შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნარეკალა


2-08-2022, 09:13
ავტორი ტერიკო74
ნანახია 2 182

ლამაზი იყო მაისო,საშუალო სიმაღლისა.თეთრი პირსახითა და ფოსოებში ღრმად ჩამჯდარი დიდი შავი თვალებით. თმაც მუქი,მუდამ უკან გადაწეული და ცხენის კუდივით კოხტად,ზურგზე მოთამაშე. გაღიმებულს იშვიათად ნახავდა კაცი. მუდამ მკაცრი გამომეტყველებით და გამართული,მოხდენილი ნაბიჯით ჩაივლიდა სოფლის შარაგზაზე. შემხვედრი თვალს გააყოლებდა,თუმცა სალმის მეტს ვერაფერს ეტყოდა. არ უყვარდა მაისოს ზედმეტი საუბარი. არც ვინმეს მოკითხვით იწუხებდა თავს და არც ვისმეს დაანებებდა მის მოკითხვას. მოკლე, მოჭრილი სალმით გაივლიდა,ეს იყო და ეს.
- ნარეკალაა,ქა,მაშ რაა,- ცხვირაბზუებული დედაკაცები ცერად გახედავდნენ ხოლმე.
- უკადრისა.
- მაგეთი როა,იმიტომაც გაუწყალდა ის ბალღი მუცელში.
- ქმარიც იმიტომ გაექცა,გაასწრო იმ უბედურმა..
- ცოლი ხომ მოიყვანა გელამ?
- მოიყვანა და ქალაქსაც დასახლდა..არა და ამას შეაჭმევინებდა თავსა.
- ბალღიცა ჰყავ უკვე,თუ..?
- აბა,მაგდენი აღარ ვიცი..
- ისე,აბესა საეჭვოდა ტრიალებს მაგის გარშემო..
- აბა,აბესა? ჩვენი ზინასი?
- ჰო,სხვა ვინღა აბესა გვყავ სოფელში?
- რა იცი,შენა?
- რაღა რა ვიცი,დღეში ცხრაჯერ აუვლ-ჩაუვლის ამ ქალბატონის სახლსა.ხან გალავანს მიადგება და იქიდან უთვალთვალებს.
- რას ამბობ,ქალო? სად აბესა და სად ეს ნარ-ეკალა?
- ჰო,აგრეა და..ეძახე შენა პატარა და კი დაადგა თვალი დედისტოლასა.
- უიმე,არც მაგხელაა ქალო..
- რაღა უკლია,მგონი ოცდაათს მიუკაკუნა,აბესა კიდევ ოცდაერთისა ძლივს იქნება,ეხლა არ დაბრუნდა ჯარიდან?
- ზინამ თუ გაიგო,მერე ნახე მაგისი თმებით თრევა..
- ჰო..მაგის კუდს დაიხვევს მკლავზე..

ბევრს ქილიკობდნენ და ილესავდნენ ენებს დედაკაცები. მაისომ კარგად იცოდა ჭორიკნების ამბავი,იმიტომაც არ ეკარებოდა არავის. თავს არ უყადრებდა ენაგაცვეთილებს.
კალათებს წნავდა და რაიონში ერთ მაღაზიაში აბარებდა.პატარა ბაღჩაც ჰქონდა,თავისი სამყოფი მოსავალი კი მოჰყავდა და მეტი არც ადარდებდა. ეს იყო მისი ავლადიდება.რაც მუცელი მოეშალა,იმის შემდეგ აიყარა გული ყველაფერზე. ჩაიკეტა საკუთარ თავში,არც დარდს გაუზიარებდა ვისმეს და არც სიხარულს.ან კი სადღა ჰქონდა სასიხარულო წუთები. ზუსტად ოჯახის დანგრევას შეეწირა სამი თვე მუცლად ნატარებიც..იმის შემდეგ შეიძულა კაცის მოდგმა. მიიხურა კარი და მის ეზოში, წლები იყო ვერავის დაედგა ფეხი.

- აბეს,მოდი აქ,აბა ?! - ზინას სახე ალეწვოდა.თვალები სიბრაზისგან უელავდა.
- რა გინდა?- დაეჭვებით შეხედა აბესამ.
- რა მინდა და მოეშვი იმის ღობესთან წანწალს,თორემ..!
- ვის ღობესთან?- გაეცინა ბიჭს.
- ვითომ არ იცი?! ნარეკალაზე ვამბობ!
- რად შეჭამეთ ეგ ქალი? გიშავებთ რამეს? რისთვის აითვალისწუნეთ?!- აქეთ შეუტია დედას.
- ვაიმეე.. დავიღუპე მგონი..- ზინამ კალთაზე დაიტყაპუნა ხელები.
- რამ დაგღუპა?!
- გაგაგიჟა არა,მაგ პირქვე დასამარხმა?!
- საიდან მოიტანე?!
- ყველა შენზე ლაპარაკობს,ბიჭო! თავს რისთვისა მჭრი მთელ სოფელში?!
- ვინ ყველა?! ბებრუცანა დარეჯანა,თუ ავი თამარა?!
- ღმერთოო,როგორ გადაუტრიალა ტვინი ამ ბიჭსა იმ მიწაგასახეთქმა! - ავიშვიშდა ზინა.
- აი,ეგა ხართ ქალები! კარგი ვერ აგიტანიათ,იმიტომაც არ გეკარებათ ის გოგო!- გაბრაზებით დაავლო ცხენს აღვირში ხელი და ეზოს გაერიდა.

გიჟივით მიაჭენებდა გაშლილ ,ხასხასა მწვანე მინდორზე თავის ფარნას. ცხენმა პატრონის ხასიათი კარგად იცოდა,სანამ ბოლომდე არ დაიღლებოდა,მანამდე არ მოეშვებოდა. მერე მინდორზევე გაწვებოდა ხელებგაშლილი და თვალდახუჭული. ასე იქნებოდა უძრავად ფიქრდახვეული.უკვე ოთხი წელი იყო რაც მაისო ჰყავდა გულში ჩავარდნილი აბესას. მთლად ბავშვი იყო მაშინ,ჯერ სიყვარულისა არაფერი გაეგებოდა,მაგრამ იმას კი ხვდებოდა,რომ ქალის დანახვისას უცნაურად აეწეწებოდა ხოლმე შიგნეული. ვერავის გაანდო თავისი განცდა,ან კი ვის რას გაუმხელდა, ყველა მაისოს კბილის გაკვრაში იყო გართული. რასაც აუგს ამბობდნენ ქალზე,აბესა უფრო მეტად ეტანებოდა მაისოს.ჯარში წასვლამაც ვერ უშველა.სულ ქალის სახე ედგა თვალწინ.მონატრება სტანჯავდა. ნეტავ,ერთხელ მაინც შემავლებინა თვალიო,ამის ნატვრაში იყო დღე და ღამე.
მაისოსაც შემჩნეული ჰყავდა. თავიდან ყურადღებას არ აქცევდა,მაგრამ შემდეგ ჩააფიქრა ბიჭის ქცევებმა. რამდენჯერაც გზაზე შეხვდა,იმდენჯერ წითლდებოდა აბესა. მიხვდა მაისო,თუმცა არაფრად ჩააგდო,პატარაა,გაუვლისო,ფიქრობდა. აბესა კი პირიქით, ლამის ხესავით ამოიზარდა მაისოს გალავანთან. წარამარა აივლიდა და ეზოში მოტრიალე ქალის დანახვაზე კუჭის თავი ყირაზე გადასდიოდა.

- ნეტაი,შენა ფარნა..არც სიყვარულში იფერფლები ჩემსავით და არც დარდსა და ფიქრში,- თვალები გაახილა აბესამ და თავზე წამომდგარ ცხენს ახედა. ფარნამ დაიჭიხვინა და თავის ქნევას მოჰყვა.
- ყველაფერი კი გესმის..ერთი შენთან თუ მოვიოხებ გულს,თორემ ამ ხალხს რამეს გააგებინებ? დიდიაო მაისო,გესმის ფარნა? შენ კიდევ პატარა ხაარო.. სიყვარულმა რა იცის კალენდრისა? ეჰ..ძალიან მიყვარს.. რომ გამოვუტყდე,მეშინია..არ ვიცი,როგორ მიიღებს..შეიძლება კეტიც კი დამიშვას,- გაეცინა აბესას.
- არადა,ეს უთქმელობაც მკლავს..სადამდე ვჩურთო გულში? ჰა,რას იტყვი,ფარნა? მივიდე და გამოვუტყდე?- ბალახზე წამოჯდა აბესა.
ფარნამ დაიფრუტუნა.
- რა მართლა ცხენივით იქცევი,ბიჭო? ერთხელ ადამიანივით მაინც გამეცი პასუხი,- მის სახესთან დახრილ ფარნას ფაფარი მოუჩეჩა.
- წავიდეთ სახლში,წამოდი..- ფეხზე წამოხტა აბესა და მკვირცხლად მოექცა ცხენს ზურგზე. ფარნამაც პატრონი დაიგულა თუ არა, განავარდება გადაწყვიტა.
- ვაჰ,რით ვერ დაგღალე?- გაეცინა აბესას და ცხენის სურვილს დაჰყვა.

საღამოსკენ გაუყვნენ შინისკენ მიმავალ გზას. ჯერ მაისოს სახლისკენ გადაუხვია, ცხენზე ამხედრებულმა უცებ მოავლო თვალი ეზოს.ქალი არსად ჩანდა. გული დასწყდა აბესას.გუნება უცებ შეეცვალა,სახეზე ჩამოუღამდა. მოატრიალა თავისი ფარნა და გეზი სახლისკენ აიღო. შარაგზაზე ჩვეულად ჩამომსხდარიყვნენ დედაკაცები და არჩევდნენ სოფლის ამბებს. აბესა დაინახეს თუ არა,ჩურჩულზე გადავიდნენ.
- ფარნა,მიდი შენებურად დაუფრთხე ეშმაკები ამ კუდიანებს,- აბესამ ყურთან უჩურჩულა ცხენს და აღვირი მოქაჩა. ფარნამ დაიჭიხვინა და ყალყზე შედგა.შემდეგ აბესამ აღვირი მოუშვა და ფარნას ფერდებში შემოსცხო ფეხები. უცებ აიწყვიტა ცხენმა და ისეთი სისწრაფით ჩაურბინა დედაკაცებს,რომ მტვრის კორიანტელში გახვია იქაურობა.
- კისრის მოტეხვა შენა ,- მიაწყევლა თამარამ.

აბესა გიჟივით მიაგელვებდა თავის ფარნას. შორიდანვე მოჰკრა თვალი გზად მომავალ მაისოს. მაშინვე აღვირი მოუქაჩა და ცხენმაც სვლა შეანელა. ქალმა ისედაც შეკრული წარბი,უარესად შეკრა. თუმცა შინაგანი ღელვა კი იგრძნო. სულ ასე ემართებოდა,როდესაც აბესას ხედავდა. თავს არ უტყდებოდა,თორემ მასაც შეპარული ჰქონდა მისდამი გრძნობა." მეტიც არ უნდა სოფელს, კოცონზე დამწვავენ" ფიქრობდა ხოლმე მაისო და ცდილობდა ბიჭზე ფიქრები შორს გადაეყარა.
- გამარჯობა,- მშრალად მიესალმა ბიჭს როგორც კი გვერდი გაუსწორა.
- გამარჯობა,მაისო,- ცოტა წყენა გაკრთა აბესას ხმაში. " ერთხელაც არ გამიღიმებს" თქვა გულში და ცხენი ქალისკენ მიატრიალა.
- მაისო,- ხმადაბლა დაუძახა. ქალი შეკრთა და შეჩერდა.
- გინდა,მიგიყვან სახლამდე?- აბესა ჩამოქვეითდა და მაისოს თვალი გაუსწორა.
" ნეტა არავინ დაგვინახოს"-გაიფიქრა ქალმა და სწრაფი მზერა მოატარა ირგვლივ, შემდეგ ბიჭს მკაცრად შეხედა.
- რისთვის აყბედებ სოფელს?!
- მიბრაზდები?- ღიმილით შეხედა.
- აღარ გნახო ჩემს სიახლოვეს!- შეუბღვირა აბესას და გზა განაგრძო.
- სიყვარულს ვერ დამიშლი,მაისო! - რამოდენიმე ნაბიჯით დაედევნა უკან.
- მთლად ბალღი ხარ და არ იცი,რას მიედ-მოედები.მე ჩემი გითხარი.უარესად ნუ ჩამაგდებ ამათ ყბაში! - თქმით კი უთხრა ქალმა,თუმცა გული სხვას ეუბნებოდა. რომ არა მათ შორის ასაკობრივი სხვაობა,ალბათ უარს არ ეტყოდა. როგორც აბესა უთვალთვალებდა მაისოს,ისე მაისო იდგა ხოლმე ფარდის უკან ტაოდაყრილი და უყურებდა მასზე შეყვარებულ ბიჭს.
- კარგი,როგორც შენ გინდა..ოღონდ ბალღს ნუ მეძახი..არა ვარ პატარა და ვიცი რასაც ვამბობ,- ნაწყენი ხმით თქვა აბესამ და ცხენს მოახტა.
მაისომ ერთი კი შეხედა,გულდაწყვეტა იმზირებოდა ქალის თვალიდან,თუმცა ისევ გაიმკაცრა სახე და გზა განაგრძო.

***
იმ დღის შემდეგ ერთი კვირა არ გამოჩენილა აბესა ქალის სიახლოვეს. მაისოს წარამარა გზისკენ ეჭირა თვალი.
- ნუთუ, მართლა აღარ მოვა?- დამძიმებული გულით ჩაიბუტბუტებდა და უხალისოდ აგრძელებდა საქმეს.

აბესასაც ენატრებოდა მაისოს დანახვა,თუმცა მისი სიტყვები გულზე ნაკბენივით ჰქონდა და ვერ ივიწყებდა.
- მთლად ბალღი ხარო,ჰმ,- წარამარა იომეორებდა გულმოსული. - გაჩვენებ,როგორი ბალღიცა ვარ!- მუქარით დაიქნევდა ხოლმე თავს.

გულს ვერაფერს უდებდა. დედის ნათქვამ ყველა სიტყვაზე ავი ძაღლივით იღრინებოდა.ვერც ძმასთან საუბრობდა. არც ზერბეგის იმედი ჰქონდა. ერთხელ გამოუტყდა და ინანა კიდეც.ისეთი სიცილი დააყარა,აბესამ მიწის გასკდომა ინატრა. არც არასდროს ყოფილა ზერბეგი ძმისადმი თბილად განწყობილი. მასზე ათი წლით უფროსი იყო,ცივი და უტეხი. სულ ჯიბრში ედგა უმცროს ძმას. სახლის დარდი ჰქონდა,გასაყოფი რომ უხდებოდა. ზედმეტად თვლიდა აბესას და წარამარა აგონებდა,რომ სახლიც და კარიც ჩემია,რასაც მინდა იმას ვიზამო.მორეკავდა თავის უსაქმურ ძმაკაცებს და დილამდე ღვინოში იხრჩობდა თავს. მობეზრებული ჰქონდა აბესას ძმის საქციელი. ზინაც სულ თავზე ხელს უსვამდა ზერბეგს და მოფერებას არ აკლებდა. აბესასთვის კი ერთ ტკბილ სიტყვას იშვიათად თუ გაიმეტებდა. წყენას გულში იკლავდა აბესა. ვიმუშავებ და ჩემით ვიყიდი სახლსაც და კარსაცო. სულაც ქალაქში წავალ და მაისოსაც თან წავიყვანო,ოცნებებში მხოლოდ მასთან ერთად ხედავდა საკუთარ თავს.

***
-ფარნა,ხვალ უნდა მასახელო,იცოდე,- აბესამ ცხენს სათლით გადაავლო წყალი და თან მიეფერა. -ხომ იცი, შენზე მარდი მთელ რაიონში არ არის.
მდინარეში იდგა აბესა და ფარნას გულმოდგინედ ბანდა. მეორე დღეს დოღი იმართებოდა მეზობელ სოფელში. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო ერგებოდა. აბესა მოგებას ნატრობდა,იმ ფულით პატარა საქმეს დავიწყებ და ცალკეც გადავალ საცხოვრებლად და მაისოს ჩემთან წავიყვანო. ქალის გახსენებაზე ჟრუანტელი უვლიდა ტანში. ხან ეღიმებოდა,ხან კი იქუფრებოდა. ბალღად მთვლისო,ვერ ინელებდა მაისოს ნათქვამს.

ისე გაასუფთავა ცხენი,შავი ბეწვი უბზინავდა მზეზე..სიამაყით შეჰყურებდა აბესა,დიდ იმედებს ამყარებდა ფარნაზე. ბევრჯერ გაიმარჯვა დოღში მისი წყალობით. ყველა იცნობდა აბესას ფარნას.ფეხმარდს და პატრონის ერთგულს.

***
-ხვალ მე წავიყვან ცხენს,-მთვრალი ზერბეგი ეზოს ჭიშკართან დახვდა აბესას.
- ხვალ დოღია და ვმონაწილეობ,- გაკვირვებით შეხედა ძმას.
- მეც მაგისთვის მჭირდება!-სიბრაზე ჩაუდგა ხმაში ზერბეგს.
- როდის აქეთ გაგიტაცა დოღმა?- აბესასაც სახე შეეცვალა.
- რამდენს მეტლიკინები?! ხვალ ცხენი მე მიმყავს და მორჩა!
- ეს ცხენი ჩემია და ვერსად წაიყვან!
- რა დღეში ხარ,ბიჭო?!- ზერბეგმა საყელოში ჩაავლო ხელი და თავისკენ მოქაჩა.
- ზერბეგ,ხელი გამიშვი და გამატარე!- კბილებში გამოსცრა აბესამ.
- ლაწირაკო შენა!- ხელი მოუქნია და სახეში გაარტყა. აბესას წლობით ნაგროვმა წყენამ ერთიანად იფეთქა და გამეტებით მოსდო მუშტი ძმას. ზერბეგი არ ელოდა ხელის შებრუნებას, ჯერ გაკვირვებით შეხედა აბესას,შემდეგ იერიშზე გადავიდა. ერთმანეთს ისე ურტყამდნენ,თითქოს მოსისხლე მტრები ყოფილიყვნენ.თუმცა აბესა ჯობნიდა,მის ძლიერად მოქნეულ მუშტს ზერბეგი ვერ იცილებდა. ხმაურზე ზინა გამოვარდა გარეთ და კივილი გააბა. მეზობლებიც სწრაფად მოგროვდნენ და ძმების შუაში ჩადგნენ.
- ამას ისე განანებ,სიკვდილს განატრებინებ!- დაემუქრა ცხვირგატეხილი ზერბეგი აბესას.
- შენ მოუკვდი შენს დედას,ეს რა დღეში ჩააგდე!- ზინა გაავებით ეცა უმცროს შვილს.
- როდის მოგშორდებით!- დაუყვირა აბესამ ზინას.
-მიწაშიც წასულხარ!- მიაძახა ზინამ პასუხად და ზერბეგთან ჩაიმუხლა.
სიმწრით გააქნია თავი აბესამ. ფარნას ზურგზე მოახტა და ადგილიდანვე გიჟივით გააჭენა.
ცხენმა პატრონზე უკეთ იცოდა საითაც უნდა წასულიყო,მაშინვე მინდვრისკენ აიღო გეზი,თუმცა მაისოს სახლის გადასახვევთან ფარნა შედგა და დაიფრუტუნა.
- აბა,შენ ცხენი უნდა იყო?- სიმწრით გაეღიმა აბესას. -არა,ფარნა, დღეს არა,- თქვა და გზა გააგრძელებინა.
მინდორი შლეგივით გადასერა ცხენმა და უცებ შედგა.
- რა დაინახე?- გაუკვირდა აბესას და ხასხსსა ბალახს თვალი მოატარა და გაშრა. მაისო იწვა გულაღმა.ხელები განზე გაეშალა და თვალები დაეხუჭა.წითელი კაბა ყაყაჩოს მოლივით ეფინა ბალახს. მგონი ფარნამაც კი სუნთქვა შეკრა,ისეთი ლამაზი იყო ქალი.
ფრთხილად ჩამოხტა ცხენიდან აბესა და მაისოსკენ წავიდა. ისე მიუახლოვდა,ქალმა მისი მისვლა ვერც გაიგო,ჩასძინებოდა. იქვე ჩამოჯდა ბიჭი და მაისოს მძინარე სახეს სულგანაბული მიაცქერდა.
აბესას ჭიდილი მოუწია თავის თავთან,რომ არ დაცხრომოდა ბაგეზე. სურვილი იმდენად ძლიერი იყო,თავი ვერ შეიკავა ბოლომდე და მძინარე მაისოს კოცნა მოპარა. ქალი უცებ წამოხტა,მის წინ მუხლებზე მდგომი ბიჭის დანახვაზე ჯერ დაიბნა,შემდეგ,ჩვეულად შეჰყარა წარბი.
- ეს რა ჩაიდინე?!- შეუტია ბიჭს და ტუჩზე ხელი მიიფარა.
- მაპატიე,ვერ გავუძელი ცდუნებას,- გაუღიმა აბესამ.
- რა გითხარი,ბალღო,არ გამეკარო-მეთქი?! - თვალებში ბრაზი ჩაუდგა მაისოს და წამოდგომა დააპირა.
-ბალღი არა?!- აბესა უცებ დააცხრა ქალს და ისევ მწვანე ბალახზე გააკრა,თვითონ კი ზემოდან მოექცა.
-არც გაბედო!- გაიბრძოლა მაისომ.
აბესამ სახე ახლოს მიუტანა და ქალს ღრმა თვალებში ჩახედა.
- მე არასდროს გატკენ,ეს იცოდე..მართლა მიყვარხარ .. ჰო,კიდევ.. ბალღს ნუ მეძახი,არც ისე პატარა ვარ,- უთხრა და შეცბუნებულ მაისოს ოდნავ შეეხო ტუჩებზე.
ქალი არ განძრეულა.პირიქით,თვალებიც კი დახუჭა.
- ხედავ? არც შენა ხარ გულგრილი, თავს ნუ გაიტანჯავ და მეც ნუ დამტანჯავ,- ყურთან უჩურჩულა მაისოს და ფეხზე წამოდგა.
უკან აღარც მიუხედავს,ისე მოახტა ცხენს და გიჟივით გაქუსლა.
მაისო გაუნძრევლად დარჩა გაწოლილი ბალახზე. მთელი სხეული უთრთოდა. მოეწონა კოცნა,თანაც ძალიან.ამდენი წლის შემდეგ,მის ბაგეს პირველად შეეხო მამაკაცის ბაგე. ნეტავ,არ წასულიყოო,ისიც კი გაიფიქრა. ხომ აბესასთვის მივიდა მინდორზე,ხომ იცოდა,რომ ყოველ დღე იქ დააჭენებდა მის ფარნას.სათაგურივით დაუდო მისი თავი,გამოუვიდა,თუმცა არ ეგონა ასე ძლიერად თუ იმოქმედებდა მისი სიახლოვე. კარგა ხანს იწვა ფიქრებში ჩაძირული. ბედნიერების უფლება ხომ მაქვსო? ჩაიჩურჩულა და ისევ აბესას ცხელი ბაგე გაახსენდა. მუცელში სიამოვნების ტალღამ დაუარა. იქნებ მობრუნდესო,მინდორს გახედა. აბესა კი მისი თვალთახედვიდან შორს იყო, აწყვეტილი მიაგელვებდა თავის ფარნას. სახლში არ მისულა,იცოდა, თავიდან დაიწყებოდა ყველაფერი. აღმა-დაღმა სირბილში შემოუბინდდა. ცხენიც დაიღალა და თვითონაც. ვერ გადაეწყვიტა,სად წასულიყო. ჯერ თავის სახლთან მივიდა, გალავნიდან გადახედა ეზოს. ზერბეგს ისევ მოეყარა თავისი უსაქმური ძმაკაცები და ღრიანცელი გაჰქონდათ.
ჩემი შესვლა არ იქნებაო, გაბრაზებულმა მოატრიალა ფარნა და თვითონაც ვერ მიხვდა,ისე მიადგა მაისოს ჭიშკარს. დაძახებით არ დაუძახია,ვაიდა მეზობლებმა გაიგონ,მეტიც არ უნდათო. ფარნა იქვე მიაბა და თვითონ დაუკითხავად შეაღო კარი. მაისო ტერასაზე იჯდა და კალათას წნავდა. აბესას დანახვაზე გაშეშდა,თვალებს არ დაუჯერა.
-აქ რას აკეთებ?- წარბი აღარ შეუკრავს, გაკვირვებულმა ჰკითხა.
- დახმარება მჭირდება,ცუდი არაფერი იფიქრო,- აბესა ქალისკენ წავიდა.
- რა მოხდა?-მაისომ კალათა ძირს დადო და ფეხზე წამოდგა.
- ამაღამ შენთან უნდა გამათევინო,სახლში არ შემოვალ,აქ ვიქნები ეზოში..ცხენისთვის წყალი და თივაც მჭირდება,- ქალის შეცბუნებულ თვალებს დააკვირდა.
- შემოიყვანე,- თავი დაუქნია მაისომ.მიხვდა,მართლაც რომ არ გასჭირვებოდა აბესას, ასე თამამად არ მიადგებოდა მის ეზოს.აღარც მეზობლების მორიდებია,ისე განუცხადა თანხმობა.
- მადლობა,მაისო,- ბიჭმა მადლიერებით სავსემ გაუღიმა და ფარნას შემოსაყვანად გავიდა გარეთ.
სანამ აბესამ ცხენი მიაბინავა, მაისომ სახელდახელო სუფრა გაშალა. ბევრი არაფერი ჰქონდა,თუმცა მოშიებულ კაცს კი დაანაყრებდა.
- შემოდი შინ,- დაუძახა აბესას და სუფრასთან მიიწვია.
-ბოდიში,ასე მოხდა დღეს..- დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ბიჭმა და მაგიდას მიუჯდა.
- ეგ არაფერი,სტუმარი ხარ დღეს ჩემი.. ხუთი წელიწადია კაციშვილს არ დაუდგამს ფეხი ამ ეზოში,- სიმწრით ჩაეღიმა მაისოს.
- ჰო,მაინც და მაინც არა გწყალობს სოფელი,- ბრაზით თქვა აბესამ.
- იქნებ,მე არ ვწყალობ სოფელს?- სევდიანად თქვა მაისომ და ისიც მაგიდას მიუჯდა.
- შენ კარგი ხარ,მაისო,ლამაზი და იმიტომაც გემტერებიან.შურთ.
- ლამაზი?-გაეღიმა მაისოს.
- ჰო..ძალიან ლამაზი ხარ..
- ჭამე,- სახეზე სიწითლე შეეპარა მაისოს და თავი დახარა.
- მადლობა მაისო,- აბესას ჩაეღიმა და პურის ყუას დასწვდა.
მაინც და მაინც გაბედულად ვერ ილუკმებოდა. მაისომაც სტუმრის ხათრით ცოტა მიირთვა.
- ხვალ დოღია,არ წამოხვალ,მაისო?- თვალი შეაპარა ქალს.
- ხვალ რაიონში მივდივარ,კალათები უნდა წავიღო.
- მინდოდა ყოფილიყავი,- გულდაწყვეტით თქვა აბესამ.
-საწოლს გაგიმზადებ,დაისვენე,- ფეხზე წამოდგა მაისო.
- არ გინდა,ეზოში ვიქნები და ადრიანად წავალ..ვერავინ დამინახავს,- ქალის დასამშვიდებლად თქვა.
- ეზოში უფრო დაგინახავენ,- ხმა გაიმკაცრა მაისომ.
აბესას აღარაფერი უთქვამს.

თითქოს გახურებულ ნაკვერჩხალზე გაეკრათ,ისე უხურდა მთელი ტანი აბესას. რა დააძინებდა,როცა გვერდით ოთახში მაისო იწვა. რამდენჯერაც დააპირა შესვლა,იმდენჯერ დატუქსა თავი. სტუმრად მიგიღო და ამით ნუ ისარგებლებო!
არც მაისოს ეძინა.ისიც მოუსვენრად წრიალებდა.თვალი კარისკენ ეჭირა,ვაი,და ვერ გაუძლის ცდუნებასო.
არ შესულა აბესა.
უთენია ადგა.ერთი კი გაიხედა მაისოს ოთახისკენ და სახლიდან ფეხაკრეფით გავიდა. ეზოს ჭიშკარი რომ დაიკეტა,ხმაზე გამოეღვიძა მაისოს,ღიმილით გააქნია თავი და ისევ ძილს შეუბრუნდა.

***
გაშლილ ველზე მოეყარათ თავი ცხენოსნებს. ხალხი შეძახილებით ამხნევებდა თავის რჩეულ მხედარს. ფარნა თავმომწონედ ათამაშებდა ფეხებს. დრო და დრო ისეთ ჭიხვინს დასცხებდა, აბესას ეცინებოდა.
- ჰო,ფარნა..ჰო..ეს დღე ჩვენია.. აბა,შენ იცი,ამ ჯაგლაგებმა არ უნდა გაჯობონ,- შეაგულიანა ცხენი და ფერდებზე ოდნავ შემოჰკრა ფეხები. ფარნა წინ გაიჭრა და მოჯირითეთა შორის მწკრივში ჩადგა.
***
მაისომ ის იყო,კალათები ლამაზად ჩააწყო ერთმანეთში და თავადაც გამზადებას შეუდგა. სარკის წინ ტრიალებდა,როცა მის უკან ზერბეგი დაინახა. ელდა ნაცემი შებრუნდა კაცისკენ და მის ჟინმორეულ თვალებს შეშინებული დააკვირდა.
- აქ რას აკეთებ?!- წარბი შეყარა მაისომ და ნახევრად შიშველ სხეულზე კაბა აიფარა.
-სტუმარს ასე ხვდები?-ღვარძლიანად ჩაიცინა ზერბეგმა და ქალისკენ წავიდა.
-არ მომეკარო! - შიშით წამოიყვირა ქალმა და სარკეს მიეყრდნო.
- იმ ლაწირაკზე უკეთესად გასიამოვნებ,- კბილებში გამოსცრა და ქალს გავეშებით ეცა.
- არა! არაა!- კაცის მკლავებში მომწყვდეული ქალი შეშლილივით იქნევდა თავს.
- ხმას ნუ იღებ,თორემ..!- მთელი ძალით ამოუგრიხა ხელი. მაისომ ტკივილისგან დაიკივლა. ზერბეგს ქალის ხმისთვის ყურადღება არ მიუქცევია,ჟინმორეულმა შემოახია საცვლები და იქვე,სარკის წინ იატაკზე წააქცია და თვითონ ზემოდან დააწვა.
ამაოდ ყვიროდა მაისო და ამაოდ ეძახდა მშველელს. მის სხეულზე დაწოლილ მამაკაცს კი დაუნდობლად მოჰყავდა განზრახ ჩანაფიქრი სისრულეში. ულმობლად დაკბინა და დაგლიჯა ქალის სხეული. გამხეცებული იკმაყოფილებდა შურნაძიებ ჟინს.
მაისო აღარ ინძრეოდა. გაყინული თვალები მიეპყრო ჭერისთვის. არ ახსოვს როდის მოამთავრა მხეცმა მისი საქმე,ან როდის წავიდა.
ძირს იწვა დედიშობილა,გაბახებული,ნამუსახდილი და დაგლეჯილი. ნაკბენებიდან სისხლის წვეთებს ამოეყოთ თავები.

***
ხალხის ყიჟინა არ ცხრებოდა.ცხენზე ამხედრებული ამაყად იდგა აბესა და გამარჯვებას ზეიმობდა. ფარნა თავმომწონედ სცემდა ფლოქვებს და დრო და დრო ჭიხვინებდა. აბესა ცხენის თავისკენ დაიხარა.
- მადლობა,ფარნა! - კისერზე მოხვია მკლავები და თავზე აკოცა.
- რა გიხარია?- დამცინავი ღიმილით მიუახლოვდა ზერბეგი ძმას.
აბესამ ეჭვიანად შეხედა.
- შენგან მოლოცვას არც ველოდი!- კბილებში გამოსცრა აბესამ.
- სამძიმარს?- გესლიანად ჩაიცინა.
- რა სამძიმარს?- კუშტად შეხედა ძმას აბესამ.
- წადი,გელოდება შენი კახპა!- თქვა და საზარელი ხარხარი ატეხა.
- რა ჩაიდინე?! - სწარაფად ჩამოხტა ცხენიდან აბესა და ზერბეგს საყელოში ეცა.
- წადი,დაიკარგე აქედან!- ზერბეგმა მკერდზე ჰკრა ხელი.
- რა ჩაიდინე-მეთქი?!- აბესა ისევ საყელოში სწვდა და სახე ახლოს მიუტანა.
- მე არაფერი,- მხრები აიჩეჩა ზერბეგმა.- თვითონ დამიძახა,- გამომწვევად უთხრა და ისევ ხელისკვრით მოიშორა.
აბესა ერთიანად აირია. სახეზე მიტკლისფერი დაედო. მთელ ტანში იგრძნო განგაში. უკან-უკან წავიდა და ფარნას ზურგზე მოახტა.
დაღლილი ცხენი თავდაუზოგავად გარბოდა. აბესას გული ამოვარდნას ჰქონდა. ასე სწრაფად მგონი დოღზეც არ უჭენებია.მაისოს სახლის ჭიშკარი შლეგივით შეაღო.
ოთახში შესვლისას წამიერად გაშეშდა. მაისო ისევ დედიშობილა იწვა და გაყინული მზერა ჭერისთვის მიეპყრო.
-მაისო?!- ძლივს გადადგა ნაბიჯი აბესამ, ქალთან ჩაიმუხლა და თავის წამოუწია. ქალს მისთვის არ შეუხედავს,მხოლოდ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა ღაწვზე.
-მაისო?!- სიმწრით თქვა აბესამ და მკერდზე მიიხუტა. მაისოსთვის თითქოს შიგნეული გამოეცალათ,დაცარიელებული და გამოფიტული გაშეშებულ მზერას არ აცილებდა ჭერს.
-მითხარი რამე,გეხვეწები?!- აბესა გიჟივით იკრავდა ქალს გულში.
მაისოს არაფერი ეყურებოდა. თითქოს ჭერზე შეხორცებულიყო მისი თვალები.
აბესა სიმწრით კრავდა მუშტებს. ძლივს წამოდგა , ქალის სხეული ხელში აიტაცა,საწოლზე დააწვინა და ზეწარი მიაფარა.
-მეძინება,-ერთი ეს ამოილუღლუღა მაისომ და თვალები დახუჭა.
აბესამ სიმწრით დააჭირა კბილები ერთმანეთს. ცოტა ხანს უყურა ქალს,რომლის სახეზეც არაფერი იკითხებოდა.
***
გიჟივით,აწყვეტილი გარბოდა ფარნა თავის მხედრიანად. ხალხმრავლობაში ისე შევარდა, ლამის გადაჯეგა იქ მყოფნი. უკმაყოფილო სტვენა-ძახილს ყურადღება არ მიაქცია აბესამ. სწარაფად ჩამოქვეითდა და თვალებით უცებ მოძებნა ზერბეგი. დანა მომარჯვებული ჯიქურ წავიდა მისკენ და სანამ ვინმეს აზრად მოუვიდოდა მისი შეჩერება, გამეტებით გაუყარა დანა მუცელში ძმას.
- ეხლა მომისამძიმრე!- კბილებში გამოსცრა აბესამ და ხელმეორედ ჩასცა დანა. ზერბეგმა სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო,თვალები გადმოკარკლა და ღია პირიდან სისხლი ამოანთხია.

***
12 წლის შემდეგ..

- აგე,დაბრუნებულა ძმის მკვლელი! ან როგოღა უნდა იცხოვროს იმ კარ-მიდამოში? ეგ უსინდისო ეგა,ზინაც შეიწირა მაგ ამოსაგდებმა,მაგანა!- ვიშვიშებდნენ სოფლის დედაკაცები და თან აბესას სახლისკენ აპარებდნენ თვალს.
-სულ იმ ნარეკალას ბრალია! წაჰკიდა ძმები ერთმანეთსა! ხან ერთს ჩაუწვა,ხან მეორესა,ტფუიი..
- დაღუპა ოჯახი,იმ არგასახარებელმა!
- იჯდეს ეხლა ტყის პირას და წიწკნოს ბალახი..ან კი რას დაემსგავსა,ჩამობერდა და ჩამოჭკნა, დიდი დღე არ უწერია მგონი..
- აგრემც მეხიც დასცემია,ან კი როგოღა დაიარება ის ცოდვის გორგალი,ისა!

აბესა კარში გამოვიდა და დედაკაცებს წარბქვეშიდან გახედა. ისე დაჟინებით უყურებდა ორღობის ენამოსაფხანებს, ცოტა არ იყოს და შიშმაც კი დაუარათ.

-ვაიმეე, ისე იყურება,არც ჩვენ დაგვინდობს..- წამოიშალნენ და აქეთ-იქით მოიფანტნენ.

უკვე ხუთი დღე იყო გასული,რაც აბესა სოფელში დაბრუნდა. მთელი თორმეტი წელი მაისოზე ფიქრში გაატარა. ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა,რომ გულში ჩაეკრა. ეხლა კი თითქოს რაღაც აფერხებდა, ნაბიჯს ვერ დგამდა მისი სახლისკენ. შეხვედრის ეშინოდა.ვაი,თუ ამდენი წლის და ამდენი ტანჯვის შემდეგ,არც კი მოისურვოს ჩემი დანახვაო. ფარნას დარდი ცალკე კლავდა, შინ მისულს არ დახვდა თავისი მეგობარი. გულგაგლეჯილი დაჰყურებდა ცხენის აღვირს,რომელიც მტვერსა და ჭუჭყს შეეჭამა. ნეტავ,რა ბედი ეწიაო? ფიქრობდა.
ერთი კაციც არ აღმოჩნდა სოფელში,რომელიც მოიკითხავდა. ყველა განუდგა. როგორც კეთროვანს,ისე უყურებდნენ და ერიდებოდნენ.

მაისო იმ დღის შემდეგ სახლში შეიბუდა. გახსენებაც კი ზარავდა იმ დღისა,როცა ზინა მიუვარდა და ისედაც გაუბედურებულ ქალს თმა არ შეარჩინა თავზე. არავინ მიკარებია, კმაყოფილები უყურებდნენ მოსეირენი. არც აბესასთვის მიუკითხავს ციხეში ზინას. დახვრიტონო,მხოლოდ ამას ამბობდა. დიდხანს ვერ გასტანა,მალევე მიჰყვა ზერბეგის გზას.

ც კი გადაწყვიტა მაისომ. რამოდენიმე დღე ებრძოდა ეშმაკისეულს. თავს იდანაშაულებდა,მე რომ არა,არაფერი მოხდებოდაო. გაჩენის დღეს იწყევლიდა. აბესას საქციელმა ბოლო მოუღო. ჩემს გამო რა ჩაიდინაო,თავს ვერ პატიობდა. ერთ დღეს უთენია აუყვა ხევს. ისე მიაპობდა გზას,თითქოს ეჩქარებოდა სიკვდილთან შეხვედრა. სასოწარკვეთილი ჩაჰყურებდა კლდის პირიდან ადიდებულ მდინარეს. სოფლის მხარეს გაიხედა თვალცრემლიანმა. რა უბედური ბედისა ვყოფილვარო,ერთი ეს თქვა და ის იყო უნდა გადაშვებულიყო,ხმაური მოესმა. შედგა და უკან მიტრიალდა. ფარნა იდგა ყალყზე და ჭიხვინებდა..
იქვე ჩაჯდა მაისო.
მისი ღრიალი მთებს გასწვდა. ცხენი არ მოშორებია გვერდიდან. აბესას თვალებით უყურებდა მოტირალ ქალს. ის დღე იყო და ის,სიკვდილზე აღარც უფიქრია. გამეხებული გამოუყვა ისევ ხევის პირს. უკან ცხენი მოჰყვებოდა.
ჭიშკარში პირველად ფარნა შევიდა და დადგა. იმ დღიდან აღარც გასულა იმ ეზოდან. მაისოს იმედად და ხმის გამცემად დარჩა და დარჩა. მასთან დაიდო ბინა.

მთელი თორმეტი წელი გაჰყურებდა გზას მომლოდინე თვალებით მაისო. ოღონდაც აბესა დამანახა და თუ გინდა იმ წამშიაც ამომძრობია სულიო. ფარნას დაუჯდებოდა და ელაპარაკებოდა,გულს მოიოხებდა ხოლმე. ცხენიც სულგანაბული უსმენდა ქალის სატკივარს.
სოფელმა ბოლომდე არ მოასვენა მაისო. მის ეზოს ჭიშკართან თავს იყრიდნენ ხოლმე დედაკაცები და წყევლას არ აკლებდნენ.
ერთხელ გამოვიდა მაისო,ამაყად დადგა მათ წინაშე და შეუძახათ.
- მოდით,ჩამქოლეთო!
თითქოს მის დასტურს ელოდნენო,ლამის მართლა ჩაქოლეს. ვინ თმას აცლიდა და ვინ კაბას ახევდა. არც ქვები დაიშურეს.
კარგა ხანს იშუშებდა იარებს მაისო. მოსვენება მაინც არ მისცეს. წლები გრძელდებოდა ქალის ჯვარცმა.
გაუძლო.
ფარნა ჰყავდა გვერდით.
როგორც ადამიანი,ისე განიცდიდა ცხენიც ქალის ამბავს.
ძლივს გადააჩოჩა თორმეტი წელი.
აი,ეხლა გამოჩნდება აბესაო,ფიქრობდა.
კაცი კი იგვიანებდა.

***
გვიანი ღამე იყო,აბესა რომ მაისოს გალავანთან მივიდა და ეზოში გადაიხედა. გული ისე უცემდა,ლამის ამოვარდნოდა. მხოლოდ ერთ ოთახში ენთო შუქი. მიხვდა,იქ იქნებაო. ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა. რამდენჯერაც ხელი წაიღო კარის სახელურისკენ,იმდენჯერ ცხელმა ტალღამ დაუარა სხეულში. ასე არასდროს გაძნელებია.არადა ციხეში სულ სხვანაირად ფიქრობდა.როგორც კი გავალ აქედან,პირდაპირ მაისოსთან მივალო. გამბედაობა კი არ ეყო. აგე,უკვე მეექვსე დღე ილეოდა სურვილში და თავთან ჭიდილში.
ხვალ მოვალო,გაიფიქრა და ის იყო გამობრუნებას აპირებდა,რომ ცხენის ფრუტუნი მოესმა. უცებ შედგა აბესა და დაუყურუდა. ისევ განმეორდა ფრუტუნი,რასაც ჭიხვინიც მოჰყვა.
- ფარნა?!- ყურებს არ დაუჯერა აბესამ. აღარც მორიდებია,ისე შევარდა ეზოში და ხმის მხარეს წავიდა.
-ფარნა? ბიჭო?!- მუხლებზე დაეცა აბესა და სიცილ-ტირილი ერთმანეთში აერია.
ცხენი ყალყზე შედგა და თითქოს ცეკვავსო,ორ ფეხზე მოჰყვა ხტუნვას.

-აბეს!

აბესა ფეხზე წამოდგა და მძიმედ შეტრიალდა უკან.
მაისო იდგა
თვალცრემლიანი.
რომელიც სევდიანად უყურებდა უკვე დაკაცებულ აბესას.

დასასრული



№1  offline წევრი Marikagogolqdze

ღმერთო ეს რა იყო????????❤️❤️❤️❤️. გული დამეწვა

 


№2  offline წევრი ჭირვეული

სევდის დიდი გორგალი გამეჩხირა ყელში ((( რა სასწაულად გიჭრის კალამი, ისეთი ნამდვილი ხარ წერისას, უამრავი ემოცია მეუფლება თითოეული წინადადების წაკითხვისას. მადლობა ❤️

 


№3  offline წევრი თ. ა.

ნინა ეს რა იყო ჰა? ეჰ და ვაი რომ ასეთია სხვის ცხოვრებაში მოკირკიტე არამკითხე ხალხის საქმე და იმათი ბედი, ვისაც ისინი ენას და კბილს დაასობენ.

 


№4 სტუმარი სტუმარი sofi

შენი სასწაული გამოჩენები როგორ მიყვარს, ეს ისტორიაც ზუსტი ასლია იმ ცხოვრების ჩვენ რომ ვცხოვრობთ, თავს ვიწონებთ ქართველობით და ადამიანის ჩაქოლვაში პირველები ვართ, იმდენად კარგად წერ რომ აღარ ვიცი ახალი რა ვთქვა, უმაგრესი გოგო ხარ

 


№5 სტუმარი სტუმარი კრავაი

ნინა, საოცრი წასაკითხი იყო. უკიდეგანოდ ნიჭირი და საუკეთესო ადამიანი ხართ. ისეთ პერსონაჟებს ძერწავთ, ისე ასახავთ ცხოვრების ავ-კარგიანობას, რომ მძაფრი ემოციის გარეშე ვერ ვკითხულობ თქვენს ნაწერს. წერეთ, ძვირფასო, ბევრი წერეთ!!!

 


№6  offline წევრი ირო

ნინა სულ ვამბობ რომ შენს ნოველებს ტრანსპორტში არასდროს წავიკითხავთქო, მაგრამ რათ გინდა ცდუნებას ვინ უძლებს.ეს ჩემი ცრემლის გორგალი როგორც სპაზმი მეჩხირება ყელში და თვალის ჯებირებს ასკდება.

 


№7 სტუმარი სტუმარი მადლენა

და ნუთუ ამ სიტყვების და ამის წაკითხვის შემდეგ, წიგნები ბევრი მიკითხავს,მარა ამ ტელეფონის გამომგონებელი როგორ არ უნდა გიყვარდეეეეს????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent