დათარსული კაცი (თავი 7)
პირველის ნახევარზე კოტეჯიდან გამოვედი და ავტობუსის ბოლო გავწიე. ,,პაკარდი'' მოედანზე გავაჩერე და ცნობათა ბიუროში ვიკითხე, ლოს-ანჟელესიდან თერთმეტსაათიანი რეისი ხომ არ იგვიანებს-მეთქი. თვითმფრინავი ზუსტად განრიგის მიხედვით დაჯდება და აეროპორტიდან ავტობუსი ორის ხუთ წუთზე მოვაო მიპასუხეს. მერე პოლიციის სამმართველოში დავრეკე. სერჟანტმა ჰემონდმა მაცნობა, რენიკი ეს-ესაა შინ წავიდაო. მალრუს საქმესთან დაკავშირებით ახალი არაფერი იყო. ახლა მალრუსთან ლაპარაკი მელოდა. ოდეტას დაწერილ წერილში მისტერ მალრუს ვურჩევვდი, ნაშუადღევს ტელეფონს არ მოშორებოდა, რათა დროულად გაეგო გამოსასყიდის გადახთასთან დაკავშირებული უკანასკნელი მითითებები. მართლაც, დაუყოვნებლივ აიღო ყურმილი. -იმედი მაქვს, გახსოვარ, ხმა ჩავიხრიწე, ფული იშოვე? -დიახ. -ორ საათზე შინიდან გახვალ. იცოდე, თვალს არ მოგაშორებენ. ,,როლსშო'' ჩაჯექი და ისტ-ბიჩ-როუდს გაუყევი. გზაში მოციმციმე შუქს დაინახავ. იქვე, შორიახლოს, მანქანის ფანჯრიდან ჩემოდანი გადმოაგდე, ოღონდ მანქანა არ გააჩერო. მერე ლოუნ-ბეიში მიდი, ავტოსადგომზე, იქ ოდეტას მანქანას იპოვი. ფულის ამბავში თუ ყველაფერი რიგზე იქნება და რამე ფოკუსის გაკეთებას არ მოინდომე, ქალიშვილი საღსალამათი დაგიბრუნდება. დაახლოებით ერთ საათში მოვა. იქ დაგხვდება. გასაგებია? -დიახ. -იცოდე, მაიმუნობას მოუკვდა პატრონი! არავინ გაიყოლო თან. შინიდან გამოხვალ თუ არა, იმ წითიდან თვალს არ მოგაცილებენ. ქალიშვილზე არ იდარდო. იმას ჯერ არაფერი უჭირს, ოღონდ გაცურება თუ დაგვიპირე, მაშინ კი ყოფა ეტირება. -გასაგებია. იძულებული ვიყავი შემეშინებინა. რაღაც ძალიან გულგრილი, მეტისმეტად მშვიდი ხმა ჰქონდა. ყურმილი ჩამოვკიდე, ,,პაკარდთან'' დავბრუნდი, ჩავჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. მე თვითონ გულგრილობა და სიმშვიდე სანატრელად მქონდა ქცეული. ბანკის სეიფში ის ორი ფირი რომ არ მდებოდა, მარცხის შემთხვევაში ჩემი ერთადერთი იმედი და ხსნა, ამოდენა დაძაბულობას ვერც გავუძლებდი. მხოლოდ ფირებსა და ორმოცდაათ ათას დოლარზე ფიქრი მმატებდა საქმის დასაბოლოებლად აუცილებელ მხნეობას. განუწყვეტლივ ვირწმუნებდი თავს, ყველაფერი კარგად ჩაივლის-მეთქი. ჯერჯერობით რეას ქმართან დაკავშირებული ყველა წინასწარმეტყველება ახდა და ისიც ნაკლებად სავარაუდოა, მალრუმ ოდეტას დაბრუნების შემდეგ მიმართოს პოლიციას-მეთქი ვიმეორებდი ერთსა და იმავეს სულიერი სიმშვიდის მოპოვების იმედით. პოლიცია, რასაკვირველია, ოდეტას დაკითხავდა, ვალდებულნიც იყვნენ გაეგოთ, სად და როდის დააზიანა მანქანა, მაგრამ ზედმეტად ცნობისმოყვარეობას არავინ გამოიჩენდა, რამდენადაც საქმე მეტად ძლიერი და გავლენიანი კაცის ქალიშვილს ეხებოდა. ავტოვაგზლის წინ მოედანი მოვათვალიერე. ხალხი ავტობუსს ელოდებოდა. ავტოსადგომზე კიდევ რამდენიმე სხვა მანქანაც იდგა. მე ყურადღებას არავინ მაქცევდა დამხვდურთა შორის არაფრით გამოვირჩეოდი. ორი იყო დაწყებული, გზაზე ფარების შუქი რომ გამოჩნდა. მალე ავტობუსმა ავტოვაგზლის შენობის წინ დაამუხრუჭა. ავტობუსში ოციოდე მგზავრი იდა. საქარე მინას მივაჭყლიტე ცხვირი ვცდილობდი მგზავრებს შორის ოდეტა გამერჩია. მაშინვე დავინახე. შავი სათვალე ეკეთა, ჟღალი პარიკი ეხურა და იაფფასიანი, მოთეთრო-მოცისფრო კაბა ეცვა. ავტობუსიდან რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა, თვალში საცემად ნერვიულობდა. ,,პაკარდიდან'' გადმოვედი