შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათარსული კაცი (თავი 12)


5-07-2022, 07:46
ნანახია 9 201

-შემოდი, ნუ გრცხვენია, თქვა ო'რეილიმ. შენმა ცოლმა ეტყობა, რაღაც ცუდ თვალზე შემხედა.
ნინას მივუახლოვდი. ჩემს სახლში ამ კაცის ნახვამ შემაძრწუნა და თავდაპირველი შიში ნელ-ნელა გააფთრებამ შეცვალა.
-გაერთრიე აქედან, სანამ კინწისკვრით გამიგდიხარ! ვუთხარი ო'რეილის.
ჩაიცინა, თეთრი, ჩაკიწკიწებული კბილები გამოაჩინა.
-იცი, რას გეტყვი, თქვა მან, შენს წონაში შეიძლება მართლა წარმოადგენ რამეს, მაგრამ ჩემსაში ნული ხარ. შენისთანას ორსაც იოლად მოვუგრეხ კისერს.
ნინამ რარაც მანიშნა თვალით.
-რა გინდა? ვკითხე ო'რეილის.
-თვითონ ვერ ხვდები? მოიტა დროზე ფირები!
-ესე იგი, მართლა შენ მოგიკლავს.
ნიკაპი მოისრისა. ტუჩები ღიმილა გაუწელა.
-მე? როგორ გეკადრებათ. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მკვლელობა შენ ჩაიდინე. ჩვენში დარჩეს, დიდი რეგვენი ვინმე გამოდექი, თანაც ყბედი. ენაზე კბილი დაგეჭირა მე და რეა ფირის ამბავს ვერ გავიგებდით, მაგრამ არა, თავის მოწონება მოგინდა! ეგ ფირები რეასთვის ზურგში ჩარტყმული დანაა. მე მაგეების არ მეშინია, მაგრამ რახან წილში ერთად გავდივართ, შევპირდი ფირებს ხელში ჩაგიგდებ-მეთქი.
-ტყუილად შეჰპირდი, ვთქვი მე. ,აგ ფირებს უმალ რენიკს დავუდებ მაგიდაზე.
წამით რევოლვერს შეავლო თვალი, მერე ისევ მე შემომხედა.
-ვითომ, რას იზამ, შენს ცოლს ფეხებში რომ დავუმიზნო და ჩახმახსაც გამოვკრა? ხომ იცი, ნაღდად მკისრებელი ვარ.
-ნუ უსმენ, ჰარი, არ მეშინია, მშვიდად თქვა ნინამ.
-საკმარისია ისროლო, მთელი უბანი აქ მოცვივდება. წასვლასაც ვერ მოასწრებ. არ გაგივიდა ბლეფი. ვუთხარი ო'რეილის.
ის სავარძელში გადაითხლაშა და სიცილი დაიწყო.
-მართალი ხარ, ვერაფერს იტყვი, თქვა ბოლოს. აქ ბახაბუხს არ ავტეხ.
რევოლვერი ჯიბეში ჩაიდო.
-მოდი, სერიოზულად ვილაპარაკოთ. მე ფირები მჭირდება, რადაც უნდა დამიჯდეს. სად ინახავ?
-ბანკში. შენ არ მოგცემენ.
-მისმინე, ჩვენ ახლა ბანკში წავალთ და ფირებს შენი ხელით გამომიცუნცულებ!
-ფირებს შორიდანაც ვერ ნახავ-მეთქი! ეს ჩემი ბოლო სიტყვაა.
ძალიან ყურადღებით შემომხედა.
-ღმერთმა იცის, შენ თვითონ მაიძულე, თქვა გაუნძრევლად. ფირებს კი, გინდა, არ გინდა, მაუნც უნდა დავემშვიდობო, მრავალმილიონიანი ქონება დევს სასწორზე. ვერ დავუშვებ, მთელი ჩემი გეგმა რაღაც ფირების გამო ჩაიშალოს. ვერაფერი შემაჩერებს. აბა, ერთი აქეთ მომხედე.
ჯიბიდან პატარა ცისფერი ბოთლი ამოიღო, გახსნა და ჟურნალის მაგიდახე ფრთხილად გადმოღვარა რაღაც სითხე. სითხე ცოცხალივით აფუთფუთდა. პატარა გუბე შიშინებდა და ქაფს იკიდებდა. ჩემ თვალწინ სითხემ მაგიდის ლაქი ამოჭამა და ხის დაშლაც დაიწყო.
-გოგირდმჟავა, ამიხსნა ო'რეილიმ. ჯიუტ კაცს შეიძლება სახეში შეასხურო.
მტრული სახით შემომხედა.
-ერთ-ორ ბიჭს ვიცნობ ისეთს, ასიოდე დოლარად შენს ცოლს სამუდამოდ გაალამაზებენ. ტყუილად ნუ გექნება იმედი, დავიცავო. ვეღარაფერი გიშველით. ან ახლავე მომცემ ფირებს, ან არადა, ცოლი დაგიბრმავდება. სახე რა დღეში ექნება, იმაზე საერთოდ ნუღა მალაპარაკებ. რას იტყვი?
