შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელფთა სამეფო: შავი ჯადოქარი (თავი მეექვსე) - დაუპატიჟებელი სტუმარი


13-08-2022, 15:25
ნანახია 6 754

ცას მზის პირველი სხივები შეეპარა. გოლუნდირი ვარდისფრად აციმციმდა. მისი ძვირფასი ქვები თვალისმომჭრელად აელვარდნენ.
არლონდირი წიგნს დიდი ინტერესით კითხულობდა და ვერც კი შენიშნა როგორ მიიწურა ამასობაში ღამე.
ელფები გაღვიძებას იწყებდნენ. გოლუნდირიც თანდათან იღვიძებდა. არლონდირს ყოველთვის არ ჰქონდა იმის ბედნიერება ამ სცენისთვის ედევნებინა თვალი, ამიტომ წიგნი მოწიწებით გადადო გვერდზე და სანახაობით დატკბა.
გოლუნდირის ბაღებში ელფები გამოჩნდნენ. ზოგს კიბე მოჰქონდა, ზოგს კი - ბაღის სამუშაო იარაღები. არლონდირს თავი მდაბლად დაუკრეს და მუშაობას შეუდგნენ. სასახლის კართან რამდენიმე ელფი ფუსფუსებდა და სამზარეულოში ახალთახალი პროდუქტები შეჰქონდათ. არლონდირმა ახლაღა გაიაზრა, რომ ყველაფერი, რასაც ხედავდა, ჭამდა თუ იცვამდა, ელფების შრომის შედეგი იყო.
ზოგჯერ ავიწყდებოდა კიდეც, რომ ყოველდღე გაკრიალებულ ტანსაცმელს იცვამდა, ახალთახალ საკვებს მიირთმევდა და სიმყუდროვისთვის ყველანაირად უზრუნველყოფილი იყო.
ცოტა ხანს კიდევ უყურა. რამდენიმე წუთის შემდეგ წამოდგა, წიგნი აიღო და სასახლისკენ გაემართა. იქიდან გამომდინარე, რომ წიგნი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, ქაღალდები არაფერში გამოუყენებია და ისევ უკან წამოაღებინა. როგორც ჩანდა, მეფე-დედოფალს ჯერ არ გაეღვიძა, ამიტომ არლონდირმა თავის ოთახს მიაშურა. ელფები ოთახს ალაგებდნენ და შემოსვლისთანავე უფლისწულს თავი დაუკრეს.
- რამეს ხომ არ ინებებთ უფლისწულო? - ჰკითხა ერთ-ერთმა მათგანმა.
- ერთი ფინჯანი ძლიერი ჩაი მომიტანეთ, - მიუგო არლონდირმა.
- როგორც მიბრძანებთ, - და ოთახიდან გაიკრიფნენ.
- ჰო და კიდევ... - ოთახში მყისვე შემოცვივდნენ ელფები, - მცველებს უთხარით ეს მაგიდა და სავარძელი აივანზე გაიტანონ.
ელფებმა მდაბლად დაუკრეს თავი და ოთახიდან გავიდნენ.
რამდენიმე წუთში დაბალი მაგიდა სავარძლიანად აივანზე აღმოჩნდა და უფლისწულიც ნებივრად მიირთმევდა ჩაის. როცა მოათავა და გვერდზე გადადო, წიგნის დასაწყისში გადაშალა, სადაც თავდაპირველი სურათი პირველი დაკვირვებების შედეგად იყო წარმოდგენილი. არლონდირმა ცოტა ხნით უცქირა, შემდეგ ქაღალდი და ფანქარი აიღო და ზუსტად ისეთივე გადახატა. შემდეგ საბოლოო სურათს დააკვირდა და ისიც გადახატა. ბოლოს ორივე ქაღალდი აიღო და ერთმანეთს შეადარა. მეორე სურათზე აშკარად ნაკლები პლანეტა ფიგურირებდა, რაც მეტისმეტად თვალშისაცემი იყო.
- ეს ხომ ისედაც ეწერა, - ჩაიბუტბუტა თავისთვის და იმ ადგილას გადაშალა, სადაც ბოლოს დაასრულა კითხვა.
მომდევნო გვერდებზე საინტერესო რაღაცები ეწერა. ერთ-ერთგან კი ვენერას ღამე იყო აღწერილი და თან სურათიც ჰქონდა დართული.
- „ახალშობილებზე მოვლენას ნეგატიური გავლენა აქვს. ზრდასრულები და მოზარდები ამაზე ჩვეულებრივ რეაგირებენ“, - ამოიკითხა არლონდირმა, - იგივეა, რაც სერვერალდისგან მოვისმინე. თუმცა ახალი ინფორმაციის მიღება არ მაწყენდა.
არლონდირმა წიგნი მთლიანად ჩაიკითხა. უკვე კარგად გათენებულიყო. საუზმის დროც მოსულიყო, მაგრამ არლონდირს საერთოდ არ შიოდა. ადგა და წიგნი თაროზე დააბრუნა, ოთახიდან გავიდა და უკანმოუხედავად მოკურცხლა შემოსასვლელისკენ. გარეთ გავიდა თუ არა, ელფებს უბრძანა მისთვის ცხენი მიეგვარათ. აღელვებულმა მსახურმა, რომელსაც სხვა გზა არ ჰქონდა, ბრძანება აასრულა და უფლისწულს თავისი ბედაური მიჰვარა. არლონდირი ჰარნოფილდზე ამხედრდა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დეზებს ჰკრა ფეხი.
- არლონდირ! - გაისმა ხმამაღალი ყვირილი საიდანღაც, - არლონდირ!
კასალანდრა კიბის თავთან იდგა და მთელი ხმით გაჰყვიროდა მაგრამ ამაოდ. არლონდირი აღარსად ჩანდა.
- სად წავიდა?! დავიჯერო არაფერი უთქვამს?! თქვენ აქ რისთვის ხართ?! - კასალანდრა ნერვიულობით ადგილს ვეღარ პოულობდა.
- დაწყნარდი. მსახურები უკვე გავგზავნე. ნუ ღელავ, მალე იპოვიან. დარწმუნებული ვარ, ცუდი განზრახვა არ ექნებოდა, - ანუგეშებდა ერონიდასი.
- იცოდე ერონიდას, რამე რომ დაემართოს... - ხმა წაუვიდა კასალანდრას, - რამე რომ დაემართოს, თავს არ ვიცოცხლებ! - და ცრემლი მოადგა.
- ნუ გეშინია. აი ნახავ, მალე გამოჩნდება. თუ საჭირო გახდა, მე თვითონ მოვძებნი. მიწიდან ამოვაძვრენ, მაგრამ მაინც ვიპოვი, - დარწმუნებით მიუგო ერონიდასმა გასამხნევებლად.
არლონდირის ასე ნაუცბათევი გაუჩინარება ამდენად შემაშფოთებელი არ იქნებოდა, წინა დღის მომხდარი რომ არ გაეთვალისწინებინათ. დაუფიქრებლად და გაუფრთხილებლად არლონდირი არასდროს იქცეოდა, მაგრამ ახლა, როცა ვითარება დაძაბული იყო, უფლისწულმა მისთვის სრულებით უჩვეულო ქმედება ჩაიდინა.
ამ დროს დარბაზში მსახური შემოფაცურდა.
- რა ქენით? იპოვეთ? - მოუთმენლად ჰკითხა მეფემ.
- მეფეო... ჯერ კიდევ ვეძებთ, - აღელვებისგან ხმა წაუხდა მსახურს.
- იცოდეთ, ყველას სათითაოდ თავებს დაგაყრევინებთ თუ ვერ იპოვით! თავიდან მომწყდი და თვალში იქამდე არ მომხვდე, ვიდრე ჩემს შვილს საღსალამათს არ მომიყვანთ!
მსახური ადგილიდან მოწყდა და კარისკენ გაიქცა.
- ერონიდას! არ არის. არ ჩანს, - კასალანდრას უკვე ცრემლები სდიოდა.
- მოვა! აი ნახავ. ცოტაც მოვიცადოთ და თუ არ გამოჩნდა, ჩემი ხელით მოვიყვან, სადაც არ უნდა იყოს, მაგრამ... მოვა, თვითონ მოვა. ნახავ, - ერონიდასმა კასალანდრას ხელები მაგრად მოჰხვია და შუბლზე აკოცა.

ამასობაში არლონდირმა ცხენი ერთ პატარა, მაგრამ საოცრად ლამაზ სასახლესთან შეაჩერა.
- ეს უნდა იყოს, - ჩამოხტა და ჰარნოფილდს ქოჩორზე მოეფერა.
კარის ზღურბლზე იგი დაცვამ შეაჩერა.
- შეჩერდით! ვინ ხართ? რა გნებავთ?
- მე მთავარი ასტრონომის, სერვერალდ ანდრასინის ძის მეგობარი ვარ, - მეგობრულად მიუგო არლონდირმა.
- ბატონს არ უთქვამს, რომ სტუმარს ელოდებოდა, - დაეჭვებით უპასუხა ელფმა.
- ჰო, არ გამიფრთხილებია, რომ ვესტუმრებოდი.
უცებ სასახლიდან ხმა მოისმა:
- რა ხდება? რა ამბავია? მუშაობას რატომ არ მაცლით?! - კარში ასტრონომის ქერა თავი გამოჩნდა და წამსვე გაშეშდა, - კი მაგრამ... მთელ ქვეყნიერებას ვფიცავ! არა, ასეთ სასწაულს ნამდვილად არ ველოდი! უფლისწულო! მობრძანდით, გთხოვთ. შემობრძანდით!
კართან მდგარი მცველი, წუთის წინ უფლისწულს რომ ეურჩებოდა, ახლა მუხლებზე დაჩოქილიყო:
- მაპატიეთ, თქვენო ბრწყინვალებავ! ვერ გიცანით. ძალიან ვწუხვარ! - და უფრო მოიხარა.
- არაუშავს. შენს საქმეს ასრულებდი, - მიუგო არლონდირმა, მხარზე ხელი დაადო და სახლში შეაბიჯა.
სასახლე შიგნიდანაც ძალიან ლამაზი იყო. ყველაფერი მოწესრიგებულად ეწყო. მოკრძალებული, სადა და სუფთა სასახლე იყო. თვალის გაყოლებაზე, ყველგან წიგნის თაროები იყო აღმართული.
- კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს სასახლეში უფლისწულო, - წინ გაუძღვა სერვერალდი, - სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაკვირვეთ. ჩემს დაცვას აპატიეთ, გთხოვთ, ვერ გიცნოთ. მაგრამ ვინ გიცნობდათ, რომ? ახლაც არ ვუჯერებ თვალებს. აი, სასწაულიც მესმის! ვერ აგიღწერთ როგორ გამიხარდა თქვენი სტუმრობა, მაგრამ ძალიან კი გამაოცეთ. აქ რამ მოგიყვანათ? მეფე-დედოფალი ხომ კარგად არიან? ჰო, მართლა, რამეს ხომ არ ინებებთ? ლოქუმს, შერბეთს... თქვენ ოღონდ მიბრძანეთ და...
- ლიმონის შერბეთს დავლევ, სერვერალდ, - არლონდირი სიცილს ძლივს იკავებდა. მას ძალიან მოსწონდა ეს ელფი. სერვერალდი კი უბრალოდ გიჟდებოდა უფლისწულზე.
- ახლავე, უფლისწულო. ლაქმან, ლაქმან! - დაიძახა ასტრონომმა და უცებ დარბაზში ერთი საშუალო სიმაღლის, კოხტა ელფი შემოფაცურდა, - ლაქმან, ორი ლიმონის შერბეთი მოგვიტანე.
მსახურმა თავი დაუკრა და მალევე გაუჩინარდა.
- მსახურები არ გყავს სერვერალდ? - გაუკვირდა არლონდირს როდესაც სასახლეში სიცარიელე შენიშნა და სხვა ვერავინ ნახა.
- აჰ, არა უფლისწულო. ჩემი ლაქმანის და კარის მცველების გარდა არავინ მყავს. რად მინდა რომ? მარტოც მშვენივრად ვუვლი თავს, - თავმომწონედ მიუგო ასტრონომმა.
- მაგაში მართალი ხარ, - არლონდირმა გაბრწყინებული ელფი აათვალიერ-ჩაათვალიერა, შემდეგ თვალი მოავლო დარბაზს, სადაც ისხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სასახლეს ერთადერთი მსახური ჰყავდა, ყველაფერი დაწკრიალებული იყო, - მე მგონი, მუშაობაში ხელი შეგიშალე.
- ო, არა, როგორ გეკადრებათ! თუ გნებავთ სხვენზე ავიდეთ, უფლისწულო. ზემოთ გრილა, - შესთავაზა სტუმარს მასპინძელმა.
- კარგი, ავიდეთ, - აზრი მოუწონა არლონდირმა და წამოდგა.
- ლაქმან, ლაქმან! - გასძახა ასტრონომმა. ლაქმანი ლანგრით ხელში შემოვარდა დარბაზში, - სხვენზე ვიქნებით, ლაქმან.
სხვენი მოხერხებულად და მყუდროდ იყო მოწყობილი. ორ სავარძელს შორის პატარა, მრგვალი მაგიდა იდგა.
- დაბრძანდით, გთხოვთ, - სავარძელზე მიუთითა სერვერალდმა.
მათ ფეხდაფეხ ლაქმანი გამოჩნდა ლანგრით ხელში. შემოსვლისთანავე თავი დაუკრა იქ მყოფთ და შერბეთი მაგიდაზე დადო.
- გმადლობ, ლაქმან, - გაუღიმა მსახურს არლონდირმა.
ლაქმანი სულ მთლად გაწითლდა.
- გ-გემრიელად მიირთვით, - თავი კიდევ ერთხელ დაუკრა ელფმა და არეული ნაბიჯით გაბრუნდა უკან.
- აბა, უფლისწულო, - მიუბრუნდა სერვერალდი, - დარწმუნებული ვარ, აქ ტყუილ-უბრალოდ არ...
უცებ ქვემოდან ყრუ ჩოჩქოლი გაისმა.
- ნეტა ახლა რაღა მოხდა? - სერვერალდმა შერბეთი მაგიდაზე დადო და ასადგომად მოემზადა, როდესაც სხვენზე ვიღაც შემოვარდა და უკან სირბილით ლაქმანი ამოყვა.
- რა ხდება? - წამოდგა სერვერალდი, - ვინ ხართ? როგორ ბედავთ დაუკითხავად...
- მაპატიეთ მთავარო ასტრონომო, მაგრამ მეფის ბრძანებაა უფლისწული დაუყონებლივ დაბრუნდეს სასახლეში! - თავდაჯერებით მოახსენა დაუპატიჟებელმა და დაუკითხავად შემოჭრილმა სტუმარმა.
- ასეც ვიცოდი. უნდა გამეფრთხილებინა. ერთ ამბავს ატეხდნენ და მთელ სამეფოში გამოაცხადებდნენ ჩემი დაკარგვის ამბავს, - წყნარად თქვა არლონდირმა და ჩაიღიმა, - კარგი სერვერალდ, მოგვიანებით გესტუმრები, - და წამოდგა.
- კი მაგრამ... - აღელდა ასტრონომი.
- ნუ ღელავ, ამ დღეებში ისევ გესტუმრები, თუ, რა თქმა უნდა, ამის უფლება მომცეს. გპირდები, - და მხარზე ხელი დაადო.
სერვერალდს ვარდისფერმა გადაჰკრა.
- უ-უფლისწულო... მე... გაგაცილებთ, - ესღა ამოღერღა ენადაბმულმა.
ოთხივენი ქვემოთ ჩავიდნენ. გარეთ ელფების მთელი გუნდი იდგა. რამდენიმე მათგანი ცხენზე ამხედრებულიყო. ჰარნოფილდი კი ბაღებშო მშვიდად ეფიცხებოდა მზეს.
- არა, რაც მართალია, მართალია. მამაჩემს უსაფრთხოების ზომები ბრწყინვალედ აქვს დაცული, - ჩაილაპარაკა არლონდირმა და ჰარნოფილდს მიაშურა.
ცხენმა დაინახა თუ არა პატრონი, წამსვე მისკენ გაქანდა.
- წავედით, ჰარნოფილდ, - მიუალერსა ცხენს, - სასახლეში გველოდებიან.
არლონდირი ცხენს შემოახტა და წამის უსწრაფესად მცველების სათავეში მოექცა. ბოლოჯერ გახედა ასტრონომის სასახლეს და მის პატრონს, რომელიც კარში იდგა და თვალს არ აცილებდა უდროოდ წასულ სტუმარს. არლონდირმა სადავე თავისკენ მოქაჩა. ცხენი ჰაერში აიჭრა და მალევე გაუჩინარდა თვალთახედვიდან.
- მაინც, რა კარგი ვინმეა... - თავისთვის ჩაილაპარაკა ოცნებებში წასულმა ასტრონომმა.

- რას ფიქრობდი?! როგორ გაბედე ნებართვის გარეშე სასახლიდან გასვლა?! ამას გასწავლიდით?! ასე გაგზარდეთ?! - ერონიდასი სიბრაზისგან ნაპერწკლებს ისვრიდა, - იცი დედაშენი რა დღეში იყო?! ლამის გული გაუსკდა ნერვიულობით, შენ კიდე თურმე სეირნობა მოგიწყვია აქ! რა იყო, ახალი მიწების აღმოჩენას ხომ არ აპირებდი? თუ ისე, მეგობრულად შეუარე ასტრონომს სახლში ფინჯან ჩაიზე! - ერონიდასი მხრებგაშლილი მიმოდიოდა დარბაზში და ბოლთას სცემდა. ასეთი გაცოფებული ჯერ არავის ენახა. მერე ისევ განაგრძო, ოღონდ, ამჯერად, მშვიდად, - ჩვენზე საერთოდ არ ფიქრობ. საერთოდ არ გადარდებს ჩვენ რას განვიცდით. ეტყობა ზედმეტად კარგად გექცეოდით და აი, რა მივიღეთ! რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, რომ ერთგულებაზე მნიშვნელოვანი არაფერია, - აქ ცოტა ხნით შეყოვნდა, - დღეიდან სასახლიდან ფეხს არ გაადგამ. მხოლოდ ბაღში შეგეძლება გასვლა, იმის იქით კი ფიქრიც არ ღირს. სერვერალდს რაც შეეხება კი, მას მე დაველაპარაკები. ამ წუთიდან გეკრძალება მისი ნახვა და მასთან შეხვედრა. შეგიძლია ზემოთ ახვიდე.
არლონდირს მთელი ამ ხნის მანძილზე არაფერი უთქვამს. როცა მეფემ ლაპარაკი დაასრულა, თავი დაუკრა და ზემოთ ავიდა. კასალანდრა სავარძელში იჯდა და ხმას არ იღებდა. მხოლოდ დამამშვიდებელ სასმელს სვამდა და თვალები ჩასივებოდა. როცა დარწმუნდა, რომ უფლისწული ოთახში ავიდა, იკითხა:
- სერვერალდს რას უპირებ, ერონიდას?
- მინდა, ცოტა ხნით უფლისწულთან ურთიერთობა გაწყვიტოს. არ ვიცი რაზე საუბრობენ, მაგრამ არლონდირზე აშკარად დიდი გავლენა აქვს. თუ უფლისწული ასტრონომიითა გატაცებული, სხვა ვინმეს მოვიყვან. ჩემს სამეფოში უამრავი ნიჭიერი ასტრონომია. მაგრამ, ხომ იცი, სერვერალდთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. ამდენი წელია ერთგულად გვემსახურება. ამ დღეებში დაველაპარაკები. მის თანამდებობას რაც შეეხება, ისევ იქ დარჩება, სადაც არის.
- კი მაგრამ, ერონიდას... - დაიწყო კასალანდრამ.
- გადაწყვეტილება საბოლოოა. არ შევცვლი, - გადაჭრით თქვა ერონიდასმა.
კასალანდრა წამოდგა, მაგრამ მეფემ შეაჩერა:
- დილიდან არაფერი გიჭამია. იქნებ გვესაუზმა?
- ავალ, არლონდირს დავხედავ. მოგვიანებით ვისაუზმოთ, - და კიბეს აუყვა.
კასალანდრას არლონდირი აივანზე დახვდა. ქვის მოაჯირს დაყრდნობილიყო და შორს იყურებოდა.
- არ მშია-მეთქი, რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ! - თქვა გაბრაზებით.
- არლონდირ...
არლონდირი შემოტრიალდა, მაგრამ მსახურის ნაცვლად დედოფალი დახვდა.
- მაპატიეთ, დედა, მე მეგონა რომ...
- არლონდირ, - თბილად მიმართა კასალანდრამ და ლოყაზე მიუალერსა.
- დედა, - ესღა წარმოთქვა უფლისწულმა და დედამისს გადაეხვია. კარგა ხანს იდგნენ ჩახუტებულნი და ერთმანეთს ხელს არ უშვებდნენ.
ზოგჯერ სიტყვა უძლური ხდება გრძნობის წინაშე. ზოგჯერ ქმედებები უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები. ახლაც ასე მოხდა. როგორც იქნა, ერთმანეთს ხელი გაუშვეს. კასალანდრამ არლონდირის სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა.
- მაპატიეთ, დედა. თქვენი წყენინება არ მინდოდა, მართლა. ეს აღარ გამეორდება. სიტყვას გაძლევთ!
კასალანდრა კიდევ ერთხელ მოეხვია არლონდირს. კეფაზე აკოცა და გრძელ, ქერა თმაზე გადაუსვა ხელი. არლონდირი დედასთან შვებას გრძნობდა. მასთან ყოველთვის ამაღლებული განცდა ეუფლებოდა. კასალანდრას არაფერი უთქვამს. აღარც არლონდირს. ისინი ერთმანეთს უსიტყვოდაც მშვენივრად უგებდნენ. შემდეგ ორივე მოაჯირთან მივიდა და არემარეს თვალი მოავლო. სიჩუმე კასალანდრამ დაარღვია:
- ლამაზია, არა? - თქვა მან, - კარგად დააკვირდი, არლონდირ. ყოველი კუთხე-კუნჭული მოათვალიერე და კარგად დაიმახსოვრე. დააკვირდი და დაიხსომე. კარგად დაიხსომე, არლონდირ, რადგან ეს ყველაფერი ერთ დღეს შენი გახდება. და როცა ეს მოხდება, მე შენ გვერდით ვიქნები. არასოდეს დაგტოვებ მარტო, - კასალანდრამ მცირე დუმილის შემდეგ განაგრძო, - შენ უფლისწული ხარ. ტახტის და სამეფოს მემკვიდრე. ერთადერთი მემკვიდრე. როცა მამაშენი აღარ იქნება ყველაფერი - მთელი სამეფო, მიწები, ზღვები, მდინარეები - შენი გახდება. იმედი მაქვს, ამ დღეს მოვესწრები და ტახტხზე ასულს გნახავ, - კასალანდრა ისევ დადუმდა და მალევე განაგრძო, - სახელმწიფო რთული ორგანიზმია, არლონდირ. ეს სახუმარო საქმე არაა. ყველა წვრილმანი უნდა გათვალო. ყველა შესაძლო შედეგი უნდა დაინახო, რადგან მცირე შეცდომაც თუ გაგეპარა, წესრიგი დაირღვევა. სამეფოში კი წესრიგი უნდა სუფევდეს. ეს უპირველესი კანონია.
- მესმის, დედა, - მიუგო არლონდირმა, - თქვენი რჩევა ჩემთვის ფასდაუდებელია. თქვენს სიტყვებს არასოდეს დავივიწყებ, მაგრამ, - შეყოვნდა იგი, - ამაზე საუბარი მგონი ჯერ ადრეა.
- არლონდირ, - გააწყვეტინა კასალანდრამ, - მეფის სიყვარულსა და ერთგულებაში ვერავინ შემეცილება, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება ხვალ. არ აქვს მნიშვნელობა ეს როდის მოხდება, შენ ყოველთვის ყველაფრისთვის უნდა იყო მზად.
არლონდირმა დედას თავი დაუქნია. დედოფალმა გაუღიმა და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ გასასვლელში შეყოვნდა და დასძინა:
- ჰო, მართლა, არლონდირ. სადილზე ქვემოთ ჩამოდი, მამას გაუხარდება, - და გავიდა. გავიდა და მთელი თავისი სხივოსნებაც თან გაიყოლა.
თავიდან არლონდირი არ აპირებდა მეფე-დედოფალთან ერთად სადილობას, მაგრამ დედის სიტყვებმა მასზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. დიდხანს იდგა ჩაფიქრებული. ცოტა ხნის შემდეგ ოთახში შევიდა და სადილისწინა ცერემონიისთვის მოემზადა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი საერთოდ არ ეხალისებოდა. ამას მხოლოდ და მხოლოდ დედამისის გამო აკეთებდა.
რამდენიმე წუთში უკვე მზად იყო. ქვემოთ ჩავიდა. დიდ დარბაზში ჯერ კიდევ ელფები ფუსფუსებდნენ საჭმლით ხელში. არლონდირი ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა.
- არ მეგონა თუ ჩამოხვიდოდი, - მოესმა უცებ უკნიდან.
ერონიდასი და კასალანდრა კიბეზე ჩამოდიოდნენ. არლონდირმა მეფეს თავი დაუკრა. კასალანდრამ უფლისწულს გაუღიმა და სამივე მაგიდას მიუჯდა.
- დღეს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენთვის არასასურველი გარემოებების წყალობით, სუფრას პირველად მივუსხედით. დაე, არ მოგვკლებოდეს ჩვენ სადილი მარადჟამს.
დედოფალმა და უფლისწულმა თანხმობის ნიშნად თვალები დახუჭეს. ასე ხდებოდა ყოველთვის. ეს ერთგვარი ჭამისწინა ტრადიცია იყო. მეფე სამადლობელს ამბობდა, ხოლო დედოფალი და უფლისწული თვალებს ხუჭავდნენ.
სადილობისას სიჩუმე კასალანდრამ დაარღვია:
- რას იტყვით, უახლოეს დღეებში მკვახეველის კომპლექტი ხომ არ მოგვენახულებინა?
- კარგი აზრია, - მოუწონა ერონიდასმა, - ამ დღეებში წავიდეთ, ვნახოთ როგორ ცხოვრობენ, რას საქმიანობენ ჩემი ელფები. ბოლოს, სამი თვის წინ ვიყავი. სიმართლე გითხრა, ძალიან მომენატრა იქაურობა.
- ჰოდა ძალიან კარგი. წავიდეთ ყველანი ერთად. არლონდირ, ხომ წამოხვალ? - ჰკითხა კასალანდრამ და თვალი მისკენ გააპარა.
- დიახ, დედა, - უხალისოდ, მაგრამ მტკიცედ მიუგო არლონდირმა.
- გავიგე, ახალი სასადილო და სამკერვალო პუნქტები გაუხსნიათ, - განაგრძო კასალანდრამ.
- მართალია, სასახლიდან პირადად გავუშვი ელფები მაგ საქმეზე. კარგი კი უნდა გამოსულიყო. ჯერ არც მე მინახავს.
- მაშინ, წავიდეთ და ვნახოთ, - კასალანდრას გაუხარდა, რომ ადვილად დაითანხმა ორივე.

მომდევნო დღე სამეფო ოჯახისთვის მეტად საქმიანი გამოდგა. ერონიდასი დილაადრიანად წასულიყო სასახლიდან, რათა შეხვედროდა ელფ არქიტექტორებს, რომლებიც დიდი ხნის მოგზაურობიდან დაბრუნებულიყვნენ და თან ახალი ესკიზები ჩამოეტანათ. ერონიდასმა მათთვის წინასწარ მოამზადა მყუდრო საცხოვრებელი და პირადად იზრუნა იმაზე, რომ ძვირფას სტუმრებსა და თავიანთი საქმის ოსტატებს არაფერში ჰქონოდათ საჭიროება. ეს ელფი არქიტექტორები ძალზედ გათქმული და განათლებული იყვნენ და დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ ჯერ კიდევ ერონიდასის მამის მმართველობის დროს. მათ ხელს ეკუთვნოდა ელფური არქიტექტურის ნამდვილი შედევრები. გოლუნდირის ესკიზებიც მათი შექმნილი იყო და მის აშენებაშიც დიდი წვლილი მიუძღოდათ.
ამ ორმა არქიტექტორმა, რომლებმაც ახალი იდეებით დაიმკვიდრეს ადგილი, პირველად გამოთქვეს აზრი დოლმაბურის სასახლის ასიმეტრიულობის შესახებ. თავიდან ელფებს დიდად ყურადღება არ მიუქცევიათ მათთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც სასახლის ახალი ელემენტებით გამდიდრება დაიწყეს, მართლაც შენიშნეს ის უზუსტობა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე რჩებოდათ მხედველობიდან ან, უბრალოდ, არ უნდოდათ რომ დაენახათ.
მითქმა-მოთქმამ ამ მოხეტიალე ელფების შესახებ მეფის ყურამდეც მიაღწია. მან გადაწყვიტა სასახლეში მოეწვია ეს არქიტექტორები და საჭიროების შემთხვევაში, გამოეყენებინა კიდეც მათი ცოდნა და შრომა. ასე და ამგვარად, საჰელბეგი და თურუნჰამი მალევე ჩაერთვნენ სასახლის განაშენიანებაში. მათ სრულებით ახალი და, ერთი შეხედვით, არარეალური იდეები შემოიტანეს ელფურ არქიტექტურაში. მეფის დაკვეთით არაერთი შენობა ააგეს და ხეობები გაამშვენიერეს. თუმცაღა დროის უმეტეს ნაწილს მოგზაურობაში და ახალი შთაგონების ძიებაში ატარებდნენ, ამიტომ მათი გამოჭერა ადვილი არ იყო. მიუხედავად ამისა, ისინი დიდი სიამოვნებითა და სულისკვეთებით უდგებოდნენ ნებისმიერ საქმეს, რასაც მეფე დაავალებდა და თავს არ იზოგავდნენ, რათა თავიანთი ნიმუშები სრულყოფილებამდე მიეყვანათ.
ერონიდასი სწორედ ამ დიდებულ ხელოვანებს ხვდებოდა, რომლებიც რამდენიმე წლიანი მოგზაურობის შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ. მან არ იცოდა რისთვის ან რატომ, მაგრამ როდესაც გვიან ღამით ცნობა მოუვიდა, რომ არქიტექტორები ჩამოვიდნენ და მეფესთან შეხვედრა უნდოდათ, ერონიდასმა ძალ-ღონე არ დაიშურა, და იმწუთშივე ბრძანება გასცა, ჰაიარნანის სასახლე მოემზადებინათ სტუმრების დასახვედრად.
როდესაც საჰელბეგმა და თურუნჰამმა დულმაბურის სასახლეში დაიწყეს მუშაობა, ერონიდასი ჯერ კიდევ პატარა იყო. ის ხშირად უყურებდა, რამხელა ოსტატობითა და გულისხმიერებით ეკიდებოდნენ ელფი ოსტატები თავიანთ საქმეს და ყოველთვის დიდი პატივისცემით იმსჭვალებოდა მათ მიმართ. ზოგჯერ, როდესაც თავისუფალ დროს გამონახავდა, ათას შეკითხვას უსვამდა მათ ცხოვრებაზე, საქმიანობაზე და თავიანთი ხელობის სიყვარულზე. მათგან ბევრი საინტერესო ცნობა მიიღო და არქიტექტურაშიც გაიღრმავა ცოდნა.
ოსტატების ჩამოსვლამ ერონიდასი ძალიან გაახარა და ამასთანავე, ცოტა ააღელვა კიდეც. როდესაც მსახურმა შეატყობინა, რომ ჰაიარნანის სასახლე სტუმრების დასახვედრად მოეწყოთ, ერონიდასი ცხენს შემოახტა და სასახლისკენ გაეშურა.
ელფებს ძალიან სწრაფად და მოხერხებულად მოეწყოთ იქაურობა. სასახლე გარედან დიდი არ იყო, ორი სართულისგან და ფართო აივნისაგან შედგებოდა, მაგრამ შიგნიდან საოცრად ლამაზი და თვალწარმტაცი იყო. პირველი სართული ხელოვნების მუზეუმს მოგაგონებდათ. აქ მთელი დარბაზის სიგრძეზე განლაგებული იყო ქანდაკებები. ქვისა და მარმარილოსგან ელფების ულამაზესი ფორმები გამოეკვეთათ და კვარცხლბეკზე დაემშვენებინათ. ქვისგან გამოთლილ ჰასიკ ელფებს თხელი სარაფნები და კაბები ჩაეცვათ, დანარჩენები კი სიშიშვლის დაფარვას ხელებით ცდილობდნენ. ზოგიერთი მათგანი კეკლუცად იცინოდა, ზოგი კი ცივი მზერითა და იდუმალებით უმასპინძლდებოდა მნახველს. დარბაზის ცენტრში შადრევანი იდგა და წყლის ჩუხჩუხით საამურ მელოდიას ქმნიდა. კედლები მარმარილოთი იყო მოპირკეთებული. ლურჯი, თეთრი და შავი მარმარილოს ცივი ფერები ერთმანეთს ერწყმოდა და ქანდაკებებს მომხიბვლელ ფონს უქმნიდა. დარბაზში ერთ მხარეს ვრცელი ფანჯრები იყო დატანილი, რომლის მიღმაც წარმტაცი ხედი იშლებოდა. მეორე სართულზე რამდენიმე ოთახი და საბანაო დარბაზი იყო განლაგებული, კარს მიღმა კი დაეტანათ ტერასა, სადაც მრავალნაირი მცენარე ხარობდა.
ეს სასახლე სწორედ საჰელბეგისა და თურუნჰამის ნამუშევარი იყო. იგი სრულებით განსხვავდებოდა სხვა სასახლეებისგან ორიგინალურობითა და სადა ინტერიერით. ეს პირველი საცხოვრებელი სასახლე იყო, სადაც ქანდაკებები დადგეს და თავის დროზე ამან დიდი გაცვიფრებაც გამოიწვია, მაგრამ დროთა განმავლობაში, ელფების მოწონება დაიმსახურა და მალე მისი წაბაძვაც კი დაიწყეს.
ერონიდასი ჩამოქვეითდა და სასახლეში შევიდა. თვალი მოავლო იქაურობას და, როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, თავი დააქნია და სწრაფად გაემართა სტუმრების დასახვედრად. რამდენიმე ხანში მსახურმა ელფმა შეატყობინა, რომ მათგან მოშორებით ეტლი მოდიოდა, რომელსაც თან მეფის მაცნეები მოჰყვებოდათ. ერონიდასმა მზერა დაძაბა და გაიღიმა. ცხენს მოახტა, ეტლისკენ გააჭენა და მისი გაჩერება ბრძანა. შემდეგ ჩამოქვეითდა და მისი მიმართულებით გაეშურა.
ეტლი შეჩერდა და რამდენიმე ხანში იქიდან ორი ელფი გადმოვიდა. ეტყობოდათ, რომ ძალიან ხნიერები იყვნენ. შუბლზე გაჩენილი ნაოჭები და სიბრძნით სავსე თვალები ამას ნათლად მოწმობდა. ერონიდასი მიუახლოვდა და თავი დაუკრა სტუმრებს. სტუმრებმაც მდაბლად მოიხადეს ქედი და მეფეს კდემითა და პატივისცემით შეხედეს. ერონიდასმა გაიცინა და სტუმრებს გადაეხვია. ძალიან გაუხარდა, ამდენი წლის შემდეგ მათი ისევ ერთად ნახვა.
- როგორ იმგზავრეთ? გზად ხომ არაფერს შეუწუხებიხართ? - ჰკითხა მან.
- მეფეო, - მიუგო საჰელბეგმა, - თქვენი წყალობით კარგად ვიმგზავრეთ და მშვიდობით მოვედით.
მის ხმაში დაღლილობა და სისუსტე იგრძნობოდა. სწორედ ისეთი, როგორიც ბევრი შრომისაგან გადაღლილ ელფს უჩნდება დროთა მანძილზე.
- მეფეო, მომიტევეთ, - თქვა თურუნჰამმა, - მაგრამ ისე გაზრდილხართ! ისე ვამაყობ თქვენით! - და თვალებში ცრემლი აუციმციმდა.
ერონიდასმა მოხუც ელფს მდაბლად დაუკრა თავი.
- მადლობელი ვარ თქვენი! - თქვა მან ჩუმად და თავის სიტყვებში უდიდესი პატივისცემა ჩააქსოვა.
კიდევ ერთხელ გაუღიმა ორივეს და ხელით ისევ ეტლში აუძღვა. თვითონაც აჰყვა და წასვლის ბრძანება გასცა. ეტლი დაიძრა. მეფის მსახური ელფები წინ გაიჭრნენ და ეტლს წაუძღვნენ.
- ძალიან გამახარა თქვენმა სტუმრობამ, - უთხრა ერონიდასმა ეტლში მყოფთ, - ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა თქვენი ნახვა! რამდენი წელი გავიდა მას მერე, ბოლოს რომ გნახეთ!
- ჩვენც უსაზღვროდ ბედნიერები ვართ, ჩემო მეფეო! - მიუგო საჰელბეგმა, - ბოლოს რომ გნახეთ, თუ მეხსიერება არ მღალატობს, თხუთმეტიოდე წლის იქნებოდით! ოჰ, როგორ გადის დრო!
- ჩვიდმეტის ვიყავი, ჩემო ძვირფასო საჰელბეგ, - ღიმილით უთხრა ერონიდასმა, - მას შემდეგ ოცი წელიწადი გავიდა! მთელი ოცი წელიწადი, ქვეყნიერებავ! - წამოიძახა ერონიდასმა გაოცებითა და აღტაცებით.
- თქვენთვის კეთილ სიტყვას არავინ იშურებს, - თქვა თურუნჰამმა, - სიყვარულითა და მადლიერებით გიხსენიებენ! სადაც არ უნდა წავიდეთ, სულ თან გვდევს კეთილი ნება-სურვილი თქვენდამი!
ერონიდასმა გაუღიმა და თავი დააქნია.
- ნამდვილად ღირსეული ხელმწიფე დადექით! - გამოტყდა საჰელბეგი, - ნეტავი მამათქვენი მოსწრებულიყო ამ ყველაფერს. როგორ იამაყებდა!
ერონიდასმა თვალები დახარა და თქვა:
- იმედი მაქვს ზეცისა, რომ ამაყობს ჩემნაირი შვილით იქ, სადაც არის!
მოხუცმა ელფებმა თვალები დახუჭეს და დინჯად დააქნიეს თავი თანხმობის ნიშნად.
- ისე მინდა მოვისმინო თქვენი მოგზაურობები! - შესძახა ერონიდასმა, - როგორ მაინტერესებს! სულ ის დრო მახსენდება, ჯერ კიდევ ყმაწვილი ჰარინი რომ ვიყავი და თქვენს თავგადასავლებს ვისმენდი! როგორ მიყვარდა მათი მოსმენა!
- კიდევ მოისმენთ, ამის დიდი იმედი მაქვს! - სიყვარულით მიუგო საჰელბეგმა და შუბლი შეეჭმუხნა, - მაგრამ, ვშიშობ, რომ ჩვენი თავგადასავლები დიდხანს აღარ გასტანს.
- ანუ, - ერონიდასს უცებ სახე შეეცვალა, - ეს თქვენი მოგზაურობის დასასრულია? - თქვა შეყოვნებით და უეცრად უდიდესი სევდა შემოაწვა.
- ამქვეყნად ჩვენი მოგზაურობა, ვფიქრობ, მალე დასასრულს მიუახლოვდება, - მიუგო თურუნჰამმა, - მაგრამ, განა ეს დასასრულია? - გაუღიმა თბილად.
ერონიდასს თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა და შეეცადა თავისი უზარმაზარი, უეცრად მოწოლილი სევდა, რომელმაც მთელ მის სულს ტალღისებურად გადაუარა, ღიმილში ჩაეკლა, მაგრამ ეს ცრუ ღიმილიც მალე შეეცვალა და თვალები მაგრად დახუჭა, რათა მოზღვავებული გრძნობისთვის გასაქანი არ მიეცა და როგორმე უკან დაებრუნებინა.
- გრძნობების შეკავება არ ღირს, ჩემო ხელმწიფევ, - დაბალ ხმაზე, თბილად უთხრა საჰელბეგმა, - თქვენც იცით, მტკიცე შენობას თუ ბზარი გაუჩნდა, ის ან თავიდან უნდა აიგოს, ან სულ უნდა დაინგრეს და მტვრად იქცეს. განა ამას არ გეუბნებოდით, როცა პატარა იყავით?
ერონიდასმა თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები ღვარად გადმოსცვივდა.
- ჩვენი სხეულები მალე დაინგრევიან და მტვრად იქცევიან, მაგრამ სულები ისევ თავიდან აიგებიან და ცხოვრებას განაგრძობენ, - თბილად გაუღიმა თურუნჰამმა მეფეს.
ერონიდასი დაიხარა და ორივეს ხელზე ეამბორა.
ეტლი გაჩერდა. მეფეს რამდენიმე წუთი დასჭირდა, სანამ ისევ ამაყ, ძლევამოსილ ხელმწიფეს დაემსგავსებოდა. ბოლოს ეტლიდან გადმოვიდა და სტუმრებსაც დაეხმარა გადმოსვლაში.
ოსტატებმა ღიმილით შეათვალიერეს ოდესღაც მათი ხელით შექმნილი შედევრი, რომელიც ამაყად იწონებდა თავს და სასახლის ბაღში შეაბიჯეს. ბაღში ვარდის წარმტაცი სურნელი ტრიალებდა, რომელიც დილის სითბოსა და მზის სხივებს ერწყმოდა.
უსიტყვოდ ჩაუარეს ლამაზად მოწყობილ ხეივანს, რომელიც მათი მითითებით შეიქმნა სასახლის აგებამდე. რაიმეს თქმა აქ სრულებით ზედმეტი და უადგილო იყო, გულში დაიტოვეს ძველი მოგონებები და ხსოვნა იმ ბედნიერი დღეების შესახებ. სასახლის ზღურბლს რომ გადააბიჯეს, ერონიდასმა თქვა:
- იმედი მაქვს, თქვენს მოლოდინს არ გავამტყუვნებ. თუკი რაიმე ისე ვერ მოვაწყვეთ, როგორც თქვენს გულს გაუხარდებოდა, მომიტევეთ.
- მეფეო, - მიუგეს ელფებმა, - რას ამბობთ! თქვენი უსაზღვროდ მადლიერები ვართ ამხელა ყურადღების გამოჩენისთვის! - და თავი დაუკრეს.
- ისაუზმეთ და მოისვენეთ. გზა მოგქანცავდათ. მოგვინებით გესტუმრებით, - მიუგო ერონიდასმა და მცირედი თავის დაკვრით, სტუმრებს გამოემშვიდობა.

გზაში ისევ მათ ნათქვამზე ფიქრობდა. გული ეწურებოდა იმის გაფიქრებაზე, რომ მალე ეს ორი განუყრელი მეგობარი, თავიანთი საქმის უზადო ოსტატი და ყველასათვის ძვირფასი ელფი, მალე ქვეყანას დატოვებდა. რაღაც აუხსნელმა გრძნობამ ერონიდასს ჯერ კიდევ წამოსვლისას უკარნახა, რომ ის სტუმრების შესახვედრად კი არა, მათთან გამოსამშვიდობებლად მიდიოდა.
როდესაც საბოლოოდ გოლუნდირს მიადგა, ბაღში კასალანდრა შენიშნა. ცხენიდან ჩამოხტა და მისკენ გაემართა. დედოფალმაც შენიშნა იგი და მასთან შესახვედრად გამოეშურა.
- შეხვდი სტუმრებს? - ღიმილით ჰკითხა კასალანდრამ, - შენმა მსახურმა შემატყობინა, ელფი ოსტატები დაბრუნდნენ და მეფე მათ დასახვედრად გაეშურაო.
- კასალანდრა, - გაბზარული ხმით მიუგო ერონიდასმა, - ისინი... ისინი მალე დაგვტოვებენ.
დედოფალმა თვალები დახუჭა და მეფის ხელები თავისაში მოიქცია.
- მე ეს ვიგრძენი, ერონიდას, - ჩასჩურჩულა სევდიანად, მაგრამ თბილად და გულზე მიეკრო.
ერონიდასი მას ძლიერად გადაეხვია და დედოფალმა იგრძნო, როგორ ჩამოუგორდა მეფეს ცრემლი და კაბის საყელო დაუსველა.
- დროა, ერონიდას, - ჩუმად თქვა მან, - უნდა გაუშვა.
- როგორ ვნანობ, რომ უფრო მეტი დრო არ დავუთმე მათ, როცა ამის საშუალება მქონდა, - მიუგო ერონიდასმა და მეორე ცრემლიც ჩამოუვარდა.
კასალანდრამ ალერსიანად აკოცა და ხელები მაგრად მოჰხვია.
სადილმა უხალისოდ ჩაიარა, რაც არლონდირმა ცხადად შენიშნა, მაგრამ არაფერი უკითხავს. დარბაზში გამეფებული დუმილი კასალანდრამ დაარღვია:
- რას იტყვით, სავახშმოდ ჩვენს სტუმრებს ხომ არ ვეწვიოთ? - და არლონდირის დაბნეული სახის დანახვაზე დაამატა, - არლონდირ, ჩვენ ძალიან ძვირფასი სტუმრები გვეწვივნენ. ელფი არქიტექტორები - საჰელბეგი და თურუნჰამი, თავისი დროის უგანათლებულესი პიროვნებები და თავისი საქმის უზადო ოსტატები. შენ მათ არასდროს შეხვედრიხარ, რადგან მუდამ მოგზაურობდნენ და ელფებს ხშირად არ ენახვებოდნენ, მაგრამ მათ შესახებ, წესით, უნდა გსმენოდეს.
არლონდირმა მცირეოდენი დაფიქრების შემდეგ მიუგო:
- ვგონებ, ეს ის ოსტატები არიან, ვინც გოლუნდირის ესკიზები შექმნეს და მის განაშენიანებაში მიიღეს მონაწილეობა. დოლმაბურის სასახლეც მათი მითითებებით იქნა შეცვლილი.
კასალანდრამ თავი დაუქნია და ღიმილით უთხრა:
- მართალია. ახლა, დიდი ხნის შემდეგ, ისევ დაბრუნდნენ სამეფოში და მეფემ დიდი პატივი დასდო მათ, როდესაც ჰაიარნანის სასახლეში მიიღო, - და ერონიდასს გადახედა, - რას იტყვით, ვესტუმროთ ამ საღამოს?
ერონიდასმა ლუკმა გადაყლაპა და კასალანდრას შეხედა.
- ვესტუმროთ, - თქვა ბოლოს.
და სადილის ბოლომდე აღარაფერი უთქვამთ.
საღამოხანს, არლონდირი თავის საძინებელში ლამაზად გამოეწყო და თმაზე სუნამო მიიპკურა. სარკეში კიდევ ერთხელ აათვალიერა თავისი ანარეკლი და გაეღიმა.
უნაკლოდ გამოიყურებოდა. ქერა თმა იდეალურად გადაევარცხნა მხრებს უკან, ფირუზისფერ მოსასხამს წვრილ-წვრილი პატიოსანი თვლები უფრო მიმზიდველს ხდიდა, ღია ფერის პერანგი საყელოსთან შეეხსნა, მოცისფრო ხავერდის შარვალი ამოეცვა, ფეხებს კი მაღალი ქალამნები უმშვენებდა. თავზე მცირე ზომის, ღია საფირონითა და ალმასებით გაწყობილი ვერცხლის გვირგვინი დაიდგა და გასასვლელად მოემზადა.
როცა გარეთ გავიდა, ეტლი უკვე იცდიდა. მალე მეფე-დედოფალიც გამოჩნდა. ისინიც საუცხოოდ გამოიყურებოდნენ: ერონიდასს მუქი ქლიავისფერი ხავერდის შარვალი და იისფერი აბრეშუმის პერანგი ეცვა, ზემოდან კი მეწამულისფერი მოსასხამი შემოესხა, რომელსაც ოქროთი ამოქარგული ორნამენტები ამშვენებდა. გრძელი თმა უკან გადაევარცხნა და თავზე ქარვით გაწყობილი გვირგვინი დაედგა.
კასალანდრას ღია მალინისფერი კაბა ჩაეცვა, რომლის მკერდზეც ვარდისფერი საფირონები ბზინავდნენ და ზევიდან უსახელო, გრძელი კაფტანი მოესხა, რომელსაც მთელ სიგრძეზე ოქროთი დამშვენებული ნაქარგი გასდევდა.
გზაში ერონიდასი და კასალანდრა არლონდირს ოსტატების მოღვაწეობის შესახებ უყვებოდნენ საინტერესო ამბებს. უფლისწული გაოცებით უსმენდა, როგორი აღტაცებითა და პატივისცემით საუბრობდნენ მისი მშობლები ოსტატებზე და იფიქრა, რადგან მეფე-დედოფალი ასეთი მოწიწებით ეპყრობოდნენ მათ, ესე იგი მართლაც პატივცემული და დიდებული ელფები უნდა იყვნენო.
ეტლი გაჩერდა. არლონდირს მანამდე არ ენახა ჰაიარნანის სასახლე და ეჩვენა, რომ გარედან ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივი იყო, არაფრით განსხვავებული სხვა სასახლეებისგან. შიგნით შესვლისას კი აზრი შეეცვალა. არასდროს ენახა ერთბაშად ამოდენი ქანდაკება, რიგებად ჩამწკრივებული, თან სად? მთელი დარბაზის სიგრძეზე განლაგებული. ძალიან გაუკვირდა, მაგრამ თან ძალიან მოეწონა. მოხიბლა იმ ნაზმა გემოვნებამ, რომლითაც ყოველი დეტალი იყო შერჩეული: თითოეული ქანდაკება, კედლების ფერები, შადრევანი თუ მინანქრის ათასფერი ფანჯრები. როგორც ჩანდა, ის და ამ სასახლის შემქმნელები ერთმანეთს კარგად გაუგებდნენ. ძალიან მოუნდა მათი გაცნობა. უცებ ზემოთა სართულიდან აღელვებული შეძახილები გაისმა:
- კი, მაგრამ! მეფეო! ო, არა, არა! მომიტევეთ, მაგრამ ხომ უნდა გაგეფრთხილებინეთ?
კიბეზე გრძელ მოსასხამში გამოწყობილი მოხუცი ჩამოდიოდა.
- ეს დიდი უპატივცემულობაა ჩვენი მხრიდან! მაგრამ მომიტევეთ და გაფრთხილება უნდა მიგვეღო თქვენი სტუმრობის შესახებ! თან მთელი ოჯახით მოსულხართ! ოჰ, ქვეყნიერებავ, რატომ სჯი ასე საბრალო მოხუცებს?
მას უკან მეორე ელფიც მოჰყვა, მსგავსად გამოწყობილი. გზადაგზა თავსაბურავს ისწორებდა და მეფის მისამართით საყვედურებსა და ბოდიშებს ერთდროულად ისვრიდა.
- დედოფალო კასალანდრა! - კდემამოსილებით წარმოთქვა პირველმა და ისე მოიდრიკა ქედი, რომ ლამის იატაკს დაჰკრა თავი, მერე ძლივძლივობით წელში გასწორდა და ხელზე ეამბორა, - დედოფალო! როგორ მიხარია თქვენი ნახვა! ძვირფასო, ძვირფასო კასალანდრა!
ხმა სუსტი ჰქონდა და ოდნავ ჩლიფინებდა, მაგრამ თავის სათქმელში უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ჩააქსოვა.
- დედოფალო! - სიხარულით წამოიძახა მეორე ელფმა და კასალანდრას ხელს ალერსით ემთხვია, - ნათელო, მშვენიერო, კეთილო დედოფალო! ბოლოს რომ გნახეთ, ოჰ, ქვეყნიერებავ! როგორ გაზრდილხართ და დამშვენებულხართ! ოჰ, მომიტევეთ, მომიტევეთ! - დაამატა ნაუცბათევად.
- როგორ გეკადრებათ! - თბილად გაუღიმა კასალანდრამ, - თქვენი სიტყვების მოსმენა ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის! - და ორივეს გაუცინა.
- უკვე სრულებით ჩამოყალიბებული ჰასიკი ხართ, დედოფალო! ნამდვილი დედოფალი! ელფთა სამეფოს ნაკლები არც შეეფერებოდა! - მორიდებით და სიყვარულით უთხრა საჰელბეგმა, - რამდენი წლის წინ გნახეთ ბოლოს? მაცადეთ, მოვიგონო... აჰ, ათიოდე წლის იქნებოდით, მეტი არა!
კასალანდრამ გაიცინა და თავი დაუქნია.
- მართალია! ვხედავ, ამდენ წელს თქვენთვის არაფერი დაუკლია! გონება ისევ ისე გიჭრით, როგორც ოდესღაც!
- ეგ გამჭრიახი გონება წარსულმა წარმტაცა, მშვენიერო დედოფალო! - თითქოს დანანებით უპასუხა ელფმა.
- ეს უფლისწულია? - არლონდირს შეავლო თვალი მეორე ელფმა და თვალები გაუფართოვდა, - ვფიცავ ქვეყნიერებას! შეხედე საჰელბეგ, მეფის ასლია!
- ნამდვილად! - დაეთანხმა მეგობარს საჰელბეგი, - მოგვიტევეთ უფლისწულო, უბრალოდ იმხელა მსგავსებაა თქვენსა და მეფეს შორის! ყმაწვილობისას მეფეც სწორედ ასეთი იყო! გაჭრილი ვაშლივით ჰგავხართ!
მოხუცმა ოსტატებმა პატივისცემით მოიდრიკეს ქედი უფლისწულის წინაშე. არლონდირმა რაღაც წუთში თავი უხერხულად იგრძნო მათ წინაშე და ერთი წამით მოუნდა ყოველივე პირიქით ყოფილიყო. იმხელა სიდიადე და სითბო იგრძნო მათგან, რომ მოწიწებით დაუკრა თავი ორივეს.
- რადგან ასეა, - თქვა ერონიდასმა, - ხომ არ გვევახშმა? მგონი წინააღმდეგი არ იქნებით.
- სწორედ ახლა ვაპირებდით, მეფეო, - მიუგო თურუნჰამმა, - და თქვენც დროზე მოხვედით! იმედი მაქვს, ჩვენი ვახშამი არ გაგაწბილებთ, ხომ იცით, საკვებით დიდად არ ვინებივრებთ თავს.
- ჩვენ მოხარული ვიქნებით თქვენ მიერ გაწეული სტუმარმოყვარეობით, - მიუგო ერონიდასმა, - გთხოვთ, ყველაფერი ისე მოაწყოთ, როგორც გაგიხარდებათ. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი მასპინძლობით კმაყოფილი დავრჩებით.
- თქვენ საუკეთესო დახვედრა მოგვიწყვეთ. უკეთესს ვერც ვისურვებდით - სასახლე გვიბოძეთ, პირადად მოგვაცილეთ და ყველაფერი მოგვეცით იმისთვის, რომ თავი მყუდროდ გვეგრძნო, თქვენ კი ჩვენს მასპინძლობაზე საუბრობთ? - მორიდებით იკითხა მოხუცმა ელფმა.
- თქვენ ეს დაიმსახურეთ. განა ეს საკმარისია თქვენთვის? - გაკვირვებით ჰკითხა ერონიდასმა, - მე არც კი შემიძლია მოგცეთ სამაგიეროდ ის, რაც სამეფოს წინაშე თქვენს დამსახურებას ეკუთვნის.
ოსტატებმა მეფეს თავი დაუკრეს და მეორე სართულზე აიპატიჟეს.
არლონდირისდა გასაოცრად, სასახლის მეორე სართული სრულებით არ ჰგავდა დარბაზს. აქ განლაგებული იყო ოთახები, თან ისე, როგორც ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლში.
მალე სუფრაც გააწყვეს და სავახშმოდ მოეწყვნენ. არლონდირს ცხოვრებაში არ ენახა მსგავსი ერთფეროვნება და უბრალოება: მაგიდაზე მხოლოდ ელფური ხორბლის პური, წვნიანი, სალათი, ბოსტნეული და ბრინჯი ელაგა.
- ვიცით, მეფისთვის არასაკადრისი სუფრაა, - დარცხვენით თქვა საჰელბეგმა, - სამეფო ოჯახს მსგავსი ვახშამი არ შეშვენის.
- მაგრამ, - განაგრძო მისმა მეგობარმა, - თუ ნებას დაგვრთავთ, ახლავე გავგზავნი მსახურებს, რათა თქვენთვის შესაფერისი საკვები მოიძიონ.
ერონიდასმა ხელის აწევით შეაწყვეტინა:
- რას ამბობთ, ჩვენთვის ესეც სავსებით საკმარისია. ხომ არ იფიქრეთ, რომ აქ მეფური ტრაპეზის გამართვას ვაპირებდით? ჩვენთვის მთავარი თქვენი მონახულება იყო, ვახშმობას სასახლეშიც მოვასწრებთ.
მოხუცმა ელფებმა მორიდებით გაიღიმეს და თავი დაუკრეს.
- მაგრამ, - განაგრძო ერონიდასმა, - აი, რა არ მესმის! ვეცადე, ყველამხრივ უზრუნველყოფილი ყოფილიყავით, მაგრამ, როგორც ვხედავ, ასე არ არის.
- მეფეო, - მიუგო თურუნჰამმა, - ხომ იცით, ფუფუნება და განცხრომა ჩვენთვის სიამოვნებას არ წარმოადგენს. ჩვენ მთავარია ყოველთვის ჩაქუჩი და ნიჩაბი გვქონდეს თან. სადილსა და ვახშმობას კი, როგორმე მოევლება.
ერონიდასმა აღარაფერი უპასუხა, რადგან კარგად იცოდა, თუკი მათ ასე სურდათ, ესე იგი, ასე უნდა ყოფილიყო საჭირო. დაჟინება და ძალდატანება უსაფუძვლო იყო.
არლონდირი, თავისდა გასაკვირად, უბრალო სუფრის კვალობაზე, გემრიელად დანაყრდა. დესერტად მეწამულისფრად მოელვარე ყურძენი და სრულიად ჩვეულებრივი, ელფური ჩაი დააყოლა. ვახშმობისას შენიშნა, რომ ელფი ოსტატები თითქმის არაფერს ჭამდნენ, მხოლოდ გულუხვად უმასპინძლდებოდნენ თავიანთ სტუმრებს საკვებითა და ღიმილით. მაგრამ არლონდირმა ამ თბილ, სტუმართმოყვარე ღიმილში დაინახა წლებითა და შრომით დამძიმებული მოხუცები, რომელთა თვალებშიც სამუდამო დასვენების სურვილი ამოიკითხა. არლონდირს სევდა შემოაწვა, რადგან ძალიან შეებრალა ისინი, მაგრამ თავისი სიბრალულის დაოკება იმ შვებით მოახერხა, რომელსაც ეს ორი ელფი მალე მოიპოვებდა.
ვახშმის განმავლობაში თავიანთ მოგზაურობებზე საუბრობდნენ, მაგრამ ერონიდასი მხოლოდ რამდენიმე კითხვას უსვამდა, ისეთს, რომ პასუხი მოკლედ გაეცათ და არ გადაღლილიყვნენ.
-კიდევ წავიდოდი სამოგზაუროდ, - თქვა საჰელბეგმა, - ოჰ, დიახ! წავიდოდი და ახალ შთაგონებას ვეზიარებოდი, ახალ აზრებსა და იდეებს მოვიძიებდი გონების სიღრმეში! წავიდოდი, ჩემი სხეული რომ მემორჩილებოდეს. მაგრამ უკვე ძალიან მოვხუცდი. ძვლები დამირბილდა, ხელი კი უწინდებურად აღარ მერჩის, - და უცებ მორიდებით დაიჩლიფინა, - ოჰ, მომიტევეთ, რომ მოხუცის უაზრო ლაყბობით თავს გაბეზრებთ. თქვენ ახალგაზრდები ხართ, ლამაზები და ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ. თქვენ მთელი ელფთა სამეფო გეთაყვანებათ. ნებისმიერი ელფი დადებდა თავს დედოფლის ერთი ღიმილისათვის, მეფის ერთგულებისათვის და იმისთვის, რომ უფლისწული ძლიერი და გონიერი ხელმწიფე გახდეს.
- თქვენს სიტყვებს არასდროს დავივიწყებთ, - ღიმილით უთხრა კასალანდრამ, მაგრამ ხმაში გაჩენილმა ბზარმა უმტყუვნა.
ვახშმის შემდეგ, ბუხრის წინ მოკალათდნენ და ძველი ამბების გახსენება დაიწყეს. უმეტესად ერონიდასი და კასალანდრა საუბრობდნენ, ოსტატები კი დროდადრო დასტურის ნიშნად თავს აქნევდნენ და თბილად იღიმოდნენ.
- პირველად ჩვენს მხარეში მაშინ გამოჩნდით, როცა პატარა ჰასიკი ვიყავი, - თქვა კასალანდრამ, - თავიდან ეჭვის თვალით გიყურებდით, რადგან თქვენზე ამბობდნენ, ჭკუაშემცდარნი არიანო, - გაეცინა დედოფალს, - ამან დროთა განმავლობაში ჩემში თქვენდამი ინტერესი გააღვივა და თქვენი გაცნობა გადავწყვიტე. როგორც ჩანს, განგებამ ასე ინება, რადგან ეს რომ არ მომხდარიყო, არაფერი მეცოდინებოდა იმ თვალწარმტაცი ხეობებისა თუ ცამდე აწვერილი მთების შესახებ, თქვენ რომ დაუსრულებლად მესაუბრებოდით და გონებაში ულამაზეს ხედებს მიხატავდით. ძალიან შეგეჩვიეთ და შემიყვარდით. მინდოდა მთელი დღეები თქვენთან საუბარში გამეტარებინა, მაგრამ თქვენ მუდამ დაკავებული იყავით და ჩემთვის დროს იშვიათად პოულობდით. მალე წახვედით კიდეც და მთელი ჩემი წარმოსახვითი ნახატებიც თან წაიღეთ. მაგრამ არაფერში გადანაშაულებთ, პირიქით - თქვენი მადლობელი ვარ იმისთვის, რაც იმ დროის მანძილზე მასწავლეთ.
- დედოფალო, - მიუგო თურუნჰამმა და კასალანდრას ხელი აიღო, - მომიტევეთ. მომიტევეთ იმისთვის, რომ უფრო მეტი დრო არ დაგითმეთ, როცა საჭირო იყო. ახლა უკვე მეტისმეტად გვიანია, - და მის ხელს ეამბორა.
მოხუც ელფს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და დედოფლის ხელს დაეცა.
კასალანდრამ სცადა მოხუცი დაემშვიდებინა და თავისი ხელი ნაზად დაადო. ოსტატმა კიდევ ერთხელ აკოცა.
საჰელბეგი თავდახრილი იჯდა და არლონდირს შეეძლო დაეფიცა, რომ ხშირ წამწამებს შორის, თაფლისფერ თვალებში ცრემლი უბრწყინავდა.
ერონიდასმა ოსტატებთან თავისი პირველი შეხვედრა გაიხსენა. მერე არლონდირზეც ჩამოაგდო სიტყვა და თქვა, რომ არქიტექტურის უფლისწულსაც გაეგებოდა, რაზეც არლონდირმა უხერხულად გაიღიმა და წამით იფიქრა, იქნებ რაიმე კითხვა დამისვანო, მაგრამ არა - მოხუცი ელფები მხოლოდ იღიმოდნენ და შექებას უთვლიდნენ. საოცარი იყო იმის წარმოდგენა, რომ ის ელფები, რომლებიც შეხვედრისას არლონდირს მხიარულ, მოლაპარაკე მოხუცებად წარმოუდგნენ, ახლა მხოლოდ თავს აკანტურებდნენ და დაღლილი სახით იღიმოდნენ.
- უკვე გვიანია, ჩვენი წასვლის დროა, - თქვა ერონიდასმა და წამოდგა. სტუმრებთან ერთად, კასალანდრა და არლონდირიც ადგნენ.
- მადლობას გიხდით ვახშმისთვის და თქვენ მიერ გაწეული სტუმართმოყვარეობისთვის, - თქვა ერონიდასმა, - ხვალ, სადილად გელოდებით ჩემს სასახლეში. დიდად გაგვახარებთ, თუკი მობრძანდებით. ახლა კი მოისვენეთ! მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.
- მეფეო, - მოწიწებით წარმოთქვეს ელფებმა და ერონიდასს ხელზე ემთხვივნენ.
ერონიდასმა თავი ვერ გაიმაგრა და ორივეს ძლიერად მოეხვია. მოხუცი ელფების თვალებში არლონდირმა მამობრივი სიყვარული და მზრუნველობა დაინახა. შემდეგ, უდიდესი სითბოთი და კდემამოსილებით, კასალანდრას ხელს ეამბორნენ, უფლისწულს კი მხიარულად გაუღიმეს და თავი მდაბლად დაუკრეს.
არლონდირმა მოხუცების მიმართ დიდი სიყვარული და სითბო იგრძნო და მათ წინაშე პატივისცემით მოიხარა ქედი. ერონიდასმა და კასალანდრამაც თავი დაუკრეს ოსტატებს და სასახლის ზღურბლთან ერთმანეთს თბილად დაშორდნენ.
არლონდირი ეტლში მთელი გზა ოსტატებზე ფიქრობდა. ძალიან სწყდებოდა გული, რომ მათი გაცნობა მხოლოდ ახლაღა მოახერხა, როცა ისინი უკვე ამქვეყნიურ ცხოვრებას ემშვიდობებოდნენ. გულზე სევდა შემოაწვა და სახლამდე ხმა არ ამოუღია. როგორც ჩანდა, მეფე-დედოფალიც მსგავს ფიქრებში იყვნენ, რადგან ორივე დუმდა და კრინტს არ იღებდა. ერონიდასი მთელი გზა ფანჯარაში იყურებოდა და ვინ იცის, წარსულის რომელ მოგონებას ებღაუჭებოდა.

მომდევნო დღეს, დილაადრიანად, არლონდირმა უცნაური შეგრძნებით გაიღვიძა. რაღაც მისთვის გაუგებარი სულს უშფოთებდა.
მზე უკვე ანათებდა და ათბობდა, მაგრამ ბუნებას თითქოს ისევ ეძინა. არაფერი მოძრაობდა. არც ხე ირხეოდა და არც ფოთლები შრიალებდნენ. არლონდირმა მოსასხამი შემოიცვა და ბაღში გავიდა. სიმყუდროვე უცნაურად ეჩვენა. შადრევანს მიუახლოვდა და თავის ანარეკლს ჩახედა. საიდანღაც ფოთოლი ჩამოვარდა, წყლის ზედაპირზე ნაზად დაეცა და მისი ანარეკლი აამღვრია. უცებ ჰაერი მერცხლის გაბმულმა ჭიკჭიკმა გაკვეთა.
სასახლეში ცნობა მოიტანეს, რომ დიდმა ოსტატებმა, სახელგანთქმულმა არქიტექტორებმა, საჰელბეგმა და თურუნჰამმა, გამთენიისას, მზის პირველი სხივების შეგებებისთანავე განუტევეს სული.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent