოს, უნებლიე შეცდომას რომ მივუხვდი, ვეუბნებოდი საკუთარ თავს. ალბათ, რეაც გააფრთხილებდა ფირების თაობაზე. მართალია, ჩანაწერი ო'რეილის არ ამხელდა, მაგრამ ასეთი სიურპრიზი, რეასი არ იყოს, არც იმას გაახარებდა. აუცილებლად უნდა დამემტკიცებინა როგორმე, მკვლელი ო'რეილია-მეთქი, და თანაც საჩქაროდ, მანამდე, ვიდრე პოლიცია დანაშაულს მე არ მომაწერდა. ჩუმად, უხმაუროდ, მოკრივესავით რბილად მომიახლოვდა. უზრუნველი სახე მივიღე. -მზად ხართ? -დიახ. არაფრით გაუმჟღავნებია, ფირების ამბავი რომ უკვე იცოდა. უბრალოდ, ოდნავ შეფიქრიანებოდა სახე. სახლიდან ერთად გამოვედით და პოლიციის მანქანისკენ გავემართეთ. -უთხარით მალრუს? მაშინღა ვკითხე, როცა საჭეს მივუჯექი. -დიახ. გვერდით მომიჯდა. -მძიმე დარტყმაა მოხუცისთვის. ოდეტას გარდა შვილი არა ჰყავს. -მისის მალრუმ ახალი ამბავი მშვიდად აღიქვა, შევნიშნე მე. ის და ოდეტა როგორ ეგუებოდნენ ერთმანეთს? -მშვენივრად, თქვა ო'რეილიმ. მისის მალრუს გრძნობების აყოლა და გამომჟღავნება არ სჩვევია. ვცადე, უფრო მეტად გამეღიზიანებინა. -ლეიტენანტი ამბობს, ახლა მთელი ქონება მისის მალრუს დარჩება. გოგოს სიკვდილი თუ ვინმეს აძლევს ხელს, პირველ რიგში იმასო. ოდეტა რომ ცოცხალი იყოს, ნახევარს დაეპატრონებოდა, ახლა კი ერთადერთი მემკვიდრეე ცოლია. მთელი თავისი ჩასხმული, ზორბა ტანით შეირხა. ვერ გავბედე შემეხედა. -მე მგონია, ორივეს თავზე საყრელად ეყოფოდა, თქვა მან. თავს ვერ დავდებ, მაგრამ მომეჩვენა, თითქოს მისი ხმა ცოტა არაბუნებრივად ჟღერდა. -ზოგი ქალი ნახევარს არასოდეს სჯერდება. მისის მალრუც სწორედ ისეთი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, ჰაერის ყლუპსაც რომ არავის გაუყოფს. ო'რეილის არ ვუცქერდი, მაგრამ ვიგრძენი, როგორ მომაშტერდა. -ლეიტენანტსაც ასე მიაჩნია? -მისთვის არ მიკითხავს. -არადა, ფოტოს გამოქვეყნება მართლა კარგად მოიფიქრა, თქვა ხანმოკლე პაუზის შემდეგ, ის ბიჭი სურათზე, თქვენ გგავთ. ეს გამოხდომა მოულოდნელი არ ყოფილა. -მე ვარ და იმიტომ. ,,მეკობრეთა ქოხთან,, ნანახი კაცის გარეგნობა დაახლოებით ვიცოდით. მე და იმას თურმე ერთნაირი აღნაგობა გვქონია. ხოლო, მოდელად მე თვითონ შევთავაზე პოლიციას თავი. არაფერი ჰქონდა სათქმელი. -სხვათა შორის, გავაგრძელე მე, თქვენც მსგავსი ფიგურა გაქვთ. ორიოდე კვარტალი გავიარეთ და ვუთხარი: -საბარგულში გვამთან ერთად ჩანთაც იპოვეს. დიდი, ღონიერი ხელი მუხლზე ედო. შევამჩნიე, როგორ შეუკრთა. -გინდათ თქვათ, რომ გამოსასყიდიც იპოვეს? -არა ჩანთა ძველი გაზეთებით აღმოჩნდა გატენილი. იცოდით ოჯახში ორი ერთნაირი ,,დიპლომატის'' არსებობის ამბავი? ისევ გავხედე ცერად. -დიახ. -იცით, რას ვფიქრობ? სანამ მალრუ გამოსასყიდს წაიღებდა, ვიღაცამ ჩანთები შეცვალა. ამის გაკეთება არც გაუჭირდებოდა. ჩემმა სიტყვებმა სასურველი შედეგი გამოიღო. სიგარეტი დაუვარდა. -საითკენ უმიზნებთ? ვითომ ვის უნდა შეეცვალა ჩანთები? გაყინული სახით თქვა ო'რეილიმ. დაიხარა, სიგარეტი აიღო და ფანჯრიდან ისროლა. -მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია. მე მგონი, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: გოგოს იტაცებენ. მოხუცი გამოსასყიდ ფულს იმარაგებს. ამ დროს ცოლს ბრწყინვალე იდეა ებადება თუ გამტაცებლები ფულს ვერ მიიღებენ, გოგოს მოკლავენ. ოდეტას თუ მოიშორებს თავიდან, მისის მალრუც ნახევარს კი არა, მთელ ქონებას დაეპატრონება. ამიტომაც, მეორე ,,დიპლომატში'' ძველ გაზეთებს ტენის და მალრუს შინიდან წასვლის წინ შეაპარებს. ასე და ამგვარად, მიმდინარე ხარჯებისთვის ხუთას ათასსაც შოულობს, გერსაც იშორებს თავიდან და მალრუს სიკვდილის მერე მილიონებსაც ეპატრონება. ცოტა ხანს ო'რეილი გაუნძრევლად იჯდა. მერე მისი ხეშეში ხმა გავიგონე: -ლეიტენანტი რას ფიქრობს მაგაზე? -ლეიტენანტთან ჯერ არ მილაპარაკია. უბრალოდ, ჩემი ჰიპოთეზა გაგიზიარეთ. -ჰოო? შემოტრიალდა და დაჟინებით მომაჩერდა. -ჩემი რჩევა თუ გინდათ ფანტაზიებს მაინდამაინც ნუ აჰყვებით. ეს ოჯახი უდიდესი გავლენით სარგებლობს. საკმარისია ამნაირი, თანაც მტკიცებით გაუმაგრებელი ხმების გავრცელება და უამრავ უსიამოვნებას გადაეყრებით. -ვიცი. ცოტა წარმოსახვას მივეცი გასაქანი, ეგაა და ეგ ისე, თქვენ თვითონ როგორ მოგწონთ ეგ იდეა? -სისულელეა, მომახალა გაცოფებულმა, მისის მალრუ ამას არასოდეს იზამდა! -მართლა? კეთილი, თქვენს სიტყვას ვენდობი. მით უმეტეს, ჩემზე ბევრად უკეთესად იცნობთ. პასუხის გაცემა ვერ მოასწრო ეზოში შევუხვიე და კუთხეში მივაყენე მანქანა. გადმოვედით, მორგისკენ გავემართეთ. კარში ო'რეილი წინ გავატარე. რენიკი და ბერტი ერთ-ერთ მაგიდასთან ისხდნენ და საუბრობდნენ. ოთახის კუთხეში, მეორე მაგიდაზე, ზეწარგადაფარებული გვამი ესვენა. ო'რეილიმ რენიკს ჩამოართვა ხელი და ბერტის თავი დაუწნია. -მაშ იპოვეთ, არა? თქვა მან. თვალს არ ვაშორებდი. მშვიდად, აუღელვებლად ეჭირა თავი, როგორც ჭეშმარიტ პროფესიონალს შეეფერება. რენიკი და ო'რეილი ცხედარს მიუახლოვდნენ. რენიკმა ზეწარი გადასწია.თავი მოვაბრუნე. ისევ დამასხა ოფლმა. რენიკის ხმა მომესმა. -ისაა? -კი, ისაა. საცოდავი. დაუხრჩვიათ. რამე კონკრეტული ვარაუდი გაქვთ, სერ? -ჯერჯერობით არა. მისტერ მალრუმ უკვე იცის? -ცუდად გახდა. ო'რეილიმ თავი გააქნია. -ახლა ექიმია მასთან. ისევ მე და ბერტის შემოგვიერთდნენ. -კარგი, ო'რეილი, თქვა რენიკმა. მადლობელი ვარ, რომ მოხვედი. თავისუფალი ხარ. -ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებით, თუ რამე შემეძლება, ლეიტენანტო, მიუგო ო'რეილიმ. რენიკს ხელი ჩამოართვა, ბერტის თავი დაუქნია, მე ერთი კუშტად შემომხედა და გავიდა. -უთხარი ექიმს, მიხედოს, უთხრა რენიკმა კედელთან მდგომ სამოქალაქოტანსაცმლიან აგენტს. ჯიმი ეზოში გამოვიდა, მე და ბერტიც უკან გამოვყევით. -კაბაზე რა თქვა? მკითხრა რენიკმა, როცა უკვე მისთვის საგანგებოდ გამოყოფილი კაბინეტისკენ მივუყვებოდით დერეფანს. -მე თვითონ ვუყიდეო. გოგო თურმე მანქანაში ინახავდა და პლაჟზე წასვლის წინ იცვამდა. რენიკმა კარი გააღო და კაბინეტში შევედით. -საინტერესოა, ტანსაცმლის გამოცვლა რაში დასჭირდა, ჩაილაპარაკა ფიქრიანად. რაღაც აბდაუბდა გამოდის. მაგიდასთან დაჯდა, ფეხები ზედ შემოაწყო. მე და ბერტიც ჩამოვსხედით. -პორტფელი რატომ იყო გაზეთებით სავსე? იკითხა ბერტიმ. ყველაზე უფრო ეგ მაოცებს. ფული სადღაა? რენიკმა კონვერტის გასახსნელი დანა აიღო და სარეგისტრაციო ჟურნალს დაუწყო ჩიჩქნა. -იცით რას გეტყვით? თითქმის დარწმუნებული ვარ გოგო ვიღაც ნაცნობმა მოიტაცა. გაიხსენეთ დამნაშავემ უილიამსის გვარი ოცოდა. გავარკვიოთ, სად იყო და რას აკეთებდა ყველა მისი ნაცნობი მამაკაცი იმ დროს, როცა ოდეტა ,,მეკობრეთა ქოხში'' შედიოდა. თქვენ გავალებთ ამ საქმეს, ბერტი. ბერტი წამოდგა. -ნუღარ გადადებთ. ბერტი რომ გავიდა, რენიკი მე მომიბრუნდა. -როგორც კი ექიმი საქმეს მორჩება, კაბის ფოტო გადავიღოთ. იქნებ ვინმემ ნახა ამ კაბაში. კარზე დააკაკუნეს. კაბინეტში პოლიციელმა შემოიხედა. ვიღაც კაცი გელოდებათ, მოახსენა რენიკს. კრის კელერი ჰქვია. დილით გამოქვეყნებული ფოტოს თაობაზეა მოსული. -სთხოვეტ, თქვა რენიკმა და მაგიდიდან ჩამოიღო ფეხები. დავიძაბე, ავცახცახდი. კაბინეტში დაახლოებით ჩემი ტანის კაცი შემოვიდა. გაჩერდა და მზერა რენიკიდან ჩემზე გადმოიტანა. ყურადღებით ვაკვირდებოდი, მაგრამ ვერაფერზე შევატყვე, მიცნო-მეთქი. არასოდეს მენახა, თამამად შემეძლო დამეფიცა. ცოტა დავმშვიდდი. -თქვენ ბრძანდებით მისტერ კელერი? ჰკითხა რენიკმა, წამოდგა და ხელი გაუწოდა. -დიახ. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. -დილის გაზეთში ფოტო ვნახე. თქვა მოსულმა და გაზეთი გაუწოდა, რომელშიც ჩემი, სახეჩაშავებული სურათი იყო დაბეჭდილი. -მე მგონია, ეს კაცი მინახავს. -დაბრძანდით, მისტერ კელერ, მოდით ჯერ თქვემი მისამართი ჩავიწეროთ. კელერი სკამზე ჩამოჯდა. ცხვირსახოცი ამოიღო და მზემოკიდებული, სასიამოვნონაკვთებიანი სახე შეიმშრალა. უესტერ-ავენიუზე ვცხოვრობო თქვა და სახლის ნომერიც დაასახელა. -სად ნახეთ ეს კაცი? -აეროპორტში. გული ამიჩქარდა. კალმისტარს დავწვდი და მაგიდაზე დადებული ჟურნალის გარეკანზე რაღაცის ხატვა დავიწყე. -როდის? -შაბათ საღამოს. შევნიშნე, რენიკი დაინტერესდა. -რა დროს? -დაახლოებით თერთმეტზე. -რატომ ფიქრობთ, რომ სწორედ ეს კაცი ნახეთ? კელერი უხერხულად შეიშმუშნა. -დარწმუნებული არა ვარ, სწორედ ის იყო-მეთქი, უბრალოდ, მისი კოსტიუმი დამამახსოვრდა. იცით, თვითონაც ვაპირებდი ეგეთის ყიდვას. ლოს-ანჟელესიდან ამხანაგს ველოდებოდი აეროპორტში და უცებ ვხედავ ყავისფერ, სპორტულკოსტიუმიანი კაცი მოდის. გავიფიქრე კიდეც როგორ უხდება-მეთქი. მერე, გავიხედე და გაზეთში ფოტოა დაბეჭდილი. მეც გადავწყვიტე შემომევლო, იქნებ გამოგადგეთ-მეთქი. -სწორადაც მოიქეცით. ახლა თუ იცნობდით ამ კაცს? კელერმა თავიი გააქნია. -მართალი გითხრათ, ლეიტენანტო, მისი სახე არც დამინახავს, მარტო კოსტიუმს ვუყურებდი. რენიკმა გულდაწყვეტილმა ამოიოხრა. მერე, სწორედ ის კითხვა დაუსვა, რომელსაც გულის კანკალით ველოდი: -მარტო იყო? -არა, გოგონასთან ერთად. რენიკი მძიმედ წამოდგა. ძლივს იკავებდა მღელვარებას. -ვერც გოგო შეათვალიერეთ, მისტერ კელერ? კელერს სახეზე ღიმილი გადაეფინა. -რა თქმქ უნდა, შევათვალიერე, კარგი რამე იყო. -რა ეცვა? -ბამბის მოთეთრო-მოცისფრო კაბა. დიდი მზის სათვალე ეკეთა. ღია ჟღალი ფერის თმა ჰქონდა. ეგ ფერი მიყვარს ყველაზე ძალიან. -ჟღალი? რენიკმა კაბინეტში ბოლთის ცემა შეწყვიტა. -დარწმუნებული ხართ? -ასი პროცენტით. ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოვაძვრინე და ქურდულად შევიმშრალე სახე. რენიკი ტელეფონს ეცა. -ტეილორ, გოგოს კაბა მომიტანეთ. ყურმილი რომ დაკიდა კელერმა გაოცებულმა უთხრა: -მე მგონია, თქვენ მარტო კაცი გაინტერესებდათ, ლეიტენანტო. -რას აკეთებდა ეგ წყვილი? ჰკითხა რენიკმა, შენიშვნისთვის ყურადღება არ მიუქცევია. რენიკის დაძაბული, სერიოზული მზერა რომ შეამჩნია, კელერი ლამის გახევდა სკამზე. -მოსაცდელ დარბაზში შემოვიდნენ, კაცს ჩემოდანი მოჰქონდა. გოგომ რეგისტრაცია გაიარა და თანამგზავრს ჩემოდანი გამოართვა. მერე თვითმფრინავში ჩასაჯდომად წავიდა. -ერთმანეთში საუბრობდნენ? კელერმა თავი გააქნია. -მე მგონი, არა. კაცმა უბრალოდ ჩემოდანი მიაწოდა და მერე დარბაზიდან გავიდა. პოლიციელმა კაბა მოტანა. რენიკმა გამოართვა და კელერს დაანახვა. -სწორედ ეგაა, უყოყმანოდ თქვა კელერმა. ხატავდა პირდაპირ. -დარწმუნებული ხართ, რომ ესაა? -ნამდვილად ეგაა, ლეიტენანტო. -კარგით, მისტერ კელერ, კიდევ დაგვჭირდებით, დახმარებისთვის