ვიგრძენი, რა ძალით მომიჭირა ნინამ ხელზე თითები. ორივე მონუსხულივით შევცქეროდით აშიშინებულ მჟავას. მერე თვალი ო'რეილისკენ გამექცა. მისმა ნაცრისფერმა სიბრაზისგან დავიწროებულმა თვალებმა დამარწმუნა, არ ხუმრობდა. ნამდვილად შეასრულებდა მუქარას. ნინას ვერ დავიფარავდი.
მივხვდი, დავმარცხდი-მეთქი.
წამოვდექი.
-კარგი. წავიდეთ.
ნინა ხელში ჩამაფრინდა.
-არა! მოიცა! ვერ გაბედავს! ჰარი, გემუდარები..
ხელი გამოვტაცე.
-შენ ნუ ჩაერევი.
კართან მივედი. ფართოდ თვალგახელილი ნინა ჩუმად იჯდა და მიყურებდა.
ო'რეილიც წამოდგა.
-სწორედ იქცევა, ლამაზო. მაგიდა ფრთხილად გადაწმინდე. კოხტა თითები არ დაიწვა.
-ჰარი! იყვირა უცებ ნინამ და წამოხტა. არ მისცე ფირები!
სახლიდან გამოვედი და მანქანისკენ გავემართე. ო'რეილიც უკან მომყვა. გვერდით მომიჯდა.
-არ გაგიმართლა, ვირო. თქვა მან. პირი არ უნდა დაგეღო. ახლა მარტო იჩალიჩე. რენიკი რას შვრება, როგორ აქვს საქმეები? შენზე ჯერ არ მოუტანია ეჭვი?
-ჯერ არა.
მანქანა დავძარი. ამ კაცის გაუსაძლისი ზიზღი მახრჩობდა. მიხვდი, რა სისულელეც ჩავიდინე, როცა რეას ფირების ამბავი მივახალე. ფირების გარეშე, ო'რეილის თქმის არ იყოს, იძულებული ვხვდებოდი მარტო მეჩალიჩა. სასამართლოში ჩემი სიტყვა ვერაფრით ვეღარ გადაწონიდა: საუკეთესო ვექილს დაიქირავებდა და ჩემს ჩვენებებს ნაცარტუდად აქცევდა.
-როცა დაგიჭერენ, მითხრა ო' რეილიმ, ჩემი და რეას გასვრაც არ იფიქრო. ორივეს რკინის ალიბი გვაქვს.
-აგაშენა ღმერთმა ვნერვიულობდი თქვენზე, მივუგე მე.
წამით ერთმანეთს შევხედეთ. თვალებში გაოცება ჩაეყინა.
-ისე, ცივსისხლიანი ბიჭი კი ხარ. მაგარ შარში გაეხვიე, არ მეგონა, ამოდენა თავშეკავება თუ გექნებოდა.
-ამ საქმეზე ნებით წავედი, ვუთხარი მე. ნებისმიერი სიურპრიზისთვისაც მზად ვარ. ჯერჯერობით, ყველაფერი ნორმალურად მიდის. ბოლოს და ბოლოს, გაბითურებული მაინც შენ დარჩები, იმიტომ, რომ ქალებს არ იცნობ.
გულზე მოხვდა. შემოტრიალდა და მომაჩერდა.
-მაგით რისი თქმა გინდა?
-მალე თვითონ მიხვდები. ერთი და ორი წელი არ მიმუშავია გაზეთში. სტატისტ გოგონებთანაც მქონია საქმე. ვიცი იმათი ბუნება. რეა მალრუ სულ იმ ჭკუაზეა, დარჩენილი ცხოვრება ვიღაც მუტრუკ ირლანდიელთან გაატაროს. თავს ნუ მოიტყუებ შენ მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი პოლიციელი ხარ, გაუთლელი ტეტია. როცა მალრუ მოკვდება და რეაც მის ქონებას დაეპატრონება, შენდამი ყოველგვარი ინტერესიც გაუქრება. იმ წუთას ქუჩაში გიკრავენ თავს. როგორმე მოახერხებს შენს გამოპანღურებას. თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ, ისე იქცევი ხელახლა სამსახურის მაძიებელ ყოფილ პოლიციელად.
-ჰოო? შენ ასე ფიქრობ?
ღიმილმა წვრილი ტუჩები დაუბრიცა, მაგრამ თვალები ჩამკვდარი ჰქონდა.
-თავს ნუ იმშვიდებ, ბრიყვო. შენგან განსხვავებით, ჩემი და რეას ცოლქმრობა ძალიან დღეგრძელი იქნება.
გაცინება მოვახერხე.
-უფრო სასაცილო კაი ხანია არაფერი გამიგია.
მანქანა ბანკთან გავაჩერე. ორს სამი წუთი აკლდა. ბანკის კარი დაკეტილი იყო.
-არა, შენ მართლა გგონია, რომ რეასნაირი ქალი კაციჭამია ირლანდიელს გაჰყვება ცოლად? მე შეიძლება მართლა ბრიყვი და ბედოვლათი ვიყო, მაგრამ ჩვენ ორში მარტო მე არა ვარ ეგეთი.
-ხმა ჩაიწყვიტე, დამიღრინა ო'რეილიმ.
სახე აუჭარხლდა.