და მისკენ გავემართე. მოედანზე ხალხი მიდი-მოდიოდა. ვიღაცა ტაქსის დაეძებდა, ვიღაც მეგობრებს ესალმებოდა. ოდეტამაც დამინახა და ჩემკენ გამოეშურა. ავტობუსის შორიახლოს შევხვდით. -სალამი, ვუთხარი მე. მანქანა.. მხარზე ვიღაცამ მძიმე ხელი ჩამომადო: ასეთი ტორი პოლიციელს თუ ექნებოდა. წამით ერთიანად გავხევდი, გული გამეპარა. როდის-როდის მოვაბრუნე თავი. მხარბეჭიანი, მზემოკიდებული, ორმოცდაათიოდე წლის კაცი მიღიმოდა. -ჰარი! ვინ იფიქრებდა! როდის გამოგიშვეს? მაშინვე ვიცანი ტიმ კოული, ,,პესიფიქ ჰერალდის'' რეპორტიორი. უმაღლესი კლასის ჟურნალისტი იყო, პალმ-სიტიში ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე, ბევრჯერ გვითანამშრომლია და გოლფიც ბევრჯერ გვითამაშია ერთად. მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ ისეთი თავზარი დამცა, კრინტის დაძვრა ვერ მოვახერხე, თითქოს ენა გადამეყლაპა. მერე ხელში ჩავაფრინდი, მაგრად ჩამოვართვი, მხარზეც მოვუტყაპუნე, თან სასოწარკვეთილი ვცდილობდი თავს მოვრეოდი. ოდეტა გვერდით მედგა. მინდოდა მეყვირა წადი, მოშორდი აქაურობას-მეთქი! -მართლა შენ ხარ.. ტიმ? ძლივს ამოვიღე ხმა, ახლახან გამათავისუფლეს. შენ როგორა ხარ? -კარგად. მართლა მიხარია შენი ნახვა. დაჟინებით, ინტერესით მიაჩერდა ოდეტას. -ისე, მეტისმეტი ეგოისტობაც არ ვარგა. გამაცანი შენი მომხიბლავი თანამგზავრი. -ენ ჰექორთი, ვთქვი ლამის დაუფიქრებლად. ენ, ეს ტიმ კოულია, ცნობილი ჟურნალისტი. ოდეტამ ძალიან გვიან იაზრა საფრთხე. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, შემომხედა და, მგონი, გაქცევა დააპირა. მაჯაში ჩავავლე ხელი. -ნინას მეგობარია, ავუხსენი კოულის, ლოს-ანჟელესიდან გზად გამოგვიარა, ღამეს ჩვენთან გაათევს. კინაღამ მაჯა წავაწყვიტე საცოდავ ოდეტას. -ჩვენკენ რა ქარმა გადმოგაგდო, ტიმ? კოული ოდეტას ვერ აშორებდა თვალს: -როგორც ყოველთვის, გაზეთის საქმეებამ. მანქანით ხარ, ჰარი? ,,პლაზამდე'' ვერ მიმიყვან? -მაპატიე.. სხვა მხარეს მივდივარ, ნინა დიდი ხანია გველოდება. ოდეტას გადავხედე. -მანქანა ავტოსადგომზე დგას. ახლავე მოვალ, კარგი? ოდნავ ვუბიძგე მანქანისკენ. კოულიმ ოდეტას თვალი გააყოლა, ცალი წარბი აწკიპა. -ძალიან მორცხვია, გავამართლე ოდეტა. უცნობი მამაკაცის დანახვაზე მთლად იბნევა ხოლმე. -ეტყობა. რაღაც დამფრთახლი ჩანს. რა სჭირს? -საშინლად დაკომპლექსებულია. ნინასთან კი მეგობრობს, მაგრამ ნერვებს მე მიშლის. საჭირო სიტყვები ვოპოვე კოულიმ ჩაიხითხითა. -მაგ ასაკში ბევრმა იცის ეგრე. ახლა სადა ხარ, რას საქმიანობ, ჰარი? ვუთხარი, ოლქის პროკურატურაში ვმსახურო-მეთქი. -ამ დღეებში გინახულებ და უფრო წყნარად ვისაუბროთ. დავემშვიდობე კოულის. ახლა კი უნდა გავიქცე. მეშინია ჩემი სტუმრის დიდხანს მარტო დატოვება, რამე არ მოუვიდეს.. ,,პაკარდთან მივედი, ჩავჯექი და ოდეტას ვეცი: -რა იყო, რა დაგემართა? რა ჯორივით დადექი? გოგონამ სიძულვილით შემომხედა: -ნახა, რომ მელაპარაკებოდი. დარჩენა ჯობდა. -მადლობა ღმერთს, ვერ გიცნო. დარწმუნებული ვარ, ბედი არ გინდა.. -პოლიციამ რაო? შენთან ლაპარაკის მერე კინაღამ გავაფრინე. გამოძიება დაიწყეს? მამაჩემი რას ამბობს? -ჯერ არ დაიწყიათ. მე მგონია, არც მამაშენი დაურეკავს. სხვა რამეში არ გაგვიმართლა. ყველაფერი ვუამბე. მერე დავუმატე: -მაინც მოგიწევს ახსნა-განმარტების მიცემა, სად და როგორ შეჭეჭყე მანქანა. იტყვი, რომ გარაჟიდან გამოსვლისას კარს გაედე. არ ვიცი, ძალიან შემოგიტევს თუ არა რენიკი. შეიძლება გკითხოს, ეს დღეები სად იყავიო. უთხარი, თქვენი საქმე არ არის-თქო. ქალის გატანის ამბავი ბლეფია. არა მგონია, ძალიან ჩაგაფიჩინდეს, მაგრამ მაინც ყურადღებით იყავი. -მაგრად კი გივაჟკაცია! მიკბინა ოდეტამ. ავარიაზე რატომ არაფერი მითხარი? -დაივიწყე ეგ ავარია! მომბეზრდა მისი კრიტიკული შენიშვნები. -შენ თვითონ ხომ არაფერი შეგემთხვა? ქუჩაში არ გასულხარ? -არა. -გახსოვს, როგორ უნდა მოიქცე, თუ მამაშენი პოლიციას მიმართავს? -მახსოვს. კოტეჯთან რომ მივედით, ორს ოცი წუთი აკლდა. მანქანა გავაჩერე და სახლის გასაღები გავუწოდე. -შედი, გამოიცვალე და დამელოდე. ასე, სამის ნახევრისთვის დავბრუნდები. გასაღები გამომართვა და მანქანიდან გადავიდა. ჩემოდანი მივაწოდე. -ოღონდ შენ ის ფული მოიტანე და უფრო დიდხანსაც დაგელოდები, ჰარი, მითხრა და მოულოდნელად გამიღიმა. -მაგის პირობას გაძლევ. ისევ მანქანაში შემოყო თავი. -მაკოცე. მხრებზე ხელები მოვხვიე და ჩემკენ მოვიზიდე. ტუჩებში ვაკოცე. ოდეტამ თავი გასწია და ტუჩებზე თითი მიიდო. -ძალიან მწყდება გული, ცოლიანი რომ ხარ, ჰარი. -რას იზამ, ვუთხარი მე, თვალს არ ვაშორებდი. არაფერზე იდარდო. გამქცევი არა ვარ. -საქმეც ეგაა, გულიც მაგიტომ მწყდება. ძრავა ავამუშავე. -აბა, შენ იცი. ოდეტა გვერდზე გადგა. მე ისტ-ბიჩ-როუდის გზას დავადექი. სარკეში ერთხელაც გავხედე ოდეტას, ნელა მიდიოდა კოტეჯისკენ. ადგილი წინასწარ მქონდა შერჩეული. ხშირი ხეების იქით კარგად შეიძლებოდა მანქანის დამალვა. საფრიდან გზაც ხელისგულივით ჩანდა. ასფალტიდან გადავუხვიდე, ფარები ჩავაქრე, მანქანა გავაჩერე და ისევ გზატკეცილზე დავბრუნდი, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მანქანას ვერავინ დაინახავდა. მერე ფარნით შეიარაღებული ბუჩქებში მოვკალათდი და ლოდინი დავიწყე. მალრუ თუ შინიდან დროზე გამოვიდა, წესით, ათ წუთში უნდა გამოჩენილიყო. ერთი სიგარეტის მოწევას კიდევ მოვასწრებდი. ჩაცუცქული ვეწეოდი და ეჭვი მკლავდა გავიხედე და მალრუმ ხაფანგი დამიგო, მერე? ვაითუ, თან ო'რეილი წამოიყვანა, შუქის დანახვაზე ყოფილი პოლიციელი, კაი მაგარი მუტრუკი, მანქანიდან გადმოხტა და მეცა, მერე რა ვქნა-მეთქი? თან თავის დამშვიდებასაც ვცდილობდი, მალრუ ქალიშვილის სიცოხლე სასწორზე არ შეაგდებს-მეთქი: არადა, ხომ შეიძლებოდა მიმხვდარიყო ფარსს მიწყობენ, სინამდვილეში ოდეტა არ მოუტაცებიათო? მოკლედ, კაცმა არ იცის რა მოხდებოდა.. გზაზე მანქანის ფარების შუქი შევნიშნე და სიგარეტი ჩავაქრე. რამდენიმე წამიც და ყველაფერი გაირკვეოდა, ჩემს მარჩიელობასაც მოეღებოდა ბოლო. მთვარის სინათლეზე მანქანა გავარჩეი. ,,როლს-როისი'' იყო. მოახლოება ვაცალე და ბუჩქებიდან ფარანი გავყავი, ზედიზედ რამდენჯერმე დავაჭირე ღილაკს თითი. ,,როლსი'' დაახლოებით საათში ოცი მილის სიჩქარით მოდიოდა. მძღოლის გარდა მანქანაში სხვა არავინ ჩანდა, მაგრამ ეს მაინც არაფერს ნიშნავდა. ო'რეილის შეეძლო სკამებს შორისაც გაწოლილიყო. მანქანა გამისწორდა, ოდნავ შეანელა სვლა. მალრუმ ,,დიპლომატი'' ძლივძლიობით გამოაძვრინა ფანჯარაში და ჩემგან ათიოდე ფუტის მოშორებით დააგდო გზაზე. ,,როლს-როისი'' თანდათან უმატებდა სიჩქარეს, ლოუნ-ბეის მხარეს უჩინარდებოდა. მე ჯერ ისევ ბუჩქებში ვიჯექი, მონუსხულივით შევცქეროდი ოთხკუთხა ყუთს, რომელიც უკვე რამდენიმე წამის განმავლობაში უპატრონოდ ეგდო მიწაზე: ვერაფრით დამეჯერებინა ფული, კაცმა რომ თქვას, ლამის ჯიბეში მედო. გზას გავხედე. ,,როლსის'' წითელი გაბარიტული სინათლეები სწრაფად ეფარებოდნენ თვალს. წამოვდექი, ნადავლს ხელი დავავლე და ,,პაკარდისკენ'' მოვცოცხე. ,,დიპლომატი'' უკანა სკამზე შევაგდე, საჭეს მივუჯექი და კოტეჯისკენ გავრეკე. სული მიმღეროდა და ვზეიმობდი. საქმე სრულიადაც არ აღმოჩნდა ძნელი და მე ახლა ორმოცდაათი ათასი დოლარი ვღირდი. როცა კოტეჯთან მივედი, ჩემს საათზე სამს ოცდახუთი აკლდა. მანქანა გავაჩერე, გადმოვედი და ,,დიპლომატი'' თან წამოვიღე. აქეთ-იქით მივიხედ-მოვიხედე. ავტოსადგომზე არ ერთი სხვა მანქანა არ ჩანდა და ამან გამაკვირვა. წესით რეა უკვე უნდა მისულიყო, შინიდან ფეხით ეგ არ წამოვიდოდა. მერე, მანქანა რა უყო? ალბათ წამოსვლა ვერ მოახერხა-მეთქი, ვეუბნებოდი საკუთარ თავს. შეიძლება, ო'რეილი უთვალთვალებდა. თუ დაიგვიანებდა, ეს უკვე მისი სადარდებელი იყო. მე ლოდინს არ ვაპირებდი. ჩემს წილს ავიღებდი, დანარჩენს ოდეტას დავუტოვებდი და შინისკენ მოვუსვამდი. ნაბიჯს ავუჩქარე. კოტეჯში შუქი არ ენთო, თუმცა ამას არ დავუეჭვებივარ. ვიფიქრე, ოდეტა ვერანდაზე იჯდებოდა. შუქსაც ალბათ იმიტომ არ აანთებდა, ვინმე შემთხვევითმა გამვლელმა ზედმეტი ყურადღება არ გამოიჩინოსო. კიბეზე რომ ავდიოდი, ვერანდაზე ვერავინ დავინახე. შევცბი, გულმა რეჩხი მიყო, ოდეტა! არავითარი პასუხი. კონდიციონერი ღუღუნებდა მხოლოდ. ოთახში შევედი, კარი ჩავკეტე, ,,დიპლომატი'' მაგიდაზე დავდე, ხელის ფათურით გამომრთველი მოვიძიე და შუქი ავანთე. ოთახში, თითქოს, ჩემ გარდა არც არავინ შემოსულიყო. -ოდეტა! ავუწიე ხმას. სად ხარ? სიჩუმემ შემაშინა. ვითომ, მარტო ვერ გაძლო და გაიქცა? თუ დაიძინა? საძინებელი ოთახის კარი შევაღე. კედელზე თითები მოვაფათურე, ჩამრთველი მოვნახე, თითი დავაჭირე. ოდეტა საწოლზე იწვა და წამით შვებით ამოვისუნთქე. მის ზურგს და ბალიშზე გაშლილ შავ თმას შევცქეროდი. ჟღალი პარიკი იატაკზე ეგდო. -ადე, ფული მოვიტანე! დავუძახე და იმავე წამს ზურგზე ჭიანჭველებმა დამირბინეს. ყელზე რაღაც ნეილონის წინდისმაგვარი ჰქონდა შემოჭერილი, ისე მაგრად, კანი გაეჭრა. ძლივს, გაუბედავად გადავდგი ორი ნაბიჯი და სახეზე დავაშტერდი. მიტკალივით გათეთრებულს თვალები გადმოსცვენოდა და ტუჩების გარშემო ქაფი მოსდებოდა. ტანში გამცრა, უკან დავიხიე. გამალებით მიცემდა გული. ვცდილობდი და მიჭირდა ბოლომდე გამეაზრებინა, რომ ოდეტა მალრუ, უბრალოდ, დაახრჩვეს. 2 მკვლელობა! გაშტერებული და ფეხარეული ძლივს გამოვლასლასდი სასტუმრო ოთახში. ბართან მივედი, ვისკი დავისხი. სასმელმა აზრზე მომიყვანა. რეა სადაა? საათს დავხედე. სამს სამი წუთი აკლდა. რატომ დაიგვიანა? ის მაინც უნდა გამეგო, საერთოდ მოვიდოდა თუ არა. ეჭვების და ყოყმანის დრო აღარ მქონდა, შინ დავურეკე. -მალრუს რეზიდენციაა. ვინ გნებავთ? მსახურის ხმას უკვე უშეცდომოდ ვცნობდი. ხმაზე ეტყობოდა, ჯერ არც დაწოლილიყო დასაძინებლად. მალრუს დაბრუნებას თუ უცდიდა. -მისის მალრუს სთხოვეთ, ვუთხარი მე. გადაეცით, ჰუმონტი რეკავს-თქო. -მაპატიეთ, სერ, მაგრამ მისის მალრუს ძინავს. ვერ შევაწუხებ. -აუცილებლად უნდა დაველაპარაკო. ჩემს ზარს ელოდება. -ძალიან ვწუხვარ სერ, მაგრამ მისის მალრუ შეუძლოდაა. ექიმმა ძილის წამალი დაალევინა. ვერ გავაღვიძებ. აშკარა იყო, არ ცრუობდა. აღარაფერი მითქვამს, ყურმილი ჩამოვკიდე. რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში და ვერც ერთს პასუხი ვერ მოვუძებნე. ვითომ, მოიგონა ავადმყოფობა, შინიდან შეუმჩნევლად რომ გამოსულიყო, თუ მართლა ავად გახდა? გაოფლილი ხელისგულები შევიმშრალე. მალრუ უკვე ლოუნ-ბეის ავტოსადგომამდე იქნებოდა მისული. ოდეტას, რა თქმა უნდა, იქ ვერ ნახავს, შინ დაბრუნდება და მთელი ქალაქის პოლიციას ფეხზე დააყენებს.. და უცებ მოულოდნელმა, საზარელმა აზრმა გამიელვა გონებაში: ბანკის სეიფში საიმედოდ ჩაკეტილი ის ორი ფირი უკვე ვეღარ გადამარჩენს, გატაცების იმიტაცია ერთია, მკვლელობა კი სულ სხვა. მკვლელობაში, რა თქმა უნდა, მე დამადანაშაულებდნენ, პოლიცია იფიქრებდა, ფულის გაყოფაზე ჩხუბი მოუვიდათ და გოგო იმიტო დაახრჩოო. ოდეტას გვამის კოტეჯში დატოვება არაფრით არ შეიძლებოდა. საჩქაროდ უნდა მომეშორებინა თავიდან. იქ თუ დავტოვებდი, დილით ბილ ჰოლდენი იპოვიდა და მაშინვე განაცხადებდა პოლიციაში. როცა ჰკითხავდნენ, კოტეჯს ვინ ქირაობდაო, რა თქმა უნდა, ჩემს გვარს დაასახელებდა. მერე დეტექტივები დაინტერესდებოდნენ, ეს ნაციხარი და უმუშევარი კაცი რა მიზნით და სახსრებით ვქირაობდი ასეთ ძვირადღირებულ კოტეჯს თითქმის ორი კვირის განმავლობაში: მერე იმასაც მკითხავდნენ, წუხელ ღამე სად გაატარეო, ტიმ კოულიმ კი გოგონასთან ერთად მნახა. მართალია, ოდეტა მას ეს ჰექორთად გავაცანი, მაგრამ პოლიციას რა, ვინაობის დადგენა გაუჭირდებოდა? უცებ მიხვდებოდნენ ყველაფერს. რეა რაღას იზამდა? გამოტყდებოდა, მოტაცების იმიტაცია მე ჩავიფიქრეო. მკვლელობას კი მე დამაბრალებდა? როგორმე აუცილებლად უნდა დავლაპარაკებოდი! მაგრამ მანამდე ოდეტას გვამი უნდა მომეშორებინა იმ არემარიდან. მარტო გაფიქრებაზეც კი, ხელი უნდა შევახო-მეთქი, კინაღამ გულ-მუცელი ამომიტრიალდა. მაგრამ სხვა გამოსავალიც არ არსებობდა. გვამი ისეთ ადგილას უნდა დამემალა, სადაც მანამდე ვერ იპოვიდა ვერავინ, ვიდრე მე რეასთან დალაპარაკებას მოვასწრებდი. არჩევანი ვერცხლის მიტოვებულ საბადოზე შევაჩერე, გზატკეცილიდან იქამდე ერთი მილი იყო სავალი. იშვიათად თუ გაივლიდა იქით ვინმე, და შეიძლებოდა, რამდენიმე თვეც ვერ ეპოვათ იქ ჩამალული გვამი, თუკი საერთოდ იპოვიდნენ. ბარემ არ მინდოდა ამ უსულგულო ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ იძულებული ვიყავი საკუთარ ტყავზეც მეფიქრა. კიდევ ერთი ჭიქა ვისკით გათამამებული სახლიდან გამოვედი და ,,პაკარდი'' ახლოს მივაყენე კოტეჯთან. საბარგული გავაღე. მერე საძინებელ ოთახში შევბრუნდი. არც შემიხედავს, ისე გადავაფარე ოდეტას ზეწარი და ხელში ავიყვანე. უცნაურად მძიმე მეჩვენა. მანქანასთან მივედი და გვამი საბარგულში ჩავდე, მერე, რაც შეიძლება ფრთხილად, ზეწარი ქვეშიდან გამოვაცალე და სახურავი ჩავკეტე. კოტეჯში დაბრუნებულმა მაცოცხლებელი სითხე ისევ გადავკარი, საძინებელ ოთახში შევედი, საწოლი გავასწორე და გადასაფარებელიც გადავაფარე. პარიკი ჩემოდანში ჩავტენე და დავრწმუნდი, რომ იქ ოდეტას ნივთები აღარ დარჩა. ოღონდ სასტუმრო ოთახში, მაგიდაზე, პორტფელი იდო. ფული აქამდე აღარც გამხსენებია. აღარ მაინტერესებდა, ხელის ხლებისაც კი მეშინოდა. ბინძური ფული იყო და აჯობებდა, ოდეტასთან ერთად გამქრალიყო. პორტფელს ხელი დავავლე, შუქუ ჩავაქრე, კარი გამოვიკეტე და მანქანაში ჩავჯექი. სამი მილი მქონდა გასავლელი. საბადოს გზა პალმ-ბეიზე გადიოდა, თავად მაღარო კი პალმ-სიტისა და პალმ-ბეიზე შორის მდებარეობდა. ოთხის ათი წუთი იყო. ასეთ დროს გზატკეცილზე საპატრულო მანქანა თუ შემოგხვდება, სხვა ტრანსპორტი უკვე აღარ მოძრაობს და სიფრთხილე მმართებდა: სიჩქარის გადაჭარბებისთვის პატრულის ყურადღება არ უნდა მიმექცია. გზატკეცილზე გავედი. გზაჯვარედინზე, შუქნიშნის შორიახლოს, პოლიციელი იდგა. იქამდე ორმოციოდე იარდიღა მრჩებოდა, როცა წითელი აინთო. მუხრუჭს დავაჭირე, ,,პაკარდმა'' სვლა შეანელა და გაჩერდა. პოლიციელის მზერას ვგრძნობდი და გაუნძრევლად ვიჯექი, თითქოს საერთოდ არ ვიყავი იქ, საერთოდ არ ვარსებობდი. პოლიციელი კი მიყურებდა სხვა ან რა საქმე ჰქონდა. მეჩვენებოდა, ჩვენ ორის გარდა დედამიწაზე კაციშვილი აღარ დარჩენილა-მეთქი. პალმ-ბეის მხიარული, ნეონის სინათლეებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სიამოვნებისთვიის ციმციმებდნენ. ყვითელი, სავსე მთვარეც უხვად გვაფრქვევდა თავის შუქს. ფართო და უსასრულო ქუჩაზე არავინ ჩანდა ჩვენ ორის გარდა. შუქნიშნის წეითელ თვალს მივაშტერდი. თითები მეტკინა, ისე ჩავაფრინდი საჭესს. პოლიციელმა ამოახველა და ასფალტზე დააფურთხა. მაღალი, მხარბეჭიანი, მრგვალთავა და უკისრო, უაზროდ ათამაშებდა ხელკეტს და თვალს არ მაშორებდა. როდისღა აინთება მწვანე? ვიგრძენი, როგორ დამიცვარა ოფლმა სახე და ამ დროს მწვანეც აინთო. მუხრუჭიდან ფეხი ავიღე და ფრთხილად, მეტისმეტად ფრთხილად, ტერფი გაზის პედალს დავაჭირე. მანქანა ერთი კი დაიძრა, მერე უცებ რაღაცამ დაიღრჭიალა და გაჩერდა. სიჩქარიდან ამოვაგდე, მერე ისევ პირველი ჩავრთე. აქსელერატორს დავაწექი. ძრავა აღმუვლდა, მაგრამ გიჯითაც ვერ წავიწიე წინ. პანიკამ შემიპყრო. მივხვდი, მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად და სამაგალითოდ მომუშავე რომელიღაც პატარა კბილანა მთლად გაცვდა, უკანა ხიდი ჩაიშალა და მეც ჯორივით დავდექი პოლიციელისგან ათ მეტრში, ჩემი ,,ტვირთიანად''. მოძრაობისა და აზროვნების უნარი დავკარგე. საჭეს ჩაფრენილი, გამოთაყვანებული ვიჯექი და არ ვიცოდი რა მექნა. მწვანე შუქი ისევ წითელმა შეცვალა. პოლიციელმა ქუდი მოიხადა და მოკლედ გაკრეჭილი თავი მოიქექა. უხეშ, წითურ სახეზე მთვარის ანარეკლი ეცემოდა. ასე, ორმოცდაათიოდე წლის, აშკარად ძველი ყაიდის კაცი იყო, ბევრი ჭუჭყისა და სიბინძურის მნახველი. ღამის მორიგე პოლიციელს ვერავინ იტანდა დასანახავად და სიძულვილზე ისიც სიძულვილით პასუხობდა. ასეთ ტიპს უმალ უბედურების მოტანა შეეძლო, ვიდრე უბედურებისგან გადარჩენა. უკანა სიჩქარე ჩავრთე იმ იმედით, იქნებ მანქანა ბორდიურთან მაინც მივაყენო-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ ,,პაკარდი'' ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა. წითელი შუქი მწვანით შეიცვალა. პოლიციელმაც ეტყობა ამდენი ვეღარ აიტანა და ჩემკენ გამოემართა დინჯად. -რა იყო, ღამის გათევას აპირებ აქ? ხმაც ვირული ჰქონდა, სახის შესაფერისი. -სიჩქარეების კოლოფმა აურია, ვთქვი მე. -ჰოო? მერე, რას აპირებ? -სადმე ახლომახლო გარაჟი არ არის? -კითხვენს მე ვიძლევი. რას აპირებ-მეთქი? -იქნებ ვინმემ ჩამიბას, ვუთხარი მე, თავს ძლივს ვიკავებდი. -მართლა? მერე, ამ შენს ჯართს მანამდე რას უპირებ? -ერთად შეგვიძლია ბორდიურთან მივაგოროთ. ხელკეტის ტარით ყური მოიფხანა და ცერად გამომხედა. -არა, მართლა? ისევ დააფურთხა ასფალტზე. -ვგავარ ახლა მე სხვისი დანჯღრეული მანქანების მიმწოლს? რომ იცოდე, მანქანებსაც და მანქანების პატრონებსაც დასანახავად ვერ ვიტან. ახლა ადექი და ეგ შენი ნაგავი გზიდან მოაშორე, თორემ მოძრაობის შეფერხებისთვის დაგაჯარიმებ. ,,პაკარდიდან'' გადმოვედი და მივაწექი, მაგრამ უკანა ბორბალი ღრმულში ჩავარდა და მანქანა ერთხელ კიდევ დადგა. ჯორივით. მაინც ვაწვებოდი, სანამ ოფლი წურწურით არ წამომივიდა. პოლიციელს ბურთივით თავი გვერდზე გადაეგდო და ჩემს ჯახირს ადევნებდა თვალს. -კარგი, ცოტა დაისვენე, მითხრა და უჯიგროდ გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯი. ჩათვალე, რომ უკვე დაჯარიმებული ხარ. მოდი, ერთი შენი მართვის უფლებაც ვნახოთ. ამდენი ჭინთვისგან უკვე სული მეხუთებოდა, მაგრამ იმდენი ჭკუა არ მეყო, მართვის უფლებასთან ერთად ახალი სამსახურეობრივი მოწმობაც გამეწოდებია. კარგა ხანს დაჰყურებდა, მერე მე შემომხედა, მერე ისევ მოწმობას მიუბრუნდა. -ეს რაღაა? მკითხა ბოლოს. -ოლქის პროკურორთან, მედოუზთან ვმუშაობ მივუგე მე. ჩემი უშუალო უფროსი კი რენიკია, ლეიტენანტი. -რენიკი? პოლიციელმა ქუდი კეფაზე მოიგდო. -მერე აქამდე ვერ თქვი? მე და რენიკი ძმაკაცები ვიყავით, სანამ ზევით წაიყვანდნენ. მაინც ეჭვით შეათამაშა მოწმობა ხელში და დამიბრუნა. -კარგი, გიშველი, რაც იყოს, იყოს. ,,პაკარდი'' ერთად მივაგორეთ ტროტუართან. ზიზღნარევი მზერით შეათვალიერა ჩემი მანქანა. -კოლოფი ურევსო? იაფი არ დაგიჯდება. -ეგრეა. თავში სრული ქაოსი მქონდა. რა მექნა? სხვის გარაჟში მანქანის დატოვების მეშინოდა. როგორმე ჩემს გარაჟამდე უნდა მიმეყვანა, მაგრამ მერე სად წამეღო გვამი? -მანქანის პატრონს ზოგჯერ მოგიწევს ხოლმე ჯიბეზე ხელის გაკვრა, მე კიდე, რომც მაჩუქო, მანქნა მაინც არ მინდა, თავისას ერეკებოდა პოლიციელი. -ახლომახლო სადმე გარაჟი არ არის? ვკითხე ისევ, თან სახიდან ცხვირსახოცით ოფლს ვიწმენდდი. -არის, აქედან ერთი მილის მოშორებით, გზაზევე, მაგრამ ახლა დაკეტილია. საპატრულო მანქანა თუ გამოჩნდა, ბუქთ წაგიყვანს განყოფილებამდე, მაგრამ მაშინ ჯარიმას ვერ გადაურჩები. ქუჩის გადაღმა მორიგე აფთიაქი შევნიშნე. -წავალ, დავრეკავ, ვთქვი მე. -ჰო, მოგიწევს. აქ ვიქნები. ჩემგანაც სთხოვე მექანიკოსს ო'ფლაჰერტი ვარ გვარად. მიცნობს. პოლიციელმა უბის წიგნაკი ამოიღო და გარაჟის ტელეფონის ნომერი მითხრა. აფთიაქში შევედი და გარაჟში დავრეკე. ყურმილს დიდხანს არ იღებდნენ. როგორც იქნნა გავიგონე ნამძინარევი, გაბრაზებული მამაკაცის ხმა, რა ჭირი გინდაო მკითხა. ო'ფლაჰერტის ავტორიტეტი მოვიშველიე, ვთხოვე, მანქანა ბუქთ წამაყვანინეთ-მეთქიი. კაცმა დედაჩემი მოიხსენია და დამპირდა, მოვალო. ,,პაკარდთან'' მივბრუნდი. -მოვა, ვუთხარი პოლიციელს. ჩაიცინა. -იგინებოდა, არა? -გულით. -ლეიტენანტს როცა ნახავ, უთხარი მოკითხვა შემოგითვალა-თქო, გააგრძელა ო'ფლაჰერტიმ. ჯიგარი ბიჭია. რენიკზე უკეთესი ჩვენთან არავინ იყო. -გადავცემ. -კარგი, აბა, მე წავედი. შევხვდებით ალბათ მომავალშიც. -გმადლობთ. უხეშ, წითურ სახეზე რაღაც ღიმილისმაგვარი დაეტყო. -ჩვენ, პოლიციელებმა, ერთმანეთს უნდა ვუშველოთ ხელმე. თავი დამიქნია და გზას გაუყვა, რაღაცას უსტბენდა და თან, რიტმში, ხელკეტს იქნევდა. აკანკალებული ხელით სიგარეტს მოვუკიდე. შიშისა და დაბნეულობისგან ძლივს ვსუნთქავდი. კარგი, ვთქვათ და მივაღწიე ჩემს გარაჟამდე, მერე? ოდეტას გვამი როგორ მოვიშორო? ღამე შინიდან არ გამოდის, მაგრამ დღისით ხომ ნინა ნებისმიერ წუთს შეიძლება შევიდეს გარაჟში? ისეთ შარში გავეხვიე, ტვინი მთლად გადამეკეტა. ტექმომსახურების პატარა სატვირთო მანქანა ათიოდე წუთის მერე მოვიდა. მექანიკოსი ტანმორჩილი, ტარანივით ხმელი ირლანდიელი აღმოჩნდა. სიბრაზისგან ჭკუიდან გადასული კრინტს არ სძრავდა, უსიტყვოდ მიუჯდა ,,პაკარდის'' საჭეს სიჩქარეების გადასართავი ბერკეტი აწვალა, მანქანიდან გადმოვიდა და გულიანად მითხრა. -უკანა ხიდი ჩაიშალა როგორც იქნა ამოიღო ხმა. რემონტი ძვირი დაგიჯდება, თან ორი კვირა მაინც უნდა მაგ საქმეს. -სახლამდე მაინც მიმაყვანინეთ მანქანა, ვთხოვე. გაოცებული მომაჩერდა. -გარემონტება არ გინდა? -არა. ოღონდ ბუქთ წამიყვანეთ. საღე მოეღრიცა. -ასეთ დროს ლოგინიდან წამომაგდე, ახლა კი მეუბნები, რემონტი არ მჭირდებაო?! ამ საღამოს ერთი ირლანდიელიც ყელამდე მეყო, ახლა მეორეს არ გადავეყარე! -ოლქის პროკურორთან ვმსახურობ, ვუთხარი იმასაც, მორჩი ბაზარს და მანქანა სახლამდე მიმაყვანიე. მეგონა, ბრაზისგან გასკდებოდა, მაგრამ როგორღაც თავის შეკავება მოახერხა. გინებ-გინებით გამოსდო ბუქს კაუჭი ჩემს მანქანას. მერე მეც გვერდით მივუჯექი და მისამართი ვუთხარი. ოთხი მილი ისე ვიარეთ, არც ერთს კრინტი არ დაგვიძრავს. სახლთან რომ მივედით, შეშფოთებით შევხედე ფანჯრებს. შუქი არ ენთო. ესე იგი, ნინას უკვე ეძინა. ჩემს მანქანას ტროსი ამოხსნა. -გარაჟში დავაყენით, ვუთხარი მე. მექანიკოსი თითქმის არ მეხმარებოდა, მაგრამ გარაჟის წინ დაქანება იყო და ,,პაკარდი'' დიდი ჯაფის გარეშე შევაგორეთ. -რამდენი გინდა? ვკითხე. -თხუთმეტი დოლარი, მიპასუხა შუბლშეჭმუხნულმა. მხოლოდ თერთმეტი დოლარი მედო. ათი მივეცი. -ამ საქმისთვის ათიც სავსებით საკმარისია. ფული გამომართვა, ერთი განგმირავად შემომხედა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მერე გარაჟის კარი ჩავკეტე. უკვე თენდებოდა. ერთი საათიც და ჰორიზონტს იქიდან მზეც ამოვიდოდა. ჯერ ვერაფერს მოვიმოქმედებდი. არანაირი იდეა არ მაწუხებდა. ღამემდე მომიწევდა ალბათ გვამის საბარგულში დატოვება. ამის გაფიქრებაზე ცუდად გავხდი. სახლისკენ მიმავალ ბილიკს გავუყევი, კარი გავაღე და სასტუმრო ოთახში შევედი. ცალი თვალით საკუთარი ანარეკლი შევათვალიერე სარკეში. მსგავსი სახე კოშმარში თუ გამოეცხადება ხოლმე კაცს. მაგიდაზე ნინას ხელჩანთა იდო. იქიდან მანქანის გასაღების მეორე აცმა ამოვაძვრინე და ჯიბეში ჩავიდე. თავისუფლად შეიძლებოდა, ჩემი სამსახურში ყოფნის დროს ნინას საბარგულის გახსნა მოსვლოდა აზრდა. შუქი ჩავაქრე, ფეხაკრეფით შევედი ჩემს ოთახში და ტანზე გავიხადე. მერე წყალი გადავივლე. ჩემი გონება ჯერ მაინც ჯიუტად უარზე იყო, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ეძებნა. პიჟამას დავეძებდი ბნელში, როცა ტელეფონმა დარეკა, ზარის ხმაზე გული მომეწურა. პიჟამას შარვალი ამოვიცვი, სასტუმრო ოთახში გავვარდი და ყურმილს ვეცი. -შენა ხარ, ჰარი? რენიკის ხმა ვიცანი. -ეს-ესაა მალრუმ დარეკა. მართლა მოუტაცებიათ! საჩქაროდ სამმართველოში მოდი! ვიდექი, მთელი ძალით ვუჭერდი ყურმილს თითებს და ერთიანდა ვცახცახებდი დაზაფრული. -გესმის, ჰარი? თავს მოვერიე. -კი, მესმის. მაგრამ ჩემი ოხერი მანქნა გაფუჭდა. სიჩქარეების კოლოფი ჩაიშალა და ძლივს მოვათრიე სახლამდე. -კარგი. საპატრულო მანქანას გამოგიგზავნი. ათ წუთში შენთან იქნება. რენიკმა ყურმილი დადო. -ჰარი.. რა მოხდა? კარში ნამძინარევი ნინა იდგა. -საჩქაროდ მიბარებენ. ის გოგო მოუტაცებიათ, თან ვიცვამდი და თან ვლაპარაკობდი. შენ დაწექი. მომაკითხავენ. -ყავა მოგიდუღო? -არ გინდა, წადი, დაიძინე. -იცოდე, არ მეზარება.. -დაიძინე, დაიძინე.. პიჯაკს ვიცვამდი, მანქანის ხმა რომ მომესმა. -მგონი მოვიდნენ. ნინას ხელი მოვხვიე, ვაკოცე და საპატრულო მანქანისკენ გავიქეცი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.