მოყიჟინეთა ბალადები (თავი მესამე), უჩვეულო გადაწყვეტილება (თავი მეოთხე)
ელფთა სამეფოს უფლისწული სხვა ჰარინთაგან განსხვავდებოდა. პირველ რიგში, ის უფლისწული იყო და სამეფო ოჯახს მიეკუთვნებოდა. მეორე მხრივ, გარეგნობითაც გამორჩეული იყო: ქერა კულულები ჰქონდა, პატარა აპრეხილი ცხვირი, მოლივლივე ზღვისფერი თვალები და მუდამ მოღიმარი, ვარდისფერი ტუჩები. უფლისწული მხიარული და მოსიყვარულე იყო. უყვარდა თავისი დედა, მამა, ახლობლები, სასახლე, სადაც დაიბადა და ელფები, რომლებიც გარს ევლებოდნენ. ჯერ კიდევ პატარა იყო, მაგრამ ყველა და ყველაფერი უყვარდა. სამყარო მის გარშემო ბრუნავდა, მაგრამ ის ამ ყველაფერს უფლისწულის თვალით არ უყურებდა. მას კიდევ ის გამოარჩევდა დანარჩენებისგან, რომ ყველაფერს ხალისით უდგებოდა და ღიმილით ხვდებოდა. ბევრ ზრდასრულს არ გააჩნდა ის თვისება, რაც ამ პატარა არსებას - სიცოცხლის სიყვარული და თითოეული წუთის დაფასება. უფლისწულის დაბადებიდან ხუთი წელი სრულდებოდა. მეფე-დედოფალი არ აპირებდა გრანდიოზული წვეულების გამართვას. გადაწყვიტეს, გოლუნდირის ყოველი ელფისთვის ტკბილეულობა და სასმელი დაერიგებინათ. მეფის ბრძანებით, რამდენიმე თვით ადრე, ელფთა სამეფოში დიდი სასადილოს მშენებლობა დაიწყო, სადაც ადგილი არამარტო ელფისთვის, არამედ სხვა არსებებისთვისაც მოიძებნებოდა. უფლისწულის დაბადების დღისთვის მშენებლობა უკვე დასრულებულიყო და იგი ყველა მხრიდან ელოდა უცნობ თუ ნაცნობ სტუმარს. ამ დღეს სასადილოში მოიძებნებოდა ყველაფერი - ნებისმიერი სახის თუ გემოს საკვები, სასმელი, ტკბილეული და ათასგვარი ნუგბარი. შუადღისკენ ორსართულიანი ქვის შენობა უკვე სავსე იყო და დიდი ქეიფი ჰქონდათ გამართული. ცეკვა-სიმღერა და მოლხინეთა ყიჟინი სასადილოდან კიდევ გაცილებით შორს ისმოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მეფეს ეს უკვე გათვლილი ჰქონდა და სწორედ ამიტომ ბრძანა მისი აშენება სასახლიდან საკმაო მოშორებულ, წყნარ ადგილას, უზარმაზარ მუხათა ჩრდილქვეშ. სასადილოს მოყიჟინენი ადიდებდნენ მეფე-დედოფალსა და უფლისწულს. ღვინით სავსე დოქები და მათარები სადღეგრძელოებთან ერთად იცლებოდა. დილაადრიანად ერონიდასი და კასალანდრა უფლისწულის ოთახში შევიდნენ და მხიარულად შეეგებნენ შვილს. კასალანდრას ოთხი ოქროსფერი ნაწნავი ორად გადაეყარა წინ და უკან. თეთრ კაბაზე გრძელი, უსახელო ცისფერი მანტია შემოესხა, ლამაზი ორნამენტებით, რომელიც მუხლს ქვემოთ სწვდებოდა. ერონიდასი თავიდან ფეხებამდე ვერცხლისფრად ბზინავდა და აქა-იქ ყვითლად გამოსჭვიოდა სხვადასხვა ფიგურათა მოხაზულობა. - ჩემო ძვირფასო, დაბადების დღეს გილოცავ, - თქვა კასალანდრამ და შვილს მიუალერსა. მეფემ უფლისწული გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა: - ჩემი ჰარინი, - ეს იყო გულიდან ამოსული სიტყვები, დიდი სიყვარულით ნათქვამი. უფლისწულს მალევე ჩააცვეს ბრჭყვიალა სამოსი და ქვემოთ ჩაიყვანეს. პირველ სართულზე საზეიმო სუფრა გაეშალათ მის პატივსაცემად. მეფე, დედოფალი და არლონდირი გარეთ გავიდნენ სტუმრების დასახვედრად: სალდრინი და მისი ძვირფასი მეუღლე, მილჰანირი, აპირებდნენ მოსვლას. მალე გამოჩნდა ეტლიც, საიდანაც მეფის ძმა და დედოფლის და გადმოვიდნენ. - მილჰანირ, ძვირფასო, - მიეგება კასალანდრა დას. - დედოფალო, მეფეო, - თავი მდაბლად დაუკრა ჰასიკიმ. როგორც ყოველთვის, ახლაც მხიარულად იყო. - მიხარია შენი ნახვა, მილჰანირ, - თქვა ერონიდასმა და საამბოროდ ხელი გაუწოდა. - ჩვენთვის დიდი პატივია თქვენგან მოწვევა. მე და ჩემი მილჰანირი ძალიან გაგვახარეთ მეფეო, დედოფალო, - მოკრძალებულად დაუკრა თავი სალდრინმა ორივეს და ხელზე ეამბორა. - შევიდეთ შიგნით, - შინ შეიპატიჟა კასალანდრამ, - მაგიდას შემოუსხედით, გთხოვთ. მეფე-დედოფალმა თავიანთი ადგილები დაიკავეს. სტუმრები კი ერთმანეთის პირდაპირ დასხდნენ. არლონდირი, როგორც იქნა, მოსწყვიტეს დეიდის მკლავებს და დედის გვერდზე მოასკუპეს. - დიდებული სადილის გამართვას არ ვაპირებდით, - თქვა ერონიდასმა. - თქვენთან ერთად სადილობა ყოველთვის დიდებულია, მეფეო, - მიუგო სალდრინმა. - სატრაპეზოებში ნადიმობის ბრძანება გავეცი. ილხინონ, ბოლოს და ბოლოს, დღეს ჩემი უფლისწულის დაბადების დღეა. უფლისწულს გაუმარჯოს! - თქვა მეფემ და სასმისი მაღლა ასწია. - უფლისწულს გაუმარჯოს! - შესძახა ყველამ ერთად და სასმისები ჰაერში ასწიეს. - დიდება უფლისწულს! - დაიძახა მილჰანირმა და პატარა იუბილარს თავისი ჭიქა ააწევინა. სადილობას რომ მორჩნენ, მეფემ თავისი ძმა აივანზე აიყვანა, რათა ახალი მშენებლობისთვის შერჩეული ადგილები ეჩვენებინა და მისგან რჩევა ეკითხა. ჰასიკები გარეთ გავიდნენ. მილჰანირი ცხენზე შემოჯდა და უფლისწულიც გვერდზე მოისვა. - ფრთხილად იყავით მხედრებო! მილჰანირ, არლონდირი უკვე თვითონ ატარებს ცხენს! - გაუცინა დედოფალმა და იქვე, შორიახლოს ჩამოჯდა. ცოტა ხანში ერონიდასი და სალდრინიც გამოჩნდნენ. ერონიდასს ხელში დახვეული პერგამენტი ეჭირა. კასალანდრას თავზე აკოცა და გვერდზე მიუჯდა. - მე და სალდრინი საბოლოოდ შევჯერდით, - თქვა მან, - გადავწყვიტე, მკვახეველის მიწები გამოვიყენო ჩემი ახალი კომპლექტის მშენებლობისთვის. ხომ იცი, მაგ ველებზე კარგი მოსავალი არ მოდის. ერთ დროს, ისინი გოლიათებს მივაბარე საპატრონოდ. ახლა მათი თანხმობა მჭირდება და სამუშაოსაც შევუდგები. საუკეთესო მშენებლები უნდა შემოვიკრიბო. გულსუმშაჰსაც მოვიწვევ, გოლუნდირის მთავარ არქიტექტორს. თავის დროზე მამაჩემის მარჯვენა ხელი იყო. იმედია, უარს არ მეტყვის. - ვინ გაბედავს მეფე ერონიდასისთვის უარის თქმას? - ღიმილით ჩაეკითხა კასალანდრა. - მინდა, რომ ყველაფერმა უნაკლოდ ჩაიაროს. დიდი ხანია მკვახეველის აყვავება მაქვს განზრახული და ახლა არ მინდა, რომ ამდენი შრომა ფუჭი აღმოჩნდეს. - ყველაფერი კარგად იქნება, - დააიმედა და ანუგეშა დედოფალმა. ამასობაში სალდრინი ბაღის მწკრივებში დასეირნობდა და ყვავილებს ყნოსავდა. ყოველ მოსვლაზე ასე იქცეოდა. ვერასდროს ძღებოდა მათი სურნელით და მუდამ აღფრთოვანებას გამოხატავდა. დადიოდა, აკვირდებოდა და თან თავისთვის ბუტბუტებდა. გაოცებას ვერ მალავდა, როდესაც რომელიმე, მეტად საოცარი ყვავილი დაამთქნარებდა და მერე ისევ ფშვინვას განაგრძობდა. - გასაოცარია... შთამბეჭდავია... - ჩაილაპარაკებდა და კვლავ თავს ჩარგავდა. ხანდახან ავიწყდებოდა, რომ ისიც მმართველი იყო თავის მხარეში და პატარა ცნობისმოყვარე ჰარინს ემსგავსებოდა. ყოველ ჯერზე მებაღეს ახალი ჯიშების შესახებ ეკითხებოდა და რაღაცას ინიშნავდა. მილჰანირმა ცხენი მოაბაკუნა და უფლისწული ჩამოსვა, მერე კი თვითონ ჩამოხტა. თავის მეუღლესთან მივიდა და უკან მასთან ხელკავით გამობრუნდა. სტუმარ-მასპინძლებმა ერთმანეთში ისაუბრეს და ხეების ჩრდილში ცივი შერბეთი მიირთვეს. მოსაღამოვებულზე მილჰანირმა მეუღლეს ხელი ჩაჰკიდა და თქვა: - თქვენის ნებართვით მეფეო, დედოფალო. ჩვენი წასვლის დროა. - კარგი მილჰანირ, შეგიძლიათ წახვიდეთ, - მიუგო ერონიდასმა და წამოდგა, - ძალიან გამახარა თქვენმა სტუმრობამ. როცა მოგესურვებათ, მაშინ გვესტუმრეთ, ჩვენი კარი თქვენთვის მუდამ ღიაა. - ეს ჩვენთვის დიდი პატივია. შემდეგში ჩვენთან გელოდებით, - თავი დაუკრა ერონიდასს უმცროსმა და ერთადერთმა ძმამ. - სალდრინ, ძმაო, - გადაეხვია მეფე ძმას. - ძალიან სასიამოვნო დრო გავატარეთ, მადლობელი ვარ, - ხელზე ეამბორა მილჰანირი ერონიდასს. - ხშირად შემოგვიარეთ. მხოლოდ დღესასწაულებზე სტუმრობა არ არის აუცილებელი, - თქვა კასალანდრამ და დას მოეხვია. სალდრინი დედოფალს ხელზე ეამბორა. მილჰანირმა არლონდირი გულზე მიიკრა და შუბლზე აკოცა. სალდრინიც შუბლზე ეამბორა უფლისწულს და მასპინძლებს გამოემშვიდობა. მალე ეტლიც გაამზადეს. ჯერ ჰასიკი შევიდა შიგნით, მას უკან კი მეუღლე აჰყვა. - აბა, ჩემს ახალ კომპლექტში გელოდები, სალდრინ, - წასვლისას მიაძახა ერონიდასმა ეტლიდან თავგამოყოფილ ძმას. დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა. უფლისწულის დაბადების დღე ყველამ დიდი სიხარულით აღნიშნა, თვითონ არლონდირისთვის კი ეს დღე ერთ-ერთ სასიამოვნო მოგონებად დარჩა. * * * მთვარის თვის ბოლოს ერონიდასის კომპლექტის მშენებლობა უკვე დასასრულს მიუახლოვდა. ელფები ძალას არ იშურებდნენ მეფის გულის მოსაგებად, ეს კომპლექტი ხომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მშენებლობამ სამ წელსაც არ გასტანა. ზუსტად ორიოდ წელიწადში ყველაფერი დასრულებული იყო. კომპლექტი მთლიანობაში ერთ კომპაქტურ დასახლებას წარმოადგენდა. პატარა ელფური სახლები ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივებულიყო, სახლებს შორის კი ვიწრო ქვაფენილები იკლაკნებოდა. ქვაფენილებზე ელფები ფეხით უნდა გადაადგილებულიყვნენ. ეტლები მხოლოდ ქუჩის ბოლოს, სახლებს უკან ეყენა და მათ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებდნენ. დასახლებაში ბევრი ელფური სამჭედლო, საფეიქრო და სამკერვალო პუნქტი იყო გახსნილი. მცირე ვაჭრობით აქაც იყვნენ დაკავებული, თუმცა უმეტესად მაინც სასახლეში გაჰქონდათ ყველაფერი: ქსოვილები, ძვირფასი ნაკეთობები თუ სამკაულები, ლამაზად დაწნილი კალათები, ქვებით მოჭედილი ვერცხლის სასმისები, ჭურჭელი და სხვა მრავალი ატრიბუტი. აქ ბევრი საავადმყოფო და სამზარეულო იყო. ყველა წვრილმანს მეფე უზრუნველყოფდა: საკვებ პროდუქტებსა და სამედიცინო საჭიროებებს, ყველა საჭირო რესურსს აგზავნიდა დასახლების მთავარ მსახურებთან. ელფები დიდი სიხარულით იღებდნენ მეფის ძღვენს და მადლიერად ღიღინებდნენ მის სადიდებლად: „ზეცა, ხმელეთი, ქვეყნიერება, ელფთა სამეფო, ზღვათა საზღვრები, მთები, გორები და დაბლობები, მდინარეთა და ტბათა ტალღები. ზის გოლუნდირში, სამეფო ტახტზე ცუდი სიტყვა რომ არ გვეთქმის მასზე ძლევამოსილი და დიდებული არის კი ვინმე ნეტავი სადმე? ძალაუფლება და სამართალი სხვაგან ნუ ეძებ, მოდი, აქ არის მეფის სიკეთე და სიყვარული გასაკვირი აქ სულაც არ არის. ერონიდასი! ხმაურობს ხალხი, ერონიდასი! ჟრიალებს ყველა სამეფო ტახტი, დამღა, გვირგვინი პატივისცემით იხსენიება. სამეფო ტახტი - ძალაა მისი, დამღაა სიმბოლო ერთიან ხალხისა, გვირგვინი დიადი, ძლიერი, დიდი ჯერ მყარად ადევს პატრონს თავისას!“ არც დედოფალი და უფლისწული ავიწყდებოდა ვინმეს: „ოქროსკულულა ჰასიკი ელფი მუდამ ბზინავს და მუდამ ანათებს მის ლამაზ ღიმილს და გარეგნობას ყველა სულმოუთქმელად შევღაღადებთ. მეფის ცოლია, ჩვენი მფარველი, უფლისწულის და ერის აღმზრდელი, დედაა ჩვენი, ჰასიკი ელფი მან დასცა, დაამხო ყოველი კერპი. ლამაზ სხეულში ლამაზი სული, ასეთი შემთხვევა არც ისე ხშირია მის სიტურფესა და სინაზეში ეჭვის შეტანაც კი სირცხვილია. ოქროსფერი არ გეგონოს უბრალო, ოქროა, მოწნული ათასფერ თვალში ყვავილებივით რომ ციმციმებენ და ანათებენ ჯადოსნურ თმაში. ნაზი ტუჩები, ალუბლის ბაგე შერბეთივით და თაფლივით ტკბილი, მუდამ იღიმის პატრონი მისი და ემსგავსება ვერცხლისფერ ციმციმს. სიყვარულსა და მშვიდობას ქადაგებს თაფლისფერთვალა, მზრუნველი ელფი მართავს ქვეყანას, სოფლებს, ქალაქებს თან გვაჯადოებს თავისი ეშხით. კოხტა თითები, ხელები, ფეხები, ალვის ტანი და კულულა თავი, ალმასები და ბრჭყვიალა ფერები ათასფრად ბზინავენ კიდეში კაბის. ცასავით წმინდა, მზესავით თბილი, მოსიყვარულე, ძლიერი, მშვიდი, სასახლისა და ბაღის ბატონი, უფლისწულის და მეფის პატრონი. მან გააჩინა იმედი ხალხის და დაგვისახა ჩვენ რწმენა მყარი, იმედი მეფის და მისი ერის, მან მოავლინა მემკვიდრე ტახტის.“ „ქვეყნის მომავალი ხომ ისევ მასშია, იმ ლამაზ, ოქროსფერ, კულულა თმაშია, სამეფო ტახტი მისთვის ჯერ დიდია დედასავით ის თბილი და მშვიდია. მამის ეშხი აქვს გამოყოლილი, ჭკუა და ძალა კი - თანდაყოლილი. მოვა დრო, იგდებს ხელთ ძალაუფლებას, შეგვიზღუდავს კი რაიმის უფლებას? განაგრძობს იგი წინაპრების გზას, სიმბოლოს, რომლითაც აღვნიშნავთ გრძელ ვაზს. გვერდში ჰყავს დედა, მრჩეველი მისი, ზურგს გაუმაგრებს მას მამამისი, ძლიერი, როგორც ეს სახელმწიფო და გამჭრიახი, ვით ცოლი მისი.“ არც ხალხი რჩებოდა უპასუხოდ და არც მეფე. რამდენსაც მეფე გასცემდა, ათმაგად მეტი უბრუნდებოდა მადლიერებისა და სიყვარულის სახით, რაც ყველანაირ ოქროს თეფშსა თუ ვერცხლის თასზე მაღლა იდგა. თავი მეოთხე უჩვეულო გადაწყვეტილება ვარდობისთვე უკვე იწურებოდა, მაგრამ წვიმიანი ამინდები არა და არ ილეოდა. უკვე ყველასათვის დამღლელი გახდა ყოველდღე წვიმის შეუწყვეტელი წვეთების ყურება ფანჯრის მიღმა. ასეთი გაზაფხული ჯერ არავის ახსოვდა: წვიმიანი, ნესტიანი და დაუსრულებელი. თუმცაღა ამასაც ჰქონდა თავისი დადებითი მხარე - გოლუნდირის ბაღი გაჟღენთილი იყო ყველანაირი ყვავილის სურნელით. ვარდის, მიხაკისა თუ იასამნის სურნელება ერთმანეთში ირეოდა და არემარეს აბრუებდა. ჯეჯილი რომ ჯეჯილია, მანაც დაკარგა საკუთარი ხიბლი და ყვავილების არომატს შეერწყა. გოლუნდირის ბაღებს ერთი პატარა საიდუმლო ჰქონდა - მასში შესული ადამიანი თავისუფლად კარგავდა დროის შეგრძნებას და მთელი არსებით ეშვებოდა ბაღების თავდავიწყებაში. ელფებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ისინი არც იმდენად ღორმუცელები და დახარბებულები იყვნენ ყვავილთა მრავალფეროვნებას, რომ უარი ეთქვათ საკუთარ თავსა და გრძნობებზე. ეს ერთგვარი მახე იყო ადამიანებისთვის, რათა მათი თავშეუკავებლობა და სულიერი სიმტკიცე გამოეცადათ. თან რა კარგი გასართობი და განტვირთვის საშუალება იყო ბაღში მომუშავე ელფებისთვის, რომლებიც თვალს ადევნებდნენ, როგორ მოდიოდა ადამიანი ან ადამიანთა მთელი ჯგუფი მეფისთვის მადლობის შესაწირად და ქება-დიდების შესასხმელად, რომ ბაღში შემოსვლიდან ორიოდ წუთში ბარბაცს იწყებდნენ და სურნელებით დამთვრავლებს საერთოდ ავიწყდებოდათ რისთვის იყვნენ მოსულები. ვარდები რომ კასალანდრას საყვარელი ყვავილი იყო, ეს ყველამ იცოდა. შესაბამისად, ვარდობისთვეც მისთვის ყველაზე საყვარელი და სასურველი იყო თვეებს შორის. ვარდობისთვეს ვარდები მოჰქონდა თან, რაც ყველასათვის ერთხმად სასიხარულო იყო. ეს ის დრო იყო, როცა ყველას ფანჯრებთან წითელ-ყვითელი ან მუქად მოელვარე ვარდები ჰქონდა ჩამწკრივებული და სასიამოვნო სუნს აფრქვევდა. - ცოტა ნელა უფლისწულო, ვერ გეწევით! არლონდირი ხმლით ხელში დარბოდა ბაღის გარშემო, უკან კი სირბილით დაღლილ-დაქანცული მსახურები მოსდევდნენ. უფლისწულს მოსწონდა, როცა თავის მომვლელებს აქეთ-იქით დაარბენინებდა. ისინი ჭკუიდან იშლებოდნენ და დაღლილობისგან ფეხზე ძლივს იდგნენ. არლონდირი ხან ხეზე აძვრებოდა, ხან კარისკაცს დაუსხლტებოდა და ბაღიდან გარბოდა, ხანაც სადმე ხევში გადაიკარგებოდა, მიიმალებოდა და ჩუმად ელოდა, სანამ მსახურები იპოვიდნენ. ერთხელ, რომ ვეღარსად ნახეს, გადაწყვიტეს სასახლეში მიეტანათ ცნობა უფლისწულის დაკარგვის შესახებ, მაგრამ ამ დროს უფლისწულმა ცხენით გზა მოუჭრა და თავპირისმტვრევით არბენინა მცველები სასახლის კარამდე გაფითრებულები და მოულოდნელობისგან სულ მთლად გაგიჟებულები. - ვინც პირველი მიასწრებს საჯინიბომდე, ჰარნოფილდზეც ის ამხედრდება! - გასცა განკარგულება უფლისწულმა. სინამდვილეში, ყველამ კარგად იცოდა და ცხადზე ცხადიც იყო, რომ უფლისწულის ცხენზე ამხედრება მხოლოდ უფლისწულს შეეძლო და სხვას არავის. ეს მშვენივრად იცოდნენ მსახურებმაც, მაგრამ მაინც მიარბენინებდნენ საკუთარ თავებს, ვითომ მთელი თავიანთი ენერგია საჯინიბომდე სირბილში შეჯიბრისთვის შემოენახათ. საჯინიბო ძალიან ახლოს იყო, ეს კი დასასრულს ნიშნავდა. გამარჯვებული არლონდირი საჯინიბოში შეიჭრა და ჰარნოფილდზე ამხედრება დააპირა, როცა მსახურებმა შეაკავეს: - უფლისწულო, იქნებ დღეისათვის კმარა? - შეშჩივლეს მოთმინებაგამოლეულმა მსახურებმა, - უკვე საკმარისად იჯირითეთ და ირბინეთ. მამათქვენი მოგიკითხავთ მალე. სჯობს, სასახლეში დაბრუნდეთ. არლონდირი უხმოდ დამორჩილდა და ცხვირაბზუებული გამობრუნდა უკან. საერთოდ, როცა საქმე მეფეს, დედოფალს, ქვეყანას ან საგვარეულოს ეხებოდა, არლონდირი ყოველთვის დამჯერი და დამყოლი ხდებოდა. ეს მისი თვისება იყო. სახელმწიფოებრივ თუ პირად საკითხებს უფლისწული სრული სერიოზულობით და ყურადღებით უდგებოდა. უფლისწული ამ დროს თხუთმეტი წლისა იყო. - უკვე დიდი ხანი გავიდა. დილაადრიანად წავიდა და ჯერ არ გამოჩენილა. სად არის ამდენ ხანს, ერონიდას? - კასალანდრა დიდ დარბაზში წინ და უკან მღელვარედ დადიოდა. - ნუ ღელავ, მალე დაბრუნდება, - დაამშვიდა საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა მეფემ, - პირველად ხომ არ ხდება ასე, ალბათ მცველებს დაარბენინებს სადმე. ხომ იცი სულ ასე აკეთებს. - კი ვიცი, მაგრამ მაინც ... კასალანდრას სიტყვა გაუწყდა, როდესაც უეცრად დარბაზში უფლისწული ჩქარი ნაბიჯით შემოვიდა. - მაპატიეთ მამა, დრო ისე სწრაფად გადის, - არლონდირმა მეფეს თავი დაუკრა და ხელზე ემთხვია, შემდეგ კი დედოფალს მიუბრუნდა, - დედა, - და მასაც ხელზე ეამბორა. - არლონდირ, ხომ იცი ვღელავ, როცა ამდენ ხანს არ ჩანხარ, - შესჩივლა კასალანდრამ. - სანერვიულო არაფერია, დედა. უბრალოდ იმ ბრიყვებს ამჯერად დიდი დრო დასჭირდათ ჩემს მოსაძებნად, - სიცილით მიუგო უფლისწულმა. - ისინი, შენ რომ ბრიყვებს ეძახი, სულ კუდში დაგსდევენ და თვალს არ გაცილებენ, - დამრიგებლურად უპასუხა კასალანდრამ. - ჰოო, თვალს რომ არ მაცილებენ და სულ კუდში დამდევენ, მაგიტომაც მეძებდნენ ამდენ ხანს დაბნეული ცხვრებივით, - ხუმრობით მოუჭრა არლონდირმა. - არლონდირ! - კარგით, ვიხუმრე, - ღიმილით მიუგო უფლისწულმა. - მალე ვისადილებთ. ზემოთ ადი და მოემზადე, - ჩაურთო ერონიდასმა. სადილობისწინა ცერემონიალი უფლისწულს სრულებით არ ეხატებოდა გულზე. სამზადისი მოიცავდა ხელ-პირის დაბანას კამკამა წყლით, ხელების დაზელას სურნელოვანი ზეთით, შემდეგ კი ვარდისწყლით ჩამობანას. ვარდის ფურცლებში ნებივრობის შემდგომი პროცესი ახალთახალ ტანსაცმელში გამოწყობა იყო, რომელიც ყოველთვის თავის ჩვეულ ადგილას - ლოგინზე ელოდა თავის პატრონს. ჩაცმისა და თმაზე სურნელოვანი ზეთის მოპკურების შემდეგ, უკანასკნელი დეტალი ნელსაცხებელი იყო, რომლითაც ეს ცერემონია გვირგვინდებოდა და რომლის შეხსენებაც უფლისწულისთვის სულ უწევდათ. იგი არჩევანს ყოველთვის შუალედურზე აკეთებდა. ხშირ შემთხვევაში ეს თაფლისა და იასამნის ნაზავი იყო, რომელსაც მხოლოდ იმის გამო ირჩევდა, რომ კასალანდრას მოსწონდა. - რა ქათქათა და მომხიბვლელი ხარ, საყვარელო, - კასალანდრა ყოველი სადილის წინ ქათინაურს არ იშურებდა შვილისთვის. - გთხოვთ, დედა, არ დაიწყოთ ისევ, - სახეზე სიწითლე და კმაყოფილება დაეტყო უფლისწულს. კასალანდრას სახე სიხარულითა და სიამოვნებით გაეფაკლა. ერონიდასი მდუმარედ, მოღიმარი იჯდა და თვალს ადევნებდა მისთვის ნაცნობ სიტუაციას, რომელიც ყოველი სადილობისას მეორდებოდა. - მოდი, არლონდირ, დაჯექი, - ღიმილით მიუთითა უფლისწულს თავის ადგილზე. სკამზე დაჯდომა-ადგომასა თუ სხვა გადაწყვეტილებების მიღება და საბოლოო სიტყვა მეფეზე იყო, თუმცა უფლისწული ამ საკითხში ორივეს - მეფესაც და დედოფალსაც თანაბრად ემორჩილებოდა. სადილობის შემდეგ არლონდირმა აივანზე ასვლა და სუფთა ჰაერის გადაყლაპვა გადაწყვიტა. კარგა ხანს იდგა ასე, მდუმარედ. მის წინ გადაშლილ ულამაზეს ხედს გადაჰყურებდა და ტკბებოდა. მზე ნელ-ნელა გორაკებს უკან იკარგებოდა და ცას მტრედისფრად ღებავდა. არლონდირი ცას დიდხანს უყურებდა, როდესაც, უეცრად ბრძანება გასცა: - სერვერალდი მიხმეთ. უფლისწულის ბრძანება მოულოდნელი აღმოჩნდა. მოსაღამოვდა. რამდენიმე ხანში გოლუნდირთან ფლოქვების თქარუნი გაისმა. მალე სასახლეში ნაცნობი ქუსლები და კვერთხი აკაკუნდა. ზურმუხტისფერ მანტიასა და გრძელ შარვალში გამოწყობილმა ახალგაზრდა ასტრონომმა დარბაზში ამაყად შემოაბიჯა. რა თქმა უნდა, მეფესა და დედოფალს მაშინვე შეატყობინეს უფლისწულის ბრძანება, მაგრამ არლონდირისდა გასაკვირად, დაკითხვა არც ერთს მოუწყვია და არც - მეორეს. მეტიც, სადილის შემდეგ არლონდირს ისინი საერთოდ აღარ უნახავს. სერვერალდი ის-ის იყო არლონდირის შეღებული ოთახის ზღურბლზე შედგა და მიკაკუნება დააპირა, რომ უფლისწულმა უკანმოუხედავად უთხრა: - შემოდი, სერვერალდ. ასტრონომმა მდაბლად დაუკრა თავი. - მიხმობდით, თქვენო უდიდებულესობავ? - კი. შემოდი, ჩამოჯექი, - მიუგო არლონდირმა, - როგორ ხარ? ვარსკვლავები რაიმე ახალს ხომ არ გეუბნებიან? ასტრონომმა ჩაიცინა: - გმადლობთ. მე კარგად ვარ, აი თქვენ კი, მომიტევეთ და, ცოტა უცნაურად გამოიყურებით. ვარსკვლავები კი, თქვენც მოგეხსენებათ, რა ამოუცნობები არიან. თუმცაღა ყოველი ჩვენგანის ბედს სწორედ ისინი განაგებენ. მათზეა დამოკიდებული ჩვენი აწმყო თუ მომავალი. არლონდირმა ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა ასტრონომი. - აქ სწორედ ამიტომ გიხმე. კარგად იცი, როგორც გაფასებ. მაღალი ელფი შეიშმუშნა და გაიღიმა: - მიხარია თქვენგან ამის მოსმენა, უფლისწულო. ეს ჩემთვის დიდი პატივია. თუკი, რამით შემიძლია დაგეხმაროთ, მზად ვარ. უფლისწულმა თბილად, მაგრამ ამასთან, თითქოს მაცდურად გაუღიმა. - იცოდე, - ჩუმი ხმით მიუგო მან, - ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს. - რა თქმა უნდა, უფლისწულო, - აღელვებით უპასუხა სერვერალდმა, - სიტყვას გაძლევთ. ცას თანდათან ნაცრისფერი ეპარებოდა. ღრუბლებს შორის მთვარის შუქმა გამოაღწია და გოლუნდირის გუმბათს დაეცა. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. დუმილი არლონდირმა დაარღვია. - ბოლო დროს რაღაც მემართება, სერვერალდ, - თქვა თითქოს მწუხარებით შეწუხებულმა, - შენ ვერაფერს გრძნობ? ვარსკვლავები არაფერს გეუბნებიან? სერვერალდს დაბნეულობა დაეტყო და უხერხულად აწრიალდა. - ო, ეს ალბათ ასაკის ბრალია, უფლისწულო, - თქვა მან, - მოგეხსენებათ, თქვენს ასაკში ხშირია... - არა, - გააწყვეტინა არლონდირმა, - ასე ადრეც ვყოფილვარ, როცა რვა წლის ვიყავი, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, რათა მშობლები არ ამეღელვებინა, - უპასუხა არლონდირმა და თვალებში მიაჩერდა, - სერვერალდ, თუ რამე იცი, არ დამიმალო, - მტკიცედ და მომთხოვნად წარმოთქვა მან. ახალგაზრდა ასტრონომი ანერვიულდა და ხელების სრესას მოჰყვა. - იცით... ეს უკვე მოხდა უფლისწულო. თოთხმეტი წლის წინ... ჰო, და კიდევ შვიდი წლის წინაც, როგორც თქვენ ამბობთ... ახლა თქვენთვის უკვე მესამე ციკლი იწყება... - რა მოხდა? - დაიბნა არლონდირი, - რა ციკლი? რაზე ლაპარაკობ? - უცნაურია, არადა ჩემი ფიქრით, მეორე ჯერზე არანაირი რეაქცია არ გქონდათ... ყოველ შემთხვევეში, მე ასე ვფიქრობდი... ახლა კი! ძალიან უცნაურია... - და ფიქრებში ჩაიძირა. უფლისწულს ერთი-ორჯერ მისი შენჯღრევა მოუხდა. - რა არის უცნაური, სერვერალდ, რა? მიპასუხე! - ბოდიშს გიხდით, უფლისწულო, უბრალოდ... - ძლივს გამოერკვა ასტრონომი. - კარგი, მოდი რამე დავლიოთ და იქნებ მერე მოხვიდე აზრზე, - და მსახურს უხმო, - ორი ფინჯანი მაგარი ელფური ჩაი მოგვიტანე, ჩემთვის და სერვერალდისთვის. ასტრონომს მანტია მჭიდროდ შემოეხვია და, თითქოს შეცივებული, წინ და უკან ირხეოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინ ცეცხლი გიზგიზებდა და ოთახში სასიამოვნოდ თბილოდა. სერვერალდი გულხელდაკრეფილი ელოდა ჩაის და ცეცხლს მისშტერებოდა. მსახურის შემოსვლაზე გამოფხიზლდა, ცხელი ფინჯანი გამოართვა და აკანკალებულმა მოსვა. თან სვავდა და ცეცხლს თვალს არ აშორებდა. ხელები ისე უცახცახებდა, ჩაი თეფშზე დაეღვარა. არლონდირმა აკანკალებულ ხელზე ხელი დაადო: - სერვერალდ, კარგად ხარ? თუ გინდა სასახლის ექიმს დავუძახებ, - ასეთი სერვერალდი უფლისწულს ცხოვრებაში არ ენახა - შეშინებული, აღელვებული, გაფითრებული. უეცრად ასტრონომი წელში გასწორდა, ცარიელი ფინჯანი მაგიდაზე დადო და წაიბუტბუტა: - ძალიან ვწუხვარ, უფლისწულო. მე... მე მეგონა, რომ თქვენ ყველაფერი იცოდით. არლონდირმა წარბები შეჭმუხნა : - რას გულისხმობ? სერვერალდმა ნერვიულად განაგრძო: - იცით, წესით თქვენ უნდა გცოდნოდათ. არა, ამას ჩემგან არ უნდა იგებდეთ. ეს არასწორია, წესით... არლონდირმა მხრებზე დაადო ხელი: - ნუ ღელავ, დამშვიდდი და ყველაფერი მომიყევი. სერვერალდმა ნერვიულად ჩაახველა, თითები გადააჯვარედინა, მუხლებზე დაილაგა და თხრობა დაიწყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.