როგორ ჩამიშალა ქორწილი კატამ (სრულად)
მეზობლის სახლის ღობესთან შავმა კატამ ელვის სისწრაფით გადაირბინა და ხეს შეახტა. მეორე სართულის სიმაღლიდან გადმოხედა ხის ქვეშ მოქანავე პატარა გოგონას და ამოიკნავლა. ალმაცერად გადახედა ღობის მიღმა აყეფებულ ძაღლს, რომელსაც საყელური მოეგლიჯა და უკვე გაგიჟებული კბილების ბრიალით აწყდებოდა რკინის მოაჯირს. კატამ ღრმად ამოისუნთქა. იქნებ გაიფიქრა, ნეტავ ამ ავ არსებებს მეტი საქმე თუ არ აქვთო და ფანჯარაში მოხდენილად შეხტა. არც თუ ისე დიდ ოთახში სულ ერთი საწოლი, კომოდი და ტანსაცმლის კარადა დაედგათ. კომოდის წინ სკამზე თავმომწონედ გაჭიმულიყო საქორწილო კაბა. კაბის გრძელი შლეიფი ოთახის თითქმის ნახევარს ფარავდა და თავისუფლად გადაადგილებას შეუძლებელს ხდიდა. - ტატა, ამოვდივარ და თუ ისევ არ ხარ მზად, მაგ წყალში ჩაგახრჩობ, - ექოსავით მოედო პატარა სახლს გაანჩხლებული მულის ხმა. კიბეზე კაკუნის ხმა ორ წამში შეწყდა და კარი ვარდისფერ კაბაში გამოწყობილმა ანომ შეაღო. თეთრ, თავმომწონე კაბაზე გაწოლილ შავ კატას დახედა და ისე იკივლა, ფეხის გასაპარსად გადახრილი ტატა ინერციით წინ გადავარდა. - რა გაკივლებს, - ტილოშემოხვეულმა გახსნა საძინებლის კარი. ანო სკამზე მისვენებულიყო, გულზე ხელი დაედო და ღრმად სუნთქავდა. ამრეზით გააქნია თავი კაბისკენ და თვალით ანიშნა, შეხედე, კატამ კომფორტი მოიწყოო. კატამ თავისკენ გაწვდენილ წყვილ ხელს ეჭვით გახედა, ერთი ამოიკნავლა და ჰაერში ისკუპა. პატარა სახლში ყვირილისა და კნავილის ხმა ერთდროულად გაისმა. - რას ჰქვია, ქორწილი უნდა გადავდოთ? - ტელეფონში იყვირა სიძემ. - იმას ჰქვია, რასაც გეუბნები. დღეს ვერ გავთხოვდები. უნდა გადავდოთ. - ტატა, გინდა რომ გამაგიჟო? - არა, მინდა, რომ ქორწილი გადავდოთ, - ფეხები გააბაკუნა და თმაზე წაივლო ხელი. სველ ხელზე კატის ბეწვები აეკრო. უსიამოვნოდ გააკანკალა. - ტატა, მე ამდენ ადამიანს ვერ ავუხსნი, პატარძალს ასე მოუნდა და ქორწილი უნდა გადავდოთ-მეთქი. - პატარძალს კი არა, კატას მოუნდა ასე, - თავისთვის ჩაიდუდღუნა. ახლა ვერანაირად ვერ აუხსნიდა, რატომ იქცა მისი ულამაზესი და უძვირფასესი თეთრი კაბა ნაფლეთებად და ვერც იმას ეტყოდა, როგორ დამარცხდა კატასთან ბრძოლაში. ანოს გადახედა. შუბლზე სველ ტილოს იდებდა. - ანო დამალაპარაკე, - ტელეფონის მეორე მხრიდან ხმამ შეუღრინა. მორჩილად გაუწოდა ტელეფონი მომავალ მულს და სანამ ის სიტუაციას ჩააწყნარებდა, მეორე სართულის ფანჯრიდან გადაიხედა. კატა სადღაც გამქრალიყო. - გეუბნები, კატა კი არა, ნამდვილი მონსტრი იყო. შეხედე, - თავის დამტვრეულ ფრჩხილებს დახედა ანომ და მაგიდის გარშემო შემომსხდრებს დანანებით აუქნია ორ თითზე შემორჩენილი შილაკიანი ხელი, - იმდენი ვურტყი, იმას არაფერი დაემართა და მე ყველაფერი დამძვრა. - კატა, - მუქარით დაიჩურჩულა სიძემ, მერე სასმლით სავსე ჭიქას ხელი დაავლო და ერთიანად გამოცალა, - სადაც ვნახავ, იქ გავაბრდღვნი იმ კანს. - ჰო, ჩვენც ეგრე გვეგონა, - დაკაწრულ მკლავებს დახედა ტატამ, - შენ ის მითხარი, ქორწილის ამბები როგორ მოაგვარე, - ახლაღა გაახსენდა, ამ საღამოს უკვე გათხოვილი ქალი რომ უნდა ყოფილიყო. - ვთქვი, რომ კიბიდან დაგორდი და რამდენიმე დღე წოლითი რეჟიმი დაგინიშნა ექიმმა, - მხრები აიჩეჩა. ტატას გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა. ხალხი რას იფიქრებს, სიარულს ახლა სწავლობსო, წაიწუწუნა. - ტატა, არავის ადარდებს, რა. დაზარალებული აქ მარტო მე ვარ. იმას ვერ ვიტყოდი, კატამ თმა გააწიწკნა და კაბა დაუხია-მეთქი. ხალხი დროის გასატარებლად და საქეიფოდ მოდის, მე კიდევ ამ საღამოს რომელიმე მაგარ სასტუმროში უნდა ვატარებდე და არა აქ, ნაომარ ხალხში,- ღამე მშვიდობისაო, დაიბარა და დასაძინებლად წავიდა. - წავალ, მეც დავიძინებ, - ბოლოჯერ დახედა თავის თითებს ანომ და მეორე სართულზე გაუჩინარდა. ტატა დიდხანს იჯდა მარტო, სიჩუმეში. ხელები ისე ეწვოდა, ლამის იყო ხმამაღლა აბღავლებულიყო. სარკეში ჩახედვაც არ უნდოდა, თმა ისეთ დღეში ჰქონდა. ბრაზდებოდა იმაზე, რომ ვერავინ უგებდა, რა მნიშვნელოვანი დღე უნდა ყოფილიყო ქორწილი მისთვის, როგორი იდეალური. ისეთი, როგორიც ბავშვობაში წარმოედგინა. არ უნდოდა, მომავალში ეს დღე ლამაზად კი არა, ნამდვილ კოშმარად გახსენებოდა. ვერ დადგებოდა ეკლესიაში ასეთ ფორმაში, ვერც რესტორანში გაშლიდა დაკაწრულ მკლავებს. კაცები ასეთ რაღაცებს რომ ვერ იგებდნენ, ეს ისედაც იცოდა, მაგრამ მომავალი მულისგანაც რომ ვერ მიიღო ის თანადგომა, რაც ახლა ნამდვილად არ აწყენდა, ამაზე ორმაგად ბრაზდებოდა. ეს თავისი დაქალიც მაშინ გადაიკარგა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. დედამისთან ლაპარაკი ეზარებოდა, იცოდა, რა დღეშიც ჩააგდებდა და ახლა ხასიათის კიდევ უფრო მეტად მოშხამვა, ნამდვილად არ უნდოდა. გონებიდან ვერ იგდებდა ტატოს სიტყვებს, ამ საღამოს რომელიმე მაგარ სასტუმროში უნდა ვატარებდეო. თითქოს სულ ტატას ბრალი იყო, ის კატა მაინც და მაინც მის ოთახში რომ შეძვრა და მაინც და მაინც მის საქორწილო კაბაზე რომ მოუნდა ძილი. ან რა მისი ბრალი იყო, მოსაფერებლად გაწვდილი ხელი კატამ მტრულად რომ აღიქვა და ნამდვილი ორთაბრძოლა გაჩაღდა. წლები ელოდა ამ დღეს. ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო... - კატის გამო როგორ ჩაშალე ქორწილი, გოგო, - მეასედ დაუყვირა დედამისმა და წნევის აპარატს გადაწვდა. - კატის გამო კი არა, ჩემ გამო, დედა. და საერთოდაც, შენ რა გადარდებს. შენ კი არ ჩაგეშალა გეგმები, - ყავა მოსვა და ტატოსკენ თვალი გააპარა. ტატომ წარბები კი შეჭმუხნა, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. - ეგ მთლად უარესი. სულ გამოგეცალა ტვინი? ტატო, შენ რაღამ გაგაგიჟა, - ახლა სასიძოს მიუბრუნდა და უკმაყოფილოდ დახედა აპარატს. მგონი გაფუჭდაო, შეაჯანჯღარა. - მე ნუ გამრევთ მაგ საქმეში, - ფეხზე წამოდგა, გაზეთი ორად გადაკეცა, იქვე მაგიდაზე მიაგდო და სამზარეულოდან გავიდა. - ეს გინდოდა, არა? - დედამისს შეუღრინა და გაბრაზებულ საქმროს უკან აედევნა. - ტატა, ახლა არ გინდა, - წელზე შემოხვეული საცოლის ხელი მოიშორა და ისე, რომ მისკენ არც შებრუნებულა, საღამოს დავბრუნდებიო, დაუბარა და მანქანის გასაღებთან ერთად გაუჩინარდა. ტატა აქამდე ვერ ამჩნევდა, როგორ მარტივად ბრაზდებოდა რაღაცებზე მისი საქმრო. ვერ გაეგო, იმაზე ბრაზდებოდა, ქორწილი რომ ჩაიშალა თუ იმაზე, პირველმა ღამემ რამდენიმე დღით რომ გადაიწია. რაც არ უნდა ყოფილიყო, ტატას ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოსდიოდა და მზად იყო, ჯინაზე აღარ გაყოლოდა ცოლად. - ეს რაღას ნიშნავს? - უსიამოვნოდ გაჰკრა გულზე საკუთარმა ფიქრებმა. რეალურად, ასეთი სულაც არაა. ჭკუა ეკარგება თავის საქმროზე. დღეებს თითებზე გიჟივით ითვლიდა, სანამ ქორწილის დღე არ მოვიდა. უბრალოდ, იმ დილით გაიღვიძა და მიხვდა, რომ ძალიან ნერვიულობდა. მაღვიძარა დილის რვაზე ჰქონდა დაყენებული და ათ საათამდე თავი ვერ ასწია. სულ იმაზე ფიქრობდა, რა მოხდებოდა იმის შემდეგ, რაც მისი სტატუსი შეიცვლებოდა. შეეგუებოდა თუ არა ახალ ცხოვრებას, მაგ ცხოვრებაში შემოჭრილ ახალ პრობლემებს და საერთოდაც, რამდენად ძლიერი იყო მისი და ტატოს ურთიერთობა და გაუძლებდნენ თუ არა ამ ყველაფერს? - იქნებ კატა უბრალოდ მიზეზია, - თავისთვის ჩაიბურტყუნა და ოთახში განმარტოვდა. საღამოს ტატას ტატოს ოჯახის უფროსი, ომგამოვლილი და ფეხდაკარგული ბაბუა აესვეტა კართან. იქამდე უბრახუნა, სანამ ძილის სამფლობელოში გადავარდნილი ტატა სააქაოს არ მოაბრუნა. გმირი ჩოხელის დანახვა სულაც არ გაჰკვირვებია. ახალი ამბავი არ იყო, რომ ტატოს და მისი ურთიერთობა მხოლოდ ორ ადამიანს არ ეხებოდა. თავდახრილმა შემოუშვა ოთახში. წამით თვალი სკამზე მიყრილი ტანსაცმლისკენ გააპარა და სანამ სირცხვილის გრძნობა გადაყლაპავდა, თავს შეუძახა, წესით დეპრესია უნდა მკლავდეს, ვის ადარდებს ჩემი არეული ოთახიო და საწოლის კუთხეზე ჩამოჯდა. ბაბუამ ულვაში შეისწორა, ხის ფეხს რამდენჯერმე შეეხო და მერე მოპირკეთებული ჯოხი გვერდით მიაგდო, ტატას შეხედა და შეკრული შუბლი შეთქმულივით გახსნა. - მაშ, კატა, არა? - კატა, - მორჩილად დაუქნია თავი ტატამ. ვერ გაეგო, ეს ტონი რისთვის უნდა მიეწერა. - დედაჩემი ხშირად მეუბნებოდა ხოლმე, რადგან ცრურწმენები ადამიანებისგან მოდის, იქნებ სწორედ ჩვენ ვართ ამ ამბავში ცუდი პერსონაჟებიო. - მაგით რისი თქმა გინდათ? - მე მაგის ყოველთვის მჯეროდა. ერთხელ ომის დროს ჯარისკაცებს შავმა მიტოვებულმა კატამ გადაურბინა. იმათ შეეცოდათ, წამოიყვანეს და ერთხანს თავისთან აცხოვრეს. მერე შიმშილობა დაიწყო. კატისთვის კი არა, ადამიანისთვისაც აღარ იშოვებოდა საჭმელი. ჰოდა, ერთ დღესაც ადგნენ და კატა მოკლეს. ვის ეყოფოდა ის პატარა ცხოველი, მაგრამ ადამიანის ბუნებაა ეგეთი. ახლა შენ მითხარი, ვის ვისთვის მოაქვს ცუდი ბედი? ტატას საშინლად არ სიამოვნებდა ომის საშინელებებზე ამბების მოსმენა, მაგრამ ამბავმა დააფიქრა და მიხვდა, ბაბუა რის თქმასაც ცდილობდა. - მე არ მგონია, კატამ ჩემი ცხოვრება შეცვალოს, - მხრები აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა. - ცხოვრება არა, მაგრამ იქნებ შენი ბედი შეცვალოს, - გამომცდელად ახედა მომავალ რძალს. - ტატოს მიტოვებას არ ვაპირებ, მაგას თუ გულისხმობთ. - ძალიან კარგი. ხომ იცი, ის ჩვენი გვარის ერთადერთი გამგრძელებელია. - აი, თურმე რა აწუხებს ჩოხელების ოჯახსო, - თავისთვის გაიფიქრა. ქორწილი ერთი კვირის მერე დანიშნეს. მოსაწვევების თავიდან გაკეთება-დაგზავნაზე აღარ იწვალეს და ხალხი პირდაპირ სატელეფონო ზარით მიიპატიჟეს. ტატას კი უნდოდა გაპროტესტება, მაგრამ ტატო ისეთი უჟმური სახით დადიოდა, აღარ უნდოდა საქმროსთვის კიდევ უფრო მეტად მოეშალა ნერვები. ახალი კაბა მეორე დღესვე იყიდეს. დიდხანს იბოდიალა ოთახში და ბოლოს კარადაში შეუძახა, ვაი, და, ამასაც რამე არ დაემართოსო. ოთახის ფანჯარა საგულდაგულოდ დაკეტა და ის რამდენიმე დღე, სანამ ქორწილის დღე არ მოვიდა, აღარც გაუღია. ყველაფერი თითქოს ისევ თავიდან მეორდებოდა. ტატა სააბაზანოში იდგა, საპარსი ეჭირა და იმაზე ფიქრობდა, რომ დღის ბოლოს მისი ცხოვრება სრულებით შეიცვლებოდა. ნერვიულობისგან რამდენჯერმე გაიჭრა კანი. ჰაერში შეუკურთხა სხეულზე გაჩენილ თმასაც და საკუთარ თავსაც, ეპილაციამდე რომ ვერ მიაღწია. წყალში ერთი საათი დაჰყო. ანომ კარზე მესამედ რომ დაუკაკუნა, მალე გამოდი, თორემ ჩემი ძმა ღერა-ღერა დაიპუტავს თმასო, წყლიდან ამოვიდა და ცოტა ხნით უნიტაზზე ჩამოჯდა. ტანზე შემოხვეულ ტილოს თითები ძლიერად მოუჭირა და ბოლო კვირაზე დაფიქრდა. თითქოს იმ კვირას არც უარსებია, არადა რამდენი რამ მოხდა. ტატა ვერაფრით იხსენებდა, რატომ გადაწყვიტა 23 წლის ასაკში გათხოვება. ან რატომ დათანხმდა სხვების მიერ დაგეგმილ ქორწილს, როცა საბავშვო დღიურში საკუთარი ქორწილის საორგანიზაციო საქმეები დეტალურად ჰქონდა გაწერილი. ან როდის გადაწყვიტა, რომ აუცილებლად თეთრი კაბა უნდა სცმოდა და არა, მაგალითად, რძისფერი. როდის აირჩია მზესუმზირების ნაცვლად გვირილები. ვინ შესთავაზა ანოს მისი მეჯვარეობა საუკეთესო დაქალის ნაცვლად ან საერთოდაც, ვინ გადაწყვიტა, რომ ქორწილი ივლისში უნდა ყოფილიყო და არა სექტემბერში, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა. ან რატომ მიდიოდნენ საქორწილო მოგზაურობაში შორეულ ევროპაში, როცა ტატას მთელი ცხოვრებაა აზია უყვარს. - საოცარია, - გაიფიქრა, - ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ტატო და ტატა ძალიან მაგარი დამთხვევა იყო. ახლა სახელთა მსგავსება ასე რატომ მაღიზიანებს? - თავი გააქნია. უეჭველია, წინასაქორწილო ნერვიულობა ბოლოს მიღებსო და სააბაზანოდან გავიდა. დივანზე მიწოლილი ანო რვეულს ინიავებდა, რაღა ამ სიცხეში აგიტყდათ ეს ქორწილიო. სანამ ტატა კაბას მოირგებდა, რამდენჯერმე მეორე სართულის ფანჯრიდან გადაიხედა. იმ დღის შემდეგ შავი კატისთვის ერთხელაც არ მოუკრავს თვალი. ერთხანს იმასაც კი ფიქრობდა, იქნებ საერთოდაც მოგვეჩვენა და მე და ანომ წავაყარეთ ერთმანეთსო, მაგრამ მაგას ყველაზე უარეს რეალობაშიც ვერ დაიჯერებდა, რადგან ძალადობა მისგან ისევე შორს იყო, როგორც აზია ევროპისგან. - გინდა, დაგეხმარო? - ახლაღა წამოსწია თავი ანომ და სარძლოს თვალი შეავლო. - ცოტახნით მარტოს ვერ დამტოვებ? - სარკიდან გახედა მომავალ მულს. ანომ რაღაც კი ამოიბურტყუნა, მაგრამ ახლა მისი სიტყვებისთვის სულაც არ სცხელოდა. სარკეში საკუთარ თავს უყურებდა. ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა. იქნებ, ტატოს რომ დავინახავ, მაშინ მაინც გამიაროსო, თავს იმშვიდებდა, მაგრამ სიმშვიდე ფანჯრიდან გაპარულიყო და სადღაც შორეულ ქვეყანაში მიჰქროდა. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა. რაღა ახლა გემართება ყველაფერიო, თავის თავს გაუბრაზდა და ანოს დაუძახა, კაბის შეკვრაში დამეხმარეო. - როგორ ფიქრობ, იქნებ ადამიანები ვთარსავთ კატებს და არა პირიქით? - კაბის შეკვრაში გართულს გადახედა. - ანუ? - ეჭვით ამოხედა ტატას და რომ მიხვდა, მართლა მას ელაპარაკებოდა და არა თავის თავს, კაბასთან ჭიდაობა განაგრძო. - აი, წარმოიდგინე, ჩვენ რომ შავი კატა გადაგვირბენს წინ, ვჩერდებით და ველოდებით, რომ იმ უხილავ ძაფს, რომელიც კატამ ჩვენ წინ გააბა, ვინმე სხვა გაწყვეტს, რომ ჩვენ კი არ დავითარსოთ, ის სხვა დაითარსოს. ჰოდა, იქნებ შავი კატებიც იმავეს ფიქრობენ ჩვენზე. მაგალითად, ადამიანმა თუ გადაუსწრო, ისინიც ითარსებიან ან თუ შემთხვევით ესენი გადაურბენენ წინ, მაგ შემთხვევაშიც ცუდ ბედში ვარდებიან. არ გიფიქრია მაგაზე? იქნებ კატებსაც აქვთ ცრურწმენები, ოღონდ იქ ცუდი ტიპები ადამიანები ვართ. - ტატა, სულ გააფრინე? - კაბის შეკვრას მორჩა და დოინჯი შემოირტყა, - თხოვდები დღეს, რა დროს კატები და ეგეთი სისულელეებია. წავედი და ორ წუთში ქვემოთ გაჩნდი, ჭკუიდან არ გადამიყვანო, - თითი დაუქნია და ოთახიდან კაკუნით გავიდა. არადა იქნებ მართლა ეგრეაო, - ხმამაღლა ამოიოხრა, ბოლოჯერ გადაიხედა ფანჯრიდან და ეზოში მოთამაშე ბავშვების მეტი რომ ვერაფერი დაინახა, თვითონაც ქუსლების კაკუნით დატოვა ოთახი. - ახლა სალონში შევვარდებით, უცებ თმას მოიწესრიგებ, ბარემ ტატოც მოვა და ერთად წავალთ ეკლესიაში. ოქეი? - ტელეფონს თვალი მოსწყვიტა და ფიქრებში გართულ სარძლოს ხელი მიარტყა. - რამე მითხარი? - სადღაც დაფრინავ, ჰო? სალონში მივალთ-მეთქი მალე. - ვის გაუგია ჯერ კაბის ჩაცმა და მერე თმის გაკეთება, - დანანებით დახედა თეთრ კაბას. - ვის და ჩვენ. კი არ იღებავ, დაგიხვევენ ან რამეს იზამენ და ეგაა. კაბა არ დაისვრება, არ იდარდო, - ისევ ტელეფონს ჩახედა. სად ჰქონდა ტატას მაგაზე ფიქრის დრო, სულ სხვა სადარდებელი გასჩენოდა. მაგ სადარდებელს პირველი ღამე ერქვა და თითქოს ახლა აანალიზებდა, რომ სულაც არ იყო მზად დღევანდელი ღამისთვის. არა, სააბაზანოში კი იტრიალა ერთი საათი, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვერ იყო კარგად. იმის ნაცვლად, რომ წინა კვირისგან განსხვავებით ახლა თავის თავში უფრო მეტად დარწმუნებული ყოფილიყო, თითქოს უხილავი ბარიერები აღიმართა მასსა და ტატოს შორის. თავიდან ისევ ვერ იგდებდა იმ სიტყვებს, ჩაშლილი ქორწილის საღამოს რომ წამოაძახა ტატომ და უნდოდა მანქანა გაეჩერებინა და გადამხტარიყო. - მოვედით, ტატა, ალოოო, გამოფხიზლდი, - ხელი აუქნია ანომ და მანქანიდან პირველი გადავიდა. ტატაც უკან მიჰყვა. დასაკლავი გოჭივით გამზადებული საკუთარი ფეხით შეჰყვა სალონში და იქიდან ულამაზესი თავით გამოვიდა. მარტო ტატამ იცოდა, რომ იმ ულამაზეს თავში ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა. -ვაა, ცოლო, - მანქანის წინა სალონიდან ტატომ გამოყო თავი, - რა ვიდზე ხარ. მადლობაო, - დაიჩურჩულა და ტატოს დაჟინებით მიაშტერდა. იმის ილუზია, რომ მისი ნახვა რამეს გამაოსწორებდა ბუშტივით გაიბერა და ჰაერში გასკდა. ეკლესიისკენ მიმავალმა აღმოაჩინა, რომ თაიგული სახლში დარჩენოდა. ტატოს თავისი დაემართა. დასაც და მომავალ ცოლსაც სულ უპასუხისმგებლო ეძახა და მანქანა ჩხუბით მოაბრუნებინა. ტატა მის კეფას უყურებდა და ვერ გაეგო, ტატოს ასეთ ხასიათს აქამდე როგორ ვერ ამჩნევდა. იქნებ, წინასაქორწილო ნერვიულობა კაცებს უფრო მეტად აქვთ, ვიდრე ქალებსო, ტატოს მღელვარების ახსნა სცადა. თუმცა მიხვდა, რომ ასე მხოლოდ თავისი გადაწყვეტილების „გაპრავებას“ ცდილობდა. მანქანა ტატას სახლის კართან გაჩერდა. ეზოში ხის ქვეშ დაკიდულ საქანელაზე ისევ მეზობლის ბავშვი ქანაობდა. ანო თაიგულის მოსატანად გადავიდა, ტატომ ამღერებულ ტელეფონს ერთი-ორჯერ შეუკურთხა და მალე მოვალთო, გაბრაზებულმა ჩასძახა. - ტატო, გინდა კატა ვიყიდოთ? - ის იდეა გაანდო, ბოლო ერთი კვირა ტვინს რომ უღრღნიდა. იცოდა ტატოს დამოკიდებულება ცხოველების მიმართ, მაგრამ იქნებ ცოლ-ქმრულ თანაცხოვრებას ბევრი რამ დადებითობისკენ შეეცვალა. - მეორედ კატა აღარ მიხსენო, - მოკლედ მოუჭრა და სახლში გაუჩინარებულ ანოს რამდენჯერმე დაუსიგნალა. ტატამ ამოიოხრა, კარში გამოჩენილ ანოს შეხედა, თაიგულს რომ მოაქანავებდა და ჩაწეულ ფანჯარას აუწია. ძლივს ვიპოვეო, წუწუნით მიუჯდა გვერდით ანო და თაიგული კალთაში ჩაუდო. წყლიდან ახლადამოღებულმა ყვავილებმა ტატას თეთრ კაბას მწვანე ლაქები დაამჩნია. უნდოდა ხმამაღლა ეთქვა, კაბა დამილაქავდაო, მაგრამ ეზარებოდა მანქანაში წამოწყებული აყალმაყალის მოსმენა და არჩია, ჩუმად მჯდარიყო. - მიდი, წავედით, - ტატომ თავის მეჯვარეს ანიშნა და მანქანაც დაიძრა. ეზოდან გასვლამდე ტატამ ბოლოჯერ გახედა საქანელაზე მჯდომ ბავშვს და სწორედ იმ წამს, როცა თავი უნდა შემოეტრიალებინა, ეზოში გრაციოზულად წამოკოტრიალებულ შავ არსებას მოჰკრა თვალი. გული უცნაურად აუფართხალდა. თითქოს კატამაც დაჟინებული მზერა იგრძნო და კნავილით ახედა მანქანაში წამოსკუპულ პატარძალს. მწვანე თვალები შეანათა ტატას შავ თვალებს, ზანტად წამოდგა და ჯვრის დასაწერად მიმავალი წყვილის მანქანას წინ გადაურბინა. ტატამ ისღა მოასწრო, მოგუდულად წამოიკივლა და პირზე ხელი აიფარა. გიჟივით გადაძვრა მანქანის მეორე მხარეს და უსაფრთხოდ მიმავალ კატას თვალი რომ შეავლო, სიხარულისგან ძლივს ამოისუნთქა. მანქანა ეზოს გასცდა და კატაც სადღაც მიიმალა. ტატამ იცოდა, რომ ამქვეყნად ყველაფერი რაღაცისთვის ხდებოდა. იცოდა, რომ ზემოდან გამოგზავნილ სულ უბრალო ნიშნებსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მათი უყურადღებოდ დატოვება, არაფრით შეიძლებოდა. ჰოდა, ვერც კი გაიაზრა პირი როგორ გააღო და მანქანაში დაგროვებულ სიჩუმეს და საერთოდაც, თავის მომავალ სტატუსს სულ ორი სიტყვით როგორ მოუღო ბოლო: - ვერ გავთხოვდები. - კატის გამო როგორ ჩაშალე ქორწილი, გოგო, - წნევის აპარატს ხელს უჭერდა დედამისი. - კატის გამო არა, დედა, ჩემ გამო, - მესამედ შეუსწორა. საპატარძლო კაბაში გამოწყობილი თავისი სახლის მისაღებში იჯდა და თავისიანების გამკიცხავ თვალებს ვერაფრით ემალებოდა. ვერავინ გაიგო, რატომ მოუნდა ტატას უკვე მეორედ და ახლა უკვე საბოლოოდ ქორწილის გაუქმება, თუმცა ახსნა-განმარტებას ვერც ვერავინ იღებდა. ტატა გრძნობდა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და უნდოდა, ტატოს მისი ერთხელ მაინც გაეგო. ახლაღა მიმხვდარიყო, რომ ქორწინება ის არაა, ბავშვობაში უბნის ბავშვები ხუმრობით რომ იწერდნენ ხოლმე ჯვარს და მერე ოჯახობანას თამაშობდნენ. - შენ არ თქვი, კატამ გადამირბინა წინ და ეგ ნიშანიაო? - დაეჭვებულმა გადახედა შვილს და აპარატს მოეშვა. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მართლაც გაფუჭებული იყო. - ხომ არის რაღაცები, რისიც შენ გჯერა და სხვას არა? ჰოდა, ჩემ შემთხვევაშიც ეგრეა. ვერ გავთხოვდები, დედა. გაიგე, - თვალები დაუბრიალა და კაბის გასახდელად ოთახში ავიდა. ოთახში, ტატას ორკაციან საწოლზე, შავ კატას მშვიდად ეძინა. ბოლომდე გაღებული ერთადერთი ფანჯრიდან ივლისის ცხელი ჰაერი შემოდიოდა. *** - ტატა, ალო, ტატა, გესმის ჩემი? - დედამისის წვრილი ხმა ექოსავით ედებოდა უზარმაზარ აეროპორტს. - არ მცალია, დედა. რეგისტრაცია უნდა გავიარო. რომ ჩავფრინდები, დაგირეკავ, - ტელეფონი გათიშა და დახლის მიღმა მდგარ ქალს მოხდენილად გაუღიმა, - ერთი ბილეთი იაპონიისკენ, თუ შეიძლება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.