დიდი მადლობა. პოლიციელს ანიშნა, კელერი გააცილეო. მერე ყურმილს დასწვდა და ბერტი გამოიძახა. ოფლად გაღვრილი ვიჯექი. ყულფი სულ უფრო და უფრო მაგრად მიჭერდა კისერზე. -რაღაცაშია აქ საქმე, თქვა რენიკმა და ისევ მაგიდას მიუჯდა. თავიდანვე მეჩვენებოდა, ჩვეულებრივ მოტაცებას არა ჰგავს-მეთქი. -რას გულისხმობ? ვკითხე ხმაჩახლეჩილმა. -ვიცი და გიმალავ?! მაგრამ კაცი არ ვიყო, თუ არ გავარკვიო. კაბინეტში ბერტი შემოვიდა. -რა მოხდა? რენიკმა კელერის მონაყოლი გაუმეორა. კოპებშეკრული ბერტი მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა. -მაშ, მარტო გაფრინდა, მაგრამ ჟღალი თმა? ჩვენსას ხიმ მუქი აქვს. არადა, უკვე ორმა კაცმა დაამოწმა, ჟღალი თმა ჰქონდაო. რა გვარით გაიარა რეგისტრაცია? -ენ ჰექორთი. დანიშნულების ადგილი ლოს-ანჟელესი. ვინ არის ეს ჰექორთი? ბერტი, ჯერჯერობით ყველაფერს თავი დაანებე. სასწრაფოდ მჭირდება ამომწურავი ინფორმაცია ამ გოგოზე. თქვენებიც ჩართეთ. ლოს-ანჟელესის პოლიციამაც გაანძრიოს ხელი. ყველა სასტუმრო უნდა შევამოწმოთ, სადაც კი შეიძლებოდა დაბინავებულიყო. -რამე ახალი იდეა გაგიჩნდათ, რენიკ? ჰკითხა ბერტიმ. -არის რაღაც საეჭვო ამ მოტაცებაში. დამნაშავე თავს ჯერ უილიამსად ასაღებს, არადა, გოგოს უილიამსი უკვე ორიოდე თვეა არ უნახავს. ,,მეკობრეთა ქოხის'' მსგავს ბუნაგში მისვლაზე ითანხმებს. მაგათი წრის ახალგაზრდები იქ არ დაიარებიან. ,,მეკობრეთა ქოხთან'' გოგო უეცრად ქრება. თერთმეტის ნახევარზე მისი მანქანის საჭესთან ვიღაც ჩასკვილი ბიჭი ზის. შორიახლოს მეორე მანქანასაც ხედავენ, მაგრამ იმის მძღოლის ვინაობა არ ვიცით. მერე, თერთმეტზე ყავისფერ, სპორტულკოსტიუმიანი კაცი გოგოსთან ერთად აეროპორტის დარბაზში შედის, გოგოს კი ისეთივე კაბა აცვია, როგორიც მოკლულს. დროც ემთხვევა. ,,მეკობრეთა ქოხიდან'' აეროპორტამდე დაახლოებით ნახევარი საათის გზაა. ჯერჯერობით, ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება: შეეძლოთ მოეტაცათ და ისე დაეშინებინათ, კაბის გამოცვლაზეც დათანხმებულიყო, ჟღალი პარიკის დახურვაზეც, მზის სათვალის გაკეთებაზეც და გამტაცებელთან ერთად აეროპორტში წასვლაზეც. მაგრამ აი, მერე რა ხდება? გამეტებით დაჰკრა მაგიდას მუშტი. -ის მარტო ჯდება თვითმფრინავში! ლაინერის სალონში შვიდი ბიზნესმენი ზის თავ-თავიანთი ცოლებით. გოგოსთან არაფერი აქვთ საერთო. სტიუარდესა იმათ ყველას იცნობს! კაცი, რომელიც გამოდის და უჩინარდება. გამოსასყიდს გოგოს გვამის გვერდით პოულობენ, მაგრამ ჩანთა ძველი გაზეთებითაა გატენილი. ირკვევა ღირსშესანიშნავი ფაქტი თურმე მალრუს ორი სრულიად ერთნაირი ,,დიპლომატი'' ჰქონია. გაჩუმდა და ბერტის შეხედა. -გაჩნდა რამე ვერსია? -შეიძლება, მოტაცება გათამაშებული იყო, თქვა ბერტიმ. ოღონდ იმ პირობით, თუ ენ ჰექორთო და ოდეტა მალრუ ერთი და იგივე პიროვნებაა. ეს ზუსტად უნდა დადგინდეს. -ჰო, დაეთანხმა რენიკი. შევამოწმოთ, ვინაა ეს გოგო, საფუძვლიანად უნდა შევამოწმოთ. მე მომიბრუნდა. -ამ კაბას სურათი გადაუღონ. ვინმეს სთხოვე ჩვენი გოგონებიდან, ჩაიცვას მერე სახე ჩავამუქოთ. ადგილობრივ გაზეთებშიც დაბეჭდონ ფოტო და ლოს-ანჟელესისშიც. კაბა ავიღე და ჩემს კაბინეტში გავედი. ისეთი შეგრძნება მქონდა, ერთი ძვალი აღარ მაქვს-მეთქი მრთელი სულ მოვიმჩვარე. ალყა ძალიან სწრაფად ვიწროვდებოდა. ოცდაოთხი საათიც, თუ უფრო ნაკლები არა, და რენიკი ჩემს კვალზეც დადგებოდა. მანამდე ო'რეილის დანაშაულის დამამტკიცებელი საბუთები უნდა მომეგროვებინა. მომდევნო ერთი საათი ისეთი დაკავებული ვიყავი, პირადი პრობლემებისთვის დრო ნამდვილად არ დამრჩენია. ჯერ ფოტოგრაფთან შევედი. მერე რეპორტიორებს ვესაუბრე და თადარიგიც დავიჭირე, ფოტოები ლოს-ანჟელესშიც რომ გამოექვეყნებინათ. ჭამის დროც მოვიდა. რენიკთან და ბერტისთან ერთად ვაპირებდი წახემსებას, როცა ტელეფონმა დარეკა. სამივე რენიკთან ვისხედით. ყურმილიც მან აიღო, მერე მე გამომიწოდა. -ნინაა, მითხრა რენიკმა. ყურმილი გამოვართვი. -გისმენ. -ჰარი, ძალიან გთხოვ, შინ წამოდი. რაღაც სხვანაირი ხმა ჰქონდა, გამაჟრჟოლა. -საჩქაროდ უნდა მოგელაპარაკო. -კარგი, ვუთხარი და ყურმილოი დავკიდე. -ნინამ მთხოვა, საჩქაროდ მოდიო, ეტყობა, რაღაც შეემთვა. რამე ქალური ამბავი იქნება, სხვა რა, ავუხსენი რენიკს და ბერტის. ორი საათისთვის დავბრუნდები. -წადი, აბა რა, თქვა რენიკმა. რაღაც ქაღალდს კითხულობდა და თავიც არ აუწევია. -მანქანა წაიყვანე, ჰარი, ორისთვის მჭირდები. კაბინეტიდან გამოვედი და სირბილით გავუყევი დერეფანს, პოლიციის მანქანაში ჩავჯექი და შინისკენ გავქანდი. ვიცოდი რაღაც მოხდა. რაღაც ძალიან ცუდი. მანქანა სახლთან გავაჩერე. კარი ჩემი გასაღებით გავაღე. -ნინა? -აქა ვარ, ჰარი, ხმა სასტუმრო ოთახიდან ისმოდა. ჰოლი გადავჭერი და სასტუმრო ოთახის კარი შევაღე. ნინა სავარძელში იჯდა და კარისკენ იყურებოდა. ძალიან პატარა, შეშინებული და ფერმკრთალი მომეჩვენა. გვერდით სავარძელში, ფეხი-ფეხზე გადადებული ო'რეილი მოკალათებულიყო. მძღოლის ლივრეა გამოეცვალა, მოკლესახელოებიანი პერანგი და მომწვანო ფერის ვიწრო შარვალი ეცვა. ასანთის ღერით იჩიჩქნიდა კბილებს. გამიღიმა. მარჯვენა ხელში 38 კალიბრის რევოლვერი ეჭირა. ლულა ჩემკენ იყო მოშვერილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.