-კარგი. თუ ეგეთი ბუტია ხარ, საერთოდ კრინტს არ დავძრავ. არადა, გეტყოდი შენს ასგილას როგორ მოვიქცეოდი.
შემომხედა.
ვიგრძენი, მტკივნეულ ადგილს შევეხე.
-თავს დავიზღვევდი ყოველი შემთხვევისთვის. თუკი რეა თავიდან მოშორებას დამიპირებდა. ვეცდებოდი, თვითონ ამეღო სადავეები ხელში.
იჯდა, არ ინძრეოდა. ლამის მესმოდა, დაძაბულობისგან როგორ უჭრაჭუნებდა ტვინი. ბოლოს გაიღიმა.
-მეცოდები, ბრიყვო, თქვა ო'რეილიმ. სულელი ხარ. სისულელეა ეგ ყველაფერი.
-ო'კეი, მივუგე მე. ესე იგი, მე სულელი ვარ.
კლერკმა ბანკის კარი გააღო.
-მისმინე, გავაგრძელე ისევ. დღეიდან ბოლომდე დარწმუნებული აღარაფერში აღარ შეგიძლია იყო. თუ მოვახერხე, გაჯობებ. რეა ნაღდად მოგისვრის გამოწურული ლიმონივით. შენ ჩემზე უფრო მიამიტი ხარ, მაგრამ მაინც ვერ შეგიცოდებ.
მანქანიდან გადავიდა.
-წავედით. მომბეზრდა შენთალ ლაილაი. ფირები მჭირდება.
ბანკში შევედით. ფირები ავიღე და საკუთარი ხელით ჩავაბარე არჩევანი არ მქონდა.
-არ დაკარგო, ვუთხარი როცა შეკვრას ვაწვდიდი. ახლა ამათ შენთვის იგივე ფასი აქვთ, რაც ჩემთვის.
-მოკეტე, შემომიღრინა ერთხელ კიდევ: ლამაზნაკვთებიანი, ღაჟღაჟა სახე დაეძაბა, შეშფოთება დაეტყო. მერე ბანკიდან გავიდა.




2




სამის ათ წუთხე სამმართველოში დავბრუნდი. მაგიდაზე ბარათი დამხვდა. რენიკს საჩქაროდ უნდოდა ჩემი ნახვა.
მიზეზი ათასნაირი შეიძლებოდა ჰქონოდა. შეიძლება, ახალი აღმოეჩინათ რამე. იქნებ, უკვე იცოდა, სწორედ მე რომ ვიყავი იმ ყავისფერკოსტიუმიანი კაცი. ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო. მოულოდნელმა დარტყმამ აპათიაში ჩამაგდო. ვიცოდი დაინტერესდებოდა თუ არა რენიკი ჩემი პიროვნებით, ვეღარაფერი მიშველიდა, საბოლოოდ დავიღუპებოდი. საკუთარი სიმართლის ნივთიერი მტკიცება დავკარგე. ახლა სიტყვაზე აღარავინ დამიჯერებდა.
თავის გადარჩენა იმ შემთხვევაში შემეძლო, თუ დავამტკიცებდი, ოდეტა ო'რეილიმ მოკლა-მეთქი. უეჭველია, ო'რეილის ეჭვის ჭია მაინც გავუღვიძე რეას ნდობას ალბათ დაკარგავდა. ამიტომ, იქნებ ფირებიც აღარ გაენადგურებინა: რეას წინააღმდეგ სხვა იარაღი არც იმას გააჩნდა. სანამ ფირები არსებობდა, კიდევ მრჩებოდა რაღაც შანსი.
ვიცოდი, ნინა ახალ ამბებს მოუთმენლად ელოდებოდა და დავურე.
პულტთან შეერთებული ტელეფონით ვლაპარაკობდი და სიტყვებს გულდასმით ვარჩევდი.
-მიიღო, რაც უნდოდა, ვთქვი მე, არჩევანი არ მქონდა. არაფერი თქვა მხოლოდ მომისმინე. შეიძლებოდა ყველაფერი უარესადაც დამთავრებულიყო. როცა დავბრუნდები, ყველაფერი ავწონ-დავწონოთ. გავთავისუფლდები თუ არა, პირდაპირ შინ წამოვალ.
-კარგი, ჰარი.
გული მომიკვდა, ისე უთრთოდა ხმა.
-ნუ ღელავ, როგორმე ყველაფერს მოვაგვარებ, ვუთხარი და ყურმილი დავდე.
სამის ოც წუთზე რენიკის კაბინეტში შევედი.
რენიკი ბოლო პატაკს კითხულობდა. გამხდარი სახე მოღუშვოდა და დაძაბვოდა. ჩემს დანახვაზე თავი ასწია და სკამზე მიმითითა.
-ერთი წუთით, თქვა მან.
მომეჩვენა, რომ ისეთი მეგობრული კილო აღარ ჰქონდა, როგორც საათ-ნახევრის წინ.
დავჯექი და სიგარეტი გავაბოლე. შიში უკვე აღარ მტანჯავდა. იმიტომ არა, თითქოს ჩემი ბედისა მჯეროდა უბრალოდ, გადავწყვიტე ბოლომდე მეთამაშა და თუკი არ გამოვიდოდა, უდრტინველად მიმეღო სასჯელი.
როგორც იქნა, ქაღალდები მაგიდაზე დადო, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და დაჟინებით მომაჩერდა. რენიკის სახე არაფერს გამოხატავდა, მხლოდ თვალები ცდილობდნენ ჩემი ფიქრების წაკითხვას. ისე მიყურებდა, როგორც მხოლოდ პოლიციელი უყურებს ხოლმე ეჭვმიტანილს. ან იქნებ, ყველაფერი მეჩვენებოდა?
-ჰარი, ოდესმე შეხვედრიხარ ოდეტა მალრუს? გისაუბრია მასთან? მკითხა.
გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა.
-არა, ეგ ოჯახი სწორედ მაშინ გადმოსახლდა აქ, როცა მე ციხეში ვიჯექი. არ მომეცა შესაძლებლობა, მისთვის ინტერვიუ ჩამომერთმია, შეგნებულად გავითამაშე გულუბრყვილობა.
ესეც პირველი სუცრუე-მეთქი, გავიფიქრე. ახლა უკვე მანამდე მომიწევდა ტყუილების თქმა, სანამ რენიკი სააშკარაოზე არ გამომიყვანდა.
-ესე იგი, მის შესახებ არაფერი იცი?
-არაფერი.
საფერფლეში ჩავაფერფლე.
-რატომ მეკითხები, ჯიმი?
-ისე, უბრალოდ. ნამცეც-ნამცეც ვაგროვებ ინფორმაციას.
-ერთი ამბავი შევიტყვე: მალრუ საფრანგეთის ქვეშევრდომი ყოფილა. საფრანგეთში კანონით შვილს აუცილებლად რჩება მემკვიდრეობის ნახევარი. მამის სიკვდილს რომ მოსწრებოდა, ოდეტასაც მამის ქონების ნახევარი ერგებოდა. ახლა კი ყველაფერი ცოლს დარჩება.
-საინტერესო ამბავია..
მომეჩვენა, ახალი ვერაფერი ვაუწყე-მეთქი. ეტყობა, ეს ინფორმაცია უკვე მიღებული ჰქონდა. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, რენიკმა თქვა:
-ოდეტას საყვარელი ჰყოლია.
-მის შესახებ მე არაფერი ვიცი, ჯიმი, გავიმეორე მტკიცედ.
კარი გაიღო და კაბინეტში ბერტი შემოვიდა. ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს. პირდაპირ რენიკს მიადგა.
-ლოს-ანჟელესის პოლიციისგან კარგი საჩუქარი მივიღეთ. შემოწმება დაუწყიათ თუ არა, ლამის პირველივე სასტუმროში გაუმართლდათ. ,,რიჯენტ ოტელში'' გაჩერებულა ვიღაც გოგო, რომელიც ენ ჰექორთად გაფორმებულა. წყნარი, რესპექტაბელური სასტუმროა, კარგი რეპუტაცია აქვს. პორიეს გოგოს გარეგნობა აუწერია: მოთეთრო-მოცისფრო კაბა სცმია. ღამით მისულა სასტუმროში, პირველის ნახევარზე, ტაქსით. მძღოლიც იპოვეს. უთქვამს, აეროპორტში ჩავისვიო. ამ დროს მხოლოდ ერთი თვითმფრინავი ჩადის ლოს-ანჟელესში პალმ-სიტიდან. გოგოს ორი დღე ნომრიდან ფეხი არ მოუცვლია, საჭმელიც იქ მიჰქონდათ თურმე. შეუძლოდ ვარო უთქვამს. კვირას, საღამოს ცხრა საათზე ტელეფონით ულაპარაკია პალმ-სიტისთან. ორშაბათს, დაახოებით საღამოს ათ საათზე კი სასტუმროდან წასულა, ტაქსით. მძღოლმა თქვა, აეროპორტში მივიყვანეო.
-ნომერში თითის ანაბეჭდები დატოვა?
-მერე როგორი. დამლაგებელს მისი პლასტმასის სავარცხელი უპოვია. შესანიშნავი ანაბეჭდებია თურმე ზედ. ფოტოტელეგრაფით გვიგზავნიან. წუთი-წუთზე მივიღებთ.
-თავს დავდებ, ეს ენ ჰექორთი იგივე ოდეტა მალრუა, თქვა რენიკმა.
ისევ დასწვდა ქაღალდებს, ცოტა ხნის წინ რომ კითხულობდა.
-ეს გაკვეთის შედეგებია. ჯერ თავში ჩაურტყამთ რაღაც და მერე დაუხრჩვიათ. ბრძოლის კვალი არ ჩანს. უცნაურია, არა? ფეხის თითებს შორის ქვიშა ჩარჩენია. ეტყობა სანაპიროზე უვლია. ლაბორატორიიდან დაგვპირდნენმ დავადგენთ სად არის ასეთი ქვიშაო.
ბერტიმ სპექტიკურად ჩაიცინა.
-სულ ასე იქადნებიან. თითქოს მართლა სასწაულების მოხდენა შეეძლოთ.
სრულებით არ მსიამოვნებდა იქ ჯდომა და მათი საუბრის მოსმენა, თან, არც მიმჩნევდნენ. ისე ეჭირათ თავი, თითქოს კაბინეტში არც ვიყავი.
-თუ არ გჭირდებით, ვთქვი მე და წამოვდექი, ჩემთან გავალ, ჯერ კიდევ უამრავი საქმე დამრჩა.
ორივემ ერთროულად მოაბრუნა თავი.
-კარგი, თქვა რენიკმა, მაგრამ შენობიდან არ გახვიდე. მალე დამჭირდები.
-კაბინეტში ვიქნები.
გამოვედი და დერეფანს გავუყევი.
ქუჩაში ერთადერთი გასასვლელისკენ ჩამავალ კიბესთან ორი დეტექტივი იდგა და საუბრობდა. დაუდევრად შემათვალიერეს და მაშინვე თვალი ამარიდეს.
კაბინეტში შევედი და კარი შევიკეტე.
ნუთუ მხოლოდ იმისთვის იდგნენ, ჩემთვის რომ ედევნებინათ თვალი და გაქცევის შესაძლებლობა არ მოეცათ?
პანიკით შეპყრობილი მაგიდას მივუჯექი. ვაითუ, რენიკი მიხვდა, რომ მოტაცებაში მეც ვიყავი გარეული.
შევეცადე მემუშავა, მაგრამ გულისყური ვერაფრით მოვიკრიბე. კაბინეტში სიარულს მოვყევი, ზედიზედ ვეწეოდი სიგარეტს და უშედეგოდ ვცდილობდი მომეაზრა, როგორ დამემტკიცებინა ო'რეილის დანაშაული.
ერთი საათის შემდეგ ტუალეტში გასვლა გადავწყვიტე. დეტექტივები უწინდებურად იდგნენ კიბესთან.
კაბინეტში რომ დავბრუნდი, ტელეფონი რეკავდა.
-თუ შეგიძლია, შემოდი, რენიკი იყო.
მართლა ცუდ დღეში მქონდა ნერვები. ის ორნი რომ არა, ალბათ მართლა გავიქცეოდი. როგორღაც მოვთოკე თავი და რენიკთან წავედი. კართან დამხვდა, კაბინეტიდან გამოდიოდა.
-მედოუზი გვიბარებს, მითხრა რენიკმა და პროკურორის კაბინეტისკენ გამიძღვა, მეც დასაკლაბ ხბოსავით ავედევნე.
მედოუზი მაგიდასთან იჯდა. როდის-როდის ასწია თავი.
-აბა, როგორაა საქმეებია? იკითხა და სიგარისკენ გაიწვდინა ხელი. არის რამე ახალი?
რენიკი დაჯდა. მეც მაგიდიდან მოშორებით დავიკავე ადგილი.
-სერ, ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ გოგო არ მოუტაცებიათ, განაცხადა რენიკმა.
მედოუზი, რომელიც სიგარის ბოლოს მოკვნეტას აპირებდა, გაშრა და რენიკს მიაჩერდა.
-არ მოუტაცებიათ?
-სპექტაკლი იყო ყველაფერი, ოდეტასა და ყავისფერკოსტიუმიანის დადგმული, ვფიქრობ, კაცი ფულს დახარბდა და გოგოც დაიყოლია, მიხმარებოდა. მალრუსთვის ფულის გამოძალვა მხოლოდ შვილის მოტაცებით შეიძლებოდა.
მედოუზმა ლოყები დაბერა.
-დარწმუნებული ხარ, ჯიმი?
-აბსოლიტურად, მიუგო რენიკმა და ენ ჰექორთთან დაკავშირებული ახალი ამბებიც აცნობა.
-ათი წუთის წინ მისი თითის ანაბეჭდები მივიღეთ. ეჭვი არ არის, ენ ჰექორთი იგივე ოდეტა მალრუა. ვიცით, რომ ლოს-ანჟელესშიც მარტო გაფრინდა და იქიდანაც მარტო დაბრუნდა. თავისი ნებით იმოგზაურა. არავის მოუტაცებია.
-ეშმაკმა დალახვროს! თავი ვეღარ შეიკავა მედოუზმა. რატომღა მოკლეს?
-მისმა პარტნიორმა გამოსასყიდი მიიღო. შეხვედრის ადგილი წინასწარ ჰქონდა მალრუსთან დათქმული. მერე კი, ეტყობა, მთელი ფულის მითვისება გადაწყვიტა. გოგოს გასაჩუმებლად, თავში რაღაც ჩაარტყა და მერე დაახრჩო.
ისევ მოვმუშტე ხელები, ფრჩხილები მტკივნეულად ჩამესო ხელისგულებში.
-ვინ უნდა იყოს? ვინმეზე გაქვთ ეჭვი?
-დამნაშავეზე გარკვეული ცნობები მოგვეპოვება, მშვიდად უპასუხა რენიკმა, მაგრამ ჯერჯერობით არასაკმარისია. ექიმმა გოგოს ფეხზე აკრული პლაჟის ქვიშა უპოვა. ლაბორატორიის ბიჭები ცდილობენნ დაადგინონ ის ადგილი სანაპიროზე, სადაც ზუსტად ასეთი ქვიშაა. იმედი აქვთ, მოახერხებენ. ეტყობა, ოდეტამ თავის მკვლელს პაემანი ერთ-ერთ პლაჟზე დაუნიშნა.
მედოუზი წამოდგა და კაბინეტში ბოლთის ცემა დაიწყო.
-ეს პრესაში არ უნდა მოხვდეს, ბარბერ, მითხრა.
-გასაგებია, მივუგე მე.
მერე რენიკს შეხედა.
-მართლა გჯერათ, რომ გოგო მამისთვის ნახევარი მილიონის წართმევას აპირებდა?
-ვფიქრობ, იდეა იმ კაცმა ჩააწვეთა, თქვა რენიკმა. იქნებ ოდეტას საყვარელიც კი იყო. გოგომაც დაუჯერა.
რაღაც უნდა მეთქვა. როდემდე ვმჯდარიყავი ასე ყეყეჩივით.
-თუ მთელი ფული ხელში ჩაიგდო, ვცადე ხმისთვის მეტი სიმტკიცე მიმენიჭებინა. რატომ არ მიიმალა? მაშინ აღარც ოდეტასთან შეხვედრა დასჭირდებოდა და აღარც იმის მოკვლა.
რენიკმა ერთი გამომხედა და თვალი ამარიდა. სიგარეტს მოუკიდა.
-ასე რომ მოქცეულიყო, გოგოს იქნებ ყველაფერი მამისთვის გაემხილა. მკვლელმაც დაასკვნა, ოდეტას მოტყუება სახიფათოა. თანამონაწილის მოსპობა ამჯობინა.
ტელეფონმა დარეკა.
რენიკმა ყურმილი აიღო.
ცოტა ხანს უხმოდ უსმენდა, მერე იმანაც ამოიღო ხმა:
-დარწმინებული ხართ? ძალიან კარგი.
ყურმმილი დადო. მედოუზს მიუბრუნდა:
-სპეციალისტები ამბობენ, ქვიშა ისტ-ბიჩიდანააო. ხელოვნური პლიაჟია, მსგავს ქვიშას ვერსად იპოვი. მთელ ოლქში ისტ-ბიჩში საწყლოსნო ცენტრიცაა კოტეჯებით. ეტყობა, იქ ხვდებოდნენ ერთმანეთს. დაუყოვნებლივ წავალ.
მე შემომხედა.
-ჰარი, შენც ჩემთან ერთად წამოხვალ.
ისტ-ბიჩზე გამოჩენას სიკვდილი მერჩივნა. ბილ ჰოლდენი მაშინვე მიცნობდა. ბოლო კვირის ვალიც გადასახდელი მქონდა მისთვის.
-ჯობია ჩემს საქმეს მივხედო, ჯიმი.. ისედაც ვერ ვასწრებ, სულს ძლივს ვიბრუნებდი.
-სხვა საქმეები მოიცდის, მოკლედ მომიჭრა რენიკმა, მჭირდები.
-დღეიდან არც ერთი ზედმეტი სიტყვა რეპორტიორებთან, ბარბერ, თქვა მედოუზმა. უთხარით, რომ ამ საქმეზე უწინდებურად ვმუშაობთ, მაგრამ ძიება ჩიხში მოექცა. ჩააცხრეთ ნებისმიერი ხმაური. გაზეთებში თუ მოხვდა ცნობა, რომ გოგომ თვითონ მოაწყო მოტაცების ინსცენირება, საკუთარი მამისთვის ფულის გამოძალვის მიზნით, მალრუს ოჯახს მოსვენება არ ექნება.
-გასაგებია, ვთქვი მე.
სანამ მედოუზი მელაპარაკებოდა, რენიკმა ტელეფონით მთელი ჯგუფი ფეხზე დააყენა.
-წავედით, მითხრა მან, როცა ყურმილი დადო. მერე მედოუზს მიუბრუნდა:
-სერ, შედეგს დაბრუნებისთანავე გაცნობებთ.
მე და რენიკი კაბინეტიდან რომ გამოვდიოდით, გავიფიქრე უხერხული ხომ არ იქნება ჰოლდენის ვალის გასასტუმრებელი ფული ვესესხო-მეთქი. მაინც თავის შეკავება გადავწყვიტე. ორმოცდაათი დოლარი შეიძლებოდა არც სდებოდა ჯიბეში. თან იმედი მქონდა, ჰოლდენი ვალს არ შემახსენებდა. კაცი იმედით ცოცხლობს.
კიბესთან რენიკმა რაღაც ანიშნა იქ მდგომ პოლიციელს. ისინიცუკან გამოგყვნენ და მანქანაში ჩვენთან ერთად ჩასხდნენ. მანქანა ადგილს მოსწყდა. ექსპერტები მეორე მანქანით მოგყვებოდნენ უკან.
ისტ-ბიჩში რომ მივედით, ექვსი საათი სრულდებოდა. პლაჟზე ჯერ კიდევ ბევრი ხალხი იყო.
რენიკმა პოლიციელებს მანქანაში დარჩენა უბრძანა, მე თავი დამიქნია და საწყლოსნო ცენტრის შესასვლელისკენ გაემართა. ფეხათრეული მივდევდი.
ბილ ჰოლდენი თავის კანტორაში იჯდა. ჩვენს შესვლაზე თავი ასწია.
-გამარჯობათ, მმისტერ ბარბერ, თქვა მან და ფეხზე წამოდგა. რენიკს გაკვირვებული მიაჩერდა.
-ეს ლეიტენანტი რენიკია პროკურორიდან, ბილ, ვუთხარი მე. რამდენიმე შეკითხვა უნდა დაგისვათ.
ჰოლდენს გაოცებული სახე ჰქონდა.
-ბრძანეთ, სერ. გისმენთ.
-ჩვენ ქალიშივილის კვალს ვეძებთ, თქვა რენიკმა. დაახლოებით ოცი წლისაა, კარგი შესახედავი, ჟღალი თმა აქვს. მოთეთრო-მოცისფრო კაბა აცვია და დიდი მზის სათვალე უკეთია. გინახავთ ასეთი ვინმე?
ჰოლდენმა უყოყმანოდ გააქნია თავი უარის ნიშნად.
-მაპატიეთ, სერ, მაგრამ არა მგონია რამეში გამოგადგეთ. სეზონზე ათასობით გოგო ირევა ჩემ თვალწინ. ყველა ერთნაირი მეჩვენება უკვე, ქვიშის მარცვლებივით. უბრალოდ, ვერ ვარჩევ.
-ჩვენი ვარაუდით, ის გოგო აქ შაბათს მოვიდა, დაახლოებით შუაღამისას. მაგ დროს იქ იყავით?
-არა. მე რვაზე მივდივარ.
ჰოლდენმა მე გამომხედა.
-მაგრამ თქვენ ხომ აქ იყავით, მისტერ ბარბერ?
მთელი ნებისყოფის მოკრება დამჭირდა, როგორმე მშვიდი იერი რომ შემენარჩუნებინა.
-შაბათს არა, ბილ. შაბათს შინ ვიყავი.
რენიკი მომაჩერდა.
-მაშინ, მაპატიეთ და, ვერაფრით დაგეხმარებით, თქვა ჰოლდენმა.
-რატომ დაასკვენით, რომ შაბათ საღამოს მისტერ ბარბერი აქ იყო? შემპარავად, სასხვათაშორისოდ დაეკითხა რენიკი.
-უბრალოდ ასე ვიფიქრე, ის..
საუბარში ჩავერიე.
-მე აქ კოტეჯი ვიქირავე, ჯიმი, წიგნზე ვაპირებდი მუშაობას. შინ რაღაც არ გამომდის.
დიდი ძალდატანების ფასად გავიღიმე.
-ოღონდ არც აქ გამოვიდა რამე, რენიკმა ჯერ მე შემომხედა, მერე ჰოლდენს.
-შაბათ საღამოს კოტეჯები ჩაკეტილი იყო?
-რა თქმა უნდა, თქვა ჰოლდენმა. ჩემი ხელით ჩავკეტე ყველა, გარდა მისტერ ბარბერის კოტეჯისა. თავისი გასაღები თვითონ აქვს.
-არც ერთი საკეტი არ გაუტეხიათ?
-არა.
-შენი კოტეჯი შენ ჩაკეტე, ჰარი? მკითხა რენიკმა.
-მე მგონი, კი. თუმცა დარწმუნებული არა ვარ. შეიძლება ჩაკეტვა დამავიწყდა კიდეც.
-რომელია შენი კოტეჯი?
-მარცხნიდან პირველი, სერ, ჩემ მაგივრად უპასუხა ჰოლდენმა.
დაბნეული ხარ მე მომაჩერდებოდა, ხან რენიკს.
-ახლა ცარიელია?
ჰოლდენმა კედელზე გაკრულ დაფას შეხედა.
-დიახ.
-ოდეტა მალრუ თუ გინახავთ ოდეისმე აქ? ჰკითხა რენიკმა.
-მოტაცებული გოგო? არა. ჰოლდენნმა თავი გააქნია. აქ არასოდეს გამოჩენილა. გაზეთში ვნახე მისი ფოტო. აქ რომ მენახა, დამამახსოვრდებოდა.
-კოტეჯს დავათვალიერებ. გასაღები თქვენ გაქვთ?
-არა, კარში იქნება ჩატოვებული.
რენიკი და მე კანტორიდან ვაპირებდით გამოსვლას.
-მისტერ ბარბერ.. შემაჩერა ჰოლდენმა.
მაინც გაახსენდა-მეთქი, გავიფიქრე. ჰოლდენისკენ შევტრიალდი, უკმაყოფილოდ დამეჯღანა სახე.
-ახლავე დაგეწევი, ვუთხარი რენიკს და კარისკენ წავიბიძგე.
-რაშია საქმე? ჰკითხა რენიკმა ბილის.
-არაფერი, ლეიტენანტო, თქვა ჰოლდენმა, საწყალობელი სახე ედო. ლაპარაკადაც არ ღირს.
რენიკი გარეთ გავიდა. უხმოდ მივყვებოდით ქვიშაზე დაგებულ ფიცარნაგს. ნახევრად შიშველი, მზისგულზე დაყრილი ხალხი გაოცებას ვერ მალავდა კოსტიუმებში გამოწკეპილი ორი კაცის დანახვაზე. როგორც იქნა მივაღწიეთ კოტეჯს.
გასაღები მართლაც საკეტში იყო ჩატოვებული. რენიკმა კარი გააღო და შევიდა. მიიხედ-მოიხედა, მერე მკაცრი სახით მომაჩერდა.
-ჰარი, შენ ჩემთვის არ გითქვამს, რომ აქ კოტეჯს ქირაობდი.
-უნდა მეთქვა?
კართან გავხევდი.
-აზრადაც არ მომსვლია, თუ გაინტერესებდა.
-ოდეტა შეიძლება სწორედ აქ მოეკლათ.
-ასე გგონია? იქნებ პლაჟზე მოკლეს?
-გაიხსენე ჩაკეტე კარი თუ არა?
-რა უნდა გავიხსენო, არ ჩამიკეტავს. ვთქვი მე. ჰოლდენთან არ მინდოდა ამის თქმა გაბრაზდებოდა. გასაღები საკეტში ჩავტოვე. ორშაბათს, საბეჭდი მანქანის წასაღებად რომ მოვედი, მაშინღა შევამჩნიე.
-ჰო, შეეძ;ოთ აქ მოეკლათ.
-ეს საკეტები ზრდილობის გულისთვისაა გაკეთებული. ოდეტა თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ სხვა კოტეჯში მოეკლათ, ანდა, სულაც ნაპირე.
რენიკი ფიქრებში ჩაეფლო, მე გვერდით ვიდექი და საკუთარ გულისცემას ვუსმენდი.
რენიკმა საათს დახედა.
-ო'კეი, ჰარი. შინ წადი, დღეს აღარ დამჭირდები. ვინმე ჩვენიანს სთხოვე წაგიყვანოს. დანარჩენები აქ მოვიდნენ.
-შემიძლია მეც დავრჩე, ვუთხარი მე.
-არ გინდა, არ არის საჭირო.
მე აღარ მიცქერდ, ოთახის ინტერიერს ათვალიერებდა ყურადღებით. ვიცოდი, რაც მოხდებოდა ჩემი წასვლისთანავე: ფიცარ-ფიცარ დაშლიდნენ მთელ კოტეჯს, დაქტილოსკოპები ყოველ გოჯს გაჩხრეკდნენ და, ბოლოს და ბოლოს, ოდეტას თითის ანაბეჭდებსაც იპოვიდნენ. შეიძლებოდა, რეასა და ო'რეილის ანაბეჭდებისთვისაც მიეგნოთ, არ იყო გამორიცხული. საკუთარ თითის ანაბეჭდებზე არ ვდარდობდი. მხოლოდ ის მაღელვებდა იმ წუთს, ბილი ჰოლდენისთვის რომ ეკითხათ, მაღალი მხარბეჭიანი, ყავისფერკოსტიუმიანი კაცი ხომ არ გინახავს აქო, ნაღდად გაახსენდებოდა, მე რა მეცვა ტანზე.
მაგრამ, გინდაც გახსენებოდა, ვითომ ეს გამოდგებოდა მკვლელობაში ჩემი მონაწილეობის დამადასტურებელ საბუთად? ალბათ, არა. ვგრძნობდი, ცოტა დრო მქონდა და ყოველ წუთს სულ უფრო და უფრო ნაკლები მრჩებოდა. არადა, ცოტა სულიც ხომ უნდა მომეთქვა.
-აბა, ხვალამდე, ჯიმ.
-ხვალამდე.
არც შემოუხედავს. კოტეჯიდან გამოვედი და ჰოლდენის კანტორაში დავბრუნდი.
-მაპატიეთ, ვალის გადახდა დაგიგვიანეთ, ბილ, ვუთხარი ჰოლდენს. სულ გადამავიწყდა. ხვალ ჩეკს გამოგიგზავნით.
-მინდოდა, ფული დღესვე მიმეღო, მისტერ ბარბერ, ჰოლდენი შემცბარი ჩანდა. ჩემს პატრონს კრედიტის გაგონებაც არ უნდა.
-საფულე სამსახურში დამრჩა. ჩეჯს ხვალვე მიიღებთ. პოლიციის მანქანისკენ გავემართე, სანამ შეკამათებას მოასწრებდა.
-ლეიტენანტი გთხოვთ, ბოლო კოტეჯში მიხვიდეთ, ვუთხარი ერთ-ერთ ექსპერტს. მე შინ ავტობუსით წავალ.
კიბესთან მოდარაჯე ორი დეტექტივიდან ერთ-ერთმა მითხრა, შინ ჩვენ მიგიყვანთო.
შემეძლო, ჩემი ვარაუდის სისწორე შემემოწმებინა.
-ნუ შეწუხდებით. ავტობუსში ჩავჯდები. აბა, კარგად, ბიჭებო.
გაჩერებისკენ გავემართე.
ავტობუსში ავედი. როცა ავტობუსი დაიძრა, უკან ფანჯარაში გავიხედე.
უკან მანქანა მომდევდა, შიგ ის ორი დეტექტივი იჯდა. მივხვდი, საფრთხის მაუწყებელი წითელი შუქი აინთო. მკვლელობაში ვიყავი ეჭვმიტანილი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent