შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის აღმოსავლეთით (სრულად)


9-07-2022, 05:51
ავტორი K. I.
ნანახია 31 284

...და მაინც, არავინ იცის რამდენჯერ მივუსწრებთ ლაქაჩამორეცხილ მზეში დაბადებულ გაზაფხულს...


ნაია მთვარის შუქისგან განათებულ ჭერს და კედლებს უაზროდ მიშტერებოდა. სამუდამოდ წყვეტდა არსებობას და ახალ ადამიანად იბადებოდა. გრძნობდა, სული როგორ ამოსდიოდა და სხეულიდან გასულს სადღაც, შორეულ სავანისკენ მიაცილებდა. სინამდვილეში ყველაფერი ასე დაიწყო. ერთ დღეს, სულის ლპობამ სუნისგან ძალიან რომ შეაწუხა, საკუთარ თავთან დიალოგმა იმ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რომ ყველაფერი შეეცვალა და ძველისგან გათავისუფლებულიყო. სამაგიეროდ, განწმენდილ სულს ლაქები აღარ ექნებოდა, ნათელი ფერებით გამთბარი იქნებოდა და როგორც კი სხეულში დაბრუნდებოდა, ახალ სიცოცხლეს სხვა ენერგიით დაიწყებდა. მართალია, ურთულეს პროცესს გადიოდა, მაგრამ ჩანაფიქრი აუცილებლად უნდა მიეყვანა სისრულეში. თუ ასე არ მოხდებოდა, მერე ფიზიკურად სიკვდილის პირას მისულს აღარაფერი ეშველებოდა. ხანგრძლივი მზადებისა და პროცესის შემდეგ როგორც იქნა, ძველი სულის მარწუხებისგან თავი დაიხსნა, განწმენდილს სამაშველო რგოლივით ჩაებღაუჭა და საკუთარ საწოლში უძრავად მყოფ სხეულში ნელ-ნელა დაიწყო განფენილობა. ჯერ ხელების თითები აამოძრავა, შემდეგ ფეხების, სუნთქვა იგრძნო, სისხლის მიმოქცევაც და ბოლოს, თვალები ააფახულა. თავი ქმრისკენ ფრთხილად მიაბრუნა, არ უნდოდა გაეღვიძებინა. დიდი ხანია, მის წინაშე გაუცხოვება დასწყებოდა, თითქოს არც არასოდეს იცნობდა, არც არასოდეს ჰქონდა მასთან საერთო და არც არასოდეს ერქვა მისი მეორე ნახევარი. როცა დარწმუნდა, ღრმად ეძინა, საწოლიდან წამოდგა, ტანსაცმელი ჩაიცვა და ბინიდან ფეხაკრეფით გაიპარა.
სწრაფად ჩამოიტოვა ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი საცხოვრებელი კორპუსები და უკან ერთხელაც არ გაუხედავს, გული არაფერზე სწყდებოდა. თავისუფლება ბევრად მეტი უღირდა, ვიდრე სხვის დასანახად სააშკარაოზე გამოტანილი მოჩვენებითი ბედნიერება. ღელავდა. გასაკვირი იქნებოდა, ასე არ ყოფილიყო. ტაქსი გააჩერა, მანქანაში სწრაფად ჩაჯდა და მძღოლს მისამართი უთხრა.
ტაქსის მძღოლმა რამდენჯერმე სცადა მგზავრთან დიალოგის გაბმა, მაგრამ ნაია მოკლე პასუხებით გაურბოდა მასთან საუბარს. ფანჯრიდან უყურებდა დაცარიელებულ ქუჩებს და აქა-იქ გამოჩენილ მანქანებს დაძაბული ათვალიერებდა, თითქოს ვინმეს დადევნებას ელოდებოდა...
-არავის დაუნახიხარ? - ტაქსიდან გადმოსულ ნაიას ნუცა შეეგება და სადარბაზოში შეიყვანა.
-ვიცი, არ გინდა, ჩემმა შეშლილმა ქმარმა მოგვაგნოს, მაგრამ დამიჯერე, შენზე და შენს ძმაზე ეჭვსაც ვერ მიიტანს.
-გაბედოს და მოვიდეს! მაშინვე პოლიციას დავურეკავ. ტელეფონი და ნომერი გამოცვალე?
-კი, სხვის სახელზეა.
-ყოჩაღ!
-შიო სახლშია? იცის, რომ დროებით თქვენთან უნდა ვიცხოვრო?- თვალებით დაუწყო ძებნა.
-ბათუმშია, ბაიკერებს მოტოკლუბების პრეზიდენტებთან აქვთ შეხვედრა და მეგობრები ერთად წავიდნენ. ხომ იცნობ? ცოტა დარტყმული კია, მაგრამ მეგობრები უყვარს, შენზე არაფერს იტყვის.
- როგორც გითხარი, სამსახურს დავიწყებ და ქირის ფულის გადახდაში მეც დაგეხმარებით.
-რა დროს მაგაზე ლაპარაკია? მთავარია, ახალი ცხოვრების დასაწყებად ძალა მოიკრიბო და შენს გეგმებს მიჰყვე, -ნუცამ კარი გააღო და ბინაში შეუძღვა.
ნაიას უხერხულობის შეგრძნება არ ასვენებდა, მაგრამ თავისივე უსაფრთხოებისთვის ბავშვობის მეგობრებთან დროებით ცხოვრების გარდა, გამოსავალს ვერ ხედავდა, როგორმე თავს უნდა მორეოდა.

***
შუადღე ახლოვდებოდა, როდესაც წინა ღამით გვიან ჩაძინებულს გაეღვიძა. სახლში არავინ იყო. აივანზე გავიდა და ეზოს გადახედა. ქვევით ჩასვლა მოისურვა. ფიჭვებით გარშემორტყმულ სკვერში ხის გრძელ სკამზე ჩამოჯდა და ჯიბეში ჩარჩენილ მზესუმზირის მარცვლებს დაუწყო კვნეტა. შორიახლოს მყოფი მტრედები გოგმანით მიუახლოვდნენ და მის წინ მოგროვდნენ. ჯიბეში კიდევ რამდენიმე მზესუმზირის მარცვალი იპოვა, ირგვლივ მიმოუბნია და თვალს ადევნებდა როგორ კენკავდნენ.
სადარბაზოდან ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა. გატენილი ზურგჩანთა მოიხსნა და თავისთვის რაღაც ჩაიბურტყუნა, შემდეგ იქაურობას თვალი შეავლო და როგორც კი ნაიას თვალი მოჰკრა, უცხოური აქცენტის ქართულით მიმართა:
-უკაცრავად, შეიძლება რაღაც გთხოვოთ?
-ჰო, რავი,- მხრები აიჩეჩა.
-ეს ზურგჩანთა აქ რომ დავტოვო და ბინაში ავიდე, ყურადღებას მიაქცევთ?
-მალე ჩამოხვალ?
-შევამოწმებ კარი დავკეტე თუ არა და ჩამოვალ.
-მეც მაქვს ეგ ჩვევა, სუ მგონია, რო ღია დამრჩა,- გაეღიმა ნაიას, -კარგი, ადი, მივხედავ შენს ჩანთას.
უცხოელი სადარბაზოში რამდენიმე წუთით გაუჩინარდა და მალევე ჩამოვიდა, - დამიკეტავსო, საკუთარ თავს დასცინოდა. ნაიას მადლობა გადაუხადა და მაჯის საათს დააცქერდა.
-ჯონათან, ჰაი! - ქუჩიდან ეზოში შემოსული ნუცა მეზობელს მიესალმა.
-ჰაი!-ისიც მიესალმა და მძიმე ზურგჩანთა მხარზე გადაიკიდა.
-სად იყავი? - ნაია ნუცასკენ წავიდა.
-სამსახურში დამიბარეს. რაღაც გაურკვევლობა იყო ხელფასთან დაკავშირებით და ბუღალტერთან ვიკამათე.
-რა გაურკვევლობა?
-არ არსებობს ხელფასი სწორად ჩამირიცხოს. სუ მაკლებს. გეგონება, თავის ჯიბიდან მიხდიდეს. მეკუთვნის? მომეცი რა! ნაგლი ქალი. მეწიკვინებოდა კიდევ აქ. ხოდა მეც ამომასხა და ყველაფერი თავზე დავაფარე. ჯერ ის ვერ მომინელებია, წინა კვირას რედაქტორმა დიკო ქალდანთან ჩაწერილი ჩემი ინტერვიუ თავისად რო გაასაღა. ყველა ერთმანეთზე დიდი ღლე იქ როგორ შეიკრიბა?
-მოიცა, რას ნიშნავს თავისად გაასაღა?
-ვინ აღარ შევაწუხე, რომ ასეთი დონის მუსიკოსს ჩვენი დაბალრეიტინგიანი ჟურნალი ეკადრა და იმან ძლივს მოპოვებული ინტერვიუ ისე ამახია, არც კი გამაფრთხილა, რომ ამის გაკეთებას აპირებდა. როცა დაიბეჭდა და ავტორი სხვა იყო მითითებული, მაშინ გავიგე.
-მერე ეგრე შეარჩინე? არაფერი უთხარი?
-ავიდეთ სახლში და მოგიყვები. გასაღები ამოიღე რა.
-გასაღები? - სახე შეეცვალა ნაიას,- აუ, რა სულელი ვარ.
-რა მოხდა?
- არ წამომიღია.
-ხუმრობ ხო?
-არა.
-აბა, სახლში შესვლას როგორ აპირებდი?
-დამავიწყდა წამოღება. არც შენ არ გაქვს?
-შენ დაგიტოვე, ვიფიქრე, ქვევით ჩასვლა რომ მოუნდეს, ჰქონდეს-მეთქი.
-აუფ! - ქვედა ტუჩზე იკბინა ნაიამ.
ჯონათანმა გოგოების საუბარი გაიგონა და ურჩია, სადმე, შესაბამის სამსახურში დაერეკათ. ნუცამ იუარა, ადრე შიოს დაეკეტა კარი და ისე დააზიანეს, ბინის პატრონმა ლამის სახლიდან გაგვყარაო, მაგრამ შენ თუ დაგვეხმარები, იდეა მაქვს როგორც უნდა შევიდეთო. მე რა შემიძლიაო? მხრები აიჩეჩა ჯონათანმა, ტაქსი მყავს გამოძახებული, სასწავლო ცენტრში მაგვიანდება, გაკვეთილი უნდა ჩავატარო, მერე მეგობართან მივდივარ და ასე წუთი წუთზე გათვლილ მთელი დღის გეგმებს რა ვუყოო? ნუცა აღარ მოეშვა, თუ გინდა, გარეთ არ დავრჩეთ და მაწანწალა ბავშვებივით სადარბაზოში არ დავიძინოთ, შენი აივნიდან უნდა გადაგვიყვანოო. ეგ როგორ? აივნები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულია, შანსი არ არის, ვერ გადახვალთო. ეგ მე მომანდეო, ტაქსის გამოძახება გააუქმებინა, სადღაც ფიცარი იპოვა და ცოტა ხანში ჯონათანის ბინის აივნიდან თავის აივანზე გადებულ ფიცარზე აკრობატივით გადადიოდა. ეს კამიკაძეა, არ არის ნორმალური, შეხედე რას აკეთებს. გაფითრებული ჯონათანი განუწყვეტლივ იმეორებდა და კეფაზე ხელებდაწყობილი შიშით თვალებს ხუჭავდა. ნაიას ყელში ამოუვიდა ჯონათანის ბურტყუნი და უსაყვედურა, იქნებ მორჩე ბურდღუნს და ეს ფიცარი რომ არ ამოტრიალდეს, ხელი შენც მომაშველო, ერთი მხარე მაინც გავამაგროთო. მიხვდა, მათთან საუბარს აზრი არ ჰქონდა და მეტი რა გზა ჰქონდა? დაეხმარა. ცოტა ხანში ნუცა თავის აივანზე იყო და ღია კარიდან ნაიას და ჯონათანს ხელს უქნევდა. ნაიამ შვებით ამოისუნთქა და სადარბაზოში გავიდა.
-ტადააამ! - გაღიმებული ნუცა უკვე იქ უცდიდა.
-გიჟი ხარ დედას ვფიცავარ. რა ნაგიჟარიც იყავი, იგივე დარჩენილხარ.
-გიჟი არა, კამიკაძე, კამიკაძე,- ისევ ატყდა ჯონათანი.
-შენ სამსახურში გაგვიანდებოდა, ხო? - შეახსენა ნუცამ.
-ჰო, იმედი მაქვს მესამედ აღარ მოვბრუნდები, -თქვა და მხრებზე ზურგჩანთამოკიდებული კიბეებზე დაეშვა.
-გოგო, რანაირად ელაპარაკები? ბიჭმა შენი გულისთვის სამსახურში დააგვიანა.
-რაც საქართველოში ჩამოვიდა, ნამეტანი გაოცებული დადის. დროა, მიხვდეს, რომ ქართველები ჩვენი წესებით ვცხოვრობთ, თუმცა მაგას უკვე მიხვდებოდა, შეგუებაზე კი რა გითხრა?
-მაინც ტეხავს, ხათრიანი ტიპი ჩანს.
-რა იყო? ძაან გულზე მოგხვდა ჩემი ხუმრობა ჯონათანთან.
-ხუმრობა არ იყო, მოაკეტინე.
-ნუ დარდობ, უკვე მიცნობს ვინც ვარ, არ ეწყინებოდა. ისე, ხო, მგონი მართლა კაი ტიპია. შენ ის ამბავი არ იცი, წინა კვირას რა შემემთხვა. ეგ რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ვერ გადავრჩებოდი.
-რა მოხდა?
-ვზივარ ჩემთვის, ვკითხულობ ფოლკნერს, მოვიდგი ფინჯანი ჩაი გვერდით, ცოტა თავსაც ვეტრიპაჩები, ლიმონის თხელი ნაჭერიც ჩავაგდე, მეტი სისვეცკისთვის ბელგიური შოკოლადიც დავუდე გვერდზე, ფეისბუქზე პოსტი გამოვდე, თავი ძაან გოგო მგონია, ველოდები ლაიქებს რომ დავითვალო და იმ დროს არ შემომივარდა წრუწუნა ოთახში? დათარეშობს თავის ნებაზე და სულ არ ანაღვლებს ჩემი იქ ყოფნა. ვაი-მეეეე... რო ავხტი სკამზე კივილით და ცალი ხელით ჭაღს დავეკიდე, რა ჩაი? რა ფოლკნერი? რა ლიმონი? რა ლაიქი? ერთ წამში ყველაფერმა აზრი დაკარგა. მივიხედე, მოვიხედე და რაც ხელთ მომხვდა, ყველაფერი იმ თაგვს დავუშინე. გამოიქცა გულგახეთქილი კარადის უკნიდან, იყურება დაბნეული და თვითონ ჩემზე მეტად შეშინებული, ვეღარ გაუგია სად წავიდეს. შემომხედა, შევხედე, შემომხედა, ისევ შევხედე. მერე ისეთი წივილი ავტეხე, ის უბედური ჯერ კედელს შეასკდა, მერე თავქუდმოგლეჯილმა მოხია სხვა ოთახში. ვდგავარ ასე სკამზე და ცალი ხელით ისევ ჭაღს ვებღაუჭები, თან ცალ თვალს სადაც გაიქცა, იქით ვაპარებ, თუ გადაიფიქრა და უკან მობრუნდა, რა მეშველება-მეთქი, მაგრამ ყველა ვარიანტში დარხეული მაქვს. ის თაგვი ვიღაცამ ხო უნდა გააგდოს სახლიდან? ჩემს მეტი არავინაა. ჩემი ძმაც სადღაც ნაშებშია გამძვრალი. მე რო რამეში მჭირდება, ეგ ხო არასოდეს არაა. მოკლედ, რა ვქნა? ჩამოვდგი ჯერ ერთი ფეხი ფრთხილად, მერე როგორც იქნა მეორე, ვეცი ტელეფონს და ჯონათანს ვურეკავ. არ მპასუხობს. რა ვქნა? როდემდე ვიყო ასე სკამზე აჩაჩხული? გავიხედე, ჯერ ერთი თვალით დავზვერე მისაღები, მერე მეორე თვალით და რომ დავრწმუნდი, იქ არ იყო, ახლა აბაზანას ვეკვეთე და ცოცხი გამოვიტანე.
-ცოცხი რად გინდოდა?
-დამაცადე, ყველაფერს მოგიყვები.
-მოკლედ, დისნეის ტომი ვარ რა. სადაც დავიჭერ, იქ გავათავებ ამ ფიქრებში ვარ, თან ისე მეშინია, ლამის ჩავიფსა და დავიწყე ცოცხის ტარით ავეჯზე კაკუნი.
-მერე?
-დივანი გამოვწიე და გამოვარდა. ვკივი ბოლო ხმაზე და ეს დამფრთხალი თაგვი ვეღარც გარბის, მასტიკიან პარკეტზე ფეხები უცურავს. წრეებს ურტყავს ერთ ადგილს და ბოლოს აბაზანაში შევარდა. თან ვყვირი შიშისგან, თან უკან მივდევ, გავბედე, მივუახლოვდი აბაზანას და კარი დავუხურე. ახლა ის მაინც ვიცი სად გდია და ოდნავ დავმშვიდდი, მაგრამ ტუალეტი რო მომინდეს, რა ვქნა? მოკლედ, სპეცოპერაცია დროებით დასრულებულად გამოვაცხადე და დაზაფრული სახით მაღაზიისკენ დავეშვი. რავი, რაღაც პლასტმასის პატარა სატყუარა მომცა გამყიდველმა, იმ ადგილებზე დადე, სადაც თაგვებს ხშირად ხედავო და შეძვრება, შეჭამს შიგ რა საწამლავიც არის და ჩათვალე, მკვდარიაო. ამოვედი სახლში, წავიკითხე ინსტრუქცია, შევუგდე თაგვს ის საწამლავიანი სატყუარა და ველოდები როდის დალევს სულს. ამ დროს რეკავს ტელეფონი. დავხედე, ის უცხოელი მეზობელია. მოვუყევი ჩემი გასაჭირი და ახლავე მოვდივარო. ვაჰ, ვიფიქრე მეშველა. ირგვლივ სხვანაირად ტრიალებს ყველაფერი, აღარც ჰაერი მხუთავს, რაის შიში? სადა ხარ ფოლკნერი? ჩემი ლიმონიანი ჩაიც მოვიკითხე და მესმის კარზე ზარია. არ გაეძრო ეს უცხოელი თეთრი გამჭვირვალე ყუთით და სქელი ხელთათმანით? ეგ ყუთი რად გინდა-მეთქი? თაგვი უნდა დავიჭიროო? ყუთით როგორ უნდა დაიჭირო-მეთქი? დავიჭერ და სადმე პარკში გავუშვებო. აუ,მე აქ ლამის ლიმონკა შევუგდო და ეს ხო არ უბერავს-მეთქი? ნუ კაი, შედი -ვუთხარი და ესეც შევიდა. იბრძოლეს, არ მკითხო რა ხმები გამოდიოდა, დალეწეს ყველაფერი და ბოლოს იღება კარი, ჯონათანი გამოდის ყუთით ხელში და დატუსაღებული თაგვი იქიდან ისეთი თვალებით მიყურებს, აშკარად ყველა ბრუნვაში დედას მაგინებს. არ უნდა მოვკლათ-მეთქი? - გავიბრძოლე. რატომ უნდა მოვკლათ, ამას სიცოცხლე არ უნდაო? გზა აებნა, შემთხვევით შენთან მოხვდა და იმის ნაცვლად, დაეხმარო და ისევ ბუნებაში გაუშვა, შენ აქ სიკვდილით სჯიო. არ გამომიყვანა ველური და უჯიშო ქალი? ისე შემრცხვა, იმის მერე იმ ბიჭს რო ვხედავ, იმ თაგვივით გავრბივარ.
-ჰო, ძაან გარბიხარ, დღეს რომ დაინახე, ისე გაიქეცი, ვეღარ გეწეოდი.
-ვაჰ, შენ რა, სიტყვებზე მეკიდები? გამარჯობას კი ვეუბნები.
-რედაქტორზე რაღაცას მიყვებოდი და ვერ დაასრულე.
-ჰო, იდიოტკა. ჩემს სახელს თუ არ აწერ, ანაზღაურება მაინც მომეცი-მეთქი. რაღაცებს მიედ-მოედო, ძაან აბსურდულად და ასეთი დონის ინტერვიუებს რაც უფრო სახელიანი ჟურნალისტი დაწერს, მით უფრო გაეზრდება ჩვენს ჟურნალს რეიტინგიო, ამიტომ ნუ მიწყენო, რაც შეეხება ანაზღაურებას, ბუღალტერს დაველაპარაკები და ვნახავ რისი გაკეთება შეიძლებაო. ველოდები, თუ იმ ინტერვიუს ფული არ დამერიცხება, მაგასაც დავახურავ ყველაფერს თავზე და წამოვალ. გამომივიდა ეგეც სახელიანი ჟურნალისტი.
-ყველგან სრული განუკითხაობაა,- ჩაილაპარაკა ნაიამ.
-ვაჰ, ნაი? შენ აქ საიდან? - მოულოდნელად შიო დაადგათ თავზე და მონატრებული მეგობარი გადაკოცნა,- როგორ ხარ?
-არამიშავს, შენ როგორ ხარ?
-რავი, ვტოკავ.
-თუ დღეს ჩამოდიოდი, არ შეიძლებოდა, ცოტა ადრე მოსულიყავი? აღარ მომიწევდა სფაიდერმენივით აივნიდან აივანზე ფრენა. გეთქვა მაინც, რომ გზაში იყავი და მალე მოხვიდოდი, ან მესიჯი მაინც მოგეწერა, - შესჩივლა ძმას ნუცამ.
-რა ფრითენზიები დამაყარე აქ? ამოისუნთქე ცოტა.
-ყველაფერი ჩემი ბრალია, დაბლა ჩავედი, გასაღები კი სახლში დამრჩა და კარს ვერ ვაღებდით, - აუხსნა ნაიამ.
-ჰო, მართლა, მერე რომ არ გაგიკვირდეს, ნაია დროებით ჩვენთან იცხოვრებს.
-ეგ როგორ? მერე ქმარი?- დაბნეულმა შეხედა ნაიას.
-სახლიდან გამოვიქეცი, არ იცის სად ვარ.
-მდა!
-დიდი ხნის წინაც უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ...
-არა, ბაზარი არ არის, რამდენ ხანსაც გინდა, იყავი, მაგრამ რა პონტში გამოიქეცი? ისე ვერ მოუგვარე?
-მინდოდა ცივილურად წამოვსულიყავი, მაგრამ ავადმყოფია, არ გამომიშვებდა. რამდენჯერაც ვცადე, იმდენჯერ დამემუქრა,- მოიღუშა ნაია.
-ისე ეგ სი’რი რამ მოგაწონა? თავიდანვე ეტყობოდა რა კომპლექსიანიც იყო.
ნაიას პასუხი არ დაუბრუნებია.
-კარგი, მე შევალ ჩემს ოთახში, ცოტას დავისვენებ, საღამოს სამსახურში უნდა გავსქურო.
-საღამოს რატომ?
-მანამდე რეჟისორს არ სცალია. ახალ როლს მაძლევენ.
-ეე, რა მაგარია,- გაუხარდა ნუცას.
-ჰო, რაღაც ძაან მაგარი ამბავი იხოდება.
-რას დგამთ?
-ართურ მილერის პიესას, „კომივოიაჟორის სიკვდილი“.
-მე ფილმი მაქვს ნანახი და ძალიან მომეწონა,-აღნიშნა ნაიამ.
-ჰოდა, მალე სპექტაკლსაც მოვცხებთ.
-კარგია, წარმატებები!
შიომ მადლობაო - ჩაილაპარაკა და გოგოებს გაეცალა. აღარც მათ უსაუბრიათ ბევრი. ნაია უხასიათობას ვერ მალავდა, ხოლო ნუცას ინტერვიუ ჰქონდა დასამუშავებელი და ლეპტოპი ჩართო.
მოულოდნელად, ნაია ტელეფონის ეკრანს გაფართოებული თვალებით მიაშტერდა და სახე გაუფითრდა:
-ჯანდაბა!- წამოიძახა და ტელეფონი მოისროლა.
-რამე მოხდა?- ნუცამ გაკვირვებულმა შეხედა.
-დედაჩემმა მეილზე მომწერა, რომ ჩემი ქმარი ყველგან მეძებს, მასთანაც ყოფილა, მაგრამ დედამ თავი მოაჩვენა, რომ არაფერი იცის, არ გაუმხილა სადაც ვარ.
-დაშოშმინდი. რომც მოგაგნოს, ძალით ვერ წაგიყვანს. არ მითხრა, რომ გეშინია.
-ჰო, ცოტა.
-არ შეგეშინდეს. შენთან ვარ,- ნუცამ აღელვებულ ნაიას წყალი მიაწოდა,-ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე, გუშინდელი დღიდან თავისუფალი ადამიანი ხარ და არავის აქვს უფლება იმის გაკეთება მოგთხოვოს, რაც შენ არ გინდა. გასაგებია?
ნაია თავს უქნევდა, თუმცა სხეულში დავლილ შიშს მაინც ვერ მორეოდა, ყველაფერს უყინავდა და აზროვნების უნარს ართმევდა. მერე დაწყნარდა, ნელ-ნელა დაუბრუნდა მშვიდ გონებას და თავში აბურდული ფიქრები ერთმანეთისგან გამოაცალკევა.

***
-ჰაიტ, გოგჩოებო! - ისე ომახიანად შესძახა წყნარად მყოფ ნუცას და ნაიას ახლადგაღვიძებულმა შიომ, თითქოს დანაშაულზე წაასწრო.
-გული გამისკდა, არანორმალურების ბელადია ეს ბიჭი!- ადგილზე შეხტა ლეპტოპში შემძვრალი ნუცა.
-ადე, ყავა გააკეთე.
-სად არის „გთხოვ“?
-ბრაზერი გთხოვს სისთა.
ნაიას და-ძმის საუბარზე ღიმილი მოადგა.
-აი, რა დღეში ვარ, ნაი. ერთ ფინჯან ყავას მამადლის ეს ქოფაკი.
-არაფერი შეცვლილა თქვენს ურთიერთობაში. ისევ ისეთები ხართ.
-გახსოვს, მე და შენ ნუცას რომ დავაჯერეთ, წითელი პანდას ყურებით დაიბადეო?
-ჰო, რა პატარა იყო მაშინ, ადვილად დაგოიმდა. რამ გაგახსენა?
- რავი, ისე. ამ ჩურჩუტმა რანაირად დაიჯერა, რომ თავიდან მართლა ეგეთი დაიბადა და მერე კეთილმა ფერიებმა ადამიანის ყურები აჩუქეს? აზრი არ მომდის.
-როგორი გამორჩეული ვყოფილვარო, იხტიბარს რო არ იტეხდა, - სიცილი დაიწყო ნაიამ.
-ერთმანეთზე უნდა გადამებით და წყალში მომესროლეთ, - ეცინებოდა ნუცასაც.
-აუ, როგორ მეზარება გარეთ გასვლა, - საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა შიომ.
ნუცამ ყავის ფინჯანი წინ დაუდგა და იუმორნარევი ენით მწარედ უკბინა:
- წადი შე საწყალო, თორე შენი ფინანსები რახანია მშვიდად სხედან და რომანსებს მღერიან.
შიომ კეფა მოიქექა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. ყავის ფინჯანი ოთახში გაიტანა და მომზადებას შეუდგა. ნუცა კვლავ ინტერვიუს ჩაკირკიტებდა, ხოლო ნაიამ დროის გასაყვანად ფეისბუქში ახალი პროფილით შევიდა და უინტერესოდ დაუწყო სხვების პოსტებს თვალიერება.

***
რამდენიმედღიანი ყოყმანის შემდეგ ნაიამ გამბედაობა მოიკრიბა, გარეთ გასვლის შიში გადალახა და სამსახურის ძებნას შეუდგა. კარგად ესმოდა, რომ მისი დიპლომი ფართო არეალში დასაქმების საშუალებას არ აძლევდა და ამბიციები არც ჰქონია, შესაძლებლობების ფარგლებში ფიზიკურ შრომაზეც თანახმა იყო. ერთ-ერთი გასაუბრების შემდეგ სახლში სამარშრუტო ტაქსით ბრუნდებოდა, როდესაც უკან ნაცნობმა ხმამ მიახედა:
-გამარჯობა. ნუცას სტუმარი არ ხარ?
-ჯონათან,- აღტაცებით შესძახა ნაიამ.
-როგორ ხარ?
-კარგად, შენ?
-დღეს ორ ადგილას მომიწია მუშაობა და ძალიან დავიღალე.
-ყოჩაღ შენ, მე ერთიც ვერ მიშოვია და ეს ნახე რა, ორი სამსახურიო.
-სამსახურს ეძებ?
-ჰო, ახლაც გასაუბრებიდან მოვდივარ.
-რომელ პოზიციაზე ეძებ?
-რა ვიცი, რაც უფრო პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი, მით უკეთესი,- ჩაეცინა ნაიას.
-ახლა საიდან მოდიხარ?
-რაღაც კომპანიაა. მიმღებში სჭირდებათ თანამშრომელი და...
-მერე? რა შეატყე, აგიყვანენ?
-არა მგონია. მათი პასუხი ზრდილობიან უარს უფრო ჰგავდა, ვიდრე კის, თუმცა ვნახოთ,- მხრები აიჩეჩა ნაიამ.
-იცი რა? ჩემი მეგობარი ცნობილი მოქანდაკეა. შეიძლება მისი სახელი გაგონილიც გქონდეს, გიორგი გაბოძე. ვიღაცას ეძებდა, რომელიც კვირაში ხუთი დღით მივა და რაღაცებში დაეხმარება ხოლმე. ხომ არ გინდა, უფრო დაწვრილებით გამოვკითხო?
-კი, ვიცი ეგ ტიპი. მერე მე რა უნდა გავუკეთო? რომელი მიქელანჯელო მნახე?
-სკულპტურებს ძალიანაც რომ გინდოდეს, არ გაგაკარებს.
-აბა, რასაც გამოაქანდაკებს, ტაში უნდა დავუკრა?
-ხშირად სჭირდება ოთახის მოწესრიგება, მასალის მოტანა, კლიენტებთან ურთიერთობაში დახმარება.
-აზრზე არა ვარ ამ ხელოვნების, მოიცა რა, კლიენტები არ გავუქციო.
-ნუ, კარგი, როგორც გინდა,- თითქოს ეწყინა, ისეთი სახე მიიღო და აღარაფერი უთქვამს.
ნაია დაფიქრდა და მცირეხნიანი პაუზის შემდეგ საუბარი სხვაგვარად შეაბრუნა:
-ისადა, აბა, კარგად გამირკვიე ზუსტად რა უნდა და რამდენი მექნება ანაზღაურება.
-შენ და ნუცა სულ ასე უხეშობთ?
-სად დამინახე უხეშობა? ცოტა ვიხუმრე. ნუ, კარგი, მაპატიე, პირადი პრობლემები მაქვს და შეიძლება ვერ მოვზომე. სიმართლე გითხრა, უკვე მესამე გასაუბრებაა, რაც ზრდილობიანი უარით მიშვებენ. უკვე ყელშია ნაცნობ-მეგობრობით ფეხის კოჭებამდე სხვის ერთ ადგილში შეტენვის ყურება.
-კარგი, ხვალ უნდა ვნახო და პირადად დაველაპარაკები.
-შევთანხმდით. აუ, არ გეწყინოს რა, მართლა ვერ გამიგე.
-უცნაური ხალხი ხართ ეს ქართველები.
-რა?
-არაფერი,- თავი გაიქნია, მოვედითო, ანიშნა და მძღოლს სთხოვა, გაეჩერებინა.

***
მეორე დღეს ჯონათანმა ნაიას სამსახურის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ბევრი არც უყოყმანია, მაშინვე თანხმობა გამოხატა და სამუშაო ადგილის ნახვა იმ საღამოსვე მოისურვა.
მეტრო ავლაბართან ახლოს, ერთ პატარა ეზოში სახელოსნოდ გადაკეთებული ქოხივით სახლი იდგა. ეზოში რამდენიმე ძირი ხეხილი იყო, მაგიდა სკამებით და ხეებს შორის გაბმული ჰამაკი. ნაიამ სახელოსნომდე მისასვლელი ბილიკი გაიარა, ეზოში უსწორმასწოროდ დაყრილ რკინეულს ფეხი აუქცია და ხის ძველ კარზე დააკაკუნა. კარი ახალგაზრდა მამაკაცმა გაუღო. არც უკითხავს ვინ იყო, შიგნით შეიპატიჟა. ნაიამ ოთახს სწრაფად შეავლო თვალი და კითხვით მიმართა:
-თქვენ ალბათ, გიორგი გაბოძე ხართ, არა?
-კი, მე ვარ,- თავი დაუქნია და სიგარეტს მოუკიდა.
-ჯონათანმა მითხრა, რომ ჩემს მოვალეობებს გამაცნობდით,- ნაიამ პირდაპირ საქმეზე დაიწყო საუბარი.
-იქნებ ჯერ კარგად დაგეთვალიერებინა აქაურობა. შეძლებ, რომ იმუშავო? რავი... - რუხი კვამლი ფილტვებიდან ამოისუნთქა და ღია ფანჯრისკენ გაუშვა.
ნაიამ დამტვერილ ოთახს შეხედა, რამდენიმე ნივთს შეეხო და შეფიქრიანდა. შემდეგ კითხვაზე პასუხი დაუბრუნა:
-იცი რა? მოდი, ალალად გეტყვი. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, სამუშაო და ფული ძალიან მჭირდება. ასე, რომ უნდა ვცადო. თუ არ გამომივა, წავალ. და, საერთოდ, რა შემატყე, რომ ვერ შევძლებ?
მამაკაცმა მხრები აიჩეჩა.
-დალაგებით დავალაგებ, რა მასალასაც გინდა, მოვიტან ხოლმე. იმედია, ქვებს და რკინას არც შენ ეზიდები ზურგით და არც მე დამავალებ ეგ გავაკეთო. კლიენტებთან საუბარსაც შევძლებ.
-არა, ზურგით ნაღდად არ ვეზიდები. მაგას სატელეფონო ზარით ვაგვარებ. ვრეკავ და ადგილზე მოაქვთ.
-მაშინ დანარჩენი როგორმე მოგვარდება.
-როგორმე არ მაწყობს.
-მოგვარდება,- მტკიცედ თქვა ნაიამ და პასუხის მოლოდინე სახით მიაჩერდა.
გიორგიმ ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო. ცოტა ჭოჭმანის შემდეგ ნაიას გამოუტყდა, ჯონათანი რომ არა, შენს თანამშრომლად აყვანაზე თავს შევიკავებდი, შანსს გაძლევ საკუთარი შესაძლებლობები დამანახოო. მიზეზი არ უთქვამს, რატომ უყურებდა იჭვნეულად. ხელფასზე შეუთანხმდა და მეორე დღისთვის დაიბარა, თან გააფრთხილა, ელიავას ბაზრობაზე ხელსაწყოების მაღაზიის მენეჯერთან მისულიყო და მისთვის გადადებული ორი სხვადასხვა ზომის საჭრეთელი წამოეღო.
სახელოსნოდან გამოსულ ნაიას სიბრაზისგან მთელი სახე გასწითლებოდა. ლამის მიბრუნდა და პირში მიახალა, რომ ასეთი დაყვედრებული სამსახური არ უნდოდა და როგორმე თავადაც მოძებნიდა სხვა რამეს, მაგრამ რამდენიმე იმედგაცრუების შემდეგ უაზრო ოპტიმიზმის იმედად ყოფნაც არ შეიძლებოდა. სიბრაზისგან დაგროვილი უარყოფითი ენერგია სადმე რომ გამოეშვა, ტრანსპორტს აღარ დაელოდა და ფეხით გააგრძელა სიარული. სწრაფად მიდიოდა, საკუთარი სურვილების წინააღმდეგ წასვლა თავს აზიზღებდა, კარგად აცნობიერებდა, რომ ისევ არასწორ რელსებზე იდგა და ცხოვრებას „ლამაზი“ სიტყვების კორიანტელით ამკობდა.

***

ახალ სამსახურზე ფიქრმა და მღელვარებამ სახლში გვიან დაბრუნებულ ნაიას ძილი დაუფრთხო. საწოლში წრიალმაც რომ დაღალა, საძინებლიდან გავიდა. შიო მისაღებ ოთახში იჯდა და საყვარელი კინოკოლექციიდან კვენტინ ტარანტინოს „უსახელო ნაბიჭვრებს“ უყურებდა.
-ვააჰ, ნაი, - მიაძახა სამზარეულოში მიმავალს.
-ვერ ვიძინებ.
-რატომ?
-რა ვიცი. ხვალ სამსახურს ვიწყებ და...
-ე, რა მაგარია. სად, ტო?
-ჯონათანმა გაჩითა რაღაც თავის მეგობართან. მოქანდაკეა, გიორგი გაბოძე.
-გამიგია, მაგრამ არ ვიცნობ. და შენ რა უნდა გააკეთო?
-ძირითადად მისი დამხმარე ვიქნები. კლიენტებთან ურთიერთობა, ოთახის მოწესრიგება და ეგეთები.
-საქმეები უნდა მოუგვარო?
-ჰო.
-შენ რომ ვინმეს საქმეს მოუგვარებ. არ გამოგაგდოს, გოგო. ფრთხილად იყავი... - ჩაეცინა, მერე შუბლისკენ წაიღო ხელი და თითებით მოისრისა.
-ამას უყურე, რა. როგორ მიყურებ?
-კაი, გეხუმრები. რას აპილპილდი გოიმივით?
-გაეთრიე, რა, - გაწბილებული სამზარეულოში შევიდა, რომ მღელვარებისგან გამშრალი ყელი წყლით გაესველებინა.
ცოტა ხანში შიო ფანჯარასთან მდგომ ნაიას გვერდით ამოუდგა.
-გახსოვს, შენ და ნუცას ჭიაკოკონობის ღამეს რომ მოგატყუეთ ამაღამ კუდიანებს გადაფრენა აქვთ , ეგენი ძაან მეძმაკაცებიან და თავიანთ ცოცხებზე ამხედრებულები ხელს დამიქნევენ-მეთქი?
-აუ, დამპალო. მთელი ღამე არ გვეძინა მაშინ. შენ ფერად სიზმრებს ხედავდი, ჩვენ გვაფხიზლებდი. ნამუსმა როგორ არ შეგაწუხა?
-არა, ყველაზე კაი ის იყო, მეორე დღეს რო მომადექით, რატომ მოგვატყუეო და ისევ რომ გაჯერებდით, თქვენ ჩაგეძინათ, თორე კიდეც გადაიფრინეს და კიდეც ხელი დამიქნიეს-მეთქი.
-ახლაც ასეთი საძაგელი ხარ.
-რათა, ტო?
-იმის ნაცვლად, რომ დამამშვიდო, ფრთხილად იყავი, სამსახურიდან არ გამოგაგდონო.
-კაი, რა.
-რა კაი, რა? კიდევ ეგ მინდოდა?
-ნუ ხარ აფთარ ფორიაქა.
-რაო?
-ეგეთი ხარ და რა ვქნა, რით გიშველო? მითხარი და ბაზარი არაა.
ნაიამ გულიანად გადაიკისკისა:
-ვაიმე, შიო. ვინ, თუ არა შენ?
-ანუ?
-სხვა ვინ გამაცინებდა?
-კაი სიცილი კაია, ნაი, -თვალი აარიდა, მერე ლამბაქზე დაწყობილ ხილს ერთი ვაშლი მოაკლო და სამზარეულოდან გავიდა.

***
-სად ჯანდაბაში ხართ? გააღეთ ეს წყეული კარი ბოლოს და ბოლოს! - გაკაპასებული ნაია გამეტებით უბრახუნებდა მაღაზიის კარს. -მაინცდამაინც დღეს მოუნდათ გვიან გაღება, როცა ჩემი პირველი სამუშაო დღე დაიწყო და უფროსი მელოდება.
-ბოდიში, რომ საცობში მოვყევი და დამაგვიანდა. როგორ ვერ ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა დღეს რომელიმე მყიდველის პირველი სამუშაო დღე ყოფილიყო. როგორმე უნდა გადმოვფრენილიყავი,- ირონიით უთხრა ხნიერმა ქალმა და კარის გასაღებად ჯიბიდან გასაღების ასხმა ამოიღო.
ნაიამ გვერდზე გაიხედა და წარმოთქმული სიტყვების ოდნავ შერცხვა, თუმცა ახსნაც მიაყოლა, მერე შეკვეთა გამოართვა და სწრაფად გაეცალა ბაზრობის ტერიტორიას.
-ეს მოქანდაკე რატომ არ მპასუხობს ვითომ? ყველას ჩემთან რატომ მოუნდება ხოლმე თავის დაფასება? - კვლავ ანჩხლობდა ნაია და უკვე მესამედ კრეფდა გიორგი გაბოძის ნომერს.
სამსახურში მისულს გიორგი ეზოში დაუხვდა. ხელში რკინის შემდუღებელი აპარატი ეჭირა და მუშაობდა. ვერც კი შეამჩნია მისი მისვლა, საქმეში იყო ჩაბმული. ნაია სახელოსნოში შევიდა და საჭრეთელები მაგიდაზე დააწყო.
-საიდან დავიწყო? აქ ვერც თავს იპოვი და ვერც ბოლოს. ყირაზეა ყველაფერი,- ამოიქშინა და ეზოში მომუშავე გიორგის ფანჯრიდან ჩუმად გახედა, - აუ, შენ კიდე სადამდე გელოდო? ღმერთო, ბოლო დროს, რა წუწუნა გავხდი, ალბათ, როგორი მომაბეზრებელი ვიქნებოდი სხვისთვის. კაი, ჰო, აღარაფერს ვიტყვი, დავჯდები და დაველოდები როდის შემოვა და მეტყვის, რა უფრო ეჩქარება, რომ გაკეთდეს, მაგრამ რომ შემოვა და ფეხი ფეხზე გადადებულს დამინახავს, იფიქრებს უსაქმურიაო. მოდი, ცოცხს და აქანდაზს მაინც მოვიდგამ გვერდით, საქმიანი ქალის იმიჯი მექნება,- საქმიანი ქალის იმიჯის ხსენებამ ღიმილი მოჰგვარა და ტოჟე მნე ბიზნესვუმენიო, საკუთარ თავს ხმამაღლა დასცინა.
-ვაჰ, როდის მოხვედი? - სიგარეტისთვის სახელოსნოში შესულმა გიორგიმ ნაიას ჰკითხა და მაგიდაზე დადებულ კოლოფს დასწვდა.
-საჭრეთელები წამოვიღე. მაღაზია ცოტა გვიან გააღეს, თორემ უფრო ადრეც მოვიდოდი. გირეკავდით, მაგრამ არ მიპასუხეთ.
-არ მესმოდა, ვმუშაობდი. მოდი, რა, რასაც კედელთან მიწყობილს ხედავ, გარეთ გაიტანე და გადაყარე, მოსაშორებელია, - ხელით ანიშნა უსარგებლო ნივთებითა და ნაგვით გატენილ ყუთებსა და ტომრებზე.
-მძიმეა?
-არა მგონია. თუ იქნება, გადაანაწილე და ისე გაზიდე. მთავარია, ის ადგილი დაცარიელდეს. გულისამრევად ჩანს.
-მაგას გავიტან. კიდევ რა გავაკეთო დღეს? მითხარი და...
-ჯერ ეგ გააკეთე და მერე რამდენიმე კლიენტთან მომიგვარე საქმე. გეტყვი, რა, ვისთან, რატომ და რა ნომერზე უნდა დარეკო, ახლა არ მცალია,- სიგარეტს მოუკიდა და გარეთ გავიდა.
-აღმა-დაღმა სიარულით თუ თავბრუს არ დამახვევ ხოლმე, კარგი იქნება. ისე, ცოტა ნერვიულიც იქნები შენ, ხუთი წუთი არ შემოსულხარ, ცხრა წრე დაარტყი მთელ ოთახს. და საერთოდ, ჩემი მოოქროვილი ენა რო გახმა. დადექი და გააკეთე საქმე, რაში გაინტერესებს ვის ნევროზი აქვს და ვის არა, ჰა? არა, მამენტ რატო არ უნდა მაინტერესებდეს? ამასთან მიწევს მუშაობა და ხომ უნდა ვიცოდე, ვინც ბრძანდება? ვაიმე, დამღალე, რა, ნაია, რამდენს ლაპარაკობ? საქმე დავიწყოთ, ჯობს. ნახე, რამდენი ნაგავია გასაზიდი. ღამეებს იმიტომ ათენებდი სწავლაში, რომ გიორგი გაბოძის ნაგავი გეზიდა, მაშ... არა, ისე რა პრეტენზიები გაქვს, ადამიანო? შენ არ იყავი, ეს სამსახურიც რომ სანატრელი გქონდა?
ნაგვის გატანას რომ მორჩა, მერე კლიენტებთან გადარეკა, ზოგისგან შეკვეთა მიიღო, ზოგი გამზადებული ნივთის წასაღებად დაიბარა. მერე ოთახის მოწესრიგებას შეუდგა და დღის ბოლომ რომ მოატანა, დაქანცული და მღელვარებისგან დაწრეტილი სახლისკენ მიმავალ გზაზე ფეხებს ძლივს მიათრევდა.
- ჭამით მაინც გეჭამა, შე საცოდავო. მომინდომა გოგომ მორცხვობა. არადა გიორგის მოტანილ სოკოს ღვეზელებს ისეთი სურნელი მოჰქონდა, ნერწყვმა ლამის დამახრჩო. არ მინდა-მეთქი, ისე ვუთხარი, გეგონება მზის ენერგიით ვიკვებებოდე. ეჰ, წადი, ნაია, რაღა აზრი აქვს შენთვის წუწუნს? თავს ძალა დაატანე და მიდი სახლამდე, მეგობრები გიშველიან, ორ ლუკმას გაგინაწილებენ. ან რატომ? გაყიდული ოქროულიდან კიდევ მომრჩა საარსებო ფული, ვიყიდი სოკოს ღვეზელებს და დღეს მე ვუწილადებ, ხვალ ისევ ისინი და ასე, გავათრევ ცხოვრების ამ ეტაპს, მაგრამ მერე რა იქნება? არაფერი ვიცი.
ავტობუსის გაჩერება ხალხით იყო გადაძეძგილი. სამსახურებიდან მომავლები ერთმანეთს ასწრებდნენ სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებში. კარგად თუ არ იყოჩაღებდი, გარეთ დარჩებოდი. ან როგორ იტევდა ამდენ ხალხს ერთსართულიანი სატრანსპორტო საშუალებები? განსაკუთრებით დილის საათებში და საღამოს საათებში იყო პიკი, ლამის თავზე ასხდნენ ერთმანეთს.
ნაიამ როგორც იქნა მოახერხა ავტობუსში ასვლა. გაუმართლა კიდეც, ახლადჩასულის ადგილზე დაჯდა და შიოს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა:
-იმ დღეს ვიღაცის საცხობს აქებდი და თუ იცი, სოკოს ღვეზელები აქვთ?
-ჰო, ბოჟენა დეიდას საცხობზე ვბაზრობდი, მაგას ყველაფერი აქვს,- მაშინვე მიიღო პასუხი.
-ჩვენი კორპუსიდან ძალიან შორს თუ არ არის, ვერ მიმასწავლი?
-კი, ტო. 34 ნომერში რომ შვანცკი სილამაზის სალონი ჩითავს, გეცოდინება და ზუსტად იმის გვერდზეა.
ნაიამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიბრუნა და ვიდრე ნაძალადევის მეტროსთან მოხვდებოდა, მეორე დღეს სამსახურში გასაკეთებელ საქმეებზე ფიქრიც მოასწრო, დედამისისგან მიღებულ წერილზეც, რომელიც მის მონატრებას, მასთან მალე შეხვედრაზე ოცნებას ეხებოდა და ყოფილი ქმრისგან ტრავმად დაკერებულ წარსულზეც. მერე წართმეული თავი იმაზე მეტად შესძულდა, ვიდრე ახლანდელი - თავგზააბნეული და სწორი გზის საძიებლად ლაბირინთში გახლართული. სასწრაფოდ შეეშვა გონების მიერ აკრეფილი კადრებით ტანჯვას და ჩასასვლელად მოემზადა.

***
-შენ ხო ადამიანი არა ხარ! - ნაია საყვედურით მივარდა შიოს.
-რათა? რა გინდა?
-რატომ შემარცხვინე იმ ქალთან?
-ვინ ქალთან?
-გამარჯობა, ბოჟენა დეიდა თქვენ ხართ? - დავდექი იქ სულელივით და ვიღიმოდი.
-ეგრე უთხარი? ჩემი კაი. მერე რა გითხრა?
-კაი, რა. მართლა ეგრე უთხარი?- გადაბჟირდა ნუცა.
-არა, გოგონა, მედიკო მქვია. ისეთი გაოცებული მიყურებდა, ამას ცოტა რამსები აქვს არეულიო, სახეზე ეწერა.
-გოგო, ეს ჩემი ძმაა. არ იცი, რომ ამის ნდობა აკრძალულია?
-ჰოი, ცხოვრებავ. უსამართლობა უნდა გერქვას შენ! -შიომ სერიოზული სახე მიიღო და ისეთი ინტონაციით წარმოთქვა, თითქოს თეატრის სცენაზე იდგა.
-არა, რა პონტში დაარქვი ბოჟენა, გაფიცებ.
-რავი, სულ ბოჟე მოის იძახის და ჩემ პონტში დავარქვი რა.
-დებილი ხარ შეეენ! მე მაგ საცხობში შემსვლელი აღარ ვარ.
-არაუშავს, გაგივლის.
-სამსახურში რა ხდება, ნაი? -ნუცამ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
-ჰო, გიშვებენ თუ გტოვებენ ბოლოს და ბოლოს?
-მტოვებენ, შიო, დაწყნარდი.
-ძაან კაი, ტო, მაგას რა ჯობია? ასწორებს.
ნაიამ სოკოს ღვეზელები ამოაწყო პარკიდან და და-ძმას მიაწოდა. უარი უთხრეს, ახლახან ვივახშმეთო.
-სამსახური არც ისეთი რთული აღმოჩნდა, როგორც მეგონა, მაგრამ ის მოქანდაკე ცოტა უცნაური ტიპია.
-ვისთვის ის მოქანდაკე და ვისთვის ცნობილი მოქანდაკე, გიორგი გაბოძე, -აღნიშნა ნუცამ.
-ერთი თავმომწონე და ნერვიული ტიპია. პირველ დასკვნაში შეიძლება ვცდები, დავაკვირდები კიდევ, მაგრამ მეორეში ნამდვილად არა.
-ხელოვანები, ოჰ ეს ხელოვანები... -ჩაილაპარაკა შიომ.
-დღეს მშვიდი ნერვებით მხოლოდ ელემენტიანი თოჯინები და რობოტები მოძრაობენ.
-მართალია, ნუცა, მაგრამ... ნუ, კარგი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
-ისე, რამე რომ იყოს, მასთან ინტერვიუს ვერ გამიჩალიჩებ?
- აბა, რას ვიზამ? ცოტაც მაცალე და ვთხოვ.
-მე გავგორდი ოთახში, თქვენ ილაპარაკეთ, -შიომ გოგოები მარტო დატოვა და ახალი სპექტაკლისთვის მოსამზადებლად ოთახში შეიკეტა.
-არც ჩემი ხელოვანი ძმაა დალაგებული, კი იცი, მაგრამ ესეც ნიჭიერაა და ვუძლებ.
-ჰო, ნიჭიერები კი არიან ესეც და ისიც.
-ბოლო დროს გადაღლილი ბრუნდება თეატრიდან. აღარც ბუნებაში საწანწალოდ სცალია. ხომ წარმოგიდგენია, შიო რომ ტყე-ღრეებში სალაშქროდ და მეგობრებთან ერთად სალოთაოდ ვეღარ წავა? გეფიცები, ასე მგონია, ძმა შემიცვალეს. ლამის მივიდე და იმ რეჟისორს მეტანიებით გადავუხადო მადლობა.
-ერთი სული მაქვს ახალ სპექტაკლს დავესწრო.
-მოვა ეგ დროც. ტყუილად ხომ არ მიკიდია კარადაში ბოლო ხელფასზე ნაყიდი ახალი კაბა, სადმე ხომ უნდა ჩავიცვა?
ნაიას აღარაფერი უთქვამს, ლიმონიან ჩაის სოკოს ღვეზელს ატანდა და ტელეფონის ეკრანზე გიორგისგან მიღებულ მესიჯს დასცქეროდა. მეორე დღისთვის რამდენიმე კლიენტისთვის პატარა ქანდაკებების ფოსტით გაგზავნას ავალებდა.
-ისეთი სახე გაქვს, თითქოს მეცნიერულ კვლევას ეცნობი.
-სამსახურის საქმეა. რაღაცებს მავალებს ხვალისთვის.
-კარგი, გავჩუმდები, იაღლიში არ მოგივიდეს, მერე მე დამაბრალებ,- ნუცა სავარძელში ჩაჯდა, ფეხები შემოიკეცა, „ხმაური და მძვინვარება“ გადაშალა და მონიშნული ადგილიდან კითხვა განაგრძო.
ნაიამ ფინჯანი და თეფში გარეცხა, ნუცას ღამე მშვიდობისა უსურვა და დასასვენებლად ოთახში შევიდა. საწოლზე გაირთხა და თვალები დახუჭა. როგორ ეზარებოდა მეორე დღის გათენება. მისი ნება რომ ყოფილიყო, ღამეს გაახანგრძლივებდა, უაზრო ცხოვრებას ძილით გაექცეოდა და მეორე დღისთვის უინტერესო საქმეებით ნაკლებად დაიტვირთებოდა.
სიზმარი ნახა. უდაბნოში იყო, თაკარა მზის ქვეშ ცხელ ქვიშაზე უგზო-უკვლოდ დაიარებოდა და ვინმე სულიერს ეძებდა, რომ იქიდან გაყვანაში დახმარებოდა. დიდხანს იარა ამაოდ, ვერავინ ნახა. წყალი მოსწყურდა, მაგრამ დაგროვილი მარაგი აღარ ჰქონდა. სასწრაფოდ მცენარეებთან ან კლდესთან მისვლა მჭირდება, არ არსებობს სულის მოსათქმელად რამდენიმე წვეთი მაინც ვერ ვიშოვოო,- გაიფიქრა და ხეტიალი გააგრძელა. მოულოდნელად, მოწითალო შეფერილობის გამოქვაბულთან აღმოჩნდა, წინ კაქტუსები და ჯოშუას ხეები იზრდებოდნენ. სიხარულმა ოდნავ ღიმილი მოჰგვარა. ქვის ნატეხი მოძებნა და მცენარეების ქვეშ დაიწყო ქვიშის ამოთხრა, ნოტიო ადგილს ეძებდა. დიდხნიანი მცდელობის შემდეგ ვერაფერი იპოვა და გამოქვაბულს მიაშურა. შემოუარა, კლდის ნაპრალებში დაგროვილი წყლ’ის იმედად იყო. ქვემოთ რომ ვერაფერი ნახა, გადაწყვიტა, ზევით ასულიყო და უკეთესად დაეთვალიერებინა. ცხელ ქვებს ეჭიდებოდა, კანს სწვავდნენ, მაგრამ არ ეპუებოდა და ჯიუტად მიიწევდა წინ. საიდანღაც ქვების ქვეშ დამალული ჩხრიალა გველი შეირხა. ნაია იმდენად შეშინდა, ადგილზევე გაიყინა და ხელები ჰაერში გაუშეშდა. არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. უკან დაიხია, მაგრამ ამან გველის ყურადღება ისევ მიიქცია. უმოძრაოდ მყოფი დაიღალა, გარისკა და ფეხი გაამოძრავა, მაგრამ დაუსხლტა და ქვას ჩაეჭიდა. გველმა მისგან საფრთხე იგრძნო, ხელში სწვდა, უკბინა და ადგილი იცვალა. ნაიამ ძლიერი ტკივილი და წვა დაეწყო.
-ჯანდაბა, აქედან როგორმე უნდა გავაღწიო!- გახშირებული სუნთქვით ძლივს აღმოხდა, მაგრამ კლდიდან დაშვებისას, კუნთებიდან ძალა წაერთვა და დადამბლავებული პირქვე დაეცა. უნდოდა წამომდგარიყო და გაქცეულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა. მწვავე ტკივილმა მუცლის არეშიც შეაწუხა. გაუნძრევლად მყოფს თვალები აუჭრიალდა და გონებას კარგავდა, როცა ვიღაცის სილუეტს მოჰკრა თვალი. კარგად ვერ არჩევდა ვინ იყო. მერე ხარხარი მოესმა და ხმით იცნო. ყოფილი ქმარი იყო.
კოშმარული სიზმარი შეწყდა და ნაიას გაეღვიძა. შიში იმდენად გამოჰყოლოდა, საბანი თავზე დაიფარა და თვალები ძლიერ დახუჭა. ცოტა ხანს იწვა გაშეშებული, ძილი ვერ შეიბრუნა, ფიქრებმა სხვაგან წაიღო, ვეღარ გაძლო, წამოდგა, ჩაიცვა და შურდულივით გავარდა გარეთ.

***
სასაფლაოზე სიმშვიდე იდგა. ნაია ღამის სიბნელეში ძლივს არჩევდა ბილიკებს. ძმის საფლავისკენ მიიჩქაროდა. რაც აწუხებდა, ყველაფერი უნდა ეთქვა, ვეღარ ინახავდა დაგროვილ დარდს. პატარა ეკლესიას მიადგა. იქიდან ადვილად გაიკვლია გზა და მალე მიაგნო. შავ მარმარილოს ქვასთან ჩამოჯდა. სახელს, გვარს, დაბადების და გარდაცვალების წელს მიაშტერდა და თვალებში ცრემლი ჩაუდგა.
-მოვედი... იმიტომ მოვედი, რომ ყველაფერი გითხრა. ვიცი აქ ხარ და გესმის. გარდაცვლილებს ყველაფერი ესმით და ხედავენ. შენმა წასვლამ ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია. ზოგჯერ ისიც მინატრია, რომ მე ვწოლილიყავი მანდ, შენს ადგილას და ეს დამპალი ცხოვრება ბოლოს აღარ მიღებდეს. მამა შენმა სიკვდილმა გაალოთა, დედაც განადგურდა და ჯანმრთელობა აღარ უვარგა. ჩემი არსებობა დაივიწყეს, თითქოს ნაია არც არასოდეს ჰყოლიათ. ნიკას ასე უყვარდა, ნიკა ამას იტყოდა, ნიკა რომ ცოცხალი იყოს, ნიკა, ნიკა... ყველგან შენ ხარ. ჩემი ადგილი აღარსად დარჩა. სულ დაავიწყდათ, რომ მეორე შვილიც გააჩინეს. აი, ასე, სულ დაავიწყდათ, -ღრმად ამოისუნთქა და თავი ჩაქინდრა, - ჩვენთვის ლხინი, სიცილი და ბედნიერება წარსულს ჩაბარდა. მთვრალი მამაჩემის და დანერვოზებული დედის ყურებას გათხოვებით გავექეცი. მეგონა, ვიღაცას მაინც ვუყვარდი და იზრუნებდა ჩემს ბედნიერებაზე. შევცდი. თავი უარეს დღეში ჩავიგდე. ჩემი ქმარი ის ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელსაც გათხოვებამდე ჩემს ფიქრებში და ოცნებებში ვაცხოვრებდი. ჩვენ, ორმა რომ ვიცით, იმას ოდნავადაც არ ჰგავს. კარგად უნდა გამეცნო, ჩემი ბრალია, მაგრამ... შენ რომ ცოცხალი დარჩენილიყავი, იქნებ სახლიდან გასაქცევად არც მქონოდა საქმე, იქნებ დღეს ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა და ასე არეულს არ მევლო. გახსოვს, როგორ დამცინოდნენ თვითმფრინავის პილოტობა რომ მოვინდომე? შენს გარდა არავის სჯეროდა, რომ ჩემგან პილოტი დადგებოდა. ქმარმა ყველაფერი გააკეთა, რომ სწავლა აღარ გამეგძელებინა. მიზეზი ის იყო, ქალი ვარ და რაც არ შემეფერება, ის არ უნდა ვაკეთო. ავიაცია რა ქალის საქმეა? სხვა რამე ისწავლეო. ხეხე, რეცხე, საჭმელი გააკეთე, შვილები გააჩინე, კაცურ საქმეებს კაცები მიხედავენ, აბა, რა!- სიტყვა კაცურზე ირონიით ჩაეცინა, - ჩემი თავი დავკარგე, გესმის? ამაზე საშინელი რაღა უნდა დაემართოს ადამიანს? უკვე ისე ვარ, ყველას მიმართ ნდობა გამიქრა. ლამის ყველა და ყველაფერი შევიძულო. ამ ყალბ გარემოში ყოფნა მომბეზრდა, ამის დედაც! - თვალის უპეებზე ხელი ამოისვა და გაჩუმდა. მიწაზე დაჯდა, ფეხები მუხლებში მოკეცა და ზეცას ახედა.
-ნაი,- ვიღაცის ხმამ შეაკრთო.
ნაიამ უკან მიიხედა და შიო დალანდა.
-შენ აქ საიდან?
-დაგინახე, რომ გარეთ გახვედი და... უკან გამოგყევი.
-ყველაფერი გაიგონე?
შიომ თავი დაუქნია და გვერდით მიუჯდა:
-მთლად ყველაფერი არ მესმოდა, მაგრამ თავს კარგად რომ ვერ გრძნობ, ამას ვხედავ. ნუ ღელავ, რაც მოვისმინე, არავის ვეტყვი, მეგობრები არ ვართ?
-მგონი, ფიქრობ, რა ცუდი გოგო ვარ, რომ გარდაცვლილ ძმას ვეჩხუბები.
-არა.
-აბა?
-ამოთქმა გჭირდებოდა და აქ დაიცალე, რა. იცოდი, რომ გაგიგებდა და ამ საყვედურებსაც გაპატიებდა.
-ძალიან მიყვარდა.
-ვიცი.
-მასაც ვუყვარდი და ყველაზე მეტად ესმოდა ჩემი.
-ეგეც ვიცი.
-არ მინდა, ვინმეს სუსტად მოვაჩვენო თავი, მაგრამ დედას ვფიცავარ, რაც ახლა ჩემს თავს ხდება, არც ისე ადვილია.
-ნუ მიხსნი, ნაი. ყველას გვაქვს ასეთი პერიოდები. მე თუ რამეში დახმარება შემიძლია, ხო იცი, ნებისმიერ დროს შეგიძლია გქონდეს ჩემი იმედი.
-შენ და ნუცა ისედაც გვერდში მიდგახართ.
-ეტყობა, კარგად არ გიდგავართ.
-რატო? საიდან მოიტანე?
-რაღა რატო, ტო. შუა ღამე სახლიდან გაგვექეცი.
ნაიას ჩაეცინა. შიომ მხარზე ხელი გადაჰხვია და მისკენ მიიზიდა:
-ყველაფერი კარგად იქნება.
-ასე ფიქრობ?
-აი, ნახავ. ადექი, წავიდეთ.
ნაია ფეხზე წამოდგა და წინ წასულ შიოს უკან გაჰყვა. სასაფლაოზე კვლავ სიმშვიდე იდგა. მხოლოდ ისინი არღვევდნენ ბილიკებზე სიარულით გარდაცვლილების განსასვენებლებზე მკაცრად ჩამოწოლილ სიჩუმეს და იდუმალებას.
-ისე, თუ გინდა, აქედან ბარში წავიდეთ.
-რა ბარში? მოიცა, რა.
-ცოტას მოწრუპავ, მუსიკას მოისმენ, თუ რამე, მოსაწევსაც გავჩითავ და ქე გავალთ დედამიწის აივანზე.
-ძაან კი დამეხმარება, მაგრამ ხვალ სამსახური მაქვს.
-შაბათ-კვირას წავიდეთ. არ მუშაობ, ხო?
-არა.
-ჰოდა, ნუცასაც ვუთხრათ და გავქროლოთ.
-შაბათს მაშინ.
-ოკი, მოსულა.
სასაფლაოდან კარგად მოშორებით, გზაზე გასულები გამოძახებულ ტაქსიში ჩასხდნენ და სახლისკენ აიღეს გეზი. ნაიას შიოსთან ყოფნა და ლაპარაკი დაეხმარა. ყოფით პრობლემებს დროებით გაექცა და თავი შედარებით კარგად იგრძნო.

***
-სად იყავით? - განერვიულებული ნუცა კარის ხმაურზე სახლში დაბრუნებულ ძმას და მეგობარს მივარდა.
-რატო არ გძინავს? - კითხვითვე შეუბრუნა პასუხი შიომ.
-აბა, თუ მიხვდები რატომ.
-არაფერი, ჰაერზე გასეირნება უნდოდა და მარტო ხო არ გავუშვებდი?
-თქვენ მე შემთხვევით ისევ იმ ასაკში ხო არ გგონივართ, წითელი პანდის ყურებით დაბადებას რო ვიჯერებდი?
-ტყუილად ნუ წევ პანიკებს ჰაერში. ყველაფერი რიგზეა.
-არაფერია სანერვიულო, მართლა. ცოტა ხანს გავისეირნეთ, ვილაპარაკეთ,- შიოს აჰყვა ნაია.
-აქ ვერ ილაპარაკებდით? თუ მე მიმალავთ რამეს?
-არა, შენ რა უნდა დაგიმალო? უბრალოდ გარეთ გასვლა მჭირდებოდა, სულ ეს იყო.
-რაკი, ასეა, კარგი... - ნუცა მიხვდა, არცერთი აპირებდა ზედმეტის თქმას და უკმაყოფილო სახით საძინებელში დაბრუნდა.
ნაია უკან შეჰყვა:
-ნუ გწყინს, ნუცა. მართლა მჭირდებოდა გარეთ გასვლა და ასე რომ არ გამეკეთებინა, გავგიჟდებოდი.
-ხვალ ვილაპარაკოთ.
-არაფერია სალაპარაკო.
-გათენებამდე არაფერი დარჩა, ცოტას მაინც დავიძინებ. ახლა არაფერზე კამათის ნერვი არ შემრჩა.
-კარგი, - ჩუმად უპასუხა და საწოლზე ჩამოჯდა.
ცას იისფერი შეჰპარვოდა. გათენებას იწყებდა. დილის რიჟრაჟს თანდათან მანქანების ხმა და ხეებზე მოფრთხიალე, ახლადგაღვიძებული ჩიტების ჭიკჭიკი ერეოდა. ნაიას ძილისთვის ყველაზე ნაკლებად ეცალა. წარსული ისევ არ აპირებდა მისთვის თავის დანებებას.

2015 წლის 3 მარტი
-ეს ყვავილები ყველაზე ლამაზ და მზრუნველ დედას მსოფლიოში,- სახეგაბადრული ნაია კარის ზღურბლთან იდგა და იის კონებისგან შეკრულ თაიგულს აწვდიდა დედამისს.
ქალმა სევდიანი თვალებით შეხედა შვილს, შემოდიო, მხოლოდ ეს უთხრა.
-არ გამომართმევ? - გაკვირვებული და ნაწყენი ხმით უთხრა ნაიამ.
-რა მედედისდღევება, თუ ღმერთი გწამს? ჩადე ლარნაკში, თავი ისე მაქვს გაბრუებული, ძლივს დავლასლასებ.
-წამალი დალიე?
დავლიეო, უპასუხა და მისუსტებული მიესვენა ტახტზე.
ხასიათწამხდარმა ნაიამ ყვავილები ლარნაკში ჩააწყო და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დედამისს ოთახში მიაკითხა:
-მადლობა მაინც გეთქვა. არ მოგკლავდა.
ქალმა ძლივს გაახილა თვალები, ბრაზმორეულ შვილს ახედა და ისევ დახუჭა.
-ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ? გამაგებინეთ.
-ნაია, ვერ მიყურებ, რა დღეში ვარ? შემეშვი.
-შვილად არ მთვლით? თუ ნაგავსაყრელზე მიპოვეთ და სამადლოდ მიფარებთ? როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?
-როგორ ასე?!
-როგორც იქცევით! ამოვიდა ყელში!
-როგორ ვიქცევით?
-ფეხზე გკიდივართ.
-მორჩი უაზრობებს.
-რომელია უაზრობა? როგორ ვარ და რას ვგრძნობ, ფეხებზე რომ გკიდიათ? იქნებ რაში მჭირდება თქვენი დახმარება და გვერდში დგომა? აღარ გაინტერესებთ რას ვიზამ, სად წავალ, რა დამემართება. ესაა სიმართლე. მეც მენატრება ნიკა, განვიცდი, ცუდად ვარ, მაგრამ თავს არ ვიმარხავ. არც სხვებს ვმარხავ. აი, თქვენ თქვენთან ერთად მეც მმარხავთ.
-ნუ ბოდიალობ რაღაცეებს.
-რას ვბოდიალობ? ტყუილს გეუბნები რამეს? ვიგონებ?
-ხმას დაუწიე და გადი აქედან! უკვე ზედმეტები მოგდის.
-ჰო, მე უნდა გაგიგოთ ყველას, თქვენ არ შეწუხდეთ.
-რას მეუბნები, გოგო, ჩემი შვილი არ ვიგლოვო?!
-იგლოვე დედა, არავინ გეუბნება, რომ ეგ არ გააკეთო, მამამაც იგლოვოს, არც იმას უშლის ვინმე, მაგრამ მეც გამაჩინეთ სხვათაშორის და ხანდახან ცოცხალი შვილისკენაც უნდა გამოიხედოთ.
-ხედავ შენ, რა გველი მყოლია და არ ვიცოდი. ამოხეთქე, ხო? მკვდარზე ეჭვიანობ. რა უნდა გელაპარაკო?
-ისევ მე გამოვდივარ უვარგისი და გაუგებარი. შენთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, - ამოიოხრა ნაიამ, თითქოს გული ამოაყოლა და ცოტა ხნის შემდეგ ჩაილაპარაკა წავედიო.
-სად წახვედი? მამაშენი მაინც მოგეკითხა, სად არის და რას აკეთებს.
-სად იქნება? ალბათ, სვამს.
ნაიამ ქურთუკის ჩაცმა დაიწყო.
-სად მიდიხარ?
-მოვალ.
-სად მიდიხარ-მეთქი?
-ფეხზე არ გკიდიათ?!
-როგორ მელაპარაკები?
ნაიას აღარაფერი უთქვამს, კარი გაიხურა, კიბეებზე სწრაფად დაეშვა და გეზი ვერის ბაღისკენ აიღო.
უამრავ რამეზე ფიქრობდა. ბავშვობაში ყველაფერი სხვანაირად იყო. არასოდეს უგრძვნია დედ-მამისგან უყურადღებობა და სიცივე. მერეც ასე ხდებოდა, ვიდრე ნიკას უბედურმა შემთხვევამ ორივე ძირფესვიანად შეცვალა. ისინი აღარ იყვნენ ისინი, ოჯახი ნელ-ნელა უფერულდებოდა, ცოტავდებოდა და ქრებოდა. სახლის კედლებს შორის დაგროვილი ჰაერიც კი სუნთქვას უკრავდა. არსებულ მდგომარეობას ვერაფრით ეგუებოდა. მასში ჩაბუდებული წყრომა აგრესიაში გადასდიოდა და ხანდახან საკუთარი თავისთვის რაღაცის დაშავების სურვილი ისე ეძალებოდა, ძლივს აოკებდა თავს და არსებული ტკივილით აგრძელებდა ცხოვრებას. იოლი არ იყო აწეწილი გონებით სიარული, გამუდმებით სიმშვიდეს ეძებდა. სიმშვიდეს, რომელსაც მასთან ახლოს ყოფნით და ნუგეშით ვერანაირი მეგობარი, ნათესავი ან ოჯახის ახლო მეგობარი ვერ მოუტანდა.
ვერის ბაღი თითქმის ცარიელი იყო. აქა იქ, კანტიკუნტად შემორჩენილიყო ხალხი. ნაიას არავისთვის შეუხედავს, არავისი ესმოდა. მყუდრო ადგილი იპოვა და იქ ჩამოჯდა. განათებულ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უაზროდ მოავლო თვალი და ერთ წერტილს გაუშტერა. მერე სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი მოაკლო, მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
-როგორ დავიღალე,- თავისთვის ჩურჩულებდა.
ნერვებს ვერ იმორჩილებდა და სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდა. ყელის წვა და გულისრევა რომ იგრძნო, სახე დაემანჭა და ანთებული ღერი მოისროლა. იქ დიდხანს აღარ გაჩერებულა, ჩქარი ნაბიჯებით ლურჯი მონასტრისკენ გადავიდა და ლეო ქიაჩელის ქუჩას გაუყვა. ლუდი იყიდა და ბარის კიბეებთან ჩამოჯდა.
არც ლუდმა მოუხსნა სტრესი, რაღაცას ეძებდა, უფრო ძლიერს, რომ ადუღებული სხეული ჩაეცხრო, გათიშულიყო და რეალობას ცოტა ხნით გარიდებოდა. ლუდის ქილა კიბის საფეხურზე დადგა და ღრმად ამოიქშინა.
ბარიდან ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა და კიბეებთან ჩამოდგა. სიგარეტს გაუკიდა და ნაიასკენ თვალი გააპარა. ნაიას ყურადღება არ მიუქცევია. მამაკაცმა სიცივისგან ქურთუკის საყელო ზევით აქაჩა, ქუდი შეისწორა და აქეთ-იქით დაიწყო სიარული. მერე ნაიას მიუბრუნდა და გამოლაპარაკება სცადა:
-ჩვენთან ხარ?
-თქვენთან?
-მინდოდა მეთქვა, ბარის სტუმრებიდან ხარ?
-არა.
-იმიტომ არ მახსოვხარ. მარტო ხარ?
ნაიამ უცნობს თვალი გაუსწორა და თავი დაუქნია, მერე ლუდის ქილას დასწვდა და ხელში ცარიელი რომ შერჩა, უკმაყოფილო სახე მიიღო.
მამაკაცს ეს არ გამორჩენია. შეატყო, კიდევ დალევდა და ბარში შეიპატიჟა. ნაიამ თავიდან ბოლომდე შეათვალიერა და პასუხისგან თავი შეიკავა.
-არა, ცუდი არაფერი იფიქრო, ისე გეპატიჟები.
-ცუდი არაფერი ვიფიქრო? ამ საღამოს მინდა საერთოდ არაფერზე ვიფიქრო.
-რამე პრობლემა გაქვს?
-არა, არაფერი, მაგრამ ცოტა ხნით შემოვალ და ცუდზე არაფერზე ვიფიქრებ,- ხუმრობაში გაუტარა.
უცნობმა ბარის კარი შეაღო და ნაიას შეხედა. ქალი წამოდგა და მისთვის არც შეუხედავს, ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილ ბარში შევიდა. ბარი ხალხით იყო სავსე. ცოცხალ მუსიკას უსმენდნენ, ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ, ცეკვავდნენ, ყველა კუთხეში ხმაურობდნენ.
ნაია ბართან ჩამოჯდა და უცნობ მამაკაცს მიმართა:
-მაგიდასთან არ მინდა, აქ მირჩევნია.
-ოკ, -მხრები აიჩეჩა უცნობმა.
-რა გქვია?
-ილია. ილოს მეძახიან.
-მე ნაია ვარ.
-ძალიან კარგი. რას დალევ?
-ყველაზე მაგარი რა აქვთ?
-გააჩნია, შენ რა გიყვარს. ვისკი? არაყი?
-არაყი იყოს.
-არაყი „ბელუგა“ დაგვისხი,- ბარმენს სთხოვა ილიამ.
-აქ მარტო ხარ? - ხალხს გადახედა ნაიამ.
-მარტო რატომ? წინ მშვენიერი გოგო მიზის.
-ესე იგი, მარტო ხარ.
-თუ შენს თავს მარტოობას ეძახი, მაშინ მარტო ვყოფილვარ.
ნაიას გაეცინა: -ვინ არის ილო?
-ვინ ვარ? ამ ბარის არც თუ ისე იშვიათი სტუმარი.
-და ნაია ვინ არის?
-არ ვიცი... უკვე არაფერი ვიცი ჩემს თავზე. ადრე ვიცოდი.
-არ მოგერიდოს, რა, თუ რამის თქმა გინდა, შემიძლია მოგისმინო.
-მადლობა, მაგრამ არ მინდა.
-როგორც იტყვი. გაგვიმარჯოს?
-გაგვიმარჯოს,- ჭიქა მიურტყა ნაიამ.
-შეჭამ რამეს?
-არა.
-ალკოჰოლი მალე მოგეკიდება.
-მომეკიდოს, - ნაიამ ჭიქა გამოცალა და მუსიკოსს გახედა. ბარში ისევ გამაყრუებელი ხმა იყო. მოცეკვავეების რიგებს წყვილები შემატებოდნენ.
-გინდა ვიცეკვოთ?
-მინდა,- თავი დაუქნია.
ილიამ ხელი გაუწოდა და საცეკვაოდ გაიწვია. ნაიამ სიარულის დროს თავს შეატყო, რომ სასმელი მორეოდა. თავი უფრო თავისუფლად იგრძნო, ახლად გაცნობილს ხელები უკომპლექსოდ დაადო მხრებზე და ცეკვაში აჰყვა.
-შენნაირ ქალს პირველად შევხვდი,- დაიწყო მამაკაცმა.
-ჩემნაირს? თუ გარეგნობას გულისხმობ და სილამაზეს გინდა ხაზი გაუსვა, ძალიან ბანალური ხარ, ხოლო თუ ჩემს პიროვნებაზე საუბრობ, მაშინ ყალბი.
-ყალბი რატომ?
-იმიტომ, რომ რაღაც ნახევარი საათია ვხედავთ ერთმანეთს და მხოლოდ ის ვიცით, ამ ორიდან ერთს ილო ჰქვია, მეორეს - ნაია.
-უცნაური ხარ, თავისუფალი, რისკიანი და მიმზიდველიც. თითქოს რაღაცას მალავ.
-და ამით მიგიზიდე?
-გიკვირს?
-ალბათ, არა. შენს ადგილას, შეიძლება მეც გამჩენოდა ასეთი გოგოს მიმართ ინტერესი.
ილიამ ნაია ახლოს მიიკრა და ცხვირის წვერი ყურთან მიუტანა. ნაიას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

***
იმ საღამოს ნაია ძალიან დათვრა. ილიამ შეატყო, თუ სმას გააგრძელებდა, მალე ალკოჰოლისგან ინტოქსიკაციას მიიღებდა და სანამ გაითიშებოდა, ბარიდან გაყვანა სცადა. თავდაპირველად ნაიამ წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მოდუნებულმა სხეულმა საშუალება არ მისცა იქ დარჩენილიყო და ყველაფერი ისე გაეგრძელებინა, თითქოს არაფერი ხდებოდა. გარეთ გავიდნენ. ტაქსი უკვე ბარის წინ იდგა და მგზავრებს ელოდებოდა.
-სად მივდივართ? -იკითხა ნაიამ.
-სადაც იტყვი.
-მოდი, შენთან წავიდეთ.
-ჩემთან? დარწმუნებული ხარ?
-აჰა.
-სად ცხოვრობ? იქნებ შენ უფრო ახლოს ხარ სახლთან.
-არსადაც არ ვცხოვრობ.
-არ გინდა სახლში წასვლა?
-სახლში წასვლა როგორ არ მინდა, -სუსტად გაეღიმა ნაიას, - მაგრამ უმისამართო ვარ.
-კარგი, ამაღამ ჩემთან წავიდეთ, -ილია ტაქსიში ჩაჯდომაში დაეხმარა და მძღოლს მისამართი უთხრა.
ბინაში შესვლისთანავე ნაია ილიას მიუბრუნდა და მოკლედ მიახალა, როგორც კი დაგინახე, მევასე. იმდენად კაი ტიპი მეჩვენები, ხომ ხედავ, შენთან სმა და ღამის გატარებაც კი მოვინდომეო. ილო არწმუნებდა, ნასვამი ხარ და ფხიზელ გონებაზე ვილაპარაკოთ, ხვალ-ზეგ კარგ ტიპად შეიძლება აღარ მოგეჩვენოო. არც ახლა მაკლია გონიერება და რომ მომწონხარ, სახლშიც იმიტომ გამოგყევი, რა იყო, არ გიდგ*ბა და თავს იკავებ, არ შერცხვეო? თავს არ შევიკავებდი, ასეთ მდგომარეობაში რომ არ გხედავდე, არ მინდა, სიტუაციით ვისარგებლო, სულ ეს არისო. გამოვიდა პატიოსანი ბიჭი, ჩემგან შექებას და შუბლზე კოცნასაც ხომ არ ელოდებიო? იქამდე არ მოასვენა, სანამ არ აიყოლია. ილია მგზნებარებით ანთებული დაეტაკა ნაიას. ქალს მისი შეხება სიამოვნებდა. სხეულში რაღაც აუხსნელი ძალა იგრძნო, რომელიც აქამდე არასოდეს განეცადა. არ იცოდა ეს სასმლის ბრალი იყო, თუ მისი პირველი სექსუალური გამოცდილების, მაგრამ პარტნიორის სხეულის სითბომ ჭკუიდან შეშალა და თავადაც აჰყვა. ილიამ ტანსაცმელი გახადა და საწოლზე გადააწვინა. ნაიამ ოდნავ დაიმორცხვა, პირველად იგრძნო, რომ სასურველი ქალი იყო. ათრთოლებულ სხეულზე მამაკაცის თითოეული შეხება ვნებას მატებდა. მამაკაცმა მის ფეხებს შუა თავი ჩარგო. ნაიას სუსტი კვნესა აღმოხდა და ხელი ბალიშს მოუჭირა.
-რა კარგი ხარ! -ცოტა ხანში მამაკაცმა მის სახესთან ამოიჩურჩულა.
ნაიამ იგრძნო, როგორ შეაღწია მის სხეულში. მსუბუქი ტკივილისგან უნებურად წამოსული ხმა ილიამ კოცნით ჩაუხშო. ქალი სხეულის რიტმს აჰყვა, სადღაც ჩაინთქა... რამდენიმე წუთში დაღლილი მამაკაცი გვერდით მიუწვა, ალერსიანი თვალებით შეხედა და დაბალი ხმით უთხრა:
-იმედი მაქვს, ხვალ არ ინანებ.
-არა, -ნაიამ სახეზე თითების ნაზი შეხებით უპასუხა.
ილიამ მკლავი მოჰხვია, მჭიდროდ მიიკრა და ლოყაზე აკოცა.
- რაც არ უნდა მოხდეს, ამ ღამეს არასოდეს ვინანებ, - ქალმა ამოილუღლუღა, თავი მკერდზე დაადო და თვალები მილულა.

2015 წლის 11 მარტი
ადრიანი დილა იყო. ნაიას უნივერსიტეტში აგვიანდებოდა და სამარშრუტო ტაქსს უცდიდა, როდესაც მის წინ შავი ფერის BMW-ს მარკის ავტომანქანა გაჩერდა. მძღოლმა კარის მინა ჩაწია და მიესალმა:
-დილა მშვიდობისა.
ნაიამ მძღოლი იცნო, მაგრამ დიდი აღფრთოვანება არ გამოუხატავს, უხალისოდ მიესალმა.
-რატომ ასე ცივად? დავიჯერო, აღარ გახსოვარ?
ქალმა მანქანის კარი გააღო, სწრაფად ჩაჯდა და სთხოვა, სადმე, სხვა ადგილას ესაუბრათ.
-სად წავიდეთ?
-ნებისმიერ ადგილას წადი და თან ვილაპარაკოთ. ბევრი დროც არ მაქვს.
-ვინმეს ემალები?
-ვის უნდა ვემალებოდე? არავის. ასეც რომ იყოს, ვალდებული არ ვარ, ანგარიში ჩაგაბარო.
-დიდი ამოუხსნელი ვინმე ხარ.
-ილია. სახელი ხომ სწორად მახსოვს?
მამაკაცმა თავი დაუქნია და მანქანა გააჩერა.
-ახლა კარგად მომისმინე. ის, რომ იმ ღამეს ერთად ვიყავით და სე’ქსი გვქონდა, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს. ორივეს გვინდოდა, ჩვენი გავისწორეთ და დავიშალეთ. მე არაფერს შეგპირებულვარ.
-მოიცა, მოიცა,- დილით რატომ გაიპარე?
-იმ ღამეს ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ალკოჰოლით და სე’ქსით შემოიფარგლა. სიტყვა ნახვამდის ვეტყოდით, თუ არა ერთმანეთს, სიმართლე გითხრა, პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. რატომ ასერიოზულებ?
-ისე მელაპარაკები, ასე მგონია, მე ვიყავი ქალი და შენ მამაკაცი, რომელმაც ერთი ღამის ურთიერთობისთვის შემაბა და მეორე დღეს ისე ამეთესა, თითქოს მის ცხოვრებაში არც არასოდეს ვყოფილვარ.
-მოდი, ასე გკითხავ, ყველასთან აგრძელებ ურთიერთობას, ვისთანაც ოდესმე რამე კუთხით შეხება გქონია?
-არა, რა თქმა უნდა.
-ჰოდა, ესეც იგივეა, რა.
-და მე რომ არ ვთვლი, რომ ეს შემთხვევა უნდა დავივიწყო?
-და მე რომ ასე ვთვლი, ახლა რა ვქნათ?
-მომწონხარ. მეგონა, შენც მოგწონდი.
ნაიამ სახე მოარიდა და უინტერესოდ გახედა ქუჩას. აგრძნობინა, ამ თემაზე ლაპარაკის გაგრძელება არ უნდოდა.
-შეგიძლია, მითხრა, რა მოხდა იმ ღამეს? ვინმეზე იყავი გაბრაზებული?
ნაია დუმილს აგრძელებდა.
-გასაგებია. ისევ არ გსურს ამაზე ჩემთან საუბარი. ეს შენი მისამართია, არა? -ჯიბიდან ფურცელი ამოიღო და ნაიას მიაწოდა.
ნაიამ ფურცელს დახედა და გაკვირვებული სახე მიიღო. ილიამ გააგრძელა:
-მამა - დავით ბაშელეიშვილი, დედა- ნინო ბაშელეიშვილი. გყავდა ძმაც, რომელიც შვიდი თვის წინ გორი-ხაშურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სწავლობ საავიაციო უნივერსიტეტში...
-ამ ინფორმაციის მოპოვება რატომ დაგჭირდა? რას მეუბნები ამით?
-რომ არ მაინტერესებდე...
-ურთიერთობა რომ აეწყოს, ორმხრივი დაინტერესება უნდა იყოს.
-დამიტოვე საშუალება, რომ გაგცნობოდი?
-არ შეგიძლია, რომ დამივიწყო? დამიჯერე, ორივესთვის ასე აჯობებს.
-რატომ?
-ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, სწორად გამიგე, არანაირი კავშირისთვის მზად არ ვარ.
-იქნებ დაგეხმარო.
-ვერ დამეხმარები.
-ხელს რატომ მკრავ, მართლა ვერ ვხვდები. რამე შემეშალა და არ მახსოვს?
-არა, უბრალოდ, ეს არის ჩემი არჩევანი და ძალიან გთხოვ, გამიგო. სხვა ნუღარაფრის ახსნას მომთხოვ.
ილიამ სამუშაო ადგილის სავიზიტო ბარათი მისცა, თუ რამე დაგჭირდეს, დამიკავშირდიო. ნაიამ ბარათს დახედა და თანამდებობა გამოკვეთით წაიკითხა: უფროსი გამომძიებელი! ახლა ყველაფერი ცხადზე ცხადია ჩემზე მოძიებული ინფორმაცია საიდან მოდის.
-პროფესიული ჩვევაა,- მრავალმნიშვნელოვნად გაეღიმა მამაკაცს.
ნაიამ სავიზიტო ბარათი შეინახა და მანქანიდან დაუმშვიდობებლად გადავიდა.

2015 წლის 21 ნოემბერი
თვალები ცრემლებით ებინდებოდა. ბოლომდე ვერ აცნობიერებდა, რომ შეცდომას უშვებდა. მისთვის მთავარი იყო, რაც შეიძლება მალე დაშორებოდა იმ წყეულ სახლს, რომელიც მიწიერ ჯოჯოხეთად ექცა და იქ ცხოვრება სულიერ ტკივილს დღითი დღე უღრმავებდა. სამაგიეროდ, იცოდა, იგი ილია ყიფიანისთვის სულერთი არ იყო, უყვარდა და იმაზე მეტად აფასებდა, ვიდრე ოჯახის წევრები. ყოველ შემთხვევაში, ცხოვრების იმ ეტაპზე ნაიასთვის ასე ჩანდა. ასე, რომ უნდა გაერისკა, ნამდვილად ღირდა, ყველაფერი ახლიდან, განსხვავებულ გარემოში იმ ადამიანთან დაეწყო, რომელიც გაუგებდა, მასზე იზრუნებდა და თავს მარტო აღარ აგრძნობინებდა. შეგუებით უკვე შეგუებული იყო, რვა თვე ცოტად არ ეჩვენებოდა ადამიანის გასაცნობად. სიყვარული? აქ კი გაცილებით რთულად იყო საქმე, თავს არწმუნებდა, რომ სიყვარული მხოლოდ წყვილის ურთიერთპატივისცემაზე, სიმპათიებსა და ვნებებზე დაფუძნებული ურთიერთობა იყო, რომელიც სხვადასხვა დროს მომხდარი ამბებით, თავგადასავლებით, სითბოთი და სიკეთით საზრდოობდა და ნაიასაც სჯეროდა, მისი რჩეული შესაძლოა ბედის საჩუქარი არ ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერს გააკეთებდა, რომ მასთან ერთად თავი კომფორტულად ეგრძნო.
მშობლებს ახარებდა ნაიას გადაწყვეტილება. არჩევანს უწონებდნენ, აღნიშნავდნენ, რომ ილიას სახით ძალიან კარგი ადამიანი გაიცნეს და არაფრის დარდი არ ჰქონდათ, შვილს შესანიშნავ პატრონს აბარებდნენ. სიტყვა პატრონზე ნაიას მწარედ ეცინებოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა.
მეგობრები შეცვლილ ნაიას ვეღარ უგებდნენ. ბევრჯერ სცადეს, იგივე რელსებზე გადმოეწყოთ, როგორც წარსულში, მაგრამ მის სიჯიუტეს ვერაფერი მოუხერხეს. იძულებული გახდნენ, მისი გადაწყვეტილებისთვის პატივი ეცათ და ნაიას მეორე ნახევარი ისეთი მიეღოთ, როგორიც იყო. ნუცა მეჯვარედ აირჩია, სხვა ვერც წარმოედგინა, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს მის გვერდით მდგარიყო. ისიც დათანხმდა, ბავშვობის მეგობარს ხათრს ვერ გაუტეხდა.
საპატარძლო კაბა საკიდიდან ჩამოხსნა, სარკის წინ მოირგო და დიდი დღისთვის მოემზადა, რომელიც ისე დასრულდებოდა, როგორც დაგეგმილი იყო, მაგრამ არა ისე, როგორც მთელი ცხოვრება უნდოდა და წარმოედგინა. პომპეზურობა, ოფიციალურობა და ტრადიციები მის პიროვნულ თვისებებს და ცხოვრების წესს მუდამ ეწინააღმდეგებოდნენ. ქორწილს მთაში, პარკში პიკნიკის სახით ან ზღვის სანაპიროზე ვიწრო წრეში რომ ჩაევლო, იტყოდნენ, რომ ეს უფრო ჰგავდა ნაიას სურვილებს, თუმცა გასაკვირი არც იყო, ის ყოველ დღე შლიდა საკუთარ თავში რაღაცას, ზოგჯერ შეგნებულად, ზოგჯერ გაუთვიცნობიერებლად.
ქორწილი ეკლექტიკურ გარემოში აღინიშნა. ლამაზი და მრავალფეროვანი იყო, ვერაფერს დაუწუნებდი. ქორწილების დიზაინერმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნეფე-დედოფლის სურვილები მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა და სხვების გულებიც მოეგო. საგანგებოდ ჩაცმული სტუმრები კმაყოფილები ჩანდნენ. ახლად დაქორწინებულებს ბედნიერებას უსურვებდნენ, საჩუქრებს ჩუქნიდნენ, ახალ ნაცნობებს იძენდნენ და მხიარულობდნენ.
მხოლოდ შიო ჩანდა უხასიათოდ. იქ ყოფნა მალე მოიბეზრა, ნაიას ბოდიში მოუხადა, შეუძლოდ ვარო და ქორწილიდან წავიდა. არც ნუცა დარჩენილა დიდხანს, წვეულების დასრულებას არ დაელოდა, ძმის მდგომარეობა მოიმიზეზა და იქაურობა დატოვა.
ნაიას არაფერი ეტყობოდა, ახალი ცხოვრების დაწყების მღელვარებამ მასში ვერ შეაღწია. სახლში მისულმა კაბა გაიხადა, მაკიაჟი სახიდან მოიშორა და ქმარს დაღლილი თვალებით გახედა. ილიამ ცოლი მიიხუტა და ჩურჩულით ჰკითხა კმაყოფილი ხარო? ნაიამ თავი დაუქნია და შემოხვეულ მკლავებს ხელები დაადო. მამაკაცი ქალის სხეულს კისრიდან კოცნით ჩაუყვა, მკერდის კერტებს ცერა თითით შეეხო, შემდეგ ფეხებს შუა თითები შეუსრიალა და ტუჩებზე დააცხრა. ნაიამ სუსტად ამოიკვნესა და თანდათან აჰყვა. მდორე იყო, ილიას სიყვარულს და მონდომებას სათანადოდ ვერ პასუხობდა.

2017 წლის 28 იანვარი
-ილო, რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო და წინასწარ გაფრთხილებ, ყვირილი არ დაიწყო.
-რა გინდა? თქვი.
-მე და ჩემმა მეგობრებმა ბარსელონაში გადავწყვიტეთ წასვლა.
-რამე ხდება ბარსელონაში?
-არაფერი, დასათვალიერებლად და განსატვირთად მივდივართ. ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ძალიან კარგი ფასდაკლება აქვთ. ფული მაქვს, რაც ვიმუშავე, დანაზოგით ბილეთის ყიდვასაც შევძლებ და სასტუმროს ნომრის დაჯავშნასაც.
-მე ფეხებზე გკიდივარ, ხო?
-ეგ რა შუაშია?
-იქნებ მეც მინდა ჩემს ცოლთან ერთად ევროპაში დასვენება.
-მერე ჩვენც წავიდეთ, ვინმემ დაგვიშალა? სააღდგომოდაც იქნება კარგი ფასდაკლებები და რამე კარგი ტური შევარჩიოთ.
-საიდან მოიტანეთ, ვინ მოიფიქრა?
-საკონდიტროს ორმა თანამშრომელმა გოგომ და მე. სამნი ვიქნებით.
-ისინი დაოჯახებულები არიან?
-ეგ რა შუაშია?
-მაინტერესებს და მიპასუხე.
-ერთს ქმარი ჰყავს, მეორე გაშორებულია.
-გადახედე შენს გარშემო ოჯახებს და მითხარი, რომელი წყვილი იქცევა ასე, რომ გინდა ქმარი, გინდა ცოლი ერთმანეთისგან ცალ-ცალკე, თავის მეგობრებთან ერთად დასასვენებლად მიდის და მეორე სახლში რჩება, იმიტომ, რომ მეგობრებს თურმე ევროპაში სატყლაშუნოდ ეზედმეტათ და მარტო უფრო გაუსწორდებათ გრიალი.
-და მეგობრებთან ყოფნასა და დასვენებაში ჩემი ქორწინება ხელს რატომ უნდა მიშლიდეს?
-ძალიან დიდ უაზრობას რომ მეუბნები, ვერ ხვდები?
-რატოა უაზრობა?
-დაფიქრდი, აბა.
-აუ, ძალიან დავიღალე უკვე, რა, ყველაფერში მაკომპლექსებ.
-გოგო, მგონი, ნორმალური არ ხარ. სულ გაუყ’ლევე?
-წესიერად მელაპარაკე! ცდები!
-რაში? იმაში, რომ არ მინდა, ვიღაცების დასაცინი და სალაპარაკო გავხდე?
-სხვა რას იფიქრებს და იტყვის, რატომ გადარდებს?
-არ მინდა, რომ წახვიდე და მორჩა!
-ასე არ გინდოდა, რომ საავიაციო დამემთავრებინა, პილოტი ცოლი ოჯახისთვის არ გამოგადგებოდა. რაღაცას თუ ჩააჟინდი!..
-ხო დაამთავრე?
-დამთავრება არაა საკმარისი. თვითმფრინავების დასმა და კიდევ ორი წელი გაგრძელება სჭირდებოდა მაგ საქმეს, რომ სრულყოფილი პილოტი გავმხდარიყავი. დავთმე და საკონდიტრო კურსები გავიარე, ხალხი რას იტყოდა, პილოტი ცოლი რომ დაგაგდებდა და რამდენიმე დღით რეისში წავიდოდა. კარაქის თქვეფა, სიროფის დამზადება და ნამცხვრების ცხობა არ ჯობია? ღუმელთან ცომით ხელში რომ დგახარ, უკვე ქალი გქვია!
-აუ, ირონიას მორჩი, რა.
-დავიღალე! მართლა ძაან დავიღალე!- გაბრაზებულმა ტელეფონის დამტენი კედელს მიანარცხა.
-ნუ გიჟობ, სხვანაირად შეხედე სიტუაციას.
-რატომ გაქვს ჩემი სხვაგან წასვლაზე პანიკური შიში? სხვას შევხვდები და შენ მიგატოვებ?
-მორჩი ახლა, რა!
-არა, მართლა მაინტერესებს.
-ყველაფერს ახლიდან ნუ იწყებ.
-მე რომ ნერვები ყელში მაქვს და მთელი სხეული მიდუღს, ამას რატომ არ კითხულობ?
-ისევ აგრძელებ და მეც დავიღალე უკვე.
-შენ არ დაღლილხარ, არც არასოდეს დაიღლები, რომ ცხოვრება მომიშხამო, - ნაიას ქმრისთვის ზედაც არ შეუხედავს, ისე უთხრა და გაეცალა.

2017 წლის 5 აპრილი
-ძვირფასო,- სამსახურიდან ახლადდაბრუნებულმა ილიამ ცოლს დაუწყო ოთახებში ძებნა, კარგი ამბავი უნდა ეუწყებინა.
ნაია საძინებელში იყო, ოთახი ფარდით ჩაებნელებინა და საწოლზე მუხლებმოხრილი იჯდა. ილიამ შუქი აანთო. ქალს სინათლემ თვალი მოჭრა და მაშინვე ხელები აიფარა თვალებზე.
-რამე მოხდა? - ასეთ მდგომარეობაში მყოფი ცოლის დანახვაზე სახის გამომეტყველება შეეცვალა ილიას.
-კი, მოხდა.
ილია ნაიას მიუახლოვდა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და მის სიტყვას დაელოდა. ქალს ლაპარაკის დაწყება უჭირდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.
-მითხარი.
-შენგან წასვლას ვაპირებ.
-ხუმრობ, ხო?
-არ ვხუმრობ. შეიძლება კარგი ადამიანიც ხარ, მაგრამ ვერ გიგებ.
-რა გჭირს? რაც იმ ტურზე უარი გითხარი, მას შემდეგ საერთოდ შეიცვალე.
-მარტო ეგ არ არის მიზეზი. ბევრი შეცდომა დავუშვი, ბევრ რამეზე დავხუჭე თვალები.
-რაზე დახუჭე თვალები, ან რას ეძახი შეცდომას?
-როგორც პიროვნება ვეღარ ვვითარდები და ეს ნერვებზე მარტყამს. ვიხრჩობი უკვე.
-რა გახრჩობს? უფრო წესიერად ვერ ამიხსნი?
-შენთან თავს თავისუფლად ვერ ვგრძნობ. ამდენმა შეზღუდვებმა დედა მიტირა. არც ის ვარ და არც ეს, საკუთარი თავისგან რაღაც არეული მასა შემრჩა ხელში. ასე თუ გაგრძელდება, ალბათ, მალე გავგიჟდები და სამკურნალო გავხდები.
-გამაგებინე, რა გინდა? ან რა შეზღუდვები დაგიწესე? უკვე ძალიან ხშირად მიხსენებ ამას.
-თუნდაც ის მკლავს, რომ რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ, სიამოვნებას არ მანიჭებს. კონდიტერობა არასოდეს ყოფილა ჩემი მოწოდება. თუნდაც კიდევ ის, რომ თავს აღარ ვეკუთვნი და ყველაფერი შენ უნდა შეგითანხმო.
-ვიღაცები ტვინს გირევენ და აჰყევი, არა?
-არავინ ტვინს არ მირევს. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა.
-აბა, ოჯახი რას ნიშნავს, ამიხსენი! სხვა რა არის, თუ არა ორი ზრდასრული ადამიანის ურთიერთობა და ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებები. რა გითხრეს ჭკუის დამრიგებლებმა, დათმობა არაფერში მოსულაო?
-ნუ ხარ ეჭვიანი, კიდევ ერთხელ გიმეორებ, არავის არ ავყოლილვარ და რადგან ასე ფიქრობ, რომ ჩემით ფიქრი არ შემიძლია, ეს კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი და აუტანელია. ვერც კი ხვდები, რას ამბობ. შენ არაფრის დათმობა არ გინდა. ყოველთვის მე ვთმობ რაღაცას და დავინგრიე ნერვები. ოჯახი მხოლოდ ერთი ადამიანის დათმობებზე არ უნდა აეწყოს.
-მე არაფერი დამითმია, არა?
-არ მახსენდება.
-შვილის ყოლა რომ მინდა, შენ მზად არ ხარ და დღემდე ველოდები როდის დადგება ეს დღე, ეს არც გაგებაა და არც დათმობა, არა? დაგიჯდე ჭორიკანა, მოცლილი ქალივით და გადმოგილაგო სხვა ფაქტებიც? ხო, იცი, რომ გასახსენებელი მეც მექნება? მითხარი, რას ვაკეთებ ამისთანას, რომ ჩემთან ცხოვრება არ გინდა? ხელით გეხები, ნარკოტიკზე ვარ შემჯდარი და ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციე, თუ რას, აი, რას ვაკეთებ, რომ ვეღარ მიტან?
- ეგღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის! არა მგონია, ჩემი ცუდად ყოფნა გინდოდეს. უნდა გამიგო და უბრალოდ გამიშვა.
-შენ იმის მერე აიღრინე, რაც თანამშრომლებთან ერთად ბარსელონაში ვერ წახვედი. ოჯახი რომ გაქვს, ცოტა სხვანაირად უნდა შეხედო სიტუაციებს. მე არასოდეს დაგტოვებდი და არ გეტყოდი, რომ ძმაკაცებთან ერთად ვაპირებ ვალენტინობის გატარებას ევროპაში და ძვირფასო, შენ აქ, სახლში მოგიწევს მარტო ჯდომა-მეთქი.
-რატომ არ გინდა, რომ რასაც გიხსნი, გაიგო?
-ჩემი აზრით, დასვენება გჭირდება, გარემოს გამოცვლა და უკეთ გახდები.
-რას მთავაზობ? მონასტერს ხო არ შევაფარო თავი? სხვაგან შენ არსად გამიშვებ.
-ძაან აგრესიული ხარ. დღეს ტურისტულ სააგენტოში ვიყავი, სიურპრიზის გაკეთება მინდოდა, მაგრამ დააცდი ვინმეს რამეს?
-რა სიურპრიზის?
ილომ ქურთუკიდან პარიზის ბილეთები ამოიღო და საწოლზე დააწყო. ნაიამ ცალი თვალით დახედა, სიმწრისგან ჩაეცინა და თავი გააქნია. ქმარი ვერ მიხვდა ცოლის რეაქციას. ქალმა თვალები გაუსწორა და დაბალი ხმით მიმართა:
-შენი აზრით ამ დომხალს, რაც ჩვენს შორის ტრიალებს, პარიზი დაალაგებს?
-ჩემი კარგიც მოვტ’ყან! ეს ვინ ყოფილა?! - ილიას ნერვებმა უმტყუვნეს, ნაიასთან ლაპარაკი გაწყვიტა და ოთახიდან ტყვიანაკრავივით გავარდა.


***
ნაიამ წარსულს საშუალება არ მისცა, უფრო შორს შეეთრია, თვალები გაახილა და ტელეფონის ეკრანზე საათს დახედა. სამსახურში წასვლის დრო მოახლოვებულიყო. ზოზინით წამოდგა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო. და-ძმა რომ არ გაეღვიძებინა, ფეხაკრეფით გავიდა სახლიდან და კარი ჩუმად დაკეტა.
გარეთ წვიმდა, მოჟამული ამინდი იყო. ნაია წვიმისგან გაკეთებულ გუბეებს ფეხს უქცევდა და უკმეხი სახით ბუტბუტებდა:
-წაიღეს უკვე ტვინი! სანამ ვინმე ორმოში არ ჩავარდება, ფეხს არ მოიტეხს, სახე არ აეხევა და დედის საგინებლად არ მიუვარდება, მანამდე არ ეღირსება ამ კომპანიას სამუშაოების დასრულება,- წყლის მილის შესაკეთებლად მისულ მუშებს გახედა, ტალახიანი ფეხსაცმელი სველი ხელსახოცით გაიწმინდა და ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართა.

***
გიორგი გაბოძის სახელოსნოს ეზოს კარი როცა შეაღო, უსიამოვნო საუბარს მოჰკრა ყური და შეჩერდა. კლიენტი ამბობდა, ეს შეკვეთა ჩემი არ არის, მე სხვა რამ შევუკვეთეო. გიორგი უმტკიცებდა, ჩემმა თანაშემწემ რაც გადმომცა, ის დაგიმზადეთ, შეკვეთების წიგნში აშკარად ეს ორი ნივთი წერიაო. მოკლედ იყო ერთი გაურკვევლობა და ალიაქოთი.
-ვინ არის? რა ჯანდაბა უნდა?- ნაიამ გაკვირვებით ჩაილაპარაკა, ბილიკით სახელოსნოსკენ გაუყვა და ოთახში შევიდა.
მისმა გამოჩენამ ორივეს კამათი შეაწყვეტინა და ახლადმისულს მიესალმნენ. გიორგიმ შეკვეთების წიგნში კიდევ ერთხელ დახედა კლიენტის სახელს და გვარს, მის გასწვრივ მიწერილი ნივთების დასახელებებს და ნაიას ჰკითხა:
-ეს ბატონი მიმტკიცებს, ერთი თვის წინ არლეკინო და ბალერინა შეგვიკვეთა. გოგონას ველაპარაკეო. სავარაუდოდ შენ. აქ სხვა გოგონა არ პასუხობს სამსახურის მობილურს. აგერ წერია გია არქანია - არლეკინო და მოცეკვავე წერო, სიმაღლე 22 სანტიმეტრი. ამიხსენი რა ხდება?
ნაიას სახეზე ფერი გადაუვიდა. იმედია ჯერ არ დაყრუვდი ნაია და სწორად მოგესმა, თორემ წეროს აქ რა დაგაწერინებდა? ახლა რომ ამ ვიღაცამ ეს შეკვეთა არ წაიღოს, კი დაგექვითება ხელფასიდან ხარჯი და შეგრჩება თეთრები. ამას თავი დავანებოთ, ყრუ თანაშემწე ვის რად უნდა? მშვიდობით ძლივს მოძებნილო ახალო სამსახურო და დროებით მშვიდობით მომავლის გეგმებო. არა, შეუძლებელია ეს ჩემი ბრალი იყოს, თავს შემოუძახა, თავის დაწერილს დახედა და გიორგის დამაჯერებლად უპასუხა:
-კი, ეს ნამდვილად ჩემი დაწერილია, მაგრამ არა მგონია, რამე არასწორად გამეგო. რაც მითხრეს, ის ჩავინიშნე.
-რა გამოდის მაშინ? ამხელა კაცი ვიტყუები? მე არლეკინო და ბალერინა მინდოდა, გენაცვალე. ეს მოცეკვავე წერო საიდან აღმოჩნდა ჩემს შეკვეთაში, არაფერი ვიცი.
-სასწაული თუ გინდა. აბა, მე გწამებთ ცილს, ბატონო? რაც მითხარით, ის დაგიმზადეთ.
-ჩემი შვილიშვილი ბალეტზე დადის. გიჟდება ბალერინებზე. ვიფიქრე საჩუქარს გავუკეთებ დაბადების დღისთვის და გავახარებ-მეთქი. ეს არლეკინო კიდევ იმიტომ შევუკვეთე, სიმღერაზეც დაგვყავს და საახალწლოდ არლეკინოზე იმღერა. ახლა მე ვგავარ იმ კაცს, რომ აქ ტყუილების თქმა ვიკადრო? საიდან მოვიდა ეს წერო, რა ვიცი მე კაცო,- ნერვები რომ მოეშალა, მეგრულ კილოზე დაიწყო საუბარი.
-კარგი, რაც არის, არის. როდემდე ვარკვიოთ ტყუილ-მართალი? დროც არ მაქვს ამდენი. 22 სანტიმეტრიანი ბალერინები აღარ მაქვს, დიდებია დარჩენილები. თუ თანხას დაამატებთ, წაიღეთ, აგერ არის თაროზე და შეგიძლიათ შეარჩიოთ, ან ორ კვირაში მექნება იმ ზომის, რაც გინდათ, გამოიარეთ და გაგატანთ,-უთხრა გიორგიმ.
-ხვალ აქვს ჩემს შვილიშვილს დაბადების დღე. დავურეკავ ერთი ჩემს ქალს, აიტეხავს ხოლმე ისიც. წაგვეყვანა კაცო მაღაზიებში, აარჩევდა რამეს. ალო, თინიკო, ჰო, მე ვარ, გოგო. აქ ვარ ახლა სახელოსნოში. მოცეკვავე წერო და არლეკინო შეუკვეთეთო, მეუბნებიან და არა აქვთ ამათ ბალერინა. უფრო სწორად აქვთ, მაგრამ სხვა ზომაშია და მეტი ღირს. პატარა ზომები ორ კვირაში გვექნებაო და რა გავაკეთო, გვინდა ჩვენ ეს დიდი ზომის ბალერინა?
როგორც ჩანს, ცოლმა დაარწმუნა, დიდი ზომის ბალერინები ეყიდა. ტელეფონი გაუთიშა, რა ქალია, ეშმაკსაც შეაცდენსო, - თავისთვის ჩაილაპარაკა, მერე სახელოსნოში დაბრუნდა, ორ ბალერინას და არლეკინოს ხელი დაავლო, თანხა გადაიხადა და წავიდა.
ნაიამ და გიორგიმ ერთმანეთს შეხედეს. გაბოძემ თავი გააქნია და ჩაეცინა:
-ამნაირს რათ უნდა ჩემი ბრინჯაოს ფიგურები? თუ ესმოდეს რამე ხელოვნების, თავი მომაჭერი.
ნაიამ შვებით ამოისუნთქა, მისგან საყვედურს ელოდებოდა და იფიქრა, არც ისეთი გაბრაზებული ყოფილაო და იმასაც გაეცინა.
-შენ კიდევ რა დაგემართა? სად წერო და სად ბალეტი, ტო? მოცეკვავე შადრევანი გამიგია, წვიმა, კაი გედიც ბალეტიდან, მაგრამ წერო? მეც არ ვთქვი, ვინ არის ამის დამკვეთი-მეთქი?
-მომესმა ალბათ, არ ვიცი...
-რანაირად მოგესმა? - გიორგიმ ღიმილით აიღო ხელში წერო და სიამაყით გახედა ნამუშევარს.
მთავარია, გაგეცინა და არ დამიწყე ნერვების გადმოლაგება, თორემ ცოტაც და ისე ამომასხამდა, ძლივს რომ ვაკავებ სხეულში, იმ გამხეცებულ ნაიას გამოვუშვებდი,- გულში თქვა და მოცეკვავე წეროს გახედა.
-შეხედავ, იმენა ჟიზელია,- გააგრძელა გიორგიმ, - ყურადღებით იყავი შემდეგში,- ფიგურა თაროზე შემოდო და სამუშაოს შეუდგა.

***
-რა სახე გაქვს, ნუცა?- სამსახურიდან დაბრუნებულმა ნაიამ მეგობარს უხასიათობა შეატყო.
- რედაქტორს ვეჩხუბე და ისე ვარ ბრაზისგან გაბერილი, თუ არ დავიცალე, ლამის არის გავსკდე.
-ვეუბნევი, დალიე და გადარჩები-მეთქი, ვინ გისმენს?- ჩაერთო შიო.
-ვაიმე, შიო, ხომ ხედავ, არ მეღადავება?
-ბაბოჩემის სულს ვფიცავარ, თუ არ გიშველოს.
-ეს ახლა ნორმალურია?
-რაღა ბულდოგი და რაღა ჩემი და, ნაი? ჩამენაცვლე, თორე სადაც არის, მეცემა და დამგლეჯს.
-რა მოხდა, კიდევ ხელფასზე იჩხუბე?
-ჰო.
-გასაგებია, იმ სტატიის არ გადაგიხადა.
-ხვდები შენ რა დონის უნამუსოა? ჟმოტი აღარ ითქმის მაგაზე. წაკლა დედაკაცი! რა ჭკუაში უნდა მოგდიოდეს, ჯერ სხვისი შრომა მიისაკუთრო, მერე არ გადაუხადო?! უჰ, დამაცადოს! ყველგან თავს მოვჭრი!
-კაი, დაწყნარდი. ნერვებს გაუფრთხილდი. მაგ ქალს აღარაფერი ეშველება და შენი შურისძიება უსიამოვნების გარდა არაფერს მოგცემს. დაანებე თავი. გამოჩნდება სხვა სამსახური, თანაც უკეთესი.
-როგორ ნერვები მეშლება, რო ასე ნაგლად გამომიყენა! ქალმა უფასოდ მიისაკუთრა, გესმის? ჯერ ისედაც თეთრებს გვიხდიან, რა ხელფასი ჩვენ გვაქვს და იმასაც რომ ვერ იმეტებენ.
-დამშვიდდი,- ნაიამ მაჯის საათს დახედა, - გინდა, გარეთ გავიდეთ? სადმე გავისეირნოთ, მეც მძიმე დღე მქონდა და ცოტა განვიტვირთებით.
-არა, გასეირნება არ მინდა. შენ რაღა დაგემართა?
-კლიენტმა იჩხუბა. სხვა შეგიკვეთეთ, ეს არ მინდოდაო. მე შეკვეთებში რაც მეწერა, გიორგიმ ეგ გაამზადა. ეგ მე არ მითქვამსო, გვიმტკიცებდა და ვიყავით გარკვევაში, ვინ რა თქვა და ვინ არასწორად გაიგო. მოკლედ, მარცხიანი დღე გვაქვს.
-მე ნუ გამრევთ მარცხიანების ამქარში, ძაანაც კაი დღე მქონდა, -ისევ ჩაერთო შიო,- ამ მზემაც ჩემი კარგიო თქვა და სამუდამოდ ჩაესვენა ღრუბლებში. კვირის ჩათვლით წვიმებია. არადა, ერთი ლაშქრობა როგორ გაასწორებდა. წაგიყვანდით ამ კვირას, ორივეს დაგაკვდებოდათ.
-მოიცა, მოიცა! ლაშქრობა მერეც იქნება. როგორი დღე გქონდა? -ჩაეძია ნაია.
-ძაანაც კაი.
- რა ჩუმად ხარ? შენ მაინც გაგვახარე.
-ისეთებს ყვებით, ნამუსით ხმა როგორ ამომეღების? ფეისბუქს დავუწყე სქროლვა და სევდებს ვიმატებ. ჩემი კაი, რა ხალხია, სულ ბოღმას ისვრიან და ვიღაცას აბულინგებენ, ლამის გავაუქმო ექაუნთი ან ცოტა ხნით დავადუმო მაინც, მაგრამ რო გჭირდება ფოლოვერები და კაი ცხოვრება, რა გინდა, რო ქნა? - სერიოზული სახით მიშტერებოდა ეკრანს.
-ჰე, გვითხარი ახლა, რა მოხდა?- ჰკითხა ნუცამაც.
შიო ძლივს მოწყდა ვიღაცის პოსტის კითხვას, ტელეფონი გვერდზე გადადო და დას გახედა:
-ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, სამ კვირაში სპექტაკლის პრემიერა გვაქვს.
-ო, ვაუ, რა მაგარია! - აღნიშნა ნაიამ.
-გილოცავ! როლი, ძმა?
-მაგას რომ მოხვალ, იქ გაიგებ, დაო.
-რას მიმალავ? მოვჩეჩავ აფიშას და მაინც გავიგებ.
-საიდან აძრობ ხოლმე ამ სიტყვებს? მოვჩეჩავ - თავადაც გაიმეორა შიომ და გაეცინა.
-ვაჰ, ვაჰ! ესე იგი, წინ ახლადგამომცხვარი სპექტაკლი გველის?- გაუხარდა ნაიას.
-მაშ,- დაეთანხმა შიო და კმაყოფილებისგან წარბი შეათამაშა.
ნაიას თვალი შიოს ახალი სამაჯურისკენ გაექცა. სთხოვა, ეჩვენებინა. შიომ მაშინვე მოიხსნა, თუ მოგწონს, რამდენი ხანიც გინდა, გქონდეს, ოღონდ მაპატიე, ბაიკერების კლუბის ბიჭების საჩუქარია და ხომ გესმის? ტეხავს გაჩუქებაო. ნაია უბრუნებდა, მაგრამ შიომ არ დაანება, ვხედავ, რომ მოგწონს და გქონდესო.
უცებ ნუცას გონება გაუნათდა და ნაიას მიუბრუნდა:- მე ხომ ინტერიერის დიზაინის კურსები მაქვს დამთავრებული?
-მერე?
-სექტემბრიდან რაღაც ახალი გადაცემა იწყება, ინტერიერის დიზაინერების კონკურსია. ბედი ხომ არ ვცადო?
-კონკურსი?
-მოკლედ, როგორც მივხვდი, თემებს გაძლევენ. მაგალითად, ქორწილი, დაბადების დღე, ბავშვის სქესის გაგება და ა.შ და შენ მაგიდა უნდა გააწყო. ვინც ყველაზე ლამაზად და შესაფერისად გააფორმებს, მოგებულია. ტურიდან ტურში უნდა გადახვიდე.
-გაქაჩავ, გოგო? მანდ როგორი სასტავი იქნება იცი? ჯაან დიზაინერ და ჯაან ქუულ და ფრანციაში გავლილკურსებიანი, თავზე ბალიშებდადგმული და დემნას დაგლეჯილტანსაცმლიანი ხალხი, -უთხრა შიომ.
-არც ეგრეა საქმე. ეგეთი ხალხი უკვე დასაქმებულიც არიან და ბიზნესებიც აქვთ აწყობილი. აქ უფრო დამწყებები მოიყრიან თავს, ვისაც სახელის მოხვეჭა უნდა.
-ჟიური ცნობილია?
-ჯერ არ ამხელენ.
-ნუცი, თავზე რომ დაგადგებიან შანელ-ვერსაჩე-პრადა-ლაბუტენებით გაზმანული სასტავი,- შიო ფეხზე წამოდგა, სასაცილო სახის მიმიკა მიიღო, საჩვენებელი და ნეკა თითი სხვა თითებზე ოდნავ ზევით ასწია და გააგრძელა, - დედიკო, სუფრა უნდა იყოს ხელოვნების ნიმუში, მთვარეზე უნდა გამაფრინოს, მერე ვენერაზე გადამსვას, ექსკურსია მომიწყოს და დაუვიწყარი თავგადასავლებით დედამიწაზე უკან დამაბრუნოს. მე შენს მაგიდასთან ეს ვერ დავინახე. წევრი ნომერი ორი,- დგომის მანერასთან ერთად სახის მიმიკა შეცვალა,-ეს რა არის? რაღაც ქულს ველოდი შენგან, ბესთზე ბესთს. ჩვენ გითხარით სამოციანი წლების დიზაინის რომანტიკული მაგიდა გაგეშალა და ნახე რა ჩაიდინე. სამოციან წლებში კი არა, დროში ისე გამჭედე, თავს ვერსად ვერ ვგრძნობ, გავქრი, აქ აღარ ვარ. სად ვარ? სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობოთ.
-ამან შემთხვევით თავი რამეს ხო არ მიარტყა? ვინმემ ჩამოიყვანოს სცენიდან, თორემ დადგა სპექტაკლი, - სერიოზულად თქვა ნუცამ.
ნაია სიცილისგან იგუდებოდა, შიო კიდევ უფრო ღრმად იჭრებოდა როლებში.
-აი, საერთოდ არ მეცინება. ამის საქციელიდან რა ჩანს იცი? ჩემი იმედი არ აქვს, რომ თავს გავართმევ, - მოიბუზა ნუცა.
-ჰო, კაი, ვხუმრობ. მიდი, რამე გააწყე. გვშია და დაგვაპურე. თემა - შიოს სუფრა.
-დებილო! საჭმელ-სასმელს იქ არავინ მოგვთხოვს.
-აბა, რა ჩემი ფეხების სუფრაა?
-არაფრის აზრზე არა ხარ!
-რა უნდა მაგას? შიოს სუფრას მეც კი გავშლი, აიღე ერთი ბოთლი არაყი, გვერდზე ჯონჯოლის წნილი და ოჯახური შემოუდგი, დესერტად თხილის მიქსი მიმოფანტე და ეგ არის, -სიცილისგან წამოსულ ცრემლებს იწმენდდა ნაია.
-ა, თუ არ იცის,- ნაიას სიტყვა მოეწონა შიოს.
ნუცამ თავი გააქნია და ამოიქშინა.
-ჩავალ მე მაღაზიაში, რამეს ამოვიტან და მოვამზადებ. რის ხასიათზე ხართ, სოსისი, პელმენი, ხინკალი, რომელიმე წავა?
-მოიცა, მეც ჩამოგყვები, - უთხრა შიომ.
-დარჩი, აფთიაქშიც უნდა შევიარო.
-აფთიაქში რა გინდა?
-ვაჰ, ყველაფერი გითხრა? წამალი არ მჭირდება, კარგად ვარ.
-კარგი, მარტო გინდა, მარტო წადი, - დანებდა შიო და ისევ ტელეფონს დაავლო ხელი.
ნაიამ ჩანთიდან საფულე ამოიღო, ეზოში ჩავიდა და მაღაზიის მხარეს გაუხვია. მოულოდნელად ილია დაინახა და შეჩერდა, სისხლი ძარღვებში გაეყინა.
მამაკაცი ყოფილ ცოლთან მივიდა, თვალებში ჩახედა და დიდხანს ათვალიერა. ნაიას მისი სიტყვებისა და საქციელის მოლოდინში გული ისე აუჩქარდა, ლამის ყელთან მიებჯინა და სასუნთქი გზები გადაუკეტა.
-ისე მიყურებ, თითქოს დიდი ხნის ძებნის შემდეგ ხელში ნადავლი ჩაიგდე, - თვალი აარიდა.
ილია ჯერ კიდევ დუმდა, არაფერს ამბობდა, არსად ეჩქარებოდა.
-რა გინდა? რატომ არ მეშვები?
-უკვე მეორეჯერ მომექეცი ასე. როცა მეძინა, უნამუსოდ გამეპარე.
-სხვა გზა დამიტოვე? ცივილურად დალაპარაკება შენთან არ ჭრის.
-სულ რატო გარბიხარ?
-რად გინდა ქალი, რომელსაც შენთან ყოფნა არ უნდა?
-აბა, თუ მიხვდები, რატომ?
-არ დამიწყო, რომ გიყვარვარ. კარგად გაიხედე, ირგვლივ ძალიან ბევრ ქალს დაინახავ. მათში აუცილებლად იქნება ერთ-ერთი, რომელსაც გააბედნიერებ და გაგაბედნიერებს. მე დამივიწყე, კარგი? არ გამოგადექი, ვერ ვივარგე. ხო შეიძლება, რომ ნაიას არსებობას ხაზი გადაუსვა?
ილიამ არაფერი უპასუხა, სახეზე თითები აატარა და მიშტერებით უყურებდა. ნაიას შიში გაუმძაფრდა, სხეული დაეჭიმა და თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა:
-შემეშვი, გთხოვ...
მამაკაცმა თითები ყელზე ძლიერად, ბასრი დანასავით დაუსვა და შემდეგ ობობას ქსელივით მოჰხვია. ქალს სახე გაუფითრდა და სუნთქვის სიხშირე იმდენად გაეზარდა, ლაპარაკის უნარი წაერთვა. ილიას გაეღიმა. მანიაკივით სიამოვნებით შესცქეროდა ქალის შფოთვას.
ნაია თავს ვეღარ ერეოდა, მთელი სხეული ერთიანად უცახცახებდა. ცოტაც და ეგონა, უჰაერობისგან ხელში ჩააკვდებოდა. ძალას იკრებდა, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, როდესაც სახლში მიმავალმა ჯონათანმა ვიღაცასთან, უცნაურ მდგომარეობაში მყოფი ნაია შეამჩნია, ვითარება საეჭვოდ მიიჩნია და მიუახლოვდა:
-ნაია, გამარჯობა. ბოდიში მინდა მოგიხადო. ინგლისურის გაკვეთილი რომ მქონდა შენთან, სულ გადამავიწყდა. უფრო სწორად, ხუთშაბათი მეგონა. რანაირად მეგონა პარასკევს ხუთშაბათი არ ვიცი. Anyways, წავიდეთ, დროს ნუღარ ვკარგავთ.
ილიამ ჯონათანის დანახვაზე ქალს ხელი მოაშორა:
-დღეს გაკვეთილი არ შედგება, ჩემთან მოდის.
-არსად არ მოვდივარ! - წყვეტილი ხმით უთხრა ნაიამ და ჯონათანისკენ გაიწია.
-პატრულს ვურეკავ! -წარბი ასწია ჯონათანმა.
-პატრულს?- ჩემს ცოლს ველაპარაკები და იქნებ მაცადო?
-ეს შენი ქმარია?- ნაიას გახედა ჯონათანმა.
-უკვე აღარ!- თავი გააქნია ქალმა.
-როგორც ვხედავ, შენთან ლაპარაკი არ უნდა!
-შენ საერთოდ ვინა ხარ, აქ საიდან მოხვდი?! -ხელები გაშალა ილიამ. მერე ნაიას მიუბრუნდა:- ვინ არის ეს გამო@ლევებული?
-გასაგებად არ აგიხსნა, ვინც არის?
-გაიარე, რა! რაც შენი საქმე არ არის, ცხვირს რატო ყოფ?!
ჯონათანი ილიას აღარ უსმენდა, 112 ჰქონდა აკრეფილი და საზოგადოების უსაფრთხოების მართვის ცენტრის ოპერატორს ესაუბრებოდა.
-აუ! საიდან გაეძრო ეს როჟა? - ხასიათი გაუფუჭდა ილიას, მერე ნაიას ხელი ჩაკიდა და გვერდზე, რაღაცის სათქმელად გაიყვანა: -კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე! ეს ამბავი ასე არ დამთავრდება. სალაპარაკო გვაქვს და როგორ უნდა ილია ყიფიანის სამარცხვინოდ მიტოვება და თავზე ლაფის დასხმა, გაჩვენებ! კიდევ შევხვდებით! მორჩი შენ კიდევ ბოზ’ობასო,- ჯონათანს ზიზღით მიაძახა, მანქანაში ჩაჯდა და თვალთახედვის არეს სწრაფად მიეფარა.
ჯონათანმა ტელეფონი გათიშა და ნაიას სახლამდე მიცილება შესთავაზა. ქალმა იუარა, არ უნდოდა მეგობრები აეფორიაქებინა და სთხოვა, შენს ბინაში წავიდეთო.
დიდხანს იჯდა ნაია და არაფერს ამბობდა. ჯონათანს ცნობისმოყვარეობა კლავდა, მაგრამ ვერაფრის კითხვას ბედავდა. მისთვის ტკივილის განახლებას ერიდებოდა. რადგან დაპირდა, ვერც იმას ბედავდა, რომ ნუცა და შიო მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინა. ნაიას ძალა ეცლებოდა და ითენთებოდა. შეგრძნებებმა ფიქრის უნარი დაუკარგეს, გაშტერებული უყურებდა ერთ წერტილს და თვალს არ აშორებდა.
-ნუცამ რომ გაიგოს, ასეთ დღეში გნახე და მას არაფერი ვუთხარი, ფეხებით დამკიდებს. ჩემი აზრით, უნდა უთხრა სადაც ხარ და რა შეგემთხვა.
ნაია არ პასუხობდა. დროდადრო შუბლს კრავდა და თვალებს ხუჭავდა. ჯონათანმა რამდენჯერმე შესთავაზა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას დავურეკავო, მაგრამ არ არის საჭიროო, ხელით ანიშნებდა.
-რამე რომ მოგივიდეს... ხმა მაინც გამეცი, რა.
როგორც იქნა, ნაიამ დუმილის დარღვევა გადაწყვიტა, სავარძლიდან სხეული წამოწია და რაღაცის სათქმელად მოემზადა.
-ერთ საიდუმლო კლუბში უნდა გამომყვე.
-რა?-თვალები გაუფართოვდა ჯონათანს.
-ჰო, რა იყო? არ მითხრა, რომ კლუბში არ ყოფილხარ.
-არა...კი, როგორ არ ვყოფილვარ, მაგრამ, შენთან ერთად საიდუმლო კლუბში რა უნდა გავაკეთო?
-უბრალოდ შემომყევი, პარტნიორობა გამიწიე.
-ისა, მოდი დაწყნარდი და მერე დავილაპარაკოთ.
-არ გავგიჟებულვარ. ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ,- მტკიცე იყო ნაია.
-მაშინ კარგად ამიხსენი, ვერაფერი გავიგე.
-შევალთ, იქ თავს მოვაჩვენებთ, რომ პარტნიორები ვართ. მე კი კამერით იმას დავაფიქსირებ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.
-თუ იქ საიდუმლო ამბები ხდება, კამერას არავინ შეგატანინებს ან რომელ საიდუმლო ამბებზეა საუბარი? ცოტა მაშინებ.
-ჩემი ქმარი მაგ ბარს ნარკოტიკით ამარაგებს. ზუსტად ვიცი რა დღეს, რომელ საათზე მიდის და ვისთან მიაქვს.
-და?.. არა მგონია, შენი თანდასწებით იქ მან ეს გააკეთოს და მითუმეტეს, კამერით გადაგაღებინოს.
-ვერაფერს ხვდები თუ თავს მაჩვენებ?
-იმას ვხვდები, რომ ჩუმად გადაღებას აპირებ, მაგრამ რომ გიცნონ?
-გარეგნობას შევიცვლი. კამერის ფუნქციას თმის სარჭი შეასრულებს. დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა?
-ჯაშუში ხარ? -ჯონათანმა გაოცებისგან პირი დააღო.
-მეტი არაფერი მკითხო.
- მე შენ ერთი, ჩვეულებრივი გოგო მგონიხარ.
-არა, ჯონათან. ჩვეულებრივი გოგო არასოდეს ვყოფილვარ.
-გეფიცები, მაშინებ.
-ჰო, კაი. ჩვეულებრივი გოგო ვარ, უბრალოდ, როცა მჭირდება, არაჩვეულებრივი ვხდები. მომყვები თუ არა?
-შარში არ გამხვიო. პრობლემები არ მინდა.
-ზედმიწევნით პატიოსანი ხარ. არ გამიკვირდება, ტანსაცმლის ქვეშ ფრთებს მალავდე.
ჯონათანი მიხვდა, რომ ნაია საკმაოდ საშიშ თამაშში ითრევდა, მაგრამ გასაჭირში მიტოვება არ უნდოდა.
-როდისთვის გინდა?
-ხვალ საღამოს.
-კარგი, წავიდეთ.
-მთავარია, დაცვასთან ფეის კონტროლი გავიაროთ. უნდა ჩათვალონ, რომ წყვილი ვართ. დანარჩენს იქ აგიხსნი. ოღონდ შემპირდი, რომ სიტყვა არავისთან დაგცდება.
-სამარე ვარ.
-ჰოდა, ძალიან კარგი! მე ახლა წავალ, ხვალ საღამოს ცხრა საათზე ნაძალადევის მეტროსთან წითელი ფერის ტოიოტას მარკის მანქანა გაჩერდება. ნომერი 294-BS-ით ბოლოვდება. დაგელოდებით.
-გიორგის მანქანაზე მეუბნები?
-ჰო, დარწმუნებული ვარ, გიორგი უარს არ მეტყვის. ტელეფონი არ მაქვს, ნუცასთან და შიოსთან დამრჩა. ჩემივე უსაფრთხოებისთვის აღარც ვაპირებ, რომ ხელში ავიღო. ახალი მჭირდება. კითხვები გაქვს?
-ბარემ მაქვს, მაგრამ...
ამ ეტაპზე სხვა არაფრის ცოდნა არ გჭირდება, ხვალ შევხვდებითო,- დაემშვიდობა და ეზოში ჩავიდა. გამვლელს ტელეფონი სთხოვა, ნუცას დაურეკა, მოულოდნელად მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდა და ხვალამდე ვერ მოვალ, ჩემი ტელეფონი გათიშეთ და როცა დავბრუნდები, ყველაფერს აგიხსნითო. მერე ტაქსი გააჩერა და მშობლების სახლისკენ დაიძრა.

***
ნაიამ მშობლების ბინის ფანჯრებს ახედა. ანთებული სინათლე დაინახა. სწრაფად ავიდა კიბეებზე და კარზე მიაყურადა. ტელევიზორის ხმა დაბალ ხმაზე გამოდიოდა. დარწმუნდა, საეჭვო არაფერი ხდებოდა და ზარის ღილაკს დააჭირა თითი. კარი დედამისმა გაუღო და მონატრებული შვილის დანახვაზე გაოგნება ვერ დამალა:
-ხომ მშვიდობაა, ნაია?
ნაია ქალს ჩაეხუტა და დიდხანს არ მოსცილებია. იმხელა შვება იგრძნო, ყველაფერი, რაც მის თავს ხდებოდა, თითქოს დედის ერთმა ჩახუტებამ და სურნელმა დაავიწყა. ნინომ შვილს მკლავები მოჰხვია და როგორ მომენატრეო, ჩურჩულებდა.
-ვინ მოვიდა? ჩემი ნაია მოვიდა? - კაცის ლუღლუღმა მიიპყრო ორივეს ყურადღება.
ნინომ ნაიას დაბალი ხმით უთხრა, ნასვამია, ნუ შეხვალო. შვილმა გაიწია, მამის ნახვა უნდოდა, მაგრამ ქალმა ხელი დაუჭირა და შეაჩერა. ძლივს დავაწვინე, ხვალ დილით ფხიზელი იქნება და მაშინ დაელაპარაკეო. კაცი არ ცხრებოდა, ხან ცოლის, ხანაც შვილის სახელებს იმეორებდა. ნაიას გულმა ვერ მოუთმინა და ოთახში მაინც შევიდა. იქაურობა ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილიყო. საწოლზე მამაკაცის ღონემიხდილი სხეული უძრავად იდო და ტუჩების ნელი მოძრაობით არეულად ლაპარაკობდა. მამას სახე კიდევ მეტად დაბერებოდა, დარდსა და სასმელს დროზე ადრე დაეჩიავებინა. გული შეეკუმშა, მიხვდა, მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, ოთახიდან გავიდა და დედამისს გვერდით დაუჯდა.
-ილიამ ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ შეიტყო.
-რას მეუბნები?- შეიცხადა ნინომ, -თავართქილაძეებთან მოგადგა?
-არა. არ ვიცი, რა იცის ნუცაზე და შიოზე. მათი კორპუსის ეზოში იდგა და შემთხვევით შევხვდი.
-რა გითხრა?
-დედა, ტიპი ჩვეულებრივი მოძალადეა. რა უნდა ეთქვა? ჩემი დაბრუნება უნდა. შემაშინა.
-ღმერთო ჩემო, ეს რა დღეში ვართ. იმ ბავშვებზე ცალკე ვნერვიულობ, არ მიეჭრას და რამე არ ჩაიდინოს.
-მაგიტომ ვარ აქ,- თავი დახარა შეწუხებულმა ნაიამ და სახეზე აიფარა ხელები.
-ორი დღის წინ დედამისს ველაპარაკე იტალიაში.
-მერე?
-მიმოწერა გვქონდა. რამდენიც უნდა, იმდენ ხანს დარჩესო. ქირის გადახდაზე არც იფიქროს, თორემ ძალიან მეწყინება. ნაია შვილივით მიყვარს და ჯერ ისე არ გამჭირვებია, ქირა გადავახდევინოო. ხუთი თვე უმუშევარი ყოფილა, ახლა დაუწყია ახალი სამსახური.
-ჰო, ვიცი,- თქვა და ზურგით ტახტს მიეყრდნო.
-იქნებ დაილაპარაკოთ შენ და ილიამ და რამე გაარკვიოთ. თუ გინდა აქ დაიბარე, ოღონდ რამეზე შეთანხმდით. როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?
-რამდენჯერ, დედა?! არ უნდა, რომ რეალობა მიიღოს. არ მიყვარს, არ მინდა მაგასთან და ძალაა? მაინცდამაინც თვითმკვლელობამდე მივიდე?
-უიმე, არა, რეებს ლაპარაკობ, რა თვითმკვლელობა? მერე ჩემი ხელით დავახრჩობ. გაჩერდი, დედიკო, სულ ნუ შემაძულე ეგ ბიჭი.
-შენთან ერთი სათხოვარი მაქვს.
-მითხარი. თუ რამით შემიძლია დახმარება, აქ ვარ.
-ფული მჭირდება. გაქვს, რომ მომცე?
-რამდენი?
-700 -800 ლარი.
-რაში გჭირდება?
-გაქვს?
-სად მაქვს ამდენი? მთელი სახლი რომ მოვჩხრიკო, ასი ლარი ან მექნება, ან არა.
-კარგი, დაივიწყე.
-სადმე გისესხებ, ოღონდ გამაგებინე რაში გჭირდება?
- საქმისთვის მჭირდება. არ გინდა სესხი, მოვახერხებ რამეს.
-რას მიმალავ, ნაია?
-არაფერს, დედა, დაივიწყე. დაღლილი ვარ, დანარჩენი ხვალ ვილაპარაკოთ.
ნინომ ტელევიზორი გამორთო და შვილს საჭმელი შესთავაზა. ნაიამ უარი უთხრა, არ მშიაო და თავის ოთახში შევიდა. ყველაფერი თავის ადგილზე დახვდა. თითქოს კონკრეტულად იმ სივრცეში დრო გაჩერებულიყო. სამუშაო მაგიდაზე უნივერსიტეტისდროინდელი წიგნები ეწყო, კედელზე გაკრული პოსტერებიდან „Coldplay”-ს ჯგუფის წევრები და ჯონი დეპი იმზირებოდნენ. ნაია ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და უბანს გახედა. უამრავი მოგონება აკავშირებდა თითოეულ კუთხე-კუნჭულთან. წესით, იქ ყოფნას ერთგვარი დაცულობის შეგრძნება უნდა მიეცა, ამას ეძებდა, მაგრამ შფოთვა მაინც არ სცილდებოდა, აწრიალებულ სულს ვერაფერს შველოდა. სააბაზანო ოთახში გავიდა და სარკის წინ დადგა. მეორე მხრიდან დარდისგან და დაღლილობისგან ამოღამებული თვალები უყურებდნენ. წამიერად აგრესია მოეძალა, ხელები აუკანკალდა, ხელსაბანის კარადის უჯრიდან მაკრატელი ამოიღო და თმის შეჭრა დაიწყო. თანდათან შეჰყვა და თითქმის აღარაფერი დაიტოვა. დამახინჯებული ნაია რომ დაინახა, მის ყურებას ვეღარ გაუძლო, მაკრატელი ხელიდან გააგდო, ძირს დაჯდა, ამოიღმუვლა და ტირილი დაიწყო. სული რომ მოითქვა, წამოსული ცრემლები მოიწმინდა, ელექტრონულ საპარსს ხელი დაავლო და დარჩენილი თმა თავიდან მოიშორა.

***
დილით ადრე ადგა. ყავა მოადუღა და ფინჯნით ხელში ოთახიდან ოთახში სიარული დაიწყო. შიოსგან ნათხოვარ ტყავის სამაჯურს დახედა. მაჯიდან მოიხსნა და ცხვირთან მიიტანა, მისი კანის სურნელი ღრმად შეისუნთქა და სხეულში ტალღებად დავლილი ნეტარებისგან გაბრუვდა. მერე შეცბა, საკუთარმა ქმედებამ დააფრთხო და ხელები თავში წაიშინა.
საძინებლიდან მამამისი თვალების ფშვნეტით გამოვიდა. ტანსაცმლის ჩაცმა ვერ მოესწრო, საცვლითა და მაისურით იდგა და შვილს შესცქეროდა:
-ნაია, შენ ხარ? ძლივს გიცანი.
ნაია მამისკენ წავიდა და ჩაეხუტა,- როგორ შეცვლილხარ,- სიხარულით შესცინოდა შვილს,- მეც არ ვთქვი, ნინოს სძინავს, გვერდით მიწევს და ის ვიღა დაბოდიალობს იქ, რომ არ ასვენებს გამჩენითქო. თურმე შენ არ ყოფილხარ?
-ვაი, რა გეშველება, შვილსაც ვეღარ სცნობ,- ფეხზე ამდგარიყო ნინოც და ხალათს იკრავდა.
ნაიას შეხედა და სახტად დარჩა.
-თმას რა უქენი, ჭკუიდან შეიშალე?
-ძალიან მცვიოდა. დამღალა თმის ღერების დევნამ. ყველგან ჩემი თმა იყო.
-ჯერ გემკურნალა, ეგებ გადაგერჩინა. საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილ პატიმარს ჰგავხარ.
-აუ, დააბრეხვებ ხოლმე, რა.
-ჰო, კაი, ხმას აღარ ამოვიღებ. ისედაც შენს ჭკუაზე აკეთებ ყველაფერს.
-მამა, ნაბეღლავს დალევ?
-ჰო, დავლევ,- შვილს უპასუხა და მერე ნინოს მიმართა,- დაანებე თავი. ეგრე მოსწონს? ეგრე იაროს.
-დაანებე თავი, - უკმაყოფილოდ გაიმეორა ქმრის სიტყვები, -დანებებული არა მაქვს? სწორედ მაგიტომ ნახე, რას დაემსგავსა.
-ვაჰ, არ გესმის შენ? ვიძახოთ ახლა რას დაემსგავსა, რას დაემსგავსა. არ იცი ამ ახალგაზრდების ამბავი? მაინც არავის უსმენენ და გულს მაინც ნუ სტკენ. არაფერი ეშველება, იმ თმას ვეღარ დაიბრუნებს.
ნაიამ ნაბეღლავით სავსე ჭიქა მაგიდაზე დაუდგა მამამისს, მერე ნინოს ახედა და ჩაეცინა.
-რა გაცინებს, გოგო? რამე სასაცილო ვთქვი?
-ამოვა, დედა, ამოვა! კიდევ დიდხანს უნდა ილაპარაკო?
-ამოვა, აბა, სად წავა?- მხარი აუბა შვილს დავითმა.
-შენ ოღონდ ჩემი საწინააღმდეგო თქვა რამე... -ბრაზი მოერია ნინოს.
-კარგი, მე მაგვიანდება, გასასვლელი ვარ. დაგტოვებთ, თქვენ ილაპარაკეთ.
-მოიცა, ასე მალე სად მიდიხარ? ვერც კი მოვასწარი შენი მოკითხვა. რა ქალია ეს დედაშენი, არ ჩაგვაშხამა მთელი დილა? -უკან გაჰყვა მამამისი.
-ჰო, მე ვარ დამნაშავე ყველაფერში,- არ ჩერდებოდა ნინო.
ნაიამ დაამშვიდა, გვექნება ერთმანეთის მოსაკითხი დრო, შენ არ დალიო, ფხიზელი დამხვდი, ისევ მოვბრუნდები და რამე გემრიელობა გავაკეთოთ. მომენატრა ის დრო, როცა სამსახურიდან მოდიოდი და მე და შენ შეფ-მზარეულობას ვთამაშობდითო. დავითს შვილის სიტყვებმა გული აუჩუყა. ნაია წასვლას ჩქარობდა, მამის თვალზე მომდგარი ცრემლი არ დაუნახავს.

***
ქუჩაში ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა. არავის უყურებდა. გაბოძესთან სალაპარაკო გეგმას გონებაში მრავალჯერ წერდა და ისევ შლიდა. ცოტა ღელავდა, მაგრამ ისიც იცოდა, რის გაკეთებასაც აპირებდა, აუცილებლად გამოუვიდოდა.
-შეიძლება?- უხერხულად ჰკითხა კარის ზღურბლთან მდგომმა.
-შემოდი,-გიორგი გვერდზე გაიწია და სტუმარი სახლში შეუშვა.
ნაიამ ჩანთა მოიხსნა და კედელთან აიტუზა.
-მოდი დავსხდეთ,- დივანზე ჩამოჯდა.
ნაია სავარძელში დაჯდა და სანამ სიტყვას წარმოთქვამდა, თითებს დაუწყო წვალება.
- რაღაც სათხოვარი მაქვს.
-გისმენ.
სტუმარმა მეტი სითამამე გამოიჩინა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე დაიწყო:
-2000 ლარი მჭირდება. ორი თვის ხელფასს გთხოვ წინასწარ.
გიორგიმ ნაიას იჭვნეულად შეხედა. სწორედ მაშინ შეამჩნია, რომ თავზე მოხვეული ბენდენა თავს მთლიანად არ უფარავდა და არცერთი თმის ღერი არ შერჩენოდა. ფიქრები სხვა მიმართულებით გაექცა.
-სულ ეს არ არის. კიდევ მინდა, რაღაც გთხოვო. შენი მანქანით ამ საღამოს ერთ ადგილას უნდა წამიყვანო და როგორც კი საქმეს მოვრჩები, უკან წამომიყვანო.
გაბოძე წინ წამოიწია და პაუზის შემდეგ ნაიას სთხოვა, უკეთესად აეხსნა ყველაფერი.
-ვიდრე შენთან მუშაობას დავიწყებდი, იქამდე საკონდიტროში ვმუშაობდი მცხობელად. ეს საქმე მას შემდეგ შევისწავლე, რაც ქმარმა უნივერსიტეტში სწავლას თავი დამანებებინა. პილოტობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ქართული მენტალიტეტი, როგორც ხდება ხოლმე, ქალია და თვითმფრინავის მართვა რა მისი საქმეა და ეგეთი სისულელეები, აღარ გავაგრძელებ. მოკლედ, თვეზე მეტია დავშორდი, სახლიდან გამოვიქეცი. ახლა მკითხავ, ისე დაშორებოდი, რას მორბოდიო, მაგრამ დიდი ისტორიაა, ყველაფრის მოყოლას ვერ დავიწყებ, არც დრო მაქვს და არც ნერვი. მეგობრებთან ვაფარებდი თავს, ჯონათანი მათი მეზობელია და იქ გავიცანი. ასე მოვედი შენამდე. თავი რაღაცით უნდა მერჩინა. ამას წინათ მომაგნო და ... გაჩუმდა, ვეღარ გააგრძელა.
-დაგემუქრა?- სიტყვა შეაშველა გიორგიმ.
-შეიძლება, ასეც ითქვას. თავიდან ვერ ვიშორებ. ერთადერთი გამოსავალია, რომ მის წინააღმდეგ სერიოზული მასალა მოვიპოვო და რისი გამომზეურებაც მიწას გამოაცლის, იმით დავემუქრო.
-მდა...
-ამიტომ მჭირდება შენი დახმარება.
-სად მიდიხარ?
-რა?-ვერ მიხვდა ნაია.
-სად გინდა, რომ წაგიყვანო.
-საიდუმლო ბარია.
-სახელი?
-სახელი არსად არ იკითხება. რა ვიცი, მე ასე მახსოვს. ისე კი, ალბათ, რაღაც ჰქვია. ჰო, რამე ერქმევა.
-სად არის ის ბარი?
-სანამ რუსთავის გზაზე გავალთ, ორთაჭალაშია.
-სვინგერების კლუბს გულისხმობ?
-რა?
-მანდ მხოლოდ ეგ საიდუმლო ბარი ვიცი. გარედან კარი არ ჩანს, მწვანე შენობაა. საიდუმლო შესასვლელი აქვს. ეგ არის?
-შენ საიდან იცი?
-მოიცა, შენ იცი და ვითომ მე რატო არ უნდა ვიცოდე?- გაეცინა გაბოძეს.
-შიგნით რა ხდება, ვერ გეტყვი. მე მხოლოდ გარედან მაქვს ნანახი ეგ ბარი, ისიც მანქანიდან. რამდენჯერმე ქმარს გავყევი და...
-ესე იგი შესვლა გინდა.
-ჰო.
-რა გინდა იქ? სრული პი’ზდეცია, იმენა სოსის ფართი. ძირითადად უცხოელები ჩითავენ.
-ხომ გითხარი? მასალა მინდა მოვიპოვო.
-რა მასალა?
-ჩემი ქმარი მაგ ბარს ნარკოტიკით ამარაგებს. ვიცი იმ ტიპის სახელი, ვისაც ურეკავდა ხოლმე და ეგრეთწოდებული ტავარით ამარაგებდა.
-ძალიან საშიში რაღაც ჩაიფიქრე, ხვდები? ეგ რომ გაგიგონ, შეიძლება მოგკლან. სხვა თუ არაფერი, ფეის კონტროლია. იქ ვინ შეგიშვებს, ტო?
-ჯონათანი მიმყავს.
-რა? სერიოზულად?
-ჰო,- ნაიამ გაბოძეს თვალი გაუსწორა და სახე დაძაბა.
-ბიჭო, ბიჭო. იცის, სად და რა საქმეზე მოდის?
-საიდუმლო ბარზე იცის. რაც მინდა, გავაკეთო, ისიც. აი, სვინგერებზე კი არაფერი მითქვამს, მთლად დარწმუნებული არ ვიყავი. უფრო სწორად, არაფერი ვიცოდი. როგორც ჩანს, შენ ნამყოფი ხარ.
-ჯონათანიც არის ნამყოფი, ოღონდ სხვა პონტში და არა მასალის ჩასაწერად.
-მე მჯერა, რომ თავს გავართმევ. თქვენ უბრალოდ მომყევით.
-იქ მეც უნდა შემოვიდე?
-ვნახოთ.
-იქ რომ დრეს კოდი აქვთ, თუ იცი ეგ?
-ვიცი და ფულს მაგიტომ გთხოვ, რომ ტანსაცმელი ვიყიდო. არც პარიკი მაწყენდა. მობილურიც აღარ მაქვს,- ბენდენა მოიხსნა და უკეთესად შეიკრა.
-გიხდება. რატომ მალავ?
-რავი.
-შეეშვი, არ გინდა. მაგარი თავის ფორმა გაქვს.
-მადლობა,- მკრთალად გაეღიმა ნაიას.
-მე კიდევ რა აღარ ვიფიქრე, ეგრე რო დაგინახე. თან ფული მინდაო და...- გიორგი წამოდგა და საძინებელში გავიდა. ცოტა ხანში ორი ათასი ლარი გამოიტანა და ნაიას მაგიდაზე დაუდო. საბოლოოდ, მანქანით წაყვანაზეც დათანხმდა და გამომდინარე იქიდან, რომ არც თუ ისე მარტივ საქმეზე მიდიოდნენ, დეტალებზე წინასწარ, დიდი სიფრთხილით გაურიგდა.

***
ზუსტად დათქმულ დროს გაჩერდა ნაძალადევის მეტროსთან წითელი ფერის ტოიოტას მარკის ავტომობილი. ჯონათანმა სიფრთხილით შეათვალიერა გამვლელები და სწრაფად წავიდა მანქანისკენ. როგორც კი მანქანაში ჩაჯდა, ნაიას შეხედა და პირი დააღო.
-რას მომშტერებიხარ?
-Holy Moly.
-ვერ გავიგე.
-სულ სხვა ადამიანი ხარ.
-ეგ მინდოდა ზუსტად!
ნაია მაკიაჟისა და პარიკის წყალობით, გარეგნულად მართლაც ძალიან იყო შეცვლილი. ტოპ მაისური, ტყავის შორტი, ჩექმები და ბადე კოლგოტი სექსუალურ შტრიხებს სძენდა. ვერავინ იტყოდა, რომ ის იყო.
-აბა, რა გინდოდა, შე ჩემა? პილიგრიმივით შემოსილი ხო არ გაიჩითებოდა?- უთხრა გიორგიმ.
-ისე აღვნიშნე. არ შეიძლება?
-დაიმახსოვრე! ირმა დანელია ვარ, იქ ჩემი ნამდვილი სახელი არ ახსენო,- სხვა თემაზე წამოიწყო საუბარი ნაიამ.
-სად მივდივართ ბოლოს და ბოლოს? შენ მაინც თქვი?- გიორგის ჰკითხა ჯონათანმა.
-მწვანე ბარში.
-What?
-რაც გაიგე.
-მერე შენი ID?- ნაიას შეუბრუნდა დაბნეული,- თან იქ... ხო ხვდები?
-ვხვდები და რაც ახლა მაგ გასიებულ თავში გაიფიქრე, მსგავსიც არაფერი მოხდება. რაც შეეხება ID-ს, მოგვარებულია. ირმა დამიძახე და მორჩა!
-ოკ, მაგრამ...
-ჯონათან. ნურაფერზე იღელვებ. რასაც გეტყვის, ის გააკეთე. მთავარია, ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით წავიდეს. ძალიან უნდა იყოჩაღოთ.
-ეგრე იყოს. მე მზად ვარ თავდადების და გვაცლისთვის, - სიტყვა ღვაწლისთვის წარმოთქმა ძალიან სასაცილოდ გამოუვიდა, მაგრამ არცერთმა არ შეუსწორა. ორივე დაძაბული იყო. სხვა დროს ბევრს იცინებდნენ ღვაწლის ხსენებაზე. განსაკუთრებით გიორგი, მას უყვარდა ამ სიტყვაზე ხუმრობები.
-ასე მგონია, ვიღაც სხვებთან ვზივარ. რა არი ვერ გავიგე? ძლივს ისვრით სიტყვებს. მუსიკა მაინც ჩართეთ.
-შენი გაბრაზება გვაკლდა. ოღონდ დაწყნარდი და... - გაბოძემ რადიო ჩართო.
რადიოტალღაზე ემი უაინჰაუსის „Back to Black” ჟღერდა. სამივე გაჩუმდა. საერთო დაძაბულობას მომღერლის საუცხოო ხმა და მუსიკა ფარავდა.

***
რამდენიმე საათი იყო ნაიას უცნაური გაუჩინარებიდან გასული. ნუცამ და შიომ არაფერი იცოდნენ მეგობრის ასავალ-დასავლის შესახებ. ძალიან განიცდიდნენ, თუმცა ცდილობდნენ მღელვარებას არ აჰყოლოდნენ და ცუდზე არ ეფიქრათ. ნუცა ჩუმად იყო, ლეპტოპში „სამეფო კარის თამაშების“ სერიებს ადევნებდა თვალს და გაუჩერებლად ახრაშუნებდა ჩიფსებს, შიო პრემიერისთვის ემზადებოდა და ოთახიდან იშვიათად გამოდიოდა.
-ცოტა ხანი გამო, რა, ოთახიდან, გამოვყრუვდი მარტო ჯდომით და ხმელი კარტოფილის ჭამით, ლამის არის კუჭი გამიკრახმალდეს. რამეს მოვამზადებ უცებ, - ბოლოს ისევ ნუცამ ითავა სახლში შექმნილი დაძაბულობა რამენაირად განემუხტა.
-ნაიას ხომ არ დაურეკავს?
-არა. ფუ, რა ბუღი დაგიყენებია ოთახში. რამდენჯერ გთხოვე, გადი აივანზე და იქ მოწიე,- ხელით იშორებდა კვამლს.
შიო ოთახიდან სამზარეულოში გავიდა, მაგიდასთან ჩამოჯდა და ვიდრე ნუცა მაგიდას გააწყობდა, ფეისბუქის თვალიერება დაიწყო.
-ვის სტალკავ?
-ჰა?
-ვის სტალკავ-მეთქი? ახალი ქრაშია?- თვალები გააპარა ძმის ტელეფონისკენ.
-ვსტალკავ არა, ისა კიდე. ზოგი ისეთ სირთაოზობას წერს, სიცილიც რო დაგეზარება,- ამოიქშინა და ტელეფონი მაგიდაზე დადო.
-რაზე ბობოქრობ?
-რავი, ნიადაგმცოდნეც კი პოლიტიკურ შეფასებებს და პროგნოზებს დებს. თავი ბრძენთა ბრძენი ჰგონია. ეს „ნუ გამომიხტებით ახლა“ კარგად აქვთ დამუღამებული, როცა არ უნდათ, ვინმე შეეპასუხოს. ან კიდე ისა, „მე ვინც მიცნობს“ ასე რო იწყებენ პოსტებს...
-ცუდ ხასიათზე ხარ.
-გამოხტებიან ხოლმე და დემაგოგობენ. სინამდვილეში არაფრის აზრზე არ არიან, ტო. როგორ არ უნდა მოგეშალოს ნერვები? ჩემი სამშობლო ყველას სჯობია და გულზე მჯიღის ცემა და ეგეთები. რაში ჯობია მაგალითად, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, გერმანიას, შვეიცარიას? იიშ, ჩვენ შოთა რუსთაველის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, ვაჟას, ილიას და აკაკის ქვეყანა ვართ. დღემდე წარსულით კმაყოფილება დაჰყვება ერს და წინ ვერ მიდის, მაგრამ ვერ ხვდება. საბჭოთა კავშირმა რომ ურეცხა ტვინი და თავზე ჩამოაფხატა მონური მენტალიტეტი, არც მაგის დაჯერება უნდა. ეს ხალხი როგორი კატეგორიაა, იცი? ოღონდ თავისუფალ სიტყვას და არჩევანს ნუ უხსენებ, განვითარებულ ქვეყანასაც შეიძულებენ და იქაურებსაც სატანებს დაუძახებენ. გკლავენ და ამოიღე ხმა, აღიარე, რო ჩვარი ხარ, შენი დედაც მართლა! თვითონ ჩიკაგოს ვირთხებივით მრავლდებიან, კისრებს ისქელებენ და შენ სიტყვის თქმას გიკრძალავენ, რომ რამე გააპროტესტო.
-და შენ რომ ამბობ, რა ხეირი? ცვლი რამეს?
-ჩმორი მაინც არ ვარ! შენც ხო იცი, რო მშიერი კუჭით დავიძინებ და მონა არ გავხდები?
-დაწყნარდი.
-როგორ დავწყნარდე? მითხარი! მთელი ფეისბუქი ავადმყოფი ბავშვების სურათებით არის აჭრელებული. ზოგის მშობელი ფულს ითხოვს, ზოგი ლოცვას. ხალხს და ღმერთს ეხვეწებიან გადარჩენას. ვისაც მართლა შეუძლია მათი შველა, ხელს არ ანძრევს, შორიდან უყურებს როდის ამოხდებათ სული ბავშვებსაც და პატრონებსაც. „მთელი სამყაროს შეცნობაც არ ღირს იმად, რომ პატარა ბავშვი ცრემლს ღვრიდეს და ღმერთს ევედრებოდესო“ უთქვამს იმ ბრძენ კაცს და როგორ გინდა, არ დაეთანხმო?
-დალიე, ხო? - ნუცა შიოს ოთახში შევიდა და საწოლის გვერდით, მიმოღავებულ ფურცლებში ნახევრად გამოცლილი ვისკის ბოთლი იპოვა, - მე კი მეგონა, სპექტაკლისთვის ემზადებოდი, -გამწყრალი თვალებით შეხედა ძმას.
-ძნელია ფხიზელი თვალებით უყურო სიმართლისგან და სამართლისგან დაცლილ ქვეყანას, დაო.
-აუუუ...
შიომ თავი ჩაქინდრა და პაუზის შემდეგ სევდიანი თვალებით გახედა დას:
-ისევ ვიხუმრებ, ნუცა. ხვალიდან ისევ ვიხუმრებ... მაინც მხოლოდ სცენიდან ესმით ჩემი ხმა ადამიანებს, ისიც ცოტა ხნით. ეგეც კარგია!..

***
ნაიას და ჯონათანს მწვანე ბარის საიდუმლო შესასვლელთან სექსუალურ კოსტუმში გამოწყობილი თანამშრომელი გოგონა ღიმილით შეეგება. კლიენტების გასამხიარულებლად პოლიციელის ქუდი შეისწორა, ხელბორკილები გააჟღარუნა და ორივეს ანცი მზერით ჰკითხა, რომელი უფრო ცელქობთ ხოლმეო? ხუმრობაში ვერ აიყოლია და თავი დაანება, მხოლოდ შენობაში შეუძღვა. დაცვამ ახლადმისულებს ID ბარათები შეუმოწმა, ჰკითხა რამდენჯერ იყვნენ ბარში ნამყოფი, ტანსაცმელი დაუთვალიერა და რადგან ვერცერთს საეჭვო ვერაფერი შეატყო, წესების შესახებ მოახსენა და თანხის გადასახდელად გაუშვა. მოლარე შეეცადა, კლიენტები წევრობაზე დაეყოლიებინა და ბარათს აჩეჩებდა ხელში, ნება მომეცით, აგიხსნათ წევრებისთვის რამხელა ფასდაკლებას ვაკეთებთო. ნაიამ და ჯონათანმა თავი მოაჩვენეს, ვითომ აინტერესებდათ, სიტყვა დაასრულებინეს და ბოლოს დაპირდნენ, წევრობაზე დავფიქრდებითო. ერთჯერადი თანხა მისცეს, ოთახების სახელებისა და განლაგების შესახებ აღარ ალაპარაკეს, ჯონათანმა მოახსენა, ყველაფერი ვიციო და როგორც კი გაეცალნენ, ბარის მთავარ დარბაზში შევიდნენ. წითელი და ლურჯი მბჟუტავი შუქით განათებულ ოთახში მუსიკა მეტისმეტად მაღალ ხმაზე ისმოდა. ლანგრითა და ალკოჰოლური სასმლით სავსე ჭიქებით მოსიარულე მიმტანმა ორივე შეაჩერა და ალკოჰოლი შესთავაზა. ნაიამ „მარგარიტა“ გამოართვა და ბარის მაღალ სკამზე ჩამოჯდა.
-რამდენიც გინდა, დალიე. ქალებისთვის უფასოა. მერე იტყვით, კაცები დისკრიმინაციას გვიწევენო.
-ხმა გაიკმინდე, - საკუთარ სიტყვებზე თავადვე გაეცინა ნაიას და დაკვირვებული მზერა მოავლო ირგვლივ მყოფებს.
ჯონათანმა ბარმენს ტეკილა შეუკვეთა და ნაიას იქაურობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება დაუწყო:
-დარბაზიდან კიბეებით დაბლა ჩადიხარ. ხუთი ოთახი აქვთ. ერთი შუაში შადრევნით, მეორე ჯაკუზით, მესამე ტყავის რამდენიმე ტახტით, მეოთხე BDSM და მეხუთე პრივატული, რომელშიც საწოლები ფარდებით არის გამოყოფილი და არავის აქვს შესვლის უფლება, თუმცა ფარდებს ბოლომდე არავინ სწევს, შოუს ყურება გარედან შეიძლება.
-მადლობა, რომ ჩემი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილე. რა დამაძინებდა ამაღამ? - თვალი ჩაუკრა ნაიამ.
ჯონათანმა უკანა ეზოს დასათვალიერებლად ცოტა ხნით გარეთ გასვლა შესთავაზა.
ბარის უკანა ეზოში საცურაო აუზი და შეზლონგებით სავსე ტერიტორია იყო, სადაც დიჯეი მუსიკალური პროგრამით კლიენტების განწყობაზე ზრუნავდა. მაღალ გალავანთან დაცვის თანამშრომლები იდგნენ და თითოეულ დეტალს თვალყურს ადევნებდნენ. იქ მყოფები საცურაო კოსტუმებში იყვნენ, ერთმანეთს ეცნობოდნენ, ტროპიკული ხილით გაფორმებული ფერადი კოქტეილებით ბრუვდებოდნენ, ლაზღანდარობდნენ და აუზში გრილდებოდნენ. ნაიამ მწეველების ზონაში გადაინაცვლა და სიგარეტს მოუკიდა.
-მშვენიერი ადგილია თავგადასავლებისთვის.
-აჰამ, შენ რომ ხელს არ მიშლიდე...
-მაგალითად, ის, თეთრებში ჩაცმული ქალი პირდაპირ თვალებით გჭამს. უარს არ გეტყოდა.
-ასაკით დიდი ჩანს, მაგრამ გამოცდილებას თავის ფასი აქვს.
-მიგიშვებდი, მაგრამ ახლა ეს აღგზნებული მამრები მაგერიებინე კიდევ.
-დაცვამ რა თქვა, გახსოვს? არავის არ აქვს უფლება, რომ შენი სურვილის გარეშე შეგეხოს. ეგრევე დაატოვებინებენ ბარს. აუ, ეს ქალი მართლა რანაირად მიყურებს,- ისევ იმ ქალისკენ გაექცა თვალი ჯონათანს.
- არაუშავს, ახლა როგორმე დაოკდი, ჯონათან და მერე რამდენჯერაც გინდა, მოდი, გახსნილდება.
-თერთმეტის მერე სხვებიც შემოემატებიან და დაითრევს ვინმეს.
-თუ არც დაითრევს. ახლა მაგ ქალის ვნებების დაცხრომაზე მადარდე.
ნაიამ მაჯის საათს დახედა და ოდნავ აფორიაქდა. მერე ჯონათანს მიუახლოვდა, სახე ახლოს მიუტანა და დაბალ ხმაზე უთხრა:
-აქ დიდხანს ვერ გავჩერდებით, ძვირფასო. მთავარ დარბაზში უნდა დავბრუნდეთ. სადაც არის, მოვა.
ჯონათანმა თავი დაუქნია, დაელოდა სიგარეტს როდის ჩააქრობდა, ხელი წელზე მოჰხვია და დარბაზისკენ წავიდნენ. თამაში ბუნებრივად გამოსდიოდათ, ვერავინ იტყოდა, რომ წყვილი არ იყო. ბართან შვედი ტურისტი ცოლ-ქმარი გაეცნო და დიალოგი გაუბა. ქალი ამბობდა, სვინგერობამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, ხშირად ვსტუმრობთ სხვადასხვა ქვეყნებში ასეთ ადგილებს და ცხოვრებას მრავალფეროვნებას ვძენთო. კაცი ეთანხმებოდა. მხოლოდ ის არ მომწონს, რომ წყვილები ჩემი ცოლის მიმართ უფრო იჩენენ ყურადღებას, მაგარი ტანი აქვს და იმიტომო. ჯონათანიც აჰყვა საუბარში, ქალებისთვის ბევრად უფრო მარტივია თამაშში მიიწვიონ, მე კი რამდენჯერაც მარტო მოვსულვარ, დამიჯერეთ, ბევრად რთულია, იშვიათად მიმართლებს და მხოლოდ სანახაობებით ვტკბები. არადა, ჩემი აზრით, ძალიანაც სიმპათიური ვარო.
ნაიამ ჯონათანს ფეხი მიჰკრა და უცხოელ წყვილს ეშმაკური ღიმილით მიუბრუნდა. უნდა, რომ მაეჭვიანოს, ის არ იცის, BDSM-ის ოთახში რა ელოდებაო. შვედი წყვილი ახარხარდა. არც ჯონათანი ჩამოუვარდა ხუმრობაში, სიამოვნება თოკებით დაბმაში დასწრებაზეაო. ეს ახლაა დიდ გულზე, თორემ ოთახში მარტო რომ ვრჩებით, ისეთი მორჩილია, არაფერზე მეწინააღმდეგებაო, არ ჩერდებოდა ნაია. ტურისტებმა ამაზეც ბევრი იცინეს. სიტუაციას ასეთი პირი უჩანდა, მალე წყვილი ნაიას და ჯონათანს რომელიმე ოთახში მათთან ერთად სათამაშოდ შესვლას შესთავაზებდა. ბარს ასეთი წესი ჰქონდა, როდესაც წყვილი გასართობად პარტნიორებს იმატებდა, ამ პროცესს თამაშად მოიხსენიებდნენ.
სწორედ იმ დროს დარბაზში ილია ყიფიანი გამოჩნდა. ნაიამ მაშინვე შეამჩნია, უცხოელ წყვილს ბოდიში მოუხადა, ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთო და ჯონათანთან ერთად სხვა ადგილას, საიდანაც კამერა უკეთესად დააფიქსირებდა, იქ გადაინაცვლა.
ილიასკენ ერთ-ერთი ბარმენი გაემართა და ხელი ჩამოართვა. შემდეგ თითები მარჯვენა ჯიბისკენ წაიღო, რაც გადასცა, ჩააცურა და რაღაც უთხრა. ყიფიანმა თავი დაუკრა და არ დარჩა, მალევე წავიდა. ნაია ბარმენთან მივიდა და გამოელაპარაკა:
-შენ გეგა ხარ, არა?
-დიახ, -გაკვირვებული სახით შეხედა.
-“აისი” მომეცი.
-რა?
-ახლა არ გადმოგცათ ილია ყიფიანმა? დავინახე ჯიბეში რომ ჩაიდე.
-ვინ ილია ყიფიანი? ან რა გადმომცა?
-ყოველი კვირის ერთსა და იმავე დღეს და დროს მოდის და შენთან ახალი პარტია მოაქვს. ყველაფერი ვიცი. მომე, რა, რაღას მახვეწნინებ?
-ჩემთან ასე არ ლაპარაკობენ! ვინ ხარ?
-პაროლი რომ გითხრა, მოსულა? ახალი კლიენტი ვარ.
-ვისგან ხარ?
-ნოესგან.
-თავიდანვე ეგრე დაგეწყო. ილიას ხსენება არ იყო საჭირო.
- სანდო ვარ, შეგიძლია ნოესთან გადაამოწმო.
-მითხარი პაროლი.
-მერკური.
-რამდენი ხართ?
-ორის სამყოფი მომეცი.
გეგამ თვალით ანიშნა, რომ გაჰყოლოდა. ტუალეტისკენ გაიყვანა, ნარკოტიკი გადასცა, ფული სწრაფად ჩაითვალა და სამუშაო ადგილს დაუბრუნდა. ნაია მაშინვე ტუალეტში შევიდა, თმის სარჭი მოიხსნა და კამერა გამორთო. ნერვიულობისგან მთელი სხეული უკანკალებდა. თავი ხელში აიყვანა, დამშვიდდა და ჯონათანს დაუბრუნდა. ანიშნა, ყველაფერი რიგზეაო. ხასიათზე მოსულები დარჩნენ და ახლად შემოსულებსაც ცოტა ხნით გამოელაპარაკნენ. შვედი წყვილი არსად ჩანდა, წასულიყო. ნაიას ენაკვიმატობით ჯონათანი სხვებთანაც კარგად ხალისობდა. მერე, როგორც კი დრო იხელთეს, იქაურობა დატოვეს.
-რა ქენით? - მანქანაში ჩამსხდრებს დაძაბული სახით მიუბრუნდა გიორგი.
-გავიმარჯვეთ, - ამაყი ტონით თქვა ნაიამ, -სხვათაშორის, ნოეს და პაროლის ხსენებამ ეგრევე გაამართლა.
-ხო, გითხარი გაჭრის-მეთქი.
-ეს ვინ ყოფილა. შენ კიდევ არ იცი, რა თანამშრომელი გყავს,- აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჯონათანი.
-არც შენ იყავი ცუდი. იცის ირმა დეიდამ ვინც უნდა შეარჩიოს საძმოდ,- შეაქო ნაიამ.
ირმა დეიდას ხსენებაზე გიორგის და ჯონათანს სიცილი აუტყდა.
-ესე იგი, კარგად იქცეოდა ჩვენი ჯონათანი.
-ნუ, ხო. ერთი ორჯერ კი წაიწკმუტუნა, თეთრკუპალნიკიანი დედაკაცისკენ იწევდა, მაგრამ ვინ დააცადა? მოვქოჩრე.
-კიდე რა ჩაიდინეთ?
-ვაიმე, რა ჩაიდინეთ კი არა, დაქოქე მანქანა და აქაურობას გამაწყვიტე, თორემ ჯერ ხო ეს ადგილი მხუთავს, მერე დატყეპილი კონსილერებით, კონტურებით, ტონალური კრემებით, თვალის ჩრდილებით და კიდევ ათასი მიშენება-მოშენებებით სახე ისე მექავება, ლამის მოვიძრო და გადავაგდო.
-იქ კარგად ტლიკინებდა. შვედ ტურისტებს უთხრა ჩემზე BDSM-ის ოთახში უნდა შევაგდოო.
-აუ, არაა,- ხითხითებდა გიორგი.
-თან ისეთი მორჩილია, წინააღმდეგობას არაფერზე გამიწევსო.
-არა ვარ კარგად.
-I am telling you, ეს გოგო სიგიჟის პიკია.
გიორგიმ ნაიას მიერ სახელოსნოში დატრიალებული ამბავი გაიხსენა. ბალერინის ნაცვლად მოცეკვავე წერო გამამზადებინა და კლიენტს შვილიშვილის დაბადების დღის საჩუქრად ტენიდაო.
შესანიშნავ განწყობაზე იყვნენ, მწვანე ბარში წარმატებით დასრულებულმა ამბავმა ნაიაზე არანაკლებ გაამხიარულა მეგობრები.

***
პირველი საათი ხდებოდა, როდესაც ნაია ნუცას და შიოს მიადგა. შიომ ვერ იცნო კარის ზღურბლზე მდგომი სტუმარი.
-მე ვარ, ნაია,- მორცხვად უთხრა.
-მოიცა... შენ? როგორ ანაშებულხარ, გოგო...
ნაიას ხსენებაზე ნუცა ოთახიდან გამოვარდა. მისმა დანახვამ სახტად დატოვა.
-ვიცი, გაინტერესებთ ასე რატომ გამოვიყურები. ერთ ადგილას ვიყავი. არავის არ უნდა ვეცნე, ასე იყო საჭირო.
-სად ჯანდაბაში დადიხარ? ან გუშინ საღამოს სად აორთქლდი?
-გუშინ საღამოს ჩემი ქმარი დამხვდა ეზოში და ჯონათანი რომ არა, ახლა არც კი ვიცი სად ვიქნებოდი.
-საიდან გაიგო, რომ აქ ცხოვრობ?
-ეგ მეც მაინტერესებს.
-ჯონათანმა ყველაფერი იცოდა და დაგვიმალა? ვერაა ეგ ბიჭი. ეგრე უნდა გაყურსულიყო?
-ჯონათანი არაფერ შუაშია. მე ავუკრძალე, რო ეთქვა.
-რატო?
-არ მინდოდა, რომ გენერვიულათ.
-შენი აზრით, უცნაურად რო გაქრი, მას მერე ზურგზე თერმული ქვები გვაწყვია და სარელაქსაციო პროცესს გავდივართ?
-ვხვდები, ნუცა, რაღაცაზე დაეჭვდებოდით, რომ რაღაც ისე ვერ იყო. დებილი არ ვარ. უბრალოდ, არ მინდოდა, უფრო მეტად დაგრუზულიყავით.
-რას ნიშნავს, უფრო მეტად დავგრუზულიყავით? საერთოდ მეგობრებად გვთვლი? ძაან მაგრად გამიტყდა ახლა.
-ოე, ნუ გაუბერე შენებურად!- შიომ ხმას აუწია და ნუცა გააჩერა, მერე ნაიას მიუბრუნდა: -გვითხარი, რა ხდება შენს თავს.
შიოს სიტყვამ სიტუაცია ოდნავ გაანეიტრალა. ნაია სკამზე ჩამოჯდა, საზურგეს მიეყრდნო და პარიკი მოიხსნა. ნუცამ თმის გარეშე რომ დაინახა, მართლა რა ჯანდაბა ხდებაო, შემცბარმა ჩაიბურტყუნა.
ნაიამ ყველაფერი უამბო მეგობრებს, არაფერი დაუმალავს. მიზეზიც აუხსნა, რატომ არ მიიჩნია მართებულად, რომელიმე მათგანი ამ საქმეში ჩაერთო. ნუცა და შიო ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ ვიდრე ისინი მის საიდუმლო გაუჩინარებაზე ადგილს ვერ პოულობდნენ, ნაია ყოფილი ქმრის შესახებ სერიოზულ კომპრომატებს აგროვებდა.
-და ამხელა რისკი მხოლოდ იმიტომ გაიღე, რომ იმ ნაბი’ჭვარმა ილია ყიფიანმა თავი დაგანებოს. ძაან მწარედ მეცინება,- თქვა ნუცამ.
-ასეთ ადამიანთან რა იპოვე საერთო, ტო? აბსოლუტურად სხვადასხვა ფანჯრებიდან იყურებით, - გაბრაზდა შიო.
-გამოტყდი, ჩვენთან კავშირიც მაგან გაგაწყვეტინა, ხო?- ჰკითხა ნუცამ.
ნაია მთავარ მიზეზს ვერ გაამჟღავნებდა და მოხერხებულად აირიდა სრული პასუხი:
-ყველაფერს მაგას ნუ დავაბრალებთ. ბუნებრივად მოხდა. ნიკას ტრაგედიამ ბევრი რაღაც ამოატრიალა ჩემს ცხოვრებაში. პიროვნულად გადამაგვარა. არ გვინდა მაგაზე ლაპარაკი, არის რაღაც, რაზეც ვერ ვლაპარაკობ. იმიტომ კი არა, რომ არ მომწონს, იმიტომ, რომ არ შემიძლია.
ნუცა მიხვდა, მეგობარს ყველაზე მტკივნეულ ადგილას დააჭირა და თავი შეიკავა, თემა აღარ გააღრმავა. რადგან საფრთხე მოიხსნა და ნაია და-ძმასთან დარჩენის მიზეზს ვეღარ ხედავდა, ხვალიდან დედაჩემთან და მამაჩემთან გადავალო, უთხრა. აქ ცხოვრებაზე პრობლემა თუ არ გაქვს, ჩვენ მითუმეტეს, ადრეც გითხარი, რამდენიც გინდა, იმდენ ხანს შეგიძლია დარჩეო, შეახსენა შიომ, მაგრამ ნაია უარს იყო. მეორე დილას თავის ნივთები მოკრიბა, მეგობრებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა და მიუხედავად იმისა, მათი დატოვება უჭირდა, მაინც წავიდა.
-შიო, ჩემგან ხო არ ეწყინა რამე?- ნუცა შიოს დაღონებული ეკითხებოდა.
-რაზე ამბობ?
-გუშინდელზე.
-არა, მაგრამ ცოტა ტაქტიანი რომ ყოფილიყავი, მოგიხდებოდა.
-ვეღარ მოვზომე. ვიცი, ზედმეტი მომივიდა.
-სანამ ვიღაცას პრეტენზიებით მივარდები, ჰკითხე ხოლმე იმასაც, ასე რატომ მოიქცა. მარტო შენ თავზე ნუ ფიქრობ. სულ ამას გეუბნები და მაინც იგივეს აკეთებ.
-მართალი ხარ, ერთხელაც იქნება, ეს სიფიცხე დამღუპავს.
შიომ ფეხსაცმლის ჩაცმა დაიწყო.
-შენ სადღა მიდიხარ?
-ბიჭებში. წყნეთში მეპატიჟებიან.
-ყოველთვის პოულობ გულის გადასაყოლებელ საშუალებას. მე რა ვქნა?
-შენ სუფრის გაშლაში იმეცადინე.
-ოჰ, კაი, რა. უადგილო ხუმრობა იყო, - გაიმრუსხა ნუცა.
შიოს საუბარი აღარ გაუგრძელებია. აბა, შენ იციო,- მხოლოდ ეს უთხრა და კარი გაიხურა.
-აბა, რა ვიცი? - ნუცას ნერვიულად აღმოხდა და დრო რომ გაეყვანა, სერიალს მიუბრუნდა.

***
სამსახურის გზაზე მიმავალი ნაია წინა ღამეს ბარში მომხდარ ამბავს იხსენებდა და სახეზე კმაყოფილებისგან ღიმილი დასთამაშებდა. ეს არ იყო მხოლოდ საკუთარი საქციელით გამოწვეული სიამოვნება, საბოლოოდ დაემშვიდობებოდა ყიფიანს და თავისუფლებას ბოლომდე შეიგრძნობდა. ეს იყო ყველაზე პრიორიტეტული.
რა ჭკუაში მოგდიოდა, მეგობრების გარეშე ცხოვრება? რატომ ვერ ხვდებოდი, მხოლოდ ილია ყიფიანი არ იყო მნიშვნელოვანი და გვერდზეც უნდა გაგეხედა? ნუცა და შიო რომ არა, ანდა კიდევ ჯონათანი და გიორგი, ილია ყიფიანს რანაირად მოიშორებდი? კიდევ კარგი, ისევ უბადრუკი არ ხარ და რაღაც მაინც გამოასწორე! არა, ისე ჯერ არ მოგიშორებია და საღამოს დიდი ომი გელის, მაგრამ ხომ მოიგებ? მოიგებ, რო? წამით მარცხი წარმოიდგინა და ჯერ შეშინდა, შემდეგ თავი შეებრალა. შიშმა თავისი ქნა და შეჩერდა. თავი ყველაზე დაუცველად იგრძნო. ბავშვობაში ასეთ დროს დედას უხმობდა საშველად და ჩასახუტებლად. მისი კალთის ქვეშ ყველაფერი ავიწყდებოდა. გვერდით რომ ჰყოლოდა, ახლაც იგივეს იზამდა, წაიბავშვებდა და სულაც არ დასჭირდებოდა ძლიერი გოგოს როლის თამაში. სიმწრისაგან მუშტები შეკრა. ახლა ხელების ჩამოყრის დრო არ არის! გამაგრდი, რა, რა გჭირს? როცა ასე ახლოს ხარ შენი ოცნებების ასრულებასთან, რა დროს შიშია? მიდი, დაამტკიცე, რო მაგარი ტიპი ხარ. ყველაზე მაგარი პილოტი ქალი გახდები! მთავარია, არ გაჩერდე!
სახელოსნოს მიადგა, ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ცუდი ფიქრები ორთქლივით გამოუშვა და კარი შეაღო.
-მეგონა დღეს აღარ გამოჩნდებოდი,- გიორგი საქმეს მოწყდა და ახლადშესულ ნაიას ახედა.
-მაპატიე, დამაგვიანდა. მშობლების სახლში გავიარე და... მიკითხა ვინმემ?
-წეღან დარეკეს, გზაში არიან, შეკვეთა მიაქვთ.
-მართლა? -ნაიამ რვეული გადაშალა და შეკვეთებს თარიღის მიხედვით ჩაუყვა. შემდეგ ნივთებს გახედა და როგორც იცოდა ხოლმე, ცალკე თაროზე დაუწყო გადმოწყობა და პატარა ფურცლით ფიგურებთან კლიენტების ინიციალების დატოვება.
-რა სახე გაქვს? კიდევ რამე მოხდა?- ჰკითხა გიორგიმ.
-არა, მაგრამ აუცილებლად მოხდება და იმაზე მეფიქრება.
-გაუგზავნე ვიდეო შენს ქმარს?
ნაიამ გიორგის კითხვას არ უპასუხა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა:
-უი, არ დამავიწყდეს. იმ გოგოს პირადობა რომ მომეცი, უკან მინდა დაგიბრუნო, - ფიგურები მიატოვა და ჩანთას ეცა.
-რა გჭირს? რაღაც უცნაური მეჩვენები.
-ჰა? უცნაური? ჰო... ეს გოგო ვინ არის, არ მეტყვი? ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ვიცოდე, ვინ დამეხმარა? - პირადობას დახედა და მიაწოდა.
-რომ გითხრა, წესიერად ვიცნობ, მოგატყუებ. არის ერთი, დარჩა და აღარ მოაკითხა.
-ვიფიქრე, მადლობას მაინც ვეტყვი-მეთქი.
-ვიდეო გაუგზავნე?
-ვის?
-შენს ქმარს, ვის?
ნაიას ენა დაება. არა ჯერ, მაგრამ ვაპირებო.
-გეშინია?
-ცოტა კი.
-რისი გეშინია, ტო? სამხილი ყველანაირ უპირატესობაში გაყენებს.
-მარტო უნდა მივიდე. იქ რა მოხდება, არ ვიცი.
-მე წაგიყვან. სად მიდიხარ?
-არა, შენ ისედაც ბევრი გააკეთე ჩემთვის.
-რადგან გითხარი წაგიყვან, ესე იგი წაგიყვან! დამიჯერე, რაც არ მინდა, იმას არასოდეს ვაკეთებ.
-მადლობა,- ნაიამ თავი დახარა და ქვედა ტუჩზე იკბინა.
გაბოძე მიუახლოვდა, ნიკაპით თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა:
-დაიმახსოვრე, მარტო არ ხარ და ცუდიც არაფერი მოხდება. ჰო?
ნაიას ნიკაპი აუკანკალდა, მაგრამ თავს უფლება არ მისცა, მეტი სისუსტე გამოევლინა:
-სამსახურში მინდა, რომ მივადგე. სადღაც ოთხისკენ შეძლებ?
გიორგიმ თავი დაუქნია. სწორედ იმ დროს სახელოსნოში კლიენტები შევიდნენ და ორივემ ყურადღება მათკენ გადაიტანა.
დატვირთულმა სამუშაო დღემ ნაიას გონება სხვა საფიქრალზე მომართა. დროდადრო ისევ მიუბრუნდებოდა ხოლმე ილია ყიფიანთან შეხვედრაზე ფიქრს, თუმცა შიშს აღარ აძლევდა მისით შეპყრობის საშუალებას.
-გამოვა! ყველაფერი კარგად იქნება!- იმეორებდა და რამდენჯერაც საკუთარ თავს გამხნევებას უწყებდა, გიორგის გახედავდა ხოლმე.

***
ძველი, წინაპრებისგან დატოვებული სახლი ჰქონდა შიოს მეგობარ, სანდრო რომელაშვილს. განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ დიდი, მოვლილი ეზო ჰქონდა და მეგობრებს ყოველთვის უყვარდათ იქ შეკრება, კარტის თამაში და ლხინად ქცეული საღამოები.
შიომ ძველი ჭიშკარი შეაღო და ეზოში მყოფ სანდროს და მის ცოლს ჩვეული სალამი ხელისაწევით უთხრა:
-ეჰეჰეჰ, სასტავს ვახლავარ.
-სად დაიკარგე? ასე უნდა მოგვანატრო თავი?- სანდრო მწვადს წვავდა და ნაკვერჩხლიდან წამოსულ კვამლს მუყაოს ქაღალდით დევნიდა.
-რავი, გადავყევი თეატრს და აღარ შემრჩა არაფრის ჰოვსილა. ვინ არიან? მეორე სართულზე, ტერასაზე შეკრებილებს ახედა.
-ვინ იქნებიან? გაგა თავის ტურფა გერლფრენდითა, ლაშ...
-თეოც აქ არის?
-ჰო. ლაშაც და მისი უდიდებულესობა საშკაც.
-ვაჰ, რა ხალხი.
სტუმრებმა შიოს მოსვლა შენიშნეს და მოაჯირთან მოგროვდნენ.
-შიოს გაუმარჯოს, ჩვენს ძმას, - შეჰყვირა გაგამ.
-როგორ ხართ? ე, ამას ნახე რა, რა საკაიფო ზმანი დაუთრევია, - შიოს მაშინვე თვალში მოხვდა გაგას ჰარლი დეივიდსონის კეპი, მაისური და ტყავის გადაჭრილი ხელთათმანი.
-ის ვერ შენიშნე, არა?- გაგა თითიც ანიშნებდა ახლად ნაყიდ მოტოციკლზე.
-მეზობლის სახლთან რო დგას, ეგ შენია, შე ჩემა? - ეზოს გარეთ გავიდა და კარგად შეათვალიერა მეგობრის ახალი შენაძენი.
-ვაჰ, გილოცავ! მაგრა წეწავს?
-ჰეჰ... ხელი ააქნია გაგამ, - ეგ როგორ აკადრე?
-ადი, მეც მალე ამოვალ,- უთხრა სანდრომ და შიო ტერასისკენ გაუშვა.
ტერასაზე ასულს მხიარულად შეეგებნენ. შიო ყველგან სასურველი სტუმარი იყო, არავინ იწყენდა მასთან.
-ჰოდა, გაგა ბატონო, ამ დღეებში მე და შენ ჩვენი მოტოებით რამე კაი გასვლა მოვცხოთ.
-სად მეპატიჟები?
-ენდუროზე.
-ეგ რაღაა?- საუბარში ჩაერთო ლაშა.
-ტალახი, მორები, ქვა-ღორღი, კლდეები და ეგეთები. პროფესიონალების შეჯიბრია, -აღნიშნა გაგამ.
-მერე? მაგ დონეზე ქაჩავ?
-ჰოდა, რო ვერ ვქაჩავ, იმიტო მეკაიფება. ხო უნდა მიკბინოს?
შიო დინჯი სახით იყურებოდა. ასე იცოდა, როცა ხუმრობდა. საერთოდ იშვიათად იცინოდა. ვერ დაადგენდი, როდის იყო სერიოზული.
-ცოტაც და გავქაჩავ. ისე, შენ ვის ეუბნები? მოყვარულების დონეს ვერ გასცდი.
-მიტომ ვეკაიფები ჩემ თავსაც. ბოლო-ბოლო სახალხო არტისტი ვარ, დიდი რამე, პროფესიონალი ბაიკერი ვერ გავხდე. შენ ყველანაირი მონაცემი გაქვს.
-მაიცა, რა. ეგ არ უხსენო დედაჩემს, თორემ მე რომ მოტოზე ვზივარ, ისედაც ლოცვის წიგნს ხელიდან ვერავინ აგდებინებს.
-არადა, წარმომიდგენია, რა იქსტრიმია, - თავისი აზრი დააფიქსირა თეომ.
ამასობაში სანდროც გამოჩნდა მწვადიანი შამფურებით:
-ოჰოჰოჰ, მოვიდა, მოვიდაა! -შამფურები მაგიდაზე დააწყო და სუფრასთან დაჯდა.
-მანავის მწვანე ჩევისხათ?- შიომ ღვინის ბოთლებისკენ გააპარა თვალი და სუფრისკენ წავიდა.
-აბა, რა უნდა ვქნათ? ჰე, მოდით, რაღას უდგახართ? - გახედა დანარჩენებს.

***
ოთხის ნახევარი იყო, როდესაც გიორგიმ და ნაიამ სამუშაო დღე დაასრულეს და ილია ყიფიანის სამსახურისკენ აიღეს გეზი. დილანდელთან შედარებით, ნაია სრულიად განსხვავებული იყო - ამაყი და თავდაჯერებული.
პოლიციის შენობაში აუღელვებლად შევიდა და ყოფილი მეუღლის კაბინეტის კარი გაბედულად შეაღო:
-შეიძლება?
მოულოდნელი შეხვედრისგან დაბნეული ილია ყიფიანი კარგად დააკვირდა ახლადმისულს, იქნებ თვალი მატყუებსო.
-გაგიკვირდა, არა? ვიცი, ჩემ გარდა აქ ყველას ელოდებოდი. გამოგიტყდები და ვერც მე წარმოვიდგენდი, რომ სახლიდან გაქცევის შემდეგ საკუთარი ფეხით მოვიდოდი შენთან, მაგრამ რას ვიზამთ? ზოგჯერ ასე ხდება, ზოგჯერ - ისე.
ყიფიანმა ხელთ არსებული ფაილი საქაღალდეში ჩადო და ცოლს უთხრა, აშკარად განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ტყუილად აქ არ მოხვიდოდიო. ნაიამ ჩანთიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და ვიდრე ჩანაწერს გაუგზავნიდა, წინასწარ შეამზადა:
-დიდხანს არ მოგაცდენ, მეილზე რამდენიმე წუთიან ვიდეოს გამოგიგზავნი. როცა მიიღებ, უყურე, მერე რაღაცაზე შევთანხმდეთ და დავიშალოთ.
ყიფიანმა სიტუაციას შეატყო, საქმე არც ისე მარტივად იყო, როგორც თავიდან ეგონა:
-პირობები უნდა წამიყენო?
-ჯერ ჩანაწერი ნახე.
ილიამ მეილი გახსნა და მიღებული ვიდეო ჩანაწერი ჩართო. ბარი ეცნო და შუბლი შეჭმუხნა. ბოლომდე უყურა და ნაიას დაღვრემილმა გახედა:
-ეს რა არის? ვისი გადაღებულია?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-რადგან კითხვას ვსვამ, ესე იგი აქვს.
-არის ერთი, რომელმაც გადაიღო.
-ნარკოტიკების შესახებ საიდან გაიგე?
-ოო, ეგ ჩემი პირადი საქმეა. ისე, კარგ რჩევას მოგცემ, უკეთესად უნდა დამალო ხოლმე და შეფუთულ პაკეტებს ბარის სახელები და მისამართები აღარ დააწერო.
ყიფიანი ადგილიდან წამოიჭრა:
-ეს ვიდეო რომ არ გაბაზრდეს, ითხოვ, თავი დაგანებო, - თავადვე გამოიცნო ნაიას სათქმელი.
-ყოჩაღ! მიხვედრილი ბიჭი ხარ.
-ხვდები, თუ გაიგეს, ვინ გადაიღო, შენც დიდ შარში გაეხვევი და ისიც?
ნაიამ თავი დაუქნია და ცინიკური ღიმილით მიუგო:
-თავს და სახელს ისე უფრთხილდები, არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს.
გაცეცხლებული ყიფიანი ქალს ეცა და ხელი ყელში წაუჭირა:
-ვინ იცის კიდევ?
-ხელი გამიშვი, თორემ...
-თორემ რა?!- იღრიალა.
-ამდენი დრო არ მაქვს. კონკრეტულ დროს თუ ამ შენობიდან არ გავალ, ეგ ვიდეო მთელ სოციალურ ქსელს და Youtube-ს მოედება.
-ვინ არის ის მესამე?
-სიმშვიდე შეინარჩუნე. ჯერ-ჯერობით არაფერს იზამს.
-ვინ არის-მეთქი?
-ხომ ხედავ? ინფორმაციის გაცემას არ ვაპირებ. ხელი გამიშვი და შენგან რასაც ვითხოვ, ის შეასრულე. დანარჩენზე მე ვარ პასუხისმგებელი, რომ არსად არაფერი გაჟონავს.
ყიფიანმა ხელი გაუშვა და კოსტიუმის მკლავი შეისწორა. პაუზის შემდეგ ისევ განაგრძო:
-რას ითხოვ?
-ხელი უნდა გავაწეროთ. ოფიციალურად ვითხოვ განშორებას!
-და საიდან უნდა გენდო, რომ ამ დედამოტ’ნულ ვიდეოს ან შენ ან ის სხვა წარამარა თვალწინ არ ამიფრიალებთ?
-სხვას თავი დაანებე და რაზეც ვარ მოსული, იმაზე მელაპარაკე. თუ შემპირდები, რომ ჩემთან ყველანაირ კავშირს გაწყვეტ, სიტყვას გაძლევ, ვიდეო არსად არ გავრცელდება და ვინც იცის, ისიც დაივიწყებს.
-ვაბშე სხვა პიროვნება მეგონე. ზედმეტად გენდობოდი. ქალი კი არა, დიდი ახვარი ვინმე ყოფილხარ.
-მადლობა შექებისთვის, მაგრამ აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ შენგან კომპლიმენტები მოვისმინო.
-შეიტანე საბუთები და დაახვიე ჩემი ცხოვრებიდან.
-აი, ასეთი ლაპარაკი უკვე მომწონს.
-დედას შევე’ცი! - სახე წამოუწითლდა სიბრაზისგან, - ვაბშე, რა ჯანდაბად გადაგეყარე?!
-აბა, შენ ეგ თქვი!
-ეს ამბავი რომ გაბაზრდეს... -კბილებში გამოსცრა და თვალები დაუჭყიტა.
-არა-მეთქი! დებილი ხო არ გგონივარ? -ხმას აუწია ნაიამ და მუქარა არ დაასრულებინა, მერე მობილური ჩანთაში ჩააბრუნა და წასვლამდე მიაძახა, ამ დღეებში დაგიკავშირდები და დანარჩენი მერე ვილაპარაკოთო.
ოთახში მარტოდ დარჩენილი და საგონებელში ჩავარდნილი ყიფიანი ადგილს ვერ პოულობდა. ნაიას ვიდეო ჩანაწერის არსებობამ სერიოზულად შეაშინა. ინსტიქტურად გაშალა სცენარი წარმოდგენებში, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ვიდეოს გავრცელების შემთხვევაში. რამდენად გადაურჩებოდა ნარკობიზნესში ჩართულ ფიგურებს. როგორ დაუმტკიცებდნენ ან ვერ დაუმტკიცებდნენ დანაშაულს, რა შანსები არსებობობდა საქმიდან თავის დასაძვრენად და კიდევ მრავალი ასეთი.
სამაგიეროდ, ნაია იყო კმაყოფილი. სიმართლით თუ ტყუილით შესანიშნავად გაართვა თავი საკუთარი თავისთვის მიცემულ დავალებას და სამშვიდობოს გაღწეულმა სიხარულით აუწყა გიორგის კიდევ ერთი წარმატებით დამთავრებული მისიის შესახებ, რომელიც იმ საღამოსვე ჯონათანთან ერთად რესტორანში ვახშმით დააგვირგვინეს.

***
გვიანი იყო, როდესაც წყნეთში შეკრებილი სტუმრები დაიშალნენ. მხოლოდ შიო შემორჩა სანდროსთან და მის მეუღლესთან. საუბარს შეჰყვნენ და ზოგადი თემებიდან პირად ცხოვრებასაც შეეხნენ.
-როცა პენსიისთვის გადადებული კანდიდატი ვიქნები, გავყიდი ყველაფერს, რაც მაბადია, RV-ის ვიყიდი და მოხეტიალედ გადავიქცევი.
-მართლა ამბობ მაგას, თუ ხუმრობ? - შიოს მორიგი ოხუნჯობა ეგონა მარიკოს.
-მართლა.
-კაი, რა. ეგრე როგორ უნდა იცხოვრო, ტო?- სანდრო დიდად ვერ მოხიბლა მისმა იდეამ.
-როგორ ეგრე?
-პირადი ცხოვრება არ გინდა?
-რას ეძახი პირადს? მე ბუნებით მოგზაური ვარ, სანდრიკ. ეგ ხომ იცი?
-ბიჭო, მოგზაურობა მოგზაურობაა, მაგრამ ასე ყველასგან უარი თქვა და ერთ დღეს აქედან აუდო, რა პონტია?
-ახალ ადამიანებს გავიცნობ, ხიფათებში გავეხვევი, მოგონებებს დავაგროვებ. ძაანაც მშვენიერი ცხოვრება მექნება.
-ან შვილი არ გინდა, ან ძირი? ტყე-ღრეებში და უცხო ქალაქებში რა უნდა აკეთო?
-ხომ გითხარი, რაც უნდა ვაკეთო?
-ისეთი მასტი ხარ, ეგეთ რამეებს ისედაც არასოდეს ისაკლისებ, რა საჭიროა სამუდამო გადაკარგვა?
-საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად.
-რავი, რა გითხრა?
-ძალიან საინტერესოა. იმდენადაც კი, რომ ერთი ორი თვე მეც კი ვიცხოვრებდი ეგრე, მაგრამ ოჯახი, სამსახური, შვილები, ვალდებულებები...- აღნიშნა მარიკომ.
-მე ეგ ვალდებულებები არ მექნება. თავისუფალი მოგზაური ვიქნები.
-ბიჭო, სანამ პენსიაზე გახვალ, ვინმე ქალი რომ შეგიყვარდეს?
შიო ჩაფიქრდა და სახეზე მოწყენილობა შეეტყო:
-რაც თავი მახსოვს, მხოლოდ ერთი მიყვარს. ასე, პლატონურად და უცნაურად და ეგ გაუმხელელი სიყვარული ყველაზე მეტად მერომანტიკულება მე.
-რა წაიბოდიალე ახლა?
-არ ვეუბნები. არ მინდა დავკარგო. ასე უფრო ახლოს ვარ მასთან.
-შემომხედე ერთი.
შიომ სანდროს შეხედა.
-კარგად შემომხედე და ამიხსენი, რას მიედ-მოედები?
-რატომ არ უტყდები?- ცნობისმოყვარეობამ მოიცვა მარიკოც.
-პრობლემა ის არის, რომ მეგობრად მთვლის და არ მინდა, ჩემმა გრძნობებმა მასთან ურთიერთობა ჩაშალოს.
-დაელაპარაკე. იქნებ მიგიღოს? ბევრი წყვილი ვიცი, რომლებმაც ურთიერთობა მეგობრობით დაიწყეს და მერე სიყვარულში გადაეზარდათ.
-სიყვარულითაც დაუწყიათ და ბოლოს მეგობრობით დაუმთავრებიათ.
-კაი რაა! სულ რატომ კაიფობ?
-ეს სულ სხვა შემთხვევაა, მარო, ამიტომ...
-მე შენს ადგილას ვეტყოდი, ძმაო,- თქვა სანდრომ.
-გამოუტყდი, ცოდო ხარ, რა თავს იტანჯავ?- მის დარწმუნებას აგრძელებდა მარიკო.
-ასე მარტივია ჩემი ატანა? ვინმეს რომ ვუყვარდები, მაშინვე ყველა ურთიერთობას ვასრულებ. არ მინდა, რომელიმეს გული ვატკინო.
-უთხარი! იქნებ ისეთს გიღებს, როგორიც ხარ?
-ვნახოთ,- შიო ფეხზე წამოდგა და სიგარეტის კოლოფს დაუწყო ძებნა, -წავედი, უკვე დროა.
-მოიცა, ჩვენთან დარჩი, რა დროს წასვლაა?
-გავუყვები ნელ-ნელა ჩემს გზას.
-იფიქრე შენ, რაც გითხარით,- გასაცილებლად წამოდგა სანდრო.
-ვიცნობთ მაინც? - არ ეშვებოდა მარიკო.
-არა, -მოკლედ უპასუხა ცოლ-ქმარს, დაემშვიდობა და მოკიდებული სიგარეტის ღერით ხელში დაეშვა სახლის წინ ჩამავალ დაღმართზე.

***
სახლში მისულ ნაიას არავინ შეეგება. ცარიელი ოთახები უხალისოდ შემოიარა და მშობლების ოთახში შეყოვნდა. თვალში თეთრად შეღებილ ხის ჩარჩოში ჩასმული დედ-მამის ქორწილის სურათი მოხვდა და ხელში აიღო. დიდხანს უყურა, თითქოს მაშინდელი დროის წაკითხვას ლამობდა. ბებიას არაერთხელ ჰქონდა მოყოლილი მათი უცაბედი შეუღლების ამბავი. ერთმანეთი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. ნინოს გარეგნობით და ლაღი ბუნებით მაშინვე მოუხიბლავს ქალაქის ერთ-ერთი უსიმპათიურესი და სასურველი სასიძო. ერთ დღესაც, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დავითს მანქანაში ჩაუსვამს, წყალტუბოში ნათესავის სახლში მიუყვანია და თავის ცოლად გაუცნია. ატყდა ნინოს ოჯახში აურზაური, როგორ თუ ოფიციალურად არ გვთხოვა ჩვენი ერთადერთი გოგოს ხელიო. მერე დავითის მშობლები მისულან, დაუმშვიდებიათ, ახალგაზრდები არიან, შეუყვარდათ ერთმანეთი, ვაპატიოთ და ბედნიერება ვუსურვოთო. ნინოს მშობლებსაც რა ექნათ? შეეგუენ შვილის მოულოდნელი გათხოვების ამბავს და სიძე მიიღეს. მალე მოეწყო ხუთასკაციანი ქორწილიც. როგორც ხალხმრავალ ქორწილებს სჩვეოდა, გამონაკლისი არც მათი ქორწილი ყოფილა. სტუმრებიდან ერთმა შარისმაძიებელმა დანარჩენებიც აიყოლია და ისეთი ჩხუბი ატეხილა, ძლივს გაუშველებიათ ერთმანეთი. ასეთი აყალმაყალით დასრულდა მათი ქორწინება და მეორე დღიდან საერთო ცხოვრების ფერხულში ჩაებნენ. დავითის მძიმე ხასიათმა წლებთან ერთად ნინოს სილაღე გამოაცალა და ნერვებიც გვარიანად გაუფუჭა. მერე ნიკას ტრაგედიაც დაერთო და მაშინ დაიწყო ნინოს ნერვების ხარჯზე აწყობილი თითით საჩვენებელი ოჯახის დაღმასვლა და მიწიერი ჯოჯოხეთი. ვერავინ მოახერხა დაწყებული პროცესის შეჩერება.
ნაიამ სურათი თავის ადგილს დაუბრუნა და კედელზე დაკიდებულ ძმის სურათს სევდიანი თვალებით ახედა. იქვე, თაროზე ეწყო სათამაშო მატარებლის კონსტრუქცია, რომელიც მამამისმა თურქეთიდან ჩამოუტანა. სათამაშოსკენ ხელი წაიღო და შეჩერდა, ნაცნობმა ხმამ წარსულში დააბრუნა:
-ხელი გაუშვი, გოგო. რას აკეთებ?
-აბა, მე არ მინდა თამაში? სულ შენ რომ თამაშობ. დედააა, უთხარი ნიკას, მეც მათხოვოს. რა წესია? სულ ეს თამაშობს და ხელს არ მაკარებინეეებს.
-ცუდი ხელი გაქვს და მიფუჭებ. მერე უნდა ვაკეთო. შენც ხომ ჩამოგიტანა მამამ თოჯინა და პინგვინების კარუსელი? წადი და იმით ითამაშე.
-პინგვინებს ვეღარ ვპოულობ.
-ეგ იმიტომ, რომ ხან სად აგდებ და ხან სად. ჩემი ბრალია?
-დედააა, ნიკა არ მათამაშებს.
-ათამაშე, ნიკა. პატარაა და ნუ ატირებ, შვილო. ისედაც გული მაქვს გაწვრილებული, ნუღარ აწიკვინებ.
-აგე, დედამ რა თქვა, ათამაშეო.
-ჰო, მოდი, კაი. ოღონდ, არ დამიშალო კონსტრუქცია, თორემ ხელს აღარ დაგადებინებ არასოდეს.
ნაიამ ნიკას მატარებელს თითები გადაატარა და მოგონებებისგან თავის დასაღწევად ოთახი დატოვა. ისევ აწმყოს დაუბრუნდა. მწვანე ბარში ჩაწერილ ვიდეოს უყურა და საკუთარი ქმედებით გათამამებულმა, მძინარე მეზობლები არაფრად ჩააგდო, გრეისის „You don’t own me” ბოლო ხმაზე ააჟღერა და ტახტზე გაიშხლართა.
-მთელ სადარბაზოს ესმის, ყურსასმენები მაინც გაიკეთე, რა უბედურებაა?! შეუგნებელივით იქცევი! - შეწუხებული სახით გამორთო სახლში ახლადშესულმა ნინომ მუსიკა.
ნაია ბურანიდან გამოერკვა, დაღლილი სხეული წამოსწია და მამამისი მოიკითხა. ნინომ უთხრა, ნონას ქმარს გაჰყვა კახეთში ღვინოს საყიდლად და დააგვიანდებაო. მერე ქოთქოთით შევიდა ხელის დასაბანად სააბაზანოში, აღარ დაილია მკვდარი და ქელეხი, რა უბედურებააო. ნაიამ ხელი მოკიდა მობილურ ტელეფონს და დასაძინებლად წავიდა. დაღლილობამ თავისი ქნა, ბალიშზე თავის დადებისთანავე ძილმა გონება წაართვა.
დაესიზმრა ილია ყიფიანის მანქანაში იჯდა და სადღაც მიდიოდნენ. ირგვლივ ბინდი იყო, სიცოცხლის ნიშანწყალი არაფერს აჩნდა. ნაია უკაცრიელ ადგილს გასცქეროდა და გამუდმებით კითხულობდა სად იყვნენ, მაგრამ ილია უპასუხოდ აგრძელებდა გზას. როდესაც მაღალ მთას მიუახლოვდნენ, მაშინ იკადრა ხმის ამოღება. სადაც მივდივართ, იმ სოფლის და მისი მაცხოვრებლების შესახებ არავინ იცისო. ნაიას უცნაურად მოეჩვენა პასუხი. აიჩემა, მანქანა უკან მიებრუნებინა და ქალაქში წაეყვანა. გველოდებიან, უხერხულიაო,-ილია არ უსმენდა. მთას გასცდნენ თუ არა, ბუნებამ ფერი იცვალა და მაღალი, ფართოფოთლიანი ხეების რიგები გამოჩნდა. სოფლის შესასვლელში დამაგრებული ძველი, გაცრეცილი ტრაფარეტი ჟანგს ისე შეეჭამა, სახელსაც ვერ ამოიკითხავდი. უასფალტო გზებზე სიარულით ჰაერში მტვრის ბუღი ტრიალებდა და პაპანაქება სიცხეში არეული მტვრის ნაწილაკები სუნთქვას აძნელებდა.
-სად მიგყავარ? -ნაია ხისგან აშენებულ პატარა სახლებს აკვირდებოდა. ყველა სახლი ერთი ფორმის და ფერის იყო. რამდენიმე მაცხოვრებელსაც მოჰკრა თვალი, ახლადგამოჩენილებს ცნობისმოყვარე მზერას ავლებდნენ.
-აქაური მაცხოვრებლები არავის ახსოვს, ყველამ მიივიწყა. სამაგიეროდ თავად ახსოვთ ერთმანეთი. ისე კი, ყველა ქალაქიდან არის.
-უცნაურია.
-უცნაური არაფერია. ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობენ.
-რატომ მიივიწყეს აქაურები ან თავად რატომ არ ახსენებენ თავს ქალაქელებს?
-რა გითხრა? ასე მოხდა.
-აქ ვინ გველოდება?
-ყველა, - მანქანა ერთ სახლთან გააჩერა და შევიდეთო, უთხრა.
გაპარტახებული ეზო გაიარეს და კარზე დააკაკუნეს. შემოდითო, ქალის ხმა მოესმათ. შინ შევიდნენ და ღარიბულად მოწყობილ ოთახს თვალი მოავლეს. კედელზე ანკესები და ბადეები ეკიდა. ადვილი მისახვედრი იყო, რომ სახლში მებადური ცხოვრობდა. სარწეველა სკამზე მოხუცი ქალი იჯდა, ხელში მრგვალი, საქარგავი დაფა ეჭირა და ფერადი ძაფებით ყვავილებს ქარგავდა. გელოდებოდით, ერთხანს ისიც ვიფიქრე, აღარ მოხვიდოდითო. ქარგვას თავი მიანება და წამოდგა. დიდი გზა გქონდათ, დაიღლებოდით, დასხედით, საჭმელს მოგიტანთო.
-მებადური სად არის? -იკითხა ილიამ.
-სად იქნება? ზღვაშია გასული. ისეთი გვალვებია, თუ შტორმი არ ამოვარდა, წესით საღამოს უნდა დაბრუნდეს. შტორმიან ამინდებში სანაპიროს მახლობლად აგებულ ფარდულში რჩება და სანამ არ გამოიდარებს, იქ აფარებს თავს.
-იცნობ? - ნაია ილიას მიუბრუნდა და იჭვნეულად ჰკითხა.
-არა, საიდან უნდა ვიცნობდე? აქ შენსავით პირველად ვარ.
მოხუცმა პური და ბოსტნეულისგან მოხარშული სუპი მიუტანა სტუმრებს. გვერდით დაუჯდა და მათ შესახებ ჰკითხა, მოყევით ვინ ხართ, ან რა გადაგხდენიათო.
-ქალაქიდან ჩამოსული ცოლ-ქმარი ვართ. ისევე როგორც დანარჩენი აქ მყოფნი, გაუსაძლის ყოფას გამოვექეცით და აქ დასახლება გადავწყვიტეთ, -უპასუხა ილიამ.
-ჩემთვის არაფერი უკითხავს, ეს მისი გადაწყვეტილება იყო, - შუბლი შეკრა ნაიამ, ქმრის ტყუილი არ ესიამოვნა.
-აქაურობა არ მოგწონს, არა?-ადვილად მიუხვდა ნაიას მოხუცი. არაუშავს, შეეჩვევი. აქ ყოფნა სჯობს. ამას მალე მიხვდები. ქალაქიდან ჩამოსულები უკან აღარასოდეს ბრუნდებიან...
-მე უნდა დავბრუნდე, აქ ვერ დავრჩები.
-ძალიან რთული იქნება, -მკრთალად გაუღიმა ხანდაზმულმა.
-რატომ?
-მებადური ნახეთ, ყველაფერს აგიხსნით.
-ახლავე უნდა ვნახო! საით წავიდე?
-სად გეჩქარება? დაველოდოთ, თვითონ მოვა, - ამშვიდებდა ქმარი.
-აქ ერთი წუთით ვერ დავრჩები. ყველაფერი შენი ბრალია! არ უნდა დამეჯერებინა.
-სახლიდან რომ გახვალ, მარცხენა მხარეს გაუყევი, დიდი ხანი არ დაგჭირდება სანაპირომდე. დოკს დაინახავ. იქ გაჩერდი, შეიძლება მალე გამოჩნდეს.
ნაიამ კარი გააღო და ეზო სწრაფი ნაბიჯებით გადაკვეთა. ილია უკან დაედევნა, ცოლისთვის სანაპიროზე წასვლა უნდა გადაეფიქრებინა. ცა იღრუბლებოდა, ნაცრისფერი ღებავდა. ნაია უკან არ იყურებოდა. არც ქმრის ეყურებოდა, რომელიც ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებდა და სანაპირომდე მანქანით წასვლას სთავაზობდა.
ნაია მირბოდა, არ ჩერდებოდა. სოფლის მაცხოვრებლები ფანჯრებიდან უყურებდნენ და ეღიმებოდათ...
მალე ნაიას სუნთქვა შეეკრა და გაჩერდა. უკან მიიხედა, სიცარიელე იყო. ნაბიჭ’ვარი! ჰგონია, რომ გზას ვერ გავიგნებ და მასთან დავბრუნდები, - გამწარებული ამოთქვამდა. დაბლა დაიხედა და ქვიშა დაინახა. ყველგან თევზის ფხები და ადამიანების ჩონჩხები ეყარა. ელდა ეცა და შიშისგან იკივლა.
-ამ წყეულ ადგილას რას ვაკეთებ? - ხმამაღლა ფიქრობდა და მშველელს ეძებდა.
-ნაი, აქეთ! - შორიდან ნაცნობი ხმა მოესმა.
ნაია ვერავის ხედავდა, ვერ გაერკვია ვისი ხმა იყო, ან საიდან მოდიოდა.
-ნაი, აქეთ წამოდი! - ნაცნობი ხმა თანდათან მკაფიოდ და ახლო მანძილიდან ჩაესმოდა, მაგრამ ადამიანის ჭაჭანება არსად ჩანდა.
ცოტა ხანში ახალგაზრდა მამაკაცი შენიშნა, მისკენ სწრაფად მიიწევდა. ნაიამ მხედველობა დაძაბა და შიო ამოიცნო.
-შიო? აქ საიდან გაჩნდი?
-წამოდი!- ხელი მოკიდა და სადღაც გაიტაცა.
-სად მივდივართ?
-სადაც გზა წაგვიყვანს...
ნაიას გულაჩქარებულს გაეღვიძა. სიზმარი ყოფილაო, გააცნობიერა და შეგრძნებების დასაცხრობად ტუმბოზე მდგარი წყ’ლით სავსე ჭიქა მთლიანად გამოცალა. სიზმრიდან გამოყოლილი შიოს სიტყვები „სადაც გზა წაგვიყვანს“ ჯერ კიდევ ყურში ჩაესმოდა...

***
-ვიღაცას ჩემთან ერთად სამზარეულოში ტრიალი მოენატრა? – დილაუთენია დაადგა თავზე ნაიას მამამისი, ადექი, ყველაფერი მოვიტანე გემრიელი საუზმის მოსამზადებლადო.
ნაიამ თვალები ძლივს გაახილა და ჩაიბურტყუნა:
-შენთან ერთად სამზარეულოში ტრიალი და არა, კარგად ჩაძინებული როცა ვარ, მაშინ გაღვიძება.
დავითმა პასუხად ვერაფერი მოიფიქრა და ნამუსზე ასაგდებად თავისას აგრძელებდა, ათი წუთი მომიცია. გამოხვალ, მომეხმარები, ჰო, კარგი, არ გამოხვალ? მაშინ მარტო ვიწყებო. ნაია სიამოვნებით გააგრძელებდა ძილს, სიტყვა რომ არ ჰქონოდა მიცემული. ძლივს აიზლაზნა და ჯერ კიდევ თმააბურდული შევიდა სამზარეულოში.
-რას ვაკეთებთ?
-პომიდვრის ჩაშუშული კვერცხით და რეჰანით და ნივრიან ცომში გამომცხვარი წვრილად დაჭრილი სოსისები.
-ოჰო,- რაღაც მაგრობად ჟღერს.
-როდის იყო, მე ცუდ რამეებს ვაკეთებდი?
-დაიწყე და მეც შემოგიერთდები,- უთხრა ნაიამ და მოსაწესრიგებლად სააბაზანოში შევიდა.
ცოტა ხანში სამზარეულოდან იმისთანა სურნელი დატრიალდა, მაძღარ ადამიანსაც ნერწყი მოადგებოდა.
-რას აკეთებთ? -ცნობისმოყვარეობამ სძლია ნინოს და ერთმანეთში მხიარულად მოუბარ მამა-შვილს ნამძინარევი თვალებით დაადგა თავს.
-ოჰ, დედოფალს ვახლავართ. ცოტაც გვაცალე, ქალბატონო ნინო და ტახტრევანით შემოგაბრძანებთ. ისე როგორ გაკადრებთ საუზმეზე დაპატიჟებას?
დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ნინოს კარგ განწყობაზე მყოფი დავითი არ ენახა.
-ცოტაღა მიკლია დედოფლობამდე. შენ ვინ გამოდიხარ, მეფე?
-აბა, რა, დედა,- აღნიშნა ნაიამ.
-და შენ პრინცესა, ხო? სამეფოში მიცხოვრია და ვერ ვხვდებოდი, - გაეცინა ნინოს.
-ჩემო ნინიკო, ნეტა იცოდე, როგორ გიხდება ეგ სიცილი, უფრო ხშირად გაიღიმებდი.
-იყო ეგ დრო, როცა ვიღიმოდი, მაგრამ გაჰყვა ძველ დღეებს ჩემი ღიმილები.
-არ გვინდა ეს სევდიანი ლაპარაკი. ნუ მოგვიწამლავ მე და ჩემ გოგოს ამ ლამაზ დილას. არა, მა? - შვილს მხარზე ხელი გადაჰხვია და შესცინა.
ნაიამ დედამისის გასაღიმებლად ძველი ამბავი გაიხსენა:
-გახსოვს, დე, მე და მამამ ბლინებისთვის ახლად მოხარშული სგუშონი რომ გავხსენით და მთელი სამზარეულო გავწუწეთ?
-მაგას რა დამავიწყებს? ჭერშიც კი სგუშონი იყო შესხმული.
-რა იყო კაცო ის? შადრევანივით ამოჩქეფა, - დანანებით აქნევდა თავს დავითი.
-ჰოდა, კი მიიღეთ შადრევანივით ამოჩქეფილი ჩემი სიბრაზეც.
-მე და მამამ სამზარეულოში წავიდიზაინერეთ, -აკისკისდა ნაია.
-კიდევ კარგად გადამირჩით მაშინ.
ნაიას მშობლებთან საუბარი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა, ნუცა ურეკავდა. ტელევიზიამ დიზაინერების საკონკურსო გადაცემაში მიიწვია და ახალი ამბავი ახარა, თან შეახსენა, ორ დღეში შიოს სპექტაკლის პრემიერაა და არ დაგავიწყდესო.

***
ნუცა თეატრის შენობის ფოიეში იდგა და თვალებს აცეცებდა. სადაც იყო, პრემიერა იწყებოდა, შიო კი არსად ჩანდა და ვერც ტელეფონით უკავშირდებოდა. სახლიდან წასვლა და გადამალვა შიოს ცხოვრების ჩვეულებრივი წესი იყო. ნუცამ იცოდა და არაფერს ეუბნებოდა, მიმოწერის სახით ყოველთვის ახერხებდა მასთან ურთიერთობას და ასე თუ ისე, მშვიდად იყო ხოლმე, მაგრამ ამჯერად, შიოს უცნაური გაუჩინარების ორმა დღემ იმდენად ააფორიაქა, ისიც იფიქრა, ცოცხალი აღარ არისო.
-გამოჩნდა? - ნუცაზე არანაკლებ შეშფოთებულმა ნაიამ თეატრის შენობაში შეაჭრა და პასუხის მოლოდინეს წამები წუთებად გადაექცა.
-არა. გეფიცები, ჭკუიდან შევიშლები, -თავი ვეღარ შეიკავა და ორი დღის დარდად დაგროვილი ცრემლი წამოუვიდა.
ნაიამ გულზე მიიკრა:
-არ გაბედო და იფიქრო, რომ ცუდი რამე შეემთხვა. შეიძლება ხიფათშია, მაგრამ ცოცხალია და აუცილებლად გამოჩნდება, გესმის?
-ცოცხალი და კარგად მყოფი რომ დავინახო, ჩემი ხელით გავგლიჯავ! ასეთი უპასუხისმგებლობა?!
-უამრავი მიზეზი არსებობს, რომელიც შეიძლება ამართლებდეს. დაველოდოთ, აუცილებლად გამოჩნდება.
-დილიდან რეკავს შიოს მეგობარი, არ ჩანსო. გაგიჟებულია. ერთი საათია მაგასაც ვეღარ ვუკავშირდები, ეტყობა დაკავებულია.
-მოდი, დარბაზში დავსხდეთ. ვიცით, რომ შიოს ძალიან უყვარს თავის პროფესია. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე წარმოგვიდგენია. რაც არ უნდა შემთხვეოდა, თუ ეს მისი შესაძლებლობების ფარგლებს არ სცდება, აუცილებლად მოვა.
ნუცა ნაიას დარბაზში შეჰყვა და მათთვის განკუთვნილ სკამებზე დაიკავეს ადგილი. მაყურებელი ნელ-ნელა ემატებოდა. იყო რიგებს შორის გაუთავებელი სიარული და წრიალი. ნუცა მალიმალ დახედავდა საათს, სპექტაკლის დაწყების დროს ელოდებოდა.
-ხედავ, ნაი? არაფერიც არ იწყება,- როგორც კი ექვსი საათი მოახლოვდა, გაღიზიანებულ ნუცას ხმა აუკანკალდა.
-ასე რომ იყოს, წინასწარ გამოაცხადებდნენ და ხალხსაც აღარ შემოუშვებდნენ.
ნუცა მაინც არ იშლიდა თავისას:
-მაშინ რატომ არ იწყება?
-თავი ხელში აიყვანე და დაელოდე მოვლენების განვითარებას. მგონია, რომ სიტუაციას ამწვავებ. შიო აქ არის, დამიჯერე. ასე რომ არ იყოს, კიდევ დარეკავდა მეგობარი.
-სჯობს სცენაზე არ გამოეთრეს, დავახრჩობ,- ისევ დახედა საათს.
-ერთი სული გვაქვს ცოცხალი ვნახოთ. დაახრჩობს თურმე.
დარბაზში კაშკაშა სინათლემ თანდათან იკლო. სიბნელეში ფარდა აიწია. ფლეიტის ხმისა და ოდნავ მბჟუტავი შუქის ფონზე ლომენების სახლი გამოჩნდა. ნუცა კიდევ უფრო მეტად დაიძაბა და ნაიას ჩასჭიდა ხელი.
-გამოჩნდი, შიო. აუცილებლად უნდა დაგინახოთ,- გულში ამბობდა ნაია და წარმოდგენაც არ უნდოდა, მის ადგილას შემცვლელი დაენახა.
მარჯვნიდან სამოც წელს გადაცილებული, უბრალოდ შემოსილი კომივოიაჟორი, ვილი ლომენი შემოვიდა, გასაყიდი ნივთებით სავსე ორი ჩემოდანი შემოიტანა და გასავათებულმა დადგა. თავისთვის რაღაც ჩაილაპარაკა და ხელები მოისრისა. ისევ დაავლო ხელი ორივე ჩემოდანს და სასტუმრო ოთახში შეიტანა. საძინებელი ოთახიდან მისი ცოლი, ლინდა გამოვიდა და შეშფოთებულმა ჰკითხა, ხომ არაფერი შეგემთხვაო? არაფერი მომხდარა, შინ დავბრუნდი, - უპასუხა ვილიმ. მანქანა ხომ არ დააჯახე რამეს? ვილი ერთბაშად გაბრაზდა და ხმა აიმაღლა, არაფერი მომხდარა, ვერ გაიგეო? ხომ კარგად ხარ? -არ ასვენებდა ცოლი. საშინლად დავიღალე, ვერ შევძელი, ლინდა, გესმის? ვერ შევძელი! -უთხრა და საწოლზე ჩამოჯდა. ფლეიტის ხმა სადღაც დაიკარგა. ლინდა ისევ განაგრძობდა და ქმარს მთელი დღის ამბებს ეკითხებოდა. ისიც უყვებოდა როგორ მივიდა თითქმის იონკერსამდე, ყავის დასალევად შეჩერდა და მერე გვერდი-გვერდ რომ იარა გზაზე მანქანით. ცოლმა ხან საჭის გაუმართაობას, ხან სათვალეს დააბრალა ეს ამბავი. ვილი ეუბნებოდა, უკვე აღარ შემიძლია, ყურადღება მაქვს გაფანტულიო. ლინდამ ასპირინი შესთავაზა. გესმის, ლინდა, მიმყავს მანქანა და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მიდამოსაც კი ვათვალიერებ. წარმოგიდგენია? მთელი ჩემი ცხოვრება გზაში გავატარე და მიდამოს ვათვალიერებ. იქ ძალზე კარგია, ლინდა. ირგვლივ დაბურული ტყეა და მზე აცხუნებს. სარკმელი ჩამოვწიე და სახე თბილ ნიავს მივუშვირე და უცებ, როგორ მოხდა, არ ვიცი, გზიდან გადავედი. გეუბნები, სულ დამავიწყდა, რომ მანქანა მიმყავდა. კიდევ კარგი, თეთრ ხაზს არ გადავცდი, თორემ ვინმეს გავიტანდი. გზა განვაგრძე და ისე წავედი ფიქრებში, რომ კინაღამ... -თვალებზე თითები მიიფარა, -რა არეული თავი მაქვს, უცნაური ფიქრები მომდისო...
ნუცას ერთი სიტყვაც არ ესმოდა სპექტაკლიდან. უფრო მეტად იძაბებოდა და ნერვიულობისგან ხელის გულები უოფლიანდებოდა:
-ნაი, ხომ არ იცი, ჰეფი როდის გამოჩნდება?
-ჯერ კიდევ ილაპარაკებენ. ვილის ნიუ იორკის ოფისში უნდა გადმოსვლა, მერე ბიჭების თემაზე გადავლენ და ბიფი და ჰეფიც გამოჩნდებიან.
დრო უსაშველოდ იწელებოდა ნუცასთვის. ცოლ-ქმარი კი აღარ ამთავრებდა საუბარს. ვილი ოცდათოთხმეტი წლის ბიფის ხელმოცარულობაზე წყრებოდა, უქნარა და მაწანწალააო, მერე ამერიკული ყველის ნაცვლად რატომ შვეიცარიული არ იყიდეთ, იცით შვეიცარიული მიყვარს და ჯიბრზე მექცევითო, უბანში ხეების მოჭრას და მათ ადგილას აშენებული შენობების გამო გამოწვეულ უჟანგბადობასაც გადაწვდა და აღარ დაილია თემები. როგორც იქნა, მშობლების საუბრისგან გამოღვიძებული შვილების გამოჩენის დრო დადგა.
-შიო, -ნუცამ ემოციები ვერ შეიკავა და ხმამაღლა წამოიყვირა. მერე მიხვდა, რომ მაყურებლის ყურადღება მიიქცია და თავის ემოციის გამო შერცხვა.
ნაიამ შვებით ამოისუნთქა, ხელი მოუჭირა და უთხრა:
-ასეც ვიცოდი. ხომ გეუბნებოდი?
ნუცამ სიხარულისგან თვალს მომდგარი ცრემლები ამოიწმინდა.
-ჯანდაბა! ლამის არის, გული ყელზე მომებჯინოს და დამახრჩოს,- ნერწყვი ძლივს გადაყლაპა ნაიამ.
ჰეფი საწოლიდან წამოდგა. იმაზე წუხდა, მამამისმა კიდევ რამეს ხომ არ დააჯახა მანქანა. თუ ასე გააგრძელა, ტარების უფლებას ჩამოართმევენო. კვლავ ისმოდა ვილის ჯაჯღანი ბიჭების ოთახში, არ ცხრებოდა ყოფით საკითხებზე მსჯელობით.
ჰეფიმ სიგარეტს მოუკიდა.
-ეწევი? -ჰკითხა ბიფმა.
-გინდა? -ჰეფიმ სიგარეტის კოლოფი ხელში აიღო.
-ვერ ვიძინებ, როცა ამის სუნი მომდის.
-განა სასაცილო არ არის, ბიჰ, რომ ისევ ამ ოთახში გვძინავს. რამდენი რამ გვითქვამს აქ, მთელი ცხოვრება აქ გავატარეთ.
-ჰო, რამდენი გეგმა და ოცნება გვქონდა.
-სულ ცოტა, ხუთასი ქალი მაინც ოცნებობდა გაეგო, რას ვამბობდით ამ ოთახში,- ჩუმად ჩაეცინა.
-გახსოვს ის ბეტსი , თუ რა ერქვა? არ მაგონდება - ბაშუიკ ავენიუდან.
-შოტლანდიური ძაღლი რომ ჰყავდა?- ჰეფიმ თმაზე გადაისვა თითები.
-ჰო, სწორედ ის. გახსოვს, იმასთან რომ მიგიყვანე?
-კი, ჩემთვის პირველი იყო, მგონი. ნამდვილ ღორს ჰგავდა!- ორივეს ერთად გაეცინათ, - ქალების შესახებ ყველაფერი შენ მასწავლე.
- როგორ მორცხვობდი ხოლმე, განსაკუთრებით ქალიშვილებთან.
-მათთან ახლაც მრცხვენია ხოლმე, ბიფ.
-წადი ერთი!
-მრცხვენია, მაგრამ ვფარავ. ისე კი, მგონი, შენ ჩემზე მორცხვი გახდი. რა დაგემართა, ბიფ? გახსოვს, როგორ გჯეროდა საკუთარი თავის, სად არის შენი ძველი სითამამე? -ხელი დაჰკრა მუხლზე.
ბიფი წამოდგა, სიგარეტის ნაფაზი ღრმად დაარტყა და ნაცრისფერი კვამლი გამოუშვა:
-მუდამ რატომ დამცინის მამაჩემი?
-არა, კი არ დაგცინის...
-მუდამ მასხრად მიგდებს!.. მის გვერდით ვერ გავჩერებულვარ.
-უნდა, რომ შენგან რამე გამოვიდეს. ერთი რამ მინდა, გითხრა. მამას რაღაც დაემართა. თავის თავს ელაპარაკება ხოლმე.
-მეც შევამჩნიე ამ დილას. მაგან წინათაც იცოდა ჩურჩული.
-ასე ძალიან არა. ფლორიდაში გავგზავნე, იქნებ დაისვენოს და წაადგეს-მეთქი. ისე, სულ შენ გელაპარაკება, მე -იმდენად არა.
-შენ რაზე გელაპარაკება?
-რა ვიცი.
-მე იმას გეკითხები, ჩემზე რას ამბობს ხოლმე?
-ალბათ, გზას რომ ვერ დაადექი.
-სხვა რამეებიც აწუხებს, ჰეპ.
-მაინც რა?
-არ ვიცი, მთლად მე არ ვარ ყველაფერში დამნაშავე, რაც მის თავს ხდება.
-იქნებ რამე გამოგივიდეს. არის იქ რამის იმედი?
-არც ის ვიცი, არის თუ არა რაიმე იმედი, და არც ის, რისი იმედი უნდა მქონდეს.
-ეგ როგორ გავიგო?
-კარგი, გაგაგებინებ. სკოლის დამთავრების შემდეგ ექვს თუ შვიდ წელიწადს ვცდილობდი როგორმე ხალხში გამოვსულიყავი. სატრანსპორტო აგენტი, კომივოიაჟერი, კვლავ აგენტი, ეს, ის... ესეც თუ ცხოვრებაა. ზევით მზეა, შენ კი ჩადი მიწის ქვეშ, მეტროში, მთელი შენი სიცოცხლე საქონელს უნდა დაჰკანკალებდე, აქეთ-იქით რეკო ტელეფონით, გაყიდო, იყიდო... წელიწადში ორმოცდაათი კვირა იმისთვის იწვალო, რომ საცოდავი ორი კვირის შვებულება მიიღო. იმის ნაცვლად, გარეთ გახვიდე, სუფთა ჰაერი ისუნთქო და ცხოვრებით დატკბე, ფიქრობ სხვას გაუსწრო. რისთვის იკლავ თავს, რას მიაღწევ?
ნუცა ნელ-ნელა დამშვიდდა, ყურადღება მოიკრიბა და ართურ მილერის პიესაში ჩადებული მთავარი იდეის ხაზის პოვნას შეეცადა. კარგი რამე ჩანსო, ნაიას ჩურჩულით უთხრა და თავი კომფორტულად რომ ეგრძნო, საზურგეს მიეყრდნო. ნაია თვალს არ აშორებდა სცენაზე მყოფ შიოს. თითოეულ მის მოძრაობას, მიმიკას და სიტყვას უკვირდებოდა. მოულოდნელად მისმა ტელეფონმა გაიწკრიალა. ეკრანს დახედა. ილიასგან იყო შეტყობინება შესული. ვიცი სადაც ხარ და შენობის გარეთ ვდგავარ, გამოდიო. ნაიას გონებაში ცუდმა აზრმა გაჰკრა და შეშინდა. მიწერა, რატომ დამდევ? სპექტაკლს ვუყურებ და თუ ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, ძალიან გთხოვ, ტყუილად ნუ მომაცდენო. ყიფიანმა პასუხად გაუგზავნა, მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, აქ არ მოგაკითხავდიო. ნაია ყოყმანობდა გარეთ გასვლას. ბოლოს ნუცას გადაუჩურჩულა, აუცილებლად ერთგან უნდა დავრეკო და მალე მოვალო. დარბაზი დატოვა და ილიას მისვლის მიზეზის გასარკვევად წავიდა.
გარეთ გასულს ილია ყიფიანი კართან დახვდა. ჩააცივდა გავისეირნოთო. ნაია უარზე იყო, შენთან სალაპარაკო ამოვწურე, ნურაფრის იმედი ნუ გაქვს, იგივე შეცდომებს აღარ გავიმეორებო. ილია ძალიან სთხოვდა, ადამიანურად გამიგე, იქნებ როგორ მჭირდება შენთან ყოფნა და საუბარიო. ყოველთვის ასე იცოდა, ჯერ აწყენინებდა, გააგულისებდა და მერე ათასგვარ ხერხს მიმართავდა მასთან შესარიგებლად. ბევრი ხვეწნა-მუდარით დაითანხმა და თეატრის გვერდით მდებარე სკვერში გადავიდნენ სალაპარაკოდ. ილიამ დაღონებული სახით შეხედა ნაიას:
-არასოდეს მითქვამს შენთვის. სულ მქონდა შიში, რომ არ დამეკარგე. გამართლდა. უშენოდ ყოფნა ძალიან მიჭირს.
-არ დაიწყო. ვერ დაგიბრუნდები, არ შემიძლია.
-რატომ?
-არ მიყვარხარ.
-ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაგაბედნიერო. კიდევ ერთ შანსს გთხოვ და დაგიმტკიცებ, რომ...
-არ მიცნობ. მიუხედავად იმისა, ერთად სამი წელი ვიცხოვრეთ, ვერ გამიცანი. სხვა ადამიანი გიყვარს, გამოგონილი.
-რაზე მიმანიშნებ?
ნაიამ ნუცას გაგზავნილ შეტყობინებას დახედა. ეკითხებოდა სად იყო, ხომ მშვიდობა გაქვსო? მოკლედ მისწერა კიო და ილიას მიუბრუნდა:
-გაცნობის პირველივე დღიდან შეცდი.
-არასოდეს ვცდები ადამიანების ამოცნობაში. ზუსტად ის ხარ, ვინც მჭირდება.
-მაშინ თვითგვემას ეწევი. მიკვირს, რატომ არ იღლები მიუღწეველის მიღებისთვის ბრძოლაში.
-რატომ მიუღწეველის? ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ.
-არ ვარ და არც არასოდეს ვიყავი.
-იქნებ შენ ვერ გამიცანი? ამაზე არ დაფიქრებულხარ?
-რა გინდა? რაც არ უნდა მითხრა, ვერ გადამარწმუნებ. მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი შენთან განშორება.
-სხვა შეგიყვარდა?
ნაია გაჩუმდა.
-მითხარი, სხვა შეგიყვარდა?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-ვინც არ უნდა იყოს, შენს თავს არ დავუთმობ, -ილიას გაბოროტებული სახე გაუხდა.
-ნუ მაფიქრებინებ, რომ გიჟი ხარ.
-ვინ არის? რომელი მათგანია?
-სპექტაკლიდან იმისთვის გამომიყვანე, რომ ამაზე გველაპარაკა? კი, მაგრამ ხომ მოვილაპარაკეთ, რომ მე შენი ცხოვრებიდან ოფიციალურად წავიდოდი?
-მაიძულე, რომ დაგთანხმებოდი. კარგად იცი, ეგ ჩემი სურვილი არასოდეს იქნება.
-ჰოდა, შენც მაიძულე, რომ ასე გამეკეთებინა და თავს თუ არ დამანებებ, იმ ვიდეოს ყველა ძაღლი და კატა ნახავს,- ნაიას ნერვებმა უმტყუნეს და აყვირდა.
-რა გაყვირებს?
-ის მაყვირებს, რომ კაცს გამომძიებელი გქვია და სინამდვილეში ერთი შეუგნებელი ადამიანი ხარ!
-ხმას დაუწიე!
-ამის დედაც! ასე ძნელია, რომ ნაია ბაშელეიშვილი საერთოდ წაშალო ცხოვრებიდან? გადი, ვინმე ნახე, გაერთე, ცხოვრება შეირგე. რას ჩაიციკლე ჩემზე, ვერ გავიგე? ან რატომ იმცირებ თავს? ვისთან რა გაქვს შესატენი?
-ასე რთულია მიხვედრა?
-როდემდე ვიტრიალოთ ერთ წრეზე? ოდესმე ხომ უნდა გააცნობიერო, რომ ჩვენი ოჯახური ცხოვრება დასრულდა?
-არ არის იოლი.
-არაფერი არ არის იოლი. დროა შენი ცხოვრებიდან გამიშვა და ახალი ცხოვრება დაიწყო. მე მეტს ვერაფერს გირჩევ და აღარც არასოდეს დავუბრუნდები ამ თემას. კარგად იყავი. მეგობარი მელოდება, სპექტაკლზე უნდა დავბრუნდე, - ნაიამ ქლაჩს ხელი მოკიდა და თეატრის შენობისკენ აიღო გეზი.
ილიამ თვალი გააყოლა. როდესაც თვალთახედვის არედან გაქრა, განადგურებული წამოდგა სკამიდან და ნელა გაუყვა ავტომანქანის სადგომისკენ.
როდესაც ნაია სპექტაკლს დაუბრუნდა, ანტრაქტამდე ცოტა ხანი იყო დარჩენილი. ჰეფი ბიფს სპორტული ფირმის გახსნას სთავაზობდა, ვილი და ლინდა კი გადაწყვეტილებას უწონებდნენ. ერთადერთი, რაც რჩებოდა, ამ საქმის დასაწყებად ოლივერთან შეხვედრა და ფულის სესხება იყო. ახალი იდეით აღფრთოვანებული ვილი შვილს არიგებდა, მასთან როგორ უნდა მისულიყო, რა ჩაეცვა და რა ელაპარაკა.
ვილი: როცა ოლივერთან წახვალ, სპორტული ტანსაცმლის ჩაცმა არ გაბედო.
ბიფი: არა, მე...
ვილი: მკაცრი, საქმიანი კოსტუმი, რაც შეიძლება, ცოტა ილაპარაკე და არავითარი ოხუნჯობა.
ბიფი: მას მე ვუყვარდი, ძალიან ვუყვარდი.
ლინდა: გაღმერთებდა.
ვილი: იქნებ დამაცადო? თავშეკავებულად შედი, სოლიდურად მოიქეცი. სამუშაოს სათხოვნელად კი არ მიდიხარ, დიდ ფულზეა ლაპარაკი. თავი ღირსეულად გეჭიროს. სიტყვაძუნწობა გამოიჩინე. ხალხს მოსწონს ოხუნჯები, მაგრამ მათთვის ფულს არავინ იმეტებს.
ჰეფი: მეც შევეცდები ფულის შოვნას, ბიფ. და, ალბათ, შევძლებ კიდეც.
ვილი: ბრწყინვალე მომავალი გელით ბიჭებო! ყველა უბედურება უკან დაგვრჩება. ოღონდ გახსოვდეთ: დიდ დასაწყისს დიდი დასასრული უხდება. თხუთმეტი სთხოვე. შენ რამდენს აპირებდი?
ბიფი: არ ვიცი, ღმერთმანი.
ვილი: ღმერთს ნუ იფიცავ! ეს არასოლიდურია. თხუთმეტი ათასი დოლარის მთხოვნელი კაცი ღმერთს არ იფიცავს!
ნაიამ ჩაბნელებულ დარბაზში თავის რიგი იპოვა და ბოდიშის მოხდით რამდენიმე მაყურებელი ადგილიდან ისევ წამოაყენა.
-ასე რატომ დააგვიანე?- დაბალ ხმაზე ჰკითხა ნუცამ.
-ილია იყო მოსული და ვილაპარაკეთ.
-აკი სატელეფონო ზარიო? მშვიდობაა?
-კი, მშვიდობაა.
-რა უნდოდა?
-რა ენდომებოდა? დამიბრუნდიო.
-სპექტაკლიდან რომ არ გაეყვანე, არაფრისმომცემი ხვეწნებისთვის უკეთესი დრო ვერ მონახა?
-მე რა ვიცი.
-რას დაგდევს კუდში, აკი შევაშინეო?
-ბოლოჯერ გაიბრძოლა.
-იდიოტი!
-ეს ოლივერი შემახსენე ვინ არის? -ნაიამ ყურადღება სპექტაკლზე გადაიტანა.
-ბიფის ყოფილი დამსაქმებელი.
-აა, ჰო.
-რაღაც არა მგონია ამას ოლივერმა ფული ასესხოს, ტიპი ნამდვილი ლუზერია. როგორ ვერ ვიტან ასეთ ბიჭებს.
-ეს ლინდა რა საცოდავი ქალია. ტიპური დიასახლისი. მთელი ცხოვრება ოჯახს და ქმარ-შვილს რომ შეალია და საკუთარი თავის თვითრეალიზება ვერ მოახდინა.
-მეოცე საუკუნის ამერიკის ორმოცდაათიანი წლებია აღწერილი. ახლა ეს პრობლემა უკან ჩამოიტოვეს.
-ჩვენთან ისევ აქტუალურია. სამწუხაროდ...
-არც ეგრეა საქმე, ქალები ხმაურობენ, ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები არიან და შედეგებსაც აღწევენ.
-დიდ ქალაქებში კი. სოფლად რა მოგახსენო?
სანამ გოგოები ერთმანეთში აზრებს ცვლიდნენ, ამასობაში ბიფმა და ჰეფიმ მამასთან ჩხუბი მოასწრეს. არ მოსწონდათ, რომ ლინდას საუბარში ჩართვის უფლებას არ აძლევდა და უყვიროდა. საცოდავი ქალი გამშველებლის როლში იყო და ძლივს დააშოშმინა ყველა. მარტოდ დარჩენილი ბიჭები ერთმანეთში აგრძელებდნენ საუბარს.
ბიფი: მამას ხელფასი მოუხსნეს. როგორია საკომისიოს ამარა დარჩენა!
ჰეფი: მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: როგორც კომივოიაჟორი, ის უკვე სუსტია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ძველებური მომხიბლველობა ჯერაც შემორჩა.
ბიფი: შეგიძლია ათი დოლარი მასესხო? ახალი ჰალსტუხების ყიდვა მინდა.
ჰეფი: ერთ ადგილას წაგიყვან. შესანიშნავი ნაწარმი აქვთ. ხვალ ჩემი რომელიმე ზოლიანი პერანგი ჩაიცვი.
ბიფი: დედა სულ გაჭაღარავებულა. ძალიან მოხუცდა. ღმერთმანი, ხვალ აუცილებლად წავალ ოლივერთან და ფულს დავითრევ.
ჰეფი: ზევით ავიდეთ. მამას უთხარი, გულზე მოეშვება.
ბიჰი: ხო აზრზე ხარ, ათი ათასი დოლარი რომ მივიღოთ.
ძმები სასტუმრო ოთახში გავიდნენ.
ჰეფი: ეს უკვე კაცური სიტყვებია. როგორც იქნა, შენი ძველებური შემართება ვიგრძენი! მე და შენ, ძმაო, ერთად უნდა ვიცხოვროთ. რომელ გოგოსაც მოინდომებ, მხოლოდ მიმანიშნე და...
მათი ხმა თითქმის აღარ ისმოდა, ორივე კიბეზე ავიდნენ, რომ მშობლების საძინებელში ასულიყვნენ და მამას დალაპარაკებოდნენ.
ფარდა დაეშვა. მაყურებელი წამოიშალა. გოგოები ისევ აგრძელებდნენ ართურ მილერის კლასიკური ნამუშევრის განხილვას.
-ეს ბიფი ბოლომდე ეგეთი ხელმოცარული დარჩება?
-კარგად აღარ მახსოვს.
-ვილის მენტალური პრობლემა აქვს, ხო?
-ჰო, დემენცია თუ რაღაც ასეთი. პლუს ყოველდღიური სადარდებელი, ვალები და... ვეღარ აუდის ამდენს.
-ცოდო. თან როგორი ამაყია. არ უნდა დაინახონ, რომ მოხუცია და მეტი აღარ შეუძლია. ცოლსაც კი ატყუებს.
-უი, სულ დამავიწყდა, რომ გამომეკითხა. დიზაინერების კონკურსზე რა ხდება?
-საერთოდ არ ველოდებოდი, რომ მიმიწვევდნენ. ახლაც შოკში ვარ.
-მაშ, ჩაწერები და რამე? როდის იწყებთ?
-შემდეგი კვირიდან.
-ასე მალე?
-რომ გავიმარჯვო და ორმოცდაათი ათასი მოვიგო,- ოცნებებში წავიდა ნუცა.
-ეგრე რომ მოხდეს, რას იზამ?
-საქორწილო მომსახურების ბიზნესს გავხსნი. თუ გავიმარჯვებ, ცნობილი გავხდები და ბევრი კლიენტი მეყოლება.
-აუ, რა მაგარი იქნება,- ოცნებებში წავიდა ნაიაც.
ანტრაქტისთვის განკუთვნილი დრო საუბარში შემოელიათ. დარბაზს დაბრუნებული მაყურებელი მეორე მოქმედებას ადევნებდა თვალ-ყურს. ნაიას გონება ვეღარ გაჰყვა სპექტაკლს, ჯერ ილიასთან დიალოგის შესახებ ფიქრობდა, შემდეგ სცენაზე შიოს ეძებდა და ყოველი გამოჩენისას ისევ უაზროდ მიშტერებოდა. რა მჭირს? მთელი ცხოვრება ამ გრძნობას ვებრძვი და მაინც ვერ ვამარცხებ. ვუყურებ და რასაც მის მიმართ განვიცდი, ძველებურად მთელ სხეულში მივლის. ასეთი რა ეიფორიაა, რომ წლებია, თავს ვერ ვაღწევ. რამდენჯერაც გონებაში სადმე მივჩურთავ და სხვა ფიქრებით ვფარავ, რაღაც დროის შემდეგ თავს მახსენებს და მინელებული ნაკვერჩხალი ისევ ცეცხლად მეკიდება. მასთან ყოფნის სურვილი ავადმყოფობად მექცა. რაც უფრო ახლოს ვარ, საქციელსაც ვეღარ ვაკონტროლებ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ მისთვის სასურველი წარმოვჩნდე, მაგრამ...
სცენაზე ორმოცდაათიანი წლების ამერიკა კვლავ ცოცხლდებოდა მუშა კლასის ოჯახური და ყოველდღიური პრობლემებით. დარდი, ბრძოლა და უკეთესი მომავლის იმედი ერთმანეთს გამუდმებით ენაცვლებოდნენ.
კულმინაციური მომენტის დროც დადგა, როცა სასოწარკვეთილი ვილი ლომენი ცხოვრებამ ისე გადაყლაპა, რომ ყველაფერმა აბსურდის ელფერი მიიღო.
ნაია ვილის დაკრძალვამ შეაფხიზლა. რამდენი რამ გამოვტოვე, ეს როგორ დამემართაო? შერცხვა...
ლინდა: მაპატიე ძვირფასო, ვერ ვტირი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვერ ვტირი. ვერც ვერაფერი გამიგია! ეს რა ჰქენი? მიშველე, ვილი, ვერ მიტირია. ასე მგონია, ისევ სადღაც წახვედი, მე კი გიცდი. ვილი, ძვირფასო, ვერ ვტირი. ეს რატომ ჰქენი? ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერაფერი გამიგია. სახლის სულ ბოლო საურავიც დღეს შევიტანე. ჰო, დღეს, ძვირფასო, მაგრამ შიგ ვინ უნდა იცხოვროს? ვალიც აღარ გვაქვს. გავთავისუფლდით... თავისუფალი ვართ... თავისუფალი... თავისუფალი...
ბიფი ნელა მიუახლოვდა სამარესთან დაჩოქილ დედას, წამოაყენა და მარჯვენა მხარეს გაიყვანა. ლინდა ჩუმად ქვითინებდა. დაკრძალვაზე მყოფები ჩუმად გაყვნენ უკან. ყველაზე ბოლოს სცენა ჰეფიმ დატოვა. ისევ ფლეიტის ხმა ისმოდა სიცარიელეში, რომელიც მკვეთრად გამოჩენილ საცხოვრებელ სახლებს ფრინველივით აღმა-დაღმა უვლიდა.
-ღმერთო ჩემო! სასწაულია! სასწაული! ყველაფერზე ერთად რომ დაგაფიქრებს... აი, ყოჩაღ! კარგად მოიტანეს მსახიობებმაც, -დახურულ ფარდას უყურებდა და სხვებთან ერთად ტაშს უკრავდა ნუცა.
ფარდის აწევისთანავე ნაიაც შეუერთდა ტაშს და დარბაზი მქუხარე ხმამ გამოჭედა. მსახიობები თავის დაკვრით უხდიდნენ მაყურებელს მადლობას და ემშვიდობებოდნენ. გავიდეთო, ნაიამ ნუცას ანიშნა და გარეთ გაიყვანა.
-კარგად ხარ?
-ჰო. ცუდად რატომ უნდა ვიყო?
-რატომ ჩქარობდი გარეთ გამოსვლას?
- მერე ჭედვა დაიწყებოდა. არ მიყვარს, როცა ჭყ’ლეტვაში ვყვები, ვერ ვსუნთქავ.
ამასობაში ნუცამ შიოსგან შეტყობინება მიიღო, თუ წასულები არ ხართ, დამელოდეთ, მალე გამოვალო. ნაიამ შიოს დანახვაზე თმა შეისწორა და თვალები გაუბრწყინდა.
-რა კარგად შეასრულე. შესანიშნავი იყო, ძალიან მომეწონა,- აღარ იცოდა რა სიტყვებით შეემკო ნაიას.
-სად ეგდე? ორი დღე გეძებდი,- ჰკითხა ნუცამ.
შიომ მადლობა გადაუხადა ნაიას და დას მიუბრუნდა, სად ვიქნებოდი? სპექტაკლის წინ ცოტა დავისვენეო.
-პასუხი არ მოგწონს? - ნუცამ ნაიას შეხედა და ნერვები აეშალა.
-რა გინდა, გოგო?
-არ უნდა ვიცოდე, სად ხარ?
-ახლა დაიწყებს, ტელეფონი რატომ არ გქონდა ჩართული, შენ რომ რამე მოგსვლოდა, ისა-ესა...
-შიო, ნამეტანი მოგდის უკვე შენი უპასუხისმგებლობით. ლამის სული ამომივიდა, შენ კიდევ თურმე ისვენებდი.
-რას დამდევ, გოგო? პატარა ბავშვი ხო არ ვარ? ნუდისტების პლიაჟზე რომ ვიყო და დამაგვიანდეს, ჩემს საძებნელად უნდა წამოხვიდე?
-რამე რომ მოგივიდეს...
-ნუცა, არ დავიკარგები და დედასავით ნუ იქცევი.
-ნახე, აქეთ მიწყრება, - ნაიას შეხედა ნუცამ.
ნაიამ ვერაფერი უთხრა, არ უნდოდა და-ძმის საუბარში ჩარეულიყო.
-ცოცხალი ვარ, ჰეფის როლმაც ანშლაგის ფონზე ჩაიარა და ახლა პრემიერასაც აღვნიშნავთ ჩვენებურად.
-ჩეისხით, დეისხით და გადეისხით, იქნებ ჩაიხრჩოთ!
-გილოცავთ წარმატებულ პრემიერას. ყველამ კარგად შეასრულეთ როლები. მე პირადად, როგორც მაყურებელი ძალიან კმაყოფილი ვარ და რაც შეეხება ნუცას, არ ინერვიულო, მის გვერდზე ვარ. სხვა დროს ეცადე, უყურადღებოდ არ დატოვო.
-დამიჯდა ტელეფონი, ვერ მოვასწარი ამ ქალბატონთან დაკავშირება. ბუნებაში სად დამეტენა? ამას როგორიც გამოვყავარ, მართლა ეგეთი კი არ ვარ.
-ბუნებაში ეგდო ბიჭი. ტყის კაცი!- ჩაიბუტყუნა ნუცამ.
-რა გინდა, რომ ამ სპექტაკლის ჰონორარით გიყიდო?- დას შეხედა და მისთვის გულის მოლბობა სცადა შიომ.
-შენთვის იყიდე პასუხისმგებლობა. მე არაფერი მინდა.
-ქოფაკი უნდა გერქვას, ნუცა არ გიხდება.
-ნეტა გამაგებინა, რას დაძრწი იმ ტყეებში. რას ნახულობ ამისთანას?
-თუ გაინტერესებს, წაგიყვან. ნაიაც წავიყვანოთ. ხვალ ერთად წავიდეთ სადმე, მოსულა?-შიომ ნაიას გაუღიმა.
-ძალიან კარგი იდეაა,- მოიწონა ნაიამ.
-ბიისი, ტანას ხეობა. როგორია?
-კრინტი აღარ დაძრა და მალე მოდი სახლში, გაიგე?-ნუცა ისევ თავის სტიქიაში იყო, ვერ ცხრებოდა.
ნაიას გაეცინა, შიოს თვალით ანიშნა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო, დაემშვიდობა და ნუცასთან ერთად გაუყვა თეატრის შენობიდან გამოსული მაყურებლით სავსე ქუჩას.

***
მატარებელი ნელი სვლით დაშორდა რკინიგზის სადგურს. შიო, ნუცა და ნაია გორისკენ მიემართებოდნენ. იქიდან სამანქანო გზით ტანას ხეობაში აპირებდნენ ასვლას.
ნუცა დამშვიდებული ჩანდა. ნაიას დამსახურება იყო, რომ ძმას ადვილად შეურიგდა. მგზავრებითა და ბარგით სავსე ვაგონში ისხდნენ და მათ წინ მჯდომ მოკამათე ცოლ-ქმარს გაბეზრებული სახეებით უსმენდნენ. ბოლოს ნაიამ ვეღარ გაუძლო, ყურსასმენები მოირგო და ბოლო დროს ამოჩემებული სიმღერით დააღწია თავი მათი ყოველდღიური ყოფის შესახებ ჩხუბის მოსმენას. შიოს ინტერესმა სძლია, ნაიას ცალი ყურსასმენი მოხსნა და ჩართულ მუსიკას დაუგდო ყური. გრეისის „You Don’t Own Me” ამოიცნო. ცოტა ხანს მოუსმინა და თქვა, მომწონს ეს სიმღერა, გრეისის ვოკალიც უხდება, სექ’სი ტიპია, მაგრამ ლესლი გორი მირჩევნია, ქალების ქალია და ამ უკვდავი ფემინისტური სიმღერით ყველაზე თამამ მომღერლად დარჩება სამოციანი წლების ამერიკის ისტორიაშიო. მერე ყურსასმენი დაუბრუნა და მოჩხუბარ წყვილს შეწუხებული სახით გახედა, მათ კინკლაობას ბოლო არ უჩანდა.
-უჰ, რა სიცხეა. დაიხუთა ჰაერი. ვენტილაცია არ არსებობს, პატარა სარკმელები საერთოდ ვერ ანიავებენ ამხელა ვაგონს. სკამებიც რას ჰგავს? ვუყურებ ამ ჭუჭყს და ნამდვილი ანტისანიტარიაა, გული მერევა!- აწუწუნდა ნუცა.
-თავგადასავლები ასე იწყება, დაო. თუ გინდა ცხოვრება შეიგრძნო, ხანდახან ესეც უნდა აიტანო, ხალხის ჩხუბსაც უსმინო, მოგშივდეს, მოგწყურდეს და რავი... - თვალი ჩაუკრა შიომ.
-ოფლად ვიღვრები. თუ ავქოთდი, კაი თავგადასავალი მელის მეც და თქვენც. ნეტა რომელიმემ რამე მითხრათ, მიგაკრავთ ამ ძუნგლიან მატარებელზე და გეტყვით, ცხოვრება შეიგრძენით- მეთქი.
-ნაიას შეეშვი, მატარებლით მგზავრობა ჩემი იდეა იყო.
-და ეგეც აგყვა.
გადაჭედილ ვაგონში ფეხს ვერ დადგამდი. ხელოვნურ ბარიკადებად აღმართული ბარგის მიუხედავად, გამხდარი, შრომისგან დალეული ქალი „აბა, ცივი წყალი და ბორჯომი, ბურბუშელა, ნაზუქის“ ძახილით ვაგონიდან ვაგონში მიიწევდა. შიომ სამი ბოთლი ბორჯომი იყიდა და პირველივე ყლუპზე სული მოითქვეს. ამასობაში, იმ გამყიდველისგან ვიღაცას ორმოცდაათ თეთრად დაუშტამპავ ბოთლში ჩასხმული, გაციებული წყ’ლის ბოთლი შერჩა ხელში და საცოდავს ისეთი ამბავი აუტეხა, კამათში გართული ცოლ-ქმრის ყურადღებაც კი მიიქცია. როგორ თუ სხვის ნასვამ ბოთლში ჩასხმული წყალი შემომასაღე, რამე დაავადება რომ ავიკიდო, შენ მიშველიო?! დაშტამპულიც მაქვს, ქალბატონო, ოღონდ ლარი ღირსო. მოინდომეს დახუთულ მატარებელში ბიზნესების კეთება. კარგად იცით, მოწყურდება კაცს, სადამდე გაძლებს ამ საუნაში უწყლოდ ჯდომითო. ლარიანი მიაგდო და დაშტამპული ბოთლი გამოგლიჯა ხელიდან.
-რა ყაყანია აქა? - ბილეთების შესამოწმებლად შევიდა ორი კონდუქტორი და ერთ-ერთმა მოჩხუბარი ქალის ხმა უფრო მაღალი ხმით გადაფარა.
-ჩემი კაი, - გაოცებული იყურებოდა შიო.
მოჩხუბარ ქალსაც არ დაეზარა და ყველაფერი მოახსენა. ახლა სხვებიც ჩაერთნენ, ზოგი გამყიდველის მხარეს იყო, ზოგი - მოჩხუბარი ქალის. შეიქმნა დიდი ალიაქოთი. ძლივს დააშოშმინეს კონდუქტორებმა მგზავრები და გამყიდველი იქაურობას გაარიდეს. ვაგონი ცოტა ხნით დადუმდა. სიცხისგან მოთენთილ მგზავრებს საუბრის თავი აღარ ჰქონდათ.
მატარებელი სადგურებამდე დროდადრო ჩერდებოდა და ისევ აგრძელებდა გზას. სადაც იყო, შიო, ნუცა და ნაია დანიშნულების ადგილს მიუახლოვდებოდნენ. ხიდისთავს რომ გაცდნენ, შიო წამოდგა და ეშმაკურად გაეღიმა. ნაია მიხვდა, რომ რაღაც ჩაიფიქრა და მოუთმენლად ელოდა რას მოიმოქმედებდა.
-წამო, მოვემზადოთ. სადაც არის, გორის ციხე გამოჩნდება. შევედით და ეგაა,- გოგოებს გადახედა, მხარზე ზურგჩანთა მოიგდო და გასასვლელისკენ წავიდა. ნაიაც გაჰყვა.
-ჯერ გაჩერდეს, სად მიდიხართ?- ნუცა უკან გაეკიდა ორივეს.
მატარებელმა სვლა შეანელა და გორის სადგურში დაიწყო შესვლა. შიომ კარი გააღო, ნაიას ხელით რაღაც ანიშნა და სანამ ბაქანი გამოჩნდებოდა, ჩახტა.
-რას აკეთებ, სულ გამოშტერდი?!- შეჰყვირა ნუცამ.
ნაია ერთხანს შეყოყმანდა, მერე გამბედაობა მოიკრიბა და იმანაც მიბაძა.
-ვაიმე! სულ გააფრინეს! -გულგახეთქილი გაჰკიოდა ნუცა და ორივეს გაჰყურებდა, რამე ხომ არ დაიშავესო.
როგორც კი მატარებელი გაჩერდა, ჩავიდა და არეულ მგზავრებში შიოს და ნაიას დაუწყო ძებნა. რამდენიმე წუთში სიცილით მიადგნენ.
-ჩემი ძმა რო დარტყმულია, დიდი ხანია ვიცით, შენ რაღამ აგამჩატა? - ბრაზს ვერ იკავებდა ნუცა.
-არ ვიცოდე მაინც ჯონათანის აივნიდან შენს აივანზე ფიცრით როგორ გადადიოდი.
-არ იცოდე მაინც, გამოუვალ მდგომარეობაში რომ აღმოვჩნდი. სხვათაშორის, შენ გამო.
-აუ, ნუცა. თუ ასე უნდა იდედაკაცო, გაბრუნდი სახლში. რა გჭირს, გოგო? - უსაყვედურა შიომ.
-ნეტა ფეხი მოგეტეხა. თუ გგონია, მოგივლიდი, ძალიან ცდები.
შიო აღარ აჰყვა, ტაქსის გაჩერებისკენ წავიდნენ, მძღოლს ბიისში წაყვანასა და თანხაზე გაურიგდნენ და მორიგი თავგადასავლების საძიებლად მთებისკენ დაიძრნენ. გზაში შიოს ხუმრობებმა და თავს გადახდენილმა ამბებმა ყველა გაახალისა, მძღოლიც კი აიყოლიეს. როცა სოფელ ბიისში შევიდნენ, შიომ გოგოები გააფრთხილა, ოთხი კილომეტრის ფეხით გავლა მოგვიწევსო. არცერთს არ დაუწუწუნია. მზად იყვნენ მასთან ერთად ბუნებაში ეხეტიალათ და მთებს შორის მოქცეული საოცრებებით დამტკბარიყნენ. ტყეში შესასვლელ ბილიკს დაადგნენ და იქიდან მდინარის კალაპოტს დიდ ლოდებზე სიარულით გაუყვნენ. ნაიას რამდენჯერმე აუსრიალდა ფეხი და ინანა, რომ შიოს რჩევა არ გაითვალისწინა და სქელი, გამძლე სპორტული ფეხსაცმლის მაგივრად კეტები ჩაიცვა.
ვიდრე მთავარ ჩანჩქერამდე მივიდოდნენ, დიდ, სველ კლდეს მიადგნენ. შიომ თქვა, ზამთარში იყინება და ბევრი ალპინისტი სტუმრობს ამ ადგილს. მაგას რომ თავი დავანებოთ, ისეთი ლამაზია, აუცილებლად სანახავ გაყინული ჩანჩქერების სიაში ჩავწერდიო. ცოტა ხნით ჩამოსხდნენ და შეისვენეს. ნუცა ფოტოაპარატით ლამაზი კადრების აღბეჭდვით ირთობდა თავს. ნაია ჩიტების ჟღურტულს უგდებდა ყურს და ხეებზე მოთამაშე ციყვებს შესცქეროდა.
-ბენჟამენი ხო გახსოვს? -შიომ სიგარეტს მოუკიდა და საუბარი ძაღლზე ჩამოაგდო.
-როგორ არ მახსოვს?
-მე და ბეჟო ხშირად ამოვდიოდით აქ. როგორ მიყვარდა, ტო. მაგის მერე სხვა ძაღლი ვერ ვიყოლიე.
-გიჯერებდა?
-რას ჰქვია მიჯერებდა?
-არ გარბოდა და არ იკარგებოდა ბუნებაში?
-უჭკვიანესი იყო. მეგობარივით მყავდა. დამიჯერებ? სულ გვერდით დამყვებოდა. მაგარი ამტანი და ენერგიული ძაღლია ლაბრადორ რეტრივერი.
-რა მოუვიდა?
-ორი წლის წინ ლიმფომა განუვითარდა. კიბო, რა. მაგ ჯიშს ხშირად ემართება ეგრე. ხშირი ღებინება და დიარეა რომ დაეწყო, შეგვეცოდა და დავაძინეთ. ნუცასაც მაგრად უყვარდა. ხო, სულ სისუფთავეზე წიკვინებს? ბეჟო რომ ავად გახდა, პრეტენზია არაფერზე ჰქონია, ერთად ვუვლიდით.
-მე კატები უფრო მიყვარს. რაც თავი მახსოვს, დიდ, ფუმფულა, ნაცრისფერ კატაზე ვოცნებობ, მაგრამ ნინო წინააღმდეგი იყო და ვერ გადავარწმუნე, ილია ალერგიულია და ვერც მასთან მივიყვანდი. სახელიც კი მქონდა მოფიქრებული, სებასტიანი. დარჩა ჩემს აუსრულებელ ოცნებებში გორგალივით მრგვალი და ზანტი სებასტიანი. მინდოდა ჩემთან ერთად დაეძინა, გაეღვიძა, კალთაში მჯდომოდა და ეკრუტუნა... ვაიმე, რა ლამაზი ჩიტები დასხდნენ იმ ტოტზე, -საუბარი სხვა თემით ჩაანაცვლა და თითი მათკენ გაიშვირა ნაიამ.
-ოფოფები, -მარტივად ამოიცნო შიომ.
-ესენი ოფოფები არიან?
-ვერ უყურებ? მარაოსავით აქვთ ქოჩრები.
-პირველად ვხედავ. როგორ ჟღურტულებენ. შესტრფიან ერთმანეთს.
-ნწ, ტრფობის დროს ნაზები ხდებიან. სად სცალიათ სალაპარაკოდ? ახლა ერთ სერიოზულ თემაზე მსჯელობენ.
-აბა, რაზე? -აჰყვა ნაია.
-რაზე და არწივს მეფობას უწუნებენ. წოდებებს რომ ანაწილებდა, ბარონობა და ბარონესობა რატომ არ გვიბოძა, რითი გვამჯობინა კოდალების ოჯახი? ბოლოს და ბოლოს, გვირგვინოსნები ვართ და არაერთი კარგი საქმეც გაგვიკეთებია სამეფო კარისთვისო.
-მერე? ახლა რას აპირებენ?
-სასამართლოში უნდა უჩივლონ. დარჩნენ გლეხებად ეს საცოდავები. ძალიან არიან გამწარებული.
-მოსამართლე ვინ ჰყავთ?
-ქალბატონი შოშია. დიდი ავი დედაკაცია ეგა. სათვალეებს რომ ჩამოიწევს და ქვემოდან ამოგხედავს, პიზდეც.
ნაია აკისკისდა: -გაფიცებ, მოსამართლედ შოშია რამ მოგაფიქრებინა?
-რა ხდება? რა ამბავი გაქვთ? - ნუცაც შეუერთდა მხიარულებას.
-ოფოფების გასაჭირს ყვება.
-ვაი, ჩემს გაძლებას. ამის ხელში კიდევ კარგად ვარ.
-რა გინდა? მშვენიერ ამბავს ყვება, აცალე.
- ტყუილად კი არ დავხეტიალებ ტყე-ღრეებსა და ველ-მინდვრებში, დაო. ადამიანების ენაზე მეტად ბუნების ენა მესმის.
-გამომივიდა ვაჟა-ფშაველა.
-ქოფაკია-მეთქი, ვამბობ, - წამოდგა შიო და ხელზე აყოლილი მიწა დაიფერთხა, -წავიდეთ ჩანჩქერისკენ, თორემ ბინდდება, ამიტომ არ მიყვარს სახლიდან გვიან გამოსვლა. ვერ აგაგდეთ, რა, საწოლიდან.
-კარავი გვაქვს. ვრჩებით და რაღა განერვიულებს?- იკითხა ნაიამ.
-უფრო მეტი მინდოდა მეჩვენებინა. დილით რომ წამოვსულიყავით, ატენსაც მოვასწრებდით. მაგ კარავში სულ ორი კაცი დაეტევა, ჩემი ადგილი არ არის.
-მოიცა, მართლა? ამას ახლა ამბობ? აბა, სად უნდა დაიძინო?
-იქ ძილს მაინც ვერ ვიტან. მხოლოდ წვიმის დროს შევდივარ.
-ბალახზე გძინავს?
-გიკვირს? ამისგან არაფერი მიკვირს, - უთხრა ნუცამ.
საუბარში გართულები გზას აგრძელებდნენ. მალე ჩანჩქერსაც მიადგნენ. მის ძირას წყალი ხელოვნურად დაგუბებულიყო და პატარა აუზი შექმნილიყო. სექტემბრის საღამოს სიცივემ ხელი შეუშალა ჩანჩქერის ქვეშ შესასვლელად, მაგრამ არც მხოლოდ მისი ნახვა იყო ურიგო. მწვანე გარემოში ჩაფლული თავის მშვენიერებით მაინც იქცევდა ყურადღებას. კარავი გამართეს და შემდეგ მოშიებულებმა ზურგჩანთებიდან საჭმელი ამოალაგეს. ტემპერატურა გაუსაძლისად რომ დაეცა, შიომ ცეცხლი დაანთო და გარშემო შემოუსხდნენ. თავი თამაშებით, სიმღერებითა და საუბრით შეიქციეს. გოგოები იმაზე უკეთესად გაერთნენ, ვიდრე ელოდნენ. ნაია განსაკუთრებით გახალისებულიყო, შიოსთან ყოფნამ და გარემოს შეცვლამ სულ დაავიწყა ყოველდღიური საფიქრალი.
საკმაოდ გვიანი იყო, როდესაც ნუცა კარავში შევიდა, მე ვეღარ გიქაჩავთ, ხვალ ოთხ საათზე ტელევიზიაში უნდა მივიდე და დასვენება მჭირდებაო. მარტოდ დარჩენილი ნაია და შიო ცეცხლს მიშტერებოდნენ. ვერცერთი აგრძელებდა საუბარს. ტყის სიჩუმე, კოცონიდან წამოსული სითბო და შეშის ტკაცუნი ოდნავ განათებულ არემარეში სხვანაირ მისტიურობას ქმნიდა. ნაიამ პლედი კარგად შემოიხვია და ღრმად ამოისუნთქა. როგორც იქნა, დუმილი დაარღვია და ჩაფიქრებულ შიოს კითხვით მიმართა:
-შენ რომ მგზავრი იყო, რომელიმე ქვეყანაში მიფრინავდე და გაიგო, რომ თვითმფრინავს ქალი პილოტი მართავს, კომფორტულად იმგზავრებდი?
-ეს რა კითხვაა?
-მიპასუხე, გთხოვ.
-რადგან ავიაკომპანიამ თვითმფრინავის მართვა ანდო, ესე იგი შეუძლია. რატომ უნდა ვიყო არაკომფორტულად?
-რა ვიცი, -მხრები აიჩეჩა ნაიამ, -ჩემი ყოფილი ქმარი ასე არ ფიქრობდა.
-შენი ყოფილი ქმარი ყ@ეა და იმიტომ!- შიომ სიგარეტს გაუკიდა და გააგრძელა: - მე მგონია, რომ შენგან კარგი პილოტი გამოვა. დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი მგზავრების ტაშსაც ბევრჯერ დაიმსახურებ წარმატებული დაფრენებისთვის. ნუ, მართალია ეგ ხმა პილოტის კაბინაში ვერ აღწევს, მაგრამ ხო დაიმსახურებ? ისე, რამ შეგაყვარა ეგ პროფესია? ქართულ ავიაციას ბევრი ქალი ავიასპეციალისტი არ ჰყავს. მაგან მიგიზიდა თუ რამე, სხვა წინაპირობა ჰქონდა შენს არჩევანს?
-თამარა ხო გახსოვს, ბებიაჩემი? სკოლაში ფიზიკას და ასტრონომიას ასწავლიდა. ზაფხულის არდადეგებზე რომ ჩავდიოდი სოფელში, აივანზე ვისხედით და ღამის ცას ვაკვირდებოდით ხოლმე. მაგან მასწავლა ვარსკვლავური ცის უბნების ამოცნობა. მერე მითებს და ლეგენდებს მიყვებოდა თანავარსკვლავედებზე და ასე, თანდათან შევიყვარე ზეცის ცხოვრება. ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ პეგასი ვიყავი. მერე ამ ფრთიან რაშს ხან სად დავაქროლებდი, ხან სად. როცა ვიღლებოდი, ღრუბლებიდან დაბლა ვეშვებოდი და დედამიწას ჩემი ვარსკვლავების გუნდით ვანათებდი.
-შენც კაი მეზღაპრე ყოფილხარ.
-მე ჩემს წარმოსახვებზე მაინც ვსაუბრობ. შენ კი პროფესიონალი მატყუარა ხარ.
-ჩემზე ამბობ?
-ჰო, რა გაგიკვირდა? მსახიობები ყველა ასეთები ხართ,- მეზღაპრე რომ უწოდა, გულზე მოხვდა და შიოს უკბინა.
-ბევრი ამბობს ასე. სინამდვილეში ჩვენზე გულახდილი არავინ მეგულება,- მრავალმნიშვნელოვნად შეხედა და ჩამწვარი სიგარეტი მიწას ჩააჭყლიტა.
-ბოდიში, ცუდად გამომივიდა. აუ, რა სულელი ვარ. შეურაცხყოფად არ მიიღო, გეხუმრე.
შიო აღარ შეჰყვა საუბარში. ამ საკითხზე მსჯელობა სხვა სიღრმეებში შეიყვანდა. ნაიასაც კარგად ესმოდა, რაც იგულისხმა პასუხში.
-ძალიან გაასერიოზულე. არადა...
-კარგი, დაწყნარდი,- სიტყვა გააწყვეტინა.
-არა, მართლა არ მინდოდა. მაპატიე, რა.
შიომ ნუცას მობილურს მოჰკრა თვალი, ხელში აიღო, სავარაუდო პაროლი აკრიფა და მარტივად რომ მოხსნა ბლოკი, ჩაილაპარაკა, ცოტა ყურადღებით უნდა იყო, დაო. ნივთებს სხვებს არ უნდა უტოვებდე და თან ჩემი აზრით, ძალიან მარტივი პაროლი გიყენიაო. ეშმაკურად აუციმციმდა თვალები და მის ფეისბუქ გვერდზე პოსტის წერა დაიწყო.
-ნუცას ტელეფონია? აუ, რას აკეთებ? არაფერი დაუწერო! გაგიჟდი? მოგკლავს, - აფორიაქდა ნაია.
შიო არ უსმენდა. პოსტის წერა დაამთავრა და ტელეფონი უბის ჯიბეში ჩაიდო.
-„ფეტვი გაძვირდა, ზეთი გაძვირდა, ყურძენიც ზედ მიჰყვა. რას გვიშვრებიან? ბარემ ამოგვხოცონ. ამ ქვეყანაში დარჩენა აღარ შეიძლება,“- ნაიამ თავის ფეისბუქ გვერდიდან ამოიკითხა ნუცას გვერდზე გამოჩენილი ახალი პოსტი და შუბლზე შემოიკრა ხელი, -წაშალე ახლავე!
შიომ უარის ნიშნად თავი გააქნია.
-ნერვებს უშლი და მერე გიკვირს, რატომ ჩხუბობსო.
-კაი, რა, ცოტა გავერთოთ.
-გაიღვიძებს და გაგართობს კარგად.
შიოს მკრთალად გაეღიმა და ბოთლში დარჩენილი ვისკი ერთჯერად ჭიქაში ჩამოცალა. მერე ერთი ყლუპი მოსვა და სერიოზული სახით ჩაფიქრდა. ნაია ნუცას პოსტზე ასახულ სიცილის ნიშნებს ითვლიდა. შიოს შეხედა, პოსტის შესახებ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მისი სახის გამომეტყველებამ უმალ გადააფიქრებინა. ცეცხლს დაუწყო მზერა და ფიქრებმა გაიტაცა: ნეტა რაზე ფიქრობს? მინდა ვკითხო და არ შემიძლია, ან მიპასუხებს? ეგეც არ ვიცი. ყველაფერს დავთმობდი, რომ ახლა მასთან ახლოს ვიყო. ძალიან ახლოს, ისე, რომ მისი სუნთქვა მესმოდეს... ამის წარმოდგენამ უცნაური შეგრძნება მოჰგვარა და გულმა გამალებით დაუწყო ძგერა. ეს რა მემართება? ნაია, სხვა რამეზე იფიქრე, მაგალითად იმაზე, ხვალ-ზეგ გიორგი გაბოძეს სამსახურთან ერთად სწავლის შეთავსებაზე როგორ დაითანხმებ. ადრე ხომ გამოგდიოდა შიოზე სხვანაირად ფიქრის გონებიდან ამოგდება? ახლაც უნდა გამოგივიდეს! მეგობარია! მეგობარი!
ღამე თავის მისტერიაში ხვევდა შიოსაც. საყვარელი ქალი გვერდით ეჯდა, თავს შესანიშნავად გრძნობდა და სიტყვა მეგობრობა მაინც აცალკევებდა მისგან. ნაია რომ ახლოს ჰყოლოდა, ისე ახლოს, როგორც მას სურდა... სახე შეჭმუხნა და ალკოჰოლს მიეძალა.
-ოდესმე მეგობარი შეგყვარებია? - მოულოდნელი იყო ნაიას შეკითხვა შიოსთვის და შეცბა.
-რატომ მეკითხები?
-ისე.
-ვის შეუყვარდა მეგობარი?
ნაიას ტუჩები და ხელები აუკანკალდა. გულმა უფრო უმატა ძგერას და სიტყვა ყელზე მიებჯინა. მერე რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, პლედი შემოიხვია. შიოს თვალს არაფერი გამორჩენია. შეატყო, რომ ძალიან აფორიაქდა. ნაია წარმოთქმულ სიტყვებს ნანობდა კიდეც, მაგრამ გვიან იყო. შიო მისკენ მიიწია და ხელი მხარზე მოჰხვია. ნაიამ თვალები დახუჭა. დენივით დაუარა მისმა შეხებამ.
-ნაი, კარგად ხარ? - დაბალ ხმაზე ჰკითხა.
ნაიამ თავი დაუქნია და საკუთარმა სისუსტემ თვალები აუწყლიანა.
-მაშინ მომიყევი. ვილაპარაკოთ, დროის მეტი რა გვაქვს?
ნაიამ ძლივს ამოთქვა:
-ერთ სულელ გოგოს მეგობარი შეუყვარდა. წლებია იტანჯება და ვერ უტყდება. არ უნდა, მეგობრობა გააფუჭოს. არ იცის, რა რეაქცია ექნება ბიჭს მის სიყვარულზე. მის ადგილას როგორ მოიქცეოდი, ეტყოდი?
შიომ მხრებიდან ხელი მოაშორა და ძალიან დაიბნა. ყველა აზრი ერთმანეთში აერია და თავადაც აფორიაქდა, თუმცა როგორც სჩვეოდა, ოსტატურად შეფუთა მღელვარება.
-არ ვიცი. რთულია. ვის შეემთხვა?
-არის ერთი. რჩევა სჭირდება.
-თავად უნდა გადაწყვიტოს, - ჩაილაპარაკა და იჭვნეულად შეხედა ნაიას.
ნაიამ შიოს მზერას ვეღარ გაუძლო. თვალს ვერ უსწორებდა და კიდევ რამე რომ არ წამოსცდენოდა, კარავში შესვლა მოინდომა, უნდა დავიძინოო. შიომ ხელი არ შეუშალა, მხოლოდ თვალი გააყოლა და ჭიქაში დარჩენილი ალკოჰოლის უკანასკნელი ყლუპი დალია. მერე ხეს ზურგით მიეყრდნო და თვალები დახუჭა.
-ეს რეები იბოდიალე, ნაია? რამ გამოგალენჩა?! - საკუთარ თავს კიცხავდა ნაია.- მგონი, ყველაფერს მიხვდა. იქნებ ვერც მიხვდა? არა, ვერაფერს მიხვდებოდა. რამდენ მეგობარს შეყვარებია მეგობარი. მორჩა! ხვალიდან სულ სხვა რაღაცებზე იფიქრებ, გასაგებია?! სულ სხვა რაღაცებით ჩაანაცვლებ ამ არეულ აზრებს და როგორც ყოველთვის, ისევ მოერევი ამ გრძნობას. ჰო, მაგრამ შიოს რომ ეფიქრა, ეს თემა ჩვენთან რა კავშირში იყო და ნაიამ იმ მეგობარში მე ხომ არ მიგულისხმაო? აუფ, დავიღუპე და ეგ არის!
ვერც შიო იძინებდა. ნაიას სიტყვებმა ეჭვი გაუჩინეს და არსებულ რეალობაში უფრო მეტად გაიხლართა.
ადრიანი დილა იყო, როდესაც ნუცას ტელევიზიიდან დაურეკეს და შეხვედრის დროის ცვლილების შესახებ შეატყობინეს. მოლაშქრეებს ბიისის ხეობის დატოვება მოუწიათ. როგორც კი ნუცამ სოციალური ქსელისთვის მოიცალა და მის გვერდზე გამოჩენილ პოსტსა და მეგობრებისგან მიწერილ სალაზღანდარო კომენტარებს გადახედა, მაშინვე მიხვდა თავის ძმის ოინს და გაცეცხლდა, ასეთი ცოდვიანი განა რა წინა ცხოვრება მქონდა, რომ ამ ცხოვრებაში კარმად შიო მერგოო. ნაიამ და შიომ ერთმანეთს შეხედეს და ჩუმად გაეღიმათ. ნუცამ მაშინვე წაშალა პოსტი და მეგობრებს აუხსნა, უწყინარი ხუმრობის მსხვერპლი გავხდიო.
მგზავრობა მშვიდ გარემოში მოუხდათ და არც სიცხისაგან დაღლილან. ავტოსადგურიდან ორი მგზავრი დაიმატეს და თბილისისკენ მიმავალი მანქანით კომფორტულად იმგზავრეს. ნუცა გადაცემა „მაგიდების ომზე“ ფიქრს, ნაია და შიო კი საერთო თავსატეხს ვერ მოწყვეტოდნენ. წუხანდელი ღამის შემდეგ ვერცერთი ვერ ახერხებდა სხვა რამეზე კონცენტრირებას.

***
-შენი თანადგომა მჭირდება ერთ საკითხში, - თხოვნით მიადგა ნაია გიორგი გაბოძეს.
-ახლა რაღა მოიფიქრე? -სამუშაოს მოწყდა გიორგი.
-სწავლის გაგრძელებას ვაპირებ, ოღონდ ისე, რომ სამსახურს შევუთავსო და შენ არ დაგაზარალო.
-და ეგ როგორ გამოვა?
-კვირაში რამდენიმე დღე მომიწევს თელავში სიარული. თვითმფრინავის აფრენა-დაფრენის პრაქტიკული კურსის გავლა მჭირდება.
-შენ აღარ ხუმრობ, ხო იცი?
-შეძლებ, რომ დამეხმარო?
-ჩემგან რას ითხოვ?
-კვირაში სამი დღე რომ მოვიდე და ზუსტად იმდენი გავაკეთო, რამდენსაც ხუთ დღეში ვასწრებ, პრეტენზია ხომ არ გექნება? კლიენტებთან ურთიერთობას სახლიდანაც მოვაგვარებ და არ დაგაზარალებ, გპირდები.
გიორგის სახეზე შეეტყო, რომ მაინცდამაინც არ ესიამოვნა, მაგრამ არც უარის თქმა უნდოდა.
-რას იტყვი?- პასუხმა რომ დაიგვიანა, სულმოუთქმელად შეჰყურებდა ნაია.
-ჩემი საქმე უკან თუ არ დაიხევს, ვცადოთ მაშინ. რომელ დღეებში მოხვალ?
-კარგად გავარკვევ და ზუსტ პასუხს გეტყვი. ახლა ვალაგებ ცხრილს და გრაფიკს.
-ოკ. ჩამოყალიბდი და დანარჩენ დეტალებზე მერე შევთანხმდეთ. ჰო, მართლა... - ეზოში გასული უკან შემობრუნდა, -შენს ქმარზე რა ხდება? კიდევ გაწუხებს?
-ისე აღარ. ახალ ცხოვრებას ეგუება. სხვათაშორის, დღეს ვაპირებთ ხელის გაწერას.
-მართლა? -წვერზე დაისვა ხელი და ესიამოვნა, - ეგ კარგი ამბავია.
-შენ და ჯონათანმა მართლა მაგარი საქმე გამიწიეთ. მე რომ პილოტი გავხდები, სულ ფასდაკლებებით უნდა გამოგზაუროთ ორივე.
-არ დაგავიწყდეს, -გაეღიმა გიორგის და ეზოში გატანილი სკულპტურის დამუშავებას მიუბრუნდა.
ოთხი საათი იქნებოდა, როდესაც ნაია სამსახურის საქმეებს მორჩა და სახელოსნო დატოვა. ილიასთან შეხვედრამდე ნახევარი საათი აშორებდა და ოდნავადაც არ ღელავდა. პირიქით, მშვიდად უყურებდა პოზიტიურ ცვლილებას და მშვენიერ განწყობაზე იყო.
ყიფიანი იუსტიციის სახლის წინ იდგა და ნაიას ელოდებოდა. მისმა გამოჩენამ დიდად არ გაახარა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ კარგავდა. ფორმალური მხარე სწრაფად მოაგვარეს და მალევე გამოვიდნენ შენობიდან.
-გილოცავ! შენსას მიაღწიე. დღეიდან თავისუფალი ქალი გქვია.
-ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. ყოველთვის გამიხარდება შენი კარგად ყოფნა, - ნაია საუბარში არ შეჰყვა, მოკლედ მოუჭრა და ზურგი აქცია.
მიდიოდა და მიწაზე რომ აბიჯებდა, აღმაფრენისგან ვერ გრძნობდა. თითქოს დიდი ხნის ტვირთი ახსნეს, სხვანაირად გაიშალა მხრებში და ღრმად დაიწყო სუნთქვა.
-ყოჩაღ, ნაია, ყოჩაღ! გამოგივიდა! -ჩაილაპარაკა და ამაყად აუწია ხელი მისკენ მიმავალ ტაქსს გასაჩერებლად.

***
რაც დრო გადიოდა, ნაია აცნობიერებდა, რომ დანაშაულის შეგრძნება და შიში იყო, რაც საკუთარი თავის ბოლომდე გამოვლენას უკრძალავდა. კარგად ესმოდა, სად გადიოდა ცხოვრებაში ჭეშმარიტების ხაზი, რა სურდა მის სხეულსა და სულს, როგორ იქნებოდა დღევანდელზე ბედნიერი და რანაირად გაიგებდა ამქვეყნიური რეალიზმის მიერ მინიჭებულ სიცოცხლის შესახებ მეტს, მაგრამ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, თვითგვემას ეწეოდა და ჩვეულებრივ ადამიანებს ემსგავსებოდა, რომლებიც პატარა სიახლეების ფონზე ყოველდღიურ ყოფით პრობლემებში ეფლობოდნენ და სტაბილური ცხოვრებით კმაყოფილები საბოლოოდ ჯერ მოწყენილობისკენ ეშვებოდნენ, მერე კი კვდებოდნენ...
მართალია, ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ცვლილებებმა სიცოცხლე შეუნარჩუნეს, მაგრამ იყო კი ეს საკმარისი? რაღაც მაინც ახეთქებდა ყრუ კედელს და სიმწრისაგან ხელების ბრახუნის გარდა არაფერი რჩებოდა.
რამდენიმე კვირა იყო, რაც თბილისი-თელავის გზები მისი ცხოვრების რუტინად იქცა. სწავლობდა, როგორ მიეღო სიამოვნება ახალი გამოწვევისგან. დედამიწას სიმაღლიდან უყურებდა, ყველა ტკივილს იქ ტოვებდა და ცის თავგადასავლებით აღტყინებული, პეგასივით ნავარდობდა. ძალიან ლამაზი იყო მაშინ - მსუბუქი, ლაღი, ველური და თავისუფალი.
ორ ქალაქში ცხოვრებას საერთოდ არ დაემჩნია გადაღლილობის კვალი. პირიქით, სხვანაირი ჩანდა - დამშვიდებული და მოტივირებული. ერთ დღეს დატვირთულ დღის რეჟიმს თავი ძლივს გამოსტაცა და ნუცას და შიოს სანახავად მოიცალა.
-ვაა, ნაი? -გაოცებული შესცქეროდა მოულოდნელად გამოჩენილ სტუმარს შიო.
-ჰო, რა გაიკვირვე? არ მელოდი?
-მოსვლას თუ აპირებდი, არაფერი ვიცოდი.
-მოიცა, არ გითხრა ნუცამ?
-ნუცას როდის უნდა ეთქვა? საერთოდ ვერ ვხედავ. რაც „მაგიდების ომში“ ჩაება, ტელევიზიაში დაიდგა საწოლი და იქ სძინავს.
ნაიამ ქურთუკი საკიდზე დატოვა და ნუცას შეტყობინება გაუგზავნა, სად ხარ, მე უკვე თქვენთან ვარ და გელოდებიო. შიომ ტელევიზორი ჩართო და არხების თვალიერებას შეჰყვა.
-როგორ ხარ? რა ხდება შენკენ?
-კარგად. გუშინ დავბრუნდი მოტორბოლიდან, მეორე ადგილით.
-გილოცავ. რთული იყო?
-ისე რა.
-აუ, ერთხელ როგორ ვერ უნდა წამოვიდე? მეც მაინტერესებს ეგ სანახაობა.
-მოტოციკლზე მჯდარხარ?
-არა და ეგეც ძალიან მაინტერესებს.
-მოძრაობისას გარემოს და გზის ნაწილი ხდები. ადრენალინის მოჭარბებული რაოდენობა უჯდება სისხლს და სიამოვნების ისეთ ზენიტში ადიხარ, ვეღარ ეშვები.
-ჯერ რასაც ვსწავლობ, მაგას დავამუღამებ, მერე ალბათ მაგისთვისაც მოვიცლი.
-როგორ მიდის აფრენა-დაფრენის საქმეები?
-მშვენივრად. ადრენალინი იქ უნდა ნახო.
-ჰო, არც ეგ იქნება ცუდი, მაგრამ ცაზე შენ იფრინე, მე მიწიერი მოგზაური ვიქნები.
-ისე, რა უცნაურია, არა? მე და შენ, - ენა აერია ნაიას, - მე და შენ ისეთი რამეები მოგვწონს, რაც რისკს მოითხოვს და სიცოცხლისთვის სახიფათოა.
-მე ეგ სულაც არ მეუცნაურება.
-რატომ?
-კარგად გიცნობ და იმიტომ. ასევე ჩემს თავსაც ძალიან კარგად ვიცნობ და საერთოდ, არასოდეს ვცდები ადამიანებში.
ნაია შიოს სიტყვებზე აფორიაქდა და ღაწვები შეეფაკლა. სკამის საზურგეს დაცილდა და წინ წამოიწია:
-და... და მერე რა... რა... რატომ არ გეუცნაურება? - უაზროდ მოჩხლართა წინადადება და ვერ მიხვდა, რომ იგივე კითხვა დასვა.
-შენ არასოდეს მოგწონს ის, რაც ბევრს. ბავშვობიდან ასეთი ხარ, ყოველთვის გამორჩეულს ეძებ.
ნაიამ თვალები დახარა:
-ჰო, ასეთი ვარ.
-ეს ვინ მოსულა. რომელმა ქარმა გადმოაგდო? - გახარებული ნუცა მეგობარს მივარდა და ჩაეხუტა.
ოდნავ განიტვირთა დაძაბულობა.
-სად ხარ? რატომ დაგაგვიანდა?
-სად ვიქნები? თავს აღარ ვეკუთვნი. გავიჩალიჩე, რა.
-ძაან კარგად მიდიხარ. ყოჩაღ!
-რასაც შენ უყურებ, ეგ ორი კვირის წინ ჩავწერეთ. ახლა საახალწლო ომისთვის ვემზადებით, უკვე ოთხი დავრჩით.
-ვაუ! გილოცავ, ნუცი. შენ რა მაგარი ვინმე ყოფილხარ. შემოდგომის ფესტივალის მაგიდა ულამაზესად გქონდა გაფორმებული. ლიმონებმა ისეთი იერი მისცა, უელეგანტურესად ჩაჯდა დეკორაციებში.
-მადლობა. ეგ მაგიდა ჩემი ფავორიტია. ნუ, ჯერ-ჯერობით მაინც. უნდა დაგტოვოთ, მალე მოვალ და მერე გავაგრძელოთ ეს თემა. რაღაც განსხვავებულ იდეას ვეძებ და თქვენ აზრსაც მოვისმენ. სრული დომხალი მაქვს თავში... არ მცალია, თქვენ ილაპარაკეთ და შემოგიერთდებით.
-რა ხდება? - დას ჰკითხა შიომ.
-მე ხო სულ გადარბენაზე ვარ და ისე დავდივარ, მიწაზეც აღარ ვიყურები. ჰოდა, ლიფტში შევედი და ღილაკს რომ დავაჭირე, შევამჩნიე, რომ შარდის ტბაში ვიდექი. ვიღაც ბედოვლათს მოუშარდავს და...ჩექმები კართან დავაწყე, სანამ სუნი დადგა, გავრეცხავ და მოვალ.
-რაღაც ზედმეტად აღელვებული ხარ. დავიჯერო, მხოლოდ შარდის ტბაში დგომის ამბავია?
ნუცამ ქვედა ტუჩზე იკბინა და უხერხულად გაეცინა:
-ლიფტის კარი გაიღო და ჯონათანმა დამინახა, იქ იდგა. თვალი ჩამაყოლა და მზერა შარდიან ჩექმებზე შეაჩერა. აუ, რა სანახავი ვიქნებოდი. ახლად ჩაფსმულ ბავშვს ვგავდი. იცი, როგორ მრცხვენია?
-ვიღაცამ მოფსა და ამას რცხვენია, - შიომ ნაიას ორაზროვნად გადაულაპარაკა.
- თავი ვიმართლე, ეს მე არ ჩამიდენია-მეთქი, მაგრამ რომ არ დაეჯერებინა? ახლა ვდგავარ და ამაზე ვნერვიულობ,- ოთახიდან გავარდა, აღარ დაელოდა რას ეტყოდნენ.
-რა სჭირს ამას? მართლა ძალიან განიცდის. ადრე ეგეთი ამბები სულ ცალ ფეხზე ეკიდა. დავიჯერო, „მაგიდების ომმა“ შეცვალა?
-მაგიდების ომმა კი არა, მე ვიცი ვინც შეცვალა. იმ დღეს შემოვედი სახლში და ჯონათანი ზის სამზარეულოში. ტორტი ამოუტანია ჯიგარს, ისხდნენ გუგულებივით და ტკბილად უბნობდნენ.
-რაო?
შიომ თავი დაუქნია.
-ე, ამათ უყურე. როგორ ვერაფერს მივხვდი. სხვათაშორის, იმ ჯიგარს, ეგრე რომ უწოდებ, დასაწუნი არაფერი აქვს. ისე, რა საინტერესო სანახავი ყოფილა შეყვარებული ნუცა.
-კი, მაგარი. რეტდასხმული დადის და ძალიან მოუხდა,- შიომ ტელევიზორის არხების თვალიერება განაგრძო.
ნაია გაჩუმდა და ეკრანს დააცქერდა, მასთან ერთად ადევნებდა თვალს არხიდან არხზე გარდამავალ გადაცემებს.
-მორჩა, მოვედი, - ნაიას გვერდით მიუჯდა ნუცა და თელავისა და პრაქტიკული მეცადინეობების შესახებ გამოჰკითხა. ნაიამაც ყველაფერი უამბო. სახეზე ეტყობოდა, რომ ახალი ცხოვრებით კმაყოფილი ჩანდა.
-რასთან დაკავშირებით გინდოდა ჩვენი აზრის მოსმენა? - შიომ ნუცას რამდენიმე წუთის წინ ნათქვამი შეახსენა.
-ჰო, მართლა. ხუთი დღე მოგვცეს საახალწლო მაგიდის გასაწყობად. რაღაც განსხვავებულს ვეძებ, არატრადიციულს, არაკლასიკურს. მინდა ყურადღებას იქცევდეს და ყველა ჩემი მაგიდისკენ მიიწევდეს, რომ თავი განსაკუთრებულად იგრძნოს.
ნაია და შიო ჩაფიქრდნენ. მერე თითქოს ნაიას გონება გაუნათდა და გალაქტიკის თემა შესთავაზა. წარმოიდგინე, რომ ირგვლივ პლანეტების სახით მოიისფრო, მოვერცხლისფრო, მოლურჯო, ოქროსფერი, ოდნავ მოწითალო დიდი ბურთულები და ბევრი მოციმციმე ვარსკვლავია.
-ეგ დეკორაციები კარგია, მომწონს. მაგიდა რა ფერებში?
-იგივე.
-ჰო, სხვა ფერს ვერ მიიღებს, ისიც გალაქტიკის ფერებში უნდა გავაწყო, მაგრამ ახალ წელს მუქი ტონალობის ფერები მაინცდამაინც არ უხდება. კი, ორიგინალურია, მაგრამ ეს იდეა ვერ მოიგებს ტურს.
-მარსის ფერი აიღე. ოდნავ მოწითალო, ან ფორთოხლისფერი.
-არა, ძაან ჭარბი ფერი იქნება და გალაქტიკის მთლიანობა დაირღვევა.
-ნუცი, ოთახი რომ ავაყირავოთ? - ახალი იდეა წამოაყენა შიომ.
-ხომ შეიძლება ერთხელ მაინც, ჩემი გულისთვის გონება დაძაბო და ღადაობის ნაცვლად, რამეში დამეხმარო?
-არ ვღადაობ, გოგო.
-რას არ ღადაობ, შიო? ოთახი როგორ ავაყირავო?
-დეკორაციებით. მაგალითად, აიღე ნაძვის ხე და ჭერზე დაკიდე.
ნაიას გაეცინა. ნუცა უკვე მიჩვეული იყო შიოს ოინებს და რეაქცია აღარ ჰქონდა, სერიოზული სახით იყურებოდა.
-სათამაშოებიც ორიგინალურად გადმოეკიდება ტოტებიდან. ვის არ მოუნდება აყირავებული ნაძვის ხის ქვეშ მაგიდასთან ვახშამი? ძაან ქულია. მე სიამოვნებით დავჯდებოდი.
-შენ კი, დაჯდებოდი.
-ჰო, რა იყო? რატო არ მოგწონს, ტო?
-მეც ვკითხე, რა, ამათ, იდეების გენერატორებს, -ირონიულად ჩაილაპარაკა ნუცამ და გონება დაძაბა, იქნებ ისევ მე მოვიფიქრო რამეო. მერე, რაღაც აზრმა გაუელვა და შიოს გაბრწყინებული თვალებით შეხედა, - მგონი, მართალი ხარ, ამოყირავებული ნაძვის ხის იდეა გაამართლებს. კონსტრუქციას შევკრავ, ნაძვის ხეს მასზე დავამაგრებ და განსხვავებულად მოვრთავ. მაგიდას კი - ნახევრად კლასიკურ, ნახევრად ტრადიციულ კონტექსტში.
-ტრადიციული რანაირად გამოვა?-იკითხა ნაიამ.
-მაგალითად, საქართველოს დროშის ფერებში გავაწყობ. კლასიკური სტილი შესანიშნავად შეირწყავს თეთრს და წითელს. ეს იქნება დახვეწილიც, ქართულიც და ცოტა ავანგარდულიც. ამით ყველაფერს ვიტყვი და არავის არაფრის დანაკლისი არ გაუჩნდება.
-აყირავებულმა ნაძვის ხის იდეამ ნამქერივით შეაყარა სხვა იდეებიც. შენ კიდევ ღადაობო, ტო. -ამაყად თქვა შიომ.
-მოდი, უნდა გაკოცო მაგ იდეინ თავზე, -ძმისკენ გაიწია ნუცა.
-გადი, გოგო იქით. არ ხარ ღირსი ჩემს თავს ემთხვიო.
-რატომ? – აკისკისდა ნაია.
-არ მაფასებს და იმიტომ.
ნუცამ ძალით მაინც აკოცა და ტაში შემოჰკრა, მგონი გარანტირებული ნახევარფინალი მელისო. ცოტა ხანს კიდევ ილაპარაკეს მეგობრებმა. საღამოს ცხრა საათი ხდებოდა, როდესაც ნაიამ წასვლა დააპირა, ხვალ ჯერ გიორგისთან უნდა გავიდე, კლიენტებს შევხვდე, შეკვეთები მივიღო და საღამოს ისევ თელავში გავბრუნდეო. შიომ ჩაფხუტებს დაავლო ხელი და სახლამდე გაცილება შესთავაზა.
-შენ, რა? გინდა, მოტოციკლზე დავჯდე?
-არ მენდობი? შეიძლება სემ ჰილი არ ვარ, მაგრამ ურიგო ბაიკერი ნამდვილად არ ითქმის ჩემზე. ნდობა შეიძლება.
-არა, უნდობლობა არაფერ შუაშია. უბრალოდ, არასოდეს ვმჯდარვარ და...
-ნუ ღელავ, ეს ჩაფხუტი დაიფარე და უკან დამიჯექი. ფეხებს აქ ვაწყობთ, - ადგილზე მიუთითა.
ნაიამ ჩაფხუტი მოირგო და შიოს ინსტრუქციებს მიჰყვა. ძრავის ჩართვამდე ხელები მოჰხვია და კვლავ ნაცნობმა შეგრძნებამ შეახსენა თავი, რომელიც მთელ სხეულს ისე მოედო, ობობის ქსელში მომწყვდეული მწერივით უმწეო გახადა.
-ქარს გაჰყევი. დანარჩენს თვითონ გამოგაცდევინებს, - შიოს სიტყვებმა გამოაფხიზლეს და მოტოციკლის ხმაც გაისმა.
როგორც კი დაიძრნენ, ნაიამ მჭიდროდ მოჰხვია ხელები. ცოტა მანძილი რომ გაიარეს, ჰკითხა, მოსწონდა თუ არა. მაგარიაო, შეჰყვირა და ისიც გათამამდა, თანდათან მოუმატა სიჩქარეს. ეიფორიაში ჩავარდნილი ნაია ემოციებს შეძახილებით გამოხატავდა.
მოტოციკლი ნაიას კორპუსთან გაჩერდა. ჩაფხუტები მოიხსნეს და ერთმანეთს შეხედეს.
-ესე იგი, მოგეწონა, - საუბარი წამოიწყო შიომ.
-ძალიან. დილამდე ვივლიდი შენთან ერთად, - უსასრულოდაცო, უნდოდა ეთქვა, მაგრამ...
-თუ გინდა, კიდევ ვიაროთ, მცალია.
ნაიამ თავი გააქნია, ხვალ რომ სამსახური არ მქონდეს და წასასვლელი არსად ვიყო, დიდი სიამოვნებითო, მერე ნელა მიიტანა სახე მის სახესთან და ტუჩის კუთხესთან გამოსამშვიდებებელი კოცნა დაუტოვა.
კოცნამ ორივე აამღვრია, თუმცა მაინც გაუმკლავდნენ მიზიდულობას. ნაია სადარბაზოში შევიდა და კედელს აეკრო.
-ცოტაც და გავაფრენ, -ამოილუღლუღა და სიყვარულთან დამარცხებული იქვე ჩაიკეცა.
მარტოდ დარჩენილმა შიომ დილამდე იარა მოტოციკლით ღამის ქუჩებში. ბოლოს, ჩვეული ადგილიდან მზის ამოსვლას ჩაცლილი ვისკის ბოთლით შეეგება და შენ გაგიმარჯოსო, სხივს შესცინა.

***
იმ საღამოს, როდესაც ნაია თელავში დაბრუნდა, მოწყენილობისგან სახლში ვერ გაჩერდა და ქუჩებში სახეტიალოდ გავიდა. ლამპიონებით განათებული ისტორიული ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი მოეჩვენა. უგზო-უკვლოდ იარა, მერე სიარულისგან დაღლილობა რომ მოეხსნა, ცხრაასწლოვან ჭადრის ხესთან ჩამოჯდა და იქიდან დაუწყო თვალიერება შემოგარენს. ბრაზი მოსდიოდა, ამდენი ხანი აქ ვცხოვრობ და ვერ მოვიცალე საინტერესო ადგილების დასათვალიერებლადო. ერეკლე მეორის სასახლის გარდა ჯერ ვერაფერი ვნახე. სამაგიეროდ, დედა ზოიას ლავაშების თონეს და მარგუშას მაღაზიას თვალდახუჭული ვცნობ. ჰო, კაია? ხვალ ჩოლოყაშვილის ქუჩას ვნახავ, მერე კვირიკეს ბორცვზე ავალ და იქიდან გადავხედავ ალაზნის ველს. როგორ მითხრა ჩემმა ინსტრუქტორმა? ყველაზე მშვენიერი პანორამური ხედები კვირიკეს ბორცვიდან იშლება და ტურისტები მაგ ადგილს ეტანებიანო. მკვიდრ თელაველებს შევხვდები, ახლოს გავიცნობ, გავიგებ როგორი ხალხია. მეგობრებსაც შევიძენ, ორი წელი აქ უნდა ვიცხოვრო და ასე, ოთხ კედელში გამომწყვდეულივით რა გაძლებს? ხანდახან ჩემს ძველ საქმიანობას გავიხსენებ, მასკარპონეს კრემიან ჟოლოს ნამცხვარს გამოვაცხობ და კახურ შეკრებებს მოვაწყობ. რით იქნება ცუდი? იმ დღეს რომ გამომშრალი კრუასანები გამომატანეს, ნეტა იმ ფრანგული საცხობის მეპატრონემ იცოდეს სად იმალება ცხობის ნამდვილი ქალღმერთი. გიჟივით გამბაწრავდა და იქიდან აღარ გამომიშვებდა. არა! რა ფქვილი? სიცხე ხომ არ გაქვს, ნაია? დიდ ავიაციას შესდგომიხარ და სადაც არის, ბავშვობის ოცნებას აიხდენ. აგერ მაქვს თეატრიც, იქაც ვივლი. ამასობაში ასორმოცდაათსაათიანი პრაქტიკული სწავლებაც დამთავრდება და კომერციული პილოტის ლიცენზიას მივიღებ. ორძრავიანი თვითმფრინავის სამართავადაც დავიმატებ ცოტა საათებს, ეგეც მჭირდება. უჰ, მგონი, აქაურობას ისე შევიყვარებ, მალე თბილისისკენ გახედვა არ მომინდეს. არა, რა თქმა უნდა, აქ ვერ გადმოვსახლდები, მაგრამ ამ ქალაქს რომ თავისებური ხიბლი და მიზიდულობა აქვს, ვერავინ შემედავება, - ფიქრებს შეყოლილი ნაია ახლად დაწყებულმა წვიმის წვეთებმა შეაჩერეს. საათს დახედა. საკმაოდ გვიანი იყო. რა დრო გასულაო,- ჩაილაპარაკა და სახლის გზას დაადგა.
წვიმამ თანდათან უმატა და ბინაში თავიდან ფეხებამდე გაწუწული შევიდა. ტანსაცმელი გამოიცვალა, შხაპი მიიღო და ჩაის დასალევად ჩაიდანი შემოდგა ქურაზე. სწორედ მაშინ გაისმა კარის ზარის ხმა. ამ შუაღამეს ვინ უნდა იყოს? დაეჭვდა, ვინმე ხომ არ ამეკიდაო და საჭვრეტიდან ფრთხილად გაიხედა. გარეთ შიო იდგა. შეკრთა, რამე ხომ არ მოხდაო და სასწრაფოდ გააღო კარი.
-შიო, შენ? მშვიდობაა?
-თუ სახლში არ შემომიშვებ, მშვიდობა არ მექნება.
-როგორ გალუმპულხარ, -თვალი შეავლო და სახლში შესაშვებად გვერდით გაიწია,- მანდ რას მალავ? - მის ქურთუკს მიაშტერდა.
შიომ ქურთუკიდან ბრიტანული ჯიშის ნაცრისფერი კნუტი ამოაძვრინა, სებასტიანი მოგიყვანეო.
-ვაიმე, რა საყვარელია! ეს ჩემია? - ხელში აიყვანა, გულზე მიიკრა და ზედ დასცქეროდა.
-სად დადიხარ, გოგო? უკვე მესამედ მოვედით მე და სებასტიანი ამ საღამოს.
-მართლა? დაგერეკა და მოვიდოდი.
-ნწ, მე და სებას სიურპრიზები გვიყვარს, არა, სება?
-მარტო ვერ გავძელი და ქალაქში გავიარე. ტურისტი რომ გადამეყაროს, აქეთ დავუწყებ კითხვას, რა ნახე, მეც მითხარი-მეთქი.
შიოს გაეღიმა.
-დროა, კარგად გავიცნო აქაურობა. ორი წელი აქ უნდა ვიცხოვრო და არაფერი ვიცი. სკოლის ექსკურსიიდან მახსოვდა ბუნდოვნად რაღაცები, ისიც გართობაზე რომ ფიქრობ და ღირსშესანიშნაობებზე გელაპარაკებიან. ხო აზრზე ხარ?
უცებ, კნუტმა წამოიკნავლა და ორივეს ყურადღება მიიპყრო.
-შია ვითომ? რატომ ტირის?
შიომ ჯიბიდან ცოტაოდენი საჭმელი ამოიღო კნუტისთვის და ნაიას მიაწოდა. ხვალ ზოომაღაზიაში წავალ და რაც სჭირდება, ვუყიდი, თბილისიდან ვერ ვატარეო. ნაიამ სებასტიანი ხელში მიაჩეჩა და ჭურჭლის მოსატანად სამზარეულოში გავიდა. დაბრუნებულმა სებასტიანს პატარა თეფშზე საჭმელი დაუდო და კმაყოფილი შესცქეროდა, რომ ჭამა დაიწყო. მერე შიოს ახედა და ჩაის ხომ არ დალევო?- შესთავაზა.
-დავლევ.
-ვაიჰ, ამ კნუტმა ისე დამაბნია, სულ დამავიწყდა, პირსახოცი მაინც მომეცა, - კარადა გამოაღო და ტანსაცმელში პირსახოცს დაუწყო ძებნა. გვიან მოვიდა გონზე, რომ არასწორ ადგილას ეძებდა. როგორც იქნა, იპოვა და მისცა.
შიომ თმის გამშრალება დაიწყო. ნაია ისევ კნუტს მიუბრუნდა.
-ჩემი მისამართი როგორ გაიგე?
-ანტენა მაქვს და ყველაფერს ვიჭერ.
ნაიას გაეცინა.
-რა გაცინებს? -სერიოზული სახით ჰკითხა.
მისი სახის გამომეტყველებამ კიდევ უფრო გაამხიარულა ნაია.
-ესე იგი, იტოვებ სებასტიანს? თუ წავიყვანო?
-აბა, ხელი დააკარე, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაგეკიდები.
-სად არის შემოთავაზებული ჩაი? გადამაგდე?
-სულ დამავიწყდა, - წამოხტა ნაია და ჩაის მომზადება დაიწყო, - გამოვყეყეჩდები ხოლმე, რა. მივშტერებივარ, თითქოს პირველად ვხედავდე, -თავს უწყრებოდა.
კარადიდან ვაშლის ხვეულა გამოიღო, უსწორმასწოროდ დაჭრა და ჩაის ფინჯანთან ერთად ხელის კანკალით დააწყო მაგიდაზე. შიომ ერთი ყლუპი მოსვა და დაიჯღანა:
-დასჯილი ვარ?
-ჰა? რა...ტომ ამბობ? - ვერ მიხვდა ნაია.
-შაქარი არ უნდა ჩაგეყარა?
-ვაიმე, - ხელი ფინჯანს დაავლო, შემდეგ ისევ მაგიდაზე დადო და საშაქრის მოსატანად გაიქცა.
ცოტა ხანში საშაქრესთან ერთად დაჭრილი ლიმონით დაბრუნდა. ვიცი, ლიმონით გიყვარს და ესეც გამოვაყოლეო.
-შენ არ გინდა?
-მეც მინდა. წავალ, ჩემთვისაც მოვამზადებ. ისევ წამოდგა და თავბრუდახვეულმა სამზარეულოს თაროზე დაწყობილი ფინჯნებიდან ერთ-ერთის აღებისას რამდენიმე გადმოყარა და გატეხა.
-კარგად ხარ?- შიოს ხმა გაისმა.
-ჰო, დაბდურა რომ იქნები. მეტისმეტმა სიხარულმა იცის, - გასძახა ნაიამ და ნამსხვრევებს დაუწყო შეგროვება.
მალევე დაბრუნდა შიოსთან. კნუტი კალთაში ჩაისვა და მოფერება დაუწყო.
-აქ მხოლოდ სებასტიანის მოსაყვანად არ მოვსულვარ, სალაპარაკო მაქვს.
-რამე მოხდა?
-რომ არა ბიისის ხეობაში ერთ საკითხზე ჩვენი დიალოგი, ალბათ, ამაზე არასოდეს დაგელაპარაკებოდი.
დარწმუნებულია, რომ მე ვარ ის, ვისაც მეგობარი შეუყვარდა. სხვა შემთხვევაში აქ არ მოვიდოდა. ვაიმე, რა გავაკეთო? რომელი ფანჯრიდან გადავხტე? - ფიქრები აეშალა ნაიას.
-ვერ გავბედავდი ამის თქმას. ჩავთვალოთ, რომ დააჩქარე.
გაურკვევლობაში ჩავარდნილ ნაიას გული შეეკუმშა და სახე წამოუწითლდა.
-მეც სხვანაირად მიყვარს ერთი მეგობარი.
რას ამბობს? ახლა არ მოვკვდე. ნეტა რომელ მეგობარზეა საუბარი?-ნაიას სახეზე ტკივილი აესახა და თვალები აუწყლიანდა. ძლივს მოაბა თავი კითხვას: - არ ეუბნები?
-რიგითი მიზეზების გამო ვერ ვეუბნებოდი. ახლა ვაპირებ, რომ გამოვუტყდე. ვფიქრობ, დროა.
-ახლა?
-ჰო.
ნაიამ კნუტი კალთიდან გადასვა და ნერვიულობისგან კიდევ უფრო დაიბნა.
შიომ ნაიას ხელი საკუთარ თითებში მოიქცია და ფერება დაუწყო. ნაიამ ვეღარ გაუძლო და ხელი გამოსტაცა:
-რა გინდა, შიო? პირდაპირ მითხარი.
-ის მეგობარი შენ ხარ, ნაი.
-დაუჯერებელია!-სკამიდან წამოხტა ნაია, -ეს... ეს... რანაირი რა არის? ესე იგი, ის მეგობარი მე ვარ? - ემოციები ვერ შეიკავა და სახეზე ხელები აიფარა.
შიო წამოდგა და დასამშვიდებლად გულზე მიიკრა.
-ამდენი ხანი... ამდენი ხანი ვიტანჯებოდით და ხმას არცერთი ვიღებდით. დაუჯერებელია! მართლა დაუჯერებელია! -იმეორებდა ნაია.
შიომ თვალებიდან ხელები მოაშორებინა და სახის თითოეული ნაკვთი დაუკოცნა:
-ვერ წარმოიდგენ, რამდენჯერ მქონია სურვილი, რომ ასე ახლოს ვყოფილიყავი შენთან.
ნაია თავს აქნევდა:
-თუ მჯეროდეს.
-დაიჯერე. უნდა დაიჯერო. ეს არის ჩვენი სიმართლე, რომლითაც აქამდე მოვედით.
მოულოდნელი ამბისგან დამუნჯებული ნაია მთელი ძალით მიეკრო და საყვარელი მამაკაცის სურნელი შეისუნთქა:
-თურმე რა კარგი ყოფილხარ, -ამოიჩურჩულა და ცხელი ტუჩებით ნაზად შეეხო მის ყელს.
წლების განმავლობაში ჩალექილმა სიყვარულმა ერთმანეთი ჯერ კოცნით, შემდეგ შიშველი სხეულებით დაახლოვა. ორივეს ცეცხლივით ეკიდა ნამდვილი, წლების განმავლობაში გულში ჩაკლული და ნალოლიავები გრძნობისგან მოვარდნილი ვნება, რომელსაც ვეღარაფერი აჩერებდა. შიომ ნაია ხელში აიყვანა და დივანზე გადააწვინა. ბოლომდე და უკონტროლოდ შეჰყვნენ სურვილებს. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ოთახის კედლებს შეხეთქილი სიამოვნების ხმები.
ღამე სიყვარულმა გაცრიცა.
ცხრის ნახევარი იქნებოდა, როდესაც ნაიას გაეღვიძა. შიო მოშიშვლებულ ზურგზე შეჰყურებდა.
-დილა მშვიდობისა, - ნაიამ გაუღიმა.
-დილა მშვიდობისა.
-არ გეძინა?
-მეძინა, მაგრამ გაღვიძება დაგასწარი და შენი სხეულის ცქერით ვტკბებოდი. ხერხემლის ბოლო მალებთან ძალიან სექსუალურად გიჩანს პატარა ჩაღრმავებები.
-ასე დეტალ-დეტალ დაიწყე ჩემი შესწავლა?
შიომ მკერდზე წაატანა ხელი და საკოცნელად გაიწია. ნაიამ თვალები დახუჭა და აჰყვა. სწორედ მაშინ დარეკა მაღვიძარამ და პრელუდია შეაწყვეტინა.
-ერთ ადგილას უნდა წავიდეთ, -საწოლიდან წამოდგა ნაია.
-მეც?
-ჰო, რა გაიკვირვე?
-სად უნდა წავიდეთ?
-თელავის აეროპორტში.
-და?
-უნდა გაჩვენო, როგორ ვფრინავ
-როგორც ჩანს, ვიღაცას წუხანდელი ფრენა არ ეყო, - შიო ხელში წვდა, ლოგინზე დააწვინა და ჟინმორეული დააცხრა.
ნაია აკისკისდა:
-აშკარად არ მეყო.
-ჰოდა, რაღას ველოდოთ? - ნაიას ყურის ძირთან ამოიჩურჩულა და მის ღაწვებს კოცნით აუყვა.
კვლავ გააბრუეს ერთმანეთი ალერსით.

***
როცა აეროპორტ „მიმინოს“ მიუახლოვდნენ, ნაიამ ვრცელ არემარეს გახედა. ეს არის საავიაციო უნივერსიტეტის მიწისზედა სწავლებისთვის განკუთვნილი ბაზაო. შიომ თანამედროვე თვითმფრინავებს და ტექნიკას გახედა და აღნიშნა, არ ვიცოდი ასე კარგად თუ იყო აქაურობა აღჭურვილიო.
-რას განიცდი, როცა ამხელა აეროდრომს უყურებ?- კითხვით მიმართა ნაიას.
-თავისუფლებას!
-და თვითმფრინავში?
-როგორ გითხრა? რთულია პასუხის გაცემა. ვერ აღწერ ამ სიამოვნებას, სიტყვებს ვერ მოუძებნი. შტურვალს ხელით ეხები, ძრავის ვიბრაციას გრძნობ, ზევით-ქვევით დადიხარ, დედამიწას ზემოდან დაჰყურებ, ყველა და ყველაფერი პატარა და ზოგჯერ უმნიშვნელო გეჩვენება. რაც მიწაზე განაღვლებს, იქ ერთბაშად აზრს კარგავს. მარტო ხარ, სიცოცხლესთან და სიკვდილთან ახლოს. ეს გაცნობიერებული გაქვს და მაინც შეუპოვრად მიიწევ წინ. უშიშარი ხდები.
-ქარსაც გრძნობ?
-გრძნობ. არა აქვს მნიშვნელობა ღია თვითმფრინავს მართავ, თუ დახურულს.
-საინტერესო ჩანს. მიდი, აბა, ვნახოთ, როგორ მართავ. ვიდეოს გადაგიღებ და შეგახედებ შენს თავს.
ნაია ცენტრში შევიდა და პრაქტიკული მეცადინეობისთვის მოემზადა. შიო გარეთ დარჩა და აფრენა-დაფრენის პროცესს ჩაუსაფრდა. როდესაც ნაიას მიერ ცისკენ აჭრილი თვითმფრინავი დაინახა, ამაყად გაიღიმა და თვალი გააყოლა. ნელ-ნელა პატარავდებოდა თვითმფრინავი. ნაიას სიტყვები გაახსენდა, რაც მიწაზე განაღვლებს, იქ ერთბაშად აზრს ჰკარგავსო. დარწმუნებული იყო, იქაც კი, საიდანაც ყველა და ყველაფერი პატარა და უმნიშვნელო ჩანდა, არასოდეს მისცემდა საშუალებას, რომ დაევიწყებინა.
პრაქტიკულმა მეცადინეობამ წარმატებით ჩაიარა. ამინდმა ხელი შეუწყო და ნაიამ შესანიშნავად მართა თვითმფრინავი. შიომ გამოსვლისთანავე აჩვენა გადაღებული კადრები. ნაია ყურადღებით აკვირდებოდა. ზოგს რამდენჯერმე უყურა.
- რას იტყვი? ჩამიჯდები საფრენად თვითმფრინავში?
შიომ თავი დაუქნია.
-საით გავწიოთ?
- სადაც გინდა. თუნდაც მზის აღმოსავლეთით.
-მზის აღმოსავლეთით? -ნაია ჩაფიქრდა, ხელები გაშალა და გაეცინა, -კარგი, იყოს მზის აღმოსავლეთი. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
აეროპორტიდან წამოსული შიო და ნაია გეგმებს აწყობდნენ, ვისთვის როდის და როგორ გაემხილათ ახალი ურთიერთობის შესახებ. ნაია ამბობდა, მშობლებისთვის თქმას ჯერ არ ვაპირებ, ყველაფერს თავის დრო აქვს, ნუცა კი სხვა საქმეა, მაგას მაინც ვერსად დავემალებითო. შიო ამბობდა, ვისთან რა მაქვს დასამალი, როცა ამას ვაკეთებდი, ისიც მეყოფაო. საბოლოოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ პირველი ნუცა გაიგებდა მათ ამბავს. რამდენად დადებითად ან უარყოფითად მიიღებდა ძმას და მეგობარს წყვილად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, არცერთს პასუხი არ ჰქონდა.

***
თბილისში დაბრუნებული ნაია და შიო ნუცას ახალი ამბის სათქმელად მიადგნენ.
-ახლა თუ ერთმანეთზე გვაფარა... - სახლში შესულმა ნაიამ შიოს ყურში ჩასჩურჩულა და კატის სამგზავრო ჩანთა მოიხსნა.
ნუცა გაკვირვებული უყურებდა ახლადმისულებს, მერე ნაიას მიმართა:
-აკი, თელავიდან შაბათამდე არ ჩამოვალო?
-სადაც ჩავერევი, იქ ყველაფერი იცვლება, - შიო სიტყვაში შეეშველა ნაიას.
-სად დადიხართ? ან ეს კატა ვისია?
ნაიას ჩაეცინა და შიოს ხელი ჩაკიდა.
-რა გაცინებს?- ეჭვი ღრღნიდა ნუცას. მიხვდა, რაღაცის თქმას აპირებდნენ.
-ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, პირველი შენ გითხრათ. დიდი ხანია ერთმანეთი გვიყვარს. გუშინდელმა დღემ ყველაფერი შეცვალა. იქ ჩავაკითხე და... ნუ, მოკლედ, დასამალი არაფერია, ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით.
-რა მოიგონეთ?
-სიმართლეს გეუბნებით. შეიძლება რთული დასაჯერებელია, მაგრამ... - შიოს სიტყვები დაადასტურა ნაიამ.
-არახუნებთ მოშლილი წისქვილივით. წავედი, ჯონათანი მელოდება, სისულელეების მოსასმენად არ მცალია.
-ეს სისულელეა?
-ჰო.
-არ სჯერა,- ჩუმად თქვა ნაიამ.
-როგორ დაგაჯეროთ? მაინც და მაინც აქ გავწვეთ?
-სადაც გინდათ, იქ გაწექით, -ყურადღებას აღარ აქცევდა ნუცა, -ეს კატა ვისია? აღარ იტყვით?
-ეგ კატა სებასტიანია. მე ვაჩუქე ნაიას.
ნუცა ადგილზე გაშრა, მხოლოდ მაშინ შეიტანა ეჭვი ძმის სიტყვების სიმართლეში:
-გუშინ, რომ ბრიტანულ ნაცრისფერ კნუტს ეძებდი და მთელი ქალაქი გადაატრიალე, ესე იგი, ამ ქალბატონისთვის გინდოდა?
-ალელუია. ჩაწვდა.
-კი, მაგრამ.. მოიცა, მოიცა, ერთმანეთის შეყვარება როდის მოასწარით?
-ძალიან ადრე. რასაც მეგობრული სიყვარული ჰქვია, რეალურად ჩვენს შორის ის არასოდეს ყოფილა. ამის აღიარება არცერთს გვინდოდა. უფრო დაზუსტებით, გვიჭირდა.
-რას იძახით ახლა, რომ შენ და ნაიას ერთმანეთი დიდი ხანია გიყვართ?
-კიდევ არ გჯერა?
-შენ არაფერს მეტყვი? - ნუცამ ნაიას გადახედა.
-რა უნდა გითხრა? ყველაფერი სიმართლეა.
-და ამდენი ხანი არაფერს მეუბნებოდი?
-ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ამის შესახებ იცოდა, ნიკა იყო. ვერც შენ გეტყოდი და ვერც შენს ძმას. მეგონა, შიო მეგობრად მთვლიდა და აზრი არ ჰქონდა.
-და შენ რატომ დუმდი? - ნუცა ისევ ძმას მიუბრუნდა.
-იგივე მიზეზით.
გაოგნებული ნუცა სკამზე ჩამოჯდა.
-რა სადედამთილო ქალივით ჩაფიქრებულხარ, ცუდი გოგოა? - შიოს ხმამ გამოაფხიზლა.
-ნეტა შენ, რომ ყოველთვის პოულობ საღადაოს.
-არადა, ახლა საერთოდ არ ვღადაობ.
-ნუცა, სიმართლის მიღება ასე გიჭირს?- ნაიას თითქოს ეწყინა მეგობრის რეაქცია.
-მიჭირს, კი.
-რატომ?
-რა ვიცი, ყველაფერი აირია.
-მე არ მოგწონვარ? არ გინდა, შენი ძმის გვერდით ვიყო?
-ეგ არაფერ შუაშია. საიდან მოიტანე?
-ასე ჩანს.
-მაპატიე, თუ ასე ჩანს. მოულოდნელი იყო, ძალიან მოულოდნელი.
მობილურ ტელეფონზე ჯონათანმა დაურეკა, ჰკითხა, რატომ აგვიანებდა. დაბნეულმა უპასუხა და უთხრა, მალე მოვალო.
-სად მიდიხარ, გოგო?
ნუცა ფეხზე წამოდგა. ღრმად ამოისუნთქა და ბარშიო, - უპასუხა.
-ეგეთი მჟავე სახით მიდიხარ?
დამ ნიშნის მოგებით გახედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
-არაა ხასიათზე, შეეშვი, -ხელი გაჰკრა ნაიამ.
აწრიალებულმა ნუცამ კარგა ხანს იბორიალა ოთახიდან ოთახში, სიმშვიდეს ვერ პოულობდა. ბოლოს ისევ შიოს და ნაიას მიადგა, ცუდად არ გამიგოთ, თქვენი ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. იმდენად მოულოდნელი იყო, ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე და დრო მჭირდება, რომ შევეგუოო. მერე, ორივეს დაემშვიდობა და კარი გაიხურა.
ნაია და შიო მარტო დარჩნენ. ნაიამ ფარდა გადაწია და ეზოში ჩასულ ნუცას აკვირდებოდა. შიო უკნიდან ამოუდგა და თავადაც გახედა დას:
-ნუ ღელავ. არაფერია სანერვიულო.
-ასე ფიქრობ?
შიომ ნაია მისკენ შეაბრუნა და ხელი თეძოზე დაადო:
-კარგად ვიცნობ.
-მეც კი ვიცნობ, მაგრამ...
-ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის,- შიომ უფრო ახლოს მიიზიდა და თვალებში ჩახედა.
ნაიამ თავი გვერდზე გადაწია და ეშმაკურად გაუღიმა.

***
არსებობს წუთები, როდესაც ყველაფერი პაუზდება და საკუთარ თავთან დარჩენილები ბევრ კითხვას ვსვამთ.
ადამიანები გვტკენენ, ჩვენც ვტკენთ.
ოცნებობენ, ვოცნებობთ.
ვძულვართ, გვძულს.
ვუყვარვართ, გვიყვარს.
თანაგვიგრძნობენ, თანავუგრძნობთ.
გვპატიობენ, ვპატიობთ,
უხარიათ, გვიხარია.
დაგვცინიან, დავცინით.
ხელს გვკრავენ, ჩვენც ვკრავთ.
და ასე, უსასრულოდ...
ყველაფრისგან მობეზრებულებს ვერ გაურკვევიათ, რომელ ჭეშმარიტებას დაადგნენ და ხსნა რომელ მათგანში ეძებონ.
სამყარო სრულყოფილი არ არის. არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვაქციოთ სრულყოფილად.
და თუ ხსნისკენ სავალ გზას ვიპოვით, ეგებ მზის აღმოსავლეთიც გამოჩნდეს.



№1  offline წევრი სიბილა

ქეთ კიდევ ერთი შენებური ლამაზი ისტორია სუფთა სიყვარულზე რეალურ ამბებს რომ ჰგავს გგულშემატკივრობ მინდა საბას ფინალზე ლამაზი და გახარებული გნახო

 


№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

სიბილა
ქეთ კიდევ ერთი შენებური ლამაზი ისტორია სუფთა სიყვარულზე რეალურ ამბებს რომ ჰგავს გგულშემატკივრობ მინდა საბას ფინალზე ლამაზი და გახარებული გნახო

ვაჰ❤️
უზარმაზარი მადლობა შენ ამ გულშემატკივრობისთვის❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3 სტუმარი One

ძალიან კარგი იყო ქეთო, სასიამოვნო ემოციებით ავივსე, განვმეორდები და ვიტყვი, რომ არავეულებრვად წერ, შემდგარი მწერალი ხარ და ვისურვებდი ხშირად გაგვანებივრო,
წარმატებები, მალე დაგვიბრუნდი❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი K. I.

One
ძალიან კარგი იყო ქეთო, სასიამოვნო ემოციებით ავივსე, განვმეორდები და ვიტყვი, რომ არავეულებრვად წერ, შემდგარი მწერალი ხარ და ვისურვებდი ხშირად გაგვანებივრო,
წარმატებები, მალე დაგვიბრუნდი❤️

დიდი მადლობა❤️ სიტყვებით ვერ გადმოგცემ, ისე მიხარია, რომ მოგეწონა❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№5  offline წევრი ეკატო

ძალიან მომწონს თქვენი წერის სტილი,შესანიშნავია ❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი K. I.

ეკატო
ძალიან მომწონს თქვენი წერის სტილი,შესანიშნავია ❤️

❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


გამათბო ???? გაურკვევლობას კითხვის დასმა და პასუხი სჯობია ???? ამდენი ძალადობების ფონზე,ქვეტექსტად მივიღე ნაიას და მისი ქმრის ყოფა.თითქოს უკეთესის მოლოდინით გათხოვილი გოგონები და ქორწინება როგორც შეკვეცილი ფრთები.მიხარია რომ ნაიამ შეძლო,უფრო კარგი იქნება ბევრი ნაია თუ იქნება ჩვენს საზოგადოებაში.თორემ მართლა გახრწნილი სუნი აქვს ამ საუკუნეს,ძალადობის და ტრაგედიების გამო.მთავარია ფრთების გაზრდის გვჯეროდეს...ისე რომ მზის აღმოსავლეთიც ვნახოთ და ცის მიღმაც დავიმალოთ ???? შიო რაღაცნაირად სხვა ადამიანია ჩემთვის,ჰო,ძნელია ხელოვან ხალხს გავუგოთ,ასე მგონია ხელოვანი ადამიანები ერთდროულად რამოდენიმე სამყაროში ცხოვრობენ,და ჩვენ ერთ სამყაროში გაჩსერილებს,გვიჭირს გავიგოთ სხვა სამყაროების ენა. გამიხარდი ქეთი ????

 


№8  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ელისო
გამათბო ???? გაურკვევლობას კითხვის დასმა და პასუხი სჯობია ???? ამდენი ძალადობების ფონზე,ქვეტექსტად მივიღე ნაიას და მისი ქმრის ყოფა.თითქოს უკეთესის მოლოდინით გათხოვილი გოგონები და ქორწინება როგორც შეკვეცილი ფრთები.მიხარია რომ ნაიამ შეძლო,უფრო კარგი იქნება ბევრი ნაია თუ იქნება ჩვენს საზოგადოებაში.თორემ მართლა გახრწნილი სუნი აქვს ამ საუკუნეს,ძალადობის და ტრაგედიების გამო.მთავარია ფრთების გაზრდის გვჯეროდეს...ისე რომ მზის აღმოსავლეთიც ვნახოთ და ცის მიღმაც დავიმალოთ ???? შიო რაღაცნაირად სხვა ადამიანია ჩემთვის,ჰო,ძნელია ხელოვან ხალხს გავუგოთ,ასე მგონია ხელოვანი ადამიანები ერთდროულად რამოდენიმე სამყაროში ცხოვრობენ,და ჩვენ ერთ სამყაროში გაჩსერილებს,გვიჭირს გავიგოთ სხვა სამყაროების ენა. გამიხარდი ქეთი ????

იცი, რამდენჯერ გადავიკითხე შენი კომენტარი? ყველა მწერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მკითხველის აზრი და ტექსტის აღქმა. რა დაინახა იმის იქით, რაც ეპიზოდურ ინფორმაციას სცდებოდა? რას დაუკავშირა? როგორ დაავიწროვა ან განაზოგადა ესა თუ ის საკითხი, რაც მწერალმა წამოჭრა? რას აპროტესტებს მწერალი? რისი შეცვლა სურს? რაზე აფიქრებს მკითხველს?
ძალიან კარგი და საინტერესო მკითხველი ხარ!❤️
მარგალიტებად ვინახავ ყოველი ნაწარმოების ქვეშ შენს კომენტარებს.
მადლობა!❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

მადლობა ასეთი ლამაზი ისტორიისთვის. როგორ ძალიან მომნატრებია თქვენი საოცარი ისტორიები ❤️ ამ წუთიდან ისევ თავიდან დაველოდები თქვენ დაბრუნებას.

 


№10  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი მარიამი
მადლობა ასეთი ლამაზი ისტორიისთვის. როგორ ძალიან მომნატრებია თქვენი საოცარი ისტორიები ❤️ ამ წუთიდან ისევ თავიდან დაველოდები თქვენ დაბრუნებას.

მარიამ❤️
ძალიან დიდი მადლობა!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№11  offline წევრი ელენე (ნენე)

ცისავით ლამაზი, მზესავით ბრწყინავი და ჰაერივით ჯანსაღი ისტორიაა.

ნია ის პიროვნებაა, რომელიც, სამწუხაროდ, ძნელად მოიძებნება ჩვენს საზოგადოებაში, უმეტესობა ვერ/არ ახერხებს მოძალადისგან თავის დაღწევას, რაც ნამდვილად საშინელი ტრაგედია.

თითქოს ცივილური სამყაროა, თითქოს ოცდამეერთე საუკუნეა და განვვითარდით, თუმცა ეს მხოლოდ თითქოს... ჩვენი საზოგადოება ყარს თავისი მოძალადეობრივი და უაზრო ქმედებებითა თუ სიტყვებით.

როგორც პერსონაჟი, შიო ძალიან მომეწონა, მაგრად გაქვს მისი ტიპაჟი აღწერილი. სულით ხელოვანიაო, მე ასეთ ადამიანზე ვიტყოდი.

ეს ის ისტორიაა, რომელიც დღევანდელ პრობლემებს ეხმაურება. ის ტექსტია, რომელიც გაიძულებს გზა გააგრძელო და შენ წინ არსებულ პრობლემას თვალი გაუსწორო და, რაც მთავარია, იმედს გაძლევს, უკეთესი მომავლის ნაპერწკალს გიღვივებს.

ქეთი, წარმატებები!

 


№12  offline ახალბედა მწერალი K. I.

ელენე (ნენე)
ცისავით ლამაზი, მზესავით ბრწყინავი და ჰაერივით ჯანსაღი ისტორიაა.

ნია ის პიროვნებაა, რომელიც, სამწუხაროდ, ძნელად მოიძებნება ჩვენს საზოგადოებაში, უმეტესობა ვერ/არ ახერხებს მოძალადისგან თავის დაღწევას, რაც ნამდვილად საშინელი ტრაგედია.

თითქოს ცივილური სამყაროა, თითქოს ოცდამეერთე საუკუნეა და განვვითარდით, თუმცა ეს მხოლოდ თითქოს... ჩვენი საზოგადოება ყარს, თავისი მოძალადეობრივი და უაზრო ქმედებებითა თუ სიტყვებით.

როგორც პერსონაჟი, შიო ძალიან მომეწონა, მაგრად გაქვს მისი ტიპაჟი აღწერილი, სულით ხელოვანიაო, მე ასეთ ადამიანზე ვიტყოდი.

ეს ის ისტორიაა, რომელიც დღევანდელ პრობლემებს ეხმაურება, ის ტექსტია, რომელიც გაიძულებს გზა გააგრძელო და შენ წინ არსებულ პრობლემას თვალი გაუსწორო და, რაც მთავარია, იმედს გახლევს, უკეთესი მომავლის ნაპერწკალს გიღვივებს.

ქეთი, წარმატებები!

რა კარგი კომენტარია! heart_eyes
თუნდაც ამისთვის ღირდა ამ ნაწარმოების დაწერა sunglasses
საზოგადოება აუცილებლად წინ უნდა წავიდეს! ერთ ადგილას ტრიალი და ძალადობით შეზღუდვების ატანა ნებისმიერი ადამიანის ნელა კვდომას და გახრწნას ნიშნავს.
მიხარია, რომ მკითხველმა ყველა წამოჭრილი პრობლემა კარგად დაინახა.
მადლობა თქვენც და ასევე წარმატებები! heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№13  offline მოდერი სალანდერი

წავიკითხე წავიკითხე წავიკითხე. ოხ ქეთი ოხ, როგორ ლამაზად დაგინაწევრებია ჩვენი საზოგადოება. თავისი "მამაკაცობის" მსხვერპლი ილია. ზღვარს გადასული გლოვის მსხვერპლი ნაია. და იშვიათი გამონაკლისი ბედნიერების მომტანი შიო. ქორწინება როგორც რაღაცისგან თავის დაღწევის საშუალება და ამ დროს ფრთების დამტვრევა. საზოგადოებაში სადაც "გათხოვილი ქალი" მძიმე სტატუსია თავისი კაცურობას შეწირული ქმრების გამო. იმდენად ნაცნობი ამბავი იყო, თითქოს იმდენად ჩვენი თაობის, რომ მეგონა სადღაც პერსონაჟებში ჩემ სახელს ამოვიკითხავდი. კითხვის დაწყებიდან, მსდევდა შეგრძნება რომ ილია "ცოლს" მოკლავდა და კიდევ ერთი ფემიციდის "მომსწრე" გავხდებოდი. მიხარია რომ შენ ყველაფერი სწორად გააკეთე და მიხარია რომ მაშინ როდესაც "კაცებიც" ხშირ შემთხვევაში მსხვერპლნი არიან, ეს პატარ-პატარა ქალურ გამარჯვებებს არ აკნინებს. საზოგადოებას სჭირდება მეტი ნაიასნაირი ქალი. ვინც შეცდომის ნაყოფს მთელი ცხოვრება არ იმკის. არამედ იბრძვის იმისთვის რომ შეცვალოს, გამოასწოროს, თავიდან დაიწყოს და ფეხის დაცდენებს არად დაგიდევთ. და მაინც მთელი არსებით მებრალება ილია, რომელმაც ნაიასგან განსხვავებით, ვერაფრით დაიხსნა თავი მარწუხებისგან.

 


№14  offline ახალბედა მწერალი K. I.

სალანდერი
წავიკითხე წავიკითხე წავიკითხე. ოხ ქეთი ოხ, როგორ ლამაზად დაგინაწევრებია ჩვენი საზოგადოება. თავისი "მამაკაცობის" მსხვერპლი ილია. ზღვარს გადასული გლოვის მსხვერპლი ნაია. და იშვიათი გამონაკლისი ბედნიერების მომტანი შიო. ქორწინება როგორც რაღაცისგან თავის დაღწევის საშუალება და ამ დროს ფრთების დამტვრევა. საზოგადოებაში სადაც "გათხოვილი ქალი" მძიმე სტატუსია თავისი კაცურობას შეწირული ქმრების გამო. იმდენად ნაცნობი ამბავი იყო, თითქოს იმდენად ჩვენი თაობის, რომ მეგონა სადღაც პერსონაჟებში ჩემ სახელს ამოვიკითხავდი. კითხვის დაწყებიდან, მსდევდა შეგრძნება რომ ილია "ცოლს" მოკლავდა და კიდევ ერთი ფემიციდის "მომსწრე" გავხდებოდი. მიხარია რომ შენ ყველაფერი სწორად გააკეთე და მიხარია რომ მაშინ როდესაც "კაცებიც" ხშირ შემთხვევაში მსხვერპლნი არიან, ეს პატარ-პატარა ქალურ გამარჯვებებს არ აკნინებს. საზოგადოებას სჭირდება მეტი ნაიასნაირი ქალი. ვინც შეცდომის ნაყოფს მთელი ცხოვრება არ იმკის. არამედ იბრძვის იმისთვის რომ შეცვალოს, გამოასწოროს, თავიდან დაიწყოს და ფეხის დაცდენებს არად დაგიდევთ. და მაინც მთელი არსებით მებრალება ილია, რომელმაც ნაიასგან განსხვავებით, ვერაფრით დაიხსნა თავი მარწუხებისგან.

ჰო, შევეცადე, რომ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟები შემექმნა და შემდეგ მათი ამბებით დამეკავშირებინა. ყველა რაღაცას გვიყვება და მიხარია, რომ ზუსტად ის "დაიჭირე", რაც ყველაზე მთავარი იყო და რისთვისაც დაიწერა. კარგია, რომ ილია სიბრალულის გრძნობას იწვევს და საზოგადოება აღარ იხიბლება მოძალადე მამაკაცებით. ძალადობას ამავდროულად უმწეობის და არასრულფასოვნების განცდაც მოაქვს და მე პირადად, ზიზღიც კი მერევა ასეთ ადამიანებზე. უნდა დასრულდეს დამახინჯებული მენტალობით სულდგმულობა საზოგადოებაში და მეტი ყურადღება დაეთმოს თავისუფლებას. მხოლოდ ამას მოაქვს სიძლიერე, განვითარება და ბედნიერებაც!
დიდი მადლობა შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის!❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№15  offline წევრი მაია-მაიკო

როგორ შეიძლება გადმოვწერო და წავიკითხო სამსახურში? პ.ს. დრო როცა მექნება იქნებ დამეხმაროთ მეგობრებო <3

 


№16  offline ახალბედა მწერალი K. I.

მაია-მაიკო
როგორ შეიძლება გადმოვწერო და წავიკითხო სამსახურში? პ.ს. დრო როცა მექნება იქნებ დამეხმაროთ მეგობრებო <3

მაიკო, საიტიდან ვერ გადმოწერთ. პირადად დამიკავშირდით და დაგეხმარებით❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№17 სტუმარი ეკა

ძაან მაგარია

 


№18 სტუმარი ეკა

ვისიამოვნე კითხვით,ერთი ამოსუნთქვით დავამთავრე,ძალიან ლამაზად წერთ,წარმატებები თქვენ

 


№19  offline ახალბედა მწერალი K. I.

ეკა
ვისიამოვნე კითხვით,ერთი ამოსუნთქვით დავამთავრე,ძალიან ლამაზად წერთ,წარმატებები თქვენ

დიდი მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის!❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent